კვირა, ივლისი 13, 2025
13 ივლისი, კვირა, 2025

წარმატებაზე შეშლილთა სამყაროში  

0

სანამ თომას ბერნჰარდის „დაღმამავალის“ კითხვას დავიწყებდი, ვინ იცის, მერამდენედ გადავიკითხე რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“, რომლის ამოჩემების მიზეზიც კარგად ვერ გამირკვევია. ერთი კია: მიზიდავს და ყოველი წაკითხვისას თავბრუს მახვევს – თითქოს სხვა წიგნია, თითქოს ჩემი თვალიც სხვისი გამხდარა. ავსტრიელი მწერლების ნაწარმოებები განგებ არ დამიწყვილებია – ახალ საკითხავს დაუფიქრებლად წამოვავლე ხელი. ბერნჰარდის რომანის მთხრობელმა კი მატარებელში სწორედ მუზილის ამ წიგნის წაკითხვა მოინდომა, მაგრამ ვერ შეძლო, გული ვერ დაუდო. ცხადია, მატარებლის ლიტერატურას არც „დაღმამავალი“ მიეკუთვნება. ისიც არაერთხელ მიბრუნებას, ხელახლა გააზრებას მოითხოვს.

1953 წელს, ზალცბურგში სამი პიანისტი დამეგობრდება – ახალგაზრდები, რომლებიც შეუძლებლის შესაძლებლად ქცევას ისახავენ მიზნად: ისეთ წარმატებას უნდა მიაღწიონ, როგორიც სიზმრად არავის უნახავს, შემსრულებელსა და ინსტრუმენტს შორის მანძილი უნდა გააუქმონ, სხეულის ნაწილად უნდა გაიხადონ როიალი, რომელზეც დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებებს დაუკრავენ. „მინდა, „სტეინვეი“ ვიყო“, – ეს ფიქრი აქვთ, ეს რთულად აღსაქმელი სურვილი. მათ შორისაა გლენ გულდი, კანადელი ვირტუოზი, რომლის ჩრდილშიც ბუნებრივად მოექცევიან მისი ავსტრიელი მეგობრები, ბახის „გოლდბერგის ვარიაციების“ იდეალური შესრულებით თავზარდაცემულებს საბოლოოდ განზრახვაზე ხელის აღება რომ მოუწევთ. „გლენ გულდი რომ არ გამეცნო, ალბათ დაკვრას თავს არ დავანებებდი და ვირტუოზი შემსრულებელი გავხდებოდი, – გვიყვება უსახელო მთხრობელი, – იქნებ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი შემსრულებელიც კი გამოვსულიყავი-მეთქი, ვფიქრობდი სასტუმროში. მაგრამ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს რომ ვხვდებით, სხვა გზა აღარ გვრჩება, თავი უნდა დავანებოთ-მეთქი, ვფიქრობდი“.

გულდთან მეგობრობა კიდევ ერთი პიანისტისთვის აღმოჩნდება საბედისწერო. ვერთჰაიმერი ვერაფრით შეეგუება იმ აზრს, რომ ჰორიზონტს უფრო მეტად ვერ მიუახლოვდება, ბახისა თუ სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებების სრულყოფილად შესრულებას ვერ შეძლებს. „ვერთჰაიმერს არ შესწევდა უნარი, საკუთარი თავისთვის შეეხედა, როგორც უნიკალური მოვლენისთვის, – ვკითხულობთ წიგნში, – როგორც შეუძლია, როგორც უნდა შეეძლოს ყველას, თუ არ უნდა, რომ ჭკუიდან შეიშალოს. ყველა ადამიანი ერთადერთი და განუმეორებელია-მეთქი, სულ ვეუბნები საკუთარ თავს და ამან გადამარჩინა. […] ვერთჰაიმერს ამის საშუალება არ ჰქონია, ამიტომ უნდოდა სულ, რომ გლენ გულდი ან კიდევ გუსტავ მალერი ან მოცარტი და მისთანანი ყოფილიყო-მეთქი, ვფიქრობდი. ამან გააუბედურა ადრიდანვე და მერეც სულ ეს აუბედურებდა. გენიოსობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ვიყოთ განუმეორებელი და ამას კიდეც მივხვდეთ-მეთქი, ვფიქრობდი. ვერთჰაიმერი განუწყვეტლივ ვიღაცას ეჯიბრებოდა, სხვას ბაძავდა, სულ იმაზე მეტი უნდოდა, ვიდრე ჰქონდა…“  სწორედ ამ მიზეზით დაიწყება მისი დაღმასვლა, თვითგანადგურებისკენ სწრაფვა, რასაც, ცხადია, კეთილი ბოლო ვერ ექნება.

თომას ბერნჰარდის თვალი ყოფის მრავალ მხარეს სწვდება და დასაგმობსაც მალევე პოულობს წარმატებაზე შეშლილი ადამიანების სამყაროში. გამუდმებული შეჯიბრი ძალას აცლის მათ, სიცოცხლის დღეებს უმწარებს, საბოლოოდ კი ნაბიჯის წინ გადადგმას შეუძლებლად აქცევს. მოჯადოებულ წრეში მასწავლებლებიც ისევე არიან ჩართულნი, როგორც სხვები: „საითაც არ გაიხედავ, ყველგან ეს მუსიკის მასწავლებლები მოკალათებულან, ყველგან ესენი უკრავენ და სპობენ და ანადგურებენ ათასობით და ასიათასობით მოსწავლეს, თითქოს თავიანთი ცხოვრების მისიად უცევიათ, ჩანასახშივე ჩაკლან ახალგაზრდა მუსიკოსების განსაკუთრებული ნიჭი. სხვაგან ვერსად შეხვდები ასეთ უპასუხისმგებლობას, როგორიც გაბატონებულა ჩვენს მუსიკალურ აკადემიებში, რომელთაც ამ ბოლო დროს მუსიკალურ უნივერსიტეტებს უწოდებენ-მეთქი, ვფიქრობდი“. დიდია მათი, ისევე, როგორც მშობლების წილი ვერთჰაიმერის ტრაგედიაში. უბედურმა, თავგზააბნეულმა ადამიანებმა კიდევ ერთი უბედური, თავგზააბნეული გამოზარდეს.

მუზილის ტერლესიც ხომ მარტივად გაება ხაფანგში, მოძალადეც და მსხვერპლიც ერთდროულად გახდა. ბერნჰარდსაც იზიდავს ის ყველაფერი, რაც საბოლოოდ სიმართლისთვის თვალის გასწორებას მოითხოვს. მისი სიმართლე კი იქნებ უფრო თავზარდამცემიც იყოს – წარმატებით გაბრუებულებისთვისაც, წარუმატებლობით გაბრაზებულებისთვისაც, ახალი თაობის აღმზრდელებისთვისაც და მათთვისაც, სამოთხე რომ სადღაც სხვაგან ეგულებათ: ვენაში, ზალცბურგში…

 

ერთი ფილმი, ერთი აფიშა

0

ჩვენს სკოლაში ინგლისური ენის სასწავლო სილაბუსი თვეში ერთხელ გვაქვს გაწერილი, ყოველი მეოთხე კვირა კი კითხვას ეთმობა. ბავშვები კითხულობენ თავიანთი ასაკისა და უცხო ენის დონის შესაბამის წიგნს, რომელიც სახელმძღვანელოებს დამატებით რესურსად ახლავს თან. თუმცა მასწავლებლები წიგნის არჩევანში შეზღუდული არ ვართ და, შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე, თავადვე შეგვიძლია საკითხავი მასალის შერჩევა. მოსწავლეები ყოველთვის განსაკუთრებით ელიან „რიდინგ ვიქის“ მოსვლას, რადგან, როგორც წესი, ეს კვირა უამრავი სახალისო აქტივობითაა დატვირთული. იციან, რომ კითხვის პარალელურად ჯგუფებში განაწილდებიან, ვიქტორინაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, სახალისო აქტივობების ხათრით „რიდინგ ვიქი“ იმ ბავშვებსაც უხარიათ, რომლებისთვისაც მხატვრული ლიტერატურის კითხვა ნომერ პირველ გატაცებას ნამდვილად არ წარმოადგენს.

პერიოდულად აქტივობების ცვლა აუცილებელია, რომ თუნდაც ასეთ კვირაში, რომელიც თვეში ერთხელ დგება, საგაკვეთილო პროცესი რუტინად არ იქცეს. ამაზე ფიქრისას ერთხელაც გამახსენდა, რამდენი ეკრანიზაცია არსებობს იმ წიგნებისა, რომლებსაც ვკითხულობთ. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებისთვის ფილმების გაცნობა, ჩვენება და შეყვარება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თავშესაქცევია, იდეაც მეწვია: მომეწყო კინოჩვენება, როცა წიგნის კითხვას დავასრულებდი.

ეს იდეა პირველად მეოთხეკლასელებს გავუზიარე. მაშინ პინოქიოს კითხულობდნენ. წიგნი, რა თქმა უნდა, ადაპტირებული იყო და ავუხსენი, რომ ფილმში ან ანიმაციაში გაცილებით მეტი შეიძლებოდა ენახათ. რასაკვირველია, ამ იდეას დიდი ჟრიამულით შეხვდნენ, როცა ვუთხარი, რომ ნამდვილ კინოჩვენებას მოვაწყობდით, აფიშას დავხატავდით, ბილეთებსაც გავაკეთებდით და მესამეკლასელებსაც მოვიწვევდით.

მეოთხეკლასელებმა თავად შემომთავაზეს, რომ პინოქიოს ახალი ეკრანიზაცია გვენახა, რომელიც 2022 წელს გილერმო დელ ტორომ გადაიღო. ეს ეკრანიზაცია ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დელ ტორო დიდების მეზღაპრე უფროა, ვიდრე პატარების, ცოტა შევშინდი. მიუხედავად ამისა, მეოთხეკლასელებმა არ დამითმეს და ჯიუტად მოითხოვეს, რომ სწორედ ეს ეკრანიზაცია გვენახა.

აფიშისა და ბილეთების დამზადებას დაახლოებით ერთი კვირა მოვუნდით. რადგან მის ხატვას მთელ გაკვეთილს ვერ დავუთმობდი, ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ გაკვეთილის ბოლო ათ წუთს, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ. როლები თავად გაინაწილეს: ზოგი ხატავდა, ზოგი გაფერადებაში ეხმარებოდა, დანარჩენები ისხდნენ და ბილეთებს ჭრიდნენ. საბოლოოდ თარიღი შევათანხმეთ და აფიშა ბიბლიოთეკის კარზე მივაკარით.

ოფიციალურად კინოჩვენებაზე მესამე კლასი დავპატიჟეთ. ჩემი გათვლა ასეთი იყო: მეოთხე კლასი დაპატიჟებდა მესამეს, მესამე – მეოთხეს, მეხუთე – მეექვსეს, მეექვსე კი – მეხუთეს. რადგან მე სწორედ ამ კლასებს ვასწავლი. თუმცა პირველ კინოჩვენებაზე საქმე სულ სხვანაირად წარიმართა – ბიბლიოთეკაში მეორეკლასელებიც შემოგვიერთდნენ და პინოქიოს ბოლომდე დიდი ინტერესით უყურეს. როგორც ველოდი, კონკრეტული სცენები და დეტალები, მაგალითად, მუსოლინის, გარდაცვალება, მკვდრეთით აღდგომა და სხვა მსგავსი გაუგებარი დარჩათ. რა გასაკვირია, რომ მესიჯი ვერ აღიქვეს, თუმცა ამას ხელი ნამდვილად არ შეუშლია მათი გულწრფელი ხითხითისა და ცრემლებისთვის. მიუხედავად სიმბოლური დასასრულისა, ბავშვებმა სწორედ ის გაიგეს, რაც მათ ასაკში უნდა გაეგოთ – სიკეთის, მეგობრობის, თავგანწირვისა და სიყვარულის ამბავი. ბევრ მათგანს ცრემლებსაც ვწმენდდი დასასრულ მარტოდ დარჩენილი პინოქიოს გამო. მჯერა, როცა ბავშვები დიდი და ჭკვიანი გაიზრდებიან, ამ ფილმს ხელახლა ნახავენ და სულ სხვა თვალით დაინახავენ ყველა დეტალს. თუმცა კი ემოციების დონეზე აუცილებლად გაახსენდებათ ის, რაც მისი პირველად ნახვისას იგრძნეს.

მეორე კინოჩვენების გამართვა მესამეკლასელებმა ითავეს. იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ეს „რიდინგ ვიქს“ არ უკავშირდებოდა. პირველი კინოჩვენების შემდეგ მათ უბრალოდ ძალიან სურდათ, რომ ორგანიზატორები ამჯერად თავად ყოფილიყვნენ. გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი კარგი ფილმია სანახავი, მეც უკან არ დავიხიე. მესამეკლასელებს ანიმაცია თავად შევურჩიე, ამჯერად „ზღვის სიმღერა“, რომელზეც წლებია შეყვარებული ვარ და ვფიქრობ, რომ ეს სილამაზე ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ნანახი. ჩემდა გასაკვირად და ამავდროულად გასახარად „ზღვის სიმღერა“ ბევრს არ ჰქონდა ნანახი. მესამეკლასელებს ფორმატის ფურცელი გადავეცი და ეკრანზე ფილმის მთავარი პოსტერი გავუშალე. ამჯერად აფიშის დახატვას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა, რადგან გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის მასზე დამოუკიდებლად მუშაობის უფლება მიმეცა და მითხრეს, რომ გაკვეთილების შემდეგ თავადვე დაასრულებდნენ. თან ეს ჩემთვისაც სიურპრიზიც იქნებოდა.

დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ სამასწავლებლოს კარის ვიწრო ფანჯარაში ლოყებაწითლებული მესამეკლასელები აისვეტნენ. ხტუნავდნენ და მეძახდნენ, მალე მოდითო. შედეგით მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი. აფიშა მალევე გამოვაკარით ბიბლიოთეკის შუშის კარზე. წინა აფიშამ კი სამასწავლებლოს კედელზე გადმოინაცვლა.

ამჯერად მესამეკლასელებმა იმდენი ბილეთი გააკეთეს, რომ მეორეკლასელებისთვისაც საკმარისი ყოფილიყო. ბილეთები სხვადასხვანაირად იყო გამოჭრილი და გაფორმებული, ისე შეუქმნიათ, როგორც თავად უნდოდათ. თითოეულიდან მათი ხასიათი და ინდივიდუალიზმი ანათებდა – ამან განსაკუთრებით გამახარა.

კინოჩვენებამ ამჯერადაც ბრწყინვალედ ჩაიარა და პატარა ადამიანებმა ბოლო წუთამდე ერთგულად უცქირეს მათსავით პატარა და-ძმის უცნაურ ამბავს. ფილმის დასასრულ ეკრანზე გამოჩენილი ფილმის დასაწყისში გარდაცვლილი დედის გამოჩენამ კი ისეთი ხმამაღალი ოვაცია გამოიწვია, რომ მთელი საათ-ნახევრის გულწრფელი ემოციები გადაწონა. მესამეკლასელი დემეტრე ცრემლიანი თვალებით მიხსნიდა, რომ დასასრული არ მოეწონა და თავად დაწერდა სხვანაირ ფინალს, სადაც დედას სამუდამოდ დააბრუნებდა.

კინოჩვენებების მოწყობა მრავალმხრივ და მხოლოდ დადებითად მოქმედებს ბავშვების სასკოლო ცხოვრებაზე. ფილმების ყურება ბავშვებს ისეთი კოგნიტიური უნარების განვითარებაში ეხმარება, როგორიცაა, გრძელვადიანი მეხსიერების ჩამოყალიბება, კონცენტრაციისა და მსჯელობის უნარი. ფილმებში ბევრი დიალოგია, რომელთა დახმარებითაც ბავშვები ახალ ლექსიკურ ერთეულებს სწავლობენ. ჩემს შემთხვევაში ეს ორმაგად მომგებიანი იყო, რადგან როგორც ინგლისურის მასწავლებელი, ფილმებს ინგლისურად ვუშვებდი. მართალია, ზოგიერთი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ყველაფერი არ ესმოდა და შიგადაშიგ იღლებოდნენ კიდეც, თუმცა ყურის შეჩვევა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია, რაც თანდათანობით უკეთ და უკეთ გამოუვათ.

გარდა ზემოთ ნახსენები ზოგიერთი კოგნიტიური უნარისა, ფილმები ბავშვებს ზოგად განათლებასაც აძლევს. მათ ინფორმაცია მიეწოდებათ სხვადასხვა ამბავზე, ისტორიაზე, კულტურაზე; ზოგიერთი ამბავი მათთვის შთამაგონებელიც შეიძლება აღმოჩნდეს, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შთაგონებას თან ახლავს წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების გააქტიურებაც. და რაც ყველაზე მთავარია, ვითარდება მათი ემოციური ინტელექტი და ყოველი მომდევნო კარგი ფილმის შემდეგ, იმაზე უფრო ემპათიური ხდებიან, ვიდრე მანამდე იყვნენ.

ამიტომ, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი სკოლის რესურსი და აჩუქეთ მოსწავლეებს ის ჯადოსნური წუთები და გამოცდილება, რომლებიც მათთვის ფილმის შერჩევას, აფიშაზე და ბილეთებზე მუშაობას, სივრცეში მოწვეული სტუმრების მიღებას და შემდეგ კი – ფილმის ყურებას მოაქვს. ეს ყველაფერი მათთვის დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა.

რა არის ნეიროგრაფიკა

0

ახლა კი იმ საინტერესო ტექნიკაზე მინდა გესაუბროთ, რომელიც ტრანსფორმაციაში დაგეხმარებათ. პრობლემის მხოლოდ ინტელექტუალური გაცნობიერება საკმარისი არასდროს არ არის. არსებობს სავარჯიშოები, რომლებიც დაგეხმარებათ ძველი ნეირონული კომუნიკაციის/ალგორითმების წაშლასა და ახლით ჩანაცვლებაში.

დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია ქცევის შაბლონების შეცვლა მხოლოდ ნებისყოფით. ჩვენ გვჭირდება ის განსაკუთრებული ენა, რომელიც გასაგები იქნება ჩვენი ტვინისთვის და რომელიც წარმოქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შემოქმედებითი მეთოდი არის ნეიროგრაფიკა.

რადგან შინაგანი აზრების, განცდების, გრძნობების ვიზუალური გამოხატვა – ეს არის ბავშვობიდან ყველასთვის ნაცნობი პროცესი, ნეიროგრაფიკა სწორედ ამ გზას მიმართავს.

შედეგად კი: იხსნება შეზღუდვები და ტრანსფორმირდება მტკიცებულებები, იცვლება პრობლემის აღქმა და მის მიმართ დამოკიდებულება. ამის შემდეგ ჩვენ ვპოულობთ ახალ გადაწყვეტილებებს, მოქმედების ახალ გზებსა და შესაძლებლობებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიროგრაფიკა არის – საშვი სასურველ რეალობაში. ნეიროგრაფიკული ტექნიკით შეგიძლიათ იმუშაოთ, როგორც სტერეოტიპებზე, ასევე პრობლემურ სიტუაციებზე, მომავალ მიზნებზე ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაზე, რომლის შეცვლაც გინდათ.

ნეიროგრაფიკა ქვეცნობიერთან კომუნიკაციის ვიზუალური საშუალებაა. ეს ტექნიკა 2014 წელს შეიმუშავა მხატვარმა, ფსიქოლოგმა, ფილოსოფოსმა პაველ პისკარევმა და დღეს საკმაოდ გავრცელებულია. ეს არის ცნობიერების გარდაქმნის გრაფიკული მეთოდი, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი ნეირონული კავშირები თავის ტვინში და, შესაბამისად, შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრება ვირტუალური თამაშია, თქვენ კი მოგბეზრდათ ერთი და იგივე და გადაწყვიტეთ, შეცვალოთ – ანუ თამაშში გადადიხართ ახალ ლეველზე, საიდანაც თავად ქმნით ახალ, თქვენ მიერ მოდელირებულ რეალობას.

თუ თქვენ ყოველ მოცემულ მომენტში „განახლდებით“, დაივიწყებთ წარსულის გამოცდილებას და შეეცდებით პოზიტიური განწყობით მართოთ სიტუაცია, – შედეგი იმდენად გაგაოცებთ, რომ მიხვდებით, რომ სრულად შეგიძლიათ მართვა… რომ პულტი თქვენ ხელთაა. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობამდე მისვლას სჭირდება შრომა და გაცნობიერება.

ნეიროგრაფიკის ანბანი კი ასეთია:

სამკუთხედი – კონფლიქტი, აგრესია

ოთხკუთხედი – სიმყარე, სტაბილურობა

წრე – ჰარმონია

ნეიროგრაფიკული ხაზები – პროცესი

როგორ დავიწყოთ?

დახატე შენი პრობლემის/საკითხის შინაგანი განცდები ნეირონული ხაზებით.

საჭიროა: მხოლოდ ფურცელი, ფანქრები და მარკერები და ცოტა თავისუფალი დრო.

მუშაობისას მნიშვნელოვანია, ყურადღება გაამახვილოთ თქვენი პრობლემის იმ შინაგან გრძნობებზე, ემოციებზე, შეგრძნებებზე, რომლებზეც მოცემულ მომენტში მუშაობთ.

შეიგრძენი ის (ამოცანა, პრობლემა) ისე, როგორც რეალობაშია. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ… მთელი სხეულით, მთელი არსით იგრძენით, რომ თქვენი გონების, ცნობიერების მთელი ენერგია გროვდება მარკერის (ფანქრის) წვერზე და შეასრულეთ პირველი მოქმედება, რომელსაც „ემოციების ამოყრა“ ეწოდება. ანუ თქვენი შინაგანი გრძნობები ერთი ხელის მოსმით გამოსახეთ ნეირონული ხაზებით.

ამის შემდეგ ხდება ნეირონული ქსელის სტრუქტურირება. გადაკვეთის ადგილების დამრგვალება, დამატება… შევსება…

დაბოლოს: დახვეწა და გაფერადება.

ნეიროგრაფიკის ჯადოსნური კანონი:

ნეიროგრაფიკული ნამუშევრის შედეგის ხარისხი ყოველთვის დამოკიდებულია ნეირონული ხაზების რაოდენობაზე, თქვენ მიერ გაკეთებული მოძრაობების რაოდენობაზე. თითოეული ნეირონული ხაზი, რომელსაც თქვენ ავლებთ ფანქრით ან მარკერით, – ეს არის აზრების ერთობლიობა, ერთ ნეირონულ ქსელში გაერთიანებული. სწორედ ეს დაკავშირება, შეერთება აგროვებს ენერგიას (ინფორმაციის დონეზე), რომელსაც შეუძლია თქვენი პრობლემის/საკითხის გადაჭრა. ეს იმდენად ჯადოსნური მომენტია, მოგეჩვენებათ, რომ სამყარომ უცებ დაიწყო და გადაჭრა თქვენი პრობლემა/საკითხი.

ნეიროგრაფიკა არ არის ხატვა;

არ არის ფსიქოთერაპია;

არ არის თავის შექცევა;

არ არის ყურადღების გადატანა….

ნეიროგრაფიკა ცნობიერების ტრანსფორმაციის ტექნიკაა!

და ის არის ხატვაც, არტიც, ფსიქოთერაპიაც, ყურადღების გადატანაც, სიამოვნებაც, ძიებაც და მოგზაურობაც საკუთარ არაცნობიერში მისი ტრანსფორმაციის მიზნით.

შესთავაზეთ თქვენს მოსწავლეებს და შედეგები გამიზიარეთ!

 

პოსტდეპრესიული ჩანაწერები -მეოთხე ამბავი

0

ედუარდ შევარდნაძის იუმორის შესახებ ბევრმა იცის და ესეც შევმატოთ. 2001 წელია, „რუსთავი ორის” კრიზისი, მთავრობა გადადგა. პარლამენტის თავმჯდომარეც. შევარდნაძე და მეტრეველი თსუ-ში წარჩინებულ სტუდენტებს ხვდებიან. მათ შორის მეც ვიმყოფები – მთლად პრეზიდენტის სტიპენდიატი. მიდის შეხვედრა. ცოტა დუნედ და არასტუდენტურად ნელთბილად. გოგოებთან ერთად ვარ და რაღაც სუპერორგინალურით თავის მოწონება მინდა. ჰოდა, წაგმირება გადავწყვიტე და ვითხოვე სიტყვა. გამოვედი და მოულოდნელობის ეფექტით შეზავებული ვხიე: „ყველა ქვეყანაში ახალგაზრდისთვის საამაყოა პრეზიდენტის სტიპენდიატობა, მე კი მრცხვენია, თქვენი სახელობის სტიპენდიატი რომ ვარ, უარს ვამბობ-მეთქი”. დიდი ტაში შემოსცხეს და მეორე დღეს უნივერსიტეტში პატარა ლეგენდებიც დადიოდა (სავსე იყო ის დარბაზი, შეიძლება არაერთ თქვენგანს ეს სცენა აგონდება კიდეც), დედაჩემს კი ეგონა, რომ უსათუოდ მომწამლავდნენ (საზოგადოებრივი ტელევიზია პირდაპირი ეთერით გადასცემდა). თუმცა ამ ორდღიან აჟიოტაჟში აღარავის ახსოვდა შევარდნაძის გენიალური პასუხი. მან ჩვეული პაუზა აიღო, ოდნავ გაიღიმა და მკაფიო ხმით მითხრა: „მოგიმატებ ბაბუა, მოგიმატებ”.

p.s. წლების მერე, 2007-ში მასთან ვიყავით სტუმრად მე და ზურაბ ქარუმიძე. Lib.ge-სთვის ინტერვიუ ჩავწერე. შევედი თუ არა, ეგრევე მიცნო – შენ ის ნამეტანი თამამი ბაღანა არ ხარო. კინაღამ მოვკვდი. ასეთიც ამბებიც იყო ჩემს უცნაურ და ულოგიკო ცხოვრებაში.

 

 

ბავშვობიდან ასე გამოვიდა, რომ მარადონა ადამიანი არასდროს მეგონა. იდო ერთი წიგნი ჩემთან სახლში, გურამ ფანჯიკიძის, ერქვა ,,მარადონა-რეი”, ბერძნული მითების გვერდით იდო და ზევსი და ფეხბურთელი ერთი სიდიადით იყურებოდნენ თაროებიდან. აკი თვითონ თქვა, ეგო, მაშინო, ღმერთის ხელი იყოო. ამ კაცმა, ისე უცნაურად იცხოვრა, არავინ იცის, სად გაამწესეს. მაგრამ ასე მგონია, უფალი აუცილებლად შეხვდებოდა და იმ ხელზე ერთხელ მაინც ჩამოართმევდა ხელს. რადგან ფეხბურთი, როგორც ყველაფერი ჯადოსნური, რაც ადამიანთა მოსაწყენ მოდგმას შეუქმნია, ღვთისგან მგონია. მით უფრო ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და მით უფრო მაშინ, როცა ეს პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირის გულგვამში ისე გამომწყვდეულიყო, როგორც რომ გველეშაპის მუცელში ბიბლიური იონა და წითელი ხელი დაუნდობლად ახრჩობდა, ღმერთმა მაშველ რგოლად პაიჭაძე და იამანიძე, მესხი და მეტრეველი, ხურცილავა და ძოძუაშვილი, ყიფიანი და ჩივაძე, გუცაევი და დარასელია გადმოუგდო. ძალიან ძნელია ალბათ ამის ახლა გაგება, მაგრამ მაშინდელ მათემატიკაში ფეხბურთი უდრიდა ომს, სიყვარულს, პოეზიას, სქელტანიან რომანს და მოულოდნელ ნოველას, სიმღერას და ცეკვას, დამოუკიდებლობას და სიამაყეს გამრავლებულს ათასზე. ადამიანები მატჩიდან მატჩამდე ცხოვრობდნენ, მთვარის ამოსვლამდე ბილეთების რიგში იდგნენ, რომ შვიდდღიანი საბჭოთა უღიმღამო ყოფის მერე, თავისუფლების ოთცმოხდაათწუთიან ოთახში შეებიჯებინათ. ასე ყოფილა, ხან პირწავარდნილი გადამყიდველებიც კი გადაიფიქრებდნენ ბილეთის გასხვისებას და თამაშზე ამოყოფდნენ თავს. ამ ყველაფერს ერქვა დინამო, მაშინდელი სახელდაურქმეველი ეროვნული ნაკრები. მთელი ბავშვობა წარმოვიდგენდი წიგნში წაკითხულს, თუ როგორ გადაიწერა გაბელიამ პირჯვარი ღმერთგადამალული საბჭოთა კავშირის თასის ფინალში გადამწყვეტი პენალტის წინ. წარმოდგენები მერე გენახათ. ჩემი ბავშვობა. საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამ ნანგრევებში მოყოლილი ოთხმოცდაათიანები, უშუქობით და შიმშილით, ომებით და ყაჩაღობით, უიმედობით და უიღბლობით ჭერჩამოქცეული, მხოლოდ ფეხბურთით თუ სუნთქავდა – ცხადაძე, ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი, ძლივს დატენილ აკუმულატორზე შეერთებულ ციცქნა ტელევიზორიდან გვესმოდა ეს მაგიური გვარები მთელ სამეზობლოს და ერთმანეთს ვაჩუმებდით, წამიერი კადრი რომ არ გამოგვპარვოდა თამაშიდან. პარასკევობით, მატარებელს გაზეთ ,,სარბიელის” მთელი კვირის ნომრები ჩამოჰქონდა და სადგურზე ვხვდებოდით ნაცნობ გამცილებელს ათიოდე ბიჭი, ვინაწილებდით, ერთმანეთს ვუცვლიდით და ასე ფურცლიდან წაკითხულს, ძილის წინ წარმოვიდგენდით დიდ სტადიონებს და აღწერილ გოლებს. ეს იყო ჩვენი სიზმარიც და ცხადიც. ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია.

 

ვირუსები, ვირიონები, პრიონები… სასწავლო გაჩერებებზე

0

“სასწავლო გაჩერებები“ აქტივობების ერთობლიობაა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეუქმნას მოსწავლეებს სახალისო, საინტერესო და მამოტივირებელი გარემო, გაზარდოს მათი ჩართულობა მოსწავლეთა ინტერესების, სწავლის სტილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მეთოდის გამოყენება გაკვეთილზე საკმაოდ შრომატევადია და წინასწარ ძალიან სკრუპულოზურ დაგეგმვას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი კარგად იცნობდეს იმ კლასის მოსწავლეებს, რომელშიც ასეთი აქტივობების განხორციელებას გეგმავს. ვინაიდან პროცესი დროში ძალიან ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, ყველა ნიუანსის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. სასწავლო გაჩერებების რაოდენობა, ჩემი გამოცდილებით, ოთხს არ უნდა აღემატებოდეს. ჯგუფებს პრეზენტაციისთვის საკმარისი დრო უნდა მიეცეს. მათ, როგორც ჩვენ, ყველაზე მეტად შეფასების მოლოდინი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს არ გავუჩინოთ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. თითოეულ სასწავლო გაჩერებაზე დაგეგმილი ყველა აქტივობა დაახლოებით თანაბარ დროში შესრულებადი უნდა იყოს.

პროცედურა:

  1. საკლასო ოთახის მომზადება: კლასში ყველა გაჩერება და შესაბამისი რესურსი სივრცეში წინასწარ უნდა იყოს გადანაწილებული. სამუშაო სივრცეები დაცილებული უნდა იყოს ერთმანეთისგან, ამიტომ უმჯობესია მსგავსი გაკვეთილი დიდ საკლასო ოთახში ჩატარდეს;
  2. მოსწავლეების ჯგუფებში გადანაწილება: გასათვალისწინებელია მოსწავლეთა გენდერული ბალანსის დაცვა, უმჯობესია გოგოები და ბიჭები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით გადანაწილდნენ ჯგუფებში.
  3. სასწავლო გაჩერებებზე განაწილება: პირობითად პირველი ჯგუფი განთავსდება პირველ გაჩერებაზე, მეორე ჯგუფი – მეორეზე, მესამე ჯგუფი – მესამეზე და მეოთხე ჯგუფი – მეოთხე გაჩერებაზე. ისინი ერთდროულად იწყებენ მუშაობას.
  4. ქცევის წესების გაცნობა/შეხსენება: მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის სპეციფიკას, ჯგუფებმა უნდა იმოძრაონ საათის ისრის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია დროის ლიმიტის დაცვა. დროის გასვლისთანავე ჯგუფი უნდა გადაადგილდეს მომდევნო გაჩერებაზე. სამუშაო ფურცლები უმჯობესია ფერების მიხედვით განსხვავდებოდეს. მაგალითად, პირველი ჯგუფი სამუშაოს ასრულებს ყვითელი ფერის ფურცლებზე, რომელიც დახვდება თითოეულ გაჩერებაზე, მეორე ჯგუფი მუშაობს მწვანე ფურცლებზე და ა.შ. შესრულებულ დავალებებს კედელზე აკრავენ უკუღმა, ქაღალდის წებოვანი ლენტით. მასწავლებელი თან ახსენებს დროს და თან აკვირდება ჯგუფების მუშაობას და ინიშნავს მონაცემებს დაკვირვების ცხრილში.
  5. პრეზენტაცია: ბოლო გაჩერებაზე ყველა ჯგუფი აკეთებს სხვა ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაციას. ბოლოს ჯგუფიდან ერთი წევრი აფასებს საკუთარი ჯგუფის მუშაობის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მასწავლებელი არიგებს გასასვლელ ბარათებს, რომელიც საჭიროა გაკვეთილის შესაფასებლად და მოსწავლეთა ინტერესების გამოსავლენად.

ახლა გთავაზობთ მეათე კლასში ჩატარებული გაკვეთილის აქტივობებს. ,,სასწავლო გაჩერებებზე“ დავამუშავეთ საკითხი: ვირუსები, ვირიონები, პრიონები, ვიროიდები.

მიზანი: მოსწავლემ შეძლოს სამეცნიერო ტექსტის დამუშავება და ვენის დიაგრამის გამოყენებით სხვადასხვა სტრუქტურის შედარება, ვიდეოს მიხედვით რომელიმე წარმონაქმნის მოდელის დამზადება და მის შეზღუდვებზე მსჯელობა, ვირუსული დაავადების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე მსჯელობა.

გაჩერება 1: მოსწავლეები დაამუშავებენ ინფორმაციას და წარმოადგენენ ვენის დიაგრამის სახით სამუშაო ფურცელი N 1.

გაჩერება 2: მოსწავლეები დაამუშავებენ ინფორმაციას ვირუსული დაავადების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ და შექმნიან შესაბამის სლოგანს სამუშაო ფურცელი N2;

გაჩერება 3: მოსწავლეები ექსპერიმენტულად დაადასტურებენ ვირუსების საპონთან დამოკიდებულების განსხვავებას სამუშაო ფურცელი N3;

გაჩერება 4: მოსწავლეები გაეცნობიან ვიდეოს პრიონული დაავადების მექანიზმების შესახებ და უპასუხებენ შეკითხვებს სამუშაო ფურცელი N4.

თითოეული გაჩერებისთვის განკუთვნილია 8 წუთი, ჯამში – 32 წუთი. პრეზენტაციისთვის თითოეულ ჯგუფს ეძლევა 2 წუთი, გაკვეთილის შესაჯამებლად – 5 წუთი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://bit.ly/3Kqik1t

„ნუ გადამაგდებ, გადამარჩინე და შემქმენი შენი ხელით“

0

სკოლებს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ლოკალურ დონეზე მათ შესრულებაში განსაკუთრებული როლი აკისრიათ. სტატიაში გაგიზიარებთ ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტის – „ნუ გადამაგდებ, გადამარჩინე და შემქმენი შენი ხელით – შედეგებს, მიღწევებსა და რჩევებს, თუ როგორ დაამზადოთ ხელნაკეთი წიგნაკები მეორადი ქაღალდისგან.

***

ქართული რეალობის სკოლების საკლასო ოთახებში მხოლოდ ერთი ურნა დგას. როგორც წესი, მოსწავლეები, სხვა ნარჩენებთან ერთად, ნაგვის ყუთში ფურცლებსაც ყრიან. სასკოლო ცხოვრებაში უამრავი ქაღალდი იხარჯება. შევსებული რვეულები, დიდ ფორმატებზე შესრულებული პროექტები, თაბახის ფურცლები ნარჩენების საერთო ურნაში ხვდება.

ზოგიერთ სკოლაში მწვანე ურნები დგას. ეკო კლუბები და მასწავლებლები საკუთარი ინიციატივით მაკულატურას აგროვებენ და მეორადი გადამუშავების მიზნით აბარებენ. მწვანე ყუთებზე ხელმისაწვდომობა ყველას არ აქვს. მაკულატურის შეგროვება და მისი გადამუშავება სკოლის ბაზაზეც შესაძლებელია…

როგორ შევძინოთ ახალი სიცოცხლე მეორად ქაღალდს?

2022-2023 სასწავლო წელს, ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლაში ახალი სამოქალაქო კლუბი დავაარსეთ. კლუბის შექმნას დაემთხვა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მცირე გრანტების კონკურსის გამოცხადება. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ უკვე მზად გვქონდა საპროექტო განაცხადი, რომელიც სკოლაში მაკულატურის შეგროვებასა და მის გადამუშავებას ეხებოდა. ჩვენი იდეა მოიწონეს. პროექტის განხორციელება მალე დავიწყეთ.

პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება დაიწყო. სამიზნე ჯგუფად შეირჩა დაწყებითი საფეხურის კლასები. IV-V კლასელებს ჩაუტარდათ პრეზენტაციები, რომლებიც ეხებოდა ნარჩენების დახარისხებას, მართვასა და ქაღალდის მეორად გამოყენებას.

შემდეგ საპილოტე კლასებში დავდგით ახალი ურნები, რომლებშიც მხოლოდ ქაღალდი უნდა ჩაეყარათ. პროექტის განმახორციელებელი გუნდი კვირაში ორჯერ აწარმოებდა შემოვლას ქაღალდის შეგროვების მიზნით.

ხელნაკეთი წიგნაკების დამზადების პროცესი

მაკულატურის გარკვეული რაოდენობის შეგროვების შემდეგ, სამუშაოებმა სკოლის ლაბორატორიაში გადაინაცვლა. აქ დაიწყო ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე საინტერესო ნაწილი – ხელნაკეთი წიგნაკების დამზადების პროცესი.

რამდენიმე რჩევა, როგორ მივიღოთ ქაღალდის მასა.

  1. დავაქუცმაცოთ ქაღალდი წვრილად (ჩვენ პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ქაღალდის დამაქუცმაცებელი – შრედერი. თუმცა ქაღალდის დაქუცმაცება ხელით ან მაკრატლის საშუალებითაც შეიძლება);
  2. დაქუცმაცებული ქაღალდი ჩავყაროთ წყალში და ჩავალბოთ (საუკეთესოა ერთი დღის ჩალბობილი მასა);
  3. ჩალბობილი მასა ჩავყაროთ ბლენდერში და ავთქვიფოთ (ბლენდერს უჭირს ქაღალდის ათქვეფა, ამიტომ მოერიდეთ 300 გრამზე მეტი მასის ჩაყრას. 300 გრამი ქაღალდის მასაზე დაასხით დაახლოებით ერთი ლიტრი წყალი. ათქვეფის პროცესში შეიძლება კიდევ მოგიწიოთ წლის დამატება);
  4. ათქვეფის შემდეგ მიღებული მასა დაასხით საწურზე ან სხვა მოწყობილობაზე მის გასაშლელად. გაშლის დროს შეგიძლიათ აკონტროლოთ ქაღალდის სისქე. თუ გსურთ სქელი ქაღალდის მიღება (მაგალითად ყდისთვის), მაშინ მეტი ქაღალდის მასა დაგჭირდებათ (ჩვენი გუნდი იყენებდა საცერს და მაგიდის ტილოებს);
  5. მას შემდეგ, რაც კარგად გაიშლება ქაღალდის მასა და გაიწურება გადმოაპირქვავეთ ფრთხილად სწორ ზედაპირზე და დაელოდეთ გაშრობას (ქაღალდის გაშრობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ნიავდება ოთახი);
  6. გაშრობის შემდეგ მიღებული ახალი ქაღალდი შეგიძლიათ, გამოიყენოთ სურვილისამებრ…

მეტი თვალსაჩინოებისთვის, გთავაზობთ ჩვენ მიერ მომზადებულ ვიდეოს:

წიგნის სანიშნეები

ხელნაკეთი წიგნაკების დამზადებისას, მრგვალ ქაღალდებს გვერდებს ვაჭრიდით. ამ დროს ჯგუფში დაიბადა იდეა, რომ ჩამოჭრილი ნარჩენებისგან დაგვემზადებინა წიგნის სანიშნეები. ორი კვირის განმავლობაში დამზადდა და მოიხატა 120-მდე წიგნის სანიშნე.

საპილოტე კლასების ჩართულობა

მაკულატურის გადამუშავებისა და ქაღალდის დამზადების პროცესში პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად ჩართული იყო IV-V კლასის მოსწავლეები. ისინი აკვირდებოდნენ პროცესს და ხედავდნენ, როგორ იძენდა ახალ სიცოცხლეს მათ მიერ შეგროვებული მეორადი ქაღალდები.

პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებმა ისწავლეს:

  • ნარჩენების დახარისხება;
  • დაზოგვა;
  • გადამუშავებული ქაღალდისგან მეორადი ნივთების დამზადება.

ამავდროულად ჩართულ მოსწავლეებს გამოუმუშავდათ სამეწარმეო უნარ-ჩვევები. ჩვენი შექმნილი პროდუქცია წარმოდგენილი იყო 2023 წლის 21 მარტს, მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვაზე. პროექტში ჩართულმა XI კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც სწავლობენ არჩევით საგანს „მეწარმეობა“, დააფუძნეს მოსწავლეთა კომპანია სახელწოდებით „მიყიდე“. მალე დავიწყებთ ჩვენ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ეკომეგობრული წიგნაკებისა და სანიშნების ონლაინრეალიზაციას.

იდეის ავტორები:

მარიამ ფიფია (პროექტის ხელმძღვანელი), ლიზი და ანი ოგანეზოვები, რუსლან კარახმაზლი, ვიქტორია კალინკარიდუ, ზაურ ვალიევი, მარიამ ხარშილაძე, ანასტასია სისვაძე

მენტორი – თემურ სუყაშვილი

პროექტი „ნუ გადამაგდებ, გადამარჩინე და შემქმენი შენი ხელით განხორციელდა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ქვემო ქართლში ახორციელებს სიქა.

რამდენად გამართლებულია ბავშვის ფოტოების განთავსება ინტერნეტსივრცეში

0

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც იმ ბავშვებთან გასაუბრება მიწევდა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელის სტატუსით სკოლის კარს შეაღებენ, გადავწყვიტე სასკოლო სწავლებისთვის მზაობის დონის გარკვევის შემდეგ თითოეული მათგანისთვის ფოტოსურათი გადამეღო. აღნიშნული ქმედებისკენ მიბიძგა იმის გაცნობიერებამ, რომ ერთი შეხვედრისა და საუბრის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ბავშვი უკვე თავისიანად გვთვლის და ძალიან უკვირს, შეიძლება ითქვას, სწყინს კიდეც, როცა მისი სახელი, სახე, ვინაობა არ გვახსოვს. ბავშვების სიმრავლიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ჩემთვის თითოეული მათგანის დამახსოვრება ადვილი არ იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე გადამეღო ფოტოები, რომლებიც საჭირო დროს მათი ვინაობისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის გახსენებაში დამეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ფოტოს გადასაღებად ნებართვას ვთხოვდი როგორც მშობელს, რომელიც ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა, ასევე თავად ბავშვს. მშობლები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, შეიძლება ითქვას სიხარულითაც თანხმდებოდნენ ჩემს შეთავაზებას. რაც შეეხება ბავშვებს, მათი რეაქციები ერთგვაროვანი ნამდვილად არ იყო. ზოგიერთი აღნიშნული თხოვნით მიმართვისთანავე პოზიორობას იწყებდა. დიდ ნაწილს აშკარად არ სიამოვნებდა ჩემი შეთავაზება, მაგრამ თხოვნის ფორმით მიმართვა „განაიარაღებდა“ და წინააღმდეგობას აღარ მიწევდნენ. თუმცა, ერთმა ბიჭუნამ თავი ვერ შეიკავა და ჩემს თხოვნაზე თხოვნითვე მიპასუხა: „კარგით, გადამიღეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, Instagram-ზე არ დადოთ“. ჩემმა პასუხმა, რომ მე ნამდვილად არ მქონდა განზრახული მისი ფოტოს სადმე განთავსება, პატარა დაამშვიდა და არანაირი წინააღმდეგობა აღარ გაუწევია ფოტოს გადაღების დროს.

რამდენად გამართლებულია ბავშვების ფოტოების გამოქვეყნება სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მით უმეტეს მათი ნებართვისა და სურვილის გარეშე. სანამ ბავშვი პატარაა, ბუნებრივია ის ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს უფროსებს და სწორედ ამიტომ ინტერნეტსივრცე, სოციალური ქსელები ძირითადად სწორედ მათი ფოტოებითაა გადავსებული. მაგრამ, როგორც კი ბავშვი წამოიზრდება, ის უკვე თავად აკონტროლებს სიტუაციას და მისი ნების, მასთან შეთანხმების გარეშე უფროსის მიერ მისი ფოტოს გამოქვეყნებამ შეიძლება მოზარდში სერიოზული „ამბოხი“ გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ მშობლები გაცილებით მეტ სიფრთხილეს იჩენენ სწორედ უკვე წამოზრდილი ბავშვების ფოტოების და ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების დროს.

სოციალური ქსელები ფოტოსურათების და მით უმეტეს ბავშვების ფოტოების გარეშე წარმოუდგენელია. სრულიად გასაგებია მშობლის სურვილი, გაუზიაროს შვილთან დაკავშირებული საკუთარი ბედნიერება და სიხარული ყველას, მთელ სამყაროს, ნაცნობებს და უცნობებს, უჩვენოს რა მშვენიერი პატარა ჰყავს. იამაყოს იმით, როგორ გაიზარდა ის, რა მიღწევები აქვს, როგორ მხიარულად შეხვდა მორიგ დღესასწაულს მთელ ოჯახთან ერთად ან როგორ გაატარა არდადეგები. მშობლების, განსაკუთრებით კი დედების სურვილს, გამოაქვეყნონ საკუთარი პატარას ფოტოები სოციალურ ქსელებში თავისი ახსნა აქვს. ხშირ შემთხვევაში ამით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის, როგორც იდეალური მშობლის თვითდამკვიდრებას.

არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ, რომ ინტერნეტსივრცეში განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის, ფოტოსურათის, ვიდეოჩანაწერის გაკონტროლება რთულია. მრავალრიცხოვანი სოციალური ქსელები ვარაუდობს მილიონი მომხმარებლის არსებობას, რომლებიც ყოველგვარი წინააღმდეგობის, დაბრკოლების, სირთულის გარეშე გაეცნობიან ჩვენ მიერ განთავსებულ ინფორმაციას, ფოტოებს, ვიდეოჩანაწერებს და შეიძლება ჩვენთვის არასასურველი მიზნებითაც კი გამოიყენონ ისინი. ეს განსაკუთრებით საყურადღებო ხდება მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ბავშვების ფოტოების ინტერნეტში განთავსებით ჩვენ ყოველთვის არ ვფიქრობთ ასეთი პუბლიკაციების შედეგებზე.

რა არასასიამოვნო შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვების ფოტოების უკონტროლოდ და ურიცხვი რაოდენობით განთავსება სოციალურ ქსელებში:

  • ნებისმიერი დედისთვის მისი შვილი საუკეთესოა ამ სამყაროში. მას ვერ წარმოუდგენია, რომ მისი საყვარელი პატარა შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს. თუმცა, ინტერნეტსივრცეში დამკვიდრებული ნეგატივის წყალობით მოიძებნებიან ადამიანები, რომელთა კომენტარები შეიძლება დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს და სიძულვილითაც იყოს სავსე;
  • მოზარდები ხშირად ხდებიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. დაცინვის მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ: გარეგნობა, ქცევა, მატერიალური მდგომარეობა, ოჯახი. მოზარდისათვის უკიდურესად უსიამოვნო იქნება, თუ მოძალადისათვის ხელმისაწვდომი გახდება დედის გვერდზე განთავსებული, ადრეულ პერიოდში გადაღებული მისი ფოტოები ან ვიდეოები, რომლებშიც ბავშვი საუკეთესო მხრიდან არ არის წარმოდგენილი. ნაყინით ან შოკოლადით მოთხუპნილი ბავშვის ფოტო დედაში შეიძლება ტკბილ მოგონებებს აღძრავდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იგივე ფოტო მოზარდის თანატოლებისათვის ხუმრობის და დაცინვის საბაბი გახდეს;
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის დარღვევით ინტერნეტსივრცეში ფოტოების განთავსებამ შეიძლება საკმაოდ გაართულოს მშობლისა და შვილის ურთიერთობა. მშობლის წყალობით მოზარდისათვის არასასურველი, არმოსაწონი, ადრეულ ბავშვობაში გადაღებული უხერხული ფოტოების გასაჯაროებამ შეიძლება მოზარდს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო უკმაყოფილო იქნება ის იმით, რომ მშობლები იყენებენ მის პიროვნებას საჯარო განცხადებებისათვის და ასე თუ ისე წარმოადგენენ მას ინტერნეტში, მათი ნებართვის გარეშე აქვეყნებენ ისეთ ფოტოებს, რომლებიც ბავშვში უხერხულობას იწვევს, სადაც ის შიშველი, საჭმლით მოთხუპნილი, მძინარე მდგომარეობაშია და ა.შ. მშობლები, რომლებიც შვილის ფოტოებს მისი ნებართვის გარეშე აქვეყნებენ, პატივს არ სცემენ მის უფლებებს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო ხშირად გახდება ასეთი პოსტები დაძაბულობის, კონფლიქტების წყარო. ონლაინ პუბლიკაციების გამო შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს ურთიერთობა მოზარდსა და მშობელს შორის.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვების ფოტოების განთავსება სოციალურ ქსელებში, როგორც ზემოაღნიშნული, ასევე სხვა უამრავი უარყოფითი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდეს.

რეკომენდაციები მოსალოდნელი არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი ფოტოების გამოქვეყნებას ვაპირებთ. ვთხოვოთ ამის ნებართვა და შეიძლება თავად მას შევარჩევინოთ გამოსაქვეყნებლად ფოტოსურათები. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ის ფოტოების ინტერნეტსივრცეში მოხვედრის წინააღმდეგია, დავყვეთ მის ნებას და უარი ვთქვათ ჩვენს განზრახვაზე;
  • მშობლები, როგორც წესი, ბავშვების ფოტოების განთავსებას სოციალურ ქსელებში იწყებენ დიდი ხნით ადრე, სანამ პატარას თავად ექნება საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი ამ საკითხზე. ამასთან, დედები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ მათმა უკვე წამოზრდილმა ბავშვმა შეიძლება გამოთქვას პრეტენზია ამის გამო. კარგი იქნება, თუ ვიმოქმედებთ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ავწონ-დავწონით, რა გავლენას მოახდენს ჩვენ მიერ გამოსაქვეყნებლად მომზადებული კონკრეტული ფოტო ბავშვის ცხოვრებაზე მომავალში. მოვერიდოთ ისეთი ფოტოების გამოქვეყნებას, რომლებიც ბავშვს მომავალში უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. გაუმართლებელია მტირალი, შიშველი, საჭმლით ცხვირ-პირმოთხუპნილი ბავშვის ფოტოს გამოქვეყნება;
  • იდეალური ვარიანტი იქნება, თუ დედა საერთოდ არ გამოაქვეყნებს შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში მანამ, სანამ ბავშვს თავად არ შეეძლება თანხმობის მიცემა. მაგრამ ეს იდეალური სცენარია, რომელსაც ცოტა თუ გაჰყვება, რადგანაც ყველა დედა მიისწრაფვის გაუზიაროს სხვებს მნიშვნელოვანი მომენტები საკუთარი შვილის ცხოვრებიდან. როდესაც უფროსები ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაციას ან ფოტოს ვაქვეყნებთ, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, მოგვეწონებოდა თუ არა თავად, თუკი ასეთ რამეს ჩვენ შესახებ გამოაქვეყნებდნენ. ნებისმიერ ტექსტს, რომელსაც ინტერნეტსივრცეში ვაქვეყნებთ კრიტიკულად უნდა შევხედოთ – დასაშვებია თუ არა, რომ ამის შესახებ ყველამ იცოდეს; თავად მე თუ ვისურვებდი, რომ ასეთი რამ ჩემ შესახებ დაეწერათ. ხომ არ შერცხვება ბავშვს ამის გამო მომავალში. ნუ გავაზიარებთ საჯარო სივრცეში მოზარდის ისეთ ფოტოებს, რომლებიც 10 წლის შემდეგ მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს;
  • თუ ბავშვი მოგვთხოვს, წავშალოთ ყველა ის ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი ნებართვის გარეშე განვათავსეთ, აუცილებლად დავაკმაყოფილოთ მისი მოთხოვნა, რადგან ეს მოთხოვნა სრულიად სამართლიანია.

ბავშვობა მშვენიერი და ნათელი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირებისა და სამახსოვროდ შენახვის კარგ საშუალებას იძლევა. ვიყოთ ფრთხილი ბავშვების ფოტოების ინტერნეტსივრცეში განთავსებისას. გონივრული მიდგომის შემთხვევაში შეგვიძლია, დავიცვათ ბალანსი სოციალურ აქტივობასა და უსაფრთხოებას შორის.

 

ერთი ავარიის ქიმიური ქრონიკა

0

2023 წლის 3 თებერვალს აღმოსავლეთ პალესტინაში მატარებელი რელსებიდან გადავარდა, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. მიზეზი ამ დრომდე ცნობილი არ არის. პერსონალი უკიდურესი საფრთხის ქვეშ მუშაობდა და ფაქტობრივად მათი მოქმედება თავგანწირვის ტოლფასი იყო, რადგან დიდი აფეთქება შეიძლებოდა მომხდარიყო.

შემდეგ დაისვა კითხვა – როგორ მოხდა ავარია? ზოგმა რა თქვა, ზოგმა – რა… არასათანადო მექანიკური გამართვაო, რელსების არასაკმარისი მოვლაო, კადრების უკმარისობაო, დივერსიაო, პოლიტიკური მოტივაციაო…

საქმეში მაშინვე ჟურნალისტები ჩაერთნენ და რელსებიდან გადავარდნილი მატარებლიდან დაღვრილი და დამწვარი ზოგიერთი ქიმიკატის ჩამოთვლას შეუდგნენ. ზოგიერთი მათგანის სახელწოდება იხილეთ ცხრილში:

 

ჰოდა, დღეს ამ ქიმიკატების მოკლე ანოტაციებს გაგიზიარებთ, რათა უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, რა საფრთხეებს შეიცავს მათი გარემოში მოხვედრა.

 

ვინილ ქლორიდი: მისი წვის პროდუქტები განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის, მაგ. ქლორწყალბადმჟავა, ფოსგენი და ნახშირბადის მონოქსიდი. ხანძრის შემთხვევაში მომწამვლელი აირები წარმოიქმნება. პროდუქტის მაღალი კონცენტრაციის შესუნთქვა იწვევს თავბრუსხვევას, მოდუნებასა და ფილტვების გაღიზიანებას. კანთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს მოყინვის შეგრძნება.

 

იზობუტილენი:

აალებადი თვისებები და საფრთხეები: მაღალმა ტემპერატურამ და ხანძრის პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს ნახშირბადის მონოქსიდის (CO), ნახშირორჟანგის (CO2) წარმოქმნა. იზობუტილენს, თუ ის დიდი კონცენტრაციით არის, შეუძლია ჰაერში ჟანგბადის ჩანაცვლება და მისი კონცენტრაციის შემცირება. ასეთ ნივთიერებებს არ აქვს რაიმე ტოქსიკურ ეფექტი, მაგრამ ისინი შეიძლება საშიში იყოს ჩაკეტილ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში, სადაც შეძლება დაგროვდეს და ჰაერი ჩაანაცვლოს. მაღალი კონცენტრაციით ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დაჩქარება, თავბრუსხვევა, დაღლილობა და გულისრევა. მისი ძლიერი ზემოქმედება გულის წასვლასა და სიკვდილს იწვევს.

ბუტილ აკრილატი: მისი დაშლის შედეგად საშიში პროდუქტები ნახშირბადის მონოქსიდი (CO), ნახშირორჟანგი (CO2) წარმოიქმნება. მოწამვლის სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გულისრევა და ღებინება. ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს გამონაყარს, ქავილს, შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, ჩხვლეტის შეგრძნებას ხელებსა და ფეხებში, თავბრუსხვევას, თავბრუსხვევას, გულმკერდის ტკივილს, კუნთების ტკივილს ან სიწითლეს.

 

ბენზოლი: ძლიერ აალებადი სითხეა და მისმა ორთქლმა ჰაერთან ფეთქებადი ნარევი შეიძლება წარმოქმნას. ისეთი მსუბუქი ლითონების თანაობისას, როგორიცაა, ალუმინი, მაგნიუმი, ტიტანი და ბერილიუმი (სიმკვრივე 5 გ/სმ3-ზე ნაკლები), შესაძლებელია ქიმიური პროცესების პროვოცირება; ასევე ეგზოთერმული რეაქციები ჰალოგენებთან და ჰალოგენირებულ ნახშირწყალბადები. არსებობს აფეთქების რისკი ჰალოგენ-ჰალოგენ ნაერთებთან, აზოტმჟავასთან, პეროქსი ნაერთებთან პერქლორატებთან, ძლიერ მჟანგავ აგენტებთან, ქლორთან, ფტორთან და ფთორიდებთან, ურანის ჰექსაფტორიდთან, თხევად ჟანგბადთან შეხებისას.

მისი ორთქლი იწვევს კანისა და თვალის სერიოზულ გაღიზიანებას, შეიძლება გენეტიკური დეფექტების პროვოცირება მოახდინოს, გამოიწვიოს კიბო, ორგანოების დაზიანება ხანგრძლივი ან განმეორებითი ზემოქმედებით.

 

დიეთილენ გლიკოლი: შეუთავსებელია ძლიერ მჟანგავ აგენტებთან, ძლიერ მჟავებთან, ლითონებთან. დაშლის საშიში პროდუქტებია ნახშირბადის მონოქსიდი (CO), ნახშირორჟანგი (CO2). მოწამვლის სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, და გულისრევის შეგრძნება.

ეთილენ გლიკოლის მონობუტილ ეთერი: სახიფათო წვის პროდუქტები: ნახშირბადის მონოქსიდი (CO), ნახშირორჟანგი (CO2). პეროქსიდები უნდა მოარიდოთ

ღია ცეცხლს, ცხელ ზედაპირებსა და აალების წყაროებს, მაღალ ტემპერატურასა და მზის პირდაპირ სხივებს. ჰაერის ან ტენიანობის ზემოქმედებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მასთან შეუთავსებელი პროდუქტებია, ჟანგვის ძლიერი აგენტები.

მოწამვლის სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გულისრევა და ღებინება.

 

პროპილენგლიკოლი: ინტენსიური გაცხელებისას ჰაერთან ფეთქებად ნარევებს წარმოქმნის.

საშიში რეაქციების შესაძლებლობა იზრდება ჟანგვის აგენტებთან, მჟავა ანჰიდრიდებთან, მჟავას ქლორიდებთან. არ არის ნახსენები, როგორც კარცენოგენული აგენტი.

 

კეთილი, ინფორმაცია ინფორმაციად, მაგრამ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მატარებლის რელსიდან გადავარდნის შემდეგ?

1) ავარიის ადგილზე 1A კლასის კარცენოგენების დიდი რაოდენობა დაიღვარა. ამავე დროს, შეიქმნა აფეთქების მაღალი რისკი. გარემოში გაიფრქვა ნივთიერებები, რომლებიც გრძელვადიან ინტოქსიკაციას იწვევს.

2) რელსებიდან გადასვლის ადგილზე იყო რამდენიმე ქიმიური ნაერთი, რომელთა გაცხელება სარისკოა. არადა, მათ ცეცხლი ეკიდა (მაგ. ვინილ ქლორიდი, ბენზოლი, პროპილენგლიკოლი). ეს ქიმიკატები დიდი იყო მოცულობით. მათმა უმრავლესობამ შეიძლება შექმნას ფეთქებადი ნარევები ჰაერთან და გამოიწვიოს დიდი აფეთქება.

3) ზოგიერთი პროდუქი ფოტოაქტიურია და შეიძლება, რეაგირება მოახდინოს მზის ულტრაიისფერი ზემოქმედებისას. მაგ., ეთილენგლიკოლის მონობუტილ ეთერმა მზის ან ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებისას, შეიძლება განიცადოს ფოტოჟანგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოლეკულის დაშლა მცირე და პოტენციურად მავნე ნაერთებად, როგორიცაა, ფორმალდეჰიდი და ჭიანჭველა მჟავა. შეუძლებელია იყო 100%-ით დარწმუნებული, შეიძლებოდა თუ არა, ამ ტიპის რეაქცია მომხდარიყო ავარიის ადგილას, მაგრამ პირობების სრულად აღმოფხვრაც შეუძლებელია.

4) ზოგიერთი ქიმიური ნაერთი (ეთილენ გლიკოლის მონობუტილ ეთერი და დიეთილენგლიკოლი) შეიძლება რეაგირებდეს ლითონებთან, როგორიცაა, ალუმინი და რკინა. მატარებლები და რკინიგზა კი ამ ლითონების გამოყენებით იწარმოება.

5) რელსებზე ქიმიური ნივთიერებების დაღვრის შედეგად შესაძლებელი იყო მთელი რიგი პროცესების განვითარება. მაგალითად:

ა) ვინილის ქლორიდის წვა:

2C2H3Cl + 7O2 → 4CO2 + 2HCl

ბ) ვინილ ქლორიდის წვამ ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში შესაძლოა გამოიწვიოს არასრული წვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნაწილობრივ დაჟანგული ნაერთები, როგორიცაა, ნახშირბადის მონოქსიდი (CO). ნახშირბადის მონოქსიდს შეუძლია, რეაგირება მოადინოს თავდაპირველ მასალასთან და წარმოქმნას სხვა ნაერთები. მაგალითად, ნახშირბადის მონოქსიდს შეუძლია რეაგირება მოახდინოს ვინილ ქლორიდთან და წარმოქმნას ფოსგენის აირი (COCl2)- საბრძოლო აირი.

C2H3Cl + CO → COCl2 + H2

გ) ეთილენგლიკოლის მონობუტილეთერის (C4H9OCH2CH2OH) წვის რეაქციის გამარტივებული განტოლება შეიძლება მოიცავდეს წყალბადის ზეჟანგის (H2O2) წარმოქმნას: C4H9OCH2CH2OH + 3O2 → 4CO2 + 5H2O + H2O2.

დ) ვინილქლორიდი და ბენზოლი ჩვეულებრივ პირობებში ერთმანეთთან არ რეაგირებენ. თუმცა, ამ ნივთიერებების მაღალ ტემპერატურაზე ერთად მოხვედრისას, შეიძლება ეს პროცესი განვითარდეს. უფრო მეტიც, ორივე ნივთიერება ტოქსიკურია და ჯანმრთელობისთვის საშიში.

 

C2H3Cl + C6H6 → C6H4=CH-Cl + H2

 

უკვე წარმოქმნილი პროდუქტებიდან კი შესაძლებელია ე.წ. მეორადი პროდუქტების წარმოქმნა.

ეს ამბავი სოციალური ქსელის ერთი გვერდის მიერ იყო გავრცელებული. რატომღაც წასაკითხად მიმიტყუა და დავინტერესდი. შემდეგ, აი, სხვა ინფორმაციაც მოვიძიე (Isaacs-Thomas, B. (2023, February 16). What we know about the chemicals aboard the train that derailed in Ohio. PBS. Retrieved February 20, 2023, from https://www.pbs.org/newshour/science/what-we-know-about-the-chemicals-aboard-the-train-that-derailed-in-ohio ; McGill, B. (2023, February 17). The toxic chemicals spilled by the Ohio train derailment: A visual breakdown. The Wall Street Journal. Retrieved February 20, 2023, from https://www.wsj.com/articles/the-toxic-chemicals-spilled-by-the-ohio-train-derailment-a-visual-breakdown-65fae1ce) და მათზე დაყრდნობით ეს წერილი თქვენთვის დავწერე.

ჩვენთვის ეს უბრალოდ ქიმიური ქრონიკაა, გარემოსთვის კი ქიმიური დაბინძურება.

ჰო, დამავიწყდა მეთქვა – მადლობა ღმერთს, არავინ დაშავებულა.

 

 

 

 

 

 

 

  რაინდული იდეალების კრიზისი

0

თანამედროვე სამყაროში იდეალების კრიზისის თემა არაერთ მწერალთან გვხვდება. მათ შორისაა იტალო კალვინო, გამორჩეული ავტორი. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება, პოსტმოდერნისტული რომანები, მოთხრობები თარგმნილია ქართულ ენაზე („განახევრებული ვიკონტი“, „ბარონი ხეზე“, „უხილავი ქალაქები“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ და სხვ.). როგორ იქცევა ნიღბებად ღირებულებები, რომლებიც სიცარიელეს ფარავენ? სწორედ ამ მრავალმნიშვნელოვან კითხვას უტრიალებს იტალო კალვინო თავის რომანში „არარსებული რაინდი“ და მკითხველს პასუხების უსიერ ტყეში მიუძღვება.

მწერალი ამ რომანში კლასიკურ პარადიგმებს გადაათამაშებს, წარსულის ლანდებს გამოიხმობს და თანამედროვეობის სულიერ პრობლემებს ამ გზით გამოკვეთს. საგულისხმოა მისი ერთგვარი ასოციაციური ინტერტექსტუალური გადაძახილი, უპირველეს ყოვლისა, სერვანტესის „დონ კიხოტთან“. აქაც შუა საუკუნეების რაინდული რომანების პაროდირებით, მსუბუქი იუმორით, რეალობისა და წარმოსახვის დაპირისპირებით წარმოჩენილია ფასეულობათა გაქრობა სამყაროდან. ამ პოსტმოდერნისტულ რომანში ისტორია, შუასაუკუნეების გარემო და მსოფლმხედველობრივი ესთეტიკა ფიქციაა, პირობითობაა, დეკორაციაა, უნივერსალური იდეების გათამაშების ტოპოსია. ამ სცენაზე ფუნდამენტური ადამიანური ვნებები ნიღბებს ირგებენ და თავიანთ როლებს თამაშობენ, ამიტომ გვხვდება გროტესკული სახეები.

აჯილულფო რაინდის იდეალს განასახიერებს, ის არ „იმეორებს“ არც შუა საუკუნეების რაინდის სახეს, არც დონ კიხოტს. ის სწორედ ის პირველსახეა, რომელთან მიმსგავსებასაც ცდილობს მწუხარე სახის რაინდი. იგი არარსებული მხედარია, ცხენზე ზის, თეთრი და ბრწყინვალე აბჯარი აცვია. მას აქვს საბრძოლო გმირული ისტორია და სწორედ ამ თავდადებისთვის შეძენილი ღირსების გამომხატველი ტიტულები, მაგრამ ხორცი არა აქვს, არც სვამს და არც ჭამს, არც რაიმე აღელვებს. მას არ შეუძლია ქალთან სიახლოვე, მაგრამ შეუძლია ქალს, ბრადამანტეს, რომელიც გაუმაძღარია ვნებით, სიყვარულის სამოთხე შეაგრძნობინოს, ფიქრით, წარმოსახვით, სიტყვით განაცდევინოს ნეტარება. ამიტომაც მზეთუნახავი მასზეა შეყვარებული და მხოლოდ იგი მიაჩნია სიყვარულის ღირსად, სხვებთან კი მხოლოდ ვნებას იოკებს.

აჯილულფო, „არარსებული რაინდი“, განასახიერებს რაინდულ კოდექსს, საუკუნეთა განმავლობაში მოფიქრებულ წეს-კანონებს, ტრადიციას, ჩვეულებას. ის არის კოსმოსი და ცდილობს ადამიანურ ურთიერთობათა ქაოსში წესრიგის შემოტანას. მას არ შეუძლია მოლხენა, მაგრამ სუფრაზე ზის და იდეალურად თამაშობს მოქეიფის როლს, მოლხენის რიტუალს ზედმიწევნით აღასრულებს. სანამ ის ახლავს მეფე კარლოსის ჯარს, გამარჯვებას ხელს ვერაფერი შეუშლის. ის ყველგანაა, სადაც დახმარება სჭირდებათ, ამგვარად, იგი ქრისტესა და წმინდა გიორგის პარადიგმული სახეცაა. რომანში ასეთი დიალოგი იმართება მეფესა და აჯილულფოს შორის:

„თქვენ გეუბნებით, ჰეი, პალადინო! – არ ეშვებოდა კარლოს დიდი, – რატომ უმალავთ სახეს თქვენს მეფეს? მუზარადის საყბეურიდან გარკვევით გაისმა ხმა: იმიტომ, რომ არ ვარსებობ, სირ“. მართლაც, „მუზარადი ცარიელი იყო. შვიდფერა ჯიღით დამშვენებული თეთრი საჭურვლის ქვეშ არავინ იყო“. „ოჰ, რას არ ნახავს ადამიანი! – თქვა კარლოს დიდმა, – კი მაგრამ, ჯარში როგორ მსახურობთ, თუკი არ არსებობთ? – ნებისყოფით, – თქვა აჯილულფომ, – და ჩვენი წმინდა საქმისადმი რწმენით. – ჰო, ჰო, კარგი ნათქვამია, მოვალეობა სწორედ ასე სრულდება. იმის კვალობაზე, რომ არ არსებობთ, ყოჩაღი ყოფილხართ!“ (რომანი როზა ოდიშვილმა თარგმნა, გამომცემლობა „აგორა“).

კომიზმით შეფერილი ეს დიალოგი კარგად ამხელს მწერლის ჩანაფიქრს, წარმოაჩინოს თანამედროვე სიმულაკრების სამყარო. ფრანგი კულტუროლოგი, ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი თავის ცნობილ ნაშრომს „სიმულაკრები და სიმულაციები“ წარუმძღვარებს ეპიგრაფს, რომელშიც ვკითხულობთ: „სიმულაკრი არასოდეს არ არის ის, რომელიც ფარავს ჭეშმარიტებას – ჭეშმარიტება არის სწორედ ის, რომელიც ფარავს, რომ იქ არაფერი არ არის“. ამგვარად, იგი თვითონ მიმართავს ერთგვარ სიმულაციას, შენიღბვას, როდესაც ეპიგრაფის წყაროდ ეკლესიასტეს ასახელებს, რომელშიც, რა თქმა უნდა, მსგავსი ფრაზები არ არის. რომანში ბოდრიარისეული ჰიპერრეალობა წარმოჩნდება, „რეალობის უდაბნო“, „უატმოსფერო სივრცე“, რომელშიც მხოლოდ უარსო „ცნებები დაფარფატებენ“.

იტალო კალვინო რაინდული სულისკვეთების გაქრობას სამყაროდან, ნოსტალგიას ამგვარად გამოხატავს. ბოდრიარი ჩვენ მიერ ნახსენებ ნაშრომში „იმიჯის განვითარების“ ოთხ ფაზას გამოყოფს. რომანში სწორედ მეოთხე ფაზაა წარმოჩენილი, რომელიც გულისხმობს, რომ იმიჯი (სახე, ხატი) „არ შეიცავს მიმართებას რაიმე რეალობასთან, იმიტომ, რომ ის არის საკუთარი თავის წმინდა სიმულაკრი“.

კითხვისას შორეული ასოციაცია ჩნდება ძველი აღთქმისაც, რომელშიც ღმერთიც არ აჩვენებს თავის სახეს. „მე ვარ, რომელი ვარ“,- ამბობს ის (გამ. 3, 14), ხოლო სახარებაში ვკითხულობთ: „ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა. (იოანე, 1, 18)

აჯილულფოს საკრალური, მითოსური დრო შემოაქვს ისტორიულ, რეალურ სივრცეში. მწერალი მარადიული დაბრუნების იდეასაც თავისებურად გადაათამაშებს. მირჩა ელიადე წერს: „ყველაზე სრულყოფილი რეალობა საკრალურია: ვინაიდან, მხოლოდ საკრალურს შეუძლია იყოს აბსოლუტური, იმოქმედოს შედეგიანად, შექმნას და ხანგრძლივი არსებობა მიანიჭოს ყველაფერს. კურთხევის უამრავი აქტის შესრულება – სივრცის, ნივთების, ადამიანების საკრალიზაცია და სხვ. რეალობის ძიების დაუძლეველი სურვილის, „პრიმიტიული” ადამიანის ყოფიერებისადმი სწრაფვის ნათელი ნიშანია“. („მარადიული დაბრუნების იდეა“)

რომანის მთავარი გმირი, საგმირო საქმეებით განთქმული რაინდი აჯილულფო დონ კიხოტს კიდეც ჰგავს და არსებითად განსხვავდება კიდევაც. თუ დონ კიხოტი თვითონ გარდაქმნის საკუთარ თავს, სახელს იცვლის, შინიდან გადის, მიჯნურსაც გამოიგონებს, ამ რომანში პირიქით ხდება, ქალი გამოიგონებს რაინდს, აჯილულფოს. ამ გადაძახილს ამძაფრებს სახელთა მსგავსებაც. დონ კიხოტის დულსინეა, ამ შემთხვევაში, ბრადამანტედ გადაიქცევა. რომანისეული თამაშის ნაწილია ის, რომ ეს პერსონაჟი მონაზონიცაა, მეომარიცა და ამბის მთხრობელიც. იგი მწერალია და სწორედ მის მონათხრობ ამბებს ვეცნობით. ბრადამანტე ქალი ამორძალია, რაინდებს რომ არ ჩამოუვარდება ბრძოლაში თავგამეტებითა თუ სასიყვარულო თავგადასავლებით. მას ვხედავთ ბრძოლის ველზეც და მონასტერშიც, სადაც, უპირველესად, ვნებათა მოსანანიებლად განმარტოვდება.

მკითხველი ხედავს, რომ ქალის განდეგილობის მიზეზი უფრო ღრმაა და მნიშვნელოვანი, აქ ის იდეალებისგან დაცარიელებულ მატერიალურ სამყაროსაც განეშორა, თან საკუთარი თავისა და თავშესაფრად გამოგონილი ახალი მხატვრული განზომილების შექმნას შეუდგა. წერა მისი სასჯელია, ეპიტიმიაა, რომელსაც სიტკბო და სიმწარე თანაბრად ახლავს. ბრადამანტე გამოიგონებს რაინდ აჯილულფოს. იგი შენიღბავს საკუთარ თავსაც, როგორც ავტორს. ორმაგი თუ სამმაგი კოდირებები რომანისეულ ინტრიგებს უფრო ამძაფრებს, მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტებს აფართოებს, ცნობისმოყვარეობას ძაბავს.

საინტერესო მხატვრული სახეა მოკლული მამისთვის შურისმაძიებელი ახალგაზრდა პალადინი რამბალდო, რომელიც აჯილულფოს დამოწაფებას ცდილობს. „მამის სიკვდილის გამო შურისძიების აღსრულების სურვილი, მისი ბრძოლის ჟინი, კარლოს დიდის მებრძოლთა რიგებში ჩაწერა, „რიტუალი იყო არარაობისგან თავის დასაღწევად“. არარაობისაგან თავის დაღწევის სურვილი და ამ გზაზე მუდმივი შეჯახება სიცარიელესთან თანამედროვე ადამიანის მოურჩენელი ტკივილია.

ახალგაზრდა შურისმაძიებლისთვისაც აჯილულფო არის მაგალითი, უნდა მას მიბაძოს, მიემსგავსოს, საბოლოოდ, მის ჯავშანსაც ჩაიცვამს, რომელსაც თვითონ რაინდი უსახსოვრებს, მაგრამ მხოლოდ საქმით, რეალობის გარდაქმნით, ბრძოლის გზით შეძლებს საჭურვლის მორგებას, ამგვარად, იდეალისკენ მისწრაფებას კი აღარ გამოხატავს მხოლოდ, არამედ ცდილობს, იყოს ადამიანი, ხორციელი და შინაარსით სავსე. იდეალი სიცარიელეა, ის არ არსებობს მატერიალურად, მაგრამ მისი სულიერი თანაყოფნა აუცილებელია ზოგადადამიანური მორალურ-ზნეობრივი ხერხემლის სიმტკიცისთვის.

ჩვენი აზრით, არარსებული რაინდის სახე შეიძლება გავიაზროთ ფროიდისეული ზე-მედაც, რომელიც ქმნის და იცავს ღირებულებებს, რომლებიც „მეს“ უკარნახებს ქცევის წესებსა და ცხოვრების კანონებს. იგი ეგოისტ „მეს“, თავი სამყაროს ცენტრი რომ ჰგონია, აკონტროლებს, ზედამხედველობს და აჩვევს სურვილ-ვნებათა მოთოკვას, ამგვარად, თან თავისუფლებას უზღუდავს, თანვე სულიერ განვითარებაში ეხმარება.

იტალო კალვინო რომანის სახით ქმნის ლიტერატურულ თამაშს, რომელშიც მკითხველმა უნდა გამოიცნოს, სინამდვილეში ვინ ვინ არის. ამას მოაქვს დეტექტივისთვის დამახასიათებელი შეცბუნება, როცა ვარაუდი არ მართლდება და ახალი ვერსია ჩნდება. მწერალი ამას თხრობაში ჩართული სხვადასხვა ჩახლართული ამბით აღწევს.

სიმულაკრის ფენომენის თვალსაჩინო გამოხატულებაა პერსონაჟი გურდულუ, რომლისთვისაც სიმულაციები, თავის მოჩვენება „სხვად“ არსებობის წესი, ყოფის ბუნებრივი ფორმაა: „უბრალოდ, ადამიანია, რომელიც არის, თუმცა, თვითონ ეს არ იცის“. ამიტომ გადაიქცევა ხან სხვა ადამიანად, ხან კიდევ მცენარედ, ფრინველად თუ ცხოველად. კარლოსი ამბობს მასზე: „ოო, რა კარგია! ეს ქვეშევრდომი არის, მაგრამ თვითონ არ იცის, რომ არის. ის ჩემი პალადინი კი არ არის, მაგრამ თვითონ ჰგონია, რომ არის“. ერთ ეპიზოდში მებაღე ეტყვის მეფეს: „მოიღეთ მოწყალება, თქვენო უდიდებულესობავ, ისევ შეეშალა: მეფეს რომ ელაპარაკებოდა, დაიბნა და აღარ ახსოვს, თვითონაა მეფე თუ ის, ვისაც მიმართავს“. ამიტომაც სწორედ ეს პერსონაჟი გახდება აჯილულფოს საჭურველთმტვირთველი.

რომანში გროტესკულია გრაალის ორდენის ჯგუფი, რომელიც, იდეალებისაგან დაცლილი, ტყეში გახიზნული, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშით სრულყოფს საკუთარ საბრძოლო ხელოვნებას, მაგრამ აღარ იბრძვის ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად რაიმე კეთილშობილური იდეისთვის, ფუნქციადაკარგული, მედიტაციას ეძლევა. პაროდირებული მისი სახე, რა თქმა უნდა, ეს კარგად ჩანს, როცა სოფლისაგან ხარკს ითხოვს, მაგრამ როგორც კი სამართლიან წინააღმდეგობას წააწყდება, უსამართლოდ, სასტიკად არბევს.

რომანისეული სათქმელი ეხმიანება ნიცშეს ამ თვალსაზრისსაც: „ჭეშმარიტება ილუზიებია, რომელთა რაობაც, არის ის, რომ ისინი გაცვეთილ და აზრობრივად უძლურ მეტაფორებად ქცეული, ანდა მონეტებია, რომლებზეც გამოსახულება წაშლილია და ახლა არა მონეტად, არამედ მხოლოდ ლითონად აღიქმება“ (ფრიდრიხ ნიცშე ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით). რომანში სწორედ „გამოსახულება წაშლილი მონეტებია“ მხატვრულ სახეებში დაქარაგმებული.

რომანს ახლავს ის სიმსუბუქე და სისწრაფე, რომელთა ფილოსოფიურ-ესთეტიკურ ასპექტებსაც იტალო კალვინო შესანიშნავად წარმოაჩენს ესეებში: „სიმსუბუქე“ და „სისწრაფე“. მისი აზრით, „ამბების წერის ხელოვნება ხომ სწორედ იმის ცოდნაა, თუ როგორ გამოიტანო გარეთ ყველაფერი იმ არაფრისგან, რაც ცხოვრების შესახებ გაგიგია. მაგრამ, ერთ გვერდს როცა ჩაათავებ, ცხოვრებას უბრუნდები და ხვდები, რომ რაც იცოდი, მართლაც არაფერია“. მის თხრობაში „ნებისმიერი ნივთი ჯადოსნურია“. ამ რომანში „მოვლენები ერითმება ერთმანეთს“ და მკითხველზე ამ გზითაც ახდენს ზემოქმედებას.

იტალო კალვინო, როგორც თვითონვე იტყოდა, „უსაზღვრო არეალის მქონე, უსწრაფესი მედიასაშუალებების ეპოქაში, როცა არის საშიშროება, რომ ყოველგვარი კომუნიკაცია სწორხაზოვანი და ერთფეროვანი გახდეს“ თავისი რომანით, „წერილობითი ენის უნიკალური შესაძლებლობების“ გამოყენებით, ღრმა და საინტერესო დიალოგის გამართვით, მკითხველს კიდევ ერთხელ უბიძგებს თვითშემეცნებისკენ, სიმულაკრების ლაბირინთებიდან თავდაღწევისკენ.

 

 

რა მინდა ვუთხრა მე, ზრდასრულმა აუტისტმა, ჩემს ნაცნობებს

0

20 ფაქტი ჩემ შესახებ

აუტისტი გოგონა აიმან ეკფორდი საკუთარ თავსა და სამყაროს შესახებ თავის შეხედულებებზე საუბრობს, ასევე, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაზე.

„1. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე, მაგრამ არ ვაგებ პასუხს იმაზე, რასაც თქვენ ფიქრობთ.

ეს ფრაზა ხშირად გვხვდება ინტერნეტში. მე სწორედ იმას ვამბობ, რის თქმაც მსურს და მძულს მინიშნებები. უბრალოდ არ მესმის მათი. ძალიან ხშირად აუტისტი ადამიანების სიტყვებში ეძებენ მინიშნებებს, რომლებიც იქ არ არის. სხვა აუტისტებთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ აუტისტები ძალიან იშვიათად იყენებენ მინიშნებებს. მათ უმეტესობას არაერთხელ ჰქონია სიტუაცია, როდესაც არ ესმოდათ სხვისი მინიშნებების. ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ აუტისტის სიტყვებში ფარული ქვეტექსტი არსებობს, სჯობს მას ჰკითხოთ, იგულისხმა თუ არა ის, რაც თქვენ იფიქრეთ, სანამ ნაჩქარევ დასკვნებს გამოიტანთ.

  1. ხშირად არ მესმის თქვენი მინიშნებების და ხმის ინტონაციის.

თუ რამე გინდა მითხრათ ან რამეს მთხოვთ, პირდაპირ მითხარით ამის შესახებ. ნუ ელით, რომ თქვენი ხმით ამოვიცნობ, რომ ჩემზე განაწყენდით, ან თქვენი ფრაზიდან – „ეს ჩანთა მძიმეა“ – მივხვდები, რომ დახმარებას ითხოვთ.

  1. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, გამაფრთხილეთ.

თუ საუბრის ხასიათზე არ ხართ, ან თუ ხედავთ, რომ სხვა ადამიანი, ვისთანაც საუბრის დაწყებას ვაპირებ, არ არის ჩემთან საუბრის გუნებაზე და ახლა ცუდი დროა საუბრისთვის, გამაფრთხილეთ ამის შესახებ.

  1. ნამდვილად არ მესმის, როდის ვიწყებ ძალიან ხმამაღალ საუბარს.

ეს შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვხვდები, რამდენად ხმამაღლა ვლაპარაკობ.

  1. როცა გარშემო ხმაურია, შეიძლება თქვენი სიტყვები ვერ გავიგო.

მე მეწყება სენსორული გადატვირთვა და ამიტომ მიჭირს თქვენი ხმის გამიჯვნა ჩემ გარშემო არსებული ხმაურისგან. ნუ გეწყინებათ, თუ დაგაიგნორებთ. უბრალოდ, რის თქმასაც გეგმავთ, ცოტა მოგვიანებით მითხარით.

  1. არ მთხოვოთ ყურსასმენის მოხსნა.

მაღაზიაში, ქუჩაში, სხვადასხვა ღონისძიებაზე ხშირად მთხოვენ ყურსასმენის მოხსნას. მაგრამ რომ მოვიხსნა, სენსორული გადატვირთვა დამეწყება და აზრები ამერევა. ის, რომ ზედმეტად ხმამაღლა ვლაპარაკობ, არ არის კავშირში იმასთან, რომ ყურსასმენი მიკეთია და ამიტომ არ მესმის; არც იმასთან, რომ ყოველთვის ეგრევე არ მესმის, რას მეუბნებით. თუ გეტყვით, რომ მესმის, მაშინ ნამდვილად მესმის თქვენი.

  1. როცა სენსორული გადატვირთვა მეწყება, შეიძლება შევნელდე.
  2. ხანდახან ჩემთვის უფრო ადვილია რაღაცის დაწერა, ვიდრე ამის სიტყვიერად გადმოცემა.

განსაკუთრებით თუ ვღელავ ან პანიკაში ვარ, სენსორული გადატვირთვის დროს ან როცა თავს ცუდად ვგრძნობ. ხმამაღლა ლაპარაკის ნაცვლად იშვიათად ვწერ, მაგრამ თუ ვწერ, მიმაჩნია, რასაც ვწერ ძალიან მნიშვნელოვანია და ე.ი. ძალიან მიჭირს ამის თქმა.

  1. ვერ ვიტან მსუბუქ შეხებას.

ამიტომ, მსუბუქად არ შემეხოთ, ხელი მხარზე არ დამადოთ ან არ ჩამეხუტოთ. თუ რაიმე მიზეზით დაგჭირდებათ ამის გაკეთება (მაგალითად, ფოტოს გადაღებისას), წინასწარ გამაფრთხილეთ ამის შესახებ.

  1. როცა დავრბივარ ან წინ და უკან დავდივარ, ეს არ ნიშნავს, რომ „დაჯდომა და დამშვიდება“ მჭირდება ან რომ ასე რაღაც მიხარია.

როცა ბოლთას ვცემ, ეს მამშვიდებს და ფიქრში მეხმარება. ასევე, ჩემთვის ბევრად უფრო ადვილია ამ დროს მოდუნება და ახალ ინფორმაციაზე ფოკუსირება, თუ საუბრის დროს ხელში რამეს ვატრიალებ, მაგიდაზე თითებს ვაკაკუნებ ან თმას ვისწორებ. ამას თვითმასტიმულირებელი ქცევა ჰქვია. შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ამაში არაფერია მავნე, სამარცხვინო ან უაზრო. მისი სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ზიანი, რადგან მეხმარება თქვენთან ურთიერთობაში!

სერიოზულად, რატომ გგონიათ, რომ მოწევა ნორმალურია, მაგრამ ბოლთის ცემა და ხელების ქნევა უწესობა?!

  1. ის, რომ ჩემს ასაკზე ახალგაზრდად გამოვიყურები, არ ნიშნავს, რომ თანატოლების დარად არ ვფიქრობ.

არ ვიცი, ეს აუტიზმთან არის დაკავშირებული თუ არა, მაგრამ უფრო პატარა ასაკისას ვგავარ. თუმცა ისევე ვაზროვნებ, როგორც ყველა 19 წლის გოგო, ასე რომ, ბავშვივით ნუ მექცევით და მელაპარაკებით!

  1. როცა თქვენ სიახლოვეს ვარ, ნუ ელაპარაკებით სხვა ადამიანებს ჩემზე ისე, თითქოს იქ არ ვიყო.

ვერ ვიტან ამას! განსაკუთრებით მძულს, როცა ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი ჩემი ნათესავის, მეგობრის, ნაცნობის მეშვეობით გადმომცემს რამეს. მე თქვენ გვერდით ვარ, თქვენ მე მხედავთ და შეგიძლიათ პირდაპირ მეკონტაქტოთ! თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობთ და არც გისმენთ. თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ ისევე, როგორც იმ ადამიანს, რომელსაც ჩემ ნაცვლად მიმართავთ.

  1. ნუ ცდილობთ ჩემი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე იმის გარკვევას, რას ვფიქრობ და ვგრძნობ.

მით უფრო, არ არის საჭირო დაჟინებით იმის მტკიცება, რომ მე ვიგრძენი ის, რაც თქვენ მოგეჩვენათ, და არა ის, რასაც მე თვითონ გეუბნებით. ადამიანებს ბევრჯერ უმტკიცებიათ ჩემთვის ის, რომ მე ვიგრძენი ის, რასაც ნამდვილად არ ვგრძნობდი, რადგან მათ არასწორად გაიაზრეს ჩემს სახეზე გამოსახული ემოცია! შემიძლია ათეულობით მსგავსი შემთხვევა მომაგონდეს.

  1. საუბრისას ნუ მთხოვთ, რომ თვალებში გიყუროთ.

მიჭირს ამის კეთება და ამავდროულად აზრების ჩამოყალიბება. და რაც უფრო მიჭირს ამ მომენტში საუბარი, მით უფრო იშვიათად ვუყურებ თქვენს სახეს.

  1. ის, რომ მე არ შემიძლია ავხსნა ჩემი ემოციები და რომ ეს ემოციები ყოველთვის არ ჩანს ჩემს სახეზე, არ ნიშნავს, რომ მათ არ განვიცდი.
  2. ძალიან ხშირად ისე გამოდის, რომ როცა ამბობ „ყველა ადამიანს“, ეს ეხება ყველა თქვენს ნაცნობს, ჩემ გარდა.

ეს ხშირად ხდებოდა. ამიტომაც ვეღარ ვიტან ამ გამოთქმას.

  1. ნუ მეტყვით „კომპლიმენტს“ – „თითქმის შეუმჩნეველია, რომ აუტისტი ხარ“.

არ ვფიქრობ, რომ აუტიზმი ცუდია, ეს ჩემი პიროვნების ნაწილია. აუტისტი რომ არ ვიყო, სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი და არ მინდა სხვა ადამიანი ვიყო.

თუ პირველად მხედავთ, არ უნდა თქვათ: „საერთოდ არ ჰგავხარ აუტისტს. აუტისტები განსხვავებული არიან“. ეს უბრალოდ უხერხულია. უმეტეს შემთხვევაში ძნელია ადამიანის ნევროლოგიური თავისებურებების გაგება სულ რაღაც ხუთ წუთში.

  1. არ იფიქროთ, რომ თუ მე ვარ აუტისტი, აუცილებლად უნდა ვგავდე თქვენს აუტისტ მეგობარს.

და ნუ იფიქრებთ, რომ ყველა აუტისტი ჩემნაირია. აუტისტები არ არიან კლონები. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ის, რასაც ამ ჩამონათალში გიყვებით, არ ვრცელდება ყველა აუტისტზე. თუ რამე მომწონს, სხვა აუტისტ ადამიანს შეიძლება არ მოეწონოს და პირიქით.

  1. როცა უამრავ კითხვას გისვამ და ჩემს თვალსაზრისს გიხსნი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთან რამე პრეტენზია მაქვს.

შეიძლება გვერდიდან ასე ჩანდეს. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ ზედმეტად ემოციურად ვლაპარაკობ, როცა ვინმეს ჩემს თვალსაზრისს ვუხსნი. სანამ ამის შესახებ არ მითხრეს, წარმოდგენა არ მქონდა, რა ინტონაციით ჟღერდა ჩემი ხმა! სინამდვილეში, კითხვების დასმით, მე უბრალოდ ვცდილობ, მივყვე თქვენს ლოგიკას და გავიგო თქვენი აზრი.

  1. „შენ არ ჰგავხარ აუტისტს. მე მეგონა, რომ ყველა აუტისტი ადამიანი მკაცრი ინტროვერტი იყო, შენ კი ჩემთან ურთიერთობ“.

ჯერ ერთი, ყველა აუტისტი ადამიანი არ არის ინტროვერტი. მაგრამ ინტროვერტებსაც კი ზოგჯერ სურთ კომუნიკაცია! ყველა აუტისტ ადამიანს უჭირს სოციალური ნორმების გაგება. ბევრ აუტისტ ადამიანს უჭირს აზრების სიტყვიერად გამოხატვა. ასე რომ, ყველაზე ხშირად პრობლემა სწორედ ეს არის და არა სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილის ნაკლებობა. ზოგჯერ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ აუტისტი ადამიანების კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუტისტები არ არიან დაინტერესებულნი თქვენთან ურთიერთობით“.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...