შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

რამდენად ვაცნობიერებთ მასის მუდმივობის კანონს

0

ამბავი, რომელიც მინდა მოგითხროთ, ათი-თხუთმეტი წლის წინ მოხდა და ისეთი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში, რომ ახლაც თვალწინ მიდგას…

აღდგომა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანთათვის. უმეტესობა საგანგებოდ ვემზადებით ამ ბრწყინვალე დღის შესახვედრად. წინასადღესასწაულო ფუსფუსსა და სამზადისში ჩვენს აუცილებელ საქმეთა ნუსხაში შედის სასაფლაოზე შერბენა და გარდაცვლილი ნათესავების საფლავების დასუფთავება.

აღდგომის წინა დღე იყო და სასაფლაოზე ხალხი მრავლად ირეოდა. ყველა თავ-თავისი საქმით იყო გართული – ვინ ბალახებისგან ასუფთავებდა საფლავს, ვინ ნაძვის ჩამოცვენილ წიწვებს აგროვებდა, ვინ მტვერს წმენდდა… იქვე ტრიალებდა სასაფლაოს მომსახურე პერსონალი და ხან ერთის დაკვეთასა თუ თხოვნას ასრულებდა, ხან მეორისას. ჩვენგან არცთუ ისე შორს ერთი ახალგაზრდა მარტო დასტრიალებდა თავს პატარა ბავშვის სამარეს. დიდი რუდუნებით, თითქმის სათითაოდ კრეფდა ახალამობიბინებულ ბალახს და იქვე, მესრის შიგნითვე, ფრთხილად აწყობდა. საქმიანობას რომ მორჩა, სასაფლაოს მოსამსახურეს დაუძახა და შეეხვეწა, ეს ბალახი არ გადამიყაროთო. ხელებიდან მტვერი ჩამოიფერთხა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელისკენ მიმავალ ბილიკს. მახსოვს, რამდენი გაკვირვებული, სინანულითა და სიბრალულით სავსე თვალი მიაცილებდა… “ეს საწყალი ბიჭი სულ ასე იქცევა”, – ჩაილაპარაკა სასაფლაოს მომვლელმა ცნობისმოყვარეთა გასაგონად.

მეც ერთ-ერთი მათგანი გახლდით. არ ვიცი, სხვები რას ფიქრობდნენ, მე კი მონუსხული მზერით მივაცილებდი ადამიანს, რომელსაც მასის მუდმივობის კანონი ესმოდა.

ჩვენ დიდი ხანია ვირწმუნეთ, რომ სამყაროში ნაწილაკები (ატომები) ქიმიური პროცესების დონეზე უცვლელნი არიან. ქიმიური რეაქციის დროს ერთი ნივთიერება მეორედ იმიტომ გარდაიქმნება, რომ წყდება ატომებს შორის მანამდე არსებული ზოგიერთი კავშირი და ახალ ნაერთში ისინი ახლებურად უკავშირდებიან ერთმანეთს. არ შეიძლება, ერთი ქიმიური რეაქციის ფარგლებში რომელიმე ატომი სადმე გაქრეს, უმისამართოდ გაუჩინარდეს. ქიმიური რეაქცია თუ შეერთების მექანიზმით მიმდინარეობს, აღებული ატომები ახალი კავშირებით ერთიანდებიან და ახალ მოლეკულას წარმოქმნიან. იგი შესაძლოა რაღაცით ჰგავდეს წინაპარს, მაგრამ მაინც ახალი ინდივიდია, თავისი თვისებებითა და ხასიათით.

ზოგიერთი ქიმიური რეაქცია მიმოცვლის მექანიზმით მიმდინარეობს. ამ დროს ორი ან მეტი ნაერთი ატომებს მიმოცვლის და ამ გადაწყობა-გადაჯგუფებით ახალ ნივთიერებას წარმოშობს. მაგრამ ისინიც ისევე ემორჩილებიან მასის მუდმივობის კანონს, როგორც წინა წესით მოქმედი მოლეკულები.

არსებობს დაშლის მექანიზმით მიმდინარე რეაქციებიც. ამ დროს ერთი მოლეკულა ფრაგმენტებად იშლება. წყდება ის კავშირები, მის შიგნით ატომებს რომ აერთიანებდა. მოწყვეტილი ატომები ახლებური ფორმით ჯგუფდებიან და დამოუკიდებელი, ახალი ნაერთის სახით იწყებენ ხეტიალს უკიდეგანო სამყაროში. ასე მარტოსულად იხეტიალებენ, სანამ სხვა მოლეკულებს არ შეხვდებიან და მათ შორის შეერთების ან მიმოცვლის რეაქცია არ მოხდება. თუმცა არც იმისგან არიან დაზღვეულნი, ხელახლა განიცადონ დაშლის რეაქცია.

ასეთია სამყარო. მოუსვენარი, მუდამ მბორგავი, მუდამ ცვალებადი, თუმცა იმავდროულად მუდმივიც და უცვლელიც. ყველაფერი იცვლება ჩვენთვის, მარადისობისთვის კი უცვლელი რჩება.

თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მიკრო (დედამიწის წიაღში მიმალული მეთანის პატარა მოლეკულა) და მაკრო (ჩვენ, ჩვენი არსით, იდეალებითა და განცდებით) სამყაროები ერთმანეთისგან დიდად არ განხვავდება. ჩვენი ჩასახვა, დაბადება და ზრდა ატომების შეერთების მექანიზმით მიმდინარეობს. შემდეგ, მიმოცვლის რეაქციის მსგავსი მექანიზმებით, გზადაგზა ვპოულობთ მეგობრებს, ცხოვრების თანამგზავრებს და ბოლოს დაშლის რეაქციებსაც მთელი სიგრძე-სიგანით ვიწვნევთ. მაგრამ ვიკარგებით ჩვენ და არა ჩვენი ატომები; ისინი ახალ-ახალი კავშირების ძიებაში უსასრულო ხეტიალს აგრძელებენ.

ჩვენ, ატომების უზარმაზარი გროვა, და პატარა, ორად ორი ატომის შემცველი წყალბადის მოლეკულა ერთნაირად ვემორჩილებით მასის მუდმივობის კანონის ფარგლებში მარადიულ ცვალებადობას. ჩვენი ატომები, ისევე როგორც წყალბადის ორი ატომი, მატერიის უსასრულო ხეტიალისას მხოლოდ წამიერად შეჩერებულან ჩვენს სხეულში და ჩვენი დაშლის შემდეგ აღარასოდეს შეიყრებიან ერთად იმავე ფორმით. თუმცა ვინ იცის, სად, როდის ან რა ვითარებაში შეხვდებიან ისინი ერთმანეთს…

მახსენდება კადრი  ქართული ფილმიდან “ფესვები”: პარიზის კაფე; მევიოლინე, გოგი გეგეჭკორის გმირი, ფეხსაცმელს იხდის და თანამემამულეს ქართულ მიწას აჩვენებს… ესეც მასის მუდმივობის კანონია… საფლავზე ამობიბინებული ბალახიც მასის მუდმივობის კანონს ემორჩილება… ვინ იცის, რომელ ფოთოლში შეყოვნებულა ის ატომი, რომელთან შეხება ადრე სიხარულს გგვრიდა.

რელიგიური ომების საუკუნე

0

დასავლეთ-აღმოსავლეთთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენები, არცთუ ისე შორს მდგომი რეალობისაგან.

ადამიანთა უმრავლესობის ცნობიერებაში დასავლეთი ეს არის საათის მექანიზმივით ზუსტად აწყობილი გიგანტური და ულამაზესი ქალაქები, იდეალური სისუფთავე, სიმდიდრე, სიმშვიდე, კეთილდღეობა, თავისუფლება, უაღრესად რაციონალურადა და ჰარმონიულად მოწესრიგებული გარემო, თავისუფლად გამოწყობილი მამაკაცებითა და გამოკვეთილად სექსუალური ესთეტიკით ჩაცმულ-დახურული მომხიბლავი ქალებით სავსე ქუჩები.

აღმოსავლეთის ხსენებაზე, პირველ რიგში, თვალწინ ალბათ მისი სიმბოლო – ჭრელი და აყაყანებული ბაზარი დაგიდგებათ, მერე უსისტემოდ მიმოფანტული ქოხმახები, შუასაუკუნეობრივი გარემო, ქაოსი, საარაკო სიბინძურე, წარმოუდგენელი სიღატაკის გვერდით იშვიათად ასევე წარმოუდგენელი სიმდიდრე, წვერგაბრუძგუნული, თავგადაპარსული, მოღუშული გამომეტყველების ჩალმიანი მამაკაცები და ჩადრით თავფეხიანად შესუდრული დედაკაცები.

დასავლეთთან ასოცირდება კეთილდღეობა და მშვიდ ცხოვრებაში ჩაძირული რესპექტაბელური კათოლიკე მღვდელი და პროტესტანტი პასტორი.

აღმოსავლეთთან – მინარეთიდან გამყინავი ხმით აყივლებული მუეძინი, რომელიც მართლმორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს და უზარმაზარი ავტორიტეტისა და გავლენის მქონე შეიხები და აიათოლები.
დასავლეთში თვალს მოგჭრით გოთური ტაძრების სიდიადე, იდუმალება და სიმდიდრე. მაგრამ გაგაოცებთ მათში მობორიალე ზედაპირული ცნობისმოყვარეობით შეპყრობილ ტურისტთა ჭრელ ბრბოებში ჩაკარგული მცირერიცხოვან ხანშიშესულ მორწმუნეთა პატარ-პატარა ჯგუფები.

აღმოსავლეთში შეგაშფოთებთ უზარმაზარ მეჩეთებში დაჩოქილი ჭრელხალათიანი მამაკაცების გრძელი რიგები, ნამაზის შესრულებისას გულმოდგინედ და მწყობრად რომ ურტყამენ შუბლებს იატაკზე დაფენილ ძვირფას ხალიჩებს. შეგაშფოთებთ იმიტომ, რომ ალაჰის მონების ასეთ გულმოდგინებაში აშკარად იგრძნობა რაღაც ფარული ენერგია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მეტად მრისხანე ძალად გადაიქცეს.
ერთი ასეთი ტრანსფორმაცია სულ ახლახან, ჩვენს თვალწინ მოხდა.

11 სექტემბერს მთელ მსოფლიოს საშუალება მიეცა სახლიდან გაუსვლელად, ტელეეკრანებზე ენახა, პერიოდულად რა თავგანწირულ, სასტიკ და დაუნდობელ ძალად ყალიბდება ეს ენერგია.

ის, რაც ვერასოდეს გაბედა მე-20 საუკუნეში აღმოსავლეთის ფარმა და მახვილმა – საბჭოთა იმპერიამ, ახალი საუკუნის გარიჟრაჟზევე გასაოცარი თავხედობით მოიმოქმედეს ჩალმიანმა მამაკაცებმა. კომუნისტურ ფსევდორელიგიასთან შედარებით ისლამი გაცილებით ქმედითი იარაღი აღმოჩნდა დასავლეთისაგან თავის დასაცავად. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ადრეული საუკუნეებისაგან განსხვავებით, ჯიჰადი დღეს “მართლმორწმუნების” თავდაცვითი ომია “ურწმუნოთა” წინააღმდეგ.

მაგრამ დასავლეთმა დიდი ხანია უარი თქვა კოლონიალურ პოლიტიკაზე, დიდი ხანია ევროპა აღარ ეწევა აზიის უხეშ ექსპლუატაციას, დიდი ხანია აზიურ სახელმწიფოებს საკუთარი, ეროვნული მთავრობები მართავენ.
მაშ რაშია საქმე, რისგან იცავს თავს აღმოსავლეთი?

როგორც ჩანს, იმ პრინციპებისა და ფასეულობებისაგან, რომლებიც საფუძვლად დაედო დასავლურ ცივილიზაციას და რომლებზე უკეთესიც, ადამიანის რეალური კეთილდღეობისათვის, კაცობრიობას ჯერ არაფერი შეუქმნია.
დღეს ამ ფასეულობების ზეგავლენისაგან თავის დაცვა წარმოადგენს ყველაზე თანმიმდევრულ აღმოსავლურ პოზიციას, რადგან ის, რაც სიცოცხლით ავსებს და აძლიერებს დასავლეთს, შინაგანად ხრწნის და აუძლურებს აღმოსავლეთს. სტალინური რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ სწორედ ამ ფასეულობებმა გახრწნა და დაანგრია საბჭოთა იმპერია. ამიტომაა, რომ ისეთი თანმიმდევრულად აღმოსავლური იდეოლოგია, როგორიცაა ისლამი, თავის უმთავრეს ამოცანად დასავლური სამყაროსაგან თავის მოზღუდვას მიიჩნევს და ეს მას საბჭოთა იმპერიაზე გაცილებით უკეთესად გამოსდის. საქმე ისაა, რომ ისლამი არც დღეს და არც არასოდეს, არც მთლიანად და არც სანახევროდ, არ მიიჩნევდა დასავლეთს აღთქმულ მიწად, ხოლო მის ცივილიზაციასა და კულტურას პროგრესის მწვერვალად და მოდების კანონმდებლად. შესაბამისად, მის წიაღში არ არსებობს მეხუთე კოლონა. ან თუ არსებობს, იმდენად სუსტი და უმნიშვნელო, რომ ყოველგვარ აზრს კარგავს. ისლამისთვის დასავლური სამყარო მხოლოდ ბოროტების წყაროა, რომლისგანაც თავის დაცვაა საჭირო.
* * *
პოლიტიკას, როგორც სიცრუის ხელოვნებას, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არასოდეს არ აძლევს ხელს მოვლენათა არსზე ხმამაღლა საუბარი. დღესაც კი პოლიტიკოსები ცდილობენ 11 სექტემბრის ტრაგედია ერთ მუჭა ფანატიკოსების ნამოქმედარად გაასაღონ. პრინციპი გასაგებია. დღეს დასავლეთში არც ერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი არ განაცხადებს ხმამაღლა, რომ დასავლეთის ყველაზე დიდი მტერი ისლამია, რათა ხელი არ შეუწყოს აღმოსავლური სამყაროს გაერთიანებას. ეს მართლაც კატასტროფა იქნებოდა. პირიქით, დასავლეთში ყველანაირად შეეცდებიან გააღრმავონ მუსულმანურ სახელმწიფოებს შორის არსებული წინააღმდეგობანი, ყველანაირად წაახალისებენ აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მთავრობების მცდელობას, ხელი მოითბონ შექმნილი ვითარებისას. მაგალითად, მე მგონი, ნათელია, რომ ტრაგედიის მეორე დღესვე იასირ არაფატის მიერ სისხლის ჩაბარება დაშავებულთა დასახმარებლად და ამის ფართოდ რეკლამირება მხოლოდ გამობრძმედილი პოლიტიკოსის ჟესტია, ხოლო მისივე ქვეშევრდომების _ პალესტინელი არაბების – ქუჩაში გადმოღვრილი სტიქიური სიხარული, სავსებით თანმიმდევრული განცდა. იგივე შეიძლება ითქვას პაკისტანის მთავრობისა და უბრალო პაკისტანელების განსხვავებულ პოზიციებზე.

ერთი სიტყვით, მიუხედავად აზიელ პოლიტიკოსთა “დიპლომატიური თამაშებისა”, სავსებით ცხადია, რომ მუსულმანური სამყაროს სიმპათიები იმათ მხარესაა, ვინც ასეთი მოულოდნელი და სასტიკი დარტყმა მიაყენა დასავლური სამყაროს ფორპოსტს – ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივად გამოდის წინა პლანზე ისლამური ფუნდამენტალიზმისა და მისგან შობილი ტერორიზმის პრობლემა. მაგრამ, არა მგონია, ასეთ კონტექსტში მაინცდამაინც ისლამზე ყურადღების გამახვილება სწორი იყოს, რადგან არსებობს, ვთქვათ, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმიც. მართალია, ამ უკანასკნელს არასოდეს ჰქონია ისეთი ძალა და გავლენა, როგორც ისლამურს, მაგრამ არსებობით მაინც არსებობს. უმთავრესი ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს, რომ საერთოდ ნებისმიერი ფუნდამენტალიზმი ამა თუ იმ საზოგადოების უკიდურესი კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომი და ამავე დროს, მისგან თავის დაღწევის ერთგვარი კონვულსიური მცდელობაა. აღმოსავლური რელიგიური ფუნდამენტალისტური მოძრაობები კარგად გვაჩვენებენ იმას, რამდენად მძლავრი ფენომენია დასავლური ცივილიზაცია, რომელიც აღმოსავლეთთან მშვიდობიანი შეხების შემთხვევაშიც კი ამ უკანასკნელის ნგრევას იწვევს. იმდენად სერიოზულ ნგრევას, რომ აღმოსავლეთი თავის გადასარჩენად და ძალების მოსაკრებად იძულებული ხდება ისეთ უკიდურეს ზომას მიმართოს, როგორიცაა რელიგიური ფუნდამენტალიზმი. შესაბამისად, ისლამური ფუნდამენტალიზმი ძალიან ჰგავს კუთხეში მიმწყვდეული ნადირის რეაქციას, იძულებითსა და თავგანწირულს. მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს, თუმცა ალბათ არც იმის თქმა იქნება ზედმეტი, რომ რაღაც სპეციალური ბოროტი განზრახვით ეს არავის გაუკეთებია.
* * *
დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის არსებულ უმთავრეს განსხვავებას თანამედროვე სოციოლოგია ასე განმარტავს: დასავლეთში საზოგადოება, სახელმწიფო, წარმოადგენს მხოლოდ საშუალებას, ხოლო მიზანია ყოველი ცალკეული ადამიანის, ყოველი მოქალაქის კეთილდღეობა. ანუ ეს არის ცივილიზაცია, რომელსაც განსაზღვრავს ინდივიდუალისტური ცნობიერება. რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ პირიქით – საშუალებაა ყოველი ცალკეული ინდივიდი, ყოველი მოქალაქე, ხოლო მიზანია მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს ინტერესები. ანუ აღმოსავლური ცივილიზაციების ხერხემალია ჰოლისტური, იგივე კოლექტიური ცნობიერება. ამიტომ მიუხედავად სხვა უთვალავი განსხვავებისა მართლმადიდებლურ სამყაროს, მუსულმანურ აზიასა და კონვეციანულ ჩინეთს შორის, ყველა მათგანს მაინც ერთი პრინციპი -ჰოლიზმი განმსჭვალავს. ამ ქვეყნებში არასოდეს არსებულა ინდივიდუალიზმის პრინციპზე აშენებული სახელმწიფო, სადაც უმთავრესი ფასეულობა მოქალაქის კეთილდღეობა იქნებოდა. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა რუსეთში მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საფუძველზე გამარჯვებული კომუნისტური ტოტალიტარიზმი იქნება, კადაფის ჯამაჰირია, სადამ ჰუსეინის დიქტატურა, ირანული თეოკრატია თუ ჩინური სოციალიზმი – თავისი არსით არც ერთი არ არის დასავლური ტიპის ცივილიზაცია და შესაბამისად, სისტემატური წინააღმდეგობაც აქვთ მასთან.

ამ შემთხვევაში უმთავრესი და განმსაზღვრელი სწორედ ეს არის, თორემ ვერავინ უარყოფს, ვთქვათ, რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულ სხვა რიგის უთვალავ განსხვავებას. მაგრამ ცივილიზაციის ზოგადი ტიპის განსაზღვრისას მთავარი ყურადღება მაინც ზემოხსენებულ უმთავრეს პრინციპს ექცევა, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს სახელმწიფოებრივი სისტემისა და კულტურის ტიპს. სხვა სიტყვებით _ ცივილიზაციური რაობა თავისი ინდივიდუალიზმით ან ჰოლიზმით განაპირობებს მასზე ამოზრდილი კულტურისა და სახელმწიფოებრივი სისტემის ხასიათს.

ასეთი რადიკალური განსხვავება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როგორც ისტორიაც მოწმობს, ყოველთვის პრობლემატურს ხდიდა მათ შორის ურთიერთობას. ასეთად რჩება იგი დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა დიდი ხანია უარი თქვა აღმოსავლეთის მიმართ უხეში პოლიტიკის წარმოებაზე. მაგრამ ეს არც არის საჭირო. გამომდინარე სიცოცხლის უმთავრესი პრინციპიდან, სუსტი ყოველთვის იჩაგრება ძლიერთან ურთიერთობისას.

დღევანდელი დასავლეთი თავისი უზარმაზარი ძალმოსილებითა და მიმზიდველობით ავტომატურად იქცევს ნებისმიერ ცივილიზაციას თავისი გავლენის არეალში. ეს პროცესი განსაკუთრებით დამაგრეველი იმ ხალხებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც ბუნებრივად, თავისი ცივილიზაციის ევოლუციით კი არ მივიდნენ დასავლური ტიპის სისტემამდე, არამედ ახლა ცდილობენ მექანიკურად მოარგონ მათ მათთვის პრინციპულად უცხო ფენომენი.

უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით მწვავედ მაშინ ცნობიერდება, როცა აღმოსავლეთი დასავლურ კულტურას ეხება. მექანიზმი ასეთია: იმის გამო, რომ ყოველი ხალხი ჩვეულებრივ სწორედ კულტურის მეშვეობით ახერხებს ემოციურად გაიცნობიეროს საკუთარი ცივილიზაციური ორიგინალურობა და თვითმყოფადობა, საკმარისია აღმოსავლეთის რომელიმე ხალხის დასავლურ კულტურასთან ოდნავ ინტენსიური კონტაქტი, რომ მყისიერად მოხდეს მისდამი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, როგორც უცხო და დამანგრეველი ძალისადმი.

ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ჰუმანისტურ ან პაციფისტურ შინაარსს დებს ამ პროცესში დასავლური სამყარო, ყველაფერი მაინც თავისთავად, მოვლენათა განვითარების შინაგანი ლოგიკის თანახმად ხდება. შედარებით სუსტი კულტურა და ცივილიზაცია უნებლიეთ ემორჩილება ძლიერის ზეგავლენას. დასავლური კულტურა და ცივილიზაცია რომ სუსტი და უმნიშვნელო ყოფილიყო, ვერც აღმოსავლეთის თვითმყოფადობას დააკლებდა რამეს.

რაც შეეხება დასავლური კაცობრიობის ავანგარდს – ამერიკულ კულტურას, დასავლური ცივილიზაციის ყველაზე მოწინავე ელემენტებით დეტერმინირებულობის გამო იმდენად სწრაფად და მძლავრად ვითარდება და თან ისეთი სპეციფიკური მიართულებით, რომ თავისი უზარმაზარი მიზიდულობის ძალით შეუძლებელია აღმოსავლეთისათვის ექსპანსიურ ძალად არ იქცეს. შეუძლებელია მასთან ინტენსიურმა კონტაქტმა აღმოსავლური კულტურისა და ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნგრევა არ გამოიწვიოს, რისი გამოისობითაც აღმოსავლეთი სწრაფი ტემპით კარგავს სიცოცხლისათვის აუცილებელ ძალას, რადგან იმსხვრევა მისი არსებობის საფუძველი, თავდაყირა დგება საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ცხოვრების წესი, ხდება ტრადიციების შინაგანი ევოლუციის უხეში წყვეტა.

ერთი სიტყვით, დასავლეთი ნებსით თუ უნებლიეთ შინაგანად ხრწნის და ანადგურებს აღმოსავლეთს, რაც მომავალში შეიძლება სერიოზული კატასტროფის მიზეზი გახდეს. რა გამოსავალი არსებობს აქედან? სასწაული რომ მოხდეს და მსოფლიო ძალაუფლებისათვის ბრძოლის პოლიტიკური თამაშებისგან განთავისუფლდეს, ეს მაინც ბევრს ვერაფერს შეცვლიდა. დღევანდელი მსოფლიო იმდენად “დაპატარავდა”, რომ შეუძლებელია დასავლური კულტურა თავის საზღვრებში დარჩეს, გარეთ არ “გადაიღვაროს” და თავისი კვალი არ დაამჩნიოს დანარჩენ ქვეყნიერებას.

დღეს დასავლეთს ნამდვილად აღარ შეუძლია ვინმეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ნება მისცეს, რადგან დინების მიმართულებას თავად განსაზღვრავს. ის ძალმოსილება და სიმდიდრე, რომელიც მას გააჩნია და რომელიც მას დღევანდელი მსოფლიოს ბატონ-პატრონად აქცევს, თავადვე კარნახობს მას მოქმედების ლოგიკას.
* * *
ასეთ ვითარებაში ე. წ. “მესამე მსოფლიომ” თავდასაცავი ძალა ისლამში იპოვა.
როგორც უკვე ითქვა, ისლამი თავისი არსით ისეთივე ჰოლისტური ფენომენია, როგორიც მართლმადიდებლობა. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო რეალური ძალა მაინც მხოლოდ ისლამს აღმოაჩნდა. მიუხედავად მართლმადიდებლობის წიაღში არსებული ფუნდამენტალისტური განწყობილებებისა, იგი მაინც ვერ ახერხებს საზოგადოებაზე განმსაზღვრელი ზეგავლენის მოხდენას. მიზეზი ამისა, ცხადია, უამრავია, მაგრამ მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უეჭველად ის უნდა იყოს, რაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე დაკვირვებითაც კარგად ჩანს. საქმე ის არის, რომ თვით ყველაზე ისტერიული ანტიმედასავლეთეებიც კი, დღენიადაგ ანათემას რომ გადასცემენ ალან დალესს, ე. წ. დასავლურ მასობრივ კულტურას, ეკუმენიზმს, გლობალიზაციასა და სხვა რეალურად არსებულ თუ მითიურ მოვლენებს, ვერ ბედავენ მთლიანად უარი თქვან დასავლურ ფასეულობებზე. არა მარტო იმიტომ, რომ რეტროგრადისა და რეაქციონერის სახელს უფრთხიან, რადგან კარგა ხანია ყველაფერი დასავლური ჩვენში ეტალონად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში მათ ჩვენი კულტურის იმ ნაწილის უკუგდებაც მოუწევდათ, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ნაწილობრივ დასავლეთიდან მიღებული იმპულსებით იკვებებოდა.

ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლური აღმოსავლეთი ყოველთვის ერთგვარი გარდამავალი საფეხურისა თუ ბუფერის როლს ასრულებდა დასავლურ სამყაროსა და კლასიკურ აზიას შორის, გარკვეული დროიდან იგი დასავლური ცივილიზაციის ძუძუზე მიგდებული ჩვილის მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ყველა შესაბამისი შედეგითურთ. პოლიტიკოსთა ასეთმა ნაბიჯმა მართლმადიდებლური სამყარო დასავლური კულტურის პერიფერიად აქცია, სადაც ყველაფერი დასავლური ორიენტირისა თუ ეტალონის მნიშვნელობას იძენს, მაგრამ ვერაფრით ვერ ხერხდება უმთავრესი _ დასავლური კაცობრიობის რეალურ ნაწილად გარდასახვა.

მართლმადიდებლური სამყარო საუკეთესო შემთხვევაშიაც კი ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამორჩება დასავლეთს, რადგან დღემდე უცვლელი რჩება მთავარი _ ჩვენი ცივილიზაციის ჰოლისტური პრინციპები. ამგვარი ვითარება ქმნის თავისებურ მოჯადოებულ წრეს, როცა ვერც წინ მიდიხარ და ვეღარც უკან ბრუნდები. დაკარგულია მთლიანობა, გარკვეულობა, თანმიმდევრობა. თავის დროზე მართლმადიდებლობამ ვერ მოახერხა წინ აღდგომოდა თავისი მრევლის ცნობიერების ასეთ გაორებას, ასეთ წინააღმდეგობრივ ფენომენად ჩამოყალიბებას.

არსებული ქაოსის პირდაპირ გამოძახილად შეიძლება ჩაითვალოს, ვთქვათ, ასეთი სასაცილო დეტალი ჩვენი კულტურული ცხოვრებიდან: რომელიმე ჩვენებური გულმხურვალე პუბლიცისტი, ბიბლიური წინასწარმეტყველის პათოსით რომ ქოლავს “საქართველოს დამაქცევარ” მასონებს, იქვე, ეტყობა იმიტომ, ეჭვი რომ არ შეგვეპაროს მის პროგრესულობაში, ხოტბას აღავლენს “ჭეშმარიტი ევროპული კულტურისა” და მისი კორიფეების მისამართით, თუმცა ვერ გეტყვით, არ იცის თუ შეგნებულად აფუჩეჩებს (?!) იმ გარემოებას, რომ ახალი დროის თითქმის ყველა ევროპელი მოაზროვნე და შემოქმედი მასონი ან მათი თანამოაზრე იყო.

რა თქმა უნდა, ასეთი ქაოტური ცნობიერების უკან, მშობლიური ცივილიზაციის აუმღვრეველი სათავეებისაკენ დაბრუნება მართლმადიდებლობას კი არა, ნებისმიერ მოძღვრებას გაუჭირდება. ამის გაკეთება მხოლოდ ლენინურ-სტალინურ უდრეკ ნებას შეუძლია და ისიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად. ამისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს.
* * *
ისლამს ასეთი ტიპის ფრაგმენტულ, წინააღმდეგობრივ ცნობიერებასთან ნაკლებად უწევს ურთიერთობა. ამიტომ მისი რესურსები პრაქტიკულად ამოუწურავია.

ის ფაქტი, რომ ისლამს შეუძლია 21-ე საუკუნეშიაც კი შარიათის კანონებით აცხოვროს თავისი ხალხი, მხოლოდ იმას ადასტურებს, რაოდენ ჰოლისტური ანუ თანმიმდევრულად აზიური ფენომენია მუჰამედის რელიგია. პარალელურად ეს იმასაც ნიშნავს, რომ მუსულმანურმა სამყარომ დღემდე შეინარჩუნა მაქსიმალური დამოუკიდებლობა დასავლეთთან ურთიერთობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენ მსოფლიოში თუ გაოცებისა და მოწიწების გრძნობას აღძრავს დასავლური კაცობრიობის მიღწევები და არც მის ფარვატერში ცურვას მიიჩნევენ შეურაცხყოფად, მართლმორწმუნე მუსულმანისთვის ყოველივე ამას გახვრეტილი გროშის ფასიც არა აქვს. იგი შინაგანად არაფრით არ არის დამოკიდებული დასავლეთზე.

ასეთი ადამიანი თავისი გაუბზარავი ცნობიერებით, რა თქმა უნდა, არაფრით არა ჰგავს ჩვენში ასე გავრცელებულ ტიპს – ადამიანს, რომელსაც ძალიანაც მოსწონს დასავლური ყოფა, მაგრამ თავად არაფრით არ შეუძლია მსგავსი ჰარმონიის შექმნა და პერმანენტულ ქაოსში იმყოფება. ის აღარც ცხელია და არც ცივი, სჯობდა კი რომელიმე მათგანი ყოფილიყო – ან ცხელი, ანდა ცივი.
* * *
მუსულმანურ სამყაროს საკუთარი ლოგიკა აღმოაჩნდა. თავის ძალას იგი ისლამურ ფუნდამენტალიზმში პოულობს, რომელიც უფრო და უფრო უკან, საკუთარი ცივილიზაციის საფუძვლებისკენ რადიკალურ მიბრუნებას გულისხმობს. ამ გზაზე არავითარი უკიდურესობა არ არის გამორიცხული, იქნება ეს უსასტიკესი ტერორისტული აქტები, ბუდას უზარმაზარი ქანდაკებების განადგურება თუ სხვა რამ. ცხადია, ეს ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ალოგიკური ნამდვილად არ არის.

ყოველი მართლმორწმუნე მუსულმანი თვლის, რომ რაც საჭიროა ადამიანისათვის ამ ქვეყანაზე, ყველაფერი აქვს. ჰყავს ღმერთი და მისი წინასწარმეტყველი, აქვს წმინდა წიგნი და მეჩეთები, ჰყავს შეიხები, აიათოლები და მოლები, აქვს საკუთარი ორიგინალური და ღრმა კულტურა, ტრადიციები და ცხოვრების წესი, ასევე საკუთარი მიწა, სახელმწიფო და რაც მთავარია, აქვს ორი ხელი, რათა მშვიდობიანობის დროს პური არსობისა მოიპოვოს, ხოლო საღვთო ომის დროს იარაღი აიღოს. ყველაფერი დანარჩენი, რაც ასეთ ჰარმონიას საფრთხეს შეუქმნის, არსებობის ღირსი არ არის.

მუსულმანური სამყაროს ძალა არ არის არც ახალ ტექნოლოგიებსა და არც სიმდიდრეში. მას არც ერთი აქვს და არც მეორე. მისი ძალა მის გაუბზარავ ცნობიერებაშია.

მე-20 საუკუნეში დასავლეთი პირველად ამ ძალას ირანის ისლამური რევოლუციის დროს გადაეყარა. მან იგი თვითონვე შვა ირანში თავისი სოციალ-პოლიტიკური სისტემისა და კულტურის ინტენსიური დანერგვით. იქნებ იგი ამას მაინცდამაინც ბოროტი განზრახვით არც აკეთებდა, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ისლამმა მხოლოდ თავი დაიცვა.

თუმცა მაშინ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაში. მაშინ აღმოსავლეთს ძირითადად საბჭოთა იმპერია წარმოადგენდა, რომელიც დასავლეთმა ბოლოს და ბოლოს მშრალი ანგარიშით დაამარცხა.

დღეს აღმოსავლეთს ისლამური ფუნდამენტალიზმი წარმოადგენს, როგორც ყველაფრიდან ჩანს, პოტენციურად უფრო სერიოზული ძალა, ვიდრე სანახევროდ დასავლურ თეორიულ წანამძღვრებზე შეკოწიწებული საბჭოთა კავშირი იყო.

და რაც ყველაზე საშიშია, არც დასავლეთს შეუძლია საკუთარ თავზე უარის თქმა და არც მუსულმანურ აღმოსავლეთს.

21-ე საუკუნეს ომებს შორის ყველაზე სასტიკი – რელიგიური ომების აჩრდილი წამოადგა თავზე.

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=173&composition=505  

ენ უოტსონი, მაიკლ კელერი, უეინ მარტინო – ბიჭების დაბალი მოსწრების პრობლემის ზოგიერთი ასპექტი

0

„ბიჭური კრიზისის” მიღმა

ბოლო ხანს განგაშია ატეხილი იმის თაობაზე, რომ მოსწავლე ვაჟები როგორც ჰომოგენური ჯგუფი „ბიჭების წინააღმდეგ ბრძოლის” (სომერსი, 2000) მსხვერპლნი არიან.

ვაჟების დაბალი მოსწრების პოპულარული ახსნა უმთავრესად მათ ბიოლოგიურ კონსტიტუციასა და მამაკაცი მასწავლებლების ნაკლებობას ეფუძნება. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ბიჭს არ ემუქრება რისკი და მათი დაბალი მოსწრება სულაც არ არის გარდაუვალი.
როგორც ალოვეიმ და დალეი-ტრიმმა (2006) მიუთითეს, სასწავლო პროცესში გენდერული სხვაობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ვლინდება. PISA 2000-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ქვეყანა სხვებზე მეტი წარმატებით უმკლავდება ბიჭების დაბალი მოსწრების პრობლემას. თუმცა ჰოლი და კოლესი (2001) ამტკიცებენ, რომ „ბიჭების სწავლის კრიზისი, როგორც ასეთი, არ განიხილება კურიკულუმისა და შეფასების საკითხებთან ერთად, ასევე – არც ოჯახის კულტურული და სოციალური ფონის, თანატოლების, კლასისა და ეთნიკური წარმომავლობის ფაქტორების გათვალისწინებით” (გვ. 200). გურიანი კი (ჯეისონის ციტაციით, 2009) აღიარებს, რომ სკოლაში „ბევრი ბიჭი სწავლობს კარგად”. ამრიგად, მხოლოდ ის კი არ უნდა ვიკითხოთ, რატომ არ სწავლობენ ბიჭები კარგად, არამედ ისიც უნდა გვაინტერესებდეს, რომელი კატეგორია – როგორც ბიჭებისა, ისე გოგონებისაც – ექცევა წარუმატებელი სწავლის რისკის ქვეშ (იხ. ლინგარდი, მარტინო, მილსი და ბარი, 2002).
გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, კოლინსმა, კენვეიმ და მაკლეოდმა (2000) აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული საკითხის კვლევისას „სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გენდერულ განსხვავებას” (გვ. 4). მართლაც, „PISA-ს მონაცემების ანალიზი ავლენს მჭიდრო კავშირს სტუდენტის შეფასების შედეგებსა და მის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს შორის” (იხ. OECD, 2004, p. 162). ეს მონაცემები მიუთითებს, რომ გენდერული განსხვავება სწავლის პროცესზე უარყოფითი გავლენის მომხდენი არცთუ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ გამოკვლეულ უნდა იქნეს ის მიმართულებები, სადაც გენდერული და სოციალურ-კულტურული ფაქტორები ერთმანეთს კვეთს.
სხვა ნაშრომების მიხედვით, „როდესაც რასობრივი და ეკონომიკური ასპექტები კომბინაციას ქმნის გენდერულ განსხვავებასთან, სწავლის დონე შემაშფოთებლად დაბალი ჩანს ღარიბ, შავკანიან და ესპანური წარმოშობის ბიჭებში” (მეადი, 2006, გვ. 9; იხ. ასევე AAUW, 2008).
ელოვეისა და სხვების (2002) აზრით, მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებში მამაკაცურობისა და ქალურობის გაგება ყურადღებით უნდა იქნეს განხილული (იხ. ასევე მარტინო, ლინგარდი და მილსი 2004). ხშირად მედიაც უწევს პოპულარიზებას ამგვარ გაგებას, რომელიც მასკულინურობის ტრადიციული გაგების იდენტურია. ელოვეის აზრით, „სკოლებმა, მასწავლებლებმა უნდა აღიარონ და გამოიკვლიონ ის სოციალური, კულტურული თუ ეთნიკური ბექგრაუნდები, რომლებიც ბიჭებს „მოაქვთ” საკლასო ოთახებში და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მასკულინურობის ინტერპრეტაციის იმ გავლენას, რომელიც ბიჭების ქცევასა და სწავლა-განათლებაზე უარყოფითად აისახება” (გვ. 7).
მარტინოსა და კელერის (2007) მტკიცებით, კვლევები მოწმობს, რომ ჰეგემონური მასკულინურობის გაგებას ცენტრალური ადგილი უჭირავს იმ სირთულეთა შორის, რომლებიც ბიჭებს სწავლაში ხელს უშლის. მოსაზრებანი იმის შესახებ, რას ნიშნავს ნამდვილ მამაკაცად ყოფნა, როგორც ჩანს, ბიჭების სწავლის კრიზისის საფუძველია. მარტინოს კვლევაში (1995) ერთ-ერთი მოსწავლე ვაჟი აცხადებს: „ინგლისურის გაკვეთილი უფრო მეტად გოგოებისთვისაა, რადგან ის შორს დგას ბიჭების აზროვნებისგან… ამიტომ მე არ მიყვარს ეს საგანი. იმედია, არ გამინაწყენდებით, თუ ვიტყვი, რომ იმ ბიჭების უმრავლესობა, რომლებსაც ინგლისური უყვართ, ჩემი აზრით, ცისფერია” (გვ. 354). ამრიგად, ინგლისური ენის გაკვეთილზე სიზარმაცე მასკულინური ქცევის შესახებ მოსწავლეებს შორის გავრცელებული გაგებიდან მომდინარეობს. ამიტომ, თუ გვინდა, მამრობითი სქესის მოსწავლეებს სწავლის სურვილი გავუძლიეროთ, პირველ რიგში, ამგვარი გაგების კორექციაზე უნდა ვიზრუნოთ.
როგორც ზემოთ ითქვა, ბიჭების ცუდად სწავლის პრობლემასთან დაკავშირებული სირთულეები მრავალსახოვანია და ერთმანეთთან მჭიდროდ გადაწნული. შესაბამისად, მათი მხოლოდ გენდერული ფაქტორით ახსნა შეუძლებელია (იხ. უაითი 2007).
სწავლისა და მასკულინურობის ურთიერთდაკავშირებისთვის
როგორც აღინიშნა, „ესენციალური არგუმენტები უმთავრესად განმსჭვალულია იმ აზრით, რომ ბიჭები ბიოლოგიურად განსხვავდებიან გოგონებისგან და სწორედ ეს ბიოლოგიური სხვაობაა ქცევითი სხვაობის მიზეზი” (როუენი და სხვ. 2002, გვ. 34). როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს განიხილავენ თანდაყოლილი ან ფიქსირებული მახასიათებლების მქონე არსებებად, რომლებიც განსაზღვრავს მათ პიროვნულ „მე”-ს, მათ ბუნებრივ ინტერესებსა და ქცევებს. და ვინაიდან ბიჭებისა და გოგონების განმსაზღვრელი ეს თვისებები – მასკულინურობა და ფემინურობა – თანდაყოლილად მიიჩნევა, სწავლაში წარმატება მათ აღიარებასა და მათთან რაიმეგვარ შეწყობაზეა დამოკიდებული (როუენი და სხვები, 2002).
ამგვარი თვალსაზრისი მედიასთან ერთად იმ პირებმაც აიტაცეს, ვინც განათლების სისტემაში გადაწყვეტილებებს იღებს და ის პრაქტიკულ მიდგომად გამოაცხადეს ბიჭების სწავლის პრობლემის მოსაგვარებლად.
ჩვენ არ ვამბობთ, თითქოს ბიოლოგიური განსხვავებანი ბიჭებსა და გოგონებს შორის მნიშვნელოვანი არ იყოს მათი იდენტობის განსაზღვრისას, მაგრამ სოციალურ და კულტურულ სივრცეში კონსტრუირებული გაგება გენდერისა ყურადღებით უნდა იქნეს განხილული. როგორც ტიტუსი (2004) მიუთითებს, „ზოგიერთი შეძენილი ქცევა შესაძლოა ღრმად ფესვგადგმული და ძნელად მოდიფიცირებადი იყოს” (გვ. 155), მაგრამ ისინი მაინც შეძენილია და არა თანდაყოლილი. სისულელე იქნებოდა იმის მტკიცება, რომ გენდერული იდენტობა არ განიცდის კულტურულ და სოციეტურ გავლენებს, თუმცა საკითხისადმი დომინანტური მიდგომა ამ გავლენებს არ ითვალისწინებს, ეს კი უარყოფითად მოქმედებს ბიჭების სწავლაზე. გარდა ამისა, ასეთი გაგება არ ითვალისწინებს მასკულინურობისა და სწავლის ურთიერთკავშირის შესახებ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებს (იხ. ფრანცისი, 2000; ჰამეტი და სენფორდი, 2008; მაკნგაილი, 1994 და სხვ.).
მოსწავლე ვაჟების მსხვერპლად წარმოჩენასთან დაკავშირებული მითი ანტიფემინისტური განწყობებით არის გაჯერებული. მეინსტრიმული მედიისა და საგანმანათლებლო პოლიტიკისთვის თვალის ერთი გადავლებითაც ნათელია, რომ სასკოლო განათლების ფემინიზაციას თავისი უარყოფითი წვლილი შეაქვს – ნაწილობრივ მაინც – ბიჭების დაბალ მოსწრებაში. გაისმის მოსაზრება, რომ ბიჭები არასახარბიელო მდგომარეობაში არიან სწავლების ფემინიზებული სტილისა და ქალი მასწავლებლების მიერ უზრუნველყოფილი რესურსების გამო (ამ პოზიციის კრიტიკისთვის იხ. მარტინო, 2008). კრიზისის ამგვარად წარმოდგენა, როგორც გამარჯვება-დამარცხების დიქოტომიისა, საშიშია, რადგან ის ერთმანეთს უპირისპირებს ბიჭებსა და გოგონებს როგორც „მოპაექრე მსხვერპლთ” (როუენი და სხვები, 2002, გვ. 16). როცა ბიჭებისა და გოგონების ტესტების შედეგებს ერთმანეთს ადარებენ, სწავლა იქცევა ერთგვარ სპორტულ ასპარეზად, სადაც ერთმანეთს აჯიბრებენ ბიჭებსა და გოგონებს (იხ. კიმელი, 2000; სადკერი, 2002).
ბიჭების ცუდ მოსწრებასთან დაკავშირებულმა პანიკამ, რომელიც დომინირებს საგანმანათლებლო ინიციატივებზე საერთაშორისო მასშტაბით, ერთგვარად დაჩრდილა გოგონების სწავლასთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ ლოგიკურ გამოსავლად მიიჩნევა უფრო მეტად ბიჭებზე ორიენტირებული (boy-friendly) სტრატეგიებისა და რესურსების შექმნა, ასევე – მეტი მასწავლებელი მამაკაცის ჩართვა სწავლების პროცესში და ერთსქესიანი კლასების ჩამოყალიბება. პრობლემის ე.წ. ლოგიკური გადაწყვეტა გულისხმობს სკოლების მისადაგებას ბიჭებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სიძლიერეებისა და ინტერესებისადმი. მაგრამ, იანგერისა და უარინგტონის (2005) აზრით, „სქესსა და სწავლის სტილს შორის მნიშვნელოვანი კავშირი არ არსებობს” (გვ. 77). სმითი და ვილჰელმი (2002) ასევე გვაფრთხილებენ ბიჭების „ესენციალიზაციისა” და „ზედმეტად გამარტივების” თაობაზე და შენიშნავენ, რომ დავიწყებას არ უნდა მიეცეს ბიჭების ინდივიდუალურობა. ბროზოს (2005) კი საჭიროდ მიაჩნია „სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება გენდერზე ორიენტირებული სტერეოტიპების სხვადასხვა ფორმის წარმოქმნასთან დაკავშირებული რისკის გამო” (გვ. 18).
მიჩნეულია, რომ მამაკაცი მასწავლებლები, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში და ფემინიზებულ ანუ „რბილ” საგნებში (მაგ., ინგლისურის გაკვეთილი), „უკეთესად ახერხებენ ბიჭების ყურადღების მობილიზებას და მათ მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში” (მარტინო და კელერი, 2007, გვ. 409). ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ სასწავლო პროცესში უფრო მეტი მამაკაცი მასწავლებლის ჩართვა პრიორიტეტი არ უნდა იყოს, მაგრამ ბიჭებიც და გოგონებიც მეტ სარგებელს მიიღებდნენ ისეთ პედაგოგიურ გარემოში, რომელიც უფრო მეტად იქნება დივერსიფიცირებული არა მხოლოდ გენდერული, არამედ რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნებითაც. ჩვენ აზრით, მამაკაცი მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა ბიჭების ცუდი აკადემიური მოსწრების პრობლემას ვერ მოაგვარებს. ლინგარდი და სხვები (2009) თავიანთ კვლევაში საუბრობენ იმ მამაკაც მასწავლებლებზე, რომელთა მიმართაც ჰქონდათ განსაზღვრული მოლოდინი: ისინი უნდა ყოფილიყვნენ ათლეტური აღნაგობის, სწორი სქესობრივი ორიენტაციის, ანგლოკელტური წარმოშობის (ჩვენს შემთხვევაში – „ჭეშმარიტი ქართველი”, – მთარგმნ.) და მკაცრად დისციპლინირებულნი. ჩვენი აზრით კი, უპირატესი ყურადღება მასწავლებლის კვალიფიკაციას უნდა მიენიჭოს.
ლინგარდი მიუთითებს, რომ მამაკაც მასწავლებლებს, რომლებსაც შეუძლიათ მასკულინურობის ჰეგემონური გაგების დაძლევა, როგორც ბიჭების, ისე გოგონების ცხოვრებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენის მეტი პოტენციალი აქვთ (გვ. 144).
დაბოლოს, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ერთსქესიან კლასებში მასწავლებლები უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან ბიჭების სწავლის საჭიროებებთან მისადაგების თვალსაზრისით, მაგრამ მარტინო, მილსი და ლინგარდი (2005) აღნიშნავენ, რომ ასეთ კლასებში მასწავლებლებს უკვე ჩამოყალიბებული აქვთ სტერეოტიპული შეხედულებები იმის შესახებ, როგორ სწავლობენ ბიჭები და გოგონები ერთ ჯგუფში. მათი აზრით, საჭიროა „გენდერის, პრივილეგიისა და ძალაუფლების ცნებების კრიტიკული გააზრება” (გვ. 250) ბიჭებისთვის რაიმეგვარი უპირატესობის მინიჭების გარეშე. ბიჭების დაბალი მოსწრების გაუმჯობესების თვალსაზრისით ერთსქესიანი კლასები გამოსავალი არ არის.
ალტერნატიული მიდგომები და სტრუქტურები
ბროზოს (2005) მითითებით, „არსებობს უამრავი საბუთი, რომლებიც გვიჩვენებს, რომ თანაკლასელების დამცინავი დამოკიდებულების გამო მოზარდი ასაკის ბევრი ბიჭი უკლებს წიგნების კითხვას, რადგან მათ თვალში ისინი „ქალაჩუნა ფრიადოსნები” არიან და არა მაგარი ტიპები” (გვ. 18). არქერისა და იამაშიტას (2003) აზრით, სკოლისადმი ბიჭების აგდებული დამოკიდებულების საფუძველი „საგანმანათლებლო კონტექსტის გარეთ არსებულ” მასკულინურობაში უნდა ვეძებოთ (გვ. 129).
„ბიჭების გადარჩენის” (“save the boys”) ნაციონალური და ინტერნაციონალური ტენდენციებისა და სტრატეგიების განხილვისას მიზანშეწონილი იქნებოდა, განმანათლებლებს მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციისთვის კი არ მიექციათ ყურადღება, არამედ განეხილათ ის მიზეზებიც, რომლებმაც ბიჭების მრავალპლანიანი კრიზისი გამოიწვია. თუ ხსენებულ ავტორთა ამგვარი შეფასება მართებულია, მაშინ პრობლემის თავიდათავი სკოლის კედლებს მიღმა, კერძოდ, საზოგადოებაში დომინირებად მასკულინურ წარმოდგენებში უნდა ვეძებოთ.
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უფრო შედეგიანი იქნება, კულტურულ და სოციალურ სივრცეში კონსტრუირებული მასკულინური გაგება პედაგოგიური ხასიათის რეფორმებით გამოწვევის წინაშე დავაყენოთ, ვიდრე სკოლებში შევინარჩუნოთ/გავაძლიეროთ ბიჭებზე ორიენტირებული (boy-friendly) გარემო. თუ სწავლის პროცესში ბიჭების ეფექტური ჩართვა გვინდა, ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ მედიასა და თავად ახალგაზრდებში გავრცელებული ეგზალტირებული წარმოდგენა ჰეგემონური მასკულინურობის შესახებ და გავითვალისწინოთ ის მიდგომაც, რომელიც სწავლა-განათლებას წარმოაჩენს ქალურ (feminized) პრიორიტეტად, რომელთან მიმართებითაც „მაგარი” ბიჭები სულაც არ უნდა იყვნენ წარმატებულნი.
მასკულინურობისა და ფემინურობის შესახებ გავრცელებულ წარმოდგენებთან ბრძოლას ფართოდ უჭერენ მხარს. ამ მხრივ მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის რესურსები. ისეთ ვებგვერდებზე, როგორებიცაა www.genderads.com/Gender_Ads.com.html, www.medialit.org/about_cml.html და www.media-awareness.ca, მოცემულია პირველადი მასალა, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებს მასკულინურობისა და ფემინურობის ტრადიციულ სახეებს და წარმოდგენებს მათ შესახებ.
გენდერული საკითხების კურიკულუმის აუცილებელ ნაწილად ქცევით ჩვენ შეგვიძლია ბიძგი მივცეთ იმის ესენციალური გაგების ახლებურ გააზრებას, რას ნიშნავს ბიჭად ან გოგოდ ყოფნა. ამ გზით შეგვეძლება შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, რომელშიც ბიჭებიც და გოგონებიც თავისუფლად, სოციალური და კულტურული სტერეოტიპების შიშის გარეშე განივითარებენ სწავლით უნარებს.
ბიჭების უმრავლესობამ, იმისთვის, რომ სწავლის დონე აიმაღლოს, „ბევრი უნდა იკითხოს, აქტიურად იურთიერთოს მასწავლებლებსა და სხვა მოსწავლეებთან, შეეძლოს ბეჯითად მუშაობა, იყოს კეთილსინდისიერი და იამაყოს საკუთარი მოსწრებით, შეეძლოს გუნდური მუშაობა და უკეთესად არტიკულირება კომუნიკაციის ყველა ასპექტში” (ფრანცისი და სკელტონი, 2005, გვ. 129). სანამ მოსწავლის ეს თვისებები ფემინურად/ქალურად აღიქმება, ბიჭების ნაწილი გოგონებთან შედარებით კვლავ ჩამორჩენილი იქნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბიჭები არიან, არამედ იმიტომ, რომ გენდერის ცნების სოციალურ-კულტურულ ინტერპრეტაციებს არავინ აყენებს გამოწვევის წინაშე.
ორიგინალი იხ. პერიოდულ გამოცემაში:
Anne Watson, Michael Kehler, Wayne Martino. The Problem of Boys' Literacy Underachievement: Raising Some Questions // Journal of Adolescent & Adult Literacy, Vol. 53, No. 5 (Feb., 2010), pp. 356-361
მცირეოდენი შემოკლებით თარგმნა
დავით თინიკაშვილმა

ქართული ლიტერატურა და კოლბერგის მორალური განვითარების თეორია

0

არისტოტელე ამბობდა: ”ვინც წარმატებას აღწევს მეცნიერებაში, მაგრამ ჩამორჩენილია ზნეობრივად, ის უკან მიდის და არა წინ”. ვფიქრობ, ეჭვშეუტანელი ჭეშმარიტებაა, რადგან ადამიანი ჯერ ადამიანობით ფასობს და მერე – წარმატებული კარიერით.

ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლორენს კოლბერგმა XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ადამიანის მორალური განვითარების ეტაპების კვლევა. როგორც ცნობილია, კოლბერგი კოგნიტივიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია და მასვე ეკუთვნის მორალური განვითარების თეორიაც. აქ უნდა ითქვას, რომ ზნეობა, მორალი და ეთიკა ხშირად იდენტურ, სინონიმურ ცნებებად აღიქმება, თუმცა ზნეობა გაცილებით ვიწრო ცნებაა და მას ადამიანი საკუთარი ცნობიერების, იმ შეხედულებების საფუძველზე იყალიბებს, რომლებიც მისივე თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება მორალს, მისი ზუსტი განმარტება ასეთია: იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში. ამის კვალობაზე, მორალი გაცილებით ფართო მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ზნეობა. მორალი ცალკეული ინდივიდების მიერ შემუშავებული და მიღებული წესები როდია; მას ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფი, სოციუმი აყალიბებს და არგებს იმ კულტურას, რომელშიც უწევს არსებობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არის შემთხვევები, როდესაც საზოგადო და ინდივიდუალური მორალი ერთმანეთს არ ემთხვევა. მეტიც – კანონმორჩილება, წესების პატიცისცემა ზოგიერთ შემთხვევაში წინააღმდეგობაშიც კი მოდის ადამიანურ მორალთან, ზნეობასთან. ის, რაც მისაღები და თითქოს კანონიერია, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მიუღებლად მიაჩნია, რაც კამათსა და გაუგებრობას წარმოშობს.

აღმოჩნდა, რომ ბავშვებზე დაკვირვებით, მათი საქციელის ანალიზით კოლბერგმა ძალზე საინტერესო დასკვნები გამოიტანა. კერძოდ, მან დაასკვნა, რომ მოზარდს სამყაროს შეცნობისა და გარემო პირობებთან ადაპტაციასთან ერთად უნდა განუვითარდეს შინაგანი მორალიც, რაც სამომავლოდ მის დადებით ან უარყოფით პიროვნებად ჩამოყალიბებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ბავშვის გარშემო შეიქმნას ჯანსაღი ატმოსფერო, რომელიც კარგი და ნათელი მაგალითებით იქნება გამყარებული.

ყველა ადამიანი თავისთავადი, განუმეორებელი ინდივიდია. მართალია, კოლბერგს მიაჩნდა, რომ მოზარდი ერთნაირად გაივლის განვითარების ყველა ეტაპს, პირველიდან მეექვსემდე, მაგრამ იქვე აღნიშნავდა, რომ ადამიანების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ახერხებს მორალურად, ზნეობრივად სწორად ფორმირებასა და ცხოვრებას. ამიტომ საზოგადოებრივი ნორმების მიღება მათ გაზიარებასა და გათავისებას როდი ნიშნავს; ეს უფრო საკუთარ თავთან კომპრომისია.

ქართული კულტურა, ხელოვნების ყველა დარგი და მთლიანად ჩვენი საზოგადოება, ერთი შეხედვით, გადაჭარბებულად მორალური და დამრიგებლობითია, თუმცა ქართველები საოცრად არაკანონმორჩილები და ხშირად უწესრიგოებიც კი ვართ.

თანამედროვეობის დიდი მონაპოვარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად სწავლობს კანონის პატივისცემას, მაგრამ აქვე დავძენ, რომ საკამათოა, რამდენად მორალურია თავად ეს კანონები. ძნელი გასარკვევია, რა უფრო მართებულია: ხანდაზმულ ადამიანს დაუთმო ადგილი და მოიქცე ისე, როგორც წინაპარი გასწავლიდა თუ მიიღო და გაიზიარო შეხედულება, რომლის თანახმადაც, როდესაც ტრანსპორტში ”ოფლითა შენითა” მოპოვებულ ფულს იხდი და კომფორტულად მგზავრობა გინდა, ხანდაზმულის მდგომარეობა შეიძლება სულაც არ გენაღვლებოდეს, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა და პატივისცემაც თითოეული მოქალაქის ვალია. აქ ჭიდილში ერთვება საზოგადო მორალი და პიროვნული ზნეობა და, ბუნებრივია, რომელიმე მათგანი იმარჯვებს, მაგრამ ორივე მიდგომა დასაშვებია და რომელიც არ უნდა ავირჩიოთ, ვერავინ გაგვკიცხავს, რადგან ამას გვკარნახობს ახალი რეალობა.

სწორედ ამიტომ მივიჩნიე მართებულად ზნეობისა და მორალის ერთმანეთისგან გამიჯვნა.
კოლბერგის თეორიის უმაღლესი დონე სწორედ ამგვარი დილემის წინაშე აყენებს ადამიანს. გადამწყვეტია შინაგანი პრინციპი, რაც, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადო მორალური კანონი.
ქართული ლიტერატურა, როგორც ყველამ ვიცით, ძალზე მორალისტურია. ეს მისი თანდაყოლილი თვისებაა და არა შეძენილი. დამრიგებლობითი, დიდაქტიკური ტონი ზოგჯერ შეფარვით გამოსჭვივის მასში, ზოგჯერ კი აშკარად შეინიშნება. დადებითი ლიტერატურული გმირები საკუთარი ქცევით, ყოფითა და საუბრით ახდენენ მკითხველზე ზემოქმედებას და ემსახურებიან მის სულიერ გაჯანსაღებას. პირველი, ვინც ამ შემთხვევაში გაგვახსენდება, არის სულხან-საბა, რომლის იგავები მორალურ-ზნეობრივი კანონების ერთობლიობას წარმოადგენს.

ზემოთქმულის გასამყარებლად, ვფიქრობ, საკმარისი იქნება ერთი იგავის – ”კუ და მორიელის” – გახსენება. ვერავინ მეტყვის, რა უფრო მორალურია – მტრისთვის საზღაურის მიზღვა თუ მისი ”გადარჩენა”. ძნელია მოსწავლეს აუხსნა, რატომ არ უნდა დაახრჩოს კუმ მორიელი, მაშინ, როდესაც მან იცის, რომ ავისმქმნელი, ბოროტი ისჯება. მეორე მაგალითიც საინტერესოა: იგავში ”კაცი და გველი” ნათლად ჩანს, რომ მორალურ და ალტრუისტულ საქციელს ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს და რომ ადამიანები სიკეთეს ზოგჯერ ბოროტებით პასუხობენ. ხშირად ბავშვებს ოჯახშიც ასწავლიან, თუ ვინმე რამეს დაგიშავებს, საკადრისი პასუხი უნდა გასცეო. აქ ბავშვის შინაგანი სამყარო წყვეტს, რა მიიღოს და რას არ დაეთანხმოს.

მნიშვნელობა არ აქვს, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება მოზარდი – დარწმუნებული ვარ, სიკეთისა და ბოროტებისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე ასაკი დიდ გავლენას არ ახდენს. ალბათ, ამ შემთხვევებს გულისხმობს კოლბერგი, როდესაც ამბობს, რომ მეექვსე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს ადამიანთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი აღწევს.
საგულისხმოა, რომ ლიტერატურული პარალელები კარგი საშუალებაა მოსწავლეზე დადებითი ზეგავლენის მოსახდენად, მის არსებაში თანადგომის, სხვაზე ზრუნვისა და პატივისცემის მოთხოვნილების გასაღვიძებლად. რასაკვირველია, ეს ზემოქმედება უნდა იყოს მეტად ფრთხილი და ძალდაუტანებელი, რადგან გადაჭარბებული სიკეთეც კი გამაღიზიანებელია და შესაძლოა, არასწორადაც აღიქვან. ბავშვისთვის მარტივი ცხოვრებისეული მაგალითიც საკმარისია.

გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები, რომლებიც მეტად რეალისტური, დამთრგუნველი და ძალზე ადამიანურია. ყველა მოთხრობის მთავარი იდეა მორალურ-ზნეობრივისა და ამორალურის ჭიდილია. ამ შემთხვევაში სრულიადაც არ არის საჭირო მითითება, რა კარგია და რა – ცუდი; გონიერი ბავშვი თავადაც მიხვდება, სად არის ჭეშმარიტება. ჩანჩურა, ეკა, სოფიო, კურკა – ყველა ეს პერსონაჟი სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევს. აბდულა მკვლელია, მაგრამ მაინც მართალია, არღვევს საყოველთაო მორალს, მაგრამ ზნეობრივად იმარჯვებს ბოროტებაზე. მორალი ამ შემთხვევაშიც ორგვარია; როგორც ყველა მედალს, მასაც ორი მხარე აქვს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ დაწერილი თუ დაუწერელი კანონების დარღვევა ხშირად უფრო მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება.

კოლბერგმა განვითარების მეოთხე სტადიად გამოყო კანონებითა და წესებით ხელმძღვანელობა და იქვე აღნიშნა, რომ ხშირად მოზარდები გაუცნობიერებლად იქცევიან ასე, მაგრამ მე ამას მარტო მოზარდებზე ვერ ვიტყოდი; ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე მისთვის სრულიად გაუგებარ წესებს ემონება, რადგან მორჩილება მისი შინაგანი თვისებაა.

საზოგადოების დიდი ნაწილი დახმარების, სიკეთის გაცვლა-გამოცვლის პრინციპით ხელმძღვანელობს. მოზარდიც, რომელიც ამგვარ სოციუმში ცხოვრობს, ითვისებს ამ წესებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ სიკეთისთვის ჯილდოს მიღება ყოველთვის დასაშვები და აუცილებელი არ არის. დასანანია, როდესაც ადამიანი განვითარების ამ დონეზე რჩება.

ვაჟა-ფშაველას, გოდერძი ჩოხელის, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილისა და უამრავი სხვა სასახელო ქართველი მწერლის მთელი შემოქმედება კაცთმოყვარეობასა და უანგარო თავგანწირვის სურვილზეა აგებული, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტ ღირებულებებთან ზიარება, სულიერი სამყაროს გამდიდრება, ადამიანურისა და ზნეობრივი კარგი მაგალითების მიღება მოსწავლეებს მშობლიური ლიტერატურიდანაც შეუძლიათ, რომელიც კულტურისა და ეროვნული ფასეულობების სინთეზს წარმოადგენს.

ლიტერატურას ნაწილობრივ რწმენა განსაზღვრავს, ქრისტიანობა კი სიკეთის ქმნას, მოყვასისა და მტრის ერთნაირად სიყვარულს გულისხმობს.

აქვე დავძენ, რომ თავად მასწავლებლებს მოეთხოვებათ, იდგნენ მორალისა და ზნეობის სადარაჯოზე, პროფესიონალიზმთან ერთად მეტი გულისხმიერება, სიყვარული და ტაქტი გამოიჩინონ აღსაზრდელების მიმართ, რადგან მორალი მარტო საკლასო ოთახში არ უნდა ფასობდეს, – ის სკოლის გარეთ უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ, ამას გულისხმობდა არისტოტელეც, რომლის სიტყვებიც მოვიხმე წერილის დასაწყისში.

სუბკულტურა – საფრთხე თუ პროგრესი?

0

სოციოლოგები სუბკულტურას ხალხის ჯგუფს უწოდებენ, რომელიც ძირითადი, “მეინსტრიმული” (ახლა მოდაშია ეს სიტყვა) კულტურის მატარებელია, თუმცა ზოგიერთი ასპექტი (გამოხატვა, ღირებულებები და ა.შ.) განსხვავებული აქვს. სუბკულტურა არ არის მასობრივი, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ასეთად იქცეს. იმ შემთხვევაში, როდესაც სუბკულტურის იდეები რადიკალურად უპირისპირდება “მეინსტრიმს”, ის კონტრკულტურად იქცევა.

განსხვავებულობის განცდას სუბკულტურის მიმდევრები მანამდე არ იწვევენ, სანამ თავიანთ იდეებს “გარეთ არ გამოიტანენ”, ანუ საკუთარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ დაიწყებენ მოქმედებას. სწორედ ამ მომენტში გადაწყდება, მიიღებს მათ მასა თუ არა.

სუბკულტურა შეიძლება ერთი კონკრეტული ფაქტორის გარშემო იყოს გაერთიანებული. ხშირად ეს ფაქტორი მუსიკაა. რა ტიპის, როგორი გარეგნობისა და ჩაცმის სტილის ადამიანები გახსენდებათ, როდესაც მუსიკასთან ასოცირებული სუბკულტურის შესახებ გეკითხებიან?

ნება მომეცით, თქვენ მაგივრად ვუპასუხო: დახეული, ზოგჯერ ჯაჭვებასხმული ვიწრო ჯინსის შარვალი, ნახატიანი ან წარწერიანი მაისური, პირსინგი (ზოგჯერ – ხელოვნური), გრძელი, ზოგჯერ შავად, წითლად ან ვარდისფრად შეღებილი თმა, რკინისდეტალებიანი სამაჯური, ოდნავ ჩაშავებული თვალები…

რას ეძახით ასეთ ადამიანებს?

დიახ, სწორად გამოვიცანი – როკერებს.

ეს – საუკეთესო შემთხვევაში 🙂 თორემ ხშირად მათ მაიმუნებად, სატანისტებად, მწვალებლებად, ქართველობის გამრყვნელებად და ათას უბედურებად მოიხსენიებენ. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ისინი ცოტას თუ აინტერესებს და კიდევ უფრო მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც რაიმე მაინც წაუკითხავს როკ სუბკულტურების შესახებ.

თუ საკითხში ოდნავ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ “როკერობა” არ არის უბრალო ახირება და მას საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტებიც აქვს. ადამიანთა ის ერთობა, რომელსაც მეინსტრიმსაზოგადოება “როკერს” ეძახის, სინამდვილეში შეიძლება მრავალ სუბკულტურად დაიყოს. ბევრს იქნებ გაუკვირდეს, მაგრამ მათი ცხოვრების წესი მეტ-ნაკლებად სერიოზულ ფილოსოფიურ და იდეოლოგიურ ბაზისს ეფუძნება, ხელოვნების კუთხითაც საკმაოდ მრავალფეროვანნი არიან, აქვთ საკუთარი მოდა, ფერწერა, ლიტერატურა, მუსიკა და კინემატოგრაფიაც კი.

სამი ყველაზე დიდი და გავლენიანი სუბკულტურა, რომელიც როკის გარშემოა გაერთიანებულიმ არის პანკ (Punk), გოთ (Goth) და ემო (Emo) სუბკულტურები. ამჯერად მინდა პანკების შესახებ მოგითხროთ.

Punk – ეს სუბკულტურა 1970-იან წლებში მუსიკალური მიმდინარეობა Punk Rock-ის პარალელურად აღმოცენდა. სად დაიწყო პირველად პანკ მოძრაობა, ძნელი სათქმელია, თუმცა ყველაზე ძლიერი ის ბრიტანეთში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში გახლდათ. პანკ კულტურამ ერთგვარად გააერთიანა მანამდე არსებული ყველა ახალგაზრდული მოძრაობა.

პანკების იდეოლოგია ძალიან ფართოა. დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, ისინი მემარცხენეები არიან, თუმცა ჩვენს დროში მათი იდეები მთელ პოლიტიკურ სპექტრს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრულ საზოგადოებებში პანკებისადმი უარყოფითად არიან განწყობილნი, მათი მთავარი ლოზუნგი მშვიდობაა. ისინი აქტიურად ეწევიან ანტიავტორიტარულ, ანტიმილიტარისტულ, ანტისექსისტურ თუ ანტიჰომოფობიურ პროპაგანდას.

სახვითი ხელოვნება. პანკ მხატვრობას ხელოვნების ცალკე მიმდინარეობად ვერ განვიხილავთ, თუმცა არის თავისებურებები, რომლებიც მას ახასიათებთ. პროტესტი, ბევრი გაურკვეველი ფერი და ერთმანეთში არეული კომპოზიციები პანკ სუბკულტურის მხატვრობის მთავარი ნიშნებია. განვითარება ასეთმა ხელოვნებამ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის ალბომის გარეკანების, აფიშებისა და პლაკატების საშუალებით მოახერხა. საინტერესოა ამ მხრივ 70-იანი და 80-იანი წლების ბრიტანული სტრიტ არტიც – ქუჩის ხელოვნება, რომელიც კედლებზე თუ ქუჩაში ინსტალაციებისა და ნახატების განთავსებას გულისხმობს.

პანკების მუსიკა მრავალგვარია: როკ-ენ-როლი, ფოლკ პანკი, სკა, პროტოპანკი… ხანდახან მათ მუსიკას აგრესიულს უწოდებენ, რაც ხშირად მართებული არ არის. მრავალი სხვა ჟანრისგან განსხვავებით, პანკ როკში ჩვეულებრივზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მელოდიას, არამედ ლირიკას. თუ პანკ მხატვრები გაურკვეველი კომპოზიციებით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას, მუსიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა: ტექსტები გასაგები და პირდაპირია, ზოგჯერ – ზედმეტად პირდაპირიც. იგრძნობა მეამბოხე იდეოლოგია, რომელიც მზადაა დაიცვას საკუთარი ინტერესები უსამართლო ჩარევისგან.

პოსტსაბჭოთა სივრცეში პანკ მუსიკა საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ჯგუფი, “Кино”, რომელსაც ვიქტორ ცოი ედგა სათავეში, “ახალი ტალღის” როკსა (New Wave) და პოსტპანკს უკრავდა. ცოი 1990 წელს საკმაოდ ახალგაზრდა, 28 წლისა, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა მის მიერ დატოვებული მუსიკა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დღესაც აქტუალური და მისაღებია.

რაც შეეხება მოქმედ ბენდებს, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ბელორუსიული ჯგუფი “Ляпис Трубецкой”, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე დაუკრა. მუსიკოსების სტილი ე.წ. AgitPop-ია – აგიტაციური პოპი, რომელშიც უხვადაა სკა პანკის ელემენტები. “Ляпис Трубецкой” თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ პოსტსაბჭოთა პანკ მუსიკის ერთ-ერთ სერიოზულ და ხარისხიან წარმომადგენლად.

ჯგუფი ცოცხალი მაგალითია იმისა, როგორ უნდა შეინარჩუნო საპროტესტო განწყობა და თანაც მიაწოდო მასას ის იდეები, რომელთა გამოხატვაც გინდა. მათი რამდენიმე სიმღერა ბელორუსიის მთავრობამ დაბლოკა, ჯგუფის ლიდერი სერგეი მიხალოკი კი არაერთხელ ქცეულა შავი პროპაგანდისა და ბელორუსი სამართალდამცავების მსხვერპლად.

მიუხედავად ყველაფრისა, ბენდი აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობს. თბილისში მათი მოსმენა ჩემთვის, როკმუსიკის მოყვარულისთვის, ნამდვილად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. დადებითი ემოციები ძალიან დიდხანს გამყვება.

როგორც ხედავთ, პანკ მუსიკას შეუძლია საკმაოდ დიდი როლი ითამაშოს საზოგადოების ცხოვრებაში. ამ სუბკულტურის იდეები ერთმნიშვნელოვნად ეწევა სამოქალაქო აქტივობისა და ლიბერალური ღირებულებების (ტოლერანტობა, თანასწორობა და ა.შ.) პროპაგანდას, რაც ნამდვილად დადებითი ფაქტორია.

სუბკულტურათა სიმრავლე განვითარებული საზოგადოების ძალაა და არა სისუსტე. კარგი იქნება, თუ ქართული საზოგადოებაც გააცნობიერებს, რომ ეს სავსებით ჩვეულებრივი ადამიანები მათ საფრთხეს არ უქმნიან, რომ ისინი არ არიან სატანისტები, არ წვავენ კატებს 🙂 და არც ქართველობას გვართმევენ; რომ მოსწავლე, რომელიც სკოლაში უცნაური ვარცხნილობით მოდის, გარშემო მყოფთა პროვოცირებას კი არ ცდილობს, უბრალოდ სურს, განსხვავებული იყოს. ეს მისი უფლებაა და არა ვინმეს მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება.

როგორ მოვიქცეთ მათთან მიმართებით? ისევე, როგორც ყველა დანარჩენი ადამიანის მიმართ ვიქცევით. იმედი მაქვს, ეს პოსტი ამის გაცნობიერებაში ოდნავ მაინც დაგეხმარებათ.

ახლა კი მინდა, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტრეკით დაგემშვიდობოთ, რომელსაც ზემოთ ნახსენები სკა პანკ ჯგუფი “Ляпис Трубецкой” ასრულებს.

მე
მჯერა… 🙂

მეტი აკადემიურობა – “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეულის შესახებ

0

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ხელმძღვანელობით “საქართველოს ისტორიის” რვატომეული გამოიცა. მას შემდეგ წყაროთმცოდნეობითი ბაზა არქეიოლოგიური კვლევის გზით მოპოვებული ახალი მასალებით შეივსო, გამოქვეყნდა არაერთი სიახლის შემცველი ნაშრომი, შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური სტატუსი, რამაც, ბუნებრივია, “საქართველოს ისტორიის” ახალი რედაქციის გამოცემის საჭიროება დააყენა.

ორი თვის წინ გამომცემლობა “პალიტრა ელმა” “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეული გამოსცა, რომელიც კომპანია “მაგთიკომის” მხარდაჭერით დასტამბა .წიგნის შემდგნლები არიან აკადემიკოსები მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი და ოთარ ჯაფარიძე.

საგამომცემლო ჯგუფის განმარტებით, საქართველოს ოთხტომეული წარმოადგენს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომს, მაგრამ ქართველ ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ამ გამოცემისგან მეტ აკადემიურობას მოითხოვს და ავტორებს ამა თუ იმ საკითხების წარმოჩენა-გაანალიზების ხარისხზე ეკამათება.
რამდნიმე დღის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო განხილვა თემაზე: “კოლხურ-იბერიული და ადრექრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის საკითხები ახლად გამოცემულ “საქართველოს ისტორიაში” (I-II ტ.), სადაც მოხსენებებით გამოვიდნენ გიორგი კვაშილავა, რაულ გვეტაძე, რამაზ პატარიძე, რომელთაც ისაუბრეს – პროტოქართულ-კოლხური ცივილიზაციის კრეტული წერილობითი ძეგლების, იბერიული ცივილიზაციისა და ადრექრისტიანული კულტურის ფუნდამენტური მნიშვნელობის წერილობითი ძეგლებისა და ქართული დამწერლობის წარმომავლობის ისტორიული წყაროების შესახებ; ხოლო იგორ კვესელავამ წარმოადგინა რეკომენდაციები, რითაც მეცნიერთა ჯგუფი წიგნის ავტორებს მიმართავდა.
განხილვის შედეგად გაირკვა, რომ “საქართველოს ისტორიის” პირველ ტომში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მატერიალური კულტურის ძეგლი, რომელიც შეიცავს ასომთავრულ სიმბოლოებს. არ არის ასახული იბერიის ცივილიზაციის ამსახველი მასალები, რომელიც აღწერილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრიფით გამოცემულ აკადემიკოს ლ. ჭილაშვილის მონოგრაფიაში და ქრისტიანული არქეოლოგიის მე-6 კონფერენციების კრებულში. უგულებელყოფილია ქართველი მეცნიერების ახალი შრომები (მაგალითად, “ქართული ასომთავრული ანბანის კრიპტოანალიზი”), რომლითაც მტკიცდება, რომ უნიკალური ასომთავრული ანბანური სისტემა შეიცავს ასტრონომიული, მათემატიკური და კალენდარული ხასიათის ინფორმაციებს. მეორე ტომში განთავსებულია მხოლოდ ბოლნისის სიონის დავით ეპისკოპოსისეული წარწერის სურათი, სავარაუდო თარიღით – მე-5 ს-ით, მაშინ როდესაც ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის ქართული დამწერლობის ძეგლია, რომელზეც ასახულია საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მიღების თარიღები. ძველქართული პალესტინის წარწერებიდან კი წარმოდგენილია მხოლოდ ერთის გრაფიკული ასლი, რომელსაც, რატომღაც, პალესტინის მოზაიკური წარწერა ეწოდა, ასლზე არ არის დატანილი სამკუთხა კრიპტოგრამული ნიშნულები, რომელთა გარეშე შეუძლებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოხსნა. როგორც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამინ რამიშვილი აღნიშნავს, მართალია წარმოდგენილი ოთხტომეული საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებისათვისაა განკუთვნილი, მაგრამ მას კვლევა-ძიების პრეტენზიაც გააჩნია, ამიტომაც სასურველი და აუცილებელი იყო, რომ ოთხივე წიგნს თან დართვოდა შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურისა და წყაროების მითითება. განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ნაშრომს არ ახლავს შესაბამისი ავტორების ან პირველწყაროების მითითება. მეცნიერებთა თქმით, 1800 გვერდიან ბოლო ტომს მაინც უნდა დართვოდა საძიებელი.
“არა მხოლოდ ისტორიული საკითხების კვლევაში მოპოვებული სიახლეები, ძველი ნაშრომების შედეგებიც არ არის სათანადოდ გამოყენებული, მაგალითად, პავლე ინგოროყვას ნაშრომები და რამაზ პატარიძის ბრწყინვალე გამოკვლევა “ქართული ასომთავრული”, რომელიც არავითარ ეჭვს არ ტოვებს ქართული ანბანის წარმომავლობასა და სიძველესთან დაკავშირებით. უგულებელყოფილია მათემატიკოსების ნ.კანდელაკისა და გ.ცერცვაძის ფუნდამენტური ნაშრომი “ქართული ასომთავრული ანბანის კრიპტოანალიზი”, მაგრამ გარდა ამისა, სრულიად უსამართლოდ ყურადღების მიღმაა დარჩენილი ნეკრესის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მასალები, კერძოდ, წინაქრისტიანული ხანის ეპიგრაფიული ძეგლები, რომელთა კვლევას აკად. ლ. ჭილაშვილმა საგანგებო მონოგრაფია მიუძღვნა და რომელთა შესახებ საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული რ.პატარიძეს, გ.ნარსიძეს, ნ.გაფრინდაშვილს და სხვათ.
დასანანია, რომ ოთხტომეულის მე-2 ტომის მე-13 თავში, ნეკრესის აღმოჩენასთან დაკავშირებით, მხოლოდ სქოლიოშია საუბარი. აკად. ლ. ჭილაშვილი გამოცდილი საველე მუშაკი და ძალზედ ფრთხილი მკვლევარი, როდესაც არქეოლოგიური მეთოდების გამოყენებით გვთავაზობს მის მიერ გათხრილი ძეგლების თარიღს, ვფიქრობთ, უფრო მეტი ანგარიში უნდა გაეწიოს მის მოსაზრებებს. ამავე დროს, ლ. ჭილაშვილმა დაათარიღა რუსთავში აღმოჩენილი წარწერები, რომელიც მიიჩნია ნეკრესის წარწერების თანადროულად, რითაც კიდევ უფრო გაზარდა წინაქრისტიანული ხანის წარწერიანი ძეგლების რიცხვი. ნეკრესის ნაქალაქარის კვლევა, სამწუხაროდ, ლ. ჭილაშვილის გარდაცვალების შემდეგ საგრძნობლად შენელდა, არადა, არქეოლოგიურ სამუშაოთა გაფართოების შემთხვევაში ნეკრესში კიდევ უფრო დიდი აღმოჩენებია მოსალოდნელი.
შენიშნვნა გვაქვს ტექსტში ჩართული რუკების მიმართაც, კერძოდ, პირველი ტომის პირველივე რუკა, რომლის სათაურია “საქართველო ძვ.წ. მე-4-3 საუკუნეებში”, იწვევს ჩვენს გაკვირვებას იმის გამო, რომ მასზე აღნიშნული არ არის სასპერთა სახელი და განსახლების არეალი, რომელიც მოიცავდა მდ.არაქსის შუაწელის ორივე მხარეს არსებულ საკმაოდ ვრცელ მიწა-წყალს, რომელიც ქართველურმა ტომებმა ადრე კიმიერილთა მიერ პროვინცია სპერის განადგურებისა და იქ სომხური მოსახლეობის შესვლის შემდეგ დაიკავა.
ასევე მიუღებელია ის მოსაზრება, რომ ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ეგრისი წარმოადგენდა იმ სამეფოს, როგორც ეს რუკაზეა წარმოდგენილი. იბერიის შემადგენლობაში დასავლეთ საქართველოდან შედიოდა ორი საერისთავო, რომელთაგან ერთ-ერთს სათავეში ედგა ერისთავი ქუჯი” – ამბობს რამინ რამიშვილი..
მეცნიერთა თქმით, წინამდებარე “საქართველოს ისტორიის” პირველი და მეორე ტომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კვლავ გრძელდება უნდობლობა ქართული წერილობითი ძეგლებისადმი, რასაც საფუძველი ჩაეყარა მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში და მიიჩვენ, რომ ხარვეზები აუცილებლად უნდა შეივსოს, რისთვისაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ დანართის სახით მე-5 ტომის გამოცემა, სადაც არსებული მასალები შევა, რაც ხელს შეუწყობს “საქართველოს ისტორიის” სწორად გააზრებას ახალი თაობის მიერ და სწორად წარმოაჩენს მას მსოფლიო კულტურის კონტექსტში.
ისინი ფიქრობენ, რომ დანართში შეტანილი იქნას საილუსტრაციო მასალები განმარტებებით, რომელიც ეხება ქართული დამწერლობის წარმომავლობას და ასომთავრული ანბანის ანალიზს. ილუსტრიტება მოხდეს იბერიული ცივილიზაციის ამსახველი მატერიალური კულტურის წერილობითი ძეგლებისა მცხეთიდან, რუსთავიდან და ნეკრესიდან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იბერიის მეფეთა მემორიალურ ძეგლებს დათარირებულს ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემით.
თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეულის ოპონენტების შეხვედრა ავტორთა ჯგუფთან და საჯარო დისკუსია. ეს ოპონენტებს აუცილებლად მიაჩნიათ, რადგან ისინი კიდევ უფრო მეტ ხარვეზებს ხედავენ საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებში, რომელიც მე-4 ტომშია შესული.

“გოგონა დრაკონის ტატუთი”

0

თანამედროვე ბესტსელერები, განსაკუთრებით – ისეთები, რომლებსაც უმთავრესად ახალგაზრდა მკითხველი ეტანება, ლიტერატურული ღირებულების, მწერლის ენისა თუ სხვა ფაქტორების გამო ხშირად ფართო განსჯის საგნად იქცევა. ლოგიკურიც არის – სხვადასხვა თაობის მკითხველს ხომ სხვადასხვანაირი ლიტერატურული გემოვნება აქვს, გემოვნება კი სუბიექტური ცნებაა. თანამედროვე ახალგაზრდების ხედვა და ლიტერატურის მიმართ მოთხოვნა განსხვავებულია. ციფრულ ეპოქაში საკმაოდ ძნელია, მწერალმა მათ 500-, 600- თუ 700-გვერდიანი წიგნის წაკითხვა მოანდომოს. ამის მიზეზი ახალგაზრდების წიგნისადმი გაუცხოება კი არა, დროის უქონლობა და იმ ინფორმაციის მრავალფეროვნებაა, რომელსაც თანამედროვე სამყარო კომპიუტერებისა თუ ციფრული ტექნიკის საშუალებით აწვდის მათ. ისინი ბევრად უფრო მომთხოვნები და პრეტენზიულები არიან – მათ ხომ უსაზღვრო არჩევანი აქვთ. გლობალიზაციის ეპოქაში ლიტერატურაც ყოველგვარ საზღვარს გაცსდა.

დღეს კორეული, ჩინური, შვედური, ესტონური თუ თურქული ლიტერატურის გაცნობა ისევე ადვილია, როგორც ქართულისა. ხშირად ეს უკანასკნელი უფრო ჭირს.

თანამედროვე მკითხველთან ბევრს ვერაფერს გახდები, თუ ჰამბურგერივით არ შეფუთე შენი ლიტერატურული პროდუქტი და მარკეტინგის, პიარის, რეკლამისა თუ საინფორმაციო მედიის მეშვეობით კოკა-კოლას მსგავსად არ შესთავაზე მომხმარებელს. 21-ე საუკუნეში მკითხველიც მომხმარებელია, მისი ყურადღებისა და ინტერესის დამსახურება კი – საკმაოდ რთული, და თუ უცნობმა ავტორმა მილიონობით ახალგაზრდა მოხიბლე მთელს მსოფლიოში და 500-გვერდიანი წიგნი ერთი ამოსუნთქვით წააკითხე, უკვე დიდი გამარჯვებაა

მე წიგნისადმი პირველი ინტერესი ხშირად სწორედ ზემოხსენებული საფეხურების წარმატებით გავლის გამო მიჩნდება, მით უფრო – როდესაც საქმე უცნობი შვედი მწერლის დეტექტივს ეხება, რომელიც 40 ენაზე ითარგმნა, 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და უკვე ქართულადაც შემიძლია წავიკითხ ო.”გოგონა დრაკონის ტატუთი”, რომელსაც დედანში “ქალთმოძულე კაცები” ჰქვია, თანამედროვე შვედური დეტექტივია. წიგნი ტრილოგიაა და სამი ნაწილისგან შედგება. მისი ავტორი სტიგ ლარსონია, რომელიც 2004 წელს, რომანის გამოცემამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.წიგნი ერთი შეხედვით კლასიკური დეტექტივია, თუმცა მას უაღრესად ორიგინალური სიუჟეტი აქვს, უფრო სწორად, აქ რამდენიმე სიუჟეტური ხაზი და ამდენივე კვანძის გახსნაა. მისი კითხვისას შეუძლებელია, თუნდაც რამდენიმე წუთით მოსწყდე შინაარსს – მუდმივი ინტრიგა და ადრენალინი წიგნს ერთი ამოსუნთქვით გაკითხებს. იშვიათია თანამედროვე დეტექტივი, საინტერესო რომ იყოს და თანაც ისეთი, რამდენიმე ღამე თეთრად გაგათენებინოს. ამიტომ მისი წაკითხვა სადაგ დღეებში რეკომენდებული არ არის.

ამბავი კი ასეთია: შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებას 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია და ახლა მისი უკანასკნელი სურვილია, გაიგოს, ვინ მოკლა მისი ძმისწული. ამისთვის იგი ჟურნალისტ მიქაელ ბლუმკვისტს დაიქირავებს, რომელსაც გამოძიებაში საზოგადოების მიერ გონებაშეზღუდულად შერაცხული ჰაკერი გოგონა ლისბეთ სალანდერი ეხმარება. ვანგერების დინასტიის შემზარავ ამბავს წარმოუდგენელი დასასრული აქვს…სიუჟეტს ფონად გასდევს შვედეთში ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა: ”შვედეთში ქალების 18%-ს ერთხელ მაინც დამუქრებია საფრთხე მამაკაცისგან”, “შვედეთში ქალების 48% არაერთხელ გამხდარა მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი”… და თუ ამ მონაცემებს სახალხო დამცველის ოფისის ქალთა დახმარების ცენტრის მონაცემებს შევადარებთ, გაუგებარია, რატომ დუმს ქართული საზოგადოება, რატომ არ უჩნდება სურვილი არც ერთ ქართველ ხელოვანს, საკუთარ შემოქმედებაში წამოსწიოს ქალთა პრობლემები, ისევე როგორც ჩვენს საზოგადოებაში არსებული ბევრი სხვა ტაბუდადებული თემა, მაშინ, როდესაც მსგავსი ფემინისტური თუ პოსტფემინისტური საკაზმი წიგნისადმი ინტერესს აორმაგებს და გაყიდვების მაჩვენებელს ზრდის. ლიტერატურის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსსაც გაუჭირდება, სტიგ ლარსონის დეტექტივს ბანალური უწოდოს – მასში ხომ რეალურად არსებულ პრობლემაზე მსჯელობენ და რაც უნდა ბევრი ვიდავოთ მის ლიტერატურულ ღირებულებაზე, ფაქტს წინ ვერ აღვუდგებით. წიგნი კარგად შეფუთული ჰამბურგერივითაა, რომლის მარგებლობა შესაძლოა ეჭვს ბადებდეს, მაგრამ მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

გირჩევთ, მისი კითხვა სამუშაო/სასწავლო კვირის მიწურულს დაიწყოთ. ქართულ ენაზე უკვე ტრილოგიის მეორე წიგნიც გამოვიდა, რომელსაც თარგმანში “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” ჰქვია, მაგრამ მის შესახებ მომდევნო ბლოგპოსტების მეშვეობით მოგითხრობთ.

კლასგარეშე აქტივობები და პრობლემები

0

თანამედროვე მსოფლიოს შრომითი ბაზრის თავისებურებებისა და მოთხოვნების გამო, დღეს, სასკოლო პროცესის დასრულების შემდეგ სახლში მისული უფრო და უფრო მეტი ბავშვი რჩება უფროსების ყურადღების გარეშე. დასაქმებული მშობლების უმრავლესობას გვიან ღამემდე უწევს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება და სახლში დაბრუნების შემდეგ შვილებისთვის სათანადო დროის დათმობის საშუალება აღარ აქვს. არადა, სკოლის გარეთ, ოჯახსა თუ სოციუმში მიღებული გამოცდილება უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მის აკადემიურ პროგრესს. მშობლე­ბის ყურადღების გარეშე, ან მინიმალური ყურადღების პირობებში დარჩენილ ბავშვებში, ერთი მხრივ, აკადემიური პრობლე­მები იჩენს თავს, ხოლო მეორე მხრივ, სარისკო ქცევის ჩამოყალიბების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხშირად მშობლების მითითებები პროტესტის გრძნობას იწვევს. ამდენად, მოსწავლეთა აკადემიური წინსვლის უზრუნველყოფა და დადებითი სოციალური მიმართულებით განვითარება დღევანდელი საგან­მა­ნათლებლო სისტემების და მრავალი ოჯახის ამოცანას წარმოადგენს.

ზემოაღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, თანამედროვე მსოფლიოში კლასგარეშე აქტივობების და პროგრამების საჭიროება დღითი დღე იზრდება. კლასგარეშე პროგრამები გაკვეთილების შემდეგ ბავშვების დროის უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს, მათ ენერგიას პოზიტიური მიმართუ­ლე­ბით წარმართავს, გარდა ამისა, სპეციფიკური ინტერესების დაკმა­ყოფილებასა და განსაკუთრებული ტალანტის გამოვლენასაც უწყობს ხელს. კლასგარეშე პროგრამების საჭიროება და სარგებლიანობა იმდენად დიდია განვითარებულ ქვეყნებში, რომ განათლების სფე­­როსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ასეთი ტიპის პროგრამე­ბის და ღონისძიებების დაფინანსებაზე მოდის. მაგალითად, ამერიკის შეერთე­ბულ შტატებში, დაწყებითი და საშუ­ალო განათლების საფეხურის
ფედე­რალური დაფი­ნანსების დაახლოებით 10% კლასგა­რე­შე აქტივობებისა და პროგრამების დაფინანსებას ეთმობა.
კლასგარეშე პროგრამების შეფასე­ბი­თი კვლევების დასკვნებში, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მათ აკადემიურ შედეგებსა და სარგებლიანობას. თუმცა, დღეს, არანაკლებ მნიშვნე­ლოვნად მიიჩნევა კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების პიროვნული და სოციალური სარგე­­ბელი. სწავლისა და სწავლების სფეროში ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია ბავშვს პიროვნული და სოციალური უნარ-ჩვევები ვასწავლოთ. კლას­გა­რეშე პროგრამების შეფასებებში კი დასტურდება, რომ ბავშვების ჩართუ­ლობა აღნიშნულ პროგრამებში პირდაპირ კავშირშია, ერთი მხრივ, მათ სტაბილურ ემოციურ მდგომა­რეობასა და დადებითი დამოკიდე­ბუ­ლებების ჩამოყალიბებასთან, ხოლო, მეორე მხრივ, დადებით ქცევასთან.
ბავშვებისა და მოზარდების განვი­თარების თეორიების თანახმად კი, სწავლება მაშინ არის განსაკუთ­რე­ბით ეფექტური, როცა პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება. ამდენად, კლასგარეშე პროგრამების ფარგ­ლებ­ში, პიროვნული და სოციალური განვითარების ასპექტები ისეთი უნარ-ჩვევების სწავლებას მოიცავს, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვითკონტროლი, გადაწყვეტილე­ბებზე პასუხისმგებლობის აღება, თვითეფექტურობის გაზრდა, ობიექტური თვითშეფასება და ა.შ.
კლასგარეშე პროგრამების ძირითადი მიმართულებები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეფექტური კლასგარეშე პროგრამები პრაქტი­კულ მომზადებას ეფუძნება. ეს უკანასკ­ნელი კი სასურველია, მოიცავდეს როგორც ტრენინგის, ისე პროგ­რა­მულ კომპონენტებს. ტრენინგის კუთხით პროგრამები უნდა იყოს თანმიმდევრული და ინტერაქ­ტი­ული ფორმატის, ხოლო პროგრამული თვალსაზრისით _ თემატურად დალა­­გებული და ნათ­­ლად ჩამოყალიბე­ბუ­ლი. აღნიშნული კომპონენტების მქონე პროგრამები სამი მიმართუ­ლე­­ბით გვაძლევს შედეგს: ისინი გავლენას ახდენს ბავშვების გრძნობებსა და შეხედუ­ლებებზე, განაპირობებს ქცევის დადებითად მოდიფიცი­რე­ბასა და აკადემიურ წარმატებას.
კლასგარეშე პროგრამა შეიძლება იყოს აკადემიური ან შემეცნებითი მიმართულების. ამ დროს მოსწავ­ლე­ებს საშუალება ეძლევათ, მოამზადონ საშინაო დავალებები და დახმარება მიიღონ ისეთ უნარ-ჩვევებში, როგორიცაა: კითხვა, არითმეტიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ა.შ. ამავე კატეგორიას განე­კუთ­­ვნება საუნივერსიტეტო გამოცდე­ბისთვის მოსამზადებელი პროგრამები, კომპიუტერული კურსები, უცხო ენის კურსები, მომზადება დასაქ­მე­ბისთვის და ა.შ. სოციალური მიმართულების პროგრამებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ლიდერული თვისე­­ბების ხელშემწყობი პროგრამები (სკაუტები, აკადემიური კლუბები და ა.შ.), ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებელი პროგრამები (ნარკომანიის პრევენციის პროგრამა), მოხალისეობრივი აქტივობის ხელშემწყობი პროგრამები, დებატ-კლუბები და ა.შ. ბავშვის ფიზიკური და პიროვნული განვითარების მიმართულებით კი წარმატებით მუშაობს ისეთი პროგრამები, როგო­რიცაა: დრამისა და ხელოვნების, მუსიკისა და ხელსაქმის შემსწავ­ლე­ლი წრეები, კულტურული, სპორტული და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.
კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა
კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერისთვის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა თუ ინსტიტუ­ციას სხვადასხვა მოტივაცია აქვს. სამთავრობო ინსტიტუტებისთვის კლასგარეშე პროგრამების განხორციელება და შესაბამისად, მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის გაუმჯობესება სკოლებისა და საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის ამაღლების გარანტიას წარმოადგენს. მშობლებისთვის კლასგარეშე პროგრამები შვილების უსაფრთხო გარემოსა და მათი დროის ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს. საზოგადოების­თ­ვის ახალგაზრდების კლასგარეშე პროგრამებით დაკავება დანაშაულის შემცირებასა და უსაფრთხო სამეზობ­ლოს ნიშნავს, ხოლო ბიზნესისთვის _ შრომისმოყვარე, ორგანიზებული და სპეციალური უნარ-ჩვევებით აღჭურ­ვილი კადრების მომზადებას.
დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოების ყველა ზემოჩამოთვლილი სექტორი სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა კლასგარეშე პროგრამას. ბუნებრივია, იმისათვის, რომ პროგრამამ ფინანსური მხარ­­დაჭერა მოიპოვოს, ის ხარისხის გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ქვემოთ განვი­ხილავთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური კლასგარეშე პროგრამები და მივიღოთ სამთავრობო თუ ბიზნესსექტორის, მშობლების, თემის მხარდაჭერა.
ეფექტური კლასგარეშე პროგრამების შექმნა
აკადემიური, სოციალური თუ პიროვნული განვითარებისკენ მიმართული კლასგარეშე პროგრა­მების შექმნისას რეკომენდებულია რამდენიმე საერთო სტანდარტის დაცვა. ქვემოთ მოცემული მახასი­ათებლების გათვალისწინება სხვადასხვა საჭიროებისა და გამოცდილების მქონე ბავშვების სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობას წარმოადგენს.
1. მიზნების დასახვა და ძლიერი მენეჯმენტი
კლასგარეშე პროგრამების მიზნები, საჭიროებათა კვლევის საფუძველზე, თემის ლიდერებისა და წევრების, მშობლებისა და მოსწავლეების აზრების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. რეალისტური და რელევანტური მიზნების დასახვის შემდეგ სწორი და ძლიერი მენეჯ­მენტის საჭიროება ჩნდება, რათა ისინი წარმატებით შესრულდეს. კარგი კლასგარეშე პროგრამა უნარ­­შეზღუდული ბავშების ინტეგრირე­ბასაც უზრუნველყოფს. გასათვა­ლისწინებელია, რომ პროგრამების დაფინანსება, სტრუქტურა და აქტივობები, თანამშრომელთა რაოდენობა სწორედ მის მიზნებზეა დამოკიდებული.
2. კვალიფიციური თანამშრომლების დაქირავება
თანამშრომლების დაქირავება პროგრამის მასშტაბზე, მენეჯმენტის სტრუქტურასა და პროგრამის მიზნებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ კლასგარეშე პროგრამების განხორციელებით დაკავებული თანამშრომლები კვალიფიციური, გამოცდილი და მოტივირებული უნდა იყვნენ, მათ აუცილებლად უნდა შეეძლოთ სკოლის მასწავ­ლებ­­ლებთან ნაყოფიერი კომუნიკაცია და კოორდინაცია. მათი სპეციფი­კუ­რი უნარ-ჩვევები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა და კულტურის ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებისა და უნარშეზღუ­დულ ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. სასკოლო სასწავლო გეგ­მისა და შეფასების სისტემის ცოდნა მათ მოსწავლეების აკადე­მი­ური კუთხით დახმარების საშუალებას მისცემს. კლასგარეშე პროგრამებში ჩართული ბავშვების არაერთი გამოკითხვით დადასტურდა, რომ უფროსების მხრიდან მათ სითბო და მზრუნველობა სჭირდებათ, რაც კლასგარეშე პროგრამების თანამშ­რომლებმა უნდა გაითვალისწინონ.
3.უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო
სასურველია, კლასგარეშე პროგრა­მები ქალაქის ყველა რაიონში, სოფლად კი ყველა თემში ხორცი­ელ­-დებოდეს, რათა თითოეულ მოსწავლეს შეეძლოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს სასურველ პროგრამაში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში გამოყენებული აქტი­ვო­ბები მოსწავლის ასაკის შესაბამისი უნდა იყოს და ჯანსაღი ქცევის მოტი­ვირებას უნდა ახდენდეს. საუკეთესო კლასგარეშე პროგრა­მები მოსწავ­ლე­ებს სოციალიზაციის მრავალ­ფე­რო­ვან ფორმებს სთავაზობს.
4. პარტნიორობა თემთან, ორგანიზაციებთან, სამართლებრივ ორგანოებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან
კლასგარეშე პროგრამების განხორ­ციელება დამოკიდებულია მშობლების, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებისა და თემის წევრების მხარდაჭერაზე. წარმატებული პროგრამები მნიშვნელოვან მხარ­დაჭერას იღებს ისეთი ორგანოები­დანაც, როგორიცაა: სკოლის სამეთვალყურეო საბჭო, თემის საკრებულო, ადგილობრივი პოლიცია და ა.შ. ეფექტური პროგრამები ზემოჩამოთვლილ ერთეულებს, ახალგაზრდობასთან ერთად, აქტი­­ურად აბამს პროგრამის დაგეგმ­ვა­ში, რათა მთლიანად თემის საჭიროე­ბე­ბის გათვალისწინება მოხდეს. წარმატებული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სკოლისა და თემის საჭიროებებისა და რესურსების შესწავლა-შეფასება, ლოჯისტიკური საკითხების დასმა, პროგრამის ერთობლივად დაგეგმვა და ა.შ.
5.ოჯახების ჩართულობა
ცალკე გამოვყოფთ ოჯახების როლს კლასგარეშე პროგრამებში, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ეფექტური პროგრამები რეგულარულ სამუშაო შეხვედრებს, საორიენტაციო სესიებსა და მშობ­ლე­ბის მრჩეველთა საბჭოს შეკრებებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, აუცილებელია დასაქმებული მშობ­­ლების საჭიროებების გათვალისწი­ნება, მათთან რეგულარული ურთიერთობა წერილობითი ფორმით, საინფორმაციო ცენტრის ან ვებგვერდის გახსნა, საინფორმაციო ბროშურების შექმნა, სოციალური საღამოების მოწყობა.
6.სასწავლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნება
კლასგარეშე პროგრამებს ბავშვის აკადემიური მოსწრების, ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმ­­ჯობესება შეუძლია. ეფექტური პროგრამები მოსწავლეებს მათი ინტერესის სფეროში მუშაობის საშუალებას აძლევს, ცნობისმოყვა­რეობას უკმაყოფილებს, ეხმარება საყვარელი საქმიანობის შეძენასა და სხვადასხვა სტილით (ვიზუა­ლური, აუდიო და კინესთეტიკური) სწავლაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლასგარეშე პროგრამების კურიკულუმი გარკვეული სირთულის შემცველი, თუმცა დაუძლეველი არ უნდა იყოს.
7.კავშირი სასკოლო პროგრამასთან
იმისათვის, რომ სასკოლო პროგრა­მასა და კლასგარეშე აქტივობებს შორის ნაყოფიერი კავშირი არსე­ბობდეს, აუცილებელია კლასგარეშე პროგრამებში დასაქმებული მასწავლებლების მიერ სასწავლო პროგრამის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, მოსწავლეთა შეფასებების გაცვლა-გამოცვლა სხვა მასწავ­ლებ­ლებთან და ა.შ. ზოგიერთი კლასგა­რე­შე პროგრამა წარმატებით ახორცი­ე­ლებს ინტერდისციპლინურ და თემატურ ჯგუფურ პროექტებს. მაგალითად, თუ მოსწავლეები მათემატიკაში გამრავლების ტაბუ­ლას სწავლობენ, აღნიშნული ცოდნის გამყარება, კლასგარეშე პროგრამის ფარგლებში, “ჩეჩოტ­კას” ტიპის ცეკვითაც კი შეიძლება; ან თუ საბუნებისმეტყველო საგნებში ღრუბლების ფორმირებას სწავლობენ, ხელოვნების კლას­გა­რე­შე პროგ­რამის ფარგლებში, მათ შეუძლიათ დახატონ წრიული, ფენა-ფენა ან აკუმულირებული ღრუბლები.
8. პროგრამის ეფექტურობის შეფასება
რადგან კლასგარეშე პროგრამები მრავალფეროვანი და კომპლექსუ­რია, მათი შეფასების სტანდარტული ფორმის შემუშავება შეუძლებელია. ერთი რამ კი ცხადია: თითოეულმა კლასგარეშე პროგრამამ საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გააუმჯობესოს ხარისხი. ზოგადად, ეფექტური პროგრა­მები შეფასების კომპო­ნენტსაც მოიცავს. მაგალითად, იმ პროგრამებმა, რომლე­ბიც უსაფრთხო გარე­­მოს შექმნას ისახავს მიზნად, უნდა შეაფასონ უსაფრთხო­ე­ბის, დანა­შა­ულის, ნარკოტიკის გამო­­ყენების ინდიკატორები. პროგრა­მე­ბი როგორც თვითშეფასებას, ისე გარე შეფასებას უნდა ახორციე­ლებ­დეს და საკონტროლო ჯგუფის დაკვირვებასა და შედეგე­ბის შედარებას უნდა ახდენდეს.
დამატებითი ფაქტორები
კლასგარეშე პროგრამების შექმნისას, ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა და სტან­დარტების დაცვის შემთხვე­ვაშიც კი, ხშირად თავს იჩენს ისეთი ბარიერები, რომელთა გათვალისწინება რთულია, თუმ­­ცა რეკომენდებულია პროგრამის ეფექტურობის უზრუნველსაყო­ფად. ზოგჯერ კლასგარეშე პროგრამები სასურველ შედეგს ვერ აღწევს ადეკვატური რესურ­სე­ბის ნაკლე­ბობის გამო. ზოგჯერ პროგრამა უშედეგოა, თუ მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობა მაღალია, ან მასწავ­ლებლები ხშირად იცვლებიან, ვთქვათ, დაბალი ხელფასის გამო.
კლასგარეშე პროგრამების ზოგი­ერთი კვლევა კიდევ ერთ პრობლემას წარმოაჩენს, რომლის წარმატებით გადაჭრა მხოლოდ მასწავლებლე­ბი­სა და მშობლების ეფექტური კოორდი­ნაციის მეშვეობითა და რაციონა­ლუ­რი გადაწყვეტილებების მიღებითაა შესაძლებელი. აღნიშნული კვლევების შედეგები გვაჩვენებს, რომ სასწავლო პროცესის შემდეგ მოსწავლის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამაში ჩართვა, ზოგჯერ, მის ზედმეტად დატვირთვას იწვევს და შედეგად, სწავლის ხარისხს ამცი­რებს, ხოლო ემოციურ მდგომა­რე­ობას დაძაბულობას მატებს. ბავშვებს თავისუფალი დრო აღარ რჩებათ და ისინი სტრესულ მდგო­მარეობაში ვარდებიან. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებას მშობლებისა და მასწავლებლების დაკვირვებული თვალი და ბავშვ­თან აქტიური კომუნიკაცია სჭირდება. აუცილებელია, მშობელმა და მასწავლებელმა ერთობლივად განიხილონ მოსწავლის შესაძლებ­ლობები და მიდრეკილებები, რათა სათანადო დატვირთვის გრაფიკი და აქტივობები შეარჩიონ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...