უძველესი რწმენა-წარმოდგენები და ნოდარ დუმბაძის „კორიდა“
შე(უ)სრულებელი მისია
“რატომ წერ ლიტერატურაზე? რამდენი საინტერესო თემა არსებობს ჟურნალისტისთვის, რაღა მაინცდამაინც წიგნები… ადამიანებზე წერე, ისინი ცოცხლები არიან, სუნთქავენ და უამრავ კარგ რამეს აკეთებენ… ბოლოს და ბოლოს, თავად მწერლებზე წერე და არა საგნებზე”, – მითხრა ნაცნობმა, რომელიც ისეთივე ცოცხალია, როგორიც, მაგალითად, ითენი (ადრე რომ გიამბეთ, ის ითენი), ან იქნებ ნაკლებადაც.
ციფრული მონეტა – ელექტრონული ცხრილის გამოყენება ალბათური ექსპერიმენტის სიმულაციისთვის
პასკალის სამკუთხედი – ისტორიული კონტექსტის მიმოხილვა
ირანული კერძის რეცეპტი
დიდი გურმანი არასოდეს ვყოფილვარ. ვერც ირანული კერძის – “ქათამი ქლიავით” – რეცეპტს ჩაგაწერინებთ, მეუღლის გულის მოსაგებად რომ მოამზადოთ, იმ ფილმის გმირივით, რამდენიმე კვირის წინ ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე რომ ვნახე. ფილმი მელოდრამაა, სასიყვარულო ისტორიით, სევდიანი ფინალით, HAPPY END-ის გარეშე. საერთოდ, რა საჭიროა ეს ბედნიერი დასასრული? ცხოვრება ხომ ზღაპარი არ არის, სადაც კეთილმა აუცილებლად უნდა სძლიოს ბოროტს, უფლისწულმა ჯადოქრის მიერ დატყვევებული მზეთუნახავი იხსნას, გააჩინონ შვილები და ბედნიერად იცხოვრონ? რეჟისორი, რომლის ფილმზეც მსურს გესაუბროთ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: “სიყვარულის ისტორია მხოლოდ მაშინ გვამახსოვრდება, როდესაც ამბავს ბედნიერი დასასრული არ აქვს. რომეოს და ჯულიეტას ასეთი ტრაგედია რომ არ გადახდენოდათ, ეცხოვრათ მშვიდად, ჰყოლოდათ შვილები და თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე ჰყვარებოდათ ერთმანეთი, შექსპირი არასოდეს დაწერდა მათი სიყვარულის შესახებ”.
მაყურებელს (მკითხველს) ტრაგედიები უკეთ ამახსოვრდებაო, ამბობს მარიან სატრაპი და თავის რომანში “ქათამი ქლიავით” უდავოდ დასამახსოვრებელ სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს.
როგორ აფასებენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდებს
2012 წლის 6-24 სექტემბერს საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის მრგვალი მაგიდა და მასწავლებლის სახლის შეხვედრები ამ საგნის მასწავლებლებთან. სამოქალაქო განათლების მასწავლებლების საჭიროებათა შემსწავლელ სამუშაო შეხვედრებს სულ 266 პედაგოგი დაესწრო, რაც ამ საგნის მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 10%-ია. აღნიშნული ფორუმი მოქმედებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (ACETT).
შეხვედრებზე მასწავლებლები უმთავრესად სასერტიფიკაციო პროცესს განიხილავდნენ; ისინი გაეცნენ საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების 2011-2012 წლების შედეგებსა და ტენდენციებს.
საქართველოში ახლა სამოქალაქო განათლების 2914მოქმედი მასწავლებელია. მათი მხოლოდ 11% ასწავლის სკოლაში მხოლოდ ამ საგანს. დაახლოებით 50 მასწავლებელს აქვს უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაცია. მოქმედი პედაგოგების 76%-მდე ისტორიის მასწავლებელია.
სამოქალაქო განათლებაში მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა 2011 და 2012 წლებში. ამ ხნის განმავლობაში უცვლელი იყო მასწავლებლის შესაბამისი პროფესიული სტანდარტი და საგამოცდო პროგრამა. ასევე უცვლელი იყო გამოცდის გადასალახი ბარიერი(მაქსიმალური 70 ქულის 60%) და საგამოცდო ტესტის სტრუქტურა: პროფესიული ცოდნა და უნარები, მეთოდური დავალებები. ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა გამოცდისთვის რეკომენდებული ლიტერატურის ნუსხა, ისევე როგორც მათი დაბალი ხელმისაწვდომობა. ასევე ერთნაირ პირობებში იყვნენ მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის სპეციალური გადამზადების უქონლობის თვალსაზრისით.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წლების მიხედვით სასერტიფიკაციო საგნობრივი გამოცდის სტატისტიკა ასეთია:
|
|
2011 წ. |
2012 წ. |
|
დარეგისტრირდა |
210 |
375 |
|
გამოცხადდა |
157 |
301 |
|
გაასაჩივრა შედეგი |
4 |
11 |
|
შედეგი შეეცვალა |
2 |
10 |
|
ბარიერი გადალახა (გამოცხადებულთა %) |
68 (43%) |
29 (9,6%) |
გამოცდის ორივე წელს გამოიკვეთა, რომ პედაგოგები უკეთ ასრულებდნენ სწავლების მეთოდებთან დაკავშირებულ დავალებებს.
ამის შემდეგ ყოველ შეხვედრაზე იმართებოდა სტრუქტურირებული დისკუსია მცირე ჯგუფებში (3-6 პედაგოგი). თითოეულ ჯგუფს განსახილველად გადაეცა შესაბამისი დოკუმენტების პაკეტი: სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა და 2012 წლის სასერტიფიკაციო ტესტი შეფასების სქემასთან ერთად. შეხვედრის ბოლო ნაწილში ყველა ჯგუფი წარმოადგენდა ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც, დასასრულ, ჯამდებოდა. მასწავლებელთა ჯგუფების შეფასებები, შენიშვნები და წინადადებები აისახებოდა სპეციალურ კითხვარებში. მასწავლებლები კონკრეტულ ფაქტებს ყოველთვის ერთსულოვნად არ აფასებდნენ, რაც მათ დისკუსიას უფრო აქტიურს ხდიდა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ სტრუქტურირებულ დისკუსიაში ჯამში 214 პედაგოგი მონაწილეობდა (52 ჯგუფად), რაც ამ საგნის მასწავლებელთა რაოდენობის 8%-ია. ეს კი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ შეხვედრებზე გამოთქმული დასკვნები და რეკომენდაციები საკმარისად ასახავს საქართველოში სამოქალაქო განათლების მასწავლებლების მდგომარეობასა და განწყობას.
პედაგოგების უმრავლესობამ ასეთი შეხვედრებით კმაყოფილება გამოხატა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისას შეჯამებული შედეგების გათვალისწინების დიდი იმედი აქვთ.
სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისობას ამ საგნის მასწავლებლისთვის საჭირო კომპეტენციებთან მონაწილეები ასე აფასებენ:
|
სრულად |
მეტწილად |
ნაწილობრივ |
მცირედ |
არ შეესაბამება |
|
29% |
22% |
37% |
8% |
4% |
ზომიერად დადებით დამოკიდებულებას პროფესიული სტანდარტის მიმართ პედაგოგები ხსნიან თავიანთი თეორიული მომზადების (უმაღლესი განათლება და სწავლების გამოცდილება) ნაკლები შესაბამისობით, დამხმარე სამეცნიერო ლიტერატურის ნაკლებობით, ამ საგნის სწავლების მცირე გამოცდილებითა და მათი ძირითადი საქმიანობის განსხვავებული პროფილით. მასწავლებლების უმრავლესობა სკოლაში სხვა საგანს (მეტწილად – ისტორია) ასწავლის.
იმავდროულად მასწავლებლები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მოსწავლეებისთვის ნამდვილად აჯობებს, ამ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციების მქონე მასწავლებელი ჰყავდეთ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ნეიტრალური და ნეგატიური შეფასებების განმამტკიცებელ არგუმენტებს შორის გვხვდება 2012 წლის საგამოცდო ტესტთან და არა სტანდარტთან დაკავშირებული მოსაზრებები. ასეთი რამ უფრო ხშირად მეორდება საგამოცდო პროგრამის შეფასების დროსაც.
სამოქალაქო განათლებაში მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამის შესაბამისობას ამ საგნის მოქმედი პედაგოგისთვის საჭირო კომპეტენციებთან მონაწილეები ასე აფასებენ:
|
სრულად |
მეტწილად |
ნაწილობრივ |
მცირედ |
არ შეესაბამება |
|
20% |
35% |
33% |
10% |
2% |
საგამოცდო პროგრამის უფრო ნეგატიური შეფასება, სტანდარტთან შედარებით, ძირითადად 2 დამატებითი არგუმენტით არის განმტკიცებული:
. საგამოცდო პროგრამა უნდა იყოს უფრო მეტად კონკრეტული და ცხადი;
. პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს სასკოლო სახელმძღვანელოებში მოცემულ თემატიკას, რადგან მოქმედი მასწავლებლების უდიდესი უმრავლესობისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ეს მოსამზადებელი რესურსია ხელმისაწვდომი.
დისკუსიის დროს ნათელი ხდებოდა, რომ საგამოცდო პროგრამასთან ერთად მითითებულ რეკომენდებულ ლიტერატურას მონაწილეთა მხოლოდ 25%იცნობდა. ამას ემატება ისიც, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის არ შეუთავაზებიათ არც ერთი საწვრთნელი პროგრამა, გარდა „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების” (ACETT) 6-დღიანი ტრეინინგისა, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებლად არ არის განკუთვნილი.
მასწავლებლების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ საგამოცდო პროგრამასა და ტესტში გასამარტივებელია ფილოსოფიის, რელიგიისა და ეკონომიკის საკითხები.
ამ და სხვა შედეგების ანალიზისას გასათვალისწინებელია, რომ 2011 წლის საგმოცდო ტესტს მონაწილეთა 34% იცნობდა, ხოლო 2012 წლისას – 60%, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წლევანდელ ტესტს მონაწილეთა უმეტესობა პირველად შეხვედრის დროს გაეცნო. ამდენად, მონაწილეთა შეფასებებზე გავლენას ახედნდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც გავიდნენ გამოცდაზე შარშან ან წლეულს.
აი, როგორ შეაფასეს შეხვედრების მონაწილეებმა 2011-2012 წ.წ. ტესტების შესაბამისობა სასერტიფიკაციო საგნობრივი გამოცდის პროგრამასთან:
|
საგამოცდო წელი |
სრულად |
მეტწილად |
ნაწილობრივ |
მცირედ |
არ შეესაბამება |
|
2011წ. |
14% |
19% |
19% |
12% |
7% |
|
2012წ. |
12% |
12% |
24% |
31% |
10% |
მასწავლებლების უმრავლესობა თავის შეფასებას უკავშირებდა 3 ძირითად ფაქტორს:
. არსებულ კვალიფიკაციას;
. სასწავლო და დამხმარე რესურსებთან შესაბამისობას;
. მასწავლებელთა მიზნობრივი მომზადებისა და გადამზადების ხარისხს.
პედაგოგების უმრავლესობა სამოქალაქო განათლებაში მომავალი სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტებს შემდეგნაირად ახასიათებს:
. თემატური დიაპაზონი იყოს ფართო, მრავალფეროვანი და შეესაბამებოდეს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების თემატიკას;
. პროფესიული ცოდნის შესამოწმებელი კითხვები უფრო მეტად იყოს დახურული, არჩევითბოლოიანი და არ იყოს ჩაღრმავებული ან ზედმეტად დეტალური.
კვლავ ხშირად მეორდებოდა არგუმენტი, რომ მათთვის ხელმისაწვდომი მოსამზადებელი რესურსი სწორედ სასკოლო სახელმძღვანელოებია, თუმცა იმასაც ადასტურებდნენ, რომ მასწავლებლის ცოდნა უნდა აღემატებოდეს მოსწავლისას.
. მეთოდური და მასწავლებელთა ანალიზის უნარის შესამოწმებელი დავალებები უფრო მეტად ეფუძნებოდეს სიტუაციურ ამოცანებს. ამასთან, მეთოდური დავალებები მეტად იყოს ღია ტიპის.
მასწავლებელთა უმრავლესობა (მათ შორის – სერტიფიცირებულებიც) აცხადებს, რომ პედაგოგების კვალიფიკაციის განსაზღვრა-დადასტურება მხოლოდ წერითი ტესტის შედეგების მიხედვით მცდარ სურათს იძლევა: „წერითი ტესტებით მოწმდება მასწავლებლობისთვის საჭირო კომპეტენციების ძალიან მცირე ნაწილი”.
შეხვედრების მონაწილეთა მხოლოდ 25% იცნობდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებულ ლიტერატურას. სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს სერტიფიცირების პროცესში მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები, კერძოდ, საგამოცდო პროგრამა, 2012 წლის ტესტი, გადასალახი ბარიერის ზომა, არაადეკვატურად გადაჭარბებულად მიაჩნიათ.
სპორტის სწავლება სკოლებში
მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ სპორტი ადამიანის და, მეტადრე, მოზარდის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი და ხშირად შეუცვლელი “წამალია”. საჯარო თუ კერძო სკოლებში სპორტის სწავლების დაკნინებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებისთვის საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიღო – სწორედ იმ პერიოდში აღირიცხა საქართველოში მოზარდებს შორის ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს წევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
პაატა ვეშაპიძე – მასწავლებლობის ხიბლი და უნარი
“თუ ადამიანს არ უმართლებს და სურს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ბედნიერად იგრძნოს თავი, ის უნდა წავიდეს სკოლაში, სცადოს მასწავლებლობა… თუ ეს სარისკო ნაბიჯი გადადგა, გარანტიას ვაძლევ – ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ იგრძნობს, რომ ბედნიერია და ტყუილად არ მოსულა ამქვეყნად”, – ამბობს გაზეთ “24 საათის” რედაქტორი პაატა ვეშაპიძე, რომელსაც მასწავლებლად მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება აქვს.
– ამ გადასახედიდან, რამდენად ეფექტური იყო სწავლების რამიშვილისეული მეთოდი?
– ჩემი აზრით, ძალიან ეფექტური, იმიტომ რომ ჩვენი სკოლების ყველა კურსდამთავრებულმა შესანიშნავად იცოდა როგორც მშობლიური, ისე გერმანული ენა და კარგად იცოდა მეორე უცხო ენაც. საქართველოში პირველად ამ სკოლებში გაჩნდა ისეთი ტიპის აღმზრდელობითი მიმართულებები, როგორიც არის საზოგადოების ეკოლოგია, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზროვნება და კრიტიკული მსჯელობა ნებისმიერი მოვლენის შესახებ. არ მინდა დაგავიწყდეთ, რომ ეს იყო გაგანია კომუნისტური პერიოდი, 80-იანი წლების დასაწყისი. შემიძლია, ერთი მაგალითიც მოგიყვანოთ ჩემი პრაქტიკიდან: დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვიყავი, როცა ჩემს გაკვეთილზე პირველად შემოვიდა განათლების სამინისტროს ე.წ. კომისია. რას ამოწმებდნენ, არ ვიცი, მაგრამ სკოლებში ხშირი დადიოდნენ ასეთი კომისიები. იმ დღეს გაკვეთილად გვქონდა კრილოვის იგავ-არაკი “ჭრიჭინა და ჭიანჭველა”. დღესაც მახსოვს ორი დამსწრე ქალბატონის შოკირებული სახე, როცა რვა წლის პატარებმა თავისუფლად, ყოველგვარი შაბლონისა და კლიშეს გარეშე დაიწყეს მსჯელობა იმის შესახებ, რა ულმობელია ჭიანჭველა, რომელმაც ჭრიჭინა შიმშილით სიკვდილისთვის გაიმეტა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მთელი ზაფხული მღეროდა. მახსოვს კომისიის ერთ-ერთი წევრის აღშფოთება სამასწავლებლოში, გაკვეთილის შემდეგ, როცა მან დირექტორს განუცხადა, მე ამას ასე არ დავტოვებო. საბედნიეროდ, მაშინ გათავისუფლებას გადავრჩი… სკოლაში კი ასეთი მსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ასე იზრდებოდა ჩვენი ორი ათასზე მეტი მოსწავლე. და, ჩემს შეფასებასაც რომ თავი დავანებოთ, ისინი, ვინც “გერმანული სკოლები” დაამთავრეს, დღეს საზოგადოების წარმატებული წევრები არიან.
როდესაც სკოლა გაფართოვდა, რამდენიმე ნაწილად გაიყო და მე მუშაობა გავაგრძელე მეორე გიმნაზიაში, რომელიც ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ მე, მიშა ჩიკვილაძემ და რეზო ბუთხუზმა. ახალი სახელმძღვანელოებიც კი შევქმენით, თუმცა არ გადაგვიხვევია იმ პრინციპისთვის, რასაც გურამ რამიშვილის მეთოდოლოგია გულისხმობდა.
– ქართულ სინამდვილეში მამაკაცები სკოლაში მასწავლებლად იშვიათად მიდიან. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ?
– ეს შემთხვევით მოხდა. ერთ დღეს, – ზუსტად თუ გნებავთ, 1984 წლის 5 სექტემბერს, – საღამო ხანს, სამსახურში გავუარე ჩემს მეგობრებს, რომლებიც სკოლაში მუშაობდნენ, რათა საერთო მეგობრის დაბადების დღეზე წავსულიყავით. მაშინ გერმანული სკოლა 46-ე სკოლის შენობაში, ბროსეს ქუჩაზე, ფუნქციობდა მეორე ცვლაში.
კიდევ ერთი გაკვეთილია დარჩენილი და ამოდი, სამასწავლებლოში დაგველოდეო. ავედი. სწორედ იმ დროს შემოვიდა სამასწავლებლოში კიდევ ერთი მეგობარი, მიშა მინდაძე, და მითხრა, მეორე კლასში გაკვეთილი ცდება და რაკი უსაქმოდ ხარ, ბარემ შედი, ბავშვები მაინც დააკავეო. ვერც მე და ვერც მოსწავლეებმა ვერ გავიგეთ, როგორ გავიდა ორმოცდახუთი წუთი. მხოლოდ მაშინ მოვედით გონს, როცა კლასში აღელვებული მშობლები შემოვიდნენ. მიუხედავად ფილოლოგიური განათლებისა, მანამდე მართლა ვერ წარმომედგინა სკოლის მასწავლებლობა. მეგობრებმა შემომთავაზეს, გაკვეთილის ჩატარება ისე კარგად გამოგივიდა, ხომ არ ცდიდიო და იმ მეორე კლასს მეათემდე მივყევი. მერე სხვა კლასებიც იყო…
– მცირე ანაზღაურების გარდა, რა აფრთხობთ იმ სპეციალისტებს, რომლებიც სკოლაში მუშაობაზე უარს ამბობენ?
– ვფქრობ, წარმოსახვითი სირთულეები, რომლებიც ბავშვების აზღრდასთან არის დაკავშირებული.
რასაკვირველია, მასწავლებლობა სერიოზული და შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ, ამავე დროს, უდიდესი აღფრთოვანების მომგვრელიც არის. მე ვფიქრობ, თუ ადამიანს არ უმართლებს და სურს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ბედნიერად იგრძნოს თავი, უნდა წავიდეს სკოლაში, სცადოს მასწავლებლობა; თუ ეს სარისკო ნაბიჯი გადადგა, გარანტიას ვაძლევ – ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ იგრძნობს, რომ ბედნიერია და ტყუილად არ მოსულა ამქვეყნად.
– თქვენ რა შეგძინათ სკოლაში გატარებულმა თხუთმეტმა წელმა?
– პირველ რიგში – თავდაჯერება, რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში თავის ფლობის, სწრაფად და სწორად რეაგირების უნარი. ვფიქრობ, ადამიანისთვის, განსაკუთრებით – მამაკაცისთვის ეს აუცილებელია. რაც მთავარია, ჩემს აღსაზრდელებთან ერთად ვისწავლე, რა არის თავისუფლება და პასუხისმგებლობა.
– ის სკოლები, სადაც მე ვმუშაობდი, მართლა განსაკუთრებული იყო – ატმოსფეროთი, პედაგოგებით… სულ ახალგაზრდები ვმუშაობდით. ჩვენ შორის ყველაზე ახალგაზრდა 21 წლის იყო, ყველაზე “ხანდაზმული” მიშა მინდაძე კი – 31 წლის. ჩემი ბავშვობის სკოლაში, რასაკვირველია, იყვნენ ხნიერი მასწავლებლებიც, ძირითადად – შინაბერები… უფრო მკაფიოდ ამ განსხვავებას ერთი ბანალური ფაქტი წარმოაჩენს: ჩემი თაობის ბავშვებს, ისე, როგორც ყველა საბჭოთა მოსწავლეს, გვეგონა, მასწავლებელი ტუალეტში არ დადიოდა, მე კი გაკვეთილზე რომ შევიდოდი და დაფაზე სიტყვის უთქმელად დავწერდი საკონტროლო თემის სათაურს, ჩემი მოსწავლეები ერთხმად ამოიზუზუნებდნენ ხოლმე: “ისევ პახმელიაზე ხართ, პაატა მას?” – უმალვე ამჩნევდნენ, რომ არც მოსმენის თავი მქონდა, არც ლაპარაკის და საკონტროლოსაც ამიტომ ვაწერინებდი.
– და ახლა? რატომ ვერ იძლევა სკოლა სათანადო განათლებას?
– საქართველოში სამოცდაათი ათასზე მეტი პედაგოგია. მათი უმეტესობა იძენს განათლებას, რომელსაც, სამწუხაროდ, მერე აღარ იმაღლებს და ათწლეულების განმავლობაში ერთხელ მიღებულ ცოდნას გასცემს, არადა ამ წლებში ის სფეროც ვითარდება, ცნობიერებაც იცვლება, საზოგადოების უნარ-ჩვევებიც, მოთხოვნებიც… ამ შემთხვევაში პედაგოგი, რომელიც პროფესიული კარიერის დასაწყისში შესაძლოა ძალიან კარგი სპეციალისტიც ყოფილიყო, მოსწავლეებისთვის სრულიად არარელევანტური ხდება. არარელევანტურია მისგან წამოღებული ცოდნაც. ვფიქრობ, დღევანდელი სკოლების მთავარი პრობლემა ეს არის. ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ახალი სახელმძღვანელოებისა და პროგრამების შედგენა დაიწყო, ქართველი პედაგოგები შოკში აღმოჩნდნენ, რადგან ისინი 20-30 წლის წინანდელ ცოდნაში იყვნენ ჩარჩენილნი.
მწერლებს ძალიან აფასებენ – სოლ ბელოუ
თავისი შეხედულებები ხელოვნებაზე კონრადმა ძალიან ზუსტად ჩამოაყალიბა. ის წერს, რომ ხელოვნება ეს არის ცდა იპოვნო ამ სამყაროში, თვითონ მის მატერიასა და ცხოვრებისეულ მოვლენებში რაიმე ფუნდამენტური, არსებითი, წარუვალი. მეთოდი, რომლითაც სარგებლობენ მწერლები, რათა გამონახონ ეს არსებითი რამ, განსხვადება ფილოსოფოსის ან მეცნიერის მეთოდისაგან, რომლებიც, კონრადის სიტყვებით, შეიცნობენ სამყაროს სისტემატური გამოკვლევების მეშვეობით. ამოსავალი წერტილი ხელოვნებისათვის ეს თვითონ იგია: მხოლოდ მაშინ, როცა თავის თავს ჩაუღრმავდება, თავისი “მეს” ფარულ კუთხე-კუნჭულებს, მას ესმის, რისკენ უნდა მოუწოდოს. ის მოუწოდებს, ამბობს კონრადი, ჩვენი არსების იმ ნაწილისკენ, რომელიც ჩვენ გვებოძა, მოგვენიჭა, და არა შევიძინეთ, ჩვენი უნარ-შესაძლებობებისკენ გვიხაროდეს და გვიკვირდეს, ჩვენი სიბრალულისა და თანაგრძნობისაკენ, ყოველივე არსებულისადმი თანაზიარობის ფარული განცდისაკენ – შეიძლება მერყევი, მაგრამ შეუდრეკელი ძმობის რწმენისკენ, რომელიც გააერთიანებს განმარტოებულ გულთა ურიცხვ უმრავლესობას… და გააერთიანებს მთელ კაცობრიობას: მკვდრებს ცოცხლებთან, ხოლო ცოცხლებს კი ჯერ დაუბადებლებთან.
მოლეკულები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს (მეორე ნაწილი)
სუბალპური ზონიდან დაშვებისას გაივლი მდელოს, სადაც სარტყელ და სარტყელ გხვდება უთვალავი ულამაზესი ყვავილი. ერთ-ერთი დაშვებისას მეგობრებმა გადავწყვიტეთ, თითო სახეობის თითო ეგზემპლარი მოგვეწყვიტა. ჩვენი გადაწყვეტილება არცთუ ადვილი შესასრულებელი აღმოჩნდა – სანამ ტყის პირს მივაღწევდით (სადაც მდელო მთავრდება), იმხელა თაიგულები მოგვიგროვდა, ორი ხელით ძლივსღა გვეჭირა… რომ ეთხოვათ, ვინმესთვის მისართმევად აქედან ოცი ყვავილი ამოარჩიეთო, ადვილი წარმოსადგენია, რა რთული ამოცანის წინაშე დავდგებოდით. ვეებერთელა თაიგულიდან, რომელშიც ერთიმეორეზე უკეთესი ყვავილებია თავმოყრილი, ოცის ამორჩევა არ არის ადვილი. რამდენი რამ უნდა გაითვალისწინო: რით სჯობია ერთი მეორეს; შენ კი მოგწონს, მაგრამ ის ხომ სხვისთვის მისართმევად გინდა – მას მოეწონება?.. გიჭირავს ხელში ყვავილების ეს უზარმაზარი კონა და დასცქერი მსაჯულის მზერით… განსჯა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. რთულიც და საპასუხისმგებლოც. მასწავლებლობაც ამიტომ არის მძიმე პროფესია. სწავლება შედარებით ადვილია; შეფასებაა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმე.
ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში უამრავ მოლეკულას შევხვედრივარ, მრავალი მათგანი მომითავსებია “საყვარელი მოლეკულების ქისაში”, მაგრამ როცა ამ ქისიდან ოცის ამორჩევა განვიზრახე, არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა – იმავე მიზეზით, რომელმაც თაიგულიდან ოცი ყვავილის ამორჩევაში შემიშალა ხელი. აქ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი; როცა გინდა, ყვავილი მიართვა ვინმეს, ის ერთია და მისი გემოვნებაც დაახლოებით იცი, მაგრამ როცა საჩუქარს მთელ საზოგადოებას უძღვნი, ერთიათად მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ და ქისიდან ყოველი მოლეკულის ამოღებისას ხელები გიკანკალებს…
მეთერთმეტე ადგილზე ამიაკი მოვათავსე. მას შემდეგ, რაც ამიაკის მიღების მარტივ ხერხს მიაგნეს, ქიმიურ ტექნოლოგიას საშუალება მიეცა, დაემზადებინა იაფი და ეფექტური აზოტოვანი სასუქები. შესაძლოა, დღეს ბევრს აშინებდეს “ნიტრატიანი პროდუქტი”, მაგრამ დედამიწაზე მოსახლეობის ზრდა და სავარგულების ფართობის შემცირება-გამოფიტვა სასუქის გამოყენებას გვაიძულებს. ნუ დავივიწყებთ, რომ როდესაც მოწეული ჭირნახული (ეს სიტყვა “მოსავლის” საუცხოო სინონიმია) სახლში მიგვაქვს, ამით ელემენტთა ბუნებრივ ცირკულაციას უხეშად ვარღვევთ და ნიადაგის გამოფიტვას ვუწყობთ ხელს. ამიაკს მრავალ სხვა დარგშიც იყენებენ. სადღეისოდ მისი წლიური წარმოება 100 მილიონ ტონას აღემატება.
მეთორმეტე ადგილი მორფინს უნდა მივაკუთვნოთ. იგი ერთ-ერთი პირველი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც 1804 წელს გამოყო გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ სერტიუნერმა. მას შემდეგ ტკივილგამაყუჩებელთა ჯგუფის არაერთი პრეპარატი იქნა აღმოჩენილი და მიღებული, მაგრამ ტერმინალური პაციენტების ერთ-ერთ მთავარ “მეოხად” დღემდე მორფინი რჩება.
მეცამეტე ადგილზე, მინდა, რკინა დავასახელო. ჩვენ გარშემო არსებული მეტალის კონსტრუქციებისა თუ მასალების 90% რკინას შეიცავს. იგი ერთ-ერთი “უძველესი” მეტალია (აღმოჩენილია 3500 წლის წინ), რომელმაც სახე უცვალა ადამიანის ყოფას. მისი წყალობით ადამიანს მიწაზე შრომა გაუადვილდა, მიეცა ქვისა და კლდის დამუშავების, საცხოვრისის გაუმჯობესების, პირამიდებისა და ტაძრების აშენების, უფრო ეფექტური სანადირო იარაღების შექმნის საშუალება… თუმცა რკინამ ადამიანი უფრო აგრესიულიც გახადა. მისი მეოხებით უამრავი სისხლი დაიღვარა… ადამიანის გონმა აღმოაჩინა რკინა და… არაერთი ადამიანის გონმა დაამთავრა სიცოცხლე გილიოტინაზე.
მეთოთხმეტე ადგილს ეთანოლს მივაკუთვნებ. უმრავლესობა მას ღვინის სპირტის სახელით იცნობს. ეს ერთადერთი ქიმიური ნაერთია, რომელსაც მითოლოგიაში ღმერთებიც კი ჰყავს – დიოგენე და ბახუსი. სხვადასხვა ადგილას, დამზადების სხვადასხვა მეთოდით (უფრო “ქიმიურად” რომ ვთქვათ, ტექნოლოგიით) მიღებულ ღვინოს სხვადასხვა გემო, არომატი, ფერი აქვს, მაგრამ ადამიანზე ყველა ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს. თუ თავი გიბრუით, მხედველობა გაორებული გაქვთ ან კარგ გუნებაზე ხართ და ირგვლივ ყველაფერი მშვენიერი გეჩვენებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს სისხლში ეთანოლის მოლეკულები მოხვედრილა და ტვინში გავლისას მის უჯრედებს “უღიტინებს”.
მეთხუთმეტე ადგილზე გოგირდმჟავაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გოგირდმჟავას წარმოების რაოდენობა ქვეყნის ეკონომიური განვითარების ინდიკატორია. მას ხშირად „ქიმიკატების მეფესაც” უწოდებენ. ძნელია პროდუქციის დასახელება, რომლის წარმოებაშიც გოგირდმჟავას უშუალოდ ან ირიბად არ იყენებდნენ. გოგირდმჟავა მერვე საუკუნეში აღმოაჩინეს, მაგრამ საწარმოო მასშტაბი 1746 წლიდან შეიძინა. სადღეისოდ მისი წარმოება წელიწადში 193 მილიონ ტონას აღემატება.
მეთექვსმეტე ადგილზე მოვათავსე მედიკამენტი პროგესტინი. იგი ერთ-ერთი პირველი სინთეზური ჰორმონია (1951 წ.), რომელიც ადამიანის მიერ იქნა სინთეზირებული. ამ ჰორმონმა საგრძნობლად შეცვალა ადამიანის ყოფა, იხსნა ქალი მრავალი მტკივნეული თუ არასასურველი მომენტისგან, მაგრამ, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს – ამ პრეპარატის ბუმის დროს, 1965-1995 წლებში, შობადობა 4.9-დან 2.8-მდე შემცირდა.
ჩემი მოლეკულების სიაში მეჩვიდმეტე ადგილი მინდა ნახშირბადის დიოქსიდს დავუთმო. დღეს მის ხსნებაზე ბევრს, განსაკუთრებით – ეკოლოგებს, შიში იპყრობს და გლობალური დათბობა ახსენდება, მაგრამ ნახშირბადის დიოქსიდის როლი სამყაროში გაცილებით დიდია და ეს „წვრილმანი” ნაკლი მის დიდებას ვერაფერს აკლებს. ნახშირბადის დიოქსიდისადმი დიდი პატივისცემა „გაზიანი” სასმელების დამსახურება არ გეგონოთ; მას უზარმაზარი გამოყენება აქვს ინდუსტრიასა და ტექნიკაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე იაფ ნედლეულს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ძირითადი ნედლეულია ფოტოსინთეზით ჩვენი მაცოცხლებელი ჟანგბადის „საწარმოებლად”.
ადამიანი მუდამ ფერადოვნებისკენ ისწრაფოდა. იყო დრო, როცა ფერადი (შეღებილი) ტანსაცმელი ადამიანის იერარქიულ მდგომარეობაზეც კი მიუთითებდა. მისწრაფებამ, მასაც ჰქონოდა ფერადი ტანსაცმელი, გამოქვაბულისა თუ ტაძრის კედლები ფერადი საღებავებით მოეხატა, ადამიანი ანილინის აღმოჩენამდე მიიყვანა. მერე კი მისი გამოყენების იაფი მეთოდის მიგნებამ (ზინინი, გრისი) უზარმაზარი ნახტომი გააკეთებინა ქიმიურ ინდუსტრიას. სწორედ საღებრებისა და ტექნოლოგიის დამსახურებაა, რომ ფარმაცევტულმა ქიმიამ, კვების ქიმიამ თუ ქიმიის სხვა ქვედარგებმა განვითარების ამ დონეს მიაღწიეს, ამიტომ რჩეულთა რიგში ანილინი, ამაყად თავაწეული, მეთვრამეტე წევრად დგას.
იყო დრო, როცა ატმოსფეროში ჟანგბადი არ არსებობდა. მაშინ კაცობრიობაც სხვანაირი იყო – „უჟანგბადო”. მაშინ ვერავის ეტყოდნენ, ღრმად ისუნთქეო. გაჩნდა დედამიწაზე ჟანგბადი და გაჩნდა სიცოცხლეც იმ ფორმით, რასაც ჩვენ „სიცოცხლეს” ვეძახით. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რჩეულთა სიაში ჟანგბადიც უნდა შედიოდეს.








