სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები
წიგნიერების ტრადიციული და ახალი სახეები
თეო ნეფარიძე
უძველეს ცივილიზაციებში წიგნიერება პიქტოგრამებისა და სასცენო კოლაჟების ამოკითხვას, ამ გამომსახველობითი ფორმებით წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებასა და გააზრებას მოითხოვდა. შუმერულ და ასურულ ცივილიზაციებში ამ უნარ-ჩვევას მხოლოდ მეცნიერთა და სასულიერო პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ფლობდა. მოგვიანებით, კლასიკურ საბერძნეთსა და რომში, წერა-კითხვა და საბაზისო მათემატიკური კომპეტენცია საზოგადოების შეძლებული ფენის პრივილეგია გახდა. შემდეგ, შუა საუკუნეების ევროპაში, სასულიერო სწავლების გავრცელებას, რენესანსსა და ბეჭდვითი ტექნიკის განვითარებას წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის მატება მოჰყვა, მე-19 და მე-20 საუკუნეებში კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სავალდებული სასკოლო განათლების პოლიტიკამ წერა-კითხვის ფართო მასებში გავრცელება მოიტანა.
ტრადიციული განსაზღვრების თანახმად, წიგნიერება წერილობითი და სამეტყველო ენის აქტიურად და პასიურად ფლობას _ წერა-კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარს _ მოიცავს. წიგნიერების ტრადიციული ფორმის, წერა-კითხვის უნარის ცნება რამდენიმე ქვეუნარს აერთიანებს, მათ შორის _ ფონოლოგიის ცოდნას, ფონეტიკას, ლექსიკას, ტექსტის გააზრებას.
უკანასკნელ საუკუნეებში თავჩენილმა განვითარების ტენდენციებმა, განსაკუთრებით _ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, წიგნიერების ტრადიციული ცნების გადააზრება და გამდიდრება, წიგნიერების სტანდარტების დახვეწა განაპირობა. პირველ რიგში, მოკლედ გავეცნოთ, განვითარების რა ეტაპები გაიარა წიგნიერების ცნებამ და წიგნიერების რა ფორმები გაჩნდა განვლილი საუკუნის განმავლობაში, ბოლოს კი განვიხილოთ, რა გავლენა მოახდინა საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა, კომპიუტერისა და ინტერნეტის გავრცელებამ წიგნიერების ფორმების გარდაქმნაზე, წიგნიერების ხარისხზე.
მეოცე საუკუნის განმავლობაში გლობალური მობილობის ზრდამ, მიგრაციისა და ემიგრაციის, დროებითი გადაადგილების, ტურიზმის, სამსახურებრივი საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებლების ჩათვლით, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გააქტიურებამ, წიგნიერების სამ ახალ სახეს დაუდო სათავე: კულტურულს, მულტიკულტურულსა და ბილინგვურს.
კულტურული წიგნიერება კულტურათაშორისი მსგავსებებისა და განსხვავებების, ტრადიციების, ღირებულებების, წეს-ჩვეულებების გაცნობიერებას და დაფასებას გულისხმობს, ხოლო მულტიკულტურული _ რამდენიმე კულტურის შემეცნებას და მულტიკულტურულ გარემოში ფუნქციობის უნარ-ჩვევებს. სწორედ მულტიკულტურული წიგნიერება ედება საფუძვლად წიგნიერების კიდევ ერთ ახალ სახეს _ ბილინგვურ წიგნიერებას, რომელიც რამდენიმე ენაზე წერა-კითხვისა და სრულყოფილი ფუნქციობის აუცილებლობას წარმოადგენს.
თანამედროვე, გლობალიზებულ სამყაროში მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ერთხელ მაინც ჰქონია რაიმე სახის ინტერაქცია სხვა ქვეყნისა თუ კულტურის წარმომადგენელთან. რაც შეეხება რეგულარულ კულტურათაშორის ურთიერთობებს, ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, 200 მილიონი კაცია დასაქმებული მულტინაციონალურ კორპორაციებში, ხოლო დაახლოებით 400 მილიონი სამუშაოზე იყენებს ინგლისურ ენას. მსგავსი სტატისტიკა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მულტიკულტურული ცნობადობა/წიგნიერება და ბილინგვური წიგნიერება ისევე მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე მსოფლიოში, როგორც მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა და საბაზისო მათემატიკური კომპეტენციების ფლობა.
ეს არის დღევანდელი რეალობა, თუმცა მსოფლიოში მრავალი ადამიანი გამოდის გლობალიზაციის ამ ტენდენციების წინააღმდეგ და ანტიგლობალისტთა ჯგუფებს უერთდება. მათი მოსაზრებით, მულტიკულტურული გარემო შთანთქავს ადგილობივ კულტურებს, ხოლო ბილინგვიზმი თუ მრავალენოვნება აკნინებს მსოფლიოს მრავალ ადგილობრივ ენას, რაც ეროვნული იდენტობის დაკნინებასა და გაქრობას განაპირობებს.
ამდენად, განათლების მესვეურთათვის ყველაზე საინტერესო უნდა იყოს წიგნიერების დონის ამაღლების იმ გზების პოვნა, რითაც შეიძლება ხელი შევუწყოთ მულტიკულტურული ცნობიერების გაღრმავებას, ბილინგვური წიგნიერების ჩამოყალიბებას და იმავდროულად ადგილობრივი იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნებას.
მულტიკულტურული ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთი ფორმა ბავშვის ადრეული განვითარების ეტაპზე, სკოლამდელი განათლებისა და ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, ადგილობრივი და უცხოური მითების, იგავებისა და ზღაპრების გაცნობა, გააზრება, მათი შედარება და მათზე მსჯელობა შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე ბავშვი უნივერსალურ, ისევე როგორც იდიოსინკრეტულ კულტურულ ღირებულებებს განასხვავებს და შეიმეცნებს. ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურებზე მულტიკულტურული წიგნიერების ამაღლება და გაღრმავება სხვადასხვა ქვეყნის მწერლობის (და სხვა გამომსახველობით ფორმების) მეშვეობით ხორციელდება.
მულტიკულტურული ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთ საშუალებად ბილინგვიზმიც მიიჩნევა, თუმცა ბილინგვური წიგნიერების მნიშვნელობა ამით არ შემოიფარგლება, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ორენოვნება ფაქტობრივად სასიცოცხლო, ფუნქციური უნარ-ჩვევების შემადგენელი ნაწილი გახდა. ამდენად, მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკის შემქმნელთა შორის დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა სკოლაში სავალდებულო მეორე ან უცხო ენის შერჩევის, სტანდარტისა და პროგრამის ხანგრძლივობის, სირთულისა და ინტენსივობის დადგენის, ისევე როგორც შემსწავლელთა საუკეთესო ასაკობრივი ჯგუფის გამოვლენის თაობაზე.
მეოცე საუკუნის ბოლოს, საინფორმაციო ხანის დასაწყისიდან, წიგნიერების კიდევ რამდენიმე ახალი ფორმა გაჩნდა _ საინფორმაციო წიგნიერება, მედიაწიგნიერება და ვიზუალური წიგნიერება.
მედია- და ვიზუალური წიგნიერების გაჩენა ინფორმაციის გავრცელებისა და ახალი საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვამ განაპირობა. წერილის დასაწყისში ვახსენე, რა ფორმით არსებობდა ვიზუალური წიგნიერება უძველეს ცივილიზაციებში (პიქტოგრამების შექმნა და გარჩევა), სადაც ამ უნარ-ჩვევას მეცნიერთა და სქოლასტიკოსთა ძალიან მცირე ნაწილი ფლობდა. მეოცე საუკუნეში კი ტელევიზორის გამოგონებამ და გავრცელებამ ვიზუალური წიგნიერების პასიური ფორმა (ვიზუალური იმიჯის აღქმის უნარი) მოსახლეობის ფართო ფენების უნარ-ჩვევად აქცია. ვიზუალური წიგნიერების აქტიური ფორმა (ვიზუალური იმიჯის შექმნის უნარი) კი წიგნიერების უახლესი ტენდენციის, ციფრული წიგნიერების მოთხოვნად იქცა, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.
საინფორმაციო წიგნიერება საკომუნიკაციო საშუალებებისა და მასმედიის განვითარების თანამდევ უნარ-ჩვევად ჩამოყალიბდა და ექვს კომპონენტს მოიცავს: საჭიროების გამოვლენას, ინფორმაციის მოკვლევის სტრატეგიების ფლობას, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვებას, ინფორმაციის ეფექტურად შესწავლას, ინფორმაციის სინთეზსა და გამოყენებას, მოპოვებული ინფორმაციით მიღებული შედეგის შეფასებას. ერთი მხრივ, საინფორმაციო ხანაში წიგნიერების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა საინფორმაციო წყაროების ხელმისაწვდომობასთანაა კავშირში. მეორე მხრივ, ინფორმაციის მოზღვავებამ თანამედროვე ფორმალური განათლების სისტემებს სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა. პირველ რიგში, ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობაში დიდი სხვაობის გამო გაიზარდა განსხვავებები განათლების ხარისხში, ფაქტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები არაპრაქტიკული გახდა, გაიზარდა კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის, გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევების მნიშვნელობა. შეიცვალა მასწავლებლის როლიც _ ყოვლისმცოდნე დიდაქტიკოსის ფუნქციები მენტორის, მხარდამჭერისა და მრჩევლის ფუნქციებმა შეცვალა. გაკვეთილი კი იქცა პროცესად, სადაც ყველა კოლაბორაციულად სწავლობს, მათ შორის _ მასწავლებელიც. ამდენად, აუცილებელი გახდა გაკვეთილისა თუ სასწავლო გეგმის ისე შედგენა, რომ მოსაწავლემ შეიძინოს სწავლის ეფექტური სტრატეგიები, რაც შემდგომში პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების, ინფომაციის მოპოვების, აღმოჩენებისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას მისცემს.
მედიასაშუალებების გავრცელებას, ზემოაღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, ფორმალურ განათლებაში განსაზღვრული საფრთხეების განხილვა მოჰყვა, რაც, უპირველეს ყოვლისა, წიგნიერების დონის დაქვეითების შიშით გამოიხატებოდა. წიგნიერების ახალი ფორმების მომხრენი კი ფიქრობენ, რომ მედიაწიგნიერება არ ნიშნავს წიგნის გადაგდებას და შექსპირის სპილბერგით ჩანაცვლებას.
დღეს, ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოში, ტექნოლოგიურმა წინსვლამ ინფორმაციისა და ცოდნის შეძენისა და გადაცემის ფორმები სრულიად შეცვალა. კომპიუტერი და ინტერნეტი სასწავლო პროცესის აუცილებელი ნაწილი გახდა, ციფრული წიგნიერების მოთხოვნა სასწავლო გეგმებში აისახა.
ციფრული წიგნიერების ცნება პირველად პოლ გლისტემა გამოიყენა 1997 წელს. მისი განსაზღვრებით, ციფრული წიგნიერება ინფორმაციის სხვადასხვა ციფრული წყაროდან მიღებასა და გამოყენებას გულისხმობდა. “ცოდნის საზოგადოებაში” ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მიღება აუცილებელი ფუნქციონალური უნარ-ჩვევაა. მოგვიანებით ციფრული წიგნიერების ცნება უფრო მეტად გაფართოვდა და ტექნოლოგიების მეშვეობით პროდუქტის შექმნაც მოიცვა.
პრაქტიკაში ციფრული წიგნიერება მრავალ ახალ მოთხოვნას უყენებს თანამედროვე მასწავლებელს. დღეს საკმარისი აღარ არის, გეოგრაფიის მასწავლებელმა ისაუბროს ამა თუ იმ ქვეყანაზე და მიუთითოს მისი მდებარეობა რუკაზე. დღეს მასწავლებელს უკვე შეუძლია, თავის პრეზენტაციას დაურთოს ვიდეომასალა, დაგეგმოს პირდაპირი ჩართვა, აჩვენოს მოსწავლეებს ვირტუალური მუზეუმი, განახორციელოს ტელეხიდი ამავე ქვეყნის თანატოლებთან.
ტექნოლოგიური/ციფრული წიგნიერების სრულფასოვან აღქმაში ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტური იერარქია დაგვეხმარება, სადაც წიგნიერების ამ უახლეს სახეს იერარქიის ყველა დონეზე დავინახავთ კონკრეტული უნარ-ჩვევების სახით.
ბლუმის ციფრული ტაქსონომია
ბლუმის ციფრული ტაქსონომია, ავტორი ენდრიუ ჩარლზი, 2008 წელი
დიაგრამაზე ვხედავთ, რომ ციფრული წიგნიერების ცნებები და კომპეტენციები ბლუმის ტაქსონომიის ყველა დონეზე აისახება.
ლეგენდა კაცობრიობაზე – პერ ლაგერკვისტი
გულითად მადლობას ვუძღვნი შვედეთის აკადემიას ლიტერატურის დარგში ჩემთვის ნობელის პრემიის მონიჭებისათვის. ეს იმდენად დიდი პატივია, რომ ძალაუნებურად იბადება კითხვა, დაიმსახურე თუ არა იგი. თუმცა ვერ ვბედავ ჩემს თავს ეს კითხვა დავუსვა, მონაწილეობა არ მიმიღია ამ გადაწყვეტილებაში, და არ შემიძლია მასზე პასუხისმგებლობა ავიღო. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ჩემს პატივცემულ კოლეგებს, რისთვისაც მათ მადლობას ვწირავ.
აქ დღეს უკვე მოვისმინეთ ბევრი შესანიშნავი გამოსვლა, ამდენად, აღარ გამოვალ სიტყვით და წავიკითხავ ნაწყვეტს ჩემი გამოუქვეყნებელი წიგნიდან. მოხდა ისე, რომ, როდესაც ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ამ სადღესასწაულო შემთხვევასთან დაკავშირებით, უჩვეულო რამ დამემართა. ვიპოვე ჯერ კიდევ 1922 წელს, ოცდაცხრა წლის წინათ, დაწერილი ჩემი ერთი ძველი ხელნაწერი. როდესაც მას ვკითხულობდი, წავაწყდი ნაწყვეტს, რომელიც სრულად გამოხატავდა იმას, რისი თქმაც მსურდა. იგი დაწერილია, როგორც მოთხრობა და უეჭველია, რომ ყოველგვარ სიტყვაზე უკეთესი იქნება. მასში ლაპარაკია ჩვენი ცხოვრების გამოცანაზე, რომელიც კაცობრიობის ბედს ასეთ დიადსა და მძიმეს ხდის. წიგნი დაწერილია თითქმის ოცდაათი წლის წინათ პირენეებში, პატარა სოფელში ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, ახლა წაგიკითხავთ – შევეცდები, რაც შეიძლება უკეთესად მის დასაწყისს.
უსათაუროდ…
ბავშვობიდან მიყვარს ძველი ჟურნალ-გაზეთების კითხვა. თუ სადმე დაჭმუჭნილ, გაყვითლებულ ფურცელს, თუნდაც ნაგლეჯს წავაწყდი, სიამოვნებით ვათვალიერებ. ვკითხულობ ყველაფერს, განურჩევლად თემისა – პოლიტიკაზეა (თუმცა წინათ მასზე ძალიან ცოტა იწერებოდა, თუ არ ჩავთვლით პარტიის ყრილობათა ანგარიშებს) თუ ეკონომიკაზე, შრომით კოლექტივებსა თუ სპორტზე. კოლექტიურ მიმართვის წერილებსაც კი (ასეთებიც ხდებოდა ადრე) ვეცნობი.
ხევსურული ფერები
მარი მეტრაიეზე მომიყოლია? ამ შესანიშნავ შვეიცარიელ ქალზე, თავისი პატარა ევოლენის სულსა და გულზე, ადამიანზე, რომელმაც მარტოობა და მარტოობაში გაზრდა, სულიერი გაზრდა გაბედა? ჩემს უსაყვარლეს წიგნში „ღიმილის მტვერი”, რომელიც სწორედ მარი მეტრაიესა და მარი-მაგდალენ ბრუმანის დღიურს წარმოადგენს, მარი მეტრაიე ერთგან შვეიცარიულ მაქმანებსა და სამოსზე საუბრობს, მაქმანებზე, რომელთაც მათ შემქმნელ მარჯვე ხელებთან ერთად თითქოს ადგილიცა და დანიშნულებაც დაუკარგავთ.
ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა ხევსურმა მეგობარმა, ნიჭიერმა პოეტმა გიორგი არაბულმა, მამამისის, შოთა არაბულის მიერ შედგენილი ხელნაწერი ბროშურა მაჩვენა, სადაც ხევსურულ კერძებთან ერთად ძაფის ბუნებრივი ღებვის ხევსურული წესებიც არის აღწერილი.
ხევსურეთში მიწასთან სულ სხვაგვარი კავშირი იგრძნობა, დაახლოებით ისეთი, რითაც პირველყოფილი ადამიანი დაუკავშირდა გამოქვაბულის კედელს, რომელზეც უძველესი ნადირობის სცენები მიახატა, დაახლოებით ისეთი, როგორი ბუნებრიობითაც ჭიანჭველები და ჩიტები იშენებენ ბუდეს, ანდა ფუტკრები – სკას.
მომინდა, თქვენთვისაც გამეზიარებინა ხევსურული ფერების საიდუმლო, უფრო სწორად, ნაწილი ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერიდან. ვფიქრობ, ეთნოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამოადგება და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დაანახვებს სასწაულს ღმერთისა, რომელმაც სამყარო „უთვალავი ფერითა” შექმნა, ხოლო იმისთვის, რაც ნაცრისფერია, ბუნებრივი საღებავები მოგვცა.
წითელი
„ენდროს გავახმობთ, დავფქვავთ და ქილაში ჩავყრით, დავასხამთ ცხელ წყალს და სამ კვირამდე გავაჩერებთ. შემდეგ ენდროს მოვხარშავთ. ერთ წონა შაბსა და ერთ წონა ძაფს ერთად მოვადუღებთ, მერე ჩავდებთ მოხარშულ ენდროში და კიდევ წამოვადუღებთ. თუ მუქი წითელი გვინდა, როცა გაცივდება, ძაფს ამოვიღებთ, დარჩენილ წვენში ახლად დამბალ ჭიაფერს ჩავყრით და შიგ გავავლებთ ძაფს”.
ნარინჯისფერი
„ნარინჯისფრად იღებება ნარინჯის მერქანში, ან თრიმლის გულში. ხის გულს ჩავთლით, დავჩეჩქვავთ და ერთ ღამეს ვხარშავთ. მეორე დღეს კიდევ წამოვადუღებთ და შიგ ძაფს ჩავდებთ. ცოტა ხანი რომ წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოვდგამთ და ძაფს შიგვე გავაცივებთ. დროდადრო ძაფს ამოვიღებთ, რათა ნიავმა გაუაროს და ისევ ჩავუშვებთ. ბოლოს ნაცრით დავდედავთ და გავრეცხავთ”.
ყვითელი
„თრიმლს მოვხარშავთ, წვენს რომ გამოუშვებს, გადავწურავთ, მივცემთ ძაღასა და ერთ მუჭა თეთრ შაბს. კიდევ წამოვადუღებთ და შიგ ძაფს ჩავუშვებთ. ან ღოლოს ძირებს გავრეცხავთ და შესაღებ ძაფთან ერთად წამოვადუღებთ. შიგვე წავაყრით ნაცარს და შევღებავთ”.
ლურჯი
„ანწლის მარცვლებს ქვაბში ჩავჭყლეტთ, დავასხამთ ცოტაოდენ წყალს და ჩავდებთ შიგ შესაღებ ძაფს. ამ პროცესს სამჯერ გავიმეორებთ”.
ცისფერი
„წამოვადუღებთ ნაცართვალს, გადავწურავთ ქვაბში და ჩავუშვებთ შიგ პატარა პარკუჭში გამოკრულ ლილას, რომელსაც ორი-სამი დღე გავაჩერებთ, ლილას რომ ამოვიღებთ, ორ-სამ კვირას დავაცდით, სანამ მტუტა არ მოერევა, ჩავუშვებთ შიგ ძაფს, ამოვავლებთ და გავკიდებთ ქვაბის თავზე, რომ ჩაიწრიტოს. როცა გაშრება, კიდევ ამოვავლებთ , რამდენჯერმე გავიმეორებთ, სანამ სასურველ ფერს არ მიიღებს. ამის შემდეგ მოვადუღებთ თავშავა ბალახს და როცა წვენი მუქ ფერს მიიღებს, წიდას ვუზამთ და მზეზე დავდგამთ. შეღებილ ძაფს თავშავას წვენში სამჯერ გავავლებთ , გავაშრობთ და გავრეცხავთ”.
მწვანე
„ბუერას ფოთლებს ვხარშავთ ერთ-ორ საათს, შემდეგ ჩავდებთ შიგ ძაფს და ერთ საათამდე გავაჩერებთ. ამოვიღებთ და ჯერ კიდევ ცხელს ძველ მწურეში ჩავდებთ. მზიან ამინდში მწურეში რამდენჯერმე ამოვავლებთ გადავაბრუნ-გადმოვაბრუნებთ, ბოლოს ამოვიღებთ, გავაშრობთ, გავრეცხავთ და გავაშრობთ”.
შავი
„მურყნის ქერქი ხარშვისაგან რომ გათეთრდება და წყალი შავ ფერს მიიღებს, გადავწურავთ და შიგ ძაფს ჩავუშვებთ, რომელიც წინასწარ ძაღაში ან ჭვარტლში არის გავლებული”.
ნარგიზისფერი
„მაჟალოს კარგად წამოვადუღებთ და წვენს ერთხელ და ოთხჯერ გადავწურავთ. გადაწურულს კიდევ წამოვადუღებთ, დავამატებთ ძაღას და ჩავდებთ შიგ ძაფს”.
თვალი გადაავლეთ ბუნებრივ ფერებს, იმოგზაურეთ ხევსურეთში და შეიღებეთ თვალსაწიერი ხევსურეთის ულამაზესი პეიზაჟებით, მთებით, ველებითა და უძველესი ციხესიმაგრეებით.
კრეატიულობის ინვესტიციის თეორია: იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად
მანანა ბოჭორიშვილი
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – ფსიქოლოგებს შორის არ არსებობს ერთსულოვნება კრეატიულობის ცნების განსაზღვრისას,თუმცა არსებობს გარკვეული დებულებები, რომლებიც ყველა მათგანისთვის საერთოა. კრეატიულობა მიიჩნევა შაბლონური აზროვნების საწინააღმდეგო მიმართულებად. ეს არის ინდივიდისა და კულტურისთვის რაიმე ახლის შექმნის უნარი. იგი თავიდან გვაცილებს ბანალურ, მარტივ იდეებს და ხელს უწყობს ორიგინალური გადაწყვეტილებების ძიებასა და დაბადებას.
ამ საკითხის შესახებ ლიტერატურის მიმოხილვისას აღმოაჩენთ, რომ:
. ფსიქოლოგიაში კრეატიულობა ხშირად შემოქმედებითი აზროვნების სინონიმად იხმარება;
. ეს ცნება გულისხმობს აზროვნების პროცესის შედეგად მიღებულ ისეთ პროდუქტს, რომელიც სრულიად ახალია პიროვნების ინდივიდუალური გამოცდილებისთვის ან საზოგადო ცოდნის დონისთვის;
. ტერმინი “კრეატიულობა” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან creation, რაც “რაიმეს შექმნას”ნიშნავს;
. კრეატიულობა გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, შექმნას ახალი, ორიგინალური პროდუქტი თავისი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში;
. ეს არის არაშაბლონური აზროვნება, რომლის წყალობითაც პიროვნებას შეუძლია, თითქოსდა ჩვეულებრივსა და გასაგებ მოვლენებში რაღაც უჩვეულო დაინახოს.
საყოველთაოდ აღიარებულია: კრეატიულობა რომ არა, არ იარსებებდა აინშტაინის, გალილეის, მენდელეევის, არქიმედეს და სხვათა გენიალური აღმოჩენები. მათ შეძლეს, არსებულ ცოდნაში ნაკლოვანებები და დისჰარმონია დაენახათ და, აქედან გამომდინარე, დასვეს უმნიშვნელოვანესი კითხვა:
– რატომ?
კრეატიულობა შემდგომ განვითარებას სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას პოვებს. შემოქმედებითი აზროვნების საშუალებით პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და სხვადასხვა მკვლევარი(უოლსი, გორდონი, ენგელფეიმერი)მისი ფაზების განსხვავებულ კლასიფიკაციას გვთავაზობს. ზოგადად, ამ ავტორებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვყოთ შემოქმედებითი აზროვნების პროცესის შემდეგი ეტაპები:
- მომზადების ეტაპი – განსაკუთრებით გონებრივი აქტივობის მდგომარეობა, რომელიც ახალი იდეის წარმოშობის წინა პირობას წარმოადგენს;
- მომწიფების ეტაპი – პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი, წარმმართავი იდეის ინკუბაცია;
- შთაგონების ეტაპი – ინკუბაციის შედეგად ცნობიერდება აღმოჩენა (ახალი მიმართებების უეცარი წვდომა);
- იდეის განვითარება – იდეის საბოლოო ფორმულირება და შემოწმება.
რა განსაზღვრავს ადამიანის კრეატიულობას? რატომ არის,რომ ზოგი მეტად კრეატიულია, ზოგი კი ნაკლებად?ჩვენ ხშირად გვგონია,რომ კრეატიული ადამიანები რაღაც იშვიათი და სხვებისთვის მიუწვდომელი შესაძლებლობებით არიან დაჯილდოებულნი,მაგრამ ასე არ არის.კრეატიულია პიროვნება,რომელიც გადაწყვეტილებას იღებს. იდეების სამყაროში ასეთი ადამიანები “პროდუქტს იაფად ყიდულობენ და მოგვიანებით ძვირად ყიდიან”.
ქვემოთ ჯერ კრეატიულობის იდეას აღვწერთ,რომელიც ინვესტიციის თეორიის სახითაა ჩამოყალიბებული, მერე კი შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც სწავლების დროს მოსწავლეებისა და საკუთრივ თქვენი კრეატიულობის განვითარების ხელშეწყობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კრეატიულობის ინვესტიციის თეორია – იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად (Sternberg & Lubart,1995) – ამტკიცებს, რომ კრეატიულად მოაზროვნე ადამიანები კარგ ინვესტორებს ჰგვანან: ისინი პროდუქტს იაფად ყიდულობენ, მერე კი ძვირად ყიდიან.
პედაგოგიკასთან, სწავლების მეთოდიკასთან მიმართებით კრეატიულობაზე საუბრისას საინტერესოა იმ კორელაციის განხილვა, რაც არსებობს მასწავლებლის კრეატიულობასა და სწავლების მეთოდიკას შორის. მაშ,მოდი, განვიხილოთ კრეატიულობის ინვესტიციის თეორია – იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად – ჩვეულებრივ, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.
მახსოვს, 2001 წელი იდგა. საქართველოს სკოლებში სკოლის ბაზაზე პედაგოგების პროფესიული განვითარების სემინარები ტარდებოდა. სკოლები სკოლის განვითარების პროექტებზე მუშაობდნენ. მთელ რიგ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს განვიხილავდით… ერთ-ერთმა სოფლის მასწავლებელმა (სამწუხაროდ, სახელი და გვარი არ მახსოვს) მოკრძალებით გაგვიზიარა თავისი გამოცდილება. მან აღნიშნა:
“მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობ ბუნებისმცოდნეობის სწავლებას, მაგრამ ყველას მოგეხსენებათ, რა რთულია ამ საგნის სახელმძღვანელოები- ტექსტები დიდია, ილუსტრაცია – ცოტა, კითხვები – რთული…მოსწავლეები ითრგუნებიან,მე კი ეს ძალიან მადარდებს. ამაზე რამდენიმე წელი ვფიქრობდი. ბოლოს მე თვითონ მოვიფიქრე სავარჯიშოები და გაკვეთილების გახალისება ვცადე. ერთ მაგალითს მოვიყვან:მე-4 კლასის ბუნების წიგნში არის გაკვეთილი “ტყე”. ამ პარაგრაფში განმარტებულია ტყის ცნება, აღწერილია ტყის ტიპები, მისი იარუსები და ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებული კვებითი კავშირები. ტექსტი დიდია, რთული და ილუსტრაციებით ღარიბი. ერთ საღამოს სახლს ვალაგებდი, ჩემი შვილიშვილის ალბომი მაგიდიდან ავიღე და თაროზე დავდე.უცებ იდეა დამებადა:ავიღე ჩვეულებრივი თაბახის ფურცლები,თითოეულ მათგანზე ჩვეულებრივი ფანქრით დავხატე ნაძვის ან მუხის კონტური,ავიღე ჩემი შვილიშვილების ალბომი “გავაფერადოთ”,რომელშიც ასევე კონტურული ნახატები იყო – ფრინველებისა, ცხოველებისა, ყვავილებისა, ბუჩქებისა – და სკოლაში წავიღე. ხატვის გაკვეთილზე მოსწავლეებს გავაფერადებინე, შრომის გაკვეთილზე გამოვაჭრევინე და მეორე დღისთვის შევინახე.
მეორე დღეს ბუნების გაკვეთილზე ერთმანეთს მივადგი ორი მერხი, ჩემი შვიდივე მოსწავლე ერთად დავსვი და “ტყის გაშენება”დავავალე. მივეცი წინა დღეს გაფერადებული და გამოჭრილი მასალები, კედლის გაზეთისთვის შეძენილი დიდი ფორმატის ქაღალდი, ფქვილისა და წყლისგან ჩემივე ხელით მომზადებული წებო და მოსწავლეები “ტყის გაშენებას” შეუდგნენ: ჯერ ხეები”დარგეს” (დააწებეს), მერე ბუჩქები, ყვავილები და სოკოები მოისაკლისეს და ხელით მიახატეს აქა-იქ. ბოლოს ჯერი ფრინველებსა და ცხოველებზე მიდგა. ხეზე დაასკუპეს კოდალა, შაშვი,ბულბული… ერთ ყველაზე დიდ ხეს მიაწებეს ფუღურო, საიდანაც ციყვი იყურებოდა. არც ჩიტის ბუდე დავიწყებიათ… ძლივს შეურჩიეს ადგილი ირემს, კურდღელი ბუჩქთან დაასკუპეს, მელია კი ხეს ოსტატურად ამოაფარეს… ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სერიოზული დისკუსია გამართეს: უნდა ყოფილიყო თუ არა”მათ” ტყეში მგელი.ბოლოს ერთი გოგონას იდეამ გაიმარჯვა და მგელს ტყის განაპირას მხოლოდ თავი შემოაყოფინეს… ცა ცისფრად გააფერადეს,მზე მიახატეს… მაკეტი კედელზე გავაკარით და იმ დამოკიდებულებაზე ვიმსჯელეთ, რაც ამ მაკეტიდან ჩანდა. არავის გასჭირვებია იმის გაგება, როგორია ციყვის, კოდალას, მელიას საბინადრო გარემო.ისიც კარგად გაიგეს, რომ პეპელას ყვავილი კვებავს, ფრინველი პეპლებით იკვებება, მელია კი ფრინველებით და ა.შ.
ბოლოს ხმამაღლა წავიკითხეთ ტექსტი და ვიმსჯელეთ, რა მსგავსება და რა განსხვავება იყო წიგნში აღწერილ და ჩვენ მიერ გაკეთებულ ტყის მაკეტებს შორის”.
მონათხრობმა სემინარის ყველა მონაწილე აღგვაფრთოვანა, მაგრამ პედაგოგმა დასძინა,ეს ყველაფერი არ არისო.სიჩუმე ჩამოვარდა. მან განაგრძო: “მალე მთელმა სკოლამ შეიტყო მეოთხეკლასელების თვალსაჩინოების შესახებ და შესვენებებზე მაკეტს ბევრი დამთვალიერებელი გამოუჩნდა… 4-5 გაკვეთილის შემდეგ წიგნში მოდის თავი “ტყის დაცვის წესები”,სადაც ერთაბზაციანი ზოგადი ტექსტის შემდეგ ტყის დაცვის 12 წესია მოცემული. მათი დასწავლა მოსწავლეებს ძალიან უჭირთ…როდესაც ამ გაკვეთილამდე მივედით, დილით მოსწავლეებზე ადრე შევედი საკლასო ოთახში, ტყის მაკეტიდან ფრთხილად ავიღე ერთი ხე თავისიჩიტებიან-ციყვებიანად, დავდე იატაკზე და ოთახიდან გავედი… ზარი დაირეკა. საკლასო ოთახში შესულს დიდი ჩოჩქოლი დამხვდა – მომახსენეს, ტყე გაგვიფუჭესო.ძალიან წუხდნენ… ვინმესთვის ბრალი რომ არ დაედოთ,ვაღიარე, მე გავაკეთე-მეთქი, მათი ემოციური მუხტი კი დისკუსიაში გადავზარდე – დავსვი კითხვა:
– როგორც თქვენ აღელდით, ასე ხომ არ ღელავს ბუნება, როცა ტყე იჩეხება?
ვიმსჯელეთ, რომელი ცოცხალი ორგანიზმი დააზარალა ხის მოჭრამ და ერთად შევიმუშავეთ ტყის დაცვის წესები.ეს წესები ფორმატზე ფლომასტერით ჩამოვწერე და მაკეტის გვერდით გავაკარი. “მოჭრილი ხე” თავის ადგილზე დავაბრუნეთ, მერე კი ხმამაღლა წავიკითხეთ ტექსტი და ვიმსჯელეთ, რა მსგავსება და რა განსხვავება იყო წიგნში აღწერილ და ჩვენ მიერ შექმნილ ტყის დაცვის წესებს შორის”.
თვალი მივადევნოთ ამ ნარატივში პედაგოგის აზროვნების პროცესს.
როგორც ვხედავთ, აქ ძალიან საინტერესოა პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პროცესი. მასწავლებელმა, რომელსაც დიდი ხნის (წლების)განმავლობაში აწუხებდა პრობლემა, არაცნობიერად იმუშავა მის გადასაჭრელად,გარკვეული ხნის შემდეგ კი მოულოდნელ ვითარებაში დაებადა აზრი სწავლების იმგვარი მეთოდიკის თაობაზე, რომლის შესახებაც ზემოთ გიამბეთ.
მაინც, რა მოხდა?
დავიწყოთ თავიდან:
1. ყველაფერი პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობით დაიწყო (მომზადების ეტაპი – განსაკუთრებით გონებრივი აქტივობის მდგომარეობა, რომელიც ახალი იდეის წარმოშობის წინა პირობას წარმოადგენს);
2. შემდეგ დაიწყო პრობლემის გარშემო უზარმაზარი ძიებითი მუშაობა; შედეგად პიროვნებაში განწყობის სახით ჩამოყალიბდა ისეთი შინაგანი მდგომარეობა, როდესაც ყველა გარეგანი შთაბეჭდილება პრობლემის გადაჭრის გარშემო შემოიკრიბა (მომწიფების ეტაპი – პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი, წარმმართავი იდეის ინკუბაცია);
3. შემდეგ პედაგოგმა შეიცვალა ამოცანის ხედვა და პრობლემური სიტუაცია გადაასტრუქტურა, რადგან პრობლემის გადასაწყვეტად მთავარი ფუნქციური ნიშანი იპოვა (შთაგონების ეტაპი – ინკუბაციის შედეგად ცნობიერდება აღმოჩენა – ახალი მიმართებების უეცარი წვდომა);
4. ბოლოს პედაგოგმა იდეა განახორციელა ანუ მოხდა იდეის განვითარება – მისი საბოლოო ფორმულირება, ხორცშესხმა, განხორციელება და შემოწმება.
ახლა კი თვალი მივადევნოთ პროცესს: რამ განაპირობა პედაგოგის კრეატიული მუშაობა?
მთავარი მიზეზი ის არის, რომ პედაგოგმა შეძლო ანალიტიკური, სინთეზური და პრაქტიკული უნარების გამოყენება და წონასწორობის დაცვა. კრეატიული მუშაობა კი ანალიტიკური, სინთეზური და პრაქტიკული უნარების გამოყენებასა და მათ შორის წონასწორობის დაცვით მიიღწევა (შტერნბერგი, 1985; შტერნბერგი და ლუბარტი, 1995; შტერნბერგი და ვილიამსი, 1996).
ვცადოთ, თანამიმდევრულად განვმარტოთ თითოეული მათგანი: სინთეზური, ანალიტიკური და პრაქტიკული აზროვნება.
სინთეზური აზროვნების უნარი ისაა, რასაც ჩვენ,ჩვეულებრივ, კრეატიულობას ვუწოდებთ. ეს ახალი და საინტერესო იდეების წარმოშობის უნარია. ხშირად ადამიანი, რომელსაც კრეატიულს ვუწოდებთ, განსაკუთრებით კარგი სინთეზური აზროვნების უნარის მქონე პიროვნებაა, რომელიც საგნებს შორის ისეთ კავშირებს ამჩნევს,რომლებსაც სხვები სპონტანურად ვერ ხედავენ.
ანალიტიკური აზროვნების უნარს, ჩვეულებრივ, კრიტიკული აზროვნების უნარად მიიჩნევენ. ადამიანი, რომელსაც ეს შეუძლია, იდეებს აანალიზებს და აფასებს. ყველას, თვით ყველაზე კრეატიულ პიროვნებასაც კი, აქვს უკეთესი და უარესი იდეები. კარგად განვითარებული ანალიტიკური აზროვნების გარეშე კრეატიულ ადამიანს ცუდი და კარგი იდეების დამუშავების თანაბარი შანსი ექნებოდა. ის ანალიტიკური აზროვნების უნარს იმისთვის იყენებს, რომ კრეატიული იდეის მნიშვნელობა შეაფასოს.
პრაქტიკული აზროვნების უნარი ადამიანს აძლევს საშუალებას, თეორია – პრაქტიკად, აბსტრაქტული იდეები კი პრაქტიკულ მიღწევებად გარდაქმნას. ინვესტიციის თეორიის მნიშვნელობა ის არის,რომ კარგი იდეები თავიანთთავს ვერ ყიდიან,კრეატიული ადამიანი კი პრაქტიკულ უნარებს იმისთვის იყენებს, რომ სხვები იდეის ღირებულებაში დაარწმუნოს. მაგალითად, ყველა ორგანიზაციას აქვს იდეები იმის შესახებ, როგორ უნდა მოხდეს ზოგიერთი პროცესის ან პროდუქტის დუბლირება. იმისთვის, რომ ასეთ ორგანიზაციებს ახალი პროცედურა შესთავაზოთ, თქვენ მას იდეა უნდა მიჰყიდოთ და დაარწმუნოთ, რომ ის ძველს სჯობია. პრაქტიკული უნარი პოტენციური აუდიტორიის მქონე იდეების ამოსაცნობადაც გამოიყენება.
მოცემული განმარტებების ინტერპრეტაციის შედეგად შესაძლოა შემდეგი რეალობა მივიღოთ: პიროვნებამ, რომელსაც მხოლოდ სინთეზური აზროვნება შეუძლია, შეიძლება ინოვაციური იდეები გამოიმუშაოს, მაგრამ ისინი ვერ იცნოს, ან ვერ “გაყიდოს”;ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ანალიტიკური უნარები აქვს, შეიძლება სხვისი იდეების ძალიან კარგი კრიტიკოსი იყოს, მაგრამ, სავარაუდოდ,თავად ვერ წარმოშობს კრეატიულ იდეებს;მხოლოდ პრაქტიკული უნარის მქონე ადამიანი, შესაძლოა, არაჩვეულებრივი “გამყიდველი” იყოს – დიდიაალბათობა, მან ისევე კარგად “გაყიდოს” მცირე ან ნულოვანი ღირებულების მქონე იდეები ან პროდუქტები, როგორც ნამდვილად კრეატიულები.
აქედან გამომდინარე, ნიშანდობლივია, მივიღოთ პასუხი კითხვაზე: როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში კრეატიულობის განვითარებას?
მასწავლებელთა უმრავლესობას სურს, თავის მოსწავლეებში კრეატიულობის განვითარებას შეუწყოს ხელი, მაგრამ მათი უმრავლესობა არ არის დარწმუნებული,რომ მათ მიერ არჩეული სტრატეგია სწორია.
|
რჩევა მასწავლებლის პოზიციის თაობაზე |
რჩევა მასწავლებლის ქმედების თაობაზე |
რჩევა მასწავლებლის შეფასების თაობაზე |
რჩევა იმის თაობაზე, რისი დაშვებაა აუცილებელი |
|
შესთავაზეთ მოსწავლეებს მისაბაძი მაგალითი |
ეჭვით შეხედეთ ვარაუდებს |
ასწავლეთ და შეაფასეთ კრეატიულად |
დაუშვით ორაზროვნება |
|
განავითარეთ თქვენი ეფექტურობა |
ჩამოაყალიბეთ პრობლემები და ხელახლა განსაზღვრეთ ისინი |
დააჯილდოეთ კრეატიული იდეები და |
დაუშვით შეცდომები |
|
გაითვალისწინეთ სხვა შეხედულებებიც |
ხელი შეუწყვეთ იდეების წარმოშობას |
წაახალისეთ გონივრული რისკი |
ხელი თვითმოწესრიგებას |
|
ხელი შეუწყვეთ კრეატიულ თანამშრომლობას |
დააკავშირეთ ერთმანეთთან და უფრო |
გადაავადეთ დაჯილდოება |
აღიარეთ ადამიანისა და გარემოს ურთიერთკავშირი |
|
გაიზარდეთ კრეატიულად |
დაუთმეთ დრო კრეატიულ აზროვნებას |
გამოუმუშავეთ მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობა |
დაუშვით აზარტი |
|
კრეატიულობის ქადაგება |
დაადგინეთ და გადალახეთ წინააღმდეგობები |
აქცენტი სიძლიერეზე გააკეთეთ |
დაუშვით სტიმულის გამომწვევი გარემო |
“კრეატიულობის ინვესტიციის თეორიის” ავტორი გვირჩევს: მას შემდეგ, რაც კრეატიულობის განვითარების ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკებს დახვეწთ და ყოველდღიური სწავლების ნაწილად აქცევთ, დაიწყეთ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება. გახდით ცვლილებების ინიციატორი, მოუყევით ამის შესახებ კოლეგებს, მეგობრებს, ადმინისტრატორებს, სკოლის დირექტორს და უთხარით, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრეატიულობის განვითარება. გამოიყენეთ კრეატიული მოსწავლეების ნამუშევრები (განსაკუთრებით – იმ მოსწავლეებისა, რომლებიც ტრადიციული აკადემიური უნარების ნიჭით არ არიან დაჯილდოებულნი) და კრეატიული სწავლებით გამოწვეული ცვლილებების დემონსტრირება მოახდინეთ.
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები – ჯიგსოუს ტექნიკა
სოფიკო ლობჟანიძე
ჯიგსოუს ტექნიკა განავითარეს და პრაქტიკაში გამოსცადეს არონსონმა და მისმა სტუდენტებმა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, ჯერ – ტეხასის, მერე კი კალიფორნიის უნივერსიტეტებში. 1978 წელს არონსონმა თავის წიგნში „Jigsaw Classroom” დაწვრილებით აღწერა როგორც თავად მეთოდი, ასევე მასთან დაკავშირებული კვლევები და ხელმისაწვდომი გახადა იგი ფართო საზოგადოებისთვის. არონსონის მიხედვით, ჯიგსოუს ტექნიკა იყო მეთოდური მცდელობა, დაეძლია საკლასო ოთახში იმხანად ჯერ კიდევ არსებული სეგრეგაცია და, აქედან გამომდინარე, რასობრივი დაძაბულობა. ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრმა არონსონი ისეთი მეთოდური სისტემის შექმნამდე მიიყვანა, რომელშიც მოსწავლეები მნიშვნელოვან რესურსად განიხილებოდნენ და რომელიც ჯიგსოუ ერთის სახელწოდებით არის ცნობილი.
არონსონის მიხედვით, ჯიგსოუს ტექნიკა ხუთი ფაზისაგან შედგება:
.შესავალი;
. ცალკეული თემების/თემის ნაწილების დამუშავება ძირითადი/ჯიგსოუს ჯგუფების შიგნით;
. თემის ნაწილების გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში;
. თემის ნაწილთა გადაცემა ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფებში;
. თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ცოდნის შემოწმება და შეფასება.
პირველი ფაზა: შესავალი
ამ ფაზაში მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს განსახილველ თემას და მოსწავლეებს გააცნობს ჯიგსოუს ტექნიკას. შემდეგ იქმნება ძირითადი ჯგუფები. თითოეულში შედის არა უმეტეს ექვსი მოსწავლისა. დაკომპლექტებისას გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფი უნდა იყოს ჰეტეროგენული სქესის, წარმომავლობისა და უნარების მიხედვით, რაც მოსწავლეებს ტოლერანტობის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობათა გამომუშავებაში ეხმარება. ამის შემდეგ ხდება ძირითადი ჯგუფებიდან ე.წ. ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევა, რომელიც პასუხისმგებლია მუშაობის პერიოდში ჯგუფის მობილიზებაზე.
მეორე ფაზა: ცალკეული თემების/თემის ნაწილების დამუშავება ძირითადი/ჯიგსოუსჯგუფების შიგნით
მასწავლებელი დასამუშავებელ თემას წინასწარ ყოფს იმდენ ნაწილად, რამდენი წევრიც არის თითოეულ ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფში. თემის ნაწილები უნდა იყოს თანაბარი სირთულისა და მათ დამუშავებას უნდა სჭირდებოდეს ერთი და იგივე დრო.
თითოეული ძირითადი/ჯიგსოუს ჯგუფი ამუშავებს ერთსა და იმავე თემას. ჯგუფის თითოეულ წევრს ეძლევა თემის შესაბამისი ნაწილი, რომელსაც იგი დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ამუშავებს.
მესამე ფაზა: თემის ნაწილების გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში
მას შემდეგ, რაც თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად დაამუშავებს თემის შესაბამის ნაწილს, დგება ექსპერტთა ჯგუფები. მოსწავლეები, რომელთაც დაამუშავეს ერთიდა იგივე ნაწილი, ქმნიან ექსპერტთა ჯგუფებს დამუშავებული საკითხების გასაღრმავებლად და გაურკვეველი საკითხების გასარკვევად. კომპლექტდება იმდენი ექსპერტთა ჯგუფი, რამდენ ნაწილადაც იყო დაყოფილი თემა. ექსპერტთა ჯგუფების შიგნით მოსწავლეები აჯერებენ ინდივიდუალურად მოპოვებულ ცოდნას და მსჯელობენ იმაზე, როგორ გადასცენ უკეთ მათ მიერ მოპოვებული ცოდნა ძირითადი/ჯიგასოუს ჯგუფის სხვა წევრებს.
მეოთხე ფაზა: თემის ნაწილთა გადაცემა ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფებში
მეოთხე ფაზაში მოსწავლეები უბრუნდებიან თავიანთ ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფებს, რათა ჯგუფის დანარჩენ წევრებს გადასცენ თემის მათ მიერ დამუშავებული და შემდეგ ექსპერტთა ჯგუფებში გაღრმავებული ნაწილი. ცალკეულ ნაწილთა ერთმანეთისთვის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ამ ნაწილებს აერთიანებენ და დასამუშავებელ თემას ერთ მთლიანობად მოიაზრებენ.
მეხუთე ფაზა: თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ცოდნის შემოწმება და შეფასება
დასკვნით, მეხუთე ფაზაში მოწმდება, რამდენად აითვისა თითოეულმა მოსწავლემ თემა. ჯგუფის საერთო წარმატების გაზომვას არონსონის მეთოდი არ ითვალისწინებს. იმართება საკლასო დისკუსია, სადაც განიხილება ჩატარებული სამუშაოს შედეგები – რამდენად კარგად შესრულდა იგი, სად იჩნა თავი დაბრკოლებამ, რატომ, მომავალში როგორ შეიძლება უკეთესი შედეგის მიღება.
ჯგუფებში მოსწავლეთა განაწილება უნდა მოხდეს შემდეგი სქემის მიხედვით:
ძირითადი/ჯიგსოუსჯგუფები:
|
ჯგუფი A1, A2, A3, A4, A5 |
ჯგუფი B1, B2, B3, B4, B5 |
ჯგუფი C1, C2, C3, C4, C5 |
ჯგუფი D1, D2, D3, D4, D5 |
ჯგუფი E1, E2, E3, E4, E5 |
ექსპერტთა ჯგუფები:
|
ჯგუფი A1, B1, C1, D1, E1. |
ჯგუფი A2, B2, C2, D2, E2 |
ჯგუფი A3, B3, C3, D3, E3 |
ჯგუფი A4, B4, C4, D4, E4 |
ჯგუფი A5, B5, C5, D5, E5 |
ჯიგსოუ ორი რობერტ სლავინის მიხედვით
არონსონისგან განსხვავებით, რომელიც აქცენტს მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარებასა და კლასთან ინტეგრაციაზე აკეთებს, სლავინი ჯიგსოუს ტექნიკის გამოყენების დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგნობრივი კომპეტენციის განვითარებასაც.
ჯიგსოუს ამ ორ ტექნიკას შორის ძირითადი განსხვავება ასეთია: ჯიგსოუ ერთისგან განსხვავებით, ჯისგოუ ორში
. ჯგუფის ხელმძღვანელი მოსწავლეთარიგებიდან არ სახელდება – მის ფუნქციას თავად იკისრებს მასწავლებელი;
. ჯგუფის ყველა წევრს მთელ დასამუშავებელ მასალაზე მიუწვდება ხელი.
მესამე და მეოთხე ფაზა ისევე მიმდინარეობს, როგორც ჯიგსოუ ერთში. ძირითადი განსხვავება მეხუთე ფაზაშია.
მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად სლავინმა შექმნა ე.წ. STAND (Student Team-Achievement Divisions) სისტემა. ჯიგსოუ ერთისაგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიღწევებს აფასებენ, ჯიგსოუ ორში ფასდება ჯგუფის მიღწევაც. ძირითადი/ჯიგსოუს ჯგუფის ყოველი მოსწავლე ზომავს ინდივიდუალური მიღწევის ზრდას (მაგალითად, „ბოლოსწინა ტესტში დავიმსახურე 10 ქულა, ბოლო ტესტში – 12 ქულა. აქედან გამომდინარე, მიღწევის ზრდაა 20%”). ამგვარად, მოსწავლე თავის ახლანდელმოსწრებასადარებსთავისივეწინა შედეგს და ამგვარად ხედავს საკუთარ პროგრესს.ჯგუფის მიღწევის გასაზომავად კი ჯგუფის თითოეული მონაწილის მიღწევის კოეფიციენტები იკრიბება და ჯგუფის წევრების რაოდენობაზე იყოფა. ამგვარ შეფასებას ჯიგსოუ ერთთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მოსწავლეებს უვითარებს ორმაგ – როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ – პასუხისმგებლობას.
მეთოდის ძლიერი მხარეები:
კვლევებმა ცხადყო, რომ
. ჯიგსოუს ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეები უკეთეს შედეგს იღებენ;
. მოსწავლეებს უმაღლდებათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, თვითორგანიზებისა და პასუხისმგებლობის უნარი;
. უვითარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ინტერესები;
. კლასში, სადაც ამ მეთოდს იყენებენ, მაღლდება მოსწავლეთა ურთიერთტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა;
. მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციური უნარები;
. მოსწავლეებს უვითარდებათ თვითშეფასებისა და საკუთარ პროგრესზე დაკვირვების უნარი.
მეთოდის სუსტი მხარეები:
. შედარებით „სუსტი” მოსწავლეებისთვის ერთგვარი წნეხია თემის ნაწილის დამოუკიდებლად დამუშავება. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია წყვილში მუშაობით ან მასწავლებელის დახმარებით.
. მეთოდის სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მის გამოყენებას სჭირდება 20-30%-ით უფრო მეტი დრო, ვიდრე იმავე თემის ტრადიციული მეთოდით დამუშავებას.
. ექსპერტ მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის სხვადასხვა ხარისხით მიწოდებამ (მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობების კვალობაზე) შესაძლოა საბოლოო შედეგებს ავნოს.
ჯიგსოუს ტექნიკა უნივერსალური მეთოდია, რომელიც შეიძლება თითქმის ყველა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელმა სწავლების ყველა საფეხურზე გამოიყენოს.
ლიტერატურული პერსონაჟი – ეპოქის პროდუქტი თუ ცოცხალი სახე
სწავლების თანამედროვე თეორიების მიხედვით, მნიშვნელოვანია სხვა ადამიანის თვალით სამყაროს დანახვის უნარის გამომუშავება, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეთა სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა კითხვის სათანადო სტრატეგიების გამოყენება. ლიტერატურული ნაწარმოების განხილვისას უნდა ვისაუბროთ პერსონაჟთა რთულ და ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივებზე. მოსწავლეები უნდა ჩაუღრმავდნენ მხატვრული ნაწარმოების გმირის არა მარტო საქციელს, არამედ გრძნობებს, აზრებს, ემოციებს, მიმიკებსა და ჟესტებსაც კი. მათ პერსონაჟში უნდა დაინახონ არა მხოლოდ ეპოქის წარმომადგენელი, არამედ ცოცხალი, რეალური ადამიანი.
მივადექით მნიშვნელოვან მეთოდიკურ საკითხს: ხომ არ ვაკნინებთ ეპოქის თავისებურების, კულტურული კონტექსტის მნიშვნელობას? ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ზემოჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვანია ნაწარმოების გასაგებად და, შესაბამისად, სწავლებისას მათ გარკვეული დრო უნდა დაეთმოს, მაგრამ არ მიგვაჩნია სწორად ზედმეტი გატაცება ამ თავისებურებებით.
მაგალითად კონსტანტინე გამსახურდიას რომან “დიდოსტატის მარჯვენას” მოვიყვანთ. რა თქმა უნდა, ისტორიული კონტექსტის გარეშე ამ ნაწარმოების შესწავლა შეუძლებელია, მაგრამ მისი შესწავლისთვის განკუთვნილი საათები არ უნდა დაემსგავსოს ისტორიის გაკვეთილებს.
ავტორის მიერ დახატული გიორგი პირველი მეტად რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. არ შეიძლება ის განვიხილოთ მხოლოდ იმ პერიოდის მონარქის სქემატურ სახედ. ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემია მის ხასიათზე, ემოციებსა და ქცევაზე დაკვირვება.
რომანის დასაწყისშივე იკვეთება მეფე გიორგის ბუნება. ახალი წლის ღამეს ატყობინებს მას ზვიად სპასალარი ამბოხებული ერისთავების ამბავს. როგორც წესი, ამ მონაკვეთის სწავლებისას ყურადღება მახვილდება პოლიტიკურ ასპექტებზე: ვინ შეიძლება იდგეს ამბოხებული ფეოდალების უკან _ თბილისის ამირა თუ ბასილი კეისარი? ბუნებრივია, გიორგისთვის, როგორც მეფისთვის, უდიდესი საფრთხის შემცველია ყველაფერი, რაც ემუქრება ქვეყნის ერთიანობას, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია ახლობელი ადამიანის ღალატის დაჯერება: “თავი ჩაქინდრა გიორგი პირველმა, ამ ამბის შემტყობმა. თვალწინ დაუდგა მამამზე ერისთავის ისრიმისფერი თვალების ყალბი ციმციმი. მერმე ვინ? ბაგრატ კურაპალატის განუყრელი მეგობარი, ფადლონ ამირასთან ომებში, შირიმნის ბრძოლაში გიორგისთან მრავალი ჭირის გადამხდელი”.
მკითხველი ხედავს, როგორ სურს გიორგის, არ გამართლდეს ზვიად სპასალარის ვარაუდი: “ახლა კი ეჭვი შეეპარა გიორგის, ეგებ სტყუოდნენო მსტოვრები და მამამზე უბრალო იყოსო ერისთავების ატეხილ ამბოხში”.
ავტორი კარგად გვიხატავს გიორგის შინაგან წინააღმდეგობებს. ერთი მხრივ, მას, როგორც ადამიანს, უჭირს მამის სიყრმის მეგობრის ღალატის დაჯერება და სასიკვდილოდ მისი გამეტება, მეორე მხრივ კი ვალდებულია, მტკიცედ იდგეს ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე. მკითხველი ხედავს, როგორი შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს გიორგის სულში. იგი მზად არის, მეფის უფლებები დროებით დაივიწყოს და ადამიანურად გაესაუბროს მამამზეს: “გადაწყვიტა, იმ წუთშივე დაემარტოხელებინა მამამზე, ძმურად, მამაშვილურად გასაუბრებოდა, გამოეკითხა ჭიაბერის განდგომის მიზეზი”. უნდა ითქვას, რომ გიორგის ადამიანურ განცდებზე, შინაგან წინააღმდეგობებზე დაკვირვება არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების დროს, ვიდრე მისი პოლიტიკური ორიენტაციის ჩვენება. ლიტერატურა სწორედ ის საგანია, რომელიც ადამიანის ურთულესი ბუნების შეცნობაში ეხმარება მკითხველს და, ამავე დროს, ამაღლებს მის სოციალურ ცნობიერებას.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გმირის განცდებზე, არამედ ჟესტებსა და მიმიკებზე დაკვირვებაც. ჩვენ ვისაუბრეთ მეფე გიორგისა და მამამზე ერისთავის ურთიერთობაში გაჩენილ ბზარზე. დაკვირვებული მკითხველი ადვილად შეამჩნევს მათ შორის დაძაბულობას, სანამ სპასალარი შეატყობინებდეს მეფეს არაგვის ხეობაში მომხდარ ამბებს: “მოიღო მთელი კონა ისრებისა მამამზე ერისთავმა, ჭრელი და მჭრელი თვალები ისარივით მიაჭდო გიორგის და წარმოსთქვა: ისარი განერთხას გულსა შინა მეფობისა შენისა ორგულსა. გიორგი მდუმარე იყო ბავშვობიდანვე, კაცი არამეტყველი, მაგრამ ფრიად დაკვირვებული. მან ხმალივით შეაგება მზერა მამამზეს ისრიმისფერ თვალებს, წარბებქვეშ თრითინებსავით აწრიალებულთ, შემდგომ ამისა სპასალარისკენ გადაიტანა მზერა”. მეფის ხმალივით შეგებებული მზერა და სპასალარისკენ გადატანილი ყურადღება მისი დაეჭვების ნიშანია, ხოლო მამამზე ერისთავის თრითინებივით აწრიალებული თვალები მის მზაკვრობაში არწმუნებს მკითხველს.
ასეთი დეტალები მრავლად მოიძებნება ყველა ნაწარმოებში და აუცილებელია მათზე ყურადღების შეჩერება. მსგავს ნიუანსებზე დაკვირვება ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
თანამედროვე პედაგოგიკა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოსწავლეთა უნარს, ანგარიში გაუწიონ სხვა ადამიანთა აზრებსა და გრძნობებს. ასეთ მოსწავლეებს განვითარებული აქვთ სოციალური უნარები და კარგად იცნობენ საკუთარ თავს. ბავშვის ზრდასთან ერთად იხვეწება მისი უნარი, ამოიცნოს სხვა ადამიანის აზრები, შეხედულებები, გრძნობები და მოტივები. რეკომენდებულია, დაწყებითი კლასებიდანვე დავაფიქროთ ისინი ამ საკითხებზე. მოთხრობების კითხვის დროს უნდა დავსვათ შეკითხვები პერსონაჟთა აზრების, გრძნობებისა და მოტივების შესახებ. ასაკის მატებასთან ერთად ისინი უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენენ სხვათა აზრებისა და გრძნობებისადმი, გააცნობიერებენ, რომ ადამიანს შეიძლება ბევრი, ხანდახან ურთიერთსაპირისპირო, მოტივი ჰქონდეს.
სხვათა გრძნობებსა და განცდებზე დაკვირვების, მათი ქცევის მოტივების გაცნობიერების საშუალებაა მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც პერსონაჟი ნაჩვენებია სხვადასხვა ასპექტით. სწორედ ამ მიმართულებითაა საჭირო მუშაობის გაშლა ლიტერატურის გაკვეთილზე. ლიტერატურული გმირი არასდროს არის მხოლოდ ეპოქის სულისკვეთების გამომხატველი. რაც უფრო დიდია მწერალი, მით უფრი ღრმად გვახედებს ადამიანის სულში, გვიჩვენებს მისი ქცევის ცნობიერ და არაცნობიერ მოტივებს.
ცნობიერისა და ქვეცნობიერის დაპირისპირების, ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივების წარმოჩენის საუკეთესო ნიმუშია აღაზას (ვაჟა ფშაველა, “სტუმარ-მასპინძელი’’) განცდები, როდესაც იგი დაიტირებს თავისი ქვეყნისა და ხალხის მტერს:
უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ადამიანები გარემოს მიხედვით იცვლებიან და სხვადასხვა ფაქტორი გავლენას ახდენს მათი ხასიათის თავისებურებებსა და ქცევაზე. ისინი იმასაც აცნობიერებენ, რომ ადამიანები ყოველთვის ვერ ხვდებიან, რა არის მათი საქციელის მიზეზი.
აქ არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ონისეს განცდები ალექსანდრე ყაზბეგის რომანიდან “ხევისბერი გოჩა”. ავტორი ამ სიტყვებით წარმოაჩენს მის სულში მიმდინარე ბრძოლას: “გაღვიძებული გრძნობის სიტკბოება” და “მტანჯველი მდგომარეობა”. როდესაც ონისე გააცნობიერებს, თუ რა გრძნობებს მოუცავს იგი, სიტყვას აძლევს საკუთარ თავს, რომ პირნათელი იქნება ხალხისა და მეგობრის წინაშე, მაგრამ ამ წუთიდან უმნიშვნელო ხნის შემდეგ ავტორი გვეუბნება: “რაღა საქმე ჰქონდა ან ხალხთან, ან ქვეყანასთან, სადღა ეცალა მათზე საფიქრალად”. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს მხოლოდ ონისეს წუთიერი განცდაა და არა შეგნებულად მიღებული გადაწყვეტილება.
მწვანეს ბალახსა მთისასა”.
“მუცალის ეს უჩვეულო, სასოწარკვეთილი ჟესტი – ბალახის მოგლეჯა და ჭრილობაში ჩაფენა – სულისშემძვრელია, მასში ერთბაშად ხდება თვალხილული სიცოცხლესთან განშორების ტკივილის განუზომელი სიღრმე. და ეს მეტყველი, ტრაგიკული ჟესტი დაანახვებს და აგრძნობინებს ალუდას, პირველად მის ცხოვრებაში, რა საზარელია სიკვდილი, სიცოცხლესთან გაყრა” (თ. ვასაძე).
ბრუნერის მეთოდი განათლებაში
აღწერითი სტატისტიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე
სტატისტიკა ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება. მაგალითად,
განათლების სფეროს მმართველი ორგანოები დაინტერესებულნი არიან მოსწავლეთა მიღწევებით,
მასწავლებელთა ასაკობრივი განაწილების სურათით, სწავლების ინოვაციური მეთოდების ზეგავლენით
სწავლის ხარისხზე; პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს აინტერესებთ საკუთარი პოპულარობა
არჩევნების წინ, რათა ივარაუდონ, გამარჯვების რა შანსი აქვთ; მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია
მათი პროდუქციის მომხმარებელთა რიცხვი, სქესი, ასაკი; კალათბურთში აღირიცხება მოთამაშეთა
ზუსტი ტყორცნები, მოედანზე ყოფნის ხანგრძლივობა, მიღებული ჯარიმების რაოდენობა, ფარიდან
მოხსნილი ბურთების რაოდენობა.
სტატისტიკის შესწავლის აუცილებლობა მრავალი მიზეზითაა განპირობებული, მათ
შორის იმითაც, რომ:
– ადამიანებს პროფესიული საქმიანობისას
სჭირდებათ სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის გასაგებადაც უნდა დაეუფლონ ტერმინებს, სიმბოლოებს,
ცნებებს და სტატისტიკურ მეთოდებს. მათ ასევე უნდა შეძლონ სხვებისთვის სტატისტიკური
ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით გაზიარება ან მოცემული მასალის ინტერპრეტაცია;
– მათ, შესაძლოა, თვითონ მოუწიოთ
სტატისტიკური კვლევის ჩატარება, რადგან ეს, საზოგადოდ, კვლევა-ძიების ერთ-ერთი ძირითადი
ხერხია;
– სტატისტიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები
საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანები უკეთესი მოქალაქეები და მომხმარებლები იყვნენ, გააკეთონ
სწორი არჩევანი, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება.
სტატისტიკა არის მეცნიერება, სადაც კვლევა მიმდინარეობს მონაცემთა შეგროვების,
მოწესრიგების, შეჯამების, ანალიზისა და დასკვნების გამოტანის გზით.
სასკოლო განათლების დაწყებით საფეხურზე მონაცემთა ანალიზის, ალბათობისა და
სტატისტიკის მიმართულების სწავლების მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის
ელემენტებს – თვისებრივ და დისკრეტულ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების,
წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.
მოსწავლეთათვის განკუთვნილი სასწავლო მასალების ანალიზიდან ჩანს, რომ არსებობს
პრობლემები მონაცემთა შეგროვების საშუალებების სწავლებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ
მეთოდიკურ მასალას ამ საკითხის სწავლების გასაუმჯობესებლად.
მოსწავლეთა მოტივაცია
მიზანშეწონილია მოსწავლეებისთვის საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მიწოდება.
მათ შეიძლება შევთავაზოთ, მაგალითად, ამოცანები:
1. გაეცანით ჩინეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემებს.
|
წლები |
მოსახლეობის რაოდენობა |
|
2 |
58 მილიონი |
|
1776 |
268 მილიონი |
|
1945 |
453 მილიონი |
|
1980 |
908 მილიონი |
ჩინეთის მოსახლეობა 1980 წელს გაორმაგდა 1945 წელთან შედარებით. თუ მოსახლეობის
ზრდა ამავე ტემპით მოხდება, რომელ წელს გაორმაგდება ჩინეთის მოსახლეობა 1980 წელთან
შედარებით?
2. ლათინური ანბანის ასოების გამოყენების სიხშირე ინგლისურენოვან ტექსტებში
ასეთია:
|
ასოები |
E |
T |
A O |
N |
I R |
S H |
D |
L |
C |
სხვა |
|
გამოყენების სიხშირე, |
13 |
9 |
8 |
7 |
6,5 |
6 |
4 |
3,5 |
3 |
2 ან ნაკლები |
მოიძიეთ ინფორმაცია და შეადგინეთ ანალოგიური ცხრილი ქართული ანბანის ასოებისთვის.
მოსწავლეებისთვის მონაცემთა შეგროვების საშუალებების გაცნობა
შესთავაზეთ მოსწავლეებს მოსამზადებელი სავარჯიშოები:
1. გაარკვიეთ, თვისებრივია თუ რაოდენობრივი
შემდეგი მონაცემები: ავტოსადგომზე განთავსებული ავტომობილების ფერები; საკლასო ოთახებში
მერხების რიცხვი; სამარშრუტო ტაქსების ნომრები; მოქალაქეთა დაბადების ადგილები; სახელმძღვანელოთა
ფასები; გასაყიდი საქონლის ზიპ-კოდები; მტკვარში დაჭერილი თევზების წონები; პროდუქტების
დამამზადებელი ფირმების დასახელებანი.
2. რა მონაცემები აღირიცხება საფეხბურთო
სტატისტიკაში? მედიცინაში? მოსახლეობის აღწერისას? რა მიზნით? თქვენთვის ცნობილი რომელი
საშუალებების გამოყენებით?
ამის შემდეგ მიზანშეწონილია, მასწავლებელი ესაუბროს მოსწავლეებს მონაცემების
შეგროვების საშუალებებზე. მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მას
შეუძლია მოსწავლეებს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
“გაზომვა და დაკვირვება ხშირად გამოიყენება სამეცნიერო (საბუნებისმეტყველო
თუ სტატისტიკური) ექსპერიმენტების დროს. მეცნიერები ერთსა და იმავე პირობებში მრავალჯერ
იმეორებენ ცდას, რათა რამდენჯერმე დადასტურებული, სანდო მონაცემების საფუძველზე გააკეთონ
დასკვნა გამოსაკვლევი ობიექტის თვისებების შესახებ.
ექპერიმენტსა და დაკვირვებას შორის განსხვავება ისაა, რომ დაკვირვებისას მკვლევარი
არ ერევა მოვლენათა მსვლელობაში, ხოლო ექსპერიმეტის ჩატარებისას ის თვითონ ქმნის ან
ცვლის ექსპერიმენტის პირობებს, რათა უკეთ შეისწავლოს საკვლევი ობიექტი იმ კუთხით, რომელიც
მას აინტერესებს.
სტატისტიკური ექსპერიმენტი კი იმით განსხვავდება საბუნებისმეტყველოსგან, რომ
ცდის ჩატარებამდე შეუძლებელია მისი შედეგის ერთმნიშვნელოვნად პროგნოზირება, მიუხედავად
იმისა, რომ შესაძლებელია ყველა შესაძლო შედეგის ჩამოთვლა. სტატისტიკური ექსპერიმენტების
მაგალითები ხშირად გვხვდება საბავშვო თამაშებშიც. ესაა კამათლის გაგორება მომდევნო
მოთამაშის ბიჯების რაოდენობის გასარკვევად, მონეტის აგდება მოთამაშეთა ჯერის გასარკვევად,
ალალბედზე ლოტოს ბურთულის ამოღება გამარჯვებულის გამოსარკვევად და სხვა.
მონაცემების შეგროვების კიდევ ერთი საშუალებაა გამოკითხვა. მაგალითად, მსხვილი
კომპანიის ხელმძღვანელებს სჭირდებათ ინფორმაცია საკუთარ ფირმაში დასაქმებული მუშაკების
საჭიროებების შესახებ, რათა გააუმჯობესონ კომფორტი და გაზარდონ შრომის ნაყოფიერება.
ბუნებრივია, საჭირო მონაცემებს ისინი ვერ მოიძიებენ ვერცერთ კატალოგში, ხოლო მუშაკთა
ქცევაზე დაკვირვება უხერხულობას შექმნის. ამიტომ მიზანშეწონილია, კომპანიის სოციალურ
მუშაკთა გუნდმა შექმნას სპეციალური კითხვარი, რომლის შევსებაც სწრაფად მოხდება და იოლად
გამოიკვეთება, თუ პირობების როგორ გაუმჯობესებას ანიჭებენ უპირატესობას დასაქმებულები.
გამოკითხვით მონაცემთა შეგროვების ხერხებია: სატელეფონო გამოკითხვა, კითხვარის
დაგზავნა ფოსტის ან ინტერნეტის საშუალებით, ინდივიდუალური ინტერვიუ. გამოკითხვითMმონაცემების
შემგროვებელს ინტერვიუერი ეწოდება, ხოლო მათ, ვისაც გამოკითხავენ – რესპონდენტები.
ინტერვიუერი რესპონდენტებს კვლევის მიზნის შესაბამისად ირჩევს. მაგალითად, თუ მას აინტერესებს
რომელიმე პოლიტიკური მოღვაწის პოპულარობა (რეიტინგი) არჩევნების წინ, მაშინ იგი კითხვარებს
შეავსებინებს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლებს და არა მოზარდებს, რადგან მათ
ჯერ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთანავე, ინტერვიუერი უნდა იყოს ობიექტური,
მან უნდა გამოიჩინოს მიუკერძოებლობა და გამოკითხოს მოქალაქეთა, რაც შეიძლება, მეტი
ჯგუფის წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანი მონაცემების შესაგროვებლად საჭიროა საკვლევი პრობლემის რაობაში
გარკვევა და გადაწყვეტილების მიღება, რომელ მონაცემებს ვაგროვებთ და რა საშუალებებით.
კვლევის მიზნებს შორის შესაძლებელია იყოს: მოვლენათა განვითარების წინასწარმეტყველება,
პრიორიტეტების გარკვევა, მონაცემებში კანონზომიერების გამოვლენა, მონაცემთა ორ ერთობლიობას
შორის დამოკიდებულების გარკვევა და სხვა.
შესაბამისად შეირჩევა ანკეტები და კითხვარები: თუ ორ ან რამდენიმე მოსაზრებას
შორის უფრო პოპულარული უნდა გაირკვეს, მაშინ კითხვარში შემოთავაზებული პასუხის ვარიანტებიდან
რესპონდენტებმა ერთი სასურველი უნდა მონიშნონ. თუ ინტერვიუერს აინტერესებს რესპონდენტთა
მოსაზრებები მოცემული საკითხის თაობაზე, მაშინ კითხვარი ღიაა (არ მოიცავს მზა პასუხებს)”.
სავარჯიშოები საკლასო სამუშაოსთვის
1. მონაცემთა შეგროვების რომელ საშუალებას იყენებთ, თუ თქვენ: იწერთ ყოველთვიურად
წაკითხული წიგნების რაოდენობას; ეცნობით უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა სიას; ყოველდღიურად
იწერთ ამოსული ჯეჯილის სიმაღლეს; რეკავთ ცნობათა ბიუროში კინოსეანსის დროის გასაგებად;
მეზობლებს ავსებინებთ ანკეტას ოჯახში წევრების რაოდენობის შესახებ.
2. ტერმინებს შორის _ გამოკითხვა, ინტერვიუ, დაკვირვება, ექსპერიმენტი, მონაცემთა
ამოკრება მონაცემთა წყაროებიდან _ შეარჩიეთ საჭირო და ჩასვით შესაფერის წინადადებაში:
ა) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც დამკვირვებელი იწერს,
რასაც ის ხედავს ან აკეთებს.
ბ) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც გამოკითხვის ჩამტარებელი
პირი ერთსა და იმავე კითხვებს უსვამს ყველას და ინიშნავს მათ მიერ გაცემულ პასუხებს.
გ) … არის მონაცემთა შეგროვების
საშუალება, როდესაც პირისპირ შეხვედრისას კითხვებს უსვამთ იმ ადამიანებს, ვინც წინასწარ
დაგთანხმდათ პასუხების გაცემაზე.
დ) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც ახალი მონაცემების შეგროვების
ნაცვლად ხდება ცნობილი ფაქტების მოძიება უკვე არსებულ ინფორმაციაში.
ე) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც სპეციალური ხელსაწყოების
გამოყენებით წინასწარ განსაზღვრულ საცდელ პირობებში ხდება შედეგების აღრიცხვა.
3. შეავსეთ რომელიმე მზა კითხვარი.
4. შეარჩიეთ ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან თქვენთვის საინტერესო საკითხები,
რომელთან დაკავშირებითაც გაინტერესებთ მონაცემთა შეგროვება: მოდა, ბავშვთა დაავადებები,
კომპიუტერები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პროფესიები, უსაფრთხოება გზებზე, გასართობი
დაწესებულებები. შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოაყალიბეთ პრობლემა და ამ პრობლემის
შესწავლის მიზნით ჩამოწერეთ კითხვები, რომლებზეც საჭიროა პასუხის მიღება მონაცემების
შეგროვების და ანალიზის გზით.
სავარჯიშოები ჯგუფური ან დამოუკიდებელი სამუშაოსთვის
I ვარიანტი
გაარკვიეთ, თვისებრივია თუ რაოდენობრივია შემდეგი მონაცემები: სახელმძღვანელოებში
გვერდების რიცხვი; ახალშობილთა სქესი სამშობიაროში; ვიტამინების აბის სისქეები; მოქალაქეთა
ტელეფონის ნომრები; თანაკლასელთა გვარები; ოჯახის წევრების ფეხსაცმლის ზომები; საკლასო ოთახების ფართობები. მონაცემთა შეგროვების
რომელ საშუალებას გამოიყენებთ თითოეულ შემთხვევაში?
II ვარიანტი
გაარკვიეთ, თვისებრივია თუ რაოდენობრივი შემდეგი მონაცემები: მოსწავლეთა სიმაღლე;
მოსწავლეთა თვალის ფერი; მოსწავლეთა მგზავრობის საშუალებები; შინაურ ცხოველთა სახეობები;
მოსწავლეთა წონა; მოსწავლეთა საყვარელი დღესასწაულები; მოსწავლეთა მიერ ტელევიზორთან
გატარებული დრო. მონაცემთა შეგროვების რომელ საშუალებას გამოიყენებთ თითოეულ შემთხვევაში?
სავარჯიშოები საშინაო დავალებისთვის
1. რა საშუალებების გამოყენებით აგროვებენ დემოგრაფიულ მონაცემებს? დაასახელეთ
შესაგროვებელი მონაცემების სახეობები, დასვით კითხვები, რომელთა საშუალებითაც მოიპოვება
ესა თუ ის მონაცემი და მიუთითეთ რესპონდენტები.
2. მოიფიქრეთ, მონაცემთა შეგროვების რომელი საშუალების გამოყენებაა მიზანშეწონილი
თითოეულ ქვემოთ მოყვანილ შემთხვევაში:
· რამდენ საათს უყურებს ტელევიზორს ტიპური მეექვსეკლასელი?
· თითოეული ფერის რამდენი
შოკოლადის მარცვალია კანფეტ “M ანდ M”-ისპაკეტში?
· რა განსხვავებაა წლიურ
ნალექიანობაში თქვენს ქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის?
· ვის აირჩევენ თქვენი
კლასიდან სკოლის მოსწავლეთა საბჭოში?
· რა მაქსიმალურ სიმაღლეს
შესწვდებიან თქვენი კლასელები ახტომის გარეშე?
· როგორ იცვლებოდა მოსახლეობის
რაოდენობა ათწლეულების მიხედვით თქვენს დასახლებაში XX საუკუნის განმავლობაში?
3. შეარჩიეთ მონაცემთა შეგროვების შესაფერისი საშუალება და ჩასვით წინადადებებში
გამოტოვებული სიტყვები:
ა) იმისთვის, რომ გამოვთქვათ მომავალი საკალათბურთო მატჩის პროგნოზი, მნიშვნელოვანია,
ვიცოდეთ მონაცემები მოწინააღმდეგე გუნდების მოთამაშეთა ტყორცნების შედეგიანობის შესახებ.
ამგვარი მონაცემების შესაგროვებლად სპეციალისტები სპორტსმენებზე აწარმოებენ …
ბ) … საშუალებით მონაცემების შეგროვების მაგალითია პოპულაციების შესწავლა
ეკოლოგების მიერ. ისინი სწავლობენ გარემოს დაბინძურების ზეგავლენას შერჩეულ პოპულაციაზე
და ამისათვის დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღრიცხავენ რაოდენობრივ ცვლილებებს
ამ პოპულაციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით.
გ) ახალი ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებლად ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს
სჭირდებათ მონაცემები ტურისტების ნაკადის შესახებ ამა თუ იმ რეგიონში და წლის ამა თუ
იმ პერიოდში. ამგვარი მონაცემების მოძიება შესაძლებელია …
4. წაიკითხეთ ამონარიდი საგაზეთო სტატიიდან, რომელიც მოიცავს სტატისტიკურ
ინფორმაციას და უპასუხეთ კითხვებს: რა მონაცემებია გამოყენებული სტატიაში? მონაცემთა
შეგროვების რომელი საშუალებები იყო გამოყენებული? მონაცემთა წარმოდგენის თქვენთვის
ცნობილი რომელი საშუალებებია გამოყენებული? გამოკვლეულია თუ არა მონაცემთა ერთობლიობის
თვისებრივი ნიშნები? რომელი? ეთანხმებით თუ არა სტატიაში გაკეთებულ დასკვნებს? რატომ?
5. ვთქვათ, თქვენ უნდა შეისწავლოთ რომელიმე პრობლემა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
ქალაქში მობინადრე ჩიტების სახეობათა მრავალფეროვნება; ჰაერის დაბინძურება წლის სხვადასხვა
დროს; თქვენი თანატოლები და სპორტი; მწეველთა და არამწეველთა ოჯახებში მცხოვრები თქვენი
თანაკლასელების სიჯანსაღე; სწრაფი მეტყველების უნარი თანატოლებს შორის.
თითოეულ პრობლემასთან დაკავშირებით განსაზღვრეთ კვლევის მიზანი, შეარჩიეთ
თემა, მონაცემების შეგროვების საშუალება და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი.
დაიხმარეთ ნიმუში: საინტერესო საკითხი – წიგნიერება;
თემა – მოსწავლეთა საყვარელი წიგნები; მიზანი – გაირკვეს მოსწავლეთა პრიორიტეტები
და მოსაზრებები შეგროვებული მონაცემებიდან; საშუალება – მოსწავლეთა გამოკითხვა მზა
კითხვარით, სადაც მითითებული იქნება არჩევანი (სათავგადასავალო ლიტერატურა, სამეცნიერო
ფანტასტიკა, ისტორიული პირების ცხოვრება და მოღვაწეობა, მოთხრობები ცხოველების შესახებ,
სხვა).





