ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ტრადიციული იაპონური აღზრდა

0

ახალგაზრდა იაპონელი ქალი პაწაწინა ვაჟიშვილთან ერთად სილამაზის სალონს სტუმრობს. ბავშვი მოთმინებით ელის, როდის დაასრულებს დედა პროცედურებს. ბოლოს მაინც მოიწყენს და თავის შესაქცევად ნელსაცხებლის კოლოფებს ხსნის, თითით სარკეზე უჩვეულო ორნამენტებს ხატავს… სალონის თანამშრომლები უღიმიან. არავინ უწყრება, არავინ აძლევს შენიშვნას – პატარასთვის ყველაფერი ნებადართულია.

ყველაფერს თავისი დრო აქვს
სრული თავისუფლების პერიოდი ხუთ წლამდე გრძელდება. ამ ასაკში ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევენ, ის “ხელმწიფეა”, 5-დან 15 წლამდე – “მონა”, 15 წლიდან კი “თანასწორი”.
იაპონიაში მიაჩნიათ, რომ 15 წლის მოზარდი ზრდასრული ადამიანია, რომელმაც უკვე იცის, რა ევალება, როგორ უნდა დაემორჩილოს წესებს. იაპონური აღზრდის პარადოქსიც სწორედ ეს არის: მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვს ყველაფრის უფლება ჰქონდა, მისგან აუცილებლად უნდა დადგეს დისციპლინირებული და კანონმორჩილი მოქალაქე.
6 წლიდან ბავშვი მკაცრი წესებისა და შეზღუდვების სისტემაში ექცევა, სადაც დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. დაუმორჩილებლობა გამორიცხულია. ამ შემთხვევაში იაპონელი “კარგავს საკუთარ სახეს” და საზოგადოებისგან ირიყება. “ყველაფერს თავისი ადგილი აქვს” – იაპონური მსოფლმხედველობის ძირითად პრინციპს ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ითავისებს.

ტრადიციები და თანამედროვეობა
ტრადიციული იაპონური ოჯახი დედის, მამისა და ორი შვილისგან შედგება. წინათ ოჯახური მოვალეობები ასე ნაწილდებოდა: ქმარი – მარჩენალი, ცოლი – ოჯახურ მყუდროებაზე მზრუნველი. მამაკაცი ოჯახის უფროსი იყო, მას ოჯახის ყველა წევრი უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ახლა ბევრი რამ შეიცვალა. დასავლური კულტურის გავლენით სულ უფრო მეტი იაპონელი ქალი ცდილობს, ერთმანეთს შეუთავსოს სამსახური და საოჯახო მოვალეობები. თუმცა თანაბარ უფლებებზე საუბარი ნაადრევია. ქალების მთავარი საქმიანობა კვლავ ოჯახს, ბავშვების აღზრდას უკავშირდება, მამაკაცების უმეტესობისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია.
როლების ასეთი განაწილება იაპონურ ენაშიც პოვებს გამოძახილს. ქალთან მიმართებით ფართოდაა გავრცელებული არსებითი სახელი “კანაი”, რომლის სიტყვასიტყვითი თარგმანი “სახლის შიგნით” გახლავთ. მამაკაცს, ტრადიციულად, “შიუძინით” მიმართავენ, რაც “მთავარ კაცს”, “ბატონს” ნიშნავს. იაპონურ ენაში არ არსებობს სიტყვა “ძმა/და”. მათ “ანის” (უფროსი ძმა) და “ოტოოტოს”(უმცროსი ძმა), “ანეს” (უფროსი და) და “იმოოტოს” (უმცროსი და) უწოდებენ. შესაბამისად, ზემდგომთა და ქვემდგომთა არსებობის იდეა ბავშვის ცნობიერებაში ყოველთვის არსებობს. უფროს შვილს სხვა ბავშვებისგან მკვეთრად გამოარჩევენ, ის “მემკვიდრედ”, ანუ მშობლიური სახლის მთავარ მემკვიდრედ მიიჩნევა. უფროს შვილს უფლებაც მეტი აქვს და მეტი პასუხისმგებლობაც აკისრია.

წინათ იაპონიაში ქორწინება შეთანხმებით ხდებოდა – ქმარსა და ცოლს მშობლები შვილისთვის სოციალური სტატუსისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ირჩევდნენ. დღეს იაპონელები ორმხრივი სიმპათიით ქორწინდებიან, თუმცა ამ საქმეში მშობლებიც მონაწილეობენ. იაპონიაში იშვიათად ეყრებიან ერთმანეთს. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს ჯგუფური ცნობიერება, როდესაც ჯგუფის (ოჯახის) ინტერესი ინდივიდუალურზე მაღლა დგება.
ბავშვის აღზრდით დედაა დაკავებული. რასაკვირველია, აღზრდაში მამაც მონაწილეობს, მაგრამ ნაკლებად. “ამაე”- ასე უწოდებენ დედებს იაპონიაში. ამ ცნების არსი შვილის დედაზე ნებაყოფილობით დამოკიდებულებას, “მიბმულობას” ნიშნავს. ბავშვის დაბადებისას ექიმი ჭიპლარის ნაწილს ახმობს და ასანთისკოლოფისხელა ხის ყუთში ინახავს. ყუთზე ოქროსფერი ასოებით ტვიფრავენ დედის სახელსა და ბავშვის დაბადების თარიღს. ის დედა-შვილის კავშირის სიმბოლოა.
იაპონიაში იშვიათად ნახავთ აცრემლებულ პატარას. დედა ცდილობს, ყველაფერი იღონოს, რათა ბავშვს ტირილის მიზეზი არ ჰქონდეს. ერთ წლამდე მას გამუდმებით ზურგზე აკიდებულს დაატარებს (ასევე, იაპონიაში იყიდება სპეციალური ელვაშესაკრავიანი ქურთუკები დედებისთვის ბავშვის წინა მხარეს მისაბმელად), ღამღამობით ერთად სძინავთ და ძუძუსაც დედა მაშინ აწოვებს, როცა პატარა მოისურვებს. მშობლები შვილს არაფერს უკრძალავენ, მხოლოდ აფრთხილებენ: “ცუდია”, `ჭუჭყიანია”, “ფრთხილად”. თუ ბავშვი რაიმეს იტკენს, დედა თავს დამნაშავედ ცნობს და პატარას ებოდიშება.
ბავშვი ფეხს რომ აიდგამს, დედა მას არც ერთი წუთით არ ტოვებს უყურადღებოდ. ის ხშირად თავად იგონებს ბავშვის გასართობ თამაშებს და თვითონაც მონაწილეობს მათში. მამები ბავშვთან ერთად მხოლოდ უქმე დღეებში სეირნობენ პარკში ან ბუნების წიაღში. უამინდობაში ოჯახი დიდ სავაჭრო ცენტრებში არსებულ ბავშვთა ოთახებს სტუმრობს და პატარას იქ ართობს.
გოგონებსა და ბიჭებს სხვადასხვანაირად ზრდიან, რადგან მომავალში მათ სხვადასხვა სოციალური ფუნქციები დაეკისრებათ. ერთი იაპონური გამოთქმის მიხედვით, მამაკაცს სამზარეულოში არაფერი ესაქმება. მშობლები ვაჟიშვილს ოჯახის მომავალ დედაბოძად მიიჩნევენ. ერთ-ერთ ეროვნულ დღესასწაულზე, ვაჟების დღეობაზე, ჰაერში ფერადი კალმახების გამოსახულებებს უშვებენ. კალმახი იმ მამაკაცის სიმბოლოა, რომელსაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვა შეუძლია. გოგონებს ბავშვობიდანვე ასწავლიან კერძების მომზადებას, კერვას, რეცხვას. სკოლაში, გაკვეთილების შემდეგ, ბიჭები სხვადასხვა წრეზე მიდიან, გოგონებს კი შეუძლიათ თავისუფალი დრო კაფეში გაატარონ და მოდაზე იჭორაონ.
 

ყველაზე საშინელი სასჯელი – მარტოობა
იაპონელები ბავშვებს არასოდეს უყვირიან, არ უკითხავენ ნოტაციებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ფიზიკურ დასჯაზე. ყველაზე მძიმე სასჯელად ბავშვის ოჯახიდან ან ბავშვთა სხვა ჯგუფიდან მოკვეთა მიიჩნევა. “თუ ასე მოიქცევი, დაგცინებენ”, – აფრთხილებს დედა ცელქ შვილს. იაპონელს მართლაც ეშინია მარტოობის, კოლექტივის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. იაპონური საზოგადოება დაჯგუფებების ერთიანობაა. “იპოვე დაჯგუფება, რომელსაც მიეკუთვნები, იყავი მისი ერთგული და გქონდეს მისი იმედი, რადგან მარტო საკუთარ ადგილს ვერ იპოვი და მის ლაბირინთებში დაიკარგები”, – ღაღადებს იაპონური მორალი. ამიტომაც უფრთხიან იაპონელები მარტოობას, ოჯახიდან მოკვეთა მათთვის კატასტროფის ტოლფასია. იაპონელი ქალი არასოდეს ცდილობს შვილებზე საკუთარი ძალაუფლების გამოყენებას – მიაჩნია, რომ ეს მათ შორის ემოციურ კონტაქტს გაწყვეტს. დედა არ ეწინააღმდეგება შვილის სურვილებს, მხოლოდ ირიბად გამოთქვამს უკმაყოფილებას და, უბრალოდ, აჩვენებს, რომ მისი უღირსი საქციელი გულს სტკენს. შვილებს დედები იმდენად უყვართ, რომ ხშირად თავად აღიარებენ დანაშაულს და ძალიან ნანობენ.

დამოკიდებულება ადრეული განვითარებისადმი
იაპონელები ადრეული განვითარების შესახებ კარგა ხანია საუბრობენ. ნახევარი საუკუნის წინ გამოიცა წიგნი “სამი წლის მერე გვიანია”, რომელმაც იაპონურ პედაგოგიკაში გადატრიალება მოახდინა. მისი ავტორი, მასარუ იბუკა, ორგანიზაცია “ტალატების სწავლების” და ცნობილი ფირმა “სონის” დამფუძნებელია. წიგნში ნათქვამია, რომ ბავშვში პიროვნების საფუძვლები სამ წლამდე იდება. პატარები ძალიან სწარაფად ითვისებენ ყველაფერს. მშობლების ამოცანაა, შეუქმნან მათ ისეთი პირობები, რომ ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს.
აღზრდისას მთავარია შემდეგი პრინციპების დაცვა: აღქმის სტიმულირება ცნობისმოყვარეობის გაღვივების გზით, ხასიათის წვრთნა, შემოქმედებითი და სხვა უნარების განვითარება. არ არის აუცილებელი გენიოსის აღზრდა, ბავშვს ისეთი განათლება უნდა მისცე, რომ ჰქონდეს “საღი გონება და ჯანმრთელი სხეული, იყოს გონებამახვილი და კეთილი”. დღეს ასეთი შეხედულებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ გასული საუკუნის 50-იან წლებში ნამდვილად რევოლუციურად ჟღერდა.
იაპონური საბავშვო ბაღი
სამ წლამდე ბავშვი სახლში იზრდება, მერე საბავშვო ბაღში მიჰყავთ. იაპონიაში ბაგებიც არის, მაგრამ ბავშვის ბაგაში აღზრდას იაპონელები დიდად არ მიესალმებიან. ვიდრე პატარაა, უმჯობესია დედასთან იყოს. თუ ბავშვი ბაგაში მოხვდა იმის გამო, რომ დედამ მუშაობა დაიწყო, ამას ეგოიზმად უთვლიან. ქალი ოჯახის ერთგული უნდა იყოს და მასზე წინ პირად ინტერესებს არ აყენებდეს, – ასე ფიქრობენ იაპონელები. საერთოდ, იაპონურ მორალში საზოგადოებრივი ინტერესი ყოველთვის ჯაბნის პირადს.
იაპონიაში კერძო და სახელმწიფო ბაღებია. ხოიეკუენი – ამ სახელმწიფო ბაგა-ბაღში ბავშვებს 3 თვიდან იღებენ. ის დილის 8 საათზე იხსნება და საღამოს 6 საათამდე მუშაობს, შაბათობით – არასრულად. თუმცა მშობლებმა ბავშვის ბაგაში მიბარების მიზეზი დაწვრილებით უნდა ახსნან. მაგალითად, წარადგინონ საბუთი, რომ დღეში 4 საათზე მეტხანს მუშაობენ. ბავშვი ბაგაში მუნიციპალური განყოფილების გავლით ხვდება, ბაგის გადასახადი კი ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული.

არსებობს ბაღის მეორე სახეობა – ეტიენი (კერძოც და სახელმწიფოც). აქ ბავშვი დილის 9 საათიდან 2-მდეა, დედა კი დღეში 4 საათზე ნაკლებს მუშაობს.
კერძო ბაღებს შორის განსაკუთრებული ადგილი ელიტურ ბაღებს უკავია. მათ პრესტიჟული უნივერსიტეტები კურირებენ. თუ ბავშვი ასეთ ბაღშია, მის მომავალზე მშობლები ნაკლებად ღელავენ – ბაღის შემდეგ ის საუნივერსიტეტო სკოლაში აბარებს, იქიდან კი უგამოცდოდ – უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დიპლომი პრესტიჟული და კარგად ანაზღაურებადი სამსახურის საწინდარია. ამიტომ ელიტურ ბაღში მოხვედრა იოლი არ არის. მშობლებს ძალიან დიდი თანხის გადახდა უწევთ, ბავშვმა კი რთული ტესტირება უნდა გაიაროს.
ინტერიერი
საბავშვო ბაღის ინტერიერი თავშეკავებულია. ჯერ დიდ დერეფანში ხვდები, რომლის ერთ მხარეს იატაკიდან ჭერამდე გასაწევი ფანჯარა ამშვენებს, მეორე მხარეს კი ასეთივე კარებია. როგორც წესი, ერთი ოთახი სასადილოა, მეორე – საძინებელი და სამეცადინო. შუადღისას აღმზრდელები ჩაშენებული კარადებიდან ფუტონებს (სქელ ლეიბებს) იღებენ და იატაკზე აგებენ. სადილის მოახლოებისას იმავე ოთახში დერეფნიდან პატარა სკამები და მაგიდები შემოაქვთ.
საკვები
საბავშვო ბაღებში კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მენიუში აუცილებლად უნდა შედიოდეს რძის ნაწარმი და ხილ-ბოსტნეული. იაპონელები ზედმიწევნით ითვლიან კერძების ვიტამინმინერალურ შემადგენლობასა და კალორიულობას. თუ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მთელ დღეს ექსკურსიაზე ატარებენ, ყველა დედა ვალდებულია, ობენტო (სადილი კოლოფში) მოამზადოს. აი, აქ კი იაპონელი მშობლის კულინარიული ხელოვნება აღფრთოვანებას იმსახურებს. არსებული მოთხოვნების თანახმად, აუცილებელია, სადილი 24 (!) დასახელების პროდუქტს მოიცავდეს. ბრინჯი უნდა იყოს წებოვანი, მაგრამ არ იშლებოდეს, ჭარხალი საერთოდ იკრძალება. სასურველია, საკვები მაღაზიაში კი არ იყოს ნაყიდი, არამედ დედამ საკუთარი ხელით მოამზადოს და კოლოფში რაც შეიძლება ლამაზად მოათავსოს, რომ ბავშვმა ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს.
კოლექტივთან ურთიერთობა
იაპონურ საბავშვო ბაღებში 6-8-ბავშვიანი ჯგუფებია. ექვს თვეში ერთხელ ჯგუფი გადახალისდება ხოლმე. ეს ბავშვების სოციალიზაციისთვის კეთდება – თუ ბავშვმა ერთ ჯგუფთან ვერ ააწყო ურთიერთობა, იქნებ სხვაგან შეიძინოს მეგობრები. იცვლება პედაგოგების შემადგენლობაც. ბავშვები მას ძალიან არ უნდა შეეჩვიონ. მიჩვევა აღმზრდელებზე დამოკიდებულებს იწვევს. მასწავლებლების შეცვლა ბავშვს იმისგანაც აზღვევს, რომ მასწავლებელმა არ ამოიჩემოს.
ბავშვს საბავშვო ბაღში წერა-კითხვას ასწავლიან და სკოლისთვის ამზადებენ. თუ ის ბაღში არ დადის, მაშინ დედა ამეცადინებს ან სპეციალურ “სკოლაში” ამზადებენ. თუმცა იაპონური ბაღის მიზანი არა განათლება, არამედ აღზრდაა – ბავშვი კოლექტივთან ურთიერთობას სწავლობს, რაც მომავალ ცხოვრებაში გამოადგება.
საბავშვო ბაღში ბავშვს თამაშის დროს წაშობილი კონფლიქტების ანალიზს ასწავლიან. ბავშვმა თავი უნდა არიდოს შეჯიბრს, რადგან ერთის გამარჯვება მეორეს დამარცხებას, “მისი სახის დაკარგვას” ნიშნავს. ბავშვების ჩხუბში უფროსები თითქმის არ ერევიან, რადგან მიაჩნიათ, რომ კოლექტივთან თანაცხოვრება ყველამ თვითონ უნდა ისწავლოს. იაპონელთა აზრით, კონფლიქტიდან საუკეთესო გამოსავალი კომპრომისის გამონახვაა. ჯერ კიდევ იაპონიის უძველეს კონსტიტუციაში ეწერა, რომ მოქალაქის ყველაზე დიდი ღირსება წინააღმდგობებისგან თავდახსნის უნარია.

სწავლების სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გუნდურ სიმღერას. იაპონელებს სოლისტი არ ჰყავთ, მათთვის ეს არაპედაგოგიურია. გუნდური შესრულება კოლექტივთან ერთიანობის განცდას ბადებს. სიმღერის შემდეგ დგება სპორტული თამაშების დრო: ესტაფეტა, კლასობანა, დაჭერობანა… საინტერესოა, რომ, მიუხედავად ასაკისა, ასეთ თამაშებში მასწავლებლებიც მონაწილეობენ. დაახლოებით თვეში ერთხელ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ქალაქგარეთ მიჰყავთ – უახლოეს მთაზე, ზოოლოგიურ ან ბოტანიკურ ბაღში. ასეთ ლაშქრობებში ბავშვები რაღაც ახალს ითვისებენ, ლახავენ სირთულეებს, იძენენ ამტანობას.
იაპონიაში დიდ ყურადღებას უთმობენ ხატვას, აპლიკაციების შესრულებას, ორიგამის, ოიატიროს (ნაქარგების გამოყვანა ხელით, თხელი თოკის გამოყენებით). ეს ყველაფერი შესანიშნავად ავითარებს მოტორიკას, რომელიც მოსწავლეებს იეროგლიფების წერისას გამოადგებათ.
იაპონიაში ბავშვებს არასოდეს ადარებენ ერთმანეთს. აღმზრდელი არ გამოყოფს საუკეთესოს, არ ეტყვის მშობლებს, რომ მათი შვილი ცუდად ხატავს ან ყველაზე უკეთ დარბის. კონკურენცია სპორტულ ღონისძიებებშიც კი არ არის – ყოველთვის იმარჯვებს მეგობრობა ან, უკიდურეს შემთხვევაში, რომელიმე გუნდი. თუმცა, პრინციპს “ნუ იქნები გამორჩეული”, ყოველთვის როდი მოაქვს დადებითი შედეგი.
მედლის მეორე მხარე
იაპონური პედაგოგიკის ძირითადი მიზანია, აღზარდოს ადამიანი, რომელიც კოლექტივთან ერთად ჰარმონიულ მუშაობას შეძლებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იაპონურ საზოგადოებაში ჯგუფების ერთიანობა აუცილებელია. მეორე მხრივ, ჯგუფური ცნობიერება კლავს ინდივიდუალური აზროვნების უნარს. საერთო სტანდარტებისადმი მუდამ შესაბამისობაში ყოფნა ისე ღრმად ჯდება ბავშვის ცნობიერებაში, რომ საკმარისია, ვინმემ თავისი აზრი გამოთქვას, რომ ის დაცინვის ან სიძულვილის ობიექტი ხდება. ამ მოვლენას იაპონიაში “ოძიმეს” უწოდებენ. არასტანდარტულად მოაზროვნე მოსწავლეს შეურაცხყოფენ, ხშირად სცემენ.
იაპონელებმა კარგად იციან თავიანთი პედაგოგიური სისტემის ნეგატიური მხარეების შესახებ. ბეჭდური მედია ხშირად წერს, რომ იაპონიაში არსებობს “შემოქმედებითი პიროვნების მკაფიო მოთხოვნილება” და აუცილებელია ნიჭიერი ბავშვების ადრეულ ასაკში გამოვლენა, თუმცა ჯერჯერობით ეს პრობლემა არ მოგვარებულა. ამომავალი მზის ქვეყანაში შეინიშნება ინფანტილიზმის მატება მოზარდებში; ახალგაზრდები ცუდად იღებენ უფროსი თაობის კრიტიკას, რაც მშობლების მიმართ აგრესიას ზრდის.
თუმცა ბავშვებსა და მშობლების მგრძნობიარე და სათუთი ურთიერთდამოკიდებულება, უფროსი თაობის მაღალი პასუხისმგებლობა და სხვა საუკეთესო თვისებები ნამდვილად სამაგალითოა ჩვენთვის და ქებას იმსახურებს.
მოამზადა ირმა კახურაშვილმა

მეთოდიკური მითითებები ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელთათვის

0
მეორე ენის სწავლების მეთოდოლოგიურ პრობლემებს ჩვენს დროში დიდი ყურადღება ექცევა. ევროპისა და ამერიკის მოწინავე ქვეყნებში ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. დაიხვეწა სწავლების მეთოდები, ხერხები, შემუშავდა ახალი სტრატეგიები. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა ჩვენთან, რადგან საქართველოს მოსახლეობის ერთმა მეხუთედმა არ იცის სახელმწიფო ენა, რაც ხელს უშლის მათ, საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი. იმისთვის, რომ არაქართველი მზად იყოს საქართველოში შრომითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, ყოფით, სასწავლო, სოციალურ, კულტურულ და ოფიციალურ-საქმიან სფეროში ურთიერთობებისთვის, მას უნდა შეეძლოს ქართულ ენაზე ურთიერთობა, ამ ენაზე საუბარი, კითხვა და წერა.

ქართული ენის შესწავლა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის, გულისხმობს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების – მოსმენის, ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის – ინტეგრირებულ განვითარებას. რამდენადაც მეორე ენის სწავლების მთავარი მიზანი გაგება, შინაარსის გადმოცემა და აზრის გამოთქმაა, მეორე ენის გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკის ცოდნა თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ სწორედ სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ეს როდი ნიშნავს, რომ მეორე ენის სწავლებაში უგულებელყოფილია ლინგვისტური კომპეტენცია; სხვა კომპეტენციებთან ერთად უთუოდ იგულისხმება ისიც და მეორე ენის სწავლებისას მშობლიური ენის სწავლებისგან განსხვავებული მიზნები აქვს.

ამასთან დაკავშირებით ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელთა წინაშე ბოლო ხანს დაისვა კითხვათა მთელი წყება. კერძოდ:

* უნდა ვასწავლოთ თუ არა ქართული ენის გრამატიკა არაქართულენოვან მოსწავლეებს და თუ ვასწავლოთ, როგორ?
* შეიძლება თუ არა ქართული ენის გრამატიკის სწავლება გრამატიკის წესების გარეშე? 
* რა ვასწავლოთ: ფუნქციური თუ თეორიული გრამატიკა?
* როგორ ვასწავლოთ გრამატიკა ისე, რომ მივიღოთ პრაქტიკული შედეგები და მოსწავლეებს განუვითარდეთ კომუნიკაციური უნარ-ჩვევები?
* რა მეთოდები არსებობს გრამატიკული მოვლენებისა და კატეგორიების გასაგებად და კომუნიკაციის დროს მათ გამოსაყენებლად?
და ა.შ.

ცხადია, ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პრეტენზია ამ წერილს ვერ ექნება. ჩვენი მიზანია, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ გრამატიკის სწავლებისას მოსწავლეებს შეასწავლონ კონკრეტული სამეტყველო აქტები და ოპერაციები, ენობრივი პარადიგმები, რათა მათ შეძლონ ამ ენობრივ მონაცემთა ცოდნის ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციაში გამოყენება. ერთ-ერთი ასეთი გზა გრამატიკის სწავლებაში კომუნიკაციური მიდგომაა.

გრამატიკის სწავლებისადმი კომუნიკაციური მიდგომის შესახებ არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი. ზოგი ავტორი უპირატესობას ანიჭებს გრამატიკის ზედმიწევნით ცოდნას, კარგ სტრუქტურულ ბაზას, რომელზეც შეიძლება კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დაფუძნება. მეორენი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სწრაფმეტყველებას და მიაჩნიათ, რომ გრამატიკული კომპეტენცია ყალიბდება თავისთავად, კომუნიკაციის პროცესში, გრამატიკის ცოდნის მიუხედავად. ამ ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრების გარდა არსებობს მიდგომები, რომლებიც ოქროს შუალედის გამონახვას ცდილობს. მათ მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ექსპლიციტური გრამატიკული წესები და ტერმინოლოგია არ უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს სავარჯიშოთა კომუნიკაციური დატვირთვა ანუ გრამატიკული მოდელების სწავლებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მათ სამეტყველო ფუნქციებსა და მათი გამოყენების ტიპობრივ სიტუაციაზე. ასე რომ, სწავლების კომუნიკაციური მეთოდი გულისხმობს ძირითადად კომუნიკაციურ სავარჯიშოთა სისტემის გამოყენებას, რომლებიც თავისთავად გრამატიკულ კანონზომიერებებს ეყრდნობა. კომუნიკაციური მეთოდისთვის მნიშვნელოვანია კომბინირებული სავარჯიშოები, რომელთაც გრამატიკულ მიმართულებასთან ერთად კომუნიკაციური ხასიათი აქვთ და პირიქით. 

არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა მიერ იმის გაცნობიერებას, რომ გრამატიკული ფორმები აუცილებელია კომუნიკაციური ამოცანის გადასაჭრელად და რომ მათი გააზრებით ადვილია ამ ფორმების გადატანა და გამოყენება ახალ კონტექსტში. 

კომუნიკაციური მიდგომა გრამატიკის სწავლებისას აღიარებს სწავლების კომუნიკაციურ მეთოდს, რომელიც ემყარება არა უბრალოდ წინადადების, არამედ გამონათქვამის დონეზე მუშაობის აუცილებლობას. სწავლების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია საურთიერთობო მეტყველების ელემენტარული ჩვევების ფლობა. წინ წამოიწევს მარტივი წინადადებებისა და ფრაზების გამოყენება, მარტივი შეკითხვის დასმა და პასუხის გაცემა, ურთიერთობის დამყარება მარტივ, ტიპურ სიტუაციებში (მისალმება, დამშვიდობება, გაცნობა) და სხვ. 

მასალა, რომელიც კომუნიკაციური მიდგომისას შეირჩევა, უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს სიტუაციის მიხედვით კონკრეტული ენობრივი ფორმების გამოყენებაში, სწორი მეტყველების დაუფლებასა და მართებული წერის ჩვევების გამომუშავებაში. მასალის შერჩევისას გათვალისწინებულია კომუნიკაციური სწავლების რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი. კერძოდ:

* ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს არა გრამატიკული წესების, ტერმინების ცოდნაზე, არამედ კონკრეტული ენობრივი მასალის კონკრეტულ კომუნიკაციურ, სამეტყველო სიტუაციაში გამოყენებაზე.

* ენობრივი და სამეტყველო მასალა – კლიშეები, მოდელები, სქემები, ცხრილები, წინადადებები, მინიტექსტები, დიალოგები – ორგანიზებული უნდა იყოს თემატურად და სამეტყველო ფუნქციების მიხედვით.

* ტექსტებსა და სავარჯიშოებში სტიმულირებული უნდა იყოს რეალური საკომუნიკაციო სიტუაცია, რომელიც ახლოსაა მოსწავლის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.

* სწავლებისა და სწავლისას აქცენტირება უნდა ხდებოდეს არა სიტყვების დამახსოვრებაზე, არამედ წინადადებებზე, გამონათქვამებსა და ტექსტებზე.

* კომუნიკაციურობის მიღწევა მხოლოდ ინტერაქტიული სწავლების პირობებშია შესაძლებელი, ამიტომ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ურთიერთობის სხვადასხვა ფორმის (წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის) გამოყენების შესაძლებლობა.
გასათვა­ლის­წი­ნე­ბელია ის პრინციპებიც, რომლებსაც, საზოგადოდ, მეორე ენის სწავლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, ეს არის:

* კომუნიკაციურობის პრინციპი. მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ ისინი იქცნენ კომუნიკაციური აქტის ძირითად მონაწილეებად, მასწავლებელმა კი გზამკვლევის, დამხმარისა და დამკვირვებლის ფუნქცია იკისროს.

* განმეორებადობის პრინციპი. განმეორება რომ ცოდნის დედაა, უპირველესად ენის სწავლებისას მტკიცდება. ხშირი განმეორება, თანაც სხვადასხვა კონტექსტსა და სიტუაციაში, მარტო მექანიკურ კი არა, გააზრებულ დამახსოვრებას უწყობს ხელს. მისი სიხშირე და ხანგრძლივობა მასალის სირთულეზეა დამოკიდებული.

* მისაწვდომობის პრინციპი. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მასალა არც მეტისმეტად რთული უნდა იყოს და არც მეტისმეტად მარტივი, რადგან ორივე შემთხვევაში მოტივაცია ეცემა. მიცემული დავალებები გასაგები უნდა იყოს და მოსწავლეს მათი დაძლევა შეეძლოს.

* გააზრებულობის / შეგნებულობის პრინციპი. გააზრების გარეშე ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების განვითარება არ ხდება. მოსწავლემ შეგნებულად უნდა გაიგოს გრამატიკული მასალა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი მის გამოყენებას წერითსა და ზეპირ მეტყველებაში.

* აქტიურობის პრინციპი. მასწავლებელი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, როგორ დაგეგმოს გაკვეთილი იმგვარად, რომ გაააქტიუროს მოსწავლე, უზრუნველყოს მისი აზროვნების, ნებისყოფისა და ყურადღების კონცენტრაცია. ეს პრინციპი ამგვარად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ნურასდროს გააკეთებთ იმას თქვენ, რის გაკეთებაც მოსწავლეს შეუძლია.

* აპროქსიმაციის პრინციპი. ენის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, შეცდომა გასწორდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კომუნიკაციას აბრკოლებს. შეცდომის ხშირი გასწორება უშუალოდ მეტყველების პროცესში მოსწავლეს უჩენს ერთგვარ შიშსა და არასრულფასოვნების კომპლექსს, უკარგავს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

* თვალსაჩინოების პრინციპი. მასალის აღქმასა და გააზრებას აადვილებს ვიზუალური მასალა, კერძოდ, სქემები, ტაბულები, დიაგრამები, ცხრილები და ა.შ., რადგან ისინი ეხმარება მოსწავლეებს გრამატიკული საკითხების კონკრეტიზაციასა და უკეთ დამახსოვრებაში.
გრამატიკის სწავლების საბოლოო მიზანი ზეპირი და წერილობითი ტექსტების შექმნა უნდა იყოს. რა სახის სავარჯიშოების შეთავაზებაა რეკომენდებული ამისთვის?

შევეცდებით, ეს სავარჯიშოები გარკვეული თანამიმდევრობით წარმოგიდგინოთ:

* მოცემული ფორმებიდან მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შესაბამისი და გამოტოვებულ ადგილას ჩასვას.

* ჩასასმელი მასალა მოცემულია საწყისი ფორმით და მოსწავლემ ის შესაბამისი ფორმით უნდა ჩასვას წინადადებაში.

* არეული თანამიმდევრობით და საწყის ფორმაში მოცემული სიტყვებისგან წინადადებების შედგენა.

* ორი ან სამი სვეტიდან მოსწავლემ უნდა იპოვოს შესაბამისი ნაწილები და ისრით ერთმანეთთან დააკავშიროს.

* სიტყვების მოცემული გროვიდან ფორმების კლასიფიკაცია-კატეგორიზაცია.

* შეკითხვებისა და არეულად მოცემული პასუხების დაკავშირება

* მოცემული ფორმების გამოყენებით წინადადებების შედგენა.

* პასუხების მიხედვით შეკითხვების დასმა.

* კითხვებზე პასუხის გაცემა.

* აღწერითი ტიპის სავარჯიშოები (მოცემული მონაცემების მიხედვით მოს­წავ­ლემ უნდა შეადგინოს ტექსტი კონკრეტულ პიროვნებებზე).

* ე. წ. ტრანსფორმაციული სავარჯიშოები. მაგალითად, წინადადებების შეცვლა იმდაგვარად, რომ მოსწავლე “იძულებული გახდეს” გამოიყენოს გარკვეული გრამატიკული ფორმა (პირველი პირის ფორმიანი წინადადებების გადაყვანა მესამე პირის ფორმაში, დროში გადატანა გუშინ/დღეს/ხვალ ზმნიზედების საშუალებით) და სხვა.

ყველა ეს სავარჯიშო საბოლოოდ ტექსტის შექმნისკენაა მიმართული. საწყის ეტაპზე ტექსტები მოცემული უნდა იყოს ნაკლულად და მოსწავლემ უნდა შეავსოს. მომდევნო საფეხურზე ტექსტი იქმნება მოდელის მიხედვით, ანუ მოსწავლეს მოეთხოვება მოცემული ტექსტის მცირეოდენი სახეცვლილება. უკანასკნელ ტაპზე მოსწავლე გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით დამოუკიდებლად ქმნის ტექსტს. 

იმისთვის, რომ გრამატიკის გაკვეთილები უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს, მასწავლებელი:

* არ უნდა დასჯერდეს მარტო სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებს და შეეცადოს, თავად შეიტანოს საჭირო დამატებითი მასალა;

* გრამატიკულ მასალაზე იმუშაოს დიფერენცირებულად, ჩამოსაყალიბებელი სამეტყველო უნარ-ჩვევების მიხედვით;

* გაზარდოს სავარჯიშოთა კომუნიკაციური დატვირთვა, ყურადღება გაამახვილოს სამეტყველო ფუნქციებსა და მათი გამოყენების ტიპურ სიტუაციებზე;

* უფრო ინტენსიურად გამოიყენოს სწავლების ინდუქციური მეთოდი, როცა მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ გრამატიკულ კანონზომიერებას;

* გამოიყენოს მშობლიური ენის გრამატიკა მეორე ენის გრამატიკული საკითხების გასააზრებლად შედარების გზით, დაადგინოს მსგავსება-განსხვავებები მშობლიურისა და მეორე ენის გრამატიკაში;

* უზრუნველყოს სწავლების განმეორებადობა პრინციპით: ძველი მასალა ახალ დონეზე, ძველ მასალაზე ახლის დაშენება;

* პერიოდულად შეაფასოს მოსწავლეთა ცოდნა და უნარ-ჩვევები. 
მომდევნო პუბლიკაციებში შევეცდებით, გრამატიკის სწავლებაში კომუნიკაციური მიდგომის უფრო კონკრეტული მაგალითები შემოგთავაზოთ.

სკოლის გზის საიდუმლოება

0
გურიაში, ბავშვობაში, როცა საქმე და დარდი ნაკლები იყო – ბებიაჩემების (ხან ერთ, ხან მეორე სოფელში) ხმა იყო ჩემი მაღვიძარა, ქათმებს რომ უხმობდნენ: მოჭიის, ჭის, ჭიის. მე მგონი, ყველაზე უფრო, დრო მაღვიძარებს ცვლის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მაღვიძარების ცვლილება მიანიშნებს სხვა დანარჩენს.
მოგესალმებით. მე გიორგი კეკელიძე ვარ. ვსწავლობდი ქალაქ ოზურგეთში. როგორც კი სწავლა დავიწყე – მაღვიძარაც შეიცვალა. ეს დედაჩემი იყო. დილაობით ელ–ენერგია იმ დროს დიდი იშვიათობაა და თუ კი – ქვევით ტელევიზორში, რომელსაც ჩემსავით თავში წამორტყმით ვაღვიძებდით ხოლმე – გადიოდა პროგრამა ალიონი, ენთო ღუმელი (ზამთარ–ზაფხულ), პური–ყველი–ჩაი, წინაღამით ჩალაგებული ჩანთა. თავიდან დავდიოდი მშობლებთან ერთად (მონაცვლეობით), მერე მეზობლების ბავშვებთან და ბოლოს მასწავლეს, ერთ მოსახვევში დიდი შავი ძაღლი ება ჭიშკართან. ბინძური, წირპლიანი თვალები ჰქონდა. იქ უნდა მიმეხვია და პირდაპირ წავსულიყავი. მერე აღმართი იყო და ბოლოს სკოლა.
ქალაქ ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის # 1 საშუალო სკოლა. ეს ეგნატე სულ ჩიოდა თურმე, კარგი მასწავლებელი არ მყავდაო, თორემ რუს პისაწელებს ნიჭით როდი ჩამოუვარებოდიო და სხვანი. ჩემს სკოლაში კარგი მასწავლებლები იყვნენ – ნაწილი მათგან გარდაიცვალა. იმის თქმა მინდა, რომ უმეტესი ცოცხალია და დღესაც ასწავლის. მომჭერით თავი პათეტიკისთვის და მერე კიდევ მეორედ მომკალით, თუ ასე არ იყოს – სკოლაში რომ ავედი, წლების გასულიყო – ცარიელში, არდადგებისას. ისეთი საქმე დამემართა – სადმე დაშორებულ შეყვარებულს რომ დაინახავ – კისერში ბურთი და … ბურთს იქაც ვთამაშობდით, ნაძვნარში. და სხვა ამბებიც ბუნებრივია – ვირობანა, შატალო და ასეთიც: დავალება სახლში დამრჩა მეთქი და წადი მოიტანეო. წავედი და გზაზე დავწერე, მთელი კილომეტრნახევარი კი უნდა მეარა. ჰოდა, გზებს მივუბრუნდეთ. რადგან სკოლაზე და მასწავლებლებზე წერა დავიწყე, ეს ამბავი არანაკლებ საყურადღებოა – მთელი თავისი გამოგონილი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი საკრალურობებით. ერთ ქუჩაზე იყო მონაკვეთი, უსახლო – მხოლოდ ჩაის ბუჩქები. ყველაზე უფრო იმ ნაწილის გავლა მეზარებოდა. შეიძლება მეშინოდა კიდეც. მსოფლიოში უგრძეს მანძილად მეჩვენებოდა. თავის დასაძვრენად მოვიგონე. სკოლის მასწავლებლებს სახელ–გვარებს ვუნაცვლებდი. მაგალითად: ქეთევან კიღურაძე, ლუბა ჩუბინიძე (ანუ რეალურად ქეთევანი გახლდათ ჩუბინიძე). ეს იყო ჩემი იმ მონაკვეთისეული ამოცანა. პირველი ლექსებიც იმ ,,გზაზე’’ დავწერე. მიჩხუბია კიდეც და წავქცეულვარ და საათობითაც გავჩერებულვართ ფეხბურთზე საუბრისას, გადმოცემებით რომ ვყვებოდით მატჩის პერიპეტიებს. ამით იმას გიამბობთ, რომ სანამ სკოლაზე და მასწავლებელზე მოგიყვებით, ეს გზაც მნიშვნელოვანია, იქ რომ მიმიყვანა.
ძაღლი, რომელიც ,,გზამკვლელი’’ იყო, ცხადია და სამწუხარო –ორ–სამ წელიწადში გაქრა. მაგრამ მე უკვე ვიცოდი მიგნება. და ერთიც – იმ ძაღლის სიკვდილის შემდეგ მივხვდი. გზა, რომელიც ავირჩიეთ, არ იცვლება. იცვლება ნიშნები, რომელიც ამ გზაზე გვაყენებს და ან გვაშორებს.
მაღვიძარებიც იცვლებიან.

 

ჩემი რადიო „თავისუფლება“

0

რადიო “თავისუფლების” ქართული მაუწყებლობა 60 წლის გახდა. დიახ, იმ დროიდან, რაც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველები ცენზურისგან თავისუფალ ინფორმაციას რადიოტალღების მეშვეობით მშობლიურ ენაზე პირველად ეზიარნენ, უკვე 60 წელი გავიდა.

საბჭოთა ცენზურისგან თავისუფალი ინფორმაციის წყაროს იდეა ცივი ომის დროს გაჩნდა და აშშ-ის კონგრესის დაფინანსებით განხორციელდა. რადიოსადგური დღემდე ინარჩუნებს საინფორმაციო არხის ნიშას ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფორმაციის თავისუფლება მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდულია. მაუწყებლობა ფარავს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს და, ცხადია, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მრავალი სხვა ქვეყნის რეალობაშიც გარდამტეხი როლი შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ცივი ომის განმავლობაში რადიოსადგური მეტი დატვირთვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მაუწყებლობდა, დღეს მისი რესურსების დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიო ”თავისუფლება” თავისუფალი სიტყვის გავრცელებას ცდილობს იქ, სადაც ყველაზე მეტადაა ამის საჭიროება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა კონსტიტუციით დაცული სიტყვის თავისუფლებითა და ნაწილობრივ ცენზურის გარეშე მომუშავე მედიასაშუალებებით, რადიო “თავისუფლება” ჩემთვის დღემდე რჩება ერთადერთ სანდო წყაროდ – ამომწურავი ინფორმაციითა და ჟურნალისტებით, რომლებიც შესანიშნავად იცნობენ მედიასტანდარტებს. კარგად მომზადებული ანალიტიკური გადაცემებითა და დიალოგებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიცაა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ბედი და ადამიანის უფლებები. თანამედროვე კულტურა და ხელოვნება, სიუჟეტები ახალგაზრდობისთვის აქტუალურ თემებზე, ახალი წიგნების მიმოხილვა და სხვადასხვა დროის ჯაზმენების მუსიკა, ის იმ იდეალურ ბალანსს ქმნის, რომელიც მედიასაშუალებას მოეთხოვება.

რაც მთავარია, აქ ვერ მოისმენ ვერც ყვითელ ამბებს, ვერც ისტერიულ-ემოციური ტონით მომზადებულ სიუჟეტებს და ვარაუდებზე აგებულ ნარატივს, ასე ფესვგადგმულს ქართულ მედიაში, რომლებიც ხშირად ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან ან პოზიციასთან ასოცირდება და ძნელია მათ ობიექტურობაზე საუბარი, ანდა იმდენად შორს დგანან პროფესიული ეთიკისა და სტანდარტებისგან, რომ გაუცნობიერებლად ამკვიდრებენ სიძულვილის ენას, ქმნიან რეიტინგს სხვების პირადი სივრცის დარღვევით ან, უბრალოდ, საკუთარ ფანტაზიას ფაქტებად ასაღებენ.

ალბათ სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ მასწავლებლებმა და მშობლებმა ბავშვებს, რომლებიც ჟურნალისტობაზე ოცნებობენ – რას ნიშნავს მაღალი და დაბალი სტანდარტი, რა განსხვავებაა რადიო “თავისუფლებასა” და დანარჩენ რადიოსადგურებს შორის, რომლებითაც, აგერ უკვე რამდენი წელია, უმთავრესად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გვსჯიან და რომლებიც თავიანთ მაღალ რეიტინგს საზოგადოებაში ისედაც ფესვგადგმული მახინჯი ტრადიციების სტიმულირებისთვის და დაძაბული, სტრესული გარემოს შესაქმნელად იყენებენ.

ისიც უნდა ვასწავლოთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის წყაროს სწორად არჩევას, რათა ჩვენდა უნებურად არ ვიქცეთ არასწორი ან პროპაგანდული ინფორმაციის მიმღებებად და გამავრცელებლებად და ისიც, რა დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს ჟურნალისტის პროფესია.

როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი – გზამკვლევი მასწავლებლებს

0

პროექტი როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. ის არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული. როგორც ცნობილია, პროექტული მიდგომა საჭიროა მაშინ, როდესაც პრობლემაა გადასაჭრელი; პროექტი როგორც მრავალფუნქციური მეთოდი საშუალებას აძლევს პროექტის ავტორს, დეტალურად გაწეროს კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო.

პროექტი შეიძლება შესრულდეს: ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ერთი საგნის ფარგლებში; რამდენიმე საგნის ფარგლებში (საგანთა ინტეგრაცია).
მასწავლებელი-მოსწავლეების დამოკიდებულების მხრივ შეიძლება გამოიყოს სამი ტიპის სასწავლო პროექტი:

რთული მოლეკულური სტრუქტურების აგება

0

ვინც გაეცანით ჩემს ორ წინა წერილს და უკვე სცადეთ კიდეც მოლეკულათა სტრუქტურული ფორმულების აგება, დაინახავდით, რომ, მიუხედავად კომპიუტერის დახმარებისა, არაერთ სირთულეს შეეჯახეთ. პირველი, რაც ამ დროს არ გვაკმაყოფილებს, კომპიუტერის “დაუმორჩილებლობაა” – აგებული მოლეკულური მოდელი მთლად ისე არ გამოიყურება, როგორც წარმოგვედგინა.

გულს ნუ გაიტეხთ, ეს მცირე “უხერხულობები” პროგრამების არასათანადო ცოდნით არის გამოწვეული. ცოტა მეტი ძალისხმევა, ცოტა უფრო ღრმად ჩახედვა მათ შესაძლებლობებში და თაგუნას მარტივი მოძრაობით ჩვენთვის საჭირო ნებისმიერი სირთულისა და ფორმის სტრუტურის აგებას ვუდირიჟორებთ.

 ვრცლად

მასწავლებელი

0

სიტყვა “მასწავლებლის” გაგონებისას ყველას სულ სხვადასხვა რამ ახსენდება.

ზოგს – თავისი დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ვინც სითბოს არასდროს იშურებდა, ზოგს – საშუალო კლასების დამრიგებელი და ყურთან ახლოს ნაგრძნობი სუსტი წვა, ზოგიერთს – პლატონი და არისტოტელე, ან არისტოტელე და მაკედონელი, ან კიდევ, რა ვიცი, ბევრი სხვა წყვილიც მოიძებნება.

ერეკლე ტატიშვილი – ჩემი საყვარელი პოეტის, ნიკო სამადაშვილის, სულიერი მამა და ძმა, ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი, უდიდესი პიროვნება, რომელზეც ჯერ არ დამიწერია და რომელსაც ეძღვნება ეს პოსტი.

ერეკლე ტატიშვილი 1884 წელს გორში დაიბადა, გორის გიმნაზიის შემდეგ ელიზავეტოპოლის გიმნაზიაში სწავლობდა, უმაღლესი განათლება ჯერ ლაიფციგის, შემდეგ მონპელიეს უნივერსიტეტებში მიიღო, 1913 წელს კი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა დაამთავრა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ერეკლე ტატიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. ჯერ გორის ვაჟთა გიმნაზიაში, მერე კი თბილისის ვაჟთა ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა გერმანულ ენას. შემდეგ მცირე ხნით დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1920-1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების გამგე, მერე – ამავე სამინისტროს დირექტორი, მაგრამ მალევე მიატოვა თანამდებობა.

1921-1923 წლებში ასწავლიდა ვაჟთა მესამე ტექნიკუმში, იყო მწერალთა აკადემიური ასოციაციის წევრი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ ცდილობდა მისი კულტურული ავტონომიის შენარჩუნებას, თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან (“ილიონი”, “საქართველოს სამრეკლო” (რედაქტორი – კონსტანტინე გამსახურდია), “პოეზიის დღე” (რედაქტორი – ვახტანგ კოტეტიშვილი), “კავკასიონი” და “ახალი კავკასიონი” (რედაქტორი – პავლე ინგოროყვა).

1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის ლექტორად, 1927 წლიდან კი ასწავლიდა უცხო ენებსა და ლიტერატურასაც. 1931 წელს ხელისუფლებამ დაარბია და საბოლოოდ დაშალა ქართველ მწერალთა აკადემიური ასოციაცია და სხვებთან ერთად ერეკლე ტატიშვილიც გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან (17 მაისის სხდომაზე).

1935 წელს იყო უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის – უცხო ენათა კათედრის – დამაარსებელი და პირველი გამგე.

იმ დროიდან დაიწყო მისი დევნა. ჩამოართვეს უნივერსიტეტში სასწავლო კურსები, ხოლო 1941 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს. მან ორ წელიწადზე მეტი ხანი დაყო თბილისის საპატიმროში. გათავისუფლების შემდეგ კვლავ უნივერსიტეტს და პედაგოგიურ მოღვაწეობას დაუბრუნდა, თუმცა დიდხანს აღარ უცოცხლია. გარდაიცვალა 1946 წლის 1 თებერვალს. ერეკლე ტატიშვილის ცხედარი მისმა მეგობრებმა და მოწაფეებმა ხელით წაასვენეს მთაწმინდის უბნიდან, სადაც ერთ პაწია ოთახში ცხოვრობდა, და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე (მისი საფლავის ქვა ნიკო სამადაშვილმა ჩამოიტანა).

დიდია ერეკლე ტატიშვილის ღვაწლი ქართული სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის წინაშე. მნიშვნელოვანი თარგმანები – ჩარლზ დარვინის “სახეობათა წარმოშობა”, ფრიდრიხ შილერის “ვერაგობა და სიყვარული” (პირველად დაიდგა 1935 წელს), ბერნად შოუს “კეისარი და კლეოპატრა”, ფრიდრიჰ ნიცშეს ფილოსოფიური რომანი “ესე იტყოდა ზარატუსტრა”…

იგი თავისი პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილებით აქტიურად ეხმიანებოდა ქართული კულტურისთვის ძალიან რთულ დროს, როგორც ჭეშმარიტი ინტელექტუალი – გულშემატკივარიც და კრიტიკოსიც ერთდროულად:

“ლიტერატურული ესთეტიკა ჯერ კიდევ აკვანში განისვენებს, სადაც კრიტიკა ვერ გასცილებია პირადი სიმპათია-ანტიპათიის შურის მისრით შეზღუდულ არეს, სადაც პიროვნების დაფასება-პატივისცემა შორეულ ჟამთა არაკად გარდაქმნილა, სადაც ყველა კუთხეში პამპულას ძონძებში გამოწყობილ, ფაფარაშლილ კადნიერებას თავისი ბალაგანი დაუდგამს და უამრავ “საკუთარ ფირმათა” ჭრელი იარლიყების გამოფენა ადამიანს თავბრუს დაახვევს, სადაც ყველა უსუსურ ბავშვსაც კი წარმოდგენილი აქვს, რომ ზეცას ცეცხლი მოსტაცა, რათა თავის მოძმე უბედურ მომაკვდავთ ძვალ-რბილი გაუთბოს. რა გასაკვირველია: “ჩვენი ქვეყანა ხომ ამირანის ქვეყანაა?!” (ერეკლე ტატიშვილი, “ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ”).

ერეკლე ტატიშვილს, როგორც ნიკო სამადაშვილის მასწავლებელს, მისი პოეზიის გულშემატკივარსა და, ერთგვარად, აღმომჩენსაც ძალიან დიდი როლი ენიჭება მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ისტორიაში.

თამაზ ჩხენკელი წერს: “ერეკლე ტატიშვილი იყო დიდი ერუდიციის კაცი, ევროპული კულტურისა და ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე, მეტად საინტერესო პიროვნება. ეს მოაზროვნე კაცი, თავისი ბრწყინვალე განათლებისა და პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით, დიდ გავლენას ახდენდა შედარებით ახალგაზრდა, ზოგჯერ სავსებით ყმაწვილ მეგობრებზე. ნიკო სამადაშვილი მოწაფე და მეგობარი იყო ერეკლე ტატიშვილისა, რომელიც მას რაღაც უცნაური ძალით უყვარდა თავისი სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენი მეგობრობის მანძილზე მე არ მახსოვს არც ერთი შეხვედრა ღვინისმიერი თუ უღვინო, რომ მას გულისშემძვრელი სიყვარულითა და თაყვანისცემით არ მოეგონებინოს ამ კაცის სახელი. ეს მართლაც საოცარი იყო და ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. მე მინდა ვთქვა, რომ რამდენადმე ამ ძლიერ პიროვნებასთან ურთიერთობამ განაპირობა ნიკო სამადაშვილის პოეტური ბიოგრაფიის თავისებური გეზი”.

“შეხვედრები და სინანული” – ეს პროზაული კრებული პოეტმა სწორედ ერეკლე ტატიშვილს მიუძღვნა წარწერით: “ჩემი ცხოვრების სიხარულსა და გულშემატკივარს, ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას”.

“როცა გხვდებოდი, ჩემს საგონებელს
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს,
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,

მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე”, –

ასეთი სიტყვებით გააცილა პოეტმა მეგობარი და მასწავლებელი უკანასკნელ გზაზე.

ვინც ქარხნის კვამლით ვარსკვლავებს ჰგვიდა- კარლო კაჭარავა

0

მეშინია მარტის, გაზაფხულს ისეთი ცუდი დასაწყისი აქვს ხანდახან, გაგრძელება აღარ მოგინდება, მიუხედავად იმისა, რომ სინოპტიკოსები ყოველთვის იმედიან პროგნოზებს გვთავაზობენ, მზითა და, რაც მთავარია, ნაკლები წვიმით. ეს ყველაფრის მკადრებელი მარტი კი ფსიქოლოგიურად ყველაზე გაუწონასწორებელი თვეა. თორმეტივე თვეს აქვს რაღაც ადამიანური. მარტი “ხასიათის” თვეა. მარტი ციციკორეა, ჩვენ კი მარიტები ვართ, ერთი განსხვავებით: ტალახის აბაზანები ყოველდღე გარანტირებული გვაქვს. თუმცა მარტი ფილანთროპი არ გახლავთ და ბალნეოთერაპიის სიკეთე სულ არ ანაღვლებს. ჩემი ბიბლიოფილური მიდრეკილებები კი ხშირად ითვალისწინებს ისეთ რამეებს, როგორიც დრო, სეზონი, ადგილი, გარემო და სხვა წვრილმანებია. წიგნის ჭიას ის განასხვავებს აბრეშუმის ჭიისგან, რომ ამ უკანასკნელისთვის აქტიური პერიოდი მხოლოდ ზაფხულია, ჩვენ კი წელიწადის ყოველი დრო და თვე საკუთარ მწერლებს გვახვედრებს. ეს, რა თქმა უნდა, ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც სიგარეტის მოწევა უზმოზე თუ, პირიქით, ჭამის შემდეგ. მე კარლო კაჭარავას ყოველი ხელახალი სიყვარული მარტში მეწყება.

არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი. იმდენის მაინც ვიქნებოდი, მივმხვდარიყავი, რომ საქმე კორპუსისხელა კი არა, უფრო დიდ, ვეებერთელა ავტორთან დავიჭირე. შიში რომ შეიქმს სიყვარულს, ეგ დამემართა: ცოტათი შემეშინდა, უფრო კი გამიკვირდა და საბოლოოდ შემიყვარდა. მახსოვს, ისევე შემეშინდა, როგორც მუხიანის პირველად ნახვისას: ბევრი რუხი, მასიური კორპუსი თან მთრგუნავდა, თან მასშტაბურობის გამო ოდნავ მომწონდა კიდეც. მე დღემდე მეშინია კარლოსი: ის, რა თქმა უნდა, არამზიანია და ყველაზე ნაკლებად საქართველოს “მზიურობაზე” წერს. მისი დეტალები საშიშად მომხიბვლელია და ხანდახან ტუალეტის სუნი გცემს და გიკვირს, რადგან ტუალეტის ჩარეცხვის ტრადიცია შენ, ცივილიზებულ და, შესაბამისად, ჰიგიენურ ადამიანს, ძვალსა და რბილში გაქვს გამჯდარი. მერეღა ხვდები, წინ გელის “ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა” და აღმოჩენა, რომ შენი ღამეები სხვის დღეებზე უკეთესია, მაგრამ თავს განსაკუთრებულად მაინც ვერ იგრძნობ; ხვდები, ისეთივე ჩვეულებრივი ხარ, როგორიც დეზერტირების ბაზარზე დახლზე გამოფენილი ვითომდა სხვადასხვა ხარისხისა თუ წონის გაპუტული ქათმები გრძელი, უსიცოცხლო კისრებით. აქედან ვის სპეციალური აბებით კვებავდნენ და აფუებდნენ, ვის ნატურალური საკენკით აპურებდნენ და მოსიყვარულე პატრონები ხანდახან “ძიო-ძიოთიც” მოუხმობდნენ. საბოლოოდ კი დეზერტირების ბაზარი დაიმკვიდრეს, რადგან მე არაფერი გამიგონია ქათმების საიქიოზე.

პოეტი, მხატვარი, ხელოვნების კრიტიკოსი კარლო კაჭარავა 1964 წელს დაიბადა. რაღა თქმა უნდა, ყველა ეს ნიჭი ჩვილობიდან არ დაჰყვებოდა, თოთოობისას ერთადერთი ნიჭი და შესაძლებლობა გენიოსებისთვისაც და სხვებისათვისაც საფენებისადმი (ახლა უკვე პამპერსებისადმი) ბოროტი და არაკეთილსურნელოვანი მოპყრობაა. 1981 წელს კარლო თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას ამთავრებს, 1986 წელს კი სამხატვრო აკადემიას. ის ახლა უკვე ხელოვნებათმცოდნეა. არითმეტიკულად მისი შემოქმედება მოიცავს: 40-მდე სამეცნიერო სტატიას, 900-მდე ფერწერულ და 3700-მდე გრაფიკულ ნამუშევარს, 1500-მდე ლექსს, 4 პოემასა და დაუმთავრებელ წიგნს სათაურით: “თანამედროვე ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი”, არაარითმეტიკულად კი – ერუდიტის ჩანაწერებს, თეორეტიკოსის კვლევებს, ავანგარდისტის ნამუშევრებს და დასავლურ არტისტულ სამყაროს.

 

კაჭარავას შემოქმედება ერთი დიდი ავადმყოფობაა. ეს ჰგავს მტკივან კბილზე კბილის დაჭერის მაზოხისტურ სიამოვნებას. ეს არ არის პეპლების ჭერისას, ბადით ჰაეროვნად ფარფატისას წარმოსათქმელი ან წასამღერებელი ლექსები და ანგელოზებიც კი არ დაფარფატებენ, მძიმედ დააბიჯებენ: “ავადმყოფები ბაძავენ ანგელოზებს და სადღაც სარკმლისაკენ იშვერენ ხელებს/ნამდვილი ანგელოზები კი მათ ამ სარკმლიდან უთვალთვალებენ/ხელებში ნავთის ლამპებით”. სურვილები ღამეებივით იკარგებიან და კონიაკს თრობის სიამის ნაცვლად სარკმელთა მიღმა ჩაკეტილი სხვისი ბედნიერება მოაქვს სუსტად, ნიავივით: “მე ვკარგავ ამ სურვილს როგორც ღამეებს./ვიღაც გრძელცხვირა ქალიშვილი თამაშით ცეკვავს რკინიგზაზე,/მატარებელი შედის მასში, ისევე როგორც ნისლში. -/ამ მატარებელში შენ ზიხარ/მთვარეთა შორის მოგზაური./ღარიბ, დამწვარ მიწაზე, რომელსაც კიფერი აწერს: “ჩემი მიწა”./მთვარის შესახებ კი პატარა ლუკა ცეცხლაძემ თქვა:/”თვითმფრინავს დიდი შუქი დარჩა ცაზე და ისე გაფრინდა”/ჯენი ჰოლზერმა თითქოს ჩვენს შორის თქვა:/”მიხსენით იმისაგან, რაც მინდა !”/ზაფხულის ქარი ვერცხლისფრად ელავს სახურავებზე./ამ დროს ქუჩაში ჩვენ ვსვამთ კონიაკს ვიღაცის სადარბაზოსთან./და ჩვენ გვგონია სასეირნოდ გამოყვანილი შოტლანდიური ნაგაზი/ქუჩის პანორამა./და სადღაც სარკმელთა მიღმა ჩაკეტილი ბედნიერება”.

საბჭოური ჩაკეტილი ბედნიერების სრულიად არაპოეტური ფონი მაშინ ვის როგორ ტექსტებს აწერინებდა… ეს არაპოეტური ქსოვილი კარლო კაჭარავამ ძალიანაც პოეტურად გამოიყენა და წვიმაში დარჩენილი ქარხნის ფონზე (წარმოიდგინეთ კადრი რომელიმე საბჭოური იდელოგიის მქონე ფილმიდან: მუშის გაზმორვის სურათი და უკან, ფანჯრის მიღმა, ბოლადენილი მეტალურგიული ან არამეტალურგიული ქარხნები) ბავშვებს ღარიბი სიმღერა და სველი პური გაატანა: “მუშათა ბავშვებს ნისლში მიჰქონდათ/ღარიბი სიმღერა და სველი პური/და ყველაზე წინ რომელიც მირბოდა/კვდებოდა ხელებში ქაღალდის ფულით./ჩვენ კი ვიწექით და ერთმანეთში გვეწყო ენები./ჩონჩხებათქცეულთ ყველა გზის მიღმა./სევდიანი და დაბნეული გრძელი ხელებით,/ვიღაც ქარხნის კვამლით ვარსკვლავებს ჰგვიდა./”
ძალიან, ძალიან სევდიანი, პირქუში და გენიალურია კარლო კაჭარავა. ოცდაათი წლის ასაკში ანევრიზმით სიკვდილი კი მით უფრო დასანანია, რომ ხვდები – შესაძლოა, მასთან საუბარიც კი მოგეხერხებინა, სიცოცხლეს თავად თუ მოახერხებდა, ბოლოს და ბოლოს, ჩემზე სულ რაღაც ოცდახუთი წლით არის უფროსი. საუბრისას კი ერთხელაც აუცილებლად ვეტყოდი, რომ ყოველთვის, როცა ქარხნის კვამლის მიერ დაგვილ ვარსკვლავებზე ვკითხულობ, ფერადი, სრულიად სულელური ასოციაცია მიჩნდება “პიქსარის” მოკლემეტრაჟიან მულტფილმთან, ოცდამეერთე საუკუნის ბედნიერ შვილზე.

მარიონეტების ფაბრიკა. სკოლის მასწავლებლის აღსარება

0

ჩვენი სკოლა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. გამოსავლის ძიებაში, ხშირად მივმართავთ სხვა ქვეყნების განათლების სისტემების გამოცდილებას. ერთ–ერთი ასეთი ქვეყანაა აშშ. ეს ქვეყანა, ამავე დროს, სერიოზული პარტნიორია ჩვენი განათლების სისტემის განვითარების საქმეში. ამერიკის განათლების სისტემა საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით და დამოუკიდებლობით, ცალკეული შტატის თუ სკოლის დონეზე.

ამ ქვეყანაში, ფრიად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს თავისუფალი განათლების მიმართულება, რომლის ერთ–ერთი თანამედროვე წარმომადგენელია ჯონ ტეილორ გატტო.

ჯონ ტეილორ გატტო – 30 წლიანი გამოცდილების მქონე ამერიკელი პედაგოგია, რომელიც ასევე არსებული ამერიკული საჯარო განათლების სისტემის კრიტიკოსია.
სამჯერ დასახელდა ქალაქ ნიუ–იორკის წლის საუკეთესო მასწავლებლად და 1991 წელს ნიუ–იორკის შტატის საუკეთესო პედაგოგად. ის არის მწერალი და პუბლიცისტი. მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 1997 წელს ალექსის ტოკვილის * სახ. ჯილდო „გამორჩეული მიღწევებისათვის განათლებაში თავისუფლების ხელშეწყობისათვის”. მიუხედავად იმისა, რომ განათლების ზოგიერთი პროფესიონალი მას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს, მაინც სკოლის შესახებ უამრავ მის თეზისს არსებითად ეთანხმებიან.
მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია – „მარიონეტების სკოლა – სკოლის მასწავლებლის აღსარება”. ვფიქრობ, დღეს აქტუალურია სკოლაში მიმდინარე პროცესების ის ხედვა, რომელსაც გატტო წარმოადგენს. ასევე საინტერესოა შესავალი სიტყვა რუსული გამოცემისათვის, რომლის თარგმნილ და მცირედ კორექტირებულ ვარიანტს წარმოგიდგენთ. საინტერესოა რომ ამერიკის, რუსეთის და საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული პრობლემები საერთოა. კითხულობ ამ წიგნს და ხვდები, რომ საქმე მარტო ქვეყნის სოციალურ–ეკონომიურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაში არ არის. არსებობს უფრო ღრმა, ფარული პრობლემები, რომლებიც ახასიათებს საჯარო განათლების სიტემას, საზოგადოებამ უნდა გახსნილად ისაუბროს ამ თემაზე. ჩვენი შვილების ბედზე, ოჯახი და საზოგადოებაა პასუხისმგებელი. არ შეიძლება ყველა პრობლემის გადაჭრა სკოლას დაეკისროს, რადგან გარკვეული საკითხების არსებითად მოგვარება, შეუძლებელია საჯარო განათლების სისტემაში. სამომავლოდ გვინდა შემოგთავაზოთ თავად ჯონ გატოს ორიგინალური ნაშრომი.

„მაშ ასე, თქვენს წინაშეა ჯონ გატტო— ცნობილი ამერიკელი პედაგოგი. წიგნის წაკითხვის შემდეგ, გრძნობ ,რომ მისი მონათხრობი რეალურია. მათთვის, ვინც განათლების სისტემას წარმოადგენს, ვინც ათწლეულების განმავლობაში მიჩვეული არიან გარკვეულ წესებით მუშაობას, ძნელია დაინახონ შიგნიდან თუ რა ხდება დღეს ამ სისტემაში.
 
გატტო, რომელსაც სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს , ძირეულად იცნობს სკოლაში მიმდინარე პროცესებს, იძლევა მთლიანად სისტემის მიზნების და ამოცანების ზუსტ ანალიზს, და ეს შეხედულება ეხმარება იმ ნეგატიური მოვლენების თვალნათლივ დანახვაში, რომელსაც სკოლაში აწყდებიან ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები. მიუხედავად იმისა, რომ აქ ლაპარაკია ამერიკულ სკოლაზე, ნათქვამი საოცრად ჰგავს სიტუაციას, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი სკოლებისთვისაც. სწორედ ამიტომაა საინტერესო ეს წიგნი .
 
ბავშვები დროის დიდ ნაწილს ატარებენ სკოლაში. სკოლა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის შეხედულებების და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. თანამედროვე ცხოვრება ისეთია, რომ მშობელს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება შვილების აღზრდისთვის და მათთან ურთიერთობისთვის. ამიტომ უფრო ადვილია იმედი იქონიო, რომ ამას გააკეთებს სკოლა. არ გვაქვს დრო დავფიქრდეთ, თუ რა ხდება იქ – სკოლაში, რას ასწავლიან მათ იქ.
გატტო წერს, რომ სკოლა პირველ რიგში ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას, ამზადებს რა ბავშვებს თავისი ამოცანების შესრულებისთვის. სკოლა-ეს არის მარიონეტების ფაბრიკა. საყოველთაო განათლების სისტემის საფუძველია – გახადოს ადამიანი უფრო შეზღუდული, მორჩილი, მართვადი. დეკლარილებული მიზნები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ საბოლოო მიზანი სწორედ ასეთია და საჭიროა გავაცნობიეროთ ეს–ამბობს გატტო. ბავშვის ინდივიდუალურობა, მისი ფიქრები და ოცნებები, პიროვნული თვისებები არ არის მოთხოვნადი.
კონკრეტული ცოდნის გარდა, სკოლა ბავშვს აძლევს ბევრ ნეგატიურ ჩვევებსაც. ის უყალიბებს დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან, საქმესთან, საერთოდ მთელ სამყაროსთან. აი ძირითადი ნეგატიური გაკვეთილები, რომელსაც სკოლა იძლევა:
პირველი გაკვეთილი –ესაა უსისტემობის გაკვეთილი. ყველაფერი, რასაც ასწავლიან ბავშვებს, ეძლევათ ყოველგვარი კონტექსტის გარეშე. არაფერი არაა მასთან დაკავშირებული.

 
მეორე გაკვეთილი –ადამიანები საჭიროა დაიყონ ჯგუფებად, ნათქვამია ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდესო. (სკოლის ასაკის მოახლოებასთან ერთად იწყება ბრძოლა პრესტიჟულ სასწავლებელში მოხვედრაზე და ბავშვები, რომლებიც პრივილეგირებულ სასწავლებლებში მოხვდნენ, ზემოდან უყურებენ თანატოლებს , რომლებიც ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობენ.)

 
მესამე გაკვეთილი – საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების გაკვეთილი. ზარის დარეკვასთან ერთად ბავშვებმა უნდა შეწყვიტონ საქმიანობა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის, და გაიქცნენ მომდევნო გაკვეთილზე. შედეგად, ისინი არასოდეს არაფერს არ სწავლობენ ბოლომდე.

მეოთხე გაკვეთილი–ემოციური დამოკიდებულების გაკვეთილი. ვარსკვლავების, წითელი ხაზების, ღიმილიანი და მოწყენილი სახეების, პრიზების, ჯილდოების და სასჯელების საშუალებით სკოლა ასწავლის ბავშვებს დაემორჩილონ ბრძანებას.

მეხუთე გაკვეთილი–ინტელექტუალური დამოკიდებულების გაკვეთილი. მოსწავლე ელოდება მასწავლებლის ბრძანებას. ფაქტიურად მათ ყოველგვარი შეფასებების და ინიციატივების გარეშე, უნდა გამოხატონ ის, რაც მათში ჩაიდო.

მეექვსე გაკვეთილი–სკოლა ასწავლის ბავშვებს იმას, რომ მათი შეხედულებას საკუთარ თავზე განსაზღვრავს გარშემომყოფების აზრი.

 
მეშვიდე გაკვეთილი–სრული კონტროლი. მათ ფაქტიურად არ აქვთ პირადი სივრცე, პირადი დრო.
ძნელია არ დაეთანხმო ამ მტკიცებულებებს. გრანდიოზული საგანმანათლებლო სისტემა არსებობს თავისთვის. ის ფუნქციონირებს და ვითარდება თავისი წესებით, ხოლო ბავშვი თავისი პრობლემებით და ინტერესებით რჩება გვერდით. ავიღოთ თუნდაც ყველა სკოლაში მოქმედი მოსამზადებელი ჯგუფები: იქ ბავშვებს ასწავლიან წერას, კითხვას, თვლას, უცხო ენებს და არ ითვალისწინებენ გრანდიოზული პროგრამის შესაბამისობას ამ ცოდნის აუცილებლობასა და მიზანშეწონილობასთან, ბავშვების შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებთან, ამიტომ ხშირად აზიანებენ მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას. არსებული განათლების სისტემა ხელს უწყობს თაობებს შორის გახლეჩვას და შეუძლებელს ხდის ცხოვრებისეული ცოდნის გადაცემას უფროსებიდან უმცროსებზე. ცოდნა, რომელსაც სკოლა იძლევა, ხშირად აბსტრაქტულია და მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას.
როგორია სიტუაციიდან გამოსავალი? რა გავაკეთოთ, რომ ბავშვებმა არ დაკარგონ სწავლისადმი ცოცხალი ინტერესი, არ გახდნენ კომფორმისტები და ცინიკოსები?
 
გატტო, გამოსავალს ხედავს, ყველას მიეცეს საშუალება თავისუფლად აირჩიოს სწავლების ფორმა, გაიზარდოს ოჯახის როლი ბავშვების აღზრდასა და განათლებაში. ენდეთ ოჯახებს, , ადამიანთა ჯგუფებს, თვითონ იპოვონ პასუხი კითხვაზე: “რისთვის გვჭირდება განათლება?”.
ეს პასუხი შეიძლება იდეალისტურად მოგეჩვენოთ. მაგრამ მთავარია ამ წიგნმა დააფიქროს მასწავლებლები და მშობლები იმაზე, თუ როგორ მოქმედებს არსებული განათლების სისტემა ჩვენ შვილებზე.

 
ჩვენ არ გვინდა, რომ გატტოს წიგნი აღქმული იყოს როგორც სკოლის საწინააღმდეგო მანიფესტი, როგორც მოწოდება „რევოლუციისკენ”. ვფიქრობთ ჩვენ, რომ ბავშვები საერთოდ არ უნდა მივიყვანოთ სკოლაში? რასაკვირველია არა, თუმცა ესეც შესაძლებელია. იქნებ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა გადავაკეთოთ მასწავლებლები, ვაიძულოთ ისინი შეიცვალონ თავიანთი პროფესიები და ცხოვრებისეული წესები? აგრეთვე არა, რადგან არსებული სისტემის ჩარჩოებში ეს შეუძლებელია და არც არის საჭირო. მივმართოთ განათლების ჩინოვნიკებს? აზრი არ აქვს. მაშ რისთვისაა საჭირო ეს წიგნი? პასუხი ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც.

 
ჩვენ პირველ რიგში მივმართავთ მშობლებს. მშობლები სხვადასხვანაირები არიან. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც არ ფიქრობენ რა ემართებათ მათ შვილებს. ზოგიერთი პირიქით, თვლის რომ უნდა აკონტროლოს და მუდმივად მის გვერდით იყოს. ზოგიერთს თვითონ არ უყვარდათ სკოლა და გადასცემენ ამ დამოკიდებულებას შვილებს. სხვები ფიქრობენ, რომ სწორედ სკოლა ზრდის მათ შვილებს ადამიანებად. ყველაფერი შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს, მაგრამ ძალიან ხშირად, შეიძლება ითქვას თითქმის ყოველთვის, სკოლა აღიქმება რაღაც გარდაუვალად, როგორც აუცილებელი ცხოვრებისეული ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო, მიუხედავად ყველაფრისა. თუ გაგიმართლა, სკოლის პერიოდი იქნება გააზრებული და სიცოცხლით სავსე ეტაპი შენს ცხოვრებაში, თუ არა და ის უაზროდ გაიწელება, გაიწელება… მაგრამ ვერაფერს ვერ იზამ, უნდა მოითმინო.
 

შეიძლება ყველაფერი შეცვალო. შეცვალო სკოლა, პედაგოგები, ბოლოს და ბოლოს სახლში შეიძლება ასწავლო ბავშვს. შეიძლება მოინახოს ბევრნაირი გამოსავალი, რომელიც დაეხმარება, ზოგ შემთხვევაში კი გადაარჩენს კიდეც მას. მაგრამ ამისთვის საჭიროა გამბედაობა, რომელიც მიიღწევა საკუთარი თავისადმი და შვილისადმი რწმენით. როდესაც მშობლები ორიენტირებული არიან სასკოლო სისტემის მოთხოვნებზე და ვერ აცნობიერებენ, რომ ამ სისტემას აქვს თავისი მიზნები, ისინი ვეღარ გრძნობენ ბავშვს, აღარ სჯერათ მისი და არც საკუთარი თავის. მთავარი მიზანი ხდება – დარჩნენ სისტემაში, ნებისმიერ ფასად შეესაბამებოდნენ მას.

 
გავრცელებულია აზრი, რომ სკოლა აჩვევს ბავშვს ცხოვრების მკაცრ კანონებს. მაგრამ ეს ასე არ არის. თავის ცხოვრებას ადამიანი ირჩევს თვითონ და არ არის აუცილებელი ის იყოს ისეთი როგორიც სკოლაშია. თქვენ ცხოვრობთ თქვენი ცხოვრებით, ამიტომ ღირს დაფიქრდეთ – აქვს კი აზრი შეუზღუდო ბავშვს შენს სივრცეში ყოფნის დრო და ენდო სისტემას, რომელიც თქვენი ცხოვრებისეული შეხედულებებისგან შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს? სკოლაში ჯობს ნაკლები დრო გავატაროთ–ამბობს გატტო. თქვენ გინდათ ბავშვებს თქვენი ფასეულობები გადასცეთ? მაშინ მიეცით ბავშვს საშუალება შეიგრძნოს ეს ფასეულობები, იცხოვრეთ მასთან ერთად, ყური მიუგდეთ საკუთარ და მის მოთხოვნილებებს. ამას ბევრად მეტი შედეგი ექნება, ვიდრე მის ყოფნას თქვენი ქალაქის საუკეთესო გიმნაზიაში.

 
კარგი იქნება, თუ მშობლები შეეცდებიან მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს, გახდნენ უფრო მოქნილები, ნაკლებად კატეგორიულები, როდესაც ის სკოლიდან მოსული თავის განცდებს გიზიარებს ,არ უთხრათ: ’’ასეა საჭირო. მოითმინე. იყავი ისეთი როგორც ყველა, დაუჯერე უფროსებს”, ეცადეთ გაერკვეთ პრობლემებში. პედაგოგებმა კი დაიწყონ შეფასება თავიანთი მოსწავლეების უფრო მეტად ორიგინალური და დამოუკიდებელი ნამუშევრების, მისცენ მათ თავისუფლება მათთვის საინტერესო თემების არჩევაში და საკუთარი აზრის გამოთქმაში.
სოციალური ფილოსოფოსი ჰანნა არენდტი წერდა: “სახელმწიფო განათლების მიზანი არასოდეს ყოფილა შეხედულებების ჩამოყალიბება. მისი მიზანი იყო გაენადგურებინა ამ შეხედულებების დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა”.

პედაგოგებს რომ ჰკითხოთ, რას თვლიან ისინი განათლების სისტემის მიზნებად, ეჭვი მაქვს ყველას პასუხი იქნება განსხვავებული. ასევე ვვარაუდობ, რომ ამ ჩამონათვალში არც ისე ხშირად შეგხვდებათ ისეთები, რომლებიც ფიქრობენ თუ რამდენადაა დაკავშირებული საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი იმასთან, რას და როგორ ასწავლიან სკოლაში, და კრიტიკულად აზროვნებას, რომელიც ეფუძნება საკუთარ გამოცდილებას. სავარაუდოდ, შეხედულება, რომ ის რაც ხდება სკოლის კედლებში ნაკლებადაა დაკავშირებული განათლების სისტემის დეკლარილებულ მიზნებთან, პედაგოგების უმეტესობას მოეჩვენება ცრურწმენად.

 
ჩვენ როგორც მშობლებს, ჩვენი შვილებისთვის გვინდა საუკეთესო. მაგრამ ჩვენი საკუთარი ქმედებები და ცხოვრების სტილი, ასევე მოთხოვნები, რომელსაც ვუყენებთ განათლების სიტემას, გვიჩვენებს რომ „უკეთესი” ჩვენთვის ხშირად ნიშნავს „უფრო მეტს”. გადასვლა ხარისხიდან რაოდენობისკენ, პიროვნების სულიერ განვითარებაზე ზრუნვიდან, სახელმწიფო განათლების ნახევრად მონოპოლიური სისტემის ინსტიტუტების განვითარებამდე.

 
ხომ არ დავსვათ კითხვები იმასთან დაკავშირებით სადამდე მიგვიყვანს დევნა, რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი შვილებისთვის „მაქსიმალური შესაძლებლობები” სამყაროში, სადაც უსწრაფესად მცირდება ბუნებრივი რესურსები? რას ასწავლის ჩვენს ბავშვებს გიჟური, ხშირად მკაცრ კონკურენციაზე დაფუძნებული ბრძოლა – მასწავლებლისთვის ხელფასის მომატება, დამატებითი ინვენტარის შეძენა, სკოლებისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფა? როგორ უნდა აღიქვან ეს გიჟური ბრძოლა იმ ბავშვებმა რომლებიც თავისი ნების გარეშე ამ კონკურენციაში მუდმივად აგებენ? და თუ ჩვენი ბავშვების შეხედულებები უნდა ფორმირდებოდეს მათი გამოცდილებით, მაშინ ეს სიტუაცია როგორ აისახება საზოგადოებაზე? (შეიძლება ჩვენ უკვე ვიწვნევთ ამ შეხედულებების ფორმირების შედეგებს ძალადობის, ნარკომანიის, ნაადრევი ორსულობის და ბევრი სხვა პრობლემების ზრდით, რომელმაც დააავადა თანამედროვე ახალგაზრდობა.)

 
ეკლექტური, სახალისო, რომელიც ძნელად ექვემდებარება კლასიფიკაციას და დაფუძნებულია პირად გამოცდილებაზე, ჯონ გატტოს შეხედულება, გვაიძულებს გადავხედოთ ზოგიერთ ჩვენთვის ძვირფას პრინციპებს. ის არ იძლევა მზა რეცეპტებს და არც ოპტიმისტურ პროგნოზებს. ის ისწრაფვის, და ამის დადასტურებაა მისი ოცდაექვს წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა, პირველ რიგში, მისცეს საშუალება ყველა ბავშვს, მათ შორის ღარიბი და ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან, მიიღონ ხარისხიანი განათლება და მეორეს მხრივ, მიაჩვიოს თავისი მოსწავლეები კრიტიკულ აზროვნებას, რათა მათ შეძლონ გააანალიზონ და გაიგონ, თუ რას უშვება მათ სასკოლო განათლების სისტემა.

 
ჩვენი საზოგადოებრივი წყობა ავტორს მიაჩნია მძიმედ, მაგრამ არა უიმედოდ. იმედის სხივს ის ხედავს თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანთა გაერთიანებებში, რომლებიც შეძლებენ გამოასწორონ სოციალური პრობლემები და წაგვიყვანონ უკეთესი მომავლისკენ.”
ნათარგმნია – «Фабрика марионеток. Исповедь школьного учителя»: Генезис; М.; 2006
* ტოკვილი ალექსის (1805-1859)
ფრანგი ისტორიკოსი, სოციოლოგი და პოლიტიკური მოღვაწე. საყოველთაოდ ცნობილია მისი თვალსაზრისი საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესახებ: ,,მე ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველივე, რაც რევოლუციამ გააკეთა, ურევოლუციოდაც გაკეთდებოდა”. ესაა ციტატა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებიდან ,,ძველი რეჟიმი და რევოლუცია”.
წყარო: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] – თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
 
 
მოამზადა კახა ჟღენტმა

1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის გასააზრებლად

0

ბოლო ოცი წელია, 25 თებერვალს საქართველო ისე აღარ აღნიშნავს, როგორც მანამდე, თითქმის 70 წლის განმავლობაში აღნიშნავდა. 1918-1921 წლების საქართველოს ისტორია, შეიძლება ითქვას, ხელახლა გადასახედი და გადასაწერია. ამ წლების ანალიზს კომუნისტური იდეოლოგია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯებით გვთავაზობდა, თუმცა კი დღესაც ბევრი რამ არის გამოსაკვლევი, დღემდე არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, შესაფასებელია პიროვნებები, გადასახედია შედეგები, რომლებიც მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერთა ქმედებებმა გამოიწვია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უამრავი ახალი დოკუმენტი შეემატა, რომელთა შესწავლა ხელს შეუწყობს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის გააზრებას. მათ შორისაა გურამ შარაძის მიერ არქივისთვის გადაცემული ფონდები ჰარვარდიდან და ლევილიდან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა, ხოლო ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია მკვლევარებისთვის. 

ამ ცოტა ხნის წინ კი ეროვნულმა არქივმა წიგნად გამოსცა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძის მოხსენება “საბჭოთა საქართველოს ცხოვრებიდან – ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი”, რომელიც მან 1921 წლის 20 სექტემბერს წარუდგინა სტამბოლში მყოფ ჟორდანიას მთავრობას. დოკუმენტი მოიცავს თვითმხილველის მიერ საქართველოში ბოლშევიკების ბატონობის პირველი ექვსი თვის დეტალურ აღწერას. ეს ტექსტი აქამდე უცნობი იყო ქართული ისტორიოგრაფიისთვის, იგი ინახებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არქივის ჰარვარდისა და ლევილის კოლექციებში და საზოგადოებისთვის ახლაღა გახდა ხელმისაწვდომი. 

მოხსენება მოიცავს პერიოდს 1921 წლის 17 მარტიდან 28 აგვისტომდე და დაყოფილია 14 ძირითად ნაწილად და რამდენიმე ქვეთავად: მთლიანი სურათის გადმოცემის სირთულე; ბათუმის პირველი დღეები და ქემალისტებთან ბრძოლა; ბოლშევიკური ლიბერალიზმის ხანა; მართვა-გამგეობის აპარატი – რევკომები, ადმინისტრაცია, ჩეკა, რაბკინი, სასამართლო, ციხე, წითელი არმია. მოხსენების ავტორი განიხილავს მიწის საკითხს, რკინიგზას, ეკონომიკურ, ფინანსურ და საგარეო პოლიტიკას, აღწერს ცხოვრების სიძვირესა და გაჭირვებას. კოლია ჭუმბურიძე ასევე დაწვრილებით ინფორმაციას გვაწვდის პოლიტიკური პარტიების: კომპარტიის, კავბიუროს, სოციალისტ-ფედერალისტების, სოცრევოლუციონერების, ნაციონალ-დემოკრატების, სოციალ-დემოკრატების – შესახებ და განწყობას პარტიებს შორის. იგი საუბრობს ხალხის სულიერ განწყობასა და დემოკრატიული მთავრობის გავლენაზე, ამ მთავრობის წარსულ საქმიანობასა და ნაკლზე.

მოხსენების დასაწყისში გადმოცემულია ბათუმისთვის ბრძოლისა და ჟლობას კავალერიისა და რუსული ნაწილების თურქებთან ბრძოლაში პირდაპირ ჩაურევლობის დეტალები. საინტერესოა ავტორის მიერ აღწერილი დიალოგი რუს წითელარმიელებსა და ქართველ მებრძოლებს შორის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ომის დასრულების შემდეგ: “სადგურზე ყველგან ბევრი ხალხი იყო, განსაკუთრებით რუს. არმიელები, ჩვენი გვარდიელები და ჯარის კაცები, იყო ყველგან გახურებული კამათი. წითელი არმიელები ჩვენებს უმტკიცებდნენ, ჩვენ თქვენს განსათავისუფლებლათ მოვედითო. ჩვენები ამით შეურაცყოფილათ გრძნობდნენ თავს და თავისი დამტვრეული რუსულით “ბდღვირს ადენდნენ” რუსებს”. მოხსენებაში საუბარია ბოლშევიკების მიერ ხალხის მომადლიერების მცდელობაზე, რა მიზნითაც მათ გახსნეს საწყობები და ხალხს დაურიგეს იქ დარჩენილი პური და შაქარი, რაც ერთჯერად ეფექტზე იყო გათვლილი. ალბათ ამით თუ აიხსნება მოგვიანებით ემიგრანტულ ლიტერატურაში გავრცელებული აზრი, თითქოს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არსებული მატერიალური თუ სამხედრო რესურსი არ გამოიყენა მტრის წინააღმდეგ და შემდეგ ბოლშევიკები დიდხანს კვებავდნენ ამ სურსათით მოსახლეობას. მოკლე ხანში ხალხმა დაინახა დამპყრობლის ნამდვილი სახე და ბოლშევიკების მიერ “ლიბერალობანას” თამაშის მცდელობასაც ბოლო მოეღო.

მეტად საინტერესოა ავტორის მიერ აღწერილი მართვა-გამგეობის ორგანოები, ამ ორგანოებში მომუშავე პირთა პროფესიული და მორალური სახის აღწერილობა, მათ შორის არსებული წინააღმდეგობები.

სხვადასხვა წყაროდან კარგადაა ცნობილი სტალინის ვიზიტი გასაბჭოებულ საქართველოში 1921 წლის ივლისში და მისი ფიასკო ნაძალადევის მუშათა სასახლეში გამოსვლისას. ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება ამ ამბავს ახალი და საინტერესო დეტალებით ავსებს: “ალექსანდრე დგებუაძემ ასე დაიწყო: “ორი კვირაა, რაც ციხიდან გამოველ, ვიცი, ამ სიტყვის გამო ისევ ჩეკაში გამგზავნიან, მაგრამ მაინც უნდა ვილაპარაკოვო”. ბოლოს ასე დაათავა: “თუ კაცი ხარ, კობა, ის, რაც აქ ხდება და ნახე, გადაეცი ყველაფერი ლენინსო”. ამაზე კობამ უპასუხა: “ამხანაგებო, ჩვენ არ ვფიცავთ, რომ რუსეთის წითელი არმია მოვიყვანეთ საქართველოში”. “თქვენ ამას არ ფიცავთ აქ, ჩვენთან, – უპასუხა ალექსანდრემ, – ასეთ უტიფრობას ვერ გამოიჩენთ, რადგან ეს ხალხი თვითონ გებრძოლათ თქვენ და აბა როგორ შეგიძლიანთ ამის დამალვაო, მაგრამ თქვენ ამას უმალავთ რუსეთისა და ევროპის მუშებს”. ალექსანდრეს სიტყვებზე ხალხმა ერთ ხმათ დაიძახა: “ვებრძოდით, ვებრძვით და ვებრძოლებითო”. იქვე – “ერთმა მუშამ კობას უთხრა: “ჩვენ ორი კაცი გვასწავლიდა სოციალიზმს, ერთი ლენინი და მეორე ჟორდანიაო. ლენინი გვეუბნებოდა: მარქსიზმი მე მესმის სწორათ და ჩემი მოძღვრება არის სწორიო. ჟორდანია გვასწავლიდა – მარქსიზმი და სოციალიზმი ის არის, რასაც მე გეუბნებით და არა ის, რასაც ლენინიო. დღემდის შეიძლება ვყოყმანობდით კიდევ და არ ვიცოდით, ვინ იყო ამაში მართალი, ხოლო ახლა ეს ნათლათ გავიგეთ და ამიტომ, თუ კაცი ხარ, კობა, მოგვშორდი და შენი წითელი არმიაც წაიყვანეო”. ასე დათავდა “დიდი კაცის” გამოსვლა ნახალოვკაში. ამის შემდეგ იგი აღარსად არ გამოსულა და საქართველოს დანარჩენი ნაწილი არ უნახავს. იგი ძლიერ წყნარად გაიპარა საქართველოდან, კომუნისტურ გაზეთებს არც კი აღუნიშნავთ. სამაგიეროთ ყოველივე ეს ჩეკამ აღნიშნა და რამდენიმე ჩვენი ამხანაგი დაიჭირა”.

ნიკოლოზ ჭუმბურიძე მოხსენებას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: “ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი წერით შეგაწუხეთ, მაგრამ მგონია, რომ ყოველივე ეს თქვენთვის საინტერესოა”.

ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება ალბათ საინტერესო იყო მაშინდელი მთავრობისთვის, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ის დღეს, ასი წლის შემდეგ, როდესაც სიმართლის გარკვევას ასე ნაკუწ-ნაკუწ ვცდილობთ.

როგორც ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ აღნიშნა, ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება იმდენად უშუალო და ლაღი ენითაა დაწერილი, მას ინტერესით წაიკითხავენ არა მხოლოდ ისტორიის მკვლევარები, არამედ ფართო საზოგადოებაც, მათ შორის – მოსწავლეები და სტუდენტები. 

თავად ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი და ორგანიზატორი იყო დასავლეთ საქართველოში. მან განათლება პეტერბურგისა და პრაღის უნივერსიტეტებში მიიღო, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაახლოებით ექვსი თვე, საქართველოში დარჩა და ერთხანს გრიგოლ ლორთქიფანიძესა და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად ჩეკას სარდაფებშიც მოუწია ჯდომა. იგი 1921 წლის მაისში დააპატიმრეს. მეგობრების დახმარებით მოახერხა ციხიდან გამოსვლა და ემიგრაციაში წავიდა, სადაც თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან: “კავკასიონი”; “მხედარი”; “ბრძოლა”; “სამშობლოსათვის”; “დამოუკიდებელი საქართველო”. იბეჭდებოდა “კაჟისა” და “ალფას” ფსევდონიმით. საინტერესოა ჟურნალ მხედარში 1931 წელს “კაჟის” ფსევდონიმით მის მიერ გამოქვეყნებული ნარკვევი “წითელი არმია”, სადაც აღწერილია წითელ არმიაში არსებული ტენდენციები, მისი მატერიალური და მორალური მდგომარეობა, პროპაგანდის სახე და სხვა საინტერესო დეტალები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია პირველი დემოკრატიული მთავრობის საქმიანობის ამსახველი შემდეგი ფონდები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველობა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი; იმ დროს მოქმედი სამინისტროები, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო წარმომადგენლობები;  ასევე კარლო ჩხეიძის, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის და სხვათა პირადი ფონდები.

ანტონ ვაჭარაძე, ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორი: “თანამედროვე მკვლევარებს უკვე შეუძლიათ, საქართველოს ისტორიის 1918-1921 წლების შესახებ მასალები მოიძიონ დასავლურ პრესაშიც, რაც ინტერნეტმა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. გარდა ამისა, ამ წლების საქართველოს საგარეო ურთიერთობების შესასწავლად ახალი მასალები, ძირითადად – ფრანგულენოვანი, უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს არქივშიც. ჩვენი არქივის მიზანია, ხელი შევუწყოთ ნებისმიერი სამეცნიერო კვლევის გააქტიურებას, მათ შორის – საქართველოს ისტორიის კუთხით”.

ყველა თაობას საკუთარი დამოკიდებულება აქვს თავისი ქვეყნის ისტორიისა და მისი გმირების მიმართ, ჩვენს თაობას კი ერთგვარად ხარვეზების გამოსწორებისა და თეთრი ლაქების ამოვსების მისიაც აკისრია. ვფიქრობთ, ნიკოლოზ ჭუმბურიძის ნაშრომი საქართველოს ისტორიის მასწავლებლებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...