პარასკევი, აპრილი 10, 2026
10 აპრილი, პარასკევი, 2026

შეესაბამება თუ არა ბრალდება სინამდვილეს

0

ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ბაგრატიონთა დინასტიას საქართველოს სამეფო ტახტი უფლის ნებით ეპყრა. ღმერთთან წილნაყარი, “ღვთივკურთხეული და მირონცხებული” ეს საგვარეულო, ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, “მხნეობით, სიბრძნე-ქველობითა და ქვეყნისათვის თავდადებულობით” იყო ცნობილი (ქართული მწერლობა, 8, თბ., 1990, გვ. 59). ბაგრატიონთა გვარის 30-მდე მეფე, X საუკუნიდან მოყოლებული, სათავეში ერთიან საქართველოს ედგა, 50-ზე მეტი კი ცალკეულ “საქართველოებს” – ქართლს, კახეთსა და იმერეთს – განაგებდა. ღირსებით, სახელმწიფოებრივი მართვა-გამგებლობის უნარითა თუ სხვა თვისებებით, ცხადია, ყველა თანაბარი არ ყოფილა; იყვნენ უფერული და სუსტი მმართველებიც და იყვნენ გამორჩეულნიც, რომელთაც “აღმაშენებლის”, “თავდადებულის”, “ბრწყინვალისა” და “დიდის” სახელი დაიმკვიდრეს. თუმცა, მთლიანობაში, ბაგრატიონები, ვისთანაც საუკუნეთა განმავლობაში ასოცირდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დადებითად შევიდნენ და ეს საკამათოდ არ მიიჩნევა. ეს აზრი მკაფიოდ გამოითქვა 1802 წელს კახეთში გამართულ სახალხო ყრილობაზეც, რომელსაც თავადაზნაურობის, სამღვდელოებისა და გლეხობის მრავალი ათასი წარმომადგენელი ესწრებოდა. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისთვის გასაგზავნ პეტიციაში კახელები წერდნენ: მოწყალეო ხელმწიფევ! მანიფესტით გამოცხადებულია, თითქოს ჩვენ საკუთარი მეფე უარგვეყოს და რუსეთის მფარველობაში შემოსვლა უმეფოდ გვეთხოვოს. “ჩვენს მეფეებს რა დაუშავებიათ, რომ უარვყოთ… ეს ჩვენი აზრი არ არის, მაცთურ კაცთაგან მოგონილიაო” (АКАК, т. I, Тифлис, 1866, გვ. 387-388). ყოველივეს მიუხედავად, რუსულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია თვალსაზრისი, თითქოს ქართლ-კახეთის უკანასკნელ მონარქს გიორგი XII-ს საკუთარი სამეფო რუსეთისათვის გადაეცეს.

ჯერ კიდევ 1812 წელს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის განკარგულებით, გიორგი XII-ის საფლავზე საქართველოს მთავარმართებელმა, გრაფმა პაულიჩიმ, დაადგმევინა სპილენძის ფილა, რომლის წარწერაშიც ნათქვამია: “მეფე გიორგიმ… თავის ქვეშევრდომთა სიკეთისთვის, მათი სამუდამო კეთილდღეობისთვის, 1799 წ. საქართველო რუსეთის იმპერატორს დაუთმო”. ამ წარწერას ახსენებს რუსი პოეტი მ. ლერმონტოვიც პოემაში “მწირი”: “Такой то царь в такой-то год, вручал России свой народ”.

აღსანიშნავია, რომ აზრი მეფე გიორგი XII-ის მიერ ქვეყნის რუსეთისათვის დათმობის თაობაზე ქართულ ზეპირსიტყვიერებაშიც აისახა. მაგალითად, ერთ ხალხურ ლექსში ნათქვამია: “ქალაქ სიონის საყდარი ბაგრატიონთ ააგესა, მათ რომ ქართლი რუსებს მისცეს, ვაი, რა ჭკუა წააგესა”. ან კიდევ: “ღვდელი საყდარში შევიდა, შევიდა და დაიფიცა, წმიდა გიორგი გაუწყრეს, ვინც რომ ქართლი რუსებს მისცა” (ქართული ლიტერატურის მუზეუმი, შალვა ამირეჯიბის ფონდი, საქ. # 26960/27, გვ. 43-44).

ვნახოთ, შეესაბამება თუ არა ეს ბრალდება სინამდვილეს.

ჯერ გავარკვიოთ, საიდან იღებს სათავეს და რა საფუძველს ემყარება ეს შეხედულება. ამ მხრივ ერთადერთი სამხილი 1799-1800 წლებში რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისადმი გაგზავნილი მეფე გიორგი XII-ის მიმართვებია, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში “სათხოვარ პუნქტებად” იწოდება.

რამ განაპირობა “სათხოვარ პუნქტებში” გამოხატული გიორგი XII-ის განზრახვა, “მფარველობითი” ურთიერთობის ნაცვლად ქართლ-კახეთის რუსეთზე “ვასალური” დამოკიდებულება აღიაროს? რა აიძულებდა მეფეს, კიდევ უფრო შეეზღუდა თავისი სუვერენული უფლებები და დაედო “სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად”?

ცნობილია, რომ ქართლ-კახეთი გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგაც მეზობელ იმპერიათა ცილობისა და თავდასხმების ასპარეზად რჩებოდა. ამას ერთვოდა საშინაო სირთულეებიც და ეს ყოველივე სამეფოს დაცემას იწვევდა. პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, თუმცა კი ერთგვარი გაზვიადებით, ასე აღწერს ქვეყნის მაშინდელ მდგომარეობას: საქართველო ისეთ მძიმე ავადმყოფს ჰგავდა, რომელსაც “ძლივსღა შეუძლია, მკურნალს თავისი სისუსტე ამცნოსო”.
ასეთ ვითარებაში გიორგი XII ხსნას მხოლოდ რუსეთისგან ელოდა, მიაჩნდა, რომ ურუსეთოდ საქართველოში ქრისტიანობა გაქრებოდა. “თუ არ მკლავი რუსთა ხელმწიფისა, ვერვინ დაიცავს საქრისტიანოსა… სხვა პატრონი არა გვყავს ჩვენ, გარდა რუსთა ხელმწიფეთა” (პ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XIII-ისა, თბ., 1978, გვ. 152).

რუსეთის “პატრონობა” მეფეს იმის საწინდრად ესახებოდა, რომ შეინარჩუნებდა ტახტს, მოიგერიებდა გარეშე მტრებს და ქვეყანაში წესრიგსა და სტაბილურობას აღადგენდა. ივანე ჯავახიშვილის სიტყვით, გიორგი ფიქრობდა, რომ “დაპირება მტრისაგან საქართველოს დაცვისა მხოლოდ მაშინ გახდებოდა რეალური, თუკი იგი თავის მრავალ უფლებაზე უარს იტყოდა და თავის სურვილებს მინიმუმამდე დაიყვანდა”.

კერძოდ, რას ითვალისწინებდა “სათხოვარი პუნქტები” ან ნიშნავდა თუ არა ისინი გიორგი XII-ის უარს სამეფო ტახტზე და ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას? ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს სცემს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მამია დუმბაძე. ჯერ კიდევ 1963 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში იგი წერდა: “ჩვენს განკარგულებაში არსებული მასალის კრიტიკული შესწავლა, განსაკუთებით კი გიორგის მიერ თავისი ელჩებისთვის პეტერბურგში გაგზავნილი “სათხოვართა პუნქტები” 1799-1800 წლებში რუსეთის იმპერატორისათვის წარსადგენად, არ იძლევა საკმაო საფუძველს იმისათვის, რომ მეფე საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატში დავადანაშაულოთ” (М. Думбадзе, Из истории борьбы грузинского народа против колониальной политики царизма, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, # 5, 1963, გვ. 72).

მიუხედავად ამისა, ბრალდება, რომელიც სათავეს გენერალ ლაზარევისგან უნდა იღებდეს, ხოლო შემდეგში რუსულ ისტორიოგრაფიასა და ლიტერატურაშიც გავრცელდა, გიორგი XII-ს მთლად მოხსნილი არა აქვს. გენერალ ლაზარევისგან მომდინარეობს ინფორმაციაც, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის განზრახვა სუვერენულ უფლებათა უკიდურესი შეზღუდვის შესახებ ცნობილი ყოფილა გიორგი XII-ის მრჩეველთა მხოლოდ ვიწრო წრისათვის და ამის თაობაზე თვით მემკვიდრე დავითიც კი საქმის კურსში არ ყოფილა. იგი მამის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გასცნობია რუსეთის იმპერატორისადმი გიორგის მიერ გაგზავნილ ერთ საიდუმლო წერილს, რომელშიც მეფე რუსთ ხელმწიფეს წლიურ ჯამაგირსა და რუსეთში სოფლების გამოყოფას სთხოვდა. დავითს სასწრაფოდ სამეფო მდივანი თუმანიშვილი დაუბარებია და უკითხავს, “Известен ли он сей бумаге, но как при написании оной царь привел Туманова к присяге, что б никому не объявлять, то сей отвечал, что он не знает; он (Давид, – ო. ჯ.) на сие сказал: Батюшка нас зарезал!” (АКАК, т. I, გვ. 189).

პირველწყაროთა თანახმად, 1799 წლის 7 სექტემბერს გიორგი XII-მ პეტერბურგში წარგზავნილ თავის ელჩებს გარსევან ჭავჭავაძეს, ელიაზარ ფალავანდიშვილსა და გიორგი ავალიშვილს ასეთი “წერილობითი დარიგება” და “გარდაწყვეტილებითი ჰაზრი” მისწერა: “უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელო ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატორო ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ” (პ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XIII-ისა, თბ., 1978 , გვ. 91).

გიორგი XII-ის დავალებით, ქართველ ელჩებს იმპერატორისაგან უნდა მოეთხოვათ წერილობითი დასტური, რომ “სახლსა შინა ჩემსა არა აღაყენოს მეფენი, გარნა ოდენ სამეფოს მემკვიდრითი მემკვიდრე ვითარცა წინაპარნი ჩემნი”. ამ ფრაზას, რომელსაც რუსულ ენაზე შემდეგი ფორმულირება მიუღია: “не прекрашать въ доме моемъ царскаго званiя, а допустить царствовать наследственно как это было при предкахъ моихъ” (А. Цагарели, Грамоты и другiе историческiе документы XVIII столетiя, относящiеся до Грузии, т. II, вып. СПБ., 1902, გვ. 287), – გიორგი XII-ის ცხოვრების აღმწერი პლატონ იოსელიანი ასე განმარტავს: “რათა არა გაუქმდეს მეფობა ანუ მოადგილეობა ხელმწიფე იმპერატორისა მეფეთა გვარში”. საყურადღებოა ისიც, რომ ხსენებულ “დარიგებაში” გიორგი XII დასძენდა: თუ ჩემი ეს თხოვნა გათვალისწინებული არ იქნა, “მაშინ ყოველი დამოკიდებულება ჩვენი იქმნების დახსნილი თვინიერ ურთიერთისადმი მეზობლური ქცევისა”. აქ გიორგი არათუ ტახტის დათმობას აპირებს, არამედ, იმპერატორის მიერ მისი წინადადების მიუღებლობის შემთხვევაში, მზად არის სრულიად გაწყვიტოს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატით გაფორმებული კავშირიც კი და მასთან მხოლოდ მეზობლური ურთიერთობით შემოიფარგლოს. სხვათა შორის, მეფობის შენარჩუნებას თავისთვის და მემკვიდრე დავითისთვის გიორგი XII იმპერატორისადმი სხვა წარდგინებაშიც ითხოვდა: “თქვენის იმპ. დიდ-მი განპყრობილი ხელი ჩემი თქვენი დიდებულებისაგან არ უგულებელ იქმნას… და რაგვარადცა თქვენგან მე ვიყო დაუტევებელ, ეგრეთვე მემკვიდრე ჩემი დავით” (ზ. ცქიტიშვილი, გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1982, გვ. 150). ამასთან, პავლე I-ისადმი გიორგი XII-ის ნოტაში, რომელიც დათარიღებულია 1798 წლის 30 ივნისით, ლაპარაკია პეტერბურგიდან ქართლ-კახეთის ელჩის გამოწვევის განზრახვაზეც, თუ რუსეთი კვლავაც უგულებელყოფს მეფის თხოვნას და გააჭიანურებს საქართველოს დახმარებას.

“სათხოვარი პუნქტები” რომ მეფის უფლებაზე ხელის აღებას და რუსეთის იმპერიასთან უპირობო შეერთებას არ გულისხმობდა, კარგად აქვს შემჩნეული რუს ისტორიკოსს ნ. დუბროვინს. მისი სიტყვით, გიორგი XII ცდილობდა, რუსეთის ჯარითა და ფინანსებით ესარგებლა და არც მეფობის უპირატესობა დაეკარგა (Н. Дубровин, История войны и владычества русских на Кавказе, т. 3. СПб, 1886, გვ. 239).

საყურადღებოა ალექსანდრე ბატონიშვილის ერთი ცნობაც, რომელსაც დავიმოწმებთ 1803 წლის 1 ივლისით დათარიღებული მისი წერილიდან იმპერატორ ალექსანდრე I-ისადმი. ბატონიშვილი აღნიშნავს: გიორგიმ, “მსასოებელმან ქრისტიანესაგან ხელმწიფისა შევედრა თვისი სახლი, რათამცა დაიცვას მშვიდობასა შინა და არა განსრულიყო მეფობა სახლით ჩვენით” (АКАК, т. II, გვ. 156).

ბოლო დროს ქართველი მეცნიერის ე. ხოშტარია-ბროსეს მიერ მიკვლეულ საარქივო დოკუმენტში, რომელიც “სათხოვარი პუნქტების” ერთ-ერთ ვარიანტადაა მიჩნეული, ასევე აღნიშნულია: გიორგი XII “ქვეშევრდომებრივ ითხოვს მიღებასა თანა მისისა სამეფოისასა იყოს იგი დატევებულ და შემდგომად მისა მემკვიდრენიცა მის მისნი მეფედ ტახტსა ზედა ხარისხითა მეფობისათა” (ე. ხოშტარია-ბროსე, რუსეთი და საქართველო “ტრაქტატიდან” შეერთებამდე, კრებულში “ქართული დიპლომატია”, წელიწდეული, 6, 1999, გვ. 33).

ქართლ-კახეთის მეფის “სათხოვარი პუნქტების” მთავარი დებულება იყო, რომ რუსეთს საქართველო სამუდამო მფარველობაში მიეღო, ხოლო საქართველოს ტახტი, აგრეთვე სამუდამოდ, გიორგის ჩამომავლობის ხელში დარჩენილიყო (შ. ამირეჯიბი, ადამიანები და საქმენი, ჟურნ. „კავკასიონი”, პარიზი, 1930, წგნ. მეოთხე, გვ. 51).

მკვლევარი რ. ლომინაძე მიიჩნევს, რომ “გიორგი XII რუსეთს “მფარველობითი ტრაქტატის” ნაცვლად “ქვეშევრდომობის ნოტას” სთავაზობდა, რაც ქართლ-კახეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეზღუდული ავტონომიური სახელმწიფოებრივი ერთეულის სახით შესვლას გულისხმობდა” (რ. ლომინაძე, რუსეთის ბატონობის დამყარება საქართველოში, თბ., 2000, გვ. 110).

ზურაბ ავალიშვილის აზრით, საქართველო ესწრაფოდა რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატზე უფრო “მჭიდრო დაახლოებას”, რათა ამ გზით მაინც დაეყოლიებინა რუსეთი ქართლ-კახეთის დაცვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (З. Авалов, Присоединение Грузии к России. СПб., 1901, გვ. 195).

ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ქართველი ელჩების მიერ პეტერბურგში “სიტყვიერად წარდგენილი” “სათხოვარი პუნქტების” სახელით ცნობილი ქართლ-კახეთის მეფის ნოტა გადამუშავებული და რედაქტირებულია საიმპერატორო კარის მაღალ რუს მოხელეთა მონაწილეობით. ამას გვაფიქრებინებს იმპერატორ პავლე I-ის ფრაზა გენერალ კნორინგისადმი საიდუმლო რესკრიპტიდან: “Дело сие трактуются здесь”, – და ისიც, რომ პავლემ 1800 წლის 15 ნოემბერს ზუსტად იცის, რა ეწერება ორი დღის შემდგომ, 1800 წლის 17 ნოემბერს, მისთვის ოფიციალურად წარსადგენ გიორგი XII-ის ნოტაში (П. Бутков, Матерiалы для новой истори Кавказа съ 1722 по 1803 годъ, кн. II. СПб., 1869, გვ. 462).

ქართველი მეფე-მთავრები და მათი “საგარეო ურთიერთობათა სამსახურები” XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ნაკლებად იყვნენ ჩახედულნი ახალი დროის დიპლომატიურ ლაბირინთებში, აკლდათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება. რაფიელ ინგილოს სიტყვით, “მეფე გიორგიცა და მის ახლო მდგომნიც კმასაყოფელად ვერა ყოფილან დახელოვნებულნი საერთაშორისო უფლების ნომენკლატურაში”. არადა, დიპლომატიური დოკუმენტის შინაარსს მხოლოდ მასში გამოყენებული ცნებების დეფინიცია როდი განსზღვრავს; ზოგჯერ ამ მხრივ ერთი შეხედვით უბრალო ენობრივი ნიუანსიც კი შეიძლება მნიშნელოვანი გამოდგეს. რუსულ დიპლომატიურ ლექსიკაში ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროიდან აღინიშნა დიდი ცვლილება, დაიწყო ევროპული ტერმინოლოგიის დანერგვა და მათი საერთაშორისო-სამართლებრივ პრაქტიკაში გამოყენება, რაც ჯერ კიდევ უცხო იყო ქართული სინამდვილისათვის. ასე რომ, ამ საქმეში დიდად გაწაფულ რუს დიპლომატებს, “რაკი რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ მას რაიმე საბუთი ჰქონოდა იმის დასამტკიცებლად, ვითომც თვით საქართველოს ჰსურდა თავისი სახელმწიფოს მოსპობა და რუსეთის განუყოფელ ნაწილად გადაქცევა” (ი. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, თბ., 2006, გვ. 45), არ გაუჭირდებოდათ აქცენტების იმგვარად გადანაცვლება, რომ გიორგი XII-ის “სათხოვარი პუნქტებიდან” მათთვის სასურველი ტექსტი მიეღოთ. ამ ფორმისა და შინაარსის ოფიციალური დოკუმენტი რუსეთის მფლობელობას აღმოსავლეთ საქართველოში კანონიერ საფუძველს შეუქმნიდა.

ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი, რომელმაც რუსეთის არქივებში მოიძია და გამოსცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი მასალები, ხსენებული ნოტის გამო აღნიშნავს: გიორგი XII-ის მიერ თავისი ელჩებისადმი მინიჭებული რწმუნებულებით, ელჩებმა ორ ქვეყანას შორის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად (იგულისხმება გეორგიევსკის ტრაქტატის განახლება, – ო. ჯ.) 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 6 პუნქტისაგან შემდგარი ნოტა წარადგინეს. სწორედ ამ ნოტაში ჩამოყალიბებულ ძირითად დებულებათა განვრცობით პეტერბურგში შეიქმნა უკვე 16 პუნქტის შემცველი “სათხოვარი პუნქტები” (А. Цагарели, დასახ. წიგნი, გვ. XXXVII).

“სათხოვარ პუნქტებში” ფორმულირებული წინადადება “навсегда принять подданство Всероссийской империи” რუსეთის საიმპერატორო კარმა ისეთი შინაარსით აღიქვა, როგორც თვითონ სჭირდებოდა: თითქოს ქართლ-კახეთი იმპერიის შემადგენლობაში შესვლას უბრალო ტერიტორიის სახით, ყოველგვარი იურიდიული სტატუსისა და უფლებრივი მდგომარეობის გარეშე ითხოვდა. რუსებმა გიორგი XII-ის ნოტა მეფის მხრივ საქართველოს დამოუკიდებლობის სრული უარყოფის აქტად მიიჩნიეს, რისი მსგავსიც იქ არაფერია. რა კომპრომისულიც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს ნოტა 1783 წლის ხელშეკრულებასთან შედარებით, იგი მაინც არ ამტკიცებს მეფის მიერ სუვერენობაზე სრულიად ხელის აღებას. “მასში სულაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს სუვერენობის უარყოფა, ე. ი. თვითმკვლელობა” (ა. მანველიშვილი, რუსეთი და საქართველო, ტ. I, პარიზი, 1951, გვ. 173-174).

ზემოთ უკვე ვნახეთ, რომ გიორგი XII არც მეფობის დათმობის, არც თავის შემდგომ ტახტის გაუქმებისა და არც ბაგრატიონთა დინასტიის შეწყვეტის მოსურნე არ ყოფილა. ამასთან, ცნება “ქვეშევრდომობა” (“подданнство”) იმ დროს ფრიად ეფემერული ხასიათისა იყო, მოიცავდა არა მხოლოდ სრულ ინკორპორაციას, მოხარკეობას, ვასალიტეტ-სიუზერენიტეტის სტატუსს, არამედ ნამდვილ მფარველობითს ურთიერთობასაც, რომელიც არ უკარგავდა პროტეჟეს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსს (ლ. ალექსიძე, საქართველო-რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში, თბ., 1983, გვ. 178). მაშასადამე, გაირკვა, რომ გიორგი XII-ს აზრად არ ჰქონია ქართლ-კახეთის უმეფოდ დატოვება, ყოველ შემთხვევაში, მისი წარდგინებები რუსეთის იმპერატორისადმი ამას გამორიცხავს, რადგან სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

ახლა განვიხილოთ, “გადასცა” თუ არა მან საკუთარი ქვეყანა რუსეთის იმპერიას. დავუშვათ, რაღაც ამის მაგვარი მართლაც იკითხება ე.წ. სათხოვარ პუნქტებში. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ ეს დოკუმენტი ნოტის სახით საიმპერატორო კარს ქართლ-კახეთის სამეფოს დესპანებმა გარსევან ჭავჭავაძემ, ელიაზარ ფალავანდიშვილმა და გიორგი ავალიშვილმა წარუდგინეს და მას არ ჰქონდა გიორგი XII-ის ხელმოწერა. ნოტა 1800 წლის 17 ნოემბერს ჯერ აპრობირებულ იქნა იმპერატორ პავლე I-ის მიერ, შემდეგ კი გამოიგზავნა თბილისში, რათა იგი გიორგი XII-საც დაედასტურებინა (“სათხოვარი პუნქტების” აპრობაცია დიპლომატიური ხერხი იყო, თორემ საიმპერატორო კარს იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის შემოერთების საკითხიო, შენიშნავს რუსი ისტორიკოსი ო. მარკოვა. О. Маркова, Присоединение Грузии к России в 1801 году, Историк-марксист, 1940, № 3,გვ. 79). თუ დოკუმენტის ტექსტს ქართლ-კახეთის მეფეც მოიწონებდა და მასზე ოფიციალურად ხელს მოაწერდა, ამ შემთხვევაში იგი იურიდიულ ძალას შეიძენდა. მაგრამ საქმე არც ამით მთავრდებოდა – ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა მომზადებულიყო და გაეფორმებინათ ახალი ორმხრივი ხელშეკრულება _ “ორითავე მხრით საიმპერატორო აქტი” (“Обоюдный императорский акт”).

ჩვენ არ ვიცით, როგორ სახეს შეიძენდა თბილისში პეტერბურგიდან ჩამოტანილი “სათხოვარი პუნქტები”, რას მიიჩნევდა მიუღებლად ქართველი მეფე, ან შეცვლიდა თუ არა საერთოდ რამეს დოკუმენტის რუსულენოვან ვერსიაში. მით უმეტეს, მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება იმის თაობაზე, რა შინაარსისა იქნებოდა საბოლოო შეთანხმების დოკუმენტი. გიორგი XII 1800 წლის 28 დეკემბერს ისე გარდაიცვალა, რუსეთიდან გამოგზავნილი “თავისი” სათხოვარი პუნქტები თვალით არ უნახავს და, ბუნებრივია, მასზე არც ხელი მოუწერია. ამდენად, ამ საბუთს იურიდიული ძალმოსილება არ შეუძენია, იგი მხოლოდ ისტორიულ რელიკვიად დარჩა (უფრო მეტი მნიშვნელობითა და ფასით რუსეთისათვის, ვიდრე საქართველოსთვის). შესაბამისად, არ გაფორმებულა არც მომდევნო შეთანხმების დოკუმენტი – ორმხრივი საიმპერატორო აქტი.

რაკი ამგვარი აქტი ბუნებაში არ არსებობს, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან ინკორპორაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ნებაყოფლობით შეერთებად. აქედან გამომდინარე, სამშობლოს ღალატში უსაფუძვლო ბრალდება თავისთავად ეხსნება გიორგი XII-ს, რომელსაც ქვეყანა არავისთვის გადაუცია. გიორგი გარდაიცვალა როგორც სუსტი და უფლებაშეკვეცილი, მაგრამ რეალურად ცალკე არსებული ქართული სახელმწიფოს საჭეთმპყრობელი მეფე.

სიცოცხლის გადასარჩენად

0

ალბათ, ყველას გაგვიგონია ჩვენ ირგვლივ მყოფი იმ ადამიანების შესახებ, უმძიმეს დაავადებებს რომ ებრძვიან. ბევრს ბრძოლა მარტოდმარტოს უწევს, ზოგიერთს კოლეგები ან მეცენატები ეხმარებიან. სამწუხაროდ, ხალხი, ვისაც დახმარება სჭირდება, ძალიან ბევრია. სახელმწიფო ხშირად ვერ პოულობს დამატებით რესურსებს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩენილი უმწეოებისთვის. მრავალი ოჯახი ბედის ანაბარაა მიტოვებული. მათი გადარჩენის გზა კი რიგითი მოქალაქეების სოლიდარობაზე გადის. უკანასკნელი დღეების განმავლობაში თავად შევესწარი უამრავი ადამიანის ერთობლივ, გულწრფელ ძალისხმევას სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. მინდა, სიკეთის ამ გამოვლინების შესახებ თქვენც მოგიყვეთ.

ყველაფერი სოციალური ქსელიდან დაიწყო. ბევრისთვის განსაკუთრებით პატივსაცემმა პროფესორმა სტუდენტებს მოუწოდა, ერთად დახმარებოდნენ სასწრაფოდ საოპერაციო ათი წლის ბიჭს – გიორგი ჯიშკარიანს, რომელსაც ორი ძმა ამავე დაავადებით უკვე გარდაცვლოდა.

სტუდენტთა მცირე ჯგუფმა მეორე დღესვე დაიწყო მოქმედება. თავდაპირველად თანაკურსელებისა თუ თანაუნივერსიტეტელების თანადგომის მოსაპოვებლად ინფორმაცია ყველა შესაძლო გზით გაავრცელეს და თანხის მოსაგროვებლად მუყაოს ყუთების დამზადებას შეუდგნენ. მალე შეიკრიბა ათობით მოხალისე, რომლებიც ჯერ მთელ უნივერსიტეტს, მერე კი მთელ ქალაქს მოედნენ უცნობი ოჯახის დასახმარებლად. მათ მოიარეს უნივერსიტეტის ყველა დეპარტამენტი, თითქმის ყველა ფაკულტეტი, თსუ-ის ადმინისტრაციის ყველა კაბინეტი, არ გამორჩენიათ თბილისის არც ერთი ძირითადი უბანი, არც ერთი ცენტრალური გამზირი. პატარა გიორგის დასახმარებლად საუზმის ფულს იმეტებდნენ სკოლიდან გამოსული მოსწავლეები, უკანასკნელ გროშებს არ ზოგავდნენ მათხოვრები, ახალაღებულ პენსიას ხარჯავდნენ მოხუცები.

მიუხედავად გამვლელთა აგრესიისა, ეჭვისა თუ შეურაცხყოფისა, სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანებულებს უკან არ დაუხევიათ. 5-, 10- და 20-თეთრიანი მონეტებით მათ ათასობით ლარის შეგროვება მოახერხეს. მალე ენთუზიასტთა ძალისხმევამ ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო, გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც თანხა ჩარიცხეს ჯიშკარიანების ოჯახის ანგარიშზე.

ყველაზე შთამბეჭდავი კი ალბათ ქუთაისიდან გამოგზავნილი ქვითარი გახლდათ, წარწერით: “ჩვენი გუნდი თქვენ გვერდითაა ყველგან და ყოველთვის. პატარა გიორგი აუცილებლად გადარჩება!” საპარლამენტო ქალაქში თავისუფალი ინიციატივით თანხის მოგროვება სკოლის მოსწავლეებმა მოახერხეს.

თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება!

ეს მაგალითი ჩვენი თანამოქალაქეების მაღალ სამოქალაქო კულტურაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ კეთილი და მამაცი ადამიანები კვლავ არსებობენ, რომ მათ ერთობას ბევრი რამ შეუძლია. რაც მთავარია, ვრწმუნდებით, რომ ქველმოქმედებისთვის გაღებულ ერთ თეთრსაც კი შეუძლია, ჯანმრთელობა დაუბრუნოს სნეულს.

თორნიკე ჭელიძე, თამუნა ნერგაძე – ჩემი რომანტიკული პერსონაჟები ყარყატების მხარეში

0

თორნიკეს შორიდან ვიცნობდი, გამარჯობითო, რომ ამბობენ, ისე. ვიცოდი, რომ კარგი პოეტი იყო, მაგრამ არანაკლები მთხრობელი აღმოჩნდა. როცა უსმენ, გგონია, წიგნს კითხულობ, მხიარულსა და ამავდროულად, სევდიანს, თანაც ძალიან დინამიკურს:

 
,,ჩემი სოფელი ხომ ძალიან მაღლაა, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, მაგრამ მისი სასაფლაო კიდევ უფრო შემაღლებულზეა, იქნება 2400 მეტრი, ერთ მიცვალებულს რომ წაუსხამ არაყს (იქ არყის წაქცევა იციან), ყველას საფლავს ჩაივლის ხოლმე. ჰოდა, იქ ვიყავი ჩემს მასპინძლებთან ერთად, აღდგომის ორშაბათს, ხელიგულივით მოჩანდა თურქეთთან საზიარო ხოზაფინის ტბა, სასაზღვრო ზოლი და ტბისიქითა თურქული სოფლები. ამ დროს ჩემი მოსწავლე მოვიდა, ვალოდა, სახელოზე ჩამომქაჩა, მომახედა, თითი გაიშვირა და ქართულად მითხრა: ,,აი, აქედან იწყება საქართველო.”
ჩემი სოფელიო, როცა ასეთი ინტონაციით ამბობენ, როგორც წესი, იმ ადგილზე საუბრობენ, სადაც ბავშვობა გაატარეს, ჯავახეთის რაიონის სოფელი კარწახში კი თორნიკე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ერთი წელი.
·

,,თაკოჯან, კარმირფოთიკმიჰაქნიდაბროცა, შათამოთე! თაკოჯანტუმიგანეველოსიპედ, ტაღექახენდანგევრეთ…'' – თაკოჯან, გთხოვ ,არჩაიცვა ეს წითელი ბოტები სკოლაში, სირცხვილია! თაკოჯან, გეხვეწები, არ იყიდო ველოსიპედი, სანამ ჩემთან ხარ,სოფელში ბავშვები სიცილს დაიწყებენ.

არადა, ზუსტად ვიცი, თავის დიასახლისს არ დაუჯერებდა და იმდენს იზამდა, მალე კლასებში ნელ-ნელა მომრავლდებოდნენ ფერადბოტებიანი გოგონები, რომლებიც გაკვეთილების მერე ველოსიპედებით წავიდოდნენ შინ.
ზუსტად ვიცი, რადგან თამუნა ჩემი სტუდენტობის მეგობარია, ყველაზე ადრინდელი უნივერსიტეტის მეგობართა შორის. თორმეტ სექტემბერს პირველი კორპუსის ფოიეში გავიცანით ერთმანეთი, ავტობუსში წინა დღის ტერაქტზე ვისაუბრეთ და საჯარო ბიბლიოთეკაში ენათმეცნიერების შესავლის სემინარის მოსამზადებლად უკვე დამეგობრებულები მივედით. უფრო ზუსტად, თამუნა ჩემი მეგობარია მეტეორის პრინციპით, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩამომიქროლებს, მერე რაღაც ახლის ძიებისას თვალსაწიერიდან გაქრება, მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად ჩამომიქროლებს ხელახლა. თამუნა სულ რაღაცას ტოვებს და რაღაც ახალს ეძებს. არა იმიტომ, რომ თამუნა ზედაპირულია, იმიტომ, რომ თამუნა ზედმეტად გულისხმიერია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ოდნავ პირობითობასაც ვერ ეგუება, არ შეუძლია აკეთოს ის, რაც მთელი სულით და გულით არ აინტერესებს. ჯავახეთის ის სოფელი, სადაც ქართულ ენას ასწავლიდა, ერთერთი იმ იშვითთაგანია, რაც თამუნას არათუ შუა გზიდან არ მიუტოვებია, არამედ ფიქრობს, რომ მომავალიც ამ სოფლისა და თავისი მოსწავლეებისათვის უკეთესი ცხოვრების შექმნას უნდა დაუკავშიროს.

·
თუკი მასწავლებლად საქართველოს რომელიმე ქართულენოვან რაიონში ჩახვალ, შეიძლება გაგიჭირდეს უჩვევ გარემოსა და უცნობ ადამიანებთან შეხვედრა, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად დაგეხმარება: იქ შენ პატივსაცემი და საჭირო ადამიანი იქნები, საყოველთაო ზრუნვითა და კეთილგანწყობით გარემოცული; მაგრამ თუკი ჯავახეთში მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ იქ დიდად არავის ეპიტნავება შენი ნახვა, ქართულად არ ლაპარაკობენ და არც არანაირი პრაქტიკული საჭიროება არ აიძულებთ, სახელმწიფო ენა იცოდნენ. მეტიც, შეიძლება უნდობლადაც შემოგაცქერდნენ, როგორც ემისარს, რომელიც მათ ყოფაში შემოიჭრა და რაღაც საეჭვო ცვლილებების მომასწავებლად იქცა ადგილობრივების თვალში:
_ ორნი მაინც რომ ვყოფილიყავით თითო სოფელში, ერთმანეთს გავამაგრებდით, მხარს დავუჭერდით, _ ამბობს თორნიკე და თამუნაცეთანხმება: როგორც ჩანს, იქაური მოსახლეობის გულის მოგება იოლი არ ყოფილა, მაგრამ თვითონაც ამბობენ და მეც სიამოვნებით დავეთანხმე, რომ მასწავლებელთა შერჩევის სისტემა მართლაც რომ წარმატებულია, განათლების სამინისტრო ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან ,,ელჩებად” ნამდვილად უშვებს ისეთ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ საქართველო: გულწრფელებს, უშუალოებსა და იდეალისტებს. ისურვებდნენ, ფსიქოლოგებიც ჩართულიყვნენ პროექტში, რათა მონაწილეები უფრო მზადმყოფნი დახვედროდნენ მოსალოდნელ პრობლემებს.
სურვილი კიდევ ბევრია: კარგი იქნება, რომ ბავშვებისთვის, რომელთა უმეტესობა ახალციხეშიც კი არ არის ნამყოფი, მოეწყოს ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა მათ მეტი გაიგონ და პატივისცემა გაუჩნდეთ იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოქალაქეებადაც იზრდებიან. აკი, თორნიკეს მიერ ორგანიზებული თბილისში გასვლა მთელი თვე ჰქონდა სალაპარაკოდ მთელ კლასს.
ჩემი რომანტიკული პერსონაჟები შერეულ ბანაკებსაც ნატრობენ, რათა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებს უფრო მჭირდო კავშირი ჰქონდეთ ერთმანეთთან, მოეხსნათ გაუცხოების ის შეგრძნება, რომელიც, სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად მაინც აქვთ.
ასევე ოცნებობენ, რომ კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ყოველ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართება, ერთხელ აქაც ჩატარდეს, რათა აქაურებმაც იგრძნონ, რომ ქართველები მათ თავიანთი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად თვლიან და აღიარებენ ამ სოფლების მაცხოვრებელთა კულტურის მნიშვნელოვნებასა და ღირსებას.
_ უნდა შეგატყონ, რომ მთელი გულით ხარ მათთან და აუცილებლად მიგიღებენ თავისიანად, _ ამბობს თორნიკე;
_ მთავარია, გულღია იყო, სიახლეების მოყვარული. ყოველივე უცხო აღიქვა, როგორც შესაცნობელი და არა _ როგორც დამთრგუნველი, _ ემოწმება თამუნა.
და ეს რომანტიკული იდეალიზმი იმდენად გადამდებია, რომ ვიჯერებ იმას, რაც ერთი შეხედვით ბანალურად და სენტიმენტალურად ჟღერს: ეგებ შეიძლება სახელმწიფოებრივი შეგნება სიყვარულით დაამკვიდრო და განათლების პოლიტიკაზე მეტად ადამიანების სიყვარულმა წაგაქეზოს, მისცე მათ შანსი, ცოდნა და წინსვლის პერსპექტივა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ აუცილებლად უნდა მიიღოს უფრო ფართო მასშტაბები.
·
ბავშვობაში წავიკითხე რეზო ინანიშვილის ,,ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” და სოფლის მასწავლებლობა ჩემ თვალში უაღრესად რომანტიკულ პროფესიად წარმოჩნდა, როგორც, ვთქვათ, მთამსვლელობა ანდა ყბადაღებული კოსმონავტობა. მერე, წლების მატებასთან ერთად, ჩემს ცნობიერებაში გაჩნდა ჯერ ,,კომფორტის გარეშე ვერ გავძლებ”, მერე _ ,,მეგობრების და ოჯახის გარეშე არ შემიძლია”, მერე _ ,,მე მაქვს შანსი მეტს მივაღწიო” და ნელ-ნელა უკან დავიხიე. აკი, თითქმის ყველა ბავშვს უნდა მთასვლელობა ან კოსმონავტობა, მაგრამ ამ პროფესიათა წარმომადგენლები არცთუ ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან. მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, ამქვეყნად კოსმონავტებიც და ალპინისტებიც ნამდვილად არსებობენ; ჰოდა, ზოგიერთი შორეული, ცივი სოფლის მასწავლებელიც ხდება.
ამის მიზეზი ვერც ხელფასი იქნება და არც მათთვის განკუთვნილი სხვა შეღავათები, ეს ერთი მხრივ, ცუდიც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ეგებ, არც ისე _ ვინაიდან მხოლოდ მატერიალური ფაქტორით მოტივირებული ადამიანები ვერ შესძლებენ გააკეთონ ყველაფერი ის, რაც ჯავახეთის გრძელზამთრიან სოფელში სამუშაოდ წასულ ქართულის მასწავლებელს ევალება.
ეგებ მიზეზი შექსპირის პიესების ცნობილი მოტივია, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდამ უცხო გარემოში უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი.
ეგებ მიზეზი ყარყატებია. . .
,,არ ვიცი ყარყატები რა ნიშნით არჩევენ ბუდის ასაშენებელ ადგილებს. აი, ჯავახეთში კი ყარყატის უამრავი ბუდეა, თანაც იმხელა, რომ თავისუფლად დაიტევს ორ კაცს. ჩვენი სახლის გვერდითაც ჰქონდა ყარყატს ბუდე, მაღალ ელექტრობოძზე. ყარყატის მოფრენა სოფელში საყოველთაო სიხარულის მიზეზია, მასთან ერთად მოდის ჯავახეთში ნამდვილი გაზაფხული და პირიქით, როცა გაფრინდება, ჯავახეთელები ხანგრძლივი, ცივი ზამთრისთვის ემზადებიან.” _ ნაწყვეტი თამუნა ნერგაძის დღიურიდან.
(ესე იგი, თვითონ თამუნა და თორნიკეც ყარყატები ყოფილან, _ ვფიქრობ ჩემთვის. რა თქმა უნდა, ეს თხრობიდან არალეგალური გადახვევაა. . .)
ვარაუდები ვარაუდებად და ზუსტი პასუხიც ვიცი. თორნიკე ჭელიძის ,,ჯავახეთის რვეულში” ვიპოვნე:
,,ბრუკლინელი არ ვარ, არც მონტაგოს ქუჩაზე ვმდგარვარ სკოლის შემდეგ, არც Notarius BIG მინახავს ნეგროიდ ,,ძმაბიჭებთან” ერთად.
მაინც ხშირია, რომ მეკითხებიან: ,,იმ სიშორეზე რამ წაგიყვანა”, ,,რა გინდოდა ჯავახეთში”, ,,არ გიჭირს უცხო ხალხთან ცხოვრება?” და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.
იმ სიშორეზე მიკრავტობუსმა წამიყვანა. ჯავახეთში ცხოვრება მინდოდა. ხალხი _ ყველა და ყველგან უცხოა.”
ანი კოპალიანი

სად ვიპოვოთ „კეთილი ქოლესტერინი“

0

“- ესეც ვახშამი, ღვთის მადლით, გადავაგორეთ, ეხლა ხვალინდელ დღისთვისაც ვიფიქროთ. ხვალაც ჭამა გვინდა, დალოცვილს ღმერთს ეგრე გაუჩენია კაცი. ხვალ რაღა ვჭამოთ?

– ხვალ?.. – ჩაფიქრდა დარეჯანი, ვითომც და ძნელი გამოსარკვევი საქმე მიანდვეს, – ხვალ? დაიცა ერთი, მოვიგონო… ხვალ? არტალაზედ როგორა ხარ?
– უჰ, უჰ! შენმა მზემ, კარგი რამ მოიგონე. არტალაზედ? ვაცივითა ვარ, ვაცივით, – უპასუხა მსუნაგსავით სულწასულმა თავადმა, – ეგ ძალიან კარგი. სხვა? მარტო ეგ რას გვეყოფა?
– ერთი კარგი ჩიხირთმა? – ჰკითხა მაცდურის ღიმილით კნეინამა.
– ჩიხირთმა?.. ჰა, ჩიხირთმა?.. არა, გეთაყვა, ბოზბაში სჯობია, – მიუგო მცირე დაფიქრების შემდეგ ლუარსაბმა.
– ეხლა მაგას დაიჟინებ. რითი სჯობია?
– ვა!.. ტყემლის მჟავით გაკეთებული ბოზბაში?.. – ისეთის ხმით წამოიძახა ლუარსაბმა, თითქოს უკვირსო…”
გაიხსენეთ, ხომ, შესანიშნავი წყვილი, რომლის ფიქრიც მუდამ საკვებს დასტრიალებდა. საკვები აუცილებელია, ოღონდ ზომიერად. ღმერთმა დაგვიფაროს, მათ დავემსგავსოთ. საკვები ორგანიზმის წამალი უნდა იყოს, რომ ისე არ მოხდეს, წამალი გახდეს ჩვენი საკვები.
დღეს სწორედ საკვებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვაპირებთ საუბარს. არა, ლუარსაბივით პირის გემოზე საუბარი არ გვინდა, თორემ რა სჯობია კარგ ხაჭაპურს, ხინკალს, ჩაქაფულს, მწვადს… უჰ, სადღაც სხვაგან წავედი; ჩვენ საკვების ქიმიურ შემადგენლობაზე, მის ავ-კარგსა და მის შესახებ გავრცელებულ აზრზე ვისაუბრებთ.
ცნობილია, რომ წყალქვეშა გემის მეზღვაურთა ყოველდღიურ მენიუში ალკოჰოლიც შედის. აქ ღვინოზე არ დავიწყებ საუბარს, რადგან მას ამ ცოტა ხნის წინ ცალკე წერილი მივუძღვენი, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ, გავრცელებული აზრის თანახმად, ღვინო – არ ვიცი და არაყი რადიაციისგან იცავს ადამიანს. ჩერნობილის ცნობილი ავარიის დროს მაშველებს თურმე სპეციალურად ურიგებდნენ ამ სასმელს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს მითია; ალკოჰოლი ორგანიზმში სითხეს ბოჭავს და ეფექტი სრულიად საპირისპიროა, ანუ რადიაციის დონე ორგანიზმში, პირიქით, იმატებს. წყალქვეშა გემის მეზღვაურთა მენიუში კი ის მხოლოდ იმისთვის შეაქვთ, რომ უცხო, ჩაკეტილ გარემოს უკეთესად შეეგუონ. სამი ბოთლი არყის ერთდროულად დალევა კი მყისიერ სიკვდილს იწვევს.
ქოლესტერინზე თუ გაგიგონიათ რამე? რა თქმა უნდა, გაგიგონიათ და, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ცუდი. მის მავნეობაზე ლეგენდები დადის. მაგრამ თუ გეტყვით, რომ ადამიანი მის გარეშე ვერც საკვებს გადაამუშავებს ნორმალურად და გამრავლების თვალსაზრისითაც პრობლემები შეექმნება? ქოლესტერინი ორგვარია – დაბალი სიმკვრივისა, ანუ, როგორც ხუმრობით უწოდებენ, “ბოროტი” და მაღალი სიმკვრივისა, ანუ “კეთილი”. სწორედ “ბოროტი” ქოლესტერინი იწვევს სისხლძარღვის კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი, ინფარქტი, ემბოლია. “კეთილი” ქოლესტერინი კი ნაღვლის მჟავებისა და სასქესო ჰორმონების სინთეზში მონაწილეობს და ფაქტობრივად, შეუცვლელია.
მართალია, ლუარსაბი ყველაფერს საუკეთესოს მიირთმევდა, მაგრამ მის სისხლში “ბოროტი” ქოლესტერინის დონე ალბათ ძალიან მაღალი იყო… მაგალითად, წითელი ხიზილალა დელიკატესია, მაგრამ ყოველდღე ჩვენმა მტერმა მიირთვა – სისხლში “ცუდი” ქოლესტინის დონეს მყისიერად სწევს მაღლა. მასზე ამბობენ, ჰემოგლობინის მაჩვენებელსაც სწევსო. არ დაიჯეროთ! თუმცა მთლად ხაზსაც ნუ გადავუსვამთ – თვალებისა და თავის ტვინის საკვებად გამოდგება. იმასაც შეგახსენებთ, რომ წითელი ხიზილალის ხელოვნურად შექმნაა შესაძლებელი – ნავთობპროდუქტების სპეციალური ბაქტერიებით დამუშავებით, ამიტომ, თუ სადმე საეჭვოდ იაფ წითელ ხიზილალას წააწყდით, გახსოვდეთ – შესაძლოა ხელოვნური იყოს. ფერზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ შავი ხიზილალის ხელოვნურად მიღება შეუძლებელია.
თუ კვერცხს ხშირად მიირთმევთ, თქვენს ორგანიზმში “ბოროტი” ქოლესტერინი მოიმატებს, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ კვერცხის გულში A, E და D ვიტამინები შედის, რომლებიც მხედველობის, ახალგაზრდობისა და მტკიცე ძვლების ვიტამინებადაა ცნობილი.
თუ ქოლესტერინის დონე სისხლში მომატებულია, მისი ბუნებრივი მტერი – მჟავე ვაშლი მიირთვით. დღეში სამი ასეთი ვაშლი და ქოლესტერინი დამარცხებულია. ოღონდ ეს ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ, თორემ ათასში ერთხელ ვაშლის შეჭმა შედეგს ნამდვილად ვერ გამოიღებს.
“კეთილი” ქოლესტერინი სადღა ვიპოვოთ? ფრინველის ხორცსა და თევზში – სწორედ აქ არის მისი საბადო! განსაკუთრებით მდიდარი ინდაურის ხორცია. გარდა ამისა, ის ამინმჟავა L-ტრიფტოფანს შეიცავს, რომელიც 5-ჰიდროქსიტრიფტოფანად გარდაიქმნება, ის კი ბედნიერების ჰორმონს -სეროტონინს წარმოქმნის. თავს ბედნიერად შავი შოკოლადი და ბანანიც გაგრძნობინებთ – თქვენ მათ მიირთმევთ, ისინი კი სანაცვლოდ სეროტონინს გაძლევენ.
თევზი ფოსფორითა და ომეგა-3 მჟავებითაც მოგამარაგებთ. გამოდის, თევზის ჭამა მტკიცე ძვლოვან სისტემას და კარგ მეხსიერებას გვპირდება. რატომ? ძვლოვანი სისტემა კალციუმის ფოსფატს შეიცავს, თავის ტვინს კი ფოსფოპროტეინები (ფოსფორის შემცველი ცილები) და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სჭირდება. ეს უკანასკნელი თვალის ბადურას უბადლო დამცვალია.
რა ბრძანეთ? იდეალური მხედველობა გაქვთ და ომეგა-3 არ გჭირდებათ? ამ წერილს სად კითხულობთ? მონიტორზე? კომპიუტერის მომხმარებელი ბრძანდებით? ჩათვალეთ, რომ თქვენი თვალები რისკის ქვეშაა. მაშ, მიეხმარეთ მათ ომეგა-3-ით, A და E ვიტამინებით, პიგმენტებით ლუტეინითა და ზეაქსანტინით. ამ პიგმენტებს შავ მოცვში იპოვით.
თაფლი რომ აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს, ყველამ ვიცით. მე თაფლით ჩაის დატკბობა მიყვარს და ვიცი, ეს როგორ გავაკეთო. აი, თქვენ როგორ ატკბობთ ჩაის თაფლით? ადუღებთ წყალს, აყენებთ ფერს (ან ერთჯერად პაკეტს იყენებთ) და ქაფქაფა ჩაიში ხსნით თაფლს? ყველაფერი სწორია, ოღონდ უნდა იცოდეთ: თაფლი კი გახსენით, მაგრამ სულ სხვა ნივთიერება მიიღეთ – ჰიდროოქსიმეთილფურფუროლი! პროცესი ასე მიმდინარეობს: საქაროზა → მონოსაქარიდები (ფრუქტოზა, გლუკოზა) → შაქრის ანჰიდრიდი → ჰიდროოქსიმეთილფურფუროლი.
ფრუქტოზისთვის ეს გარდაქმნა გლუკოზაზე ორჯერ მეტადაა დამახასიათებელი, თაფლი კი სწორედ ფრუქტოზას შეიცავს.
ასე რომ, თაფლიან კი არა, ჰიდროოქსიმეთილფურფუროლიან ჩაის სვამთ. ეს ნივთიერება ფურანოლების ჯგუფს ეკუთვნის და ორგანიზმში დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში შესაძლოა კუნთების პარალიზება გამოიწვიოს. მცირე დოზები კი ნერვულ სისტემას თრგუნავს.
მაშ, როგორ გავხსნათ ჩაიში თაფლი?
ზემოთ ნახსენები საშიში ნივთიერება 60-700C-ზე ზევით წარმოიქმნება, ამიტომ ჩაის შეგრილება უნდა ვაცადოთ და მერეღა გავხსნათ მასში თაფლი, ან ისე მივაყოლოთ.
ჩვენ 21-ე საუკუნეში გვიწევს ცხოვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივ სტრესში ვიმყოფებით. მიზეზს რა გამოლევს… ამიტომ მივეხმაროთ ორგანიზმს. სტრესი იმუნიტეტის მტერია, მაგრამ ჩვენ არ შევეპუებით და ციტრუსებში შემავალი C ვიტამინით გავუმკლავდებით.
დაღლილობას გრძნობთ? მაშინ ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებაში მიეხმარეთ. ამისთვის ATP-ის სინთეზში მონაწილე ფერმენტებმა უნდა იაქტიურონ, რისთვისაც მათ მაგნიუმი სჭირდებათ. გარგარის ჩირი გემრიელი სასუსნავიც არის და მაგნიუმის წყაროც. ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტო ამ ელემენტის მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ. ოღონდ ისპანახთან ფრთხილად – მჟაუნძმარმჟავას შეიცავს, რომელიც მეტაბოლიზმის პროცესში მარილებს ანუ ოქსალატებს წარმოქმნის, დიდი რაოდენობით ოქსალატები კი თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ისპანახის ხშირად ჭამა არ შეიძლება. ნუში, თხილი, ნიგოზი E და B ჯგუფის ვიტამინებსაც შეიცავს და მაგნიუმითაც მოგამარაგებთ.
ლუარსაბს ჭარბი წონა აწუხებდა. ეჭვი მაქვს, ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარებაც ექნებოდა და შაქრიანი დიაბეტიც. არ დაიჯერებდა, თორემ ვურჩევდი, მასაც და მის კნეინასაც ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტი მიერთმიათ. რომელი? უჯრედისი, რომელიც შიმშილის გრძნობას აოკებს და სისხლში შაქრის დონის მუდმივობას ინარჩუნებს. ასეთია ყავისფერი ბრინჯი, ვაშლი, ბოსტნეულის სალათები; რძის ნაკლებცხიმიანი ნაწარმი: ხაჭო, იოგურტი, უცხიმო რძე; წყლის შემცველი პროდუქტები: საზამთრო, კიტრი, პომიდორი, ტკბილი წიწაკა.
კვლავ ლუარსაბის მთავარ საზრუნავს დავუბრუნდები:
– ბოზბაში თუ ჩიხირთმა?
მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. უბრალოდ, გვახსოვდეს, რომ საკვები უნდა მივიღოთ, როგორც წამალი და ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ წამლის საკვებივით მიღება არ დაგვჭირდეს.
ლუარსაბს ერთი ნახატი ფილმიდან ბატონის სიმღერა მოუხდებოდა: “მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება, შემწვარი და მოხრაკული სიზმარშიც მელანდება…”
კარგ მადას და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას გისურვებთ!

დამტკიცების პედაგოგიური დანიშნულება მათემატიკაში

0
მსჯელობა-დასაბუთებას მათემატიკაში ყოველთვის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ეკავა. მათემატიკური შინაარსის ტექსტებში ამ პროცესს დამტკიცება ეწოდება. განს­ხვავება მათ შორის  შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ ეს უკანასკნელი უფრო მეტადაა ფორმალიზებული – დამტკიცების პროცესის თითოეული საფეხური უნდა აკმაყოფი­ლებდეს ფორმალური ლოგიკის მკაცრ მოთხოვნებს. დასაბუთების დროს მსჯელობა ნაკლებად ფორმალურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასში დასაშვებია უზუს­ტობები და მცდარი გამონათქვამები. დასაბუთების დროს მიღებულია ნაკლები დეტალიზაცია და ზოგიერთი წარმოდგენილი არგუმენტის სიცხადეზე დაყრდნობა. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ საჭიროების შემთხვევაში ავტორს შეუძლია უფრო დეტალური არგუმენტების წარმოდგენა. შეიძლება ითქვას, რომ ზუსტი საზღვარი ამ ორ პროცედურას (დასაბუთებასა და დამტკიცებას) შორის არ არსებობს – ნებისმიერი დეტალური დამტკიცება, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კიდევ უფრო დეტალური გავხადოთ. ამავე დროს, ნებისმიერ შემთხვევაში, მსჯელობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფორმალური ლოგიკის კანონებს (მაგ., „ჩემპიონები სვამენ კოკა-კოლას!”. შეფარული მინიშნება, რომელიც ლოგიკურად მცდარია – „დალიე კოკა-კოლა თუ გსურს, რომ ჩემპიონი იყო!”). ფორმალური ლოგიკა, როგორც მათემატიკის ერთ-ერთი მიმართულება, არ წარმოადგენს სასკოლო მათემატიკის შემადგენელ ნაწილს. მიუხედავად ამისა, მსჯელობა-დასაბუთების უნარის განვითარება მათე­მატიკის სწავლების ძირითადი მიზანია: (მოსწავლე) გადმოცემისას სწორად და ეფექ­ტიანად იყენებს მათემატიკურ ტერმინებსა და აღნიშვნებს. ადეკვატურად ირჩევს სიმკაცრის დონეს და როდესაც საჭიროა, დასაბუთებისას იყენებს მკაცრ მათემატიკურ მსჯელობას (მათ შორის ინდუქციურ და დედუქციურ მსჯელობას) – ამონარიდი ეროვნული სასწავლო გეგმის მათემატიკის საგნობრივი პროგრამიდან.

 ვრცლად 

მისი აღმატებულება ფეხბურთი

0

უკანასკნელი ორი საუკუნეა, ფეხბურთი საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლება. ის მუდამ სარგებლობდა ბავშვების დიდი ინტერესით და მოზარდებს შორის სასკოლო პირველობებიც რეგულარულად იმართებოდა. ასეთ ტურნირებზე არაერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი იქნა აღმოჩენილი. საზოგადოდ, სკოლის ფეხბურთი ეზოს ფეხბურთთან ერთად მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ფენომენად მიიჩნევა.

ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი მოზარდებისთვის დღესაც სპორტის უსაყვარლესი სახეობაა, მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლებში ფეხბურთისა და, საზოგადოდ, სპორტის სწავლების დონე ისეა დაკნინებული, რომ იშვიათად ნახავთ სკოლას (გარდა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლებისა), მოზარდის ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად რაიმე პირობა რომ იყოს შექმნილი.
10-15 წლის წინ ამ კუთხით საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა იყო. სკოლებში ფეხბურთის სათამაშოდ ბავშვებს არავითარი პირობა არ ჰქონდათ. ისინი გარკვეული ხნის შემდეგ თავს ანებებდნენ თამაშს, ამის მიზეზად კი მხოლოდ და მხოლოდ პირობების უქონლობა სახელდებოდა. იმ პერიოდში საქართველოს ვერც ერთი ასაკობრივი ნაკრები ვერავითარ წარმატებას ვერ აღწევდა. ცოტა ხნის წინ კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკან ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნების ნაკრებები, როგორებიც არიან ინგლისი, უკრაინა და ესპანეთი და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებს ყველა აუტსაიდერად და იოლად დასამარცხებელ მეტოქედ მიიჩნევდა, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა და ნახევარფინალამდე მიაღწია. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი განსაკუთრებული მღელვარებით გამოირჩეოდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების წინსვლა ნახევარფინალში შეწყდა. ვასილ მაისურაძის გუნდი ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, ჰოლანდიის ნაკრებთან, უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.
 
გიორგი გეგენავა, სპორტული კომენტატორი: “ჩვენი ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების შარშანდელი წარმატება მე მაინც შემთხვევითობა მგონია და არა გეგმაზომიერი მუშაობის ნაყოფი. სანამ ჩვენს ქვეყანაში სასკოლო ტურნირების ტრადიცია არ აღდგება და სკოლებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არ გამოსწორდება, მანამდე ხელშესახებ წარმატებას ვერც ფეხბურთში და ვერც სპორტის სხვა სახეობაში ვერ მივაღწევთ. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ესპანეთისა და ინგლისის დონის გუნდებთან შეხვედრაში იწრთობიან ბავშვები და ძალიან კარგია, რომ ამ ორი, მართლაც წამყვანი ქვეყნის ნაკრებებთან არ წავაგეთ – ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა შეემატებათ და რომ გაიზრდებიან, თამაშის დაწყებამდე არ წააგებენ შეხვედრას. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, როცა შენზე 100-ჯერ განვითარებულ ქვეყანას ეთამაშები – გინდა, სპორტული ინფრასტრუქტურით და გინდა, ეკონომიკური თვალსაზრისით. მარტო ლონდონშია იმდენი სტადიონი და ბაზა, რამდენიც მთელ საქართველოში (უფრო შორს რომ არ წავიდე), ესპანელებს კი იდეალურად აწყობილი მექანიზმი აქვთ, რაც კომპლექსური მუშაობით გამოიხატება. გავიძახით, ფეხბურთის მშენებლობა საძირკველიდან (ბავშვთა ფეხბურთიდან) იწყებაო, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ საძირკვლის ჩამყრელი – ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი – თითებზე ჩამოსათვლელი გვყავს? საერთო დონის ასაწევად ეს არ არის საკმარისი, დროა, პროფესიონალებმა აკეთონ საქმე და არა დილეტანტებმა, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საჭირო დონის ასამაღლებლად და ამასობაში წლებიც გარბის…”
რა მოგვიტანს წარმატებას მომავალში? რა თქმა უნდა, თაობა, რომელიც უნდა აღიზარდოს და რეალობა შეცვალოს. ამ თემის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ბევრიც დაიწერა, ტელევიზიითაც არაერთი გადაცემა გადაიცა. მიუხედავად ამისა, საკითხი ამოწურულად ვერ ჩაითვლება. თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, სკოლები უმთავრესად პიარზე გათვლილი განცხადებებით შემოიფარგლებიან, საქმე კი არსად ჩანს. აქა-იქ არის ლოკალური გამონათება ამ კუთხით, მაგრამ საერთო ფონის შეცვლა ვერა და ვერ ხერხდება.

ფეხბურთის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სანამ მასშტაბურად არ მოვიცავთ დედაქალაქსა და რეგიონებს, მანამდე 4-5 სკოლის განვითარება მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის სურათს. შესაძლოა, საბავშვო კლუბმა მცირედი მოგებაც ნახოს, მაგრამ საერთო სურათი იმდენაც მძიმეა, რომ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის ამას, თამამად შეიძლება, ზღვაში წვეთი ვუწოდოთ.
წარმატებული აკადემიის, ცენტრისა თუ სკოლის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა არსებობს: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური კადრები (დირექტორები, მწვრთნელები, ფიზმომზადების სპეციალისტები, მასაჟისტები, ექიმები, ფსიქოლოგები, მინდვრის მომვლელები) და, რაღა თქმა უნდა, ბავშვები, რომლებიც სათანადო დონეზე უნდა მომზადდნენ.

გიორგი გეგენავა: “ინფრასტრუქტურა არ გულისხმობს მხოლოდ მოედანს. ეს ცნება თავისი არსით მრავალ საკითხს იტევს. აქ იგულისხმება მოწესრიგებული გასახდელები, საშხაპეები თბილი წყლით, საპირფარეშოები, სადაც, ელემენტარულად, წყალი იქნება და ჰიგიენური პირობების არარსებობა არათუ ბავშვს, მოზრდილსაც კი შოკს არ მოჰგვრის; შემდგომ ამისა, ეკიპირება, ბურთები და სხვა სავარჯიშოდ საჭირო მოწყობილობა. სასიცოცხლოდ აუცილებელია სამედიცინო ბაზა წამლებით, ვიტამინებით, ჟანგბადით… რაოდენ საჭიროა გამართული სამედიცინო კაბინეტი, ამის მკაფიო დასტურია ლეო მესის შემთხვევა: რომ არა მედიკოსები, შესაძლოა, ფეხბურთის მოყვარულებს საერთოდ ვერ გვეხილა ეს “პატარა ჯადოქარი”… ზემოთქმულის განხორციელება შეუძლებელია, თუ ამ ყოველივეს უნარიანად არ უხელმძღვანელა დირექტორმა. მას უდიდესი პასუხისმგებლობა ენიჭება პროფესიონალი კადრების შერჩევის კუთხით. საჭიროა მწვრთნელი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს და მიმართულება მისცეს საწვრთნელ პროცესს, საჭიროებისამებრ ინდივიდუალური წვრთნები დაუნიშნოს ბავშვებს, რომელთაც სხვადასხვა კომპონენტში სჭირდებათ დონის ამაღლება”.
სპორტის სპეციალისტების აზრით, განუსაზღვრელია ბავშვების აღზრდაში ფიზმომზადების მწვრთნელის როლი, რადგან ზღვარგადასულმა დატვირთვამ შესაძლოა სხეული გადაწვას და მოზარდის კარიერას წერტილი დაუსვას. ასევე გვერდს ვერ აუვლით აღდგენით პროცედურებს ვარჯიშებისა და თამაშების შემდეგ, მასაჟებს… სამედიცინო კუთხით მუშაობა სათანადოდ, ფაქტობრივად, არც ერთ სკოლაში არ მიმდინარეობს, უამისოდ კი თანამედროვე ფეხბურთი წარმოუდგენელია, რადგან ყველა ბავშვის ორგანიზმი ერთნაირად არ არის მოწყობილი და განვითარებული. სწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში დიეტით, ვიტამინებით, კვების სწორი რაციონის შედგენით და ა.შ. შეიძლება, “დაკარგული თაობა” ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩავაყენოთ.

“ცრემლები სამოთხეში”

0
გაგიგონიათ რამე ჯგუფზე “Cream”? ბლუზისა და ფსიქოდელიური როკის აქტიური მსმენელები ამ კითხვაზე ალბათ დადებით პასუხს გამცემენ, ფართო საზოგადოება კი “Cream”-ს, ვფიქრობ, ნაკლებად იცნობს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს ჯგუფი “The Doors”-ივით, “Deep Purple”-ივით, “Led Zeppelin”-ივით ან თუნდაც “Pink Floyd”-ივით პოპულარული არ არის, “Cream”-ის ხანმოკლე არსებობაა. ბენდმა მოღვაწეობა 1966 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დაასრულა შინაკონფლიქტებისა და განსაზღვრულ საკითხებზე მუსიკოსთა შეუთანხმებლობის გამო.

აღსანიშნავია, რომ “Cream-მა” 2005 წელს გრემის “ცხოვრებისეული მიღწევის ჯილდო” (Lifetime Achievement Award) მიიღო. ამ ჯილდოს ისეთ მუსიკოსებს ანიჭებენ, რომელთაც თავიანთი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს მუსიკის განვითარებაზე. ის მიღებული აქვთ დიუკ ელინგტონს, ელა ფიცჯერალდს, ლუი არმსტრონგს, ჩარლი პარკერს, მაილს დევისს, რობერტ ჯონსონს, ჯიმი ჰენდრიქსს… სწორედ ჰენდრიქსის ერთ-საყვარელი ბენდი გახლდათ “Cream”, რომელშიც მისი კარგი მეგობარი უკრავდა.
 
ამ “კარგი მეგობრის” სახელი ბევრმა მელომანმა იცის. მისი 2-3 კომპოზიცია მაინც ყველას მოუსმენია. გაიხსენეთ:
If I Could Reach The Stars,
Pull one down for you…

ერიკ კლეპტონი – უკვე 70 წელს მიტანებული ბლუზის ლეგენდა. ადამიანი, რომლის ცხოვრებასაც თან ახლდა დიდი ტკივილი, ბევრი ალკოჰოლი, ნარკოტიკების დიდი დოზები, სასიყვარულო ურთიერთობა ბევრ ცნობილ ადამიანთან, მათ შორის – ჯენის ჯოპლინთან, პეტი ბოიდთან (რომელიც ჯერ ჯორჯ ჰარისონის, მერე კი თავად ერიკის მეუღლე გახლდათ) და საფრანგეთის ყოფილ პირველ ლედისთან კარლა ბრუნისთანაც კი.

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, კლეპტონის მუსიკალური კარიერა ქუჩიდან დაიწყო. ჯერ კიდევ თინეიჯერი, კინგსტონის, რიჩმონდისა თუ ვესტ ენდის ქუჩებში უკრავდა. იქიდან ადგილობრივ კლუბებში გადაინაცვლა, 1963 წელს კი ჯგუფ “The Yardbirds”-ს შეუერთდა. ეს ჯგუფი იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა დროს მასში ჩვენი დროის სამი ლეგენდა: ერიკ კლეპტონი, ჯიმი პეიჯი და ჯეფ ბექი – ირიცხებოდა.

“Yardbirds”-იდან ერიკი 1966 წელს წამოვიდა და სწორედ იმ ბენდს შეუერთდა, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. “Cream”-მა თავისი ორწლიანი არსებობის განმავლობაში მოახერხა და ბევრი დასამახსოვრებელი კომპოზიცია შექმნა. მათგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად რობერტ ჯონსონის ლეგენდარული “Crossroads”-ის სრულიად ახლებური ვერსია მიმაჩნია:

ვიდეო 2005 წელს “Royal Albert Hall”-შია გადაღებული. დაშლიდან 37 წლის შემდეგ კოლექტივი კიდევ ერთხელ გაერთიანდა და დაუვიწყარი შოუ შესთავაზა მაყურებელს.

“Cream”-ის დაშლის შემდეგ კლეპტონმა მრავალ პროექტში მიიღო მონაწილეობა. 70-იანებში ნარკოტიკებსაც დაანება თავი და ბევრ სხვადასხვა სტილის მუსიკოსთან მოსინჯა საკუთარი ნიჭი. მათი სათითაოდ ჩამოთვლა ნამდვილად არ ღირს, თუმცა 1984 წელს როჯერ უოტერსთან ერთად შექმნილი ალბომი “The Pros and Cons of Hitch Hiking” ჩემთვის ერთ-ერთ ძვირფას ნამუშევრად რჩება. მუსიკის ხარისხი ძალიან მაღალია, ორი უდიდესი მუსიკოსის კოლაბორაციამ კი ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

1984 წლის შემდეგ კლეპტონი და უოტერსი საკმაოდ ხშირად ჩნდებოდნენ სცენაზე ერთად. ყველაზე დაუვიწყარი გამოსვლა ალბათ 2005 წელს ცუნამით დაზარალებულთა დახმარების ფონდისთვის გამართული შოუ გახლდათ, სადაც როჯერმა და ერიკმა უკვდავი კომპოზიცია “Wish You Were Here” აკუსტიკურად შეასრულეს.

კლეპტონის 80-90-იანი წლების წარმატებებს თან დიდი ტკივილიც ახლდა… მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედიის შესახებ ბევრმა ალბათ არც არაფერი იცის. საქმე ის არის, რომ 1991 წელს ნიუ-იორკში მისი 4 წლის ვაჟი კონორი ოჯახის მეგობრის ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა. ბინა 53-ე სართულზე მდებარეობდა… ტკივილის დაძლევაში ერიკს ისევ მუსიკა დაეხმარა. ერთ-ერთი საუკეთესო ჰიტი, “Tears in Heaven” (“ცრემლები სამოთხეში”) კლეპტონმა სწორედ დაღუპული შვილის ხსოვნას მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ 1992 წელს აღნიშნული სიმღერისა და აკუსტიკური ალბომის წყალობით მუსიკოსმა გრემის 6 ჯილდო მიიღო.

კლეპტონი ერთადერთი მუსიკოსია, რომლის სახელიც სამჯერაა მოხსენიებული როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში (“Rock and Roll Hall of Fame”), ერთხელ – როგორც სოლო არტისტისა, ხოლო ორჯერ – როგორც ჯგუფების “Cream”-ისა და “Yardbirds”-ის წევრისა (ცნობისთვის, დიდების დარბაზი ოჰაიოს შტატში მდებარეობს და ერთგვარ მუზეუმს წარმოადგენს, რომელიც როკ-ენ-როლის ყველაზე გავლენიანი მუსიკოსების შესახებ მოგვითხრობს).

ერიკი მუსიკალურ მოღვაწეობას დღესაც საკმაოდ ნაყოფიერად განაგრძობს. 2012 წლის ნოემბერში მისი ახალი ალბომი “Old Sock” (“ძველი წინდა”) გამოვიდა. ალბომში რამდენიმე სპეციალური სტუმარია მოწვეული, მათ შორის – სტივ ვინვუდი და თვით პოლ მაკარტნიც კი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ალბომი ძალიან კარგად ისმინება – ისეთივე “კომფორტულია”, როგორიც საყვარელი წინდა 🙂

მნიშვნელოვანია კლეპტონის წვლილი ბლუზის განვითარებაში. მის მიერ ორგანიზებული ფესტივალი “Crossroads”, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება, ბლუზის უძლიერეს შემსრულებლებს აერთიანებს ყველა ქვეყნიდან. ფესტივალში მონაწილეობა დიდი პატივია ყველა დამწყები თუ პროფესიონალი ბლუზმენისთვის. მათ საშუალება ეძლევათ, ისეთ ვარსკვლავებთან ერთად დაუკრან, როგორებიც ბი ბი კინგი, რობერტ ქრეი, ბადი გაი, თავად კლეპტონი და სხვანი არიან.

ბოლო ასეთი ფესტივალი სულ ახლახან, 12-13 აპრილს გაიმართა. ჯერ მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერია ინტერნეტში გავრცელებული. მოუთმენლად ველი მთლიანი ვიდეოს გამოსვლას, რათა კიდევ ერთხელ ვირწმუნო ერიკ კლეპტონის, ამ უდიდესი მუსიკოსის გენიალურობა.

შეძლებს კი 17 წლის ყმაწვილი ამერიკის განათლების სისტემის გადარჩენას?

0
ამერიკული ჰაი-სქულის მოსწავლე, ავტორი და საერთაშორისო სპიკერი ნიხილ გოიალი
ავტორი: ერიკა სვოლოუ
ერთწლიანი საერთაშორისო გამოსვლების, “ნიუ-იორკ ტაიმსსა” და “ჰაფინგტონ პოსტში” გულახდილი ჟურნალისტური წერილების, ბიზნესმენებთან, განმანათლებლებთან, სტუდენტებსა და მშობლებთან ასზე მეტი ინტერვიუს შემდეგ სიოსეტის ჰაი-სქულის (Syosset High School) 17 წლის მოსწავლემ, ამერიკელმა ნიხილ გოიალმა (Nikhil Goyal), განაცხადა, რომ მალე გამოსცემს თავის პირველ წიგნს, სათაურით “ერთი ზომა ყველას ვერ მოერგება: სკოლის შეფასება მოსწავლის მიერ” (One Size Does Not Fit All: A Student’s Assessment of School).

იმ უამრავი ნაშრომის ფონზე, რომლებიც ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციების დანერგვას ეხება, ეს გახლავთ პირველი წიგნი, რომელიც სასკოლო სისტემაში მყოფმა მოსწავლემ დაწერა.

გოიალი მკითხველს სთავაზობს მოგზაურობას ამერიკული განათლების სისტემის ისტორიაში, რომელიც იწყება ადრეული მე-19 საუკუნის პრუსიული მოდელით და სრულდება უახლესი სამთავრობო პროგრამებით – No Child Left Behind და Race to the Top და ჩარტერული სკოლები დამწყებთათვის.

განათლების ამერიკული სისტემის უცხოელ “კოლეგებთან” შედარების შემდეგ გოიალი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს, დიდ ყურადღებას არ აქცევს მოსწავლეთა ცოდნის საერთაშორისო შეფასების პროგრამის PISA scores-ის მაჩვენებლებს და გვთავაზობს უამრავ იდეას, – 40-ზე მეტს, – რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგანმანათლებლო სისტემის “კაპიტალური რემონტისთვის”.

გოიალი ნათლად გვიხატავს მისთვის იდეალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას და რამდენიმე ცვლილებას გვთავაზობს:

* გაუქმდეს სტანდარტიზებული ტესტები და შეფასებები და მოსწავლეთა ცოდნის შეფასება შეიცვალოს უფრო ყოვლისმომცველი სისტემით, როგორიცაა კოლეჯისა და სამსახურისთვის მზადყოფნის შეფასება;

* თავიდან იქნეს გააზრებული საკლასო ოთახის დანიშნულება და ფუნქცია; დაიწყოს ბავშვთა ჯგუფების ჩამოყალიბება შესაძლებლობების (და არა ასაკის) მიხედვით, სწავლება ეფუძნებოდეს გამოცდილების გაზიარებას (და არა ლექციებს), მოხდეს შესწავლა-გაზიარება 21-ე საუკუნის უნარებისა, რომლებშიც ავტორი გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებით აზროვნებას, თანამშრომლობას, კომუნიკაციას, ცნობისმოყვარეობას, რისკის გაწევასა და შეცდომების გამოსწორებას;

* მოხდეს მასწავლებლის პროფესიის ტრანსფორმაცია, მათ გადაუხადონ მეტი, გაუქმდეს ხელფასების სისტემა, რომელიც სამსახურის წლებსა და დამსახურებას ეფუძნება, შეიქმნას “მასწავლებელთა ვესტ-პოინტი”  და შეწყდეს “ალქაჯების დევნა”, რადაც გადაიქცა მასწავლებელთა შეფასება სტუდენტების მიერ გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით.

გონიერი და მგზნებარე ახალგაზრდა კაცი, ნიხილ გოიალი, თავის წიგნს “ამერიკის საგანმანათლებლო სისტემის რევოლუციონირების ინაუგურაციას” უწოდებს. ცვლილებებისა და განსხვავებული მიდგომებისადმი სწრაფვა გამოარჩევს მის წიგნს ამ ჟანრის სხვა ნაშრომებისგან. გარდა ამისა, გოიალი განსხვავდება თანატოლებისგანაც, რომლებიც ამერიკის მოსაწყენი განათლების სისტემის გავლენას განიცდიან. “შეუსაბამო და ჯოჯოხეთურად მოსაწყენი” – ასე მოიხსენიებს გოიალის ფაქტებით გაჯერებული და რეალისტური წიგნი ამერიკულ სასკოლო სისტემას.

მილიონობით მოსწავლეს მთელ ამერიკაში ამ სისტემამ უკვე მიაყენა ზიანი – ჩვენ ეს უნდა გვცოდნოდა, ჩვენც ხომ იქვე ვიყავით. დამამთავრებელი კლასებიდან (ჰაი-სქული) სწავლას სულ უფრო მეტი მოზარდი ანებებს თავს და ისინიც, ვინც სკოლას ამთავრებენ და უმაღლესში აგრძელებენ სწავლას, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სხვა გზის არჩევისა ეშინიათ.

გოიალი ადასტურებს, რომ განათლება გამოცდებისგან, დაკითხვებისა და გამოძიებისგან შედგება. ეს მაშინ, როცა სწავლა ადამიანს ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე სიხარულით უნდა ავსებდეს. ჩვენ უნდა ვეძებდეთ საკუთარ შესაძლებლობებს, ვკამათობდეთ, ვეძიებდეთ გზებს და ვსწავლობდეთ სამყაროს ჩვენ გარშემო. ნაცვლად ამისა, ჩვენ გვაიძულებენ ვისხდეთ მერხებთან, კრინტი არ დავძრათ, ვუსმინოთ და ვილაპარაკოთ მხოლოდ ხელის აწევის შემდეგ. “იმ ხნის განმავლობაში, რასაც სკოლაში ვატარებთ, – ამბობს გოიალი, – ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ვიაზროვნოთ, ანუ ვიაზროვნოთ ისე, როგორც აზროვნებს ყველა ჩვენ გარშემო, ხოლო კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარს ვფლანგავთ. ყველაზე უარესი ის არის, რომ ჩვენ თავს ვანებებთ კითხვების დასმას, ჩვენ ვუფრთხით რისკებს, რადგან ამ შესანიშნავი წლების განმავლობაში სკოლაში “სწორი პასუხების” გაცემას გვასწავლიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ესწავლებინათ კითხვების დასმა და დამოუკიდებლად ფიქრი პრობლემების გადასაჭრელად”.

გოიალს პირველად ივლისში შევხვდი. მან ყავაზე დამპატიჟა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თვითონ კაკაოს მიირთმევდა. “ყავას ჯერ არ ვსვამ”, – მითხრა ნიხილმა, როდესაც მის წიგნსა და მის საზაფხულო პარაქტიკაზე სასაუბროდ დავსხედით. საუბარი ბიზნესსკოლაში ჩემი ჩაბარებისა და GMAT-ის ტესტის მოსაწყენი მოსამზადებელი პერიოდის განხილვით დავამთავრეთ.

ვერაფერს შევცვლიდი, მაგრამ განათლების სისტემის გოიალისეული ხედვის მოსმენის შემდეგ თავი ისე ვიგრძენი, როგორც დანომრილმა ადამიანმა, რომელიც ზუსტად ისე იქცევა, როგორც ეტყვიან –  აბარებს ბაკალავრიატში (კოლეჯში), რამდენიმე წელი მუშაობს, აბარებს უნივერსიტეტში.. მიუხედავად ამისა, ეს სწორედ ის გზა იყო, რომლის არჩევაც მე გადავწყვიტე, თუმცა საშუალებები, რომლებიც ამ გზას სჭირდება, კრიტიკას ვერ უძლებს.
მე სავსებით ვეთანხმებოდი გოიალს შემდეგ საკითხებში: ის თვე, რომელიც GMAT-ის დაზეპირებაში დავხარჯე, შემეძლო კოდექსის სწავლისა თუ მეწარმეობის კვლევისთვის გამომეყენებინა – იმ ორი რამისთვის, რაც უშუალოდ უკავშირდება ჩემს სამომავლო წარმატებულ საქმიანობას ბიზნესში. ამის ნაცვლად კი შინ ჩავიკეტე, მოვყევი ტესტის საკითხების ზუთხვას, ჩამოვშორდი ყოველგვარ სოციალურ აქტივობას, აღვივსე მომავლის შიშით და რეალურ განათლებას დავშორდი. ნუთუ ასეთი უნდა იყოს განათლების პროცესი? გამოვიდა, რომ ეს თვეები დავკარგე! მე მათ უკან ვეღარ დავიბრუნებ!

შემძრა გოიალის გამბედაობამ – იგი თავისუფლად ამბობს, რომ GMAT-ისა და SAT-ის სტანდარტული ტესტების გაუქმება თან ადვილად განსახორციელებელი ამოცანაა. სწორედ გოიალისმაგვარი ცნობისმოყვარე და კრიტიკული ადამიანები შეძლებენ, დაუდონ სათავე ჩვენი საზოგადოების ცვლილებას. განურჩევლად იმისა, რას გააკეთებს მომავალში გოიალი, ის იმ ტიპის ახალგაზრდაა, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს სამყაროზე. ციტატა Skillshare’s მანიფესტიდან: “მომავალი ცნობისმოყვარეებს ეკუთვნით. მათ, ვისაც არ ეშინია სცადოს, გამოიძიოს, კითხვები დასვას, ძირფესვიანად შეისწავლოს და ამოაბრუნოს ის, რაც აინტერესებს”.

ამ წიგნით გოიალმა შექმნა პლატფორმა ჩვენი ყავლგასული განათლების სისტემის რესტრუქტურიზაციისთვის. არ დაიჯერებთ, მაგრამ გოიალი აშშ-ის განათლების ყოფილი მდივნის დაიან რავიჩის მიერ აშშ-ის განათლების მდივნად (მინისტრად) იქნა ნომინირებული. “შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბავშვი, რომელსაც სკოლის დამთავრების დღეს ისევ სურს სწავლა? როცა ასე მოხდება, ჩვენ გვეცოდინება, რომ სისტემა, როგორც იქნა, მუშაობს”, – წერს გოიალი.

მსურს, გოიალის წიგნი სტუდენტების, მასწავლებლების, პოლიტიკოსესების ხელში დავინახო. ის მოგვიწოდებს ისეთი სისტემის შექმნისაკენ, სადაც მოსწავლეები “ქმნიან და აკეთებენ”, რომელიც “სწავლის ცეცხლს დაანთებს ბავშვებში”. გოიალის ენთუზიაზმი საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ თუ გავერთიანდით, ჩვენ შევძლებთ ამას… მოდი, ყველა, განსაკუთრებით – სტუდენტები და მოსწავლეები, ამ დისკუსიაში ჩავაბათ.

გოიალი თავის წიგნს შემდეგი მოწოდებით ასრულებს: “რაიმე მნიშვნელოვნის გასაკეთებლად ნუ დაელოდებით ნებართვას”. თქვენ როგორ მოიქცევით?
თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ
 
ამ სტატიის დედანი შეგიძლიათ იხილოთ:
https://www.forbes.com/sites/ericaswallow/2012/09/05/american-education-system-nikhil-goyal/

ადამიანის ენობრივი ასლი

0

წინა პოსტში ვწერდი, რომ ადამიანი უკვე დიდი ხანია ცდილობს საკუთარი თავის მსგავსი მოწყობილობა შექმნას. მე-20 საუკუნეში, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანის ამ მისწრაფებას ახალი შესაძლებლობები შესძინა.

ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ფრენა ესწავლა და საუკეთესო გზად ფრინველების მიბაძვა ეჩვენებოდა. ძველ ბერძნულ მითში იკაროსი ბუმბულისაგან დამზადებული ფრთებით ცდილობდა გაფრენას. ლეონარდო და ვინჩის დღიურებიდანაც ჩანს, რომ იგი სწავლობდა ფრინველების ფრთების აგებულებას რათა საფრენი აპარატი შეექმნა. აი ძმები რაითები (Wright brothers) კი ფრინველთა მიბაძვის ნაცვლად პირდაპირ საფრენი აპარატის შეექმნით დაინტერესდნენ და ყველაფერი გამოუვიდათ. შესაბამისად, ადამიანის მსგავსი მექანიზმის ან არსების შესაქმნასთან ვიზუალური მსგავსება არაფერ შუაშია.
რა არის ადამიანი? უფრო სწორად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში? მისი სხეული, მისი ფორმა თუ მისი ფიქრები? იქნებ სიტყვები რომელსაც ის ამბობს? წინა სტატიაში იმ მოწყობილობების შესახებ ვიასაუბრე, რომლებიც სხვადახვა ეპოქაში იქმნებოდა, გარეგნულად ეს მოწყობილობები ცოცხალ არსებებს მოგვაგონებენ. სხვადახვა დროს მათ სხვადახვანაირად მოიხსენიებდნენ დღეს კი იმ მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდბელად შეუძლიათ ამოცანის შესრულება, რობოტი ჰქვია. თავად სიტყვა რობოტი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა და იგი პირველად ჩეხმა მწერალმა, კარელ ჩაპეკმა გამოიყენა. მოგვიანებით სიტყვისაგან რობოტი კიდევ ერთი ახალი სიტყვა, ბოტი წარმოიშვა — ასე აღნიშნავენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადახვა ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია. ბოტებს რობოტებისაგან განსხვავაებით არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ პროგრამები არიან. ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობა, ჩატბოტები ადამიანთან მოსაუბრე პროგრამები არიან. ჩატბოტს ადამიანის მსგავსად შეუძლია დიალოგის წარმართვა ანუ ფაქტობრივად ადამიანის სიმულაცია. ჩატბოტები ადამიანის ენობრივი ანაბეჭდები არიან. ხანდახან მათ ხელოვნურ ინტელექტად მოიხსენიებენ.
ალან ტურინგის ტესტი

ჯერ კიდევ 1956 წელს, ბრიტანელმა მათემატიკოსმა ალან ტურინგმა (Alan Turing) თავის სტატიაში „კომპიუტერი და გონიერება” (Computing Machinery and Intelligence) რომელიც ოქსფორდის აკადემოურ ჟურნალში “MIND” გამოაქვეყდა შემდეგი კითხვა დასვა: „შესაძლებელია თუ არა გონიერი მანქანის შექმნა?”. ამ სტატიაში ტურინგმა ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი აღწერა, რომელშიც ორ ადიამიანსა და ერთი კომპიუტერს უნდა მიეღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის მონაწილეები სხვადსხვა ოთახში უნდა მსხდარიყვნენ. ერთ-ერთი ცდისპირი რიგრიგობით დაუსვამდა შეკითხვებს კომპიუტერსა და ადმიანს. ტურინგი ექსპერიმენტის აღწერისას ასეთ დასკვნას აკეთებდა: თუკი შეუძლებელი იქნება გარჩევა, რომელი პასუხი ეკუთვნის ადამიანს და რომელი კომპიუტერს, ჩვენ შევძლებთ განვაცხადოთ, რომ კომპიუტერის ინტელექტი ადამიანისას გაუტოლდაო. აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტის აღწერისას ტურინგი მიუთითებდა შეკითხვებს შორის თანაბარი პაუზის აუცილებლობაზე. საქმე ისაა, რომ იმ დროისათვის კომპიუტერი ძალიან ნელი იყო. ამიტომ, ადამიანს ადვილად შეეძლო გამოეტანა დასკვნა — ის ვისგანაც პასუხი იგვიანებს, სავარაუდოდ კომპიუტერია. დღეს კომპიუტერს ადამიანზე გაცილებით სწრაფად შეუძლია პასუხის გაცემა, ამიტომ ასეთი ექსპერიმენტის ჩატერებისას კვლავ აუცილებელი იქნება პასუხების მიღებისას გარკვეული პაუზის შენარჩუნება.
ელიზა

ადამიანის ენობრივი ანაბეჭდის, ან ხელოვნური ინტელექტის შექმნის გზაზე შეგვიძლია რამოდენიმე ეტაპი გამოვყოთ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს „ელიზა”-ს გამოგონება.
1966 წელს, გერმანელმა მეცნიერმა, იოსებ ვაიზენბაუმმა (Joseph Weizenbaum) შექმნა ადამიანთან მოსაუბრე პროგრამა — „ელიზა”. პროგრამის სახელი ბერნარდ შოუს პიესა „პიგმალიონიდან” არის ნასესხები. პიესის მიხედვით ფილმი, “ჩემი მშვენიერი ლედი” გადაიღეს, სადაც პოროფესორი ჰიგინსი ცდილობს ერთ უბრალო მეყვავილე გოგონას, ელიზა დულიტს, რომელსაც საშინელი გამოთქმა აქვს და არანაკლებ საშინელი მანერები, საზოგადოებაში მოქცევა და რაც მთავარია სწორად საუბარი შეასწავლოს.
მართალია ვაიზენბაუმმა თავის პროგრამას აწორად საუბარი შეასწავლა, მაგრამ იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა ლიტერატურული პროტოტიპისაგან, რადგანმას ინდივიდუალობა არ გააჩნდა. სინამდვილეში პროგრამა ფსიქოთერაპევტის ერთგვარ პაროდირებას ახდენდა. „ელიზა” მოსაუბრის ტექსტში საკვანძო სიტყვაზე დაყრდნობით წარმართავდა საუბარს. მაგალითად მომხმარებელს „ელიზასათვის” რომ დაესვა შემდები კითხვა: „რომელი მუსიკალური ნაწარმოები მოგწონს?”. „ელიზას” შეიძლება ეპასუხა: „და თქვენ თავად რომელი მუსიკალურ ნაწარმოებს აძლევთ უპირატესობას?”. ან მომხმარებელს საუბრისას რომ ეთქვა, ვირტუალური ფსიქოთერაპევტისათვის: დედაჩემი ვერ მიტანსო, ელიზა საკვანძო სიტყვაზე (დედაჩემი) დაყრდნობით მოსაუბრეს დაუბრუნებდა შემდეგ კითხვას: კიდევ ვინ ვერ გიტანთ თქვენს ოჯახშიო ?.
გამოსახულებაზე მოყვანილია მომხმარებლის ელიზასთან დიალოგის ნაწყვეტი

პარი

შემდეგ ეტაპად შეიძლება “პარი” ჩაითვალოს, რომელიც 1972 წელს ფსიქიატრმა კენეტ კოლბიმ (Kenneth Colby) შექმნა. პარი ელიზასგან განსხვავებით ჰიპერინდივიდუალური იყო. იმდენად ინდივიდუალური, რომ მას პარანოიდალურ შიზოფრენიით დაავადებულს ადარებდნენ. პარის ტესტირებისათვის მოდიფიცირებული ტურინგის ტესტი გამოიყენეს. გამოცდილი ექიმი ფსიქიატრები პარისა და რეალურ პაციენტებს ტესტირებას უტარებდნენ. შემდეგ ამ დიალოგების სტენოგრამული ჩანაწერი 33 ფსიქიატრისაგან შემდგარ ჯგუფს გადასცეს. ფსიქიატრებს უნდა დასეახელებინათ პაციენტთაგან რომელი იყო რეალური ადამიანი და რომელი კომპიუტერული პროგრამა. შედეგი ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა. სწორი პასუხი მხოლოდ 48% შეადგენდა. ეს პროცენტი შემთხვევით შერჩევას შეესაბამება.
პარი და ელიზა რამოდენიმეჯერ ერთმანეთთსაც ესაუბრენ, ყველაზე ცნობილი დიალოგი მათ შორის 1972 წელს კომპიტერული კომუნიკაციის კონფერენციაზე Conference on Computer Communication (ICCC) განხორციელდა.
ჩინური ოთახი

1980 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ როჯერს სერლმა (John Rogers Searle) კიდევ ერთი ექსპერიმენტის იდეა წარმოადგინა, რომელიც ეჭვს ქვეშ აყენებს ტურინგის მოსაზრებების მართებულებას. სერლი ამტკიცებდა რომ ტურინგის ტესტის ჩაბარება კომპიუტერს მხოლოდ მისთვის გაუაზრებელი სიმბოლოთა მანიპულირებით და არა გააზრებით შეუძლია.
სერლმა თავისი იდეა ესე ჩამოაყალიბა: წარმოვიდგინოთ რომ მე ვარ ოთახსში რომელშიც რამდენიმე ყუთია განთავსებული. ყუთებში ბარათები ყრია. მათზე ჩინური იეროგლიფებია გამოსახული. მე ჩინური არ ვიცი. ოთახში ასევე დევს წიგნი, რომელშიც იეროგლიფების ფორმის მიხედვითაა განმარტებულია მათით მანიპულირების წესები. იეროგლიფებით მანიპულირებისას სულაც არ არის აუცილებელი ჩინური ენის ცოდნა. სავსებით საკმარისია, რომ მე ვიცოდე განმარტებების ენა. წიგნში, მაგალითად, შეიძლება ეწეროს: „აიღეთ ესა და ეს იეროგლიფი ყუთიდან N1 და განათავსეთ იგი შესაბამის იეროგლიფთან, რომელიც ყუთ 2-შია”.
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ კდელეს მიღმა არიან ადამიანები, რომლებმაც იციან ჩინური ენა. თუ ისინი კარების ქვეშ შემოაცურებენ ბარათებს, რომლებზეც ჩინური იეროგლიფებით ჩემთვის უცნობი ტექსტსია დაწერილი, ხოლო მე წიგნის დახმარებით, შესაბამის პასუხს დავუბრუნებ მათ, ჩინურის მცოდნეებს ეგონებათ, რომ მე ვსაუბრობ ჩინურად რაც, ბუნებრივია, არ შეესაბამება სინამდვილეს.
სერლი ამბობდა, რომ კომპუტერიც ზუსტად ასე მოქმედებს, ის მხოლოდ მისთვის გაუგებარი სიმბოლოებით მანიპულირებს და არანაირი წარმოდგენა არ აქვს შინაარსზე. შესაბამისად, ეს ექსპერიმენტი ტურინგის ტესტის კრიტიკას წარმადგენს.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/TryOC83PH1g” frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>
მოკლე ვიდეორგოლი რომელშიც სერლის ექპერიმენტია ასახული.
ჩატბოტები

ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ბმულები სხვადასხვა პროგრამისტის მიერ შექმნილ მოსაუბრე პორგრამებზე, ანუ ჩატბოტებზე. მსგავსი პროგრამები წლიდან წლამდე სულ უფრო სრულყოფილი ხდება:
https://www.dmoz.org/Computers/Artificial_Intelligence/Natural_Language/Chatterbots/
საიტზე წარმოდგენილ სიაში პირველ ადგილას ჩატბოტი სახელად ალისა გვხვდება (A.L.I.C.E. (Artificial Linguistic Internet Computer Entity)). ალისა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ჩატბოტია. იგი 1995 წელს შეიქმნა და მის სრულყოფაზე დღესაც მუშაობენ. მართალია ჯერჯერობით ვერც ალისამ გაიარა სრულფასოვნად ტურინგის ტესტი, მაგრამ მას უკვე ბევრი ჯილდო აქვს მიღებული.
ჩატბოტი რომელიც ქართულად ისაუბრებს

წინა სტატიაში უკვე ვახსენე ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართული ჩატბოტი, კიბერ გალაკტიონი უნდა შეიქმნას. ამ პროექტში ყველაფერი პროგრამისტებისათვის გასაგებ ლოგიკას ექვემდებარება. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მაინც ჯადოქრობას გავს. პროგრამისტები ან როგორც მათ ხშირად უწოდებენ, კოდერები მხოლოდ მათთვის და კომპიუტერისათვის გასაგები სიმბოლოებით მანიპულაციით სასწაულებს ახდენენ ხოლმე. აბა თავად წარმოიდგინეთ, მათ მონაცემთა ბაზაში შეყავთ მონაცემები. მერე ამ მონაცემებს პროგრამული კოდის საშუალებით უკავშირდებიან და ჩატბოტი ანუ ადამიანის ენობრივი ანაბეჭდი მზად არის. შეგიძლია ესაუბრო მას, შეკითხვა დაუსვა ან სულაც ეკამათო.
მალე ინტერნეტში კიბერ გალაკტიონის სატესტო ვერსია დაიდბა, და ნებისმიერ მსურველს შეეძელბა გალაკტიონის ენობრივ ალს ესაუბროს. მანამდე კი ამ პორექტით დაინტერესებულებს შეუძლიათ ფეისბუქის გვერდს ეწვიონ რმელიც შემდეგ მისამართზეა განთავსებული: (https://www.facebook.com/pages/კიბერ-გალაკტიონი/280189168779287). კიბერ გალაკტიონის იდეა ზურა ჯიშკარიანს ეკუთვნის. თავად პროექტი კი ელექტრონული წიგნების სახლ „საბას” ფარგლებში ხორციელდება. პროექტზე პროგრამისტები ალექსი ამნიაშვილი, შოთა იორამაშვილი და თამუნა კაპანაძე მშაობენ. ბოტის შექმნაში ფილოლოგი თამარ კალხიტაშვილიც არის ჩართული.

იმედია კიბერ გალაკტიონს სხვა მსგავსი პორექტებიც მოყვება.

აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია და პედაგოგიკა

0

მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ადამიანის ქცევისა და მოტივაციის ასახსნელად შექმნა მოთხოვნილებათა იერარქიის მოდელი და მოტივაციის იერარქიის თეორია.

 

მასლოუს მიაჩნდა, რომ ადამიანის პიროვნება თვითრეალიზაციისა და ზრდისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების გამოხატულებას წარმოადგენს. მისი აზრით, თვითრეალიზაციის ტენდენცია არა მხოლოდ ადამიანური უნარია, არამედ ადამიანური მოთხოვნილებაც. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება მასლოუმ მოთხოვნილებათა იერარქიის მწვერვალზე მოათავსა.

ვრცლად

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...