ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

სასკოლო განათლება ამერიკაში

0
აშშ-ში საშუალო განათლება სავალდებულოა. სრული საშუალო განათლება ამ ქვეყნის მოსახლეობის 85 პროცენტს აქვს. საგანმანათლებლო სისტემა ამერიკაში არ რეგულირდება სახელმწიფო დონეზე, აშშ-ის მთავრობას განათლების საკითხებზე მხოლოდ ირიბი ზემოქმედება შეუძლია. სასკოლო ცხოვრებას უმთავრესად შტატის მთავრობა განაგებს.

აშშ-ში მოსწავლეთა უმრავლესობა საშუალო განათლებას უფასო საჯარო სკოლებში (public school) იღებს, თუმცა არსებობს კერძო სკოლებიც (private school), მოსწავლეთა დაახლოებით 3 პროცენტი კი შინ სწავლობს (Homeschooling).

მთავარი ფაქტორები, რომელთა გამოც ზოგიერთი მოსწავლე შინ იღებს განათლებას, არის მშობლების შიში სასწავლო დაწესებულებაში არსებული არაკეთილისმყოფელი გარემოსადმი (ნარკოტიკების გავრცელება, სისასტიკე და სხვა), მათი რელიგიური წარმოდგენები, აკადემიური პროგრამებით უკმაყოფილება, ბავშვის ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი. სხვადასხვა შტატის კანონმდებლობა სხვადასხვაგვარად ეკიდება საშინაო განათლებას; თუმცაღა ხშირად კამათობენ ამ უკანასკნელის კანონიერების შესახებ, მისი ლეგიტიმურობა დადასტურებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ.

პრაქტიკულად ყველა კერძო სკოლას აშშ-ში რელიგიური ორგანიზაციები აფინანსებენ (მაგალითად, კათოლიკური სკოლები). აქ სასწავლო პროცესის ხარისხი, წესისამებრ, საჯარო (უფასო) სკოლებზე მაღალია.

ამერიკაში მასწავლებელი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. ქვეყანაში ეს პროფესია პრესტიჟულია, ამიტომ კონკურენციაც დიდია. ამერიკული სასკოლო განათლების მაღალ ხარისხს მნიშვნელოვანწილად სწორედ მასწავლებელთა პროფესიონალიზმი განაპირობებს.
დაწყებითი სკოლა (Pre-school ან elementary school)

აშშ-ის დაწყებით სკოლებში 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ. ყველა საგანს, გარდა მუსიკისა, სახვითი ხელოვნებისა და ფიზკულტურისა, ერთი პედაგოგი ასწავლის. დაწყებითი სკოლის ფარგლებში ისწავლება:

·არითმეტიკა;
·წერა-კითხვა (აქცენტი უმთავრესად ორთოგრაფიის ათვისებასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე დაისმის);
·მხარეთმცოდნეობა.
საგანმანათლებლო პროცესი, წესისამებრ, ეფუძნება თამაშით სწავლას და ინტერესთა კლუბებს: ბავშვები დადიან ექსკურსიაზე, დგამენ სპექტაკლებს და ა.შ.

საშუალო სკოლა (junior high school ან middle school)

საშუალო განათლება ამერიკაში გულისხმობს მეექვსედან მერვე კლასამდე სწავლას. შესასწავლად აუცილებელ დისციპლინებად ითვლება:

·ინგლისური ენა;
·მათემატიკა;
·საგნები სოციალურ მეცნიერებათა ბლოკიდან (ხშირად – მსოფლიო ისტორიის ჩათვლით);
·საგნები საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბლოკიდან;
·ფიზკულტურა.

გარდა ამისა, არსებობს ბევრი არასავალდებულო, ფაკულტატიური საგანი: მუსიკა, უცხო ენების დამატებითი კურსები, ცხოვრების ჯანსაღი წესის საფუძვლები, ბიზნესის წარმოების საფუძვლები და სხვა. ამრიგად, ამერიკულ სკოლებში არ არსებობს კლასები ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით ანუ მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც ერთი და იმავე შემადგენლობით ესწრება ყველა საგნის გაკვეთილს –  ამერიკელი მოსწავლე ყოველ გაკვეთილზე შესაძლოა სხვადასხვა გარემოცვაში აღმოჩნდეს. ეს მის მიერ არჩეულ საგანზეა დამოკიდებული.
უმაღლესი სკოლა -(high school)

უფროს კლასებში (9-12) სწავლისთვის აუცილებელია С დონეზე მოსწრება. სწორედ უმაღლეს სკოლაში არსებობს საგრძნობი თავისუფლება სასწავლო დისციპლინათა არჩევის თვალსაზრისით: მოსწავლეები სკოლის საბჭოს მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნებით არინ შეზღუდულნი, რათა ატესტატი აიღონ. ხშირად ეს გულისხმობს:

*3 წელი – მათემატიკის შესწავლას;
*3 წელი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბლოკის ფარგლებში არსებული დისციპლინების შესწავლას;
*4 წელი – ლიტერატურის შესწავლას;
*2-დან 4 წლამდე – დისციპლინების შესწავლას სოციალური მეციერებების ბლოკიდან (როგორც წესი, ისტორიისა და აშშ-ის სახელმწიფო მოწყობის პრინციპებს);
*1-დან 2 წლამდე – ფიზკულტურას.

უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად საჭიროა სტანდარტული სასკოლო პროგრამა + უცხო ენების შესწავლა 2-დან 4 წლამდე. დანარჩენ საგნებს მოსწავლეები თავად ირჩევენ საკუთარი ინტერესებისა და სკოლის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით. ამერიკელი მოსწავლეები ყველაზე ხშირად ისეთი დამატებითი საგნების არჩევას  ცდილობენ, რომლებიც უკავშირდება სახვით ხელოვნებას, გამოყენებით მეცნიერებებს (ინფორმატიკა, სტატისტიკა და სხვ.), უცხო ენებს, რაიმე ხელობას (დურგლობა, პროფილაქტიკოსობა და სხვ.) და საგამომცემლო საქმეს.

გამოცდისთვის IB ან Advanced Placement პროგრამის მიხედვით მოსწავლეებმა დამატებითი საგნები უნდა აირჩიონ. გამოცდაზე მიღებულ კარგ ნიშანს შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი ითვალისწინებს და, შესაძლოა, სკოლაში გავლილი ესა თუ ის დისციპლინა ჩაუთვალოს ბაკალავრიატის შესავალ კურსად. უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ძალიან კარგად ამზადებს აკადემიური უმაღლესი სკოლა (High School). არსებობს აგრეთვე მრავალპროფილიანი და პროფესიული უმაღლესი სკოლებიც (High School).

აშშ-ის სკოლების სასწავლო წელი ორ სემესტრადაა გაყოფილი. დღეში ტარდება 5-7 გაკვეთილი, რომლებიც საშუალო და უმაღლეს სკოლებში დილის რვის ნახევარზე იწყება, ხოლო დაწყებითში – რვაზე. ყველა სპეციალიზებული კლასი აღჭურვილია ტექნიკის უახლესი მიღწევებით, მოსწავლეებს კი სახელმძღვანელოების ორ-ორი კომპლექტი აქვთ. ერთი საკლასო ოთახში მუშაობისთვის არის განკუთვნილი, მეორე – საშინაო დავალებების შესასრულებლად. საკონტროლო სამუშაო ყველაზე ხშირად გაფორმებულია ტესტების სახით, შეფასება კი ზოგიერთ შტატში ასბალიანი სკალით ხდება. ამის პარალელურად სკოლებში გამოიყენება შეფასების კლასიკური სისტემაც A/B/C/D/F (A – ძალიან კარგი, F – არადამაკმაყოფილებელი).

ამერიკული სკოლების კურსდამთავრებულნი ზრდასრული ცხოვრებისთვის უკვე მაქსიმალურად არიან ადაპტირებულნი, რადგან სკოლაში სწავლის დროს ისინი მხოლოდ თეორიულ ცოდნას კი არ იღებენ, არამედ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც ითვისებენ. ამერიკულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას არანაირი პრიორიტეტი არ ენიჭება იმას, კერძო სკოლა დაამთავრა აბიტურიენტმა თუ საჯარო. გადამწყვეტია გამოცდის შედეგები.

ამრიგად, ამერიკული სკოლების მთავარი სპეციფიკაა მოსწავლეების ნაკლებად დატვირთვა, ამიტომ საშინაო დავალებების შესრულება არაამერიკელ მოსწავლეს შესაძლოა მომხიბლავ თამაშად მოეჩვენოს, თუმცა ეს დავალებები და, საზოგადოდ, პროგრამები ისეა შედგენილი, რომ ბავშვმა აუცილებელი თეორიული ცოდნა მიიღოს.

მოამზადა დავით თინიკაშვილმა

ინტერპრეტაციის სასარგებლოდ

0
სოფლებში ისე ღამდება, არაფრით გამოგეპარება. ისე მთავრდება დღე და იწყება ღამე – მკვეთრი ხაზგასმით. ქალაქში ცოტა სხვანაირადაა საქმე. სოფელში გათენებითაც ეგრე თენდება. დილას გრძნობ. თვალშესახებად.
წერა დავიწყე. მიხვდებოდით – ეს მცირე ესე სიუზენ ზონტაგის ცნობილი ტექსტის სათაურის გამოხმაურებაა. სათაურის და არა ტექსტის – ამხელა პრეტენზია როდი გვაქვს.

არც მანიფესტია, არ შეგონება. ვერც იქნება – სათაური უკრძალავს, სხვა თუ არაფერი.
ჰოდა, მასწავლებლებო, ისე მიჰყევით პროგრამას, რომ მისგან გაქცევის საშუალება გქონდეთ.

რომ შეიძლება, რომელიმე მოსწავლემ შუშანიკიც გააკრიტიკოს (დამცველი არ მოაკლდება და ესეც კარგია) და ამისთვის ანათემას არ გადასცენ, და თუ გადასცეს, სირცხვილია, 15 წლის ბავშვი ქრისტეს და გენიტალიებს ერთად ახსენებდეს ვიდეომიმართვაში “განსხვავებული” თანატოლების მიმართ.

რომ “ვეფხისტყაოსანი” მარტო მეგობრობაზე არ არის და არც მარტო სიყვარულზეა – იქ ყველაფერია ადამიანური, მათ შორის – შურიც, სიძულვილიც, და ეს ტექსტს არაფერს აკლებს, მხოლოდ მატებს. ისევე, როგორც თავად პოემას დამართეს ყველაფერი ადამიანური… თამამად უთხარით მოსწავლეებს, რომ საქართველოს ეკლესიაში იყო ხალხი, ვინც დევნიდა ამ ტექსტს და ისეთიც მოიპოვებოდა, ვინც იცავდა (სხვაგვარად ჩვენამდე ძნელად მოაღწევდა – გლეხმა არ იცოდა წერა-კითხვა). ასე განსაჯეთ, ისიც კი შეგიძლიათ უთხრათ: არის მეცნიერი, რომელიც ფიქრობს, შესაძლოა, ასმათს და ტარიელს სხვა ურთიერთობაც ჰქონოდათო და ისიც ასწავლეთ, რომ შეუძლიათ, ეს და სხვა მოსაზრებები სიცილადაც არ ეყოთ.

რომ დავით გურამიშვილს მარტო “სწავლა მოსწავლეთა” და “ქართლის ჭირი” არ დაუწერია – “ქაცვია მწყემსიც” დაწერა. “ქაცვია მწყემსის” სცენები ნუ შეგაშინებთ. უთხარით, რომ ამის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს და რომ მათ არჩევანის უფლება აქვთ, თორემ მერე არჩევანის უნარსაც დაკარგავენ.

რომ ვაჟას “არწივი” არ არის მაინცდამაინც სამშობლოზე – დაუშვან, რომ თვითონ ვაჟაზეა, ადამიანზე, ადამიანზე დაწერილი ლექსი კი არაფრით ჩამოუვარდება სამშობლოზე დაწერილს. ასწავლეთ, რომ ვაჟას არ ეშინოდა, ჰყვარებოდა უცხო, სხვანაირი და რომ აღაზასაც შეიძლება ჰყვარებოდა უცხო, არაქისტი კაცი. რომ ეს ნორმალურია. ისევე როგორც უცხოს სიძულვილი და ძმის სიძულვილიც და ყველაფერი ნორმალურია, რაც ჩვენ, ადამიანებს გვეხება და მოგვდის. ნორმალურის ცოტა არანორმალური გაგებით, ცხადია. და ეგებ facebook-ზე ცოტა ფრთხილად მაინც შეაგინონ გოთური ჩაცმულობის თანაკლასელ გოგონას. სულ ოდნავ ფრთხილად.

რომ, ვინ იცის, ილია ლუარსაბ თათქარიძეში საკუთარ თავსაც აკრიტიკებდა; მისი “ბედნიერი ერი” იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ამბავი მეცხრამეტე საუკუნეს ეხება – ეს მათი დროცაა და თვითონაც არიან ამ ერის ნაწილი; რომ ილია უფრო მეტი იყო და ახლა ჩვენკენ ზურგით დგას. იმიტომ კი არა, რომ მოგვაქცია – გაგვისწრო და იმიტომ.
რომ… რომ… რომ…
გურიაში ამინდი უცებ იცვლება. ამიტომაც მიყვარს გურია – ინტერპრეტაციის უნარს არ კარგავს ცა. ცა, რომელიც ახლა წვიმით იმუქრება. თუ არ გავედი, საქმე არ იცდის. საქმეზე მერე მოგახსენებთ.

კითხვის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებისთვის

0
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური გარემო კითხვის უნარის განვითარების ხელშემწყობ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ბავშვების უმეტესობისთვის სკოლაა ის ადგილი, რომელსაც უდიდესი როლი ეკისრება კითხვის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებასა და წიგნიერების დონის ამაღლებაში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა PIRLS-ის საერთაშორისო კვლევამ (PIRLS – 2011, გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2013). კვლევაში შესწავლილ იქნა ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენს კითხვის უნარის განვითარებაზე. ესენია:

* სკოლის მდებარეობა;
* სკოლის როლი კითხვის სწავლების გეგმის შემუშავებაში;
* კითხვისთვის განკუთვნილი სასწავლო დრო;
* კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების სკოლის მიერ შერჩეული დაძლევის გზები და საშუალებები;
* მასწავლებელთა მომზადება კითხვის სწავლებისთვის;
* კითხვის სწავლებისთვის სხვადასხვა მასალისა და რესურსის გამოყენების ხარისხი; 
* კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად დაგეგმილი საკლასო და კლასგარეშე აქტივობათა მრავალფეროვნება; 
* მასწავლებლების მიერ შემუშავებული კითხვის უნარის შეფასების კრიტერიუმები;
* სასკოლო გარემო და სკოლის რესურსები;
* სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობის ხარისხი. (PIRLS – 2011, 2013,Gგვ.114-115).

საზოგადოდ, წიგნიერი გარემო გულისხმობს ისეთი ელემენტების ჰარმონიულ შერწყმას, როგორებიცაა სივრცე, დრო, ხალხი და რესურსები. სათანადო გარემო ზრდის მოსწავლის მოტივაციას და წერისა და კითხვის შესწავლის სურვილს უღვივებს მას, მასწავლებელს კი ასეთ გარემოში მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ცოდნა-გამოცდილება და წარმატებით განახორციელოს სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები.

ამჯერად, გვსურს, გაგიზიაროთ გამოცდილება რამდენიმე, ჩვენი აზრით, საინტერესო აქტივობის შესახებ, რომლებმაც დადებითი შედეგები მოგვცა და რომლებიც სწორედ კითხვის ხელშემწყობ საკლასო თუ სასკოლო გარემოს უკავშირდება.

სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობის მიზნით განვახორციელეთ პროექტი „ვკითხულობთ უფროსებთან ერთად”. პროექტი ითვალისწინებდა მშობლების, ბებია-ბაბუებისა და და-ძმების ჩართვას. მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები ირჩევდნენ რომელიმე წიგნს და კვირის განმავლობაში კითხულობდნენ, მერე კი სკოლის ბიბლიოთეკაში იმართებოდა საუბრები წაკითხულის შესახებ. შესაძლოა, შერჩეულ ნაწარმოებს უფროსები უკვე იცნობდნენ, მაგრამ პროექტის წყალობით ისინი ხელახლა დაუბრუნდნენ ბავშვობაში წაკითხულს და სხვა თვალით დაინახეს იგი. სწორედ სხვადასხვა თვალთახედვით, სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილებით დანახული პრობლემები ხდიდა საინტერესოს ნაწარმოებზე მსჯელობას. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ამ აქტივობაში ჩართვის მსურველთა რიცხვი არ იყო დიდი, მაგრამ მერე და მერე საგრძნობლად გაიზარდა, რაც პროექტის ეფექტიანობაზე მეტყველებს. ასეთი საქმიანობები მთელი სკოლის წიგნიერ საზოგადოებად გარდაქმნას უწყობს ხელს. როგორც PIRLS-ის საერთაშორისო კვლევის ანგარიშშია ნათქვამი: „მნიშვნელოვანია მოსწავლეების როგორც მკითხველების თვითეფექტურობისა და თვითშეფასების ზრდის ხელშეწყობა. ამისთვის მასწავლებელმა ბავშვს თავისი მოსაზრების გამოთქმისა და ლიტერატურული პროექტების წამოწყების შესაძლებლობა უნდა მისცეს” (PIRLS – 2011, 2013,Gგვ. 15).

მეორე პროექტი, რომლის განხორციელებასაც მომავალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ, არის „ჩემი საყვარელი წიგნის რეკლამა” (ეს პროექტი მანამდე ერთი კონკრეტული კლასის ფარგლებში განხორციელდა; შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გადაწყდა მასში მთელი სკოლის ჩართვა). წიგნის შერჩევისა და კარგად გააზრების შემდეგ მოსწავლეები იწყებენ იმაზე ფიქრს, რა არის მასში ისეთი, რამაც შეიძლება სხვებიც დააინტერესოს; ნაფიქრის საფუძველზე წერენ წიგნის ანოტაციას (აქამდე სამუშაო ინდივიდუალურია), მერე კი ისინი, ვინც ერთი და იგივე წიგნი შეარჩია, ერთიანდებიან, შეაჯერებენ საკუთარ ნამუშევრებს, ქმნიან რეკლამის დიზაინის მონახაზებს, ირჩევენ ფორმას (ეს შეიძლება იყოს ვიდეორგოლი, ბანერი, პლაკატი, საგაზეთო რეკლამა და სხვა) და განსაზღვრავენ საჭირო რესურსებს. ერთი კლასის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არა მარტო კითხვის უნარის განვითარებას, არამედ წიგნის პოპულარიზაციას და, საზოგადოდ, კითხვისადმი დადებითი განწყობის ჩამოყალიბებასაც, ასევე წიგნიერებასთან ერთად ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სემიოტიკური კომპეტენცია.

კითხვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია საკლასო ბიბლიოთეკას. საკლასო ბიბლიოთეკის მოწყობა არ გულისხმობს ძვირად ღირებული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების კოლექციის შეგროვებას. მინიბიბლიოთეკის შექმნა შესაძლებელია ისეთი ადგილობრივი რესურსების გამოყენებითაც, როგორებიცაა თავად მოსწავლეების მიერ შექმნილი გზამკვლევები, ისტორიული ნარკვევები, მათივე შემოქმედება. შეიძლება ვთხოვოთ მეგობრებს, ნაცნობებს, ოჯახის წევრებს, მოსწავლეებს და სხვებს, წიგნები, რომლებიც აღარ სჭირდებათ (მაგალითად, საბავშვო ლიტერატურა, რადგან შვილები წამოიზარდნენ), საკლასო ბიბლიოთეკას აჩუქონ. დაწყებით საფეხურზე ბავშვებისთვის საუკეთესო საკითხავი მასალაა ის, რაც გაკვეთილის პროცესში მათივე მონაწილეობით შეიქმნება. ეს შესაძლოა იყოს წიგნი, რომელსაც სხვადასხვა ფორმა ექნება – კიბისებური, გარმონისებური და სხვ. სასურველია, ჯერ ასეთი ხელნაკეთი წიგნების გამოფენა მოვაწყოთ, მერე კი ბავშვებმა თავად აღრიცხონ, თავადვე უზრუნველყონ კატალოგიზაცია და განათავსონ ისინი საკლასო ბიბლიოთეკაში. 
კითხვის ხელშემწყობი საკლასო გარემოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია ე.წ. „საავტორო სკამი”. ეს არის რაღაცით გამორჩეული სკამი, რომელიც განკუთვნილია იმ მოსწავლე-ავტორისათვის, რომელსაც საკუთარი ტექსტის ხმამაღლა წაკითხვას სთხოვენ. ამ სკამით სარგებლობა შეუძლია იმ მოსწავლესაც, რომელიც ცნობილ ავტორთან წარმოსახვითი ინტერვიუს დროს ავტორის როლში იქნება, ასევე მასწავლებელსაც, თუ კლასის წინაშე საკუთარი ნაწარმოების წაკითხვას მოისურვებს. საავტორო სკამს საკლასო გარემოში ერთგვარი საზეიმო განწყობილება შემოაქვს და ყველა მოსწავლეს უჩენს სურვილს, აძლევს შესაძლებლობას, ამ ზეიმის ცენტრში აღმოჩნდეს.

საზოგადოდ, კვლევამ დაადასტურა, რომ რაც უფრო მეტი რესურსი აქვს სკოლას, მით უფრო მაღალია მოსწავლეთა წიგნიერების დონე. ჩვენ შევეცადეთ, ისეთი საქმიანობები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის, რომლებიც დიდ ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვს, მაგრამ მათი ეფექტიანობა, მერწმუნეთ, მაღალია.

როგორ გავზომოთ რეაქციის სიჩქარე

0

წინა წერილში ქიმიური რეაქციის სიჩქარის თეორიულ ასპექტებს შევეხეთ. მასში მოცემული ფორმულების საშუალებით შესაძლებელია რეაქციის სიჩქარის გამოთვლა, თუ გვექნება გარკვეული მონაცემები – საწყისი და საბოლოო კონცენტრაცია და დრო. მაგრამ როგორ მოვიპოვოთ ეს მონაცემები ექსპერიმენტულად? ალბათ დამეთანხმებით, რომ ქიმიური რეაქციის სიჩქარის განსაზღვრისთვის ეს მომენტი უფრო მნიშვნელოვანია(ქიმიური თვალსაზრისით), ვიდრე მონაცემების ფორმულაში შეტანა და მხოლოდ მათემატიკური აპარატის გამოყენება, რასაც არაქიმიკოსიც თავისუფლად განახორციელებს.

 

ქიმიური რეაქციის სიჩქარის დადგენა ექსპერიმენტულად ყოველთვის არ არის მარტივი, ვინაიდან ყველა რეაქცია არ მიდის ისეთი თვალნათელი ეფექტებით (ფერის ცვლილება, ნალექისა და აირის გამოყოფა და ა.შ.), რომელთა გაზომვა დინამიკურ რეჟიმში ადვილად მოხერხდება. ქიმიური რეაქციის სიჩქარის გაზომვის მეთოდები შეიძლება ორ ჯგუფად – ქიმიურ და ფიზიკურ მეთოდებად – დავყოთ.

ქიმიური მეთოდების დროს ანათვლის ასაღებად ქიმიური ანალიზის მეთოდები (მაგ., გატიტვრა) გამოიყენება. რეაქციას აუცილებლად ატარებენ მუდმივ ტემპერატურაზე (თერმოსტატირებით), რისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ წყლის აბაზანა. ერთმანეთს შეურევენ ცნობილი კონცენტრაციის ხსნარებს და ჩართავენ წამმზომს. ანალიზისთვის სინჯს სარეაქციო ნარევიდან პიპეტით იღებენ. ამ დროს, როგორც წესი, რეაქციის მიმდინარეობა წყდება. თუ სინჯის აღების შემდეგ საანალიზო ხსნარშიც შესაძლებელია რეაქციის გაგრძელება, მაშინ რეაქციას ხელოვნურად “ამუხრუჭებენ”, რისთვისაც სინჯში შეაქვთ ისეთი რეაგენტი, რომელიც ერთ-ერთ კომპონენტს შებოჭავს. რეაქციის მიმდინარეობის შეწყვეტა ასევე შესაძლოა მიღწეულ იქნეს ხსნარის სწრაფად გაცივებით ან განზავებით.

მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ესტერის ტუტე ჰიდროლიზი. მდუღარე წყლის აბაზანაში მოვათავსოთ ესტერისა და ცნობილი კონცენტრაციის ტუტის ხსნარი. გარკვეული ხნის შემდეგ (დროის ჩანიშვნით) სარეაქციო ხსნარიდან ამოვიღოთ სინჯი და განვაზავოთ 4-5-ჯერ მეტი ოდენობის ყინულიან წყალში. განზავებითა და გაცივებით რეაქციის სიჩქარე პრაქტიკულად ნულს გაუტოლდება. დარჩენილი ტუტის რაოდენობა განვსაზღვროთ მჟავის სტანდარტული ხსნარით გატიტვრით. ინდიკატორად გამოვიყენოთ ფენოლფტალეინი, რადგან აცეტატიონების გავლენით იგი ფერს არ იცვლის. რეაქციის სიჩქარის გამოსათვლელად რამდენიმე გაზომვის შედეგი დაგვჭირდება, ამიტომ ანალიზი უნდა გავიმეოროთ დრიოს სხვადასხვა მონაკვეთისთვის.

ფიზიკური მეთოდებით რეაქციის სიჩქარის განსაზღვრა ექსპერიმენტულად უფრო მარტივი ჩასატარებელია, თუმცა განსაზღვრული, სპეციფიკური აპარატურისა და მოწყობილობების გამოყენებაა საჭირო, მაგალითად, კოლორიმეტრისა, პოლარიმეტრისა, რეფრაქტომეტრისა, მანომეტრისა.

ცხადია, სკოლაში ზემომოყვანილი ექსპერიმენტების ჩატარება შესაბამისი აპარატურის (პოლარიმეტრი, კოლორიმეტრი და სხვა) უქონლობის გამო საკმაოდ ძნელია, არც გაკვეთილის ფორმატია (ესტერის ჰიდროლიზმა შესაძლოა ერთ საათზე მეტხანს გასტანოს) მთლად ხელსაყრელი, მაგრამ ერთი გაკვეთილის პირობებში რეაქციის სიჩქარის გაზომვა მაინც შესაძლებელია. ამისთვის დაგვჭირდება 0,01 გრამი სიზუსტის ელექტროსასწორი, ქიმიური ჭიქა, მარილმჟავა, კირქვა და წამმზომი. ამ უკანასკნელის სპეციალურად ქონა არ არის საჭირო, რადგან ბევრ მობილურ ტელეფონს აპლიკაციებში აქვს ელექტრონული წამმზომიც.

მოათავსეთ ქიმიური ჭიქა სასწორზე, ჩაასხით განსაზღვრული კონცენტრაციის მარილმჟავა და ჩააგდეთ კირქვის ნატეხი. სწრაფად ჩართეთ წამმზომი და აითვალეთ სასწორის ჩვენება. დაიწყება აირის გამოყოფა. გარკვეული ხნის შემდეგ სასწორის ჩვენება შემცირდება გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამო. დროის სხვადასხვა ინტერვალში აიღეთ სასწორის ჩვენება… მივიღებთ ცხრილს დროისა და მასის კლების დამოკიდებულებით, რომლიდანაც მარტივი არითმეტიკული გარდაქმნებით შეიძლება გამოვთვალოთ რეაქციის სიჩქარე.

ზემომოყვანილი ექსპერიმენტით ასევე შესაძლებელია რეაქციის სიჩქარეზე ტემპერატურის, კონცენტრაციისა და სარეაქციო ზედაპირის ცვლილების გავლენის შესწავლა. ამისთვის საკმარისია შეიცვალოს ტემპერატურა, კონცენტრაცია ან კირქვის ნატეხების ზომა. ექსპერიმენტი კი იმავე მეთოდით ჩატარდება.

მე, გენდერი და საქართველო

0

ალბათ მაშინაც ასე ცხელოდა. სიმართლე გითხრათ, კარგად არ მახსოვს. თუმცა არა – ალბათ უფრო მეტად. 2003 წლის ზაფხული იდგა, ყველაზე რთული ზაფხული ჩემს ცხოვრებაში. მართლაც, რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი 16 წლის ხუთოსანი გოგოსთვის, ვიდრე უნივერსიტეტში ჩაბარება!

 

პირველი გამოცდა მომავალ ჟურნალისტებს 16 ივლისს გვიტარდებოდა, 5 ივლისს კი თბილისში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ჩამოვიდა, რომელმაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა სრულიად საქართველოს. ალბათ თქვენც გახსოვთ – იმხანად მოსალოდნელი არჩევნები სიცხეზე ნაკლებად როდი აწუხებდა ქვეყანას. შფოთავდნენ პოლიტიკოსები, შფოთავდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შფოთავდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, შფოთავდა მისაღები გამოცდების კომისია, შფოთავდნენ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის წინ თავმოყრილი მშობლები და, რა თქმა უნდა, ვშფოთავდით ჩვენც, 2003 წელს ყველაზე რეიტინგულ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტები.

„ბეიკერმა დაგვიბარა” – ასე ერქვა პირველი გამოცდის ერთ-ერთ თავისუფალ თემას. ოთხ თემას შორის უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი და სულაც არ მიკვირს, რომ უმეტესობამ ბეიკერსა და არჩევნებზე წერა ამჯობინა ვაჟას გმირების ზნეობაზე წერას. პოლიტიკა ხომ ჩემს თაობას დაბადებიდანვე დაებედა, ჩვენ ხომ არაფერი გამოგვდის გართულებების გარეშე, ჩვენ ხომ სკოლაში სიარული ტყვიების ზუზუნში დავიწყეთ, სტუდენტობის პირველი თვეები კი ქუჩებგადაკეტილ ქალაქში შემოვლითი გზების ძებნაში გავატარეთ.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა, თვალის დახამხამებასავით ათი წელი, რომელმაც ჩემი სტუდენტური თავგადასავლებიც დაიტია, რამდენიმე უნივერსიტესა და სამუშაო ადგილზე საკუთარი თავის ძიებაც და უამრავი გაცილებით მასშტაბური ცვლილებაც, მაგალითად, რამდენიმე არჩევნები ბეიკერის „დაბარებულისა” თუ „დაბარულის” შემდეგ, ბევრი ნებით თუ ძალით დაშლილი საპროტესტო და არასაპროტესტო აქცია, ჩვენდა საბედნიეროდ, მენტალური გადატრიალებებიც, რომლებსაც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით ვერც კი ვამჩნევთ.

წელს, 2013-ში, აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებზე გენდერულ პრობლემებზე წერენ. არადა, კარგად მახსოვს, სულ რაღაც ათი წლის წინ როგორ შევყურებდით პირველკურსელები საინფორმაციო დაფას უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში და ერთმანეთში ვარკვევდით, რა საგანი უნდა ყოფილიყო „გენდერი, კონფლიქტები და მშვიდობის მშენებლობა”, რომელიც ასარჩევად შემოგვთავაზეს. ათი წელი ხომ არაფერია ისტორიისთვის, მაგრამ ერთი ადამიანისთვის, ერთი თაობისთვის საკმაოდ ბევრია და მიხარია, რომ საქართველომ ბოლო ათი წელი გამოიყენა, გამოიყენა, რათა გაყალბებული არჩევნებიდან გენდერულ პრობლემებამდე მისულიყო, გამოიყენა წინ წასასვლელად, შეცდომების დასაშვებად და მერე ამ შეცდომებზე ხმამაღლა სალაპარაკოდ, პრიორიტეტების დასალაგებლად და გადასალაგებლად. მიხარია, რომ ჩვენ ნელ-ნელა საკუთარი უფლებების დაცვას ვსწავლობთ და ბევრი უცხო სიტყვის მნიშვნელობაც უკეთესად ვიცით, ვიდრე მანამდე.

ბოლო ათი წელი მეც ჩემებურად გამოვიყენე. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ბევრი ვიხეტიალე და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ დაახლოებით იგივე გზები გავიარე, რაც ჩემმა ქვეყანამ. უცნაურია, როგორ არის დაკავშირებული ჩვენი ბედი მშობლიურ მიწასთან, მაშინაც კი, როცა მისგან გაქცევას ვცდილობთ, როგორ მივყვებით მის მიერ ნაჩვენებ მიმართულებას და ხანდახან როგორ დაგვყავს ის ჩვენს ჭკუაზე.

დღეს, პირველი მისაღები გამოცდის ჩაბარებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, ამ პოსტის წერას ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში ვამთავრებ. მიხარია, რომ როცა ჩემი სამსახურის შესახებ გაიგებენ, გაოცებით არავინ მეკითხება, რას ნიშნავს გენდერი, რა საჭიროა ქალთა გააქტიურება, მათი პრობლემების წინ წამოწევა და პოტენციალის სწორად დაბანდება. ახლა, როცა ჩემი ძველი გატაცება ყოველდღიურ საქმიანობად ვაქციე, ხშირად ვუსმენ ქალებს, ვწერ მათზე და ვხვდები, რომ ჩვენ, ყველანი, ჩვენს ქვეყანასთან ერთად დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად ვართ მზად.

არ ვიცი, როგორ გაიხსენებენ 2013 წლის მისაღებ გამოცდებს წლევანდელი აბიტურიენტები ათი წლის შემდეგ, რა იქნება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება, რა დაბრკოლებებს გადალახავენ საკუთარი თავის საპოვნელად. რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ მათი ცხოვრება ჩვენისგან ბევრად განსხვავებული იქნება და იმედი მაქვს, უკეთესი. აი, მე კი დღეს ჩემს ბოლო ათწლეულს ვაჯამებ და ვფიქრობ, რომ მე და საქართველოს ამაოდ არ გვივლია ხელიხელჩაკიდებულებს ჩვენს რთულ და უცნაურ გზებზე – ორივე საგრძნობლად გავიზარდეთ.

ქალაქი თბილისი

0

სად არის შენი ქალაქიო, მეკითხებოდნენ, ზუსტად არ ვიცი-მეთქი,
ვპასუხობდი. სულ ასე ვპასუხობდი, არადა, რომელი მოგზაური და მოხეტიალე მე ვიყავი, რა
დიდი არჩევანი მე მქონდა – პირველად ქვეყნის საზღვარი 20 წლისამ გადავკვეთე და ისიც
ისტორიულ საქართველოში – საინგილოში გასამგზავრებლად.

რაც თავი მახსოვს, სულ თბილისში ვცხოვრობ და თუ დაკარგულ
კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლი, საიდანაც ჩემი წინაპრები გამოყარეს რამდენიმე საუკუნის
წინ, სხვა, ხანგრძლივად ყოფნის ქალაქი, თბილისის გარდა, არც მქონია.

მქონდა ნაცრისფერი კორპუსები, ჰაერში დატრიალებული ნავთქურისა
და ბენზინის სუნი, სკვერში – მოპარული სკამები, ლიფტის ამომწვარი ღილაკები, მეტრო და
რამდენიმე ცენტრალური გამზირი.

ჰოდა, როცა ვამბობ, არ ვიცი-მეთქი, ამას ვგულისხმობ
– არის თუ არა ქალაქი, სადაც ჩემმა სევდიანმა ბავშვობამ გაიარა, თბილისი.

უნდა ემეგობრო ქალაქს, სადაც ცხოვრობ, კარგად უნდა იცნობდე.
ისევე როგორც აუცილებელია, ლიტერატურული ნაწარმოების სწავლებისას კარგად გააცნო მოსწავლეებს
გარემო, სადაც ეს ნაწარმოები შეიქმნა ან მოქმედება ხდება. ამას გვიან მივხვდი, ისევე
როგორც ორი პარალელური თბილისის არსებობას ჩემს წარმოსახვაში – ძველისა და ახლისა,
ავთენტურისა და მეორადისა, პოეზიისა და თბილისის ყოველდღიური ყოფისა.

ქართულ ლიტერატურას ორივე თბილისი აკლია, მე თუ მკითხავთ.

ჰოდა, ორ საოცარ წიგნზე მინდა მოგიყვეთ, რომლებსაც აუცილებლად
წავაკითხებ ჩემს მოსწავლეებს, რათა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა თუ მეოცის დასაწყისის
თბილისი გავაცნო – იმ პერიოდის ქართული ლიტერატურის მექა.

1. იოსებ გრიშაშვილის „ძველი
ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” ჩემი უსაყვარლესი წიგნების ათეულში შედის და ძალიან
მწყდება გული, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამაში არ რთავენ.

ბავშვებს აუცილებლად წავაკითხებ ნაწყვეტებს ამ წიგნიდან
და ძველ თბილისში სასეირნოდაც წავიყვან. ქუჩებს მოვივლით, ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის
ტილოებს ვნახავთ და იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმსაც აუცილებლად ვესტუმრებით
– ეს საუკეთესო გზაა, იგრძნო ლიტერატურული თბილისი, მიხეილ ჯავახიშვილის პროზასა თუ
ცისფერყანწელების ლექსებში დავანებული.

ყველაზე თვალსაჩინოდ ეს თბილისი გრიშაშვილის შესანიშნავ
გამოკვლევაში ჩანს. თბილისი, მისი ენა და მისი ნაცნობი თუ უცნობი პოეტები.

„ქალაქის მოსახლეობა მუდამ ჭრელი და მრავალფეროვანი
იყო, მაგრამ იგი ყოველთვის თავისი ენითა მეტყველებდა: ეს იყო ქალაქური ენა, ტფილისმა
ფრთხილად მოანარუქა სხვადასხვა ერის წახნაგოვანი სიტყვები და მისცა თავისებური ეშხი
და მზეოსნობა…”

„პირადად მე, როგორც აღმოსავლურ მგრძნობელობის თანამეინახეს,
მიყვარს ეს ტფილისური, ჯიგრიანი სიტყვები. ტფილისური სიტყვა და გამოთქმა თავისი მოცულობით
და სპეციფიური ვითარებით მეტად ხმოვანია და ლეგენდარული. ამიტომაც არის, რომ ამ ენის
კრიალოსანს არა ვფანტავ ონავარ ხელით, ყოველივე გამოთქმას სათუთად ველოლიავები …”
(ი.გრიშაშვილი, „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”)

ძველი ტფილისის ქუჩები, კინტოები და ყარაჩოღელები, ყეენობა
და კრივი, ამქრობა თუ ძველტფილისური მზითვის სია, აბანო – ამ წიგნში მეოცე საუკუნის
დასაწყისის თბილისი მთელი თავისი ხასიათითა და ფერებით ცოცხლდება.

აი, მაგალითად, თბილისური მზითვის ნაწილი – ბიბლიოთეკა:

„ქართლის ცხოვრება,

სიტყვათა კონა,

ქილილა და დამანა,

ზეილანიანი,

ვარდ-ბულბულიანი,

გაზაფხულისა და შემოდგომის გაბაასება,

ანბანთ-ქება,

მაჯამა,

ღრამატიკა,

რიტორიკა,

დიალექტიკა,

კატეღორია,

სიბრძნე-სიცრუისა” (და სხვ).

 

მაგრამ ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ძველი
თბილისის არაოფიციალური ლიტერატურული ცხოვრება, მისი გმირები და მისი ვარსკვლავები
წარმოადგენენ – პოეზია, რომელსაც წიგნმოწყურებული თბილისელები ხარბად ეტანებოდნენ.
„მე მხოლოდ მინდა, დავიწყების სუდარა მოვაცილო ადამიანებს, რომელთა შემოქმედებაც ტფილისის
მდაბიო ხალხის რამდენიმე თაობას ასაზრდოებდა”, – წერს გრიშაშვილი.

გივიშვილი, სკანდაროვა, ჰაზირა, ბეჩარა, განჯისკარელი,
იეთიმ-გურჯი, საიათნოვა… რასაკვირველია, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ეხამუშოს ეს გაურანდავი,
ოდნავ ტლანქი, თუმცა ძალიან გულწრფელი პოეზია, მაგრამ ლიტერატურულის გარდა, მნიშვნელოვანია
ისტორიულ-ეთნოგრაფიული ფაქტორი, რადგან, ისევ ამ შესანიშნავი წიგნის ავტორი რომ მოვიშველიოთ,
„მათ ლექსებში მაშინდელი ტფილისის ნერვი და ყოველდღიური ცხოვრება ნათლად მოსჩანდა”.

შესანიშნავი წიგნია ეს „ლიტერატურული ბოჰემა” – დავიწყებულ
ადამიანებსა და დავიწყებულ ლექსებს ინახავს.

2. კარაპეტ გრიგორიანცის „ძველი თბილისის იშვიათი ამბები”
გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა.

სულ შემთხვევით გავიგე ამ წიგნისა და მისი ავტორის,
თბილისელი მხატვრის კარაპეტ გრიგორიანცის შესახებ. ნიჭიერ მხატვარს მაშინდელ ჯვრის
მამის ქუჩაზე ჰქონდა სახელოსნო და, როგორც მისი ბიოგრაფი წერს, „დიდი ძალი ხალხი მიიზიდა
და მოხიბლა თუ სურათებით, თუნდა დროშებით და თუნდა საეკლესიო ნახატებით”.

ალექსანდრ პუშკინის პორტრეტის დახატვისთვის პირადად
პოეტის შვილიშვილისგან მიუღია მადლობა.

მხატვრობასთან ერთად გრიგორიანცი ლიტერატურულ საქმიანობასაც
ეწეოდა, წერდა ლექსებს, წერილებს, პოემებს, პიესებს, თარგმნიდა.

„ძველი თბილისის იშვიათი ამბები” მისი ერთ-ერთი, ძალიან
საინტერესო ნაშრომია.

ეთნოგრაფიული კვლევის კვალდაკვალ, სადაც თბილისური სახლები,
გარე განათება, სამოსი თუ დღესასწაულებია აღწერილი, ავტორი იმდროინდელი თბილისის მნიშვნელოვან
მოვლენებზეც გვიყვება, ისეთებზე, როგორიცაა აჯანყებები, ყაჩაღობა თუ სიკვდილით დასჯა,
თეატრის გახსნა, მტკვრის ადიდება თუ ხიდის ჩანგრევა, ეპიდემია, სეტყვა თუ კალიების
შემოსევა, რომელიმე შაჰის სტუმრობა თუ ივანე მაჩაბლის უცნაური გაუჩინარება…

შთამბეჭდავი და საოცარი ამბები იმდროინდელი თბილისის
მცხოვრებლებზე, მაგალითად, „მაღალ აბელასა” თუ მგელკაცზე, საზანდრებსა თუ აშუღებზე,
კინტოებსა თუ ყარაჩოღელებზე.

ახლა ვზივარ თბილისის გარეუბნის აივანზე, მუხლებზე ლეპტოპი
მიდევს და ვწერ, აივნის მოაჯირზე უზარმაზარი, დიდთვალება შიში-კალია ზის, მგონია, რომ
მე მიყურებს და განძრევას ვერ ვბედავ.

ვხვდები, თბილისი ის უკვდავი სულია, რომლის მარადიულობას
თუნდაც ისეთი უმნიშვნელო მწერი ამტკიცებს, როგორიც ეს კალიაა.

ვკითხულობ – საუკუნეზე მეტი ხნის წინათ კიდევ ერთი თბილისელი,
კარაპეტ გრიგორიანცი წერდა:

„1878 წელს შუა ზაფხული იქნებოდა, როდესაც მე ჩემის
თვალით დავაკვირდი ადამიანის გამანადგურებელ საშიშარ მტერს. მაგრამ მე გადაჭრით ვიტყვი,
რომ ვისაც თვალით არ უხილავს, იმისთვის ძნელი დასაჯერებელი საქმეა…”

2013 წლის შუა ზაფხულია და ვხვდები, რომ ჩემს და მის
შიშს ერთნაირიად დიდი თვალები აქვს.

თბილისური, ცხელი ზაფხულია.

რა უნდა ვიცოდეთ სასკოლო შფოთვის შესახებ

0

შფოთვა განცდაა, რომელიც წარმოიშობა ადამიანში როგორც
სოციალურ სუბიექტში მაშინ, როდესაც საფრთხე ექმნება მის ფასეულობებს, წარმოდგენას საკუთარ
თავზე, საზოგადოებრივ მდგომარეობას.
შფოთვისთვის დამახასიათებელი შინაგანი დაძაბულობის შეგრძნება
თავს იჩენს მაშინ, როდესაც ვითარება გაურკვეველია, ხოლო შედეგი – არაპროგნოზირებადი.

სასკოლო შფოთვა შფოთვის სპეციფიკურ სახეობას წარმოადგენს.
იგი ვნებს მოსწავლის ცხოვრების ყველა სფეროს: სწავლას, სკოლისგარე ურთიერთობებს, ჯანმრთელობასა
და ფსიქიკურ კეთილდღეობას. იგი ბავშვის სასკოლო დეზადაპტაციის ყველაზე გავრცელებული
მიზეზია.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ სასკოლო შფოთვა სხვადასხვანაირად
ვლინდება. ამგვარი შფოთვის მქონე მოსწავლეებს მასწავლებლებიც და მშობლებიც ზოგჯერ ყველაზე
„კომფორტულებად” მიიჩნევენ – ეს ბავშვები ამზადებენ გაკვეთილებს, ცდილობენ შეასრულონ
პედაგოგების მოთხოვნები და არ არღვევენ სკოლაში ქცევის წესებს. თუმცა არსებობს შფოთვის
გამოვლენის მეორე ფორმაც – ის ახასიათებთ ე.წ. „რთულ ბავშვებს”, რომლებსაც მასწავლებლები
და მშობლები „უმართავებს”, „უყურადღებოებს”, „უზრდელებს”, „თავხედებს” უწოდებენ. ასეთი
სხვადასხვაობა სასკოლო შფოთვის მიზეზთა არაერთგვაროვნებით არის განპირობებული.

საკითხის უკეთ გარკვევის მიზნით კარგი იქნება გავიაზროთ
„მოსწავლის ბედნიერების ფორმულა”. იგი ეფუძნება მტკიცებულებას, რომ მოსწავლის ნებისმიერი
ქცევა ექვემდებარება საერთო მიზანს – იგრძნოს თავი სასკოლო ცხოვრების მონაწილედ. მოსწავლის
„ბედნიერება” 3 შემადგენელს მოიცავს:

1. გრძნობდეს წარმატებას სასწავლო საქმიანობაში (ინტელექტუალური
უნარები);

2. შეეძლოს მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან ეფექტიანი
ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება (კომუნიკაციის უნარები);

3. შეიტანოს წვლილი კლასისა და სკოლის ცხოვრებაში (იყოს
ქმედობაუნარიანი).

მოსწავლეები ყველანაირად ცდილობენ „ბედნიერების” მიღწევას
და როდესაც არ გამოსდით, შფოთავენ. ამასთან, თუ შფოთვის სიტუაცია მრავლადაა და მუდმივია,
ე.წ. სიტუაციური შფოთვის დროებითი მდგომარეობა შესაძლოა გადაიზარდოს/ტრანსფორმირდეს
პიროვნულ მახასიათებლად. როდესაც შფოთვის მიზეზი არამოტივირებული შიშია, მოსწავლეს
ეუფლება წარუმატებლობის, უსიამოვნების მოლოდინი, აქტიურობა იბლოკება და ბავშვი მოქმედებს
შემდეგი პრინიციპით: უსიამოვნებებს თავი რომ ავარიდო, ჯობია, არაფერი ვაკეთო. აქტიურობის
დაქვეითებამ შესაძლოა შეაფერხოს ბავშვის განვითარება, ხოლო თუ მოსწავლის აქტივობა არ
არის დაქვეითებული, მომატებული შფოთვის საფუძველზე შესაძლოა განვითარდეს ნევროზი, რაც
თვითაღქმისა და თვითშეფასების დეფორმირებას იწვევს.

შფოთვა შესაძლოა პროგრესირებდეს სკოლაში წარუმატებლობის,
ოჯახში უსიამოვნების, თანაკლასელებთან, მეგობრებსა და მასწავლებლებთან რთული ურთიერთობის
გამო. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური თანადგომა, ყურადღება, დახმარება. მათთან
ავტორიტარული, ხისტი ურთიერთობა არ შეიძლება.

როგორც აღვნიშნეთ, სასკოლო შფოთვა შფოთვის სპეციფიკური
სახეობაა, რომელსაც იწვევს ბავშვის ურთიერთქმედება სასკოლო-საგანმანათლებლო გარემოს
სხვადასხვა კომპონენტთან:

1. სასკოლო ფიზიკური სივრცე. სკოლის შენობა და კლასის დიზაინი
როგორც საგანმანათლებლო გარემოს კომპონენტი ყველაზე სუსტი სტრესოგენული ფაქტორია, თუმცა
ზოგიერთი გამოკვლევა უჩვენებს, რომ შფოთვის მიზეზად შეიძლება იქცეს ბნელი, გრძელი კორიდორი,
მოუწესრიგებელი საკლასო ოთახი, გასახდელი, უსუფთაო ტუალეტი და სხვა.

2. ასწავლო დატვირთვა. ფსიქოლოგთა
გამოკვლევები მოწმობს, რომ ექვსკვირიანი აქტიური მეცადინეობის შემდეგ ბავშვებს (უწინარესად
– დაწყებითი კლასის მოსწავლეებსა და მოზარდებს) მკვეთრად უქვეითდებათ შრომისუნარიანობა
და იმატებს მათი შფოთვის დონე. ძალთა აღდგენისთვის ოპტიმალური მდგომარეობის მისაღწევად,
სულ მცირე, ერთკვირიანი შესვენებაა საჭირო, ამ გარემოებას კი სკოლა არ ითვალისწინებს.
სრულფასოვანი დასვენებისა და ძალთა აღდგენისთვის ბავშვს სჭირდება კვირაში, სულ ცოტა,
ერთი უქმე დღე, როდესაც ის არ ასრულებს საშინაო დავალებას, არ მეცადინეობს რეპეტიტორთან
და, საზოგადოდ, არ არის დაკავებული სასკოლო საქმეებით. დადგენილია, რომ მოსწავლეებს,
რომლებიც უქმე დღეებში ასრულებენ დავალებას და დამატებით მეცადინეობენ რეპეტიტორებთან,
ახასიათებთ შფოთვის უფრო მაღალი დონე, ვიდრე მათ, რომლებსაც შეუძლიათ, ერთი დღე მთლიანად
დასვენებას მიუძღვნან.

3. სასკოლო პროგრამის დაძლევის უუნარობა.სასწავლო პროგრამა, რომელიც არ შეესაბამება ფსიქიკური
ფუნქციების განვითარებას (აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება, მეტყველება), ბავშვის
ჯანმრთელობის მდგომარეობას, არსებულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ხელს უწყობს შფოთვის ზრდას.
ამასთან, რაც უფრო რთულია პროგრამა, მით უფრო მაღალია მოთხოვნები ბავშვის უნარების
მიმართ. ასეთი ვითარებაში, ბუნებრივია, თავს იჩენს შფოთვის მადეზორგანიზებელი ზეგავლენა
(განსხვავებით მამობილიზებელი შფოთვისგან, რომელიც იძლევა დამატებით იმპულსს საქმიანობისთვის).

4. ადამიანური ფაქტორები. ისინი
ქმნიან სკოლის სოციალურ ქვესისტემას: „მოსწავლე-მასწავლებელი-ადმინისტრაცია-მშობლები”
. მეტად მაღალი შფოთვის მაჩვენებელი აქვთ მოსწავლეებს
ისეთი კლასებში, სადაც პედაგოგი ერთნაირად მომთხოვნია როგორც „ძლიერი”, ისე „სუსტი”
მოსწავლეების მიმართ, ზედმეტად მკაცრია დისციპლინური დარღვევებისადმი, კონკრეტული შეცდომების
განხილვისას მოსწავლის პიროვნულ მახასიათებელზე მოუთითებს და ა.შ.

შფოთვის ფორმირებას ასევე ხელს უწყობს პედაგოგის მომატებული
მოთხოვნებიც, რომლებიც არ შეესატყვისება მოსწავლის ასაკობრივ განვითარებას. ამასთან,
უნდა ითქვას, რომ პედაგოგის უტაქტობა განსაკუთრებით დამღუპველია იმ ბავშვებისთვის,
რომლებსაც უკვე აღენიშნებათ შფოთვა ან იმყოფებიან შფოთვითი მზადყოფნის მდგომარეობაში
ანუ აქვთ დაუცველობის, წინააღმდეგობის დაძლევის უუნარობის განცდა.

მშობლების არაადეკვატური მოლოდინი ძალიან ამძიმებს მოსწავლის
მდგომარეობას – რაც უფრო მეტად არიან მშობლები ორიენტირებულნი ბავშვის მაღალ სასწავლო
შედეგებზე, მით უფრო ძლიერ შფოთავს ის.

5. სკოლის შეცვლა. ამ შემთხვევაში შფოთვის მქონე ბავშვებს თანატოლთა ჯგუფი გაცილებით არასანდო,
დომინანტური და უარმყოფელი ეჩვენებათ, ვიდრე ემოციურად გაწონასწორებულებს. მოსწავლეებს,
განსაკუთრებით – მოზარდ ვაჟებს, უმთავრესად აღელვებთ ახალი კოლექტივის მიერ მათი მიუღებლობა.
ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება ემოციური მოზარდისთვის შესაძლოა ძლიერ სტრესოგენულ
ფაქტორად იქცეს, რომლის გავლენითაც იზრდება შფოთვის ხარისხი და ქვეითდება შრომისუნარიანობა
(როგორც სწავლის მხრივ, ასევე ურთიერთობებისა და ქცევის თვალსაზრისითაც).

თუ სასკოლო შფოთვის დაძლევა ვერ მოხერხდა, მოზარდმა
შესაძლოა აირჩიოს სტრესის დაძლევის არასურველი სტრატეგია, მაგალითად, გაქცევა. იგი
„თავშესაფარს პოვება” კომპიუტერულ თამაშები, ალკოჰოლურ ან ნარკოტიკულ თრობაში (ხდება
ადიქტი – დამოკიდებული ).

მასწავლებელი ყურადღებითა და დიდი სიფრთხილით უნდა აკვირდებოდეს
მოსწავლის ქცევას, რათა დროულად შეამჩნიოს სასკოლო შფოთვისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ეს სიმპტომებია:

1. ბავშვს ეშინია სკოლაში დაგვიანების;

2. არ უნდა სკოლაში სიარული;

3. არ შედის კლასში, თუ გაკვეთილზე დააგვიანდა;

4. ცდილობს კარგი ნიშნის მიღებას. ცუდი ნიშანი იწვევს
მის ძლიერ ემოციას, ზოგჯერ ცრემლებს;

5. ხშირადაა გაღიზიანებული. განსაკუთრებით ადვილად ღიზიანდება
სასკოლო თემებზე ლაპარაკისას;

6. ხშირად უჩივი თავის, მუცლის ტკივილს, თავბრუსხვევას;

7. ზედმეტი მონდომებით ეკიდება დავალებებს. ბევრ დროს
ხარჯავს სწავლაზე;

8. თუ დავალება ზედმეტად რთული მოეჩვენა, მიატოვებს,
დატოვებს დაუსრულებელს;

9. გაკვეთილებზე გონებაგაფანტულია;

10. ამბობს, რომ ესიზმრება სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული
კოშმარები;

11.გაკვეთილს პასუხობს ჩუმად, გაუბედავად;

12. ეშინია სასკოლო ინვენტარის დაკარგვისა და გაფუჭების;

13. საკონტროლო წერაში ან დაფასთან პასუხისას არ შეუძლია
თავისი ცოდნის დემონსტრირება;

14. ღელავს საკონტროლოს ან გაძახების მოლოდინში;

15. გაკვეთილებზე ოხუნჯობს, ცდილობს თანაკლასელების
გაცინებას, რათა დაარღვიოს საგაკვეთილო პროცესი;

16. თითქმის არ მეგობრობს თანაკლასელებთან.

სასკოლო შფოთვაზე მიუთითებს ამ ჩამონათვალიდან მინიმუმ
5 სიმპტომის არსებობა. რაც მეტია სიმპტომი, მით უფრო მაღალია შფოთვის დონეც.

 

* შენიშვნა: პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის სწორედ შფოთვის
მადეზორგანიზებელი ეფექტია საინტერესო, რადგან მისი ეს სახეობაა პრობლემური.

საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდის შესახებ: ქალთა უფლებების დეკლარაცია

0

ამბობენ, ისტორია არ იცვლებაო. ეს შეცდომაა. უცვლელი რჩება სახელები, თარიღები და მოვლენები, მაგრამ იცვლება მიდგომა და ინტერპრეტაცია. ჩვენში ჯერ კიდევ ფესვგადგმულია ისტორიისადმი „საბჭოთა” დამოკიდებულება, სადაც უპირატესობა ენიჭება ფაქტებს და მხოლოდ ფაქტებს და ძალიან მცირეა ხვედრითი წილი ანალიზისა, კვლევისა და ინტერპრეტაციისა, სადაც კვლავ და კვლავ მეორდება ძველი კლიშეები და, სამწუხაროდ, ჩნდება ახალიც. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა იწყება პროცესი, რომელიც ისტორიის ახლებური ხედვის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად და, იმავდროულად, ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

საფრანგეთის რევოლუცია ყველა ისტორიკოსისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდია თავისი დინამიკით, იდეებით, ინტერპრეტაციისა თუ შედეგების მრავალგვარობით. მისი ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის შესახებ ბევრმა შესაძლოა ახლაღა შეიტყოს. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ბევრს დააფიქრებს, ისტორიის მასწავლებლებს კი მისცემს დამატებით შანსს, საფრანგეთის რევოლუციის ეს მნიშვნელოვანი პერიოდი კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩინონ გაკვეთილებზე.
მთარგმნელი

ქალთა უფლებების დეკლარაცია, 1971
ოლიმპ დე გუჟ (Olympe De Gouges) 1971

ოლიმპ დე გუჟი, ყასბის ქალიშვილი, ავტორია რამდენიმე პამფლეტისა გენერალური შტატების შეკრებამდე (1789). თავის ნაშრომში ოლიმპი წერს, რომ ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში (რომლის სათაურის სიტყვასიტყვითი თარგმანია „მამაკაცისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია” – Declaration of Rights of Man and Citizen), არ არის გათვალისწინებული ქალთა უფლებები. იგი სთავაზობს საფრანგეთს, მიენიჭოთ ქალებს ხმის მიცემის უფლება, მოითხოვს ქალთა ეროვნული კრების შექმნას, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მამაკაცებმა არ უნდა დაჩაგრონ ისინი და ხაზს უსვამს ქალთა განათლების საკითხს.

რევოლუციური იდეებისთვის მას 1793 წელს თავი მოჰკვეთეს.

ქალთა უფლებების დეკლარაცია

მამაკაცებო, ხართ თქვენ სამართლიანი? დიახ, ქალი გეკითხებათ ამას! თქვენ არ გაქვთ უფლება, ქალი საკუთრებად განიხილოთ და უფლებები შეულახოთ. მითხარით, რა გაძლევთ ჩემი უფლებების შეზღუდვის უფლებას? თქვენი ძალა? თქვენი ნიჭი? დავაკვირდეთ შემოქმედის სიბრძნეს, შევინარჩუნოთ მისი დიდმშვენიერება, ვიცხოვროთ სამყაროში ჰარმონიულად და არა ტირანიულად. დავუბრუნდეთ ცხოველთა სამყაროს, ვიკვლიოთ მცენარეები, თვალი გადავავლოთ ორგანული მოდიფიკაციის საფუძვლებს და დავამარცხოთ ის. ამას მე გთავაზობთ. თუ შეგიძლიათ, გამოიკვლიეთ, გამოიძიეთ და, გნებავთ, განასხვავეთ კიდეც სქესი ბუნებასა და სამყაროში, – ყველას თანაარსებობის კონტექსტში იპოვით, ყველა ჰარმონიულად თანაცხოვრობს, როგორც რომელიმე უკვდავი შედევრი.

მამაკაცები აღზევდნენ განსაკუთრებულ და პრინციპულ გარემოებათა გამო. უცნაური, ბრმა, გადაგვარებული განმანათლებლობისა და სიბრძნის ეპოქაში გადამეტებული იგნორით მას სურს, დესპოტურად მართოს მდედრი, არადა ეს ქალი მისი ინტელექტუალური საკუთრებისსრულ განკარგულებაშია; მამაკაცს ურჩევნია, ჩაებას რევოლუციაში და იბრძოლოს თანასწორობისა და უფლებების გათანაბრებისთვის, მაგრამ ამავე დროს არაფერი თქვას ქალის შესახებ, სრულიად არ გაითვალისწინოს ეს საკითხი.

ქალთა და მდედრ მოქალაქეთა უფლებების დეკლარაცია

დეკლარაცია უნდა იქნეს მიღებული ეროვნული ასამბლეის (კრებას) დადგენილებით მის ბოლო სხდომებზე ან მომდევნო საკანონმდებლო ორგანოში.

პრეამბულა

დედებო, ქალიშვილებო, დებო და ერის წარმომადგენლებო, რომელebიც ითხოვen, დაინიშნონ ეროვნულ კრებაში. იგნორირება უცოდინრობის, უმოქმედობის ქალთა უფლებების შესახებ არის მიზეზი მხოლოდ ხალხის უბედურებისა და მთავრობის კორუმპირებულობისა; ქალმა გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა საზეიმო დეკლარაცია ბუნებრივი, განუყოფელი და ქალთა წმინდა უფლებებისა იმისათვის, რომ ამ დეკლარაციას აქამდე მუდამ დაუცველი საზოგადოების ყველა წევრისთვის განუწყვეტლივ შეეხსენებინა თავიანთი უფლებები და მოვალეობები; იმისათვის, რომ ავტორიტეტული ქალებისა და მამაკაცების აქტები ნებისმიერ მომენტში შეედარებინათ და პატივი ეცათ ნებისმიერი პოლიტიკური ინსტიტუტის მიზნისთვის; იმისათვის, რომ ამიერიდან მოქალაქეების მარტივ და უდავო პრინციპებზე დაფუძნებული მოთხოვნები ყოველთვის მხარს დაუჭერს კონსტიტუციას, სწორ მორალსა და საყოველთაო ბედნიერებას.

შესაბამისად, სქესი, რომელიც ისეთივე ზემდგომია სილამაზეში, როგორიც გამბედავი დედობრივი განსაცდელის დროს, ცნობს უზენაესის მფარველობაში ყოფნას და აცხადებს ქალთა და მდედრ მოქალაქეთა უფლებებs.

მუხლი I

ქალი დაიბადა თავისუფალი და ცხოვრობს მამაკაცის თანასწორად მისი უფლებების გათვალისწინებით. სოციალური განსხვავება დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ საერთო შეთანხმებაზე.

მუხლი II

ნებისმიერი პოლიტიკური ასოციაციის მიზანია კომუნიკაცია ქალსა და მამაკაცს შორის ბუნებრივი და ხელშეუვალიუფლებების ფონზე. ეს უფლებები არის ქონების ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება და განსაკუთრებით ოპოზიციის წინააღმდეგობისგან დაცვა.

მუხლი III

სუვერენობის ყველა პრინციპი ეკისრება ერთადერთს – ერს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ერთობა ქალებისა და მამაკაცებისა; არავის შეუძლია განახორციელოს რომელიმეს უპირატესობა, თუ ეს არ მოდის მთელი ერისაგან.

მუხლი IV

თავისუფლება და სამართლიანობა შეადგენს იმას, რაც ეკუთვნის სხვას… ამგვარად, ერთადერთი ლიმიტი ქალთა უფლებებისა არის მუდმივი მამრობითი ტირანია. ეს შეზღუდვები უნდა რეფორმირდეს კანონზომიერად.

მუხლი V

ბუნების კანონზომიერებისთვის საჭიროა განიდევნოს საზოგადოებისთვის საზიანო ყველა აქტი. ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული ამ ბრძნული და ღვთაებრივი კანონებით, ვერ აღიკვეთება. ვერავის შევზღუდავთ, რომ გააკეთოს ის, რაც არ არის ნაბრძანები.

მუხლი VI

კანონით უნდა გამოხატო მთავარი სურვილი; ყველა ქალმა და მამაკაცმა მოქალაქემ პირადად თუ ვინმეს მეშვეობით უნდა შეიტანოს წვლილი კანონის შექმნაში. ეს ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს.

ქალი და მამაკაცი მოქალაქეები, არიან რა თანასწორნი კანონის წინაშე, უნდა იყვნენ თანასწორნი ასევე პატივის მიღებისას, დაჯილდოებისას, პოზიციისას, საჯარო საქმიანობისას მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით და არა განსხვავებით.

მუხლი VII

არც ერთი ქალი არ არის გამონაკლისი; ის დაკავებულ, დატყვევებულ უნდა იქნეს კანონის მიხედვით. ქალი, როგორც მამაკაცი, მკაცრად უნდა იცავდეს ამუფლებებს.

მუხლი VIII

კანონი უნდა ამკვიდრებდეს მხოლოდ იმ მკაცრ სასჯელს, რომელიც აშკარად აუცილებელია.

მუხლი IX

მას Sემდეგ, რაც ქალი აღიარებულ იქნება დამნაშავედ, მის მიმართ კანონი უნდა შესრულდეს ისევე, როგორც მამაკაცისადმი.

მუხლი X

არავინ უნდა დაისაჯოს აზრის გამოთქმისთვის; ქალს აქვს თანასწორი უფლება, მონაწილეობა მიიღოს დემონსტრაციებში, პროტესტებში, თუ ამით არ ხელყოფს სხვის უფლებებს.

მუხლი XI

თავისუფალი კომუნიკაცია, აზრის გამოხატვა ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა იმ დროიდან, რაც თავისუფლებამ ირწმუნა, რომ მამაკაცებს უნდა ეღიარებინათ თავიანთი ბავშვები. ამგვარად, ნებისმიერ მდედრ მოქალაქეს შეუძლია თამამად თქმა იმისა, რომ იგი არის ბავშვის დედა და ბავშვი მას ეკუთვნის. ქალს არ მოუწევს სიმართლის დამალვა (გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია), რათა თავი აარიდოს ცუდად მოპყრობას, რომელიც კანონით გათვალისწინებულია.

მუხლი XII

ქალთა და მდედრ მოქალაქეთა უფლებების გარანტია მთავარი ფასეულობაა; ეს გარანტია უნდა წარმოადგენდეს ფასეულობას ყველასათვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც ამ გარანტიებით დაინტერესებულია.

მუხლი XIII

ქალისა და მამაკაცის წვლილი თანასწორია საზოგადოებრივ ძალასა და ადმინისტრაციულ ხარჯში. ქალი იზიარებს ყველა მოვალეობას და მძიმე სამუშაოს. ამრიგად, ქალსა და მამაკაცს თანასწორად უნდა გაუნაწილდეთ პოზიციები, სამუშაოები, ოფისები და პატივი.


მუხლი XIV

მდედრობითი და მამრობითი სქესის მოქალაქეებს უფლება აქვთ, თავად ან მათი წარმომადგენლების მეშვეობით დაამტკიცონ საჯარო წვლილში დახმარების აუცილებლობა. ეს ეხება მხოლოდ იმ ქალებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ არა მარტო ქონების თანაბარი წილი, არამედ საჯარო ადმინისტრაციის ხარჯებისაც და ასევე დადგენილი აქვთ გადასახადის გადახდის ხანგრძლივობა.

მუხლი XV

იმ ქალთა კოლექტივს, რომლებიც შეიკრიბნენ საგადასახადო მიზნებისთვის, რათა შეუერთდნენ მამაკაცებს, აქვთ უფლება, მოითხოვონ საბუღალტრო აღრიცხვა მისი ნებისმიერი საჯარო აგენტისგან.

მუხლი XVI

არც ერთ საზოგადოებას არ აქვს კონსტიტუცია უფლებების გარანტიისა და ხელისუფლების განაწილების გარეშე. კონსტიტუცია ბათილია, თუკი ერის უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა მის ჩამოყალიბებაში.

მუხლი XVII

ქონება ეკუთვნის ორივე სქესს, არ აქვს მნიშვნელობა ერთიანია თუ განცალკევებული. თითოეული მათგანისთვის ეს არის ურღვევი და წმინდა უფლება, რომელსაც ვერავინ ჩამოართმევს.

პოსკრიპტუმი

ქალებო, გამოიღვიძეთ! თქვენი ხმა მთელ მსოფლიოს ესმის; აღმოაჩინეთ თქვენი უფლებები. ძლიერი იმპერია აღარ არის გარშემორტყმული ცრურწმენებით, სტერეოტიპებით, ფანატიზმით, ზარალითა და ტყუილით! სიმართლის ალმა მიმოფანტა ყოველგვარი სისულელე და უზურპაცია. დამონებულმა კაცმა გაიორმაგა ძალა, რათა დაეწყვიტა თავისი ჯაჭვები. იგი გახდა თავისუფალი და ამავე დროს გახდა უსამართლო თავისი თანამგზავრისთვის. ო, ქალებო, ქალებო! როდის აგეხილებათ თვალი? კარგი რა მიიღეთ რევოლუციისგან? უფრო მკვეთრად გამოხატული უპატივცემულობა, უფრო აშკარა ზიზღი. კორუფციის საუკუნეში თქვენ მართავდით იმიტომ, რომ კაცი იყო სუსტი. მემკვიდრეობის მელიორაცია, რომელიც დაფუძნებულია ბუნების განკარგულებაზე – რისიღა უნდა გეშინოდეთ ასეთი ვალდებულებების შემდეგ? იმისა, რომ ჩვენი ფრანგი კანონმდებლები, მორალის გამომსწორებლები, ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლებულები, კვლავ გეტყვიან: „ქალებო, რა გვაკავშირებს ჩვენ და თქვენ? ყველაფერი!” ეს იქნება ის პასუხი, რაც თქვენ (მამაკაცებმა) უნდა გაგვცეთ. მათ უნდა შეინარჩუნონ თავიანთი სისუსტე და გაბედულად დაუპირისპირდნენ მას. გაერთიანდით ფილოსოფიის სტანდარტების ქვეშ, დაიტიეთ მთელი თქვენი ხასიათის ენერგია და მალე დაინახავთ, რომ ქედმაღალი მამაკაცები მორჩილ თაყვანისმცემლებად ფეხქვეშ კი არ გაგეგებიან, არამედ იამაყებენ, რომ გაიზიარებენ თქვენთან ერთად იმ საგანძურს, რომელსაც უზენაესი ქმნილება ჰქვია. განურჩევლად იმისა, რა ბარიერებს დაუპირისპირდებიან, თქვენზეა დამოკიდებული, გაითავისუფლებთ თუ არა თავს. თქვენ მხოლოდ სურვილი უნდა იქონიოთ… ქორწინება არის ნდობისა და სიყვარულის საფლავი. გათხოვილ ქალს შეუძლია, დაუსჯელად მისცეს ქმარს უკანონო შვილი და ასევე – ქონება, რომელიც საერთოდ არ ეკუთვნის მას. გაუთხოვარ ქალს აქვს მხოლოდ ერთი სუსტი უფლება; ძველთაძველი და ულმობელი კანონები უკრძალავს ქალს, უკანონო შვილმა მიიღოს მამის სახელი და ქონება. უძველესი დროიდან არ შეცვლილა ეს კანონი. თუ ეს ითვლება პარადოქსულად და შეუძლებლად, რომ მივცე ჩემსს სქესს პატივისცემა და მუდმივობა, მაშინ მე ვანდობ მამაკაცებს, მოიპოვონ დიდება ამ საქმის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მაგრამ სანამ ჩვენ ვიცდით, პარალელურად შეგვიძლია განვაახლოთ მორალები, ცოლქმრული კონვენციები.

მამაკაცსა და ქალს შორის სოციალური კონტრაქტის შესახებ

ჩვენ, ________ და ________, ჩვენი სურვილისამებრ ვერთიანდებით ჩვენი ცხოვრებისა და ერთობლივი მისწრაფებების ხანგრძლივობისთვის შემდეგი პირობებით:

ჩვენ ვაპირებთ და გვსურს, რომ ჩვენი სიმდიდრე გახდეს კომუნალური, ამასობაში ჩვენს თავს ვუტოვებთ უფლებას, რომ გავუყოთ ქონება შვილებს ან სხვა პიროვნებას, ვისკენაც გვაქვს მიდრეკილება. ჩვენ ერთობლივად ვცნობთ, რომ ჩვენი საკუთრება პირდაპირ გადაეცეს და ეკუთვნოდეს ჩვენს შვილებს, განურჩევლად იმისა, როგორები არიან ისინი. ამასთან, ყველა ჩვენს შვილს აქვს უფლება, ატარონ სახელი მამისა თუ დედისა, ვინც აღიარა. ჩვენ გვევალება, ხელი მოვაწეროთ კანონს, რომელიც სჯის საკუთარ სისხლსა და ხორცზე უარის თქმას. ჩვენ აგრეთვე ვავალდებულებთ თავს, რომ დაშორების შემთხვევაში ჩვენი ქონება გაიყოს და წინასწარ იქნეს გათვლილი, რა ნაწილს მიიღებს ბავშვი. ხოლო სრულყოფილი კავშირის შემთხვევაში ის, ვინც გარდაიცვლება, თავისი სიმდიდრის ნახევარს დაუტოვებს შვილს, ხოლო თუკი ისიც უშვილოდ გარდაიცვლება, ცოცხლად დარჩენილი მემკვიდრეობით მიიღებს ქონების უფლებას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პიროვნებამ წინასწარ არ დატოვა ანდერძი თავის სასურველ და დამსახურებულ პირზე.

ეს არის ქორწინების აქტის დაახლოებით ის ფორმულა, რომლის შესრულებასაც მე გთავაზობთ. ამ უცნაური დოკუმენტის კითხვის საფუძველზე მე ვხედავ, რომ ჩემს წინააღმდეგ აღიძვრება ორპირობა, მანჭიაობა, ღვარძლი, დაგეშილია სამღვდელოება და მთლიანად ჯოჯოხეთური რიგითობა. მაგრამ როგორ არ არის ჩემი გონიერი შეთავაზება და ინიციატივა იმის საწინდარი, რომ მივაღწევთ სრულყოფილ, ბედნიერ ხელისუფლებას!

მე გთავაზობთ კანონს, რომელიც დაეხმარება ქვრივებსა და ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც იმედი გაუცრუეს მამაკაცებმა. მინდა და ვწერ ამ კანონს, რათა დავაძალოთ ცვალებად კაცებს, აღასრულონ თავიანთი ვალდებულებები ან თუნდაც გადაუხადონ მისი ქონების ტოლი კომპენსაცია.

ამასთან, კვლავ მოვითხოვ: როგორც მე დავწერე 1788 წელს „ადამიანის მარტივ ბედნიერებაში”, პროსტიტუტები უნდა მოთავსდნენ გარკვეულ ადგილებში. პროსტიტუტებს არ შეაქვთ წვლილი მორალების გარყვნაში. ეს არის ქალთა საზოგადოება. ეს თავიდან არეულობას მოიტანს, მაგრამ შედეგად სრულყოფილ ჰარმონიას მივიღებთ.

მე გთავაზობთ მარტივ გზას ქალის სულის ასამაღლებლად: ჩვენ უნდა დავუკავშიროთ ქალები მამაკაცის ყოველგვარ საქმიანობას. თუ მამაკაცს ეს გადაწყვეტილება არაპრაქტიკულად მიაჩნია, მას შეუძლია, თავისუფლად გაუზიაროს ბედი ქალს – წყნარად, კანონიერად და არა იმპერიულად. ცრურწმენა ეცემა, მორალები იწმინდება, ბუნება თავიდან იძენს კანონებს. ამ ყველაფერს დავამატოთ მღვდლების ქორწინება, მეფის უფლებების გაძლიერება და საფრანგეთის პარლამენტი არ დაეცემა!

„ქალთა და მდედრ მოქალაქეთა უფლებების დეკლარაციის” პირველი გვერდი

თარგმნა ნათია ფირცხალავამ

გამოყენებული ლიტერატურა:


https://www.library.csi.cuny.edu/dept/americanstudies/lavender/decwom2.html


მოსმენა რუსული ენის გაკვეთილზე

0

( ნაწილი I )

რუსული როგორც უცხო ენა საქართველოში დიდი ხანი არ არის რაც ისწავლება. აქამდე საგნის სწავლებისადმი მიდგომა სხვაგვარი იყო, რადგან, ძველი ტრადიციით, მასწავლებეასწავლიდა ენასაც და ლიტერატურასაც. რუსული ენა არ
ისწავლებოდა უცხოური ენის სტატუსით. რუსულის როგორც უცხოური ენის სტატუსის
დამკვიდრების შემდეგ მასწავლებლები შეეჯახნენ პრობლემას,
რადგან ძველი სახელმძღვანელოები ისე გახლდათ შედგენილი, რომ მათი
გამოყენება შეეძლო მხოლოდ ენის მცოდნეს, ენის შესწავლა კი ამ სახელმძღვანელებით შეუძლებელი
იყო.

შემდეგ დაიბეჭდა გრიფირებული სახელმძღვანელოები. არჩევანი არ იყო დიდი და აქაც პრობლემას წავაწყდით, რადგან ამ წიგნებით სწავლება კიდევ უფრო რთული გახდა, თუ ახალი მეთოდებით არ იყავი შეიარაღებული, არ გქონდა ახალი
რესურსის მოძიების საშუალება.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ აუცილებელია, მასწავლებელმა ერთმანეთისგან გამიჯნოს
რუსული ენის სწავლებისადმი ძველი და ახალი მიდგომა. იგი კარგად უნდა იცნობდეს ეროვნულ
სასწავლო გეგმას (სტანდარტს) და, უ
პირველესად, განსაზღვრავდეს, რომელი საკომუნიკაციო უნარი უნდა გამოუმუშაოს მოსწავლეს.

უცხოური
ენის, ჩვენს შემთხვევაში – რუსულის, სწავლება მოიცავს რამდენიმე ასპექტს. ამჯერად
აუდირებაზე შევჩერდები, რადგან დღეს, შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით  მუშაობას ყველაზე ნაკლები დრო ეთმობა გაკვეთილზე
ან სრულიად არ ექცევა ყურადღება. სახელმძღვანელოებში არ არის საკმარისი მასალა და რესურსი,
ამიტომ მასწავლებელს თვითონ უწევს ზრუნვა მის შესაქმნელად ან მოსაძიებლად.

წარმოგიდგენთ
იმ ხარვეზებს, რომლებსაც ვაწყდებით მოსმენაზე (აუდირებაზე) მუშაობის დროს:

1.
აუდირებას როგორც აუცილებელ ელემენტს მასწავლებელი ხშირად არ ითვალისწინებს. მას
მიაჩნია, რომ გაკვეთილზე მისი რუსულად მეტყველება მოსმენაზე მუშაობაა. ეს მცდარი
აზრია.

2.
აუდიოტექსტის მიწოდებამდე მასწავლებელი საფუძვლიან მოსამზადებელ სამუშაოს ატარებს,
რაც მოსწავლეს ყოველგვარ სირთულეს უხსნის.

3.
აუდიოტექსტის მოსმენისას მასწავლებელი ცდილობს, ახსნას ყველა გაუგებარი და რთული
ფრაზა. ამით მოსწავლეს უჩნდება მუდმივი დახმარებისა და კარნახის მოთხოვნილება.

4.
მასწავლებელი მოსმენამდე ნებას რთავს მოსწავლეებს, ტექსტს გადახედონ (გადაიკითხონ),
რაც არ იძლევა აუდირების უნარის განვითარების საშუალებას.

5.
ტექსტის მოსმენისას მოსწავლემ არ იცის, რა მიზნით, რისთვის ისმენს მას.

6.
სასწავლო პროცესში სათანადოდ არ არის გამოყენებული ავთენტური აუდიოტექსტები:
ნაწყვეტები ფილმებიდან, ტელე- და რადიოგადაცემებიდან.

7.
სამწუხაროა, მაგრამ ის მასწავლებლებიც კი, რომლებიც აუდირებაზე მუშაობენ, საგამოცდო
საკითხებში ამ მიმართულებას გვერდს უქცევენ, რაც არ აძლევთ საშუალებას, გაზომონ შედეგი.
ამით მოსწავლეებს ეკარგებათ აუდირებაზე მუშაობის მოტივაცია.

 

ხარვეზების
გათვალისწინებით, მასწავლებლებს სთავაზობენ შემდეგ რეკომენდაციებს:

1.
აუდირება გაკვეთილის აუცილებელ ელემენტს უნდა წარმოადგენდეს. თავდაპირველად ეს
შეიძლება იყოს ბგერის, ფრაზის, სიტყვის ამოცნობა, შემდეგ – ტექსტის მიზნობრივი
მოსმენა, მასწავლებლის მონათხრობი რეალური მოვლენების შესახებ, შეცდომის აღმოჩენის
მიზნით მოსმენა და სხვა.

2.
სასურველია, აუდირებას მოიცავდეს საშინაო დავალებაც, თუმცა ჩვენი სინამდვილის პირობებში
ეს რთულია. სახელმძღვანელოებს არ მოჰყვება მოსასმენი დისკები და აქ მასწავლებელს
საკუთარი რესურსების გამოყენებით მოუწევს მუშაობა.

3.
რეკომენდებულია გაკვეთილზე ავთენტური აუდიოტექსტების გამოყენება.

4.
აუდიოტექსტების მოსმენამდე აუცილებელია მოსმენის მიზნის განსაზღვრა. მაგ., საჭირო
ინფორმაციის ამოცნობა, მოსმენილი ინფორმაციისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა,
ინფორმაციის შედარება და სხვ.

5. მასწავლებელმა წინასწარ უნდა
განსაზღვროს მოსასმენი ტექსტის სირთულე, სირთულის შემთხვევაში ასწავლოს მოსწავლეს
ძირითადი აზრის გამოტანა და არა ყველა სიტყვის მნიშვნელობის გაგება.

6. დიალოგსა და პოლილოგზე
მუშაობისას სასურველია, მოსწავლეებმა ტექსტი წაკითხვამდე მოისმინონ. ამ
შემთხვევაში მასწავლებელი ერთდროულად აუდირებაზეც მუშაობს და შემოაქვს ახალი
ტექსტიც. თანამედროვე მეთოდიკის მიხედვით, არ არის რეკომენდებული, დიალოგზე
მუშაობა განვიხილოთ როგორც კითხვაზე მუშაობა.

7. აუცილებელია საკონტროლო და
საგამოცდო ტესტებში აუდირების საკითხების შეტანა.

 

აუდირების
სწავლება ხდება სამი ეტაპის გავლით:

. ტექსტის
მოსმენამდე;

. ტექსტის მოსმენის
დროს;

. ტექსტის მოსმენის
შემდეგ.

 

ტექსტისმოსმენამდე ტიპური დავალებებია:

. მოსმენამდეკითხვებსა და და მტკიცებულებებზე მსჯელობა;

.
ვარაუდის გამოთქმა თემაზე სათაურზე/საკვანძო სიტყვებზე/ილუსტრაციაზე დაყრდნობით;

.
თემის მოკლე მიმოხილვა, ტექსტის პრობლემატიკაში მოსწავლის შეყვანა.

ტექსტის
მოსმენის დროს:

. გამოტოვებული
სიტყვების ჩასმა;

. წინადადებების
შესაბამისობათა პოვნა;

. წინადადებების
დასრულება;

.
რაიმე კონკრეტული საკითხის გამოყოფა.

 

ტექსტის
მოსმენის შემდეგ (მოსმენილი ტექსტის გაგების კონტროლი):

. მტკიცებულების
დადასტურება/უარყოფა;

.
ტექსტისა და ილუსტრაციის შესაბამისობის მოძებნა;

.
გეგმის საკითხების დალაგება;

.
რუკაზე მარშრუტის გეგმის მონიშვნა;

.
სხვადასხვა ტიპის დავალება (3-4 მტკიცებულებიდან ერთი სწორია, აღადგინეთ
ინფორმაცია, მართალია – მცდარია, რამდენიმე ვარიანტიდან სათაურის არჩევა, ტექსტის
აზრობრივ ნაწილებად დაშლა და სხვ.);

.
მოსმენილი ტექსტის მიხედვით სქემის/ნახატის შექმნა.

დღევანდელი
რეალობიდან და სახელმძღვანელოების შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას,
რომ მასწავლებელს ყველაზე მეტად მოსმენის რესურსის მოძიებაში უნდა დავეხმაროთ.
სტატიის ციკლი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მეორე ნაწილში წარმოგიდგენთ ერთი
გაკვეთილის ნიმუშს, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ტექსტი.

წარმოგიდგენთ
დავალებების ნიმუშებს მოსმენაში:

  

I.

1. Слушайте и повторяйте пары
слов.

живот
– он живёт

цел
– цель

бить-
пить

живём
– живьём

2.
Прослушайте слова: чай, шьют, сел, пьёт, найдите каждое из них в графическом
ключе.

чей-
чай – чья, шьем – шутка – шьют и т.д.

3. Слушайте вопросы и отмечайте в
графическом ключе возможный ответ.

 

II.

1.
Слушайте фразы, отмечайте слова, которые названы (имена, географические
названия и т.д.).

2. Диктант. Слушайте текст,
постарайтесь понять его содержание. Вновь прослушайте текст и пишите.

3. Прослушайте текст, заполните пропуски
в графическом варианте текста.

 

III

1. Прослушайте ряд слов, запомните и
воспроизведите из них те, которые относятся к одной теме (тема называется).


1.              

Прослушайте фразы, соедините их в одно
предложение.


2.              

Прослушайте фразу, добавьте к ней еще одну,
связанную по смыслу.

  

IV

1. Просмотрите в графическом ключе
опорные слова и назовите тему, которой посвящен аудиотекст. Затем прослушайте
смысловой кусок и проверьте правильность своего ответа.

2. Прослушайте
текст. Определите фразу, которая адекватна содержанию текста.

3. Прослушайте
текст. Ответьте на вопросы.

Обозначьте цифрами пункты плана
в соответствии с текстом.

4. Прослушайте текст, заполните анкету.

5. Прослушайте диалог (полилог). О чем
говорили участники разговора? Что они обсуждали? Как они выражали свое мнение,
свои эмоции?

ქიში, შამათი

0
ჩემი უბნის შავ-თეთრ ნახატზე ფერადოვნებას მხოლოდ №25 ყვითელი ავტობუსი ღვრიდა. მახათას მთიდან დაეშვებოდა და კარავს პუშკინის სკვერთან დასცემდა. ჩვენ კი ვაზისუბნის შუაწელზე შემოვახტებოდით და მგზავრობაში 20 თეთრს ვიხდიდით. თუ ჯიბის ბიუჯეტი ფენოვანსა და კოკა-კოლასაც გასწვდებოდა, ის დილა გათენებად ღირდა.

ყვითელ ავტობუსში ათასი ჯურის ხალხი ვიყრიდით თავს: ნასვამები, ფხიზლები, ჰიპ-ჰოპის ჩაჩებიანი მოყვარულები, მძიმე როკის მსმენელები „slipknot”-ის ფოტოებით მაისურებზე, მოძველბიჭო ელემენტები, გიტარიანი ჯეელები, აბიტურიენტები, რომლებსაც რეპეტიტორებთან ეჩქარებოდათ, რეპეტიტორები, რომლებსაც მოსწავლეებთან აგვიანდებოდათ, შარვალ-კოსტიუმებში გამოწყობილი იეჰოვას მოწმეები. ჩვენ კი – მოჭადრაკეები ვიყავით. 

პუშკინის სკვერიდან ფეხით ავივლიდით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე, სადაც ვალიკო ურიდია რამდენიმე პარტიას გვათამაშებდა. თუმცა ჭადრაკის განყოფილებამდე მისასვლელად დაბრკოლებები იყო გადასალახი. მთავარი ჰოლი უნდა გაგევლო და ეზოში გასულიყავი, სადაც წყლის შადრევანი 15-ვატიან ნათურასავით ბჟუტავდა და პირზე ხავსი მოეგდო. მერე თაღქვეშ გამძვრალიყავი და ხელმარცხნივ საეჭვო შესახედაობის კარში შეგებიჯებინა. იქაური კიბე სატუსაღოს მიწისქვეშეთს ჰგავდა, სადაც სიკვდილმისჯილებს ამწყვდევდნენ. სურნელიც ისეთივე იდგა, როგორიც ორთაჭალის ციხის მიწისქვეშეთში ვიგრძენი ექსკურსიაზე ყოფნისას – ნესტის და სიცივის. მეორე სართულზე კი შედარებითი კეთილშობილება იგრძნობოდა – საბჭოური სტილის რბილი კარი, პარკეტიანი იატაკი და კედელზე გამოკრული ქართველი მოჭადრაკეების ფოტოები. 

ჩემი, ისაკასა და ერეკლეს ჯგუფი მრავალეთნიკური იყო: რამდენიმე ქართველი, სამი სომეხი, ერთი ბერძენი და ერთიც აზერბაიჯანელი, რომელიც დროგამოშვებით დევიდ გუეტას სიმღერას ღიღინებდა: „The world is mine”. სომხები, როგორც წესი, იოლად გვამარცხებდნენ და გულზე ხელი რომ დავიდო, აზერბაიჯანელიც მჯობნიდა. 

ჩვენი მწვრთნელი, ვალიკო ურიდია, საინტერესო ვინმე იყო. ხნიერი, მოსუქებული, მელოტი კაცი სქელლინზებიანი სათვალითა და ხშირი წარბებით. ინგლისური ენა ვალიკოს სისუსტე და ჩვენი სასჯელი გახლდათ – გვაიძულებდა, თამაშისას ინგლისურად გაგვემართა დიალოგი: I occupied your center და ამის მსგავსი მაიმუნობები. სასახლის ამბებიდან წლების შემდეგ ვალიკო ურიდია თაბუკაშვილის ქუჩაზე შემხვდება და როცა ვეტყვი, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ, მიპასუხებს შენ დიდი კაცი გამხდარხარო. 

ვისაც ჩემი გარეგნობა და ასაკი ერთმანეთისთვის შეუდარებია, დამეთანხმება, რომ ბენჯამინ ბატონის ბედისა ვარ, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მოხუცად დავიბადე და ნელ-ნელა, გაახალგაზრდავების ნაცვლად, კიდევ უფრო ვბერდები. ამის გამო იყო, სასახლის ნორჩ მოჭადრაკეებსა და მათ მშობლებს დაბრძენებული, დაღვინებული და დაუმარცხებელი მოთამაშე რომ ვეგონე. ერთხელ ჭადრაკის დაფასთან მარტო ვიჯექი, როცა ბავშვის მშობელი მოვიდა და მითხრა: „თქვენთან თამაში ჩემი შვილის ოცნებაა. უდიდეს ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ სუთ წუთს ვერ დაუთმობთ?..” ქალბატონს თვალებში ვუყურებ და საკუთარ თავს ვეუბნები: „არ აცანცარდე. თავი ხელში აიყვანე”. ვპასუხობ: 
– კეთილი
– ვაიმე
– სად არის ბავშვი?
– ბაქარ, მოდი, სწრაფად!
– ოოო, ყოჩაღი ბიჭი ჩანს.
– ოღონდ არ დაუთმოთ, ძალიან გთხოვთ!
– არავითარ შემთხვევაში.

სამი სვლა დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ 10 წლის ბაქარი ჩემზე 10 თავით ძლიერი მოჭადრაკე იყო, ამიტომაც დამრიგებლური ტონი ავირჩიე. როცა ფიგურას მიკლავდა: „აი, ყოჩაღ!” – ვეუბნებოდი. ქიშს მეტყოდა? – „კარგია, რომ დაინახე”, – შევაქებდი. პარტიის შუაგულია. ზურგმოშიშვლებული ლაზიერი დავინახე და ის-ის იყო ჩემი მხედრისთვის ხელის წავლებასა და მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენას ვაპირებდი, რომ ბაქარის ხმა გავიგე: 
– ვიცი, რატომ არ კლავთ ჩემს დედოფალს.

გამოვფხიზლდი, სახეზე ყალბი ღიმილი ავათამაშე და ვკითხე:
– აბა, რატომ?
– იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში ჩემი ოფიცერი თქვენს ლაზიერს მისწვდება და შამათს გეტყვით. 
– აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი, – ვამბობ და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ბაქარის ენატლიკინობამ რაიონული მასშტაბით შერცხვენას გადამარჩინა. 

დედამისს მივუბრუნდი და ვუთხარი: „თქვენი შვილი ნამდვილი მოჭადრაკე გაიზრდება”.

სასახლის პერიოდმა ცუდი მოგონებებიც დამიტოვა. მრავალეთნიკურობა რომ ვახსენე, ტყუილად არ ყოფილა. ერთხელ ჩვენი ჯგუფელი ქართველები გუეტას მოყვარულ აზერბაიჯანელს სრულიად უმიზეზოდ აუშარდნენ და ეზოში გვარიანად გალახეს. მე, ისაკა და ერეკლე Беспредел-შჩიკები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვერც რაინდობით დავიკვეხნიდით, ამიტომაც იმ საძაგლობას გვერდიდან ვადევნებდით თვალყურს. თუკი ჩემი ცხოვრების წარსულიდან რაიმე დარცხვენის საფუძველს მაძლევს, ერთ-ერთი სწორედ ესაა. 

ის იყო ჩვენი მოჭადრაკეობის უკანასკნელი დღე. 

გუშინ კომპიუტერს ვეთამაშე. რთული ვერსია ჩავრთე და მთელი გულით მივეჯაჭვე ვირტუალურ დაფას. ორი პაიკი დავკარგე, ორიც მე ვიმსხვერპლე. ოფიცერი მაცხენა ფლანგზე მომიკლეს, მხედარი – ცენტრში. პარტიის შუაგულში დეჟავუ მქონდა. მაშინ, როცა ეულად მდგომი ლაზიერისთვის ყელის გამოფატვრას ვაპირებდი, ბაქარის ეპიზოდი გამახსენდა და ზუსტად იგივე სიტუაცია გათამაშდა. კომპიუტერი დავამარცხე. წლების წინ ათი წლის ბავშვის ნათქვამი სიტყვები გუშინ გამომადგა და მივხვდი, რომ ადამიანის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა, პატივისცემას თუ არა, მოსმენას მაინც იმსახურებს. 

ვალიკო კარგა ხანია აღარსად დამილანდავს. ჩვენი ჯგუფელი ქართველები იპოვიდნენ თავიანთ გზას. სხვებიც. აი, აზერბაიჯანელის ბედი კი მადარდებს. ეგეთი ბუნჩულა ტიპები ხანდახან იკარგებიან ხოლმე, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ტყუილად არ ღიღინებდა გუეტას სიმღერას და მსოფლიო მართლაც მისია?!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...