კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

გადაფრენა

0

ალბათ მხოლოდ მწერალი ჟურნალისტი თუ დაწერდა ისეთ წიგნს, როგორიც “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” გახლავთ. მწერალი ჟურნალისტები ყოველთვის ისეთ წიგნებს წერენ, როგორ წიგნებსაც შეუძლია, სამყარო შეცვალოს. თავად წიგნის სიუჟეტიც სამყაროს მინიმოდელის შესახებ მოგვითხრობს, ფსიქიატრიული კლინიკა რომ ჰქვია და ახალი პაციენტი არა ტრაქტატებითა თუ ფილოსოფიური ტექსტებით, არამედ გულღია სიცილით რომ ცვლის. სიცილის თერაპია დღეს კარგად აპრობირებული მეთოდია და ბედნიერების ჰორმონების გამოყოფისთვის, უარყოფითი ენერგიისგან დასაცლელად იყენებენ. მაკმერფის სიცილიც ერთგვარი თერაპიული სეანსია და, საერთოდ, მაკმერფის ყველა გაბედული ქმედება კლინიკაში, სადაც ბევრი პაციენტი საკუთარი ნებითაა მისული, ცალკეული სეანსია, მიმართული დიდი მიზნისკენ – გამოფხიზლებისკენ.

კენეტ ელტონ კიზიმ, რომელსაც თავადაც ხელოვნური ძილით ეძინა ელ-ეს-დეს, მესკალინისა თუ კოკაინის ზემოქმედების ქვეშ, – თანაც ეს ძილი მისთვის არავის დაუძალებია – ჰოსპიტალში ფსიქიატრის თანაშემწედ მოწყობილი, ნებაყოფლობით მონაწილეობდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ ექსპერიმენტში, – 1962 წელს რომანი გამოსცა. გამოსცა რომანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია, სამყარო შეცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მსოფლიოს ყველა მოზარდი მას ერთდროულად, ერთ დღეს წაიკითხავს (საინტერესო ექსპერიმენტი კი იქნება). “თამაში ჭვავის ყანაში” თუ აუცილებლად მოზარდთა წასაკითხ წიგნად ითვლება (ყოველ შემთხვევაში, კრიტიკოსთა უმრავლესობას ასე ჰგონია), “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” უასაკო რომანია (კრიტიკოსთა უმრავლესობა ამის თაობაზეც თანხმდება). მე კი მაინც მგონია, რომ ეს ტექსტი ერთმნიშვნელოვანი მიძღვნაა მოზარდებისადმი, რადგან სწორედ მათი ინდივიდუალიზმი შეიძლება დაუპირისპირდეს კოლექტიური სამყაროს ცნებას. პროტესტი ერთ-ერთი საქმეა, რომელიც მოზარდს ყველაზე უკეთ გამოსდის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჭრელი ადამიანები, იისფერთმიანი, წითელმიანი თუ მწვანეთმიანი გოგონები და ბიჭები პირსინგებითა და არათბილისური, არარუხი სამოსით მხოლოდ პატარა, პოზიორი მეამბოხეები არიან, ცდება. ცდება მაშინაც, როცა რატომღაც გადაწყვეტს, თავი დიდ ვინმედ მიიჩნიოს და ახალგაზრდები რამდენიმე უშვერი სიტყვით მოიხსენიოს. იმ “ვინმეს” ვურჩევ, წაიკითხოს წიგნი ადამიანებზე, რომლებმაც შეძლეს, გადაფრენოდნენ გუგულის ბუდეს და ნუ დაიბნევა, თუ ამ ადამიანებს ჩვეულებრივი ფერის თმა ექნებათ და ტანსაცმელიც კი სავსებით ჩვეულებრივი, ერთნაირი ეცმებათ. უბრალოდ, ვიზუალური მხარე ყოველთვის კარგი მაგალითია, მაშინაც კი, როცა კენ კიზის რომანზე ვსაუბრობთ, რომელიც მოდის ტენდენციებს სულაც არ ეძღვნება.
ინდივიდის გადარჩენა და, საზოგადოდაც, მისი არსი თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ამ გზაზე დღეს არც ცეცხლით, არც მახვილით და არც ავტომატებით არ იბრძვიან – ყველაფრის მოპოვება უსისხლოდ, მიზანაუცდენელი იარაღითაა შესაძლებელი. ხელოვნების არსებობის გამართლება მხოლოდ სიამოვნების მოგვრა, თვალის გახარება თუ ყურის ტკბობა არ არის – უსიამოვნო შეგრძნებების მოგვრა, თვალების აცრემლება და ყურის მოჭრაცაა, რათა ყურმოჭრილ მონებად არ ვიქცეთ, ისეთებად, რომლებიც დაუფიქრებლად მოკლავენ ადამიანს, თუ ამას უბრძანებენ; ხმას მისცემენ კანდიდატს მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში ფული გადაუხადეს; ჩაიცვამენ ლურჯ ჯინსს, რადგან ყველას ასე აცვია და თანაც “ჯინსი ლურჯი უნდა იყოს, ვის გაუგონია წითელი ჯინსი”; იზრუნებენ მხოლოდ საკუთარ ოჯახზე და საკუთარი ნაჭუჭის იქით ვერაფერს დაინახავენ, ხოლო თუ ეს ნაჭუჭი მყიფე გამოდგა და დაიბზარა, სხვებს დააბრალებენ; მათი საყვარელი საქმიანობა თავებისა და თვალების დახრა და მიწას ჩაჩერება იქნება, ხოლო საყვარელი ფრინველი – სირაქლემა. ასეთ ადამიანებს გამუდმებით აწუხებთ შეგრძნება, თითქოს ფეხსაცმელი უჭერთ, მაგრამ ჰგონიათ, რომ ეს ფეხსაცმელი “ხმარებაში გაიწევს”. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ფეხსაცმელი არაფერ შუაშია – საკუთარი თავი უჭერთ, რომელშიც, გასაწევად, არყის ჩასხმა სულაც არ არის საჭირო. ისინი კარგა ხანია შეუერთდნენ მსოფლიო გოგლიმოგლს.
ასეთი გოგლიმოგლი მზადდება კენ კიზის მინისამყაროში, რომელზეც ინდიელი ბრომდენი მოგვითხრობს, ძირძველი ამერიკელი, “რომლისგანაც მთავრობამ ინდიელად ყოფნის უფლების შესყიდვა მოინდომა”. ელექტროშოკით, ჰალუცინოგენური პრეპარატებითა თუ ლობოტომიით ექიმები პაციენტების დამორჩილებას ცდილობენ, ისეთებისაც კი, რომლებსაც არაფერი სჭირთ სამკურნალო და, მით უმეტეს, დასამორჩილებელი. გიგანტი ინდიელი ყრუმუნჯობას მოიგონებს, რადგან ასე უფრო იოლია, “სხვანაირად ამ ჭუჭყიან ცხოვრებას ამდენი ხანი რა გაუძლებდა”. სხვა პაციენტებიც არაფრით ჩამოუვარდებიან ბრომდენს დუმილსა და სმენის დაქვეითებაში და აზრადაც არ მოსდით, მიმიკებით მაინც გამოხატონ არაკეთილგანწყობა: ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი ესმით, არაფერს აკეთებენ. კომბინატი მათ კარგად ამუშავებს და რაიმე სახის ცდომილება თითქმის შეუძლებელია, რადგან მექანიზმის ყველა ჭანჭიკი უნაკლოდ გახლავთ გათვლილი. თუმცა კრახი მაშინ იწყება, როცა მოდის მაკმერფი თავისი ლაღი, გულღია სიცილით.
გუგულის ბუდეზე გადაფრენა, ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებს გარეთ გაღწევა მაკმერფის მოსვლამდე თუ მითი იყო, რომელიც მხოლოდ მაშინ იქცეოდა რეალობად, თუ გადაილახებოდა არა მარტო სასტიკი მედდა რეტჩედის, არამედ საკუთარი თავის შიშიც, მაკმერფის მოსვლის შემდეგ ისეთივე ხელშესახები გახდა, როგორებიც მხიარული გოგონები, კენდი და სენდი, იყვნენ. საბოლოოდ ამ “სეანსს”, “სიცილის თერაპიას”, თავისუფლების, დაუმორჩილებლობის იდეას ეწირება მაკმერფი, ბრომდენი კი გარბის.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის კლასიკური ბედნიერი დასასრული, რადგან “ჰეპი ენდისთვის” მიუღებელია კეთილი პერსონაჟის სიკვდილი, მაგრამ არც მთლად უიმედოდაა საქმე – სხვა პერსონაჟები ფრენას ისწავლიან:
Vintery, mintery, cutery, corn,
Apple seed and apple thorn;
Wire, briar, limber lock,
Three geese in a flock.
One flew east,
And one flew west,
And one flew over the cuckoo’s nest.
დღეს ჩემი დაბადების დღეა. დაბადება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი რამაა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამეც არსებობს, მაგალითად, ისეთი წიგნები, რომლებმაც ერთი ხელის თუ რამდენიმე ათეული ფურცლის მოსმით შეგცვალეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი მოზარდმა წაიკითხე. სწორედ ამიტომ გიამბეთ გუგულის ბუდეზე გადაფრენის შესახებ – ისინი ზუსტად ისეთივე სიმბოლურები არიან, როგორიც თქვენი ხორციელი მოვლინების თარიღი, ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ შეგიძლია დაიბადო.
დაბადების დღეს გილოცავ, მე.

რისგან შედგება ვებგვერდი

0

1989 წელს ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში (ფრ. Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, CERN), იქ, სადაც დღეს მსოფლიოს წამყვანი ფიზიკოსები ექსპერიმენტებს ატარებენ, დაიბადა ვების (World Wide Web (WWW)) კონცეფცია. ის ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნერს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners Lee) წარმოადგინა. მართალია, იმხანად ინტერნეტი უკვე გამართულად მუშაობდა, მაგრამ იქ თითქმის არაფერი იდო, მას ძირითადად როგორც საკომუნიკაციო ქსელს ისე იყენებდნენ – ელექტრონული დოკუმენტების გასაგზავნად და მისაღებად. ტიმ ბერნერს ლის იდეა კი ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ამავე დროს ინოვაციური იყო: ნაცვლად იმისა, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს ელექტრონული დოკუმენტები ერთმანეთისთვის ეგზავნათ, მან შექმნა სისტემა, რომლის საშუალებითაც ამ დოკუმენტების ინტერნეტში განათავსებდნენ და მათთან მუშაობა ნებისმიერ მსურველს შეეძლებოდა. ტიმ ბერნერს ლი ამას არ დასჯერდა – მან ინტერნეტში განთავსებული დოკუმენტების ლინკებით ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობაც შექმნა, ანუ მისი დოკუმენტები ჰიპერტექსტური იყო. ჰიპერტექსტურს უწოდებენ ისეთ დოკუმენტს, რომელშიც ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რომელიმე სხვა დოკუმენტთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, შესაძლებელია ერთი დოკუმენტის განსაზღვრული ნაწილიდან სხვა დოკუმენტზე გადასვლა.


(ცერნის ლაბორატორია)

ჰიპერტექსტის გაჩენამდე ტექსტთან მუშაობისას სასურველი ტერმინის შესახებ განმარტების მისაღებად წიგნი სხვა გვერდზე უნდა გადაგეშალათ ან სულაც სხვა წიგნში მოგეძებნათ პასუხი, ჰიპერტექსტის შემთხვევაში კი ერთი დოკუმენტიდან მეორეზე გადასვლა მაუსის ერთი დაჭერით შეიძლება. ამგვარი სისტემების შექმნა ვების გამოგონებამდეც უცდიათ; უბრალოდ, ტიმ ბერნერს ლიმ რამდენიმე ტექნოლოგიას ერთად მოუყარა თავი და მისი რეალიზაცია ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. იმდენად წარმატებული, რომ დღეს მრავალ ჩვენგანს ვების გარეშე ვერც გართობა და ვერც მუშაობა ვეღარ წარმოუდგენია.

ჰიპერტექსტური მარკიდების ენა (HTML)

ტიმ ბერნერს ლიმ თავისი ჩანაფიქრის რეალიზებისთვის შექმნა პროგრამული ენა, რომელსაც HTML-ი (Hiper Text Marcup Language) ანუ ჰიპერტექსტური მარკიდების ენა ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1989 წლის შემდეგ გაჩნდა უამრავი ვებტექნოლოგია, რომელთა ვებგვერდში ინტეგრირება შესაძლებელია, HTML-ი დღესაც ნებისმიერი ვებგვერდის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელი გადმოსახედიდან პირველი ვებგვერდები პრიმიტიულად გამოიყურება. შექმნის დროიდან HTML კოდში მრავალი ცვლილება შევიდა, რათა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოფილიყო შესაძლებელი. იცვლებოდა თავად HTML კოდიც. დროდადრო მასში ახალი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ჩნდებოდა. 1994 წლის ოქტომბერში ტიმ ბერნერს ლიმ მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (World Wide Web Consortium (W3C)) დააფუძნა. ეს ორგანიზაცია HTML-ის სტანდარტებს აყალიბებს. HTML-ის ბოლო მოდიფიკაციას HTML5 ჰქვია.

პირველი ბროუზერი 

 

ტიმს ბერნერ ლის მიერ შემუშავებული სისტემის (World Wide Web) ანუ ერთმანეთთან ლინკებით დაკავშირებული ვებგვერდების ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა ბროუზერის ანუ იმ პროგრამის გარეშე, რომლის საშუალებითაც ვებგვერდების გახსნას და მათში არსებული ინფორმაციის ნახვას ვახერხებთ. დღეს უამრავი ბროუზერი არსებობს – Mozila Firefox, Chrome, Opera, Internet Explorer და სხვ. პირველი ბროუზერი კი თავად ტიმ ბერნერს ლიმ შექმნა.

ტიმ ბერნერს ლიმ ბროუზერზე მუშაობა 1991 წელს დაასრულა. ბროუზერს საკმაოდ ბევრი ფუნქცია ჰქონდა, ამიტომ რიგითი მომხმარებლისთვის ადვილი არ უნდა ყოფილიყო ამ პროგრამის საშუალებით ვებგვერდის დათვალიერება. ისიც უნდა ითქვს, რომ იმ დროს ინტერნეტი მაღალტექნოლოგიურ ქსელად მიიჩნეოდა და ჩვეულებრივ მომხმარებელს იქ არაფერი ესაქმებოდა.

როგორ კეთდება ვებგვერდი

 

დღეს ვებგვერდის შესაქმნელად უამრავი საშუალება არსებობს. ყველაზე ადვილი რომელიმე ონლაინსერვისის გამოყენებაა. ამისთვის თავდაპირველად რეგისტრაციას გაივლით, მერე კი ადმინისტრატორის პანელის საშუალებით, რომლის პაროლიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ, თვითონვე ააწყობთ ვებგვერდს. ასეთი ვებგვერდი ადმინისტრატორის პანელიდანვე იმართება.
მეორე მეთოდი უკვე განსაზღვრულ ცოდნას მოითხოვს. შეგიძლიათ, მზა კოდები ინტერნეტში მოიძიოთ, მაგრამ საკუთარი მოთხოვნილებისამებრ მათი გადაკეთება მოგიხდებათ. რიგ შემთხვევაში ამის გაკეთებას კვლავ ადმინისტრატორის სამართავი პანელის საშუალებით შეძლებთ.
ასევე შეგიძლიათ, თავად დაწეროთ კოდი თქვენი ვებგვერდისთვის. პროგრამისტები, წესისამებრ, სწორედ ასე იქცევიან.

როგორ განვათავსოთ ვებგვერდი ინტერნეტში

 

თუ რომელიმე ონლაინსერვისს არ გამოიყენებთ და თავად შექმნით HTML კოდს, მაშინ თქვენი ვებგვერდის ინტერნეტში განსათავსებლად დაგჭირდებათ ჰოსტინგი (Hosting) – ფოლდერი რომელიმე სერვერზე, რომელშიც თქვენს ვებგვერდს განათავსებთ. სერვერები ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებია, რომლებშიც სხვა ყველაფერთან ერთად მთელი ის ინფორმაციაა შენახული, რომელიც ჩვენთვის ინტერნეტის საშუალებით ხდება ხელმისაწვდომი, ანუ ყველაფერს, რაც ინტერნეტშია, მთელ მსოფლიოში გაბნეული სერვერები ინახავენ.
ჰოსტინგთან ერთად აუცილებელია სახელი ანუ დომეინი (domain). ინტერნეტში ნებისმიერ გვერდს თავისი მისამართი, უნიკალური სახელი აქვს. საკმარისია, თქვენს ონლაინფოლდერში თქვენი შექმნილი გვერდი განათავსოთ, მერე კი ამ ფოლდერს სახელი ანუ მისამართი მიანიჭოთ, რომ თქვენი ვებგვერდი ამუშავდება.

შეკითხვის დასმა და პასუხზე ეფექტური რეაგირება დისკუსიისას

0

დისკუსიის წარმატება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია შეკითხვა. შეკითხვით დიალოგში შევდივართ აუდიტორიასთან. დიალოგის რეჟიმში არ არსებობს კითხვების ავტორისა და მოპასუხის მკაცრად განსაზღვრული როლები, არავის აქვს სიტუაციის ფლობის ექსკლუზიური უფლება. სწორედ “შეკითხვების რეჟიმი” წარმოადგენს ახალი ცოდნისკენ მიმავალ გზას. დიალოგი ცოცხალია მხოლოდ მაშინ, როდესაც ვსვამთ ღია შეკითხვებს, ვაძლევთ სხვებს აზრის ღიად გამოთქმის შესაძლებლობას და არ ველით მათგან წინასწარ ჩვენ მიერ მოფიქრებულ “სწორ” პასუხებს.

შეკითხვების მეშვეობით დისკუსიის წამყვანს შეუძლია:

* გაააქტიუროს აუდიტორია, მისცეს მას აზრის გამოთქმისა თუ ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა;
* წააქეზოს გამოცდილების გაზიარებისკენ – დისკუსიის მონაწილეებს შეუძლიათ, ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები, შეადარონ საკუთარი მოსაზრებები სხვისას;
* დაეხმაროს სიტუაციის გაგებაში – ფასილიტატორი ხელს უწყობს მონაწილეებს საკუთარი პრობლემების ჩამოთვლასა და სისტემატიზებაში (სტრუქტურირებაში);
* გაიგოს სხვისი აზრი – დისკუსიის პროცესში წამყვანი ცდილობს, მეტი გაიგოს საკითხისადმი/შეკითხვისადმი მონაწილეთა დამოკიდებულებაზე, მათ მოსაზრებებზე, ემოციებზე;
* შეამოწმოს, გაიგო თუ არა აუდიტორიამ განხილული საკითხი – სხვაგვარად მომდევნო საკითხზე გადასვლა არ შეიძლება;
* შეაფასოს სიტუაცია – მიიღოს უკუკავშირი. შეკითხვები სამუშაო სიტუაციის ანალიზსა და შეფასებაში გვეხმარება.
დისკუსიის წარმატება თავად შეკითხვაზეა დამოკიდებული. თუ დისკუსიის წამყვანს სურს, კარგი შეკითხვა დასვას, მან უნდა:
* იპოვოს შეკითხვისთვის შესაფერისი მომენტი;
* დასვას შესაფერისი კითხვა;
* სწორად შეარჩიოს შეკითხვის ფორმა.
ცნობილია, რომ შეკითხვას აქვს შინაარსი და ფორმა; ყველა კითხვა რაიმე შინაარსს უნდა შეიცავდეს, ფორმის მიხედვით კი განასხვავებენ ორ დიდ ჯგუფს – დახურულ და ღია შეკითხვებს.

დახურული შეკითხვა

ღია შეკითხვა

დახურულია შეკითხვა თუ მისი პასუხები წინასწარ განსაზღვრულია. დახურულ შეკითხვაზე პასუხს დიდი დრო არ სჭირდება; ჩევულებრივ დახურული შეკითხვის შემთხვევაში ადამიანს უხდება პასუხის შერჩევა და არა შექმნა.

ღია შეკითხვას წინასწარ განსაზღვრული პასუხები არ აქვს. მას შეიძლება მრავალი პასუხი ჰქონდეს; ღია შეკითხვა შესაძლებელია სხვადასხვა მიზანით დაისვას, როგორიცაა პასუხის დაკონკრეტება, პასუხის კიდევ უფრო გავრცობა, ახსნა-განმარტების მიცემა და ა.შ.

 

 

გარდა ამ ორი დიდი კატეგორიისა, გამოყოფენ დისკუსიისას გამოყენებულ შემდეგი ტიპის შეკითხვებს:
1. ალტერნატიული შეკითხვა;
2. სუგესტიური შეკითხვა;
3. კონტრშეკითხვა;
4. დაბრუნებული შეკითხვა.
ალტერნატიული შეკითხვა – შეკითხვაში, ასარჩევად, შეთავაზებულია ორი ან მეტი ალტერნატივა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის შეკითხვა, რომელშიც ასარჩევად არის მოცემული პასუხის რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად: “რა უფრო გიყვარს, ცურვა თუ თხილამურებით სრიალი?”
სუგესტიური შეკითხვა – ამგვარი შეკითხვით მანიპულაციით ხდება პარტნიორისგან თანხმობის მიღება. მაგალითად: “დარწმუნებული ვარ, როგორც ამ საკითხის მცოდნე, დამეთანხმებით, რომ …”
კონტრშეკითხვა – მსმენელს პასუხის გაცემისკენ უბიძგებს. ამგვარი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად შეიძლება გამოვიყენოთ ერთ-ერთი მეთოდი – შეკითხვის არეკვლა, ანუ შეკითხვაზე შეკითხვით პასუხი.
დაბრუნებული შეკითხვა – ეს არ არის შეკითხვის დამოუკიდებელი ფორმა, ეს შეკითხვაზე რეაგირების სპეციფიკური სახეა. ამ დროს შეკითხვას მისივე ავტორს უბრუნებენ. მაგალითად: “საინტერესო შეკითხვაა. თქვენ თვითონ რას ფიქრობთ ამის თაობაზე? რას ფიქრობენ ჯგუფის დანარჩენი წევრები?”
დისკუსიის მონაწილეთა შეკითხვებიც შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავაჯგუფოთ. დისკუსიის წარმართვისას მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა იცოდეს, რა ქვეტექსტია ჩადებული კონკრეტულ შეკითხვაში, რომ მასზე სწორი რეაგირება მოახდინოს.

 

თემის გაგებასთან დაკავშირებული შეკითხვები – თუ წინა შეკითხვას პასუხი არ გაეცა, მომდევნო თემის განხილვაზე გადასვლა არ შეიძლება – დისკუსიის მონაწილეები ვერ გაიგებენ მას ისე, როგორც საჭიროა. პასუხის დეტალურობა სიტუაციაზეა დამოკიდებული – შეკითხვა შეიძლება დავუსვათ ერთ მონაწილეს, ანდა თემის გაგებასთან დაკავშირებული პრობლემის განხილვაში მთელი ჯგუფი ჩავრთოთ. ამისთვის შეკითხვა შეიძლება შევუბრუნოთ ჯგუფს და მონაწილეებს მასზე პასუხის გაცემა ვთხოვოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტიპის კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებელია (თუნდაც მოკლედ). მნიშვნელოვანია ძირითადი დასკვნების გამეორება.

 

* პრაქტიკული შეკითხვები – ამ ტიპის შეკითხვები შეიძლება ინტერესის გამომხატველი შეკითხვების სპეციალური ვერსია იყოს. ეს შეკითხვები თემის/საკითხის პრაქტიკული მხარის მიმართ ინტერესის მაჩვენებელია. კონკრეტული მითითებები უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ – როდესაც მონაწილეებმა იციან, რა კუთხით გამოადგებათ გარკვეული გამოცდილება თუ ცოდნა მომავალში, მათი მოტივაცია იზრდება. მოქმედებების დეტალური გეგმის შემუშავება შეიძლება მცირე ხნით გადაიდოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ამ თემის ირგვლივ პრაქტიკული სავარჯიშოებია დაგეგმილი.
* შეკითხვები, რომლებიც ეხება თემის მნიშვნელობას/აქტუალობას – “რისთვის უნდა გავაკეთოთ ეს?” “რა საჭიროა?” – ეს შეკითხვები იმის მაჩვენებელია, რომ მონაწილეები ვერ ხედავენ ინფორმაციის მნიშვნელობას, ვერ ხვდებიან, რა საჭიროა ეს. მათ სურთ, დარწმუნებულნი იყვნენ თემის აქტუალობაში. სხვაგვარად მათი მოტივაცია დაეცემა. შეიძლება, ეს შეკითხვა შევუბრუნოთ ჯგუფს და მიმანიშნებელი შეკითხვებით პასუხის გაცემაში დავეხმაროთ.
* თემისგან შორს მყოფი შეკითხვები/დევიაციური შეკითხვები – ერთი შეხედვით, პრაქტიკულ ან თემის აქტუალობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ჰგავს, მაგრამ დევიაციური შეკითხვების მიზანი მათზე პასუხის მიღება არ არის – მათი ამოცანა თემიდან ყურადღების გადატანაა. ამ ტიპის შეკითხვებს ხშირად სვამს ის, ვინც არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში და დისკუსიის/თემის განხილვის დაწყებამდე მორცხვობს. დევიაციური შეკითხვები შესაძლოა იმის მანიშნებელიც იყოს, რომ მონაწილეები გადაიღალნენ – ისინი სვამენ ბევრ შეკითხვას და ნაკლებად აინტერესებთ პასუხები. წამყვანი უნდა შეეცადოს, დისკუსია ძირითად თემას დაუბრუნოს.
* რიტორიკული შეკითხვები/გავლენის მომხდენი შეკითხვები – რიტორიკული შეკითხვა უკვე შეიცავს პასუხს. ეს არის შეკითხვის ფორმა, რომელიც “სწორ პასუხს” თავისთავად გულისხმობს. შეკითხვის ეს ფორმა გამოიყენება საწინააღმდეგო აზრის ჩასახშობად. მაგალითად: “როდესაც ადამიანი თავს არიდებს პასუხს, ე.ი. რაღაც დასამალი აქვს, არა?” ამ ტიპის შეკითხვას ხშირად ისეთი მონაწილე სვამს, რომელსაც სურს, ექსპერტად აღიარონ, წარმოაჩინოს საკუთარი ცოდნა, გამოხატოს პოზიცია. ხშირად რიტორიკული შეკითხვის ფარული მიზანი ჯგუფსა და დისკუსიის პროცესზე გავლენის მოხდენაა. წამყვანმა/ფასილიტატორმა უნდა დაადასტუროს შეკითხვა, მაგრამ, ამასთანავე, უნდა უთხრას ავტორს, რომ ის რიტორიკულ შეკითხვად იქნება განხილული.
* ემოციური შეკითხვები – ამ ტიპის შეკითხვაში მნიშვნელოვანია ემოციური შინაარსი და არა ფაქტები. ის შეკითხვის ავტორის ან მთელი ჯგუფის ემოციებსა და გრძნობებზე იძლევა სიგნალს – გამოხატავს უკმაყოფილებას, აგრესიას ან თავის არიდები სურვილს. ფასილიტატორმა მხოლოდ ფაქტობრივ შინაარს არ უნდა გასცეს პასუხი; მან ყურადღება უნდა გაამახვილოს ემოციურ მხარეზე, სადისკუსიო ჯგუფში არსებულ ატმოსფეროზე, მონაწილეთა განწყობაზე, აუცილებლად მოახდინოს მონაწილეთა სტიმულირება, რათა მათ ღიად ისაუბრონ თავიანთ განწყობაზე, სურვილებსა თუ მოთხოვნილებებზე. მათი წინადადებები ყურადღებით უნდა იქნეს მოსმენილი და გათვალისწინებული.
პასუხებთან მუშაობა და მათი დამუშავება
დისკუსიისას პასუხზე რეაგირება ისე უნდა მიხდეს, რომ მოსაუბრე კმაყოფილი დარჩეს – იგრძნოს, რომ დისკუსიაში წვლილი შეიტანა. მაშინაც კი, როდესაც პასუხის შინაარსობრივი მხარე მიუღებელია, დისკუსიის მონაწილე უნდა გრძნობდეს, რომ მას გაუგეს. თუ მონაწილემ ინანა აზრის გამოთქმა, მას დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი აღარ ექნება, ამას კი ხშირად აგრესიულ ქცევასთან მივყავართ.
პასუხებთან მუშაობისას ყოველთვის უნდა იქნეს დაცული კომუნიკაციის წესები, მოხდეს თითოეული პასუხის გამეორება, გაგება და დადასტურება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შინაარსის განხილვასა და შეფასებაზე გადასვლა.
საკითხის შეჯამებისას შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიისას შეკითხვების ეფექტური გამოყენება და პასუხებზე ადეკვატური რეაგირება მოსწავლეებს დისკურსულ აზროვნებას უვითარებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დისკურსის დროს ხდება არა მარტო შინაარსისა და ფაქტების ორგანიზება საკითხის ირგვლივ, არამედ მისი ღრმა გააზრებაც ანალიზურ-სინთეზური გზით.

 

მენდელეევის პერიოდული სისტემის სწავლება მულტიმედიური მიდგომით

0

გიფიქრიათ, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ზეთისხილსა და ქიმიას? საზოგადოების დამოკიდებულება ორივეს მიმართ რადიკალურია – ან ძალიან უყვართ, ან პირიქით. ამ ნაყოფის პიკანტური გემოს აღქმას დახვეწილი გემოვნება სჭირდება. ასევეა ქიმიაც – თუ ერთხელ გაუგე გემო, მის ტყვეობას ვეღარასოდეს დააღწევ თავს. ეს დიდი, საინტერესო და იდუმალი სამყაროა, რომლის კარიც, მინდა, რაც შეიძლება მეტ ბავშვს შევაღებინო.

ყველა ადამიანი ნებით თუ უნებლიეთ თავის ბავშვობასთან ავლებს პარალელს. მეც ვიხსენებ, რომ ჩემი თაობა სამყაროს სამგანზომილებიან ატომურ-მოლეკულურ სურათს წარმოსახვით ატარებდა. დღეს კი, როდესაც ამდენი რესურსი არსებობს, მოტივაცია და ქიმიისადმი ინტერესი გაცილებით ნაკლებია. ტრიმესტრულმა ექსპერიმენტებმა და მეცნიერების უპერსპექტივობამ საბუნებისმეტყველო საგნებს “მეორეხარისხოვანთა” ნუსხაში მიუჩინა ადგილი. ქიმია სპეციფიკურ აზროვნებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ საგნის მარტივად და საინტერესოდ სწავლება, რაც შეიძლება მეტი რესურსის ლოგიკურად ჩართვა და, თითოეული გაკვეთილის სპეციფიკიდან გამომდინარე, თემატურად მორგებული მეთოდოლოგიის შერჩევა.

ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში, რომელიც სულ რვა წელიწადს მოიცავს, ვცდილობდი, თითოეული თემისთვის ყველაზე ეფექტური თანამედროვე მეთოდი მომერგო, მაგრამ იყო თემები, რომლებსაც, ბიჰევიორიზმის გარდა, ვერაფერი მივუსადაგე. ერთ-ერთი ასეთი თემა გახლდათ პერიოდული სისტემა, რომლის სწავლების მიმართაც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და გამუდმებით ვიმეორებდი: “ნეტავ, როგორ უნდა ვაქციო თითოეული ბავშვი მენდელეევად?!” ვერ გეტყვით, ამ დილემამ მიმიყვანა თუ სკეპტიციზმმა მეთოდურ მიგნებასთან, რომელიც, მინდა, განსჯისათვის წარმოგიდგინოთ.
იხ. ბმული:
ეს გახლავთ პერიოდული სისტემის ელექტრონული ვერსია, რომელიც აღმოჩენებით სწავლების თეორიის საფუძველზეა შემუშავებული. კვლევა მიზნად ისახავს აქტიურ სასწავლო პროცესში მოდელის დანერგვას, მოტივაციის ამაღლებას, თემის მარტივად და საინტერესოდ მიწოდებას. ამგვარად შეძენილი ცოდნა უფრო მოქნილი და უკეთ ორგანიზებულია მოსწავლის მეხსიერებაში და მომავალში უცნობ სიტუაციაში მისი გამოყენებაც უფრო გაუადვილდება. არსებობს ამ მოდელის მექანიკური ვერსიაც – ე. წ. ქიმიური “ტაბულა რასა”, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს, თუ ელექტრონულ ვერსიაზე ხელი არ მიგვიწვდება.

იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს, როგორ შეიძლება რესურსების გამოყენება, მაგალითად მოვიყვან კონკრეტულ თემას – “არამეტალები”.
არამეტალების საერთო თვისებების განზოგადების შემდეგ ასეთ დაფაზე მოსწავლეები პედაგოგის დახმარებით (თუ საჭირო გახდა) მარკერით შეავსებენ მხოლოდ არამეტალების კუთვნილ უჯრებს. ასევე ივსება ელექტრონული ვერსიაც, სადაც შეცდომა ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან ელემენტი, გარდა შესაბამისი უჯრისა, არსად ჩაჯდება. მოსწავლეები თვითონვე დაინახავენ პერიოდულ სისტემაში წარმოსახვით დიაგონალურ ხაზს, რომელიც პირობითად გადის მეტალებსა და არამეტალებს შორის, გარდა ამისა, იოლად მოახერხებენ არამეტალების მდებარეობის განსაზღვრას პერიოდულ სისტემაში და გაიგებენ, როგორ იცვლება მეტალური და არამეტალური თვისებები მარჯვნიდან მარცხნივ, ზევიდან ქვევით გადანაცვლებისას. შეცდომის შემთხვევაში კლასი იმსჯელებს და თვითონვე გამოიტანს ლოგიკურ დასკვნებს.
აღნიშნული რესურსები შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მარტო პერიოდული სისტემის სხვადასხვა თემის სწავლებისას, არამედ არაორგანული ქიმიის კურსიდან ცალკეული ელემენტებისა და ჯგუფების გაცნობის დროსაც, ასევე – ატომის აღნაგობის ელექტრონულ-გრაფიკული გამოსახვისას.
დასასრულ, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ძნელად ესმით ქიმია, რადგან სწორედ ისინი იქცნენ ამ მეთოდური მიგნების მოტივატორებად.
ამჟამად მიმდინარეობს პერიოდული სისტემის ელექტრონული ვერსიის სრულყოფა. საბოლოო ვარიანტი, როგორც დამხმარე ელექტრორესურსი, ახლო მომავალში პროფესიონალ ქიმიკოსთა ვებგვერდზე აიტვირთება.

“ბახტრიონი”, 1995

0

მე და ჩემი ძმა მესამე კლასში ვიყავით, როცა ზუგდიდში მარჯანიშვილის თეატრის დასი ჩამოვიდა და ჩვენმა ნათესავმა, მსახიობმა კოტე თოლორაიამ, დიდიან-პატარიანად დაგვპატიჟა სპექტაკლ “ბახტრიონზე”.

ალბათ ოქტომბრის ბოლო იქნებოდა, მოღრუბლული იყო და თბილად გვეცვა. თეატრის კიბეებთან ჟურნალისტი და ოპერატორი დაგვხვდნენ. დედაჩემი არ დაიბნა – სახელოვანი ხალხი ჩამოვიდა და მოხარული ვართ, რომ ამ წარმოდგენას ვესწრებითო.

ამდენი ნამდვილი მსახიობი მანამდე მხოლოდ კინოში მენახა, უფრო ზუსტად – ტელეეკრანზე, რომელიც უწყვეტი უშუქობის ფონზე დროდადრო გამოანათებდა ხოლმე ჩვენს ბავშვობაში. ცეცხლი ტრიალებდა სცენაზე, გმირები ხმალ-ხანჯალს აკვესებდნენ სამშობლოსათვის, მსხვერპლად ეწირებოდნენ, დიდებული სანახაობა იყო.


(ზუგდიდი, შალვა დადიანის სახელობის თეატრი)

დღეს არც ერთ თეატრმცოდნეს კარგი არაფერი წამოსცდება თემურ ჩხეიძის ამ სპექტაკლზე, მაშინ კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავად მოჩანდა ყველაფერი, განსაკუთრებით კი ერთი პერსონაჟი – ქადაგი, რომელსაც საქვეყნოდ ­­ცნობილი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა და, გარდა იმისა, რომ “დათა თუთაშხიას” წყალობით ისედაც პოპულარული გამხდარიყო, აქ მაინც ყველასგან გამოირჩეოდა.

მსახიობების ყოველ მოძრაობას ხარბად ისრუტავდა მაყურებელი. საომარი მზადყოფნა რომ გამოცხადდა და განათების ნაცრისფერ შუქში იარაღმაც გამოანათა, ჩემი ძმა მეუბნება: “ბიჭოო, რა მაგარია! არ მაჩუქებენ?” “რად გინდა”, – ვამბობ ჩურჩულით, – “მართალიანი კი არ არი, ისე, ვითომ, სათამაშოა”. ჩემს ძმას კარგად ახსოვს, როგორ მოგვცეს სოფელში სტუმრად მოსულმა ჯარისკაცებმა ნაღდი ა-კა-ესის ტყვიები, მერე ბაბუამ რომ გადაგვიყარა, რად გინდათ, მხედრიონელების ნაჩუქარიაო.

წარმოდგენის შემდეგ, როცა მსახიობების “პაკლონი” და არნახული ტაშისცემა მორჩა, ქადაგმა ითხოვა სიტყვა. იმ დღეს პირველად ვნახე ოთარ მეღვინეთუხუცესი როლს გარეთ და, სიმართლე გითხრათ, მეუცხოვა. რაღაცნაირად გაუგებარ და მოულოდნელ სიტყვებს ამბობდა. პერსონაჟის ტყავიდან თავდაღწეული, თითქოს ჯერ კიდევ მისით იყო შებოჭილი, მაგრამ პიესის ენით კი არ ლაპარაკობდა, არამედ თანამედროვე, მარტივი სიტყვებით. ეს სიმარტივე მას ბრძენის, ვაჟკაცის, ზებუნებრივი პიროვნების იერისგან ძარცვავდა და ჩვეულებრივ, რიგით მოკვდავს ამსგავსებდა.

იმ სიტყვების ზედმიწევნით აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ უმთავრესი, რამაც ელდასავით გადაუარა დასჯილი, დარბეული, აოხრებული, რეპრესირებული ქალაქის სიჩუმეში ჩაფლულ მაყურებელს, ასე დამამახსოვრდა:

– მძიმე ჟამი უდგას საქართველოს, – ამბობდა ქადაგი, – სამოქალაქო ომებმა და ძმათა შორის დაპირისპირებამ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა. ამას დაემატა დაკარგული ტერიტორიები, ათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში. ბევრი ფიქრის დრო არ არის. უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და სიფხიზლე, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მხარი დავუჭიროთ ედუარდ შევარდნაძეს – მხოლოდ მას შეუძლია, ქვეყანა განვითარების გზაზე დააყენოს…

…მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ერთმანეთის მიყოლებით შეიცვალა მმართველი პარტიები, უმაღლესი ხელისუფლება, აღზევებული ჩინოვნიკები აღარავის ახსოვს. ისევ ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსები თუ გაიხსენებენ ერთმანეთს, საეჭვო წარსული და გამოცდილების უქონლობა რომ წამოაძახონ. სამაგიეროდ, შეუძლებელია დავიწყებას მიეცეს ბავშვის მეხსიერებაში დალექილი სურათი, როგორ მოუწოდებდა ოქტომბრის მოღრუბლულ დღეს სცენაზე შემართული ახოვანი ქადაგი სიცივით მობუზულ ხალხს, საარჩევნო ყუთთან მისვლისას არ დავიწყებოდათ ერთადერთი რეალური კანდიდატი, რომელიც ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებდა.

– მძიმე ჟამი უდგას საქართველოს, სამოქალაქო ომებმა და ძმათა შორის დაპირისპირებამ…
ბავშვის გონებაში ქადაგის მარტივი, ელექტორატისთვის გამიზნული სიტყვები უცებ სხვა, კინოფილმის ნაცნობი მეამბოხე ფრაზით იცვლებოდა. ფრაზას მეფე წარმოთქვამდა:

– ქურდები არიან ბიზანტიელები: სჯული ებრაელებს მოჰპარეს, ენა – ძველ ბერძნებს, ბულგარელებს – ცეტინიუმი, სომხებს – ანისი, ბასიანს გადაღმა ქვეყნები – ქართველებს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათ ჯერაც…

და ასე ენაცვლებოდა ერთმანეთს: ხან – ქადაგის წინასაარჩევნო ქადაგება, ხან – შეუდრეკელი, მონობისა და მორჩილების უარმყოფელი მეფე… ერთი მსახიობის შესრულებით.

სააზროვნო პროცესების ხარისხი, მისი ინდივიდუალური თავისებურებები და სასკოლო პრაქტიკა

0
ტერმინით „აზროვნება” აღინიშნება  ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური და უაღრესად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური შესაძლებლობა. იგი უმნიშვენლოვანესია   იმდენად, რამდენადაც გონება ადამიანის თანდაყოლილი დამახასიათებელი თვისებაა. ამით აზროვნება, როგორც ასეთი, იძენს სოციალურ და პიროვნულ მნიშვნელობას. მაგრამ როდესაც ადამიანი ფიქრობს, აზროვნებს, ის არ შემოიფარგლება ამა თუ იმ ფაქტის მხოლოდ კონსტანტაციით, რაოდენ ნათელი, საინტერესო, ახალი და მოულოდნელიც არ უნდა იყოს ის. აზროვნება მუდმივად მიდის წინ, ღრმავდება და წვდება მოვლენათა არსს და ამ გზით მიჰყავს ადამიანი  მეტნაკლებად მსგავს  მოვლენებს შორის კანონზომიერებების აღმოჩენამდე. 

და მაინც, რა არის აზროვნება როგორც პროცესი?

აზროვნება როგორც პროცესი, ნიშნავს, შეისწავლო შინაგანი, ფარული მიზეზები, რომელთაც მივყავართ ამა თუ იმ შემეცნებითი  რეზულტატის მიღებასთან. ასეთი   აზროვნების რეზულტატებს, პროდუქტებს, მიეკუთვნებიან, მაგალითად, შემდეგი ფაქტები: 

<გადაწყვიტა თუ არ გადაწყვიტა ამოცანა მოცემულმა მოსწავლემ;
<წარმოეშვა თუ არა  მას აზრი, გადაწყვიტის გეგმა, ჩანაფიქრი;
<შეითვისა თუ არა გარკვეული ცოდნა, მოქმედების საშუალებები;
<ჩამოუყალიბდა თუ არა მას ახალი გეგმები და ა.შ.

ამოცანის ამოხსნისას ადამიანი ავლენს ცოდნის შეძენის ახალ-ახალ, აქამდე მისთვის უცნობ პირობებს.

შესაბამისად, ახალი მიზნების და იდეების კვალდაკვალ მიმდინარეობს აზროვნების  პროცესის კორექციაც. ამიტომ  ძნელია, წინასწარ დააპროგრამო აზროვნების მიმდინარეობის ეტაპები. 

აზროვნების პროცესზე სხვადასხვა შეხედულებების არსებობის გამო ფსიქოლოგები აზროვნების ფორმირების სხვადასხვა გზას გვთავაზობენ:

პირველ შემთხვევაში, ისინი ამოდიან იქედან, რომ აზროვნების ყოველი  წინა სტადია („ნაბიჯი”) დასაბამს აძლევს მომდევნოს. ზოგადად ეს თეზისი სწორია, მაგრამ   არასაკმარისია. შეუძლებელია პრობლემის გადაჭრის მოლოდინში გონებრივი შესაძლებლობები ზუსტად გაითვალოს. 

მეორე, საწინააღმდეგო მოსაზრება კი პირიქით, გადამეტებით აფასებს „მოულოდნელი” გადაწყვეტილების მოლოდინს. 

ორივე მოყვანილი  თვალსაზრისი აღიარებს შემეცნების პროცესში „მოლოდინის” უპირატესობას, თუმცა პირველი მათგანი არასათანადოდ,  მეორე კი გადამეტებით აფასებს მის მნიშვნელობას.  არსებობს მესამე შეხედულებაც, რომელიც  საერთოდ უარყოფს „მოლოდინის”  მნიშვნელობას ამოცანის გადაჭრის პროცესში.  

შედარებით ფართო გავრცელება ჰპოვა მესამე შეხედულებამ.  იგი გულისხმობს, რომ სააზროვნო პროცესის მიმდინარეობის კვალადაკვალ (გაიხსენო, გაითვალისწინო, შეეცადო გამოიყენო…)  უნდა შეარჩიო ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია.  მისი მიგნების პროცესში კი  მოსწავლემ უნდა მოიგონოს, გაიხსენოს საგნის, მოვლენის ყველა თვისება და უნდა შეეცადოს გამოიყენოს თითოეული  მათგანი. საბოლოოდ,  იგი იპოვის ამ შემთხვევის  შესაბამის პასუხს. ამ დროს  პასუხის შერჩევისას ობიექტის მხოლოდ განსაკუთრებული თვისება წამოიწევა წინა პლანზე და ის გამოიყენება გადაწყვეტილების მიღებისას. 

მაგრამ რა წარმართავს ზოგადად აზროვნების პროცესს? აზროვნების პროცესს წარმართავს წინააღმდეგობა მიზანსა და საშუალებას შორის. სქემატურად პრობლემის სტრუქტურული ელემენტები ასე  შეიძლება  გამოიხატოს: 

მაგრამ აზროვნება, როგორც ყველა სხვა  საქმიანობა, ყოველთვის გამოწვეულია რაღაც მოთხოვნილებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას კონკრეტულ მდგომარეობაში, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება ანალიზის, სინთეზის და ა.შ. მოთხოვნილება. 

ზოგადად აზროვნების მოტივები ორი სახისაა: სპეციფიური და არასპეციფიური. პირველ შემთხვევაში (სპეციფიური აზროვნება): სააზროვნო პროცესების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ინტერესები და მოტივები, რომელშიც ვლინდება შემეცნებითი მოთხოვნილებები (ცნობისმოყვარეობა, ცოდნის შეძენისადმი მიდრეკილება და ა.შ.). 

მეორე შემთხვევაში (არასპეციფიური  აზროვნება )  აზროვნება  იწყება მეტნაკლებად შინაგანი მიზეზების  და არა წმინდა შემეცნებითი ინტერესების გამო. მაგალითად, მოსწავლემ შეიძლება მოამზადოს გაკვეთილები და ამოხსნას  ამოცანა, მაგრამ არა იმისთვის, რომ ცოდნის შეძენა აინტერესებდეს, არამედ იმისთვის, რომ არ ჩამორჩეს ამხანაგებს. აზროვნების საწყისი მიზეზის მიუხედავად, მთავარია, რომ ზოგადად ამ პროცესის  დაწყებისას განხორციელებას იწყებენ შემეცნებითი მოტივები. მაგალითად, ხშირია, რომ მოსწავლე სწავლობს მხოლოდ უფროსების ძალდატანების გამო, მაგრამ სწავლის პროცესში,  აზროვნების კვალდაკვალ წარმოიშობა და ვითარდება გაცილებით ღრმა და ძლიერი შემეცნებითი მოთხოვნილებები. 

მაშასადამე, ადამიანი იწყებს აზროვნებას ამა თუ იმ მოთხოვნილების გამო და მისი შემოქმედების, აზროვნების კვალდაკვალ წარმოიშობა და ვითარდება უფრო ღრმა და ძლიერი შემეცნებითი მოთხოვნილებები. 
მიზნის მიღწევის და შესრულების აუცილებელი პირობების  მოძებნის პროცესია პრობლემის გადაწყვეტა. გამოყოფენ სამი ტიპის სააზროვნო ქმედებას, რომელიც შეესაბამება პრობლემის გადაწყვეტის პროცესს. ესენია: პრობლემაზე ორიენტირებული ქმედება, შესასრულებელი სამუშაო და პასუხის მოძიება. 

ორიენტირენული ქმედება იწყება პირობის ანალიზიდან. ამ დროს,  აზროვნებითი ძიებისას,  მთავარია  ჰიპოთეზის წარმოშობა, რომელიც მიიღება  არსებული ინფორმაციის საფუძველზე, პირობების ანალიზის საფუძველზე და ხელს უწყობს შემდეგი ძიების პროცესს, მართავს აზროვნებას, რის შედეგაც ვიღებთ გადაწყვეტილების მიღების გეგმას. ჰიპოთეზების ჩამოყალიბება ჩვეულებრივ ხდება პიროვნების შემოქმედებითი  საქმიანობის დროს. 

შესასრულებელი სამუშაო ძირითადად რეალიზდება  გადაწყვეტილების მიღებისას. პასუხის ძიებისას შერჩევის შედეგად მიღებული  შედეგი თუ შეესაბამება ამოსავალ პირობებს, პროცესი მთავრდება. თუ არა – გადაწყვეტილებს პროცესი გრელდება და გრძელდება მანამ, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება ბოლოდე თანხმობაში პრობლემის პირობებთან.

მაგრამ თუ სუბიექტს გააჩნია ე.წ. წინარე ცოდნა (გამოცდილება, მიზნის მიღწევის საშუალებები) მოძიებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, მაშინ სიტუაცია, როგორც ასეთი, არ იქნება პრობლემური სუბიექტისთვის და მისი გადაწყვეტა ფაქტიურად მოხდება მზა ცოდნის საფუძველზე (ფსიქოლოგიაში ასეთ აზროვნებას უწოდებენ რეპროდუქტიულს). 

მაგრამ თუ არაა მზა საშუალებები, წარმოიქმნება მათი მიღწევის, მოძიების  აუცილებლობა. ეს პროცესი მოითხოვს რეპროდუქციულ, შემოქმედებით აზროვნებას. 

პრობლემის გადაჭრისას მნიშვნელობა ენიჭება ემპირიულ და თეორიულ აზროვნებასაც. მაგალითად, ეძებს რა ამოცანის გადაჭრის საშუალებებს, სუბიექტს შეუძლია ააგოს მოცემული კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის საშუალება, ანდა იპოვოს ზოგადად ყველა ასეთი ტიპის დავალების გადაწყვეტის საშუალება. თეორიული აზროვნება განზოგადებული ფორმით გვაძლევს ამოცანის ამოხსნის გზებს, რომელსაც   პრაქტიკული ქმედებისას ისედაც წავაწყდებით შემდეგში. თეორიული აზროვნების დროს აზროვნებას აქვს ე.წ. დაგეგმვის ფუნქცია. 
მაგრამ მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, აზროვნებას გააჩნია მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ხასიათი. და რომ არა ის, სააზროვნო პროცესები ასეთი მრავალმხრივი და ამოუწურავი არ იქნებოდა.  ზოგადად ადამიანებში აზროვნების   თავისებურებები  ვლინდება იმით, რომ მათთან სხვადასხვაგვარადაა  დალაგებული სააზროვნო პროცესებს შორის (ვიზუალური, გამომსახველობითი,  სიტყვიერ-ლოგიკური და აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნება)   თანაფარდობა. აზროვნების  თავისებურებას მიეწერება ის  შემეცნებითი პროცესებიც, რომელიც თან ახლავს გონების პროდუქტიულობას: დამოუკიდებლობა, სიღრმე, ფართო აზროვნება, მოქნილობა, აზროვნების სიჩქარე, შემოქმედებითობა, კრიტიკულობა, ინიციატიურობა და ა.შ. 

მაგალითად, შემოქმედებით საქმიანობაში  აუცილებელია, რომ ადამიანი ფლობდეს დამოუკიდებლობას, კრიტიკულ აზროვნებას, შეეძლოს საგნის არსის და მოვლენის სიღრმისეული წვდომა, იყოს ცნობისმოყვარე, რომელიც დიდწილად უზრუნველყოფს  გონებრივი მოღვაწეობის პროდუქტიულობას. 
რამდენად მნიშვნელოვანია აზროვნების თითოეული თვისება სწავლა/სწავლების პროცესში? 
აღნიშნული საკითხი განვიხილოთ ისტორიის სწავლების მაგალითზე:

დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ რთული კითხვაა   კრიტიკულად მოკლე დროში პასუხის გაცემისთვის, მით უფრო, როცა გაკვეთილის შემდგომი  წარმატებული დ საინტერესო მსვლელობა ბევრადაა დამოკიდებული ამ პასუხზე. 
მოცემული დავალების საპასუხო მოსალოდნელი ქცევის მაგალითზე (მან წარმატებით გაართვა თავი დავალებას, გამოიყენა მთელი წინარე ცოდნა და ა.შ.) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსწავლის   აზროვნებამ  საკმაოდ სწრაფად შეასრულა მოცემული დავალება, გაიაზრა, გამოიყენა მთელი წინარე ცოდნა, შეადარა ერთმანეთს ანტიკური, შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის პერიოდის ისტორიული კვლევის მეთოდები, მიზნები და მივიდა შედეგამდე. გაკვეთილი წარმატებით გაგრძელდა.  

ფაქტობრივი მასალის ცოდნის გარდა რამ შეუწყო ხელი მოსწავლეს დავალების წარმატებით შესრულებაში? თუ დავაკვირდებით შესასრულებელი სამუშაოს მოთხოვნას და პირობას,   დავინახავთ, რომ მისი შესრულებისთვის მოსწავლემ თითქმის ყველა ის სააზროვნო უნარი გამოიყენა, რომელიც აზროვნების ინდივიდუალური თავისებურებების მაჩვენებელია (დამოუკიდებლობა, სიღრმე, ფართო აზროვნება, მოქნილობა, აზროვნების სიჩქარე, შემოქმედებითობა, კრიტიკულობა, ინიციატიურობა და ა.შ.). 

დაწვრილებით განვიხილოთ, რას გულისხმობს თითოეული მათგანი:

აზროვნების სიჩქარე/სწრაფი აზროვნება – ეს უნარი გულისხმობს  სააზროვნო პროცესების სიჩქარეს, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანისაგან მოითხოვენ კრიტიკულად  მოკლე დროში გადაწყვეტილების მიღებას.

რაც შეეხება დამოუკიდებელ აზროვნებას –  ესაა   საკუთარი აზროვნების გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა. იგი გამოვლინდება უნარში – დაინახო და წამოაყენო ახალი კითხვა, ახალი პრობლემა და  შემდეგ გადაწყვიტო იგი საკუთარი ძალებით. ითვლება, რომ აზროვნების შემოქმედებითი  ხასიათი  ზუსტად ასეთი  დამოკიდებულების დროს გამოიხატება ყველაზე მკვეთრად. 

აზროვნების მოქნილობა – ესაა შესაძლებლობა შეცვალო საგნებისა და  მოვლენების,  მათი თვისებების და უთიერთობების აქამდე არსებული განხილვის ასპექტები; ესაა უნარი, შეცვალო ამოც; ანის ამოხსნის  აღებული კურსი, თუ ის ვერ შეესაბამება შეცვლილ პირობებს აზროვნების მოქნილობა – ესაა არსებული მონაცემების აქტიური სტრუქტუირება, მათი გაგება და გამოყენება,   როცა შეგიძლია შეცვალო მანამდე არსებული წარმოდგენები, პრობლემის გადაჭრის გზები, თუკი ისინი ვერ დააკმაყოფილებენ იმ  ახალ პირობებს, რომლებიც თავად ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე დროდადრო წარმოიქმნებიან.

აზროვნების ინერტულობა – ეს იგივე შაბლონებით აზროვნებაა, როცა აზრები  „ჩვეულებრივ”, „არსებული,  ერთხელ მიღებული წესის მიხედვით მიედინებიან”, უჭირთ გადასვლა  ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ანუ ვერ ახერხებენ „არსებული სისტემების გადაფასებას”.  

სააზროვნო პროცესების განვითარების ტემპი  – ესაა იმ  სავარჯიშოების მინიმალური რაოდენობა, რომელიც  აუცილებელია გადაწყვეტილების პრინციპის განზოგადებისთვის.   

აზროვნების ეკონომიურობა – ესაა ლოგიკური ნაბიჯების, განხილვების რაოდენობა, რომელთა საშუალებითაც ხდება ახალი კანონზომიერებების ათვისება.  

გონების სიფართოვე – ესაა უნარი აითვისოს და გადაამუშავოს დიდი ინფორმაცია ცოდნის სხვადასხვა სფეროდან და მიმართულებებიდან.

აზროვნების სიღრმე –  ესაა აზროვნების უნარი, შეაღწიოს არსში, მოვლენაში, „შიგნიდან” გაარკვიოს მიზეზები, წინასწარ განჭვრიტოს შედეგები.

აზროვნების თანმიმდევრულობა – ესაა უნარი შეინარჩუნო მკაცრი ლოგიკური წესრიგი ამა თუ იმ საკითხის განხილვისას. 

კრიტიკული აზროვნება – აზროვნების თვისება, რომლის მეშვეობითაც  ხდება ზოგადად აზროვნების შედეგების შეფასება,  მასში ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა; ამ დროს ხდება პოზიტიურის გამტკიცება.
აზროვნების მდგრადობა – აზროვნების ხარისხი, რომელიც ვლინდება უკვე არსებული ღირებულებების, მნიშვნელოვანი თვისებების, კანონზომიერებებისადმი  ერთგულებაში; როცა ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და ცოდნა ორიენტირებულია აღიარებულ ჭეშმარიტებაზე.

გააზრებული  აზროვნება –  აზროვნების ხარისხი, რომელიც ვლინდება შესაძლებლობაში, დაინახო  მუშაობის შედეგი, ასევე ის თვისებები, საშუალებები, რომლეთა დახმარებითაც ეს შედეგი იქნა  მიღწეული.

ყველა ზემოთნახსენები თვისება (გონების პროდუქტიულობა, დამოუკიდებლობა, სიღრმე, ფართო აზროვნება, მოქნილობა, აზროვნების სიჩქარე, შემოქმედებითობა, კრიტიკულობა, ინიციატიურობა და ა.შ.) ინდივიდუალურია, მაგრამ ისინი ასაკის მიხედვით იცვლებიან და გადიან კორექციას.  

ეს ინდივიდუალური თვისებები აუცილებად უნდა გავითვალისწინოთ, რათა სწორად შევაფასოთ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და ცოდნა. ამით ჩვენ შევძლებთ, წინ წამოვწიოთ მოსწავლეთა აზროვნების პოზიტიური მხარეები და სწავლა/სწავლების პროცესი უფრო მოტივირებული და ეფექტური გავხადოთ.  

ოლგა დაუტოვა, ნატალია ლაპინინა -მორალური შეგნების ჩამოყალიბება_ განათლების ფილოსოფიის პრობლემა

0

სოციალური ყოფისა და კულტურის გარდაქმნის გლობალური პროცესები განსაზღვრავს განათლებისადმი მიდგომების სერიოზულ ტრანსფორმაციას, თანამედროვე სკოლის ახალი მოდელების ფორმირებას. 21-ე საუკუნის სკოლამ ისეთი პედაგოგიური სისტემა უნდა შეიმუშაოს, რომელიც განათლებას დაუკავშირებს პიროვნების სულიერი სამყაროს ჰოლისტიკურ ფორმირებას უფრო ფართო კულტურულ კონტექსტში.

21-ე საუკუნის დასაწყისი წარმოადგენს გარდამავალ ეპოქას ინდუსტრიულიდან პოსტინდუსტრიული საზოგადოებისკენ და ანთროპოგენური, ინფორმაციული ცივილიზაციის სიმბოლოა. არასტაბილურ, განუსაზღვრელ და ქაოსურ გარემოში პიროვნების სოციალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა მძაფრდება. ზნეობრივი ფასეულობები სისტემურ საწყისსა და ჰუმანიტარული კულტურის სულს წარმოადგენს. მორალური შეგნება სოციალურ გარემოსა და ეთიკურ ნორმებს შორის დაპირისპირების დროს ვითარდება. ადამიანი საკუთარი მორალური ფილოსოფიის შემოქმედი ხდება. ამიტომ მორალური პოზიციის ჩამოყალიბება და მისი ბუნების გამოვლენა სასკოლო განათლების დონეზე განათლების ფილოსოფიის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.
მორალური შეგნების ინდივიდუალური განვითარების დონეების ანალიზისას ჩვენ მივმართავთ სტრუქტურულ-გენეტიკურ მიდგომას, რომელიც კოგნიტიურ ფსიქოლოგიაში გამოიყენება, ასევე – კულტურულ-ისტორიულ და კულტურშემოქმედებით მეთოდებს. პიროვნების მორალური შეგნების ტიპოლოგიზაცია შეიძლება განხორციელებული იქნეს შემდეგ დებულებებთან შესაბამისობით:

* მორალური პიროვნების ჩამოყალიბება ეტაპობრივი პროცესია;
* ყოველი ადამიანი ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე ცნობიერების განვითარების განსაზღვრულ სტადიებს გადის: ადრეული ასაკიდან, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა სახის (მათ შორის – მორალური) ცოდნის ათვისებას, ზრდასრულამდე, როცა ადამიანს აქვს პირადი შეხედულებები, რის საფუძველზეც იღებს იგი შემოქმედებით და მორალურ გადაწყვეტილებებს;
* მორალური შეგნების ცვლილება დაკავშირებულია პიროვნების მორალური განვითარების ეტაპებთან;
. მორალური შეგნების დონე განისაზღვრება მეტყველების, ლოგიკური რეფლექსიის, ენობრივი გარემოს, სოციოკულტურული კონტექსტის განვითარების კვალობაზე, ასევე – სოციალური ინტერაქციის გამოცდილების დონით და ემოციურ-გრძნობითი სფეროს განვითარების ხარისხით.
არსებობს პიროვნების მორალური შეგნების ფორმირების შემდეგი ტიპოლოგიზაცია:
. ვერბალურამდელი დონე (3 წლამდე) – მორალური შეგნება არ არსებობს.
. პატერნალისტური დონე (3-6(7) წელი) – ორიენტაცია დასჯა-დაჯილდოებაზეა. კარგია ის, რასაც სიამოვნება და კმაყოფილება მოაქვს. ეს კმაყოფილება რომ მივიღოთ და სასჯელი თავიდან ავიცილოთ, მშობლებს უნდა დავუჯეროთ. საქციელი კარგია ან ცუდია, თუ ასე აფასებენ მას უფროსი ადამიანები. ქცევა ფასდება მისი შედეგით.
. კონვენციური დონე (7-12) – ინსტრუმენტული ჰედონიზმი (საპასუხო სამართლიანობა) როგორც მორალური პოზიციის აგების პრინციპი. სხვებს ისე უნდა მოეპყრო, როგორც ისინი გეპყრობიან. კარგია ის, რაც საკუთარი სარგებლისთვის გამომადგება. კარგია საქციელი, თუ ის შეესაბამება სოციალური ინტერაქციის დადგენილ წესებს.
. რეფლექსიური დონე (7-12) – ღირებულებითი ფასეულობები: ურთიერთმოლოდინი და თანხმობა. კარგია ის, რაც ჯგუფის, სოციუმის ინტერესებს შეესატყვისება, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას, ნორმალურად იფუნქციოს და თავიდან აიცილოს ქაოსი. ერთმანეთს “ოქროს წესის” მიხედვით უნდა მოვექცეთ. ქცევა კარგია, თუ ის გამოსადეგია საზოგადოებრივი სიკეთისთვის და შეესაბამება ჩემი სინდისის მოთხოვნებს. სინდისი ჩემი ქმედებების უმთავრესი მოწმეა.
. მორალური სიმწიფისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დონე – ორიენტაცია გლობალური მორალის იმპერატივებისკენ. კარგია ის, რაც ხელს უწყობს სამყაროში სიკეთის გავრცელებას. ქცევის შედეგი არ უნდა იყოს დედამიწაზე სიცოცხლის გაგრძელებისთვის დესტრუქციული. ქცევა კარგია, თუ მას საფუძვლად სამყაროსადმი სიყვარული უდევს და საერთოსაკაცობრიო ეთიკურ პრინციპებს განამტკიცებს.
მორალური განათლება გაიგება როგორც კაცობრიობის ზნეობრივი გამოცდილების უმაღლეს მიღწევებთან ზიარება, პიროვნებაში თავისუფლებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განვითარება. მორალური განათლება ვერ დასრულდება ადამიანის სიცოცხლის გარკვეულ პერიოდში, რამდენადაც “პიროვნება და თავისუფლება არ წარმოადგენს ისეთ მზა მოცემულობებს, რომელთა სრული რეალიზება ოდესმე იქნება შესაძლებელი” (ს. ჰესენი). ღირებულებითი ცნობიერების მაფორმირებელი მექანიზმის წყაროა განცდა.
დ. დიუის მიერ შემოთავაზებული აღზრდის “მეცნიერული მეთოდი” დაფუძნებულია მეთოდოლოგიურ მიდგომაზე პიროვნების ბუნებრივი, გენეტიკური უნიკალურობის შესახებ, რომელიც განვითარებას პიროვნული გამოცდილების შეძენის პროცესში პოვებს. აქვე იკვეთება ორი ძირითადი ამოცანა ბავშვებთან მუშაობის ორგანიზაციის თვალსაზრისით:

1. ცოდნის შეძენის მეთოდებსა და საშუალებებში გათვითცნობიერებულობა;
2. მოსწავლეების დაკავშირება ცოდნის მიღების წყურვილის მასტიმულირებელ მდგომარეობებთან.
დიუის მიხედვით, გამოცდილება ნიშნავს ყველაფერს, რისი განცდაც შეიძლება. მორალური ნორმები და პრინციპები ინტელექტუალური ინსტრუმენტებია, რომელთა ღირებულებაც დამოკიდებულია ადამიანის შესაძლებლობაზე გამოიყენოს ისინი მორალური კონფლიქტის კონკრეტულ სიტუაციებში სწორი ქცევის განსახორციელებლად. სისწორის კრიტერიუმი კი საყოველთაო აღიარებაა და არა ობიექტურობა. კომუნიკაცია, თანამონაწილეობა მორალური კანონის უნივერსალიზაციის ერთადერთი მეთოდია. ეს პასუხობს საზოგადოების დემოკრატიული განვითარების მიზანს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე წარმოადგენს პიროვნების ზრდის წინა პირობას. მასწავლებლის როლი აღსაზრდელის შინაგან სამყაროსა და ცვალებად სიტუაციებს შორის შუამავლის ფუნქციამდე დაიყვანება. საჭიროა გარკვეული დრო, სანამ გამოცდილება აღიარებულ იქნება ყველანაირი ცოდნის განსაკუთრებულ წყაროდ, მათ შორის – სოციალური და მორალური საკითხების სფეროებშიც კი.
ამგვარი მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასკოლო განათლების ზნეობრივი თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლად:
. დაწყებითი სასკოლო ასაკი (1-4 კლასები) – მოსწავლეთა უმრავლესობის მორალური შეგნება (უკვე მე-2 კლასისთვის) ტიპობრივია კონვენციური დონისთვის. ამ დროს მორალური მსჯელობა ძირითადად ინსტრუმენტული ჰედონიზმის პრინციპით იგება. თანატოლებთან ზნეობრივი ურთიერთობა ეფუძნება კანონს: “როგორც მექცევი, ისე მოგექცევი”. ამ ასაკში ბავშვები ნაკლებად ეგოცენტრულები არიან, შეუძლიათ სხვა ადამიანის შეგრძნებებისა და ფიქრების წარმოდგენა და გაგება, საკუთარი ქცევების მოტივის ამოცნობა, უკვე ფლობენ დასკვნის გამოტანის უნარს.
. საშუალო სასკოლო ასაკი (5-7 და 8-9 კლასები) – მე-5-6-კლასელი მოსწავლეების მორალური შეგნების დონე, სავარაუდოდ, შეესაბამება ზემოთ ნახსენებ კონვენციურ დონეს. მე-7 კლასის მოსწავლეებს აქვთ უნარი მომდევნო, რეფლექსურ დონეზე გადასვლისა. ამ პერიოდში მოზარდს ლოგიკური აზროვნების განვითარებასთან ერთად უყალიბდება მზაობა, ზნეობრივი ურთიერთობის სამყარო დაინახოს როგორც სისტემა. მას უვითარდება ემპათია, ითვალისწინებს სხვა ადამიანების ინტერესებს, აცნობიერებს საკუთარ როლს სოციუმში. რეფლექსური ეტაპის უმიშვნელოვანესი ნაწილია საკუთარი ღირსების გაცნობიერება და სხვისი თანაგრძნობის განცდა.
უფროსი ასაკი (10-11 კლასები) – ვითარდება მორალური აზროვნების რეფლექსური დონე. მოზარდები ხშირად აწყდებიან მორალური არჩევანის გაკეთების სირთულეს, რომლის გადაჭრაც თითქმის ყოველთვის უკავშირდება მორალურ დილემას. ეს არ არის არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, არამედ ერთი მორალური ფასეულობის არჩევა, რომელიც სხვასთან შედარებით უფრო პრიორიტეტულია. რეფლექსური დონის მორალური აზროვნების მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს ეჭვის არსებობა, რომელიც აფერხებს ასეთ აზროვნებას. მორალური პრობლემის გადაწყვეტის სისწორეში დარწმუნებულობა ჩნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზნეობრივი არჩევანისთვის დამახასიათებელი ცვალებადი მონაცემების ყველანაირი კომბინაციაა გათვალისწინებული.
თანამედროვე სოციოკულტურული ვითარება წარმოშობს სამყაროში ადამიანის არსებობის პრობლემას, როდესაც ის იძულებულია მიიღოს მორალური ხასიათის გადაწყვეტილებები, რომლებიც ზოგჯერ გადაუწყვეტელია იმის გამო, რომ თანაბრად სწორი ჩანს დიამეტრულად საწინააღმდეგო თვალსაზრისები. მორალური აზროვნების რეალიზება მორალური დილემების წარმოშობის პროცესია, რომელთა გადაჭრა ითხოვს ადამიანური შესაძლებლობების მთელი მრავალფეროვნების გამოყენებას. სწორედ ამ პროცესში წარმოიქმნება ახალი წესები და კოდექსები, რომლებიც შემდგომ ადამიანური ყოფიერების ნორმებად და კანონებად იქცევა.
თარგმნა დავით თინიკაშვილმა

“E PUR SI MUOVE!” – ჰენრიკ სენკევიჩი

0
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ღია კონკურსებზე ერები თავიანთი პოეტებითა და მწერლებით არიან წარმოდგენილნი. აქედან გამომდინარე, აკადემია პატივს მიაგებს არა მარტო ავტორს, არამედ იმ ერსაც, რომლის შვილიცაა იგი; პრემია მოწმობს, რომ ეს ერი საერთო საქმეში მონაწილეობს, რომ მისი ძალისხმევა ნაყოფიერია და არსებობის ღირსია მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

ეს პატივი უსაზღვროდ დიდია პოლონეთის შვილისათვის. არაერთხელ თქმულა, რომ პოლონეთი მკვდარი, ამოწურული და დამონებულია, მაგრამ აი მტკიცებულება იმისა, რომ პოლონეთი ცოცხლობს და იმარჯვებს… ძნელია არ გაიხსენო გალილეის სიტყვები: “E pur si muove!” (“ის მაინც ბრუნავს!”), როდესაც მთელი მსოფლიოს თვალწინ პოლონეთის გენიასა და შემოქმედებით სიდიადეს პატივს მიაგებენ.

პატივს მე კი არ მომაგებენ, – პოლონეთის მიწა ნაყოფიერია და მისთვის ჩემზე უკეთესი მწერლებია ცნობილი, – არამედ პოლონურ სიდიადეს, პოლონურ გენიას. ამისათვის ნება მიბოძეთ, როგორც პოლონელმა, შვედეთის აკადემიის წევრების მიმართ გულითადი მადლიერება გამოვხატო. დავამთავრებ ჰორაციუსის სიტყვებით: “Principibus placuisse non ultima laus est” (“იოლი არაა მოეწონო ძლიერთა ამა ქვეყნისა”).

ულვაშებმიხატული გოგო

0

მოგზაურობა არ მიყვარს საერთოდ. ვისაც არ ვეუბნები, უკვირს ყველას. ჩემი პროფესიის პატრონი კაცისგან მაინც. ჩაიღიმებენ ხოლმე, ჩაიღიმებენ ყოვლისმცოდნედ, დინჯად, საკუთარი თავით კმაყოფილი გამომეტყველებით… მიჩვევის პროცესი მიყვარს, როცა გრძნობ, როგორ ხდება შენი რაღაც უცხო, რაღაც იქამდე განუცდელი, როგორ გიყვარდება მშვიდად, აუღელვებლად, მდორედ ადგილები, ნივთები, ადამიანები.

ძველებური ქალაქები თუ იცით, აი, ალაგ-ალაგ მოკირწყლული ქუჩებით, ცოტა მანქანით, გაუმართავი კანალიზაციით, რომელსაც მხოლოდ ადგილობრივები ამჩნევენ და ულვაშა მერებით? პორტუგალია ჩემთვის მასეთი ქალაქების, დარდიანი მუსიკისა და აღმოსავლეთის სულშერეული ევროპული არქიტექტურის სამშობლოა. წელს ვიყავი პორტუგალიაში. მეგობარი მყავს ჩემი ანტიპოდი, ჩემოდნების ჩალაგება ქვეყანას ურჩევნია, ამტკიცებს, გამგზავრების მოლოდინზე უკეთესი შეგრძნება არ არსებობსო, იმას წავყევი, დამიჩემა, სცადეო, რას კარგავო.

ჩასულებმა ვათვალიერეთ ბევრი, ვიარეთ გაუთავებლად, გადავიღეთ, თუ რამის გადაღება შეიძლებოდა: ქუჩები, კაცები, ქალები, პორტში მდგარი სათევზაო გემები, ბავშვები. დავესწარით რაღაც პატარა დღესასწაულს, რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე, ვიყიდეთ სუვენირები. პირველ ორ დღეს დაგვყვებოდა მასპინძელი, მერე მობეზრდა, არც ჩვენ გვიხვეწნია და არც იმას გამოუდვია თავი. დავიკარგებოდით დილით და გამოვჩნდებოდით ნაშუადღევს, დავიკარგებოდით საღამო ხანს და მივიდოდით სასტუმროში შუაღამეგადასულზე. ფრანგი გვყავდა მასპინძელი, აქეთ დედ-მამა გადმოსახლებულიყო მისი, ჟანი ერქვა. კვირის თავზე ჟანმა, რითი ამაყობთ თქვენს ქალაქშიო.
ნარიყალა გაგვახსენდა, ვუთხარით, მდინარეში ჩაძირული ხეები, შუქის თამაში ტალღებზე შებინდებისას, რუსთაველის თეატრი და საქანელას ქუჩა, – არის ასეთი ქუჩა თბილისში. იცინა, კარგი ქალაქი ყოფილაო, გვითხრა. იქითაც ვკითხეთ. ჩვენო პორტი გვაქ და თეატრიო, ვიღაც იქაური მსახიობის სახელობის. კიდევ-მეთქი? კიდევ ფესტივალიო, ყოველ წელს ტარდება და ახლაც ორ დღეში დაიწყებაო. ჩავეკითხეთ, გამოვიძიეთ, ცნობილი დასები ჩამოდიან სათამაშოდ თუ მოყვარულები, პორტუგალიელები მარტო თუ უცხოელებიც-მეთქი. ჯერ გაუკვირდა, გაიღიმა მერე და არაო. თუ გენდომებათ, წაგიყვანთ და თქვენ თვითონ ნახეთო. რა გვეთქმოდა. სული კბილით გვეჭირა იმ ორ დღეს.

დილით უთენია გამოგვიარა ჟანმა, წაგვიყვანა პორტში, დაგვაყენა წინ. ვდგავართ, სხვა რა გზა გვაქვს. შაბათი დღე იყო, დაიწყო ხალხმა მოსვლა, მთელი ქალაქი შეიკრიბა ლამის, დიდიან-პატარიანად. მთელი ქალაქი, ოღონდ როგორები, იცით? კაცები – საგანგებოდ გარეცხილპერანგიანები, ზედაღილშეხსნილები, ქალები – ვისაც როგორ მოუხერხდებოდა. მერე სადღაც ჩაბერეს საყვირებს და დაიწყო ნელ-პორტში ნავების შემოსვლა, მოადგნენ ნაპირს და ჩვენ რომ გვეგონა, – მე და ჩემს მეგობარს, – საყოველდღეო ამბავს ვუცქერდით, იხუვლა უცებ ასამდე ბავშვმა და გადმოცვივდნენ ნავებიდან ნაპირზე, ყველა – გრიმით, ყველა – კოსტიუმით, ზოგი – შლაპით, ზოგი – ტროსტით, ზოგი – პენსნეთი. არ მინახავს არაფერი უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე არეულ რიგებად მომავალი, წიგნის პერსონაჟებად გადაცმული ამ სახეალეწილი ბავშვების გუნდი. ”წელს ”განძის კუნძულს” ითამაშებენ”, – გვითხრა ჟანმა ისე, რომ თავი არც მოუბრუნებია ჩვენკენ. მერე მთელი ეს მომლოდინე ხალხი გავყევით უკან ამ ჭრელ, თავზეხელაღებულ, გაყაჩაღებულ თითისტოლა გოგო-ბიჭებს, დავიფიცებ, არც ერთი არ იყო თხუთმეტ წელზე მეტის. ვიარეთ ასე ყველამ თეატრის შენობამდე, ვუკრავდით ტაშს, ვუსტვენდით, პერსონაჟების გამოცნობას ვცდილობდით.

თეატრთან დავიშალეთ, ბავშვები შენობაში შევიდნენ, დიდები იქვე კაფეებს შევესიეთ, ჟანმა – სპექტაკლი 12-ზე დაიწყებაო. იქვე გავარკვიეთ აღელვებულებმა – დაახლოებით ოციოდე წლის წინ ერთ ჩვეულებრივ მასწავლებელს, ინგლისურისას, მოსვლია აზრად სკოლაში სპექტაკლის დადგმა, ენას ბავშვები ასე უკეთ ისწავლიანო. მსურველი იმდენი გამოჩენილა, იმდენი უშრომიათ და სპექტაკლიც ისეთი კარგი გამოსულა, მეორე წელსაც გაუმართავთ, მესამე წელსაც. მერე ქალაქის მერიას უთავებია საქმე და იმ დღეს იქ ისეთი ადამიანებიც დაგვანახა ჟანმა, საგანგებოდ წარმოდგენის საყურებლად რომ ჩამოსულიყვნენ და სიამოვნებით მიირთმევდნენ ნამცხვარს. თურმე ყოველ წელს ქალაქის თეატრის სცენა ორი დღით ეთმობათ ბავშვებს, ქალაქის ყველა სკოლაში არის თეატრალური წრე, წინასწარ ტარდება მკაცრი კონკურსი, საგანგებო ჟიური არჩევს ორ საუკეთესო სპექტაკლს და ჰაიდა. დანარჩენები, გული რომ არავის დასწყდეს, სპექტაკლის შემდეგ კოსტიუმებში გამოწყობილები გამოდიან ქალაქში და წელიწადის ამ ორ დღეს თავიანთი რჩეული წიგნის გმირებად ცხოვრობენ.

წარმოდგენა ზუსტად თორმეტზე დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიური ერთი სიტყვაც არ მესმის, არასდროს ისეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ, როგორც მაშინ, როცა ვხედავდი, როგორ ელაპარაკებოდა სცენაზე კალე ბლუმკვისტი ადმირალ ბენბოუს, როგორი რიხით დაიარებოდა ულვაშებმიხატული პატარა გოგო, როგორ თამაშობდა ჯონ სილვერს, როგორ კოჭლობდა, როგორ ეჭირა ხელში საიდანღაც ნათხოვარი ძველებური ტროსტი და მბრძანებლობდა, როგორ ჭყიოდა თუთიყუში და როგორი გულისკანკალითა და სიამაყით უცქერდა პარტერში მსხდომი მაყურებელი თავზე წამომდგარ საკუთარ მომავალს, მომავალს, რომელსაც ორი დღით ქალაქში ლამის ყველაფრის უფლება ჰქონდა.

იმ საღამოს მე ჯონ სილვერი ნაყინზე დავპატიჟე და ავიხდინე მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება. გემიდან გაქცევის შემდეგ რას აკეთებდით-მეთქი, ვკითხე. ვყაჩაღობდი და განძს ვმალავდიო, მითხრა. ჟანმა მერე ექვსი წლის ბიჭი გამაცნო, სპექტაკლში არ თამაშობდა ის ბიჭი, არაბი ვაჭარივით ეცვა. რატომ გამაცანი-მეთქი და თუთიყუშს ლაპარაკი ამან ასწავლაო. კვირასაც სპექტაკლი იყო, რაღაც თავისი ითამაშეს, პორტუგალიური. მე და ჩემს მეგობარს თეატრში აღარ შეგვიხედავს, ქუჩაში დავდიოდით მთელი ორი დღე, ნამცხვრის ჭამის, სიცილისა და ლაპარაკის მეტი არაფერი გვიკეთებია.

სექტემბერში ჩემთან, მეცხრე კლასში, პირველად შესულმა ვიკითხე, ”განძის კუნძული” თუ წაგიკითხავთ-მეთქი და სამმა ასწია მარტო ხელი. თეატრთან როგორ ხართ-მეთქი და ვყოფილვართო. აი, მაშინ იყო, რომ გული დამწყდა, გული დამწყდა და დამენანა, დამენანა და ვიფიქრე: რა მოხდება, რა მოხდება, რომ ჩვენც…

“განცდათა ქაოსი”

0

„კლასიკოსები ის ხალხია, რომელსაც ყველა იცნობს, მაგრამ არავინ კითხულობსო”, – ამბობდა ოსკარ უაილდი. მწარე სინამდვილეა. მაგრამ რატომ არის ასე? გვიჭირს მათი ნააზრევის გაგება?

არაჩვეულებრივი ქართული ფილმების – „შერეკილებისა” და „ნატვრის ხის” პერსონაჟები გავიხსენოთ. თითოეული მათგანი, რბილად რომ ვთქვათ, არასტანდარტულად აზროვნებს, თავისებურად „შერეკილია”. თუმცა თავიანთი (და არამარტო თავიანთი) სამყოფი სიბრძნე მაინც აქვთ. რამდენი „თავიც” დააბიჯებს კოსმოსის პლანეტარულ სივრცეში მოხეტიალე ნეშომპალით, ასფალტითა და მლაშე წყლით დაფარულ სფეროზე, იმდენივე აზრი და იდეა არსებობს. დედამიწის ბინადარ ორფეხა არსებებს თავი ყველაზე გონიერებად მიგვაჩნია, თუმცა უმეტესობა მთელი მონდომებით ვცდილობთ, ერთმანეთს მივბაძოთ: ისე ჩავიცვათ, როგორც სხვას აცვია, ისე ვილაპარაკოთ, როგორც სხვა ლაპარაკობს, იმით ვიკვებოთ, რაც სხვასაც მოსწონს… დაბოლოს, ისე ვიაზროვნოთ, როგორც სხვა აზროვნებს. ამიტომ ჩვენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ერთმანეთს ვგავართ, მიუხედავად ჩვენი კანის ფერისა, სქესისა, სოციალური წარმომავლობისა თუ განათლებისა. რა გვაიძულებს, ერთმანეთს ვედაროთ? – შიში. გარიყვის, საზოგადოებისგან გაუცხოების შიში, რომელსაც, ალბათ, იმ შორეულ წარსულში უდგას ფესვები, როცა წელში ახალი გამართულები ჯერ ისევ ტომებად ვცხოვრობდით და საერთო „ოჯახიდან” განდევნა უცილობელ აღსასრულს ნიშნავდა. დააკვირდით გალიაში გამოკეტილი შიმპანზესა და ოლდ-სტრიტზე მოსეირნე კოსტიუმში გამოწყობილი ან სამხედრო პოლიგონის პლაცდარმზე მდგარი, გენერლის სამხრეებიანი, ჩინ-მედლებით მკერდდამშვენებული ჰომო საპიენსის რეაქციას მის თავს ზემოთ სათამაშო მაშხალის მოულოდნელ აფეთქებაზე: ინსტინქტი სამივეს თავის მხრებში ჩამალვას აიძულებს. გვეშინია განსხვავებულობის, რათა არ გავირიყოთ, ვუფრთხით თავისუფალი აზრის გამოთქმას – ვაითუ ვერ გაგვიგონ. მიუხედავად ამ მიმბაძველობა-წამხედურობისა, მოიძებნებიან ჩვენ შორის ერთეულები, რომლებიც არასტანდარტულად აზროვნებენ და ვერ გაგვირჩევია, „ცოტა ვერ არიან” ისინი თუ, პირიქით, „კარგად არიან”.
როგორ გავარჩიოთ? ამისთვის აზროვნება გარკვეულ დიაპაზონებად უნდა დავყოთ.
აზროვნება შეიძლება ელექტრომაგნიტურ ტალღას შევადაროთ, რადგან აზრის აღქმა ძალიან ჰგავს ფერისა და სინათლის აღქმას. ჩვენი თვალი ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ განსაზღვრული დიაპაზონის გამოსხივებას ვხედავთ – 400-იდან 800 ნმ-ამდე სიგრძის ტალღებს (ამის თაობაზე ადრეც ვწერდი (ბლოგპოსტი „ყველა ფანჯარაში ერთნაირად თოვს?”, 6 აპრილი, 2012)). ეს დიაპაზონი უფრო მცირე უბნებად იყოფა და თითოეულ მათგანს განსაზღვრული ფერი შეესაბამება. მაგალითად, თუ ჩვენს მხედველობის ორგანოს 435-480 ნმ დიაპაზონის სხივი დაეცა, ყვითელ ფერს ვხედავთ, 490-500 ნმ სხივის დაცემისას – წითელს და ა.შ. თუ ყველა ფერის სხივი ერთ კონად შემოვიდა ჩვენს თვალში, ყველაფერი კაშკაშკა თეთრად გვეჩვენება… მაგრამ გამოსხივების დიაპაზონი სამყაროში გაცილებით ფართოა. ‘ჩვენი” დიაპაზონის მიღმა არსებული სხივები ჩვენი თვალისთვის ერთნაირად უხილავია, თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. 400 ნმ-ზე მოკლე ტალღებს უფრო დიდი ენერგია აქვთ, ვიდრე „ჩვენი დიაპაზონისას”, ხოლო 800 ნმ-ზე გრძელს – უფრო მცირე. გარდამავალ დიპაზონს ხილულსა და ულტრაიისფერ უბნებს შორის ახლო ულტრაიისფერი უბანი ეწოდება, ხოლო ხილულსა და ინფრაწითელ უბანს შორის არსებულს – ახლო ინფრაწითელი უბანი. ამიტომ გვიჭირს კაშკაშა ლურჯი სხივების ცქერა – ისინი გაჯერებულია დიდი ენერგიის მქონე ულტრაიისფერი სხივებით, ამ ენერგიას კი ჩვენი თვალი არ არის მიჩვეული. მზის დანახვა შეგვიძლია, ცქერა ­- არა.
ჩვენი შემეცნებაც თვალივით არის მოწყობილი. უმეტესობა „ხილულ” დიაპაზონში აზროვნებს. ამიტომაც გვესმის ერთმანეთის. ეს დიაპაზონი არცთუ დიდი ენერგიის მატარებელია, ამიტომ დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიღებასაც შედარებით უმტკივნეულოდ ვახერხებთ. რომელ დიაპაზონში აზროვნებენ არასტანდარტულად მოაზროვნენი? ნაწილი – „ულტრაიისფერ” უბანში, ნაწილი კი „ინფრაწითელში”. ჩვენთვის ორივე მათგანი მიუწვდომელია (როგორც თვალისთვის – სხივები), თუმცა ერთნი სიბრძნეს ქადაგებენ, მეორენი კი – არასიბრძნეს. ამიტომაც ვერ გაგვირჩევნია, „კარგად არიან” ისინი თუ „ვერ არიან”. კლასიკოსები, როგორც წესი, ულტრაიისფერ უბანში მოაზროვნენი არიან, მაგრამ მათ შესწევთ უნარი, შედარებით „ახლო ულტრაიისფერ” უბანში წერონ ჩვენთვის – ასე საკუთარი მეობის შენარჩუნებასაც ახერხებენ და სათქმელის ჩვენთვის მოწვდენასაც. ჩვენთვის გაუგებარია ტერორისტების, ტირანების და მათ მსგავსთა ნამოქმედარი. მათ იდეალებს, ვინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე უმსხვერპლია. ისინი, ალბათ, უფრო შორეულ, გაცილებით დიდი ენერგიის (გამა და კოსმოსური სხივების) დიაპაზონში აზროვნებენ…
რომელ დიაპაზონში ჯობია აზროვნება? ცხადია, „მშობლიურ”, ხილულ დიაპაზონში. მაგრამ მისი სრული სპექტრი უნდა მოვიცვათ, რომ სამყაროზე ნათელი წარმოდგენა გვქონდეს. საკმარისია, ერთი სხივი დაგვაკლდეს, რომ თეთრი შუქი გაფერადდება და ქვეყნიერებასაც ფერად-ფერადად დავინახავთ, „რეალური” სამყარო „ირეალური” გახდება, ჩვენი შემეცნება და აღქმა დამახინჯდება. მაგრამ „ხილულ” დიაპაზონში ცქერა-აღქმასთან ერთად ახლო ულტრაიისფერი უბნისკენ თვალის გაპარებაც უნდა შეგვეძლოს – იქ ძალზე საინტერესო სამყაროა, ცოტა უჩვეულოც, იდუმალებით მოცულიც, განცდებით სავსეც. ნუ შეგვაშინებს მისი სიკაშკაშე – ის მხოლოდ მიუჩვეველი თვალისთვის არის დამაბრმავებელი და მტკივნეული…
კონსტანტინე კაპანელი წერდა: „ახალ სიტყვას უნდა ძლიერი განცდა: მარგალიტებს ისვრის მხოლოდ ატალღებული ზღვა. ვისაც უნდა, გამოსახოს ლამაზი ფორმა, უნდა ატაროს თავის სხეულში განცდათა ქაოსი”. ვცადოთ, ვედაროთ ატალღებულ ზღვას და ნუ დაგვენანება მარგალიტების ნაპირზე გამოტყორცნა… ვინ იცის, იქნებ მხოლოდ ღორების კერძი არ გახდეს და იმანაც იპოვოს, ვისაც ის ძალიან სჭირდება და სიკეთეში მოიხმარს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...