შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

ტექსტად გადმოტანილი სქოლიო

0

ხანდახან წიგნის გვერდებზე ხელით მიწერილი მარგინალიებიდან და სქოლიოებიდან ბევრად მეტს ვიგებ, ვიდრე სახელმძღვანელოებიდან. ჩემი ამერიკელი კოლეგა (რომელიც ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის) მიყვებოდა, რომ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პატარა ბუკინისტურ მაღაზიაში არისტოფანეს კომედიების კრებულს გადააწყდა. როგორც თავფურცელიდან ირკვეოდა, ოდესღაც წიგნი ქალთა სასწავლებლის აღსაზრდელს ეკუთვნოდა. პატრონს ერთ-ერთი კომედიის რამდენიმე ადგილას სტრიქონები – სულ, ალბათ, ასამდე სტრიქონი – ფანქრით გადაეხაზა, მინდორზე კი მიეწერა: “omit!”, ე. ი. ”გამოტოვეთ!” ან ”უგულებელყავით!” (არისტოფანეს კომედიებში მრავლადაა ე.წ. უწმაწური ხუმრობები, რომლებიც ხან პირდაპირ, ხან კი შეფარვით ეროტიკულ ხასიათს ატარებს).


თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაშინვე თვალწინ წარმომიდგა ასეთი სცენა: მკაცრი მასწავლებელი სერიოზული სახით დამჯდარა მაგიდასთან და თავის აწევის გარეშე (უხერხულობის თავიდან ასაცილებლად) ფურცლავს წიგნს – სვენებ-სვენებით; თითქოს ახლა გადაწყვიტა, რა უფრო წაადგებათ გოგონებს და საშინაო დავალებას აძლევს თავჩაღუნულ მოსწავლეებს, რომლებიც გაფაციცებულები იწერენ მასწავლებლის მითითებებს. პედაგოგი ეუბნება, რომელი მონაკვეთი უნდა წაიკითხონ სახლში, რომელი – კარგად უნდა დაამუშაონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, მერე კი ამატებს, ვითომ სხვათა შორის, ამ სტრიქონიდან ამ სტრიქონამდე არ წაიკითხოთო. მოსწავლეც გულდასმით ასრულებს მითითებას: არასასურველ სტრიქონებს გადახაზავს, რომ სახლში დაბრუნებულს უნებლიეთ არ შემოეკითხოს. მაინტერსებს და ალბათ თქვენც გაინტერესებთ: გაითვალისწინებდა მოსწავლე მასწავლებლის გაფრთხილებას? არ წაიკითხავდა სახლში გაკვეთილზე ფანქრით გულმოდგინედ გადახაზულ სტრიქონებს? ადამიანური ბუნებაა: თვალი აკრძალულისკენ გაგვირბის. ეგებ ის ქალიშვილი, წიგნის ყოფილი პატრონი, ზედმეტად წესიერი იყო, მასწავლებლის გაცემულ ინსტრუქციებს არასოდეს აპროტესტებდა და ზედმიწევნით იცავდა?    


თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის ვაკეთებდი წიგნებზე ხელით მინაწერებს – მარტო კლასში კი არა, სახლშიც. დღეს, როდესაც ამ წიგნებს გადმოვიღებ, თვალი ასეთი წარწერებისკენ გამირბის და მახსენდება ჩემი ადრეული აზრები. ცხადია, იმგვარად უკვე აღარ ვფიქრობ, ჩემი აზრებიც შეიცვალა და ის, რაც მაშინ ჩემი აღმოჩენა მეგონა (მიმაჩნდა, რომ აუცილებლად ცხელ გულზე უნდა ჩამეწერა), მერე სხვაგან ამოვიკითხე უკეთესად გამოთქმული. და მაინც, ამ წიგნების თვალიერებისას საკუთარ თავზე მეტს ვიგებ და გულში გავიფიქრებ ხოლმე: ”რა სულელი ვიყავი!” ან ”ყოჩაღ – მე, რამდენი მიშრომია!” მარგინალიების და სქოლიოების გადამეტებული სიყვარული დღემდე შემომრჩა და ხანდახან, სანამ სამეცნიერო სტატიას ან ნაშრომს წავიკითხავ, სანამ ბიბლიოთეკიდან წიგნს წასაკითხად ავირჩევ, თაროებთან მდგარი სქოლიოებს ჩავხედავ ხოლმე. მერე უკვე ვიცი, ღირს თუ არა მასზე დროის დაკარგვა. დიახ, დაკარგვა ტყუილად არ ვახსენე – ყველანი ვკარგავთ დროს და ეს გარდუვალია.


სქოლიოც და თავისუფალი დროც (ბერძნულად სხოლე/სქოლე) ბერძნულ ენაზე ერთი ფუძიდან იწარმოება. სქოლიო განმარტებას, კომენტარს ნიშნავს, თავისუფალი დრო კი მოცალეობაა – მოცლილობა კი არა, მართლაცდა დროის მკვლელობა, არამედ სხვა საზრუნავისგან გათავისუფლება და ჩასაფიქრებლად მოცლა. რა აქვს საერთო ამ ორ სიტყვას? ამ კითხვას პასუხს ვერ გავცემ, სანამ არ გავიხსენებ, ვინ ურთავდა ტექსტს განმარტებას თუ კომენტარს. პირველი კომენტატორები ალბათ გადამწერები, შემდეგ კი მთარგმნელები იყვნენ. სანამ კომენტარს გააკეთებდა, მთარგმნელს/გადამწერს, ალბათ, ნაკლოვანების განცდა უჩნდებოდა. მთარგმნელს ეშინოდა, რომ ახალი ენა სრულყოფილად ვერ გადმოსცემდა დედნის აზრს, ამიტომაც სჭირდებოდა, რაღაც გზა გამოეძებნა აზრის უკეთ, ზუსტად გადმოსაცემად. ზოგჯერ რელიგიური ან კულტურული ფაქტორი იყო მკითხველისთვის განსამარტი და ახალ რელიგიურ ან კულტურულ გარემოზე მისასადაგებელი… გადამწერს კი, ალბათ, ეგონა, რომ ავტორზე უკეთ შეეძლო სათქმელის გამოთქმა ან, მისი აზრით, ტექსტს სრულყოფა სჭირდებოდა. ასე მივიღეთ ზოგჯერ ”დაბინძურებული”, ზოგჯერ კი არაჩვეულებრივი ახალი ტექსტები. აქ იოანე პეტრიწის და თომა აქვინელის გახსენებაც საკმარისი იქნებოდა. ანდა რატომ უნდა ვახსენოთ მხოლოდ ეს ორი ავტორი? თუ კარგად დავუკვირდებით, წიგნების უმეტესი ნაწილი პასუხი ან პასუხის პასუხია ადრე დაწერილ ტექსტებზე. თითქოს სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე ავტორები ერთმანეთთან დიალოგს აწარმოებენ: ერთი გამოთქვამს მოსაზრებას, გადის წლები, ხანდახან საუკუნეებიც და მას გამოეხმაურება სხვა, შემდეგ – კიდევ სხვა, მერე სულ სხვა ისევ პირველს მიუბრუნდება და ასე, უსასრულოდ გრძელდება საუკუნეების წინ წამოწყებული დიალოგი.


გავბედავ და ვიტყვი: ჩვენი, მასწავლებლების, ჩატარებული გაკვეთილებიც ხომ ზეპირი სქოლიოები და მარგინალიებია. ისეც ხდება, რომ მოსწავლეებს ჩვენ მიერ გაკეთებული სქოლიოები უფრო ამახსოვრდებათ. ამიტომაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ შეგვეშალოს, თუმცა ეს სიტყვაც (sc. შეგვეშალოს) პირობითია. აბა, რას ნიშნავს აზრის გამოთქმა არ შეგვეშალოს? რა ვიცით, რომელი აზრი გახდება მისაღები ან ღირებული? რა ვიცით, ვის აზრს არ უკუაგდებენ შემდეგი თაობები? ერთი რამ კი ცხადია, სანამ განმარტებას გავაკეთებთ, ბევრი უნდა ვიფიქროთ. ფიქრს კი საზრუნავისგან მოცლა, თავისუფალი დრო სჭირდება. ალბათ ამიტომ აქვს ამ ორ სიტყვას – სქოლიოს და სხოლეს/მოცალეობას/თავისუფალ დროს – ერთი ფუძე. ალბათ ამიტომაც უნდა ჰქონდეს მასწავლებელს ბევრი თავისუფალი დრო: რათა დასაფიქრებლად მოვიცალოთ, რომ მერე საინტერესო ზეპირი სქოლიოები ვაკეთოთ და იმ წიგნს არ დავემსგავსოთ, მე რომ უკან შემოვდებდი ხოლმე დახლზე ან თაროზე.


ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ორი სიტყვის (სხოლესა და სქოლიოს) ფუძეს კიდევ ერთი ბერძნული სიტყვა დაესესხა, რომელიც შემდეგ სხვა ენებშიც გადავიდა. ეს სიტყვაა სკოლა. სკოლა (ბერძნულად სხოლა/სხოლე), სწორედ იმ თავისუფალ დროს, მოცალეობას ნიშნავს, რაზეც ზევით ვსაუბრობდით. დღეს რომ ჩვენს მოსწავლეებს ვკითხოთ, რა არის საერთო სკოლასა და თავისუფალ დროს შორის, პასუხის გაცემა ბევრს გაუჭირდება. მათთვის, და ალბათ მათი მშობლებისთვისაც, სკოლის პერიოდი სწორედ ყველაზე დატვირთული, მოუცლელი ხანაა. არადა, ეს არის საუკეთესო დრო, რომელიც ფიქრისთვის განკუთვნილ თავისუფალ დროს გულისხმობს.


და ბოლოს, ერთ პატარა მაგალითსაც დავამატებ თავისუფალი დროის შესახებ. სხვა შემთხვევაში, ამ მაგალითს სქოლიოში ჩავიტანდი, ახლა კი ტექსტად გადმოვიტანე (იმედია, ტექსტის ფორმატში გადმოტანილი ეს სქოლიო/კომენტარი სხოლეს/თავისუფალი დროის შესახებ თქვენც აღგიძრავთ ჩემთვის პასუხის გაცემის სურვილს). ალბათ ქართულის მასწავლებლებს, და არა მარტო მათ, სიტყვა ”მოცალეობის” ხსენებისას, ჩემსავით, გონებაში ”ვეფხისტყაოსნის” ერთი სტროფი ამოუტივტივდებათ ხოლმე (მე ასეთი ”სენი” მჭირს: ყველაფერზე ”ვეფხისტყაოსანი” მახსენდება!):    


”მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,


სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,


ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,


ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზეობა”. 


განვიხილოთ ”ვეფხისტყაოსნის” ეს სტროფი. პირველი, რასაც რუსთაველი მიჯნურის აუცილებელ ნიშნად მიიჩნევს, თვალად სიტურფეა. თითქოს მარტივი აზრია, არადა, მას ჩაღრმავება სჭირდება. კარგი იქნება, თუკი ამ სტროფის კომენტირებისას არისტოტელეს ”ნიკომაქეს ეთიკის” მე-8 და მე-9 თავებსაც გავიხსენებთ. თითქოს რა დააშავა მან, ვინც გარეგნობით არ ბრწყინავს? ან იმ ადამიანებმა რა დააშავეს, ვისაც არც შემდეგ ჩამოთვლილი ნიშნები (სიბრძნე, სიუხვე, სიყმე და ა.შ.) უბოძა განგებამ? მათ არა აქვთ სიყვარულის უფლება? რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, იყოს მიჯნური, ოღონდ ამ შემთხვევაში იდეალურ მიჯნურობაზე საუბარი ზედმეტი იქნება. რუსთაველის მიზანია, დაგვანახოს იდეალური მიჯნური. თუკი წყვილს ეს ნიშნები და თვისებები არა აქვს, ეს კავშირი ნაკლული იქნება, მას გამოყენებითი მიზანი უფრო ექნება. არისტოტელეს მიხედვით, ღარიბისა და მდიდრის მეგობრობა/სიყვარული (ბერძნულად აქ სიტყვა ”ფილიაა” გამოყენებული) გამოყენებითია, სულელის და ბრძენის ურთიერთობაშიც ანგარება უნდა დავინახოთ. მხოლოდ მაშინ, როდესაც წყვილის ორივე წევრი სრულყოფილი იქნება, შეგვიძლია ვისაუბროთ იდეალურ მეგობრობაზე, როდესაც არცერთი მხარე არ იყენებს მეორეს არც სიამოვნებისთვის და არც სხვა მიზნისთვის. ეს არის ყველაზე ღირსეული გრძნობა. ალბათ რუსთაველსაც ასეთი ურთიერთობა მიაჩნდა იდეალურად, როდესაც ორივე მხარეს ერთნაირად აქვს ის შინაგანი თუ გარეგანი მახასიათებლები, რომლებიც არცერთს არ აქცევს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. ამგვარად, გასაგები ხდება ყველა ის პირობა, რომელსაც რუსთაველი მიჯნურისთვის აუცილებლად მიიჩნევს. ამ ჩამონათვალში ერთი სიტყვაცაა: მოცალეობა. რად უნდა მიჯნურს მოცალეობა, ანუ სხოლე/თავისუფალი დრო? ნუთუ იმისთვის, რომ საყვედური არ მიიღოს სატრფოსგან? იქნებ იმიტომ სჭირდება მოცალეობა მიჯნურს, რომ მან თავისი გრძნობების ანალიზს დაუთმოს ეს დრო? არა, იმიტომ, რომ ნახოს, რა შეცვალა ამ გრძნობამ მასში. გაზარდა? ე.ი. ეს ნამდვილი სიყვარულია! დააკნინა? ე.ი. ამ გრძნობას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ სიყვარულთან!


ასეა თუ ისე, ეს საკითხი, ჩემი აზრით, დასაფიქრებლად ღირს და ნამდვილად იმსახურებს მასწავლებლების და მოსწავლეების მხრიდან მეტი დროის დათმობას. მაინტერესებს, რა მოსაზრებები გაუჩნდებათ მათ… ძალიან დაშორდა თუ არა ”ვეფხისტყაოსნის” იდეალური მიჯნური დღევანდელი გაგებით მიჯნურს? ესმით თუ არა დღევანდელ მოსწავლეებს თავისუფალი დროის მნიშვნელობა ისე, როგორც ეს ძველ ბერძენს ანდა რუსთველს ესმოდა?   


 




 

სასარგებლო ვებ რესურსები მასწავლებლებისათვის

0

უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ყველა სკოლა კომპიუტერიზებულია. მათთვის ინტერნეტიც ხელმისაწვდომია. ეს პირობები მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, პროფესიული საქმიანობისათვის ინტერნეტის მეშვეობით მოიძიონ, დაამუშავონ და გამოიყენონ სხვადასხვა საიტზე განთავსებული ფოტო, აუდიო, ვიდეო მასალა. ეს სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს, მრავალფეროვანსა და ეფექტიანს ხდის. თუმცა მასწავლებლებთან შეხვედრების დროს ირკვევა, რომ მათ გარკვეული პრობლემები აქვთ ამ მხრივ, განსაკუთრებით, გრაფიკული, აუდიო და ვიდეო რესურსების მოძიებისა და დამუშავების პროცესში. ჩვენი სტატიის მიზანია, რეკომენდაციები მივცეთ მასწავლებლებს ამ მიმართულებით.

ვრცლად

 

თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილი

0
დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ უცხო ენის შესწავლა მრავალმხრივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ენის შემსწავლელის, ისე მასწავლებლის მხრიდან. ენის ათვისებისას უამრავი ელემენტია გასათვალისწინებელი, სასურველი შედეგის მიღებას კი სასწავლო პროცესში ყველა ელემენტის ჩართვა განაპირობებს.  
თუ ერთი საუკუნის წინ უცხო ენის გაკვეთილის მიზანი  გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების თარგმნა და მათი დაზუთხვა იყო (გრამატიკულ-მთარგმნელობით მეთოდი), დღეს უცხო ენის გაკვეთილის მიზანს შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია და შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწორად აღქმა/დაფასება წარმოადგენს (კომუნიკაციური დიდაქტიკა).  ენობრივი მასალის დასწავლას თარგმანისა და მასალის მექანიკური დაზეპირების გზით ჩაენაცვლა ენის ათვისება შინაარსზე ორიენტირებული დისკუსიებისა და კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი დავალებების გზით. უცხო ენების სწავლების ძირითად მიზანს კომუნიკაციური კომპეტენციის, ანუ კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. იმისათვის, რომ მოსწავლემ შესასწავლ ენაზე კომუნიკაციის დამყარება შეძლოს, აუცილებელია, მას გამოუმუშავდეს შემდეგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები (სამეტყველო აქტივობები):
1.მოსმენა 
2.ლაპარაკი 
3.კითხვა
4.წერა
ზემოთ ჩამოთვლილი, თავის მხრივ, შეიძლება დაიყოს გაგების ხელშემწყობ, ანუ, როგორც მათ უწოდებენ, რეცეპციულ უნარ-ჩვევებად (მოსმენა, კითხვა) და სამეტყველო აქტივობის ხელშემწყობ, ანუ პროდუქტიულ უნარ-ჩვევებად (ლაპარაკი, წერა). თუმცა ენობრივი ქმედებისათვის ენის შემსწავლელებს მხოლოდ აღნიშნული კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება კი არ სჭირდებათ, არამედ გარკვეული რაოდენობის ლექსიკა, სინტაქსური კონსტრუქციების ცოდნა, აგრეთვე სწორი  საწარმოთქმო და ორთოგრაფიული უნარების ფლობა. 
მაშასადამე, ენის შესწავლა ნიშნავს ენობრივი სისტემის შემდეგი ასპექტების  დაუფლებასაც: 

ლექსიკა (ლექსიკურ-სემანტიკური სისტემა); 
გრამატიკა (გრამატიკულ-სტრუქტურული სისტემა); 
წარმოთქმა და ინტონაცია (ფონეტიკურ-ფონოლოგიური სისტემა);
მართლწერა (ორთოგრაფიული სისტემა).
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ენის სრულყოფილად დაუფლებისათვის საჭიროა ამ ელემენტების არა იზოლირებულად, არამედ ინტეგრირებულად მიწოდება, რამდენადაც კომუნიკაციაში (რაც თანამედროვე გაკვეთილის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს!) ყველა ეს ელემენტი თანაბრად მონაწილეობს.
თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ისიც, რომ უცხო ენის შესწავლა მხოლოდ ენობრივი სტრუქტურების სრულყოფილად დაუფლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ლექსიკისა და გრამატიკის შესწავლასთან ერთად ენის ათვისება განსხვავებული კულტურული ცნობიერებისა და ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობის დაფასებასა და პატივისცემასაც უნდა გულისხმობდეს, რათა მოსწავლემ უცხო კულტურული ინფორმაციების ათვისების საფუძველზე ამ სტრუქტურების შესაბამის სიტუაციებში გამოყენება შეძლოს.
ენის დაუფლება ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე დაბალ დონეზეც კი მრავალი არასრული აპექტისგან შედგება  (ლექსიკა, გრამატიკული სტრუქტურები, სამეტყველო ინტენციები, გარე- და შიდაენობრივი საშუალებები, ენობრივი უნარ-ჩვევები: ლაპარაკი, მოსმენა, კითხვა, წერა) და ამ მხრივ ერთ კომპლექსურ მთლიანობას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, რთულია, ზოგადად, ადვილად ფორმულირებადი სასწავლო მიზანი – უცხო ენის დაუფლება – თავისი შემადგენელი და ერთმანეთთან დაკავშირებული ამდენი ელემენტით სრულად  მოვიცვათ: რა თქმა უნდა, ეს “იოლად ფორმულირებადი კომპლექსური სასწავლო მიზანი” არ არის მიღწეული, როდესაც ენის შემსწავლელი მხოლოდ გრამატიკულ სტრუქტურებს და/ან ამა თუ იმ ლექსიკურ ერთეულებს კოგნიტიურად თუ პროდუქტიულად ითვისებს; ან როცა ენის შემსწავლელი მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტულ სამეტყველო აქტივობაში იქნება გავარჯიშებული; ან კიდევ რამდენიმე ან თუნდაც ყველა მოცემული კომპონენტი ერთმანეთისაგან იზოლირებულად იქნება მიწოდებული. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ყველა კომპონენტი ინტერესების შესაბამის და სიტუაციურად ადეკვატურ ენობრივ ქცევაში ინტეგრირდება და ენას შემსწავლელი მხოლოდ ამ გზით შეისწავლის  (ნოინერი. 1998).
ამდენად,  უცხო ენის სრულყოფილად დაუფლებისათვის მხოლოდ ენის სისტემის, ანუ ენობრივი საშუალებების  ცოდნა (ლექსიკა, გრამატიკა, წარმოთქმა, მართლწერა) და ამ ცოდნაზე დაყრდნობით აგებული, სწორად სტრუქტურირებული წინადადებების სამეტყველო უნარ-ჩვევებში (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) გადატანა არ არის საკმარისი. წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

უცხო კულტურის აღქმა;
ამ კულტურის თავისებურებების სწორად შეფასება;
განსხვავებული კულტურის სათანადოდ დაფასება.
ის, რაც უცხო ენის სწავლებაში ორი საუკუნის წინ აქტუალური იყო, მოძველებულია და დღევანდელ მოთხოვნებს აღარ შეესაბამება. თუ გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდის ეტაპზე უცხო ენის გაკვეთილის ცენტრალურ შემადგენელ ნაწილს ენის ფორმალური აგებულება, წესთა სისტემა და კლასიკური ნაწარმოებებიდან ნაწყვეტების დაზეპირება და ა.შ. წარმოადგენდა, დღეს კომუნიკაციაზე ორიენტირებული დიდაქტიკა (კომუნიკაციური დიდაქტიკა, ინტერკულტურული დიდაქტიკა, ნეოკომუნიკაციური დიდაქტიკა და ა.შ.), როგორც უცხო ენების სწავლების თანამედროვე მეთოდების ერთობლიობა, სხვა მიზნებს სახავს ენის შემსწავლეთა და მასწავლებელთა წინაშე. უცხო ენის სწავლება აღარ შემოიფარგლება ენის მხოლოდ კოგნიტიური და სტრუქტურული დაუფლებით. მის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ენის, როგორც კულტურის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინების, შესწავლა, რამდენადაც უცხო ენის შესწავლა,  უპირველეს ყოვლისა, უცხო კულტურასთან შეხვედრის ერთ-ერთი ფორმაა. უცხო ენის დიდაქტიკის მნიშვნელოვან ასპექტს კულტურათაშორისი კომუნიკაცია, ანუ კულტურათაშორისი დიალოგი წარმოადგენს და ენის შესწავლაც ნაბიჯ-ნაბიჯ, კულტურის შესწავლასთან ერთად უნდა ხდებოდეს. ენობრივი სტრუქტურების მიწოდებასთან ერთად ენის შემსწავლელისათვის მნიშვნელოვანია შესასწავლი ქვეყნისა და კულტურის შესახებ გარკვეული ცოდნის მიღება, რათა სწორად ფორმულირებული წინადადებების ადეკვატურად გამოყენება შეძლოს და ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყოს ინტერკულტურული კომუნიკაციისათვის. იმისათვის, რომ  ენის შემსწავლელმა შეძლოს სხვა კულტურაში ინტეგრირება, უცხო ენის გაკვეთილის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს მოსწავლისათვის შესასწავლ ენაზე მოსაუბრეთა სამყაროსეული ხატის, მათი ღირებულებებისა და ცხოვრებისეულ რეალობებთან  მათი დამოკიდებულებების შესახებ ცოდნის გადაცემა და გაღრმავება.
უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება “კულტურათა დიალოგი”.
 (ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016).
უცხო ენის სრულყოფილად ათვისებისას მოსწავლესთან ერთად დიდი როლი ენიჭება მასწავლებელს, რომლის კვალიფიკაცია პირდაპირ უკავშირდება მოსწავლეების მიერ მიღწეულ შედეგებს. რაც უფრო მაღალია მასწავლებლის პროფესიული განვითარება, მით უფრო მაღალია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. ქართველი მასწავლებლების დიდი ნაწილი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში უკვე კარგად დანერგილი – კომუნიკაციაზე ორიენტირებული მეთოდები, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეფექტურ შედეგებსა და მოსწავლეზეა ორიენტირებული (ფოკუსირება მოსწავლეების საჭიროებებზე, მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და სწავლის სტილზე).
XX საუკუნის 70-80-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კომუნიკაციაზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც კომუნიკაციური დიდაქტიკის სახელითაა ცნობილი. ის განსხვავდება მასწავლებელზე ორიენტირებული მიდგომებისგან, სადაც მასწავლებელი იყო ერთპიროვნული ლიდერი, ხოლო მოსწავლე – პასიური მიმღები. 
თუ კომუნიკაციური დიდაქტიკის დამკვიდრებამდე თითქმის ყველა მეთოდში წამყვანი ადგილი გრამატიკას ეთმობოდა, კომუნიკაციური დიდაქტიკის ფარგლებში გრამატიკის ადგილი სოციო-კულტურულმა ინფორმაციებმა, კომუნიკაციის ვერბალურმა და არავერბალურმა ფორმებმა დაიკავეს. გრამატიკაზე ორიენტირებული ტექსტები ავთენტურმა მასალამ ჩაანაცვლა, კლასიკური ნაწარმოებების დეკლარაციული კითხვა – მედია-საშუალებების გამოყენებამ, წერის გზით ენის სწავლება კი – ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების, ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში სწავლებამ. 
              
კომუნიკაციური დიდაქტიკის პრინციპები ჯერ ინტერკულტურულმა დიდაქტიკამ გააგრძელა, რომელმაც ენის შემსწავლელები სხვადასხვა ენებსა და კულტურებს აზიარა, შემდეგ კი ე.წ. ნეოკომუნიკაციურმა დიდაქტიკამ, რომლის მიზანსაც მოსწავლეზე ორიენტირება და ენის, როგორც საკომუნიკაციო საშუალების, შეთავაზება წარმოადგენს შესასწავლი ქვეყნის/ქვეყნების კულტურასთან ერთად. ნეოკომუნიკაციური დიდაქტიკის პრინციპების მიხედვით, გაკვეთილი მოსწავლეზეა ორიენტირებული და აქცენტი, უპირველეს ყოვლისა, ენობრივ ქმედებაზე,  ინტერდისციპლინურ სწავლებაზე, ენის მთლიან/ჰოლისტურ სწავლებაზეა გადატანილი. ამ პრინციპების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მასწავლებლის როლიც შეიცვალა და ის, დღეს, ე.წ. ლიდერის ნაცვლად ფასილიტატორისა და მრჩეველის როლში გვევლინება. გაკვეთილიც, შესაბამისად, მრავალფეროვანი სამუშაო ფორმებისა (სწავლების სოციალური ფორმების ცვლა გაკვეთილზე და ა.შ.) და მედია-საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს.
და ბოლოს, თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის მნიშვნელოვანი პრინციპების მოკლე ჩამონათვალი:
Øსამეტყველო აქტივობების ერთდროული განვითარება;
Øენა, როგორც საკომუნიკაციო საშუალება ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში;
Øგრამატიკა, როგორც მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება და არა მიზანი;
Øმშობლიური ენა, როგორც მასალის გაგებისა და ათვისების ხელშემწყობი საშუალება;
Øმრავალენოვნება უცხო ენის გაკვეთილზე, სადაც სხვა უცხო ენების ცოდნა შესასწავლი ენის უკეთესად გაგება/ათვისებაში გამოიყენება;
Øმოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება (სამიზნე ჯგუფის კულტურის, მენტალიტეტის, ინტერესების გათვალისწინება);
Øარა მხოლოდ ფაქტების ცოდნა, არამედ უცხო კულტურის გამოცდილების დიფერენცირებული აღქმა;
Øავთენტური ტექსტების მნიშვნელობა; 
Øდავალებათა ტიპები, რომლებიც მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების, კრეატიულობის განვითარებას ემსახურება;
Øმედია-საშუალებების როლი ენის სწავლებაში და სწავლების სხვადასხვა სოციალური ფორმის შეტანა გაკვეთილზე;
Øგაკვეთილის პერსონალიზება, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, იმოქმედოს როგორც ინდივიდმა – უცხო ენის გაკვეთილზე ისაუბროს საკუთარ თავზე და არა სხვაზე;
Øინტერაქტიული დავალებები, სადაც ყველა მოსწავლე თანაბრად აქტიურია და რომლებიც არა ენობრივ ფორმაზე, არამედ შინაარსზეა ორიენტირებული;
Øდავალებათა დიფერენცირებული შერჩევა – დავალებები, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც დაბალი, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის;
Øავტონომიური სწავლების ხელშეწყობა, რომლის მიხედვითაც ენის შემსწავლელი ეუფლება იმ ძირითად სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რომლებიც მას დამოუკიდებლად მუშაობისას დაეხმარება და სხვა.
 

მეთხუთმეტე კაცი – სულხან-საბას მოტყუებული სიბრძნე

0
ეს ობოლი მარგალიტი დავაცვი და დავაშადე,
პირნი ჩემნი უსაზომო ამ საქმითა გავაშადე,
სიბრძნე ჩემი, რიტორობა, მოვაწვივე, მოცავხადე
მაგრამ ჩემთვის ამართული ვერ დავშალე ვერსად ბადე.
„ქილილა და დამანა”
თქვა რუქამ არაკი
დიდი და უცნაური კაცი გახლდათ: ცდილობდა, მთელი სამყარო ჩვენს ენაზე მოეთარგმნა, მერე ქართულიც გადაესროლა უცხოურისკენ – გზად და ხიდად თუ საშველად. კავშირების მნიშვნელობა იცოდა. ამ მნიშვნელობის შესაბამისად იღვწოდა. „სიტყვის კონაზე” მოგახსენებთ – გალაქტიკების, მზეებისა და წვიმების ლექსიკონზე, მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე ექსპერიმენტულ ლირიკულ პოემაზე. უნებლიე პოემაზე, ცხადია. საგანმანთლებლო ნაწილზე საუბარი უადგილო მიმაჩნია ჩემზე განათლებულ მკითხველთან, ამგვარი კორპუსის მნიშვნელობაზე ჩვენს უბნელეს საუკუნეებში ალბათ ვინმე ახირებული თუ იდავებს.

სულხან-საბა მოგზაური კაცი იყო, ამ სიტყვის მრავალგვარი გაგებით. საკუთარ თავში, საკუთარ ენაში, ხალხში, თუნდაც ეკლესიაში, რწმენაში. საკუთარ სახელშიც კი. ორ სახელში. მთა-მთა და ზღვა-ზღვა მოსიარულე. ქართველებს მოგზაურობა ძნელად გვიყვარს. გვეშინია. უცხო ადამიანის სუნი მოჰყვება ხოლმე. რამდენიმე ოდისევსური პერსონაჟი გვყავდა, მაგრამ გვერჩივნა, სულ შინ მსხდარიყვნენ. გარეთ ნაკლებად ვუთანაგრძნობდით. დაბრუნებულებს – მით უმეტეს. ამიტომაც მისი წიგნი მოგზაურობაზე არცთუ პოპულარულია ჩვენში.

ვერც მისი სიბრძნე გავიგეთ. „კუ და მორიელი” მგონი სცენარად ჩავთვალეთ და ჩვენს ყოველდღიურ თეატრში დილა-საღამოს ვიმეორებთ. „ენით დაკოდილი” – ხუმრობით რომ ვთქვათ, პირველი მანიფესტი სიძულვილის ენაზე – ამავე სცენარის ნაწილად ვიგულისხმეთ. და საერთოდ, მგონი იგავებს ძალიან უკუღმა ვუყურებთ. მოთარგმნა გვეზარება. სულხანისაც და იესოსიც. ამიტომაც მასწავლებლების და მოსწავლეების უმეტესობას ლეონის აღზრდის მეთოდები ჰგონია აქ მთავარი და სიცრუის არსი ამ შეგონებაში ეტევა: ,,არა, ტყუილი კი არ ვარგა, ბავშვებო, მაგრამ როცა იგავ-არაკში წერია, მას აქვს გადატანითი მნიშვნელობა”.

მოკლედ, ჩვენ დიდი კონფლიქტი გვაქვს სულხან-საბასთან. მისი ასე შორიდან მოთვინიერებაც გადავწყვიტეთ. რწმენის გამო წვერებით ნათრევ და განკვეთილ კაცს ბოლოს რაღაც მონანიება დავაბრალეთ – ჩვენივე გაუგებარი სიმშვიდისა და კომფორტისთვის. დიდობას ვერ ვართმევდით და დიდი რომ იყო, ჩვენ უნდა გვმსგავსებოდა მაინცდამაინც. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვითრიეთ მისი იდეები წვერით. ბოლოს კარგი ლექსებიც დავუწერეთ. მაგრამ მთავარი არ გვითქვამს. „ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან

ალოდინეს და… მეთხუთმეტე კაცად შევიდა”. არადა მეთხუთმეტე და მეასე კაცად სწორედ უკან დაბრუნდა. შინ ვერ მივიღეთ ეს ახალი სამყაროს ნაწილად ქცეული ადამიანი. ამას წინათ მისი დაბადების დღე იყო – ესეც ძლივს შევიმჩნიეთ. მე ასე მომინდა მომელოცა. საყვედურით საკუთარი თავის მიმართ. ალბათ, ისიც ასეთ მილოცვას თუ ელოდა

დეფექტური და არასრულფასოვანი ცოდნა და გონებრივი აქტივობის სქემები

0
პირველი ნაწილი

ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, ფილოლოგების მთავარ ყურადღებას იდეალური ტექსტი იპყრობდა. ცხადია, მოთხოვნა ნათელ, კომუნიკაციურ და ეფექტურ ტექსტზე მაშინაც დიდი იყო. ასეთი ტექსტები მხოლოდ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებისთვის, ანდა რომელიმე სხვა საგნის შესასწავლად არც მაშინ ყოფილა განკუთვნილი და არც ახლაა ასე. ისინი ნებისმიერი ინფორმაციის წაკითხვისას გვახსენებენ თავს და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ამ ინფორმაციის გააზრების პროცესში იძენენ.

ინფორმაციის გადაცემისას უმეტესად გვხვდება ტექსტები, რომლებსაც არ აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ხასიათი და განისაზღვრება როგორც დეფექტიანი, ანორმატიული, დევიანტური, ანომალიური. მათ აღსანიშნავად ყველაზე ფართოდ გამოიყენება შესიტყვება „დეფექტური ტექსტი” (აქედან: ტექსტის დეფექტაცია). ასეთ ტექსტებს აქვს ლოგიკურ-სტრუქტურული, ემოციურ-შეფასებითი სტრუქტურის და სხვ. ფორმის დეფექტები (ასეთებია, მაგალითად, სარეკლამო ტექსტები, სადაც უმთავრესად გვხვდება ტექსტის შეუსაბამობა კანონდებლობასა და მორალურ-ეთიკურ კანონებთან, მარკეტინგულ მოთხოვნებსა და კულტურის ნორმებთან; მხატვრულ და საქმიან ტექსტებთან ვაწყდებით თარგმანის, იურიდიულ-ლინგვისტური ენის (კონფლიქტოგენურ), კომუნიკაციურ (მაგ., ჰარმონია-დისჰარმონიის ტიპის), სიტყვის კულტურისა და ფსიქოლინგვისტურ დეფექტურ ტექსტებს, რომლებიც აქცენტს სვამენ პიროვნულ თვისებებზე, შემეცნებაზე; მეთოდიკისა და პედაგოგიკის დარგში გვხვდება ისეთი დეფექტური ტექსტები, რომლებიც ტექსტებს იყენებს როგორც დიდაქტიკურ მასალას, როგორც მოსწავლის დეფექტური ცოდნის გამოვლენის საშუალებას და ა.შ.). 

ვრცლად 

კარიკატურების გამოყენება შემოქმედებითი და სააზროვნო უნარებისთვის

0
სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაა. შემოქმედებითობა ძალზე ფართო ცნება გახლავთ. ბუნებრივია, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები სხვადასხვა საქმიანობაში რთავენ თავიანთ მოსწავლეებს, შესაბამისად, დასახული მიზნის მისაღწევად მათი აქტივობებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. შემოქმედებითობა თავისთავად კარგად განვითარებულ წარმოსახვასა და ფანტაზიასაც გულისხმობს, ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა სასწავლო წლის განმავლობაში ხშირად მიმართოს ორიგინალურ, სახალისო და სააზროვნო აქტივობებს. ისტორიის სწავლებისას შემოქმედებითობა ყველაზე მეტად ორიგინალურ, თამამ აზროვნებასთან არის ასოცირებული. ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, სასურველია, ჩვენ თვითონ ვიყოთ ორიგინალურები და მუდმივი ექსპერიმენტატორები. ამ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ ორიგინალურ აქტივობაზე ვისაუბრებთ, კერძოდ, იმაზე, როგორ შეიძლება პოლიტიკური და ისტორიული კარიკატურები გამოყენებულ იქნეს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად.

ქვემოთ წარმოდგენილი აქტივობა სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეგვიძლია გამოვიყენოთ. სანამ უშუალოდ აქტივობის აღწერაზე გადავალთ, მოკლედ მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებას, საზოგადოდ, პოლიტიკურ კარიკატურებებზე და, კონკრეტულად, ისტორიის გაკვეთილზე მათი როგორც ისტორიული წყაროების ანალიზის ასპექტებზე. თავისთავად, პოლიტიკური კარიკატურები საკმაოდ ორიგინალური და სპეციფიკური პირველადი წყაროებია, რომლებიც მოიცავს ინტრიგის ელემენტებს, აქვს ადამიანების გართობისა და გახალისების ფუნქცია, სხარტად გამოხატავს მიმდინარე ისტორიული მოვლენების მიმართ თუ ქვეყნის მთელი მოსახლეობის არა, უკიდურეს შემთხვევაში, მათი მოზრდილი ჯგუფის დამოკიდებულებას მაინც. პოლიტიკური კარიკატურები არ ასახავს მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებს, ხშირად მათში გამოკრთის კულტურის, განათლების, ხელოვნების ელემენტები. 

პოლიტიკური კარიკატურები მასობრივად ჩნდება XVIII საუკუნეში და, ამ დროიდან მოყოლებული, წარსულის შესახებ ძალზე სასარგებლო ხედვას გვაწვდის. წესისამებრ, ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილია პოლიტიკური კარიკატურებიც. ჩატარებულმა კვლევებმა წარმოაჩინა ყველაზე რთული პრობლემა – მოზარდების დიდი ნაწილი ვერ ხვდება ამ კარიკატურების მნიშვნელობას, და მით უფრო მეტი, რაც უფრო შორეულ ეპოქას ასახავს ესა თუ ის კარიკატურა.

სანამ კარიკატურებს საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებთ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ის სირთულეები, რომლებსაც მათი განხილვისას შევხვდებით. ამ სირთულეთა გათვალისწინება აუცილებელია, რათა ისინი გადაულახავ დაბრკოლებად კი არ გვექცეს, არამედ მათი მეშვეობით უფრო მეტად გავაფართოოთ მოსწავლეთა თვალსაწიერი, გავამძაფროთ ინტერესი, გავაძლიეროთ სააზროვნო პროცესები.
მოსალოდნელი სირთულეები

ა) კარიკატურა შესაძლოა იყოს იყოს „მატყუარა”; 

ბ) საუკეთესო კარიკატურები ერთი პატარა სურათითა და რამდენიმე სიტყვით გადმოსცემენ საკმაოდ რთულ, გრძელ ამბავს; 

გ) ზოგჯერ ჭირს, ჩასწვდე პერსონაჟების დიალოგს; 

დ) ხანდახან გაურკვეველია კარიკატურაზე გამოხატული საგნები; 

ე) აუცილებელია ისტორიული კონტექსტის ცოდნა.

როგორც ხედავთ, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გამოგვივიდა, ბუნებრივია, საკითხი შესაძლოა ასეც დაისვას: შესაძლებელია თუ არა ამ სირთულეების დაძლევა? ჩვენი პასუხი ასეთია: თუ მასწავლებელი მოხერხებულად გამოიყენებს კარიკატურებს, ჩამოთვლილი სირთულეები არათუ დაიძლევა, არამედ სასარგებლოც კი აღმოჩნდება, რადგან მოსწავლეს ბუნებრივად გაუძლიერებს საკითხში გარკვევის ინტერესს, „აიძულებს”, აითვისოს ახალი ცოდნა და დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად კრიტიკულად გააანალიზოს იგი. საბოლოო ჯამში, მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეებს კარიკატურები დაეხმარება წარსულის უკეთ შესწავლაში. 

თავიანთი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კარიკატურები შეიძლება რამდენიმე კუთხით განვიხილოთ. ანალიზის ეს ძირითადი მიმართულებებია (ჩამოყალიბებულია ჯონათან ბურაკის (Jonathan Burack) მიერ): 
1. სიმბოლიკა და მეტაფორა;
2. ვიზუალური დამახინჯება;
3. ირონია სიტყვებსა და კარიკატურებში;
4. სტერეოტიპი და კარიკატურა;
5. პოლიტიკური კარიკატურების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

განსახილველად კარიკატურის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, სახელდობრ რომელ ასპექტზე (ან ასპექტებზე) სურს მოსწავლეთა ყურადღების გამახვილება, აუხსნას მათ თითოეული მათგანის მნიშვნელობა, თუ საჭიროდ მიიჩნევს, შეუძლია, მოსწავლეებს სამუშაო ფურცელთან ერთად ანალიზის სახელმძღვანელო ფურცლებიც დაურიგოს (ანალიზის სახელმძღვანელო ფურცელს ქვემოთ შემოგთავაზებთ დავალების ნიმუშთან ერთად). 

მასწავლებლის მზადება

უპირველესად, მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ის კარიკატურები, რომელთა განხილვაც გაკვეთილზე სურს, დაამზადოს მათი ქსეროასლები. კარიკატურები შესაძლოა იყოს სახელმძღვანელოდანაც, მაგრამ უმჯობესია, ახალგამოცემული გაზეთიდან ან ჟურნალიდან ამოიღოს. თუმცა შეიძლება ორივე წყაროთი ერთდროულად სარგებლობა და მათი ერთმანეთთან შედარებაც. თავდაპირველად ეცადეთ, მარტივი, იოლად გასაგები კარიკატურები აარჩიოთ, რომლებიც ნაცნობი იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის. განსაზღვრეთ, სახელდობრ რომელი მიმართულებით აპირებთ მათ განიხილვას. უშუალოდ განხილვის წინ კი აუცილებელია მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება. საჭიროების შემთხვევაში განმარტეთ ზოგიერთი ბუნდოვანი საკითხი (ცნება, ტერმინი, პერსონაჟი და ა. შ).
მსვლელობა

კლასის ორგანიზება მასწავლებელს სურვილისამებრ შეუძლია (დაყოფა ორ ან რამდენიმე ჯგუფად, ტრიადებად, წყვილებად). სასურველია, პირველ რამდენიმე კითხვაზე მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშაონ, ხოლო დანარჩენებზე – წყვილებში. კლასის ორგანიზების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს შერჩეულ კარიკატურებს და ანალიზის სახელმძღვანელო ფურცლებს. პირველი დავალება კარიკატურის მთავარი იდეის ამოცნობა და შესაფერისი ერთწინადადებიანი განმარტების მოძებნაა. დავალების მიცემამდე მასწავლებელი მოსწავლეებს აუხსნის, რომ პოლიტიკური კარიკატურა არ არის კომიქსი, ის ასახავს ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენას და გამოხატავს მის შესახებ მკაფიოდ განსაზღვრულ წარმოდგენას. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ შეუძლებელია პოლიტიკური კარიკატურების სწორად გაგება, თუ არ გვექნება ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რომლებსაც ისინი ასახავენ. ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეები ჩაერთონ სასწავლო პროცესში და თამამად გამოთქვან ინტერპრეტაციები, ამიტომ მოსწავლეთა მოსაზრებები მკაცრად არ უნდა შევაფასოთ.

ყველა ჯგუფმა მოახდინოს თავისი სურათებისა და განმარტებების პრეზენტაცია. სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩამოთვალონ, რა ვერ გაიგეს კარიკატურებზე. მათთან ერთად განიხილეთ, რატომ ვერ გაიგეს ეს მომენტები, გაარკვიეთ, ამის მიზეზი წინა ცოდნის ნაკლებობაა თუ კარიკატურა აღმოჩნდა გაუგებარი მათთვის. თუ ორივე ტიპის კარიკატურები გამოიყენეთ, დასასრულს განიხილეთ, რით ჰგავს და რით განსხვავდება ისტორიული კარიკატურების გაგება პოლიტიკური კარიკატურების გაგებისაგან.

მეორე ეტაპზე მოსწავლეებს დაურიგეთ კარიკატურების ანალიზის სახელმძღვანელო ფურცლები და წინასწარ შერჩეული კითხვარი. აუხსენით, რომ ანალიზის ფურცლის გამოყენება შესაძლოა კითხვებზე პასუხის გასაცემად დასჭირდეთ. ამჯერად სასურველია, მოსწავლეებმა იმუშაონ ინდივინდუალურად ან წყვილებში. სთხოვეთ ამთ, კითხვებს პასუხები სამუშაო ფურცელზე წერილობით გასცენ. გაკვეთილის ბოლოს შეიძლება ზოგიერთი იდეა მთელ კლასს გაუზიაროთ სადისკუსიოდ.
რის გათვალისწინება მოუწევთ მოსწავლეებს

● მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკური კარიკატურები აზრებისა და შეხედულებების გამოხატვაა. ხშირად მათში გამოყენებულია მძაფრი ემოციური ფონი, რომლითაც ავტორები ცდილობენ სხვების დარწმუნებას თავიანთ შეხედულებათა მართებულობაში. კარიკატურები არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ისტორიული სინამდვილის უტყუარი ასახვა. არც იმის მანიშნებელია, როგორ აღიქვამდა საზოგადოების ყველა წევრი მომხდარ მოვლენებს. სინამდვილეში კარიკატურები ცხადად წარმოაჩენს ერთ კონკრეტულ შეხედულებას და ზოგჯერ ეს შეხედულება საკმაოდ მიკერძოებულია.

● მოსწავლეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მათი მთავარი ამოცანა არ არის იმის გარკვევა, „მართალია” თუ არა კარიკატურა, მართებულია თუ არა მისი ავტორის თვალსაზრისი, თუმცა ამავე დროს კარიკატურით გამოხატული მიკერძოებული თვალსაზრისიც შეიძლება განხილვის საგნად იქცეს. 

● იმის გამო, რომ კარიკატურები უმეტესად მიკერძოებულია და ტენდენციურ ემოციებს გამოხატავს, მოსწავლეები არ უნდა განეწყონ ისე, რომ საერთოდ შეუძლებელია ისტორიულ წყაროებად მათი გამოყენება. ხშირად კარიკატურები ასახავს კიდეც ისტორიულ სინამდვილეს, თანაც ძალიან სხარტი და სახალისო ფორმით. ამ დროს მასწავლებელმა თავისი კითხვებით უნდა შეაძლებინოს მოსწავლეს ისტორიული სინამდვილის ამსახველი მომენტების დაფიქსირება.
კარიკატურის ანალიზის სახელმძღვანელო ფურცელი

1. ვიზუალური სიმბოლოები და მეტაფორები. ვიზუალური სიმბოლოები კარიკატურაში არის ნებისმიერი გამოსახულება, რომელიც გამოხატავს რაიმე მოვლენას, პერსონას, აბსტრაქტულ იდეას და ა.შ. მაგ., დოლარის სიმბოლო „$” შესაძლოა მთელ ეკონომიკას გულისხმობდეს, ხოლო რვაფეხა მძლავრ კორპორაციას ან მთავრობას გამოხატავდეს, რომელიც თავისი საცეცებით მრავალ ინსტიტუტს აკონტროლებს. მეტაფორა სიმბოლოს მსგავსია, იგი კონკრეტულს განაზოგადებს და ერთ მთლიანობად წარმოსახავს. მაგ., შექსპირმა მეტაფორა გამოიყენა, როცა თქვა: „მთელი სამყარო სცენაა” (კარიკატურაც შესაძლოა სამყაროს  ერთ დიდ სცენად განიხილავდეს).

◊ კარიკატურის ანალიზი იმის გარკვევით უნდა დავიწყოთ, არის თუ არა მასში მოცემული სიმბოლოები და მეტაფორები.

2. ვიზუალური დამახინჯება. კარიკატურებისთვის დამახასიათებელია თვალში საცემი ცვლილებები ზომისა (აშკარა დამცრობა ან გადიდება), მოცულობისა, ემოციებისა, ჟესტიკულაციისა და სხვ., რაც დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს ამა თუ იმ სიმბოლოს ან გამოსახულებას. მაგ., დამკვიდრებული ტრადიციით, ცხოველები ქვეყნების სიმბოლოებად არიან გამოყენებული (დრაკონი – ჩინეთი, დათვი – რუსეთი). მაგრამ ის, თუ როგორს ხატავენ ამ ცხოველს – უზარმაზარსა და მძვინვარეს თუ დაღლილსა და მშვიდს, მიგვანიშნებს იმაზე, რა მდგომარეობაში წარმოუდგენია იმ მომენტში ეს ქვეყანა ავტორს. ნებისმიერი დეტალი კარიკატურაზე, განსაკუთრებით – თუ ის დამახინჯებულია, განხილულ უნდა იქნეს როგორც კარიკატურის მნიშვნელოვანი დეტალი.

◊ განსაზღვრე კარიკატურის სიმბოლოები და დააკვირდი, როგორ არის ისინი დახატული.

3. ირონია. ირონია იუმორის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც ნათქვამს ფარულად უცვლის აზრს და შეფარულად დასცინის მიმართვის ობიექტს. ირონია პოლიტიკური კარიკატურების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, რამდენადაც მათი მიზანი ხშირად რაღაცის ან ვიღაცის დაცინვა და იმის ჩვენებაა, რამდენად ყალბი, უსამართლო და სახიფათოა ის სინამდვილეში. ირონიას ყოველთვის ახლავს თან წინააღმდეგობა, რადგან მას ყველა არ იზიარებს და ზოგს აღიზიანებს კიდეც. უმეტესად ირონია კარიკატურის სათაურშივეა მოცემული და მას ორმაგ მნიშვნელობას ანიჭებს. 

◊ დაადგინე, არის თუ არა გამოყენებული ირონია და თუ არის, როგორ.

4. სტერეოტიპები და კარიკატურა. სტერეოტიპი არის რომელიმე ჯგუფის ძალზე გამარტივებული, გაუბრალოებული წარმოდგენა რაიმეს ან ვინმეს შესახებ. სტერეოტიპები ხშირად შეურაცხმყოფელიც კია. მათ კარიკატურებში ძირითადი აზრის სწრაფად ამოსაცნობად იყენებენ. კარიკატურის ავტორები ხშირად, ახდენენ რა თავიანთი წარმოდგენების დრამატიზებას, ებრძვიან დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. 

◊ განსაზღვრე, არის თუ არა სურათზე რაიმე სტერეოტიპი, დაფიქრდი, რა აზრს გადმოსცემენ ისინი.

5. პოლიტიკური კარიკატურების დადებითი და უარყოფითი მხარეები. პოლიტიკური კარიკატურები შესაძლოა იყოს სასაცილო, ამაღელვებელი და შეურაცხმყოფელიც კი. ხშირად მათი მთავარი მიზანი მიმდინარე მოვლენების პროვოცირება გახლავთ. ისინი არ შეიძლება განხილულ იქნენ ისტორიის უტყუარ მოწმეებად. სამაგიეროდ, პოლიტიკური კარიკატურები კარგად გამოხატავენ კულტურულ მიმართულებებს, ოსტატურად მოაქვთ ჩვენამდე განწყობილებები, ზოგჯერ საოცარი სიზუსტით და სხარტად გადმოგვცემენ ამა თუ იმ მოვლენის არსს.

◊ პოლიტიკური კარიკატურებით გადმოცემული შეხედულებები ყოველთვის იძლევა ნიადაგს კამათისა და დისკუსიისთვის.
დავალების ნიმუში
 
კარიკატურის მიმართულება: ვიზუალური დამახინჯება 

მოკლე ისტორია: ეს კარიკატურა, როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 1912 წელს შექმნა ამერიკელმა მხატვარმა ჰერბერტ ჯონსონმა. მისი დახატვა ჯონსონს ცნობილი ფოტოგრაფის, ლევის ჰაინის, ბავშვების ექსპლოატაციის თემაზე გადაღებულმა ფოტოსურათებმა შთააგონა.

წინა ცოდნა: ბავშვთა ექსპლუატაცია ამერიკის ისტორიის თანმხლები სამწუხარო მოვლენაა. თავდაპირველად ბავშვებს უმეტესად ფერმებში ამუშავებდნენ. ამერიკის ინდუსტრიალიზაციის პარალელურად ბავშვთა შრომამ ფაბრიკა-ქარხნებში გადაინაცვლა. ბავშვების დაქირავება კაპიტალისტებს დიდ მოგებას აძლევდა: მათ ნაკლებს უხდიდნენ, უფრო ადვილი დასამორჩილებლები იყვნენ, ხოლო ზოგიერთ სამუშაოს (ვიწრო მაღაროდან მადნის გამოტანა, ძაფის დართვა) დიდებზე უკეთ ასრულებდნენ. ბავშვთა შრომის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება 1900-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი მოთხოვნები მათი შრომის შემსუბუქება და ხელფასის გაზრდა იყო. მალე მთავარ მოთხოვნად იქცა ბავშვთა შრომის აკრძალვა და სანაცვლოდ მათთვის უფასო და სავალდებულო განათლების მიცემა.
კითხვარი

1. რომელი დიდი პრობლემა აწუხებს კარიკატურის ავტორს? (თქვენი პასუხი შეაჯამეთ ერთი მთავარი წინადადებით)
2. რა არის კარიკატურის მთავარი სიმბოლო და როგორ არის იგი დამახინჯებული?
3. რამდენად ეხმარება ეს დამახინჯება ავტორს აზრის უკეთ გადმოცემაში?
4. ეს ხელი, გარდა უზარმაზარი ზომისა, კიდევ რაიმე დეტალით ხომ არ გადმოსცემს ავტორის განწყობილებას?
5. როგორ არიან ბავშვები გამოსახული კარიკატურაზე? რა ეფექტს ქმნიან ისინი ვეებერთელა ხელთან ერთად?
6. ავტორის ადგილას, ხელის ნაცვლად რას დახატავდით იმავე აზრის გადმოსაცემად?
7. წარმოიდგინეთ, რომ არ ეთანხმებით ავტორის თვალსაზრისს. რას შეცვლიდით კარიკატურაში, რა სიმბოლოებს გამოიყენებდით და როგორ ვიზუალურ დამახინჯებას მიმართავდით?

ნილ გეიმანი: რატომ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი ბიბლიოთეკებზე, კითხვასა და ოცნებაზე

0
პირველი ნაწილი

ლექცია, რომელშიც ახსნილია, რატომ არის აუცილებელი საკუთარი წარმოსახვის გამოყენება და, საერთოდ, ამ პროცესის ხელშეწყობა. გეიმანს მიაჩნია, რომ წარმოსახვის განვითარება და გამოყენება ყველა მოქალაქის ვალია.

ნილ გეიმანი (დაიბადა 1960 წელს) – პოპულარული ბრიტანელი მწერალი. მუშაობს მოკლე ნოველის, კომიქსის, გრაფიკული მოთხრობის ჟანრებში. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის – ჰუგო, ნებულა და ბრემ სტოკერის ლიტერატურული პრემია, კარნეგისა და ნიუბერის მედლები. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: სერია „სენდმენი” („ქვიშის კაცი”), „სტარდასტი” („ვარსკვლავის მტვერი”), „სასაფლაოს წიგნი”. გეიმანის რომანი-ფენტეზი, „ამერიკელი ღმერთები”, 2001 წელს მსოფლიო ბესტსელერი გახდა და რამდენიმე საერთაშორისო პრიზიც დაიმსახურა. გეიმანი, როჯერ ეივერისთან ერთად, გახლავთ რობერტ ზემეკისის გახმაურებული ბლოკბასტერის, „ბეოვულფის”, სცენარის თანაავტორი.
 
ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაზიარება, რომელ მხარეს დგას და არის თუ არა რაიმე კუთხით მიკერძოებული. ეს შეიძლება შევადაროთ ჯგუფის ან ასოციაციის შეკრებაზე მისი წევრების მიერ საკუთარი ინტერესების ღია დეკლარირებას. ამიტომაც გადავწყვიტე, წიგნების კითხვაზე გესაუბროთ. მე ვაპირებ გითხრათ, რომ ბიბლიოთეკები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვაპირებ იმის თქმასაც, რომ შეთხზული ამბების (ინგლ. fiction) კითხვა, სიამოვნებისთვის კითხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა ადამიანის ცხოვრებაში. ვაპირებ გავაგებინო ყველას, რომ ჩემი ჟინიანი განაცხადი ბიბლიოთეკებისა და ბიბლიოთეკართა მნიშვნელობის შესახებ მიმართულია ამ ინსტიტუტისა და იქ მომუშავე ადამიანების დასაცავად.

მე ტენდენციური პიროვნება ვარ. ღიად და ძალიან ტენდენციური: მე ავტორი ვარ, შეთხზული და გამოგონილი ამბების მწერალი. მე ვწერ ბავშვებისთვის, ვწერ დიდებისთვისაც. უკვე 30 წელია, სარჩო-საბადებელს ჩემი სიტყვების მეშვეობით მოვიპოვებ, უპირატესად – ამბების გამოგონებით და ქაღალდზე მათი გადატანით. ნათელია, რომ დაინტერესებული ვარ, ხალხმა იკითხოს, იკითხოს ის, რაც მოვიგონე და დავწერე, არსებობდნენ ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები და ხელს უწყობდნენ კითხვის სიყვარულს და იმ ადგილების განვითარებას, სადაც ადამიანები სხედან და კითხულობენ.

ამიტომაც მე ტენდენციური და მიკერძოებული გახლავართ, როგორც ერთი მწერალი. მაგრამ გაცილებით ტენდენციური და მიკერძოებული ვარ როგორც მკითხველი და კიდევ უფრო მიკერძოებული – როგორც ბრიტანეთის მოქალაქე.
დღეს მე, „რიდინგის სააგენტოს” (Reading Agency) კეთილი ნების წყალობით, შესაძლებლობა მომეცა, გესაუბროთ კითხვასა და ლიტერატურაზე. ეს სააგენტო გახლავთ ბრიტანული საქველმოქმედო გაერთიანება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, მოიპოვონ საკუთარი თავის რწმენა, შეძლონ ლიტერატურის სამყაროში შესვლა და იქცნენ კითხვის ენთუზიასტებად. „რიდინგის საგენტო” ხელს უწყობს ყველას, ჰქონდეთ ლიტერატურული სიახლეების გაცნობის თანაბარი შესაძლებლობა. იგი მხარს უჭერს წერა-კითხვის შემსწავლელ პროგრამებს, ბიბლიოთეკებს და კერძო პირებს, შეიყვარონ კითხვა და მისი აქტიური მხარდამჭერები გახდნენ. ეს იმიტომ, რომ, როგორც „რიდინგში” ამბობენ, „ყველაფერი იცვლება, როდესაც ვკითხულობთ”.

დიახ, ეს ყველაფერი ცვლილებისთვის ხდება. ჩემი ეს გამოსვლაც ცვლილების ნაწილია. მე მინდა გესაუბროთ იმაზე, რას გვაძლევს კითხვა, რისთვის არის კითხვა კარგი.

ერთხელ ნიუ-იორკში ვესწრებოდი საუბარს კერძო ციხეების მშენებლობაზე, რაც საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აშშ-ში. ციხეების ინდუსტრიას, ისევე როგორც სხვებს, სჭირდება სამომავლო ზრდის გეგმა: რამდენი საკანი დასჭირდებათ მომავალში? რამდენი პატიმარი ეყოლება ამერიკას 15 წლის შემდეგ? სად უნდა აშენდეს ციხეები? – და სხვა ამგვარი საკითხები. აღმოჩნდა, რომ ამ რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა, მათი წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია საკმაოდ მარტივი ალგორითმით, რომელიც ემყარება ერთ კითხვას: „10-11 წლის ბავშვების რამდენმა პროცენტმა არ იცის კითხვა?” ან, სხვაგვარად, რამდენს უჭირს კითხვა საკუთარი სიამოვნებისათვის, თავისუფლად?

It's not one to one: you can't say that a literate society has no criminality. But there are very real correlations. / ეს არ გახლავთ პირდაპირი ურთიერთდამოკიდებულება – რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ წერა-კითხვის კარგად მცოდნე საზოგადოებას არ ჰყავს კრიმინალები, თუმცა კითხვის უცოდინრობასა და კრიმინალს შორის საკმაოდ ძლიერი კორელაციაა.

ამ კორელაციებიდან და დამოკიდებულებებიდან მომდინარეობს მარტივი თეზისი – კითხვის მცოდნე ადამიანებს შეთხზული ამბების კითხვა უყვართ.

შეთხზულ ამბავს (ინგლ. Fiction) ორი მთავარი გამოყენება აქვს. ერთი ის, რომ იგი კითხვის სიყვარულის, ასე ვთქვათ, საწყისი „ნარკოტიკია”. სურვილი, გაიგო რა მოხდა მერე, გადაგაშლევინებს წიგნს მომდევნო გვერდზე, გაგრძელებინებს კითხვას, თუნდაც ეს რთული იყოს, რადგან რომელიღაც გმირი მძიმე განსაცდელშია და გსურს შეიტყო, როგორ წაუვა საქმე ბოლოს. ეს მართლაც მიმზიდველი განცდაა. მეორე ფაქტორია ის, რომ ამბისადმი (ან გმირებისადმი) ინტერესი გიბიძგებს წაიკითხო და დაიმახსოვრო, მერე კი შეისწავლო ახალი სიტყვები, გაიაზრო ახალი იდეები, გმირთა ფიქრები, უბრალოდ გააგრძელო კითხვა…

კითხვისას აღმოაჩენ, რომ კითხვის პროცესი, უბრალოდ სასიამოვნოა. როდესაც ამას გაითავისებ, უკვე ყველაფრის კითხვის გზაზე დგები. კითხვა მთავარი გასაღებია. რამდენიმე წლის წინ (მადლობა ღმერთს, ცოტა ხნით) გაისმა უცნაური ხმები იმის თაობაზე, რომ ჩვენ „პოსტ-წიგნიერ” ეპოქაში ვცხოვრობთ” და „დაწერილი სიტყვიდან” აზრის გაგების შესაძლებლობა შესაძლოა ზედმეტი გახდეს. მაგრამ ეს ხმები გაქრა, ამ დღეებმა ჩაიარა. დღეს სიტყვები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე; დღეს ჩვენ სიტყვების სამყაროში დავცურავთ, რადგან სიტყვა არის ვებზე; ჩვენ უნდა გავყვეთ იმას, რასაც სიტყვებით გვწერენ, წავიკითხოთ და გავიგოთ, რას გვწერენ და ჩვენი ნაწერი სიტყვებით დავუკავშირდეთ სხვებს. ხალხი, რომელსაც ერთმანეთისა არ ესმის, ვერ გაცვლის აზრებს, ვერ იურთიერთობებს ერთმანეთთან. თარგმანის პროგრამებს ბევრი არაფერი შეუძლიათ, ისინი შეზღუდულნი არიან.
ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ განათლებას ვაძლევთ ჩვენს შვილებს, არის მათთვის კითხვის სწავლება და ჩვენება, რომ კითხვა სასიამოვნო საქმიანობაა. საამისოდ კი საჭიროა მათთვის, სულ მცირე, იმ წიგნების შეთავაზება, რომლებიც მოსწონთ, ამ წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კითხვის ხელშეწყობა.

ჩემი აზრით, ცუდი საბავშვო წიგნი არ არსებობს. ზოგიერთ მოზრდილს შორის მოდური გახდა რომელიმე საბავშვო წიგნის, ჟანრის, ხანდახან ავტორის მინიშნება და იმ წიგნების საჯაროდ დასახელება, რომელთა წაკითხვაც რეკომენდებული არ არის. მე რამდენიმეჯერ შევესწარი ამას. მაგალითად, ენიდ ბლაიტონი გამოაცხადეს ცუდ ავტორად. არის ცნობები, რომ მე-20 საუკუნის 50-იან და 80-იან წლებში ქ-ნი ბლაიტონის ზოგიერთი წიგნი „აიკრძალა” და გატანილ იქნა ბიბლიოთეკებიდან. დადასტურებულია, რომ ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მწერალს ბი-ბი-სი წლების განმავლობაში არ უთმობდა რადიოეთერს. მას ადანაშაულებდნენ სნობიზმში, სექსიზმში, რასიზმსა და პოლიტიკურ არაკორექტულობაში. მის ნაწარმოებებს იწუნებდნენ მდარე ხარისხისა და გრძელი დიალოგების გამო. თუმცა ამას ბლაიტონის წიგნების პოპულარობაზე გავლენა არ მოუხდენია. თვითონ ავტორი კი ამბობდა, რომ „მას არ აინტერესებს არც ერთი კრიტიკოსი, რომლის ასაკი 12 წელზე მეტია”. იგივე გაუკეთეს რ. ლ. სტაინს და საბავშვო წიგნების ათამდე სხვა ავტორს. კომიქსებზე საერთოდ ითქვა, რომ ისინი უწიგნურობას უწყობენ ხელს.

ეს აბსურდია. ეს სისულელეა და სნობიზმი. არ არსებობენ საბავშვო წიგნების ცუდი ავტორები, თუ მათი წიგნები ბავშვებს მოსწონთ და კითხულობენ, რადგან ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია. მათ შეუძლიათ, იპოვონ წიგნები და ამბები, რომლებიც მოსწონთ, სჭირდებათ, რომლებშიც ისინი „შედიან” და მონაწილეობენ კითხვისას. ტრივიალური და „გაცვეთილი” იდეები გაცვეთილი და ტრივიალური არ არის ბავშვებისთვის. ასეთ ამბებთან მათი შეხვედრა პირველად ხდება. ნუ გაუქრობთ ბავშვს კითხვის სურვილს, თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ იგი არ კითხულობს კარგ წიგნს. მოგონილი ამბავი, რომელიც თქვენ შესაძლოა არ მოგეწონოთ, სხვა, უკეთესი წიგნებისკენ მიმავალი გზაა. გახსოვდეთ, რომ ყველას თქვენნაირი გემოვნება არ აქვს.

კეთილგანწყობილ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია დაასამაროს ბავშვის წიგნის კითხვის სიყვარული. ეს შეიძლება მოხდეს, თუ შეაწყვეტინებთ, რაც მოსწონს, იმის კითხვას, მისცემთ წიგნს, რომელიც თქვენ მოგწონთ, მაგრამ მოსაწყენი აღმოჩნდება ბავშვისთვის. ეს ვიქტორიანული პერიოდის „გამოსასწორებელი” ლიტერატურის მსგავს აქტს დაემსგავსება. შედეგად შესაძლოა მივიღოთ თაობა, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვა „მაგარი რამ” არ არის და უარესიც – კითხვა არ არის სასიამოვნო.

ჩვენ ბავშვებს კითხვის კიბეზე უნდა წარვუძღვეთ: ნებისმიერი საკითხავი, რომელიც მათ მოსწონთ, მათ ამ კიბეზე უფრო მაღლა აიყვანს, ნაბიჯ-ნაბიჯ წიგნიერ ადამიანებად აქცევს. აქვე აღვნიშნავ, რომ არ ჩაიდინოთ ის, რაც მე დამემართა, როდესაც ჩემს 11 წლის გოგონას, რომელიც რ. ლ. სტაინს კითხულობდა, სტივენ კინგის „ქერის”  წაკითხვა შევთავაზე. მაშინ მეგონა, რომ თუ ბავშვი სტაინს კითხულობდა, მას კინგის ეს რომანიც დააინტერესებდა. ამის შემდეგ ჰოლი (ჩემი გოგონა) მხოლოდ პრერიის ამთვისებელ პიონერებზე კითხულობდა მოთხრობებს. სტივენ კინგის ხსენებაზე კი ჰოლი დღესაც იჭმუხნება!

მეორე, რასაც თხზულების კითხვა აძლევს ბავშვებს, გახლავთ ემპათია – სხვისი დარდისა თუ ტკივილის გაზიარების უნარი. როდესაც ადამიანი ტელევიზორს უყურებს ან ფილმს ნახულობს, იგი სხვის ამბავს უცქერის. პროზაული თხზულება კი გახლავთ ფორმატი, რომელიც 26 ასოთი (ინგლისურ ანბანში 26 ასოა – ლ.ა.) და რამდენიმე სასვენი ნიშნით იწერება. ამ დროს, კითხვისას, ადამიანი მარტოა, იგი იყენებს თავის წარმოსახვას, თვითონვე ქმნის და წარმოიდგენს იმ სამყაროს, რომელზეც კითხულობს. გრძნობს, სტუმრობს ადგილებსა თუ სამყაროებს, რომლებსაც ამ წიგნის გარეშე ვერასდროს წარმოიდგენდა. ადამიანი კითხვისას სწავლობს, რომ იქ, სადღაც, ყველა მისი მსგავსია. კითხვისას მკითხველიც ვიღაც სხვა ხდება და როდესაც იგი რეალურ სამყაროში ბრუნდება, სულ ცოტათი შეცვლილია.

თანაგრძნობა გახლავთ საშუალება, რომელიც ადამიანებს ჯგუფებად კრავს, გვაძლევს საშუალებას, ვიცხოვროთ საკუთარ თავზე კონცენტრირებული ინდივიდებისგან განსხვავებულად. 

კითხვისას ვპოულობთ და ვსწავლობთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩვენი ცხოვრებისთვის, კერძოდ: 

სამყარო არ უნდა იყოს აუცილებლად ისეთი, როგორიც არის. მოვლენები შესაძლოა სხვაგვარად მიმდინარეობდეს. 
2007 წელს ჩინეთში გახლდით ჩინეთის სახალხო პარტიის მიერ დაშვებულ ფანტასტიკური პროზის პირველ სემინარზე. საშუალება მომეცა, სემინარის ოფიციალური პირები გვერდზე გამეხმო და მათთვის პირდაპირ მეკითხა: რატომ არ იყო ნებადართული ჩინეთში ფანტასტიკური პროზა აქამდე? რა შეიცვალა?

ეს მარტივია, – მითხრა ოფიცილაურმა პირმა, – ჩინელები საუკეთესონი არიან, თუ მათ ვინმე სხვა დაუსახავს გეგმას, მაგრამ ახალს არ იგონებენ და არც ინოვაციებს ქმნიან. მათ წარმოდგენა უჭირთ. ამიტომაც ჩინელებმა გაგზავნეს თავიანთი დელეგაციები აშშ-ში, სადაც ესტუმრენ „ეფლს”, „მაიკროსოფტს” და „გუგლს”. ამ კომპანიებში ჩინელებმა იკითხეს, ვინ იგონებდა ამ ყველაფერს. მათ აღმოაჩინეს, რომ ყველა გამომგონებელი, ვისაც იქ შეხვდნენ, ქალი თუ კაცი, ბავშვობაში ფანტასტიკას კითხულობდა. 

შეთხზულ ამბავს შეუძლია სხვა სამყარო გიჩვენოს. შეუძლია იქ გადაგისროლოს, სადაც არასდროს ყოფილხარ. მას შემდეგ, რაც სხვა სამყაროში იყავი და ჯადოსნური ნაყოფი იგემე, შეუძლებელია კვლავ გაკმაყოფილებდეს ის სამყარო, რომელშიც იშვი და გაიზარდე. უკმაყოფილება სასარგებლოა: უკმაყოფილო ადამიანებს თავიანთი სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. მათ შეუძლიათ, სამყარო გააუმჯობესონ, სხვანაირი გახადონ იგი.
ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ წყარო: theguardian.com, Tuesday 15 October 2013 

„რაც მოვისმინე – დამავიწყდა, რაც დავინახე – დავიმახსოვრე, რაც გავაკეთე – გავიგე“

0

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაში ძალიან ძნელია (და საფრთხილოც) ახალი იდეების შეთავაზება და ნოვაციების შეტანა, არადა, ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც პედაგოგისგან განსაკუთრებულ მიდგომასა და სიფაქიზეს მოითხოვს.

როდესაც „ევროპულმა სკოლამ” საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის პროგრამის ავტორიზაცია მოიპოვა, ყველაზე კრიტიკულად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები განვეწყვეთ:

IB-სადიპლომო პროგრამით სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე – ყველა სავალდებულო საგანი, გარდა ლიტერატურისა (მხედველობაში მაქვს ექვსი სავალდებულო საგნიდან ერთ-ერთი – ლიტერატურის კურსი სტუდენტის მშობლიურ ენაზე), ისწავლება ინგლისურად. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამით მშობლიური ენის სწავლება?

ჩემთვის,  როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ პროგრამის ფილოსოფიასა და მიზნებში მკვეთრად გამოხატული პოზიცია – ეროვნული ცნობიერების დაცვით აღზარდოს მსოფლიო საზოგადოების წევრი, რომელიც, პირველ რიგში, ცნობს და აფასებს საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს და, ამავე დროს, პატივს სცემს სხვების ეთნიკურ თუ კულტურულ ფასეულობებს.

 შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ პროგრამით სწავლება მშობლიური ლიტერატურის სწავლების საუკეთესო გზაა. ჩემი კოლეგების, თამამად შემიძლია ვთქვა, თავდადებულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ, საინტერესო სახელმძღვანელოების არსებობამ და, რა თქმა უნდა, ეროვნული სასწავლო პროგრამების ავტორთა შრომამ მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაჩვენა (ეროვნულ გამოცდებს ვგულისხმობ). რასაკვირველია, ბევრი რამ გადასახედია და დასახვეწი, მაგრამ სწავლების ახალმა მეთოდებმა, პროფესიონალიზმისა და შემოქმედებითობის სინთეზმა ნამდვილად გამოიღო ნაყოფი.

ვერ ვიტყვი, რომ რამეს განსაკუთრებულს და უნიკალურს ვაკეთებთ, მით უმეტეს, რომ “ევროპულ სკოლაში”, სადაც მისი დაარსების დღიდან ვმუშაობ, ამის საკმაო გამოცდილება უკვე გვაქვს, მაგრამ ეს კურსი ცოტა განსხვავებული ნამდვილად არის. ორწლიანი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ქართული ლიტერატურის სწავლებას მსოფლიო ლიტერატურასთან ერთად (საზღვარგარეთული ლიტერატურა ისწავლება ქართული თარგმანებით).

სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებები მრავალი ნიშნით შეიძლება დავუკავშიროთ ერთმანეთს – ჟანრით, თემატიკით, ეპოქალური და სოციალური პრობლემატიკით, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსგავსებაზე დაკვირვება, არამედ განსხვავებაზეც, მერე კი ამ მსგავსება-განსხვავების მიზეზთა ძიება და მიგნებაა საინტერესო. დამეთანხმებით, ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის სწავლება მსოფლიოს ლიტერატურულ შედევრთა ჭრილში საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდებისთვის, გაიაზრონ მშობლიური ლიტერატურა და, ზოგადად, კულტურა როგორც კაცობრიობის ყველაზე ღირებული მონაპოვარი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამით გათვალისწინებული 13 ნაწარმოები განაწილებულია 4 ჯგუფში და თითოეული ეს ჯგუფი ისწავლება კონკრეტული მიზნით: ზეპირი პრეზენტაცია, ზეპირი კომენტარი, რამდენიმე ნაწარმოების შედარებითი ანალიზი (წერილობით), ქართული და უცხოური ნაწარმოებების შედარება- შეპირისპირება (წერილობით), ვრცელი წერილობითი ესეს შესრულება და საბოლოო გამოცდისთვის 2 ან 3 ნაწარმოების მიხედვით მსჯელობა კონცეპტუალურ საკითხებზე.

ამჟამად მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ზეპირი პრეზენტაციის გამოცდის ფორმატზე და გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელმაც გვაჩვენა, რომ ამ ტიპის სამუშაოს შესრულებისას მოსწავლეებს მხოლოდ ზეპირმეტყველებისა და პრეზენტაბელობის უნარ-ჩვევები კი არ უვითარდებათ, არამედ გაცილებით გახსნილები ხდებიან, საშუალება ეძლევათ, გამოამჟღავნონ ან აღმოაჩინონ თავიანთ თავში არტისტიზმის დაფარული ნიჭი, სურვილი, აიხდინონ (ზოგიერთისთვის) ბავშვობის ოცნება. ამ ტიპის სავალდებულო აქტივობის დროს მოზარდები იხსნიან კომპლექსებს, ძლევენ სიმორცხვეს და შედეგად ისეთი მოსწავლეები დგებიან სცენაზე, რომლებსაც ადრე ვერც წარმოედგინათ, რომ ეს უნარი საერთოდ ჰქონდათ. ხაზს ვუსვამ, ეს პროგრამის სავალდებულო მოთხოვნაა, რომელიც ფასდება და სადიპლომო ქულის მნიშვნელოვან პროცენტს შეადგენს. ამდენად, მოსწავლეების პასუხისმგებლობა და მონდომება საკმაოდ დიდია და შედეგიც თვალნათლივ ჩანს. 

პირველი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობთ 3 ავტორის ნაწარმოებებს. ამჯერად ჩვენი (მასწავლებლის) არჩევანი იყო უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა”, გალაკტიონის ლექსები, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე”.

ამ მასალის საფუძველზე სტუდენტს უნდა მოემზადებინა 10-15-წუთიანი ზეპირი პრეზენტაცია.

კანდიდატი ირჩევდა თემას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. შერჩეული საკითხები მოიცავდა ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: ნაწარმოების კულტურული არეალი, თემატიკა, პერსონაჟის დახასიათება, მწერლის სტილი და მხატვრულ- გამომსახველობითი საშუალებები, ავტორის პოზიცია ნაწარმოებში მოცემული რომელიმე კონკრეტული საკითხის (პერსონაჟის) შესახებ, ტექსტის ინტერპრეტაცია სხვადასხვა კუთხით.

აქტივობათა არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია: 

◊ სტრუქტურული დისკუსია, რომლის დროსაც კანდიდატს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა (დისკუსიის წარმართვა, მოხსენება, ოპოზიციური კამათი, კამათის პროვოცირება). ასეთ აქტივობაში შესაძლოა ჩართული იყოს მთელი კლასი, მაგრამ ფასდება მხოლოდ კონკრეტული კანდიდატი;

◊ ზეპირი წარდგენა – მწერლის (ნაწარმოების) წარდგენა (შესავალი), რომელიმე ნაწარმოების (ავტორის) კრიტიკა, ტექსტის ინტერპრეტაცია, ნაწარმოების გააზრება (შედარება- დაპირისპირება) შესაბამისი ეპოქის სოციალურ-კულტურულ ფონზე, სახე-სიმბოლოების, იდეების, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა), ორი პასაჟის, ორი პერსონაჟის, ორი ნაწარმოების დაკავშირება (შერწყმა), ნაწყვეტის კომენტარი, ახნა-განმარტება ნაწარმოების განმავითარებელ მნიშვნელობაზე;

◊ როლური თამაში – პერსონაჟის მონოლოგი ნაწარმოების რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე, სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟების დიალოგი, დიალოგი ერთი და იმავე ნაწარმოების ორი პერსონაჟისა, რომლებიც ნაწარმოებში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს, კანდიდატის ინტერვიუ ავტორთან, პერსონაჟის ინტერვიუ ავტორთან, პერსონაჟის გასამართლება, პერსონაჟის მემუარები განვლილი წლების გადასახედიდან, ავტორის შესაძლო რეაქცია მისი ნაწარმოების ინტერპრეტაციის შემთხვევაში, ნაწარმოების (ავტორის) დაცვა ცენზურისგან სხვადასხვა ბრალდების (ამორალურობის, უხამსობის, პოლიტიკური, რელიგიური ზეწოლის და სხვა) შემთხვევაში.

კანდიდატები პრეზენტაციას ამზადებენ დამოუკიდებლად, შინ ან სკოლაში გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს. მაგრამ ყველა ეს აქტივობა დიდი ინტერესითა და ხალისით ირჩეოდა უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეები ამა თუ იმ ნაწარმოების კითხვისას ასახელებდნენ მათთვის სასურველი და მისაღები აქტივობის ტიპს და ცდილობდნენ, ნაწარმოები სწორედ ამ კუთხით წაეკითხათ და შეესწავლათ. ისინი გზადაგზა ინაწილებდნენ როლებს, ადგენდნენ სცენარს, ირჩევდნენ შესაფერის კანდიდატებს თავიანთი სცენარისთვის, საინტერესო იყო, რომ ამ კანდიდატების, ასე ვთქვათ, „მსახიობების”, ძებნის დროს ირჩეოდა მთელი ხასიათი პერსონაჟისა და ამ ხასიათს ეძებდნენ თანაკლასელებში, პარალელურკლასელებსა თუ თანატოლებში, ამ ძიებას თან ახლდა კამათი, მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა და ამასობაში თავისთავად ხდებოდა მთელი ნაწარმოების ანალიზი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ არასოდეს დაავიწყდებათ ის, რაც ამ დროს შეისწავლეს. უფრო მეტიც – მათ შეიყვარეს და გაითავისეს განსახიერებული პერსონაჟები, სხვა კუთხით დაინახეს უარყოფითი გმირებიც, სცადეს მათი საქციელის გამართლება, გააცნობიერეს დეტალების მნიშვნელობა და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ფუნქცია ნაწარმოებში, ერთმანეთთან დააკავშირეს სხვადასხვა ეპოქისა თუ კულტურის ლიტერატურული ნაწარმოებები, ამოიკითხეს მსგავსი თემატიკა, დაინახეს კერძო და ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკა, გაიგეს, რომ სათქმელი შეიძლება გადმოიცეს ხელოვნების სხვადასხვა ენაზე. სტუდენტები ეძებდნენ როლური თამაშისთვის შესაფერის ჩაცმულობას, რეკვიზიტს, უსადაგებდნენ თავიანთ პრეზენტაციას მუსიკას, ნახატებს, ფოტოებს, ნაწყვეტებს კინოფილმებიდან.

 მახსენდება ერთი ჩინური სიბრძნე: „რაც მოვისმინე – დამავიწყდა, რაც დავინახე – დავიმახსოვრე, რაც გავაკეთე – გავიგე”. რასაკვირველია, ამ ტიპის სამუშაო ძალაუნებურად აიძულებდა მათ, კითხვისას ტექსტი ღრმად გაეანალიზებინათ და აქცენტი მნიშვნელოვანსა და საინტერესოზე დაესვათ. მერწმუნეთ, ჩვენი ახალგაზრდების ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა…

ასე გაჩნდა ისეთი საინტერესო ინტერპრეტაციები, როგორებიცაა: ტიბალტის მონოლოგი; რომეოს გასამართლება იმქვეყნიურ სამსჯავროზე; ქალბატონი კაპულეტის აღსარება; გალაკტიონის მესაფლავისა და რომეოს შეხვედრა; ინტერვიუ მერი შერვაშიძესთან; ინტერვიუ შექსპირთან; დიალოგი მერანთან; გალაკტიონის მონოლოგი; თანამედროვე (ქართველი) „რომეო და ჯულიეტა”, წარმოდგენილი რეპის სტილში; მარიტასა და ჯულიეტას შეხვედრა; გაცოცხლებული ნატვრის ხის მონოლოგი და მრავალი სხვა.

მართალია, გამოცდა ბარდებოდა ზეპირმეტყველებაში – ზეპირი პრეზენტაციის ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, იყო შედეგი სწორი კითხვის სტრატეგიისა. ხაზგასასმელია ის მომენტი, რომ როდესაც მოსწავლემ იცის, სახელდობრ, რისთვის, რა მიზნით კითხულობს ამა თუ იმ ნაწარმოებს, რა ევალება ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, რომელი უნარები უნდა გაააქტიუროს, რა ფორმით გამოხატოს თავისი ცოდნა – ინტერესიც იმატებს, აღქმის უნარიც აქტიურდება და მთავარი სათქმელის მიგნება და გააანალიზებაც ადვილდება.

მომდევნო ეტაპია შესწავლილი ტექსტის ნაწყვეტის ზეპირი კომენტირება. თუ დაინტერესდით, ამის გამოცდილებასაც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.

 

შევეგუებით

0
გაზაფხულზე გიყვებოდით ირანელ გოგონებსა და ქალებზე, რომლებიც ათასი წვრილმანი და მსხვილმანი შეზღუდვის პირობებში ცხოვრობენ და დროის უმეტეს ნაწილს აკრძალულ ცხოვრებასთან შეგუებას ახმარენ. გიყვებოდით მომღერალ ქალებზე, რომლებსაც საჯარო სივრცეში სიმღერა ეკრძალებათ, რეჟისორებზე, რომელთა ფილმებსაც ცენზურა დაუნდობლად კუწავს და მსახიობ გოგონაზე, ულამაზეს პეგაზე, რომელიც 23 წლისაა და უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული სოციალური აქტივობისა და რეჟიმის დაუმორჩილებლობისთვის. პეგა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაიჭირეს და 18 თვით ჩასვეს ციხეში. ბრალდება ისევ სოციალური აქტივიზმი და პოლიტიკური კომენტარებია, რომლებსაც ის უცხოურ პრესასთან აკეთებდა.

ყოველთვის, როცა ირანზე და ირანში მცხოვრებ გოგონებსა და ქალებზე ვფიქრობ, პირველად ის კადრები მიდგება თვალწინ, 1979 წლამდე, რევოლუციამდელ თეირანში რომაა გადაღებული და ბედნიერ ადამიანებს ასახავს, დოგმებისა და რელიგიური ცენზურისგან თავისუფალ საზოგადოებას, მერე კი ახლანდელი, ჩადრში შემალული ქალების ბედი მადარდებს, რომლებსაც ფუნდამენტური უფლებების ნაწილი მხოლოდ იმიტომ წაართვეს, რომ ქალები არიან. 

პეგას მესამედ დაჭერის ამბავი რომ გავიგე, კიდევ ერთხელ დამეუფლა უსუსურობის განცდა, რომ ჩვენ, დანარჩენი სამყარო, რაც არ უნდა ბევრი ვწეროთ და ვიდარდოთ სხვა ქალების შესახებ, ბევრს მაინც ვერაფერს ვცვლით და ირანში მცხოვრები ქალების უკეთ გასაგებად ირანელი მწერლის, ზოია ფირზადის ქართულად ახლახან გამოცემული წიგნი, „შევეგუებით” ვიყიდე, სადაც იმისგან სრულიად განსხვავებული ამბები დამხვდა, რასაც ველოდი. 

ზოიაც ქალებზე ჰყვება, ირანში მცხოვრებ ქალებზე, ოღონდ ისეთ ამბებს, ხვდები, რომ ამ ქალების მთავარი მტერი არა რომელიმე რეჟიმი, არამედ ისევ ქალები არიან, სხვა ქალები – დედები, ბებიები, მასწავლებლები, დედამთილები, მულები და რძლები. ამ ქალების მტრები ქმრებიც არიან, რომლებიც ხშირად უსიყვარულოდ ქორწინდებიან მათზე წესებისა და ტრადიციების დაცვით და მერე დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ხან ძალადობით, ხან უყურადღებობითა და უსიყვარულობით ტანჯავენ. და, რაც მთავარია, ამ ქალების დაუძინებელი მტრები არიან მათი ტრადიციები, სტერეოტიპები და ადათ-წესები, რომლებიც სიყვარულს კრძალავენ, სამსახურს უშლიან, ქალის ადგილად სამზარეულოს მიიჩნევენ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ფორმად კი მორჩილებას, უსიტყვო მორჩილებას.

ზოია ფირზადი ამ ქალების შესახებ ჩემზე გაცილებით ნაკლებემოციურად ჰყვება, ვინაიდან ისიც მათი ნაწილია, მათთან ერთად ცხოვრობს, ბავშვობიდან მათ უყურებს და მისთვის ეს მეტ-ნაკლებად ჩვეული ამბავია. მგონია, რომ ზოიაც თავისი გმირებივით პირმოკუმული, ხაზად ქცეული ტუჩებით წერს იმას, რაც არ მოსწონს საკუთარ ქვეყანაში (სწორედ ასე, უხმოდ და ტუჩების ხაზად ქცევით გამოხატავენ მის ტექსტებში ქალები ბრაზსა და პროტესტს). თავად წიგნის სათაურიც იმავეს ამბობს, რასაც ზოიას თხრობის სტილი – რომ თუ ძალიან მოინდომებ, ამ ყველაფერს შეეგუები კიდეც, მაგრამ შეგუებას ჯობია ამაზე ისაუბრო, პრობლემა დაინახო და იქნებ მოაგვარო კიდეც, იქნებ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, იქნებ შენს თავსაც და სხვა ქალებსაც უთხრა, რომ შენ პიროვნება ხარ, სურვილები და უფლებები გაქვს და მახინჯი ტრადიციების მორჩილებას მათ წინააღმდეგ ხმის ამაღლება ჯობდეს.

მეტიც – ზოია ფირზადი ირანში მცხოვრებ ქალებზე ისე ჰყვება, არ გაგიჭირდება, მათში შენი ის ნაცნობი ამოიცნო, რომელსაც ქალის მთავარ საქმედ გათხოვება, უკეთეს შემთხვევაში სარფიანად გათხოვება მიაჩნია, ან ის, რომელიც ადამიანების პიროვნულ თვისებებზე მეტ მნიშვნელობას მათ ეროვნულ და რელიგიურ კუთვნილებას, სამუშაო ადგილსა და მანქანის მარკას ანიჭებს. აქ ისეთ ქალებსაც ნახავთ, შვილების გამო საძულველ ქმართან ცხოვრებას რომ აგრძელებენ და თავი საკუთარი ნებით მიაქვთ სამსხვერპლოზე და ისეთებსაც, სხვა ქალების გაგება რომ არაფრით შეუძლიათ, რომ ვერ ხვდებიან, სომეხი გოგონა ირანელ ბიჭს რატომ უნდა მისთხოვდეს, ან სკოლის დირექტორის შვილი სკოლის დარაჯის შვილთან ერთად რატომ უნდა თამაშობდეს. რაც უნდა კარგი იყოს ეს ირანელი ბიჭი და ძალიან უყვარდეს მის ქალიშვილს, რაც უნდა ლამაზი და ჭკვიანი იყოს სკოლის დარაჯის გოგონა, როგორც უნდა სიამოვნებდეს მის შვილს მასთან თამაში, ასეთი კავშირები მაინც არ სურს.

ზოია ერთდროულად ორი ქვეყნის ქალების ამბებს ჰყვება: სომხებისას და ირანელებისას. თვითონაც სომეხი დედისა და ირანელი მამის ოჯახშია გაზრდილი და კარგად იცნობს ყველა იმ დაბრკოლებას, რასაც ეს ხალხი ცხოვრებაში აწყდება.

დაბრკოლება კი სწორედ ის ფსევდოტრადიციები და ადათ-წესებია, რომლებიც ამ წიგნის გმირებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ბედნიერებით ტკბობას არ აცდის. როცა ქმარი ერთ-ერთ ქალს ულამაზეს ქამარს უყიდის პარიზში მოგზაურობისას, ქალი ქამრის მაგივრად ფასს უყურებს და დანაზოგის უყაირათოდ ხარჯვაზე ჯავრობს მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება აჯერებდნენ, დანაზოგი სახლის ყიდვა-მოწყობისთვის არსებობს და არა პარიზში სამოგზაუროდ და ლამაზი ნივთების შესაძენადო; როცა სომეხ გოგონას ირანელი ბიჭი შეუყვარდება, მისი ბედნიერება ოჯახის დაუსრულებელ ტრაგედიად იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები, ტრადიციულად, თანამემამულეებზე ქორწინებას ანიჭებდნენ უპირატესობას; როცა ახალდაქორწინებული ქალის ქმარი სააბაზანოში ლაქას დაინახავს, ქალი ლაქებთან ბრძოლის სპეციალისტი ხდება, ვინაიდან ბავშვობაში ასწავლეს, ქმრის ყველა ახირება ლეგიტიმურიაო. მერე ეს ქმარი ნელ-ნელა სხვა ქალებს ხვდება, ის კი, მისი ცოლი, ლაქების ამოყვანის კურსებს ხსნის სხვა, თავისი მსგავსი ქალებისთვის. 

აქ, ამ მოთხრობებსა და რომანში, სულისგამაწვრილებელ ტრადიციებს სწორედ ქალები იცავენ კბილებით (მამაკაცები ძირითადად მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან, ისევ ქალთა სახეების უკეთ დასახატავად შექმნილები), ისინი უშლიან ერთმანეთს სიყვარულსა და თავისუფლებას, ისინი აწესებენ სახლის მოვლის ას სავალდებულო წესს და საოჯახო შეკრებებზე მოსამზადებელი კერძების უსასრულო სიას, ისინი თანხმდებიან უსიყვარულო, მყიფე ნიადაგზე აშენებულ ოჯახებზე. აქ სიტყვაც კი არ არის ნათქვამი იმ მთავრობაზე, რომელმაც ქალებს ირანში ჩადრები ჩამოაფარა და სიმღერა აუკრძალა, რომელმაც პეგა მესამედ დააპატიმრა და დედამისის ფილმები ცენზურის ქარცეცხლში გაატარა. ამ წიგნში მთავარი სათქმელი, რაც ალბათ ყველა ქალმა უნდა გაითავისოს, ის არის, რომ ქალებს მთავარი დაბრკოლება საკუთარ თავებში გვაქვს გადასალახი, გარე ფაქტორებამდე პირადი ფაქტორები გვზღუდავს და თუ ჩვენივე აღმართული ამ ბარიერებიდან გამოსვლას ერთმანეთისადმი სოლიდარული დამოკიდებულებით მოვახერხებთ, სხვა ბარიერებსაც ადვილად დავაღწევთ თავს, მერე კი უფრო ხმამაღლა ვიტყვით, რომ ქალების საჯარო ადგილებში სიმღერით არაფერი შავდება და პეგას აქვს იმის თქმის უფლება, რასაც ფიქრობს.

დიდაქტიკური თამაშის ფსიქოლოგიური და კოგნიტური საფუძვლები

0

“თამაშობს ყველა. თამაშობენ ბავშვები, უფროსები. თამაშობენ ცხოველები. თამაშობდნენ პირველყოფილი ადამიანები…” _ ეს სიტყვები მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი წერილიდანაა. წერილის მთავარი დედააზრია, რომ  ნებისმიერ ეპოქაში ყველა ცოცხალ არსებას აქვს თამაშის _ რეალობის იმიტირების, “თეატრალიზების” მოთხოვნილება.

საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თამაშს, როგორც ქცევას, საფუძვლად უდევს სიამოვნება. ბავშვისთვის თამაშის ძირითადი მოტივი აქტივობისაგან სიამოვნების მიღებაა. თამაშზე საუბრისას აუცილებელია, შევეხოთ მის ფსიქოლოგიურ და კოგნიტურ საფუძვლებს. 

ვრცლად

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...