შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

აღიარებული შეცდომა – Rafle du Vel’ d’Hiv

0
ოდესმე ვინმემ თუ მკითხა, შენგან მასწავლებელი რომ გამოსულიყო, რას ასწავლიდი მოსწავლეებსო, პირველი, რაც გამახსენდება, ალბათ საკუთარი შეცდომების აღიარება იქნება.

დიახ, ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ, რომ შეცდომაზე უარესი მისი უღიარებლობაა და ვინაიდან ადამიანს თავის სიცოცხლეში არაერთი შეცდომა მოსდის, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა, ალბათ, მათი აღიარებაა. ამით სხვა შეცდომებსაც გადავურჩებით და არც იმ ხალხის ნდობას დავკარგავთ, ვისაც ჩვენი ქცევა, ასე თუ ისე, ანაღვლებს.

ალბათ, პიროვნული შეცდომების დაშვებაც და გამოსწორებაც უფრო ადვილია, ვიდრე მასშტაბურისა, მაგრამ ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება, პატივისცემა დაიმსახურო თუნდაც ყველაზე სასტიკი შეცდომის აღიარებისას, ისეთი შეცდომისა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა არცთუ ისე შორეულ წარსულში – 1942 წლის ცხელ ზაფხულში, არცთუ ისე შორს – საფრანგეთში.

პარიზში, Bir-Hakim-ის მეტროს სადგურზე, რომელიც ყველაზე ახლოს არის ეიფელის კოშკთან და, შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია მთელს საფრანგეთში, დიდი აბრაა, რომელზეც წერია, რომ ეს ადგილი საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფაქტს, Rafle du velodrome d’hiver (Rafle de Vel’ d’Hiv)-ს, უკავშირდება. იქვეა მოთხრობილი Rafle du velodrome d’hiver-ის ისტორია:

1942 წლის 16 და 17 ივლისს ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში, ოკუპანტების სურვილისამებრ (1942 წელს ნაცისტურმა რეჟიმმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ჩაატარა ფართომასშტაბიანი ოპერაცია “გაზაფხულის ქარი”, რომლის მიზანი იყო ევროპაში მცხოვრებ ებრაელთა საკონცენტრაციო ბანაკებში თავმოყრის დაჩქარება), ნაცისტებთან კოლაბორაციით თავის გამოსაჩენად, ფრანგულმა პოლიციამ 13 000-ზე მეტი ებრაელი, რომელთაც საფრანგეთის მოქალაქეობა არ ჰქონდათ, მათ შორის – 4 000 ბავშვი, პარიზსა და მის გარეუბნებში “გამოიჭირა” და საკონცენტრაციო ბანაკებში გასაგზავნად “დაახარისხა”. განწირულ ებრაელებს თავი სწორედ აქ, დღევანდელ მეტროსადგურ Bir-Hakim-თან მოუყარეს, სადაც იმ დროს ზამთრის ველოდრომი იყო და აუშვიცის საკონცენტრაციოო ბანაკში გაგზავნამდე 5 დღით აუტანელ პირობებში, საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე დატოვეს.

ველოდრომს იმ დროისთვის თავისი პირველადი ფუნქცია უკვე დაეკარგა (მინი, დროებითი საკონცენტრაციო ბანაკის როლი მას 1940 წელსაც შეუსრულებია, როცა საფრანგეთს ებრაელთა წინააღმდეგ რეპრესიების პირველმა ტალღამ გადაუარა). ასამდე ტყვემ იქვე მოიკლა თავი. პოლიციის არქივში, რომელიც ინციდენტიდან მხოლოდ 70 წლის შემდეგ გაიხსნა, ნაპოვნია დღიურები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ტყვეები წერენ, რომ ისინი გრძნობდნენ მასობრივი ტრაგედიის დატრიალებას, თუმცაღა, ოფიციალური ვერსიით, ისინი აქ დროებით, გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრებამდე იყვნენ გამომწყდეულნი.  42 000 ებრაელიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში იქნნენ დეპორტირებულნი საფრანგეთიდან (აქედანმეოთხედი – სწორედ 1942 წლის ზაფხულში) ომს მხოლოდ 811 გადაურჩა. ყველა დანარჩენი საკონცენტრაციო ბანაკებში გაუჩინარდა.

ებრაელების “შეგროვების” ოპერაციაში 4 000-ზე მეტი ფრანგი პოლიციელი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა გერმანელებისგან მოდიოდა, ოპერაციას კოორდინირებას ფრანგი სახელმწიფო მოხელეები უწევდნენ.

ამ ფაქტის შესახებ, რომელიც თავისი არსით არანაკლებ შემზარავია, ვიდრე, საზოგადოდ, ნაცისტების მიერ ებრაელების გენოციდი – ჰოლოკოსტი, საფრანგეთში დიდხანს დუმდნენ. ტაბუ მას მხოლოდ 1995 წელს აეხსნა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა ნაცისტურ რეჟიმთან ერთად იმდროინდელ საფრანგეთსაც ეკისრებოდა. 2008 წელს კი ზემოხსენებული აბრა გაკეთდა. შესაძლოა, ეს არც ისე მნიშვნელოვანი მოგვეჩვენოს, მაგრამ მე სწორედ მისმა ნახვამ მიბიძგა, ამ ამბავს ჩავღრმავებოდი და ისტორიის ბევრი საინტერესო და უცნობი ფურცელი აღმომეჩინა. ისტორიამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანი ადამიანისთვის და როგორ უნდა ვეცადოთ, საკუთარ თავშიც და გარშემო მყოფებშიც აგრესიის მაგივრად ჰუმანიზმი ვკვებოთ. მოსწავლეებს შეცდომების აღიარების აუცილებლობასთან ერთად ესეც უნდა ვასწავლოთ. აუცილებლად.

ამ თემაზე მოძიებული სანახავ-საკითხავებიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფრანგი ავტორის, Tatiana de Rosnay-ს რომანი “სარას გასაღებია”, რომელიც 1942 წელს პარიზში ოჯახთან ერთად დაპატიმრებული 10 წლის გოგონას და 2002 წელს პარიზშივე, Rafle du velodrome d’hiver-ის თემაზე მომუშავე ჟურნალისტი ჯულიას (რომლის იდენტიფიცირებაც სავსებით შესაძლებელია თავად ავტორთან) ამბებს გვიყვება. ვინაიდან წიგნი ქართულად თარგმნილი არ არის, გიტოვებთ მისი ეკრანიზაციის ტრეილერს, რომელიც, ვფიქრობ, კარგად ახდენს იმის ვიზუალიზაციას, რის გადმოცემაც მე ვერბალურად ვცადე.

ჯალათები და მსხვერპლი

0

ბოლო დროს ცხოვრებისეულ აღმართ-დაღმართებზე დამჩემდა ფიქრი. არ იცი, უიღბლობა სად, რომელ მოსახვევში წამოგეწევა. ვერც ვერაფერს შეცვლი… იძულებული ხარ, ცხოვრების გზაზე თვალახვეულმა იარო და ეცადო, არ წაიქცე. წაიქცევი და ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც ამით გაიხარებს. თუმცა, საბედნიეროდ, ისეთებიც იქნებიან, ვისაც შენი წაფორხილება გულს ატკენს, ოდნავ მაინც.

სამყარო ჯალათებისა და მსხვერპლისგან შედგება. ჯალათობისგან ღმერთმა დაგვიფაროს; ვეცადოთ, უნებლიეთ მსხვერპლის როლში არ აღმოვჩნდეთ.
თქვენ გგონიათ, ჯალათები მარტო ადამიანები არიან? არა, ადამიანმა-ჯალათებმა შესაძლოა სხვა, უფრო ვერაგი ჯალათები გამოიყენონ – ამის მაგალითი ისტორიაში მართლაც რომ უხვადაა.
1770 წელს ბონში ერთი ჩვეულებრივი ყრმა დაიბადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი მომავალი არცთუ ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო… გავა ხანი და ის უდიდესი კომპოზიტორი გახდება, თავისი დროის ყველა ჟანრში დაწერს მუსიკას, 1827 წლის 26 მარტს გარდაიცვლება და მის ნეშტს ოცი ათასი კაცი გააცილებს.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენზე ვწერ, რომელიც, როგორც ამბობენ, ტყვიამ მოკლა. ტყვია აღმოჩნდა დიდი კომპოზიტორის ჯალათი. ადამიანი-ჯალათი კი მისივე ექიმბაში ანდრეას ბაბრუხი იყო, რომელიც ბეთჰოვენს ტყვიის შემცველი წამლით მკურნალობდა და გულწრფელად სჯეროდა, რომ სიკეთეს სჩადიოდა.
ტყვია მძიმე მეტალია. მისი კონცენტრაცია ჩვენს ორგანიზმშიც შეიძლება აჭარბებდეს ნებადართულის ზღვარს. წყარო მეთილირებული ბენზინია, რომლის გამონაბოლქვით გაჟღენთილი ჰაერითაც ვსუნთქავთ, რომლის გამონაბოლქვით გაჯერებულ საკვებსაც მივირთმევთ… ევროკავშირის ქვეყნებში მეთილირებული ბენზინის გამოყენებას კანონი კრძალავს. ჩვენს ქვეყანაში ასეთი კანონი არ არის და ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ არც მეთილირებული ბენზინია.
1682 წელს სულ პატარა, 10 წლის ბიჭუნა მეფედ აკურთხეს. მოგვიანებით ის ძლევამოსილი მმართველი გახდება, შეეცდება, თავის ქვეყანაში დასავლეთის ფასეულობები დაამკვიდროს და სამართლიანი რეფორმები გაატაროს. პეტრე I. ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლოს მას ურემია ჰქონდა – მისი თირკმელები, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციობდა. ვარაუდობდნენ, რომ იმპერატორი დარიშხანის ერთ-ერთი მარილით იყო მოწამლული. თანაც მოწამვლის პროცესი ნელა და დიდხანს მიმდინარეობდა. მოგვიანებით მოწამლულის ქსოვილებში დარიშხანი ექიმმა მარშემ აღმოაჩინა.
დარიშხანი პირველად ეგვიპტელმა ქემეიას მიმდევრმა ზოსიმამ აღწერა (ეს ის ზოსიმაა, ოცდარვა ტომისგან შემდგარი პირველი ქიმიური ენციკლოპედია რომ შეადგინა, რომელიც მოგვიანებით დიოკლეტიანეს ბრძანებით გაანადგურეს – სამად სამი ტომი გადარჩა). ცნობილია, რომ სუფთა დარიშხანი ცოცხალ ორგანიზმს არ ვნებს. შესაძლოა ამიტომაც, სუფთა დარიშხანს სტომატოლოგიაში კბილის ნერვის მოსაკლავად იყენებდნენ და ექიმებს დღესაც გადანახული აქვთ ჩემისთანა პაციენტებისთვის – მათთვის, ვინც ტკივილგამაყუჩებლის ინექციაზე კატეგორიულ უარს ამბობს.
მაშ ასე, ღრძილში მცირე ხნით ჩადებული სუფთა დარიშხანი არაფერს გავნებთ. დარიშხანის მარილები კი მომწამლავია. ვარაუდობენ, რომ პეტრე დიდი სწორედ ამ მარილებით მოწამლეს და ისედაც დაავადებული თირკმელების პატრონს უფრო მეტად დაუჩქარეს აღსასრული, მისი ადამიანი-ჯალათი კი მასთან დაახლოებული მენშიკოვი იყო, რომელიც ინგლისელების დავალებით მოქმედებდა. ამბობენ, უცოდველი ამ საქმეში არც პეტრეს მეუღლე ყოფილა – თავისი ინტერესი ჰქონდაო. დიახ, სწორედ მან გადაიბარა ტახტი ქმრის სიკვდილის შემდეგ და პირველი რუსი იმპერატორი ქალი ეკატერინე I გახდა.
უახლოესი მეგობარი, ცოლი და დარიშხანი – ვერაფერს იტყვი, მშვენიერი სამეულია…
სისასტიკით განთქმული ეკატერინე მედიჩი და მისი ერთგული ექიმი-ლაქია რენე ფლორენციელი. რენეს შესახებ ლეგენდებს ჰყვებიან: თურმე ისეთ ნელსაცხებლებს ამზადებდა, წლებით დამძიმებულ, თმადათოვლილ ქალბატონებსაც კი ღაწვები ვარდისფრად ეფაკლებოდათო… საწამლავებსაც ოსტატურად ამზადებდა რენე. განსაკუთრებით გვამის შხამი – ბიოგენური ამინი კადავერინი ჰყვარებია. ვინ აღარ მოწამლა მედიჩიმ მისი დახმარებით. თავისი უფროსი ვაჟიც კი არ დაინდო. უფრო სწორად, შემთხვევით შემოეწამლა, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს…
სხვათა შორის, კადავერინი ჩვენს ორგანიზმშიც წარმოიქმნება, თუმცა ძალიან ცოტა.
“ის მექუდესავით შეშლილია”, – ამბობენ ფრანგები. საიდან მოდის ეს გამოთქმა? მეფე-მზის ლუდოვიკ IV-ის ეპოქაში ქალბატონებს ძალიან ლამაზი ქუდები უნდა ეტარებინათ, ამიტომ მექუდეობაც ძალიან პრესტიჟული და შემოსავლიანი ხელობა იყო. ღარიბი ოჯახები 6-7 წლის ბიჭებს მექუდეს აძლევდნენ შეგირდად – ჯამაგირი იმხელა იყო, რომ ოჯახი აღარ შიმშილობდა… წითელ საღებავს მექუდეები მინერალ სინგურისგან (კინოვარი, წითელი დრაკონი) იღებდნენ, რომელიც, ფაქტობრივად, ვერცხლისწყლის სულფიდია წითელი პიგმენტით. მისი თერმული დამუშავებისას ვერცხლისწყალი ორთქლდებოდა და მექუდეც 6-7 წლიდან ამ ორთქლით სუნთქავდა. შედეგად 40 წლისა 80 წლის მოხუცს წააგავდა, გამუდმებით აღგზნებული იყო, უმიზეზოდ იცინოდა და ტიროდა, ვესტიბულური აპარატის დაზიანების გამო ბარბაცით დადიოდა… ცნობილი ზღაპრის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” პერსონაჟის, შეშლილი მექუდის, პროტოტიპები სწორედ ფრანგი მექუდეები გახლდნენ.
ვერაგი ვერცხლისწყალი… წარმოგიდგენიათ, რამდენი მექუდე იმსხვერპლა?! 1956 წლიდან კი ხუთი წლის განმავლობაში იაპონიის პატარა ქალაქ მინამატას ყველა მკვიდრი მან გამოასალმა სიცოცხლეს. სწორედ მაშინ წარმოიშვა მეთილირებული ჰიდრარგირუმით მოწამვლის სახელწოდება – მინამატას დაავადება.
– რომ მოვწიო, ხომ არ შეგაწუხებთ? –
ალბათ თქვენთვისაც არაერთხელ უკითხავთ. რას უპასუხებთ ხოლმე? უმრავლესობა, ალბათ, იღიმებით:
– არა უშავს, მოსწიეთ, არ შევწუხდები.
არადა, შეწუხდებით, თან ისე, რომ ვერც კი გაიგებთ, მსხვერპლის როლში როგორ ამოყოფთ თავს. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ჯალათი მწეველია. არა, ისიც მსხვერპლია, ნიკოტინის მსხვერპლი. თუმცა მხოლოდ ნიკოტინში არ არის საქმე. თამბაქოს ფურცლებს მეტალ კადმიუმის შთანთქმისა და დაგროვების უნარი შესწევთ. თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვისას სწორედ ამ მეტალს ჩავისუნთქავთ. იცით, მეცნიერებმა რა აღმოაჩინეს? რა და, ერთი ღერი სიგარეტის მოწევისას (განურჩევლად იმისა, მწეველი პასიურია თუ აქტიური) ორგანიზმში მოხვედრილი კადმიუმის გარეთ გამოტანას ორი წელი სჭირდება. აღარ გავაგრძელებ, ვგონებ, ყველაფერი ნათელია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჭარბი კადმიუმი დაავადება იტაი-იტაის იწვევს, რაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აისახება.
ღვინის მჟავა, ლიმონმჟავა, ვაშლმჟავა, მჟაუნმჟავა, რძემჟავა, შარდმჟავა, მოლიბდენმჟავა, დარიშხანმჟავა, გოგირდოვანი მჟავა, ფთორწყალბადმჟავა, ციანმჟავა – რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ნივთიერებებს? ყველა მათგანი მჟავაა და ყველა კარლ შეელემ აღმოაჩინა. შეელე უნებურად თავისი თავის ჯალათი გახდა. ერთი ცუდი ჩვევა ჰქონდა – რასთანაც მუშაობდა, ყველაფერს გემოს უსინჯავდა. სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. მძიმე ტოქსიკოზით.
მინდა, ერთი რამ გირჩიოთ: არავითარ შემთხვევაში არ დააკაროთ პირი ნატრიუმის გლუტამატს. გაგეღიმათ, ხომ? რატომ უნდა დავაკაროო, ალბათ გაიფიქრეთ. მე კი გეტყვით, რომ ამ ნივთიერებით ერთხელ მაინც გისაუზმიათ, გისადილიათ, გივახშმიათ. თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, მეც. E-621-ს, იმავე ნატრიუმის გლუტამატს, თვითონ არაფრის გემო არ აქვს, მაგრამ სხვა საკვების გემოს აძლიერებს, ამიტომ ემულგატორის სახით ამატებენ საეჭვო წარმოშობის ძეხვეულს, სოსისებს, კიბორჩხალას ჩხირებს, კონსერვებს, პელმენებს. ამ ნივთიერების ხშირი მოხმარება შეჩვევას იწვევს და მის გარეშე ადამიანს ყველაზე გემრიელი კერძიც კი უგემური ეჩვენება. შეუმჩნევლად მიმდინარეობს გემოვნების რეცეპტორების ატროფია, ამიტომ საეჭვო პროდუქციის მწარმოებელი (უნებლიე ჯალათი) ეტიკეტზე სულაც არ წერს მის სახელწოდებას – მას, უბრალოდ, “გემოს გამაძლიერებლით” ჩაანაცვლებს.
ზოგჯერ ადამიანის მოსაწამლად უბრალო სიტყვაც საკმარისია. ამიტომ ვეცადოთ, ჩვენი სიტყვით (თუნდაც ისე, ჰაერზე ნათქვამით) გული არავის ვატკინოთ. ტყუილად კი არ უთქვამთ, სანამ ხმალი მივიდოდა, ენამ თავი მოაჭრაო. ამ სტატიის მორალი კი ასეთია: ერიდეთ ადამიან-ჯალათებს და ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობისას ფრთხილად იყავით. ოღონდ ნუ მეტყვით, ქიმიკოსი ხომ არ ვარ, ნივთიერებებთან რა მესაქმებაო, – თქვენ მათ ყოველდღე ეხებით, თუნდაც საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით.
უსაფრთხო ცხოვრებას გისურვებთ!

“პროგრესული დასწავლის” წესი თუ ანალიზი

0

ფსიქოლოგმა რიდმა ექსპერიმენტულად დაადგინა, რომ არსებობს ზეპირად დასწავლის გლობალურსა და ფრაგმენტულზე რაციონალური წესი, რომელიც ორივე ზემოხსენებული წესის უპირატესობებს აერთიანებს. ეს არის პროგრესული დასწავლა. წესი ასეთია: მასალას ყოფენ ნაწილებად (მაგალითად, ლექსს ტაეპებად), ჯერ პირველ ნაწილს დაისწავლიან, შემდეგ – მეორეს, შემდეგ ორივეს ერთად იმეორებენ და ა. შ. პროგრესული წესის მიხედვით, დასწავლის პროცესში, ერთი მხრივ, ცნობიერებაში ყალიბდება მთლიანი მასალა, მეორე მხრივ კი დეტალებსაც ექცევა ყურადღება.

როგორ უნდა გაიაზროს მოსწავლემ სასწავლო მასალა? რას მისცემს მას თუნდაც ლექსების დაზეპირება? ზეპირად სწავლის პოზიტიური მხარე დახსომების სიმტკიცე და დეტალების ცოდნაა, რაც ხანგრძლივ პერიოდზე განაწილებული ტექსტის გამეორებით მიიღწევა. ზეპირად დასწავლილი მასალიდან სწრაფად და უკეთ ამახსოვრდებათ პირველი ელემენტები, სიტყვათა თანმიმდევრობა და ა.შ. ზეპირად დასწავლისას იჩრდილება მასალის აზრობრივი მხარე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექსტის ზეპირად თხრობა. დაზეპირება მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მოსწავლე ძალაუნებურად მეტ ყურადღებას აქცევს სიტყვათა ზუსტ, თანმიმდევრულ დასწავლასა და მათ სწორად გადმოცემას, ვიდრე ცალკეული ფრაზების ანალიზსა და მთავარი სათქმელის განსაზღვრას. მოზარდს ზეპირად სწავლა ვარჯიშის შედეგად შეძენილ ჩვევად უყალიბდება. დასწავლის ასეთი წესით იზრდება მხოლოდ დახსომების ეფექტი, ხოლო შეფასების, ანალიზის, სინთეზის უნარი მცირდება. ზეპირად სწავლას ნებისყოფა, შრომა და დრო სჭირდება. მოსწავლეს უჭირს, ერთ დღეში ზეპირად ისწავლოს “ლურჯა ცხენები” ან ავთანდილის ანდერძი, მაშინ როდესაც სხვა საგნებიც აქვს მოსამზადებელი. ამ შემთხვევაში მოსწავლის მოტივაცია მცირდება, იგი ინტერესს კარგავს საგნის მიმართ.

იმისთვის, რომ მოსწავლემ ადვილადაც ისწავლოს და ინტერესითაც, აუცილებელია, თავდაპირველად მას ძნელად გასაგები მასალის “მონელებაში” დავეხმაროთ. აზრობრივად უკეთესი დაუფლება, სიღრმისეული გააზრება აუმჯობესებს რეპროდუქციას და ძალდაუტანებლად ილექება ცნობიერებაში. მასალის გაანალიზების შემდეგ დასწავლის უნარი მნიშვნელოვანი ხარისხით ვითარდება. მსჯელობა ეხმარება მოსწავლეს საკითხის განზოგადებაში, ტექსტის გახსნასა და სიღრმეების წვდომაში. ანალიზისას მოსწავლის აზროვნებაში თავისებურად აისახება მოვლენათა არსი, რაც დისკუსიის საგანი ხდება. გარდა ამისა, სახესიმბოლოების თავისებური გააზრება ხელს უწყობს წარმოსახვითი აზროვნების განვითარებას, რადგან სხვადასხვა მოვლენაზე წარმოდგენის შექმნა ფანტაზიის მეშვეობით შეიძლება. ტექსტზე მუშაობის აღნიშნული ფორმა მოსწავლეს უვითარებს ლოგიკურ, ვერბალურ და ცნებით აზროვნებას, რაც მას თვითშეფასებას უმაღლებს. საილუსტრაციოდ ავიღოთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “ლურჯა ცხენები”, რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ, რომ ადვილად და რუტინის გარეშე შეძლოს ლექსის სწავლა?

* მოსწავლე კითხულობს ლექსს რამდენჯერმე;

* აანალიზებს ფრაზებს, საუბრობს მათ მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებაზე;

* საუბრობს სიტყვების სიმბოლურ დატვირთვაზე;

* ტაეპების აზრს გადმოსცემს პერიფრაზით;

* განსაზღვრავს ლექსის მთავარ სათქმელს;

* იხსენებს ალუზიურ სახეებს;

* აღნიშნავს ლიტერატურულ მიმდინარეობას, რომელსაც ლექსი მიეკუთვნება და საუბრობს იმ საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შეიძლება “ლურჯა ცხენები” მივიჩნიოთ სიმბოლისტურ ნაწარმოებად;

* მოსწავლე საუბრობს იმ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე, რომლებსაც ლექსი აღძრავს;

* საუბრობს მის წარმოსახვითობაზე;

* გამოყოფს ტროპული მეტყველების სახეებს;

* გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას ლექსის მიმართ და საზრისს ასაბუთებს.

ამგვრად შესწავლილი მასალა ავითარებს მოსწავლის აზროვნებას, აძლიერებს ანალიზის უნარს და აუცილებლობას აღარ წარმოადგენს პროგრესული დასწავლის წესის გამოყენება, რადგან მოსწავლე საკუთარ თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, თავისუფლად შეძლებს ლექსის ზეპირად დამახსოვრებას. ტექსტის “გაშიფვრა” თვალსაჩინოს ხდის მის არსს. შტრიხების, მოვლენების წამოწევა განაპირობებს ცალკეული ფრაზების უნებლიე დამახსოვრებას.

მასალის ათვისების ამ ორ მოქმედებას შორის განსხვავება უდავოა. ის, რაც დროის გარკვეულ პერიოდში გაუანალიზებელი, არსგაურკვეველი ფრაზების ხშირი გამეორებით მიიღწევა, პროგრესულად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ასეთი წესით დასწავლა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

სკოლის გარეთა მხარე – ექსკურსიები და სხვ.

0

პირველად კინოში რომ წაგვიყვანეს, მგონი, 97 თუ 98 წელი იყო და “ტიტანიკი” გადიოდა. ოზურგეთში საკმაოდ დიდი კინოთეატრია, მაგრამ საერთოდ არაფერი მუშაობდა იქიდან, რამაც კინო უნდა ამუშაოს – ზოგი რამ თავისით გაფუჭებულიყო, ზოგისთვისაც ხელი შეეშველებინათ (მოგეხსენებათ სხვა ასეთი და არცთუ შორეული ამბები). ჰოდა, ისე წაგვიყვანეს – ხომ უნდა “გვენახა”. ვისხედით ასე ორმოცდაათამდე მოსწავლე და დიდი ეკრანის ქვეშ მოთავსებულ პატარა ტელევიზორში ვუყურებდით ფილმს.

საუკუნის ამბავია, მე თუ მკითხავთ.
ზოგადად, სასკოლო “გასვლები” ორ ნაწილად იყოფა. ერთი ლეგალურია, მეორე – ნაკლებ, თუმცა მაინც ყველასთვის მიღებული და აღიარებული – შატალოს ვგულისხმობ. შატალოებზე, გვიან შემოდგომაზე გაყინულ მდინარეში ბანაობასა და სხვა ასეთებზე მერე დავწერ. ლეგალურთაგანნი გავიხსენოთ.
პირველი, რაც მახსოვს: მასწავლებელმა ფოტოს გადასაღებად წაგვიყვანა და მერე თითოეულს საღეჭი რეზინები გვიყიდა. დიდად ბედნიერი დღე იყო. მით უფრო, რომ ფოტოს მოკითხვასაც დასჭირდა ამგვარი “გასვლის” ორგანიზება. მერე იყო რამდენიმე სტუმრობა ადგილობრივ მუზეუმში, ორ ნაბიჯზე. ეს მუზეუმი კი ათასჯერ გვენახა, მაგრამ ოფიციალურ ვიზიტს სხვა ხიბლი ჰქონდა.
შეგვიძლია, ამ ამბავს მივათვალოთ ტურებიც. სასკოლო ტურებს ვგულისხმობ. ოლიმპიადებსაც. აი, იქ იყო, თუ იყო, ოზურგეთიდან თბილისში ჩამოსვლის შანსი. კონკურენციის პირველი ველური გემოც მაშინ ვიგრძენით. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და სხვა ხალხი. სხვა ქალაქებიდან. სკოლებიდან.
“ერთხელ არ ყოფილარიენ ბაღნები ექსკურსიაზე”, – შეგროვდა ფული და ვიქირავეთ თანაკლასელის მამის “იკარუსი”. არც მზე იყო, რომ ქუთაისამდე ფრთები დაგვწვოდა და არც არაფერი, მაგრამ ჩვენი “იკაროსი” რამდენჯერმე ჩავარდა ზღვაში. ჰოდა, ერთად ვაკეთებდით – დანგრატი, მანგრატი, მაი ცეპლენიის ბრალი იქნება. გელათი და სათაფლია. მერე – ჭამა, სმა და სხვანი მომყოლნი საქმენი მწვანეზე. საქართველო–ნორვეგიის საფეხბურთო რკენის მოსმენა რადიოში, ეს – უკანაგზობისას. მოკლედ, ესეც კარგი იყო. იმაზე უკეთესი კი ის იყო, გურიაში რომ იტყვიან.
იმის თქმა მინდოდა, რომ ეს გასვლები არათუ სასურველი – საჭიროა. ხან – ცოტა თავქარიანიც, აი, მასწავლებელი რომ გაბავშვდება – ეგეც მოქმედებს მოსწავლეზე. რაღაც უცნაურ და ახალ წარმოდგენებს ბადებს. ჰოდა, გავიდეთ ხშირად სკოლიდან. არა უკან მოუხედავად, რა თქმა უნდა – ამგვარი საქმეები, უპირველესად, უკან მხედველ ცალ თვალს გულისხმობს. ანუ ისე გავიდეთ, რომ სკოლიდან გასვლა ერქვას და არა ეზოდან – თუნდაც კინოში მივდიოდეთ და იქ პატარა ტელევიზორი იდგეს.

ეფექტური კომუნიკაცია საკლასო ოთახში, ანუ გზავნილების პედაგოგიკა

0
კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა ეფექტურ სასწავლო გარემოს კომუნიკაციის ხელოვნებაზე დაყრდნობით ქმნის. განვიხილოთ კომუნიკაციის პროცესის ორ დონეზე მიმდინარეობა:
·შინაარსის დონეზე;
·დამოკიდებულებების დონეზე.
როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება, შინაარსის გაცვლა ინფორმაციის დონეზე ხდება. რაც შეეხება  გრძნობებს, რომლებიც კომუნიკაციის პროცესის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, მათი გადაცემა დამოკიდებულების დონეზე ხორციელდება. მოსაუბრის მიმართ დამოკიდებულების განმსაზღვრელი სიგნალები შეიძლება იყოს: პოზიტიური, ნეიტრალური და ნეგატიური.

 ვრცლად

მე სიყვარულის სანაგვე ყუთი ვარ

0
 გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

ავსტრიელი მწერალი ელფრიდე იელინეკი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. უკვე რვა  წელია, ეს ჯილდო ქალს არ გადასცემია, ქალბატონი იელინეკი კი სულაც პირველი ავსტრიელი მწერალი ქალია, რომელსაც ასეთი  პატივი ხვდა წილად.

ავსტრიელთა დიდი ნაწილისთვის ელფრიდე იელინეკის “ნობელიანტობა”  მოულოდნელი  ამბავი  იყო. 57 წლის  ქალი იმითაა ცნობილი, რომ  გამუდმებით ჩხუბობს. შვედეთის აკადემიის  სპიკერის, პერ  ვესტბერგის თქმით, იგი “თავისი რისხვითა და ვნებებით სულის სიღრმემდე შეძრავს მკითხველს”, სამშობლოში კი იელინეკი სკანდალურ ავტორადაა ცნობილი და უმრავლესობას ის დიდად არ უყვარს. “თავისი შემოქმედებით იელინეკი ავსტრიას სარკეს უჩვენ- ებს, რომელში ჩახედვაც მაინცდამაინც სასიამოვნო არაა”, – ვენის მთავრობის ხელოვნების  სახელმწიფო მდივანმა  ფრანც მორაკმა ფედერალური კანცლერის ვოგფგანგ შიუსელის სახელით ამგვარად მიიღო მილოცვები. სამაგიეროდ, გერმანიის კულტურის სახელმწიფო მინისტრი კრისტინა ვაისი (უპარტიო) აღტაცებას ვერ ფარავდა: მისი თქმით, იელინეკის ტექსტები “გერმანული ენის მიღწევაა”.

კრიტიკოსი მარსელ რაიხ-რანიცკი  “განსაკუთრებით გახარებული” ყოფილა, რომ  შვედეთის აკადემიამ “განსაკუთრებით ექსტრემალური და  რადიკალური” ავტორის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

გამომცემლობა “როვოლტის” ხელმძღვანელი, ალექსანდერ  ფესტი  სიამაყეს  განიცდის,  რომ  “მისი”  მწერლის

“ერთადერთი და განუმეორებელი” სტილი და “დაუდუმებელი ხმა” აგრერიგად დაფასდა. თეატრის რეჟისორ კლაუს პეიმანს, თურმე, “გული ისე აუჩუყდა, რომ ცრემლი მოადგა”. ყველაზე ადეკვატური და  ადამიანური რეაქცია კი პეტერ  ჰანდკეს ჰქონია:  “მაგარია! დაუჯერებალია! აი, ეს მესმის!”
 
თავად ელფრიდე იელინეკმა ბრძანა, რომ ეს მისთვის “მოულოდნელი და დიდი პატივია”, რომ “ნობელის პრემია არის ყვავილი ავსტრიის ლაცკანზე”, მაგრამ 10 დეკემბერს ის სტოკჰოლმში გამგზავრებას  არ აპირებს: “ფიზიკურად ავად არ ვარ,  მაგრამ ფსიქიკურად არა  მაქვს იმის  უნარი, რომ  ჯილდოს გადაცემას პირადად დავესწრო”.
* * *
ელფრიდე იელინეკი 1946 წლის 20 ოქტომებრს ავსტრიის პროვინციაში დაიბადა.  ოდესღაც სამონასტრო სკოლის აღსაზრდელის, შემდეგ კი ვენის კონსერვატორიის სკოლის აღსაზრდელის, ბოლოს კი ვენის  კონსერვატორიის მოსწავლის შემოქმედება ფრიად პროვოკაციულია, და მის რომანებსა და პიესებში  ნაჩვენები სურათები გულს ნამდვილად არ ახარებს. “დაუნდობელ მორალისტად” ცნობილი იელინეკი ქალის სექსუალური მოხმარების, “მამაკაცთა ბატონობისა და მამაკაცთა ძალადობის” წინაამღდეგ იბრძვის.

თავდაპირველად ავსტრიაში  არავის მოსწონდა მწერალი, რომელიც თავის თანამემამულეებს ნაცისტური წარსულის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებდა. მას ჩინებული სიტყვაც კი მიუსადაგეს, რომელიც სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: “საკუთარი ბუდის დამბინძურებელი”.

მიუხედვად ამისა, მისი რომანები ბესტსელერები გახდა. იელინეკის  “პიანისტი ქალის” მიხედვით გადაღებულმა  ფილმმა “ოქროს პალმის  რტო” მიიღო.  მისი  პიესები  გერმანულენოვან  სივრცეში ყველაზე  დიდ სცენებზე  იდგმება.  მომავალი  წლის  მარტს  ვენაში წარმოდგენილი იქნება ელფრიდე იელინეკის ახალი პიესა “ბაბელი”, რომელშიც რელიგიის, სექსისა და ძალადობის თემები ერაყის ომის მაგალითზეა გაშლილი.
* * *
– როგორც კი გაიგეთ,  რომ  ნობელის პრემია მიიღეთ,  ბრძანეთ, რომ  მას  არ  იმსახურებთ, მაგრამ, როცა ამას სხვა ვინმე ამბობს, გწყინთ.

– დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს პეტერ ჰანდკეს ნათქვამი იყო, ცოცხალი კლასიკოსისა.

 
– მაშ,  სხვას თქვენს წინააღმდეგ არაფრის თქმის უფლება არა  ჰქონია.

– დიახ, არა აქვთ! ეს ისეთი რამაა, ხეიბარი რომ იყოთ და ინვალიდის სავარძელში იჯდეთ: ასეთ დროს არავისა აქვს იმის უფლება, რომ  ხეიბარი გიწოდოთ, მაგრამ თქვენ თავად  ამის თქმა თამამად შეგიძლიათ. სხვებს – არა!

– ვატიკანი ძალიან აღელდა, რომ ნობელის პრემია ნიჰილისტურად განწყობილმა ნევროტიკმა ქალმა მიიღო.

– ეს განსაკუთრებით ცუდად მენიშნა, რადგან ვატიკანი  ხომ წესით  სუსტებისა და  ავადმყოფების დამცველი  უნდა  იყოს. მას უმალ ის უნდა ეთქვა, საწყალ ქალს თავი დაანებეთ, სხვა რა შეუძლია, ძალიან კარგია, რომ ჯილდო მიიღო, თუნდაც მისი ნაწერები ნიჰილისტურიც იყოსო. ვატიკანი ხომ სულით დაცემულებსა და განაწყენებულებს უნდა იცავდეს.

– მოწყალე ვატიკანი…

– დიახ, მე ვატიკანის ასეთი  გამოსვლა ძალიან არაქრისტიანულად მიმაჩნია.

– მარსელ რაიხ-რანიცკიმ განაცხადა, რომ  თქვენ ძალიან მაგარი  ქალი ბრძანდებით, მაგრამ კარგი წიგნის  დაწერა  ვერ მოგიხერხებიათ.

– დიდი შეურაცხყოფაა, როცა  ამბობენ, ძალიან შთამბეჭდავი ქალია, მაგრამ წერა არ შეუძლიაო. ეს შეურაცხყოფაა. ამის გადატანა  ძალიან მიჭირს,  თუმცა თავადაც  საკმარისად  შევურაცხყოფ საკუთარ თავს.

– გასაგებია. თქვენი  დამცირების  უფლება მხოლოდ  თქვენ გაქვთ.

– დიახ, სწორედ ასეა, არ მინდა, რომ ეს სხვებმა აკეთონ. სულ არ მინდა, რომ კრემიანი ნამცხვარი, რომელიც საკუთარ თავს ვესროლე, ვინმემ  კვლავ აიღოს და  უკვე  ნაგვით სავსე მეორედ  მესროლოს სახეში.  ასე ხომ ყველას  შეუძლია,  ჩემს  შესახებ  ის  თქვას და  ის დაწეროს, რაც  გაუხარდება.

– მწერალმა მარტინ მოზებახმა კი “დასავლეთის უსულელესი ადამიანი” გიწოდათ.

 
– ამაზე  გავერთე,  რადგან  ერთი  სიტყვა  მაინც  თქვა სწორად. მე მართლაც სულელი ვარ.  უბრალოდ, მან ეს არ იცის, რადგან არ მიცნობს.  ბავშვის პირით ჭეშმარიტება ღაღადებს.

– როცა ამბობენ, რომ ჭკვიანი ხართ…

– … ეს არ მჯერა. ვიცი,  რომ  ჭკვიანი არა  ვარ.  მაგალითად, ჩემთან კამათი შეუძლებელია, რადგან აზრის ბოლომდე მისაყვანად ინტელექტი არ მყოფნის. ცოტა ხნის  წინათ ტელევიზიაში ფილოსოფიურ დისკუსიაზე მიმიწვიეს. მე  ვუპასუხე, რომ,  სამწუხაროდ, ძალიან სულელი ვარ  და ამას ვერ  შევძლებ.

– და ამას სიცილით ამბობთ.

– კი, მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიცილი ვედრებაა.  ცხოველები კბილებს იმიტომ კრეჭენ, რომ  წყალობას გვთხოვენ.

– მაგრამ რაც მეტად იცამტვერებთ საკუთარ თავს, მით უფრო სასტიკად გესხმიან თავს.

– კი, ასეა. ხომ ვერ  ამიხსნით,  რატომ?

– შესაძლოა, ზოგიერთები ვერ  იტანენ იმას, რომ ყველაფერს მიაღწიეთ, რისი მიღწევაც შესაძლებელია, და  მაინც არ გიხარიათ.

– ეს ჩემთვის სხვებსაც უთქვამთ.

– “ბილდის” მესვეტე ფრანც იოზეფ ვაგნერი მოგმართავდათ:
“აიღეთ თქვენი ჯილდო, მიეცით თერაპევტებს და იყავით ბედნიერი!”

– ერთ  მილიონ  ევროს  ექიმებს  ნამდვილად  არ მივცემ.  ამას მირჩევნია, იაპონური კაბა ვიყიდო.

– გაზეთებში  კანდიდატები ჩამოთვალეს,  რომლებიც უფრო იმსახურებდნენ  ნობელის პრემიას: დორის ლესინგი, ფილიპ როთი…

– კი, მაგრამ რა ვქნა, რომ მე მომცეს? მე ხომ  საკუთარი თავისთვის არაფერი მიმიცია.

– როცა ჰკითხეს,  აპირებდა თუ  არა  თქვენთვის  მილოცვას, პოეტმა ფრიდერიკე მაირიოკერმა თქვა: “ასეთი უთავმოყვარეოც არა  ვარ”.

– გამიკვირდა. მე გულით გამიხარდებოდა, მისთვის რომ მიეცათ, ვიფიქრებდი, დიდება ღმერთს, მე არ მომცეს-მეთქი. რამდენიმე წლის წინ უკვე ვიცოდი, რომ სიაში ვარ შეყვანილი, და ყოველდღე ჰანდკეს ჯანმრთელობისთვის ვლოცულობდი.  ვლოცულობდი, არ მოკვდეს და ავად არ გახდეს და კიდევ დაწეროს-მეთქი რამე სისულელეები სერბების შესახებ.

– მართლა ასეთი  ცუდია, რომ  მსოფლიოს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო გერგოთ?

– ერთი მხრივ,  ცხადია, პატივნაცემად ვგრძნობ თავს. მეწაღესაც კი უხარია, როცა ნახელავს უქებენ. მეორე მხრივ,  ეს ჩემთვის წამებაა. მინდა მშვიდად ვიყო. ამჟამად სახლიდან გასვლასაც ვერ ვბედავ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, რადგან მანქანა არა  მყავს. ახლა მეტროთი ვეღარ  ვმგზავრობ,  რადგან ვერ  ვიტან, როცა ლაპარაკს მიწყებენ. ყოველ მიმართვას, თუნდაც პოზიტიურს, ჭრილობასავით განვიცდი. ვეღარც ყავახანაში დავდივარ.

– თუკი ასე გინდათ სიმშვიდე, მაშინ არც ინტერვიუებს უნდა იძლეოდეთ და არც ტელევიზორში ჩნდებოდეთ.

– სწორია. თავს  სათანადოდ არ  ვიცავ. ხშირად  გაუცნობიერებელი მორჩილების რეფლექსის გამო ვიღებდი ხოლმე ამ თამაშში მონაწილეობას – ეს რეფლექსი ჩემმა  ექსტრემალურად ავტორიტეტულმა დედამ გამომიმუშავა.  აგერ  თქვენც  ხომ გელაპარაკებით.

– დედათქვენი  ოთხი წლის წინათ გარდაიცვალა.

– ჰო, ყოველდღიურად ვხარობ, რომ მკვდარია. სამოცდაცხრამეტისა იყო და ბოლოს მთლად გაგიჟდა. მისმა ლათენტურმა პარანოიამ საბოლოოდ იჩინა თავი. მას ეგონა, რომ ჩემი ქმარი სამკაულებს ჰპარავდა. კაცს სახლში არ უშვებდა. სასტიკად ეჭვიანობდა. პატარა როცა ვიყავი, მაშინაც ყველას აგდებდა, ვინც კი მომწონდა.

– რომანში “პიანისტი ქალი” დედასთან ნევროტიული ურთიერთობა გაქვთ აღწერილი. თქვენ ერთ სახლში ცხოვრობდით, და წერა თქვენი თავშესაფარი იყო.

– წერა ჩემი ნავსაყუდელი იყო, მაგრამ გათავისუფლებით ვერ გამათავისუფლა. ადრეული ბავშვობიდანვე ცხოველივით ვიყავი ამ ქალზე მიჯაჭვული, მას აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ჯანმრთელი მაინც ვერ  გავხდი. ჩემი შიში სულ უფრო იზრდება, ნაცვლად იმისა, რომ  გამქრალიყო.

– რა შიში?

– ეს აგორაფობიის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა ბრბო შემომცქერის. პატარა გოგო როცა ვიყავი, ერთი წელი სახლიდან არ გავსულვარ. ბავშვობაშიც ავადმყოფი ვიყავი, გიჟივით ვცემდი  ოთახში ბოლთას და თავს კედელს ვურტყამდი. ჩემმა იმჟამინდელმა ფსიქიატრმა თქვა, რომ  ამ გზით ზეწოლისგან გათავისუფლებას ვლამობდი. ვერ  იყო კარგი ამბავი.

– ახლა განიკურნეთ?

– ამას ზოგჯერ დღესაც  ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ისე  სასტიკად აღარ. კედლებს თავს აღარ ვურტყამ. რაღაცა მაზანზარებს ხოლმე, ერთგვარი რისხვა, რომელსაც დღეს იმისთვის ვიყენებ, რომ ვწერო. ჩემთვის წერა ვნებიანი  აქტია. თომას მანივით  ერთ წინადადებაზე გადამყოლი არა ვარ,  მე ვერ  ვოკდები. ეს ორი, სამი საათი  გრძელ- დება ხოლმე, მერე კი ვიშლები.

– დამაწყნარებლების მიუღებლად  ძილი თუ  შეგიძლიათ?

– არა, ღმერთო ჩემო, უვალიუმოდ არაფერი გამომდის. ვალიუმი და ანტიდეპრესივა ჩემი მთავარი საყრდენებია. პიესა “ბემბილანდი” ერთი “პრიხოდის” განმავლობაში  დავწერე.

– მაგრამ გახარებით არც წერა გახარებთ.

– არა. გახარებით არ მახარებს. მართალია, ხანდახან წერის დროს ისეთ მდგომარეობაში  ვვარდები, თითქოს მთლად ცნობიერი არ ვიყო. ერთგვარი ტრანსია, როგორიც ორგაზმის დროს მაქვს ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი შრომაა, სიყვარულიც კი.

– სიყვარული?

– ჰო, სიყვარულიც, ისეთი, როგორსაც აღვწერ. ეს სხვა რამაა, ეს არაა ის ღრმა, ძლიერი გრძნობები. ამას მექანიკასთან მეტი აქვს საერთო.

– თქვენი პირველი სასიყვარულო ამბავი თუ  გახსოვთ?

– კი, როგორ არა. ისეც არ გავგიჟებულვარ, რომ აღარ მახსოვდეს. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

– კარგ  ამბებს არავის უზიარებთ.

– ეგრეა.  ჩემი შემოქმედების  საწყისი  ნეგატიურია. პოზიტიურს ვერაფერს აღვწერ. მაგრამ, ცხადია, ცხოვრების განმავლობაში დიდი ვნებები მაქვს განცდილი.

– ბედნიერი  წუთები?

 
– ცხადია! მე ხომ არაადამიანი  არა  ვარ.  ძალიან გულთბილი და მოსიყვარულე ქალი გახლავარ, მაგრამ ამის შესახებ არ ვწერ.  მე მხოლოდ დამანგრეველის შესახებ ვწერ, მაგრამ ეს სწორედ იმიტომ შემიძლია, რომ  სხვა რამეც ვიცი. ხალხი სულ თავის რომანტიკულ განცდებს ელოლიავება, ო, როგორ ჩადის მზე მალიორკაზე! მაგრამ ჭუჭყიანი საქმეც ხომ უნდა აკეთოს ვინმემ, და ამ ჭუჭყიან საქმეს  მე ვაკეთებ. მე გრძნობების ნაგავი გამაქვს. ეს ჩემი ამოცანაა.  ლიტერატურაში დამლაგებელი ვარ, ქალი, რომელსაც ხელში ნაგვის ყუთი უჭირავს. მე სიყვარულის სანაგვე ყუთი ვარ.

ერთ ადრინდელ ინტერვიუში თქვით, რომ წერის ერთ-ერთი მოტივი თქვენთვის შურისძიებაა. რომანში “მკვდრების შვილები” ყველა დაიხოცა, ვისაც სიცოცხლე უნდა გახარებოდა.

– ყველა მოკვდა, ვისაც სიცოცხლე შეეძლო. და როცა დაიხოცნენ, კიდევ ერთხელ დავხოცე: ორმაგი თოკი  უკეთ  იჭერს.

– მაშ, საწერ მაგიდასთან მჯდომი მკვლელი ბრძანდებით.

– მართალია, საწერ მაგიდასთან ვარ მკვლელი, რადგან ნამდვილ ცხოვრებაში ეს არ გამომდის. საწერ მაგიდასთან იმ ადამიანებს ვეომები, ვისიც მშურს იმის  გამო, რომ  ნორმალურ ყოფაში მყუდროდ მოეწყვნენ და ცხოვრებას გემოს ატანენ.  მე  კი ტოტალიტარული არსება  ვარ.  ვამბობ, რომ,  რადგან აქ ნაცისტები ცხოვრობდნენ, სიმშვიდისა და ბედნიერების უფლება არავისა აქვს.

– მამათქვენი ებრაელი იყო.

– დიახ, მან დიდი გაჭირვებით გადაიტანა ნაციონალ-სოციალიზმის დრო, ის დედაჩემთან ქორწინებამ გადაარჩინა.  არც ის იყო მთლად არიელი, ბაბუა ებრაელი ჰყავდა, მაგრამ რაღაცას  მაინც ახერხებდა. როცა განქორწინება მოსთხოვეს, უარი თქვა. ამ შემთხვევაში დედაჩემი მართლაც გმირულად მოიქცა.

– მამათქვენი გადაარჩინა.

– კი, მაგრამ  ნაცისტების დროს  მამაჩემის  მხრიდან ორმოცდაცხრა ნათესავი მაინც მომიკლეს – ეს ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა დაითვალა. ახლაც თვალწინ მიდგას გვამების მთები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში იპოვნეს. ომის მერე მამაჩემს ამ დოკუმენტური ფილმების სანახავად დავყავდი ხოლმე. კინოში გადიოდა, მაგრამ, ცხადია, ბავშვებისთვის არ იყო განკუთვნილი. დაზაფრული ვიყავი, კინაღამ დამბლა  დამეცა.

 
და დაზაფრულობა სიძულვილში გადაიზარდა.

– დიახ.

– როცა გაგივლით…

– … საკუთარი თავის სიძულვილი მომიწევს.   ამას არაფერი ეშველება.  სიძულვილი ჩემი ძრავაა. რომ  არ მძულდეს, დავისვენებდი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს შვება არ მიწერია.

– ოდესმე კონკრეტულად თუ  გიფიქრიათ თავის  მოკვლა?

– არა, არადა  სასაცილოა, რადგან სინამდვილეში ეს ჩემი თვითგაჩანაგების ლოგიკური დასკვნა იქნებოდა, მაგრამ  სიცოცხლეს ვეჭიდავები, კიბოიანივით, რომელიც ბოლო სტადიაშიც ყოველ დღეს ეჭიდება და სიკვდილი არ უნდა.

სიბერე როგორ წარმოგიდგენიათ?

– საშინლად! სიბერისა პანიკურად მეშინია, განსაკუთრებით მას მერე, რაც დედაჩემის ხრწნის პროცესს დავესწარი. ასე რომ, იმედი მაქვს:  სანამ საქმე აქამდე  მისულა, თავის მოკვლას მოვახერხებ. ამას მხოლოდ აბებით  თუ  შევძლებ,  წყნარად. თავის ჩამოხრჩობას ვერ  შევძლებ.  იცი, აბებს ვაშლის მუსი  უნდა  დააყოლო და მაშინ გული აღარ  აგერევა.

– ვაი!

– ჰო, და მანამდე ვალიუმიც უნდა ჩაყლაპო.

– საშინელი ქალი ხართ, თქვენთან ინტერვიუ არ გამომდის.

– ფარ-ხმალი დაგაყრევინეთ…

– დიახ.

– … რადგან დარწმუნდით, რომ  მართლაც უსუსური ვარ.

– ჰო, და ვერაფრით დაგეხმარებით.

– მე ვერავინ დამეხმარება,  მაგრამ თქვენთან საუბარი მომწონს. უბრალოდ, ახლა ძალიან დაღლილი ვარ.  თქვენ ახლა იმის მოწმე ხართ, როგორ იხრწნება  ადამიანი, რომელსაც  ადამიანური საზოგადოება აკლია.

– მეც დავიღალე.

–  ძალიან კარგი. თქვენც  თუ  გაიხრწნებით, მთლად  კარგი იქნება.

– რამეზე თუ  ოცნებობთ?

– კი,  მოგზაურობაზე. მაგალითად, დიდი სიამოვნებით გავფრინდებოდი ნიუ-იორკში. მინდა, სანამ  მოვკვდები,  ცათამბჯენი ვნახო. მაგრამ ავად ვარ  და არ გამომივა. თვითმფრინავიდან  რომ გამოვალ და იქ გამეფებულ სისწრაფეს, ხმაურსა და სულ სხვა რიტმს შევეჯახები, იქვე მოვკვდები.

– გული ამიჩუყეთ.

– ჰო,  მეც ასე მგონია, რომ  ჩემი  მოკრძალების გამო ძალიან გულისამაჩუყებელი ვარ.  ცხოვრებისაგან ბევრს არ ვითხოვ. ტელევიზორში ძველი ფილმის ყურებაც მყოფნის ბედნიერებისთვის. მე  ხომ ტელევიზორზე  ვარ დამოკიდებული,  რადგან  კინოში  ვერ დავდივარ.

– ეგეც არ შეგიძლიათ?

– არა, რადგან იქ კარს კეტავენ, ბნელა და მგონია, რომ დამამწყვდიეს, თუმცა ვიცი, რომ  გაქცევას ნებისმიერ დროს შევძლებ.

– სხვა მიზეზებთან ერთად შვედეთის  აკადემიამ თქვენთვის ნობელის  პრემიის მონიჭება იმითაც დაასაბუთა,  რომ  თქვენ, როგორც “საზოგადოების უშიშარ კრიტიკოსს”, გესმით, “რომ ქალის სახე მსოფლიოში სტერეოტიპული სახეებით  იფარება”.

– დიახ, მამაკაცთა სახეებით.

– თქვენ ამბობთ, რომ ქალის სახეს მამაკაცები ქმნიან.

– დიახ, ჩვენ, ქალებს, მამაკაცთა განხილვის საგნად ყოფნა გვიწევს და, თუ  რამის  დამტკიცება გვსურს, ამას გარკვეული ძალისხმევის  შედეგად კი არა,  საკუთარი სხეულის ბაზარზე გატანით ვახერხებთ. ადრე  ხშირად  ვამბობდი  ხოლმე, რომ  სულ ერთია, ნობელის პრემიის ლაურეატი ხარ  თუ  თექვსმეტი წლის მოსწავლე გოგო – მამაკაცები ან სტვენას დაგადევნებენ, ან მოგაძახებენ, შე ძროხაო. ახლა მე თავად ვარ  ნობელის პრემიის ლაურეატი, მაგრამ ამის გამო მამაკაცთა თვალში  არ ავმაღლებულვარ, პირიქით: ამის გამო მათ კიდევ უფრო საშინელ მონსტრად მივაჩნივარ.

– მე – არა.

– თქვენ გამონაკლისი ბრძანდებით. ჩვენი პირველი ინტერვიუს დროს თქვენ  ისეთი  რამ თქვით,  რაზედაც შემდგომშიც  ხშირად მიფიქრია, კერძოდ, ის, რომ ქალების უუნარობა მხოლოდ ქალების პრობლემა არაა. არასიცოცხლისუნარიანი შეიძლება მამაკაციც იყოს.

– კაფკა,  რობერტ ვალზერი…

– ჰო, ამაში გეთანხმებით.

 
– სიცოცხლის უნარს მოკლებული  მამაკაცი რომ  ყოფილიყავით,  უფრო გაგიჭირდებოდათ, რადგან,  როგორც ფემინისტი, დაჩაგრულ ქალებთან იდენტიფიცირებას ვეღარ  შეძლებდით.

– მართალია. კაცი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, დიდი ხნის წინათ მოვიკლავდი თავს. მეორე მხრივ,  კაცი რომ ვყოფილიყავი, ნობელის პრემიას მეტად ჩავატანდი გემოს, რადგან წარმატება მამაკაცს მიმზიდველს ხდის. მე ხომ იმიტომ არ ვარ ფემინისტი, რომ იმ მამაკაცებს ვებრძვი, ვინც ქალებს სცემენ და აუპატიურებენ – ეს თავისთავად იგულისხმება. მე ფემინისტი იმიტომ ვარ,  რომ  ეს დამთრგუნველი ფალიური, ფალოკრატული ღირებულებების სისტემა, რომელიც ქალს ჩაგრავს, ყველაფერსაა მოდებული.

– დღეს არც ქალები აკლებენ ხელს მამაკაცებს.

– კარგი, შემიძლია ვთქვა, რომ  მამაკაცი ცვედანია, სასაცილო კაცუნა,  როგორებიც ჩვენი ფედერალური კანცლერი შიუსელი ან იორგ ჰაიდერი არიან – პატარა და გაბერილი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ძალა, რომელიც განსაზღვრავს,  რა არის კარგი და რა – ცუდი, ყოველთვის მამაკაცია.

– განა ეს არ  შეიცვალა?  რეკლამებში  სულ უფრო  ხშირად ვხედავთ ახალგაზრდა, დაკუნთულ კაცებს, ბრტყელი მუცლებით, რომლებიც ქალებს აშკარად მოსწონთ.

– არა,  ეს არიან მამაკაცები მამაკაცებისთვის. მამაკაცის სილამაზის იდეალს ისინი თავად  ადგენენ. მოდის  სამყაროში  ხომ სულ მამათმავლები არიან.

– ამის თქმას ვერ  ვბედავდი,  მაგრამ, ჩემი აზრით, ლამაზი ქალი ბრძანდებით.

– გმადლობთ, ეს, ცხადია, მიხარია. მაგრამ ეს ასე არაა. ლამაზი არ ვარ. მეტისმეტად გრძელი ცხვირი მაქვს, ახლო-ახლოს ჩამჯდარი თვალები. უფრო დამახასიათებელი სახე მაქვს.  ლამაზი ნიკოლ კიდმანია, მდედრის იდეალი, რომელსაც მრავალი კინოვარსკვლავი შეესაბამება: დიდი თვალები, პატარა ცხვირი, გაბერილი ტუჩები…

– ყველას ხომ ერთი და იგივე არ მოსწონს.

– ჰო, თქვენ უცნაური გემოვნება გაქვთ.

– თუმცა არ გინდათ, რომ გარეგნობის მიხედვით გაფასებდნენ, მაინც ყოველთვის თვალშისაცემად დახატული და გამოწყობილი ბრძანდებით.

 
– ეს სტილიზაციაა, ცნობისმოყვარეობას იწვევს. შესაძლოა, ამასაც უნდა მოვეშვა, მაგრამ, კაცმა რომ  თქვას, რატომ?

– ჩვენი პირველი საუბრის დროს თქვით, რომ გამორიცხული არაა, ოდესმე სახის კანიც  დაიჭიმოთ.

– ეს არც დღესაა გამორიცხული. ჯერჯერობით არ მჭირდება, მაგრამ ერთხელაც იქნება და ქუთუთოები… (თვალებს ჭუტავს და ჩინელს ემსგავსება), ასე სჯობს?

– ვეღარ  გცნობთ.

– თუ  გინდათ, აბრას  დავიკიდებ, რომ  მე ვარ.

– მეგონა, ვერ  იტანთ, როცა გიყურებენ.

– ეგ მართალია. პირველად როცა შეგხვდით, უფრო ახალგაზრდა ვიყავი და სხეულთა ბაზარზე ყოფნა მინდოდა.  ახლა აღარ  მინდა.

– მაშინ მითხარით, რომ  სიამოვნებით  იქნებოდით ლესბიანელი.

– ჰო, ეგ სასიამოვნო იქნებოდა.

– სექსუალობაში ნაცნობს და საიმედოს ამჯობინებდით…

– კი, ეგ საქმეს გამიიოლებდა, რადგან ლესბიანელთა ურთიერთობაში ასაკი და გარეგნობა  იმდენად მნიშვნელოვანი არაა. ქალთა წრეში  თავს უკეთ  ვგრძნობ. მამაკაცებთან სულ მუქარის განცდა მაქვს. მათი მეშინია.

– ისე,  ასკეტურად ცხოვრებაც ხომ შეგიძლიათ.

– ცხადია, შემიძლია. შეჯვარების სურვილი ასაკთან ერთად მაინც ქვეითდება,  ყოველ შემთხვევაში,  მე  ასე ვარ,  სხვებისა  არ ვიცი. ვისაც მაინც აქვთ დიდი მოთხოვნილებები, გულით მებრალებიან. არსებობენ  ქალები, რომლებიც ასაკშიც ეტანებიან კაცებს. მათ ძალიან მძიმე ყოფა აქვთ, მაგრამ  მე ეს არ მჭირს, დიდება ღმერთს. ყველაფერს მარტო ყოფნა მირჩევნია.

– მიუხედავად ამისა, ოცდაათი წელია, გათხოვილი ხართ.

– კი, მაგრამ ეს ხომ ნორმალური ოჯახი არაა.

– თქვენ ვენაში ცხოვრობთ, თქვენი ქმარი – მიუნხენში, მაგრამ ერთმანეთს ხომ ხვდებით ხოლმე.

– ჩემი ქმარი  სასტიკად დამემუქრა, არაფერი თქვაო,  და ამიტომ  მასზე არ ვილაპარაკებ. მას  საზოგადოების ყურადღება არ სჭირდება.

 
– თქვენი  პირველი ინტერვიუდან მოვიყვან ციტატას: “ის
ჩემსავით ექსტრემალური მარტოსულია”.

– კი, ერთმანეთს ჩინებულად ვეწყობით.

– ბავშვებთან დაკავშირებით თქვით, რომ  შვილს არ გააჩენდით, რადგან არ გინდათ, რომ თქვენი ნევროზული გამოხდომები უდანაშაულო არსების გადასატანი იყოს.

– კი, ამას  ძალიან ვერიდებოდი.  საბედნიეროდ, დღეს  ეს აქტუალური აღარაა.  დედა  ვეღარ  გავხდები.  ერთადერთი, რასაც ქალი  მამაკაცის  გარეშე  ვერ  ახერხებს,  არ გამიკეთებია,  თუმცა მოწესრიგებულ, ბიურგერულ ყოფაზე  კი ვოცნებობ ხოლმე. მინდა, სხვებივით ვიყო, მაგრამ არ ვარ.

– ალბათ, ტკბებით, რომ განსაკუთრებული ვინმე ხართ.

– ამას ვერ  ვახერხებ. ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას რაღაცას უხერხებენ, დამთრგუნველ უმრავლესობას შეადგენენ, რომელსაც მე არ განვეკუთვნები  და ამასთან დაკავშირებით უნდა მოგახსენოთ, რომ სულაც არ მეამაყება, გეფიცებით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ!

– ეგ კარგია.

– მერწმუნეთ, ასეა.

– თქვენს უბედურებაში ნამდვილად არ შეგეცილებით. მოთ-მინება კი გმართებთ.

– ალბათ, ისევ  ექიმს უნდა  მივმართო.  რამდენიმე კურსი უკვე გავლილი მაქვს.  სადმე სიახლოვეში რომ  მყავდეს ფსიქიატრი, გამიადვილდებოდა, შორს აღარ  მომიწევდა წასვლა.  მეგონებოდა, რომ  თერაპია მშველის. ძაღლივით გამწვრთნიდნენ. ადამიანი ხომ ცხოველია. ჩემი ფსიქიატრი ყოველ საღამოს თეატრსა ან კინოში გამამწესებდა, ხოლო, როცა მომინდებოდა სადმე გასვლა, არ გამიშვებდა და მეტყოდა:  “არა,  აქ იჯდები!”

– კარგი, რა!

– არა, მართლა. მე აღზრდა მჭირდება, სასტიკი გაწვრთნა. მაშინ უკეთ  შევძლებდი ფუნქციონირებას,  შეკეთებულ მანქანასავით. გამიხარდებოდა, თუ  უშიშრად გავიდოდი სახლიდან. ეს უკვე წინგადადგმულ ნაბიჯად  ჩამეთვლებოდა.

– კარგი, სხვა ვთქვათ. თქვენ მრავალი წლის განმავლობაში ავსტრიის კომუნისტური პარტიის წევრი  იყავით.

 
– კი, მაგრამ ეგ ამბავი მორჩა.

– პარტიიდან 1991 წელს გამოხვედით.

– მინდოდა,  იმ ჯგუფის წევრი ვყოფილიყავი, რომელიც ე. წ. პატარა ადამიანებს წარმოადგენდა, მინდოდა,  რამე გამეკეთებინა მზარდი კაპიტალის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს სანსლავს. მინდოდა,  პოლიტიკური ქმედება ჩამედინა არა  საწერ მაგიდასთან ელეგანტურად ჩამომჯდარს,  არამედ კონკრეტულად.

– და იმედი  გაგიცრუვდათ.

– სავსებით! კაპიტალიზმმა  სრული გამარჯვება  მოიპოვა. ჩემი ბრძოლა  უაზრო იყო,  ისევე  როგორც ცხოვრებაში  გაკეთებული მრავალი რამ.

– წერასაც არა  აქვს აზრი?

– წერაც  უაზრობაა. დღეს წერით უბრალოდ გადარჩენას ვცდილობ. როცა ვწერ, საკუთარ თავს ვახტები, რადგან, როგორც კი ჩემს იდენტურობას გავიგებ, მოვკვდები. მე სულაც არ მინდა საკუთარი თავის გაცნობა.  მეორადი  საქონელივით  ვცხოვრობ,  მაგრამ  ამას სულაც არ ვჩივი.  ის, რომ  ცხოვრებას ავცდი, ჩემი ავადმყოფობის ბრალია, ანუ პირადად ჩემი.  მე ყოველდღე მძულს საკუთარი თავი. ვიცი, რომ  წერით ვერაფერს შევცვლი, მაგრამ, აბა, რა ვქნა? მეტი არაფერი შემიძლია. წერა ჩემთვის წყალობაა, თან ამისთვის  ხომ სახლიდან გასვლაც არ მიწევს.

germanulidan Targmna ana
korZaia-samadaSvilma

სტასიკით შეუმკრთალი ქვეყანა

0
როდესაც 9 აპრილი მოდის და ერთხელ კიდევ ვნახულობთ ნამდვილი პროტესტის, შეუპოვრობის, ამ შეუპოვრობის საპასუხოდ გამოფენილი ტანკებისა და ნიჩბიანი ჯარისკაცების კადრებს, ყოველთვის გურამ დოჩანაშვილის ის მოთხრობა მახსენდება – „ორნი, აქა, იქა” – რომელიც დიდი ხნის წინ ჩემმა მეგობარმა ხათუნა დარასელიამ წამაკითხა.

ნაწარმოების ეპიგრაფიდანვე ცხადი ხდება, რომ მწერალი მხატვრულ სინამდვილეში დოკუმენტური ფონის შემოტანას აპირებს და მკითხველს წინასწარ ამზადებს ამისთვის: „ეს ამბავი შესაძლოა ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლიანად გამონაგონი”.

„მთლიანად გამონაგონი” რომ არაა, ეს უფრო შემდეგ გაირკვევა, შუაწელში, მანამდე კი უცხო, საკვირველი ფერებით აბრდღვიალებულ სილამაზეში მოხვედრილ გოგონას ჰკითხავენ: „ძალიან გეტკინა?” ის კი ხმადაბლა მიუგებს: „მე არ მოველოდი”. მერე მარიამ ღვთისმშობელთან მიიყვანენ, ყველაზე დიდ ქალბატონთან, დედათაგან უნეტარესთან, რომელიც მიიახლოვებს და გულში ჩაიკრავს გოგონას, ჭრილობაზე აკოცებს, გაათბობს. 

ჭრილობა. იქვე, უფრო სწორად, რამდენიმე სტრიქონით ადრე იწყება ამ ჭრილობის მიზეზი და თავგადასავალი, რომელიც შემდეგ, გურამ დოჩანაშვილისთვის დამახასიათებელი პარალელური თხრობით, ნელ-ნელა კულმინაციას აღწევს და ორი ადამიანის – გოგონასა და სტასიკის – ბედისწერაში გადაიკვეთება.

გოგონა და სტასიკი.

სტასიკი – მისი დაბადება ორი პორტვეინით, მჟავე კიტრით, მოხარშული კვერცხებით, პეჩენიითა და ორი ჭიქის მიჭახუნებით აღნიშნეს. რომ არ ეყოთ, პივაც მიაყოლეს და ახალშობილის მამამ და მამის მეზობელმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვისთვის სტასიკი დაერქმიათ. „ეს სტასიკს გაუმარჯოს, მე მაგის დედა” – თქვა სტასიკის მამის მეზობელმა. „მეც მაგის დედა. ბევრჯერ” – თქვა სტასიკის მამამაც.

გოგონა – არნახულ, უცხოდ ფერადოვანი ყვავილების ბაღში გოგონას დეიდა წმინდა ნინო მეგზურობს და გზადაგზა მისთვის ნაცნობ ძვირფას პერსონაჟებს უჩვენებს – იაკობ ცურტაველს, დავით აღმაშენებელს – დიდგორის კაცს (ამ დროს გოგონა აღტაცებით იხსენებს, როგორ წაიყვანეს ერთხელ სკოლიდან გელათში ექსკურსიაზე, დეიდა წმინდა ნინო კი თავაზიანად უხსნის, რომ ეს ექსკურსია არ იყო: „ექსკურსიაზე სხვაგან მიდიან. გელათი შენი ადგილია”). ერთმანეთს მისდევს ყვავილოვანი ბუჩქები: „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო…”, „ჩემო კარგო ქვეყანავ…” „რამ შემქმნა ადამიანად…”, თვალუწვდენლად უხვფოთლება სულხან-საბა და უზენაეს ხმას შერთული „რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა…”

სტასიკი – „ნაპლეე-ჩოუ! ერთ-ორ!” – გენერლობაზე მეოცნებე ჯარისკაცი სხარტად ასრულებს პრიკაზებს, ყალიბდება. მხოლოდ გამორჩეულები რომ შეარჩიეს, ასის ფარგლებში, სტასიკსაც მაშინ დააწინაურებენ და მიხვდება, თუ როგორ მონატრებია ნამდვილი საქმე, იარაღიანი. აი, საქმე კი: მშვიდობიანად დაფრინდნენ უცხო მიწაზე და სარგადაყლაპული ხუთმაგი მწკრივის წინ გოროზად დამდგარმა პრიკაზჩიკმა იროდმა (როგორ გავს ჩვილთა გამჟლეტელი ჰეროდეს სახელს!) მოკლე, ტევადი, ამომწურავი ბრძანება გასცა: „დადგა ჯერი თქვენი მაღალი მხედრული ვალის ასრულებისა. თქვენს დანახვაზე თავს მოიკატუნებენ. არ დაუჯეროთ. არ დაინდოთ არც დიდი, არც პატარა. მშვიდობას გაუმარჯოს!” და მის პასუხად მწკრივმა იფეთქა: „ვემ… სახ… საბ… შირს!!!”.

შემდეგ კი – მთელი დარჩენილი მოთხრობა სტასიკისა და გოგონას, ამ ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის ბედისწერაზეა: თუ როგორ ციაგებდა აუარებელი სანთელი ვერგათენებულ 9 აპრილში, როგორ გაისმა ბრძანება „იმოქმედეთ!”, როგორ ურტყამდნენ ქალებს ხელბარიანები, ყაზარმებში გამოკეტილები, ქალებს მოწყურებულები, როგორ შემართა წყეულმა სტასიკმა რასკოლნიკოვის ნაჯახზე არანაკლებ მჭრელი ბარი, წინ მდგარ გოგონას დაუსწორა და ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: „ვოტ ტებე…”.

„ეგონა, მოსპო” – ეს მწერლის აუცილებელი კომენტარია, რომელსაც ის სცენა მოსდევს, თუ როგორ უხმობენ გოგონას, როგორ ფაქიზად შეუდგება მხრებში ორი ცისარტყელა და მარიამ ღვთისმშობელთან მიიყვანს. იქვე ახლოს ვიღაც ხნიერი, პალტოგაცვეთილი კაცი დგას. სტასიკი აღმოჩნდება. გოგონა, რა თქმა უნდა ვერ იცნობს.
გაახსენებენ, რომ მისი მკვლელია. სტასიკი ჯიუტად უარყოფს ყველაფერს, მერე გამოტყდება, მე კი მოვკალი, მაგრამ ასეთი პატარა თუ იყო, არ მეგონა, ძალიან ცუდად ჩანდა, ამხანაგო მარიამ, იმ სიბნელეში სრულწლოვან მოქალაქეს ჰგავდაო. მაგრამ მარიამ ღვთისმშობელი მაშინვე მოუჭრის უსინდისოდ თავის მართლების გზას: „ცუდად როგორ ჩანდა, სანთელი ეკავა ხელში”.

ბოლოს ისე ხდება, რომ გოგონას მიანდობენ მკვლელის ბედს, ის კი: „გთხოვთ, აპატიოთ, დიდო მარიამ ღვთისმშობელო!.. შეხედეთ, რა უბედურია…”

…მანამდე მარიამ ღვთისმშობელი მის წინაშე წარდგომილ დამნაშავე სტასიკს ჰკითხავს:

– ყურძნის მოყვანას რა შრომა უნდა თუ იცი?

– რა შრომა უნდა – მხოლოდ დაწურე და დაასხი-დალიე!

და ამას გულისშემძვრელი სიტყვები მოჰყვება, უფრო სწორად, გურამ დოჩანაშვილის მიერ მიგნებული განუმეორებელი სახე: „გულზე მიიდო ჯვარი სტასიკით შემკრთალმა წმინდა ნინომ”.

ასე მგონია, 9 აპრილის ტრაგედიამ – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საოცარმა ამბავმა – სათავე დაუდო სულისკვეთებას, რომ ქვეყნის ღირსეული ნაწილი, მიუხედავად დიდი თუ მცირე სტასიკების მუქარისა და ძალადობისა, არასდროს დაჩოქებულიყო, არავის დამონებოდა, სინდისი არ გაეყიდა და შეურაცხყოფა მეტად აღარ მოეთმინა. 

…იმ დღეს ახალი ქვეყანა დაიბადა: სტასიკით შეუმკრთალი საქართველო. 

სამშობლო

0

დმანისის რაიონის მთიანეთში სულ სხვანაირი სოკოები იზრდებოდა – შეეხებოდი თუ არა, რაღაცნაირ მტვრიან კვამლად იშლებოდა. მათი არც ქართული, არც ლათინური სახელი არ ვიცი, არც ის, ნამდვილად არსებობდნენ თუ ჩემს ბავშვურ ფანტაზიაში…

ფაქტია, რომ მხოლოდ ეს აბოლებადი სოკოები, კამეჩის მაწონი და საქონლისფუნიანი ორღობეები მახსოვდა ჩემი წინაპრების სოფელ გორადან, ადგილობრივები უცნაურ სახელს ჯირაიორს რომ ეძახდნენ.
იმ სოფელში ზაფხულობით ჩავდიოდი ჩვეულებრივი ბავშვური ბუზღუნის თანხლებით: ჩემი მეგობრებიდან ზოგი მწვანე და დაბურულ რაჭაში მიდიოდა, ზოგი – ზღვაზე, მე კი – ამ უცნაურ, ყველისსუნიან სოფელში, ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან.
მე პონტოელი ბერძენი ვარ. თუ პონტოელთა ანთროპოლოგიაზე ვისაუბრებთ, ბევრ საინტერესო საკითხს წავაწყდებით. შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ბერძენთა კულტურის, ჩვეულებების, თუნდაც გარეგნობის მსგავსება ლაზებსა და აჭარელებთან მახსენებს ჯერ პონტოს სამეფოს, მერე ტრაპიზონის იმპერიას, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართველური და ბერძნული ტომები, ასე რომ, ვინ იცის… იდუმალი და გამოუცნობი რამაა სისხლი.
ჩემი წინაპრები დიდებული ბიზანტიის ნანგრევებთან, შავი ზღვის პირას ცხოვრობდნენ. შემდეგ, თურქული პოლიტიკისა და შევიწროების შედეგად, რასაც ზოგიერთი ისტორიკოსი პონტოელთა გენოციდსაც კი არქმევს, ადგილობრივ ბერძენთა ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ამ ლტოლვილთაგანაც ბევრი დაიხრჩო ზღვაში თუ სნეულებებმა და შიმშილმა გაწყვიტა. ვინც გადარჩა, სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყანაში დაიფანტნენ. ყველაზე დიდი ნაწილი საბერძნეთმა შეიფარა.
ჩემი წინაპრები საქართველოში, დმანისის რაიონის პატარა და მთიან სოფელში გორაში დასახლდნენ. ერთ-ერთი ღვთისმშობლის სახელობის პატარა საყდრის წინამძღვარიც გამხდარა. მეტი არც არაფერი ვიცი. მითები კი, იცოცხლე, ბევრია, მაგალითად, ის, რომ აია-სოფიას დიდებული ტაძრის მშენებელთაგან ერთი ჩემი გვარისა ყოფილა.
დასახლდა ჩემი ბაბუის ბაბუა ამ სოფელში, გაიჩინა საქონელი, დათესა კარტოფილი, გააჩინა შვილები და შედეგად – მე, უმადური შთამომავალი, ვისაც წინაპრების სოფელში ჩასვლაც ეზარება.
რატომ მოვყევი ამ ამბებს:
ბავშვობის მერე იმ სოფელში აღარც ჩავსულვარ, ჩემი ბერძნული იდენტობაც ბერძნული მითოლოგიისა და ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით შემოიფარგლებოდა, სანამ ერთ დღესაც საბერძნეთში, ჩემს დასთან, სტუმრად არ წავედი. რასაკვირველია, დიდ ელადასთან შესახვედრად ვემზადებოდი. ასეც მოხდა, თუმცა ახლა ამ შთაბეჭდილებების გაზიარებას არ ვაპირებ, სულ სხვა რამ მინდა გიამბოთ.
საბერძნეთის ჩრდილოეთ ოლქში, მაკედონიაში, განსაკუთრებით ბევრი პონტოელი ბერძენი დასახლდა, ზოგან – საკმაოდ კომპაქტურადაც. ერთ-ერთი ასეთი კომპაქტური დასახლება ქალაქის ის ნაწილია, სადაც ჩემი და ცხოვრობს თავისი ოჯახით. ჰოდა, შუაგულ საბერძნეთში დმანისის მთიანი სოფელი გორა დამხვდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არც მთები იყო, არც საქონელი, არც კამეჩისმაწვნიანი ქილები, არც კარაქის სადღვებელა-საქანელა, არც ის უცნაური სოკოები, შეხებისას რომ მტვრად იქცეოდნენ – მთავარი დამხვდა: დმანისელი ბერძნები, განსაკუთრებით – მოხუცები, ვინც, მიუხედავად ცხოვრების უკეთესი პირობებისა, დიდი თეთრი სახლებისა, ლამაზი ქუჩებისა და ბერძნული თბილი მზისა, მაინც თავიანთი მთის სოფლის მიწას, ჰაერსა და ბალახს ნატრობდნენ. ისინი ისეთ სასწაულებს ჰყვებოდნენ თავიანთი სოფლის შესახებ, რომ საკუთარ მეხსიერებაში ეჭვიც კი შემეპარა, იქნებ რამე არ მახსოვს, ან დრომ გადამავიწყა მეთქი.
იმავე წელს, საქართველოში დაბრუნებულმა, ჩემი სოფლის მონახულება გადავწყვიტე.
საამისო მიზეზიც გამიჩნდა – იქ, საბერძნეთში, ჩემი სოფლიდან წასულმა ბერძენმა გოგონამ ბავშვობისდროინდელ შეყვარებულთან წერილი გამომატანა მეზობელ მდებარე სოფელში. რა და როგორ მოხდა, არ მოგიყვებით, ეს სხვა პოსტის თემაა. ჰოდა, რომ ვიბორიალე სომხეთის საზღვართან და წერილი რომ ადრესატს ჩავაბარე, მერე ამ ჩემს სოფელში გამოვიარე.
დამხვდა… დამხვდა რა, პირობითია ეს დახვედრა:
დაცლილი სოფელი, ჩამოშლილი სახლები, უკაცური ორღობე, დაკეტილი სკოლა, უპატრონო ძაღლები, ნასახლარებზე მოდებული ეკალ-ბარდი და თითო-ოროლა სახლიდან ამოსული კვამლი.
სულაც არ ჰგავდა ეს ნაცრისფერი სოფელი იმ მზით განათებულ, ნაყოფიერ ადგილს, რომელსაც დღესაც დაატარებენ გულით და წარმოსახვით საბერძნეთში “დაბრუნებული” ბერძნები.
P.S. ჩემს 80 წლის ბებიას ავადმყოფობის გამო მეხსიერება დაეკარგა. მან სრულიად გაწყვიტა რეალობასთან კავშირი და მხოლოდ მოგონებებსა და სიზმრებში ცხოვრობდა. ხან დედამთილს ეჩხუბებოდა სპილენძის ქვაბის გამო, ხან თავისი სკოლის მასწავლებლებს ელაპარაკებოდა. ყველაზე ხშირად კი დმანისის იმ სოფელში იყო, რომელზეც მე გიამბეთ, კუნელსა და შინდს აგროვებდა ტყეში, სადაც ბევრი უცნაური სოკოა, მათ შორის ისეთიც, შეხებისას რომ მტვრად იფანტება.

 

ნინა დიდებულიძე – მოთმინებით და ტიტანური შრომით

0

ბალერინობაზე თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია, გახდეს ნამდვილი ბალერინა, მით უმეტეს, პრიმა.

რა ხიბლი აქვს ბალეტს და რატომაა იგი საოცნებო გოგონებისთვის, ამაზე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის პედაგოგს ნინა დიდებულიძეს ვესაუბრეთ.
– გოგონებს ხიბლავთ ბალერინას ჩაცმულობა, პაჩკა, გვირგვინი, ბრჭყვიალა მორთულობა… ბალერინა მათ თვალში მზეთუნახავია და სურთ, დაემსგავსონ. გარდა ამისა, ყველა ბავშვს იზიდავს სცენა, ბალეტი კი სცენაზე ასვლის შესაძლებლობას იძლევა. მე მიმაჩნია, რომ ბალეტის სწავლა, ხუთი წლიდან მოყოლებული, ყველას შეუძლია. ჩვენს სკოლაში დადიოდა 50 წლის ქალბატონიც, რომელსაც, უბრალოდ, ფორმის შენარჩუნება სურდა და ამისთვის ბალეტი აირჩია.
საბალეტო სკოლაში სიარული სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი აუცილებლად ბალერინა გამოვა. ამისთვის საჭიროა თხელი აღნაგობა, გრძელი ფეხები, საბალეტო მონაცემები, კარგი ნახტომი და ყოველივე ამასთან ერთდ – კარგი მეხსიერებაც. თუ ბავშვს ეს ყველაფერი აქვს, მისგან დგება ნინო ანანიაშვილი, ლალი კანდელაკი, ნიკა ცისკარიძე, ირმა ნიორაძე… ზოგიერთ ბავშვს აქვს მონაცემები, მაგრამ ისინი განვითარებას მოითხოვს და მაშინაც კი ძნელი სათქმელია, დადგება თუ არა მისგან ვარსკვლავი. მაგალითად, მე მყავდა მოსწავლე, ნამდვილი ვირტუოზი, მაგრამ დაბალი იყო და ამიტომ საბალეტო დასში არ მიიღეს. ასეც ხდება…
თუ ბავშვი ვარსკვლავი ვერ გამოვიდა, ეს არ არის ტრაგედია. ბალეტის შესწავლა მაინც კარგია, უწინარესად იმიტომ, რომ ეს არის ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ასე აკლიათ დღევანდელ ბავშვებს.
– როგორც შორიდან ჩანს, საქართველოში ბიჭებს ბალეტი არ იზიდავთ…
– მართალი ბრძანდებით. ისინი ქართულ ცეკვებს ამჯობინებენ. ადრე სკოლებში დავდიოდით და ჩვენ თვითონ ვარჩევდით ბიჭებს. მახსოვს, ვახტანგ ჭაბუკიანს კლასში 10-12 ბიჭი ჰყავდა, თანაც ძალიან კარგები. ახლა ორ-სამს თუ ნახავთ, ეს კი დიდი პრობლემაა დასისთვის.
– ცნობილია, რომ ბალეტი ბევრ შრომას მოითხოვს...
– ტიტანურ შრომასა და მოთმინებას. მასწავლებელი ყოველდღე ელის უკეთეს შედეგს, ვერ მიიღო? – მაინც ელის, ამით ცოცხლობს და ასე გადის წლები. ყოველდღიური მძიმე შრომის გარეშე ბალერინა და, მით უმეტეს, ვარსკვლავი ვერავინ გახდება.
– ვიცი, რომ თქვენ არაერთი ვარსკვლავი გაზარდეთ...

– ჩემი პირველი ვარსკვლავი, მარგალიტა ლოვინა, ახლა მოსკოვში მოღვაწეობს. რუსეთის დამსახურებული არტისტია. ჩვენს დასში ცეკვავდა, მერე სტანისლავსკის სასწავლებელი დამთავრა და იქვე დარჩა. მერე იყო ლალი კანდელაკი, რომელიც ოთხი წელი სწავლობდა ჩემთან, მერე კი ვახტანგ ჭაბუკიანმა აიყვანა. მერე – ირმა ნიორაძე, რომელმაც მეორე კურსი დაამთავრა ჩემთან, მაგრამ მე მოსკოვში წავედი სასწავლებლად და ირმა გადავიდა ჭაბუკიანის კლასში. მანამდე იყო ნიკა ცისკარიძე, რომელიც, მართალია, პარალელურ კლასში სწავლობდა, მაგრამ მათი პედაგოგი ხშირად მიდიოდა გასტროლებზე და გაკვეთილებს მე ვუტარებდი. ამ კლასში იყო შვიდი ბიჭი, მაგრამ ნიკას გარდა ყველა ზარმაცობდა, მხოლოდ ის დადიოდა ჩემს გაკვეთილებზე. თავიდანვე ვგრძნობდი მის პოტენციალს და დედამის ხშირად ვურჩევდი, მოსკოვში წაეყვანა. საბოლოოდ დამიჯერეს…
ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც სასწავლებლის დასრულების შემდეგ ბალეტს მიჰყვებიან, სწავლას ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში განაგრძობენ. გავიხედავთ და – გუშინდელი მოზარდი უკვე მაღალი კლასის მოცეკვავეა. პედაგოგისთვის, რა თქმა უნდა, საამაყოა, როდესაც თავის გაზრდილს ვარსკვლავთა შორის ხედავს.
– გარდა იმისა, რომ ბალეტის მასწავლებელს ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება, კიდევ რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი საჯარო სკოლის მასწავლებლებისგან?
– ჩვეულებრივ სკოლებში პედაგოგი ასწავლის თეორიას და თუ ბავშვმა სათანადოდ ვერ აითვისა, ამით ბევრი არაფერი შავდება, ჩვენთან კი საქმე სხვანაირადაა. ყოველ წელიწადს გვაქვს გამოცდები და თუ ბავშვებმა ვერ იცეკვეს, როგორც საჭიროა, კლასი ჩაიჭრება. ეს მასწავლებლის ჩავარდნაა. ჩვენ ისე ვუდგებით ბავშვებს, რომ მაქსიმალურად შევასხათ ხორცი მათ პოტენციალს. ილეთი ჩვევად უნდა ექცეთ, ისე შეითვისონ, რომ მისი დაუფიქრებლად შესრულება შეეძლოთ. ჩვენ მიერ მიღწეულ შედეგს პრაქტიკა აჩვენებს.
– როგორ გაიხსენებდით საკუთრ მასწავლებლებს?
– ჩემი პირველი მასწავლებელი იყო მარგალიტა დუჩკევიჩა, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანმა ჩამოიყვანა ლენინგრადიდან. მისი პედაგოგი ბაგანოვა გახლდათ – ადამიანი, რომელმაც შექმნა ბალეტის სიტემა. თავად მარგალიტა დუჩკევიჩასაც ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა ჰქონდა. იგი თან ცეკვავდა და თან გვასწავლიდა. იყო ძალიან წყნარი, მშვიდი პიროვნება, მაგრამ წყნარად და მშვიდად ისე გიკბენდა, გერჩივნა, ეყვირა. კარგად მახსოვს ჩემი მასწავლებელი მოსკოვის პედაგოგიურ სასწავლებელში – ნატალია ზოლოტოვა. სხვათა შორის, ის გახლდათ ნინო ანანიაშვილის პედაგოგიც. ნატალია ზოლოტოვას და მისი მეუღლის რახმანინის საქართველოში მოწვევის შედეგ ჩვენი სასწავლებლის აღორძინება დაიწყო. იმხანად მოღვაწეობდა ვახტანგ ჭაბუკიანიც.

– ვახტანგ ჭაბუკიანზე-ბალერონზე ხშირად საუბრობენ; როგორი პედაგოგი იყო იგი?

– ჭაბუკიანი უნიკუმი გახლდათ. ძალიან მკაცრი პედაგოგი იყო, ბიჭები სმენაზე ეყენა. სამაგიეროდ, ყველასგან, ვისაც ის ასწავლიდა, საბოლოოდ ძალიან წარმატებული ბალერონი დადგა. ყველამ იპოვა თავისი გზა. როგორც უკვე ვთქვი, ზოგ ბავშვს აქვს საბალეტო მონაცემები, ზოგს – არა, მაგრამ ჭაბუკიანმა შეძლო, ყველა მოსწავლისგან ამოეღო მათი შესაძლებლობის მაქსიმუმი.
– შესაძლოა, ბავშვს არ ჰქონდეს საბალეტო მონაცემები, მაგრამ მშობელს სურს, რომ მისი შვილი ბალეტზე დადიოდეს, რადგან პრესტიჟულია, ლამაზია
– ბავშვის იძულება ძალიან ცუდია. თუ ბავშვს არ უნდა, ვერაფრით მოტეხავ და თუ მოტეხე, უარესია. მშობლებს სურთ, ლამაზი, მოხდენილი შვილები ჰყავდეთ. ამაში დასაძრახი არაფერია, პირიქით. ჩვენ გვაქვს ფასიანი გაკვეთილები, რომლებზეც ასეთი ბავშვები დადიან და მათ იმავე პროგრამით ვასწავლით, რომლითაც პროფესიონალებს. თუ აქვთ სურვილი და ფინანსური შესაძლებლობა – რატომაც არა?
– ბალეტის სწავლა სპეციალურ რესურსებს მოითხოვს – დარბაზის, სარკეებს… რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ საბალეტო სკოლაში?
– შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ გვაქვს შენობა. ჩუბინიშვილის ქუჩაზე მდებარე სკოლაში არის ერთი დიდი საბალეტო დარბაზი, მაგრამ იგი ავარიულია და დაკეტილია, ხოლო დანარჩენი ათი ბალეტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ვეკუას პირველ ნომერში არსებულ საბალეტო სკოლას კი სპეციალური დარბაზი საერთოდ არ გააჩნია, მეცადინეობას სააქტოში ვატარებთ. ბალეტს სჭირდება კვადრატული ფორმის დაბაზი, სადაც მოსწავლეები
იმოძრავებენ წრეზე პუანტებით, ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს.
ესაუბრა თამარ კაციტაძე

ეფექტიანი მეთოდები. მკითხველის თეატრი

0

იმ მეთოდებს შორის, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე
მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, არის მკითხველის თეატრი. ეს
გახლავთ
დრამატული ინტერპრეტაციის ისეთი ფორმა, როდესაც მოსწავლეები ჩართულნი არიან ნაწარმოების ხმამაღლა კითხვაში. მკითხველის თეატრი არ მოითხოვს დეკორაციებს, კოსტიუმებს ან მოქმედებას;მკითხველები ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით გადმოსცემენ განწყობილებას, ტონს, ემოციას, მოქმედ პირთა ხასიათს.

მკითხველის თეატრი მოსწავლეებს გააზრებულიკითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაში ეხმარება. ეს ეფექტიანი სტრატეგიაა,
რათა
მოსწავლეებს განუვითარდეთ საკუთარი კითხვის უნარის რწმენა, ვდაჯერებდა შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ ხმამაღ გამომსახველობითი კითხვა.

შენიშვნა: სასურველია, ისინი, ვინც კითხვაში მოისუსტებენ, დაჯგუფდნენ იმათთან, ვინც თავისუფლად კითხულობს.ეს მათ კითხვის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ჩვეულებრივ, თითო მონაკვეთისთვის მკითხველის თეატრში 5 ან 6მკითხველი შეირჩევა. შერჩეული მონაკვეთები საინტერესო უნდა იყოს როგორც მკითხველისთვის, ისე მსმენელისთვისაც.მოსწავლეებს შეუძლიათ, დაწერონ საკუთარი სცენარები ან სცენარად გადააკეთონ მოთხრობები, რომანის ნაწყვეტი ან ეპიკური პოეზია.

მკითხველის თეატრის მიზნებია:

* დაეხმაროს მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ ხმამაღლა კითხვა, ერთი მხრივ, ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტის გადაცემის, ხოლო მეორე მხრივ მოქმედ პირთა ხასიათების ინტერპრეტაციისა და გაგების  საშუალებაა;

* მისცეს მოსწავლეებს მკითხველის თეატრისთვის ტექსტების შერჩევის და/ან სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მისადაგების შესაძლებლობა;

* გაავარჯიშოს მოსწავლეები დიალოგებისა და მონოლოგების  ინტერპრეტაციასა დააუდიტორიისათვის გადაცემაში;

* მიანიჭოს ხმამაღლა კითხვით და მოსმენით მიღებული სიამოვნება;

* გაუძლიეროს ლიტერატურის მიმართ პატივისცემ და ინტერესი;

* განუვითაროს და დაუხვეწოს ლიტერატურული
ალღო და
გემოვნება;

* განუვითაროს გააზრებული კითხვის უნარი;

* დაუხვეწოს ზეპირი მეტყველება.

 

მკითხველის თეატრში მონაწილეობამდე

* კიდევ ერთხელ გადააკითხეთ მოსწავლეებს სცენარი და მოქმედი პირები/ტექსტის მონაკვეთები შეარჩევინეთ ინტერესებისა და კითხვის უნარის გათვალისწინებით.

* განსაზღვრეთ როლები (მაგალითად, მთხრობელი, მოქმედი პირები).

* ყოველი მოსწავლისთვის, რომელმაც უნდა წაიკითხოს, მოამზადეთ სცენარის/ტექსტის თითო ასლი (კარგი იქნება, თუ მონაწილეები საკუთარ როლებს მონიშნავენ მარკერით).

* ჩუმად წააკითხეთ მოსწავლეებს სცენარი/ტექსტი.

* განიხილეთ და აუხსენით ყოველი რთული ფრაზა ან გაუგებარი სიტყვა. დარწმუნდით, რომ
ტექსტის შინაარსი კარგად ესმით.

* შესთავაზეთ, იმსჯელონ მოქმედ პირებზე (როგორ შეიძლება მეტყველებდნენ ისინი? როგორი ხმის ტემბრი
შეესაბამება კონკრეტულ პერსონაჟს?
როგორი მიმიკა, როგორი ჟესტები შეიძლება ჰქონდეთ? რატომ?)

* მოსწავლეებს იმდენჯერ წააკითხეთ სცენარი, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმითვის, რომ დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში; დარწმუნდნენ, რომ შეუძლიათ როლთან შეგუება, მორგება და თავისუფლად კითხვა.

* დაეხმარეთ მოსწავლეებს რაც შეიძლება ეფექტურად განლაგებაში (სასურველია, მაყურებელიც კარგად ხედავდეს მონაწილეებს და მონაწილეებიცერთმანეთს).

 

მკითხველთა თეატრის
მიმდინარეობისას გასათვალისწინებელია შემდეგი:

* მონაწილეებს სცენარის/ტექსტის  ასლები ხელში უნდა ეჭიროთ ან მაგიდებზე ეწყოთ,
რომ არ გაუჩნდეთ შიშისა და უსუსურობის განცდა, ტექსტის ინტერპრეტაციაზე იფიქრონ და
არა იმაზე, რამე არ შეეშალოთ.

* მონაწილეებმა შეიძლება აირჩიონ განლაგების მათთვის
სასურველი და მოხერხებული ვარიანტი – ყველამ უყუროს იმ მონაწილეს, რომელიც
კითხულობს. მთავარია, არ დაავიწყდეთ “მაყურებელი”, რომელიც
მკითხველისეული ინტერპრეტაციით სიამოვნების მიღებას ცდილობს.

 

მკითხველთა თეატრში მონაწილეობის შემდეგ:

*
სთხოვეთ
მოსწავლეებ, საუბრონ ან წერილობით ჩამოაყალიბონ, რა გავლენა მოახდინა ტექსტის მათეულ ინტერპრეტაციაზე მათმა პირადმა გამოცდილება ან ადრინდელმა ცოდნამ.

* გამოყავით დრო მცირე ჯგუფებში განსჯითი დისკუსიისთვის სცენარის/ტექსტისმკითხველებს შორის (მაგალითად, გაართვა თუ არა ჯგუფმა თავი დავალებას; რა გაუძნელდათ, რა დაძლიეს
ადვილად და რატომ, შეძლეს თუ არა სათქმელის მსმენელამდე მიტანა;
სწორად დასვეს თუ არა აქცენტებიდა სხვა).

* შეაფასეთ მონაწილეები მოსწავლეებთან ერთად წინასწარ შექმნილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (მაგალითად, ხმის გამოყენება, მოქმედი პირის ხასიათის განვითარების წვდომა, ჟესტებისა და მიმიკის გამოყენება, ეფექტური პაუზები და სხვა).

 

ქვემოთ გთავაზობთ მკითხველთა თეატრის მონაწილის შეფასების სქემას.ეს არის ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ როგორც თანატოლებმა ურთიერთშეფასებისთვის, ისე მასწავლებელმა.

  

მკითხველთა თეატრის მონაწილის შეფასების სქემა

 

მოსწავლის გვარი და სახელი____________________________________________

თარიღი__________________

 

ყველა გრაფაში გააკეთეთ შესაბამისი
აღნიშვნა
და თქვენს გადაწყვეტილებას მოკლე შენიშვნები დაურთეთ.

შედეგები

 დიახ

ნაწილობრივ

 არა

შენიშვნ

ყველა სიტყვა მკაფიოდ იყო წარმოთქმული?

 

 

 

 

დაისვა აქცენტი საკვანძო სიტყვებზე?

 

K

 

 

განწყობა და გრძნობები ეფექტურად იყო გადმოცემული?

 

 

 

 

ხმის სიძლიერე ეფექტურად იყო გამოყენებული?

 

 

 

 

ხმის ტონი ეფექტურად იყო გამოყენებული?

 

 

 

 

შერჩეული მონაკვეთი აუდიტორიისა და მიზნის შესაბამის ტემპით იყო წაკითხული?

 

 

 

 

ამყარებდა თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან?

 

 

 

 

ჟესტები შესაბამისად იყო გამოყენებული?

 

 

 

 

პუნქტუაცია სწორად იყო გაგებული / ინტერპრირებული?

 

 

 

 

შეძლო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნება?

 

 

 

 

გთავაზობთ მკითხველის თეატრის
ჩატარების ერთ, ჩვენი აზრით, საინტერესო გამოცდილებას.

მეშვიდე კლასში ვახტანგ როდონაიას
ჯგუფის ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოში შეტანილია რევაზ ინანიშვილის “ტყის
შვილები”. ნაწარმოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მივაწოდეთ განმარტება, რომ
პერსონაჟის ხასიათს განსაკუთრებულად გამოკვეთს მისთვის დამახასიათებელი
მეტყველება. მაგალითად, ფრაზები, რომლებსაც ის წარმოთქვამს და ხმა მოლაპარაკის
თავისებური “პორტრეტის” შექმნის საშუალებაა. ამის საილუსტრაციოდ  მოსწავლეებმა მონიშნეს თითოეული პერსონაჟის რეპლიკები და მიუწერეს, ხასიათის რა თვისება
ან/და რა ემოციები  ჩანს მათში. ამ
საქმიანობამ ერთგვარად მოამზადა მოსწავლეები მკითხველის თეატრისთვის.

კლასს გავაცანით გადაწყვეტილება,
მკითხველის თეატრი უმცროსკლასელებისათვის წარგვედგინა. მოსწავლეებს, გარდა იმისა,
რომ უნდა ეფიქრათ
მოქმედ პირთა ხასიათების ინტერპრეტაციაზე, უნდა გაეთვალისწინებინათ აუდიტორიის ასაკი და მომზადების დონეც, ამიტომ სცენარის ერთგვარი
ადაპტირება მოუხდათ. მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს შეკითხვები, რომლებსაც
დაუსვამდნენ უმცროსკლასელებს იმის გასარკვევად, რა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე
მკითხველის თეატრმა, რამდენად ყურადღებით მოისმინეს და გაიგეს თუ არა ტექსტი.

ამ სასწავლო საქმიანობამ გაამართლა,
რადგან გაზარდა მკითხველის თეატრის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა და “აიძულა”
მოსწავლეები, კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდომოდნენ ტექსტს, ეფიქრათ  აუდიტორიის მომზადების დონესა და ინტერესებთან სცენარის
მორგებაზე. მოსწავლეებმა მოახერხეს, მკითხველთა თეატრით მიეტანათ უმცროს
მეგობრებამდე ნაწარმოების სულისკვეთება, თითოეული პერსონაჟის  ხასიათის თავისებურებები. ეს მათ შეკითხვებზე
უმცროსკლასელების პასუხებმაც ცხადყო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ კითხვების
დასმის სურვილი პატარებსაც გაუჩნდათ. ასე რომ, მეთოდის ამგვარი ინტერპრეტაცია
სასარგებლო აღმოჩნდა როგორც თავად მკითხველის თეატრის მონაწილეთათვის, ისე
მსმენელებისთვისაც.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...