ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ნეიროპედაგოგიკა სწავლების არსებული მეთოდების ვალიდაცია და ახალი მიდგომების დანერგვის პერსპექტივები

0
ნეიროფსიქოლოგიის სფეროში ტვინის ფუნქციისა და სტრუქტურის თანამედროვე კვლევების საფუძველზე სასწავლო მიდგომების შემუშავების ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება ტვინის განვითარების ეტაპების შესაბამისი მეთოდების სწავლებაში ეფექტურად გამოყენებას, იგივე ნეიროპედაგოგიკის დანერგვას მოიცავს. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ბევრი თანამედროვე სასწავლო მიდგომა, მეთოდი თუ ტექნიკა შეესაბამება ნეიროპედაგოგიკის პრინციპებს, თუმცა არსებობს საჭიროებებიც, რომლებიც დამატებით კვლევას ან კვლევის არსებული შედეგების სასწავლო კონტექსტში გადმოტანას მოითხოვს. 
თანამედროვე სამყაროში ინფორმაციული ტექნოლოგიების ხშირი გამოყენების და ასევე, ბავშვის სოციალური გარემოს მკვეთრი ცვლილებების ფონზე ბავშვის ტვინის განვითარების პროცესში გარკვეული ცვლილებები შეიძლება აღინიშნოს, რაც სწავლა-სწავლების პროცესშიც უნდა აისახოს. ამასათან, ნეირობიოლოგების მიერ ტვინის განვითარების დინამიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ემოციები კოგნიტური განვითარების თანამდევი მოვლენაა და ფუნდამენტურ როლს ასრულებს ადამიანის მოტივაციის, თვითშეფასების, გადაწყვეტილებების მიღების და სწავლის უნარების განვითარებაში (Antonio Damasio and Joeph Ledoux, 2001). ამდენად, განათლების სისტემა და სწავლების მეთოდები არა მხოლოდ ინტელექტის განვითარებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, არამედ მოზარდის ინტელექტუალურ და ემოციურ განვითარებაზეც, რადგან პიროვნების წარმატებული განვითარებისთვის ინტელექტისა და ემოციის დაბალანსებული და შერწყმული  გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია.
ზემოაღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით, ნეიროპედაგოგიკა შეიძლება განვიხილოთ, როგორც პარადიგმული ცვლილება საგანმანათლებლო მიდგომებში, სადაც სწავლა-სწავლების ეფექტურობა სამ ჭრილში განიხილება: 1) მეთოდების შეჩევა, რომლებიც ტვინის განვითარების ეტაპის და ტვინის ფუნქციის შესაბამისია, 2) ტვინის განვითარების ცოდნა და ხელშეწყობა სასწავლო პროცესში და 3) მოსწავლის ემოციური განვითარების უზრუნველყოფა. 
ნეირობიოლოგიური კვლევების დასკვნა, რომ ტვინი მხოლოდ გონი არ არის, არამედ გონებისა და ემოციის კომბინაციაა, განათლების სრულებით ახალი პარადიგმის შემუშავების საჭიროებას ქმნის და სწავლების სფეროში მოღვაწე პირებს, მათ შორის მშობლებს და მოსწავლეებს, განსხვავებული გამოწვევების წინაშე აყენებს. 
სწავლებაში ემოციის როლი და მნიშვნელობა შესწავლილი ჯერ არ არის, თუმცა ნეიროპედაგოგიკაში ემოცია მიიჩნევა სწავლისა და მეხსიერების გაუმჯობესების მექანიზმად, ემოციების პოზიტიური აქტივიზაციის გზით, და არა გრძნობად, რომელიც უნდა დავთრგუნოთ და გავაკონტროლოთ, როგორც ამას ძველი ბერძნები ან სწავლების ტრადიციული მეთოდები ქადაგებდნენ.  
როგორც თანამედროვე მკვლევარი დამასიო (Damascio) აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ემოციები და შეგრძნებები. მისი შეხედულებით, ემოციები ინსტინქტური და ინტუიციურია, ხოლო გრძნობები/შეგრძნებები _ შეძენილი და გააზრებული, ადამიანის მეხსიერებაზე, ცოდნასა და პიროვნულ იდენტობაზე დამოკიდებული. განსხვავება რომ უფრო მარტივი დასანახი იყოს, რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ. დადებითი შეფასებით და მოსწავლის წახალისებით მასწავლებელი უზრუნველყოფს ემოციის პოზიტიურ აქტივიზაციას, დადებითი საკლასო კლიმატის შექმნას, თითოეული მოსწავლისთვის შესაბამისი ინტელექტუალური გამოწვევის შეთავაზებას და ტვინის რესურსის ეფექტურად გამოყენებას. საპირისპირო მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ სწავლების პროცესისთვის ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი სამართლიანი შეფასების პრინციპი. დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებში ზოგჯერ რთულია, გაავლო ზღვარი სამართლიან და ნეგატიურ შეფასებებს შორის. აღსანიშნავია, რომ ტვინის ფუნქციაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპების თანახმად, ნეგატიურმა შეფასებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული სტრესი მოსწავლეში, რაც ნეიროფსიქოლოგიის უტყუარი დასკვნების თანახმად, ბლოკავს მოსწავლის უნარს, მიიღოს, დაამუშაოს და გააანალიზოს ინფორმაცია. სტრესის გავლენით მოსწავლეს უვითარდება ნეგატიური ემოციური რეაქციები, მათ შორის აგრესია, ნიჰილიზმი, სწავლისგან დისტანცირება. ამდენად, დაბალი შეფასება მხოლოდ ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს და მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და პოტენციალის რეალიზებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.  
ამერიკელი მასწავლებელი და “ჯენსენ ლერნინგ” კორპორაციის ფუძემდებელი ერიკ ჯენსენი, ნეიროსამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, მასწავლებლებს მოუწოდებს, ემოციები სწავლის განუყოფელ ნაწილად აქციონ; გამოიყენონ დრამატურგია, ხელოვნება, პირადი ისტორიები, თამაშები, ჩანახატები, ასევე, ფიზიკური რიტუალები, როგორიცაა მუსიკის თანხლებით მოძრაობის და სხვადასხვა დავალების შესრულება. მისი შეფასებით, შემეცნებისა და აზროვნების გათავისუფლება ემოციებისგან ადამიანის ტვინის არაბუნებრივი მდგომარეობაა და ამდენად, ემოციების სწორად მართვა და გამოყენება უფრო მართებულია, ვიდრე მათი დათრგუნვა. ჯენსენის აზრით, ემოციური უნარები საბაზისო უნარებია და ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კითხვითი და მათემატიკური უნარები. 
ნეიროპედაგოგიკის პრინციპების გამოყენებით მოსწავლის ემოციურ განვითარებაზე კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას, მათ შორის ის, რომ ბავშვის განვითარების მართვა, ემოციური თვალსაზრისით, ჩვილობის ასაკიდანვეა აუცილებელი. ახლა კი ნეიროპედაგოგიკის მეორე პრინციპის განხილვაზე გადავალ და ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ნეიროსამეცნიერო კვლევების შედეგები მოსწავლეებში საკუთარი თავის მართვის, თვითკონტროლის, რეფლექსიის უზრუნველსაყოფად, და შესაბამისად, ტვინის და შემეცნების შემდგომი განვითარებისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, ტვინის განვითარება ემოციის იმპულსების თვალსაზრისით ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკიდან იწყება. 2011 წლის საგანმანათლებლო სამიტზე NBC News-მა გაამჟღავნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ბავშვის ტვინი დაბადებიდან 2000 დღის განმავლობაში ყველაზე სწრაფად ვითარდება. სხვადასხვა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბადებიდან პირველი 1000-2000 დღის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ ბავშვის შემდგომი განვითარებისას მის აკადემიურ მოსწრებაში 25%-იანი ცვლილება შეიძლება მოგვცეს. სკოლაში შესვლისას მოსწავლეთა ემოციური უმწიფრობა დისციპლინის პრობლემებს და კოგნიტური უნარების განვითარებაში დაბრკოლებებს იწვევს. ამდენად, თუ სკოლა არ აიღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას ბავშვების ემოციურ ზრდასა და ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა თანამშრომლობა, ნდობა, სირცხვილი, თავმდაბლობა, მოთმინება, პატიება, თანაგრძნობა და ა.შ., მოსწავლეები განაგრძობენ ქცევით დარღვევებს, ინსტრუქციების მოსმენის დროს ამჟღავნებენ დაბნეულობას, მასწავლებლის მიმართ უპატივცემულო ქცევას და ა.შ. 
ნეიროპედაგოგიკა გვირჩევს, მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია ტვინის ფუნქციონირების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათში საკუთარი თავის მართვის, თვითკონტროლის და რეფლექსიის უნარების განვითარებას; ასევე, სწავლის სტრატეგიების გააზრებულად გამოყენებას. სასურველია, მოსწავლეებს შევასწავლოთ ისეთი უნარების განვითარების სტრატეგიები, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის, ინფორმაციის დამახსოვრების და დამუშავების უნარები. 
ტვინის განვითარების ხელშემწყობი კიდევ ერთი მიდგომა ნეიროპედაგოგიკაში არის სიახლეზე ორიენტაცია. ტვინი სწრაფად ამოიცნობს ახალ/უცნობ ინფორმაციას, რომელიც წინარე ცოდნისგან ან ინფორმაციისგან განსხვავდება. ახალ ინფორმაციას ტვინი დადებითი ემოციის თანხლებით აღიქვამს და შესაბამისად, მასზე მოთხოვნა მაღალია. სიურპრიზი, გაკვირვება და სიახლე ყურადღების კონცენტრაციას ზრდის. ამდენად, ნეიროპედაგოგიკაში მიღებულია სასწავლო რუტინის ცვლილება და საინტერესო სიახლეების, სიურპრიზების, გაკვირვების ემოციის შეტანა სწავლებაში სხვადასხვა გზით, მათ შორის საველე გასვლებით, დებატებით, ვიზიტორების მოწვევით. 
ტვინის ფუნქციის განვითარებას ასევე ხელს უწყობს ხელოვნების შემსწავლელი პროგრამები და ფიზიკური აქტივობა. ხელოვნების პროგრამები მოსწავლეს ცნობისმოყვარეობას უვითარებს და აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ნეიროფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ხელოვნების სწავლება ავითარებს მოსწავლის მიერ ინტელექტუალური რისკების გაწევის და ექსპერიმენტების ჩატარების პოტენციალსაც. ფიზიკური ვარჯიში ტვინის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში დანერგილი იყოს ინკლუზიური ფიზიკური აღზრდის პროგრამა. ტვინის განვითარებისთვის ვარჯიშის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი ისიცაა, რომ მისი დაგეგმვა და განხორციელება მშობლებსაც შეუძლიათ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში. 
სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ტვინის მეტაკოგნიტური განვითარების ხელშეწყობაც. სასწავლო გეგმა, რომელიც შემოქმედებითი და ალტერნატიული მრავალმხრივი აზროვნების და კრიტიკული ანალიზის ინტეგრირებას ახორციელებს, ტვინის მეტაკოგნიტურ განვითარებას უზრუნველყოფს. ტვინის განვითარების სხვა მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორებია ჯანსაღი კვება, დიდი რაოდენობით წყლის მიღება და “მოცარტის ეფექტი”, ანუ მუსიკის გამოყენება სწავლის დროს.
ტვინის ფუნქციაზე დაფუძნებული სწავლება საგანმანათლებლო მეცნიერების ახალი მიმართულებაა, რომელიც დღითიდღე ვითარდება და სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჰარვარდის უნივერსიტეტს უკვე აქვს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ამ სფეროში. არსებობს მრავალი სამეცნიერო ჟურნალი და ორგანიზაცია, რომელიც კვლევებზე, კონცეფციებზე, მიდგომებზე მუშაობს და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო განხილვებში მონაწილეობს. 
ნეიროპედაგოგიკაში მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის განმსაზღვრელი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტრესის, შიშის, მღელვარების ფონზე ბავშვი ვერ სწავლობს, რადგან ამიგდალა (ტვინის ნაწილი, რომელიც ემოციებს ამუშავებს) ზემოაღნიშნულ საფრთხეებს ინფორმაციის დაბლოკვით პასუხობს. ნეიროპედაგოგიკაში რეკომენდებულია დილის შეხვედრების, განმავითარებელი დისციპლინის სისტემის, მოსწავლეთა ლიდერების გუნდების შექმნა ჯანსაღი სასწავლო კლიმატის უზრუნველსაყოფად. ასევე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს შევასწავლოთ სტრესთან გამკლავების მეთოდები, რადგან რეალობა ისაა, რომ მიუხედავად იმისა, მასწავლებლები გაითვალისწინებენ თუ არა ნეიროპედაგოგიკის პრინციპს უსაფრთხო სასწავლო კლიმატის თაობაზე, ბავშვების 30-50% საშუალო ან დიდი დოზით განიცდის სტრესს ყოველდღიურად. სტრესის წყარო ბავშვისთვის შეიძლება იყოს თანატოლებთან ურთიერთობაც. ამდენად, ეცადეთ, ხელი შეუწყოთ ჯანსაღი სამუშაო თუ სოციალური ჯგუფების ფორმირებას კლასში, რაც, ერთი მხრივ, განაპირობებს დადებითი გარემოს შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში სასიცოცხლო და ემოციის მართვის უნარების განვითარებას. 
ტვინის ფუნქციაზე ან ტვინის განვითარებაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომები მდიდარ სამეცნიერო მასალას ეფუძნება ნევროლოგიიდან, ფსიქოლოგიიდან, ტექნოლოგიების განვითარებიდან და სხვა მეცნიერებებიდან. დღეისთვის ნეიროპედაგოგიკაში განარჩევენ სწავლების მაკრო და მიკრო სტრატეგიებს. რეკომენდებული სასწავლო აქტივობები კი მოსწავლეებისთვის რელევანტური, სიახლის შემცველი, მულტისენსორული, სირთულის მართებული დოზის შემცველი სასწავლო პროცედურებია (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ www.edutopia.og). 
ნეიროპედაგოგოკის მთავარი პრინციპია სწავლების ეკლექტური მეთოდების და ტექნიკის გამოყენება. რეკომენდებულია ისეთი მეთოდების კომბინირება, როგორიცაა გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება, შესაძლებლობების მაქსიმალიზაციაზე დაფუძნებული სწავლება, სწავლის სხვადასხვა სტილის სწავლება, მრავალმხრივი ინტელექტის მიდგომა, პრაქტიკული სიმულაციები, თანამშრომლობითი სწავლება, დიფერენცირებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, კინესტეტიკური სწავლება. 
და ბოლოს, სწავლების უკვე ცნობილი და გავრცელებული მეთოდებიდან ნეიროპედაგოგიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სკაფოლდინგს და ინფორმაციის დანაწევრებას. ცნობილია, რომ ბავშვის ყურადღების კონცენტრაციის ხანგრძლივობა მისი ასაკის შესაბამისია. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ თუ მე-10-მე-12 კლასების მოსწავლეებს შეგვიძლია ახალი ინფორმაცია მივაწოდოთ გაბმულად 15-17 წუთის განმავლობაში, მე-5-მე-6 კლასების მოსწავლეებთან ინფორმაციის გაბმული პრეზენტაცია 10-11 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. სკაფოლდინგი ინფორმაციის დანაწევრების და დამუშავების ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა. აღნიშნული მეთოდით, ჩვენ შევძლებთ ახალი ინფორმაცია “სამუშაო მეხსიერებიდან” “გრძელვადიან მეხსიერებაში” გადავიტანოთ. 
ტვინის ფუნქციაზე დაფუძნებული სწვალების ექსპერტი მარილი სპრენგერი სკაფოლდინგის შვიდსაფეხურიან პროცესს გვთავაზობს: 1. ყურადღების მოზიდვა, იგივე მოტივაცია; 2. გააზრება, იგივე წინარე ცოდნის ან გამოცდილების გააქტიურება; 3. კოდირება, ანუ მიღებული ინფორმაციის მოსწავლის მიერ გადმოცემა; 4. გამყარება, იგივე პრაქტიკა და შეფასების/შესწორებების გაზიარება; 5. დამუშავება, ანუ ინფორმაციის მრავალმხრივად გააზრება დამატებითი აქტივობების მეშვეობით; 6. გამეორება განმავითარებელი ტესტების, წერითი დავალებების, განხილვის, გათამაშების გამოყენებით და 7. გამოკითხვა, მათ შორის მოსწავლეების მიერ გამოკითხვის ფასილიტაცია ან მათ მიერ შედგენილი ტესტების გამოყენება შეფასების მიზნით. 
წერილში მოკლედ არის მიმოხილული ნეიროპედაგოგიკის სამი ძირითადი პრინციპი. საინტერესოა, რომ ტვინზე დაფუძნებული სწავლება დინამიკურად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ მრავალ სიახლეს მოგვიტანს მომავალში როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს და მშობლებს. 

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

0
„როგორც ერთი ხე, ბალახი ან ცხოველი განსხვავდება მეორისგან, ყველა თავისებურ მოვლას მოითხოვს და ყველას ერთნაირად ვერ მოიხმარს კაცი, ასევე განსხვავდება ერთიმეორისგან ადამიანის ათასგვარი ნიჭიც. რასაკვირველია, არსებობს იშვიათად ისეთი ბედნიერიც, რომელსაც ყველაფერი ეადვილება, მაგრამ ისეთიც ბევრია, რომელიც ერთი რომელიმე საგნისადმი საკვირველ სიბრმავეს და გაუგებრობას იჩენს. ზოგი არწივია განყენებულ მეცნიერებათა სფეროში, მაშინ როდესაც პრაქტიკული მოღვაწეობის ასპარეზზე იგი ისეთ ნიჭს იჩენს, როგორსაც ვირი – არღნის დაკვრაში; ზოგი ყველაფერში ნიჭიერია, მაგრამ მუსიკა სრულებით არ ემარჯვება, ან მათემატიკა, ან პოეზია ან ლოგიკა და სხვა” (დ. უზნაძე).

სწორედ ამ იდეას ავითარებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰ. გარდნერი თავის მრავალმხრივი ინტელექტის საკმაოდ პოპულარულ თეორიაში. მან შეიმუშავა მრავალმხრივი ინტელექტის კონცეფცია და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინტელექტი არ არის ერთიანი მონოლითი. გარდნერმა გამოყო ინტელექტის 10 სახეობა და მათი შესაბამისი სწავლის სტილი: 1) ლინგვისტური; 2) ლოგიკურ-მათემატიკური; 3) სივრცითი (ვიზუალური); 4) ფიზიკურ-სხეულებრივი; 5) მუსიკალური (სმენითი); 6) შიდაპიროვნული (ინტრაპერსონალური); 7) პიროვნებათაშორისი (ინტერპერსონალური); 8) ნატურალისტური; 9) სულიერ-გონითი; 10) პრაქტიკული. 

ინტელექტის ასეთი მრავალგვარობის გათვალისწინებით უკეთ ხერხდება იმის ახსნა, რა არის ჭკუა, გონებამახვილობა, საზრიანობა, მოხერხებულობა, ნიჭი, ტალანტი და სხვა. 

ინტელექტის ის ნაირსახეობები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ყველა ადამიანს აქვს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ იმით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რომელი ნიჭი რა ზომით არის ჩვენში. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტელექტის ყველა ეს ნაირსახეობა ექვემდებარება ვარჯიშსა და განვითარებას. შეგვიძლია, განვავითაროთ ისინი ჩვენივე ძალისხმევით, ოღონდ თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რას ვფლობთ და რის სრულყოფას ვაპირებთ. 
გთავაზობთ Mary Ann Christison-ის ტესტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაერკვეთ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში (ეს ტესტი შემუშავებულია მანამდე, ვიდრე გარდნერი ორ უკანასკნელ პუნქტს დაამატებდა ინტელექტთა ჩამონათვალს).

ინსტრუქცია: შეაფასეთ თითოეული დებულება

0 – არ ვეთანხმები;
1 – ნაწილობრივ ვეთანხმები;
2 – სავსებით ვეთანხმები.
ლინგვისტური ნიჭიერება

• ვწერ და გამოვცემ სტატიებს;
• ყოველდღიურად ვკითხულობ ისეთ რამეს, რაც ჩემს სამუშაოს არ უკავშირდება;
• ყურადღებას ვაქცევ რეკლამებს და აბრებს;
• ვუსმენ რადიოს და ვუყურებ სატელევიზიო შემეცნებით პროგრამებს;
• მიყვარს კროსვორდების შევსება;
• გაკვეთილზე ვიყენებ დაფას, თვალსაჩინოებებს, პლაკატებს;
• კარგად ვწერ წერილებს; 
• ჩემი ნაწერები მომწონს;
• ადვილად ვიმახსოვრებ სიმღერის ტექსტს;
• მოსწავლეებს ხშირად ვაძლევ კითხვით და წერით სამუშაოს.
მუსიკალური ნიჭიერება

• ვუკრავ მუსიკალურ ინსტრუმენტზე;
• მუსიკის რიტმის დაჭერა და აყოლა არ მიჭირს;
• სიმღერისას ხმას ადვილად ვუწყობ;
• მყისვე ვამჩნევ, როდესაც ვინმე არასწორად მღერის;
• კარგი ხმის ტემბრი მაქვს;
• გაკვეთილზე ვიყენებ სიმღერებს;
• მანქანაში, სახლში, სამსახურში – ყველგან მიყვარს მუსიკის მოსმენა;
• ბევრი სიმღერა ვიცი, განსაკუთრებით – მისამღერი;
• ხშირად ვღიღინებ მელოდიას;
• საყვარელი მუსიკა კარგ განწყობაზე მაყენებს.
ლოგიკურ-მათემატიკური ნიჭიერება

• მიყვარს ანგარიში, გაზომვა, გამოთვლა;
• ადვილად ვანგარიშობ გონებაში;
• მიყვარს ბანქოს თამაში;
• სკოლაში მათემატიკა მიყვარდა;
• მჯერა, რომ ყველაფერი რაციონალურია და ლოგიკური;
• მიყვარს თავსატეხები;
• მაინტერესებს ახალი სამეცნიერო მიღწევები;
• კერძის მომზადებისას ზუსტად ვიცავ ინგრედიენტების მითითებულ რაოდენობას;
• მიყვარს კლასში პრობლემების გადასაჭრელ ამოცანებზე მუშაობა;
• ჩემი მოსწავლეები ორგანიზებულნი არიან.
 სივრცითი ნიჭიერება

• ყურადღებას ვაქცევ ჩემი სამოსის ფერთა შეხამებას;
• მიყვარს ფოტოსურათების გადაღება;
• მიყვარს ხატვა;
• მიყვარს დასურათებული წიგნების კითხვა;
• მიყვარს ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, გრაფიკები, ცხრილები;
• უცხო გარემოში ადვილად ვიგნებ გზას;
• გაკვეთილზე ვიყენებ სურათებსა და სლაიდებს;
• მიყვარს მოზაიკა და ლაბირინთები;
• გეომეტრიაში ძლიერი ვიყავი;
• საკლასო ოთახში ადვილად ვამჩნევ სწავლისთვის მისი დიზაინის ეფექტიანობას.
 კინესთეტიკური ნიჭიერება

• მიყვარს სეირნობა; 
• მიყვარს ცეკვა;
• მიყვარს სპორტი და მივდევ/მივდევდი კიდეც;
• მიყვარს ხელსაქმე;
• კითხვით სწავლას კეთებით სწავლა მირჩევნია;
• საუკეთესო აზრები მოძრაობის დროს მომდის თავში; 
• მიყვარს კლასგარეშე აქტივობები;
• მიჭირს დიდხანს ჯდომა;
• კლასში ხშირად ვატარებ მოძრავ აქტივობებს;
• ჩემს გატაცებათა უმრავლესობა ფიზიკურ აქტივობებს მოიცავს. 
 
ინტრაპერსონალური ნიჭიერება

• ხშირად ვუთმობ დროს მეტიდაციას, – ღრმად ჩავფიქრდები ხოლმე;
• დამოუკიდებელი პიროვნება ვარ;
• ვაწარმოებ დღიურს, ვიწერ ფიქრებს;
• გაკვეთილის საკუთარი ვარიანტი მირჩევნია წიგნის მიყოლას;
• კლასში ვიგონებ ახალ-ახალ აქტივობებს;
• იმედგაცრუების შემდეგ ადვილად ვუბრუნდები ნორმალურ მდგომარეობას;
• მაქვს ღირებულებები და ვიქცევი მათ შესაბამისად;
• მაქვს ინტერესები და გატაცება, რომლებიც ძალიან მიყვარს;
• მიყვარს დამოუკიდებელი მუშაობა და მოსწავლეებსაც ვთავაზობ მას;
• კლასში ვიყენებ „წყნარ წუთებს” რეფლექსიისთვის.
ინტერპესონალური ნიჭიერება

• შინ მარტო ყოფნას წვეულებაზე წასვლა მირჩევნია;
• მიყვარს საკუთარი პრობლემების მეგობართა წრეში განხილვა;
• მეც ხშირად მომმართავენ მეგობრები თავიანთი პრობლემებით;
• სიამოვნებით ვერთვები საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში;
• მიყვარს მეგობრების გართობა და წვეულებები;
• ხშირად ვიღებ ლიდერის როლს;
• მიყვარს სწავლება და სხვებისთვის იმის ჩვენება, რას როგორ ვაკეთებ;
• მყავს ერთზე მეტი უახლოესი მეგობარი;
• ბევრ და უცნობ ხალხში თავს კარგად ვგრძნობ;
• სწავლებისას მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვრთავ.
 საბუნებისმეტყველო ნიჭიერება

• ადვილად ვცნობ სხვადასხვა ჯიშის ფრინველს;
• ადვილად ვცნობ სხვადასხვა ჯიშის მცენარეს;
• მიყვარს ბაღში მუშაობა;
• მიყვარს ცხოველების ყოლა;
• ადვილად ვცნობ მანქანის მარკას;
• ღრუბლების მიხედვით ადვილად ამოვიცნობ მოსალოდნელ ამინდს;
• ადვილად ამოვიცნობ სარეველას მცენარეებს შორის;
• მიყვარს სახლის გარეთ, ბუნებაში, დროის გატარება;
• მაინტერესებს ქვები და მინერალები;
• შინ და საკლასო ოთახში ქოთნის მცენარეები მაქვს.
 
შეკრიბეთ ქულები.

როგორია თქვენი შედეგი? დებულებათა რომელ ჯგუფში მიიღეთ უმაღლესი ქულა? რომელში მიიღეთ უმცირესი?

ისტორიული მოვლენების მოდელირება, ფორმალიზაცია და გაზომვა

0
II ნაწილი

ისტორის სწავლებას უმრავი სირთულე ახლავს. ერთ-ერთი მათგანია წარმოდგენა ისტორიაზე როგორც არაზუსტ მეცნიერებაზე, რასაც არცთუ იშვიათად ეჯახებიან ამ საგნის მასწავლებლები, ამიტომ სწავლების ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია ისტორიული მეცნიერების შესახებ არსებული ზოგადი კონვენციური ჩარჩოს გადახედვა. და ვინაიდან ისტორია ჰუმანიტარული მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის, გამოიძიებს, გამოიკვლევს წარსულში მომხდარ ფაქტებს, ადამიანის მოღვაწეობას, შეხედულებებს, სოციალურ კავშირებს და ამისთვის გამოიყენებს სინქრონია-დიაქრონიის პრინციპებს, დროით და ქრონოლოგიურ სისტემებს და ა.შ., მაშინ უნდა არსებობდეს კიდეც შესაძლებლობა იმ მახასიათებლების ფორმულირებისა, რომელთა მიხედვითაც მოხდება ისტორიული მოვლენებისა და ცნებების ფორმალიზება და გაზომვა, ანუ შესაძლებლობა იმისა, რომ ფაქტოლოგიურმა მასალებმა შეიძინონ ისტორიული ფენომენების მათემატიკური ფორმალიზებისთვის საჭირო მახასიათებლები. ამ გზით დაიძლევა ისტორიის გამოკვეთილი ჰუმანიტარულობა და ისტორიული მეცნიერება აღიჭურვება გაზომვისა და გამოთვლის ინსტრუმენტებით. და თუ აქამდე ხელთ გვქონდა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გაზომვის ძირითადი ღერძი – ქრონოლოგია, ამის შემდეგ ისტორიული მოვლენების ნებისმიერი გამოვლინება უკვე გარდაისახება სოციალური კომუნიკაციის მრავალრიცხოვან ფორმად, რითაც შეიძენს ფიზიკური მეცნიერებისთვის დამახსიათებელ ნიშნებს. საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის მიერ თითოეული ამ კუთხით დანახული და შემოთავაზებული დავალება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ისტორიის როგორც მეცნიერული დისციპლინის საფუძვლების სწორად გააზრებისა და სწავლებისკენ.

ვრცლად 

პატარა მშიერი ბიჭის ცრემლიანი თვალები

0

სამოცდაათი
წლის წინ, 1944-ში, რაჭაში იდგა საოცრად უხვთოვლიანი ზამთარი, დედამიწაზე კი მეორე
მსოფლიო ომი მძვინვარებდა.

ერთი მხრივ –
სოფელში დარჩენილი ბავშვები, დედაბრები, ბერიკაცები; მეორე მხრივ – ომში გაწვეული ახალგაზრდები…

ბერიკაცები ყოველ
ზამთარს საცალფეხო ბილიკს ჭრიან ბავშვებისთვის, სკოლამდე მისასვლელ გზას
უკვალავენ. სკოლა შორსაა, დიდი აღმართი უნდა აიარო და მერე გაივაკო.

აღმართს ყოველ
დილით ოთხი და-ძმა მიუყვება. მიაბიჯებენ სიმაღლის მიხედვით დამწკრივებულები. მათი მამა
ომშია, დედა ავადაა. მწკრივის ბოლოს მიმავალს, ყველაზე პატარას, დახეული
ქალამნიდან და წინდიდან შიშველი ქუსლი მოუჩანს. ქუსლი ჯერ წითლდება, მერე ლურჯდება,
ბოლოს შავდება.

სკოლას ათი
წუთის სავალზე რომ მიუახლოვდებიან, გზად ღობე შეხვდებათ – უნდა გადააბიჯონ. და ის,
პატარა, სწორედ იქ ატირდება. ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას – იმ ღობესთან,
სკოლიდან ათი წუთის სავალზე – დადგება და ტირის.

ამბის
მთხრობელს, რომელიც დიდი ხნის შემდეგ წიგნში შეიტანს თავისი ბავშვობის ამ
უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს, უკვირს პატარა ბიჭის საქციელი. ერთხელაც ვეღარ მოითმენს
და ჰკითხავს: რატომაა, რომ მაინცდამაინც აქ მორთავ ტირილსო.

– ჭადი მითავდება,
– ეს ის პასუხია, გულსაც რომ ჩაგწყვეტს და ბიჭის ცრემლებზეც დაგაფიქრებს, რომელთა მიზეზიც
თურმე სიცივე კი არა, დედის მომჭირნე ხელით მკაცრად მოზომილი მჭადის ნატეხი ყოფილა,
რომელიც გყოფნის, მაგრამ შიმშილს ვერ გიკლავს.

გეთანხმებით,
კარგად ნაცნობი და ახლობელია ეს ამბავი, ჩვენს ყოველდღიურობასთან სისხლხორცეულად
შეზრდილი, მაგრამ მაინც უცხო, ისეთი, წიგნში ამოკითხული გულს რომ გვიჩუყებს, რეალობაში
კი გამუდმებით ვცდილობთ, თავი ავარიდოთ. თითქოს გადამდები სენი
იყოს
ან ბაბუაწვერას ყვავილი, სულის ერთი შებერვით რომ გავაქროთ, როცა მოგვინდება.

კარგად
ნაცნობი და ახლობელია ეს ამბავი… ისევე როგორც მთხრობელი ამ ამბისა. და ალბათ
ასე ჯობს – იქნებ ბაჩანა ბრეგვაძემ თავისი ბავშვობისა და მშობლიური სოფლის გახსენებით
ერთხელ კიდევ მოგვაბრუნოს ჩვენი თავისკენ, დაგვარწმუნოს, რომ პატარა მშიერი ბიჭის
ცრემლიანი თვალებიც უნდა გვაწუხებდეს და გვაღელვებდეს ამქვეყნად.

ეს ძველი
ამბავია, ერთი ბრძენკაცის ბავშვობის ამბავი. და ვიდრე ჩვენ რაჭის სოფლიდან
წამოსული იმ ბავშვის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილი დიდი მოაზროვნეები – პლატონი, მარკუს
ავრელიუსი, ბლეზ პასკალი, ნეტარი ავგუსტინე, ნიკოლო მაკიაველი, ხოსე ორტეგა ი
გასეტი – გვაფორიაქებენ, ბაჩანა ბრეგვაძე 1944 წლის უხვთოვლიან ზამთარსა და სკოლისკენ
მიმავალ ბავშვებზე წერს, რომელთაგან ერთს გზად მჭადი უთავდება და ტირილს იწყებს. ყოველდღე
ერთსა და იმავე ადგილას, სკოლიდან ათი წუთის სავალზე – დადგება და ტირის.

ნეტავი რა
ბედი ეწია იმ ბავშვსო? – ჩემსავით, ალბათ, თქვენც იკითხავდით.

ამ კითხვის
პასუხსაც იპოვით წიგნში „ბოლო წლების ჩანაწერები”:

მაინც დავაჟკაცდა, პატიოსანი მუშაკაცი დადგა. დაზარდა შვილები, მოესწრო შვილიშვილებსაც. დღეს ცოცხალი აღარ არის. მე კი სამუდამოდ დამიტოვა მწუხარე მოგონება: ზამთარი, ყინვა და პატარა მშიერი ბიჭის ცრემლიანი თვალები.

მაიკლ ფულანი – განათლების სისტემის რეფორმის მცდარი მამოძრავებელი ძალები (მე-3 ნაწილი)

0
მაიკლ ფულანი (Michael Fullan) არის კანადის ონტარიოს პროვინციის ქ. ტორონტოს უნივერსიტეტის განათლების სფეროში კვლევათა ინსტიტუტის ემერიტუსი პროფესორი. ამჟამად ის, როგორც განათლების საგანგებო მრჩეველი, ემსახურება ონტარიოს პროვინციის პრემიერს. აღიარებულია მსოფლიო დონის სპეციალისტად ორგანიზაციული ცვლილებების სფეროში. ჩართულია მთელ მსოფლიოში მიმდინარე სასწავლო, საკონსულტაციო და შეფასების ცვლილებათა პროექტებში.
    
ტექნოლოგიები პედაგოგიკის ნაცვლად
პირველი ნოუთბუქის გაჩენისთანავე შეჯიბრება ტექნოლოგიებსა და პედაგოგიკას შორის ტექნოლოგიების სასარგებლოდ დამთავრდა: ისინი უმჯობესდება, რასაც ვერ ვიტყვით სწავლების ხარისხზე. წარმოდგენა, რომ ყველა მოსწავლე, რომელსაც ექნება კომპიუტერი, უფრო ჭკვიანი თუ არა, უფრო ერუდირებული მაინც გახდება, უსაფუძვლოა.

თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ მრავალ ჩვენგანს ისინი ცოდნის ამოუწურავ წყაროდ მიაჩნია. „ელექტრონული სწავლების ფართო გამოყენებით ამერიკა დღესვე შეძლებს გაამყაროს თითოეული მოსწავლის ცოდნა სწავლაში”. ეს გადაჭარბებული მოლოდინია. სწორი პედაგოგიური მიდგომების გარეშე ისინი ამას ვერ შეძლებენ. სწავლების პროცესის მნიშვნელობას აღიარებენ, მაგრამ მცდარი ბერკეტი – ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენება – უფრო მიმზიდველი ჩანს. 

საბედნიეროდ, არის ნიშნები და ერთგვარი დინამიკაც, რომელიც გვიჩვენებს, რომ პედაგოგიკა ცდილობს, რეფორმებში მამოძრავებელი ძალის ადგილი დაიკავოს. ამას მოწმობს ამერიკაში განათლების სფეროში მიღებული დოკუმენტი – „სწავლება ტექნოლოგიის ბაზაზე”. მისი მთავარი იდეა ის არის, რომ ტექნოლოგიებში ჩაიდოს სწავლების სწორი სტრატეგიები. ჩვენ დღეს სწორედ ამაზე ვმუშაობთ. განათლების სფეროში თანამედროვე პოლიტიკის მიზანია, ტექნოლოგია სწავლების სამსახურში ჩადგეს, მაგრამ ამ ამოცანის შესრულების საშუალებები შეიძლება მცდარ ბერკეტად დაგვიბრუნდეს.

არც ერთი წარმატებული ქვეყანა არ იქნებოდა ასეთი, წინა პლანზე ტექნოლოგიები რომ დაეყენებინა. თუ ჩვენ პედაგოგიკა და სწავლება არ ვაქციეთ მამოძრავებელ ძალად, ტექნოლოგიები სწავლების არსიდან გადაგვახვევინებს, ციფრული სამყარო კი, რომელშიც ბავშვი ჩაეფლობა, საერთოდ მოსწყდება სკოლას. როგორც კვლევები გვიჩვენებს, სახლში კომპიუტერის ხშირი გამოყენება ისეთი არ არის, როგორც სკოლაში; მას უმეტესად ინტერნეტში შესასვლელად და გასართობად იყენებენ. კომპიუტერის გამოყენება განათლებისა და სკოლის მასალის ღრმა შესწავლისთვის მცირდება.

თუ პედაგოგები ჩართული იქნებიან სწავლების პროცესში, ისინი მოსწავლეებთან ერთად შეძლებენ უკეთ განსაზღვრონ, როგორ გამოიყენონ სწავლაში ახალი ტექნოლოგიები. ტექნოლოგიები ვერ იქნება ათვლის წერტილი სისტემის რეფორმირებისას, მაგრამ შეიძლება გახდეს ამ პროცესის ძლიერი ამაჩქარებელი, თუ სკოლის სისტემის რეფორმირებაში სწავლების პოტენციალს, კვალიფიციურ და მოტივირებულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ავამოქმედებთ. როგორც კი ეს ტურბინა – „სწავლება – ციფრული ტექნოლოგიები” ჩაირთვება, მოსწავლეები შეუქმნიან მოტივაციას მასწავლებლებს, ისინი კი, თავის მხრივ – მოსწავლეებს. ეს ახალი სამუშაოა, რომელიც აუცილებელი გახდა, რათა გადაილახოს ტენდენცია, რომლის დროსაც ტექნოლოგია პედაგოგიკის წინ გარბის.

კარგი სიახლეა ის, რომ ტექნოლოგიის განვითარება თავისი გზით მიდის. ის უფრო მძლავრი, იაფი და ხელმისაწვდომი ხდება. მუშაობა, სწავლა და სწავლება იქნება მამოძრავებელი ძალა, ასე რომ, ჩვენ შევძლებთ გავხედნოთ „ტექნოლოგიური ტალღა”, ნაცვლად იმისა, რომ მძლავრ, მაგრამ უმიზნო მოვლენებს დავნებდეთ.
ფრაგმენტულობა სისტემურობის ნაცვლად

ტენდენცია, ფოკუსირდნენ ერთეულ და არა სისტემურ გადაწყვეტილებებზე, სრულ თანხმობაშია ინდივიდუალიზმის კულტურულ ტრადიციებთან. მაგალითად, ამერიკაში, წესისამებრ, პრობლემას ნაწილებად ყოფენ, ამიტომ ის უკვე აღარ არის სისტემური. პრობლემა ღრმავდება, თუ მისი გადაჭრა დავიწყეთ იმ ფრაგმენტიდან, რომლიდანაც დაწყება არ ეგებოდა. სტანდარტები სადღაც აქ არის, შეფასება – სადღაც იქ, სტიმულირება და წახალისება კი სულ სხვა ყუთშია: ის, რაც უნდა განხილულიყო როგორც სისტემა, არ ერთიანდება და ამიტომ არ ფუნქციობს სისტემურად. ქვეყნები, რომლებიც არ იყენებენ სისტემურ მიდგომას პრობლემის მოგვარებისას, შესაძლოა ენთუზიაზმით შეუდგნენ რეფორმის განხორციალებას და მიაღწიონ კიდეც ცალკეულ წარმატებებს, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ სხვადასხვა პრობლემის გაერთიანებას მათი გადაწყვეტის პროცესში.

სისტემურობა არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა ელემენტი აღწერილ უნდა იქნეს ერთმანეთთან კავშირში. ეს სისტემურობაა თეორიაში. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია პრაქტიკა. სისტემური სტრატეგია საჭიროებს მოთხოვნისა და თანადგომის შეხამებას თითოეული სკოლის რეფორმირების დროს. სწორედ ასე აღწევენ წარმატებას პირველი, მეორე და მესამე სწორი ბერკეტები. პოტენციალის აგება, კოლექტიური მუშაობა და პედაგოგიკა, გაძლიერებული ტექნოლოგიები ერთიანდებიან მოთხოვნებისა და თანადგომის განხორციელებისთვის, რის შედეგადაც რეფორმირების პროცესში ყველა სკოლა ერთვება. სისტემური საშუალებების ბუნებრივი დეფინიცია ასეთია: სისტემის ყველა ელემენტი დაკავშირებულია ერთმანეთთან და ჩართულია მის ყოვედღიურ ფუნქციობაში. სისტემურ სამყაროში გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება ყოველდღე მიმდინარეობს.

ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ სისტემური მიდგომა, ვერ შეძლებენ რეფორმატორული ძალისხმევის ფოკუსირებას ზემოქმედების სწორი საშუალებების კომბინირებული მოქმედებით მთელ მსოფლმხედველობაზე. ქვეყნებში, სადაც სკოლის სისტემის აგებაში წარმატებას მიაღწიეს, უდავოდ არსებობს იმის გაგება, რომ ხარისხიანი განათლება ქვეყნის მომავალი კეთილდღეობის საწინდარია. ეს ქვეყნები განათლების სისტემის რეფორმირებისას იქიდან ამოდიან, რომ მასში თითოეული უნდა მონაწილეობდეს. აცნობიერებენ, რომ წარმატების საწინდარია მასწავლებლის მუშაობა, ის კი ეფექტურად იმუშავებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო მხარდაჭერას იღებს. ისინი ეწევიან სერიოზულ და კოორდინირებულ მუშაობას მასწავლებელთა პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად, პედაგოგიურ სასწავლებლებში სწავლების საწყის ეტაპზე პროფესიაში რეკრუტირებით დაწყებული, დამთავრებული სამუშაო ადგილზე კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებით, მუშაობის ხელშემწყობი პირობების შექმნით, მათ შორის – კოლექტიური მუშაობის ორგანიზებით და განათლების სფეროში კარიერის აწყობის საშუალების მიცემით სხვადასხვა ლიდერ პოზიციაზე.

თუ რეფორმის საფუძველში არ ძევს სისტემა, ცალკეული, თუნდაც მართებული, მაგრამ ფრაგმენტული მოქმედებები მუდმივად დაუპირისპირდება ერთმანეთს. ამ დროს ვერც ერთი ვერ გაიმარჯვებს, სისტემა კი მუდმივად განიცდის დანაკარგს.

ბოლოს და ბოლოს ყველა სისტემამ გააცნობიერა, რომ აუცილებელია მასწავლებლის ნდობა და პატივისცემა. ნდობა წარმოადგენს სწორი ნაბიჯების შედეგს. აშშ-სა და ავსტრალიაში პედაგოგის ნდობა ჯერ კიდევ პრობლემაა. თუ გსურთ, გაარღვიოთ უნდობლობის მოჯადოებული წრე, უნდა დაიწყოთ სხვისი პატივისცემა მანამდე, სანამ ისინი ამას დაიმსახურებენ, მერე კი ისე იმოქმედოთ, რომ შექმნათ კომპეტენცია და ნდობა. როდესაც ფინეთი და სინგაპური 40 წლის წინ რეფორმას იწყებდნენ, მათ არ ჰქონდათ ასეთი პროფესია – ნდობის ლიცენზია, მაგრამ მიზნად დაისახეს ასეთი სისტემის აშენება. ეს არის მთავარი სისტემის რეფორმირებისას. 

სისტემურ მიდგომას საბოლოოდ  მივყავართ არსებითად უკეთესი ანგარიშვალდებულების შექმნამდე (მათ შორის – მასწავლებლების წრეშიც), ვიდრე საჯარო ანგარიშვალდებულების პროცედურებით მივიღებდით. ეს, რასაკვირველია, არ მოხდება დღეს და ხვალ, მაგრამ, თუ გამოვიყენეთ სწორი ბერკეტების კომბინაცია, მიიღწევა გონივრულ ვადაში – ხუთ-ექვს წელიწადში. დროა, სტრატეგიები კარდინალურად შეიცვალოს.
დასკვნა

ჩვენი მთავარი მიზანია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები დავარწმუნოთ, თქვან მცდარ ბერკეტებზე, რომლებიც თავისი არსით კონტრპროდუქტიულია. ჩვენ გვინდოდა იმ შეზღუდვების დემონსტრირება, რომლებსაც იწვევს სკოლის სისტემის რეფორმირებისას გამოყენებული საშუალებები – შეზღუდვებისა, რომლებიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს რეფორმისთვის. შორს ვართ იმის მტკიცებისგან, რომ ანგარშვალდებულება, ინდივიდუალიზმი, ტექნოლოგიები და რეფორმის ცალკეული ელემენტების შეტანა სრულიად უსარგებლოა, მაგრამ ნუ გავაზვიადებთ მათ მნიშვნელობას და ნუ წარმოვაჩენთ მათ რეფორმის მამოძრავებელ ბერკეტად. ისინი არ მიგვიყვანენ იქ, სადაც საჭიროა და სარგებლობაზე მეტ ზიანს მოიტანენ.

ჩვენ ვნახეთ ოთხი მცდარი ბერკეტის უუნარობა მოტივაციის ამაღლების კუთხით, რაც აუცილებელია სისტემის წარმატებული რეფორმისთვის. ჩვენ წინაშეა სტრატეგიების ეფექტური მუშაობის მრავალი მაგალითი, რომლებსაც საფუძვლად უდევს ჩვენ მიერ განხილული ოთხი ალტერნატიული ბერკეტი, თუ მათ გამოყენებას სათანადო დაინტერესება და ძალისხმევა ერთვის. ეს სტრატეგიები მუშაობს, რადგან ისინი უშუალოდ სწავლა-სწავლების კულტურას ცვლის. მოვიდა მენტალობის და მასთან ერთად პოლიტიკისა და სტრატეგიების შეცვლის დრო. ვინც უფრო ადრე დაიწყებს, ის უფრო ადრე შეცვლის რეფორმების ორიენტაციას.

გთავაზობთ ოთხი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შემდგარ გადაწყვეტილებას.

მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებელია კონცენტრირება ოთხ ერთმანეთთან დაკავშირებულ ძირითად ბერკეტზე, რომლებიც რეფორმის წარმატების საწინდარია:

* კავშირი „სწავლა – სწავლება – შეფასება”;

* სოციალური კაპიტალი პროფესიონალიზმის აგებისთვის;

* პედაგოგიკა ტექნოლოგიებთან ერთად;

* ერთობლივი ძალისხმევა.

პირველ პუნქტში ლაპარაკია იმაზე, რომ ძირითადი მოქმედებები მიმართული უნდა იყოს სწავლისა და სწავლებისკენ. მთავარი ამოცანა პოტენციალის აგების მუდმივი განხორციელებაა. პოტენციალის შექმნა ნიშნავს, სწავლა გახდეს უფრო სახალისო, გაიზარდოს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობა, შეფასებით უზრუნველვყოთ უფრო ეფექტური უკუკავშირი, რომელიც გახდება სტიმული უფრო მაღალი უნარ-ჩვევების ასათვისებლად. ეს განაცხადია. ბევრი რამ უკვე მოქმედებს, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს და უფრო ფართოდ უნდა გავრცელდეს. ამ სამუშაოს თან უნდა სდევდეს ღრმა რწმენა, რომ მორალურად აუცილებელია დაიძლიოს განსხვავება მოსწავლეთა მოსწრებას შორის.

მეორე პუნქტი – სწავლასა და სწავლებაში კულტურული ცვლილებების მისაღწევად საჭიროა გუნდური და კოლექტიური მუშაობის გამოყენება. სოციალური კაპიტალი პირობაა ახალი პედაგოგიური პროფესიის ასაგებად. ამისთვის საჭიროა, სკოლებში და სკოლებს შორის დაინერგოს თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების კულტურა. ამ მიდგომის ჩარჩოებში მთავარი როლი ენიჭება სტრატეგიებსა და პოლიტიკას, რომელიც ადამიანურ კაპიტალთან არის დაკავშირებული. მაგრამ წარუმატებლობის თავიდან ასაცილებლად ინდივიდუალური განვითარება უნდა მოხდეს სოციალური კაპიტალის კულტურის განვითარებასთან ერთად.

მესამე პუნქტში ლაპარაკია იმაზე, როგორ იზრდება პედაგოგიური ინოვაციის ძალა, როდესაც ის ერწყმის ტექნოლოგიებს. ამისთვის კეთდება ბევრი ისეთი რამ, რაც ორიენტირებულია მოსწავლეთა ახალ თაობაზე. ეს ბერკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აერთიანებს წარმატებისთვის აუცილებელ მრავალ ელემენტს: ჩართულობას, დაინტერესებას, ინფორმაციებსა და მონაცემებზე იოლ წვდომას, გუნდურ მუშაობას, სოციალურ აქტუალურობას და სხვ. ეს აიოლებს და სახალისოს ხდის სწავლების პროცესს.

მეოთხე პუნქტი: სწორი ბერკეტები აღიქმება და ხორციელდება როგორც ურთიერთკავშირში მყოფი მთლიანობა. აქ რამდენიმე ძირითადი კომპონენტია. აირჩიეთ სწორი ბერკეტები და იმოქმედეთ იმ გათვლით, რომ მათ ერთმანეთს ხელი შეუწყონ. მაშინ ისინი გააძლიერებენ და კორექციას გაუწევენ ერთმანეთს. ერთი ბერკეტის ძალა აანაზღაურებს მეორის სისუსტეს და პირიქით. ერთი ბერკეტი შეიძლება ემსახუროს რამდენიმე მიზანს. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ცალკეული სწორი ბერკეტები მოგვცემს მთელ სისტემას. სწორმა ბერკეტებმა უნდა იმუშაოს ერთდროულად და ინტერაქციულად. სისტემის რეფორმირების ძირითადი კრიტერიუმი ის არის, რომ ყველა სკოლა ერთვება ძალისხმევაში, რომელიც გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, რადგან საკუთარ თავს მსოფლიო ცვლილებათა საერთო მოძრაობის ნაწილად მოიაზრებენ.

ბერკეტები, რომლებსაც გთავაზობთ, ქმნიან ცვლილებების საფუძველს, ქმნიან პირობებს იმისთვის, რომ სწავლა-სწავლება გამომდინარეობდეს ინდივიდუალური და კოლექტიური შინაგანი მოტივაციიდან როგორც მუდმივმოქმედი მამოძრავებელი ძალა. სწორედ ასეთ სტრატეგიებს ატარებენ წარმატებული ქვეყნები და თუ ჩამორჩენილი სახელმწიფოები არ შეცვლიან თავიანთ პოლიტიკას, მათ შორის განსხვავება მხოლოდ გაიზრდება. საზოგადოება, რომელიც დროულად არ მოახდენს რეაგირებას, დაზარალდება როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიო არენაზე. 

არსებობს არჩევანი – და ზოგიერთმა ქვეყანამ ის უკვე გააკეთა – შეიცვალოს მცდარი ბერკეტები სწორით. ეს პროცესი თავდაპირველად ძნელი და მტკივნეულია, რადგან ბევრისთვის უცხოა აზროვნებისა და მოქმედებების ასეთი სტილი, მაგრამ ის ვერც კი შეედრება უბედურებისა და ტანჯვის შეგრძნებას, რომელსაც მუდმივი წარუმატებლობა აჩენს.

ქვეყნის ლიდერებს შეუძლიათ შეცვალონ მოვლენები. შეამცირონ გადამეტებული ტესტირება, გათავისუფლდნენ დამოკიდებულებისგან, რომელიც აქვთ მასწავლებლების კვალიფიკაციის, როგორც რეფორმის მამოძრავებელი ძალის მიმართ, არ მიიჩნიონ მსოფლიო სტანდარტები პანაცეად; ნაცვლად ამისა, გამოიყენონ კავშირი „სწავლა – სწავლება – შეფასება” როგორც ძირითადი ბერკეტი, გააძლიერონ მობილიზებული მასები სისტემით, გადააქციონ მორალური იმპერატივი რეალობად. აუცილებელია შეიცვალოს თვითონ პედაგოგის პროფესიის კულტურა. ამ მიმართულებით საჭიროა დაჟინებული და მიზანმიმართული მუშაობა, მრავალრიცხოვანი მოკავშირის მოძიება. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ და თანმიმდევრულად გადავიდეთ სწორ ბერკეტებზე. 

1. Выбор ложных движущих сил для реформы целостной системы. Майкл Фуллан Вопросы образования №4 за 2011 год 
2. Choosing the wrong drivers for whole system reform .Michael Fullan . Centre for Strategic Education Seminar Series.204. 2011.
3. An analysis of teachers’ professional development based on the OECD’s Teaching and Learning International Survey (TALIS). European Union, 2010
– წერილების მიხედვით
ადაპტირებული თარგმანი და რედაქცია – კახა ჟღენტისა

კალანდა, კუკრუჭანები და ძველი სიტყვების დაუვიწყარი გემო

0

დეკემბრის დადგომისთანავე  სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნისათვის მზადება დავიწყეთ. ჩავერთეთ სხვადასხვა საზეიმო კონკურსში, რომლის განხორციელების დროსაც ნამდვილი ზეიმი იმართებოდა კლასში. იატაკი ფერად-ფერადი ნაკუწებით იყო მოფენილი, საღებავებით აჭრელებული პატარა ცხვირ-პირის ბანაც ხშირად დამჭირდა. თუმცა ახალი წელი რის ახალი წელია, თუ ბუხართან მოსასმენი ამბები არ მოიმარაგე. მე კი, საბედნიეროდ, ჯერ არ დამვიწყებოდა ბავშვობაში დაგემოვნებული  მყუდრო, ძველი სიტყვები, რომელთა კითხვაშიც ზამთრის გრძელ საღამოებს ვატარებდი. ჰოდა, ხურჯინიდან ამოვაცოცე, ყველაზე სათუთები, მაშინაც რომ მათბობდნენ, ,,როცა ქარი უბერავდა და თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა”. ,,ზამთრის ზღაპარს”  ჯერ კიდევ შეეძლო დავებრუნებინე  ყველაზე ბედნიერი მოგონებების საკუჭნაოში, სადაც ჩემი მარტოხელა ოდის ფანჯარასთან მომლოდინე ბებოს თვალებს და მისი წასვლის შემდეგ ნელ-ნელა მივიწყებული სადღესასწაულო რიტუალების სევდას ვინახავდი.

 

ერთ დღესაც გათოვდა – არა, ეს დღე ინანიშვილის გარეშე არ ჩაივლის-მეთქი, გავიფიქრე და დღის ბოლოს, თავისუფალი დრო კითხვისთვისაც მოვიტოვე. ამოვალაგეთ პატარა ბალიშები, დავსხი ეს ჩემი აჟივილხივილებული ბარტყები, ყდამორღვეული საგანძური გადავშალე და დავიწყე:

„თათარობის წინა დღეებში ბებია გვეტყოდა: – აბა, მოიტანეთ თქვენ-თქვენი მონაგარი, კუკრუჭანებისთვის დავამტვრიოთო. გადმოიღებდა თაროდან ფილს და ფილთაქვას, ჩაჯდებოდა იატაკზე ფეხმორთხმით, გადმოაბრუნებდა ფილს და ამის სწორ ძირზე ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ტეხდა ყოველ კაკალს, რომ ლებნები მთელი დარჩენილიყო. ვეხმარებოდით ჩვენც, ბიჭები, ვამტვრევდით, ვარჩევდით, მთელ-მთელ ლებნებს ცალკე ვაწყობდით. მერე, დარჩევასაც რომ მოვრჩებოდით, გამოიტანდა ბებია ნემსსა და ძაფს, მოკაუჭებულ თითზე გამოგვდებდა, თუ ძალიან წმინდა იყო, ოთხკეცს დაგვაგრეხინებდა, თუ ცოტა მომსხო- ორკეცს, მოგვატოლებდა იმ დაგრეხილ ძაფს ყველას სათითაოდ და ჩვენ-ჩვენი მონაგარი ნიგვზიდან ჩვენს სიგრძე კუკრუჭანებს აგვისხამდა.”

კუკრუჭანებიო? – გემო გაუსინჭეს ძველ-ახალ სიტყვას, – ნეტა როგორიაო? მონაგარი რაღა არისო? თითები ასე ჰქონდათ მოკაუჭებულიო? ფილთაქვა გვრიტის ზღაპარში შეგვხვედრიაო. ეე, კაკლის გული როგორ არ ემტვრეოდათო, – თვალები ცნობისმოყვარეობისგან უციმციმებდა  ბავშვებს, – მერე, მერეო?

,,ეს კუკრუჭანები ჯერ ისე, ნიგვზად ხმებოდა მზეზე, მერე, თათარას რომ მოადუღებდნენ, პირველ რიგში იმათ ამოგვივლებდნენ, მძიმე-მძიმედ, დიდი ამბით ამოჰქონდათ თათარის ქვაბიდან, ციმციმ მიჰქონდათ და სხვა ჩურჩხელებისგან გამოცალკევებით ჰკიდებდნენ თითო-თითოს ბოძებზე დასობილ მსხვილ ლურსმნებზე. ეკიდა იმ ბოძებზე ჩურჩხელებთან შედარებით დიდხანს, თითქმის მთელ თვეს, გახმებოდა, როგორც იტყვიან „ზომაზე”, ჩამოხსნიდნენ, გაახვევდნენ სუფთა პურის ტილოში და ჩააწყობდნენ კამოდის უჯრაში. ჩვენ, ბიჭებს, მშობლების ნებადაურთველად ხშირად წაგვიცდებოდა ხოლმე ხელი ჩურჩხელებზე, კუკურუჭანებს კი ამას ვერ გავუბედავდით, ისინი თითქოს შელოცვილები თუ ტაბუდადებულები იყო, ხელის ხლება მარტო ბებიას შეეძლო, ისიც ბედნიერ დღეებში – ახალ წელს, ჩვენი დაბადების დღეს, ან პირველ მაისს. იმ დღეებში ყველანი ერთად ვიყავით -ოჯახის წევრებიც და ნათესავებიც. გაშლილი იყო საბედნიერო სუფრა, პურობდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ. და, აი, აქ, ყველაზე უფრო საზეიმო წუთებში, წამოდგებოდა ბებია, სადღაც გრძელი კაბის ბოლოზე დაკერებული ჯიბიდან ამოიღებდა გასაღებს, გააღებდა კამოდის უჯრას და ხელისგულებზე დასვენებულს მოგვართმევდა ჩვენს კუკრუჭანებს – ასე მთლად და ტკბილად დაესწარით, შვილებო, მრავალ ამ დღესო. ჩვენი კუკრუჭანები სულ თეთრად იყო დაშაქრული, თითის დაკარებაც კი გვენანებოდა, მაგრამ წესი ასეთი იყო, და ჩვენც დავამტვრევდით და ყველას ჩამოვურიგებდით.”

მთავარი სათქმელის გამოყოფა არ გასჭირვებიათ; კუკრუჭანები სიმთელის, გაუტეხლობის სიმბოლოსთან ადვილად დააკავშირეს, – იმიტომ არ შეიძლებოდა მათი ახალ წლამდე დამტვრევა, რომ მთელად უნდა დასწრებოდნენ ახალ წელსო, ერთად ყოფნა უნდა დაბედებოდათო. რამდენიმემ სულხან-საბას იგავი ,,ძალა ერთობაშიაც” გაიხსენა.

,,ყოველნაირი ჩურჩხელა გემრიელია ამ ქვეყანაზე, გამორჩევით _ ნიგვზისა, მაგრამ კუკრუჭანებს -მთელლებნიან შენსიგრძე ჩურჩხელებს -მაინც ვერაფერი შეედრება. ვერაფერი შეედრება შენი ნაშრომის გემოს, რომელსაც ემატება ვიღაც უჩინარი წინაპრების, ბებიებისა და დედების ლოცვის გემოც.”

აქ კი მოგონებებს დავუთმეთ გზა. გავიხსენეთ ბებია-ბაბუები და  ყველაზე დაუვიწყარი ახალი წლის ღამეები. ჩემი მოსწავლეები პატარები არიან, სულ რაღაც ორიოდე ახალი წელი თუ ახსოვთ კარგად და არც წინაპრების დანაოჭებული სიტყვის სიღრმეს ჩასწვდომიან სათანადოდ, ამიტომ ბევრი არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი. ჩემი ბავშვობის ამბებით კი ძალიან დაინტერესდნენ და ორიოდე წუთში რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმიდან ჩემი ბავშვობის ორღობეში ამოვყავით თავი.

 

გურიაში შობა და კალანდა გამორჩეულად უყვართ. ბებო ნახევარმთვარის ფორმის ღვეზლებს აცხობდა (კეცზე მრგვალ ღვეზლებს აკრავდნენ). სახლში, ახალი წლის სამზადისისგან განსხვავებით, სიჩუმე იდგა. ბებო ჩურჩულით ლოცულობდა და ისე აცხობდა, ამოყელყელავებულ ცომს ღვეზლებისთვის გადანახული ყვითელგულა კვერცხის ნაჭრებით გამოტენიდა და ღუმელში შედგმის შემდეგაც არ ტოვებდა, დარაჯობდა, ზედმეტად არ გამომიშრესო.

შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, ყველაზე კოხტას, ჩემს სახელზე გამომცხვარ ღვეზელს (ოჯახის ყველაზე პატარა წევრის სახელზე გამომცხვარი ღვეზლით ერთგვარი ,,დამწყალობება” ხდებოდა) ანთებულ სანთელს ჩაარჭობდა და ლოცვით გარს შემომივლიდა. მერე შუბლზე მაკოცებდა, ღვეზელს გაჭრიდა და  ჩამოგვირიგებდა. ასე იწყებოდა საშობაო ლხინი. სანამ პატარა ვიყავი, ალილოზეც დავდიოდი. ახლაც სახლში მაქვს ის ბავშვობის დროინდელი პატარა კალათი, რომელიც შობის ღამეს ძალიან მალე ივსებოდა,  ,,ოცდახუთსა დეკემბერსა-ს” მომღერალი ,,საპატიო სტუმრების” მოსვლით გახარებული გულუხვი მეზობლების წყალობით. ერთხელ სოფლის ბოლოში ასვლაც გავბედეთ (დღემდე საიდუმლოდ ვინახავ). იმ ოჯახში ბევრი ბავშვი იზრდებოდა (ერთმანეთში მერეოდნენ, ვერაფრით დავთვალე ზუსტად რამდენი იყვნენ და უთვალავები არიან-მეთქი, ვიფიცებოდი), ყველას გაცრეცილი, მეზობლებისა და ნათესავების ნაწყალობევი ტანსაცმელი ეცვა და რაღაცნაირი, ძნელად თვალის გასასწორებელი მზერა ჰქონდათ. სულ გავურბოდით მათთან შეხვედრას. 

იმ წელს ყველა კალათა ამ ოჯახში დავცალეთ და უსიტყვოდ ჩამოვიარეთ ის ჩაბნელებული, მოჩვენებებით სავსე აღმართი.

ამ პატარა მოგონებამ ისევ ინანიშვილის სამყაროში დამაბრუნა, თან ქარმაც დაუბერა, თოვლის ფიფქებმაც იმატა და გემრიელ კუკრუჭანებს ერთი ტკბილ-მწარე ობლების ამბავიც მივაყოლე. აუჰ, როგორ იდარდეს… მაგრამ მერე თავისი და-ძმები გაიხსენეს და მიხვდნენ, ღმერთს საბოლოოდ არ გაუწირავს ქარსა და ყინვაში უპატრონოდ დარჩენილი პატარა ობლები. მერე დიდხანს და სულმოუთქმელად ყვებოდნენ და-ძმაზე, ერთმანეთს არ აცლიდნენ. ამ საუბარში, ზოგს ისე მოენატრა დედმამიშვილი, ვეღარ მოითმინა და ამავე სკოლის მოსწავლე დისა თუ ძმის კამფეტებით დასაჩუქრება გადაწყვიტა. 

მგონი, საუცხოო საახალწლო განწყობის შექმნა გამოგვივიდა მე და სკვინჩების, შვლის ნუკრების, ბავშვთა გულების საუკეთესო მომთვინიერებელს – რევაზ ინანიშვილს.

 

მერე დაიწყო ზამთრის არდადეგები. ფაციფუცში გართულ ოჯახის წევრებს  ახალმა წელმა მაგიდასთან დაჯდომა დაგვასწრო. სამაგიეროდ კალანდას შევხვდით მშვიდად,  სტუმრობა-გასტუმრებით გადაღლილები, ზეიმმოყირჭებულები. არ უთოვია, არც სანადირო თოფების ქუხილს აუფორიაქებია უბნის ძაღლები. ჩემი ფანჯრიდან სახლების ტყეს და ფეიერვერკების თოვას ვუყურებდი და თვალწინ თანდათან მიცოცხლდებოდა  ,,ჩახლართული ღობეები”, ,,ალაგეზე” მაჭახელას ბათქა-ბუთქით გადაცოცებული მეკვლე-ბაბუაჩემი, ხილის სიმძიმით გვერდზე გადახრილი ჩიჩილაკები და ასე ნელ-ნელა, სიმშვიდით სავსე, შემოდიოდა ჩემში კალანდა.

ერთი პატარა ამბავი

0
ნეტავ, რამ გამახსენა ამ ჩვეულებრივ, იანვრის ცივ დილას ეგნატე ნინოშვილი. ვზივარ, ვფიქრობ, ქაფქაფა ყავას ვსვამ და უცებ გამახსენდა.

ჩემი საყვარელი მწერალი არასდროს ყოფილა, მიუხედავად ამისა, რატომღაც, ხშირად ვუბრუნდებოდი–ხოლმე  ამ ტრაგიკულ, გატანჯულ, ჭლექიან კაცს, მთელი ცხოვრება  რომ განათლებას ელტვოდა და განათლებაზე ოცნებობდა.
იმდენად დიდი და რთული გზა გაიარა, სანამ თავის მთავარ სურვილს აისრულებდა–მასწავლებლის დიპლომს აიღებდა, რომ წარმომიდგენია, როგორი შთაგონებით და სიყვარულით მასწავლებლობდა მერე, სოფელ ჩონჩხათში, სადაც საგანმანათლებლო საქმიანობისთვის  გააგზავნეს.

ეგნატე ნინოშვილთან დაკავშირებით სულ რამდენიმე სიტყვა მახსენდება ახალი ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოდან– სტუდენტობისას, ლექტორმა რომ გვაყიდინა, იქ ყველაზე კარგად წერიაო. –ერთი–მოლაპარაკე გვარები, მეორე–ტრაგიზმი, მესამე–ხალხის ქომაგი. სხვა არაფერი, არცერთი სიტყვა ცხოვრებაზე, სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე… ან არ შემხვედრია, ან არ მახსოვს, რა ვიცი.

თუ შეიძლება წარმოიდგინო სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობებიდან გადმოსული პერსონაჟი–ბავშვი, ავადმყოფი, ნახევრადმშიერი, სახლში მოჯამაგირედ გამოკეტილი, დაინახო,  როგორ იზრდება სერვანტესის  დონ–კიხოტად, დიახ, დიახ, სწორედ დონ–კიხოტად. მთელი ცხოვრება ეძებს საკუთარ ადგილს, ცხოვრების აზრს, იდეალებს, სიყვარულს, სამუშაოს, ლუკმა–პურს და ებრძვის ცხოვრებას–არცთუ წარმოსახვით ქარის წისქვილებს, ეს არის ჩემთვის ეგნატე ნინოშვილი, გურიის პატარა სოფელში დაბადებული, გულდამწვარი, გულნატკენი და ღარიბი კაცის მოჭირისუფლე მწერალი, კაცია მუნჯაძე თუ გოგია უიშვილი.

ყველაზე უკეთ და ყველაზე მეტად ადამიანებს არა ქრესტომათიები, ენციკლოპედიები, ანდა, აწ უკვე ვიკიპედია და გუგლი ინახავს, არამედ ადამიანების მახსოვრობა და ჩვეულებრივი, პატარა ამბები, რომლებიც ენაში, ამ ცოცხალ და მარადცვალებად რეალობაში ცხოვრობენ. ჰოდა, რადგანაც ადამიანს ვეძებ, ისევ ქართულ დიალექტურ კორპუსს მივადექი და საძიებელში „ ეგნატე” ჩავწერე. ჰოდა, აი, ლანჩხუთის სოფელ „ნინოშვილის” მკვიდრი კირილე ჩხარტიშვილი რას გვიყვება:
„ეგნატე დეიბადა აქანაი. მაშვინ ამ სოფელს ბულუხაურს უძახოდენ. ამას ზეჲთ ყელას უძახოდენ. ახლა ამ სოფელს ნინოშვილი დავათქვით.

ეგნატეს მამა აქიდან წევიდა ჩიქვეთში და დასახთა. ეგნატეს იქოური დედა ხავდა.

თომას – ეგნატეს მამას – ჩიქვეთში მე გუუკეთე ქუხნა სახლი. იმ სახში გეიზარდა ეგნატე. რომ გეიზარდა და დიდი გახთა, მომცა ბეი სახლის გასაკეთებლათ და მითხრა: კაი ოდა სახლი გამიკეთეო. ფთაზე მივალო. რომ ჩამუალ,გამიკეთე მაშვინო. ეგება მოვკტე მე, მარა შენ სახლი მაჲნც გააკეთეო! ამის დანარჩენი ფარა შენ არ დაგეკარქებაო, არ შეგეშინოსო, მიიღეფო.

ეგნატე ფთიდან გლახათ ჩამევიდა, წოლიარე იყო. მისი ბიძა ალექსი ინგოროყვა მევიდა ჩემთან და მითხრა: რაღათ უნდა სახლიო, ავათააო. ამ ფულით წამალს უყიდიო. მომე ფულიო.

მე მივეცი ფული და სახლი აღარ გამიკეთებია. იმ პაწე ხანში ქი მოკტა.

მე ვიყავი უსტა, სახლეფს ვაკეთებდი. მუშოობდი გურიელისას. იქინეი ხშირათ იყო ეგნატე. დღეი ვერ ვხედავდი და ღამე იჟდა სულ და წერდა რაცხას; მე რა ვიცი, რას წერდა. შამევიდა მუურავი და უთხრა გურიელს: რათ გინდა აი აბდალაი ეგნატაი რომ დაგისვამს აქანაი და ხუთი მანათის სანთელი არ ყოფნის ღამეშიო! – არაა შენი საქმე მაგიო! – გუუნჯûარდა გურიელმა.

ერ დღეს მევიდა მამია გურიელი და მოხვა ეგნატე. გურიელის დაი (მაკა გურიელი) შიეგება და ჩამუართვა ხელი ეგნატეს. ეგნატე რომ წევიდა იქიდან, ქითხა მაკამ მამიას: ვინ იყო იი კაციო, ხელი რომ ჩამომართმოვიეო? _ ეგნატე ინგოროყვა იყოო, –უთხრა მამიამ. –რა უყო ახლა ამ ხელს, რაფერ წევიჭრა ახლა აი ხელიო!

მამიამ უთხრა: ხელს წაჭრა არ უნდაო. ჩვენი სახელი ჩვენ თავზე წაგვაკვტებაო. ჩვენ რომ მოვკვტებით, ჩვენი სახელიც მოკტებაო. ამის სახელი მუდამ იქნებაო. ათას წელიწადს იქით შეიძლება მეითხოვოს კიდომ კაცმაო.”

მამია გურიელი ხომ იცით?  კარგი პოეტი იყო და კიდევ უკეთესი კაცი, ლამაზი, წარმოსადეგი, ნამდვილი გურიელი, მიხაი ზიჩმა რომ „ვეფხისტყაოსანი „ დაასურათა, შოთას პროტოტიპად მამია გურიელი აირჩია. 

გალაკტიონი წერდა მასზე : „მამიას უყვარდა. მამიას სულს სჭირდებოდა ძლიერი და არაჩვეულებრიი განცდა.  ამბობენ, რომ ორფეოსის სულის ძალას შეეძლო აღფრთოვანებული რიტმით მოძრაობაში მოეყვანა ხეები და ქვები… ასეთი იყო თურმე მამია გურიელის მიერ წაკითხული ლექსების რიტმი”.

ის ლექსიც გეხსომებათ, ყველაზე ცნობილი „გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი”…

თუმცა, ყველაზე მთავარი, მაინც ისაა, რომ მამია გურიელი ის კაცია, ვინც თავის მოურავს, 5 მანათის სანთელზე მოწუწუნეს და საკუთარ  დას, მედიდურსა და ამპარტავანს– ყველაზე ცხადად დაანახა, როგორ  უნდა შეაფასო ადამიანი.

განათლება: შემოსავლების უთანასწორობის დაძლევის უტყუარი გზა

0
ამერიკელი პროგრესისტები ბევრს ლაპარაკობენ ეკონომიკური მობილურობის წახალისებაზე, მაგრამ დიდ ნაპრალებს აჩენენ მათ საგანმანათლებლო პლატფორმებში. 
დღესდღეობით ამერიკელი პროგრესივისტების (ან პროგრესისტების) საყვარელი გამოთქმაა „შემოსავლების უთანასწორობა”. პრეზიდენტი ობამა გეგმავს, თავისი დეკემბრის გამოსვლების შემდეგ აშშ-ის კანონმდებლებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში აქცენტი ეკონომიკური უთანასწორობისა და შემოსავლების უთანაბრობის თემაზე დასვას. ნიუ-იორკის ახალმა მერმა, ბილ დე ბლაზიომ, უთანასწორობის დაძლევის საკითხი თავისი საარჩევნო კამპანიისა და საინაუგურაციო გამოსვლის ცენტრალურ ნაწილად აქცია. მასაჩუსეტსელმა სენატორმა ელიზაბეთ უორენმა ამერიკის ელიტური წრეების ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ ხმამაღალი კრიტიკული გამოსვლებით საქვეყნო პოპულარობა მოიხვეჭა.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები, რომლებიც უთანასწორობის თემას წარმატებით იყენებენ პოლიტიკური ქულების დასაწერად, გვერდს უვლიან იმ „წამალს”, რომელიც დიდი ხანია „გამოწერილია” ქონებრივი უთანასწორობის წინააღმდეგ – ყველასთვის ხელმისაწვდომ ხარისხიან განათლებას.

როდესაც ამერიკელი პროგრესისტები განათლების საკითხებს განიხილავენ, ხშირად მათი მსჯელობა ამ განტოლების „მოთხოვნის” მხარეს იხრება. დე ბლაზიო ნიუიორკელებს უნივერსალურ სკოლამდელ და სკოლისშემდგომ პროგრამებს სთავაზობს, ობამამ, საუნივერსიტეტო განათლების კოსმოსური ფასების დასაძლევად, სტუდენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა გრანტები და სტუდენტური სესხები.

სამწუხაროდ, უყურადღებოდ რჩება განათლების პოლიტიკის განტოლების „მიწოდების” მხარე – სკოლების არჩევანის საშუალების გაზრდა, მასწავლებელთა ცოდნის ხარისხის ამაღლება და პროგრამების გაუმჯობესება. ქალაქების ღარიბ უბნებში მოსწავლეები იძულებულნი არიან, იარონ იქვე არსებულ წარუმატებელ სკოლებში. მათ მშობლებს ძალიან მცირე შანსი აქვთ, რაიმე უკეთესი შესთავაზონ შვილებს. პროფკავშირები იძულებულნი არიან, დაიცვან საჯარო განათლების მონოპოლია, რადგან გაზრდილმა კონკურენციამ შესაძლოა შეამციროს ხელფასები და ნაკლებად კვალიფიციური მასწავლებლების უმუშევრობის საფრთხე წარმოშვას.

საუნივერსიტეტო დონეზე სწავლის საფასურის ზრდა უმთავრესად ბრალდება სახელმწიფო სუბსიდირებას ინფლაციის სტიმულირებასთან ერთად. ამასთან, სახელმწიფოს საყვედურობენ სუბსიდიებზე სუსტი მონიტორინგის გამოც, რაც, თავის მხრივ, ხელსაყრელია უნივერსიტეტებისთვის. მიუხედავად ოთხწლიანი საუნივერსიტეტო განათლების გაიაფებისა, სულ უფრო ნაკლები სტუდენტი ასრულებს განათლებას და სულ უფრო მეტი ტოვებს სასწავლებელს დამანგრეველი „სტუდენტური” ვალებით ხარისხით თუ ხარისხის გარეშე.

საბოლოოდ ამ ფინანსურ ბუშტს სტუდენტები ეწირებიან. პოლიტიკოსები სარგებელს ნახულობენ კეთილშობილური რიტორიკით, ადმინისტრატორები ხარობენ მათი ანგარიშებისკენ მედინი ფულის უწყვეტი ნაკადით, მასწავლებლებიც გარანტირებული სამსახურის წყალობით კომფორტულად გრძნობენ თავს, განურჩევლად იმისა, რას აკეთებენ საკლასო ოთახებში. რა აზრი აქვს სკოლამდელ თუ დაბალპროცენტიან სასწავლო სესხებს, თუ შეთავაზებული განათლება სტანდარტზე დაბალი ხარისხისაა?

შარშან, აპრილში, ჩემმა კოლეგამ, ადამ კუშნერმა, დოკუმენტურად აღწერა მაღალი დასწრება, რომელიც ახალი ორლეანის (შტატი ლუიზიანა) საჯარო სკოლებში აღირიცხა – ეს გამოიწვია ახალმა საგანმანათლებლო პოლიტიკამ და რეფორმებმა, რომლებიც ქარიშხალ კატრინას შემდეგ და მეტწილად მისი მიზეზით განხორციელდა.

ქალაქის მთავრობამ გაათავისუფლა სკოლების მთელი პერსონალი, შემოიღო ჩარტერული (დამოუკიდებელი) სასკოლო ლიცენზიები და მოსწავლეებისთვის უფრო ლიბერალიზებული ანგარიშვალდებულება მოითხოვა. შტატის განათლების სისტემა აპირებს, უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდეს არსებულ სატესტო მოთხოვნებს კლასების მიხედვით და ხანგრძლივი ანალიზის საფუძველზე შეცვალოს ან ძალაში დატოვოს არსებული სტანდარტები. ლუიზიანაში, სადაც მოსახლეობის 2/3 და სკოლის მოსწავლეთა 95% აფროამერიკელია და სადაც მათ 92%-ს უფასო ან ფასდაკლებული ლანჩი ეძლევა, მოსწავლეთა მიერ სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა, ხოლო სკოლის წარმატებით დამთავრების პროცენტულმა მაჩვენებელმა აშშ-ის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა. დღეს ახალი ორლეანის საჯარო სკოლების 78% დამოუკიდებელი, ჩარტერული საჯარო სკოლებისგან შედგება.

შესაძლოა, ეს რეფორმები პანაცეა არ იყოს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც უამრავი გაღატაკებული ამერიკელი ეჯახება, მაგრამ, როგორც ბ-ნი კუშნერი წერს, „ახალი ორლეანის სასკოლო სისტემა კრიზისის მდგომარეობიდან საშუალო სირთულის პრობლემების მქონე მდგომარეობამდე „ამაღლდა”, რაც ახალი ორლეანის განათლების სისტემისთვის სასწაულის ტოლფასია”.

მიუხედავად განათლების რეფორმისადმი დე ბლაზიოს უარყოფითი დამოკიდებულებისა, ქვეყნის მასშტაბით დემოკრატი მერებისთვის ის თითქმის აუცილებლობად იქცა. მრავალი ქალაქი, ისევე როგორც, ვთქვათ, ვაშინგტონი, ეკონომიკურ და კულტურულ რენესანსს განიცდის, რაც სისტემაში ახალგაზრდა პროფესიონალების მოსვლამ გამოიწვია.

მაგრამ ადეკვატური საჯარო სასკოლო სისტემის გარეშე მრავალი ოჯახი, რომლებსაც სასკოლო ასაკის ბავშვები ეზრდებათ, იძულებული გახდება, კარგი სკოლის ძებნაში სხვაგან გადავიდეს. აშშ-ის ქალაქების მერების უმრავლესობა დემოკრატიული პარტიიდან, მათ შორის – ჩიკაგოს მერი რამ ემანუელი და ფილადელფიელი მაიკლ ნატერი, დამოუკიდებელი (ჩარტერული) სკოლების მომხრეა. ნიუარკის ყოფილი მერი ქორი ბრუკერი (ამჟამად – სენატორი ნიუ-ჯერსის შტატიდან) მხარს უჭერდა ვაუჩერების შემოღებას კერძო და სამრევლო სკოლებისათვის.

ამბობენ, რომ პირველი დიდი ნახტომი, რომელიც შესაძლოა ობამას ადმინისტრაციამ და დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა შეასრულონ 2014 წელს, იქნება მინიმალური ხელფასის გაზრდა – პრობლემა, რომელიც თავისი პოლიტიკური ღირებულების გამო ასე გახმაურდა. თუმცა ამ ცვლილებას მცირე ეკონომიკური სარგებელი თუ ექნება. რამდენიმე ექსპერტი ამბობს, რომ ეს დაეხმარება დაბალი კვალიფიკაციის მოსამსახურეებს, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები მათ ხარჯზე, ვინც სამსახურს ეძებს.

მინიმალური ხელფასების საკითხისგან განსხვავებით, განათლების რეფორმა იმ იშვიათ საკითხთაგანია, რომელთა განხილვისას შესაძლებელია რესპუბლიკელებისა და დემოკრატების თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, ორპარტიული ალიანსი შექმნას და, იმავდროულად, შემოსავლების უთანასწორობის პრობლემასაც შეუტიოს.

რეალურად, თეთრი სახლის რიტორიკა შემოსავლების უთანასწორობის თაობაზე, პოლიტიკურთან ერთად, პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხიც არის. ობამამ თავისი 2012 წლის კამპანიის პირველ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა შემოსავლების უთანასწორობის საკითხზე (მარცხენა ფლანგზე „დაიკავე უოლ-სტრიტის” მოძრაობის წამოწყებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ) და ამით ძლიერი დარტყმა მიაყენა პლუტოკრატიული წარსულის მქონე მიტ რომნის. 

„თემები, რომლებიც ობამამ წამოსწია წინ, ზუსტად თარგზე იყო მოჭრილი”, – წერენ მარკ ჰალპერინი და ჯონ ჰაილემანი. მართლაც, ობამა თავისი კამპანიის დროს იშვიათად ეხება საგანმანათლებლო თემებს; მას ურჩევნია, შტატებს მისცეს მოტივაცია განათლების სისტემის დასახვეწად. შემოსავლების უთანასწორობის შესახებ გამოსვლაში განათლების ხელმისაწვდომობის უთანაბრობაზე მან მხოლოდ ერთი წინადადება თქვა. ალბათ იმიტომ, რომ ეს თემა აღიზიანებს დემოკრატიული პარტიის მოკავშირეებს განათლების პროფკავშირებიდან.

ობამასთვის უფრო მძიმე გამოწვევა იქნება იმ პოლიტიკის წინ წამოწევა, რომელიც ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის და უთანაბრობის პრობლემათა მიზეზებს შეებრძოლება – ფაქტია, რომ ღარიბ ბავშვებს ხარისხიანი განათლების მიღების იგივე შანსი არ ეძლევათ, რაც მათ უფრო შეძლებულ თანატოლებს. ალბათ არსებობს გზა ამ პრობლემის შესარბილებლად, თუმცა ეს უფრო ღარიბებისთვის მეტი შესაძლებლობის შეთავაზებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული და არა საბოლოო შედეგების გათანაბრებაზე, ეს კი ნიშნავს, რომ პრეზიდენტი თავის პროგრესისტ მოკავშირეებთან ერთად იძულებული იქნება, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც გასცდება გამოსვლებს მინიმალური ხელფასების შესახებ. 
ავტორი: ჯოშ ქრაუშაარი (2014, იანვარი)
წყარო: https://www.theatlantic.com 
ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

სამოდელო გაკვეთილების ციკლი თემაზე СЕМЬЯ

0

პირველი
ნაწილი

 

გთავაზობთ აქტივობებს კონკრეტული თემის მაგალითზე, რომლებიც
ოთხივე უნარის განვითარებას (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი)
მოიცავს. თემას შეგიძლიათ
დაუთმოთ რამდენიმე საათი. საათები თქვენი შეხედულებისამებრ გაანაწილეთ მოსწავლეთა შესაძლებლობებისა
და კლასში მათი რაოდენობის მიხედვით. აქტივობები ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ,
ასევე ჯგუფებში და წყვილებში მუშაობას. თემას (მეორე ნაწილში) თან ახლავს შემაჯამებელი
სამუშაოს ნიმუში (ტესტები), რომელიც ასევე ყველა უნარის შემოწმებას გულისხმობს. სავარაუდოდ,
ტესტის შესრულება 45 წუთში ვერ მოესწრება, მაგრამ ამის გაკეთება ეტაპობრივად შეიძლება.

თემის წარდგენა იწყება ლექსიკური დავალებით, კითხვასა
და მოსმენაზე ორიენტირებული სავარჯიშოებით, რასაც თან ახლავს წასაკითხი და მოსასმენი
ტექსტები. სტატიის მეორე ნაწილში წარმოგიდგენთ წერილის სტრუქტურასა და ელემენტებზე
მუშაობის თანმიმდევრულ ეტაპებს, რაც დაეხმარება თქვენს მოსწავლეს, დამოუკიდებლად დაწეროს
წერილი ნიმუშის მიხედვით.

 

ТЕМА:
СЕМЬЯ

ДАВАЙТЕ ПОЧИТАЕМ

1. В этом тексте вы встретите незнакомые слова. Найдите соответствия.

Шить                                      ქსოვა

Вязать                                     სამწუხაროდ

Фигурное катание                 რეცხავენ,
რეცხვა

Участвую                               კერვა

Стирают, стирать                  ვიკრიბებით

Убирать                                  ფიგურული
სრიალი

К сожалению                         ვმონაწილეობ

Собираемся                            დალაგება

 

2.  Прочитайте текст. Подчеркните незнакомые слова.

     Я И МОЯ СЕМЬЯ

Меня зовут Саша. Мне
десять лет, я учусь в шестом классе. У нас большая семья: мама, папа, бабушка, две
моих сестры, Лиза и Надя, и мой брат Дима.

Моему старшему брату
Диме восемнадцать лет. Он студент, учится в университете. Дима будет юристом. Моей
старшей сестре Наде пятнадцать лет. Она ученица, учится в десятом классе. Надя
мечтает стать дизайнером одежды. Она любит рисовать, шить, вязать.

Самая младшая из детей
– Лиза. Ей восемь лет. Она учится в школе. Лиза занимается фигурным катанием и
мечтает стать чемпионкой мира. Я забыл сказать еще об одном члене нашей семьи.
Это наш любимый лабрадор Дени.

Мои родители еще не
старые. Мама и папа почти ровесники.

Моего папу зовут
Андрей, ему сорок два года. Мой папа – строитель. Он любит свою профессию и
очень много работает.

Мою маму зовут Лена. Ей
сорок один год, она педагог. Мама преподает русский язык иностранным студентам.
У нее интересная работа.

Моя бабушка
уже на пенсии. Но она мало отдыхает. Раньше бабушка работала журналисткой. Она
и сейчас иногда пишет для газет и журналов. Мы всей семьей с удовольствием
читаем ее статьи. Бабушка очень современная и молодая, хотя ей уже шестьдесят
лет.

У меня ещё есть бабушка
и дедушка – папины родители. Они живут в деревне. На каникулы, а иногда и на
выходные, мы любим ездить в деревню.

Бабушка готовит наши
любимые блюда, а дедушка рассказывает об истории нашей страны. Он – учитель
истории.

В школе я учусь
хорошо. Я занимаюсь спортом – баскетболом. Участвую в различных соревнованиях
по баскетболу. Летом хожу в бассейн.

В нашей семье все
очень заняты, поэтому мы все помогаем друг другу. Папа покупает продукты. Мама
и бабушка готовят и стирают. Мы, дети, убираем, гуляем с собакой. К сожалению, мы
редко собираемся вместе. У взрослых работа, дела. У нас – учеба, спорт, друзья.
Но мы очень любим друг друга и наш дом.

 

3. Прочитайте текст ещё раз. Заполните таблицу.


 ФРАЗА

КТО ЭТО СКАЗАЛ? (ЧЬЯ ЭТО ФРАЗА?)

ПОЧЕМУ ВЫ ТАК

ДУМАЕТЕ?

Завтра у меня соревнование.

 

 

 

Когда я вырасту, стану чемпионкой.

 

 

 

Мне надо написать статью.

 

 

 

Надо знать историю своей страны.

 

 

 

Мои студенты уже хорошо говорят
по-русски.

 

 

 

Скоро у меня будут экзамены в
институте.

 

 

 

В этом году мы построили много домов.

 

 

 

 

Завтра приезжают дети, надо
приготовить что-нибудь вкусненькое.

 

 

Завтра у меня четыре лекции.

 

 

 

Сегодня я была на показе новой
коллекции.

 

 

 

 

Скоро мне будет одиннадцать лет.

 

 

 

Этим летом я очень много плавал.

 

 

 

 

ДАВАЙТЕ ПОСЛУШАЕМ

4. Прослушайте текст и
впишите пропущенные слова (текст №1).

Здравствуйте! Меня
зовут Антон. Это _______ имя. Я ____________.  Я ___________ работаю и мало _________. У меня
есть _______. Её зовут _______. Она ______________________. Она работает в
________________. Унас есть _________. Его зовут ______________. Он школьник.
Дима учится в _______________ классе. Я думаю, он ________ читает и много
____________ телевизор. Ещё он любит __________ у компьютера. Я его не понимаю.
Ещё у меня есть ______. Его зовут __________. Мой брат – ____________. Он много
__________. Иван побывал во многих __________. У нас есть папа. Его зовут
________Иванович. Наш папа _______. Он тоже любит много _______. Он ещё
__________. У _____ есть мама. Её зовут _______ Петровна. Наша мама уже не
работает. Она на ______________.

 

5. Прочитайте восстановленный текст. Составьте
карту семьи Антона.

6. Напишите рассказ о вашей семье и
составьте карту (используйте слова и фразы из текстов, оформите вашу работу).

 

7. Презентация. Расскажите о вашей семье
(используйте карту, которую вы составили).

 

Текст для прослушивания

Текст № 1

Здравствуйте! Меня
зовут Антон. Это моё имя. Я – биолог. Я много работаю и мало отдыхаю. У меня
есть жена. Её зовут Лена. Она преподаватель. Она работает в институте. У
нас
есть сын. Его зовут Дима. Он школьник. Дима учится в шестом классе. Я думаю, он
мало читает и много смотрит телевизор. Ещё он любит сидеть у компьютера. Я его
не понимаю. Ещё у меня есть брат. Его зовут Иван. Мой брат – капитан. Он много
плавает. Иван побывал во многих странах. У нас есть папа. Его зовут Пётр
Иванович. Наш папа врач. Он тоже любит много читать. Он ещё работает. У нас
есть мама. Её зовут Анна Петровна. Наша мама уже не работает. Она на пенсии.

სევდიანი ამბავი ბავშვებზე

0
ორიოდე თვის წინ თბილისში თავშესაფარი გაიხსნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ. მას, ვინც ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა და ზამთრის ყინვას მუყაოს ყუთებისა და პოლიეთილენის პარკებისგან შეკოწიწებულ კოლოფებში ემალებოდა, ახლა შეუძლია კარავში დაიძინოს, სადაც ღუმელი ანთია და ცხელი წვნიანი იხარშება. თავშესაფარში ზრდასრულებთან ერთად ბავშვებიც მოხვდნენ. ლამაზი, ჭკვიანი, ნაადრევად გაზრდილი ბავშვები თითო-ოროლა სადღაც ნაპოვნი სათამაშოთი და სევდიანი თვალებით. ბავშვები, რომლებიც სკოლაში არ დადიან, სარჩოს თავად შოულობენ, ხშირად განიცდიან მშობლების ყურადღების დეფიციტს და მარტონი ეცნობიან ცხოვრების სასტიკ წესებს.

ახალმა წელმა ეს-ესაა ჩაიარა, საზეიმო განწყობა ჯერ კიდევ არ განელებულა და ალბათ აჯობებდა, რაიმე მხიარული დამეწერა, მაგრამ ძნელია, საკუთარი ბედნიერებითა და სტაბილურობით დატკბე, როცა იმ ქუჩაზე, სადაც შვილს ასეირნებ, სხვა ბავშვი მშიერი დალასლასებს, როცა შენ ნაძვის ხეს და საახალწლო საჩუქრებს არჩევ ოჯახის წევრებისთვის, სხვა ბავშვები კი სათამაშოებისა და სუფთა ტანსაცმლის გარეშე იზრდებიან. გახსოვთ ანდერსენის ასანთის გამყიდველი გოგონა? დაახლოებით ეგეთი ამბავია – საკუთარი საზრუნავით გართულნი, ხშირად ვერ ვამჩნევთ მათ, ვისაც შია და სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება, ვინც მომლოდინე თვალებით შეჰყურებს ყველა გამვლელს ორიოდე თბილი სიტყვისა და მცირეოდენი დახმარების იმედით. მათთვის ყურადღება ორმაგად მნიშვნელოვანია, სიხარული – უფრო დასამახსოვრებელი. ამ ბავშვების მომავლის გადარჩენა ალბათ მხოლოდ მათდამი ყურადღებას შეუძლია.

ამიტომაც გიყვებით სევდიან ამბავს, რათა თქვენც გაიხსენოთ და მოსწავლეებსაც მოუყვეთ ასანთის გამყიდველი გოგონას, კარავში მცხოვრები ბავშვებისა და ჩვენ გვერდით მყოფი გაჭირვებული ადამიანების შესახებ, თუნდაც საახალწლოდ. იქნებ მათაც ისევე იტირონ, როგორც მე ვტიროდი, როცა პირველად ვკითხულობდი გაყინული გოგონას ისტორიას, იქნებ მათაც ისევე იფიქრონ თოვლის მოსვლისას, რომ ახლა სადღაც ვიღაც იყინება, როგორც მე ვდარდობ ხოლმე აცივებიდან გაზაფხულის მოსვლამდე ყოველ სუსხიან დღეს, იქნებ არც კი მოგისმინონ და უკმაყოფილოდ შემოგხედონ, მაგრამ მაინც უთხარით, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამ ადამიანებს მცირედი, მაგრამ მათთვის აუცილებელი დახმარება გავუწიოთ; ჩვენი ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები, ტკბილეული გავიმეტოთ მათთვის, ზოოპარკში ან საახალწლო წარმოდგენაზე წასასვლელი ბილეთი ვაჩუქოთ, თოვლის ბაბუას ერთი საჩუქრის მაგივრად ორი ვთხოვოთ და მეორე სხვას მივცეთ, მათი ამბები მოვისმინოთ და, სხვა თუ არაფერი, თანავუგრძნოთ მაინც. ძნელია, პატარებს სევდიანი ამბები მოახვიო თავს, მაგრამ ასე, სხვისი გასაჭირის გათავისებით, ისინი უკეთეს ადამიანებად დაიზრდებიან; თვითონვე გადაგიხდიან მადლობას, როცა დაინახავენ, რომ მათმა ყურადღებამ სხვა ბავშვის თვალებში ნაპერწკლები აანთო; თვითონვე გაუხარდებათ, როცა მიხვდებიან, რომ რაღაც ძალიან ღირებული, ძალიან მნიშვნელოვანი გააკეთეს.

ალბათ არც აქვს აზრი შვილებისა და მოსწავლეებისთვის სევდიანი ამბების დამალვას – დაიზრდებიან და მაინც გაიგებენ, რომ მათ ქვეყანაში სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემაა და მათი უდარდელი ბავშვობის წლებში ყოველი მეოთხე ბავშვი აქ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა.

იუნისეფის მონაცემებით, საქართველოში 16 წლამდე ასაკის 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში (ანუ მოიხმარს დღეში დაახლოებით ორ ლარს), 200 000-ზე მეტი კი ფარდობით სიღარიბეში (მოიხმარს დღეში მხოლოდ 3 ლარს). მონაცემები 2009-2011 წლებში ქვეყნის კეთილდღეობის კვლევას ეყრდნობა. ზოგისთვის სიღატაკე ადრეულ ასაკშივე ფატალური შედეგით მთავრდება. ისევ იუნისეფის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით 300 ახალშობილი იღუპება საკვების ნაკლებობის გამო.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვები გარკვეული ასაკის შემდეგ მეტწილად თვითონვე იწყებენ საარსებო სახსრების ძებნას. არასამთავრობო ორგანიზაცია SAVE THE CHILDREN-ის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში 1600-მდე ბავშვი მუშაობს. ისინი, გარდა იმისა, რომ არასათანადო პირობებში ცხოვრობენ და შეზღუდული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, ძალადობის მსხვერპლად ქცევის მაღალი რისკის ჯგუფსაც მიეკუთვნებიან.

ყველაზე მძიმე ის არის, რომ ხშირად სიღარიბე მთელი ცხოვრება გრძელდება. განათლებისა და განვითარების საშუალების გარეშე გაზრდილი ბავშვი იშვიათად თუ ახერხებს მდგომარეობის გაუმჯობესებას. ადრეულ ასაკში სიღარიბემ შესაძლოა ხანგრძლივი გონებრივი, ფიზიკური ან ფსიქიკური დარღვევები გამოიწვიოს. ეს გარემოებები განაპირობებს სიღარიბის მომდევნო თაობებისთვის გადაცემის ციკლს.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, დღეს გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენ გვერდით მძიმე პირობებში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია, დღესვე მოვუყვეთ შვილებსა თუ მოსწავლეებს მათი თანატოლების შესახებ, პატარაობიდანვე მივაჩვიოთ, მგრძნობიარედ მოეკიდონ სოციალურ საკითხებს, რომ მომდევნო თაობის ნაკლები ბავშვი მოხვდეს თავშესაფარში, საზოგადოებამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აღება აიძულოს და რაც შეიძლება მეტ პატარას ჰქონდეს თბილი სახლი, სუფთა თეთრეული, ცხელი სადილი, განათლების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობა. 

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იგრძნო დღესასწაული, გაიხარო ახალმოსული თოვლით, სინდისის ქენჯნის გარეშე უყიდო სათამაშოები შვილს და წერო მხიარული ამბები სადღესასწაულოდ.
 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...