ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ირანი, უკრაინა, საქართველო

0
ბოლო ხანს მეც აქტიურად ვადევნებ თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ვღელავ, ტუჩებს ვიჭამ, ზოგჯერ ცრემლიც მომდის. უკრაინა იბრძვის, გრგვინავს, გუგუნებს, კიევის ქუჩებში ცეცხლი ანთია, აქვე, ჩვენს ახლოს, ისტორია იწერება. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, კომპიუტერებთან ვსხედვართ, ვქოთქოთებთ, ვდუღვართ და გადმოვდივართ, სხვის ომში სიბრძნეს ვიჩენთ და, საქმეშემოლეულებივით, ერთმანეთისკენ ვიშვერთ თითებს, განვიხილავთ, საჭიროა თუ არა უკრაინელებისთვის სოლიდარობის გამოცხადება, ვის აქვს აქციებზე მისვლის მორალური უფლება და ვის – არა, ერთმანეთს ძველ ამბებს ვუხსენებთ და დაუსრულებლად ვქილიკობთ. ალაგ-ალაგ ხმასაც ვუწევთ, ვჩხუბობთ, ოპონენტის პარტიულ ინტერესებს ვუსვამთ ხაზს, გავყვირით: „სხვა აქციებზე რომ არ მინახიხარ?” – და ბოლოს მჭექარე სტატუსით ვამთავრებთ: „ვინც არ მეთანხმებით, წამშალეთ, დამბლოკეთ, დამკარგეთ, გამარჯობა არ მითხრათ!”

პოლიტიკურ ნიადაგზე ადამიანების გადამტერება ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენთვის. განსხვავებული მოსაზრებების გამო იყოფა ოჯახები, მეგობრები მტრებად იქცევიან. არ ვაჭარბებ. ჩემი თუ არ გჯერათ, გარშემო მიმოიხედეთ.

 

მე კი, როცა პოლიტიკის გამო ერთმანეთს წაკიდებულ ახლობლებს ვხედავ, შირინ ებადი მახსენდება და მისი წიგნი, „ოქროს გალია”, რომლის თარგმნასაც სულ ახლახან მოვრჩი.
***
არასოდეს დამავიწყდება: 2010 წლის აგვისტო, ლეონი, მექსიკა – უზარმაზარი, ამფითეატრის მსგავსი აუდიტორიის შუაგულში, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ქალი დგას და სპარსულად ლაპარაკობს. ჩვენ ყურსასმენები გვიკეთია და სუნთქვაშეკრულები ვსხედვართ. ის ჰყვება ირანელ ქალებზე, სტუდენტებზე, აქტივისტებზე, ჰყვება, როგორია მათი ცხოვრება, ჰყვება, როგორ ისჯებიან მის სამშობლოში ადამიანები თავისუფლების სიყვარულისთვის. ემოციურად და მკაფიოდ ლაპარაკობს. მისი ენა არ ვიცი, მაგრამ მგონია, სინქრონული თარგმანის გარეშეც გავიგებ ყველა სიტყვას. მე მჯერა, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს უსიტყვოდაც შეიძლება ესმოდეთ ერთმანეთის. 

ასე მოვუსმინე პირველად ირანელი ნობელიანტის შირინ ებადის ლექციას მექსიკაში, ახალგაზრდობის მსოფლიო კონფერენციაზე. მას ნობელის პრემია 2003 წელს გადასცეს მშვიდობის დარგში. ცნობილი იურისტის ოჯახში გაზრდილი ებადი არა მარტო პირველი ირანელი ნობელიანტია, არამედ პირველი ირანელი ქალიც, რომელიც თეირანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.  

წარმოდგენაც კი მიჭირს, რა ძნელია იყო ქალი, რომელიც თანასწორობის, თავისუფლების იდეით და საკუთარი თავის რწმენით გაზარდეს, რომელმაც თავისი განათლებითა და შრომით მიაღწია მიზანს, იყო ორი გოგონას დედა და მოქალაქე ქვეყნისა, რომელიც გართმევს საყვარელ საქმეს, ძვირფასი ადამიანების სიცოცხლეს, თვითრეალიზაციის ყოველგვარ საშუალებას და ყოველდღე სიკვდილით ან პატიმრობით გემუქრება. თეთრი შურით მშურს ქალების, რომლებიც ახერხებენ, ღირსეულად და უშიშრად იცხოვრონ ასეთ სახელმწიფოებში, იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის, იბრძოლონ ისე, როგორც შეუძლიათ: აქციებზე დგომით, წერით, ციხეში წამებისას – დუმილით, შვილების აღზრდით თუ სხვა გზებით. შირინ ებადისაც მშურს – მან ყველაფერი მოახერხა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

შირინ ებადის „ოქროს გალია” 2011 წელს დაისტამბა. წიგნში მოთხრობილი ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის, ისტორია, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. ეს არის ამბავი ოჯახისა, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე – ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ მათი ურთიერთობა ვეღარც საერთო სისხლმა და სახლმა გადაარჩინა და ვეღარც ერთადერთმა დამ. როგორ დასრულდა მათი ამბავი, არ მოგიყვებით – „ოქროს გალიას” სულ მალე გამომცემლობა „ინტელექტი” „ნობელის პრემიის ლაურეატების” სერიით გამოსცემს.

შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. ეს წიგნი ჩვენს ცხოვრებაზეცაა, ჩვენს რეალობაზე, იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შესაძლოა, ჩვენივე დამსახურებით ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ. 
***
ხშირად მსმენია, რომ მთარგმნელის შრომა დაუფასებელია. მე კი ვფიქრობ, რომ როცა საყვარელ წიგნს თარგმნი, მთავარი ის კი არ არის, მკითხველმა შენი სახელი და გვარი დაიმახსოვროს, არამედ მიხვდეს, რატომ მოჰკიდე მის თარგმნას ხელი. 

„ოქროს გალია” დროული წიგნია ჩვენთვის. დროულია იმის ცოდნაც, რომ ყველას აქვს უფლება, ისე გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, როგორც უნდა, ნებისმიერ აქციაზე დადგეს და არჩევნებზე საკუთარი შეხედულებისამებრ მისცეს ხმა. თქვენ შესაძლოა სასაცილო მოგეჩვენოთ ჩემი პათოსი, მე კი მგონია, რომ ამ ყველაფრის შეხსენებაც დროულია, თორემ ხანდახან გვავიწყდება, რომ დედამიწა არც ისე პატარაა – ყველანი დავეტევით.

ესპანეთის სასკოლო განათლება

0
ესპანეთში სასკოლო განათლება სავალდებულო (დაწყებითი და საშუალო სკოლა) და დამატებითი განათლებისგან შედგება. აქ არის სახელმწიფო სკოლები, რომლებშიც სწავლა უფასოა, სკოლები თანაგადახდით, სადაც მშობლები ნაწილობრივ იხდიან სწავლის გადასახადს და კერძო სკოლები, სადაც ოჯახები სრულად ფარავენ სწავლის საფასურს. კერძო სკოლები, ამასთან, მოიცავს სრულ საგანმანათლებლო ციკლს, ბაგა-ბაღებიდან და საბავშვო ბაღებიდან სკოლის დამამთავრებელი კლასების ჩათვლით. 

კერძო სკოლები, რომლებსაც კოლეჯებსაც უწოდებენ, თავის მხრივ, ნაციონალურ და ინტერნაციონალურ სკოლებად იყოფა. ინტერნაციონალურ კერძო სკოლებში სწავლების დონე ნაციონალურზე გაცილებით მაღალია, რადგან ისინი აქტიურად იყენებენ მთელ მსოფლიოში აღიარებულ მეთოდოლოგიას სწავლების პროცესში და დაქირავებული ჰყავთ უცხოელი (არაესპანელი) მასწავლებლები, ამიტომ ამგვარი სკოლები უფრო პროგრესულად მიიჩნევა ესპანურ საზოგადოებაში. აქ უფრო ღრმა და კვალიფიციური ცოდნის მიღებაა შესაძლებელი.

ესპანეთში კერძო სკოლებს მეტი თავისუფლება აქვთ მინიჭებული სახელმწიფოსგან, ვიდრე საჯაროს. ეს იმით გამოიხატება, რომ მათ სრულიად დამოუკიდებლად შეუძლიათ სასკოლო პროგრამების შერჩევა. ბევრი კერძო სკოლა ისეთი ქვეყნების სასკოლო პროგრამებს მისდევს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი. ასეთ სკოლებში სწავლება ერთდროულად ორ ენაზე მიმდინარეობს. მათ მოსწავლეებს სკოლის დამთავრების შემდეგ უადვილდებათ იმ ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება, რომლის სასკოლო პროგრამითაც სწავლობდნენ და რომლის ენასაც ეუფლებოდნენ როგორც მეორე ენას.

კერძო სექტორში არსებობს, მაგალითად, ინგლისურ-ესპანური სკოლებიც, რომელთა სასწავლო პროგრამები უშუალოდ ეფუძნება ბრიტანულ სასწავლო გეგმას, თუმცა ესპანური ენა და კულტურა ესპანური საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე ისწავლება (The British School of Barcelona). ასეთი სკოლების კურსდამთავრებულნი საფუძვლიან აკადემიურ მომზადებას და საშუალო განათლების ორ სერტიფიკატს იღებენ, რომელთა წყალობითაც თავისუფლად აბარებენ მისაღებ გამოცდებს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ოქსფორდი და კემბრიჯი.

ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთივე პროგრამები თავად დიდ ბრიტანეთში ორჯერ ძვირი ღირს.

ამრიგად, კერძო სკოლები ესპანეთში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. განათლების სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს სწავლის დონეს, განურჩევლად იმისა, კერძოა სკოლა თუ სახელმწიფო. სასწავლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, ყველა ასპექტით აკმაყოფილებდნენ განათლების სფეროში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიის მოთხოვნებს. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა სწავლების მეთოდოლოგია, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სკოლის ტექნიკური აღჭურვილობა, საკლასო ოთახში მოსწავლეთა რაოდენობა, გულმოდგინედ ანალიზდება. სკოლა მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში იღებს საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.

ახლა კი ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ ესპანური საშუალო განათლების თითოეული საფეხური: 

სკოლამდელი განათლება 

სკოლამდელი განათლება ორ ნაწილად იყოფა: ბაგად და საბავშვო ბაღად. ბაგაში სამ წლამდე ასაკის ბავშვებს იღებენ, საბავშვო ბაღში კი სამიდან ექვს წლამდე ასაკისას. ამ საფეხურის გავლა არ არის სავალდებულო. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ესპანელ მშობელს დაჰყავს შვილი საბავშვო ბაღში, რადგან მიიჩნევა, რომ ადრეული განვითარება სათანადოდ ამზადებს აძლევს ბავშვს სკოლაში სწავლისთვის, საზოგადოდ, ხელს უწყობს მის სოციალიზაციას. მშობლები შეძლებისდაგვარად ცდილობენ, შვილები მიაბარონ იმ კოლეჯებთან არსებულ საბავშვო ბაღებს, რომელშიც სურთ შემდეგ მისი მიყვანა.
დაწყებითი სკოლა 

ამ საფეხურიდან უკვე სავალდებულო განათლება იწყება. სახელმწიფო სკოლებში სწავლა, როგორც აღინიშნა, უფასოა. დაწყებითი სკოლა მოიცავს სამ ორწლიან ციკლს ანუ ექვს კლასს – 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კანონით, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. კერძო სკოლებში ის შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები იყოს, რაც დადებითად აისახება სწავლის შედეგებზე. სახელმწიფო სკოლებში უცხო ენის სწავლებას რვა წლიდან იწყებენ, ზოგიერთ კერძო სკოლაში კი საბავშვო ბაღიდან, რაც სწავლის მომდევნო ეტაპებზე მეორე და მესამე უცხო ენის დამატების საშუალებას იძლევა. თუ სკოლა ესპანეთის ავტონომიურ რეგიონშია, ესპანურ ენასთან ერთად პირველივე კლასიდან ისწავლება მეორეც (მაგ., კატალონიური, ვალენსიური, გალიციური, ბასკური), რამდენადაც ხსენებული ენები მოცემული ავტონომიური გაერთიანებების ოფიციალურ ენებად მიიჩნევა.
 
სავალდებულო საშუალო განათლება (ESO) 

ეს საფეხური გულისხმობს ოთხწლიან სწავლას – 12-დან 16 წლამდე – და იძლევა საბაზო ცოდნას საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, ტექნიკურ, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში, უცხო ენებსა და ფიზიკურ კულტურაში. საშუალო სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო სავალდებულო განათლების დამადასტურებელი ატესტატი (el título de Graduado en Educación Secundaria Obligatoria), რომლის მიღებაც აუცილებელია დამამთავრებელ კლასებში (ე.წ. Bachillerato), მერე კი უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, ასევე – უმაღლესი პროფესიული განათლების მისაღებად.

განათლების ეს საფეხური სავალდებულო არ არის. მოსწავლეს აქვს ალტერნატივაც: სწავლა გააგრძელოს პროფესიულ სასწავლებელში და აითვისოს რომელიმე ხელობა.
უფროსი კლასები (Bachillerato) 

Bachillerato ეწოდება საშუალო განათლების ზედა საფეხურს, რომლის გავლაც, როგორც ითქვა, სავალდებულო არ არის. აქ მოსწავლეები 16-დან 18 წლამდე სწავლობენ სამი მიმართულებით: ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისა. უფროს კლასებში სწავლისთვის აუცილებელია საშუალო განათლების ატესტატი. მოსწავლე ირჩევს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებას, რათა ზედმიწევნით მოემზადოს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად მოცემული სპეციალობით. უნივერსიტეტში მოსახვედრად კი აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება (ეს გამოცდები გახლავთ საქართველოში დანერგილის ესპანური ანალოგი, სახელწოდებით Selectividad). უფროს კლასებში სწავლისას მოსწავლეები იძენენ ინფორმაციის მოძიების, დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს, ეუფლებიან კვლევითი მუშაობისთვის აუცილებელ ჩვევებსაც, რაც მათ ძალიან ეხმარება უნივერსიტეტში სწავლის დროს.

აუცილებელი სასკოლო პროგრამა დგება სახელმწიფო და რეგიონული ხელისუფლებების ერთობლივი მუშაობით. რეგიონული პარლამენტები და მთავრობები განათლების სფეროში საკმაოდ ფართო უფლებამოსილებით სარგებლობენ, ამიტომ ესპანეთის სხვადასხვა რეგიონის სასკოლო პროგრამები შესაძლოა საგრძნობლად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. განათლების შესახებ 2006 წელს მიღებული კანონის თანახმად, სავალდებულო საგნების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს სასკოლო პროგრამის 65 პროცენტს.

ესპანური სასკოლო განათლების კიდევ ერთი უდავო უპირატესობაა მასში მაღალი სპორტული კულტურის არსებობა. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ საგანმანათლებლო პროცესის ფუნდამენტური ნაწილია ბავშვის ფიზიკური აღზრდა, ამიტომ ესპანეთის სკოლები, უფრო მეტად კი კერძო, განთქმულნი არიან სპორტული დარბაზებითა და ჩოგბურთის, მძლეოსნობის, ფეხბურთის, მინიფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ძიუდოს, გოლფისა თუ წყალბურთის მოედნებით.

კატო მიქელაძე – ქართული ფემინიზმის უცნობი ფურცლები

0

„მთელი ისტორია არის ისტორია მამაკაცებისა, მათი ომებისა და რევოლუციისა, მათი შუღლისა და ამბოხებისა, სადაც მდედრობითი სქესი პოლიტიკურ და მოქალაქურ ცხოვრებაში უკანასკნელ ხანამდე არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა”, – ამბობდა თითქმის ერთი საუკუნის წინ კატო მიქელაძე, ქალთა უფლებების დამცველი და ემანსიპაციის გულმხურვალე მხარდამჭერი და მქადაგებელი, ფემინისტი, პუბლიცისტი, აქტივისტი და უბრალოდ ქალი, რომელმაც სწორედ ამ დამსახურებათა გამო პატრიარქალური ისტორიოგრაფიის გალერეაში სათანადო ადგილი ვერ დაიკავა. მაგრამ დრო არ კარგავს ისტორიისგან გარიყულ ადამიანებს – მათ ღვაწლს, თუმცაღა დაგვიანებით, მაინც წარმოაჩენს. ესენი არიან ქალები, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისთვის, მომავლისთვის, იბრძვიან საზოგადოების სრულფასოვან წევრად ქცევისთვის, ხმის აქტიური და პასიური უფლებისთვის, განათლებისთვის, თანასწორობისთვის. იბრძვიან უმეტესად მარტო. ეს მათი ბრძოლაა, ქალი-გმირების, ქალი-აქტივისტების, ქალი-პუბლიცისტების, ქალი-დედების, სამაგალითო და ჭკვიანი ქალების, რომლებიც სწორედ მათი სქესის გამო გარიყეს. საზოგადოებამ და ოჯახმა კარი დაუხშო მათ განვითარებას და აქტიურ სოციალიზაციას. დაუჯერებელია, მაგრამ თითქმის ერთი საუკუნის წინათ არსებობდნენ ქალები, რომლებიც იმდროინდელი მძიმე ისტორიული კონტექსტის პირობებშიც კი მთელი სიმწვავით სვამდნენ ქალთა თანასწორობის პრობლემას და გაერთიანებისკენ, სოლიდარობისა და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდნენ სხვა ქალებს, რომლებიც ელოდნენ, როდის მოაგვარებდა ვინმე მათ მაგივრად მათსავე პრობლემას.
„ასეთი ქალები, ვამბობ მე, წააგვანან იმ გულუბრყვილო ბავშვებს, რომლებსაც რამე შეწუხების დროს უფროსები ეუბნებიან: შენ ოღონდ არ იტირო და მე ბზრიალას მოგიტანო, – და ისინიც უჯერებენ და ელოდებიან დაპირებულ საჩუქარს”, – მკვახე შეფასებებს არ იშურებდა მათთვის კატო.
მწვავე და პირდაპირი იყო მისი საჯარო გამოსვლები. იგი არ ერიდებოდა იმ ქალების კრიტიკას, რომლებსაც არ სურდათ ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის, არ მოითხოვდნენ, პარტიებს ქალებიც შეეყვანათ კანდიდატთა სიებში: „თქვენ გეუბნებიან, თვითმმართველობა უნდა გადავიდეს ხალხის ხელშიო; სთქვით, რომ ხალხს არ წარმოადგენს მხოლოდ მამაკაცები!” – მიმართავდა მათ და შეახსენებდა, რომ ამქვეყნად კუჭზე ზრუნვა არ კმარა; საჭიროა სხვა ცხოვრება, სადაც ქალის საქმედ მხოლოდ მზარეულობას არ განიხილავენ; რომ ქალი არ არის მხოლოდ ტკბობის საგანი, ვნებათა ღელვის დამამშვიდებელი ობიექტი, სადღეგრძელოების მუზა, ჩიტი, ჩამწყვდეული ჰარამხანაში; ის არ არის მხოლოდ ისტორიული ტიკინა – იგი გაგრძელებაა იმ დიდებულ ქალთა მოდგმისა, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც გარეგნული სიტურფით, ასევე შინაგანი სიმდიდრითაც. კატო მაგალითებს არ იშურებდა, რომ გაეღვიძებინა ქალებში თავიანთი პიროვნულობის განცდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის სურვილი. „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადიაო” – ამ აფორიზმსაც შეახსენებდა და თვითგამორკვევისკენ მოუწოდებდა.
ქართველი ფემინისტის კატო მიქელაძის შესახებ ცნობები მწერალმა და გენდერის მკვლევარმა თამთა მელაშვილმა შეკრიბა, წიგნი „კატო მიქელაძე. ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები” კი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. წიგნში შესულია კატო მიქელაძის საჯარო გამოსვლები, ლექციები, პუბლიკაციები, ასევე – მისი პოეტური შემოქმედება. თამთა მელაშვილი აღნიშნავს, რომ წიგნი მისთვის ერთგვარი ცდაა, გაუმკლავდეს დომინანტურ დისკურსს და ფემინისტური პერსპექტივიდან აჩვენოს საქართველოს უახლესი წარსული, როდესაც ქალები იბრძოდნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩასართველად, ამ უფლებების მოსაპოვებლად.
კატო მიქელაძის საფლავი დღეს დაკარგულია, სახელი – მივიწყებული, საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც ფემინიზმს დასავლეთიდან იმპორტირებულ ბურჟუაზიულ სენად ნათლავდა, არ გასჭირვებია კატო მიქელაძის ფემინისტური აქტივიზმის უგულებელყოფა – მას პოეტი ქალის სახელი აკმარა.
კატომ თავდაპირველი განათლება ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო, თუმცა სწავლის დასრულება ხელმოკლეობის გამო ვერ მოახერხა. მოგვიანებით იგი არალეგალურ რევოლუციურ საქმიანობაშიც იყო ჩართული და ძირითადად აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა. სწავლობდა რუსეთში, შემდეგ – შვეიცარიაში, ბრიუსელში. ფემინიზმის ევროპული გამოცდილება პირველად პარიზში მიიღო. შემდეგ მშობლიურ ქუთაისს დაუბრუნდა, თანამოაზრეები შემოიკრიბა და სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას ეწეოდა. კითხულობდა საჯარო ლექციებს ქალთა მდგომარეობაზე. მისი რედაქტორობით გამოიცემოდა პირველი ფემინისტური გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა”.
არ ვიცი, იყვნენ თუ არა მზად კატო მიქელაძის თანამედროვე ქალები, ეგრძნოთ თავიანთი გამორჩეულობა, მოქალაქეობრივი ვალის სიმძიმე და პასუხისმგებლობა. კატო ამბობდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ამის მოთხოვნილება გაჩნდებოდა, ქალები კი მოუმზადებლები შეხვდებოდნენ მას. წინასწარმეტყველება ახდა – ქალებს დღესაც სჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ისინიც სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, რომ მათაც შეუძლიათ საქმის კეთება, რომ მათაც სჭირდებათ საზოგადოების ნდობა და იმედს არ გაუცრუებენ. ეს პრობლემები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ იყო; დღესაც უთანაბროა და-ძმის უფლებრივი მდგომარეობა მემკვიდრეობის მიღებისას; ქალზე ფიზიკურ ძალადობას მოსახლეობის 34 პროცენტი ამა თუ იმ მიზეზით ამართლებს… სწორედ ასეთი უსამართლობის მსხვერპლთ მოუწოდებდა გაერთიანებისკენ მათი უერთგულესი და ყველაზე აქტიური მხარდამჭერი: „ვისაც დაჰკოდვია გული თავისსავე ოჯახში ქმრისგან, მამისგან, ძმისგან, ვისაც საკუთარ ნაამაგარ ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, თავისუფალი კუნჭული, გადმოეღვარა ცრემლი თვის საკუთარ, დედაკაცის უბედურებით სავსე ხვედრის ჭირ-ვარამზე, მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ ქალთა სწორუფლებიან დროშას!”
კატომ იცოდა, რომ ქალის ფიზიკური თუ სულიერი გადარჩენა მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად უმნიშვნელოვანესზე – განათლებაზეც იყო დამოკიდებული. იმდროინდელი განათლების სისტემა კი ვერ იქნებოდა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის იდეის მომხრე, სისტემას არ სჭირდებოდა მოაზროვნე ქალები. განათლების სისტემა თავად იყო ამ მახინჯი სტერეოტიპების გამგრძელებელი და სწორედ მასწავლებლები გადასცემდნენ მომავალ თაობებს გენდერულ სტერეოტიპებს. კატოს გამოსავლად განათლების სისტემის რეფორმა და მასწავლებელთა გადამზადება მიაჩნდა. „მომავალი ქართველი ქალის ადამიანური პიროვნების ამაღლებას რომ დღევანდელი ჩვენი პედაგოგთა უმრავლესობა ხელს შეუწყობდეს, ამას ჩვენ ვეჭვობთ, სანამ მათი პსიხოლოგია არ შეიცვლება. როგორც მშობლების, ისე მასწავლებელთაგან აღზრდის მხრივ ყურადღება უნდა ექცეოდეს  ოჯახში და სკოლაში მოსწავლეთა შორის ქალ-ვაჟთა სწორუფლიანობის შეგნებას. ამ მოვალეობის შესრულებას მომავალი თაობის წინაშე დღეს ყველაზე მეტად დედები და მასწავლებელი ქალები უნდა შეუდგნენ”, – ამბობდა ის და დასძენდა, რომ ამ მხრივ სანუგეშოს ჯერჯერობით ვერაფერს ხედავდა.
ქალთა თანასწორობის მტრებს მაშინაც, როგორც დღეს, რამდენიმე არგუმენტი ეკერათ პირზე: მათი აზრით, ქალის საზოგადოებრივი როლი შეუთავსებელი იქნებოდა მათ დედობრივ მოვალეობასთან, კაცთან შრომითი გათანასწორება კი ჩაკლავდა მასში ქალურ სინაზეს და დედობრივ გრძნობებს. კატო ამ შეხედულებებსაც ეხმიანებოდა: „ქალთა უფლების მტერნი გაიძახიან : ქალებს რომ თავისუფლება მივცეთ შრომაში, განათლებაში და საზოგადო ცხოვრებაში, ოჯახსა და შვილებს დაივიწყებენო. რომ გაუშინჯოთ მახვილი თვალით კბილი მათს წუწუნს, ნათლად დავინახავთ, რომ მათ მართლა აწუხებთ არა ოჯახის და შვილების დარდი, არამედ ის მოფიქრება, რომ მოქალაქური უფლებით შემოსილ ქალებს ისინი ტიკინებათ ვერ გახდიან, ვერ შეაცდენენ, ვერ იყიდიან და ვერ გაყიდიან, როგორც დღევანდელ მონა ქალებს ყიდულობენ”. საზოგადოებრივი როლი კი არათუ არ დააზიანებდა ქალის ოჯახურ მდგომარეობას, არამედ გონიერ და მებრძოლ დედას შვილიც ასეთივე ეყოლებოდა. მოქალაქე დედა უწინარესად სწორედ შვილებს სჭირდებოდათ, რადგან მხოლოდ ასეთ ქალს შეეძლო სრულფასოვანი მოქალაქის აღზრდა – ასეთი იყო გზავნილები, რომლებსაც კატო თავის თანამედროვე ქალებს უგზავნიდა.
ქალის როლი კი არასდროს ყოფილა იოლი. მამაკაცების საზოგადოებრივი ცხოვრების ფონზე ის ბურჯივით იდგა და უსიტყვოდ ეზიდებოდა ცხოვრებისეულ ტკივილებს, მსხვერპლად წირავდა საკუთარ სურვილებს. მის მხრებს იყო მინდობილი მძიმე საოჯახო საქმე, შვილების გაჩენა და მათზე ზრუნვა, აღზრდა და განვითარება, მაგრამ მაინც იჩაგრებოდა, მაინც სხვაზე ნაკლები უფლება და ავტორიტეტი ჰქონდა, მატერიალურად ქმარსა და შვილებზე იყო დამოკიდებული.
კატოს მოწოდებეათა სამიზნე მხოლოდ ქალი არ ყოფილა – იგი მამაკაცებსაც მიმართავდა, სთხოვდა მათ, მეტი გულისხმიერება გამოეჩინათ ქალების მიმართ, მიეცათ მათთვის ასპარეზი შრომისა და თავის გამოჩენისა და ისინი ნამდვილად არ შეირცხვენდნენ თავს. „უფლებიანი დედაკაცები მარსზე და იუპიტერზე ცხოვრებას არ აპირებენ, რომ იქ წაიღონ და გაფლანგონ დედამიწაზე აღებული ხელფასი და მით შეავიწროვონ ცხოვრება მამაკაცებისა”, – წერდა კატო.
დღეს, როცა ეს საკითხები კვლავაც მტკივნეულია, კატო მიქელაძის ინტელექტუალური მემკვიდრეობის გაცნობა მოზარდთათვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ეს კი, როგორც ყოველთვის, მასწავლებელთა ვალია. მათ უნდა გააცნონ მომავალ თაობას ისტორიის ლაბირინთებში დაკარგული, სტერეოტიპებთან მებრძოლი გმირი. სტერეოტიპებთან, რომლებიც რატომღაც მემკვიდრეობით გადადის უკურნებელი სენივით.

როგორ მივიყვანოთ ცხენი პატრონამდე

0
რა ენაზე ლაპარაკობს არაცნობიერი

ჩვენი არაცნობიერი მეტაფორებით გვესაუბრება. მთავარია, მისი ენა ვისწავლოთ. მაშინ საკუთარ თავსაც და სხვებსაც უფრო ადვილად გავუგებთ. არ არსებობს წინასწარ მოცემული ანბანი და ლექსიკონი, რომელსაც შეისწავლიდით და საკუთარი სულის ამოხსნას შეძლებდით. ამ ენის სირთულე ის გახლავთ, რომ ინდივიდუალურია. ერთი და იგივე სახე სხვადასხვა ადამიანთან სრულიად სხვადასხვანაირად აღიქმება, ამიტომ არის, რომ ხშირად გადაცემული შინაარსი შორდება აღქმულს და მეტყველება კარგავს ეფექტურობას.

სამაგიეროდ, შესაძლებელია, იდეას შეუფარდო ისეთი მეტაფორული შინაარსი, რომელიც მეორე ადამიანისთვის ნაცნობი და გასაგებია. ამ შემთხვევაში მთავარია გზავნილი და სწორად აგებული მეტაფორა თქვენი პრობლემების გასაღების პოვნაში გეხმარებათ.

ფსიქოთერაპიაში მეტაფორების მთავარი ძალა იმალება ასოციაციებში, რომლებიც მსმენელში ცოცხლდება. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მეტაფორა ერთი სიტყვისგან; მსმენელის ქვეცნობიერი დამოუკიდებლად იპოვის გამოსავალს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

მეტაფორის გამოყენების ხელოვნება გულისხმობს, რომ ის, ერთი მხრივ, იყოს რეალისტური, მეორე მხრივ კი ბუნდოვანი, დაუმთავრებელი. მთავარია, ფინალზე ოპტიმისტურ მინიშნებას შეიცავდეს.

და მაინც, რატომ მეტაფორა?

„მეტყველება, რომელიც შედგება აბსტრაქტული ცნებებისგან, მეტაფორული მეტყველებისგან განსხვავდება. მეტაფორების შემთხვევაში ჩვენი გრძნობათა ორგანოები უფრო აქტიურად მუშაობენ და იწვევენ კაშკაშა წარმოდგენებს, რომლებსაც ახლავს ხმა და შეგრძნებები. ისინი „აცოცხლებენ”შეტყობინებას. მეტყველება, რომელიც ცნებებისგან შედგება, სრულიად სხვაგვარად რეგისტრირდება გონებაში. როდესაც თქვენ მიმართავთ მეტაფორებს, მსმენელი იგივდება მხედველობით სურათებთან, ხმასთან, რომელსაც ქმნის სახე, ამასთან, მოსაუბრე აღნუსხავს, „რეგისტრაციას უკეთებს” აზრს და უკეთ იმახსოვრებს საუბარს” (გარი ოლდერი, ბერილ ჰეზერი, NLP).

ალბათ ყველა თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, პირდაპირ ეთქვა თანამოსაუბრისათვის: იყავი ძლიერი… ჯობს, ასე მოიქცე… მაგრამ ადამიანები იშვიათად ითვალისწინებენ გარედან მიღებულ რჩევებს; ისინი თავიანთ შეგრძნებებს უფრო ენდობიან, ვიდრე ვისიმე რეკომენდაციებს.

როგორ გადმოვცეთ აზრი ისე, რომ ცნობიერება არ შევაწუხოთ?

მეტაფორა საუკეთესო საშუალებაა საამისოდ. მეტაფორული დიალოგის დროს: არ ეკამათები თანამოსაუბრეს, არ ცდილობ, ის რამეში დაარწმუნო, არ იწვევ კონფლიქტს. ცნობიერებისთვის ეს არის რაღაც ამბავი, ისტორია, რომელიც არ ეხება საქმეს, არაცნობიერისთვის კი მოქმედების ინსტრუქციაა.

მეტაფორა ყოველთვის უფრო ზუსტად ახასიათებს საგანს ან მოვლენას, ვიდრე პირდაპირი აღწერა. ამავე დროს, მეტაფორა გვეხმარება, უფრო ეფექტურად ვიაზროვნოთ, „რთავს” თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს და ქმნის ახალ გზებს შემეცნებისთვის.
რა იქნებოდა, მე რომ…

ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტები გვირჩევენ, სწორედ ამ კითხვით დავამყაროთ კონტაქტი ჩვენს ქვეცნობიერთან. მეტაფორა შეიძლება გულისხმობდეს საგანს ან არსებას (ხეს, შენობას, პერსონაჟს, ცხოველს). ეს პროცესი აამოქმედებს ინტუიციურად წარმოქმნილ იდეებს, რომლებიც თქვენს ქვეცნობიერ ზრახვებსა და ღირებულებებს გამოხატავს. ამ შემთხვევაში მეტაფორათა საშუალებით თქვენ შეძლებთ კავშირს მარჯვენა ნახევარსფეროსთან.

მაგალითად: „რა მოხდებოდა, მე რომ ხე ვყოფილიყავი”. შეგიძლიათ დაწეროთ პატარა ესეი ამ თემაზე (ან დააწერინოთ მოსწავლეებს) და შემდეგ ყურადღებით წაიკითხოთ ეს ნაწერი – ბევრ რამეს შეიტყობთ თქვენი არაცნობიერი სურვილების შესახებ.
მილტონ ერიქსონის მეტაფორები

„უსმინეთ თქვენს გულს – მან საიდანღაც იცის, რა არის თქვენთვის საჭირო”.

სტივ ჯობსი

მილტონ ერიქსონის თხრობა მეტაფორულობითაა განსაკუთრებული. ფსიქოთერაპიაში იგი მეტაფორებს მნიშვნელოვანი გზავნილებისთვის იყენებდა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანს უამრავი ისეთი რამ ხვდებოდა ცხოვრებაში, რის გამოც შესაძლოა „გზას ასცდენოდა”; თერაპევტს კი მისი გზაზე დაბრუნება ევალებოდა. ამბები, რომლებსაც ერიქსონი ჰყვებოდა, ორპლანიანი გახლდათ: ჰქონდა პირდაპირი მნიშვნელობაც და მეტაფორულიც. უფრო მეტიც – ერთ იდეას იგი მრავალგვარი შინაარსით აფორმებდა – მსმენელისთვის გასაგებ ენაზე.

სტუდენტებს იგი ხშირად უამბობდა ერთ ამბავს, რომელიც ახალგაზრდობაში გადახდა: 

ერთხელ მის ეზოში დაკარგული ცხენი შეეხეტა. ერიქსონმა გადაწყვიტა, იგი პატრონისთვის დაებრუნებინა, მაგრამ ცხენს, სამწუხაროდ, არ ჰქონდა არავითარი ნიშანი, რომ პატრონი ამოგეცნოთ.

ერიქსონი შეჯდა ცხენზე, გაიყვანა იგი გზაზე და ნება მისცა, მიმართულება თავად ამოერჩია. ცხენი გზას დაადგა. ერიქსონი მხოლოდ მაშინ ერეოდა, როცა ცხენი გზიდან გადაუხვევდა. როგორც იქნა, ცხენი მიადგა პატრონის ეზოს. პატრონმა ჰკითხა ერიქსონს: – როგორ გაიგეთ, რომ ცხენი ჩემი იყო? ერიქსონმა უპასუხა: – მე არ ვიცოდი ეს, აი, ცხენმა კი იცოდა. ჩემი ერთადერთი დამსახურება ის არის, რომ არ მივეცი საშუალება, გზიდან გადაეხვია.

ამ ისტორიით ერიქსონი არწმუნებდა სტუდენტებს, რომ სწორედ ასე შეეძლოთ დასახული მიზნის მიღწევა. ერიქსონი მიენდო ცხენის ინსტინქტებს, რადგან იცოდა, რომ მან იცოდა გზა; ადამიანმაც კარგად იცის, რაც სჭირდება და იცის ისიც, როგორ მიაღწიოს ამას. უბრალოდ, გზიდან არ უნდა გადაუხვიოს!

თქვენი შინაგანი ხმა რომ გაიგონოთ, მოსმენა უნდა ისწავლოთ. საკუთარი თავის მოსმენა.

ყველას გვაქვს ინტუიციური ცოდნა, განურჩევლად იმისა, შეგვიძლია თუ არა მისი სიტყვიერად გამოთქმა. მაგალითად, მიდიხართ საყიდლებზე, დადიხართ ერთი მაღაზიიდან მეორეში, იზომებთ, ისინჯავთ და თუ ვინმე გკითხავთ, როგორი ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი გრურთ, უმეტესად პასუხობთ: „არ ვიცი…” მერე კი, როცა უეცრად შეამჩნევთ თქვენთვის სასურველ სამოსს, იტყვით, რომ „აი, სწორედ ასეთი გინდოდათ”, რომ ეს კაბა თუ ფეხსაცმელი სწორედ სათქვენოა. თითქოს არსებობს რაღაც მისტიკური კავშირი თქვენსა და საყიდელ ნივთს შორის…

ასე რომ, ყოველთვის, როცა რაიმე მიზანს დაისახავთ, მიჰყევით საკუთარ თავს. ნუ გაჯიუტდებით და ნუ შეჩერდებით, ნურც გზიდან გადაუხვევთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვებს. უბრალოდ, უსმინეთ შინაგან ხმას და ყოველთვის გახსოვდეთ, ესეც მეტაფორაა: თქვენ უბრალოდ ადამიანი კი არა, მხედარი ხართ, რომელმაც იცის, როგორ მართოს ცხენი, როდის მიუშვას სადავე, როდის ჩორთით ატაროს და როდის გააჭენოს.

ერთი მასწავლებლის ამბავი

0
ლევან სებისკვერაძე
სპორტის ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლაზე, მოსწავლეებზე, მშობლებზე და სხვა

სკოლა, სადაც გიორგი სპორტს ასწავლის, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. ამ სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს. რატომ? მიზეზი მარტივია: დაცარიელებული ქართული სოფლებიდან წამოსული ოჯახების უმეტესობა სწორედ თბილისის გარეუბნებში სახლდება, სადაც ბინის ქირა დედაქალაქის სხვა უბნებზე ნაკლებია.

გიორგი 28 წლის კაცია. თავის დროზე ფეხბურთელი იყო, ნახევარმცველი, და საკმაო წარმატებითაც თამაშობდა უმაღლესი ლიგის ორ გუნდში. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 17 თამაშში ამ ბიჭს 6 გოლი გაუტანია, რაც ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია. მერე მუხლის მენისკი გაუხდა სამკურნალო. მკურნალობამ ცუდად ჩაიარა. ექიმების არაპროფესიონალიზმს გიორგის უფულობაც დაერთო და მოხდა ის, რაც მოხდა… დღეს გიორგი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტის მასწავლებელია და ამისთვის თვეში დაახლოებით 400 ლარს იღებს. ბუნებრივია, არ ჰყოფნის, მაგრამ რაკი ცოლ-შვილი ჯერჯერობით არ ჰყავს, თავის გატანას ახერხებს.

საუბარი საინტერესო, მაგრამ არცთუ ხალისიანი გამოგვივიდა. თავდაპირველად საერთოდ იუარა – არ მინდა, ჩემზე რამე დაწეროთო. ბოლოს შევთანხმდით, რომ მის გვარს არ ვახსენებდი. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ სურდა, ყოფილი თანაგუნდელების საქილიკო გამხდარიყო. რა არის მის საქმიანობაში საქილიკო, რა თქმა უნდა, არც ეს გაუმხელია.

გიორგის ბევრ რამეზე ვესაუბრე და რაკი ჩვენი საუბარი ინტერვიუს მაინცდამაინც არ ჰგავდა, ვამჯობინე, ცალკეულ საკითხებზე მისი მოსაზრებები ყოველგვარი ტექსტური წანამძღვრის გარეშე გამეცნო თქვენთვის.

მასწავლებლობაზე

„მასწავლებლობა თუ ასეთი რთული იქნებოდა, არ მეგონა. როდესაც სკოლაში მუშაობა გადავწყვიტე, მეგონა, გავერთობოდი, გულს გადავაყოლებდი, მაგრამ სულ სხვანაირად ყოფილა საქმე. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, ყველას სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე. მათი ფსიქოლოგიის გაგებაში სხვა მასწავლებლები ძალიან დამეხმარნენ. თავის დროზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ბავშვის ფსიქოლოგიასაც გვიკითხავდნენ, მაგრამ მაშინ ფეხბურთს ვიყავი გადაყოლილი და ლექციებზე დასწრებით თავს არ ვიკლავდი. არადა, მასწავლებელს თურმე პირველ რიგში ასეთი რამეების ცოდნა მოეთხოვება”.

სკოლაზე

„ჩვენს სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა ყოველ წელს იმატებს. ხალხი რეგიონებიდან თბილისში ჩამოდის და შვილებიც, რა თქმა უნდა, თბილისის სკოლებში გადმოჰყავთ. სოფლებიდან ჩამოსულ ბავშვებს ხშირად ძალიან უჭირთ ახალ სკოლასთან, ახალ თანაკლასელებთან შეგუება. ზოგიერთისთვის ეს ლამის ტრაგედიაა… სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში ბევრმა მასწავლებელმა არ იცის, როგორ მიუდგეს ასეთ ბავშვებს და არც სხვა მოსწავლეებს ასწავლიან ახალ თანაკლასელებთან მოქცევას.

თუ სკოლაში მოსწავლეებს შორის ჩხუბი ატყდა, როგორც ყოფილ სპორტსმენს, პირველს მე მეძახიან გასაშველებლად. ხშირად ბიჭები არაფრის გამო ჩხუბობენ. მეც ვყოფილვარ მოსწავლე და მეც მომსვლია ჩხუბი სულელური მიზეზის გამო, მაგრამ ერთია, როდესაც ბიჭები შელაპარაკდებიან ან გოგონას გამო წაიჩხუბებენ და მეორეა, როცა ერთი მეორის დაჩაგვრას ცდილობს. ბევრი მასწავლებელი ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევს, რაც არ მომწონს”.

მასწავლებლებზე

„თავი განათლებულ ადამიანად არ მომაქვს, მაგრამ რაკი მასწავლებლობა გადავწყვიტე, ვცდილობ, მეტი ვიკითხო. ჩემი და წიგნების მაღაზიაში მუშაობს და ხშირად მოაქვს თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი მწერლების წიგნები.

როდესაც ჩვენს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ამ წიგნებზე საუბარი დავაპირე, აღმოჩნდა, რომ ის არათუ არ იცნობს თანამედროვე მწერლებს, არამედ ეზიზღება კიდეც, რადგან, მისი აზრით, დღეს მხოლოდ „გარყვნილებაზე” წერენ და მირჩია, მეც დამენებებინა თავი მათი კითხვისთვის. მეწყინა, რადგან ბევრი წიგნი მართლა საინტერესოა და გულსატკენია, რომ ჩემი დის გარდა მათზე ვერავის ვესაუბრები.

„ჰარი პოტერის” შვიდივე ტომი გადავიკითხე და აღფრთოვანებული დავრჩი. წავიკითხე „ჰობიტიც” – ისიც ძალიან მომეწონა. ჩვენმა რუსულის მასწავლებელმა კი მითხრა, ასეთ წიგნებს ქრისტიანობა კრძალავს, რადგან შიგნით „არაქრისტიანული” რამეები წერიაო. ერთი სიტყვით, ჩვენს სკოლებში პედაგოგების დიდ ნაწილს თანამედროვე ლიტერატურა სძულს, რაც, არა მგონია, ბავშვებთან ურთიერთობას ხელს უწყობდეს.

მოსწავლეებთან ხშირად მისაუბრია „ჰარი პოტერზე”. ზოგმა გამიმხილა, რომ მშობლები უშლიდნენ მის კითხვას, მაგრამ მალულად მაინც წაიკითხეს. არ ვიცი, ვის აძლევს ხელს, ჩვენმა ბავშვებმა ეს წიგნები არ წაიკითხონ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვუთხრა, რომ მათში სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს, რაც ძალიან კარგია”.

სპორტზე

„მოსწავლეებისა და მშობლების სპორტისადმი დამოკიდებულება დღესაც ისეთივეა, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო: ამ საგანს სერიოზულად არ აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ ვალდებული ვარ, ნიშანი ყველას დავუწერო. მკაცრი მასწავლებელი სულაც არ გახლავართ, მაგრამ ელემენტარული ნორმატივის ჩაბარების გარეშე ჯერ არც ერთი მოსწავლისთვის არ დამიწერია ნიშანი.

თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, ვხედავ, რომ მოსწავლეები პატივს მცემენ, მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა და მემეგობრებიან კიდეც. ჰოდა, თუ მეგობრობაა, მეგობრობა იყოს და ერთმანეთს ანგარიში გავუწიოთ… შესაძლოა, ჭარბწონიანმა ბავშვმა ვერ შეძლოს იმდენი, რამდენსაც ვისურვებდი, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ის სხვებთან ერთად დარბის ან რაიმე ტიპის ვარჯიშს ასრულებს, ვრწმუნდები, რომ მას პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ასეთ მოსწავლეს ნიშანს არასოდეს დავაკლებ”.


მოსწავლეთა მშობლებზე

„მწერალი რომ ვიყო, მოსწავლეების მშობლებზე ერთ კარგ რომანს დავწერდი. არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ საქართველოში მოსწავლეების მშობლები ძალიან უცნაური ხალხია. შვილი თითქმის ყველას გენიოსი ჰგონია და წარმოდგენაც კი უჭირს, რომ შესაძლოა, ის ზარმაცი, თავხედი და უზრდელი იყოს. სხვა მასწავლებლები მარიგებენ, მოსწავლეების მშობლებთან კონფლიქტში არ ჩავება, მაგრამ მთიული ვარ და ხასიათი მაქვს ასეთი – ძალიან მიჭირს, უსამართლო პრეტენზიებს წავუყრუო.

ერთხელ ერთი მშობელი მომივარდა, როგორ გაბედე და ჩემს შვილს შეფასება არ დაუწერეო… როგორ დამეწერა, როცა ბავშვი მთელი წლის განმავლობაში სულ ორ-სამჯერ მყავდა ნანახი?! პრეტენზია არ იკმარა და გამლანძღა კიდეც… ისე დამაკარგვინა წონასწორობა, კინაღამ ხელი გავარტყი. ბავშვები ჩაგვიდგნენ შუაში. მერე ძალიან შემრცხვა… მოსწავლეების თვალში ავტორიტეტის მოპოვება ძნელია, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა კი შესაძლოა ერთბაშად დაგაკარგვინოს”.

ჟურნალ „მასწავლებელზე”

„ჟურნალ „მასწავლებლის” ერთ-ერთი ნომერი პირველად ჩვენი სკოლის დირექტორის კაბინეტში ვნახე. დირექტორმა ჟურნალი მაჩუქა. თვალი გადავავლე, მომეწონა და მას შემდეგ ხშირად ვკითხულობ. ჩემთვის, ახალბედა პედაგოგისთვის, იქ ბევრი საინტერესო რამ წერია. თქვენს ინტერნეტგაზეთსაც ვადევნებ თვალს და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქ წერს. არ მიყვარს ინტერვიუს მიცემა, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, მაშინაც კი ვერიდებოდი, მაგრამ თქვენს ჟურნალს დიდ პატივს ვცემ და საუბარზეც ამიტომ დაგთანხმდით”.

“სხვა”- სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში (წერილი მეორე)

0
ბ. “სხვა” სომხეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში
ჩემს მეორე წერილში შევეხები სომხეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებს იმ კვლევის კონტექსტში, რომლის შესახებაც პირველი წერილის შესავალში უკვე მოგახსენეთ: სახელდობრ, როგორ არის დანახული `სხვა ხალხი~ სომხეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელებში. ჩვენ (პ. რამიშვილთან ერთად) განვიხილეთ შემდეგი სახელმძღვანელოები: VII კლასი _ ავტორები: ვ. ბარხუდარიანი, გ. მარქარიანი, ი. ღარიბიანი, პ. ოვანესიანი, გ. არუთინიანი, გ. გრიგორიანი, პ. ჩობანიანი. გამ. `მაკმილანი-არმენია~, ერევანი, 2009; VIII კლასი _ ავტორები: პ. ჩობანიანი, ვ. ბარხუდარიანი, ა. ხარატიანი, ე. კოსტანძიანი, რ. გასპარიანი, დ. მურადიანი, რ. სააკიანი, ა. აკოფიანი. გამ. `მაკმილანი-არმენია~, ერევანი, 2007; IX კლასი _ ავტორები: ვ. ბარხუდარიანი, ა. აკოფიანი, გ. არუთინიანი, ვ. ყაზანეციანი, ი. ოვსეპიანი, ე. მინასიანი, ე. მელქონიანი. გამ. `მაკმილანი-არმენია~, ერევანი, 2008; X კლასი, ნაწ. I _ ავტორები: ა. მელქონიანი, გ. ავეტისიანი, ა. მოვსესიანი, პ. ოვანესიანი, ე. დანელიანი. გამ. `ზანგაკ-97~, ერევანი, 2009; X კლასი, ნაწ. II _ ავტორები: ა. მელქონიანი, გ. ავეტისიანი, ა. მოვსესიანი, პ. ოვანესიანი, ე. დანელიანი, ვ. ბარხუდარიანი, გ. არუთინიანი, პ. ჩობანიანი. `ზანგაკ-97~, ერევანი, 2009; XI კლასი, ნაწ. I _ ავტორები: ა. მელქონიანი, ვ. ბარხუდარიანი, გ. არუთინიანი, პ. ჩობანიანი, ა. სიმონიანი, ა. ნაზარიანი. გამ. `ზანგაკ-97~, ერევანი, 2010; XI კლასი, ნაწ. II _ ავტორები: ა. მელქონიანი, პ. ჩობანიანი, ა. სიმონიანი, ა. ნაზარიანი, ვ. ბარხუდარიანი, ე. გრიგორიანი, კ. ხაჩატრიანი. `ზანგაკ-97~, ერევანი, 2010.

თავიდანვე უნდა გამოიყოს ამ სახელმძღვანელოებისთვის დამახასიათებელი მომენტი _ XX საუკუნემდე სომხეთის `მტრებად~ ძირითადად წარმოდგენილია სხვადასხვა იმპერია თუ სახელმწიფო – სასანური და სეფიანთა სპარსეთი, თურქ-სელჩუკები და ოსმალები, ბიზანტიელები, არაბები, მონღოლები… მაგალითად: `სპარსეთში სომხების ძალით გადასახლების გეგმა იყო ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც ჩაიდინეს სომეხი ხალხის წინააღმდეგ~ (VII კლ., გვ. 180); ან `სახალიფო და საჯიანების ატროპატაკანის საემირო მტრული თვალით უყურებდნენ სომხეთის სამეფოს გაძლიერებას~ (XI კლასი, I ნაწ., გვ. 10); ან `ჯვაროსნები ხშირად ძარცვავდნენ და არბევდნენ სომხურ დასახლებებს. მათ ასევე დაიპყრეს სომეხ დიდებულთა კუთვნილი მიწები ჩრდილოეთ სირიაში და ევფრატის ნაპირებთან~ (XI კლ., I ნაწ., გვ. 44); XX საუკუნეში კი სომხეთისა და სომეხი ხალხის `მტრებად~ ძირითადად ჩანან თურქები და აზერბაიჯანელები. მოვიყვანთ ორიოდე დამახასიათებელ მაგალითს: `აზერბაიჯანი ცდილობდა, საფრთხე შეექმნა სომხეთის დამოუკიდებლობისთვის~ (IX კლასი, გვ. 21); `თურქეთის მთავრობის მძიმე საგადასახადო პოლიტიკის მიზანი იყო სომხების ეკონომიკური სიძლიერის შესუსტება, ქვეყნიდან მათი ემიგრაცია~ (VIII კლ., გვ. 93). აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ, როგორც აზერბაიჯანის ისტორიის სახელმძღვანელოებში, სომხურ სახელმძღვანელოებშიც ყველაზე პრობლემური ყარაბაღის საკითხია და ორივე მხარე მას ცალმხრივად აშუქებს. ამ საკითხის გავლენით, ერთმანეთზე წერისას ორივე ქვეყნის ავტორები მეზობელი ხალხის მიმართ ისეთ შეურაცმყოფელ ფრაზებსა და ეპითეტებს იყენებენ, რომლებიც არ შეეფერება არც ერთი ქვეყნის სასკოლო სახელმძღვანელოების მიზნებს და მიუღებელია. მხოლოდ ერთგან, VIII კლასის სომხეთის ისტორიის სახელმძღვანელოში, ვხვდებით სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ობიექტურად გააზრების მცდელობას. ავტორები 126-ე გვერდზე წერენ, რომ ცარისტული რუსეთი 1905 წელს ყოველმხრივ ცდილობდა, რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე გაეღვივებინა შუღლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რის წინააღმდეგაც გამოვიდა ორივე ხალხის მოწინავე ინტელიგენცია. თუმცა ეს მაგალითი, სამწუხაროდ, სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს.

რაც შეეხება საქართველოს და ქართველებს, სომხეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში მოყვანილია სომხებისა და ქართველების თანამშრომლობის მრავალი მაგალითი, რაც მისასალმებელია და მოსწავლეთა მიერ მეზობელი ხალხის პოზიტიურ კონტექსტში გააზრებას უწყობს ხელს. ასეთი მაგალითებია: ალბანეთის, სომხეთისა და ქართლის ერთობლივი გამანთავისუფლებელი ბრძოლა V საუკუნეში (VII კლ. გვ. 38, 45); სომეხი ხალხის თანამშრომლობა ქართველ მეფეებთან _ დავით IV აღმაშენებელთან, თამართან, გიორგი IV ლაშასთან, დავით VII ულუსთან (VII კლ. გვ. 124-133; XI კლ., I. გვ. 34); ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის კარზე სომეხი მხედართმთავრის დავით ბეგის მოღვაწეობა (VIII კლ. გვ. 19); XVIII საუკუნის სომხეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების ისრაელ ორის, იოსებ ემინისა და შაგამირ შაგამირიანის კავშირი საქართველოსთან და ამ კავშირის საშუალებით სომხეთის გათავისუფლების გეგმა (VIII კლ. გვ. 9, 27, 32; XI კლ., I. გვ. 113-119, 125); ერეკლე II-ის დროს სომხებისა და ქართველების თანამშრომლობის მრავალი მაგალითი (XI კლ., I. გვ. 129-130, 133); თანამედროვე ეპოქაში საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხაზგასმა (IX კლ. გვ. 148-149) და სხვ.

ამავე დროს, ზოგან გვხვდება ისეთი პასაჟებიც, რომლებიც სომეხ მოსწავლეს საქართველოსა და ქართველებისგან „მტრის ხატს” შეუქმნის. მაგალითად, IX კლასის სახელმძღვანელოს 24-ე გვერდზე ვკითხულობთ, რომ 1918-1920 წლებში ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც დამოუკიდებელ სომხეთის სახელმწიფოს ტერიტორიული პრეტენზიები არ ჰქონია და რომელთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა, ირანი იყო. ამის მიზეზად კი დასახელებულია მეფის რუსეთის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, როდესაც ტერიტორიები `უსამართლოდ~ გადანაწილდა. მოყვანილია მაგალითიც: ახალქალაქი (ჯავახეთი) და ლორე თბილისის გუბერნიას მიაკუთვნეს; ამის გამო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა ამ ტერიტორიების შენარჩუნებას, რამაც გამოიწვია საქართველო-სომხეთის 1918 წლის კონფლიქტი. იმავე სახელმძღვანელოს 179-ე გვერდზე ვკითხულობთ, რომ საბჭოთა ხელისუფლების წლებში იზღუდებოდა საქართველოში მცხოვრები სომხების ეროვნულ-კულტურული მოღვაწეობა და ეს ტენდენცია ადგილობრივი ნაციონალისტური ორგანიზაციებისა და ჯგუფების მხრივ დღემდე გრძელდება. XI კლასის სახელმძღვანელოს I ნაწილის 137-ე გვერდზე წერია, რომ განადგურებისა და გადასახლების, ასევე მისი ნაწილის გაქართველების შედეგად ჯავახეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. იქვე, 140-ე გვერდზე, ვხვდებით ასეთ ფრაზას: `არ დასჯერდნენ რა მათი დამხმარე ქრისტიანების ძარცვას, რუსულმა ჯარმა და მასთან მყოფმა ქართველმა და მეგრელმა (?!) მოლაშქრეებმა ახალციხის გავარიდან ძალით აყარეს და საქართველოში გადაასახლეს 1500 ოჯახი, მათ შორის – სომეხი და ქართველი ქრისტიანები, 50 000 სული საქონლითურთ. ამის შედეგად ახალციხესა და ახალქალაქში მკვეთრად შემცირდა სომხური მოსახლეობის რაოდენობა~. აქ შეიძლება ითქვას, რომ, ჯერ ერთი, ქართველებისა და მეგრელების ცალკე კონტექსტში წარმოჩენა არამეცნიერული და საქართველოს მიმართ არამეგობრული ჟესტია და მეორე – თავად ავტორების ციტატიდან ჩანს, რომ გადაასახლეს ქართული მოსახლეობაც, რაც მეფის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. 277-ე გვერდზე ვკითხულობთ, რომ ქართველი მენშევიკები და აზერებაიჯანელი მუსავატელები ერთობლივად იბრძოდნენ, რათა არ შექმნილიყო დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკა. იმავეს იმეორებენ 279-ე გვერდზე. ასეთივე ტენდენცია ჩანს XI კლასის სახელმძღვანელოს II ნაწილშიც, რომლის 189-ე გვერდზე ავტორები კვლავ ხაზს უსვამენ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა ბრძოლას სომეხი ბოლშევიკების წინააღმდეგ (?!). აქ კარგად გამოჩნდა ავტორების ტენდენციურობა, რადგან ყველა ობიექტურმა ისტორიკოსმა იცის, რომ 1918-1921 წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები იბრძოდნენ საზოგადოდ ბოლშევიკების (ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, რუსების…) და ბოლშევიზმის წინააღმდეგ და ასევე მოიქცეოდა ნებისმიერი მთავრობა, რათა აღეკვეთა ბოლშევიკების მიერ მათი ძალაუფლების დამხობა. იმავე სახელმძღვანელოს 195-ე გვერდზე ხაზგასმულია, რომ იმავე პერიოდში საქართველოში არსებული 80-მდე სომხური სკოლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აქაც საჭიროა ითქვას, რომ ასევე ცუდ მდგომარეობაში იყო ქართული სასწავლებლებიც, რაც ქვეყნის სიდუხჭირის გამო ხდებოდა. ნაცვლად იმისა, ავტორებს მოსწავლეებისთვის მიეთითებინათ, რომ მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში 80-მდე სომხური სკოლა არსებობდა, რაც საქართველოში ეროვნული უმცირესობების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს, მათ ნეგატიური მომენტის წარმოჩენა გადაწყვიტეს. ამ სახელმძღვანელოშიც ლორე და ჯავახეთი არაერთხელ არის გამოცხადებული `ძირძველ~ სომხურ ტერიტორიად. ასევე წერენ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სწორედ ამ ტერიტორიების გამო მიმდინარეობდა 1918 წელს ომი, რომელიც სომხეთის გამარჯვებით დასრულდა (?!). ამაზე ჩვენ მივუთითეთ, რომ, ჯერ ერთი, ახალციხისა და ახალქალაქის სომხურ ქალაქებად გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არამეცნიერულია, რაზეც მხოლოდ მათი სახელების ქართული ეტიმოლოგიაც მიუთითებს; მეორე – საკამათოა საქართველო-სომხეთის 1918 წლის ომის სახელმძღვანელოში აღწერილი მიზეზები და შედეგები, მაგრამ ეს ჩვენი სტატიის მიზანს სცდებოდა და მხოლოდ ამიტომ არ ჩავებით დისკუსიაში; და მესამე – მეზობელი ხალხის `მტრად~ წარმოჩენა თანამედროვე განათლების პრიორიტეტებს არ ეთანადება.

ქართული ტერიტორიები სომხურადაა წარმოჩენილი სხვა სახელმძღვანელოებშიც – VIII კლასი, გვ. 45, 79. VIII კლასის სახელმძღვანელოს 79-ე გვერდზე ბათუმიც კი დასავლეთ სომხეთის ნაწილადაა დასახელებული. საქართველოს ნაწილი სომხურ ტერიტორიებსაა მიკუთვნებული სახელმძღვანელოებს თანდართულ რუკებშიც. აქ მოსწავლეს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა: რატომ და როდის დაიპყრო `მეგობარმა~ საქართველომ `ძირძველი~ სომხეთის ტერიტორიის ნაწილი და თუ მეგობარია, რატომ არ უნდა დაგვიბრუნოს მან ეს მიწები? საერთოდ, აზერბაიჯანული და სომხური სახელმძღვანელოების ავტორთა მიდგომები რომ გავანაალიზოთ, აღმოჩნდება, რომ მთელი სამხრეთ საქართველო და აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ან `ძირძველი~ აზერბაიჯანული, ან `ძირძველი~ სომხური მიწაა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როდის იყო საქართველო ასეთი `ზესახელმწიფო~, რომ შეძლო, დაეპყრო და შემდეგ შეენარჩუნებინა (რაც გაცილებით ძნელია) აღნიშნული ტერიტორიები? ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ჩვენ ამ სახელმძღვანელოთა ავტორებს ასეთი რეკომენდაცია მივეცით: მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ ისტორიული განვითარების განმავლობაში მეზობლად მცხოვრები ხალხების მიწები ხშირად ხელიდან ხელში გადადიოდა, თუმცა ეს არ იძლევა საფუძველს, ისინი ამა თუ იმ ხალხის `ძირძველ~ ტერიტორიად გამოვაცხადოთ. მაგ., ტიგრან II დიდის სომხეთში მეფობის დროს არა მხოლოდ ქართლის, არამედ მესოპოტამიისა და მცირე აზიის ნაწილიც მისი სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ `ძირძველ~ სომხურ ტერიტორიად მათი გამოცხადება უბრალოდ სასაცილოა; ასევე დავით აღმაშენებლისა და მისი მემკვიდრეების მეფობის დროს, XII საუკუნესა და XIII საუკუნის I ნახევარში, სომხეთი და აზერბაიჯანის ნაწილი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში იყო, მაგრამ არც ერთი საღად მოაზროვნე ქართველი ისტორიკოსი მათ `ძირძველ~ ქართულ ტერიტორიებად არ გამოაცხადებს. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთის ისტროიის სახელმძღვანელოებში შენარჩუნებულია ძველი, `გმირული~ პათოსით გაჟღენთილი სტილი, სადაც სომხები – თითქმის ყოველთვის პოზიტიურად, ხოლო `სხვები~ ძირითადად დამპყრობლებად ან მტრებად, იშვიათად კი მეგობრებად და პარტნიორებად არიან წარმოცენილნი.

კარდიოლოგი, რომელიც კარგად წერს

0
ეს საოცარი ჩანაწერები ვაკის პარკში, გაუქმებული საზაფხულო კინოთეატრის უკან, პატარა ტყეში, ერთი ხის ძირას ვიპოვე. ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ძაღლის მიერ იყო გაკეთებული. ძალიან გთხოვთ, ახლა არ თქვათ, ძაღლებმა წერა არ იციანო და ასე შემდეგ…” – ასე იწყებს ტარიელ ნამორაძე თავის მესამე კრებულ „გატეხილ გულს”, რომელიც „ეძღვნება მათ, ვისაც უყვარს ძაღლები და მათ, რომელთაც ჯერ კიდევ არ უყვართ ისინი”.
ტარიელ ნამორაძეს წერა ძაღლების სიყვარულმა დააწყებინა. იგი პროფესიით ექიმია, ლიტერატურა კი მისი სერიოზული გატაცებაა. წერს, თარგმნის ფრანგული და რუსული ენებიდან, არის მეშვიდე ლიტერატურული პრემია “წეროს” მეორე ადგილის მფლობელი, თუმცა თავად მწერლის სტატუსს ბოლომდე ვერ ითავისებს: „კარდიოლოგებს შორის მე ვარ კაცი, რომელიც კარგად წერს და პროზაიკოსებს შორის – კაცი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის კარდიოლოგია”.
ძაღლების სიყვარული ტარიელ ნამორაძის შთაგონების მთავარი წყაროა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, ამ ცხოველთან დაახლოება მოგვიანებით დაიწყო, მისი ბავშვობის ისტორიები კი სხვა ფანტაზიებთან იყო დაკავშირებული:
„ცხოვრება საინტერესოა ბევრი რამის გამო. მათ შორის – იმიტომაც, რომ იძენ მეგობრებს. ერთხელ, მეორე კლასში რომ ვიყავი, ჩემი თანაკლასელი ალე მამულაშვილი მოვიდა და გამომიცხადა, უნდა ვიმეგობროთო, მეც დავთანხმდი. ამის აღსანიშნავად დამპატიჟა მელიქიშვლის და ყაზბეგის ქუჩების კუთხეში მდებარე ხილბოსტნეულის მაღაზიაში, სადაც ტკბილი წყლები იყიდებოდა. 5 კაპიკი ღირდა ჭიქა. ამ წყლით დავლოცეთ ჩვენი მეგობრობა. მას შემდეგ 56 წელი გავიდა და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება. მე ალეს შვილის ნათლიაც ვარ. კარგად მახსოვს სკოლის მეორე მეგობარი სოსო აბრამიძე, რომელსაც ძალიან უყვარდა კითხვა, ისე ძალიან, რომ მასწავლებელი ავალებდა წაეკითხა, მაგალითად, „გმირთა ვარამი” და მერე 45 წუთი აყოლინებდა ჩვენთვის. თვთონ იჯდა და ისვენებდა. მე-5 თუ მე-6 კლასში ვიყავით, სოსო მოვიდა და მითხრა, ვიცი, სადაც არის დამარხული ფლინტის განძი („განძთა კუნძულიდან”) და მოვძებნოთო. მოიტანა ნახაზები, ჩანაწერები, კომპასი. წავედით უნივერსიტეტის ეზოში. ვთხარეთ, ვთხარეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. მერე მე და სოსომ წავიკითხეთ მოთხრობა „ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი” და გადავწყვიტეთ, ჰიპერბოლოიდი გაგვეკეთებინა. საჭირო ხელსაწყოების ყიდვაც დავაპირეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ვიცოდით ოპტიკა, ამიტომ ვამჯობინეთ დავლოდებოდით, როდის გადავიდოდით მერვე კლასში და ვისწავლიდით ფიზიკას, რომ ოცნება აგვეხდინა… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბავშვურ ფანტაზიებად დარჩა. თანაკლასელებს შორის ბევრი მეგობარი მყავს და დღემდე ერთდ მოვდივართ. დათო ჭელიძე ჩემი წიგნის რედაქტორია”.
– ბავშვობაში ძაღლებისა და, საზოგადოდ, ცხოველებისადმი უფრო ნეიტრალური დამოკიდებულება მქონდა. პატარაობისას შინ ძაღლი არ მყოლია, წიგნებიდან კი მომწონდა ცხოველები, მაგალითად, მიყვარდა ჯეკ ლონდონის „თეთრი ეშვი”… ძაღლი, რომელზეც ვწერ მოთხრობაში „სიყვარული ოთხ ფეხზე”, ჩემმა შვილმა ოთომ მოიყვანა შინ. მოგეხსენებათ, ცხოველის ყოლა ბინაში, მეოთხე სართულზე, ძალიან ძნელია, მაგრამ რაკი ოჯახის ყველა წევრს უნდოდა, მეც დამიყოლიეს. ლეკვს ერქვა ჩარა. ძალიან შეგვაყვარა თავი. შვილიშვილი არ გვყავს და, როგორც ჩანს მთელი გრძნობა მასზე გადავიტანეთ. მერე ჩარა მანქანამ გაიტანა. ისე განვიცადე, ცუდად გავხდი, ექიმებთან დავდიოდი… ჩარა რომ დაიღუპა, ვეტექიმმა გვირჩია, ახალი ლეკვი იშოვეთო. მე სასტიკად ვიუარე. ვიდრე ჩარა ჩვენთან ცხოვრობდა, შევიფარეთ მეორეც, ქუჩის ძაღლი ჩორნა, და სხვა აღარ მჭირდებოდა. მერე შევამჩნიე, რომ ოჯახში რაღაცას ჩურჩულებდნენ და ერთ მშვენიერ დღეს გაამხილეს, ლეკვის მოყვანას ვაპირებთო. მოიყვანეს კიდეც – ჰასკი, სახელად კადა. თუმცა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. ერთ დღეს ჩემს მეუღლეს პარკში აეკიდა პატარა ძაღლი – ტუტუ. მე მესამე ძაღლის ყოლის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დემოდეკოზით იყო დაავადებული. შეგვეცოდა და დავუწყეთ მკურნალობა. ამასობაში მეც შევეჩვიე და ახლა სამი ძაღლი გვყავს. 
თქვენ, ფაქტობრივად, ჩასწვდით ძაღლის სამყაროს, მოთხრობებში მისი ენით მეტყველებთ და ცდილობთ, მკითხველიც უფრო დააახლოოთ ძაღლის ტკივილსა თუ სიხარულთან.
– ჩარა რომ მოვიყვანეთ, ერთი ციცქნა იყო, ხელისგულზე ეტეოდა. პირველივე დღიდან ვგრძნობდი, რომ ისიც ადამიანივით აღიქვამს სამყაროს, აზროვნებს, გამოხატავს ყველა ემოციას, რაც ადამიანს აქვს, ზოგჯერ – უფრო მძაფრადაც კი: სწყინს, იბუტება, უხარია, ეშინია, პროტესტს გამოხატავს ან მშვიდადაა. მისი ისტორიების ნახევარზე მეტი კიდევ არ დამიწერია – რა ვიცოდი, რომ დაიღუპებოდა, მაგრამ რაღაც პატარა-პატარა მონახაზებს თავიდანვე ვიწერდი ჩემთვის. ზოგჯერ მშობლები დღიურში იწერენ შვილების ამბებს და აზრადაც არ მოსდით, მათ მხატვრული ნაწარმოების სახე მისცენ. მეც ჩემთვის ვიწერდი. მერე, ჩარა რომ დაიღუპა, ეს ემოციები ფურცელზე გადმოვიტანე და შვება ვიგრძენი. პირველად დავბეჭდე „სიყვარული ოთხ ფეხზე”, 25-გვერდიანი ბროშურა. ხალხი ატირდა. „მეჩხუბებოდნენ”, რას გვერჩი, რა დაგიშავეთო… გავაგრძელე ჩარას ისტორიების წერა, მერე კი „გატეხილი გული” გამოვეცი, რომელიც სხვა ძაღლების ცხოვრებას ეხება. მანამდე ჩემს სიცოცხლეში არაფერი დამიწერია. მართალია, ბევრს ვკითხულობდი, მაგრამ წერა არ მიცდია. ერთადერთი, ფრანგულიდან ვთარგმნე ანდრე მორუას ნოველა, რომელიც გაზეთ „ვიქენდში” და ჟურნალ „ჩვენი მწერლობაში” დაიბეჭდა. 
ადამიანი როცა წერს, რაღაც აქვს სათქმელი. თქვენი სათქმელი ისაა, რომ ძაღლებისადმი ადამიანთა დამოკიდებულება შეიცვალოს…
– „გატეხილი გულის” პრეზენტაციაზე მოვიწვიე ცხოველთა სამყაროს დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათაც ისაუბრეს ამ პრობლემებზე. იყო შემთხვევა, ჩემი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა მშობლები აიძულეს, ძაღლი აეყვანათ. ეს უკვე, პრაქტიკულად, დადებითი შედეგია. მე ყველანაირ ძაღლებზე ვწერ: უპატრონოებზე, მიკედლებულებზე, რომლებიც სახლებში არ მიჰყავთ – ისინი მაღაზიებთან ან სხვა დაწესებულებებთან ცხოვრობენ; ვწერ ნახევრად გაველურებულ ძაღლებზე, რომლებიც ხროვად ცხოვრობენ და, რა თქმა უნდა, პატრონიან ძაღლებზეც. როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებშიც არის სოციალური დიფერენციაცია. სულ მაინტერესებდა ძაღლების პრობლემები და მინდოდა, ადამიანებსაც მეტი ინტერესი გამოეჩინათ ამ ცხოველების მიმართ. ერთ მონოლოგში ჩორნა კიტხულობს: რატომ აქვთ ადამიანებს ძაღლთან დაკავშირებული ამდენი სალანძღავი სიტყვა – „მამაძაღლი”, „ძაღლური ცხოვრება”, „ძაღლი მიაკვდა სულში” და ა.შ.? ჩემი აზრით, ეს ამ ცხოველისადმი ადამიანის უსამართლო დამოკიდებულების მანიშნებელია. უამრავი რამ დაწერილა, უამრავი მხატრული თუ დოკუმენტური ფილმი გადაუღიათ ცხოველთა პრობლემებზე, მაგრამ საქართველოში მაინც არ აქვთ ადამიანებს ბუნების გაფრთხილების კულტურა. მცენარეებისა და ცხოველების დაცვის კუთხით აშკარად ბევრ ქვეყანას ჩამოვრჩებით.
– როგორ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება? ქუჩაში უამრავი უპატრონო ძაღლია; რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა ან სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
– პატარ-პატარა ნაბიჯები უკვე გადადგმულია. თბილისში არის უპატრონო ძaღლთა თავშესაფარი, სადაც შეიძლება მიიყვანონ ქუჩის ძაღლი. არის კერძო თავშესაფარი – თამაზ ელიზბარაშვილს აქვს ვაკეში, თავისი სახსრებით მოაწყო და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს. თეიმურაზ წიქორიძეს აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია და თავშესაფარი. ჩემი მოწოდებაა, შევიყვაროთ ძაღლები და ვიზრუნოთ მათზე. საქართველოში არის ცოფით დაავადების შემთხვევები. ეს ერთსა და იმავე დროს ტრაგედიაც არის და სირცხვილიც. ეს ადამიანების ბრალია. ქუჩაში უამრავი მიტოვებული ძაღლი ცხოვრობს. ზოგიერთ ქვეყანაში უპატრონო ძაღლის ცნება საერთოდ არ არსებოს. ჩვენთან ხშირად ამბობენ, ადამიანებს უჭირთ, რა დროს ძაღლიაო, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ფეისბუკით ბევრი საინტერესო ორგანიზაცია გავიცანი. მაგალითად, ერთი მათგანი კვირაობით ლეკვების გაჩუქებას აწყობს მეტრო „რუსთაველთან”. ადამიანს, ვისაც სურს, ჰყავდეს ძაღლი, შეუძლია, მივიდეს და წაიყვანოს. ამ ორგანიზაციის გოგონები ასუფთავებენ ქუჩაში ნაპოვნ ლეკვებს, ცრიან, ამზადებენ და შემდეგ გაჰყავთ გასაჩუქებლად. ზოოპარკშიც იმართება კვირაობით ასეთივე აქცია, ოღონდ ლეკვს ყველას არ აძლევენ. ერთხელ შევესწარი, პატარა გოგონა ტიროდა, ლეკვი მინდაო, მაგრამ არ გაატანეს – მშობლების თანხმობაა საჭიროო. დაურეკეს და აღმოჩნდა, რომ მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ მათი შვილი ძაღლს ვერ მოუვლიდა. ბუნებრივია, ლეკვი არ მისცეს, რადგან შესაძლოა, ის ისევ ქუჩაში აღმოჩენილიყო.
– არადა, ფსიქოლოგები ხშირად იმეორებენ, რომ კარგია, თუ ბავშვს ეყოლება რამე ცხოველი, განსაკუთრებით – ძაღლი.
– ვიდრე ბავშვი იმ ასაკშია, რომ ცოცხალ ძაღლს და სათამაშოს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას აზრი არ აქვს. როდესაც იზრდება, ხვდება, რომ ცხოველი მოითხოვს ყურადღებას, მოვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი, რომელიც ცხოველზე ზრუნავს, აუცილებლად მზრუნველ პიროვნებად ჩამოყალიბდება. ხშირად გვესმის, რომ ბავშვები ცხოველებს აწვალებენ. ეს სადიზმის პირველადი გამოვლინებაა. ასეთი მოზარდი უნდა გასინჯოს ფსიქოლოგმა, თორემ ის შესაძლოა სადისტად ჩამოყალიბდეს.

– თქვენი აზრით, სკოლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა ბავშვებს შეაყვარონ ბუნება და ასწავლონ მისი გაფრთხილება?
– ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვიღაცისთვის საჭიროა – მოუაროს ლეკვს ან ნებისმიერ სხვა ცხოველს, მცენარეს… ამით ის, მზრუნველობის უნართან ერთად, შინაგან დისციპლინასაც გამოიმუშავებს. ქრისტიანობაც ხომ ამაქ გვიქადაგებს – როდესაც სიკეთეს აკეთებ, შენივე სულისთვის აკეთებ, როდესაც გაჭირვებულს ეხმარები, თვითონაც იღებ დიდ მადლს უფლისგან.
– თქვენს მოთხრობებში ძაღლების ენა ძალიან თავისუფალია, ხშირად ჟარგონსაც იყენებთ. მკითხველს ასე უფრო უადვილდება ამ სამყაროსთან დაახლოება?
– არა, ჟარგონით მხოლოდ ხროვის წევრები ლაპარაკობენ. ნასწავლი და ზრდილი ძაღლი ჩვეულებრივ საუბრობს. ნასწავლი ძაღლი რას ნიშნავს? არის ძაღლების სკოლა, სადაც, მაგალითად, დაგვყავდა ჩარა და ზოგად უნარებს სწავლობდა (ბრძანებები: „გვერდით”, „ჩემკენ”, „დაწექი”, „დაჯექი” და სხვა). არსებობს აღზრდის სპეციალური პროგრამები სამსახურებრივი ძაღლებისთვის – ადამიანების გადარჩენა, დამნაშავის დევნა, ნარკოტიკების ძებნა… ჩემს მოთხრობებში „სიყვარული ოთხ ფეხზე” და „გატეხილი გული” ძაღლები თავად ჰყვებიან საკუთრ ისტორიებს. შეიძლებოდა დამეწერა მესამე პირში, მაგრამ როდესაც პერსონაჟი თავად ჰყვება საკუთარ განცდებზე, მკითხველიც უფრო უშუალოდ, ემოციურად განიცდის. ჩემი ნაწარმოებების ყველა პერსონაჟი რეალურია, გამოგონილია მხოლოდ კოკო. თუმცა მე მაქვს სატირულ-ფანტასტიკური მოთხრობაც – „ჭადრების პალნეტა”, სადაც მოქმედება ერთ-ერთ პლანეტაზე და თბილისში პარალელურად ხდება. აქ მუტაციაგანცდილი ადამიანები, რომლებმაც კატის სახე მიიღეს, ანუ კეტმენები, ადამიანებს მორალს ასწავლიან. ამ მოთხრობის წერისას თვითონაც ვისიამოვნე და ბევრი მკითხველიც გამხიარულდა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, ხუთ კაცსაც რომ მოეწონოს ჩემი ნაწერი, საკმარისი იქნება-მეთქი. მერე ვნახე, რომ ცოტა მეტსაც მოეწონა და მიხარია. 
თქვენი მოთხრობები ყველა ასაკის მკითხველისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მაინც – რისთვის უნდა წაიკითხონ ბავშვებმა თქვენი წიგნი, რას ასწავლით მათ? 
– იმისთვის, რომ თავად მიხვდნენ, როგორ მოეპყრონ ოთხფეხა მეგობარს. ადამიანმა უხსოვარ დროს მგელი მოიშინაურა სამეგობროდ და დამხმარედ. ახლა აღარ უნდა უღალატოს მას! ძაღლი ყოველთვის თვალებში უყურებს ადამიანს, როგორც ბავშვი – მშობელს ან უფროს ძმას; ის მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. ცდილობს, გვასიამოვნოს, ჩვენს ემოციებს ისიც განიცდის. ჯეკ ლონდონის ერთი გმირი, ძაღლი, ადამიანებს ღმერთებს უწოდებს… ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელზეც არ დამიწერია. ერთხელ ჩემი შვილი ემოციურად, ხმამაღლა ჰყვებოდა რაღაცას. ჩარას ეგონა, ჩხუბობდა; არ იყო შეჩვეული მაღალ ტონს და გაცლა ამჯობინა, მეორე ოთახში გაიპარა. შეგიმჩნევიათ, როგორია ქუჩის ძაღლის ფსიქოლოგია? – მიდიხარ შენთვის; თუ ძაღლს მოეწონე, უჩნდება იმედი, იქნებ ამ ადამიანმა დამიმეგობროსო და მოგდევს. მორიდებულად, თავხედურად კი არა! თუ ყურადღება მიაქციე, – არ არის აუცილებელი, რამე აჭამო – თბილად დაელაპარაკე, თავზე ხელი გადაუსვი, ეს მისთვის ყველაფერია. ძაღლი პატრონზე ოცნებობს. ტავშესაფარი მას არ ადარდეებს. კატისთვის კი პატრონი მეორე პლანზე დგას; მას უნდა თბილი ბინა, კომფორტი… ძაღლი კართანაც დაწვება, ოღონდ უპატრონე. 
– თქვენი მთავარი პროფესია ექიმობაა. ბევრი ბავშვი ოცნებობს, გახდეს ექიმი. რა ხიბლი აქვს ამ პროფესიას? 
– დედაჩემი იყო ბავშვთა ექიმი და ხშირად მაფრთხილებდა, ძნელია ექიმობა, სხვა პროფესია აირჩიეო, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებდა მედიცინა. მეცხრე კლასში რომ გადავედი, მითხრა, თუ გაინტერესებს ეს, წადი, კლინიკაში სანიტრად იმუშავე და ნახე, რა ხდება შიგნით, შესაძლოა, კიდეც გადაიფიქროო. დავიწყე ტრავმატოლოგიის ინსტიტუტში სანიტრად მუშაობა, გაკვეთილების შემდეგ დავდიოდი. ვესწრებოდი ოპერაციებს და ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც მავალებდნენ. გამოცდასავით იყო ეს ორი წელი და ეს გამოცდა ჩავაბარე. მივხვდი, რომ შევძლებდი. ინსტიტუტში პირველი ორი კურსი თეორიული სწავლებაა, მესამე კურსიდან იწყება პრაქტიკები – საავადმყოფო, ავადმყოფები, მორგი… ბევრი ვერ უძლებს ამას და გარბის. ზოგიერთი პირდაპირ მთავარ ექიმად იწყებს მუშაობას ან საორგანიზაციო საქმიანობაში ერთვება. ესეც საჭიროა, მაგრამ მკურნალი თუ ხარ, ავადმყოფის გადარჩენა ისეთ კმაყოფილებას გგვრის, გეჩვენება, რომ სულში რაღაც ნათდება და მუსიკა ჟღერს. მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუ არ გიყვარს ეს პროფესია, ექიმად ვერ იმუშავებ. ერთი ჰოლანდიელი ექიმი ამბობდა: „თავად ვიწვი და სხვას ვუნათებო”. სწორედ ეს არის ექიმობა.
– რას ურჩევთ მასწავლებლებს და მშობლებს როგორც ექიმი, რომელიც წერს? 
– ბავშვებს ჯერ წიგნი უნდა შეაყვარონ, რადგან ტელევიზორით და ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია ზერელე და ხშირად არაფრის მომცემია, წიგნი კი საშუალებას აძლევს ბავშვს, ინფორმაცია დაწვრილებით გადახარშოს. თუ კითხვა ისწავლა მოზარდმა, ის ცხოველებსაც შეიყვარებს და მცენარეებსაც. ღმერთმა ადამიანისთვის გააჩინა ყველაფერი – მცენარეც, ცხოველიც, ფრინველიც და კაცს მიანდო მათზე ზრუნვა. ცხოველები, მცენარეები, ადამიანები ერთ მთლიანობას ვქმნით და თუ ერთი ჩვენგანი გადაშენდა, შესაძლოა, ყველა თან მიჰყვეს. თბილისში არის მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა”, რომელიც ცდილობს, ხეები განადგურებას გადაარჩინოს, რომ ბოლოს რკინა-ბეტონის ყუთების ამარა არ დავრჩეთ… წმინდა პრაქტიკული კუთხითაც დიდი სარგებლობა მოაქვს ბავშვისთვის – და დიდისთვისაც – ძაღლს. ჯერ ერთი, უნდა თუ არა, დღეში საათ-ნახევარი მაინც უნდა გაასეირნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონაც მოძრაობს – სწორედ მოძრაობა აკლია დღევანდელ ადამიანს და ამის ბრალიცაა უამრავი დაავადება; მეორე – გზაში შეგხვდება ნაცნობი ან უცნობი, რომელიც ძაღლს მიეფერება, შეაქებს; ეს დადებითი ემოციით აგავსებს, კარგ გუნებაზე დაგაყენებს… გარდა ამისა, მოძრაობისას ადამიანი უკეთ აზროვნებს. მას, ვინც სისტემატურად სეირნობს, მაღალი წნევაც იშვიათად აწუხებს.

 ესაუბრა თამარ კაციტაძე

ნასტასია არაბული

0

ოპონირების კულტურა საქართველოში

0
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქში „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის” მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიას დავესწარი. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ხელისუფლებასა თუ გავლენიან ინსტიტუტებზე სამოქალაქო ზეწოლის მექანიზმების შეფასება გახლდათ. მოდერატორებმა ორი მაგალითის გააზრება შემოგვთავაზეს: ექსპროკურორ ფარცხალაძესა და საშობაო ეპისტოლეზე უნდა გვესაუბრა. ცხადია, სტუდენტთა უდიდესმა უმრავლესობამ ყურადღება უკანასკნელ საკითხზე გაამახვილა. დისკუსიის მიმდინარეობისას თავიდანვე გამოიკვეთა ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება, ჩვენს აუდიტორიაში უკიდურესი ლიბერალური და კონსერვატიული დისკურსის წარმომადგენლები დაწინაურდნენ. სულგანაბული ვუსმენდი მათ და ვშიშობდი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა იაფფასიან სანახაობაში, ჩხუბში არ გადაზრდილიყო. ჩემდა გასაკვირად, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა – ორივე მხარემ შესაშური სიმშვიდით წარმოადგინა საკუთარი მრწმსისა და ღირებულებების შესაბამისი არგუმენტები. ჩემთვის სავსებით გასაგები გახდა მოკამათეთა მოტივაცია და მათი კეთილი განზრახვა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული დისკუსიის მონაწილეთა ოპონირების კულტურა გახლავთ.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში იშვიათად ვამჩნევ ურთიერთსაპირისპირო აზრების მომხრეთა ამგვარ ურთიერთმიმართებას. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, ორიოდე სიტყვა მეთქვა ქართული ელიტების ოპონირების ძირითადი მახასიათებლების შესახებ. მოდი, რამდენიმე პუნქტი გამოვყოთ:

1. უპირველეს ყოვლისა, ჩვენენურ მოდებატეებს სხვებისაგან გამოარჩევს მოწინააღმდეგის საღი აზროვნების უნარის ეჭვქვეშ დაყენება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თავად აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცავენ, ოპონენტი კი სიცრუისა თუ ეშმაკის მსახურია. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მსმენელი იძულებულია, ერთ პოზიციას მიემხროს და საპირისპირო მხარეს არსებული სიმართლის თუნდაც უმცირესი მარცვალი სამუდამოდ დაკარგოს. ამგვარი დამოკიდებულება აუდიტორიას აღარ უტოვებს შანსს, სირთულის მოგვარების ყველაზე მომგებიან გზას მიაკვლიოს.

2. ქართული დისკუსიის ლიდერებს, ვგონებ, სმენის პრობლემაც უნდა ჰქონდეთ. საუბედუროდ, ეს ნაკლი ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობის ბრალი არ არის, ოტოლარინგოლოგებს ვერაფერში დავადანაშაულებთ. უბრალოდ, ჩვენში ოპონენტის მოსმენა, მისი მსჯელობის შეუფერხებლობა მოკამათის უუნარობად, წარუმატებლობად და უპირობო დამარცხებად განიხილება.

3. საინტერესოა, როგორ ეპყრობიან საჯარო განხილვების მონაწილენი ერთმანეთს ან როგორ ცდილობენ საკუთარი მოსაზრებების, არგუმენტების გამყარებას. თანამედროვე თავყრილობებზე დაკვირვება ორი ძირითადი მიდგომის გამორჩევის შესაძლებლობას მაძლევს: „შავრაზმელები” კულა გლდანელივით მძიმე მჯიღების გამოყენებას ამჯობინებენ, სნობური ინტელიგენცია კი მოწინააღმდეგის დამამცირებელი ცინიზმის გზას ირჩევს ხოლმე. მაშასადამე, რეალურ სივრცეში ოპონენტებთან ურთიერთობის ადაპტირებული ფორმა ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფაა.

4. რა არის დებატების უმთავრესი მიზანი? მისი ამოცანა ურთიერთგანსხვავებული პოზიციების შედარების შედეგად, განსხვავებული კატეგორიების კონტრასტის ფონზე, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება გახლავთ. მაშასადამე, მოკამათენი კარგად დასაბუთებული ალტერნატივების წარმოჩენაზე უნდა ფიქრობდნენ. მათი ყურადღების მთავარი ობიექტი განსახილველი საკითხი და პრობლემის მოგვარების მექანიზმის წარმოდგენა უნდა იყოს. როგორ იქცევიან ოპონენტები ჩვენთან? ისინი დისკუსიის საგანზე მეტად საკუთარ თავზე ფიქრობენ. მათთვის ამოსავალი წერტილი პერსონალური უპირატესობების, მომხიბვლელობისა და განუმეორებლობის ხაზგასმაა.

5. ყველაზე სამწუხარო ტრადიციის გაძლიერებაში კი უდიდესი წვლილი მიუძღვით საჯარო შეხვედრების, აზრთა ჭიდილის ორგანიზატორებს. მათი მეოხებით ჩვენი გარემო შავ-თეთრი, უხალისო და უსიცოცხლოა. ქართულ დისკუსიებში მხოლოდ ორი უკიდურესი პოლუსია წარმოდგენილი, ხოლო მესამე თუ მეოთხე პოზიციის არსებობა გამორიცხულია. ჩვენ პლურალისტურ გარემოში ყოფნას გაუფასურებული ორთაბრძოლებისთვის თვალყურის მიდევნება გვირჩევნია.
ოპონირების კულტურის გასააზრებლად მხოლოდ ხუთი სტანდარტის გამოყოფა ალბათ არ კმარა. ჩვენს საზოგადოებაში აღიარებული და ფესვგადგმული მსგავსი კულტურული ნორმების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. მნიშვნელოვანია, ნაკლოვანების მიზეზს მივაგნოთ. ვეჭვობ, გაგიკვირდებათ, შესაძლოა, გამკიცხოთ კიდეც, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ პრობლემის სათავე სკოლებშია საძიებელი. ოპონირების მახინჯი ფორმები თავის დროზე ჩატარებულ გაკვეთილებზე ჩამოყალიბდა, როდესაც ნიშნის მიღებაზე ორიენტირებული რამდენიმე თვითკმაყოფილი მოსწავლის მჭევრმეტყველებამ გადაფარა ჩუმი, წყნარი (პოტენციური) გენიოსის ან საღად მოაზროვნის ხმა.

როგორ სწავლობენ ზრდასრულები

0

ყველა ტრენერისათვის
მნიშვნელოვანია იცოდეს ზრდასრულთა განათლების პრინციპები.
 ამ
პრინციპებს სწავლობს ანდრაგოგიკა. ტერმინი ნაბეჭდი სახით პირველად 1883 წელს გერმანელმა
მასწავლებელმა გამოიყენა და მის პოპულარიზაციასა და ანდრაგოგიკის თეორიის ჩამოყალიბებაში
დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელმა განმანათლებელმა მალკოლმ ნოუელსმა. ამ უკანასკნელის
განმარტების მიხედვით
, ანდრაგოგიკა ზრდასრულთა სწავლაში დახმარების ხელოვნებასა და მეცნიერებას გულისხმობს(Knowels 1970).

სანამ იმაზე გადავალთ
თუ როგორ სწავლობენ ზრდასრულები,  მნიშვნელოვანია
შევთანხმდეთ თუ რა ასაკობრივ კატეგორიას ვგულისხმობთ ამ ტერმინში. ყველა კულტურასა
და დროში ზრდასრული შეიძლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას მიაკუთვნონ. არ არსებობს  ერთი კონკრეტული ასაკობრივი კატეგორია. ძირითადად
ზრდასრულები სამ კატეგორიად ყოფენ : ახალგაზრდა ზრდასრულები (18-24 წ)  სამუშაო ასაკის ზრდასრულები (25-64) და ხანშიშესული
ზრდასრულები (65 და მეტი ასაკის ). ზრდასრულთა განათლების ლიტერატურაში ძირითადად აქცენტი
სამუშაო ასაკის ზრდასრულებზე კეთდება (
Wlodkovski 1998) . ამ თავში ჩვენც აქცენტს ამ ასაკობრივ კატეგორიაზე
გავაკეთებთ.

ზრდასრულებს ისევე
როგორც ბავშვებს, სპეციალური საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ განათლების მიღებისას.
 გთავაზობთ ცხრილს სადაც მოცემულია სწავლის პროცესში
ზრდასრულებსა და ბავშვებს  შორის ძირითადი განსხვავებები
.

 

ცხრილი 1.1.

ბავშვისა და ზრდასრულის მახასიათებლები სწავლის პროცესში


ბავშვები

ზრდასრულები

სხვაზე აქვთ მინდობილი
იმის განსაზღვრა  თუ რისი სწავლაა მნიშვნელოვანი

თვითონ წყვეტენ
თუ რისი სწავლაა მნიშვნელოვანი

წარმოდგენილ ინფორმაციას
როგორც წესი პირდაპირი/წარმოდგენილი მნიშვნელობით იღებენ

მათი შეხედულებებისა
და ღირებულებების საფუძველზე იღებენ წარმოდგენილ ინფორმაციას

მოლოდინი აქვთ,
რომ რასაც სწავლობენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოადგებათ

მოლოდინი აქვთ,
რომ რასაც სწავლობენ, მაშინვე გამოადგებათ

ძალიან ცოტა გამოცდილება
აქვთ, ან სულაც არ აქვთ გამოცდილება, რაც ახალი მასალის გათავისებაში დაეხმარებათ
.

მნიშვნელოვანი
გამოცდილება აქვთ სასწავლ მასალასთან დაკავშირებით. ბევრს  ამის გამო ურყევი შეხედულებები გააჩნია.

 

მათ ნაკლებად
ან სრულიად არ  შეუძლიათ მასწავლებლებისა
და თანაკლასელებისათვის მცოდნე წყაროს როლი შეასრულონ და გარკვეული წვლილი შეიტანონ
ამ მხრივ სწავლის პროცესში.

 

მათ მნიშვნელოვანი
წვლილის შეტანა შეუძლიათ სასწავლო პროცესში და ტრენერისათვის თუ სხვა ზრდასრულებისათვის
მნიშვნელოვან ცოდნის წყაროს წარმოადგენენ

წყარო: Edmunds,
Lowe, Murrey and Seymour. “The Ultimate Educator.” NVAA specialized
offering. 1999

ზემოთ მოცემულ ცხრილში
მოზარდთა და ბავშვებს შორის განსხვავებები ავღნიშნეთ, თუმცა საინტერესოა ზრდასრულთა
განათლების სფეროში ცნობილი ექსპერტის რობერტ პაიკის(1989)  მოსაზრებები ზრდასრულების და ჩვილი ბავშვების მსგავსებასთან
დაკავშირებით. რობერტ პაიკმა ჩამოაყალიბა ,,ზრდასრულთა განათლების პაიკისეული კანონები”
რომლებიც ტრენერებს გზამკვლევად გამოადგებათ.

პაიკის პირველი
კანონი ასეთია:

ზრდასრულები ჩვილ ბავშვებს გვანან, ოღონდ მოზრდილი ტანი
აქვთ.
ჩვილი ბავშვები გამოცდილებით
სწავლობენ, თითოეული მათი ახალი მიგნება ახალი გამოცდილებაა. როცა ბავშვები იზრდებიან,
მასწავლებლები და განმანათლებლები როგოც წესი ამცირებენ გამოცდილებით სწავლების წილს
იმდენად, რომ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში თითზე  ჩამოსათვლელია ის საგნები, სადაც გამოცდილებით სწავლებას
იყენებენ. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ზრდასრულები უკეთ სწავლობენ პრაქტიკული სასწავლო
გამოცდილებით, რომელშიც ისინი თავად მონაწილეობენ.

მეორე
კანონის მიხედვით:

ადამიანები არ კამათობენ თავიანთ იდეებთან. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თუკი ჩვენ რაღაც იდეამდე
ჩვენ თვითონ მივალთ ცხადია, უფრო დავიჯერებთ ვიდრე სხვის მიერ ამ იდეის თავზე მოხვევის
შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულთა ტრენინგისას მათ
უნდა წარვუდგინოთ იმგვარად სტრუქტურირებული აქტივობები, რომლებიც ასტიმულირებს მათ
იდეებს, და არ მივაწოდოთ მათ უბრალოდ დასამახსოვრებელი ინფორმაცია.

კანონი
მესამე:

 სწავლა პირდაპირპროპორციულია
გართობისა და სიამოვნების
. იუმორი მნიშვნელოვანია
სტრესისა და დაძაბულობის დასაძლევად, შესაბამისად იგი გვეხმარება კომფორტული სასწავლო
გარემოს შექმნაში. თუკი ჩართული ხართ სასწავლო პროცესში და გესმით თუ როგორ დაგეხმარებათ
იგი საკუთარი საქმიანობის/სამუშაოს ან კონკრეტული ამოცანის უკეთ შესრულებაში, მაშინ
სწავლებით მიღებული სიამოვნებასაც განიცდით.

კანონი
მეოთხე:

სწავლება შედეგიანია მხოლოდ მაშინ, როცა ქცევა იცვლება. ანუ, სათვალავში მიიღება მხოლოდ  ის, რასაც აკეთებ. იმისათვის, რომ გავიგოთ ისწავლა
თუ არა კონკრეტულმა პირმა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რამდენად იყენებს იგი ახლად
შესწავლილ მასალას.  ამიტომ ზრდასრულებს წარმოუდგინეთ
ისეთი გამოცდილებები, რომელიც საშუალებას იძლევა წარმატებული პრაქტიკა დავინახოთ და
ზრდის ცოდნის შენარჩუნების და სამუშაოზე გამოყენების ალბათობას.

 

 

ზრდასრულთა განათლების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ზრდასრულთა მოტივაცია.  რა იწვევს მათ მოტივაციას ისწავლონ?

ზრდასრულებს კარგად უნდა ქონდეთ გააზრებული თუ რას სწავლობენ,
ასევეუნდა სჯეროდეთ, რომ რასაც სწავლობენ ნამდვილად სჭირდებათ და დროს და ენერგიას
ტყუილად არ ხარჯავენ.ზრდასრულების მიზნები და მათი მოლოდინი იმისა თუ რას ისწავლიან
მნიშვნელოვნად განაპირობებს მათი სწავლის მოტივაციას.
ზრდასრულები ტრენინგზე მათი პერსონალური მიზნებით მოდიან.
ეს შეიძლება არ იყოს აუცილებლად ის რაც სურთ ან ჭირდებათ, მაგრამ ის რასაც ისინი ფიქრობენ
რომ სჭირდებათ. მიზნები შეიძლება მოიცავდეს მეტ ცოდნას, პრაქტიკაში ცოდნის გამოყენებას,
მეტ სოციალიზაციას, ან სულაც რაიმე ტიპის სერტიფიკატის მიღებას. თუკი ეს სასწავლო გამოცდილება
მათ პერსონალური მიზნის მიღწევაში არ ეხმარებათ, მაშინ ისინი ტრენინგს ფუჭად ჩათვლიან.

რა უნდა გააკეთოს ტრენერმა.

შესაბამისად ტრენერებმა
რაც შეიძლება მალე, ტრენინგის დასაწყისშივე საფუძვლიანად უნდა აუხსნან ტრენინგის მნიშვნელობა,
რაში გამოადგებათ ახლად შეძენილი ცოდნა და უნარები.

ასევე დასაწყისშივე
ტრენერმა კარგად უნდა გაიცნოს თავისი  ჯგუფი,
მოკლე გასაუბრების და კითხვა პასუხის საფუძველზე დაადგინოს თუ რა არის თითოეული მათგანის
საჭიროება და ეცადოს გაითვალისწინოს ეს საჭიროებები, თუნდაც ამისთვის შემდეგი სატრენინგო
სესიის მოდიფიცირება გახდეს  საჭირო.

იმისათვის რომ გაარკვიოთ
რა არის ტრენინგზე მოსული ზრდასრულის მიზნები გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს.

 

ცხრილი 1.2.

               
ზრდასრულთა  მიზნებისა და მათი მოლოდინების
შეფასება


მეთოდი

მეთოდის
აღწერა

ხანმოკლე 
წერილობითი გამოკითხვა

სთხოვეთ დაწერონ თავიანთი საჭიროებების, საკითხისადმი
დამოკიდებულების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ
გამოკითხვის ფურცელი რომელსაც შეავსებენ.

დაკვირვება

ინფორმაციის მოგროვებაში დაგეხმარებათ ტრენინგის მიმდინარეობისას
მათთან მეტი დროის გატარება, ეს შეიძლება იყოს შესვენების დროს, ან სამუშაოს შესრულების
დროს, ან სხვა აქტივობისას რაც მათ სწავლას უკავშირდება.

ინტერვიუ

გაესაუბრეთ მათ პერსონალურად და გამოკითხეთ მათი საჭიროებების
შესახებ

საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობის ანალიზი

ტრენინგის დასაწყისშივე შეგიძლიათ დაიწყოთ აქტივობით,
რომელიც შესასწავლს საკითხთანაა დაკავშირებული და რომელიც ნათლად გვიჩვენებს თუ რა
პრობლემები შეიძლება ჰქონდეს თითოეულ მათგანს(მაგ. თუ ტრენინგი ჯგუფურ მუშაობაზეა
გაითამაშეთ სცენა სადაც მასწავლებელი დანარჩენ მასწავლებლებთან, რომელთაც მოსწავლეების
როლი ექნებათ, ჯგუფურ მუშაობას გაითამაშებს). აქტივობის დასრულების შემდეგ გააანალიზეთ
შედეგები, აღნიშნეთ აქტივობაში ჩართული მონაწილეების ძლიერი და სუსტი მხარეები .

ზრდასრულებს თავად აქვთ პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე
და შეუძლიათ საკუთარი სასწავლო გამოცდილება 
თავად წარმართონ.
გამოცდილების
თავად წარმართვა გულისხმობს ნებისმიერი სახის ცოდნის შეძენას, უნარების განვითარებას
ან მიღწევას,   რომელსაც ინდივიდი თავისი კონრეტული
ძალისხმევით ისახავს მიზნად  და აღწევს მას
ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით Gibbons
2002 ). ეს ის უნარია, რომელიც გვამზადებს
სწავლისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში და სასურველია ზრდასრულებს ეს უნარი უკვე
სკოლაში ჰქონდეთ გამომუშავებული.

რა უნდა გააკეთოს ტრენერმა.

ტრენერის ვალია,
დაეხმაროს ზრდასრულს თავად განსაზღვროს მისი კონკრეტული საჭიროება და თავად წარმართოს
მისი სასწავლო გამოცდილება.

იმისათვის რომ ნათელი
გახდეს ტრენერის მოქმედება ასეთი სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად, გთავაზობთ ცხრილს
სადაც აღწერილია განსხვავება ტრენერის/მასწავლებლის მიერ წარმართული და თავად მოსწავლის/ტრენინგის
დამსწრის მიერ წარმართულ სასწავლო გამოცდილებას შორის.

ცხრილი 1.3.

მასწავლებლის/ტრენერისა და მოსწავლის/ზრდასრულის მიერ
წარმართული სასწავლო გამოცდილება

ტრენერის
მიერ წარმართული სწავლებისას ტრენერი

ზრდასრულის
მიერ წარმართული სწავლებისას ტრენერი

აყალიბებს კურსის სპეციფიურ მიზნებს

ასწავლის მათ სპეციფიური მიზნები განსაზღვრონ და თვითონ
აირჩიონ რა უნდა ისწავლონ

მოსწავლეებს წარმოუდგენს კურსის შინაარსს

ასწავლის მათ მიზნის მისაღწევად შესაბამისი გეგმა
დასახონ და განახორციელონ

თავად ადგენს დავალებებს

 

დავალებების შესახებ იღებს  ინფორმაციას ტრენინგის მონაწილეებისაგან და მათთან
მოლაპარაკების საფუძველზე არჩევს მათ

 

აფასებს ტრენინგის მონაწილეთა სამუშაოს ადეკვატურობას
და ახორციელებს მათ მონიტორინგს. აკეთებს ტესტებს და ქულებს ანიჭებს მათ

საშუალებას აძლევს ტრენინგის მონაწილეებს მოიფიქრონ
რთული აქტივობები. განიხილავს  თუ როგორ აფასებენ
ტრენინგის მონაწილეები თავიანთ ნაშრომებს

ადაპტირებულია შემდეგი
წყაროდან:
Gibbons, Maurice. The Self-Directed Learning
Handbook: Challenging Adolescent Students to Excel.
San Francisco: Jossey Bass,2002.

 

ზრდასრულები კლასში მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით
მოდიან და მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ტრენინგის მსვლელობისას. ასევე,
ზრდასრულები სწავლისადმი განსაკუთრებულ ინტერეს იჩენენ მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ
ახალი ცოდნა და უნარები, მათ დაეხმარებათ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.

რა უნდა გააკეთოს ტრენერმა.

ტრენერები მაშინ
არიან წარმატებულები, როდესაც ისინი მათ გამოცდილებაზე აგებენ თავიანთ სასწავლო მასალას
და აძლევენ ზრდასრულებს საშუალებას, თავიანთ გამოცდილებაზე დააშენონ ახალი ცოდნა. ასევე,
ტრენერები უნდა აძლევდნენ ტრენინგის მონაწილეებს კონტრიბუციის საშუალებას. გამოცდილების
გაზიარების საშუალებით ზრდასრულებს თვითშეფასების ამაღლებაშიც ვუწყობთ ხელს.

მეორე მხრივ, ტრეინინგი,
რომელიც იმ სიტუაციებს და შემთხვევებს განიხილავს, რაშიც ზრდასრულები თავად მონაწილეობენ,
უფრო რელევანტურია მათთვის.იმისათვის რომ მაქსიმალურად შევძლოთ მათი გამოცდილების გაზიარება,
უნდა გაკეთდეს აქტივობები, რომლებიც გამოხატავს ტრენინგის მონაწილეთა რეალურ საქმიანობას.
ამ აქტივობებმა საშუალება უნდა მისცეს ზრდასრულს, რომ თეორიული ასპექტები მათ რეალურ
გამოცდილებას შეადარონ.

გთავაზობთ რამდენიმე
სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ ზრდასრულთა ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად ეფექტურად
გამოიყენოთ ტრენინგის მსვლელობისას.

 

  • სთხოვეთ მონაწილეებს ტრენინგის მსვლელობისას შესაბამისი
    გამოცდილება გაგიზიარონ.
  • გააკეთეთ 
    ,,რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე, და რა ვისწავლე” ცხრილი, რომელსაც შეავსებენ
    ტრენინგის დასსაწყისსა და დასასრულს.
  • დაგეგმეთ წყვილებში  ან მცირე ჯგუფებში მუშაობა სადაც ისინი გამოცდილებას
    გაუზიარებენ ერთმანეთს.
  • კარგად მოამზადეთ მთავარი წამმართვლი კითხვები,
    რომელიც ახალ ცოდნასაც ამოიტანს ზედაპირზე და ახალ ინფორმაციაზეც გააღვივებს ინტერეს.

 

რა
ხდება იმ შემთხვევაში როდესაც ტრენინგის მონაწილეთა წინარე გამოცდილება კონფლიქტში
მოდის ახალ შესასწავლ მასალასთან?  ასეთი შემთხვევები
შეიძლება არც თუ იშვიათი იყოს და ტრენერი ამას გვერდს ვერ აუვლის. მნიშვნელოვანია,
რომ ტრენერმა შექმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც ტრენინგის მონაწილეს თვითშეფასებას
ზიანი არ მიადგება. ერთ ერთ სახელმძღვანელოში ტრენერებს სთავაზობენ კითხონ ტრენინგის
მონაწილეებს ,,როგორ კეთდება ეს” იმის ნაცვლად, რომ კითხონ ,,როგორ აკეთებთ თქვენ ამას?”
(
Milano and
Ulius 1998).
ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ზოგადად
ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე და თუ ეს გამოცდილება სრულიად ეწინააღმდეგება ახალ
შესასწავლ მასალას, თავს უხერხულად არ იგრძნობენ.

 

ასევე გაითვალისწინეთ,
რომ ტრენინგის ადრეულ სტადიაზე სჯობს ისეთი მასალის მიწოდება, რომელიც სწრაფად ათვისებადია,
იმისათვის, რომ მათ დაინახონ ტრენინგის მნიშვნელობა გამოყენების თვალსაზრისით.

 

მართალია ზრდასრულები რეაგირებენ გარეგან მოტივაციაზე,
როგორიცაა ბონუსი, დაწინაურება ან სერტიფიკატის აღება, მათთვის არა ნაკლები მნიშვნელობა
აქვს შინაგან მოტივაციას, როგორიცაა გაზრდილი თვითშეფასება, კოლეგების მხრიდან დაფასება
დ.ა.შ.
 ხარისხიანი ტრენინგი ახდენს
შინაგანი მოტივაციის დაკმაყოფილებას. ასეთი სწავლება ინტერესს უღვივებს ზრდასრულს, რომ თავიანთ საქმეში უფრო გაიწაფონ და  მეტი ისწავლონ. 

რა უნდა
გააკეთოს ტრენერმა.

შინაგანი მოტივაციის გასაზრდელად, ზემოთ
დასახელებული სტრატეგიების გარდა (ინტერესების გათვალისწინება, გამოცდილების გაზიარება,
ტრენინგის მნიშვნელობის ახსნა) ტრენერმა უნდა შექმნას
უსაფრთხო და მზრუნველი სასწავლო გარემო. ასეთი გარემო
გულისხმობს იმას, რომ ტრენერი საშუალებას აძლევს ზრდასრულებს იყვნენ ტრენინგის აქტიური
მონაწილეები, მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოთქვან კრიტიკული მოსაზრებები,  ეჭვები, დასვან კითხვები.  გარდა ამისა, თითოეულ ტრენინგის მონაწილეს საკუთარი
სწავლის სტილი გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანს მიეცეს საშუალება საკუთარი
სწავლის სტილი გამოიყენოს. მაგალითად, ზოგიერთს სურვილი აქვს მაშინვე საუბარში ჩაერთოს
და საკუთარი იდეები წარმოადგინოს, სხვებს კი პირველ ეტაპზე დამკვირვებლის როლში ყოფნა
ურჩევნია. ამ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ რადგან ტრენინგის მონაწილე ჩუმად
არის და ხმას არ იღებს ნაკლებად აინტერესებს. ამასთანავე, ზოგი ვიზუალურად უკეთ ითვისებს
მასალას, ზოგსაც მოსმენა ურჩევნია, ამიტომ ეცადეთ თქვენი გადაცემის ფორმები მრავალფეროვანი
იყოს. ეკრანზე  გაუშვით პრეზენტაცია, ასევე
დაურიგეთ ამობეჭდილი მასალები დ.ა.შ.

ტრენერმა უნდა გააცნობიეროს ისიც, რომ იგი
ვერ გააკანტროლებს ყველა იმ ფაქტორს რაც გავლენას ახდენს მონაწილეების მოტივაციაზე.
მაგალითად თუ დამსწრეები იმიტომ ესწრებიან ტრენინგს, რომ ამას სამსახურში ავალდებულებენ,
მათი მოტივაცია თავიდანვე განსხვავებული იქნება იმ ადამიანების მოტივაციისაგან, რომელთაც
თავიანთი ნებით მოინდომეს ტრენინგის დასწრება.
თუმცა
კარგ ტრენერს მიზანმიმართულად დაგეგმილი ტრენინგით შეუძლია ასეთ მონაწილეებსაც გაუღვიძოს
შინაგანი მოტივაცია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...