შაბათი, აპრილი 25, 2026
25 აპრილი, შაბათი, 2026

მანძილი – მეტრი, წონა – კილოგრამი, ცოდნა – ?

0
დიდია ინდოელებისა და არაბების დამსახურება კაცობრიობის წინაშე. ამ ხალხებმა მდიდარი და ორიგინალური კულტურა შექმნეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ ქვეყნიერებას შემატეს, რიცხვებია. რიცხვები მხოლოდ თვლასა და ანგარიშში როდი გამოიყენება; მათი მეშვეობით ვახასიათებთ საგნებსა და მოვლენებს. ამქვეყნად ყველაფერი იწონება – ხილული და უხილავი, მატერიალურ-კორპუსკულური და აბსტრაქტულ-წარმოსახვითი. ცოდვა-ბრალის განმკარგავ ქალღმერთსაც სასწორი უჭირავს ხელში…

თუმცა აქ რიცხვები უძლურნი არიან, თუ მათ საზომი ერთეულები არ უდგანან გვერდით. ორი შეიძლება ვაშლიც იყოს, მანქანაც, ქვეყანაც და სიკვდილ- სიცოცხლეც… ამიტომ რიცხვებთან ერთად მოვლენების განმსაზღვრელი ტერმინებიც შემოვიღეთ. იყო დრო, როცა ყველა ერი და ქვეყანა თავისი ეტალონით საზღვრავდა. ჩვენი წინაპრები სოვდაგრებისგან ფარჩას და მიტკალს გოჯებითა და მტკავლებით ყიდულობდნენ, ერთ შორეულ ქვეყანაში კი სიგრძეს ფუტებითა (ნაბიჯებით) და იარდებით ზომავდნენ. ბებერ კონტინენტზე 25 გრადუსი თბილი დღის მომასწავებელია, ოკეანის გაღმა კი ამ ტემპერატურაზე სიცივისაგან კბილს კბილზე გვაცემინებს, ვინაიდან იქ ჯერ კიდევ ფარენჰეიტის დანატოვარი თერმომეტრები აქვთ.

დღეს მთელი სამყარო ცდილობს, ამ ერთეულებით ფრანგებს დაედაროს. სამეცნიერო წრეებში შემოიღეს SI ერთეულები, რომელთა თანახმადაც მანძილი მეტრებში იზომება, წონა – გრამებში, ძაბვა – ვოლტებში… სია ძალიან გრძელია…

მხოლოდ ფიზიკური სიდიდეები იზომება? რა თქმა უნდა, არა. დანაშაულს, მორალს, სიყვარულს, ოცნებასაც აქვს თავ-თავისი საზომი. ცოდნას? არც ის არის გამონაკლისი, მაგრამ რა ერთეულებში ზომავენ მას?


და ჩვენი ყოფის პარადოქსი: ჰკითხეთ პარკეტის ხელოსანს, რა ღირს მისი ცოდნა. უმალ გიპასუხებთ: კვადრატული მეტრი – 10-25 ლარი. დაუსვით იგივე კითხვა ავტოშემკეთებელს – დიდხანს ფიქრი არ დასჭირდება. ასეა თითქმის ყველა, ვინც თავისი ხელობით (ცოდნით) ირჩენს თავს. მაგრამ, მოდი, იმავე კითხვით მივმართოთ განსწავლულ ადამიანს – პროფესორს ან მასწავლებელს. ვერაფერს გვეტყვის. ვაკანსიის დაკავების მსურველისთვის გასაუბრებაზე ყველაზე უხერხული კითხვაა „ხელფასი რამდენი გინდათ?” რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს ორგანულ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ღრმად აქვს გადგმული ფესვი მცნებას, რომ სწავლა და სწავლება უფასოა. მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც სტანდარტის (ეტალონის) უქონლობაა.

ცოდნა მრავალწლიანი შრომის ისეთივე პროდუქტია, როგორიც მინდვრად მოწეული ჭირნახული, სტამბაში დაბეჭდილი წიგნი თუ ქარხნის გამოშვებული რაიმე ნივთი. თითოეული მათგანის ღირებულებას, ნედლეულსა და შრომით დანახარჯთან ერთად, მოთხოვნაც განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ განსწავლულობა სრულიადაც არ არის ადვილად დასაქმებისა თუ ცოდნის მაღალ ფასად გაყიდვის გარანტია. ჩვენი ცოდნა ვიღაცას უნდა სჭირდებოდეს! და ეს „ვიღაცა” უმთავრესად დროის მოთხოვნაა.

კიდევ ერთი პარადოქსი: ავტოზეინკლებმა და ხელოსნებმა უმალ აუღეს ალღო თანამედროვეობის მოთხოვნებს. იგრძნეს თუ არა ახალი დროების სიო, მყისვე გადაეწყვნენ ახალ ყაიდაზე – საბჭოთა „ჟიგულებისა” და „ვოლგების” ნაცვლად „მერსედებისა” და „ვოლვოების” კონსტრუქციებს ჩასწვდნენ; ხელოსნები შპალერის გასაკრავად წებოს ხორბლის ფქვილისგან აღარ ხარშავენ – ახალ ტექნოლოგიებს ამჯობინებენ… რა ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში? აქ პროგრესის სულ თითებზე ჩამოსათვლელი მაგალითი გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრგან ასწავლიან გასული საუკუნის 60-იანი წლების წიგნებით…

მასწავლებლის პროფესიას თუ რამე გადაარჩენს, თუ რამე მას პრესტიჟულს, მაღალანაზღაურებადს გახდის, პროგრესზე ორიენტაციაა, რეალურ, პრაქტიკულ პროგრესზე ორიენტაცია. თითოეულ მასწავლებელს ზურგჩანთაში უნდა გვეწყოს სწავლების საკუთარი, ჩვენეული, განუმეორებელი მეთოდები. ნუ მივბაძავთ სხვას, რა კარგადაც უნდა ხსნიდეს ის გაკვეთილს თუ კითხულობდეს ლექციას; ხშირად მივარდნილ მთებში ხელით ნაქსოვი ფარდაგი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ინდუსტრიული განვითარების მწვერვალზე მყოფი რომელიმე საქვეყნოდ ცნობილი ბრენდის ქმნილება. ვიყოთ ერთადერთნი და ჩვენც გვექნება პასუხი კითხვაზე, რა ერთეულებში იზომება ცოდნა.

განათლების სისტემის პრობლემები: მითები და რეალობა

0
სოციალური ფაქტორების გავლენა განათლების ხარისხზე -მესამე ნაწილი
 
 საქართველოში განათლების რეფორმის დაწყების დღიდან მიმდინარეობს დაუსრულებელი დავა, რამდენად შეესაბამება განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის რეალობას. რას უნდა ეფუძნებოდეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებს სახელმწიფო? სერიოზულ მეცნიერულ კვლევებს და მათ საფუძვლიან ანალიზს? საზოგადოების წევრთა უმრავლესობის „ტრადიციულ” ხედვებს და თეორიებს აღზრდის შესახებ? რა როლს ასრულებს განათლების სისტემის ეფექტურობაში სოციალური ფაქტორები?

დანიელ ვ. როსიდესის ნაშრომი ამ საკვანძო საკითხებს ეხება. როსიდესი პროფესორ-ემერიტუსია ბოუდინის კოლეჯში, რომელიც აშშ-ის, მენის შტატის, ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია (დაარსებულია 1794 წელს). ასევე ასწავლიდა ჰანტერის კოლეჯში, ნიუ-იორკის საჯარო უნივერსიტეტში (The City University of New York), იორკის უნივერსიტეტში (ტორონტო, კანადა); გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სოციალურ თეორიებში, საზოგადოების სოციალურ ფენებად დაყოფის თეორიაში. ამჟამად მუშაობს ნაშრომზე „ამერიკული კაპიტალიზმის გააზრება”.
მითი იმის შესახებ, რომ განათლება ხელს უწყობს ადამიანის მოქალაქეობრივ   განვითარებას

ის, რომ განათლება ვერ იძლევა დადებით შედეგს, ეხება მოქალაქეობრივ საკითხებსაც. XIX საუკუნეში ამერიკელებს მიაჩნდათ, რომ განათლება შექმნიდა მორალურ და ინტელექტუალურ საფუძველს, რომელიც მთელ ნაციას გააერთიანებდა. ბავშვების წარმოდგენები უფროსების მეთვალყურეობით ყალიბდება. საერთო სასკოლო პროგრამის იდეა შეესაბამებოდა ამერიკელთა უმრავლესობის სოციალურ გამოცდილებას. მათთვის საერთო იყო პროტესტანტიზმი, ნიუტონის კოსმოლოგია, ფერმერობა და პატარა ქალაქებში ცხოვრება. ამიტომაც საერთო პროგრამაზე მსჯელობა ბუნებრივი გახლდათ. მოგვიანებით ერთიანი სკოლა განიხილებოდა როგორც მზარდი მრავალფეროვნების კორექტირების საშუალება, რომელიც ურბანიზაციამ და ემიგრაციამ მოიტანა. მაშინაც კი, როდესაც სასწავლო პროგრამები უკვე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რჩებოდა რწმენა, რომ განათლების ერთგვაროვნება, განსაკუთრებით – საკვანძო სამოქალაქო უნარებისა და ფასეულობების შესახებ, თანდათან მოიკრეფდა ძალას და განათლების უფრო მაღალი დონეები საზოგადოებას სარგებლობას მოუტანდა.

ქვეყანაში საყოველთაო განათლების შემოღებიდან 150 წლის შემდეგ ამერიკელებს სულ უფრო ნაკლებად აერთიანებთ საერთო ფასეულობები და წარმოდგენები. რატომ წარმოუდგენიათ ამერიკელებს განათლება მექანიზმად, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ ინტეგრაციას საქმის მცოდნე, გააზრებული მოქალაქეობის საშუალებით, გაუგებარია. საიდანაც არ უნდა მოდიოდეს განათლების ერთგვაროვნების იდეა (შესაძლებლობათა თანაბრობა, ტესტირების საშუალებით ობიექტურად შემოწმებული ნაციონალური ნორმები, უნივერსალური პროფესიული სტანდარტები, ნაციონალური აკრედიტაცია, ნაციონალური სტანდარტები), ის ხელს უწყობს სოციალური მდგომარეობისთვის უსამართლო ბრძოლის გადაფარვას. ერთგვაროვან და უნივერსალურ განათლებაზე საუბრის მიღმა ამერიკულმა საზოგადოებამ, ფაქტობრივად, შექმნა სერიოზული უთანასწორობა განათლებაში, დაწყებითი განათლებიდან მოყოლებული, პროფესიულის ჩათვლით. ამერიკულმა საგანმანათლებლო სისტემამ წარმოქმნა კოლეჯებისა და უნივერსიტეტების საოცრად მრავალფეროვანი იერარქია, რომელთაგან ძალიან ცოტას თუ აქვს პროგრამა, რომელიც ყველა მოსწავლემ უნდა გაიაროს. ასევე შექმნა კლასობრივი მრავალფეროვნება საცხოვრებელი ადგილის და იქ მოქმედი სკოლების სეგრეგაციის მიხედვით. ეს მთელ ერში რასობრივ იზოლაციას წარმოშობს.

მიუხედავად ყველაფრისა, კლასობრივმა განათლებამ დადებითი შედეგიც გამოიღო: მან ხელი შეუწყო ამერიკული ნაციონალური სახელმწიფოს აშენებას, გამოყო პატრიოტიზმი და კლასობრივი იდეოლოგია და ჩააქრო კლასობრივი, რასობრივი, ეთნიკური და რეგიონული დაძაბულობა. მაგრამ სოციალური სტაბილიზაციისკენ მიმავალი გზა ძალიან განსხვავდება დეკლარირებული იდეოლოგიისგან – კლასობრივ კუთვნილებაზე დაფუძნებული განათლების სისტემა, რომელშიც ბავშვები იწყებენ და უმეტესად რჩებიან კიდეც განსხვავებულ კალაპოტში, იცავს მათ, ვისაც აქვს კანონიერი ძალაუფლება და აკანონებს მათ წარუმატებლობას, რომლთაც ეს ძალაუფლება არ გააჩნიათ.

უფრო მაღალი მოქალაქეობრივი დონე შეიძლება ნიშნავდეს მეტ პოლიტიკურ განათლებას ან საზოგადოების შემოქმედებით სამსახურს, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ ჩნდება განათლების შედეგად. უფრო მეტიც – უფრო მეტი განათლებისკენ სწრაფვა დაემთხვა სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის საოცარ ვარდნას. მიუხედავდ დროისა და თანხის უზარმაზარი დანახარჯისა, ვერ ვიტყვით, რომ ამერიკელები დღეს უფრო განათლებულები არიან, ვიდრე წინათ, თუ მათ შევაფასებთ იმ კუთხით, რა უნდა იცოდნენ სამყაროზე. იმის გასაგებად, რატომ მოხდა ასე, უნდა დავუბრუნდეთ იმ ფაქტს, რომ განათლება თითქმის ვერ ახდენს ხანგრძლივ გავლენას მოსწავლეთა წარმატებაზე. განათლებას არ აქვს ხანგრძლივი შედეგი, რადგან ცოდნასა და ქცევის ცვლილებას შორის უშუალო კავშირი არ არსებობს. ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ შიდსი არ გადაეცემა პირდაპირი გზით, განაგრძობენ დაავადებულთა დისკრიმინაციას. ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ პრეზერვატივის გამოყენება ამცირებს შიდსით დაავადების რისკს, მაინც არ იყენებენ მას. მოზარდებს, რომლებიც ესწრებიან სქესობრივი განათლების კურსებს, ისევე ხშირად ორსულდებიან, როგორც მოზარდები, რომლებიც ამ კურსებს არ ესწრებიან. ექიმები, რომელთაც გავლილი აქვთ კვებასთან დაკავშირებული სწავლება, არ იყენებენ ამ ცოდნას თავიანთ პრაქტიკაში და ა.შ. სკოლები, ფაქტობრივად, არ არიან ორიენტირებულნი იმ ცოდნაზე, რომლის გამოყენებაც შეიძლება. ისინი ორიენტირებულნი არიან აბსტრაქტულ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც ხანგრძლივად გამოიყენება სოციალურ პოლიტიკასა და პირადი პრობლემების სფეროში. ყველაფერი, რაც ვიცით სწავლების შესახებ, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები იქცევიან შესაბამისად, თუ დასწავლილი აქვთ ეს. გარდა ამისა, აბსტრაქტული უნარ-ჩვევები, რომლებსაც ფლობენ კურსდამთავრებულები, განწირულია ძალზე სტრუქტურირებულ პირობებში გამსოაყენებლად, სადაც ახალი პერსპექტივების შეტანა ძნელია, მაგალითად, კორპორაციებში, საავადმყოფოებში, იურიდიულ ფირმებში, სკოლებში, ფონდებსა და სახელმწიფო ბიუროკრატიაში.

ის ფაქტი, რომ უმაღლესი განათლება, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს კოგნიტიურ უნარ-ჩვევებს, არ ნიშნავს, რომ ასეთი უნარ-ჩვევების განვითარება სოციალური და ეკონომიკური რეფორმების მამოძრავებელი ბერკეტი იქნება. პირიქით, აბსტრაქტულ კოგნიტიურ უნარ-ჩვევებს არ აქვს პირდაპირი უკუკავშირი კარგი მუშახელისა და მოქალაქის სახით. იგივე ითქმის უმაღლესი განათლების წარმატებაზე, უზრუნველყოს „უკეთესი” ქცევა პოლიტიკისა და სქესის საკითხებში. კოლეჯების კურსდამთავრებულებს, ისევე როგორც სხვებს, აქვთ თავიანთი ინტერესები, ქცევასა და იდეალებში აქვთ ისეთივე გადახრები, როგორიც სხვებს.
რატომ განაგრძობს არსებობას ცუდი სისტემა

საშუალო და უმაღლესი განათლების ცუდად მომუშავე სისტემა დღემდე მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ემსახურება ძალაუფლების მქონე ჯგუფების ინტერესებს. ის მხარს უჭერს მითს იმის შესახებ, რომ უმაღლესი სოციალური კლასები ივსება მერიტოკრატიული პროცესების შედეგად, რომლებიც კონკურენციას ეფუძნება და საზოგადოება მოძრაობას განაგრძობს საუკეთესოების ხარჯზე, რომლებსაც ბუნებრივი გადარჩევა ავლენს. რეალობასთან შეუსაბამო დიპლომებისა და გამოცდილების მიღების სისტემა ზღუდავს სამუშაო ძალების დენას კარგ სამუშაო ადგილებზე, რითაც უზრუნველყოფს ხელმძღვანელი ჯგუფების კონტროლს მაღალი დონის პროფესიების შემოსავლებზე, პრესტიჟსა და გავლენაზე. ეს სისტემა ასევე უზრუნველყოფს მაღალი ფენის ოჯახების შვილების წარმატებასაც, რითაც აგვარებს კლასობრივი უპირატესობის შთამომავლებზე გადასვლის პრობლემას ეთიკური ნორმების დაურღვევლად.

განათლება გამოდის „განტევების ვაცის” როლში: მას ადანაშაულებენ სოციალური პრობლემების არსებობაში და მიაწერენ პასუხისმგებლობას სოციალურ ფუნქციებზე, რომელთა შესრულებაც მას აშკარად არ შეუძლია. ჩვენს ელიტას ყურადღება გადააქვს იმ ფაქტიდან, რომ ის თვითონვეა პრობლემის მიზეზი და პასუხს აგებს მის მოგვარებაზე.

განათლება არათუ ვერ ასრულებს სოციალურ ფუნქციებს – აბსტრაქტულ ცოდნაზე მის ერთმნიშვნელოვან ზეწოლას მარცხისკენ მივყავართ. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სკოლების შეფასება არასოდეს არის ფოკუსირებული იმაზე, რა იციან მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა, მენეჯერების, პოლიტიკური მოღვაწეებისა და პროფესიონალების ჩათვლით, იმ სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობენ. ეს ეჭვქვეშ დააყენებდა მითს, რომელზეც დამოკიდებულნი არიან უმაღლესი კლასების წარმომადგენლები. ის, რომ დეპოლიტიზაციისა და სტანდარტიზაციის ასეთი პროცესი გამოიყენება ელიტის მიმართ, საზოგადოებისგან დაფარული სოციალური პროცესის ყველაზე უსიამოვნო ნაწილია.
 
ხელოვნურად შექმნილი კრიზისი

80-იანი წლების დასაწყისიდან მუსირებს მითი, რომ ტესტირების შედეგებმა დაიწია, რაც სახელმწიფო სკოლების ბრალია და საჭიროა მათი ალტერნატივის ძებნა. ამ აზრმა საზოგადოების ცნობიერებაშიც მოიკიდა ფეხი. SAT-ის ტესტებმა მართლაც აჩვენა უფრო დაბალი შედეგები, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან ობიექტურნი, რადგან ამ ტესტებს აბარებენ შერეული ჯგუფები და მხოლოდ სურვილისამებრ. ყველა სხვა ტესტი სტაბილურ შედეგებს აჩვენებს. 

არ შეიძლება დასკვნების გამოტანა განათლების სისტემის კარგი ან ცუდი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ტესტების საფუძველზე. არ შეიძლება საშუალო მაჩვენებლის გამოყენება ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, სადაც ძალიან ცუდი პირობებია ღარიბებისა და უმცირესობისთვის. უმართებულოა მთელი სისტემის გაკიცხვაც და იმის საბაბად ქცევაც, რომ არ შევიმჩნიოთ საოცარი უთანაბრობა.

როდესაც ჩნდება კონტრარგუმენტები, იწყებენ მტკიცებას, რომ მდგრადი მაჩვენებლები და მცირე მიღწევები არ კმარა, რადგან მომავალი ეკონომიკა მაღალ აკადემიურ უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული. ასეთი ფართოდ გავრცელებული არგუმენტი პოლიტიკურად პოპულარულია, მაგრამ დაუსაბუთებელი. დაუჯერებელია, რომ ტესტების კარგად ჩაბარება განსაზღვრავს მუშახელის კვალიფიკაციას. მეორე მხრივ, ბევრი სამუშაო, რომელიც ხელმისაწვდომია სკოლადამთავრებულებისთვის, არ მოითხოვს იმ სასკოლო განათლებას, რომელიც ამერიკაში არსებობს. სკოლების კურსდამთავრებულები მყარად ვერ დგანან ფეხზე არა იმიტომ, რომ ტესტებში დაბალი შეფასება მიიღეს, არამედ იმიტომ, რომ ხშირად მათხოვრულ ხელფასს აძლევენ. დამსაქმებლებს მათი პიროვნული თვისებები უფრო აინტერესებთ, ვიდრე დიპლომები.

პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სკოლებზე ზეწოლა მაინც გრძელდება. დროდადრო პრესინგი იკლებს და ამბობენ, რომ მხოლოდ ცუდი სკოლების მდგომარეობის გაუმჯობესება უნდათ. სამწუხაროდ, არავინ არის დაინტერესებული მოსწავლეთა ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებით. უმეტესად მშობლებს ალტერნატივად სთავაზობენ კერძო და რელიგიურ სკოლებს და ამტკიცებენ, რომ სტანდარტებმა მთელ სასკოლო სისტემაში უნდა აიწიოს. თუ დეტალურად შევადარებთ, დავინახავთ, რომ კერძო სკოლები სახელმწიფო სკოლებზე უკეთეს შედეგებს ვერ აჩვენებენ. მოსწავლეთა მოსწრება ორივეგან დაახლოებით ერთნაირია.
უსაფუძვლო ტესტირება

ტესტირება წარმოადგენს მეცნიერულ მცდელობას, იწინასწარმეტყველონ ქცევა საქმიანობის რომელიმე სფეროში. ტესტირებების წინ წამოწევა მოხდა XX საუკუნეში, როდესაც ფსიქოლოგებმა მიატოვეს ადამიანის შინაგანი თვისებების ძიება და ტესტირების შედეგებსა და შესრულებულ საქმიანობას შორის კავშირის ძებნას მიჰყვეს ხელი. რაც უფრო მეტია კორელაცია ტესტებსა და შესრულებულ საქმიანობას შორის, მით უფრო ადვილია რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში საქმიანობის წინასწარმეტყველება იოლი და ნაკლებწარმატებული ტესტირების საფუძველზე.

იმ დროს, როდესაც ტესტების ვალიდურობა და პროგნოზირების ძალა კვლავ დაბალია, მათი შემუშავების ხელოვნება გაიზარდა. აკადემიურ ტესტებს ჯერ კიდევ სერიოზული ნაკლოვანებები აქვთ. ერთ-ერთი ის არის, რომ ამგვარი ტესტები არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად კარგად ისწავლიან ბავშვები მომდევნო დონეზე, მეორე კი ის, რომ ტესტი ვერ ახდენს სკოლის დამთავრების შემდეგ წარმატების პროგნოზირებას.

2001 წელს დაახლოებით 27-მა შტატმა შემოიღო „მაღალი რისკის” ტესტები: წარუმატებლობა ნიშნავდა, რომ მოსწავლეს ერთმეოდა სწავლის გაგრძელების ან დიპლომის აღების საშუალება, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას კი სანქციები უწესდებოდა. მაგრამ ტესტირების შედეგები ვერ მეტყველებს სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან ისინი მაღლა იწევს, როდესაც მასწავლებლები ეცნობიან ტესტებს და ერთბაშად ეცემა ახალი ვერსიის გაჩენისას. ასეთი ვითარება მოხერხებულია პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც შედეგების აწევა-დაწევაზე მითითება არჩევნებიდან არჩევნებამდე საზოგადოების მართვის საშუალებას აძლევს.

სავალდებულო ტესტირებამ ვერ მიიღო საყოველთაო თანხმობა. ლიბერალებს აწუხებთ, რომ მკაცრი ტესტირების გამო უმცირესობას უსამართლოდ წაერთმევა სწავლის გაგრძელების საშუალება; კონსერვატორები სავალდებულო ნაციონალური ტესტირების, როგორც ფედერალური ორგანოების ადგილობრივ საქმიანობაში ჩარევის, ინსტრუმენტის წინააღმდეგნი არიან. 

აუცილებელია გაანალიზება იმ კავშირისა, რომელიც არსებობს ტესტირების შედეგებსა და სკოლის გარეთ ქცევას შორის, მაგრამ ეს არ ხდება, რადგან უფრო იოლი და პოლიტიკურად მოგებიანია მაღალ სტანდარტებზე მსჯელობა, რომლებიც ტესტირებით მიიღწევა, და ფაქტობრივი თანხმობა იმაზე, რომ მათ მხოლოდ გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის მოაქვთ სარგებლობა. ამერიკაში მიიღეს კანონი, განათლების მიღწევების ტესტირებიდან, რომელიც შტატების დონეზე იყო შემუშავებული, ყველა შტატი ერთიან ნაციონალურ ტესტირებაზე გადასულიყო. კანონმდებლობა ითხოვს შედეგების განაწილებას რაიონების, სკოლების, კლასების, საგნების, რასობრივი და ეთნიკური კუთვნილების, სქესის მიხედვით და იმის მითითებით, არის თუ არა მოსწავლის ოჯახი ღარიბი, თუმცა ამ ინფორმაციას ნაკლებად იყენებენ სკოლების ფინანსირების გასაუმჯობესებლად; ერთადერთი, ვინც ტესტირებისგან სარგებლობას იღებს, არიან კონსერვატორი იდეოლოგები, რადგან მაღალ სტანდარტებს ბევრი ვერ გადალახავს და კვლავ დაიწყება ხმამაღალი ლაპარაკი რეფორმებისა და შემდგომი პრივატიზაციის აუცილებლობის შესახებ. 
თარგმანი, რედაქცია და კომენტარები კახა ჟღენტისა
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Knee-Jerk Formalism: Reforming American Education.Rossides, Daniel W., 1925-; The Journal of Higher Education, Volume 75, Number 6, November/December.2004, pp. 667-703 (Article) Published by The Ohio State University Press DOI: 10.1353/jhe.2004.0039. (https://www.bupedu.com/lms/admin/uploded_article/eA.1063.pdf)
2. Дэниел Россидис. БЕЗДУМНЫЙ ФОРМАЛИЗМ: РЕФОРМИРОВАНИЕ АМЕРИКАНСКОГО ОБРАЗОВАНИЯ. (https://ecsocman.hse.ru/data/2011/05/06/1268034294/03ros.pdf)

სასწავლო მეთოდი „მრგვალი მაგიდა“

0
გასული საუკუნის 90-იან წლებში აწ გარდაცვლილი არაჩვეულებრივი პიროვნებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის ლევან ჩიქვანაიას ხელმძღვანელობით თბილისის რამდენიმე სკოლაში პროფილური სწავლება დაინერგა. მათ შორის იყო 112-ე სკოლა, რომელშიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ჰუმანიტარულ პროფილის კლასში თქვენი მონა-მორჩილი ვასწავლიდი. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, საკლასო ორგანიზაციის ფორმად „მრგვალი მაგიდა” შემერჩია. კლასში სულ ოცი მოსწავლე იყო და ეს რაოდენობა ამის საშუალებას მაძლევდა. მინდოდა, მოსწავლეებსა და მასწავლებელს თანამოაზრეებად ეგრძნოთ თავი, შეუზღუდავად ესაუბრათ ლიტერატურის, როგორც ხელოვნების დარგის, შესახებ, მასში ასახულ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გამოხატვის ხერხებზე… მოკლედ, ეს იყო საუბრები ლიტერატურაზე, რომლის დროსაც ფეხზე არავინ დგებოდა, რადგან ყველა შეხვედრების (და არა გაკვეთილების) თანასწორუფლებიან წევრად გრძნობდა თავს. შეიძლება, ვიღაცას ნაკლები ცოდნა ჰქონდა, ვიღაცას – მეტი, მაგრამ ყველას ლიტერატურის სიყვარული გვაერთიანებდა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ, სხვა ფაქტორებთან ერთად, მოსწავლეების მაღალ მოტივაციასა და ჩართულობაში, მათ შესამჩნევ მიღწევებში უდიდესი როლი სწორედ „მრგვალი მაგიდის” არსებობის ფაქტორმა ითამაშა.

დღეს „მრგვალი მაგიდა” არა როგორც ორგანიზების ფორმა, არამედ როგორც მეთოდი, პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ეს არის სადისკუსიო მეთოდის ტიპი, რომლის მიზანია შესწავლილ თემაში გამოკვეთილი პრობლემის ერთობლივი განხილვა. „მრგვალი მაგიდის” დროს გამოაქვთ საგნის / თემის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ან საკითხები, რომლებიც რთულია და ინდივიდუალურად მათი გააზრება-დამუშავება შეიძლება გაუძნელდეთ მოსწავლეებს. 

კვლევები ცხადყოფს, რომ „მრგვალი მაგიდის” გარშემო მოსწავლეთა გაერთიანება  ზრდის მათ აქტიურობას, ხსნის დაძაბულობას და მეტ ალბათობას ქმნის იმისას, რომ გამოითქვას ბევრი აზრი. მასწავლებლის ყოფნა მოსწავლეთა შორის ეხმარება მას, ერთი მხრივ, შექმნას ნაკლებად ფორმალური, თავისუფალი ატმოსფერო თითოეულის ჩართვისათვის განხილვის პროცესში, მეორე მხრივ, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, აძლევს რა თითოეულს თანასწორუფლებიანობისა და საკუთარი მნიშვნელოვნების განცდას. ამასთან, უყურებენ რა ერთმანეთს სახეში, მოსწავლეებს ეძლევათ არავერბალური კომუნიკაციის საშუალება, ეჩვევიან ემოციების მართვას, აზრის ნათლად მკაფიოდ ჩამოყალიბებას. 

 „მრგვალი მაგიდის” მეთოდი აერთიანებს სხვადასხვა სახის სემინარებსა და დისკუსიებს. განვიხილოთ ზოგიერთი:

1.სასწავლო სემინარები (არსებობს ასეთი სემინარების რამდენიმე სახეობა: საგანთშორისი, პრობლემური, თემატური, ორიენტირებული).

საგანთშორის სემინარზე განიხილება ერთი კონკრეტული თემა სხვადასხვა საგნის პოზიციიდან, ერთი თემის სხვადასხვა ასპექტი. მაგალითად, თემა „კლონირება” შეიძლება განხილული იყოს როგორც ბიოლოგიის, ისე გეოგრაფიისა და ისტორიის  კონტექსტში სხვადასხვა ასპექტით: მორალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, იურიდიულითაც კი. ასეთ სემინარზე მიზანშეწონილია სხვადასხვა საგნის (ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლებისა და სხვ.) მასწავლებლების მონაწილეობა. მოსწავლეებს წინასწარ უნაწილდებათ დავალებები. თავდაპირველად, იმისათვის, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ სემინარში, შეიძლება დასამუშავებელი საკითხების დანაწილება ინტერესების მიხედვით. საგანთშორისი სემინარი აფართოებს მოსწავლეთა თვალსაწიერს, ხელს უწყობს საკითხის კომპლექსურ გააზრებასა და შეფასებას, საგანთშორის და, ზოგადად, მოვლენებს შორის კავშირების დანახვას, სიღრმეში წვდომას.

პრობლემური სემინარის ჩატარება სასურველია თემის დაწყებამდე. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს იმ პრობლემის განხილვას, რომელიც დაკავშირებულია ამ თემის ძირითად შინაარსთან. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას პოემების შესწავლამდე მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ საკითხი: როდის, რა შემთხვევაში და რატომ ცდილობს საზოგადოება დაუმორჩილოს პიროვნება საკუთარ ნებას? სემინარამდე მოსწავლეებს ეძლევათ დავალების შესახებ მცირე განმარტება და ინსტრუქციები. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად განიხილავენ პრობლემას. პრობლემურ სემინარზე მასწავლებელს საშულება ეძლევა გამოავლინოს მოსწავლეთა ცოდნა მოცემულ საკითხზე და გაუღვივოს მათ ამ თემის შესწავლის ინტერესი. მოსწავლეები იხსენებენ ამ პრობლემაზე შექმნილ ნაწარმოებებს, მაგალითებს ცხოვრებიდან, იაზრებენ პრობლემის გამოვლენის სხვადასხვა ვერსიას, რაც, სავარაუდოდ, აღძრავს მათ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას: როგორ ჭრის ამ პრობლემას ვაჟა-ფშაველა?    

თემატური სემინარის დროს აქცენტი კეთდება შესწავლილი თემის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტებზე. სემინარის დაწყებამდე მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, თავად გამოყონ ასეთი საკითხები ან, თუ მასწავლებელს აქვს ინფორმაცია თემის შესწავლის დროს მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, თვითონ შესთავაზოს საკითხთა წრე. თემატური სემინარები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ე.წ. „ჩავარდნების” ამოვსებას ნასწავლის ხელახლა გადახედვითა და ურთიერთსწავლებით. მაგალითად, ფიზიკაში თემის – ოპტიკის – შესწავლის შემდეგ, როცა მასწავლებელი შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზის საფუძველზე აღმოაჩენს საკითხებს, რომლებიც მოსწავლეებს გაუჭირდათ, ის ხელახლა უბრუნდება ამ საკითხებს, მოსწავლეებთან ერთად ამუშავებს მათი მიწოდების ხერხებს. ისინი ერთობლივად ამდიდრებენ მასალას პრაქტიკული მაგალითებით, ბუნების მოვლენებით. 

ორიენტირებული სემინარების დროს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს  უკვე დასმულ და შესწავლილ პრობლემას, რომელიც გამოქვეყნებულია და, აქედან გამომდინარე, კარგად ნაცნობი საზოგადოებისათვის. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ეხება არასრულწლოვნებს და ამის შესახებ გამოქვეყნდა პრესაში. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გაეცნონ საკითხს, გამოთქვან მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, იფიქრონ პრობლემის ამგვარად გადაჭრის მოტივებზე, იმაზე, რას შესთავაზებდნენ განსხვავებულს და რატომ. ასეთი სახის სემინარები ხელს უწყობს მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. ცხადია, მათი დაგეგმვა და ჩატარება მიზანშეწონილია უფროსკლასელებთან.    

2.სასწავლო დისკუსიები. 

სადისკუსიო მეთოდების შესახებ ბევრი დაიწერა და ამჯერად ამაზე აღარ შევჩერდებით.

3.სასწავლო შეხვედრები „მრგვალი მაგიდის” ირგვლივ. 

ამ მეთოდის გამოყენების დროს „მრგვალ მაგიდასთან” ვიწვევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშაულო კავშირი აქვთ განსახილველ საკითხთან: მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, ეკონომისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ლიტერატორებს, ცნობილ ხელოვანებს და ა. შ. შეხვედრამდე მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ჩამოაყალიბონ მათთვის საინტერესო და აქტუალური თემა, მოიძიონ ინფორმაცია მის შესახებ და მოიფიქრონ შეკითხვები ამ თემის განხილვისათვის. მასწავლებელი წინასწარ გადახედავს საკითხებს, შეკითხვებს და მოსწავლეებთან შეთანხმებით ტოვებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს – ერთს ან რამდენიმეს (გააჩნია საკითხს, მის მოცულობას, მოწვეული სტუმრის მოღვაწეობის უშუალო სფეროს და ა.შ.). შერჩეული საკითხები / შეკითხვები მათზე პასუხების მოსამზადებლად შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე (შეიძლება წინა დღითაც) გადაეცემა მოწვეულ სტუმარს. მნიშვნელოვანია,  სტუმარმა გაიაზროს, რომ ის არ არის მომხსენებელი. ის მოსწავლეებთან ერთად იმსჯელებს საკითხზე და გაუზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას, მოსაზრებებს. შეიძლება „მრგვალ მაგიდასთან” რამდენიმე სტუმრის მოწვევაც. მთავარია, საუბრის მსვლელობის დროს  შეიქმნას ბუნებრივი, ძალდაუტანებელი, საქმიანი, გულწრფელი და თანამშრომლობითი ატმოსფერო. მოსწავლეთა და სტუმართა გასააქტიურებლად შეიძლება ისეთი საკითხის გამოტანაც, რომლის შესახებაც ორი სრულად საწინააღმდეგო თვალსაზრისი / პოზიცია არსებობს. კარგია, როცა ასეთ შეხვედრებს თან ახლავს ფოტო და აუდიო, ვიდეომასალა, მასალები ჟურნალ-გაზეთებიდან. ეს სტუმარს აგრძნობინებს, რომ მოსწავლეები სერიოზულად მოემზადნენ შეხვედრისათვის.

„მრგვალი მაგიდის” ასეთი ფორმა მოსწავლეებს აჩვევს აუდიტორიის, მიზნისა და თემის შესაბამისი ენის არჩევას, პროფესიულ ენაზე საუბარს, შეკითხვებისა და აზრების ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებას, გულწრფელობას. სიამოვნებითა და პროფესიული კმაყოფილების გრძნობით ვიხსენებ ასეთ შეხვედრებს მწერალ დათო ტურაშვილთან, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან. იმ საღამოების ფონზე, როცა უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეები „დეკორუმების” როლში არიან და მასწავლებლის მიერ დაწერილი სცენარის ტექსტებს კითხულობენ, „მრგვალი მაგიდის” უპირატესობა აშკარაა. ეს უპირატესობა ბუნებრიობაში, სილაღესა და  თვითგამოხატვის შეუზღუდავ შესაძლებლობაშია.   

„მრგვალი მაგიდა” თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ფორმისა და შინაარსის ერთობლიობამ მასწავლებელს მისცეს საშუალება მიაღწიოს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე მიზანს. 

თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება – სურვილი, მიაღწიო იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია

0
რას გულისხმობს თვითაქტუალიზაციის ცნება? ა. მასლოუსთვის ეს არის ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქიის უმაღლესი დონე – საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ თვითაქტუალიზაცია ადამიანის უმთავრესი მოთხოვნილებაა, მის მაღალ დონეს მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ აღწევს. რატომ? ა. მასლოუს აზრით, ამას განაპირობებს ბაზისური (ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების და სხვა) მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა და ასევე ის, რომ ბევრი ვერ ხედავს თავის პოტენციალს, უფრო მეტიც – ბევრს ეეჭვება და აშინებს კიდეც თავისი შესაძლებლობები. ზრდის ეს პროცესი რისკებისადმი, შეცდომებისადმი მუდმივ მზაობას, სტერეოტიპებზე უარის თქმას გულისხმობს, რაც დიდ სიმამაცეს მოითხოვს. ა. ბანდურა იმოწმებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მამაცი ადამიანები შთაგონებით ემსახურებოდნენ/ემსახურებიან თავიანთ მოწოდებას, ახორციელებენ სრულ თვითაქტუალიზაციას შიმშილის, მორალური თუ ფიზიკური ტანჯვის მიუხედავად. მისი აზრით, ეს გამონაკლისია, რომელიც წესს ადასტურებს და არა პირიქით. უმრავლეს შემთხვევაში თვითაქტუალიზაცია ზრდის მოტივაციაში, განვითარებისკენ სწრაფვის მუდმივი ტენდენციით, იმედით, სასურველის, მაგრამ ჯერ მიუღწეველისკენ ლტოლვით ვლინდება. ყოველი ადამიანი – მასწავლებელი, ექიმი, მშობელი, მუშა – მოკლე ხნით მაინც ხდება თვითაქტუალიზებული, როდესაც აკეთებს იმას, რაც მისი მოწოდებაა. რაც უფრო მაღალია თვითაქტუალიზაციის დონე, მით უფრო ეფექტიანია პროფესიული აქტივობა და პირიქით. ამდენად, მასწავლებლის პროფესიული აქტივობის, და, შესაბამისად, მისი განვითარების ერთ-ერთ არსებით ფაქტორს სწორედ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება წარმოადგენს. თვითაქტუალიზაციის არსის, მისი გზებისა და დინამიკის ცოდნა ადამიანს ეხმარება სწორად განსაზღვროს პროფესიული განვითარების პერსპექტივები. თვითაქტუალიზაცია ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც იცავს მასწავლებელს პროფესიული გადაწვისგან. მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება და მასთან დაკავშირებული ღირებულებები რეზისტენტულს ხდის პედაგოგს პროფესიული გადაწვის მიმართ. გადაწვის დონე კორელაციაშია თვითაქტუალიზაციის დონესთან – რაც უფრო დაბალია თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება, მით ძლიერია პროფესიული გადაწვა.

როგორია თვითაქტუალიზებული ადამიანი? მასლოუს მიხედვით, მას ახასიათებს: 

1. სამყაროს ადეკვატური აღქმა. სამყაროს, მათ შორის – ადამიანებსაც, ის აღიქვამს სწორად და მიუკერძოებლად, ისეთებად, როგორებიც არიან და არა ისეთებად, როგორებიც სურთ იყვნენ. არიან ნაკლებად ემოციურები, ფუჭი ოცნებები და არარეალისტური შიშები გავლენას ვერ ახდენს მის წარმოდგენებზე. ასეთი შეფასება მას საშუალებას აძლევს, ადვილად შეამჩნიოს სიყალბე, იყოს საკმაოდ ტოლერანტული, არ ეშინოდეს პრობლემების, დილემების.

2. საკუთარი თავისა და სხვების მიმღებლობა. ის მომთმენი და შემწყნარებელია, არ არის ზედმეტად კრიტიკული სისუსტეების მიმართ, არ სჩვევია დანაშაულის განცდა, საზოგადოდ, ის ემოციური აღგზნებადობა, რაც ადამიანების ესოდენ დიდ ნაწილს ახასიათებს; პირიქით, ტკბება ცხოვრებით. მას არ აქვს სურვილი, სხვებს ასწავლოს, აკონტროლოს და „ჭკუა დაარიგოს”. ის ადვილად იტანს სხვის სისუსტეებს, იცის, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანები იბადებიან, წვალობენ, ბერდებიან და ბოლოს იხოცებიან.

3. უშუალობა, უბრალოება და ბუნებრიობა. მას არ ამოძრავებს ეფექტის, შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი. მისი შინაგანი ცხოვრება, აზრები და ემოციები პირობითობას მოკლებულია, ბუნებრივია, გულწრფელი და უშუალო. ის არ არის ტრადიციული, თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ გამუდმებით უპირისპირდება ტრადიციებს, რათა გამორჩეული იყოს. უფრო მეტიც – ზოგჯერ ერთგვარ კომპრომისზეც მიდის, იცავს ფორმალობასა და რიტუალებს, რათა დაიცვას თავი და სხვა ადამიანებიც ტკივილისა და უსამართლობისგან. მაგალითად, ერთხანს აიტანს სასწავლო ორგანიზაციაში დანერგილ მოსაწყენ და არაფრის მომცემ სწავლების მეთოდებს, მაგრამ როდესაც სიტუაცია მოითხოვს (და ამ მომენტს ის ზუსტად გრძნობს), პროტესტს გამოხატავს – მისაღები ფორმით და საჭირო დროს.

4.პრობლემაზე ცენტრირება. თვითრეალიზებული ადამიანები არ არიან მე-ზე ცენტრირებულნი (ეგო-ცენტრირებულნი); ისინი საქმეზე, ცხოვრების მისიაზე არიან კონცენტრირებულნი, ცხოვრობენ, რათა იმუშაონ და არა მუშაობენ იმისთვის, რომ იცხოვრონ. მათ აინტერესებთ ფილოსოფიისა და ეთიკის საკითხები, არ ინტერესდებიან ტრივიალური, ყოველდღიური წვრილმანებით, რაც საშუალებას აძლევთ, გაარჩიონ, რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და რა – უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი.

5. დამოუკიდებლობა – განმარტოების მოთხოვნილება. მოითხოვენ შინაგანი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ სჭირდებათ და უყვართ განმარტოება, სხვებზე არ არიან დამოკიდებულნი. მიუხედავად ამისა, მრავალფეროვანი მეგობრული ურთიერთობებით დიდ სიამოვნებას იღებენ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ურთიერთობა, რის გამოც ხშირად “ნორმალური” (ჩვეულებრივი) ადამიანები მათ გულგრილ, ცივ პიროვნებებად მიიჩნევენ. განმარტოებისა და თავდაჯერების მოთხოვნილება სხვა ასპექტშიც ვლინდება. ისინი მაშინაც კი ამჟღავნებენ სიმშვიდეს, როდესაც პირადი უბედურება ან წარუმატებლობა ეწვევათ. მათ ამ მდგომარეობაშიც სიტუაციის საკუთარი ხედვა აქვთ, რომელიც შესაძლოა რადიკალურად განსხვავდებოდეს სხვა ადამიანების ხედვისგან.

6. ავტონომია – კულტურისა და გარემოსგან დამოუკიდებლობა. ავტონომიურობა მათ საშუალებას აძლევს, განვითარებისას საკუთარი თავის, პოტენციალის იმედად იყვნენ. მაგალითად, ნამდვილი სტუდენტი მაშინაც კარგად სწავლობს, როცა სტუდენტთა ქალაქში სწავლისთვის „სწორი” აკადემიური გარემო არ არის. ის ყველგან და ყველა პირობებში სწავლობს, რადგან „თვითკმარი” პიროვნებაა. ფიზიკური გარემო და სოციალური პირობები ვერ უზღუდავენ მას დამოუკიდებლობასა და არჩევანს. მაღალი სტატუსისა და პოპულარობისკენ არ ისწრაფვიან. რასაკვირველია, შინაგანი თავისუფლების ამ მდგომარეობის მიღწევა მაშინაა შესაძლებელი, თუ წარსულში ის უყვარდათ და დაცულობის განცდაც ჰქონდა.

7. აღქმის სიცხოველე. ისინი ჩვეულებრივ მოვლენებშიც კი ახალს და საინტერესოს ხედავენ. ტყეში სეირნობა, ცისარტყელა, ბავშვის ცქერა უზომო სიამოვნებასა და ექსტაზსაც კი ჰგვრის მათ. ისინი აფასებენ ბედის წყალობას, ჯანმრთელობას, პოლიტიკურ თავისუფლებას; იშვიათად ჩივიან მოწყენილ და უინტერესო ცხოვრებაზე. მიუხედავად მოუცლელობისა, ყოველთვის პოულობენ დროს, დატკბნენ მღელვარე მომენტებითა და მოვლენებით.

8. უმაღლესი განცდები (ექსტაზი, გატაცება, ნეტარება, სიხარული). ეს ვლინდება ისეთ ემოციებში, როგორებიცაა შემოქმედებითი წვა, გაცისკროვნება, ბუნებასთან შერწყმის განცდა და სხვა. ასეთი გრძნობებისთვის მათ არ სჭირდებათ ხელოვნური სტიმულატორები. ცოცხლები რომ არიან, ეს მათთვის უკვე სტიმულია. ჰარმონიაში არიან სამყაროსთან, თავიანთი არსით შესაძლოა მორწმუნენი იყვნენ, მაგრამ ამ განცდებს არ აქვს ზებუნებრივი საფუძველი.

9. საზოგადოებრივი ინტერესი. მაშინაც კი, როდესაც თვითაქტუალიზებული პიროვნება შეწუხებულია, გაბრაზებულია მთელ ადამიანთა მოდგმაზე, მის მიმართ მაინც საოცარ სიახლოვეს გრძნობს. აქვს მისი დახმარების სურვილი, ემპათიურია. ეს სიყვარული ჰგავს უფროსი ძმის ან დის მიერ უმცროსებისადმი გამოხატულ სიყვარულსა და მზრუნველობას.

10. ღრმა პიროვნული ურთიერთობები. ისინი ისწრაფვიან ღრმა და ახლო ურთიერთობებისკენ, მაგრამ უმეტესად იმათთან, ვისაც მათი მსგავსი თვისებები, ნიჭი და უნარები ახასიათებს, თუმცა მათი ემპათიურობა საზოგადოდ ადამიანებისადმი კეთილგანწყობით ვლინდება. ახლო მეგობარი ცოტა ჰყავთ, განსაკუთრებით უყვართ ბავშვები.

11. დემოკრატიულობა. ისინი პატივს სცემენ ადამიანებს, განურჩევლად კლასისა, რასისა, ნაციონალობისა, სქესისა, ასაკისა, პროფესიისა და სხვა. სიამოვნებით სწავლობენ სხვებისგან, არ ისწრაფვიან უპირატესობისკენ. ამავე დროს, ისინი თვითონ არიან „ელიტა” და მეგობრებს ირჩევენ ასეთივე ჯგუფიდან, მაგრამ ეს არის ხასიათის, ნიჭიერების ელიტა და არა რასისა, წარმომავლობისა, ოჯახისა და ა.შ.

12. მიზნისა და საშუალებების გამიჯვნა. ისინი იცავენ ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს, მათ ახასიათებთ მიზნისა და საშუალებების გამიჯვნის ძლიერი გრძნობა, ამავე დროს, კმაყოფილებას ჰგვრით მიზნისკენ მიმავალი ინსტრუმენტული გზების ძიება და აღმოჩენა, ამ გზას დიდი მოთმინებით მიჰყვებიან, რაც მოუთმენელი ხასიათის ადამიანებს არ მოსწონთ. მათ ხშირად პროცესი უფრო აინტერესებთ, ვიდრე შედეგი.

13. იუმორის ფილოსოფიური გრძნობა. მათი იუმორი კეთილგანწყობილი ადამიანის იუმორია. ისინი ხუმრობენ მთელ კაცობრიობაზე და ნაკლებად – კონკრეტულ ადამიანებზე; ღიმილს იწვევენ და არა სიცილს. ამის გამო ისინი თავშეკავებული და სერიოზული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

14. შემოქმედებითობა. ყველა თვითაქტუალიზებული ადამიანი შემოქმედებითი ბუნებისაა, მაგრამ მათი შემოქმედებითობა განსხვავდება გამოჩენილი მუსიკოსების, პოეტების, მეცნიერების შემოქმედებითობისგან. ა. მასლოუ ლაპარაკობს ბუნებრივ და სპონტანურ შემოქმედებითობაზე, როგორიც ახასიათებთ ბავშვებს (რომლებიც ცხოვრებას ჯერ არ გაუფუჭებია). ეს კრეატულობა თან ახლავს ყოვვლდღიურ ცხოვრებას, უბრალო ადამიანის დაკვირვებულობას, აღქმის სიცხოველეს. აუცილებელი არ არის, წერონ წიგნები, შექმნან მუსიკა და მხატვრული ტილოები – შეიძლება, მაგალითად, კერძის მომზადებაში ავლენდნენ მაღალი დონის შემოქმედებითობას, მასში პოულობდნენ არსებობის საზრისს.

15. არაკონფორმულობა. თვითაქტუალიზებული ადამიანები ჰარმონიაში არიან თავიანთ კულტურასთან: ჩაცმით, მეტყველებით, კვებით, ქცევის მანერებით ისინი არ განსხვავდებიან სხვებისგან, ენერგიას არ ხარჯავენ წეს-ჩვეულებებთან ბრძოლისთვის. ამავე დროს, ინარჩუნებენ შინაგან დამოუკიდებლობას. მათი აზროვნება და ქცევა ნაკლებად ექვემდებარება სოციალურ და კულტურულ ზეგავლენას, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მის ღირებულებათა სისტემას. ეს არ გულისხმობს მათ ანტისოციალურობას ან არატრადიციულობას. ამავე დროს, არ მოითხოვენ დაუყოვნებლივ ცვლილებებს, იციან, რომ სოციალური ცვლილებები ნელა და თანდათან ხდება. 
რასაკვირველია, თვითაქტუალიზებული ადამიანები უნაკლოები არ არიან, ისინი შეიძლება იყვნენ ჯიუტები, ამაყები, სხვებისთვის მოსაწყენებიც კი.
გთავაზობთ ტესტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააცნობიეროთ, რამდენად ძლიერია თქვენში მიღწევის მოტივაცია.

შეაფასეთ თითოეული დებულება “დიახ” ან “არა”-თი
1. მიმაჩნია, რომ წარმატება ცხოვრებაში შემთხვევაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე დაგეგმვაზე
2. თუ არ მექნება საყვარელი საქმე, ჩემი ცხოვრება დაკარგავს აზრს.
3. ნებისმიერ საქმიანობაში ჩემთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.
4. მიმაჩნია, რომ ადამიანები საქმიანობაში ხელის მოცარვას უფრო მეტად განიცდიან, ვიდრე ახლობლებთან ცუდ ურთიერთობას.
5. ჩემი აზრით, ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს შორეული და არა ახლო მიზნებით.
6. ცხოვრებაში წარმატება მეტი მქონდა, ვიდრე წარუმატებლობა.
7. ემოციური ადამიანები უფრო მომწონს, ვიდრე საქმიანი.
8. ჩვეულებრივი საქმიანობის დროსაც კი ვცდილობ, გავაუმჯობესო მისი ელემენტები.
9. როდესაც წარმატებაზე ვფიქრობ, შესაძლოა, სიფრთხილე დამავიწყდეს.
10. ახლობლებს ზარმაცად მივაჩნივარ.
11. მიმაჩნია, რომ ჩემი წარუმატებლობა ვითარების ბრალი უფროა, ვიდრე ჩემი.
12. მოთმინება მეტი მაქვს, ვიდრე ნიჭი.
13. მშობლები მეტისმეტად მკაცრად მაკონტროლებდნენ.
14. განზრახვაზე უარს ხშირად სიზარმაცე მათქმევინებს და არა წარმატებაში დაეჭვება.
15. ვფიქრობ, თავდაჯერებული ადამიანი ვარ.
16. წარმატების გულისთვის მზად ვარ, გავწიო რისკი მაშინაც კი, როცა შანსი დიდი არ არის.
17. ბეჯითი ვარ.
18. როდესაც ყველაფერი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, ენერგია მემატება.
19. ჟურნალისტი რომ ვიყო, ორგინალურ აღმოჩენებზე უფრო დავწერდი, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებზე.
20. ახლობლები, წესისამებრ, არ იზიარებენ ჩემს გეგმებს.
21. მე უფრო ნაკლები მოთხოვნა მაქვს, ვიდრე ჩემს ამხანაგებს.
22. მეჩვენება, რომ დაჟინება უფრო მეტი მაქვს, ვიდრე უნარები.
კოდი: 

პასუხი “დიახ” კითხვებზე: 2, 6, 7, 8, 14, 16, 18, 19, 21, 22. (თითოეულ დამთხვევაზე – 1 ქულა)
პასუხი “არა”კითხვებზე 1, 3, 4, 5, 9, 10, 11, 12, 13, 15, 17, 20. (თითოეულ დამთხვევაზე – 1 ქულა)

შეაჯამეთ ქულები: 

2-11 – მიღწევის მოტივაციის დაბალი დონე
12-15 – მიღწევის მოტივაციის საშუალო დონე
16-19 – მიღწევის მოტივაციიის მაღალი დონე

ეფექტური უკუკავშირი

0
 
ცნობილია, რომ უკუკავშირის არსებობა თავისთავად არ უზრუნველყოფს სწავლაში პროგრესს – უკუკავშირის ეფექტურობას მისი ხარისხი განაპირობებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ეფექტური უკუკავშირის მახასიათებელთა ცოდნა.

უკუკავშირი ეფექტურია, როდესაც:

1. მიმართავს მოსწავლის ყურადღებას სასწავლო მიზნებისკენ, მოსწავლის ძლიერი მხარეებისკენ და სთავაზობს სპეციფიკურ ინფორმაციას გასაუმჯობესებლად;

2. ხორციელდება სწავლის პროცესში, სანამ ჯერ კიდევ არის მისი გათვალისწინების დრო;

3. ეხება საკითხის ნაწილობრივ გაგება-გააზრებას;

4. არ ჩაანაცვლებს და არ გამორიცხავს მოსწავლის აზროვნებას;

5. შემოიფარგლება იმ აუცილებელი რეკომენდაციებით, რომელთა გათვალისწინება ძალუძს მოსწავლეს.

თუ მოსწავლე ვერ აკავშირებს უკუკავშირს თავისი წარუმატებლობის მიზეზებთან, ასეთ უკუკავშირს შეუძლია, დასწიოს მისი თვითშეფასება და ხელი შეუშალოს შემდგომ მიღწევებს. მოსწავლეები გაცილებით მეტ სარგებელს იღებენ მასწავლებლის უკუკავშირისგან, როდესაც იგი ყურადღებას ამახვილებს დავალებაზე და არა ნიშნებზე ან ქულებზე; ხსნის, რატომ არის სწორი ან მცდარი ესა თუ ის დებულება ან მოქმედება; დაკავშირებულია სწავლის მიზნებთან; ცხადად წარმოაჩენს, რა უკვე მიღწეულია და რა – ჯერ კიდევ მიუღწეველი; მოიცავს სპეციფიკურ სტრატეგიებს შედეგების გასაუმჯობესებლად.

მოსწავლის წარმატების აღსანიშნავად რეკომენდებულია: ნამუშევარში სწორი პასუხების მითითება, ნამუშევრის ხარისხის თვისებრივი აღწერა, სტრატეგიების ან პროცედურების ეფექტური გამოყენების მითითება.

მოსწავლისთვის გეზის მისაცემად მიზანშეწონილია: საჭირო ცვლილებების მითითება, გასაუმჯობესებელი მხარეების ჩამოთვლა, სტრატეგიებთან ან პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემების მონიშვნა, სამახსოვროს შეთავაზება, კონკრეტული რეკომენდაციის მიცემა, შეკითხვის დასმა.

ეფექტური უკუკავშირის მაგალითებია:

“შენ კარგად ასრულებ მოქმედებებს რიცხვებზე, გააზრებული გაქვს, რომელი მოქმედებების შესრულებაა საჭირო ამოცანის ამოსახსნელად. აბა, კარგად დააკვირდი – ყველა მნიშვნელოვან მონაცემს იყენებ? ივარჯიშე ამოცანებზე ჭარბი და არასრული მონაცემებით!”

“შენ შეგიძლია რიცხვის დაშლა ათეულებად და ერთეულებად, სრულ ათეულებზეც სწორად ასრულებ მოქმედებებს. ახლა გამოიყენე ეს ცოდნა ორნიშნა რიცხვების შეკრებისთვის! რა დაგრჩა გასაკეთებელი?”

“წილადების შეკვეცა და წესიერი წილადების გამრავლება უკვე კარგად იცი. შერეული რიცხვებიც გადაგყავს წილადებში. მე მინდა, შენ თვითონ მიხვდე, როგორ გამოიყენო ეს ცოდნა შერეული რიცხვების გამრავლებისთვის. შენ ეს შეგიძლია!”

უკუკავშირის მახასიათებლები

უკუკავშირის გვარობა

რეკომენდაციები ეფექტური უკუკავშირისთვის

დრო

როდის და რამდენად ხშირად მივაწოდოთ

დაუყოვნებლივი უკუკავშირი ფაქტების ცოდნასთან დაკავშირებით;

ოდნავ დაყოვნებული უკუკავშირი აზროვნებასა და ნამუშევრის შეფასებასთან დაკავშირებით;

დაუყოვნებელი უკუკავშირი გადაუდებელი საჭიროებისა და მოსწავლეთა მოლოდინის
შემთხვევაში;

უკუკავშირის სიხშირე განისაზღვრება პრაქტიკული საჭიროები გამომდინარე

მმოცულობა

რამდენ პუნქტს მოიცავს და რა ზომისაა ეს პუნქტები

პრიორიტეტების გამოკვეთა – გამოყავით ის პუნქტები, რომლებიც მნიშვნელოვანია;

შეარჩიეთ ის პუნქტები, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად სასწავლო მიზნებთან;

გაითვალისწინეთ მოსწავლის განვითარების/მზაობის დონე.

მიწოდების ფორმა

ზეპირსიტყვიერი, წერილობითი, ვიზუალური/დემონსტრირებით

შეარჩიეთ შესაფერისი ფორმა უკუკავშირისთვის. მოსწავლის მერხთან ჯობია თუ
უმჯობესია მინიკონფერენცია?

ჯობია მოსწავლესთან გასაუბრება, თუ ეს შესაძლებელია;

მიეცით წერილობითი უკუკავშირი მოსწავლის წერილობით ნამუშევართან დაკავშირებით
– საშინაო დავალების რვეულში, საკლასო სამუშაოების რვეულში;

გამოიყენეთ სადემონსტრაციო საშუალებები იმის წარმოსაჩენად, “როგორ უნდა
შესრულდეს დავალება”, თუ მოსწავლეებს სჭირდებათ ნიმუში.

 

აუდიტორია

ინდივიდუალური, ჯგუფური, მთელი კლასი

ინდივიდუალური უკუკავშირი აგრძნობინებს მოსწავლეს, რომ მასწავლებელი აფასებს
მას;

ჯგუფური უკუკავშირი მიზანშეწონილია, თუ კლასის მოსწავლეთა უმრავლესობამ
გააცდინა/გამოტოვა/ვერ აითვისა საკითხი და საჭიროა მისი ხელახლა სწავლება

 

უკუკავშირის მიწოდების სტრატეგიებთან
ერთად მნიშვნელოვანია უკუკავშირის შინაარსიც:

უკუკავშირის შინაარსობრივი მრავალფეროვნება

უკუკავშირის გვარობა

რეკომენდაციები ეფექტური უკუკავშირისთვის

ფოკუსი

ნაშრომის შესახებ;

მისი შესრულების შესახებ;

მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობის შესახებ;

მოსწავლის პიროვნების შესახებ

თუ შესაძლებელია, აღწერეთ ნაშრომიც და შესრულებაც მათ ურთიერთმიმართებასთან
ერთად;

აღწერეთ მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობაც, თუ ეს წაახალისებს მას;

გამორიცხეთ მოსწავლის პიროვნებასთან დაკავშირებული შენიშვნები

 

შედარება

კარგი ნაშრომის კრიტერიუმები;

სხვის ნაშრომებთან შეპირისპირება;

საკუთარ წინა ნაშრომებთან შეპირისპირება

ნაშრომის შესაფასებლად გამოიყენეთ კრიტერიუმები;

შესრულების ან ძალისხმევის შესადარებლად გამოიყენეთ სხვის ნაშრომებთან შეპირისპირება;

წარუმატებელ მოსწავლეებთან გამოიყენეთ წინა ნაშრომთან შედარება, მაგრამ
არ გააგებინოთ, რამდენად შორს არის მიზნიდან

ფუნქცია

აღწერითი;

შეფასებითი

აღწერეთ და არ განსაჯოთ

ხასიათი

პოზიტიური;

ნეგატიური

გამოიყენეთ პოზიტიური კომენტარები იმის აღსანიშნავად, რაც კარგად გაკეთდა;

უარყოფით კომენტარებს თან დაურთეთ გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პოზიტიური
კომენტარები

სიცხადე

მოსწავლისთვის გასაგები;

მოსწავლისთვის გაუგებარი

გამოიყენეთ მოსწავლეებისთვის ცნობილი სიტყვები და ცნებები;

შეუსაბამეთ უკუკავშირის ოდენობა და შინაარსი მოსწავლის განვითარების დონეს

სპეციფიკურობა

გამოწვლილვით;

შესაფერისი;

ძალიან ზოგადი

შეუსაბამეთ დეტალიზაციის დონე მოსწავლესა და დავალებას;

მიეცით სპეციფიკური მითითებები, რომელთა შესრულებასაც შეძლებს კონკრეტული
მოსწავლე;

მიუთითეთ შეცდომები ან მათი ტიპები, მაგრამ ნუ შეუსწორებთ ყველა მათგანს,
რომ რაღაც მოსწავლესაც დარჩეს გასაკეთებელი

ტონი

შეგონება;

რასაც მოსწავლე “აღიქვამს”

გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლისა და მისი ნაშრომისადმი;

მიმართეთ უშუალოდ მოსწავლეს;

უბიძგეთ მოსწავლეს ფიქრისკენ ან “აიძულეთ” განცვიფრება

 

ეფექტური უკუკავშირი განმავითარებელ
შეფასებას ააცილებს იმ არასასურველ რისკებს, რომლებიც საზოგადოდ თან ახლავს შეფასებას:

1. აქცენტის გადატანას ხარისხიდან რაოდენობაზე;

2. გადაჭარბებულ ყურადღებას ქულებისა და ნიშნებისადმი;

3. მოსწავლეების შედარებას ერთმანეთთან და მათში შეჯიბრებისადმი არაჯანსაღი
მისწრაფების გაღვივებას ინდივიდუალური პროგრესის მონიტორინგთან შედარებით;

4. შეცდომებზე “ნადირობას” და მოსწავლეთა დაბალ უნარიანობაზე ყურადღების გამახვილებას;

5. შეფასების სოციალურ-მმართველობითი ფუნქციის წინ წამოწევას სწავლის გაუმჯობესების
ფუნქციის დაკნინების ხარჯზე;

6. გადაჭარბებული ყურადღება მოსწავლის მიღწევებისადმი მის საჭიროებათა უგულებელყოფის
ხარჯზე;

7. მოსწავლის შედეგების აღრიცხვის პრიორიტეტი მოსწავლის ნამუშევრის ანალიზთან
შედარებით.

იმისთვის, რომ გააცნობიეროს, რამდენად სწორად აწარმოებს განმავითარებელ შეფასებას,
მიზანშეწონილია, მასწავლებელმა პერიოდულად ჩაატაროს საკუთარი პრაქტიკის თვითშეფასება.
ქვემოთ მოყვანილია კითხვარი თვითშეფასებისთვის:

კითხვარი

სწავლებისას მე

 

არასდროს

ხანდახან

ყოველთვის

მივუთითებ მოსწავლეებს, რა ისწავლონ და არა – რა გააკეთონ

 

 

 

ვუხსნი მოსწავლეებს, რა ინფორმაციას მოძიებას ვაპირებ იმის გასარკვევად,
ისწავლეს თუ არა საკითხი

 

 

 

ვიყენებ სასწავლო მიზნებს და წარმატების კრიტერიუმებს, რათა მათ საფუძველზე მივცე მოსწავლეეებს უკუკავშირი

 

 

 

ვერიდები უკუკავშირს ნიშნების და დიახ/არა სახის აღრიცხვის
სახით

 

 

 

ჩავურთავ უკუკავშირში მათი მიღწევების აღიარებას და რჩევას გაუმჯობესების
გზების შესახებ

 

 

 

ვაცდი მოსწავლეებს კითხვებზე პასუხის მოფიქრებას
(ვაკეთებ რამდენიმეწამიან პაუზას)

 

 

 

ვსვამ უფრო მეტად ღიადაბოლოებიან კითხვებს, ვიდრე კითხვებს დახურული დაბოლოებით

 

 

 

ვიყენებ გამოკითხვით შეგროვილ ინფორმაციას სწავლებისა და სასწავლო პროგრამის
და
სახვეწად

 

 

 

წავახალისებ თანატოლთა ურთიერთშეფასებას, რომელიც ფუძნებსასწავლო
მიზნებ
სა და წარმატების კრიტერიუმებ, უზრუნველვყოფ კლასში ამის განხორციელებას მეგობრულ და მხარდამჭერ ატმოსფეროში

 

 

 

წავახალისებ მოსწავლეთა თვითშეფასებას და უზრუნველვყოფ მოსწავლეებს ამ
უნარ
ჩვევის განვითარებისთვის საჭირო მოდელებითა და შესაძლებლობებით

 

 

 

 

საზოგადოდ, მასწავლებელს უნდა შეეძლოს, კომპეტენტური პასუხი გასცეს შეფასების შესახებ დასმულ შემდეგ კითხვებს: 

კითხვები მასწავლებლებისთვის

რა არის შეფასება? 

რა მიზანი აქვს შეფასებას?

რამდენად მნიშვნელოვანია შეფასება სასწავლო პროცესის წარმართვისა და ეფექტურობისთვის?

რა აქტივობებს მოიცავს შეფასება?

რა არის შეფასების საშუალებები?

შეფასების რა სახეობებს იცნობთ ?

როგორ არის განმარტებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმავითარებელი შეფასების ცნება?

რამდენად არსებითია შეფასების დრო და მოსწავლეთა ჩაბმულობის ხარისხი შეფასების სახეობათა გასამიჯნავად?

რა სახით გვხვდება ამა თუ იმ სახეობის შეფასება ქართულ სასკოლო სინამდვილეში (დაწყებით კლასებში 1-4 და 5-6)?

არის თუ არა განმავითარებელი შეფასების ძირითადი მახასიათებელი მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა იმისთვის, რომ მომდევნო აქტივობები ამ საჭიროებებს მოვარგოთ? 

ნიშნავს თუ არა ეს დიფერენცირებული სწავლების განხორციელებას ერთნაირი მზაობის მოსწავლეთა ჯგუფებისთვის?

შეგიძლიათ თუ არა მოცემული საკითხის ასათვისებლად საჭირო წინარე ცოდნის განსაზღვრა? როგორ?

როგორ დაადგენთ, ფლობს თუ არა მოსწავლე წინარე საჭირო ცოდნას?

რა სახის აქტივობებს მიმართავთ მოსწავლეთა ხარვეზებისა და მიღწევების გასარკვევად? რა ინსტრუმენტებსა და მასალებს იყენებთ? რა გჭირდებათ ეფექტურობის ასამაღლებლად?

როგორ ითვალისწინებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის ფლობის/არფლობის შესახებ ინფორმაციას პრაქტიკაში?

რა დროითი, მეთოდოლოგიური, ენერგეტიკული და პრაქტიკული (თვალსაჩინოებები და სხვა) რესურსები გაქვთ მოსწავლეებთან საკორექციო ან გამამდიდრებელი დამატებითი მუშაობისთვის?

იცნობთ თუ არა მოსწავლეთა ტიპურ შეცდომებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და როგორ ითვალისწინებთ მათ სწავლების ეფექტიანობის ასამაღლებლად?

როგორ აღრიცხავთ დაკვირვებულ/შემჩნეულ თავისებურებებს (ხარვეზებსა და ძლიერ მხარეებს) მოსწავლეების ცოდნაში? რა ინსტრუმენტებს და სქემებს იყენებთ ამისთვის? რა გჭირდებათ ეფექტურობის ასამაღლებლად?

როგორ აანალიზებთ მონაცემებს მოსწავლეების შესახებ? რომელ მეთოდებს იყენებთ? რა გჭირდებათ ეფექტურობის ასამაღლებლად?

ყოველთვის მიაწვდით თუ არა მოსწავლეებს უკუკავშირს? რა ფორმით? რას მოიცავს უკუკავშირი? საიდან იცით, როგორი უკუკავშირი იყო კარგი? რა გჭირდებათ ეფექტურობის ასამაღლებლად?

არგებთ თუ არა სწავლებას მოსწავლეთა საჭიროებებს? როგორ? როგორია თქვენი საჭიროებები ეფექტურობის ასამაღლებლად?

ატარებთ თუ არა დამატებით მეცადინეობებს არასაკმარისი მზაობის მოსწავლეებთან? რამდენად ხშირად? რა გჭირდებათ ეფექტურობის ასამაღლებლად?

ასწავლით თუ არა საკითხს ხელახლა, თუ ბევრმა მოსწავლემ ვერ გაიგო იგი? რა გჭირდებათ ეფექტურობის ასამაღლებლად?

ახდენთ თუ არა პროგრესის მონიტორინგს? როდის აკეთებთ ამას? რა ინსტრუმენტებს იყენებთ ამისთვის? რა გჭირდებათ ეფექტურობის ასამაღლებლად?

 

ცხოვრებიდან გასვლის მზა რეცეპტები

0
ეძღვნება ყველა ადამიანს ინიციალებით ნ.ბ.
ცნობილი ამერიკელი პოეტი სილვია პლათი, რომელიც პირწავარდნილი პერფექციონისტი გახლდათ, 1961 წელს ამერიკიდან მასთან ინგლისის სოფელ დევონში ჩასულ დედას, ესთერ პლათს, არწმუნებდა, რომ ახლა როგორც იქნა მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე იყო, როგორც მას სურდა: ჰყავდა საყვარელი ქმარი, ინგლისელი პოეტი ტედ ჰიუზი, რომელთანაც ბედნიერი ოჯახი შექმნა; ჰყავდა ორი ლამაზი შვილი; ჰქონდა სახლი და მწერლის წარმატებული კარიერა.
ამ ზაფხულში ჩემი მეგობრები რომ ჩამოვლენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საცხოვრებლად აირჩიეს და მკითხავენ როგორ ვარ, ალბათ მეც მეტ-ნაკლებად მსგავს ამბავს მოვუყვები მათ; ოღონდ ესაა, ეს ყველაფერი სულაც არ მგონია საკმარისი. ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრებასთან ერთად, რაც არ უნდა დალაგებულად ეჩვენებოდეს იგი, ჩემი აზრით, ხანდახან აუცილებლად სჭირდება ის, რასაც მე პირობითად „ცხოვრებიდან გასვლას” ვეძახი.  

„ცხოვრებიდან გასვლა” ალბათ ყველას გამოგიცდიათ – ზემოთაღწერილი სტაბილური და დროში გავრცობილი ბედნიერებებისაგან განსხვავებით იგი შედარებით ხანმოკლეა, მაგრამ მას უფრო მკაფიოდ და მძაფრად შეიგრძნობს ადამიანი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოსწყდები აუცილებელსაც კი, აღარ  გახსოვს, რომ ხვალ შვილი აცრაზე უნდა წაიყვანო, მოსწავლეებს დამატებითი თვალსაჩინოებები ამოუბეჭდო, რომ ბაბუა ძალიან ავადაა და არ იცი, ჩაუსწრებ ცოცხალს თუ ვერა; მოკლედ, აღარ გახსოვს არაფერი, ყველაზე მნიშველოვანიც კი, ვინაიდან მთელი შენი ყურადღება მიმართულია იმ ახალი სამყაროს შემეცნებისაკენ, რომელშიც იმ მომენტში მოხვდი.

მე ცხოვრებიდან გასვლის (არალირიკული გადახვევა: საინტერესოა, რომ ვინაიდან ტერმინი დასაბუთდა, ბრჭყალები აღარ სჭირდება) რამდენიმე ხერხი ვიცი. ყველაზე ეფექტური, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაზე ძვირადღირებულიცაა: საზღვარგარეთ მოგზაურობა. არაა გასაკვირი, რომ ექიმები ამ რეცეპტს უწერდნენ ადამიანებს, რომლებმაც დიდი უბედურება გადაიტანეს და ძირეული რეაბილიტაცია სჭირდებოდათ. საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს შენი ცხოვრება, რომელიც შენს მუდმივ სამყოფელში დატოვე, იმდენად აბსტრაქტული ხდება, რომ სულაც არ ხარ დარწმუნებული მის არსებობაში. თავს ბაკნიდან გამომძვრალ კუსავით გრძნობ და მხრებს ხშირად იშმუშნი – არა, ნამდვილად აღარაფერი აწევთ. ყველა პრობლემა ისე ფერმკრთალდება, რომ სადღაც ათი დღის მერე საშინლად გინდება შინ დაბრუნება _ უკვე გეშინია ყველა ის ბედნიერებებიც არ გაიცრიცოს და გაილიოს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დატოვე.

თითქმის მსგავსი ეფექტი აქვს მოგზაურობას საკუთარ სამშობლოშიც. შეკრიბეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების მოზრდილი ჯგუფი. მათგან ერთი-ორი ისეთი მეგობარი იყოს, მთაშიც რომ წაიყვანდით; რამდენიმე ისეთი ნაცნობ-მეგობარი, საინტერესო ადამიანად რომ თვლით და სიამოვნებით გაიცნობდი უფრო ახლოს; ერთი-ორიც – უცნობი, რომლებსაც სხვები წამოიყოლებენ; მოიკიდეთ ზურგჩანთები და წადით იქ, სადაც სილამაზეა, სადაც დაბრკოლებების ერთად გადალახვა, კომფორტის ნაკლებობის ერთად ატანა, ბევრი სიცილი და მხიარულება მოგიწევთ.

საინტერესო ადამიანებზე გამახსენდა, სწორედ მათ უკავშირდებათ ცხოვრებიდან გასვლის მეორე ჩემეული რეცეპტი… ასეთ ადამიანებს ყველგან იპოვნით, თუ მართლა ეძებთ: რაღაცნაირი კვალიფიკაციის ასამაღლებელ რამე კურსებზე, ინტერნეტსივრცეში, საქმიან შეხვედრებზეც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობრების წრეზე. ურთიერთობის რაღაც პერიოდის მერე თქვენ მიხვდებით, რომ დროა სადმე ჭიქა ყავაზე შეიაროთ. დაპატიჟეთ პირველმა, წაიყვანეთ იმ ადგილას, სადაც გრძნობთ, რომ მოეწონება და გადადგით გულახდილობის პირველი ნაბიჯი. ილაპარაკეთ ზოგადად თემებზე, ოღონდ, რა თქმა უნდა, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით. თქვენ ახალ პერსონაჟს ხედავთ, ახალი ისტორიითა და ახალი მსოფლმხედველობით – დროებით გადაინაცვლებთ მის ცხოვრებაში და საკუთარსაც მისი თვალებით, გარედან უმზერთ. შემდეგ ეს ადამიანი ან თქვენი ახლო მეგობარი ხდება, ან, თუ საუბარი არ აეწყო, იკარგება; ეგეც არაფერი…

მესამე და საუკეთესო რეცეპტი ყველაზე აპრობირებულია; ეს ისაა, რასაც ლიტერატურის მასწავლებლები ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს _ წიგნების კითხვა. ის, რომ არ დასჯერდნენ მხოლოდ ერთ, საკუთარ ცხოვრებას და ბევრი სხვადასხვა ცხოვრებით იცხოვრონ, ბევრი ადამიანის გამოცდილება გაიზიარონ, არ შეიზღუდონ საკუთარი, თუნდაც ძალიან ფართო თვალსაწიერით და სხვა ადამიანების თვალითაც შეხედონ სამყაროს. იცოდნენ, რომ რამდენად უბედურადაც არ უნდა გრძნობდნენ თავს, ტიტუს ანდრონიკუსი, მაგალითად, მათზე უბედური იყო და რამდენად ბედნიერებიც არ უნდა იყვნენ… თუმცა, ბედნიერება საჩუქარია, ნაჩუქარ ცხენს კი კბილს არ უსინჯავენ, ნუ შევადარებთ ჩვენს ბედნიერებას სხვისას… წიგნის სარგებელზე არისტოტელედან მოყოლებული იმდენი უთქვამთ და დაუწერიათ, მე დიდხანს აღარ შევჩერდები, უბრალოდ, ერთს ვიტყვი: ხანდახან კინო „დაფინანსებული კონკურენტი” კი არა, იგივე წიგნია, ოღონდ სხვა განზომილებაში და ზუსტად იგივე ფუნქცია აქვს, რაც კარგ წიგნს. 

სწორედ კარგმა ფილმმა, სპაიკ ჯონსის „ის”, შთამაგონა ეს წერილიც: მისი ყურებისას აღმოვაჩინე, რომ საკუთარი ცხოვრებიდან გასული ვიყავი და განვიცდიდი იმას, რასაც მისი მთავარი გმირი განიცდიდა. კინოთეატრიდან გამოსული დიდხანს ვფიქრობდი, რა მოხდებოდა მაშინ, თუკი ამ პერსონაჟისა და სილვია პლათის მსგავსად, მეც ჩამომენგრეოდა თავზე ის სამყარო, რომელსაც ვაშენებ და რომლის სიმყარისაც ასე მჯერა და დავიტოვე იმედი, რომ  ვიცოდი ცხოვრებიდან გასვლის იმდენი საშუალება, რომ თავი გადავირჩინო; იმდენი, რომ მოსწავლეებსაც გავუზიარო ჩემი რეცეპტები.

ის, რაც ახლა წაიკითხეთ, რასაკვირველია, თქვენ უკეთ მოგეხსენებათ. უბრალოდ ერთხელაც მივხვდი, რომ მოგზაურობისას და საინტერესო ადამიანთან საუბრისას ზუსტად ერთი და იგივე შეგრძნება მქონდა და ვცადე, საკუთარი თავისთვის ამეხსნა, რატომ. ვიცი, რომ ცხოვრებიდან გასვლის სხვა ხერხებიც არსებობს, მავნე ჩვევებს არ ვგულისხმობ, რაღაც ისეთი, რაც მე არ გამომიცდია, მაგალითად, მედიტაცია. რაღაც ისეთიც, რისი არსებობის შესახებაც წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ ამის წაკითხვის შემდეგ მას თქვენ მასწავლით და მე ერთით მეტი მიზეზი მექნება არ მეშინოდეს სამყაროს ნგრევის.

სოლიდარობა, სიღარიბე და სხვა ამბები

0
ჩემს ბავშვობაში რამდენიმე წლის განმავლობაში ირგვლივ თითქმის არავინ ლაპარაკობდა საჭმელზე, ფულზე, ტანსაცმელსა და  სამსახურზე. საჭმლით ბებო-ბაბუები გვეხმარებოდნენ სოფლებიდან, თბილ ჯემპრებს დედები ქსოვდნენ ნავთის ლამპის შუქზე გაცრეცილი „ბურდა”-დან ამოღებული თარგების მიხედვით. სამსახური თუ ვინმეს ჰქონდა თვის ბოლოს ორნიშნა ციფრად გამოსახულ ხელფასს უდრიდა, შესაბამისად, ფული, როგორც ასეთი, თითქმის არ არსებობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი და კარგად ვერ ვხვდებოდი რა ერქვა ან საიდან მოდიოდა თვეობით გაგრძელებული დაძაბულობა,  ვიცოდი, რომ რაიმეს მოთხოვნას შეიძლება მშობლებისთვის გული ეტკინა, ამიტომაც თითქმის არ ვოცნებობდი ახალ სათამაშოებზე, დაბრაწულ ფუნთუშებსა და ღუნღულა ფეხსაცმელებზე. 
იმ დროს  კლასები ღუმელით თბებოდა, რომლისთვისაც შეშა მორიგეობით მიგვქონდა სახლებიდან, საახალწლო ზეიმებზე თოვლის ბაბუა ვაშლებს და ხელნაკეთ ბარათებს გვჩუქნიდა, სკოლის ბუფეტში თითქმის არავინ ჭამდა და გაკვეთილებსაც ერთმანეთისგან ნათხოვარი წიგნებიდან ვსწავლობდით. ალბათ იმ წლებში გაიყიდა ყველაზე მეტი  საოჯახო რელიქვია და თაობის ნატარები სამკაული ოჯახებიდან. სრული უფულობის პირობებში ის კაპიკები, რასაც ძვირფას ნივთებში მშობლები იღებდნენ, რამდენიმე დღის საკმარ პურს ან თბილ ფეხსაცმელს ნიშნავდა. დიდი მონაპოვარი იყო. 


ისიც შემიძლია გავიხსენო, როგორ დამთავრდა ეს მძიმე წლები. უფრო სწორად რა ნიშნებით მივხვდი, რომ ოცნება უკვე შეიძლებოდა: ჯერ პასკა და წითელი კვერცხები გაჩნდა ერთ-ერთ აღდგომას, მერე დედამ ორი – მწვანე და ლურჯი – სვიტრი გვიყიდა, ზედ ტომი და ჯერი ეხატა, მამამ თბილი ქურთუკები მოგვიტანა მე და ჩემს დას, ერთი უფრო გრძელი, მეორე ოდნავ მოკლე, ისეთმა საღამოებმაც იმატეს, ლამპის ანთება საჭირო რომ აღარ იყო  და მომდევნო ზაფხულს ჩემი მეგობარი ზღვაზე წავიდა. ამიერიდან შეიძლებოდა გეოცნება კიდეც, მაგალითად, ველოსიპედზე ან ფოტოაპარატზე. ამიერიდან დაბადების დღეებზე ტორტები გაჩნდა, ახალგამოცემული წიგნების ყიდვაც შეიძლებოდა და ცხოვრება  უფრო სასიამოვნო და ნაკლებდრამატული გახდა. 

ახლა, როცა შაბათ-კვირას ჩემს მზიან სამზარეულოში გაწელილი საუზმით ვტკბები ხოლმე, მაგიდაზე ნაირ-ნაირი ხილფაფები, რძის პროდუქტები და გემრიელი, ახლადგამომცხვარი პურები აწყვია, მიხარია, რომ ის რეალობა შორეული წარსულია და ჩვენ შეგვიძლია ხურდების თვლის გარეშე გავავსოთ მაცივარი, ვიყიდოთ ლამაზი კაბები ან სულაც სადმე,  სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ წავიდეთ. მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო.  ყველაზე შორეული და დასაშვები გზა ხევსურეთის პირველ სოფლამდე მიდიოდა, იქ, სადაც მამაჩემი გაიზარდა. 

მიხარია, რომ საკუთარი სიღარიბის გამო დაძაბულობა და სირცხვილი ჩვენი რეალობა აღარ არის, ჩვენ შევძელით და ოდნავ მაინც ავიმაღლეთ ცხოვრების დონე, აღარ გვემუქრება  სამყაროს დაპატარავება ჩვენს პრობლემებამდე. ვინმემ რომ მკითხოს რატომ მუშაობ ამდენსო, ალბათ ასეც ვუპასუხებ:  საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზაციის გარდა მნიშვნელოვანია გარანტია იმისა, რომ ჩვენს სამზარეულოში სულ იქნება ნაირნაირი ხილფაფები, კარადაში ლამაზი კაბები, თაროებზე ახალი გამოცემები და გვექნება მთავარი – სურვილების ასრულების იმედი.

ბევრისთვის ეს სასაცილო სიხარულებია, მაგრამ ასევე ბევრისთვის ისეთივე წარმოუდგენელი ბედნიერებაა, როგორც იმ მშიერ წლებში  ჩვენთვის ავსტრალიაში სამოგზაუროდ წასვლა ჩანდა. მაგალითად აქვე,  ჩემი მზიანი სამზარეულოდან რამდენიმე კილომეტრში, კაზრეთში სადაც  თითქმის ერთი თვეა მთელი სოფელი ფეხზე დგას, ადამიანები სწორედ ცარიელ მაცივრებს, შვილებისთვის ტანსაცმლისა და წიგნების საყიდელი ფულის არქონას,  სიღარიბეს და საშინელ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ეს ხალხი, ვინც ელემენტარული უსაფრთხოების პირობების დაცვის გარეშე ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკით ცდილობს ოჯახის წევრების გამოსაკვები თანხის გამომუშავებას, ვერა და ვერ ეღირსა გაუმჯობესებულ პირობებს, ისინი ჯერ კიდევ იმ სიღარიბეს ებრძვიან, რაც ჩვენთვის შორეული წარსულია. 

არა მხოლოდ კაზრეთელი მაღაროელები, არამედ  მუშების უმეტესობა  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან სიცოცხლეს  შახტასა და უკიდურეს სიღარიბეში ატარებს. ისინი არანაკლებ იმსახურებენ ყურადღებას და უკეთეს პირობებს, ვიდრე ოქროს მომპოვებლები. კაზრეთს მხოლოდ იმიტომ გამოვყოფ, რომ  სწორედ აქ  ვნახე მასწავლებლებისა და მოსწავლეების გულისამაჩუყებელი სოლიდარობა გაფიცულების მიმართ. ისინი  ერთად დადგნენ  მაღაროელი მშობლების გვერდით და თქვეს რომ – დიახ,  მათ სჭირდებათ  უკეთესი პირობები, სამართლიანობის დაცვა, შრომის დაფასება.  

 ამ მასწავლებლებმა, ალბათ, ყველაზე კარგად იციან, როგორ აისახება სიღატაკე მომავალ თაობებზე, რა მძიმეა ბავშვისთვის შიმშილი და ფეხსაცმლის არქონის გამო გაცდენილი გაკვეთილი, რა ძნელია ასეთ ბავშვს ცრემლიან თვალებში ჩახედო და უსაყვედურო, რომ ცუდად სწავლობს, მაგრამ ეს მაინც უნდა გააკეთო, თუნდაც იმიტომ რომ  უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარო. 

უკეთესი მომავლისთვის  მასწავლებელთა სოლიდარობა, ბავშვების თანადგომა და თავად მაღაროელების პროტესტი მხოლოდ ერთი ნაბიჯია. დიდ ცვლილებებს საზოგადოების უმეტესობის შესაბამისი განწყობა სჭირდება. ახლა, როცა ჩემი ბავშვობის მშიერი წლებისგან განსხვავებით მეტი ლაპარაკობს საჭმელზე, ტანსაცმელზე, ფულსა და სამსახურზე, მეტს ვხედავთ და ვმოგზაურობთ, ინფორმაციის გაცვლის მეტი რესურსი გვაქვს, როცა ადამიანებმა მეტი გაიგეს საკუთარი უფლებების შესახებ და თქვეს, რომ მუშა მონა არ არის, შახტასა და მაღაროში შესვლა სიკვდილით არ უნდა მთავრდებოდეს და ხელფასი იმდენი მაინც უნდა იყოს, შვილების საკვებით და სეზონის შესაბამისი ფეხსაცმლით უზრუნველყოფას ახერხებდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყველამ კაზრეთელი მასწავლებლების მსგავსად  გავითავისოთ რომ მაღაროელების  პრობლემა ლოკალური არ არის და ის ჩვენი საზოგადოების პრობლემაა.  ბავშვები, რომლებიც ოქროს მაღაროდან რამდენიმე კილომეტრში უფანჯრებო შენობებში ცხოვრობენ და სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ, ჩვენი შვილების და მოსწავლეების გვერდით იზრდებიან და ისევე იმსახურებენ დაბრაწულ ფუნთუშებსა და სუფთა თეთრეულში ძილს, როგორც ყველა სხვა ბავშვი დედამიწაზე.

სიღარიბე და ადამიანის უფლებების უგულებელყოფა თითქმის ყველა საზოგადოების პრობლემაა, განსხვავება მხოლოდ მათდამი დამოკიდებულებებშია. სოლიდარული და მგრძნობიარე ხალხი უკეთ ახერხებს  მათგან თავის დაღწევას, ვიდრე სირაქლემას პოზაში მყოფი ინდიფერენტული მასები. ამიტომაც მოუყევით თქვენს მოსწავლეებს ბავშვებზე, რომლებიც თავიანთი მშობლების გვერდით დგანან სამართლიანობისთვის ბრძოლაში; და მასწავლებლებზეც, რომლებიც იქ, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული არ არის, იძულებულები ხდებიან კონკრეტული საგნების გარდა მოსწავლეებს სოლიდარობა, თანადგომა, ჰუმანურობა, სამართლიანობა და გამბედაობაც ასწავლონ.  

რატომ არის მნიშვნელოვანი განმავითარებელი შეფასება

0
საქართველოში, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განმავითარებელი შეფასების დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო, თუმცა უნიშნო შეფასების პრაქტიკას ჩვენში ექსპერიმენტულ დონეზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. 
დიმიტრი უზნაძე აღზრდის ტრაგედიის დაძლევის ერთადერთ გზად მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთნდობაზე, პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას მიიჩნევდა. 

ქალთა გიმნაზიაში 1916 წელს უზნაძემ სწორედ ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფერო შექმნა, რასაც, მისი აზრით, დიდად უშლიდა ხელს ქულებით შეფასება. უზნაძეს მიაჩნდა, რომ ნიშანი ყოველთვის სუბიექტურია, მასწავლებელი შეფასებისას ორიენტირებულია კონკრეტული საგნის მოთხოვნებზე, მოსწავლის მომავალ მიზანზე, ბავშვს კი ეს არ ესმის, ვინაიდან იგი თავისი არსით აწმყოზეა ორიენტირებული. ამიტომ პედაგოგიურმა საბჭომ, რომელსაც უზნაძე ხელმძღვანელობდა, უარი თქვა ნიშნებით შეფასებაზე. მასწავლებლები ცალკე რვეულში ინიშნავდნენ, რა იცოდნენ მოსწავლეებმა და რა – არა, მერე კი რეკომენდაციებს აწვდიდნენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

უზნაძის აზრით, უნიშნო შეფასებამ, მართალია, სამუშაო მოუმატა მასწავლებლებს, მაგრამ სწავლა უფრო მიზანმიმართული და შედეგიანი გახადა, მათ შორის – იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც მანამდე წარუმატებელ მოსწავლეებად მიიჩნეოდნენ.

1960-1961 წლებში თბილისის 53-ე სკოლაში პირველკლასელთათვის წერის სასწავლებლად შეიქმნა განსხვავებული პროგრამა. ვინაიდან წერა პატარა მოსწავლეებისთვის ახლად დასაუფლებელი ჩვევა გახლდათ, მიიჩნეოდა, რომ ნიშნით შეფასება მათ მოტივაციას ჩაუქრობდა. აღნიშნული ექსპერიმენტი საქართველოში 17 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის, ბათუმის, სოხუმის, ქობულეთის, ზესტაფონისა და სტეფანწმინდის საექსპერიმენტო სკოლებში (Амонашвили Ш.А. 1984).

ექსპერიმენტი ეყრდნობოდა ჰუმანისტური პედაგოგიკის წარმომადგენლების ვ. ა. სუხომლინსკისა და შ. ამონაშვილის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რა ნაბიჯებს უნდა მოიცავდეს სასწავლო პროცესი.

ამ ნაბიჯებად მიჩნეულ იქნა: 

1) მოსწავლის მიერ სასწავლო ამოცანის გაცნობიერება და მიღება;
2) მოსწავლის მიერ საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა; 
3) სწავლის პროცესის კონტროლი;
4) სწავლის შედეგის შედარება ეტალონთან (დასახულ მიზანთან);
5) მასწავლებლის მხრივ ამოცანების დასახვა მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის.
ჰუმანური პედაგოგიკის წარმომადგენლები განმავითარებელ შეფასებას შინაარსობრივ შეფასებად მოიხსენიებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს:
1. სწავლის პროცესის ხარისხზე;
2. მოსწავლის განვითარების ხელშემწყობი ამოცანების განსაზღვრაზე.

შეფასება, მათი აზრით, უნდა ყოფილიყო მასტიმულირებელი და ხელი შეეწყო სწავლის სუბიექტად მოსწავლის ფორმირებისთვის.

ჰუმანური პედაგოგიკის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ შინაარსობრივი შეფასება უნდა ყოფილიყო როგორც გარეგანი, ისე შინაგანი – რეფლექსური. გარეგანი გულისხმობდა მოსწავლის შეფასებას თანატოლის, პედაგოგის მიერ; შინაგანი – მოსწავლის მიერ საკუთარი ნაშრომის შეფასებას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეცნიერები ამ ორი მონაცემის ერთმანეთისთვის შედარებას ანიჭებდნენ.

მოსწავლე, რომელიც აფასებს თავს, თავად უნდა მონაწილეობდეს მიზნის დასახვაში, მისაღწევი გზების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი მოსწავლის სწავლის სუბიექტად ფორმირება, რაც ხელს უწყობს ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს. ნდობის ფორმირება კი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სწავლა დაეფუძნება როგორც თითოეული მოსწავლის, ისე კონკრეტული კლასის საჭიროებას.

განმავითარებელი შეფასება ინგლისში ნაციონალური კურიკულუმის დონეზე 2003 წლიდან დაინერგა დაწყებით კლასებში – სტრატეგიით „ხარისხიანი განათლება – სწავლა სიამოვნებით”. მისი მიზანი სწავლის პროცესის ხელშეწყობა გახლდათ. მას შემდეგნაირად განმარტავდნენ: მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ძიებისა და ინტერპრეტაციის პროცესი მოსწავლეთა ამჟამინდელი ცოდნის/განვითარების დონის განსაზღვრის, სამომავლოდ მუშაობის დაგეგმვისა და შედეგის მისაღები ეფექტიანი გზების საძიებლად.

განათლების მკვლევრები მიიჩნევდნენ, რომ თუ მოსწავლეთა შეფასება ხდება მხოლოდ ტესტის საფუძველზე ქულებით, სწავლების პროცესი მიიმართება ტესტის წარმატებით შევსების უნარების განვითარებისკენ. ტესტები ძირითადად სტანდარტიზებულია, შეფასება აღნუსხავს, მასალის რა პროცენტია დაძლეული და არ იძლევა ინფორმაციას არც შეცდომათა ტიპებზე და არც მათი დაძლევის გზებზე, თანაც, ვინაიდან ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან, შეცდომებიც სხვადასხვანაირი მოგვივა და დახმარებაც სხვადასხვანაირი დაგვჭირდება.

მეცნიერთა მოსაზრებით, უნდა არსებობდეს სხვა გზაც სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად.

შეფასების გამოყენება უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ ათვისებული ცოდნის დონის განსასაზღვრად/სტანდარტებისადმი შესაბამისობის დასადგენად, არამედ სწავლის პროცესის ხელშესაწყობადაც. შეფასება ხელს უნდა უწყობდეს სწავლის პროცესში მოსწავლის ჩართულობის მატებას, ადეკვატური თვითშეფასებისა და სწავლის სუბიექტად მის ფორმირებას. ინგლისელ მკვლევართა (Black and William, 1998) მონაცემებით, განმავითარებელი შეფასება ცოდნის ამაღლების ხელშემწყობი ფაქტორია.

ფილიპ პერენუ (Philippe Perrenoud), ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, სწავლისა და აღზრდის ინოვაციისა და კვლევის ლაბორატორიის დამფუძნებელი, მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ერთი მოსწავლისთვის (მოსწავლეთა ჯგუფისთვის) შერჩეული სტრატეგია ოპტიმალური ვერ იქნება მეორისთვისაც. საკლასო ოთახში სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევა კი, უპირველესად, შესაძლებელია იმის აღიარებით, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და მისი განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება.

საკითხის შესაჯამებლად, გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ განმავითარებელი შეფასება შესაძლებლობას გვაძლევს, რეაგირება მოვახდინოთ ცვლილებებზე, კონსტრუქციულია, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწვდის მათ ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ არის შესაძლებელი სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ეხმარება საკუთარი თავისა თუ სხვისი ადეკვატური შეფასების უნარის ფორმირებაში და შესაძლებელს ხდის წარმატების დაფიქსირებას.

აკადემიური ჩამორჩენილობა

0
ვიდრე ბავშვს სიზარმაცეს უსაყვედურებდეთ, დაფიქრდით, თავად თუ შეუქმენით ყველა პირობა კარგი სწავლისთვის. აქ საუბარია არა ცალკე კაბინეტის მოწყობაზე, არამედ სათანადო ემოციურ ფონზე. თუ ბავშვს უყვირეთ (თუნდაც სამართლიანად), ამის შემდეგ მისგან ინტელექტუალურ გმირობას ნუღარ ელით. შეშფოთებულ და ანერვიულებულ მოსწავლეს ხშირად მარტივი მასალის ათვისებაც კი უჭირს.

მოსწავლეები, რომლებიც ცუდად სწავლობენ, შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:
1. მოსწავლეები, რომელთაც სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ კარგად სწავლა;
2. მოსწავლეები, რომელთაც კარგად სწავლა არც სურთ და არც შეუძლიათ;
3. მოსწავლეები, რომელთაც შეეძლოთ კარგად სწავლა, მაგრამ არ სურთ.

რატომ არ სურთ ან არ შეუძლიათ ბავშვებს სწავლა, ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული მშობლებსა და მასწავლებლებზე.
რატომ უჭირს ბავშვს სწავლა

1. ბავშვს შესაძლოა ფსიქიკური განვითარების კუთხით ჰქონდეს დაბრკოლება და ინტელექტუალურად არასაკმარისად იყოს განვითარებული. შესაძლოა, ცალკეული ფსიქიკური პროცესები არ იყოს მომწიფებული ნორმალური ფუნქციობისთვის, მაგალითად, ყურადღების უნარი; ბავშვს უჭირდეს კონცენტრირება და გამუდმებით ეფანტებოდეს ყურადღება დავალების შესრულებისას;

2. ბავშვს არ გააჩნდეს მოსმენის კულტურა და ინსტრუქციის შესრულების უნარი, არ შეეძლოს დავალების ბოლომდე მიყვანა, შედეგის შემოწმება, დროის განაწილება;

3. სწრაფად ეღლებოდეს ნერვული სისტემა, დაბალი ჰქონდეს გონებრივი შრომისუნარიანობა;

3. ჰქონდეს რიგიდული ფსიქიკა ანუ ნელა იღებდეს და ამუშავებდეს ინფორმაციას, უჭირდეს ერთი ტიპის საქმიანობიდან მეორეზე გადართვა, მუშაობდეს ნელა.

5. დარღვეული ჰქონდეს მეტყველება – არ შეეძლოს აზრის მკაფიოდ გამოთქმა, უჭირდეს სხვისი მეტყველების შინაარსის აღქმა, უკიდებდეს ენას (ენაბლუობა, ენაბორძიკობა);

6. ჰქონდეს სპეციფიკური დარღვევები, მაგალითად, დისლექსია – ასეთ ბავშვს უჭირს კითხვის სწავლა. დისკალკულია – ძნელად სწავლობს ანგარიშს, დისგრაფია – უჭირს წერის ათვისება;

8.დარღვეული ჰქონდეს მხედველობა ან სმენა;

9. სათანადოდ ჰქონდეს განვითარებული ინფორმაციის მიღების მხოლოდ ერთი არხი (მაგ., მხედველობითი ან სმენითი), მაშინ როდესაც სასკოლო სწავლის პროცესი ძირითადად სმენით აღქმას – სმენით მიღებული ინფორმაციის დამახსოვრებას ეფუძნება;

10. აწუხებდეს ორგანიზმის საერთო სისუსტე, ხშირად ცივდებოდეს, ჰქონდეს ქრონიკული დაავადება.

ეს პირველადი მიზეზებია და არ არის დამოკიდებული ბავშვის პიროვნებასა თუ იმ ოჯახურ გარემოზე, რომელშიც იგი იზრდება. აღნიშული გადხრების განეიტრალება შესაძლებელია მკურნალობით ან სპეციალური განმავითარებელი სავარჯიშოებით, ასევე – სპეციფიკური სასწავლო პროგრამით, რომელიც ამგვარი ბავშვების შესაძლებლობებზეა ორიენტირებული.
კიდევ რა უშლის ხელს სწავლას?

1. მღელვარების მაღალი ხარისხი. ბავშვს ეშინია, რომ კარგად ვერ ისწავლის და მართლაც ვერ სწავლობს კარგად; ეშინია შეცდომის, რის გამოც მოსდის ბევრი შეცდომა; ეშინია თანაკლასელების მხრიდან დაცინვის და, საზოგადოდ, იმისა, რომ მშობლების იმედს ვერ გაამართლებს.

2. ინფანტილიზმი, უმწიფრობა. ბავშვისთვის პირველ ადგილზეა თამაშთან დაკავშირებული ინტერესები, ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში კი – პასუხისმგებლობის გრძნობის უქონლობა.

3. სასწავლო პროგრამის შეუთავსებლობა ბავშვის შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებთან. პროგრამა ან მეტისმეტად რთულია, ან მეტისმეტად ადვილი. ორივე შემთხვევაში ის ბავშვისთვის უინტერესოა.

4. მშობლების ზედმეტი მომთხოვნელობა – ამან შესაძლოა ბავშვის საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს.

5. კონფლიქტი მოსწავლეებსადა მასწავლებლებთან.

უნდა ითქვას ისიც, რომ სწავლაში ჩამორჩებიან ნორმალური შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებიც. ხშირად ისინი სწორედ ამგვარად გამოხატავენ ქვეცნობიერ პროტესტს მშობლების იმედისა და მოლოდინის მიმართ. იმისთვის, რომ ბავშვი ზრდასრული ადამიანი გახდეს, საჭიროა მშობლისგან დამოუკიდებლობა და საკუთარი ინდივიდუალობის გაცნობიერება (ამის შესახებ ვრცლად იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული შემდეგი პუბლიკაცია: თალ ბენ-შახარი. სასარგებლოა თუ არა ბავშვის კონტროლი. 10 თებერვალი, 2014 https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=477 ). თუ მშობლები განსაკუთრებული სიმძაფრით რეაგირებენ შვილის ნიშნებზე, ბავშვი გრძნობს, რომ მისი პირადი სამყაროს საზღვრები უფროსებისთვის არ არის ხელშეუხებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას არ ენდობიან.

ამრიგად, როდესაც ბავშვი არ ცდილობს, თავისი მიღწევებით მშობლების სიამაყე დააკმაყოფილოს, ის ამ დროს ერთგვარ დამოუკიდებლობას გრძნობს მშობლებისგან. დამოუკიდებლობის წყურვილი და საკუთარი თავის თვითმყოფად პიროვნებად განცდის სურვილი ზოგჯერ აიძულებს ბავშვს, არ ისწავლოს კარგად. ამ დროს არავითარი ზეწოლა და სასჯელის ზომა არ მოქმედებს – ბავშვი აცხადებს: „დედას და მამას შეუძლიათ, ამიკრძალონ ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან ჯდომა, შეუძლიათ, არ მომცენ ჯიბის ფული, მაგრამ ჩემს ცუდ ნიშნებს ვერსად გაექცევიან”.

ნათელია, რომ ბავშვებში სწავლის სურვილის უქონლობა ურთულესი პრობლემაა. მისი მოგვარება შეუძლებელია მშობლის მხრივ ზეწოლის გაძლიერებით ან შესუსტებით. თუ ზეწოლა გაძლიერდა, ძლიერდება ბავშვის წინააღმდეგობაც და პირიქით – სრული უყურადღებობა ბავშვს უსუსტებს საკუთარი თავის ნდობას და ისიც სწავლას მიუშვებს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ის, როგორც პიროვნება, მშობლებისგან დამოუკიდებლად არსებობს და რომ თავად აკისრია პასუხისმგებლობა საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე. ამ დროს მასში საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის გრძნობაც იზრდება.

მოამზადა დავით თინიკაშვილმა

რამდენიმე აქტივობა მედიაწიგნიერების განვითარებისთვის

0
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს განეკუთვნება მედიაწიგნიერება. ამ კომპეტენციებს შორის მკაცრი საზღვრები არ არსებობს, ისინი ერთმანეთისგან მომდინარეობს და ყალიბდება ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარების შერწყმით. ასევე სხვადასხვა საფეხურზე და სხვადასხვა საგნის სწავლა-სწავლების დროს წარმოიშობა მათი საჭიროებაც. მედიაწიგნიერების მახასიათებლებში აღნიშნულია: „აუცილებელია, მოსწავლემ შეძლოს … მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა”) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას”.

ახალი ინფორმაციის ფლობა – ეს არის უმნიშვნელოვანესი საჭიროება ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ გადაწყვეტილებებს შესაძლოა სრულიად სხვადასხვა შინაარსი და მასშტაბი ჰქონდეს. ასევე განსხვავებული ინფორმაციები სჭირდება ადამიანს ყოველდღიურად, დაწყებული ამინდით, დამთავრებული საერთაშორისო ურთიერთობებით. თუ ვზრდით მოქალაქეს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უნარი უნდა ჰქონდეს, მაშინ ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას.

ინფორმაციის მოსაძიებლად მოსწავლეს ჩვეულებრივ წიგნიერებასთან ერთად ციფრული წიგნიერებით გათვალისწინებული უნარებიც სჭირდება, მერე კი – მულტიმედიური ინფორმაციის აღქმისა და გამოყენების უნარიც. ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებით (გაზეთი, რადიო, ტელევიზია, სოციალური მედია) მოვიპოვებთ. ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რამდენად სანდოა მოპოვებული ინფორმაცია. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება ნდობა ან უნდობლობა კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ.

მაინც როგორ შეიძლება გაკვეთილის პირობებში ამ უნარის განვითარება? სტანდარტი აქ არ არსებობს და მასწავლებლის შემოქმედებითობას საზღვარს ვერავინ დაუწესებს. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ ვარიანტს გთავაზობთ.
საუბარი გვაქვს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, რომელიც შეიძლება შემდეგი თანმიმდევრობით წარვმართოთ:

თავდაპირველად გავააქტიუროთ წინარე ცოდნა და გონებრივი იერიშით შევადგინოთ ორი გონებრივი რუკა:
პირველი: „რა არის ინფორმაცია?”

მეორე: „რისთვის გვჭირდება ინფორმაცია?”

აქ მოსწავლეთა მოსაზრებები, წესისამებრ, კრიტიკისა და შეფასებების გარეშე ფიქსირდება, მერე კი უკუკავშირისთვის ვიყენებთ მინილექციის მეთოდს. ვაწვდით განმარტებით მახასიათებლებს:

ახალი ამბავი ანუ ინფორმაცია არის შეტყობინება (გამოხატული ტექსტური, აუდიო, ვიდეო თუ მულტიმედიური ფორმით), რომელიც პასუხობს შემდეგ კითხვებს: ვინ, რა, როდის, სად, რატომ, როგორ? ინფორმაციის ენა უნდა იყოს ცხადი და გასაგები. იგი ობიექტურად უნდა ასახავდეს ფაქტსა თუ მოვლენას, ეს კი ნიშნავს, რომ რეპორტიორი ზედმიწევნით უნდა აღწერდეს ფაქტს მონაწილე მხარეებისთვის თანაბარი პირობების შექმნით, შეფასებების (ზედსართავი სახელების) გარეშე. კარგი და სარწმუნო ინფორმაცია რაც შეიძლება მრავალი კუთხით უნდა გვაჩვენებდეს ფაქტს, მაგრამ არ უნდა ამჟღავნებდეს ავტორის ტენდენციას, განწყობას. შეფასება ინფორმაციის მომხმარებლის კომპეტენციად რჩება.

მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, რომ ცხოვრებაში ადამიანს უხდება უამრავი გადაწყვეტილების მიღება და წარმატებას აღწევს ის, ვინც სწორ გადაწყვეტილებას იღებს. სწორი გადაწყვეტილების მიღებას კი კარგად ინფორმირებული ადამიანები ახერხებენ.

მედიასამყაროში ორიენტირება არ არის იოლი საქმე. საზოგადოებაში ხშირად წააწყდებით ასეთ სტერეოტიპებს: „როგორ, ტელევიზორში მოვისმინე და ტყუილს ხომ არ იტყოდნენ…” ან „ჟურნალისტების გჯერა? სულ ტყუილს წერენ და ლაპარაკობენ”. ამ საპირისპირო სტერეოტიპების გამოყენებით კლასში დისკუსიის ან დებატების მოწყობა კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. საკითხზე მსჯელობისას ორგანიზების ფორმად შეიძლება ჯგუფური მუშაობაც გამოვიყენოთ. 4 ჯგუფიდან ორმა ერთ სტერეოტიპზე იმსჯელოს, ორმა – მეორეზე. მოკლე პრეზენტაციების შემდეგ ვაჯამებთ საკითხს, რომ არც ერთი მიდგომა არ არის ერთმნიშვნელოვნად სწორი და მომხმარებელმა უნდა შეძლოს, ერთმანეთისგან გაარჩიოს სარწმუნო ანუ ობიექტური და გაყალბებული ანუ ტენდენციური ინფორმაცია.

ამ ლაბირინთში გზის გასაკვლევად მოზარდი, მომავალი მოქალაქე, განსაზღვრული უნარებით უნდა იყოს აღჭურვილი. როგორ შევაფასოთ ინფორმაცია? ახალი ამბის ობიექტურობის საზომი ზუსტი მონაცემები, თვითმხილველთაგან ოპერატიულად აღებული ინტერვიუებია. კონფლიქტების გაშუქების დროს მხარეებს აზრის გამოხატვის თანაბარი საშუალება უნდა მიეცეთ. თუ საქმე ექსპერტებზე მიდგება, პოლიტიკა პოლიტოლოგმა უნდა შეაფასოს და მისი აზრი სამედიცინო საკითხებზე ნაკლებსარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ.
მცირე სასწავლო პროექტები

შეიძლება მცირე სასწავლო პროექტის განხორციელება ამ მიმართებით. დავარქვათ ამ პროექტს მედიამონიტორინგი, ჯგუფებს კი მონიტორი 1, 2, 3, 4 ვუწოდოთ. ოთხ ჯგუფს დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში სხვადასხვა ტელევიზიის, რადიოს ან გაზეთის სამ-სამი ინფორმაციის შეფასება დავავალოთ. წინასწარ, მოსწავლეთა მონაწილეობით და ჩვენი დახმარებით, განვსაზღვროთ კრიტერიუმები, რომლებითაც ისინი ინფორმაციას შეაფასებენ.

1. სრულყოფილად არის თუ არა ასახული მოცემული ფაქტი, მოვლენა?
2. გამოყენებულია თუ არა თვითმხილველთა ინტერვიუები?
3. დაზუსტებულია თუ არა ინფორმაციის წყარო (პირი ან ორგანიზაცია)? 
4. კონფლიქტის აღწერის შემთხვევაში ეძლევათ თუ არა მხარეებს თანაბარი საშუალება საკითხის დასაზუსტებლად?
5. გაზვიადებული ხომ არ არის ფაქტი ან მოვლენა ეფექტის მოსახდენად?
6. ხომ არ ამჟღავნებს ჟურნალისტი ტენდენციას?

შემდეგ გაკვეთილზე ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს და იმსჯელებენ ინფორმაციების სანდოობაზე. მსჯელობა უნდა იყოს არგუმენტირებული. ეს პროცესი ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ყველა შეფასება იყოს ზუსტი, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ინფორმაცია უპირობოდ კი არ უნდა მიიღონ, არამედ შეძლონ მისი კრიტიკული შეფასება, გადახარისხება.

ამ უნარის განსავითარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტუაციის სიმულაციის მეთოდი. კლასი დავყოთ ჯგუფებად; გავაცნოთ ასეთი სიტუაცია: „გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდინარე, რომელიც ქალაქს კვეთს, დაბინძურებულია ქიმიური ნარჩენებით და ეს მოსახლეობის ჯანმრთელობის საშიშროებას უქმნის. ქალაქში პანიკაა, დაბნეულმა მოსახლეობამ არ იცის, როგორ მოიქცეს. რედაქცია თქვენს ჯგუფს ავალებს მოამზადოს ინფორმაცია ამის შესახებ. დაგეგმეთ, სად, ვისთან და როგორ მოიპოვებთ ინფორმაციას და რა ფორმით მიაწვდით მომხმარებელს”.

ეფექტური პრეზენტაციების მოსამზადებლად მოსწავლეებს დასჭირდებათ მრავალნაირი ცოდნა – სახელმწიფო ორგანოების ფუნქციებისა და დანიშნულების, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, კრიტიკულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილებების მიღების და სხვა. პრეზენტაციებზე გაკეთებული უკუკავშირი მათ დამატებითი ცოდნის მიღების საშუალებას მისცემს. შესაძლოა, პროფესიული არჩევანის დაგეგმვისთვისაც  გამოადგეთ.

ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომის საჭიროებაზე ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად კარგ სამსახურს გაგვიწევს ცუდი მაგალითი ჩვენი უახლოესი მედიაისტორიიდან. ვგულისხმობთ მოდელირებულ „ქრონიკას”, რომელიც მედიაში უპასუხისმგებლო ქმედების ქრესტომათიულ მაგალითად იქცა. ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ აზრის განსამტკიცებლად, რომ ინფორმაციის უპირობო ჭეშმარიტებად აღქმა დაუშვებელია.

განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მიმართ. ეს ინფორმაცია უმეტესად არაპროფესიონალთა მიერ იქმნება და თუ ოპერატიულობით უსწრებს სხვებს, სანდოობის ხარისხით ხშირად ჩამორჩება, ამიტომ ასეთი ინფორმაციაც სერიოზულ გადამოწმებას ითხოვს.

ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის კარგი მაგალითები მოსწავლეებმა შეიძლება მოისმინონ და იხილონ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების: სი-ენ-ენის, ევრონიუსის – გამოშვებებში.

ამ საქმიანობის ყოველ ეტაპზე ბლუმის ტაქსონომიის ზედა საფეხურების უნარებთან გვექნება შეხება, რადგან ინფორმაცია ანუ ცოდნა მიღებული იქნება არა პასიურად, არამედ კრიტიკულად, განსჯის, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების გზით. მხოლოდ ასე შეიძლება იქცეს სტატიკური ცოდნა ფუნქციურ და პირობისეულ ცოდნად, ხოლო სწორად შერჩეული ინფორმაცია – სწორი გადაწყვეტილების მიღების წინა პირობად.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...