სწავლის თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თქვენთვის წერილია
არტურო პერეს რევერტეს
ჩემი უმცროსი მეგობარი, თანაკლასელ გოგოს გაუმიჯნურდა. მორიდებული ყმაწვილია, ხმამაღალს ვერ დააცდენინებ. მისვლა ვერ გაბედა, წერილის მიწერა განუზრახავს და დახმარება მთხოვა. მეც ვურჩევ, ოღონდ ღიად და მხოლოდ თქვენი თანდასწრებით:
აგვისტოს რიტუალი
ციფრული ვნება
კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა მოზარდისთვის უსაფრთხო რომ არ არის, ალბათ ყველა დაგვეთანხმება, თუმცა არც ისეა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა, კომპიუტერის ეკრანს აქვს გამოსხივება, რომელიც მხედველობაზე უარყოფითად მოქმედებს, თანაც კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ადამიანი გადაღლილობას გრძნობს, მაგრამ არც იმის უარყოფა იქნებოდა მართებული, რომ კომპიუტერისა და მისი ზეგავლენის შესახებ ბევრი რამ მითია. ჩვენ რამდენიმე სპეციალისტის დახმარებით შევეცდებით იმის გარკვევას, რეალურად რამდენად მავნეა კომპიუტერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უპირველესად კი მხედველობის სისტემისთვის.
ოფთალმოლოგი ნანა ქებაძე: „კომპიუტერიზაციის პირველსავე წლებში აშკარა გახდა, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად თავს იჩენს მხედველობის სიტემის გადაღლილობა. ამ ფაქტორს მოგვიანებით პირობითად „მხედველობითი კომპიუტერული სინდრომი“ ეწოდა. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვა რამაა. საქმე ის არის, რომ დისპლეის გამოსახულება მკვეთრად განსხვავდება თვალისთვის ჩვეული აღქმის ობიექტებისგან – ის ანათებს, შედგება დისკრეტული წერტილებისგან, რომლებიც გარკვეული სიხშირით ქრება და ინთება. გარდა ამისა, არც ფერები შეესაბამება ბუნებრივს.
მაგრამ მხოლოდ ეს არ იწვევს მხედველობის სისტემის გადაღლას. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალს განტვირთვის საშუალება არ აქვს. ამის გამო თავისთავად იძაბება მხედველობა და იკლებს მისი ქმედობაუნარიანობა. თვალი ყველაზე მეტად მაშინ იტვირთება, როცა კომპიუტერში ინფორმაცია შეგვყავს. ამ დროს იძულებული ვართ, ხშირად გადავიტანოთ მზერა ეკრანიდან ტექსტზე და ტექსტიდან კლავიატურაზე, რომლებიც ერთმანეთისგან სხვადასხვა მანძილითაა დაშორებული და, ბუნებრივია, სხვადასხვანაირადაა განათებული. ამიტომ მე, როგორც ექიმი, ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს უწევთ კომპიუტერთან მუშაობა, ვურჩევ, დროდადრო მოშორდნენ მონიტორს., მზერა სხვა რამეზე გადაიტანონ, თვალი დაასვენონ და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძონ მუშაობა“.
ექიმი ფსიქოთერაპევტი ეკა ზოიძე: „დღეს კომპიუტერების შესახებ უამრავი მითი არსებობს, ამიტომ დამკვიდრებულია მცდარი წარმოდგენა, თითქოს კომპიუტერი ადამიანის ჯანმრთელობას ყოველმხრივ ვნებდეს. ასე არ არის. უდავოა, რომ კომპიუტერი გარკვეულწილად მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არა ისე, როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ირწმუნება. შევეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
მითი #1: „კომპიუტერს აქვს გონება, რომლის საშუალებითაც ადამიანზე ზემოქმედება შეუძლი”
სინამდვილეში ყველაზე ინტელექტუალურ კომპიუტერსაც კი არა აქვს იმაზე მეტი გონება, ვიდრე ადამიანს სჭირდება კონსტრუქტორის ასაწყობად. კომპიუტერი იმ პროგრამის მიხედვით მუშაობს, რომელიც შექმნა, ამიტომ მისი „გონიერების” მტკიცება მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის მწერლებს თუ მიეტევებათ. ერთ დროს ადამიანურ თვისებებს ავტომობილებსა და თვითმფრინავებსაც აწერდნენ, მაგრამ გავიდა დრო და აშკარა გახდა, რომ არც ერთნი და არც მეორენი საკუთარი ინიციატივით გაგიჟებას არ აპირებდნენ. იგივე შეიძლება ითქვს კომპიუტერის შესახებაც. ფაქტია, რომ მანქანებს ადამიანები ჭკუიდან არ გადაჰყავთ. პირიქით, ის, ვისაც არაადეკვატური წარმოდგენა აქვს სამყაროზე, კომპიუტერთან უფრო ადვილად პოულობს საერთო ენას, ვიდრე ადამიანებთან.
მითი #2. „კომპიუტერი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”
მართალია, კომპიუტერის მონიტორს აქვს გამოსხივება, მაგრამ არა თხევად–კრისტალურ, ბრტყელ მონიტორებსა და ნოუთბუქებს. რაც შეეხება ჩვეულებრივ მონიტორებს, ისინი ელექტრომაგნიტური, დაბალი სიხშირის გამოსხივების წყაროდ ითვლება, თუმცა მათი გამოსხივება არ აღემატება ტელევიზორისას. მონიტორი რენტგენული, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროცაა, მაგრამ მისი რენტგენული გამოსხივების დონე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი რადიაციული ფონი, ხოლო მონიტორისგან მიღებული ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივების რაოდენობა ელექტრონათურებთან შედარებით სათვალავშიც კი არ არის ჩასაგდები. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა შიშს დიდი თვალები აქვს. ამ თვალსაზრისით შესაძლოა საშიში გახდეს ძველი, 7-8 წლის წინ გამოშვებული მონიტორები. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია დამცავი ეკრანის შეძენა.
კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას მხედველობისთვის შედარებით მეტი ზიანის მიყენება შეუძლია (თუმცა არა იმაზე მეტისა, ვიდრე ტელევიზორს).
კიდევ ერთი ზიანი, რაც კომპიუტერმა შეიძლება მიაყენოს ადამიანს, ცხოვრების უმოძრაო წესია. დაძაბული ინტელექტუალური მუშობის დროს ტვინი ხშირად ითხოვს ტკბილეულს და თუ კომპიუტერთან მუშაობისას ინტენსიურად იღებთ მას, მალე ჭარბი წონა შეგაწუხებთ.
კომპიუტერული ვირუსები ხომ საერთოდ არ არის საშიში ადამიანისთვის. დიდი-დიდი, მათ გამო მრავალწლიანი მუშაობის შედეგები წაგვეშალოს და ამის გამო ინფარქტი დაგვემართოს…
მითი #3. „კომპიუტერი განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის, ამიტომ რაც გვიან გაეცნობა ბავშვი მას, მით უკეთესი”
„კომპიუტერის გამო ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა უჭირს“, – ეს არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც მშობლებს არ სურთ ბავშვის კომპიუტერთან ურთიერთობა. სინამდვილეში ისინი ერთმანეთში ურევენ მიზეზებსა და შედეგებს. ფაქტია, რომ კომპიუტერი თავისთავად ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენს. თუ ბავშვს თავიდანვე უჭირდათანატოლებთან ურთიერთობა, მას კომპიუტერთან ურთიერთობა უფრო გაუადვილდება. ამიტომ მშობლებმა უპირველესად შვილის ჩაკეტილობის მიზეზები უნდა ეძებონ. რაკი ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობას კომპიუტერთან ჯდომას ამჯობინებს, ესე იგი მას პრობლემები აქვს და ამიტომაც იკეტება საკუთარ, ვირტუალურ მიკროსამყაროში.
მითი #4. „კომპიუტერული თამაშები ადამიანში სისასტიკეს აღვივებს”
„მართალია, კომპიუტერს ყველაზე ნაკლებად შეიძლება ეწოდოს სათამაშო საშუალება, მაგრამ არც მთლად უამისობაა. კომპიუტერული თამაშების ირგვლივაც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, მაგრამ რეალურად მათ სარგებლობის მოტანაც შეუძლიათ, თუ, რაღა თქმა უნდა, სწორად შევარჩევთ.
უდავოა, რომ ბავშვი რაღაცით უნდა გაერთოს. ბავშვს თამაშის ისეთივე მოთხოვნილება აქვს, როგორიც შიმშილისა ან წყურვილისა. ეს მისთვის სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალებაა. უფროსები ყველანაირად ცდილობენ, მოახდინონ თამაშების კლასიფიკაცია და გაარკვიონ, რომელი თამაშებია საჭირო გოგონებისთვის და რომელი – ბიჭებისთვის, ამიტომ ხშირად მკაცრი ვერდიქტი გამოაქვთ: ესა თუ ის თამაში ნარკოტიკია. ის იმდენად ითრევს ბავშვს, რომ მას აღარ შესწევს უნარი, იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით. თუმცა აქაც ყველაფერი თამაშსა და ბავშვის პიროვნებაზეა დამოკიდებული.
თამაშები გოგონებისა და ბიჭებისათვის
მშობლების უმრავლესობა თვალყურს ადევნებს, რომ გოგონამ არ ითამაშოს ომობანა, ბიჭი კი თოჯინებით არ გაერთოს – მათ ხომ გაუგონიათ, რომ თამაში ბავშვის ფსიქიკის ფორმირებას ახდენს. მაგრამ ასეთი სიფრთხილე გაუმართლებელია. ბავშვმა დაბადებისთანავე სულაც არ იცის, ბიჭია ის თუ გოგონა. ხანდახან ბიჭები თოჯინით თამაშობენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ სქესობრივ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. საფრთხე რეალურად სხვა რამ არის: თუ გოგონამ ბიჭთან ერთად ომობანა არ ითამაშა, ის ვერ გაუგებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ბიჭსაც გაუჭირდება ქალებთან ურთიერთობა – არა ინტიმური, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერულ თამაშებზე. არ გეგონოთ, რომელიმე კონკრეტულ თამაშს ან თავად კომპიუტერს ვუწევდე რეკლამას. მხოლოდ მცდარი წარმოდგენის გაბათილება მინდა.
კომპიუტერული თამაშები გარკვეული კუთხით სასრგებლოცაა. მაგალითად, „ენქაუნთერის” თამაშის დროს ბავშვი სწავლობს მიზანში სროლას, ფიქრობს, შეიმუშავებს გარკვეულ სტრატეგიას. იმას არ ვგულისხმობ, რომ რეალურ ცხოვრებაშიც უნდა აიღოს იარაღი. უბრალოდ, ამ დროს გონებრივად ვითარდება.
თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ კომპიუტერული თამაშები გარკვეული დოზით „ნარკოტიკია“. კომპიუტერიც ისეთსავე ფსიქოლოგიურ დამიკიდებულებას იწვევს, როგორსაც, მაგალითად, ჰეროინი, ამიტომ მშობელმა თვალყური უნდა ადევნოს, რომ ბავშვი ზედმეტად არ გაიტაცოს თამაშებმა.
ყველგან ტაქსიმია, ყველგან წინააღმდეგობაა!!!

თომას გორდონი- “როგორ გავხდე კარგი მშობელი” მეშვიდე თავი
როგორ ავამოქმედოთ „მე–შეტყობინება”
ჩვენი კურსების მსმენელი მშობლები დიდი ენთუზიაზმით
ეცნობიან საკუთარი შვილის მიუღებელი ქცევის შეცვლის გზებს. „მოუთმენლად ველოდები სახლში
მისვლას და ამ მეთოდის შედეგს ჩემი შვილის ისეთი ქცევის შესაცვლელად, რომელიც დიდი
ხანია მაღიზიანებს”, აცხადებს ზოგიერთი მათგანი.
სამწუხაროდ, „ახალბედა” მშობლები ხშირად ვერ იღებენ
მოსალოდნელ შედეგს. ყოველ შემთხვევაში, პირველ ჯერზე. ამიტომ უფრო დეტალურად ისეთ შეცდომებს
შევეხებით, რომლებსაც ხშირად უშვებენ „მე–შეტყობინების” გამოყენების მცდელობისას და
შემოგთავაზებთ მაგალითებს, რომლებიც მათ უნარებს განამტკიცებს.
შენიღბული
„შენ–შეტყობინება”
ბატონმა ჯ.–მ ორი მოზარდი ბიჭის მამამ გვაცნობა, რომ
„მე–შეტყობინების” გამოყენების პირველი მცდელობა ძალზე უიღბლოდ დამთავრდა.
„ჩემი შვილი პოლი, იმის საწინააღმდეგოდ მოიქცა, რასაც
გვასწავლიდით – საპასუხოდ, ჩვეულებისამებრ, საკუთარი „შენ–შეტყობინებების” გამოგზავნა
დაიწყო”.
„თქვენ გაუგზავნეთ „მე–შეტყობინება”? – ჰკითხა ინსტრუქტორმა.
„რა თქმა უნდა… მგონი, გავუგზავნე, ყოველ შემთხვევაში,
ვეცადე” – უპასუხა ბატონმა ჯ.–მ.
ინსტრუქტორმა სიტუაციის გათამაშება შესთავაზა – ის პოლის
როლს შეასრულებდა, ბატონი ჯ. კი საკუთარს. სიტუაციის მიმოხილვის შემდეგ, ბატონმა ჯ.–მ
მისი აღდგენა სცადა:
ბატონი
ჯ.: ვეჭვობ, რომ შენი საოჯახო პასუხისმგებლობები უყურადღებოდ გრჩება.
პოლი:
რაზე მეუბნები?
ბატონი
ჯ.: ავიღოთ, ბალახის მოვლის პასუხისმგებლობა. ყოველ ჯერზე ძალიან მწყინს, რომ თავის
დაძვრენას ცდილობ. გასულ შაბათსაც ასე მოხდა. გავბრაზდი, რადგან ისე გაიპარე სახლიდან,
რომ არ გაკრიჭე მოლი. ძალზე უპასუხისმგებლოდ მომეჩვენა შენი საქციელი და ხასიათი წამიხდა.
ამ ადგილზე ინსტრუქტორმა შეწყვიტა როლური თამაში და
ბატონ ჯ.–ს მიმართა: „თქვენს სიტყვებში ბევრი ინფორმაცია იყო თქვენი გრძნობების შესახებ,
მაგრამ, მოდით, ვკითხოთ მსმენელებს, კიდევ რა გაიგეს?”
ერთ–ერთმა მამამ მაშინვე განაცხადა: „რამდენიმე წამში
თქვენ პოლს უთხარით, რომ დაუდევარია, ზარმაცი, ქვემოდან გაძვრომა სჩვევია და უპასუხისმგებლოა”.
„ნუთუ, მართლა? შესაძლოა! უფრო „შენ–შეტყობინებას” ჰგავდა,
არა!” აღიარა ბატონმა ჯ.–მ დარცხვენით.
ბატონი ჯ. მართალი იყო. მან მრავალი მშობლისათვის დამახასიათებელი
შეცდომა დაუშვა – გაკიცხვასთან ერთად „განცდებით” შენიღბული „შენ–შეტყობინება” გაუგზავნა.
ზოგჯერ რეალური სიტუაციების ამგვარი გათამაშება ეხმარება
მშობლებს ცხადად დაინახონ, რომ „ვგრძნობ,დაუდევარი ხარ” ისეთივე „შენ–შეტყობინებაა”, როგორც „დაუდევარი ხარ”. მშობლებს ვასწავლით,
უარი თქვან ისეთი ფრაზის გამოყენებაზე, როგორიცაა „ვგრძნობ” და კონკრეტულად აღწერონ
საკუთარი გრძნობა – „იმედი გამიცრუა”, „მინდოდა, ჩვენი ეზო კვირისათვის მოწესრიგებული
ყოფილიყო”, „მეწყინა, რადგან გამახსენდა ჩვენი შეთანხმება, რომ შაბათს მოლს გაკრეჭდი”.
ნუ
გაუსვამთ ხაზს უარყოფითს
მშობლების კიდევ ერთი შეცდომა ის გახლავთ, რომ „მე–შეტყობინებას”
აგზავნიან საკუთარი უარყოფითი ემოციების გამოსახატავად და ავიწყდებათ დადებითი ემოციების
გამოხატვა.
ქალბატონი კ. საკუთარ ქალიშვილს ლინდას შეუთანხმდა,
რომ პაემანიდან 12:30–ზე გვიან არ დაბრუნდებოდა. ლინდა 1:30–ზე გამოჩნდა. დედამ თვალი
ვერ მოხუჭა, ათასი უბედურება წარმოიდგინა და საშინლად ინერვიულა.
გთავაზობთ ამ სიტუაციას კლასში გათამაშებულს:
ქალბატონი
კ. (როგორც კი ლინდა დაინახა): გაბრაზებული ვარ შენზე.
ლინდა:
ვიცი, დავიგვიანე.
ქალბატონი
კ.: მართლა ძალიან ვბრაზობ, რადგან ვერ დავიძინე.
ლინდა:
რატომ ვერ დაიძინე? უნდა დაწოლილიყავი და არ გენერვიულა.
ქალბატონი
კ.: როგორ არ მენერვიულა? გაცოფებული ვიყავი და ვდარდობდი, რამე არ შეგმთხვეოდა. მართლა
გამიცრუე იმედი, რადგან პირობა არ შეასრულე.
ინსტრუქტორმა შეაწყვეტინა და ქალბატონ კ.–ს მიმართა:
„არ არის ურიგო – თქვენ რამდენიმე კარგი „მე–შეტყობინება” გადაეცით, თუმცა, მხოლოდ
უარყოფითები. სინამდვილეში რას გრძნობდით,
როცა ლინდა დაინახეთ? რა იყო თქვენი პირველი ფიქრი?
„საოცარი შვება ვიგრძენი, რომ ლინდა შინ მშვიდობით დაბრუნდა.
მინდოდა ჩამეხუტებინა და მეთქვა, რა ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალს და უვნებელს ვხედავ”,
სწრაფადვე უპასუხა ქალბატონი კ.–მ.
„მჯერა, თქვენი! ახლა ისევ ლინდა ვიქნები და კიდევ ერთხელ
ვცადოთ თქვენი რეალური გრძნობების „მე–შეტყობინებით” გადმოცემა”, სთხოვა ინსტრუქტორმა.
ქალბატონი
კ.: ოჰ, ლინდა, მადლობა ღმერთს, მშვიდობით დაბრუნდი. ისეთი ბედნიერი ვარ! რა შვებაა,
რომ გხედავ! [ეხუტება ინსტრუქტორს]. ისე ვშიშობდი, რომ რაღაც შეგემთხვა.
ლინდა:
დედი, მართლა გიხარია ჩემი დანახვა?
აქ კი, მსმენელებმა საერთო ტაშით გაოცება და აღტაცება
გამოხატეს ქალბატონი კ.–ს მეორე, სრულიად განსხვავებული ხასიათის კონფრონტაციის გამო,
რომელიც მისი რეალური გრძნობების მძლავრი გამოხატვით დაიწყო. ცოცხალი დისკუსია დაიწყო
იმის შესახებ, თუ რამდენ შესაძლებლობას უშვებენ ხელიდან მშობლები საკუთარ შვილებს გულწრფელად
აჩვენონ საკუთარი დადებითი და სიყვარულით სავსე გრძნობები. „ჭკუის სწავლების” მისწრაფებისას
მათთვის უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლების ფასდაუდებელ შესაძლებლობას ვკარგავთ
– მაგალითად, ვერ ვეუბნებით, რომ იმდენად გვიყვარს, რომ ვერ გადავიტანთ, თუკი მათ რაიმე
შეემთხვევათ.
საკუთარი გრძნობების გულწრფელად გამოხატვის შემდეგ ქალბატონი
კ.–ს უამრავი დრო ექნებოდა ეთქვა შვილისათვის, რომ იმედგაცრუებას გრძნობს სიტყვის შეუსრულებლობის
გამო. რამდენად განსხვავებული იქნებოდა ჩვენი დისკუსია თავდაპირველად დადებითი „მე–შეტყობინება”
რომ გაეგზავნა!
გრძნობის
შესატყვისი ინსტრუმენტი
ჩვენი კურსების მსმენელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს,
როდესაც „მე–შეტყობინება” მიზანს სცდება. ბევრ მშობელს თავიდან უჭირს ისეთი „მე–შეტყობინების”
გაგზავნა, რომელიც ზუსტად ასახავს მათი შინაგანი განცდების ინტენსიობას. ჩვეულებრივ,
თუკი შეტყობინება მიზანს ვერ აღწევს, ის ვერც ბავშვზე ახდენს გავლენას და შედეგად არც
ქცევა იცვლება.
ქალბატონმა ბ.–მ
გვიამბობ შემთხვევა, როცა მისმა შვილმა ბრაიანმა არ შეცვალა მიუღებელი ქცევა, მიუხედავად
იმისა, რომ დედამ თავისი ვარაუდით კარგი „მე–შეტყობინება” გაუგზავნა. ექვსი წლის ბრაიანმა უმცროს ძმას ჩოგბურთის
რაკეტა ჩაარტყა თავში. დედამ „მე–შეტყობინება” გაუგზავნა, მაგრამ ბრაიანმა ქცევა გაიმეორა
და ძმას მეორეჯერ ჩაარტყა თავში.
ამ ინციდენტის კლასში გათამაშებისას, მსმენელებისათვის
ცხადი გახდა, რომ ქალბატონმა ბ.–მ დამნაშავე იყო, რადგან შესატყვისად ვერ გადმოსცა
თავისი გრძნობები.
ქალბატონი ბ.: ბრაიან, არ მომწონს, როცა სემს თავში
ურტყამ.
„მიკვირს, ქალბატონო ბ., რომ ასეთი სუსტი განცდები გქონდათ,
როცა თქვენს პატარა შვილს ჩოგბურთის მძიმე რაკეტა მოხვდა თავში”, უთხრა ინსტრუქტორმა.
„რას ამბობთ, სისხლი გამეყინა იმის წარმოდგენაზე, რომ
შეიძლებოდა თავი გაეტეხა! დარწმუნებული ვიყავი, რომ მალე სისხლი წამოუვიდოდა”.
„მაშინ, „მე–შეტყობინებით” გამოვხატოთ ეს თქვენი ძლიერი
განცდები ისე, რომ სწორედ იმას შეესატყვისებოდეს, რაც განიცადეთ”, სთხოვა ინსტრუქტორმა.
მიიღო რა ნებართვა თავისი ჭეშმარიტი განცდების პირდაპირ
გამოხატვის შესახებ, ქალბატონმა ბ.–მ ასეთი მონოლოგი წარმოთქვა: „ბრაიან, ლამის მოვკვდი,
როცა სემს თავში ჩაარტყი! რა მეშველებოდა, რამე რომ მოსვლოდა! ძალიან ვბრაზობ, როცა
ვხედავ, რომ დიდი და ძლიერი პატარასა და სუსტს ურტყამს. ისე შემეშინდა, როცა გავიფიქრე
თავიდან სისხლი წამოუვიდოდა!”.
ქალბატონმა ბ.–მ და სხვა მშობლებმა ერთხმად აღიარეს,
რომ ამ ჯერზე „მე–შეტყობინება” გაცილებით „გულწრფელი” და ზუსტი იყო, მეტად შეესაბამებოდა
ნამდვილ გრძნობებს, სავარაუდოდ, ზუსტად მოხვდებოდა მიზანში და მეტად იმოქმედებდა ბრაიანზე.
ვეზუვის
ამოფრქვევა
ზოგიერთ მშობელს „მე–შეტყობინების” გაცნობისთანავე სურს
შვილებს დაუპირისპირდეს და ვულკანივით ამოაფრქვიოს დიდი ხნის შეკავებული გრძნობები.
ერთმა დედამ აღიარა, რომ მთელი კვირა ბრაზობდა საკუთარ ორ შვილზე, ვულკანისებური ამოფრქვევით. შედეგად ახალი პრობლემა
გაჩნდა – ბავშვები საშინლად შეაშინა გრძნობების ამოფრქვევამ.
იმის აღმოჩენამ, რომ ზოგიერთმა მშობელმა ჩვენი რჩევა
დაპირისპირებოდა შვილებს, საკუთარი უარყოფითი გრძნობებისა და ბრაზის „გადმოღვრის” ნებართვად
გამოიყენა, მაიძულა ხელახლა შემესწავლა ბრაზის ფუნქცია მშობელი–შვილის ურთიერთობებში.
ბრაზის ასეთმა კრიტიკულმა შესწავლამ ჩემი შეხედულება უფრო ცხადი გახადა და მიკარნახა
ახლებური ახსნა იმისა, თუ რატომ გამოხატავენ მშობლები ბრაზს, რატომ არის ის საზიანო
ბავშვებისთვის და როგორ დავეხმაროთ მშობლებს მის თავიდან აცილებაში.
სხვა ემოციისაგან განსხვავებით ბრაზი თითქმის ყოველთვის
სხვა ადამიანისკენაა მიმართული. „ვბრაზობ”, როგორც წესი, აღნიშნავს, „შენზე ვარ გაბრაზებული” ან „შენ გამაბრაზე”. არსებითად ეს „შენ–შეტყობინებაა”
და არა „მე–შეტყობინება”. მშობელი ვერ შენიღბავს ამ „შენ–შეტყობინებას” თუკი იტყვის,
რომ „ბრაზს ვგრძნობ”. შესაბამისად, ბავშვი მას ყოველთვის „შენ–შეტყობინებად” აღიქვამს.
ბავშვი ფიქრობს, რომ მას ადანაშაულებენ, როგორც მშობლის ბრაზის გამომწვევს. სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ
ბავშვი ისევე დამცირებულად, დამნაშავედ და გაკიცხულად იგრძნობს თავს, როგორც ნებისმიერი
სხვა „შენ–შეტყობინების” მიღებისას.
ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მრისხანება ის გრძნობაა,
რომელიც მშობელს რაღაც სხვა გრძნობის შემდეგ
უჩნდება. ბრაზი წარმოიქმნება რაღაც პირველადი გრძნობის შედეგად. აი, ამის ილუსტრაცია:
თავისუფალ გზაზე
მივდივარ. მეორე მძღოლი ისე მასწრებს, რომ ლამის ეხება ჩემი მანქანის მარცხენა ფრთას.
ჩემი პირველადი განცდა შიშია; მისმა ქმედებამ შემაშინა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩემი
შეშინების შედეგები იმაში გამოიხატება, რომ ვუსიგნალებ და „მრისხანებას გამოვხატავ”,
შესაძლოა ვუყვირო კიდეც „იდიოტო, მანქანის ტარება ისწავლე!” – რაც, ვერავინ უარყოფს,
რომ ნამდვილი „შენ–შეტყობინებაა”. ჩემს მიერ „ბრაზიანად მოქცევის” ფუნქცია იმაშია,
რომ დავსაჯო მძღოლი ან თავი დამნაშავედ ვაგრძნობინო ჩემი შეშინებისთვის, რომ ასე აღარ
მოიქცეს.
გაბრაზებული მშობელი, უმეტესწილად, თავის ბრაზს ანუ
„ბრაზიან ქმედებას” შვილისთვის ჭკუის სასწავლებლად იყენებს.
დედას სუპერმარკეტში
ეკარგება შვილი. მისი თავდაპირველი გრძნობა შიშია – ეშინია, რომ რაღაც უსიამოვნო არ
შეემთხვეს. თუკი ვინმე შეეკითხებოდა, რას გრძნობდა, როცა შვილს ეძებდა, დედა უპასუხებდა,
„შიშისაგან გავშეშდი” ან „ისე შევშინდი, რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა”. როცა საბოლოოდ
შვილს პოულობს, უდიდეს შვებას გრძნობს და გულში ამბობს, „მადლობა ღმერთს, კარგად ხარ”.
ხმამაღლა კი სავსებით განსხვავებულ სიტყვებს იმეტებს, რადგან ბრაზიანად მოქმედებს:
„საძაგელო!” ან „გაცოფებული ვარ შენზე! ასეთი სულელი როგორ ხარ, რომ დამეკარგე!” ან
„განა არ გითხარი, არ მომშორდე–მეთქი!” დედა ამ სიტუაციაში ბრაზიანად მოქმედებს (მეორეული გრძნობა), რომ შვილს ჭკუა ასწავლოს
ან დასაჯოს იმისთვის, რომ შეაშინა.
მრისხანება, გვევლინება რა მეორად გრძნობად, თითქმის
ყოველთვის „შენ–შეტყობინებად” გადაიქცევა, რომელიც ბავშვს გაკიცხვასა და დანაშაულს
ამცნობს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზი პოზაა, რომელსაც გამიზნულად და გააზრებულად
მიმართავს მშობელი, რომ გამოხატოს ბავშვის გაკიცხვა, დასჯა ან ჭკუის სწავლება იმის
გამო, რომ მისი ქცევა, რაღაც სხვა გრძნობის (პირველადიგრძნობის) მიზეზი გახდა. ყოველ ჯერზე, სხვაზე გაბრაზებისას, „კომედიას ვმართავთ”, თამაშს
ვიწყებთ, რომ ამ სხვაზე ვიმოქმედოთ, ვაჩვენოთ, როგორ მოიქცა, ჭკუა ვასწავლოთ, დავარწმუნოთ,
რომ აღარ გაიმეოროს. იმის თქმა არ მსურს, რომ ბრაზი ნამდვილი არ არის. პირიქით, ის
იმდენად რეალურია, რომ ადამიანი დუღს და ცახცახებს შინაგანად. მხოლოდ იმის თქმა მინდა,
რომ ადამიანები იწვევენ საკუთარ ბრაზს.
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
ბავშვი რესტორანში
მაგიდასთან ჭირვეულობს. დედის პირველადი ემოცია უხერხულობის გრძნობაა, მეორადი – მრისხანება: „ნუ იქცევი ორი წლის ბავშვივით”.
შვილს მამის დაბადების
დღე ავიწყდება, არც საჩუქარს აძლევს და არც ულოცავს. მამის პირველადი გრძნობა წყენაა, მეორადი – ბრაზი: „შენც თანამედროვე
თავქარიანებს გავხარ!”
ბავშვი სკოლიდან
დაბალი სემესტრული შეფასებებით ბრუნდება. დედის პირველადი გრძნობა იმედგაცრუებაა, მეორადი
– ბრაზი: „მთელი სემესტრი იზარმაცე. შეგიძლია, იამაყო”.
როგორ ვასწავლოთ მშობლებს მრისხანე ”შენ–შეტყობინებების”
გაგზავნაზე უარის თქმა? ჩვენი კურსების გამოცდილება იმედისმომცემია. ჩვენ მშობლებს
პირველადი და მეორეული გრძნობების განსხვავებას ვასწავლით. შემდეგ ისინი უფრო უკეთ
ერკვევიან საკუთარ პირველად გრძნობებში ოჯახში შექმნილი სხვადასხვა სიტუაციისას. საბოლოოდ,
სწავლობენ შვილებისათვის თავიანთი პირველადი ემოციების გაგზავნას და არა მეორეული მრისხანების
„ამოფრქვევას”. ვეხმარებით, უკეთ გაიგონ, სინამდვილეში რა ხდება მათში ბრაზის დროს
– ისინი პირველად გრძნობას განსაზღვრავენ.
ქალბატონმა კ.–მ,
ძალზე შეგნებულმა დედამ გაგვანდო, რომ 12 წლის ქალიშვილის მიმართ მისი მრისხანების
ხშირი აფეთქებები იმედგაცრუების მეორეული რეაქცია იყო იმის გამო, რომ გოგონა ისეთივე
ბეჯითი და მონდომებული არ იყოს, როგორც დედამისი ბავშვობაში. ქალბატონმა კ.–მ იმის
გაცნობიერება დაიწყო, თუ რამდენს ნიშნავდა მისთვის ქალიშვილის წარმატება სკოლაში და
როგორც კი შვილის აკადემიური მოსწრების გამო იმედგაცრუება დაეუფლებოდა, მრისხანე „შენ–შეტყობინებებით”
ატყდებოდა თავს.
ბატონი გ.–მ პროფესიონალმა ადვოკატმა გვიამბო, რომ
მხოლოდ ახლა გაიგო, რატომ ბრაზობდა თავის 11 წლის გოგონაზე სტუმრად ყოფნისას. გოგონა
თავისი ძალზე კომუნიკაბელური მამისაგან განსხვავებით, მორცხვი იყო. მამის მეგობრების
გაცნობისას ის არც ხელს ჩამოართმევდა და არც მიღებულ ფრაზებს – „ძალიან სასიამოვნოა”
ან „მოხარული ვარ, რომ გაგიცანით” – იტყოდა. ამის ნაცვლად მისი დახშული, ჩუმი „გამარჯობა”
მამას უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. მან აღიარა, რომ ეშინოდა მეგობრებს არ გაეკიცხათ
როგორც უხეში და მომთხოვნი მშობელი, რომელმაც თვინიერი და დაშინებული შვილი გაზარდა.
როგორც კი ეს გააცნობიერა მან ასეთ მომენტებში საკუთარი სიბრაზის დათრგუნვა სცადა.
მან აღიარა იფ ფაქტიც, რომ საკუთარი ქალიშვილი უბრალოდ მისგან განსხვავებული ადამიანი
იყო. როგორც კი მან სიბრაზე დაძლია, გოგონა გაცილებით უფრო თავდაჯერებული გახდა.
იმ მშობლებს, რომლებიც ხშირად „აფრქვევენ” მრისხანე
„შენ–შეტყობინებებს” ვურჩევთ ხოლმე საკუთარ შინაგან სარკეში ჩახედვას და კითხვის დასმას,
„რა მემართება?” „ჩემს რომელ მოთხოვნილებებს დაემუქრა საფრთხე ჩემი შვილის ქცევით?”
„როგორია ჩემი პირველადი ემოციები?” ერთ–ერთმა დედამ ვაჟკაცურად აღიარა, რომ ძალიან
ხშირად ბრაზობდა საკუთარ შვილებზე იმ იმედგაცრუების გამო, რომ შვილების გაჩენამ ხელი
შეუშალა ჩაებარებინა მაგისტრატურაში და სკოლის მასწავლებელი გამხდარიყო. მან აღმოაჩინა,
რომ ბრაზი სინამდვილეში კარიერის შეწყვეტით გამოწვეული გულგატეხილობის გამოხატულება
იყო.
რა
შეუძლია ეფექტურ „მე–შეტყობინებას”
„მე–შეტყობინებას” გასაოცარი შედეგების მოტანა შეუძლია.
მშობლები ხშირად ყვებიან, თუ როგორ უკვირთ შვილებს, როცა იგებებ, სინამდვილეში, რას
განიცდიან მშობლები. აი, რას ამბობენ ისინი:
„არ მეგონა, თუ ასე გაბეზრებდი თავს”.
„არ მეგონა, თუ მართლა გწყინდა”.
„აქამდე რატომ არ მითხარი, რას გრძნობდი”.
„ნუთუ, ასე გატკინე გული”.
ბავშვებმა, ზრდასრულების მსგავსად, ხშირად არ იციან
როგორ ზემოქმედებს მათი ქცევა სხვებზე. საკუთარი მიზნისაკენ სწრაფვისას, არც კი ფიქრობენ
ქცევის შესაძლო შედეგებზე. თუკი ვეტყვით, როგორც წესი, ცდილობენ უფრო მეტი ყურადღება
გამოიჩინონ. უზრუნველობა ხშირად ზრუნვად გადაიქცევა, როგორც კი ბავშვი საკუთარი ქცევის
გავლენის შესახებ იგებს.
ქალბატონმა ჩ.–მ
ოჯახური შვებულების დროს მომხდარი შემთხვევა გვიამბო. მათი პატარა ბავშვები აგზნებულები
ძალზე ხმაურობდენენ ავტომობილის უკანა სკამზე. ქალბატონი ჩ. და მისი მეუღლე აღშფოთებულები
იტანდნენ ამ ხმაურს, თუმცა ბატონმა ჩ. ბოლოს ვეღარ გაუძლო. მან მოულოდნელად დაამუხრუჭა
მანქანა, გზიდან გადაიყვანა და განაცხადა: „მე აღარ შემიძლია უკანა სკამზე ხმაურისა
და ჭიდაობის ატანა. მინდა ვისიამოვნო შვებულებით და მანქანის ტარებით. მაგრამ, ეშმაკმა
დალახვროს, როცა უკანა სკამზე ასეთი ხმაურია, ნერვები მეშლება და მანქანას ვეღარ ვატარებ.
მეც ხომ მაქვს უფლება, დავტკბე ჩვენი ერთად მგზავრობით”.
ბავშვებმა აღიარეს, რომ გააოცა ამ გაცხადებამ. მათ გააცნობიერეს,
რომ მათი ღრიანცელი მანქანის უკანა სკამზე აღიზიანებდა მამას, თუმცა, დარწმუნებულები
იყვნენ, რომ მამა ვერც კი ამჩნევდა მათ საქციელს. ქალბატონმა ჩ.–მ გვითხრა, რომ ამ
შემთხვევის შემდეგ ბავშვები უფრო ყურადღებიანები გახდნენ და უსაქციელობა შეამცირეს.
ეს ამაღელვებელი ამბავი რთული ყოფაქცევის ბავშვთა სკოლის
დირექტორმა ბატონმა ჯ.–მ გვიამბო:
„რამდენიმე კვირის
განმავლობაში ნაწყენი ვცდილობდი შევგუებოდი იმ ბიჭების ქცევას, რომლებიც მუდმივად არად
აგდებდნენ სკოლის წესებს. ერთ დილად ოთახის ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე მოლზე მოსეირნე
ბიჭები როგორ ეწეოდნენ სიგარეტს, რაც, რა თქმა უნდა, აკრძალული იყო სკოლის შინაგანაწესით.
კურსებზე ნასწავლი „მე–შეტყობინება” გამახსენდა, მივედი მათთან და ვცადე საკუთარი გრძნობების
გაზიარება: „ვერც წარმოიდგენთ, როგორ მთრგუნავს თქვენი საქციელი! ვცდილობდი ყველაფერი
გამეკეთებინა, რომ სკოლა დაგემთავრებინათ! ამ საქმეში სულსა და გულს ვდებდი! თქვენ
კი არაფერს აკეთებთ წესების დარღვევის გარდა! თქვენი თმის სიგრძის შესახებ კომპრომისსაც
კი მივაღწიე, მაგრამ ესეც არაფრად გიღირთ! ახლა აქ დგახართ და ეწევით, თან მშვენივრად
იცით, რომ აკრძალულია. უკვე იმაზე ვფიქრობ, რომ თავი დავანებო აქაურობას და ისევ ჩვეულებრივ
სკოლაში დავბრუნდე, სადაც თავს საჭიროდ ვგრძნობ. თავს საშინლად დამარცხებულად ვგრძნობ!
იმავე საღამოს
გაოცებულ დირექტორს ბიჭების ჯგუფი ესტუმრა. „ბატონო ჯ. დილანდელ ამბავზე ვიფიქრეთ.
არ ვიცოდით, თუ ასე გაბრაზდებოდით. ასე არასდროს მოქცეულხართ. სხვა დირექტორი არ გვინდა;
ის თქვენნაირი კარგი ვერ იქნება. გადავწყვიტეთ, არასოდეს მოვწიოთ სკოლაში. გვინდა,
სკოლის სხვა წესებიც დავიცვათ”.
გაოგნებულ ბატონ
ჯ.–ს ბიჭებმა თმის დამოკლების სურვილიც განუცხადეს. როგორც ბატონმა ჯ.–მ აღნიშნა, ამ
ამბის მთავარი მოვლენა ის სიხარული და ხალისი იყო, რომელიც თმის ნებაყოფლობით შეჭრას
ახლდა. „არაჩვეულებრივად გავერთეთ”. ბიჭები უფრო დამიახლოვდნენ მეც და ერთმანეთსაც.
ოთახიდან მეგობრებად გავიდნენ, ერთმანეთის მიმართ ისეთ სითბოსა და სიახლოვეს განიცდიდნენ,
რომელიც მხოლოდ პრობლემების ერთობლივ გადაჭრას მოაქვს ხოლმე.
ბატონი ჯ.–ს ისტორიის მოსმენისას გაგვაოცა „მე–შეტყობინების”
ძალამ. მან კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა, რომ ზრდასრულები ხშირად სათანადოდ ვერ ვაფასებთ
ბავშვების მზაობას ყურადღებიანები იყვნენ უფროსების მოთხოვნილებების მიმართ, თუკი გულწრფელად
და პირდაპირ ვეტყვით ჩვენი გრძნობების შესახებ. ბავშვებს შეუძლიათ ყურადღებისა და პასუხისმგებლობის
გამოვლენა, თუკი უფროსები შეძლებენ სათანადოდ გამოიყენონ მომენტი და მათ ტოლებივით
დაელაპარაკონ.
გთავაზობთ ეფექტური „მე–შეტყობინების” კიდევ რამდენიმე
მაგალითს, რომელიც არ შეიცავს არც დადანაშაულებას, არც შერცხვენას და არც „მზამზარეულ
გადაწყვეტილებას”:
სამსახურიდან
დაბრუნებულ დედას სურს გაზეთი წაიკითხოს და დაისვენოს. ბავშვი ცდილობს კალთაში ჩაუჯდეს
და გაზეთს უჭმუჭნის. დედა: „ვერ ვკითხულობ
გაზეთს, როცა კალთაში მიზიხარ. არა ვარ თამაშის განწყობაზე, რადგან დავიღალე და მინდა
ცოტა დავისვენო”.
ბავშვი კინოში
წაყვანას ითხოვს, თუმცა პირობა არ შეასრულა და თავისი ოთახი არ დაალაგა. დედა: „იცი, არც მე მინდა შენი სურვილის შესრულება,
როცა შენ არ ასრულებ პირობას და ოთახს არ ასუფთავებ”.
ბავშვი ისე ხმამაღლა
უსმენს მუსიკას, რომ ხელს უშლის გვერდით ოთახში მშობლების საუბარს. დედა: „ნაწყენები ვართ, რადგან მუსიკა ისეთ
ხმაზე გაქვს ჩართული, ვერ ვსაუბრობთ”.
ბავშვი დედას დაპირდა, რომ სტუმრების მოსვლამდე დაალაგებდა
სააბაზანოს. მთელი დღის განმავლობაში უსაქმურობდა; სადაცაა სტუმრები უნდა მოვიდნენ
და არც ახლა აპირებს დალაგებას. დედა: „თავს დათრგუნულად ვგრძნობ. მთელი დღე ვიმუშავე,
რომ წვეულებისთვის ყველაფერი მომესწრო და ახლა სააბაზანოც ჩემი დასასუფთავებელი გახდა”.
დედას ფეხსაცმელის
საყიდლად უნდა წაეყვანა, მაგრამ ბავშვს დაავიწყდა სახლში დაპირებულ დროს მოსვლა. დედა ჩქარობს: „არ მიყვარს, როცა ჩემს დღეს
დავგეგმავ, რომ ახალი ფეხსაცმელი გიყიდო, შენ კი იგვიანებ”.
მცირეწლოვანებისთვის
არავერბალური „მე–შეტყობინების” გაგზავნა
მცირეწლოვანების მშობლებს აინტერესებთ, როგორ შეიძლება
„მე–შეტყობინება” გაუგზავნონ თავიანთ შვილებს, რომლებიც ჯერ ვერ იგებენ ვერბალურ შეტყობინებებს.
გამოცდილება გვარწმუნებს, რომ მშობლები სათანადოდ ვერ
აფასებენ მცირეწლოვანთა შესაძლებლობებს. 2 წლის ასაკისთვის ბავშვების უმრავლესობა არჩევს,
მოსწონს თუ არ მოსწონს მისი საქციელი მშობელს, კარგად არის თუ ცუდად მშობელი. ამ დროსათვის
მათ არაჩვეულებრივად იციან ისეთი შეტყობინებების მნიშვნელობა, როგორიც არის: „ოჰ, მტკივა”,
„არ მომწონს”, „მამას არ უნდა თამაში”, „ეს მარკუსის სათამაშო არ არის”, „ცხელია”,
„მარკუსმა შეიძლება ხელი გაიჭრას”.
მცირეწლოვანები იმდენად მგრძნობიარენი არიან არავერბალური
შეტყობინებებისადმი, რომ მშობლებს უამრავი უსიტყვო სიგნალის გამოყენება შეუძლია ბავშვისათვის
საკუთარი გრძნობების გადასაცემად.
რობი იგრიხება
ტანსაცმლის ჩაცმისას. დედა ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ აჩერებს და აგრძელებს ჩაცმას.
(შეტყობინება: „ვერ გაცმევ, როცა იგრიხები”).
მო დივანზე ხტის,
დედას ეშინია, მაგიდის ლამპა არ გატყდეს. დედას ფრთხილად და მტკიცედ ჩამოჰყავს მო დივნიდან
და მასთან ერთად იწყებს ხტუნვას იატაკზე. (შეტყობინება: „არ მომწონს დივანზე რომ ხტუნავ,
მაგრამ თავისუფლად შეგიძლია იხტუნო იატაკზე”).
ტომასი ზოზინობს
და ვერ ჯდება მანქანაში, მამას აგვიანდება. ის ფრთხილად და მტკიცედ ჰკიდებს ტომასს
ხელს და მანქანისაკენ მიჰყავს. (შეტყობინება: „მეჩქარება და მინდა, მალე ჩაჯდე მანქანაში”).
რენდი დედას ახალ
კაბაზე ქაჩავს, რომელიც წვეულებისთვის ჩაიცვა. დედა რენდის ხელებს იცილებს. (შეტყობინება:
„არ მინდა, კაბა დაჭმუჭნო”).
მამას ტიმი სუპერმარკეტში
მიჰყავს, ის კი მუცელში ურტყამს ფეხებს. მამა დაუყოვნებლივ სვამს მიწაზე. (შეტყობინება:
„არ მინდა შენი ტარება, როცა მირტყამ”).
მარისონი იხრება
და დედის თეფშიდან იღებს საჭმელს. დედა საჭმელს იბრუნებს და შვილს კუთვნილ პორციას
უდებს თეფშზე. (შეტყობინება: „მე ჩემი პორცია მინდა და არ მომწონს, როცა საჭმელს ჩემი
თეფშიდან იღებ”).
ამგვარ ქცევით შეტყობინებებს მცირეწლოვანები კარგად
იგებენ. ეს შეტყობინებები ამცნობს მათ რა მოთხოვნილებები აქვთ მშობლებს, თუმცა, იმავდროულად
არ კიცხავს ბავშვს იმისათვის, რომ მასაც აქვს მოთხოვნილებები. ცხადია ისიც, რომ როდესაც
მშობელი ასეთ არავერბალურ შეტყობინებებს აგზავნის, ის არ სჯის შვილს.
„მე–შეტყობინებასთან”
დაკავშირებული პრობლემები
მშობლები მუდმივად აწყდებიან პრობლემებს „მე–შეტყობინების”
გამოყენებისას. დაუძლეველი არც ერთი მათგანი არ არის, თუმცა, დამატებით უნარებს მოითხოვს.
ბავშვების რეაქცია „მე–შეტყობინებაზე” ხშირად მისი უგულებელყოფაა,
განსაკუთრებით მისი გამოყენების საწყის ეტაპზე. არავის, მათ შორის ბავშვებსაც, არ სიამოვნებს
იმის მოსმენა, რომ მისმა ქცევამ ხელი შეუშალა სხვა ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
მათ ზოგჯერ ურჩევნიათ „არ გაიგონ” როგორ გრძნობებს აღუძრავს მათი ქცევა მშობლებს.
იმ შემთხვევაში, როცა პირველი „მე–შეტყობინება” ვერ
აღწევს მიზანს, მშობლებს მეორე შეტყობინების გაგზავნას ვურჩევთ ხოლმე. შესაძლოა მეორე
შეტყობინება უფრო ძლიერი, ინტენსიური, ხმამაღალი ან მგრძნობიარე აღმოჩნდეს. მეორე შეტყობინება
თითქოს ახსენებს ბავშვს, „მომხედე, ნამდვილად ამის თქმა მსურდა”.
ზოგიერთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს „მე–შეტყობინებას”,
მხრებს იჩეჩავს, თითქოს გვეუბნება „მერე რა!” მეორე უფრო ძლიერმა შეტყობინებამ შესაძლოა
თავისი საქმე გააკეთოს ან მშობელს დასჭირდეს შემდეგი შინაარსის მონოლოგი:
„იმას გიხსნი,
რას ვგრძნობ! ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია! არ მომწონს, როცა არ მისმენ. მეჯავრება, როცა
ყურადღებას არ მაქცევ და არც კი გინდა გაიგო, რას ვგრძნობ. ასე არ მიყვარს. ვფიქრობ,
რომ ასე მოქცევა უსამართლობაა ჩემს მიმართ, მაშინ, როცა პრობლემა მაქვს”.
ამგვარი შეტყობინება ზოგჯერ ბავშვის ყურადღებას იპყრობს,
თითქოს აფრთხილებს, „სერიოზულად გეუბნები!”.
ასევე ხშირად ბავშვები „მე–შეტყობინებას” „მე–შეტყობინებითვე”
პასუხობენ. იმის ნაცვლად რომ დაუყოვნებლივ შეცვალონ ქცევა, მათ სურთ გაგაგებინონ საკუთარი
გრძნობების შესახებ:
დედა:
ვერ ვიტან, როდესაც დალაგებული სასადილო ოთახი შენი სკოლიდან დაბრუნებისთანავე ირევა.
ძალიან მწყინს, რადგან ბევრი ვიწვალე დალაგებაზე.
შვილი: ვფიქრობ,
ზედმეტად წუხარ სახლის სისუფთავეზე.
ამ დროს ბევრი მშობელი (რომელსაც ჩვენი კურსები არ გაუვლია)
თავის დაცვას იწყებს და ღიზიანდება: „არა, სულაც არა”, „შენი საქმე არა არის”, „არ
მადარდებს, რას ფიქრობ ჩემი სტანდარტების შესახებ”. ასეთი სიტუაციების ეფექტურად მოსაგვარებლად
მშობლებს უნდა გავახსენოთ ჩვენი პირველი ძირითადი პრინციპი – როცა შვილს რაღაც აწუხებს
ან პრობლემა აქვს, გამოიყენეთ აქტიური მოსმენა. ჩვენ ამას „კბილანების შეცვლას” ვუწოდებთ
– კონფრონტაციის მდგომარეობის მოსმენის მდგომარეობით შეცვლა. განხილულ სიტუაციაში დედის
„მე–შეტყობინებამ” პრობლემა გაუჩინა შვილს (როგორც ხდება ხოლმე ამგვარი შეტყობინების
მიღებისას). ამიტომ სწორედ ახლა დროა შვილს აჩვენოს, რომ მისი ესმის და აღიარებს:
დედა: შენი აზრით,
ძალიან მაღალი სტანდარტები მაქვს და ზედმეტად ვდარდობ?
შვილი: კი.
დედა:
შესაძლოა, ასეა! ვიფიქრებ ამაზე. მაგრამ სანამ შევიცვლები, მანამდე ყოველთვის ძალიან
მეწყინება, როცა მთელ ჩემს შრომას წყალში გადაყრილს ვნახავ. ახლა ძალიან ნაწყენი ვარ
ამ ოთახის გამო.
ხშირად, როგორც კი ბავშვი მიხვდება, რომ მშობელს ესმის
მისი გრძნობების, ქცევას ცვლის. როგორც წესი, ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მისი გრძნობები ესმოდეთ – მხოლოდ მაშინ იწყებს
კონსტრუქციულ ქმედებას თქვენი გრძნობების
სასარგებლოდ.
მშობელთა უმრავლესობა გაოცებული მოწმეა იმისა, თუ როგორ
უწყობს ხელს აქტიური მოსმენა ბავშვს საკუთარი გრძნობების გამოხატვაში. თავის მხრივ,
ეს გრძნობები უკვე გასაგები ხდება მშობლისათვის და თავდაპირველი მიუღებლობის განცდა
ქრება ან იცვლება. წაახალისებს რა შვილის გრძნობების გამოხატვას, მშობელი სიტუაციას
სრულიად სხვაგვარი კუთხით განიხილავს. ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვზე, რომელსაც დაძინების
ეშინოდა. დედა ნერვიულობდა შვილის გამო და სცადა „მე–შეტყობინების” გამოყენება. როგორც
ბავშვთან საუბრით გაირკვა, მას ეშინოდა დაძინების, რადგან ეგონა, რომ თუკი ძილისას
პირს დახურავდა, დაიხრჩობოდა. ამ შეტყობინებამ მყისიერად იმოქმედა სიტუაციაზე და დედის
მიუღებლობის განწყობა გაგებითა და მიღებით შეიცვალა.
მშობლის მიერ აღწერილი კიდევ ერთი სიტუაცია გვიჩვენებს,
როგორ შეუძლია აქტიურ მოსმენას მშობლისეული „მე”–ს განცდის შეცვლა.
მამა:
ნაწყენი ვარ, რადგან სადილის შემდეგ ჭურჭელი დაურეცხავი დამხვდა. განა არ შევთანხმდით,
რომ ამ საქმეს შენ მიხედავდი?
იანი:
ისეთი დაღლილობა ვიგრძენი სადილის შემდეგ – წუხელ ღამის სამ საათამდე ვამზადებდი კვლევას.
მამა:
ესე იგი, არ იყავი სადილის შემდეგ ჭურჭლის რეცხვის ხასიათზე.
იანი:
არა. თერთმეტის ნახევრამდე ჩავთვლიმე და დაძინებამდე ვაპირებდი ჭურჭლის დარეცხვას.
მამა: ეგ სხვა
საქმეა.
„მე–შეტყობინების”
სხვაგვარი გამოყენება
შექების
ალტერნატივა
თავდაპირველად „მე–შეტყობინება” მშობლებს მხოლოდ მიუღებელი
ქცევის დროს ბავშვებთან კონფრონტაციის მიზნით გავაცანით. მრავალ მათგანს აინტერესებდა,
რატომ იყო შეზღუდული „მე–შეტყობინების” გამოყენება: „რატომ არ შემიძლია ასეთი შეტყობინების
გამოყენება შვილის მისაღები ქცევისას დადებითი გრძნობების გამოსახატავად?”
ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი დადებითი შეფასების
შემცველი შეტყობინებებს, ძირითადად ჩემი შეხედულების გამო, რომ ბავშვის შექება ხშირად
მანიპულაციური, ხოლო ზოგჯერ დესტრუქციულიც კი არის მშობელი–შვილის ურთიერთობისათვის.
ჩემი არგუმენტი დაახლოებით ასეთი იყო:
ხშირად ბავშვის
შექების მოტივაციას განაპირობებს მშობლის სურვილი გააკეთებინოს ის, რაც მისი აზრით
საუკეთესოა ბავშვისათვის. ან პირიქით, მშობელი აქებს შვილს იმ იმედით, რომ ბავშვი არ
გააკეთებს მშობლის აზრით არასასურველს და გაიმეორებს იმ „კარგ” ქცევას, რომლისთვისაც
დაჯილდოვდა მშობლის ქებით.
ფსიქოლოგებმა
ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებული ათასობით ექსპერიმენტით დაადასტურეს, რომ ჯილდოს
მიცემა კონკრეტული ქცევის განხორციელებისთანავე „განამტკიცებს” ამ ქცევას, ანუ ზრდის
ამ ქცევის განმეორების შანსს. ამრიგად, ჯილდოს შედეგი მოაქვს. ყოველი ჩვენგანი სიცოცხლის
განმავლობაში იმეორებს იმ ქცევებს, რომლებმაც წარსულში გარკვეული ჯილდო მოუტანა. ეს
ლოგიკურია. ჩვენ ვიმეორებთ ქცევას, რადგან წარსულში მათი საშუალებით საწადელს მივაღწიეთ,
სურვილი დავიკმაყოფილეთ – ჯილდო მივიღეთ.
შექება, რა თქმა
უნდა, ჯილდოს ერთ–ერთი სახეა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს უმრავლესობა. მაშინ რატომ
არ უნდა გამოვიჩინოთ სისტემატური ძალისხმევა და ბავშვები „კარგი” ქცევისათვის შევაქოთ?
რატომ არ უნდა დავსაჯოთ ბავშვები „ცუდი” ქცევისათვის, რაკი ვიცით, რომ სასჯელი სპობს
ქცევას – ამცირებს მისი გამეორების შანსს. (აქ დასჯაზე არ შევჩერდებით, მასზე მოგვიანებით
ვისაუბრებთ).
მშობელი–შვილის
ურთიერთობაში ერთ–ერთი ყველაზე დამკვიდრებული მოსაზრებაა, რომ ბავშვები უნდა შევაქოთ
„კარგი” ქცევისათვის. ბევრი მშობლისათვის მწვალებლობის ტოლფასია თვით ამ პრინციპის
ეჭვქვეშ დაყენება. მშობლის დამხმარე წიგნებისა და სტატიების უმრავლესობა ამ პრინციპის
გამოყენებას გვირჩევს.
მიუხედავად ამისა,
მრავალი მახე ელოდება მშობელს, რომელიც შექებას (და დაჯილდოების სხვა ფორმებს) ბავშვის
ქცევის ფორმირების საშუალებად იყენებს. პირველ ყოვლისა, ეფექტური რომ იყოს, ბავშვმა
შექება ჯილდოთ უნდა აღიქვას. ხშირად ასე არ ხდება. თუ მშობელი შვილს აქებს კონკრეტული
აქტივობისათვის, რომლიც მშობლის აზრით „კარგია”, ხოლო შვილის აზრით – არა, მაშინ ბავშვი
ხშირად უარყოფს, არ იღებს მას.
მშობელი: შენ
ისეთი კარგი პატარა მოცურავე ხარ!
ბავშვი: იმის
ნახევარიც კი არ შემიძლია, რაც ლაურას.
მშობელი: ძვირფასო,
არაჩვეულებრივად ითამაშე!
ბავშვი: არაფერიც,
თავს საშინლად ვგრძნობ. უნდა მომეგო!
ბუნებრივია, ჩნდება
კითხვა: „თუკი „მე–შეტყობინება” უფრო კონსტრუქციული გზაა, რომ ბავშვს მშობლისათვის
მიუღებელი ქცევა შევაცვლევინოთ, შესაძლოა თუ არა ის დადებითი გრძნობების (მადლიერება,
სიამოვნება, მოწონება, შვება, ბედნიერება) კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზაც გახდეს?”
ჩვეულებრივ, თითქმის გამონაკლისის გარეშე, როდესაც მშობელი
შვილს აქებს, ეს „შენ–შეტყობინებაა”:
„ისეთი არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ!”
„არაჩვეულებრივად იმუშავე!”
„რესტორანში ისე კარგად იქცეოდი!”
„სკოლაში გაცილებით უკეთესი შედეგები გაქვს!”
ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა შეტყობინება შეიცავს
ბავშვის განსჯას, შეფასებას.
შევადაროთ ეს შეტყობინებები „დადებით მე–შეტყობინებას”:
„ძალიან ვაფასებ, რომ ჩემი საქმე გააკეთე და ნაგავი
გაიტანე – დიდი მადლობა!”
„მადლობა, რომ შენს ძმას აეროპორტში დახვდი და მე აღარ
მომიწია წასვლა. ძალიან ვაფასებ შენს დახმარებას!”
„როცა მეუბნები, როდის დაბრუნდები სახლში, მშვიდად ვარ
და აღარ ვდარდობ შენზე”.
როგორც წესი, ალბათობა იმისა, რომ „დადებითი მე–შეტყობინება”
მანიპულაციისა და კონტროლისათვის გამოვიყენოთ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შექებისა,
რადგან გვაქვს ორი პირობა:
1.
მშობელი შეგნებულად არ ცდილობს შეტყობინების გამოყენებას,
რომ ბავშვმა სასურველი ქცევა გაიმეოროს (ბავშვის მომავალი ქცევის შესაცვლელად).
2.
შეტყობინება დროებითი, სპონტანური განცდის კომუნიკაციის
საშუალებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძნობა ნამდვილი და რეალურია აქ და ახლა.
მშობლების ეფექტურობის წვრთნის (P.E.T.) მოდელის ამ კონცეფციით
გამდიდრება მშობელს არწმუნებს, რომ შეუძლია საკუთარი სპონტანური დადებითი გრძნობების
გაზიარება შექებისათვის დამახასიათებელი რისკების გარეშე. სამწუხაროდ, ადრე, როცა მშობლებს
შექების გამოყენების რისკების შესახებ ვაფრთხილებდი, მათ თავსატეხი გავუჩინე, იმედი
გავუცრუე და დადებითი გრძნობების კომუნიკაციის კონსტრუქციული გზა ვერ შევთავაზე.
როგორ
ავიცილოთ თავიდან ზოგიერთი პრობლემა?
შვილებთან უღრუბლო ურთიერთობისას (როცა ურთიერთობა ქცევის
ფანჯარაში უპრობლემო არეშია), შესაძლოა გსურდეთ ისეთი შეტყობინების გაგზავნა, რომელიც
მიუღებელ ქცევას მომავალშიც აგაცილებთ თავიდან.
ამგვარი პრევენციული, გამაფრთხილებელი მე–შეტყობინების
მიზანია ბავშვებს წინასწარ აცნობოს მშობლის გეგმების, მოთხოვნილებებისა და სხვათა შესახებ:
„ჩემი ონლაინ კურსი მაქვს დასამთავრებელი, ამიტომ უნდა
მოვილაპარაკოთ, როგორ „გავიყოფთ” კომპიუტერს ამ შაბათ–კვირას”.
„სანამ სამოგზაუროდ წავალთ, უნდა გადავწყვიტოთ, რისი გაკეთებაა საჭირო, რომ
დრო გონივრულად გავანაწილოთ”.
„მინდა ვიცოდე, როდის ვაპირებთ სადილს, რადგან ტელეფონით
მაქვს მოსაგვარებელი ერთი საკითხი”.
ამგვარი დაჟინებული შეტყობინებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის
ისეთი შედეგიანი არ არის, როგორც მშობელს სურს, მაგრამ უკეთესია, ბავშვებმა წინასწარ
იცოდნენ, რის გაკეთებას ვაპირებთ, ვიდრე მიუღებლად მოიქცნენ და არ გაითვალისწინონ ჩვენი
მოთხოვნილებები. პრევენციულ მე–შეტყობინებას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ბევრი კონფრონტაცია.
ბავშვები ხვდებიან, რომ მათი მშობლები ადამიანები არიან
– ეს არის პრევენციული მე–შეტყობინების კიდევ ერთი ცხადი შედეგი; სხვების მსგავსად
მათაც აქვთ მოთხოვნილებები, სურვილები, პრიორიტეტები. ასეთი შეტყობინების საფუძველზე,
კონკრეტული მითითების გარეშე, ბავშვი ისე იქცევა, რომ მშობელს ასიამოვნოს.
ქმართან გაშორებულმა დედამ, რომელიც მარტო ზრდის სამ
თინეიჯერ ვაჟს, გვიამბო, როგორც გაუგზავნა პრევენციული შეტყობინება ერთ–ერთ მათგანს
სასკოლო ღონისძიების შესახებ:
„დენი უფრო ახლოსაა
ჩემთან – შემიძლია ვუთხრა საკუთარი განცდების შესახებ. დენს სურდა საღამოს სკოლაში
წავსულიყავი, რადგან გიტარაზე უნდა დაეკრა და ემღერა. მანამდე არასოდეს ვყოფილვარ სკოლაში
და ვგრძნობდი, რომ წასვლა არ მინდოდა – მეგონა მარტო ვიგრძნობდი თავს, რადგან არავის
ვიცნობდი. „დენ, აქამდე არასდროს ვყოფილვარ შენს სკოლაში შეხვედრაზე და ვნერვიულობ,
რადგან არავის ვიცნობ. იქნება, დამეხმარო!” ჰოდა, დამეხმარა! ბევრი უცნობი გამაცნო
და ჩაიც მომიტანა. მან ნამდვილად იზრუნა ჩემზე!”
როგორ
გვეხმარება მე–შეტყობინება პრობლემის გადაჭრაში?
დავუბრუნდეთ სამ–ნაწილიან კონფრონტაციულ მე–შეტყობინებას.
პრობლემა, რომელსაც მშობლები ამგვარი შეტყობინების გამოყენებისას აწყდებიან იმაშია,
რომ ზოგჯერ ბავშვი უარს ამბობს საკუთარი ქცევის შეცვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად
ესმის მისი გავლენა მშობელზე. ზოგჯერ ყველაზე მკაფიო მე–შეტყობინებაც კი უშედეგოა
– ბავშვი არ ცვლის იმ ქცევას, რომელიც ეწინააღმდეგება მშობლის მოთხოვნილებებს. ბავშვის
კონკრეტული ქცევის მოთხოვნილება ეჯახება მშობლის მოთხოვნილებას შეაცვლევინოს მიუღებელი
ქცევა.
ჩვენ ამას მოთხოვნილებათა
კონფლიქტს ვუწოდებთ. ასეთი კონფლიქტი გარდაუვალია პიროვნებათაშორის ურთიერთობაში
და ჭეშმარიტების მომენტად არის ცნობილი.
ამგვარი კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიება ჩვენი წიგნის
მთავარი მიზანია და მის განხილვას მეცხრე თავიდან დავიწყებთ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე – სწავლების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი
უსახელო ანგელოზები
აკაკი გაჩეჩილაძე – პედაგოგი იუველირის სამუშაოს ასრულებს
მხატვარ აკაკი გაჩეჩილაძის პერსონალური გამოფენების ჩამონათვალი ასეთია: 2013 – გალერეა „აპოლო”, თბილისი, საქართველო; 2012 – „ფანტასტიკური რეალიზმი”, Marien Hospital Galerie, დიუსელდორფი, გერმანია; 2012 – „580 მეტრი ზღვის დონიდან”, ზესტაფონის რაიონის საჯარო სკოლა, საქართველო; 2012 – ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტი, დიუსელდორფი, გერმანია; 2011 – Impressionen, Emotionen, Momentaufnahmen, St. Mauritius Therapieklinik Galerie, ქ. მერბუში, გერმანია. ჯგუფური გამოფენები: 2013 – Marbella Art Festival, ქ. მარბელა, ესპანეთი; 2013 – საქველმოქმედო გამოფენა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად, ივენთჰოლი, თბილისი, საქართველო; 2012 – INTER ART, ბათუმი, საქართველო; 2011 – Marziart internationale Galerie, ჰამბურგი, გერმანია; 2010 – Gruppe108&friends, St. Mauritius Therapieklinik Galerie, ქ. მერბუში, გერმანია. მისი ნამუშევრები დაცულია ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში. არის ავტორი და მხატვარი წიგნებისა “ბარდი” და “ვლადიმერ ვისოცკის 101 შედევრი” (2003; ეგზემპლარები დაცულია მოსკოვის, ტოლიატისა და სამარის მუზეუმებში).
აკაკი გაჩეჩილაძე mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.
. ამბობენ, მხატვრები სამყაროს ფერებით იმახსოვრებენო. თქვენი აზრით, რა ფერია ბავშვობა?
– სამყაროს, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა ფერებით აღიქვამს. ფორმა და ფერი ერთად შემოდის ჩვენს ცნობიერებაში. როდესაც რამით აღვფრთოვანდებით, ვიწყებთ მის ფერებად თუ ფორმებად დაშლას და იმის გაუცნობიერებელ ანალიზს, რამ მოგვხიბლა და აღგვაფრთოვანა – სინათლემ, მოყვანილობამ თუ მათმა მთლიანობამ, ურთიერთდამოკიდებულებამ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმა – შინაარსიც გვხიბლავს.
ბავშვობა მხოლოდ ფერი არ არის. ეს ზღვა ინფორმაციაა, რომელიც ჯერ – მშობლების, მერე მასწავლებლების დახმარებით იოლად დავძლიეთ და გადავამუშავეთ, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინეთ, სხვადასხვა უჯრაში შევინახეთ და დღეს სწორედ იმ უჯრებს ვაცარიელებთ.
. ადამიანს გონებრივი განვითარებისთვის ბავშვობიდან აწყებინებენ ხატვას. რით არის ხატვა ასე მნიშვნელოვანი?
– ბავშვს ხატვას არავინ აწყებინებს – ის თავად აკეთებს ამას. ჩვენ აღქმის, შექმნის, მიღებისა და გაცემის უნარი მოგვეცა. ბავშვობაში მნიშვნელოვანია, საზოგადოდ, სულიერი საზრდოს მიცემაა. ეს ქმნის პიროვნებას.
. ხატვას ასწავლიან სკოლაშიც. შესაძლებელია მისი სწავლა თუ ხატვა მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ?
– ხატვის სწავლა შესაძლებელია, ისევე როგორც, თუნდაც, მუსიკისა. ფორტეპიანოს შესწავლას ხომ მცირე სავარჯიშოებით და მარტივი გამებით ვიწყებთ, მათემატიკის შესწავლას – რიცხვებით, ელემენტარული მოქმედებებით. ასევეა ხატვაც. ცოდნა მხოლოდ ინსტრუმენტია ღირებულის შესაქმნელად. შემოქმედება კი არ ისწავლება. შეუძლებელია, პოეტს ასწავლო, რა დაწეროს. განა ყველა ბრწყინვალე პიანისტს შეეძლო მუსიკის შექმნა? ანდა ვინმეს შეუძლია, იუმორი ასწავლოს? ადამიანს ან აქვს ეს, ან არა.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რას წარმოადგენს ხელოვნება, სურათი მხოლოდ სასიამოვნო სანახაობად გვესახება თუ სულში თითქოსდა არსებული სიცარიელის შემავსებლად.
. რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებელი დამწყები მხატვრისთვის? რა თვისებები უნდა ჰქონდეს ხატვის მასწავლებელს? თვითონაც ხომ არ გყავთ მოსწავლეები?
– ხატვის სწავლებაზე არასდროს მიფიქრია. ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ვიკისრებ, რადგან არ ვიცი, როგორ უნდა ვასწავლო. თავად არავისგან მისწავლია ფერწერა.
ხატვის მასწავლებელმა ისე უნდა მისცეს ცოდნა მოსწავლეს, რომ თავისი გავლენის ქვეშ არ მოაქციოს, არ გაუფერმკრთალოს საკუთარი წარმოსახვა. აუცილებელი არ არის, მოსწავლე ზუსტად იმეორებდეს პედაგოგის ხაზს, ფეხს მის ნაკვალევში დგამდეს. პედაგოგი კი იუველირის სამუშაოს ასრულებს – მან უნდა მოახერხოს სწორი გეზის მიცემა მომავალი შემოქმედისთვის. ეს მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.
. თქვენ თვითონ როდის დაიწყეთ ხატვა?
– არ მახსოვს. მგონი, ჯერ ძერწვა დავიწყე. ვძერწავდი ადამიანებს, მერე ამ ფიგურებით ვთამაშობდი, ვიგონებდი ათასგვარ სიუჟეტს… აღმოვჩნდი უაღრესად საინტერესო სამყაროში, რომელიც თვითონვე შევქმენი.
კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც მამამ გუაშის საღებავები მომიტანა, მაგრამ ფუნჯი ყუთში არ იდო. მამასვე გავახსნევინე საღებავების ქილები. დედის საქსოვი ჩხირებით დავიწყე ხატვა მუყაოზე… დღემდე ცოცხლობს ის განცდა ჩემში.
. თქვენი მხატვრობა ძალზე ორიგინალურია…
– ყველა მხატვარს თავისი ხელწერა აქვს. ეს ჩვენი დამსახურება არ არის, გაუცნობიერებლად ხდება. თუ იმაზე ვიფიქრე, რომ ვინმეს არ დავემსგავსო, ალბათ სწორედ მაშინ დავემსგავსები. ჩემი ორიგინალურობის მთავარი მიზეზი კი ჩემი უსწავლელობაა; თუ რამე ვიპოვე, თავად ვიპოვე, თუ რამეს ამიერიდან მივაგნებ – ისევ თავად.
არ ვხატავ მხოლოდ იმისთვის, რომ ვხატო – თუ სათქმელი არ მაქვს, ტილოსთან მისვლის აზრს ვერ ვხედავ.
თავს ძალას არ ვატან. შემოქმედება ვერ იტანს შეკვეთას. ამიტომაც არ გამომდის ნაწვალები ტილოები. თუ რაიმე ჩაისახა სულში, არ მომასვენებს, სანამ ტილოზე არ აღმოჩნდება.
. თქვენ მართავთ გამოფენებს საქართველოში და საზღვარგარეთ . რას ეუბნებით თქვენი შემოქმედებით დამთვალიერებელს და რამდენად სწორად აღიქვამენ თქვენს ნათქვამს?
– პირველად ჩემი ნახატები გერმანიაში გამოიფინა. საქართველოში პირველი პერსონალური გამოფენა მეგობრების დახმარებით გავმართე ზესტაფონის რაიონის სოფელ ზემო წევის საჯარო სკოლაში. ამ სოფლიდან არის წარმოშობით ჩემი გვარი. თითქოს ვალი გადავუხადე ჩემს წინაპრებს…
ქართველ და უცხოელ დამთვალიერებლებს შორის დიდი განსხვავება ვერ დავინახე. მხატვრობას თარჯიმანი არ სჭირდება. უცხოელები თითქოს უფრო თამამად გამოხატავენ ემოციას, სათაურს მიჰყვებიან და ჩემს სათქმელსაც იოლად იგებენ. ქართველები ოდნავ თავშეკავებულნი არიან, თუმცა, უცხოელებისგან განსხვავებით, უფრო ღრმად იხედებიან. მათთვის უფრო მახლობელია ის ტკივილი და სიხარული, რაც ჩემს ტილოებზეა აღბეჭდილი.
. ხელოვანის ხვედრი ყველგან და ყოველთვის მძიმე იყო, თუმცა ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში მხატვრებს განსაკუთრებით აკლიათ დაფასება...
– სათანადოდ უნდა ფასდებოდეს არა მხოლოდ მხატვარი, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. ყველა პროფესიონალი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც გრანდიოზული გამოწვევების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ცალკეული სპორტსმენი, მომღერალი ან მხატვარი უცხოეთში ასახელებს ჩვენს ქვეყანას, აჩვენებს ჩვენს კულტურას, მაგრამ უფრო მეტად გვჭირდება გვერდიგვერდ დგომა, პოლემიკის გარეშე ერთი საქმის კარგად კეთება. მხოლოდ ამის შემდეგ დავაფასებთ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც.
. ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ თქვენ ძალიან კარგ სიმღერებსაც წერთ და კარგად მღერით…
– მუსიკა ძალიან მიყვარს. გიტარა ჩემი თანამგზავრია. სუფრაზე ჩემს სიმღერებს არ ვმღერი, ახლო მეგობრების წრეში – სიამოვნებით. ძალიან მიყვარს საავტორო სიმღერების მოსმენაც. 2001 წელს წიგნი გამოვეცი ოთარ რამიშვილზე, მასთან ურთიერთობის უნიკალური მომენტები მოვიგონე. 2003 წელს რუსულ ენაზე დაისტამბა ჩემი წიგნი ვლადიმერ ვისოცკის შესახებ. იანვარში პოლონეთში, ვისოცკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მიმიწვიეს, სადაც ქართულად შევასრულე მისი ორი სიმღერა. იქნებ ოდესმე ჩემი სიმღერები დისკზე ჩავწერო და გამოვცე…
Reformatio in peius პრინციპის დასაშვებობის საკითხი გერმანიისა და საქართველოს საგამოცდო სამართალში