სამშაბათი, აგვისტო 19, 2025
19 აგვისტო, სამშაბათი, 2025

მასწავლებელი სოფლის სკოლისა

0
არ მახსოვს, არ მოვსწრებივარ, ის კი არა, მგონი ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. არც მისი ფოტო მინახავს. ახლა მიკვირს, რატომ არ მოვინდომე, მაშინ, როცა ასეთი რამეები – ძველი სურათებისა და ხელნაწერების თვალიერება – მიტაცებს ხოლმე. სურვილიც არ გამჩენია, მის შესახებ იმაზე მეტი გამეგო, ვიდრე ისე, ყურმოკვრით ვიცოდი.

ალიოშა ბოხუა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა დედაჩემს ურთის სკოლაში. ესეც მაშინ გავიგე, როცა არდადეგებზე დედულეთში ჩასულმა, საოჯახო ბიბლიოთეკის ერთბაშად გადაკითხვის შემდეგ, სხვა, ახალი, წაუკითხავი წიგნები მოვინდომე და ასეთი შინ არ ჰქონდათ. მერე ბაბუაჩემი ადგა, ხელი მომკიდა და უკანა ეზო გადავჭერით. შუკაში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. ერთი პირობა ვიფიქრე, ამათში გავერევი და ბაბუაც მოისვენებს-მეთქი, მაგრამ გულმა არ გამიწია, თან შევატყვე, დიდად არ ეხალისებოდათ უცხო ტიპის შემომატება. 

ჭიშკარს მივადექით. დაძახილზე მოხდენილი ორსართულიანი სახლიდან ხანშიშესული ქალი და პატარა ბიჭი გამოვიდნენ. ბაბუა თბილად მიესალმა, მოიკითხა, ჩემი ამბავიც უთხრა. „ათუნია, მოთა ქუმორჭიშაფუ”, მიუგო სახეგაბადრულმა ქალმა, მეც მომესწრო შვილიშვილიო, ესეც დააყოლა, მერე თავზე ხელი გადამისვა და ეზოში შეგვიძღვა. 

წიგნებით გადაძეძგილ თაროს რომ გავხედე, გული ჩამითბა – აი, დაახლოებით ის განცდა იყო, შუქის მოსვლისას რომ გვეუფლებიდა, როცა „დენდის” ჩავრთავდით და მოუწყინრად შეგვეძლო მარიო და ტანკები გვეტარებინა ეკრანზე.

ოთხი წიგნი ამოვარჩიე. ორი ბაბუას მოჰქონდა, ორს მე ვფურცლავდი გზაში. მაშინ პირველად ვნახე ფაქსიმილე-ბეჭედი, რომელიც შიგადაშიგ, რამდენიმე გვერდზე იყო დასმული: „ალექსანდრე ბოხუას წიგნებიდან”, თუ არ ვცდები, ასე ეწერა. მანამდე სულ ბიბლიოთეკის ბეჭედდასმული წიგნები მახსოვდა და ახლა გამიკვირდა, გავბრაზდი კიდეც, როგორ შეეძლო ერთ უბრალო ადამიანს თავისი ბეჭედი ჰქონოდა.

ალიოშა ბოხუა რომ უბრალო კაცი არ იყო, ამას მერე მივხვდები, როცა მის ბიბლიოთეკაში სიარულს მოვუხშირებ, იქიდან წამოღებულ წიგნებს წავიკითხავ და მოგვიანებით, მისი წერილების რვეული ჩამივარდება ხელში.

ჩვენ შეღავათები გვიყვარს ხოლმე – ასაკის, სქესის, წარმომავლობის, გარემო პირობებისა და საერთოდ ბევრი რამის გამო. ამით თითქოს ვიმსუბუქებთ ცხოვრებასაც და სხვასაც ვასწავლით, თუ როგორი ლმობიერი და შემწყნარებელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ყველაფერი ერთი საწყაოთი არ უნდა არწა, „მთელი რიგი ნიუანსები უნდა გაითვალისწინო”. 

ეს, გამოგიტყდებით, თავის მოტყუებაა, და ამისთვის ალიოშა ბოხუას მაგალითიც კმარა. სოფლის სკოლის მასწავლებლის მდიდრულ და იმ დროისთვის (გასული საუკუნის 80-იანი წლები) უაღრესად თანამედროვე ბიბლიოთეკაზე რომ არაფერი ვთქვათ, მისი წერილები გვიდასტურებს, რატომ არ გვჭირდება შეღავათი, როცა ნამდვილ განათლებაზე და მასწავლებელზე ვსაუბრობთ.

სოფლის სკოლის მასწავლებლობა ადვილი არ არის. რა თქმა უნდა, სოფელსაც გააჩნია, მაგრამ ბოლოს, საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ერთ კაცს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი – ყველა პატივისცემით განაწყოს მისი პიროვნებისა და პროფესიის მიმართ, თაობებიც გაზარდოს და სოფელიც დააწინაუროს.

თითქოს რაღაცით ერთმანეთს გვანან სოფლის მღვდელი და სოფლის მასწავლებელი – თითოეული ოჯახის ლხინი და ჭირი, მწუხარება და სიხარული ახლობელია მათთვის, სახეზე ცნობენ დიდ-პატარას, დაბადების დღეებზეც ხშირად ხვდებიან და ქელეხის სუფრაზეც. სოფლის ყველა საქმეში თავიანთი წილი უდევთ. 

ალიოშა ბოხუას წერილებიდან კარგად ჩანს მისი მრავალმხრივი ინტერესები: მას თანაბარი ექსპრესიით შეუძლია გამოეხმაუროს თავისი სოფლის – ურთა – სახელის გარშემო დაწყებულ დისკუსიას რეგიონულ პრესაში; დაიწუნოს კონსტანტინე გამსახურდიას ახლადდადგმული ძეგლი ფალიაშვილის ქუჩაზე და ამის შესახებ თავისი მოსაზრება ღია წერილით აცნობოს მწერლის ვაჟსაც და იმდროინდელ საზოგადოებრივ-ლიტერატურულ გამოცემებს (ხშირად აღნიშნავს, ამ ბარათებს რედაქტორები არ მიბეჭდავენ, კი ბატონო, შეიძლება მკაცრი და კატეგორიული ვიყო, მაგრამ ჩემისთანა რიგითი მკითხველის აზრიც ხომ გასათვალისწინებელიაო); მიმართავს სარგის ცაიშვილს, – მამაშენის, სოლომონის დამსახურებაა ჩვენ რომ სკოლა და განათლება გვაქვს სოფელში, შენც მეამაყები, როგორც გამორჩეული რუსთველოლოგი და თხოვნაც მექნება: იქნებ რომელიმე ცნობილ კინორეჟისორთან ერთად შექმნა სცენარი და უხელმძღვანელო გადაღებას – დიდი ხნის წინ უნდა გვქონოდა ქართველებს ფილმი „ვეფხისტყაოსანზეო”; არც „დროშის” რედაქტორის შეწუხებას ერიდება, – თქვენს ჟურნალში წავიკითხე, რომ რაღაც პრეპარატი გამოსულა პაპიროსის წინააღმდეგ, მცირე დოზას მიიღებ, შემდეგ ნიკოტინით მოყირჭების გრძნობა გიჩნდება და თავს ანებებ წევასო. ოცდასამ წელზე მეტია ვცდილობ მივატოვო მოწევა, მაგრამ არაფერი გამომდის, იქნებ გვასწავლოთ, სად შეიძლება იმ პრეპარატის შეძენა, ვის უნდა მივმართოთო.      

 

…არ მახსოვს, არ მოვსწრებივარ, არც მისი ფოტო მინახავს, არადა თითქოს ძალზე ახლობელი და მშობლიური სახეა ჩემთვის. ერთადერთი ის მახსენდება, ალიოშა ბოხუას სახლიდან გამოსულებს, ვიღაც შუახნის კაცი რომ შეგვხვდა და როცა ჩვენი ამბავი შეიტყო, გვიჩურჩულა:

– ეტყობა მაგის ცოლმა ზევით არ აგიყვანათ, მთელი სხვენი და მეორე სართული დიდ ყუთებში ჩაყრილი წიგნებით და ჟურნალებითაა სავსე… ვინაა აწი მაგის წამკითხავი! 

ინდივიდუალური კომპიუტერული სწავლება: ერთი ერთზე ციფრულ კარიბჭესთან

0
გამოთვლითი ტექნიკის და ტექნოლოგიების პროგრესმა სამყაროში ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია ბოლო 20 წლის მანძილზე. საუბრობენ ინფორმაციულ საზოგადოებასა და ცოდნის ეკონომიკაზე. ბოლო 500 წლის ინფორმაციის მთავარი მატარებლის – ქაღალდის ციფრული მოწყობილობებით ჩანაცვლება შეუქცევადი ხდება. თუმცა თავად ციფრული მოწყობილობებიც განიცდიან სწრაფ ევოლუციას: თუ 10 წლის წინ პირადი კომპიუტერი უნივერსალურ მოწყობილობად მოიაზრებოდა ციფრულ სამყაროსთან კავშირისათვის, ახლა ყურადღების ცენტრში მობილური ტექნოლოგიები ექცევა. განათლების სისტემებიც შესაბამისად რეაგირებენ ამ გამოწვევაზე – ახალი თაობებისთვის ხომ ახალი ტექნოლოგიები სამყაროს განუყოფელი ნაწილია. 10 წლის წინ აქტიურად ხდებოდა სკოლების აღჭურვა კომპიუტერული ლაბორატორიებით, შემდეგ კომპიუტერული ტექნიკა – ლეპტოპები და პროექტორები – ხელმისაწვდომი გახდა საკლასო ოთახებში, ბოლო პერიოდში კი აქცენტი კეთდება სასწავლო დაწესებულებებში პორტატული მოწყობილობების ფართოდ გამოყენებაზე. 

განათლების პოლიტიკის მესვეურები ბევრ ქვეყანაში აცნობიერებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) წამყვან როლს სწავლებასა და პროფესიულ გადამზადებაში ინოვაციების დანერგვისა და შემოქმედებითობის განვითარებისთვის. ამავე დროს აღიარებულია, რომ ფორმალური განათლების სისტემებში ისტ-ის პოტენციალი სრულად არ არის გამოვლენილი. სწორედ ისტ-ის შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისკენაა მიმართული ბოლო პერიოდში პოპულარული ე.წ. ინდივიდუალური ან 1:1-ზე სწავლება. ამაში იგულისხმება, რომ ყოველი მოსწავლისთვის სასწავლო გარემოში ხელმისაწვდომია ინდივიდუალური კომპიუტერული მოწყობილობა, იქნება ეს სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი თუ პლანშეტური კომპიუტერი.

ევროპული 1:1 ინიციატივები

ევროპის ბევრ ქვეყანაში ბოლო წლებში მრავალი 1:1-ზე განათლების ინიციატივა განხორციელდა, შესაბამისად, ვითარდება ახალი ტიპის სასწავლო მოდელები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში ტექნიკის ორგანული ინტეგრაციისკენაა მიმართული. 2009 წლიდან ევროპის 19 ქვეყანაში 31 მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა ქართული „ბუკის” პროგრამაც, რომელიც ყველა პირველკლასელისთვის საჩუქრად სასწავლო გამოყენების ნეტბუკის გადაცემას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ 1:1-ზე ინიციატივები დაწყებით კლასებში იშვიათია, მაგრამ ამის მაგალითები არსებობს. კერძოდ, პორტუგალიაში ასეთი პროექტი უფრო დიდი მასშტაბით განხორციელდა: დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლეს გადაეცა ნეტბუკი, რომელიც აღჭურვილი იყო შესაბამისი სასწავლო რესურსებით. ამავდროულად განხორციელდა მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანიც ახალი გამოწვევებისათვის პედაგოგების მომზადება იყო. 

განსხვავებული პრაქტიკაა სხვა ქვეყნებში, სადაც პორტატული მოწყობილობები მაღალი კლასების მოსწავლეებს გადაეცემათ. გერმანიაში, ესპანეთში, ავსტრიასა და საფრანგეთში განხორციელებული პროექტები ორიენტირებულია საბაზო საფეხურის მოსწავლეების პორტატული კომპიუტერებით აღჭურვაზე და სასწავლო პროცესში შესაბამისი ელექტრონული სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე. საბაზო საფეხურის მოსწავლეების ჩართვა 1:1 პროექტებში ასევე ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით. თუმცა ამგვარი პროექტების ნაწილი საპილოტე ხასიათისაა და მიზნად ისახავს სასკოლო პრაქტიკაში მობილური მოწყობილობების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელების შექმნას. ამავე დროს თურქეთში ამბიციური პროექტის განხორციელება დაიწყეს – 420 ათასი სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და 15.7 მილიონ მოსწავლეს პლანშეტური კომპიუტერი გადაეცემა. ასევე შეიქმნება შესაბამისი ციფრული სასწავლო გარემო და რესურსები.

ბევრი პროექტი ნოვატორულია და მნიშვნელოვან პერსპექტივებთან ერთად რისკებსაც შეიცავს. თუმცა ცალსახაა, რომ ასეთი პროექტების რაოდენობა და მასშტაბები იზრდება, რაც  ახლო მომავალში 1:1 სწავლებას საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტად აქცევს.

მიზნები

რა მიზნებით ხორციელდება 1:1-ზე პროექტები ევროპაში? მკვლევარები გამოყოფენ შესაძლო მიზნების რამდენიმე კატეგორიას:

1)აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება;
2)ციფრული სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
3)სამუშაო ადგილისთვის მომზადება;
4)სწავლების ხარისხის გაუმჯობესაბაზე გავლენის მოხდენა.

ევროპული პროექტების გამოცდილებიდან გამომდინარე, უმთავრესია, რომ დაინერგოს პედაგოგიური ცვლილებები და ინოვაციები, შეიცვალოს სასწავლო პროცესის დინამიკა, შეიქმნას ახალი სასწავლო მოდელები.
1:1-ზე სწავლების მოდელი ისტ-ის მეშვეობით აუმჯობესებს 21-ე საუკუნის უნარებს, ასევე აქტიურ როლს ანიჭებს თითოეულ მოსწავლეს, რაც, თავის მხრივ, ნეტბუკის ეფექტურად გამოყენებას გულისხმობს. ასეთი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის თვითრეგულირების უნარის განვითარებას და მათ უყალიბებს ახალ მიდგომებს ცოდნის მოსაპოვებლად.

1:1-ზე ინიციატივების ფართო მასშტაბით განხორციელების კიდევ ერთი მიზანია ეკონომიკური და ე.წ. ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და სოციალური ინკლუზია – კომპიუტერის ქონა და ინტერნეტის აურაცხელ რესურსებზე წვდომა მოიაზრება, როგორც ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა. ეს კი მიიღწევა, როგორც ხარისხიანი განათლების მიღების, ასევე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების უკეთ გამოყენების გზით.
მხარდაჭერა სასკოლო დონეზე

აღსანიშნავია, რომ 1:1-ზე სწავლების პროექტების წარმატებაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერის სტრატეგიების განხორციელება სასკოლო დონეზე, კერძოდ, სასკოლო კოორდინატორის გამოყოფა სხვა მასწავლებლების მხარდასაჭერად, ტრენინგებისა და სემინარების ხშირი ორგანიზება მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. არანაკლებ საგულისხმოა შესაბამისი გზამკვლევების და ტექნიკის გამოყენების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების გაცნობა მშობლებისათვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. ზოგადად, სკოლების ხელმძღვანელებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ტრანსფორმაცია და ადაპტაცია ინდივიდუალური ლეპტოპების შეტანის შემდეგ, და ასევე ამ პროცესისათვის ხელის შეწყობის აუცილებლობა, იქნება ეს ინფრასტრუქტურის გამართვა (უმავთულო ინტერნეტის სასკოლო ქსელი, დამატებითი მოწყობილობები, ტექნიკური მხარდაჭერა), პედაგოგების წახალისება თუ ინოვაციების დანერგვა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 1:1 ინიციატივების წარმატებისათვის მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი პედაგოგების ქსელის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლების თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიულ განვითარებას. ასევე სავალდებულოა ტრენინგების რეგულარულად ჩატარება, როგორც პირისპირ, ასევე ინტერნეტის მეშვეობით.

სასწავლო შინაარსი

აღიარებულია, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტექნიკურ აღჭურვას არ შეუძლია სასწავლო შედეგების გაუმჯობესება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ინდივიდუალური მოწყობილობებისთვის შესაბამისი დატვირთვის მინიჭებას, განსაკუთრებით კი სასწავლო რესურსების არსებობას, რომლებსაც ყოველდღიურ საგაკვეთილო პრაქტიკაში გამოიყენებენ – საშინაო დავალებებისათვის, ცოდნის შესამოწმებლად თუ უნარების გასავითარებლად. სასწავლო რესურსების გარკვეული მინიმუმის გარეშე ნეტბუკები თუ სხვა ინდივიდუალური ციფრული მოწყობილობები სასწავლო მიზნებისთვის თითქმის გამოუსადეგარი ხდება. 

ასეთი რესურსების შესაქმნელად რამდენიმე მიდგომა არსებობს. ზოგ ქვეყანაში გამომცემლები, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოებს ქმნიან, ეტაპობრივად ნერგავენ ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც. ასეთი სახელმძღვანელო ხშირად წიგნის დასკანერებული ან ციფრული ვერსია კი არ არის, არამედ მოიცავს მულტიმედია-ჩანართებს, განმარტებებს, კომენტარების დატანების შესაძლებლობას და მინი-ტესტებსაც კი. ზოგ ქვეყანაში ხდება სპეციფიკურად საგანმანათლებლო მიზნებით შექმნილი როგორც კომერციული, ასევე ღიად გამოყენებადი ელექტრონული რესურსების დანერგვა. კომერციული რესურსების შემთხვევაში უზრუნველყოფილია მწარმოებლის მხარდაჭერა, ტრენინგი და დანერგვის ზედამხედველობა, თარგმანი და ლოკალიზაცია, ასევე ერთიანი ელექტრონული სასწავლო გარემოს შექმნა. ღია რესურსები სულ უფრო მრავლად მოიპოვება ინტერნეტში, თუმცა მათი სწორად შერჩევისა და მორგებისთვის აუცილებელია შესაბამისი კომპეტენციები. მათ არ გააჩნიათ მხარდაჭერა თარგმანსა და ადაპტირებაში, ასევე არ ხდება მათი განახლება. როდესაც მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციები მაღალია, ისინი თავად ქმნიან ელექტრონულ რესურსებს და იყენებენ მათ საგაკვეთილო პროცესში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ასეთი რესურსების ჯეროვანი შეფასებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარების უზრუნველყოფა.

გარდა კომპიუტერში ჩასატვირთი რესურსებისა, მრავალფეროვანი სასწავლო მასალა არსებობს ინტერნეტშიც. ამ მხრივ სავალდებულოც კი ხდება მასწავლებლისათვის, ფლობდეს ინტერნეტში მასალის მოძიების და მისი შეფასების უნარებს. სასწავლო მასალის გარდა, ინტერნეტში განთავსებულია სხვადასხვა სასწავლო სერვისი და ინსტრუმენტი (რომლების შესახებ ადრეც ვსაუბრობდით), რომელთა გაცნობა და გამოყენება ნებისმიერ 1:1 გაკვეთილს გააძლიერებს. 

რისკები

ყველა დონეზე ტექნიკური მხარდაჭერის გამართვის აუცილებლობის გარდა არსებობს საჭიროება, რომ 1:1 სწავლების სცენარები გააზრებული და სათანადოდ განხორციელებული იყოს ყველა გაკვეთილზე. 1:1 სასწავლო გარემოში ძირითადი რისკები უკავშირდება მოსწავლეთა ყურადღების გადატანას არასასწავლო აქტივობებზე (ინტერნეტში ხეტიალი, მუსიკის მოსმენა, ფაილების ჩამოწერა, თამაში, ჩატი). მასწავლებელი უნდა აკონტროლებდეს მოსწავლეთა აქტივობებს. ამაში მას სასკოლო ნეტბუკებით აღჭურვილი კლასის მენეჯმენტის პროგრამაც ეხმარება. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ე.წ. სწავლების შერეული მოდელის სწორი განხორციელება, ანუ სწავლების სხვა მეთოდების და კომპიუტერული სწავლების მონაცვლეობა გაკვეთილის დროს. ასევე რეკომენდებულია ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების შეჯერება. ინდივიდუალური კომპიუტერით განსახორციელებელი ყველა აქტივობა უნდა აისახოს გაკვეთილის გეგმაში. დავალების შესრულებას ზოგი მოსწავლე მეტ დროს ანდომებს, ზოგი – ნაკლებს. შესაძლებელია უფრო წარმატებული მოსწავლეებისთვის დავალების მიცემა – დაეხმარონ თანატოლს. ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტია მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობის დონის უზრუნველყოფა და შენარჩუნება.

ზეგავლენა და შედეგები

ევროპული 1:1 ინიციატივების შედეგების შეფასებისას ექსპერტები განსაკუთრებით გამოყოფენ მათ დადებით გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვაზე და ზოგადად, სწავლა-სწავლების პრაქტიკაზე. კერძოდ, მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი არიან, როცა აქვთ საშუალება, დამოუკიდებლად განახორციელონ დავალებები და სავარჯიშოები კომპიუტერული პროგრამებით, შეასრულონ კვლევა ინტერნეტის მეშვეობით, თვალყური ადევნონ თავის მიღწევებს, წარმოაჩინონ საკუთარი ნამუშევარი და გაუზიარონ ის სხვა მოსწავლეებს. ასევე, დადებითი ზეგავლენა აქვს ინდივიდუალური ლეპტოპის გამოყენებას გაკვეთილის მიღმა. მოსწავლეს შეუძლია დამატებით იმუშაოს და შეასრულოს დავალებები მისთვის მოსახერხებელ დროს, მოიძიოს საჭირო რესურსები და ჰქონდეს კავშირი თანატოლებთან.

მასწავლებელს 1:1 სწავლებისას საშუალება აქვს, უკეთ განახორციელოს მოსწავლეთა სასწავლო შედეგების მონიტორინგი, მოახდინოს განმავითარებელი შეფასება და ჰქონდეს ეფექტიანი უკუკავშირი თითოეულ მოსწავლესთან.

სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ასევე აღსანიშნავია 1:1 სწავლების შესაძლებლობა, გასცდეს ფორმალური განათლების ჩარჩოებს და უფრო აქტიურად ჩართოს მოსწავლეები პროექტზე თუ სხვა აქტივობებზე და სასწავლო ვიზიტებზე დაფუძნებულ სწავლებაში.

რეკომენდაციები 

სკოლებში 1:1-ზე ინიციატივების დანერგვის გამოცდილება მოწმობს, რომ მასწავლებელს კვლავ ეკისრება გადამწყვეტი როლი ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში მოსწავლეთა სასწავლო გამოცდილების მართვის მიმართულებით. განათლების სისტემამ უნდა წაახალისოს მასწავლებლის ძალისხმევა, იყოს ჩართული 1:1 სასწავლო კონტექსტში. მნიშვნელოვანია, არსებობდეს შესაბამისი გადამზადების პროგრამები, კოლეგების მიერ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, პროფესიული განვითარების პროგრამები. აუცილებელია მხარდამჭერი ინსტრუმენტების, პლატფორმების, ციფრული სასწავლო რესურსებისა და საგაკვეთილო სტრატეგიების არსებობა, რომლებიც საშუალებას მისცემს მასწავლებელს, მოახდინოს ტექნოლოგიების ეფექტიანი ინტეგრირება სასწავლო შედეგების მისაღწევად. 

იყო და არა იყო რა…

0
ასე იწყებოდა ჩვენს ბავშვობაში ზღაპრები. უკრაინული თუ ფრანგული, ნორვეგიული თუ გერმანული, ამერიკული თუ ირანული ზღაპრების დასაწყისიც თითქმის ასეთივეა. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ასევე იწყებდნენ ზღაპრის მოყოლას შუმერები, მაიასტომელები და აცტეკებიც. რატომ ან როგორ შეთანხმდნენ მთელი მსოფლიოს მეზღაპრეები თხრობის ამ სტილზე? ეგებ იმიტომ, რომ ის ყველაზე ახლოს არის ჩვენს ყოფასთან, ჩვენს მისწრაფებებსა და მოლოდინთან, სამყაროს მოწყობისა და ბედნიერების შესახებ ჩვენს წარმოდგენებთან… ჩვენს შინაგან „მეს” სწადია, ჩვენი არსებობაც ასევე მშვიდად დაიწყოს და ბედნიერ დასასრულს (გნებავთ, აღსასრულს) მიაღწიოს. ამიტომაც შემოგვპარვია ლექსიკაში სიტყვა „ზღაპრული”: „ზღაპრული ცხოვრება”, „ზღაპრული ბუნება”, – რაც ძალიან ლამაზს, მშვენიერს, ენით აუწერელს, საოცნებოს, თუმცა კი ბოლომდე ვერმიღწეულს ნიშნავს.
ნაერთის ისტორიაც, რომელიც ახლა მინდა გიამბოთ, ზღაპარივითაა.

ეს ერთი პატარა მოლეკულაა, ორი ნახშირბადითა და ორი იმდენი წყალბადით. ძველები მას ეთილენს ეძახდნენ. დღეს უკვე ეთენად არის მონათლული, მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და, გოლოვინის პროსპექტისა არ იყოს, ბარე ორი თაობა შეიცვლება, ვიდრე „ეთილენი” ჩვენს ქიმიურ ლექსიკონში „ეთენად” იქცეოდეს.

ჰოდა, იყო და არა იყო რა, იყო ერთი ყოველთა სულიერთა – კაცთა, ნადირთა, ფრინველთა – თვალით უხილავი, ხელით მიუკარებელი, ყნოსვით შეუგრძნობელი მოლეკულა, სახელად ეთილენი. მისი არსებობა დედამიწაზე არავის ადარდებდა და აღელვებდა. ვერც თვითონ გუობდა ტალახიან მიწას და მის უაზრო თუხთუხს, ამიტომ დაბადებიდანვე მაღლა, მზისკენ მიიწევდა, სანამ იკაროსივით არ დაეთუთქებოდა ფრთები.

ხშირად ვაშლის, ბლის, ატმისა თუ მსხლის ფოთლებში დაიბადებოდა და აღმასვლისას მათ ნაყოფს მიელამუნებოდა. ისინიც დაიმორცხვებდნენ, ღაწვზე ალმური აუვიდოდათ და მერე თავს იწონებდნენ შეფაკლული ლოყით.

ეს ქიმიკოსებმა შეამჩნიეს და ეთილენს დედამიწაზევე გამოუძებნეს საქმე. ერთი კია, მთა-ბარში თავისუფლად ნარნარი აუკრძალეს და დიდ ცივ ოთახებში გამოკეტეს ცხრა მთას იქიდან ჩამოტანილ ბანანსა თუ პომიდორთან ერთად.

გავიდა ხანი და ერთ მშვენიერ დღეს ეთილენი რეგინალდ გიბსონისა და ერიკ ფოსეტის ხელში აღმოჩნდა. მტრისას და ავისას, მას რომ დღე აყარეს: მწარე ნუშის ზეთთან (ბენზალდეჰიდი) ერთად დაამწყვდიეს ბნელ, უსარკმლო რეაქტორში, უზარმაზარი ცეცხლი შეუნთეს (200 °C) და წნეხიც არ დააკლეს (2000 ატმ). მთელი დღე-ღამით მიუსაჯეს ეს „ჯოჯოხეთური” კარცერი, მაგრამ ბედმა გაუღიმა – პატარა ხვრელი იპოვა და საპყრობილეს თავი დააღწია. ერთობ გაწბილდნენ გიბსონი და ფოსეტი, როცა მეორე დღეს საკნის კარი გამოაღეს და… ატყდა ერთი განგაში და ფაციფუცი. ვინ საკნის უწვრილეს ღრიჭოებს გმანავდა საგულდაგულოდ, ვინ გაპარულ ეთილენს ეძებდა… ბოლოს შეიპყრეს და ისევ საკანში დააბრუნეს… ამჯერად მისი გაბრძოლება ამაო აღმოჩნდა, საპყრობილეს თავი ვეღარ დააღწია და „გველისმჭამელის” მინდიასავით ტანჯვით ხელმეორედ შობილი, ახალ ნაერთად მოევლინა კაცობრიობას. თუმცა ხელმარჯვე ინჟინრებსაც ახალი, უფრო დიდი თავსატეხი გაუჩინა: წითელი ფხვნილის ნაცლად რეაქტორში მათ თეთრი ცვილისებრი ნაერთი დახვდათ, რომელმაც კინაღამ ეჭვქვეშ დააყენა ხელისგულზე ნატარები ნახშირბადის ოთხვალენტიანობა. გიბსონმაც და ფოსეტმა ერთხანს კიდევ უკირკიტეს „ორვალენტიანი” ნახშირბადის ამ თეთრ ნაერთს, მაგრამ მხოლოდ ბუტლეროვის თეორია გაადარჩინეს, თვით ცვილს კი ვერაფერი მოუხერხეს და ხელი ჩაიქნიეს. მწარე იყო მოლოდინის გაცრუება – ორივე ხვდებოდა, რომ კაცობრიობისათვის რაღაც ახალი იბადებოდა, მაგრამ…

გამოხდა კიდევ მცირე ხანი და ბედმა ეთილენი ჯერ ციგლერს, მერე კი ნატას შეახვედრა. მათ გულში ჩახედეს და მიხვდნენ, როგორ შეეძლო ახალი სიტყვის თქმა ქიმიისა და კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ მათი წყალობით იშვა ხელახლა ეთილენი, სწორედ მათი მიგნებით გარდაიქმნა იგი პოლიეთილენად და ჩვენ, მამებს, საშუალება მოგვცა, „ტყე შევუნახოთ შვილებსა”.

დამოუკიდებელი სწავლის უნარები და მათი განვითარება

0
21-ე საუკუნეში, რომელიც ადამიანს მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწრაფი და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების და, რაც ყველაზე მთავარია, დამოუკიდებლად აზროვნებისა და მოქმედების უნარები.  

დამოუკიდებელი სწავლა იმ უნარების ნაკრებს გულისხმობს, რომლებიც ადამიანს უფრო ავტონომიურს, გამბედავსა და თავდაჯერებულს ხდის. აქედან გამომდინარე, ამ უნარების განვითარება და ჩამოყალიბება თანამედროვე სკოლის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი სწავლის მრავალი დეფინიცია არსებობს, ყველაზე გავრცელებულ განმარტებად მაინც “სწავლის თვითრეგულაცია” ითვლება. იგულისხმება, რომ ამ უნარებით აღჭურვილი მოსწავლეები:

·უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ განათლებაზე;
·ისახავენ მიზნებს;
·გეგმავენ ისეთ აქტივობებს, რომლებითაც შეიძლება დასახული მიზნების მიღწევა;
·გეგმის მიხედვით ახდენენ საკუთარი პროგრესის მონიტორინგს; 
·აფასებენ შესრულებულ სამუშოს და რეფლექსიას ახდენენ მის ირგვლივ.
სტატია განიხილავს იმ ფაქტორებსა და სწავლება-სწავლის სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებას.
დამოუკიდებელი სწავლის შინაგანი ფაქტორები:

შინაგან ფაქტორებში იგულისხმება მოსწავლეთა ის უნარები, რომლებიც აუცილებელია დამოუკიდებელ სწავლაში წარმატების მისაღწევად. ეს ისეთი ძირითადი უნარებია, რომელთა განვითარებასაც ყურადღება უნდა ექცეოდეს არა მარტო ერთი კლასის, არამედ მთელი სკოლის ფარგლებში. ასეთი მიდგომა კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ეს უნარებია: კოგნიტური, მეტაკოგნიტური და აფექტური.
·კოგნიტური უნარები უკავშირდება მოსწავლეთა მენტალურ შესაძლებლობებს, აზროვნების, შემეცნებისა და განსჯის უნარებს. 

ინფორმაციის მოპოვება და გაგება; პრობლემების გადაჭრისთვის სტარატეგიების შერჩევა; მოცემული კრიტერიუმების მიხედვით ობიექტების კლასიფიცირება; ჰიპოთეზების ფორმირება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მოძებნა და ა.შ. კოგნიტური უნარების მაგალითებს წარმოადგენენ.

·მეტაკოგნიტური უნარები უკავშირდება მოსწავლეთა შესაძლებლობას, მოახდინონ საკუთარი აზროვნების პროცესის რეფლექსია და შეფასება; სწავლის პროცესის თვითრეგულაცია; ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების გაანალიზება, ადეკვატური პრიორიტეტების დასახვა და დროში განაწილება; მუშაობის დროს გამოყენებული სტარტეგიების ეფექტურობის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა ან მოდიფიცირება და ა.შ.

·აფექტური უნარები უკავშირდება მოსწავლეთა ემოციებს, გრძნობებსა და განწყობებს. მაგალითად, აფექტურ უნარებს განეკუთვნება: თვითმოტივაცია; საკუთარი საქციელის გაკონტროლება, რომელიც პიროვნების ფასეულობათა სისტემას ეფუძნება; პირადი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება გარკვეული მოვლენებისა თუ საკითხების მიმართ და ა.შ.
დამოუკიდებელი სწავლის გარე ფაქტორები:

შინაგანი ფაქტორების გარდა, მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლის უნარების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი გარე ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკური გარემო და მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება.

·ხელსაყრელი ფიზიკური გარემო სამ ძირითად ელემენტს ეფუძნება:

1.დამოუკიდებელი მუშაობისთვის გამოყოფილი ან სპეციალურად მოწყობილი ფიზიკური სივრცე;
2.წინასწარ განსაზღვრული დრო, რომელიც საკმარისია დავალების შესასრულებლად;
3.ადეკვატურად შერჩეული საჭირო რესურსი (მაგ: ჟურნალები, წიგნები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ.).

·მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება: 

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ დამოუკიდებელი სწავლის უმთავრესი ფაქტორი მასწავლებლისა და მოსწავლის ნდობაზე დაფუძნებული, პოზიტიური ურთიერთობაა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლმა უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვებიან და მისი ხელშეწყობით დამოუკიდებლად გააანალიზებენ, გადაჭრიან მათ წინაშე დასმულ ამოცანებს. მათ უნდა ჰქონდეთ თვითგამოხატვის საშუალება, არ უნდა ეშინოდეთ შეცდომების დაშვებისა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის.

მასწავლებელი ასევე უნდა შეეცადოს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოს მოსწავლეთა მიერ საკუთარ სწავლაზე პასუხიმგებლობის აღება, რაც პირდაპირ უკავშირდება დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებას.
როგორ შეუწყოს ხელი მასწავლებელმა დამოუკიდებელ სწავლას?
როგორც აღინიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებას განაპირობებს, მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა და მათი მხრიდან საკუთარ სწავლაზე უფრო მეტი პასუხიმგებლობის აღებაა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანამ მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში კონკრეტული სტრატეგიების გამოყენებას მიმართავს, მანამდე აუცილებელია, დაადგინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები, ინტერესები და შესაძლებლობები, დასახოს ადეკვატური მიზნები და შეარჩიოს რელევანტური საგანმანათლებლო რესურსი. 
 
დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებისთვის:

·მიეცით მოსწავლეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება, მაგ.: შეთავაზებული სამი შეკითხვიდან წერილობითი პასუხი მოამზადონ მათ მიერ შერჩეულ ერთ შეკითხვაზე;

·გაზარდეთ მოსწავლეთა პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვით;

·ჩართეთ ისინი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, გაუზიარეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები და მოისმინეთ მოსწავლეთა წინადადებები და მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება მათი მიღწევა;

·წაახალისეთ მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე;

·უბიძგეთ მოსწავლეებს იმისკენ, რომ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი საჭიროებების იდენტიფიცირება და ადეკვატური გეგმის შემუშავება. შესაძლებელია გარკვეული სახის სქემების შეთავაზება და საწყის ეტაპზე მათ შევსებაში დახმარება (იხ. სქემა 1);

·გამოყავით დრო შესრულებული სამუშაოს ირგვლივ რეფლექსიისა და მისი შეფასებისთვის;

·სთხოვეთ მოსწავლეებს, შერჩეული თემის ირგვლივ დასვან შეკითხვები, გამოთქვან ჰიპოთეზები, მიეცით გარკვეული დრო საკითხის შესასწავლად და განსახილველად;

·შეეცადეთ, რომ მიცემული დავალებები ეფუძნებოდეს რეალურ ცხოვრებას; 

·დაუსვით მოსწავლეებს ღია შეკითხვები და მიეცით საკმარისი დრო დისკუსიისა და იდეების გაზიარებისთვის;

·დავალების დასრულების შემდეგ შესთავაზეთ მათ, წარმოადგინონ ის სხვა ფორმით (მაგ.: წერილობითი ნამუშევარი _ სქემით ან ნახატით);

·ხშირად მიმართეთ უკუკავშირის ტექნიკას;

·მიეცით საშუალება მოსწავლეებს, ისაუბრონ იმის შესახებ, თუ როგორ გაართვეს თავი დავალებას და რა ტექნიკას მიმართეს; 

·აღჭურვეთ მოსწავლეები სწავლის სხვადასახვა სტრატეგიით და ასწავლეთ მათი გამოყენება;

·დააინტერესეთ მოსწავლეები შესასწავლი საკითხით და მისი დასრულება მიეცით საშინაო დავალებად; 

·შესთავაზეთ მოსწავლეებს, გამოიყენონ ქვემოთ მოცემული სქემები (TASC – “thinking actively in a social context” by Belle Wallace), რომლებიც ხელს შეუწყობს მათ, დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი სწავლის პროცესისა და მიღწეული შედეგების გააზრება (იხ სექემა 2 და 3).
სასწავლო პროცესი, სადაც მასწავლებელი გზამკვლევის როლს ასრულებს და დავალებების შესრულებისთვის იყენებს ინსტრუქციულ ტექნიკას; პატივს სცემს მოსწავლეთა აზრს და რთავს მათ მიზნების დასახვისა და აქტივობების დაგეგმვის პროცესში; საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები; ქმნის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისთვის ხელსაყრელ გარემოს, თავისთავად ხელს უწყობს დამოუკიდებელი აზროვნების უნარების განვითარებასა და მოსწავლეთა მიერ მეტი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ სწავლაზე.

 

რა მაქვს
გასაუმჯობესებელი?

რა არის ჩემი
ძლიერი მხარეები, რომლებიც დამეხმარება მის გაუმჯობესებაში?

როგორ გავაკეთებ
ამას?

როდის და
რა თანმიმდევრობით გავაკეთებ ამას?

 

 

 

 

 

 

სქემა 1

სქემა
2.

 

ძირითადი ეტაპები:

დამხმარე შეკითხვები:

 

გამოცდილება

 

რა ვისწავლე?

რა ახალი გამოცდილება შევიძინე?

რას ვფიქრობ და ვგრძნობ ახლა?

როგორ გამოვიყენებ იმას, რაც ვისწავლე?

ორგანიზება

 

რა ინფორმაციას ვფლობ ამის შესახებ?

რა წყაროებიდან ვფლობ ამ ინფორმაციას?

რა შეკითხვები მაქვს და რომელ მათგანზე
შემიძლია პასუხის გაცემა?

იდენტიფიცირება

 

რაში მდგომარეობს დავალების
არსი?

რა არის ჩემი მიზანი?

რა
ინფორმაცია უნდა ვიცოდე ამის შესახებ?

რა
არის საჭირო, რომ გავაკეთო?

გენერაცია

 

რამდენი
მოსაზრება გამაჩნია ამის შესახებ?

ვინ
შეიძლება, რომ დავიხმარო?

რას ფიქრობენ სხვები ამის შესახებ?

არსებობს თუ არა სხვა გზები?

გადაწყვეტა

რომელი
იდეა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

რომელი
იდეა არის საუკეთესო?

რა მოხდება, თუ. . .

როგორი არის ჩემი გეგმა?

კიდევ
რისი გაკეთება მჭირდება?

დანერგვა

 

როგორ
გავიგებ ჩემს პროგრესს?

ვაკეთებ
სწორად?

როგორ
მუშაობს ჩემი გეგმა?

რა
უნდა გავაკეთო ამის შემდეგ?

შეფასება

 

როგორ შევასრულე დავალება?

რამდენად ეფექტურად მოვაგვარე პრობლემები?

რამდენად ეფექტური სტრატეგიები მქონდა შერჩეული?

რა გამომივიდა კარგად?

რისი გაკეთება იქნებოდა უკეთესი?

კომუნიკაცია

ვის შეიძლება ვუთხრა ამის შესახებ?

როგორ მოვახდინო მისი პრეზენტაცია?

როგორ შემიძლია ამის ახსნა?

როგორ შემიძლია სხვები დავაინტერესო?


სქემა 3.



[1]



Wallace, Belle.
“TASC: Thinking Actively in a Social Context. A universal problem-solving
process: A powerful tool to promote differentiated learning experiences.” Creative
Teaching & Learning
, January 2012: 58-83.

ნილ გეიმანი: რატომ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი ბიბლიოთეკებზე, კითხვასა და ოცნებაზე(გაგრძელება)

0
ლექციის მეორე ნაწილი, რომელშიც ახსნილია, რატომ არის აუცილებელი კითხვის ხელშეწყობა, რა მნიშვნელობა აქვს ზღაპრებს და რა საჭიროა ბიბლიოთეკები
ვინაიდან ჩვენი საუბარი კითხვას ეხება, მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ესკაპიზმზე (ესკაპიზმი – (ინგლ. ლათ. სიტყვიდან escape – გაქცევა, თავის შველა) გონების ისეთი აქტივობა, როდესაც ადამიანი კითხვის მეშვეობით რეალობიდან წარმოსახვით სამყაროში გადადის).

ამ ცნებაზე გამალებულნი საუბრობენ როგორც რაღაც ცუდზე, თითქოს ესკაპისტური თხზულებები იაფფასიანი ოპიატი იყოს, რომელსაც დაბნეულები, ფანტაზიორები ან სულელები ეტანებიან; თითქოს გამონაგონის ერთადერთ ფასეულ ჟანრს იმიტაციური თხზულება წარმოადგენდეს, რომელიც სარკესავით ასახავს ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს თავისი მახინჯი მხარეებით და რომელშიც მკითხველმა საკუთარი თავი უნდა იპოვოს.
თუ აღმოჩნდით წარმოუდგენელ ვითარებაში, ძალიან უსიამოვნო ადგილას, ხალხთან, რომელიც არაჯანსაღად მიგაჩნიათ და ვინმემ ამ სიტუაციიდან დროებით „გაქცევა” შემოგთავაზათ, რატომ იტყვით ამ წინადადებაზე უარს?

ესკაპისტური თხზულებაც იგივე გახლავთ. გამონაგონი მზის შუქივითაა – გიხატავს ადგილს, სადაც წასვლა გსურს, სადაც სიტუაციას აკონტროლებ, სადაც შენთვის სასურველი ადამიანები არიან (და წიგნები რეალური ადგილებია, ეს ნურაფერში აგერევათ).

და, რაც მთავარია, ამ „გაქცევის” დროს წიგნებს შეუძლიათ მოგცენ ცოდნა სამყაროსა და იმ რთული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც თავი ამოყავით; გაპოვნინონ გამოსავალიც, იარაღიცა და ჯავშანიც უსიამოვნებისგან თავის დასაცავად – რეალური იდეები და შესაძლებლობები, რომლებიც შეგიძლიათ „უკან”, თქვენს „რეალისტურ საპყრობილეში” წაიყოლოთ. წიგნებს შეუძლიათ მოგცენ ცოდნა და საშუალებები, რომლებსაც რეალობისგან თავის დასაღწევად გამოიყენებთ.

ჯ. რ. რ. ტოლკიენი („ბეჭდების მბრძანებლის” ავტორი) შეგვახსენებს, რომ ის, ვინც თავის დაღწევის („ისქეიფის”) წინააღმდეგ გამოდის, საპატიმროს ზედამხედველია.

კიდევ ერთი გზა, რომლითაც შეიძლება ბავშვებში კითხვის სიყვარული დავასამაროთ, მათი ისეთ სივრცეში გაზრდაა, სადაც წიგნები საერთოდ არ არის, ან ისეთი გარემოს შექმნა, სადაც წიგნს ვერ წაიკითხავ. მე ბედმა გამიღიმა – საუცხოო პატარა საშინაო ბიბლიოთეკა მქონდა, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მყავდა მშობლები, რომლებსაც ადვილად დაიყოლიებდი, ზაფხულობით, არდადეგებზე, სამსახურში მიმავალთ, თავიანთი პატარა ბიჭი საბავშვო ბიბლიოთეკაში დაეტოვებინათ, სადაც მხვდებოდა ბიბლიოთეკარი, რომელიც სრულიადაც არ იყო წინააღმდეგი, ბიჭს მთელი დღე საბიბლიოთეკო ბარათებთან გაეტარებინა და განუწყვეტლივ ეძებნა წიგნები, რომლებშიც მოთხრობილი იყო მოჩვენებების, ჯადოქრებისა თუ რაკეტების, ვამპირებისა თუ მამაცი დეტექტივების, ალქაჯებისა თუ სხვა საოცრებების ამბები. 

საბავშვო ბიბლიოთეკის წიგნები რომ წავიკითხე, „დიდების” ბიბლიოთეკაში, „დიდების” წიგნებზე გადავედი…
ისინი კარგი ბიბლიოთეკარები იყვნენ. მათ უყვარდათ წიგნები და უყვარდათ, როდესაც ვინმე ამ წიგნებს კითხულობდა. მათ მასწავლეს, როგორ შემეკვეთა წიგნი სხვა ბიბლიოთეკებში. ისინი სნობურად არ ეკიდებოდნენ წიგნებს, რომლებსაც მე ვკითხულობდი. ალბათ ის უფრო ახარებდათ, რომ იქვე, მათ გვერდით, იდგა დიდთვალება პატარა ბიჭი, რომელსაც კითხვა უყვარდა. ისინი მესაუბრებოდნენ წიგნებზე, რომლებსაც ვკითხულობდი. მეხმარებოდნენ ჩემთვის საინტერესო სერიის სხვა წიგნების პოვნაშიც.

ბიბლიოთეკარები ისე მეპყრობოდნენ, როგორც – არც მეტი, არც ნაკლები – ჩვეულებრივ მკითხველს, რაც პატივისცემით მოპყრობას ნიშნავდა. რვა წლის ასაკში, მართალი გითხრათ, პატივისცემით მოპყრობას არ გახლდით ჩვეული.

ბიბლიოთეკები თავისუფლებაა. კითხვის თავისუფლება, იდეების თავისუფლება, ურთიერთობის თავისუფლება. ბიბლიოთეკები განათლების წყაროა (რომელიც მას შემდეგაც კი არ შრება, რაც სკოლას ან უნივერსიტეტს დავამთავრებთ), სიამოვნების წყაროცაა და, რაც ნიშანდობლივია, უსაფრთხო ადგილია, სადაც ინფორმაციაზე თავისუფლად მიგვიწვდება ხელი.
მე ვდარდობ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ხალხს აღარ ესმის, რა არის ბიბლიოთეკა და რა დანიშნულება აქვს მას. თუ ბიბლიოთეკა წიგნების თაროდ აღიქვი, შესაძლოა, ის რაღაც ძველმოდურ ადგილად მოგეჩვენოს, რადგან ნაბეჭდი წიგნების უმეტესობა უკვე ციფრულ ფორმატშიც არსებობს, მაგრამ ასეთი მიდგომა საფუძველშივე მცდარია.

ვფიქრობ, ბიბლიოთეკებს კავშირი აქვს ინფორმაციის ბუნებასთან. დღეს ინფორმაციას დიდი ფასი ადევს, ხოლო სწორ ინფორმაციას – უზარმაზარი.

კაცობრიობა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში საინფორმაციო სიმწირის პირობებში ცხოვრობდა და საჭირო ინფორმაციის ქონა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც ამ ინფორმაციას მუდამ ედო ფასი: როდის დაითესოს თესლი, სად იპოვო ის, რასაც ეძებ, რუკები, ისტორიები და თხრობა – ყოველივე ამის ცოდნა ფასობდა მუდამ, ჭამის დროს თუ მეგობრებთან დროსტარებისას.

ინფორმაცია ფასეული რამ იყო და ყველა, ვისაც ჰქონდა იგი ან მისი მოპოვება შეეძლო, ამ საქმეს ფასს ადებდა.
უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ინფორმაციამწირიდან ინფორმაციაუხვ გარემოში გადავინაცვლეთ. „გუგლის” მმართველის, ერიკ შმიდტის თანახმად, დღეს კაცობრიობა ყოველ ორ დღეში ქმნის იმ მოცულობის ინფორმაციას, რომელიც შეიქმნა (დაგროვდა) ცივილიზაციის დასაწყისიდან 2003 წლამდე. ეს დღეში მონაცემთა დაახლოებით 5 ეგზაბაიტია (მათ გასაგონად, ვისაც რიცხვები აინტერესებს).

დღეს ჩვენი ამოცანაა არა ობოლი მცენარის პოვნა უდაბნოში, არამედ საჭირო მცენარის მიგნება ჯუნგლში. დღეს, საჭირო ინფორმაცია რომ მოვიპოვოთ, გვჭირდება დახმარება ინფორმაციის ამ ნაკადში სწორად ნავიგაციისთვის.
ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც ადამიანი ინფორმაციისთვის მიდის. წიგნები საინფორმაციო აისბერგის მხოლოდ წვერია: ისინი იქ არიან და ბიბლიოთეკას შეუძლია, თავისუფლად და კანონიერად მოგაწოდოთ. აღმოჩნდა, რომ დღეს მეტ ბავშვს  გააქვს წიგნი ბიბლიოთეკიდან, ვიდრე ოდესმე – ყოველგვარი წიგნი: ქაღალდისა, ელექტრონული თუ აუდიო.

ბიბლიოთეკა ის ადგილიცაა, სადაც ადამიანს შეუძლია თავისი საქმისთვის მივიდეს – ზოგს არ აქვს კომპიუტერი ან ინტერნეტკავშირი; ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაერთონ ონლაინ რეჟიმში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ამგვარად ეძებ სამსახურს ან ვინმეს სამსახურისა თუ სახელმწიფო დახმარების თაობაზე მიმართავ. ბიბლიოთეკარებს შეუძლიათ, დაეხმარონ ამ ხალხს მსოფლიო საინფორმაციო ნაკადში ნავიგაციისას.

არა მგონია, რომ ყველა წიგნი მოხვდება ან უნდა მოხვდეს კომპიუტერის ეკრანზე: ერთხელ (ელექტრონული წიგნის, ქინდლის, გამოგონებამდე ოცი წლით ადრე) დაგლას ადამსმა მითხრა, რომ ფიზიკური წიგნები ზვიგენებს ჰგვანან. ზვიგენები უძველესი მოდგმაა. ისინი დინოზავრებამდე ბინადრობდნენ ოკეანეში და კითხვაზე, რატომ დარჩნენ ზვიგენები დღემდე ზვიგენებად, პასუხი ასეთია: ზვიგენებს ყველა სხვა საქმეზე უკეთ ზვიგენობა გამოსდით.

წიგნი ფიზიკურად მყარია, ძნელი გასანადგურებელი; ის უძლებს ნესტს, „მუშაობს” მზის შუქზე, მოხერხებული დასაჭერია კითხვისას; წიგნი კარგია წიგნად და მისთვის ადგილი ყოველთვის მოძებნება. ის ბიბლიოთეკას ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკები უკვე იქცა ადგილებად, სადაც მკითხველთათვის ელექტრონული წიგნი, ვებსაიტების შინაარსი, აუდიო- და დვდ-წიგნებიც ხელმისაწვდომია.

ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც ინფორმაცია ინახება და მასზე ყველა მოქალაქეს მიუწვდება ხელი. ეს ინფორმაცია მოიცავს ცოდნას ჯანმრთელობაზე, მათ შორის – სულიერ ჯანმრთელობაზეც. ის სათემო სივრცეც არის. ამასთან, დაცული სივრცე. იგი ამქვეყნიურ სამოთხეს ჰგავს. აქ ბიბლიოთეკარებიც არიან. როგორი იქნება ბიბლიოთეკები მომავალში, წარმოსახვის სფეროდანაა.

წერა-კითხვის ცოდნა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ტექსტის, ელფოსტისა და დაწერილი იფორმაციის სამყაროში ჩვენ გვჭირდება კითხვა და წერა. ჩვენ გვჭირდება გლობალური მოქალაქე, რომელიც იოლად ახერხებს კითხვას, წაკითხულის გაგებას, ნიუანსების აღქმას და სჭირდება, მასაც გაუგონ.

ბიბლიოთეკები მომავლის კარიბჭეებია. სამწუხაროა, რომ მსოფლიოს მრავალ ადგილას ადგილობრივი თვითმმართველობები იყენებენ შესაძლებლობას და, თითქოსდა ფულის ეკონომიის მიზნით, ხურავენ მათ. ამ ხალხს ვერ წარმოუდგენია, რომ პარავს ფულს მომავალს, რათა გადაიხადოს დღეს. ისინი იმ კარებს ხურავენ, რომლებიც ფართოდ უნდა გააღონ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უახლესი ანგარიშის თანახმად, „ინგლისი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ყველაზე უფროს ასაკობრივ ჯგუფს, სხვა ფაქტორების – სქესის, სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლისა და დასაქმების ტიპის გათვალისწინებით, წერა-კითხვასა და ნუმერულ ცოდნაში უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ყველაზე ახალგაზრდას”. სხვაგვარად ეს ასე ჟღერს: ჩვენი შვილები და შვილიშვილები ნაკლებად წიგნიერნი არიან და ციფრებსაც უარესად ფლობენ, ვიდრე ჩვენ. შესაბამისად, მათ უფრო მეტად უჭირთ ამ სამყაროში ნავიგაცია, მისი გაგება და პრობლემების მოგვარება. ისინი შესაძლოა უფრო იოლად მოტყუვდნენ ან შეცდნენ, უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, შეცვალონ სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ, ნაკლები აქვთ დასაქმების შანსი. ყოველივე ამიდან გამომდინარე, ინგლისი შესაძლოა ჩამორჩეს სხვა განვითარებულ ერებს განსწავლული სამუშაო ძალის სიმცირის გამო.

წიგნები ჩვენთვის გარდაცვლილებთან ურთიერთობის საშუალებაა; გზებია, რომლებიც წარსულის გაკვეთილებს გვასწავლის, ხშირად – მათ მიერ დასახული, ვინც დღეს აღარ არის. ასე ააგო კაცობრიობამ დღევანდელი სამყარო, ასე განვითარდა იგი, ასე აქცია ცოდნა მზარდ მოვლენად, რომელსაც უბრალოდ თავიდან კი არ სწავლობენ თაობები, არამედ რომელზეც ახალი და ახალი ცოდნა შენდება. ჩვენ გვაქვს ზღაპრები, რომლებიც უფრო ძველია, ვიდრე ამჟამად არსებულ სახელმწიფოთა უმეტესობა, რომლებმაც უფრო მეტხანს გაძლეს, ვიდრე მათმა მშობლიურმა კულტურებმა ან შენობებმა, სადაც ამ ზღაპრების შინაარსი პირველად გაისმა.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა მომავლის მიმართ. ჩვენი შვილების მიმართ. დიდების მიმართ, რომლებადაც ოდესმე იქცევიან ჩვენი შვილები. სამყაროს მიმართ, რომელშიც მათ უნდა იცხოვრონ. ჩვენ ყველას – მკითხველებს, მწერლებს, მოქალაქეებს – გვაკისრია მოვალეობები და, ვფიქრობ, მე ამ მოვალეობათა შეხსენება მოვახერხე.

მე მჯერა, რომ ჩვენი მოვალეობაა საჯარო თუ პრივატულ გარემოში ჩვენივე სიამოვნებისთვის კითხვა. როდესაც საკუთარი სიამოვნებისა თუ ინტერესისთვის ვკითხულობთ, ამას სხვებიც ხედავენ. კითხვისას ვსწავლობთ, ვავარჯიშებთ წარმოსახვას. ვაჩვენებთ სხვებს, რომ კითხვა კარგი რამაა.

მჯერა, რომ ჩვენივე მოვალეობაა ბიბლიოთეკების მხარდაჭერა, მათი გამოყენება და მათ გამოყენებაში სხვებისათვის ხელის შეწყობა; ჩვენი მოვალეობაა, წინ აღვუდგეთ ბიბლიოთეკების დახურვის პროცესს. თუ არ ვაფასებთ ბიბლიოთეკებს, ეს ნიშნავს, რომ არ ვაფასებთ ინფორმაციას, კულტურასა და სიბრძნეს. ბიბლიოთეკების უგულებელყოფით ჩვენ უგულებელვყოფთ წარსულის ხმებს და ზიანს ვაყენებთ ჩვენს მომავალს.

ჩვენი მოვალეობაა, ხმამაღლა ვუკითხოთ ბავშვებს. ვუკითხოთ ის, რაც მოსწონთ. ამბები, რომელთა კითხვა შესაძლოა უკვე ყელშიც გვქონდეს ამოსული. ვუკითხოთ მათ სხვადასხვა ხმაზე, გავხადოთ კითხვის პროცესი საინტერესო და მაშინაც კი არ მივანებოთ თავი, როცა ბავშვები თავად ისწავლიან კითხვას. გამოვიყენოთ ხმამაღლა კითხვის დრო შვილებთან ურთიერთობისთვის, ვაქციოთ ის მათთან შეკავშირების დროდ, დროდ, როდესაც ჩვენთვის აღარც ტელეფონის ზარი არსებობს და არც გარე სამყაროდან მომდინარე სხვა ხელის შემშლელი ფაქტორები.

ჩვენი მოვალეობაა ენის გამოყენებაც. ჩვენ უნდა ვაიძულოთ თავს და გავიგოთ, რას ნიშნავს თითოეული სიტყვა, როგორ წარმოითქმის, როგორ ვიურთიერთოთ ნათლად და როგორ გამოვთქვათ ნაგულისხმევი. ენის „გაყინვა”არ შეიძლება. არც მისი ბრმა თაყვანისცემა. ენა უნდა განვიხილოთ ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც არსებობს, იზრდება, სესხულობს სიტყვებს, რომლის წიაღშიც დროთა განმავლობაში იცვლება სიტყვათა მნიშვნელობა ან მათი წარმოთქმის წესი. 

ჩვენ, მწერლებს, მეტადრე – საბავშვოს, თუმცა ეს ყველა მწერალს ეხება, გვაკისრია მოვალეობა მკითხველთა წინაშე. ჩვენი მოვალეობაა სიმართლის წერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ზღაპრების თხზვისას; იმ ადამიანებზე ან იმ ადგილებზე წერისას, რომლებიც არ არსებობს; იმის გაგება, რომ სიმართლე ის კი არ არის მხოლოდ, რაც ხდება, არამედ ისიც, რაც გვეუბნება, ვინ ვართ ჩვენ. 

გამონაგონი ტყუილია, რომელიც სიმართლეს ჰყვება. ჩვენ არ უნდა მოვაბეზროთ მკითხველს კითხვა, ჩვენ მას წიგნის მომდევნო გვერდზე გადაშლა უნდა მოვანდომოთ. უხალისო მკითხველისთვის წამალია ისეთი ამბის მოყოლა, რომლის კითხვასაც ის თავს ვერ მიანებებს.

და ვინაიდან ჩვენ მოვალენი ვართ, მკითხველს მართალი ამბები მოვუთხროთ, მივცეთ მას ახალი იარაღი, აღვჭურვოთ ახალი აბჯრით, გადავცეთ სიბრძნე, რომლის მოგროვებაც შევძელით ამ ჩვენი ხანმოკლე არსებობის განმავლობაში, თავი უნდა ვარიდოთ მკითხველისთვის მორალის კითხვას, გადაღეჭილი „ჭეშმარიტებების” პირში ჩადებას, როგორც ფრინველები უდებენ თავიანთ ბარტყებს ღია ნისკარტში გადაღეჭილ მატლებს.
დაბოლოს, ჩვენ მოვალენი ვართ, არასდროს, არც ერთ ვითარებაში, არ დავწეროთ და არ შევთავაზოთ ბავშვებს იმის წაკითხვა, რის წაკითხვასაც ჩვენ თვითონ არ ვისურვებდით.

ჩვენ, საბავშვო მწერლებმა, უნდა გავიაზროთ, რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, რადგან თუ მოსაწყენი ამბები ვწერეთ, ბავშვები დაშორდებიან წიგნს, ეს კი გააუფერულებს ჩვენ და მათ მომავალს.
ჩვენ ყველას – უფროსებსა და ბავშვებს, მწერლებსა და მკითხველებს – ოცნება გვევალება. ჩვენი ვალია, წარმოვიდგინოთ ის, რაც ჯერ არ არსებობს. ადვილი სათქმელია, რომ ვერავინ ვერაფერს შეცვლის, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ უზარმაზარ საზოგადოებაში, რომლის რიცხოვნობასა და მასშტაბთან შედარებით ერთი ადამიანი არაფერია – ქვიშის მარცვალი კედელში, ბრინჯის მარცვალი ყანაში… მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ინდივიდები ცვლიან სამყაროს. ერთი ადამიანი ქმნის მომავალს და ამას იმის წარმოდგენით ახერხებს, რაც სხვაგვარია, განსხვავებულია ან ჯერ არ არსებობს.

მიიხედ-მოიხედეთ, შეხედეთ თქვენ გარშემო არსებულ სამყაროს, გულწრფელად გთხოვთ, ცოტა ხნით შეჩერდით და დაათვალიერეთ ოთახი, რომელშიც იმყოფებით. მე ისეთ რამეებზე გესაუბრებით, რაც ასე აშკარაა და რაც მიგვავიწყდა. ყველაფერი, რასაც გარშემო ხედავთ, კედლების ჩათვლით, ოდესღაც ვიღაცამ წარმოიდგინა. ოდესღაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მიწაზე ჯდომას სკამზე ჯდომა აჯობებდა და სკამი გამოიგონა; ვიღაცამ წარმოიდგინა, რომ შესაძლოა, დღეს მე ლონდონში ამ საკითხებზე მესაუბრა თქვენთან და ეს შეხვედრა ამ ოთახში შემდგარიყო, რათა წვიმაში არ ვმდგარიყავით. ეს ოთახი და მასში არსებული ნივთები, ისევე როგორც ყველა სხვა ნივთი ამ შენობაში, ამ ქალაქში, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა განუწყვეტლივ იგონებდა ახალ-ახალ ნივთებს, ახალ-ახალ საქმეებს, ახალ-ახალ რეალობას. ადამიანი გამუდმებით წარმოიდგენს მომავალს.

ჩვენ მოვალენი ვართ, გავაუმჯობესოთ და გავალამაზოთ ცხოვრება ჩვენ გარშემო. არ შეიძლება, დავტოვოთ ჩვენი სამყარო იმაზე უშნო, ვიდრე იგი ჩვენ მიერ მისი აღმოჩენისას იყო. არ შეიძლება დავაბინძუროთ ოკეანეები და ჩვენ მიერვე შექმნილი პრობლემები მომვალ თაობებს გადავულოცოთ. მოვალენი ვართ, წასვლამდე „გავწმინდოთ” ჩვენი დანატოვარი და არ დავტოვოთ ჩვენი შვილები ჩვენი უჭკუობით, სიხარბითა და ზედაპირულობით დახეიბრებულ სამყაროში.

ჩვენ მოვალენი ვართ, ვუთხრათ პოლიტიკოსებს, რა გვსურს და არ მივცეთ ხმა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, მას, ვისაც არ ესმის კითხვის მნიშვნელობა ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბებისთვის; მას, ვისაც არ სურს ხელის განძრევა ცოდნის შესანახად, დასაცავად და წერა-კითხვის გასავრცელებლად. ეს არ გახლავთ პარტიული პოლიტიკის საკითხი; ეს ზოგადსაკაცობრიო საკითხია.

ერთხელ ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, ჩვენი შვილები გონიერები გავხადოთო. მისი პასუხი ერთსა და იმავე დროს მარტივიც იყო და ბრძნულიც: „თუ გსურთ, თქვენი შვილი ჭკვიანი გამოვიდეს, – თქვა მან, – უკითხეთ ზღაპრები. თუ გსურთ, უფრო ჭკვიანი იყოს, უკითხეთ უფრო მეტი ზღაპარი”.

აინშტაინმა კარგად იცოდა კითხვისა და წარმოსახვის ფასი. იმედი მაქვს, შევძლებთ შევუქმნათ ჩვენს შვილებს ისეთი სამყარო, სადაც მათ შეეძლებათ კითხვა, სადაც მათ წაუკითხავენ, სადაც ისინი იოცნებებენ და სიახლეს გაიგებენ.
ეს გახლავთ ნილ გეიმანის ლექციის რედაქტირებული ვერსია, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში „რიდინგის სააგენტოში” წაიკითხა. „რიდინგის სააგენტო” ყოველწლიურად მართავს ლექციების კურსს, რომელზეც წამყვანი მწერლები და მოაზროვნეები მსმენელს უზიარებენ თავიათ ორიგინალურ იდეებს კითხვასა და ბიბლიოთეკებზე.



[1]

ერიკ ემერსონ შმიდტი (Eric Emerson Schmidt)
– კომპანია “გუგლის” აღმასრულებელი დირექტორი.



[2]

ეგზაბაიტი (Exabyte, EB) – 1 EB =1018bytes = 1 მილიარდ გიგაბაიტს



[3]

დაგლას
ადამსი (
Douglas
Adams, 1952-2011) –
ბრიტანელი ავტორი. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ბრიტანული
ბესტსელერი. მათ შორის, “ბი-ბი-სის” რადიო-კომედური შოუთი დაწყებული და შემდეგ 5 წიგნად
დაწერილი სათასვგადასავლო ფანტასტიკური რომანი, The Hitchhiker's Guide to the
Galaxy

თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

მოსწავლეთა მზაობის დიაგნოსტიკის მეთოდები

0
ახალი სასწავლო მასალის შესწავლისთვის მოსწავლეთა მზაობის შესახებ გაკეთებული დიაგნოზი მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის შემდგომი ეტაპის წარმართვის გზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველია. ამ შემთხვევაში, ცხადია, დიაგნოზის ცნება სამედიცინო თვალსაზრისით არ განიხილება; არც ფსიქოლოგის მიერ ბავშვის სასწავლო შესაძლებლობების (სპეციალური საჭიროებებისაა მოსწავლე თუ არა) დადგენაზეა საუბარი.

დიაგნოზი სწავლება/სწავლის თვალსაზრისით მხოლოდ იმას ნიშნავს, თუ მასწავლებლის მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების შესაბამისად, რამდენადაა დაოსტატებული მოსწავლე წინარე ცოდნასა და უნარ-ჩვევებში ან/და რა წარმოდგენები აქვს მას ახალი სასწავლო მასალის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს მცდარი წარმოდგენები აქვს, ან გარკვეული ხარვეზები აქვს ახალი მასალის ათვისებისთვის აუცილებელ წინარე ცოდნასა თუ გამოცდილებაში, იგი ერთგვარი “რისკის ჯგუფის” წევრი ხდება. ასეთ მოსწავლეებს, დიდი ალბათობით, პრობლემები შეექმნებათ მომდევნო საკითხების შესწავლისას. ბუნებრივია, წინასწარ, ახალი მასალის მიწოდებამდე, მოსწავლეთა სავარაუდო პრობლემების ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს პრევენციული ზომები, ჩაატაროს დამატებითი სამუშაო “რისკის ჯგუფის” მოსწავლეებთან და გაითვალისწინოს კლასში მოსწავლეთა არათანაბარი მზაობა, გაკვეთილების მსვლელობისას დიფერენცირებულად მიუდგეს განსხვავებული მზაობის მოსწავლეებს.

ამგვარი დიაგნოზის დასმისთვის გამიზნული შეფასება გარკვეული ტექნოლოგიური მახასიათებლებითაა აღჭურვილი. იმისთვის, რომ მოძიებული იქნას დიაგნოზის დასმისთვის საჭირო მონაცემები, ანუ დიაგნოსტიკური ინფორმაცია, ძირითადად გამოიყენება ორი ტიპის მიდგომა დიაგნოსტიკურ შეფასებაში: მოსწავლის პასუხების ანალიზი და კოგნიტიური დიაგნოსტიკური შეფასება.

მოსწავლეთა პასუხების ანალიზი დაფუძნებულია მოსწავლეთათვის სპეციალურად შერჩეული დავალებების შესრულებისას გაცემულ პასუხებზე და იძლევა ინფორმაციას მათი ამჟამინდელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესახებ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს მოსწავლეებთან საკორექციო მუშაობის ჩასატარებლად სწავლება/სწავლის თანმდევი გაუგებრობების აღმოფხვრის მიზნით. თუმცა მასწავლებელს შეზღუდული ინფორმაცია ექნება მოსწავლეების სააზროვნო პროცესების შესახებ და გაუჭირდება, გაარკვიოს მათი შეცდომების მიზეზები.

ამის საპირისპიროდ, კოგნიტიურ დიაგნოსტიკურ შეფასებას აქვს იმის პოტენციალი, რომ მოამარაგოს მასწავლებელი კონკრეტული მოსწავლის შემეცნებითი პროცესების მახასიათებელი მტკიცებულებებით. ამ ინფორმაციამ შესაძლებელია სტრუქტურული სახე მიიღოს პასუხებში აღმოჩენილი კანონზომიერებების სტატისტიკური მოდელირებისა და შემეცნების ფსიქოლოგიური თეორიების გამოყენებით.

მოწესრიგებული სასწავლო პროცესის შემთხვევაში, რომელიც მოსწავლეთა შეფასების შედეგების გათვალისწინებით წარიმართება, მოსწავლეებს სამჯერ მაინც – ადრე შემოდგომაზე, ზამთარში და გვიან გაზაფხულზე – უნდა ჩაუტარდეთ სპეციალური შეფასება, რათა გაირკვეს “რისკის ჯგუფების” შემადგენლობა ამა თუ იმ ასათვისებელ მასალასთან დაკავშირებით და წარმატების გზაზე შემდგარი მოსწავლეების ვინაობა.
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც დიდი ალბათობით ელით წარუმატებლობა, უნდა ჩაუტარდეთ დიაგნოსტიკური შეფასება, რათა დაზუსტდეს საკვანძო კომპეტენციების დეფიციტი, რაც განაპირობებს მათ მომავალ წარუმატებლობას _ სასწავლო გეგმის შეუსრულებლობას, სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიუღწევლობას და სხვა.

სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების შესაძლებლობებს. კერძოდ, მოსწავლეთა პასუხების ანალიზი სულაც არ ნიშნავს მხოლოდ ქულების დარიცხვის დიქოტომიური სქემის (სწორი/არასწორი) გამოყენებას. იგი მოიცავს უნარ-ჩვევების ფლობის ანალიზსა და შეცდომების ანალიზს.
უნარ-ჩვევების ფლობის ანალიზში ყურადღება გამახვილებულია მოსწავლის ძლიერ მხარეებზე და სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარების დონეზე. უნარ-ჩვევების ფლობის ანალიზი იძლევა მოსწავლის უნარიანობის პროფილს საკითხების მოცემულ არეში. შესაბამისად, ამ მეთოდის ეფექტიანი გამოყენებისთვის აუცილებელია, რომ გამოკითხვის ინსტრუმენტში (ტესტში, კითხვარში, აქტივობათა პაკეტში) საკმარისად იყოს წარმოდგენილი საკითხთა მოცემულ არეში გამოყენებადი უნარ-ჩვევები. პრობლემურია აგრეთვე მთლიანი სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ ინსტრუმენტში სამიზნე საკითხთა რეპრეზენტაციულობის საკითხიც – საკმარისი მაცულობითა და სიღრმითაა მოცემული საკითხი წარმოჩენილი გამოკითხვისას თუ არა. მიუხედავად ამისა, უნარ-ჩვევათა ფლობის ანალიზის შედეგები წარმატებით გამოიყენება მიმოხილვითი აქტივობების დიზაინისთვის მასალის გამეორება-განმტკიცების ეტაპზე.

შეცდომების ანალიზში ყურადღება გამახვილებულია მოსწავლის სუსტ მხარეებზე, რაც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, მოახდინოს მოსწავლის შეცდომების კლასიფიკაცია. მაგალითად, გამოთვლებთან დაკავშირებული შეცდომები მათემატიკაში შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად: ა) მათემატიკური პრობლემის გადაჭრისთვის მცდარი მოქმედების შერჩევა, ბ) მცდარი ანგარიში და გ) ნაკლოვანი ალგორითმის შესრულება (მაგალითად, ალგორითმის ბიჯის ამოგდება, ჩანაცვლება ან ბიჯების გადანაცვლება).

მნიშვნელოვანია მოსწავლის გაუგებრობებში კანონზომიერების პოვნა. კერძოდ, უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, მოსწავლის შემთხვევითი, უყურადღებობით გამოწვეული უზუსტობები ცოდნის პრეზენტაციასა და განხორციელებულ პროცედურებში, რომლებიც არაა გამოწვეული მოცემული საკითხისთვის არსებითი გაუგებრობებით და, მეორე მხრივ, მოსწავლის გონებაში ღრმად გამჯდარი და სტაბილურ შეცდომებში წარმოჩენილი არსებითი გაუგებრობები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მოსწავლის დემონსტრირებულ შესაძლებლობებზე. შეცდომების ანალიზის შედეგები წარმატებით გამოიყენება მასწავლებლების მიერ საკითხის ხელახლა სწავლებისთვის გამიზნული აქტივობების დიზაინისთვის.

ზემოთ განხილულ ორივე მიდგომაში შეისწავლება მოსწავლის პასუხები სპეციალურად შერჩეულ ამოცანებზე, რომელთაგან თითოეული ძირითადად ერთი უნარ-ჩვევის გაზომვისთვისაა შექმნილი. ეს ამოცანები შესაძლოა წარმოადგენდეს საშინაო დავალებას, საკლასო სამუშაოს (მაგალითად, მოკლე ქვიზს) ან სტანდარტიზებულ ტესტს.
დიაგნოსტიკის სიზუსტის თვალსაზრისით, ორივე მიდგომის გამოყენება ჯერ კიდევ ხარვეზიანია, რასაც საკვლევი უნარ-ჩვევების შემადგენელი ატრიბუტების ერთმანეთისაგან გამიჯვნის სირთულე იწვევს. სწავლის თეორიული, ერთგანზომილებიანი კოგნიტიური მოდელი, რომლის თანახმად ერთი უნარ-ჩვევის გაზომვა შეიძლება მოხდეს სხვებისგან დამოუკიდებლად, პრაქტიკულად, გამოუსადეგარია. სინამდვილეში ეს უნარები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ ვითარდება, მოსწავლის მიერ საკითხის შესწავლის კოგნიტიური მოდელი მრავალგანზომილებიანია კოგნიტიური ატრიბუტების შემადგენლობისა და მათ შორის კავშირების თვალსაზრისით. ეს განაპირობებს იმას, რომ შეცდომების გამომწვევი მიზეზების დადგენა ცალსახად ვერ მოხდება, რადგან ბუნდოვანია, დაფიქსირებული შეცდომა ზუსტად რომელი ატრიბუტებისა და კავშირების განუვითარებლობითაა გამოწვეული.

კოგნიტიური დიაგნოსტიკური შეფასება საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს ყველა მოსწავლის სასწავლო პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდა. კოგნიტიური დიაგოსტიკა მოითხოვს იმ კოგნიტიური ატრიბუტების წინასწარ გარკვევას, რომლებიც ერთმანეთთან კომბინაციაში ქმნიან საფუძველს მოსწავლის სასწავლო მოქმედებისთვის საკითხთა მოცემულ არეში. კოგნიტიური ატრიბუტები ასათვისებელ საკითხთან დაკავშირებული ის წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევებია, რომლებიც საჭიროა დასახული სასწავლო მიზნების მიღწევისთვის; კოგნიტიური მოდელი კი ის “არქიტექტურაა”, რომელიც აწესრიგებს სწავლის პროცესში მონაწილე ატრიბუტებს.

როგორც კი განისაზღვრება ატრიბუტების სტრუქტურა კოგნიტიური მოდელისთვის, მაშინვე გაცხადდება მათი კომბინაციებიც. მაგალითად, ტესტის ყოველი შეკითხვისთვის შედგენილი ასეთი ატრიბუტების კომბინაცია საშუალებას იძლევა, მთელი ტესტის მასშტაბით შედგეს ცხრილი, სადაც აისახება შეკითხვებთან დაკავშირებული ატრიბუტების მრავალფეროვნება. ის ფაქტი, რომ მოსწავლემ სწორად უპასუხა შეკითხვას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე შესაბამის ატრიბუტებს ფლობს. ცხრილის შეჯერება მოსწავლის პასუხებით გამოკვეთილ კანონზომიერებასთან მასწავლებელს უზუნველყოფს ერთგვარი რუკით: რომელ ატრიბუტებს ფლობს მოსწავლე და რომლებს – არა. ეს კლასიფიკაცია შემდგომში წაადგება მასწავლებელს მოსწავლეებისთვის დამხმარე დამატებითი სასწავლო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

სწორედ შეკითხვა-ატრიბუტის წარმოდგენა განსაზღვრავს უმთავრეს განსხვავებას კოგნიტიურ დიაგნოსტიკურ შეფასებასა და მოსწავლის პასუხების ანალიზის მიდგომას შორის. პასუხების ანალიზში თითოეული შეკითხვა ერთი უნარ-ჩვევის გაზომვაზეა ორიენტირებული, მაშინ, როდესაც კოგნიტიური დიაგნოსტიკური შეფასების შემთხვევაში იზომება კოგნიტიური მოდელის საშუალებით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებული ატრიბუტების მთელი წყება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამორიცხულია შეფასების შედეგების მარტივი თავის მოყრა დიაგნოზში ისე, როგორც ეს ხდება პასუხების ანალიზის მეთოდში. კოგნიტიური დიაგნოსტიკური შეფასება წარმოაჩენს მრავალგანზომილებიან პრობლემას, სადაც ატრიბუტებს შორის დამაკავშირებელი ან გამთიშველი ასოციაციები გავლენას ახდენს მოსწავლის მიერ სწორი პასუხის გაცემაზე და ამის მომდევნო დიაგნოსტიკურ კლასიფიკაციაზე.

ქვემოთ, ცხრილში მოყვანილია სხვადასხვა ტიპის დიაგნოსტიკური შეფასების მაგალითები, მათი დანიშნულება და ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშანი.

შესაძლებელია დიაგნოსტიკური შეფასების განსხვავებული მიდგომების სინთეზის გამოყენებაც. ზოგჯერ რამდენიმე მიდგომას ერთდროულად იყენებენ და ხდება ე.წ. შერეული მოდელების განვითარების მცდელობა. მაგალითად, კოგნიტიური ფსიქოლოგიის პრინციპების შეჯერებას პასუხების ანალიზის მიდგომასთან შედეგად მოჰყვება ისეთი ინსტრუმენტის (კერძოდ, არჩევითპასუხებიანი ტესტის) შედგენა, რომელშიც დისტრაქტორების როლში გვევლინება მოსწავლეთა ტიპური შეცდომები საკითხთა მოცემულ არეში. დისტრაქტორების ანალიზი საშუალებას იძლევა, დაფიქსირდეს ტესტის ფარგლებში არსებული გაუგებრობები. იმავე ტესტში დანარჩენი შეკითხვები შესაძლებელია ასახავდეს მნიშვნელოვან, სწავლებისთვის რელევანტურ შეცდომებს. ამგვარმა მიდგომამ განსაკუთრებით მაღალი პოტენციალი წარმოაჩინა მათემატიკის სწავლებაში.

ვასწავლოთ აკადემიური წერა

0

აკადემიური წერა
ტრანსფერული უნარია, რომელიც განათლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია აკადემიური
მიღწევების უზრუნველსაყოფად, ხოლო შემდგომში _ პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის.
აკადემიური წერის საჭიროებას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხვდებით ბანკებთან, სადაზღვევო
კომპანიებთან, ტურისტულ კომპანიებთან თუ სასტუმროებთან ურთიერთობისას. სკოლებსა და
უნივერსიტეტებში აკადემიური წერის მეშვეობით ცოდნის დემონსტრირება, დამოუკიდებელი აზროვნების,
ანალიზის, კვლევისა და სწავლის უნარების განვითარება ხდება.

აკადემიური წერის
სწავლებაში სხვადასხვა მიდგომაა გავრცელებული. ამ წერილში წარმოდგენილი მიდგომები სან
ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორის, ლინგვისტ მეი შიის ნამუშევარს ეფუძნება. მეი
შიი ჟურნალ
TESOL Quarterly-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აკადემიური წერის სწავლების
ოთხ მიდგომას განიხილავს:


·        

ფორმატზე ორიენტირებული სწავლება – სწავლების ამ მიდგომის ფარგლებში მთავარი ყურადღება
ნაწერის სტრუქტურას ეთმობა. მოსწავლე ეცნობა ცალკეულ სტრუქტურულ ფორმატს და ნაწერის
აგების ჩარჩოს, რომელსაც შემდეგ ნამუშევარს მოარგებს. ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისას
მოსწავლე სხვადასხვა მოდელს ეცნობა: შეპირისპირებით ანალიზს, მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს,
დადებითი და უარყოფითი მხარეების აღწერას, ინდუქციურ და დედუქციურ ანალიზს. აღსანიშნავია,
რომ სხვადასხვა კულტურაში აღნიშნული მოდელები შეიძლება განსხვავდებოდეს. მოდელების
ფორმატში განსხვავებები გვხვდება სასწავლო დისციპლინის მიხედვითაც. მაგალითად, დასავლეთის
ქვეყნებში ესეის წერის დედუქციური მოდელია გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთში _ ინდუქციური.  


·        

ფუნქციაზე ორიენტირებული
სწავლება
_ სწავლების ამ მიდგომის ფარგლებში, პირველ რიგში, განისაზღვრება წერის
მიზანი, შინაარსი და სამიზნე აუდიტორია, რაც შემდგომ განსაზღვრავს ნაწერის სტრუქტურას.
ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისგან განსხვავებით, ფუნქციაზე ორიენტირებული სწავლებისას
წერითი დავალების მიცემის დროს მოსწავლეებს ვაცნობთ კონკრეტულ მიზანს და კონტექსტს,
ხოლო შემდეგ მოსწავლე თავად განსაზღვრავს, რა ფორმატში დაამუშავებს ნაწერს. თუ გვსურს,
რომ მოსწავლემ წარმოადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები რომელიმე ნაწარმოებში, მას
ვაძლევთ კონტექსტს და ვავალებთ ანალიზსა და განზოგადებას. მაგალითად, დავალება შეიძლება
ასე ჩამოყალიბდეს: “ოთარაანთ ქვრივში” სოციალურ სტატუსში სხვაობა გიორგის უბედურების
ერთ-ერთი მიზეზი იყო. კიდევ რა პრობლემებია წარმოდგენილი აღნიშნულ ნაწარმოებში?” ასეთი
მიდგომა, განსხვავებით ფორმატზე დაფუძნებული წერის სწავლებისაგან, მოსწავლეების მოტივირებას
ახდენს კონკეტული კონტექსტის საფუძველზე მსჯელობის წახალისებით. ზოგჯერ შესაძლოა დავალებაში
მოცემული კონტექსტი მოსწავლისთვის უცხო იყოს. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეს უნდა მიაწოდოთ
დამატებითი ინფორმაცია, მონაცემები და ფაქტები ანალიზისა და დასკვნის გაკეთების ხელშესაწყობად. 


·        

პროცესზე ორიენტირებული სწავლება – ამ მიდგომის ფარგლებში მთავარი აქცენტი წერის პროცესსა
და წერის ეტაპებზე კეთდება. იგულისხმება წერის მოსამზადებელი ეტაპი (ინფორმაციის შეგროვება,
მოძიება, ჩანაწერების გაკეთება, მასალის ორგანიზება), ნაწერის სამუშაო ვერსიის შექმნა
(იდეების დაწყობა თანმიმდევრულად), ხელმეორედ გადაწერა (ცვლილებების შეტანა, რედაქტირება,
კორექტირება). იმისათვის, რომ ძირითადი ყურადღება წერის პროცესს დაეთმოს, ამ მიდგომის
ფარგლებში წერითი დავალებები პირად გამოცდილებაზე და მოსწავლეებისთვის კარგად ნაცნობ
თემებზეა აგებული. წერის პროცესში გარკვეული პრაქტიკის მიღების შემდეგ დავალებებში
ახალი და უცნობი საკითხები შემოდის.  


·        

სასწავლო დისციპლინაზე ორიენტირებული სწავლება – მთავარი აქცენტი კეთდება წყაროების სწორად და ეფექტურად
გამოყენებაზე (წყაროდ გამოიყენება საკითხავი მასალა, ლექციები, დისკუსიები და ა.შ.),
ინფორმაციის სინთეზსა და ინტერპრეტაციაზე. წერა დაკავშირებულია დისციპლინის შესწავლასთან
და მიზნად ისახავს მოსწავლეების აზროვნების წახალისებას, დისციპლინის ათვისების ხელშეწყობას.
სასწავლო დისციპლინაზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში ხშირად ვხვდებით ისეთ დავალებებს,
როგორიცაა ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ანალიზი, კრიტიკა, სინთეზი.

საშუალო განათლების
საფეხურზე შემდეგი სახის წერითი დავალებებია ყველაზე გავრცელებული: წერილები, ტექსტის
შინაარსის გადმოცემა, ტექსტის ანალიზი, მოხსენება, ანგარიში (ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებში – ექსპერიმენტის ანგარიში), ესეი, ლიტერატურული ანალიზი, თავისუფალი
წერა. მიუხედავად იმისა, თუ ზემოთ აღწერილი სწავლების მიდგომებიდან რომელ მოდელს ვიყენებთ,
გარკვეული წერითი უნარები დავალებების ბევრ ტიპზე ვრცელდება. ამ წერილში წერითი დავალების
ორ მაგალითს განვიხილავთ – ესეის და ანგარიშს.

ესეიზე მუშაობისას,
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა. აკადემიური წერის ფუნქციური
სწავლების მოდელის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა,
რადგან სწორედ მოცემული კონტექსტი განსაზღვრავს დავალების არსს. გაშიფვრის შემდეგ ხორციელდება
პირველადი კვლევა, რომელშიც ერთიანდება გაკვეთილებზე გაკეთებული ჩანაწერების ანალიზი
და მათი გამოყენებით ინფორმაციის გახსენება, საკითხავი მასალის და წყაროების კრიტიკული
კითხვა და პირველადი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება. მაგალითად, პირველადი კვლევისა და ჩანაწერების
ანალიზის შემდეგ მოსწავლემ შესაძლოა ჩამოაყალიბოს ასეთი ჰიპოთეზები: “თუ სინათლის ტალღის
სიგრძე გავლენას ახდენს ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე, მაშინ სხვადასხვა ფერის სინათლე
მცენარის მიერ სხვადასხვა მოცულობის ჟანგბადის წარმოქმნას განაპირობებს”, ან “თუ ტემპერატურა
გავლენას ახდენს ცხოველის მეტაბოლიზმზე, ატმოსფერული ტემპერატურის გაზრდა ცხოველში
უფრო ინტენსიურ მეტაბოლიზმს გამოიწვევს”.

ჰიპოთეზის ჩამოყალიბების
შემდეგ მოსწავლეს მოეთხოვება დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, სინთეზი,
ინტერპრეტაცია და დავალების მიზნების შესაბამისად გამოყენება. მოსწავლემ ასევე უნდა
შეძლოს ახალი ცნებების შედარება და პირად გამოცდილებასთან მათი დაკავშირება. ასევე
მნიშვნელოვანია მსჯელობის, ანალიზის შედეგების განზოგადების და დასკვნის გამოტანის
უნარი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად.

ენობრივი თვალსაზრისით, წერილში წარმოდგენილ ორივე ტიპის დავალებაზე ერთი და
იგივე სტანდარტები ვრცელდება. ამდენად რედაქტირების ფუნქციას წერილის ბოლოს განვიხილავთ.

ანგარიშის ტიპის წერითი დავალება მოსწავლეებს
ყველაზე ხშირად კოლაბორაციული და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში შესრულებული
დავალებების შემდეგ უწევთ.

ანგარიშზე მუშაობისას მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, თუ რა არის ანგარიშის მიზანი,
მოახდინოს მონაცემების სინთეზი, პრობლემის განსაზღვრა, სიტუაციის ანალიზი, შედეგების
წარმოდგენა და სხვა. ანგარიშის ტიპური სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება:


·        

ანგარიშის
მოკლე რეზიუმე
იწერება თხრობითი სტილით
ან წარმოადგენს ანგარიშის ქვეთავების ჩამონათვალს.


·        

ანგარიშის
მიზანი და ამოცანები,
უმეტესად, იმეორებს მოსწავლის
დავალების არსს.
პრობლემის
ან სიტუაციის აღწერა
კი წარმოადგენს კონტექსტურ
ინფორმაციას და გვიხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემის/სიტუაციის
კვლევა.


·        

კვლევის
ან პროექტის მასშტაბი
გვაწვდის ინფორმაციას,
თუ რა რესურსი და დრო დასჭირდა ანგარიშში აღწერილი პროექტის ან კვლევის განხორციელებას,
რამდენმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, სამუშაო ერთობლივად განხორციელდა თუ ინდივიდუალურად.


·        

ლიტერატურის
ანალიზი
მიმოიხილავს ანგარიშში წარმოდგენილი
პრობლემის ან სიტუაციის შესახებ არსებულ თეორიებს, ლიტერატურას, არსებულ მონაცემებს.


·        

კვლევის
ან პროექტის ფარგლებში გამოყენებული მეთოდები
აღწერს კვლევის, ინდივიდუალური თუ კოლაბორაციული მუშაობის და ანალიზის მეთოდებს.


·        

აღმოჩენები,
შედეგები ან ფაქტები
– მათი ფორმულირება განისაზღვრება
სასწავლო დისციპლინის მიხედვით. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აღმოჩენები
ექსპერიმენტის შედეგად იკვეთება, ისტორიაში შეიძლება ფაქტის კონსტატაციის სახით წარმოგვიდგეს,
ლიტერატურაში ავტორის იდეები ახლებურად შეიძლება წარმოვაჩინოთ და ა.შ.


·        

ანალიზი – აღნიშნული ნაწილი, ესეის მსგავსად, წარმოადგენს მსჯელობას
იმის შესახებ, თუ როგორ მივედით გარკვეულ აღმოჩენამდე ან შედეგამდე, და ახალ ფაქტებს/გარემოებებს
როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება გავუკეთოთ.


·        

დასკვნები
და რეკომენდაციები
მკაფიოდ და გასაგებად უნდა
იყოს ფორმულირებული, ერთი დასკვნა/რეკომენდაცია _ ერთი წინადადების სახით.


·        

დანართები – იგულისხმება დამატებითი საჭირო ინფორმაცია. 

ორი ტიპის დავალებებს შორის განსხვავებების
ნათლად დასანახად, ცხრილში წარმოდგენილია ესეისა და ანგარიშის განმასხვავებელი ნიშნები.

ანგარიში

ესეი

წარმოადგენს ინფორმაციას.

წარმოადგენს არგუმენტს.

იკითხება “სწრაფი კითხვის” მეთოდით.

იკითხება სიღრმისეულად.

გამოიყენება დანომრილი დასათაურებები
და ქვეთავები.

ქვეთავების და
დასათაურებების  რაოდენობა მინიმალურია.

არ სჭირდება
ბიბლიოგრაფია.

ყოველთვის სჭირდება
ბიბლიოგრაფია (თავისუფალი ესეის გარდა).

გამოიყენება
მოკლე და ლაკონური პარაგრაფები, ჩამონათვალები.

იწერება თხრობითი
სტილით, გაბმული პარაგრაფებით.

გამოიყენება
ცხრილები და გრაფიკული გამოსახულებები.

გრაფიკული გამოსახულებები
იშვიათად გამოიყენება.

სჭირდება მოკლე
რეზიუმე დასაწყისში.

მოკლე რეზიუმე
იწერება მხოლოდ მაშინ, როცა ესეი დიდი მოცულობისაა.

შეიცავს რეკომენდაციებს.

შეიცავს დასკვნებს.

შეიძლება ჰქონდეს
დანართები.

არ აქვს დანართები.

ენობრივი თვალსაზრისით, მოსწავლემ
სწორი ლექსიკური, ორთოგრაფიული, მორფოლოგიური და სტილისტური ფორმების შერჩევა
უნდა შეძლოს აზრის
გადმოსაცემად.

ნაწერის სამუშაო ვერსიის დასრულების შემდეგ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნამუშევრის
რედაქტირებას და კორექტურას. ნამუშევრის რედაქტირება მნიშვნელოვნად ზრდის ნაწერის ხარისხს.
უმჯობესია, ის პირველადი ვერსიის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაკეთდეს. თუ ნაწერის
შინაარსობრივი ასპექტით მოსწავლე კმაყოფილია და დამატებითი ინფორმაციის მოძიება საჭირო
არ არის, მან კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ნამუშევარს და შეამოწმოს:


·        

გასცა თუ არა პასუხი დავალებას/შეკითხვას;


·        

რამდენად დაბალანსებულია მისი არგუმენტები, დასკვნები და რეკომენდაციები (ანგარიშის
შემთხვევაში);


·        

წარმოდგენილი აქვს თუ არა საჭირო/სათანადო მტკიცებულებები ან ფაქტების ანალიზი;


·        

სტრუქტურულად არის თუ არა გამართული ნაწერი; ესეის შემთხვევაში, აქვს თუ არა
მას შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა;


·        

თითოეულ პარაგრაფში წარმოდგენილია თუ არა მთავარი აზრი, რომელიც უკავშირდება
დავალებას ან შეკითხვას;


·        

არის თუ არა პარაგრაფები ლოგიკურად დაწყობილი;


·        

რამდენად ეფექტურია წინადადებების წყობა; გამოხატავს თუ არა სათქმელს ზუსტად;


·        

მითითებულია თუ არა ციტატების და პარაფრაზირებული ტექსტის წყაროები (ანგარიშის
შემთხვევაში _ დანართების წყაროები);


·        

დაცულია თუ არა ორთოგრაფიის
წესები.

საბოლოო ეტაპზე მოსწავლემ კიდევ ერთხელ
უნდა გადაიკითხოს ნაწერი. უმჯობესია, თუ მას ხმამაღლა წაიკითხავს. მასწავლებლის რჩევები
მან ახალ წერით დავალებაზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს.  

მისი უდიდებულესობა – ყავა

0
დედას ყოველი კვირის ბოლოს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში  მივყავდი სპეკტაკლზე. თქვენ ხომ არ იცით რა ბედნიერი ვიაყავი. ეს ბედნიერების მწვერვალი იყო. ოღონდ მთელი კვირა კარგად უნდა მოვქცეულიყავი,  მებეჯითა, ტელევიზორისთვის ზედმეტად არ მეყურებინა და მოკლედ კარგი ბავშვი  ვყოფილიყავი. ამ ყველაფერს ისედაც ვაკეთებდი, მაგრამ  კვირის ბოლოს ორი სპექტაკლის ყურება ძალიან დიდი დამატებითი სტიმული იყო.

ერთ საღამოს ერთ მოქმედებიანი სპექტაკლი „ვეფხვი” შედარებით ადრე დასრულდა და დედამ იქვე მეგობართან  სტუმრობა გადაწყვიტა. ეს მეგობარი დიდი ხანია მისვლას ისედაც სთხოვდა და თქვა, ზუსტად შესაფერისი დროაო.  სახელდახელო სუფრა გაგვიშალეს და ბოლოს ძალიან ლამაზად გაფორმებულ  ნამცხვრის ნაჭრებს ცხელი ქაფქაფა ყავა შემოაყოლეს.

ისეთი მათრობელა სურნელი და  კარგი შესახედაობა ჰქონდა, რომ თვალები ზედ დამრჩა და მასპინძელმა დედას სთხოვა, მოდი რა ერთ ჭიქას ქეთისაც მოვუდუღებო. იმ ხანად სქელი გრძელი ნაწნავი და „შჩოლკა” მქონდა. თუმცა, ამ უკანასკნელს დღემდე ვატარებ, ასეთი დავბადებულვარ „შჩოლკიანი”. ნაწნავი კი მოვიჭერი, რასაც ძალიან ვნანობ, მაგრამ კარგი დროსია. მოკლედ, ნაწნავი წინ გადმოვიგდე და ძალიან საწყალი სახით შევაჩერდი დედას. იმანაც ხელი  ჩაიქნია, კარგი დალიოს ერთი ჭიქაო. ეს ჩემთვის პირველი ფინჯანი ყავა იყო და მას შემდეგ დაიწყო… 

ერთხელ კვლავ სტუმრად ვიყავით, ოღონდ სხვა ოჯახში. მასპინძელი ძალიან მხიარული და ხუმარა ქალი იყო და თან ზოგჯერ ყავაში მარჩიელობითაც ირთობდა თავს. ყავა მომართვა და მითხრა, ასე და ასე ამოაბრუნე და ვნახოთ, შიგნით რა დაიხატებაო. ბავშვის გაბრიყვებას კიდევ რაღა უნდოდა და მეც საგულდაგულოდ შევასრულე მისი მითითება. კლასში ერთი აბეზარი ბიჭი მყავდა გადაკიდებული. ზუსტად ჩემს უკან იჯდა და  ჩემს ნაწნავს ძალიან ემტერებოდა. ზოგჯერ მეც პასუხს ვუბრუნებდი. ერთხელ ყურშიც კი ვწვდი და მთელი ძალით ჩემსკენ მოვქაჩე. ნირიც კი არ შეიცვალა, აწითლებული სახით შემცქეროდა. ისევ მე დავიხიე უკან, რადგან აშკარად გავიგონე  მისი ყურის ფხრიწინის ხმა  და ვიფიქრე, არ ავახიო და შარში არ გავეხვე თქო. ამ ხულიგან ბიჭს დედამაც არა ერთხელ მისცა შენიშვნა და თურმე თავის მეგობართანაც დაუჩივლია. ჰოდა, როდესაც დედას მეგობარმა ჩემს მიერ დალეულ ყავის ჭიქაში ჩაიხედა, არც მეტი არც ნაკლები, ეს ჩემი კლასელი ბიჭი „დახვდა” შიგ. მახსოვს, როგორ გამაბზრიალა, ვიფიქრე, რა მეშველება, ჭიქაშიც ეს ზის თქო. ყავის ძლიერება კი ვირწმუნე, თან უგემრიელესი იყო და თურმე „რამხელა ინფორმაციას იტევდა”.

ახლა  დღეში სამ ჭიქას ვსვამ და ისიც იმიტომ, რომ მეტის უფლებას თავს არ ვაძლევ. რაღაცნაირი რიტუალივით არის. თან გსიამოვნებს, თან თითქოს გამხნევებს და თან თავს იმშვიდებ, აბა რა არის დღეში სამი ჭიქა? არაფერი, სრულიად არაფერი. ამ ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და ბალზაკის დღიურ  ოცდაცამეტ ჭიქასთან შედარებით, მერწმუნეთ, მართლაც არაფერია. 

ერთი ლეგენდის თანახმად ყავის ისტორია შეიხ ომარიდან იწყება. თავისი დროის ერთ-ერთი პატივცემული  ექიმი ყოფილა. ახალ-ახალ წამლებს იგონებდა. ერთხელაც მისი ყურადღება ყავის მწარე გემოს ნაყოფმა მიიქცია. ხალხს თავის ტკივილის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უკეთ მუშაობისთვის უნიშნავდა. თვითონაც მიირთმევდა თურმე, ოღონდ სამკურნალოდ კი არა, სიამოვნებისთვის. ამბავი სასწაული სასმელის შესახებ ნელა, მაგრამ მაინც გავრცელდა. წარმოიდგინეთ,  მაშინ ფეისბუქის მსგავსი სოციალური ქსელი რომ ყოფილიყო, შეიხი ომარი  ერთ სტატუსს დადებდა და მორჩა ყველას ყველაფერი ეცოდინებოდა. მთელი ორი საუკუნის განმავლობაში ყავა მხოლოდ არაბეთში ხარობდა და სხვა ქვეყნებში  კარგად გამშრალი და მოხალული მარცვალი გაჰქონდათ. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, სხვაგან ყავის მარცვალს არ უნდა ეხარა. თუმცა, მოუხერხებელი არაფერია და ყავის პლანტაციები ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ შრი-ლანკასა და ინდონეზიაში გამოჩნდა.

რაც მე შეიხზე  მოვყევი, ეს ლეგენდაა. ასეთი ლეგენდები მრავლადაა და რომელია მართალი,  არავინ იცის. უბრალოდ, მე ეს ვერსია მომეწონა და ამიტომაც, სწორედ მასზე გიამბეთ. 

ევროპაში ყავის ტრიუმფი მეჩვიდმეტე საუკუნიდან იწყება. ამ ტრიუმფმა ღრმად  ჩააფიქრა ლუდის მხარშველები და მეღვინეები. სერიოზული კონკურენტი დაინახეს მასში და კარგი ძღვენის ფასად  სამღვდელოების და ექიმების ნაწილს ყავა ჯერ „არაქრისტიანულ”, შემდეგ კი უკვე „სასიკვდილო” სასმელადაც გამოაცხადებინეს.

სხვათა შორის,  ჯანმრთელობაზე ყავის გავლენაზე დღემდე კამათობენ. ინტერნეტ სივრცეში ათას ინფორმაციას წააწყდებით. ერთნი ამტკიცებენ, რომ ყავა ძალიან მავნეა, მეორე მხარეს კი  არგუმენტების მთელი კასკადი მოყავს მისი სიკეთის შესახებ. დღეს ამის შესახებ არაფერს დავწერ. დაე, ამაზე ექიმებმა წერონ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გადამეტებული არაფერი ვარგა და მათ შორის არც ყავა. ყავას დღეს მხოლოდ ქიმიურად განვიხილავ. რასაც მაშინვე გაიფიქრებთ, ის არის, რომ ყავა კოფეინს შეიცავს. კოფეინი ფრანგმა ქიმიკოსმა რუნგემ 1819 წელს ყავის ექსტრაქტიდან გამოყო.  1906 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონმა ყურადღება მიაქცია, რომ მისი ვერცხლის ყავის სახარშის კედლებზე ყავის ფხვნილი რჩებოდა. სწორედ მაშინ იფიქრა, ხომ შეიძლება შევქმნა ისეთი ყავა, რომლის მომზადებაც ჭიქაში მომენტალურად იქნება შესაძლებელიო. ასე შეიქმნა პირველი ხსნადი ყავა.

კოფეინზე ვწერდი, ალკალოიდია. არა მხოლოდ ყავის მარცვლებში, შავი ჩაის ფოთლებშიც მოიპოვება.  ქსანტინის წარმოებული გახლავთ და იმ შარდმჟავას  „ენათესავება”, კარლ შეელემ რომ აღმოაჩნა 1776 წელს.  სუფთა კოფეინი მწკლარტე გემოს მქონე,  თეთრი  ფხვნილია. კარგად იხსნება ქლოროფორმში და ცუდად ცივ წყალსა და ეთანოლში. ცხელ წყალში მისი ხსნადობა მატულობს. კოფეინის ჯგუფში ასევე შედის თეობრომინი (შოკოლადიდან ხომ გახსოვთ) და თეოფილინი. ველერი, ლიბიხი, ბაიერი, ფიშერი  ის ქიმიკოსები არიან, ვინც  შარდმჟავას და ალკალოიდების  ჯგუფის შესწავლას დიდი დრო დაუთმეს.

 ქიმიური გზით კოფეინს შარდმჟავადან ასინთეზირებენ. თუმცა, მისი მიღება თეობრომინის და თეოფილინის მეთილირებითაც შესაძლებელია.

        
ქსანთინი                    


შარდმჟავა                      


კოფეინი

კოფეინი  ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია,  კორონალურ სისხლძარღვებსაც აფართოევებს და გულის მუშაობას აჩქარებს. კოფეინის ჯგუფში შემავალი ალკალოიდების  ფიზიოლოგიური აქტიურობის მექანიზმი ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას დარგუნვასთან და შიდაუჯრედული მედიატორის ციკლური AMP-ს (ადენოზინ მონოფოსფატი) დაგროვებასთან არის დაკავშირებული. ეს უკანასკნელი კი ATP-ის (ადენოზინ ტრიფოსფატის) წინამორბედია. გამოდის,  რომ სწორედ კოფეინი იწყებს მოქმედებას ATP-ის მსგავსად. სხვათა შორის, მათი სტრუქტურები ძალიან მსგავსია. ორივე მათგანი შეიცავს ორ ჰეტეროციკლურ ბირთვს.

ისევე როგორც სხვა პურინული ალკალოიდები მურექსიდთან კოფეინი დადებით რეაქციას გვაძლევს. ნესლერის რეაქტივთან  (კალიუმის ტეტრაიოდომერკურატ ჰიდრატის ტუტე ხსნარი) გაცხელებით კი მუქი წითელი შეფერილობის ნალექს წარმოქმნის. იმავე პირობებში თეობრომინი ღია ყავისფერ შეფერილობას ავითარებს.

1903 წელს საოცარი ამბავი მოხდა. ერთ გერმანელ მეწარმეს გემით სხვა ქვეყანაში გასაყიდად ყავა გადაჰქონდა. გემი  საშინელ შტორმში მოხვდა. ყავის მთლიანი პარტია დასველდა. ის კი არა, გემის ქვედა ნაწილი  ყავით სავსე ტომრებიანად მთლიანად წყალში იყო. ყავის გადარჩენაზე ყველამ ხელი ჩაიქნია, თუმცა მეწარმემ მაინც  გადაწყვიტა, რომ ყავის მარცვლები ჯერ გაერეცხა (ზღვის წყალი მოეცილებინა), გაეშრო და მოეხალა. როდესაც მზა პროდუქტი გასინჯეს, აღმოჩნდა, რომ გემოთი ცუდი სულაც არ იყო, თუმცა  მატონიზირებელი  მოქმედება ოდნავ დაეკარგა. მიხვდით ალბათ, საითკენაც მიმყავს საუბარი, ასე აღმოჩნდა, რომ ყავა შეიძლება უკოფეინოც იყოს. დღეისთვის ყავიდან კოფეინის მოცილების ასამდე ტექნოლოგიური მეთოდი არსებობს, თუმცა მოყოლას, ბუნებრივია არ ვაპირებ.

წერილის დასაწყისში ვთქვი, ყავას მხოლოდ ქიმიური კუთხით განვიხილავ, მის ავ-კარგიანობაზე ექიმებმა ისუბრონ თქო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი სასმელია, რამდენიმე უარყოფითი ფაქტი მაინც უნდა ვთქვა. 

მაშ ასე, თუ კოფეინის შემცველ ყავას ზედმეტი რაოდენობით მივირთმევთ, მასში არსებული კოფეინი:
ა) თრგუნავს თიამინის (B1 ვიტამინის) გააქტიურებას. მეტაბოლურად პასიური ვიტამინი კი გინდ ყოფილა და გინდა არა; 

ბ) ყავის და ალკოჰოლის ერთდროულად მირთმევისას, სისხლში დაბალი სიმკვრივის („ბოროტი” ) ქოლესტერინის დონის აწევის ალბათობა  მატულობს;

გ) კოფეინს კალციუმი გამოაქვს ორგანიზმიდან; ამიტომ, მე ხაჭოს, ყველს და რძეს მუდმივად ვიყენებ. აბა, გამოტანილ კალციუმს შევსება ხომ უნდა.

დ) კოფეინის ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს. სწორედ ამიტომ, დღეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ.
ბალზაკი გულით გარდაიცვალა. ბოროტი ენები წერდნენ, სულ იმ ოცდაცამეტი ჭიქა ყავის გამოო. თუმცა, მე კვლავ თავს ვიმშვიდებ, ჩემზე უფროსი იყო, გული სუსტი ჰქონდა და წარმოგიდგენიათ, დღეში ოცდაცამეტ ჭიქა ყავას სვამდა. მე კიდევ, ჯერ მასზე გაცილებით ახალგაზრდა ვარ, გული ჯანმრთელი მაქვს და სულ სამ  ჭიქას ვსვამ. რა არის სამი ჭიქა? არაფერი…

გზაზე და გზის მიღმა

0
„უდიდესი მადლობა ბიტ თაობის დაუფასებელ ქალთა მთელ კრებულს.”
ალენ გინსბერგი
მაგიდაზე ნახევრად დაშლილი წიგნი მიდევს. როგორც წესი, წიგნებს ყველა სხვა ნივთზე მეტად ვუფრთხილდები, თუმცა ბრენდა ნაითის „ბიტ თაობის ქალებმა” იმდენი გზა გაიარა ჩემთან ერთად, იმდენჯერ წამიკითხავს ცალკეული თავები და ნაწყვეტები, იმდენჯერ ვცადე, ნაწილ-ნაწილ მეთარგმნა, ახლა უკვე ფურცლებად დაშლილი ისტორიები მაქვს ხელთ, ისტორიები, რომელთა გმირებმაც მთელი მსოფლიო თუ არა, მისი ნაწილი მაინც შეცვალეს.


ალბათ არაფერია უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე იმის ცოდნა, რომ გაუკვალავ გზაზე დგახარ, გზაზე, რომელიც რთულია და საინტერესო, მაგრამ ბოლომდე თვითონაც არ იცი, საით მიდის. ასეთ დროს შეცდომებიც გეპატიება, გადაცდომებიც და  ყოველდღიური პასუხისმგებლობებისგან გაქცევაც, ყოველ შემთხვევაში, ოჯახის წევრები და თანამედროვეები თუ ვერ გაპატიებენ, მომავალი და ისტორია აუცილებლად თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს.

„ბიტნიკების” სახელები დღეს ბევრმა იცის, უფრო სწორად, ბევრმა იცის „ბიტნიკი” მამაკაცების სახელები, რადგან როგორც ენ უოლდმენი წერს, „ბიტ” თაობის წილი დიდება მამაკაცებს ერგოთ. არადა, მათ გვერდით, გნებავთ, მათ უკან, ნიჭიერი, გამბედავი და გამორჩეული ქალების მთელი გუნდი იდგა, შეყვარებულები, ცოლები, მეგობრები, მუზები, თავადაც უნიჭიერესი პოეტები, მწერლები და მხატვრები, რომლებიც მამაკაცებთან ერთად ქმნიდნენ „ბიტ” ლეგენდას, ზოგჯერ გზაზე, მოვლენების ეპიცენტრში, ზოგჯერ გზის მიღმა.

ჰელენ ადამი, მერი ფაბილი, დაიან დი პრიმა, ჯოის ჯონსონი, ჯენინ პომი ვეგა, დენის ლევერტოვი, ლენორ კენდელი, ბრენდა ფრეიზერი, ელის კოუენი, კეროლაინ კესიდი, ჰეტი ჯონსი, ჯოან ბრაუნი _ ეს „დროულად მომხდარი ერთადერთი რევოლუციის” მონაწილე ქალების არასრული ჩამონათვალია. მათი უმეტესობა თავის დროზე კადრს მიღმა დარჩა. ბევრი მათგანის ნაწარმოებები მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებამდე არც კი დაბეჭდილა, ზოგიერთს გამოქვეყნებული ლექსებისთვის სასჯელიც კი ერგო.

„ბიტ თაობა კონტრკულტურული მოვლენა იყო, თვითკმაყოფილი საზოგადოებისთვის სახეში შესხმული წყალი, რომელმაც ამერიკაში რამდენიმე ადგილას ამოხეთქა, განსაკუთრებით ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში. ბიტ თაობის უამრავმა წარმომადგენელმა მასმედიის ყურადღება ვერ მიიქცია” _ წერს ბრენდა ნაითი თავის წიგნში. 

დღეს ჩვენ თავისუფლად წერის უფლება გვაქვს, არც მამაკაცების სახელებს ვეფარებით და არც მათი დიდების ჩრდილს, ავად თუ კარგად, თავის დამკვიდრებას ვახერხებთ და ალბათ არც ისე ხშირად გვახსენდებიან ქალები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინ ცხოვრობდნენ, მათი ცხოვრება კი იყო აჯანყება საზოგადოებრივი ჩარჩოების, შეზღუდული სიყვარულის, ცრუ თავისუფლების წინააღმდეგ.

დიახ, არ ვიცით, ან არ გვახსენდება დაიან დი პრიმა, რომელიც ადამიანებს აპურებდა და მათი უფლებებისთვის იბრძოდა, მონაწილეობდა პოეტურ წარმოდგენებში, კითხულობდა ლექსებს ბარებში, ქუჩებში, საცეკვაო დარბაზებში, გალერეებში და მაღაზიების შესასვლელებთან და პოეზიის პოპულარიზაციისთვის, თავად გამოსცემდა პერიოდულ პრესას.

ელის კოუენი, რომელმაც ჩაკეტილი ფანჯრიდან გადახტომით დაასრულა სიცოცხლე და გარდა იმისა, რომ ალენ გინზბერგის „კადიში” დაბეჭდა საბეჭდ მანქანაზე, თავადაც შესანიშნავი, წლების მანძილზე გამოუქვეყნებელი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. 


ჯოის ჯონსონი, განებივრებული, ერთადერთი შვილი, რომელმაც საკუთარი ნებით განაცხადა უარი მშვიდ ცხოვრებასა და ერთი შეხედვით, გარანტირებულ მომავალს ამბოხის გზაზე სიარული ამჯობინა.

დენის ლევერტოვი, რომელმაც ერთხელ თქვა: „მოერიდეთ ორიგინალურობისაკენ მიზანდასახულ სწრაფვას, რადგან სხვა ვერაფერი მიგიყვანთ ასე სწრაფად ბანალურობამდე”.

ლენორ კენდელი, რომლის ლექსებმაც საზოგადოება გააოგნა და არა მარტო ლიტერატურული წრეების ყურადღება, არამედ სამართალდამცავების რისხვაც დაიმსახურა.

და ბევრი სხვა, რომელთა შორისაც, შესაძლოა, ისეთ სახელებს და გვარებსაც წააწყდეთ, რომ არ ელოდებით.  

სტივენ სკობი 1994 წელს გამართულ ერთერთ შეხვედრას, რომელიც ალენ გინზბერგს ეძღვნებოდა, ასე იხსენებს: „აუდიტორიიდან შეკითხვა მსმენელმა ქალმა დასვა: „რატომ ვახსენებთ ქალებს ასე იშვიათად? რატომ უჭირავთ ქალებს კვირეულის პროგრამაში მცირე ადგილი? რატომ არ იყვნენ ქალები „ბიტ” თაობის მწერლებს შორის?” სრულიად მოულოდნელად, გრეგორი კორსო დასერიოზულდა , ნაბიჯი წინ გადადგა და თქვა: „ როგორ არა, იყვნენ „ბიტ” თაობაში ქალები, მე მათ ვიცნობდი. ისინი ოჯახის წევრებმა ფსიქიატრიულ კლინიკებში გამოამწყვდიეს და ელექტროშოკის ქვეშ აცხოვრეს. ორმოცდაათიან წლებში მამაკაცს შეეძლო, ყოფილიყო მეამბოხე, ქალებს კი სახლში გამოკეტვა ემუქრებოდათ. დიახ, „ბიტ” თაობაში მწერალი ქალებიც იყვნენ, მე მათ ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ვინმე მათ შესახებ დაწერს.”

დამავიწყდა თავიდანვე მეთქვა: ბრენდა ნაითის წიგნთან ერთად მაგიდაზე მეგობრის არაჩვეულებრივი საჩუქარი _ ლენორ კენდელის ლექსებიც მიდევს. ვიცი, ზნეობის და საზოგადოებრივი ნორმების არგუმენტად მოშველიება დღესაც მოდურია, მაგრამ მე მიყვარს ლენორ კენდელის დევნილი წიგნი. ის ჩემთვის ამბოხისა და გამარჯვების, ქალად ყოფნის დაძლეული შიშის სიმბოლოა.

არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობა

0
მესამე  ნაწილი 
 
„სუფთა” დეფექტურ აზროვნებასთან ერთად არსებობს „არასრულფასოვანი” გონებრივი აქტივობაც. დეფექტურისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ერთ „სარტყელში” არსებობს, არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობის დროს ადამიანი სარგებლობს ორი „სარტყლით”; არ სარგებლობს მხოლოდ მესამით.

განვიხილოთ არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობის მეტ-ნაკლებად გავრცელებული მომენტები:
I ეტაპი: ადამიანი „იმყოფება” „ქვედა სარტყელში” და ცდილობს ახსნას თავის ქმედებათა აზრი, რისთვისაც იყენებს მხოლოდ „საშუალო სარტყელს” და არ იყენებს „ზედას”. 
მაგალითად, მუშა საგნობრივ-პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს „ქვედა სარტყელში”, მაგრამ მისი აღწერა შეუძლია მხოლოდ „საშუალო სარტყელში” და არ იყენებს „ზედა სარტყელს”. მუშას არ ესმის და არც შეუძლია ახსნას, რომელი სტრუქტურის ელემენტებს შეიცავს მისი საქმიანობა და რომელი სტრუქტურის საქმიანობაში ჩაითვლება მისი მუშაობის პროდუქტი: სად დაავიწყდა ლურსმანი, რატომ დაავიწყდა და ა.შ., რა ფუნქციებს შეასრულებენ ისინი და ა.შ. 

ამ დროს მუშის სრულფასოვანი გონებრივი აქტივობა იქნებოდა, მაგალითად, ასეთი პასუხი: „რას ვაკეთებ? იატაკის ფიცრებს ვაჭედებ, რადგან თუ არ დავამაგრე, გავლისას ძლიერად შეირყევა”. 
მოცემულ ტექსტში ასახულია მოდელი „ზედა სარტყლიდან”, რომლის სტრუქტურაში მონაწილეობენ შემდეგი ელემენტები: ფიცრების რყევის ამპლიტუდა, იატაკის ფუნქცია და ა.შ. მუშას, რომელიც ამგვარად სამივე „სარტყელში” ხედავს თავის საქმიანობას და მის შედეგს, შეუძლია კონკრეტული საქმიანობის კორექტირება შეცვლილ სიტუაციაში (თუ მიუტანენ არასტანდარტულ მასალას, სხვა ლურსმნებს და ა.შ.) ისე, რომ საბოლოო შედეგი (სახლი და მთლიანად ქალაქი) არ დაზარალდეს.
„ზედა სარტყლის” არარსებობის მაგალითია ისტორიული კაზუსიც: სსრკ-ის დროს მიზანშეწონილად მიიჩნიეს დიდი სატვირთო მანქანების დამზადება და შესაფერისი ქარხნების მშენებლობა, თანაც ისე, რომ გზების ხარისხზე არ უფიქრიათ. შედეგად მიიღეს განადგურებული გზების საფარი და უდიდესი „მოულოდნელი” დანახარჯები გზების სარემონტოდ. 
მეორე ტიპი არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობისა ფორმალურად ჰგავს წინას, მაგრამ არსობრივად სხვაა: როდესაც ადამიანი „იმყოფება” „საშუალო სარტყელში” და რამის აღწერას ცდილობს, ამ დროს ის „ქვედა სარტყელს” იყენებს და არა „ზედას”. იმისთვის, რომ ავაგოთ ზუსტი, სრულფასოვანი განსაზღვრება, უნდა შევქმნათ (ან გამოვიყენოთ) მოდელი („ზედა სარტყელი”), აღვწეროთ მისი არსობრივი მახასიათებლები („საშუალო სარტყელი”), მოვიყვანოთ მაგალითები, მოდელის ფუნქციობის მაგალითები (და არა სიტყვები) კონკრეტული სიტუაციების მიხედვით („ქვედა სარტყელი”)

მაგალითად: დავუშვათ, რომ ადამიანს, რომელიც ახორციელებს სრულფასოვან გონებრივ აქტივობას, სურს განსაზღვროს ცნება „შეფასება”:
1) თავდაპირველად ის იხსენებს რაც შეიძლება მეტ სხვადასხვა სიტუაციას შეფასებისას („ქვედა სარტყელი”), ანუ რა ხდება, როდესაც აფასებენ – საკონტროლო სამუშაოს მათემატიკაში, გარშემო მყოფთა იერსახეს (ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ქცევა), პროდუქტის ხარისხს (მანქანის სიჩქარე, რაიმე ობიექტისგან დაცილება და ა.შ.);

2) ამის შემდეგ ხდება საერთოს გამოყოფა, რომელიც ფიგურირებს ყველა შემთხვევაში: ა) ეტალონი, მაგალითი; ბ) შეფასების ობიექტი; გ) შემფასებელი; დ) ობიექტის ეტალონთან შედარების პროცედურა; ე) გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რითაც ობიექტი ეტალონისგან განსხვავდება.

3) ამის შემდეგ ის ააგებს მოდელს შეფასების არსის გათვალისწინებით („ზედა სარტყელი”);

4) მერე კი აღწერს ამ მოდელს ვერბალურად („საშუალო სარტყელი), მაგალითად, ასე: შეფასება – ეს არის მოქმედება, რომლის დროსაც მიმდინარეობს ობიექტის შედარება ეტალონთან (მოცემული შემთხვევისთვის მისაღები), რის შედეგადაც წარმოიშობა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ურთიერთობები ეტალონსა და ობიექტს შორის, ანუ შეფასება. 

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მოდელის ილუსტრირება „ქვედა სარტყელიდანაც”. 

სასკოლო პერიოდში მოსწავლეები მეტწილად სარგებლობენ „საშუალო სარტყლით”, ანუ ძირითადად თანხმდებიან მხოლოდ „განსაზღვრებების” „სწავლასა” და შესაბამისი კონკრეტული მაგალითების დასახელებაზე, არ ხედავენ მოდელს „ზედა სარტყელისას”, სადაც ხდება ამ მოდელის აღწერა, არ ცდილობენ ამ მოდელის რეკონსტრუირებას სქემის სახით, სქემატურად გამოხატვას თავიანთ ცოდნაში. 

მესამე ტიპი არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობისა არსებობს მხოლოდ „ზედა” და „საშუალო სარტყლებში” და არ გამოიყენება „ქვედაში “.

მაგალითად, 

მოსწავლე ეკითხება მასწავლებელს:
·„რა არის ეშაფოტი”? 
მასწავლებელი პასუხობს: 
·„ეშაფოტი დასჯის იარაღიაი”. 

მასწავლებლი აქ იყნებს ორ „სარტყელს”: „საშუალოს” და „ზედას” – ის იძლევა პასუხს ეშაფოტზე, მაგრამ არა გასაგები აზრით, არამედ „სუფთა აზროვნების” კუთხით: ეშაფოტი მართლაც სპეციალურად არის შექმნილი სახალხო დასჯისთვის და მასწავლებელს მიაჩნია, რომ ამით ყველაფერი თქვა. 

მაგრამ მოსწავლეს აქ შეიძლება გაუჩნდეს, მაგალითად, ელექტროსკამის ასოციაცია, რადგან მასწავლებლის პასუხში „სწორად” არ არის წარმოდგენილი „ქვედა სარტყელი”. მოსწავლეც იმახსოვრებს მხოლოდ ამ მაგალითს, რადგან ამახსოვრდება მხოლოდ ის, რაც უკავშირდება მის გამოცდილებას („ქვედა სარტყელი”), ტექსტის დანარჩენი ნაწილი კი შეუჩნეველი რჩება მისთვის. 
ამიტომ არის, რომ ყოველთვის, როცა კი მოსწავლეს მივცემთ ნარატივს წასაკითხად, ხოლო შემდეგ ვკითხავთ შინაარსს, იგი მოგვითხრობს მხოლოდ იმას, რაც „ქვედა სარტყელშია” „ჩაკეტილი”, დანარჩენს ვერც ხედავს, და როცა შევეკითხებით, ვუჩვენებთ გამოტოვებულ პასუხებს, ის გაოცდება, თითქოს პირველად გაეგოს. ასეთ დროს იგი იღებს „2″-ს ან „3″-ს და კარგი ნიშნის მისაღებად იზეპირებს დანარჩენს, რისი წარმოდგენაც სინამდვილეში არ შეუძლია. ამრიგად, კარგი შეფასებისთვის მოსწავლე საერთოდ „შლის” „ქვედა სარტყელს” და ამაყად ჰყვება ტექსტს, რომელზეც წარმოდგენა არ აქვს; ვერ წარმოისახავს იმას, რასაც მოგვითხრობს. ამგვარად იგი წყვეტს არასრულფასოვან გონებრივ აქტივობას და დეფექტურ აზროვნებაში გადადის.
გონებრივი აქტივობის სქემები საშუალებას იძლევა,  გამოვავლინოთ და კლასიფიცირება გავუკეთოთ იმ შეცდომებს, რომლებიც მოსდით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დროს, მაგრამ ამავე დროს ეს შეცდომები არის ეფექტური საშუალება, „სწორი” იარაღი მომავალი შეცდომების თავიდან ასაცილებლად და საამისოდ საჭირო ზომების მიღებაში გვეხმარება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...