გადადებული საქმეების და შეხვედრების შესახებ
ცისანა დოლიძე – სიყვარულით პროფესიაში
თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა 1967 წელს დაარსდა. იგი
წარმოადგენს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორიას, რომლის თანამშრომელთა მიერ შემუშავებულ მეცნიერულ იდეებს პრაქტიკულად ახორციელებენ სკოლის მასწავლებლები. ურთიერთთანამშრომლობით იქმნება სახელმძღვანელოები, დიდაქტიკური მასალები, მუშავდება მეთოდური მითითებები სხვადასხვა საგანში. ლაბორატორიის კვლევაძიებითი მუშაობა ძირითადად ბავშვის საერთო განვითარების ლ. ვიგოტკისეულ მოძღვრებას და დ. უზნაძის განწყობის თეორიას ეფუძნება. წინა პლანზეა წამოწეული სწავლების განმავითარებელი ფუნქცია. ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორია პრინციპულად ცვლის მოსწავლეებისა და მასწავლებლის ურთიერთდამოკიდებულებას. იგი მასწავლებელ–მოსწავლის თანამშრომლობის ჰუმანურ საწყისზეა აგებული. ბავშვებს მზამზარეული ცოდნა კი არ ეძლევათ, არამედ ხდება მეცნიერული ცოდნის აღმოჩენა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
ამ სკოლაში დაარსების დღიდან მუშაობს ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი ცისანა დოლიძე, რომელიც იმავდროულად დირექტორის მოადგილეცაა.
ცისანა დოლიძე 17 წლისა მივიდა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში. დღეს
ის, როგორც მისი ყოფილი მოსწავლეები ამბობენ, ამ სკოლის ლეგენდაა. ცისანა დოლიძე mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.
. ბევრი ბავშვი ოცნებობს
მასწავლებლობაზე, მაგრამ უმეტესობა საბოლოოდ სხვა პროფესიას ირჩევს. თქვენ რით გხიბლავდათ
ეს საქმიანობა? როგორ ფიქრობთ, სწორად აირჩიეთ პროფესია?
– მასწავლებლობა ალბათ ჩემს ბავშვობაში უფრო იყო საოცნებო.
მეც ხშირად მითამაშია მასწავლებლობანა. მაგრამ დღევანდელ ბავშვებს ეს პროფესია ნაკლებად
ხიბლავთ. მათ უკვე სხვა ინტერესები აქვთ. მეშემთხვევით არ მოვსულვარ სკოლაში სამუშაოდ, მე სიყვარულით მოვედი ამ სფეროში. საკმაოდ
კარგად მოვირგე ეს პროფესია. ჩემს ხასიათს ჩინებულად მიესადაგა ბავშვთან ურთიერთობა.
17 წლის ვიყავი, როდესაც ამ სკოლაში პიონერხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა. მოსწავლეებს
უფროსი მეგობარივით ვეპყრობოდი, თუმცა ერთგვარი დისტანცია ჩვენ შორის ყოველთვის იყო.
გარდა პიონერებისა, ურთიერთობა მქონდა მეცხრე-მეათეკლასელებთანაც. ფაქტობრივად, იმ
პერიოდში ვისწავლე ბავშვებთან ურთიერთობა, რაც მასწავლებლად მუშაობისას ძალიან დამეხმარა.
მოგვიანებით ჩავაბარე პედაგოგიურ სასწავლებელში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, დაუსწრებელ
განყოფილებაში. ამასობაში გავხდი დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში და მასწავლებლობაც
შევითავსე.
. თქვენს თაობაში თუ იყო
მასწავლებლობა პრესტიჟული, ახლა რატომ აღარ არის ეს პროფესია მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის?
. ორმოცდაექვსი წელია, სკოლაში ვმუშაობ და დღეს უკვე
ჩემი ყოფილი მოსწავლეების შვილები არიან ჩემი მოსწავლეები. ეს უკვე სულ სხვა თაობაა,
სულ სხვა ინტერესებით. გაჩნდა ახალი პროფესიები, შეიცვალა დამოკიდებულებები. წინათ
ბავშვისთვის მასწავლებელი იყო ცოდნის, განათლების სიმბოლო. მაშინ სკოლისადმი ოჯახის
დამოკიდებულებაც რადიკალურად განსხვავებული გახლდათ. მშობლები უფრო ხშირად დადიოდნენ
სკოლაში და ინტერესდებოდნენ შვილების განათლებით… თუმცა ჩვენს სკოლაშიბევრი ახალგაზრდა მასწავლებელია,
რომლებიც წინა თაობის პედაგოგებთან ერთდ მუშაობენ. საზოგადოდ,მასწავლებლობა რთულია.
კლასში ბოლომდე იხარჯები, შემდეგ სახლში მუშაობ, მეორე დღისთვის ემზადები, თვითონაც
სწავლობ… ამისთვის კი სულ 300-400 ლარს იღებ, ამიტომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ, ეძებონ
ისეთი სამსახური, სადაც ნაკლები დატვირთვაა, ნაკლები დაძაბულობა და მეტი ხელფასი. თუმცა,
რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს პრობლემა არ არის…
. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება
თუ შეიცვალა?
– ცხადია,
შეიცვალა. წინათ ეს ურთიერთობა უფრო მენტორული იყო. დღეს პედაგოგები მოსწავლეებთან
თანამშრომლობენ. ჩვენი სკოლა ექსპერიმენტულია, ამიტომ აქ უფრო ადრე დაინერგა ბავშვებთან
თანამშრომლობა, მათი აზრის გათვალისწინება, დებატები. მოსწავლეებს ვუთანხმებთ განსაზღვრულ
საკითხებს, ვითვალისწინებთ მათ ავტორიტეტს… პედაგოგის ოსტატობა სწორედ ის არის, ყველა
საკითხის თაობაზე შეძლოს ბავშვთან ურთიერთობა. მოსწავლე სწავლობს მასწავლებლისგან,
მაგრამ არის მომენტები, როდესაც მოსწავლისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. უნდა მიჰყვე
მოზარდს და მიხვდები, რა როგორ აკეთო.
ბავშვის
აღზრდაში სამი ფაქტორია მთავარი: ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. მშობლები გვერდით უნდა
ედგნენ ბავშვს, რადგან ეს ურთიერთობა სჭირდება მას განათლების დასაუფლებლად. დღეს მშობლების
უმეტესობას შვილისთვის აღარ სცალია. დღევანდელი მშობლები ისე მტკივნეულად აღარ განიცდიან
შვილის დაბალ ნიშანს… ბავშვი კი ყველაფერს ისრუტავს და განიცდის. ეს ჩანს მის ქცევაში,
უფროსებისადმი დამოკიდებულებაში, სწავლაში. გარდატეხის ასაკი ძალიან სახიფათო პერიოდია.
მოზარდს განსაკუთრებული დახმარება სჭირდება. მარტო სკოლა ვერაფერს გააკეთებს, თუ ოჯახი
თავის ადგილას არ დგას.
. როგორც ვიცი, სკოლები სისტემატურად აწვდიან მშობლებს
ინფორმაციას შვილების სწავლისა თუ ქცევის შესახებ. როგორია რეაგირება?
– მშრალი
ინფორმაციის მიღება ვერაფერს ცვლის, თანამშრომლობაა საჭირო, რომ მოსწავლემ ზუსტად გაიგოს,
რას ვითხოვთ მისგან. მოთხოვნა ადვილია, მაგრამ ამ დროს გვავიწყდება, რომ ბავშვთან გვაქვს
საქმე, რომელსაც ჩვენი მოთხოვნების დამოუკიდებლად შესრულება ხშირად უჭირს.
. იმ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ სკოლაში მუშაობთ,
განათლების სისტემამ უამრავი მინისტრი გამოიცვალა და რეფორმის რამდენიმე ეტაპი გაიარა.
რა გავლენას ახდენდა ეს ცვლილებები სკოლის ცხოვრებაზე და როგორ უწყობდით მათ ფეხს პედაგოგები?
– ჩვენი
სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით დაძლიეს ყველა რეფორმა. გამოცდის ჩაბარება არც ერთ
მათგანს არ გასჭირვებია და დღეს სწავლება ახალი მეთოდებით, ახალი პროგრამებით მიმდინარეობს.
ვერ მივცემ თავს იმის თქმის უფლებას, რომელი რეფორმა იყო მისაღები თუ მიუღებელი, მაგრამ,
ჩემი აზრით, განათლების სამინისტროს ყოველგვარ გადაწყვეტილებას უკრიტიკოდ არ უნდა დავეთანხმოთ.
სიახლე, რა თქმა უნდა, სადღაც უკვე არის აპრობირებული, ამიტომ იქიდან უნდა ავიღოთ კარგი,
ხოლო იმაზე, რაც მიუღებელია, უარი ვთქვათ. მით უმეტეს, ქართულ ხასიათს ყველაფერი ადვილად
არ ერგება. ყველა ერი სხვადასხვანაირია. სხვადასხვანაირები არიან მოსწავლეებიც. ქართველი
მოსწავლის აღზრდა საკმაოდ რთულია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
. განათლების რეფორმატორები პრაქტიკოსი მასწავლებლების
აზრს თუ ითვალისწინებენ სიახლეთა დანერგვისას?
– პრაქტიკა
და თეორია ხშირად შორიშორს არის ერთმანეთისგან. შესაძლოა, თეორია კარგი იყოს, მაგრამ
სწავლების პროცესში მისი რეალიზება ვერ მოხერხდეს. მშობლები კითხულობენ, შვილისთვის
არაფერი დაგვიკლია და გზას რატომ ასცდაო. იქნებ სწორედ ის იყო შეცდომა, რომ არაფერი
დაუკლიათ… ბავშვის აღზრდა ძალიან რთული პროცესია. ჩვენი სკოლა იყო პედაგოგიური კვლევითი
ინსტიტუტის საკვლევი, სამეცნიერო, სარეზერვო სკოლა და აქ ტარდებოდა ექსპერიმენტები
აღმზრდელობით დარგში, სწავლებაში, გაკვეთილების ხარისხთან მიმართებით, ვაკვირდებოდით,
რა იყო ბავშვებისთვის მისაღები, სასიკეთო და რა – არა. გაკვეთილებს უმაღლესი სასწავლებლებიდან
მოწვეული ლექტორები ატარებდნენ… ამიტომ იყო, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს მიმდინარე
რეფორმების გადალახვა არ გასჭირვებიათ. ჩვენი პრაქტიკოსი პედაგოგებისგან არის აღებული
ბევრი მეთოდი, რომლებიც შემდეგ თეორიასა და ზოგად პრაქტიკაში დაინერგა.
. ალბათ, ამ მეთოდოლოგიის დიდი დამსახურებაა, რომ პირველ
ექსპერიმენტულ სკოლადამთავრებულმა მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს. აქ სწავლობდანენ
ზურაბ ჟვანია, დავით ონოფრიშვილი, ირინა სარიშვილი, ერთხანს – მიხეილ სააკაშვილიც…
– სწავლება ექვსასი მოწაფით დავიწყეთ და ისინიც ძლივს
შევაგროვეთ, მაგრამ სამი-ოთხი წლის შემდეგ სკოლამ ისეთი სახელი დაიმკვიდრა, რომ ბავშვის
ჩარიცხვა უკვე ჭირდა. დღეს ორი ათას ექვსასზე მეტი მოწაფე გვყავს.
სკოლის
წარმატების მაჩვენებელი კარგი მოსწავლეა. ყველა მასწავლებელი ბედნიერია, როდესაც მისი
ნამოწაფარი წარმატებას აღწევს. ბევრი ტრაბახობს კიდეც ამით. სხვათა შორის, შენახული
გვაქვს ბევრი ბავშვის საინტერესო ნივთები, ჩანაწერები, ნახატები, წერილები. ათი-ოცი
წლის შემდეგ ბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები, ხვდებიან ყოფილ მასწავლებლებს და ნახულობენ
ამ ნივთებს. ძალიან გულის ამაჩუყებელი ტრადიციაა.
ეს
სკოლაა ჩემი ცხოვრება და პირადი ბედნიერება. მთელი სიცოცხლე აქ გავატარე და ყოველი
ხე, ყოველი კედელი თუ ნივთი მიყვარს. გურული ვარ და ბავშვებსა თუ მასწავლებლებთან ურთიერთობაში
ხშირად ვიყენებ იუმორს. ეს საუკეთესო საშუალებაა ურთიერთობის დასამყარებლად. სხვათა
შორის, გამოსაშვებ საღამოზე ბავშვები ხშირად იხსენებენ ჩემს ფრაზებს. ეს ძალიან სასიამოვნოა.
. თქვენ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით.
ეს ალბათ დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ.
– მართლა დიდი პასუხისმგებლობაა, ქართველ ბავშვს ასწავლო
ქართული ენა, შეაყვარო მშობლიური ლიტერატურა. ძნელია, შეაჩვიო მოსწავლე წიგნთან ურთიერთობას,
როდესაც ის კომპიუტერს არის მიჯაჭვული. არადა, კითხვის გარეშე პიროვნების ჩამოყალიბება
წარმოუდგენელია. კითხვა ბავშვს აკეთილშობილებს, სულიერად ზრდის, უვითარებს ფანტაზიას,
ლექსიკას. დღეს უკვე ძნელია, შეუძღვე მოსწავლეს მისთვის უცხო ეპოქაში; გარდასული ეპოქების
ადამიანთა ხასიათის თვისებები ბევრისთვის სრულიად გაუგებარია. დასანანია, რადგან არ
უნდა გაქრეს ის გრძნობები, არ უნდა გაცივდეს სული, არ უნდა ვეკიდებოდეთ მოვლენებს უემოციოდ.
რა გამოვა მაშინ? – არაფერი. არადა ეს ტენდეცია უკვე შეინიშნება.
. როგორ ფიქრობთ, რატომ? არა მგონია, ეს მხოლოდ მასწავლებლებისა
და მოსწავლეების პრობლემა იყოს…
– მხოლოდ სკოლა ბავშვის აღზრდას თავს ვერ გაართმევს. ჩვენ
გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. შესაძლოა, ოჯახიც შესანიშნავი იყოს და მასწავლებელიც,
მაგრამ საჭირო შედეგი ვერ მივიღოთ.
. დღეს ხშირად საუბრობენ ქართული ენის არასათანადო ცოდნაზე,
მეტყველების პრობლემებზე…
– ენა
ცოცხალია. იგი იცვლება, შემოდის ახალი სიტყვები, ძველი ხმარებიდან გადის. ზოგჯერ ისეთი
სიტყვის მნიშვნელობას იკითხავენ ბავშვები, გული დაგწყდება… ენას უმთავრესად წიგნიერება
ავითარებს. ნაკითხ ადამიანს, ცხადია, სიტყვათა მარაგიც მდიდარი აქვს. ენის გადასარჩენად
საჭიროა კითხვა და წიგნის სიყვარული. დღეს მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ და იძნებენ…
. რა არის ის, რამაც 46 წელი ერთსა და იმავე სკოლაში
გაგაძლებინათ?
– სიყვარული
– საქმის, სკოლის, ხეების, რომლებიც მე თვითონ დავრგე, ეკლესიის, რომელიც ჩემი მუშაობის
პერიოდში აშენდა. „უსიყვარულოდ არა საქმე არ ეგების”. ტკივილიც ახლავს პედაგოგის საქმიანობას,
მაგრამ თუ სიყვარულით მიუდგები, ყველაფერი მოგვარდება. მასწავლებლობა დიდი ხელოვნებაა.
საუნივერსიტეტო ვალი: გარდაუვალი გასაჭირი თუ ფინანსური პირამიდა ?
სასკოლო საბჭოები დიდ ბრიტანეთში
სწავლის შემაფერხებელი ფაქტორები

ნინო ჭიაბრიშვილი – კონფლიქტის გადაჭრის „უდანაკარგო“ მეთოდი თავი 11
იმ მშობლებისთვის, რომლებმაც კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ ტრადიციული – „გამარჯვება–დამარცხება” – მიდგომა იციან, ალტერნატივის არსებობა ნამდვილი აღმოჩენა ხდება. მათი უმრავლესობისათვის შვებისმომგვრელია იმის გაგება, რომ მესამე მეთოდიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის გაგება იოლია, მისი გამოყენებისათვის მშობლებს გარკვეული მომზადება და პრაქტიკა სჭირდებათ.
მასწავლებლის თვითშეფასების მნიშვნელობათვითშეფასების ეფექტური ინსტრუმენტები
მასწავლებლის თვითშეფასება შიდა სასკოლო შეფასების სისტემის, სკოლის განვითარების გეგმის, ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის ან გარე შეფასების შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს. წინამდებარე წერილში მასწავლებელთა თვითშეფასების დადებით მხარეებს, თვითშეფასების ინსტრუმენტებს და მათ გამოყენებას, აგრეთვე შესაძლო სირთულეებს მიმოვიხილავთ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თვითშეფასების მიზნით შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებამდე საჭიროა წინასწარი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებისა და შედეგების ანალიზში, ინსტრუმენტების შექმნის და/ან მოდიფიცირების საკითხებში. ტექნიკური ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შეფასების ინსტრუმენტები ითვალისწინებდეს და ეფუძნებოდეს პროფესიულ სტანდარტს. ისინი მასწავლებლის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, რათა შედეგების გამოყენებით შესაძლებელი გახდეს სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. იმისათვის, რომ თვითშეფასების განმავითარებელი ინსტრუმენტები ეფექტურად გამოვიყენოთ, აუცილებელია მათი დიფერენცირება დამწყები და გამოცდილი მასწავლებლებისთვის. თვითშეფასების შედეგები, პირველ რიგში, სწავლების პროცესის, სასწავლო მასალების და ანგარიშგების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. ასევე, რეკომენდებულია მასწავლებელთა თვითშეფასების შედეგების გამოყენება სკოლის განვითარების გეგმის ფორმირებისას.
მასწავლებლის თვითშეფასების საანალიზო სფეროები შეიძლება იყოს: პროფესიული ცოდნა, სწავლების მეთოდიკა და ტექნიკა, სასწავლო პროცესის მართვა, პროფესიული უნარები/თვისებები და მოსწავლეთა შეფასების პროცესი. აღსანიშნავია, რომ შიდა სასკოლო შეფასებისა და გარე შეფასების პროცესშიც სწორედ ამ მიმართულებების დაკვირვება ხორციელდება და ამდენად, თვითშეფასება მასწავლებლს შემაჯამებელი გარე შეფასების წარმატებით გავლაშიც შეუწყობს ხელს. უკეთესი წარმოდგენისთვის დეტალურად მიმოვიხილავ, თუ რა კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს თითოეული მიმართულება.
·პროფესიული ცოდნა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: საგნობრივი კომპეტენცია, სასწავლო გეგმა, წარმატებული პრაქტიკა, საგნობრივი მასალის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე, ადეკვატური სასწავლო მიზნები, დავალებები.
·სწავლების მეთოდიკა _ სასწავლო ამოცანების, აქტივობების და შეფასების შესაბამისობა სტანდარტებთან, ადეკვატური სტრატეგიები, ტექნიკები, დიფერენცირებული სწავლება, რესურსები, მასალა, მოსწავლეთა მონაცემების ანალიზი გრძელვადიანი სასწავლო გეგმების შესაქმნელად, ჩართულობა (მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი/მონდომება/ხალისით სწავლა).
·სწავლების პროცესი _ სასწავლო მიზნების გაცნობა, მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება, მოსწავლეთა მომზადება ახალი მასალისთვის (თემისთვის), ახალი მასალის წარდგენა, ცოდნის გაღრმავება, ცოდნის გამოყენება, აზროვნებისა და სწავლის კულტურა, მოსწავლეების რეფლექსიის ხელშეწყობა.
·მასწავლებლის პროფესიონალური უნარები – გაკვეთილის დაგეგმვა, პოზიტიური ურთიერთობები / სასწავლო გარემო, ორგანიზება, წესები და პროცედურები, მოლოდინები, ნდობა, გუნდური მუშაობა, უსაფრთხო გარემო, მოსწავლეთა პატივისცემა, მიუკერძოებელი დამოკიდებულება, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგებთან თანამშრომლობა.
·მოსწავლეთა შეფასება _ გაზომვადი მიზნები, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების გამოყენება, საჭიროებების გამოვლენა, სწავლების ეფექტურობის შეფასება, მოსწავლეებისთვის შეფასების ინსტრუმენტების/კრიტერიუმების წარდგენა/ახსნა; დროული, ხშირი, ეფექტური, ინდივიდუალური უკუკავშირის უზრუნველყოფა.
ცხადია, ყველა ამ სფეროს ანალიზი და თვითანალიზი შეუძლებელი იქნება გარკვეული პრიორიტეტების დასახვის და სტრატეგიის შემუშავების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თვითშეფასების ყველა სფეროსთვის, მასწავლებლის საჭიროებების და განვითარების მიზნების გათვალისწინებით, შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა იქნება საჭირო.
წარმოგიდგენთ მასწავლებლის თვითშეფასების ინსტრუმენტების სპექტრს და მათი შემუშავებისა და გამოყენების პრინციპებს.
თვითშეფასების ინსტრუმენტებს, მათი ფორმატის მიხედვით, პირობითად, სამ ძირითად კატეგორიად დავყოფ: თავისუფალი, სტრუქტურირებული და ინტეგრირებული. რაც შეეხება მათ გამოყენებას, თვითშეფასების ინსტრუმენტები შეიძლება იყოს განმავითარებელი და/ან შემაჯამებელი.
თავისუფალი ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გამოიყენება რეფლექსიის წერილობითი ან ზეპირი ფორმები, მულტიმედია საშუალებების გამოყენებით თვითდაკვირვება და შეფასება (მაგ., გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი) და შენიშვნებისა და ჩანაწერების დღიური. რეფლექსია, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლის პორტფოლიოს ნაწილად წარმოგვიდგება, თუმცა ის დამოუკიდებლადაც ხორციელდება. მისი მიზანია, მასწავლებელმა გააანალიზოს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სწავლების პროცესისადმი, რა ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, რამდენად თავდაჯერებულია თავის კომპეტენციებში. რეფლექსიის დროს მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გააანალიზოს, დაასაბუთოს ან გააკრიტიკოს თავისი გადაწყვეტილებები, იფიქროს ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეთა რეაქციებზე და მათ უკუკავშირზე. მულტიმედია საშუალებების გამოყენება თვითშეფასების პროცესში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებასთან ერთად. გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი თვითანალიზის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლებისთვის. მხოლოდ რეფლექსიით შეუძლებელია საგაკვეთილო პროცესის ყველა დეტალის აღქმა და საანალიზოდ გახსენება, ვიდეო გადაღება კი სკრუპულოზური ანალიზისთვის საუკეთესო მასალას იძლევა. რეფლექსია და ვიდეო გადაღება გარკვეული პერიოდულობით შეიძლება განახორციელოს მასწავლებელმა. ჩანაწერების დღიურის წარმოება ყველაზე მოქნილი მეთოდია. თუმცა ანალიზის სიღრმის თვალსაზრისით, დღიურში წარმოებული ჩანაწერები მყისიერ რეაგირებას უფრო ეფუძნება, ვიდრე საკითხის კომპლექსურ ანალიზს.
სტრუქტურირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს განეკუთვნება: კრიტერიუმების ჩამონათვალი, კითხვარი, მოსწავლეთა გამოკითხვა, რანჟირებული შეფასება, რეიტინგის მინიჭება. აღნიშნული ტიპის ინსტრუმენტები შესაძლებელია ეფუძნებოდეს შესრულების კრიტერიუმებს, სასკოლო მიზნებს ან სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელის პროფესიულ სტანდარტს, ეთიკის კოდექსს ან სხვა ნებისმიერ ნორმატიულ თუ პროცედურულ დოკუმენტს. სტრუქტურირებული ფორმატის ინსტრუმენტების საანალიზო საკითხები შეიძლება იყოს:
·როგორ ვხელმძღვანელობ (ან ვხელმძღვანელობ თუ არა) გაკვეთილის დაგეგმვისას სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტით?
·როგორ შევიმუშავებ გაკვეთილის დაგეგმვისას (ან შევიმუშავებ თუ არა) შეფასების სტრატეგიას და ინსტრუმენტებს?
·ვიყენებ თუ არა მრავალფეროვან შეფასების ინსტრუმენტებს სწავლის შედეგის და აკადემიური მიღწევის სტანდარტის შესაბამისად?
·რა დროს ვუთმობ შეფასებას?
·მოსწავლეებს ყოველთვის ვაცნობ და ვუხსნი გაკვეთილის მიზნებს?
·ვაძლევ თითოეულ მოსწავლეს უკუკავშირს ზეპირად და წერილობით?
·რა დამხმარე მასალას ვიყენებ?
·რა აქტივობებს ვიყენებ სპეციფიკური მიზნით?
·რა სტრატეგიას ვიყენებ საშუალო და სუსტ ბავშვებთან მუშაობისთვის?
·აკადემიური პასუხისმგებლობის გარდა რა ვალდებულებებს ვასრულებ?
·როგორ ვიყენებ საგაკვეთილო “ფანჯარას”?
·რა მეთოდებით ვუწყობ ხელს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში?
·კლასის მართვის რა მეთოდებს ვიყენებ?
·ვთანამშრომლობ კოლეგებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე სხვადასხვა კლასში?
·როგორ ვმუშაობ მშობლებთან?
·რა სახით შეიძლება პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა?
·როგორ ვინარჩუნებ სისუფთავეს კლასში?
·როგორ ვიცავ ვადებს?
შეკითხვების სახით ფორმულირება შეესაბამება კითხვარის ან გამოკითხვის მეთოდს. კრიტერიუმების ჩამონათვალის ან რანჟირების მეთოდის გამოყენებისას ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის შეკითხვები თხრობით ფორმას მიიღებს და რანჟირების შემთხვევაში, რამდენიმე სავარაუდო პასუხიც წარმოდგენილი იქნება.
ინტეგრირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებში ერთიანდება: მასწავლებლის პორტფოლიო, პროფესიული განვითარების გეგმა, შეფასების რუბრიკა, სწავლის შედეგების ანალიზი, მტკიცებულებათა შეკრება და არტეფაქტების შეგროვება-ანალიზი. ინტეგრირებული ფორმატის ინსტრუმენტების გარკვეული კომპონენტები სტუქტურირებულია სკოლის ან შემფასებლების მიერ განსაზღვრული სტანდარტის ნაწილში, ხოლო თავისუფალი ფორმატისაა მასწავლებლის ინდივიდუალური მიზნების და ამოცანების შესაბამისად.
მასწავლებლის პორტფოლიო მტკიცებულებებზე დაფუძნებული წერილობითი დოკუმენტია, რომელშიც მასწავლებელი ლაკონურად, სტრატეგიულად და სელექციურად განათავსებს ინფორმაციას მიმდინარე მიღწევების შესახებ. პორტფოლიო, როგორც წესი, 8-10 გვერდისგან შედგება და სამ ძირითად სფეროს მოიცავს: სწავლებას, კვლევას და ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხს. პორტფოლიოში განთავსდება სასწავლო პროცესის ანალიზი, მასალები, გარე შეფასების შედეგები და მოსწავლეების მიღწევები. სწავლების მიმართულებით პორტფოლიო აღწერს მასწავლებლის მიერ გამოყენებულ მეთოდებს, მიზნებს, მასალებს, აქტივობებს. ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხი განისაზღვრება თანამშრომელთა შეფასებების, სასკოლო რეიტინგების, წლიური შეფასებების, ჯილდოებისა და პრემიების, მოსწავლეებისგან, მშობლებისა და კოლეგებისგან მიღებული მადლობის წერილების მეშვეობით. მოსწავლეთა მიღწევები განისაზღვრება განმავითარებელი შეფასებების, შესრულებული პრე- და პოსტ-ტესტების, გამოცდების, პროექტების, პრეზენტაციების, ესეებისა და უკუკავშირის მეშვეობით.
პროფესიული განვითარების გეგმა იმავე კომპონენტებს მოიცავს, რასაც პორტფოლიო (მიზნები, სტრატეგია, სწავლების ტექნიკა, მასალები). პროფესიული განვითარების გეგმაში დამატებით განსაზღვრულია დავალებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები და შესრულების ვადები. მრავალ ქვეყანაში პროფესიული განვითარების გეგმის წარმოება რესერტიფიცირების ავტომატური საშუალებაა.
მასწავლებელთა თვითშეფასების რუბრიკას მარტივი ცხრილის სახე აქვს. ის შეფასების სამიზნედ სამ კომპონენტს იღებს: სასწავლო გარემოს, სწავლების ტექნიკასა და კლასის/გაკვეთილის ორგანიზებას. თვითშეფასების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, რუბრიკაში აღინიშნება სასწავლო გარემოში არსებული ნეგატიური ფაქტორები ან შემთხვევები და განისაზღვრება მათი მოგვარების გზები, ასევე, სწავლების პროცესში წამოჭრილი შინაარსობრივი და ტექნიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
მტკიცებულებათა ნაკრები და არტეფაქტები შესაძლებელია პორტფოლიოს ფარგლებში შეგროვდეს, მასალების გაუმჯობესებისა და მენეჯმენტის შემადგენელი ნაწილი იყოს, ან დამოუკიდებელი მიზნისთვის გამოიყენოს პედაგოგმა (მაგალითად, საუკეთესო გაკვეთილის გეგმის კონკურსში).
მასწავლებლის მიერ თვითშეფასების განხორციელებას გარკვეული სირთულეებიც სდევს თან. როგორ ზემოთ აღინიშნა, აუცილებელია, მასწავლებლმა გაიაროს შესაბამისი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას შეფასების სიზუსტე/სანდოობა, შეირჩეს სათანადო სფეროები შეფასებისთვის, შეფასების ინსტრუმენტები შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებს, პროფესიულ სტანდარტებს და პროფესიული პრაქტიკის კრიტერიუმებს (სტანდარტები შეიძლება მოიცავდეს კომპეტენციებს, სამუშაო პროფილს, სამუშაოს აღწერას, ეთიკის კოდექსს, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, წლიურ სამოქმედო გეგმას). ასევე, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს მონაცემების შეგროვების მიზნობრიობა, უნდა შეაგროვოს სათანადო მონაცემები და განსაზღვროს თვითშეფასების გეგმის განხორციელების შესაძლებლობა.
აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ
მასწავლებლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამსჯელო კითხვებს წარმოადგენს:
· რა უნარებით უნდა აღვჭურვოთ მოსწავლეები იმისათვის, რომ მათ შეძლონ თანამედროვე, კონკურენტუნარიან გარემოსთან ეფექტურად ადაპტირება?
· როგორ შევუქმნათ მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარების მოტივაცია?
სტატია განიხილავს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს დამოუკიდებელ და წარმატებულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. განხილულია აგრეთვე ამ უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელობა სწავლება-სწავლის პროცესში.
ითვლება, რომ მოსწავლეს, რომელსაც კარგად აქვთ განვითრებული მეტაკოგნიტური უნარები,შეუძლია დაგეგმოს, აწარმოოს მონიტორინგი და შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი, საჭიროების შემთხვევაში კი, მუშაობის დროს გამოყენებული სტრატეგიები შეცვალოს ან მათი მოდიფიცირება მოახდინოს. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ მეტაკოგნიცია შედეგზე ორიენტირებული სწავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და საშუალებას აძლევს მოსწავლეს, განივითაროს თვითშემეცნების, საკუთარი აზროვნების მართვის, დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემების ეფექტურად გადაჭრისა და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც არა მარტო სწავლაში, არამედ სხვა საქმიანობებშიც მაღალი შედეგების მიღწევას განაპირობებს.
მეტაკოგნიციას, რომელიც მარტივად განიმარტება, როგორც “აზროვნება აზროვნების შესახებ”, მკვლევარები ორ ძირითად ნაწილად ყოფენ (იხ. სურ. 1):
1. მეტაკოგნიტური ცოდნა, რომელიც გულისხმობს შემეცნების პროცესების გაცნობიერებას და კითხვაზე პასუხს, თუ როგორ სწავლობს ადამიანი ეფექტიანად; ასევე, ცოდნას საკუთარი კოგნიტური სისტემებისა და მათი ფუნქციონირების შესახებ.
2. თვითრეგულაცია, ანუ საკუთარი აზროვნების პროცესების მართვის უნარი და სასწავლო გამოცდილების რეგულაცია.
მეტაკოგნიტური ცოდნა, თავის მხრივ, პირობითად სამი ტიპის ცოდნას აერთიანებს:
· დეკლარირებული ცოდნა პასუხობს კითხვაზე, თუ რა ცოდნას ფლობს მოსწავლე საკუთარი სწავლის პროცესებისა და მეტაკოგნიტური სტარტეგიების შესახებ;
· პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მოსწავლემ მეტაკოგნიტური უნარები და სტრატეგიები;
· პირობითი ცოდნა პასუხობს კითხვებზე, თუ როდის და რატომ უნდა გამოიყენოს მოსწავლემ სხვადასხვა სასწავლო სტრატეგია.
თვითრეგულაცია,ისევე, როგორც მეტაკოგნიტური ცოდნა, მეტაკოგნიციის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი არსი სამ ფუნდამენტურ უნარს ეფუძნება:
· დაგეგმვა მუშაობის დაწყებამდე შესასრულებელი პროცესია, მაგ.: შედეგების პროგნოზირება, პრობლემის გადაჭრამდე სტრატეგიის შერჩევა, საკუთარი ფიქრების ორგანიზება, დავალების შესრულებისთვის საჭირო დროისა და რესურსის წინასწარ განსაზღვრა და ა.შ.
· მონიტორინგი მოსწავლეთა პროგრესის გაცნობიერებას გულისხმობს; მონიტორინგის დროს მოსწავლე პერიოდულად ამოწმებს, რამდენად კარგად გაიგო და გაიაზრა ახალი ინფორმაცია, რამდენად ეფექტურია შერჩეული სტრატეგია დასახული მიზნის მისაღწევად, რა არის შესაცვლელი უკეთესი შედეგის მისაღებად და ა.შ.
· შეფასება მოიცავს დასახული მიზნების, დასკვნების, შედეგებისა და მიღებული გამოცდილების გაანალიზებასა და განსჯას. თვითრეგულაციის ამ ეტაპზე მოსწავლე ეკითხება საკუთარ თავს, თუ რამდენად კარგად შეასრულა დავალება, სად რა ხარვეზია და რა არის გასაუმჯობესებელი.
როგორც ვხედავთ, მეტაკოგნიციის ეს ორივე კომპონენტი – მეტაკოგნიტური ცოდნა და შემეცნების რეგულაცია ეფექტიანი სწავლება-სწავლის განუყოფელი ნაწილია და მათი განვითარება მაღალი სააზროვნო უნარებით მოსწავლეთა აღჭურვას გულისხმობს.
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში?
მასწავლებელები, რომლებიც მიმართავენ მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების მიზანმიმართულად გამოყენებას და მოსწავლეთა აღჭურვას სხვადასხვა სტრატეგიით, ხელს უწყობენ მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას და შესაბამისად, უკეთესი შედეგის მიღწევას. მარტივიდან რთულისაკენ სააზროვნო დონეების მიხედვით დასმული შეკითხვები, პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები, ტექსტის კონკრეტული ინსტრუქციებით კითხვა, დისკუსიები, როლური თამაშები და სხვა სტრატეგიების გამოყენება შესაძლობლაბას აძლევს მოსწავლეებს, დააკვირდნენ საკუთარი აზროვნების პროცესს, გააცნობიერონ და გააკონტროლონ ის.
მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის მასწავლებელმა უნდა შექმნას აზროვნებისთვის ხელსაყრელი გარემო და წაახალისოს მოსწავლეები, სწავლის სხვადასხვა სტრატეგიით შეასარულონ დავალებები. ის უნდა დაეხმაროს მათ იმის გააზრებაში, თუ როგორ სწავლობენ, რა ფაქტორები უწყობს ან არ უწყობს ხელს მათი სწავლის პროცესის ეფექტიანობას, როგორ გააუმჯობესონ შედეგი და ა.შ.
ქვემოთ მოცემული სტრატეგიების სასწავლო პროცესში გათვალისწინება დაეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესის გააზრებასა და საკუთარი შემეცნებითი აქტივობების მართვაში.
· სტრატეგიების შერჩევა _ ეს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესია. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს და წაახალისოს ისინი, დამოუკიდებლად განსაზღვრონ დავალების წარმატებით დაძლევისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია. დავალების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება ჰკითხოს მოსწავლეებს, რომელი სტრატეგია აირჩიეს და რატომ? როგორ გადაჭრეს პრობლემა და რა სირთულეებს წააწყდნენ? როგორ ფიქრობენ, სხვა სტრატეგიის გამოყენება უკეთესი ხომ არ იქნებოდა და რატომ? ამგვარი მსჯელობით მოსწავლეები აფასებენ არა მარტო შერჩეული სტრატეგიის ადეკვატურობას, არამედ საკითხს სიღრმისეულადაც იაზრებენ.
· შესრულებული სამუშაოს შეფასება – სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ შედეგებს და განსაზღვრავენ, რა გამოუვიდათ კარგად, რისი გაკეთება სჯობდა სხვანაირად, სად აქვთ ძლიერი მხარე და რა უნდა გააუმჯობესონ. მოსწავლეების მიერ შედეგების თვითანალიზი და შეფასება ხელს უწყობს მათ როგორც საკითხის სიღრმისეულად გააზრებაში, ასევე საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებაში.
· თვითშეფასება – მოსწავლეები განსაზღვარევნ, რამდენად კარგად ისწავლეს საკითხი და რა აქვთ ხელახლა დასამუშავებელი, რომელი უნარები განუვითარდათ და რას უნდა მიაქციონ ყურადღება. თვითშეფასება საშუალებას აძლევს მათ, თვალი ადევნონ საკუთარ განვითარებასა და პროგრესს. საკუთარი აზროვნების გაცნობიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის შეფასებაც.
· დავალების შესრულების პროცესის გააზრება _ მუშაობის დროს მასწავლებლი მოსწავლეებს უსვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ეხმარება მათ, გაიაზრონ, რამდენად ეფექტური გზა აქვთ არჩეული დავალების შესასრულებლად. მაგ: “რას აკეთებ ახლა? რატომ აკეთებ ამას? როგორ დაგეხმარება ეს?” და ა.შ. მასწავლებელმა ასევე უნდა წაახლისოს მოსწავლეები, თავადაც დაუსვან მსგავსი ტიპის შეკითხვები საკუთარ თავს.
· სხვადასხვა ტიპის შეკითხვები – მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა, ცოდნის შემოწმებისა და სააზროვნო პროცესების მართვის მიზნით, საკუთარ თავს და ერთმანეთს დაუსვან შემდეგი სახის შეკითხვები: რა იციან განსახილველი ან/და შესასწავლი საკითხის შესახებ? რა შეიძლება, რომ არ იცოდნენ? რა აინტერესებთ? რა უნდათ, რომ იცოდნენ? რა ისწავლეს? რა ვერ გაიგეს? რაში დასჭირდებათ დახმარება? და ა.შ.
გარდა ზემოთ აღნიშნული კითხვებისა, სასურველია, მასწავლებელმა უბიძგოს მოსწავლეებს, დაუსვან შეკითხვები როგორც საკუთარ თავს, ასევე თანაკლასელებს უშუალოდ დავალების შინაარსიდან და ფორმიდან გამომდინარე (წერითი, კითხვითი, მსჯელობითი და ა.შ), მაგ.: ვეთანხმები თუ არა ავტორის პოზიციას და რატომ? მოცემული პრობლემის გადაჭრის რა ალტერნატიული გზები არსებობს? რა დააინტერესებს ჩემს მკითხველს? და ა.შ. მსგავსი ტიპის შეკითხვებით მოსწავლე დამოუკიდებლად იაზრებს საკითხს და პარალელურად ახდენს საკუთარი აღქმის გაკონტროლებას.
· შედეგების პროგნოზირება – ეს ყველაზე ხშირად გამოიყენება მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. საკითხის დამუშავებამდე მისაღები შედეგის პროგნოზირება ეხმარება მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი, თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება დასჭირდეთ პრობლემის წარმატებით გადაჭრისთვის. პროგნოზირება ასევე ეხმარება მოსწავლეებს, შეადარონ საკუთარი მოსაზრება პრობლემის ან ექსპერიმენტის საბოლოო რეზულტატს. ამგვარად გააზრებული საკითხი კი ხელს უწყობს ახალი მენტალური სქემის ჩამოყალიბებასა და მყარი გამოცდილების შეძენას.
· მსჯელობა – მსჯელობის პროცესი აზროვნების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მოსწავლეთა მიერ გარკვეული იდეებისა და მოსაზრებების საკუთარ თავთან, ერთმანეთთან ან მასწავლებელთან ერთად განხილვა ხელს უწყობს მათ, ისწავლონ კითხვების დასმა, სხვისი ნაფიქრის გაზიარება და საკუთარ მოსაზრებებთან შედარება-შეჯერება, არსებულ ცოდნასა და გამოცდილებაში ხარვეზების იდენტიფიცირება, პირადი მოსაზრებების გაანალიზება და შეფასება.
· უკუკავშირი – შესრულებული საქმიანობის კონსტრუქციული მიდგომით განხილვა და უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეებს, პოზიტიურ კონტექსტში გაიაზრონ საკუთარი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და დაფიქრდნენ, რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის.
· გადამოწმება – მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს, რომ უკუკავშირის მიღების შემდეგ დაუბრუნდნენ შესრულებულ სამუშაოს და შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები. ეს შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გადაამოწმონ სწავლის სტრატეგიის გამოყენების ადეკვატურობა და აზროვნების პროცესი.
მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა სწავლის სტილის განსაზღვრა, რაც მათი ინდივიდუალური მახასითებელია და დიდ გავლენას ახდენს სწავლის შედეგებზე. სხვადასხვა მოსწავლე ავლენს ვიზუალური, სმენითი, კინესთეტიკური ან ტაქტილური აზროვნების სტილს, რის გამოც მასწავლებელმა ხშირად უნდა ცვალოს სწავლების მეთოდები. მან უნდა შეძლოს ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინება.
ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ზემოთ მოცემული რეკომენდაციებისა, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა ემოციური მხადაჭერა და გამხნევება, რაც გულისხმობს მათი პიროვნების აღიარებას, მოსაზრებების პატივისცემას, საკლასო ოთახში სამრთლიანობის პრინციპის დაცვას, ინდივიდუალური ძალისხმევის დაფასებას, ნდობის ატმოსფეროს შექმნას, თვითრწმენის განმტკიცებას და ა.შ. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას იმისათვის, რომ უფრო ხალისით ჩაერთონ საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში.
გაცრეცილი ფოტოების ხიბლი


მასწავლებელი სამოქალაქო პოზიციით
თბილისის ცენტრში ერთი ძალიან გადატვირთული ქუჩაა. პარლამენტის
ყოფილ შენობასა და მოსწავლეთა სასახლეს შორის ამავალ ციცაბო აღმართზე უამრავი მნიშვნელოვანი
დაწესებულებაა განლაგებული. მთაწმინდის ამ პატარა უბანში დაუდვიათ ბინა საგარეო საქმეთა
სამინისტროს, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს”
(GFSIS), იტალიის რესპუბლიკის
საელჩოსა და ძალიან პრესტიჟულ, ერთ-ერთ უძველეს 47-ე საჯარო სკოლას. ქუჩა ცნობილი ქართველი
მასწავლებლის შიო ჩიტაძის სახელს ატარებს.
მეოცე საუკუნის დასაწყისის გავლენიანი სამოქალაქო აქტივისტი
ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ფეხით მოსიარულეთა ყურადღების მიღმა. გამოცდილი პედაგოგის
შესახებ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბევრი არაფერი იცის. ღირსეული მოღვაწის
მივიწყებას, ალბათ, მეცნიერებაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპები განაპირობებს.
ჩვენთან, ბოლშევიკური რევოლუციის მსგავსად, სრულიად უსამართლოდ არის დემონიზებული 1905-1907
წლების სოციალურ მოძრაობათა ისტორიაც, რომლის აქტიური მონაწილე გახლდათ შიო ჩიტაძე.
მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ დოგმატური წარმოდგენების გარდაქმნა და ვისაუბროთ მასწავლებელზე,
რომელიც არასდროს ერიდებოდა თავისი საზოგადოებრივი პოზიციის საჯაროდ გამოხატვას.
შიო ჩიტაძე 1873 წელს გორში დაიბადა. მომავალმა პედაგოგმა
პირველადი განათლება გორის სახელგანთქმულ სემინარიაში მიიღო, მერე კი თბილისის კლასიკური
გიმნაზიის გავლით იმპერიის ცენტრში აღმოჩნდა. საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩიტაძე მოსკოვის
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. საბოლოოდ მან სწავლა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიისა
და ისტორიის ფაკულტეტზე დაასრულა. ბუნებრივია, ნიჭიერმა კურსდამთავრებულმა უსწრაფესად
დაიმკვიდრა ადგილი ახალბედა მასწავლებლებს შორის და უკრაინის დედაქალაქშივე მიჰყო ხელი
პედაგოგიურ საქმიანობას. შრომატევადი სამუშაოს მიუხედავად, საქართველოსგან შორს მცხოვრებ
ახალგაზრდას თავის ქვეყანასა და თანამემამულეებთან კავშირი არ გაუწყვეტია. წლების განმავლობაში
იგი სათავეში ედგა უკრაინის ქართულ სათვისტომოს და საკუთარ შესაძლებლობებს კავკასიაში
გაძლიერებული ეროვნული თუ სოციალური მოძრაობის მხარდასაჭერად იყენებდა.
შიო მალევე თბილისში იხმეს. რა გახდა მისი სამშობლოში
დაბრუნების მიზეზი?
1979 წელს „ღარიბ მოწაფეთა შემწე საზოგადოებამ” საქართველოს
დედაქალაქში პირველი დაწყებითი სკოლა დააარსა. სასწავლებლის დაფუძნება რუსეთის იმპერიალისტური
პოლიტიკის გაძლიერებასა და უკიდურეს გამკაცრებას დაემთხვა. რუსი ზედამხედველები ყოველმხრივ
ავიწროებდნენ და ზღუდავდნენ ქართულენოვან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამიტომ დაწყებითი
სკოლა ძალიან დიდხანს ნახევრად არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა. მიუხედავად დაბრკოლებებისა,
1900 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მაინც მოახერხა ერთადერთი ქართული სასწავლო კერის რვაკლასიან
გიმნაზიად გარდაქმნა, თუმცა რამდენიმე სემესტრის შემდეგ ის მასწავლებელთა დეფიციტის
პრობლემას შეეჯახა. ცხადია, თაყაიშვილის წინადადება თბილისის გიმნაზიაში მუშაობის შესახებ შიო ჩიტაძემ უპასუხოდ
ვერ დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
1905 წელს შიო ჩიტაძე სკოლის ინსპექტორი (გამგე) გახდა.
ამ პერიოდს უკავშირდება მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდიც.
გიმნაზიის ხელმძღვანელმა საზოგადოებას „სკოლის რეორგანიზაციის პროექტი” წარუდგინა,
რომელიც დღესაც კი ძალზე თანამედროვე დებულებებს აერთიანებდა. ჩიტაძის გეგმის მიხედვით,
მთელ იმპერიაში აპრობირებული ძალადობრივი სწავლების მეთოდი ფსიქოლოგიური მიდგომით უნდა
შეცვლილიყო. მოსწავლეებთან ურთიერთობისას მასწავლებლებს ინდივიდუალური, მოზარდთა ასაკისა
და მისწრაფებების შესატყვისი პედაგოგიური ტექნიკები უნდა გამოეყენებინათ. რევოლუციური
გახლდათ ინსპექტორის დამოკიდებულება სასწავლებლის მართვის საკითხებისადმი. ჩიტაძე მხარს
უჭერდა დემოკრატიულად არჩეული პედსაბჭოსა და მოსწავლეთა საკრებულოსთვის სასკოლო ძალაუფლების
უდიდესი ნაწილის გადაცემას. შეუვალი იყო ცნობილი მასწავლებლის დამოკიდებულება ხელმოკლე
ოჯახებიდან გამოსული ბავშვებისთვის უფასო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
შესახებ. რეფორმის პროექტი ქართულმა ორგანიზაციებმა მოიწონეს და ჩიტაძეს მონდომებით
შეუდგა საქმიანობას.
პარალელურად კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში ჩაირიცხა და დაიწყო მემარცხენე-პატრიოტული
ღირებულებებისთვის ბრძოლა. ჩიტაძე ეწინააღმდეგებოდა მეფის თვითმპყრობელობის პოლიტიკას,
ემხრობოდა დამფუძნებელი კრების მოწვევას, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეასა და სახელმწიფოში
სოციალური სამართლიანობის მექანიზმების დანერგვას. სკოლის ინსპექტორი გასული საუკუნის
დასაწყისში თბილისში ჩატარებული საპროტესტო დემონსტრაციებისა და გაფიცვების მონაწილეც
გახლდათ. ალბათ, თავადაც მიხვდებით, რომ მეფის „ოხრანკა” გავლენიან მასწავლებელს მიზანში
ამოიღებდა. ქალაქის პოლიციამ სამართალდამცველთა მეთაურ მარტინოვზე განხორციელებული
თავდასხმა საბაბად გამოიყენა. 1906 წელს ჯარისკაცები გიმნაზიაში შეიჭრნენ და 33 წლის
ჩიტაძე მოკლეს.
უდიდესი დანაშაულია, რომ ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს
ისტორიულ მოღვაწეებსა თუ მოვლენებზე. ქართულ საზოგადოებას ავიწყდება, რომ ქვეყანაში
ევროპული ღირებულებების დამკვიდრების პირველი მცდელობა გავლენიანი პედაგოგების მიერ
შემუშავებულ რეფორმებს უკავშირდება. შიო ჩიტაძის ცხოვრების ამ მოკლე აღწერით მინდოდა
შემეხსენებინა, რომ ყოველ ეპოქაში დემოკრატიის განვითარების მთავარ ბერკეტებს გამბედავი
მასწავლებლები ფლობენ.