კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

ნილ გეიმანი: რატომ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი ბიბლიოთეკებზე, კითხვასა და ოცნებაზე

0
პირველი ნაწილი

ლექცია, რომელშიც ახსნილია, რატომ არის აუცილებელი საკუთარი წარმოსახვის გამოყენება და, საერთოდ, ამ პროცესის ხელშეწყობა. გეიმანს მიაჩნია, რომ წარმოსახვის განვითარება და გამოყენება ყველა მოქალაქის ვალია.

ნილ გეიმანი (დაიბადა 1960 წელს) – პოპულარული ბრიტანელი მწერალი. მუშაობს მოკლე ნოველის, კომიქსის, გრაფიკული მოთხრობის ჟანრებში. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის – ჰუგო, ნებულა და ბრემ სტოკერის ლიტერატურული პრემია, კარნეგისა და ნიუბერის მედლები. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: სერია „სენდმენი” („ქვიშის კაცი”), „სტარდასტი” („ვარსკვლავის მტვერი”), „სასაფლაოს წიგნი”. გეიმანის რომანი-ფენტეზი, „ამერიკელი ღმერთები”, 2001 წელს მსოფლიო ბესტსელერი გახდა და რამდენიმე საერთაშორისო პრიზიც დაიმსახურა. გეიმანი, როჯერ ეივერისთან ერთად, გახლავთ რობერტ ზემეკისის გახმაურებული ბლოკბასტერის, „ბეოვულფის”, სცენარის თანაავტორი.
 
ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაზიარება, რომელ მხარეს დგას და არის თუ არა რაიმე კუთხით მიკერძოებული. ეს შეიძლება შევადაროთ ჯგუფის ან ასოციაციის შეკრებაზე მისი წევრების მიერ საკუთარი ინტერესების ღია დეკლარირებას. ამიტომაც გადავწყვიტე, წიგნების კითხვაზე გესაუბროთ. მე ვაპირებ გითხრათ, რომ ბიბლიოთეკები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვაპირებ იმის თქმასაც, რომ შეთხზული ამბების (ინგლ. fiction) კითხვა, სიამოვნებისთვის კითხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა ადამიანის ცხოვრებაში. ვაპირებ გავაგებინო ყველას, რომ ჩემი ჟინიანი განაცხადი ბიბლიოთეკებისა და ბიბლიოთეკართა მნიშვნელობის შესახებ მიმართულია ამ ინსტიტუტისა და იქ მომუშავე ადამიანების დასაცავად.

მე ტენდენციური პიროვნება ვარ. ღიად და ძალიან ტენდენციური: მე ავტორი ვარ, შეთხზული და გამოგონილი ამბების მწერალი. მე ვწერ ბავშვებისთვის, ვწერ დიდებისთვისაც. უკვე 30 წელია, სარჩო-საბადებელს ჩემი სიტყვების მეშვეობით მოვიპოვებ, უპირატესად – ამბების გამოგონებით და ქაღალდზე მათი გადატანით. ნათელია, რომ დაინტერესებული ვარ, ხალხმა იკითხოს, იკითხოს ის, რაც მოვიგონე და დავწერე, არსებობდნენ ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები და ხელს უწყობდნენ კითხვის სიყვარულს და იმ ადგილების განვითარებას, სადაც ადამიანები სხედან და კითხულობენ.

ამიტომაც მე ტენდენციური და მიკერძოებული გახლავართ, როგორც ერთი მწერალი. მაგრამ გაცილებით ტენდენციური და მიკერძოებული ვარ როგორც მკითხველი და კიდევ უფრო მიკერძოებული – როგორც ბრიტანეთის მოქალაქე.
დღეს მე, „რიდინგის სააგენტოს” (Reading Agency) კეთილი ნების წყალობით, შესაძლებლობა მომეცა, გესაუბროთ კითხვასა და ლიტერატურაზე. ეს სააგენტო გახლავთ ბრიტანული საქველმოქმედო გაერთიანება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, მოიპოვონ საკუთარი თავის რწმენა, შეძლონ ლიტერატურის სამყაროში შესვლა და იქცნენ კითხვის ენთუზიასტებად. „რიდინგის საგენტო” ხელს უწყობს ყველას, ჰქონდეთ ლიტერატურული სიახლეების გაცნობის თანაბარი შესაძლებლობა. იგი მხარს უჭერს წერა-კითხვის შემსწავლელ პროგრამებს, ბიბლიოთეკებს და კერძო პირებს, შეიყვარონ კითხვა და მისი აქტიური მხარდამჭერები გახდნენ. ეს იმიტომ, რომ, როგორც „რიდინგში” ამბობენ, „ყველაფერი იცვლება, როდესაც ვკითხულობთ”.

დიახ, ეს ყველაფერი ცვლილებისთვის ხდება. ჩემი ეს გამოსვლაც ცვლილების ნაწილია. მე მინდა გესაუბროთ იმაზე, რას გვაძლევს კითხვა, რისთვის არის კითხვა კარგი.

ერთხელ ნიუ-იორკში ვესწრებოდი საუბარს კერძო ციხეების მშენებლობაზე, რაც საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აშშ-ში. ციხეების ინდუსტრიას, ისევე როგორც სხვებს, სჭირდება სამომავლო ზრდის გეგმა: რამდენი საკანი დასჭირდებათ მომავალში? რამდენი პატიმარი ეყოლება ამერიკას 15 წლის შემდეგ? სად უნდა აშენდეს ციხეები? – და სხვა ამგვარი საკითხები. აღმოჩნდა, რომ ამ რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა, მათი წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია საკმაოდ მარტივი ალგორითმით, რომელიც ემყარება ერთ კითხვას: „10-11 წლის ბავშვების რამდენმა პროცენტმა არ იცის კითხვა?” ან, სხვაგვარად, რამდენს უჭირს კითხვა საკუთარი სიამოვნებისათვის, თავისუფლად?

It's not one to one: you can't say that a literate society has no criminality. But there are very real correlations. / ეს არ გახლავთ პირდაპირი ურთიერთდამოკიდებულება – რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ წერა-კითხვის კარგად მცოდნე საზოგადოებას არ ჰყავს კრიმინალები, თუმცა კითხვის უცოდინრობასა და კრიმინალს შორის საკმაოდ ძლიერი კორელაციაა.

ამ კორელაციებიდან და დამოკიდებულებებიდან მომდინარეობს მარტივი თეზისი – კითხვის მცოდნე ადამიანებს შეთხზული ამბების კითხვა უყვართ.

შეთხზულ ამბავს (ინგლ. Fiction) ორი მთავარი გამოყენება აქვს. ერთი ის, რომ იგი კითხვის სიყვარულის, ასე ვთქვათ, საწყისი „ნარკოტიკია”. სურვილი, გაიგო რა მოხდა მერე, გადაგაშლევინებს წიგნს მომდევნო გვერდზე, გაგრძელებინებს კითხვას, თუნდაც ეს რთული იყოს, რადგან რომელიღაც გმირი მძიმე განსაცდელშია და გსურს შეიტყო, როგორ წაუვა საქმე ბოლოს. ეს მართლაც მიმზიდველი განცდაა. მეორე ფაქტორია ის, რომ ამბისადმი (ან გმირებისადმი) ინტერესი გიბიძგებს წაიკითხო და დაიმახსოვრო, მერე კი შეისწავლო ახალი სიტყვები, გაიაზრო ახალი იდეები, გმირთა ფიქრები, უბრალოდ გააგრძელო კითხვა…

კითხვისას აღმოაჩენ, რომ კითხვის პროცესი, უბრალოდ სასიამოვნოა. როდესაც ამას გაითავისებ, უკვე ყველაფრის კითხვის გზაზე დგები. კითხვა მთავარი გასაღებია. რამდენიმე წლის წინ (მადლობა ღმერთს, ცოტა ხნით) გაისმა უცნაური ხმები იმის თაობაზე, რომ ჩვენ „პოსტ-წიგნიერ” ეპოქაში ვცხოვრობთ” და „დაწერილი სიტყვიდან” აზრის გაგების შესაძლებლობა შესაძლოა ზედმეტი გახდეს. მაგრამ ეს ხმები გაქრა, ამ დღეებმა ჩაიარა. დღეს სიტყვები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე; დღეს ჩვენ სიტყვების სამყაროში დავცურავთ, რადგან სიტყვა არის ვებზე; ჩვენ უნდა გავყვეთ იმას, რასაც სიტყვებით გვწერენ, წავიკითხოთ და გავიგოთ, რას გვწერენ და ჩვენი ნაწერი სიტყვებით დავუკავშირდეთ სხვებს. ხალხი, რომელსაც ერთმანეთისა არ ესმის, ვერ გაცვლის აზრებს, ვერ იურთიერთობებს ერთმანეთთან. თარგმანის პროგრამებს ბევრი არაფერი შეუძლიათ, ისინი შეზღუდულნი არიან.
ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ განათლებას ვაძლევთ ჩვენს შვილებს, არის მათთვის კითხვის სწავლება და ჩვენება, რომ კითხვა სასიამოვნო საქმიანობაა. საამისოდ კი საჭიროა მათთვის, სულ მცირე, იმ წიგნების შეთავაზება, რომლებიც მოსწონთ, ამ წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კითხვის ხელშეწყობა.

ჩემი აზრით, ცუდი საბავშვო წიგნი არ არსებობს. ზოგიერთ მოზრდილს შორის მოდური გახდა რომელიმე საბავშვო წიგნის, ჟანრის, ხანდახან ავტორის მინიშნება და იმ წიგნების საჯაროდ დასახელება, რომელთა წაკითხვაც რეკომენდებული არ არის. მე რამდენიმეჯერ შევესწარი ამას. მაგალითად, ენიდ ბლაიტონი გამოაცხადეს ცუდ ავტორად. არის ცნობები, რომ მე-20 საუკუნის 50-იან და 80-იან წლებში ქ-ნი ბლაიტონის ზოგიერთი წიგნი „აიკრძალა” და გატანილ იქნა ბიბლიოთეკებიდან. დადასტურებულია, რომ ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მწერალს ბი-ბი-სი წლების განმავლობაში არ უთმობდა რადიოეთერს. მას ადანაშაულებდნენ სნობიზმში, სექსიზმში, რასიზმსა და პოლიტიკურ არაკორექტულობაში. მის ნაწარმოებებს იწუნებდნენ მდარე ხარისხისა და გრძელი დიალოგების გამო. თუმცა ამას ბლაიტონის წიგნების პოპულარობაზე გავლენა არ მოუხდენია. თვითონ ავტორი კი ამბობდა, რომ „მას არ აინტერესებს არც ერთი კრიტიკოსი, რომლის ასაკი 12 წელზე მეტია”. იგივე გაუკეთეს რ. ლ. სტაინს და საბავშვო წიგნების ათამდე სხვა ავტორს. კომიქსებზე საერთოდ ითქვა, რომ ისინი უწიგნურობას უწყობენ ხელს.

ეს აბსურდია. ეს სისულელეა და სნობიზმი. არ არსებობენ საბავშვო წიგნების ცუდი ავტორები, თუ მათი წიგნები ბავშვებს მოსწონთ და კითხულობენ, რადგან ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია. მათ შეუძლიათ, იპოვონ წიგნები და ამბები, რომლებიც მოსწონთ, სჭირდებათ, რომლებშიც ისინი „შედიან” და მონაწილეობენ კითხვისას. ტრივიალური და „გაცვეთილი” იდეები გაცვეთილი და ტრივიალური არ არის ბავშვებისთვის. ასეთ ამბებთან მათი შეხვედრა პირველად ხდება. ნუ გაუქრობთ ბავშვს კითხვის სურვილს, თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ იგი არ კითხულობს კარგ წიგნს. მოგონილი ამბავი, რომელიც თქვენ შესაძლოა არ მოგეწონოთ, სხვა, უკეთესი წიგნებისკენ მიმავალი გზაა. გახსოვდეთ, რომ ყველას თქვენნაირი გემოვნება არ აქვს.

კეთილგანწყობილ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია დაასამაროს ბავშვის წიგნის კითხვის სიყვარული. ეს შეიძლება მოხდეს, თუ შეაწყვეტინებთ, რაც მოსწონს, იმის კითხვას, მისცემთ წიგნს, რომელიც თქვენ მოგწონთ, მაგრამ მოსაწყენი აღმოჩნდება ბავშვისთვის. ეს ვიქტორიანული პერიოდის „გამოსასწორებელი” ლიტერატურის მსგავს აქტს დაემსგავსება. შედეგად შესაძლოა მივიღოთ თაობა, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვა „მაგარი რამ” არ არის და უარესიც – კითხვა არ არის სასიამოვნო.

ჩვენ ბავშვებს კითხვის კიბეზე უნდა წარვუძღვეთ: ნებისმიერი საკითხავი, რომელიც მათ მოსწონთ, მათ ამ კიბეზე უფრო მაღლა აიყვანს, ნაბიჯ-ნაბიჯ წიგნიერ ადამიანებად აქცევს. აქვე აღვნიშნავ, რომ არ ჩაიდინოთ ის, რაც მე დამემართა, როდესაც ჩემს 11 წლის გოგონას, რომელიც რ. ლ. სტაინს კითხულობდა, სტივენ კინგის „ქერის”  წაკითხვა შევთავაზე. მაშინ მეგონა, რომ თუ ბავშვი სტაინს კითხულობდა, მას კინგის ეს რომანიც დააინტერესებდა. ამის შემდეგ ჰოლი (ჩემი გოგონა) მხოლოდ პრერიის ამთვისებელ პიონერებზე კითხულობდა მოთხრობებს. სტივენ კინგის ხსენებაზე კი ჰოლი დღესაც იჭმუხნება!

მეორე, რასაც თხზულების კითხვა აძლევს ბავშვებს, გახლავთ ემპათია – სხვისი დარდისა თუ ტკივილის გაზიარების უნარი. როდესაც ადამიანი ტელევიზორს უყურებს ან ფილმს ნახულობს, იგი სხვის ამბავს უცქერის. პროზაული თხზულება კი გახლავთ ფორმატი, რომელიც 26 ასოთი (ინგლისურ ანბანში 26 ასოა – ლ.ა.) და რამდენიმე სასვენი ნიშნით იწერება. ამ დროს, კითხვისას, ადამიანი მარტოა, იგი იყენებს თავის წარმოსახვას, თვითონვე ქმნის და წარმოიდგენს იმ სამყაროს, რომელზეც კითხულობს. გრძნობს, სტუმრობს ადგილებსა თუ სამყაროებს, რომლებსაც ამ წიგნის გარეშე ვერასდროს წარმოიდგენდა. ადამიანი კითხვისას სწავლობს, რომ იქ, სადღაც, ყველა მისი მსგავსია. კითხვისას მკითხველიც ვიღაც სხვა ხდება და როდესაც იგი რეალურ სამყაროში ბრუნდება, სულ ცოტათი შეცვლილია.

თანაგრძნობა გახლავთ საშუალება, რომელიც ადამიანებს ჯგუფებად კრავს, გვაძლევს საშუალებას, ვიცხოვროთ საკუთარ თავზე კონცენტრირებული ინდივიდებისგან განსხვავებულად. 

კითხვისას ვპოულობთ და ვსწავლობთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩვენი ცხოვრებისთვის, კერძოდ: 

სამყარო არ უნდა იყოს აუცილებლად ისეთი, როგორიც არის. მოვლენები შესაძლოა სხვაგვარად მიმდინარეობდეს. 
2007 წელს ჩინეთში გახლდით ჩინეთის სახალხო პარტიის მიერ დაშვებულ ფანტასტიკური პროზის პირველ სემინარზე. საშუალება მომეცა, სემინარის ოფიციალური პირები გვერდზე გამეხმო და მათთვის პირდაპირ მეკითხა: რატომ არ იყო ნებადართული ჩინეთში ფანტასტიკური პროზა აქამდე? რა შეიცვალა?

ეს მარტივია, – მითხრა ოფიცილაურმა პირმა, – ჩინელები საუკეთესონი არიან, თუ მათ ვინმე სხვა დაუსახავს გეგმას, მაგრამ ახალს არ იგონებენ და არც ინოვაციებს ქმნიან. მათ წარმოდგენა უჭირთ. ამიტომაც ჩინელებმა გაგზავნეს თავიანთი დელეგაციები აშშ-ში, სადაც ესტუმრენ „ეფლს”, „მაიკროსოფტს” და „გუგლს”. ამ კომპანიებში ჩინელებმა იკითხეს, ვინ იგონებდა ამ ყველაფერს. მათ აღმოაჩინეს, რომ ყველა გამომგონებელი, ვისაც იქ შეხვდნენ, ქალი თუ კაცი, ბავშვობაში ფანტასტიკას კითხულობდა. 

შეთხზულ ამბავს შეუძლია სხვა სამყარო გიჩვენოს. შეუძლია იქ გადაგისროლოს, სადაც არასდროს ყოფილხარ. მას შემდეგ, რაც სხვა სამყაროში იყავი და ჯადოსნური ნაყოფი იგემე, შეუძლებელია კვლავ გაკმაყოფილებდეს ის სამყარო, რომელშიც იშვი და გაიზარდე. უკმაყოფილება სასარგებლოა: უკმაყოფილო ადამიანებს თავიანთი სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. მათ შეუძლიათ, სამყარო გააუმჯობესონ, სხვანაირი გახადონ იგი.
ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ წყარო: theguardian.com, Tuesday 15 October 2013 

„რაც მოვისმინე – დამავიწყდა, რაც დავინახე – დავიმახსოვრე, რაც გავაკეთე – გავიგე“

0

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაში ძალიან ძნელია (და საფრთხილოც) ახალი იდეების შეთავაზება და ნოვაციების შეტანა, არადა, ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც პედაგოგისგან განსაკუთრებულ მიდგომასა და სიფაქიზეს მოითხოვს.

როდესაც „ევროპულმა სკოლამ” საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის პროგრამის ავტორიზაცია მოიპოვა, ყველაზე კრიტიკულად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები განვეწყვეთ:

IB-სადიპლომო პროგრამით სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე – ყველა სავალდებულო საგანი, გარდა ლიტერატურისა (მხედველობაში მაქვს ექვსი სავალდებულო საგნიდან ერთ-ერთი – ლიტერატურის კურსი სტუდენტის მშობლიურ ენაზე), ისწავლება ინგლისურად. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამით მშობლიური ენის სწავლება?

ჩემთვის,  როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ პროგრამის ფილოსოფიასა და მიზნებში მკვეთრად გამოხატული პოზიცია – ეროვნული ცნობიერების დაცვით აღზარდოს მსოფლიო საზოგადოების წევრი, რომელიც, პირველ რიგში, ცნობს და აფასებს საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს და, ამავე დროს, პატივს სცემს სხვების ეთნიკურ თუ კულტურულ ფასეულობებს.

 შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ პროგრამით სწავლება მშობლიური ლიტერატურის სწავლების საუკეთესო გზაა. ჩემი კოლეგების, თამამად შემიძლია ვთქვა, თავდადებულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ, საინტერესო სახელმძღვანელოების არსებობამ და, რა თქმა უნდა, ეროვნული სასწავლო პროგრამების ავტორთა შრომამ მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაჩვენა (ეროვნულ გამოცდებს ვგულისხმობ). რასაკვირველია, ბევრი რამ გადასახედია და დასახვეწი, მაგრამ სწავლების ახალმა მეთოდებმა, პროფესიონალიზმისა და შემოქმედებითობის სინთეზმა ნამდვილად გამოიღო ნაყოფი.

ვერ ვიტყვი, რომ რამეს განსაკუთრებულს და უნიკალურს ვაკეთებთ, მით უმეტეს, რომ “ევროპულ სკოლაში”, სადაც მისი დაარსების დღიდან ვმუშაობ, ამის საკმაო გამოცდილება უკვე გვაქვს, მაგრამ ეს კურსი ცოტა განსხვავებული ნამდვილად არის. ორწლიანი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ქართული ლიტერატურის სწავლებას მსოფლიო ლიტერატურასთან ერთად (საზღვარგარეთული ლიტერატურა ისწავლება ქართული თარგმანებით).

სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებები მრავალი ნიშნით შეიძლება დავუკავშიროთ ერთმანეთს – ჟანრით, თემატიკით, ეპოქალური და სოციალური პრობლემატიკით, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსგავსებაზე დაკვირვება, არამედ განსხვავებაზეც, მერე კი ამ მსგავსება-განსხვავების მიზეზთა ძიება და მიგნებაა საინტერესო. დამეთანხმებით, ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის სწავლება მსოფლიოს ლიტერატურულ შედევრთა ჭრილში საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდებისთვის, გაიაზრონ მშობლიური ლიტერატურა და, ზოგადად, კულტურა როგორც კაცობრიობის ყველაზე ღირებული მონაპოვარი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამით გათვალისწინებული 13 ნაწარმოები განაწილებულია 4 ჯგუფში და თითოეული ეს ჯგუფი ისწავლება კონკრეტული მიზნით: ზეპირი პრეზენტაცია, ზეპირი კომენტარი, რამდენიმე ნაწარმოების შედარებითი ანალიზი (წერილობით), ქართული და უცხოური ნაწარმოებების შედარება- შეპირისპირება (წერილობით), ვრცელი წერილობითი ესეს შესრულება და საბოლოო გამოცდისთვის 2 ან 3 ნაწარმოების მიხედვით მსჯელობა კონცეპტუალურ საკითხებზე.

ამჟამად მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ზეპირი პრეზენტაციის გამოცდის ფორმატზე და გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელმაც გვაჩვენა, რომ ამ ტიპის სამუშაოს შესრულებისას მოსწავლეებს მხოლოდ ზეპირმეტყველებისა და პრეზენტაბელობის უნარ-ჩვევები კი არ უვითარდებათ, არამედ გაცილებით გახსნილები ხდებიან, საშუალება ეძლევათ, გამოამჟღავნონ ან აღმოაჩინონ თავიანთ თავში არტისტიზმის დაფარული ნიჭი, სურვილი, აიხდინონ (ზოგიერთისთვის) ბავშვობის ოცნება. ამ ტიპის სავალდებულო აქტივობის დროს მოზარდები იხსნიან კომპლექსებს, ძლევენ სიმორცხვეს და შედეგად ისეთი მოსწავლეები დგებიან სცენაზე, რომლებსაც ადრე ვერც წარმოედგინათ, რომ ეს უნარი საერთოდ ჰქონდათ. ხაზს ვუსვამ, ეს პროგრამის სავალდებულო მოთხოვნაა, რომელიც ფასდება და სადიპლომო ქულის მნიშვნელოვან პროცენტს შეადგენს. ამდენად, მოსწავლეების პასუხისმგებლობა და მონდომება საკმაოდ დიდია და შედეგიც თვალნათლივ ჩანს. 

პირველი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობთ 3 ავტორის ნაწარმოებებს. ამჯერად ჩვენი (მასწავლებლის) არჩევანი იყო უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა”, გალაკტიონის ლექსები, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე”.

ამ მასალის საფუძველზე სტუდენტს უნდა მოემზადებინა 10-15-წუთიანი ზეპირი პრეზენტაცია.

კანდიდატი ირჩევდა თემას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. შერჩეული საკითხები მოიცავდა ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: ნაწარმოების კულტურული არეალი, თემატიკა, პერსონაჟის დახასიათება, მწერლის სტილი და მხატვრულ- გამომსახველობითი საშუალებები, ავტორის პოზიცია ნაწარმოებში მოცემული რომელიმე კონკრეტული საკითხის (პერსონაჟის) შესახებ, ტექსტის ინტერპრეტაცია სხვადასხვა კუთხით.

აქტივობათა არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია: 

◊ სტრუქტურული დისკუსია, რომლის დროსაც კანდიდატს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა (დისკუსიის წარმართვა, მოხსენება, ოპოზიციური კამათი, კამათის პროვოცირება). ასეთ აქტივობაში შესაძლოა ჩართული იყოს მთელი კლასი, მაგრამ ფასდება მხოლოდ კონკრეტული კანდიდატი;

◊ ზეპირი წარდგენა – მწერლის (ნაწარმოების) წარდგენა (შესავალი), რომელიმე ნაწარმოების (ავტორის) კრიტიკა, ტექსტის ინტერპრეტაცია, ნაწარმოების გააზრება (შედარება- დაპირისპირება) შესაბამისი ეპოქის სოციალურ-კულტურულ ფონზე, სახე-სიმბოლოების, იდეების, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა), ორი პასაჟის, ორი პერსონაჟის, ორი ნაწარმოების დაკავშირება (შერწყმა), ნაწყვეტის კომენტარი, ახნა-განმარტება ნაწარმოების განმავითარებელ მნიშვნელობაზე;

◊ როლური თამაში – პერსონაჟის მონოლოგი ნაწარმოების რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე, სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟების დიალოგი, დიალოგი ერთი და იმავე ნაწარმოების ორი პერსონაჟისა, რომლებიც ნაწარმოებში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს, კანდიდატის ინტერვიუ ავტორთან, პერსონაჟის ინტერვიუ ავტორთან, პერსონაჟის გასამართლება, პერსონაჟის მემუარები განვლილი წლების გადასახედიდან, ავტორის შესაძლო რეაქცია მისი ნაწარმოების ინტერპრეტაციის შემთხვევაში, ნაწარმოების (ავტორის) დაცვა ცენზურისგან სხვადასხვა ბრალდების (ამორალურობის, უხამსობის, პოლიტიკური, რელიგიური ზეწოლის და სხვა) შემთხვევაში.

კანდიდატები პრეზენტაციას ამზადებენ დამოუკიდებლად, შინ ან სკოლაში გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს. მაგრამ ყველა ეს აქტივობა დიდი ინტერესითა და ხალისით ირჩეოდა უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეები ამა თუ იმ ნაწარმოების კითხვისას ასახელებდნენ მათთვის სასურველი და მისაღები აქტივობის ტიპს და ცდილობდნენ, ნაწარმოები სწორედ ამ კუთხით წაეკითხათ და შეესწავლათ. ისინი გზადაგზა ინაწილებდნენ როლებს, ადგენდნენ სცენარს, ირჩევდნენ შესაფერის კანდიდატებს თავიანთი სცენარისთვის, საინტერესო იყო, რომ ამ კანდიდატების, ასე ვთქვათ, „მსახიობების”, ძებნის დროს ირჩეოდა მთელი ხასიათი პერსონაჟისა და ამ ხასიათს ეძებდნენ თანაკლასელებში, პარალელურკლასელებსა თუ თანატოლებში, ამ ძიებას თან ახლდა კამათი, მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა და ამასობაში თავისთავად ხდებოდა მთელი ნაწარმოების ანალიზი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ არასოდეს დაავიწყდებათ ის, რაც ამ დროს შეისწავლეს. უფრო მეტიც – მათ შეიყვარეს და გაითავისეს განსახიერებული პერსონაჟები, სხვა კუთხით დაინახეს უარყოფითი გმირებიც, სცადეს მათი საქციელის გამართლება, გააცნობიერეს დეტალების მნიშვნელობა და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ფუნქცია ნაწარმოებში, ერთმანეთთან დააკავშირეს სხვადასხვა ეპოქისა თუ კულტურის ლიტერატურული ნაწარმოებები, ამოიკითხეს მსგავსი თემატიკა, დაინახეს კერძო და ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკა, გაიგეს, რომ სათქმელი შეიძლება გადმოიცეს ხელოვნების სხვადასხვა ენაზე. სტუდენტები ეძებდნენ როლური თამაშისთვის შესაფერის ჩაცმულობას, რეკვიზიტს, უსადაგებდნენ თავიანთ პრეზენტაციას მუსიკას, ნახატებს, ფოტოებს, ნაწყვეტებს კინოფილმებიდან.

 მახსენდება ერთი ჩინური სიბრძნე: „რაც მოვისმინე – დამავიწყდა, რაც დავინახე – დავიმახსოვრე, რაც გავაკეთე – გავიგე”. რასაკვირველია, ამ ტიპის სამუშაო ძალაუნებურად აიძულებდა მათ, კითხვისას ტექსტი ღრმად გაეანალიზებინათ და აქცენტი მნიშვნელოვანსა და საინტერესოზე დაესვათ. მერწმუნეთ, ჩვენი ახალგაზრდების ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა…

ასე გაჩნდა ისეთი საინტერესო ინტერპრეტაციები, როგორებიცაა: ტიბალტის მონოლოგი; რომეოს გასამართლება იმქვეყნიურ სამსჯავროზე; ქალბატონი კაპულეტის აღსარება; გალაკტიონის მესაფლავისა და რომეოს შეხვედრა; ინტერვიუ მერი შერვაშიძესთან; ინტერვიუ შექსპირთან; დიალოგი მერანთან; გალაკტიონის მონოლოგი; თანამედროვე (ქართველი) „რომეო და ჯულიეტა”, წარმოდგენილი რეპის სტილში; მარიტასა და ჯულიეტას შეხვედრა; გაცოცხლებული ნატვრის ხის მონოლოგი და მრავალი სხვა.

მართალია, გამოცდა ბარდებოდა ზეპირმეტყველებაში – ზეპირი პრეზენტაციის ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, იყო შედეგი სწორი კითხვის სტრატეგიისა. ხაზგასასმელია ის მომენტი, რომ როდესაც მოსწავლემ იცის, სახელდობრ, რისთვის, რა მიზნით კითხულობს ამა თუ იმ ნაწარმოებს, რა ევალება ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, რომელი უნარები უნდა გაააქტიუროს, რა ფორმით გამოხატოს თავისი ცოდნა – ინტერესიც იმატებს, აღქმის უნარიც აქტიურდება და მთავარი სათქმელის მიგნება და გააანალიზებაც ადვილდება.

მომდევნო ეტაპია შესწავლილი ტექსტის ნაწყვეტის ზეპირი კომენტირება. თუ დაინტერესდით, ამის გამოცდილებასაც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.

 

შევეგუებით

0
გაზაფხულზე გიყვებოდით ირანელ გოგონებსა და ქალებზე, რომლებიც ათასი წვრილმანი და მსხვილმანი შეზღუდვის პირობებში ცხოვრობენ და დროის უმეტეს ნაწილს აკრძალულ ცხოვრებასთან შეგუებას ახმარენ. გიყვებოდით მომღერალ ქალებზე, რომლებსაც საჯარო სივრცეში სიმღერა ეკრძალებათ, რეჟისორებზე, რომელთა ფილმებსაც ცენზურა დაუნდობლად კუწავს და მსახიობ გოგონაზე, ულამაზეს პეგაზე, რომელიც 23 წლისაა და უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული სოციალური აქტივობისა და რეჟიმის დაუმორჩილებლობისთვის. პეგა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაიჭირეს და 18 თვით ჩასვეს ციხეში. ბრალდება ისევ სოციალური აქტივიზმი და პოლიტიკური კომენტარებია, რომლებსაც ის უცხოურ პრესასთან აკეთებდა.

ყოველთვის, როცა ირანზე და ირანში მცხოვრებ გოგონებსა და ქალებზე ვფიქრობ, პირველად ის კადრები მიდგება თვალწინ, 1979 წლამდე, რევოლუციამდელ თეირანში რომაა გადაღებული და ბედნიერ ადამიანებს ასახავს, დოგმებისა და რელიგიური ცენზურისგან თავისუფალ საზოგადოებას, მერე კი ახლანდელი, ჩადრში შემალული ქალების ბედი მადარდებს, რომლებსაც ფუნდამენტური უფლებების ნაწილი მხოლოდ იმიტომ წაართვეს, რომ ქალები არიან. 

პეგას მესამედ დაჭერის ამბავი რომ გავიგე, კიდევ ერთხელ დამეუფლა უსუსურობის განცდა, რომ ჩვენ, დანარჩენი სამყარო, რაც არ უნდა ბევრი ვწეროთ და ვიდარდოთ სხვა ქალების შესახებ, ბევრს მაინც ვერაფერს ვცვლით და ირანში მცხოვრები ქალების უკეთ გასაგებად ირანელი მწერლის, ზოია ფირზადის ქართულად ახლახან გამოცემული წიგნი, „შევეგუებით” ვიყიდე, სადაც იმისგან სრულიად განსხვავებული ამბები დამხვდა, რასაც ველოდი. 

ზოიაც ქალებზე ჰყვება, ირანში მცხოვრებ ქალებზე, ოღონდ ისეთ ამბებს, ხვდები, რომ ამ ქალების მთავარი მტერი არა რომელიმე რეჟიმი, არამედ ისევ ქალები არიან, სხვა ქალები – დედები, ბებიები, მასწავლებლები, დედამთილები, მულები და რძლები. ამ ქალების მტრები ქმრებიც არიან, რომლებიც ხშირად უსიყვარულოდ ქორწინდებიან მათზე წესებისა და ტრადიციების დაცვით და მერე დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ხან ძალადობით, ხან უყურადღებობითა და უსიყვარულობით ტანჯავენ. და, რაც მთავარია, ამ ქალების დაუძინებელი მტრები არიან მათი ტრადიციები, სტერეოტიპები და ადათ-წესები, რომლებიც სიყვარულს კრძალავენ, სამსახურს უშლიან, ქალის ადგილად სამზარეულოს მიიჩნევენ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ფორმად კი მორჩილებას, უსიტყვო მორჩილებას.

ზოია ფირზადი ამ ქალების შესახებ ჩემზე გაცილებით ნაკლებემოციურად ჰყვება, ვინაიდან ისიც მათი ნაწილია, მათთან ერთად ცხოვრობს, ბავშვობიდან მათ უყურებს და მისთვის ეს მეტ-ნაკლებად ჩვეული ამბავია. მგონია, რომ ზოიაც თავისი გმირებივით პირმოკუმული, ხაზად ქცეული ტუჩებით წერს იმას, რაც არ მოსწონს საკუთარ ქვეყანაში (სწორედ ასე, უხმოდ და ტუჩების ხაზად ქცევით გამოხატავენ მის ტექსტებში ქალები ბრაზსა და პროტესტს). თავად წიგნის სათაურიც იმავეს ამბობს, რასაც ზოიას თხრობის სტილი – რომ თუ ძალიან მოინდომებ, ამ ყველაფერს შეეგუები კიდეც, მაგრამ შეგუებას ჯობია ამაზე ისაუბრო, პრობლემა დაინახო და იქნებ მოაგვარო კიდეც, იქნებ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, იქნებ შენს თავსაც და სხვა ქალებსაც უთხრა, რომ შენ პიროვნება ხარ, სურვილები და უფლებები გაქვს და მახინჯი ტრადიციების მორჩილებას მათ წინააღმდეგ ხმის ამაღლება ჯობდეს.

მეტიც – ზოია ფირზადი ირანში მცხოვრებ ქალებზე ისე ჰყვება, არ გაგიჭირდება, მათში შენი ის ნაცნობი ამოიცნო, რომელსაც ქალის მთავარ საქმედ გათხოვება, უკეთეს შემთხვევაში სარფიანად გათხოვება მიაჩნია, ან ის, რომელიც ადამიანების პიროვნულ თვისებებზე მეტ მნიშვნელობას მათ ეროვნულ და რელიგიურ კუთვნილებას, სამუშაო ადგილსა და მანქანის მარკას ანიჭებს. აქ ისეთ ქალებსაც ნახავთ, შვილების გამო საძულველ ქმართან ცხოვრებას რომ აგრძელებენ და თავი საკუთარი ნებით მიაქვთ სამსხვერპლოზე და ისეთებსაც, სხვა ქალების გაგება რომ არაფრით შეუძლიათ, რომ ვერ ხვდებიან, სომეხი გოგონა ირანელ ბიჭს რატომ უნდა მისთხოვდეს, ან სკოლის დირექტორის შვილი სკოლის დარაჯის შვილთან ერთად რატომ უნდა თამაშობდეს. რაც უნდა კარგი იყოს ეს ირანელი ბიჭი და ძალიან უყვარდეს მის ქალიშვილს, რაც უნდა ლამაზი და ჭკვიანი იყოს სკოლის დარაჯის გოგონა, როგორც უნდა სიამოვნებდეს მის შვილს მასთან თამაში, ასეთი კავშირები მაინც არ სურს.

ზოია ერთდროულად ორი ქვეყნის ქალების ამბებს ჰყვება: სომხებისას და ირანელებისას. თვითონაც სომეხი დედისა და ირანელი მამის ოჯახშია გაზრდილი და კარგად იცნობს ყველა იმ დაბრკოლებას, რასაც ეს ხალხი ცხოვრებაში აწყდება.

დაბრკოლება კი სწორედ ის ფსევდოტრადიციები და ადათ-წესებია, რომლებიც ამ წიგნის გმირებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ბედნიერებით ტკბობას არ აცდის. როცა ქმარი ერთ-ერთ ქალს ულამაზეს ქამარს უყიდის პარიზში მოგზაურობისას, ქალი ქამრის მაგივრად ფასს უყურებს და დანაზოგის უყაირათოდ ხარჯვაზე ჯავრობს მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება აჯერებდნენ, დანაზოგი სახლის ყიდვა-მოწყობისთვის არსებობს და არა პარიზში სამოგზაუროდ და ლამაზი ნივთების შესაძენადო; როცა სომეხ გოგონას ირანელი ბიჭი შეუყვარდება, მისი ბედნიერება ოჯახის დაუსრულებელ ტრაგედიად იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები, ტრადიციულად, თანამემამულეებზე ქორწინებას ანიჭებდნენ უპირატესობას; როცა ახალდაქორწინებული ქალის ქმარი სააბაზანოში ლაქას დაინახავს, ქალი ლაქებთან ბრძოლის სპეციალისტი ხდება, ვინაიდან ბავშვობაში ასწავლეს, ქმრის ყველა ახირება ლეგიტიმურიაო. მერე ეს ქმარი ნელ-ნელა სხვა ქალებს ხვდება, ის კი, მისი ცოლი, ლაქების ამოყვანის კურსებს ხსნის სხვა, თავისი მსგავსი ქალებისთვის. 

აქ, ამ მოთხრობებსა და რომანში, სულისგამაწვრილებელ ტრადიციებს სწორედ ქალები იცავენ კბილებით (მამაკაცები ძირითადად მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან, ისევ ქალთა სახეების უკეთ დასახატავად შექმნილები), ისინი უშლიან ერთმანეთს სიყვარულსა და თავისუფლებას, ისინი აწესებენ სახლის მოვლის ას სავალდებულო წესს და საოჯახო შეკრებებზე მოსამზადებელი კერძების უსასრულო სიას, ისინი თანხმდებიან უსიყვარულო, მყიფე ნიადაგზე აშენებულ ოჯახებზე. აქ სიტყვაც კი არ არის ნათქვამი იმ მთავრობაზე, რომელმაც ქალებს ირანში ჩადრები ჩამოაფარა და სიმღერა აუკრძალა, რომელმაც პეგა მესამედ დააპატიმრა და დედამისის ფილმები ცენზურის ქარცეცხლში გაატარა. ამ წიგნში მთავარი სათქმელი, რაც ალბათ ყველა ქალმა უნდა გაითავისოს, ის არის, რომ ქალებს მთავარი დაბრკოლება საკუთარ თავებში გვაქვს გადასალახი, გარე ფაქტორებამდე პირადი ფაქტორები გვზღუდავს და თუ ჩვენივე აღმართული ამ ბარიერებიდან გამოსვლას ერთმანეთისადმი სოლიდარული დამოკიდებულებით მოვახერხებთ, სხვა ბარიერებსაც ადვილად დავაღწევთ თავს, მერე კი უფრო ხმამაღლა ვიტყვით, რომ ქალების საჯარო ადგილებში სიმღერით არაფერი შავდება და პეგას აქვს იმის თქმის უფლება, რასაც ფიქრობს.

დიდაქტიკური თამაშის ფსიქოლოგიური და კოგნიტური საფუძვლები

0

“თამაშობს ყველა. თამაშობენ ბავშვები, უფროსები. თამაშობენ ცხოველები. თამაშობდნენ პირველყოფილი ადამიანები…” _ ეს სიტყვები მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი წერილიდანაა. წერილის მთავარი დედააზრია, რომ  ნებისმიერ ეპოქაში ყველა ცოცხალ არსებას აქვს თამაშის _ რეალობის იმიტირების, “თეატრალიზების” მოთხოვნილება.

საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თამაშს, როგორც ქცევას, საფუძვლად უდევს სიამოვნება. ბავშვისთვის თამაშის ძირითადი მოტივი აქტივობისაგან სიამოვნების მიღებაა. თამაშზე საუბრისას აუცილებელია, შევეხოთ მის ფსიქოლოგიურ და კოგნიტურ საფუძვლებს. 

ვრცლად

რატომ მიატოვა ბებიამ სკოლა

0

საზაფხულო არდადეგებზე, სოფლად, არცთუ ცოტა გასართობი მქონდა. მყავდა ჯან-ღონით სავსე ბებია და მქონდა წიგნებით გამოტენილი თაროები, რომლებიც მამაჩემმა ჯინსებზე დაზოგილი ფულით შეიძინა (მე კი არ მგავდა), ასევე – ჯანსაღი საკვები და სუფთა ჰაერი, ნაშუადღევს კი, მწველ სიცხეში – კიბეზე ჩამომჯდარი ბებიის კეთილი ზღაპრები, რომლებიც არ მინდოდა დამთავრებულიყო. ბებიას ყოველთვის ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ ამბების მოყოლაც უყვარდა. ჰოდა, ჰყვებოდა თავის „კლასელ” სტალინზე და ალა პუგაჩოვაზე, ამბობდა, ეგენი ჩემზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ – სხვაგან წავიდნენო; ჰყვებოდა „გაკერილ თეფშზე” – იმ ერთადერთ ნივთზე, რომელიც მას და ბაბუას შეუღლებისას გააჩნდათ. მერე და მერე ო’ჰენრის მოთხრობა „მოგვების ძღვენს” მახსენებდა ეს ამბავი.
შემოვუსხდებოდით ნაშუადღევს კიბეზე ჩამომჯდარ ბებიას ოთხი შვილიშვილი გარშემო და ვთხოვდით. რამე მოეყოლა ჩვენთვის. ისიც გვიყვებოდა იმ მთის ამბებს, სადაც გათხოვებამდე ცხოვრობდა თავის ცხრა და-ძმასთან ერთად. ეს იყო ამბები სიყვარულზე, გაჭირვებაზე, ზრუნვაზე, ერთმანეთის გაფრთხილებაზე, ლუკმაპურის შოვნაზე.
ბებია გვიყვებოდა ათას ამბავს, ზოგს – ნამდვილს, ზოგსაც – გამოგონილს. საოცარი ფანტაზია ჰქონდა. ხანდახან კი, თავისი საწოლი ოთახის წინ გრძელ სკამზე ჩამომჯდარი, ამ ამბებს ფანდურზე დაამღერებდა.
გვიყვებოდა, როგორ დადიოდა თავისი სოფლის – გადიდის სკოლაში და როგორ ეშინოდა ბიჭების. ჩვენც სულ გვარიგებდა, მაგათგან თავი შორს დაიჭირეთო და თან ერთი გოგოს ამბავსაც მოაყოლებდა, რომელიც სასტიკმა ბიჭებმა გრძელი ნაწნავით მიაბეს ხეზე. ეს კიდევ ერთი საბაბი იყო ჩვენი ბიჭურად გაკრეჭისთვის. ბებიას უყვარდა, ასე გაკრეჭილებს რომ გვხედავდა – ლოყები გამოგიჩნდათო. მგონი, ყველა ბებიას აწუხებს შვილიშვილების ლოყების ფერნაკლულობა.
გვიყვებოდა, როგორ არ ჰქონდათ და-ძმებს ფეხსაცმელი და სწორედ სირცხვილის თავიდან ასაცილებლად დაანება ერთ დღეს თავი სკოლაში სიარულს, რადგან მის ოჯახს ის 50 კაპიკიც არ აღმოაჩნდა, რომელსაც მასწავლებელი ყოველდღე აბარებდა. „ორშაბათს მომთხოვეს – ვერ მივიტანე, სამშაბათს მომთხოვეს – ვერ მივიტანე და ოთხშაბათს შემრცხვა და აღარ წავედიო”, – გულნატკენი ხმით გვიყვებოდა. ძალიან სწყდებოდა გული, საშუალო განათლების მიღება რომ ვერ მოახერხა.
ჩვენთვის კი, 90-იანებში ბავშვობაგამოვლილი და გამობრძმედილი თაობისთვის, რა ნაცნობი და მშობლიური იყო ეს ამბავი; მაშინ ხომ ჩვენც ბევრი არაფერი გაგვაჩნდა, ირგვლივ სიბნელე, შიმშილი და უსამართლობა სუფევდა. ამიტომაც გვეჩვენებოდა ბებიის მოყოლილი ამბები ძალიან ახლობელი. არაფერი გვიკვირდა, რადგან ყველაფერი ნანახი გვქონდა: გაჭირვება, პურის რიგები, სურსათის ნაკლებობა, უშუქობა და უწყლობა და თანაკლასელების უტაქტო მშობლები,  სკამზე რომ აქვავებდნენ ბავშვებს, რომლებსაც სარვამარტო საჩუქრებისთვის თანხა არ მიჰქონდათ და, შესაბამისად, ვერც იმ სიაში აღმოჩნდებოდნენ, რომელსაც დღესასწაულებზე საჩუქრებთან ერთად გადასცემდნენ მასწავლებლებს.
სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც უამრავი ბავშვი რჩება საშუალო განათლების გარეშე. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი სიღარიბეა. ისინი ვერ ახერხებენ იცხოვრონ ისე, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები არ დაირღვეს, ჰქონდეთ საკვები, მედიკამენტები, ტანისამოსი და სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები, მიიღონ განათლება.
2012 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა „იუნისეფმა” გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ხოლო იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სკოლის გარეშე არიან დარჩენილი, 20 000-ს აღწევს.
მე კი ვფიქრობდი: ჩემი შვილი ცოტა რომ წამოიზრდება, მოვუყვები ჩემს ამბებს, როგორც ბებია მიყვებოდა მე; მოვუყვები, რომ ის ჯემიანი შავი პურის ნაჭრები, რომლებსაც ყოველდღე გვირიგებდნენ მეოთხეკლასელებს, ძალიან უგემური იყო; მერე მარტო პურს არიგებდნენ, უჯემოდ, მერე მეხუთე კლასში გადავედით და პურის დარიგებაც შეწყდა. მოვუყვები, როგორ ვქვავდებოდით მერხებთან, თუ „საჩუქრების სიის” ამოკითხვას დაიწყებდნენ. ყველაფერს მოვუყვები, რაც კი გამახსენდება: კარგსაც და ცუდსაც, სევდიანსაც და მხიარულსაც. ყველაფერი უნდა იცოდეს.

წინათ და ახლა

0
ალბათ უდავოა, რომ ყველა თაობას სხვადასხვა შეხედულებები და ცხოვრების სხვადასხვაგვარი წესი აქვს. ცხოვრების წესის ეს სხვადასხვაობა უამრავ კერძო შემთხვევაშიც შეიძლება გამოიხატოს, თუნდაც ისეთებში, როგორებიცაა სპორტისადმი დამოკიდებულება, გარეგნული იერი, სიარულის, ქცევის მანერა და სხვა.
ამის დასტურად ჩვენს ოჯახებში სათუთად შენახული ძველი საოჯახო ალბომებიც გამოდგება, რომელთა შავ-თეთრი, სიფრიფანა ფოტოებიდან პოლბოქსის ყაიდაზე თმაშეჭრილი ვაჟები და მკერდზე ნაწნავებდაყრილი, წარბებგადაკალმული ქალები შემოგვცქერიან.

ვგონებ, ურიგო არ უნდა იყოს, თუ ძველი და ახალი თაობის ორი ახალგაზრდა სპორტსმენის ერთ სავარაუდო დღეს წარმოვიდგენთ. ეს უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მათ განსხვავებულობას. გარდა ამისა, საკითხზე ასე მსჯელობა, ჩემი აზრით, ერთგვარი, თუნდაც წუთიერი რესტავრაციაა მეოცე საუკუნის შუა ხანებისა. თუმცა უნდა გამოგიტყდეთ – ვინაიდან წინა თაობის ახალგაზრდობას არ შევსწრებივარ, მათივე მონათხრობისა და წიგნებში ამოკითხული ამბების საფუძველზე მომიწევს ამ დღის აღდგენა, ამიტომ, დამეთანხმებით, სურათი მთლად სანდო ვერ იქნება, თუმცა მაინც ძველით დავიწყებ.
1948 წლის 20 მარტის დილა. თბილისი. დასანგრევად განწირული ბარაკის პირველ სართულზე, რომლის სამივე ფანჯარა მეტალოკონსტრუქციების ქარხანას გადაჰყურებს, დიდი ფაციფუცია. ეს იმიტომ, რომ ახლახან გაიღვიძა ამ სართულზე ვიწროდ მცხოვრები, მაგრამ გაფართოების პერსპექტივის მქონე ოჯახის უფროსმა,  20 წლის, ფეხბურთელმა ვაჟიშვილმა, რომელსაც ვარჯიშზე მიეჩქარება და ცდილობს, არ დაიგვიანოს.

თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ვარჯიშზე წასვლა არ უწერია, რადგან გზაში ორ ძველ ნაცნობს, მოჯიბგირო ელემენტებს – ნახალოვკელ პაწოს და ავლაბრელ არუთინას – ეფეთება.

– ვაა, ფუტბალისტ, – დაცინვით ეუბნება პაწო, ნაცრისფერი ხინკალა ქუდის ქვეშ ხელს იყოფს და კეფას იქექავს. პაწოს არც არუთინა ჩამორჩება: `შენ რა მაზალო ვინმე ხარ, ტო! ფუტბოლზე რა გინდა? წამო, რამე კაი ამბავი ვქნათ!” „რა ამბავი რო?” – ინტერესდება ჩვენი გმირიც, რომელსაც ვარჯიშის გაცდენა უკვე გადაუწყვეტია. „წამოდი და ნახამდე!” – ამას ისევ ავლაბრელი არუთნა ამბობს და რამდენიმე წუთში სამივე ტრამვაის ლიანდაგისკენ გარბის. გაჩერებულ ტრამვაიში ჩაჯდომა ცოტა ეუხერხულებათ, რადგან ბიჭობა სწორედ ისაა, დაძრულ ტრამვაის რომ შეახტები, თორემ გაჩერებულში ასვლას რა უნდა? მართლაც, სამივე დაძრულ ტრამვაის ახტება.

ჩუღურეთში, ძველ, დანგრეულ ეკლესიასთან ჩამოხტებიან. იქ უკვე ყომარი გაუხურებიათ. დღეს ჩუღურეთელებისა და ნახალოვკელების საერთო ყომარია, თუმცა აქა-იქ სხვაუბნელი ტიპების სიფათებიც მოჩანს, ნერვიულობისგან ოფლმოსკდარი სახეებით რომ დასცქერიან კალითა და ათასი სხვა უბედურებით გამოტენილ კამათლებს. ახალმოსულებს ყველანი `პრივეტებით” ესალმებიან და ადგილს უთავისუფლებენ.

მალე ისინიც ერთვებიან საერთო აურზაურში და ასე მხიარულად გადის დღე. საღამოს კი მტკვრის ნაპირას, „კაფჩონით” და პივა-არყით დამშვენებულ `ძმურ” სუფრაზე, ჯერ კიდევ დილით `სწავლას მოწყურებული” ჩვენი გმირი, როგორც `სასტავში” ყველაზე განათლებული (პროფესორა) თამადა, იმ კაცური კაცობის ძალას ლოცავს, რამაც ყომარში მოგება და წაგება დააძმობილა. რა დროს ვარჯიში და ოფლისღვრაა, თუ ძმა ხარ…
ეს – წინათ. ახლა კი ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ამავე ასაკის თანამედროვე ბიჭის ერთი თბილისური დღე.
თბილისის რომელიღაც მიკრორაიონში მცხოვრებ ფეხბურთელ ბიჭს ზემოსართულელი თინეიჯერი გოგონას მიერ დილაადრიან ჩართული ლელა წურწუმიას სიმღერა აღვიძებს.

მასაც ვარჯიშზე მიეჩქარება, მაგრამ აღმოაჩენს, რომ შინ საჭმელი აღარ არის. რაც იყო, მის მუტრუკ უფროს ძმას ერთიანად შეუსანსლავს, `ბუტკებში” კი, თითქმის ყველგან, ვალი ადევს, ამიტომ მისი ტვინი გამალებით მუშაობს „საზრდოს მოსაპოვებლად”.

იქვე, მისი სახლის მახლობლად, ხომ `ენჯეოშნიკი” ძმაკაცის ოფისია. ძმაკაცს კი იმდენი ფული ყოველთვის აქვს, რომ ლუდი და ხინკალი თუ არა, ფენოვანი ხაჭაპური მაინც აჭამოს. მართლაც, მიდის ზუსტად მაშინ, როდესაც ხსენებულ არასამთავრობოში ტრაპეზია გაჩაღებული. ძეხვი, ყველი, `პერაშკი” და ასეთი რამე-რუმები ზედ კომპიუტერის მაგიდებზე გაუშლიათ და შეექცევიან.

ბიჭიც არ გამოიდებს თავპატიჟს და „ნადიმს” უერთდება. მერე გუნებაზე მოდის და იქვე, ერთ-ერთ თავისუფალ კომპიუტერზე ჩათაობით იქცევს თავს. ამასობაში აღმოაჩენს, რომ 6 საათს 20 წუთი უკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ 20 წუთში იტალიის ჩემპიონატი იწყება და 4 `ენჯეოშნიკთან” ერთად იქვე, ახლომდებარე ტოტალიზატორში ჩადის. სწრაფად ავსებენ თითოლარიან ბილეთებს და რაკიღა იციან, რომ მაინც წააგებენ, წინასწარ იოხებენ გულს სტუმარ-მასპინძელი გუნდების გინებით.

მაგრამ არა! ხანდახან სასწაულებიც ხდება. ჩვენი გმირის ერთი მეგობარი 1 ლარში 31-ს იგებს. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! ეს 31 ლარი ხომ სახინკლეს ნიშნავს! თანაც `სერიოზულ” სახინკლეს. მართლაც, მიაკითხავენ `ავჭალასა შიგან მდებარე ფრიად ნაქებ სახინკლესა ამას” და მადლობა ღმერთს, რომ ლარიანი არყის დალევა აღარ მოუწევთ.

და ასე, გამუდმებით… გადის დღეები, თვეები, წლები… დუქნებში ისევ ხვრეპენ ლუდს და აყოლებენ ხინკალს, სადღაც ისევ თამაშობენ ყომარს და ისევ ოფლი გადასდით სახეზე, მაგრამ ის ბიჭები რომლებიც, წესით, გარიჟრაჟიდანვე მწვანე მინდორზე გაქაფულნი უნდა დარბოდნენ, უძეგლოდ რა გითხრათ, მაგრამ უტიტულოდ ნამდვილად იკარგებიან.

პერსონაჟების სასაფლაო

0
აპარაცია რომ შემეძლოს, აქ უფრო ხშირად მოვხვდებოდი. ტკაც – და შენს სოფელში ხარ. ტკაც – და იქაური ნოემბერი სახეში შემოგაბოლებს. ღუმლის ათასობით მილი ერთდროულად რომ გააბოლოს. სულ ცოცხალი იქნება. ჩაუდგები კვალში, ფოთლებს დაგიმიზნებს და სუსხს: ეგ არის მაგისი იარაღი, თავი სასტიკ ვინმედ მოაქვს და ყველანაირად ეცდება, აგაფორიაქოს. უკვე რამდენი ხანია, დეკემბერს ბაძავს. რით ვერ გაიზარდა. მე კი თხელი ქურთუკი მაცვია და მის ნერვებზე ვთამაშობ. დრესკოდი თუ არ დაიცავი, გაშმაგდება და თვალწინ ყველა ფოთოლს ერთად აგიფრიალებს. რომელი ხარი მე მნახა. რომელი კატალონიაა კახეთი.

ერთადერთი, რაც აქ შეიცვალა, ის არის, რომ წყალს აღარ ყიდულობენ. მახსოვს, ზაფხულში ბავშვები ხეების ჩრდილში რიყის დასიცხული ქვებივით მივეყრებოდით, გვცხელოდა, გვცხელოდა. მაგრამ გასაგრილებელი წყალი ისეთივე მიუწვდომელი იყო, როგორც ზღვის რომელიმე, თუნდაც ქართული კურორტი. წყალი – მხოლოდ დასალევად. წყალი ძვირფასია. წყალი გამოიზოგეთ. წყლით ნუ ითამაშებთ. აკრძალული თამაშები დავივიწყეთ, სამაგიეროდ, უკეთესი გასართობი გამოვიგონეთ.

„გაფავიფიქცეფეთ, გოფოგიფიაფა პაფაპაფა მოფოდიფის!” – დავიყვირებდით და თუთიდან ისეთი სისწრაფით ჩამოვხტებოდით, ტოტებთან ერთად მუხლებსაც ჩამოვისხეპდით. თითქოს გოგია პაპა ქაჯურის გარეშე ვერ მიხვდებოდა ჩვენს ავ ზრახვებს თავისი თუთის მიმართ. მერე შტაბების მოწყობა დავიწყეთ და თეთრი და ალისფერი ვარდების ომიც. მწარედ მახსოვს: ვერაფრით შევაგნებინე ბიჭებს, რომ ჩემი ევალოტალისანდერობა სრულიად შეუძლებელი ამბავი იყო. ჯიუტად მჯეროდა: ჩემი სოფლის „ჯურღმულების” საეჭვო დეტალებს და გოგია პაპას ჯურღმულებზე უფრო ბნელი ულვაშის ყოველ მოძრაობაში დამალულ კიდევ უფრო საეჭვო დამნაშავურ თვისებებს აღმოვაჩენდი. ეს მე ვიყავი: კაბიანი კალე. დიახაც. „ჯურღმული” ღვინის ქარხანა აღმოჩნდა, სადაც ადამიანებს – არა, მხოლოდ და მხოლოდ ყურძენს წურავდნენ და გოგია პაპამაც ერთ დღესაც ულვაში მოიპარსა.

სინამდვილეში ესაა ბავშვობა: დაუსრულებელი და სასიამოვნო პლაგიატი. პერსონაჟების სიცოცხლეც ესაა. ბავშვებიც და პერსონაჟებიც წარმოუდგენელი ქურდები არიან, ბაცაცები. ერთნი მოპარული თამაშებით ერთობიან და მეორენი მოპარული სიცოცხლეებით ცხოვრობენ, მოპარული გარეგნობებით და მოპარული თვისებებით. ქურდობა კი არასდროს არის ისეთი დალოცვილი საქმე, როგორიც ამ ორ შემთხვევაში. ნაქურდალიც გოგია პაპას შავ, მსხვილ-მსხვილ თუთასავით ტკბილია.

მას შემდეგ უამრავი პერსონაჟი მომიკვდა. პანტაპუნტით მეხოცებოდნენ. მეხოცებოდნენ სამარშრუტო ტაქსებში, რადგან მოსაწყენი პეიზაჟების ცქერისას ვერც ერთ მათგანს ვეღარ ვიხსენებდი, მეხოცებოდნენ პლაჟზე, ქოლგების ქვეშ, რადგან სიმინდის გამყიდველი უფრო მეტად მაინტერესებდა, ვიდრე რომელიმე სერიოზული და „თავმოყვარე” გმირი, მეხოცებოდნენ ორიოდე ჭიქა ალკოჰოლის შემდეგ, რადგან ვერაფრით ვასწავლე ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნება. სიკვდილი ისევე შეეძლოთ, როგორც ადამიანებს. და სიკვდილის დროს მღეროდნენ ნაწყვეტებს რომელიმე ეკრანიზებული რომანიდან. საკუთარი თავების შესახებ.

ალბათ, ალბერ კამიუზე უნდა ვწერდე რამეს, თემატურად სერიოზულს, დაბადების დღისადმი მიძღვნილს, ან ხარანაულზე და ვიმეორებდე, რომ „სისულელეა, ადამიანებს შენზე რომ უამბობ, ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე”. მე კი ჩემზე გიამბეთ, პერსონაჟების სასაფლაო გავაშენე და ჩაგიყვანეთ კახეთში, რომელიც ცოცხალია, რადგან მისი მეხსიერება უამრავი ჩემნაირის დიდ და ბედნიერ ბავშვობას ინახავს. თანაც, როცა კვალში ნოემბერი მომდევს, რომელიც მაინც ტკბილია, რაც არ უნდა ძლიერ აქეზებდეს დეკემბერი, მინდა ვკითხო ბიჭებს, ჩემს მეგობრებს, რომელთაგან არც ერთს არ დავაცადე კალეობა – ახსოვთ მაინც ის დრო, უწყლობის, უაიფონობის, უშუქობის, უკომპიუტერობის, ის დრო, რიყის ქვებივით რომ ვეყარეთ რომელიღაც ხის ჩრდილში მუხლებგადაყვლეფილები და გოგია პაპას ჩადენილ თუ ჩასადენ ავ საქმეებზე ვმსჯელობდით? ყველაფერი ხომ ნამდვილად იყო?!

რა არის ასერტული ქცევა

0
ვიდრე ასერტულ ქცევაზე ვისაუბრებდეთ, უპასუხეთ ტესტის დებულებებს. დადებითი პასუხი აღნიშნეთ „+” ნიშნით, უარყოფითი – „-“-ით 
1. სხვისი შეცდომები მაღიზიანებს.
2. შემიძლია, მეგობარს ვალის დაბრუნება მოვთხოვო.
3. ზოგჯერ ვიტყუები.
4. შემიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა.
5. ყოფილა შემთხვევა, უბილეთოდ მიმგზავრია.
6. შეჯიბრება თანამშრომლობაზე უკეთესი მგონია.
7. ხშირად ვიტანჯები უმნიშვნელო მიზეზის გამო.
8. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ.
9. ყველა მიყვარს, ვისაც კი ვიცნობ.
10. საკუთარი თავის მჯერა. მეყოფა ძალა, სირთულეებს თავი გავართვა.
11. ვერაფერს გავაწყობ, მუდამ მზად უნდა ვიყო საკუთარი ინტერესების დასაცავად.
12. უხამს ხუმრობებზე არ მეცინება.
13. ვაღიარებ ავტორიტეტებს და პატივს ვცემ მათ 
14. არავის მივცემ უფლებას, ბოლო მომიღოს.
15. მხარს ვუჭერ ყოველგვარ სასიკეთო წამოწყებას.
16. არასოდეს ვიტყუები.
17. პრაქტიკული ადამიანი ვარ.
18. შესაძლო მარცხის წარმოდგენაც კი მთრგუნავს.
19. ვეთანხმები გამოთქმას: „ისე ვერავინ დაგეხმარება, როგორც საკუთარი თავი”.
20. მეგობრები დიდ გავლენას ახდენენ ჩემზე.
21. ყოველთვის მართალი ვარ, თუნდაც სხვები ასე არ ფიქრობდნენ.
22. ვეთანხმები იდეას, რომ მნიშვნელოვანია მონაწილეობა და არა გამარჯვება.
23. მოქმედების დაწყებამდე კარგად გავიაზრებ, როგორ მიიღებენ ამას სხვები.
24. არავისი მშურს.
შედეგების დამუშავება

ცალ-ცალკე დაითვალეთ, რამდენი „+” მოაგროვეთ სამ სხვადასხვა პოზიციაში:
პოზიცია „ა”: NN1, 6, 7, 11, 13, 18, 20, 23. 
პოზიცია „ბ”: NN2, 4, 8, 10, 14, 17, 19, 22. 
პოზიცია „გ”: NN3, 5, 9, 12, 15, 16, 21, 24.

თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „ა”პოზიციაში: წარმოდგენა გაქვთ ასერტულობაზე, მაგრამ არ იყენებთ მას პირად ცხოვრებაში. ხშირად ხართ უკმაყოფილო საკუთარი თავით და გარშემო მყოფებით.

თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „ბ”პოზიციაში: სწორ გზას ადგახართ და შეძლებთ, კარგად დაეუფლოთ ასერტულ ქცევას. პრინციპში, ასეც იქცევით, მაგრამ ზოგჯერ თქვენი ქცევა უფრო აგრესიულია, ვიდრე ასერტული. ნუ შეშინდებით, ყველას რაღაც გვეშლება.

თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „გ” პოზიციაში: ნათელი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, შეგიძლიათ, რეალისტურად შეაფასოთ საკუთარი ქცევა. დიდი შანსი გაქვთ, სრულყოფილად დაეუფლოთ ასერტულ ქცევას. 
თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „ა” პოზიციაში: ისმ რომ ცხოვრებაში ვერ იყენებთ ყველა შანსს, სულაც არ არის ტრაგედია. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ საკუთარ თავთან თანხმობით ცხოვრება და ისიც, რა უნდა აკეთოთ.
თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „ბ” პოზიციაში: ასერტულობის სწავლს შესაძლებელია. როგორც იტყვიან, ვარჯიშით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „გ” პოზიციაში: ეს კი უკვე პრობლემაა. თქვენ ზედმეტად მაღალი თვითშეფასება გაქვთ და არც ისე გულწრფელი ხართ. საქმე იმდენად თავის მოტყუებას არ ეხება, რამდენადაც იმას, რომ თავი ამქვეყნად საუკეთესო გგონიათ. უნდა დაფიქრდეთ.
თქვენს ცხოვრებაში ალბათ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაიმე ვალდებულება მხოლოდ იმიტომ გიკისრიათ, რომ ვერ შეძელით „არას” თქმა, უარი ვერ უთხარით დირექტორს, კოლეგას, არ აწყენინეთ, მოერიდეთ ურთიერთობის გაფუჭებას. რა მიიღეთ სამაგიეროდ? ზოგმა ამით ბოროტად ისარგებლა. ზრდილობიანად, მაგრამ მკაფიოდ უარის თქმის უნარი მნიშვნელოვანი სოციალური ჩვევაა, რომელსაც ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი უნდა დაეუფლოს. 

ასერტულობა – ეს არის უნარი, დაუფარავად გამოხატო შენი გრძნობები, აზრები, ემოციები, სურვილები. ასერტულ ადამიანს შეუძლია ისე თქვას „არა”, რომ დანაშაულის განცდა არ დაეუფლოს. ასეთ ადამიანს შესწევს უნარი, წარმართოს დიალოგი, მიიღოს კრიტიკა და დაიცვას საკუთარი პოზიცია. იგი პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე, პატივს სცემს საკუთარ თავსაც და სხვასაც, პოზიტიურია, აქვს მოსმენის, გაგების უნარი და ცდილობს, მიაღწიოს კომპრომისს. იგი დაუფარავად აცხადებს თავის მიზნებსა და განზრახვებს, ამავე დროს, პატივს სცემს სხვის უფლებებსა და ინტერესებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამგვარი ქცევა ძალზე გამოსადეგია: ხან კოლეგა ეცდება, თავისი მოვალეობა გადმოგილოცოთ, ხან მშობელი მოგაბეზრებთ თავს, ხან გამყიდველი ეცდება, რაიმე ნივთი შეგაძენინოთ და ა.შ. ახლობლებისთვის უარის თქმაც უნდა შეგეძლოთ, თუ დანაპირების დროზე შესრულებაში ეჭვი გეპარებათ. კორექტული უარი და მისი მიზეზის ახსნა თქვენი უფლებაა. კარგად დაიხსომეთ: ასერტულობა არ არის აგრესიულობის სინონიმი. იყავით ზრდილობიანი, მაგრამ პრინციპული.
ასერტული ქცევის ძირითადი წესები

● უფლება მაქვს, წრფელად და დაუფარავად გამოვხატო საკუთარი გრძნობები.
● უფლება მაქვს, შევაფასო საკუთარი ქცევა, აზრები, ემოციები და პასუხს ვაგებ შედეგებზე.
● უფლება მაქვს, არ აგიხსნათ საკუთარი ქცევის მოტივები და არ მოგიბოდიშოთ.
● უფლება მაქვს, შევიცვალო შეხედულება.
● უფლება მაქვს, დამოუკიდებლად გადავწყვიტო, ვარ თუ არა პასუხისმგებელი და რა დოზით სხვა ადამიანების პრობლემებზე.
● მაქვს შეცდომისა და მასზე პასუხისმგებლობის აღების უფლება.
● უფლება მაქვს, მივიღო არალოგიკური გადაწყვეტილება.
● უფლება მაქვს, არ ვიყო დამოკიდებული ჩემდამი სხვის კეთილგანწყობაზე.
● უფლება მაქვს ვთქვა: „ეს არ მაინტერესებს”.
● უფლება მაქვს ვთქვა: „თქვენი არ მესმის”.

რა არის სემიოტიკა?

0
აზრი ღრუბელია და წვიმა _ სიტყვები…
სემიოტიკური ესეი სემიოტიკაზე
 
კარგი იქნებოდა, სიტყვების გარეშე შეგვეძლოს ახსნა, გაგებინება, აზრის გადაცემა… ერთი მზერით ან ერთი ჟესტით… იმას კი არ ვამბობ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, უბრალოდ, ასეთი კომუნიკაცია სოციალურ გარემოში მიუღწეველია და ინდივიდთა პრიორიტეტად რჩება… თქვენი არ ვიცი და მე ხშირად მჭირდება, იმას, რასაც ვხსნი, სხვა საშუალებებითაც ავხსნა, დავაზუსტო, დავაკონკრეტო, მოვიშველიო ანალოგიები, ასოციაციები… ჩამოვიტანო და დავაზუსტო სქოლიოში… სქოლიოდან კიდევ სხვაგან გადავაგზავნო: იქ იხილეთ… აქ იხილეთ… და ასე შემდეგ… ამ ყველაფრის შემდეგ, ვერ გეტყვით, აზრი კიდევ უფრო ცხადი თუ კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. აზრთა ამ გაუვალობაში ზოგჯერ სჯობს დადუმდე, გაჩუმდე. სტრატეგია შეცვალო იმის მოსალოდნელი შიშით, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ კონტექსტში, შესაძლოა ადრესატმა სხვაგვარად გაიგოს ან საერთოდაც ვერაფერი გაიგოს…

 როგორ გამარტივდებოდა ადამიანთა შორის, ხალხებს შორის, კულტურათა შორის დიალოგი, ადამიანებს რომ მარტივად ესმოდეთ ერთმანეთის… თუმცა, ვინ იცის… თუ ნამდვილად გავიგებდი, მეორე ადამიანს რა უნდა, იქნებ უფრო დიდი უფსკრული გაჩენილიყო ჩვენ შორის…

მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენ ვცხოვრობთ ფორმათა სამყაროში და ჩვენს აზრებს სიტყვების ან სხვა ფორმების საშუალებით გამოვხატავთ… მივმართავთ ვიზუალურ საშუალებებსაც, ჟესტ-მიმიკასაც… ვანაწევრებთ აზრს ვიგოდსკის მეტაფორისა არ იყოს: თითქოს აზრი ღრუბელია და წვიმა _ სიტყვები… 

და რაკი ჩვენ ვცხოვრობთ ფორმათა სამყაროში, ნებისმიერი ურთიერთობა ეფუძნება ნიშნებით აზრის გადაცემას და გაცვლას და ხშირ შემთხვევაში, ერთი აზრის განსხვავებული ფორმებით და შინაარსებით გამოხატვას. მთავარია, მივაგნოთ ფორმა, რომელშიც ჩვენი აზრი შედარებით სრულყოფილად იქნება გამოხატული და გამოთქმული, რადგან გამოხატვა ათავისუფლებს… 

ერთი ფრანგი მწერალი, ფრანსის პონჟი, წერით თვითგამოხატვას წონასწორობას უწოდებს: როდესაც აზრის ვერბალიზაცია ხდება _ შინაგანი გამოდის გარეთ… „ჩვენ რომ მხოლოდ სხეული ვიყოთ, ადვილად მივაღწევდით ბუნებასთან წონასწორობას, მაგრამ ჩვენს მხარეზეა სული: მძიმე თუ მსუბუქი _ ვინ იცის? მას ამძიმებს: ხსოვნა, წარმოსახვა, განცდები… მაგრამ ჩვენ გვაქვს სიტყვები _ თითოეული წარმოთქმული სიტყვა გვამსუბუქებს… ხოლო წერას რაც შეეხება, საერთოდ სხვა მხარეს გადავყავართ…”
სამყაროში ყველაფერი ნიშანია…

ნიშანია ყველაფერი: ადამიანთა ენა  თავისი ლექსიკით, მეტაფორებით და სიმბოლოებით… ცხოველთა და ფრინველთა ენა, ნიშანია მითები და რიტუალები… მათემატიკური ციფრები… სოციალური მოვლენები…. 
და სრულიად არასაიდუმლოდ გეტყვით, რომ ადამიანიც ნიშანია… 

ამ და სხვა სისტემათა ნიშნებს სწავლობს სემიოტიკა… 

სემიოტიკა სწავლობს ნიშანს სამ განზომილებაში:

სემანტიკა _ იკვლევს ნიშნის დამოკიდებულებას თავის ობიექტთან ანუ იმასთან, რასაც აღნიშნავს; მაგალითად, მე მქვია მარიამი, მაგრამ, ეს, თავისთავად, არაფერს ნიშნავს, სახელი პირობითია, დასადგენია ჩემი მნიშვნელობა, რომ ეს მნიშვნელობა იქცეს იმ სახელის მნიშვნელობად, რომელიც პირობითად მქვია… და თუ მე სხვადასხვა ადამიანი მომანიჭებს სხვადასხვა მნიშვნელობას, წარმოიდგინეთ, მნიშვნელობათა რამდენი სპექტრი უნდა გაერთიანდეს, რომ ადამიანი აღიწეროს…

სინტაქტიკას აინტერესებს ნიშნების ერთმანეთთან დამოკიდებულება… ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან აქვს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება… ასე არიან სიტყვებიც ურთიერთმეზობლობაში…

პრაგმატიკა _ ნიშანსა და მის მომხმარებელს შორის დამოკიდებულებაა…  მომხმარებელი (ადამიანი) ხშირად ნიშანს ანიჭებს სრულიად სხვა მნიშვნელობას, ვიდრე ეს მისი სალექსიკონო მნიშვნელობაა… ამიტომ ნიშნის სტატუსის დასადგენად გასათვალისწინებელია ეს ასპექტი.

სემიოტიკა არის მეცნიერებაც, კვლევის მეთოდიც, მსოფლხედვაც…

ფუკოს მიხედვით, ახალი პოსტმოდერნული ეპოქის  აზროვნების ახალი სტილი.

ბარტის აზრით,  პოსტმოდერნისტული პროექტის რეალიზაციის საშუალება… 

უმბერტო ეკოს აზრით, ნიშნის არსი იხსნება შემოუსაზღვრავ სემიოზისში, რაც იმაში გამოიხატება, რომ მნიშვნელობა არასდროს არ ქმნის ჩაკეტილ სისტემას, რამდენადაც ნიშანთა სამყარო კომუნიკაციის პროცესში მუდმივ მოძრაობაშია…  
ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ ვიცით თუ არა სემიოტიკის არსებობა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვართ ნიშანათა გარემოცვაში და ვოპერირებთ ნიშნებით…  აქ და ახლაც… და ვცდილობთ რაღაც ავხსნათ და ისე ავხსნათ, რომ გავაგებინოთ მეორე ადამიანს ან შევიყვანოთ აზრების ისეთ ლაბირინთში, რომელშიც თავად დაიწყებს ფიქრს… მთავარია, რა გვაქვს მიზნად, როდესაც კომუნიკაციის პროცესში ვართ…

სემიოლოგები ლექსიკონებს „მნიშვნელობათა სასაფლაოს” უწოდებენ, სემიოტიკას ნაკლებად აინტერესებს სიტყვის მყარი, უზუსური მნიშვნელობები, იგი ორიენტირებულია კონოტაციურ მნიშვნელობებზე, ანუ იმ მნიშვნელობებზე, რომელსაც სიტყვა იძენს ტექსტში და რამდენადაც კონტექსტები ამოუწურავია, უსასრულოა სემიოზისის პროცესიც…

სემიოტიკა არის სამყაროს და ადამიანების განსაკუთრებული, მრავალგანზომილებიანი ხედვაც…

 ტექსტიც მრავალგანზომილებიანია… სულ შრეებად უნდა დაშალო, რომ პირველაზრამდე მიხვიდე… განსაკუთრებით ეს ეხება მხატვრულ ტექსტებს. პოეტისთვის „თოვლი”, ან „ქარი” ან „წვიმა” მხოლოდ ბუნების მოვლენები არ არის, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ლექსში ეს ლექსემები პირდაპირი მნიშვნელობითაა გამოყენებული… ერთდროულად ის ბევრ რამეს აღნიშნავს და მიანიშნებს… მაგალითად, ყველასათვის ცნობილ სტრიქონებში: „ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ფოთლები მიქრიან ქარდაქარ…” _ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ „ქარი” არაფერ შუაშია…
როგორ გავაცოცხლოთ „მკვდარი ნიშნები”?
სემიოტიკის, როგორც მეცნიერების და როგორც კვლევის მეთოდის, გააქტიურება და გააქტუალურება თავისთავად უკვე იმის ნიშანია, რომ სამყარო გართულდა, ადამიანები გართულდნენ და ნიშნები დაშორდნენ იმას, რასაც ნამდვილად გამოხატავენ… ნიშნები დაშორდნენ არსს… ზოგ შემთხვევაში კი, ნიშნებმა მიატოვეს მნიშვნელობები და დაცარიელდნენ… მოხდა ნიშნის დესემანტიზაცია… წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც სხეული დატოვა… არა, ცოცხალი კი დარჩა, მაგრამ სული (შინაარსი, მნიშვნელობა) სადღაც დაკარგა… აი, ნიშნებსაც ეს დაემართათ… ქართულში არსებობს ასეთი ფრაზეოლოგიზმები: ცარიელი სიტყვა, ცარიელი ადამიანი, უაზრო ლაპარაკი (შესაბამისად, უაზრო ადამიანი)… უფრო ზუსტად რომ ავხსნა ნიშნების  სიცარიელე, ფეისბუკს მოვიშველიებ… წარმოიდგინეთ, თქვენს კედელზე უეცრად ყვავილების თაიგული ჩნდება, რომელიღაც ფრენდმა მოგართვათ… თქვენც თავაზიანად მადლობას უხდით და  „სმაილიკებს” უხატავთ და რა…? რომ მოგინდეთ, იმ ყვავილებს შემოიტანთ ოთახში და ლარნაკში ჩააწყობთ…? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ცოცხალი და მოსიარულე ადამიანი ისე მიემართება თავის არსს, როგორც ფეისბუკის ყვავილი არ არის ნამდვილი ყვავილი… 

 და როგორ შეიძლება ნიშნების „გაცოცხლება”, „მნიშვნელობებით ავსება…?” დაახლოებით ასე: რომ შეგეძლოთ ფეისბუკის პროფილიდან ყვავილების თაიგული რეალობაში (ოთახში) შემოიტანოთ და ლარნაკში ჩააწყოთ…
რატომაც არა… სემიოტიკური ხედვა ამ პერსპექტივასაც გთავაზობთ.   

ეს როგორ განახორციელოთ, იფიქრეთ… 

უნივერსიტეტის ბაღი

0
საქართველოს გარდა არსად ვყოფილვარ. არც ტაჯმაჰალის სასახლე მომინახულებია, არც ბრანდენბურგის კარიბჭის ქვეშ გავმძვრალვარ და არც პეტრინის ბორცვიდან შემითვალიერებია ჩეხეთის დედაქალაქი. იმედია, წინ ბევრი საინტერესო მოგზაურობა მელის. ალბათ, მსოფლიოს რამდენიმე ლეგენდარული ღირსშესანიშნაობისთვის თვალის მოკვრის შანსი მეც მომეცემა. ვინ იცის, ფილეას ფოგის მსგავსად კონტინენტიდან კონტინენტზე აზარტული ხეტიალიც მომიწიოს. მაგრამ რაც უნდა გადამხდეს თავს, დედამიწის რომელ კუთხეშიც უნდა ამოვყო თავი, მჯერა, ჩემი ბოლო გაჩერება მაინც მშობლიური ქალაქი იქნება. თბილისში კი ჩემთვის ერთადერთი შეუცვლელი ადგილი არსებობს, რომელიც ნიჭიერმა ბოტანიკოსმა ნიკო კეცხოველმა ვარაზისხევის ერთ-ერთ გორაზე განსაკუთრებული მონდომებით გააშენა.
მოდი, ყველასთვის კარგად ნაცნობი უნივერსიტეტის ბაღის შესახებ ვისაუბროთ.

თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაშლილი მოედანი არაერთი მიზეზის გამო შეგვიძლია უნიკალურ ადგილად მივიჩნიოთ. ერთი შეხედვით სავსებით ჩვეულებრივ სკვერში უნივერსიტეტის ალტერნატიული აკადემია ფუნქციობს. ლექციიდან გამოსული ახალგაზრდები თანატოლებსა და ბაღში გაცნობილ ადამიანებთან ერთად სჯა-ბაასით ცდილობენ დამატებითი ცოდნის მიღებას. ივანე ჯავახიშვილის ძეგლთან მომავალი ისტორიკოსები, აღმოსავლეთმცოდნეები თუ ლიტერატორები ხმამაღლა არჩევენ თავიანთ მეცნიერებათა ძირითად პრობლემებს. პეტრე მელიქიშვილის მემორიალის ირგვლივ არსებული სივრცე, მგონი, ყველაზე მეტად დატვირთულია. აქ არაერთხელ ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე მისულა კონსერვატორი, ლიბერალი და მემარცხენედ განწყობილი სტუდენტების დავა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა თუ ევროპის უმუშევრობის დაძლევის სტრატეგიის შესახებ. დიმიტრი უზნაძის ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზეც ხშირად ნახავთ ერთმანეთთან უკომპრომისო პოლემიკაში ჩაბმულ ფილოსოფოსებსა თუ მესამე კორპუსიდან გამოქცეულ ფსიქოლოგებს. ბაღში შეკრებილი საზოგადოებისთვის სადისკუსიო არენების ცვლა ჩვეული რამაა. ხან მცხუნვარე მზის გამო გვიწევს ჩრდილში ჩაჩოჩება, ხან საბავშვო ეტლებითა და ველოსიპედებით გვავიწროებენ… მაგრამ ვერავინ ვერაფერს უბედავს უნივერსიტეტის კიბესთან ქოლგასავით გაშლილი ბუჩქის ქვეშ შეკრებილ თავისუფალ ადამიანებს. ყველაზე კომფორტულ ადგილას მოკალათებულ სტუდენტებს განწყობა კარნახობთ ბაღის სიკეეთეებით სარგებლობის მიმართულებას. აქ ყველაფერი შეიძლება: გიტარაზე დაკვრაც, მზესუმზირით თავის შექცევაც, თანამედროვე ლიტერატურის განხილვაც, ბანქოს თამაშიცა და ჭორაობაც.

ამრიგად, უნივერსიტეტის ბაღში რამდენიმეწუთიანი გასეირნებით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მოქალაქეებთან გამოლაპარაკებით ნებისმიერს შეუძლია ჩვენი ქვეყანისა და მთელი მსოფლიოსთვის აქტუალური საკითხების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოპოვება.

თუმცა ბაღის უმთავრესი ღირსება სხვა რამ გახლავთ. უკანასკნელი ლექციის დასრულების შემდეგ მთავარი სადარბაზო კარიდან გამოსულს, ხშირად მიფიქრია, რომ პატარა სკვერში მოსიარულე გრძელთმიან და გრძელწვერა ახალგაზრდებს, გახამებულ პერანგში გამოწყობილ ჰალსტუხიან სტუდენტებს, საყურეებით ტუჩდამშვენებულ და წარბშემკობილ ჩემს თანაუნივერსიტეტელებს, თავსაფრიან დედაკაცებსა და მათ სათვალიან კავალერებს შესწევთ ძალა, ჩვენი გარემო უკეთესობისკენ შეცვალონ. ამრიგად, ვარაზისხევის გამწვანებული გორა ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო მომავლის იმედთან ასოცირდება.

საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად წარმოსაჩენად, იმედის გასამართლებლად სტუდენტებსა და ლექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სახელმწიფოს მეტი ყურადღება და საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდა გვჭირდება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...