სამშაბათი, აგვისტო 19, 2025
19 აგვისტო, სამშაბათი, 2025

წიგნები გამოვიდნენ სახეტიალოდ

0
მგონი, ადრეც მითქვამს – მე მჯერა ადამიანების, კიდევ იდეების მჯერა, რომლებიც ადამიანებს აერთიანებთ, კიდევ იმის მჯერა, რომ შეუძლებელია, ადამიანს კითხვა არ შეუყვარდეს, თუ ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გადაყრია წიგნს, რომელმაც დააფიქრა, რეალობას მოსწყვიტა და აზროვნება ოდნავ მაინც შეუცვალა. საყვარელმა წიგნმა კი, შეიძლება, სრულიად შემთხვევით იპოვნოს მკითხველი, რომელიც მთელი ცხოვრება ელოდა მას. 

ორიოდე კვირის წინ მწერალთა სახლში მწერლები, მხატვრები, რეჟისორები და ლიტერატურის გულშემატკივრები ზურაბ ქარუმიძისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად შეიკრიბნენ. მიმართვას ხელი მოვაწერეთ, ერთმანეთს გულისტკივილი გავუზიარეთ, ვიმსჯელეთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლიტერატურას თავდასხმები ავარიდოთ და დავიშალეთ. მივდიოდი შინისკენ და ვფიქრობდი, მეტ ადამიანს რომ წაეკითხა ქარუმიძის წიგნები, ეს პეტიცია არ დაგვჭირდებოდა. მეტ ადამიანს რომ მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ლიტერატურაზე, მკითხველთა უფროსი თაობა, ხშირ შემთხვევაში, ამრეზით რომ არ უყურებდეს ახალგაზრდა ავტორებს, თავის მხრივ, ახალგაზრდები მეტ დროს რომ უთმობდნენ წიგნებს, მედია რომ ხელოვნებისთვის იცლიდეს, კითხვა უფრო მოდური რომ იყოს, განათლება რომ კარგ ტონად ითვლებოდეს, ჩარჩოებში ცხოვრება რომ არ გვეადვილებოდეს და აზროვნებას საზღვრებს არ ვუწესებდეთ, უმეტესობას წიგნის ყიდვის ფინანსური შესაძლებლობა რომ გააჩნდეს და ვისაც ფული აქვს, ლიტერატურის ფასი იცოდეს, გაცილებით გაგვიადვილდებოდა წინსვლა, მწერლები დასაცავი აღარ გაგვიხდებოდნენ, დროც დაგვეზოგებოდა, ნერვებიც და უარყოფითი ემოციებითაც არ შევაწუხებდით ერთმანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანებისა და წიგნების თანაცხოვრება არც ისე ჰარმონიულია.

 

ზუსტად იმავე საღამოს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ახალი გვერდი – „მოხეტიალე წიგნები” გამოჩნდა. ერთგვარ თამაშში, რომლის იდეაც ახალგაზრდა მწერალ ჯაბა ზარქუას მოუვიდა, ძალიან მალე ათასობით ადამიანი ჩაერთო. წესები მარტივია: იღებთ წიგნს, უკეთებთ დაახლოებით ასეთ წარწერას: „გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ. წამიკითხე და ისევ სადმე დამტოვე, რომ სხვებმაც მიპოვნონ”. უთითებთ თარიღს, შემდეგ წიგნს სადმე, უკეთეს შემთხვევაში, ხალხმრავალ ადგილას ტოვებთ (ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკვერში, კაფეში და ა.შ.) და თქვენი წიგნი იწყებს ხეტიალს. შეგიძლიათ, თქვენი სურვილის მიხედვით, წარწერას ფოტო გადაუღოთ, ფეისბუქზე „მოხეტიალე წიგნების” გვერდი იპოვნოთ და ფოტო გააგზავნოთ. სულ ესაა. წიგნი, რომელიც გაისტუმრეთ, შეიძლება, აღარასოდეს დაგიბრუნდეთ უკან, თუმცა ჩემთვის ეს პროცესი ძალიან ჰგავს სიკეთის ქვაზე დადებას – ვინ იცის, ვის გადაეყრება თქვენი ბიბლიოთეკის ყოფილი ბინადარი, იქნებ სტუდენტს შეხვდეს, რომელსაც არასოდეს ჰყოფნის ფული მხატვრული ლიტერატურის შესაძენად, ან ასაკოვან პროფესორს, რომელიც თანამედროვე ავტორებს არ აღიარებს, მაგრამ შემთხვევით ნაპოვნი წიგნის წაკითხვაზე უარს არ იტყვის, ან საუკეთესო შემთხვევაში, იმ გაზეთის ჟურნალისტს გადაუჭრას გზა, სადაც დაუზარლად ლანძღავენ ქართველ მწერლებს და ყველაფერი სხვაგვარად დაანახოს?

ჯაბას ინიციატივას თავიდანვე სიხარულით შევხვდი, თუმცა გამოგიტყდებით, ვერ წარმომედგინა, რომ რამდენიმე დღეში თამაშში საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი, უამრავი რაიონული ცენტრი და სოფელი ჩაერთვებოდა; ადამიანები საყვარელ წიგნებს, ბოლო დროის საუკეთესო გამოცემებს, ქართულ და უცხოურ ბესთსელერებს გაუშვებდნენ სახეტიალოდ; უნივერსიტეტები, სკოლები, მედიასაშუალებები, სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები ერთნაირი ენთუზიაზმით შეხვდებოდნენ ამ წამოწყებას და უფრო მეტიც _ გამოგვეხმაურებოდნენ ციხეებიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან. შეიძლება ითქვას, რომ სახეტიალოდ გამოსულმა წიგნებმა ყველა გაგვაერთიანა, განურჩევლად ასაკისა, პოლიტიკური მოსაზრებებისა და სოციალური სტატუსისა.

გამოდის, კითხვა გვყვარებია, გამოდის, წიგნები გვყვარებია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთიც გვყვარებია, რადგან საკუთარი თაროებიდან წიგნებს ვიმეტებთ, ან სულაც, ახალ წიგნებს ვყიდულობთ სამოგზაუროდ გასაშვებად. გამოდის, მოგვნატრებია საერთო პოზიტივის შეგრძნება, რადგან ერთმანეთისთვის მადლობის გადახდას ვახერხებთ, წიგნის გაცემის სიხარული ზოგჯერ უფრო დიდიც კია, ვიდრე – პოვნის. 

„მოხეტიალე წიგნების” შესახებ უკვე ბევრი თქვეს და დაწერეს, თუმცა მე მაინც გადავწყვიტე, ცალკე მეთხოვა მასწავლებლებისთვის, ჩართონ მოსწავლეები ამ ძალიან სასიკეთო და სახალისო მოძრაობაში, თუნდაც სკოლის მასშტაბით. უამბეთ ბავშვებს „მოხეტიალე წიგნების” შესახებ და მალე თავად დაინახავთ, რომ უფრო მეტად შეიყვარებენ და გაუფრთხილდებიან წიგნებს, ვიდრე ოდესმე. 

ჯადოსნური მოგზაურობა გრძელდება. დრო რომ გავა და ძალიან მოხუცებს ჩვენივე გაშვებული წიგნები სულ შემთხვევით უკან დაგვიბრუნდება, ბედნიერად გაგვეღიმება, დავსხდებით და შვილიშვილებს მოვუყვებით, რომ ერთ დღეს წიგნებს მობეზრდათ თაროებზე ცხოვრება, განსაკუთრებით, წლების მანძილზე ხელმიუკარებელ, გვერდებგაუჭრელ წიგნებს, რომ წიგნებმა გაიმარჯვეს ადამიანებზე, ეგოიზმსა და მესაკუთრეობაზე, სიბნელესა და უმეცრებაზე და სახეტიალოდ გამოვიდნენ…
 

ცალმხრივი პასუხისმგებლობების მორალი

0
ერთხელ, ფეისბუქზე პოეტმა ეკა ქევანიშვილმა ასეთი სტატუსი დაწერა : “მე ვარ ბუნების დამცველი და ჩემთვის მთავარია არ მოიჭრას თორმეტი ხე, ხოლო შენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, დაჩაგრული ქალი ფეხებზე მკიდია. გულგრილი ვარ.

მე ვარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებების დამცველი და სულ არ მაღელვებს, ვინ რას სად მოჭრის, ჩემს ეზოში საკმარისი ხეებია.

მე ვარ უმცირესობა და მინდა მქონდეს უმრავლესობის უფლებები და საერთოდ არ მაინტერესებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ვინ იზრუნებს.

მე მაღელვებს პატიმრის უფლებები და რაში მაინტერესებს, სად რა მახინჯი შენობა ააშენეს.

მე ვდარდობ ქალაქის დამახინჯებულ არქიტექტურაზე და ბოდიში, რომ გულგრილი ვარ, სადღაც ვიღაც ღარიბ პოეტს შია თუ იყინება. პოეტია რა. მაგ ამბავს არ გავაზიარებ.

მე მარტო ჩემი მეგობრების ნათქვამ-გაკეთებულ-შექმნილ-ნააზრევი მომწონს, ყველა დანარჩენი არ მაინტერესებს. არ ვაღიარებ. და ასე დაუსრულებლად, ცალმხრივად. 

ვაგროვებ ყველას ცალმხრივ ამბებს “.
ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი შერჩევითი ამბები, ცალმხრივი ინტერესები, ცალმხრივი დამოკიდებულებები და პასუხისმგებლობები საზოგადოების წინაშე. იმისთვის, რომ ასე არ გაგრძელდეს და ეს არაემპათიური გარემო ოდნავ მაინც შევცვალოთ, ჩვენგან სულ ცოტა ყურადღების, სიყვარულის,  გულისხმიერების და ენერგიის გაღებაა საჭირო. მახსოვს, როგორი შურით შევცქეროდი “ტაქსიმის” დასაცავად გამოსულ თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ტაქსიმის მოედანზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ. ადამიანები, რომლებიც გაერთიანდნენ იმ საკუთრების დასაცავად, რაც მათი იყო. საიდან იწყება  გარემოს აღქმა, რა მანძილია პირადიდან საზოგადოებრივამდე, რატომ ვუფრთხილდებით მხოლოდ სახლის ნივთებს, ჩვენი სახლის სისუფთავეს, გარეთ კი დაუდევრად მოვისვრით ათას ნაგავს, ფეხებით ვდგებით სკამებზე, ვამტვრევთ განათებულ სარეკლამო ბანერებს, უბოდიშოდ ვყრით სიგარეტის ნამწვავებს, სადაც გაგვიხარდება. ასე, მხოლოდ გარეთ ვიქცევით, სახლში – არა. 

 ჩვენ ადამიანები, ყოველდღიურად ვაზიანებთ  გარემოს, მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ გვგონია ჩვენი პირადი საკუთრება და არ ველით მისგან რაიმე სარგებლის მიღებას. ჩვენ, ადამიანები, ყურადღებას არ ვაქცევთ სხვების პრობლემებს, რადგან ეს ჩვენ არ გვეხება და არ გვაწუხებს და რაც ჩვენ არ გვეხება, იმაზე დარდი არ ღირს. დარდი არ ღირს არც მოჭრილ ხეებზე, არც მშიერ პოეტებზე, თვიდან თვემდე კაპიკებით რომ გააქვთ თავი; არც სოციალურად დაუცველ ბებოებზე, პატარა, მუშტისხელა ბუშტებს რომ ყიდიან სკვერებში ათ თეთრად, არც იმ ბებოებზე მთელი ღამე ფაჩუჩებს რომ ქსოვენ თავის გადასარჩენად; არც იმ ბავშვებზე შობის ღამეს მხოლოდ რეიტუზიანი ფეხებით რომ დატანტალებდნენ ასფალტზე, ზოგს კიდევ კარდონზე სძინავს, ჩვენ კი მივდივართ ყველა, ათასობით ქალი და კაცი, რომ ვილოცოთ ჩვენი პირადი კეთილდღეობისთვის. თუ ამ სოციალური პასიურობის  და აპათიის მიზეზს იკითხავ, პასუხსაც დაუყოვნებლივ მიიღებ: ჩვენ ხომ ქვეყანას ვერ გავასწორებთ, სამართლიანობას ვერ დავამკვიდრებთ, ცხრად ხომ არ გავიჭრებით, ათასი საქმე გვაქვს და სხვა მრავალი. მერე მშვიდად ვიბანთ ხელებს და ვიძირებით ჩვენს უპრობლემო კომფორტში.

ახლა ჩვენი ეზოს ამბებს მოვყვები: ერთ დღეს ბავშვებმა ეზოში ხეს ცეცხლი წაუკიდეს. მოვიდა სამაშველო, შემდეგ პატრული, გასხიპეს ტოტებისგან ჩვენი ნაძვი და დატოვეს გულდანახშირებული. უფროსებმა ხეს ყურადღება მხოლოდ მაშინ მიაქციეს, როცა დაიწვა.

მანამდე, ბავშვებმა მშობლებით და ძიძებით სავსე სკვერში ნაგვის ურნა ამოთხარეს. აი ასე, მიწაში ჩაბეტონებული ნაგვის ურნა ამოთხარეს. მათ არავინ მისცა შენიშვნა, მერე ურნის თავსახურს ფეხებით შედგნენ და დაჭეჭყეს. მანამდე სკამები დაამტვრიეს. 

ზაფხულში, როცა აგვისტოს ხვატი ჩამოწვება და ქალაქი სიცხისგან ირინდება, აქ ოდნავი სიო მაინც ქრის. ღია ფანჯრებიდან გემრიელი წვნიანის სუნები იღვრება, შუადღისას, მეზობლად მდებარე კორპუსიდან ვიოლინოს ხმა ისმის, ალბათ ვინმე გოგო ან ბიჭი მეცადინეობს. ჩამოწოლილ სიცხესთან ერთად ეს მელოდიებიც არ ქრება, ხანდახან საათობით გრძელდება დაკვრა. უცნაური ის არის, რომ კარგ და მზიან ამინდებში უკრავს ის ვიღაც, ან კარგ და მზიან ამინდებში ფანჯარას აღებს და ამიტომაც მესმის. დილით ადრიანად, ბებოებს და ძიძებს ბავშვები სკვერში ჩაჰყავთ, სადაც ბევრი ნაძვია. თორმეტი საათისთვის მოხუცი ცოლ-ქმარიც ჩნდება. ცოტა ხნით სკამზე ჩამოსხდებიან და არიან ასე ჩუმად, შემდეგ ისინიც მიდიან. 3-4 საათის შემდეგ სკვერი და მიმდებარე ტერიტორია ცარიელდება და იშვიათად თუ ვინმე შემოეხეტება სკვერში ჩამოსაჯდომად. ძაღლები და მათი პატრონებიც სადღაც ქრებიან. შუადღისას ყველა იფანტება. ძალიან ახლოს მდგარ კორპუსებს მცირე სამანქანო გზები ჰყოფთ, გვერდებზე კი ჩამწკვრივებული ნაძვები, რომლის მტვერი ღია ფანჯრიდან ქარს შემოაქვს და სახლსაც უხვად ეფინება, აივანიც მოყვითლებულია. მე კი მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ფანჯრების წინ ეს ხეები დარგო და ასანთის კოლოფებივით ახლო-ახლო მდგარ კორპუსებს შორის მწვანე ფილტვები გააჩინა.

სკვერს ერთი მხიარული დამლაგებელი ალაგებს, როცა ნამდვილად გასაბრაზებლად არის საქმე, ბრაზობს კიდეც. იქაურობა  დილით საშინელი სანახავია: ძაღლის ექსკრემენტები, ძირს დაყრილი საზამთროები, ლუდის ქილები, ცელოფნები, სიგარეტის კოლოფები, “ცივი ჩაის” ბოთლები და სხვა ათასი ნაგავი. ნაგვის მანქანა დილით, ზუსტად ცხრას რომ თხუთმეტი  წუთი დააკლდება, მაშინ მოდის და ბუნკერებს აცარიელებს, შემდეგ დამლაგებელიც გამოჩნდება და გაბეზრებული და შეურაცხყოფილი იწყებს სკვერის ლაგებას. არის დღეები, როცა არც დამლაგებელი ჩანს და ბავშვებს დაბინძურებულ გარემოში უხდება თამაში.

ბავშვობაში, დედაჩემს სოფლიდან ხის ნერგები და ყვავილები ჩამოჰქონდა და ჩვენი მაღალსართულიანი კორპუსის წინ რგავდა. ერთი ციცქნა მიწის კვადრატები იყო, ირგვლივ კი – სულ ასფალტი. რამდენიმე გაიზარდა კიდეც, მაგრამ უმეტესობა მაინც განადგურდა, ამოთხარეს, არ გაუცნობიერებიათ, რომ მათი იყო და არც მათზე ზრუნვა მიიჩნიეს თავიანთ საქმედ.

და მაინც, ცალმხრივი და მიკერძოებულპათოსიანი პოსტი რომ არ გამოვიდეს, უნდა ვთქვა, რომ ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებას თანაბრად უნდა აინტერესებდეს ხეების მოჭრის ამბავიც და ძალადობის ქვეშ მყოფი ქალის გასაჭირიც, კულტურული ძეგლების დაცვაც და მშიერი პოეტების გადარჩენის საკითხიც, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებებისთვის ბრძოლაც  და დაბინძურებული ჰაერიც, რადგან გზა პირადიდან საზოგადოებრივამდე ძალიან მოკლეა და ის ხშირად გადაიკვეთება. გადაუჭრელი პრობლემები, რომლებსაც ყურადღება არ დავუთმეთ და რომელთა მოსაგვარებლად მცირეოდენი ძალისხმევაც არ გავიმეტეთ, ბუმერანგის პრინციპით არასამართლიანი გარემოს სახით ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება.

ვულკანი, ყორანი და … მე

0
სიზმრებს იშვიათად ვნახულობ. თუმცა ტვინი ისეთი გამოუცნობი რამ არის, ძილში რა სიურპრიზს მოგიწყობს, ვერ გამოიცნობ. იმ დღესაც  ჩვეულებრივ დავიძინე და სადღაც გამთენიისას შავ მთაზე აღმოვჩნდი. იქაურობა ცეცხლის ალში  გახვეულიყო და ყველაფერი უცნაური ფერფლით ივსებოდა. ოღონდ მე არც  ცეცხლი გამკვირვებია და არც ფერფლს შეუშლია სუნთქვაში ხელი. იქვე ადამიანის ზომის ყორანი იჯდა და ადამიანისვე თვალებით შემომცქეროდა. ჰოდა, თურმე სწორედ მასთან მქონია შეხვედრა დათქმული და, აბა, რა ვიცოდი. რაღაცებს მესაუბრებოდა, ჭკუას მარიგებდა, მე კიდევ ძალიან ბეჯითად ვუქნევდი თავს. დილით გაღვიძებულს ეს ყველაფერი კი მახსოვდა, მაგრამ სიზმრად ნანახ ყორანს  რაზე ვეთანხმებოდი, ეგ აღარ მახსოვს. 

მყავს მეგობარი. 21 წლიდან ვიცნობ და ძალიან შეხუმრებულები ვართ ერთმანეთთან. მეორე დღეს მივწერე, ცეცხლგახვეულ მთაზე ვიყავი და ყორანი რაღაცაზე მესაუბრებოდა-მეთქი. პასუხად, არც მეტი, არც ნაკლები, მოხარხარე კურდღლის სტიკერი გამომიგზავნა (ეპატიება, დიდი ხნის მეგობრები ვართ) და იქვე მოაყოლა, შენი წარმოსახვის უნარი მაოცებსო.

მე კიდევ დავასკვენი, რომ სიზმრად ნანახი, უეჭველი ედგარ პოს „ყორანი” თუ იქნებოდა. „ყორანი” მართლაც კარგი ლექსია, თუმცა კვლავ სიზმარს მინდა დავუბრუნდე. სადაც ვიყავი, ის აშკარად ვულკანის კრატერი იყო, თანაც გაღვიძებულის. მე და ყორანი რაზე ვბჭობდით, ეგ აღარ მახსოვს. ალბათ, ეს მხოლოდ იმის ნიშანი თუ იყო,  პოს „ყორნისთვის” ერთხელ კიდევ გადამეხედა. 

თუმცა ახლა სხვა სურათს აგიწერთ. ქალაქის ერთი ქუჩა ცეცხლის ალში და ფერფლშია გახვეული. ყველაფერი ინგრევა და ადამიანებსაც სასოწარკვეთა აქვთ სახეზე. ქუჩა გარდაცვლილებით არის სავსე, დანარჩენები კი გაქცევას ლამობენ, მაგრამ წასასვლელიც აღარსადაა. ცეცხლოვანი მასა კი სულ ახლოს არის…

გალაკტიონი ამაზე  დაწერდა: 
„იწვა კლდე კლდეზე,
იდვა ქვა ქვაზე
და იყო მხოლოდ ქვათა ღაღადი.
ქვას გული არ აქვს…”

ზემოთ აღწერილი სურათი 21 წლისამ ლუვრში ვნახე (სხვათა შორის, მოხარხარე კურდღლის სტიკერის გამომგზავნთან ერთად). ლუვრის გრძელ დარბაზებში ხეტიალისას გადავაწყდით და მივაცქერდით. „პომპეის უკანასკნელი დღე” – ასე ქვია. ბრულოვის დაწერილია და პომპეიში იტალიასთან ახლომდებარე ნეაპოლთან ვულკან ვეზუვის ამოფრქვევას გვაჩვენებს (ჩვ.წ.აღ. 79 წელს).

ქიმიაში ჩვენი, ქიმიური ვულკანები გვაქვს. 

ვულკანი N1 – ამონიუმის ბიქრომატის დაშლა 

(NH4)2Cr2O7=Cr2O3+N2+4H2O

აიღეთ ამონიუმის ბიქრომატი, ჩაყარეთ ფაიფურის როდინში  და შუაგულში ანთებული ასანთი შეიტანეთ. ვულკანი მაშინვე „გაიღვიძებს” და აბობოქრდება. ქრომის ოქსიდის სახით ლავაც გექნებათ. შემდეგ ამ „ლავით” შეგიძლიათ ვერცხლის  ნაკეთობებიც გაწმინდოთ და იაფ კატალიზატორადაც გამოიყენოთ. ასევე, მოსწავლეებს უთხრათ, რომ ის ამფოტერული ოქსიდია.

ვულკანი N2 – ვულკანი კალიუმის ბიქრომატით 

რა გავაკეთოთ, როცა ამონიუმის ბიქრომატი არ გვაქვს? შემცვლელი მოვუძებნოთ… K2Cr2O7. ფაიფურის როდინში 15გ. კალიუმის ბიქრომატი და 10გ. გოგირდი დასრისეთ. მასა ალუმინის ქილის (გამოიყენეთ ლუდის ან კონსერვის ქილა) ქვედა ნაწილში ჩაყარეთ და გაახურეთ. გოგირდი გახურებით აინთება და კალიუმის ბიქრომატიც დაშლას დაიწყებს. როგორც კი ნაერთი აინთება, სპირტქურით გაცხელება შეწყვიტეთ. ნათება ლურჯი ფერის იქნება და რამდენიმე წუთს გასტანს. ფერფლი იგივე გექნებათ – ქრომის ოქსიდი. K2Cr2O7 + S = K2SO4 + Cr2O3
ჭარბი გოგირდი ჰაერის ჟანგბადის გავლენით დაიწვება: S + O2 = SO2

ვულკანი N3 – ლემერის ვულკანი

ნიკოლა ლემერი (1645-1715) ფრანგი ქიმიკოსი და აფთიაქარი იყო. რკინის ჭიქაში 2გ. რკინის ნაქლიბი და 2გ. გოგირდი ერთმანეთს შეურია და გახურებული მინის წკირით შეეხო. ცოტა ხნის შემდეგ სარეაქციო მასიდან შავი ფერის ნაწილაკებმა დაიწყო გამოფრქვევა, თვითონ კი მოცულობაში ძალიან მოიმატა. გახურდა და ნათება დაიწყო. რკინის სულფიდი წარმოიქმნა და დიდი სითბო გამოიყო.
Fe+S=FeS

ვულკანი N4 – იისფერი  ვულკანი

იოდი აქტიურ მეტალებთან ურთიერთქმედებს. ალუმინთან იისფერი ბურანის წარმოქმნით რეაქციაში შედის. ძალიან ლამაზი ცდაა, ოღონდ იოდის ორთქლი გამოიყოფა, ამიტომ ამწოვ კარადაში ან ღია ფანჯარასთან გააკეთეთ. ან მოიმარაგეთ 5–ლიტრიანი ქილა და  როგორც კი რეაქცია დაიწყება, მაშინვე დაახურეთ, რომ გამოყოფილი გაზი თქვენ არ ისუნთქოთ. ფაიფურის როდინში  ნახევარი ჩაის კოვზი ალუმინის ან მაგნიუმის  ფხვნილი  წინასწარ დასრესილ იოდის ფხვნილს შეურიეთ. რეაგენტებისგან გააკეთეთ მთისმაგვარი ფიგურა. არ დაგავიწყდეთ ჩაღრმავება. ის „კრატერის” მოვალეობას შეასრულებს. შიგნით ჩააწვეთეთ 1-2 წვეთი გამოხდილი წყალი. კრატერის თავზე იისფერი ნისლი ჩამოწვება, რასაც აფეთქება მოყვება და მთლიანი ნარევი თეთრი ფერის პროდუქტად გარდაიქმნება. რეაქციის შედეგად ალუმინის იოდიდი ან მაგნიუმის იოდიდი წარმოიქმნება (გააჩნია, რომელ მეტალს გამოიყენებთ). 

სხვათა შაორის, ეს რეაქცია კატალიზატორის მაგალითადაც გამოგადგებათ, რადგან წყალი სწორედ კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს.

2Al + 3I2 = 2AlI3;  Mg + I2 = MgI2 

ვულკანი N5 – თუთიის ვულკანი

(CCl4 + Zn)
5-8გ. თუთიის ფხვნილი მეტალის ნაჭერზე მოათავსეთ. წვეთ–წვეთად დაუმატეთ ССl4, თან ურიეთ, სანამ ნარევი სქელ მასად არ გარდაიქმნება. შემდეგ უკვე ჩვეულებრივ მიდის საქმე… ვაკეთებთ მთას, „კრატერს”  და შიგნით აალებად ნარევს ვყრით, მაგ. Mg + S.  მასა აანთეთ,  მაშინვე აფეთქება მოხდება და ZnCl2-ის  თეთრი  კვამლი წამოვა. ცეცხლის ალი ხან მინელდება, ხან გაჩაღდება. ვულკანის ამოფრქვევა ხუთ წუთს გაგრძელდება. რეაქციის შემდეგ მოყვითალო-შავი მასა დარჩება.   СCl4 + 2Zn = 2ZnCl2 + C 

ამწოვი კარადა ან ღია ფანჯარა არ დაივიწყოთ, რადგან СCl4 მომწამლავი და აქროლადია.

ვულკანი N6 – რკინის ვულკანი

აიღეთ 3-5გ. რკინის ფხვნილი და შეურიეთ იმავე რაოდენობის კალიუმის ნიტრატს. მანამდე 4-5 სადილის კოვზის რაოდენობის ქვიშისგან მთა ააშენეთ და ჩაღრმავება (კრატერი) გაუკეთეთ. რკინის ფხვნილის და კალიუმის ნიტრატის მასა სწორედ კრატერში მოათავსეთ. დანამეთ ეთილის სპირტით და აანთეთ. დაიწყება კაშკაშა რეაქცია ნაპერწკლებით, ცეცხლით და ა.შ. მოკლედ, თქვენ ნამდვილ ვულკანს გააღვიძებთ. თუ ზოგიერთი  ვულკანი მხოლოდ ფერფლის ამოსროლას ასახიერებს, ამ შემთხვევაში ამოფრქვევის ჩვენ წინაშე სხვა სტადიაა – ლავის ამოფრქვევა.

პროდუქტად კალიუმის ფერატი და აზოტის მონოოქსიდი წარმოიქმნება, რომელიც ჰაერზე იჟანგება და მუქი ყავისფერი აზოტის დიოქსიდს წარმოქმნის. ეს გაზი რეაქციის დროს უხვად გამოიყოფა. თუ მიღებულ მყარ პროდუქტს ცივი, გამოხდილი წყლით სავსე ჭიქაში მოათავსებთ, კალიუმის ფერატის მოწითალო-იისფერ ხსნარს მიიღებთ.

2KNO3 + Fe = K2FeO4 + 2NO

   ვულკანი N7 – ყველაზე უსაფრთხო ვულკანი

მოდით, ერთი უსაფრთხო ვულკანის პროტოკოლსაც დავწერ. დაგჭირდებათ თეფში, პლასტელინი, სასმელი სოდა (ნატრიუმის ჰიდროკარბონატი), ძმარმჟავა და წითელი საკვები საღებავი ან თუნდაც ჭარხლის წვენი და ჭურჭლის სარეცხი სითხე.  თეფშზე პლასტელინისგან აკეთებთ ვულკანს და კრატერში სასინჯად ასხამთ წყალს (შემდეგ კვლავ გადმოასხამთ). ანუ ამოწმებთ ვულკანი წყალს ხომ არ უშვებს. ამზადებთ „ლავას” – 2 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე, 1 სუფრის კოვზი სოდა, საღებავის რამდენიმე წვეთი. ამ მასას ვულკანში ასხამთ და ამატებთ ძმარს (ჭიქის მეოთხედი). იწყება რეაქცია, გამოიყოფა ნახშირორჟანგი და წითლად შეღებილი ლავა თეფშისკენ დაიძვრება. აქ საშიში არაფერია, მხოლოდ თეფშის გარეცხვა მოგიწევთ ბოლოს. 

„ქიმიური ვულკანოლოგია” აუცილებლად ამწოვ კარადაში ან ღია ფანჯარასთან ჩაატარეთ. დამცავი სათვალე და პირბადე არ დაივიწყოთ.

აჰ, მივხვდი… სიზმარში ვულკან „ვეზუვიზე” ვიყავი… სწორედ იმ წუთებში ალბათ პომპეის ანადგურებდა. ოღონდ არც ფერფლი შემისუნთქავს და არც დაზიანება მიმიღია. აბა, სიზმარი, რისი სიზმარია. ყორანთან ვსაუბრობდი, რაზე – არ ვიცი. ალბათ, ედგარ ალან  პოს „ყორანი” უნდა გადამეკითხა ხელახლა…

„კვლავ ღიმილად გადამექცა, სევდა ალბათ ჩვევად მექცა,
სავარძელი დავდგი კართან, ყორანი კი იქვე დგას,
ახლა უკვე აღარ მიკვირს, დრო საკმაოდ მქონდა ფიქრის
ვდარდიანობ მხოლოდ მისთვის, რომ არ ვიცი ნეტავ რას.
რას მიქადის საშინელი ხმით რომ დაიყარყარა,
შემომძახა „აღარა!”

ჩვენი ხალხი

0
ვაინახი – ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდებაა და „ჩვენს ხალხს” ნიშნავს, თითქოს ჩვენ შევარქვით მათ ეს სახელი, რადგან ისინი ხომ გამორჩეულად ჩვენი, ახლობელი, ნათესავი და მოსიყვარულე ხალხია. უამრავი ჩვენგანი საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს რომ ჩამოთვლის, სხვებთან ერთად ქისტებსაც დაასახელებს, რადგან საუკუნეთა განმავლობაში თანაცხოვრებამ და ურთიერთსიყვარულმა ერთ ხალხად, ერთ ოჯახად გვაქცია.
ინტერესის მიუხედავად, პირველად მხოლოდ წელს მოვახერხე პანკისის ხეობის მონახულება. მანამდე ჩეჩნეთის, პანკისისა თუ ქისტების გაგონებაზე უამრავი ამბავი მიტრიალებდა თავში და ყველა სურათი ერთმანეთში ირეოდა – ბავშვობის წლებიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შემზარავი ფოტო- თუ ვიდეოკადრები; თეატრ „ნორდ ოსტის” სისხლისფერ სავარძლებში ჩასვენებული, მხუთავი გაზით ჩაძინებული ერთიანად შავით შემოსილი ულამაზესი ჩეჩენი ასულები, რომლებსაც დღესაც, ბავშვობაში გაჩენილი ასოციაციით, შავ გედებს ვამსგავსებ; ულამაზესი ცისფერთვალება ბავშვები; შამილ ბასაევის საშიში პორტრეტი; სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯოხარ დუდაევი; სიმღერა მშვენიერ მალიქაზე; ჩვენი მექა ხანგოშვილის ნათელი და უკეთილშობილესი სახე; ამაყი, მაღალი კოშკები; დათოვლილი მწვერვალები და ა.შ. და ა.შ.
საქართველოში ქისტების პირველი სამოსახლოები XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე გაჩენილა კახეთში, პანკისის ხეობაში ქისტების მასობრივი ჩამოსახლება კი XIX საუკუნეში, სავარაუდოდ, 1826 წლიდან, დაწყებულა და იმავე საუკუნის 60-იან წლებში დასრულებულა, თუმცა მიგრაციის ცალკეული შემთხვევები XX საუკუნის პირველ ნახევარშიც ფიქსირდება.
იყო დრო, როდესაც ქისტები ჩეჩნეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ ბოლო წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის (1994-1996 წ.წ.) გამო მათი უმრავლესობა დაუბრუნდა პანკისის ხეობას. მოგვიანებით მათ დაემატა ჩეჩენ ლტოლვილთა დიდი ჯგუფი, რომელმაც რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგად 1999 წელს პანკისის ხეობას შეაფარა თავი.
პერსპექტივასა და სოციალურ დახმარებას მოკლებულ ლტოლვილებს არ სურდათ, მძიმე ტვირთად დასწოლოდნენ თავიანთ ნათესავებს საქართველოში და ვინც მოახერხა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით თავშესაფარი დასავლეთ ევროპასა და კანადაში იპოვა, ხოლო ნაწილი ე.წ. ნებაყოფლობითი რეპატრიაციის ფარგლებში ჩეჩნეთში დაბრუნდა. დარჩნენ მხოლოდ ქისტები და ქისტი ლტოლვილები აწ უკვე რუსეთის ფედერაციიდან.
საერთო სამშობლოსა და ტრადიციების გარდა, პანკისელ ქისტებს ქართველებთან ძმადნაფიცობა აერთიანებთ და ამ წესს დღემდე სათუთად უფრთხილდებიან. ძმად გაფიცულნი არა მხოლოდ ოჯახებით უახლოვდებიან ერთმანეთს, არამედ მათი ბიძაშვილები და სხვა ნათესავებიც ერთმანეთის მოკეთეებად ითვლებიან. ამბობენ, განსაცდელში ქისტი სიცოცხლეს ანაცვალებსო ძმადნაფიცს, მისგან ღალატი წარმოუდგენელიაო.
ბოლო ხანს პანკისელი ახალგაზრდების ნაწილმა ისლამის რადიკალური სწავლება აირჩია, ვაჰაბიზმი, რამაც უფროს თაობას საფიქრალი გაუჩინა. პანკისელები ამბობენ, რომ სოციალურ სიდუხჭირესა და სხვა მიზეზებთან ერთად უმთავრესად კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების, პროექტებისა და ცენტრების არარსებობამ გამოიწვია სარწმუნოებრივი რადიკალიზმისკენ ახალგაზრდების სწრაფვა, თუმცა, საბედნიეროდ, ზოგიერთი ხალხური ტრადიციის რელიგიური ადათ-წესებით ჩანაცვლებისა და ჩაცმულობის გარდა, არაფერი შეცვლილა; როგორც ადრე, ახლაც მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ ქრისტიანებისთვის ცალკე სუფრა იშლება ღვინით, ხოლო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯს, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, მთელი სოფელი გაიღებს.
და კიდევ ერთი: მითხარით, ვინ მღერის ამ ქისტი ქალებივით – ასე ლამაზად, ასე გულწრფელად, ასე გულში ჩამწვდომად, ასეთი სევდით?

თანამედროვე ინტელექტუალთა მოსაზრებები: მიმი იტო ახალ მედიასთან ერთად სწავლის შესახებ

0
მიმი (მიძუკო) იტო (დაბ. 1968 წ., კიოტო, იაპონია) – იაპონელი ანთროპოლოგი, კალიფორნიის ირვინის უნივერსიტეტის პროფესორი, ახალგაზრდებისა და ახალი მედიის ურთიერთობათა მკვლევარი. იტოს ნაშრომები ძირითადად ეხება ახალი მედიისა და ტექნოლოგიების გავლენას ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებზე, ახალი თაობის იდენტობასა და ახალგაზრდულ თემებზე ამერიკასა და იაპონიაში. 
ცოტა ხნის წინ დავასრულეთ სამწლიანი ეთნოგრაფიული გამოკვლევა იმის შესახებ, რას აკეთებენ ბავშვები ახალ მედიასთან ერთად. გამოკვლევა ფოკუსირებული იყო თამაშებზე, ონლაინ კომუნიკაციასა და ციფრული მედიის პროდუქციაზე. ამ კვლევის მიზანი გახლდათ, გაგვეგო და დაგვენახა ონლაინ და ციფრული სამყაროები ბავშვებისა და მოზარდების თვალით. გამოკვლევის შინაარსი კონცენტრირებული იყო ბავშვების რეკრეაციულ და სოციალურ ცხოვრებაზე და არა სკოლის სტრუქტურირებულ გარემოზე. გვსურდა გაგვეგო, რა მოტივები და ვნებები ამოძრავებთ მათ და რა მოაქვს ამ ახალ მედიაგარემოს ბავშვებისთვის.

ვცადეთ, დაგვედგინა აქტივობის ის მთავარი კატეგორიები, რომლებშიც ბავშვები არიან ჩართულნი ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალ მედიასთან ერთად. ბავშვთა აქტივობა ჩვენ რამდენიმე კატეგორიად დავყავით: დროის ერთად გატარება (თანატოლებთან ერთად, ინგლ. hang out), სახლისგარე აქტივობები (ინგლ. messing around) და კომპიუტერსა და მის ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებული აქტივობები და გართობა (ინგლ. geek out). მივიჩნიეთ, რომ hang out აქტივობები, რომლებსაც მეგობრობიდან გამომდინარე აქტივობებს ვუწოდებთ, ძალიან განსხვავდება geek out აქტივობებისგან (კომპიუტერსა და კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული აქტივობა), რომელსაც ინტერესებთან დაკავშირებულ აქტივობებად ვიხსენიებთ. ხშირად, როდესაც ბავშვებსა და ახალ მედიასთან მათ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, გვგონია რომ ეს აქტივობები ერთნაირია. არადა აშკარაა, რომ ის უამრავი საქმე, რომლებითაც დღეს ბავშვები არიან დაკავებულნი ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით, ძალზე მრავალფეროვანიც არის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების ამ ახალ აქტივობებს სწავლებაზე საუბრისას – დასვენებისა თუ დროის ერთად გატარების სივრცეში ბავშვები უამრავ ახალ რამეს შეისწავლიან. მაგრამ სწავლის ეს პროცესი ძალიან განსხვავებულია – ერთია სოციალური ქცევა, ერთად მოქმედება, მოზარდების მიერ მწარე გაკვეთილების მიღება პოპულარობასა თუ სასკოლო რომანებზე და მეორეა ინტერესებით განპირობებული კომპიუტერული სიახლეების ძებნა, ურთიერთგაცვლა (geek out) და ის უნარები, რომლებიც უვითარდებათ ბავშვებს კომპიუტერთან დაკავშირებულ თვითგანათლებისა და თვითგანვითარების პროცესში. ეს თვითშესწავლა განპირობებულია მათი ინტერესებით – თამაშებსა თუ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული კონკრეტული ინტერესებითა და მოტივებით. ეს სწავლის პროცესისგან (ტრადიციული გაგებით) ძალიან განსხვავებული სივრცეა.

დროის ერთად გატარებისას (hang out აქტივობები) ბავშვების უმრავლესობა იყენებს Facebook-სა თუ MySpace-ს, უცვლის მეგობრებს ტექსტურ შეტყობინებებს და მუდმივი ურთიერთობა აქვს მათთან სოციალური ქსელებით. თუ ავიღებთ ბავშვების ჯგუფს, დავინახავთ, რომ მათი უმეტესობა დროის ერთად გატარებისას ან ერთად აქტივობისას ზემოხსენებულ ქსელებს ან რაიმე ასეთს იყენებს. აქვე დავინახავთ „თაობებს შორის არსებულ ნაპრალსაც”, რადგან უფროსი თაობა მთლად კარგად ვერ გრძნობს თავს ამ ახალ სოციალურ სივრცესა თუ ინტერფეისში; ეჭვის თვალით უყურებს მის ღირებულებას. უფროსებს ხანდახან ცოტათი ეშინიათ კიდეც, ონლაინკომუნიკაციის დროს ან მის შედეგად ბავშვები „შარში არ გაეხვიონ”. აქ უკვე ნათელია, რომ თაობებს შორის გაუგებრობას იწვევს, ერთი მხრივ, თანატოლთა ჯგუფის გავლენა ბავშვზე, მეორე მხრივ კი მშობლების ეჭვი ამ ჯგუფებთან ბავშვების ურთიერთქმედების თაობაზე. ეს ამ სივრცისადმი მშობლების დამოკიდებულებას ართულებს.

თუმცა, ვფიქრობ, ის, რაც ხდება, ჩვეულებრივი ამბავია – ბავშვები დროს ერთად ატარებენ. ატარებენ მათთან ერთად, ვინც აინტერესებთ. ასე იყო ყოველთვის, ყველა თაობაში. დღევანდელი მდგომარეობის „თანმხლებ ეფექტად” შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ბავშვები ძალიან არიან დახელოვნებულნი ონლაინკომუნიკაციაში, ციფრული მედიის გამოყენებაში, თავიანთი განცხადებების ონლაინ განთავსებაში, ბმულების/კავშირების გაგზავნის, ინფორმაციისა თუ გამოსახულების ფორვარდინგის/გადაგზავნის, ურთიერთგაცვლის, მედიარემიქსინგის და სოციალურ მედიასთან ასოცირებულ სხვა საქმიანობაში. ეს გახლავთ მათი თანატოლების კულტურაში გავრცელებული და მიღებული საქმიანობები და ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც უფროსები აკეთებდნენ ბავშვობაში. უფროსებმა უნდა გაიზიარონ ისიც, რომ ამ ინტერაქციების დროს ბავშვები უამრავ ახალს სწავლობენ როგორც სოციალური ურთიერთქმედების, ისე მედიის ტექნიკური გამოყენების კუთხითაც. დიახ, ეს არის დღევანდელი ბავშვების ჩვეულებრივი სოციალური ცხოვრება.

რაც შეეხება ბავშვების geek out საქმიანობას (კომპიუტერული პროგრამებისა თუ სხვა პროგრამული რესურსების კვლევა-შესწავლა), ვფიქრობ, აქ მოზრდილებს შეუძლიათ, გაცილებით აქტიური როლი შეასრულონ. ვხედავთ, რომ ინტერნეტში არსებობს უამრავი რესურსი, რომელთა მოძიება და გამოყენებაც ბავშვს შეუძლია. ეს ურიცხვი რესურსი, ცოდნა თუ სპეციფიკური ექსპერტიზა დღეს ადვილად ხელმისაწვდომია (რაც წინათ წარმოუდგენელი იყო). ეს ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, მოძებნოს ჯგუფები, თემები თუ გაერთიანებები, რომლებიც მის ინტერესებს შეესატყვისება და ჩაერთოს იმ შესაძლო თანამშრომლობასა თუ ურთიერთქმედებაში, რომელიც მისთვის საინტერესო და მოტივაციურია. დღეს უამრავი მოზარდი თუ ბავშვი წერს (ინტერესების ჯგუფებთან, გაერთიანებებთან, ონლაინკლუბებთან), ხატავს თუ აკეთებს ვიდეო- ან აუდიომონტაჟს თავის ონლაინ „კოლეგებთან” ერთად. ვიდეოონლაინთამაშების ჯგუფები ამ აქტივობათა კარგი და ძლიერად მობილიზებული მაგალიათია.

მაგრამ სხვაგვარია უფროსების დამოკიდებულება, მათი განწყობა – ჩვენ ამ გიკ-აქტივობებს ვაფასებთ როგორც უბრალო გართობას და არ ვანიჭებთ სათანადო მნიშვნელობას სწავლის პროცესს, რომელიც ამ აქტივობებს ახლავს თან. აღსანიშნავია, რომ უფროსებს უჭირთ ამ პროცესებში ჩართვა და ბავშვების დახმარება ან მათი მხარდაჭერა, განურჩევლად იმისა, აფასებენ თუ არა ბავშვების ამ საქმიანობას. წინათ ჩვენ გვქონდა მოდელები ბავშვების მხარდასაჭერად – თუ ბავშვს ფეხბურთი უყვარდა, მშობელს შეეძლო, ბავშვთა ფეხბურთის ლიგისთვის დაეჭირა მხარი, თუ ბავშვს მეცნიერება იზიდავდა, მშობელი მას „სამეცნიერო ნაკრებს” უყიდიდა ან უცხო ენის კურსებზე მიაბარებდა. ასეთი მოდელები არსებობდა არასასკოლო აქტივობებისთვისაც. მაგრამ დღეს ჩვენ არ გვაქვს მოდელი უფროსებისთვის, მაგალითად, ვიდეომონტაჟის ან ონლაინმუსიკის შესაქმნელად. ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია დრო და ფული, რომ ამ ძალიან მაღალი სპეციალიზაციის პროგრამებში ჩავერთოთ. ამავე დროს, ინტერნეტში უამრავი სხვა საშუალებაა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ბავშვების ამ ახალი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მათ მხარდასაჭერად. ალბათ ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ, მშობლებმაც და მასწავლებლებმაც, უნდა ვიაროთ. ეს ის მოდელებია, რომლებიც უნდა შევქმნათ და განვავითაროთ. ასეთი რესურსი ახალ სივრცეში უსასრულოდ ბევრია. გამოკვლევამ წარმოაჩინა მრავალი პოზიტიური მაგალითი ახალი მედიის თემებში მშობლებისა და ბავშვების თანამშრომლობისა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მრავალ შემთხვევაში ცოდნა, ექსპერტიზა და მართვის ნაწილი ბავშვების მხარეს გადადის, რაც ახალი გამოცდილებაა.

თუმცა ძალიან დიდია მშობლების როლიც – მათ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ პროცესზე თავიანთი ცოდნით, გამოცდილებითა და დამოკიდებულებით. რამდენიმე შემთხვევაში კვლევის მასალებმა ცხადყო, რომ მშობლების ჩართვამ ბავშვის ინტერესების სივრცეში, ვებგვერდის ერთად შექმნა იქნებოდა ეს (გიკ-აქტივობები) თუ რაიმე თამაშის ერთად გავლა (გეიმინგ-აქტივობები), დადებითი როლი შეასრულა ბავშვის განვითარებაში.

ბავშვები აფართოებენ თავიანთ მოთხოვნებს უმთავრესად იქ, სადაც საქმე ეხება საავტორო უფლებებსა და სამართლიანი დისტრიბუციის საკითხებს ფაილების გადაგზავნის, დაშეარებისა თუ მუსიკის ან ვიდეოს რემიქსინგის დროს. ეს პრეტენზიები რეალურია, რადგან ჩვენ ახლა გავდივართ კულტურული ნორმების ცვლლებისა და ინდუსტრიული მოდელებისთვის არნახული ძვრების პერიოდს და ხშირად არც კი ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რა იქნება მართებული. ვგულისხმობ საკითხებს, რომლებიც თანამედროვე ბავშვების ურთიერთობის კულტურისთვის ჩვეულებრივია, მაგრამ ეს აქტივობები, ჩვენი მოძველებული ნორმებით, არ არის მაინცდამაინც კანონიერი. ჩვენი მოვალეობაა, მივაგნოთ კომპრომისს, რომელიც გაითვალისწინებს ბავშვების სურვილებს და რომელსაც დღევანდელი ახალგაზრდა თაობა გაიზიარებს. ვგულისხმობ, მაგალითად, იმას, რომ ბავშვები არასოდეს იტყვიან უარს სოციალურ ქსელებში არსებული მედიაკონტენტის გაზიარებაზე, რემიქსსა და ურთიერთგადაგზავნაზე. ეს ის ახალი თაობაა, რომელიც მალე თვითონვე დაიწყებს კანონებისა და წესების შექმნას, ამიტომ ინდუსტრიამ თვალი უნდა გადაავლოს არსებულ წესებს და ისეთი კომპრომისი იპოვოს, რომელიც ორივე მხარეს (მწარმოებელსაც და მომხმარებელსაც, – ლ.ა.) მისცემს გადარჩენის საშუალებას.

ჩვენი კვლევა, გარდა მედიისა და ახალგაზრდების ურთიერთობათა შესწავლისა, ეხება იმასაც, რომ უფროსმა თაობამ უნდა დააფასოს ახალი სასწავლო გარემო, რომელიც მედიაში და სკოლის გარეთ არსებობს. ახალგაზრდები უამრავ ახალს იღებენ და სწავლობენ მედიაქსელებში და მედიაქსელებთან ურთიერთობისას. თანაც სრულიად არ არის აუცილებელი, ამის გამო არსებული სასკოლო პრაქტიკის ტრანსფორმაცია მოვახდინოთ. ციფრული მედიის გამოყენებით ნაყოფიერი სწავლის მხარდასაჭერად არ არის აუცილებელი სკოლებისა და სასკოლო გარემოს შეცვლა. საკითხისადმი ინტერესს განაპირობებს იმ ახალი, უფრო ფართო კონტექსტის სწორად აღქმა, რომელშიც ბავშვები სწავლობენ და რომლის საზღვრებში სკოლები და სასკოლო გარემოც მოიაზრება.

ჩვენ გაცილებით ნაკლებ ენერგიასა და ყურადღებას ვუთმობთ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება სკოლის გარეთ სწავლების ოპტიმიზაცია და მისი მხარდაჭერა; როგორ შეიძლება ამ ახალი სასწავლო სივრცის დაკავშირება სკოლასთან. ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ციფრული მედიის სამყაროც. ჩვენ მიერ წამოწყებული საუბარი განიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც სწავლების ამ განსხვავებულ სახეობათა ურთიერთსასარგებლო განვითარებას ეხება. თაობებს შორის უკვე მართლაც შეინიშნება განსხვავება ონლაინთანამონაწილეობისა და მისი სპეციფიკურობის ღირებულების აღქმის კუთხით. ახალმა ტექნოლოგიებმა რადიკალურად შეზღუდა მშობლების შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბავშვების აღზრდაში დღევანდელი ონლაინსივრცეების მეშვეობით.

ჩვენს თაობას არ აქვს ამ ტექნოლოგიებთან ერთად ზრდის გამოცდილება; ამას ვაღიარებ მეც, ვინც უკვე დიდი ხანია ვიკვლევ ბავშვებისა და ახალი ციფრული ტექნოლოგიების ურთიერთობას. მართლაც ძნელია, ამ ტექნოლოგიების ზრდასა და განვითარებას ფეხი აუწყო, რადგან ჩვენი მონაწილეობა არ არის ისეთივე ინტენსიური, როგორიც ჩვენი შვილებისა. წინათ სავსებით შესაძლებელი იყო, მშობელს სცოდნოდა, ვისთან მეგობრობს მისი შვილი, დაერეკა და გაეგო, ვინ არიან, სად არიან, რას აკეთებენ. დღეს უკვე შეუძლებელია, თვალი მიადევნო ბავშვების ონლაინ ურთიერთქმედებებს, ტექსტური მესიჯები იქნება ეს თუ ონლაინჩატი. შეუძლებელია ბავშვის ტექსტური მესიჯების კითხვა – ეს მისი პრივატულობისა და უფლებების დაღვევა იქნება, რაც მშობელსა და შვილს შორის დაძაბულობას გამოიწვევს. მშობლის მიერ ფეისბუქის პროფილის ნახვა და ბავშვის მიმოწერის შემოწმება, მისი მეგობრების პროფილების შესწავლა და სხვა უკვე ისეთი საკითხებია, რომლებიც თანამედროვე მშობლებს სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ვფიქრობ, ჩვენ ჯერ არ მოგვიფიქრებია, როგორ შეიძლება მივცეთ მიმართულება ჩვენი შვილების საქმიანობას, როგორ ვასწავლოთ მათ ისე, რომ მათი გრძნობები არ შეურაცხვყოთ, არ დავჩაგროთ ისინი. დღეს შეზღუდვებითა და აკრძალვებით: „მხოლოდ ათი წუთი კომპიუტერთან!” – ფონს ვეღარ გავალთ და ვეღარ მოვახერხებთ ბავშვის განვითარების პროცესის მართვას; ფუნდამენტური პრობლემაა, როგორ მივცეთ სწორი გეზი მათ სოციალურ განვითარებას დღევანდელი რეალობისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

წყარო: https://www.edutopia.org/digital-generation-mimi-ito-video

მასწავლებლის წიგნი

0

ერთი მუსიკალური მონოგრამის შესახებ, ანუ სი ბემოლი – ლა – დო – სი ბეკარი (II ნაწილი)

0
„ყოველ მუსიკაშია 
ბახი,
ყოველ ჩვენგანში –
ღმერთი”.
იოსიფ ბროდსკი

 

ფრანგული სიუიტა №3 (სი მინორი). სარაბანდა. ასრულებს კით ჯარეტი
ვინ იყო ანა მაგდალენა ან რა ვიცით მის შესახებ? ბედისწერამ მესაყვირის ქალიშვილს საპატიო ადგილი მიუჩინა იოჰან სებასტიანის ცხოვრებაში. ბახის მეორე ცოლი, ქმარზე 16 წლით უმცროსი ანა, კეთილშობილი და გაწონასწორებული, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედა, საუცხოო სოპრანოს პატრონი და ოჯახური მუსიცირების სული და გული იყო. სამწუხაროდ, მისი გარეგნობის შესახებ ცნობები არ შემორჩენილა.

იმხანად მიღებული იყო მუსიკალური და ლიტერატურული საოჯახო ალბომების შექმნა. მათში მოწონებული პიესები და ლექსები იწერებოდა და რა გასაკვირია ასეთი ალბომის იმ ოჯახში არსებობა, სადაც სივრცეს ჰაერივით ავსებდა მუსიკა.

ჯერ კიდევ ანა მაგდალენასთან ქორწინებამდე ბახმა უფროსი ვაჟისთვის, ფრიდერმანისთვის, შექმნა „დამრიგებლური სავარჯიშოები” – „საკლავირო წიგნაკი” და საკლავირო მინიატურები – ორხმიანი და სამხმიანი ინვენციები, მოგვიანებით კი ანასთვის – „ანა მაგდალენა ბახის სანოტო რვეული” – საფორტეპიანო პიესები დამწყებთათვის (1722-1725), რომელიც დღემდე ფართოდ გამოიყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში. ეს პატარა შედევრები საცეკვაო პიესებია – პოლონეზები, მენუეტები, ასევე მარშები. სასურველია, პედაგოგებმა მოსწავლეებს ხატოვნად მოვუთხროთ ამ ცეკვების შესახებ – რომ XVII საუკუნის ბოლოდან მათ ასრულებდნენ სასახლის კარზე გამართულ წვეულებებზე, ხოლო XVIII საუკუნეში მენუეტი მოდურ ცეკვად იქცა და მას რევერანსებით ცეკვავდნენ პარიკიანი არისტოკრატები.

 
საეკლესიო სკოლის მასწავლებელი სებასტიანი ყოველდღიურად ხვდებოდა ყველა ასაკის აღსაზრდელებს. ძალზე უხერხული იქნებოდა იმ აღზრდილების დასახელება, რომლებმაც ბახის სიცოცხლეშივე და მოგვიანებითაც მასზე მეტი აღიარება პოვეს. რაც შეეხება შვილებს, მათ დიდი ხნით დაჩრდილეს მამის დიდება. ისიც საინტერესოა, რომ მის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ნაწარმოები – „საარჩევნო კანტატა” გამოიცა მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. თხზულებათა უმეტესობამ დღის სინათლე მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იხილა.
ი. ს. ბახი აღსაზრდელებს ასწავლიდა: „ხმებს შეხედეთ როგორც პიროვნებებს, ხოლო მრავალხმიან ნაწარმოებს – როგორც მათ საუბარს. ყოველმა მათგანმა კარგად უნდა ილაპარაკოს და დროულად ჩაერთოს საუბარში, მაგრამ თუ სათქმელი არაფერი აქვს,  გაჩუმდეს, ვიდრე მისი ჯერი არ მოვა”.

სებასტიანის მოსწავლეთა გამონათქვამებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათი მკაცრი მასწავლებელი შემოქმედებით აღმაფრენასთან ერთად მუსიკისადმი შეუპოვარ და სკრუპულოზურ დამოკიდებულებას მოითხოვდა.

თანამედროვე მუსიკოსთა შორის ბახი ცნობილი იყო „კარგად ტემპერირებული კლავირით” – პრელუდიებისა და ფუგების ორი კრებულით, პედაგოგიური საკლავირო პიესების უკვდავი ციკლით. ყველა მომდევნო თაობის მოაზროვნე მუსიკოსთა ცხოვრებაში ამ თხზულებებმა უდიდესი როლი შეასრულა, თუმცა კომპოზიტორის ბიოგრაფიაში მათ რატომღაც მოკრძალებული ადგილი ეკავათ. ეს პრელუდიები და ფუგები, როგორც დამწყებთა სავალდებულო „სავარჯიშოები”, დღემდე გაისმის მუსიკალური სკოლების ყველა კლასიდან, ყველა იმ ოჯახიდან, სადაც კი ბავშვი ფორტეპიანოს ეუფლება. ცალკეული პრელუდიები და ფუგები პიანისტების საკონცერტო რეპერტუარშიც შედის. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბახი-პედაგოგი მოსწავლეებთან მუშაობისას თავისი პრელუდიებისა და ფუგების ციკლით ხელმძღვანელობდა.

ცნობილია, რომ ბახმა, როგორც პედაგოგმა, მიზნად დაისახა იმდროინდელი კლავესინების ჟღერადობის სრულყოფისთვის დაეწერა პიესები ყველა მაჟორულ და მინორულ ტონალობაში და პრაქტიკულად გადაეწყვიტა ტემპერაციის საკითხი. თავისი პრელუდიებითა და ფუგებით მან მუსიკოსებსა და მომავალი თაობის პიანისტებს ყველა ტონალობის მუსიკალურ-ემოციური შეფერილობა აჩვენა. 

„კარგად ტემპერირებული კლავირი”, ტომი II, ფუგა IX (მი მაჟორი) გლენ გულდის შესრულებით
არ ყოფილა ხელოვნების ერთგული არც ერთი პიანისტი ან კომპოზიტორი, რომელსაც თავის შემოქმედებით გზაზე არ შეესწავლა და არ შეესრულებინა ბახის პრელუდიები და ფუგები.

მუსიკის მკვლევარებმა დაგვარწმუნეს, რომ ვოლფჰანგ ამადეუს მოცარტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიც განიცდიდნენ ბახის პოლიფონიური მუსიკის გავლენას. ცნობილია ისიც, რომ ბეთჰოვენმა „კარგად ტემპერირებული კლავირი” ზეპირად იცოდა და მას თავის „მუსიკალურ ბიბლიას” უწოდებდა. ბახის გენიის წინაშე მსოფლიო მნიშვნელობის სხვა კომპოზიტორებიც იხრიდნენ ქედს და მას „მუსიკის მზეს” უწოდებდნენ.

„კარგად ტემპერირებული კლავირი” ყველა ტონალობისთვის დაწერილი 48 პრელუდიისა და ფუგისგან შემდგარი ნაწარმოებების ციკლია ორ ტომად. თითოეულ ტომში შედის კლავირისთვის შექმნილი 24 პრელუდია და ფუგა, რომლებიც დალაგებულია ტონალობის ზრდის მიხედვით, დო მაჟორიდან – სი მინორამდე. კლავირი შექმნილია სახარების მიხედვით. მოგვიანებით სხვა კომპოზიტორებმაც შექმნეს მსგავსი კრებულები (მათ შორის – ფ. შოპენმა, ს. რახმანინოვმა, კ. დებიუსიმ, ა. სკრიაბინმა, დ. შოსტაკოვიჩმა, რ. შჩედრინმა, ს. ცინცაძემ).

დრამატურგიული და მუსიკალური ღირსებების გამო ევროპული მუსიკის ისტორიაში შევიდა ბახის „ვნებანი”, შექმნილი იესოს ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე სახარების მიხედვით. ვარაუდობენ, რომ ბახს დაწერილი ჰქონდა ხუთი „ვნებანი”. ამას ადასტურებს მისი ერთ-ერთი ვაჟიც. მთლიანად შემონახული და დასრულებულია ორი მონუმენტური ნაწარმოები – „მათეს ვნებანი” და „იოანეს ვნებანი”.

 

„იოანეს ვნებანი”
„თუ სახვით ხელოვნებაში ანალოგის პოვნას მოვისურვებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მათეს ვნებანის” ფინალური გუნდი ფრესკას ჰგავს. ბახის გენიის სხივები თითქოს თავს იყრიან, ფოკუსირდებიან „ვნებების” ბრწყინვალე არიებში”.

ი.ს. ბახი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მას არასდროს უფიქრია სახელის მოხვეჭაზე. თავის მთავარ ღირსებად შრომისმოყვარეობა მიაჩნდა და ყოველთვის ფიქრობდა, რომ მოსწავლე იყო და არა მასწავლებელი. კითხვაზე, როგორ მიაღწია ხელოვნებაში ამგვარ სრულყოფილებას, იგი მოკრძალებით პასუხობდა: „მე მომიწია, ვყოფილიყავი ბეჯითი. ვინც ესოდენ ბეჯითი იქნება, იმავეს მიაღწევს”.

მიუხედავად გასაოცარი თავმდაბლობისა და საკუთარი თავის მიმართ სიმკაცრისა, სებასტიანი მეტად კეთილმოსურნე, დაკვირვებული და მიუკერძოებელი გახლდათ. მუსიკის თხზვა მას მეტ სიამოვნებას ჰგვრიდა, ვიდრე ქება ან ნაწარმოების შესრულების შემდგომი წარმატება. პარტიტურაში მყოფ ბგერებს შეეძლოთ, „ჩუმადაც ყოფილიყვნენ”, როგორც „მდუმარე მუსიკა”; მთავარი იყო, რომ ისინი შეიქმნენ.

 

ანდრეი ტარკოვსკის ფილმ „სოლარისში” გამოყენებული აქვს ი. ს. ბახის ქორალური პრელუდია (ფა მინორი) – “Ich ruf' zu dir, Herr Jesu Christ”.
ფილოსოფიურმა სიღრმემ და მაღალმა ესთეტიკურმა აზროვნებამ ბახის შემოქმედება მსოფლიო კულტურის შედევრთა რიგში ჩააყენა. ბახმა განაზოგადა გარდამავალი პერიოდის მუსიკალური ხელოვნების მიღწევები ბაროკოდან კლასიციზმამდე. იგი პოლიფონიის უბადლო ოსტატია. მისი შემოქმედება მუსიკაში ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთ მწვერვალად მიიჩნევა. ბახმა თავისი შედევრებით დროს გაუსწრო. მან უსაზღვროდ გააფართოვა მუსიკალური ხელოვნების ჰორიზონტი, ხელი შეუწყო მსოფლიო მუსიკალური კულტურის ამაღლებას და ამით უდიდესი კლასიკოსის სახელი დაიმკვიდრა.

„ი. ს. ბახი გიგანტია, რომელიც აღიქმება არა პიროვნებად, არამედ მძლავრ შემოქმედებით ლაბორატორიად, სადაც ყოველგვარი შემოქმედებითი ჩვევა, სტილი, ტენდენცია თუ ახალი ფორმების ძიება მისი დროის მუსიკაში გამოიძერწა” (მუსიკისმცოდნე, აკადემიკოსი ბ. ასაფიევი).

ბახის ნაწარმოებთა მცირე ჩამონათვალი: „კარგად ტემპერირებული კლავირი” (1722-1744), დიდი მესა სი მინორი (1738-1749), „იოანეს ვნებანი” (1724), „მათეს ვნებანი” (1727-1729), 200-ზე მეტი კანტატა, ინსტრუმენტული კონცერტები, მრავალრიცხოვანი ნაწარმოები ორგანისათვის და სხვა.

კონცერტი №5 (ფა მინორი), II ნაწ., Largo ბობი მაკფერინის იმპროვიზაციით და ორიგინალი:
1740-იანი წლების ბოლოს ბახის ჯანმრთელობა გაუარესდა. განსაკუთრებით მხედველობის დაქვეითებას უჩიოდა. კატარაქტის ორმა წარუმატებელმა ოპერაციამ საბოლოოდ დააკარგვინა თვალისჩინი. გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე უეცრად თვალი აეხილა, მაგრამ მალევე ჩავარდა ლოგინად და გარდაიცვალა. მისი ვაჟის ემანუელისა და მოსწავლეების მიერ გამოქვეყნებული ნეკროლოგი იუწყებოდა: „1750 წლის 28 ივლისს, საღამოს 9 საათსა 15 წუთზე, 65 წლის იოჰან სებასტიან ბახმა მშვიდად განისვენა”. იგი დაკრძალულია წმ. იოანეს ეკლესიაში.
„ი. ს. ბახმა მსოფლიოს მისცა იმდენი, რამდენიც არაერთი გენიოსის ცხოვრებას ეყოფოდა. მან მთელი მუსიკალური სამყარო შექმნა”.
P.S. 
   

 
ბახის მუსიკალური მონოგრამა ასოითი სისტემით (ლათინური ანბანის მიხედვით): 

სი ბემოლი – ლა – დო – სი ბეკარი.

ეს არის მუსიკალური მოტივი, ბგერათა თანმიმდევრობა, რომელშიც ბახის გვარია დაშიფრული. მონოგრამამ, რომელიც მის სხვადასხვა ნაწარმოებშია გაბნეული, მუსიკალური სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა. ამ მოკლე სიტყვამ – Bach – კომპოზიტორის ყველაზე იდუმალი აზრები დაიტია. 
 
მას ყველა იცნობს – და არ იცნობს არავინ. იოჰან სებასტიან ბახი კაცობრიობის უდიდესი საიდუმლოა. გონებისა და გრძნობების დიდი საიდუმლო.
 

ქორალი კანტატიდან 147 – „იესო, ჩემო სიხარულო” კელტი ქალბატონების შესრულებით (ირლანდიელ ქალთა მუსიკალური ჯგუფი)

„ხარ, ცხადია, მიწის, მაგრამ უფრო – ხარ ცის…“

0
ცა და მიწა – სულისა და ხორცის
მეტაფორა
Поэта взор в возвышенном безумье
Блуждает между небом и землей.
Шекспир
 მას შემდეგ, რაც მეტაფორების ოკეანეში აღმოვჩნდი და მათი ძიება სიღრმეებში დავიწყე, მივხვდი, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ნიშანი-მეტაფორა ვიყავი და დავფიქრდი იმაზე, ასეთ შემთხვევაში, როგორ შემეძლო სხვა მეტაფორული სისტემების ამოცნობა… და, საერთოდ, ვინ იყო ის, ვინც „სწავლობდა”… 
 თუ ადამიანი სულისა და ხორცის ერთობაა, სად არის მათ შორის ზღვარი…? 
  ამ მოვლენაზე დაკვირვება პოეზიიდან დავიწყე:
ადამიანის შექმნის ბიბლიური “ფაქტი”, რომ უფალმა იგი შექმნა თიხისგან და ჩაჰბერა სული, ანუ სიმბოლურად მიწა და ცა, მიწიერი და ზეციური გააერთიანა მასში,  პოეზიაში შესაბამისად აღინიშნა და ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, რომ ამ აზრის შემცველი სტრიქონები ქართულ პოეზიაში სხვადასხვა ავტორთან ამომეკითხა…
ილია ჭავჭავაძე

“მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა..”

აკაკი წერეთელი
“თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუა კაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან – ცისა!”

გალაკტიონ ტაბიძე

“მაგრამ მაინც შედარებით
ცის და მიწის შეზავება,
მოგონების ნეტარებით
ჩემს გულს ენათესავება.”

გიორგი ლეონიძე

“მიწა ვიყავ და ცაი შევიქენ”.
ტერენტი გრანელი
“არ ვიცი, ვინა ვარ,
არ ვიცი, სადა ვარ,
მე თითქოს იქა ვარ,
მე თითქოს აქა ვარ…”
მუხრანმა ჭავარიანი
“ხორცი მასესხა მიწამ,
სული მასესხა ზეცამ,
თხემით ტერფამდე სესხმა,_
რა უნდა გავცე სესხად”.
ჯანსუღ ჩარკვიანი
“ერთიანი ცა და მიწა
ვის უპყრია ხელში…”

შოთა ნიშნიანიძე

“თუ მიმზიდველი ეგ ცხოვრება
ლეგენდად იქცა,
მიზიდულობა წესია და
კანონი ბრძნული,
და რაკი სრულად ეკუთვნოდა
ცასა და მიწას,
მიწამ სხეული მიიზიდა
და ზეცამ – სული”.

ტარიელ ჭანტურია

“ხარ სული და ხორცი –
ხარ მიწის და ხარ ცის…
მე რომ ვფიქრობ – არც ეს…
სხვა რომ ფიქრობს – არ ცის…
ხან ისე გძულს თავი,
ხანაც გავხარ ნარცისს!
ხარ, ცხადია, მიწის,
მაგრამ უფრო – ხარ ცის…”და ა.შ.
თითქოს პოეტი “პირველი ადამიანია”, ქმნადობის შედეგი და ამავე დროს, ახალი ქმნადობის შემოქმედი, რადგან პოეზია ახალი სამყაროს “სიტყვებით” შექმნაა და ეს სიტყვები უბრალო, ყოველდღიურ მეტყველებაში ინფორმაციის გადასაცემად გამოყენებული ლექსიკური ერთეულები კი არა, ღრმა აზრის გამომხატველი ნიშნებია, რომლებსაც პოეტის შინაგანი სამყაროდ ან სრულიად შეუცნობელი სივრცეები “ამოაქვს”, ამიტომ პოეტური ტექსტი, ისევე, როგორც ნიშანი პოეზიაში, მრავალგანზომილებიანია… ერთი აზრი სხვადასხვა ავტორთან სრულიად სხვადასხვა შინაარსით, განსხვავებული სინტაქსითა და ლექსიკით შეიძლება გაფორმდეს.

აზრის ძალა მის განსხვავებულ გამოვლინებაშია. მაგრამ ამგვარი პრეზენტაციის დროსაც კი გარკვეული კანონზომიერება იკვეთება. სწორედ ნიშნის ეს ბუნება უნდა ამოიცნოს სემიოტიკის მკვლევარმა. დაინახოს სისტემებს შორის ნიშნის მოძრაობის უნივერსალური მოდელი. იმის მიუხედავად, რომ ეს ნიშანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ვერბალური, სხვა შემთხვევაში –  ვიზუალური…

გზა იდეიდან მატერიისკენ და საგნიდან აზრისკენ ნიშანში იკვეთება. სიტყვა კვდება, როცა მას ენაში აღარ გამოიყენებენ, როცა ის ფუნქციას კარგავს. შესაბამისად, საგანი როცა ფუნქციას კარგავს, კარგავს აზრსაც. მხოლოდ ფუნქცია, დანიშნულება  ამოძრავებთ ნიშნებს და სძენს მათ აზრს.

ადამიანიც ნიშანია, თავისებური სიმბოლო, და როცა ის ამბობს, რომ “აზრი შეიძინა მისმა ცხოვრებამ”, ნიშნავს, რომ იპოვნა ფუნქცია, რომლითაც ის გარკვეული აზრის, იდეის მსახური იქნება.

ამ მსჯელობაში ნიშნის ერთი უნივერსალური ბუნება გამოიკვეთა. იმისათვის, რომ ნიშანმა იარსებოს, აუცილებელია ფუნქცია. სამყაროში შემთხვევით არც არაფერი ჩნდება და არც არაფერი კვდება.

მერაბ მამარდაშვილი თავის ცნობილ “აზროვნების ესთეტიკის” სალექციო კურსში ერთგან ამბობს: “ტრადიციულად ადამიანის ცნობიერება წარმოადგენს “სუფთა დაფას”, რომელზეც ბუნება, სამყარო აღბეჭდავს თავის ნიშნებს, ეს ნიშნები წესრიგდება რაღაც ასოციაციური კავშირებით, შეგედად კი ჩვენ ვიგებთ: ასე იგება ენა… ასე იგება ხელოვნება და სხვა…”

სამწუხაროდ, ადამიანური ცნობიერება თავისი აპარატით შეზღუდულია აღიქვას, დაინახოს და შეიმეცნოს სამყაროში ყველაფერი, რაც ხდება, რადგან ჩვენ მხოლოდ იმას და იმდენს ვხედავთ, განვიცდით და აღვიქვამთ, რამდენიც ეს ადამიანურ ცნობიერებას შეუძლია. სინამდვილეში ჩვენი ხედვა ძალიან შეზღუდული და ნაწილობრივია, რადგან თავად ვართ სუბიექტებიც და ობიექტებიც, როცა საკუთარი თავის  შევისწავლასა და გამოვიკვლევას ვცდილობთ.

ნიჭიერებისთვის

0

2008 წელს ვნების კვირა სქურის მონასტერში გავატარე. ახლაც მიკვირს, დაუბრკოლებლად რომ გადავდგი ეს ნაბიჯი – ამაში ალბათ წინა ზაფხულს ოლიანკის მამათა მონასტერში (წალკის რაიონი) ყოფნის ერთი თვე და მეგობრების თანადგომაც დამეხმარა. სანამ წალენჯიხისკენ დავეპირებოდით, გზად შემხვედრმა ერთი-ორმა ნაცნობმა ეჭვით მკითხა, რამე ხო არ გაგიჭირდა, პრობლემები თუ გაქვს, გვითხარი და დაგეხმარებითო. არა, რიგზეა-თქო ყველაფერი, – მოკლედ ვუპასუხე, ან როგორ უნდა ამეხსნა, რომ რაღაც განსაკუთრებული სულიერი (და მატერიალური) შეჭირვება სულაც არ არის საჭირო იმისთვის, ამქვეყნიურ ხმაურს მოშორდე დროებით და სიმშვიდე ეძიო.

მონასტერი ჩემთვის, პირველ ყოვლისა, მაინც სიმშვიდეა, და ამ სიმშვიდეში ჩაძირული მარტოკაცის ფიქრი. ბევრისგან მსმენია, რომ აქ ფიქრმა არ უნდა გაგიტაცოს – შრომა, ლოცვა და სასულიერო წიგნების კითხვა დაუდგენიათ ამისთვის ოდითგანვე, მაგრამ ფიქრი ვერაგია, ბოლოს მაინც გიპოვის ჭუჭრუტანას, შემოგეპარება, სიმშვიდეს დაგირღვევს.

ნიჭია, ფიქრი რომ შეგიძლია, ნიჭი მაცდურია – იმ ბასრი დანასავით, პურის დაჭრაც რომ შეუძლია და კაცის მოკვლაც.

მამა ილიას (თოლორაია) სიტყვები მახსენდება: წყაროსთან ვისხედით, კარგა შებინდებული იყო, მაგრამ დაკვირვებული თვალი მაინც შეამჩნევდა წყლის სიღრმეში მოლივლივე კალმახებს…

„– ალბათ გსმენიათ იგავი ტალანტებზე. გამგზავრების წინ კაცმა მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა მთელი ქონება. ერთს ხუთი ტალანტი, მეორეს – ორი, სხვას – ერთი. ხუთი ტალანტის მქონებელმა ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო. ორი ტალანტისამ – სხვა ორი. ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა ორმო და დაფლა თავისი ბატონის მონაცემი.

ცოტა ხანში მოვიდა მონების ბატონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. პირველმა ორმა თავისი ამონაგები მიართვა ბატონს. მანაც, ერთგულება დაუფასა და შეიყვანა თავის სიხარულში. მესამემ, რომელმაც მიწაში დაფლა მობარებული ტალანტი, მიუგო ბატონს, ვიცოდი, რომ სასტიკი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში ჩავფალი შენი ვერცხლიო.

განრისხდა ბატონი და წაართვა ის ერთი ტალანტიც, ვინაიდან მქონებელს მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.

უფალი ჩვენი უნარის მიხედვით გვაკუთვნებს ნიჭებს. ზოგს მეტს, ზოგს – მცირეს, მაგრამ არავისთვის ენანება მისი მიცემა. შემდეგ უკვე ჩვენს ნებაზეა, როგორ გამოვიყენებთ ამ სიმდიდრეს, გავამრავლებთ ქრისტეში, სიკეთით მსახურებით თუ მიწიერ სიამეთათვის, ხრწნადი ღირებულებებისათვის გავიმეტებთ მას. ვინც ღმერთს არ ამსახურებს თავის ნიჭს, იმ მონასა ჰგავს, რომელმაც, სასტიკი ბატონის მომიზეზებით, მიწაში დაფლა ტალანტი, წუთისოფელი ანაცვალა მარადიულ მყოფობას. გაივლის ხანი და მიწას ხმარებული ნიჭი გაიხრწნება და ყველას დაავიწყდება მისი არსებობა, თითქოს არც ყოფილაო. თაობები თავს არ აიტკივებენ ძველის გახსენებით. მხოლოდ ათასში ერთს თუ წამოსცდება მისი სახელი იმის დასტურსაყოფად, რა გზით არ უნდა იაროს და როგორი ღვაწლი არ შეეწირება ადამიანს…“

იმის შემდეგ სულ ვფიქრობ და ხშირად გაოცებაში ვარ, რამდენი ნიჭიერი ადამიანია  ჩვენ გარშემო, და როგორ არ ეზარებათ თავიანთი ნიჭის გაფლანგვა, როგორ იოლად იმეტებენ, არ უვლიან, არ უფრთხილდებიან, არ უყვართ თავიანთი ნიჭი, უფრო სწორად, ღმერთის ნაჩუქარი ტალანტი. ხშირად ისე იაფად და იოლად ხურდავდება ეს აუწონავი ნიჭი, დაგენანება კი არადა, გულიც გაგებზარება, ამის შემსწრე რომ ხარ. გირჩევნია თვალებს არ დაუჯერო და არ გესმოდეს, რასაც ამბობენ და რისიც ვითომდაც სჯერათ ამ საოცრად ნიჭიერ ადამიანებს, სასწორის მეორე პინაზე დაკოსებულ უბადრუკ რაღაცაზე რომ ცვლიან თავის ნიჭს და უნარებს.

ღმერთო, ამ ვნების კვირაში მეტი რა უნდა გთხოვო – ჩვენი დიდ-პატარა ნიჭის მოვლა-გაფრთხილება გვასწავლე. მწყემსი კეთილი ხარ და დაფარული უწყი, ჩვენს სიხარულსაც ხედავ და ვნებებსაც, არაფრის გამო რომ ვაწყდებით აქედან იქ, უფსკრულის თავზე დავბორიალებთ, დღედაღამ ვიბრძვით და არც ერთმანეთს ვზოგავთ, თავი რომ გავიტანოთ ბოლომდე, უკან რომ არ დავიხიოთ. ადამიანები ვართ, უკანდახევის გვეშინია, მონანიების, მობოდიშებისაც – ამ სიტყვებს გასავალი არა აქვს ჩვენში. მხოლოდ იმ ერთ დღეს გამოვიღებთ ხელს, საქვეყნოდ, სიმბოლურად ვითხოვთ ხოლმე შენდობას და გვგონია, რომ გვეპატია.

იქნებ ასეცაა და ამ წუთას შეიძლება მართლაც არ გვამძიმებს ის, რაც წარსულში ნება-უნებლიეთ ჩაგვიდენია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თუ რამეზე მოგვეკითხება იქ – ეს უპირველესად ხელუკუღმა დახარჯული თუ სულაც გაუხარჯავი ნიჭია. ნიჭი – ბრჭყვიალა ეპოლეტებზე გაყიდული, ტაშით გაცვეთილი, ერთ სუფრაზე დამღერებული.

როგორ მივიღოთ გაზები ლაბორატორიაში?

0
ქიმიურ ლაბორატორიაში ხშირად საჭიროა გაზების (წყალბადის, ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, ქლორის და ა.შ.)  გამოყენება. გაზები ექსპერიმენტში შეიძლება გამოვიყენოთ შესაბამისი ბალონებიდან ან მივიღოთ უშუალოდ  ექსპერიმენტის მსვლელობისას სპეციალურ დანადგარში. 

გაზების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა ლაბორატორიული ჭურჭლის გამოყენებით. დიდი რაოდენობით გაზის მისაღებად ყველაზე ხელსაყრელი დანადგარია კიპის აპარატი. 

კიპის აპარატი შედგება სამი ნაწილისაგან: ფუძისაგან, გაზისა და მჟავის  საცავებისაგან   

ნახაზი  1. კიპის აპარატი

მაგალითი 1. წყალბადის მიღება კიპის აპარატით:

1. მოვხსნათ გაზგამომ­ყვა­ნი მილის საცობი და ძაბ­რის საშუალებით ჩავტვირ­თოთ თუთიის გრანულები.

 2. მოვხსნათ ბაზის რეზერვუარი და გრძელი წკირის საშუალებით თანაბრად გადავანაწილოთ შიგა სეპარატორის გარშემო თუთიის გრანულები

3. მოვარგოთ მჟავის რეზერვუარი მჭიდროდ კიპის აპარატს

 
   
4. ჩავასხათ მჟავა (HCl) მჟავის რეზერვუარში

 

5. გადავკეტოთ ონკანი

6. ან გამოვიყენოთ გაზი  დანიშნულებისამებრ

 

კიპის აპარატიდან გაზის გამოყოფის შეჩერებისათვის საკმარისია დაიკეტოს ონკანი. ონკანის გადაკეტვის შემდეგ გამოყოფილი გაზი გროვდება კიპის აპარატის ქვედა ნაწილში. გაზრდილი წნევა აწვება მარილმჟავას და გამოდევნის მას კიპის აპარატის ქვედა ნაწილიდან. მარილმჟავა ადის მჟავის რეზერვუარში. იგი აღარ ეხება თუთიას და შესაბამისად მიმდინარე რეაქციაც ჩერდება. პროცესის ხელახალი დაწყებისათვის საკმარისია ონკანის გაღება.
თუ საჭიროა მცირე რაოდენობის გაზების მიღება, მაშინ მიზანშეწონილია გაზის გენერირებისათვის ვიურცის კოლბის ან გვერდით ტუბუსიანი განიერი სინჯარის გამოყენება (ნახაზი  2). 
 

ნახაზი  2. გაზის მისაღები მინი მოწყობილობა

გაზის სინჯარაში შესაგროვებლად გამოიყენება მოხრილი მილი და სინჯარა. მოხრილი მილის ფორმა დამოკიდებულია გაზის სიმკვრივეზე. მძიმე გაზების შეგროვებისათვის გამოიყენება ნახაზი 3-ზე მოცემული დანადგარი, რომელიც შედგება გაზგამყვანიანი მილის მქონე კოლბისა და გაზის შესაგროვებელი ჭურჭლისაგან (სინჯარისაგან). სარეაქციო ჭურჭლად შესაძლებელია როგორც კოლბების, ისე დიდი ზომის სინჯარის გამოყენება. გაზგამყვან მილად კი შესაძლებელია შევარჩიოთ როგორც მოხრილი მილი, ისე რეზინის ან პოლიმერის დრეკადი მილი. გამოყოფილი გაზის ბუნების დასადგენად შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. მაგალითად, თუ წყალბადს ვიღებთ, მაშინ ანთებული ასანთის მიტანისათანავე გაისიმება სტვენისმაგვარი აფეთქების ხმა. ნახშირბადის დიოქსიდის მიღებისას შესაძლებელია მასში ანთებული ასანთის ღერის შეტანა. იგი უმალ ჩაქრება. თავღია ჭურჭელში შეგროვებული გაზის უფრო ეფექტური დადასტურებაა სანთლის (სპირქურის საკმაოდ რთულია, საჭიროებს დიდი რაოდენობით CO2-ს) ჩაქრობა. საკმარისია, ნახშირბადის დიოქსიდით შევსებული ჭურჭელი ანთებული სანთლის თავზე გადავაბრუნოთ – ნახშირორჟანგი „ჩამოიღვრება” და ცეცხლეს ჩააქრობს.
 
    
ნახაზი 3  მძიმე გაზების შესაგროვებელი დანადგარი

ნახაზი 4.  მსუბუქი გაზების შესაგროვებელი დანადგარი
 
მსუბუქი გაზების მიღების შემთხვევაში ნახაზი 4-ზე ნაჩვენები მოწყობილობა დაგვჭირდება. ამ შემთხვევაში მოხრილი მილის ფორმა უნდა იძლეოდეს საშუალებას, მასზე ჩამოვაცვათ სინჯარა. თუ გაზ გამყვან მილად რეზინის ან პოლიმერის მასალის მილს გამოვიყენებთ, მაშინ უმჯობესი იქნება თუ მილის ბოლოში მინის მილს მოვათავსებთ. გაზის შეგროვებისას დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით უმჯობესი იქნება თუ მიმღებ სინჯარას წყლით შევავსებთ და მას წყლიან ექსიკატორში ან წყლის აბაზანაში ჩავუშვებთ. თუ მას სწრაფდ გადავაბრუნებთ, მაშინ სინჯარა ისევ შევსებული დარჩება. მასში გაზის დაგროვების შემდეგ სითხე ნელ-ნელა გამოიდევნება, და გაზით შეივსება…

აღნიშნული ტიპის ექსპერიმენტები შეიძლება ჩავატაროთ ძალიან მცირე რაოდენობის რეაგენტებზე, რადგან 1 მოლი გაზი 22,4 ლ მოცულობას იკავებს.
 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...