ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025
20 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

ძალადობისგან გათავისუფლება

0

ნატო ინგოროყვამ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-სთვის ბლოგის დაწერა დიდი ხნის წინ შემომთავაზა. ვერ იქნა და ვერ დავწერე. კარგა ხანს ვიმიზეზე მოუცლელობა, მაგრამ ყოველთვის, როცა ჩემს თავს სოციალურ ქსელში უსაქმოდ მობოდიალეს აღმოვაჩენდი, ვხვდებოდი, რომ ნატოსაც ვატყუებდი და და საკუთარ თავსაც.


თუ საკუთარ თავს ატყუებ, საფუძველშვე უარს ამბობ ნამდვილ ცხოვრებაზე, ამიტომ ამ საღამოს, როდესაც საზოგადოებაში დამკვიდრებულმა გულგრილობამ ძალიან შემაწუხა და წერა მომინდა, ჩემს თავთან ანგარიშის გასწორება გადავწყვიტე.


ჩემი პირველი პროფესია, ფსიქოლოგობა, თუ ოდესმე რამეში გამომდგომია, ჩემივე თავის რეაბილიტაციაა. ხშირად, როდესაც საკუთარი შფოთვების შენიღბვას ვცდილობ, ჩემი თავი ჩამჭრელ კითხვებს მისვამს და მაიძულებს ვაღიარო, რომ პრობლემა მაქვს. ფსიქოლოგიაშიც ასე მასწავლეს: თუ ოდესმე სითამამე გეყო და ფსიქოლოგად მუშაობა გადაწყვიტე, ფსიქოთერაპიისა და საკუთარ თავზე მუშაობის 200 საათი (ალბათ, საუკეთესო შემთხვევაში) უნდა გაიარო, სანამ სხვის შინაგან სამყაროზე ლაპარაკს გაბედავ.

სიტყვა „მასწავლებელი” ჩემთვის არ არის იოლად გადასატანი რამ. ბევრი მასწავლებელი მყოლია – სამი სკოლა გამოვიცვალე, მაგრამ ამ სიტყვის წარმოთქმისას მხოლოდ ერთი მათგანი მახსენდება და ამ დროს თუ შემომხედავთ, შეამჩნევთ, რომ წელში ვიხრები და იატაკს დავყურებ. მის სახელს არ ვიტყვი. არც სკოლას. მე-6 კლასში ვიყავი, როდესაც გამოაცხადა, რომ ფეხსაცმელი უჭერდა და ვისაც მისი ზომა ეცვა, უნდა გაეხადა და მიეცა. მე მოვიბუზე და ვლოცულობდი, მისი ზომა არ მცმოდა. საბედნიეროდ, გადავრჩი. ბავშვობიდან მტკივნეულად აღვიქვამდი პირად სივრცეში შემოჭრას, ამიტომ ყველა ასეთი თხოვნა, კომენტარი სხეულის ნაწილებზე თუ ხმამაღლა სარძლოდ დასახელება (ასეთი რამეებიც სჩვეოდა) ძალიან მძაბავდა. ამ ამბის შემდეგ ხშირად მესიზმრებოდა, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ, ორივე ფეხსაცმელი დავკარგე და ყველა ჩემს შიშველ ფეხებს უყურებს, მე კი ძალიან მრცხვენია და ვეძებ, ვეძებ ამ ფეხსაცმელებს… იმ მასწავლებელმა საბოლოოდ დაამსხვრია მასწავლებლებისადმი ჩემი ნდობა. იყვნენ კარგებიც, რომელთა მზრუნველობამ და ამაგმა აქამდე მომიყვანა, მაგრამ ის ემოცია, აწ უკვე ტრავმა, არ მავიწყდება.


სავარაუდოდ, მე სკოლაში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ვარ. შესაძლოა, ზოგისთვის გაუგებარი ფორმის ძალადობის, მაგრამ ძალადობის არსიც ეს არის – თუ თავად არ გამოგიცდია, არ უნდა განსაჯო სხვის ნაცვლად მისი მატრავმირებელი ძალა. ეს ამბავი ასე იყო, მე დამამახსოვრდა ტრავმად, როდესაც ჩემს პირად სივრცეში შემოჭრის რეალური საფრთხე ვიგრძენი.


იქნებ ამიტომაც ვარ ვალდებული, დავწერო სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, რადგან მანამდე, სანამ ყველა ვითამაშებთ, თითქოს არაფერი გადაგვხდენია, ყველა სხვა ბავშვი დაუცველი დარჩება. ჩემი ჯერია, ამოვიღო ხმა, გავბედო და ვთქვა, როგორ მაწუხებდა ზოგიერთი მასწავლებელი მამაკაცის დაჟინებული მზერა წამოზრდილ ადგილებზე, როგორ არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა, როცა ყოველ დილით კიბესთან მხვდებოდნენ „მაგარი გოგოები” და ტანსაცმლისა და ჩანთის გამო დამცინოდნენ, ან უსამართლობას ვგრძნობდი, როდესაც ჩემი მასწავლებელი მხოლოდ იმათ უწერდა კარგ ნიშნებს, ვისაც თავად ამზადებდა შინ.


გავიდა ხანი და მე ბავშვთა მიმართ ძალადობის ინდივიდუალურ ქეისებს ომბუდსმენის ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსის პოზიციიდან ვსწავლობდი. ბევრს ვუსმენდი ბავშვებსაც, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც და ვხვდებოდი, რომ ძალადობა სკოლაში კი არ იწყება, არამედ იქ პრობლემის მხოლოდ მწვერვალი ჩანს და თავად მასწავლებელმაც, შესაძლოა, ძალზე კეთილგანწყობილმაც კი, არ იცის, როდის გადადის ძალადობაში მისი ქცევა; არ იცის, რომ ბავშვები არიან ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მატარებელი სუბიექტები და, მაშასადამე, უფლებრივად თანასწორები; რომ ამ ბავშვებს აქვთ ღირსება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეილახოს.


მაგრამ არც საგანმანათლებლო სისტემამ იცის, რომ ამ მასწავლებლებსაც აქვთ ღირსება, რომელიც ილახება დაუფასებელი შრომის, არასათანადო პირობების, არასწორი კომუნიკაციის გამო. შესაძლოა, ისინიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფორმის ძალადობისა თუ ინფორმაციის ნაკლებობის მსხვერპლნი იყვნენ და შედეგად ხდება ის, რაც ხდება – გაუაზრებელი, გაუთვალისწინებელი კრიზისები სკოლებში, სადაც ყველა ზიანდება, ყველაზე მეტად კი – ბავშვი.


ამ ყველაფრის გამო მე მინდა დავწერო და თქვენთან ერთად გავთავისუფლდე ჩემსავე თავში დაფარული ტრავმებისგან, გავთავისუფლდე ჩემი თავისგან როგორც ძალადობის მსხვერპლისგან და გავხდე ძალადობის შემდეგ გადარჩენილი (survivor). მე ხმამაღლა ვილაპარაკებ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, მის არსსა და ფესვებზე, ძალადობის აღკვეთის საკანონმდებლო ნორმებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე, თანამედროვე გამოწვევებზე. იმისთვის, რომ მერე თქვენც ილაპარაკოთ, რადგან ეს მხოლოდ თქვენ არ გამოგივლიათ. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოება, სადაც ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და ტრავმის გადალახვაში დავეხმარებით.


მე ამ ყველაფერზე დავწერ თქვენთვის, რათა თქვენც ჩემსავით გათავისუფლდეთ. მერე ჩვენ სათითაოდ გამოვეყოფით ძალადობის ამ სცენას, გარედან შევხედავთ ძალადობის კულტურას და გავხდებით გადარჩენილები და ძალიან ძლიერები, რომლებიც ყველა სხვა სირთულეს გაუმკლავდებიან და სხვებსაც დაეხმარებიან ამაში.

წერის პროცესის დასრულება – ნაწერის წარდგენა საზოგადოებისათვის

0
წინა წერილებში შემოგთავაზეთ წერის ორი ეტაპის (წერამდე და უშუალოდ წერის პროცესი) საქმიანობების აღწერა. ამჯერად გაგიზიარებთ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს წერის პროცესის დასრულების შემდგომ. მეთოდურ ლიტერატურაში ეს ეტაპი ამგვარი სახელწოდებით მოიხსენიება: ნაწერის წარდგენა საზოგადოებისათვის. ნაწერის წარდგენაში იგულისხმება, რომ ის ან უნდა წაიკითხონ, ან უნდა მოუსმინონ. “მწერალი” საკუთარი თავის პირველი აუდიტორიაა, მაგრამ მას სხვების რეაქციაც აინტერესებს. წარდგენის რამდენიმე  ფორმა არსებობს:

“ავტორის წრე”. ეს არის სტრატეგია, რომელიც: 

·ავითარებს აუდიტორიის გრძნობას; 

·ავითარებს ერთობლივი სწავლის, თანატოლებთან აზრების გაზიარების და რედაქტირების უნარებს; 

·ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველ მოსწავლეს აქვს საყურადღებო აზრები და გამოცდილება, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ნაყოფიერად; მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომ თანატოლები მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენენ ნაწერის შეფასების  პროცესში; 

·ეხმარება მოსწავლეებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში („მოვისმენ ყველა აზრს და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ).

  “ავტორის წრისათვის” მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთად უნდა დაადგინონ წესები (მაგალითად, რეგლამენტი, თანამიმდევრობა, კორექტულობა და ა.შ.). 

  “ავტორის წრის” პროცედურებია:
·ჩვეულებრივ, ავტორი ზის წრეში, როგორც აუდიტორიის ნაწილი. 

·მსმენელთა პირველი გამოხმაურება უნდა იყოს კომენტარები პოზიტიური მონაკვეთის, კონკრეტული ძლიერი მხარეების შესახებ. მსმენელებმა შეიძლება ისაუბრონ მათი საერთო შთაბეჭდილებების, განსაკუთრებით ცოცხალი პასაჟების, საინტერესო აღწერების, შესავალი ან ფინალური ნაწილების შესახებ. 

·ავტორის თხოვნით მსმენელებმა შეიძლება მას ნაწერის სრულყოფის, გაუმჯობესებისათვის რჩევები მისცენ (მაგალითად, უფრო ადეკვატური ლექსიკური ერთეულების შერჩევა, ზოგიერთ ფრაზაში სიცხადის შეტანა, დამატებითი დეტალები და სხვა). 

·ავტორები გულახდილნი უნდა იყვნენ და როგორც თანაკლასელებს, ისე  მასწავლებელს გაუზიარონ ის სირთულეები, რომლებიც მათ წერის პროცესში შეხვდათ (მაგალითად, გაუჭირდათ თუ არა დაწყება, შემოაკლდათ თუ არა სიტყვის მარაგი, ბრკოლდებოდნენ თუ არა აზრის ჩამოყალიბების დროს და ა.შ.). ამასთან, გაუზიაროს, როგორ მოახერხა რომელიმე სირთულის დაძლევა.

·მასწავლებელს შეუძლია დააკვირდეს და აღნუსხოს მოსწავლეთა (როგორც წარმომდგენის, ისე მსმენელებისა) მონაწილეობა შეფასების ცხრილების ან ჩანაწერების გამოყენებით. 

·მასწავლებელს შეუძლია ჩაინიშნოს, რა ტიპის კომენტარები გაკეთდა მოსწავლეების მიერ ან რა შეკითხვები დაისვა. ეს დახმარებას გაუწევს მას იმის დადგენაში, თუ როგორ ფიქრობენ და აზროვნებენ მოსწავლეები, რამდენად შეუძლიათ არსებითისა და მნიშვნელოვნის დანახვა, როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება, ალღო და ა.შ. 

 ავტორის წრის ვარიანტი შეიძლება ამგვარიც იყოს: მოსწავლეებმა თავიანთი საბოლოო ნამუშევრები წაუკითხონ უმცროსკლასელებს ან სხვა საზოგადოებას (მაგალითად, უფროსებს). თუ წერითი ნამუშევარი გამოიკვრება, სასურველია, იქვე გამოვაკრათ თანატოლთა პოზიტიური კომენტარებიც. 

ცნობილი ფრაზაა: „თუ გინდა წერო კარგად, წერე ხშირად”. მაგრამ ყველა მასწავლებლისათვის ცნობილია, რომ მოსწავლეები ყველაზე უხალისოდ სწორედ წერით დავალებებს ეკიდებიან. მათ წასახალისებლად შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალებას.   

ავტორის სკამი. თუ მოსწავლეს აძლევთ საშუალებას, წარუდგინოს თანაკლასელებს საკუთარი ნაწერი, გამოარჩიეთ თუნდაც უმნიშვნელო დეტალით  ავტორის სკამი (მაგალითად, დაუდგით მას გვერდით ქოთნით ყვავილები, შეგიძლიათ შემოახვიოთ ლამაზი ყელსახვევი, დაუდგათ ტრაფარეტი). ეს წამახალისებელი საშუალება განსაკუთრებით ამართლებს შემოქმედებითი წერის დროს. საკმარისია, ერთხელ შესთავაზოთ „ავტორის სკამის” იდეა მოსწავლეებს, რომ შემდეგში თავად გამოიჩენენ მისი მორთვის ინიციატივას. მახსოვს, როცა მეექვსე კლასელებს ამის საშუალება მივეცი, რამდენი შემოქმედებითი იდეა წამოვიდა კლასისაგან. რაც მთავარია, ყველას გაუჩნდა იმ სკამზე დაჯდომის სურვილი, ამიტომ წერითი დავალებაც ხალისით შეასრულეს. კენჭისყრაც კი დაგვჭირდა იმისათვის, თუ ვინ წარმოადგენდა საკუთარ ნამუშევარს, იმდენად ბევრი იყო მსურველი.   

კვირის / თვის ავტორი. ყოველ კვირაში ან თვეში გამოყავით თითო ავტორი და მათი ნამუშევარი გამოაკარით კლასში ან დერეფანში ამისათვის მომზადებულ სპეციალურ დაფაზე. Aაქვე შეიძლება გამოიკრას მოსწავლის ბიოგრაფია და ფოტოსურათი. სასურველია, რომ კვირის ავტორი თავად მოსწავლეებმა შეარჩიონ მასწავლებელთან ერთად წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.

ადგილობრივი გაზეთები. მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ნაწერი ადგილობრივ პრესაში, წერონ ადგილობრივი გაზეთის გარკვეული რუბრიკებისათვი (მაგალითად, მოზარდები გვწერენ, წერილები რედაქტორს და ა.შ.). წაახალისეთ მოსწავლეები, თავად მოიფიქრონ რუბრიკის სათაური, სავარაუდო თემატიკა და მინი პროექტის სახით შესთავაზონ პრესის წარმომადგენლებს.

საინფორმაციო ბიულეტენი მშობლებისათვის / ადგილობრივი საზოგადოებისათვის. შესთავაზეთ მოსწავლეებს შექმნან საინფორმაციო ბიულეტენი  მშობლებისთვის და / ან ადგილობრივი საზოგადოებისათვის. მოსწავლეთა ნაწერები უფრო საინტერესოს გახდის ამ ბიულეტენს, თავად მოსწავლეები კი იამაყებენ იმით, რომ მათმა ნაწერმა უფრო დიდი აუდიტორია მოიპოვა. 

წერაზე რეაგირება 

ვიდრე წერითი ნაშრომის შესახებ აზრების გაცვლაში ჩაერთვებიან, სასურველია, რომ მოსწავლემ (ავტორმა) დაიწყოს საკუთარი ნამუშევრის გაანალიზება. ეს მათ ეხმარება ნაწერის გაუმჯობესებაში, ასევე გარკვეული საკითხების უკეთ ჩამოყალიბებაში. შეკითხვების ნუსხას, რომელსაც გთავაზობთ, შეუძლია დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს საკუთარ ნაწერზე ფიქრში. ასეთი შეკითხვები მოსწავლეებს შეიძლება მასწავლებელმა მიაწოდოს ან თავად მოსწავლემ შექმნას მასწავლებელთან ერთად.
 

საკუთარ თავს დაუსვი ზოგიერთი ამ შეკითხვათაგანი:

·რას განვიცდი იმის მიმართ, რაც უკვე დავწერე? 
·რა არის კარგი, რისი გაუმჯობესებაც შემიძლია? 
·რა არის ჩემი მიზანი? 
·არის რამე ისეთი, რაც არ შეესაბამება მიზანს ან არასწორად მეჩვენება? 
·რა აღმოვაჩინე წერისას? 
·რა არის ერთი, ყველაზე უმნიშვნელოვანესი რამ, რისი შეტყობინებაც მსურს ჩემი  ნაწერით აუდიტორიისათვის? 
·როგორ შემიძლია ავაგო ეს აზრი? არის ისეთი ადგილები, სადაც ჩემი მთავარი აზრიდან გადავუხვიე? 
·ვინ არის ჩემი აუდიტორია? რა ინტერესები აქვს?
·რას იფიქრებენ ჩემი მკითხველები, რომლებიც ჩემს ნაწერს წაიკითხავენ / მოიმენენ? 
·სავარაუდოდ, რა შეკითხვები დასვამენ? 
·რა დამეხმარება ნაწერის გაუმჯობესებაში (რომელი ამოვირჩიო ჩამოთვლილთაგან)? 

ახალი შავი ვარიანტის დაწერა;

თანატოლებთან საუბარი;
მასწავლებელთან საუბარი;
წიგნი;
ხელახლა ხმამაღლა წაკითხვა;
ჩუმად წაკითხვა, რამდენჯერმე გადაკითხვა;
ამ ჟანრის / ფორმის ნიმუშის წაკითხვა;
იქნებ დროებით გადავდო;
ეს აზრი სხვა ჟანრში  / ფორმით მოვსინჯო; 

რაც შეეხება წერითი ნაწერების შეფასებას, ამის შესახებ მომდევნო სტატიაში გესაუბრებით.

თუ მოზარდს სკოლაში სიარული არ უყვარს

0
‘’დედა, თავს ცუდად ვგრძნობ’’, – თქვენი შვილი გეძახით სააბაზანო ოთახიდან, სადაც ის 15 წუთის წინ შეიკეტა. არადა, სწორედაც რომ სკოლაში წასვლის დროა და ამ თვის განმავლობაში მსგავსი რამ უკვე მეოთხედ ხდება. ეს ცუდად გახდომა სკოლაში წასვლამდე ზუსტად 15 წუთით ადრე იწყება. საინტერესოა ბავშვის შეუძლოდ გახდომის მიზეზები.

ბავშვების უმეტესობა საკმაოდ ხშირად აცხადებს პროტესტს სკოლაში წასვლაზე, მოზარდების 5 პროცენტი კი ამგვარ უკიდურეს ზომამდე ცუდად გახდომამდე მიდის. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, რაში მდგომარეობს ბავშვის მიერ გამოვლენილი ამგვარი სიმპტომების მიზეზი.

მშობლებს საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, რათა მათმა შვილმა სკოლაში წასვლის შიში დასძლიოს. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რაიმე სახის ზეწოლას ხომ არ განიცდის თქვენი შვილი თანაკლასელების ან თუნდაც მასწავლებლების მხრიდან. კარგი იქნება, თუ მოზარდს სკოლაში დანიშნულ დროზე უფრო ადრე მიიყვანთ. ეს ხელს შეუწყობს თქვენს შვილს უკეთ მოახდინოს ადაპტაცია გარემოსთან, უკეთ გაიცნოს სკოლის შენობა, რომელშიც მას დიდი დროის გატარება მოუწევს, უკეთ შეეგუება საკუთარ აღმზრდელს. ხშირ შემთხვევაში სკოლაში პირველად წასვლის შიში მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სიმპტომი რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, აუცილებელია ბავშვი სპეციალისტს გაესინჯოს, რათა დადგინდეს, ხომ არ არსებობს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, რომელსაც მოზარდი ამ მდგომარეობამდე მიჰყავს. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ თუ ბავშვების ერთი ნაწილი პირველივე დღიდან იძულებს სკოლასა და იქ სიარულს, არ არის გამორიცხული, მოზარდთა იმ კატეგორიამაც შეიძულოს სკოლაში სიარული, რომელთაც თავიდანვე არ გამოუთქვამთ პროტესტი. მშობლისათვის მეტად მნიშვნელოვანია ამის მიზეზის დადგენა, რადგან დროულად მოხდეს მოზარდისათვის შესაბამისი დახმარების გაწევა.
პრობლემები სწავლასთან
როდესაც ბავშვს პრობლემები სწავლასთან ექმნება, ამის პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბავშვი რაოდენობის ან სირთულის გამო ვერ ართმევს თავს დავალებას. მეორე შემთხვევაში კი პირიქითაა – თქვენი ბავშვი საკმარისზე კარგადაა მომზადებული და მას გაცილებით მეტი ცოდნა აქვს დაგროვილი, ვიდრე მოცემულ მომენტში მოეთხოვება. ამგვარი შემთხვევები თუმცა იშვიათია, მაგრამ პრაქტიკაში მაინც არსებობს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უბრალოდ სწყინდება სკოლაში სიარული, რადგანაც ახალს ის ვერაფერს იგებს და სკოლაზე გულის აყრაც ამითაა განპირობებული. 

მიუხედავად იმისა, რა მიზეზის გამო ექმნება მოზარდს პრობლემები სწავლასთან, პირველ რიგში აუცილებელია მშობელმა კონსულტაცია მის აღმზრდელთან გაიაროს. უნდა გაირკვეს ამ პრობლემის მიზეზი. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შედგენა შეუძლებელია, მაგრამ მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ უთუოდ ნათელი გახდება ის მიზეზი, რის გამოც ბავშვმა სკოლაში სიარული შეიძულა. ამასთანავე აუცილებლობას წარმოადგენს ყურისა და თვალის ექიმთან ვიზიტი, რადგანაც შესაძლებელია სმენისა და მხედველობის მცირე დარღვევაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდეს. 
პრობლემები მასწავლებელთან
არ არის გამორიცხული ბავშვს სკოლაში სიარული მასწავლებელთან ურთიერთობის გამო შესძულდეს. ამის გასარკვევად ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს – საკმარისია ბავშვი და მისი აღმზრდელი საუზმეზე ან სხვა, უშუალო გარემოში ერთად მოხვდნენ და მათ საუბრის საშუალება მიეცეთ. დაკვირვებული და ალღოიანი მშობელი უმალ მიხვდება მისი შვილის დამოკიდებულებას აღმზრდელისადმი. ნებისმიერ ბავშვს აქვს სურვილი, მასწავლებელი უყვარდეს და თუ ის სითბოსა და გულისხმიერებას აღმზრდელისაგან ვერ იღებს, მისი სწავლისადმი უგულისყურო დამოკიდებლება შესაძლოა ამითაც იყოს გამოწვეული. თუ მასწავლებელთან არასახარბიელო დამოკიდებულება პროგესირებადია, მაშინ აჯობებს ბავშვი სხვა აღმზრდელთან გადაიყვანოთ, თუნდაც პარალელურ კლასში ან სხვა სკოლაში.
ძალადობა ბავშვზე
მოულოდნელი პროტესტი სკოლაში სიარულის მისამართით შესაძლოა ბავშვზე ძალადობის რაიმე ფორმითაც იყოს გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში, მშობელი უნდა შეეცადოს შვილთან საუბარს. იმ შემთხვევაში, თუ პატარას ამ თემაზე საუბარი არ სურს, მაშინ პრობლემური ბავშვის მშობელი მის თანაკლასელებთან და მეგობრებთან უნდა შეეცადოს სიტუაციის გარკვევას. თუ აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს ბავშვზე რაიმე ფორმით ზეწოლას, სასწრაფოდ უნდა ეცნობოს სკოლის ადმინისტრაციასა და შესაბამის უწყებას. 
მარტოობა
სკოლის შეძულების ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ბავშვს სკოლაში საერთოდ არ ჰყავს მეგობრები. მოცემულ შემთხვევაში მშობელი აუცილებლად უნდა გაესაუბროს აღმზრდელს. ვინ ვინ და მასწავლებელმა ყველაზე უკეთ იცის ბავშვების ურთიერთობების შესახებ და ის შესაბამის რჩევებსაც მისცემს მშობელს. ამასთანავე უმჯობესი იქნება, თუ ამგვარ პრობლემურ ბავშვებს რაიმე წრესა თუ სექციაში ჩავწერთ. თითქმის ყველა სკოლაში არსებობს ამგვარი სექციები და მოზარდსაც საშუალება მიეცემა, გაიჩინოს ახალი მეგობრები. 
გამოცდების შიში
ბავშვისათვის სკოლაში სიარულის პროტესტი შესაძლოა გამოწვეული იყოს გამოცდების შიშით. ამ ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში საკმაოდ გაზრდილია სკოლის მოთხოვნები წინასაგამოცდო პერიოდში. უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვები, რომლებსაც სკოლაში სიარული ძალიან უყვარდათ, გამოცდების შიშის გამო სკოლას იძულებენ. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ მშობელმა ბავშვს დაძაბულობა მოუხსნას. აუხსნას, რომ გამოცდების ჩაბარებაში საშიში არაფერია. უბრალოდ მოზარდმა უნდა განაგრძოს კარგად სწავლა და ყველაფერი კარგად იქნება.
 განაგრძეთ მოზარდთან საუბარი
თუ მოსწავლეს სკოლაში სიარული შესძულდა, საუკეთესო რჩევის მიცემა მისთვის მასწავლებელსა და მშობელს შეუძლიათ. მშობელმა ბევრი უნდა ესაუბროს ბავშვს, უნდა შეეცადოს, მონახოს მიზეზი, რატომ შესძულდა მის შვილს სკოლაში სიარული, მასწავლებელთან ერთად აუცილებლად უნდა გამოვავლინოთ ის მიზეზები თუ მიზეზთა ერთობლიობა, რომლის გამოც ბავშვს სკოლაში სიარული აღარ სურს.

ჯენტლმენთა სკოლა

0
ალბათ ყველას გითამაშიათ  ,,ასოციაციობანა”: ჩაიფიქრებ რომელიმე სიტყვას და შემდეგ ცდილობ, შენს მეწყვილეს რაც შეიძლება ზუსტი ასოციაციური გასაღები მიაწოდო. 
სტუდენტური თავშეყრის დროს, პურმარილი და ცეკვა-სიმღერა რომ მოგვყირჭდებოდა, თავს სხვადასხვა თამაშით ვიქცევდით, მათ შორის იყო ასოციაციობანაც.  სათამაშო ,,მასალად”, პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, ლიტერატურას ვიყენებდით: ჩავიფიქრებდით რომელიმე წიგნს ან პერსონაჟს და ვცდილობდით მისთვის დამახასიათებელი ხასიათის, ჟესტებისა თუ ტერმინოლოგიის გამოყენებით გაგვეცოცხლებინა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა არავის გვეზარებოდა და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ბიბლიოთეკაში ვატარებდით, წაკითხული წიგნების ერთმანეთისთვის თამაშ-თამაშით გაზიარებამ  ფსკერამდე ,,ყვინთვას” მიგვაჩვია. 

გეოგრაფია ჩემი სუსტი წერტილი იყო, მასზე ზოგადი წარმოდგენა მქონდა. ამ მხრივ, ინფორმაციულ ვაკუუმს მოგზაური მეგობრების მონათხრობი და მხატვრული ლიტერატურიდან მიღებული ინფორმაცია მივსებდა. ჩემთვის გერმანია ჯადოსნურ მთის ძირში დასახლებული ტონიო კროგერების სამშობლო იყო. საფრანგეთის დედაქალაქშიც გერმანელი მწერლის წყალობით მოვხდი, ტრიუმფალური თაღის ქვეშ პირველად გერმანელ ექიმთან ერთად გავიარე. მოგვიანებით, ჩემს ლიტერატურულ გლობუსზე წვიმიანი მაკონდო გაჩნდა. მის გვერდით ,,აღმოცენდა” ფოლკნერის ამერიკა, რომელიც ჩემთვის დღემდე მეზობელ კარმიდამოსავით ახლობელი, ხისსუნიანი ადამიანებით დასახლებული შემოდგომაა. 

პირველი წიგნი, რომლის წყალობითაც ნისლიანი ალბიონი აღმოვაჩინე, დღემდე ქვაფენილიან ქუჩასთან, ეტლის ბორბლების ავისმომასწავებელ ღრჭიალთან და, რაც მთავარია, შესაშურ წონასწორობასა და თავდაჭრილობასთან ასოცირდება. გოლზუორთის რომანში დღემდე ყველაზე დიდი დოზით ვგრძნობ ინგლისს, მთელი მისი თავშეკავებისა თუ თავაშვებულობის პიკით. მალე ბეიკერ-სტრიტის 221ბ  სახლში ნამდვილ ,,ჯენტლმენთა ბუდე” აღმოვაჩინე და იმდენჯერ წავიკითხე, ვნახე და მოვისმინე მათი ამბები, სანამ ჭეშმარიტ ,,ჰოლმსოლოგად’’ არ ვიქეცი… 

***
რომელი მშობელი იტყოდა უარს, მათი ვაჟი თავაზიან, თავშეკავებულ, გაწონასწორებულ ადამიანად რომ ჩამოყალიბებულიყო?! ჯენტლმენთა სკოლა, თუ ასეთი დაწესებულება მართლა არსებობს, პირველ რიგში, ბრიტანეთის კუნძულებზე უნდა ვეძიოთ. 

ერთი შეხედვით, ინგლისური აღზრდის პრინციპი მატივია.  ჯონ ლოკის აზრით, ბავშვის აღზრდა ნიშნავს ჯენტლმენის აღზრდას. რაც უფრო ჩქარა დაიწყებს ბავშვი გაზრდას, მით უფრო მალე იქცევა პიროვნებად, ანუ დაიწყებს დამოუკიდებლად აზროვნებას და დაეყრდნობა საკუთარ თავს. კრიტიკოსთა ნაწილი ჯონ ლოკს პატარებისთვის ბავშვობის წართმევას აბრალებდა. თავის მხრივ, ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ თუ მოზარდს დროულად არ ,,წაართვი” ბავშვობა, მთელი ცხოვრების მანძილზე ბავშვად დარჩება. 

როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ნისლიანი ალბიონის აღსაზრდელთა პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს სკოლა ასრულებს. ბრიტანული განათლების სპეციფიკასთან დაკავშირებული კვლევების  მიხედვით, ნამდვილი ბრიტანული სულის ჩამოყალიბება მხოლოდ ამ სასწავლო დაწესებულებაში –  ,,Public School” – არის შესაძლებელი. მეოთხედი საუკუნის წინ, Public  School -ის კურსდამთავრებულებს ადვილად იცნობდით გამორჩეული მსჯელობისა და დგომის მანერით. ახლა ჯენტლმენებისთვის დამახასიათებელი გარეგნული შტრიხების უმეტესობა დაკარგულია.

დროთა განმავლობაში ბრიტანული სკოლებიც შეიცვალა. დღეს ინგლისელი მოსწავლეები თავს პოპულარული სპორტული ბრენდების ტანსაცმლით იწონებენ, უსმენენ რეპს, ყოველი წინადადების ბოლოს უწევენ ხმას (სატელევიზიო ,,საპნის ოპერებისთვის” დამახასიათებელი საუბრის მანერა ), ლაპარაკისას უხვად იყენებენ სლენგს…  თუმცა ამ ფაქტორებს უარყოფითად თითქმის არ განიხილავენ: ,,თქვენი ბიჭუნა ვერ შეიძენს ცუდ ჩვევებს, თუ მას კარგ სკოლაში არ გაგზავნით” – მსგავსი შინაარსის ფრაზებს არც თუ იშვიათად მოჰკრავთ ყურს, ე.წ. მაღალ საზოგადოებაშიც კი.

იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პ.გ. ვუდჰაუსი (Public  School-ის კურსდამთავრებული) აღნიშნავდა, რომ  საინტერესო ავტობიოგრაფიისთვის აუცილებელია, სულ მცირე, სამი კომპონენტი: ექსცენტრული მამა, უბედური ბავშვობა და მძიმე სკოლის წლები.

Public school  სრულიად განსხვავებული ინსტიტუტია, უნიკალური სოციალური ფუნქციით. სწორედ ეს სკოლები ქმნიან ქვეყნის ელიტას. ფაქტია, თუ ქვეყანა საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებს განსაკუთრებულობას, ესე იგი  ეფექტურად მუშაობს ,,ჯენტლმენთა სკოლა”.

მსგავს პრივილეგირებულ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ასეთი სკოლები მცირერიცხოვანი კლასებითაა დაკომპლექტებული. მოსწავლეებთან მუშაობენ მხოლოდ უმაღლესი რანგის პროფესიონალები, თითოეულ აღსაზრდელზე მორგებული, ინდივიდუალური პროგრამებით. სკოლებში ფუნქციონირებს უძველესი ბიბლიოთეკები, რომლებიც მორგებულია თანამედროვე მოსწავლის საჭიროებებს, მათი საცავი ასიათასობით ტომს ითვლის. 

წარმატებული სოციალური სტარტის თვალსაზრისით, Public school-ის კურსდამთავრებულთა უპირატესობას ორი მიზეზით ხსნიან: პირველ რიგში, დახურული სკოლა დახურული კლუბის მსგავსი დაწესებულებაა. აქ სწავლის პერიოდში მოპოვებული კავშირები მთელი ცხოვრების მანძილზე დაურღვეველი რჩება. მაგალითად, უძველესი ინგლისური კოლეჯის, Harrow-ს კურსდამთავრებულმა – უინსტონ ჩერჩილმა, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი თანაკლასელებით ,,გაამდიდრა”. თუმცა საქმე მხოლოდ კავშირებში არაა. ჩერჩილისა და მისი თანაკლასელების მიერ მიღწეული წარმატება იმაზე მეტყველებს, რომ მათ საშუალო სკოლაში საჭირო ადამიანებთან ერთად უმაღლესი ხარისხის განათლებაც შეიძინეს.

თუმცა ცალსახად არც ინტელექტს და არც განათლების მიღების შესაძლებლობას შრომის გარეშე წარმატება არავისთვის მოუტანია. ისევ უინსტონ ჩერჩილს გავიხსენებ, რომელიც საკმაოდ სუსტი მოსწავლე ყოფილა, მაგრამ ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსად იქცა. უდიდესი ძალაუფლების მოპოვების მიუხედავად, ინგლისელი ორატორი და ნობელიანტი მიიჩნევდა, რომ სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთ ძალაუფლებას, რომელზეც  პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია. 

 მსგავსი ძალაუფლება ნებისმიერი სკოლის მასწავლებელს აქვს, მაგრამ ინგლისის დახურული სკოლების მიერ არჩეული აღმზრდელობითი კურსის მთავარი  მიზანი თითოეულ მოსწავლეში პიროვნების აღმოჩენა, მაღალი მოტივაციის შექმნა და რეალური მომავლისთვის შემზადება გახლავთ. ოჯახს მოშორებულ ადგილობრივ თუ უცხოელ მოსწავლეებს ,,ჯენტლმენთა” სკოლაში საკმაოდ რთული გზის გავლა უწევთ. აქ უნდა იყო ძლიერი, მიზანდასახული, შეუვალი და კატეგორიულიც კი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.

 თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად,  IQ-ს დონეზე მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტის განვითარებაა, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული მოზარდის წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბება. ინიციატივის გამოჩენის, კონკურენციის, ადაპტირების… მოკლედ რომ ვთქვათ, გამარჯვების ნიჭი განაპირობებს პიროვნების სოციუმში წარმატებით თვითდამკვიდრებას. თუმცა, სანამ გამარჯვებას მოიპოვებ, ჯერ საკუთარი თავი უნდა გაიცნო, დარჩე ,,მე”-დ ყველა შესაძლო სიტუაციაში.

ინგლისური სკოლებისთვის დამახასიათებელი სწრაფვა ახალი ადამიანების, ე.წ. ჯენტლმენთა ჯგუფის შექმნისკენ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან როგორც საუკეთესო განათლებით, ასევე საკუთარი თავისა და საზოგადოების მართვის, ლიდერისთვის საჭირო უნარებით, სხვა არაფერია, თუ არა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამოვლილი ჯონ ლოკის თეორიის ხორცშესხმა, სადაც გადამწყვეტი ადგილი უჭირავს ბავშვის ადრეული ასაკიდან აღზრდას.
***
ამ წერილის დაწერის სურვილი  პ.გ. ვუდჰაუსის ჯენტლმენების გაცნობის  შემდეგ გამიჩნდა. ვუსტერების გვარის ღირსეულ წარმომადგენელს და მის გამჭრიახ კამერდინერს უსასრულო პერსონაჟების სიაში, ჰოლმსისა და უოტსონის გვერდით მივუჩინე ადგილი. თუ ოდესმე ,,ჯენტლმენური მარილის” დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდათ, ინგლისელი არისტოკრატის – ბერტი ვუსტერისა და მისი ერთგული ლაქიის – ჯივზის დიალოგებზე უკეთეს ნუგბარს, ჩემი აზრით, ვერავინ შემოგთავაზებთ. 

მოკლედ, ვისაც ბრიტანული განათლების მიღებაზე ხელი არ მიუწვდება, ნუ მოიწყენს. მთარგმნელობითი საქმიანობა საქართველოში წლიდან წლამდე უმჯობესდება. ჰოდა, ვიკითხოთ ინგლისური ლიტერატურა და თუ ჯენტლმენად ვერ ვიქეცით, იუმორისა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწას რა უდგას წინ?!  

და როცა  საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა მამაკაცი ადგილს არ დაგვითმობს, შეყვარებული არ გაგვიღებს მანქანის კარს, არც სკამს გამოგვიწევს მაგიდასთან დაჯდომისას და არც ქოლგას დაგვიჭერს თავსხმა წვიმაში (ხელში აყვანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ,,დავიკიდოთ, ჯივზ!”

ჟესტების მუსიკა (I ნაწილი)

0
„მუსიკას ძალუძს იარსებოს სივრცის გარეშე, მუსიკა დროა”.

შოპენჰაუერი

ჰერაკლიტეს, პლატონის, კანტის, ჰეგელის, თომას მანის, სტრავინსკის, ბორხესის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის და სხვა უდიდესი მოაზროვნეების ინტერესის საგანი ოდითგანვე იყო დროის გააზრება და ჭვრეტა.
იგორ სტრავინსკის აზრით, მუსიკა ერთადერთი რამაა, რაც მსმენელს დროის სუბსტანციასთან უშუალო შეხების შესაძლებლობას აძლევს.

დრო ნაკადია. რიტმიც. მუსიკა, რომელიც განისაზღვრება მეტრით, რიტმით და ტემპით, ვერ იარსებებს დროის მიღმა. მუსიკა პროცესია. ის დროში ვითარდება და დროს რიტმის საშუალებით „ახმოვანებს”.

პრაქტიკულად, ყოველ ჩვენგანს ოდესმე უსწავლია მუსიკა – ან მუსიკალურ სკოლაში, ან კერძოდ პედაგოგთან, ან საჯარო სკოლაში, მუსიკის გაკვეთილებზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ერთხელ მაინც უთხოვიათ, გამოგვეყვანა რაიმე რიტმი, მაგალითად, მაგიდაზე კაკუნით ან ტაშის შემოკვრით. შესაძლოა, იმ დროს მუსიკის (რიტმის) გაკვეთილები უაზრო მეცადინეობად ან დროსტარებად მიგვაჩნდა, მაგრამ ჩვენ ისინი მაინც დაგვამახსოვრდა. მასწავლებლები მუდამ გვახსენებდნენ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა – მგალობელი ფრინველებიდან მოძრავ ავტომობილებამდე და მტირალა თოთო ბავშვამდე – საკუთარი რიტმით ცხოვრობს. ერთი სიტყვით, მუსიკალური მზადება თვლით იწყება და ეს სწორია, რადგან მუსიკაში ვერ იქნება წესრიგი მკაფიო რიტმის გარეშე.

რიტმის საფუძველია პულსი, პულსაცია, როგორც ძლიერი და სუსტი დროების თანაბარი მონაცვლეობა. ყველაზე უკეთ ეს პულსაცია საცეკვაო მუსიკაში შეიმჩნევა, მაგალითად, ვალსში. ერთ ძლიერ დროს ორი სუსტი დრო მოსდევს, შემდეგ – ისევ ერთი ძლიერი და ისევ ორი სუსტი და ა.შ. ამ პულსაციას თვლას უწოდებენ. ზუსტი სახელწოდება კი გრძლიობაა, ანუ მეტრი.
 

რიტმი – ეს დროის ფეთქვაა. მაგალითად, საათის წიკწიკი. ერთი წუთის განმავლობაში წამების ისარი 60-ჯერ წიკწიკებს, ხოლო თითო წიკწიკი რიტმში ერთი დარტყმის ტოლია. თუ წამების ისარს ავაჩქარებთ ან შევანელებთ, ჩვენ შევცვლით ათვლის ტემპს. მუსიკალურ ჩანაწერში ნოტები გვეუბნებიან, რამდენჯერ უნდა დავუკრათ ყოველ თვლაზე და რომელი ნოტი.

როგორც ცნობილია, ადამიანის პირველი „ინსტრუმენტი” მისივე სხეული იყო. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რაც აუცილებელია მუსიკის შესრულებისთვის. ეგრეთ წოდებული ხმოვანი ჟესტები: დარტყმა, მირტყმა, დაბაკუნება და თითების გატკაცუნება – ხმისა და მოძრაობის ერთობლიობა ფართოდ გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება მუსიკალური აღზრდის მეთოდიკაში კარლ ორფის სისტემის მიხედვით.

ხმოვანი ჟესტები იდეალურია რიტმული სწავლების დაწყებით ეტაპზე, ვინაიდან ეს „ინსტრუმენტები” მუდამ თან ახლავს ადამიანს. სწორედ ამ ხმოვანი ჟესტების საშუალებით არის სასარგებლო სხვადასხვა რიტმული ფიგურაციის დამუშავება, ვიდრე მათ დასარტყამ ინსტრუმენტებზე გადავიტანდეთ. მაგალითად, დოლი ფეხების ბაკუნის იმიტაციას ახდენს, კასტანეტები – ხელის დარტყმის იმიტაციას… ასე რომ, ისინი სავსებით ბუნებრივად „გამოდიან” ადამიანებიდან. იდეა ელემენტარული მუსიცირებისა იმ „ინსტრუმენტების” გამოყენებით, რაც ადამიანს ბუნებისგან აქვს ნაბოძები, კარლ ორფმა თავისი სისტემისთვის აიღო არაევროპელი (აფრიკის, ავსტრალიის, ინდონეზიის) ხალხებისგან. სისტემა გამოირჩევა უნივერსალურობით და მნიშვნელოვანია მასობრივი პედაგოგიკისთვის. რიტმული ჟესტების მსგავსი ფორმები სხვადასხვა სახით მსოფლიოს ყველა ხალხს მოეპოვება.

რიტმი – აფრიკული მუსიკის ღმერთია. აქ დასარტყამი ინსტრუმენტების ფონზე სიმღერა და ცეკვა ბატონობს. მუსიკა და ცეკვა ერთმანეთს რიტმის მეშვეობით ერწყმის. ისინი განუყოფელნი არიან. ერთი გულისხმობს მეორეს, ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ აფრიკელთა რიტმის შეგრძნება შედეგია სხეულის იდეალური შესწავლისა ყოველგვარი მათემატიკური გაანგარიშებისა და გრძლიობათა თანაფარდობის გარეშე.

საკუთარი სხეულის ბგერებით თამაში არის ბავშვის პირველი გაუცნობიერებელი იმპროვიზაცია. ხმოვანი ჟესტებით იმპროვიზაციის საფუძველია უნებლიე, გონებით არაკონტროლირებადი მოძრაობა, სხეულის სპონტანური მოტორიკა. იმპროვიზაცია ანუ ექსპერიმენტული „თამაშები” – თავისუფალი საუბარი სხეულით, ხმით, საკრავებით – ბავშვებს უფროსებზე ადვილად გამოსდით. და მე მახსენდება 4 წლის უსინათლო სტივ უანდერი, რომლის პირველი „საკრავები” იყო სამზარეულოს ქვაბები. სტივი საათობით უკაკუნებდა მათ კოვზებს და ცდილობდა რიტმი რადიოში მოსმენილი მუსიკისთვის აეყოლებინა. დედა მიხვდა, რომ შვილისთვის საჭირო იყო ნამდვილი მუსიკალური ინსტრუმენტი და ვინაიდან ხელმოკლეობის გამო როიალზე ოცნებაც კი არ შეეძლო, მან სტივს ტუჩის ჰარმონიკა უყიდა. ამ საკრავზე იგი 6 წლამდე უკრავდა, ხოლო პიანინო პატარა ბიჭუნას კეთილი მეზობლის წყალობით მხოლოდ 9 წლის ასაკში ეღირსა. ქვაბებით დაწყებული მუსიკალური ისტორია 25-ჯერ აღებული „გრემის” პრემიით დაგვირგვინდა და სტივი მოგვევლინა XX საუკუნის მეორე ნახევრის „შავი” მუსიკის პოპულარული სტილების – რიტმ-ენდ-ბლუზისა და სოულის – ერთ-ერთ ფუძემდებლად.

 

 

14 წლის სტივ უანდერი

„ბავშვებს სწავლა დასაბამიდან არ უყვართ, მათ თამაში ურჩევნიათ, ამიტომ ნებისმიერი სწავლება უნდა მივაწოდოთ, როგორც თამაში”.
კარლ ორფი

XX საუკუნის გერმანელ კომპოზიტორსა და პედაგოგს ორფს, ცნობილს კანტატით „კარმინა ბურანა”, დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკალური განათლების სფეროში. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, მიუნხენში დააარსა ტანვარჯიშის, მუსიკისა და ცეკვის სკოლა. მოგვიანებით მუსიცირების, ქორეოგრაფიისა და თეატრის საფუძველზე შეიმუშავა კომპლექსური მუსიკალური სწავლების სისტემა. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ბავშვთა მუსიკალურ აღზრდაში, სადაც წამყვანი როლი მიანიჭა მუსიკალურ-რიტმულ მხარეს. აღნიშნულ მეთოდიკას ბავშვებისთვის უნდა მოეტანა სიხარულისა და კმაყოფილების განცდა. ორფის აზრით, სიტყვისა და სიმღერის მონაცვლეობა ბავშვებისთვის ისევე ბუნებრივია, როგორც თამაში.
 
ბავშვი ცეკვავს, მღერის, თამაშობს, თხზავს, იგონებს – ქმნის საკუთარს, ცდილობს თვითგამოხატვას და, რაც მთავარია, ამით დიდ სიამოვნებას იღებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ პირობები შემოქმედებითი ნიჭის გამოღვიძებისა და რეალიზაციისთვის. ამ დროს ჩვენი, მშობლებისა და მასწავლებლების, ამოცანაა, საჭიროების შემთხვევაში შეუმჩნევლად მოვახდინოთ მათი შემოქმედებითი უნარების ორგანიზება (კორექტირება, წარმართვა); არ ვასწავლოთ „როგორ” – შესაძლებლობა მივცეთ, თავად იპოვონ გამოსავალი, რათა მათში გაიღვიძოს ფანტაზიამ და ინიციატივამ.

სწავლებისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება სმენით და მხედველობით მეხსიერებას, კონცენტრაციას, ყურადღებას ბგერისა და სიტყვის მიმართ, ტექსტის შინაარსში ჩაღრმავებას, მეტყველებისას ინტონაციური შესაძლებლობების განვითარებას, ხატოვან აზროვნებას და ემოციურ რეაქციებს.

ხელოვნების დარგებიდან ყველაზე ადვილად მუსიკა პოულობს გზას ბავშვის გულისკენ. მუსიკის თანხლებით მოძრაობა და სიმღერა ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ავითარებს აზროვნებასა და მეტყველებას. ბავშვები, რომლებსაც უყვართ და ესმით მუსიკა, გამოირჩევიან აღქმის განსაკუთრებული უნარით, თანაგრძნობით და ემოციური განცდებით. 

„ხელოვნებას ბრძოლა უწევს არსებობისთვის. ის არ გახლავთ ფუფუნება, ის აუცილებლობაა, საჭიროა, როგორც ჰაერი და წყალი”.
საიმონ რეტლი
 
მოცეკვავეებსაც აქვთ თავიანთი ენა – ჟესტების ენა. სხეულის ენას ანუ გაცნობიერებული ჟესტებით საუბარს ძალუძს გადმოსცეს ემოციების მთელი სპექტრი. ბალეტში სამსახიობო ოსტატობა იდეალური უნდა იყოს, ვინაიდან წარმოდგენის შინაარსი მაყურებლამდე მოძრაობებითა და ჟესტებით არის მისატანი. და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა სასცენო დარგების მსახიობებისგან განსხვავებით, მოცეკვავის ჟესტები გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე სიტყვები.

საილუსტრაციოდ მინდა შემოგთავაზოთ ჩემთვის გამორჩეული კომპოზიტორის, იგორ სტრავინსკის, გენიალური ბალეტი „კურთხეული გაზაფხული”, სადაც იგი თამამად იყენებს ბგერათა მანამდე გაუგონარ თანაჟღერადობას, წარმოუდგენელ რიტმებსა და უჩვეულო საორკესტრო ფერებს. ბალეტში მაჰიპნოზებელი რიტმის სტიქიური ძალა უფრო და უფრო იპყრობს მაყურებელს. გაზაფხულის მოახლოება – ბუნების თანდათანობითი გამოღვიძება იძერწება სიმების გამოკვეთილი რიტმითა და ვალტორნების გადაძახილით.

იგორ სტრავინსკის ბალეტი „კურთხეული გაზაფხული”, ფინალური სცენა.

გაუმააარ…

0
პირველი პროფესიული დავალება, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს სამსახურიდან მივიღე, მიტინგის ფოტომასალის მომზადება იყო. მომიტინგეთა შორის წინ და უკან დავდიოდი და საინტერესო კადრების გადაღებას ვცდილობდი, ძირითადად კი მინდოდა, უზარმაზარ მასაში ინდივიდუალური პორტრეტები მეპოვა და მათი გამომეტყველების, მზერისა და მიმიკის ფონზე წარმომეჩინა დროის, იმ პროტესტისა და ხალხის სულისკვეთება.

არ ვიცი, რამდენი ქუჩა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში ისეთი მრავლისმნახველი და ისტორიული მნიშვნელობისა, როგორიც რუსთაველის პროსპექტია. ფაქტობრივად, ამ ქუჩაზე გათამაშდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. იმ დღესაც რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა აქცია. როცა მიტინგი დაარბიეს, თეატრალური უნივერსიტეტის ფოიეში აღმოვჩნდი. შენობა გადაჭედილი იყო ადამიანებით. მცდელობის მიუხედავად, აქტივისტებმა ვერ შეძლეს შიგნიდან კარის ჩარაზვა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზის შემოშვების შემდეგ გარედან ჩაგვკეტა. მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს. მხოლოდ ის, რომ უშედეგოდ ვცადე, მობილურით დავკავშირებოდი ჩემს ტელეფონში არსებულ ერთადერთ ქართველ აბონენტს – ჩემს შეყვარებულს.

იმ დღეების შემდეგ კიდევ ბევრჯერ მომიხდა მიტინგებზე მასალის მომზადება და გამუდმებით ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის, ზვიად რატიანის ლექსი მიტრიალებს თავში:

„ – და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,

ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,

მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ

და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.

ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ

იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად

ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,

სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან

და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის

მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები

და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,

თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით

და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,

ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;

უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის:

გაუმააარ…

ჩვენ კი ჩუმად ვართ.

ისევ ყვირის.

ისევ სიჩუმე…”

ბედისწერად გვექცა მიტინგები. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ „…შეუძლებელია, მიტინგის დროს იფიქრო. მიტინგი არ არის ადგილი, ტოპოსი, სადაც შეიძლება მოხდეს აზროვნების აქტი”. ჩვენ კი ვერასდიდებით ვეღარ დავაღწიეთ თავი ქრონიკულ მიტინგს, რადგან მიტინგებითვე აღზევებულთ მერე ხომ აღარ ესმით ხალხის, აღარ ესმით შემზარავი და ვერდასრულებული „ჯოს! ჯოს! ჯოს!” ყრუვდებიან მანამდე, სანამ თავადაც, მომდევნო წრეზე, ისევ მასაში არ აღმოჩნდებიან.

როგორი მასწავლებელი მოსწონთ ბავშვებს

0
ძნელად თუ მოიძებნება პედაგოგი, რომელსაც არ სურს, მოსწავლეთა შორის აღიარებული და პოპულარული იყოს. ბავშვების სიყვარულით სავსე თვალები მასწავლებელს საოცრად უმსუბუქებს ტვირთს, რომლის ზიდვაც მას თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უხდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეების პატივისცემის, სიყვარულისა და აღიარების მოპოვება არცთუ ადვილია. კარგი განათლება, საგნის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ხშირად არ არის საკმარისი. შესაძლოა, ხასიათის დადებითმა თვისებებმაც კი ვერ გაგვიწიოს საჭირო დახმარება. პედაგოგობა ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად მიიჩნევა და, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, განსაზღვრული უნარ-ჩვევების ფლობას მოითხოვს.

მთავარი, რაც პედაგოგის პროფესიონალიზმს განსაზღვრავს, კონსტრუქციული, ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებია. ალბათ ყველა შევსწრებივართ სიტუაციას, როდესაც რომელიმე მოსწავლე თანატოლს აღფრთოვანებით ესაუბრება იმის შესახებ, რა კარგ გაკვეთილს ატარებს მისი მასწავლებელი, რა საინტერესო ინფორმაციას აწვდის. ამაში პედაგოგს კონსტრუქციული უნარი ეხმარება. თუ მას კარგად აქვს განვითარებული ეს უნარი, ის ადვილად და სწორად შეარჩევს და გადაამუშავებს მოსწავლეებისთვის გადასაცემ სასწავლო მასალას, სწორად დაგეგმავს როგორც მოსწავლეთა საქმიანობას სასწავლო ინფორმაციის ასათვისებლად, ასევე საკუთარსაც მათთან ურთიერთობის პროცესში. მოსწავლეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რა სასწავლო მასალას იყენებს მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარებისას. თუ ის სახელმძღვანელოთი შემოიფარგლება, მცირეა ალბათობა, მისმა გაკვეთილმა მოსწავლეთა მოწონება დაიმსახუროს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სასწავლო მასალის მოძიება, შერჩევა და გადამუშავება არ არის საკმარისი პედაგოგისთვის სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად. მას უნდა შეეძლოს როგორც სასწავლო ინფორმაციის, ასევე მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის და მათთან უშუალო ურთიერთობისას საკუთარი ქცევის ორგანიზება. ყოველივე ამას ის ადვილად მოახერხებს, თუ ექნება პედაგოგისთვის აუცილებელი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები. ეს უნარ-ჩვევები ეხმარება მასწავლებელს, მიზანმიმართულად გამოიყენოს გაკვეთილის თითოეული წუთი, სწორი ორგანიზება გაუწიოს დაგეგმილ აქტივობებს, რამაც შესაძლოა იმდენად საინტერესო გახადოს გაკვეთილი, რომ ბავშვებმა ზარის დარეკვის შემდეგაც კი გააგრძელონ განხილულ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა, ეს კი სასწავლო მოტივაციის ამაღლების მნიშვნელოვან წინა პირობას წარმოადგენს.

აქვე ვიტყვით, რომ არც ორგანიზაციული უნარებია საკმარისი პედაგოგის წარმატებისთვის. მასწავლებელმა შესაძლოა ძალიან კარგად ააგოს გაკვეთილი, მოიძიოს საჭირო მასალა, სათანადოდ გაუწიოს ორგანიზება როგორც მოსწავლეთა, ასევე საკუთარ საქმიანობას, მაგრამ თუ არ ექნება საკომუნიკაციო უნარები, გაუჭირდება მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობის დამყარება, რაც მის წარმატებას საგრძნობლად შეუშლის ხელს.

თუ მასწავლებელს აქვს ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევები, მას არ გაუჭირდება საინტერესო გაკვეთილის ჩატარება. თუმცა არც იმის გათვალისწინება იქნება ურიგო, როგორი გაკვეთილები მოსწონთ მოზარდებს. მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ისეთი გაკვეთილი, სადაც თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ. ამისთვის სასურველია, იმართებოდეს დისკუსიები, დებატები, რომელთა დროსაც მოსწავლე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას, აზრს, დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ და საჭირო არგუმენტების მოშველიებით შეეცდება მათ დაცვას.

სასკოლო პრაქტიკა მოწმობს, რომ პედაგოგის პოპულარობას არცთუ იშვიათად მისი ხასიათის თვისებებიც განსაზღვრავს. განსაკუთრებით დიდი მოწონებით სარგებლობს პედაგოგი, რომელიც არის სამართლიანი, ობიექტური, კეთილი, ხალისიანი, იუმორის გრძნობის მქონე, თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული, მომთხოვნი, გამგები. ბავშვები საოცრად მგრძნობიარენი არიან გულწრფელობის მიმართ და მტკივნეულად აღიქვამენ უფროსების ქცევასა და სიტყვებში შემჩნეულ სიყალბეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ არავერბალურ კომუნიკაციას და შესანიშნავად კითხულობენ ფიქრებს ჩვენს სახეზე, ალბათ აჯობებს, მოვერიდოთ ყალბ ღიმილს და გრძნობები გულწრფელად გამოვხატოთ. ხშირად ბავშვისთვის ჩვენი გაბრაზებული გამომეტყველება უფრო მისაღებია, ვიდრე ემოციების დაფარვა და მოჩვენებითი კმაყოფილება.

ძალზე ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს საკუთარი სახელის მიმართ და განიცდიან, როცა მასწავლებელს მათი სახელი არ ახსოვს, ან ახსოვს და მაინც გვარით მიმართავს. სახელით მიმართვა ბავშვისთვის ერთგვარი სიახლოვის გამომხატველია. მას უჩნდება განცდა, რომ მასწავლებლისთვის ის ახლობელი და ძვირფასია. ასევე მტკივნეულად აღიქვამენ ისინი მეტსახელებით მიმართვას, განსაკუთრებით – თუ ეს მეტსახელი რამენაირად უკავშირდება მათ გარეგნობას. მაგალითად, გარდამავალ ასაკში მყოფ მოზარდს, რომელსაც ფიზიკურ განვითარებაში მომხდარი დისჰარმონიის გამო ცხვირი და ყურები სახის სხვა ნაწილებთან შედარებით ბევრად უფრო წამოზრდილი აქვს, ვინმემ რომ „ცხვირა” ან „ყურშა” დაუძახოს, ის მის „უბოროტეს მტრად” იქცევა და რაიმე ფორმით აუცილებლად გამოხატავს აგრესიას მის მიმართ.

ბავშვის უკმაყოფილების მიზეზად ხშირად იქცევა მოსწავლეების გამორჩევა მასწავლებლის მიერ, ერთის მიმართ დიდი სიმპათიის გამოხატვა და სხვების მუდმივი ძაგება. მათში აგრესიას ბადებს უფროსების მიერ მისაბაძ მაგალითად რომელიმე მათი თანატოლის მოყვანა. საყურადღებოა, რომ ასეთივე აგრესია ბავშვს შესაძლოა მშობლის მიმართაც გაუჩნდეს, თუ ის გამუდმებით საყვედურობს მას და მოითხოვს მისგან, მიბაძოს ძმას, რომლის მიმართაც მშობელი საქებარ სიტყვებს არ იშურებს. თუ უფროსების მხრივ ასეთ შედარებებს სისტემატური ხასიათი მიეცა, შესაძლოა ბავშვებს შორის უკმაყოფილება მომავალში სერიოზულ მტრობაში გადაიზარდოს. ამ სირთულეებს თავიდან ავიცილებთ, თუ მივიღებთ ბავშვს ისეთს, როგორიც არის, ვაგრძნობინებთ, რომ გვიყვარს, კეთილგანწყობილი ვართ მის მიმართ და ვზრუნავთ მასზე.

გვახსოვდეს, რომ გულწრფელი ღიმილი, სიყვარული და კეთილგანწყობა ბავშვის სულთან მისასვლელი უმოკლესი გზაა. გავუგოთ ბავშვებს და ისინიც გაგვიგებენ ჩვენ.

იმ ხუთეულის გარდა

0
პირველ კლასში რომ ვსწავლობდი, მაშინაც ისე იყო და სკოლა რომ დავამთავრე, არც იმ დროისთვის შეცვლილა რამე. დღეს მე თვითონ ვარ მასწავლებელი, მრავალ სკოლაში მიხდება სტუმრობა და ყოველ ჯერზე მგონია, ისევ ჩემს დერეფანში მივდივარ პირველ- ან მეთერთმეტეკლასელი; მივდივარ და ჯერ შოთაა, მერე – ილია, აკაკი, ვაჟა და ბოლოს – გალაკტიონი. ამათ შემდეგ უთუოდ სამასწავლებლოა, ან დირექტორის კაბინეტი, ან ქართული ენის მასწავლებლის სადამრიგებლო კლასის ოთახი. „აქაც ყველაფერი ისეა, როგორც ჩემს სკოლაში იყო”, – ვეუბნები საკუთარ თავს. 
 
ლიტერატურაში, რა თქმა უნდა, არ არსებობს ტურბულენტური ზონები, ეს ერთი მთლიანი პროცესია თავისი რეგრესით, პროგრესით, მიმდინარეობებით, ეპოქებით, საგნისა თუ მოვლენის სხვადასხვაგვარი გააზრებით და ამაზე საუბარს ათი სტატიაც არ ეყოფა, მაგრამ არა მგონია, სადავო იყოს, რომ ლიტერატურას მხოლოდ გენიოსები არ ქმნიან. უფრო მეტიც – ლიტერატურაში გენიოსების არსებობას მათზე ნაკლები ნიჭის მქონე ავტორები განაპირობებენ.

ეს ერთი შეხედვით უბრალო და ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხელს არც კი უშლის სასწავლო პროცესს, სრულიად საპირისპიროდ არსებობს სასკოლო რეალობაში და მისი დინამიკაც არასასურველია. კედლის თვალსაჩინოება სარკისებრი სიზუსტითაა გადმოტანილი სასწავლო პროცესში და მრავალი მასწავლებლისგან ვიღებთ შეგონებას, რომ იყო დიდი ხუთეული და სხვები, რომლებიც რასაც წერდნენ, მხოლოდ იმიტომ უნდა ვისწავლოთ, რომ მათი ტექსტები წიგნშია შეტანილი. ამ ხუთი ავტორის გარდა, მაქსიმუმ ბარათაშვილს, ორბელიანს, გურამიშვილსა და ორ-სამ პროზაიკოსს მიიჩნევენ მოხსენიების ღირსად.

რატომღაც ისე მოხდა, რომ არაქართულენოვან სკოლებში ვასწავლი. ასე რომ არ იყოს, ქართველ ბავშვებს რომ ვასწავლიდე, შევიდოდი სკოლაში და დავკიდებდი კედელზე მათთვის ნაკლებცნობილი მწერლების ფოტოებს. იკვლიონ მერე, გაიკითხონ, მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ, წაიკითხონ. იმ სურათს შევარჩევდი, მაგალითად, გიორგი კორნაპელი აღმართზე რომ ადის, ხელები ზურგს უკან შემოუწყვია, რაღაცას ამბობს ფოტოს გადაღების დროს…

ან კიდევ ის, ერლომ ახვლედიანის ფოტო… დიდი სათვალით რომ იყურება სადღაც, იფიქრებ, პარალელურ სამყაროში, და ხელი ისე უჭირავს, ერთ მარცვალს ითხოვს, არ ვიცი, აზრისას, სიკეთისას, ბოროტებისას თუ იმედისას.

 
რატომღაც დღემდეა შემორჩენილი აზრი, რომ მოსწავლემ უნდა იცოდეს მხოლოდ ის ავტორები, რომელთა ტექსტებიც სასკოლო პროგრამაშია შეტანილი, დანარჩენების შესახებ კი თუ თავისით გაიგებს რაიმეს, ხომ კარგი. ეს იმას ჰგავს, მენდელეევის ცხრილიდან ამოვიღოთ რომელიმე ელემენტი, რომელიც არ ისწავლება კონკრეტულ ეტაპზე, ან სკოლაში, საზოგადოდ. 
პრობლემა აქ ის არ არის, რომ უკვე სკოლადამთავრებულს, შესაძლოა, რომელიმე მწერლისა და მისი ტექსტების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდეს; პრობლემაა ის, რომ მოსწავლის ცნობიერებაში მხატვრული ლიტერატურა რჩება როგორც რიგითი „უაზრო სასკოლო დიდაქტიკა”, გაბმული მოსაბეზრებელი რამ, სადაც რამდენიმე მოკალმის ნააზრევით გივსებენ ტვინის ნაოჭებს, და მეტი არაფერი. არადა, ეს ხომ ერთი დიდი გადაძახილია თაობიდან თაობამდე, სადღაც ქვის ხანიდან – დღემდე.

ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო წიგნების გადახალისება-გაახლებას თითქოს ძალიან კარგი შედეგი უნდა გამოეღო. წიგნებში შეტანილია თანამედროვე ავტორთა და გასული საუკუნის წარმომადგენელთა ტექსტები, რაც იმის გააზრების საწინდარი უნდა ყოფილიყო, რომ ლიტერატურა უაღრესად ცოცხალი სხეულია და ის ისევე დგას სამ დროში, როგორც პიროვნება თუ საზოგადოება (იქნებ ამ უკანასკნელებზე უფრო მეტადაც), მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ განახლება-რეფორმამ მხოლოდ მოსწავლეთა და მასწავლებელთა მცირე ნაწილის ცნობიერება შეცვალა.
სტატიის წერის დროს გამახსენდა: ჩემი სკოლის დერეფანში გამოაკრეს ერთი ახალგაზრდა ქართველი მწერილის ფოტო. არც მე ვიცოდი მაშინ, ვინ იყო ის კადრში მოქცეული კაცი, მაგრამ, მახსოვს, ჩემ წინ დგას სამი თანასკოლელი და ორი მათგანი კამათობს:

– ვიღაც მსახიობია ბუდას როლში?
– მსახიობი არა…
– აბა?
– მე რა ვიცი, მთამსვლელია.
– მონტაჟია! აბა, უკან თოვლიანი მთაა და ეს შიშველი ზის, ან ბუდაა და გასხივოსნდა.
– წამო, ლანას ვკითხოთ.
(ლანა – ქართულის მასწავლებელი)
  
რამდენიმე ხნის შემდეგ კი რჩეულიშვილის ფოტოს ქვეშ პატარა ფურცელი გაჩნდა, რომელზეც ეწერა: „გურამა”. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმ სამმა გააკეთა, რომლებსაც უკვე მოესწროთ და წაეკითხათ რჩეულიშვილის რაღაცეები. სხვაგვარად ასე ზუსტად, ერთი სიტყვით ვერ აღწერდნენ ფოტოზე აღბეჭდილის ვინაობას, ხასიათს და ლიტერატურულ ბიოგრაფიას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროექტი

0
სტატიის მიზანია მხარი დაუჭიროს ახალი, გაუმჯობესებული სქემის შექმნას, რომელსაც საფუძველი კოლეგების ნაყოფიერი შრომით უკვე ჩაეყარა. ეს მხარდაჭერა გამოიხატება კონსტრუქციული კრიტიკითა და ალტერნატიული ვარიანტების შემოთავაზებით. ვიმედოვნებ, ნაშრომი წაადგება სქემის დახვეწასა და სრულყოფას. 

1.კრედიტების მინიჭების სქემის ანალიზი

სქემის პროექტის მიხედვით, პრაქტიკოსმა მასწავლებელმა 14 კრედიტი უნდა დააგროვოს და საგნობრივი გამოცდა ჩააბაროს, რომ შეინარჩუნოს მასწავლებლის სტატუსი. წარჩინებული მასწავლებლის სტატუსის მისაღებად მან 24 კრედიტი უნდა დააგროვოს (გამოცდის ჩაბარება მას 8 კრედიტს მოუტანს), ანუ სტატუსის შენარჩუნებისთვის აუცილებელ 14+8=22 კრედიტს მან კიდევ 2 კრედიტი უნდა წაუმატოს.

წარჩინებულმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად 24 კრედიტი უნდა დააგროვოს, ხოლო მკვლევარი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად დამატებით კიდევ 8 კრედიტი უნდა დააგროვოს, ანუ სულ 32 კრედიტი სჭირდება (გამოცდა აღარ ეხმარება მასწავლებელს კრედიტების დაგროვებაში).

მკვლევარი მასწავლებლისთვის კატეგორიის მომატების საკრედიტო სქემა ასეთია: 32+8=40, ხოლო მენტორი მასწავლებელი სტატუსს ინარჩუნებს 40 კრედიტის დაგროვების საშუალებით.

იმისთვის, რომ კრედიტების დაგროვებასა და კატეგორიების მინიჭების პროცესს მიენიჭოს მეტი დინამიკა და პედაგოგიური კარიერის დასრულებამდე შუა თაობის მასწავლებლებისთვისაც რეალისტური იყოს მაღალი კატეგორიის მიღწევა, სქემის პროექტში კრედიტების დაგროვებისთვის განკუთვნილი დროის შუალედი შემცირებულია 2-5 წლამდე. რამდენად შესაძლებელია დროის განსაზღვრულ შუალედებში დადგენილი კრედიტების დაგროვება?

სქემის პროექტის მიხედვით 1 კრედიტის დაგროვება საჭიროებს 20–26 საათის ექვივალენტური სამუშაოს შესრულებას, ანუ საუბარია ევროპულ საუნივერსიტეტო კრედიტზე (1 კრედიტი=25 სთ), რაც იმას ნიშნავს, რომ 24 კრედიტი=600 საათი, 32 კრედიტი=800 საათი, 40 კრედიტი=1000 საათი.

პედაგოგის სამუშაო საათები წელიწადში 10 თვის განმავლობაში სასკოლო მუშაობის შემთხვევაში დაახლოებით არის 1760 სთ. კვირეულ 36 საათზე გათვლით, რომელთაგან სრული საშტატო დატვირთვით (18 კვირეული საგაკვეთილო საათი) მომუშავე მასწავლებელს გაკვეთილების ჩასატარებლად დროის 50% სჭირდება. თუ გაკვეთილების მომზადებას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების აღიცხვას, სააღმზრდელო და სხვა მოვალეობებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ რეალურია პროფესიულ განვითარებაზე მას დარჩეს სამუშაო დროის არაუმეტეს 10%, ანუ 176 საათი, რაც იდეალური ხელშეწყობისა და მხარდაჭერის შეთხვევაში მასწავლებლის ძალების უკიდურესი დაძაბვით საშუალებას იძლევა მან წელიწადში დააგროვოს არაუმეტეს 7–8 კრედიტი.

ამგვარად, დადგენილი კრედიტების დაგროვება დათქმულ ვადებში სრული დატვირთვით მომუშავე მასწავლებლებისთვის (როგორც სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე, მითუმეტეს,  კატეგორიის მომატებისთვის) ნაკლებად რეალისტურია.

მაშ, რა ქნან იმ მასწავლებლებმა, რომელთაც კვირეული 22–25 საათი აქვთ დატვირთვა? ისინი ხომ მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებაზე ხარჯავენ სამუშაო დროის 60%–ზე მეტს და ქანცგაწყვეტილებს აღარ აქვთ რესურსი პროფესიული განვითარების აქტივობებისთვის?

თუკი პრაქტიკოს ან წარჩინებულ მასწავლებელს შანსი აქვს კრედიტებში ჩაეთვალოს მიმდინარე სასწავლო-საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები და ამით გაუადვილდეს კრედიტების დაგროვება, მკვლევარ და მენტორ მასწავლებლებს ამის ნაკლები საშუალება აქვთ მათი სტატუსისადმი სტანდარტით წაყენებული მოთხოვნების გამო. შესაბამისად, კრედიტები მათ უნდა დააგროვონ ძირითადად არა სასწავლო-საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებულ აქტივობებში, არამედ მის მიღმა სპეციალურად მოწყობილი საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით. ამ უშეღავათო მდგომარეობის გამო, 4–5 წლის განმავლობაში უწყვეტი ქანცისგამცლელი შრომის პირობებში, შეუძლებელი ხდება მათთვის კატეგორიის გაზრდა თუ შენარჩუნება.

საკითხს შეიძლება მივუდგეთ აგრეთვე სხვა კუთხით: თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევების მიხედვით პროფესიული განვითარებისთვის დახარჯული მინიმალური საათების რეკომენდებული რაოდენობა განვითარებულ ქვეყნებში სრული დატვირთვით მომუშავე (17–21 კვირეული საათი) მასწავლებლისთვის არის წლიური 22 საათი. მაქსიმუმი  დადგენილი არ არის, თუმცა მინიმუმის გახუთმაგებული რაოდენობაც კი ჩვენი ნორმების მიხედვით არ არის საკმარისი საჭირო კრედიტების დასაგროვებლად.

აშკარაა, რომ კრედიტების რაოდენობა, მათი დაგროვებისთვის გამოყოფილი წლები და მასწავლებლების დატვირთვა შეუსაბამობაშია ერთმანეთთან – შემოთავაზებული პროექტი მასწავლებელთა გადაქანცვაზეა გათვლილი (ცვეთისა და შემდგომ გადაწვის პერსპექტივით – იხ. ნინო ელბაქიძის სტატია პროფესიული გადაწვის შესახებ) და არა მათი მხარდაჭერისა და წახალისების გზით პროფესიულ და საკარიერო წინსვლაზე. უფრო მეტიც, ასეთ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვა და პროფესიული განვითარება ვერ იქნება ნაყოფიერი, ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან “კრედიტებზე მონადირე” მასწავლებლისთვის თვითმიზნური გახდება კრედიტების დაგროვება, იგი მოსწყდება სასწავლო პროცესსა და მოსწავლეებს.

უნდა გავითვალისწინოთ არსებული რეალობებიც: მოცემულ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ–ეკონომიკურ–სოციალურ პირობებში არ არსებობს და უახლოეს წლებშიც სწრაფად ვერ მოხერხდება ყველა საგნისა და საფეხურის მასწავლებელთა უზრუნველყოფა პროფესიული განვითარებისთვის და კრედიტების დაგროვებისთვის საჭირო რესურსებითა და აქტივობებით. ამას სჭირდება ქვეყნის საკმაოდ გაზრდილი ბიუჯეტი განათლების დაფინანსებისთვის, განათლების მარეგულირებელი/ნორმატიული დოკუმენტები და სამონიტორინგო/შემაფასებელი სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ქსელი ქვეყნის მასშტაბით, სისტემური ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელი მომზადებული ჩინოვნიკურ–ბიუროკრატული და საექსპერტო კადრი, მასწავლებელთა სახლების რეგიონული ქსელი, საჭიროებათა კვლევის შედეგად დადგენილი სატრენინგო პროგრამები და კურსები, კვალიფიციური ტრენერები რაიონებში, საგანმანათლებლო კვლევების ამსახველი ჟურნალები და კონფერენციები, ნაბეჭდი ან ელექტრონული დამხმარე მეთოდური მასალები ქართულ ენაზე და მათი თარგმანები ეროვნულ უმცირესობათა ენებზე, კომუნიკაციის და ტრანსპორტირების საშუალებები და გამართული ინფრასტრუქტურა,  მასწავლებელთა გაუმჯობესებული ენობრივი და კომპიუტერული კომპეტენციები და სხვა. რა გაგვაჩნია ამჟამად? მხოლოდ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ზოგადი ნაწილის ახალი ვერსია, სისტემის სხვა კომპონენტები ჯერ კიდევ მოსამზადებელი ან მოსაწესრიგებელია.

არსებული რეალობების მოწესრიგებას მისაღებ დონემდე გარდა საქართველოს უწყვეტი მშვიდობიანი განვითარებისა, სჭირდება მდგრადი საგანმანათლებლო პოლიტიკა და განათლების სფეროში უცხოეთის დახმარების მობილიზაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში, წარმატებული მოსამზადებელი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდება ეფექტური სქემის ამოქმედება, რომელიც სასურველ შედეგს მოიტანს (მოიმატებს სასწავლო პროცესის პროდუქტიულობა და საქართველოს მოსწავლეები ღირსეულ შედეგებს აჩვენებენ დადგენილ სტანდარტებთან და საკუთარ შესაძლებლობებთან მიმართებაში). ნაჩქარევად და მოუმზადებლად სქემის ამოქმედება კი კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც თითქმის ჩიხურ სიტუაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საქმეში.  

მასწავლებელთა მხარდაჭერა არა მარტო პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მაღალხარისხოვანი აქტივობებისა და რესურსების ხელმისაწვდომობით უნდა მოხდეს, არამედ სწორი საკრედიტო პოლიტიკითაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. ოპტიმალურადაა შესარჩევი როგორც სტატუსის შესანარჩუნებლად ან შემდგომ კატეგორიაზე გადასვლისთვის საჭირო კრედიტების რაოდენობა და დროის ოდენობა, ასევე მასწავლებლისთვის მხარდაჭერის ფორმები საჭირო კრედიტების ვერდაგროვების შემთხვევაში. დასადგენია, აგრეთვე, კრედიტების დაგროვებაში წარუმატებელი მასწავლებლის შემდგომი საკარიერო და პროფესიული განვითარების ტრაექტორია.

პრობლემის უკეთ წარმოჩენის მიზნით განვიხილოთ პრაქტიკოსი მასწავლებლის სიტუაცია, ვინც შეძლო სტატუსის შენარჩუნებისთვის საჭირო 22 კრედიტიდან მხოლოდ 18-20 კრედიტის მოპოვება. რაკი ის სტატუსს ვერ შეინარჩუნებს, მაშასადამე პირდაპირ მაძიებელთა რიგებს უნდა შეუერთდეს. არადა, რა ახლოს იყო მიზანთან, მან ხომ საჭირო კრედიტების 80%-ზე მეტი დააგროვა! სქემის პროექტში მხოლოდ ზოგადი ფრაზა წერია, რომ მას არ დაეკარგება დაგროვილი კრედიტები, მაგრამ არსად ჩანს დაგროვილი კრედიტების შენახვისა და ბეჯითი მუშაობისთვის წახალისების მექანიზმი.

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ კრედიტების დაგროვების შევსებული სქემის მოდელს, რომელიც უკეთ ასახავს მასწავლებლების მხარდაჭერის პრინციპს.

და ა.შ მკვლევარი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლისთვის 

2.კრედიტების ოპტიმალური რაოდენობების შეფასება

გასარკვევი ისაა, რას შეიძლება უდრიდეს კრედიტების ზღვრული რაოდენობები და მათ დასაგროვებლად საჭირო დრო. თუ ამოსავალ მონაცემად ავიღებთ წლის განმავლობაში რეალისტურად 6, ხოლო მაქსიმალისტურად 8 კრედიტის დაგროვების შესაძლებლობას, მაშინ:

პრაქტიკოსი მასწავლებელი 

·პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად, სკოლაში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3-წლიანი მუშაობისას, უნდა დააგროვოს 12 კრედიტი. თუ 3 წლის ბოლოს პრატიკოსი მასწავლებელი ვერ დააგროვებს ჯამურ 12 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს K კრედიტს, 7≤ K< 12, მასწავლებელს მიზნობრივი დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ქულების დასაგროვებლად ორი წელი მიეცემა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები, მაშინ იგი საერთოდ უნდა ჩამოშორდეს პროფესიას ან/და გადაინაცვლოს მაძიებელთა რიგებში. იგივე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს;

·შემდგომ დონეზე გადასვლის მიზნით პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3-წლიანი სასკოლო მუშაობის განმავლობაში უნდა დააგროვოს 16 კრედიტი. თუ 3 წლის ბოლოს პრატიკოსი მასწავლებელი ვერ დააგროვებს ჯამურ 16 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს L კრედიტს, 12≤ L< 16, მასწავლებელს საშუალება მიეცემა მონაწილეობა მიიღოს დახმარების პროგრამაში. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ერთი წელი მიეცემა ქულების დასაგროვებლად. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები შემდეგ დონეზე გადასასვლელად, მაშინ იგი ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. იგივე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს. თუ მასწავლებელმა დააგროვა 16 კრედიტი, მაშინ იგი იღებს მომდევნო კატეგორიას;
წარჩინებული მასწავლებელი  

·როგორც კი პრაქტიკოსი მასწავლებელი დადგენილ დროში დააგროვებს 16 კრედიტს, იგი ჩაითვლება წარჩინებულ მასწავლებლად და შესაბამისად გაეზრდება ხელფასი. სკოლაში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში მუშაობისას, თუ 3 წლის ბოლოს წარჩინებული მასწავლებელი სტატუსის შესანარჩუნებლად ვერ დააგროვებს განსაზღვრულ 16 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს D კრედიტს, 12≤ D< 16, მასწავლებელს საშუალება მიეცემა დახმარების პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ქულების დასაგროვებლად ერთი წელი მიეცემა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები, მაშინ მასწავლებელი კარგავს წარჩინებულის კატეგორიას და უბრუნდება პრაქტიკოსის სტატუსს. იგივე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს;

·შემდგომ დონეზე გადასვლის მიზნით წარჩინებულმა მასწავლებელმა სკოლაში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წლის მუშაობისას 24 კრედიტი უნდა დააგროვოს. თუ 4 წლის ბოლოს წარჩინებული მასწავლებელი ვერ დააგროვებს ჯამურ 24 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს Q კრედიტს, 16≤ Q< 24, მას მიზნობრივი დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ქულების დასაგროვებლად მიეცემა ერთი  წელი. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები შემდეგ დონეზე გადასასვლელად, მაშინ იგი ინარჩუნებს წარჩინებული მასწავლებლის სტატუსს. იმავე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს. თუ მასწავლებელმა დააგროვა 24 კრედიტი, მაშინ იგი იღებს მომდევნო კატეგორიას.
და ა.შ მკვლევარი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლისთვის . 

როგორც ვხედავთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მასწავლებელი “წარუმატებელია”, მაგრამ აქტიურია და შეძლებს დაძლიოს ბარიერი, შემოთავაზებულ მოდელში მას მიეწოდება სპეციალიზებული, დამატებითი დახმარების მიზნობრივი პროგრამები ხარვეზებისა და სისუსტეების აღმოსაფხვრელად. ასეთი მოდელი მასწავლებელს უბიძგებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისკენ, წაახალისებს მის შემოქმედებითობასა და ინიციატივას, მაგრამ, ამასთანავე, უტოვებს შანსს, რომ შემთხვევითობებისგან დაიზღვიოს თავი და არახელსაყრელ ვითარებაშიც შეინარჩუნოს წინსვლის პერსპექტივა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა. მსოფლიო გამოცდილება (პირველი ნაწილი)

0
ჩვენი ქვეყანა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სისტემის ამოქმედების მოლოდინშია. მიმდინარეობს დისკუსია სისტემის დადებით მხარეებსა და იმ საფრთხეებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი სიახლის წარმატებით განხორციელებისთვის. ამ კონტექსტში საყურადღებოა ანალოგიური სისტემების გაანალიზება და შედარება ჩვენი ქვეყნის რეალობასთან. ჩვენი წერილი ეყრდნობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განათლების ექსპერტების 2011 წლის მოხსენებას. მოხსენება მომზადებულია ანდრეას შლეიხერის (გერმანია) – განათლების მკვლევარის, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD) PISA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და კოორდინატორის – მიერ.

მოხსენება ეყრდნობა შემდეგ კვლევებს, მოხსენებებსა და მონაცემებს:

1. OECD Program for International Student Assessment (PISA) and the OECD Teaching and Learning International Survey (TALIS); 
2. OECD ’s comparative policy review Teachers Matter;
3. The reports of the ILO /UNESCO Committee of Experts on the Application of the Recommendations concerning Teaching Personnel;
4. OECD’s annual data collection Education at a Glance; 
5. OECD’s report Strong Performers and Successful Reformers;
6. OECD’s review of Evaluation and Assessment Frameworks for Improving School Outcomes;
7. OECD’s study Evaluating and Rewarding the Quality of Teachers – International Practices;
8.OECD’s report Making Reform Happen;
9. Outcomes from the recent meeting of OECD Education Ministers in November 2010.
ყველა ქვეყნის მასწავლებლებისა და სკოლის ხელმძღვანელების წინაშე დგას რთული ამოცანა – გააუმჯობესონ სწავლა/სწავლების შედეგები. საზოგადოება სკოლას სთხოვს, ისეთი ცოდნა მისცეს და ისეთი უნარ-ჩვევები განუვითაროს მოსწავლეებს, რომლებიც მათ ქვეყნის წარმატებულ მოქალაქეებად აქცევს. ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა წარმატებას მიაღწიოს. სწორედ ამას სთხოვს ის სკოლას. ამ მიზნის მისაღწევად მასწავლებლები თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ, უნდა შეეძლოთ მუშაობა კლასში, რომელიც სულ უფრო „მრავალკულტურული” ხდება და გაითვალისწინონ, რომ სხვადასხვა ბავშვი ცოდნას სხვადასხვანაირად ითვისებს, მათი შესაძლებლობები განსხვავებულია. „ტრადიციული პედაგოგიური” მიდგომებით მიზანს ვერ მივაღწევთ; მიზნის მისაღწევად მასწავლებლებმა გამუდმებით უნდა ეძებონ ინოვაციები სასწავლო სფეროში, პედაგოგიურ მეცნიერებათა სიახლეები და აქტიურად გამოიყენონ ციფრული რესურსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

სახელმწიფოს, ქვეყნის ამოცანაა, მოსწავლეთა ეფექტური სწავლებისთვის მომზადდეს ყველა პედაგოგი და არა ზოგიერთი მათგანი. ამის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი უეფექტო აღმოჩნდა სკოლაში სწავლა/სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. ეს არც ყოფილა მოულოდნელი, ვინაიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარება უკანასკნელ წლებში სკოლის „გარეთ” აღმოჩნდა, მასწავლებლის „პირად” პრობლემად იქცა და არა სასკოლო საზოგადოების საერთო პრობლემად.

როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავს „ყველა” მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, ამისთვის აუცილებელია, გადაიხედოს მრავალი საკითხი: 

·იმ სტუდენტებისა თუ სხვა მსურველთა კონტინგენტის ოპტიმიზაცია, რომელთაგანაც ირჩევა პოტენციური მასწავლებლები; 

·კადრების შერჩევის სისტემის აგება და სკოლაში შტატების დაკომპლექტების მეთოდები; 

·როგორი უნდა იყოს განათლება, რომელსაც ახალბედა პედაგოგები მიიღებენ სამუშაოს დაწყებამდე;

·როგორ გავაცნოთ მათ მოვალეობები და შემდეგ ვაკონტროლოთ ამ მოვალეობათა შესრულება; 

·როგორ გავხადოთ ეფექტური კადრების გადამზადების, მერე კი მათი მხარდაჭერის სისტემა;

·როგორ ავანაზღაუროთ მათი შრომა; 

·როგორ დავეხმაროთ მასწავლებლებს, რომლებიც სირთულეთა წინაშე დგანან, კარგი შედეგების მქონე პედაგოგებს კი მივცეთ უფლებამოსილების გაფართოებისა და უფრო მაღალი პოზიციების დაკავების საშუალება.
მრავალ წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემაში პედაგოგებს ეკუთვნით მთავარი როლი არა მარტო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებაში, არამედ განათლების სისტემის მუშაობის შედეგების სრულყოფაშიც. ასეთ სისტემებში ზემოდან მართული რეფორმები კი არ აიძულებს მასწავლებელს მუშაობის მეთოდების შეცვლას, არამედ თვითონ მასწავლებლები ხელმძღვანელობენ რეფორმებს და როგორც სპეციალისტები, პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელიც OECD-ში შედის, პედაგოგთა უმრავლესობა კმაყოფილია თავისი მუშაობით და მიაჩნია, რომ წვლილი შეაქვს განათლების განვითარებაში. ისინი მნიშვნელოვან ინვესტიციას დებენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაში – ეს ეხება როგორც დახარჯულ დროს, ასევე ფინანსებსაც – და ვინც ამ გზით მიდის, შედეგად კლასში მუშაობისას იყენებს პედაგოგიური სტრატეგიების უფრო ფართო სპექტრს. სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი საქართველოსთვის, სადაც ვერაფრით ხერხდება განათლების სისტემის რეალური დეცენტრალიზაცია. შესაბამისად, მასწავლებელი ვერ გრძნობს თავს მიმდინარე რეფორმების თანამონაწილედ, აღიქვამს მათ თავს მოხვეულად და, შესაბამისად, განწყობა/მოტივაცია ცვლილებების წარმატებით განხორციელებისა არ გააჩნია.

მასწავლებლის პროფესიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო შეხვედრაზე დაისვა კითხვა, როგორ ავამაღლოთ მასწავლებელთა გადამზადებისა და სწავლა-სწავლების ხარისხი. შეიძლება გამოიყოს შეხვედრის ოთხი თემა. მონაცემებზე დაყრდნობით, მოცემულ მოხსენებაში ნაჩვენებია, როგორ გავხადოთ ეფექტური მასწავლებლებზე ორიენტირებული რეფორმა. მოყვანილია იმ რეფორმების მაგალითები, რომლებმაც დადებითი შედეგები გამოიღო, პერსპექტიულია ან წარმოაჩენს ცვლილებათა განხორციელების შემოქმედებით უნარებს. მოხსენებაში განიხილება შემდეგი საკითხები:
1. როგორ შედიან პედაგოგის პროფესიაში და რას ასწავლიან პირველ ეტაპზე

მალე მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც, წარმოიშობა პედაგოგების დეფიციტი, რადგან სპეციალისტების დიდი ნაწილი მიაღწევს საპენსიო ასაკს. საჭიროა შემუშავდეს გააზრებული სტრატეგიები და შეიქმნას მოტივაცია მასწავლებელთა რიგებში ახალი კადრების მოსაზიდად. ამ საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტი სამუშაოს ანაზღაურების მაღალი დონეა. მრავალ ქვეყანაში, სადაც მოახერხეს, მასწავლებლის პროფესია მიმზიდველი გაეხადათ, ამას არა მარტო ხელფასის გაზრდით, არამედ საზოგადოებაში მისი სტატუსის ამაღლებითაც მიაღწიეს, შესთავაზეს რა პედაგოგებს კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა და მათ როგორც პროფესიონალებს რეფორმების გატარება ანდეს. ამ შემთხვევაში პედაგოგს ისეთი განათლება სჭირდება, რომელიც საშუალებას მისცემს მას, განათლების სფეროში გახდეს ინოვატორი და მკვლევარი და არა მხოლოდ სასწავლო გეგმის შემსრულებელი.
2. როგორ დახმარებას და განვითარების შესაძლებლობას იღებს პედაგოგი სამუშაო ადგილზე

კვლევები გვიდასტურებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული დონე სხვადასხვა ქვეყანაში და ერთი ქვეყნის ფარგლებშიც კი ძალიან განსხვავდება. ლაპარაკია არა მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებელზე, არამედ პედაგოგიური მოღვაწეობის ბუნების გაგებაზე. ხშირად მასწავლებელთა პედაგოგიური განვითარება დაჰყავთ სხვადასხვა კურსების, ჩვენში კი – ტრენინგების, გავლამდე, მაშინ როცა მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ განვითარებისთვის ყველაზე სასარგებლოა კვალიფიკაციის ამაღლების გრძელვადიანი პროგრამები და ასევე – პროგრამები სწავლების ეფექტურობის ამაღლების საშუალებათა ჯგუფური განხილვების ჩათვლით. მასწავლებლები პროფესიული განვითარების ხარჯებს საკუთარ თავზე იღებენ: მან, ვინც კვალიფიკაციის ამაღლებაში მოახდინა ინვესტირება, როგორც წესი, სწავლებისგან მეტი სარგებელი მიიღო, ისევე როგორც მან, ვინც მონაწილეობდა საერთო საქმეში და კოლეგებთან ერთად მუშაობდა სწავლების არსებული მეთოდების სრულყოფისათვის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამუშაო ადგილზე მასწავლებლის დახმარებას ეხება – რამდენად შეიძლება ადაპტირებული იყოს დასაქმების პირობები და კარიერული ზრდის პერსპექტივები მათ მოთხოვნილებებსა და მიზნებთან.
3. როგორ ფასდება და ანაზღაურდება პედაგოგის შრომა

როდესაც შეფასება და უკუკავშირი გონივრულად ხორციელდება, მასწავლებლები მას მუშაობაში დახმარებად აფასებენ. შეფასებას შეუძლია, ხელი შეუწყოს პედაგოგების სრულყოფას და მათ მოზიდვას სკოლის მაჩვენებლების გაუმჯობესების საქმეში. დღესდღეობით მასწავლებლებს არ მიაჩნიათ, რომ სკოლების ხელმძღვანელები შეფასებას იყენებენ მათი წარმატების აღიარებისთვის, ეს კი ნიშნავს, რომ შეფასების საკვანძო კომპონენტია მათი სათანადო მომზადება, ვინც მას ატარებს. ამასთან დაკავშირებული კიდევ ერთი დელიკატური საკითხი მუშაობის მაჩვენებლებისა და ანაზღაურების შესაბამისობის კრიტერიუმთა დადგენაა. როგორი სისტემაც არ უნდა გამოიყენებოდეს, ის უნდა იყოს სამართლიანი, ეყრდნობოდეს საიმედო მონაცემებს და მისი გამოყენება უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ და პროფესიული ნორმების შესაბამისად.
4. მასწავლებლის დაინტერესება და ჩართვა რეფორმის პროცესში

კარდინალურმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს გაურკვევლობის ზრდა; ეს, თავის მხრივ, მიგვიყვანს დაინტერესებულ პირთა წინააღმდეგობამდე, მასწავლებლების აქტიური და მონდომებული მონაწილეობის გარეშე კი საგანმანათლებლო რეფორმა ჩავარდება. საქართველოს გამოცდილება სწორედ ამის ნათელი მაგალითია. რეფორმის წარმატების შანსი შეიძლება გაიზარდოს მასწავლებლების ეფექტური კონსულტირებით, დახმარებით, კომპრომისების პოვნით და, რაც მთავარია, პედაგოგთა ჩართვით რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. კონსულტირებიდან პრაქტიკული მოქმედების გზის გავლით რეფორმირების პროცესი ნელ-ნელა მიდის სკოლების რეალური ცვლილებისკენ. ამ პროცესებში გადამწყვეტია განათლების სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგების დანიშვნა, რაც, სამწუხაროდ, იშვიათია, განსაკუთრებით – საქართველოში. 
სასურველი არ არის ამ ოთხი თემის ცალ-ცალკე განხილვა. მათი ურთიერთდამოკიდებულება წარმოადგენს რეფორმის განხორციელების პროცესში ძირითადი პრობლემებისა და პოლიტიკის არსის გაგების საკვანძო საკითხს. მაგალითად, უმაღლეს სასწავლებლებში გამსვლელი ქულის მაღლა აწევა მიგვიყვანს პედაგოგიური კადრების დეფიციტამდე, თუ მათ ხელს არ შევუწყობთ შესაბამისი პირობებითა და ანაზღაურებით. ხელფასის მომატება და სამუშაო პირობების შეცვლა ვერ გამოიწვევს მასწავლებელთა მომზადების ხარისხის ავტომატურ ცვლილებას, თუ არ გამკაცრდა პროფესიაში შემოსვლის მოთხოვნები. პედაგოგიური მუშაობის შეფასების სისტემის გავლენა შეზღუდული იქნება, თუ შეფასების შედეგები დაიყვანება მხოლოდ ფულადი ანაზღაურების დადგენამდე და არ იქნება გათვალისწინებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის საშუალებები. თუ მასწავლებლები სათანადოდ არ იქნებიან მომზადებული, მათთვის დამოუკიდებლობის მიცემა შესაძლოა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.
სტატია მომზადდა „Building a high-quality teaching profession. Lessons from around the world”-ის მიხედვით
რედაქტირება გაუკეთა კახა ჟღენტმა
გამოყენებული ლიტერატურა:

1. Building a High-Quality Teaching Profession Lessons from around THe worLd – https://asiasociety.org/files/lwtw-teachersummit.pdf
1.https://www.oecd.org/education/school/programmeforinternationalstudentassessmentpisa/47506177.pdf
2.«Учитель как специалист высокой квалификации: построение профессии.Уроки со всего мира» – Вопросы образования.2011

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...