ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

დათო ტურაშვილი – ბავშვობას, უბრალოდ, ვერ ვშორდები

0

დათო ტურაშვილის პირველი რომანი 1988 წელს დაიბეჭდა. დღეს მწერლის ბიბლიოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მისი ყველაზე ცნობილი წიგნებია „კატმანდუ” (1998), „ცნობილი და უცნობი ამერიკა” (1993), მოთხრობების კრებული „მერანი”, „მოთხრობები”, „მარტოობის დღესასწაული”, „ჩემი ირლანდიელი პაპა”, „მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო”, „ტიბეტი არ არის შორს”, „ჩაძირული ქალაქის ღამე”, „ალტერნატივა”, „შავი კეტები”, „იყო და არა იყო რა”, „გურჯი-ხათუნი”, „ჯინსების თაობა”, „მეცამეტე”, „ამერიკული ზღაპრები”. დათო ტურაშვილის ნაწარმოებები დღეს მსოფლიოს შვიდ ენაზეა თარგმნილი.

„ერთხელ ერთმა უცნობმა მკითხველმა პირდაპირ ქუჩაში გამაჩერა და მთხოვა, დამეწერა ჩემი ძველი რომანის, „ჩაძირული ქალაქის ღამის”, გაგრძელება. თხოვნა შევასრულე და დავწერე ახალი წიგნი, რომელსაც „ამერიკული ზღაპრები” ჰქვია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ უცნობ მკითხველს, რომელმაც ბავშვობაში დამაბრუნა და ჩემს პირველ სიყვარულზე წიგნი დამაწერინა”, – ამბობს დათო ტურაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში, ჩვენთან საუბრისას კი დასძენს:

– ბავშვობას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ ვშორდები. დიდი ხანია ვფიქრობ რომანზე, რომლის დაწერაც ვერ მოვახერხე, მაგრამ რომელშიც ძალიან მინდა აღვწერო ბავშვობა და ჩემი მოწაფეობის პერიოდი, საიდანაც უამრავი ამბავი გამომყვა და დღემდე არ მასვენებს.

– დავით, როგორი მოსწავლე იყავით, რა მოგწონდათ და რას აპროტესტებდით ბავშვობაში?

– კარგი მოსწავლე ვიყავი. ვაპროტესტებდი ყველაფერს, რაც არ მომწონდა. ჩემი კლასელი იყო აკა მორჩილაძე და უკვე მეხუთე კლასში გამოვცემდით დამოუკიდებელ ხელნაწერ გაზეთს.

– წერა ბავშვობიდან დაიწყეთ?

– როგორც კი წიგნებისადმი განსაკუთრებული ლტოლვა ვიგრძენი, მწერლებისადმი ინტერესიც გამიჩნდა. მწერალი იმთავითვე ყველაზე დიდ და ყველაზე კეთილ ჯადოქრად მიმაჩნდა. თუმცა ცოცხალმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ ხელი რომ ჩამომართვა და გამიღიმა, უკვე თხუთმეტი წლისა გახლდით. იმ დროს უკვე ვწერდი. ჩემ გვერდით, იმავე მერხთან, სადაც მე ვიჯექი, ასევე ადრეული ასაკიდან წერდა თავის მოთხრობებს აკა მორჩილაძე.
ჯერ კიდევ მოწაფეები ვიყავით, როცა იმ დროს არსებული ორი თუ სამი ლიტერატურული ჟურნალიდან ერთ-ერთს მივადექით ჩვენი ნაწერებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხრობები მაშინ არ დაბეჭდეს. მერე, მახსოვს, გიო ახვლედიანმა იმ რედაქციაში დარეკა და ძალიან მწარედ ეხუმრა კიდეც მათ. ჩემი მოთხრობების პირველი ქება კი ბატონი რეზო ინანიშვილისგან მოვისმინე და მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი, როცა ასეთმა მწერალმა თვითონ დაგვირეკა შინ და დედაჩემს გახარებულმა უთხრა, ძალიან ნიჭიერი შვილი გყავთო. იმ ასაკში ნებისმიერისთვის დიდი სტიმული იქნებოდა ასეთი რამ და, ცხადია, ჩემთვისაც იყო. იმ პერიოდიდან კიდევ ის მახსოვს კარგად, როგორ ვიგრძენი ერთხელ, შუაღამისას, ჩვიდმეტი წლისამ (პირველი რომანის წერისას), რომ ყველა, ვინც იმ ღამით რამეს წერდა მთელ დედამიწაზე, ჩემი ახლობელი იყო. ახლაც ასე მგონია…

– საყვარელი მასწავლებელი თუ გყავდათ?

– სკოლაში ბევრი კარგი მასწავლებელი გვყოლია, მაგრამ ჩვენი კლასის დამრიგებელი ქეთინო ხაბულიანი ნამდვილი მოვლენა იყო. ჩემი აზრით, მასწავლებელი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც ძალიან უყვარს თავისი საქმე და არა ის, ვინც სხვა სამსახური ვერ იშოვა და ამიტომ სკოლაში დაიწყო მუშაობა. მე არასოდეს ვყოფილვარ სკოლის პედაგოგი, მაგრამ ერთხელ ჩემი მეუღლის ნაცვლად ჩავუტარე გაკვეთილი მესამეკლასელებს და მეათე წუთზე მივხვდი, რომ ამაზე რთული პროფესია არ არსებობს. მას შემდეგ დაჟინებით ვიმეორებ, რომ ყველაზე კარგი ანაზღაურება მასწავლებელს უნდა ჰქონდეს.

– თქვენს შემოქმედებაში თუ აისახა ეს თემა?

– ნაწილობრივ აისახა მოთხრობებში, ყველაზე მეტი ადგილი კი მას დაეთმობა ჩემს წიგნში „თექვსმეტ წლამდე აკრძალულია”.

– თქვენ ლონდონის და მადრიდის უნივერსიტეტებში სწავლობდით. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქართული, ინგლისური და ესპანური განათლების სისტემა, იქაური მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლისადმი დამოკიდებულება?

– ყველაზე თვალში საცემია განსხვავება სტუდენტებს შორის. საქართველოში უნივერსიტეტებისკენ დღემდე მიიწევენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც სწავლა არ უნდა, მაგრამ მიზეზთა გამო მაინც სურს სტუდენტობა. ევროპაში კი სტუდენტები მხოლოდ ისინი ხდებიან, ვისაც სურს და შეუძლია სწავლა და ეს დანამდვილებით იცის. საბედნიეროდ, საქართველოშიც არიან ახალგაზრდები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას და რატომ სწავლობენ.

– ვიცი, რომ ძალიან განიცდით ადამიანის წიგნთან დაშორებას. რატომ უნდა იკითხოს ადამიანმა წიგნი? რა უნდა გააკეთონ მშობელმა, მასწავლებელმა, რომ ბავშვი არ დაშორდეს წიგნს?

– არაფერი ისე არ ამდიდრებს ადამიანს გონებრივად და სულიერად, როგორც წიგნი. უწიგნურობა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არ არის სიახლე ჩვენთვის, რადგან საქართველოში ამ მხრივ საბჭოთა დროსაც მძიმე მდგომარეობა იყო, თუმცა მაშინ ამაზე არ ლაპარაკობდნენ, რადგან უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ნებისმიერ ქართველს ჰქონდა. მთავარი დიპლომი იყო და არა განათლება. არასაკმარისი წიგნიერებისა და არასაკმარისი განათლების შედეგებს კი ახლა ვიმკით. არადა, წიგნები მრავალათასიანი ტირაჟებით გამოიცემოდა და ხალხიც ყველაფერს ყიდულობდა. ჩემი საბჭოური ბავშვობიდან კარგად მახსოვს ოჯახებში წიგნებით გამოტენილი თაროებიც, საიდანაც მხოლოდ მაშინ ჩამოიღებდნენ ხოლმე წიგნს, როცა მტვერი უნდა გადაეწმინდათ. ამიტომაც მგონია, რომ მკითხველი კი არ შემცირდა საქართველოში (როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე), არამედ წიგნის მყიდველი. შეუძლებელია, ადამიანს კითხვა უყვარდეს და მერე გადაიყვაროს. წიგნი ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერია, გამოსწორებული ნარკომანი კი სულ ორი ვიცი მთელ საქართველოში.

– ახალგაზრდების წიგნისგან დაშორებას ხშირად კომპიუტერისადმი ზედმეტი მიჯაჭვულობით ხსნიან.

– კომპიუტერი არ არის წიგნის ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ის თანამედროვე ყოფის უკვე აუცილებელი ატრიბუტია. მეც ვარ ინტერნეტის მომხმარებელი და კარგა ხანია, აღარც ხელით ვწერ და აღარც საბეჭდ მანქანს ვიყენებ, მაგრამ ვერანაირი ტექნიკური პროგრესი ადამიანს წიგნს ვერ დაავიწყებს და ჩემი პატარა ლეპტოპიც სწორედ იმისთვის მჭირდება, რომ ბევრი წიგნის დაწერა მოვასწრო. ინტერნეტიზაცია და კომპიუტერიზაცია, რასაკვირველია, ძალიან ამარტივბს ინფორმაციის მიღებას, მაგრამ წიგნს, როგორც ადამიანის მთავარ გონებრივ და სულიერ საზრდოს, ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.

რამდენად დაფასებულია მწერალი?

– მწერლობა ყველგან რთულია, მათ შორის – საქართველოშიც, იმიტომ რომ წერა თავისთავად ტიტანური შრომაა. რაც შეეხება დაფასებას, ერთადერთი დამფასებელი და შემფასებელიც ჩემთვის მკითხველია და ამ მხრივ მე სასაყვედურო არ უნდა მქონდეს, რადგან ჩემმა წიგნებმა გაყიდვების თვალსაზრისით ყველა რეკორდი მოხსნა საქართველოში.

თავად თქვენი საყვარელი მწერალი ვინ არის?

– ბევრი საყვარელი მწერალი მყავს და ბევრ წიგნსაც ხშირად გადავიკითხავ ხოლმე. მაგრამ წიგნი, რომელიც, სადაც უნდა მივდიოდე, მუდამ თან დამაქვს, „ვეფხისტყაოსანია”. ეს არის 1966 წლის მომცრო ფორმატის გამოცემა, რომლისთვისაც ილუსტრაციები ლადო გუდიაშვილმა დახატა. ჯიბეშიც მეტევა და ძალიანაც მიყვარს. მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველებს ემიგრაციაში, როგორც ცნობილია, ქართული მიწა მიჰქონდათ, მე კი მიწის ნაცვლად „ვეფხისტყაოსანი” მიმაქვს და თვითმფრინავშიც მშვიდად ვარ – თვითმფრინავი რომც ჩამოვარდეს და ყველაფერი დაიბუგოს, ჩემს გვამს მაინც ამოიცნობენ, რადგან, მოგეხსენებათ, „ვეფხისტყაოსანი” არ იწვის – საუკუნეების განმავლობაში წვავდნენ, მაგრამ ვერაფერი დააკლეს.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

სასკოლო შფოთიანობა და მისი გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე

0
ემოციური მდგრადობადა სტაბილურობა ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელების უმნიშვნელოვანესწინაპირობას წარმოადგენს. ემოციურ წონასწორობასა და სულიერი კომფორტის განცდას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო პერიოდში. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოსწავლის ქცევითი და სასწავლო პრობლემების ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად მის ემოციურ ცხოვრებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებები იქცევა ხოლმე.
ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ბავშვის ემოციური არამდგრადობისა და არასტაბილურობის სხვადასხვა ფორმას გამოყოფენ. ბავშვის განცდები და შიშები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება, შეიძლება ძალიან ინტენსიური და მდგრადი გახდეს. ასეთ ემოციურ დარღვევებს სპეციალისტები სხვადასხვანაირად იხსენიებენ.
ტერმინი “სასკოლო ნევროზი” გამოიყენება მაშინ, როდესაც მოსწავლეს აღენიშნება “უმიზეზო” პირღებინება, ტემპერატურის მომატება, მუცლისა და თავის ტკივილები და, ამასთან, ეს ყველაფერი – დილაობით, როცა ბავშვის სკოლაში წასვლის დრო ახლოვდება. არდადეგების პერიოდში და უქმე დღეებში ეს სიმპტომები რატომღაც ქრება.
სასკოლო ფობია აღნიშნავს სკოლასთან დაკავშირებული შიშის უკიდურეს ფორმას. მას შესაძლოა არც კი ახლდეს სხეულებრივი სიმპტომები, მაგრამ სამედიცინო ჩარევის გარეშე მისგან გათავისუფლება ძნელია.
ემოციური არამდგრადობის შედარებით მსუბუქ ფორმას წარმოადგენს სასკოლო შფოთიანობა.
სასკოლო შფოთიანობა – ეს არის ემოციური არაკეთილდღეობისა და დისკომფორტის განცდა, რომელიც დაკავშირებულია რაღაც ცუდის, არასასიკეთოს მოლოდინთან, წარუმატებლობისა და ხიფათის წინათგრძნობასთან.
შფოთვა და მღელვარება ამა თუ იმ დოზით მუდამ თან სდევს ბავშვის სასწავლო საქმიანობას ნებისმიერ, თვით საუკეთესო სკოლაშიც კი. უფრო მეტიც – ადამიანის აქტიური შემეცნებითი საქმიანობა ყოველთვის ერთგვარი მღელვარებისა და შფოთვის ფონზე მიმდინარეობს, რაც ბუნებრივია. ბავშვში შფოთვის, მღელვარების სრული არარსებობა სიგნალი უნდა იყოს პედაგოგებისა და მშობლებისთვის. სასწავლო საქმიანობაში ყოველგვარ შფოთვას და მღელვარებას მოკლებულნი არიან უზრუნველი, დაუდევარი და ინფანტილური ბავშვები, რომლებსაც სასწავლო მოტივაცია არ გააჩნიათ.
შფოთვა სასწავლო პროცესში წარმატების აუცილებელ პირობასაც კი წარმოადგენს. თუმცა, არცთუ იშვიათად, საქმე გვაქვს შფოთვის დესტრუქციულ გამოვლენასთან. ეს მაშინ, როცა შფოთვა დეზორგანიზებას უწევს ბავშვის საქმიანობას და სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის მას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ამ დროს ბავშვს ცუდის, არასასიკეთოს მოლოდინი უჩნდება. შფოთიანი ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან წარუმატებლობის მიმართ და მწვავედ რეაგირებენ მასზე. ავადმყოფურად ეშინიათ მარცხის და ხშირად უარს ამბობენ იმ დავალებებზე, რომელთა შესრულებისას სირთულეებს განიცდიან – ამით ისინი მარცხის თავიდან აცილებას ცდილობენ.
სასკოლო შფოთიანობის უარყოფითი შედეგები ხშირად იმითაც ვლინდება, რომ ინტელექტუალურ განვითარებაზე ზემოქმედებით არასასურველ გავლენას ახდენს დივერგენტულ (კრეატიულ, შემოქმედებით) აზროვნებაზე, რომლისთვისაც აუცილებელია ისეთი პიროვნული თვისებები, როგორებიცაა გამბედაობა, სითამამე, შიშის უქონლობა სიახლეებთან შეხვედრისას.
შფოთიან ბავშვებს აქვთ მავნე, ნევროზული ხასიათის ჩვევებისადმი (ფრჩხილების კვნეტა, თითის წოვა, თმების წიწკვნა-ამოგლეჯა, ონანიზმი) მიდრეკილება. საკუთარი სხეულით მანიპულირება ამცირებს ასეთი ბავშვების ემოციურ დაძაბულობას და ამშვიდებს მათ.
მართალია, სასკოლო შფოთიანობა ემოციური არამდგრადობის შედარებით მსუბუქი ფორმაა, მაგრამ ის შეიძლება გადაიზარდოს უფრო რთულ ფორმებში და ნევროზის ერთ-ერთ წინაპირობადაც იქცეს. ამდენად, აუცილებელია მუშაობა მის დასაძლევად.
საკორექციო მუშაობის წარმატებით ჩასატარებლად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს შფოთიანობის მიზეზი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

სასკოლო შფოთიანობის მიზეზებია:
ბავშვის თანდაყოლილი, ნერვულ-ფსიქიკური ორგანიზაციის ბუნება;

მშობლების გადაჭარბებული მოთხოვნები და ზედმეტი სიმკაცრე (“ყველაფერი უნდა გაკეთდეს საუკეთესოდ”; “კარგად სწავლა მხოლოდ უმაღლესი ქულების მიღებას ნიშნავს”);

სწავლების სისტემისა და მასწავლებლის დამოკიდებულების თავისებურებანი;

მუდმივი სტრესი და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებიდან მიღებული ნეგატიური ინფორმაციის ნაკადის უარყოფითი ზემოქმედება ბავშვის ფსიქიკაზე;

მშობლების ჰიპერმზრუნველობა, ზედმეტი მღელვარება და შიში, რაიმე არ დაემართოს მათ შვილს;

სკოლის ხშირი ცვლა და ახალ პირობებსა და თანაკლასელებთან გართულებული სოციალური ადაპტაცია.

სოციალური დამოკიდებულებების ცვლილება ბავშვისთვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს;

სასკოლო ცხოვრების დასაწყისში სკოლაში სწავლისთვის მზაობის არასათანადო დონე;

სწავლისთვის საჭირო ინტელექტუალური ბაზის დეფიციტი;

ოჯახური პრობლემები;

აღზრდის მოუქნელი, დოგმატური სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს, უნარებსა და მიდრეკილებებს;

ბავშვის იძულებითი, ძალდატანებითი მონაწილეობა ისეთ საქმეებში, რომლებიც არ აინტერესებს;
ორიენტაცია ნიშანზე და არა შემეცნების პროცესზე;

ოჯახისადა სკოლის მიერ ბავშვის მიმართ წაყენებული მოთხოვნების წინაღმდეგობრივი ხასიათი და შეუთავსებლობა;

წინააღმდეგობა მშობლების პრეტენზიების მაღალ დონესა და ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს შორის;

პატივისცემის, ყურადღების, აღიარებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა;

მუდმივი ცვლილებები გარე სამყაროში, ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა;

აღზრდის ავტორიტარული სტილი, მოთხოვნებისა და შეფასებების არათანამიმდევრულობა;

დიდი მოცულობის დავალებები და ბავშვის შიში, რომ თავს ვერ გაართმევს მათ;

დროის მცირე მონაკვეთში განმეორებადი შეფასებით-საგამოცდო სიტუაციები.
ევროპული სკოლის IV-IX კლასებში ბავშვთა ემოციური მდგომარეობის შესასწავლად ფსიქოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევაში 216-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კვლევა ტარდებოდა ფილიპსის სასკოლო შფოთიანობის კითხვარით, რომელიც სტანდარტიზებულ ფსიქოდიაგნოსტიკურ მეთოდიკას წარმოადგენს და საშუალებას იძლევა, შევაფასოთ სასკოლო შფოთიანობის არა მხოლოდ დონე, არამედ სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული შფოთვის განცდების თავისებურებანი, გამოვყოთ ფაქტორები, რომლებიც დომინანტურ როლს ასრულებს ბავშვში ემოციური არამდგრადობის აღმოცენებაში.

სასკოლო შფოთიანობის ძირითადი ფაქტორების შინაარსობრივი დახასიათება:
ზოგადი შფოთიანობა სკოლაში – ბავშვის ზოგადი ემოციური მდგომარეობა, დაკავშირებული სკოლის ცხოვრებაში მისი ჩართულობის სხვადასხვა ფორმასთან;

სოციალური სტრესის განცდა – ბავშვის ემოციური მდგომარეობა, რომლის ფონზეც ვითარდება მისი სოციალური კონტაქტები (პირველ რიგში, თანატოლებთან);

წარმატების მოთხოვნილების ფრუსტრაცია – არახელსაყრელი ფსიქიკური ფონი, რომელიც საშუალებას არ აძლევს ბავშვს, დაიკმაყოფილოს წარმატების მოთხოვნილება მაღალი შედეგების მიღწევით და ა.შ.

თვითგამოხატვის შიში – უარყოფითი ემოციური განცდები ისეთ სიტუაციებში, სადაც საჭიროა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა;

ცოდნის შემოწმების შიში – ნეგატიური დამოკიდებულება და შიშის განცდა სიტუაციებში, სადაც მოწმდება ბავშვის ცოდნა, მიღწევები, შესაძლებლობები (განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საჯაროდ ხდება);

შიში, რომ ვერ გაამართლებს გარშემო მყოფთა მოლოდინს, ორიენტაცია სხვათა შეხედულებებსა და აზრებზე საკუთარი შედეგების, ქცევებისა და აზრების შეფასების დროს, შფოთვა იმ შეფასებების გამო, რომელსაც სხვებისგან იღებს, რადგანაც მუდმივად უარყოფითი შეფასების მოლოდინშია;

დაბალი ფიზიოლოგიური მდგრადობა სტრესის მიმართ – ფსიქოფიზიოლოგიური ორგანიზაციის თავისებურება, რომელიც ხელს უშლის ბავშვს, შეეგუოს სტრესოგენული ხასიათის სიტუაციებს და ზრდის არაადეკვატური, დესტრუქციული რეაგირების ალბათობას შფოთვის შემცველ გარემო ფაქტორებზე;

მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები – სკოლაში უფროსებთან ურთიერთობისას საერთო ნეგატიური ფონის არსებობა, რაც აქვეითებს მოსწავლის აკადემიურ წარმატებას.

კვლევის შედეგად მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე დადგინდა როგორც ცალკეული მოსწავლეების შფოთიანობის დონე, ასევე კლასების მიხედვით მოსწავლეთა ჯგუფებში არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება სკოლის საერთო მაჩვენებელს, ის ქვემოთ დიაგრამის სახით არის წარმოდგენილი:

დიაგრამა

გამოკვლევაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა

სულ 216 მოსწავლე (120 ბიჭი და 96 გოგო)

როგორც დიაგრამიდან ჩანს, რვა ფაქტორიდან არც ერთის მიხედვით არ აჭარბებს სასკოლო შფოთიანობის მაღალი და მომატებული დონე ნორმალურს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სასკოლო შფოთიანობის მაღალი დონის მქონე თუნდაც ერთმა ბავშვმა შეიძლება საგრძნობლად შეცვალოს ფსიქოლოგიური კლიმატი კლასში და სასწავლო-საგაკვეთილო პროცესს სერიოზული პრობლემებიც კი შეუქმნას, აუცილებლად მიგვაჩნია ყურადღების გამახვილება იმ ფაქტორებზე, რომლებიც დომინანტურ როლს ასრულებს ცალკეულ მოსწავლეებში შფოთიანობის დონის მომატებაში. როგორც გამოკვლევის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, ჩვენს მოსწავლეებში შფოთიანობის გამომწვევ ფაქტორებს შორის დომინანტურია: მეოთხე (ცოდნის შემოწმების სიტუაციის შიში), მეხუთე (თვითგამოხატვის შიში) და მერვე (მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები) ფაქტორი (იხ. დიაგრამა).
ცოდნის შემოწმების სიტუაციის შიში – ის მოსწავლეებს, რომელთა შფოთიანობასაც აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს (მომატებული დონე – 26%-თან, მაღალი დონე – 11%-თან), მიაჩნიათ, რომ მასწავლებლები მათ ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, რის შედეგადაც შესაძლოა უარყოფითად შეაფასონ ისინი. ნეგატიური შეფასებები კი, თავის მხრივ, ძალიან მტკივნეულია მოზარდებისთვის და საფრთხეს უქმნის მათ მდგომარეობას თანატოლთა შორის, მათ თვითშეფასებას. ამასთან ერთად, ამ მოსწავლეებს იმდენად აკლიათ საკუთარი თავის, საკუთარი ცოდნისა და ძალების რწმენა, რომ მხოლოდ მოლოდინიც კი ცოდნის შეფასებისა მათში მღელვარებას და შფოთვას იწვევს. მასწავლებელთან ურთიერთობა ასეთი ბავშვებისათვის მხოლოდ ნეგატიური ემოციებით არის დატვირთული.
თვითგამოხატვის შიში – კვლევის შედეგებში ეს ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი (მომატებული დონე აღირიცხა გამოკითხული მოსწავლეების 26%-თან, მაღალი დონე – 10%-თან). ის ბავშვები, რომელთათვისაც შფოთიანობის მიზეზი თვითგამოხატვის შიშია, უარყოფით ემოციებს განიცდიან ისეთ სიტუაციებში, სადაც თავი სხვებს უნდა წარუდგინონ. ეს, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ ისინი საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ საკუთარ თავს, მაგრამ იმავდროულად უკიდურესად ეგოცენტრულები არიან და თავი “სამყაროს ცენტრად” მიაჩნიათ. თვითაღქმის ეს წინააღმდეგობრიობა საშუალებას არ აძლევს მათ, ადეკვატურად შეაფასონ საკუთარი თავი და სათანადოდ წარდგნენ გარშემო მყოფთა წინაშე. მეორე მხრივ, ამ ასაკში ბავშვი ხშირად განიცდის ისეთ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც არ ესმის და რცხვენია, ამიტომ უჩნდება მისწრაფება, ჩაიკეტოს, დაუმალოს თავისი შინაგანი სამყარო გარშემო მყოფებს.
მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები – გამოკვლევაში მონაწილე მოსწავლეთა 4%-თან სასკოლო შფოთიანობის დონეს მაღლა სწევს მასწავლებლებთან ურთიერთობა – მათ მიერ ბავშვის ცოდნის შემოწმება, კომენტარები და ქულებით გამოხატული შეფასებები. როგორც დიაგრამიდან ჩანს, მომატებული დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36% – სწორედ აღნიშნულ ფაქტორთან ფიქსირდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა და მისი შეფასებების მოსმენა ბავშვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულ ურთიერთობაში არსებული პრობლემები საკმაოდ მაღლა სწევს სასკოლო შფოთიანობის დონეს. კვლევაში მონაწილე მოსწავლეების 60%-ს მასწავლებლებთან ურთიერთობაში არავითარი განსაკუთრებული პრობლემა და შიში არ აქვს, მათთვის ეს ურთიერთობა საკმაოდ იოლად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.
გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ საკორექციო პროგრამა ცალკეულ ბავშვებთან შფოთიანობის დონის შესამცირებლად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ საკორექციო მუშაობას თან უნდა ახლდეს სერიოზული ცვლილებები ბავშვის პედაგოგებთან, მშობლებსა და თანატოლებთან ურთიერთობაში. ამ მიზნით მომზადდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება პედაგოგებისა და მშობლების მიერ საგრძნობლად შეამცირებს შფოთიანობის დონეს ცალკეულ ბავშვებში. ამასთან, აღნიშნული რეკომენდაციების გამოყენება მუშაობის პროცესში პროფილაქტიკის კუთხითაც დიდ დახმარებას გაგვიწევს.
რეკომენდაციები სასკოლო შფოთიანობის შესამცირებლად
მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ის უნდა გრძნობდეს, რომ მას იღებენ და აფასებენ იმისგან დამოუკიდებლად, როგორ იქცევა და როგორ სწავლობს. ბავშვის უპირობო მიღება შფოთიანობის შემცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

შევუქმნათ ბავშვს სათანადო პირობები და დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში, გავუჩინოთ წარმატებულობის განცდა.

მოვერიდოთ ბავშვის სასწავლო შედეგების შედარებას წარმატებულ თანაკლასელთა მიღწევებთან. თითოეული მოსწავლის სასწავლო შედეგები უნდა შევადაროთ მხოლოდ მის ადრინდელ შედეგებს და შევაქოთ იმის გამო, რომ ადრინდელთან შედარებით უკეთესად შეასრულა სამუშაო.

ნამუშევრების შეფასების დროს, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც კარგად არის გაკეთებული, მერე კი გამოვთქვათ კონკრეტული მითითებები იმის თაობაზე, რა არის გასაუმჯობესებელი. მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ მოსწავლეების ძლიერ მხარეებს.

ნუ დავუშვებთ, რომ ბავშვი საკუთარ წარუმატებლობაში ჩაიკეტოს. მას აუცილებლად სჭირდება ისეთი არასასწავლო საქმიანობა, რომელშიც თვითდამკვიდრებას შეძლებს, ეს კი მოგვიანებით მის სასკოლო საქმიანობაზეც პოვებს ასახვას. რაც უფრო მეტად არის მიჯაჭვული ბავშვი სკოლას, მით უფრო მეტად უჭირს სასკოლო წარმატებების მიღწევა.

ძალიან მნიშვნელოვანია, დავანახოთ და ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ ჩვენთვის მისი მიღწევები და წარმატებები საკმაოდ მაღალი ღირებულების მატარებელია.

ბავშვს, რომელიც გამუდმებით განიცდის მარცხს, უბრალოდ ხშირი შექება და ნაკლები საყვედური კი არ სჭირდება, არამედ შექება სწორედ მაშინ, როცა რაღაცას გააკეთებს (და არა მაშინ, როცა პასიურად ზის და ხელს არავის უშლის).

ხანდახან უმჯობესია, თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ ბავშვს დავალებები სრულყოფილად არ აქვს შესრულებული, თუ ვიცით, რომ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უკეთესად შესრულება არ შეეძლო.

მოვერიდოთ მოსწავლის მუშაობის ტემპის, პიროვნული თვისებების, მეხსიერების, ყურადღების, აღქმის თავისებურებების, მოქმედების ტემპის შეფასებას.

ვერიდოთ შფოთიანი ბავშვების გამოკითხვას გაკვეთილის დასაწყისში ან გაკვეთილის ბოლოს.

არა უფრო მეტი, არამედ უფრო ეფექტიანად. დამატებითი დავალებების რაოდენობა ვერ გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუკი არ დავუკვირდებით, რა უჭირს თითოეულ ბავშვს და არ მივცემთ მას ისეთ დავალებებს, რომლებიც ეფექტიანად დაეხმარება მას ამ სირთულეთა დაძლევაში.

ნუ დავაჩქარებთ ასეთ ბავშვებს დავალების შესრულების დროს. დაჩქარების გარეშე შესრულებული დავალება, განურჩევლად იმისა, გამოუვა თუ არა, მას შფოთიანობისთვის თავის გართმევაში დაეხმარება.

მკაცრად ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები შფოთიან ბავშვებთან ურთიერთობისას, ვინაიდან ბავშვის შფოთიანობა ბევრად არის დამოკიდებული გარშემო მყოფი ადამიანების შფოთიანობის დონეზე.

დავეხმაროთ შფოთიან ბავშვს, გადალახოს დაურწმუნებლობა საკუთარ თავში. ამ კუთხით კარგ სამსახურს გაგვიწევს გულწრფელი შექება. ამასთან, ბავშვმა უნდა იცოდეს, რისთვის შეაქეს. სურვილის შემთხვევაში შექების მიზეზი ყველაზე სუსტ მოსწავლესთანაც კი შეიძლება მოიძებნოს.

დავეხმაროთ ბავშვს, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ჯგუფში.

განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ სკოლაში ახალგადმოსულ ბავშვებს, რათა უცხოდ არ იგრძნონ თავი და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ამ კუთხით კარგი იქნება, თუ სასწავლო წლის დასაწყისშივე ამ ბავშვების თანატოლებისთვის წარდგენის რაიმე განსაკუთრებულ ფორმას გამოვიყენებთ.

სასურველია შევამციროთ ნიშნის (და არა ცოდნის) ღირებულება ბავშვის თვალში.

მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ ბავშვის თუნდაც სულ მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წარმატება.
P. S. სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ისეთი ფსიქოლოგიური პირობების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის სრულფასოვან ფსიქიკურ და პიროვნულ გავითარებას. პიროვნების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ანუ სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. თუ ადამიანი დისკომფორტს განიცდის, პირველ რიგში, ფრუსტრაცია ემუქრება ემოციურ სფეროს, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება შფოთიანობა როგორც საპასუხო რეაქცია სტრესულ სიტუაციაზე.
სკოლა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება. მრავალი მისი ძირითადი თვისება და პიროვნული მახასიათებელი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება ისინი, ბევრად არის დამოკიდებული მთელი მისი შემდგომი განვითარება. სწორედ ამიტომ პიროვნების ფორმირება სკოლისთვის პრიორიტეტად უნდა იქცეს და სასწავლო პროცესიც ისე დაიგეგმოს, რომ პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში სერიოზულმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი. ამისთვის გასაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ურთიერთობებს. როგორც ერთმა მოსწავლემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის სწავლა პირველადი არ არის და ვერც იქნება; მოზარდებისთვის პირველადი ურთიერთობებია. გასულ წლებში ევროპულ სკოლაში სასკოლო მოტივაციის კვლევამ გვიჩვენა, რომ სასწავლო მოტივებს შორის დომინანტურია აღიარების, პატივისცემის, ყურადღების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. იმისთვის, რომ ბავშვმა სწავლაზე იფიქროს და კარგადაც ისწავლოს, უპირველეს ყოვლისა, ეს მოთხოვნილებები უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული. შემთხვევითი არ არის, რომ ამჯერად ჩატარებული კვლევის მიხედვითაც სასკოლო შფოთიანობის ყველაზე მაღალი დონე ურთიერთობის პრობლემებს უკავშირდება. ამდენად, აღნიშნული პრობლემების მოგვარება სასწავლო მოტივაციასაც გააძლიერებს და სწავლების ხარისხსაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს.

მეგობრობის ტექნოლოგია

0
ამას წინათ ეზოში ორი ექვსი წლის გოგონას საუბარს შევესწარი: ერთმანეთს პირობა მისცეს, სახლში შესვლისთანავე ხმამაღლა დაეყვირათ ერთმანეთის სახელი, რაც სიყვარულისა და ორმხრივი მეგობრობის ნიშანი იქნებოდა. ეჭვგარეშეა, მეგობრული ურთიერთობა ბავშვებისთვის ასეთ მცირე ასაკშიც ძალზე მნიშვნელოვანია.
მეგობრობა თბილ, სასიამოვნო განცდებს ბადებს. ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ბავშვობისდროინდელი ურთიერთობით გამოწვეული ეს განცდები ქმნის ერთგვარ იმუნიტეტს, რომელიც ზრდასრულ ასაკშიც გვეხმარება სტრესის დაძლევაში, ხოლო ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში მეგობრები არ ჰყოლიათ, ზრდასრულ ასაკშიც მარტოსულებად რჩებიან და თავს არ ანებებთ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილების განცდა.

ბავშვმა მეგობრები რომ შეიძინოს, აუცილებელია, თანატოლებთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

მეგობრის ყოლის სურვილი ბავშვს პირველად 5 წლის ასაკში უჩნდება, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეს მისთვის 7-8 წლიდან იძენს. ხშირად მეგობრები უფრო ობიექტურად აფასებენ ბავშვის უნარებსა თუ შესაძლებლობებს, ვიდრე მშობლები და მასწავლებლები. უმცროს სასკოლო ასაკში მეგობარი ერთგვარი “სარკეა”, რომელიც ბავშვს პასუხს სცემს კითხვებზე: “როგორი ვარ მე? რა შემიძლია? რა გამომდის ყველაზე უკეთ?”

ზოგიერთი უფროსი, რომელსაც აწუხებს, რომ მის შვილს არ ჰყავს მეგობრები, თავად იწყებს პატარების ურთიერთობაში ჩარევას. ეს შეცდომაა – ბავშვების მეგობრობა მათსავე დადგენილ წესებს, მათ მიერვე შემუშავებულ “მეგობრობის კოდექსს” ემყარება. უფროსებს შეგვიძლია გავლენის მოხდენა, მაგრამ ირიბად; პატარები ხომ ჩვენ გვბაძავენ, ამიტომ, თუ ვაჩვენებთ მათ მეგობრობის მაგალითს (იმით, როგორ ვურთიერთობთ მეგობრებთან,კოლეგებთან), პატარას გაუადვილდება იმავე მოდელის გადატანა საკუთარი ურთიერთობების სფეროში. ბავშვი, უწინარეს ყოვლისა, ოჯახურ გარემოში სწავლობს კონფლიქტის მოგვარებას, მოლაპარაკებას, კომპრომისზე წასვლას. ყველა ეს უნარი მეგობრებთან ურთიერთობისას ვითარდება და ასაკთან ერთად უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს საქმიან თუ პირად ცხოვრებაში.

მეგობრობა მრავალ უნარსა და ჩვევას მოიცავს, რომელთა მიზანმიმართული განვითარება შესაძლებელია. მათ მიეკუთვნება გაცნობის, საუბრის დაწყებისა და დასრულების, დახმარების თხოვნის, დათმობისა თუ გაზიარების, ზრუნვის, მადლიერებისგამოხატვისა და სხვისგან მისი მიღების და, თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო დარჩენის უნარიც კი, რათა ბავშვი მუდამ სხვაზე დამოკიდებულებას არ გრძნობდეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასიამოვნო განცდებთან ერთად მეგობრობას თან ახლავს კონფლიქტებიც, გამოწვეული უკმაყოფილებით, იმედგაცრუებით, ეჭვიანობით. როგორც არ უნდა ვეცადოთ უფროსები, პატარებს უსიამოვნო განცდები თავიდან ავაცილოთ, ვერ უარვყოფთ, რომ სოციალურ-პიროვნულ განვითარებაში ბავშვს ამგვარი გამოცდილებაც ეხმარება.

ხშირად ჩნდება კითხვა, ჩავერიოთ თუ არა ბავშვის ურთიერთობათა სფეროში, როცა მისი მეგობრები არ მოგვწონს.

ბავშვი, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანი, მეგობრებს განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ირჩევს – ის მისი თანასწორი უნდა იყოს და მის ინტერესებს იზიარებდეს. უფროსები კი ზოგჯერ სულსწრაფობას ვიჩენთ – ვერ ვითმენთ, სანამ ბავშვი თვითონ მოაგვარებს საკუთარ პრობლემებს. გირჩევთ, შვილთან ისეთი ურთიერთობა დაამყაროთ, რომ მას ნებისმიერ საკითხზე შეეძლოს თქვენთან საუბარიდა რჩევის თხოვნა.


რით დავეხმაროთ?

ფსიქოლოგი სინტია ერდლი (Cynthia Erdley) მიიჩნევს, რომ უფროსებს საკუთარი გამოცდილება ან გვეხმარება, ან ხელს გვიშლის ბავშვების დახმარებაში. უფროსები, რომლებიც პატარაობისას თვითონ იყვნენ მორცხვები, ბავშვის ურთიერთობათა სფეროში უფრო აქტიურად ერევიან, ქმნიან იმგვარ სიტუაციებს, სადაც მათ შვილს ახალი მეგობრების შეძენა შეეძლება. მას კი, ვისაც თავად არ ჰქონია ურთიერთობების პრობლემა, მიაჩნია, რომ მეგობრების შეძენა და შენარჩუნება იოლია და ეს არც მის შვილს უნდა გაუჭირდეს.

არსებობენ ბავშვები, რომელთაც უჭირთ დამეგობრება და მერე ამ ურთიერთობის შენარჩუნება. მათ არ ესმით მეგობრობის ელემენტარული წესები, ამიტომ დახმარება სჭირდებათ.

როგორ დავეხმაროთ?


მორცხვი

თუ ბავშვი მორიდებულია, დამეგობრებაში დაეხმარეთ: თავი მოუყარეთ მასა და მის თანატოლებს, შესთავაზეთ აქტივობა,რომელიც ინტერესთა სფეროს გამოვლენას ემსახურება, მერე კი ამ ინტერესების გათვალისწინებით რაიმედავალების ჯგუფურად შესრულება დაავალეთ.მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობაუფრო იოლია. შექმენით სიტუაციები, სადაც ბავშვს იმ უნარების გამოვლენა დასჭირდება, რომლებსაც კარგად ფლობს. საუბრისას ხშირად ჰკითხეთ აზრი. შესთავაზეთ ამა თუ იმ სიტუაციაში ქცევის მზა მოდელი. არავითარ შემთხვევაში არ მიაკეროთ იარლიყი (“ისეთი მორცხვია, გვერდიდან არ მშორდება”) – მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვზე და ეს როლი გაუმყაროს: “როგორ ვეთამაშო ბავშვებს, მე ხომ მორცხვი ვარ!”


აგრესიული

თუ ბავშვი ხშირად ჩხუბობს, თანაც ერთსა და ორს კი არა, თითქმის ყველა მეგობარს ეჩხუბება, დააკვირდით, ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით ხომ არ ვითარდება კონფლიქტი. მაგალითად, ბავშვი მეგობარს მხოლოდ მაშინ უწყრება, როდესაც ის დახმარებას სთხოვს. ესაუბრეთ მას იმის თაობაზე, როგორ სურდა ურთიერთობის გაგრძელება, როგორ შეიძლება ამის სხვაგვარად მიღწევა. წაახალისეთ, როდესაც სირთულეს მშვიდად მოაგვარებს და აუცილებლად აუხსენით, რა მოსდევს ჩხუბს, სიფიცხეს – სხეულის დაშავება, მეგობრის დაკარგვა…


თავის მომაბეზრებელი

თუ ბავშვი თავის ნივთებს გამუდმებით სჩუქნის სხვას, რათა “მეგობრობა იყიდოს” ან მეტისმეტად ბევრ ყურადღებას ითხოვს მეგობრებისგან, ესე იგი მას დაბალი თვითშეფასება აქვს. შეეცადეთ მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის, ხაზი გაუსვათ მის ძლიერ მხარეებს, გამოიკვლიოთ მისი ინტერესები და ინტერესთა სფეროს გაღრმავებაში დაეხმაროთ.


ძუნწი

ნუ დააძალებთ, ათხოვოს სხვას სათამაშო, როდესაც თავად არ სურს ეს. ზოგჯერ უფროსებს ისე გვინდა ბავშვის ხელგაშლილობის დემონსტრაცია, რომ ვაიძულებთ, დათმოს მისთვის ყველაზე ფასეული ნივთი. ბავშვისთვისკი ნივთებიხშირად მე-კონცეფციის ნაწილია;ის მათ საკუთარ ნაწილად აღიქვამს – ამიტომაც უჭირს მათთან შელევა. თუ გვსურს, ბავშვს გაზიარება ვასწავლოთ, სასურველიაშევქმნათ იმგვარი სიტუაცია, სადაც ბავშვები გარკვეული მიზნის გარშემო გაერთიანდებიან.მაგალითად, უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ თამაში “მსგავსი ხელთათმანი”: წყვილებსდავურიგოთ ხელთათმანის კონტურებიდა ერთნაირიხელთათმანებისშექმნადავავალოთ.მათ მოუწევთ, შეთანხმდნენ ორნამენტის,ფერების თაობაზე… მუშაობისასთავისთავად გაუზიარებენ ერთმანეთს ფანქრებსა და ფლომასტერებს, რომ გამოყენებული ფერები სხვადასხვანაირიარ აღმოჩნდეს…


მიუხედავად იმისა, რომ პრობლემას სხვადასხვა მიზეზი აქვს, უფროსებს დახმარება შეგვიძლია. პირველ რიგში, თავად უნდა ვუჩვენოთ ბავშვებს მეგობრობისა და თანამშრომლობის მაგალითი; ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვს შინ თუ სკოლაში ჰქონდეს ინტერაქციული სამაგიდო სათამაშოები, რომლებითაც რამდენიმე ადამიანთან ერთად შეეძლება თამაში; ვასწავლოთ დადებითი ემოციების გამოხატვა, სხვისი შექება: “რა კარგად ხატავ!”, “რა საინტერესო ამბავს მომიყევი!” დავაკვირდეთ სხვებთან მის ურთიერთობას – უჭირს თუ არა, რა უნარის განვითარება სჭირდება, რათა უკეთ შეძლოს კომუნიკაცია, რა გზით არის შესაძლებელი ამ უნარის განვითარება… რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ბავშვთან იმგვარი ურთიერთობა, რომ მას შეეძლოს ჩვენთვის ნებისმიერი პრობლემის გაზიარებადა დახმარებისთხოვნა.

თეორიები სწავლის სტილის შესახებ

0
სწავლობენ თუ არა ადამიანები განსხვავებულად? სწავლობს თუ არა უკეთ ბავშვი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ცოდნა რომელიმე კონკრეტული სტიმულის საშუალებით მიეწოდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ. გაგაცნობთ იმ თეორიებს, რომლებიც სწავლის სტილის შესახებ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მეტ-ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.
რას გულისხმობს სწავლის სტილი?
სწავლის სტილი კოგნიტური და ქცევითი სქემაა, რომელიც მეორდება სხვადასხვა დავალებაზე მუშაობისას სხვადასხვა დროში. სწავლის სტილი ეფუძნება თითოეული ინდივიდის აღქმის სხვადასხვაგვარობას. ამ განსხვავებულობის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვითი ასოციაციების სავარჯიშო. მაგალითად, რა მოგდით აზრად პირველ რიგში, როდესაც მოისმენთ სიტყვას „სკამი”? ეს შეიძლება იყოს დასაჯდომი საშუალება, ავეჯი, რომელიმე კონკრეტული სკამი და ა.შ. განსხვავებული ინტერპრეტაციის ეს მარტივი მაგალითი ნათელს ხდის, თუ რატომ აფასებენ და ესმით ადამიანებს კომპლექსური სიტუაციები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად. კლასში ხშირად ბავშვებს მასწავლებლის სხვადასხვა მითითება „ესმით”. მასწავლებელი ტრენინგ-სესიის ბოლოს, იმ დღეს გავლილი თემების ნაწილს ადვილად გაიხსენებს, ნაწილს კი-ვერა. ეს მაგალითები აღწერს აღქმისა, ინფორმაციის გააზრებისა და დახსომების სპეციფიურობას ყველაზე იდეალურ სიტუაციაშიც კი, სადაც ცოდნის თუ ინფორმაციის მიმღები სწავლაზე კონცენტრირებულია. უმცროსი ასაკიდანვე ბავშვებს ეს განსხვავებულობა სასწავლო სიტუაციაშიც გადააქვთ. სწავლის განსხვავებული სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვასწავლის ჩვენთვის „საუკეთესო” გზებს სწავლისათვის წარმატებით თავის გასართმევად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია და წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ თვისებებს. ზოგიერთი სტილის სფეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ დავალებებზე მუშაობა მოსწავლისთვის უფრო მარტივი ან უფრო რთული აღმოჩნდეს; როდესაც მოსწავლე მისი სტილის ძლიერ მხარეებს იყენებს, ის უფრო ეფექტურად ეუფლება ცოდნას თუ უნარებს.

თანამედროვე თეორიები

1960-იანი წლებიდან მეცნიერები აქტიურად იწყებენ სწავლასა და ინდივიდუალიზმთან დაკავშირებულ კვლევებს და ნელ-ნელა მკვიდრდება ტერმინი „სწავლის სტილი”. შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავთ. ბევრი მკვლევარის აზრით კი, რთულია მათ ჭეშმარიტება-მცდარობაზე საუბარი, სანამ შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევები არ ჩატარდება.

·შვეიცარიელი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის, თეორია ფსიქოლოგიური ტიპების შესახებ გამოყენებული იქნა კატერინ მაიერსისა და იზაბელ მაიერს ბრიგსის მიერ. მათ შეიმუშავეს სპეციალური ინსტრუმენტი „მაიერს- ბრიგსის ტიპის ინდიკატორი”. იუნგის თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის მიღების პროცესში: 1. შეგრძნებით აღქმა-ხუთი გრძნობის საშუალებით ინფორმაციის მიღების პროცესი; 2. ინტუიტური აღქმა- სენსორული ინფორმაციის მიღმა კავშირებისა და დასკვნების გაკეთების პროცესი. აგრეთვე, თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში: 1. გონებრივი მსჯელობა – ინფორმაციის ობიექტური და ლოგიკური კრიტერიუმების საშუალებით შეფასების პროცესი; 2. გრძნობითი მსჯელობა – ინფორმაციის სუბიექტური მნიშვნელობის საფუძველზე შეფასების პროცესი.

·რიტა და კენეტ დანებმა საკლასო ოთახში მოსწავლეთა ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად აღწერეს მოსწავლეთა გარემოს, ემოციური, სოციოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების სხვადასხვა მოდელები. მაგალითად, გარემო საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია- ხმაურის მიმართ მგრძნობელობა; ზოგიერთ ბავშვს დავალებების შესრულება მხოლოდ სიჩუმეში შეუძლია, ზოგს კი ხმაური საერთოდ არ აწუხებს. სოციოლოგიური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა- ზოგ ბავშვს დავალებაზე მარტო მუშაობა უადვილდება, ზოგს კი პირიქით- თანატოლებთან ერთად. ფიზიკური საჭიროების ერთ-ერთი კომპონენტია აღქმის ძლიერი მხარები: ბავშვები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორი ფორმით – ვიზუალური, აუდიო, ტაქტილური თუ კინესთეტური- მიღებულ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ და გამოიყენებენ.

აღნიშნული მოდელი ავტორებმა შეიმუშავეს რათა მასწავლებლებს შეძლებოდათ თავინთი მოსწავლეების სწავლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.

· ენტონი გრეგორი განასხვავებს და აღწერს აღქმისა და გააზრების სხვადასხვა სტილს. ის გამოყოფს აღქმის კონკრეტულ და აბსტრაქტულ ხარისხს, და ინფორმაციის ორგანიზების თანმიმდევრულ და არათანმიმდევრულ სტილს. მეცნიერის მიხედვით, თითოეულ ინდივიდს გააჩნია როგორც კონკრეტული, ასევე აბსტრაქტული აღქმის უნარი, აგრეთვე ინფორმაციის თანმიმდევრულად და არათანმიმდევრულად ორგანიზების სტილი, თუმცა თითოეული ადამიანი უფრო წარმატებულად იყენებს ერთ-ერთს.

·უოლტერ ბარბიმ და რეიმონდ სვასინგმა შექმნეს მოდელი, რომელიც კონცეტრირებულია სწავლის აუდიტორულ, ვიზუალურ და კინესთეტურ მოდალობაზე და მასწავლებლებს სთავაზობს მოდელის პრაქტიკაში დანერგვის პრინციპებს. მეცნიერთა აზრით, უსამართლობაა, როცა ბავშვებს სწავლისას მუდმივად უხდებათ თავიანთი სწავლის სტილის (მოდალობის) სუსტ მხარეებთან შეჯახება, მაშინ როდესაც ძლიერი მხარეები შესაძლოა სრულიად იგნორირებული იყოს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადრეულ ასაკში უფრო მკვეთრად დომინირებს ერთ-ერთი მოდალობა. მოწიფულობასთან ერთად ადამიანს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სხვა მოდალობების გაძლიერება, თუმცა სტრესულ სიტუაციებში ზრდასრულებიც დომინანტურ მოდალობას უბრუნდებიან.
ვიზუალური მოდალობა. ადამიანები, რომლებიც უკეთ იგებენ და იმახსოვრებენ ვიზუალური ფორმით მიწოდებულ ინფორმაციას, ხშირად საუბრის დროს ხატოვნად წარმოიდგენენ ნათქვამს; კითხვის დროს მონიშნავენ ტექსტს და ა.შ. მათ სწავლაში ეხმარება თვალსაჩინოებები- სურათები, ცხრილები, გრაფიკები და ა.შ.

აუდიტორული მოდალობა. პიროვნება, რომლის ძირითადი მოდალობა აუდიტორულია, ფიქრის დროს ხშირად ხმამაღლა გამოთქვამს აზრებს. საკუთარი აზრების მოსმენით, ის უკეთ იმახსოვრებს; ესწრაფვის დაზუთხვასა და გამეორეობას და როგორც წესი, დავალების შესრულებისას მოითხოვს სიჩუმეს, რადგან ხმაური ხელს უშლის დავალებაზე კონცენტრირებაში.

კინესთეტური მოდალობა. ბარბი და სვასინგი კინესთეტურ მოდალობას განმარტავენ, როგორც მსხვილი და ნატიფი მოტორიკისა და შეხების გრძნობის აქტიურ გამოყენებას სწავლის პროცესში. კინესთეტური მოდალობის მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს გაკვეთილზე ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა. ისინი ბევრად მეტს სწავლობენ მაშინ, როდესაც მშვიდად არ ზიან, რადგან ასეთ დროს მათ ყურადღებას არ ფანტავს ადგომისა და მოძრაობის სურვილი.

შერეული მოდალობები. მოსწავლის დომინანტური მოდალობა არის ის, რომლის საშუალებითაც ის ყველაზე ეფექტურად გადაამუშავებს ინფორმაციას. დომინანტური მოდალობა ცხადად ჩანს ადრეულ ასაკში, თუმცა ზრდასრულებში უკვე რთული ხდება მისი გამოცალკევება. მოსწავლეებში შერეული მოდალობები (ანუ ერთდროულად ორი ან სამი ძლიერი მოდალობა) გვხვდება მაშინ, როდესაც მათ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები თითოეული მოდალობის გასავარჯიშებლად (მაგ. მოსასმენი აქტივობები, თვალსაჩინობები, საკუთარი ხელით ჩატარებული ექსპერიმენტები და ა.შ.).
·ჰოვარდ გარდნერმა 80-იან წლებში შეიმუშავა და შემდგომ განავითარა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. გარდნერი ინტელექტს განმარტავს, როგორც პრობლემების გადაჭრის ან ისეთი პროდუქტის შექმნის უნარს, რომელიც ღირებულია ამა თუ იმ კულტურულ გარემოცვაში. თეორია ეწინააღმდეგება წარმოდგენას, რომ ადამიანებს დაბადებიდან აქვთ „ერთი” ინტელექტი, რომელიც არ იცვლება და ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით გაზომვადია. ინტელექტის ტესტების უმრავლესობა ზომავს ვერბალურ-ლინგვისტურ და ლოგიკურ-მათემატიკურ ინტელექტს, გარდნერი კი მათ გარდა კიდევ ექვსს გამოყოფს: სივრცითი ინტელექტი, სხეულებრივ-კინესთეტური ინტელექტი, ინტერპერსონალური ინტელექტი, ინტრაპერსონალური ინტელექტი, მუსიკალური ინტელექტი და ნატურალისტური ინტელექტი. გარდნერი თვლის, რომ თითოეული ადამიანს გააჩნია რვავე ინტელექტი, თუმცა დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი მეტად უვითარდება, სხვა კი ნაკლებად და შესაბამისად, სწავლისას უკეთ ართმევს თავს იმ სფეროებს რასაც „წარმატებული” ინტელექტი მოიცავს.

თეორიული ცოდნის გამოყენება საკლასო ოთახში

სწავლის სტილთან დაკავშირებული ზემოთ აღწერილი თეორიები და მოდელები იმდენად მრავალმხრივია, რომ შესაძლოა ბევრმა მასწავლებელმა იმთავითვე ჩათვალოს, რომ მათი გათვალისწინება პრაქტიკაში შეუძლებელი იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ თეორიასთან დაკავშირებით რიგ მეცნიერებსაც მსგავსი შეხედულება აქვთ და მიაჩნიათ, რომ სწავლების პროცესში თითოეული მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო მისი ეფექტურობის შესახებ კი სათანადო კვლევების შედეგები არ არსებობს. არც იმის განსაზღვრა არის ადვილი, თუ სწავლის რომელი სტილია (და რომელი კლასიფიკაციით!) დომინანტური თითოეული მოსწავლისათვის. მიუხედავად ამისა, მასწავლებელს ნამდვილად შეუძლია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე ბავშვებისთვის სწავლას გაამარტივებს და უფრო სახალისოს გახდის:

·მიეცით ბავშვებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური დავალებები; რიგ შემთხვევებში მიეცით საშუალება თავად აირჩიონ დავალებაზე მარტო იმუშავებენ თუ თანაკლასელებთან ერთად;
·ბავშვებთან ერთად რეგულარულად განახორციელეთ გონებრივი იერიში ახალ საკითხთან დაკავშირებით; ასეთი აქტივობის დროს თითოეული ბავშვი შეიძლება თანაბარი ინტერესით ჩაერთოს მასში. გონებრივი იერიშის დროს მოსწავლეები სპონტანურობასა და შემოქმედებითობას ავლენენ;
·მოსწავლეებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდებისას გამოიყენეთ სხვადასხვა მანიპულატივები, თვალსაჩინოებები; მიეცით საშუალება ბავშვებს მოახდინონ მანიპულაციები შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების/საგანმანათლებლო თამაშების საშუალებით და ა.შ;
·ნუ დაუშლით ბავშვებს, განსაკუთრებით უმცროს ასაკში, კითხვისას თითი გააყოლონ ტექსტს, ან ფერადი ფანქრებით გააკეთონ წიგნში მონიშვნა;
·ახალი ინფორმაციის მიწოდების დროს შეეცადეთ ხატოვნად გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, ისე რომ, ბავშვებმა მეტი ყურადღებითა და ინტერესით მოგისმინონ;
·ზოგიერთ მოსწავლეს უყვარს ისეთი დავალებები, სადაც ზედმიწევნით გაწერილი რა ევალება მას, სხვებს კი ურჩევნიათ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გარკვეული დავალებების მიცემისას (მაგ. პროექტზე მუშაობა) მკაფიოდ განუსაზღვრეთ მოსწავლეს დავალების მიზანი, მაგრამ შესთავაზეთ რესურსების, დავალების ჩაბარების თარიღის და სხვ. არჩევანი;
·თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს უჭირს მერხთან უმოძრაოდ ჯდომა, შეეცადეთ ფიზიკურად ჩართოთ რაიმე აქტივობაში, მაგ. სთხოვეთ, დაფაზე დაწეროს მომავალი გაკვეთილის თემ

სამოქალაქო აღზრდა – ზოგადი განათლების ძირითადი მიზანი

0
“ზნე-ხასიათის წვრთნა ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია სკოლისა, რადგანაც გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველგვარი წვრთნისა, ზრდისა და განათლებისა”.
ილია ჭავჭავაძე
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში სამოქალაქო აღზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, უფრო მეტიც, ჩვენს ქვეყანაში ზოგადი განათლება სამოქალაქო ხასიათისაა, რადგან მისი მიზანია “საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზო­გა­დოებრივი ცხოვრებისათვის”. შესაბამისად, სამოქალაქო აღზრდის, როგორც დისციპლინის მიზანია, ზოგადი განათლების ყველა საფე­­ხურზე ხელი შეუწყოს ინფორ­მი­რე­ბუ­ლი, აქტიური და პასუხისმ­გებ­ლო­ბის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას. ამასთან, აღნიშნული საგ­­ნის სწავლებას გადამწყვეტი მნიშვ­­ნელობა აქვს მოსწავლის სამოქა­ლა­ქო კომპეტენციის ჩამო­ყალიბებისა და საზოგა­დოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის.
ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდა
ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა დამოკიდებულია სწორედ მოქალაქეების უნარებზე, ცოდნასა და განწყობებზე. სამოქალაქო აღზრდის სწავლების შედეგად მოსწავლეები იგებენ იმას, თუ რას ნიშნავს, იყო მოქალაქე. ამასთან, მოქალაქე არა მხოლოდ უფლე­ბე­ბით არის აღჭურვილი, არამედ მას შესაბამისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობებიც აქვს. მნიშვ­ნელოვანია ისიც, რომ თუ ადამიანი საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს ვერ აცნობიერებს, ის ვერ გამოი­ყე­ნებს ვერც საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს და ვერც მიღე­ბულ ცოდნას.
სამოქალაქო კომპეტენცია
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლების წყარო ხალხია. აღნიშნული პრინციპი დემოკრატიის ფუნდამენტს წარმოადგენს, თუმცა ადამიანები ვერ შეძლებენ საკუთარი ხელი­სუფ­ლების საქმიანობაში მონაწილე­ო­ბას, ან მის გაკონტროლებას სამო­ქა­ლა­ქო კომპეტენციის გარეშე. ადამია­ნის მოქალაქედ ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს ოჯახი, მედია, რელიგიური და სხვა ინსტიტუტები, თუმცა ზოგადი განათლების სის­­ტემას ყველაზე სერიოზული წვლი­­ლი შეაქვს მასში ისეთი ეფექტიანი ინსტრუმენტის მეშვეობით, როგორიც სამოქალაქო აღზრდაა.
სამოქალაქო კულტურა
სამოქალაქო აღზრდა ხელს უწყობს სამოქალაქო კულტურის ჩამოყა­ლიბებას. საქართველო მრავალ­ფე­როვანი (მრავალეროვნული, მრა­­ვალეთნიკური, მრავალრელიგიური) ქვეყანაა, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და ერთგულება.
სამოქალაქო აღზრდის მიზანი სამი არსებითი კომპონენტის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ: სამო­ქა­ლაქო ცოდნის, სამოქალაქო უნა­­რებისა და სამოქალაქო განწყობის ჩამოყალიბება.
სკოლისა და მასწავლებლის მნიშვნელობა სამოქალაქო აღზრდაში
მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპი­რო­ბებს მიზნების (ზოგადი განათლე­ბის) მიღწევის ხარისხსა და წარმატებას, ნათქვამია “ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში”. მნიშვნელოვანია, რომ განათლების მუშაკებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებ­მა მხარი დაუჭირონ სამოქალაქო აღზრდას საზოგადოების ყველა სეგმენტის, ინსტიტუტების ფართო სპექტრისა და ხელისუფლების საშუალებით.
“მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო” გვთავაზობს იმ ასპექტების ჩამონათვალს, რომლებსაც სამოქა­ლაქო განათლების (და არა მარტო) მასწავლებლის კომპეტენცია უნდა მოიცავდეს. ამავე ნაშრომში დეტა­­ლურად არის აღწერილი სამოქა­ლა­ქო განათლების მასწავლებლისთ­ვის აუცილებელი 15 კომპეტენცია. ამიტომ მათზე აღარ შევჩერდებით.
სამოქალაქო აღზრდის მნიშვნელო­ვანი ნაწილს უნდა შეადგენდეს საზოგადოებრივი შრომა, რომელიც ინტეგრირებული უნდა იყოს სკოლის როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სასწავლო გეგმაში. მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ როგორც ხელმძღვანელობის, თვითმმართველობის, საზოგადო­ებრივი საქმიანობის, ისე საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსიის რეგულარული შესაძლებლობები.
მსოფლიო სწავლების მიმართულებები და მათი ასახვა საგნობრივ ჭრილში
დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება სასკოლო კულტურის განუყოფელი კომპონენტია, რად­გან ის საზოგა­დო­ებ­რივ ცხოვრებაში ჩართვისა და ურთიერთობების დამყარების საშუალებას წარმოადგენს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია ყოველი კლასის ან საფეხურის ბოლოს სასწავლო პროცესის შედეგები და მოსწავლის მიერ მათი მიღწევის ინდიკატო­რე­ბი. შედეგები დაჯგუფებულია მიმარ­თულებების მიხედვით. ყოველი მიმართულება ასახავს საგნის ძირითად შინაარსს და ეფუძნება ერთ ან რამდენიმე დისციპლინას.
მიმართულებების ჩამოყალიბებას მარტივიდან რთულისკენ, კონკრე­ტულიდან ზოგადისკენ პრინციპი დაედო საფუძვლად. სამივე მიმართულება ერთადერთ მიზანს – მოქალაქის ფორმირებას ემსახურება და მოცემული სახით მათი წარმოდ­გენის არსი მიზნისკენ სავალი გზის – სწავლა/სწავლების გამარტი­ვე­ბაა. ეს მიმართულებები, რომლებიც იმავდროულად სამოქალაქო საზოგადოების საფუძველიც არის, ასე წარმოვადგინეთ: პიროვნული განვითარება, მდგრადი განვითარება, მმართველობა.
სწავლების შედეგად მოსწავლეს უნდა განუვითარდეს სამოქალაქო კომპეტენციის სამი ურთიერთ­და­კავშირებული კომპონენტი: სამოქალაქო ცოდნა, სამოქალაქო უნარ-ჩვევები და სამოქალაქო განწყობები.
სამოქალაქო აღზრდის სპეციალური და ინტერდისციპლინარული ხასიათი
მიუხედავად იმისა, რომ “უფრო ეფექტურად ითვლება ფოკუსირე­ბული მიდგომა, როცა სამოქალაქო განათლება სასწავლო გეგმაში ცალკეა გამოყოფილი”, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, სამოქალაქო განათლება ინტეგრი­რებულად ისწავლება დაწყებით კლასებში (1-4 კლასებში სხვა საგ­­-ნებთან ინტეგრირებულად, ხოლო მე-5-6 კლასებში – კვირაში 3-საა­­თიანი სასწავლო კურსი “ჩვენი საქართველო”). საბაზო საფეხურზე იგი ისწავლება ისტორიასთან ინტეგრირებით (საერთო დატვირ­თ­ვა – კვირაში 3 საათი), ხოლო ცალკე საგნად არის გამოყოფილი საბაზო საფეხურის მე-9 და საშუა­ლო საფეხურის მე-10 კლასებში (შესაბამისად, კვირაში 2- და 3-საათიანი კურსი “სამოქალაქო განათლება”). სამოქალაქო აღზრდის სავალდებულო სწავლებისას მოსწავლის მისაღწევი შედეგები დაყოფილია შემდეგი სამი მიმარ­თუ­ლების მიხედვით: პიროვნული განვითარება, მდგრადი განვითა­რება, მმართველობა და მოქალა­ქეობა. მე-11-12 კლასებში ის არჩევითია (ერთწლიანი, კვირაში
2-საათიანი კურსები: მოქალაქეობა, გამოყენებითი ეკონომიკა, სახელმ­წიფო და პრაქტიკული სამართა­ლი). ეროვნულ სასწავლო გეგმაში წარ­­მოდგენილია არჩევითი კურსების სტანდარტებიც.
სამოქალაქო აღზრდის ხელშემწყობი ფორმები სკოლაში
წარმოგიდგენთ სამოქალაქო აღზრ­­დის ორგანიზების რამდენიმე სანი­­მუშო ფორმას: საზოგადოებ­რი­ვი სამსახური, მონაწილეობა სკოლის მართვაში, მონაწილეობა წინასაარ­ჩევნო კამპანიაში, მთავ­რობის ინიცი­რება და მოდელირება, ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესწავლა, ინტერვიუ აქტიურ ადამიანებთან, საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროს კვლევა, საჯა­­რო გამოსვლები, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გამოხატვა, პოლი­­ტიკურ დისკუსი­ებ­-ში მონაწილეობა, პროექტები, სადამ­რიგებლო შეხვედრების საათი.
სამოქალაქო კომპეტენციები და მათი განვითარება სკოლაში
თანამედროვე სკოლა მოწოდებუ­ლია, მოსწავლეებს განუვითაროს დემოკ­­-რატიული მოქალაქეობის­თ­ვის მნიშვ­­ნელოვანი სამოქალაქო წიგნიერების ისეთი ასპექტები, როგორიცაა: პო­­ლიტიკური და იურიდიული წიგნი­ერება, სოცია­ლუ­რი და კულტუ­რუ­ლი წიგნიერება, ეკონომიკური წიგნი­ერება და ეროვნული, ევროპული და გლობალური წიგნიერება.
საბაზო სამოქალაქო კომპეტენციები
სწავლა-სწავლების კონტექსტში სიტყვა “კომპეტენცია” გულისხ­მობს ადამიანის დახელოვნებას გარკვეულ საკითხში, ერთდროუ­ლად საკითხის შესახებ (ა) ცოდნის შეძენას, მასთან (ბ) ურთიერთქმე­დე­ბის უნარ-ჩვევების ათვისებასა და (გ) მის მიმართ გარკვეული განწყობის/დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ამ სამი კომპონენტის ჭრილში საბაზო სამოქალაქო კომპეტენ­ცი­ები ასე შეიძლება წარმოვადგინოთ: პოლიტიკური და იურიდიული კომ­­პეტენცია, სოციალური და კულტუ­რული კომპეტენცია, ეკონომიკური კომპეტენცია და მდგრადი განვითარების კომპეტენცია.
კომპეტენციების განვითარების მიმართება ბავშვის ასაკობრივ განვითარებასთან
კომპეტენციების რთული ბუნები­დან გამომდინარე, მათი განვითარება სკოლაში სწავლის პერიოდში ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება, მოსწავლის ფსიქო-ფიზიკური განვითარების შესაბამისად.
სასკოლო გარემოში სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების ამოცანის მისაღწევად სამოქალაქო განათლების სტანდარტში წარმოდ­გენილია სწავლების ყოველი მიმართულების შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და განწყობების ზუსტი დახასიათება და ზოგადსა­გან­მანათლებლო სკოლის საფეხუ­რების მიხედვით არის შემოთავაზე­ბული ყოველი მიმართულების შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევე­ბისა და განწყობების სირთულე და “ულუფები”.

ავტობიოგრაფია

0
ბენჯამინ ფრანკლინი, თვითნასწავლი გენიოსი, გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, იყო ამერიკული განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ორიგინალური და თვითმყოფადი ფიგურა. მან მხოლოდ ორი წელი ისწავლა დაწყებით სკოლაში, მაგრამ მთელი ცხოვრება მიზანმიმართულად ეწეოდა თვითგანათლებას. სახელი გაითქვა როგორც სერიოზული სამეცნიერო ნაშრომების ავტორმა. მიიჩნევა აშშ-ის სახელმწიფოს ერთ-ერთ დამფუძნებლად.
გთავაზობთ ნაწყვეტს მისი “ავტობიოგრაფიიდან”.

ზნეობრივ სათნოებათა შესახებ კითხვისას აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ჩამონათვალში მათი რიცხვი სხვადასხვაა, რადგან სხვადასხვა მწერალი ერთი და იმავე სათნოების დასახელებისას უფრო მეტ ან ნაკლებ იდეას მოიაზრებს. მაგალითად, თავშეკავებას ზოგი ჭამასა და სმას უკავშირებს, ზოგიერთის აზრით კი იგი გულისხმობს თავშეკავებას ყველა სხვა სიამოვნების მიმართ: მადისა, მიდრეკილებებისა და ვნებებისა, ფიზიკური იქნება ეს თუ გონებრივი, თვით სიხარბისა და პატივმოყვარეობის მიმართაც კი. მე ვამჯობინე, მეტი სიცხადისთვის გამომეყენებინა უფრო ვრცელი ჩამონათვალი და ყოველ ცნებაში ჩამედო კონკრეტული აზრი, ვიდრე ნუსხა ყოფილიყო მცირერიცხოვანი და მრავალი აზრის მომცველი. ამრიგად, მივიღე ცამეტი სათნოება – ყველაფერი, რაც კი მაშინ აზრად მომივიდა ან სასურველად მივიჩნიე – და ყოველ მათგანს დავურთე მცირე განმარტება, რაც მიანიშნებდა, რას ვგულისხმობდი თითოეულ მათგანში.
სათნოებათა სახელები და განმარტებები ასე ჩამოყალიბდა:

1. თავშეკავება
ნუ შეჭამ სიმაძღრემდე და ნუ დალევ სიმთვრალემდე.

2. დუმილი
თქვი მხოლოდ ის, რაც გარგებს შენ ან სხვას. ერიდე უსაგნო საუბარს.

3. წესრიგი
მიუჩინე ყოველ საგანს თავისი ადგილი და შენი საქმიანობის ყოველ ასპექტს – თავისი დრო.

4. მიზანდასახულობა
მიზნად დაისახე, განახორციელო, რაც შენი ვალია. გაუცუდებლად აღასრულე დასახული მიზანი.

5. მომჭირნეობა 
ნუ დახარჯავ, უკეთუ ეს არას გარგებთ შენ ან სხვას, ესე იგი ნუ გაფლანგავ.

6. შრომისმოყვარეობა
უქმად ნუ დაკარგავ დროს. მუდამ დაკავებული იყავი რაიმე სასარგებლო საქმიანობით. თავი არიდე უსარგებლო ქმედებებს.

7. გულწრფელობა
ნუ იცრუებ მავნედ. იფიქრე ალალად და სამართლიანად და თუ იტყვი, თქვი შესაბამისად.

8. სამართლიანობა
ნურავის ავნებ ავის ქმნით ან იმ სიკეთეზე უარის თქმით, რაც შენი გასაკეთებელია.

9. ზომიერება
ერიდე უკიდურესობებს.

10. სისუფთავე
ნუ შეეგუები სახლის, ტანსაცმლის ან საცხოვრისის უსუფთაობას.

11. სიმშვიდე
ნუ გამოეკიდები წვრილმანებს ან ავბედითობას, რაც ჩვეულებრივი ან გარდაუვალია.

12. ზნეობრივი სიწმინდე
იშვიათად მიმართე ხორციელ ტკბობას, თუკი ის აუცილებელი არ არის ჯანმრთელობისა ან შთამომავლობისთვის. არასოდეს – მოყირჭებამდე, დაუძლურებამდე, ანდა შენი ან სხვისი სიმშვიდისა და რეპუტაციის შელახვამდე.

13. თავმდაბლობა
ემსგავსე იესოს და სოკრატეს.
მსურდა, გამეთავისებინა ყველა ეს სათნოება და მივიჩნიე, რომ ერთბაშად ყველას გამოდევნებას სჯობდა, მთელი გულისყური ჯერ ერთი მათგანის ათვისებისთვის მიმეპყრო და მერეღა გადავსულიყავი მომდევნოზე, სანამ არ დავეუფლებოდი ცამეტივეს. ვინაიდან ყოველ წინა მონაპოვარს ხელი უნდა შეეწყო მომდევნოს ათვისებაში, დავალაგე სათნოებები იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ზემოთ იხილეთ: თავშეკავება პირველია, რადგან იგი ხელს უწყობს ცივი და ნათელი გონების შენარჩუნებას, ეს კი აუცილებელია მუდმივი სიფხიზლისთვის, რათა შეურიგებელი იყო ძველი ჩვევების ცდუნებისადმი. ამის ათვისების შემდეგ დუმილი უფრო ადვილი მისაღწევია და ვინაიდან მე, ამასთანავე, ცოდნის მოპოვებასაც ვესწრაფოდი, განვავითარე ეს სათნოება და გადავწყვიტე, რომ ეს მიიღწევა საუბრისას მეტწილად ყურის გამოყენებით და არა ენისა, და განვაგდე ჩვევა ლაქლაქისა, ყალბი ენამზეობისა და ოხუნჯობისა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისაღებ კაცად მხდიდა უმაქნისთა საზოგადოებაში.

დუმილმა მეორე ადგილი დაიკავა. ეს და მომდევნო, წესრიგი, იმედი მქონდა, მეტ დროს დამიზოგავდა ჩემი პროექტებისა და სწავლისათვის. მიზანდასახულობა, გავითავისებდი თუ არა ამ სათნოებას, შემმატებდა სიმტკიცეს ყველა დანარჩენი სათნოების დასაუფლებლად. მომჭირნეობა და შრომისმოყვარეობა მიხსნიდა დარჩენილი ვალებისაგან, მომანიჭებდა კეთილდღეობასა და დამოუკიდებლობას, ეს კი, თავის მხრივ, გამიადვილებდა გულწრფელობასა და სამართლიანობას და ა. შ. მაშინ მივხვდი, რომ, პითაგორას რჩევების შესაბამისად, აუცილებელი იყო ყოველდღიური თვითშემოწმება და ამისთვის შევიმუშავე ასეთი მეთოდი: ავიღე პატარა რვეული და ყოველ სათნოებას დავუთმე თითო გვერდი. დავხაზე ყოველი გვერდი წითელი მელნით ისე, რომ გამოსულიყო შვიდი სვეტი კვირის შვიდი დღისათვის და აღვნიშნე ისინი დღეების საწყისი ასოებით; გადავკვეთე ეს სვეტები ცამეტი წითელი ხაზით და აღვნიშნე თითოეული შესაბამისი სიქველის სახელწოდების პირველი ასოთი. ამ ხაზებზე, შესაბამის სვეტში, შავი წერტილით ვინიშნავდი ყოველ გადაცდომას, რომელსაც შემოწმებისას გამოვავლენდი იმ კონკრეტულ დღეს შესაბამის სათნოებასთან მიმართებით.

გადავწყვიტე, თითო კვირის განმავლობაში მკაცრად მეკონტროლებინა თითო სათნოება და ასე მივყოლოდი. ამრიგად, პირველ კვირას ზედმიწევნით გამეცადინებული ვიყავი, თავი ამერიდებინა თავშეკავებიდან თუნდაც უმცირესი გადაცდომისთვის და სხვა სათნოებებს ჩვეულ დინებას მივანდობდი, მხოლოდ ყოველ საღამოს აღვნუსხავდი განვლილი დღის ნაკლოვანებებს. ამგვარად, თუ პირველი კვირის თავზე შევინარჩუნებდი პირველ სვეტს ნიშნით “მ” (მართალი), წერტილების გარეშე, ვივარაუდებდი, რომ ეს სათნოება იმდენად დავძლიე, შემეძლო, ყურადღება მომდევნოსთვისაც გამეწვდინა, მომდევნო კვირას კი ორივე სვეტი სუფთად შემენარჩუნებინა. თუ ასე გავაგრძელებდი, ცამეტ კვირაში მთელ კურსს გავივლიდი და, მსგავსად კაცისა, რომელსაც ბოსტანი აქვს გასამარგლავი და მთელ ბაღში სარეველას ერთბაშად ამოთხრას კი არ ცდილობს, რადგან ეს მის ძალას აღემატება, არამედ ჯერ ერთ კვალს გამარგლავს და მერეღა შეუდგება მეორეს, მეც ვიმედოვნებდი, რომ წამახალისებდა საკუთარი წინსვლისთვის თვალის მიდევნება და იმის ხილვა, როგორ იწმინდებოდა ჩემი სვეტები ლაქებისგან.

რვეულს ეპიგრაფად წავუმძღვარე სიტყვები ედისონის “კატონიდან”:
“აქ შევჩერდები; თუ არსებობს ზეგარდმო ძალა, – 
და ის არსებობს, ბუნება ხმით ღაღადებს ამას
(ყოველ ნაბიჯზე), – სათნოება ჰგვრის მას სიამეს
და რაც სათნოა ბუნებისთვის, ის თვით არის ბედნიერება”.
და კიდევ – ციცერონიდან;
“ო, ფილოსოფიავ, ცხოვრების წარმმართველო! ო, სათნოების მაძიებელო, მანკიერების განმდევნელო! დღე ერთი, გასრულებული კარგად, შენთა შეგონებათამებრ, სჯობია მარადისობას, ცოდვებში გატარებულს”.
 
აი, კიდევ ერთი – გამონათქვამი სოლომონისა, რომელიც სიბრძნეზე ანუ სათნოებაზე ლაპარაკობს;
“ხანიერება დღისა უპყრია მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი; კეთილგანწყობაა მისი ზრახვა და გზა მისი არის სიმშვიდე”.
რამდენადაც მჯეროდა, რომ თვით ღმერთია სიბრძნის წყარო, მართებულად მივიჩნიე, მეძია მისი შემწეობა სიბრძნის დაუფლებაში. ამიტომაც შევადგინე მცირე ლოცვა, რომელიც წავუმძღვარე ყოველდღიური შემოწმების ცხრიელებს:
“ო, ყოვლისშემძლე უფალო, ხვავრიელო მამაო, მოწყალე წინამძღოლო, ამრავალკეცე ჩემში სიბრძნე, რაც ჩემს ჭეშმარიტ მოწოდებას მაპოვნინებს. განამტკიცე ჩემი მისწრაფება, რათა აღვასრულო ის, რასაც სიბრძნე მკარნახობს. მოახმარე ჩემი კეთილი მსახურება შენს დანარჩენ შვილებს, რაც ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი მისაგებელია ჩემდამი შენი დაუშრეტელი სიკეთისთვის”.
 
გარდა ამისა, ზოგჯერ ვიყენებდი პატარა ლოცვას, რომელიც ტომსონის პოემიდან ავიღე: 
“სინათლისა და ცხოვრების მამაო, სიკეთევ უზენაესო, ო, მასწავლე, რა არის კარგი, მაზიარე შენს წიაღს! მიხსენი უგუნურებისგან, ამპარტავნებისა და ბოროტებისგან, ყოველი მდაბალი ზრახვისგან და აღავსე ჩემი სული ცოდნით, შეგნებული სიმშვიდითა და წმინდა სათნოებით, სპეტაკო, ნამდვილო, ჩაუქრობელო ნეტარებავ”.
წესრიგთან დაკავშირებული მითითებისამებრ, რომელიც მოითხოვდა, რომ ჩემი საქმიანობის ყოველ ნაწილს განკუთვნილი ჰქონოდა თავისი დრო, ჩემი რვეულის ერთ გვერდზე გაწერილი იყო ჩემი საქმიანობა დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში.

შევუდექი ამ გეგმის განხორციელებას თვითშემოწმების დახმარებით. დროდადრო ვისვენებდი. გამაოცა იმის აღმოჩენამ, რაოდენ ვცოდავდი ამ მხრივ, თუმცა კმაყოფილებით ვადევნებდი თვალს, როგორ მცირდებოდა ეს შეცდომები. რამდენიმე ხნის შემდეგ წელიწადში მხოლოდ ერთ კურსს გავდიოდი, უფრო მოგვიანებით – რამდენიმე წელიწადში ერთს, ბოლოს კი სულ მთლად მივანებე თავი, რადგან ბევრს ვმოგზაურობდი, ვსაქმიანობდი საზღვარგარეთ და უამრავი რამ მიშლიდა ხელს, მაგრამ ჩემს რვეულს მაინც მუდამ თან დავატარებდი. წესრიგის დაცვა ძალიან გამიჭირდა და მივხვდი, რომ თუმცაღა მისთვის, ვინც იმგვარ საქმიანობას ეწევა, რომ თავის დროს თვითონ განკარგავს, იგი შესაძლოა სავსებით გამოსადეგი იყოს, ხელმძღვანელისთვის, რომელსაც უწევს საქმიან ადამიანებთან ურთიერთობა და მათი მიღება მათთვის ხელსაყრელ დროს, ეს ძალიან ძნელი შესასრულებელია. ჩემი ნივთების, მაგ., ქაღალდების, მოწესრიგებაც კი უკიდურესად გამიჭირდა.

მეთოდურობას ადრიდანვე არ ვიყავი ჩვეული და ვინაიდან კარგი მეხსიერება მქონდა, მეთოდის უქონლობა დიდაც არც მიშლიდა ხელს. ეს ნაწილი დიდ, მტკივნეულ დაძაბულობად დამიჯდა. ჩემი ნაკლულოვანება ისე მაწამებდა, წინ ისე ტაატით მივიწევდი, ისე მცირედის გამოსწორება მოვახერხე და იმდენი ჩავარდნა მქონდა, ლამის მზად ვიყავი, მცდელობისთვის თავი დამენებებინა და ჩემს ამ ნაკლს შევგუებოდი. იმ კაცივით, ნაჯახს რომ ყიდულობდა ჩემი მეზობელი მჭედლისგან და ისურვა, მთელი ნაჯახი ისევე ყოფილიყო გაპრიალებული, როგორც ნაჯახის პირი. მჭედელი დათანხმდა, იმ პირობით, რომ ბორბალს მუშტარი თავად დაატრიალებდა. კაცი ბორბალს ატრიალებდა, ხოლო მჭედელი ნაჯახის ფართო ზედაპირით მთელი ძალით აწვებოდა მას, რაც ბორბლის ტრიალს ძლიერ აძნელებდა. კაცი წამდაუწუმ მოირბენდა, რომ დაეხედა, როგორ მიდიოდა საქმე და ბოლოს ის ნაჯახი ისე წაიღო, როგორც იყო, გაუხეხავად. “არა, – უთხრა მჭედელმა, – ატრიალე, თანდათან სულ გაპრიალდება, ახლა აჭრელებულია”. “ეგრეა, – დაეთანხმა კაცი, – მაგრამ, მე მგონი, ასეთი აჭრელებული უფრო მომწონს”.

და, დარწმუნებული ვარ, ასე ემართება ბევრს, ვისაც არ გააჩნია ის საშუალება, მე რომ მივაგენი, კარგი ჩვევების შესაძენად და მანკიერებათა დასაძლევად, თავს ანებებენ ბრძოლას და დაასკვნიან, რომ “აჭრელებული ნაჯახი ჯობია”. რაღაც, რაც ზოგჯერ მიზეზად მეჩვენებოდა, გამუდმებით ჩამჩიჩინებდა, რომ უკიდურესი სიკეთე, რასაც ასე ვესწრაფოდი, იყო ზნეობრივი კეკლუცობა და თუ ეს გაცხადდებოდა, ხალხის საქილიკო გავხდებოდი, და რომ კეთილმოსურნე კაცმა კი უნდა მიუტევოს თავს პატარ-ატარა გადაცდომები, რათა მეგობრები არ დაკარგოს. სინამდვილეში კი გაირკვა, რომ წესრიგთან მიმართებით გამოუსწორებელი ვიყავი. ახლა კი, როცა მოვხუცდი და მეხსიერებამაც მიღალატა, მწარედ განვიცდი ამ თვისების უქონლობას. მაგრამ მთლიანობაში, თუმცა ვერაფრით მივაღწიე სრულყოფილებას, რომელსაც ვესწრაფოდი და ბევრიც დამაკლდა იქამდე, მაინც ამ ძალისხმევის შედეგად მე შევიქენი უკეთეს და უფრო ბედნიერ კაცად, ვიდრე უამისოდ ვიქნებოდი.

კარგი იქნება, თუ ჩემს შთამომავლებს ეცოდინებათ, რომ ამ პატარა მოხერხებას, უფლის შეწევნით, მათი წინაპარი უმადლის ცხოვრებისეულ ბედნიერებას აგერ უკვე სამოცდაცხრამეტ წლამდე, როცა ეს სტრიქონები იწერება. რა დატრიალდება ამის შემდეგ ჩემს თავს, ეს მხოლოდ განგების ნებაა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ვფიქრობ, განვლილი ბედნიერი ცხოვრების მოგონება მას ყველა ბედუკუღმართობას შეუმსუბუქებს. თავშეკავებას მიაწერს ის თავის ხანგრძლივ ჯანის სიმრთელეს და ჯერ კიდევ შემორჩენილ კარგ აღნაგობას; შრომისმოყვარეობასა და მომჭირნეობას უმადლის ადრიდანვე მდგომარეობის დამკვიდრებას, ქონების შეძენასა და იმ ცოდნის დაუფლებას, რამაც სასარგებლო მოქალაქედ აქცია და გარკვეული სახელიც დაუმკვიდრა სწავლულთა შორის; გულწრფელობამ და სამართლიანობამ მოაპოვებინა თავისი ხალხის ნდობა და ის საპატიო თანამდებობები, რაც მისმა ქვეყანამ მას ანდო; ხოლო ყველა ამ სათნოებამ ერთად – ის გაუმრუდებელი გუნება-განწყობა და ხალისიანი საუბრის უნარი, რაც მასთან ურთიერთობას თვით უმცროსი ნაცნობებისთვისაც კი ჯერ კიდევ სასურველსა და მისაღებს ხდის. ამდენად, მე ვიმედოვნებ, ნაწილი ჩემი შთამომავლებისა გაიზიარებს ჩემს გამოცდილებას და მოიმკის მიღებულ სარგებელს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა ჩემი სქემა მთლიანად არ იყო მოკლებული რელიგიას, მასში არსად ყოფილა რაიმე ნიშანი რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობისა. ამას საგანგებოდ ვარიდებდი თავს, რადგან მინდოდა, ჩემი მეთოდი სრულყოფილი და გამოსადეგი ყოფილიყო სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებისთვის. ჩაფიქრებული მქონდა, გამომექვეყნებინა იგი და არ მინდოდა ყოფილიყო იქ რაიმე, რაც ცრურწმენით განაწყობდა რომელიმე აღმსარებლობის ადამიანს. ვაპირებდი, თითოეულ სათნოებაზე დამეწერა კომენტარი, რომლითაც ნათელვყოფდი მისი დაუფლებით მიღებულ უპირატესობას და იმ სიავეს, მათ საპირისპირო ბოროტებას რომ ახლავს. ამ წიგნს ვუწოდებდი “სათნოების ხელოვნებას”, რადგან იგი გვიჩვენებდა ამ სათნოებათა დაუფლების გზასა და ხერხებს, ეს კი ამ წიგნს გამოარჩევდა ფუჭი დამოძღვრისაგან “იყავი კარგი!”, რომელიც არ გვარიგებს და არ გვიჩვენებს გზას, მსგავსად იაკობ მოციქულის მიერ აღწერილი კაცისა, რომელიც სათნოჰყოფდა ოდენ სიტყვით და მოუწოდებდა, რომ შემოსილიყვნენ და დაპურებულიყვნენ უპოვარნი, არ კი მიუთითებდა მშიერსა და შიშველს, სად უნდა ეპოვათ სამოსი ან საზრდო.

ისე კი მოხდა, რომ ჩემი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. დროდადრო დიახაც ვაკეთებდი მოკლე ჩანაწერებს, რომელთა გამოყენებასაც შემდგომში ვაპირებდი, მაგრამ, ვიანიდან ეს მიმაჩნდა დიდ და ყოვლისმომცველ პროექტად, რომელიც მთელ ჩემს ყურადღებას მოითხოვდა და, ჩემი საქმიანობის გამო, ვეღარ მოვახერხე დროის გამონახვა, დარჩა ეს აქამდე დაუმთავრებელი.

ამ ნაშრომში ვაპირებდი დამესაბუთებინა დოქტრინა, რომ ბოროტი ქმედება გვვნებს არა იმიტომ, რომ ის გვეკრძალება, არამედ ის სწორედ იმიტომაა აკრძალული, რომ ვნების მომტანია თვით ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე. ამიტომაც ყველა, ვისაც სურს იყოს ბედნიერი ამქვეყნად, უნდა ესწრაფოდეს სათნოებას.

სათნოებათა ჩემეული სია თავდაპირველად მოიცავდა მხოლოდ 12 სათნოებას, მაგრამ ერთმა კვაკერმა მეგობარმა კეთილ ინება და მაცნობა, რომ საზოგადოება ამაყ კაცად მიმიჩნევდა და ჩემი სიამაყე წამდაუწუმ იჩენდა თავს ჩემს საუბრებში, ფიქრობდნენ, რომ ვთრგუნავდი ჩემს ოპონენტებს და ვიყავი მოჭარბებულად მბრძანებლური და ქედმაღალი. ამაში მან დამარწმუნა რამდენიმე მაგალითის მოყვანით და მე გადავწყვიტე, განმეკურნა საკუთარი თავი ამ ბოროტებისა თუ უგუნურებისგანაც. ასე რომ, დავამატე თავმდაბლობა ჩემს სიას და ამ სიტყვას ფართო მნიშვნელობა მივანიჭე. ვერ დავიტრაბახებ ამ სათნოების ნამდვილად დაუფლებით, მაგრამ თავმდაბლური მანერები ასე თუ ისე გავითავისე. წესად გავიხადე, თავი შემეკავებინა სხვათა შეხედულების ხელაღებით უარყოფისა და საკუთარი მოსაზრებების თავგამოდებით მტკიცებისაგან.

საკუთარ თავს ავუკრძალე ყველა იმ სიტყვისა თუ გამოთქმის გამოყენება, რომელიც შეუვალ შეხედულებაზე მეტყველებდა – “ნამდვილად”, “უეჭველად” და ა. შ.; მათ ნაცვლად დავამკვიდრე “მე ვფიქრობ”, “მეჩვენება”, “ასე წარმომიდგენია” ან “ამ წუთას ასე მესახება”. როცა ვინმე ამტკიცებდა რაღაცას, რაც, ჩემი აზრით, მცდარი იყო, თავს არ ვაძლევდი უფლებას, სიამოვნება მიმეღო მოწინააღმდეგის გაცამტვერებისგან და მისი აზრის აბსურდულობის დაუყოვნებლივ ჩვენებისგან. ნაცვლად ამისა, ვიწყებდი იმის აღნიშვნით, რომ განსაზღვრულ შემთხვევაში ან პირობებში მისი აზრი მართებული იქნებოდა, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, “მეჩვენებოდა” ან “ჩანდა”, რომ განსხვავებული იყო და ა. შ. მე მალევე აღმოვაჩინე ჩემი შეცვლილი მიდგომის უპირატესობა: საუბარი, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, უფრო სასიამოვნო ვითარებაში მიმდინარეობდა, უფრო მეტიც – თავმდაბალი მანერა, რომლითაც ჩემს შეხედულებებს ვთავაზობდი, აადვილებდა მათ მიღებას და ოპონენტები ნაკლებ წინააღმდეგობას მიწევდნენ. როცა თვითონ აღმოვჩნდებოდი მცდარ პოზიციაზე, ნაკლებად დამცირებულად ვგრძნობდი თავს, ხოლო თუ მართალი აღმოვჩნდებოდი, ოპონენტები უფრო იოლად ელეოდნენ თავიანთ მცდარ შეხედულებებს და იზიარებდნენ ჩემსას.

ეს მეთოდი, რომელიც თავდაპირველად ბუნებრივ მიდრეკილებებზე ერთგვარი ძალდატანებით დავამკვიდრე, დროთა განმავლობაში ისე შევისისხლხორცე, რომ ალბათ ვერავინ დამწამებს, ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში დოგმატური მტკიცებულება დამცდენოდეს. როგორც ჩანს, სწორედ ამ ჩვევას უნდა ვუმადლოდე, რომ ჩემს სიტყვას ასეთი ფასი მიეცა ჩემი თანამოქალაქეების თვალში და ასეთი გავლენა მოვიპოვე საბჭოში, როცა მისი წევრი გავხდი. მე ხომ უხეირო მოუბარი ვიყავი, არ გამოვირჩეოდი მჭევრმეტყველებით, დიდი გაჭირვებით ვარჩევდი სიტყვებს, ენასაც არ ვფლობდი სათანადოდ და მაინც, მეტწილად ვახერხებდი ჩემი აზრის გატანას.
სინამდვილეში ალბათ ჩვენს ვნებათაგან სიამაყე ყველაზე ძნელი დასაძლევია; დამალე იგი, ებრძოლე, დათრგუნე, მოხუთე, რამდენიც გინდა – ის მაინც ცოცხალია და წამდაუწუმ წამოყოფს თავს და გამომზეურდება. ალბათ ამ ისტორიაშიც არაერთხელ წააწყდით მის კვალს, რადგან, რომც მეფიქრა, სიამაყე მთლიანად მოვსპე-მეთქი, ალბათ საკუთარი თავმდაბლობით ვიამაყებდი.
თარგმნა მზია ტუღუშმა

შვილები

0

ქალმა, რომელსაც თავისი პატარა ბავშვი მკერდზე მიეკრა, უთხრა: გველაპარაკე შვილებზე.
და მან თქვა:

თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით.
ისინი არიან ვაჟიშვილები და ქალიშვილები ცხოვრების სევდისა საკუთარი თავის გამო.
ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან.
და თუმცა თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ.
შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები.
რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ.
შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა – სულები,
რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება.
შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი,
რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესათან არ ყოვნდება.
თქვენ მშვილდები ხართ, რომლიდანაც თქვენი შვილები, როგორც ცოცხალი ისრები, წინ-წინ გაიჭრნენ.
მსროლელი ხედავს მიზანს უსასრულობის ბილიკზე და ის გღუნავთ თქვენ თავისი ძალით, რომ მისი ისრები სწრაფად და შორს გაფრინდნენ.
იყოს თქვენი მოხრილობა მსროლელის ხელში მხოლოდ სიხარულის მომტანი,
რამეთუ, როგორც გაფრენილი ისარი, ისევე უყვარს მას მშვილდი, რომელიც ადგილზე რჩება.

თარგმანი ნინო დოლიძისა

სიღარიბე სიმდიდრეა

0
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

– ამ დილით რას  აკეთებდით, დედა ტერეზა?

– ვლოცულობდი.

– რომელ საათზე დაიწყეთ ლოცვა?

– ხუთის ნახევარზე.

– ლოცვის შემდეგ?

– ჩვენი ლოცვები ხორცს ისხამს შრომაში,  რომელსაც ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან ერთად ვასრულებთ, უფლისათვის შრომაში, უფლისადმი მიმართვაში. ეს გვეხმარება, რათა მთელი სული, მთელი გული შევალიოთ საქმეს. მომაკვდავნი, სახიჩარნი, სულიერად ავადმყოფნი, განკიცხულნი, სიყვარულს  მოკლებულნი – ყოველი მათგანი იესოა,  ოღონდ სხვა სახით მოვლენილი.

– თქვენ ქველმოქმედ რელიგიურ მოღვაწედ ხართ ცნობილი. ესმის კი ხალხს თქვენი მოღვაწეობის სულიერი საფუძველი?

– არ ვიცი, მე აქ მოსვლის და ღატაკებთან  შეხების საშუალებას ვაძლევ მათ. ეს ყველამ უნდა გამოსცადოს.  რამდენი  ახალგაზრდა ამბობს უარს ყველაფერზე ამის გამო. ხომ ძნელი დასაჯერებელია, რომ  ასეთი  რამ შეიძლება მოხდეს? და მაინც, ხდება ასეთი  საოცრება. ჩვენი მოხალისეები შინ სხვა ადამიანებად გარდაქმნილი ბრუნდებიან.

– საქმიანობაში ხომ არ გეხმარებათ ის,  რომ ქალი ხართ?

– ამაზე არასოდეს მიფიქრია.

– ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მსოფლიო ქალის, დედის, მოწოდებას უკეთ  ეხმიანება?

– ხალხი რომ  გვეხმიანება, ეს ჩემი კი არა,  იმ საქმის წყალობაა, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. ადრე  ადამიანები ბევრს ლაპარაკობდნენ ღარიბებზე, ახლა ისინი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ღარიბებთან. ეს კი სრულიად სხვა რამ არის. ასეთი ნაყოფი გამოიღო შრომამ. ახლა ვიცით, რომ  არსებობენ  ღატაკები, რომ  მათ შორის არიან ღატაკთა შორის უღატაკესნი, რომ  ისინი არავის სჭირდება, მათზე არავინ ზრუნავს. უწინ  კაციშვილს არ აღელვებდა ქუჩაში ცხოვრებისთვის განწირული  ხალხის ბედი. 54 ათასი  ღატაკი წამოვიყვანეთ კალკუტის ქუჩებიდან და მათგან დაახლოებით 23 ათასი ერთსა და იმავე შენობაში (კალიგხატში) გარდაიცვალა.

– მთელი თქვენი მორჩილების მიუხედავად, ალბათ, არაჩვეულებრივი რამ არის, იყო ღვთის წყალობის აღმსრულებელი დედამიწაზე.

– ამას ღმერთი აკეთებს, ვფიქრობ, ღმერთმა თავისი სიდიადის წარმოსაჩენად მე, არარაობა, ამირჩია.

– თქვენი  აზრით, რაიმე  განსაკუთრებული თვისება  არ გაგაჩნიათ?

– მგონია, არავითარი. ამ საქმეზე   არავითარ პრეტენზიას არ ვაცხადებ. ყველაფერს ღმერთი აკეთებს. მე მხოლოდ ფანქარი ვარ მის ხელში. ეს არის და ეს. იგი თვითონ ფიქრობს, თვითონ წერს. ფანქარი არაფერ შუაშია. საჭიროა  მხოლოდ, საშუალება  მიეცეს ფანქარს სარგებლობა მოიტანოს. ადამიანური გაგებით  კი ეს იმას ნიშნავს, რომ  ჩვენს წარმატებას საკუთარ თავს  არ უნდა  ვუმადლოდეთ, ასე არ არის?

– რა არის თქვენთვის  ღვთის უდიდესი ჯილდო?

– ღატაკები.

– რატომ მიიჩნევთ ასე?

– იმიტომ, რომ საშუალება  მაქვს დღისითა და ღამით, 24 საათის განმავლობაში,  ვიყო ღმერთთან.

– აქ, კალკუტაში, რეალურად თუ  შეიცვალა რამე?

– ჩემი აზრით, შეიცვალა. ხალხმა იცის ჩვენი არსებობის ამბავი და მრავალი ინდუსი გვეხმარება. ქუჩაში მომაკვდავ ადამიანს უკვე ვეღარსად ნახავ. ახლა მთელს მსოფლიოში ახსოვთ, რომ არსებობენ ღატაკები.

–  თქვენ ღატაკებისადმი  მთელი მსოფლიოს ყურადღება მიაპყარით. რა  რჩევას აძლევთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ უპოვართ დაეხმარონ?

– უნდა  იგრძნონ, რომ  უყვართ და  სჭირდებათ ღატაკები. მე ღატაკებში ღმერთს ვხედავ. და ეს უფრო მეტად მწამს, ვიდრე დიდი საოცრებები.

– დამოკიდებულება გაქვთ ინდუიზმისადმი?

– პატივს ვცემ ყველა რელიგიას, მაგრამ მხოლოდ ჩემი რელიგია მიყვარს.

– მათაც უნდა უყვარდეთ იესო?

– ცხადია, თუკი მშვიდობა და სიყვარული სურთ, მათ უნდა მოიპოვონ იესო. თუ  ჩვენი საქმიანობის მეშვეობით ადამიანები – ინდუისტები, მუსლიმანები, ბუდისტები – უკეთესი ხდებიან, ჩნდება რაღაც ახალი. ისინი სულ უფრო უახლოვდებიან ღმერთს. ღმერთთან მიახლოებისას მათ არჩევანი უნდა გააკეთონ.



– თქვენ და რომის პაპი იოანე  პავლე II იმ საეკლესიო მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნით, ვინც ცხოვრების დასავლური წესის, ნივთების კულტისა და  აბორტების წინააღმდეგ  ილაშქრებს. რამდენად ძლიერია თქვენი შეშფოთება?

–  ყოველთვის  ერთსა და  იმავეს ვიმეორებდი: თუკი  დედას ძალუძს მოკლას საკუთარი ბავშვი, რაღა  დარჩენილა დასავლეთში გაუნადგურებელი? ეს ძნელი ასახსნელია, მაგრამ სიმართლეა.

– ასეთივე  სერიოზული პრობლემაა დასავლელთა სწრაფვა მატერიალური კეთილდღეობისაკენ?

– არ ვიცი. იმდენი საზრუნავი მაქვს! ამის გამო ხშირად ვლოცულობ ხოლმე, მაგრამ, საერთოდ, ეს პრობლემა ნაკლებად მაინტერესებს. აი, თუნდაც ჩვენი ორდენი: ჩვენ ცოტა რამ გვაქვს და ამიტომ ცოტა რამეზე თუ ვცდებით. რაც უფრო მეტი გაქვს მოხვეჭილი, მით უფრო დაკავებული ხარ,  მით უფრო ნაკლებს გასცემ. რაც უფრო ნაკლები გაბადია, მით უფრო თავისუფალი ხარ. სიღარიბე ჩვენთვის თავისუფლებაა. ეს არც  უბედურებაა და  არც სასჯელი. ეს არის სიხარულით სავსე თავისუფლება. აქ არ არის ტელევიზორი, არ არის ბევრი რამ სხვა. მთელ სახლში ეს ერთადერთი ვენტილატორია. იგი სტუმრებისათვის არის განკუთვნილი, ხოლო ჩვენ რიცხვს არაფრად ვაგდებთ. და მაინც, ჩვენ ბედნიერები ვართ.

– თუ  ასეა, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მდიდრებისადმი?

– ვფიქრობ, მდიდრები ბევრად უფრო ღარიბები არიან. მდიდარი ადამიანი ზოგჯერ ბევრად უფრო ძლიერ სულიერ სიმარტოვეს განიცდის. ისინი მუდამ უკმაყოფილო არიან, მუდამ რაღაც აკლიათ. არ ვამტკიცებ, რომ ყველა მდიდარი ასეთია. ადამიანიც არის და ადამიანიც. ძნელია სიღატაკის მოსპობა. ბევრად უფრო იოლი საქმეა მოშიებული დააპურო, ვიდრე სიყვარულს მოწყურებულებს მოუკლა წყურვილი.

– არის ხალხი, ვინც იმ მკაცრ განაწესს აკრიტიკებს, რომლითაც  თქვენ და თქვენი დები  ცხოვრობთ.

– ცხოვრების წესი ჩვენ თვითონ ავირჩიეთ. ამით ღატაკებს ვუახლოვდებით. როგორღა შევინარჩუნებთ მათდამი ერთგულებას, თუკი სხვაგვარად ვიცხოვრებთ? თუ ჩვენ გვექნება ყველაფერი, რაც კი ქვეყნად არსებობს და რის ყიდვაც ფულით შეიძლება, რითიღა გამოიხატება ჩვენი ერთობა ღატაკებთან? მაშინ რა ენაზე შევძლებთ მათთან ლაპარაკს? გეკითხებით, რა ენაზე? ახლა, სხვა თუ არაფერი, როცა ვინმე დაიჩივლებს ცხელაო,  შემიძლია ვუთხრა, წამოდი და ჩემი ოთახი ნახე-მეთქი.

– თქვენ ბევრგან  ხართ ნამყოფი.  ყველაზე მეტად  სად მოგწონთ ყოფნა?

– კალიგხატში. დიდებულია, როცა ადამიანები მშვიდად, ღვთის სიყვარულით სავსენი კვდებიან. დიდებულია უყურებდე ჩვენი ღატაკების  და მათი ოჯახების ბედნიერებას. ღატაკთა სიხარული ისეთი სუფთაა, ისეთი ნათელი. ნამდვილმა ღატაკებმა იციან, რა არის სიხარული.

– ზოგი ამბობს, ღატაკების სიხარული ილუზიაა. მათ ბინა და მატერიალური დახმარება სჭირდებათო.

– სიხარული მხოლოდ მატერიალურს როდი მოაქვს. არსებობს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი – დიდი სულიერი სიმშვიდის განცდა. ისინი კმაყოფილი არიან. ამით გამოიხატება  უზარმაზარი განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

– თქვენთან მომუშავე ხალხი ამბობს, რომ ვერაფერი შეგაჩერებთ, რომ მიზანს ყოველთვის მიაღწევთ.

– მართალია. ყველაფერს ღვთისათვის ვაკეთებ.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– დღევანდელი  დღით  ვცხოვრობ,  გუშინდელმა დღემ გაიარა. ხვალინდელი ჯერ არ დამდგარა. სამაგიეროდ, გვაქვს დღევანდელი დღე, რათა ღმერთი გვიყვარდეს.

– როგორი იქნება ორდენის  მომავალი?

– ამაზე ღმერთი იზრუნებს.

ინგლისურიდან თარგმნეს
ზაზა კვერცხიშვილმა და კობა ბრეგვაძემ

ცხოვრებისეული რჩევები

0

1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.

2.როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

3. პატივი ეცი საკუთარ თავს,პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძნენი, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხიმგებელი შენს მოქმედებებზე.

4.გახსოვდეს,რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.

5. კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.

6.არ მისცე უმნიშვნელო წყენას უფლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.

7.როდესაც ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი ბევრს ნუღარ იფიქრებ ამაზე.სასწრაფოდ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.

8.ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.

9.გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.

10.ყოველთვის გახსოვდეს, რომ დუმილი ზოგჯერ ყველაზე საუკეთესო პასუხია.

11.იცხოვრე პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით და როდესაც მოხუცდები,გადახედე შენს ცხოვრებას, დაფიქრდი მასზე  და აღმოაჩენ,რომ კიდევ ერთხელ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ისიამოვნო მისით.

12.როდესაც უთანხმოება შეგექმნება მასთან ვინც გიყვარს განსაჯე სიტუაცია მხოლოდ ამ უთანხმოების მაგალითზე და ნუ გაიხსენებ წარსულს.

13. სასიყვარულო ატმოსფერო ოჯახური ბედნიერების საწინდარია.

14.გაუზიარე ცოდნა სხვებს.ეს ერთ–ერთი გზაა უკვდავებისაკენ.

15.იყავი მადლიერი.

16.წელიწადში ერთხელ მაინც ესტუმრე იმ ადგილს, რომელიც არასოდეს გინახავს.

17.განსაჯე შენი წარმატება შემდეგი პრინციპით: რა გაიღე იმისათვის, რომ ამისთვის მიგეღწია?

18.გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის “საჭიროება”.

შენიშვნა: თარგმანი: 4motivi.com

სადამრიგებლო საათი

0

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში სადამრიგებლო საათის განსახორციელებლად შეიქმნა “სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის”. პროგრამის მიზანია, I-IV კლასების დამრიგებლებს საათის რაც შეიძლება სასარგებლოდ დაგეგმვასა და განახორციელებაში დაეხმაროს.

პროგრამა მოიცავს დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა დახასიათებას, სადამრიგებლო საათის თემებს, სადამრიგებლო საათის ნიმუშებს, სასარგებლო რესურსებს.

დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, სირთულეთა წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების მოგვარებაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი – სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.

დამრიგებელს, თავისი მოვალეობიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და აღმზრდელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით საფეხურზე. საგნობრივ მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელი დაწყებითი კლასისმოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან, ახალ საქმიან გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს მათ ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ დამოკიდებულებებს.

სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

. აღზრდის მთლიანობა პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

. შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოსავლენად სათანადოპირობების შექმნაა;

. მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა მოსწავლეებისთვისპასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა, მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათი ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნებისჩამოყალიბებას;

. ანამშრომლობის პრინციპი _ დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;

. ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი – დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.

სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

  1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
  2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოსა და ბუნების მოფრთხილება;
  3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივპატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
  4. თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრების, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შეიძლება,დამრიგებელმა კლასში დადგას “სურვილების ყუთი”, სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად.ამ შემთხვევაში დამრიგებელიმოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. ამ წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელიაშეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისასგანიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.

სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა; პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრა კი (35-40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს, სადისკუსიო თემებსა და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება კვირის ბოლოს ჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.

სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა – არა? ეს დაეხმარება დამრიგებელს, შემდგომი შეხვედრები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.

ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდანამგვარად დამრიგებელი დაინახავს ყველა მონაწილეს და შეეძლება განსაზღვროს თითოეულის ჩართულობისხარისხი.

ასევე, შეიძლებასადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...