პარასკევი, მაისი 9, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

„ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს“

0

ორი საუკუნის წინ ერთი კაცი, მრჩეველი კავკასიის
მეფისნაცვლის სამმართველოში, ამტკიცებდა: თუ კაცობრიობის პროგრესი გვინდა, მცირე ერები
უნდა მოისპოს და დიდი მასშტაბისა და მოცულობის ეროვნულ ერთეულებში გაითქვიფოს, უნდა
შეერწყას მათ – დამოუკიდებლობის სურვილი გულშიაც არ გაივლოს და დაუფიქრებლად შეეწიროს
დიდი სახელმწიფოების ინტერესებსო.

საგულისხმოა, რომ ამას სწორედ პატარა ერის
შვილი ამტკიცებდა და ისე მოხდა, რომ ეს ახირებული შეგონებანი პატარა ერისავე შვილებმა
– ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ – ლამის იყო, თავზე
გადაახიეს.

ამას სხვა ურიცხვი თეორია და შეგონება მოჰყვა.
პატარა ერის შვილები ისე როგორ მოისვენებდნენ, რომ თავისი სამშობლოს ნაკლი და დაბეჩავება
მთელი ქვეყნიერებისთვის არ მოედოთ, არ დაერწმუნებინათ დანარჩენი სამყარო, რომ არათუ
თანაგრძნობას, არსებობასაც არ ვიმსახურებთ, თუკი ძლიერი მფარველი არ გვეყოლება.

თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის?
ეკითხება პადპარუჩიკი
N ერთ-ერთ „სტანციაში”
გაჩერებულ მგზავრს (
ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები”)
და მისი პასუხისგან – „
მაგისას ვერ მოგახსენებთ: დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არა ვყოფილვარო” – გულმოცემული, ისეთ ტესტ-შეკითხვას
მოაყოლებს, წინ რომ ვერაფერი დაუდგება:

რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს?

იქნება ერთი ოციოდე მოგროვდეს.

რაო, ოციოდეო!.. – აქ კი გაოცებას ვერ დამალავს აფიცერი, ერთი მუჭა ხალხი და ოცი
გენერალი, დიდი ცივილიზაცია გქონიათო. მაგრამ, ეტყობა, ბოლომდე არ სჯერა და ერთხელ
კიდევ ჩაეკითხება მგზავრს: დამიზუსტე, გეთაყვა,
დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებსაც მართალ გენერლებშია სთვლით, თუ როგორ არის ეგ საქმეო?

და მგზავრი რომ იუარებს, – არა, თქვენმა მზემ, სულ მართალ გენერლებს მოგახსენებთო,
პადპარუჩიკი, ლამის არის, ხელებს აღაპყრობს ცისკენ:

ოციოდ მართალი გენერალი! ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას.

ეს ბედისწერასავით ფრაზა – „ბარაქალა
მართლმადიდებელ რუსეთს” ისე მიმზიდველი, ტკბილი და კეთილხმოვანი აღმოჩნდა, რომ უმალ
დედაენას შეველევით კონსტიტუციაში, ვიდრე ამ სიტყვების წარმოთქმის ბედნიერებას
გავუშვებთ ხელიდან.

სხვაგვარად ცივილიზაცია არ გვეღირსება.

ამასწინათ ერთი ტაქსისტი მოსთქვამდა
საქვეყნო სატკივარს: „იყო, კაცო, და რომ გადაყარეს ეს წიგნები, ეკითხათ მაინც
ხალხისთვის! ერთი სახელმძღვანელოთი ვსწავლობდით ყველა – მეც, მოსკოველიც, ჩუვაშიც
და ციმბირელიც, ერთმანეთის გაგება იყო, უკეთ გვესმოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი… ახლა
შემოიღეს რაღაც საოცრება: ჩემს შვილიშვილს მათემატიკა უნდა ეყიდა და ამოსარჩევი
გახდა, ექვსი წიგნიდან რომლით ესწავლა! ესაა დალაგებული ქვეყანა?!”

ცოტა ხნის წინ რადიოეთერში პატივცემულმა
ქალბატონმა დარეკა: „ხემინგუეი რომ გამოსულა, გამიხარდა! „სტარიკ ი მორე” ზეპირად
ვიცოდით გოგოებმა. საერთოდ, დიდებული მწერალია. ჩვენთან პირველად რომ გამოვიდა,
მაშინვე წავიკითხე ყველაფერი”. სტუდიაში მჯდომი ერთ-ერთი რესპოდენტ-თანაწამყვანი
ჩაეძია – „თქვენ, ალბათ, ვახტანგ ჭელიძის თარგმანებით…”. ქალბატონი ჯერ დაიბნა:
„ვისი?”, შემდეგ კი: „როგორ გეკადრებათ! რუსული სკოლა მაქვს ოქროს მედალზე
დამთავრებული. თან ეს ჩვენი მთარგმნელები რატომღაც ვერ… ვერ… ხომ გესმით, ხემინგუეი
სხვა სპეციფიკაა, ქართულად გულთან ახლოს ვერ მიდის!”

„რუსულ მენიუს დაგიყენებ, ძმა” –
მითხრა გამყიდველმა მობილური ტელეფონების ცენტრში და გაკვირვება რომ შემატყო – „ააა,
შენ ხო სხვა პაკალენია ხარ!” – გაეღიმა და განვადების ქაღალდებში ჩააპარა თვალი: „დასავლეთიდან
ყოფილხარ, რუსული როგორ არ იცი?!”

მობილურების გამყიდველზე გამახსენდა: 2010
წელს, ფრანკფურტში ჩასულს სიმ ბარათის შეძენა მინდოდა და მარკეტს მივადექი. ერთი
ერიტრიელი ბიჭი გამომეცნაურა, – თქვენ ის საქართველო არ ხართ, რუსეთთან ახლოს რომ
არისო? (მახსოვს, სიტყვა
close იხმარა, რაც იმ წუთას ორი მნიშვნელობით გავიგე: close-country – ახლობელი ქვეყანა, მეგობარი ხალხი
და საკუთრივ
close
დაკეტვა, დახშვა, დასრულება). მე ვუთხარი, შეიძლება ტერიტორიულად ახლოს ვიყოთ,
მაგრამ აზროვნებით სხვა ხალხი ვართ-მეთქი. გულმა ვერ მომითმინა და დავაყოლე, –
ეგენი ჩვენი დამპყრობლები არიან-მეთქი. მანაც, გადაკვრით, ირონიულად: ააა, თქვენ
უფრო ამერიკისკენ ხართ, სულ დამავიწყდაო.

რა უნდა მეთქვა. პატარა ერის შვილი ვიყავი
და ჩვენ ხომ ვერ მოვისვენებთ, სამშობლოს სიმცირე, ნაკლი და დაბეჩავება ხანდახან მთელ
ქვეყანას არ გავაგებინოთ. არ დავარწმუნოთ დანარჩენი სამყარო, რომ არათუ თანაგრძნობას,
არსებობასაც არ ვიმსახურებთ, თუკი ძლიერი მფარველი არ გვეყოლება.

ისე, ჩვენში რომ ვთქვათ – რამდენი
გენერალი იქნება დღეს საქართველოში?
დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებზე კი
არა,
მართალ გენერლებზე მოგახსენებთ.

ორგანოთა პარტიტურა

0
   ჩვენს ცხოვრებაზე მუსიკის გავლენა უკიდეგანოა. მისი ენა უნივერსალურია ყველა ეპოქისთვის, ყველა რასისა და რელიგიისთვის. მუსიკა რაღაცით მეტყველებას ჰგავს: როდესაც ის „ლაპარაკობს”, ჩვენი გრძნობები „ისმენენ”.
მუსიკა ხელოვნებაა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს მსმენელზე და ამავე დროს მისგან არ მოითხოვს მუსიკალურ განათლებას, ამიტომ, ბუნებრივია, ის ყველა დროში ხელისუფალთა დიდი ინტერესის საგანი იყო. ხელისუფლება, დემოკრატიული თუ ტოტალიტარული, მუდამ ცდილობდა, ხელოვნებას, განსაკუთრებით კი მუსიკას, მისთვის ემუშავა.
„ამქვეყნიურ სიტკბოებათაგან მუსიკა მხოლოდ სიყვარულს თუ დაუთმობს პირველობას, თუმცა სიყვარულიც თავისთავად მელოდიაა”.
ა. პუშკინი
პლატონი მუსიკას უმაღლეს ხელოვნებას უწოდებდა, ნეტარი ავგუსტინე – ღვთიურს, კონფუცის კი მიაჩნდა, რომ მუსიკა ცასა და მიწის კავშირს გამოხატავდა.

ძველ აღთქმაში მოთხრობილია, რომ ისრაელის მეფემ დავითმა მრავალი განკურნა ავი სულისგან ქნარის ჰანგებით.
მუსიკას ძველთაგანვე მიეწერებოდა მაკურნებელი ძალა. სწამდათ, რომ ის ანელებდა დაბერების პროცესს და ახანგრძლივებდა სიცოცხლეს. არაბ ექიმებს მიაჩნდათ, რომ მუსიკას სულში გავლით შეეძლო ავადმყოფი სხეულის მორჩენა და ალბათ არც არაბეთში საავადმყოფოებთან მუსიკოსების თავმოყრა იყო შემთხვევითი.

ძველ ეგვიპტეში სიმღერით მკურნალობდნენ უძილობას, ხოლო ძველ საბერძნეთში საყვირის ხმიანობით – რადიკულიტსა და ნერვულ აშლილობას.

ცნობილია, რომ ძველად შამანები და გრძნეულები დასარტყამ ინსტრუმენტებს იყენებდნენ „მაგიური” ხმების გამოსაცემად. შუა საუკუნეებში ავიცენაც კი არ თაკილობდა ნერვული დაავადებების რიტმით განკურნებას (მან თავის „განკურნების წიგნში” მთელი თავი მიუძღვნა მუსიკისა და პულის ურთიერთკავშირს).

ზარების რეკას მიაწერდნენ ბოროტის განდევნის უნარს. მიიჩნევა, რომ ზარს საიდუმლო კავშირი აქვს წმინდა ძალებსა და ადამიანის სულთან; ის აფხიზლებს ცასა და მიწას. აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ ზარის სამშობლო ტიბეტია.

მზის ღმერთი აპოლონი იმავდროულად მუსიკის ღმერთიც იყო და მედიცინისაც, რაც ამ ორი დარგის მჭიდრო ურთიერთკავშირზე მიუთითებს.

ქართველებს სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მრავალხმიანი მუსიკალური მემკვიდრეობით. ჩვენს სოფლებში დღესაც ისმის უძველესი შელოცვები, სამკურნალო-სავედრებლები და სხვა.
მუსიკალური თერაპია ოფიციალურად იყო აღიარებული მე-19 საუკუნის ევროპაში. ამ მეთოდს ბევრი წარმატებული ექიმი იყენებდა თავის პრაქტიკაში, ხოლო 1975 წლიდან მუსიკალური თერაპიის ცენტრი მსოფლიოს უამრავ მოწინავე ქვეყანაში დაარსდა – ინგლისში, გერმანიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში…
განასხვავებენ მუსიკალური თერაპიის პასიურ და აქტიურ ფორმებს. აქტიური ფორმა გულისხმობს სიმღერას, მუსიკის თხზვას ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას, ხოლო პასიური – ჩვენ მიერვე შერჩეული ნაწარმოებების მოსმენას. 

ჩვენ შეგვიძლია ვიმღეროთ, თუნდაც არც ხმა გვქონდეს და არც სმენა.

საკუთარ ხმას ნუ მივაყურადებთ, ყური ვუგდოთ მხოლოდ შინაგან შეგრძნებებს.

ცალკეული ბგერების ან მარცვლების – „ა” , „ო”, „უ” – გრძელ სუნთქვაზე ხმამაღალი გამღერება კარგად ხსნის სპაზმებსა და სხვადასხვა წარმოშობის ტკივილს.

ვიდრე სწორად სიმღერას ვისწავლიდეთ, აუცილებელია სწორად სუნთქვის სწავლა. ასეთ სუნთქვას თერაპიული მნიშვნელობა აქვს. სუნთქვის მართვის უნარი (ცოდნა) ხელს უწყობს საკუთარი ორგანიზმის მართვას. ის ასტიმულირებს გულის, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობას, კურნავს ენაბლუობას, ბრონქულ ასთმას, ხსნის გადაღლილობას. 

ყველაზე სასარგებლო სუნთქვა სრული სუნთქვაა. ის ფილტვების ვენტილაციას ახდენს, აუმჯობესებს სისხლში ჟანგბადის შემოდენას დიაფრაგმაზე ზემოქმედებით, ასტიმულირებს გულის, ღვიძლის, კუჭისა და სხვა ორგანოების მუშაობას, არეგულირებს  ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ორგანიზმიდან წიდის გამოდევნას.
ბუნებაში ყველაფერი განსაზღვრულ რიტმს ექვემდებარება. არც ადამიანის ორგანიზმია გამონაკლისი. მუსიკალური თერაპიის პრინციპი ვიბრაციებს ეფუძნება, იმ ვიბრაციებს, რომლებიც ჩვენშია: გულისცემას, პულსს, სუნთქვის რიტმს. ყოველ ჩვენგანს საკუთარი, განსაკუთრებული რიტმი აქვს, მუსიკალური რიტმები კი ჩვენს ორგანიზმთან ან ჰარმონიულ თანხვედრაში მოდის, ან დისონანსში, ამიტომ თუ მუსიკა სწორად შევარჩიეთ, ის ჩვენს განკურნებას შეძლებს.

დამტკიცებულია, რომ როდესაც ადამიანის რომელიმე ორგანოს ფუნქცია ირღვევა, ის სხვაგვარ რიტმში იწყებს მუშაობას, შესაბამისად, ვიბრაციის სიხშირე და ძალაც იცვლება. საუკეთესო მაგალითია დაავადებული გული (რიტმი ხომ მუსიკის გულია). და აქ მხსნელად მუსიკა გვევლინება, ის მუსიკა, რომელიც რიტმიდან ამოვარდნილ ორგანოსთან უნისონში გვიჟღერს.

დიდი ხანია ცნობილია, რომ კლასიკური მუსიკა სასიკეთოდ მოქმედებს განწყობაზე, ხსნის სტრესს და, რაც მთავარია, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ჩვენს ტვინში წარმოიშობა სხვადასხვა ტიპის ელექტრომაგნიტური რხევები, შენელებული ალფა რიტმიდან მაღალსიხშირიან ბეტა რიტმამდე. მაგალითად, დასარტყამზე ერთი დარტყმა აფეთქების მსგავსია. ჩვენ განმეორებად დარტყმებს გააზრებულად აღვიქვამთ, ხოლო გაუაზრებლად ვექვემდებარებით ინფრაბგერის ზემოქმედებას (შეგახსენებთ, რომ ინფრაბგერა ჩვენი სმენადობისთვის მეტისმეტად დაბალი სიხშირის ბგერაა, რომელიც ამის გამო ძნელად აღიქმება). გავიხსენოთ ცირკში ნანახი საშიში აკრობატული ილეთი, როდესაც დოლზე ჯოხების დანაწევრებული ცემა დაძაბულობას ზრდის – ეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სწორედ აკვიატებული ალფა რიტმის მეშვეობით მოქმედებს.

არსებობს ცნობები, რომ დოლების რიტმის ზემოქმედებით ორგანიზმში წარმოიქმნება ენდორფინები – ბედნიერების ჰორმონები, ნივთიერებები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ნარკოტიკებს ჰგავს და სიამოვნების ცენტრებს აღიზიანებს. მუსიკა ნებაყოფლობით გვაიძულებს მისი მაგიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა დამოკიდებულია ნაწარმოების რიტმზე, ტემპზე, სიხშირეზე, ამპლიტუდაზე, კომპოზიციის წყობაზე, გამოყენებულ ინსტრუმენტებზე. ისინი უშუალოდ მოქმედებენ ჩვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროზე და როდესაც ეს სფერო სტიმულირდება, ჩვენ ერთგვარ ჰიპნოზურ, ტრანსულ მდგომარეობაში შევდივართ. 

შამანის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია, დაირაზე დარტყმის რიტმი შეათავსოს იმ ადამიანის თავის ტვინის იმპულსებთან, ვისკენაც მიმართულია შელოცვა. და ის ადამიანიც, ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ხდება კოდირებული რიტუალური ტექსტებისა და მოძრაობების ამთვისებელი.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გამოკვლევებით, მუსიკის სწავლება სასიკეთო გავლენას ახდენს თავის ტვინის ფუნქციაზე. კვლევამ ცხადყო, რომ რეგულარული მეცადინეობა ბავშვის ტვინში კორძიანი სხეულის მოცულობას ზრდის. სწორედ ეს მონაკვეთი განაგებს ინფორმაციის მიმოცვლას თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის. შესაბამისად, მისი განვითარება ზრდის თავის ტვინის ნაყოფიერებას.

არსებობს კლასიკური სქემა კონკრეტულ დაავადებებზე ზოგიერთი ნაწარმოების ზემოქმედებისა, რომლის ფორმირება ექსპერიმენტებით მოხდა. მაგალითად:

დადებითად მოქმედებს ნერვულ სიტემაზე და, შესაბამისად, ამცირებს ემოციურ დაძაბულობას კ. დებიუსის „მთვარის შუქი”

ჯ. გერშვინის „ამერიკელი პარიზში” – 

 

 

ყველა სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ მოცარტის მუსიკას უნივერსალური მოქმედების უნარი შესწევს. ვ. ა. მოცარტის “ფანტაზია  რე მინორი” –

ამ სტატიის ავტორი არსებულ სქემას ს. რახმანინოვის „რაფსოდიას პაგანინის თემაზე” ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის –  

 

და ფ. შუბერტის „ავე მარიას”  შემატებდა.

 

ჩაძირული გემის კაპიტანი

0
ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი, დანარჩენების მსგავსად, საბჭოთა უსახური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ჩვენს შენობას, რომელსაც გამომცემლობის კორპუსს უწოდებდნენ, ორი განმასხვავებელი ჰქონდა, რაც მას გარკვეულ უნიკალურობას სძენდა ვაზისუბანში: ყვითელი ფერი, რომელიც მხოლოდ შებინდებამდე შეიმჩნეოდა და მეორე სართულზე მცხოვრები ერთი ცნობილი და დაფასებული ჟურნალისტი – თეიმურაზ მეტრეველი.
თავდაპირველად, ეს ადამიანი საკუთარი გარეგნობითა და მანერებით თავდაყირა აყენებდა ჩემს იმდროინდელ წარმოდგენებს ჟურნალისტებზე. ის იყო შუახნის, საშუალოზე მეტად მოკეთებული, მელოტი კაცი, რომელიც ყოველთვის ნელი ნაბიჯით დადიოდა და საოცრი სიდინჯით, დალაგებულად საუბრობდა. ის არასოდეს შედიოდა კამათში დაბადების დღის წვეულებებზე მეზობელ მამაკაცებთან, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს საარაკო დილეტანტობით განიხილავდნენ და თუკი მაინც შევიდოდა, არ გაცხარდებოდა ხოლმე (წლების შემდეგ მას მხოლოდ ერთხელ ვნახავ წყობიდან გამოსულსა და გაცეცხლებულს, როდესაც საკუთარი გაზეთის დასაცავად ქუჩაში მდგომი, კამერების წინ ხმამაღლა დაგმობს ხელისუფლებას). ის არაფრით ჰგავდა იმ ახალგაზრდა სვავებს, რომლებიც მიკროფონებით ხელში, ჩემი ტელევიზორის ეკრანზე დარბონდნენ, ყვიროდნენ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ. 
თუმცა, ვტყუი, როცა ვამბობ ცნობილი ჟურნალისტი იყო-მეთქი. თემურ მეტრეველს, ჩვენს უბანში, გაზეთის რედაქტორად უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ და რადგანაც მე არასოდეს მასვენებდა ფარული ლტოლვა წერისადმი, (მაშინაც კი, როცა წერა არ ვიცოდი), ჩემი ინტერესი ამ რედაქტორის მიმართ, განუზომელი იყო. 
მას მანქანა ემსახურებოდა. გემი და ქოლგის დამჭერი კი არა, როგორც ახლა მიგვაჩვიეს VIP თუ X ადამიანებმა, არამედ მანქანა. ზუსტად ისეთი, როგორზეც მსუბუქი ითქმის. მანქანაში შუახნის მძღოლი ელოდა – კარგად გაპარსული, საგანგებოდ დაყენებული  თმით, გაპრიალებული ფეხსაცმლით (ფეხსაცმელს მაშინ ვხედავდი, როცა მძღოლს, თუ სწორად მახსოვს – გიას,  მანქანიდან გადმოსვლა უწევდა) და კარგად გაუთოებული პერანგით. თემურ მეტრეველის გამოჩენამდე ის საჭეზე გაფენილი გაზეთიდან  იგებდა ქვეყნის სიახლეებს. რედაქტორი კი – ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გამოდიოდა სადარბაზოდან. მგონი სულაც ამის გამო გადავწყვიტე სკოლაში ყოველთვის დროულად მივსულიყავი და ამით, საკლასო ოთახის კუთხესთან ერთად, თავიდან ამერიდებინა არაპუნქტუალური კაცის სახელი.
ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. მე მათი მეკვლე ვიყავი. მერე დავნათესავდით კიდეც: რედაქტორის შვილის – სულხან მეტრეველის ნათლული გავხდი. თემური ერთადერთი კაცი იყო ჩემ ირგვლივ, ვინც ახალი წლის შემოსვლას სხვანაირ სადღეგრძელოს შეაგებებდა. საახალწლო სუფრას დილაადრიან ჩვენ ორნი შემოვუსხდებოდით ხოლმე (სულხანი ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი შვეიცარიაში ცხოვრობდა. ქალბატონი ლია კი გოზინაყით გვამარაგებდა). ის არ ახსენებდა ხვავს, ბარაქას. მეტრეველს არ სწამდა, რომ წარმატებას ცხენი ან დრაკონი მოგიტანდა. ის სხვანაირად ხსნიდა მომავალს, სხვა სიტყვებით ილოცებოდა. ნათქვამში ხშირად  გამოურევდა ციტატებს, ოღონდ არა ისეთს, სკოლაში რომ გაზეპირებინებენ. არამედ ისეთს, რომ მიაგნებ და არ მოგასვენებს, ღამით გაგაღვიძებს – თავს დაგამახსოვრებს. 
„არაუშავრს” – ასე შეაფასა თემურ მეტრეველმა ჩემი სკოლისდროინდელი, საუკეთესო თავისუფალი თემა, რომლის გამოც კლასელებმა იტირეს, მასწავლებლები დანაღვლიანდნენ, ბებიამ შუბლზე მაკოცა. რედაქტორი ერთადერთი იყო, ვინც გულწრფელად, მკაცრი თვალით შემაფასა. „უფრო მეტი უნდა იფიქრო, უფრო გასაგები პარალელები გაავლო, ტრაფარეტული სიტყვები მოაშორო. აზრები კი არ გადმოაფრქვიო, ამბავს მოყევი. ასეთ შემთხვევაში კარგი გამოვა” –  მითხრა მაშინ და 12 ფურცლიანი რვეულიდან ისევე დინჯად ამოიხედა, როგორც სჩვეოდა. 
წლების შემდეგ, ჟურნალისტის პროფესიას გარსია მარკესის, ტრუმენ კაპოტეს, ერნესტ ჰემინგუეისა და თეიმურაზ მეტრეველის გამო ავირჩევ. 
ნელ-ნელა რედაქტორის ნაბიჯები კიდევ უფრო შენელდა. თავადაც, მეტად მშვიდი გახდა. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ეს გაზეთის დახურვის გამო მოხდა. მართალია იმ გაცეცხლებამ მალევე გადაუარა, მაგრამ გინახავთ კაპიტანი, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ მშვიდად იცხოვრებს?! მოგვიანებით გაირკვა, რომ თეიმურაზ მეტრეველი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. ავადმყოფობის პერიოდში მამაჩემი მეგობრობისა და სამედიცინო კონსულტაციის გამო, ხშირად სტურობდა მეტრეველებს. შესაბამისად – მეც. ერთხელ, სრულიად უცაბედად, ყოველგვარი შესავლის გარეშე, რედაქტორმა მითხრა: „როცა გამოვჯანმრთელდები, ჟურნალისტურ წერას გასწავლი”. ამაზე თვალები გამიბრწყინდა და მამაჩემს ვუთხარი – არიქა, მალე გამოაჯანმრთელე-მეთქი. ამაზე არც თემური  გამხიარულებულა და არც მამაჩემი. ახლაღა ვხვდები: ორივემ იცოდა, რომ რედაქტორს სააქაო დღეები დათვლილი ჰქონდა. მაშ რატომღა დამპირდა? – არ ვიცი. 
მოგვიანებით, წერა მისმა ტექსტებმა მასწავლა. 
ყოველთვის, როცა რაიმეს ვწერ და ჩიხში შევალ, ვფიქრობ, როგორ დაწერდა ამ წინადადებას რედაქტორი. როდესაც თეიმურაზ მეტრეველი საკუთარ გაზეთს (ჩაძირულ გემს) თან ფსკერზე ჩაჰყვა, მის ცხედართან მისულმა ძველმა მეგობარმა ხმამაღლა თქვა: „თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით ქვეყანამ ვინ დაკარგა”. 
არადა, ვხვდებოდი. 
არსებობდნენ ადამიანები (რედაქტორი უთუოდ ამ ადამიანთა რიცხვშია), რომლებიც მართალია წავიდნენ, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ სამუდამო ცხოვრებას იმსახურებდნენ. 
და მაინც, ერთი კითხვა მაწვალებს: როგორ დაწერდა ამ წერილს თეიმურაზ მეტრეველი?!

სასკოლო ადაპტაციის ზოგიერთი სირთულე

0
„ჩვენი შვილების სწავლებამ ისე გაგვიტაცა, დაგვავიწყდა, რომ განათლების არსი მათთვის ბედნიერი ცხოვრების შექმნაა. სწორედ ამას ვუსურვებთ მათაც და საკუთარ თავსაც” (ს. ჰარისონი).
სკოლაში მისვლა ბავშვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. რადიკალურად იცვლება მისი ცხოვრების სტილი, ადგილი საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში, მერხთან უძრავად ჯდომა პრობლემებს უქმნის ორგანიზმს, იზრდება ფსიქოემოციური დატვირთვა, სასწავლო პროგრამის ათვისება მოითხოვს დაძაბულ გონებრივ მუშაობას… ამის პასუხად, ბუნებრივია, თავს იჩენს გარკვეული სირთულეები. ბავშვები ადვილად იღლებიან, უჩივიან თავის ტკივილს, ღიზიანდებიან, ტირიან, ცუდად სძინავთ, კარგავენ მადას, წონას… ამას შესაძლოა დაერთოს ფსიქოლოგიური პრობლემები – შიში, სწავლისადმი, მასწავლებლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებში დაეჭვება და სხვა. ამ ცვლილებებს „ადაპტაციურ დაავადებებს”, ,„სასკოლო შოკს”, „სასკოლო სტრესს” უწოდებენ.

ადაპტაციის ცნება უშუალოდ უკავშირდება სწავლისთვის მზადყოფნას, რაც მოიცავს 3 სფეროს: ფიზიკურს, ფსიქოლოგიურსა და პროვნულს. ნებისმიერ მათგანში წარმოშობილი პრობლემა გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე, მოსწავლის განცდებზე, მის შრომისუნარიანობაზე, ურთიერთობების ხარისხზე და სხვა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მოსწავლეებისთვის მთავარი სირთულეა წერა-კითხვისა და მათემატიკურ წარმოდგენათა დაუფლება, რასაც მკვლევრები არ ეთანხმებიან. სირთულეებს საფუძვლად უმეტესად სხვა მექანიზმი უდევს. საქმე ის არის, რომ სკოლამდელ ასაკში ცოდნის ათვისება სპონტანურად, თავისთავად ხდებოდა, მაგალითად, თამაშის პროცესში, სასკოლო სწავლება კი მოსწავლისგან სასწავლო ამოცანის გაცნობიერებას მოითხოვს, რაც დიდი გარდაქმნების, ძალისხმევისა და მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი თვისებების განვითარების შედეგად მიიღწევა. ყოველივე ამას, მასწავლებლის მაღალი პროფესიონალიზმის პირობებშიც კი, საკმაო ხანი სჭირდება.

ადაპტირების ხარისხის მიხედვით, ბავშვები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: 1. ადვილად ადაპტირებადები – ისინი, ვინც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ერთვებიან ურთიერთობებში, იძენენ მეგობრებს, უმეტესად კარგ გუნება-განწყობაზე არიან, მშვიდად და განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. რასაკვირველია, ზოგჯერ ისინის აწყდებიან სირთულეებს თანატოლებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობისას, მაგრამ ორი თვე ჰყოფნით ახალ რეჟიმთან მოსარგებად. 2. მეორე ჯგუფში შედიან მოსწავლეები, რომელთაც დაახლოებით ნახევარი სასწავლო წელი სჭირდებათ ადაპტაციისთვის. მათ უჭირთ ახალი – მოსწავლის – სოციალური როლის ათვისება. კარგა ხანს არ რეაგირებენ ადეკვატურად მასწავლებლის მითითებებსა და მოთხოვნებზე (ტირიან, იბუტებიან…), უჭირთ სასწავლო ამოცანების დაძლევა სწორედ არაადაპტირებულობის გამო და არა იმიტომ, რომ ინტელექტუალურად ჩამორჩებიან სხვებს. 3. მესამე ჯგუფში მოიაზრებიან მოსწავლეები, რომლებსაც საგრძნობლად უჭირთ სასკოლო ცხოვრებასთან ადაპტირება. ისინი უმეტესად ცუდად იქცევიან, ამჟღავნებენ უარყოფით ემოციებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას, ხელს უშლიან კლასის ნორმალურ ფუნქციობას.

კვლევებმა აჩვენა, რომ პირველ ჯგუფში ხვდება მოსწავლეთა დაახლოებით 56%, მეორეში – 30%, მესამეში, შესაბამისად – 14%.

ადაპტაციის დარღვევა საბოლოოდ გავლენას ახდენს მოსწავლის საქმიანობის ყველა სფეროზე. როგორ ვლინდება იგი? 1. აქტიური პროტესტით (მტრობა). მოსწავლე არ ასრულებს მასწავლებლის მითითებებსა და მოთხოვნებს, არღვევს დისციპლინას, გაკვეთილზე, დასვენებაზე ეჩხუბება თანაკლასელებს, ხელს უშლის მათ თამაშში. თანაკლესელები მას გაურბიან ან სულაც უარყოფენ. მოსწავლე გაღიზიანებულია, აგრესიული და ბრაზიანი. 2. პასიური პროტესტით (გაქცევა): ბავშვი იშვიათად იწევს ხელს გაკვეთილზე, სწავლობს მექანიკურად, არ ცდილობს იმის გაცნობიერებას, რასაც სწავლობს, რასაც აკეთებს. შესვენებებზეც პასიურია, მარტო ყოფნას ამჯობინებს, არ ერთვება ჯგუფურ თამაშებში, უმეტესად უგუნებოდაა ან დამფრთხალი. 3. შფოთვითა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობით. მოსწავლე ამ შემთხვევაშიც პასიურია გაკვეთილზე, პასუხობს დაძაბული, დასვენებებზე ვერ პოულობს შესაფერის აქტივობას, ის ბავშვების გვერდითაა და არა მათთან ერთად. ხშირად ტირის, უმნიშვნელო შენიშვნაზეც კი წითლდება, იბნევა. ზოგჯერ ამას ერთვის ტიკები, მეტყველების შეფერხება, თავის ტკივილი, დაღლილობისა და ღებინების შეგრძნებაც კი.

ადაპტაციის დარღვევის ძირითადი მიზეზებია:

* მოსწავლის მიმართ მასწავლებლისა და მშობლის მიერ წაყენებული არაადეკვატური მოთხოვნები;
* დროში შეზღუდულობით გამოწვეული სტრესი;
* ემოციური, ინტელექტუალური და ფიზიკური გადატვირთვა;
* ასაკსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამო სასწავლო პროგრამები, სწავლების მეთოდები;
* სასწავლო და არასასწავლო მეცადინეობების რეჟიმის დარღვევა, არასათანადო ორგანიზაცია;
* სასწავლო პროცესის პირობებისა და მოთხოვნებისადმი არასაკმარისი ფსიქოლოგიური და ფუნქციური მზაობა.

დეზადაპტაციის ტიპური გამოვლინებებია:

1. ნევროზის მსგავსი დარღვევები: ძილის, მადის დაკარგვა, არაადეკვატური რეაქციები, დაღლილობა, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, შიშები, აკვიატებული მოქმედებები (თვალის ხამხამი, სახისა და კისრის კუნთების მოძრაობა, ხშირი ჩახველება. ფრჩხილების კვნეტა, მეტყველების ტემპის დარღვევა და ა.შ.); 
2. ნევროზები, ნერვული დარღვევები (ენურეზი, ენაბლუობა, აკვიატებული მოქმედებები და ა. შ.);
3. ასთენიური მდგომარეობები (წონის დაკლება, სიფითრე, თვალების ქვეშ კანის გამუქება, დაბალი შრომისუნარიანობა, ადვილად დაღლა და ა.შ.);
4.იმუნიტეტის დაქვეითება (ხშირი ავადმყოფობა);
5. სასწავლო მოტივაციის დაქვეითება;
6. თვითშეფასების დაქვეითება, შფოთვის მომატება, ემოციური დაძაბულობა.

რით გამოიხატება მასწავლებლის როლი ამ რთულ პერიოდში? მოსწავლეებს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა. ბევრი პირველკლასელი ვერ აცნობიერებს ვერც მასწავლებლის პოზიციას და ვერც საკუთარ მდგომარეობას კლასში. ბავშვმა შესაძლოა გითხრათ, რომ არ უნდა სწავლა და არ აინტერესებს თქვენთან ურთიერთობა. ბრძანებებით და „მკაცრი ხელის” პრინციპით ასეთი მოსწავლეების მართვა შეუძლებელია. საჭიროა მათი პრობლემების იდენტიფიცირება, თანაგრძნობა და ნდობის მოპოვება, რაც პედაგოგისგან საკითხის ცოდნას, შესაბამისი ტექნიკების ფლობას და, ამავე დროს, მოთმინებასა და კეთილგანწყობას მოითხოვს. განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ ბავშვებს, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ და სახლიდან მოვიდნენ სკოლაში. ისინი უფრო ჯიუტები, ჭირვეულები არიან, თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, შესაძლოა მოისროლონ სასკოლო ნივთები, იტირონ, სახლში მშობლებს შესჩივლონ, რომ თქვენ ის არ გიყვართ, შესაძლოა საერთოდ უარი განაცხადონ სკოლაში სიაარულზე. ხშირად ყოველივე ამას სერიოზულ კონფლიქტამდე მივყავართ. არ ღირს ამაში მშობლების დადანაშაულება, ეს კიდევ უფრო გაგირთულებთ სიტუაციას; ესაუბრეთ მათ შექმნილი მდგომარეობის მიზეზების შესახებ და ერთად იმუშავეთ მის გამოსასწორებლად. იმუშავეთ კლასთანაც, დაანახვეთ მოსწავლეებს თითოეული მათგანის ძლიერი მხარეები. მაგალითად, შესაძლოა გიორგი ჯერ კიდევ ვერ წერდეს ლამაზად, ან ვერ კითხულობდეს კარგად, მაგრამ მშვენივრად ხატავდეს ან ანგარიში ეხერხებოდეს. კარგია ჯგუფური აქტივობა – ეს აახლოებს მოსწავლეებს და აადვილებს შეგუებას. პოზიტიური შეფასებები (თუნდაც უმნიშვნელო წარმატებისა) ემოციური მხარდაჭერის გამოხატულებაა და დადებითი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში, სადაც მასწავლებელი ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტია და თითოეული მოსწავლისადმი მისი დამოკიდებულება მოდელია ყველა ბავშვისთვის: მათ მოსწონთ ის თანაკლასელი, ვინც მასწავლებელს მოსწონს და პირიქით. სასკოლო წარუმატებლობის დრამატიზება, ზედმეტი სიმკაცრე, მომთხოვნელობა, მორალური ზეწოლა, როგორც წესი, უფრო მეტად აკარგვინებს წონასწორობას მოსწავლეს, აძლიერებს დაუცველობის განცდას, ზრდის სასკოლო შფოთვას, იწვევს ახალ წარუმატებლობას და სასკოლო ადაპტაციის ისედაც რთულ პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
 
გთავაზობთ კითხვარს, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლის სკოლისადმი დამოკიდებულების შეფასებაში დაგეხმარებათ:
 
1. მოგწონს სკოლაში? 
1) კი
2) არც ისე
3)არა
2. დილაობით სიხარულით მიდიხარ სკოლაში თუ შინ დარჩენა გინდა?
1. სიხარულით მივდივარ
2. ზოგჯერ კი
3. შინ დარჩენა მირჩევნია
3. მასწავლებელმა რომ გითხრას, ხვალ სკოლაში მოსვლა ყველა მოსწავლისთვის არ არის აუცილებელიო, წახვიდოდი თუ სახლში დარჩებოდი?
1. სკოლაში წავიდოდი
2. არ ვიცი
3. სახლში დავრჩებოდი
4. გიხარია, როცა გაკვეთილი გიცდება?
1. არ მიხარია
2. ზოგჯერ კი
3. მიხარია
5. გინდა, რომ საშინაო დავალებებს არ გაძლევდნენ?
1. არ მინდა
2. არ ვიცი
3. მინდა
6. გინდა, რომ სკოლაში მხოლოდ დასვენებები იყოს, გაკვეთილები კი – არა?
1. არა
2. არ ვიცი
3. მინდა
7. ხშირად ესაუბრები მშობლებსა და მეგობრებს სკოლის შესახებ?
1. ხშირად
2. იშვიათად
3. საერთოდ არ ვესაუბრები
8. გსურს, სხვა, ნაკლებად მკაცრი მასწავლებელი გყავდეს?
1. მასწავლებელი მომწონს 
2. არ ვიცი
3. მსურს
9. კლასში ბევრი მეგობარი გყავს?
1. კი
2. ცოტა
3. საერთოდ არ მყავს
10. თანაკლასელები მოგწონს?
1. მომწონს
2. არცთუ ისე
3. არ მომწონს
პირველი პასუხი – 3 ქულა, შუალედური პასუხი – 2 ქულა, მესამე პასუხი – 0 ქულა
მაქსიმალური შეფასება – 30 ქულა. 
25-30 ქულა: მოსწავლეს ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი თავისადმი როგორც მოსწავლისადმი დამოკიდებულება, მაღალი სასკოლო მოტივაცია.
20-24 ქულა – საკუთარი თავისადმი როგორც მოსწავლისადმი დამოკიდებულება პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია
15-19 ქულა – სკოლისადმი დამოკიდებულება დადებითია, მაგრამ სკოლა მოსწავლეს მოსწონს არასასწავლო თვალსაზრისით.
10-14 ქულა – არ არის ჩამოყალიბებული საკუთარი თავისადმი როგორც მოსწავლისადმი დამოკიდებულება
10 ქულა და ნაკლები – სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.. 

ნორმალური მოსწავლეები, ნორმალური მასწავლებლები და ჰოგვორტსი

0
„ვინ წარმოიდგენდა, რომ ბატონ და ქალბატონ დერსლებს, პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობენ, ოდესმე უცნაური, თანაც იდუმალებით მოცული ამბავი გადახდებოდათ თავს. ისინი ხომ ყოველგვარ სასწაულს სისულელედ მიიჩნევდნენ და სულ იმით ამაყობდნენ, ჩვენ სავსებით ნორმალური ადამიანები ვართო”.

ჩვენი მამები ხშირად იხსენებენ, როგორ არ იშოვებოდა მათ დროს „ბითლზის”, „ლედ ზეპელინის”, „პინკ ფლოიდის” მუსიკის ჩანაწერები, როგორ უსმენდნენ მალულად და წვალებით მოპოვებულ ბაბინებზე როკ-ენ-როლს და როგორ გადადიოდა ეს ბაბინები ხელიდან ხელში. სხვა დრო იყო მაშინო, – იტყვიან ხოლმე, – თქვენ რა გიჭირთ, ყველაფერი მზამზარეული გაქვთ ინტერნეტის წყალობითო… გაივლის, ალბათ, წლები და მეც მოვუყვები შვილებს, როგორ გადაიწერა პირჯვარი გამვლელმა ქალმა, როცა 14-15 წლის ბავშვები ალექსანდრეს ბაღში ჯადოსნური ჯოხებით და „ჰარი პოტერის” ტომებით „შეიარაღებულები” დაგვინახა. იმასაც მოვუყვები, რომ ამ უწყინარ ჯადოქრულ საგას ლამის იგივე ბედი ეწია, რაც „ლედ ზეპელინის” ბაბინებს. თუმცა დიდი ვნებათა ღელვის შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ახლა ისეთი ადამიანებისგანაც კი გამიგონია „ჰარი პოტერის” ქება, ვინც ადრე მასში ბნელი ძალების ხოტბას და სატანისტურ გეგმასაც კი ჭვრეტდა. ჩვენ კი, პატარა პოტერომანები, მაინც ვყიდულობდით წიგნებს და ხშირად მასწავლებლებისგან მალულად ვკითხულობდით. ზოგს მშობლები უკრძალავდნენ, ზოგს, პირიქით – მშობლები ურჩევდნენ. ვისაც ამ მხრივ ბედმა გაგვიღიმა, ბავშვობიდანვე ჩავერთეთ ფილოსოფიური ქვისა თუ საიდუმლო ოთახის ძიებაში…

შეამჩნევდით, რომ ამ წერილის დასაწყისი ჰარი პოტერის თავგადასავლის პირველი წიგნის პირველი აბზაციდანაა აღებული. ტავტოლოგიისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ნამდვილად პირველი შეხვედრა იყო ნამდვილ სკოლასთან. შეიძლება ითქვას, პირველი სიყვარულიც კი. ვიცოდით, რომ ჩვენ, უბრალო და ამსამყაროსეული სკოლის მოსწავლეები, დიდი-დიდი, ბიოლოგები, გეოგრაფები, ფილოლოგები ან მათემატიკოსები გამოვსულიყავით, მაგრამ ყველაფერში მაინც ჯადოსნობას ვხედავდით. სკოლას ფერი მიეცა, ჩვენ – სტიმული. ამიტომ მინდა, ბლოგის დარჩენილი ნაწილი სწორედ ამ თემას მივუძღვნა: სკოლას, როგორც ასეთს. ბავშვების პირველ შთაბეჭდილებებს, მოლოდინებს, ყოველდღიურობასა და გამოწვევებს. 

რატომ არის, რომ ზოგიერთ მოსწავლეს უხარია სკოლაში წასვლა, ზოგიერთს კი სძაგს? ვითომ ყველაფერი სიბეჯითე-სიზარმაცით განისაზღვრება? ვინ იცის… მე კი მგონია, რომ სკოლა ჯადოსნური ადგილია, სადაც უცნაური შელოცვებისა თუ ელექსირების წყალობით იბადება მეგობრობა, საუკეთესო მოგონებები და ხშირად – პირველი სიყვარულიც.

მომდევნო წლებშიც შემიმჩნევია კაფეებში, ნაცნობ-მეგობრების სახლებში, კლუბებსა თუ სხვა დაწესებულებებში – პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ყველაზე ძლიერია. თუ პირველი მისვლისას იქაურობა არ მომწონებია, განწყობა მეტწილად არც მერე შემცვლია.

მაინც როგორი შთაბეჭდილებები აქვთ პირველკლასელებს სწავლის პირველ დღეს? 

ყველაფერი, ალბათ, გაცილებით ადრე იწყება – მაშინ, როცა მშობლები მათ სასკოლოდ ამზადებენ, უყვებიან, რომ დგება დრო, როცა ყველა ბავშვი მიდის სკოლაში, იქ ბევრი მისი თანატოლი იქნება და მეგობრებს შეიძენს, ახალ-ახალ რაღაც-რუღაცებს ისწავლის და უკვე დიდი გოგო (ბიჭი) იქნება. ეს სამყაროც უთვალავ ფერს იძენს ბავშვის წარმოსახვაში და ვინ იცის, ვის ახსოვს, რა სახეს იღებს საბოლოოდ… მაგრამ ყველაფერი პირველსავე დღეს იცვლება – ზარის მჭახე ხმა ბავშვს რეალობასთან აბრუნებს და ახლა ის უკვე იმას ცდილობს, სკოლის რეალურ ფერებს საკუთარი ისე შეუხამოს, რომ წარმოსახვითი სამყარო სულ მთლად არ დაენგრეს.

რა თქმა უნდა, ყველა სკოლისკენ მიმავალი ტრანსპორტი ვერ იქნება „ჰოგვორტს ექსპრესი” და არც ნავებით გასეირნება მოუწევთ ბავშვებს მთავარ ჭიშკარში შესასვლელად; კლასებში მათ გამანაწილებელი ქუდი კი არა, სკოლის მენეჯმენტი ანაწილებს, ხოლო შიდა კიბეები სრულიად უძრავია, თუ, რა თქმა უნდა, დაუდევრობით არ მოირყა. მოკლედ, სკოლა ხშირად რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაზეც შეიძლებოდა ბავშვს ეოცნება. მაგრამ ჯადოსნობა ხომ ყველაფერშია, მით უფრო – ბავშვის თვალით დანახულ სამყაროში. იქნებ ეს მასწავლებლებზეცაა დამოკიდებული? იქნებ ერთი შეხედვით სრულიად არამაგიურად ჩაცმული პედაგოგები პატარების თვალში იოლად იქცევიან მინერვა მაკგონაგელებად? რა არის ამისთვის საჭირო – ჯადოსნური ქუდი თუ სწავლის პროცესის ერთ დიდ ზეიმად ქცევა?

მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დაბეჯითებით: ბავშვებს ყველაზე ნაკლებად სურთ, „ნორმალური” ადამიანები იყვნენ; ისინი ზებუნებრივ ძალასა თუ ჯადოქრობის ნიჭზე ოცნებობენ და ვინაიდან არსებული სინამდვილის პირობითობა ამის საშუალებას არ იძლევა, ერთადერთი გამოსავალი, ალბათ, ნორმალური მოვლენებისა და პროცესების არანორმალურ ფერებად შეღებვაა. ასეთ დროს შესაძლოა ყავისფერი დაფა მფრინავ ხალიჩად იქცეს, ცარცი – ჯადოსნურ ჯოხად, რვეული – მაგიურ დღიურად… და ვინ იცის, რა საოცარ და დაუვიწყარ თავგადასავალს დაემსგავსოს სწავლა მათთვის, ვინც ცხოვრებისეული სასწაულების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს.

პერფექციონისტი ბავშვები

0
მრავალი მშობლისთვის მტკივნეულად ნაცნობია საშინაო დავალების შესასრულებლად შვილებთან გამართული „ბრძოლა”, მაგრამ ისეთი მოსწავლეებიც არიან, რომლებსაც ნიჭიერებასთან ერთად არც თვითმოტივირება და მუყაითობა აკლიათ. დამეთანხმებით, ასეთ შვილზე ყველა ოცნებობს, მაგრამ რა მოხდება, თუ ამ ბავშვებს განსაკუთრებული მიდრეკილება ექნებათ სრულყოფილებისკენ და მხოლოდ უმაღლესი ქულა დააკმაყოფილებთ? ცნობილია, რომ ნიჭიერება ერთგვარი გამოწვევაა როგორც მშობლებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და თავად ნიჭიერი ბავშვებისთვისაც. ამ სტატიაში პერფექციონისტ ბავშვებზე ვისაუბრებთ.

განათლების ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პერფექციონისტი ბავშვები და მათი მშობლები განსაკუთრებულ სირთულეთა პირისპირ დგანან. მათში გარკვევა და მართებული გამოსავლის მიგნება განსხვავებულ მიდგომებსა და გადაჭრის გზების ძიებას მოითხოვს. ვეცდებით, ამჯერად საკითხი უმთავრესად მშობლების ინტერესების გათვალისწინებით განვიხილოთ და რამდენიმე მოკრძალებულ რჩევას შევთავაზებთ მათ. ნიჭიერი ბავშვი მშობლებისთვის, უპირველესად, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მშობლებმა უნდა დაინახონ და გააცნობიერონ მასთან ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი.

მასწავლებლისთვის ადვილი შესამჩნევია ზოგიერთი ბავშვის ზედმეტი მონდომება და ყველაფრის ზედმიწევნით სრულყოფილად გაკეთების სურვილი. ეს ბავშვები მხოლოდ სკოლაში აკადემიური წარმატებისთვის როდი იქცევიან ასე – ხასიათის ამ თვისებას ისინი ეზოში თამაშის დროსაც ამჟღავნებენ. ბავშვის სურვილი, ყველაფერი კარგად გააკეთოს, მისასალმებელია, მაგრამ ყოველთვის და ყველგან სრულყოფილებისკენ სწრაფვა ბუნებრივი არ არის. მით უმეტეს, პერფექციონისტ ბავშვს ხშირად იპყრობს წარუმატებლობის შიში და ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, ხოლო როცა ადრე თუ გვიან წაიფორხილებს, სავსებით მოსალოდნელია, აპათიასა და სასოწარკვეთილებას მიეცეს.

პერფექციონისტ ბავშვებს წარმატება ხშირად თავისებურად, შეიძლება ითქვას, დამახინჯებულად ესმით. მაგალითად, ზოგჯერ ისინი საკმაოდ რთულ ტესტში ერთი კითხვის ჩაგდებასაც მძიმედ განიცდიან. მათთვის დამახასიათებელია ძალზე რთული, პრაქტიკულად მიუღწეველი ამოცანების დასახვა და სრული ტრიუმფისთვის მთელი შესაძლებლობების მობილიზება.

ჩვენს საგანმანათლებლო საზოგადოებას სადავოდ არ მიაჩნია, რომ აკადემიური და არააკადემიური უნარების განვითარება ერთნაირად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს სკოლებში ძირითადი ყურადღება ჯერჯერობით მაინც აკადემიურ წარმატებას ეთმობა. ეს ტენდეცია მოსწავლეებს აფიქრებინებს, რომ ნამდვილი წარმატება ტესტებში მიღებული მაღალი ქულებით გამოიხატება. ურიგო არ იქნება, სრულფასოვანი წარმატების განცდა მოსწავლეს საკლასო ოთახის გარეთ მიღწეული გამარჯვების გამოც დაეუფლოს.

სამწუხაროდ, შეცდომა ყველას მოსდის. მას ვერავინ დააღწევს თავს. ამიტომ ბავშვი იმთავითვე უნდა შეეგუოს, რომ ადრე თუ გვიან მასაც მოუვა შეცდომა და მასთან გამკლავება შეძლოს. მრავალ მშობელს მიაჩნია, რომ კარგად მოიქცევა, თუ შვილს შეცდომებისგან დაიცავს, სინამდვილეში კი ასეთი მოქმედებით ბავშვს შეცდომებთან გამკლავების უნარს უქვეითებენ, რაც არა მარტო სკოლაში, არამედ სკოლის დამთავრების შემდეგაც იჩენს თავს, როცა მათ უკვე ზრდასრულ შვილებს ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებისთვის თვალის გასწორება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა მოუწევთ.

აკადემიური წარუმატებლობის შიშის ფონზე პერფექციონიზმმა შესაძლოა სხვადასხვა ხასიათის პრობლემებით იჩინოს თავი: ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევით, უმადობით, მომატებული შფოთვით. გამორიცხული არ არის, მოზარდმა თვითდაზიანებასაც კი მიმართოს.

განათლების ფსიქოლოგები ვერ ახერხებენ პერფექციონიზმის უშუალო მიზეზის დადგენას. არც მისი უარყოფითი გავლენაა გამორკვეული სრულად, მაგრამ ერთი რამ უდავოა: პერფექციონისტ ბავშვებს სჭირდებათ მშობლების დახმარება სასწავლო პროცესის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

მაშინაც კი, თუ ბავშვი თავს აარიდებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ და სხვა სახის პრობლემებს, სრულ კონცენტრირებას საუკეთესო შედეგის მისაღწევად ხშირად ის მოჰყვება, რომ მას საერთოდ გამოეპარება გამარჯვების მომენტი, რომელსაც მისთვის სიამოვნება უნდა მიენიჭებინა. 

განათლების ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პერფექციონისტი ბავშვების ბუნების შეცვლა შეუძლებელია, თუმცა არსებობს უამრავი საშუალება მათ დასახმარებლად, გამონახონ უკეთესი ბალანსი და თავს ასე უმოწყალოდ არ მოექცნენ. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

▪ ისე ჩანს, თითქოს სრულყოფილებისკენ სწრაფვა ბავშვის ხასიათიდან მომდინარეობდეს. მოზრდილებს თავიანთი საქციელის დაკვირვებით შეფასება მართებთ. ისინი უნდა დაფიქრდნენ, თავიანთი მოქმედებით ან სიტყვით უნებლიეთ თვითონვე ხომ არ აწვდიან ბავშვებს ისეთ მესიჯებს, რომლებიც მათ პერფექციონიზმისაკენ უბიძგებს. მაგალითად, როცა ბავშვს დასამშვიდებლად ეუბნებით, რომ მაღალი აკადემიური წარმატება და ჯილდო მთავარი არ არის, იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, ხომ არ გიყვართ თქვენი სასკოლო წარმატებებისა და ჯილდოების გახსენება. უდავოა, ამით უფრო მეტად გააძლიერებთ პერფექციონისტი ბავშვის სრულყოფილებისკენ სწრაფვას. ცნობილი ჰუმანისტური თეორიების (კარლ როჯერსი, აბრაამ მასლოუ) თანახმად, ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უპირობოდ უყვართ და არა სკოლაში მიღწეული წარმატებების გამო. გამონახეთ სხვა მიზეზებიც,  გარდა აკადემიური წარმატებისა, რათა შეაქოთ ბავშვი, აგრძნობინოთ, რომ მისით ამაყობთ.

▪ სასურველია, ბავშვის ყურადღება ზოგჯერ უკვე ნასწავლის სრულყოფილებამდე მიყვანის ნაცვლად ახალი ინფორმაცისკენ მივმართოთ. უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, როგორ შევაქოთ უმაღლეს დონეზე შესრულებულ ტესტისთვის. სპეციალისტები გვირჩევენ, ვუთხრათ: „ყოჩაღ, ბეჯითად იშრომე ამ რთული მასალის შესასწავლად” და ნუ მივიჩნევთ ამას მორიგ ჩვეულებრივ წარმატებად: „შესანიშნავია, შენ კიდევ ერთი 100%-იანი შედეგი აჩვენე”.
▪ ეცადეთ დაარწმუნოთ შვილი, რომ ცნობილი ლოზუნგი „ყველაფერი ან არაფერი”, რომელიც მას დაახლოებით ასე ესმის: „თუ 100%-იანი შედეგი ვერ მივიღე, ე.ი. სულელი ვარ”, – არასწორია. 

▪ განათლების ფსიქოლოგები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ბავშვებს შეცდომების არ უნდა ეშინოდეთ. თუ ისინი სთხოვენ, მშობლები მზად უნდა იყვნენ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ შეცდომებს მორიდოთ, ნუ გააკეთებთ მათ გასაკეთებელ საქმეს. უმჯობესია, ბავშვებმა სამუშაო თავად შეასრულონ და არც შეცდომებისა ეშინოდეთ, მაგრამ დარწმუნებული იყვნენ, რომ მშობლებისგან კონსტრუქციულ, კეთილგანწყობილ უკუკავშირს მიიღებენ. ამგვარად მათ სრულყოფილების ფსიქოლოგიურ წნეხსაც შევუმსუბუქებთ და მშობლების დაუხმარებლად წარმატების მიღწევის რწმენასაც გავუძლიერებთ. 

▪ ნუ ეცდებით, ბავშვის წინასაგამოცდო შიში გამოცდის გაუბრალოებით და უეჭველი წარმატების რწმენით გაფანტოთ. ნუ დაამშვიდებთ ამ სიტყვებით: „საშიში არაფერია, მჯერა, აუცილებლად უმაღლეს ქულას მიიღებ, შენ ხომ ყოველთვის ახერხებ ამას”. ეჭვგარეშეა, მშობელს საუკეთესო განზრახვა აქვს, მაგრამ პერფექციონისტმა ბავშვმა ასეთი გამხნევება შესაძლოა მისი განსაკუთრებული სტატუსის კიდევ ერთხელ ხაზგასმად მიიღოს. უმჯობესია ვუთხრათ, რომ მთავარია, ძალისხმევა არ დაიშუროს, ხოლო რა მოხდება შეფასებისას, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. 

▪ თუ ბავშვი საშინაო დავალებებს მეტისმეტად ბევრ დროს ანდომებს, დაუთქვით დროის ლიმიტი, რომლის შემდეგ მან აუცილებლად უნდა შეისვენოს. ესაუბრეთ პედაგოგებს, გააცანით მათ თქვენი მეთოდები, სთხოვეთ რჩევა.

▪ სრულყოფილებისკენ ბავშვის სწრაფვას სამი ძირითადი წყარო ასაზრდოებს: მისი ხასიათი, ოჯახი და სკოლა. საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ბავშვის პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, მას ყოველთვის აქვს ერთი თვისება: ნამდვილ წარმატებად ბავშვი მხოლოდ აკადემიურ სფეროში მიღწეულ წარმატებას მიიჩნევს. ეცადეთ, მისი ყურადღება ისეთ აქტივობებზე გადაიტანოთ, რომლებიც თამაშზეა აგებული, არ არის გათვლილი ქულების დაგროვებაზე, არ შეიცავს შეჯიბრებისა და კონკურენციის ელემენტებს, მაგრამ ბავშვს თვითგამოხატვის საშუალებას მისცემს. თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვის დღის რეჟიმში დასვენებას სათანადო დრო დაეთმოს.

▪ საგანგებოდ ჩართეთ ბავშვი ისეთ აქტივობებში, რომლებშიც იგი საუკეთესო არ არის. მიაჩვიეთ ასეთი დაბრკოლებების გადალახვას. დაარწმუნეთ, რომ თავი შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოს და პირველივე მარცხისთანავე არ მიანებოს თავი მისთვის უხერხულ საქმიანობას ამა თუ იმ საბაბით – ძნელია, არაკომფორტულია, მოუხერხებელია და ა.შ.

▪ გაეცანით წიგნებსა და კინოფილმებს, რომლებიც ცნობილი ადამიანების ნამდვილ ამბებზეა აგებული, ყურადღება გაამახვილეთ მათი ბიოგრაფიის რთულ პერიოდებზე, აჩვენეთ ბავშვს, რომ ამ ადამიანებმა ცხოვრებაში განცდილი რამდენიმე მარცხის მიუხედავად, საბოლოოდ მაინც დიდ წარმატებას მიაღწიეს. შეგიძლიათ, თქვენი იმ წარუმატებლობის შესახებაც მოუთხროთ, რომელიც ბოლოს წარმატებით დასრულდა. აუხსენით, რომ წარუმატებლობამაც გაგიწიათ გარკვეული სამსახური და მომავალ წარმატებას ხელი შეუწყო.

განათლება რომის იმპერიაში

0
ადრეული პერიოდის რომაულ განათლებაზე დღემდე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა ცნობილია, რომ ეს სისტემა მჭიდროდ იყო დაკავშირებული patria potestas-ის ინსტიტუტთან, რომლის თანახმადაც, ოჯახის უფროსს ყოველგვარი უფლება ჰქონდა შვილებზე.
რომის დაარსებიდან პირველი ხუთი საუკუნის განმავლობაში გამუდმებით მიმდინარეობდა ბრძოლა გადარჩენისა და დამოუკიდებლობისთვის, ამიტომ ძველი რომაელები, გარდა სამხედრო ხელოვნებისა, ვერაფრისთვის იმეტებდნენ დროს, ხოლო როცა არ იბრძოდნენ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იყვნენ დაკავებული.
ისტორიული წყაროების თანახმად, ძვ. წ. 272 წელს რომაელთა მიერ შეპყრობილ განათლებულ ბერძენ მონას, ტარენტუმს, წარჩინებულთა შვილების მასწავლებლობა დაევალა.
როდესაც თავისუფლება მოიპოვა, ტარენტუმმა თავისი ბატონის სახელი დაირქვა და ლუკიუს ლივიუს ანდრონიკუსი გახდა. მან რომში გააგრძელა ცხოვრება და საუკეთესო მასწავლებლის სახელი დაიმკვიდრა. აქედან იწყება რომში განათლების დანერგვა. ლივიუსი სწავლების ბერძნულ მეთოდებს იყენებდა. მან თავისი რომაელი მოსწავლეებისთვის ლათინურ ენაზე  თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა” და ლექსი ძველი სატურნული საზომით გამართა. ამრიგად, პირველი მასწავლებელი იმავდროულად პირველ რომაელ ავტორადაც იქცა. მასწავლებლის პრაქტიკულმა მიზანმა, კარგი განათლება მიეცა მოსწავლეებისთვის, სათავე დაუდო მსოფლიოში ცნობილ ერთ-ერთ უძველეს და საუკეთესო მწერლობას.
ოჯახი და განათლება
რომში ვაჟზე პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში დედა ზრუნავდა, რომელიც მას მცირე გაკვეთილებსაც უტარებდა და ათამაშებდა კიდეც. როგორც კი ვაჟი წამოიჩიტებოდა, მის აღზრდაზე მთელ პასუხისმგებლობას მამა იღებდა. ის ითავსებდა მასწავლებლის ფუნქციასაც: ასწავლიდა შვილს წერა-კითხვას, სირბილს, ცურვას, ფერმაში მუშაობას, ზოგჯერ დაჰყავდა ფორუმებზე საჯარო გამოსვლების მოსასმენად.
ადრეულ პერიოდში ვაჟებს ასწავლიდნენ ლეგენდებს რომის შესახებ, რაც ისტორიის სწავლების ერთგვარი ხერხი იყო. სავარაუდოდ, ეს ლეგენდები ლექსად გამოითქმოდა და სატურნული საზომით იყო გამართული. მათ ვაჟები ზეპირად სწავლობდნენ და შემდეგ ან დეკლამაციას ეწეოდნენ, ან მღეროდნენ. არ ისწავლებოდა სახვითი ხელოვნება, თუმცა მოიპოვება ცნობა, რომ გაიუს ფაბიუსმა პიქტორის წოდება მიიღო მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 302 წელს სალუსის ტაძარი მოხატა.
კაპიტოლიუმის ძუ მგელი (Lupa Capitolina) (ძვ. წ. 296 წ.) დასტურია იმისა, რომ რომაელი ხელოსნები ოსტატობით არ ჩამოუვარდებოდნენ თავიანთ ბერძენ თანამედროვეებს.
პირველი სკოლა
ცნობილია, რომ რომში პირველი სკოლა გახსნა სპურიუს კარვილიუსმა, გათავისუფლებულმა მონამ, რომელიც ძვ. წ. III საუკუნეში ცხოვრობდა, თუმცა ლეგენდები შეიცავს ინფორმაციას სასკოლო ცხოვრების შესახებ გაცილებით ადრეულ პერიოდშიც. მაგალითად, ცნობილია, რომ რომულუსი და რემუსი გაბიუმის სკოლაში დადიოდნენ.
დღესასწაულებზე სკოლა იხურებოდა. საზაფხულო არდადეგები საკმაოდ ხანგრძლივი იყო – 4 თვე გრძელდებოდა. ღარიბი ოჯახების შვილები დაწყებითი განათლებით შემოიფარგლებოდნენ. შემდეგ ისინი იძულებული იყვნენ, შრომა დაეწყოთ, ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად აღარ ეცალათ. ჩვეული მოვლენა იყო ადრეული ქორწინებაც – 12 წელი ამისთვის ლეგალიზებული ასაკი გახლდათ. პრივილეგირებული ოჯახის შვილები კი ლიტერატურის შესწავლას აგრძელებდნენ.
ბერძნულ-რომაული განათლების ადრეულ პერიოდში ძირითადად ჰომეროსს ასწავლიდნენ, ხოლო მოგვიანებით – რომაულ ლიტერატურასაც, განსაკუთრებით – ვერგილიუსსა და ციცერონს. ლათინურენოვან ავტორთა შერჩევის პროცესში თანდათანობით ტექსტისა თუ ავტორის ათვისების 4 ეტაპი გამოიკვეთა: 1. lectio – ტექსტის უზადო კითხვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ რთული მეტრული სისტემით გამართული ტექსტების შესწავლისას; 2. enaratio – განმარტება, რაც გულისხმობდა მთელი ნაწარმოებისა და მისი ცალკეული ნაწილების ინტერპრეტაციას, ავტორის ბიოგრაფიის, მასთან მოხსენიებული ისტორიული, გეოგრაფიული, მითოლოგიური მასალის ანალიზს; 3. emendation – კრიტიკული ანალიზი, რომლის მიზანი იყო ტექსტის ღირსებებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა (თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, შეიძლებოდა მისი ჩასწორებაც კი); 4. Judicium – შეჯამება და დასკვნების გამოტანა.
მასწავლებლები
თავდაპირველად რომში განათლება სავალდებულოდ არ მიიჩნეოდა. სახელმწიფო ამ საკითხში არ ერეოდა. ოჯახის უფროსს შეეძლო, აეკრძალა შვილებისთვის განათლების მიღება ან ნება დაერთო. მოგვიანებით განათლების სისტემაზე ზედამხედველობა სახელმწიფომ იკისრა. მაგალითად, ახ. წ. 376 წელს სპეციალური ედიქტით განისაზღვრა მასწავლებელთა ხელფასი – რიტორიკის მასწავლებელს ორჯერ მეტი უნდა ჰქონოდა, ვიდრე სხვა საგნისას. ახ. წ. 425 წელს თეოდოსიუსმა და ვალენტინიანემ გამოსცეს ედიქტი, რომლის თანახმადაც, კერძო პირებს არ შეეძლოთ სკოლის გახსნა სახელმწიფო ავტორიზაციის გავლის გარეშე.
ანტიკურ სამყაროში დიდად აფასებდნენ მასწავლებლის კვალიფიკაციასა და ხარისხს. ცალკეული კომუნებისა და დასახლებათა წარმომადგენლები ცდილობდნენ, ცნობილი და გამორჩეული მასწავლებლები მიეწვიათ. განისაზღვრა მასწავლებელთა მაქსიმალური რაოდენობა ამა თუ იმ დასახლებული პუნქტისათვის. 
რომში მასწავლებელთა ხელფასი არცთუ სახარბიელო იყო. მისი ოდენობა მოსწავლეთა რაოდენობით განისაზღვრებოდა. მასწავლებლებს დიდი კონკურენციის პირობებში უწევდათ მუშაობა და საკმაო ძალისხმევას იჩენდნენ მოსწავლეთა შესაგროვებლად.
რომაელებს მიაჩნდათ, რომ უკეთესი შედეგის მისაღებად მოსწავლეთა წახალისება აუცილებელი იყო, თუმცა მასწავლებელს თავად უნდა გადაეწყვიტა, როგორ მიუდგებოდა თითოეულ მათგანს. ზარმაცებთან ნებადართული იყო სიმკაცრეც. თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, რომაელი მასწავლებლები გაროზგვასაც არ ერიდებოდნენ.
მასწავლებლების განსაკუთრებულ სიმპათიას იმსახურებდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ქების შედეგად აუმჯობესებდნენ სწავლის ხარისხს.
ანტიკურ რომში მასწავლებლები იყვნენ ან ბერძნები, ან რომაელები, რომლებიც ბერძნულ მეთოდებს იყენებდნენ.
ბერძენი მასწავლებლები, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოირჩეოდნენ განათლების მაღალი დონით, ყურადღებას არ აქცევდნენ უცხო ენების შესწავლას (საბერძნეთში მხოლოდ ეროვნულ ლიტერატურას ასწავლიდნენ, მაგრამ რომში ძვ. წ. II საუკუნეში ელჩებს შეეძლოთ, თარჯიმნის დაუხმარებლად ბერძნულად მიემართათ სენატისთვის).
რომაულ სკოლაში ბერძნული ენა და ლიტერატურა ძირითადი საგანი იყო. უფრო მეტიც – თეორეტიკოსები დავობენ, რომელი ისწავლებოდა თავდაპირველად – ბერძნული თუ რომაული. რომაელები ცდილობდნენ, ამგვარად გამოემუშავებინათ მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე გადმოცემული იდეების გაგების უნარი.
სკოლებში დიდი ყურადღება ეთმობოდა ციტირებას. მოსწავლეებს ევალებოდათ გარკვეული პასაჟების მხატვრულად წაკითხვა. ისინი იზეპირებდნენ ნაწყვეტებს პოემებიდან, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც საბერძნეთში, სადაც სტუდენტებმა ზეპირად იცოდნენ „ილიადა” და „ოდისეა”. რომაელ მოსწავლეს ასევე ევალებოდა პოემების პროზად გადაკეთება, ესეების დაწერა. ტარდებოდა შემოქმედებითი კარნახი. მაგალითად, მოსწავლეებს წაუკითხავდნენ ეზოპეს იგავ-არაკს და შინაარსის დაწერას ავალებდნენ. უწევდათ ბერძნულიდან ლათინურად თარგმნაც, რასაც უფრო ლინგვისტური ვარჯიშის ფუნქცია ჰქონდა, ვიდრე ლიტერატურული სტილის გამომუშავებისა.
ძველ რომში ბევრი დრო ეთმობოდა გრამატიკის სწავლებას. ამასთან, სავარაუდოდ, ჭკვიან ვაჟებს ლექსების თხზვას ასწავლიდნენ. ცნობილია, რომ ციცერონი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა თარგმნა არატუსის პოემები და ლათინური ჰექსამეტრით გამართა ლექსი; პერსიუსმა 16 წლის ასაკში დაწერა პოემები; პლინიუს უმცროსმა 14 წლისამ შექმნა ბერძნული ტრაგედია. ნერონს ბავშვობიდან იზიდავდა ლექსების თხზვა.
გრამატიკოსთა სკოლის გავლის შემდეგ ახალგაზრდებს შეეძლოთ, სწავლა გაეგრძელებინათ რიტორთა სკოლებში, სადაც 3-4 წელი ეთმობოდა ლიტერატურის 
გაღრმავებულ შესწავლას, პრაქტიკულ ვარჯიშს ორატორობაში, მოკლე და შთამბეჭდავი სიტყვების წარმოთქმის უნარის გამომუშავებას, ინსცენირებულ დასაცავ ან საბრალდებო სიტყვებზე ვარჯიშს, ვრცელი საზეიმო სიტყვის ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოთქმისთვის საჭირო სქემებისა და ხერხების შესწავლას და პოლიტიკური აზროვნების კულტურის გამომუშავებას. ფილოსოფიის შესასწავლად რომაელები საბერძნეთში მიემგზავრებოდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ სწორედ ათენში იყო შესაძლებელი ფილოსოფიის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლა.
გოგონების განათლება
რომში სასკოლო განათლებას უმთავრესად ვაჟები იღებდნენ. გოგონები სკოლებში არ დადიოდნენ. მათ დედები ასწავლიდნენ საოჯახო საქმეს. მათი განათლება მოიცავდა მუსიკას, კერვას და კულინარიულ საქმიანობას. მხოლოდ მდიდარი ოჯახები ქირაობდნენ ბერძენ მონებს თავიანთი ქალიშვილებისთვის. დაქირავებული მონები რომაელ გოგონებს ასწავლიდნენ ბერძნულ ენას და წერა-კითხვას. 
უმაღლესი განათლება
რომში უმაღლესი განათლება მხოლოდ მდიდარი ოჯახების შვილებისთვის იყო ხელმისაწვდომი. დიდი პოპულარობით სარგებლობდა იურიდიული და რიტორიკული განათლება. თექვსმეტი წლიდან შეძლებული ოჯახების ვაჟები რიტორიკულ სკოლებში იწყებდნენ რიტორიკის დაუფლებას. ამ სკოლებში ისწავლებოდა რიტორიკული დეკლამაცია, სამართალი, ფილოსოფია, მითოლოგია და ისტორია. 
ნიჭითა და მონდომებით გამორჩეული მოსწავლეები საბერძნეთში მიემგზავრებოდნენ სწავლის გასაგრძელებლად, იქ ისმენდნენ ფილოსოფოსთა ლექციებს, ეცნობოდნენ სიძველეებს და შემდეგ სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ რომაელები ძირითადად პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყოფდნენ ხოლმე ხელს.
ძვ. წ. III საუკუნის შუა პერიოდში ბერძნულ ცივილიზაციასთან კონტაქტის შედეგად შეიცვალა რომაული განათლების პრინციპები.

არცოდნა არცოდვაა?

0
საოცარი არსებაა ადამიანი – ფიქრის, სევდის, დარდის, იმედებისა და ტკივილის აღუვსებელი საწყაული. გაჩენის დღიდან შეიმეცნებს სამყაროს, რათა ყოველდღიური სარჩო უფრო ადვილად მოიპოვოს და საღამოს, დაღლილ-დაქანცულმა, თბილ კედლებში რბილ სასთუმალზე მიდოს თავი. მისი ეს მისწრაფება წარმოშობს „წინსწრაფვის” მოთხოვნილებას. ისიც დაუზარლად ცვლის ქვის იარაღს ტრანსპლანეტარული ხომალდებით, შეშის კოცონს – ატომური რეაქტორებით, ნახშირსა და ბატის ფრთას – ულტრათანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებით… იერსახესაც იცვლის – დიდი ხანია, ქარს გაატანა „ლეღვის ფოთოლი” და „ცხვრის ტყავი”, თავად შექმნა მათი ანალოგი, ფერად-ფერადი, ნაირ-ნაირი…

მის ამბიციას და გაქანებას საზღვარი არ აქვს, თუმცა ისიც იცის, რომ მოუთოკავმა სწრაფვამ შესაძლოა დაღუპოს. ეს ჯერ კიდევ უბელო ბედაურის გაჭენებისას იგემა… ბაბილონის გოდლის ამბავიც გაუგონია…

ამიტომ ტექნოლოგიებთან ერთად მოიგონა კანონები, ქცევის წესები, ეთიკა, მორალი, ღმერთები… და ნამუსის მოსაწმენდი, თავის მოსატყუებელი, სირცხვილის წითელი ალმურის გასაფერმკრთალებელი ფრაზა: „არცოდნა არცოდვაა”.

ქიმიკოსებსაც გვაქვს ჩვენი „კოდექსი”, ჩვენი „ათი მცნება”, რომელთა ცოდნა აუცილებელია:

1. ფუნდამენტური ქიმიური კანონები;

2. ქიმიური ნაერთების ნომენკლატურა;

3. ნაერთების კლასიფიკაცია;

4. ძირითადი კლასის ნაერთების ქიმიური თვისებები;

5. ძირითადი კლასის ნაერთების მიღების რეაქციები;

6. ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესები;

7. ხსნარების მომზადება;

8. ნივთიერებათა გამოყოფისა და გასუფთავების მეთოდები;

9. მარტივი ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარება;

10. ქიმიის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენება.
ქართული ფოლკლორი მდიდარია შედევრებით. ერთ-ერთ ხალხურ ლექსში, რომლის მთქმელად ახალგაზრდა კაცია მიჩნეული, ვკითხულობთ:

„…არცოდნით რაიმე ცოდვას თუ ჩავიდენ,
ჩემს ასაკს არცოდნა არ ეპატიება…”

მე ვეთანხმები. თქვენ?

სწავლის კომპონენტები

0
განათლების სფეროს მკვლევარები აღნიშნავენ: მასწავლებლებთან დიალოგის შემდეგ მძაფრია იმის განცდა, რომ განსხვავება მათ შორის დიდია; მასწავლებლების ნაწილი საუბრობს მოსწავლეთა შესაძლებლობებზე, ნაწილი _ პრობლემებსა და შეზღუდვებზე. არიან მასწავლებლები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, აგრეთვე, წარმატების გზებზე, მოსწავლეების ჩავარდნებზე, ახალ იდეებზე, მოსწავლეების შეუზღუდავ პოტენციალსა და შესაძლებლობებზე. არიან ისეთებიც, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თუ რა ცუდად მიდის საქმეები, როგორ არ უსმენს მათ არავინ, რამდენად მართლები იყვნენ ისინი, რა სჭირს განათლებას, ვის უნდა დაბრალდეს მათ სკოლაში არსებული პრობლემები და ა.შ.

14 წლის მოსწავლეებს ჰკითხეს: “ბიოლოგიაში ფოტოსინთეზის შესწავლისას   რომელს ამჯობინებდით _ ვიდეოს ყურებას, ლექციის მოსმენას თუ ლაბორატორიაში მუშაობას?” მოსწავლეთა 20%-მა აირჩია ლექცია, 45%-მა _  ვიდეოს ყურება, 35%-მა _ ლაბორატორიული მუშაობა. 

სასწავლო პროცესის დროს მოსწავლის კოგნიტური განვითარება არ ხდება  ერთი უნივერსალური მიდგომის გამოყენებით. ამიტომაა, რომ…ყველა დროში და ყველა ქვეყანაში აქტუალურია კითხვები:

_ როგორ ვასწავლოთ? 
_ როგორ სწავლობენ მოსწავლეები? 
პედაგოგიკის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სასწავლო პროცესისას გავითვალისწინოთ სწავლის ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი: 
1.კონტექსტი; 
2.ინფორმაციის მიღება; 
3.მასალის გადამუშავება; 
4.პასუხის ფილტრები.

კონტექსტი

სასწავლო გარემოს თანმხლები პირობები გვაძლევს მინიშნებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს მოცემულ პერიოდში. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა თუ არა მასწავლებელმა საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო, სოციალური პირობები თუ ურთიერთობები. კონტექსტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველა ტიპის სწავლება ორიდან ერთ-ერთ ტიპს განეკუთვნება: 

1.კონტექსტზე დამოკიდებული _ შინაარსს იმავე გარემოში ვასწავლით, რა გარემოშიც უნდა იქნას ბუნებრივად გამოყენებული. მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ კონტექსტურ მინიშნებებს: ბუნებრივ კონტექსტებს, როგორიცაა ექსკურსიები ბუნებაში, ექსპერიმენტები, გამოცდილება რეალური ცხოვრებიდან.

2.კონტექსტისგან დამოუკიდებელი _ რაიმეს სწავლება ისეთ გარემოში, რომელშიც ის ნორმალურ პირობებში არ გამოიყენება. მოსწავლეებს შეუძლიათ “არარელევანტურ” კონტექსტებს მოერგონ, ანუ გამოიყენონ კომპიუტერები, სახელმძღვანელოები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები. როგორც წესი, მათ მოსწონთ მეორადი და მომდევნო სწავლება და შეუძლიათ ისეთ გარემოში სწავლა, როგორიცაა ბიბლიოთეკა და საკლასო ოთახი.

ბევრი მოსწავლე კარგად სწავლობს კონტექსტისგან დამოუკიდებლად, ზოგს კი ეს ცუდად გამოსდის. ჩვეულებრივი სკოლების უმეტესობა კონტექსტისგან დამოუკიდებელ სწავლებას იყენებს.
ინფორმაციის მიღება

ყველა ტიპის სწავლება მოითხოვს გარკვეული წვლილის შეტანას პროცესის დაწყებაში. ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ/ვიღებთ ჩვენი ხუთი გრძნობის გამოყენებით: 

·მხედველობით (თვალები); 
·სმენით (ყურები); 
·შეგრძნებით (სხეული);
·ყნოსვით (ცხვირი); 
·გემოვნებით (პირი). 

მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის ყველა ბავშვი გემოვნებით სწავლობს, მოსწავლეთა 1%-ზე ნაკლები თუ მოიხმარს გემოვნებას სწავლის დომინანტურ გზად. ყნოსვითი გზით ინფორმაციის მიღებაც იშვიათად არის დომინანტური. ინფორმაციის მიღება შეიძლება იყოს:

1.გარეგანი _ გარე წყაროდან მიღებული; 
2.შინაგანი _ საკუთარ გონებაში ჩამოყალიბებული;  
3.ვიზუალურ-გარეგანი _ მოსწავლეებს, როგორც წესი, ინფორმაციის ვიზუალურად მიღება ურჩევნიათ. ისინი თვალით ამყარებენ კონტაქტს მასწავლებელთან. მათი პოზა ვერტიკალურია, ისინი ქმნიან გონებრივ სურათებსა თუ მოდელებს. შესაძლოა, ილაპარაკონ ძალიან სწრაფად და მონოტონურად. მათ მოსწონთ დამატებითი მასალა, რომელსაც მასწავლებელი გაკვეთილზე ურიგებს, და იყენებენ ვიზუალურ ტერმინოლოგიას. მოსწავლეები ძლიერები არიან მართლწერაში, მათ ურჩევნიათ, თავად წაიკითხონ, ვიდრე სხვამ წაუკითხოს. მათ მოსწონთ წერა, უყვართ აკურატულობა, არიან ორგანიზებულები და ნაკლებად უფანტავთ ყურადღებას ხმაური. მათ აქვთ პირადი სივრცე და არ უყვართ, როდესაც ვინმე მათთან ძალიან ახლოს დგას. მათ უყვართ წიგნები, კომპიუტერები, პროექტორები, ხელოვნება და ფოტოები. ისინი გაცილებით უკეთ ითვისებენ ვიზუალურ ინფორმაციას და უჭირთ ვერბალური ინსტრუქციების შესრულება. 

4.ვიზუალურ-შინაგანი _ ამ დროს მოსწავლე იყენებს წარმოსახვას. მოსწავლეებს ურჩევნიათ, საგნები ჯერ გონების თვალით დაინახონ. ისინი მიდრეკილები არიან ოცნებისაკენ, უყვართ წარმოდგენა და ქმნიან გონებრივ სურათებს ან მოდელებს, სანამ სწავლის უფრო ფორმალურ მხარეზე გადავიდოდნენ. ისინი უფრო ფრთხილად და გააზრებულად უდგებიან ნებისმიერი ტიპის ახალ სწავლებას. უჩნდებათ სტრესი მაშინ, როდესაც ინფორმაციას იმაზე სწრაფად იღებენ, ვიდრე გონებრივი სურათების შექმნას ახერხებენ.

წარმოვიდგინოთ, კლასში რომ მინა გატყდეს, რას გააკეთებს ესა თუ ის მოსწავლე პირველ რიგში? ზოგიერთი გარშემო მიმოიხედავს და ვიზუალურად სწრაფად შეაფასებს სიტუაციას; სხვები ხმამაღლა დაიწყებენ უსაფრთხოების ინსტრუქციების გამოცხადებას (სმენითი); დანარჩენები კი მოსწავლეებს მოძრაობას აიძულებენ (შეგრძნებითი). თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობა; შესაძლოა, ამა თუ იმ მოსწავლემ სამივე გამოიყენოს, მაგრამ დომინანტური გზა არის ის, რომელსაც პირველს გამოიყენებს. 
მასალის გადამუშავება

მასალის გადამუშავება გულისხმობს იმ აქტივობებს, რომელთა გამოყენებითაც ჩანს, თუ როგორ უმკლავდებიან და მანიპულირებენ მოსწავლეები მიღებული მონაცემებით. გადამუშავება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გზით: 

·გლობალური ან ანალიტიკური; 
·კონკრეტული ან აბსტრაქტული; 
·მრავალამოცანიანი ან ერთამოცანიანი. 

მოსწავლეების მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესი შეიძლება დამოკიდებული იყოს მათ ნიჭზე, ინტელექტსა და განწყობაზე. 

პასუხის ფილტრები

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მიიღებენ და გადაამუშავებენ ინფორმაციას, ინტუიციური პასუხის ფილტრები იმოქმედებს იმაზე, თუ რა უნდა მოუხერხოს ამ ინფორმაციას. აზროვნების პროცესი განსაზღვრავს იმ ფაქტორებს, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, უკეთესად შეძლონ მასალის ერთმანეთთან დაკავშირება. მოდელი, რომელიც განიხილავს სწავლის ამ ასპექტს, არის ბერნის მაკკარტის ფორმატის (4MAT) მოდელი, რომელიც გამოყოფს სწავლისადმი ოთხ ძირითად მიდგომას:

1.რატომ? (მოსწავლეების 35%). 

ეს მოსწავლეები სწავლობენ მნიშვნელობის ძიების გზით. ისინი აკეთებენ შედარებებსა და შეპირისპირებებს. ისინი პირველ რიგში ინტერესდებიან, რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ინფორმაციას მათთვის. მათ სჭირდებათ მიზეზები იმისთვის, რომ ისწავლონ _ იდეალურ შემთხვევაში, ის მიზეზები, რომელთა საშუალებითაც ახალ ინფორმაციას პირად გამოცდილებას დაუკავშირებენ და ამ ინფორმაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებით გამოიყენებენ. 

მოსწავლეების ამ ტიპისთვის ეფექტურ სასწავლო მეთოდებს შორისაა: ერთობლივი სწავლება, გონებრივი იერიში, შინაარსის კონკრეტული სფეროების ინტეგრირება (მაგ., მეცნიერების ინტეგრირება სოციალურ კვლევებთან, წერის ინტეგრირება ხელოვნებასთან). 

მასწავლებელს წამქეზებლის როლი აქვს. 
2.რა?  (მოსწავლეების 22%). 
ასეთი მოსწავლეები სწავლობენ იდეების გააზრებით. ისინი ეძებენ ფაქტებს და აინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ ექსპერტები. ისინი იღებენ მოსაზრებას და შემდეგ მსჯელობენ მასზე. ეს ანალიტიკური აზროვნების მქონე მოსწავლეები პირველ რიგში დაინტერესებულნი არიან ფაქტების მოძიებით იმისათვის, რომ გაიღრმავონ ცნებებისა და პროცესების ცოდნა. მათ შეუძლიათ, ეფექტურად ისწავლონ ლექციებიდან და სიამოვნებას ანიჭებთ დამოუკიდებელი კვლევა და მონაცემთა ანალიზი. 

მასწავლებლი ვალდებულია, შინაარსის მიღებაში დაეხმაროს მოსწავლეს.
3.როგორ? (მოსწავლეების 18%). 

ასეთი მოსწავლეები სწავლობენ თეორიების შემოწმებით. ისინი იწყებენ რაიმე მოსაზრებით და შემდეგ ამოწმებენ მას. საღად მოაზროვნე მოსწავლეებს პირველ რიგში აინტერესებთ, როგორ “მუშაობს” ესა თუ ის მოვლენა; მათ სურთ, “შიგ შეძვრნენ და გამოსცადონ”. 

მათთვის საუკეთესოა კონკრეტული, ემპირიული სასწავლო აქტივობები: მანიპულაციები, პრაქტიკული სამუშაოები, კინესთეტიკური გამოცდილება… მათ უნდათ იცოდნენ, როგორ მუშაობს ესა თუ ის მოვლენა/საგანი. ისინი განიხილავენ მას პრაქტიკულობის თვალსაზრისით. 
მასწავლებელს მწვრთნელის როლი აქვს. 
4.მერე რა? (მოსწავლეების 25%). 

ასეთი მოსწავლეები მცდელობებისა და შეცდომების წყალობით სწავლობენ და ეძებენ დაფარულ შესაძლებლობებს. დინამიკური მოსწავლეები პირველ რიგში ინტერესდებიან მათ მიერვე განხორციელებული აღმოჩენებით. ისინი მთლიანად ენდობიან საკუთარ ინტუიციას და სურთ ისწავლონ თავადაც და ასწავლონ სხვებსაც. 

ნებისმიერი ტიპის დამოუკიდებელი კვლევა ეფექტურია ამ ტიპის მოსწავლეებისათვის. მათ ასევე მოსწონთ სიმულაციები, როლური და სხვა ტიპის თამაშები. ისინი მსჯელობენ საკითხზე და ერთვებიან აღმოჩენის პროცესში. 

მასწავლებელი უნდა იყოს მათი კოლეგა ამ აღმოჩენებში. 
ყველა მოსწავლე განსხვავებულია. არ არსებობს “სტანდარტული” მოსწავლე და არ არსებობს ერთი იდეალური ხერხი, რომლითაც ყველა მოსწავლის პრობლემას გაუმკლავდება მასწავლებელი. სასწავლო პროცესში მრავალფეროვნების დადებითი მოქმედება მოსწავლის აზროვნებაზე დამტკიცებულია მრავალი გამოკვლევით. იგი იმდენად მნიშვნელოვანი და ეფექტურია, რომ აღიარებულია, როგორც მთავარი ფაქტორი აზროვნების შეცვლაში. მოსწავლეებს საკლასო ოთახში სჭირდებათ მეტი მოძრაობა, ცვლილებები, პერსპექტივები, სტიმული, ფერთა სიმრავლე, გამოწვევები, ემოციების წახალისება. მასწავლებელთან ურთიერთობა იდეალურია მოზარდის აზროვნების განვითარებისთვის. ზოგიერთ მოსწავლეს მეტი თავისუფლება და  სტიმული სჭირდება, რათა შეიქმნას საინტერესო და კრეატიული გარემო.  

ხმამაღალი ფიქრები გაკვეთილზე

0

თანამედროვეობის ყველა სიძნელე, გარემომცველი სამყაროს მთელი
სირთულე დიდ გავლენას ახდენს მოზარდის განვითარებაზე, მის მიზნებსა და მისწრაფებებზე,
შესაძლებლობების გამოვლენაზე და, ზოგადად, ამ შესაძლებლობებისა და უნარების ფლობაზეც
კი. ამიტომ სწავლის პროცესში მოსწავლეთა სააზროვნო პროცესების გააქტიურება შეიძლება
გადამწყვეტი აღმოჩნდეს მათი მომავალი ცხოვრებისათვის. აზროვნების სტრატეგიების მართვა
ის საჭირო ინსტრუმენტია, რომლის წარმატებით გამოყენებისას სწავლების საგანმანათლებლო
მიზნები მაქსიმალურად მიიღწევა. სწორად განსაზღვრული სტრატეგია თითქმის ნიშნავს შემუშავებულ
მიზანს, სწავლის შინარსის ათვისების პროცესს, მოსწავლეთა მხარდაჭერას და უკუკავშირს. 

აზროვნების უნარ-ჩვევების ათვისება-ავტომატიზებით მოსწავლეც
მოგებული რჩება, მასწავლებელიც და საზოგადოებაც, რადგან მას, ყოფილი მოსწავლის სახით,
ღირსეული წევრი შეემატება, რომლის თითოეული ნაბიჯიც პოზიტიური იქნება სოციუმისთვის.
ეს სტრატეგიები საშუალებას აძლევს მოსწავლეს, იაზროვნოს ისე, რომ შეცვალოს გარემომცველი
სამყარო უკეთესობისაკენ.

ქვემოთ მოცემულ სქემაზე გამოსახულია სწავლის სტრატეგიების
მიზნებისა და მიმართულებების ძირითადი ნიუანსები, რომლებიც პასუხობს სწავლის  სტრატეგიის მთავარ შეკითხვას: “რას ვაკეთებთ სწავლის
მიზნის მისაღწევად?”

მას შემდეგ, რაც შეირჩევა
სტრატეგია, მოსწავლეს აუცილებლად სჭირდება შესაფერისი სიტუაციური მაგალითები და ნიმუშები,
ახალი უნარების ათვისებისა და გამოყენების ეფექტური საშუალებები.

როდესაც მასწავლებელი
დაიწყებს ფიქრს იმაზე, თუ რით დაიწყოს, თავისთავად გამოიკვეთება თავად ფიქრის, როგორც
სწავლის სტრატეგიის, შერჩევის მნიშვნელობა. დაფიქრების და გაანალიზების გარეშე მრავალრიცხოვანი
სტრატეგიებიდან მასწავლებელი ვერც ერთს ვერ აარჩევს. თავისუფლად შეიძლება, რომ მისი
ეს როლი – დაფიქრდეს და გააკეთოს სწორი არჩევანი _ გადაიქცეს მოსწავლეებისათვის ფიქრის,
როგორც სწავლის ერთ-ერთი მეთოდის, აქტიურად გამოყენების ნიმუშად!

ფიქრი ადამიანის ის თვისებაა,
რომლითაც ის განსხვავდება ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისაგან. ეს საკმაოდ რთული პროცესია.
იგი ერთგვარად ყვავილის გაშლასაც კი მოგვაგონებს – ჯერ თესლს ჩაყრიან, მორწყავენ, გაღვივების
შემდეგ მცენარე მიწიდან ამოიზრდება, ფოთლებს გამოისხამს და ბოლოს გამოჩნდება ლამაზი,
სურნელოვანი ყვავილი. ასეა ფიქრიც: ჯერ “გამოღვიძება”, მერე აზრის განვითარება და ბოლოს
მისი გამოხატვა სიტყვებით. ამიტომ ფიქრი ყველაზე რთული სამუშაოა (ჰენრი ფორდი). 

კიდევ უფრო რთულია საკუთარი
ფიქრების სწორად და ნათლად გადმოცემა. მაგრამ მიზანი მიღწევადია, რადგან არსებობს მიდგომები,
წესები, “გასაღებები” და კანონებიც კი, რომლებიც გვეხმარებიან, ჩვენი მოსაზრებებიდან
გონივრულად ავაგოთ ტექსტი – ჩვენი აზრების გასაოცარი ყვავილები.

და მაინც რა არის ფიქრი?
რა ნიშნებით გამოირჩევა აზროვნების ეს ტიპი? რაშია მისი განსაკუთრებულობა? როგორია
მისი აგებულება? როგორია მისი მთავარი კითხვები?


ü 

ფიქრი _ ეს ცხოვრებისეული
სიტუაციის დამოუკიდებელი ანალიზია, გამოცდილებაა; 


ü 

ეს უპირველესად არჩევანის გაკეთებაა
– როგორ გავაკეთოთ? როგორ ვიცხოვროთ?


ü 

ესაა მსჯელობა, როდესაც ტექსტის
(ნაფიქრალის, ნააზრევის) ერთი თეზისის ახსნა ხდება, ხოლო მეორის – დამტკიცება;


ü 

ესაა პროცესი, რომელიც აუცილებელად
მოითხოვს მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარებას;


ü 

ეს ერთგვარი კითხვა-პასუხის
ფორმაცაა, როდესაც შეკითხვის მიზანია დაფიქრება, ფიქრის “გამოწვევა”, ალტერნატიული
შეკითხვების დასმა, რომლებიდანაც უნდა ავარჩიოთ ერთი პასუხი;


ü 

ფიქრი _ ეს არის ის, რაც გვეხმარება
სიტყვის ფორმირებაში.

 

როგორ უნდა დავაფიქროთ მოსწავლეები საკუთარ პრობლემებზე?
როგორ უნდა მივაღებინოთ სწორი გადაწყვეტილება, გავაკეთებინოთ სწორი არჩევანი? ჩვენ
ხანდახან ჩვენს თავზე ხმამაღლაც კი ვფიქრობთ, თითქოს ჩვენს თავთან ვსაუბრობთ. ეს გადამწყვეტ
მომენტებში ყველაზე მეტად გვეხმარება. როგორ ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს ხმამაღალი
ფიქრი და საკუთარ თავთან საუბარი?

როდესაც სწავლის პროცესში ამგვარი საკითხები წამოიჭრება,
ეს უკვე ნიშნავს, რომ სწავლება იღებს მიზანმიმართულ ფორმას –კონკრეტულ, შესაფერის მიმართულებას
და აუცილებელი ხდება ყურადღების გამახვილება საკითხის ძირეულ მახასიათებლებზე. აქ აუცილებელია
სხვადასხვა მომენტის გათვალისწინება, მაგალითად:

რადგან მიზანმიმართული სწავლების ძირეულ კომპონენტს სააზროვნო
უნარების ფართოდ დემონსტრირება და შესაფერისი მაგალითების მოყვანა წარმოადგენს, ამას
ყველაზე მეტი წარმატებით სწორედ ხმამაღალი ფიქრის დროს შეიძლება მივაღწიოთ. ამ დროს
ხდება ყველა შესაძლო ვარიანტის გადმოცემა: რას ფიქრობს, როგორ განიხილავს საგანს ექსპერტი
– ჩვენი გონება.

ხმამაღალი ფიქრისას ისევ დგება მთავარი საკითხების გათვალისწინების
აუცილებლობა:


§ 

წინასწარი შერჩევა – აზროვნების
რომელი უნარის მოდელირებაა მოსახერხებელი მოცემულ თემაზე; ფიქრებიც ამ უნარების ფორმირებისკენ
უნდა იყოს მიმართული;


§ 

მოსწავლეებისათვის წინასწარი
ახსნა _ რის გაკეთებას ვაპირებთ, და დარწმუნება, რომ მათ ესმით ხმამაღალი ფიქრის მნიშვნელობა;


§ 

ტექსტზე მუშაობისას მოსწავლეებისათვის
ხმამაღალი ფიქრის მნიშვნელობის ახსნა, განსხვავების ჩვენება კითხვასა და ფიქრს შორის
(მაგალითად, შესაძლებელია ამ დროს მასწავლებელი შებრუნდეს სხვა მხარეს, რათა მოსწავლეები
დარწმუნდნენ, რომ ის ფიქრობს და არ კითხულობს);


§ 

მას შემდეგ, რაც დაიწყება ფიქრი
მოცემულ თემაზე, არ შეიძლება   მასწავლებელი
გადავიდეს ლექციის კითხვაზე; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახსნა გაცილებით ადვილია, ვიდრე
რომელიმე თემაზე ფიქრი;


§ 

ხმამაღალი ფიქრის დროს შეიძლება
თავიდან გარკვეული უხერხულობა გაჩნდეს, მაგრამ გამოცდილების შეძენასთან ერთად ეს გაცილებით
გაადვილდება;


§ 

სთხოვეთ მოსწავლეებს, მოგბაძონ
თავადაც.

რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის
მაგალითს? ასე თუ არ მოხდა, როგორ გაიგებენ მოსწავლეები, რას მოელიან მათგან? მოსწავლეებს
უნდა მივცეთ მაგალითი, სტრუქტურა, რომელიც წარმართავს მათ საქმიანობას. სწორად წარმართული
მოდელირება კი გარანტირებულს ხდის მოსწავლის წარმატებას.

განვიხილოთ
ხმამაღალი ფიქრის რამდენიმე მაგალითი.

VII კლასი, საგანი _ ისტორია, თემა _ “აშშ-ის კოლონიზაცია”:

I _ მასწავლებელი ამერიკის კოლონიზაციის ისტორიის ახსნის
და ამერიკელი  ემიგრანტების შესახებ ტექსტის
წაკითხვის შემდეგ იწყებს ხმამაღლა ფიქრს: “მე ვერც კი წარმომიდგენია ყველა ის განსაცდელი, რაც გადაიტანეს მათ.  სახლის და ოჯახის დატოვება ჩემთვის საშინელებაა.
იმისთვის, რომ წახვიდე ამაზე, უნდა იყო ნამდვილად გაბედული ადამიანი. მაგრამ ახალ სამყაროსთან
შეხვედრა მაინც საინტერესოა. ვფიქრობ, ადამიანი თუ ხვდება, რომ სხვა გამოსავალი არ
აქვს, უნდა წავიდეს ასეთ რისკზე. მე რომ მათ ადგილზე ვყოფილიყავი, მეც ასე მოვიქცეოდი.
მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებლად საჭირო იქნებოდა დღიურის წარმოება და ამას გავაკეთებდი
კიდეც, დაწვრილებით აღვწერდი ჩემს თავგადასავალს უცხოეთში, რაც საშუალებას მისცემდა
იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ გამგზავრება და არ ფიქრობდნენ მომავალ
სირთულეებზე, დაენახათ უცხოობაში ცხოვრების ყველა შესაძლო სირთულე, რათა უფრო მობილიზებულები
შეხვედროდნენ ახალ სამყაროს”.

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი
მოახდენს ფიქრის სიტუაციის მოდელირებას, შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეებს, გაიაზრონ თავიანთი
შეკითხვები და იდეები. მან უნდა აუხსნას მათ, როგორ გააკეთონ ჩანაწერები დღიურებში,
შეამოწმოს, როგორ აითვისეს მოსწავლეებმა მასალა, შემდეგ კი სთხოვოს, გააკეთონ დავალება
დამოუკიდებლად – თავად იფიქრონ ხმამაღლა მოცემულ (ან მსგავს) თემაზე. მას შემდეგ, რაც
შესთავაზებს მაგალითებს ფიქრის უნარის გამოყენების შესახებ, მასწავლებელმა მოსწავლეებს
უნდა მისცეს პრაქტიკის საშუალება. ამის გაკეთება ყველაზე ეფექტური ისევ გაკვეთილზეა.
შეიძლება ეს პრაქტიკა მათ გაიარონ ინდივიდუალურადაც და ჯგუფურადაც. მთავარია, მოსწავლეებს
ჰქონდეთ უნარის დამოუკიდებლად გამოყენების საშუალება. 

მაგალითად, როდესაც მოსწავლეები გაეცნობიან შედარების ხერხებს
ხმახმაღალი ფიქრის დროს, შესაძლებელია, დავალებად მიეცეთ ორი საგნის შედარება, ან თუნდაც თავიანთი თავის შედარება
შუა საუკუნეების ან უფრო ძველი ეპოქის მოსწავლეებთან და ა.შ.

მოვიყვანოთ
მაგალითი: 

II – მოსწავლის ხმახმაღალი ფიქრები, თემა – “ძველი აღმოსავლეთი”:

“მე მინდა შევადარო ჩემი თავი შუმერს. ახლა ვნახოთ,
რაში შემიძლია შედარება: მაგალითად, შემიძლია შევადარო სიდიდეები, ვთქვათ, ჩემი და
მისი სახლის ზომები; შემიძლია შევადარო საწერი მოწყობილობები, ჩაცმულობა, ასევე სხვა
საგნები, რომლების გაკეთებაც, ჩემი აზრით, მე უკეთ შემიძლია. მე მგონი, რაღაცით ვგავარ
კიდეც შუმერ მოსწავლეს – ვსწავლობ წერა-კითხვას, ანგარიშს, ისტორიასაც კი; შემიძლია
მასავით გავერთო, ვიმუშაო მიწაზე ან დავეხმარო მშობლებს სხვადასხვა საქმეში… მოკლედ,
ვფიქრობ, რომ ცხოვრების წესში ბევრი იქნება განსხვავება, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულსაც
ალბათ  ვერაფერს ვიპოვი”. 

საუკეთესო შემთხვევაში, მასწავლებელს
მოსწავლეთა “ფიქრის გამოწვევისთვის”  შეუძლია
დაგეგმოს გაკვეთილი, სადაც გადაწყვეტილი იქნება შემდეგი საკითხები:

 


1.   

გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა;


2.   

ტექსტის შერჩევა, რომელსაც
მასწავლებელი გააანალიზებს მოსწავლეებთან ერთად (სასურველია, მოსწავლეები წინასწარ
შეარჩიოს); ტექსტი უნდა პასუხობდეს შემდეგ კრიტერიუმებს: იყოს მნიშვნელოვანი (ნებისმიერი
კრიტერიუმით) და იოლად აღსაქმელი მოცემულ ვითარებაში;


3.   

მოსწავლეებისათვის რეპროდუქტიული
და პროდუქტიული ხასიათის შეკითხვების მომზადება;


4.   

შეკითხვების და იმ დამატებითი
მასალის მომზადება, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ ჯგუფური დისკუსიისას;


5.   

2 საგაკვეთილო საათი (2 გაკვეთილი):

I ნაწილი
– ტექსტის წერილობითი ანალიზი;

II ნაწილი
– შესრულებული სამუშაოს თვითანალიზი მასწავლებლის ხელმძღვანელობით (მოსწავლეებს აფასებენ
პასუხების “სისრულესა” და სწორად “დალაგებაში” (შეიძლება შეფასება გაკეთდეს კომენტარის
ფორმითაც));

III ნაწილი
– დისკუსია შეთავაზებული პრობლემის შესახებ;

IV ნაწილი
– მოსწავლისა და მასწავლებლის შემაჯამებელი რეზიუმე, როგორც გაკვეთილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მომენტი. რეზიუმეში უნდა გამოიკვეთოს პოზიტიური აზრი და გასწორდეს ნებისმიერი  ცდომილება. მაგრამ იმისთვის, რომ რეზიუმე ასეთი
იყოს, მოსწავლემ/მასწავლებელმა აუცილებლად
უნდა უპასუხოს რამდენიმე შეკითხვას: “როგორ დავძლიეთ დავალება?”, ”შევძელით თუ არა
რამე ისეთი, რისი დამახსოვრებაც აუცილებელი და საჭირო იქნება?” (ცხადია, ამ უკანასკნელ
შეკითხვას აზრი ექნება მხოლოდ პირველ ორ შეკითხვაზე პოზიტიური პასუხის შემთხვევაში).

 


იქ, სადაც ყოველდღიურად
ხდება
დაფიქრება და მიზნის შესაფერისადსხვადასხვა სასწავლო სტრატეგიის გამოყენება, მოსწავლეები ღრად არიან მოტივირებულები,
სწავლობენ ინტერესით და
აღწევენ კარგ შედეგებს. ფიქრი – ეს  დახმარებაა,
საჭეა, რომელსაც ადამიანი, ამ შემთხვევაში, მოსწავლე/მასწავლებელი უსაფრთხოდ მიჰყავს და არ აძლევს გზიდან გადახვევის უფლებას. 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...