სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

ერიკ ერიქსონი – პიროვნების ფსიქოსოციალური განვითარება

0
ცნობილი ფსიქოლოგის ერიკ ერიქსონის უდიდესი დამსახურებაა, რომ მან გააფართოვა განვითარების ცნება და, ფროიდის მსგავსად, არ შემოისაზღვრა  მხოლოდ ბავშვის განვითარებით. განვითარება მისთვის მთელი სიცოცხლე გრძელდება და 8 სტადიას გაივლის. პირველი ხუთი სტადია ბავშვობაში მიმდინარეობს, დანარჩენი სამი კი – ზრდასრულ ასაკში. თითოეულ სტადიაზე ხდება მოგვარება კონფლიქტისა, რომელიც გარემოს მიმართ სოციალური ადაპტაციის პროცესში იჩენს თავს. ეს სტადიები დამახასიათებელია ყველა ადამიანისთვის, ანუ უნივერსალურია. განვითარების პროცესი რეგულირდება ეპიგენეტიკური პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს: 

1. პიროვნება ვითარდება საფეხურებრივად, სვლა ხდება ზრდის მიმართულებით, უფრო მეტად ცნობიერდება და თანდათან ფართოვდება სოციალური ურთიერთობის თვალსაწიერი;

2. ადამიანის სოციალურ განვითარებას მხარს უჭერს და ხელს უწყობს საზოგადოება.

წიგნში „ბავშვობა და საზოგადოება” ერიქსონმა აღნიშნული სტადიები განიხილა როგორც „პიროვნების გეგმა”, რომელიც თანდაყოლილია და რომელშიც ყოველი სტადია განსაზღვრულ დროს – ე.წ.  კრიტიკულ პერიოდში – დგება. პიროვნების სრულყოფილი ფუნქციობა იმას გულისხმობს, რომ ის თანმიმდევრობით გაივლის ამ სტადიებს. ყველა სტადიას ერთვის კრიზისი, რომელიც არ არის კატასტროფა – ეს არის შემობრუნების მომენტი, რომელიც შეიძლება წარმოჩნდეს როგორც განვითარების ხელშემწყობ ძალად, ისე არასაკმარისი ადაპტაციის საფუძვლადაც. ყველა კრიზისი შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით კომპონენტებს. თუ კონფლიქტი დამაკმაყოფილებლად გადაწყდა (ანუ ეგო გამდიდრდა ახალი დადებითი თვისებებით), იგი პიროვნების ჯანსაღი განვითარების საწინდრად იქცევა და პირიქით. ადამიანის ამოცანაა, ადეკვატურად გადაჭრას ყოველი კრიზისი. ამ შემთხვევაში იგი უფრო მომწიფებული და ადაპტური გადავა მომდევნო სტადიაზე.
განვიხილოთ ეს სტადიები:

I სტადია: დაბადებიდან ორ წლამდე. კონფლიქტი: ნდობა უნდობლობის წინააღმდეგ. ბავშვის წარმატებული ადაპტაციისთვის აუცილებელია გარემოსადმი ნდობის განვითარება. უცნაური, უჩვეულო გარემო მას შიშსა და უნდობლობას აღუძრავს. ე.ი. ამ კონფლიქტის გადაჭრა ბავშვს შემდგომი განვითარების საშუალებას აძლევს. ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დედაა, რომელიც ზრდის და უვლის მას. დედასთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული სამყაროსა და ადამიანების მიმართ ნდობისა და სიყვარულის აღძვრა. თუ გარემოცვა ბავშვისთვის აუხსნელი და სახიფათოა, იგი უნდობლობის წინააღმდეგობას ვერ ძლევს, ნერვიული და საკუთარი თავის რწმენას მოკლებული იზრდება.
II სტადია: ორიდან სამ წლამდე. კონფლიქტი: ავტონომია ეჭვისა და სირცხვილის წინააღმდეგ. თავდაპირველად ბავშვები მხოლოდ რეაგირებენ, ორი წლიდან კი აცნობიერებენ, რომ ისინი არიან საკუთარი მოქმედების ავტორები. მათ უვითარდებათ დამოუკიდებლობის მოთხოვნილება, რომელიც აუცილებლად უნდა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს გარემოცვამ. თუ ბავშვი შეიზღუდა, ის სხვაზე დამოკიდებული და საკუთარი თავის რწმენას მოკლებული გაიზრდება. ასეთ ბავშვებს უჭირთ თანატოლებსა და გარემოსთან აქტიური ურთიერთობის დამყარება.
III სტადია: სამიდან ექვს წლამდე. კონფლიქტი: ინიციატივა დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ. ამ პერიოდში ბავშვი თანდთან ძლიერდება, სტადიის დასასრულს იგი ხდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი. ის იწყებს საკუთარი თავის კვლევას, ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მშობლებთან. ამ სტადიაზე განვითარება მიმდინარეობს კოლოსალური ტემპით, ბავშვი იღებს ძალზე დიდი რაოდენობის ინფორმაციას, იწყებს ქცევითი ინიციატივის გამოვლენას. თუ მის ინიციატივას არ იწონებენ, ხშირად აძლევენ შენიშვნებს და ხშირად ისჯება, მას უვითარდება დანაშაულის გრძნობა თავისი ქცევის გამო.
IV სტადია: ექვსიდან თორმეტ წლამდე. კონფლიქტი: შრომისმოყვარეობა არასრულფასოვნების განცდის წინაააღმდეგ. ეს სტადია ემთხვევა სკოლაში სწავლის პირველ წლებს. ამ პერიოდის მთავარი მახასიათებლებია თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, თვითიდენტიფიკაციის განვითარება, საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გაცნობიერება. ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ და შეიმეცნონ, შეისწავლონ ის, რაც მნიშვნელოვანია მათი კულტურულ-სოციალური განვითარებისთვის. ცდილობენ, მნიშვნელოვან პიროვნებებად იქცნენ. მათი ქცევის მიღება და დადებითი შეფასება გარემოცვის მხრივ განმსაზღვრელი ფაქტორია დადებითი „მე-კონცეფციის” ჩამოყალიბებისთვის. თუ მათი აქტივობა უარყოფით შეფასებას და დაცინვას წააწყდა, შესაძლოა განუვითარდეთ არასრულფასოვნების კომპლექსი.
რეკომენდაციები სიბეჯითის წასახალისებლად: 

1. დარწმუნდით რომ მოსწავლეებს აქვთ დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა: ა) თავდაპირველად მიეცით მცირე მოცულობის დავალებები, მერე კი უფრო ვრცელზე გადადით; აწარმოეთ მათი პროგრესის მონიტორინგი, მაგ., საკონტროლო წერით; ბ) ასწავლეთ მოსწავლეებს რეალისტური მიზნების დასახვა, მაგ., უთხარით, აღწერონ მიზანი და მოიფიქრონ და ჩაინიშნონ მისი მიღწევის გზები. 

2. მიეცით მოსწავლეებს დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გამომჟღავნების საშუალება: ა) აპატიეთ აღიარებული შეცდომები; ბ) დაავალეთ სასწავლო მასალის შეგროვება, დარიგება, მცენარეების მორწყვა და სხვა.

3. დაეხმარეთ საკუთარი თავის რწმენას მოკლებულ მოსწავლეებს: ა) შეინახეთ მათი ადრინდელი ნამუშევრები, რათა თვითონვე დარწმუნდნენ პროგრესში; ბ) დააჯილდოეთ ყველაზე შრომისმოყვარე მოსწავლე, ის, რომელმაც ყველაზე მეტად გააუმჯობესა შედეგი.
V სტადია: თორმეტიდან თვრამეტ წლამდე. კონფლიქტი: იდენტობა როლთა აღრევის ( დიფუზიის) წინააღმდეგ. ეს სტადია ერთ-ერთი ურთულესია ადამიანის ცხოვრებაში და მას შედარებით ფართოდ განვიხილავთ. მოზარდი აღარც ბავშვია და არც უფროსი; იგი ეჯახება სოციალურ მოთხოვნებს და ახალ როლებს. ახალი ფსიქოსოციალური პარამეტრი, რომელიც მოზარდ ასაკში ჩნდება დადებით პოლუსზე, არის ეგო-იდენტობა, ხოლო უარყოფით პოლუსზე – როლური აღრევა. ამ ასაკში მოზარდმა უნდა გაამთლიანოს ცოდნა საკუთარი თავის შესახებ (როგორია როგორც შვილი, მოსწავლე, მეგობარი და ა.შ.) და ინტეგრირება მოახდინოს პიროვნულ იდენტობაში. ინტეგრირება გულისხმობს ერთდროულად წარსულისა და მომავლის გაცნობიერებას. ამ პერიოდში მოზარდში არსებობს შინაგანი კონფლიქტი ეგო-იდენტობასა და როლების აღრევას შორის. აღნიშნულ პერიოდს ერიქსონი ასე ახასიათებს: შინაგანი ფიზიოლოგიური რევოლუცია, საკუთარი სოციალური როლის განმტკიცება, წუხილი იმაზე, როგორ გამოიყურება სხვების თვალში, თვითონ როგორ აფასებს საკუთარ თავს. ეს არის ყველა წინა საფეხურზე შეძენილ თავისებურებათა შემაჯამებელი პერიოდი და უფრო მეტი, ვიდრე მათი ჯამი. ეგო-იდენტობის განცდა წარმოადგენს პიროვნების რწმენას იმის შესახებ, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენა შეესაბამება სხვის მიერ მის შეფასებას. იქმნება შინაგანი „მე”-ს ხატი. სამყროსადმი მოზარდის დამოკიდებულება ახლებური ხდება – ის ოცნებობს იდეალურ ოჯახზე, კარიერაზე, საზოგადოებრივ წყობაზე. იდეაში წარმოდგენილი აზრები ხშირად არ ემთხვევა რეალობას, რაც დიდ სირთულეებს უქმნის ახალგაზრდას. სოციალური ჯგუფები და ინსტიტუციები (ოჯახი, სკოლა…) მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ იდენტიფიკაციის პროცესზე. პოპულარულ გმირებთან (კინო, მუსიკა, წიგნი…) ან კონტრკულტურის წარმომადგენლებთან (ქურდული სამყარო, ავტორიტეტი…) ზედმეტი იდენტიფიკაცია დიდ ზეწოლას ახდენს მოზარდზე და აფერხებს პიროვნულ ზრდას. მოზარდის განვითარებას ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული სოციალური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური ცვლილებები. ისინი მასში იწვევენ შფოთვას, რის გამოც ხშირად ახალგაზრდა ემიჯნება გარემოს. როდესაც მიზეზთა გამო ვერ ხერხდება პიროვნული იდენტობის მიღწევა, ერიქსონი ამას იდენტობის კრიზისს ან როლურ აღრევას უწოდებს. იგი იწვევს ჩამორჩენას სწავლაში, პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში, შესაძლოა, მოხდეს პიროვნების დეპერსონალიზაცია, განდგომა, ნეგატიური იდენტობის ჩამოყალიბება – საწინააღმდეგო იმისა, რასაც მოითხოვენ მშობელი, მასწავლებელი, თანატოლი, ზნეობა და ნორმები. ზრდასთან ერთად ბავშვი აწყდება იდენტობისა და „მე”-ს საკუთარ პოტენციალში გარკვევის პრობლემას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, ვინ ხარ, არამედ იმასაც, ვინ შეიძლება იყო. თუ არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული მიზნები და ამოცანები, მოზარდი იდენტობის დიფუზიის პრობლემას ეჯახება. ამ ასაკში ადამიანი უამრავ ალტერნატივას მოსინჯავს, სხვადასხვა სოციალურ როლში ცდის თავს. ეს კრიზისი თვითიდენტიფიკაციის პრობლემაში მდგომარეობს. ყველა მოზარდს არ შეუძლია დადებითი „მე- კონცეფციისა” და თვითიდენტიფიკაციის ფორმირება.

საზოგადოდ, ერთი სტადიიდან ნორმალური გასვლა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მეორე სტადიასაც წარმატებით გაივლის ადამიანი. ეგო-იდენტობა არის ბრძოლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დადებითი თვისება, რომელსაც უკავშირდება კრიზისიდან წარმატებით გამოსვლა, „ერთგულებად”იწოდება. ეს არის უნარი, წინააღმდეგობის მიუხედავად, დარჩე საკუთარი თავის ერთგული, მისდიო საზოგადოებრივ მორალს, ეთიკას, პროგრესულ იდეოლოგიას.

მოგვიანებით, ერიქსონის შრომებზე დაყრდნობით, ჯეიმს მარსიამ ეგო-იდენტობის ფორმირებაში 4 სტატუსი გამოყო: 1. დიფუზური იდენტობა; 2. იდენტობის დაკარგვა; 3. მორატორიუმი; 4. იდენტობის მიღწევა.

დიფუზური იდენტობისთვის დამახასიათებელია ის, რომ მოზარდს არ აქვს შერჩეული პროფესია, იდეოლოგია, არ გააჩნია კონკრეტული მიმართულება, მიზნის მისაღწევი სტრატეგიები, არ აქვს აღებული ვალდებულებები. ამ დროს მოზარდში შეინიშნება პერსპექტივის ბუნდოვანება – მას არ გააჩნია კონკრეტული მიზნები. ასეთი მოსწავლეები აპათიურები, განცალკევებულები, მომავლის იმედის არმქონენი და მეამბოხე სულისანი არიან, ხშირად სტუმრობენ ხალხმრავალ ადგილებს და ნარკოტიკის მომხმარებელთა რიგებს ავსებენ. 

იდენტობის დაკარგვა – მოზარდისთვის დამახასიათებელია ქმედება გაანალიზების გარეშე. ის უბრალოდ იღებს სხვის მიზნებს, ღირებულებებს, ცხოვრების სტილს. მაგ., მოზარდმა გადაწყვიტა, გახდეს სტომატოლოგი, იმიტომ რომ ეს მისი მშობლის პროფესიაა. ზოგჯერ მოზარდები იღებენ რომელიმე დაჯგუფების ან კერპის ცხოვრების სტილს და ამ შემთხვევაში ამჟღავნებენ შემდეგ თვისებებს: არიან უხეშები, არატოლერანტულები, დოგმატურები, დაძაბულები.

მორატორიუმი გამოცდილების შეძენის, სწავლა-გაანალიზების პერიოდია, რასაც მოგვიანებით პიროვნული და პროფესიული არჩევანი მოსდევს. თანამედროვე მიდგომით, ასეთი შეფერხება ჩვეულებრივ და ბუნებრივ მოვლენად არის მიჩნეული. ნორმალურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მას კრიზისად არ მიიჩნევენ, რადგან ამ პერიოდში მიღებული გამოცდილება უმრავლესობისთვის თანდათანობითი შემეცნების პროცესია და არა „ტრავმული გადატრიალება”. მოზარდი ამ დროს განიცდის კრიზისს, განიხილავს ალტერნატივებს, მაგრამ რას მიანიჭის უპირატესობა, ჯერ ვერ გადაუწყვერტია.

იდენტობის მიღწევა გულისხმობს კრიზისის გადალახვას და განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებას. სკოლის დამთავრებისას ცოტა თუ აღწევს ამ მდგომარეობას, დასავლეთის მოსწავლეთა 80% 20 წლამდე ერთხელ მაინც იცვლის შეხედულებას (20 წლის შემდეგ – იშვიათად). ზოგიერთმა შესაძლოა ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდში მიაღწიოს თვითმყოფადობას, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით უარყოს იგი ახლის მისაღწევად. ასე რომ, ერთხელ მიღწეული იდენტობა შესაძლოა სულაც არ იყოს უცვლელი. 
ეს ორი მდგომარეობა, მორატორიუმი და იდენტობის მიღწევა, ბუნებრივად და ჯანსაღად მიიჩნევა სკოლებში, რომლებიც მოზარდებს აძლევენ საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულ გამოცდილებას, ხელს უწყობენ იდენტობის ფორმირებას.
რეკომენდაციები იდენტობის ფორმირების ხელშესაწყობად: 

1. შესთავაზეთ მოსწავლეებს კარიერის ასარჩევად ზრდასრულის სხვადასხვა როლი:
ა) ყურადღება გაამახვილეთ ისტორიულ და ლიტერატურულ მაგალითებზე, შექმენით თქვენს საგანში/სფეროში მოღვაწე გამორჩეული ადამიანების კალენდარი, განიხილეთ მათი წარმატებები;
ბ) მოიწვიეთ სტუმრები, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, რატომ და როგორ აირჩიეს თავიანთი პროფესია.
2. დაეხმარეთ მოსწავლეებს პირადი პრობლემების მოსაგვარებლად რესურსების მოძიებაში: 
ა) წაახალისეთ, რომ დახმარებისთვის მიმართონ სკოლის ფსიქოლოგს;
ბ) განიხილეთ სკოლისგარე აქტივობათა დადებითი ღირებულება. 
3. მოითმინეთ გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის უცნაური ახირებები, თუ ამით ის სხვას არ აწუხებს ან სასწავლო პროცესს არ უშლის ხელს: 
ა) ისაუბრეთ ისტორიულ უცნაურობებზე (მაგ., ვარცხნილობები, პარიკები შუა საუკუნეებში);
ბ) მკაცრად ნუ გააკრიტიკებთ მათ ჩაცმულობასა და ვარცხნილობას. 
4. მიეცით რეალური რჩევა სამუშაოს თაობაზე, ხელი 
შეუწყვეთ სრულყოფილებისკენ მათ სწრაფვას: 
ა) დარწმუნდით, რომ პრობლემური ქცევის მოსწავლეებს თვითონვე ესმით საკუთარი ქცევის შესაძლო შედეგები – რას მოუტანს მათი ქცევა თავად მათ და სხვებს;
ბ) გამართეთ წარმატებული პროექტების პრეზენტაციები, რათა მათ ნიმუშის ფუნქცია შეასრულონ. გააკეთეთ ეს 
დიდი ტაქტით და სიფაქიზით;
გ) მოსწავლეები ამ ასაკში თითქოსდა „იზომებენ”, „ირგებენ”, „ცდიან” ახალ როლებს, ამიტომ გამოყავით როლი პიროვნებისგან – გააკრიტიკეთ ქცევა და არა მოსწავლე.
იდენტობის კრიზისი მოზარდის ქცევის 3 სფეროში ვლინდება: 1. კარიერის არჩევის სირთულე; 2. თანატოლთა ჯგუფში გაწევრიანება; 3. ალკოჰოლისა და ნარკოტიკის გამოყენება.

კარიერის არჩევის პრობლემა. პროფესიული თვითგამორკვევის უუნარობა დიდი მღელვარების მიზეზია ახალგაზრდისთვის. სწორი არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა, მოზარდი გაერკვიოს თავის შესაძლებლობებში. ეს გაურკვევლობა ხშირად უფრო ფუნდამენტურ სფეროსაც ეხება. მაგ., გოგონას უჭირს გადაწყვეტა, მიიღოს ცოლისა და დედის როლი თუ კარიერაზე იზრუნოს, ან იქნებ ორივე ერთად. ტრადიციული საზოგადოება უმეტესად პირველი როლისკენ უბიძგებს მას. საზოგადოებაში არსებული კონკურენციის პრინციპი მეტ ზეწოლას ვაჟებზე ახდენს. ეგო-იდენტობის განცდა და პიროვნული ღირებულებები ხშირად კონფლიქტში მოდის ერთმანეთთან – მომგებიანი სპეციალობა და მოწოდება ერთმანეთს უპირისპირდება.

თანატოლთა ჯგუფის წევრობა. უარყოფენ რა მშობლებს როგორც მოდელებს, მოზარდები თანადგომას თანატოლთა წრეში ეძიებენ. ეს კავშირი მეტად ძლიერია. თანატოლთა ღირებულებები და განწყობები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე მშობლების, მასწავლებლების და სხვ. ეს ჯგუფები ეხმარება მოზარდს თვითრწმენის განვითარებაში სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მასში ღრმა ფიზიოლოგიური და იდეოლოგიური ცვლილებები ხდება. მოზარდთა ჯგუფების შექმნა, ჩაცმის ერთნაირი სტილი, მსგავსი მიხრა-მოხრა, მიმიკები, ლექსიკა და სხვა მახასიათებლები უფრო მეტად დაცვით ფუნქციას ასრულებს. ამგვარი ქცევა მათ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შეგრძნებას ჰგვრის. ამავე დროს, ხაზს უსვამს მათ გამოყოფას უფროსებისგან. ყოველივე ეს იდენტობის ძიებითაა განპირობებული.

ალკოჰოლი და ნარკოტიკები საკმაოდ ფართოდ იკიდებს ფეხს ახალგაზრდების ცხოვრებაში. მათი გამოყენების მოტივი სხვადასხვაა: ცნობისმოყვარეობა, მძაფრი განცდების ძიება, იძულება, გაქცევა, სტრესი, ამბოხი ავტორიტეტის წინააღმდეგ, ცნობიერების საზღვრების გაფართოება… თუ ამ მოტივებს ერიქსონის თეორიის კონტექსტშიგანვიხილავთ, ნათელი გახდება, რომ ისინი უკავშირდება იდენტობის არასაკმარის განცდას. ახალგაზრდებმა, რომლებმაც არ იციან, ვინ არიან, შესაძლოა ყოველივე ეს დამხმარე საშუალებად მიიჩნიონ მე-ს ძიებისას. ეს საშუალებები დროებით ასუსტებს იდენტობის კრიზისის თანმხლებ სტრესებსა და შიშებს. ეგო-იდენტობის მიღწევის შემდეგ ბევრი ადვილად აღწევს თავს მათ ტყვეობას, დიფუზური იდენტობის შემთხვევაში კი ეს საკმაოდ ძნელია.

დიდი ინტერესი გამოიწვია კვლევამ, რომელმაც წარმოაჩინა ურთიერთკავშირი იდენტობის სტატუსს, სწავლის მოტივაციას, სწავლაში წარმატებას შორის. ისინი, ვინც იდენტობას აღწევენ, უპირატესობას ანიჭებენ მათემატიკას, ბიოლოგიას, ქიმიას, საინჟინრიო საქმეს, დიფუზური იდენტობის მქონე მოსწავლეები კი ირჩევენ სოციოლოგიას, მასწავლებლობას (სამწუხაროდ, ამგვარი კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა)… მოსწავლეები, რომლებმაც მიაღწიეს ეგო-იდენტობას, უფრო მაღალ შეფასებას იღებენ და ნაკლებდრამატულად განიცდიან წარუმატებლობას.
VI სტადია: ადრეული მოზრდილობა. კონფლიქტი: ინტიმურობა იზოლაციის წინააღმდეგ. ამ სტადიაზე ადამიანები ურთიერთობის პრობლემებს წყვეტენ. შეუძლია თუ არა წარმატებული სოციალური ურთიერთობების დამყარება პიროვნებას, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული წინა სტადიების კრიზისის წარმატებით დაძლევაზე. იდენტურობის ფორმირების შემდეგ პიროვნება ამყარებს და ავითარებს სერიოზულ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან. ამ სტადიაზე ყალიბდება ნამდვილი პასუხისმგებლობა ადამიანის, საქმის, პარტნიორის მიმართ. თუ ადამიანმა წარმატებით ვერ გადალახა წინა სტადიის კრიზისი, ის უძლური იქნება, დაამყაროს სრულფასოვანი ურთიერთობები.
VII სტადია: მოზრდილობა. კონფლიქტი: გენერატიულობა სტაგნაციის წინააღმდეგ. ამ პერიოდში კონფლიქტები ძირითადად უკვე გადაჭრილია, ადამიანს შეუძლია მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია სხვების საკეთილდღეოდ, დაეხმაროს შვილებს, ახლობლებს, მოაგვაროს სოციალური პრობლემები. წინა ეტაპზე კონფლიქტების მოგვარებისას განცდილმა მარცხმა შესაძლოა ადამიანი დატოვოს ორიენტირებული თავის თავსა და ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა საკუთარ ჯანმრთელობაზე, მოთხოვნილებებზე, სიმშვიდეზე გადაჭარბებული ზრუნვა.
VIII სტადია: სიმწიფე. კონფლიქტი: ეგო-ს მთლიანობა იმედგაცრუების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ხდება განვლილი ცხოვრების შეფასება. თუ შეფასებისას ადამიანი განიცდის კმაყოფილებას და მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება სავსე იყო საინტერესო მოვლენებით, რომლებშიც ის აქტიურად მონაწილეობდა და სადაც შეძლო საკუთარი თავისა და უნარების რეალიზაცია, მაშინ მისთვის მისი რეალობა მთლიანად მისაღებია. მაგრამ თუ ადამიანს მიაჩნია, რომ ცხოვრება მხოლოდ უაზროდ დახარჯული წლები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებია, მას სასოწარკვეთილება იპყრობს.
ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიის ცოდნა უფროსებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ის იძლევა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას განვითარების შესახებ და ხაზს უსვამს მშობლისა და მასწავლებლის, საზოგადოდ, სოციალური გარემოს უმნიშვნელოვანეს როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში.

ჭეშმარიტი სწავლა და მისი პედაგოგიური საფუძვლები

0
სწავლა საუკეთესოდ ხორციელდება მაშინ, როცა არსებობს ხიდი, რომელიც ძველ ცოდნას ახალთან აკავშირებს. ზოგჯერ არსებული ცოდნა სწავლის პროცესზე ზემოქმედებს და ხელს უშლის საგნებისა და მოვლენების სწორად შესწავლას. მაგალითად, ახალი იდეების დაკავშირებამ არსებულ არასწორ ცოდნასთან შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი ცოდნის შემდგომი ზრდა და გაფართოება. ეს პრობლემა ხაზს უსვამს სწავლისადმი პერსონალური მიდგომისა და მისი სოციალური ბუნების მნიშვნელობას. 
მოსწავლეები ყველაზე უკეთ კეთების პროცესში სწავლობენ, ხოლო კეთება ყველაზე შედეგიანი მაშინაა, როცა ეს რეალურ ცხოვრებისეულ საკითხებს უკავშირდება, ანუ როცა ეხება რეალური ან თითქმის რეალური პრობლემების გადაწყვეტას. ეფექტიანი სასწავლო გარემო ეხმარება მოსწავლეებს, პრობლემის გადაწყვეტის დროს გამოიყენონ საერთო ცოდნა, გამოსცადონ საკუთარი უნარები რეალურ გარემოში, გააერთიანონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ეს ის პირობები და გარემოა, რომელიც ზრდის შესაძლებლობას, რომ სწავლება იყოს მიმართული გააზრებისკენ.
ჭეშმარიტი სწავლისას მოსწავლე ცოდნას იღებს ინფორმაციის მოძიების, მსჯელობის, კეთების, აღმოჩენების შედეგად. ასეთი გზით მიღებულ ცოდნას ის წარმატებით გამოიყენებს სკოლის გარეთაც. 
პედაგოგიკის სპეციალისტები გამოყოფენ ოთხ კომპონენტს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია ჭეშმარიტი სწავლისათვის: 

1. ფიქრი მაღალ დონეზე (ცოდნის შექმნა): სწავლების პროცესი მოსწავლეებს ინფორმაციითა და იდეებით მანიპულაციის პროცესში რთავს ისეთი დასკვნების გაკეთებით, სინთეზით, განზოგადებით, ახსნითა და ჰიპოთეზების შემუშავებით, რომლებიც ქმნიან ახალ მნიშვნელობებს და ახლებურ გააზრებას. 

2. ღრმა ცოდნა (საგნის/თემის მოკვლევა): სწავლების პროცესში იგულისხმება თემის ან საგნის მთავარი იდეის იმდენად დეტალური განხილვა, რომ მოსწავლეებმა გაიგონ კავშირები და ურთიერთობები, საფუძვლიანად გაიაზრონ ისინი. 

3. არსობრივი საუბრები (საგნის/თემის მოკვლევა): მოსწავლეები ერთვებიან საუბრებში მასწავლებელთან და/ან თანატოლებთან კონკრეტულ საგანთან ან თემასთან დაკავშირებით. ამ დროს ხდება იდეებისა და საკითხების შესახებ ცოდნის გაუმჯობესება და ერთობლივი გააზრება. 

4. კავშირები სკოლის მიღმა არსებულ სამყაროსთან (სკოლის მიღმა არსებული ფასეულობები): მოსწავლეები ამყარებენ კავშირს  ცოდნასა და საჯარო პრობლემებს ან პიროვნულ გამოცდილებას შორის. 

ზოგადად, შეუძლებელია სწავლის განცალკევება სწავლებისგან, რადგან ვერცერთს ვერ გამოვაცალკევებთ გაკვეთილების, დავალებებისა და სასწავლო პროგრამის სხვა განმსაზღვრელი ფაქტორებისგან. ამიტომაა, რომ სპეციალისტები გვთავაზობენ ჭეშმარიტი პედაგოგიკის შეფასების სამმიმართულებიან სტრატეგიას: 

1.იმ ამოცანების შეფასება, რომელთა შესრულებას მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს; 

2.სწავლებისა და სწავლის დინამიკის შეფასება;

3.იმ სამუშაოს შეფასება, რომელსაც მოსწავლეები რეალურად ასრულებენ.

იმისთვის, რომ ცოდნა გამოიყენონ, მოსწავლეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მის მიღებასა და ათვისებაში. ეს პროცესი გულისხმობს არა მხოლოდ მოყოლას და ახსნას, არამედ მოსწავლეების კითხვებზე პასუხების გაცემას, მათთვის დისკუსიის გამართვის, მნიშვნელობებისა და შედეგების შესახებ დებატების მოწყობის და რეალურ სიტუაციაში რეალური პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობის მიცემას. 
    
ჭეშმარიტი სწავლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტებია:

1. სასწავლო პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ აღჭურვოს მოსწავლეები ისეთი ცოდნით, უნარ-ჩვევებით და ფასეულობებით, რომლებიც სასარგებლოა სკოლის ფარგლებშიც და მის გარეთაც; 

2. სასწავლო მიზნები ყურადღებას ამახვილებს მოსწავლის ცოდნაზე მისი გამოყენების მიზნით, კონცეპტუალურ გააზრებასა და უნარ-ჩვევების გამოყენების თვითრეგულირებაზე; 

3. სასწავლო პროგრამა აბალანსებს სწავლის მოცულობას და მის სიღრმეს შეზღუდული შინაარსის მიწოდებით, რომლის დეტალურად შესწავლაც ხელს უწყობს მის გააზრებას; 
4. შინაარსი იწყობა მცირე რაოდენობის მძლავრი იდეების გარშემო (ძირითადი აზრი და პრინციპები); 
5. მასწავლებლის როლი არის არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, არამედ სწავლის პროცესში მოსწავლეთა დახმარება და საჭირო რეაგირება; 
6. მოსწავლის ფუნქცია არის არა უბრალოდ ინფორმაციის შესრუტვა ან ზუსტად გადაღება, არამედ აზრის გამოტანა და მნიშვნელობის გაგება;  
7. საქმიანობები და დავალებები წარმოადგენს რეალურ ამოცანებს, რომლებიც მოითხოვს პრობლემის გადაწყვეტის უნარს და კრიტიკულ აზროვნებას და არა მხოლოდ დამახსოვრებას ან უცვლელად გამეორებას; 
8. აზროვნება ისწავლება, როგორც ცალკე სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები. აზროვნების ჩვევა ვითარდება, როცა მოსწავლე ათვისებულ საგნობრივ ცოდნას იყენებს კონტექსტის მიხედვით, ანუ ნასწავლ მასალას უკავშირებს სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას და კრიტიკულად ან შემოქმედებითად გაიაზრებს ნასწავლს, ანდა მისი მეშვეობით წყვეტს პრობლემას და იღებს გადაწყვეტილებას. 
9. მასწავლებელი კლასში აყალიბებს სოციალურ გარემოს, რომელსაც შეიძლება, ვუწოდოთ მოსწავლეთა სოციუმი, სადაც დიალოგი ხელს უწყობს გააზრებას. 
გააზრება ნიშნავს, რომ მოსწავლე სწავლობს როგორც შინაარსის ურთიერთდაკავშირებულ ნაწილებს, ისე მათ შორის კავშირს, იმგვარად, რომ მან შეძლოს შინაარსის თავისი სიტყვებით გადმოცემა. 
ჭეშმარიტი გააზრება ბევრად მეტია, ვიდრე ცნებების განმარტებისა და ფაქტების მოყვანის უნარი. იგი, ასევე, მოიცავს კავშირის დამყარებას ახალ და ძველ ცოდნას შორის, ახალი ცოდნის გაერთიანებას ცოდნის ფართო ქსელში და მისი  გამოყენების  უნარს (კეისი, 1997; პერკინსი, 1992; რეზნიკი, 1987). 

მასწავლებელი ასწავლის გააზრების მიზნით, როცა: 

)სწავლა არის პროდუქტიული.
სწავლება კონცენტრირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის გარშემო; 
თემები მნიშვნელოვანია პიროვნულად თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის; 
მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საკუთარ საქმიანობაში; 
კლასში სუფევს ინფორმაციის რეალური მოძიების გარემო. 
ბ)ნათლად და ცხადად არის განსაზღვრული გააზრების მიზნები.
ცხადად და გასაგებად არის წარმოდგენილი მთავარი მიზნები და მათ შორის კავშირები და გამოკრულია საკლასო ოთახის კედლებზე; 
სასწავლო პროგრამის ცალკეული ნაწილების მიზნები მჭიდროდ უკავშირდება მთავარ მიზნებს; 
თქვენ და თქვენი მოსწავლეები რეგულარულად მსჯელობთ და უღრმავდებით ცალკეულ ნაწილებსა და საბოლოო, ძირითად მიზნებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ, თუ რას აკეთებენ და რისთვის აკეთებენ იმას, რაზეც მუშაობენ მოცემულ დროს. 

გ) მოსწავლეები მუდმივად მუშაობენ ნასწავლისა და ნააზრევის გამოყენებისა და დემონსტრირებისთვის.
მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ფორმატში: ქმნიან, იკვლევენ და აანალიზებენ პროექტებს მარტო, თანამშრომლობენ ერთმანეთთან მცირე ზომის ჯგუფებში და ურთიერთობენ მთლიან ჯგუფში; 
მოსწავლეები ფიქრობენ და ნაფიქრალის დემონსტრირებას ახდენენ საკუთარი გააზრებული ცოდნის გამოყენებით, რაც ცვლის მათ არასწორ კონცეფციებს, სტერეოტიპებს და სწორხაზოვან აზროვნებას. 
მოსწავლეებს შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ; 
კუთვნილ დროს თქვენ იყენებთ მოსწავლეების სწავლებისთვის, მათთან სასაუბროდ, მათი საქმიანობისთვის მიმართულების მისაცემად, დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად და ზოგჯერ _ ლექციის წასაკითხად; 
საკლასო ოთახი სავსეა მოსწავლეების როგორც დასრულებული, ისე დაუსრულებელი ნამუშევრებით; 
სამუშაო პროცესზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ როგორც თქვენ, ისე მოსწავლეებს. 
დ)შეფასება მუდმივი პროცესია.
მოსწავლეები ჩართული არიან საკუთარი და სხვების სამუშაოს/დავალების ფორმულირებაში, გააზრებაში, პასუხების გაცემასა და მოდიფიცირებაში; 
შეფასება არის თქვენი და თქვენი მოსწავლეების პასუხისმგებლობა; 
ნამუშევრის შეფასება ხდება დადგენილი კრიტერიუმებისა და ხარისხის სტანდარტების მიხედვით, რაც დაკავშირებულია გააზრების მიზნებთან; 
შეფასება ხშირად ატარებს ჩვეულებრივი, სპონტანური საუბრის ფორმას; ზოგჯერ ის შედარებით ოფიციალური და დაგეგმილი პროცესია.
21-ე საუკუნის Pპედაგოგიკის სპეციალისტებს შორის არსებობს  შეთანხმება გააზრებულ სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ასწავლიდნენ მასწავლებლები და როგორ უნდა სწავლობდნენ მოსწავლეები. მათ შეიმუშავეს სტანდარტი, რომელსაც ექვსი მიმართულება აქვს. ეს მიმართულებები წარმოადგენს სწავლების პროცესს, რომელიც მოიცავს როგორც სწავლებას გააზრების მიზნით, ისე გააზრებას თემაზე მუშაობის გზით: 

1. სასწავლო პროგრამის ინტეგრაციული ნაწილები. აქ შედის სასწავლო პროგრამის ყოველკვირეული მასალა დიდი თემის შესახებ, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, გამოიყენოს სასწავლო პროგრამის ბევრი სფერო: მათემატიკა, ბიოლოგია, ისტორია, ხელოვნება, ეკოლოგია და ჯანდაცვის საკითხები. მოსწავლეებს კი ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ სხვადასხვა დამოუკიდებელი საკითხი იმ ერთი კონცეფციის გარშემო, რომელიც იძლევა ძირითადი აზრისა და კავშირების ფორმირების საშუალებას. ეს პრაქტიკა ადვილად გამოსაყენებელია დაწყებით კლასებში, სადაც მასწავლებლები ყველა საგნის სწავლებაში არიან ჩართული. თუმცა საშუალო სკოლაშიც შესაძლებელია ამ საგნების მასწავლებლებმა დაგეგმონ გაკვეთილები ერთმანეთის მიყოლებით, ან კვირაში რამდენიმე დღე ერთად ჩაატარონ გაკვეთილები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ გარკვეული ნაწილების ინტეგრირებულ სწავლას. 

2. მუშაობა მცირე ზომის ჯგუფებში. სწავლების პროცესში ერთიანად ჩართულ მოსწავლეებს მასწავლებელი ყოფს წყვილებად, სიტუაციურად შედგენილ, ან გრძელვადიანი პრინციპით ჩამოყალიბებულ ჯგუფებად. ჯგუფური მუშაობა გულისხმობს: სხვადასხვა ჯგუფების მიერ მთლიანის ცალკეული ნაწილების დამუშავებას, შემდეგ კი ამ ნაწილებისგან მთლიანი სურათი შექმნას, ანუ ერთმანეთისთვის სწავლებას; ერთმანეთის ნაშრომის გაკრიტიკებას; ერთი ჯგუფის შეჯიბრებას მეორე ჯგუფთან და მოსწავლეების რიგრიგობით მუშაობას კლასში მოწყობილ სასწავლო ცენტრებში დღეში 20-40 წუთის განმავლობაში. 

3. თვალსაჩინოება სწავლის მიზნით. დასაწყისში ეს საქმიანობა მოიცავდა ,,წერას სწავლების მიზნით”. მოგვიანებით ის შესამჩნევად გაფართოვდა და გააერთიანა სხვადასხვა სახის აქტივობები, რომლებიც ზრდის მოსწავლის ყურადღებას, აჩენს კითხვებს, აზუსტებს მნიშვნელობას და თვალსაჩინოს ხდის იმას, რის სწავლასაც ცდილობს მოსწავლე. ასეთი თვალსაჩინოება მოიცავს სურათის დახატვას, ვენის დიაგრამების გამოყენებას, მრავალფეროვანი ჰიპოთეზების შემუშავებას, გადაწყვეტის მიგნებას გონებრივი იერიშით, მთავარი კითხვების პერიფრაზირებას, ურთიერთობების გამოსახვას დიაგრამის საშუალებით და პოტენციური მიზეზ-შედეგებისა და ზეგავლენის სქემის შემუშავებას. მსგავსი თვალსაჩინოებები საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ისაუბრონ კითხვების დაზუსტების, ყურადღების კონცენტრირების ან გადატანის, ან მოსწავლის აზროვნებაში არასწორი მიმართულებების აღმოფხვრის მიზნით. წარმატებული მასწავლებლები აღწევენ იმას, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ და აწარმოონ ჩანაწერების რვეული, სახატავი ალბომი ან იდეების რუკა/სქემა, რომლებსაც ისინი ხშირად ათვალიერებენ, რათა ზუსტად იცოდნენ, თუ როგორია მოსწავლის პროგრესი სასწავლო პროცესში. 

4. სამუშაო სესია საკლასო ოთახში: ეს არის გარკვეული დრო (30 წუთიდან ერთ საათამდე), როცა მოსწავლეები მუშაობენ კონკრეტულ საგანზე ან თემაზე: კითხულობენ მოთხრობას, სწავლობენ კონკრეტულ ფაქტს ისტორიული წყაროდან, მუშაობენ ხელოვნების პროექტზე, წერენ შემოქმედებითად. საკლასო ოთახის სამუშაო სესიის ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომ მოსწავლეები თავად ირჩევენ, თუ რაზე იმუშავებენ ამ პერიოდის განმავლობაში. თუ მოსწავლე სამუშაოს გამოყოფილ დროზე ადრე დაასრულებს, მუშაობას იწყებს ახალ თემაზე. სამუშაო სესიის განმავლობაში მასწავლებელი მოძრაობს საკლასო ოთახში და მოკლედ ესაუბრება ცალკეულ მოსწავლეებს. ასეთი სამუშაო სესიის ჩატარებისთვის საჭიროა შესაბამისი განწყობის შექმნა ჯგუფში და იმ წესების შემუშავება, რომლებსაც ყველა დაეთანხმება. 

5. რეალურ გამოცდილებასთან დაკავშირებული პრაქტიკა: ეს პროცესი მოიცავს დიალოგს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მათ ინტერესებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც რეალურად არსებობს მათ ცხოვრებასა და სამყაროში. იგი გულისხმობს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა მოსწავლეების მიერ ახალ ამბებში გადმოცემული მოვლენების განხილვა. ზოგჯერ ეს ნიშნავს სწავლის პროცესში მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენებას, ან იმ ამბების გამოყენებას, რომლებიც დაკავშირებულია მათი ოჯახის ან სოციუმის წევრებთან. რეალურ გამოცდილებასთან დაკავშირებული პრაქტიკა მოითხოვს მოსწავლეების მიერ ცოდნის თვითშეფასებას და შეფასებას სოციუმის წევრების მიერ. ზოგი მასწავლებელი იყენებს ვიდეოკამერას, რათა ჩაიწეროს და შეინახოს სასწავლო პროცესი ან შეაჯამოს შედეგები. 

6. რეფლექსური შეფასება: ასეთი პრაქტიკის განხორციელების დროს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გააკეთონ ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ და სწავლობენ, შექმნან თავიანთი ნამუშევრების პორტფოლიო. ასეთი ჩანაწერები ეხმარება მოსწავლეებს, განიხილონ ეს საკითხები მასწავლებელთან ერთად. ჩანაწერები ეხმარება მასწავლებელს, დაუკავშიროს ერთმანეთს სწავლება და შეფასება. მუდმივი თვითშეფასება ხელს უწყობს სწავლის პროცესს, რადგან მოსწავლეებს აქვთ საშუალება, გადახედონ საკუთარ შეცდომებს და გამოასწორონ ისინი. მათ, ასევე, აქვთ საშუალება, დაინახონ, რომ მათი ნამუშევარი ცალმხრივი და არასრულყოფილია. შესაბამისად, ისინი უნდა გადავიდნენ მუშაობის უფრო რთულ და სერიოზულ პროცესზე. 
კვლევები ადასტურებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის გაკვეთილები, რომლების დროსაც ხდება შემეცნება კონსტრუქტივისტული მიდგომებით. ასევე აუცილებელია ახალი ცოდნის ძველთან დაკავშირება და სწავლების განხორციელება რეალური, ჭეშმარიტი სწავლის პროცესში. 

ისინი არ მოკლავენ ჯაფარას

0
იმ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, ზაფხულში საკითხავ მასალას არ გვაძლევდნენ. ეგ კი არა, ისიც არ მახსოვს, როდისმე კლასგარეშე საკითხავი წიგნი ერჩიოთ. მე კი მხატვრული ლიტერატურის კითხვა  უფრო მიყვარდა, ვიდრე სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის. ამიტომ, ზაფხულში თვითონ ვარჩევდი ან მშობლები სახლის სხვადასხვა კუთხეში მიტოვებდნენ საკითხავ წიგნებს. ახლა, სკოლები სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს იმ წიგნების სიას აძლევენ, რომლებიც ზაფხულში უნდა წაიკითხონ და სექტემბერში მოკლე შინაარსი მოუყვნენ კლასს. კვლევები ადასტურებს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ზაფხულში არ კითხულობენ, სკოლაში დაბრუნებისას კარგავენ იმ პოზიციებს, რომლებიც ჰქონდათ წინა სემესტრში.  არადა, ბავშვების უმრავლესობას სხვა გეგმები აქვს: ცურვა, ხეებზე ძრომიალი, ეზოში თამაში, კომპიუტერული თამაშები. ამიტომ, რთულია, მათ შევაყვაროთ ზაფხულში კითხვა, თუ ვეტყვით, რომ ეს არის „ის 5 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ არდადეგები გაქვს”. 

„უნდა”,  ხშირად, უარყოფითად აღიქმება ბავშვის მიერ. ჩვენ, მოზრდილ ადამიანებსაც კი, ამ სიტყვის წარმოთქმისას ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს რაღაც თავს ძალით მოგვახვიეს და ამის გაკეთება ჩვენ არ გვინდა და არ გვჭირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დავაინტერესოთ კითხვით. ზაფხულში კითხვის პროცესმა სიამოვნება უნდა მიანიჭოს ბავშვებს. ისინი უფრო მეტად დაინტერესებიან კითხვით, თუ ექნებათ წიგნების არჩევის საშუალება და ასევე იმ ფორმატის, რომელშიც უნდა წაიკითხონ, – შეიძლება ელექტრონული წიგნი უფრო მოსახერხებელი იყოს მათთვის. თუ კომპიუტერული თამაშებით არის გატაცებული, შეგიძლიათ, კომიქსები მოსინჯოთ. მაგალითად, „ადამიანი-ობობას” რეკომენდაციას უწევენ ჩემი უკვე მესამეკლასელი მოსწავლეები, გოგონებიც და ბიჭებიც. რა თქმა უნდა, მათ უხარიათ, როცა მშობლებთან ერთად განიხილავენ წაკითხულის შინაარსს.

ვფიქრობ, რომ რევაზ ინანიშვილის, ნოდარ დუმბაძის, ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები ისედაც მოხვდებოდა მასწავლებლების სიაში. ამიტომ, მინდა გესაუბროთ სამი წიგნის შესახებ, რომელსაც ჩემი აზრით,  სიამოვნებით წაიკითხავენ ბავშვები ზაფხულის არდადეგების დროს. წელს ქართულად ითარგმნა უილიამ ჯოისისა და ლორა გერინგერის „სიზმრის მცველების” პირველი წიგნი „სენტ ნიკოლას ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან”. დაწყებითი კლასის მოსწავლეები სიამოვნებით წაიკითხავენ ამ საინტერესო სათავგადასავლო ზღაპარს. „ჩემი ვაჟიშვილი დაატყვევა რომანმა. მას შემდეგ, რაც წიგნი ჩვენს სახლში გამოჩნდა, ბავშვი საათობით იკარგებოდა, შემდეგ ბრუნდებოდა, მაგრამ მისი წარმოსახვა ისევ სადღაც, ჩვენგან შორს იყო. მისი გონების ნაწილი მუდმივად უილიამ ჯოისის სამყაროთაგან ყველაზე არაჩვეულებრივისა და უახლესის სიღრმისეულ, ბნელ, თვალისმომჭრელ, უდარდელ მითოლოგიასთან იყო გადახლართული” – ამბობს პულიცერის პრემიის ლაურეატი, მწერალი მაიკლ შებონი. წიგნის დასაწყისში სენტ ნიკოლას ჩრდილოელი ერთი თავზე ხელაღებული, ფულს და ოქროს დახარბებული ყაჩაღია,  კოშმარების ხელმწიფე კუნაპეტი და მისი ხელქვეითი მაჯლაჯუნები კი ბავშვებს ტკბილ სიზმრებს პარავენ. მაგრამ საქმე არც ისე ცუდად არის, რადგან სანტოფ-კლაუსენის თითოეულ ბინადარს კარგად ახსოვს თავიანთი ბრძენის ომბრიკის პირველი გაკვეთილი: „ჯადოქრობის პაწაწინა მარცვალს ყველა ადამიანში სძინავს. ამ მაგიურ ძალას რწმენა ეწოდება. შემთხვევით არ არის, რომ ყველა შელოცვა ამ სიტყვებით იწყებოდა: „მწამს, მწამს, მწამს”. ჰოდა, ჩვენი ყაჩაღიც  მამაც გოგონა კათრინთან ერთად ცდილობს კუნაპეტი დაამარცხოს და ბავშვებს ისევ ფერადი სიზმრები აჩუქოს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხშირად მასწავლებლის მიერ მიწერილი იარლიყების გამო, გაუბედავად იქცევიან. „აი, გიორგი ხომ ყველაზე ჭკვიანია და მაგანაც კი ვერ ამოხსნა ამოცანა, მე ხომ საერთოდ ვერ ამოვხსნი” – ამბობს ბავშვი და ცდაზეც კი უარს ამბობს. ვფიქრობ,  ეს წიგნი მათ დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ „გმირებად არა მხოლოდ იბადებიან, არამედ გმირად რომ დარჩე, გამოცდაც უნდა გაიარო”. გმირსაც ეშინია, მაგრამ ცდილობს, დაამარცხოს ეს შიში და სიკეთე მოუტანოს საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც.
„მასწ, აი, ბერძნებს მითებში ამდენი გმირი რომ ჰყავთ, ჩვენ რატომ არ გვყავს?” – ასეთი კითხვა დამისვა ერთხელ მოსწავლემ. მე ამ კითვაზე საუკეთესო პასუხის მისაღებად ვურჩიე წაეკითხა  ნატო დავითაშვილის „ამბავი ლილე იროელისა”, რომელიც მწერალმა ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით დაწერა. ყველაზე კარგად თვითონ პატარა მკითხველები საუბრობენ წიგნის შესახებ. – „მე ვარ ნანო, 10 წლის, მეხუთე კლასელი. როცა თქვენს წიგნს გავეცანი, მე-4 კლასელი ვიყავი. ეს წიგნი იყო „ამბავი ლილე იროელისა”. საერთოდ წიგნების კითხვა არ მიყვარს, მაგრამ თქვენმა წიგნმა გამიტაცა. მალევე დავასრულე სამივე ნაწილი. ახლა გავიგე, რომ გამოვიდა მე-4 ნაწილიც. გამიხარდა. აუცილებლად ვიყიდი. ახლა შემიძლია ვთქვა რომ ნატო დავითაშვილი საუკეთსო მწერალია მთელ საქართველოში”.  ვფიქრობ, რომ ნატო დავითაშვილის წიგნები ბავშვებმა ყველაზე მეტად იმის გამო უნდა იკითხონ, რომ ლილეს სამყაროში, იმ ქვეყნებში, სადაც ის მოგზაურობს, არ არსებობს იმთავითვე ბოროტი ადამიანები. ყველას გაბოროტებას რაღაც მიზეზი აქვს და მწერალი ყველას აძლევს შანსს, რომ გახდეს უკეთესი, ვიდრე წიგნის პირველ გვერდზე იყო. 

1960 წელს ამერიკელმა მწერალმა ჰარპერ ლიმ დაწერა წიგნი  „ნუ მოკლავ ჯაფარას”. რომანის ცენტრალური პერსონაჟი, პატარა გოგონაა, რომელსაც „ჭყიტას” ეძახიან.. წიგნის სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზია ჭყიტას, მისი უფროსი ძმის ჯემის და მათი მეგობრის – დილის  აღფრთოვანება, შიში და ინტერესი მეზობელი რედლი-ბუას მიმართ, რომელიც სახლიდან არასდროს გამოდის. 

სიუჟეტის მეორე ხაზი მოგვითხრობს რასიზმზე ამერიკის სამხრეთ ნაწილში. ბავშვების მამა, ატიკუს ფინჩი, იცავს შავკანიან  მამაკაცს, რომელიც თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ის ცდილობს, გაახსენოს ნაფიც მსაჯულებს, რომ სასამართლო ის ადგილია, სადაც ყველა თანასწორია განურჩევლად, რასისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. ამასთანავე, ლი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ქალთა უფლებები, რელიგიური ექსტრემიზმი… მოკლედ, ეს წიგნი არის ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ამერიკის თითქმის ყველა სკოლის პროგრამაშია შეტანილი. 

„ნურასდროს ნუ მოკლავ ჯაფარას. ეს ცოდვაა. ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს. ის არც ბაღ–ბოსტნებს გვიჩანაგებს, არც კალოსთან იბუდებს, ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს, მხოლოდ გალობს და გალობს და გალობით გვატკბობს. აი, რატომაა ცოდვა ჯაფარას მოკვლა”, – უხსნის მამა შვილებს. მახსოვს, რომ როცა მეხუთე კლასელ ბავშვებში რასიზმი შევამჩნიე, ისე დავიბენი, ვერ მოვიფიქრე, რა მეთქვა. ბოლოს ვუთხარი: აი, კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი რომ მოგწონთ, ეგეც ხომ შავკანიანია-მეთქი. „ეგ შავკანიანი კი არა, მულატია, მასწ!” – მიპასუხეს. მერე მე დიდ ხანს ველაპარაკე მათ  ამ თემაზე და ამ წიგნის მიხედვით, 1962 წელს გადაღებული ფილმი ვუჩვენე. ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვამჩნევდი, როგორ ებჯინებოდათ გული ყელში.  ვფიქრობ, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ბავშვები უფრო შემწყნარებლები და კეთილები გახდებიან, ვიდრე ზაფხულის არდადეგებამდე იყვნენ და მგონია, რომ ისინი არასდროს მოკლავენ ჯაფარას. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული პაციენტი

0
რატომ არის თბილისი განსაკუთრებული და საინტერესო ქალაქი, ამაზე ბევრი თქმულა და სწორედ ასეთ თბილისს, ყოველივე იმით, რითაც ის გამორჩეული იყო, სამწუხაროდ, ვეღარ დავიბრუნებთ! აქა-იქ დარჩენილ კვალსაც კი ისეთი მონდომებითა და შემართებით ვშლით, ვანგრევთ და ვანადგურებთ, თითქოს მხოლოდ ეს იყოს ჩვენი ამ ქალაქში ცხოვრების მთავარი მიზანი და ამოცანა.

საბჭოთა ხელისუფლებიდან მოყოლებული, არავინ დააკლო ხელი მისი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, მისი სახის დამახინჯებასა და წაშლას.

ცოტა ხნის წინ, როგორც მთელ საქართველოში, თბილისშიც ჩატარდა თვითმართველობის არჩევნები. ის კანდიდატებიც კი, რომლებიც ამ ქალაქზე ზრუნვას გვპირდებიან, რათა ნდობა გამოვუცხადოთ, ერთი პატარა მაგალითითაც – უკულტუროდ და ყველა შენობაზე, მათ შორის – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, გაკრული აფიშებითაც – ამტკიცებენ, რომ თბილისი არ არის მათი საზრუნავი და რომ მისი კეთილდღეობისთვის სულაც არ ირჯებიან ქალბატონები და ბატონები. 

თბილისი გვიყვარს სიმღერებში, ლექსებში, სუფრაზე, ხოლო რასაც მის მიმართ ვჩადით, სიძულვილია და ომი – სილამაზის, ისტორიისა და კულტურის წინააღმდეგ.

ჩვენი ქალაქი მართლა ჰგავს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულ პაციენტს, რომელიც ყოველწამიერ, მკურნალი ექიმების ანუ ჩვენი, მოქალაქეების, დამსახურებით, კარგავს ამქვეყნად მობრუნების იმედს, რადგან ის მედიკამენტები, რომლებითაც მას ვმკურნალობთ, უფრო ასახიჩრებს, ვიდრე შველის. აბა, როგორ ვუშველით ყალბი სიყვარულით, მკერდში მჯიღის ცემით, უგემოვნო არქიტექტურით, ფასადური რესტავრაციით, ძველი ქალაქის თავზე გამოკიდებული ლიფტებით, დაბინძურებული ქუჩებით, გაჩეხილი პარკებით, განადგურებული სკვერებით, ავტომანქანების სიმრავლით, არაპროფესიონალიზმით, უპასუხისმგებლობით, უპასუხისმგებლობით, უპასუხისმგებლობით…

სელესტენ ფრენეს `პედაგოგიური ინვარიანტები

0
კაცობრიობის ისტორიაში აღზრდის თემა ერთ-ერთი უძველესია. დრონი იცვლებიან, მაგრამ მარადიულად რჩება საფიქრალი: როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა, რომ ის განათლებულიც იყოს და ზნეობრივიც.
ამ ფიქრის რკალშია მოქცეული გამოჩენილი ფრანგი პედაგოგის, სელესტენ ფრენეს წიგნი `პედაგოგიური ინვარიატები~. მასში წარმოჩენილია ორიგინალური სისტემა აღზრდისა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ცნობილია, რომ ფრენეს ახალი სკოლის მეთოდიკა წარმატებით განხორციელდა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
რა არის ფრენეს მეთოდიკის მიზანი? ბავშვის აღზრდა და სწავლება ცხოვრებისთვის მოსამზადებლად.
და რად უნდა იქცეს ეს ბავშვი? ადამიანად, რომელსაც ექნება შრომის დიდი სიყვარული, ინტელექტი, წესიერება, კულტურა, საზოგადოებაში ჰარმონიული არსებობის უნარი და სხვებს მოექცევა ყოველთვის ისე, როგორც უნდა, რომ მას მოექცნენ. ასე რომ, აღზრდის ეს სისტემა ზნეობრივ ღირებულებებს ეფუძნება და მთავარია სიყვარული, რომელიც წარმოშობს ოპტიმიზმს, არიადნას გორგალივით რომ უნდა გაუძღვეს ადამიანს ცხოვრების ლაბირინთებში.
რა არის ღირსება ამ წიგნისა, რომელიც ახალ პედაგოგიურ სისტემას აცნობს მკითხველს?
უპირველეს ყოვლისა, სტრუქტურა, რომელიც აღზრდის მეთოდიკას იმგვარად აწვდის პედაგოგსა და მშობელს, რომ ისინი კითხვის პროცესშივე ჩაერთონ და საკუთარი თავი გამოსცადონ, რამდენად არიან მზად ყოველივე იმისთვის, რასაც ფრანგი პედაგოგი სთავაზობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი უშუალოდ პედაგოგებისთვისაა დაწერილი, მეორე _მშობლებისთვის, მაგრამ ფრენე აღზრდის პროცესში თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს სკოლასა და ოჯახს, ამიტომაც საგულისხმოა რჩევები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა მათი შვილები ღირსეულ ადამიანებად აღიზარდონ.
აღზრდის ამ სისტემაში შემოთავაზებულია 32 პედაგოგიური ინვარიანტი.
რა არის ინვარიანტი? `რაც არ იცვლება, რაც მუდამ არსებობს ნებისმიერ ქვეყანასა და ვითარებაში~.
ორიგინალური ამ წიგნში ისაა, რომ სწორედ ამ ინვარიანტთა შეთავაზებით, მკითხველი-პედაგოგი არა მხოლოდ გაეცნობა აღზრდის ახალ მეთოდიკას, არამედ ერთგვარად გამოსცდის კიდევაც თავს.
როგორ?
ყოველ ინვარიანტს უნდა უპასუხოს. სამი არჩევანია ასეთი პასუხებით: მწვანე შუქი, ყვითელი შუქი, წითელი შუქი.
მწვანე შუქის პასუხის არჩევანი საუკეთესოა: `მწვანე შუქი ეძლევა მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებიც სავსებით ეთანხმება მოცემულ ინვარიანტებს… მათი გამოყენება უყოყმანოდ შეუძლიათ აღმზრდელებს. ინვარიანტები დროში გამოცდილია.
`ყვითელი შუქი ეძლევა მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ეფექტურია, თუმცა გარკვეული საფრთხის შემცველიც, იგი განსაკუთრებულ ფრთხილ დამკიდებულებას მოითხოვს~.
`წითელი შუქი ეძლევა მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მოცემულ ინვარიანტებს, ამიტომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დავემშვიდბოთ.
რაც მთავარია, ცალკეული ინვარიანტი უბრალოდ კი არ არის შეთავაზებული, არამედ ახსნილ-განმარტებული და ცხოვრებისეული მაგალითებით განმტკიცებული.
გთავაზობთ რამდენიმე ინვარიანტს შერჩევით:
ინვარიანტი 1: ბავშვის ბუნება არაფრით განსხვავდება ზრდასრული ადამიანის ბუნებისაგან.
ბავშვი ნორჩი ხესავით იზრდება და თანდათან ეგუება გარემოს. იგი თქვენნაირი პრინციპების დაცვით ცხოვრობს. თქვენსა და მას შორის განსხვავება ბუნებასა კი არა, განვითარების დონეშია, ამიტომაც, სანამ გაკიცხავთ ან დასჯით ბავშვს, თავს ჰკითხეთ: მის ადგილზე რომ ვიყო, როგორი რეაქცია მექნებოდა? როგორ მოვიქცეოდი?
მწვანე შუქი: თუ შეეცადეთ რომ მიგეღოთ ეს ინვარიანტი.
ყვითელი შუქი: შეიძლება თეორიულად კი ეთანხმებით, მაგრამ პრაქტიკულად ჯერ ვერ ბედავთ მის გამოყენებას?
წითელი შუქი: ეგებ თქვენს ქცევას განაპირობებს აზრი იმის შესახებ, რომ ბავშვი თავისი ბუნებით თქვენგან განსხვავებულია?
ცხოვრება _ აი, ყველაზე დიდი გამოცანა, რომლის ამოცნობის გზები და საშუალებები უნდა შეასწავლოს სკოლამ.
ამგვარი 32 ინვარიანტის გულისყურით შესრულება, ფერთა ბალანსი, ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით, სინამდვილეში რაგვარი პედაგოგიური და ფსიქოლოგიური შეხედულებები გაქვთ. ისიც წარმოჩნდება, სამომავლოდ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და რა ცვლილებები შეიტანოთ თქვენეულ აღზრდის სისტემაში.
აქ წარმოდგენილია, მაგალითად, ასეთი ინვარიანტები:
`სკოლაში ბავშვის ქცევა დამოკიდებულია მის ფსიქოლოგიურ განწყობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე~ (მესამე ინვარიანტი);
`არავის, არც ბავშვსა და არც უფროსს, არ უყვარს, როცა რამეს უბრძანებენ~ (მეოთხე ინვარიანტი);
`ნებისმიერ ადამიანს ურჩევნია თვითონ აირჩიოს სამუშაო, თუნდაც ეს არჩევანი მისთვის სასარგებლო არ იყოს~ (მეშვიდე ინვარიანტი);
`ამ ქვეყანაზე არავის უყვარს ფუჭი შრომა, რობოტივით მოქმედება, არავის არ ეხალისება რაიმე სამუშაოს შესრულება სხვისი ჩანაფიქრის მიხედვით, მით უფრო, თუ ეს ჩანაფიქრი მისთვის უცხოა და გაუგებარი~ (მერვე ინვარიანტი);
`აუცილებელია შრომის მოტივირება~ (მეცხრე ინვარიანტი);
`ცოდნის ათვისების ყველაზე ეფექტური გზაა არა დაკვირვება, ახსნა და დემონსტრაცია – ტრადიციული სწავლების ძირითადი ხერხები, არამედ შემეცნების ბუნებრივი და უნივერსალური მეთოდი~ (მეცამეტე ინვარიანტი);
`მეხსიერებას, სკოლა რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაშინ აქვს ფასი, როცა იგი ჩართულია ექსპერიმენტული მოსინჯვის პროცესში~ (მეთოთხმეტე ინვარიანტი); `დაზეპირება ცოდნას არ ნიშნავსო,_უთქვამს ფრანგ ფილოსოფოსს, ჰუმანისტ მიშელ დე მონტენს.
`ტრადიციული სკოლა ავითარებს მხოლოდ აბსტრაქტული აზროვნების უნარს, რაც შორსა დგას რეალური ცხოვრების მოთხოვნებისაგან~ (მეჩვიდმეტე ინვარიანტი);
`არავის, არც ბავშვსა და არც დიდს, არ უყვარს ზედამხედველობა და დატუქსვა. ორივე ამას აღიქვამს, როგორც ღირსების შელახვას, მით უმეტეს, თუ ეს საჯაროდ ხდება~ (მეოცე ინვარიანტი).
დღეს, თანამედროვე აღზრდის სხვადასხვა მეთოდიკაში, პოპულარულია თამაშის მეთოდი. ფრენეს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვს და ამგვარ ინვარიანტს გვთავაზობს:
`ბავშვის ბუნებრივი საქმიანობა არის არა თამაში, არამედ შრომა (მეთორმეტე ინვარიანტი). მისი აზრით, შეცდომა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან იწყება, იქიდან ოჯახში გადადის. შინაურებიდან არავინ ცდილობს საოჯახო საქმეებში ჩართოს ბავშვი და ამიტომაც იგი ცხოვრობს სრულიად უსაქმურად, მას მხოლოდ თამაშით გართობა ევალება. სწავლების შემდგომ საფეხურებზე ვითარება იცვლება, თამაშის შესაძლებლობები მცირდება, მაგრამ დაწყებით და საშუალო სკოლებში მთელი ყურადღება სავარჯიშოებსა და დავალებებზე გადადის, რომელნიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ზედაპირულ ინტერესსს იწვევენ, ისიც იშვიათად და არანაირად არ შეესაბამებიან წარმოდგენას ბუნებრივსა და მოტივირებულ შრომაზე.
სელესტენ ფრენეს აღზრდის სისტემა კი `ნამდვილი შრომის პედაგოგიკაა.
ამგვარივე განსხვავებული შეხედულებაა წარმოჩენილი ამ ინვარიანტში:
`მოსწავლეთათვის ნიშნების დაწერა და მათი კლასიფიკაცია პრინციპშივე მცდარი მეთოდია~ (ოცდამეერთე ინვარიანტი);
აქ დამარწმუნებლადაა მსჯელობა იმის შესახებ, რომ ნიშანი არის უფროსის განსჯა ბავშვის ნაშრომზე. მას აზრი ექნებოდა, სამართლიანი და ობიექტური რომ ყოფილიყო, რაც ნაწილობრივ შესაძლებელია მარტივი სწავლებისას, მაგალითად, არითმეტიკულ მოქმედებათა შეთვისებისას, მაგრამ უფრო რთული სამუშაოს შესრულებისას კი, როცა საჭიროა ყურადღება დავუთმოთ ლოგიკურ აზროვნებას, მოსწავლის გაგების უნარს და მოცემულ მომენტში მის სულიერ ვითარებასაც კი, `ყოველგვარი შეფასების სისტემა მკრეხელობაა.
მაგალითად, როგორ შეიძლება გაიზომოს და შეფასდეს მოსწავლის აბსტრაქტული აზროვნება და მისი შემოქმედებითი უნარი, მეცნიერული თუ ისტორიული ალღო?
და ბოლოს: შეასრულეთ ეს _ 30-ე ინვარიანტი:
`აღრდის საფუძველია პიროვნების ღირსების დაცვა. მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთპატივისცემა სკოლის განახლების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
მწვანე შუქი: თქვენ უკვე ახორციელებთ ამ წესს.
ყვითელი შუქი: ცდილობთ, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებთ.
წითელი: ჯერ შორსა ხართ სკოლის ჰუმანიზაციისგან.
როგორც აღვნიშნეთ, ეს ინვარიანტები დიდი პედაგოგიური გამოცდილების, ტრადიციისა და ნოვაციის ორიგინალური სინთეზის ნაყოფია, ამიტომაც იქცევს ყურადღებას.
წიგნის მეორე ნაწილი მშობლებთან გასაუბრებაა. აქ მეცნიერი მათ ერთგვარ გულგრილობაში ამხელს: `აი, ბატონებო, დატოვეთ თქვენი შვილი სკოლის კართან. როგორ მოექცევიან აქ? რა მეთოდებით ასწავლიან? რა საშუალებებს გამოიყენებენ? არაფერი არ გაინტერესებთ? საქმე სახლს, ბაღს ან მანქანას ხომ არ ეხება? რამდენჯერ უთქვამთ, ბავშვი თუ ნიჭიერია, აუცილებლად მიაღწევს წარმატებასო, მაგრამ, ხომ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენი შვილი ნაკლებ განათლებულ, ცუდად აღზრდილ და დამახინჯებული ფსიქიკის ადამიანად იქცეს? ამის გამო წყევლა-კრულვას გაუგზავნით არა სკოლას, არა სასკოლო შენობის უვარგისობას, არა გადატვირთულ კლასებს, არამედ მასწავლებელს, რომელმაც სასწაული ვერ მოახდინა~. ამგვარი კითხვებით ფრენეს იერიში მიაქვს მშობლის გულგრილ დამოკიდებულებაზე სკოლის მიმართ და ამ საუბრებით წარმოაჩენს ყველა იმ კომპონენტს, რომელთა ერთობლიობა ქმნის აღზრდის სისტემას. ამ კომპონენტთაგან კი ერთ-ერთი მშობელია, რომელიც აქტიურად უნდა ჩაერთოს უკეთესი სკოლის მშენებლობის საქმეში.
ვფიქრობთ, სელესტენ ფრენეს პედაგოგიური მეთოდიკის გაცნობა და დანერგვა ხელს შეუწყობს ქართული საგანმანათლებლო სისტემის დახვეწასა და გამდიდრებას.

გამომგონებლობის მტრები

0
გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც ადამიანის შემოქმედებით უნარს, კრეატიულობას, სიახლეებისადმი სწრაფვას და დღეს არსებულ სწავლის სისტემას ეხება. სტატიების ციკლი სხვადასხვა კუთხით წარმოგვიდგენს შემოქმედებით პროცესს და დღევანდელ საზოგადოებაში მისდამი გაბატონებულ მიდგომებს. ავტორები, სტატიათა ციკლში ცდილობენ მკითხველს დაუხატონ ინდივიდისა და გაბატონებული იდეოლოგიისა თუ წესების დაპირისპირება და წინააღმდეგობები, რომელსაც ადამიანი აწყდება დღევანდელ გლობალიზებულ და უნიფორმიზირებულ სამყაროში. 

ავტორები: არტ მარკმანი, პიტერ გრეი, სიან ბეილოკი, ქრისტოფერ სპრინგმანი, კელ რაუსტიალა, პიტერ ბერგმანი, 
ხშირად, ჩვენი ჩვეულებები, მასწავლებლები და თუნდაც საუკეთესო განზრახვები, გამჭრიახობის წინააღმდეგ მოქმედებენ. მოქმედებენ როგორც ფარული საბოტაჟის მომწყობნი. მაგრამ შემოქმედების დამთრგუნავი ძალების გააზრება და შესწავლა, შემოქმედს დაეხმარება თავისი ტალანტისშენარჩუნებასა და გაზრდაში.
იმავე ადგილზე დაწყების საფრთხე

ნაცნობი პრობლემების თავიდან გააზრება გვთავაზობს მათ შემოქმედებითი გზით მოგვარებას. 
ავტორი: არტ მარკმანი

 
არტ მარკმანი – ფსიქოლოგიის დოქტორი ტეხასის უნივერსიტეტიდან. ბ-ნი მარკმანი გახლავთ ავტორი წიგნისა ”ფიქრი გონივრულად ”/Smart Thinking

ჩემთვის გამოთქმა-მეტაფორა ”იფიქრე ყუთის გარეთ” (ინგლ. Think outside the box – ნიშნავს განსხვავებულად ფიქრს, ფიქრს მიღებული წესებისგან განსხვავებით, ლ.ა.), ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მისაღები მეტაფორაა. დიახ, ეს გამოთქმა გაცვეთილია, იგი აზრს არის მოკლებული. 

რას უნდა ნიშნავდეს საერთოდ ”ყუთის გარეთ ფიქრი”? სავარაუდოდ, ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ ვინმეს შესთავაზებთ ისეთ იდეებს, რომლებიც ნორმის ფარგლებში არ არის მოქცეული. მაგრამ, მგონია, რომ ეს არ არის სასარგებლო რჩევა. როგორ შეიძლება გაგიჩნდეს ახალი იდეა, სანამ თვითონ არ მოახდენ იდეის გენერირებას?
როდესაც ხალხს სთხოვ, რაიმე კრეატიული გააკეთონ, ისინი ძალიან მალე, უკვე არსებული კვალით და იდეებით იწყებენ თავიანთი ”შემოქმედების კეთებას”. ალაბამას უნივერსიტეტის მკვლევრის, თომას უორდისა და მისი კოლეგების კვლევის თანახმად, როდესაც მათ სტუდენტებს სთხოვეს დაეხატათ ცხოველები უცხო პლანეტებიდან, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ცხოველი, რომლებიც სტუდენტებმა მოიფიქრეს, ძალიან ჰგავდა დედამიწის ცხოველებს. მათ ჰქონდათ დედამიწის ცხოველთა მსგავსი გრძნობის ორგანოები, ფეხები, ხელები და სიმეტრია – ადამიანებმა, თავიანთი ნაშრომი, ნაცნობი მაგალითების მიხედვით შექმნეს. 

ეს დაკვირვება, ქმნის საფუძველს, რომელიც გვთავაზობს ახალი იდეების შექმნისთვის საჭირო ტექნიკას. 

ჩვენი გონება, იძახებს იმ ინფორმაციას, რომელიც კავშირშია ჩვენს ფიქრებთან (როცა გთხოვენ, იფიქროთ ცხოველებზე, თქვენ იფიქრებთ იმ სახეობებზე, რომლებსაც იცნობთ. როცა გთხოვენ, იფიქროთ დაბადების დღეებზე, თქვენ იფიქრებთ – დაბადების დღეებზე გამართული წვეულებების შესახებ). 

როდესაც გჭირდებათ შემოქმედებითი პრობლემის გადაწყვეტა, ადამიანი იწყებს ფიქრს იმის შესახებ, თუ როგორ აღწეროს იგი. ეს შეიძლება იყოს პრობლემა სამუშაო ადგილზე, რომელიც ახლებურადაა გადასაწყვეტი – ეს შეიძლება იყოს ახალი ნაშრომი მუსიკაში თუ ხელოვნების სხვა დარგში, ან იდეა, ახალი პროდუქტის შესახებ. პრობლემის აღწერა ადამიანს უჩვენებს იმ გზას, ბილიკს, რომლის დახმარებითაც იგი მიმართავს თავის მეხსიერებას. ამ დროს, გონება ”იძახებს” იმ კონცეფციებს, რომლებიც ამ აღწერასთან რაიმე კავშირშია, ხოლო ”გამოძახებული” ინფორმაცია ხდება საფუძველი იმ გზისა, რომელსაც ინდივიდი შემოქმედებითი სამუშაოსკენ მიჰყავს. ადამიანებმა, რომლებსაც სთხოვეს დაეხატათ ცხოველები უცხო პლანეტებიდან, დაიწყეს ფიქრი ცხოველებზე, რამაც გავლენა მოახდინა მათი ”გამოგონილი” არსებების ფორმებზე. 

თუ გვსურს შევცვალოთ შემოქმედებითი პრობლემისადმი მიდგომა, საჭიროა შევცვალოთ ის საგანი, რომელზეც ვიწყებთ ფიქრს. ჩვენ სიტუაცია ახლებურად უნდა აღვწეროთ. ეს საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ ის გზა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად ”გამოვიძახებთ” ინფორმაციას ჩვენი მეხსიერებიდან. 

მთავარი სტრატეგია, რომლითაც შესაძლებელია საფიქრალ საგანზე ფიქრის წესის შეცვლა, გახლავთ ის, რომ აუცილებელია მოვძებნოთ შემოქმედებითი პრობლემის (რომლის გადაწყვეტასაც ჩვენ ვცდილობთ) არსი. დასაწყისისთვის თავიდან უნდა შევხედოთ იმ აღწერილობას, რომელიც გამოვიყენეთ პრობლემის/ამოცანის გადასაწყვეტად. შემდეგ საჭიროა დავფიქრდეთ, არსებობს თუ არა სხვა გზა, დასმული ამოცანის/პრობლემის აღსაწერად და გავიაზროთ, სად მივყავართ ამ გზას. როგორც კი აღმოვაჩენთ, რომ ვერ შევძელით ახლის მოფიქრება, უნდა დავიწყოთ ფიქრი პრობლემის/სიტუაციის ახალ (სხვაგვარ) აღწერაზე. 

ვთქვათ, დავფიქრდეთ ზემოთ ნახსენები უნივერსიტეტის სტუდენტებზე. ისინი ღრმად არ დაფიქრებულან შემოქმედებით საკითხზე, ამიტომაც, მათ გონებიდან ცხოველების აღწერილობები ”გამოიძახეს”. როგორც წესი, ამ ცხოველებს ერთმანეთის მსგავსი კიდურები და გრძნობის ორგანოები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების დახატული კიდურები თუ ორგანოები შესაძლოა უცნაურად გამოიყურებოდნენ, ისინი ფორმებით მაინც დედამიწის ცხოველების ორგანოებს გვანან. 

თუ ექსპერიმენტის მონაწილეები უფრო სტრატეგიულად შეხედავდნენ დასმულ ამოცანას, ისინი შეძლებდნენ მეხსიერებიდან თუ ცოდნიდან უფრო აბსტრაქტული კონცეფციების წარმოსახვით ”გამოხმობას”. მაგალითად, უნდა დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რა თვისებები და ფორმები დასჭირდებოდათ ”უცხოპლანეტელ” ცხოველებს მოცემული პლანეტის გარემო პირობებიდან გამომდინარე. შესაძლოა, ცხოველებზე ფიქრის ნაცვლად, მათ უნდა ეფიქრათ ყველა სხვა ცოცხალ არსებაზე. შესაძლოა, უნდა გაეაზრებინათ ერთუჯრედიანი ორგანიზმების აგებულება – ან წარმოედგინათ ის არსებები, რომლებსაც შეუძლიათ დაყოფით გამრავლება და საკუთარი თავის რეპლიკაცია (ასლის წარმოება). 

ბოლოს, გახსოვდეთ, რომ თქვენი შემოქმედებითი აზროვნების პროდუქტი, დამოკიდებულია იმ ადგილზე, საიდანაც იწყებთ. ასე რომ, ნუ იფიქრებთ განსხვავებულად, იფიქრეთ განსხვავებულზე.
წყარო: www.psychologytoday.com/articles/201304/the-enemies-invention

გზაზე

0
ზაფხული მე ასეთი მახსოვს: მოვიკიდებდით ზურგჩანთებს და მივდიოდით. გზების სირთულე ვის შეაშინებდა: შეშლილები, შეშლილები. ქართული მასშტაბები მაშინ გრანდიოზული გვეჩვენებოდა და საზღვრების გადაკვეთას არ ვგეგმავდით. მერე ვიღაცებმა მსოფლიო შემოიარეს და მსოფლიო ამბები გვიამბეს. ოცნება მაშინ უკვე დაწყებული გვქონდა ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვის რომანტიკულ მოცემულობაზე, ავტოსტოპით მოგზაურობის ხიბლსა და მსოფლიო რკალის თვისებაზე – აუცილებლად შემოიარო. “მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის” ოცნებიდან უფრო მყარ პოზიციაზე – გეგმაზე, როგორც რეალობის  აუცილებელ წინაპირობაზე გადავედით. რა თქმა უნდა, ვერც ამაზონია მოვიარეთ და ვერც ევროტურის ფარგლებში მოვაწყეთ დებოში რომის პაპის რეზიდენციაში. მერე ზოგი ძალიან გაიზარდა და ზოგიც – ისე რა. ზოგმა ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში დაიწყო მოგზაურობა. ზოგმა ლოკაციები არ შეიცვალა და ქართული მიწების ათვისება განაგრძო, ზოგმაც – ოცნება. მე კერუაკი აღმოვაჩინე, ბიტ თაობის მანიფესტი და რაღაცნაირი, უვადო თავისუფლება, ცოტათი მოსაწყენიც კი. სალ ფარადაიზისა და დინ მორიარტის უსასრულო მარშრუტი ცხოვრების გზების შეცნობისა და დროის, როგორც მატერიალური და არამატერიალური მნიშვნელობის. ისინი დროის სისწრაფით მიჰყვებიან გზებს იმისთვის, რომ არ დაკარგონ პირადი სივრცე. 
პირადი სივრცეა დინის გაქუცული ჩემოდანი, რომელიც სულ საწოლის ქვეშ გდია, მომზადებული მომავალი მოგზაურობისთვის.
პირადი სივრცეა ალკოჰოლი, რომელიც ხანდახან არის თავისუფლება.
პირადი სივრცეა მუსიკა, რომელიც სულ, მუდმივად არის თავისუფლება.
პირადი სივრცეა დინის რამდენიმე ცოლიც კი. და ბავშვები. მხოლოდ დინს შეუძლია, ყველა ცოლი ერთნაირად უყვარდეს.
პირადი სივრცეა სალის მამიდა, რომელიც წიგნში სულ რამდენჯერმე, გაკვრით გამოჩნდება და უხერხულად უჩინარი პერსონაჟია, მინიმალური შეზღუდვებითა და სილაღით, რომელიც თითქმის არცერთ ქართველ მამიდას არ ახასიათებს.
პირადი სივრცეა მიწისქვეშა თუ არამიწისქვეშა ბარები მარიხუანას კვამლითა და ახალგაზრდული ხმაურით.
პირადი სივრცეა დინის ნატკენი ხელი, რომელიც მთელი წიგნის განმავლობაში ჩირქდება.
პირადი სივრცეა დინისა და კარლოს საუბრები, რომლებიც ზედმეტად სიზმარეულია და რომლებიც, საბოლოოდ, სიტკბოგაცლილ საღეჭ რეზინასავით უგემური ხდება.

ერთხელაც ყველას ამოსდის ყელში საკუთარი სივრცე. და სალიც მოგზაურობას იწყებს ახალი ამბების შესაგროვებლად, ახალი ადამიანების გასაცნობად, ძველი სურვილების ასახდენად და ახალი სურვილების შესაქმნელად, დიახ, შესაქმნელად. სურვილების შექმნაც ისევე შეიძლება, როგორც შემწვარი კარტოფილის, რომელიც მექსიკური მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა სუნელებითა და წიწაკით შეაზავებ.
ეს არ არის იძულებითი მოგზაურობა. როგორ შეიძლება, მოგზაურობა იძულებითი იყოს? – იფიქრებთ. აბა, მაწანწალა რასმუსი გაიხსენეთ. აბა, კარგად გაიხსენეთ. იმასაც, დინ მორიარტივით მამის პოვნა უნდა. არა, დინი დიდი ბიჭია და რასმუსივით ოჯახურ სიმყუდროვეს არ მიელტვის. მაგრამ ორივე დაკარგულია. დინი – ომისშემდგომი თაობის უცნაური პირმშო, ახალი სურვილებითა და დიდი ენერგიით და ლინდგრენის რასმუსი – ბავშვი, რომელიც, სამწუხაროდ, თმახუჭუჭა არ არის და არავის, საერთოდ არავის უნდა, იშვილოს გარდა ოსკარისა, რომელიც გამოუსწორებელი მაწანწალაა – გზების შვილი, თავისუფლების შვილი.  
 “გზაზე” ცოტათი იმედგაცრუებაცაა და მცდელობა, ცივილიზებულმა სამყარომ არ გამოტოვოს  პირველყოფილი სიკეთეები: “მაღალი მთებიდან ჩამოვიდნენ, ხელი რომ გაეშვირათ იმისკენ, რაც, მათი აზრით, ცივილიზაციას შეეძლო მათთვის შეეთავაზებინა და არც კი დაესიზმრებოდათ, რომ ცივილიზაცია საბრალო, დამსხვრეული ილუზიებია. არც ის იცოდნენ, რომ არსებობს ბომბი, რომელსაც შეუძლია, ყველა ჩვენი ხიდი და გზა მიწასთან გაასწოროს და რომ, შეიძლება ჩვენც გავღარიბდეთ და მათსავით გავიშვიროთ ხელი”.
ცივილიზაციის უზარმაზარი, ტექნიკური სხეული ხანდახან ისე გღლის, ერთი სული გაქვს,  ზურგჩანთა მოიკიდო და გზას გაუდგე. ხელი ჩაკიდო ისეთ რეალურ პერსონაჟებს, როგორებიც არიან გინსბერგი, კესიდი, ბეროუზი და გაგეღიმოს კერუაკის სპონტანურობაზე, რომელიც ისეთი მომხიბვლელია, როგორც დედაჩვენი, რომელიც სახლიდან გასვლისას სიტყვას გამოგვაყოლებს, ნაცნობს, მაგრამ ჩვენი ასაკის მიხედვით მოდერნიზებულს. ეს მართლაც გზაზე დაწერილი ტექსტია საგზაო ემოციებით საგზაო ნიშნების გარეშე, რადგან ამ დროს, შესაძლოა, დინი შემოვარდეს თავისი “ჰადსონით” და ყველა ნიშანი მილეწ–მოლეწოს. 

რატომ გვიყვარს ბასკები

0
არ ვიცი არიან თუ არა ბასკები ქართველების ნათესავები. ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე ჩვენ შორის ”გენეტიკურ კავშირზე” მსმენია და წამიკითხავს, ნამდვილად არ ყოფილა ისე დასაბუთებული, რომ ამდაგვარი ვარაუდები ვირწმუნო. თუმცა იბერიის ნახევარკუნძულის მკვიდრებთან გარკვეული მსგავსებები რომ გვაკავშირებს – ეს ფაქტია. ადრე, როდესაც ბილბაოს ”ატლეტიკი” ”რეალსა” და ”ბარსელონას” ტოლ-სწორად ეპაექრებოდა, საქართველოში ბასკებს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდათ. მახსოვს, 2001 წელს ფოთში ”ატლეტიკის” ისეთი თავგადაკლული გურული ინჩასი გავიცანი, რომ იმ კაცს თუკი დავერწმუნებოდით, ბილბაოს გუნდისთანა შესაძლებლობების კლუბი ესპანეთში კი არა, მთელ მსოფლიოში არ მოიძებნებოდა.

”ატლეტიკის” განსაკუთრებულობად დღემდე ალბათ მაინც ის რჩება, რომ ამ კლუბის მესვეურები ფეხბურთელების შეძენისას ყოველთვის ცდილობენ, ბასკ ფეხბურთელებს მიანიჭონ უპირატესობა და იყო პერიოდები, როდესაც ”ბილბაოში” მხოლოდ ბასკები ირიცხებოდნენ. მე თუ მკითხავთ, ეს არასწორი მიდგომაა და მსგავს დამოკიდებულებას არაფერი აქვს საერთო პატრიოტიზმთან. მაგალითად, ვინ დაუწუნებს ”კუთხურ პატრიოტიზმს” ბავარიელებს, ლომბარდიელებს, ან კატალონიელებს? არადა ყველა ვხედავთ, რომ ამ რეგიონების კლუბებში წამყვანი ფეხბურთელები უცხოელები იყვნენ და დღესაც არიან. და რამე დაკარგა ”ბარსელონამ”, თუკი მის რიგებში ბრაზილიელი, არგენტინელი, ან მექსიკელი ფეხბურთელები ირიცხებიან? რაღა შორს წავიდეთ, გავიხსენოთ გასული საუკუნის 70-80-იანი წლების თბილისის ”დინამო” და ამ კლუბის მიერ მოგებული ჯერჯერობით ერთადერთი დიდი ევროთასი. რომ არა ჩვენი ორი დიდი თანამემამულის, წარმოშობით აფხაზისა და ოსის – ვიტალი დარასელიასა და ვლადიმერ გუცაევის მიერ ფინალში გატანილი გოლები, ბოლო 31 წლის მანძილზე რითი უნდა გვეტრაბახა დღემდე?!
 
თუმცა ადამიანები ერთნაირები, რა თქმა უნდა, არ ვართ და ბევრს ბასკური კლუბის სწორედ ასეთი სატრანსფერო პოლიტიკა მოსწონს. წლების წინ, როდესაც თბილისის ”დინამო” ჩემპიონთა ლიგის კარიბჭესთან ყველაზე ახლოს იდგა და ლიგაზე მოსახვედრად, ბილბაოს ”ატლეტიკის” ბარიერიღა ჰქონდა გადასალახი, თბილისში გავიცანი რუსთავიდან ჩამოსული ორი ჯეელი, რომლებსაც სახლში ”ატლეტიკის” დროშა საკუთარი ხელით შეეკერათ და ამ დროშით აპირებდნენ სტადიონზე შესვლას. აღმოჩნდა, რომ ორივენი ბასკური გუნდის ქომაგები იყვნენ და სტადიონზე მათ მიერვე დიდი წვალებით შეკერილი დროშის გამოფენა უნდოდათ. მაშინ ცოტა სხვა დრო იყო და ჩემმა მეგობარმა ურჩია, რომ დროშა სტადიონზე არ გაეშალათ, რადგან თუკი ჩვენები წააგებდნენ, განაწყენებულ გულშემატკივრებს ჯავრი შეიძლება მათზე, როგორც ”მოღალატეებზე”, ეყარათ. ბიჭებმა არ დაგვიჯერეს და ”ბორის პაიჭაძეზე” ”ატლეტიკის” დროშა მაინც გაშალეს. ჩვენებმა გაიმარჯვეს და ამ ამბავს ჩხუბი საბედნიეროდ არ მოჰყოლია, (მოგეხსენებათ, გამარჯვებით გახარებული ადამიანები არავის ერჩიან) მაგრამ კარგად მახსოვს ერთ-ერთი დროშის გამშლელის სიტყვები, მაშინ როდესაც თამაში დასრულდა. ”დღეს ჩვენები უფრო იყვნენ ბასკები, ვიდრე ისინი. ამიტომაც მოიგო ”დინამომ” ეს თამაში”.

 
ახლა, როდესაც ბილბაოური კლუბი საგრძნობლად მოძლიერდა, ფოთელი გურული და ის ორი რუსთაველი ბიჭი მახსენდება, გავსებულ ”ბორის პაიჭაძეზე” ბილბაოელთა დროშა რომ გაშალეს. წარმომიდგენია მათი სიხარული და ზეიმი მას შემდეგ, რაც ”ატლეტიკმა” დიდი გამარჯვებების მთელი კასკადი გვაჩვენა.
მათ გასულ სეზონში რუსულ ”ლოკომოტივს” ზედ მრისხანე ”მანჩესტერ იუნაიტედი” მიაყოლეს და არც გერმანული ”შალკესთვის” დაუყრიათ კარგი დღე. ბასკური კლუბის ქომაგები ადვილი შესაძლებელია, რომ ჩვენს მკითხველებს შორისაც იყვნენ. ეს კლუბი ქართველებში რაღაც განსაკუთრებულ ხიბლს ყოველთვის ტოვებდა და ალბათ მომავალშიც დატოვებს.
და ვითომ მხოლოდ ის არის ქართველების მხრიდან ბასკებისადმი ასეთი უცნაური სიყვარულის მიზეზი, რომ ისინიც იბერები არიან ჩვენც და მათი სიმღერა ჩვენსას ჰგავს? მეეჭვება რომ ”ატლეტიკი” მხოლოდ ამის გამო უყვარდეთ საქართველოში. ბილბაოელთა სიყვარულის მიზეზი ალბათ უფრო ღრმა და შორსმიმავალია. ქართველები ბასკებში მათსავით ძლიერთა მიერ დაჩაგრულ და მჩაგვრელების (ჰმ, მჩაგვრელშიც გამართლებაა საჭირო) წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს ხედავენ. ეს ალბათ რიცხოვნობით პატარა ერების საერთო განცდაა. მით უმეტეს, რომ ასეთი პატარა ერები ძალიან ცოტანი შემორჩნენ მსოფლიოში…

ფანჯრიდან დანახული ქვეყანა

0
უკვე ის დროა, არდადეგები რომ უნდა გამოიყენო, ზაფხულის სიცხეს ბუნების სიმწვანეში დაემალო, საქმეები ცოტა ხნით დაივიწყო და დილაობით – ჩიტების ჭიკჭიკს, საღამოობით კი ჭრიჭინების ჭრიჭინს უსმინო.

დაწყებით კლასებში არდადეგების დადგომამდე აუცილებლად ვიღებდი რამდენიმე გრძელვადიან დავალებას, რომლებიც ზაფხულში უნდა შემესრულებინა, მაგალითად, სუფთად და ლამაზად გადამეწერა „წერის დედანი”, მევარჯიშა, რათა წამეკითხა წუთში 150-ზე მეტი სიტყვა, გამეკეთებინა ჰერბარიუმი, მეწერა დღიურები… ამათგან ყველაზე საშინელი „წერის დედნის” გადაწერა იყო მეორე კლასში გადასული ბავშვისთვის, რომელსაც სუფთა წერაზე ნაკლებად არაფერი აღელვებს ცისქვეშეთში.

უკვე ის დროა, ბავშვობაში მიღებული დავალებების შესასრულებლად დახარჯული ძალისხმევა ბუნდოვნად, ემოციების დონეზე რომ გახსენდება, ვინაიდან წინ უფრო მნიშვნელოვანი, ახალი ზაფხული გაქვს. დრო, როცა ყველა სხვადასხვა მხარეს გავეშურებით კუთვნილი უქმეების გასატარებლად, ძალ-ღონის აღსადგენად, ახალი სამყაროების, ადამიანების აღმოსაჩენად.

ჩემთვის ამ ამბავში ყველაზე საინტერესო დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი გზაა. ვიყურები ავტომობილის, ავტობუსის, მატარებლის ფანჯრიდან და ვფიქრობ იმ ხალხზე, ვინც იმ სახლებში ცხოვრობს, ახლა რომ ჩავუარეთ, იმ ბავშვებზე, მდინარეებში რომ ბანაობენ,  ამბებზე, აქაური უფროსები უმცროსებს რომ უყვებიან, კითხვებზე, უმცროსები უფროსებს რომ უსვამენ,  საფლავებზე, ამ სოფლებისა და ქალაქების განაპირას რომ არის და ასე, დაუსრულებლად. 

ზოგჯერ, გაუცხოებაზე, ძალადობრივ გარემოზე, სიზარმაცეზე, განათლებისა და წიგნიერების დეფიციტსა და ჩვენი საზოგადოების სხვა მტკივნეულ პრობლემებზე ფიქრისას,  მგონია, მათი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ  ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთს სწორედ ასე ვიცნობთ – ერთი შეხედვით, მქროლავი ტრანსპორტის ფანჯრიდან დანახულს. ამიტომაც გვესმის ასე ცუდად სხვების ტკივილი და სიხარული. მგონია, რომ ჩვენი მძიმე რეალობა იმ საშინელი არქიტექტურის და დაუგეგმავად ნაშენი ქალაქების ბრალიცაა, რომლებიც ამ ფანჯრებიდან კიდევ უფრო მძიმედ აღიქმება. აი, თბილისიდან ბათუმამდე ისე ჩახვალ, ერთ ლამაზ დასახლებას ვერ ნახავ. უსახური კორპუსები, სტანდარტული ორსართულიანი აგურის სახლები და დანგრეული, მიტოვებული ოდები – ეს არის მთელი ჩვენი საცხოვრისი, რომელიც გაუცნობიერებლად დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე.

ხომ საშინელებაა, პატარა ქალაქში ან სოფელში ცხოვრობდე, რომელსაც გარს ტყეები და მინდვრები აკრავს, შენი ბინა კი უსახური საბჭოთა შენობის ერთი ან ორი მოუწყობელი ოთახი იყოს? კიდევ უფრო დიდი საშინელებაა, რომ ამ პატარა ქალაქებსა და სოფლებში არავის მოსდის აზრად კინოთეატრის, თანამედროვე ბიბლიოთეკის, სპორტული დარბაზის, სახელოვნებო სივრცის მოწყობა.

ვზივარ, ვუყურებ ცვალებად კადრებს და ამ და სხვა ამბებზე ვფიქრობ. მერე, დანიშნულების ადგილას ჩასული, ინტერნეტში ვძვრები და ისეთ პროექტებს ვეძებ, რომლებიც მსგავსი ფიქრებით არის ინსპირირებული, ასეთი კი ბევრია.

იმის მაგალითად, რომ  ულამაზო სახლები მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, შემიძლია დაგისახელოთ უშნო ბელგიური სახლები (https://uglybelgianhouses.tumblr.com/ ). ეს პორტალი ჩემისთანა ადამიანებმა შექმნეს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არაესთეტიკური სახლები, ერთი მხრივ, არცთუ დადებითად ახასიათებენ მეპატრონეებს, მეორე მხრივ კი ნეგატიურ ემოციურ გავლენას ახდენენ სხვებზე. აქვე სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ უშნო ბელგიური სახლების ერთი ნაწილი არც ისეთი უშნოა, როგორიც ჩვენთან წამოჭიმული ვითომ ინოვაციური არქიტექტურით ნაგები ვილა-რანჩოები.

არსებობს სხვა პროექტიც, მიტოვებული სახლების ერთგვარი კატალოგი – 100 მიტოვებული სახლი (https://www.100abandonedhouses.com/) მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ უპატრონოდ დარჩენილ სახლებს აერთიანებს, რომელთა უმეტესობა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. მიტოვებული სახლები პოპულარული თემაა ინტერნეტში და შეგიძლიათ, ქვეყნების მიხედვით მოიძიოთ, მაგალითად, ისლანდიის, ირლანდიის, კანადის უპატრონოდ დარჩენილი სახლების შესახებ ინფორმაცია.

მათი არსებობა ერთგვარი პარადოქსია სამყაროში, სადაც მილიონობით უსახლკაროა. ათვალიერებ  სხვადასხვა დროსა და სივრცეში ნაგებ შენობებს და გაგონდება საქართველოს სოფლებში ნანახი მიტოვებული სახლები, მორღვეული ღობეები, წაქცეული ნალიები, აბალახებული ეზოები.

ურბანულ  ამბებზე კარგი ქართული პროექტებიც არსებობს. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა  საქართველოში არსებული საბჭოთა მოზაიკების ვებალბომი (https://soviet-mosaics.ge/ka ),  სადაც თავმოყრილია ფერად-ფერადი კედლები სხვადასხვა შინაარსის გამოსახულებებით მთელი საქართველოდან. ნამდვილი საბადოა, იმის გათვალისწინებით,  რომ უმრავლესობას ისინი გარდასულ დროთა სრულიად უინტერესო ნაშთად მიაჩნია. მრავალი მათგანი დასანგრევად განწირული შენობების კედლებს ამშვენებს. პორტალი ერთგვარი  საშუალებაა  პროპაგანდისტული ხელოვნების მდიდარი ვიზუალური მასალის შესანახად და ნაკლებად აქცენტირებული საკითხებისთვის ვიზიტორთა ყურადღების მისაქცევად.

ამ ამბებს აქ იმიტომ ვყვები, რომ მგონია, თუ ბავშვებს არდადეგებზე „წერის დედნის” გადაწერის ან სხვა მტანჯველი დავალების მაგივრად ასეთ თემებზე დაფიქრებას ვთხოვთ, თუ შევეცდებით დავაინტერესოთ, რათა ჩვეულ გარემოში ახალი ნიუანსები, საინტერესო ადგილები აღმოაჩინონ, მათი არდადეგები გაცილებით საინტერესო გახდება. მჯერა, საკუთარი გარემოს ფუნდამენტური ცოდნა და მისი პრობლემატიკის განზოგადება, გლობალურ ჭრილში წარმოჩენა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ასოების ლამაზად გამოყვანა ან გრძელ-გრძელი ლექსების ზეპირად სწავლა.

უფროსი მეგობარი – საფრთხე თუ თავშესაფარი?! (მეორე ნაწილი)

0
ხანდახან სიზმარში ვხედავ, როგორ მოდის რუსთაველის გამზირზე  სამოცდაათს გადაცილებული  მამაკაცი თავზე ბერეტით, თავდაჯერებული მზერით და ახალფეხადგმული ბავშვის ნაბიჯებით. მისი თანმხლები გოგონა კი, მოხუცს რომ ხელკავით მიაცილებს და ყავარჯნის მაგივრობას უწევს, მარტო აკანკალებული მუხლების კი არა, მარტოობის დამორჩილებაშიც ეხმარება უფროს მეგობარს…

დაახლოებით ჩემი შვილის ტოლი ვიქნებოდი, როცა შემოქმედ მოსწავლეთა სტუდიის აღსაზრდელები საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. მასწავლებლები ხშირად მართავდნენ მსგავს საღამოებს ახალბედა ,,პოეტების” წასახალისებლად  და მეც ამ ღონისძიებების ხშირი მონაწილე ვიყავი. თუმცა ეს საღამო ერთადერთი იყო, რომლის მუსიკალურად გაფორმებაც მე დამეკისრა (ახლაც მწარედ მახსოვს, როგორი ტანჯვით მივაცურე მენდელსონის ერთ-ერთი გონდოლა ნაპირამდე, გადაჭარბებულ Pianissimo-ზე შესრულებულ ბეთჰოვენის მთვარის სონატასა და შოპენის რევოლუციური ეტიუდის თავპირისმტვრევით ჩამთავრებაზე  რომ აღარაფერი ვთქვათ). სწორედ ამ დღეს გავიცანი ჩემი მასწავლებლის მეგობარი მირიან ლეჟავა.  არასდროს დამავიწყდება, როგორ უცნაურად, ყოველგვარი შესავლის გარეშე მოგვიახლოვდა საღამოს დამთავრების შემდეგ, ხელი გამომიწოდა და დედას ჰკითხა, ნებას მომცემთ, თქვენს შვილთან ვიმეგობროო? 

ასე დაიწყო ჩემი ბავშვობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი. გაკვეთილების დამთავრებისთანავე გავრბოდი მირიან ბაბუს პატარა ბინისაკენ, რომლის ძირითად ნაწილს წიგნის თაროები იკავებდა. წიგნების გარდა ბატონი მირიანი ძველი ფირსაკრავისა და კლასიკური მუსიკის ფირფიტების დიდი კოლექციის მფლობელი იყო. წვიმიან დღეებში ჩემი ,,თავშესაფრიდან” დებიუსის ,,ბაღები წვიმის ქვეშ” ისმოდა, მზიან ამინდებს კი მოცარტი და ქალაქში სეირნობა უხდებოდა. ხანდახან ჩემს უფროს მეგობარს სევდა მოერეოდა და ,,მთვარის შუქის” ჯადოსნური მელოდიის ფონზე გაირინდებოდა, მე კი ჩუმად ვიჯექი და ველოდებოდი… მუსიკის დამთავრებას და სევდის გაყუჩებას.

გავიდა დრო და ახლა სულ სხვა მუსიკას ვუსმენ. ძველი ფირსაკრავი მხოლოდ უკიდურესი მონატრების სიზმრებში თუ ამიჟღერებს ჩემი ბავშვობის ჯადოსნურ მელოდიებს. ვერც სახელგანთქმულ პიანისტად ვიქეცი (მხოლოდ კარგი მსმენელობა შემიძლია დავიჩემო) და ვერც მრავალშვილიან დედად, თუმცა უფროსი მეგობრისგან მემკვიდრეობით მაინც მერგო რაღაც… მოულოდნელად დასევდიანებისა და ,,მთვარის შუქზე” გარინდების ჩვევა. 

ზოგჯერ წიგნების  დალაგებას გადაწყვეტდა, გადმოალაგებდა შეყვითლებულ, დამტვერილ ტომებს  და მთელ სახლში ძველი ქაღალდის სუნი დგებოდა. წიგნებს ისე ეპყრობოდა, როგორც ადამიანებს. აიღებდა ერთ-ერთს, თვალებს მოჭუტავდა და მიყვებოდა მასთან ,,შეხვედრის” ამბავს… ყველა წიგნის პირველად წაკითხვის შთაბეჭდილება ახსოვდა. 

ერთხელ მითხრა, ბავშვები წიგნებს გვანან, ოღონდ დასამთავრებელ წიგნებს, მწერალმა რომ ბედის ანაბარა მიატოვა – ყოველი შემხვედრი თავის ამბავს მიაწერს და  თავისით დასრულდებაო… ბატონი მირიანის ყველაზე საუკეთესო თავგადასავალიც ასეთ დასამთავრებელ წიგნში ,,ეწერა”:

ერთი შვილი ჰყავდა, მარტომ გაზარდა. მასზე იშვიათად, თუმცა დიდი სიამაყით საუბრობდა. ახლა დიდი გოგო იყო მისი შვილი, მეზობელ ქვეყანაში ცხოვრობდა და პატარა გოგონებს ზრდიდა (,,ბევრს ვმუშაობ, ბევრს ვწერ, ბევრი მინდა დავტოვო, მაგრამ ვიცი ბავშვზე უკეთესს ვერაფერს დავტოვებ, რადგან – ადამიანი უპირველეს ყოვლისა” ). 

ამას წინათ, ჩემი მოკრძალებული ბიბლიოთეკის დალაგებისას მირიან ლეჟავას ერთადერთ კრებულს წავაწყდი ( ,,შიშველი მამაკაცები”.  გამომცემლობა ,,ნიანგი”. 1973 წ. ), რომელიც  ავტობიოგრაფიული მინიატურით იწყება და მე თავიდან გავიცანი ბატონი მირიანი, ამჯერად როგორც მკითხველმა.

,,ეს მე ვარ ღმერთო!

არ მინდოდა დამეწერა ავტობიოგრაფია ჯერ ერთი იმიტომ, რომ არაფერი მაქვს დასაწერი, მეორეც – თავმდაბალი კაცი ვარ და როგორ ვთქვა ჩემს თავზე, გენიოსი ვარო. არადა არავინ ამბობს გენიოსიაო. საერთოდ არავინ არაფერს ამბობს ჩემზე არც კარგს, არც ცუდს. რა საშინელებაა, როცა არაფერს ამბობენ. ისე ჩვენში დარჩეს და რა უნდა თქვან, რა გამიკეთებია ჯერ? მაგრამ სხვებზე თუ ამბობენ?!

სად აქვს რუსთაველს ავტობიოგრაფია, ის კი არადა მის სადაურობაზეა დავა და დაბადების წელიც სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, 800 წელია ცოცხლობს და ჩემ შემდეგაც იცოცხლებს. მე თუ ვიცი, რომ 1923 წლის 24 იანვარს ქ. ქუთაისში  განთიადის 4 საათზე დავიბადე – მერე რა?!.. მაგრამ რადგან ვარ, რანაირიცა ვარ, ჩემდაუნებურად რაღაც ბიოგრაფია მეც გამაჩნია და რამდენიმე სცენა ჩემი ცხოვრების კომედიიდან მეც შემიძლია წარმოგიდგინოთ.
ვსწავლობდი:  თბილისის მე-8, პირველ და 29-ე საშუალო სკოლებში, აეროკლუბში, სახლში – უცხო ენასა და მუსიკას, ნევინომისკში ევაკუირებულ რომელიღაც ავიოსასწავლებელში, ხარკოვის იურიდიულ ინსტიტუტში, მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტის ხუთწლიან დაუსწრებელ კურსებზე.

ვმუშაობდი: გერმანიაში, რურსა და ვესტგალიის სამრეწველო რაიონებში, ალბრინგჰაუზენისა და ბოხუმის შახტებში, ვუპერტალში – მიწის მუშად კაბელის გაყვანაზე, ვიკედეში – მილების საგლინავ ქარხანაში, აზერბაიჯანში, სალიანთან – მდინარე მტკვარზე ხიდის აგებაზე, ნევთაჩალაში – ნავთის საბურღავ ჭებთან გზების მიყვანაზე, ლენქორანის კარიერში, თბილისის ტურისტულ კლუბში  ექსკურსიათმძღოლად, სართიჭალის არტელში ხალიჩების მხატვრად, კომბინატის სტამბაში ჯერ მუშად, მერე მბეჭდავის თანაშემწედ, სოფელ არაშენდას სკოლაში უცხო ენის მასწავლებლად. ამჟამად ვმუშაობ ,,საქწიგნის” სამმართველოში და კარგ წიგნს არ ვიშურებ ნაცნობ-უცნობებისათვის, მე თვითონ თუ ვიშოვე.

ვიჯექი: გერმანიაში – მოოსბურგის, დროტმუნდის, ჰემერის ჩვეულებრივ, საჯარიმო და საკონცენტრაციო ტყვეთა ბანაკებში, ბელეფელდის ციხეში და თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე იანვრამდე.

გაქცეული ვარ:  სახლიდან 14 წლის ასაკში და ახლაც კარგად მახსოვს პლეხანოვზე და მარჯანიშვილზე  ის სადარბაზოები, სადაც ღამე მითევია; ტყვეთა ბანაკებიდან – ორჯერ, შახტებიდან – ორჯერ, თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის მეორე კურსიდან და სოფ. არაშენდას სკოლიდან.

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ქვეყანა ომითა და ბრძოლით შემოვიარე. შინ ხუთი წლის შემდეგ მშვიდობით დავბრუნდი. ომზე არაფერს ვყვები, რომ მოვყვე ვინ დამიჯერებს. მტკიცების თავი არ მაქვს, მე შენ გეტყვი, მოწმეს მოვიყვან… გულზე გამხეთქავენ ზღაპარს ყვებაო.

დაწერილი მაქვს: ასამდე ლექსი (აქედან ოცდაათი თუ ივარგებს), ორი რომანი, ერთი კინოსცენარი, ორმოცამდე მოთხრობა, ქვეყნის წერილები, რა თქმა უნდა, პირადი…  

         

დაუმთავრებელი მაქვს: ორი რომანი, ხუთი ერთმანეთზე საინტერესოდ საკითხავი წიგნი, უმაღლესი სასწავლებელი და სახლის რემონტი.        

                                                                        

დაბეჭდილი მაქვს... სათქმელადაც არ ღირს.

მიყვარს: ბავშვები, წიგნები და მუსიკა.

მძულს: ტყუილი, უსაქმურობა, ჭამა, ოქრო და ხმამაღალი სიცილი.

ვოცნებობ: როდის გამოიგონებენ მწვადის, კუპატის, ჩიჟი-პიჟის, საცივის და სხვა საჭმელების შემცვლელ აბებს, რომ ამდენ დროს არ ვაცდენდე მუცლის ამოყორვაზე.

რას ვინატრებდი? ყველა ქართველი ოჯახი მრავალშვილიანი გამხდარიყოს, რომ ქართველ მწერალს მკითხველი არ გამოლეოდეს.

ვერ მოვიშალე:  კითხვა, აზროვნება, წერა, დღეში ცხრამეტჯერ ხელის ბანა და წვერის პარსვა.

მწამს, რომ თუ არაფერი გწამს ხარ პირუტყვი.

ვხედავ და მესმის, რომ რასაც ხედავ და რაც გესმის ყველაფერი არ უნდა დაინახო და არ უნდა გაიგონო.

არ მესმის  სიტყვა – დავამთავრეს მნიშვნელობა. ჩემთვის ყველაფერი მხოლოდ იწყება… “

***
ერთხელ, საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულს ბატონი მირიანი სახლში აღარ დამხვდა. მეზობლებს გულწასული უპოვიათ და სასწრაფო და შვილი ერთდროულად გამოუძახიათ. შვილმა ავადმყოფი მამა საავადმყოფოდან გამოწერისთანავე (დიაგნოზი ალბათ არც თუ ისე სახარბიელო იყო) მეზობელ ქვეყანაში წაიყვანა. დიდხანს ვიდარდე, თან მიკვირდა, თუ გამოჯანმრთელდა, ერთხელ როგორ არ დამირეკა და თუ გარდაიცვალა, მისი შვილი რატომ არ შემეხმიანა-მეთქი. თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ასეთი მოულოდნელი დასასრული ყველაზე მეტად შეეფერებოდა ჩვენს ასევე მოულოდნელად დაწყებულ მეგობრობას. თან ბატონი მირიანის წერტილისადმი დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებ, არაფერი დამთავრებულა და ჩვენი ამბავი იმ სიზმრებში გრძელდება, სადაც, ჯერ ისევ თორმეტი წლისა, აცრემლებული ვზივარ მის საწოლთან, ჩემი უფროსი მეგობარი კი მრავალჯერ გადაკეთებული ავტობიოგრაფიის სავარაუდო დასასრულს მკარნახობს:

,,დაკრძალვა სანახაობა არ არის. ჩემს დასაფლავებაზე მხოლოდ ისინი მოვიდნენ, ვისაც ეკუთვნით ჩემი გაცილება (სიას ცალკე გამოვაქვეყნებ, ნაწარმოებში ჩამეთვლება). მე მინდა მცირე, მაგრამ თბილი და ალალი ცრემლი… 
ორჯერ მეტი პატივისცემით თქვენი მირიან ლეჟავა.”

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...