ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

SOL – თვითორგანიზებადი სწავლის სტრატეგიები (ნაწილი მესამე)

0
სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზეთ ინფორმაცია თვითორგანიზებადი სწავლის სტრატეგიების პრაქტიკული საფუძვლების შესახებ. სახელდობრ, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ იგი 45-წუთიან გაკვეთილზე, როგორ დავგეგმოთ რამდენიმეკვირიანი პროექტები, რა მნიშვნელოვანი წინაპირობები უნდა შესრულდეს და ა.შ. დასკვნით ნაწილში ვისაუბრებთ ამგვარი მიდგომით მუშაობისას რეკომენდებულ შეფასების მეთოდებსა და გაკვეთილის მიმდინარეობის დინამიკაზე.

აღნიშნული მეთოდით მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებელზე ცენტრირებული გაკვეთილიდან SOL-გაკვეთილის წყობაზე გადასვლის პროცესი უწყვეტად უნდა გაგრძელდეს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივ უკუკავშირს, რომელიც მოსწავლეებმა უნდა მიიღონ თითოეული დავალების შესრულების შემდეგ. შეფასების ეს ხერხი საერთო მიზნის, შენატანების, საკლასო სივრცის მოწყობის, დროის მენეჯმენტის, მოსწავლის ინდივიდუალური რეჟიმის (სწავლის განსხვავებული ტემპი, შესვენებები სწავლის დროს) განმსაზღვრელი იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, SOL მეთოდმა პრაქტიკაში შეისხას ხორცი.

უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ის გარემოება, რომ SOL მეთოდით სწავლება არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ გამჭოლ კომპეტენციებსაც ავითარებს. სხვა მიდგომებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში გამჭოლი კომპეტენციები წარმოადგენს საფუძველს მოსწავლეთათვის საგნობრივი კომპეტენციების განსავითარებლად და არა პირიქით. აუცილებელია სწავლა-სწავლების თანმიმდევრული და ხანგრძლივი ციკლის დაცვა, რათა საგნობრივი და გამჭოლი კომპეტენციების კომბინაციამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. ამ შემთხვევაში SOL მეთოდით სწავლებას პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ, რადგან იგი ბიძგს აძლევს მოსწავლეებს, ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მოიცავს მედიატექსტებთან მუშაობას, ინფორმაციის სტრუქტურირება-ვიზუალიზაციას, გუნდში კონსტრუქციულ მუშაობასა და ნამუშევრების პრეზენტაციას, ჯგუფის მოტივირებას წარმატებისთვის, ეფექტურ კომუნიკაციას, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისკენ მიმართულ დავალებებს და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, SOL მიდგომით სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია რამდენიმეკვირიანი პროექტების განხორციელებისას. ამ შემთხვევაში მასწავლებელს უხდება სხვადასხვა ტიპის სასწავლო აქტივობისა და მეთოდის გამოყენება, რომლებიც, თავის მხრივ, შეფასებას მოითხოვს. როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლეთა წარმატება SOL მეთოდით მუშაობისას? აღვწეროთ რამდენიმეკვირიანი პროექტი და ვცადოთ ჩვენი შეფასების სისტემის კონკრეტულ დავალებაზე მორგება.

მასწავლებელს შეუძლია, პირობითად აიღოს 100 ქულა და შემდეგნაირად გაანაწილოს: ჯგუფური მუშაობა – 30%, საკლასო მუშაობა – 20%, ინდივიდუალური მუშაობა (თვითშეფასების დღიურის წარმოება) – 30%, პრეზენტაცია – 20%. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის მიერ თვითშეფასების დღიურის წარმოებას, რომელიც ყოველი საკლასო სამუშაოსა და პროექტის ციკლის დასრულების შემდეგ უნდა შეივსოს. მოსწავლეებს ასევე მოუწევთ, ჩაატარონ ჩაღრმავებული ინტერვიუ ჯგუფის სხვა წევრებთან და, შემდგომ ამისა, შეაფასონ საკუთარი ჯგუფის წარმატება.

გაგაცნობთ მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმებს

 

საკლასო
სამუშაოს შეფასების კითხვარი: (ივსება აუცილებლად
საკლასო მუშაობის დასრულების შემდეგ)

საკლასო
სამუშაოს შინაარსი თემას შეესაბამებოდა:


o  

სავსებით;


o  

საშუალოდ;


o  

საერთოდ
არ შეესაბამებოდა.

აქედან
გამომდინარე, ჩემი მოლოდინი ____________________________________

 

მე
მოვემზადე საკლასო სამუშაოსთვის:


o  

კარგად;


o  

საშუალოდ;


o  

ცუდად.

აქედან
გამომდინარე, რა შედეგს შეიძლება ველოდე?

___________________________________

თემის
მოსამზადებლად დამჭირდა დაახლოებით ___  (საათი,
წუთი)

შესრულებულ
საკლასო სამუშაოში ველოდები ___  ქულას.

 

(საკლასო სამუშაოს შეფასების შემდეგ
მოსწავლე ფურცლის მეორე მხარეს ამატებს შემდეგ ტექსტს):

მე
მივიღე ___ქულა

რატომ?
(თუ მოლოდინსა და რეალობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა)

_________________________________

 

შეფასებისას
მთავარია, პროექტის დაგეგმვისას და ჯგუფების ფორმირებისას მასწავლებელმა წინასწარ შეფასოს
მოსწავლეთა უნარები, რათა იცოდეს, რას უნდა ელოდეს მათგან და გაითვალისწინოს ყველა
მათგანის ინდივიდუალური სწავლის ტემპი. მოსწავლეებისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი
შეფასების კრიტერიუმები და პედაგოგმა დეტალურად აუხსნას მათ შეფასების დღიურის წარმოების
წესები. საბოლოო შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:

#  

როგორ შეძლეს მოსწავლეებმა ცოდნის ტრანსფერი;

#  

ჰქონდათ
თუ არა მოსწავლეებს თანაბარი შანსი წარმატების მისაღწევად;

 

#  

გათვალისწინებული
იყო თუ არა მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები.

დედის გულის ვარდები და სხვა შვილები

0
„ოთხივე შვილიშვილი ერთნაირად მიყვარს, მალინას გეფიცები”, – (ვერ) იმართლა თავი ბებიაჩემმა მეზობელთან და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას გამორჩეული შვილიშვილი ჰყავდა. მთელი ბავშვობა მიკვირდა, რატომ ამირჩია მაინცდამაინც მე და საბოლოოდ ეს ვერსია ვირწმუნე: უბრალოდ, პირველი შვილიშვილი ვიყავი, – როგორც თვითონ ამბობდა, „პირველი სიხარული”. ბავშვობიდანვე ვაპროტესტებდი ჩემს „გამორჩეულობას”, ვცდილობდი, არ მესარგებლა ფავორიტის უფლებებით. ამასთანავე, მქონდა დანაშაულის განცდა ჩემი დების მიმართ და ვცდილობდი, არ ამეღო ზედმეტი შოკოლადი.
და-ძმებს შორის ჩვილობაშივე იწყება მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის. ხშირად უმცროსი დედმამიშვილები უფრო არიან მიჯაჭვულები უფროსებს, ვიდრე პირიქით. ისინი მათგან იღებენ მაგალითს, სწავლობენ თანაცხოვრებას, ითავისებენ ოჯახურ ტრადიციებსა და ღირებულებებს. უფროსები, როგორც წესი, ზრუნავენ უმცროსებზე, იცავენ და მხარს უჭერენ მათ. ბავშვობის ერთ ფოტოზე ორი წლის ვარ, დადიანების სასახლის წინ ვდგავარ და გვერდით ჩემი და მიდგას. მაშინ ახალფეხადგმული ყოფილა და დედას უთქვამს ჩემთვის, ფრთხილად იყავი, არ დაგივარდესო. ალბათ, ეს იყო ჩემი პირველი პასუხისმგებლობა, რომელსაც წარმატებით გავართვი თავი. ჰო, კიდევ – ერთხელ სკოლაში ცუდად გავხდი; ჩემი უმცროსი დისთვის, რომელიც მაშინ პირველ კლასში იყო, უთქვამთ, რომ ვკვდებოდი. ახლაც მახსოვს, როგორ მოვარდა აცრემლებული და როგორ მემუდარებოდა, არ მოვმკვდარიყავი. ასეთ წუთებში ყოველთვის უფროსი და იღვიძებს ჩემში და მგონია, მთებს გადავდგამ, ოღონდ კი მან არ იტიროს. აი, ჩემი მოსწავლე ცდილობს, ზუსტად 17:45-ზე გავიდეს კლასიდან – პირველკლასელ დაიკოს უნდა გაუაროს და ფრთხილობს, დაგვიანებით არ შეაშინოს.

თუმცა არსებობს მიზეზები, რომლებიც და-ძმებს შორის ფარული თუ ღია კონფლიქტების წარმოშობას უწყობს ხელს. ბიბლიის მიხედვით, პირველი მკვლელობაც ხომ ძმების შუღლის გამო მოხდა. ბავშვებს არ უყვართ და თავს უხერხულად გრძნობენ, როდესაც მშობლები ერთმანეთს ადარებენ მათ მიღწევებს და პიროვნულ თვისებებს და უპირატესობას ანიჭებენ რომელიმე მათგანს. ისინი განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ, როცა მამას ჰყავს გამორჩეული შვილი. შესაძლოა  იმიტომ, რომ მამები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან და მათ მიერ უპირატესობის მინიჭება უფრო შესამჩნევია (Brody, Stoneman & Mc-Coy, 1992; Brodyet al., 1992). ბავშვის იგნორირება მშობლების მხრივ ფსიქოლოგიურ ზეწოლად და სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა.

ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ მშობლებს, მიუხედავად ყველაფრისა, ეყვარებათ და წარუმატებლობის დროსაც მათ გვერდით იქნებიან. ასეთი სიყვარულისგან განსხვავებით, ფავორიტიზმი იმთავითვე მოიზრებს არჩევანს და ერთის მეორეზე აღმატებას. რა თვისებები ან მიღწევები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ ოჯახის ფავორიტი იყოს? არცთუ იშვიათად მშობლების „გულის ვარდი” ხდება შვილი, რომელიც უჯერებს მათ, არ ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და, როგორც მშობლები ამბობენ, „კარგი გასაზრდელია”, ხოლო ბავშვებს, რომლებიც ძნელად ემორჩილებიან მშობლებს და ცდილობენ, ყველაფერი თავისებურად გააკეთონ, ხშირად აკლდებათ მათი ყურადღება და სიყვარული.

მშობლები შვილებში საკუთარ თავს, საკუთარ ბავშვობას, საკუთარ თვისებებს ხედავენ. ხანდახან – მათთვის მისაღებს, ხანდახან – მიუღებელს. „დემეტრე სულ მამამისს დაემსგავსა, მასავით ჯიუტია. აი, გიორგი მე მგავს, ენაცვალოს დედა!” – ამბობს დედა შვილების თანდასწრებით. ასეთმა საუბრებმა შესაძლოა დათრგუნოს დემეტრე, თვითშეფასება დაუქვეითოს და ძმის წინააღმდეგ განაწყოს. აი, გიორგიმ კი ეს სიტყვები შესაძლოა ისე გაიგოს, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია. ფავორიტები მიჩვეულები არიან, რომ მშობლები მათ ყველა სურვილს უსრულებენ და ხშირად ხდებიან მათზე დამოკიდებულები. იმავდროულად, მათ გამუდმებით უხდებათ ბრძოლა თავიანთი მიღწევების შესანარჩუნებლად, რადგან ეშინიათ, წარუმატებლობის შემთხვევაში მშობლების სიყვარული არ დაკარგონ. ამ მხრივ გარიყული შვილები უფრო გამბედავები და თავისუფლები არიან, მათ არჩევანი უფრო მეტი აქვთ, თუმცა ისინიც იბრძვიან… იბრძვიან, მშობლების სიყვარულის მოსაპოვებლად. ამიტომ აუცილებელია, მშობლებმა ყველა შვილზე ერთნაირად იზრუნონ, განუვითარონ მათთვის სასიკეთო უნარები, დადებითი თვისებები და ერთად იმუშაონ იმ თვისებების გამოსასწორებლად, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მათ პიროვნულ განვითარებას.

არსებობს ინგლისური გამოთქმა: „ქვეყნის მთელი ისტორია უმცროსი ვაჟების დაწერილია”. ამ გამოთქმას საფუძვლად უდევს კანონი, რომლის თანახმად, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ოჯახის მთელი კაპიტალი და პრივილეგიები უფროს ვაჟიშვილს რჩებოდა, ხოლო უმცროსებს თავად უხდებოდათ საკუთარ მომავალზე ზრუნვა. საქართველოში, პირიქით, მამისეულ სახლში, როგორც წესი, უმცროსი ვაჟიშვილი რჩება. ამ წესის გამო, მახსოვს, ბებიაჩემი გვირჩევდა, ოჯახის უფროს ვაჟებზე არ გავთხოვილიყავით.

საქართველოში კიდევ ერთი დიდი პრობლემაა: ბიჭების გაფეტიშება გოგონებთან შედარებით, თუმცა მე მყავდა მოსწავლე, რომლის დედამ გამაფრთხილა: „სამი ბიჭის მერე მეოთხე გოგო გვეყოლა, მამამისს ეს უფრო უყვარს, მის ძმებს სულ არ აქცევს ყურადღებას და ამის გამო ცოტა ეგოისტიაო”.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ან ახალშობილებზე ზრუნვა სხვა ბავშვებმა შესაძლოა გამორჩევად აღიქვან. ამ დროს აუცილებელია, მშობლებმა აუხსნან დანარჩენ შვილებს, რომ ყველა ერთნაირად უყვართ, უბრალოდ, ხანდახან რომელიმე მათგანს მეტი ყურადღება სჭირდება. ურთიერთობებს სასიკეთოდ წაადგება, თუ ბავშვებიც იქნებიან ჩართული ამ პროცესში, ისინიც იზრუნებენ ოჯახის იმ წევრზე, რომელსაც დახმარება სჭირდება. ამ შემთხვევაში ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება როგორც მშობლებსა და შვილებს, ისე თავად დედმამიშვილებს შორისაც.

ბებიის საყვარელ შვილიშვილობასთან ერთად რამდენიმე მასწავლებლის ფავორიტის მძიმე ჯვარიც მერგო… საშინელი გრძნობაა, როცა მთელმა კლასმა იცის, რომ მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე ხარ. ჰგონიათ, რომ შენ ყველაფერი გეპატიება, რომ შენი კარგი ნიშნები ამ სიყვარულის დასამხურებაა და „შატალოზე” მხოლოდ იმიტომ არ მიდიხარ, რომ პრივილეგიების დაკარგვა არ გინდა. ისიც ძალიან ცუდად მოქმედებს, როცა გამოცდას აფლავებ და მასწავლებელი გეუბნება: „ამ ნიშანს არ შევიტან და თავიდან გადააბარეო”. ამ დროს თანაკლასელებს თვალს ვერ უსწორებ და გგონია, ფეხქვეშ მიწა გაგისკდება. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, როცა სკოლას უკვე მასწავლებლის სტატუსით დავუბრუნდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „აბა, შენ იცი, შენი მასწავლებლის შეცდომები არ გაიმეორო-მეთქი”. მაგრამ… ძნელია ამის გაკეთება, როცა საკლასო ოთახში, წინა მერხზე, „ჩოლკიანი” გოგო ზის, რომელიც ფეხებს მერხის ქვეშ აქანავებს, ან იცი, რომ იმ ბავშვს მამა არ ჰყავს, ან იმ გოგოს დედა სულ მუშაობს და ბავშვს ენატრება, ან ის ჭორფლიანი ისე გიყურებს, რომ ხვდები, ძალიან უყვარხარ. ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. მე ვცდილობ, თითოეულ მოსწავლეს მივცე ის ცოდნა, რაც მაქვს და იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ეს სჭირდება და გამოადგება.
დასასრულ, გაეცანით ამატოს დაწყებითი სკოლის ერთ–ერთი კლასის მოსწავლეების რამდენიმე რჩევას, რომლებიც მათ თავიანთ დამხმარე მასწავლებელს მისცეს:
1. მოგვეცი იმდენი ცოდნა, რამდენსაც შეძლებ;
2. მოგვეცი საშინაო დავალებები;
3. დაგვეხმარე, როდესაც დავალებების შესრულება გვიჭირს;
4. დაგვეხმარე, სკოლაში ოჯახური გარემო შევქმნათ;
5. წაგვიკითხე წიგნები;
6. გვასწავლე კითხვა;
7. დაგვეხმარე, ვწეროთ შორეულ ქვეყნებზე;
8. ხშირად შეგვაქე;
9. გაგვიღიმე;
10. წაგვიყვანე სასეირნოდ;
11. პატიოსნად მოგვექეცი;
12. დაგვეხმარე, მივიღოთ განათლება.

არჩევნების გამყალბებლები

0
სანამ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საქართველოში დავბრუნდებოდი, დიდი ბრძოლა გადავიტანე საკუთარ თავთან – მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი საქართველოში დაბრუნება უმაღლესი განათლების მისაღებად, მაინც რაღაცა მიშლიდა ხელს, მაკავებდა, მაშინებდა; გულსაკლავად, ტყვიის კივილივით ჩამესმოდა ყურში ჩემი ბავშვობის მწარე მოგონება – ზაფხულობით დმანისში, ბებიასთან ჩასულს რომ დამძახოდნენ: “თათარო! თათარო! თათარო! თათარო! თათარო! თათარო! თათარო!..”

მაშინ არეული დრო იყო, ნაომარი, გახსნილი ჭრილობებისა და ადამიანთა გაუგონარი მანკიერებების გამომზეურების ხანა. მაგრამ გასაოცარია, რომ განათებული, შედარებით მშვიდი ბაქოდან სიხარულით მოვისწრაფოდი საქართველოსკენ – ბებოსკენ, ჩემი ბერძენი, სომეხი, ქართველი მეზობლებისა და მეგობრებისკენ, სვანეთიდან ჩამოსახლებული მეგობრებისკენ, რომელთაც, როგორც მთელ მაშინდელ საქართველოს, შიოდათ, სციოდათ, სტკიოდათ და ეშინოდათ.

უდარდელი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მეც მქონდა შიში, გულისმჭამელი და გამოუთქმელი – გასახლების, გაგდების, მუდამ უცხოდ დარჩენის შიში. არ მასვენებდა ფიქრი, რომ შეიძლებოდა, ერთ დღესაც ვიღაცას წაერთმია ეს ჩემი სამოთხე, ჩემი უტკბესი მსხლისა და ვაშლის ხეები, ჩემი კრუხი და წიწილები, ჩემი შუკა, ჩემი სახლი, ბებიის სახლი, “თათრის” სახლი…

ერთხელ, სახლში გულამოსკვნილი ტირილით მივარდნილს, აქვითინებულს იმის გამო, რომ აღარ მინდოდა “თათრობა” და მრცხვენოდა მემწვანილე “ბაჯების”, მეცხვარეების, მეზობლის მოუწესრიგებელი ბავშვებისა, ბებიამ ამიხსნა, რომ ყველაფერი, რისიც მრცხვენოდა, იმ გარემოს ბრალი იყო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, და კიდევ – განათლების არარსებობისა.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, უფრო – უკეთესობისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, უარესობისკენაც. ერთი რამ კი უცვლელი დარჩა – ისევ ცოცხლობს ის სტერეოტიპები, რომლებიც საბჭოეთმა იარლიყებივით ჩამოურიგა საბჭოთა ხალხს. აზერბაიჯანელებს უისტორიო, უკულტურო, მეორეხარისხოვანი, მორჩილი მუშახელისა და განათლებისთვის უპერსპექტივო ხალხის იარლიყი ერგოთ.

ამას წინათ კი ტელევიზიით მთელმა საქართველომ იხილა ის როლი, რაც უკვე დამოუკიდებელმა საქართველომ დააკისრა აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებს – იხილა, როგორ აყალბებდნენ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეები არჩევნებს. ჩემი და ბებიაჩემის მტკიცე რწმენით, ისევ განათლების პირობების უქონლობის გამო.

ორი სახის ისტერიკა ბავშვებში და მშობლების მართებული რეაქცია

0
დენიელ სიგელი, თინა ბრაისონი
ბავშვური ისტერიკები შვილებთან ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო მხარეა. მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ისტერიკაზე ერთადერთი საიმედო რეაქცია იგნორირებაა. მაგრამ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ სხვადასხვა წარმოშობის ისტერიკა – მათზე რეაგირებაც ხომ სხვადასხვანაირი უნდა იყოს. ქვემოთ იმის შესახებ ვისაუბრებთ, როგორ მართავენ ბავშვები სკანდალს და რა ცვლილებებს განიცდის ამ დროს მათი ტვინი.

თუ წარმოდგენა გაქვთ ტვინის ზედა და ქვედა ნაწილებზე, შეამჩნევთ, რომ არსებობს ისტერიკის ორი სახე. ტვინის ზედა ნაწილიდან მომდინარე ისტერიკა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბავშვი თვითნებურად ცდილობს მის, ასე ვთქვათ, აგორებას. ის შეგნებულად ირჩევს ისეთ მოქმედებას, რომ შეძლოს თქვენით მანიპულირება და ტერორიზება, სანამ საწადელს არ მიაღწევს. მიუხედავად ქცევის უკიდურესად დრამატული ხასიათისა, ბავშვს შეუძლია, როგორც კი სასურველს მიიღებს, ისტერიკა მყისვე შეწყვიტოს.

ამ შემთხვევაში ბავშვი იყენებს ტვინის ზედა ნაწილს. მას უნარი შესწევს, აკონტროლოს საკუთარი ემოციები და სხეულებრივი რეაქციები, ლოგიკურად იმსჯელოს და მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება. ასე რომ, პატარა გოგონა შესაძლოა ისე გამოიყურებოდეს, როგორც სრულიად კონტროლდაკარგული არსება, რომელიც გამაყრუებელი ხმით გაჰკივის ხალხმრავალ სუპერმარკეტში: „ახლავე მიყიდე ეს კაბა!” – მაგრამ თქვენ აღმოაჩენთ, რომ ის შესანიშნავად აკონტროლებს სიტუაციას და უბრალოდ მანიპულირებს თქვენით.

მშობლებს, რომლებიც იცნობენ ე.წ. ზედა ისტერიკას, ერთადერთი გამოსავალი აქვთ: არასოდეს დაიწყონ მოლაპარაკება ტერორისტთან! ზედა ისტერიკა ითხოვს მკაფიო საზღვრების დადგენას და ნათელ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომელი ქცევაა მისაღები და რომელი – მიუღებელი. ასეთ ვითარებაში მართებული იქნება მშვიდი ახსნა-განმარტება: „მესმის, რომ ძალიან მოგეწონა ეს კაბა, მაგრამ მე არ მომწონს შენი საქციელი. თუ ახლავე არ შეწყვეტ ყვირილს, ვერც ამ კაბას მიიღებ და ხვალ არც საბავშვო ზეიმზე გაგიშვებ”.

ამის შემდეგ აუცილებელია, პრაქტიკულად განახორციელოთ ის, რაც სიტყვიერად განაცხადეთ, თუ ბავშვი ქცევას არ შეიცვლის. ამით აჩვენებთ, რა შეიძლება მოჰყვეს მის ამგვარ გამოხტომებს, ასწავლით, რომ სხვისი პატივისცემა და მოთმინება სათანადოდ ჯილდოვდება, საპირისპირო საქციელი კი – არა. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია.

ამრიგად, თუ არ დაემორჩილებით „ზედა ისტერიკის” გავლენას (განურჩევლად იმისა, რამდენი წლისაა თქვენი შვილი), უფრო და უფრო იშვიათად მოგიწევთ ამ პრობლემასთან შეჯახება – ვინაიდან „ზედა ისტერიკა” შეგნებული ქცევაა, ბავშვიც თავს დაანებებს მას, როგორც კი დარწმუნდება, რომ ის უეფექტოა და ზოგჯერ საპირისპირო შედეგიც მოაქვს.
ტვინის ქვედა ნაწილის ისტერიკა სრულიად სხვა ფენომენია. ამ შემთხვევაში ბავშვი ისე გამოდის მწყობრიდან, რომ ტვინის ზედა ნაწილს ვეღარ იყენებს. როცა დაბანისას თავზე წყალს ასხამთ, თქვენი პატარა გამწარებული იწყებს ყვირილს, სათამაშოებს აქეთ-იქით ისვრის და მუშტებს გიქნევთ. ამ შემთხვევაში ტვინის ქვედა ნაწილი იმორჩილებს ზედას. სტრესის ჰორმონები, რომლებითაც გაჯერებულია ბავშვის ორგანიზმი, აფერხებს ზედა ტვინის სრულფასოვან ფუნქციობას. ამის შედეგად ბავშვი უნარს კარგავს, – ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში, – აკონტროლოს საკუთარი ემოციები და სხეული, გაითვალისწინოს თავისი ქცევის შესაძლო შედეგები, მოაგვაროს პრობლემა ან ანგარიში გაუწიოს სხვის გრძნობებს. მას დაკარგული აქვს ორიენტაცია. ბავშვს აღარ შეუძლია ტვინის სრულფასოვანი გამოყენება.

როდესაც ბავშვი დეზინტეგრაციისა და ისტერიკის ამ მდგომარეობაში იმყოფება, მშობელს სრულიად განსხვავებული რეაქცია მოეთხოვება. თუ „ზედა ისტერიკის” დროს მან მკაფიოდ უნდა მონიშნოს ქცევის საზღვრები, „ქვედა ისტერიკაზე” მისი რეაქცია უფრო რბილი და მანუგეშებელი უნდა იყოს.

პირველი, რაც ამ დროს უნდა გააკეთოს მშობელმა, ბავშვის დამშვიდებაა. ზოგჯერ ეს მოფერებით, ალერსიანი სიტყვებითაც ხერხდება, მაგრამ თუ ბავშვმა ისე შორს შეტოპა, რომ შეუძლია, ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან თავის გარშემო არსებულ ნივთებს, საუკეთესო გამოსავალია, ხელში აიყვანოთ ის, გულზე მიიკრათ და მშვიდად ესაუბროთ, თან სხვა ოთახში გაიყვანოთ.

შეგიძლიათ, ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ და სხვადასხვა მიდგომა მოსინჯოთ თქვენი შვილის ტემპერამენტის შესაბამისად, მაგრამ მთავარი მაინც მისი დამშვიდება და ნუგეშია. ამ დროს აზრი არ აქვს საუბარს მისი ქცევის მიუღებლობის ან მოსალოდნელი სასჯელის შესახებ – ტვინის ქვედა ნაწილის ისტერიკის დროს ბავშვს უბრალოდ არ შეუძლია ამ ინფორმაციის აღქმა და ათვისება, რადგან ეს ტვინის ზედა ნაწილის მონაწილეობას მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც ტვინის ზედა ნაწილი თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, შეგიძლიათ, დაიწყოთ მსჯელობა („არ მოგეწონა, ასე რომ გბანდი თავს? აბა, როგორ გინდა დაგბანო?”). შეიძლება ბავშვის ქცევის შეფასებაც („ვიცი, ძალიან გაბრაზდი, როცა წყალი სახეზე ჩამოგდიოდა, მაგრამ არავის ცემა არ შეიძლება, მაშინაც კი, როცა ძალიან გაბრაზებული ხარ. შეგიძლია, უბრალოდ მითხრა: „მე ეს არ მომწონს, გთხოვ, შეწყვიტე!”). თქვენს აღმზრდელობით მიდგომას ამ დროს უკვე შეუძლია თქვენი როგორც მშობლის ავტორიტეტის განმტკიცება. ბავშვიც მალე აითვისებს ამ გაკვეთილს, რადგან მის ტვინს უკვე შესწევს ინფორმაციის ადეკვატური აღქმისა და ათვისების უნარი.

გამოცდილმა მშობლებმა იციან, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად კარგავენ წონასწორობას, მოზრდილებთან კი – მაგალითად, 10 წლისებთან – ყველაფერი სხვაგვარადაა. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვი (ზრდასრულიც კი!) ექვემდებარება ქვედა ტვინის „შეტევებს” ემოციური დაძაბვის დროს. ამიტომ ცოდნა ზემოთა და ქვემოთა ტვინის ანუ სხვადასხვა წარმომავლობის ისტერიკის შესახებ ძალიან დაგეხმარებათ ბავშვის აღზრდაში. სახელდობრ, გეცოდინებათ, როდის მონიშნოთ მკაფიო ზღვარი და როდის მიმართოთ ალერსსა და თანაგრძნობას.
თარგმნა დავით თინიკაშვილმა
დენიელ სიგელისა და თინა ბრაისონის წიგნიდან: 
Daniel J. Siegel and Tina P. Bryson. The Whole-Brain Child: 12 Revolutionary Strategies to Nurture Your Child's Developing Mind. Bantam 2012.

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა – წარმატებები და პერსპექტივები

0
დღეს უკვე აღარავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს შორის ყველაზე შედეგიანი უშუალოდ სკოლაში საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული პროფესიული განვითარებაა. სწორედ ამ ფორმის დანერგვას ემსახურება სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების პროგრამა, რომელიც 2013 წლის მარტიდან საქართველოს ყველა რეგიონის 206 სკოლაში მიმდინარეობს. შარშან, ნოემბერში, გამართულ კონფერენციაზე ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელმა განათლების ექსპერტის მაიკლ ბარბერის სიტყვები გაიხსენა, როცა მან განათლების რეფორმა შტორმს შეადარა, ოღონდ ისეთს, როდესაც „ზღვის ზედაპირზე დიდი ტალღებია, წყლის ზედაპირს ამოძრავებს, აქაფებს, მაგრამ მის სიღრმეში ვერ აღწევს”. ასე მოხდა განათლების სისტემაშიც: ბევრმა რეფორმამ ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა სკოლებში, რადგან ვერ შეაღწია სასკლასო ოთახში. ეს შედარება გამომსვლელმა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების პროგრამას დაუკავშირა და  სრულიად მართებული დასკვნა გააკეთა: პროგრამა სწორედ იმგვარ მიდგომას ეფუძნება, რომელიც საკლასო ოთახში ცვლილებებისკენაა მიმართულიო. მასწავლებლების ამგვარი შეფასება ცხადყოფს, რომ მათ კარგად გააცნობიერეს პროგრამის მნიშვნელობა. თუმცა ეს არ მომხდარა მყისიერად. იყო ნიჰილისტური და ზოგჯერ ცინიკური დამოკიდებულებაც (მაგალითად, „ტყუილად გვახარჯვინებთ დროსა და ენერგიას, ახალს არაფერს ვსწავლობთ. ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგად ნაცნობია და უბრალოდ სახელებია შეცვლილიო”). 

კიდევ ერთხელ ვათვალიერებ ახლა უკვე მეორე კონფერენციის მასალებს და ვხვდები, რომ, მიუხედავად ცალკეული „ურწმუნო თომებისა”, პროგრამამ ბევრი რამ შეცვალა მასწავლებელთა ცნობიერებაში. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ყველასათვის ცხადი გახდა: უწყვეტი პროფესიული განვითარების გარეშე ყველაზე სახელოვანი და აღიარებული მასწავლებელი წყვეტს არსებობას, როგორც პროფესიონალი. პროფესიული განვითარება კი მხოლოდ ტრენინგებსა და მეთოდურ კონფერენციებზე მონაწილეობით არ ხდება. თანამშრომლობა – აი, გზა, რომელიც გვაძლიერებს, გვასწავლის, აღმოგვაჩენინებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, გვიყალიბებს ობიექტურ თვითშეფასებას, ქმნის სკოლაში გუნდს, რომელიც ერთად ფიქრობს პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტიან გზებზე და უმთავრესი – მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის სახელწოდებაში მასწავლებელი ფიგურირებს, მისი ფოკუსი მოსწავლეა. სწორედ სწავლება -სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების საქმიანობა. ამას კონფერენციის მონაწილეთა მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევებისა და პროექტების თუნდაც სათაურების ჩამონათვალი მოწმობს:

·I-IV კლასებში განმავითარებელი შეფასების მიმართ მშობელთა დამოკიდებულებების კვლევა.
·ქცევითი პრობლემების კვლევა IX კლასის მოსწავლეებში.
·საშინაო დავალების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებების შედარებითი კვლევა  VI და X კლასებში.
·კეთებით სწავლების ეფექტურობის კვლევა.
·განმავითარებელი შეფასების ეფექტიანობის კვლევა დაწყებით საფეხურზე.
·წიგნიერების კვლევა დაწყებით საფეხურზე.
·სასკოლო კულტურის კვლევა.
·რამდენიმე ახალი სტრატეგიის ეფექტიანობის კვლევა.
·მოსწავლეთა გაცდენა-დაგვიანებების მიზეზების კვლევა.
·სკოლის ცხოვრებაში მშობელთა დაბალი ჩართულობის მიზეზების კვლევა.
·სასწავლო საგნების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებების კვლევა.
და ა.შ.

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ საილუსტრაციოდ ესეც კმარა. შეიძლება ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს,  არის კი ეს კვლევები კვალიფიციურად ჩატარებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ კუთხით მასწავლებელთა გამოცდილების ნაკლებობას, მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიწყო. ბანალური ჭეშმარიტებაა: შეცდომები იმას არ მოსდის, ვინც არაფერს აკეთებს.  

     პროგრამის წარმატებაზე მონიტორინგისა და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ანგარიშებიც მეტყველებს. მონიტორინგის მიხედვით, სკოლების 92%-ში პედაგოგები ერმანეთს აწვდიან ინფორმაციას განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე. სკოლების 97%-ში პედაგოგები ესწრებიან ერთმანეთს გაკვეთილებზე და ახდენენ საკუთარ და ურთიერთშეფასებას. საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც (სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა სკოლების 87%-მა): უმეტესად ეს პროექტები კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. აღარაფერს ვამბობ ე.წ. „შვიდკაცას” (ასე უწოდეს თავად მასწავლებლებმა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფებს) მიერ ინიცირებულ სწავლება/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართული სხვა ღონისძიებებზე (ღია კარის დღეები, სასწავლო-მეთოდური კონფერენციები, ინტეგრირებული გაკვეთილები).  

ზოგადად, სკოლების დიდი ნაწილისათვის თავიდან რთული აღმოჩნდა სკოლის სხვა მასწავლებლების ჩართვა თანამშრომლობის პროცესში. პროგრამას არც ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ იმთავითვე სკოლის ყველა მასწავლებელი გააცნობიერებდა მის მნიშვნელობას. ეს მონიტორინგმაც დაადასტურა. სკოლის სხვა პედაგოგებისგან უკუკავშირის მიღების მაჩვენებელი მხოლოდ 66%-ია, მაგრამ თუ შევადარებთ წინა კვლევისა და მონიტორინგის მასალებს, სკოლის სხვა მასწავლებლების ჩართულობა  აშკარად გაზრდილია. 
შთამბეჭდავი ციფრებია იმ ფონზე, როცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  პროგრამის მონაწილეთა განწყობა-დამოკიდებულებები თავდაპირველად აშკარად ნიჰილისტური და ინდიფერენტული იყო. ამგვარ დამოკიდებულებას ჰქონდა საფუძველი. კერძოდ:

დროის უკმარისობა 
სკოლაში ისედაც დატვირთული რეჟიმის პირობებში დამატებითი ფუნქციების გაჩენა, თანაც ანაზღაურების გარეშე.
უხერხულობის, უნდობლობისა და შიშის განცდა გაკვეთილებზე დასწრებასთან დაკავშირებით.
იყო სხვა სირთულეებიც, რომლებსაც შეხვდნენ ჯგუფის წევრები პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე:
ე.წ. „ვარსკვლავი პედაგოგების” პროგრამისადმი  დამოკიდებულება, რომელსაც პირობითად „ვინ რა უნდა მასწავლოს” სინდრომი შეიძლება ვუწოდოთ. 
უკუკავშირის მიწოდებაში არსებული პრობლემები (გამოიკვეთა კოლეგის ჩატარებული გაკვეთილის მიმართ ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვის ტენდენცია).  
ჯგუფის წევრთა რაოდენობის არამართებული შეფარდება სკოლის სიდიდესთან (შვიდკაციანი ჯგუფის საქმიანობა ერთნაირად ეფექტიანი ვერ იქნება მცირე და დიდკონტინგენტიან სკოლებში).
დირექციის გულგრილი დამოკიდებულება პროგრამისადმი (აღსანიშნავია, რომ  სკოლების წარმატებული საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება იმას, თუ რამდენად კარგად გააცნობიერა დირექტორმა პროგრამის მნიშვნელობა და რა სახის მხარდაჭერა აღმოუჩინა ჯგუფს).

მიუხედავად ამისა, პროგრამის პილოტირების პროცესში გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები: სკოლების უმრავლესობაში ამაღლდა თანამშრომლობითი კულტურა, რასაც მოწმობს „კრიტიკული მეგობრების” ჯგუფების გააქტიურება, გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა და ინტეგრირებული გაკვეთილები, სასწავლო რესურსების შექმნა ერთობლივად, სასწავლო-მეთოდური კონფერენციები სკოლაში და სკოლებთან ერთად, ერთობლივი პროექტები (კათედრების დონეზე, სკოლის დონეზე, რაიონის დონეზე). ამავდროულად გაიზარდა ინტერესი პროფესიული განვითარების ღონისძიებების მიმართ. პილოტირების პროცესში ჩართული სკოლები უშუალოდ სკოლის ბაზაზე ატარებენ სკოლის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, ხოლო მასწავლებლები, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე (ამის დადგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მასწავლებელთა საჭიროებების კვლევამ), ერთვებიან პროფესიული განვითარების სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.  

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, უცნაურად მოჩანს  ზოგიერთი სკოლის ჯგუფის წევრთა დამოკიდებულება პროგრამის მიმართ, როცა ისინი აცხადებენ, რომ ახალს ვერაფერს იგებენ, ეს ყველაფერი ისედაც იციან, ასეთი საქმიანობის არც დრო და არც სურვილი აქვთ. თუ სადმე ასეთი „საგანმანათლებლო ოაზისები” არსებობს, რომელთათვისაც ეს ყველაფერი კარგად ნაცნობი და დიდი ხნის წინ დანერგილია სასწავლო პრაქტიკაში, მით უმეტეს უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ გამოიტანონ საკუთარი საქმიანობა სხვების წინაშე, გაუზიარონ კოლეგებს მიღწევები. ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი ხომ ურთიერთსწავლით პროფესიული განვითარებაა, ყველაზე კარგად კი მაშინ  სწავლობ, როცა სხვას ასწავლი.

მიუხედავად ცალკეული სკოლების ამგვარი დამოკიდებულებისა, პროგრამას სიცოცხლიუნარიანად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს გამოკითხულთა 92%,  თავს იკავებს 8%, უარყოფითად კი არც ერთ გამოკითხულს არ შეუფასებია პროგრამა. ეს ნიშანია იმისა, რომ პედაგოგები ხედავენ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამის საჭიროებას. თუმცა არის საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია პროგრამის განვითარებისათვის. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, თანამიმდევრულობა განათლების პოლიტიკაში, რომლის პრიორიტეტადაც აღიარებული იქნება მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაში პროგრამის მონაწილე მასწავლებელთა წახალისება (ე.წ. „კრედიტქულებში” მათი ეფექტიანი საქმიანობის ასახვა). პროგრამის შემდგომ ეტაპზე უნდა მოხდეს თანამშრომლობითი ურთიერთობების გაძლიერება სკოლებს შორის „სასკოლო ქსელების” სისტემის ამოქმედებით, რაც სხვა სკოლებსაც მისცემს საშუალებას ჩაერთონ პროგრამაში;   პარალელურად საჭიროა სკოლის დირექტორთა მომზადება იმ მიმართულებით, რომ მათ შეძლონ თანამშრომლობითი ურთიერთობისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.     

დასკვნის სახით ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ადამიანის სიტყვებს მოვიშველიებ: „ერთად დადგომა დასაწყისია, ერთმანეთის შენარჩუნება პროგრესი. ერთად მუშაობა კი წარმატებას ნიშნავს”. ვიმუშაოთ ერთად…

პერსონალის მოტივაციის რამდენიმე ასპექტი

0

  წინამდებარე წერილში ჩემი მიზანია, გესაუბროთ პერსონალის მოტივაციის ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა პერსონალის მოტივაციის ცნება, მნიშვნელობა, პრინციპები და თანაფარდობა საბაზისო ხელფასთან მიმართებაში. ამ საკითხების გააზრება დაეხმარება სკოლის დირექტორებსა და სასკოლო საზოგადოებას სკოლის ადამიანური რესურსების მოტივაციის ეფექტური კონცეფციის ჩამოყალიბებაში.
 მოტივაციის ერთ-ერთი სრულყოფილი განმარტება წარმოდგენილია ორგანიზაციული ქცევის ცნობილი სპეციალისტების სტივენ რობინსისა და ტიმოთი ჯაჯის მიერ: „მოტივაციას განვსაზღვრავთ როგორც პროცესს, რომელიც მიზნისკენ სწრაფვის დროს პიროვნების ინტენსიურობას, მიმართულებასა და შეუპოვრობას აძლევს ახსნას”. (ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები. ილიას სახ. უნივერსიტეტი. 2010. გვ.86). მოცემულ დეფინიციაში ავტორები სამ მომენტს გამოყოფენ:
  • ინტენსიურობა – თუ რამდენად ძლიერია ადამიანის ძალისხმევა;
  • მიმართულება – ინტენსიურობა სამუშაოს შესრულებაში სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს,
  • თუ ჩვენს მცდელობას იმ მიმართულებით არ წარვმართავთ, რაც ორგანიზაციას სარგებელს 
მოუტანს.
  • შეუპოვრობა – ეს არის საზომი, თუ რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს შეინარჩუნოს ძალისხმევა.
მაშასადამე, მოტივაცია არსებობს მაშინ, როცა არსებობს ძლიერი მცდელობა, ხანგრძლივი მოქმედება; ის ხელს უდა უწყობდეს ორგანიზაციის სტრატეგიის განხორციელებას. რა მნიშვნელობა აქვს პერსონალის მოტივირებას?
პერსონალის მოტივირების მნიშვნელობას ნათლად გამოხატავს შემდეგი ემპირიული კვლევის მონაცემები: შედეგებზე მიბმული ანაზღაურების სქემის დანერგვა შრომის ნაყოფიერებას 15-35%-ით ზრდის, მაშინ, როდესაც ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში თანამშრომლები მხოლოდ იმდენს მუშაობენ, რამდენიც საკმარისია სამსახურის შენარჩუნებისთვის. (მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის. სინერჯი ჯგუფი. გვ.187. გამ. პალიტრა L. თბ. 2012).
  პერსონალის მოტივირების მნიშვნელობას ასევე ნათლად გამოხატავს ტომპსონისა და სტრიკლენდის შემდეგი სიტყვები: „სტიმული და წახალისება – მენეჯმენტისთვის ერთადერთი რეალურად ძლიერი ინსრტუმენტია, რომელიც აიძულებს თანამშრომლებს მუდმივად და გულმოდგინედ იმუშაონ კომპანიის სასარგებლოდ. ამ ინსტრუმენტების გამოყენების უუნარობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კომპანიის სტრატეგიის რეალიზაციას…”(სტრიკლენდი, ტომპსონი. სტრატეგიული მენეჯმენტი. გვ. 551).
 ამჯერად კი აღნიშნული ავტორების (სტრიკლენდი, ტომპსონი. გვ.555-556) მიხედვით, გავეცნოთ პერსონალის წახალისების პრინციპებს.
  1. იმისათვის, რომ წახალისებამ შესაბამისი შედეგი მოიტანოს, ჯილდოს მოცულობა საბაზისო ანაზღაურების არანაკლებ 10-20%-ს უნდა შეადგენდეს. ანაზღაურების 20% და მეტი პრემია, საკმაოდ მიმზიდველია და შესწევს ძალა თანამშრომელთა და მთლიანი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შედეგებზე აისახოს. ანაზღაურების 5%-ზე ნაკლები მოცულობის პრემიები ნაკლებად მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს. გარდა ამისა, პრემია შრომის მაღალი მაჩვენებლებისთვის არსებითად უნდა ჭარბობდეს საშუალო მაჩვენებლებისთვის დაწესებულ პრემიებს, ისინი კი, თავის მხრივ, შესამჩნევად უნდა აღემატებოდეს შედარებით ნაკლები შედეგებისათვის დაწესებული პრემიების ოდენობას.

  2. წამახალისებელი ანაზღაურების სისტემამ უნდა მოიცვას ყველა თანამშრომელი და
არა მარტო მაღალი რანგის ხელმძღვანელობა.
  3. თუ დაგეგმილი მაჩვენებლების მიღწევა შეუძლებელია ან თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება
მიახლოებით ხდება, შესაბამისად, წახალისების სისტემა არ იქნება ქმედითუნარიანი. 
  4. წახალისება უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ მაჩვენებლების მიღწევის შემთხვევაში, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიული გეგმის მიხედვით. არ ღირს თანამშრომელთა დაჯილდოება დაუგეგმავი მიღწევების გამო, რამდენადაც ისინი აღიქმება როგორც „დაუმსახურებელი”.
  5. ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვან შედეგებში უნდა შედიოდეს პირადად თანამშრომლებისათვის მნიშვნელოვანი შედეგები.
  6. სამუშაოს შეფასებასა და დაჯილდოებას შორის დრო უნდა იყოს მაქსიმალურად
მოკლე.
  7. დაჯილდოება უნდა იყოს არამარტო მატერიალური, ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული არამატერიალური სტიმულები.
  8. სრულიად დაუშვებელია წახალისების სისტემა, რომლის ფარგლებშიც ცუდი თანამშრომლებიც  შეძლებენ პრემიის მიღებას.
  ისმის შეკითხვა: რამდენი შეიძლება იყოს პრემიის ან სხვა მოტივაციური ფაქტორების თანაფარდობა საბაზისო ხელფასთან მიმართებაში?
 თანამედროვე მოტივაციის თეორიებსა და პრაქტიკაში ამ საკითხთან დაკავშირებით სამ განსხვავე-
ბულ თვალსაზრისს შეიძლება შევხვდეთ:
პირველი თვალსაზრისის მიხედვით (სტრიკლენდი, ტომპსონი), მოტივატორების მოცულობა არ შეიძლება იყოს საბაზისო ანაზღაურების 10-20%-ზე ნაკლები, თუმცა მისი ზედა ზღვარი არ არის მითითებული.  მეორე თვალსაზრისის მიხედვით, პრემია შესაძლოა საკმაოდ დიდი მოცულობის იყოს და გაუტოლდეს ან აღემატებოდეს კიდეც საბაზისო ხელფასის ოდენობას. მაგ; კომპანია Lincoln Electric-ი, რომელიც თანამშრომლებს აფასებს ოთხი კრიტერიუმის მიხედვით – სანდოობა, ხარისხი, პროდუქციის მოცულობა და ნოვატორობა, საუკეთესო თანამშრომლების პრემიები კომპანიის წარმატებული მუშაობის პერიოდში აღწევს ხელფასის 110%-საც კი. (სტრიკლენდი, ტომპსონი. სტრატეგიული მენეჯმენტი. გამ. „ბსუ”.გვ.547).
  მესამე შეხედულების თანახმად, მოტივაციური ფაქტორების თანაფარდობა საბაზისო ხელფასთან მიმართებაში სასურველია განისაზღვროს იმის მიხედვით, განვითარების თუ რა დონეზეა ორგანიზაცია – განვითარებულია ის თუ ჯერ კიდევ აღმავლობის ფაზაში იმყოფება (მზარდი). თუმცა ორივე შემთხვევაში მოტივატორების მოცულობა მაღალია და უტოლდება ან აღემატება საბაზისო ხელფასს: განვითარებულ კომპანიებში მენეჯერების საბაზისო ხელფასი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტიმულები და სხვა ბენეფიტები, სასურველია წარმოდგენილი იყოს შემდეგი პროპორციით: 60% (საბაზისო ხელფასი); 15% (მოკლევადიანი სტიმულები); 15% (გრძელვადიანი სტიმულები); 10% (სხვა ბენეფიტები). ხოლო მზარდ კომპანიებში – 40%, 25%, 25%, 10%. (მართვის ახალი გეომეტრია. სინერჯი ჯგუფი.
გვ. 119. გამ. „პალიტრა L.”თბ.2012).
დავით ნაჭყებია

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1
საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ

 

იქ და აქ

0
როდესაც 1990 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, მაშინ სულ პატარა ვიყავი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სადღაც ოკეანისგაღმა ცხოვროდა  ჩემზე ოდნავ მაღალი კაცი სახელად დიეგო მარადონა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეეძლო და ბურთსა და ფორთოხალს ერთნაირად კენწლავდა. გარდა ამისა ვიცოდი, რომ  მარადონას ქვეყნის გვერდით არსებობდა უფრო დიდი ქვეყანა, სადაც მარადონა კი არა, ფეხბურთი უყვარდათ. 
  
აი, სულ ეს იყო რაც, მაშინ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცოდი და პაპაჩემს რამდენჯერმე თბილისის “დინამოს” თამაშზე რომ არ წავეყვანე, მეტი არც არაფერი მეცოდინებოდა. დღეს კი, თითისტოლა ბავშვს, რომ ჰკითხო პარაგვაის ნაკრების შემადგენლობა, ისე როგორ იქნება აკუნია და ფერნანდესი მაინც რომ ვერ გაიხსენოს და როგორ ფიქრობთ ვისი და რისი დამსახურებაა ახლანდელი ბავშვების ფეხბურთში ესოდენი ჩახედულობა?! პასუხი, რა თქმა უნდა, ერთია – ფეხბურთის პოპულარიზაცია და 21-ე საუკუნეში საფეხბურთო საზღვრების უკიდურესი დამოკლება. თუკი ადრე მარადონა შორეული და ლეგენდარული გმირი იყო, დღეს მესის, რონალდუს, ჯონ ტერისა და რაულს ყოველ „უიქენდზე” ჩვენი ტელევიზორები მუდმივად მასპინძლობენ და ფეხბურთის ვარსკვლავებსაც კარგი ძმაკაცებივით გავუშინაურდით.
 
დღეს ბევრს უკვირს, ჩვენი ფეხბურთელების, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კარგი თამაშის მიუხედავად,  რატომაა საქართველოში ასეთი არნახული აჟიოტაჟი ფეხბურთის ირგვლივ და სპორტის ეს უპირველესი სახეობა რატომ გახდა ხალხში ყველაზე აქტუალურად გასარჩევი თემა. თუ ნებას მომცემთ ამ კითხვაზე მე გიპასუხებთ. რაც ახლა საქართველოში ხდება, სრულიად ნორმალური მოვლენაა და ჩვენი ხალხის ფეხბურთით ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი ვართ და ადრე, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის სუნთქვა ქალაქში არ იგრძნობოდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა შევარდნაძის მდარე და უსიცოცხლო ეპოქის ლოგიკური გაგრძელება. ეპოქის, როდესაც ფეხბურთზე დასახარჯ ემოციებს ხალხი პოლიტიკოსების ზიზღში ხარჯავდა. კაცმა რომ თქვას, მაშინ რა ემსოფლიოჩეპიონატებოდა კაცს, როდესაც ტელევიზიის სპორტული მიმომხილველიც კი ისე დუნედ და არაფრისმთქმელად გადმოსცემდა უმაღლესი კლასის ნაკრებების თამაშებს, თითქოს ერევნის “პიუნიკი” წნორის “მილანს” ხვდებოდა.
 
წარმოიდგინეთ, რა საზარელია, როდესაც ტელევიზიის დიქტორი, ვითომც აქ არაფერიაო, აცხადებს: “გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა, სადაც გერმანელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. ახლა კი გადავიდეთ ამინდის პროგნოზზე”.  წარმოიდგინეთ რამხელა დაძაბულობა, უმაღლესი კლასის მატჩი და მსოფლიო დონის აჟიოტაჟი დგას ამ სამი სიტყვის უკან “გერმანია-საფრანგეთის მატჩი”. ალბათ იმ დროს მთელი მსოფლიო მოლოდინით ხელებს იფშვნეტდა ამ დიდი მატჩის მოლოდინში, ჩვენთან კი არაფერი, მხოლოდ 2:1 დამთავრდაო გვითხრა დიქტორმა და უმალ გადავიდა ქართულ უბადრუკ პოლიტიკურ სკანდალზე. თუ ეს საზიზღრობა არაა, მაშინ რუსეთის ნაკრების მაისური ჩამაცვით და ვირზე უკუღმა შემჯდარი მატარეთ ქალაქში..
 
ქვეყანაში საფეხბურთო აჟიოტაჟი, დიახაც, მუდმივად უნდა იყოს, და ამაზე ბევრად დიდი აჟიოტაჟიც კი, რათა ჩვენმა ხალხმა და, პირველ რიგში, ქართველმა ფეხბურთელებმა ნახონ და გაიგონ, როგორია ნამდვილი ფეხბურთი, სადაც ღირსება ყველაზე მაღლა დგას და სადაც საკუთარი ქვეყნისათვის ოფლი და ცრემლი არავის ენანება. 
ჩვენ ყველაფერი გვიკვირს, თორემ დღეს საფეხბურთო მსოფლიოში ისეთი რაღაცები ხდება, ჩვენთან, რომ მოხდეს, წარმომიდგენია, რა ამბავი ატყდებოდა.  

 “მანჩესტერ იუნაიტედის” მავანმა ბულგარელმა თავგადაკლულმა ქომაგმა ბევრი ფიქრის გარეშე გადაწყვიტა მთელი ცხოვრება ამ გუნდისათვის მიეძღვნა, რაც მოახერხა კიდეც. მივიდა საპასპორტო განყოფილებაში და საკუთარი გვარ-სახელი გადაიკეთა. ახლა ამ კაცს მანჩესტერ იუნაიტედი ჰქვია და ძმაკაცები თუკი ხუმრობით „მანჩოს” დაუძახებენ, არ უნდა ეწყინოს. წარმოიდგინეთ ჩვენთან ასეთი რამ რომ მოხდეს და მავანმა ქართველმა სახელგვარად ტყიბულის „მეშახტე” დაირქვას, ჯერ ხომ ყველა ნათესავი უგანებს და განაგდებს, მერე ჟურნალისტებსაც საქმე მიეცემათ.
უცხოეთში კი ქომაგობა (თუნდაც ზღვარგადასული) არავის უკვირს და საკუთარი კლუბებისა და ნაკრებების ჰიმნებს (ქვეყნის ეროვნულ ჰიმნზე, რომ აღარაფერი ვთქვათ) შვილებს პატარაობიდანვე ასწავლიან. ერთი სიტყვით, ქომაგობა კარგი რამაა და რა ვქნათ, თუკი ჩვენი ნაკრები ახალ ზელანდიასაც ვერ უგებს. უფულო კაცს რესტორნის მენიუს თვალიერების უფლებაც აღარ უნდა ჰქონდეს?!
 

ფრაგმენტები

0

ადრე, როცა მეტი დრო მქონდა და ნაკლებად ვიღლებოდი, საღამოობით აივანზე ვიჯექი და ქალაქის შენელებულ რიტმს ვუსმენდი. სახლის წინ, ქუჩაში, დროდადრო ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ნაგვის ურნებთან ჩერდებოდნენ, რაღაცას ეძებდნენ და გზას აგრძელებდნენ – მომდევნო ურნამდე, მომდევნო გადაგდებულ ბოთლამდე… ამ ადამიანების გამოჩენა სილის გაწვნასავით იყო ჩემი მშვიდი საღამოებისთვის. მათი დანახვისას მრცხვენოდა, რომ კარადაში ახალი პური მქონდა და მაცივარში – ნოყიერი საკვები, ონკანიდან კი ცივი და ცხელი წყალი მოდიოდა.

ახლა ქალაქის რიტმის მოსასმენად ვეღარ ვიცლი, დაღლილი დღეები მომრავლდა და აივანზე ჯდომას ძილს ვამჯობინებ, თუმცა ეს არაფერს ცვლის; იმას, რასაც ადრე ღამღამობით ვხედავდი, ახლა გამუდმებით ვხედავ.

ერთი ჩვეულებრივი შაბათი

 

ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ სამუშაო შეხვედრას ვესწრები. შესვენებაზე ნაცნობები ერთად ვსხდებით და ბოლოდროინდელ ამბებს ვუყვებით ერთმანეთს. ერთი ჩვენგანი ჰყვება, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ, ერთ-ერთი კანდიდატის სტუმრობისას, მისი ეზოს უკლებლივ ყველა ბინადარი „ჩამოთრეული” არაბების, ჩინელების, თურქებისა და „ზანგების” გაყრას ითხოვდა. იქ, იმ იტალიურ ეზოში, როგორც ჩანს, ყველა სხვა მოთხოვნამ, რაც კი წინასაარჩევნოდ აქვს ხოლმე მოსახლეობას, უკანა პლანზე გადაიწია, ვინაიდან უბანში, სადაც ჩემი ნაცნობი ცხოვრობს, მართლაც თვალშისაცემია უცხოელების მომრავლება.

იქ ასევე თვალშისაცემია უმუშევარი ახალგაზრდების „ბირჟები”, განადგურებული მწვანე საფარი და დანგრევის პირას მყოფი სახლების სიმრავლე, მაგრამ ეს მათ აღარ აღელვებთ, – მას შემდეგ, რაც სტუდენტი ინდოელი გოგონა, წვრილმანებით მოვაჭრე ჩინელი და შაურმის გამყიდველი თურქი გამოჩნდნენ, ყველა სხვა საზრუნავმა მნიშვნელობა დაკარგა.

ერთი ჩვეულებრივი კვირა

მე და ჩემი შვილი ვსეირნობთ, უფრო სწორად, კორპუსებს შორის დავძვრებით, ახალ-ახალ ეზოებს ვპოულობთ, ავტოფარეხებში გახსნილ სახელოსნოებს, დიდი ხეების ჩრდილში გართხმულ მძინარე ფისოებს, პატარა მოედნებზე მოთამაშე გოგო-ბიჭებს… იმ დღეს ბავშვობის შემდეგ პირველად ვნახე ლანდად ქცეული შუახნის კაცები, რომლებიც ჯართისა და სპილენძის ჩამბარებელ პუნტთან თაკარა მზეში ჩაცუცქულიყვნენ და კაბელებისგან სპილენძის ნაწილების გამოცალკევებას ცდილობდნენ.

ყბადაღებული 90-იანებიდან მახსოვს – დენის უქონლობის მიზეზი ხშირად იმ კაბელების ჩამოხსნა იყო, რომლებიც სპილენძს შეიცავდა. მინდა მჯეროდეს, რომ ის ბნელი და მშიერი წლები უკან მოვიტოვეთ, განვვითარდით, ცხოვრების სტანდარტი და დონე ავიმაღლეთ… მაგრამ არა, ჯერ კიდევ ბევრი ცხოვრობს ასე, პურის ნატეხისთვის თაკარა მზეში კაბელებთან მეომარი.

ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე

 

უკვე ორ თვეზე მეტია, ინტენსიურად მიწევს ელიავას ბაზრობაზე სიარული – ერთ-ერთი სახელოვნებო ორგანიზაცია, რომელთანაც დროდადრო ვთანამშრომლობ, აქ ეკოპროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც ხელოვანთა ჩართულობით გადაუმუშავებელი მეორეული მასალისგან ახალი ნივთების შექმნა და ნარჩენების მაქსიმალური ათვისებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებაა. როგორც პროექტის მონაწილე, კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ ხოლმე იმ ადგილას, სადაც სიცხეში – მტვერი და ხვატი, ცუდ ამინდში კი ტალახი და ქარია, სადაც ადამიანები დილიდან საღამომდე მოთმინებით ელიან ვინმეს, ვინც რამეს იყიდის და აზრს შესძენს მათ წლობით იქ დგომას. მათი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ მათ იქ დგომას მუშაობაზე მეტად თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უფრო ეთქმის. აქ, ამ მასკულინურ სივრცეში, ყოველ მისვლაზე ახალი აღმოჩენა გელოდება. ასე ვიპოვე ბოლო ვიზიტის დროს „კაფე”, რომლის პატრონიც ნახევარ ელიავას ყავით უმასპინძლდება. მათთან, ვისაც ორი ნაბიჯის გადადგმა ეზარება, ყავა თვითონ მიაქვს ახალგაზრდა ქალს – მთელი დღე ნელი, ფრთხილი ნაბიჯით დადის ჯიხურებს შორის ლამბაქითა და ფინჯნით, საიდანაც ქაფიანი თურქული ყავა არასოდეს ეღვრება.

 

ვუყურებდი მის თხელ სხეულს, საგულდაგულოდ შერჩეულ მოკრძალებულ სამოსს, მკაცრად შეკრულ თმას და ვფიქრობდი: ნეტავ როგორია მისი ცხოვრება ამ ბაზრობის იქით, თვითონ თუ უყვარს ყავა, ვისთან ერთად ცხოვრობს, რომელია მისი საყვარელი ადგილი ამ ქალაქში, რაზე ოცნებობს, ტირის თუ არა ფილმებზე…

ვინ იცის, ვის აინტერესებს ხალხი, რომელიც ფრთხილად, ფეხაკრეფით დადის ჩვენ შორის?

ერთი ჩვეულებრივი სტატუსი Facebook-ზე

„ყველა ის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია ამ ქვეყანაში, ან საკუთარი მანქანით დადის, ან მძღოლი ემსახურება. აბა, როგორ უნდა გაიგონ ამ ადამიანებმა, როგორია მგზავრობა ყოველ დილით გადაჭედილი ავტობუსით, როცა ფეხზე დასადგომი ადგილიც არაა, ჰაერი არ იძვრის, ადამიანები კი ამოდიან და ამოდიან ისედაც გადატენილ ავტობუსებში; ან როგორია, ჩარბოდე მეტროში, ბოლო ვაგონს რომ მიუსწრო და სახლში ფეხით წასვლა არ მოგიხდეს; როგორია, მთელი დღეები ფულის თვლაში გაატარო, გეყოფა თუ არა მეორე თვემდე მისაღწევად”.

ერთი ჩვეულებრივი საღამო

რამდენიმე დღეში ჩემს მეგობარს, ძალიან კარგ მომღერალს, კონცერტი აქვს. სწორედ კონცერტის ამბებს ვგეგმავთ – გვინდა, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს, იმიტომ რომ საქველმოქმედოა. ოჯახები, რომლებსაც ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაეცემათ, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მეგობარი მიყვება, რომ ერთმა მათგანმა უარი თქვა კონცერტის დროს ტანსაცმლის შეგროვების იდეაზე – მას ურჩევნია, ადამიანებმა მეტი თანხა ბილეთში გადაიხადონ. რამდენიმე ათეული (!) ლარი მისთვის მთელი თვის ბიუჯეტია, რომელიც მედიკამენტებზე, საკვებსა და კომუნალურ გადასახადებზე ნაწილდება; არ სცალია ტანსაცმელზე საფიქრალად, ფული ურჩევნია – მეტ პურსა და წამალს იყიდის, ნაკლებად მშიერი დაიძინებს და ტკივილიც ნაკლებად შეაწუხებს რამდენიმე დღე მაინც.

ასეა, სანამ ჩვენი ყურადღება აგიტაციის მანქანას მნიშვნელოვანი პრობლემებიდან პოპულისტურ თემებზე გადააქვს, სანამ პოლიტიკოსებს ჩვენი ღირსების დაცვას და ელემენტარული საარსებო პირობებით, სამუშაო ადგილებითა და გაძლიერებული სოციალური სამსახურებით უზრუნველყოფას ვთხოვთ, უამრავი ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის. უკეთესი მომავლისთვის კი, გარდა ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღებისა, ალბათ იმის გარჩევაც უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს, რომელი პრობლემაა პირველადი და რომელი – მეორეული, ჩვენ კი გავითავისოთ, რომ საზოგადოება ცალკეული ადამიანებისგან შედგება და მათ, ვისი ხმაც არ ისმის, ხშირად უფრო ყურადღებით სჭირდებათ მოსმენა.

როგორ ვიმუშაოთ სხვადასხვა აკადემიური უნარის მქონე მოსწავლეებთან

0
სწავლა-სწავლების ადრინდელი და თანამედროვე მიდგომები ბევრი თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ სტატიაში ერთ-ერთ მათგანზე მოგითხრობთ. მხედველობაში მაქვს სხვადასხვა აკადემიური უნარის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პრობლემატიკა. ადრინდელი მიდგომით ფორმალურად ყველა მოსწავლე ერთ კატეგორიაში იყო მოქცეული და სწავლება პირობითად ,,საშუალო მოსწავლეზე” იყო გათვლილი, მოთხოვნებიც ყველა მოსწავლის მიმართ ერთნაირი იყო (ესეც ფორმალურად, თორემ ნიჭიერი და სუსტი მოსწავლეებისაგან მასწავლებლები ერთნაირად, რა თქმა უნდა, არ ითხოვდნენ). თეორიულად მასწავლებლები შეუძლებელი ამოცანის პირისპირ იდგნენ, თუმცა რეალურად ასეთი ვითარება გვქონდა: მასწავლებლები თავიანთი პროფესიონალიზმის კვალობაზე მუშაობდნენ, ხოლო მოსწავლეები თავიანთი აკადემიური უნარების შესაბამისად სწავლობდნენ. დღეს საგანმანათლებლო პოლიტიკა აღიარებს განსხვავებული აკადემიური უნარების მქონე მოსწავლეთა არსებობას, შესაბამისად  მათ მიმართ განსხვავებული მოთხოვნებიც დასაშვები გახდა. შეიძლება ითქვას, დღეს მასწავლებლები თეორიულად შესაძლებელი ამოცანის წინაშე დგანან, მაგრამ თეორია და პრაქტიკა ისევ აცდენილია ერთმანეთისგან, რადგან ძალზე რთულია სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინება. როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი? მოქმედების რომელი სტრატეგია უნდა აირჩიოს მან? სირთულეების მიუხედავად, სათანადო ლიტერატურის დახმარებით და საკუთარი პრაქტიკის გაანალიზებით, მასწავლებელი უნდა შეეცადოს სწავლის პროცესში განსხვავებული აკადემიური უნარების მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართვას. 

შევთანხმდეთ, რომ  აკადემიური უნარების მიხედვით მოსწავლეები სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ნიჭიერი, ჩვეულებრივი და სუსტი. სწავლება თავისთავად რთული პროცესია, ხოლო სხვადასხვა აკადემიური უნარის მქონე მოსწავლეები მასწავლებლის საქმიანობას კიდევ უფრო ართულებს. ბოლო დროს ჩვენს გაზეთში რამდენიმე სტატია დაიბეჭდა (მათ შორის ერთი ჩემი ავტორობითაც) ნიჭიერი მოსწავლეების სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებსაც თავიანთი ნიჭიერების მიუხედავად სწავლისას მათთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური პრობლემები ექმნებათ. მათთან მუშაობა სასიამოვნოა, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი გამოწვევაა მასწავლებლებისათვისაც. ამჯერად სუსტ მოსწავლეებზე ვისაუბრებთ. ერთი შეხედვით,  მათი პრობლემები უფრო ნათლად გამოკვეთილია. თუმცა მარტივად არც მათთან გვაქვს საქმე. ხშირ შემთხვევაში, სუსტი მოსწავლე სწავლის პროცესს რაღაც მიზეზის გამო მოწყვეტილი ჩვეულებრივი მოსწავლეა. მასწავლებლის ამოცანაა, დაუბრუნოს მას სწავლის სურვილი.

დამეთანხმებით,  უიშვიათესი გამონაკლისის გარდა ნებისმიერი ჩვენგანი სკოლაში ერთ საგანში მაინც მოვიკოჭლებდით. ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით ყველანი ,,სუსტი მოსწავლეები” ვართ. ახლა როცა მასწავლებლები ვართ, თუ გვსურს სუსტ მოსწავლეებს გავუგოთ, თუ გვინდა, რომ ვასწავლოთ მათ, ალბათ უპრიანი იქნება გავიხსენოთ საკუთარი თავი ჩვენთვის მოუხელთებელი საგნის სწავლისას და შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას:  როგორ ვისურვებდით ის საგანი ჩვენთვის რომ ესწავლებინათ? ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ უმეტესწილად ჩვენ იმ საგნის მასწავლებლები ვართ, რაშიც სკოლაში სწავლისას ძლიერები ვიყავით, ამიტომ არ შეიძლება ყველა მოსწავლისგან ასეთივე მოლოდინი გვქონდეს. 

განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთ სიტუაციაში ყველაზე მართებული გამოსავალი მოთმინება და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლა გახლავთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლე გავხადოთ თავდაჯერებული და ვაგრძნობინოთ თუნდაც მცირე პროგრესი. მან უნდა მოახერხოს არამარტო თავისუფალ გარემოში წარმატების მიღწევა, არამედ იგრძნოს, რამდენად სასიამოვნოა ეს პროცესი. 

წარმოვიდგინოთ, რა რთულ მდგომარეობაშია მოსწავლე, რომელიც წარუმატებელია, თავს სუსტ მოწაფედ მიიჩნევს, რადგანაც ვერ ახერხებს გაიგოს ის, რასაც სხვები  იოლად იგებენ. მას უყალიბდება აზრი, რომ არანაირ ძალისხმევას აზრი არ აქვს, ყოველივე ფუჭი და ამაოა, მას უბრალოდ არ შეუძლია იმის  გაგება, რაზეც მასწავლებელი საუბრობს. მსგავსი ნეგატიური ფიქრები მოსწავლეს შესაძლოა გაკვეთილის პირველივე წუთებში გაუჩნდეს, როცა მასწავლებელი მისთვის ძალზე აბსტრაქტულ, ბუნდოვან, ტექნიკურად რთულ  ან რაიმე ისეთ საკითხზე საუბრობს, რის აღქმაც მოსწავლეს უჭირს. ჩვენ შესაძლოა ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ, როგორ ვიწყებთ გაკვეთილს რთული, კომპლექსური ინფორმაციით, ვაკეთებთ ვრცელ განზოგადებებს, რომლის დროსაც მოსწავლეებისათვის გაუგებარი დეტალები ,,შემოგვეპარება” ხოლმე. გასაკვირიც არ არის, თუ მოსწავლეების ნაწილი გააკეთებს ,,დასკვნას”, რომ  ,,არაფერი ჩვენთვის სასიკეთო და  გასაგები აღარ იქნება”.

გაითვალისწინეთ, ბავშვი უმნიშვნელო ჩამორჩენასაც კი გრძნობს (როგორც ექსპერტები გვეუბნებიან 10%-იც საკმარისია) და მტკივნეულად განიცდის მას. წესისამებრ, ასეთი მოსწავლეები თავს ანებებენ სწავლას. მათ აღარ სურთ არც კითხვების დასმა, არც დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგანაც მიაჩნიათ, რომ, რაც არ უნდა თქვან, მხოლოდ იმას დაამტკიცებენ, რომ სხვებთან შედარებით სუსტები არიან. ამავდროულად მათ არ სურთ საკუთარი პრობლემების დემონსტრირებით ზედმეტად თავის ატკივება. ამიტომ მასწავლებლის კითხვაზე, გაიგეს თუ არა ესა თუ ის საკითხი, თანხმობის ნიშნად თავს აქნევენ ხოლმე.

შესაძლებელია სუსტი მოსწავლეების სასწავლო პროცესში იმ დამხმარე სასწავლო რესურსით ჩართვა, რომელშიც სახელმძღვანელოს მასალა შედარებით გაიოლებული სახით იქნება მოცემული.  მასწავლებელს ასეთი რესურსის შექმნა თავად უხდება, მაგალითად,  ისეთი კითხვების მოფიქრება, რომლებზეც სუსტი მოსწავლეებიც შეძლებენ პასუხის გაცემას, რაც დამატებით დროს და ენერგიას მოითხოვს. თუ შევძლებთ პატარა ნაბიჯების იდენტიფიცირებას და მათ იდეალური თანმიმდევრობით დავალაგებთ, დავინახავთ, რომ მოსწავლეები შეძლებენ ამოხსნან მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის ამოცანები, გაერკვევიან სხვადასხვა სასწავლო საგნების ამა თუ იმ მანამდე გაუგებარ საკითხში. განათლების ექსპერტი  ჯოან დანი  წერს: ,,მოსწავლეებს სურთ, მათ ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლონ, რომ შეძლონ საკუთარი პროგრესის დანახვა. როგორც კი მოსწავლეები მოიწყენენ, დგება დაუყოვნებლივი მოქმედების დრო”. ჯონ საქსონი, განათლების ექსპერტი და მასწავლებელი, სუსტ მოსწავლეებთან მოთმინებას და მცირე პროგრესზე ორიენტირებას გვირჩევს ,,ბევრი პრაქტიკით, და რამდენადაც შესაძლებელია მეტი მხიარულებით”.  მონა მაკნიმ, ფონეტიკის ექსპერტმა,  კითხვის სპეციალური კურიკულუმიც კი შეიმუშავა, რომელსაც ,,კითხვა ნაბიჯ-ნაბიჯ” უწოდა. 

მაშინ, როცა ნიჭიერი ბავშვები სწრაფად ითვისებენ მასალას, აქტიურობენ გაკვეთილზე და არც თავის გამოჩენა უჭირთ, სუსტი მოსწავლეები ვერ ახერხებენ მხარი აუბან მათ. ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთ დროს ერთადერთი რაციონალური გამოსავალი სუსტი მოსწავლეების გამოყოფა და მათი ცალკე სწავლებაა. მაგრამ სკოლას არ შეუძლია მიმართოს ასეთ რადიკალურ ზომას. ამისთვის არც დამატებითი  რესურსები არსებობს, არც დასაბუთებული მეთოდოლოგია. სამაგიეროდ გვაქვს შედეგი, რომელიც შეუძლებელია სადავო იყოს – ყველა ძირითადი საგანი ისე ისწავლება, რომ სუსტ მოსწავლეებს საბოლოოდ თიშავს სასწავლო პროცესიდან. აქვე ერთი პატარა რჩევა – მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს 100 შეკითხვა თავისი საგნის  ყველაზე საინტერესო ფაქტების შესახებ, რომლებიც  დალაგებული იქნება თამიმდევრობით სუსტიდან  შედარებით რთულებამდე.  მათი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეები  იოლად დაძლევენ  მარტივ საკითხებს, რაც მათ მოტივაციას შეუქმნის. მათი ფიქრები დაახლოებით ასეთი იქნება: ეს კარგი იყო. ნეტავ, რა იქნება შემდეგ?

დასასრულ შემოგთავაზებთ ერთ აქტივობას, რომელსაც სუსტ მოსწავლეებთან შეგვიძლია მივმართოთ. პირობითად მას „პატარა მიზნები” ვუწოდოთ. როგორც ხვდებით, საუბარი გვექნება ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზნების დასახვასა და მათ შესრულებაზე. 

შეიძლება ვიკითხოთ,  მიზანშეწონილია თუ არა მოსწავლეებისათვის ამოცანის გაიოლება და მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზნების დასახვა? ექსპერტები გვარწმუნებენ, თუ აქტივობა სწორად დაიგეგმება და განხორციელდება, მას შეუძლია მოსწავლეების მდგომარეობა უკეთესობისაკენ შემოაბრუნოს. უპირველესად აუცილებელია მოვაწყოთ დისკუსია თემაზე, რა მსგავსება-განსხვავებებია სურვილებსა და მიზნებს შორის. მასწავლებლის ჩართულობით დისკუსიის ბოლოს მოსწავლეები გაიგებენ, რომ მიზნები მიღწევადი სურვილებია, თავისი გეგმით და დათქმული ვადებით. 

პატარა მიზნები – გონებრივი იერიში

მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით დაასახელონ ის მიზნები, რომელთა მიღწევაც მათ სურთ. თავდაპირველად უნდა დაასახელონ ისეთი მიზნები, რომლებიც მოკლე დროში შესრულდება (ვთქვათ, ერთ კვირაში). შემდეგ მოსწავლეებს დავურიგოთ ბარათები და ვთხოვოთ, დასახელებული მიზნებიდან აირჩიონ ერთი. მასწავლებელმა უნდა განუმარტოს მოსწავლეებს, რომ მიზანი უნდა იყოს ერთდროულად საკმაოდ გამომწვევი, მაგრამ ამასთანავე რეალურიც. მისი შესრულება მოსწავლისაგან უნდა მოითხოვდეს ძალისხმევას, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს მის შესაძლებლობებს. მასწავლებელს შესაძლოა მოუხდეს მოსწავლეებისთვის დახმარების გაწევა, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთონ. მასწავლებლის ასეთი მოქმედება უმცროსი ასაკის მოსწავლეებთან სასურველიც გახლავთ. წესისამებრ, მოსწავლეები საკმაოდ განსხვავებულ მიზნებს ისახავენ, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა სწავლას არც უკავშირდებოდეს (მაგ: ფულის დაზოგვა სასურველი ნივთის საყიდლად, სპორტში შედეგის გაუმჯობესება და ა.შ.). მასწავლებლის გადასაწყვეტია, გააკეთებინოს მოსწავლეს არასასწავლო ხასიათის მიზნის არჩევანი თუ არა. მასვე შეუძლია ეს მიზანი ისე შეცვალოს, რომ სწავლას დაუკავშიროს. 

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები პირველ დავალებას შეასრულებენ და მიზანს დაისახავენ, მათ უნდა ვთხოვოთ, რომ აღწერონ ის მოქმედებები, რომლებიც დასახული მიზნის შესრულებას უზრუნველყოფენ. დაფიქრდნენ იმაზე, რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეთ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, რა კომპრომისებზე მოუწევთ წასვლა, ხომ არ მოუხდებათ რაიმე საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა და ა.შ. მოსწავლეებმა რომ უფრო კარგად გაიაზრონ დასახული ამოცანა, ვთხოვოთ მათ, რომ მათი მოსაზრებები არ იყოს განსაზღვრულ ზომაზე ნაკლები (ვთქვათ, თაბახის ფურცლის ნახევარი). დათქმული ვადის შემდეგ მოსწავლე უკვე შესრულებულ სამუშაოს აფასებს. მან უნდა გააანალიზოს, რამდენად დაემთხვა შემუშავებული გეგმა რეალურად განხორციელებულ საქმიანობას,  მიაღწია თუ არა დასახულ მიზანს, ხომ არ წარმოიშვა მოულოდნელი დაბრკოლებები. საბოლოოდ ის აკეთებს დასკვნას, რა ისწავლა ამ დროის განმავლობაში. მოსწავლის საბოლოო პროდუქტი მის მიერ დაწერილი ესე, მოსწავლეს დამატებით კოგნიტურ უნარებს განუვითარებს. საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეების დასახმარებლად  ესეს შაბლონიც შეიძლება შევიმუშაოთ.  

იდეალური შედეგი იქნება, თუ მოსწავლეები თავიანთ ესეს  დაახლოებით ასე დაამთავრებენ  – „მე ვისწავლე ერთი რამ, თუ რაიმეს მიზნად დაისახავ და არც შრომას დააკლებ, ყველაფერს მიაღწევ. არც ის არის დასანანი, რომ რაღაცებზე უარის თქმა მოგიწიოს, რადგანაც მიღწეული შედეგი ამად ღირს”. აქტივობის ბოლო აკორდი მასწავლებლის გაკეთებული შეფასებაა, რომელშიც სასურველია სჭარბობდეს პოზიტივი.

დასასრულ, მოკლედ ჩამოვთვალოთ ის მთავარი დადებითი მომენტები, რასაც პატარა ნაბიჯები და მოკლევადიანი მიზნები გვაძლევს. იგი მოსწავლეებს ეხმარება გამოიმუშაონ მიზნების დასახვის და მათი განხორციელების უნარი. ყველა მოსწავლე არჩეულ მიზანს ისახავს, შესაბამისად მოტივირებულია. არ ეთიშება სასწავლო პროცესს. მოსწავლეები აანალიზებენ, რომ  სავსებით შესაძლებელია პატარა ნაბიჯები მათთვის  დიდი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს, დადებითად ცვლის მოსწავლეების წარმოდგენას საკუთარ შესაძლებლობებზე. 

როგორ აღიქვამს ბავშვი დასჯის სიტუაციებს

0
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლაი კოზლოვი, რომელიც “კონსულტირების ევროპულ ასოციაციისა” (EAC) და “გამოყენებითი ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის” (IAAP) წევრი, არაერთი მეცნიერულ-პოპულარული წიგნის ავტორია. ახლახან მან გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “ბავშვის მიერ დასჯის სიტუაციების აღქმა”, რომელშიც არა მხოლოდ იძლევა ზოგად რეკომენდაციებს ბავშვთა აღზრდის ამ მნიშვნელოვან ელემენტზე, არამედ მოაქვს კონკრეტული მაგალითები – მათ შორის საკუთარი ცხოვრებიდანაც.
ბავშვები ძალიან საინტერესო არსებები არიან! ისინი თავისებურად აღიქვამენ ყველაფერს, დასჯასაც კი. ის, რაც ობიექტურად სასჯელს წარმოადგენს, ბავშვმა სხვანაირად შეიძლება აღიქვას (მაგალითად, როგორც თამაში ან ფიქრის საბაბი). პირიქით, სასჯელად და საზიზღრობად შეიძლება მოეჩვენოს ისეთი დავალება, რომლის მიცემისასაც თქვენ მსგავსი არაფერი გიფიქრიათ.

დავუშვათ, თქვენმა შვილმა იცელქა და მთელ ბინაში მიმოყარა სათამაშოები. თქვენ ის გააჩერეთ, კუთხეში დააყენეთ და მშვიდი ტონით უთხარით: “იფიქრე, როდის აალაგებ შენს სათამაშოებს. როგორც კი მოიფიქრებ, მითხარი”. ობიექტურად ეს დასჯაა, რადგან ბავშვს წაართვით თამაშის შესაძლებლობა. სუბიექტურად კი, სრულიად შესაძლებელია, ბავშვმა იმსჯელოს ასე: “დასჯილი არ ვარ. მე ვფიქრობ, როგორ ავალაგო სათამაშოები”.
საპირისპირო მაგალითი: მამამ ქალიშვილს ჭურჭლის გარეცხვა სთხოვა. თუ გოგონას ჰკითხავთ: “რას აკეთებ?” – სრულიად შესაძლებელია, გაგცეთ ასეთი პასუხი: “მამამ დამსაჯა, ჭურჭლის გასარეცხად გამომიშვა”. სინამდვილეში, მამას არ დაუსჯია, მაგრამ შვილი ამას დასჯად აღიქვამს…

ასეთ სიტუაციებში გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც წესი, ორ ასპექტს აქვს. პირველი არის ინტონაცია, რომელსაც იყენებთ დავალების (სასჯელის) ჩამოსაყალიბებლად. ბრაზიანი ტონი შვილს უფრო ხშირად ესმის, როგორც დასჯის მანიშნებელი, მშვიდი კი დავალებასთანაა ასოცირებული. მეორე ასპექტი: როგორი სიტუაციიდან როგორ სიტუაციაში გადადის ბავშვი? თუ ის მოსწყვიტეს ტელევიზორს და გაუშვეს ჭურჭლის გასარეცხად, ეს დასჯაა. თუ ბავშვს აშკარა დანაკარგი არ განუცდია, მაშინ – უბრალოდ დავალებაა.

დასჯის სიტუაციის აღქმის სუბიექტურობა ვლინდება თავად მოზრდილებშიც. მამაკაცები, როგორც წესი, გაგებით ეკიდებიან ფიზიკურ დასჯას, ქალები, ჩვეულებრივ, მისი სასტიკი წინააღმდეგები არიან. კაცები, ძირითადად, დარწმუნებულები არიან, რომ პედაგოგიური „შემოლაწუნება” არაფერს აშავებს, ქალები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ესაა პირდაპირი გზა ფსიქოლოგიური ტრავმისკენ. ქალებისთვის (უფრო სწორად, ქალური გენდერის ფარგლებში აღზრდილი ადამიანებისთვის) მსუბუქი მირტყმა უკვე ნიშნავს დარტყმას, დარტყმა აღიქმება ცემის სურვილად, შემდეგ უკვე ისმის – “ბავშვების ცემა არ შეიძლება”; არ შეიძლება კი იმიტომ, რომ სიტყვა “ცემაში” იგულისხმება უკვე არა ერთი მირტყმა, არამედ მთელი ცემა-ტყეპა.

უფროსები ხშირად ზედმეტად მძიმედ აფასებენ ბავშვის განცდებს: არც ისე იშვიათად ნამდვილი განცდის მაგივრად, ბავშვი მხოლოდ თავს იკატუნებს; ამასთან ერთად, ბავშვებს, როგორც წესი, ადვილად შეუძლიათ ახალ მოვლენებზე ყურადღების გადართვა. თქვენ დასაჯეთ ბავშვი – დააყენეთ კუთხეში, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ის უკვე პოულობს გართობის ახალ საშუალებას. ყურადღების ადვილი გადართვა ბავშვს ეხმარება სასჯელის სიმძიმის გადატანაში: ბავშვს შეუძლია ადვილად გადაერთოს გარე სამყაროს ახალ ელემენტებზე და დაივიწყოს ის უსიამოვნება, რომელიც ახლახან განიცადა. 

მეორე მხრივ, თითქოსდა მსუბუქი, მაგრამ საწყენი და უსამართლო სასჯელი შვილს შეიძლება წლობით ახსოვდეს და მასში ბრაზსა და მშობლებისთვის სამაგიეროს გადახდის, შურისძიების სურვილს იწვევდეს.

თუ თქვენ შვილს „გაულაწუნეთ”, მისთვის ეს ჯერ არაფრის მანიშნებელი არაა: ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ აღიქვა ეს ბავშვმა. გალაწუნებას ბავშვი ხარ მშობლების მხრიდან ყურადღების გამოვლენად, ხან კი მითითებად აღიქვამს; ხანდახან კი ბავშვი საერთოდ არ აქცევს მას ყურადღებას. მართალია, ძლიერი და აშკარად მტკივნეული დარტყმა თითქმის ყოველთვის აღმოჩნდება უარყოფითი განმამტკიცებელი, მაგრამ მთავარი ისაა, რას ეტყვის ეს სასჯელი ბავშვს, რა დასკვნის განმტკიცებას შეუწყობს ხელს – “მე აღარ უნდა ვიცელქო”; “მშობლები შტერები არიან”; “მე ვარ შტერი”.

დასჯა უაზროა, როცა მას ბავშვი სწორად ვერ აცნობიერებს. 

თუ ბავშვს გულწრფელად სჯერა, რომ ის მომხდარში დამნაშავე არაა, მაშინ დასჯა ვერ იმუშავებს. თუ მოზარდი დარწმუნებულია, რომ მამინაცვალს არც ერთ შემთხვევაში არ აქვს მისი დასჯის უფლება, მაშინ ჩვეულებრივი სასჯელი მასზე ვერ იმოქმედებს. დასჯას შედეგი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როცა დასჯილი ბავშვი მას შინაგანად ეთანხმება ან, სულ ცოტა, ესმის ის. სასჯელი, რომელიც ბავშვში მხოლოდ პროტესტს იწვევს, კონტრპროდუქტულია. თუ ბავშვს ეჩვენება, რომ სასჯელი, სრულიად უსამართლოა ან ზედმეტად მკაცრია (“ამისთვის ქამრით ცემა არ შეიძლება!”), დასჯას მხოლოდ მისი გაბრაზება მოჰყვება. ძალიან ბევრ მცირეწლოვან ბავშვსა და ზოგიერთ გარეულ ცხოველზე დასჯა საერთოდ არ მოქმედებს და იწვევს მხოლოდ პროტესტს – საპასუხო აგრესიას ან გაქცევას. 

სასჯელმა რომ შედეგი გამოიღოს, ბავშვმა რომ ის შინაგანად მიიღოს, უნდა აუხსნათ, რატომ და რისთვის ისჯება. თუ მშობლები გონიერი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, მაშინ შვილი, სავარაუდოდ, დასჯას მშვიდად და ბუნებრივად აღიქვამს, როგორც მისი ქცევის საპასუხო გონივრულ უკუკავშირს. მაგრამ თუ, ბავშვის აზრით, მშობლები მართლები არ არიან (და ასეთი რამ არც ისე იშვიათად ხდება) მაშინ მშობლებმა კი არ უნდა მოუმატონ ყვირილს, არამედ გარკვევით უნდა აუხსნან შვილს, რატომ და რისთვის სჯიან. რთულ შემთხვევებში ასეთი ახსნა შეიძლება ნამდვილ მოლაპარაკებაში გადაიზარდოს. 

როგორც მახსოვს, ჩემი ქალიშვილები (ნასტია და მაშა) სერიოზულად დავსაჯე – მივარტყი – მხოლოდ ერთხელ. (თუმცა, როცა მათთან ვცადე ამის დაზუსტება, მიპასუხეს: “ერთხელ კი არა, ორჯერ დაგვარტყიო!” კეთილი.) თუ არ ვცდები, ისინი დაახლოებით ოთხი წლისები იყვნენ და ერთმანეთს სცემეს. მე ჩავდექი მათ შორის და ვუთხარი “შეწყვიტეთ-მეთქი!”. ისინი არ მისმენდნენ და ისევ ცდილობდნენ ერთმანეთისთვის დაერტყათ. სერიოზულად და ხმამაღლა გავუმეორე: “ნუ ჩხუბობთ-მეთქი!”, მაგრამ ისევ არ მომისმინეს და თავისას აგრძელებდნენ. მაშინ მე ერთსაც და მეორესაც და კარგად გავულაწუნე. დაიწყეს ტირილი, მე ჩავიმუხლე და დაველოდე, სანამ დაწყნარდებოდნენ. შემდეგ ვუთხარი: “გოგოებო, მე ძალიან არ მინდა დაგსაჯოთ. გთხოვთ, როცა რამეს სერიოზულად გეუბნებით, მომისმინეთ და ასეთ შემთხვევაში არასოდეს არ დაგსჯით!” ნასტიამ დამიქნია თავი, მაშამ კი მოულოდნელად მთხოვა: “ეგრევე არ დაგვსაჯო, ჯერ გაგვაფრთხილე – გვითხარი, რომ ახლა უნდა გცემოთო!” მე აღფრთოვანებული დავრჩი და პირობა მივეცი, რომ ასე მოვიქცეოდი. საინტერესოა, რომ ერთი კვირის შემდეგ გოგოებს ისევ გავუბრაზდი და ცემა დავუპირე, მაგრამ მაშამ გამაჩერა: “არა! არ შეიძლება ჩვენი გალახვა – შენ ხომ არ გაგიფრთხილებივართო!” როგორც ჩანს, ხანდახან ბავშვები უფროსებზე უფრო ბრძენნი და ყურადღებიანნი არიან. მე დავეთანხმე მაშას და მადლობა ვუთხარი შეხსენებისთვის. იმის შემდეგ ყველა სიტუაცია წყდებოდა მშვიდობიანად, ურთიერთგაგებითა და მოლაპარაკებით.



წყაროები:

·Как ребенок воспринимает ситуацию наказания? 

https://www.psychologos.ru/articles/view/kak_rebenok_vosprinimaet_situaciyu_nakazaniya_vop_zn_

·https://www.uppcenter.ru/psychologist/index

·https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%BE%D1%83%D1%87%D0%B8%D0%BD%D0%B3

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...