კვირა, ივლისი 13, 2025
13 ივლისი, კვირა, 2025

რამდენიმე ლიტერატურული გაქცევა

0
ხანდახან ჩვენი ეგო იძინებს. უშფოთველად. ჩვილივით. და ჩვენ, სამყაროს ცენტრალური ფიგურები, მაინც ბედნიერები ვართ. შეგუებულები იმ ფაქტს, რომ პერსონაჟები ვერ გვამჩნევენ. კითხვის პროცესი ხაჭაპურის ცხობასავითაა: ფქვილში ამოსვრილი მეგობრებს ხელს კი არა, იდაყვს რომ ართმევ. ღია ფერის  მაკიაჟი კი კარგა ხანია, მოდიდან გადავიდა და უჩინარი ხარ. სამაგიეროდ ხაჭაპური ბზინავს, ელვარებს და, რაღა თქმა უნდა, გვაპურებს. გამოდის, წიგნებს მატერიალური ღირებულებაც ჰქონიათ და ჩვენ შეგვიძლია, სხვებსაც გავუყოთ მათი სიკეთეები. 
რამდენიმე დღის წინ ჩემს ძველ უბანში გავიარე. ჩავუარე ბირჟას, სადაც ადრე ერთმანეთს ყველაზე ნაკლებად პროზაულ ღირებულებებს ურიგებდნენ. შესაძლოა, სტალონეს ბიუსტის სრულყოფილებაზე ან იმაზე საუბრობდნენ, ჩაკ ნორისი მოიგებდა თუ ბრუს ლი, იქნებ, სხვა ბევრ რამეზეც საუბრობდნენ. მაგრამ მე ის უფრო მძაფრად მახსოვს, როგორ ჩააწვა სიგარეტი 15 წლის ბიჭს საკუთარმა მამამ და ბრუს ლის მონდომებითა და სისასტიკით სცემა. სიგარეტი რომ ცუდია, ეს აქსიომაა. მაგრამ, გამორიცხულია, სახალხო (ან თუნდაც არასახალხო) ფორმის ძალადობა ყველაზე მავნებელი არ იყოს სულისა და სხეულისათვის. მერე ის ბიჭი სახლიდან გაიქცა, მერე ის ბიჭი დაიჭირეს, მერე – გამოუშვეს, მერე ისევ დაიჭირეს და რადგან  ვერ მოასწრო, ეცხოვრა კუნთოვანი სისტემის ხიბლისა და ციხის საკნის სულისშემხუთველი გარემოს მეტი ვერაფერი ისწავლა, ან, უბრალოდ, ვერ მოასწრო ესწავლა, ცხოვრება გაეპარა. თვალსა და ხელს შუა გაეპარა. მშობლის მოსამზადებელი კურსები რომ არსებობდეს, უკეთესი იქნებოდა–მეთქი, მაშინ ვფიქრობდი. დღეს “ქუჩის” პერსონაჟების დღეა, იმ პერსონაჟებისაც, რომლებიც სახლში დარჩნენ და ვერ გაიქცნენ. 
 
გაქცევა 1
 
ყველა წიგნი ალტერნატიული რეალობაა, რადგან პერსონაჟებს შეუძლიათ სიცოცხლე. ასეთი ცოცხალი პერსონაჟია დომენიკო, ერთ–ერთი სახლიდან წასული პერსონაჟი. მაღალსოფელი, მამა, ლტოლვილი, სამოსელი პირველი, სოფლის დღესასწაული და ერთი, არდატოვებული დრაჰკანი, – ახალგაზრდა მგზავრმა დომენიკომ ზურგზე თავისი მცირე ისტორია და დიდი ფული წამოიკიდა. გაუდგა გზას. ლამაზქალაქი, ანა – მარია (შველს რომ ჰგავდა), გიჟი ალექსანდრო და სხვანი, – დომენიკოს ზურგი თანდათან უმძიმდება. ასე ჩადის კამორაში. კამორა – ავაზაკების ქალაქი. ღიმილსა და მხიარულებაში გამოზოგილი სიამოვნებით მოკლული ადამიანები. ალექსანდროს უფროსი ძმის ხატი – უსახო, გასაიდუმლოებული ადამიანი, მგზავრს ყველა ხიფათისგან რომ იცავს. წიგნის დასასრულამდე ალექსანდროს ძმა ვინ აღარ გგონია, ლამის მარშალ ბეტანკურს დააბრალო კეთილი საქმეები. მაგრამ ყველაზე ბოროტი პერსონაჟი, მკვლელი მიჩინიო აღმოჩნდება, ის, ვისაც მთელი წიგნის განმავლობაში ჯიუტად ეძებდი. ბოროტებით შენიღბული სიკეთე „ქვაზე დადებული”, საყველაო, ხილული, ხელშესახები სიკეთის ნაცვლად – ასეთი სიკეთე ყელზე არ დაგადგება, „ორმოში ჩაგდებული მეფის” იგავის ანტიპოდს წააგავს მიჩინიოს ყველა ქმედება. გადაშლილი, მაძღარი კაატინგა, სიკეთის ქალაქის, კანუდოსის გაპარტახება და ხუთი დიდი კანუდოსელის სიკვდილი. ბოლოს ისევ მაღალსოფელი და კოცონი: რომელშიც დომენიკო ძვირფას სამოსელს, სამოსელ პირველს აგდებს და იწვის ძვირფასი, არაძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი ქვები. იწვის ოქრომკედი, იწვიან ამბები და ზეცაში მიდის. ეს ერთგვარი კათარზისია, ცეცხლი არა – ჯოჯოხეთის, განწმენდის. დიახ, ცხოვრების გზაგავლილი დომენიკო ისევ მშობლიურ სოფელს უბრუნდება, სოფელს, საიდანაც მამამ არა კინწისკვრით, არა ბრუს ლის მონდომებითა და რემბოს უმეტყველო სახით, არამედ ნებით გაუშვა სახლიდან. 
გაქცევა 2
ალისას უდარდელი ბავშვობა არამყარი ნიადაგია გაქცევისთვის. მაგრამ მათ, ვისაც საკუთარი, გამოგონილი სამყაროები აქვთ, ისევე სჭირდებათ გაქცევა, როგორც სალ ფარადაიზს – ხეტიალი ამერიკის ყველა კუთხეში. მით უმეტეს, რომელ ბავშვს არ უნდა, ესმოდეს ცხოველების ენა. აი, ალისა, თავისუფლად ესაუბრება მარტის კურდღელს. ეგ კი არა, შეუძლია წამიერად შეიცვალოს პარამეტრები და, რა თქმა უნდა, ისეთივე შეუპოვარი და გულწრფელია, როგორც მსოფლიოს ყველა ბავშვი. სწორედ ამ გულწრფელობითა და სიკეთით ალისა ყოვლისშემძლეა. მორალი: ჩვენ შეგვიძლია, სამყარო შევცვალოთ თუნდაც ჩვენ მიერ კონსტრუირებული რეალობით.
ვერშემდგარი გაქცევა
ეს ის ბიჭია, რომელიც ცოცხალი გადარჩა და რომელიც მთელი ცხოვრება სახლიდან გაქცევაზე ოცნებობდა, თუმცა ყოველთვის უკან ბრუნდებოდა. აქ არასაკმარისი გამბედაობა არაფერშუაშია, პირიქით – ეს თავგანწირვაა და მომზადება ვოლდემორის ეპოქის დასრულებისთვის. მზადყოფნა ან სულიერ სიმტკიცეს გულისხმობს, ან ფიზიკურ სიძლიერეს, ანაც ორივეს ერთად. თუმცა რა მზადყოფნაზეა საუბარი, როცა საქმე გვაქვს პატარა ბიჭთან, ზურგზე ლოდივით რომ წამოუკიდებია მსოფლიოს გადარჩენის მისია. უფრო სწორად – შუბლზე. ჰარის დამცავი ფარი დედის თავგანწირვა და მეგობრების უანგარო სიყვარულია. მან აუცილებლად უნდა ნახოს, როგორ კვდებიან მის გარშემო საყვარელი ადამიანები და მიხვდეს, რომ სიკვდილის დამარცხება არა – შიშით, არამედ მზადყოფნითაა შესაძლებელი. ჰარის გზაც რთულია, ის ხომ თიხაა დომენიკოსავით, სრულიად ბავშვი. მაგრამ ზუსტად ამ თვისების გამო, იყო ბავშვი, ყოველგვარი “ავადა კედავრას” გარეშე ამარცხებს დიდ, მსოფლიო ბოროტებას და ამყარებს მსოფლიო წესრიგს. წესრიგის დამყარება კი საკუთარ ერთოთახიან ბინაშიც ძალიან გვეზარება ხოლმე ჩვენ, ზრდასრულებს.
დაკარგული უფლისწული 
ის დაკარგული უფლისწულია. ოქროსფერთმიანი, ასტეროიდ ბ612-ელი პრინცი, რომელსაც ძალიან ენატრება თავისი მოშინაურებული და, შესაბამისად, ერთადერთი ვარდი, ძალიან უნდა, ჰყავდეს ბატკანი და კიდევ ერთხელ ნახოს მზის ჩასვლა ორმოცდასამჯერ. მარტივი, უბრალო და სადა პატარა ბიჭი ყველა ჩვენგანის ბავშვობაა და გზა, რომელიც საკუთარ თავს გვინარჩუნებს. ეს ტექსტიც გაქცევაა რუტინული ყოფიდან ან ჩვენი პირველსაწყისის შენარჩუნება. ყოველ შემთხვევაში, ყოველი მორიგი შლაპის ყიდვისას ის ცნობილი ნახატი მახსენდება ხოლმე – გველის მიერ გადაყლაპული სპილო.
ბიჭი, სახელად ყვავი
მურაკამის პერსონაჟი ქართულ ენაზე ახლახან გაიქცა. მეც შემდეგ პოსტში ვრცლად მოგიყვებით კატებთან მოსაუბრე ნაკატას, თევზების წვიმასა და მურაკამის ქართველი მკითხველისთვის ახალი მისტიკის შესახებ. 

პროექტებით სწავლების ეფექტურობა ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისას

0
რა ქმნის სირთულეს ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისას? რატომ აქვთ მოსწავლეებს ნეგატიური განწყობა ისეთი ნაწარმოებების შესწავლის მიმართ, როგორებიცაა „წმ. შუშანიკის წამება”, „წმ. აბოს წამება”, „წმ. გრიგოლის ცხოვრება”? შესაძლებელია თუ არა თანამედროვე შემოქმედებითი სწავლების მეთოდებით გავამარტივოთ ეს პროცესი და საინტერესო გავხადოთ ძველი ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების კითხვა, გაგება და შესწავლა?

ძველ ქართულ ენაზე შექმნილი ტექსტის შესწავლისთვის არ არის საკმარისი შინაარსის ცოდნა, არც ძველი ქართული სიტყვების მნიშვნელობათა დამახსოვრება, არც ტროპის სახეობათა მოძებნა. ამ ნაწარმოებების სრულფასოვნად შესწავლა ტექსტების სიღრმისეულ ანალიზსა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფიქრს მოითხოვს მთელი გულისყურითა და ცნებების გააზრებით. ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლას მომზადებული მკითხველი სჭირდება. არის კი თხუთმეტი წლის მოზარდი, მით უმეტეს თანამედროვე ახალგაზრდების ინტერესთა გათვალისწინებით, მზად, შევიდეს ამ საიდუმლოებით მოცულ სამყაროში და ეზიაროს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას? 

მასწავლებელი ვალდებულია, ჰაგიოგრაფიული ტექსტები კარგად „შეფუთოს”, ბრენდირება გაუკეთოს მათ. ყველა ამ ტიპის ტექსტში აღწერილია სასწაულები, რაც მას საშუალებას აძლევს, კონკრეტული ტექსტი ახსნას როგორც ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ლიტერატურული პროდუქტი (ამ შემთხვევაში მასალისადმი მოსწავლეთა ინტერესი და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა გაიზრდება). თორნიკე ჭელიძე – “სასურველი (საძულველი) ჰაგიოგრაფია”.

ძველი ქართული ლიტერატურა ყოველთვის ასაკთან შეუსაბამოდ ისწავლებოდა – ადრეც (საბჭოთა სკოლაში) და ახლაც. ახალგაზრდების წიგნიერების დონის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მეათე კლასის მოსწავლე ვერ ხვდება ამ რთულ მასალას სათანადოდ მომზადებული, რაც პრობლემათა წარმოქმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ძველი ქართული ენა, რომელიც შესაძლებელია, გასაგები გახდეს მოსწავლისთვის სახელმძღვანელოში არსებული განმარტებებითა და ძველი ქართული ენის ლექსიკონის დახმარებით. თუმცა მუდმივი დაკვირვება, რას აღნიშნავს კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა ტექსტში, მათთვის მოსაბეზრებელი ხდება და მოსწავლეები ხშირად მნიშვნელობის დეტალური გააზრების გარეშე აგრძელებენ კითხვას, რაც საბოლოო გულაცრუებით სრულდება. ყველა პედაგოგი ამჩნევს, რომ პირველ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს უფრო მეტი მონდომებით და უკეთ  სწავლობენ, ვიდრე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას”, თუმცა ამ ნაწარმოებს სხვა ტიპის სირთულეებიც ახლავს თან.

ნებისმიერი  რთული მასალის უკეთ შესწავლისას ძალიან ეფექტური საშუალებაა სასწავლო პროექტი. მოსწავლეები ინტერესდებიან პროექტების მომზადებით, რადგან მათი უნარების გამოსავლენად მეტ საშუალებებს ხედავენ ამ ტიპის აქტივობაში, ვიდრე, მაგალითად, ჩვეულებრივი შემაჯამებელი სამუშაოს, სხვა წერითი დავალების შესრულებისას ან გაკვეთილის თხრობისას. პროექტის შესრულება მოიცავს შემოქმედებითი უნარების გამოვლენასაც, რაც იმ მოსწავლეებს უმაღლებს მოტივაციას, რომლებსაც შეუძლიათ ხატვა, მაკეტებისა თუ სხვა ტიპის პროდუქტის შექმნა, როცა ხალისით ვერ წერენ და ვერ ყვებიან გაკვეთილს. ასევე, თუ პროექტი ელექტრონულად არის მოსამზადებელი, ეს ფაქტორი იმ კატეგორიის მოსწავლეებს უქმნის კომფორტსა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას, რომლებმაც კარგად იციან კომპიუტერთან მუშაობა და ფლობენ ისტ-ის სხვადასხვა პროგრამას. პროექტის პრეზენტაციისას თავს საუკეთესო მხრიდან ავლენენ მოსწავლეები, რომლებსაც საინტერესოდ თხრობის, ნაშრომის დამაჯერებლად წარდგენის უნარი აქვთ. რომელიმე კატეგორიაში აუცილებლად მოყვება კლასის ყველა მოსწავლე, მით უმეტეს, თუ სამუშაო ჯგუფურად იქნება შესასრულებელი.
X კლასში განვახორციელე კვლევა, რომელიც ერთდროულად 2 აქტივობის ეფექტურობას ამოწმებდა:

1. რამდენად ეფექტურია ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისას პროექტებზე მუშაობა;

2. რამდენად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისას მასლოუს  (ან სხვა)  თეორიის პრაქტიკული გამოყენება.

გამოვიყენე კვლევის როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდი. 

პროექტის დასრულების შემდეგ განხორციელდა ერთიანი ანალიზი, რომელიც გულისხმობს თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგების შეჯამებას.

კლასი დაკვირვების ობიექტი იყო 22 კალენდარული დღის განმავლობაში. ისინი მუშაობდნენ ჯგუფურად არა მხოლოდ სკოლაში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ და პედაგოგის მითითებით, არამედ სახლებში (რომელიმე ჯგუფის წევრის ოჯახში). მშობლებისთვის გასაოცარი იყო მათი შვილების მოულოდნელი გააქტიურება, ინიციატივის გამოვლენა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ყველა ჯგუფს ჰქონდა დამოუკიდებლად მოსამზადებელი საკუთარი დავალება. გაჩნდა შეჯიბრების განცდაც, რაც არ უნდა გადაზრდილიყო არაჯანსაღ კონკურენციაში. მოსწავლეებს მოუწიათ აბრაამ მასლოუს თეორიაზე დამოუკიდებლად მუშაობა, მისი გააზრება და მისი პრაქტიკული გამოყენება ჰაგიოგრაფიული ტექსტების პერსონაჟებთან მიმართებაში.

მოსწავლეებზე დაკვირვება ხორციელდებოდა სკოლაში ყოფნისას. ისინი, პროექტის ფორმისა თუ შინაარსობრივი მხარის უზრუნველყოფის მიზნით ხშირად მიმართავდნენ მასწავლებელს. არც ერთხელ არ მიუმართავთ ისტ-ის პროექტში გამოყენების სპეციფიკასთან დაკავშირებით, თავად შეასრულეს პროექტი საკმაოდ რთულ ფორმატში, შეარჩიეს მუსიკაც თავიანთი პროექტების პრეზენტაციისთვის. მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა გამოავლინა ხატვის უნარი, ყველა ჯგუფმა პროექტი წარმოადგინა მათი წევრების მიერ შესრულებული ნახატებით, რომლებიც საინტერესოდ ასახავდა წმინდანთა მოწამებრივ გზას და მასლოუს პირამიდის ჭრილში წარმოადგენდა მათ ცხოვრებას. პროექტმა შემოქმედებითი უნარების მქონე მოსწავლეებს განსაკუთრებული თვითრეალიზაციის საშუალება მისცა. შესაძლებელია მათ სრულყოფილად არ ისწავლეს საგაკვეთილო ტექსტები, მაგრამ ისინი ახლა შემოქმედებითი რეალიზაციისთვის აბსოლუტურად ნებაყოფლობით და სიამოვნებით წაიკითხეს.

პროექტზე მუშაობისას  დაკვირვების შედეგად გამოიკვეთნენ „ზარმაცი” მოსწავლეები, რომლებიც ცდილობდნენ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. სწორედ მათ დაევალათ პროექტების პრეზენტაცია, რაც აიძულებდა მათ, ესწავლათ საპრეზენტაციო ტექსტი, მომზადებულიყვნენ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ანუ სრულფასოვნად გაეაზრებინათ ჯგუფელების ნამუშევრები, კონკრეტულად ის ნაწილი, რომლის მომზადებაშიც ისინი არ მონაწილეობდნენ. ასეთი სულ 3 მოსწავლე იყო. ამ ტიპის მოსწავლეთათვის, რა თქმა უნდა, ამ დავალების შესრულება არ იყო მარტივი. 

პრეზენტაციის დღეს ყველა ჯგუფს ჰქონდა დიდი სურვილი, ყოფილიყო საუკეთესო. მათი მიზანი იყო,  წარმოეჩინათ თავიანთი ნაშრომების ეფექტურობა, რაც აშკარად დიდი შრომის შედეგად იყო მიღწეული. 

რა კონკრეტული სურათი გამოიკვეთა თვისობრივი კვლევის ანალიზის შედეგად?

  აშკარად გამოიკვეთა  მოსწავლეების სურვილი – ესწავლათ ჰაგიოგრაფიული ტექსტები, შეესაბამებინათ პერსონაჟთა ქცევის მოტივაციები აბრაამ მასლოუს პირამიდისათვის, პროექტები ყოფილიყო საუკეთესო, დაემსახურებინათ მაღალი შეფასება შემაჯამებელ სამუშაოში.

 რა კონკრეტული სურათი გამოიკვეთა რაოდენობრივი კვლევის ანალიზის შედეგად?

მოსწავლეთა აბსოლუტური უმეტესობა გამოხატავს სურვილს, შეასრულოს ასეთი ტიპის დავალებები, იმუშაოს ჯგუფურად, გამოიყენოს ისტ-ის სხვადასხვა პროგრამა,  გამოიყენოს შემოქმედებითი უნარები.

 საგაკვეთილო პროცესის  წარმატებულობის ხარისხს მიღწეული შედეგი განსაზღვრავს: მოსწავლეები უნდა აზროვნებდნენ; უნდა ჰქონდეთ ზუსტად გაწერილი მისაღწევი მიზანი; სურდეთ, გაიგონ მეტი; განიცადონ თვითრეალიზება; დაიკმაყოფილონ ინტერესის მოთხოვნილება; შეფასდნენ ობიექტურად. ყველა ეს კომპონენტი პროექტის განხორციელებისას მიღწეულ იქნა.

არ არის მარტივი, პედაგოგმა ყველა შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას გამოიყენოს ეს მეთოდი, რადგან ის მასწავლებლისგან მოითხოვს მუდმივად ყურადღების კონცენტრირებას, დამატებითი სამუშაოების შესრულებას (გაკვეთილების შემდეგ მუშაობას, დამატებითი მასალების მოსწავლეთათვის გაცნობას და სხვ.), მაგრამ წარუმატებელი მცდელობა, ვასწავლოთ მოსწავლეებს ის, რაც მათთვის აუცილებელია, მეტ ზიანს აყენებს მასწავლებელს, ვიდრე გათვალისწინებულზე მეტი შრომა. წარმატება ხელს უწყობს როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის სტიმულირებას მომავალი საქმიანობისთვის. ეს დადასტურდა მოსწავლეთა გამოკითხვითაც: მათი სურვილი, შეასრულონ პროექტები მომდევნო თემებთან დაკავშირებითაც, სწორედ ამაზე მიუთითებს. 

პროექტების, როგორც სასწავლო მეთოდის გამოყენება დადებითად აისახება შედეგებზე პოემა „ვეფხისტყაოსნის”, „დავითიანისა” და იგავ-არაკთა კრებულის „სიბრძნე სიცრუისა” სწავლებისას, რადგან ენობრივ სირთულეებს, როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს სწავლა-სწავლების პროცესში; ასევე, „ვეფხისტყაოსნის” ტექსტის სწავლება უდავოდ პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით – მოსწავლეებს ნეგატიური დამოკიდებულება ექმნებათ მოცულობითი და ღრმად გასაანალიზებელი ტექსტის მიმართ. იწყებენ პოემის შინაარსის ძებნას ინტერნეტსივრცეში, რასაც აბსურდულ მდგომარეობამდე მიჰყავს როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელი. იგივე შეიძლება ითქვას „დავითიანთან” დაკავშირებითაც. აუცილებელია პროექტების, სასწავლო კვლევებისა და სხვა მოსწავლეთათვის  საინტერესო სასწავლო მეთოდის გამოყენება. შესაძლებელია პედაგოგმა განახორციელოს ექსპერიმენტიც, თავად მოიგონოს, დაგეგმოს და შეუსაბამოს ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებს ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დააახლოებს მოსწავლეს ლიტერატურასთან, განუვითარებს სააზროვნო, შემოქმედებით და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს.    

ასეთი დავალებები, სავარაუდოდ, პროდუქტიული იქნება მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეთათვისაც  XIX საუკუნის ლიტერატურის შესწავლის დროს.  ახალი ქართული ლიტერატურა, მართალია, ნაკლებ პრობლემებს უქმნის მოსწავლეებს ენობრივი თვალსაზრისით, თუმცა ჟანრობრივი მრავალფეროვნება, მწერალთა განსხვავებული სტილი და ლიტერატურულ მიმდინარეობათა სიუხვე არ არის მოსწავლეთათვის მარტივი შესასწავლი და გასააზრებელი. გაკვეთილებზე გამოყენებული მეთოდების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს მასალის ათვისებას, პროდუქტიულს გახდის საგაკვეთილო პროცესს, მოსწავლეთათვის საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გახდება. 

ერთი რუსეთი

0
ადრე, სულ ადრე, მე რომ ძალიან პატარა ვიყავი, ცხრასართულიან კორპუსში ვცხოვრობდით, ისეთ კორპუსში, როგორებითაც სავსეა ყოფილი საბჭოთა კავშირის „ინდუსტრიის მშენებელი” ქალაქების გარეუბნები (ჩემი ნება რომ იყოს, აუცილებლად დავანგრევდი ყველა ასეთ კორპუსს, მაგრამ რადგან ჩემი ნება არ არის, ეს წინადადება მხოლოდ მცირე გადახვევად ჩამითვალეთ). იქაური მეზობლებიდან არავინ მახსოვს, ორი ლამაზი, ქერა გოგოს გარდა. უფროსი, ლიალია, თორმეტი წლის იქნებოდა, უმცროსი, ანია – ექვსის. მათი ფანჯრები ჩვენი სამზარეულოს ფანჯრებს უყურებდა და ხშირად, როცა ჩემი უჭმელობით სასოწარკვეთილი დედა რაფაზე მსვამდა გასართობად, მე მათ ვხედავდი – მინაზე ცხვირმიჭყლეტილები მიცინოდნენ და ხელს მიქნევდნენ.

ლიალია და ანია რუსები იყვნენ და ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში წავიდნენ რუსეთში. ზუსტად ვერ ვიხსენებ, ეს აფხაზეთის ომის დაწყებამდე მოხდა თუ შემდეგ, მაგრამ ვიცი, რომ მე მაშინ დავკარგე ერთადერთი შესაძლებლობა, მყოლოდა რუსი მეგობრები. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და იმდენი რამე მოხდა, რომ რუსებთან დამეგობრება აღარ მიცდია. როგორღაც არც სიტუაციამ მოიტანა.

არა, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად, ეროვნების, რელიგიის, კანის ფერის ან სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ირჩევენ მეგობრებს. არც რუსი მწერლების წიგნები გამომიტანია სახლიდან დასაწვავად – დამიჯერეთ, ისე მიყვარს ჩეხოვი, „სამი და” რამდენჯერაც უნდა წავიკითხო, ყოველთვის პატარა ბავშვივით მეტირება, მაგრამ რა ვქნა, რუსებთან მეგობრობა მაინც არ გამომდის. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ეთნიკურ რუსებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

დიდი ხანია, გულწრფელად მიკვირს ადამიანების, რომლებიც დროს უქმად კარგავენ „სხვა რუსეთის” ძებნაში, რუსეთის, რომელიც შეგვიყვარებს და გულში ჩაგვიკრავს, რუსეთის, რომელიც „სულიკოზე” იქვითინებს და პასუხად რომანსებს მოგვიძღვნის, რუსეთის, რომელიც ქართული ღვინით დალევს კეთილი მეზობლობის და ძმობის სადღეგრძელოს, რუსეთის, რომელიც საერთო რწმენის ხათრით შეასრულებს მთავარ მცნებებს და არ დაგვხოცავს, არ წაგვართმევს, არ გადაგვივლის. დიახ, მე მიყვარს ჩეხოვი, მაგრამ, ამასთან ერთად, მწამს, რომ რუსეთი ერთია, ის ჩვენგან ჩრდილოეთით მდებარეობს და არც სადმე წასვლას აპირებს და არც ზნე-ჩვეულების შეცვლას.

რუსეთი, რომელიც ჩემს ცნობიერებაში არსებობს, ბევრად განსხვავდება ქვეყნისგან, სადაც ოცდაჩვიდმეტ მანეთად გადაფრინდებოდი. ჩემთვის რუსეთი ის მძიმე დღეებია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ოთხმოცდაათიან წლებში გამოიარა, ის საზღვარია, რომელიც საქართველოს ათასობით მოქალაქეს შინ დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, ის შიშია, რომელიც ზოგჯერ დღესაც მიპყრობს, როცა ვერტმფრენების ხმა მესმის. რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებ, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე ერთნაირად არ ფიქრობს და საქართველოს მიმართაც ყველა ერთნაირად არ არის განწყობილი, მაგრამ ფაქტია – რუსეთის მოქალაქეების პროტესტი არსად ჩანს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც თანაგვიგრძნობენ, რომლებსაც ვუყვარვართ დიდი, ნამდვილი, საქმით გამოხატული სიყვარულით და არა იმ გრძნობით, რომელიც ბატონის ყმისადმი გულმოწყალე დამოკიდებულებას უფრო ჰგავს. ფაქტია, რომ რუსეთის მოქალაქეები არ ცდილობენ, მდგომარეობა შეცვალონ და ამით, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ.

დაახლოებით ორი კვირაა, ჩემს მაგიდაზე ანა პოლიტკოვსკაიას წიგნი დევს. ცისფერ გარეკანზე კრემლის წითელი კონტურები და წაღმა-უკუღმა წარწერა – „პუტინის რუსეთი” მოჩანს. წიგნი, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ არ გამოცემულა, ქართულად სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა (გამომცემლობა „არტანუჯი”, მთარგმნელი – გვანცა ჯობავა). ეს წიგნი სულისშემძვრელი ამბების კრებულია, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ვერ წაიკითხავ, ვერც გულისტკივილისა და საშინელი უმწეობის შეგრძნების გარეშე გადახვალ გვერდიდან გვერდზე. უფრო მეტიც – შეიძლება, ადამიანთა მოდგმაზეც აიცრუო გული. ეს არის წიგნი იმაზე, როგორ ექცევა რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, დიახ, ხელისუფლება, რომლისგანაც ბევრი ქართველი ჯერ კიდევ ელის დანდობასა და მოწყალებას.

ანა პოლიტკოვსკაია სიტყვის თავისუფლებას და ადამიანების უკეთეს მომავალს შეეწირა მსხვერპლად. მე თუ მკითხავთ, ის, პირველ რიგში, სამშობლოს კეთილდღეობისთვის იბრძოდა, იბრძოდა არა ისე, როგორც კრემლში მიიჩნევენ სწორად, არამედ ისე, როგორც უნდა ებრძოლა ჟურნალისტს და მოქალაქეს. მე კი, რომ შემეძლოს, მის წიგნს ყველას წავაკითხებდი, ყველას, ვინც ჯერ კიდევ ბრმად ეძებს „სხვა რუსეთს”, მაგრამ, საბჭოთა კორპუსების დანგრევისა არ იყოს, არც ეს შემიძლია.

სანამ მე „პუტინის რუსეთს” ვკითხულობ, აგვისტო ახლოვდება. ხუთდღიანი ომიდან ექვსი წელი გადის.
ჩემი მეგობარი, რომელიც მოსკოვში გაიზარდა და დღემდე ჰყვება შემზარავ ისტორიებს რუსების მიერ იქაური ქართველების დევნის შესახებ, ზოგჯერ გულისწყვეტით ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს მისი ოჯახი რუს მეგობრებს და კოლეგებს არ მოუკითხავთ.

მე კი ბოლო დროს ერთი კითხვა მაწუხებს: 2008 წლის ზაფხულში, როცა საქართველოში რუსული ბომბები ცვიოდა, ნეტავ ლიალიას და ანიას ერთხელ მაინც თუ გაახსენდათ პატარა გოგო, რომელიც ოდესღაც მათ მეზობლად ცხოვრობდა უსახური კორპუსის მეცხრე სართულზე?

ვშიშობ, რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერასოდეს გავიგებ.

ბავშვთა ფსიქოლოგიური მზაობა სასკოლო ცხოვრებისთვის

0

სინდი რუბენსონი

სკოლაში სწავლისთვის მზაობა აღმზრდელობითი სისტემის საბოლოო და საერთო შედეგს წარმოადგენს, რომელიც პიროვნების სრულფასოვანი განვითარებისკენაა მიმართული. სკოლისთვის მზაობა გამოიხატება სკოლამდელი ასაკის დასასრულისას, როდესაც ბავშვში, როგორც წესი, ახალი შესაძლებლობებით იჩენს ხოლმე თავს განსხვავებული დამოკიდებულება გარესამყაროსთან. განვითარებაში მნიშვნელოვანი მიღწევები ბავშვს შეიძლება სწორედ სკოლისთვის მზადების ეტაპზე ჰქონდეს, რაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ხანგრძლივი სასწავლო პროცესის დაწყებაზე.

უპირველეს ყოვლისა, სკოლისათვის ბავშვის მზაობა განპირობებულია მისი, როგორც სუბიექტის ფორმირებით, რომელსაც აქვს შემეცნების, შემოქმედებითი აქტივობის, სხვებთან კომუნიკაციის და თამაშის უნარი. სკოლაში სწავლისთვის სრულფასოვანი მზაობა როგორც სკოლამდელ პერიოდში მოსწავლის პიროვნული განვითარების, ისე სკოლაში სწავლის დაწყებისთვის საკმარისი საბაზისო დონის ერთგვარ მანიშნებელს/მაჩვენებელს წარმოადგენს.

ტრადიციულად გამოყოფენ ამგვარი მზაობის სამ ასპექტს: ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური.

ინტელექტუალურ სიმწიფეში მოიაზრება დიფერენცირებული აღქმა, რომელიც გულისხმობს: ყურადღების კონცენტრირებას, ლოგიკური მსჯელობის უნარს, ფონიდან ფიგურის გამოყოფის უნარს, ანალიტიკურ აზროვნებას, სენსომოტორული კოორდინაციის ფლობას და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ინტელექტუალური სიმწიფე, რომელიც ამგვარად გაიგება, მნიშვნელოვანწილად გულისხმობს ტვინის ფუნქციურ სიმწიფესაც.

ემოციურ სიმწიფეზე ძირითადად სრულიად არამიმზიდველი სამუშაოს ხანგრძლივად მოთმინებით შესრულების უნარის მიანიშნებს.

სოციალური სიმწიფე კი უკავშირდება ბავშვის უნარს საკუთარი ქცევები დაუქვემდებაროს გარემოს მოთხოვნებს. ასევე ჰქონდეს მოთხოვნილება თანატოლებთან ურთიერთობისა და სასკოლო სივრცეში მოსწავლის როლის სრულფასოვანი და ადეკვატური შესრულებისა.

სასკოლო ცხოვრებისათვის მზადყოფნა შეიძლება დავახასიათოთ ამგვარად:

1)      პიროვნული მზაობა სკოლაში სწავლისთვის, ანუ სკოლის მოსწავლის შინაგანი პოზიციის ფორმირება.

იმისათვის, რომ ბავშვი წარმატებით სწავლობდეს, ის, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიისწრაფოდეს ახალი (სასკოლო) ცხოვრებისთვის. ამას გარდა, აღნიშნული მისწრაფების წარმოქმნაზე თავის გავლენას ახდენს ასევე უფროსი ასაკის ახლობლების (ოჯახის წევრი, ნათესავი და სხვა) დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, როგორც რაღაც მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმისადმი, ვიდრე როგორც რაღაც საბავშვო თამაშისადმი.

ბავშვისთვის სკოლის მოსწავლის ცხოვრების წესი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე და დიდობისკენ მიმავალი ადეკვატური გზაა. ეს გზა პასუხობს მოტივს, რომელიც მას თამაშის დროს ჩამოუყალიბდა: გახდეს დიდი და შესაბამისად რეალობაში რეალიზდეს.

ბავშვისთვის, რომელიც სკოლაში სიარულს იწყებს, გარდა ზოგადად სასწავლო პროცესისადმი დამოკიდებულებისა, მნიშვნელოვანია ასევე თანატოლებთან, მასწავლებელთან და, რასაკვირველია, საკუთარ თავთან ურთიერთობაც. ამ დროს ბავშვის თვალში უფროსი ავტორიტეტს იძენს და მიბაძვის მაგალითი ხდება. გაკვეთილის დროს, როდესაც არ შეიძლება ნებისმიერ თემაზე საუბარი,  უშუალო ემოციური ურთიერთობები, საკუთარი განცდებისა და შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარება, არამედ შესაძლებელია მხოლოდ შეკითხვების დასმა და ისიც მხოლოდ გარკვეულ თემაზე, ასევე როცა თავად მოსწავლეს უწევს პასუხის გაცემა დასმულ შეკითხვებზე, რომელსაც წინასწარ ხელის აწევა სჭირდება – ურთიერთობა უფრო მოსახერხებელი ხდება. ამრიგად, სკოლაში სწავლისთვის მზადმყოფი ბავშვი თანდათან ეგუება ხდება საკუთარ დანიშნულებასა და ფუნქციებს, როდესაც სკოლაში დადგენილ წესებს იცავს.

2)      ინტელექტუალური მზაობა სკოლაში სწავლისთვის.

სკოლაში სწავლისთვის ინტელექტუალური მზაობა ისეთი პროცესების განვითარებასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ობიექტების შედარების უნარი, მათი განზოგადება და კლასიფიცირება, დასკვნების გაკეთება და არსებითი ნიშნების გამოყოფა. ბავშვის გონებას უნდა შეეძლოს სივრცითი და სახისმეტყველებითი აზროვნება, შემეცნებითი აქტივობა და მეტყველების სათანადო განვითარება. ბავშვის ინტელექტის კვლევისას, უწინარეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ მახასიათებლებს, რომლებიც საკმარისი და აუცილებელია სკოლაში სწავლის დაწყებისთვის.

ბავშვში არსებული სწავლის ბრწყინვალე უნარი ირიბად მოწმობს ასევე მასში არსებულ მოტივაციაზეც, რამდენადაც ახალი ცოდნის მიღება ყოველთვის დაკავშირებულია სურვილთან, გაუმკლავდეს ყველა სირთულეს, რომელიც ამ პროცესთან არის დაკავშირებული.

3)      ნებელობითი მზაობა სკოლაში სწავლისთვის.

სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიზნის მიღწევისას წარმოქმნილი ყველა სირთულის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დგება. ეს ყოველივე კი იმის მიზეზი ხდება, რომ ბავშვი სწავლობს საკუთარი თავის კონტროლს, საკუთარი ქცევის მართვას, ასევე თავის შინაგან თუ გარეგან ქმედებებს, შემეცნებით პროცესებს და სხვა.

ეს ვითარება კი გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ბავშვს უკვე სკოლამდელ ასაკში უყალიბდება სათანადო ნებელობა. რასაკვირველია, ამ ასაკის ბავშვებში ნებელობით ქმედებებს სპეციფიკური ხასიათი აქვს: ისინი თანაარსებობენ არაწინასწარგანზრახულ სურვილებთან და იმპულსურ მოქმედებებთან ერთად, რომლებიც სიტუაციურად წარმოიშვება.

4)      ზნეობრივი მზაობა სკოლაში სწავლისთვის.

სკოლამდელი ასაკის ბავშვში ზნეობრივი ფორმირება მჭიდროდაა დაკავშირებული უფროსებთან ურთიერთობისას ხასიათის ცვლილებასთან და ამ საფუძველზე წარმოქმნილი სხვადასხვა სახის ზნეობრივ წარმოდგენებთან.

ადრეული ასაკიდანვე ბავშვის ქმედებები უპირატესად უფროსებთან თანამშრომლობით ხორციელდება. სკოლამდელ პერიოდში ბავშვს უკვე შეუძლია საკუთარი სურვილების ნაწილის დამოუკიდებლად დაკმაყოფილება. საბოლოო ჯამში კი, თანდათან მისი ინტენსიური თანამშრომლობა უფროსებთან სულ უფრო მცირდება.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, უფროსები მაინც აგრძელებენ მთავარი მიზიდულობის ცენტრის როლის თამაშს, რომლის გარშემოც უნდა მოეწყოს ბავშვის ცხოვრება. ეს კი ბავშვებში უფროსების ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებისა და მათი მაგალითის მიხედვით ცხოვრების წარმართვის მოთხოვნილებას აჩენს.

სკოლამდელი ასაკის დასასრულს ბავშვი ხშირად სიტუაციური არსებიდან შინაგანი ორგანიზებისა და ერთიანობის მქონე არსებად იქცევა ხოლმე, რომელსაც უნარი აქვს იხელმძღვანელოს თავისი მიზანმიმართული ქმედებებით. ეს ყოველივე კი ნებას გვაძლევს ვისაუბროთ სასკოლო ასაკზე, როგორც ახალ საფეხურზე, როდესაც ჩამოყალიბებას იწყებს  ბავშვის პიროვნება.

 

 

ყველაზე უცნაური ხალხი

0
ფეხბურთი გადარეული ხალხის ჭეშმარიტი თავშესაფარია. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნახავთ დაუწყობელ ფანებსა თუ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ კლუბის პრეზიდენტებს. ამ ხალხს მედია გამუდმებით აკრიტიკებს, ვისაც კი არ ეზარება ყველა ჭკუას ასწავლის. მაგრამ ალბათ ყველამ კარგად ვიცით ისიც, რომ ჩვენს სამყაროში ყოველივე წესისა და რიგის მიხედვით არც წავა, ვერც წავა და რომც წავიდეს, ბევრი არაფერი იქნებოდა საინტერესო. 

გადარეულობა რასაკვირველია აპრიორში არ ნიშნავს ძალადობასა და მოძალადეობას. მაგალითად, პოლ გასქოინი მოძალადე იყო და მისი ქცევები პოლიციელების გასარჩევი უფრო ხშირად იყო, ვიდრე სპორტული მიმომხილველებისა, მაგრამ “იმპერატორად” წოდებული  ბრაზილიელი ადრიანოს ლოთი-შფოთობა და ოღრაშობანი გადარევისა და ექსტრაორდინალურობის სულ სხვანაირი პიკია და მე თუ მკითხავთ, სმისმოყვარეობა არამხოლოდ ადრიანოს ბედი და უბედობა იყო, არამედ ყველას გვაფიქრებს, რაოდენ ხანმოკლეა ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა და რაოდენ ადვილია ბურთის მგორებელი კაცის ამქვეყნიური სიამეებით ცდუნება.

ისე, ობიექტურები რომ ვიყოთ, ეს მწვრთნელები დღე და ღამე გადარეული ფეხბურთელებისათვის ჭკუის სწავლებაში კი არიან, მაგრამ მათ ჭაღარა, თმაშემოსილ თუ მელოტ თავებს მზერა რომ გავუსწოროთ, დავინახავთ, რომ გადარეული კოლეგები მწვრთნელებმა პირველ ყოვლისა საკუთარ რიგებში უნდა ეძებონ. თან როგორი გადარეულები… სუპერ შეშლილები! მე მგონი მწვრთნელებს შორის დალაგებული ხალხის ძებნა უფრო ძნელია…

თქვენ თუ კარლო ანჩელოტი, პეპ გვარდიოლა, ფაბიო კაპელო, რობერტო მანჩინი, ფელიქს მაგათი, დიეგო სომეონე, ლუიშ ფელიპე სკოლარი, ანტონიო კონტე, ალექს ფერგიუსონი და სხვანი და სხვანი ბოლომდე ჭკუადამჯდარი ხალხი გგონიათ, ძალიან შემცდარხართ. ნუ, ჟოზე მოურინიოს ამ სიაშიც კი ვერ შევიყვანთ, რადგან მისი ექსტრაორდინალურობა ჩვენს პლანეტას სცდება და მერკურის ეტლამდე ადის.

ერთი ძველი გამოთქმისა არ იყოს – ”სამოთხეში კარგი ამინდია, ჯოჯოხეთში კი კარგი საზოგადოებაო” – აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი იმას, რომ გადარეულობა ფეხბურთის ერთ-ერთი თანმდევი თვისებაა და თუკი ვინმე  ქმნის ნოვაციებსა და სიახლეებს, ეს  სწორედ ის ხალხია, რომელთა ქცევა, საუბარი და საქმიანობა ბოლომდე ან საერთოდ ვერ ჯდება მავანთა მიერ უცნაურად დაწესებულ ჩარჩოებში.

ყოველთვის ასე იყო… აბა რა იქნებოდა, თუნდაც ჩვენი ბავშვობისდროინდელი, ანდა კიდევ უფრო ძველი ბურთის გორება შერეკილი გენიოსების გარეშე? მხოლოდ ლათინოამერიკელი გადარეულების ჩამოთვლა ეუფ – სად წაგვიყვანს… კარლოს ვალდერამა, რენე იგიტა, დიეგო მარადონა, ხოსე ლუის ჩილავერტი, რობერტო კარლოსი, არიელ ორტეგა, კანიჯა – აი, სულ მცირე ჩამონათვალი იმ ოკენისგაღმელი ბიჭებისა და ახლა უკვე მობერებული ბიძებისა, რომლებმაც მწვანე მინდვრებზე ჭეშმარიტი სასწაულები ჩაიდინეს და, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქცევა ხშირად ჩვენს ბრაზსა და გულის შეღონებას იწვევდა (აბა როგორი მოსათმენია მაგალითად რენე იგიტას მასხარაობა, როდესაც კოლუმბიას ქომაგობ?) მაინც ეს ხალხი იყო ყველაზე მთავარი და იმედი მაქვს, რომ ყოველთვის ასე იქნება.

გადარეულები ქართულ ფეხბურთს არც ადრე აკლდა და არც ახლა აკლია. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ქართულ ფეხბურთში მოფუსფუსე მავანნი ყველა უბედურებას ისედაც ჟურნალისტებს აბრალებენ და თუკი საკუთარ თავზე ჩემ მიერ დაწერილ “შერეკილს” ამოიკითხავენ, უმალ ზიზღის კორიანტელს დაატრიალებენ. არადა, ღმერთმა ხომ იცის, რაოდენი სიყვარულია ამ “შერეკილში”… თუ არ გჯერათ, ზინედინ ზიდანს ჰკითხეთ…

შეკითხვა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს

0
შესანიშნავი ამბავი შევიტყვე: შესაძლოა, ზაფხულის მიწურულს ერთ-ერთ მაღალმთიან დასახლებას კიდევ ერთხელ ვეწვიო – იქ სამოქალაქო განათლების სფეროში რამდენიმე სემინარის ჩატარება შემომთავაზეს.

ამ სასიამოვნო წინადადების მიღებისთანავე განსახილველ თემებსა და სემინარების ფორმაზე დავიწყე ფიქრი.

თავდაპირველად ჩემი მოსწავლეობის პერიოდი გამახსენდა. ჩვენს დროს სამოქალაქო გამათლება მეასეხარისხოვან სასკოლო დისციპლინად მიიჩნეოდა. მისი საკითხები ყოველთვის რჩებოდა დირექციისა და პედაგოგების ყურადღების მიღმა. დემოკრატიისა და მოქალაქეობის შესახებ ჩვენთან გასაუბრებას, როგორც წესი, ბოლო, მეშვიდე გაკვეთილზე გეგმავდნენ და ამ ურთულეს მისიას გეოგრაფიის ან ისტორიის მასწავლებელს აკისრებდნენ. ცხადია, დაქანცულ მოსწავლეებს მოსაწყენ, ერთფეროვან და ნაკლებად შინაარსიან მსჯელობაში მონაწილეობა გვიმძიმდა. ვიგონებდით ათასგვარ ოინს, რომ როგორმე ნაადრევად მიგვეტოვებინა ჩვენს ცხრილში მოვალეობის მოხდის მიზნით დამატებული გაკვეთილი. იყო გამონაკლისებიც: თუ ისტორიის (ან გეოგრაფიის) მასწავლებელი ვერ ასწრებდა თავისი საგნის პროგრამის სათანადოდ განხილვას, ჩვენ ეფექტურად ვიყენებდით უსარგებლოდ მიჩნეული სამოქალაქო განათლებისთვის გამოყოფილ დროს. ხანდახან კი ზოგიერთი მოსწავლის შეჩერებას რომელიმე ახალგაზრდა, მომხიბვლელი, დროებით მოწვეული პედაგოგი ახერხებდა.

გადავხედე სამოქალაქო განათლების სწავლებისთვის შექმნილ სასკოლო სახელმძღვანელოებსაც. ტენდენცია, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩენილა. ჩემს წიგნშიც იყო შაბლონური ამოცანები და სადისკუსიო მასალები ევთანაზიის მორალური კრიტერიუმებით შეფასების შესახებ, ნაწყვეტები მაქს ვებერის მიერ ჩამოყალიბებული ქარიზმული ლიდერის კონცეფციიდან, მოსაზრებები სკოლის განვითარების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობებსა თუ სქეებზე და ა. შ. ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ასეთი წიგნებით მუშაობა არაეფექტურია ან სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მათი სათანადოდ გამოყენება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემს სემინარებზე სხვა თემებზე, სხვა პერსპექტივიდან ვისაუბრო. უპირველეს ყოვლისა, აქცენტს დავსვამ ახალი ეპოქის ქართველ განმანათლებლებზე. ჩვენს სკოლებში ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე აქტივისტებს, მათ მიერ განვლილ, ფათერაკებითა და საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე გზას. ისინი თავისუფალი არჩევნებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოპოვებისა და განმტკიცებისთვის, საყოველთაო განათლების უფლებისთვის, შეკრებისა და მანიფესტაციების, სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლების შეზღუდვის გაუქმებისთვის იბრძოდნენ. მიზნების მისაღწევად ისინი მოქმედებდნენ არაერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდის გამოყენებით – პეტიციების გავრცელებით, თეატრალური პერფომანსებით, საყოველთაო გაფიცვებით, საჯარო დისკუსიებით…

განმანათლებლებზე საუბარი ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და მიზნის მიღწევის სამართლებრივი მეთოდების წარმოჩენაში დაგვეხმარება.

აუცილებლად დავუთმობ დროს ჩვენს ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა დიასპორასა და მათ გამორჩეულ წარმომადგენლებზე მსჯელობას. შევეცდები მოვძებნო პრეცედენტები ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრირებული (და არა ასიმილირებული) მოქალაქეების შესახებ, რომელთაც წარმატების მოსაპოვებლად საკუთარი იდენტობის მიჩქმალვა არ დასჭირვებიათ. ამგვარად შევეცდები განსხვავებული ეროვნების ადამიანთა მიმართ სოლიდარობის, თანადგომის განცდის გაღვივებას.

ერთი სემინარი მიეძღვნება ქალთა საკითხს, მათ ბრძოლას ემანსიპაციისთვის, მიღწეულ შედეგებსა და ამჟამად არსებულ მდგომარეობას. პრობლემის შესახებ სადისკუსიო მასალების წარმოდგენით მიზნად დავისახავ მოსწავლეთათვის ძალადობის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პოზიციის დასაბუთებას. შევეცდები ქალთა წარმომადგენლობის სტიმულირების, წახალისების შესახებ ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებათა წარმოდგენას.

შეუძლებელად მიმაჩნია, უყურადღებოდ დავტოვო ეკოლოგიური პასუხისმგებლობის საკითხი. ევროპის ნებისმიერი სკოლის სამოქალაქო განათლების პროგრამა წარმოუდგენელია გარემოსდაცვითი პრობლემატიკის გაშუქების გარეშე. განვითარებული საზოგადოების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რესურსების გამოყენება სასარგებლო უნდა იყოს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი თაობებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური მოგებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების ურთიერთმიმართება მრავალი შინაარსიანი დისკუსიის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

უკანასკნელ შეხვედრებზე კი აქცენტს დავსვამ სოციალურ მოძრაობებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია არაერთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი, მუშათა თუ სამოქალაქო კამპანიის მაგალითის საფუძვლიანად გარჩევა. თითქმის ყველა მსხვილმასშტაბიანი სოციალური მოძრაობა უსამართლო, არადემოკრატიულ და რეპრესიულ პოლიტიკურ სისტემას უპირისპირდებოდა და უკეთესი საზოგადოებრივი ურთიერთობებისა თუ საარსებო გარემოს ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. ოტო ველსისა და ფერდინანდ ლასალის, მარტინ ლუთერ კინგისა და უილიამ ლოიდ გერისონის, ლეხ ვალენსასა და ვაცლავ ჰაველის საქმიანობის განხილვა აუცილებლად გამიხსნის ხელ-ფეხს ავტორიტარული რეჟიმების დახასიათებისა და დემოკრატიის ძირითადი თეორიებისა თუ პროცედურების წარმოჩენისთვის.

ჩვენს გაზეთს უამრავი პედაგოგი კითხულობს. ეჭვი არ მეპარება, მათ შორის სამოქალაქო განათლების ბევრი კვალიფიციური მასწავლებელია. მათთან ერთი პატარა კითხვა მაქვს: იქნება კი ეს საკითხები მოსწავლეთათვის საინტერესო და, იმავდროულად, სამოქალაქო განათლების საგნის კონცეფციისთვის შესაფერისი?

ვაქციოთ სწავლა სახალისო პროცესად

0
თამაში რთული სოციოკულტურული ფენომენია, რომელსაც არაერთი ფილოსოფიურ-კულტუროლოგიური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური გამოკლევა მიეძღვნა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეთმობა თამაშების გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის. ა. მაკარენკო წერდა: „ბავშვს აქვს თამაშის ინტერესი და ეს ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს. მას არა მარტო უნდა მივცეთ  დრო თამაშისათვის, არამედ უნდა დავტვირთოთ თამაშით მთელი მისი ცხოვრება…” 

კიდევ უფრო ზუსტად ხსნის ბავშვის ინტერესს თამაშისადმი კ. უშინსკი: „ბავშვისათვის თამაში – რეალობაა, უფრო საინტერესო რეალობა, ვიდრე ის, რომელიც მას გარს აკრავს. საინტერესოა ის ბავშვისათვის სწორედ იმიტომ, რომ გასაგებია, გასაგები კი იმიტომაა, რომ ხშირად მის მიერვეა შექმნილი. თამაშში ბავშვი ცხოვრობს, ეს ცხოვრება მასში გაცილებით უფრო ღრმა კვალს ტოვებს, ვიდრე რეალური ყოფა. რეალურ ცხოვრებაში ბავშვი მხოლოდ ბავშვია, რომელსაც არა აქვს არავითარი დამოუკიდებლობა.., თამაშში კი ბავშვი ზრდასრული ადამიანია, რომელიც ცდის საკუთარ ძალებს და დამოუკიდებლად განკარგავს საკუთარ შექმნილ რეალობას.”

თამაში ორგვარია: ერთი, რომელსაც რეალობისაგან ჩვენი მოწყვეტა შეუძლია, მეორე, რომელიც მასთან ადაპტაციაში გვეხმარება. სასწავლო თამაშები სწორედ მეორე სახეს განეკუთვნება: სათამაშო მოდელებით მოსწავლე გარემომცველ სამყაროსთან ადაპტაციას ახერხებს. 

გამოყოფენ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს თამაშის მიმართ ინტერესის აღძვრას:

·თამაშში პარტნიორთან ურთიერთობით მიღებული კმაყოფილება.
·პარტნიორთან საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებით გამოწვეული კმაყოფილება.
·ერთგვარი აზარტი, რომელიც თან ახლავს გაუთვალისწინებელ სათამაშო სიტუაციებსა და  თამაშში შექმნილი სირთულეების დაძლევას.
·რთულ და ხშირად გაუთვალისწინებელ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
·მიღებული გადაწყვეტილებების მყისიერი შედეგები. ამ შედეგების დანახვა, უშუალოდ თამაშის პროცესშია შესაძლებელი. ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ თამაშის შედეგები დამოკიდებულია სხვა მოთამაშეების გაუთვალისწინებელ მოქმედებებსა თუ შესაძლებლობებზე.
·წარმატებით (მოგებით) მიღებული კმაყოფილება.
·თუ თამაში როლურია – გარდასახვის სიამოვნება.

დიმიტრი უზნაძის თეორიის მიხედვით, ეს არის ინტროგენური (შინაგანი წარმოშობის) ქცევა, რომელსაც საფუძვლად ფუნქციური მოთხოვნილებები უდევს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ თამაშები აკმაყოფილებს ადამიანის შინაგან მოთხოვნილებას, მუდმივად მიიღოს ინფორმაცია გარე სამყაროდან და აძლევს საშუალებას თავი დააღწიოს ყოველდღიური ცხოვრების მონოტონურობას.

სხვადასხვა სახის თამაშები, თავსატეხები, გამოცანები საუკუნეებს ითვლის,  რაც ამგვარი საქმიანობების მიმართ ადამიანების გაუნელებელ ინტერესს ადასტურებს. აინშტაინი წერდა: „როგორც წესი, ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენი მსგავსებაა ამ გასართობ თამაშებს, თავსატეხებსა და იმ დიდ თამაშს შორის, რომელსაც    ბუნებასთან თამაში ჰქვია მისი კანონზომიერებების შესაცნობად”.

თამაშის დროს ბავშვები, უპირველეს ყოვლისა, ითავისებენ მის შინაარსს, სიუჟეტს, რაც უზრუნველყოფს სიუჟეტის, როგორც კულტურის გარკვეული ელემენტის/ელემენტების  ტრანსლაციას. მოგვიანებით ინდივიდის განვითარების პროცესში შინაარსით ივსება სოციალური ურთიერთობების ფორმაც. ასე რომ, თამაშს შემეცნებითთან ერთად სოციო-კულტურული დანიშნულებაც აქვს. 

პედაგოგიურ ლიტერატურაში თამაშის არაერთი სახეობაა აღწერილი. ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმე, ჩვენი აზრით, საინტერესო ვერსიას. 

გამოცანა-ვიქტორინა

ხშირად მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ რჩევებს არდადეგებზე წასაკითხი წიგნების შესახებ. იმის დასადგენად, თუ რას და როგორ კითხულობენ დამოუკიდებლად მოსწავლეები, ვიყენებთ წაკითხულის განხილვისათვის განკუთვნილ ბარათებს. 

  მოსწავლეთა მიერ შევსებული ბარათები მასწავლებლისათვის ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს; კერძოდ, რა დროს ანდომებს მოსწავლე დამოუკიდებელ კითხვას, როგორ არჩევანს აკეთებს (რას კითხულობს), რას აქცევს ყურადღებას კითხვის პროცესში, როგორ იგებს წაკითხულს, რა კომენტარებს აკეთებს. 
  ბარათების ნიმუშები იხ. ქვემოთ.

ბარათები წაკითხულის განხილვისათვის

   
ბარათებს მასწავლებელი რეკომენდირებულ ლიტერატურასთან ერთად აძლევს მოსწავლეებს. მაგრამ პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ასეთი საქმიანობა მაინც დავალების სახეს იღებს და ყველა მოსწავლე მას არც თუ დიდი ხალისით ასრულებს. ამიტომ იმისათვის, რომ წაკითხულის შესახებ ინფორმაციის მიღება სახალისო გავხადოთ, შედეგიანია გამოცანა-ვიქტორინის ჩატარება. მასწავლებელი მინიშნებებით საუბრობს წასაკითხად რეკომენდებული ნაწარმოებების შესახებ ან ჩამოწერს დაფაზე ნაწარმოების საკვანძო სიტყვებსა თუ ფრაზებს, მოსწავლეებმა კი უნდა გამოიცნონ, რომელ ნაწარმოებს გულისხმობს იგი. მაგალითად, ამ ნაწარმოების გმირს ერთი ცხოველი მოშინაურებას სთხოვს და ამ თხოვნას ასე ასაბუთებს: „ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა, მაგრამ შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება…” (სენტ-ეკზიუპერი, „პატარა უფლისწული). საყრდენი სიტყვების გამოყენების მაგალითსაც შემოგთავაზებთ: თითისტარი, ხანგრძლივი ძილი, კოცნა („მძინარე მზეთუნახავი”). როცა ნაწარმოები შედარებით ვრცელია და მასში ბევრი პერსონაჟია, მსგავსი მინიშნებებისათვის შეიძლება პერსონაჟების აღწერითი ელემენტებიც გამოვიყენოთ, მაგალითად, მას აქვს ცისფერი თმები, დიდი და სევდიანი თვალები, საკმაოდ მკაცრია და ზედმიწევნით მოწესრიგებული (მალვინა ლ ტოლსტოის „ოქროს გასაღებიდან”).  პირველ ჯერზე თამაშს მასწავლებელი წარმართავს, შემდეგ კი ასეთი მინიშნებების მოფიქრება თავად მოსწავლეებმა უნდა შეძლონ და ერთმანეთი გამოსცადონ. გარდა იმისა, რომ ასეთი თამაში კითხვის მიმართ ინტერესის არძვრას უწყობს ხელს, მოსწავლეებს აჩვევს მნიშვნელოვან დეტალებზე დაკვირვებას, საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების მოძებნას ტექსტში, აღწერის ელემენტების მიზანმიმართულად გამოყენებას.

გადაყრილი ნივთების/საგნების კალათა 

ეს თამაში ერთდროულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის. მასწავლებელს შემოაქვს კლასში კალათა, რომელშიც გადასაყრელად გამზადებული ნივთები/საგნები ყრია. ის გადმოყრის მათ მაგიდაზე და სთხოვს მოსწავლეებს მოიფიქრონ, შეიძლება თუ არა და როგორ მათი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება. გამარჯვებულია ის ჯგუფი, რომელიც საგნის გამოყენების ყველაზე მეტ და ორიგინალურ ვარიანტს წარმოადგენს. მსგავს თამაშში შეიძლება გავაძლიეროთ შემეცნებითი კომპონენტი. მაგალითად, მასწავლებელი კალათიდან იღებს უცხოეთიდან შემოტანილ დიდი ზომის მოკბეჩილ ვაშლს, უსახელებს ქვეყანას, რომლიდანაც არის ის შემოტანილი და სთხოვს, მოძებნონ რუკაზე ეს ქვეყანა, დაითვალონ, რა მანძილითაა ის დაშორებული საქართველოდან, რა ტიპის ტრანსპორტით შეიძლებოდა მისი შემოტანა, რა რაოდენობით უნდა შემოეტანათ და რა ფასად გაეყიდათ, მოგება რომ ენახათ და ა.შ. მოსწავლეები აკეთებენ მიახლოებით გათვლებს. მასწავლებელს დამატებითი შეკითხვებით შეუძლია მიიყვანოს მოსწავლეები ადგილობრივი პროდუქციის წარმოების, შეძენისა და გამოყენების უპირატესობის გააზრებამდე.  
     
„ფორტ-ბოიარდის” ციხე-სიმაგრე

ეს თამაში ყველასატვის კარგად არის ცნობილი ტელევიზორის ეკრანებიდან. პრინციპი იგივეა. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ერთ კონკრეტულ საგანში, კონკრეტულ თემაზე, ისე საგანთა ინტეგრირებით. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და გადაადგილდებიან სკოლის მითითებულ ადგილებში. იქ მათ ხვდებათ დავალებათა პაკეტი. ყოველი დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის ჯგუფი იღებს ერთ „გასაღებს”. საბოლოოდ, როცა ყველა „გასაღები” მოპოვებულია, მათი გონივრული კომბინაციით  უნდა გაიხსნას „კარი”, რომელშიც  სასურველი „განძია”.  

აღარ ჩამოვთვლი იმ უნარებს, რომლებსაც ეს თამაში ავითარებს. მთავარი ის არის, რომ მისი და, ზოგადად, თამაშის საშუალებით ვლინდება და ვითარდება ის შესაძლებლობები, რომლებიც შემდგომში სერიოზული საქმიანობების საფუძველი ხდება. ასე რომ, ვაქციოთ სწავლის პროცესი ერთდროულად სახალისოდ და სასრგებლოდ.

ტექსტურ ინფორმაციასთან მუშაობის თავისებურებები ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე – II ნაწილი

0

ტექსტთან  მუშაობის ზოგიერთი მეთოდი და მეთოდოლოგია

ტექსტთან მუშაობა მასწავლებლისთვის სიტუაციის მოდელირებისმიზანმიმართულ მუშაობას
წარმოადგენს
, რომელიც უბიძგებს
მოსწავლეებს ცოდნის დამოუკიდებელი ძიების
და
შეძენისკენ. ბუნებრივია, მიზნის მი
საღწევად მასწავლებელს შესაფერისი მეთოდიკაც ჭირდება. 

ტექსტთან მუშაობის მეთოდები(სქემა 1):

მოცემული სქემა მოსწავლესგანსაკუთრებულ  პირობებს უქმნის, საშუალებას აძლევს  მას  როგორც მასწავლებლის დახმარებით, ასევე დამოუკიდებლადაც   წარმართოს სასწავლო პროცესი.

განვიხილოთ  ერთ-ერთი მეთოდი  მოცემული  სქემიდან,  მაგალითად  „ტექსტური ინფორმაციის  შესწავლის  საშუალებები”.  მასში  იგულისხმება შემდეგი  მეთოდური  მიდგომები:


Ø 

ინფორმაციის გარკვეული რიგითობა;


Ø 

ტექსტის ვიზუალური მასალის შეთანხმება;


Ø 

თემების მიხედვით სხვადასხვა ტექსტისა და ფრაგმენტების
გაერთიანება;


Ø 

ინფორმაციის დაყოფა ბლოკებად;


Ø 

საინფორმაციო ფურცლების (პოსტერების)  შედგენა.

თვალსაჩინოებისათვის
განვიხილოთ  თემა: „ფინიკია – საზღვაო ცივ
ლიზაცია” 

ა) გაკვეთილის   დასაწყისში  მოსწავლეებს  აძლევენ  გაკვეთილის
ტექსტს და  ასევე
ფინიკიელთა გამოგონებების ჩამონათვალს: ზღვის მოლუსკებიდან საღებავების დამზადება,
ქსოვილების შეღებვა, ანბანის გამოგონება, ტარანის დამაგრება
გემის ცხვირზე და სხვ
.

მასწავლებელი სვამს შეკითხვას: „როგორ ფიქრობთ,  რას ეფუძნებოდა ფინიკიელთა ასეთი გამოგონებები და
აღმოჩენები?”

მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებებს,
რის შედეგადაც
მიდიან თეზასთან, რომ ფინიკიელთა აღმოჩენები და გამოგონებები მათ ძირითად საქმიანობასთან
იყო დაკავშირებული.

ბ) მასწავლებელი მოსწავლეებსფინიკიელთა ძირითადი
საქმიანობების
ჩამონათვალს უსახელებს:


Ø 

საზღვაო ვაჭრობა;


Ø 

ახალი  საზღვაო გზების  აღმოჩენა;


Ø 

მეკობრეობა;


Ø 

გემთმშენებლობა, ხელოსნობა;


Ø 

ვაჭრობაში შუამავლობა.

მასწავლებელი აყალიბებს
შეკითხვას:
„რას შეიძლებოდა
მოეხდინა გავლენა ფინიკიელთა ამგვარი მოღვაწეობის ხასიათზე?” პასუხების განხილვისას
მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს მოსახლეობის საქმიანობისა და ბუნებრივი  პირობების  ურთიერთქმედებაზე.

გ)  შემდეგ  მასწავლებელი
მოსწავლეებს
მორიგ დავალებას აძლევს: „გამოიყენეთ
თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და იმსჯელეთ ფინიკიელთა გეოგრაფიული თავისებურებების
შესახებ”. პასუხების მოსმენის შემდეგ განიხილავენ რუკას, რაც
წარმოადგენსმოსწავლეთა პასუხებისა და  ცოდნის განმტკიცების საშუალება.

დ)  მეცადინეობის შემდეგ
ეტაპზე მასწ
ვლებელი
სვამს ასეთ საკითხს:
„ცივილიზაციის
რომელ ტიპს მიეკუთვნება ფინიკია?”

მოსწავლეები   განსაზღვრავენ  ცივილიზაციის  ახალ   ტიპს,  გამოყოფენ
კავშირებს
   გეოგრაფიულ მდებარეობასა და  ცივილზაციის ტიპებს შორის. ბოლოს მოსწავლეები ასრულებენ დავალებას –
„ჩამოთვალეთ საზღვაო ც
ვილიზაციის ნიშნები ისტორიული რუკის გამოყენებით”.

დავალების შესრულებისას ხდება ტექსტისა და ილუსტრაციის
გაერთიანება და გარკვეული  თანმიმდევრობით  ინფორმაციის დალაგება
:


·        

პირველი ეხმარება მოსწავლეს, რომ მან შეუსაბამოს ტექსტი გამოსახულებას,
რაც საშუალებას იძლევა ფინიკიელებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად;  


·        

მეორე – მოხდება თემის შესწავლა გარკვეული რიგის მიხედვით,
ტრადიციულად მიღებული წესის (გეოგრაფიული მდებარეობა – მოსახლეობა – ძირითადი საქმიანობა
–  მიღწევები, გამოგონებები) საწინაღმდეგოდ.  მოსწავლე დამოუკიდებლად მოიპოვებს ახალ ცოდნას
და გაკვეთილზეც აქტიურად და საინტერესოდ იმუშავებს.

ინფორმაციის მოძიებით და სხვადასხვა ტექსტებისა და ფრაგმენტების
გაერთიანებით, ანუ  ინფორმაციის ტრანსფორმაციით,
მოსწავლეები მაღალი ხარისხის ცოდნას იღებენ.

არსებობს   ინფორმაციის გადაცემის ისეთი  საშუალება როგორიცაა  მასწავლებლის  მიერ  საინფორმაციო
ფურცლის
(პოსტერის) შედგენა:

საინფორმაციო ფურცელი (პოსტერი)

იგი  შედგება
ტექსტისაგან, რომელშიც აღწერილია რომელიმე აქტუალური ისტორიული მოვლენა, თავისი მნიშვნელობით
დღესაც საინტერესო. ორგანიზაციის
მხრივ პოსტერის შედგენა მოითხოვს გაკვეთილზე
მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას. ამოცანა,  რომელიც  ამ შემთხვევაში  უნდა  გადაწყდეს,  მდგომარეობს არა  იმდენად მოსწავლეთა ცოდნის
ათვისების დონისა  და  უნარების გარკვევაში, არამედ   სოციალური
და პირადი  პრობლემების გადაჭრისთვის მზადყოფნა
სა და მოსწავლეთა ინდივიდუალური  შესაძლებლობების  განსაზღვრაში.

 „საფრანგეთის  დიდი რევლუციის” თემაზე განვიხილოთ  საინფორმაციო  ფურცლის  შედგენის  მაგალითი  :

ამ შემთხვევაში ის შედგება სამი ტექსტისაგან და თითოეული
მათგანის დავალებებისაგან:

I ტექსტში საუბარია რობესპიერის
დახასიათებაზე, რომელ
საწოდებდნენ სამართლიანს, მოუსყიდავს, დიდს, ტირანს. რობესპიერის მოღვაწეობის შეფასება მოსწავლეებს საშუალებას
მისცემს ისაუბრონ ურთულეს სიტუაციებში პიროვნების მიერ  პიროვნული ღირსებების  შენარჩუნების პრობლემაზე. 

II ტექსტის ანალიზი  (დირექტორიის მიერ მიღებული 1795 წლის კონსტიტუციის
პუნქტები) მოსწავლეებს გააცნობს ზოგადად ხელისუფლებისათვის (ძალაუფლებისათვის) დამახ
სიათებელი პრობლემების ხასიათს და მისი გადაწყვეტის
შესაძლო გზებს.

III ტექსტი – ესაა ავტორის მოსაზრებები, შეხედულებები საფრანგეთის
რევოლუციაზე.

დავალების  შესრულებისას  მოსწავლეები გადაწყვეტენ პრობლემას – რა მნიშვნელობა აქვს  საზოგადოებისათვის  რევოლუციას,  რამდენად  კანონზომიერია მსგავსი დამოკიდებულება საკითხის მიმართ.

ზოგადად მსგავსი ტიპის სამუშაო, ანუ
საინფორმაციო ფურცელთან  (პოსტერთან) კონკრეტული
თემის (ადამიანი-საზოგადოება) დაკავშირება ძალ
იან ეფექტურია
თანამედროვეობის ბევრი პრობლემის გამოკვეთისთვის და მისი გადაწყვეტის ერთობლივი გზების
ძიებისთვის.

მაგრამ არც ამით ამოიწურება ტესტის „ექსპლუატაცია”.
მუშაობის შემდგომი პროცესი აუცილებლად მოითხოვს გარკვეული მეთოდური სამუშაოს – სა
წავლო ხასიათის ტექსტის შედგენასაც:

საწავლო
ხასიათის ტექსტის შედგენა

ამ ტიპის ტექსტებს თავისი სპეციფიკა აქვთ. გაკვეთილისთვის
წინასწარ შეირჩევა ისეთი თემა, რომელიც
მოსწავლეს მასალის ათვისებაშიდაეხმარება. საამისოდ
სახელმძღვანელოს ახლავს კიდეც სპეციალური განყოფილება – ქრესტომათია ან  დოკუმენტების კრებული. ისინი საკმაოდ მოსახერხებელია
სასწავლო პროცესში, რადგან მოსწავლისთვის ხელმისაწვდომ
დამხმარე მასალა. მაგრამ თუ მასწავლებელს  სურს სხვა ტექსტის მიწოდება, მაშინ წინასწარ უნდა
მოიფიქროს მისი სტრუქტურაც და შინაარსიც: ერთი მხრივ
, ის  უნდა იყოს რთული, პრობლემური და შეძლებისდაგვარად
არაადაპტირებული, მეორე მხრივ კი – საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის.

სასწავლო   ტექსტები,  მათი  შინაარსის  და  გამოყენების  მიუხედავად,  შეიძლება  რამდენიმე ნაწილად გავყოთ:


Ø 

ტექსტები, რომლებშიც დარღვეულია ინფორმაციის რიგითობა;


Ø 

ტექსტები  რომლებიც
შეიცავენ ფაქტობრივ (ან ლოგიკურ) შეცდომებს;


Ø 

ტექსტები  ზედმეტი
ან არასაკმარისი ინფორმაციით;


Ø 

ტექსტები  რომელიც
მოითხოვენ დავალების, პრობლემის განსაზღვრას;


Ø 

ტექსტები, რომლებიც
შეიცავენ ურთიერთდაპირისპირებულ ან სხვადასხვა
ვარიანტულ ინფორმაციას.

შედარებით მარტივია პირველი და მეორე ნაწილი, ამიტომ
მათ, როგორც  წესი,  განვლილი მასალის გამტკიცებისათვის და გამეორებისათვის
იყენებენ. მოსწავლეებისთვის შედარებით რთულ ტექსტებს წარმოადგენ
ტექსტები
ლოგიკური შეცდომებით ან ნაკლული, ამოგლეჯილი ინფორმაციით,   რამდენადაც  ისინი მოსწავლეებისაგან შეცვლილ სიტუაციაში
დამოუკიდებლად მოქმედებას,  დამოუკიდებელ ორიენტაციდა პრობლემის გადაჭრას მოითხოვ. ასეთი  ტექსტები  ხელ უწყობენ სიტუაციის ანალიზის, ცოდნის კომპლექსურ გამოყენების, გამოცდილებისა და  უნარების გამოვლენის განვითარებას.

დამხმარე სასწავლო ტექსტების დახმარებით მუშაობა ხელ უწყობს არამარტო
მოსწავლის განვითარება, არამედ ტექსტზე მუშაობის ანალიტ
იკური
უნარების ფორმირებ
ასაც. 

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი – ინფორმაციის გარდასახვის ფორმები.  რამდენადაც მეთოდური საშუალებები პედაგოგებს ტექსტთან მუშაობის ეფექტურად წარმართვაში ეხმარება, იმდენად  განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ჭირდებათ მოსწავლეებს ინფორმაციის ტრანსფორმაციისას.პირობითად ინფორმაციის გარდასახვის ფორმები  შეგვიძლია
შემდეგნაირად  დავყოთ:


Ø 

სქემატური ტექსტები (მაგალითად, სქემა, ცხრილი, გრაფიკი);


Ø 

ტექსტი/ექსტრაქტები (მაგალითად – ცნობა, გეგმა, სინქვეინი,
დოსიე);


Ø 

სხვადასხვა ჟანრის ტექსტები (მაგალითად – მოთხრობა,
წერილი, შეტყობინება).

სხვადახვა  ფორმის  ტექსტების  შედგენისთვის   მასწავლებელმა მოსწავლეს  უნდა გააცნოს  ტექსტის  სტრუქტურა,  შესთავაზოს  მათი მოდელი, მაგალითი. ამის შემდეგ მოსწავლეს  უნდა მიეცეს საშულება პრაქტიკულად გამოიყენოს თეორიული  ცოდნა  და
იმუშაოს  შეცდომების,  ხარვეზების კორექციაზე. მომავალში  მოსწავლე
დამოუკიდებლად  შეძლებ  სხვადასხვა   ტექსტებზე მსგავსი  ტიპის  სამუშაოს  შესრულება,  ტექსტების   გარდაქმნა-გადასხვაფერება,  გამოკვლევა და ა.შ.

განვიხილოთ   სინქვეინის და დოსიეს მაგალითი  (სქემა 2 და
3)
.

პირველი წარმოადგნს
ინფორმაციის გარდაქმნის
, ტრანსფორმაციის პოპულარულ  ფორმას. სინქვეინი საშუალებას იძლევა დიდი მასალის  მოკლედ გადმოსაცემად. ამისთვის მოსწავლეს ჭირდება
ტექსტში  ძირითადი მომენტების გამოყოფა,  მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება, საკუთარი
მოსაზრებების გამოთქმა და შედეგების გამოკვეთა.

თემა – „ბერძნული პოლისები”:

დოსიეს  უპირატესობაა  დიდი მოცულობის ინფორმაციის ფიქსაცია,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია  სწავლის  ზედა  საფეხურზე თემის.  

დოსიეს სწორად შედგენისთვის
უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:


v      

თემის,
პრობლემის, საკითხის  შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა
სახის გამოყენება;


v 

შედარებით ოპტიმალური ფორმების მოძებნა ინფორმაციის
უკეთ აღქმისთვის;


v 

ინფორმაციის საკმარისობა თემის, საკითხის, პრობლემის
გადაჭრისთვის;


v 

ინფორმაციის ლოგიკურობა;


v 

ცალკეული ფრაგმენტების ერთიან ინფორმაციად შეერთების
შესაძლებლობა.


თემა – „ბერძნული პოლისები”:

მასწავლებლის ახსნის
შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად გარდაქმნა, მათი გადმოცემა
სქემების, გრაფიკების, ცხრილების, გეგმების
მეშვეობით.

ყოველივე ამით მასწავლებელი ქმნის პირობას მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი
კომპეტენტურობისთვის, სთავ
ზობს მათ პიროვნულ და
სოციალურ
პრობლემატიკის გადაჭრაზე ორიენტირებულ ამოცანებს. სწორედ
ამისთვის
ჭირდებათ
მოსწავლეებს ინფორმაციის  გადამუშავების ხერხების
ცოდნა და მასწავლებელიც  მათ  ამ  მეთოდებით
„ამარაგებს” მას.


ტექსტთან ყურადღებით მუშაობა მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს
ინფორმაციული სივრცის მუდმივი  გაფართოებისათვის,
ხოლო ინფორმაციის გარდაქმნის ოპტიმალური გზების მოძიება დადებითად მოქმედებს მოსწავლის
შედეგებზე და აფართოებს მათ შესაძლებლობებს. 



იისფერი ათწლეული

0
ნისლიანი დღეა. რა იცის მაინც ლონდონში ამ ამინდმა, მზეს დაგანატრებს.  იმ ვიწრო ქუჩას თუ გაუყვებით და მერე მარცხნივ გაუხვევთ, პირდაპირ მოაჯირიან ხვეულ კიბეს მიადგებით. კიბის თავზე ლამაზად გამოყვანილი ნომერი – 23 წერია. მოიცა, ვინ არის ეს  ახალგაზრდა კაცი, გახვითქული მორბის და კისრისტეხით არბის კიბეზე. არა, ასე უკანიდან ვერ ვცნობ, ცოტა თუ არ მივყევი და კარგად არ დავინახე, ისე მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ. 

უჰ, უილიამ პერკინი ყოფილა, ჯერ სრულიად ახალგაზრდა  ღარიბი ქიმიკოსია. ეჭვადაც კი არ აქვს, რომ სულ მალე ზღაპრული სიმდიდრის პატრონი გახდება. ეს მერე იქნება, ჯერ კი მხოლოდ ავგუსტ ჰოფმანის თანაშემწეა და სწორედ მის ლაბორატორიაში მირბის ასე თავგამეტებით. იცის, ჰოფმანს დაგვიანება არ უყვარს. არც მე მიყვარს დაგვიანება. ლაბორატორიაში  ასაკოვანი კაცი ბოლთას სცემს და თავისსავე თავს ესაუბრება. არც კი აინტერესებს, ვინმე შევიდა თუ არა. პერკინიც იქვე კუთხეში ჯდება და უსმენს.  ჰოფმანი ასე  თავის თავს ესაუბრება, ხმამაღლა მსჯელობს. პერკინს მისი მოსმენა უყვარს. იმ დღეს  ჰოფმანის საწუხარი ლაბორატორიაში ქინინის სინთეზი ყოფილა. ქინინს მცენარიდან გამოყოფდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მწარე ნივთიერებაა. ანტიმალარიული პრეპარატის ქინაქინას აქტიური კომპონენტია. ჰოდა, როგორც მალარიის წამალი, ევროპაში შემოჰქონდათ. ჰოფმანს კიდევ მისი ხელოვნური გზით მიღება და ამით წამლის გაიაფება სურდა. ჰოდა, დადიოდა წინ და უკან ლაბორატორიაში და სინთეზის გეგმას სახავდა. 

სახლში დაბრუნებული პერკინი მაშინვე თავის პატარა ლაბორატორიაში ჩაიკეტა. დიდი ხანია ანილინთან მუშაობდა. ზეთისებრი, სპეციფიკური სუნის მქონე, წყალში მცირედ ხსნადი მომწამლავი სითხეა. ჰაერზე სწრაფად იჟანგება და იისფერში გადასულ მოწითალო შეფერილობას იღებს. სახელი „ანილინი” ინდიგოს შემცველი ერთ-ერთი მცენარისგან მიიღო.  ჰოდა, ანილინი კალიუმის ბიქრომატით დაამუშავა და შედეგით იმედგაცრუებულმა ის-ის იყო მისი გადაგდება დააპირა, რომ  დაინახა, როგორ მიიღო მასამ წითელი ფერი. სპირტი დაამატა და სარეაქციო არიდან მოწითალო-მოიისფრო შეფერილობის ნივთიერება გამოიყო. ეს ის საღებავი აღმოჩნდა, რომლის წყალობითაც პერკინი გამდიდრდა. ააშენა ქარხანა და „ანილინის მეწამულის” გამოშვება დაიწყო.  საღებავი ფრანგ მღებავებს ძალიან მოეწონათ, მას ”იისფერი” უწოდეს და იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ამ პერიოდს ქიმიის ისტორიაში ”იისფერი ათწლეული”  ეწოდა. 35 წლის ასაკში კი პერკინი ისე გამდიდრდა, რომ ქარხნების (დიახ, უკვე ქარხნების) მართვა სხვებს გადააბარა და თვითონ მხოლოდ ცხოვრებით ტკბობას მიჰყო ხელი.

იისფერი… იების ფერი… 

იები რობერტ ბოილს უყვარდა. სხვადასხვა ჯიშის იებს ახარებდა ბაღში და ამ საქმისთვის მებაღეც ჰყავდა შერჩეული. სამუშაოდ ყოველ დილით იების ახლად დაკრეფილი კონა სჭირდებოდა მაგიდაზე. ეს ეტყობა შთაგონებას აძლევდა. რუდოლფ გლაუბერმა ამსტერდამიდან მარილმჟავა გამოუგზავნა და ზუსტად იმ დილით მიუტანეს. ჰოდა, ამ მჟავას რამდენიმე წვეთი  იების კონას  დაეცა. იებმა ფერი იცვალეს.  გაოცებულმა ბოილმა მებაღეს მთელი კალათი იები შემოატანინა და მარილმჟავა მათ კვლავ დაასხა. შედეგი იგივე იყო: მჟავასთან იისფერი წითელ ფერს იღებდა, ტუტესთან კი ლურჯს. იგივე სხვადასხვა ყვავილზეც მოსინჯა, მაგრამ ზემოთ აღწერილი შედეგი მხოლოდ იაზე იყო.  ბოილი იის სპირტს ან წყალხსნარს ამზადებდა, ქაღალდებს ამ ხნარით ჟღენთავდა და აშრობდა. ხვდებით ხომ, რასაც აკეთებდა… დიახ, ინდიკატორის ქაღალს ამზადებდა.

თუ ინდიკატორების თემას გავაგრძელებთ, მჟავა-ფუძე ინდიკატორი ლაკმუსი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომში  იყო ცნობილი და მას იისფერ საღებავს ეძახდნენ. სახელწოდება „ლაკმუსი” კი 1704 წელს გერმანელმა მეცნიერმა მ. ვალენტინომ უბოძა.

ქიმიის დიდაქტიკაში იაფი ტექნოლოგიების მიმდინარეობა არსებობს. ესეც ქვეყნის ხელმოკლეობას რა ვუთხარი, თორემ ქიმიის სწავლებისთვის (ისევე, როგორც ზოგადად განათლებისთვის) ფულის დაზოგვა ან დანანება იქნება?
ჰოდა, ჩვენც იაფად შეგვიძლია იისფერი კომბოსტოსგან ინდიკატორი დავამზადოთ. სიმართლე გითხრათ, იგივე შეიძლება ბოლოკისგან, ჩაისგან და ვარდისგანაც გავაკეთოთ, მაგრამ  რადგან აქცენტს იისფერზე ვაკეთებ, ამიტომ კომბოსტოს ავირჩევ.

ინდიკატორის დამზადების საქმეში დაგჭირდებათ იისფერი კომბოსტო, სპირტი და ქვაბი. კომბოსტო წვრილად დაჭერით და ქვაბში ჩაყარეთ, სადაც სამედიცინო სპირტი ასხია. წყლის აბაზანაზე ადუღეთ  5-10 წუთი. ამის შემდეგ,  გადაწურეთ და წითელი სპირტხსნარი  ინდიკატორად გამოიყენეთ. დამზადებული თვითნაკეთი ინდიკატორის მეშვეობით შეიძლება ოჯახში მოხმარებული სითხეების (საპნის ხსნარი, სუფრის მარილის ხსნარი, განზავებული ძმარმჟავა ან ობის საწინააღმდეგო ხსნარში) pH-ის შემოწმება. 

დღეს იისფერზე ვსაუბრობთ. 

პოეზიაში „იისფერი თოვლი”,  „იისფერი მთები”,  „იისფერი ზარებიც” გვაქვს. გალაკტიონი თოვლთან ერთად დღის შუქსაც იისფრად ხედავდა.

 ასე ამბობდა: „ღვრის იისფერი დღე ლბილ  ოცნებას ცისფერ რამეზე” .

იისფერს სატრფიალო პოეზიაშიც ოსტატურად იყენებდნენ. 1909 წელს აპოლინერი გიიომი საოცნებო ქალბატონის კაბას აღწერდა:

„ემოსა კაბა
 იისფერი აღმოსავლური 
და კიდევ მხარზე დამაგრებული
 ამოქარგული ოქროს ძაფით 
ეცვა ტუნიკა…”

იქნებ ქალის კაბის ქსოვილი, პოეტი რომ ასე აუღელვებია, სწორედ პერკინის მიერ მიღებული საღებავით იყო შეღებილი. იისფერი საღებავით…
ქიმიაში რაღა გვაქვს კიდევ იისფერი?
რა და … ანტოციანიდები… 

ფერადი გლიკოზიდებია, მონოსაქარიდულ ნაშთად შეიძლება ჰქონდეთ გლუკოზა, რამნოზა, გალაკტოზა.  მცენარეების ციტოპლაზმის შემადგენლობაში შედიან და მათი შეფერილობა ხშირად უჯრედში არსებულ pH-ზეა  დამოკიდებული.  ამიტომ ფერიც   ყვითლიდან მოწითალომდე და იისფრამდე მერყეობს. კარგად იხსნებიან წყალში, ძნელად – სპირტსა და ბენზოლში.

ანტოციანიდები ჯანმრთელი ორგანიზმის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ნივთიერებებია. სხვათა შორის, კიბოს უჯრედების  ბლოკირებასაც  ახერხებენ. ასე რომ, იისფერი ბოსტნეული და ხილი ნამდვილი ჯანმრთელობის ელექსირია. 

ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში ვნახე,  ქიმიური ცდა – „ფარაონის გველი” გააკეთეს და შემდეგ რეაქციის შედეგად გაზრდილ მასას ჩაქუჩი დაარტყეს. გვითხრეს, სიმსივნური უჯრედები ისე იზრდება, როგორც ამ რეაქციის პროდუქტი გაიზარდაო და ანტოციანიდები კიდევ მათ ჩაქუჩივით უსწორდებიანო. 

„ფარაონის გველი” იისფერი არ არის, მაგრამ მოდი აქ მაინც აღვწერ.

ამ სახელწოდების ქვეშ რეაქციების ერთობლიობას აერთიანებენ, რომელთა შედეგადაც მცირე საწყისი რეაქტივისგან პროდუქტის სახით გაზი გამოიყოფა, ფოროვანი მასა კი ისე სწრაფად იზრდება და  გამოდის, თითქოს სარეაქციო მაგიდაზე „გველი”  მიიკლაკნებაო.

„ფარაონის გველი” შეგვიძლია ვერცხლისწყლის როდანიდის დაშლით გამოვუშვათ გარეთ.

2Hg(SCN)2=2HgS+Cs2+C3N4
CS2+3O2=CO2+2SO2

აიღეთ როდანიდის 1-გრამიანი ნაჭერი და ცეცხლი მოუკიდეთ, საკმაოდ დიდი ზომის „გველი”  გამოძვრება.
რეაქცია პირველად ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სტუდენტმა ფრიდრიხ ველერმა მიიღო. 1820 წლის შემოდგომაზე ამონიუმის თიოციანატის და ვერცხლისწყლის ნიტრატის წყალხსნარები შეურევია ერთმანეთთან. შედეგად თეთრი ნალექი გამოიყო. ველერმა ხსნარი  გაფილტრა და მიღებული ვერცხლისწყლის თიოციანატი  გააშრო. ცნობისმოყვარეობის გამო მიღებულ მასას ცეცხლი მოუკიდა და  საოცრება მოხდა, იქაურობა „გველებით გაივსო”. ამიტომ, ამ რეაქციას ველერის რეაქციას უწოდებენ. 

თუმცა ვერცხლისწყალთან და მის მარილებთან ყოველთვის სიფრთხილე გვმართებს. მით უმეტეს მაშინ, როცა  მოსწავლეებთან ერთად ვაკეთებთ ცდას. ამიტომ იმავე „ფარაონის გველის” უსაფრთხო ვერსიას გთავაზობთ.
აფთიაქში ნაყიდი კალციუმის გლუკონატის აბი  მშრალ სპირტზე დადეთ და  ცეცხლი მოუკიდეთ. აბიდან ღია მორუხო „გველი” გამოძვრება.

 
ამ წერილს ვწერ და უცებ გარეთ გასვლა მომინდა.  ბოლო დროს ვცდილობ ხშირად  ვიყო ბუნებაში, თორემ კომპიუტერის ეკრანს მიმსხდრები ფაქტობრივად მჯდომარე სიკვდილს ვიახლოვებთ. მჯდომარე სიკვდილი რა არის? ჰმ, ცოცხალი ხარ, აზროვნებ, აკეთებ, მაგრამ შიგნით სულში მკვდარი ხარ. გარედან აქ ხარ, მაგრამ შიგნიდან უკვე „იმათი” ნაწილი ხდები, რადგან ვირტუალურ სამყაროში გადაბარგებული ყველაზე მნიშვნელოვანს, ადამიანურ ურთიერთობებს ან სულაც ბუნებასთან კავშირს კარგავ.

ჰოდა, გარეთ გავედი-მეთქი…  იისფერი საღამო იდგა… 

გარეთ გასული, მჯდომარე სიკვდილიდან განთავისუფლებული

„სულ ახლებურად შეხედავ ირგვლივ 
თოვლიან ქუჩებს, კვამლს რუხს და მწარეს,
 თეთრ, მიტოვებულ, მოუვლელ ბაღნარს,
 დღის მომლოდინე მწუხარე ღამეს; 

იისფერ ზეცას _ ამ ბრძენ წიგნთაწიგნს…” (ალექსანდრე ბლოკი; თარგმნა ნათია ორმოცაძემ).

ჩავიხედოთ სარკეში

0
სარკე მხოლოდ არსებულ ფორმებს არ აირეკლავს; არც მხოლოდ ფერუმარილის წასმაში გვეხმაარება, თუმცა ჩვენ უმეტესად სწორედ ამისთვის ვიყენებთ, რომ რაც შეიძლება ოსტატურად დავმალოთ გრიმის ქვეშ ათასი ნაკლი.
ჩვენ არ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც სარკეში გვახედებენ და ჩვენს მანკიერ მხარეებს დაგვანახვებენ. თუმცა ასეთი ადამიანი იშვიათია ჩვენს სინამდვილეში და ვინც არის, მასაც ლამის მოწამეობრივი ცხოვრება უწევს. მათსავით, ვინც სიცოცხლე წიწამურის გზაზე ან ემიგრაციაში დაასრულა.
ხშირად, ერთი იგავ-არაკისა არ იყოს, სარკეში საკუთარ თავს ვერ ვცნობთ და ისევე დავცინით ამ უცნაურ და უცხო არსებას, როგორც კრილოვის მაიმუნი.
სარკე ზღაპრული, ჯადოსნური, მითიური ნივთია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში შეუძლია უდიდესი სამსახური გაგვიწიოს. მთავარია, ხშირად ჩავიხედოთ – არა მხოლოდ გასაპრანჭავად, არამედ იმ მანკიერებათა დასანახავადაც, რომლებსაც სხვა ადამიანებში ადვილად ვამჩნევთ. დავინახოთ, ამოვიცნოთ, ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ჩვენში მოკალათებული – მოძალადე, შეუმწყნარებელი, მატყუარა, მლიქვნელი, შურისმაძიებელი და ჩამონათვალი შენ გააგრძელე, მკითხველო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...