კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

სასკოლო ასაკის თავისებურებანი

0
უნდა მივიყვანოთ თუ არა სკოლაში 6 წლის მოზარდი

თქვენს პატარას 6 წელი შეუსრულდა და შესაბამისად ოჯახში გახშირდა საუბარი მის სკოლაში მიყვანაზე. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელია სწორი არჩევანის გაკეთება იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც მოზარდის სკოლაში შეყვანისათვის მზადყოფნას განსაზღვრავს. ხსენებული კრიტერიუმები შემდეგში მდგომარეობს –პირველ რიგში ასაკი, შემდგომ თავად მოზარდის სურვილი, წავიდეს სკოლაში, მისი ზოგადი განათლების დონე და ბოლოს, ჯანმრთელობა. ბუნებრივია, ნებისმიერ ოჯახში ისმება საკითხი, ჩამოთვლილთაგან რომელ კრიტერიუმს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელი კრიტერიუმია ყველაზე მთავარი? ამ კრიტერიუმებს შორის მთავარი, ექსპერტთა და სპეციალისტთა განმარტებით, ფიზიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარების დონეა. ერთ-ერთი მათგანის შეუსაბამო მდგომარეობა, შესაძლოა მოზარდის სკოლასთან შეუთავსებლობის სერიოზული მიზეზი გახდეს. ბავშვის სკოლაში შეყვანის მზადებისას აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მისი განვითარების შესაბამისობაში მოყვანა, რომლის მეშვეობითაც ის იოლად გაართმევს თავს დაწყებითი სასკოლო განათლების მოთხოვნებს, იოლად მოახდენს ადაპტაციას სასკოლო გარემოსთან და თავისთავად იგულისხმება  თანაკლასელებთანაც. 

მაშ ასე, – ჯანმრთელობა – ეს გახლავთ პირველი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს, უნდა შეიყვანოთ თუ არა თქვენი პატარა სკოლაში. მშობელი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა მოზარდის სკოლაში შეყვანა იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს, ან კიდევ 6 წლამდე ასაკში მძიმე დაავადება აქვს გადატანილი. ეს გარემოებები ბავშვის იმუნიტეტს ასუსტებს და ზრდის იმის რისკს, რომ სკოლაში სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას რომელიმე სხვა დაავადებითაც დასნებოვანდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია. ამასთანავე სასურველია მშობელს ახსოვდეს, რომ სასკოლო განათლებასთან ადაპტაცია, ჯანმრთელი ორგანიზმისათვისაც კი შესაძლოა ძნელად გადასატანი აღმოჩნდეს, ვინაიდან გარემოს შეცვლა და ახალ რეგულაციებში შესვლა საკმაოდ დიდ დატვირთვას იწვევს ნებისმიერ ორგანიზმზე, იწვევს იმუნიტეტის შესუსტებას, რაც შესაძლოა რიგი დაავადებების გამომწვევი გახდეს. 

არსებობს ე.წ. “საპასპორტო” და “ბიოლოგიური” ასაკის ცნება. “ბიოლოგიური ასაკი” – ეს გახლავთ მოზარდის შინაგანი ორგანოების სამზადისი მის წინაშე დამდგარი ცვლილებების მიმართ, “საპასპორტო ასაკი” კი, უბრალოდ ბავშვის ამქვეყნად მოვლინების დღიდან აითვლება. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც “საპასპორტო და ბიოლოგიური ასაკი” ერთიმეორესთან თავსებადობაში არ მოდის. სამწუხაროდ, მშობლების უმრავლეობა ყურადღებას არ აქცევს, რომ 6-7 წლის ბავშვის ორგანიზმის განვითარება არ შეესაბამება მის წლოვანებას. აღნიშნულ ასაკში მოზარდის ორგანიზმი ძალიან სწრაფად იზრდება და ფორმირდება. გოგონები გაცილებით უფრო სწრაფად ყალიბდებიან, ვიდრე ვაჟები და ეს პროცესი განსაკუთრებული სისწრაფით ზაფხულში ვითარდება. რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხებულია და მოცემულ შემთხვევაში ხშირია მოზარდის წონაში დაკლება, რაც უთუოდ მიუთითებს, რომ მისი ორგანიზმი სასკოლო სწავლების დატვირთვას ვეღარ აუდის და შესაბამის რეაქციასაც იძლევა. 

სკოლამდელი ასაკის მოზარდის ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია. ფორმირებას განიცდის მისი სახსრები, ხერხემალი, სისხლძარღვთა სისტემა და კუნთოვანი ქსოვილები. აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვნად იზრდება ძვლოვანი სისტემაც და თუ 6-7 წლის მოზარდში ჯერაც არ გახლავთ დასრულებული და ჩამოყალიბებული ხსენებული პროცესები, მაშინ ნათელი ხდება, თუ რატომ ვერ ახერხებენ მოზარდები თუნდაც მცირე ხნის მანძილზე სასკოლო მერხთან მშვიდად და ცმუკვის გარეშე ჯდომას. მოზარდის სტატიკური, ანუ მერხთან წყნარად ჯდომის მოცემულობა გაცილებით ძნელი წარმოსადგენია, ვიდრე მისი, ვთქვათ ფიზიკური მომზადების გაკვეთილზე აქეთ-იქით სირბილი. რაც უფრო მცირე ასაკისაა მოზარდი, მით მეტია მის ცნობიერებაში მოთხოვნილება მოძრაობისადმი, ხოლო ხანგრძლივი იძულებითი `დამუხრუჭება~ მის ცნობიერებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. სხეულის ზრდის დაუსრულებელ პროცესში უხეში ჩარევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ორგანიზმზე, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა სავალალო შედეგებამდეც მიგვიყვანოს, – მათ შორის ხერხემლის გამრუდებასა და სხვა დაავადებებამდე. 

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მოზარდის ხელის მტევნის კუნთებიც ასევე ჩამოუყალიბებელია და მათმა დაძაბვამ წერის პროცესში, შესაძლოა ხელის კუნთის გარკვეული პათოლოგიები გამოიწვიოს. ამიტომ, წერითი ვარჯიშები 8-12 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. 

6-7 წლის ასაკში მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჩამოყალიბებას განაგრძობს. აღნიშნულ პერიოდში ბავშვის ორგანიზმი უკიდურესად მგრძნობიარეა და მასზე ზედმეტი დატვირთვა ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს. დღის რეჟიმის გონივრული გათვლა, სწავლის, შრომისა და დასვენების სწორი დაგეგმვა უზრუნველყოფს პატარას ნორმალურ ჩამოყალიბებას. 

მოზარდის ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაციის საკითხში უმთავრესი როლი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ენიჭება. 6-7 წლის ბავშვების ფსიქიკა უკვე მზადაა, მიიღოს ინფორმაციისა და სიახლეების მნიშვნელოვანი ნაკადი. ამ ასაკში უკვე ფორმირებულია ყურადღების განსაკუთრებული ნიშან-თვისებები. თუმცა, მხოლოდ 8-9 წლის ასაკში ახერხებენ ბავშვები კონცენტრაციასა და განსაკუთრებული ყურადღების მობილიზებას. ერთია, რომ ამა თუ იმ საგნის სიტყვიერი ახსნა-განმარტება გაცილებით არაეფექტურია, ვიდრე ვიზუალური. ბავშვის ცნობიერება ელვის უსწრაფესად ხტის ერთი საგნიდან მეორეზე და ამიტომაც მოზარდისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიზუალური ახსნა, ვიდრე ვერბალური. 

ბავშვის საერთო აქტივობას მისი ფსიქოლოგიური აქტივობა, ემოციურობა, ინტენსიურობა, არსებობის ახალ სახეობაზე გადართვა და მისი რეაქციები განსაზღვრავს. მოზარდის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნისადმი მისი ცნობიერება განსაზღვრავს. საკუთარ ასაკთან ფიზიოლოგიურად ე.წ. “ჩამორჩენილი” ბავშვები ხშირად ყურადღების გაფანტულობითა და ინტერესის არქონით გამოირჩევიან. სამწურად, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემები თავს იჩენს არა დაწყებით, არამედ მეორე და მესამე კლასებში. 

მშობლების ყველაზე ხშირი შეცდომა შვილის სკოლაში მიყვანისას საერთო განვითარების არასრულფასოვანი შეფასება გახლავთ. დღეისათვის “ინფორმაციის საუკუნეში”, როდესაც მოზარდი უამრავ რამეს იგებს ტელევიზიის, ინტერნეტისა თუ სხვა საშუალებებით, მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილის ცნობიერება უკვე საკმაოდ მომზადებულია სასკოლო განათლების მისაღებად. 

არსებობენ ასევე “სულსწრაფი პირველკლასელები”, რომელთათვისაც სკოლაში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. თუმცა, მოზარდების ეს კატეგორია გაცილებით სწრაფად იღლება, ისინი პრეტენზიულები და კონფლიქტურები ხდებიან თანაკლასელებთან. ამასთანავე, საკმაოდ ხშირად ექმნებათ პრობლემები ანბანის ათვისებასთან, ზოგადად კითხვასთან და ციფრების გამრავლებასთან.

მშობელს სპეციალისტის დახმარების გარეშე შეუძლია განსაზღვროს, მზადაა თუ არა მისი შვილი სკოლაში შესასვლელად.

მაშ ასე, მომავალ პირველკლასელს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები:

ჩამოყალიბებული აღქმის უნარი – უნდა შეეძლოს მოიძიოს შესაბამისი ფიგურა ერთიმეორეზე აგებული სხვადასხვა ფორმისა თუ ფერის ნახატებიდან;

უნდა შეეძლოს გაამახვილოს ყურადღება ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი მისთვის საინტერესო სულაც არ არის;

ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარებული კოორდინაციის უნარი, რაც მდგომარეობს შემდეგში: მოზარდს აუცილებლად უნდა შეეძლოს სახაზავის და მისთანების გარეშე სწორი ხაზების გავლება (ზიგზაგების გარეშე), უნდა შეეძლოს საბავშვო მაკრატლის საშუალებით ამა თუ იმ ნახატის გამოჭრა, ასევე უნდა ეხერხებოდეს მარტივი ნახატების საკუთარი ხელით კოპირება და რა თქმა უნდა, არჩევდეს მარცხენა და მარჯვენა მხარეებს;

მოზარდისათვის აუცილებელია ჰქონდეს მეხსიერების გარკვეული რესურსი, დაიხსომოს მიცემული დავალება და შესრულების ბოლომდე არ დაივიწყოს ის;

აღნიშნულ ასაკშვი ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს საკუთარი გვარი, სახელი და მშობლების ვინაობა, ასევე ქალაქის სახელწოდება, რომელშიც ის ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ცხოველთა თუ ფრინველთა სამყაროზე, ასევე მსოფლიოს ცნობილ ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებზე;

მოზარდს აუცილებლად უნდა გააჩნდეს “ემოციური ცნობირება”, ანუ იმპულსური ქმედებების შემცირების უნარი. ეს კი მდგომარეობს შემდეგში – ბავშვმა უნდა შესძლოს ორიენტირება სასკოლო მოთხოვნილებებზე – ანუ მხედველობაში გვაქვს ის მომენტი, როდესაც ცნება “საჭიროა” გაცილებით აჭარბებს ცნებას “მინდა”.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოზარდის შესაძლებლობები ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კროტერიუმებს, სულაც არ არის საჭირო საგონებელს მივეცეთ. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამედიცინო სფეროს უამრავი სპეციალისტი ჰყავს (მათ შორის ლოგოპედები, ბავშვთა ფსიქოლოგები, პედაგოგები და ასე შემდეგ). ნუ დაივიწყებთ, რომ ბავშვთა ფსიქოლოგია 6-7 წლის ასაკში საკმაოდ არამდგრადია და დროული ჩარევის შემთხვევაში ნებისმიერი შეცდომის გამოსწორებაა შესაძლებელი. 

მომზადა კახა ჭაბაშვილმა

სიყვარულის ახსნა

0

გამარჯობა, მე დიანა ვარ და მე უსინათლო ვარ, მხედველობა თანდათან სულ უფრო და უფრო  დავკარგე, ახლა სკოლაში დავდივარ და ბრაილით ვკითხულობ, სამაგიეროდ, მხოლოდ მე შემიძლია შენი საყვარელი მელოდია გონებაში სულ სხვადასხვაფრად დავშალო და ავაბრჭყვიალო, სულ სხვადასხვაგვარ ბგერებად.

გამარჯობა, მე დიანა ვარ და სკოლაში სიარული ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ასტრონომია, ჭერზე ვარსკვლავეთის რუკა გამიკრეს და ძალიან ბედნიერი ვარ..

გამარჯობა, მე დიანა ვარ და ჩემი ხერხემალი უფრო სუსტია, ვიდრე სხვა ბავშვების, წარმოდგინე, პლასტელინისგან გამოძერწილ ფიგურას საყრდენი არ გაუკეთო, ისე დატოვო. მეც ასეთი, სუსტი ხერხემალი მაქვს.

გამარჯობა, მე დიანა ვარ და ცეკვა მიყვარს ძალიან, იცი რა არის პა? მისი საშუალებით ცეკვას თანდათან სწავლობ, ისევე როგორც ნაბიჯ–ნაბიჯ სიარულს.

გამარჯობა, მე დიანა ვარ და მე აუტისტი ვარ, ჰო, საკუთარ თავში, როგორც კალეიდოსკოპში უამრავ ფორმას და ფერს ვპოულობ, იშვიათად გიყურებ, მაგრამ  ყოველთვის ძალიან მიხარია შენი თვალების ვარსკვლავების დაკრეფა.

გამარჯობა, მე დიანა ვარ, წერა ცოტა მიჭირს, კითხვა – არც ისე, სამაგიეროდ, სიმღერა – საერთოდ არ მიძნელდება, პირიქით.

გამარჯობა, მე დიანა ვარ და დაუნის სინდრომი მაქვს, ყველაზე ლამაზი ღიმილი მაქვს და ყველაზე ლამაზი სიყვარული შემიძლია.

გამარჯობა, მე დიანა ვარ და ლექსებს ვწერ, ძალიან მინდა ერთი მაინც წაიკითხო და მითხრა, მოგეწონა თუ არა.

გამარჯობა, მე დიანა ვარ და ჩემი ფეხები ისე სუსტია, სხეულს ვერ იმაგრებენ, ამიტომაც სულ ეტლში ვზივარ, მე სუსტი ფეხები მაქვს, მაგრამ ძალიან ღონიერი ხელები და ფრთები.

გამარჯობა, მე დიანა ვარ და შენი ხმის ტკბილი მელოდია არ მესმის, როცა დავიბადე, უკვე არაფერი მესმოდა, ჩემი ყურები დაგმანულია, მაგრამ შენი ბაგის მოძრაობა, შენს ბაგეზე გამოსახული სიტყვები, შენი მრავალფეროვანი ჟესტიკულაცია და ანთებული თვალები ყველაზე მეტად მაბედნიერებს.

გამარჯობა, მე დიანა ვარ და ფერების ისე შეზავება შემიძლია, როგორც არავის, შენ იცოდი რომ ორი ფერისგან მესამე მიიღება?

გამარჯობა, მე დიანა ვარ, თუმცა ვერასდროს გამოგიწვდი ხელს, იმის გამო რომ კიდურების ატროფია მაქვს, მე შემიძლია შემოგხედო და გაგიღიმო ისე, როგორ ვერავინ გაგიღიმებს.

გამარჯობა, მე დიანა ვარ და ხან ცოტას, ხან კი საერთოდ არ ვლაპარაკობ, ზოგი ამბობს, რომ დარღვევა მაქვს, ზოგი კი, რომ  უბრალოდ საუბარი არ მინდა.  მე კი, სიმართლე გითხრა? ძალიან მეშინია.

გამარჯობა, მე დიანა ვარ, მე შენ მიყვარხარ.
პოსტი ფეისბუქიდან:
„ბავშვებო,მინდა მოგიყვეთ რა ხდება ამ ფოტოზე. ეს არის უნარშეზღუდული ბავშვების სკოლა, სადაც დამყავს ჩემი ანასტასია. ბორჯომის 10 ნომერში. სკოლას ერთი მხრიდან ესაზღვრება ტუბდისპანსერი,რომლის ეზოში მანქანით შესვლის უფლებას არ გვაძლევენ, არც პარკინგი გვაქვს გამოყოფილი და ამხელა ბავშვების ხელით ტარება გვიწევს. ე ს კიდევ არაფერი, მე შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა, რომ მეორე შემოსასვლელი (რომელიც კორპუსების მხრიდან არის) მოსახლეობამ დაადუღა,იმ მიზეზით რომ “არ შეუძლიათ ამ ბავშვების ყურება”. ( თამარ ქალდანი)

გამარჯობა, მე დიანა ვარ, შენი შვილი, დედაშენი, მეზობელი, და, მასწავლებელი, კლასელი, უბნელი, ჯგუფელი, მეგობარი, გამვლელი, თანამოქალაქე.
არ დამიხურო, არ დამიდუღო კარი!

ჩემი პედაგოგიური მრწამსი – რა არის სკოლა. განათლების შინაარსი

0

მუხლი მეორე. რა არის სკოლა

მე მჯერა, რომ სკოლა, უპირველეს ყოვლისა, სოციალური ინსტიტუტია. იმდენად, რამდენადაც განათლება სოციალურ პროცესს წარმოადგენს, სკოლა უბრალოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმაა, რომელშიც ყველა ის საშუალება იყრის თავს, ბავშვს რომ კაცობრიობის მიერ დანატოვარი რესურსის გაზიარების საშუალებას ყველაზე ეფექტური გზებით შეაძლებინებს და საკუთარი ძალების საზოგადო მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას მისცემს.

მე მჯერა, რომ განათლება თავად ცხოვრების პროცესია და არა მომავალი ცხოვრებისთვის მზადება.

მე მჯერა, რომ სკოლა მიმდინარე ცხოვრების რეპრეზენტაციას უნდა წარმოადგენდეს – იმდენად რეალურს და ცოცხალს ბავშვისთვის, რამდენადაც რეალურია მისი შინ, სამეზობლოსა თუ სათამაშო მოედანზე ცხოვრება.

მე მჯერა, რომ ყოველთვის განათლება, რომელიც სათავეს არ იღებს ცხოვრების იმ ფორმებიდან, რომელთა განცდაც თავისთავად ღირებულია, უტყუარი სინამდვილის უხეირო შემცვლელია და შეზღუდვისა და ჩახშობისკენაა მიდრეკილი.

მე მჯერა, რომ სკოლა, როგორც ინსტიტუტი, არსებულ საზოგადოებრივ ყოფას უნდა ამარტივებდეს – მის ჩანასახობრივ ფორმამდე უნდა დაჰყავდეს იგი. არსებული რეალობა იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია ბავშვი მას დაბნეულობისა თუ შფოთვის გარეშე შეეხოს; ის ან მიმდინარე მოვლენათა მრავალრიცხოვნებით ისე გადაიტვირთება, რომ თავად დაკარგავს თანმიმდევრული უკუქმედების უნარს, ან იმდენად აღეგზნება ამ მრავალფეროვნებით, რომ თავისი უმწიფარი ძალებით დროზე ადრე ჩაებმება ამ თამაშში და გაუმართლებლად სპეციალიზირდება, ან უმიზნოდ ფანტავს საკუთარ შესაძლებლობებს.

მე მჯერა, რომ როგორც გამარტივებული საზოგადოებრივი ყოფა, სასკოლო ცხოვრება ეტაპობრივად, ოჯახური ცხოვრებიდან თანდათან უნდა გამომდინარეობდეს; მან უნდა მოიცვას და გააგრძელოს ის აქტივობები, რომელთაც ბავშვი შინიდანვე იცნობს.

მე მჯერა, რომ სკოლამ ეს აქტივობები ისე უნდა აღადგინოს და ბავშვს ისე უნდა წარმოუდგინოს, რომ მან მათი მნიშვნელობა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაზროს და ამ აქტივობებში მონაწილეობა თავადვე შეეძლოს.

მე მჯერა, რომ ეს ფსიქოლოგიურ აუცილებლობაა, რამდენადაც იგი ბავშვის თანმიმდევრული ზრდის უზრუნველყოფის ერთადერთ გზას წარმოადგენს და სკოლაში წარმოდგენილი ახალი იდეებისთვის წარსული გამოცდილების წასამძღვარებლად ერთადერთი საშუალებაა.

მე მჯერა, რომ ეს აგრეთვე სოციალური აუცილებლობაცაა, რამდენადაც ოჯახი საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმაა, რომლის ფარგლებშიც ბავშვი იზრდება და რომელთან კავშირშიდაც ზნეობრივად იწვრთნება. სკოლის ამოცანას წარმოადგენს გააღრმავოს და განავრცოს იმ ღირებულებათა გაგება, რომელთაც ბავშვი ოჯახში ეზიარება.

მე მჯერა, რომ თანამედროვე განათლების დიდი ნაწილის წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ამ ფუნდამენტური პრინციპის უგულებელყოფაა – განიხილავდეს სკოლას, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმას. არსებული გაგებით, სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეს განსაზღვრული ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს, სადაც კონკრეტული გაკვეთილები უნდა ისწავლებოდეს ან სადაც გარკვეული ჩვევები უნდა ყალიბდებოდეს. მათი ღირებულება, ამ მოსაზრებით, შორეულ მომავალში გამოჩნდება; ბავშვმა ეს ყველაფერი უნდა აკეთოს იმიტომ, რომ მომავალში კიდევ რაღაც გააკეთოს – ეს უბრალოდ სამზადისია. შედეგად, ყოველივე ამას არ შესწევს უნარი ბავშვის ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცეს, ამდენად იგი ჭეშმარიტად საგანმანათლებლო ხასიათს მოკლებულია.

მე მჯერა, რომ ზნეობრივი აღზრდა-განათლება სკოლის, როგორც სოციალური ცხოვრების ფორმის ამ გაგებაზე კონცენტრირდება; რომ საუკეთესო და ყველაზე საფუძვლიანი მორალური წვრთნა არის სწორედ ის, რომელსაც სხვებთან განსჯისა თუ საქმიანობის პროცესში გაერთიანებით მიღებული მჭიდრო ურთიერთობით ვიღებთ. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემები, იმდენად, რამდენადაც სპობენ თუ უგულებელყოფენ ამ ერთიანობას, ნამდვილ, რეგულარულ მორალურ აღზრდას ართულებენ ან შეუძლებელს ხდიან.

მე მჯერა, რომ ბავშვის საქმიანობის სტიმულირება და კონტროლი თავად საზოგადოების ყოფით უნდა ხორციელდებოდეს.

მე მჯერა, რომ არსებულ პირობებში სტიმული და კონტროლი მასწავლებლიდან ზედმეტად მომდინარეობს, რისი მიზეზიც სწორედ სკოლის, როგორც სოციალური ცხოვრების ფორმისიდეის უგულებელყოფაა.

მე მჯერა, რომ სკოლაში მასწავლებლის ადგილის და საქმიანობის განსაზღვრაც სწორედ ამ საფუძვლებიდან უნდა ხდებოდეს. მასწავლებელი არ არის სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვს გარკვეული იდეები მოახვიოს თავს ან ესა თუ ის ჩვევა ჩამოუყალიბოს; არამედ საზოგადოების წევრია, ვინც ის გავლენები უნდა გამოყოს, რომლებიც ბავშვზე ზემოქმედებენ და მიეხმაროს მას ჯეროვნად უპასუხოს ამ გავლენებს.

მე მჯერა, რომ სკოლაში დისციპლინა სასკოლო ცხოვრების მთლიანობიდან უნდა მომდინარეობდეს და არა უშუალოდ კონკრეტული მასწავლებლისგან.

მე მჯერა, რომ მასწავლებლის საქმეა მხოლოდ უპირატეს გამოცდილებასა და ზრდასრულ სიბრძნეზე დაყრდნობით განსაზღვროს, თუ როგორ უნდა ეზიაროს ბავშვი ცხოვრებისეულ დისციპლინას.

მე მჯერა, რომ ბავშვის შეფასებასა და [საფეხურეობრივ] დაწინაურებასთან დაკავშირებული ყველა საკითხიც იმავე სტანდარტის შესაბამისად უნდა წყდებოდეს. გამოცდები საჭიროა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ბავშვის საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მზაობის ხარისხს ადგენს და ცხოვრებაში მის იმ ადგილს გამოავლენს, სადაც ის ყველაზე მეტად სასარგებლო იქნება და სადაც ის ყველაზე მეტად შეძლებს დახმარების მიღებას.

მუხლი მესამე. განათლების შინაარსი

მე მჯერა, რომ ბავშვის საზოგადოებრივი ცხოვრება მის წვრთნასა დაზრდაში კონცენტრაციისა თუ მიმართებების მთავარი საფუძველია. სოციალური ცხოვრება არაცნობიერ დონეზე აერთიანებს და განაპირობებს მის ძალისხმევასა და მიღწევებს.

მე მჯერა, რომ სასკოლო კურიკულუმის შინაარსი სოციალური ცხოვრების პრიმიტიული არაცნობიერი ერთიანობიდან საფეხურეობრივ გამოცალკევებას უნდა ასახავდეს.

მე მჯერა, რომ ჩვენ ვარღვევთ ბავშვის შინაგან ბუნებას და ეთიკის კუთხით საუკეთესო შედეგების მიღწევას ვართულებთ იმით, რომ ზედმეტად მეყსეულად ვაწვდით მას სპეციალიზირებული საგნების მთელ რიგს, კითხვას, წერას, გეოგრაფიას და ა.შ., ისე, რომ ამას კავშირი არ აქვს მის სოციალურ ცხოვრებასთან.

მე მჯერა, რომ სასკოლო საგნებს შორის ურთიერთმიმართების ნამდვილი ცენტრი არა ბუნებისმეტყველება, ლიტერატურა, ისტორია ან გეოგრაფია, არამედ თავად ბავშვის სოციალური საქმიანობებია.

მე მჯერა, რომ არ შეიძლება განათლება მხოლოდ ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების სწავლებაში ან ე.წ. ბუნებისმეტყველებაში გაერთიანდეს, რადგან ადამიანის საქმიანობის გამოკლებით, ბუნება თავისთავად არ არის სრული; ბუნება, თავისი არსით, სივრცესა და დროში არსებულ მრავალ განსხვავებულ საგანს წარმოადგენს და თუ შევეცდებით იმას, რომ ის ცენტრალურ სამუშაო საგნად ვაქციოთ, სინამდვილეში კონცენტრირების ნაცვლად, გაფანტვის პრინციპს დავამკვიდრებთ.

მე მჯერა, რომ ლიტერატურა არის სოციალური გამოცდილების ანარეკლი და ინტერპრეტაცია; ამიტომაც, ის ამ გამოცდილების თანმდევი უნდა იყოს, ნაცვლად იმისა, რომ წინ უსწრებდეს მას. მაშასადამე, ის ვერ იქნება საფუძველი, თუმცა შეიძლება საფუძვლების მოკლე აღწერილობად მოგვევლინოს.

მე მჯერა, აგრეთვე, რომ ისტორია საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია იმდენად, რამდენადაც ის სოციალური ცხოვრების და განვითარების ფაზებს აღწერს. ის სოციალურ ყოფასთან თანხვედრის კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ მას ავიღებთ, როგორც უბრალოდ ისტორიას, მას შორეულ წარსულში გადავისვრით, რის გამოც უსიცოცხლო და ინერტული გახდება. ხოლო, თუ მას განვიხილავთ, როგორც ადამიანის სოციალური ყოფისა და განვითარების ამსახველ ჩანაწერს, ის უკვე მნიშვნელობით ივსება. მიუხედავად ამისა, ისტორიის ამგვარად გამოყენება არ მიმაჩნია მართებულად თუ მისი საშუალებით ბავშვი სოციალურ ცხოვრებას პირდაპირი გზით არ ეზიარება.

მე მჯერა, რომ განათლების ძირითადი საფუძველი ბავშვის იმ შესაძლებლობებშია, რომლებიც მიყვება იმავე შემოქმედებით გზებს, რომლებმაც ცივილიზაციის განვითარება გამოიწვია.

მე მჯერა, რომ ერთადერთი გზა იმისათვის, რომ მიეხმარო ბავშვს საკუთარი სოციალური მემკვიდრეობა გააცნობიეროს, მისთვის ქცევის იმ ფუნდამენტური ტიპების აღსრულებისთვის საჭირო საშუალების მიცემაა, რომლებიც ქმნიან ცივილიზაციას ისეთად, როგორიც ის არის.

მე მჯერა, მაშასადამე, გამომხატველობითი და შემოქმედებითი აქტივობების მნიშვნელობისა, რომლისკენაც ყურადღება უნდა იყოს მიმართული.

მე მჯერა, რომ ამგვარი მიდგომა განსაზღვრავს საზომს რომლის მიხედვითაც, მზარეულობისთვის, კერვისთვის, ხელსაქმისთვის, ა.შ. მოიძებნება ადგილი სკოლაში.

მე მჯერა, რომ ეს არ არის ის სპეციალური საგნები, რომლებსაც მოსწავლეები უამრავი სხვა საგნებზე დამატებით უნდა ეცნობოდნენ, როგორც განტვირთვისა და დასვენების ან დამატებითი ცოდნის მიღების საშუალებებს. მე მჯერა, რომ, როგორც ტიპები, ისინი საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური ფორმებია; მჯერა, რომ შესაძლებელი და სასურველია ბავშვი კურიკულუმის სხვა უფრო ფორმალურ საგნებს ამ აქტივობათა გაშუალებით გაეცნოს.

მე მჯერა, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესწავლა საგანმანათლებლო ხასიათისაა იმდენად, რამდენადაც იგი იძლევა ცოდნას იმ საშუალებებისა და პროცესების შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას განაპირობებენ ისეთად, როგორიც ის არის.

მე მჯერა, რომ მეცნიერების თანამედროვე სწავლების ერთერთი უდიდესი დაბრკოლება მასალის წმინდა წყლის ობიექტური ფორმით წარმოდგენა ან სრულიად ახალი და განსაკუთრებული სახის გამოცდილებად მიჩნევაა, რომელიც ბავშვმა მის უკვე არსებულ გამოცდილებას უნდა დაუმატოს.რეალურად, მეცნიერება ფასობს იმით, რომ უკვე არსებული გამოცდილების ინტერპრეტირებისა და წარმართვის საშუალებას იძლევა. მას უნდა ეცნობოდნენ არა როგორც სრულიად ახალ შინაარსს, არამედ როგორც წინარე გამოცდილებაში არსებული ფაქტორების გამოაშკარავების და ამ გამოცდილების უფრო იოლი და ეფექტური რეგულირების საშუალებას.

მე მჯერა, რომ ჩვენ ლიტერატურისა და ენის შესწავლის კუთხით სწორედ სოციალური ელემენტის უგულებელყოფით ბევრ ღირებულს ვკარგავთ. ენას პედაგოგიურ სახელმძღვანელოებში თითქმის ყოველთვის მხოლოდ აზრის გამოხატვის საშუალებად განიხილავენ. მართალია, რომ ენა ლოგიკის საშუალებაა, მაგრამ იგი ძირითადად და პირველ რიგში სოციალური ინსტრუმენტია. ენა ურთიერთობის, საკუთარი აზრებისა და გრძნობების გაზიარების საშუალებაა. როდესაც ენას მხოლოდ კერძო ინფორმაციის მიღების ან ცოდნით თავის მოწონების საშუალებად განვიხილავთ, ის თავის სოციალურ მოტივს და მიზანს კარგავს.

მე მჯერა, რომ იდეალურ სასწავლო პროგრამაში სასწავლო საგნების არანაირი საფეხურეობრივი თანმიმდევრულობა არ არსებობს. თუ განათლება ცხოვრებაა, მთელ ცხოვრებას მეცნიერული, ხელოვნების, კულტურული და საკომუნიკაციო თვალსაზრისები დასაბამიდანვე აქვს; გამომდინარე აქედან, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს აზრი, რომ ერთ საფეხურზე შესწავლისთვის შესაფერის საგნებად უბრალო წერა-კითხვა მოიაზრებოდეს და მხოლოდ შემდგომ დონეზე შემოდიოდეს ლიტერატურა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. პროგრესის პირობას წარმოადგენს არა საგნების თანმიმდევრულობა, არამედ გამოცდილების ფარგლებში ახალი დამოკიდებულებებისა და ახალი ინტერესების განვითარება.

და ბოლოს, მე მჯერა, რომ განათლება გამოცდილების უწყვეტი რეკონსტრუქციის პროცესს უნდა გულისხმობდეს; რომ განათლების პროცესი და მიზანი ერთი და იგივეა.

მე მჯერა, რომ რაიმე მიზნის განათლების გარეთ დასახვა, როგორც მისი ძირითადი ორიენტირისა და სტანდარტისა, განათლების პროცესისთვის მნიშვნელობის წართმევის ტოლფასია და ეს განგვაწყობს, რომ ბავშვთან ურთიერთობისას ყალბ და გარეგან სტიმულებს დავეყრდნოთ.

დასაწყისი: ჯონ დიუი – ჩემი პედაგოგიური მრწამსი – რა არის განათლება

My Pedagogic Creed
by John Dewey
School Journal vol. 54 (January 1897), pp. 77-80
ARTICLE ONE. WHAT EDUCATION IS

თარგმნა გიორგი მელიქაძემ


წიგნების მეხსიერება

0
შემოდგომა
ჩემი საუკეთესო მეგობარი ირლანდიელ ო’ნილის გაჰყვა ცოლად. მწერდა, რომ მობეზრდა ხორცპროდუქტების ჭამა და სიყვარული ხორცია. გარნირით თუ უგარნიროდ ოდესმე მოგბეზრდება. მე ვპასუხობდი, რომ სიყვარული დედაჩემის ნაყიდი კუბოკრული პლედია და ჩემი ყოფილი შეყვარებულის მაისური, რომელიც ყოველ ღამით პიჟამოების ნაცვლად მაცვია. ჩვენი ნივთიერი სიყვარულის სენსიტიურობა ცოტა სასაცილო კი იყო. მაშინ გადავწყვიტეთ, გვეთამაშა. ერთსადაიმავე წიგნს მე- თბილისში, ის დუბლინში წაიკითხავდა. ალბათ, ზრდასრული ერთმანეთი თუ გვაინტერესებდა. 

ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარდა თამაშები: ხან მარიონ კოტილარდის სტილს ვცემდით თაყვანს და შარვალსა და მაისურზე ტრუსებსა და ლიფს ამოვიცვამდით, ხანაც საერთო წიგნის დაწერას ვგეგმავდით, რომელიც ჩვენი ასაკის შესაბამისად სავსე იქნებოდა უხერხულად ეპატაჟური სცენებით. იმას, ნინას, სიმპათიური დრამერი უყვარდა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ლუდის სმა. მღეროდნენ და სვამდნენ, სვამდნენ და მღეროდნენ. მსჯელობდნენ თეოლოგიურ საკითხებზე და ფიქრობდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგოები და ბიჭები იყვნენ. მერე იმ დრამერმა გადაწყვიტა, რომ პატარა გოგოები მობეზრდა და სიყვარული არ არის პლუშის დათუნია, რომელსაც ღამ- ღამობით უსქესო მოზარდები ეხუტებიან. რომ სიყვარული მკერდის პარამეტრების პროპორციულია. ნინა მარტო დარჩა და ლუდის სმა განაგრძო. მის ჭრელ ზურგჩანთაში პლუშის დათუნიის გვერდით ხან ერთმა წიგნა დაიწყო გამოღვიძება,  ხან- მეორემ. ალბათ, ზუსტად მაშინ უნდა წაეკითხა „სამი მეგობარი”. წიგნები, ზოგჯერ, ისეთი დროულია, როგორც „ანაკომის” სუპი რომელიმე რთული, ხანგრძლივი ლაშქრობისას. ჩვენ მაშინ შევთანხმდით, სექტემბრის ბოლო დღეს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებში ნაკლები დავლევდით და დრამერებს არასდროს შევიყვარებდით. და თუ ეს მაინც მოხდებოდა, ისეთი დრამერს შევარჩევდით, რომლის მეგობარსაც „კარლი” ეყოლებოდა და ჩვენ გამო გაყიდდა. სწორედ ამიტომ, სექტემბერში რემარკი მენატრება და ნინა, პატრიციასავით თხელი, ფრაგმენტული და მგრძნობიარე.
ზამთარი

მანდარინებს ვფცქვნი და ორ რიგად ვაწყობ. ორი გრძელი, სურნელოვანი რიგი და თავში- მე. ისინი კი, მანდარინები, დგანან და ელიან. თითოეულმა მათგანმა გადასარევად იცის, რომ სიცოცხლე „დიროლის” საზამთროს არომატივით ხანმოკლეა. ხანმოკლეა სანთელიც, რომელიც, სადაცაა, ჩაიწვება და შუქი კი, ტრადიციულად, არ მოდის. გვერდით მანდარინის ქერქებთან ერთად წიგნების მთებიც მილაგია, თუმცა კითხვა არ ვიცი. ალბათ, ვფიქრობ, რომ ისინი, ტექსტები მანდარინებივით გემრიელები იქნებიან და მათი რიგიც ოდესმე დადგება. მგონია, რომ წიგნები მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ოჯახი თუ ერთად რამეს აკეთებს, ეს კითხვაა. „წიგნის კითხვის” კეთება ძალიან მაინტერესებს.  დედაჩემი სამზარეულოდან გამოდის და ხედავს ბავშვს ყვითელი ზვინების მიღმა. „რას აკეთებ, სალომე?”- კითხვა მკაცრია და კატეგორიული. „ჰემინგუეის ვკითხულობ”,- ვპასუხობ და დასჯის შიშით წიგნს ხელში უკუღმა ვიჭერ. ზამთარი „ჰარი მორგანის” დროა, თუმცა, ვინმემ რომ მკითხოს, თამამად ვუპასუხებ, რომ ჰემინგუეი არ არის ჩემი საყვარელი მწერალი.
გაზაფხული

-ბავშვებო, გადავიღოთ ფოტოები
-მას, მომავალ წელს აღარ გეყვარებით?
-რატომ იფიქრე, რომ აღარ მეყვარებით?!
-ისე გინდათ ფოტოების გადაღება ჩვენთან ერთად, თითქოს აპირებთ, დაგვივიწყოთ. თითქოს, ჩვენი მასწავლებელი რომ აღარ იქნებით, აღარასდროს გვნახავთ
-თორნიკე, როგორ შემიძლია, არ მიყვარდეთ?!
-ისევ წაგვიკითხავთ ხოლმე ატიკუსზე?!
-მომავალ წელს, როცა მოგინახულებთ, თქვენ წამიკითხეთ თქვენი ყველაზე ძვირფასი ტექსტი. მოსულა?
-მოსულა, მოსულა, მას!
ეს არის დაშორება. შენ კი ჩარბიხარ კიბეებზე და ფიქრობ: „თერთმეტი თუ იქნება, ისევ ვნახავ”, „ჩანტლაძე თუ შემხვდება ეზოში, ისევ ვნახავ”, „თუ რომელიმე მათგანი ფანჯრიდან გადმოიხედავს, აუცილებლად ვნახავ”. მერე საქართველოდან წავედი და გეუბნებით, არასდროს დაშორდეთ გაზაფხულზე მაშინ, თუ იცით, რომ შემოდგომით აუცილებლად მოიგებთ გრინ- ქარდს. 
ზაფხული
რას იზამთ, თქვენთან უცნობი ადამიანი რომ მოვიდეს და მეგობრობა შემოგთავაზოთ?! ეტყვით, რომ თქვენ საკმარისი რაოდენობის მეგობარი გყავთ და მეტი არაფერში გჭირდებათ?! თუ უხერხულად გაიღიმებთ, თვალებს დახუჭავთ და მუცელზე დაწვებით, რადგან ზურგზე საკმარისად ვერ გაირუჯეთ?!

ბათუმი სიზმარივით ქალაქია. ხანმოკლე. ყოველ შემთხვევაში, დამსვენებლებისთვის მაინც. მე მას თავი და ბოლო ვერ გავუგე, რადგან მტკიცედ მჯერა, ყველა ქუჩა ტყუპებივით ჰგავს ერთმანეთს. ხან რომელ ჩიხში დავიკარგები, ხან- რომელში. სანამ მეგობრები მიპოვიან, ვდგავარ სათამაშო აპარატთან, ოცთეთრიანებს ვყრი და ვცდილობ, ფუმფულა სათამაშოები მოვიგო. სულ ასეა, აბა, სხვა რა უნდა აკეთოს დაკარგულმა. გამვლელები გაკვირვებულები მადევნებენ თვალს და ფიქრობენ, რომ ყველა გიჟი ბათუმში ისვენებს და წალეკეს ეს ბათუმი, თურქებივით. იქნებ თურქი გიჟიც კი ვარ. ეს ორმაგი დანაშაულია. მერე მოდიან ჩემი მეგობრები, ჩამკიდებენ ხელს და ხან სად მივდივართ, ხან- სად. 

ბათუმი გიჟების ქალაქია. ჩემნაირების. ან მათი ვინც მეგობრობას ითხოვს. გახსოვთ კაცი, რომელიც ბედნიერია იმის, გამო, რომ თხუთმეტი აგვისტოდან ბათუმშია და ამინდები მას მერე არ არეულა? იქვე იმასაც ხომ არ ამატებს, რომ ხუთ სექტემბრამდე აპირებს დარჩენას?!- თქვენ უხერხულად იღიმით, არა?! იქნებ, ფიქრობთ კიდეც, რომ გიჟია. იმას კი, უბრალოდ, მეგობარი სჭირდება. მობეზრდა ყოველდღე ათეულობით სიმინდის ჭამა და ფიქრი იმაზე, რომ თბილისში ისევ უმეგობროდ უნდა ჩავიდეს. თითქოს ლამაზ- ქალაქელი ედმონდო იყოს.
ზაფხულში მე დავუბრუნდი დოჩანაშვილს. ზაფხული დაბრუნების დროა. 

ჩვენი სპორტი

0
“თაგვებს ჭირნახული ჩაელაგებინა და მოცლილთ ლელობურთი გაეჩაღებინათ.

უშველებელ კაკალს ხან აქეთ ისროდნენ და ხან იქით, გადაჰქონდათ ორღობიდან ორღობეში, ბანიდან ბანზე, კორდიდან კორდზე. დიდი გნიასი და ჟრიამული იდგა. მაყურებელი შეძახილებით ამხნევებდა თავის გუნდს”, – ეს სიტყვები ალბათ ყველას გვახსოვს, რადგან ნებისმიერი ჩვენგანის ბავშვობის საყვარელი “წუნა და წრუწუნადანაა”. მაშინ ალბათ ბევრმა არც ვიცოდით, რომ ჩვენში დღეს ლელობურთს ისევ თამაშობენ და თან ისე რომ…
 
მე-19 საუკუნეში ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა. ქუთაისში ლელობურთის თამაშის ადგილი საფიჩხიაზე ე.წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოებში იყო. თუმცა ის, რაც გურიაში ხდებოდა და დღესაც ხდება, სულ სხვა ამბავი იყო, არის, და ალბათ იქნება კიდეც…
 
გურიაში, სოფელ შუხუთში აღდგომის დილა თენდება. ღამენათევი სამწყსო ტაძრიდან გამოდის. სოფელი ივსება ემოციით და ძალით. ლელო უნდა გავარდეს. მოხუცებისთვის ეს ტკბილი მოგონებაა, ბავშვებისთვის – დიდობის ოცნება. შუათანა თაობას კი სისხლი ნელ–ნელა უჩქროლდება. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ თამაშობს და ვინ არა. მთავარია ლელო გავარდეს.
სულის შეხუთვა, ძვლების ჭახაჭუხი, ოფლი და მტვერი, ყველაფერი ერთად აზელილი. მხოლოდ ერთი აზრი გამოძრავებს, წინ უნდა მიაწვე. არა, ისე ხუმრობა იქით იყოს და ლელოში ხანდახან კბენაც მოდის. 
 
ჰასანბეგ თავდგირიძეს, აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით რომ მოჰკვეთა თავი შუხუთთან ბრძოლაში, მაგას ეძღვნება ჰასანბეგურაც და ლელოს თამაშიც შუხუთში. ისტორიას ასე შემოუნახავდ ეს ბრძოლა. ,,გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრით და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო”. 
 
ჰასანბეგის ცხრაათასიან არმიასთან ბრძოლის რიტუალი, იგივე ლელოა შუხუთში. ვისაც რამდენი კაციც შეგიძლიათ ომში გამოიყვანეთო, შემოუთვლია ჰასანბეგს. ლელოშიც ასეა. ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი მოთამაშე გამოჰყავს.
ლელო ომია, იმავე თამაშად ქცეული, როგორც ხორუმია, როკვად დარჩენილი ომისწინა საბრძოლო რიტუალი. 
ლელობურთი შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს, საღამოს 5 საათზე იწყება და როდის დამთავრდება, ამის თქმა წარმოუდგენლად ძნელია. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად 16 კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისაკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირებთან ახლოს დადებს.  
თამაშს ტრადიციისამებრ შუხუთის ტაძრის მღვდელი (ამჟამად მამა საბა) იწყებს, რომელიც ბურთს აგდებს და თუ დროულად არ მოასწრო მოთამაშეების გარიდება, ადვილი შესაძლებელია, რომ ხალხის მასამ დიდ ჯგლეთაში ჩაიყოლოს.  
 შუხუთურ ლელობურთს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული (მეტადრე გაწერილი) წესები. თამაშში ქალებიც მონაწილეობენ, ახალგაზრდებიც, ბავშვებიცა და მოხუცებიც. არც ის იფიქროთ, რომ რაიმე განსაკუთრებული საპრიზო ფონდი იყოს დაწესებული (ხშირ შემთხვევაში, ლეგენდარული “ცხვარი და ოციანიც” კი არა). მოთამაშეების უმთავრესი მოტივაცია ის გახლავთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი სასაფლაოზე ააქვს და ახლადგარდაცვლილი რომელიმე თანასოფლელის საფლავზე მიუჩენს სამუდამო ადგილს. 
შუხუთის სასაფლაო ხომ ერთგვარი “სპორტული დიდების მუზეუმია”, სადაც ლამის უხსოვარი დროიდან მოყოლებული, უამრავი ლელოს ბურთი აწყვია ძველსა თუ ახალ საფლავებზე და ლანჩხუთელები სწორედ ამგვარად გამოხატავენ წარსულის პატივისცემას. მხოლოდ საფლავებზე დადებული ბურთების დათვლით შეგვიძლია გავიგოთ, ზემოურები უფრო კარგად ჩაუქობენ თუ ქვემოურები. 
სხვათა შორის, ლელოს ბურთი გურიიდან ერთადერთხელ გავიდა. ეს 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოხდა. მაშინ გამარჯვებულმა გუნდმა ბურთი მშობლიური სოფლის ნაცვლად თბილისში, რუსთაველის გამზირზე წაიღო და პატივი მიაგეს რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ დახოცილ ქართველებს.
ესპანეთში, ინგლისში, იტალიასა თუ ძველ ტრადიციებს გადაყოლილ სხვა ქვეყნებში, ზოგან გავეშებული ხარების ჯოგებს დასდევენ და ზოგან პომიდორსა თუ ვაშლატამას უშენენ ერთმანეთს და ამ სანახაობებზე დასასწრებად უამრავ ტურისტსაც მასპინძლობენ. 
 
ძალიან მეეჭვება, რომ პომიდვრების სროლა შუხუთურ ლელობურთზე საინტერესო სანახაობა იყოს. უბრალოდ გურიიდან ანდალუზიამდე ძალიან შორია…

მუსიკა და პოლიტიკა

0

ალბათ გსმენიათ ცნობილი იმ გამონათქვამის შესახებ, რომელიც მუსიკალური სმენის არმქონე ადამიანისა და სპილოს ურთიერთობის საკითხებს განიხილავს. ჩემი მუსიკალური მონაცემების შეფასებაც ყველაზე უკეთ სწორედ ამ საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზითაა შესაძლებელი. შესაბამისად უსინდისობა იქნება, თუ თქვენ წინაშე სხვადასხვა კომპოზიციის მხატვრული ღირებულების განსჯას დავიწყებ. თუმცა ნამდვილად შემიძლია რამდენიმე სიტყვა პოლიტიკისა და მუსიკის ურთიერთმიმართების შესახებ გითხრათ.

ცხადია, პირველი კლასიკური პოლიტიკური კომპოზიციის შექმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან რევოლუციას უკავშირდება. 1789 წლის მოვლენების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში აჯანყებულმა ფრანგებმა რესპუბლიკა დააარსეს, რომლის წინააღმდეგ კონტინენტური ევროპის ყველა მონარქია დაირაზმა. ორგანიზებული მონარქისტული ძალები თამამად და მარტივად უმკლავდებოდნენ ახლადშექმნილი რესპუბლიკური სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგობას. საფრანგეთის საკანონმდებლო კრება უამრავი წაგებული ბრძოლის შედეგების გაქარწყლებას საგანგებო დადგენილებით შეეცადა და რევოლუციის ავანგარდულ ძალას, ახალგაზრდობას, მორიგი შეტევისკენ მოუწოდა. 1792 წლის 20 სექტემბერს დაბა ვალმისთან გამართულ შეტაკებაში დაგლეჯილი უნიფორმებით შემოსილმა და მშიერმა ფრანგმა ჯარისკაცებმა პრუსიის არმია დაამარცხეს. იოჰან ვოლფგანგ გოეთემ სწორედ ვალმის ბრძოლის შესახებ თქვა: “ამ დღიდან და ამ ადგილიდან ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. ესაა მეეფებზე ხალხების პირველი გამარჯვება…”  რევოლუციურ ეპოქაში, მონარქისტებთან ბრძოლის დროს, ფრანგთა მთავარი სიმღერა რუჟე დე ლილის ლექსზე შექმნილი „მარსელიეზა” გახლდათ. სხვათა შორის ამავე კომპოზიციის შესრულება ძალიან უყვარდათ 1900-იანი წლების გურიაშიც.

„მარსელიეზას” შემდეგ ათობით პოლიტიკური ჰიმნი და მარში დაიწერა, რომელთა გარეშეც ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა მეცხრამეტე საუკუნის ევროპის მატიანე. ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი „ინტერნაციონალი” გახლავთ, რომელიც რუსმა იმპერიალისტებმა და ბოლშევიკებმა ჩვენს მეხსიერებაში ყველაზე მახინჯი ფორმით აღბეჭდეს.

პოლიტიკური სიმღერების ახალი ტალღის წარმოქმნას ხელი კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა ისტორიულმა მოვლენამ შეუწყო. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ესპანეთს სამოქალაქო ომის ქარ–ცეცხლმა გადაუარა. „სახალხო ფრონტად” და „ფალანგად” გახლეჩილი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სამოქალაქო დაპირისპირების მონაწილე ორივე პოლუსს სხვადასხვა კონტინენტიდანაც გამოექომაგნენ. მემარცხენეებმაც და მემარჯვენეებმაც თავიანთი საბრძოლო მარშები შექმნეს, რომლებსაც სამხედრო და სამოქალაქო სექტორის მობილიზებისათვის იყენებდნენ. გასული ასწლეულის შუა პერიოდის განმავლობაში ანტიფაშისტური მოძრაობის ჰიტად ესპანური ფოლკლორის ნიმუშების საფუძველზე შექმნილი კომპოზიცია „Viva la Quinta Brigada ” იქცა. მეტიც, რესპუბლიკელთა ჰიმნის თანამედროვე ვარიანტები დღემდე იქმნება და ამ ეპოქაშიც ასრულებს თანამოაზრეების თავშეყრის ფუნქციას. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მუსიკალური ნაწარმოები ირლანდიელ მუსიკოს ქრისტოფერ ენდრიუ მურს ეკუთვნის, რომელიც მან ესპანეთის სამოქალაქო ომში მებრძოლ თანამემამულეებს მიუძღვნა.

შეუძლებელია ყურადღება არ გავამახვილოთ „Baby Boom-ის” ეპოქაზე, პაციფისტებსა და პირდაპირი დემოკრატიის მომხრეებზე. ვიეტნამის ომისა და რეტროგრადული პარტიების მმართველობას 60-70-იანი წლების ამერიკაშიც და ევროპაშიც ძირითადად სტუდენტები დაუპირისპირდნენ. მათ საყოველთაო ანტისაომარი კამპანიის წარმოება მოახერხეს, რომელშიც მთელი მსოფლიო ჩაერთო. პროტესტანტები მშვიდობის დამყარებასთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში თანამონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდასაც ითხოვდნენ. ცხადია, მათ გლობალურ კამპანიას მხარდამჭერები მუსიკოსთა შორისაც აღმოაჩნდნენ. ახალი თაობის ერთ-ერთი მთავარი ქომაგი ჯონ ლენონი გახლდათ. მისი პირველი სოლოკომპოზიციების ნახევარი სწორედ ანტისაომარ და დემოკრატიულ თემატიკას ეთმობოდა. „Give Peace a Chance” და „Power to the People” რიგი საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის დღემდე საკულტო მელოდიად რჩება.

უნიკალურ სამხრეთამერიკელ ავტორებზე, „დუბლინელებზე” და სხვა აქტივისტ მუსიკოსებზე მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე კი მხოლოდ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოსწავლეებს არსებით დეტალზე მივანიშნებთ. მათ აუცილებლად უნდა შევახსენოთ, რომ თანამედროვე ხელოვნების მიზანი მხოლოდ კულტურის სფეროს სამსახური და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა არ არის. მუსიკას ჩვენი ღირებულებების, პრიორიტეტებისა და მიზნების საზოგადოების ფართო ფენებამდე მიტანაც შეუძლია, რაც მისი კიდევ ერთი მახასიათებელია.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში

0
ცურვა არ ვიცი. ამიტომ, ზღვაზე, უმეტესწილად, ვწევარ ცხელ ქვებზე, მზეს ვეფიცხები,  თვალები დახუჭული მაქვს და ვუსმენ ზღვას, საკუთარ თავს და გარშემომყოფ ადამიანებს. ძალიან ხშირად ჩემამდე აღწევს გაბრაზებული ხმა: „შვილო, ჩამოდი ზღვაში, ნაპირზე ჯდომისთვის ვიხდი ამდენს ფულს?”, „დებილო, ვის გავხარ, ასეთი მშიშარა, როგორ შეიძლება წყლის გეშინოდეს, 8 წლის ხარ უკვე?!”, „არა, არა, არ ჩაგაგდებ… ხახახა, გაცურე ახლა, გაცურე!”, „ნუ ყლაპავ ამ ჭუჭყიან წყალს, შე უპატრონო!”. თვალებს ვახელ და ვცდილობ, ეს ბავშვები ვიპოვო. ისინი ზღვიდან ამოდიან, ნაპირზე ჩუმად ჯდებიან და ცდილობენ სირცხვილის და დანაშაულის განცდა დამალონ. ვცდილობ, მათთან ახლოს მივიდე და სხვა რაიმეზე გადავატანინო ყურადღება, მაგალითად, ლამაზი კენჭების შეგროვებაზე ან მზის ჩასვლაზე. ზღვაში ვერ დავაბრუნებ, ცურვა მეც არ ვიცი.  7 წლის გიორგი ცურვის სასწავლად აუზში ხტება და ცდილობს მშობლების ყურადღება მიიპყროს, მაგრამ მათ უფრო „მნიშვნელოვანი” საქმე აქვთ, ერთობლივი „სელფი” უნდა ატვირთონ სოციალურ ქსელში. „მიდი, გიო, კარგად გამოგდის!” – ვეუბნები მე. ის მიღიმის, აუზში ხტება და სასაცილოდ აქნევს ხელ–ფეხს. ტაშს ვუკრავ და ვამხნევებ: „აბა, კიდევ სცადე!”

რა უნდა ვქნათ დიდებმა მაშინ, როცა პატარები ახალ ჩვევებს იძენენ? როგორ მოვიქცეთ, დავეხმაროთ მათ თუ არა?  როგორ გავარკვიოთ, როდის, სად და რა ფორმით სჭირდებათ ჩვენი დახმარება? რა უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ხელი არ შევუშალოთ ჰარმონიულ განვითარებაში? სხვადასხვა ფსიქოლოგიური თეორიების დახმარებით ვეცადე ამ კითხვებზე პასუხი მეპოვა. 

ერიკ ერიქსონის ფსიქო–სოციალური თეორიის მიხედვით, ადამიანის განვითარება მთელი ცხოვრება გრძელდება და მას გადასაჭრელი აქვს 8 კონფლიქტი, რომელთა გადაწყვეტაზეა დამოკიდებული მისი პიროვნების განვითარება. ამ ბლოგში რამდენიმე სტადიაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. მეორე სტადია იწყება 18 თვის ასაკში იწყება, 2–3 წლისთვის მთავრდება და მოიცავს კონფლიქტს – ავტონომია სირცხვილის/ეჭვის წინააღმდეგ.  ამ ეტაპზე, ბავშვები იწყებენ საკუთარი თავის კონტროლს. საკუთარი სხეულის ფუნქციების მართვა ბავშვს უყალიბებს დამოუკიდებლობის განცდას. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება. ასევე ამ ეტაპზე ხდება საკვები პროდუქტების, სათამაშოების და ტანსაცმლის არჩევა. ბავშვები ამაყობენ საკუთარი მიღწევებით, ახალი უნარ-ჩვევებით და ცდილობენ, რომ ყველაფერი დაუხმარებლად გააკეთონ.  ამ დროს მშობლების მხრიდან ნეგატიური ჩარევა იქნება, თუ ისინი შეზღუდავენ ბავშვის ქცევებს და მოუთმენლობის გამო,  თავად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთება  ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია. ამის გამო, ბავშვს შეიძლება ეჭვი შეეპაროს საკუთარ შესაძლებლობებში და გახდეს სხვაზე დამოკიდებული. თუ მშობლები ამ პერიოდში იქნებიან მომთმენნი და მისცემენ შვილს ნებას – გააკეთოს ის, რისი უნარიც შესწევს, ამავე დროს მხარს დაუჭერენ მის თავისუფლებას და წააქეზებენ მის მცდელობებს, ბავშვი წარმატებით გადალახავს ამ კონფლიქტს. 
3–6 წლის ასაკის ბავშვის წინაშე დგას შემდეგი სახის კონფლიქტი: ინიციატივა დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ. ამ პერიოდში ბავშვები ითავისებენ ახალ უნარ–ჩვევებს და მოითხოვენ მშობლების მხარდაჭერას ამ გამოწვევების წარმატებით გადასაწყვეტად. დანაშაულის გრძნობა კი ბავშვებს შეიძლება გაუჩნდეთ მაშინ, როცა მათ მცდელობებს, მშობლები აკრიტიკებენ, უკრძალავენ ან მათ ნაცვლად აკეთებენ. ამ შემთხვევაში,  ისინი კარგავენ თავდაჯერებულობას, ჰგონიათ, რომ რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ და ამ დროს დასწავლილმა წარუმატებლობის შიშმა, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუშალოს ხელი მათ პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. 
ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურული თეორიის მიხედვით,  განვითარების ყოველ საფეხურზე არსებობს გამოწვევა, რომლის გადალახვა ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია (აქტუალური განვითარების ზონა) და არის სირთულეები, რომლებსაც მხოლოდ მოზრდილი ადამიანის დახმარებით დასძლევს (უახლოესი განვითარების ზონა). ვიგოტსკის აზრით, ილუზიის თამაში უახლოესი განვითარების  ზონის მოვალეობას ასრულებს და ბევრი უნარის გაჩენასა და დახვეწას უწყობს ხელს. მაგალითად, როცა ბავშვები „დედა-შვილობანას” თამაშობენ, მშობლის ქცევებს ერგებიან.  ილუზიით თამაში აუმჯობესებს სოციალურ და კოგნიტურ უნარებს, რადგან თამაშის წესების შედგენით, ბავშვები სოციალური ნორმებისა და მოლოდინების უკეთ გაგებას უახლოვდებიან და მათი შესრულება უნდებათ. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ ბავშვს ასწავლონ მისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ კიდევ რთული რაღაც, საჭიროა მშობლებმა და  მასწავლებლებმა გაითვალისწინონ რამდენიმე რჩევა:

·დააკვირდით ბავშვს და გაარკვიეთ,  სჭირდება თუ არა თქვენი დახმარება და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმეთ, რა ფორმით ჩაერთვებით ახალი გამოცდილების ათვისების  პროცესში. 

·გამოიჩინეთ მოთმინება. შესაძლოა, პირველივე ცდაზე ვერ დაწერონ ასო-ბგერა „წ”, ან ვერ გაცურონ ბრასით, ვერ დაიმახსოვრონ საჭადრაკო ფიგურების სვლები. გაკიცხვის და დაცინვის ნაცვლად, საჭიროა, რომ გაუმახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა გააკეთა კარგად, რა არ გამოუვი და გამოთქვათ იმედი იმის შესახებ, რომ შემდეგ ჯერზე უკეთ გააკეთებს. 

·იმუშავეთ ერთად. გახსოვდეთ, რომ ემოციურ მხარდაჭერასთან ერთად ბავშვს სჭირდება თქვენი დახმარება ზოგიერთი სირთულის გადასალახად.  

·რთული პრობლემა მიაწოდეთ მარტივ ნაწილებად, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლოს მისი გადაჭრა. მაგალითად, როცა საბოლოო მიზანია წერის უნარის განვითარება, პირველი ნაბიჯი იქნება კალმის სწორად დაჭერის  სწავლა.

·სწავლის პროცესში აქტიურად ჩართეთ თამაშის ტექნიკა. „თამაშში მიღწეული წარმატებები მომავალში ბავშვის რეალური მოქმედებების და მორალის საწყისი დონეა” – ამბობს ვიგოტსკი.

სამყარო დარაბებს მიღმა

0

კიევის დროით, სამი საათია. თბილისში საღამოს შვიდ საათზე მოვფრინავ, მაგრამ აეროპორტიდან ქალაქში გასვლას არ ვაპირებ. ვილნიუსიდან ვბრუნდები, ვილნიუსი კი ჩემთვის ყველა სხვა ქალაქზე მეტს ნიშნავს და მისგან მომავალს დამატებითი ემოცია არ მჭირდება. მეგობრები, რომლებიც რვა წლის წინ ერთად ვსწავლობდით ვილნიუსის უნივერსიტეტში, ისევ ჩვენს საყვარელ ქალაქში შევიკრიბეთ. გასული წლების განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტი არასოდეს შეგვიწყვეტია, მაგრამ ამჯერად მაინც განსაკუთრებული შეხვედრა გამოგვივიდა.

თუმცა ჩემი პოსტი ვილნიუსზე არ არის, უფრო სხვა რამეებზეა, სხვა შერძნებებზე, გამოცდილებასა და აღმოჩენებზე, რომლებზეც ბოლო დღეების განმავლობაში, იქ ყოფნის დროს ვფიქრობდი.

უფრო კონკრეტულად, საზღვარგარეთ სწავლის სიკეთეებზე მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა. იყო სტუდენტი უცხო ქვეყანაში _ ეს მთელი თავგადასავალია და სრულიად ახალი, უცნობი სამყაროს აღმოჩენას გულისხმობს. სამყარო, რომელიც ჩვენი სამშობლოს მიღმა არსებობს, სავსეა საოცარი ამბებით, შესაძლებლობებით, გამოწვევებით და რაც მთავარია, ადამიანებით, რომლებიც ძალიან გვგვანან და ამავდროულად, განსხვავდებიან ჩვენგან.

 

ხშირად ვისმენ უცნაურ მოსაზრებებს, რომ ევროპასა და ამერიკაში შვილის სასწავლებლად გაშვება მის დაღუპვასა და დაკარგვას ნიშნავს, რომ უცხოურ უნივერსიტეტებში ახალგაზრდებს ქართველობას ართმევენ, რომ დასავლეთი სასწავლო სტიპენდიებით ცდილობს ჩვენს დაპყრობას და გადაგვარებას. აი, მე კი, კიევის აეროპორტში ვზივარ, ველოდები თვითმფრინავს, რომელიც თბილისში დამაბრუნებს და მაქვს შეგრძნება, რომ შინ კი არ ვბრუნდები, ერთი სახლიდან მეორეში მინვდივარ. თან ჩემი რვა წლის წინანდელი თავი მახსენდება, თავისი შიშებით, ფიქრებით, ეჭვებით, სურვილებით, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებით, მახსენდება და ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, 19 წლის ასაკში გამბედაობა რომ არ მყოფნოდა და ვილნიუსის უნივერსიტეტში არ წავსულიყავი ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამით. რომ არა ჩემი მეგობრები, რომლებსაც სხვადასხვა ეროვნება, რწმენა, კანის ფერი, პოლიტიკური შეხედულებები და ორიენტაცია გააჩნიათ, როგორი ვიქნებოდი მე? რომ არა მათი სიყვარული და პატივისცემა ჩემი ქვეყნისა და რელიგიის, ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ, როგორი დამოკიდებულება მექნებოდა სხვა ადამიანების მიმართ?

დამერწმუნეთ, არაფერი იქნებოდა ისე, როგორც არის. საუკეთესო შემთხვევაში, უფრო დიდი დრო დამჭირდებოდა საკუთარი თავის საპოვნელად. საკუთარი თავის პოვნა კი, მოგეხსენებათ, ნამდვილი და დიდი ცხოვრების დასაწყისია. უფრო დიდ დროს წამართმევდა იმის მიხვედრა, რომ სინამდვილეში, ადამიანებს მხოლოდ პიროვნული თვისებები განასხვავებთ ერთმანეთისგან და როცა ვიბადებით, ყველანი სრულიად თანასწორები ვართ სამყაროს წინაშე.

 

გადაგვარების შიში იქით იყოს და, სხვა ტიპის არგუმენტებიც მომისმენია საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივით შეშფოთებულებისგან. უფრო მეტად, მშობლები შიშობენ, რომ მათი შვილები თავს ვერ გაართმევენ საყოფაცხოვრებო პრობლემებს. არადა, მე ჯერ არ მინახავს სტუდენტი, რომელიც სასწავლებლად წავიდა და გაზქურის ჩართვა, ან კარტოფილის შეწვა ვერ მოახერხა. უფრო მეტიც, მე, ადამიანმა, რომელსაც მანამდე არასოდეს არაფერი გამიკეთებია სახლში, ლიტვაში ხაჭაპურის გამოცხობაც კი შევძელი კულტურული საღამოსთვის.

ჩემი ქართველი მეგობრები ხშირად ამბობენ, რომ მე ლიტვაში სულ სხვა ადამიანი წავედი და სულ სხვა, გაცილებით კარგი ადამიანი ჩამოვედი. არ ვიცი, რამდენად შესაფერისი სიტყვაა „კარგი”, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რომ ბავშვის ნაცვლად, რომელიც ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის პატარა იქნება, ჩემი სახით, ზრდასრული ადამიანი დაბრუნდა.

მე ჩემი უცხოელი მეგობრებისგან დღემდე ბევრ რაიმეს ვსწავლობ, ვსწავლობ, როგორ უნდა ვცე პატივი სხვებს, როგორ უნდა მოვიქცე, როცა საყვარელ ადამიანებს მძიმე დღეები უდგათ, როგორ უნდა დავსვა კითხვები, როგორ უნდა მოვახერხო მოვალეობების გადანაწილება ოჯახში, როგორ უნდა ვიყო მშობელი, რომელიც შვილების დამოუკიდებლად გაზრდას და წარმატებით მუშაობას ერთდროულად შეძლებს და რაც მთავარია, როგორ მიყვარდეს ჩემი ცხოვრების ყოველი დღე.

დღეს მე დანამდვილებით ვიცი, რომ მეგობრობა და სიყვარული საზღვრებს არ ცნობს, რომ მეგობრობას და სიყვარულს არც ეროვნება და რელიგია გააჩნია. ვიცი, ისიც, რომ მეგობრების შვილები, რომლებიც უტრეხტში, პრაღასა და რეიკიავიკში იზრდებიან, არაჩვეულებრივად საყვარელი ადამიანები არიან ჩემთვის და რომ საზღვარგარეთ სწავლა ოდნავაც არ უშლის ხელს სამშობლოს სიყვარულს, უფრო პირიქით.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველაფერი რთულია, რთულია ვიზის მოლოდინი, სტიპენდიის მოპოვება, ყველა საბუთის შეგროვება, დიახ, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ასე რომ, მოინდომეთ და გახსენით დარაბები, რომელთა მიღმაც სულ სხვა სამყარო გელოდებათ. ერთი ნაბიჯი და თქვენი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

იზოლდა ოკრიბელაშვილი – ამას ვამბობ 63 წლის მასწავლებელი

0

სკოლის დირექტორის, იზოლდა ოკრიბელაშვილის, ბიოგრაფია ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიიდან იწყება. სწორედ ამ სოფელში სწავლობდა ის 8 წელი, თუმცა საბოლოოდ სკოლა მეზობელ სოფელ კიცხში დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ეს პროფესია, როგორც თავად ამბობს, პედაგოგობის სიყვარულმა აარჩევინა.

პროფესიად პედაგოგობა მეხუთე კლასიდან ავირჩიე და ვემზადებოდი ამისთვის. ბიბლიოთეკასა თუ წიგნის მაღაზიებში ვეძებდი ლიტერატურას, ვკითხულობდი პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებს, ვაკვირდებოდი მასწავლებლებს.
VII-VIII კლასში მარიამ თალაკვაძის ,,ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა” მთლიანად დავამუშავე. გრამატიკა კარგად შევისწავლე, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის დროს ვეღარაფრით გადავშალე ეს სახელმძღვანელო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მარიამ თალაკვაძე მიკითხავდა.

 
მეც მიკვირს, როგორ ვახერხებდი თვითგანათლებას მთის სოფლის ფარღაღალა სკოლაში პატარა ჯიუტი გოგონა, რომელსაც სახლში უამრავ საქმეს მაკეთებინებდნენ – ცხვარ-ძროხას ვმწყემსავდი წიგნებით ხელში. მახსოვს, რომელი ხის ძირას რომელი წიგნი წავიკითხე, რომელ ნაკადულთან ვიტირე ჩემი საყვარელი პერსონაჟის ბედის გამო, რომელ გორაკზე რომელი ლექსი დავწერე, რომელი მთისკენ გამიშტერდა აღტაცებული მზერა.
მზერაზე გამახსენდა… გაზაფხულია, ამაღლებული გორაკზე შევყურებ მთებს, იმერული გაზაფხულის კოპწიაობას, აყვავებულ ხეებში ჩამუქებულ ნაძვებს, ჩემ ქვევით მდინარეს და დასავლეთის თეთრი ღრუბლებით აყვავებულ ჰორიზონტს (რომლის მიღმაც ადრე მეგონა, რომ ზღვა იყო). პირველად მეწვია მუზა და ირგვლივეთმა პირველი ლექსი – „გაზაფხული” – მიკარნახა. იქ იყო ასეთი სტრიქონი ფუტკარზე – „იელი მოუთმენლად მიელის”. ეს ალიტერაცია არისო, – მითხრა მასწავლებელმა, არაფრით არ იქნება შენიო. მაშ, ვისია-მეთქი. კლასიკოსის რომ იყოს, მეცოდინებოდა, ახლა ქვეყანა წერსო. ჩემი დაწერილია – მეთქი! – ავცრემლიანდი. არ დამიჯერა. მაინც ჩავწერე ის ლექსი სასკოლო კედლის გაზეთში. (კედლის გაზეთისთვის მხოლოდ ფურცელს მაძლევდნენ). რედკოლეგიის წევრებს შორის ფუნქციებს მე ვანაწილებდი და საუკეთესო გაზეთებს ვუშვებდით. კრიტიკული წერილებისთვის დიდი ბიჭებისგან საშინელი მუქარებიც ყოფილა, მაგრამ ჩემი დირექტორი უჩუმრად უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას.


ჩემი საყვარელი ქართული ენის მასწავლებლის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს ყოველდღიურად კითხვის გაკვეთილებს ვუტარებდი. ხან მე ვკითხულობდი ჩემს საყვარელ მოთხრობებსა და ლექსებს, ხან მათ ვაკითხებდი გაგრძელებით. ისინი მეექვსეკლასელები იყვნენ, მე -მერვეკლასელი. არავინ იპარებოდა, არავინ მირღვევდა წესრიგს. ზოგჯერ მასწავლებელს მეძახდნენ და მიხაროდა. დავრჩები, დაგეხმარები-მეთქი, ვეუბნებოდი. 25 გიჟს როგორ გააჩერებო, – მითხრა ერთხელ ერთმა მასწავლებელმა. მე გამეღიმა. ბავშვებმა ჟრიამულით გამოხატეს მხოლოდ ჩემთან ყოფნის სურვილი. მასწავლებლობანას ვთამაშობდი თითქოს, მაგრამ მეც ასეთი მასწავლებელი მჭირდებოდა და ამ ბავშვებსაც: გულღია, გახსნილი, მხიარული. ვაყოლებდი, ვიაზრებდით, ვმსჯელობდით, სასაცილოზე ვიცინოდით. ჩემს პირველ მასწავლებელს თამარ ნიჟარაძეს ვბაძავდი. დირექტორობაზე არ ვოცნებობდი, მაგრამ ლიდერის თვისებები ბავშვობაშიც მქონდა. მშობლები მანდობდნენ შვილებს მთებს იქით, ლაშქრობებზე, სოკოზე, მივიწყებული ეკლესია-მონასტრების დასასუფთავებლად; ჩემი იდეა იყო ქარსაცავი ზოლის გაშენება საქარიქედზე. დირექტორი დამეხმარა იდეის განხორციელებაში.
დამამთავრებელ კლასში მეგობართა ათეული გავაერთიანე, ლოგოც კი გვქონდა ჩვენი. სტუდენტობის დროს დედასავით ვზრუნავდი მათზე. ახლა ამას ვინ დაიჯერებს, მაგრამ მაშინ ჩემი თანატოლი ბიჭები სიგარეტს იქ არ ეწეოდნენ, სადაც მე ვიყავი.
საერთოდ ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი. ბევრი რამით ვინატრებდი ახლა ჩემთვის ასეთ მოსწავლეს, მაგრამ ზოგი უცნაურობა ბავშვისაგან ძალიან გამაბრაზებდა. მაგალითად: ტირილი სამიანისა და ოთხიანის მიღების გამო, რადგან ორიანი უფრო ვაჟკაცურ ნიშნად მიმაჩნდა. საშუალოდ არასოდეს ვსწავლობდი, არც საქმე გამიკეთებია არასოდეს საშუალოდ. ან სულ ძალიან კარგად (ესე იგი ფრიადზე) ვსწავლობდი, ან სულ არ ვისწავლიდი, სულ არ გავაკეთებდი. ესე იგი, ორიანი უფრო შემეფერებოდა. და მომწონდა სამართლიანი შეფასება.
პედაგოგიურ ჟურნალს ,,სკოლა და ცხოვრებას” რომ ვკითხულობდი, ერთ-ერთ აბზაცს, საუკეთესო მასწავლებელი რომ იყო დახასიათებული, მივაწერე: ,,თქვენ კი…” ამ ჟურნალს რომელიმე ჩემს მასწავლებელს მიუტანდა ფოსტალიონი, ჩემს ნაწერს კი ვინ არ იცნობდა… არ კითხულობდნენ ალბათ, გამოხმაურება არ ყოფილა.
ძალიან მენანება ის დრო, რომელსაც პედაგოგიური ლიტერატურის კითხვაზე ვაცდენდი. მაგრამ ჩემი მასწავლებლების ბრალია – არ მირჩევდნენ, არ იყვნენ გახსნილები და მეც არ ვიყავი მათთან გულწრფელი, თუმცა დღიურებში ვებაასებოდი.
დიპლომზე მუშაობის დროს ჩემმა დირექტორმა ვარძიის სკოლაში მიმიწვია მასწავლებლად. ვმუშაობდი ჩემი მასწავლებლების გვერდით, ვასწავლიდი ჩემს და-ძმებსაც. თავიდან სამ კლასში ვმუშაობდი. განსაკურებით მიყვარდნენ მეცხრე კლასელები. დიპლომი რომ დავიცავი, უნივერსიტეტში დარჩენა შემომთავაზეს. მეცხრეკლასელებს ვერ მივატოვებ, 2 წლის შემდეგ დავბრუნდები-მეთქი, ვუპასუხე. სულ მათზე ვლაპარაკობდი ყველგან.
ერთხელ ხარაგაულის რკინიგზის სადგურში ვდგავარ. ჩავლილი მატარებლიდან უცნობმა ჩამომძახა: ,,მეცხრეკლასელები როგორ არიან, მეცხრეკლასელები?!” ,,მეათე კლასში არიან, მეათეში”! – სიხარულით ვუპასუხე. ერთ წელიწადში რაიონის საგანმანათლებლო სივრცეში ცნობილი ვიყავი. გაზეთებშიც წერდნენ ჩემზე კარგ წერილებს. ზოგს ვაღიზიანებდი კიდეც. ქართული ლიტერატურის პროგრამიდან რომ ვრცელი ტექსტების ამოღება მოვითხოვე, ბევრი ოპონენტი გამომიჩნდა. დაზეპირებული ჰქონდა ხალხს „გვადი ბიგვა” და „კოლხეთის ცისკარი”. აუცილებლობად მიაჩნდათ, ბავშვებისთვის თვეობით ამ ნაწარმოებების სწავლება. იმ წელიწადს პროგრამა ბავშვებისათვის სასიკეთოდ შეიცვალა.

 
დირექტორობაზე არასოდეს მიოცნებია. ვიტირე კიდეც, ეს თანამდებობა რომ შემომთავაზეს. თუმცა აი, 33 წელია ბაზალეთის სკოლის დირექტორი ვარ.
ბაზალეთში სამუშაოდ დაოჯახების შემდეგ გადმოვედი. აქ ვცხოვრობ. მყავს სამი გოგონა. პედაგოგიური დინასტია შევქმენი. თეა ტალახაძე ფილოლოგია, ფიქრია – დაწყებითი კლასების მასწავლებელი, გვანცა – სტუდენტი, ფილოლოგიურზე სწავლობს ქუთაისის უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზეა და შეიძლება სტაჟიორად წელს ჩემს სკოლაში მოვიდეს. სამივე სერთიფიცირებული პედაგოგები ვართ, სხვადასხვა პროექტში ჩართულები. გვაქვს წარმატებები სწავლებაში. თეა ამჟამად სვანეთში მიდის „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამით. ჩემს სკოლას ძალიან დააკლდება. აქ კარგი პირობები აქვს კარგი მუშაობისთვის. მაგრამ ალბათ არ უნდა მუდამ დედის ჩრდილში ყოფნა, თუმცა რესპუბლიკის ბევრი წარმატებული მასწავლებლისთვის მე მხოლოდ თეას დედა ვარ.

ქალბატონო იზოლდა, რამდენად რთულია დღეს სოფლის სკოლის დირექტორობა?
სოფლის სკოლის დირექტორობა ძალიან რთულია. ჩემთვისაც ასეთი იყო ეს 33 წელი. დამხვდა მინგრეულ-მონგრეული სასკოლო შენობა. ერთ საკლასო ოთახში ერთი მასწავლებელი ასწავლიდა ოთხ სხვადასხვა კლასს. 45 წუთში კიდეც გამოკითხავდა და ახალ მასალასაც უხსნიდა დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლეს. მაშინვე დავიწყე ზრუნვა კლასების გაყოფაზე და ექვს წელიწადში ახალი შენობა ავაშენეთ, კადრები გადავახალისეთ, გაორმაგდა მოსწავლეთა რაოდენობა… კაბინეტ-ლაბორატორიები აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით. მოვიდა წარმატებები სასკოლო, რაიონულ, რესპუბლიკურ კონკურსებში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციებში, გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტებში, სპორტულ შეჯიბრებებში და ა.შ. გვყავს მადლიერი მშობლები. ისინი ერთობლივ ღონისძიებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ერთად არიან ჩართულები: საახალწლო და საგაზაფხულო დღესასწაულებზე დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები აქტიურობენ, ექსკურსიებსა და ლაშქრობებში – უფროსკლასელთა მშობლები. როგორ უბრწყინავთ ბავშვებს თვალები, როდესაც მათი მშობლები სასკოლო სცენაზე მღერიან, ცეკვავენ, ლექსებს ამბობენ.2006 წელს განათლების სამინისტრო ჩვენს სკოლას დაბა ხარაგაულის ერთ-ერთსკოლასთან მიერთებას უპირებდა, მაგრამ გადავრჩით. ისეთი მიმართვა გააკეთეს მშობლებმა, იმდენი ხელმოწერა შეაგროვეს და დაასაბუთეს სკოლის სასიცოცხლო მნიშვნელობა ოთხი სოფლისთვის, რომ ოპტიმიზაციის კომისიამ გადაწყვეტილება გააუქმა. ასეთივე ხელმოწერები შეაგროვეს 2007 წელს, რომ სხვა სკოლაში არ ავრჩეულიყავი დირექტორად.
თქვენი აზრით, გარდა პედაგოგიური ნიჭისა, კიდევ რა თვისებებს უნდა ფლობდეს სკოლის დირექტორი?
დირექტორს უნდა ჰქონდეს კონტაქტი უმაღლეს სასწავლებლებთან და თვითონ უნდა ირჩევდეს კადრებს საკუთარი სკოლისათვის. მასვე უნდა ჰქონდეს კრიტერიუმები მასწავლებლის კადრების შესარჩევად და ვინც ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს, უნდა შეიცვალოს. სოფლის სკოლას ნაკლებად აქვს საშუალება კადრების შერჩევისა, რადგან ძლივს ნაპოვნი ერთი მასწავლებელი, სხვაგან ვერწამსვლელი, მუდმივად რჩება ამა თუ იმ საგნის მასწავლებლად სოფელში. ერთადერთი გამოსავალი დირექტორისთვის მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის გამუდმებული ზრუნვაა. მეც ვზრუნავ. ვახალისებ მათ მისწრაფებას ტრენინგების მოსასმენად, ვაფინანსებ მათ პროფესიულ მომზადებას სკოლის შესაძლებლობის შესაბამისად, ვყიდულობ საჭირო მეთოდურ თუ მხატვრულ ლიტერატურას. მივმართავ წახალისების ფორმებს მოტივაციის ასამაღლებლად და ასე შემდეგ…

ზოგიერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი, პრეტენზიებს გამოთქვამს სერტიფიცირების პროგრამასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებთ განათლების სისტემაში ამ პროგრამის დანერგვას?
სერტიფიცირებული დირექტორი გახლავართ და 10 სერტიფიცირებული პედაგოგი მყავს პატარა სკოლაში. ხარაგაულის საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე მეტი სერთიფიცირებული მასწავლებელი მყავდა ამ პროცესის დაწყების პირველი წლიდანვე. პედაგოგთა სერთიფიცირების პროგრამა აუცილებელ, დროულ პროცესად მიმაჩნია. პედაგოგები მივიდნენ წიგნთან, საგნობრივი ცოდნა გაიღრმავეს და სწავლების ახლებურ მიდგომებსა და თეორიებს დაეუფლნენ. სერთიფიცირებული მასწავლებელი დანამატს რომ ღებულობს, ესეც ძალიან კარგია, მასწავლებლის ხელფასი არასოდეს ყოფილა მისი შრომის შესაბამისი. მაგრამ სერთიფიცირება მარტო მასწავლებლის კეთილდღეობას კი არ ნიშნავს, არამედ ის მოსწავლის წარმატების, უკეთესი სკოლის, უკეთესი ქვეყნის საწინდარია. მენანება, რომ ბევრი სერთიფიცირებული საუკეთესო ახალგაზრდა პროფესიონალი უმუშევარია და დაპირებულ 2014 წლის ცვლილებებს ელოდება. მომავალზე ორიენტირებულმა სახელმწიფომ ბავშვების სასარგებლოდ უნდა იმოქმედოს. ეს ასეც იქნება. ამას ვამბობ 63 წლის მასწავლებელი. თუ მე ვერ შევძლებ კარგი გაკვეთილების ჩატარებას, თუ ბავშვებს არ გაუხარდებათ ჩემი გაკვეთილზე შესვლა, თუ ჩემი მშობლები თავიანთ შვილებს სხვა სკოლაში გადაიყვანენ, იმის გამო, რომ მე ცუდად ვასწავლიდი მათ, სერთიფიცირების მიუხედავად, მე თვითონ წავალ სკოლიდან. ვინც სკოლას მხოლოდ დასაქმების ადგილად მიიჩნევს, ვინც საკუთარი ოჯახის ლუკმა-პურისთვის მის მოსწავლეებს მომავლის პურს უკარგავს, მას სხვამ უნდა უთხრას სიმართლე და სახელმწიფომ კი ღირსეული პენსიით ღირსეულად გაისტუმროს შინ ამაგდარი ადამიანი. მინდა ვთქვა, რომ სერთიფიცირებაც არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ მასწავლებელი საუკეთესოა. მასწავლებელი უნდა შეფასდეს პრაქტიკული საქმიანობით, შედეგებით, მოსწავლეთა წარმატებით.

რა არის საჭირო, რომ უკეთესი სკოლა გვქონდეს?
პედაგოგიური კადრები უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესად უნდა მომზადდნენ. უნდა გვქონდეს უკეთესი საუნივერსიტეტო პროგრამა და უნდა ჰყავდეს უკეთესი კადრები უმაღლეს სასწავლებლებს. უნივერსიტეტებში სტუდენტებს მკაცრი გამოცდები უნდა უტარდებოდეთ და იქ უნდა ხდებოდნენ პროფესიონალები. სტუდენტობისას მათ მეტი კონტაქტები უნდა ჰქონდეთ პრაქტიკოს მასწავლებლებთან (ეს უნივერსიტეტმა უნდა მოაგვაროს). კარგი იქნება სკოლაში ერთწლიანი სტაჟირებაც. სერთიფიცირება მოსაწონია, მაგრამ პედაგოგის დიპლომი თითქმის უგულებელყოფილია, გაუფასურებულია საუნივერსიტეტო განათლება, რაც გულდასაწყვეტია.
არ შეიძლება მხოლოდ 2-3 კარგი მოსწავლის წარმატებით თავის მოწონება. ყველას აქვს სწავლის უფლება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ უფასო სახელმძღვანელოებს და უფასო ტრანსპორტით მგზავრობას, უსაფრთხო სკოლას. ბავშვს ყველაზე მეტად კარგი მასწავლებელი სჭირდება, რომელიც გამუდმებით ისწავლის, რომ კარგად ასწავლოს. იყო თუ არა კარგი პედაგოგი ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელმაც თავისი პროფესია შემაყვარა, გული გამითბო, რასაც მე წლების განმავლობაში ვიმეორებდი? არა! იმიტომ რომ მისი მოსწავლეების უმრავლესობამ არ იცოდა გამართული წერა-კითხვა, არ შეეძლოთ წერილის დაწერა, თავიანთი ემოციების წერილობით გადმოცემა. ჩემთვის მასწავლებელს არასოდეს დაუვალებია თავისუფალი თემის დაწერა. მხოლოდ ოლიმპიადებზე ვწერდი, როგორ მიხაროდა, ამ დროს თვითგამოხატვის საშუალება რომ მეძლეოდა! ეს იყო მაშინდელი განათლების სისტემის ბრალი, მაგრამ მასწავლებელმა ყოველთვის უნდა აჯობოს ყველა რეფორმას და ყველა სისტემას საკუთარი მოსწავლეების სულის გადასარჩენად.

 

როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სკოლის დირექტორს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან? თუ გაქვთ თქვენეული მიდგომები?
მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან სკოლის დირექტორს ძალიან თბილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენ ურთიერთთანამშრომლობისთვის ვართ გაჩენილნი, საერთო მიზანი გვაქვს და ვიბრძვით უკეთესი მომავლისათვის, უკეთესი საქართველოსთვის. საერთოდ მინდა, რომ განათლების სისტემაში ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ბავშვების მოყვარული ადამიანები დასაქმდნენ. ჰუმანური ადამიანი ვარ, მაგრამ დაუნდობელი ვარ გულგრილთა მიმართ, მათ მიმართ, ვინც არ იწვის, ბოლომდე არ იხარჯება მოსწავლეებისთვის, ხელფასის მომატება პასუხისმგებლობას არ უზრდის სხვისი შვილების ბედისათვის და მხოლოდ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას შეჰხარის.
პედაგოგები ხშირად ჩივიან, რომ დღეს მშობლებს აღარ სცალიათ, რომ აქტიურად ჩაერთონ შვილების განათლებაში. ეს პრობლემა თუ იკვეთება ბაზალეთში?
კარგი მშობლები გვყავს, მაგრამ მათ უმრავლესობას შვილების დასახმარებლად გაზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში არ სცალიათ.სოფელში არ არის საბავშვო ბაღი. სკოლაში მოსამზადებელი კლასი მაინც უნდა იყოს, რომ ბავშვებმა დაძლიონ პირველი კლასის პროგრამა. ჩვენი მოსწავლეების, მათი მშობლების, სოფლის საზოგადოების დიდი ხნის სურვილია, ორსაფეხურიანი სკოლის სამსაფეხურიანად გადაკეთება, რათა აქ სრულყონ საშუალო განათლება ჩვენთან ენაადგმულმა და გონებაგახსნილმა ბავშვებმა. 2005 წლიდან კურსდამთავრებულთა ნახევარი ყოველწლიურად ხდება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. ამჟამად რვა კურსდამთავრებულიდან ექვსი სტუდენტი სხვადასხვა გრანტით დაფინანსდა ან უფასო ფაკულტეტზე მოეწყო. ეს, რა თქმა უნდა, სიხარულით მავსებს.

რას ურჩევდით თქვენს კოლეგებს?
კოლეგებს ვურჩევდი, სკოლაში შესვლას ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით ანთებული გულით, მუდამ სიახლეებისაკენ სწრაფვას, უწყვეტ თვითგანათლებას.

ინტერკულტურული განათლება სწორხაზოვანი აზროვნების საპირწონედ

0
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ახალ, ოთხდონიან ვერსიაში კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინება და უსაფრთხო გარემოს შექმნა სხვადასხვა კულტურის მოსწავლეებისათვის ყველა საფეხურის მასწავლებელს მოეთხოვება.

მუხლი 6. პუნქტი 1.

მასწავლებელი ქმნის უსაფრთხო გარემოს სხვადასხვა კულტურის მოსწავლეებისათვის;
მუხლი 12. პუნქტი 1.

იყენებს მოსწავლეთა კულტურულ მრავალფეროვნებას დადებითი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
მუხლი 13 (5)  პუნქტი 1. 

მასწავლებელი იკვლევს კულტურული თავისებურებების გავლენას მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირებაზე; შეიმუშავებს რეკომენდაციებს პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
მუხლი 13 (11). პუნქტი 1.

მასწავლებელი არის სკოლასა და სასკოლო თემში ინტერკულტურული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშემწყობი საქმიანობების, სკოლაში ქცევის მართვასთან დაკავშირებული კვლევების ინიციატორი; კვლევის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლაში პოზიტიური გარემოს დასამკვიდრებლად.(მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, 2014).

 საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. თბილისის ბევრ სკოლაში შეხვდებით სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებს (რომ არაფერი ვთქვათ ეთნიკური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებზე), რომლებსაც განსხვავებული ტრადიციები, ადათ-წესები და ენა აქვთ. 

იმის მიუხედავად, არის თუ არა კლასში სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლე, თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა ამკვიდრებდეს მრა­ვალფეროვნების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას. მასწავლებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მრავალფეროვნება სასარგებლოა როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის კულტურული ჯგუფის მოსწავლეთათვის. მრავალფეროვნება „ამდიდრებს” სასწავლო გარემოს. მრავალფეროვან გარემოში ინტერკულტურული განათლების ელე­მენტების გამოყენებით მოსწავლეს უვითარდება:

ა. მრავალმხრივი ხედვა;

ბ. კონფლიქტის თავიდან არიდების უნარი;

გ. საერთო ღირებულებების მიმართ პატივისცემა. 

ვინ იცის, იქნებ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული გაყინული კონფლიქტების მოგვარების გზა სწორედ ინტერკულტურული განათლების კომპონენტის გაძლერებაზე გადის.  

სამწუხაროდ, რეალობაში გვხვდება ფაქტები, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ ყველა პედაგოგს არ აქვს კარგად გაცნობიერებული საკუთარი როლი კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელოზე ვმუშაობდით, საქართველოს სკოლებში ვაგროვებდით სიტუაციებს, რომელთა ანალიზსაც ვთავაზობდით მასწავლებლებს. მახსოვს, წავაწყდით სიტუაციას, რომელიც დასახელებულ სახელმძღვანელოში არ მოხვდა, მაგრამ მოგვიანებით ინტერკულტურული განათლების სახელმძღვანელოში გამოვიყენეთ. გთავაზობთ მოსწავლის მონათხრობს (ტესტი რედაქტირებულია, თუმცა შინაარსი შეცვლილი არ არის):  “მამით აფხაზი ვარ, დედა ქართველი მყავს. აფხაზეთთან კონფლიქტის გამო ჩემი მშობლები დაშორდნენ. ექვსი თვის ვიყავი, როცა დედამ თავისიანებთან წამომიყვანა. მამას სხვა ოჯახი ჰყავს. მასთან, ფაქტობრივად, ურთიერთობა არ მაქვს. რამდენჯერმე შეგვეხმიანა, მაგრამ მერე მისგან ზარებიც შეწყდა… ერთხელ ისტორიის გაკვეთილზე, როცა მასწავლებელი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტზე საუბრობდა, ისე “შეიჭრა როლში”, რომ ვერ დამალა გაღიზიანება. აფხაზები უმადურებად მონათლა. ჩვენი უხერხემლო მთავრობის ბრალია, ამდენი უფლება რომ მისცა აფხაზებსო. მოკლედ, კონფლიქტში ბრალი მთლიანად მეორე მხარეს დასდო. მასწავლებელი რომ ლაპარაკობდა, ვიგრძენი, კლასელები ხშირ-ხშირად გადმომხედავდნენ. დავიძაბე. ერთმა ისიც კი მითხრა: მე რომ შენს ადგილზე ვიყო, გვარს გამოვიცვლიდიო. კარგა ხანს სკოლაში სიარულის სურვილი დავკარგე. რომ არა ჩემი რამდენიმე ახლო თანაკლასელი ძმაკაცი და ქართულის მასწავლებელი, რომელმაც “ჰაკი აძბას” სწავლებისას სულ სხვა თვალით დაგვანახა აფხაზები, მათი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, ან სხვა სკოლაში გადავიდოდი, ან საერთოდაც აღარ ვივლიდი…”

მოცემული სიტუაცია, სამწუხაროდ, გამონაკლისი არ არის. ამგვარი დამოკიდებულების მიმანიშნერბელია ის მონაცემებიც, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევაში გამოვლინდა (იხ. „ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე”, 2013). 

იმის მაგივრად, რომ მასწავლებელს ისტორიული ფაქტები და მოვლენები მიზანმიმართულად გამოეყენებინა,  ისტორიული მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან ჭვრეტის საშუალება მიეცა მოსწავლეებისათვის და ამით  მათში შემწყნარებლობის უნარის განვითარებისათვის შეეწყო ხელი, მან თავისი მკვეთრად გამოხატული შეურიგებელი პოზიციით ქსენოფობიის დამკვიდრება წაახალისა.

უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა მრავალ ოჯახს დაუტოვა მძაფრი ტკივილის განცდა. ეს ტკივილი ირეკლება ბავშვების სულზეც. მათი სათუთი ბუნება რეაგირებს ყოველ წვრილმანზეც კი. მით უმეტეს, როცა საუბარია ბავშვზე, რომელსაც ომმა ოჯახი დაუნგრია, ფაქტობრივად, უმამოდ დატოვა. სრულიად გაუგებარია მასწავლებლის პოზიცია, რომელიც თავს ახვევს მოსწავლეებს საკუთარ ხედვას, მოვლენის ცალმხრივ შეფასებას და არ ითვალისწინებს იმას, რომ კლასში აფხაზი ეროვნების მოსწავლე უზის. რადგანაც გაკვეთილის თემა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი იყო, მასწავლებელს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაეთვალისწინებინა ის ელემენტები, რომლებიც აუცილებელია კონფლიქტის ანალიზისას, კერძოდ:

კონფლიქტის ისტორიისა და მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევა;
კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის განსაზღვრა;
კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ქმედების მოტივისა და მათი ურთიერთდამოკიდებულებების გარკვევა;
იმ ფაქტორებისა და ტენდენციების განსაზღვრა, რომლებიც საფუძვლად უდევს კონფლიქტს;
გამოცდილების სწავლა როგორც გამარჯვებიდან, ისე მარცხიდან. 

ანალიზის ნაცვლად მასწავლებელი მხოლოდ ემოციური დამოკიდებულების გამოხატვით დაკმაყოფილდა და კლასში შექმნა გარემო, რომელმაც აფხაზი წარმოშობის ბიჭუნას უცხოდ და “დამნაშავედ” აგრძნობინა თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ის აფხაზია. 

ისტორიის მასწავლებელს შეეძლო გამოეყენებინა როლური თამაში (მაგალითად, სახალხო დიპლომატების შეხვედრა ან კონფლიქტის ანალიზი სამი  პოზიციიდან: ქართველების, აფხაზებისა და ნეიტრალური მხარის.) „სხვის ტყავში” ყოფნა მოსწავლეებს უკეთ აცნობიერებინებს „მოწინააღმდეგის” პოზიციას, იმას, რომ მარტო მისი პოზიცია არ არის ერთადერთი ჭეშმარიტება; უვითარებს ემპათიის უნარს. სწორედ ეს არის მაგალითი ინტერკულტურულ განათლებაში ტრანსფორმაციული მიდგომისა, რომელიც აძლევს საშუალებას მოსწავლეს, დაინახოს საკითხი სხვადას­ხვა პერსპექტივიდან. ტრანსფორმაციული მიდგომისას ხდება თუნდაც ძალიან ტაბუდადებული ფაქტების მიწოდება, განხილვა და ანალიზი და მოსწავლე საკუთარი პოზიციისა და ღირებუ­ლების ჩამოყალიბებისას აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხდება. ასეთი მიდგომა სასრგებლოა თავად მასწავლებლისთვისაც, რადგან ის რევიზიას უკეთებს თავის პოზიციასაც. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მაწავლებელს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი თვალთახედვა, ის მოვალეა ამა თუ იმ საკითხზე მოსწავლეს ინფორმაცია მიაწოდოს სხვადასხვა კულტურული პერსპექტივიდან. 

სამწუხაროდ, სიტუაციაში არ ჩანს, რა გააკეთა ისეთი ქართულის მასწავლებელმა, რომ მოსწავლეს ნაწილობრივ შეუმსუბუქა “უცხოობის” განცდა, დაუბრუნა სკოლაში სიარულის სურვილი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან შეძლო აფხაზი ხალხის ღირსებების ჩვენება და იმ შემხები წერტილების, საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მონახვა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ ორი ხალხის ჰარმონიულ თანაცხოვრებას განაპირობებდა. სამაგიეროდ, ვიცი, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ტრანსფორმაციული მიდგომის გამოყენებამ. ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის ელენე რამიშვილის მოთხრობას, რომელიც, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა (ამ სკოლაში ვსწავლობდი და ვასწავლიდი კარგა ხანს, აქ ასწავლიდა დედაჩემიც, ელენე სურგულაძე), რომ  123-ე სკოლაში შექმნილი გარემოს, უპირველეს ყოვლისა კი, ისტორიისა და ქართულის მასწავლებლების საქმიანობის შედეგია.  
ჩემი აფხაზეთი

აფხაზეთის ომის ამსახველი კადრებიდან 
ჩემთვის ცრემლისმომგვრელი და შემაძრწუნებელი 
იყო ის, თუ როგორ მისდევდა ხალხით სავსე გემს ძაღლი.
სამი თვის ვიყავი მაშინ, როცა სოხუმის ცხოველთა ბაზარში მიყიდეს. ამ დღიდან ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ოჯახთან შეგუება, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. ვცდილობდი, ყურადღება რომ მოექციათ, ახალი მზრუნველებისათვის ნერვები მომეშალა. სახლის ყოველ კუთხეს ვსვრიდი, ბევრს ვყეფდი და სახლში ყველაფერს ვხრავდი. ოჯახის წევრები გიოს ეჩხუბებოდნენ იმისათვის, რომ მან აიჩემა ძაღლის ყიდვა. ერთადერთი, ვინც ჩემს უშაულო პატრონს მხარს უჭერდა, მისი მეზობელი საიდი იყო, თორმეტი წლის აფხაზი ბიჭი. ის და გიო საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მე ხან ერთთან გავრბოდი, ხან – მეორესთან, ვეთამაშებოდი. ყველაზე მეტად ზღვის ნაპირზე ყოფნა მიყვარდა. საიდი ზღვაში ცურავდა, გიო ნაპირზე იჯდა და ცდილობდა. ჯოხი რაც შეიძლება შორს გადაეგდო. მე წყალში შევვარდებოდი ჯოხის მოსატანად, მაგრამ საიდი ჯოხთან უფრო ადრე მიცურდებოდა და იწყებოდა ერთი ძიძგილაობა. . . მერე საიდი და გიო ადგილებს ცვლიდნენ. ერთი ნაპირზე რჩებოდა, მეორე ზღვაში შედიოდა. უზომოდ მიყვარდა ჩემი პატრონიცა და საიდიც…
დღეები გადიოდა. ჩვენ ერთმანეთს უფრო და უფრო დავუახლოვდით. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. სკოლაში რომ მიდიოდნენ, გული მწყდებოდა, ხოლო როცა ბრუნდებოდნენ, სიხარულისაგან ვყეფდი და ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი. ბევრჯერ დამიკაწრავს გიორგი და საიდი. მიკბენია კიდეც, მაგრამ, გეფიცებით, ეს ზედმეტი სიყვარულით თუ მომსვლია.
ზაფხულის არდადეგები დაიწყო. ახლა უფრო ხშირად გავდიოდით ზღვაზე. ხან ქვიშაში ვკოტრიალობდით, ხანაც ტალღებს ვეთამაშებოდით. მეც, გიოსაც და საიდსაც უზომოდ გვიყვარდა შოკოლადი, ამიტომ ტკბილის გამო ხშირად “ვომობდით”. ზაფხულის არდადეგები ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემთვის. . .
მერე გიო სახლიდან აღარ გადიოდა. არც თამაშის სურვილი ჰქონდა. საიდიც არსად ჩანდა. ეზოში გასულს ჩემთვის მანამდე უცნობი ხმები მესმოდა. რაღაც გრუხუნებდა, რაღაც ავისმომასწავებლად ზუზუნებდა ჰაერში. ირგვლივ რკინის ჯოხებიანი კაცები დარბოდნენ. ადამიანების კივილს ჩემიანების ყმული მოჰყვებოდა, ჩემიანების ყმუილზე მეც ვყმუოდი, თუმცა არ ვიცი, რატომ. ეზოდან გასვლას ვერ ვბედავდი, რომ გამეგო, რა აყმუვლებდათ. სახლში შესულს გიო მეჩხუბებოდა, გარეთ ნუ გადიხარო. ჩემი პატრონები ფანჯარაში გახედვასაც ვერ ბედავდნენ. საიდიც აღარ მოდიოიწაზე ეცემოდა და აღარ დგებოდა. რამდენიმე ადგილას ცეცხლის ალი ავარდა. ღამღამობით ჩვენს სახლში მეზობლები ჩუმად მოდიოდნენ და სულ იმაზე იყო ლაპარაკი, დაეტოვებინათ თუ არა სოხუმი და როგორ გაეღწიათ. ჩემმა ოჯახმაც ამაზე დაიწყო ფიქრი…
ალმოდებული სოხუმიდან მანქანები, გემები სადღაც მიდიოდნენ…
გათენდა ის დღე, როცა ჩვენც უნდა წავსულიყავით. ჩვენც? მე ასე ვფიქრობდი, მაგრამ ვიღას ახსოვდა ძაღლი ბობო. გიოს, რა თქმა უნდა, უნდოდა ჩემი წაყვანა, მაგრამ გემზე თავად მოხვდებოდა თუ არა, არავინ იცოდა. მშობლები ეუბნებოდნენ: “რა დროს ძაღლია, წამოდი ჩქარა! ძაღლი უფრო უსაფრთხოდ იქნება აქ, ვიდრე ჩვენ.” გიოს და მის ოჯახს ნაპირამდე მივყევი იმ იმედით, რომ მაინც არ დამტოვებდნენ. სანაპიროზე მისულმა ყავახანის უკან საიდის ცრემლიანი თვალები დავინახე. გემი დაიძრა. ზღვაში შევცურე. მე მას ვსდიე იქამდე, სანამდეც შევძელი. შემდეგ სადღაც გემის ბოლოდან გიორგის ყვირილი შემომესმა: “დაბრუნდი, ბობო, დაბრუნდი. საიდთან მიდი!” 
ვიდექი ნაპირზე და ვუყურებდი იმ გემს, რომელსაც გიო მიჰყავდა ჩემგან შორს, ძალიან შორს, თუმცა ძალიან ახლოს, საქართველოდან საქართველოში…    

ელენე რამიშვილი
თბილისის 123-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე      

მახსოვს, როგორ შეხვდა სკოლა ელენეს წარმატებას. მეტიც, მასწავლებელმა მისი მოთხრობა ერთ-ერთი გაკვეთილის თემად გამოიყენა და მოსწავლეებს ასარჩევად შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განსავითარებელი დავალება მისცა, რომელიც ინტეკულტურულ ასპექტსაც შეიცავდა: „გააგრძელეთ მოთხრობა”, „გადმოეცით მოთხრობის შინაარსი გიოს პოზიციიდან”, „გადმოეცით მოთხრობის შინაარსი საიდის პოზიციიდან”, „მისწერეთ წერილი საქართველოსა და აფხაზეთის ლიდერებს”. 

ინტერკულტურული განათლების ასპექტების გათვალისწინება სწავლებაში, რაც ახალი სტანდარტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, არ არის ძნელი მისაღწევი, ამ კუთხით პედაგოგიური მიდგომების სწავლა სრულიად შესაძლებელია; რთული შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევა, სწორხაზოვანი აზროვნების გადალახვაა.    

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...