პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

,, ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ ანუ თანასწორობის გაკვეთილები

0
ამას წინათ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც  ,,მშიერი” ახალგაზრდა ლუკმის გაყოფას სთხოვს სხვადასხვა საკვებით ხელდამშვენებულ გამვლელებს. ვინ რა დოზის გულუხვობა გამოიჩინა, ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. პირადად მე,  ექსპერიმენტის  უნებლიე მონაწილეთა ,,დამუხრუჭებულმა” ემოციამ უფრო  დამაინტერესა. გამახსენდა  ,,ტრაგედია უგმიროდ”, ბატონი ნიკოს მიერ მოყოლილიც და ბავშვობის ბნელ და მშიერი დღეებში  ჩემს თვალწინ არაერთხელ  გათამაშებულიც. მაშინ ყოველდღიური მწირი სადილის მოყვასისთვის განაწილება გადარჩენის ტოლფასი იყო. საკვებთან ერთად , სიყვარულის და თანაგრძნობის ლუკმას ყოველდღიურად ვუყოფდით ერთმანეთს და ,,ქვაზე დადებული სიკეთე” უკან მართლა გვიბრუნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სიკეთისგან სარგებელის მიღებაზე არავინ ფიქრობდა.    

        

დღეს,  ქვაზე დადებული სიკეთის ნაცვლად, ქვადქცეულ თანაგრძნობას თუ წამოვკრავთ ფეხს, დასახმარებელი ხელების რაოდენობა კი იზრდება და იზრდება… მზერასთან ერთად სმენასაც ვიხშობთ, ყურსასმენებით შეიარაღებულები ვიცავთ საკუთარ მარტო ყოფნას, მიწას თვალს არ ვაშორებთ და გამუდმებით დაუმთავრებელი საქმეებისკენ მივიჩქარით.  საინტერესოა,  ასე რამ ,,გაგვავარჯიშა” გულგრილობაში?! ქვეყანაში ერთი-ორად გაზრდილ  რეალურ  უპოვრებზე შეჩვეული თვალის ბრალია, თუ მათმა გათავხედებულმა მიმბაძველებმა ,,გაანიავეს” ჩვენი თანაგრძნობა.

ზემოდან საუბარივით რომ არ გამომივიდეს, დავამატებ, რომ მეც ხშირად ჩამივლია მიწასჩაჩერებული მზერით გამოწვდილ ხელთან და კარგად მესმის, როგორი ძნელია ახალი საუკუნის თავბრუდამხვევი ტემპის წნეხში მოხვედრილი ადამიანებისთვის ენერგიის,  ემოციის გადანაწილება ,,სხვის ჭირზე”, როცა საკუთარი ცხოვრების მართვაც გვიძნელდება. ყველაზე ხშირად  უსუსურობის შეგრძნებას გავურბივართ, მაგრამ საკითხავი ისაა, რა უფრო ძნელია – გაქცევა თუ დარჩენა.

აქვე, გვერდს ვერ ავუვლი იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც, საბედნიეროდ, ჩემ გვერდითაც მრავლად არიან და, მიუხედავად მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორისა, ერთისთვის ერთად დგომის ნამდვილ მაგალითს წარმოადგენენ. მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრას ბევრად მეტი ასეთი ადამიანის  სჭირდება. ეს მხოლოდ დუღაბის ერთი წვეთია იმ გაბზარულ საძირკველში რომელსაც შეგვიძლია საზოგადოებრივი ცნობიერება ვუწოდოთ.

რა თქმა უნდა, მარტო ეკონომიური თუ ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე მდგომი მოყვასის დახმარებით არ განისაზღვრება საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი  ემპათიის  არსებობა-არარსებობის საკითხი. 

ამას წინათ,  ეტლით მოსიარულე ბავშვებს საგანმანათლებლო სივრცეში შესასვლელი კარი ,,თანაგრძნობით” ჩაურაზეს. ალბათ მსგავსი თანაგრძნობის შიშის გამო, აღარ ატარეს  სკოლაში ჩემი ახლობელი ეტლში ჩაჯდომის შემდეგ. ბევრისგან გამიგონია, სმენა ან მხედველობადაქვეითებულს ოჯახში რძლად ან სიძედ როგორ შემოვუშვებო…  ასეთ დროს კომენტარის გაკეთება ძნელია. სჯობს ეს  ვიდეო ვნახოთ, საზოგადოების გამთლიანების მაგალითად თუ არა, იქნებ ზემოთხსენებული სტერეოტიპის დასამსხვრევად მაინც  გამოგვადგეს:

არსებული  დამოკიდებულების შესაბამისია ქართული  გარემო, რომელიც იშვიათად ითვალისწინებს უნარშეზღუდული ადამიანების საჭიროებებს. ისინი მიჯაჭვულები არიან სხვა ადამიანს და მის გარეშე ქუჩაში გასვლა არ შეუძლიათ. შესაბამისად, უჭირთ სამსახურის შოვნაც და ჩვენთვის ჩვეული სხვა საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელებაც.  ამას წინათ, ჩემი ახლობელი, რომელიც  ეტლით სარგებლობს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაითხოვეს  სამსახურიდან (ვირუსი შეხვდა, დიდი დრო დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად და აღარ აღადგინეს), მაინც ვერ შეძლებდით ასეთი დატვირთული რეჟიმის დიდხანს ატანასო,  – უთანაგრძნეს,  რას ვერჩით.

თანაგრძნობა რომ ერთად ყოფნისთვის საკმარისი ყოფილიყო, არ იარსებებდა სიტყვა თანასწორობა და არც ზრუნვას განვიხილავდით მის თანამდევ მოქმედებად. ჩემი აზრით, წვნიანი, რომელიც მხოლოდ სიბრალულის ცეცხლზე იხარშება, საყოველთაო შიმშილს ვერ მოკლავს.

****
ზოგი ამტკიცებს,  ლიტერატურა ცხოვრების ანარეკლიაო, ზოგი – პირიქით, ცხოვრებას უწოდებს ლიტერატურის აჩრდილს. როგორც არ უნდა იყოს, კარგი ტექსტი სარკედ ნამდვილად გამოდგება, ჩაიხედავ და აჩეჩილ თმას ხომ მაინც დაინახავ, თუ არ დაივარცხნი.  ჰოდა, მეც სარკეში ჩახედვას ვასწავლი ბავშვებს. 

ხანდახან ისიც საჭიროა,  წიგნი გვერდზე გადადო და ესაუბროთ მათ, თქვენს წინ მსხდომ პატარა ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ და უნდათ ერთად ყოფნა, ახალი საზოგადოებრივი შიმშილის – წარმატების ელექსირის დაგემოვნების მიუხედავად.

მე ვინ ვარ… ჩემი წილი ერთი გოჯი მიწა ალბათ უჩემოდაც გაითოხნებოდა, მაგრამ რადგან ვარ და არც მსმენელი მაკლია, რაც შემიძლია, ვცდილობ. ვფიქრობ,  ერთად ყოფნის  გაკვეთილები ბავშვებისთვისაც საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო აღმოჩნდა.

წავიკითხეთ  მოთხრობა კეთილი მოხუცის შესახებ, რომელიც მომავალი თაობის საკეთილდღეოდ  შრომობს, შემდეგ ვნახეთ ნაწყვეტი ქართული ფილმიდან – ,,ნერგები”.  ,,ნამდვილი ადამიანის” ძიებამ საკმაოდ შორს წაგვიყვანა. ვინ აღარ ვახსენეთ:  მეგობრისთვის თავგანწირული ჭიანჭველა (,,რწყილი და ჭიანჭველა”),  ,,კეთილი ამხანაგი” (ი.გოგებაშვილი) , ,,ორი ძმა” (სულხან-საბა ორბელიანი) და სხვა.  ზრუნვის  მაგალითები კლასშიც გავითამაშეთ – ბიჭებმა გოგონები თავაზიანად მიაცილეს მერხებამდე. ზოგმა ჩანთა წამოაღებინა, ზოგმა – ქურთუკი ჩამოართვა და კარადაში შეკიდა. გოგონებმაც შესაბამისი თავაზიანობა გამოიჩინეს, გაკვეთილის მსვლელობის დროს, ხან კალამს ათხოვებდნენ დაბნეულ მოსწავლეს, ხან  ცხრილის დახაზვაში ეხმარებოდნენ…  კვირის ბოლოს ხელისგულებზე მოვიგროვეთ  ჩვენ მიერ ჩადენილი სიკეთეები და ,,მზრუნველი ხელების” გამოფენაც მზად იყო. მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც ბოლომდე ვერ ვთქვი, თითქოს სახლი ავაშენე და კარი ვერ შევაბი. სასწრაფოდ ,,თარაზო”  მოვიშველიე  და ბავშვებს  ერლომ ახვლედიანის ნიკოზე და ვანოზე მოვუყევი, იმ მონაკვეთზე, ერთმანეთს რომ ეტოლებიან და ბოლოს, ორივე  თითო-თითო სანტიმეტრით მაღალი აღმოჩნდება. წრეც შეიკრა. 

მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს რა იარაღს გამოვიყენებთ. ჩემი აზრით, ყველა ისტორია, რომელსაც დიდი მწერლების კალმები ყვებიან, ,,შემთხვევით შეხვედრილი ამბებისგან” აკინძული ერთად ყოფნის გაკვეთილებია, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გაბნეული მარტოსული ადამიანების თვალებში რომ ამოიკითხეს.

„ქრომის“ ჩექმებიანი ჯუჯები…

0
პატარა ბიჭი სახლიდან გაიპარა. ჯერ ჩაძინებულ ბებიას ჩაუარა ფეხაკრეფით, სავარძლის კუთხეში მოკეცილ ფისოს გადაახტა, კარების სახელური ჩამოწია და გარეთ გახტა.  ეზოდანაც შეუმჩნევლად გავიდა და იქვე ტყისკენ მიმავალ ბილიკს შეუყვა. პატარა და სუსტია, ოქროსფერი ქოჩორი და თხელი ცხვირი აქვს. ტყეში სამ ჯუჯას შეხვდება, ჯუჯებს “ქრომის” ჩექმები და ფერადი მაისურები აცვიათ – ნარინჯისფერი, შავი და ლურჯი. ბიჭს არც კი ეშინია, არც კი უკვირს მათი ნახვა. ჯუჯები კიდევ სამ პრიალა გასაღებს მისცემენ, ცხოვრებაში გამოგადგებაო.

ეს ბიჭი თოჯინური ფილმის გმირია. მე ბავშვობიდან ვიცნობ. რამდენჯერ მინახავს, ოღონდ აზრს ვერ ვხვდებოდი. ისიც არ მესმოდა, რატომ იყო თოჯინური ფილმი უფროსებისთვის, როცა მეც მშვენივრად ვირთობდი თავს.

ჰო, ისევ ბიჭს დავუბრუნდეთ… უკვე გაზრდილა, ჭაბუკია. ტყეში შედის, ოდნავ გაივლის და მის წინ დიდი საკეტით ჩარაზული კარი ჩნდება, კარი მინისაა და შიგნით მზეთუნახავი დგას. დგას და შველას სთხოვს, ჯუჯების მიცემული ერთი გასაღები კარს გააღებდა და მზეთუნახავიც მისი გახდებოდა, თუმცა ჭაბუკმა მდიდრულად მორთული სკივრის გახსნა უფრო ისურვა და… კარიც და მზეთუნახავიც გაქრნენ, სკივრიდან კი პეპლები ამოფრინდა… 

ეს ჭაბუკი თოჯინური ფილმის გმირია. მე ბავშვობიდან ვიცნობ. რამდენჯერაც ვნახე სულ ერთნაირად იქცეოდა… თუმცა კვლავ ჭაბუკს დავუბრუნდეთ…

შუა ასაკის გამხდარა უკვე. ოჯახი არ უჩანს. კვლავ ტყისკენ მიდის. იქ თავის მეგობარს წააწყდება და რაღაც საკეტის  გახსნას სთხოვს, თუმცა კაცი თავისი მეორე გასაღებით ისევ სკივრს ხსნის. სკივრიდან კალიები ამოხტებიან, მეგობარი აღარსადაა.

  ეს კაცი   თოჯინური ფილმის გმირია. მე ბავშვობიდან ვიცნობ. სულ ასე იქცევა…

უკვე ჭაღარა და ბეჭებში მოხრილია. ძველი იერიდან სიფრიფანა ცხვირი და  დიდი თვალებიღა შერჩენია. ტყისკენ მიდის. იქ პატარა ბავშვია. რაღაც ყუთის გახსნას სთხოვს. ყუთში საჭმელია. მოხუცს მესამე გასაღები ჯერ კიდევ აქვს, ოღონდ ისევ მდიდრულ სკივრს აღებს. იქიდან ბაყაყები ხტებიან… ბავშვი აღარსად ჩანს…

ფილმი კი კვლავ სამი ჯუჯის გამოჩენით სრულდება. ასაკი სულ არ დასტყობიათ, “ქრომიანი ჩექმები” და მაისურები კი არ გამოუცვლიათ, ისევ ფერადი- ნარინჯისფერი, შავი და ლურჯი აცვიათ. 
იცინიანნნ…
რას გადავეკიდე ჯუჯების ფერად მაისურებს. ერთი ცდა გამახსენდა, ზუსტად ამ ფერებით.

კალიუმის ბიქრომატის ნაჯერი ხსნარის მცირე ნაწილი სინჯარაში ჩაასხით. დაამატეთ დიეთილის ეთერის ოდნავ მეტი რაოდენობა. რადგან ეთერს უფრო ნაკლები სიმკვრივე აქვს. ის კალიუმის ბიქრომატის ხსნარის ზედაპირზე განთავსდება და ორი შრე წარმოიქმნება. მიღებული ნარევი გოგირდმჟავით უნდა შევამჟაოთ (0,1M – 0,2 M აიღეთ) და რეაქციის დასაწყებად 10%-იანი  წყალბადის პეროქსიდი დავამატოთ. კალიუმის ბიქრომატსა და დიეთილის ეთერს შორის მუქი მწვანე, შავში გადასული შრე წარმოიქმნება, გამოიყოფა ჟანგბადი. ხოლო თვით სინჯარაში სამფეროვანი შრე გვექნება – ქვედა ნარინჯისფერი, შუაში შავი და ზედა მუქი ლურჯი. 

მიხვდით ალბათ – ქრომზე მსურს მოგიყვეთ. 

დედამიწის ქერქში ქრომი მცირე რაოდენობით არის, სულ  0,02%. 1766 წელს ეკატერინბურგთან ახლოს იპოვეს მინერალი, რომელსაც „ტყვიის წითელი კრიალა ” უწოდეს, თუმცა ტყვიის გარდა მინერალი კიდევ რაღაცას შეიცავდა. მეცნიერები 30 წელი ეძებდნენ და ბოლოს 1797 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა  ნიკოლა ლუი ვაკლენმა მისგან ახალი მეტალი მიიღო და  ქრომი უწოდა.  ბერძნულად „ქრომა” ფერს ნიშნავს.  თვითონ მეტალი შეფერილი არ არის, თუმცა მისი ნაერთები მკვეთრი ფერის არიან.  ქრომის მთავარი ღირსება  მდგრადობაა ჟანგბადისა და მჟავების მიმართ. ამიტომაც, ქრომი მშვენივრად იცავს ფოლადს დაჟანგვისგან და მას ბრწყინვალე იერს აძლევს.  ანუ ფოლადის ქრომირებას აკეთებენ. თუმცა, როგორც წესი, ქრომით დაფენვა სხვა მეტალზე ხორციელდება და ეს ყველაზე ხშირად სპილენძია. რკინას  ჯერ სპილენძით ფარავენ და უკვე შემდეგ მის ქრომირებას ახდენენ. ქრომი ძალიან მაგარიცაა და მას მინის გაჭრაც შეუძლია. 

იმ დღეს სამსახურისკენ მიმავალს ჩემი პატარა მეზობელი შემხვდა. გარეგნობით სულ იმ თოჯინური ფილმის გმირ ბიჭს წააგავს, თუმცა ვუსურვებ, რომ ცხოვრება სხვანაირი ჰქონდეს. ჰოდა,  კაბაზე ჩამომქაჩა, კითხვა მაქვს თქვენთანო. გუშინწინ მე და დედა დიდ სავაჭრო ცენტრში ახალი ქვაბების საყიდლად წავედით და გამყიდველმა გვითხრა, კარგ ქვაბს უნდა ეწეროს 18 10-იო. ზუსტად მასეთები ვიყიდეთ, ოღონდ რას ნიშნავს არ ვიციო. აქ ცოტა კოპები შეიკრა და მკითხა, თქვენ უნდა იცოდეთ, ხომ ხართ ქიმიკოსიო? ჰმ, 18 10…

ბოლო ათი წლის განმავლობაში უჟანგავმა ჭურჭელმა თითქმის  მთლიანად ჩაანაცვლა ალუმინის ჭურჭელი. ეს ახალი უჟანგავი ჭურჭელი ცოტა ძვირი კი არის, მაგრამ უფრო დიდხანს ძლებს. მეც მაქვს ქვაბები, რომლებსაც 18 10 აწერია. კარგი, მოდით გავხსნათ ეს „დიდი” საიდუმლო. ქვაბები უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ასეთი ფოლადი 18% ქრომს შეიცავს და 10% ნიკელს. საერთოდ, ეს ორნი მეგობრობენ და ძალიან ბევრი შენადნობის შემადგენლობაში ნახავთ ერთად.  იმ შენადნობს კი, რომელიც მხოლოდ ამ ორ მეტალს შეიცავს, ნიქრომი ეწოდება და დენის საშუალებით გახურება შეუძლია. ამიტომ, ნიქრომის სპირალებს სად აღარ ნახავთ, უთოებში, ელექტროქურებში.

ქიმიურ ლაბორატორიებში მუქი სითხე გვაქვს, რომლითაც ქიმიურ ჭურჭელს ვრეცხავთ. უფრო რომ დავაზუსტო, საგულდაგულოდ გარეცხილი ჭურჭელი შემდეგ ამ სითხით სავსე რეზერვუარში უნდა მოვათავსოთ, გამოხდილი წყალი გავავლოთ და გავაშროთ. რა სითხეზე ვსაუბრობ?  ეს კალიუმის ბიქრომატის ნაჯერი ხსნარის და  კონცენტრირებული გოგირდმჟავას ნარევია. ამ სითხესთან სიფრთხილეა საჭირო, ორ უძლიერეს მჟანგავს შეიცავს და აბსოლუტურად ყველაფრის „შეჭმა” შეუძლია, მათ შორის ჩვენი კანისაც, თუ ზედ მოგვხვდა, რა თქმა უნდა.
სიტყვამ მოიტანა და იცით რა არის მჟანგავი?

ეს ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ატომებს ან იონებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ატომებს ან იონებს ელექტრონები წაართვან. მაგალითად, რატომ არის ძლიერი მჟანგავი  კალიუმის ბიქრომატი? მის შემადგენლობაში მყოფ  რომელ  ელემენტს აქვს მჟანგავის  თვისება? კალიუმი ყველა ნაერთში კარგავს თავის ერთადერთ ელექტრონს და დადებითად არის დამუხტული. აქაც მისი დაჟანგულობის რიცხვი +1-ია.  ჟანგბადის დაჟანგულობის ხარისხი ყველა ნაერთში -2-ია. ქრომის დაჟანგულობის რიცხვი კი +6, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ სწორედ ქრომია მჟანგავი. სწორედ +6 დაჟანგულობის ხარისხი აქვს ქრომს მინერალ კროკოიტშიც, საიდანაც ის პირველად გამოყვეს. ამ მინერალის ფორმულაა PbCrO4-ტყვიის ქრომატი. 

ზოგჯერ დამჟანგავი და აღმდგენი  ერთ მოლეკულაშია და ისინი ერთმანეთზე რეაგირებენ. ასეთ რეაქციებს თვით აღდგენის ან დაჟანგვის რეაქციებს უწოდებენ. მაგ. ამონიუმის ბიქრომატი. გარეგნულად კალიუმის ბიქრომატისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა ალბათ გახსოვთ,  როგორ აქტიურად იშლება და ამ რეაქციას ხუმრობით „ვულკანს” უწოდებთ. ეს და სხვა „ვულკანები” მე ადრე აღვწერე წერილში, სადაც ყორანთან ერთად ცეცხლოვან მთაზე ვიჯექი. მართალია, ეს ყველაფერში სიმზრად იყო, მაგრამ მერე რა. თუმცა მაშინ არაფერი მითქვამს იმაზე, თუ რა ხდება ამ რეაქციის დროს, ახლა კი გეტყვით.

ამონიუმის ბიქრომატი შემდეგი რეაქციის შესაბამისად იშლება- (NH4)2Cr2O7=Cr2O3+N2+H2O. რა ხდება ბიქრომატის მოლეკულის შიგნით?  ქრომის ჟანგვის რიცხვი იყო +6 და Cr2O3-ში გახდა +3. ანუ ქრომმა სამი ელექტრონი მიიღო, მაგრამ ვისგან მიიღო? აზოტისგან, რადგან აზოტის ჟანგვის რიცხვი იყო -3 (სამი ზედმეტი ელექტრონი ჰქონდა წყალბადისგან) და რეაქციის შედეგად ელექტრონეიტრალური გახდა. ეს ნიშნავს, რომ სამი ელექტრონი დაკარგა და დაიჟანგა. 

ახლა ქრომის სხვა ნაერთებს მივხედოთ, ერთი იისფერია, ქრომ (III) კალიუმის ორმაგი სულფატი KCr(SO4)2 და ნარინჯისფერი კალიუმის ბიქრომატი K2Cr2O7.  ამ ნივთიერებებით ტყავს თრთიმლავენ, ტყავი ბრწყინავს, მდგრადი და მოხერხებულია. სწორედ აქედან არის სახელი – „ქრომირებული (ქრომის) ჩექმები”. 

ასეთი ჩექმები ტყეში ჯუჯებს ეცვათ. ზემოთ „ვულკანი” რომ გავარჩიე გახსოვთ? ახლა ამ თოჯინურ ფილმსაც გავარჩევ. ტყე ცხოვრებაა, დაბურული, ზოგჯერ ნათელი, სწორი ან ხვეული ბილიკებით, მოკლედ გამოუცნობი. სამი გასაღები ალბათ ის გამოცდაა, რაც ცხოვრებაში უნდა ჩავაბაროთ. თუ ადამიანობაზე უარს ვიტყვით და განძს გამოვედევნებით, შეიძლება ხელში ოქრო კი შეგვრჩეს, მაგრამ მას პეპლის, კალიის ან ბაყაყის ფასი ქონდეს ჩვენს ცხოვრებაში. 

მოკლედ, არ ვიცი, ყველა თავის გზას ირჩევს და ბოლოს ვინ რის ამარა დარჩება, ამის განსაზღვრა წინასწარ ძნელია.

ის კი კარგი იქნება „ქრომის” ჩექმებში გამოწყობილი ჯუჯები ცხოვრების მიწურულს  ჩვენსავე თავზე არ ვაქირქილოთ…

პაპას მონაყოლი

0

ვის უნდოდა ომი და უბედურება, შვილო. გიჟები კი არა ვართ? აგე, ესენი არიან, რაც არიან, თორემ ჩვენ და ოსები სულ ერთად არ ვიყავით განა?! – ამბობს ქართლელი პაპა და ხელს მდინარის გაღმა იშვერს, სადაც რუსების საგუშაგოა მოწყობილი, –  ვინ იცოდა ადრე განსხვავება ოსისა და ქართველისა. მთელი ახალგაზრდობა სულ მაგათ სოფლებში გავატარე. კარგი საკლავი და თაფლი თუ გინდოდა, სხვაგან რატო წახვიდოდი? ერთი ჭიდაობის დროს თუ მოგვივიდოდა ხოლმე ჩხუბი და ეგეც ბოლოს სუფრით მთავრდებოდა.


კარგად მახსოვს, მაშინ ჰა, ჰა, 18 წლისა თუ ვიქნებოდი. დილაა და ჩემი ბიძაშვილი გოგია მაღვიძებს – ხო იცი, დღესა ჭიდაობაა, ოსები არიან ჩამოსულები და იმუქრებიან ძალიანაო. წინა წელს ჩვენმა ბიჭებმა მაგრად აჯობეს იმათა და გამწარებულები იყვნენ. განა სულ ასეთი დაბეჩავებული ვიყავ შვილო… მაშინ ჯანიც მომდევდა და კაი მოხერხებაცა მქონდა. ჩემზე დიდებს ვაგდებდი ჭიდაობაში ხოლმე. ჩემი ბიძაშვილიც კარგად ჭიდაობდა, მაგრამ ცოტა დონდლო იყო. ჩავიცვით, გავემზადეთ, არ დაველოდეთ, სანამ საწყალი ბაბოჩემი კერძს გაგვიცხელებდა, მოვიტეხეთ ყველი და პური და ჩავედით ჭალაში.


ერთი კაი ადგილი გვქონდა საჭიდაოდ. ჭალაში სამი დიდი წაბლი იდგა, იმათ ქვეშ მიწაში მრგვალად ამოჭრილ ადგილზე ვყრიდით ახალ ნახერხს და იქა ვჭიდაობდით. მერე კიდევ, გადავეშვებოდით ხოლმე მდინარეში და თუ რამ ოფლი და ჭუჭყი გვქონდა, მდინარე გვაცლიდა… ჰოდა, ჩავედით და უკვე მთელი ჩვენი სოფელი იქაა. “ისინიც” ჩამოსულან და დგანან დაბღვერილები. ჯერ დილაა კაცო, ბალახები სულ სველია და ცოტა ცივა კიდეცა, მაგრამ კვირა დღეა და სანამ საკვირაო ბაზარზე წავალთ, ჯობია დილითვე მოვასწროთ ჭიდაობა. ჯერ ჩვენი სოფლელი, საწყალი ალექსა ვაჭიდავეთ. ტანად პატარა კი იყო ეს ალექსა, მაგრამ ისეთი ჯეჯგვი რამე იყო, მაგის წაქცევას დიდი ამბავი უნდოდა. ოსებმა ხათირა გამოიყვანეს – კარგი, გულიანი ბიჭი. აღარც ისაა ცოცხალი ახლა. ხან აქედან მიუდგა ხათირა ჩვენს ალექსას და ხან იქიდან. ეჯაჯგურება, ებღლარძუნება, მაგრამ ძვრას ვერ უშვრება. ორივემ მაგრად იწვალა. ბოლოს ისევ ალექსას მოგვერდმა გაჭრა და ააყირავა საწყალი ხათირა. ძაან ეწყინა წაგებულს. ჩაჯდა იქვე ბალახებში და იღვრება ცრემლად. მერე ჩემი ბიძაშვილი გოგია გავიდა. იმათ ერთი ჯაველი ”რიჟა” ბიჭი ჰყავდათ წამოყვანილი. მანამდე ეგ ბიჭი არავის გვენახა და სახელიც არ ვიცოდით. არ ვიცი, რა დაემართა ამ გოგიასა და ერთ წუთში უკვე ბეჭებზე გააკრა იმ ”რიჟამ”. აი მაშინ კი ახმაურდნენ ოსები. ურტყამენ მხარზე ხელს გამარჯვებულს და არიან გნიასში. მერე კიდევ ერთი ჩვენი თანასოფლელი, სიმონას ძმა გაბო წაგვიქციეს და წაგვიხდა ნირი. ისინი კიდევ, იძახიან, “გამოდით აბა, შარშანდელივით კი, ვეღარ გვაჯობებთო…” მაშინ სულ ცხვარზე ვჭიდაობდით. ვინც გაიმარჯვებდა, იმას ცხვარს აძლევდა წაგებული. ტურნირები და ეგეთი რაღაცები ვინ იცოდა. ერთი მაგარი ბიჭი გვყავდა – როსტომაანთ გენადა. აი, ის იყო ნამდვილი ფალავანი, მაგრამ იმ დღეს რატომღაც არ იყო ჭალაში ჩამოსული საჭიდაოდ. მოვიკითხეთ და ყანაში წასულიყო ბიძამისის მისახმარებლად. გავაგზავნეთ პატარა ბიჭები თხოვნითა და ერთი ამბით. აბა, როგორი ამბავია შვილო, გვჯობნიან და ვერაფერს ვუშვრებით. თავიდან კი უთრევია წელი, მაგრამ ბოლოს მაინც გამოჰყვა ბიჭებს. მოვიდა და იქვე გაიხადა დახეული, ძეძვიანი შარვალი. თან ემჩნევა, რომ მაგრადაა დაღლილი და მზისაგან სახე და ტანი სულ დაწითლებული აქვს. მოკლედ, გაიძრო ტანსაცმელი, დადგა ეგრე, “კლეჩატი” ნიფხავის ამარა და ოსებს ეუბნება: “აბა ჰა, ჩქარა გამაიყვათ თქვენი კაცი, ბიძაჩემს გამოვეპარე და მომკლავს, მალე რომ არ დავბრუნდეო”. გამოიყვანეს ორმეტრიანი სოსირა. კაცი კი არა, დევი იყო. უყურებს ეს გენადა და უყურებს ისიცა. ზომავენ ერთმანეთს თვალით. ბოლოს, დაეძგერნენ ერთმანეთს. ხელები ერთმანეთის მხრებზე აქვთ შემოჭერილი და ისე ტრიალებენ, სულ აამტვერეს იქაობა. აჯობა გენადამ. დაუყუინცა თავი, სოსირას ეგონა, წელში შევარდნას მიპირებსო და უკან გახტა. გენადასაც ეგ უნდოდა. მოკიდა თავისი გრძელი ხელები წელზე და იმხელაზე მოისროლა, წელი ვერ აითრია უბედურმა სოსირამ. ახლა ჩვენ ავტეხეთ ჟრიამული და ერთი ამბავი. გენადამ კიდევ, ვითომც აქ არაფერიო – გადახტა მდინარეში, ერთი-ორი გაიბანავა, მერე ჩაიცვა თავისი დახეული შარვალი და წავიდა ყანაში. გამოვიდა, რომ ორმა ჩვენმა და ორმა იმათმა გაიმარჯვეს. სულ ბოლოს მე გავედი. იმათ დიდთავა კოსტას ყოველთვის ვჯობნიდი და არც მაშინ გამჭირვებია. ისევ ჩვენ დავრჩით გამარჯვებულები. ეს ძალიან ეწყინათ ოსებს და გაბრაზებულ გულზე ჩხუბი აგვიტეხეს. ისეთი ჩხუბი მოხდა, თავპირდაუსისხლიანებელი არავინ დავრჩენილვართ. განსაკუთრებით, ვინც გავიმარჯვეთ, იმას გვირტყამდნენ. იმათაც მაგრად მოხვდათ.


ბოლოს რა? ბოლოს მაინც სუფრა გაიშალა. ცხვრებიც ერთად დავკალით და სადღეგრძელოებიც კარგები ვთქვით. ყველას გვინდოდა იმ დღეს საკვირაო ბაზარში გასვლა, მაგრამ ასე თავპირდადსისხლიანებულები აბა სად გავიდოდით? გვიან ღამემდე ვიჯექით იქვე მდინარის პირას და ვქეიფობდით. რა წყენა? რის მტრობა? მეორე დღეს ვის გვახსოვდა ჩხუბი?! ახლა რა, განა კაი დღეში არიან ისინი. აგე, ხო ხედავ, შვილო, დგანან ჩვენს შუა რუსები და რო კითხო, მშვიდობისათვის დგანან. მაგათი დამყარებული მშვიდობა არ გაიშვას არსად. ხალხისგან სულ დაიცალა იმათი სოფლებიც. სადაც ვჭიდაობდით ხოლმე, ის ბებერი წაბლის ხეები ისევ დგას, მაგრამ იქამდე რუსები აღარ გვიშვებენ. ვუყურებ ახლა ჩვენს ჭალას და გული მიკვდება. იქნებ ოდესმე ჩვენც დაგვადგეს საშველი…

ჩაის სმა და ჩაში ომი(სკოლიდან წასასვლელი ადგილები)

0

დილა გრძელდებოდა ჩაით. ლადო ასათიანი იგონებდა ერთ გურულ ჯარის მეგობარზე: ვიღაცას ვეძებდით და ჩასვეს – მითხრაო. უფიქრია ჰაუპტვახტში ჩასვესო. გურულად სწრაფად ასე ითქმის: ჩას სმევს. ჰოდა, ჩასვსვამდი. თავიდან არ მიყვარდა, მაგრამ კეცის ხაჭაპურმა შემაყვარა. ეს სხვა ფეტიშია. ჩინელების და იაპონელების რიტუალის დონის. გასაშრობად გაფენილი მოჟღლემილი ფოთლების სუნიც მაღალი სიამოვნებაა. ხოლო საღამოს ჩაის გურიაში უხდება მურაბა შინდის. ჩაი შაქრით მკერეხელობაა.

 ხოლო ჩაი აჩეხეს და ყანა გაჩნდა. სადაც სიმინდი ვერ დათესეს გაველურდა ბუჩქი და ,,წევეით ჩაში სათამაშოდ’’. დედაჩემი იქ მეძებდა – ოზურგეთში, ჩემი ეზოს უკან იყო ასეთი ადგილი. ჩაი და შიგნით ღელე. ომობანასთვის და ფიქრთ გასართველად. სკოლაში შეყვარებული რომ ვიყავი, იქ დავბოდიალობდი და ვგეგმავდი, თუ ის გოგო უარს მეტყოდა, სად მომეკლა თავი. სახლში რომ განმარისხებდნენ და ერთობ უზნეური გახლდით – იქ ვიმალებოდი და სერ ტომას სოიერის არ იყოს, ვტკბებოდი, როგორ იტანჯებოდნენ ჩემები ძებნით და ,,გიორგიიის’’ ძახილით. სიჟიუტეც იქ გავწვრთენი: ბარემ ათასჯერ ჩავვარდი ღელეში, სანამ არ გადავახტებოდი და როცა გადავხტი, ფეხი ვიღრძე. ველოსიპედის ტარებაც იქ ვისწავლე. სანამ ტომი გაგვექცა, ვთქვათ ესეც, რომ მამაჩემმა ჰეკლბერის თავგადასავალი ჩაის სმის დროს წამიკითხა, რომ ეგებ მეჭამა და არ მერბინა.

თუ სოფლებში ზაფხულობით ჩაივლით, ადვილად შეატყობთ დასასვენებლად ჩამოსული ხალხის დამხვდურთაგან განსხვავებას. ჩამოსული ქალები, მოხუცები და შუახნისები არიან უფრო მსუქნები და წელში გამართულები, აქვთ შეღებილი თმა და ისეთი ხალათი აცვიათ, ახალგარეცხილობას რომ დაატყობ. ჩამოსული კაცები თამაშობენ ადგილობრივებთან ოდნავი სიამაყით და მასპინძლებსაც რაღაც მოწიწებასავით აქვთ, თან სტუმრის ფილტრიანს ეწევიან. ჩამოსული კაცები კიდევ რაღაც საოჯახო საქმეებში გარევას ცდილობენ, ცოტას მიბარავენ, მოთოხნიანსავით ან ხეს ფოთოლს წააწყვეტენ. ეს ჩამოსული ხალხი, როგორც წესი, ოჯახის განაყოფია და მერე ქალაქში დასახლებული. ჰოდა, საღამოთი ოდის აივანზე ყველა იკრიბება და ჩაის სვამს. სოფლისა და ქალაქის შეხვედრის მთავარი სცენაც ესაა.

 არის საკრალური ამბები, საგნები, ადამიანები და მცენარეები, რომელიც სულ გრჩება. ყველას საკუთარი აქვს – მცენერათაგან ჩემი ,,ჩაია’’.  ახალ მოსწავლეებს საკუთარი ექნებათ. ალბათ მათგანაც შემორჩა ვინმე ჩაისტი, მით უფრო თუ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და თუ ნაჩიარი თხილმა არ დაფარა.

აი, ,,მასწავლებელის’’ მეშვეობით გადავძახებ – თუ გამოჩნდა, შემეხმიანოს ,,კოლეგა’’

პროექტებით სწავლება და პროექტების სახეობები

0

პროექტი, როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროექტგაკვეთილი  – კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტებზე  მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება. კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს მას. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რისი ცოდნაა საჭირო დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა, რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება. ვინაიდან  დღეს აქტუალურია პროექტებით სწავლება, მსურს, შემოგთავაზოთ სხვადასხვა პროექტების განხორციელების მეთოდები. იმედი მაქვს, ეს თვალსაჩინო კონკრეტული მეთოდები დაგეხმარებათ პროექტების განხორციელებაში. გისურვებთ წარმატებებს!

კონკრეტული პროექტის განხორციელების მეთოდი

 

სტრუქტურა

მოქმედების ალგორითმი

 

პრაქტიკული პროექტი

კვლევითი პროექტი

საინფორმაციო
პროექტი

შემოქმედებითი
პროექტი

 

მიზანი

 

პროექტის მონაწილეთა ან
დამკვეთის ინტერესების სოციალური ამოცანების გადაწყვეტა.

 

სასწავლო კვლევისთვის საჭირო
უნარების ფორმირება
.

 

რაიმე
ობიექტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის შეგროვება

პიროვნების შემოქმედებითი
პოტენციალის განვითარება
.

 

შედეგი

დასაწყისშივე ზუსტად და
კონკრეტულად არის განსაზღვრული მისაღწევი შედეგი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ
კლასის, სკოლის, ქალაქის სახელმწიფოს ცხოვრებაში.

 

ყოველთვის არ არის ცნობილი
კვლევის დაწყებისას
, აკეთებენ შედეგების ჰიპოთეზას, რომელიც
შემდეგ მოწმდება ექსპერიმენტულად ან თეორიულად.

დასაწყისშივე
ზუსტად არის განსაზღვრული შედეგი
, რომელიც შესაძლებელია გამოიყენონ კლასის, სკოლის,
ქალაქის სახელმწიფოს ცხოვრებაში.

პროექტის დასრულებამდე უცნობია

 

სტრუქტურა

საჭიროებს კარგად მოფიქრებულ
სტრუქტურას, მთელი მოქმედების სცენარს, სადაც გაწერილი იქნება ყველა მონაწილის
ფუნქცია;

საჭიროა კოორდინირებული
მოქმედება;


  


სიტუაციის
პროექტისწინა ანალიზი


  


ხელმძღვანელთან
ერთად პროექტის თემის, პრობლემის, ჰიპოთეზების ფორმირება
;


  


გაშლილი
სამოქმედო გეგმის შემუშავება
;


  


ეტაპობრივი
განხილვა და საჭიროებისამებრ კორექტირების შეტანა საპროექტო მუშაობაში;


  


სასწავლო
პროდუქტის დამზადება და გაფორმება
;


  


მიღებული
პროდუქტის მომზადება საპრეზენტაციოდ და მისი საჯაროდ წარმოდგენა
;


  


პრაქტიკაში
მისი გამოყენების შესაძლო გზების მონახვა
;


  


მიღებული
პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენება (გაშვება)
;


  


თვითანალიზი
და თვითშეფასება.

ასეთი პროექტი მთლიანად
ექვემდებარება ერთიან ლოგიკას და გააჩნია სტრუქტურა, რომელიც მიახლოებულია
სამეცნიერო კვლევის სტრუქტურასთან ან მთლიანად ემთხვევა მას.

კერძოდ:


  


აქტუალურობის
არგუმენტაცია
, გამოყოფილია კვლევის პრობლემა და მიზნები;


  


ფორმირებულია
კვლევის ჰიპოთეზა
;


  


განსაზღვრულია
კვლევის მეთოდები, ინფორმაციის წყარო;


  


შეიცავს
განხილვას
, ანალიზს და მიღებული შედეგები
გაფორმებულია.

საჭიროებს კარგად მოფიქრებულ
სამოქმედო სტრუქტურას, რომლის კორექციაც შესაძლებელი იქნება სამუშაოს შესრულების
პარალელურად.

სტრუქტურის თავისებურება:


 

მიზანი;


 

აქტუალურობა;


 

ინფორმაციის წყარო;


 

ანალიზი,
განზოგადება, ცნობილ
ფაქტებთან შეპირისპირება
;


 

არგუმენტირებული დასკვნები;


 

განხილვა.

 

როგორც წესი, არ
გააჩნია ერთობლივი მუშაობის დეტალურად შემუშავე
ული სამოქმედო სტრუქტურა

კეთდება მხოლოდ გეგმის მონახაზი. შემდეგ მას
სრულყოფენ მონაწილეთა
ინტერესებისა და ერთობლივი მუშაობისა
ს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად.

შემოქმედებით პროექტებში
ხშირად ხდება ისე, რომ არ ხერხდება შედეგების შუალედური
შეფასება,
მაგრამ მუშაობისათვის თვალყურის დევნება მაინც საჭიროა, რომ პრობლემების
შემთხვევაში მონაწილეებს დახმარება გავუწიოთ.

 

საპროექტო
საქმიანობის პროდუქტის ფორმა


  


გამოფენა;


  


გაზეთი, ჟურნალი;


  


მოქმედი ფირმა;


  


კანონპროექტი;


  


კაბინეტის მოწყობა;


  


სკოლის თვითმართველობის სისტემა;


  


მულტიმედიური პროდუქტი;


  


სასწავლო რესურსი;


  


ვებგვერდები;


  


რუკა;


  


ვიდეოფილმი და
სხვა
.


  


საკვლევი
თემის ირგვლივ შედარებით- შეპირისპირებითი ანალიზი
;


  


სოციოლოგიური
გამოკითხვის მონაცემების ანალიზი
;


  


ბეჭდვით
მედიაში გამოქვეყნება
;


  


 ვებგვერდი;


  


რუკა;


  


ცნობარი
და სხვა


  


ვიდეოფილმი;


  


გაზეთი, ჟურნალი;


  


ექსკურსია;


  


კოლექცია;


  


მულტიმედიური
პროდუქტი
;


  


პროგნოზი;


  


ცნობარი;


  


ვებგვერდი
და სხვა
.

 


  


მოდელი;


  


მუსიკალური
ნაწარმოები;


  


თზულებათა
კრებული
;


  


ლექსების,
ნახატების კრებული
;


  


ვიდეოფილმი;


  


გამოფენა;


  


დღესასწაული;


  


თამაში;


  


კოლექცია;

 

პრეზენტაციის
შესაძლო ფორმა


  


ვიდეოფილმის
დემონსტრაცია
;


  


სამეცნიერო
კონფერენცია
;


  


კვლევითი
ექსპედიციის ანგარიში
;


  


მოგზაურობა;


  


რეკლამა;


  


ტელეგადაცემა.


  


ვიდეოფილმის
დემონსტრაცია
;


  


სამეცნიერო
საბჭოზე დაცვა
;


  


ფაქტების,
დოკუმენტების, ეპოქალური მოვლენების, ცივილიზაციის  ილუსტრირებული შეპირისპირება
;


  


სამეცნიერო
კონფერენცია და სხვა
.


  


საქმიანი
თამაში
;


  


ვიდეოფილმის
დემონსტრირება
(ან საინფორმაციო ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტის
დემონსტრირება
);


  


ფაქტების,
დოკუმენტების, ეპოქალური მოვლენების, ცივილიზაციის  ილუსტრირებული შეპირისპირება
;


  


სამეცნიერო
კონფერენცია
;


  


სამეცნიერო
მოხსენება
;


  


რეკლამა;


  


ტელეგადაცემა
და სხვა
.


  

საქმიანი თამაში;


  

რეალური ან გამოგონილი
სიტუაციის ინსცენირება
;


  

რეკლამა;


  

შეჯიბრი;


  

სპექტაკლი;


  

თეატრალიზება;


  

ტელეგადაცემა;


  

ექსკურსია და სხვა.

 

შეფასება

სისტემატური
გარე შეფასების ორგანიზება
: დაინტერესებული პირებისა და
სტრუქტურების შეფასება
.

გარე
შეფასების აუცილებლობა
: ხელმძღვანელის შეფასება,
სხვა დამოუკიდებელი
სპეციალისტების შეფასება

გარე შეფასების ორგანიზება: სპეციალისტების
შეფასებები
.

 

პრეზენტაციის სახით.

 

ღირებულება

პროდუქტის
პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა
, მოსწავლეთა მიერ პრობლემის
დამოუკიდებლად
მოგვარების 
შესაძლებლობა
.

სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო
უნარების განვითარება

 

პროდუქტის
პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა
, მოსწავლეთა მიერ პრობლემის
დამოუკიდებლად მოგვარების შესაძლებლობა
.

პროდუქტის
პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა
, მოსწავლეთა მიერ პრობლემის
დამოუკიდებლად მოგვარების შესაძლებლობა

 

 

 

 

 

 

შორისდებულთა სემანტიკაგალაკტიონ ტაბიძის პოეზია

0
შორისდებული ადამიანის შინაგან განცდათა გამომხატველია. ეს თავისებური ენაა, რომლის მეშვეობითაც გამოითქმება სიყვარული, სიხარული, სიძულვილი, ტკივილი, აღფრთოვანება, გაოცება, გაკვირვება და სხვა. ზოგიერთი შორისდებული იმდენადაა დამახასითებელი ამა თუ იმ ხალხისთვის, ერისთვის, კუთხისთვის, რომ მისი წარმოთქმისთანავე მოსაუბრისათვის ცხადი ხდება, ვინ ლაპარაკობს. მაგალითად, იდიშის ენისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია შორისდებულის _ oy vay-ს გამოყენება. აღნიშნული შორისდებული ენობრივი სიმპტომია ამ ენაზე მოლაპარაკე ებრაელი ერის ტანჯვისა და მწუხარებისა (ვეჟბიცკა).

მხატვრული მეტყველების სტილოსტატისტიკურ გამოკვლევებში სულ უფრო ხშირად გვხვდება დაკვირვებები არა მარტო ლექსიკურ ჯგუფებზე, არამედ მეტყველების ნაწილებზეც. არსებობს თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ავტორის სტილის თავისებურებები უნდა ვეძიოთ ნაწილაკების, შორისდებულთა, წინდებულთა და სხვათა სტატისტიკურ განაწილებაში, რადგან ენის ამ ელემენტებს ყველაზე ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მწერლები და ავტორის ინდივიდუალობა უნებურად სწორედ მათ გამოყენებაში ვლინდება. ის, რაც ლექსიკის ზედაპირზეა და თვალშისაცემია, შეიძლება კვლევისთვის ხელსაყრელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არ არის არსებითი შემოქმედის ინდივიდუალობის დასადგენად. (გუჩა კვარაცხელია, მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები).

 როგორც ფუქსი აღნიშნავს, არ არის, მაგალითად, დამაჯერებელი, ბიბლიური ტექსტების ლექსიკის მარაგისა და სიტყვათა საერთო რაოდენობის ლოგარითმის მიხედვით მიღებული დასკვნები (ჰერდანისა და გრეისტონის ცდები), ანგარიშგასაწევია შემჩნეული ფაქტი, რომ ტექსტის გაყალბების ან იმიტაციის შემთხვევაში ყველაზე ადვილია ლექსიკური მიმსგავსება, მაშინ, როცა ლატენტური სინტაქსური მახასიათებლების იმიტაცია შეუძლებელია მათი ფარული ბუნების გამო.

რამდენადაც შორისდებული ადამიანის ღრმად შინაგანი განცდის ამოძახილია, ამდენად საინტერესოდ გვეჩვენება ამ მოვლენის შესწავლა პოეზიის ენაში. როგორც აკაკი შანიძე განმარტავს: “შორისდებული ადამიანს აღმოხდება პირიდან ბუნების ამა თუ იმ მოვლენის თუ საზოგადოებრივ ურთიერთობათა რომელიმე კონკრეტული ვითარების განცდის გამო, როგორც მოკლე, სწრაფი და უშუალო გამოძახილი ამ განცდისა”.

მაღალი სიხშირული მაჩვენებლით გამორჩეული ესა თუ ის შორისდებული პოეტის ენაში შეიძლება ჩაითვალოს პოეტის ინდივიდუალური სტილის ერთ-ერთ მახასიათებლად.

გალაკტონ ტაბიძის შემოქმედებაში გამოკვლეული ტექსტების საფუძველზე შემდეგი სურათი მივიღეთ: სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზე აღმოჩნდა შორისდებული ო (და მისი ვარიანტი ოჰ). ეს შორისდებულები გამოკვლეულ შორისდებულთა 98%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს პროცენტი საკმაოდ დამაჯერებელია იმისთვის, რომ დავასკვათ: გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში ო/ოჰ შორისდებულთა მოხმარება სტილური ხასიათისაა და პოეტის ემოციური ინდივიდუალობის მახასიათებელია. 

საინტერესოდ გვეჩვენება ერთი პარალელი: ანთროპოსოფიაში ხმოვნები ხასიათდებიან, როგორც სულიერი განცდების გამომხატველები, თითოეული ხმოვანი თავისი განსაკუთრებული ხასიათით გამოირჩევა, მათ შორის, ო ხმოვანი, რომლის დასახასიათებლად გამოყენებულია ერთი სიტყვა: “ყოვლისმომცველობა” (შტაინერი). 

ო ხმოვნის ეს ხასიათი შორისდებულებში შეიძლება ამოვიცნოთ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში. ო/ოჰ შორისდებულით გამოიხატება ყოვლისმომცველი აღფრთოვანება ან ტკივილი, სიხარული ან მწუხარება… ამბივალენტურ გრძნობათა და ემოციათა ერთი შორისდებულით გამოხატვა დამახასიათებელია აგრეთვე გალაკტიონ ტაბიძის პოეზიისათვის. 
დადებითი ემოციების გამოხატვა ო/ოჰ შორისდებულით:

ო, როგორ მომწყურდი…
ო, მე არ ვიცი, რას შეგადარო?
ო, ქვეყნიურო სამოთხევ!
ოჰ, რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი…
ოჰ, არასდროს არ შობილა მთვარე, ასე ნაზი…
ო, ასეთი სიხარული არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში! 
და ასე შემდეგ…
უარყოფითი ემოციების გამოხატვა ო/ოჰ შორისდებულით:
ო, ვინ გაიგებს გაუგებარ დარდს…
ო, ძვირფასო, ჯვარზე მაცვეს!
ო, რამდენი მწუხარება ამიტანია…
ოჰ, არ ველოდი, ქალბატონო, მე თქვენგან ღალატს!
ოჰ, სიცოცხლე, უეცარი ქარია!
ო, ყოველდღე მზეები ქიმერებში ვარდება! 
და ასე შემდეგ…
შორისდებულთა არსებობა ენაში დაკავშირებულია ენის ექსპრესიულ ფუნქციასთან. პოეტურ მეტყველებაში პოეტი ირჩევს თქვას: ო/ოჰ, ნაცვლად ფრაზებისა: მე განვიცდი აღფრთოვანებას, მე ვგრძნობ ტკივილს, მე ვგრძნობ მწუხარებას, მე განვიცდი მონატრებას და ასე შემდეგ.

გამონათქვამის პირველი ტიპი (ო/ოჰ შორისდებულებით გრძნობებისა და ემოციების გამოთქმა) დაკავშირებულია ენის ექსპრესიულ ფუნქციასთან, ხოლო მეორე: ენის სიმბოლისტურ ფუნქციასთან (ვეჟბიცკა).

ზოგ შემთხვევაში პოეტი ენის ორივე ფუნქციას “აფორმებს”: “ო, ასეთი სიხარული არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში”… სხვა შემთვევაში განცდათა ამოცნობა შესაძლებელია კონტექსტით: “ო, მე არ ვიცი, რას შეგადარო?” _ ცხადია, პოეტი აქ აღფრთოვანებულია.

ცნობილი ფრანგი სემიოლოგი როლან ბარტი წერს: ენით სარგებლობის დროს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ განწირულები ვართ, “გავითამაშოთ” ემოციები ენობრივ სცენაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ ვსარგებლობთ ენით, არამედ ენა სარგებლობს ჩვენით, გვიმორჩილებს რაღაც იდუმალი და ძლიერი სცენარით. საიდუმლო დიდი ხანია გახსნილია და იგი მდგომარეობს იმაში, რომ “უშუალობა” შეუძლებელია ენის მეშვეობით გამოითქვას, რადგან თავისი ბუნებით ენა ყოველთვის გამაშუალებელ როლს თამაშობს: მას არ შეუძლია რამე “გამოხატოს”, ტკივილის ან სიხარულის გამოთქმა შესაძლებელია მხოლოდ ინსტინქტური ყვირილით, ანდა, უარეს შემთხვევაში, შორისდებულებით… ნებისმიერი რეალობა გარდაისახება ამ რეალობის ნიშანში (ბარტი).

შორისდებულებს, როგორც სხვა ენობრივ ელემენტებს, აქვთ თავისი მნიშვნელობა, ამიტომ საჭიროა, შევიმუშავოთ ზუსტი სემანტიკური ფორმულები, რომლებიც აგვიხსნიან შორისდებულთა გამოყენების სფეროს და აგრეთვე, აღწერენ განსხვავებებს სხვადასხვა შორისდებულთა მოხმარებისას. 
ო/ოჰ შორისდებულთა მაღალი სიხშირული ხასიათი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში შეიძლება ჩაითვალოს პოეტის ინდივიდუალური სტილის მახასიათებლად და აგრეთვე პოეტის ემოციური ბუნების ძირითად “სიმპტომად”.

როგორც ვეჟბიცკა წერს: ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ უნივერსალურ და კულტურულ-სპეციფიურ თემათა შესწავლა შორისდებულთა სემანტიკისა და მათ შორის დამოკიდებლბათა კვლევით.
 

სხვა მასალა ხელოვნებისთვის

0

ნატო, ისევე როგორც მე, ახალგაზრდა დედაა. პატარა გოგონა ჰყავს, ჩემი უფროსი შვილის ტოლი და ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ბავშვებზე, მათი აღზრდის სირთულეებსა და იმ სიხარულებზე, რაც პატარების ყოლას ახლავს თან. ნატო სინგაპურში ცხოვრობს, მე თბილისში. ახლა, როცა მე თბილი ნაქსოვი სვიტრი მაცვია, ის თხელი კაბებით დასეირნობს. იქ ადამიანები ჩვენზე გაცილებით მეტს მუშაობენ და ცხოვრების მაღალი დონე აქვთ. სამაგიეროდ, უფრო მაღალი ფასებია. ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის მაღალი ინდექსით გამოირჩევა, განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ მასში დასავლური და აღმოსავლური კულტურები, ტრადიციები და  გამოცდილებები კარგად არის შეზავებული და იქ მაცხოვრებელი ხალხის უმეტესობა თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. იქ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და განათლების გამო მადლიერები უნდა იყვნენ, მაშინ, როცა ჩვენ ბავშვის ბაღში მისაყვანად მისი ონლაინრეგისტრაციის მისტიკური პროცედურის გავლა გვიწევს, რის შედეგადაც ათასობით პატარა მაინც საბავშვო ბაღს მიღმა რჩება. სკოლებში კი უსაფრთხო გარემოს შექმნა ვერა და ვერ ხერხდება, ისევე როგორც ვერ ხერხდება პატარების დაცვა აგრესიისგან. ნახავდით ალბათ ვიდეოს, სადაც რამდენიმე ბიჭი სასტიკად ცემს და კლავს ლეკვს. ეს არა მხოლოდ მათი, არამედ ჩვენი ყველას დანაშაულია: მასმედიის, სკოლის, საზოგადოების, ყველასი, ვინც ამართლებს ნებისმიერ ძალადობას და მიიჩნევს, რომ სუსტის დაჩაგვრა „მოსულა”. მთავარია, უმრავლესობის უფლებები იყოს დაცული, მთავარია, ძლიერმა თავისი ძალის დემონსტრაცია შეძლოს.

მეორე თემა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, თანამედროვე ხელოვნებაა. ინტერნეტში ორივე დიდ დროს ვატარებთ და ერთმანეთს ვუზიარებთ იმ არტისტებს და ნამუშევრებს, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იქცევს. საუბარს ხშირად ვამთავრებთ  ფრაზით, რომ „ხელოვნებაშიც, ისევე როგორც ზოგადად, კრიზისია”. ჩვენი დასკვნა ემყარება არტისტების ნამუშევრებს, რომლებიც არტს სხვადასხვა, უცნაური მეთოდითა და ფორმით ქმნიან.

არ ვიცი, რამდენად ადევნებთ თვალს იმას, რაც იქმნება. ამიტომ გეტყვით, რომ დღეს არაერთი არტისტი ქმნის ნამუშევრებს არატრადიციული მასალით, არატრადიციული პროგრამებით და ხშირად ეს ნამუშევრები მხოლოდ ამ ნიშნით არიან ხოლმე შესამჩნევები. ამიტომაც ჩნდება შეგრძნება, რომ ხელოვნება კრიზისშია, რაც შესაძლოა, სულაც არ იყოს სიმართლე, რაც შესაძლოა ის გზა იყოს, რომელიც მან უნდა გაიაროს ახალი ფორმის, ფუნქციის, საკომუნიკაციო ენის პოვნამდე.

თანამედროვე ტექნოლოგიების, ზღვა ინფორმაციისა და გახსნილი საზღვრების პირობებში ხელოვნებამ გარდა ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებისა, სხვა ფუნქციებიც უნდა იტვირთოს  და ეს ყველას არ გამოსდის. ამიტომაც ეძებენ გამოსახვის ახალ გზებს, სათქმელის ფორმირების უჩვეულო მეთოდებს.

უფრო კარგად რომ აგიხსნათ რასაც ვგულისხმობ, რამდენიმე კონკრეტულ არტისტზე მოგიყვებით, რომელთა შესახებაც შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებსაც მოუყვეთ და მათთან ერთად განიხილოთ თანამედროვე ხელოვნების ტენდენციები. უკვე დროა ბავშვებს ვუთხრათ, რომ ვან გოგისა და მიქელანჯელოს, ფიროსმანისა და გუდიაშვილის გარდა სხვა სახის ხელოვანებიც არსებობენ და მათთვის თვალის დევნება არანაკლებ საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ გარშემო არსებული პროცესები უკეთ აღიქვა.

მოსწავლეებისთვის ამ არტისტების ნამუშევრების ჩვენება იმიტომაც შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო, რომ თითოეული მათგანი სპობს ილუზიას ხელოვანის განსაკუთრებულობის შესახებ და გიჩენს განცდას, რომ ამის კეთება შენც შეგიძლია და თუ პატარები ფანტაზიას არ შეზღუდავენ, შესაძლოა არანაკლებ საინტერესო ნამუშევრები შექმნან. ყველაფერი ხომ ასე იწყება, გარემოდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით და საკუთარ თავში დარწმუნებით.

მაშ ასე.

არსებობს 74 ჩინელი ფერმწერი, ტაცუი ჰორიუჩი, რომელმაც ხატვა 60 წელს გადაცილებულმა დაიწყო.  ვინაიდან იმ კომპიუტერული პროგრამების ოფიციალური ვერსიები, რომელიც ხატვისთვის არის განკუთვნილი, ძვირი ღირდა. მოხუცმა საკუთარი იდეების გასახატავად ექსელი გამოიყენა.

Excel-ზე არჩევნის გაკეთებას მხატვარი ორი მიზეზით ხსნის: ის ამბობს, რომ  მათემატიკური ოპერაციებისთვის შექმნილი პროგრამა  უფრო მარტივია, ვიდრე Paint და უფრო იაფი, ვიდრე ფოტოშოპი. მან ასევე სცადა ბედი Word-ში, მაგრამ ის Excel-თან შედარებით ნაკლებად მოქნილი აღმოჩნდა ხელოვანისთვის.

 ჰორიუჩის ნამუშევრები არაერთი გამოფენის მონაწილეა.

 2006 წელს კი ხელოვანმა ექსელის არტკონკუსის მთავარი ჯილდო აიღო.

მალაიზიელი მხატვარი და არქიტექტორი ჰონგ ი (Hong Yi) ცნობილი იმითაა, რომ  ხატვისას პრინციპულად არ იყენებს ფუნჯს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი  750 წყვილი წინდისგან შექმნილი 3D პორტრეტია, რომლის შესახებაც ისეთი წამყვანი გამოცემები წერდნენ, როგორებიც არიან  Huffington Post, Wall Street Journal და Daily Mail.

 

 გოგონას ნახატები ფეხბურთის ბურთისა და წითელი საღებავის, ყავის ჭიქისა და ნალექის და სხვა ორიგინალური კომპილაციების საშუალებითაც შეუქმნია.

რუთი ოსტერმანი თავისი ორი წლის გოგონას დახმარებით ხატავს, რომელიც ამ ასაკის ბავშვების მსგავსად, ქაღალდებზე აბსტრაქტული ფიგურების ნახაზებს აკეთებს. დედა აქედანვე ზრუნავს, რომ შვილთან ერთად ბევრი პროექტი განახორციელოს. შვილის დახატული ესკიზის მიხედვით, რუთი ნახატებს სრულყოფილს ხდის და ცდილობს ამ გზით უფრო გაუღვივოს ინტერესი ხატვის მიმართ და გაუფართოვოს ფანტაზიის უნარი.

იაპონელი ხელოვანი ჰიროტოში იტო, იგივე ჯიუსეკი, სპეციალურად მუშაობს მაგარ მასალაზე და ისეთ სკულპტურებს ქმნის, რომლებიც ამ მასალაზე შექმნილ წარმოდგენას სრულად ანგრევენ. მასალად ჯიუსეკი ქვებს იყენებს, რომლებსაც სახლთან ახლოს, მდინარეზე აგროვებს. თითოეული ქვის დამუშავება სათანადო ფორმის მიღებამდე  დიდ დროს და ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ შედეგი  ამად ღირს.

ამერიკული ნიკ ჯორჯიუ   სკულპტურებს  ქაღალდის ნაგლეჯებისგან,  დახეული წიგნებისა და ძველი ჟურნალ-გაზეთებისგან ქმნის. მისი ნამუშევრები მკვეთრი ფერებით გამოირჩევა.  

ცხოვრება, მისთვის გასაგებ ერთადერთ ენაზე საუბრობს

0
1972 წელს იოსიფ ბროდსკიმ საბჭოთა კავშირი სამუდამოდ დატოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე პოეტმა მიჩიგანის უნივერსიტეტში სლავისტიკის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის თანამდებობა დაიკავა. აქ მან ცხრა წელი იმუშავა. 1988 წელს ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ბროდსკი სიტყვით გამოვიდა. მაშინდელმა კრიტიკოსებმა გამოსვლას „პოლიტიკურად არაკორექტული” უწოდეს. აი, რა ურჩია კურსდამთავრებულებს ადამიანმა, რომლის შემოქმედება არასოდეს კარგავს აქტუალობას.
1.ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ენობრივ სიზუსტეზე. ეცადეთ გაიმდიდროთ სასაუბრო ლექსიკონი და მას ისე მოექცეთ, როგორც საკუთარ საბანკო ანგარიშს. დიდი ყურადღება დაუთმეთ და გაზარდეთ დივიდენდები. თქვენი მიზანია საკუთარი თავის ზედმიწევნით და ზუსტად წარმოჩენა. ერთი სიტყვით, წონასწორობის შენარჩუნება, რადგან ბოლომდე გამოუთქმელ ან გაუმჟღავნებელ სათქმელს ნევროზამდე მიყვანა შეუძლია. ამ უსიამოვნებისგან თავის ასარიდებლად აუცილებელი არ არის წიგნის ჭიად იქცეთ. უბრალოდ, ლექსიკონი შეიძინეთ და ყოველდღიურად ჩახედეთ, ზოგჯერ კი ლექსებიც წაიკითხეთ. ეს წიგნები საკმაოდ იაფია. ძვირიც რომ იყოს, მაინც უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ფსიქიატრთან ვიზიტი.         
 
2. ეცადეთ კეთილი იყოთ მშობლების მიმართ. თუ ეს ისე ჟღერს, როგორც „პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა”, ბოდიშს მოვითხოვ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ნაკლებად აუმბოხდეთ ხოლმე მშობლებს, რამეთუ ისინი, სავარაუდოდ,  თქვენზე ადრე გარდაიცვლებიან. ასე შეძლებთ სინდისის ქენჯნისგან გათავისუფლებას, რადგან უბედურების განცდას ისედაც ვერ აცდებით. თუ ამბოხი აუცილებელია („მე არ გამოგართმევთ არცერთი გროშს” – მსგავსი მოთხოვნებით), იამბოხეთ მათ წინააღმდეგ, ვინც ნაკლებად მგრძნობიარეა. მშობლები ზედმეტად ახლო სამიზნეს წარმოადგენენ (ისევე, როგორც დები, ძმები, ცოლები ან ქმრები). დისტანცია ისეთია, რომ მიზანს ვერ ააცდენთ.

3. ნაკლებად გქონდეთ პოლიტიკოსების იმედი. არა იმიტომ, რომ ისინი უგუნურები ან უსამართლოები არიან, რაც საკმაოდ ხშირია, არამედ მათი სამუშაოს მასშტაბიდან გამომდინარე. მათ შეუძლიათ სოციალური ბოროტების შემცირება, მაგრამ არა აღმოფხვრა. როგორი საგრძნობიც არ უნდა იყოს სასიკეთო ცვლილება, ეთიკური თვალსაზრისით ის ყოველთვის მცირე იქნება, რადგან ყოველთვის იარსებებენ ისეთი ადამიანები ან თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთიდან მოგებას ვერ ნახავს.           
     
მსოფლიო სრულყოფილი არ არის. ოქროს ხანა არასოდეს ყოფილა და არც დადგება. ამიტომ თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარ სამზარეულოში მომზადებული საკვების იმედი, ანუ თქვენ თვითონ უნდა მართოთ მსოფლიო. თუმცა თქვენივე გამომცხვარი ნამცხვრის „ფარგლებშიც” უნდა შეემზადოთ საიმისოდ, რომ მაინც მოგიწევთ თანაბრად იგემოთ როგორც მადლიერება, ისე გაწბილება.          
4. ეცადეთ იყოთ მოკრძალებული. ამჟამად ისედაც ძალიან ბევრნი ვართ და მალე კიდევ უფრო გავმრავლდებით. მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრება ყოველთვის სხვის ხარჯზე ხდება. ის, რომ ვიღაცაზე გადავლა გიწევთ, მის მხრებზე წამოსკუპებას არ ნიშნავს. ასე რომ, თუ გსურთ მდიდარი ან ცნობილი გახდეთ, გზა დამილოცნია, მაგრამ ნუ მიეცემით ამ სურვილს მთელი არსებით.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ გვერდით ადამიანია. არავინ გთხოვთ მის სიყვარულს, მაგრამ ეცადეთ ნაკლებად შეაწუხოთ და ატკინოთ. უარეს შემთხვევაში, გაიხსენეთ, რომ ახლობლის სიყვარული შორეთიდან მოდის – ვარსკვლავებიდან, სამყაროს სიღრმიდან… ეს თითქმის იგივეა, რაც გიყვარდეთ მოყვასი თქვენი, ისე როგორც საკუთარი თავი.          
5.ყველანაირად მოერიდეთ მიიწეროთ მსხვერპლის სტატუსი. რა საძაგელ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ნუ დაადანაშაულებთ გარე ფაქტორებს: ისტორიას, სახელმწიფოს, ხელმძღვანელობას, რასას, მშობლებს, მთვარის ფაზას, ბავშვობას, ღამის ქოთანზე უდროო დროს დაჯდომას. მენიუ მრავალფეროვანი და მოსაწყენია. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ამ ყველაფერში ვინმეს ბრალს დებთ, საკუთარ სიმტკიცეს ვნებთ და ზრდით უპასუხისმგებლობის ვაკუუმს, რომლის შევსებაც ასე უყვართ დემონებსა და დემაგოგებს, რამეთუ პარალიზებული ნებისყოფა ანგელოზებს სიხარულს სულაც არა ჰგვრის.            
საერთოდ, ეცადეთ პატივი სცეთ სიცოცხლეს არა მხოლოდ მისი სიტურფის, არამედ სირთულის გამო. სირთულე თამაშის ნაწილია და კარგი მასში ის გახლავთ, რომ ის არასოდესაა ცრუ – ნამდვილია. ყოველ ჯერზე, როდესაც სასოწარკვეთილებაში ან მის ზღვარზე იმყოფებით, უსიამოვნებაში ეხვევით ან სირთულეს აწყდებით, გახსოვდეთ: ცხოვრება თქვენთან მისთვის გასაგებ ერთადერთ ენაზე გესაუბრებათ. 
    
შესძელით პატიება. სამყარო, სადაც ფეხი შემოვდგით, ცუდი რეპუტაციისაა. ეს არ არის საყვარელი ადგილი. ამას მალევე აღმოაჩენთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის არც მას შემდეგ გაუმჯობესდება, როდესაც ჩვენ მას დავტოვებთ.    
თუმცა ამ მოცემულობაში ეს სამყარო ერთადერთია. სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია და რომც გაგვაჩნდეს, არ გვექნებოდა გარანტია იმისა, რომ ის ამაზე უკეთესი იქნებოდა. ამიტომ ეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ მათ, ვინც თქვენი ცხოვრება არცთუ ბედნიერი გახადა.  ასეთები ბევრნი იქნებიან, როგორც ოფიციალურ თანამდებობებზე, ისე თვითმარქვიათა შორის. 
თქვენი არაკეთილმსურველების ქმედება მნიშვნელოვანებას მხოლოდ თქვენი რეაგირების შემდეგ იძენს. ამიტომ ჩაუქროლეთ მათ ისე, თითქოსდა წითელი შუქის ნაცვლად ყვითელი ენთოს. ასე დაზოგავთ თქვენი ტვინის უჯრედებს უსარგებლო დაძაბვისაგან. გადართეთ არხი: თქვენ არ ძალგიძთ შეწყვიტოთ მისი მაუწყებლობა, მაგრამ ძალა შეგწევთ, რომ შეამციროთ მისი რეიტინგი.     

მოამზადა ირმა კახურაშვილმა 

პრაქტიკული პედაგოგიკა. სასწავლო მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება ინტეგრირებული გაკვეთილისთვის

0
ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი, განზოგადება და კიდევ უფრო მეტად – ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო „საგნებად”, მით უფრო უჭირს მოსწავლეს მისი აღქმა და შესწავლა. ასაკთან ერთად ეს სირთულე იოლად დაიძლევა. ამაში ასაკობრივ განვითარებასთან ერთად დიდი როლის შესრულება შეუძლია კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებს შორის არსებული თემატური კავშირები და ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს და ჩაატაროს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი. ბუნებრივია, აქ თავს იჩენს კითხვები, რომლებზეც მას პასუხის გაცემა მოუწევს:
* რითია მნიშვნელოვანი ინტეგრირებული გაკვეთილები, ინტეგრირებული სწავლება? 

* როგორია ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპები?

* რა მიდგომები უნდა გამოვიყენო ინტეგრირებული გაკვეთილისთვის თემის შერჩევისას?

* როგორ ყალიბდება ინტეგრირებული გაკვეთილის სასწავლო მიზანი?

* როგორ ფასდება მოსწავლე ინტეგრირებულ გაკვეთილზე ანუ როგორ დგება შეფასების რუბრიკა და იწერება ქულა?
განათლების სპეციალისტები ხშირად ლაპარაკობენ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთი სასწავლო დისციპლინის შიგნით არსებულ ინტეგრაციაზე. მაგალითად, ინტეგრაცია მოხდა მათემატიკის შიგნით: ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან მოწყვეტით აღარ ისწავლება ალგებრა და გეომეტრია, რომ არაფერი ვთქვათ ახალ მიმართულებებზე – სტატისტიკასა და ალბათობაზე. პირველი ექვსი წლის განმავლობაში საბუნებისმეტყველო საგნები ინტეგრირებულად ისწავლება. ეს ნიშნავს, რომ არის საგანი ბუნებისმეტყველება, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს ბუნებრივ გარემოს, მის მახასიათებლებს, ამით მეცნიერული აზროვნების წინაპირობას ქმნის და სხვ.
ინტეგრირებული გაკვეთილის შესახებ მსჯელობისას აუცილებლად უნდა შევჩერდეთ მისი დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპებზე.
 
ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპებია:
1. ინტეგრირებული გაკვეთილის თემის შერჩევა;
2. ინტეგრირებული გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბება;
3. კოლეგებთან ერთად ან დამოუკიდებლად გაკვეთილის დაგეგმვა;
4. გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო რესურსების მობილიზება და კლასის მომზადება;
5. გაკვეთილის ჩატარება;
6. ჩატარებული გაკვეთილის შედეგების ანალიზი
როგორ შევარჩიოთ თემა ინტეგრირებული გაკვეთილისთვის?

პრაქტიკოსი პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ძნელია ისეთი თემების პოვნა, რომლებიც ერთი და იმავე საკითხის მრავალმხრივ შესწავლას შეუწყობს ხელს, ამიტომ პრაქტიკაში ინტეგრირებული გაკვეთილები ხშირად არ ტარდება. სემინარებზე, კათედრის შეხვედრებსა და კონფერენციებზე კოლეგებთან თანამშრომლობა აიოლებს ისეთი თემების შერჩევას, რომლებზეც ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება შეიძლება. გთავაზობთ თემის შერჩევის, სასწავლო მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის მაგალითებს რამდენიმე ინტეგრირებული გაკვეთილისთვის.
კლასი: მეთერთმეტე

საგნები : ისტორია/ქართული ენა და ლიტერატურა
მიმართულება: ადამიანი და საზოგადოება
 
 
ისტ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია სოციალური სტრუქტურების ურთიერთ­მიმართების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* გამოთქვამს მოსაზრებას პიროვნების ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ;
* აჯგუფებს სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენლებს და მსჯელობს მათ უფლებებსა და მოვალეობებზე.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

* მსჯელობს იმაზე, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას; 
* აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათ გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე. 
ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მონაწილეობა დისკუსიაში „ადამიანი და საზოგადოება” მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” მიხედვით; არგუმენტირებულად იმსჯელოს იმის შესახებ, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურის თემებს, პრობლემებს, ინფორმაციის სპეციფიკურობას; გამოთქვას აზრი „ჯაყოს ხიზნებში” პერსონაჟთა ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ; განიხილოს სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენელთა უფლებები და მოვალეობები; კრიტიკულად და შემოქმედებითად მსჯელობის საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება.
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ადამიანი და საზოგადოება” მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” მიხედვით და არგუმენტირებულად იმსჯელა, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურის თემებს, პრობლემებს, ინფორმაციის სპეციფიკურობას.

2. მოსწავლემ გამოთქვა მოსაზრება „ჯაყოს ხიზნებში” პერსონაჟების ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ;

3. მოსწავლემ განიხილა სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენელთა უფლებები და მოვალეობები;

4. მოსწავლემ კრიტიკულად და შემოქმედებითად მსჯელობის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება.
კლასი: მეათე
საგნები: მათემატიკა/სამოქალაქო განათლება
 
მათ. X. 16.მოსწავლეს შეუძლია სტატისტიკური და ალბათური ცნებებისა და პროცედურების გამოყენება ყოველდღიურ ვითარებაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

* განიხილავს იმ სტატისტიკურ ვითარებებს, რომელთა გამოცდილებაც აქვს (მაგალითად, მოსახლეობის აღწერა, არჩევნები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა), იყენებს გამოქვეყნებულ ფაქტებს/მონაცემებს და მსჯელობს მოცემული პრობლემის (მაგალითად, ეკოლოგიური საკითხების) შესახებ.
მოქ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია, გააანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* ეცნობა და მეგობრებთან ერთად განიხილავს სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; აანალიზებს, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად წერს წლიური ანგარიშის პროექტს სკოლის განვითარებაში სკოლის საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. 
გაკვეთილის საწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს, სტატისტიკურად განიხილოს სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; გააანალიზოს, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები, თანაკლასელების ჯგუფთან ერთად დაწეროს წლიური ანგარიში სკოლის განვითარებაში სკოლის საზოგადოების მონაწილეობის შესახებ და მონაცემები წარმოადგინოს სვეტოვანი ან წრიული დიაგრამის სახით.
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ სტატისტიკურად განიხილა სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; 

2. გააანალიზა, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები;
3.  თანაკლასელების ჯგუფთან ერთად დაწერა წლიური ანგარიში სკოლის განვითარებაში სკოლის საზოგადოების მონაწილეობის შესახებ;

4. მონაცემები წარმოადგინა სვეტოვანი ან წრიული დიაგრამის სახით.
კლასი: მეოთხე
საგნები: ქართული/ბუნება
 
ბუნ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

* აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ., ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება), იკვლევს წარსულსა და აწმყოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე, წარმოადგენს შედეგებს;
* იცავს ბუნებაში ცეცხლის მოხმარების წესებს (მაგ., კოცონისთვის ადგილის სწორად შერჩევა და ჩაქრობა);
* იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
* შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას, გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
* ჩამოწერს კითხვებს მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსთვის; 
* სწერს წერილებს რეალურ და წარმოსახვით ადრესატებს (მეგობარს, ნაწარმოების ავტორს, პერსონაჟს და სხვ.).  
გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მონაცემების მოგროვება განსხვავებული წყაროებიდან (სახელმძღვანელო, ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება სასწავლო ექსკურსიის დროს), ნაგვის განთავსების პრობლემებზე, შესაბამისი ლექსიკის გამოყენებით შეადგინოს მარტივი დარგობრივი ტექსტი „ნაგავი და ჩვენი გარემო” და კლასის წინაშე მოახდინოს მასალის პრეზენტაცია.
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ მოაგროვა მონაცემები განსხვავებული წყაროებიდან (სახელმძღვანელო, ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება სასწავლო ექსკურსიის დროს) ნაგვის განთავსების პრობლემებზე;
2. შესაბამისი ლექსიკის გამოყენებით შეადგინა მარტივი დარგობრივი ტექსტი „ნაგავი და ჩვენი გარემო”;
3. კლასის წინაშე მოახდინა მასალის პრეზენტაცია.
კლასი: მეცხრე
საგნები: ქიმია/ბიოლგია
 
ქიმ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება. 
ბიოლ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 
გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ჰაერისა დაბინძურების გზების აღწერა, ინფორმაციის მოპოვება გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ, მტკიცებულებების მოყვანა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა, საუბარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
 
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ აღწერა ჰაერის დაბინძურების გზები;
2. მოიპოვა ინფორმაცია გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ;
3. მოიყვანა მტკიცებულებები და იმსჯელა პრობლემის გადაჭრის გზებზე;
4. ისაუბრა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე. 

ინტეგრირებული სწავლება ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეს განსაზღვრულ თემებსა და საკითხებზე ჰოლისტური ხედვა ჩამოუყალიბდეს. ინტეგრირებული სწავლების ერთ-ერთი გზაა ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში არის თემები, რომლებიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს და ჩაატაროს ამ ტიპის გაკვეთილი. სასწავლო მიზნების მართებული ფორმულირება და ამ მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინტეგრირებული სწავლების წარმატებას.

ცოდნის ეკონომიკა

0

ცოდნის ეკონომიკის არსი და მნიშვნელობა თანამედროვე კონტექსტში. 
“ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თითონ, თავისთავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადაუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტად სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.

ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოველე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.”
ილია ჭავჭავაძე 
სიტყვები, რომელიც ამ ცნებასთან ასოცირდება

მავრიტანიის უდაბნოში ტურისტების ჯგუფს ინგლისურენოვანი გიდი მიუძღვება. ის მომთაბარეთა ბუნებრივ ცოდნას დიუნების გადაადგილების, მეტეოროლოგიური ცვლილებების და არქეოლოგიური ნაშთების ასახსნელად იყენებს. მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტიანი ტელესაკომუნიკაციო პოლიტიკის წყალობით ტურისტები სასტუმროში ბინადრობენ, სადაც სწრაფი ინტერნეტია. სწორედ ეს გახდა მავრიტანიაში მათი გამგზავრების შესახებ მათი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი. ტურიზმთან ერთად ვითარდება სხვა საქმიანობებიც: სარემონტო სახელოსნოები იმ ავტომანქანებისათვის, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან, მემკვიდრული ტრადიციების ადგილებში კულტურული ღონისძიებების მოწყობა. ამ ინიციატივებს მხარს უჭერენ უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც იზიდავთ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება. 

ასეთ ცვლილებებს საფუძვლად ცოდნა უდევს, რომელიც ასე შეიძლება განვსაზღვროთ: 

რა არის ცოდნა? ცოდნა ადამიანის შემეცნებითი საქმიანობის შედეგების შენახვისა და სისტემატიზაციის ფორმაა. ცოდნა გვეხმარება საკუთარი საქმიანობის რაციონალურ ორგანიზებაში და ამ პროცესში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში.

ცოდნა პროდუქტია, რომელიც, ერთი მხრივ, კერძოა, შეიძლება მისი მითვისება, მეორე მხრივ, კი საზოგადოებრივი, ყველას საკუთრება. მისი გაზომვა შეიძლება მის წარმოებაზე დახარჯული რესურსებითა და გაყიდული ცოდნის საბაზრო ღირებულებით. დანახარჯები მოიცავს კვლევასა და შემუშავებას, უმაღლეს განათლებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. 

ცოდნა (ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი) საზოგადოებრივი საკუთრებაა და თანაც, არა ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკუთრება.  

ტერმინი „ცოდნის ეკონომიკა” გამოიყენება ეკონომიკის იმ ტიპის განსაზღვრისთვის, სადაც ცოდნა გადამწყვეტ როლს თამაშობს, ხოლო ცოდნის წარმოება ეკონომიკური ზრდის მთავარი წყაროა. დღეს ცოდნაში ინვესტიციები გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ძირითად ფონდებში. კაცობრიობის მიერ მოპოვებული ცოდნის 90% უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში შეიქმნა. მსოფლიო ცივილიზაციის მანძილზე მომზადებული სწავლულებისა და ინჟინრების 90% ჩვენი თანამედროვეები არიან. აკადემიკოს ვ. მაკაროვის აზრით, ეს ციფრები იმის მაჩვენებელია, რომ ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული ეკონომიკა ცოდნის ეკონომიკაზე გადადის. 

ცოდნის ეკონომიკა განიხილება, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარების უკანასკნელი სტადია. განვითარებულმა სამყარომ რამდენიმე საფეხური გაიარა: სასოფლო–სამეურნეო ეკონომიკა →   სამრეწველო ეკონომიკა  →    პოსტსამრეწველო/სერიული წარმოების ეკონომიკა →   ცოდნის ეკონომიკა. 

ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობს, აჩქარებს და აღრმავებს განვითარების პროცესებს. ინოვაცია კეთილდღეობის ამაღლებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი რესურსი ხდება. ყველანაირი ცოდნა, მათ შორის, ყველაზე ტრადიციულიც, შეიძლება გამოვიყენოთ. იმავდროულად საჭიროა ინვესტირებაც უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომ ქვეყანა გლობალური ეკონომიკის ნაწილი გახდეს.   

ტერმინი “ცოდნის ეკონომიკა” შეიძლება ნიშნავდეს:

ცოდნის ეკონომიკას, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის წარმოებასა და მენეჯმენტზე 

ან  
– ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც გულისხმობს ცოდნის ტექნოლოგიების (ცოდნის ინჟინერია და ცოდნის მენეჯმენტი) გამოყენებას ეკონომიკური სარგებლისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. 

ტერმინის პოპულარობა პიტერ დრუკერის (1909–2005) დამსახურებაა, რომელიც გავლენიანი მწერალი და კონსულტანტი იყო მენეჯმენტის საკითხებში. პირველად ეს ტერმინი გვხვდება 1966 წელს გამოცემულ წიგნში “წარმატებული ხელმძღვანელი”. ნაშრომში დრუკერი აღწერს განსხვავებას ხელით მომუშავეთა (manual worker) და ცოდნით მომუშავეთა (knowledge worker) შორის. პირველი მათგანი საკუთარი ხელებით აწარმოებს საქონელსა და მომსახურებას, ხოლო მეორე – საკუთარი თავით მუშაობს და ქმნის იდეებს, ცოდნასა და ინფორმაციას. 

ცოდნის ეკონომიკის ზემოხსენებულ ორ მნიშვნელობას შორის არსებითი სხვაობა ის არის, რომ ცოდნის ეკონომიკაში ცოდნა პროდუქტია, ხოლო ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში – ინსტრუმენტი (იარაღი). თუმცა, ეს განსხვავება ჯერ კიდევ ორაზროვანია ეკონომიკურ ლიტერატურაში. ორივე მნიშვნელობა ინტერდისციპლინარულია, მათში ჩართულნი არიან ეკონომისტები, კომპიუტერული მეცნიერების წარმომადგენლები, ინჟინრები, მათემატიკოსები, ფსიქოლოგები და ა.შ.
ცოდნის ეკონომიკა, როგორც დისციპლინა
ეკონომისტები ყოველთვის აღიარებდნენ იმ დომინანტურ როლს, რომელსაც ცოდნა თამაშობს ეკონომიკურ პროცესებში, თუმცა უმეტესწილად მას ძალზე მოუხელთებლად მიიჩნევდნენ.
(ე. პენროზი, ფირმის ზრდის თეორია)
ცოდნის ეკონომიკა, როგორც დისციპლინა არ უნდა აგვერიოს კვლევის ეკონომიკაში, რადგან მისი ძირითადი სამიზნე არ არის ტექნოლოგიური ცოდნის ფორმალური “წარმოება”; ის არც ინოვაციის ეკონომიკად უნდა მივიჩნიოთ, რადგან არ არის ორიენტირებული ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილების პირობების, მოდალობებისა და გავლენის შესწავლაზე. არ შეიძლება მისი დაკავშირება ინფორმაციის ეკონომიკასთან, რადგან ცოდნის ეკონომიკის საგანი არის ცოდნა (და არა ინფორმაცია) როგორც ეკონომიკური საქონელი. ცოდნის, როგორც ეკონომიკური საქონლის, ანალიზის სფერო მოიცავს წარმოებასა და კვლავწარმოებას, მისდამი დამოკიდებულების ისტორიულ და ინსტიტუციონალურ პირობებს (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები ან პატენტის უფლება) და მის გადამუშავებას დეცენტრალიზებულ ეკონომიკაში.   
ცოდნის ეკონომიკის საზღვრები 

ისტორიული ფიგურების – ადამ სმიტის, მარქსისა და შუმპეტერის გარდა, რომლებსაც საქმე ჰქონდათ ცოდნასთან, მის შექმნასთან და განაწილებასთან, მის გამოყენებასა და დანიშნულებასთან – ცოდნის ეკონომიკის თანამედროვე პიონერები უდავოდ საიმონი, ჰაიეკი, აროუ, მაჰლუპი არიან. საიმონმა (1982) ცოდნის ეკონომიკასთან დაკავშირებული მრავალი საგანი შეისწავლა, მაგალითად, სწავლის პროცესში დამახსოვრების როლი და შეიძლება მივიჩნიოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკის ჭეშმარიტ წინამორბედად. ჰაიეკმა (1945) გამოიკვლია ცოდნის მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები და ცენტრალურ საგეგმო სააგენტოსთვის ცოდნის ტრანსფერის შეუძლებლობა. იმავე წელს გამოცემულ სტატიებში აროუმ განავითარა ცოდნის ეკონომიკა, რომელიც საფუძვლად დაედო კვლევის ორ ძირითად მიმართულებას: ცოდნის, როგორც საზოგადოებრივი საქონლის შესაქმნელად რესურსების განაწილების საკითხი და  ენდოგენური ტექნიკური ცვლილება. 

მაჰლუპის ნაშრომი ძალზე ფართოა და მოიცავს: ცოდნის ეკონომიკის უაღრესად ფართო გაგებას – ინფორმაციის ეკონომიკას და გადაწყვეტილების მიღების თეორიულ პრობლემებს. განსაზღვრა რა ინფორმაცია “ცოდნის კონკრეტულ ფორმად” მაჰლუპმა (1984) ბუნებრივად გააფართოვა ცოდნის ეკონომიკა და მოიცვა არა მხოლოდ საინფორმაციო სექტორებისა და მრეწველობის ანალიზი, ახალი ცოდნის წარმოების შესწავლა, უნარების შეძენისა და გადაცემის მექანიზმები, არამედ არჩევანისა და მოლოდინების ეკონომიკური თეორიაც ბუნდოვან სიტუაციასა და არასრულყოფილი ინფორმაციის პირობებში.

ამ თვალსაზრისით მაჰლუპისა და ჰაიეკის მიდგომები მსგავსია: ისინი ტერმინებს “ცოდნა” და “ინფორმაცია” შემცვლელებად იყენებენ, განსაკუთრებით, ფასების სისტემის, როგორც ინფორმაციის კომუნიკაციის მექანიზმის როლის შესწავლისას. რიჩარდსონის აზრით, პრობლემა უტოლდება ტექნოლოგიური ინფორმაციის არსებობას ბაზარზე აქტივობების კოორდინაციის სრულყოფისთვის. ეს ავტორები ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ეკონომიკის ძირითად საკითხად მიიჩნევენ, ხოლო ცოდნისა და ინფორმაციის არსებობა–არარსებობას იმ ფაქტორებად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების პირობებს. ცოდნასა და ინფორმაციას შორის რეალური განსხვავება არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოდნის ეკონომიკის საზღვრები ძალზე ფართოა.  

ცოდნის ეკონომიკის უფრო ვიწრო კონცეფცია გამორიცხავს ეკონომიკური არჩევანის პრობლემას ბუნდოვანი და არასრულყოფილი ინფორმაციის პირობებში და ორიენტირდება ცოდნაზე. ცოდნა მასთან ყველა კოგნიტურ კომპეტენციაზე მაღლა დგას, რაც მას ინფორმაციისაგან განასხვავებს. ეს კონცეფცია განვითარდა საფრანგეთში, ჟან–ლუი მაუნოურის მიერ, რომლის კვლევის ძირითადი სფერო იყო ცოდნის შექმნისა და შეძენის სისტემა, რომლის საყრდენებია კვლევა და განათლება და ამ სისტემისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირი. 
ცოდნის ეკონომიკის საზღვრები

ვიწრო გაგება

ფართო გაგება

კვლევა,

განათლება,

გავლენა ზრდაზე

სწავლა და კომპეტენციები

 

ინფორმაციის ეკონომიკა

შესაძლებლობა, არცოდნა, ბუნდოვანება, რისკი,

მოლოდინების როლი,

ფასების როლი,

გადაწყვეტილების თეორია

 

გადაწყვეტილების თეორია 
ამ ორ კონცეფციას შორის არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ცოდნის ეკონომიკის ფართო გაგება მოიცავს ინფორმაციის ეკონომიკას და არჩევანის თეორიას, ხოლო ვიწრო გაგება – განათლებისა და კვლევის ანალიზს. საქმე განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც მაუნოურიმ ცოდნის ეკონომიკის ვიწრო გაგება გააფართოვა. ამჟამად ცნება მოიცავს არა მარტო საგანმანათლებლო და საკვლევი ინსტიტუტებისთვის დამახასიათებელ ცოდნის შექმნისა და შეძენის ფორმებს, არამედ სწავლის პროცესების ფართო სფეროს, აღწერილს მრავალი სიტუაციით, რომლეშიც კომპეტენცია იქმნება და გამოიყენება “ჩვეულებრივი” საქონლისა და მომსახურების სტრუქტურაში. ფართო აზრით, ცოდნის ეკონომიკა მოიცავს კომპეტენციას და სწავლის უნარს.

ამრიგად, დისციპლინის საზღვრების განსაზღვრა დამოკიდებულია ადამიანის მიერ ცოდნისა და ინფორმაციის გაგებაზე. 

მეცნიერები თანამედროვე გლობალურ ეკონომიკას აღწერენ, როგორც “ცოდნის ეკონომიკაზე” გარდამავალს, როგორც “ინფორმაციული საზოგადოების” ერთგვარ გაგრძელებას. ასეთი გადასვლა მოითხოვს, რომ წესები და პრაქტიკა, რომელიც წარმატებას განსაზღვრავდა სამრეწველო ეკონომიკაში გადაიხედოს ურთიერთდაკავშირებული, გლობალური ეკონომიკის პრიზმით, სადაც ცოდნის ისეთი რესურსები, როგორიც “ნოუ ჰაუ” (კომერციული საიდუმლო, წარმოების საიდუმლო, საიდუმლო სიახლე) და კომპეტენციაა სხვა ეკონომიკურ რესურსებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. “ცოდნის ეკონომიკის” ანალიტიკოსების აზრით, არსებული წესები უნდა მიესადაგოს ფირმებისა და წარმოების დონეზე ცოდნის მენეჯმენტს, ხოლო საჯარო პოლიტიკის დონეზე ცოდნის პოლიტიკასა ან ცოდნასთან დაკავშირებულ პოლიტიკას. 

ცოდნის ეკონომიკის ძირითადი კონცეფცია ასეთია: ცოდნა და განათლება (რომელიც ხშირად “ადამიანურ კაპიტალად” მოიხსენება) შეიძლება ორგვარად განვიხილოთ:

ბიზნეს–პროდუქტი, რადგან შესაძლებელია საგანმანათლებლო და ინოვაციური ინტელექტუალური საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მაღალი უკუგებით.  

ნაყოფიერი აქტივი.

ცოდნის ეკონომიკა შეიძლება ასე განვმარტოთ: “ის ხელს უწყობს ცოდნის შექმნას ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ და ეხმარება და წაახალისებს მათ, საკუთარი ცოდნა უკეთ გამოიყენონ და გადასცენ სხვებს კომპანიის/ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად”.

ცნების განმარტებას ხელს უშლის თვით “ცოდნის” ბუნდოვანება, რომელიც საკმაოდ შეფარდებითი ცნებაა. მაგალითად, არ შეიძლება ინფორმაციის საზოგადოება და ცოდნის საზოგადოება სინონიმებად განვიხილოთ, რადგან, ჩვეულებრივ, ინფორმაცია ცოდნის ეკვივალენტი არ არის. მათ გამოყენებას განსაზღვრავს ინდივიდის ან ჯგუფის პრიორიტეტები, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკით განისაზღვრება.  

ცოდნის გამოყენება თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ზრდის ძირითად წყაროდ არის აღიარებული. ცნება “ცოდნის ეკონომიკა” სწორედ ცოდნის ამ გაზრდილ მნიშვნელობას ასახავს. ორგანიზაციები და ადამიანები ნაწოფიერად იძენენ, ქმნიან, ავრცელებენ და იყენებენ ცოდნას წარმატებული ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.   

“ცოდნის რევოლუცია” მრავალგვარად ვლინდება: მეცნიერებისა და ტექნიკის სულ უფრო მჭიდრო კავშირი; ინოვაციის მზარდი მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობისთვის; განათლებისა და უწყვეტი განათლების მზარდი მნიშვნელობა; არამატერიალური ინვესტიციების (კვლევა და შემუშავება, პროგრამული უზრუნველყოფა) ზრდა, რომელიც უძრავ კაპიტალში ინვესტიციებზე გაცილებით დიდია. და ბოლოს, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ე.წ. ICT, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ურთიერთდამოკიდებულება და კავშირი მოაქვს.

ცოდნის გაზრდილი მნიშვნელობა ქვეყნებს საკუთარი ეკონომიკისა და სოციალური განვითარების მეტი პოტენციალით უზრუნველყოფს, რადგან საქონლისა და მომსახურების წარმოების უფრო ეფექტიან გზებს სთავაზობს, საშუალებას აძლევს უფრო ნაკლები დანახარჯებით წარმოებული პროდუქცია უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზონ. უნდა აღინიშნოს, რომ მეტია “ცოდნის განაწილების” საფრთხეც განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. პირველი ჯგუფის ქვეყნებში, როგორც წესი, იქმნება ცოდნის უმეტესი ნაწილი, ხოლო მეორე ჯგუფს ხელი არ მიუწვდება ამ ცოდნის დიდ ნაწილზე შეზღუდული ცოდნის, ეკონომიკური სტიმულების სუსტი რეჟიმისა და სუსტი ინსტიტუტების გამო. სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციასთან ერთად ცოდნის რევოლუციას მივყავართ გლობალიზაციის განმტკიცებასა და საერთაშორისო კონკურენციის გაძლიერებასთან, რაც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას ტოვებს ბუნებრივი რესურსების გარეშე და შრომის დაბალი ანაზღაურების იმედად. 

ამრიგად, ცოდნის რევოლუციის სარგებელი რომ გამოიყენონ, კონკურენტუნარიანობისა და კეთილდღეობის ასამაღლებლად, განვითარებადი ქვეყნები საკუთარ ძლიერ მხარეებს უნდა დაეყრდნონ, ყურადღებით დაგეგმონ შესაბამისი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ეფექტიან ინსტიტუტებში, შესაბამის ტექნოლოგიებში და ინოვაციურ და კონკურენტულ საწარმოებში. იმის მაგალითად, რომ სწრაფი პროგრესი შესაძლებელია, შეიძლება გავიხსენოთ კორეა, ირლანდია, მალაიზია და ჩილე. 

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს ცოდნის ეკონომიკაზე, ანუ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე (მეორე მნიშვნელობა) გადასვლისათვის ოთხ ძირითად პირობას გვთავაზობს: 

·ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული და ახალი ცოდნის ეფექტური გამოყენებისა და  მეწარმეობის განვითარების სტიმულებს.

·განათლებული და შესაბამისი უნარ–ჩვევების მქონე მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია შექმნას, გაუზიაროს და კარგად გამოიყენოს ცოდნა. 

·ფირმების, კვლევითი ცენტრების, უნივერსიტეტების, ანალიტიკური ცენტრების, კონსულტანტთა და სხვა ორგანიზაციების ეფექტიანი ინოვაციური სისტემა, რომელსაც შეუძლია გლობალური ცოდნის მზარდ ფონდში მონაწილეობა, მისი მორგება ადგილობრივ საჭიროებებზე და ახალი ტექნოლოგიების შექმნა.    

·საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ე.წ. ICT, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ინფორმაციის ნაყოფიერ კომუნიკაციას, გავრცელებასა და გადამუშავებას.  

ნებისმიერ ქვეყანაში ცოდნის ეფექტიანი გამოყენებისათვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის, ინსტიტუტების, ინვესტიციების და კოორდინაციის შემუშავება ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ ფუნქციურ სფეროს შორის.   

ცოდნის შეფასების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის პროგრამის “ცოდნა გავითარებისთვის” მიერ შექმნილი ინტერაქტიური ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნებს ეხმარება განსაზღვრონ, მათ წინაშე ცოდნის ეკონომიკაზე გადასვლისას არსებული სირთულეები და შესაძლებლობები. ეს ხდება 145 ქვეყნისათვის ცოდნის ეკონომიკის ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. პროგრამის ფარგლებში ასევე შემუშავდა ცოდნის ეკონომიკის ინდექსი და ცოდნის ინდექსი. 

რას აღნიშნავს თითოეული მათგანი? 

ცოდნის ინდექსით (ცი) იზომება ქვეყნის უნარი შექმნას, აითვისოს და გაავრცელოს ცოდნა. მეთოდოლოგიურად ცოდნის ინდექსი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია ცოდნის ეკონომიკის სამი ძირითადი საყრდენის მიხედვით: განათლება და ადამიანური რესურსები, ინოვაციათა სისტემა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

ცოდნის ეკონომიკის ინდექსით (ცეი) განისაზღვრება არის თუ არა გარემო იმ ცოდნის ხელშემწყობი, რომელიც ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ის ერთობლივი ინდექსია, რომელიც გამოხატავს ქვეყნის მთლიანი განვითარების დონეს ცოდნის ეკონომიკის მიმართულებით. ის გამოითვლება ცოდნის ეკონომიკის ოთხი ძირითადი საყრდენის მიხედვით: ეკონომიკური სტიმულები და ინსტიტუციონალური რეჟიმი, განათლება და ადამიანური რესურსები, ინოვაციათა სისტემა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 

ქვეყნები ცეი და ცი ინდექსების მიხედვით 2012 წელი

#

ქვეყანა

ცეი

ცი

ეკონომიკური სტიმულების რეჟიმი

ინოვაცია

განათლება

სსტ

1





  შვედეთი

9.43

9.38

9.58

9.74

8.92

9.49

2




 ფინეთი

9.33

9.22

9.65

9.66

8.77

9.22

3


Red with a white cross that extends to the edges of the flag; the vertical part of the cross is shifted to the hoist side

 დანია

9.16

9

9.63

9.49

8.63

8.88

4





 ნიდერლანდები

9.11

9.22

8.79

9.46

8.75

9.45

5





 ნორვეგია

9.11

8.99

9.47

9.01

9.43

8.53

6




 ახალი ზელანდია

8.97

8.93

9.09

8.66

9.81

8.3

7




 კანადა

8.92

8.72

9.52

9.32

8.61

8.23

8




 გერმანია

8.9

8.83

9.1

9.11

8.2

9.17

9




 ავსტრალია

8.88

8.98

8.56

8.92

9.71

8.32

10




 შვეიცარია

8.87

8.65

9.54

9.86

6.9

9.2

11




ირლანდია

8.86

8.73

9.26

9.11

8.87

8.21

12




 შეერთებული შტატები

8. 77

8.89

8.41

9.46

8.7

8.51

13




 ტაივანი

8.77

9.1

7.77

9.38

8.87

9.06

14


A flag featuring both cross and saltire in red, white and blue

 გაერთიანებული სამეფო

8. 76

8.61

9.2

9.12

7.27

9.45

15




 ბელგია

8.71

8.68

8.79

9.06

8.57

8.42

16




 ისლანდია

8.62

8.54

8.86

8

8.91

8.72

17




  ავსტრია

8.61

8.39

9.26

8.87

7.33

8.97

18




 ჰონგ კონგი

8.52

8.17

9.57

9.1

6.38

9.04

19




  ესტონეთი

8.4

8.26

8.81

7.75

8.6

8.44

20




 ლუქსემბურგი

8.37

8.01

9.45

8.94

5.61

9.47

67




  სამხრეთ აფრიკა

5.21

5.11

5.49

6.89

4.87

3.58

68




 საქართველო

5.19

4.49

7.28

5.15

4.61

3.72

69




 თურქეთი

5.16

4.81

6.19

5.83

4.11

4.5

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ცოდნის ეკონომიკა საზოგადოების განვითარების ახალი ეტაპია. ცოდნა რადიკალურად ცვლის მსოფლიოს. აი რამდენიმე მაგალითი: ყველასათვის ნაცნობია თამაში „თეთრისი”. მისი ავტორია მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის პროგრამისტი ალექსეი პაჟიტნოვი. თამაშმა, რომლის შექმნას მან არც ისე დიდი დრო მოანდომა, 15 ათასი დოლარი მოუტანა. გამოთვლითმა ცენტრმა თამაშის გავრცელების უფლება ფირმა Nintendo–ს მიჰყიდა 4 მლნ დოლარად, ხოლო ფირმამ თამაშის გავრცელებით 1 მლრდ დოლარი მიიღო. მეორე მაგალითად ფირმა Microsoft–ი გამოგვადგება. მისი საბაზრო ღირებულება 350–400 მლრდ დოლარად არის შეფასებული, მოგების მიხედვით ღირებულება – 50–70 მლრდ დოლარია, ხოლო საბუღალტრო ღირებულება – 5–10 მლრდ დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფირმის ძირითადი ფონდების ღირებულება, „ინტელექტუალური შრომის” ჩათვლით, ბევრად დაბალია, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება.

ეს და სხვა მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ თუ ცოდნის პირველად წყურვილს შესაბამის გასაქანს მივცემთ, ადამიანის მთელი ცხოვრება ძიებისა და აღმოჩენების ჯაჭვად შეიძლება იქცეს. როცა მუშაკი ახალ ცოდნას ქმნის, ის იმავდროულად საკუთარ თავსაც, კომპანიასაც და თვით სამყაროსაც ხელახლა ქმნის (იკუჯირო ნონაკა). 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...