პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

ავტობიოგრაფიული ალბომი (ნაწილი II)

0
ბავშვის მიერ სამყაროს გულუბრყვილო აღქმის მიუხედავად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ „დიდების” მუსიკა ხანდახან უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება, ვიდრე მათთვის განკუთვნილი გამარტივებული პროგრამა. არადა, საბავშვო მუსიკის ორიგინალურობა სწორედ მის განსაკუთრებულ სისადავესა და გამოხატვის ერთგვარ სწორხაზოვნებაში მდგომარეობს, გაადვილებული მიწოდება რომ უდევს საფუძვლად. საბავშვო მუსიკა კომპოზიტორების მიერ თავიდანვე ბავშვის შესაძლებლობებზეა გათვლილი. 

ჩაიკოვსკის ჩანაფიქრით, ბავშვებისთვის განკუთვნილი მინიატურული პიესები მაქსიმალური სიმსუბუქითა და  მიმზიდველი სათაურებით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. ცხოვრებისეული სცენების, სურათების, სიტუაციების მრავალფეროვნებასთან ერთად, ალბომში რამდენიმე შედარებით დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზია. მათ შორის, პირველი დაკავშირებულია დღის დასაწყისთან და ბავშვის გაღვიძებასთან („დილის ლოცვა”, „ზამთრის დილა”, „დედა”). შემდეგი სიუჟეტი თამაშებია, ბავშვის საოჯახო გართობები („ცხენოსნობის თამაში”, „ხის ჯარისკაცების მარში”). თამაშის თემატიკის ერთგვარ განშტოებას წარმოადგენს მინიტრილოგია. ის ეძღვნება თოჯინებს („თოჯინას ავადმყოფობა”, „თოჯინას დაკრძალვა”, „ახალი თოჯინა”). ამის შემდგომ ჩაიკოვსკი ბავშვებს აგზავნის მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში – იტალიის („იტალიური სიმღერა”, „ნეაპოლიტანური სიმღერა –

, საფრანგეთის („ძველებური ფრანგული სიმღერა”) და გერმანიის („გერმანული სიმღერა”) გარშემო. ამასთან ერთად, ციკლში ვხვდებით რუსულ თემატიკას („რუსული სიმღერა”, „კამარინსკაია”). ბავშვის დღე უახლოვდება დასასრულს პიესით „ძიძის ზღაპარი”. ძიძის გვერდით, როგორც განსაკუთრებული, ცალკე მუსიკალურ პერსონაჟად გამოჩნდება „ბაბა-იაგა” (კუდიანი ჯადოქარი). თუმცა მალე ყველა ზღაპრული ღელვა თუ შიში უკან იხევს და მათ სანაცვლოდ კომპოზიტორი ქმნის ნეტარი სიზმრების მომასწავებელ პიესას „ტკბილი ოცნება”

ჩაიკოვსკი ალბომში შეეხო მისთვის საყვარელ სფეროებსაც: ცეკვებს („ვალსი”, „მაზურკა”, „პოლკა”), პეიზაჟებს („ტოროლას სიმღერა”), ჟანრულ სახასიათო ჩანახატებს („კაცი უკრავს გარმონზე”, „მეარღნე მღერის”). 

 

კომპოზიტორი წერდა საბავშვო და მხოლოდ საბავშვო ციკლს, მაგრამ ის იქმნებოდა მისი ცხოვრების სულიერი რყევების პერიოდში. „საბავშვო ალბომის” სიღრმისეული შრე, მისი ქვეტექსტი დაკავშირებულია კომპოზიტორის ყველაზე იდუმალ გრძნობებსა და ფიქრებთან. მიუხედავად ამისა, ეს უნიკალური ციკლი ერთ-ერთი ყველაზე გასაგები, ყოველი ბავშვისთვის ახლობელი და ამავე დროს ყველაზე ღრმა ნაწარმოებია. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგმა „საბავშვო ალბომში” ორი აზრობრივი „სიუჟეტი” გამოკვეთა: საბავშვო და „სადიდო” (ადამიანის ცხოვრების გზა). ციკლის შექმნის ისტორია ადასტურებს, რომ ალბომი ავტობიოგრაფიულია. 

***
საბავშვო ციკლში მოცემული გამომსახველობითი საშუალებები: ფაქტურა, მელოდია, ჰარმონია, რიტმი, არტიკულაცია, დინამიკა, ორნამენტიკა, აპლიკატურა და პედალიზაცია რთულია. რაც შეეხება კილოურ სისტემას, კომპოზიტორს ალბომში რთული ტონალობები არ აქვს გამოყენებული. ციკლის შექმნისას ჩაიკოვსკიმ ასევე ბავშვთა ხელების განსაკუთრებულობაც გაითვალისწინა. მთელ ალბომში ოქტავებსა და აკორდებს შორის ინტერვალები (მანძილი) სეპტიმის საზღვრებს არ სცდება. კომპოზიტორი მაქსიმალურად ერიდება კლავიატურის ქვედა და ზედა რეგისტრების გამოყენებას (ხელებს შორის მოკლე მანძილს იცავს). გამონაკლისია მხოლოდ „ტოროლას სიმღერა”, სადაც ყველაზე მაღალი ბგერებია გამოყენებული. აუცილებელია პედაგოგის მიერ გათვალისწინებული იყოს კონკრეტული მოსწავლის საშემსრულებლო შესაძლებლობები.

მელოდია ძალზე გამომსახველი, რიტმული მხარე კი მრავალფეროვანია. ჰარმონიული წყობა ადვილად მისაწვდომია. ორნამენტიკა მელოდიურ ხაზთან ორგანულადაა შერწყმული. ერთი სიტყვით, კომპოზიტორი „საბავშვო ალბომში” გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით იდეალურად გადმოგვცემს უფაქიზეს ინტონაციებს. 

პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო ციკლი საბავშვო მუსიკალურ ლიტერატურაში მიჩნეულია შეუფასებელ პედაგოგიურ მონაპოვრად. საყოველთაოდ ცნობილ კომპოზიტორების (შუმანის, გრიგის, დებიუსის, რაველის, ბარტოკის) საბავშვო ნაწარმოებებთან ერთად ჩაიკოვსკის „საბავშვო ალბომი” შესულია საბავშვო მუსიკის მსოფლიოს ოქროს ფონდში. 

საინტერესოა, რომ „საბავშვო ალბომის” შექმნის პერიოდში რამდენიმე თვით ადრე კომპოზიტორს დასრულებული ჰქონდა მე-4 სიმფონია და ოპერა „ევგენი ონეგინი”. ასევე საფორტეპიანო მუსიკის შედევრები: პირველი საფორტეპიანო კონცერტი (1875 წ.) და „წელიწადის დრონი” (1875-76 წ.). მოგვიანებით კი ის ქმნის საბავშვო სიმღერების ციკლს ოპუსი 54 (16 სიმღერა) და ბალეტს „მაკნატუნა”. 

***
„საბავშვო ალბომი” იხსნება პიესით „დილის ლოცვა” და მეც მოვისურვე ერთად გადაგვევლო თვალი განსაკუთრებულ, ძალიან მღერად პიესაზე: ღმერთზე, სულსა და უკვდავებაზე. 

  (პ. ჩაიკოვსკის ხელნაწერის ასლი)

ჩაიკოვსკის ძალიან უყვარდა მართლმადიდებლური გუნდური წყობის სიმღერები. საეკლესიო მსახურების დროს ის გულაჩუყებული ცრემლებს ვერ იკავებდა ხოლმე. 

„დილის ლოცვის” ნათელი ჰარმონია და ოთხხმიანი აკორდული წყობა, ხმების მდორე საფეხურებრივი მოძრაობის სიჭარბით, საეკლესიო გუნდურ სიმღერას გვაგონებს. მიუხედავად პიესის ნელი ტემპისა, დამწყებთათვის, ქორალური ტიპის ფაქტურის გადმოცემა ტექნიკურად არც ისე ადვილია.

პიესა შედგება 2 ნაწილისაგან. დაფუძნებულია ერთ თემატურ მასალაზე. პირველი წარმოადგენს 16 ტაქტიან პერიოდს, მეორე – თავისებურ კოდას. 

პიესის დაკვრის პარალელურად ზარების რეკვას თუ წარმოვიდგენთ, აუცილებლად საეკლესიო მსახურება მოგვაგონდება.

„დილის ლოცვის” შესრულებისას ერთგვარი სირთულე ტემპის შერჩევაში მდგომარეობს. პიესას, როგორც წესი, მოსწავლეთა უმეტესობას ავტორისეული Andante-ს (q = 66) სახით ვთავაზობთ. ტემპის შენელების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ფრაზის დაშლა – „მარცვლებით დაკვრა”. მთლიანობაში კი ის ექსტატიური მედიტაციის ხასიათს შეიძენს და შესაძლოა ბავშვის ხასიათსა და განწყობას საკმაოდ დაშორდეს. 

პიესას შევყავართ ბავშვის რთული განცდების სამყაროში. სკოლის პროგრამის მიხედვით ის სამართლიანად მიეკუთვნება რთულ ნაწარმოებს. ოთხხმიანი წყობის შესრულებისას მოსწავლეს სიმებიანი კვარტეტის ჟღერადობა სმენითი წარმოდგენით შეუძლია. მასწავლებლებმა დიდი სიფრთხილით უნდა ვიმუშაოთ ხმათა მოძრაობაზე, ცალკეული ბგერის გამღერებაზე. განსაკუთრებული ყურადღება კი სოპრანოსა და ბანზე უნდა გავამახვილოთ. 

ქვედა და ზედა ხმას ერთად ვუკრავთ. შემდეგ ორ ხმას ერთ ხელში. ორი ხმის ერთი ხელით შესრულებისას მოსწავლეები დაყოვნებულ ბგერებს ბოლომდე არ უსმენენ და ამ დროს კარგავენ ორხმიანობას. ამ შემთხვევაში აუცილებელია მოსწავლეს „ვერტიკალურად” – ინტერვალებით ვასწავლოთ მოსმენა. ყველა ეს ხერხი ბგერის მუდმივ კონტროლს შევუხამოთ. 

ვაგებთ აკორდულ ფაქტურას. ამ დროს არ უნდა დაიკარგოს მელოდიური ხაზი. აუცილებელია პიანოს ჟღერადობის დონეზე ოთხი ხმიდან გარკვევით ისმოდეს ყოველი ცალკეული ხმა. აკორდის ჟღერადობის გათანაბრება სმენის ვარჯიშით მიიღწევა. 
მუშაობის პროცესში ნუ დავივიწყებთ დინამიკურ ნიშნებსაც, ეგრეთ წოდებულ, „ჩანგლებს”. ასევე, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სვლა კულმინაციისკენ (მე-8 – მე-12 ტაქტამდე), რომელიც დასასრულს თანდათან ორ პიანოზე (рp) ქრება. რაც შეეხება რიტმულ მონახაზს, მუშაობის დასაწყისში საჭიროა მოსწავლემ იგრძნოს ფრაზირება და მოტივები დიდ წინადადებაში გააერთიანოს. ისინი ხშირად მოტივის დასრულებისას ბოლომდე არ ისმენენ გრძელ ბგერებს, არ გრძნობენ „სუნთქვას” ახალი ფრაზის წინ და არც ეს უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. 

პიესაში მოსწავლეებისთვის სიძნელეს წარმოადგენს ბანის მრავალჯერადი გამეორება, რომელიც უნდა შესრულდეს ერთი შეფერილობით, ერთნაირი შეხებით (მე-5 თითის მოძრაობა მაქსიმალურად ახლოს კლავიატურასთან და ქნევის გარეშე).   

ჰარმონიის ცვლისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ დაგვიანებული პედალი, ხოლო ბოლო სამი ტაქტი ერთ პედალზე შევასრულოთ.  

 

მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეს ყველა ზევით ჩამოთვლილ კომპონენტზე ერთდროულად მოუწევს ფიქრი და ნაწარმოებში მათი გააზრებული გამოყენება.

***
და ბოლოს, მინდა ბავშვებისთვის შემოგთავაზოთ ე. თ. ა. ჰოფმანის ზღაპრის მოტივებისა და პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით შექმნილი საბჭოთა მულტიპლიკაციური უსიტყვო ფილმი „მაკნატუნა”. უმეტესად ზღაპრის გმირები საუკეთესო ადამიანური თვისებებით არიან ხოლმე შემკობილნი და როგორც ყველა ჯადოსნურ, მიმზიდველ ზღაპრულ სამყაროში, აქაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე.  

ყვავილები ჩემთვის, შენთვის, ელჯერნონისთვის

0

ჩემი აზრით, განსაკუთრებით ჭკვიანი არასოდეს ვყოფილვარ, საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მიჭირდა, ყოველთვის მრავლად იყო, მაგრამ, სულო ცოდვილო, მეც ხშირად მითქვამს ან მიფიქრია ვინმეზე სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სხვაგან: აუ, საერთოდ ვერაფერს ხვდება, მგონი, ცოტა მოუსუსტებს-მეთქი (ჟარგონზე ეს სხვაგვარად ჟღერს).

ამას წინათ განსაკუთრებით ვინანე ასე ფიქრი და მივხვდი, რომ ყველაზე, ყველაზე დიდი შეცდომა შესაძლებლობების მიხედვით ადამიანების დაყოფაა, გონებრივი შესაძლებლობები იქნება ეს, ფიზიკური თუ სხვა სახისა. იმიტომ რომ ეს დაყოფა უაღრესად პირობითი და სრულიად არაფრისმომცემია.

ერთი კვირის წინ მე და გიოს, ჩემს 4 წლის ბიჭუნას, საშინელი ვირუსი გვეტაკა. ჰო, ჰო, შემთხვევით არ გამომიყენებია ეს ზმნა – გვეტაკა. სიცხე, ხველბა, სურდო, სისუსტე – ამ ყველაფერს კიდევ აიტანდი, მაგრამ ფიზიკური სისუსტე და მოქმედებისა თუ ანალიზის უნარის დასუსტება – აი, ეს იყო ყველაზე რთული.

ექიმმა გიორგის რაღაც ანტიბიოტიკი დაუნიშნა, წყალში უნდა გაგეზავებინა და სუსპენზია მოგემზადებინა. რამდენჯერმე წავიკითხე ინსტრუქცია, დოზები, ისა, ესა, ბოლოს გავაზავე და მივხვდი, რომ შემეშალა – წყალი უფრო მეტი მომივიდა, ვიდრე საჭირო იყო.

რაკი აფთიაქი ახალ ფლაკონს ვერ მოგვცემდა, – ურეცეპტოდ ეს წამალი არ გაიცემა, – გადავწყვიტე, როგორმე გადამერჩინა სუსპენზია და მეანგარიშა, რამდენი უნდა მიმეცა ბავშვისთვის, რომ წამლის საჭირო რაოდენობა მიეღო.

აი, აქ დაიწყო ჩემი წამება. კონსულტაციები ქმართან, მეგობართან, თვლა, წყვა, ზომვა, ანგარიში, გაყოფა… ხომ ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფრით ვენდე… როგორც იქნა, სხვების დახმარებით წამალი სწორად გავანაწილე, მაგრამ გვარიანად ვინერვიულე. არასდროს მქონია ასეთი უსუსურობის შეგრძნება.

თითქოს არაფერი, ხომ? მაგრამ ერთი დღე დამჭირდა ამ დაძაბულობისგან გასათავისუფლებლად.

იმავე საღამოს, როცა გიოს წამალი დავალევინე და ვავახშმე, დავჯექი და დიდხანს ვფიქრობდი იმ დღეზე, წამლის დოზებზე, ჩემს შიშსა თუ გაუბედაობაზე, რომელმაც, ფაქტობრივად, უუნაროდ მაქცია და უცებ გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერზე ჩემს მაღალკლასელებს მოვუყვები, – რასაკვირველია, ლიტერატურული პარალელებით.

წიგნი კი, რომელსაც მათ გავაცნობ, დენიელ კიზის რომანი „ყვავილები ელჯერნონისთვის” იქნება, რომლის ძალიან კარგი თარგმანი სულ ახლახან, „ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” სერიით გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში”. წიგნი თინათინ ხომერიკმა თარგმნა.

„ყვავილები ელჯერნონისთვის” პატარა ნოველად მქონდა წაკითხული ფანტასტიკური მოთხრობების ანთოლოგიაში. ის განსაკუთრებული განცდა, რაც მაშინ დამეუფლა, კიდევ უფრო სხვაგვარი შეგრძნებით გამდიდრდა მას შემდეგ, რაც ნაწარმოები რომანის ფორმით წავიკითხე.

დენიელ კიზმა თითქმის ყველა პერსონაჟი რეალური ცხოვრებიდან გადაიღო. ის ერთხანს ინგლისურ ენას ასწავლიდა სპეციალურ სკოლაში. სწორედ მისი ერთ-ერთი მოსწავლე გახდა ჩარლი გორდონის პროტოტიპი.

როდესაც ნაწარმოების პირველი, მოკლე ვერსია გამოქვეყნდა, რედაქტორმა კიზს მოსთხოვა, დასასრული შეეცვალა – ჩარლის შეენარჩუნებინა საკუთარი ინტელექტი და თავის მასწავლებელზე, მის კინიარზე დაქორწინებულიყო, მაგრამ მწერალმა ასეთ ფინალზე უარი თქვა.

წიგნის სიუჟეტს დაწვრილებით არ მოვყვები, თავად უნდა გაეცნოთ. უბრალოდ, როგორც მასწავლებელი, როგორც მშობელი და როგორც ადამიანი, გეტყვით, რატომ უნდა წავაკითხოთ ის ბავშვებს.

1. დარწმუნებული ვარ, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ერთმანეთის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს დაცინვით აღარ მოიხსენიებენ და აუცილებლად შეუყვარდებათ წიგნის მთავარი გმირი; უფრო იშვიათად გაიგონებთ კლასში სიტყვებს: „დებილო, ჭკუასუსტო” და ა.შ.

2. მთავარი ამ წიგნში ის არის, რომ ჩარლი, წარუმატებელი ექსპერიმენტის მსხვერპლი, ყველაფრის მიუხედავად, არ ბოროტდება და წიგნის უკანასკნელ გვერდამდე საკუთარი ცხოვრების შეცვლას ცდილობს.

3. ჩარლი გორდონი, რომელმაც განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, ცდილობს, საკუთარი ინტელექტის გამოყენებით მიაგნოს ექსპერიმენტის წარუმატებლობის მიზეზს, ანუ ის, რაც მიიღო, სხვების სასარგებლოდ გამოიყენოს.

4. ძალიან მნიშვნელოვანია ენობრივი პრაგმატიკის საკითხები, ენა როგორც ლიტერატურული ხერხი, ერთგვარი ენობრივი დინამიკა, რომელიც ისე აჩვენებს პერსონაჟის ცვლილებას, რომ არავითარი დამატებითი საშუალება აღარ არის საჭირო (აღსანიშნავია მთარგმნელის ოსტატობა, რომელმაც შესანიშნავად მოახერხა ამ ყველაფრის ქართულ ენაზე გადმოტანა).

5. სიყვარული. სიყვარული ნებისმიერი ადამიანისადმი – აი, ეს არის ამ ნაწარმოების დედაარსი.

6. მე როგორც მკითხველს ყველაზე მეტად იქ შემრცხვა, სადაც ჩარლიმ თანდათან გააცნობიერა მისდამი სხვების დამოკიდებულება და დაცინვას თავისი სახელი დაარქვა. შემრცხვა, ძალიან შემრცხვა…

7. თქვენი მოსწავლეები აუცილებლად მიხვდებიან, რომ არც ინტელექტი, არც განსაკუთრებული უნარები არ არის მთავარი, – მათი შეძენაც ადვილია და დაკარგვაც; მთავარია, ადამიანად დარჩე.

8. ეს წიგნი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებში ემპათიის გასაღვიძებლად.

წიგნის პრობლემატიკა აუცილებლად მოგცემთ ძალიან საინტერესო გაკვეთილისა და დისკუსიის დაგეგმვის საშუალებას. ვფიქრობ, ღირს, უფროსკლასელებთან ამ წიგნზე საუბარი სცადოთ.

წარმატებას გისურვებთ!

აუცილებლად წაიკითხეთ და წააკითხეთ ეს შესანიშნავი ნაწარმოები თქვენს მოსწავლეებს, „ყვავილები ელჯერნონისათვის” ისეთი წიგნია, ბევრი რამის ახნას რომ გაგიადვილებთ, ბევრი ადამიანის სათქმელს რომ გათქმევინებთ…

მოზარდების საიდუმლოებანი

0

წინა პოსტებში გაკვრით ვახსენე ჩარლი, პატრიკი და სემი. მერე თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი, მეტი რომ არ გიამბეთ ამ შესანიშნავი სამეულის შესახებ და საერთოდაც, გამოგიტყდებით, სტივენ ჩბოსკის “მარტოსულობის უპირატესობანი” წაკითხვამდე ბანალური, თინეიჯერული, ცუდად დაწერილი დრამა მეგონა. რა სისულელეა!

ჩბოსკის რომანს ამერიკაში დაახლოებით იგივე ბედი ეწია, რაც ბუღაძის “ბოლო ზარს” საქართველოში. მართალია, “ბოლო ზარი” არ აკრძალულა, თუმცა ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, ქართველი ერი ლაშა ბუღაძეს სიამოვნებით დაწვავდა კოცონზე, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა, ისევე როგორც მე-11 კლასელი ნუციკოს იდეაფიქსი: საძულველი სკოლის აფეთქება. “ბოლო ზარი” ქართული გროტესკია ძველი ბიჭებით, მზესუმზირას ქერქებით, ფურთხის გუბეებით, “დერსკი”, უტვინო გოგოებით, დაჩაგრული, წიგნიერი მოსწავლეებით და მასწავლებლებით, რომლებიც უმოქმედონი არიან და შეუძლიათ, მოსწავლეების ვიზუალიზაციის მიხედვით განსაზღვრონ საკუთარი დამოკიდებულებები. რელიგიური ფანატიზმის გაშარჟებაც ბუღაძის სტილია. ალბათ ამიტომაც განსაკუთრებით არ უყვართ. ქართველი ერი ვერ აიტანს როკერ ჯამბულას, ნაკურთხ დისკოთეკებსა და ათას “სატანისტურ გამოხდომას”. ვაითუ, რომელიმე მათგანის ნაკურთხ ჯიპს ჩრდილი მიადგეს და კიდევ ათასი “ვაითუ”. “ბოლო ზარი” ცოტა არ იყოს, საგმირო რომანიც გახლავთ: ნადრიკუჩას დაუჯერებელი გაქცევა ციხიდან ბასრი კბილისა და გაზრდილი თმა– წვერის დახმარებით საინტერესო და კომიკური ჰიპერბოლაა. ეს ახალგამომცხვარი, მამრობითი სქესის რაპუნცელი საკუთარ თავს ისე მარტივად გადაარჩენს, როგორც დიდი მარკეტების მზა კერძებს გადავურჩენივართ მოულოდნელი სტუმრების “თავდასხმისას”.
როგორები არიან 90–იანელი ამერიკელი მოზარდები?! რა პრობლემები აწუხებთ? რაზე ფიქრობენ? როგორ ერთობიან? როგორ ახერხებენ ადაპტაციას სოციუმთან? – კითხვებზე პასუხი ახლახან ქართულ ენაზე გამოცემულ რომანშია, სათაურით “მარტოსულობის უპირატესობანი”. ყდის დიზაინი არ გაგაკვირვებთ: ალბათ გეცნობათ კიდეც სამი მეგობარი პოპულარული ეკრანიზაციიდან.
მოზარდებს ყველაზე მეტი საიდუმლო აქვთ, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, იმდენი. ნამდვილი საიდუმლო ისეთი საიდუმლოა, რომელიც მაქსიმუმ ორმა კაცმა იცის. ერთი შენ ხარ. მეორე კი ვერ იქნება მასწავლებელი, მათი ხელობა თქვენი დატუქსვა და მშობლების საქმის კურსში ჩაყენებაა, ვერც მშობლებს მოუყვებით, მშობლები ისე გაიზარდნენ, რომ თქვენი აღარ ესმით და დედამ ტორტის ბისკვიტის უნაკლოდ შექმნის საიდუმლო უფრო კარგად უწყის, ვიდრე საკუთარი შვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. სჯობს, ყველაფერი წვრილად მოუყვე შენს უცნობ მეგობარს, თან წერილების წერა ძალიან რომანტიკულად გამოიყურება, ეს ყველაფერი აუცილებლად შენი ცხოვრების მე–15 წლიდან უნდა დაიწყო. ჩარლიც, ეს მარტოსული, ჩაკეტილი მოზარდი, რომელსაც უახლოესი მეგობარი ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, წერილების წერას იწყებს. დიახ, სულაც არ არის უცნაური, რომ გყავს მეგობარი, რომელსაც არ იცნობ. თქვენ შესანიშნავები ხართ, რადგან შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთოთ ჩაკეტილი სივრციდან გასაღწევად, თქვენ იცით, ეს წრე არ გაწყობთ, დიახაც, არ გაწყობთ, თქვენ ნამდვილი მეგობრები გჭირდებათ და ძიებას იწყებთ ასე: არა სატელეფონო წიგნიდან, არამედ კლასელების მონაყოლიდან: “საშინლად ვიყავი, მაიკლი რომ გარდაიცვალა, ამ დროს კლასში შევამჩნიე ერთი გოგო, რომელიც თავის მეგობარს შენზე ესაუბრებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობდი, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, რადგან მისი მონაყოლიდან შენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ისეთ ადამიანად აღგიქვი, რომელსაც ბავშვისგან წერილების მიღება არ შეაწუხებდა. ისეთ ადამიანად, რომელიც მიხვდებოდა, რომ წერილები დღიურზე უკეთესია, რადგან მიწერ-მოწერა ურთიერთობაა და გარდა ამისა, დღიური, შეიძლება, ვინმემ აღმოაჩინოს”. ეს ჩარლია, რომელიც შემდგომში უკვე რეალურ, ნამდვილ მეგობრებს, პატრიკსა და სემს გაიცნობს. ამ მხიარულ და–ძმასთან ერთად მას შეუძლია, თავი უსაზღვროდ იგრძნოს. შეუძლია, სემი შეუყვარდეს და საკუთარ თავს ეროტიკული სიზმარი მხოლოდ იმის გამო არ აპატიოს, რომ სემი მისი ნებართვის გარეშე ნახა შიშველი. მას შეუძლია იტიროს, როცა ბედნიერია და მაშინაც, როცა უბედურია. დიახ, დიახ, ნუ გიკვირთ; ბიჭებიც ტირიან და ეს არც ისეთი უხერხულია.
ამერიკელი მოზარდები ქართველი მოზარდებისგან თითქმის არ განსხვავდებიან. საერთო პრობლემები ხომ ინტერნაციონალურია, მხოლოდ ფონია კონტრასტული. ამერიკელი მოზარდების თვისება ხმაურიანი წვეულებების მოწყობაა და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდული აურზაური რომელიმე “მმკ”-ს არ შეაწუხებს, მაქსიმუმ, მშობელი მოვიდეს საკუთარი არაფხიზელი შვილის შინ წასაყვანად და მასწავლებელმაც მხოლოდ იმ შემთხვევაში უსაყვედუროს, თუ რომელიმე მოსწავლე საკუთარი საძინებლის ნაცვლად რატომღაც სახურავზე ძილს გადაწყვეტს. იქაური ესთეტიკა “არაბაბულიკურია” და ვერც ფურთხების ტექნიკაში დაოსტატებულ ახალგაზრდებს იტანს, სამაგიეროდ იქაც ქვებს ესვრიან “არატრადიციული ორიენტაციის” მქონეებს, იქაც მოკრძალებით ეპყრობიან სკოლის პოპულარულ მოსწავლეებს, რომელთა მიღწევებიც სპორტსა და წარმატებულ ხუმრობაში საჯარო და მისასალმებელია. იქაც ისევე განიცდიან სასიყვარულო ურთიერთობებს და საერთოდაც, ურთიერთობებს; იქაც ჰგონიათ, რომ მამები არ ტირიან (გვ. 28– 30, ეს მნიშვნელოვანია) და დედები კი “ვარსკვლავურ ჟურნალებს” გაფაციცებით კითხულობენ და რომელიმე “სთარის” მიერ გამოცდილ დიეტაზე ჯდებიან, იქაც ძალადობენ ბავშვებზე, მოზარდებსა და ზრდასრულებზე. რა თქმა უნდა! ასე ხდება, სამწუხაროდ, ასეც ხდება.
მაგრამ მხოლოდ 90-იანელი მოზარდები უსმენენ “The Smiths”-ის “Asleep”-ს და საშობაოდ მხოლოდ ისინი ჩუქნიან ერთმანეთს კასეტაზე ჩაწერილ ჰიტებს.
 

ქარჩხაძის ,,იგის’’ სწავლებისას

0
 წინამდებარე სტატიაში განხილულია მხატვრული ტექსტის გააზრების მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის ცოდნაც გარკვეულ დახმარებას გაუწევს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.
        ბოლო რამდენიმე წელია, სასკოლო პროგრამაში შეტანილია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა “იგი”. რომლის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ბევრს ის არ მოსწონს. ვფიქრობ, მიზეზის ძებნა შორს წაგვიყვანს, რადგან ავტორის, მისი შემოქმედების გაგება რთულია, როდესაც ვერ სწვდები მის შინაგან სამყაროს. ლიტერატურას სჭირდება ჩაღრმავება, შიდა შრეების გახსნა და მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება.
        როგორც ცნობილია, ტექსტი, როგორც თავისთავადი ღირებულება, არ არსებობს _ მას აზრს და მნიშვნელობას მკითხველი ანიჭებს. მკითხველი არის ის, ვინც დიალოგს ამყარებს იმ იდეებთან, თემებთან, ფასეულობებთან და შეხედულებებთან, რომლებსაც ტექსტში ამოიკითხავს. თითოეული ადამიანი კითხვისას ეყრდნობა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, უკვე ჩამოყალიბებულ შეხედულებათა სისტემას და ცოდნას. რამდენადაც უნიკალურია თითოეული ადამიანი თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და შეხედულებებით, იმდენად განსხვავებულია მისი აღქმა და დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ტექსტებზე მუშაობისას მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, კარგად დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ, თუ რას გრძნობენ, რა ემოცია გამოიწვია მათში წაკითხულმა.

      მოზარდის მიზანი ნაწარმოების გადაკითხვა არ უნდა იყოს; მთავარი მისი გაგება და ანალიზია. ამგვარად, რთულია გაიგო “იგი”, თუ არ იცი, საიდან იწყება მისი ამოხსნა.

         ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი’’  საინტერესო და მნიშვნელოვანი ტექსტია. გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი სწავლებაც.  ამჯერად მინდა, ყურადღება გავამახვილო პრობლემაზე, რ ო მელ იც მე-12 კლასში ტექსტის სწავლების დროს გამოიკვეთა.

ეს არის პერსონაჟთა მხატვრული სახე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ტექსტის სრულყოფილად გაგება-გააზრებისთვის. მოსწავლეებს გაუჩნდათ შეკითხვები ვინ არიან იგი, ნი და ზუ? რა იგულისხმება სიტყვებში: ,,იგი სხვა ჯიშისაა’’ ან კიდევ ,.,,იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო’’…
რა არის იგი?
       იგი ტკივილია, შემოქმედის მიერ საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენით გამოწვეული. იგი სიხარულია, საკუთარ თავში აღმოჩენის  ტკივილიანი სიხარული. რატომ არის იგი უცნაური და გაუგებარი ჩვეულებრივი ადამიანესათვის? იმიტომ,რომ შემოქმედის მიერ საკუთარ არსებაში ღვთის ძიების გზა და მეთოდი განსხვავებული, უცნაური და, თითქმის ყოველთვის, მიუღებელია. იმიტომ, რომ იგი ბალახით, ნამით, მზის სხივით და ზღვის სუნით შეიგრძნობს თავის არსებაში სამყაროდ გამთლიანებულ შემოქმედს. 

      ,,იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია’’, რადგან მიწიერ შემოქმედშია სამყაროს შეცნობის ყველაზე უჩვეულო, უცნაური და გრანდიოზული პროცესი.

 

იგი სწორედ ეს პროცესია. გაუსაძლისი და დაუსრულებელი პროცესი, რომელსაც ვერც თვითონ შემოქმედი და ვერც მის გარშემო მყოფი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ვერაფრით ეგუებიან და იწყება დაუსრულებელი  ბრძოლა ტკივილსა და მწუხარებას, წუხილს შორის. 

       იგი მწუხარებაა, დანარჩენი ადამიანები – ტკივილი. იგის ტკივილი ურჩევნია, იგი ცდილობს, სხვა ადამიანებს ტკივილით დაემსგავსოს, რადგან იცის, მწუხარება ზეტკივილია, რომელსაც ადამიანები არაფრით აპატიებენ. არაფრით აპატიებენ მათგან განსხვავებულ ხედვას, აღქმას და მათი ტკივილისგან განსხვავებულ ტკივილსაც კი. იმიტომ არ აპატიებენ, რომ ამ მწუხარებას ვერასოდეს გაიგებენ. 
რა არის ნი?
    ნი შემოქმედის შთაგონებაა, წყაროა, რომელიც იგის სულში მოედინება, იგი გრძნობს, რომ ნი ის უმთავრესი რამაა, რაც მას ჩეულებრივი ადამიანებისაგან გამოარჩევს, ამიტომ ცდილობს მის განდევნას თავისი არსებიდან, მაგრამ საკითხავი ესაა-ცდილობს კი ასეთი სასურველის დათმობას და განდევნას?!იცის იგიმ, ყველაფერი იცის, რის ფასად დაუჯდება ნის უარყოფა. 

      სწორედ ნიმ ამხილა იგი თანამოაზრეებთან, ნიმ გაუმხილა თანატომელებს, რომ იგი სხვანაირია, რომ იგის სხვანაირი სიტყვები აქვს. ესაა შთაგონებაც, ლამაზი ქალივით მკლავებში ჩაგორებული, სამყაროს შემამეცნებელი, ბოლოს, ხორცშესხმული და  მამხილებელი,რომელიც ადამიანების წინაშე წარგადგენს შემოოქმედს, როგორც განსხვავებულს, უჩვეულოს და დამნაშავეს. 

რა არის ზუ?
      ზუ შემოქმედის უკვდავებაა. ზუ მარადისობაა, შემოქმედი ადამიანის ბოლო ხვედრია. ამიტომაც მიარბენინებს ზუ იგის ნახელავს. მიაქვს უსასრულობაში, მიაქვს მარადისობაში. 

ამიტომაც დასდევს იგის აჩრდილივით ზუ, როგორც მარადიული სიცოცხლის  ნიშანი. იგიმ ზუს არსებაში უნდა ჰპოვოს გაგრძელება. 
რა არის ბელადი?
    ბელადი ცვალებადი მიწიერი ცხოვრების სასტიკი სახეა. შეიძლება წინა ბელადზე უარესი ან უკეთესიც, მაგრამ, ყველა შემთხვევაში წარმავალი. ამიტომაც იმსხვრევა იგის მიერ გამოქანდაკებული ბელადი. რჩება მხოლოდ ნის ქანდაკება, ზუსთვის მინდობილი…

     იგი პირის ნაცვალსახელია, მთავარი პერსონაჟისთვის ასეთი სახელის დარქმევით ავტორმა მის გამორჩეულ პიროვნულ თვისებებზე მიგვანიშნა. თუ დავაკვირდებით, მისი სახელი ორმარცვლიანია, ნის და ზუს კი ერთმარცვლიანი სახელები შეურჩია ავტორმა, აქაც მისი განსხვავებულობა და განვითარებულობა გამოიკვეთა. იგის უჭირს გამორჩეულობის ტვირთის ტარება. გამოქვაბულის ,,საზოდადოებას’’ არასდროს აუხედავს ზევით, ისინი მხოლოდ ჭამით კმაყოფილდებიან. ვერ აღიქვამენ სამყაროს სხვადასხვა ფერში, ნის თმაში ვერ ამჩნევენ ჩამოცვენილი ფოთლების ფერს, თვალებში კი ზღვის ფერს. იგის პიროვნებად ქცევა მისი განსხვავებული დამოკიდებულებით გამოიხატება სხვადასხვა მოვლენასთან, აკვირდება, აღიქვამს, შეიგრძნობს, ამბობს.    

 

     იგი გამორჩეულია სიკვდილთან შეხვედრისასაც. მან მარტო აიარა აღმართი,  ნელა მიაბიჯებდა, გამართული, თავაწეული. სხვანაირად არც შეიძლებოდა. მიაბიჯებდა მშვიდად მაშინ, როცა  სხვები ვერც ხვდებოდნენ სიკვდილის უძლეველობას, ერთი სამყაროდან მეორეში გადანაცვლებას. 

    სწორედ ეს განსხვავებულობა გახდა მიზეზი იმისა, რომ იგი საზოგადოების პირისპირ აღმოჩნდა. იმ საზოდადოებისა, რომელიც გორგალს ჰგავდა, სამყაროს ერთი თვალით უყურებდა და ვერ გაეგოთ ადამიანად ყოფნის ხიბლი თუ ტვირთი. იგი სახეა პროგრესისა და განვითარებული საზოგადოებისა, რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია. 

     იგი პირველი თავისუფალი პიროვნებაა დედამიწაზე, მაგრამ თავისუფალ პიროვნებასთან ერთად ამ ქყვეყნად ჩნდება ტირანიაც, თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალადობაც. სადაც არის იგი, იქ არის ბელადიც და პირიქით. ეს წყვილი მუდმივად თან სდევდა კაცობრიობის ისტორიას.

       ის, რომ ტექსტი  მრავალ კითხვას ბადებს, მის  უნიკალურობაზე მეტყველებს. ჩემ მიერ განხილული საკითხიც  ამის დასტურია.

     ამრიგად,   ამ კუთხით დანახული პერსონაჟები უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეთათვის ტექსტის უკეთ გასააზრებლად . სჯობს, ამ მიმართულებით წარიმართოს მუშაობა გაკვეთილზე. 
                                                                                      
                                                                                                                           
  

ლაპარაკობს და უჩვენებს საქართველო

0

„მაყვალა გ., 65 წლის. ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში. სახლს არა აქვს ფანჯრები. ნახევრად გადახდილია სახურავი. სოციალური დახმარება მოუხსნეს. სასწრაფოდ ესაჭიროება ფანჯრების ჩასმა და სახურავის შეკეთება”.

„გურამ კ., 47 წლის. არის მარტოხელა. ჩავარდნილია ლოგინად მძიმე დიაგნოზით. საჭიროებს ძვირად ღირებულ მკურნალობას. საკვებსა და წყალს მეზობლები აწვდიან”.

„ლეილა ტ., 51 წლის. მძიმე დაავადების გამო ესაჭიროება რეგულარული პროცედურები. რაიონს აქვს საჭირო სამედიცინო დანადგარი, მაგრამ არ ჰყავს სპეციალისტი. შესაბამისად, ბენეფიციარს სამკურნალოდ თბილისში სიარული უწევს”.

„გივი ჯ., 71 წლის. გარდაეცვალა მეუღლე და შვილი. მარტო უვლის 10 წლის შვილიშვილს. ბავშვის სრულფასოვნად გამოკვებას ვერ ახერხებს. სასწრაფოდ ესაჭიროება პროდუქტები, მედიკამენტები და ფულადი დახმარება”.

ჩემი კომპიუტერის ფაილებში ასეთი ისტორიები მრავლადაა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი – ორგანიზაცია, სადაც მე ვმუშაობ – ყოველდღე უამრავ ზარს და წერილს იღებს მთელი საქართველოდან. სოფელ-სოფელ სიარული, მოსახლეობის პრობლემების გაცნობა და მათ მოგვარებაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, თუმცა ასეთი საკითხები არც ერთი და არც რამდენიმე ორგანიზაციის ძალისხმევით არ წყდება. როცა ნაცნობები ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგებენ, აღფრთოვანებით მეუბნებიან, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს, მაგრამ ძნელია, ბედნიერი და კმაყოფილი იყო, როცა უმძიმეს პირობებში მცხოვრები უამრავი ადამიანის გასაჭირს ხედავ.

რამდენიმე წელია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ვმუშაობ და დამიჯერეთ, არაფერია ისეთი რთული, როგორიც მედიასაშუალებათა უმეტესობის დარწმუნება, დაინტერესდნენ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების, განსაკუთრებით – ქალების, პრობლემებით. თუ დავუფიქრდებით, ადვილად დავინახავთ, რომ სოციალური პრობლემების გაშუქებას ქართული ტელეარხების საეთერო დროის საკმაოდ მცირე ნაწილი ეთმობა. სოციალურ საკითხებზე მუშაობა, პრობლემების ადვოკატირება მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ნაწილია. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მედიის მთავარ ფუნქციად ადამიანების გართობა, არსებითიდან უმნიშვნელოსკენ ყურადღების გადატანა, გულგრილობის დათესვა და სინამდვილისთვის თავის არიდების სწავლება იქცა. რა საჩვენებელია დაცლილი მაღალმთიანი სოფლები, ჯონჯოლის კრეფისას დაკავებული უღარიბესი მოსახლეობა, სიცივისა და შიმშილისგან დატანჯული სახეები, როცა არსებობენ ქართველი „ვარსკვლავები” თავიანთი ნაძალადევი ეპატაჟურობით, სავსე გარდერობებით, პირადი პრობლემებით. რა სახსენებელია სახურავგადამძვრალი, უფანჯრო შენობები, რომლებსაც სახლებს ვერც დავარქმევთ, ხუთკვადრატულიანი ფიცრულები და ცელოფნებით შეფუთული ვაგონები, სადაც, გვინდა თუ არ გვინდა დაჯერება, ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ, როცა შეგვიძლია, გასართობი ვიდეოების ყურებით შევიქციოთ თავი.

ადრე, წლების წინ, მეც ჟურნალისტობას ვაპირებდი. არ ვიცი, როგორი ჟურნალისტი ვიქნებოდი თავად, ვიწრო ელიტურ სამყაროში ჩაკეტვას ვამჯობინებდი თუ ცივ წყალში რეცხვისგან ხელებდამსკდარი რესპონდენტები მეყოლებოდა, ამიტომ დიდად არ მიყვარს მედიის გაკრიტიკება, მით უმეტეს, რომ ვიცნობ ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ, არ მიჰყვნენ დინებას და აკეთონ ის, რასაც პროფესიული ეთიკა, საზოგადოების საჭიროებები და საკუთარი დამოკიდებულება კარნახობთ. როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, არც ჟურნალისტიკაში არსებობს ერთი ქვაბი, სადაც ყველას მოვათავსებთ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ძნელად მოიძებნება გადაცემები და გამოცემები, სადაც სოციალურ პრობლემებზე მსჯელობენ, გამოსავალს ეძებენ და კითხვებს უსვამენ პასუხისმგებელ პირებს. მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს. სამაგიეროდ, მრავლად გვაქვს შოუები, სადაც აუცილებლად მიგიწვევენ, თუ ხვალ ქუჩაში თავხედურად ან სულელურად მოიქცევით და მიაღწევთ იმას, რომ თქვენი საქციელის ამსახველმა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიაროს. თუ მოახერხებთ და ორიოდე ცრემლს გადმოაგდებთ, დამცველებიც გამოგიჩნდებიან და მთელ ქვეყანასაც აალაპარაკებთ.

ახლა, ამ პოსტის წერისას, მედიის გაკრიტიკებაზე მეტად სხვა რამ მინდა, როგორც ადამიანს, რომელიც ყოველდღე ფაილებად, ფოლდერებად და მეილებად ახარისხებს ყველასაგან დავიწყებულთა ცხოვრებას, როგორც ადამიანს, რომელსაც უწევს, ასეთი ამბების შესახებ პროდიუსერებისგან მოისმინოს „არ მაინტერესებს”, როგორც, უბრალოდ, მოქალაქეს. ისევე როგორც მთავრობა არ არსებობს ამომრჩევლის გარეშე, არც მედია არსებობს აუდიტორიის გარეშე, ამიტომ ყველაფრის ჟურნალისტებისთვის გადაბრალებაც არ მგონია სწორი. ჩვენ, მაყურებლებს და მკითხველებს, გვაქვს ძალა, ვიყოთ დამკვეთი, მოვითხოვოთ ის, რაც პრიორიტეტულად მიგვაჩნია, გადავწყვიტოთ, რომ ჯობია, უბრალოდ, არ ვუყუროთ გადაცემებს, რომლებიც არ მოგვწონს, ნაცვლად იმისა, რომ ვუყუროთ და ვლანძღოთ. არ გავაზიაროთ და გავავრცელოთ ვიდეოები, რომლებიც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებლად მიგვაჩნია. როდესაც სიტყვის თავისუფლება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად მიგვაჩნია, სწორედ ჩვენ ვართ მთავარი ძალა იქაც, სადაც საქმე „მეოთხე ხელისუფლებას” ეხება.

პრინციპი მარტივია – გამოვიჩინოთ ნებისყოფა და ნუ ვიყიდით პროდუქციას, რომელიც არ გვჭირდება და თანაც ცუდად მოქმედებს ჩვენზე. ერთხელაც იქნება, მწარმოებლები მიხვდებიან, რომ დაკვეთა სხვაგვარია და დაადგებიან გზას იქით, სადაც ჩვენგან დავიწყებული ადამიანები ცხოვრობენ – ფიცრებით, ყუთებითა და ცელოფნებით შეკოწიწებულ, შიმშილის, უღონობისა და უმწეობისაგან მხრებჩამოყრილ, მავთულხლართებით შემოღობილი საქართველოსკენ.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ცოდნის ეფექტურად აგებაში

0

მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს მოსწავლეებს გზა, რომელიც მათ დაეხმარებათ სამყაროს უკეთ შემეცნებაში, დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომლის დროსაც მოსწავლე პასიური სწავლების პროცესიდან აქტიური სწავლების ფაზაში გადადის, რაც ხელს უწყობს მათი კოგნიტური აზროვნების განვითარებას. რას მოიცავს აღმოჩენით სწავლა და როგორ შეიძლება საკლასო ოთახში მისი ეფექტურად გამოყენება, ამაში დაგვეხმარება პიაჟესა და ვიგოტსკის მეთოდები ცოდნის აგების შესახებ. პიაჟე კოგნიტური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია, ხოლო ვიგოტსკი სოციალური კონსტრუქტივიზმის ფუძემდებელი, პიაჟეს მოსაზრებით ”კონსტრუქტივიზმი – შემეცნების თეორიაა, რომლის მიხედვით ინდივიდი თავად ახდენს ცოდნის ”კონსტრუირებას”გარემოსთან”. ამ პროცესის მიხედვით სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე თავად იძიებს პრობლემას, მასწავლებელი კი დამხმარეა, ვიგოტსკისთან განხილულია, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური კომუნიკაცია ცოდნის აგების დროს და ასევე ნაჩვენებია ის გზები, როგორ ჩავრთოთ მოსწავლე აქტიურ სასწავლო პროცესში. ისტორიის სწავლება აუცილებლად უნდა იყოს მორგებული ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებაზე, არსებული პრობლემების და ამ პრობლემების გადასაჭრელი გზები მკაფიოდ არის გაწერილი ევროკლიოს კვლევაში. ”ახალი ცოდნის” აღმოჩენაში მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს უკეთ შეასწავლოს ისტორია კონსტრუქტივისტური მეთოდებით, რომლის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობითა და მასწავლებლების ხელშეწყობით ააგონ რეალური ისტორია. პროექტგაკვეთილი, რომელიც განხილულია სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს როგორ სწავლობენ მოსწავლეები ახალი ცოდნის აგებას. პროექტგაკვეთილი სრულიად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან, იგი სცილდება სასწავლო პროგრამას.

საკითხის ლიტერატურული მიმოხილვა – თანამედროვე კონსტრიქტივისტული აზროვნება მნიშვნელოვნად ეფუძნება პიაჟესა და ვიგოტსკის ნაშრომებს. შვეიცარიელი ფსიქოლოგი და ინტელექტის განვითარების თეორიის ავტორი გახლავთ ჟენევის უნივერსიტეტის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი ჟან პიაჟე (1896-1980წ.წ.), რომელმაც შექმნა ბავშვთა აზროვნების განვითარების სკოლა. მის თეორიაში ძირითადი ადგილი უკავია კოგნიტური სქემების ცნებას. ”კონსტრუქტივიზმი – შემეცნების თეორიაა, რომლის მიხედვით ინდივიდი თავად ახდენს ცოდნის ”კონსტრუირებას”გარემოსთან”. ამ პროცესის მიხედვით სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე თავად იძიებს პრობლემას. მასწავლებელი კი დამხმარეა, პიაჟე კოგნიტური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია, რომელიც ყურადღებით აკვირდება იმ პროცესს, თუ როგორ ხდება ახალი ცოდნის კონსტრუირება და გამოცდილებასთან დაკავშირება”. მისი აზრით, სუბიექტი აქტიურად შეიმეცნებს გარემოს, ცვლის მას (ასიმილაცია) საკუთარ გამოცდილებას ამატებს (აკომოდაცია) და ეს ყველაფერი ხდება არა პასიურად ცოდნის ათვისების პროცესში, არამედ გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედებისას. კოგნიტური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია პიაჟე, ხოლო სოციალური კონსტრუქტივიზმის ფუძემდებელია განვითარების და სოციალურ-კულტურული თეორიის დამფუძნებელი, რუსი ფსიქოლოგი ლევ ვიგოტსკი (1896-1934). მისი თეორია 4 მთავარ პრინციპს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბავშვის ”ძირითადი განვითარება უნდა განიხილებოდეს სოციალურ-კულტურულ კონტექსტში. ბავშვი ცოდნას აგებს. ის არ ითვისებს პასიურად. სწავლა წინ უსწრებს უნარების განვითარებას”. ასევე საინტერესოა მეოთხე პრინციპი, მეტყველების როლი ფსიქიკურ აზროვნებაში, მეტყველება ის ”იარაღია”, რომლითაც მასწავლებელი გასცემს ცოდნას და ეხმარება მოსწავლეს ცოდნის მიღებაში. სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რის გაკეთებას შეძლებს ბავშვი დამოუკიდებლად და რის გაკეთებას სხვისი დახმარებით. ამის გასამიჯნად ვიგოტსკის შემოაქვს ”განვითარების უახლესი ზონის ”ცნება. კერძოდ თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ამოცანისათვის თავის გართმევას, მას უნდა მივაშველოთ, ე.წ. ”ხარაჩო”. სწავლების პროცესი თანამშრომლობაა, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში და ხელს უწყობს მისი უნარების განვითარებას.

რამდენად ეფექტურად შეგვიძლია დღეს ისტორიკოსებმა დავგეგმოთ სასწავლო პროცესი?!

(საერთაშორისო სიახლეები ისტორიის სწავლებაში . იოკე ვან დერ ლეუ-როდი ევროკლიოს დამფუძნებელი)

2008 წელს საჯარო განათლების შეფასების ჰოლანდიურმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა, სკოლის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ზოგადი ფასეულობების გადაცემის საკითში. ”ეს საკითხი ყველაზე მეტად ხორციელდება ისეთი საგნების მეშვეობით, როგორიცაა ისტორია და მოქალაქეობის საფუძვლები”. ისტორიის მასწავლებლების ნაწილი უფრთხის წარსულის ინსტრუმენტალიზაციას, მაგრამ ამავე დროს აანალიზებენ, რომ ისტორიის სწავლება ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებებზე უნდა იყოს მორგებული. არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ წარსული ფაქტები, მთავარია მოსწავლემ შეიმეცნოს სამყარო, განვითარდეს მასში კრიტიკული აზროვნება და ”საკუთარის სახელმწიფოსადმი ეროვნული კუთვნილების გრძნობა ჩამოუყალიბდეს”. ევროკლიო ჩამოყალიბების დღიდან (1993 წ.) ხელს უწყობს ისტორიის სწავლების განვითარებას, იღვწის, რათა ისტორიის სწავლება გახდეს მრავალფეროვანი და ხელი შეუწყოს ინოვაციური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს ორგანიზაცია საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს. ”უნდა მისცეს თუ არა სასკოლო ისტორიამ მოსწავლეებს ცოდნა და გააგებინოს წარსულისა და ისტორიული აზროვნების შესახებ” (დოქტორი ჩარა მაკრიიანი). 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლებოდა ისტორიის თანმიმდევრული გახსენება, ვიდრე ფაქტებისა და შეხედულებების ერთმანეთისაგან გარჩევა, ასევე ისტორიული მოვლენების შეფასება ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის გამოყენებით; ვან ბორიესისა და გრივერის კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ უახლესი ისტორია. ამ კვლევებმა დაანახა საზოგადოებას ახალი კურიკულუმის შექმნის აუცილებლობა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ ფაქტების დაზეპირებაზე, არამედ ხელი შეუწყონ მოსწავლეებში კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

იმისათვის რომ სწავლება გავხადოთ ეფექტური, პროცესი უნდა შეესაბამებოდეს 21-ე საუკუნის მოთხოვნებსა და ე.ს.გ.-ს სტანდარტებს. აუცილებელია, დავეხმაროთ მოსწავლეებს ”ახალი ცოდნის” აღმოჩენაში. ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებს ისტორია უკეთ შევასწავლოთ კონსტრუქტივისტური მეთოდებით, რომლის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობითა და მასწავლებლების ხელშეწყობით ააგონ რეალური ისტორია, მათ თავად უნდა შეძლონ იმ სტერეოტიპებისა და პარადოქსების დანახვა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენ ირგვლივ. როგორ გავხდი მოსწავლის მეგზური, მრჩეველი და ”ხარაჩოს მიმწოდებელი”, ამას წარმოგიდგენთ კონკრეტულ მაგალითზე.

განვიხილავ ჩემს პროექტგაკვეთილს ”პარადოქსების პირისპირ”. პროექტგაკვეთილი სრულიად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან, იგი სცილდება სასწავლო პროგრამას, განპირობებულია აღმზრდელობითი მიზნით, რომელიც ჩემს მოსწავლეებს დაეხმარა ისტორიული ფაქტებისა და შეხედულების ერთმანეთისაგან გარჩევაში, ასევე ჩვენ მიერ გახორციელებული აქტივობები უფრო მეტად ხდის მოსწავლეებს მოტივირებულს უკეთ შეისწავლონ ისტორია და კრიტიკულად მიუდგნენ იმ ფაქტებს, თარიღებს, მოვლენებს რომელიც გვხვდება ისტორიაში, ლიტერატურაში, თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში; პროექტგაკვეთილი ხელს უწყობს კომუნიკაციას, კრიტიკულ, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას, საკუთარი აზრის გამოთქმას, ინფორმაციის დახარისხებას, მსჯელობა-ანალიზს, შეფასების უნარ-ჩვევების განვითარებას. კერძოდ, მოსწავლემ უნდა გამოიყენოს წინარე ცოდნა, მიიღოს ახალი ინფორმაცია, დამოუკიდებლად შეძლოს დამატებითი მასალის მოძიება, გამოკითხვა – კვლევის ჩატარება, ასევე შედეგის დაფიქსირება და შეფასება. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ”ტრადიციები”, რომელიც მოკლებულია ისტორიულ რეალობას. ადამიანები ხშირად განსხვავებულად ხსნიან ერთსა და იმავე მოვლენას. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული წინა გამოცდილება და ცოდნა გააჩნიათ. IX კლასელების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მცდარი წარმოდგენა აქვს 23 თებერვლის დღის ღირებულებაზე. რატომ არის ეს დღე ზოგისთვის ”ზეიმი” და ზოგისთვის ტრაგედია. იმისთვის, რომ მოსწავლემ თავად მიაგნოს პრობლემის დანახვისა და კრიტიკულად შეფასების გზებს, ჩამოვაყალიბე პროექტ გაკვეთილის მიზანი:

Øჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს წარმოდგენა, როგორ მალავდნენ ისტორიულ ფაქტებს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დროს;

Øჩამოუყალიბდეთ კრიტიკული მიდგომა წარსულის შესახებ არსებული ინფორმაციისადმი;

Øგანუვითარდეთ ურთიერთობის, კომუნიკაციის, დისკუსიის სწორად წარმართვის უნარი;

Øგანუვითარდეთ მიღებული ინფორმაციის განზოგადების, სინთეზისა და დასკვნების გამოტანის უნარი.

დავგეგმეთ შემდეგი აქტივობები:

1. აქტიური ლექცია (პრეზენტაციის ჩვენება საქართველო 1921 წლის 16-25 თებერვალი);

2. გამოკითხვა -კვლევა. კითხვარი წინასწარ ერთობლივად მოვამზადეთ. ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამ დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ, რამ გამოიწვია საზოგადოებაში მსგავსი პარადოქსები, კითხვები ქართულის მასწავლებელთან ერთად მოვამზადეთ.

3. ინტეგრირებული გაკვეთილისას, რომელიც მე და ქართულის პედაგოგმა ერთად შევიმუშავეთ, გამოვყავით ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის ანალიტიკური უნარების გააქტიურებას. გაკვეთილზე ჯერ განვახორციელეთ გონებრივი იერიში, ვაჩვენეთ თვალსაჩინოება (2წთ) ”რატომ ულოცავენ ბიჭებს 23 თებერვალს”, რასაც მოჰყვა მინიდისკუსია. შემდეგ მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებად, რათა ერთობლივი კომუნიკაციით გაადვილებოდათ დავალების შესრულება, აეგოთ ახალი ცოდნა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა წინარე ცოდნაზე. ჯგუფებს დაურიგდათ უცხო ტექსტი, რომელსაც თან ახლდა კითხვები (განხორციელდა ხარაჩო). ამის შემდეგ ჯგუფები იწყებენ უკვე დამოუკიდებლად მუშაობას. ჯგუფებში მუშაობის დროს მოსწავლეები განიხილავენ ახალ ინფორმაციას, ისმენენ განსხვავებულ მოსაზრებას, კამათობენ და ეძებენ გზებს, როგორ მივიდნენ საერთო დასკვნამდე; შესრულებული დავალების შემდეგ იწყებენ პრეზენტაციას, რომელსაც მოყვება დისკუსია. მასწავლებლები ვეხმარებით მოსწავლეებს დისკუსიის სწორად წარმართვაში, ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ისტორიული ფაქტი საჭიროებს კვლევას – შეიძლება არსებობდეს ცხოვრებაში პარადოქსები, არ უნდა დაიზეპირონ მხოლოდ ფაქტები. საჭიროა შეიმეცნონ და გაიაზრონ არსებული მასალის შესახებ არსებული კვლევები და თავად გააკეთონ დასკვნები.

მსგავსი აქტივობების განხორციელებაში კი მათ აუცილებლად უნდა დაეხმაროს მასწავლებელი. ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს არა მარტო კოგნიტურ განვითარებას, არამედ მათ სოციალურ განვითარებას, მოსწავლეებში იზრდება მოტივაცია. სხვადასხვა თემების განხილვა თანატოლებში ხელს უწყობს ეფექტური სოციალური უნარ-ჩვევების შეძენას.
პროექტგაკვეთილი. IX კლასი
ნინო აბულაძე ტიციან ტაბიძის სახ-ის ქ. თბილისის №43-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი
გამოყენებული ლიტერატურა:
Øგანვითარებისა და სწავლის თეორიები. ავტორები: ნ. ჯანაშია, ნ. იმედაძე, ს. გიორგაძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2011 წ;
Øმასწავლებლის წიგნი. მე-9 კლასი. ბაკურ სულაკაურის გამოცემა
Øეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
Øსასწავლო პროცესის დაგეგმვა , მართვა , შეფასება ;მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
Øგანვითარებისა და სწავლების თეორიები. დამხმარე სახელმძღვანელო 2008 წ. გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევი დეპარტამენტი

თამთა დოლიძე – „საკუთარი ოთახი“

0

ვირჯინია ვულფი წერს: „თუ თვალს გავუსწორებთ სინამდვილეს, რომ არ არსებობს მაჯა, რომელსაც შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, არამედ მარტონი მივდივართ ცხოვრების გზაზე, მაშინ ცხადად დავინახავთ საკუთარი ოთახის არსებობის აუცილებლობას”. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი აქ მხოლოდ ქალებსა და ლიტერატურაზე ლაპარაკობს, მე ვიტყოდი, რომ ეს მოსაზრება ნებისმიერ პიროვნებასა და საქმიანობას მოერგებოდა.

 

„გამოსაჯახუნებელი კარის” არსებობის აუცილებლობა საკამათო აღარაა. წარუმატებლობის მიზეზად ადამიანები ყველაზე ხშირად განმარტოებისთვის აუცილებელი პირადი სივრცის უქონლობას ასახელებენ. და-ძმას შორის ყველაზე მწვავე კონფლიქტი სწორედ საერთო სივრცის, ნივთებისა თუ „გასაყოფი” სიყვარულისთვის ბრძოლის პროცესში წარმოიშობა.

„ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა” – ყველას უნდა, სახლში მაინც დაცულად და კომფორტულად იგრძნოს თავი. თანაც, თუ არსებობ, თუ ხარ, ერთ მტკაველ მიწას მაინც ხომ უნდა ერქვას „შენი”. საერთო სივრცის თითოეული გოჯისთვის შინ – დედმამიშვილებთან, სკოლაში კი თანაკლასელებთან გიწევს ბრძოლა. ხანდახან განმარტოების ერთადერთ საშუალებად საკუთარ ფანტაზიაში გაქცევა გრჩება.

პირადი სივრცის უქონლობას მოზარდი მტკივნეულად აღიქვამს. კარგია, როცა მშობელს აქვს ბავშვისთვის ცალკე ოთახის გამოყოფის საშუალება. ოთახი თუ არა, პატარებს საკუთარი კუთხე (მაგიდა, საწოლი, პირადი ნივთების სათავსი) მაინც უნდა ჰქონდეთ. პირადი საკუთრების პატივისცემა კი ოჯახის მთავარ წესად უნდა აქციოთ. ბავშვები ისედაც მოკლებულნი არიან არჩევანის უფლებას: ისინი არ წყვეტენ, სად იცხოვრონ და ისწავლონ, რითი იკვებონ, რა ჩაიცვან… ბაღში, სკოლაში თუ სახლში მცირეწლოვანი ადამიანი უფროსების მიერ წაყენებული პირობების ტყვეობაშია და ნელ-ნელა კარგავს საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას.

მართალია, მშობლებს მხოლოდ საუკეთესო სურთ შვილებისთვის, მაგრამ რატომღაც არასოდეს უსმენენ პატარებს. უმეტესად თავიანთი განუხორციელებელი, ბავშვობისდროინდელი ოცნებების ასრულებას ცდილობენ და ვეღარ კი ითვალისწინებენ, რომ ეს ოცნებები შესაძლოა „მოდაში” აღარ იყოს.

რა სურთ ბავშვებს? – ალბათ ის, რაც დიდებს სურდათ, როცა პატარები იყვნენ, – ასე ფიქრობს „ბავშვობაგადატანილთა” უმრავლესობა. არადა, შეუძლებელია, ადამიანები ერთნაირად ოცნებობდნენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ბავშვი არ ჰგავს ერთმანეთს.

დიდები ხმამაღლა და თამამად გამოხატავენ უკმაყოფილებას, ბავშვის ხმა კი სუსტია და გაუბედავი. მას არ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა. მეტიც – ისიც კი არ იცის, რისი უფლება აქვს და გაქცევას ირჩევს. ბავშვმა არ იცის, როგორ დაიცვას თავი არასასურველ გარემოში ყოფნისგან. ის დაჰყავთ სტუმრად, სადაც ერთგვარ გასართობ ობიექტად იქცევა ხოლმე, აცმევენ ტანსაცმელს, რომელიც მოუხერხებელია, დიდურია და ბავშვის გარეგნობას მეტად სანახაობრივს ხდის…

გაგივლიათ ფეხშიშველს ცვრიან ბალახზე? გაჰქცევიხართ არასასურველ საზოგადოებას ხის კენწეროზე? გიჭამიათ მალულად სტუმრისთვის განკუთვნილი შოკოლადი? აი, ასე იწყება ბრძოლა პირადი სივრცის დასაბრუნებლად.

ბავშვს პატარაობიდანვე სურს ჰქონდეს რამე ისეთი, რაც მხოლოდ მისია, მაგალითად, ხეზე აშენებული ქოხი. ასეთი „საკუთარი ოთახის” მოწყობის ფუფუნება კი, სამწუხაროდ, ერთეულებს თუ აქვთ. თუმცა ეს არ არის მთავარი. ქოხმა ხის ტოტებიდან შესაძლოა თავისუფლად გადაინაცვლოს მაგიდის ან საწოლის ქვეშ, ტანსაცმლის კარადაში ან საკუჭნაოში. „სახლობანას” თამაში ნებისმიერი ბავშვისთვის აუცილებელია, რათა ხანდახან მაინც დააღწიოს თავი უფროსების მეთვალყურეობას და თავი სრულფასოვან პიროვნებად იგრძნოს. პატარების სამფლობელოში მხოლოს მათთვის მისაღები კანონები მოქმედებს.

მეც ხშირად ვმჯდარვარ მაგიდის ქვეშ, სად არ „მიმოგზაურია” ხის ტოტზე შემომჯდარს… ისიც კარგად მახსოვს, როგორ განვიცდიდი პირად სივრცეში უფროსების შემოჭრას. განა რა არის განმარტოებაში ასეთი საშიში?! თუ ბავშვს ასე სურს, შეძვრეს ტანსაცმლის კარადაში (იქნებ ნარნიაში მოგზაურობს?!), დაიმალოს საკუჭნაოში, შეჭამოს მურაბა წვნიანის ნაცვლად, დაიძინოს საწოლის ქვეშ… მოკლედ, ბავშვებს უფლება აქვთ, იყვნენ ბავშვები!

სამწუხაროდ, პატარები საკუთარ წარმოსახვაში სამოგზაუროდ უდროო დროსაც მიიპარებიან და იწყება მათი „გამოღვიძების” გაუთავებელი მცდელობა. უმეტესად მასწავლებლები ჩივიან, რომ მათი მოსწავლე „სადღაც დაფრინავს”. გამოკითხვის მიუხედავად, ბავშვები არასოდეს ლაპარაკობენ წარმოსახვით სამყაროზე. ამ დაკეტილ კარს ვერავინ შეაღებს – მის მიღმა ხომ პატარები ყველასათვის საიდუმლო ფიქრებსა და ოცნებებს ინახავენ.

ე.წ. „ორმაგი ცხოვრების” მქონე ბავშვების აღმოჩენა ძალიან ადვილია. ისინი ისე ძლიერ ცდილობენ პირადი სივრცის შენარჩუნებას, რომ თითქმის არასდროს სცილდებიან საკუთარ მერხსა თუ კუთხეს, არ ერთვებიან საკლასო/საოჯახო აქტივობებში, თამაშებში, საუბრებში, ვერ ახერხებენ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვას. მიზეზი ერთია – ასეთ ბავშვებს აშკარად „არ აძლევთ ხელს” გარემო, რომელიც ჩვენ, უფროსებმა შევთავაზეთ.

ბავშვების სამყაროში უხეში ჩარევა გარდატეხის ასაკში აუცილებლად შეგვახსენებს თავს. რაც უფრო მეტს ვიხეტიალებთ პატარების პირად სივრცეში, მით უფრო ხშირად მოგვიჯახუნებენ კარს მომავალში. სასურველია, არ დავარღვიოთ საზღვარი აღზრდასა და წვრთნას შორის. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მას გამუდმებით წვრთნიან, ადრე თუ გვიან ის მწვრთნელს აუცილებლად გაექცევა.

აბა, წარმოიდგინეთ: გაძალებენ საჭმელს, რომელიც არ გიყვარს, ტანსაცმელს, რომელიც გბოჭავს, ძილს, რომელიც არასოდეს გერევა საჭირო დროს და გაღვიძებას, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, ან უბრალოდ იმას, რომ სხვანაირად ჯერ არავის უცხოვრია. ბავშვს დღის რეჟიმს, როგორც წესი, უფროსი უდგენს იმ უბრალო მიზეზით, რომ პატარამ „არ იცის დროის ფასი”. მშობელი გეგმავს შვილის ყოველ წუთს და რატომღაც თავგამოდებით ცდილობს, ისე დაღალოს ბავშვი, რომ შინ დაბრუნებულს საკუთარი სურვილების ასასრულებლად აღარც დრო დარჩეს და აღარც ენერგია.

ასეთი მკაცრი რეჟიმის ქვეშ მოქცეული ბავშვი ხშირად ავადმყოფობით გამოხატავს პროტესტს. ფსიქოლოგთა აზრით, მოზარდი ინერციით იწყებს ცხოვრებას, მისი არაცნობიერი ნელ-ნელა იჟღინთება უსუსურობის შეგრძნებით და თანდათან საკუთარი სხეულზეც კარგავს კონტროლს. შედეგად ვიღებთ იმუნიტეტის დაქვეითებას, სისუსტეს, დეპრესიას…

მშობელი იშვიათად იცავს ერთგვარ ინტიმურ/ესთეტიკურ საზღვრებსაც – 10-12 წლის მოზარდს ისევ თვითონ ბანს და არც კი ეკითხება, სურს თუ არა მას თავისი შიშველი სხეულის გამოჩენა; ურჩევს მისთვის მისაღებ ვარცხნილობას; დაჰყავს სხვადასხვა წრეზე, ბავშვს კი დაღლისა და უგუნებოდ ყოფნის უფლებაც არ აქვს – მისგან გამუდმებით ითხოვენ ღიმილს, კმაყოფილ გამომეტყველებას, მადლიერების გამოხატვას მშობლების მიმართ… ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უგეგმავენ მომავალს ცოცხალ თოჯინებს, მიერეკებიან წარმატების აღმართზე და „ფინიშთან” დაგვიანებულებს დაუნდობლად „ამათრახებენ”. თავისუფლებაწართმეული და სიამაყეშელახული მოზარდისგან კარგს არაფერს უნდა ელოდო; ის ან ბოლომდე სათამაშოდ დარჩება მშობლის ხელში, ან პირიქით – უკიდურეს მეამბოხედ იქცევა.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ვისაც თავიდანვე არ აკმაყოფილებს უფროსების მიერ შეთავაზებული გარემო და ურთიერთობები, ბავშვობაშივე იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იცხოვროს მომავალში. ხშირად ასეთი მოზარდები მარტოსულ ადამიანებად ყალიბდებიან. ოჯახური უთანხმოებებით თავმობეზრებულებს, წლების შემდეგაც ეშინიათ პირად სივრცეში სხვისი შემოშვების. მათ, როგორც იქნა, მოიპოვეს თავისუფლება და არაფრისდიდებით არ დათმობენ მას, თუნდაც იმ სასიამოვნო მიზეზით, სიყვარული რომ ჰქვია. ურთიერთობის კარგად ნაცნობი მოდელი არ აძლევთ მათ საწინააღმდეგო სცენარის წარმოდგენის საშუალებას.

მუდმივი კონტროლის ქვეშ გაზრდილი ბავშვები ხშირად ხდებიან მოძალადეები, უფრო სუსტები კი რეალობას გამოგონილ სამყაროებში გაურბიან: ან კომპიუტერული თამაშებით იკმაყოფილებენ წინააღმდეგობის სურვილს, ან სასმლითა და ნარკოტიკული საშუალებებით მოგვრილ გამბედაობას ეწირებიან მსხვერპლად. ასეა თუ ისე, ბავშვი, რომლის პირადი სივრცე ხშირად ირღვეოდა, მაქსიმალურად ეცდება, მისი სახლისა და ცხოვრების დიდი ნაწილი პირადად მას ეკუთვნოდეს და უნებართვოდ ვერავინ შეუღოს კარი. ისინი სწორედ განმარტოებით უხდიან სამაგიეროს ოჯახს.

იქნებ კობო აბეს მოთხრობის („საბავშვო ოთახი”) გმირსაც ჰგონია, რომ შვილებს საუკეთესო ალტერნატიული რეალობა შესთავაზა. სახლის სარდაფში, ხელოვნური ცის ქვეშ მოწყობილ საბავშვო ოთახს, ერთი შეხედვით, არაფერი აქვს დასაწუნი (სმოგით დაბინძურებულ ცას მაინც სჯობს). მშობლის არჩევანს ბრმად დამორჩილებული, ტყუილისთვის განწირული მომავალი თაობა ნადირობს გარე სამყაროდან შემოჭრილი სიმართლის ყოველ სხივზე – ასე იცავს პირად სივრცეს. აზრი არ აქვს ტყუილის აღიარებას, ისინი უკვე ვეღარ დაიჯერებენ მიწის ზევით არსებულ სამყაროს, ვეღარ შეელევიან უკანასკნელი ადამიანების სტატუსს. მათ ხომ იმ მომავლის გადასარჩენად ამზადებენ, რომელიც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.***

ისევ ვირჯინიასა და საკუთარი ოთახის მნიშვნელობას თუ დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ „მე” მხოლოდ მოხერხებული ტერმინია ვიღაცისთვის, ვინც სინამდვილეში არ არსებობს”. მე კი ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ შეუძლია ჯანსაღი ინდივიდების აღზრდა.

გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა

0

დილით მანქანაში წყალი ჩავამატე. ავზიდან აპარებს და ყოველ დილით თუ არ შეავსე, პატარა საცობში მოხვედრისთანავე აადუღებს. მიტირეთ მერე. ამასობაში ქარმა თავისი ქნა და კაპოტი, რომელიც ბოლო დროს რევმატული მოხუცივით დაჯდომას ითხოვს, თავზე დამანარცხა. ძალიან გავმწარდი. ასე დადარდიანებული და თავატკივებული დავიძარი სამსახურისკენ. იქამდე მისასვლელად ცხრა არა, მაგრამ ერთი ზღვის გადალახვა კი მიწევს, თუმცა იმასაც ნახევრად ზღვა ეთქმის. თბილისისას ვგულისხმობ, ცხადია.

ჭიჭა პაპას დუქანს გავცდი თუ არა, სპორტულებში ჩაცმული, ზურგჩანთამოკიდებული ბიჭუნა დავინახე, რომელსაც პირი თემქისკენ ეჭირა. ხანდახან, როცა ძლიერად დაუბერავდა, შემოტრიალდებოდა და ზურგს აგებებდა ქარს. დამინახა თუ არა, ხელი უიმედოდ დამიქნია. უიმედოდ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ თბილისის ზღვის განაპირას ერთი კინკილა ავტობუსის გარდა არაფერი დადის. აქ გაყოლის მსურველი ძალიან ბევრია, მანქანის გამჩერებელი – ძალიან ცოტა. კეთილი სამარიტელის იგავს ჰგავს ვაზისუბნიდან თემქამდე მანქანით მისვლის ამბავი… არც დავფიქრებულვარ, მექანიკურად გავაჩერე, რადგან გონებაში ერთი ძველისძველი ამბავი ამომიტივტივდა:

წინა საუკუნეში, ერთ-ერთი აღდგომის მომდევნო დღეს, მუხათგვერდში, ბაბუაჩემის საფლავზე წავედით. მაშინ მანქანა არ გვყავდა. რაის მანქანა, თქვენი ჭირიმე. მამაჩემი თბილისში არ იყო, ამიტომ ოთხნი დავიძარით – მე, ვახო, დედა და ბებია. მაშინ უბრალო ხალხისთვის მუხათგვერდის სასაფლაოზე ასვლა-ჩამოსვლა ორადრუინის, ცეცხლოვანი მთის გულში ბეჭდის ჩაგდების ტოლფასი გახლდათ: დიდუბის მეტროსადგურთან მდგომი დარდით სავსე დანჯღრეული ავტობუსები და სამარშრუტოები, ჭყლეტა, შავებში ჩაცმული თავდახრილი მოხუცები, მამაკაცები საფლავზე დასარგავი ყვავილების ნერგებით, კილომეტრებიანი საცობები, სიცხე და ჩახუთულობა. უკანა გზაზე თავსხმამ მოგვისწრო, გავილუმპეთ. ბაბუას საფლავიდან ავტობუსების გაჩერებამდე შორი გზაა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, მივბაჯბაჯებდით. ა მდროს მაღალ ნაძვებსა და წვიმისგან მოლაპლაპე საფლავის ქვებს შორის თეთრი „ვოლგა” გამოჩნდა. იქაური ორმოების გადამკიდე, ნელ-ნელა მოდიოდა და ისე ირწეოდა , როგორც ტალღებზე -გემი. რაკი ჩვენ უკაცრიელ კუნძულზე გარიყულებს ვგავდით, ეს ეპიზოდი კი არ ჰგავდა ჰოლივუდური ფილმის ბედნიერ დასასრულს, წესით, გემბანზე მყოფებს ვერ უნდა შევემჩნიეთ, რაგინდ ხელები გვექნია, მაგრამ ამ იგავს სხვანაირი გაგრძელება აღმოაჩნდა. მას შემდეგ კარგ ანდაზასავით ან ლექსივით ვიხსენებ სიტყვებს, რომლებიც მძღოლმა გვითხრა მას შემდეგ, რაც დასახლებამდე მიყვანა შემოგვთავაზა: „ასე მასწავლა მამამ”, – თქვა მან. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო მამამისი, მაგრამ მივხვდი, კარგი კაცი უნდა ყოფილიყო.

ამ ამბავმა მაიძულა, სპორტულებიანი ბიჭუნასთვის მანქანა გამეჩერებინა. რა დასამალია, ამ გზიდან აქამდეც გამიყოლებია მგზავრი და ის უცნაურად ჩაცმული შუახნის ქალი იმდენად დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა, რომ კეთილ სამარიტელობაზე ხელი ამაღებინა. მახსოვს, გაუგებარი სიტყვებით ლოცულობდა, უშინაარსო სურვილებს აფრქვევდა და ბოლოს მითხრა, რუსებს პატიება უნდა ვთხოვოთ, მე ყოველდღე ვლოცულობ მათთვისო.

აი, ბიჭი კი თავაზიანი ვინმე აღმოჩნდა. „გმადლობთ, რომ გამიჩერეთ”, – მითხრა,, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა. ასე გასაკვირია-მეთქი? ამ გზაზე თითქმის ყოველდღე დავდივარ და იშვიათად, ვინმემ გამიყოლოსო.

– საით მიდიხარ? – ვკითხე, თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო.

– დევნილთა დასახლებამდე გამოგყვებით.
– კაი, ბატონო.
– ეს რომელი BMW-ა?
– ყველაზე ბანძი, – ალალად ვუთხარი.
– ბანძი BMW მე არ გამიგონია, – ნაღვლიანად მიპასუხა.

აღარ ვიცოდი, გამხარებოდა თუ დავდარდიანებულიყავი. ერთი მხრივ, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად შეაქეს ჩემი მანქანა, მეორე მხრივ კი გვერდით მეჯდა ბავშვი, რომლისთვისაც ეს შავი, გასარეცხი ჯართი მაგარი და, დიდი ალბათობით, სანატრელი რამ იყო. დასახლებასთან ჩამოსვლისას ბიჭმა მითხრა: „როცა BMW მეყოლება, მეც გაგიჩერებთ და წაგიყვანთ, სადაც გენდომებათ, დიდი მადლობა, რომ წამომიყვანეთ, კეთილი მგზავრობა”. პასუხის მოსაფიქრებლად იმდენი ხანი დამჭირდა, მხოლოდ თავი დავუქნიე. ბიჭუნას ალალმა, გულიდან წამოსულმა დაპირებამ დენი ბოილის ფილმის „მილიონერი ღარიბთა უბნიდან” ეპიზოდი გამახსენა: ჯამალ მალიკი ძველ ნაცნობს შეხვდება, რომელსაც მამანმა თვალებში ცხელი ტყვია ჩაასხა და ახლა მიწისქვეშა გადასასვლელში მღერის მოწყალებისთვის. ჯამალი მას 100 დოლარს მისცემს, ბიჭი კი დამშვიდობებისას შეჰპირდება ერთადერთს, რისი გაკეთებაც მადლობის ნიშნად შეუძლია: „შენს დაკრძალვაზე ვიმღერებ”.

იოლი მისახვედრი იყო, რომ წესიერი და შრომისმოყვარე ადამიანი გავიცანი, რომელიც ყოველდღე, ზურგჩანთამოკიდებული, ფეხით გადის მრავალ კილომეტრს და იშვიათად, რომ ვინმემ ჯაფა შეუმსუბუქოს. მერედა, გიფიქრიათ, რამდენ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის შანსს ვკარგავთ ყოველდღე? რამდენ საინტერესო საუბარს გავურბივართ განგებ? რამდენ მანქანას არ ვაჩერებთ, როცა შებინდებულზე, ან თუნდაც დღისით, მარტო მიმავალ მგზავრს დავინახავთ? იცით, რატომ? მგონი იმიტომ, რომ გვეშინია. გვეშინია, ვინმე ოხერი მამაძაღლი არ აღმოჩნდეს და შუბლზე რევოლვერი არ მოგვაბჯინოს, საფულე არ წაგვართვას და თუ გავუძალიანდით, თვალებს შორის ცხელი ტყვია არ დაგვაჭედოს. გვეშინია და ამ შიშში გადის დრო. მერე კი, როცა ვხვდებით, რომ სინამდვილეში საშიში არაფერია, უკვე სქელია ჩვენი კანი, მერე უკვე ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, მერე უკვე ნაჭუჭში ვართ, რომლის გამომტვრევაც, როგორც ამბობენ, ჩვენს ძალებს აღემატება. მერე ზვიად რატიანი ამომიტივტივდება გონებაში:
„ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ, მით უმეტეს – თუა ნაცნობი;
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით”.
ჩვენ შევნატრით არაჩვეულებრივ ადამიანებს, თავად კი თავდაუზოგავად ვცდილობთ, ვიყოთ ჩვეულებრივი ადამიანები. ასე იბადებიან, ცხოვრობენ და იხოცებიან მექანიკური არსებები, რომლებსაც ხანდახან საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ. ისინი ურთიერთობას გაურბიან. ასეთ, ჩვენნაირ ადამიანებზე ფიქრის დროსაც „ნეგატივი 20 წლის შემდეგ” ტივტივებს ზედაპირზე:
„და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ”.
ასპროცენტიანია ეს კაცი.

თამაში და ინსცენირება სასწავლო პრაქტიკაში

0

განათლების მეცნიერებაში აღიარებულია, რომ ნამდვილი ცოდნა მხოლოდ აქტიური სწავლებით მიიღება, როცა იგი არა მარტო დამახსოვრებით, არამედ საკუთარი გონების დაძაბვითაა შეძენილი. ამის შესაბამისად, ჰუმანისტური სწავლება ისეთ მიდგომებს გვთავაზობს, რომელთა დროსაც სწავლების მთავარ მიზანს განსაზღვრავს განათლებული პიროვნების აღზრდის ძირეული ამოცანა, მოსწავლის ცნობიერება და მისი ბუნებრივი ინტერესები, რითაც სასწავლო პროცესი გამოდის ვიწრო საგნობრივი ხედვიდან და განვითარების ფართო პერსპექტივას სახავს.

ჰუმანისტური პედაგოგიკის მეთოდები მოზარდს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად გამოიყენოს შემოქმედებითი უნარები, თანაც ისე, რომ თვითგამოხატვისას მარტო თვითონ კი არ მიიღოს სიამოვნება, არამედ გარშემო მყოფებსაც მიანიჭოს. ამავე დროს, შემოქმედებითი საქმიანობა ზრდის მოსწავლის თვალსაწიერს – იგი გარე სამყაროს აღიქვამს არა მხოლოდ ინტერესის საგნად, არამედ შემოქმედების ობიექტადაც. შემოქმედებითი ზრდა კიდევ უფრო მეტია, როდესაც გამოიყენება ყველა ის სასწავლო აქტივობა (მაგალითად, მიღებული პროდუქტის პრეზენტაცია), რომელიც ამა თუ იმ შემთხვევაში შემოქმედებითობისკენ არის მიმართული. ასეთ დროს გავარჯიშებული უნარები მოსწავლეს გამოადგება შემდგომშიც, სასკოლო სივრცის გარეთ, ყველა იმ სიტუაციაში, რომელიც მისგან ხარისხიან განათლებას მოითხოვს.
ჰუმანისტური პედაგოგიკის შედეგები კიდევ უფრო უმჯობესდება, როდესაც სწავლებაში ერთვება თამაში.
ყველა თამაში, პირობითად, ორ ჯგუფად იყოფა: ზოგადგანმავითარებელ თამაშებად და სპეციალურ თეატრალურ თამაშებად.
თეატრალურ თამაშებს ფანტაზიისა და ინტერესების გაფართოების დიდი შესაძლებლობა აქვს. ასეთი თამაშები ხელს უწყობს შეცდომების აღმოჩენას და საკუთარი ქმედების შეფასებას. ბავშვები თავიანთ გმირებთან ერთად მოქმედებენ, განიცდიან, თანაგანცდა კი ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას. ამიტომ არის, რომ ბოლო ხანს დასავლეთის ქვეყნებში თეატრალურ პედაგოგიკას და მის უმთავრეს საყრდენს, თეატრალურ თამაშებს, აქტიურად იყენებენ სწავლა-სწავლების პროცესში.

საზოგადოდ, თეატრალური პედაგოგიკა – ესაა მხატვრულ-ესთეტიკური პრაქტიკა, რომელიც კონცენტრირებულია ინდივიდზე, მისი იდეებისა და შესაძლებლობების გამოხატვაზე თეატრალური კუთხით. იგი მიმართულია ერუდიციის ფორმირებისკენ, პიროვნული ზრდისა და თვითრეალიზაციისკენ. საჭიროა მხოლოდ მოსწავლეთა „ანთება”, მათთვის შემოქმედებითი ბიძგის მიცემა, დანარჩენს კი თავად გააკეთებენ, მასწავლებლის განსაკუთრებული ჩარევის გარეშე.

ამ ასპექტების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია სწავლის ეფექტურობის ამაღლება თეატრალური და ჰუმანისტური პედაგოგიკის მიდგომების შეერთებით.

განვიხილოთ მაგალითი.
საგანი: ისტორია
გაკვეთილი: ძველი ეგვიპტის რელიგია
მიზანი: სასწავლო მასალის განმტკიცება და განზოგადება: სამყაროს შექმნის შესახებ ძველეგვიპტელთა ცოდნის გააზრება და მისი შედარება სხვადასხვა ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან

გაკვეთილის სასწავლო შედეგი:

● მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება ძველ ეგვიპტელთა რელიგიის, ბუნების ძალებსა და ღმერთებზე რწმენა-წარმოდგენების შესახებ
● ძველეგვიპტური ხელოვნების თავისებურებათა წარმოჩენა
● მოსწავლეთა მიერ ძველი სამყაროს ისტორიისა და კულტურის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოწვევა
გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებულია ჰუმანისტური და თეატრალური პედაგოგიკის მიდგომები:
● ჯგუფებში მუშაობა;
● ატრიბუცია;
● შემოქმედებითი საქმიანობის შედეგების დემონსტრაცია;
● დეკორატიული და სხვა სახის სამუშაოები;
● მოხსენების/პრეზენტაციის მომზადება.
 
წინასწარი მომზადება:
1. ჩასატარებელი გაკვეთილის არსისა და მიზნების განსაზღვრა/გადმოცემა;
2. მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციის, რეფერატის, მოხსენების, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ხასიათის სამუშაოების შესრულება;
3. მოსწავლეთათვის სათამაშო საშუალებების გაცნობა: ჯგუფებში მუშაობა, გონებრივი იერიში, თეატრალიზებული ელემენტების გამოყენება, რეფლექსია;
4. მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი საქმიანობა: როლების განაწილება, რეპეტიციები, დეკორაციებისა და ატრიბუტიკის დამზადება (მათ შორის – ფოტოაპარატისა და ვიდეოკამერის დამონტაჟება).

რესურსები:
1. პლაკატები;
2. პოსტერები;
3. სუვენირები;
4. მოცემულ თემაზე წიგნების გამოფენა;
5. მოხსენებები და რეფერატები;
6. პრეზენტაციები.
გაკვეთილის გეგმა

1. მასწავლებლის შესავალი სიტყვა/პრეზენტაცია გაკვეთილის თემის შესახებ, რომელშიც დახასიათებული იქნება ძველი ეგვიპტის ეპოქა;
2. გაკვეთილის სტრუქტურირება და ორგანიზება;
3. ჟიურის წარდგენა, ჯგუფისთვის შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
4. ძველეგვიპტური მისტერიების ინსცენირება;
5. ვიქტორინა;
6. შემოქმედებითი დავალება: „ბარელიეფი” და „ექსკურსია მუზეუმში”;
7. შედეგების შეჯამება, გამარჯვებულის დასახელება;
8. განზოგადება; რეფლექსია.

კლასი წინასწარ იყოფა ორ გუნდად, რომლის წევრებსაც დაასახელებენ კაპიტნები. თითოეული გუნდი მიიღებს ტექსტს, ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც წინასწარ მოამზადებენ ძველგევიპტური მისტერიების შესაბამის ვიზუალურ მასალას და თეატრალურ დეკორაციებს (დანართი 1).

გაკვეთილის მიმდინარეობა

1. მისალმება, სტუმრებისა და ჟიურის წარდგენა; თითოეული ეტაპის კრიტერიუმების განსაზღვრა; სამოგზაურო მარშრუტისთვის ფლეერების დარიგება (დანართი 2);
2. ჯგუფების მიერ საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირება;
3. ვიქტორინა – ყოველი ჯგუფი უპასუხებს 5 შეკითხვას (დანართი 3);
4. დავალება „ბარელიეფი” – ჯგუფის წევრები წარადგენენ მიცემული ინფორმაციის შესაბამისად დამზადებულ ბარელიეფს. კაპიტნები აღწერენ ექსპონატს ისე, თითქოს მუზეუმში იმყოფებოდნენ. მეორე ჯგუფი და მოწვეული სტუმრები დაუსვამენ კითხვებს;
5. შედეგების შეჯამება და გამარჯვებულის დაჯილდოება.
მიღებული შედეგები:
vთეატრალიზებული ილუსტრაციების დამზადებამ საშუალება მისცა მოსწავლეებს, შეესრულებინათ სხვადასხვაგვარი სამუშაო და ამ გზით მიეღწიათ მიღებული ცოდნის აქტუალიზაციისა და განმტკიცებისთვის.
vმოსწავლეებმა ეგვიტური კულტურა შეისწავლეს შემოქმედებითი კვლევების გამოყენებით.
v მასალის შესწავლა მოხდა „პრაქტიკული” მიზნით: ეგვიპტური მითოლოგიის პრობლემატიკის წარმოსაჩენად და მასალის ვიზუალიზაციისთვის საჭირო თეატრალური ინსცენირების განსახორცილებლად.
v აღნიშნულმა პრობლემამ მოითხოვა მასალის დაგროვება და ცოდნის გაღრმავება.
vეგვიპტური ხელოვნების თავისებურებებმა დააინტერესა მოსწავლეები, ხოლო შესაბამისი ატრიბუტიკის, დეკორაციებისა და კოსტიუმების დამზადებამ მეტი ცოდნა შესძინა მათ ეგვიპტური წეს-ჩვეულებების შესახებ.
vქურუმების ლაპარაკის მანერამ, საზეიმო მისალმებამ, რელიგიური მსახურების სხვა ნიუანსების ინსცენირებამ, როლურმა თამაშმა, კოსტიუმირებულმა წარმოდგენამ დამოუკიდებლად აზროვნების, ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის, კრეატივის, საკუთარი თავის წარმოჩენის, თამაშით რეკონსტრუქციის დიდი გამოცდილება შესძინა მოსწავლეეებს.
vამგვარი გამოცდილების შემდეგ ისინი უფრო მეტად დაინტერესდებიან მათთვის საინტერესო კულტურებისა და ცივილიზაციების შესწავლით, უკვე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებითა და განვითარებით, შემოქმედებითი უნარების განვითარებით.
გაკვეთილის სასწავლო შედეგი:
● მოსწავლეებმა განიმტკიცეს ცოდნა ძველ ეგვიპტელთა რელიგიის, ბუნების ძალებსა და ღმერთებზე მათი წარმოდგენების შესახებ;
● აჩვენეს ძველეგვიპტური ხელოვნების თავისებურებები;
● გაიზარდა ძველი მსოფლიოს ისტორიისა და კულტურის (მათ შორის – თეატრის ისტორიის) მიმართ მოსწავლეთა დადებითი დამოკიდებულება;
● მოხდა მოსწავლეთა ინტელექტუალური ზრდა: თამაშმა და ვარჯიშმა განუვითარა მათ მეხსიერება, ყურადღება, დაკვირვების უნარი, ფანტაზია და ა.შ.; განივითარეს აგრეთვე მასალის შერჩევის, დამუშავებისა და სათანადოდ გამოყენების უნარები.
მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ჰუმანისტური და თეატრალური პედაგოგიკის თეორიების შეერთება სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს, კრეატიულს და სახალისოს ხდის, ამიტომ სასწავლო პრაქტიკაში მათი გამოყენება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

დანართი 1.
ტექსტი
ძველად ეგვიპტეში ღმერთების, ადამიანებისა და ყოველი ცოცხალი არსების მამად ღმერთი რა მიიჩნეოდა. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ღმერთები მან თავისი პირისგან შექმნა, ხოლო ადამიანები – თვალებისგან. ეგვიპტელები რას არწივისთავიან და ადამიანისტანიან არსებად გამოსახავდნენ, რომელსაც მზის სხივებიანი დისკო ამშვენებდა.
სწამდათ, რომ ყოველ დილით რა აღმოსავლეთის მთებიდან დასავლეთამდე ოქროს ნავით გადაცურავდა ცას და მზის დისკო, რომელიც მას თავზე ადგა, სინათლესა და სითბოს ჰფენდა დედამიწას. მერე კი დგებოდა საღამო და ოქროს ნავი დასავლეთით მდებარე მთებს მიეფარებოდა. ამ მთებში ერთი გამოქვაბული იყო, რომლითაც რა მიწისქვეშეთში ჩადიოდა და იქაური მდინარით აღმოსავლეთისკენ გამოცურავდა. მაგრამ მიწის ქვეშ მას სდარაჯობდა სიბნელის ღმერთი აპოპი, რომელსაც ეგვიპტელები გველად გამოსახავდნენ. აპოპს არ სურდა დედამიწაზე მზის დაბრუნება და ემტერებოდა მას, მაგამ რა შეებრძოლა აპოპს და დაამარცხა იგი (იხ. ილუსტრაციები ინსცენირებისათვის, სურ. 1).
შემდგომ ეგვიპტის მმართველი ღვთაება რას შვილი, კეთილი და ბრძენი ღმერთი ოსირისი გახდა. მან ასწავლა ეგვიპტელებს მევენახეობა, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ღმერთების თაყვანისცემა. ოსირისის მეუღლე იყო მისი და – ქალღმერთი ისიდა. ოსირისს ჰყავდა ძმაც – ბოროტებისა და გრძნეულების ღმერთი სეთი. ის უდაბნოში ცხოვრობდა და შურდა ძმის, რომელსაც მდიდარი და აყვავებული ქვეყანა ხვდა წილად. სეთმა მოკლა ძმა და მისი ცხედარი ნილოსში გადააგდო. ისიდამ იპოვა მეუღლის ცხედარი, რომელიც მდინარის ტალღებმა ნაპირზე გამორიყა და დამარხა. მალე მას შეეძინა ვაჟი ჰორი, რომელსაც ეგვიპტელები ადამიანის სხეულითა და არწივის თავით გამოსახავდნენ. როდესაც ჰორი გაიზარდა, მან გადაწყვიტა, შური ეძია მამის სიკვდილისთვის. მან სეთი ორთაბრძოლაში გამოიწვია და მოკლა. ამის შემდეგ ჰორმა გააცოცხლა მამა, მაგრამ ოსირისმა აღარ ისურვა დედამიწაზე ცხოვრება. ის გახდა მბრძანებელი მიწისქვეშეთისა, სადაც ხვდებიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ. ჰორი მამის ტახტზე ავიდა და ეგვიპტის პირველი ფარაონი გახდა. მას შემდეგ ის თითოეულ ფარაონში უხილავად განაგრძობდა არსებობას (იხ. ილუსტრაციები ინსცენირებისთვის, სურ. 2).
 
ისიდა და ოსირისი ჰორი
დანართი 2.

გუნდი ___________________________________________ V კლასი

გუნდის დასახელება

კრიტერიუმები

ქულების რაოდენობა

1.

გუნდის სიმბოლო (ემბლემა)-VII

2.

გუნდში (V) მუშაობის გამოცდილება (მაქსიმალურად თითოეული პუნქტის მიხედვით):

ყველა ჩართულია;

ესმით ერთმანეთის;

ეხმარებიან ერთმანეთს;

ესმით და ასრულებენ კაპიტნის/გუნდის განკარგულებებს.

3.

საშინაო დავალება (შემოქმედება) VIIგუნდისთვის:

Øრეფერატები;

Øშეტყობინებები;

Øგამოყენებითი ხელოვნება;

Øნახატები.

4.

მითის ვიზუალიზაცია – თეატრალიზებული წარმოდგენა (VIIკლასი):

. მკითხველის გამოსვლა;

. დადგმა;

. როლის გათამაშება;

. კოსტიუმების ელემენტების გაფორმება.

5.

ვიქტორინა:

დამატებითი ქულები:

1. 1.

2. 2.

3. 3.

4. 4.

5. 5.

6.

ბარელიეფი: VII

. ექსკურსიამძღოლის გამოსვლა;

. თემის შესაბამისობა;

. ვიზუალური მხარე.

7.

გუნდის წევრთა ქცევა – V

 

8.

შთაბეჭდილებები X:

9.

სხვა დანარჩენი – X:

დანართი 3
ვიქტორინა „გასეირნება ძველ მსოფლიოში”

1. რა ხერხს მიმართავდნენ ეგვიპტის მმართველები პირამიდების მძარცველების დასაბნევად?
(მმართველები აგებდნენ „ცრუ სამარხებს”, რომლებშიც არაფერი იყო, გარდა ცარიელი სარკოფაგისა, მუმიასა და განძეულობას კი საიდუმლოდ მალავდნენ)

2. იყენებდნენ თუ არა ეგვიპტელები ქვას?

(დიახ, ეგვიპტელები აფასებდნენ ქვის თვისებებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ გრანიტს, ბაზალტს, დიორიტს. ნაკეთობას დეკორს თითქმის არ უკეთებდნენ, მხატვრული გაფორმების ანუ ვიზუალურ ეფექტს თავად ქვის ფაქტურა ქმნიდა)

3. ეგვიპტელების აზრით, სად ცხოვრობდნენ ღმერთები?

(ცაში. ეგვიპტელებისთვის ცა ასოცირდებოდა მყარ, მტკიცე მატერიასთან და წარმოსახავდნენ წყლის ცისფერ შხეფებად, რომლებიც დედამიწაზე მოედინებოდა. ფართოდ გაშლილი ცის ქვეშ კი ადამიანები ცხოვრობდნენ)

4. დაასახელეთ ძველეგვიპტური კულტურის ძეგლი, რომელიც მსოფლიოს საოცრებათა შვიდეულში შედის.

(გიზის სამი გიგანტური პირამიდა: ხეოფსის, ხეფრენისა და მიკერენის)

5. ეგვიპტელებიდან ვის ჰქონდა იმქვეყნად ცხოვრების გაგარძელების უფლება?

(ყველა ადამიანს, განურჩევლად ქონებრივი მდგომარეობისა)

6. რა სახის ხსნარს იყენებდნენ ეგვიპტელები მშენებლობისას?

(სამშენებლო სხნარს ეგვიპტელები არ იყენებდნენ, ისინი მშრალი ქვის წყობას მისდევდნენ. ქვის უზარმაზარ კვადრებს წინასწარ ხეხავდნენ და ისე ალაგებდნენ)

7. რატომ გაძლო მუმიებმა დღემდე?

(ამის მიზეზი ეგვიპტის მშრალ, ცხელ კლიმატსა და ბალზამირების ხელოვნებაში უნდა ვეძიოთ)
8. რაზე წერდნენ ძველი ეგვიპტელები?

(„ქაღალადის” ფუნქციას ასრულებდა პაპირუსი, რომელიც ნილოსის ნაპირებზე იზრდებოდა)

9. დაასახელეთ ეგვიპტური ქალური სილამაზის ეტალონი

(ნეფერტიტის ცნობილი პორტრეტი, რომელიც მსოფლიო მხატვრობაში ქალის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გამოსახულებად მიიჩნევა)

10. იპოვეს თუ არა ტუტანხამონის განძი?

(დიახ. ტუტანხამონის საფლავი ერთ-ერთი სამეფო საძვალეა, რომელმაც თითქმის ხელუხლებლად შემოინახა ადგილობრივი სიმდიდრე, თუმცა, საზოგადოდ, ასეთი რამ ხშირად ხდებოდა)

კარგი შვილი, თბილისი, მეცენატი, თაიგული… მოკლედ, სამოქალაქო განათლება

0

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ დაწყებით კლასებში დამოუკიდებელ საგნად სამოქალაქო განათლება (მე და საზოგადოება) დაემატება. ეს საპილოტე პროგრამა სექტემბრიდან საყოველთაო უნდა გახდეს. დეტალები თანდათან გაცხადდება, მაგრამ თავად მიდგომა რომ მართებულია, ეს კამათს არ იწვევს. მომავალი მოქალაქე პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიოს საკუთარი თავის შემეცნებას, სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობას, სოციუმში ქცევის წესებს, რომ მომდევნო კლასებში უფრო სერიოზულ ამოცანებს გაართვას თავი.

ესგ-ს სადამრიგებლო საქმიანობის განაკვეთში ეს მიდგომა გარკვეულწილად გათვალისწინებული იყო, მაგრამ სიახლე უფრო თანმიმდევრულ შედეგზე გასვლის წინაპირობას შექმნის.

ჩვენი შემოთავაზება სადამრიგებლო საქმიანობაში გამოადგებათ დაწყებითი კლასების პედაგოგებს, სანამ ახალი პროგრამა და სახელმძღვანელო ექნებათ.

ეს ტექსტი ( დანართი 1) შეგვიძლია კითხვის საათისათვის გამოვიყენოთ. აქტივობის მიზანი, თვალსაწიერის გაფართოებასთან ერთად, წაკითხულის გააზრება-გაანალიზება და კრიტიკული აზროვნების განვითარება იქნება.
გარდა სათაურშივე გამოტანილი თემისა, ტექსტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობის საშუალებას მოგვცემს:

1.დედაქალაქი და მისი ღირშესანიშნაობები;
2.ქველმოქმედება და მეცენატობა;
3.გოგონები და ბიჭები;
4.საზოგადოებაში ქცევის წესები.

პირველი აქტივობა წინასწარ მომზადებული ტექსტის ხმამაღლა კითხვა იქნება. მასში რამდენიმე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, სხვები თვალს მიადევნებენ. დასრულების შემდეგ ყველას ეძლევა ,,ორთქლის გამოშვების”, ანუ აზრის გამოთქმის საშუალება. მოსაზრებებს ჩამოვწერთ დიდ ფურცელზე (ანალოგიურებს არ ვიმეორებთ). შემდეგ ვაჯგუფებთ და ვახდენთ შეჯამებას. ყურადღებას ვამახვილებთ სათაურის შინაარსზე და მოსწავლეებს ვთხოვთ, დაასახელონ სხვა მაგალითები, როცა შვილის საქციელმა დედა გაახარა და პირიქით.

მეორე აქტივობა. გონებრივი რუკის სქემას ვაკეთებთ დიდ ფურცელზე, შუაში ვწერთ ,,თბილისის ღირშესანიშნაობები”, ბავშვებს ვურიგებთ ფერად წებოვან ფურცლებს და ვთხოვთ დაწერონ მათთვის დედაქალაქში ყველაზე საყვარელი და საინტერესო სანახაობა. შემდეგ ვკრებთ ფურცლებს და დაჯგუფებულად ვაკრავთ გონებრივი რუკის სხივებზე. ვაკეთებთ კომენტარს ჯგუფებზე ( კულტურული კერები, ისტორიული ძეგლები, სანახაობები, გასართობი ადგილები…). თქვენი შეხედულებისამებრ გამოყავით 3-4 მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა, შექმენით ამდენივე ჯგუფი, გაუნაწილეთ ღირშესანიშნაობები. აუხსენით, რომ ისინი არიან ექსკურსიამძღოლები და შემდეგი შეხვედრისათვის უნდა მოამზადონ პრეზენტაცია.

მესამე აქტივობა. განუმარტეთ მეცენატობისა და ქველმოქმედების ტერმინები და სთხოვეთ მოსწავლეებს გამოთქვან თავიანთი აზრი, გაიხსენონ მათთვის ცნობილი ქველმოქმედება. თუ აქვთ სურვილი თავადაც გახდნენ მეცენატები. რას გააკეთებდნენ ამის საშუალება რომ ჰქონდეთ? (უმჯობესია, ამ კითხვაზე პასუხისთვისაც დრო მივცეთ და შინ პატარა ესეს მომზადება დავავალოთ, ხოლო საუკეთესო ნაშრომებით გავაკეთოთ კედლის გაზეთი ,,დღეს ვოცნებობთ, ხვალ გავაკეთებთ”).

მეოთხე აქტივობა. გოგონებისა და ბიჭების თემასთან დაკავშირებით კარგი იქნება, ყურადღება გავამახვილოთ წინადადებაზე ,,თანაც ძალიან კარგი გოგოა, სხვებივით მეტიჩარა და აუტანელი არ არის”. ეს წინადადება დავწეროთ დაფაზე ან დიდ ფურცელზე და გავმართოთ დისკუსია, მოვიშველიოთ კითხვები: სწორია თუ არა, რომ ბიჭები გოგონებს ასე მოიხსენებენ? შეიძლება თუ არა, ბიჭი იყოს მეტიჩარა და აუტანელი? დისკუსიის ამ ნაწილის დასამთავრებლად (რომ ის გოგონებისა და ბიჭების დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს) საუბარი კეთილგანწყობით კალაპოტში გადაგვყავს: ვაჩენთ წინასწარ გამზადებულ ამონარიდს ,,ნიკას ადრე ეცინებოდა, როცა ბიჭები გოგონებს თაიგულს ჩუქნიდნენ, ახლა კი გული დაწყდა, რომ მას არ ჰქონდა ყვავილები ამ ნიჭიერი და ლამაზი გოგონასათვის”. რა მოხდა, რამ შეცვალა ნიკას განწყობა? მიგირთმევიათ თუ არა ყვავილები ვინმესთვის?

მეხუთე აქტივობა. საზოგადოებაში ქცევის წესები – ამ საკითხთან დაკავშირებით, ვქმნით 4 ჯგუფს, ვაძლევთ დროს 5 წუთს, რომ ტექსტში მონიშნონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ქცევის წესებზე მიმანიშნებელი ფრაზები და შემდეგ წაიკითხონ. კიდევ რას დაამატებდით, როგორი ქცევაა საჭირო ასეთ ადგილას?

საბოლოოდ, გონებრივი იერიშით ვაჯამებთ, რა გვასწავლა ამ მოთხრობის წაკითხვამ, რაზე დაგვაფიქრა, რისი გაგების სურვილი აღგვიძრა და ასე შემდეგ.

ეს აქტივობები თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით, შეიძლება რამდენიმე შეხვედრისთვის გადაანაწილოთ, თუ თითოეულ თემას უფრო მეტ დროს დაუთმობთ. კარგი იქნება აქტივობების ვიზუალიზაცია თემატური საპრეზენტაციო ფაილებით.
დანართი 1
,,კარგი შვილი დედის გულის ვარდია……”
ზაფხულის არდადეგების ბოლო კვირას ნიკა თბილისს ეწვია. სტუმარმა ყველა გაახარა. განსაკუთრებით გიო გაახალისა დეიდაშვილის სტუმრობამ. დეიდამ მთელი კვირა დაგეგმა, რომ ნიკას ბევრი რამ ენახა. ბიჭები ხან მთაწმინდის პარკის ატრაქციონებზე იყვნენ, ხან ზოოპარკში, ნორჩი მხატვრების გამოფენაც დაათვალიერეს ძველ უბანში, ხელოვნების მუზეუმს ყველაზე დიდი დრო დაუთმეს.

ერთ დღეს შინ დაბრუნებულებს მაგიდაზე მოსაწვევი ბარათები დახვდათ. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიოს თანაკლასელის – ანანოს კონცერტი იმართებოდა და გიო მშობლებთან ერთად იყო მიწვეული.
ზურა ბიძიამ – მე წამოსვლა არ მომიხერხდება და ჩემი მოსაწვევი – ნიკასო.

ანანომ პრაღაში გამართულ ნორჩ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა და შინ გახარებული დაბრუნდა. ახლა აქ მართავდა კონცერტს.

– იცი, რა მაგრად უკრავს, თანაც ძალიან კარგი გოგოა, სხვებივით მეტიჩარა და აუტანელი არ არის, – უთხრა გიომ.
დეიდამ ბიჭები გამოაწყო და საღამოს 6 საათისთვის კონსერვატორიაში წავიდნენ. ნიკა დაინტერესდა ვისი ქანდაკება იდგა შესასვლელის ზემოთ.

– ეს ანტონ რუბინშტეინია, მუსიკოსი. მან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამართა კონცერტი თბილისში და იქიდან მიღებული მთელი შემოსავალი ამ შენობის ასაგებად გაიღო.

– ერთი კონცერტის თანხით აშენდა?

– ეს პირველი თანხა იყო, შემდეგ ამ მშენებლობაში ქართველმა მეცენატებმა ძმებმა ზუბალაშვილებმა შეიტანეს დიდი წვლილი. მაშინ აქ მუსიკალური სასწავლებელი გაიხსნა. უფრო მოგვიანებით – კონსერვატორია, – ღიმილით აუხსნა დეიდამ.

– დედა, მეცენატი რას ნიშნავს? – დაინტერესდა გიო.

– ის ადამიანია, რომელიც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეებისთვის საკუთარ თანხას იხდის.

ხალხი ნელ-ნელა იკრიბებოდა, ესალმებოდნენ ერთმანეთს, კითხულობდნენ, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. იქვე იყო ერთი ლამაზი ქალი, რომელთანაც ყველა მიდიოდა, ულოცავდა. ეს ანანოს დედააო, აუხსნა დეიდაშვილმა. ნიკა ჩუმ-ჩუმად ათვალიერებდა იქაურობას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. უკვე ფიქრობდა იმაზე, სოფელში ჩასული როგორ მოუყვებოდა ამ ამბავს, თანატოლებსაც და უფროსებსაც. მალე დარბაზში შევიდნენ და ადგილები დაიკავეს.

სცენაზე როიალი იდგა. გამოვიდა შავფრაკიანი კაცი და ანანოს წარმატებებზე ილაპარაკა, მერე მისი პედაგოგი წარუდგინა საზოგადოებას, ისაუბრა ანანოს დედაზე, რომელიც ნიჭიერი შვილის ხელშესაწყობად ძალიან ზრუნავდა. ბოლოს, საკონცერტო პროგრამაც წარადგინა და სცენაზე თავად ანანოს მოუხმო.

ტაშის ხმაზე პატარა გოგონა გამოვიდა და დარბაზს თავი დაუკრა. ტაშმა იმატა, გოგონამაც უფრო დაბლა დაღუნა თავი და შემდეგ როიალისკენ წავიდა. პიანისტი მოერგო სკამსა და როიალს.

მსმენელი დადუმდა. გოგონამ ხელები მოიმარჯვა და დარბაზი ულამაზესი მუსიკით აივსო. ნიკას თავი სიზმარში ეგონა. მისი კლასელებიც დადიოდნენ მუსიკაზე, მისი უფროსი ბიძაშვილიც სამუსიკო სკოლის წარჩინებული იყო და ნიკას თხოვნით ხშირად უკრავდა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ბგერები ხან მხიარულად დახტოდნენ და ხან სევდიანად დაფრინავდნენ დარბაზში. ბიჭს ხან ტყე და ჩიტების ჭიკჭიკი მოაგონდა, ხან – შფოთიანი ზღვის ხმაური.

დარბაზი მონუსხულივით უსმენდა. მუსიკა შეწყდა. მსმენელები ერთხანს დუმდნენ, მერე ტაშმა იფეთქა. აწითლებული გოგონა თავდახრილი იდგა სცენაზე. ბოლოს გამოაცხადა, ნება მიბოძეთ, ერთი პატარა კომპოზიცია კიდევ შეგისრულოთ, რომელსაც დედას ვუძღვნიო.

დარბაზი ისევ მიყუჩდა. როიალმა ჯერ დაბალი ხმები გამოსცა, მერე ხმამ იმატა, იმატა მაგრამ რბილად, თბილად. ნიკას დედა გაახსენდა და ძალიან, ძალიან მოენატრა. მუსიკამ მთელ დარბაზს უალერსა, უალერსა და ნელ-ნელა სადღაც გაიპარა..

ისევ ტაშმა გადაფარა ყველაფერი, სცენისაკენ წავიდნენ თაიგულიანი ბავშვები, უფროსები. გიომაც მოიმარჯვა ვარდები. ნიკას ადრე ეცინებოდა, როცა ბიჭები გოგონებს თაიგულს ჩუქნიდნენ, ახლა კი გული დაწყდა, რომ მას არ ჰქონდა ყვავილები ამ ნიჭიერი და ლამაზი გოგონასათვის. ანანომ ლამაზი თაიგულები შეარჩია და თავის პედაგოგსა და დედას მიართვა.

მაყურებელი დარბაზს ტოვებდა, წამოსვლის წინ დეიდა ისევ მივიდა ანანოს დედასთან დასამშვიდობებლად. ის ლამაზი ქალი უფრო გალამაზებულიყო, თითქოს ბრწყინავდა. მასთან ყავარჯენზე დაყრდნობილი ცნობილი მუსიკოსი იდგა და ეუბნებოდა – ,,კარგი შვილი დედის გულის ვარდია”, ცუდი ყველას აშოროს, თქვენ შესანიშნავი შვილი გყავთო.

შინ ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ. დასაძინებლად დაწოლილ ნიკას ის ჯადოსნური ხმები ჩაესმოდა და თვალწინ პრიალა კაბაში გამოწყობილი ანანო ედგა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...