პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

სემიოტიკა _ მეცნიერება, მეთოდოლოგია, მსოფლხედვა

0
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ნიშანია… ადამიანები, ფაქტები, მოვლენები ყოველთვის ტოვებენ „ნაკვალევს”… მაგრამ თავისთავად ნიშნები არაფერს ნიშნავს… ისინი ატარებენ ინფორმაციას და სწორედ ამ ინფორმაციის გასაშიფრად ჩვენი გონება ისევ ნიშნებით ოპერირებს. ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ მხოლოდ ნიშნების მეშვეობით… ვიფიქროთ ნიშნებით… არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენი ფიქრი ვერბალურია თუ ვიზუალური… ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს განსხვავებული სისტემის ნიშნებთან. 

სხვათაშორის, საინტერესოა, თქვენ როგორ ფიქრობთ? სიტყვებით თუ სურათებით…? ან ამ სურათებს როგორ ხედავთ? როგორც სტატიკურ, ფოტოგრაფიულ კადრებს, თუ როგორც კინემატოგრაფიულ კადრს…? იქნებ, უბრალოდ, თქვენი ფიქრი დაკავშირებულია მელოდიების მონაცვლეობასთან…?

სემიოტიკის სამყარო ნიშნების სამყაროა, სამყარო – ტექსტია და სემიოტიკის ობიექტი შეიძლება იყოს ყველაფერი (რადგან ყველაფერი ნიშანია). ეს ახსნა სემიოტიკას იმდენად გლობალურს და მოუხელთებელს ხდის, რომ ამ მეცნიერების კონკრეტული საზღვრების დადგენა შეუძლებელი ხდება. ამიტომაც არის სემიოტიკა – საზღვრების მოშლა კონკრეტულ მეცნიერებებს შორის. მაგრამ ეს არ არის უბრალო საზღვრების მოშლა… ეს არის ურთიერთშერევის და ურთიერთგავლენის პროცესი, საიდანაც გამოსული „ნიშანი” არასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო… სემიოზისის პროცესიც სწორედ ეს არის…. მუდმივი ქმნადობა და არასდროს დასასრული… თუ ნიშანმა მიიღო ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული მნიშვნელობა (საუბარია ნიშნებზე შემოქმედებაში), მაშინ ეს ნიშანი მკვდარია, ამიტომაც უწოდებენ სემიოლოგები ლექსიკონებს – მნიშვნელობათა სასაფლაოს…. მნიშვნელობა მხოლოდ ცოცხალ პროსეცში ცოცხლდება, აქ იძენს იგი ნამდვილ მნიშვნელობას, განსაზღვრულ კონტექსტში, განსაზღვრულ დროსა და სივრცეში…

სემიოტიკის სხვა განსაზღვრების მიხედვით, სემიოტიკა – ეს არის ლინგვისტური მეთოდებით სხვა სისტემების აღწერა… აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სემიოტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეტაფორა, რომელიც სხვა ნიშნურ სისტემებს აღწერს, როგორც ენას… რადგან ნებისმიერი ნიშნური სისტემის მიმართ მეტაფორულად ჩვენ ვიყენებთ ენის მეტაფორას, მაგალითად: ცხოველების ენა, ჟესტების ენა, მოდის ენა, რელიგიის ენა, რიტუალების ენა, სიყვარულის ენა…. ეს სისტემები ფუნქციონირებს ენის სისტემის შესაბამისად, ენა – პირველადი მამოდელირებელი სისტემაა და მისი ანალოგიით იგება ახალი მოდელი სხვა სისტემაზე.

სემიოტიკის მეთოდი – აღიწეროს ყველაფერი, როგორც ენა – სემიოტიკურ სისტემებს ახალი რაკურსით წარმოგვიდგენს.

ენა პირველადი მამოდელირებელი სისტემა კი გამოდის ამ შემთხვევაში, მაგრამ საინტერესოა, თავად ენის სისტემა რას ეფუძნება და რამდენად პირველადია. მეცნიერებს ამ საკითხზეც ჰქონდათ დიალოგი. მას შემდეგ, რაც გამოიკვლიეს და დაადასტურეს იზომორფიზმი გენეტიკურ და ვერბალურ კოდებს შორის, ლინგვისტი რომან იაკობსონი და ბიოლოგ-გენეტიკოსი ფრანსუა ჟაკობი განიხილავდნენ, გამოვლენილი იზომორფიზმი მხოლოდ გარეგნული იყო, მსგავსი ინფორმაციული მოთხოვნებით განპირობებული თუ იგი მომდინარეობდა იმ ფილოგენეტური პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც ლინგვისტური კოდი გენეტიკური კოდის მოდელების შესაბამისად აიგება?

რომან იაკობსონის მიხედვით, ლინგვისტური კოდი უშუალოდ ზემოდან დაედო გენეტიკურ კოდს და სტრუქტურული პრინციპები გადმოწერა ლინგვისტურ კოდში. ანუ ორგანიზმი არაცნობიერად ფლობს ინფორმაციას სტრუქტურის შესახებ და ეს არაცნობიერი ცოდნა ვლინდება მრავალი სისტემის აგებისას. 
ამ თეორიის მიხედვით, ენის სტრუქტურებს გენეტიკური კოდის სტრუქრურები განაპირობებს… გამოდის, რომ სემიოტიკური მატრიცა ჩვენი არაცნობიერი ცოდნაა და ყოველთვის არსებობდა, მაშინაც, როცა ამას არავინ აკვირდებოდა და არავინ განიხილავდა… 

სემიოტიკის, როგორც მეცნიერების, უზენაესი მიზანიც შესაძლოა ეს იყოს: ყველა ნიშნური სისტემის მატრიცის გამოვლენა, ანუ გამოვლენა იმ სტრუქტურებისა, რომლებიც იზომორფულია ყველა სემიოტიკური სისტემის მიმართ. ეს შეიძლება მართლაც იყოს გენეტიკური კოდი და მასში ჩატვირთული ჩვენთვის ცნობილი და უცნობი სტრუქტურები.

ეს აღწერა ახლოსაა იმასთან, რასაც მეცნიერები უწოდებენ სტრუქტურალისტურ აღწერას. ტექსტის სემიოტიკურ-სტრუქტურალისტური ახსნა ეფუძნება იმგვარი სტრუქტურების გამოვლენას, რომლებიც საფუძვლად უდევს ტექსტს, არის არაცნობიერი და ობიექტური. პოლ რიკერის მიხედვით, სტრუქტურალიზმის მიზანია დისტანცირება, ობიექტურობა, პირადი დამოკიდებულების, სუბიექტურობის გამორიცხვა.

აინშტაინი სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას გულისხმობდა, როცა წერდა, რომ მთვარე არსებობს იმის მიუხედავად, ჩვენ ვაკვირდებით თუ არა მას. ყოველგვარი ინტერპრეტაცია ბაზისური სტრუქტურებისა, არის მხოლოდ დამახინჯება და ობიექტური მონაცემების პირად გამოცდილებაზე მორგება.

გარდა სტრუქტურალისტური მეთოდისა, სემიოტიკისთვის აქტუალურია ინტერტექსტუალური მიდგომაც, რომლის მიხედვითაც, სამყარო არის ერთი მთლიანი ტექსტი. ელემენტები, რომლებიც შეადგენენ ტექსტს, განპირობებულნი არიან სხვა ტექსტებით ან გვაგზავნიან სხვა ტექსტებისკენ. ამ შემთხვევაში, ელემენტთა მნიშვნელობის დასადგენად მთავარია, არა ტექსტის იმანენტური სტრუქტურა, არამედ „გაგზავნა” და „ციტატი”. ამ ფაქტის ლოგიკური შედეგია ნიშნის არარეფერენტული გაგება, როდესაც მნიშვნელობის გასაგებად გვაგზავნის სხვა ნიშნისკენ, ის კიდევ – სხვისკენ და ასე შემდეგ. ბოდრიარის მიხედვით, გადავდივართ სიმულაკრების სამყაროში.
ინტერტექსტუალური მიდგომა შლის ცალკეული ტექსტის საზღვრებს, ეს არის ტექსტის ტოტალური ღიაობა, რომელიც ქმნის სემანტიკურ სიცარიელეს, ის შეიძლება შეივსოს მკითხველის მიერ (უმბერტო ეკო). ასეთ კვლევებს მეცნიერები უწოდებენ „თამაშს” და „გაქცევას ენის დიქტატისგან”. ინტერქექსტუალობა ეფუძნება ცოდნას კულტურაზე, როგორც მნიშვნელობათა რეზერვუარზე.

სამყაროს (ენის, ტექსტის…) სტრუქტურალისტური და ინტერტექსტუალური აღწერები კი არ უპირისპირდება ერთმანეთს, პირიქით, ავსებს… მედლის ორი მხარეა (თუმცა სემიოტიკურ აღწერებს კიდევ ბევრი მხარე აქვს). პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს გამოვლენილ და საფუძველში არსებულ სტრუქტურებთან, ხოლო მეორე შემთხვევაში _ სემანტიკურ განუსაზღვრელობასთან, თამაშთან, რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია. 
„ენა ყოფიერების სახლია” _ ჰაიდეგერის ეს მეტაფორა კიდევ უფრო აქტუალური ხდება სემიოტიკური კვლევებით. ამასვე ამბობს გადამერი: ენა ადამიანურის არსებობის უნივერსალური ცენტრია…

სემიოტიკა კონსტრუირდება, როგორც ერთგვარი მეტამეცნიერება: პირსის მიხედვით, მეტა-ლოგიკა, იელმსლევის მიხედვით, მეტალინგვისტიკა.  ამავე დროს, იყოფა მრავალ ქვე-დარგად….

უმეტესობისთვის სემიოტიკა დღემდე რჩება განუსაზღვრელად, ერთგვარ გამოცანად და საიდუმლოდ – მისი სიღრმისა და მრავალი რაკურსის გამო.

სემიოტიკური ხედვა _ შეგვიძლია შევადაროთ ისეთ სათვალეს, რომელიც მრავალფოკუსიანია. ეს იმას ჰგავს, ხეს რომ უყურებდეთ ერთდროულად ყველა გვერდიდან, ზემოდან, ფესვებიდან, სხვა ობიექტთან (ობიექტებთან) ერთად, უყურებდეთ, ამავე დროს, ყველა დროში: როცა დაიბადა, როცა გაიზარდა, როცა განვითარდა და ასე შემდეგ… უყურებდეთ წელიწადის ყველა დროს ერთდროულად… და კიდევ რამდენი ფოკუსი შეიძლება ჰქონდეს… და ყველა ამ ხედვას რომ გაამთლიანებ, მხოლოდ ხეს კი არა, იმ იდეასაც მისწვდებით, საიდანაც ხე დაიბადა… ეს ხედვა ნებისმიერად შეგიძლიათ გადაიტანოთ: სხვა საგნებზე, მოვლენებზე, ფაქტებზე, ადამიანებზე, კულტურებზე… სემიოტიკური ხედვა _ ღრმა და შორს ხედვაა, ასეთ ხედვას ფიზიკის მიღმაც გაჰყავხართ, სადაც ფორმები წყვეტენ ფორმად ყოფნას… სიტყვები წყვეტენ სიტყვად ყოფნას…

შენ ხარ მაღალი, ჩუმი და ჩემი ანუ პირველი სიყვარულის შესახებ

0

ღამეა. შუქი არ არის (როგორც ყოველთვის მაშინ), მე წიგნს ვკითხულობ (როგორც ყოველთვის მაშინ). ტარიელ ჭანტურიას პოემა ,,სპილოების სასაფლაოს”:

,,შენ ხარ მაღალი, ჩუმი და სხვისი
და მე მეშლები მშობლიურ ცაში…”
ლექსი სიყვარულზე არ არის, მამლუქებსა და სამშობლოს მონატრებაზეა, ეს სტრიქონები ეგვიპტის ცას ეძღვნება, მაგრამ ჩემთვის იმ წუთს ყველა ლექსი სატრფიალოა, რადგან მეექვსე კლასში ვარ და პირველად შემიყვარდა. ის, ვინც მიყვარს, მაღალია, ჩუმია და სხვისია (ალბათ) და ჩემს გულს რატომღაც ეშინაურება, ის, ვინც მიყვარს, ჩემთვის ეგვიპტის ცაა; ესე იგი, ყველაფერი თავის ადგილზეა, შემიძლია კითხვა გავაგრძელო:
,,…ჩემს ნაფეხურებს, მე კარგად ვიცი,
ქვიშაში ცხელი სამუმი წაშლის…”
ამ სტატიის მთავარი გმირები ჩვენ ვართ, ინტერნეტგაზეთ ,,მასწავლებლის” ბლოგერები და ავტორები, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს პირველ სიყვარულს, სხვები ანონიმურად, მე კი, როგორც სტატიის ავტორს, ეს ფუფუნება არ მერგო. სწორედ ჩემი კოლეგის, ქეთევან კუპატაძის, შესანიშნავი წერილის,,სიყვარული ქიმიაა?” (სრულად სტატია შეგიძლიათ ამ მისამართზე იხილოთ: https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=7&npid=9&id=174) წყალობით გავიგე, რომ ჩემს იმდროინდელ გრძნობებზე პასუხს ნივთიერებათა მთელი კასკადი: დოფამინი, ენდორფინები, ოქსიტოცინი და სეროტონინი აგებდა. თუმცა ეს სიტყვები მე ჯერ გაგონილიც არ მქონდა (არც ერთ ლექსში არ შემხვედრია), საერთოდაც მეექვსე კლასში ვიყავი და ქიმიის სწავლა არც დამეწყო და თუ მართალი გინდათ, ეს ყველაფერი დღეს შუადღისას გავიგე მხოლოდ. კიდევ აი, რა გავიგე დღეს:
,ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ზემოთ აღწერილი ქიმიური რეაქციების კასკადი სრულფასოვნად (ანუ ყველაზე მძაფრად) მხოლოდ ერთხელ შეიძლება დატრიალდეს. ამით მეცნიერებს იმის თქმა სურთ, რომ ადამიანს ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეიძლება ეწვიოს.”
ქალბატონი ქეთევანი არ მიწყენს ალბათ, თუ მის სიტყვებს ჩემს ყოვლად დილეტანტურ მოსაზრებას დავუმატებდი, რომ ის ,,ერთხელ” ალბათ უმეტესად სწორედ პირველი სიყვარულია, როცა გამოუცდელ ორგანიზმს ნაკლები იმუნიტეტი აქვს თავსდამტყდარი ჰორმონული შემოტევის წინააღმდეგ.
ყოველ შემთხვევაში ჩემი კოლეგების ჩანაწერები ამაზე მეტყველებენ:
,,თავი მტკიოდა და მასწავლებელს ვთხოვე, სახლში დაერეკა. ბებიამ მომაკითხა. მასწავლებელმა დროებით გადამსვა მ ა ს თ ა ნ !!ბებო მოვიდა, წასვლა, ცხადია, აღრ მინდოდა. გამიარა-მეთქი, დავარწმუნე და უკან გავაბრუნე. ტკივილმა ცოტა ხანში მართლა გამიარა. ამოცანა გვეკითხება: სიყვარული კურნავს თუ მსხვერპლს ითხოვს? მეოთხეში ვიყავით.”
,,სკოლაში ხუთოსანი ვიყავი, ის ოროსანი და ასე ვთქვათ მოძველბიჭო, აი ისეთი სკოლაში რომ ავტორიტეტად ითვლება. ჰოდა, მაშინდელი წესების თანახმად მის გამოსასწორებლად და სამეცადინოდ მიმამაგრეს, ის კი მაინც არ “სწორდებოდა”. ყველა ჩემს დანახვაზე იპურჭყებოდა, ნაწნავს მწიწკნიდა და ერთსა და იმავეს მეუბნებოდა: – აუ, თავი დამანებე, რა! მე მაინც არ ვანებებდი, მით უმეტეს, რომ ამ დევნა–დევნაში შემიყვარდა. ერთ დღესაც, როცა მასწავლებელმა გამიძახა, ამაყად განვაცხადე, რომ გაკვეთილი არ ვიცოდი. ასე გავაგრძელე მთელი კვირა. გადაირივნენ მასწავლებლები, ჩემი მშობლები. ეს ჩემი მხრიდან გმირობის ტოლფასი იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა: მინდოდა ყურადღება მოექცია. ერთ დღესაც მეუბნება, გაკვეთილების მერე არ წახვიდე, შენთან საქმე მაქვსო. რა თქმა უნდა, დავრჩი. მიყურებს და ხმას არ იღებს. მერე უცბად მოვიდა და ლოყაზე მაკოცა, მიტრიალდა და და სანამ წავიდოდა მომაძახა: იმ კვირიდან ისევ ხუთოსანი უნდა იყოო. დღეს, ის ბიჭი ცოცხალი აღარაა, მაგრამ ის გრძნობა და კოცნა ხშირად მახსენდება.”
ესეც ჩემი ფავორიტი ისტორია:
,,მეექვსე კლასელი ვიყავი, ის – მეშვიდე. არ იცოდა, რომ ძალიან ვიტანჯებოდი. გაკვეთილები ყოველთვის ჩემზე გვიან უმთავრდებოდა. აუცილებლად უნდა გაევლო ჩემს სახლთან და ეს გზა ფანჯრიდან ცოტათი ჩანდა. ყოველ დღე ფანჯარასთან სუნთქვაშეკრული ვიდექი და ვიდრე გზის იმ პაწაწუნა მონაკვეთზე სულ რამდენიმე წამით გამოჩნდებოდა, საკუთარი გულის ბაგა-ბუგი მაყრუებდა. ერთი წელი!”
კიდევ ერთი ისტორია, რომელშიც მთელი ეპოქის სული ჩანს:
,, მე 80-იანებში ვიყავი მოსწავლე და მაშინ მაგარი სირცხვილი იყო სიყვარული და ამბები. მთელმა კლასმა იცოდა, ერთ კლასელ ბიჭს რომ ვუყვარდი, მაგრამ არ მეუბნებოდა. ჰოდა, ერთხელ, ექსკურსიაზე, ძმაკაცის პირით შემომითვალა. ეს მოვიდა და მეუბნება, იმას უყვარხარო. იმას იმის მერეც არ უთქვამს არაფერი, უთქმელად ვითვლებოდით შეყვარებულებად. ახლა ამ მხრივ უფრო მარტივადაა ყველაფერი. სიყვარული სირცხვილი აღარაა.”
სრულიად სერიოზულად მგონია, რომ პირველი სიყვარული არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც სკოლის პერიოდიდან ვიღებთ, შეიძლება ცოდნაზე, განათლებასა და ბავშვობის მეგობრებზეც არანაკლებ მნიშვნელოვანი. ძალიან ხშირად იგი ადამიანების ,,აღმზრდელად” იქცევა და ფასეულობათა ისეთ სისტემას უქმნის, რომელიც მის შემდგომ ცხოვრებაში ბევრ რამეს უყრის საფუძველს. არაერთი ფილმისა თუ ნაწარმოების თემადაც ქცეულა, თუ როგორ განაპირობა ადამიანების ბედისწერა მათმა პირველმა, სიყრმისდროინდელმა გრძნობამ. უარყოფილი ბავშვობისდროინდელი სიყვარული ხშირად იქცევა საუკეთესო მოტივატორად წარმატების, წინსვლის, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნისა და რასაკვირველია, უფრო იღბლიანი სასიყვარულო ურთიერთობის ფორმირების თვალსაზრისით.
პირველი სიყვარულის შედეგების გაანალიზებისას მოზარდს უყალიბდება კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს თვითონ, რომ სიყვარული დაიმსახუროს და როგორი უნდა იყოს ანდა არ უნდა იყოს მისი მომავალი მეორე ნახევარი. ჩემი ერთ-ერთი კოლეგა სკოლისდროინდელ გატაცებას ,,ყველაზე შავ-თეთრ მოგონებას უწოდებს” და იხსენებს:
,,მეც მომწონდა ერთი ბიჭი, რომელსაც ფეხბურთი უყვარდა და გეოგრაფიის ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა. ჰოდა, რუკასთან რომ იდგა და მასწავლებელს ესპანეთზე ედო ჯოხი, მე ვჩურჩულებდი: რაული-მეთქი. ბრაზილია პელე იყო და ასე…”
ეს კოლეგა ახლა ცოლია ჩემი მეგობრისა, რომელმაც, სხვათა შორის, გეოგრაფიაც და სხვა ყველაფერიც იცის დედამიწის ზურგზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ვერავინ ჰკითხა რამე ისეთი, რაზეც პასუხი არ ექნებოდა. ასე ვსწავლობთ ხანდახან ჩვენს პირველ შეცდომებზე.
ხანდახან კი არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, ისეთი მშვენიერია ჩვენი მოგონებები:
,,დღემდე მგონია, რომ ყველაზე კარგი ბიჭი, ჩემგან მოწონებულებს შორის, ზუსტად ეგ ბიჭი იყო”.
ჩვენს პირველ სიყვარულებს, გარდა იშვიათი შემთხვევისა, ჩვენს აწმყოში თითქმის აღარანაირი ადგილი აღარ უკავიათ, მაგრამ მაინც არ გვასვენებს კითხვა: ვახსოვართ კი იმათ, ვინც არასოდეს დაგვავიწყდება. ეს მოგონება ყველაზე მეტად მომხვდა გულზე:
,,ვიცი, რომ დღემდე აქვს შენახული ჩემი ერთი ლექსის ხელნაწერი”.
მე კი სოციალური ქსელის საძიებო სისტემაში მისი სახელი და გვარი ჩავწერე; მისი ოდესღაც საკრალური სახელი და გვარი, რომელსაც თურმე უამრავი ადამიანი ატარებს საქართველოში და ბოლოს სურათზე ძლივს ვიცანი ძალიან გასუქებული მოჭიდავე, რომელიც თურმე ბირმინგემში ცხოვრობს და ექსტრემალური რალის ვიდეოებით სულდგმულობს. კინაღამ სიცილით მოვკვდი.
არა, რა შუაშია ეს ზორბა კაცი. ჩემი პირველი სიყვარულის სურათი ასეთია: ლამპასთან ვზივარ, წიგნს ვკითხულობ, ღამის ათი საათია, მის ნახვამდე თერთმეტი საათიღაა დარჩენილი, რომელთაგანაც ცხრა ძალიან სწრაფად, ძილში გავა.
 

ნოდარ წულეისკირის აბო

0
მაშინ ჯერ კიდევ ჯავახეთში ვასწავლიდი. ერთი ჩანთით დამქონდა წიგნები თბილისიდან, წავიკითხავდი, უკან ჩამოვიტანდი და მერე თავიდან. ერთხელ, ყველა რომ გამომელია, სკოლაში დავიჩივლე და ქართულის მასწავლებელმა წიგნი მაჩუქა: ნოდარ წულეისკირის „დავით აღმაშენებლის ქვა”. რამდენიმე მოთხრობა იყო ერთად დაბეჭდილი. ეს წიგნი ახლაც წინ მიდევს და ვწერ.
ბიოგრაფიულ დეტალებს შემდეგ გავეცანი. გავიგე, რომ მუშაობდა კულტურის მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობებზე. მდიდარია მისი ლიტერატურული ბიოგრაფიაც, რომელიც 1956 წელს დაწყებულა. წულეისკირის რომანის „აფთრების” სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება”. მისი ნაწარმოებები ათამდე ენაზეა თარგმნილი. 
 
„დავით აღმაშენებლის ქვა” დღეს სასკოლო სასწავლო პროგრამაშია შეტანილი, მაგრამ მე მის სხვა ტექსტზე მინდა შევაჩერო ყურადღება. „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი” ერთგვარი თანამედროვე გადაწერაა ძველი ჰაგიოგრაფიული ტექსტის. იდეაციონალურ ხანაში დაწერილი ჰაგიოგრაფიული ძეგლის გრძნობად ეპოქაში თანამედროვე სიუჟეტურ ფორმაში გადმოტანა, სარისკოც არის და საინტერესოც როგორც მწერლისათვის, ასევე მკითხველისთვის. ქართულ ლიტერატურაში ძველი ტექსტების მსგავსი გადააზრება იშვიათია, თუ პოეტურ ტექსტებს არ ჩავთვლით. 
 
მხატვრული ტექსტი, რომელიც არ განიხილება კრიტიკოსთა მიერ, მის სხვადასხვა ტიპის შრეებზე არ მიდის კვლევა-ძიება და, რაც მთავარია, არ იძლევა ინსპირირების ან თავისივე ადაპტირების საშუალებას, მკვდარია თანამედროვეობისათვის. საქართველოში ასეთ რამეს ყოველთვის ერიდებოდნენ და მეტ-ნაკლებად ახლაც ერიდებიან მწერლები, საზოგადოების ერთი ნაწილისაგან მოსალოდნელი რეაქციების გამო, რომ არ შეიძლება ძველი დროის მწერალთა ტექსტების შეცვლა, თანამედროვე სამეტყველო-სააზროვნო ენაზე და ფაბულაზე მორგება და ამ საქმეს თითქმის პირველყოფილ ცოდვას ადარებენ. ნოდარ წულეისკირმა კი, გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვი, გაბედა და ჰაგიოგრაფიული ტექსტის თავისი ვერსია შეთავაზა მკითხველს. 

 
დღესდღეობით სკოლებში მხატვრული ლიტერატურის სწავლებისას მთავარ პრობლემად რჩება ტრაფარეტული, დოგმატიკური ახსნა-განმარტება სახე-სიმბოლოების, შინაარსის და მწერლის პოზიციისა. ყველამ იცის, რომ ვაჟას არწივი საქართველოს სიმბოლოა, თეიმურაზ ხევისთავი – დაბეჩავებული თავად-აზნაურობის, გალაკტიონმა „მერი” მიუძღვნა მერი შერვაშიძეს და ა.შ. ერთი სიტყვით, კურიოზული სიტუაციაა, ყველა (ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით) შეთანხმებულია იმაზე, რაც მუდამ ვარიაციების, ახალი აზრისა და იდეების წარმოშობის და პიროვნების, თუ ლიტერატურის განვითარების საფუძველი უნდა იყოს. 
ძალიან კარგი და საინტერესო იქნება, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა მოსწავლეებს შესთავაზონ, სასკოლო პროგრამაში არსებული ტექსტების ადაპტირება, მათეული ვერსიის შექნა, წარდგენა. ამისათვის განსაზღვრული უნდა იყოს რაღაც ლოგიკური დრო, ზამთრის ან ზაფხულის არდადეგები და სამიზნე ჯგუფი ძირითადად საბაზისო განათლების მქონე მოსწავლეები უნდა იყვნენ, თუმცა დაწყებითი კლასების მოსწავლეებთანაც რაიმე შემზადებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს ზემოთქმულის განსახორციელებლად. 
ნოდარ წულეისკირის მდიდარი და საინტერესო ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ გავიგე, რომ 1992 წლიდან მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში სკოლის დირექტორად და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა და მისი პიროვნული თვისებებითა და ხასიათითაც დავინტერესდი. ჩვენს ელექტრონულ გაზეთში მისი შრომა თავისი სკოლისათვის  ძალიან დაწვრილებით და კარგად აღწერა ბატონმა როსტომ ჩხეიძემ. აღარ მოვყვები მე ამ ყველაფრის გამეორებას, უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვუთხრა მასწავლებლებს, მოსწავლეებს – მიბაძეთ ნოდარ წულეისკირს და წერეთ თქვენეული „ვეფხისტყაოსანი”, ჰაგიოგრაფიული ტექსტები, უფრო გვიანდელი ლიტერატურა. ისაუბრეთ, იკამათეთ. განა ესეც ერთგვარი ხიდი არაა წარსულსა და აწმყოს შორის?.. ლიტერატურაც ესაა, სადღაც ერთ უსასრულო სივრცეში მორიალე სულების, საგნების, მოვლენებისა და იდეების მკრთალი ნათელი. ზოგჯერ მაინც ხომ საჭიროა, რომ ამ ნათელში დიდი შუქი აანთოს ვინმემ?!. 

მეც ვარ ბესო

0

მახსოვს, სულ სხვა შეგრძნება იყო, პირველად რომ მაგნიტოფონი მაჩუქეს. პატარა ვიყავი, ასე 11-12 წლის, ალბათ. მანამდე მსგავსი ფუფუნება სად იყო – ასეთი დრო იდგა. მაშინ „ცვეტამუზიკებიან” მაგნიტოფონს ვეძახდით, ერთი კასეტა იდებოდა და დინამიკებზე ფერადი ნათურები ჰქონდა დამაგრებული, რისი წყალობითაც ნამდვილ ჯადოქრობას სჩადიოდა: რომ ჩართავდით, ეს ნათურები რიგრიგობით ანათებდა და ჩემი ნაცრისფერი 90-იანების უკანასკნელ წლებს მოჩვენებითი ფერადოვნებით ალამაზებდა. ამ მაგნიტოფონს კიდევ ერთი უნიკალური თვისება ჰქონდა: ხმის ჩაწერა შეეძლო. აი სწორედ ეს ფუნქცია აღმოჩნდა ჩემი მთავარი საჩუქარი. ჩავიკეტებოდი ხოლმე ერთ-ერთ ოთახში და ათას სისულელეს ვწერდი ერთსა და იმავე კასეტაზე, რამდენიმეჯერ. ახლა რომ ვიხსენებ, ალბათ 10-11-ჯერ მაინც მექნება ის კასეტა თავიდან ბოლომდე გავსებული. ბოლოს ვეღარ გაუძლო და არც კი მახსოვს რა მოუვიდა. მაგრამ საოცრება იყო ეს საკუთარი ხმის მოსმენა და რა უნდა მექნა, ალბათ, იმ ველურს ვგავდი, სარკე რომ პირველად დაინახა და შეეშინდა საკუთარი ანარეკლის. ჩემთვისაც ცოტა უცხო იყო საკუთარი ხმა, არ მჯეროდა რომ სწორედ ასე ისმოდა ჩემი ლაპარაკი, ასე.. ბავშვურად. ვკითხულობდი ლექსებს და ვიწერდი, ვმღეროდი და ვიწერდი, ვლაპარაკობდი და ვიწერდი, ხმამაღლა ვფიქრობდი და ამასაც ვიწერდი, შემდეგ კი ვუსმენდი ყველაფერს და რაღაცნაირი გაუაზრებელი კმაყოფილება მიპყრობდა, უკვე ოდნავ უფრო დიდი კაცი ვიყავი, ვიდრე ჩემი თანატოლები, იმიტომ რომ ჩემი ხმა კასეტაზე იყო, შემეძლო ჩამეწერა ნებისმიერი რამ და შემდეგ ეს კასეტა გამარჯვებული სახით გადამეცა ჩემი მეგობრისთვის, თან დამეყოლებინა: „მოუსმინე, კარგი რამეა”. აი სწორედ ისე, როგორც ერთხელ მან Eminem-ის კასეტა მომცა და მე, მიუხედავად იმისა, რომ მომეწონა და ბევრჯერ მოვუსმინე, საპასუხოდ მაინც Metallica დავუბრუნე, რითიც ჩემს მუსიკალურ გემოვნებას გავუსვი ხაზი: Rock 4ever! Ye!

4 თებერვალს კინოთეატრებში ახალი ფილმი გამოჩნდა, დებიუტანტი ქართველი რეჟისორის, ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესო”. თუმცა 4 თებერვლამდე ფილმმა რამდენიმე ფესტივალი მოიარა, მათ შორის თბილისის კინოფესტივალიც, რომლის ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა კიდეც.


ფილმის მთავარი გმირი 14 წლისაა, ბესო ჰქვია და რეპერობაზე ოცნებობს. ბესოს დიქტოფონი აქვს, რომელშიც პერიოდულად თავისივე დაწერილ რეჩიტატივს იწერს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა სოფლიდან მოშორებითაა, გარშემო არავინაა და არავინ უსმენს. ბესოს მსმენელები ჯერარ სჭირდება, ან სულაც სჭირდება, მაგრამ იცის, რომ ჯერ ვერ გაუგებენ, თუმცა ეგ არაფერი, ამ რეპს შემდეგ სტუდიურად ჩაწერს და ისეთივე მდიდარი გახდება, როგორც აი ისინი, კადილაკებს რომ აქანავებენ და ოქროს დიდი ჯაჭვები რომ ჰკიდიათ. ეს არაა ფილმი თეთრსა და შავზე, კარგსა და ცუდზე, ბესოსაც ერთი შეხედვით ვერ შეატყობთ უბედურია თუ ბედნიერი. პრინციპში, ბესო არც უბედურია და არც ბედნიერი, ბესო ბესოა, თავისი ჯალაურთელი ძმებით, ჩერნობილგამოვლილი და შესაძლებლობებწართმეული მამით, რიჟრაჟიდან დაღამებამდე მომუშავე დედით და ცეკვის მასწავლებელი ჰომოსექსუალი ძმით. უცნაურია, რომ მთელი სამოქმედო არეალის ესთეტიკა შეიძლება ერთი დანგრეული შენობით აღიწეროს, რომელიც, როგორც ვიგებთ, ერთ დროს კულტურული ძეგლი ყოფილა. ბესოს ბავშვობაც ამ შენობას ჰგავს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ფილმი სენტიმენტებითაა გაჭყეპილი და რეჟისორი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ცრემლი დააღვრევინოს მაყურებელს მძიმე სოციალური ფონისა თუ ბავშვური პრობლემების ჩვენებით, არა, სულაც არა.. და ეს „სულაც არა” კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის ფილმს, საერთოდაც, სიტყვას მოყვა, თორემ ფილმზე რეცენზიის დაწერას არ ვაპირებდი.. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან სუბიექტური ვიქნები, რადგან ფილმი ძალიან მომეწონა და არც კინოკრიტიკოსობაზე ვაცხადებ პრეტენზიას. უბრალოდ მთელ იმ სივრცესა და მოვლენებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომელიც ფილმშია აღწერილი. განსაკუთრებით კი იმ ემპათიაზე, რომელიც მე, რიგით მაყურებელს, ბესოს მიმართ გამიჩნდა და რომელიც, დარწმუნებული ვარ, ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად თქვენც გაგიჩნდებათ. საერთოდაც ესაა ფილმი, რომელიც ახერხებს ემპათია გაუჩინოს მაყურებელს ყველა პერსონაჟის მიმართ. რთულია გაიგო, ვინ ვის უბედურებაშია დამნაშავე და ვინ როგორ უნდა დაიძვრინოს ამ უბედურებისგან თავი, მარტო ყოფნით, აგრესიისგან დაცლით თუ უბრალოდ, გაქცევით.

რა თქმა უნდა, ჩემ „ცვეტამუზიკებიან” მაგნიტოფონზე ამბავი ტყუილად არ მომიყოლია. „მე ვარ ბესო” პირველი ფილმია თანამედროვე ქართულ კინოში, რომელშიც ამდენი სინამდვილე, ამდენი აღიარება ვიპოვე. განსაკუთრებით ბოლო წლებში ქართული კინო, ავად თუ კარგად, აღმასვლას განიცდის და ეს როგორც ფილმების გადაღების სიხშირეზე, ასევე მათ ხარისხზეც აისახება. თუმცა ჯერ არცერთ სხვა შემთხვევაში არ გამჩენია შეგრძნება, რომ ფილმი სწორედ ჩემ თაობაზე და მის პრობლემებზე საუბრობდა. ეს ლოგიკურიცაა, ახლა ქართულ კინოში ყველაზე აქტიური ის თაობაა, რომელიც თავის მოგონებებზე, თავის ტკივილებზე იღებს ფილმებს და მთელი ეს მოგონებები ძირითადად 90-იან წლებს უკავშირდება. ლაშა ცქვიტინიძე კი ჩემი თანატოლია, ჩვენ ორიათასიანების დასაწყისის პრობლემებით ნასაზრდოები თაობა ვართ და არა ომზე, არამედ ომის შემდეგ დამდგარ მშვიდობაზე ვწერთ და ვიღებთ. მშვიდობაზე, რომელმაც რიგ შემთხვევებში, იმედგაცრუებულ ადამიანებს ომის ნოსტალგიაც კი მოუტანა. ჩვენ, ისევე როგორც ბესო, ისეთი პერსონაჟების გარემოცვაში გავიზარდეთ, რომლებმაც ერთხელ უკვე ჩაწერეს დიქტოფონზე საკუთარი რეპი და შემდეგ ეს კასეტები დიდ კოცონში შეყარეს, რადგან არავინ იყო მისი მსმენელი. იმ პერსონაჟების გარემოცვაში, რომლებმაც ომის შემდგომი მშვიდობის სიტკბო მთელი ნოყიერებით იგემეს და ბოლოს ისღა დარჩენოდათ, რომ შესაბამის შემთხვევებში მაინც ამოენთხიათ მთელი დაგროვილი ბოღმა და ბესოს მამასავით წამოეძახათ: 

„აააეეე, ურრრურრრუუუ!”

ეს ფილმის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია. ბულინგი, პიროვნების დაკნინება, უიმედობა, ოჯახური პრობლემები, ქუჩა, სკოლა, აუხდენელი ოცნებები, გზააბნეულობა – თუ თვლით, რომ ამ თემებიდან ერთ-ერთი მაინც გაინტერესებთ ჩემ თაობასთან მიმართებაში, მაშინ მოასწარით და ნახეთ „მე ვარ ბესო”. ნახეთ და მერე, როცა მარტო დარჩებით სადმე ოთახში, თქვენი ვალდებულებების, სოციალური სტატუსის, პასუხისმგებლობების და „ჩინ-მენდლების” გარეშე, ადექით და გარეპეთ: „მე ვარ ბესო და არ ვლაპარაკობ ბევრსო, მხოლოდ ვასრულებ ჩემს მოვალეობებსო” და ა.შ.


„მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო…“ ანუ რისთვის ვასწავლოთ?

0

სწავლების პროცესი ხანგრძლივი, წინასწარ გაწერილი, ინოვაციებით დატვირთული და შედეგზე ორიენტირებული ქმედებაა, რომლის საბოლოო მიზანი, პირველ რიგში, პიროვნების სრულყოფა და ადამიანის მოქალაქედ ჩამოყალიბება უნდა იყოს. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, მასწავლებელმა განსაზღვროს, რა კონკრეტულ უნარს ავითარებს ბავშვში ამა თუ იმ საგნის/დისციპლინის სწავლება. ყველა საგანი თავისებური და სპეციფიკურია, შესაბამისად, სასწავლო მიზანიც სხვადასხვაა. თუმცა არ არსებობს საგანი, რომელიც მოზარდის მოქალაქედ ჩამოყალიბებას არ უწყობდეს ხელს. სწავლების პროცესში ერთნაირად მნიშვნელოვანია: მოსწავლემ შეძლოს ცოდნის მიღება, უნარების განვითარება და ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

პროექტებით სწავლება, ანუ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლეში უპირველესად პრობლემის გადაჭრისა და შესაძლო გამოსავლის ძებნის უნარს ავითარებს. სწორად დაგეგმილი ეს მეტად მნიშვნელოვანი აქტივობა მოზარდის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. პროექტზე მუშაობის პროცესში ერთდროულად შესაძლებელია დამოუკიდებელი აზროვნების, შემოქმედებითი და ორიგინალური აზროვნების, წერის, ზეპირმეტყველების, ისტ-ის გამოყენების, გუნდური მუშაობის პრინციპების, სწორ დამოკიდებულებაზე დაფუძნებული ემპათიისა და ერთმანეთის სიყვარული უნარების განვითარება.

ჩამოთვლილ უნართაგან ყველა კარგავს აზრს, თუ მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში (და არა მხოლოდ) მოზარდის სოციალიზაციასა და მოქალაქედ ჩამოყალიბებას არ უწყობს ხელს. რას მისცემს მოზარდს, გარდა ტექსტის ცოდნისა, ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი”, თუ ეს შესანიშნავი მხატვრული ნაწარმოები თანამედროვე პრობლემის ჭრილში არ დავანახეთ?! თუ ბავშვს გაკვეთილის დასრულების შემდეგ კვლავ შეუძლია გულგრილად მოექცეს მოხუცებულს, თუ გარიყული და ყველასაგან მიტოვებული ბებია-ბაბუები მათთვისაც მნიშვნელობადაკარგულ ადამიანებად დარჩებიან, ჩავთვალოთ, რომ არაფერი გაგვიკეთებია! ახალ ინფორმაციას შინაგანი განმტკიცება სჭირდება. მიღებული ცოდნის განმტკიცებაში კი უდიდეს როლს თამაშობს სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საკითხის სწავლების დაგეგმვისას.

ტექსტი არ არის ერთადერთი რესურსი, საიდანაც მოსწავლე ინფორმაციას იღებს. ადამიანები ცოდნასა და გამოცდილებას დიდწილად გარემოდან იღებენ. მოსწავლეებს შეუძლიათ, დააკვირდნენ თავიანთ სოციალურ გარემოს და იკვლიონ იგი სწორედ იმ თვალსაზრისით, რა იდეის მატარებელიც არის მხატვრული ტექსტი – დააკვირდნენ, შეადარონ, შეაფასონ კონკრეტული პრობლემა და დასახონ მისი მოგვარების გზა. ამისათვის კი საუკეთესო აქტივობებია პროექტებსა და კვლევებზე მუშაობა, რასაც დიდი ინტერესით ახორციელებენ სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები.
ამ ტიპის აქტივობის განხორციელებისას ხშირად აღმომიჩენია ყველაზე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეში გასაოცარი უნარისა და ხედვის მქონე ადამიანი. მაგალითად, VII კლასის მოსწავლეებთან ვიმუშავე პროექტზე – „როგორ ცხოვრობს ხმელი წიფელი XXI საუკუნეში?” ერთ-ერთი კომპონენტი იყო შემოქმედებითი უნარის გამოვლენა. მოსწავლემ პლასტელინისგან დაამზადა მაკეტი, რომელზეც ლამაზ სკვერში მხიარულად მოთამაშე ბავშვები და ყურადღებიანი მშობლები იყვნენ გამოსახულნი. ცალკე კუთხეში კი ყველასაგან უყურადღებოდ, უსახლკაროდ მიტოვებული ბაბუა და პატარა ლოკოკინა მიმზერდა. როცა მოსწავლეს ვკითხე, რატომ დასჭირდა ლოკოკინის გამოძერწვა, მან მიპასუხა: „ლოკოკინასაც კი აქვს სახლი, ბაბუ რატომ უნდა იყოს თავშესაფრის გარეშე?!”

სწავლების მიზანი არის არა თეორიული ცოდნის გადაცემა და მისი შეფასება, არამედ ახალი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, გათავისება.

პრობლემაზე ორიენტირებული პროექტის გაგრძელება შესაძლებელია გრძელვადიან რეჟიმში, თუ მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი სატკივარი ხანდაზმული ადამიანების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაა, ისინი თავად დაგეგმავენ ამ საკითხზე მუშაობისა და პრობლემის მოგვარების მომდევნო აქტივობებს.
პროექტზე მუშაობის ეტაპები:
როგორ ცხოვრობს ხმელი წიფელი XXI საუკუნეში?
 
პროექტებზე მუშაობა საშუალებას აძლევს მასწავლებელს – შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და ინტერესი სამყაროს შემეცნების მიმართ. საკითხის შესწავლასთან ერთად მას ამ საკითხზე სწორი, ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს .

სახლი – რომელსაც ვკარგავ

0

ფასანაურს და გუდაურს შუა, სამხედრო გზაზე ერთი პატარა სოფელია – ნაღვარევი.

18-20 კომლი იქნება. ჩემი დიდი პაპა, პავლე, გაღმა სოფლიდან გამოსულა და დასახლებულა. გაღმა უფრო მზიანია, ბალახიც უკეთესია და საქონელსაც რძე უფრო ღალიანი უდგებაო, ამბობენ. ეტყობა, პავლემ გზასთან სიახლოვე ირჩია და არც შემცდარა. გაღმა აღმართებზე ფეხით სიარულის თავი ნამდვილად არ გვაქვს მის გაქალაქელებულ შთამომავლებს.

პავლემ რომ სახლი დატოვა, ის მე არ მომსწრებია. პაპაჩემი ფრონტზე დაიღუპა. დარჩა ბებიას დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს დაბადებული მამაჩემი და 4 წლის მამიდაჩემი.

ბებია საწყალი ქვრივი არასდროს ყოფილა, ოთარაანთ ქვრივივით ძლიერი იყო, ძლიერიც და კეთილიც. სოფელსაც აშინებდა და არც ის მახსენდება, როდესმე უზარმაზარი სუფრის ალაგება-დაბინავების შემდეგ საჭმელების კალათში ჩალაგება და გაჭირვებული მეზობლისთვის სოფლის ბოლოში გადატანა დაზარებოდეს.

შვილის სიკვდილსაც მოესწრო, მაგრამ ვიღაცამ რომ უთხრა, ოთარაანთ ქვრივივით ხარო, საშინლად იუკადრისა, იმას არავინ დარჩა, მე შვილიშვილები დამრჩნენ, მაგას როგორ მკადრებო.

ის სახლი, რომელსაც მეც მოვესწარი, ბებიას აშენებული იყო. იმასაც თავისი, მხოლოდ იმ დროისთვის დამახასიათებელი ისტორია ჰქონდა.

50-იან წლებში საბჭოთა მთავრობას მორიგი ბრძანება გაუცია, ვისაც ხარები გყავთ, სახელმწიფოს უფასოდ უნდა ჩაგვაბაროთო. ბებიას წყვილი ხარი ჰყოლია.

იცი, შვილო, რამოდენა ჯანი უნდა იმათ გაზრდას, იმათთვის თივის თიბვას, 7 კილომეტრზე სათიბში ასვლას და მუშაობას, იმათ როგორღა დავთმობდიო, – გაოცებული ყვებოდა ხოლმე.

მოკლედ, წაუყვანია ეს ხარები და პირიქითა ხევსურეთში თავისი მამამთილის ძმადნაფიცთან დაუმალავს. ღამე მიდიოდა ტყე-ტყე და დღისით იმალებოდა უიარაღო, ხმლის ანაბარა.

ამ ჩამორთმევის ამბავს რომ გადაუვლია, ორ წელიწადში უკან გადმოურეკავს ეს ხარები, გაუყიდია და იმ ფულით აუშენებია ის სახლი, რომელიც 1979 წლამდე გვქონდა.
მერე მამამ ახალი სახლი აგვიშენა.
თუკი ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, მე იმ სახლიდან მოვდივარ.

მარტო ზაფხულობით კი არა, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დავადგებოდით გზას, მამას თავს რომ შევაწყენდით კითხვებით: – მალე მივალთ, მალე მივალთო? ხუმრობით დაგვიცაცხანებდა: – თქვენნაირად კომფორტულად თამარ მეფეც ვერ მგზავრობდაო და გზაც გაილეოდა.

რაღაც ხომ უნდა გახსოვდეს ადამიანს ისეთი, მოგონებისას თვალები დახუჭო და ცხვირის ნესტოები სიამოვნებით აგითრთოლდეს.

მე ეგეთად ნაღვარევში ასვლა მახსოვს. ზამთარში მარტო ბებიას ოთახი თბებოდა. უზარმაზარ თოვლში, საშინელ ყინვაში ამ ოთახის კარს რომ შეაღებდი და სითბო, შეშისა და შემწვარი ვაშლის სუნი ერთად რომ გეცემოდა, აი, ის იყო სახლში დაბრუნება!

რომ გაიზრდები, სადღაა სახლში დაბრუნება და ეგეთები. თუ ახვალ, ბებიას შემწვარ ვაშლებს კი არა, საქმეს უნდა ეცე. აღარც ბებიაა, აღარც თავისუფლება, სახლიც ცივია და გასათბობი.

და იწყებ საქმეს, იწყებ ლაგებას. რაღა თქმა უნდა, შენს ასვლამდე წამოზრდილი დისშვილები ყოფილან მეგობრებთან ერთად და ყველაფერი ისე არ დაუტოვებიათ, შენ რომ ისურვებდი. ჰოდა, ცდილობ აღადგინო შენი წესრიგი. ნივთებს შენთვის მისაღები ადგილები მიუჩინო, რომ მერე ამაყად მიმოიხედო და ჩემიაო, – თქვა.
არადა, აღარაა შენი.

ამ ზაფხულს ჩემმა დამ და მე პირველად დავტოვეთ ბავშვები მარტო. ჩვენები, იმათი მამიდაშვილები, ბიძაშვილები, 12-16 წლისანი.

ისეთი მოწამლულები დაგვხვდნენ თავისუფლების სურნელით, მთელი ზამთარია, იხსენებენ და სამომავლო გეგმებს აწყობენ. ეს ფოტოც ერთ-ერთი მათგანის შიოს გადაღებულია.

შემოდგომაზე უკვე ხელი ჩავიქნიე. აღარ ლაგდება ეს სახლი ჩემს გემოზე. გამირბის და თავის ცხოვრებას იწყებს. უფრო არეულს, ლაღს, მაგრამ უკეთესს.

რატომ მოვყევი ნაღვარევის ისტორიას?

პროფესიიდან გამომდინარე სულ 16-20 წლის ახალგაზრდებთან მაქვს საქმე. თითქოს არავინ ვარ მათთვის, ზოგიერთს უბრალოდ კვირაში ერთხელ უზარმაზარ ჯგუფში ვუკითხავ ლექციებს და სემესტრი ისე გადის, ყველას სახელსა და გვარს ვერც ვიმახსოვრებ. და მაინც, ხდება ხოლმე, მოდიან და თავიანთ გულისტკივილს შემომჩივიან. რა აწუხებს ამ დროს ადამიანს? მშობელი, რომელიც ბოჭავს თავისი მოთხოვნებითა და ღირებულებებით და რომელსაც არაფრის დათმობა არ უნდა. რომელსაც ამ შუა ასაკამდე უკვე დაულაგებია თავის ირგვლივ ცხოვრება: მთავარი ღირებულებები – ცალკე; კომპრომისები – ცალკე; დამცხრალი და დაბლაგვებული ოცნებები – საიმედოდ გადამალული; ამბიციები? რაც თვითონ ვერ დაიკმაყოფილა, შვილები შეძლებენ. შვილები იქნებიან ისე ბედნიერები, როგორც მათ წარმოუდგენიათ. არადა, ეს შვილები არა მხოლოდ მიდიან ჩვენგან, თან ამ ჩვენს დალაგებულ ცხოვრებასაც ყირაზე აყენებენ. მაგრამ, მიუხედავად ამბოხისა, ძალიან სჭირდებათ უფროსი ადამიანის თანადგომა. ისე სჭირდებათ, სახლში თუ ვერ იპოვეს, გარეთ ეძებენ.

„ ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა წაიღო…

დედაშვილობაში შენ-ჩემობა რად არის? – ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავის თავსა. დედაშვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით ორი თვალი არა ჰქონოდა, თუ აქვს, რად უჭრის, ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? – რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, – რა საკითხავია დედაშვილობაში?.. ვაი რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედაშვილობაცა!

დიდხანს იტრიალა ამ ფიქრის მორევში გულმა და გონებამ ოთარაანთ ქვრივისამ. მერე თითქო რაღაც ხიდი გაიდოვო მორევიდან გამოსასვლელად, წამოდგა ფეხზედ და ხმამაღლა სთქვა:

არა, შვილო!.. შენ გაიხარე, შენ!.. მე კი.. მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ…”

ამ ციტატაში ყველაზე მეტად დასაწყისი მომწონს: „ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა წაიღო”. არაფრით არ შეიძლებოდა, გიორგის დედა გრძნობებს აჰყოლოდა და ისე გაეშვა შვილი. უთანასწორო საზოგადოებაში, სადაც მარტო დარჩენილ ქალს ჩაგრავენ, ზედ უვლიან და მხოლოდ მაშინ უთანაგრძნობენ, თუ მორჩილად დაიჭერს სუსტის და საწყლის ადგილს, ოთარაანთ ქვრივმა შეძლო, რომ საკუთარი და ოჯახის ძლიერების ციხე-სიმაგრე ამოეშენებინა. გიორგის მოჯამაგირედ წასვლით ამ ციხე-სიმაგრეს ჩრდილი ადგებოდა. როგორ შეიძლებოდა ამის დაშვება? ამას გული არასდროს უკარნახებდა. ამას ფიქრი სჭირდება. ფიქრი უკეთესი მოკავშირეა.

მიდიან ჩვენი შვილები მარტოკები, არაფრის მქონენი, ჯერ ვერც სახლზე იტყვიან, ჩემიაო, ვერც წლებით გამყარებულ სტერეოტიპებს შეაფარებენ თავს. მიდიან თითქოს უშიშრად – უქონელი ადამიანი უფრო თამამია, მაგრამ მაინც ეშინიათ. უნდათ, ამ აბორგებულ ბოდიალში სადმე ახლოს უფროსიც ეგულობოდეთ და ჭკუის სწავლებას კი არა, თანადგომას ითხოვენ.

ჩვენც გვიჭირს. გვეგონა, სიმშვიდის რაღაც კედლები ამოვიშენეთ, რაღაც ადგილი მოვნახეთ, რომლის დათმობაც ადვილი არაა, მაგრამ იქით, ამ კედლებს მიღმა იქნებ უკეთესი, საინტერესო სამყაროა. იქნებ ყველაფერი, რასაც წლების მანძილზე მივეჩვიეთ და სიმშვიდის გარანტად მივიჩნიეთ, შეუმჩნევლად გვექცა ბორკილებად და სინამდვილეში, ჩვენც გაცილებით მეტი შეგვიძლია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი შვილები ამას ელოდებიან.
 
 
 
 

ვანდა და მეფის შთამომავალი

0

8 თებერვალს პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებიდან 97 წელი გავიდა. სამწუხაროდ, მედიას ეს თარიღი, ფაქტობრივად, არ გახსენებია, ამიტომ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ ამ შეცდომის გამოსწორებას შევეცდებით. მით უმეტეს, უნივერსიტეტის დაფუძნება მხოლოდ მსოფლიოსა და რუსეთის იმპერიაში ცნობილ მეცნიერთა სახელებს არ უკავშირდება – განათლებისა და მეცნიერების ქართულენოვანი კერის დამაარსებელთა შორის მასწავლებლებიც, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელთა პედაგოგებიც იყვნენ. მათ შესახებ ცოტამ თუ იცის. დღეს ორი შესანიშნავი მწიგნობარი ქალის გაცნობას გთავაზობთ.

თსუ-ის ერთ-ერთი პირველი ლექტორი ვანდა ჰოპე-ღამბაშიძე გახლდათ. ის ივანე ჯავახიშვილმა მოიწვია უნივერსიტეტში ინგლისურის მასწავლებლად. ნიუ-ჯერსიში დაბადებული პედაგოგი რამდენიმე წლის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, უმაღლესი სასწავლებლის დაარსებამდე კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მასწავლებლად მოღვაწეობდა.

თავდაპირველად, 1897 წელს, ვანდა ჰოპე-ღამბაშიძე იმერეთში, სოფელ შორაპანში დასახლდა. მისი მეუღლე ვახტანგ ღამბაშიძე სოფლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა, თავად კი ადგილობრივ ბავშვებს ეხმარებოდა უცხო ენის შესწავლაში. მოგვიანებით ის თბილისის ქალთა სასწავლებლების ხშირი სტუმარი და დამხმარეც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ, თანამედროვე ქართველი მასწავლებლების მსგავსად, ამერიკელი მხოლოდ ერთ დარგში მოღვაწეობას არ სჯერდებოდა და თვითრეალიზებას სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდა. კერძოდ, ვანდა ჰოპე-ღამბაშიძე საქართველოს პირველ რესპუბლიკაში „წითელი ჯვრის” წარმომადგენლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1918-1920 წლებში იგი თავის მოსწავლეებსა და სტუდენტებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იდგა და ჰუმანიტარულ მისიას შესანიშნავად ართმევდა თავს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვანდა უკვე სტამბოლში ხელმძღვანელობდა საქართველოდან დევნილთა დაბინავებისა და მათთვის პოლიტიკური თავშესაფრის გამოძებნის საქმეს.

ჩვენდა სასიხარულოდ, შესაძლებლობა გვაქვს, უნივერსიტეტის მეორე დამფუძნებელ ქალზეც, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანზეც ვისაუბროთ. ელისაბედი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი გახლდათ და მაშინდელ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ქალად მიიჩნევდნენ. სამეფო ოჯახის წევრს ბედმა გაუღიმა, რადგან დიდხანს ცხოვრობდა საფრანგეთში და პარიზის უნივერსიტეტის ენების ფაკულტეტის დამთავრებაც მოახერხა. კატო მიქელაძესა და მინადორა ტოროშელიძესთან ერთად ელისაბედ ორბელიანი უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენდა და უმაღლესი განათლების მქონე ქართველ ქალთა შორის ირიცხებოდა. თსუ-ში იგი პროფესორთა საბჭოს მიწვევით ფრანგულ ენას ასწავლიდა. ცხადია, უნივერსიტეტის დაარსებამდე სხვა საქმიანობასაც ეწეოდა. ატარებდა ფრანგულის გაკვეთილებს, თარგმნიდა ფრანგულ ლიტერატურას ქართულად და ჩვენი მწერლების შემოქმედებას ფრანგულად. იგი გახლავთ ამ ენაზე გამოცემული ქართული პოეზიის ანთოლოგიის ავტორიც.

ფასდაუდებელია ელისაბედ ორბელიანის საქმიანობა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვების კუთხით. სამწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში იგი სამი გაზეთის რედაქტორი გახლდათ, ორი მათგანი ფრანგულ ენაზე გამოიცემოდა, ხოლო „საქართველოს მოამბე” ინგლისურენოვანი ალმანახი იყო. ეს გაზეთები მსოფლიოს დიპლომატიურ წრეებს მშობლიურ ენაზე აწვდიდა ინფორმაციას საქართველოში განვითარებული მოვლენების, ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგისა და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ ეს ფრანგული და ინგლისური გამოცემები ალბათ ყველაზე მეტს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

რესუბლიკის ოკუპაციის შემდეგაც მოახერხა ელიზაბედ ორბელიანმა კეთილი საქმის გაკეთება და ქართული სკოლებისთვის ფრანგული ენის პირველი სახელმძღვანელო დაწერა.

უნივერსიტეტში წაკითხული პირველი ლექციებიდან ორად ორის ჩანაწერია შემორჩენილი. ჟურნალმა „თეატრმა და ცხოვრებამ” ივანე ჯავახიშვილისა და ელისაბედ ორბელიანის მოხსენებათა მხოლოდ მოკლე მონახაზი შემოგვინახა.

იარლიყები

0
ჩან ვუუკ პარკის ცნობილი და ალბათ ყველაზე ცნობილი ფილმის „Oldboy” ლოგლაინს თუ დავწერთ, ყველაზე კარგი ფრაზა იქნებოდა: „ნურასოდეს იჭორავებთ!” არ ვიცი, რამდენად დაეთანხმებოდა პარკი ჩემეულ ინტერპრეტაციას, მაგრამ ფილმი მაინც ჭორაობასა და იარლიყებზეა. იარლიყებზე, რომელსაც ადამიანებს ხშირად დაუმსახურებლად ვაწებებთ და შემდეგ მთელი ცხოვრებაც კი არ ყოფნის ამ ცილისწამებების მოსაშორებლად.

ფილმის მოკლე შინაარსი კი შეიძლება ასეც დაიწეროს: უფროსკლასელი კორეელ თანასკოლელ და-ძმაზე რაღაც ჭორს გაავრცელებს, რასაც გოგონას თვითმკვლელობა მოყვება. ამ ამბიდან წლები გადის. ალბათ ყველას ყველაფერი ავიწყდება კიდეც, ძმის გარდა…

უცნაური სასკოლო ცხოვრება მქონდა, გამოვიცვალე 6 სკოლა და 7 კლასი, მთელი ბავშვობა ახალ-ახალ მდგომარეობასთან შეგუება მიწევდა და მიწევდა თავის დამკვიდრებაც. 

რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი? ამას წინათ, საერთო ნაცნობის სახლში ძველ კლასელს შევხვდი. გავიხსენეთ სკოლის წლები. ერთმანეთზეც ბევრი რამ გაგვახსენდა და ბევრიც ვიცინეთ ჩვენს ბავშვურ ონავრობებზე. მერე სანდრომ (მოდი პირობითად სანდრო დავარქვათ ჩემ კლასელს) ერთი უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხი გაიხსენა. დარწმუნებული ვარ, გაიხსენა მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ გართობა იყო და მეტი არაფერი, მე კი აგერ თქვენთვის ვწერ.

 ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძალიან ტრივიალურია, დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს რაღაც მსგავსი გადახდენია ან სმენია კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს ამბავი განსაკუთრებულად მძაფრ მოგონებებს უკავშირდება, რადგან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე. ამბავი კი მოხდა მაშინ, როდესაც მეხუთე კლასში ვსწავლობდით. ახლაც მახსოვს, რომ მეორე გაკვეთილი გვქონდა, მათემატიკა. საგნის მასწავლებელი კი ჩვენი დამრიგებელი იყო. მიზეზი ზუსტად არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა, მაგრამ ცხრილი შეიცვალა და ინგლისურის გაკვეთილზე შეგვიშვეს. მაშინ კლასები ორად იყოფოდნენ უცხო ენებზე, კლასის ჩემი ნაწილი განაყოფთან მოხვდა. ასეთ დროს მოსწავლე ბედნიერია, რადგან იცის, არავინ ჰკითხავს გაკვეთილს და თუ ჰკითხავს, ნიშანს არ დაუწერს. სულ რომ ჩაბულბულებული გქონდეს დავალება, მაინც გიხარია, მოსწავლე ხარ და გიხარია. 

მოკლედ, გაკვეთილმა ჩაიარა, ღლაბუცში, ჩურჩულში, ჩქმეტა „ტრუბკის” სროლაში, მაგრამ ჩაიარა. მაშინ მოდაში იყო „ნაკლეიკებით” და პარკეტის „მასტიკის” ცელოფანგადაკრული საშლელებით თამაში და ერთი სული გვქონდა გაკვეთილიდან როდის გავიდოდით, რომ დერეფანი აგვეკლო და ზარიდან ზარამდე დრო რაც შეიძლება „ნაყოფიერად” გაგვეყვანა. 

შესვენებაზე კლასიდან გავვარდით და მეოთხე თუ მეხუთე გაკვეთილის შუაში (ბუნდოვნად მახსოვს, რომ ქართული გვქონდა) დამრიგებელმა შემოაღო კარები და ჩემი და ჩემი ერთი კლასელის გვარი გამოაცხადა.
იმ წლებში, როცა ეს ამბავი ხდებოდა, გვარის გამოცხადება ცუდს არაფერს უქადდა ადამიანს, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო ნავთქურის ნავთზე გავეგზავნეთ, ჩვენი წილი შეშის მოტანა შეეხსენებინათ ან მეზობელი კლასიდან მერხის მეორე კლასში გატანა დაევალებინათ (თუ ცოტა ჯანიანი იყავი). დამრიგებელმა კი ჩემი და ჩემი კლასელის, ბალახაძის, გვარის გამოცხადების მერე, ისიც დაამატა, რომ ქურდობის გამო სკოლიდან გვრიცხავდნენ და შეგვეძლო თანაკლასელებს აქვე დავმშვიდობებოდით, მანამდე კი სახლებში უნდა წავსულიყავით და მშობლები მოგვეყვანა. 

დედაჩემს მერე უკვირდა უქურთუკოდ როგორ მოხვედი თოვლშიო, მაგრამ ქურთუკი მახსოვდა? ასეთი დამცირებული და განადგურებული როგორც მაშინ, აღარასოდეს ვყოფილვარ. ვერ ვიტყვი თავის მოკვლაზე ვფიქრობდი-მეთქი, მაგრამ სახლში მისვლა კი ნამდვილად არ მინდოდა, ჰეკლბერი ფინივით უპატრონოდ ქუჩაში ვიცხოვრებ და ჩემივე თავს ვირჩენ-მეთქი, ვფიქრობდი და ალბათ მშობლების მიმართ ასეთი არაცნობიერი პროტესტი ჩემმა სრულმა დაუცველობის შეგრძნებამ გამოიწვია. 

მოკლედ, მეც და ბალახაძემაც მივიყვანეთ მშობლები. დირექტორი ერთი მშვიდი და, ვფიქრობ, კეთილიც კაცი იყო. მდუმარედ მოისმინა ფიცი-მტკიცი. გვირჩია დაკარგული ნივთი დაგვებრუნებინა და სკოლიდან აღარ გაგვრიცხავდნენ. რამდენი ენერგია დამჭირდა იმისთვის, რომ არ მეტირა! არ ვიტირე მხოლოდ იმიტომ, რომ ტკივილი გადამეტანა. საქმის გარკვევის პროცესში, ბალახაძემ თქვა, რომ ეს ნივთი მისი აღებული იყო და მეგრელიშვილი, ანუ მე სულ ტყუილად ვიყავი ბრალდებული. წარმოგიდგენიათ მეხუთეკლასელის მსგავსი გმირობა? მიფიქრია მერეც (როცა ჩემი ნაწარმოების გმირები ვთქვათ სიცოცხლეს წირავდნენ სხვა გმირებისთვის), მე შევძლებდი, იგივე გამეკეთებინა? ახლაც კი, როცა შედეგი არის ის, რაც არის – ვერა. და მრცხვენია, მაგრამ მიხარია.

ბალახაძე რა თქმა უნდა არ გარიცხეს. ნივთი ვერ იპოვეს (მგონი მშობელმა კომპენსაცია გადაიხადა თუ რაღაც ამდაგვარი), მაგრამ ბალახაძეს ქურდის იარლიყი მტკიცედ მიეკერა. საკეტი გაფუჭდა? – ბალახაძე! ჟურნალი დაიკარგა? – რა თქმა უნდა, ბალახაძე! გაფრინდაშვილმა გაკვეთილი ვერ მოამზადა? – ბალახაძის ბრალია! ბალახაძემ კი სწავლას უკლო და უკლო. თუ დაბალ კლასებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაღალ კლასებში ხელწერილებით გადაყავდათ.

და ვინ იყო ეს ბალახაძე ასეთი? ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. მე მგონია, რომ იმაზე ნიჭიერიც კი, ვიდრე ბევრი ფრიადოსანი, იმაზე გამბედავიც კი, ვიდრე  სკოლის ბევრი ავტორიტეტი უფლოსკლასელი. ტყუილები კი უყვარდა ძალიან, მაგრამ ბოროტი ტყუილები –  არა. იგონებდა, რომ ბიძამისი გემის კაპიტანია, ბიძა კი საერთოდ არც ჰყავდა; რომ მისი უფროსი ძმა არგენტინაში ცხოვრობს; ძმა კი მხოლოდ სამი წლისა იყო და ეგეთები. მაგრამ ბიჭი იყო კარგი ბიჭი (სხვათა შორის, პირველად მის დაბადების დღეზე დავთვერი), მართალია, ჩვენი გზები რაც გაიყო სკოლაში, აღარც მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლაც კარგი კაცი იქნება.

ათვალწუნებული ბალახაძე სკოლაში არც მასწავლებლებს უყვარდათ, არც მშობლებს. ჩემებსაც უთქვამთ (ცოდვა გამხელილი სჯობს), სხვასთან იმეგობრე, ვინც კარგად სწავლობსო (არადა იგულისხმებოდა, ვინც არ იპარავს), მაგრამ ტომ სოიერისა არ იყოს, მეც გული უფრო ჰეკლბერი ფინებისკენ მიმიწევდა.

წლები გავიდა. მე კარგი მოსწავლის სახელით გადავედი სხვა სკოლაში. ის ამბავიც, ხომ ვთქვი უკვე, ალბათ აღარავის ახსოვდა ჩემ (და ალბათ ბალახაძის) გარდა. წლების მერე, კლასელი რომ ვნახე, იმან გამახსენა, გამახსენა, როგორც სახალისო ამბავი, რომ თურმე ფერი დავკარგე. ჩემი სახელი სამჯერ უთქვამს მასწავლებელს, მე კი გახევებული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი. ბალახაძე იცინოდაო. ეგ სულ იცინოდა, როცა ლანძღავდნენ, მე ვერ ვიტანდი შენიშვნებს, ვერც მერე. 

ამ ამბის ყველაზე მთავარი დასასრული იცით რა არის? ბალახაძეს სინამდვილეში არაფერი მოუპარავს. სანდრომ წლების მერე, ნებით თუ უნებლიედ აღიარა, რომ ნივთი მისი აღებული იყო. დამრიგებლისთვისაც თვითონ უთქვამს ჩემი გვარიც და ბალახაძისაც. არ მეგონა თუ დაიჯერებდნენ თქვენზე, თქვენ ხომ ორივე კარგად სწავლობდითო, სიცილით მითხრა. დამრიგებელმა კი დაუჯერა (მასთან ემზადებოდა მათემატიკაში სანდრო და ალბათ ამიტომ, ან იქნებ თავადაც მიაწოდა იდეა, რა ვიცი?) და ასე პირდაპირ, ერთი ხელის მოსმით დაგვაბრალა ქურდობა.

მას მერე სულ ვფიქრობ, როგორ აიტანა ეს ყველაფერი ბალახაძემ? როგორ არც ერთხელ უმართლებია თავი, როგორ გააუბრალოვა მომხდარი? ან რა მოხდებოდა ბალახაძეს რომ არ „ეღიარებინა” დანაშაული? მე როგორ ვიცხოვრებდი?

სემიოტიკური ნიშანი

0
რა არის სემიოტიკა? ეს კითხვა მრავალჯერ დაისვა მეცნიერთა მიერ და პასუხი ერთია: სემიოტიკა არის მეცნიერება ნიშნისა და ნიშანთა სისტემების შესახებ. ერთი შეხედვით თითქოს მარტივი პასუხია, მაგრამ თვითონ ცნება ნიშნისა თავისთავში მოიცავს სირთულეს. თუკი სემიოტიკის ფუძემდებლებსა და თეორეტიკოსებს დავეყრდნობით, ნიშანი არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ გარშემოა და ის, რაც ჩვენშია. ადამიანი არის უპირველესი ნიშანი, რათა სამყაროში ყოველგვარმა ტექსტმა (იქნება ეს იკონური თუ ვერბალური, ხატი თუ ცნება) შეიძინოს ნიშნის თვისება. მთელი სამყარო არის ტექსტი, ადამიანი კი არის მთავარი კონცეპტი, მოქცეული ამ ტექსტის ცენტრში და მხოლოდ მისთვის არსებობენ სხვა დანარჩენი კონცეპტები. ადამიანის გარეშე, ანუ გონის გარეშე, არ არსებობს აღქმა ტექსტისა და მაშასადამე, ნიშნებისა და ნიშანთა სისტემებისა. ადამიანი არის ამოსავალი წერტილი, საიდანაც იწყება და სადაც მთავრდება მთელი წყება ნიშანთა სისტემისა. ღმერთმა შექმნა სამყარო, ადამიანი და ყველაფერი ის, რაც ადამიანისთვის მოავლინა ქვეყნიერებაზე. ადამიანში განხორციელდა ყველა საიდუმლო უფლისა და მასში უწყვეტად მიმდინარეობს სემიოზისი. დღიდან შექმნისა იგი მიდრეკილია შეიმეცნოს ყოფიერება.

ადამიანი წიგნია, რომელსაც წაკითხვა უნდა (ი.ჭავჭვაძე), სწორედ ეს არის სემიოტიკის მთავარი საგანი – წაკითხვა ჩვენში განსხეულებული სულისა.

პირსის მიხედვით, სემიოზისი უწყვეტი პროცესია. ეს პროცესი შემოქმედებითია, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ შემოქმედნი ვართ და ჩვენში უწყვეტია ნიშანთქმნადობა. მაშინ როგორ მოვიქცეთ, რომ არ დავიკარგოთ სემიოტიკურ სამყაროში; ტექტსებისა და ქვეტექსტების მუდმივ ქმნადობაში; არ მოხდეს აცილება ჩვენს სამყაროსა და რეალურ სამყაროს შორის. სადამდე უნდა მივუშვათ ჩვენი შემოქმედებითობა? სემიოტიკაში ხომ ყველა გზა უსასრულოდ გრძელდება, სიღრმეებს ძირი არ უჩანს. სწორედ ამისთვის არსებობს მეცნიერება – სემიოტიკა, რომელიც არამხოლოდ ნიშნების შემსწავლელი მეცნიერებაა, არამედ შეისწავლის ადამიანის მიმართებას სამყაროსთან გარკვეული წესების გათვალისწინებით. იგი ადგენს თვითშემოქმედების პროცესის ზღვარს, რათა სემიოზისი სწორი გზით წარიმართოს. ეს არის „განუწყვეტელი სვლა აშკარა აზრიდან ფარული აზრისკენ” (პოლ რიკორი).

ნიშანი იმდენგვარია, რამდენი ადამიანიცაა – ამბობს  ჩარლზ პირსი და ნიშანს გამოარჩევს სამი პირობის მიხედვით: იგი უნდა იყოს რეპრეზენტანტი, მიეკუთვნებოდეს რეფერანტს და იყოს ინტერპრეტანტი. თუ პირსის მსჯელობას გავყვებით, ინტერპრეტაცია იმდენია, რამდენი რეფერენტიცაა – განუსაზღვრელი. ამიტომაცაა ინტერპრეტაცია უწყვეტი და თანაც აუცილებელი შემეცნებისთვის. სემიოტიკა არის მეცნიერება სამყაროს შემეცნების შესახებ; ადამიანის შესახებ, როგორც მთავარი კონცეპტისა და სამყაროში არსებული სხვა დანარჩენი კონცეპტების ურთიერთმიმართებების შესახებ. ნიშნებში შეფარულია რეალობა. ადამიანი მიდრეკილია კრეატიულობისკენ – შენიღბოს სინამდვილე და შემოქმედებითობას მისცეს მეტი გასაქანი. საგნები და მოვლენები აღიქვას ისე, როგორც მის წარმოსახვას უნდა. იგი თავისთავში შეიცავს ნიშანთა სისტემებს, რომლებიც საგნებსა და მოვლენებს სემიოტიკურ მწყობრში აყენებს.

თუ სემიოტიკის ისტორიას გადავხედავთ, მისი ფუძემდებლები არიან ისეთი ზუსტი მეცნიერების მიმდევარნი, როგორიცაა ლოგიკა, მათემატიკა და ლინგვისტიკა (ე. გორნი). მაშინ თუ სემიოტიკა ზუსტი მეცნიერებაა, რომელიც გვეხმარება აღვიქვათ ეს ქვეყანა ისეთი, როგორიცაა და ემორჩილება მისთვის განსაზღვრულ კანონებს, ამ მეცნიერებაში სად არის ადგილი სემიოზისისა? ადამიანის მუდმივი შემოქმედებითობისა – შეიმეცნოს სამყარო ისეთი, როგორიც არის ის მასში?  

ნებისმიერი მხატვრის, მწერლის, კომპოზიტორის ნაწარმოებში გადმოცემულია შემოქმედის მიერ შემეცნებული რეალობა, რომელიც არის მხოლოდ მისი და ჩვენთვის მისაღები ხდება იმდენად, რამდენადაც დავინახავთ მასში ჩვენ მიერ აღქმულ ქვეყანას – ჩვენთვის მისაღებს, ან საჭიროს.

ჩემი აზრით, შემოქმედებითობა და ლოგიკა ერთმანეთს ხელს არ უშლის. პირიქით, ავსებენ ერთმანეთს. ადამიანებს არ შეუძლიათ ბოლომდე აღიქვან რეალობა. ნიშნები – ეს არის უნივერსალური შუამავალი ადამიანის გონებასა და სამყაროს შორის (ჩრლზ პირსი). ასე რომ, ნიშანი არის ის, რასაც სჭირდება შემოქმედებითობა, რომ გამოჩნდეს და დაგვეხმაროს რეალობის დანახვაში.

სამყარო მოძრავი, მგრძნობიარე და ცვალებადი, ერთიანი ორგანიზმია. ის მარადიულ შემოქმედებაშია, რადგან ასეთია მისი ბუნება. ენა კი, რომლითაც სამყარო ადამიანს ელაპარაკება,  ამ შემოქმედების ნაყოფია. კომუნიკაციის აუცილებელი პირობა: აღსანიშნისა და აღმნიშვნელის, სემანტიკური ველისა და რეფერენციის უწყვეტი ჯაჭვი. “ნიშანი წარმოადგენს მთლიანობას, რომელიც გვევლინება აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ასოციაციის ნაყოფად. “(სოსიური). კომუნიკაციისას ნიშნები ამოტივტივდებიან ზედაპირზე და იძენენ ჩვენთვის საჭირო სემანტიკას. სწორედ ნიშნისთვის მინიჭებული მნიშვნელობით შეიარაღებული გონი ახერხებს, რეალობა დაინახოს ისეთი, როგორიც არის, ან არ არის.

თუკი ამ მსჯელობას გავყვებით, მაშინ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ სემიოტიკის შესასწავლი ობიექტი არის აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის ურთიერთობა. ის მნიშვნელობას სძენს აღსანიშნს, მნიშვნელობაში კი იგულისხმება გარკვეული ნიშანი, აშკარა აზრის შეფარვა. მზე ანათებდა მანამ, სანამ ადამიანი მას მნიშვნელობას მიანიჭებდა, მაგრამ როგორც კი მზეში ჩავდეთ მნიშვნელობა (მივაქციეთ ყურადღება), ის გადაიქცა საკრალურ, ფარული აზრისა და მრავალი ნიშნის მქონე კონცეპტად.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა საგაკვეთილო პროცესში

0
მოტივი ეს არის პიროვნების შინაგანი მიდრეკილება ამა თუ იმ აქტივობის განსახორციელებლად, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან.

სწავლის მოტივების ქვეშ ორი ჯგუფი ერთიანდება. 
პირველ ჯგუფს მიეკუთვნება:

Øსასწავლო საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული მოტივები – ბავშვის შემეცნებითი ინტერესები, ინტელექტუალური აქტივობის მოთხოვნილება. 

Øმეორე ჯგუფს წარმოადგენს – სწავლის ფართო სოციალური მოტივები, ანუ მოტივები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, მათგან შექებისა და აღიარების მიღების მოთხოვნილებასთან. ასევე ბავშვის სურვილი, დაიკავოს გარკვეული ადგილი სოციალური ურთიერთობის სფეროში.

კვლევები ადასტურებს რამდენად დიდია მოტივაციის გავლენა სწავლაზე.  წამყვანი მოტივი მოსწავლის წამყვან ქცევასთანაა დაკავშირებული. 5-6 წლის ასაკში ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, ხოლო 6-7 წლიდან წამყვანი ქცევა სწავლა ხდება. წამყვანი მოტივი – თამაში ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის სახეც. ადრეული ასაკის ბავშვებს თამაშის დროს არ აქვთ მიზანი, არ ემორჩილებიან ამა თუ იმ წესს, 5-6 წლიდან კი ბავშვები ისახავენ მიზანს, ადგენენ თამაშის წესებს, ეხმარებიან ერთმანეთს. ლ. ვიგოტსკის თანახმად, თამაშში მცირდება წარმოსახული სიტუაციის როლი და იზრდება წესების მნიშვნელობა. თუ ბავშვმა თამაშის ყველა ფორმა არ გაიარა, სწავლის მოტივიც დაიგვიანებს.

სკოლამდელ ასაკში თამაშის წარმმართველი თვითონ პროცესია – მანიპულაციური, საგნობრივი და სიუჟეტურ-როლური თამაშის დროს ბავშვი სიამოვნებას თვითონ თამაშისგან იღებს. წესებიან თამაშში კი მნიშვნელოვანია შედეგი, ანუ გამარჯვება, ხოლო გამარჯვებისთვის განსაზღვრული უნარების განვითარება – სწავლაა საჭირო.

თამაშით ბავშვი ფსიქოგენურ და სოციოგენურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს.

რა ეხმარება მასწავლებელს სწავლის მოტივაციის ფორმირებაში?

სწავლის მოტივაციისა და ნებელობის განსავითარებლად შეიძლება გამოვიყენოთ სიტუაცია, რომელშიც ხდება ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ასეთი სიტუაციის შესაქმნელად შეგვიძლია გამოცანის ეფექტი გამოვიყენოთ. ყველა ბავშვს უყვარს გამოცანები, რებუსები, კროსვორდები. მსგავსი აქტივობები საგრძნობლად აცოცხლებს სასწავლო პროცესს.
 მოტივაციის ასამაღლებლად და მათი ინტერესის გასაღვივებლად ხშირად მივმართავ სხვადასხვა აქტივობებს. გთავაზობთ ერთი გაკვეთილის ნიმუშს, რომელზეც ეტაპობრივად გამოვიყენე მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობები.

შემაჯამებელი გაკვეთილის თემა: „ცხოველები”

1.მოტივაციის სავარჯიშო

გაკვეთილის დასაწყისში მისი ეფექტურად წარმართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციის შექმნასა და განწყობას. გაკვეთილის დასაწყისში მოტივაციისთვის ვიყენებ სლაიდს, რომელზეც ასახული იქნება ცხოველთა სურათები. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნოს რომელი ცხოველია გამოსახული სურათზე. (მელია, დათვი, გოჭი, მაიმუნი და .ა.შ.)

2.კითხვა-პასუხი

  • რომელი ცხოველი იცანით?
  • ყველაზე ხშირად რომელი ცხოველი გვხვდება ცხოვრებაში?
  • რომელი ცხოველია ყველაზე მშიშარა? ყველზე ძლიერი?
  • სად შეიძლება ვნახოთ ყველა ცხოველი ერთად?
  • რამდენ ჯგუფად იყოფიან ცხოველები?
  • რატომ ჰქვიათ მათ შინაური? გარეული?
  • როგორ განსხვავდებიან ისინი კვების მიხედვით?
3.ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ თამაშს: “გამოიცანი, რომელი ცხოველია”.

მოსწავლეებს ვაჩვენებ  პრეზენტაციას, აღწერილობითი ტექსტების სახით, სადაც დახასიათებულია ცხოველი და მათ უნდა შეძლონ იმის გამოცნობა, თუ რომელ ცხოველზეა საუბარი. პრეზენტაციასთან ერთად ვუსვამ კითხვებს:
  • როგორ მიხვდით, რომ საუბარი მელაზეა?
  • რომელ მოთხრობიდან ან ზღაპრიდან გახსოვთ, რომ მელა მატყუარაა?
  • რატომ არის მაიმუნი სასაცილო?
  • სად გინახავთ მაიმუნი?
  • თქვენი აზრით, რატომ ეძახიან კატას თაგვების მტერს? და ა.შ.
მოსწავლე იხსენებს ნასწავლს, უკავშირებს მას ნანახს.  ამ დროს ყალიბდება ლოგიკური აზროვნება .

4.კროსვორდების შევსება.

შემეცნებითი მოტივაციის შესაქმნელად და აქტივობის შესრულებისკენ ბიძგის მისაცემად ვქმნი სიტუაციას, რომლის საშუალებითაც მოსწავლე ცდილობს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. 

ცნობისმოყვარეობა ის ბაზისური მოთხოვნილებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ბავშვის ფსიქიკის განვითარებას. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ბავშვები შემეცნებით აქტივობას ახორციელებენ. შემდეგ კი დგება მომენტი, როცა მოქმედების შედეგი (ანუ შევსებული კროსვორდი), უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბავშვებისათვის, ვიდრე ის მოტივი, რომელმაც მათ მოქმედებისკენ უბიძგა.

წინასწარ მაქვს გამზადებული ფლიფჩარტზე კროსვორდი. ასევე დაბეჭდილი კროსვორდი ინდივიდუალურად (შეიძლება წყვილებშიც).

კროსვორდებში სიტყვები დანომრილია, მათ მე განვმარტავ სიტყვიერად, ხოლო მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ სიტყვა და ჩასვან შესაბამის უჯრაში. ამის შემდეგ ყველა სიტყვა იწერება დიდ ფორმატზე. კროსვორდის დასრულების შემდეგ ხდება სრულად წაკითხვა რა მივიღეთ თითოეულ სიტყვაში. შემდეგ დაფაზე გამოკრული მაქვს წინასწარ გამზადებული ცხოველთა ილუსტრაციები. მოსწავლეებმა ისინი უნდა შეუსაბამონ დაწერილ სიტყვებს.

აღნიშნული  გზით გაკვეთილის ჩატარება  ეფექტურია, რადგან ხდება:

  • ნასწავლი მასალის გააქტიურება;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
  • სიტყვის პრაქტიკულად გამოყენება;
  • ნასწავლის შემოწმება და თვითშეფასება;
  • მოტივაციის ამაღლება.
ხელს უწყობს: ყურადღების, მეხსიერებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას.
შედეგი:

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს უკვე შეუძლია :

  • დაასახელოს შინაური და გარეული ცხოველები;
  • ამოიცნოს ცხოველები მათი თვისებებისა და სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
  • მოახდინოს ცხოველთა კლასიფიკაცია კვების მიხედვით;
  • შეუძლიათ დამოუკიდებლად შეასრულონ სხვადასხვა კროსვორდები.
ამრიგად, დაწყებით კლასში დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობების გამოყენებას.
მოტივაცია უმნიშვნელოვანესია სწავლის შედეგების გაუმჯობესებისთვის. მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ მხოლოდ მაღალი მოტივაციის პირობებშია შესაძლებელი მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა.
გამოყენებული ლიტერატურა
1.დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევი
2.ჟურნალი “მასწავლებელი”


მეგი კუთხაშვილი
ქ. თბილისის №83 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...