პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი

0
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ ლიტერატურას რამდენიმე მაინც უდიდესი მოაზროვნე მწერალი და პოეტი ჰყავდა, რომელთაც საზღვარგარეთ ჰქონდათ განათლება მიღებული და იმ დროისათვის მოწინავე იდეებითა და აზრებით იყვნენ გატაცებულნი. მათ შორის ერთ-ერთი იყო ლუკა რაზიკაშვილი. 
ბიოგრაფიულ დეტალებზე წერას აქ არ დავიწყებ. ამ სტატიით სხვა მხარეს მინდა გავიხედოთ. მე  არც კვლევა ჩამიტარებია და არც ზეციური გამოცხადებით მეუწყა ციფრები და სტატისტიკა, მაგრამ სხვა რეალობიდან მოტანილიც არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვაჟა-ფშაველა დღეს სკოლებში ერთ-ერთი ვერ ან ცუდადგაგებული ავტორია, მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაღაც ნაწილის მიერ. 
ხშირად მინახავს სასკოლო ღონისძიებებზე წარმოდგენილი მწერლის ბიოგრაფიული დეტალების, მისი ტექსტებიდან ამონარიდების წარდგენა-წაკითხვა-გათამაშება და ყველგან ერთი განცდა მრჩებოდა, რომ ოთახებსა თუ დარბაზებში, წუთი-წუთზე ტყაპუჭებით შემოაბიჯებდა ვაჟა, ცხვრის სუნს შემოიყოლებდა, რაღაცას ჩაილაპარაკებდა გაუგებარ კილო-კავზე და ცალ თვალს მოგვავლებდა ყველას. 
განათლება ვახსენე და ვიტყვი, რომ ვაჟა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. იცნობდა იმ დროისთვის დიდ მეცნიერებს, კითხულობდა და ისმენდა მათ ლექციებს უახლეს იდეებზე, აზრებსა და მიღწევებზე. 
რომელი სჯობს, იყოს ვაჟა-ფშაველა როგორც ევროპელი მოაზროვნე მწერალი, თუ სადღაც კავკასიის მთებში მიკარგული გენიოსი, რომელსაც წვერი მოუშვია, ცხვარში დაეხეტება და ქალაქში ხურჯინით ჩამოაქვს ლექსები. ალბათ ორივე იარლიყი მიმზიდველია. რაზიკაშვილიც ორივეს კარგად ირგებს, მაგრამ საქმე მას კი არა, ჩვენ გვეხება. როგორ უნდა მივიყვანოთ მოსწავლემდე ლუკა რაზიკაშვილი, მისი აზრები, იდეები, ცხოვრება, ბიოგრაფია. კი, მითოსი ახლა ასე იკვებება პიროვნებებით, ცალთვალა ვაჟას, მის გარშემო მფრინავ ყვავ-ყორნებსა და ფასკუნჯებს მიმზიდველობა აქვთ, მაგრამ მოსწავლეს ვერაფერს აძლევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადი, ოღონდ სწორი წარმოდგენა მაინც შეექმნას ამ მწერალზე.
 
ვაჟა-ფშაველასთვის ყოველთვის უმთავრესია პიროვნება, ადამიანი, ინდივიდი, რომელიც გადის განვითარების გზას პირობითი ადამიანობიდან – პიროვნებამდე. გავიხსენოთ ალუდა ქეთელაური, რომელიც მუცალს ხელს არ აჭრის. ალუდაში უცბად ხდება ეს გარდატეხა, ასე ვთქვათ, გასხივოსნება. ამ მომენტიდან ის უკვე აღარ ეკუთვნის თემს. საინტერესოა ერთი რამ ადამიანის თავისებურებებიდან, რომ როცა რაიმეს შეიმეცნებ, ნახავ, გაიგებ, შენ უკვე ვეღარ დაუბრუნდები ძველს, განვლილ გზას, იმიტომ რომ იქ ვეღარ დაეტევა შენი გონება, განცდები. ეს იმას ჰგავს, ოცი წლის ასაკში ეცადო, მოირგო ის ფეხსაცმელი, ცხრა წლის ასაკში რომ გეცვა. აქედან გამომდინარე, ალუდა, რომც უნდოდეს, ვეღარ დაუბრუნდება ძველ საკუთარ თავს და მსოფლაღქმას. ის თავისთავად მოეკვეთა თემს, საზოგადოებას იმ მომენტიდან, როცა მასში გაჩნდა რაღაც ახალი. არც ისეა, რომ ქეთელაური ყველა მომენტში შეგნებულად აკეთებდეს იმას, რაც მისი ცვლილების შემდეგ ხდება. შეუძლებელია ადამიანმა გაიაზროს ამხელა ტრანსფორმაცია საკუთარი დამოკიდებულებისა გარესამყაროსადმი დროის მოკლე მონაკვეთში. რა თქმა უნდა, მან იცის თავისი ახალი „მეს” უმთავრესი ღირსებები, მაგრამ ძირითადად მისი ქცევები და პოზიცია გამოდის იმ ფეხსაცმლის პრინციპიდან. 
ძალიან საინტერესოა ვაჟას, როგორც პიროვნების და მწერლის დამოკიდებულება ბუნებასთან. ეს არაა მხოლოდ ლამაზი სურათების, ფლორისა და ფაუნის აღწერა და მათთვის კონკრეტულ ტექსტებში ადგილის მიჩენა. იქნებ ყველაფერი ბევრად უფრო ღრმა აზრს ატარებს, არ ვიცი. საერთოდ ლიტერატურას აქვს ერთი კარგი თვისება; მწერალს, შეიძლება, სულ არ უფიქრია რამე კონკრეტულ სახე-ხატზე ან ამბავზე ისე სიღრმისეულად, როგორც შენ; სულ არ აპირებდა შორ ფსკერზე ჩასვლას და ჩრდილების აღწერას, მაგრამ შენ თუ ამას გააკეთებ და ტექსტიც ამის საშუალებას მოგცემს, ეს ცუდი კი არა, პირიქით კარგია და ღირსებაში ეთვლება მწერალსაც (მისდა უნებურად) და მკითხველსაც. ჰოდა, მეც როგორც მკითხველი, ისე ვეცდები ვიპოვო ღირსებები. ვაჟას ბუნება ყოველთვის მოიაზრებს თავის თავში ადამიანს. ესაა ერთი დიდი მარადიული გამოსხივება – მთლიანი სამყარო, საგნების და იდეებისა და მოვლენების. 
„შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო”
აქედან უკვე ნათლად ჩანს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები პოემაში. „შუქი შუადღის მზისა” იგულისხმება ის გათვიცნობიერებულობა, გასხივოსნება, რომელიც ალუდამ განიცადა. შატილში ეს შუქი არა ჩასულა, იქ ისევ ძველ ტრადიციებს მისდევენ, რომელიც აბსოლუტურად არაჰუმანური და არაქრისტიანულია. სტროფის ბოლო ორი ტაეპი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არ იქნება ალუდას გადაწყვეტილება დადებითად აღქმული თემში და არც დროის მერე შეიცვლიან ისინი პოზიციას, რადგან მათი გონება დაბინდულია და „ცა ახურია კლდისა”. როდესაც მინდიას მოაქვს მუცალის მოჭრილი ხელი, ალუდა ამბობს:
„ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის, ვერ მიხმლობს,
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს თივის კავადა”.
ქეთელაურმა მოიშორა არა მოჭრილი ხელი, არამედ ძველი საკუთარი დამოკიდებულება უაზრო ტრადიციისადმი. ამიტომ, ერთი შეხედვით ხელზე, მაგრამ ის საუბრობს საკუთარ ძველ შეხედულებებზე, რომ ისინი მას არსად და აღარასდროს არ გამოადგებიან. 
ორიოდ სიტყვა „სტუმარ-მასპინძელზეც”… აქ, ისე როგორც „ალუდა ქეთელაურში” არ ხდება პიროვნებისა მკვეთრი ცვლილება.
„ჩემს სტუმარსა ჰკვლენ, სწორედა,
უდგასთ ხანჯრების პრიალი.
უყურე უნამუსოთა
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!”
ჯოყოლა მხოლოდ იმიტომ იცავს ზვიადაურს, რომ ის მისი სტუმარია. სტუმარ-მასპინძლობის წესი კი მთის ისეთივე ტრადიციაა, როგორც სხვა დანარჩენი წესები. თემი არღვევს ამ ტრადიციას, რადგან, როგორც ჩანს, შურისძიების სურვილი სჭარბობს. თუმცა საინტერესოა ერთი რამ – ზვიადაური რომ თუნდაც მუსას სტუმარი ყოფილიყო, შეიძლება არც მუსას დაეთმო ის თემისათვის ჯოყოლას მსგავსად, მაგრამ ფაქტია, რომ ჯოყოლა თავისი ჰუმანიზმით თემზე გაცილებით მაღლა დგას. მან უკვე იცის, რომ ზვიადაური მისი ძმის მკვლელია და მაინც ამ სიტყვებს ამბობს:
„- ეგ მართალია, იქნება…
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა”.
ანუ ჯოყოლა აბსოლუტურად სხვა სიბრტყეშია თავისი პოზიციით, იმდენად შორს თემისგან  რომ,  მისი თქმით, ძაფიც კი არ არსებობს ისეთი, მას და თემს რომ აკავშირებდეს. 
თუმცა, თემიც ისევე იცავს ტრადიციებს, როგორც ჯოყოლა. მათ უნდა აიღონ თავიანთი ძმების, მამების მკვლელის სისხლი და როცა ამას გააკეთებენ, მათაც უჩნდებათ სინანული, რომ კარგი ვაჟკაცი მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ზუსტად ამ სხვა გზის არარსებობაა თემის წევრების და სოფლის გონებრივი თუ გრძნობიერი სიბნელე, რომ ისინი დგანან უკვე ერთხელ დადგენილ წესებზე და არ უნდათ ახლის მიღება, ანუ ისინი მზად არ არიან არაფრისთვის. 
„შეურაცხყოფილთ უნდოდათ
ერთად გაეძროთ ხანჯრები
და გაეკეთათ მკვდრის გვამზე
სისხლით ნაღები ფანჯრები.
მაგრამ ვერ ჰბედვენ, სცხვენიანთ:
„ცოდვაა!” – ყველა ჰფიქრობდა. –
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდნენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდნენ:
„ხომ მაგას რა მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდნენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა, –
ყველა ალლაჰსა ჰფიცავდა, –
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა”.
შემდეგ ერთ სტროფში ვაჟას საოცრად გადმოსცემს საკუთარ პოზიციასა და მერე უკვე სიუჟეტის განვითარებისათვის მოქმედი პერსონაჟების აზრს:
მაგრამ „მტერს მტრულად მოექეც” –
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო”.
აქ ნათლად ჩანს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებებზე, ადამიანზე კონკრეტულ წეს-ჩვეულებას, რელიგიაში არსებულ დოგმას, რომ ხშირად ამ უკანასკნელებს არაფერი აქვთ საერთო ცოცხალ ღმერთთან, ჭეშმარიტებასა და რელიგიურობასთან. იყო რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი აპრიორში არ ნიშნავს შენს რელიგიურობას, ანუ ცოცხალ სულსა და გონებას, რომელიც მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის სრულყოფილებისკენ, რათა ემსგავსოს და მიუახლოვდეს ლოგოსს, ალფასა და ომეგას, რაღაც მარადიულს და არ დარჩეს უტყვ ქვად, რომელზეც რაღაც შეცდომით ან სწორადაა ამოკვეთილი, მაგრამ უკვე აღარაფერშია საჭირო. 
შამილის სიკვდილის შემდეგ, ტაძარი ააშენეს, როგორც ნიშანი-სახსოვარი ამ აჯანყებული ადამიანის მოშორებისა. ვაჟამ პროტესტის ნიშნად ტაძრის კედელზე წრეები დაახატა და სროლაში ვარჯიში დაიწყო. მისთვის სხვა რამ იყო ტაძარიც და ქრისტიანობაც, რომ მათზე მაღლა თვითონ ქრისტე იდგა და არ დასჭირდებოდა ქრისტეს კაცის სისხლის საზეიმოდ აგებული მისივე სახლი. აქედან ჩანს, რა პროგრესულად და ღრმად მოაზროვნე მწერალი და პიროვნებაა ლუკა რაზიკაშვილი. ჰოდა, იყოს ტყაპუჭებითაც, ფაფახითაც, ხურჯინითაც, ამ ყველაფერსაც საოცრად იხდენს ეს კაცი, მაგრამ მთავარია, ჩვენს ერთ-ერთ წარმოსახვაში მაინც ის მუდამ მთიდან ჩამოდიოდეს და ვინმეს მოჭრილი ხელის ნაცვლად რაღაც დიდი სინათლე მოჰქონდეს. 

დივერგენტული აზროვნება – როგორ შევუწყოთ ხელი კრეატიულობას საკლასო ოთახში(მეორე ნაწილი)

0
იდეალურ მდგომარეობაში დივერგენტული და კონვერგენტული აზროვნება ერთმანეთთან ჰარმონიულად ურთიერთქმედებს. დივერგენტულ, გენერაციულ აზროვნებასა და კონვერგენტულ, შეფასებით აზროვნებას შორის ურთიერთდამოკიდებულება მოსწავლეებს ეხმარება, წარმოიდგინონ ამ ორის ურთიერთთავსებადობა და ურთიერთსაჭიროება და, ამასთან, ხელს უწყობს მეტაკოგნიტური აზროვნების განვითარებას – მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გაიაზრონ თავიანთი აზროვნებისა და შემოქმედების შესაძლებლობები.

– ჩემი როგორც ხელოვნების მასწავლებლის ამოცანაა კლასში შემოქმედებითი გარემოს შექმნა და ბავშვების შემოქმედებითი მუშაობის წახალისება, – ამბობს კალიფორნიელი მასწავლებელი და ხელოვნების სპეციალისტი სტეისი გუდმანი, – შესაძლოა, ქვემოთ მოყვანილი 5 სტრატეგია სხვა სპეციალობის მასწავლებლებსაც დაეხმაროს.
სტრატეგია 1: კითხვა-პასუხის პარადიგმის შებრუნება

პრობლემების გადაჭრაზე დაფუძნებული სწავლება კანადაში, მედიცინის ფაკულტეტზე განვითარდა და მას უკვე აშშ-ის 12-წლიან, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლების სისტემაშიც აქტიურად იყენებენ. მისი მთავარი დებულება მარტივია: ნაცვლად იმისა, რომ დავუსვათ კითხვა, რომელზეც არსებობს სწორი პასუხი, სტუდენტებს ვთხოვთ, თავად მოიფიქრონ პრობლემა. სტუდენტები თავიანთი სურვილებისა და მიზნების შესაბამისად ან უფრო თეორიული და/ან მოდელირებული სფეროდან მოიფიქრებენ პრობლემებს. ისეთი კითხვები, როგორებიცაა „როგორ გავზარდოთ მოსავალი პესტიციდების გამოუყენებლად?” ან „როგორ მოვახერხოთ მსოფლიოს მოსახლეობის გამოკვება სტაბილურად?” – მოსწავლეებს უბიძგებს, არასტანდარტულად, დივერგენტულად იაზროვნონ.
სტრატეგია #2: დაე, ჟღერდეს მუსიკა…

ჩვენს საკლასო ოთახში, როდესაც სტუდიურად ვმუშაობთ ან პროექტებს ვასრულებთ, მუდამ ვიწვევთ დი-ჯეის ან ვუკრავთ ჩვენსავე შერჩეულ მუსიკას.

მომწონს ის ატმოსფერო, რომელსაც მუსიკა ქმნის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოზარდები სხვის მუსიკალურ გემოვნებას თავიანთი „ტომის” მიხედვით აფასებენ, მოწვეული დი-ჯეის ელემენტი საშუალებას იძლევა, საკლასო ოთახში რაღაც ნორმები დავაწესოთ, ურთიერთშეფასებები გადავავადოთ ან შევაკავოთ, ანდა უფრო დაფიქრებული გავხადოთ.

როდესაც მოსწავლეები თავშეკავებულ შეფასებას ისწავლიან, სასწავლო გარემო იხსნება მათი იდეებისა და გავლენებისთვის. როცა არ გვეშინია, რომ სხვები იმწამსვე შეგვაფასებენ ან თავიანთი გემოვნებისამებრ განგვსჯიან, უფრო მოსალოდნელია, იდეების გაზიარებისთვის განვეწყოთ და აღარ შეგვეშინდეს დივერგენტულად ფიქრისა თუ ქცევის.
სტრატეგია 3: გამოკვლევაზე დამყარებული უკუკავშირი

შეფასებითი უკუკავშირის ნაცვლად კითხვებსა და გამოკვლევაზე აგებული დაკვირვება ხელს უწყობს მოსწავლის სამუშაოს უფრო შინაარსიან და ღრმა აღქმას. მოსწავლეებს ვთხოვთ, სულ მცირე, 2 წუთი მაინც დაუთმონ ნამუშევრის დათვალიერებას, შეზღუდონ „მომწონს/არ მომწონს” შეფასებითი სქემა და ნამუშევრის ჩუმად შესწავლის შემდეგ ავტორს კითხვებით მიმართონ: „შევამჩნიე რომ…”, „რატომ?..”, „როგორ?..”

სტრატეგია 4: თამაშის წახალისება და მარცხის მართვა

როდესაც მარცხს რეფლექსიით (საკუთარ თავზე, მიზეზებზე დაფიქრება) და იტერაციით (განმეორებით დაფიქრება, გაანალიზება) ვუდგებით, ნაცვლად მარცხისთვის სასჯელისა, მოსალოდნელია, უფრო ადვილად მივიღოთ შეცდომა და აღარ გვეშინოდეს მისი. როდესაც შეცდომისა აღარ გვეშინია, ჩვენ ვიხსნებით და თამაშისა და ექსპერიმენტების გარემოში შევდივართ.

ჩემს კლასს ხანდახან ვთავაზობ, გარისკონ და შექმნან პროექტები, რომლებშიც უცხო ხალხია ჩართული და ეს უსაფრთხოდ და თანაც მოულოდნელი მიმართულებით გააკეთონ. ერთი ამოცანა, მაგალითად, გულისხმობს სხვა კლასის ბავშვების ფოტოების გადაღებას. ამ დროს უარყოფის რისკი არსებობს და შიში გადალახულია. პროექტის შესასრულებლად მოსწავლეები საკუთარ თავზე იღებენ ამოცანის მოგვარების დეტალებს. თუ მათი თხოვნა უარყოფილ იქნა, ბავშვებს საშუალება მიეცემათ, დაფიქრდენენ და ახალი, უკეთესი სტრატეგია შეიმუშაონ.
სტრატეგია 5: ხელოვნების სტრატეგიების გამოყენება

დივერგენტული აზროვნების წასახალისებლად ხშირად ვიყენებთ ხელოვნებაში არსებულ ისეთ სტრატეგიებს, როგორებიცაა კოლაჟი, მზა ნივთების გადაკეთება და პარეიდოლია, რომლებიც სტიმულს იძლევა მოსწავლეთა ტვინის დივერგენტული ნაწილის გასააქტიურებლად.

◦ კოლაჟი: თუ მას შემოქმედებითად მივუდგებით, შესაძლებელია კოლაჟში განსხვავებულ გამოსახულებათა გაერთიანება და მათ შორის ესთეტიკური, აბსურდული და სივრცითი ურთიერთობების დამყარება მათი ჩვეულებრივი, მიღებული არსისა თუ ფუნქციების გაუთვალისწინელად. თუ გამოსახულება ან ობიექტი რეალური სამყაროში აღიარებული შინაარსისგან „გავათავისუფლეთ”, ეს მათზე განსხვავებულად, არასწორხაზოვნად ფიქრის საშუალებას მოგვცემს.

◦ მზა საგნები: ამ სტრატეგიას წარმატებით იყენებდა ცნობილი ფრანგი მხატვარი-დადაისტი მარსელ დიუშანი (Marcel Duchamp) – იგი ჩვეულებრივ საგნებს უცვლიდა სახელებს, ფუნქციებს და მათ ახალი სახითა და მნიშვნელობით წარმოგვიდგენდა. ამის მაგალითია დიუშანის ალბათ ყველაზე ცნობილი არტ-ობიექტი – პროვოკაციული „უნიტაზი”, რომელიც არტისტმა გადმოაბრუნა და „შადრევანი” შეარქვა. გაკვეთილზე ვთხოვე სტუდენტებს, რაიმე მსგავსი მოეფიქრებინათ ჩვეულებრივი საგნების გამოყენებით და ეპოვათ ობიექტის ალტერნატიული ფუნქცია, თავიდან წარმოედგინათ მოცემული საგანი და ახალი შინაარსით დაეტვირთათ იგი.

◦ პარეიდოლია: ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ფენომენი, როდესაც საგანზე დაკვირვებისას შესაძლოა დაინახოთ ის, რაც რეალურად იქ არ არის ან მიამსგავსოთ არსებული საგანი სხვას. მაგალითად, ღრუბლებში დრაკონის გამოსახულების დანახვა ან ადამიანის სახისთვის შტეფსელის მიმსგავსება, მთვარის კრატერების მოხაზულობაში რამის დანახვა და სხვა. ამერიკელი მხატვრის პესის ანიმაციური ფილმი The Deep (by PES) პერეიდოლიის უამრავ საინტერესო მაგალითს გვიჩვენებს. ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, მიიხედ-მოიხედონ და თავიანთ გარშემო ეძებონ პერეიდოლიის მაგალითები. მოსწავლეებისთვის ეს სახალისოცაა და ბიძგსაც აძლევს მათ შემოქმედებით აზროვნებას.

დივერგენტული აზროვნების სტრატეგიები ხელს უწყობს არა მარტო კრეატიულ აზრივნებას და პრობლემისადმი შემოქმედებით მიდგომას, არამედ საშუალებასაც გვაძლევს, უკეთ დავინახოთ და აღვიქვათ ის განსხვავებულობა, რომელიც ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში არსებობს. ახალგაზრდა ადამიანებს, როგორც ლუდოვიკისა და ტრისის გამოგონილ გმირებს, საშუალება ეძლევათ, იპოვონ ახალი სამყაროები, ჰორიზონტები, რომლებიც მათთვის უფრო მისაღები და გასაგებია. ჩვენ კი ამ პროცესით მხოლოდ დადებით გამოცდილებას ვიღებთ, რადგან ახალგაზრდების კრეატიულ შესაძლებლობათა ხელშეწყობით საშუალებას ვაძლევთ მათ, იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან.

ვიაზროვნოთ განსხვავებულად. ვიაზროვნოთ თავისუფალი ადამიანებივით. ნუ დავემორჩილებით გავრცელებულ აზრსა თუ სტერეოტიპებს, სამყარო ჩვენ გარშემო გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ადამიანის კატეგორიზაციული აღქმა წარმოგვიდგენს. დივერგენტი იყო ის პირველი ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა ტაბუს და, ცნობისმოყვარეობით შეიარაღებულმა, მთის გადაღმა, „აკრძალულ” სამყაროში გადაწყვიტა გადასვლა.

თარგმნა ლევან ალფაიძემ
გამოყენებული წყაროები:

1. Steacey Goodman, Source: https://www.edutopia.org/blog/fueling-creativity-through-divergent-thinking-classroom-stacey-goodman MARCH 18, 2014
2. Креативные способности учителя и учащихся начальной школы: https://www.moluch.ru/conf/ped/archive/97/4368/
3. https://www.youtube.com/watch?v=EWEl8-PHhMI&feature=youtu.be

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიები

0
მასწავლებლობა, ალბათ, არც ერთ ეპოქაში იოლი არ ყოფილა. ხიბლიც სწორედ ის არის, რომ  გიწევს ამ სირთულეების დაძლევა  და ახალი გამოწვევების გადალახვა. ამ მხრივ ჩვენი ეპოქა განსაკუთრებულია. ოცდამეერთე საუკუნის პედაგოგს უწევს ასწავლოს მოსწავლეს, რომელიც ცხოვრობს ინფორმაციული ნაკადის ეპოქაში.

ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია არა თეორიული ცოდნის დაუფლებაზე, არამედ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გამომუშავებაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება არაერთფეროვანია.
განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რადგან ის უზრუნველყოფს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებას. ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს  კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვისა  და სწავლებისთვის.

არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლა პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილნი, არღვევენ სასწავლო პროცესს და ხშირად მათი ქცევის გასაკონტროლებლად იხარჯება პედაგოგის დროის დიდი ნაწილი. ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროდუქტირება და ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური ტექსტები.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. საგნების სწავლება, სპეციფიკური  კომპეტენციების განვითარებასთან ერთად, ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ამ პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების  განვითარებას.

მედიაწიგნიერება ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, გამოუმუშავებს მათ ძიებისა და მოძიებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარ-ჩვევას.

 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ტრადიციულ ტექსტებთან ერთად თუ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მულტიმედიურ ტექსტებს (ტექსტებს, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვანსა და ვიზუალურ საშუალებებს) გამოიყენებს, ექნება უფრო ეფექტური გაკვეთილი, მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან და პედაგოგიც მიზანს მარტივად მიაღწევს.

თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ აუცილებელია, მოსწავლე თავიდანვე მივაჩვიოთ, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალი ფორმის მულტიმედია-ტექსტების აღქმა-გააზრებას, ინტერპრეტირებას; მეორე მხრივ, მედიასამყაროში ორიენტირებას, რომელიც ხელს შეუწყობს მის მიერ სწორი არჩევნის გაკეთებას, მიღებული ინფორმაციის „გაფილტვრასა” და კრიტიკულად შეფასებას.

ყველა პედაგოგმა იცის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და მის მიერ მიღწეულ შედეგზე, რომელიც იზომება ინდიკატორებით. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. შედეგზე გასასვლელად მასწავლებელს მოუწევს არა მკაცრად რეგლამენტირებული, არამედ რეკომენდებული შინაარსი. სწორედ ამ გამოწვევების ეფექტურად დაძლევაში პედაგოგს  დაეხმარება  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწორად  გამოყენება.

ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ეფექტურია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სხვადასხვა რესურსის გარდა, სასწავლო მასალის შესაბამისად მოამზადოს მრავალფეროვანი ელექტრონული მასალა. მაგალითისათვის განვიხილოთ  ელექტრონული წიგნი, რომლის შესაქმნელად ვიყენებთ პროგრამა PowerPoint-ს ამისათვის, პირველ რიგში, სასწავლო მასალის შესაბამისად ვარჩევთ  ტექნიკურ პარამეტრებს (რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსის შექმნის დროს), ტექსტს, პერსონაჟებს.

მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა სკოლაში მდიდარ მხატვრულ თუ არამხატვრულ  ტექსტებს ეფუძნება. მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ ტექსტის დამოუკიდებლად შედგენას, მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზს, რათა შეძლონ დამოუკიდებლად  (პოზიციისა და შეფასების) თავისუფლად გამოხატვა. პერსონაჟების, ფონისა და ტექსტის შერჩევის შემდეგ სლაიდებზე განვალაგებთ ტექსტურ მასალას, ეს პროგრამა იმდენად  ეფექტურია, რომ შესაძლებლობას გვაძლევს ჩავრთოთ ტექსტის შესაბამისი ვიდეო ან ტექსტის სრულყოფის მიზნით გამოვიყენოთ ვიდეომასალა.

მაგალითად განვიხილოთ აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული წიგნების გამოყენებით ისეთი საკითხის სწავლას, როგორიცაა მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა. მეთოდები, რომლებიც მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენას უკავშირდება, შეიძლება სწავლის „ქვაკუთხედად” ჩაითვალოს. 

მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენას თან მოსწავლეთა შორის სასარგებლო დისკუსიები და კითხვა-პასუხი ახლავს. როდესაც მოსწავლეები დამოუკიდებლად პოულობენ მსგავსებასა და განსხვავებას მათში იზრდება ცოდნის გააზრებისა და გამოყენების შესაძლებლობა. თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეებში განსხვავებული იდეების სტიმულირება მოახდინოს, უნდა გამოიყენოს შესაბამისი აქტივობები.

მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენის პროცესი სხვადასხვაგვარად შეიძლება წარიმართოს და საკმაო ძალისხმევას საჭიროებს. ამ მეთოდს ოთხი სხვადასხვა ეფექტური ფორმა აქვს:

 1. შედარება (საგნებს ან იდეებს შორის მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციის პროცესი );   

2. კლასიფიკაცია   (საგანთა კატეგორიებად დაჯგუფების პროცესი, რომელიც ეფუძნება მათ მახასიათებლებს);  

 3. მეტაფორები (კონკრეტულ თემაში ზოგადი ან საბაზო პარადიგმის იდენტიფიკაციის პროცესი და შემდეგ ისეთი სხვა თემის მოძიება, რომელიც სრულიად განსხვავებულია, მაგრამ იმავე, ზოგად პარადიგმას ემორჩილება);

 4. ანალოგიები  (ცნებათა წყვილებში ურთიერთკავშირების იდენტიფიკაციის პროცესი).

მერვე კლასში ისწავლება გ. ლეონიძის „მარიტა” და მ. ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა”. ორივე ნაწარმოების შესწავლის შემდეგ, ხშირად ვიყენებ აქტივობას, რომლის საშუალებითაც ელექტრონული წიგნების გამოყენებით ხდება მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა.  

კლასს ვყოფ  ორ ჯგუფად:  

პირველ ჯგუფს ვავალებ შექმნას ელექტრონული წიგნი სოფიოს სახესა და ბრბოს ფსიქოლოგიაზე (ანუ ტექსტზე დაყრდნობით რამდენიმე სლაიდი მიუძღვნან სოფიოს დახასიათებას და რამდენიმე სლაიდი  ბრბოს „ფსიქოლოგიას”, ანუ აღწერონ როგორ მოხდა ბრბოს ფორმირება, როგორია მათი: შეხედულებები,  დამოკიდებულება, ქცევა, პასუხისმგებლობა). 

 მეორე ჯგუფს ვავალებ შექმნას ელექტრონული წიგნი მარიტას სახესა და ბრბოს ფსიქოლოგიაზე (ანუ ტექსტზე დაყრდნობით რამდენიმე სლაიდი მიუძღვნან სოფიოს დახასიათებას და რამდენიმე სლაიდი  ბრბოს „ფსიქოლოგიას”, ანუ აღწერონ როგორ მოხდა ბრბოს ფორმირება, როგორია მათი: შეხედულებები,  დამოკიდებულება, ქცევა, პასუხისმგებლობა). 

პრეზენტაციის დროს მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას მათ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნის საშუალებით.

ამის შემდეგ ორივე ჯგუფს ვავალებ მოძებნონ მსგავსება-განსხვავებები. 

ვფიქრობ, მასალის სწავლებისას ელექტრონული წიგნების გამოყენება ორივე მიმართულებით დაბალანსებულად უნდა გამოვიყენოთ:

1.როდესაც მასწავლებელს უნდა მოსწავლეს ამ გზით მიაწოდოს რაიმე ტიპის მასალა;
2.როდესაც მოსწავლე საკუთარი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს და ასე ქმნის ელექტრონულ პრეზენტაციას.
 აღნიშნული უნარების განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს და მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესი უფრო სახალისო და მიმზიდველი გახდება. ასეთი გზით სწავლება მოსწავლეებს გაუადვილებთ  წაკითხული ტექსტის გააზრებას, განუვითარდებათ უნარი სასწავლო საგნის შესაბამისად. სასურველია ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესსა თუ საშინაო დავალების  შესრულების პროცესში, მაგრამ, როდესაც მოსწავლე თავად ქმნის ელექტრონულ რესურსს, ამ დროს მას უჩნდება გარკვეული კომპეტენციის შეგრძნება, რაც შინაგანი მოტივაციის საფუძველია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი;
2.სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
3.„ეფექტური სწავლება სკოლაში”. ავტორები: რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი, ფოლოქი. (გამომცემლობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).

მანანა ბაქრაძე
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

2:3

0
ხომ არის ჩაძინების სახეობები და ჩაძინებათაგან საფეხურით მაღალი საქმე: ტელევიზორთან შეპარვით მიძინება. კომპიუტერში რომ მუსიკა გაქვს ჩართული, „ვინდოუს მედია პლეირის” ფანჯარას უყურებ და ძილის წამალი გაქვს დალეული და წკაპ და იცი, გაითიშები. ან სოფელში წევხარ ღუმელის კვამლით თვალებდასიებულ ოთახში, შენები ბუნდოვნად ლაპარაკობენ და თვალებზე რაღაც გებლანდება. ცალი ფეხი ზმანებებში გაქვს, ცალი ხტუნიამწერებშეფარებულ ტახტზე და უცებ ბებია გიყვირის: აბა, ადექი, ადექი – გამოცხვა. შენ დგები, ისე რომ ცალ ფეხს ისევ სიზმარში ტოვებ. და ვერ ხვდები, რატომ გაგაღვიძეს. ბებიას უჭირავს ღვეზელი, იგივე მუცლის სალოცავი, საშობაო, სამჯერ შემოგატარებს და ამბობს: „შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს. შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს”. დგახარ, ოდნავ ბანცალებ და ვერ ხვდები, ან მუცელი რატომ გტკივა, ან რატომ გაგაღვიძეს. მაგრამ რაღაც ჯადოსნური ამბავი რომ დგას, ამას გრძნობ. ახლა აღარც ის ბებია მყავს და არც მუცლის სალოცავები მაქვს. ხოლო საქმე იმდენი, რომ ცალ ფეხი დილით ისევ სიზმარში მრჩება და ისეთი, რომ ხან მეორესაც სიზმრებში ვადგამ. სხვა სიზმრებში. ცხადისთვის წესით გაუგებარ ამბებში. აცდენილ ამბებში. შესაბამისად ცოცხალ-მკვდარი და ბრმად მეძინება. ამის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გამოვტოვე. მათ შორის ერთი, რომელზეც ახლა გიამბობთ.

 

სასწაულმა შეჩვევა იცის. ეგრე გგონია, რომ სულ მოხდება, თუ ერთხელ ნახე. მანჩესტერი დიდი მაცდურია ამ მხრივ, ხანდახან იმეორებს არნახულ შემოტრიალებებს და შენ კიდევ ყოველთვის ელი, რომ ბოლო წუთას ორ გოლს გაიტანს და რომ ვერ – ასჯერ უფრო გიმძიმს.

იმ დღეს რატომღაც ჩამეძინა, ან ჯადოქრებმა იძალეს, ან ორმა ჭიქა იზაბელამ და იქ გამეღვიძა, სადაც ფერგი ხელით ანიშნებდა დაცვას მეტოქის კარისკენ. 89 წუთი იდგა. კამპ ნოუს სასწაულიდან ერთი წელი. მშვიდად მეგონა – გაიმეორებდნენ. რომ დამთავრდა, არ ვიჯერებდი და მერე სიზმარი მეგონა. მაგრამ ის დღე რაულის იყო, და რედონდოს ფინტის, ბერგის გაცურების და დელ ბოსკეს დაბადების. ამ უცნაური, დიდი ულვაშასი, რომელმაც მერე ყველა ტიტული მოიგო.

მაშინ აბა სად იყო გადახვევები. ჩვენ დროში ვნახე კომპიუტერში ეს დრამატული საგა. საქმე შემაშინებლად სიმბოლურად გამოიყურება: მანჩესტერის კაპიტანსა და ყოჩს, პატრიკ ვიერას დუშმანს და ირლანდიული ბალადების მოყვარულ კაცს, შირერზე ხელის აღმმართავ როი კინს ფეხი საკუთარი კარისკენ გაურბის და ანგარიში გაიხსნება. მერე ის რედონდოს სასწაული და რაულის დუბლი. მერე ბექჰემის საფირმო გოლი (არაჯარიმით) და პოლის თერთმეტმეტრიანი, მთელი საღამოს ჯავრი რომ ჩადო. მეორე დღეს, როცა მარცხი გავაცნობიერე მივხვდი – ამ გუნდს სამარეშიც ჩავყვებოდი, თუნდაც მაისურები გადაეღებათ და სათამაშოდ როხო, მატა და ფალკაო მოეწვიათ. მივხვდი, რომ მარცხი, შეიძლება გამარჯვების ძმა არ არის, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, სწორედ მარცხი ქმნის სიყვარულს. აკვიატებულ, მოურჩენელ სიყვარულს. სიყვარულს აქაც, აგერ, წერისას ტავტოლოგიად ქცეულ, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს. გაუგებარს, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს.

წყლის მოტანა მეზობლის ჭიდან. დღეში ერთხელ თუ ზამთარია. რამდენჯერმე – თუ ზაფხული. „წაი, წყალი მეიტანე რაია ბებიე” – „გიორგის უწევს ახლა”. მიდიხარ. კარგია, თუ დაემთხვა და ის ჩამოსული გოგოც მიდის წყლის მოსატანად. მაგრამ ეგ დამთხვევა პლანეტები რომ ერთ რიგზე განლაგდებიან, მაგ სიხშირით ხდება. ამიტომაც მარტო მიდიხარ. გაივლი ერთი მეზობლის ეზოს, სადაც თვალებდაწირპლული მაძებარი წევს და ტკიპების მოშორებას ცდილობს. მიხვალ ჭასთან. „თუ ოცის დათლაში ამევიღებ, ჯინსის შარვალს მიყიდიენ” – ჩაუთქვამ. ჭა არის ძველი. ოდნავ მომწვანო. ჭამ იცის ბევრის ოცნებები. სანამ დაყრუვდება. „მევიტანე წყალი, ვედრას გასდის ცოტა”. მერე სიზმრებში ჩაგყვება და ყველაფერს ამ ქარგაზე ააგებ. ბოლოს გაიგებ, რომ შეყვარებული ჰყოლია და შეყვარებულს უკეთესი ჯინსის შარვალი ჰქონია. და მიხვდები, რომ მარცხი, შეიძლება გამარჯვების ძმა არ არის, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, სწორედ მარცხი ქმნის სიყვარულს. აკვიატებულ, მოურჩენელ სიყვარულს. სიყვარულს აქაც, აგერ, წერისას ტავტოლოგიად ქცეულ, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს. გაუგებარს, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს.

კრიტიკული პედაგოგიკა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების საფეხურზე

0
გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა უთანასწორობებით, სტერეოტიპული დამოკიდებულებებით და დისკრიმინაციული ქმედებებით ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ: ქალების საშუალო შემოსავალი მამაკაცებისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებს, აგრეთვე სოფლებში მცხოვრებ ბევრ ადამიანს არ ეძლევა სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სერვისებით სრულფასოვნად სარგებლობის საშუალება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს არ აქვთ საჭირო პირობები განათლების მისაღებისა და დასაქმებისთვის. გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური დამოკიდებულებების გამო სექსუალური უმცირესობები იძულებულნი არიან დამალონ საკუთარი იდენტობა და ყოველდღიურად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხის ქვეშ იცხოვრონ. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები და უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა სრულიად მარგინალიზებულია საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან; ქალებისა და ბავშვების მიმართ გავრცელებული ძალადობა ხშირად იგნორირებულია საზოგადოების მიერ; მმართველი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები შეურაცხყოფს და ღირსებას ულახავს ადამიანთა ზოგიერთ ჯგუფს და ა.შ. 

უთანასწორობა და დისკრიმინაცია, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ხშირად შეუმჩნეველი რჩება მათთვის, ვინც უშუალო მსხვერპლი არ არის. მეტიც, ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, ავი განზრახვის გარეშე, უთანასწორობისა და დისკრიმინაციის რეპროდუქციას ახდენს ინდივიდუალურ დონეზე. კრიტიკული პედაგოგიკის ამოცანაა დისკრიმინაციის „გაუბრალოების” და უთანასწორობის მიმღეობის პრობლემატიზება და აქტიური მოქმედება სოციალური სამართლიანობის მიღწევისთვის. 

დისკრიმინაცია გულისხმობს ადამიანთა არათანაბარ მოპყრობას, იმის მიხედვით თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი. შეგვიძლია სამი ტიპის დისკრიმინაციის გამოყოფა: ინდივიდუალური, ინსტიტუციური და სტრუქტურული. ინდივიდუალური დისკრიმინაცია გულისხმობს ერთი ჯგუფის წევრის მიერ მეორე ჯგუფის წევრის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ აქტს. განათლებაში ინდივიდუალური დისკრიმინაციის მაგალითია, როდესაც შშმ ბავშვს დირექტორი უარს ეუბნება სკოლაში მიღებაზე. ინსტიტუციური დისკრიმინაცია გულისხმობს დისკრიმინაციულ პოლიტიკურ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ  სისტემას, ხოლო სტრუქტურული დისკრიმინაცია, გულისხმობს ისეთ პოლიტიკასა და საკანონმდებლო სისტემას, რომლის პირდაპირ მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაცია, მაგრამ არსებული რეალობების გამო უარყოფითი შედეგები მოაქვს ადამიანთა ზოგიერთი ჯგუფისთვის. 

უთანასწორობა ჩვენი საზოგადოების მწვავე პრობლემაა. რეალობაა, რომელშიც ბავშვები იბადებიან, იზრდებიან და სიცოცხლის მანძილზე განიცდიან მის შედეგებს. სკოლამდელ და დაწყებით სასკოლო ასაკში ბავშვი ყველაზე ინტენსიურად ვითარდება, უყალიბდება დამოკიდებულებები განსხვავებული ადამიანების მიმართ. სწორედ ამიტომ ეს მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც უთანასწორობის შედეგების შემცირებისთვის, ასევე დისკრიმინაციული დამოკიდებულებების და ქმედებების გამრავლების შეწყვეტისთვის.

თანასწორობა არ ნიშნავს იგივეობას; ის არ გულისხმობს ერთნაირ ქმედებას, ერთნაირი რესურსების გამოყენებას განსხვავებული ადამიანებისთვის, ვინაიდან მათ განსხვავებული საჭიროებები აქვთ. მაგალითისთვის ავიღოთ რამდენიმე ბავშვი. პირველი ბავშვი მასტიმულირებელ ოჯახურ გარემოში იზრდება, აქვს კარგი კვებისა და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;  მეორე ბავშვი შინ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, სკოლაში კი – ქართულად სწავლობს; მესამე – შინ ბევრს შრომობს ოჯახის დასახმარებლად; მეოთხე – ხშირად ოჯახური ძალადობის მომსწრეა; მეხუთე – პირველკლასელი ბიჭუნაა, რომელსაც მოსწონს თოჯინებით თამაში, რის გამოც თანატოლები დასცინიან, ზრდასრულები კი საყვედურობენ. ამ ბავშვებს განსხვავებული საჭიროებები და ინტერესები აქვთ და იმისათვის, რომ თითოეულს საუკეთესო დასაწყისი ჰქონდეს, საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, პედაგოგმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სწორედ ის უნდა მისცეს მათ, რაც ყველაზე უკეთ უპასუხებს მათ საჭიროებებს. 

განსხვავებული საჭიროებების მიმართ სენსიტიური და მზრუნველი პრაქტიკა აუცილებლად გულისხმობს დისკრიმინაციასთან აქტიურ ბრძოლასაც. მასწავლებლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ დისკრიმინაციის საკითხის წამოწევა უმცროსი ასაკის ბავშვებთან უადგილოა, რადგან ბავშვებს ერთმანეთს შორის განსხვავებები ნაკლებად აინტერესებთ, ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები და ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით ხელოვნურად შევუქმნით დისკრიმინაციის შესახებ წარმოდგენებს. მაგრამ ეს ასე არ არის. ბავშვები არ იზრდებიან იზოლირებულ, სტერილურ გარემოში; მათ მუდმივად ესმით ვინ არის პრივილეგირებული, ვინ ითვლება „უკეთესად”, ვინ ფლობს მეტ ძალაუფლებას და ა.შ. ამ „მესიჯებთან” აქტიური ბრძოლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია უთანასწორობის მუდმივად რეპროდუცირებადი ციკლის გარღვევა. კვლევები ადასტურებს, რომ უკვე სამი-ოთხი წლის ასაკიდან ბავშვები ამჩნევენ გენდერულ, რასობრივ, ფიზიკურ და ენობრივ განსხვავებებს და უყალიბდებათ სტერეოტიპული დამოკიდებულებები საკუთარი ან სხვათა იდენტობების მიმართ. 

კრიტიკული პედაგოგიკა, პირველ რიგში, გულისხმობს განსხვავებულობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით მასწავლებლის მიერ საკუთარი დამოკიდებულებების გაანალიზებას. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ არ ვართ ნეიტრალურნი; ჩვენ გარკვეული კულტურის, დამოკიდებულებების და ღირებულებების მატარებლები ვართ, მათ შორის შესაძლოა სტერეოტიპული წარმოდგენებისაც. ყოველივე ეს ზეგავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე, ბავშვებთან და მათ ოჯახებთან ურთიერთობაზე. თვითრეფლექსია პირველი და ალბათ ყველაზე რთული ნაბიჯია ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნის გზაზე. 

კრიტიკულ თვითრეფლექსიასთან ერთად მნიშვნელოვანია ღიად მივიღოთ განსხვავებები ბავშვებსა და ოჯახებს შორის. განსხვავებულობა ერთი შეხედვით შესაძლოა საშიშად და მიუღებლად მოგვეჩვენოს, მით უმეტეს თუ ის საფრთხეს უქმნის ჩვენს დომინანტურ პოზიციას – ძალაუფლებას, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, როგორც სხვა, „ძლიერი” ჯგუფის წევრები. მაგრამ მრავალფეროვნება – სიმდიდრეა, რომელსაც შეუძლია თითოეული ჩვენგანის ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს, მრავალფეროვნების გარეშე ძნელად წარმოსადგენია განვითარება. მისი მიღება და შესწავლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პედაგოგმა შეძლოს განსხვავებულთან დიალოგი (რამდენადაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას) და თავდაჯერებული მოქმედება, როდესაც კლასში თუ კლასს გარეთ დისკრიმინაციის პირისპირ აღმოჩნდება. 

იმისათვის, რომ თითოეულ ბავშვსა და ოჯახს პატივს სცემდნენ, თითოეულის იდენტობა დაფასებული იყოს და ყველა ჯგუფის თანასწორ წევრად გრძნობდეს თავს, მნიშვნელოვანია, ყველა სტერეოტიპული შენიშვნა და დისკრიმინაციული ქმედება უპასუხოდ არ დარჩეს. თუმცა, კონკრეტულ ინციდენტებზე რეაგირება ანტიდისკრიმინაციული განათლების მხოლოდ ერთი მხარეა. მასწავლებელი მუდმივად, საგანმანათლებლო პროცესის დროს, ხელს უწყობს კლასში განსხვავებული იდენტობების წახალისებას, თითოეული ბავშვის ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას, ეხმარება მოსწავლეებს კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი დამოკიდებულებები სხვების მიმართ, ხელს უწყობს მათ თვითრწმენასა და უვითარებს უნარ-ჩვევებს, რათა ბავშვებმა დამოუკიდებლად შეძლონ წინააღმდეგობა გაუწიონ უსამართლო მოპყრობას (მათ მიმართ თუ სხვების მიმართ). 

ანტიდისკრიმინაციული საგანმანათლებლო გარემო და პროცესი უმნიშვნელოვანესია სოციალური ცვლილებებისთვის, ახალი რეალობისთვის, რომლებიც ბავშვებს, მიუხედავად მათი იდენტობისა მაქსიმალურად თანასწორ (და არა იგივე) შესაძლებლობებს მისცემს სწავლისთვის, განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. სოციალური სამართლიანობის იდეალის მქონე პედაგოგისთვის ყოველდღიურ პრაქტიკაში დღის წესრიგში უნდა იდგეს კომუნიკაცია და დიალოგი განსხვავებულთან, კრიტიკული რეფლექსია და პრობლემური საკითხების განსხვავებული შეხედულებებიდან განხილვა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მრავალფეროვან გარემოში სადაც განსხვავებული კულტურები და იდენტობები იკვეთებიან, შეგვხვდება უთანხმოებაც, რომელიც უკუგდების ან უმცირესობის ჩაგვრის ნაცვლად, მასწავლებლების, ბავშვებისა და მშობლების  მიერ სწავლისა და გამოსავლის ძიებით, ეთიკურ პროცესად უნდა იქცეს. 

ბრაზი და კომპრომისი

0

ამერიკელი მწერალი ლაფაიეტ რონ ჰაბარდი თავის წიგნში „საბავშვო დიანეტიკა” წერს: „თუკი ბავშვი ძალიან ბრაზობს, მიეცით საშუალება. თუნდაც, ეს ის შემთხვევა იყოს, როდესაც თქვენ მსხვერპლი ხართ. მიეცით ბავშვს ბრაზის გამოხატვის საშუალება და ის მალევე დამშვიდდება. ბრაზი გაქრება. თუ მის დათრგუნვას ეცდებით, ბრაზი უფრო გაძლიერდება და დროში გახანგრძლივდება. ბავშვს უნდა ჰქონდეს რეაქცია. ბრაზის ენერგია აუცილებლად უნდა დაიწვას. არასოდეს უთხრათ სიბრაზის მომენტში – „შეწყვიტე! შენი თავი გააკონტროლე”.

რთულია, როდესაც ბავშვი ბრაზობს, კაპრიზობს, ისტერიკაში ფეხებს აბაკუნებს, ურჩი მოზარდი კი ხმამაღლა აბრახუნებს სახლის კარს და გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდება. ასეთი სიტუაციის მომსწრე თითქმის ყველა მშობელია. ამ დროს დედ-მამამ არ იციან რა მოიმოქმედონ. უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგები გვირჩევენ ჩავეძიოთ ბავშვის გაბრაზების მიზეზს. გავარკვიოთ, რის გამოა უკმაყოფილო და რას აპროტესტებს. თითოეული ბავშვი სხვადასხვაგვარად რეაგირებს გარე გამღიზიანებლებზე. ზოგი ამას ტირილით გამოხატავს, ზოგი კაპრიზობს, ზოგი უშვერ სიტყვებზე გადადის და ზოგიც ჩუმდება.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უმჯობესია ბავშვმა გამოხატოს ემოცია. უფროსმა თაობამ კი ამ ემოციის გამოხატვის ფორმას მიაქციოს ყურადღება. როდესაც მცირე ასაკის ბავშვი ან გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი წუხს, ეს ნორმალურია. წუხილი და ბრაზი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.

მას შემდეგ, რაც მშობელი ბავშვის გაღიზიანების მიზეზს დაადგენს, მკვეთრად უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან ბრაზი და აგრესია. ბრაზი დროებითი მოვლენაა, აგრესიას კი ფიზიკური და მორალური მსხვერპლი მოჰყვება. მშობლების უმრავლესობა გაბრაზებულ და აგრესიულ ბავშვს სჯის. დასჯილი ბავშვი უფრო ღიზიანდება და ბრაზის გამოხატვის რადიკალურ ფორმებს მიმართავს.

თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი სასარგებლო საქმით დაკავდა, აუცილებლად შეაქეთ და გააქეზეთ. დააფიქსირეთ ის, რომ მისი ქცევა თქვენთვის მისაღებია, მნიშვნელოვანი. ასეთი გზით მას მიახვედრებთ, რა არის  „კარგი” და რა – „ცუდი”. აგრესიულ/ბრაზიან ბავშვებთან ურთიერთობის დროს იშვიათად მიუთითეთ იმაზე, რა არ მოგწონთ. ამით ბავშვს დააზღვევთ ცრუ შეგრძნებისგან, თითქოსდა ის თქვენს მოსაწონს ვერაფერს აკეთებს.

ბავშვის ბრაზის მიზეზი შეიძლება მოზღვავებული ენერგია იყოს. მშობლები ცდილობენ ენერგიული ბავშვი „მოთოკონ”. სინამდვილეში კი, უმჯობესია ბავშვმა ენერგია დახარჯოს და ბრაზის ენერგიაც თან გააყოლოს.

ყველაზე მთავარი და უნივერსალური რჩევა კი ასეთია: ყოველთვის აგრძნობინეთ შვილს, რომ გიყვართ. ბევრი ესაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, ეხუმრეთ, იყავით თვითირონიული, მოიპოვეთ ბავშვის ნდობა, გახდით მისი მესაიდუმლე, უახლოესი მეგობარი.

მსოფლიოში არ არსებობს კვლევა, რომელზე დაყრდნობით დაზუსტებით  ვიტყვით – ბრაზიანი ბავშვი ნერვიულ, ფსიქოპატ ადამიანად ყალიბდება. ბევრი რამ მშობელზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ დედა შვილს არ უშლის, რომ მან უყვიროს, ფეხები უბაკუნოს, სცემოს და შეურაცხყოს, ბავშვი ამას ნორმად მიიჩნევს, ამ მიმართულებით უფრო განავითარებს ნეგატიურ ემოციას და სიბრაზის ჟამს ყოველთვის მოიხმობს მას.

უფროსს შეუძლია ბავშვში ნეგატიური ემოცია ერთჯერადად ჩაახშოს, მაგრამ სიმშვიდის გარანტია არასდროს ექნება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის სწორედ ჩვილობიდან აღზრდა. კარგად აღზრდილ ბავშვს არ ჭირდება „ჩახშობა”. მისი ბრაზიც იოლად მართვადია, ხოლო თუ ის შენიშვნას იმსახურებს, ადეკვატურად აფასებს. რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვი, ცუდად თუ კარგად აღზრდილი, ბრაზდება. გაბრაზებული თავის ოთახს მიაშურებს და ემოციას იქ გამოუშვებს, გარკვეული დროის მერე კი მზად იქნება მშობლებთან სალაპარაკოდ. ბავშვს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი, ინტერესი, რომელსაც ემოციებით თუ უემოციოდ დაიცავს.

ცნობილი ავსტრიელი მეცნიერი ლორენცი – რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ცხოველთა და ადამიანთა აგრესიული ქცევების შესწავლაში – მიიჩნევდა, რომ აგრესიას ბიოლოგიური საფუძველი აქვს, მეტიც, ხშირად ის გენეტიკურია. აგრესიის მიზანი არა ნგრევა, არამედ ამ ფორმით გარემოსთან ადაპტაციაა. მეცნიერთა უმრავლესობა კი ამტკიცებდა, რომ აგრესია პირდაპირ კავშირშია ბრაზთან, მიზნის მიღწევის დაუოკებელ სურვილთან.

ნამდვილი ბრაზის ნიშნებს ბავშვი ერთი წლის ასაკიდან წარმოაჩენს. უმეტესად ამ ასაკის პატარები უსულო საგნებზე ბრაზობენ: სკამზე, რომელსაც ფეხი წამოკრეს, კარზე, რომელშიც თითი მოყვათ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ხანმოკლეა სიბრაზის ფაზა. ბავშვის დამშვიდებაც უფრო ადვილია.

ორი წლის ასაკიდან ბავშვებში პროტესტის გრძნობა იღვიძებს. ისინი ბრაზობენ მშობლებზე, რომლებიც სათამაშოს არ ყიდულობენ. ბრაზობენ, როცა ჭამას აძალებენ, მულტფილმებს უთიშავენ. ბავშვების „საპროტესტო აქციები” შოკში აგდებს მშობლებს. ბავშვს შეუძლია საჯარო სივრცეში წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყოს. დარცხვენილი დედ-მამა იძულებულია შეასრულოს ბავშვის კაპრიზი ან რამენაირად დასაჯოს ის. ორივე მიდგომა არამართებულია.

ბევრი ბავშვებისთვის „სპექტაკლის დადგმა” პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის ბრძოლა იმ ხელისუფლებისა და გავლენისთვის, რომელიც ჯერჯერობით მშობლის ხელშია.

ბავშვის დასჯას შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ბავშვის დანაშაულს მომენტალურად მოჰყვება. სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს. არ შეიძლება ბავშვის დასჯა ისე, რომ მან თავი დამცირებულად იგრძნოს.

ზოგჯერ მშობლებისთვის დამაბნეველია ბავშვის ქცევა – ის ყვირის, იკბინება, ნივთებს ყრის, იჩენს ფიზიკურ აგრესიას უფროსების მიმართ, ჩუმ-ჩუმად ჩაგრავს უმცროს და-ძმას. ასეთი ქცევა სამი წლის ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. ამ გზით ისინი ავტორიტარულ აღზრდას აპროტესტებენ. მათ კრიზისი მაშინ ეწყებათ, როდესაც მათ მშობლები ვერ ამჩნევენ – ბავშვებს დამოუკიდებლობა სურთ, აღარ საჭიროებენ მშობლების ზემზრუნველობას. ამ პერიოდში მშობლებმა ბავშვების მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეცვალონ.

ბავშვის აგრესიულ ქცევაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ოჯახური ურთიერთობები. თუ მშობლები ხშირად ჩხუბობენ, ბავშვიც ფეთქებადი და გაღიზიანებულია. მცირეწლოვანი ბავშვი მშობლის სარკეა. თუ დედ-მამა ბრაზიანია, ბავშვიც სწავლობს გაბრაზებას, დედ-მამა კეთილია და ბავშვიც სიკეთით ივსება.

ბავშვების ბრაზის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ეჭვიანობაა. ბავშვისთვის სულაც არ არის აუცილებელი ჰყავდეს ეჭვიანობის კონკრეტული ობიექტი. ბავშვი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს. ეჩვენება, რომ მშობლებს მის გარდა ყველა უყვარს. ეჭვიან ბავშვს შეუძლია დაჩხაპნოს ახალგაკრული შპალერი, დაჭეჭყოს მაცივრის კარი ან ტელევიზორის პულტი. ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებს, რომ მშობლები აფრთხილებდნენ – ასე არ მოქცეულიყო. მათ ხომ საოჯახო ტექნიკაში ძალიან დიდი ფული გადაიხადეს. დიახ, ბავშვი შპალერზე, ტელევიზორზე და პულტზე ეჭვიანობს. მშობლები ამ ნივთებზე გაცილებით მეტს საუბრობენ, ვიდრე პლასტელინის ძაღლსა და ფისოზე, რომელიც ბავშვმა საკუთარი ხელით გამოძერწა…

მშობლები ყოველთვის უნდა დაფიქრდნენ: ხომ არ არის ბავშვის ბრაზი საპასუხო რეაქცია რამეზე? იქნებ ბავშვი სხვაზე ბრაზობს, მაგრამ ჯავრს მშობლებზე იყრის? მსგავსი რამ ბავშვებს ხშირად მოსდით. მათ ჩაგრავენ. ამის აღიარება მშობლებთან არ სურთ, მაგრამ აგრესიის ადრესატები სწორედ მშობლები ხდებიან. მოზარდულ ასაკში მშობლებს არ ესმით, რატომ გაუხეშდა მათი შვილი, გახდა უპასუხისმგებლო, თავხედურად ეპასუხება და სხვ.  მშობლების საპასუხო რეაქციაც არ აყოვნებს – ისინიც ბრაზობენ და კონფლიქტში შედიან.

კონფლიქტები ღრმავდება. მოზარდთა აზრით, „მშობლები ცხვირს ყოფენ მათ საქმეებში”. ამ შემთხვევაში სიტუაცია მშობლებმა უნდა გამოასწორონ და კომპრომისზე წავიდნენ. კონფლიქტი ცხელ გულზე არ უნდა გადაიჭრას. ახსნა-განმარტებებსაც თავისი დრო აქვს. თხუთმეტი წლის მოზარდი ვალდებული არ არის ყოველსაათობრივად ჩააყენოს საქმის კურსში დედ-მამა სად და ვისთან არის, მაგრამ თუ მოზარდს ვთხოვთ, უბრალოდ შეგვატყობინოს რომელ საათზე დაბრუნდება შინ, არა მგონია წინააღმდეგობა გაგვიწიოს. მას უნდა განუმარტოთ, რომ ცნობისმოყვარეობა კი არა, სიფრთხილე გვამოძრავებს. უნდა დააჯეროთ მოზარდი იმაში, რომ ვენდობით და პატივს ვცემთ. ბოლოსდაბოლოს, ბრაზში კატასტროფული არაფერია, მაგრამ თუ ბავშვი/მოზარდი მუდმივად ამ მდგომარეობაშია, მაშინ ფსიქოლოგის დახმარება არ გვაწყენდა.

1956 წლის მარტის მოვლენები – თვითმხილველთა მოგონებები, საარქივო დოკუმენტები, პერიოდიკა, ანალიზი

0

ეპიგრაფი
ძალიან მიყვარდა სტალინი. ძალიან, ძალიან მიყვარდა სტალინი. მერე სტალინი თბილისში ჩამოვიდა, მერე სტალინი მოკვდა, მერე კი თბილისის სასაფლაოებზე გაჩნდა საფლავები გარდაცვალების ერთი და იმავე თარიღით – 9 მარტი, 1956 წელი. იმ დღიდან მიყვარს ერთი ქართველი მწერალი, ეგნატე ნინოშვილი, თუმცა… არასდროს წამიკითხავს მისი წიგნები.

 

ნურბეი გულია, 1956 წლის მარტის მოვლენების მონაწილე

 

 

არსებობს ისტორიული თარიღები, რომელთა გახსენება, შეფასება და ანალიზი ყოველ დროში აქტუალური და მნიშვნელოვანია. ასეთია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღეც – 1956 წლის 9 მარტი. მასალაში თავმოყრილია თვითმხილველთა მოგონებები, იმდროინდელი პერიოდიკის მიმოხილვა, საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მარტის მოვლენების გახსენებისა და შეფასებისთვის გამოადგებათ პედაგოგებს.

როგორ იგონებენ მარტის ტრაგიკულ მოვლენებს თვითმხილველები? რამდენი ადამიანი შეეწირა რეალურად მიტინგის დარბევას? რა რიცხვია მოყვანილი ოფიციალურ დოკუმენტებსა და ოქმებში? რამ გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება? რა გამოხმაურება მოჰყვა იმდროინდელ პერიოდიკაში მიტინგის დახვრეტას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას პირველწყაროების, პერიოდიკის, მოგონებებისა და დღეს უკვე გასაჯაროებული დოკუმენტების მეშვეობით შევეცდებით. მასალა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული 4D ინტერდისციპლინური კვლევების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში.

 


პრეისტორია

ჯერ კიდევ 1954 წლის მარტში, სტალინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 3-იდან 9 მარტის ჩათვლით თბილისში, სანაპიროზე, მშრალ ხიდთან მდებარე სკვერში, სტალინის ძეგლთან იკრიბებოდნენ ადამიანები, ყვავილებით ამკობდნენ ძეგლს და იგონებდნენ „ხალხის მამას”. 1955 წელს კი იქ იმდენი ხალხი შეიკრიბა, შეკრება არასანქცირებულ მიტინგს დაემსგავსა. 1956 წელს ხრუშჩოვის მიერ პარტიის მე-20 ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობამ ბელადის კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაააქტიურა. უკვე სამი მარტიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საბჭოთა რეალობისთვის გაუგონარი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 4, 5 და 6 მარტს გამოსვლების მასშტაბი თანდათან გაიზარდა, 7 მარტს კი სტალინის ძეგლთან, ლენინის (ახლანდელ თავისუფლების) მოედანზე გამართულ მიტინგებზე, იმდროინდელი მოვლენების თვითმხილველის, ნოდარ ნათაძის მოგონებით, 70-80 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი (ამას სხვა თვითმხილველებიც ადასტურებენ). თბილისელ თანატოლებთან ერთად იდგნენ რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტებიც. ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა სტალინის „უბიწო” სახელის შებღალვის გამო…

 

პერიოდიკა

აღსანიშნავია, რომ ამ დღეების განმავლობაში პერიოდიკაში არ გამოჩენილა სტალინის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი. მხოლოდ 9 მარტით დათარიღებულ გაზეთ „კომუნისტსა” და „ლიტერატურულ საქართველოში” ვაწყდებით ი. ბ. სტალინის გახსენებას. საინტერესო და უჩვეულო კი ისაა, რომ სტალინი ამ წერილში ხაზგასმით წარმოჩენილია როგორც კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს გენიალური დამაარსებლის, ვ. ი. ლენინის, გამოჩენილი მოწაფე.

პათოსი წინა წლის გამოცემებთან შედარებით თავშეკავებულია და მეტწილად საუბარია ლენინური იდეებისა და კომუნისტური პარტიის წინსვლის შესახებ. მიმოხილულია მეცხრამეტე და მეოცე ყრილობები, ოღონდ მოხსენება „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ” განხილული არ არის. სახასიათო აბზაცი: „პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნ. ს. ხრუშჩოვის მოხსენებამ ასახა ის გრძნობა, შემოქმედებითი ძიებისა და ინიციატივის ის სულისკვეთება, ნაკლოვანებებისადმი ის შეურიგებლობა, რაც ახასიათებს პარტიული ხელმძღვანელობის ლენინურ სტილს და ჩვენი პარტიის მთელ საქმიანობას”. განწყობა რადიკალურად შეცვლილია, სტალინი ლენინის ჩრდილქვეშ მოიხსენიება, არსადაა ობლობის, გენიალური ბელადის გარდაცვალების ტრაგიკულობის განცდა, რომლითაც გაჯერებულია წინა წლის იმავე პერიოდის გამოცემები.

აქ კი უცბად და მკვეთრად აქცენტი მთლიანად გადატანილია მეექვსე ხუთწლედის წარმატებებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიტერატურული საქართველოსა” და „კომუნისტის” სტატიები აბსოლუტურად იდენტურია. ტექსტში სტალინი არსადაა მოხსენიებული იმ აღმატებული ზედწოდებებით, რომლებითაც მანამდე ამკობდნენ (იშვიათი გამონაკლისების გარდა, წინა წლების პერიოდულ გამოცემებში სტალინის სახელს თითქმის ყოველთვის ახლავს ეპითეტები: „ხალხის მამა”, „დიდი მასწავლებელი”, „ყველა დროის გენიოსი”, „ბედნიერი ცხოვრების შემოქმედი”, „ჩვენი გამარჯვების დროშა”, „დიდი სტალინი”, „ყველა ჩვენი გამარჯვების შემოქმედი” (მაგალითად, 1953 წლის „კომუნისტის” მარტის ერთ-ერთ ნომერში სტალინი ამ ზედწოდებათა გარეშე 8-ზე ნაკლებ შემთხვევაში მოიხსენება). რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პუბლიკაციაში მოხსენიებული ი. ბ. სტალინი სხვა პიროვნებაა, არა ის, ვისაც მანამდე გვაცნობდნენ იგივე გამოცემები.

 


რა ხდებოდა საკუთრივ მიტინგზე?

ამის შესახებ წარმოდგენას მიტინგის მონაწილეთა მოგონებების მიხედვით შევიქმნით.

პირველ დღეებში გამოსვლებს ხელისუფლების მხრივ სრული იგნორი მოჰყვა. „ქუჩებში მილიციელები არ ჩანდნენ, ხალხი, თითქოს, თავის ნებაზე იყო მიშვებული…” (ნოდარ ნათაძე)

9 მარტს, დილით, ვასილ მჟავანაძე გამოჩნდა მიტინგზე, შეკრებილებს მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა. როგორც თვითმხილველები იგონებენ, სიტყვა მან რუსულად დაიწყო, შემდეგ კი მომიტინგეების მოთხოვნით ქართულად გააგრძელა. ხალხის დასაშოშმინებლად მან თქვა: „ჭორია, მოგონილია, თითქოს სტალინზე ცუდი ითქვა…”

იმავე დღეს მიტინგზე გამოჩნდა ჩინეთის სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ჩუ დე. მოწოდებას არავინ დაუჯერა. სტუდენტებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მიტინგზე იყვნენ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ისმოდა მოწოდებები, სტალინის სადიდებელი ლექსები, სიმღერები. ლოზუნგების მთავარი გზავნილი იყო „სტალინი ჩვენი დროშაა”, „გაუმარჯოს პარტიას, ლენინს და სტალინს”, თუმცა მოგვიანებით აქა-იქ გაისმა პოლიტიკური ხასიათის მოწოდებებიც, მაგალითად, ცეკას პოლიტბიუროს გადადგომის მოთხოვნა (არ დასტურდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ან რაიმე პატრიოტული განწყობის გამომხატველი მოწოდებები).

როგორც წინა წლებში, ახლაც სატვირთო მანქანით დადიოდნენ ლენინისა და სტალინის გრიმიანი მსახიობები. ხალხი ყიჟინით ხვდებოდა მათ. ბელადების პორტრეტებს ხელით დაატარებდნენ. 8 მარტისთვის დაირხა ხმა, რომ იგეგმებოდა მიტინგის დარბევა, მაგრამ ამას მომიტინგეთა რაოდენობის შემცირება არ მოჰყოლია.

დემონსტრაციები დაიწყო გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავშიც.

9 მარტსვე, საღამოს, მიტინგზე წამოაყენეს წინადადება, ცენტრალურ ტელეგრაფში (მაშინ „კავშირგაბმულობის სახლს” რომ ეძახდნენ) რამდენიმე ადამიანი გაეგზავნათ, რათა მოსკოვში პროტესტისა და სტალინის მეგობრის, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვის დაბადების დღის მისალოცი ტელეგრამები გაეგზავნათ. სურვილი იყო, ხმა მიეწვდინათ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც კი (ეს უჩვეულო, მოულოდნელი და იმ დროისთვის წარმოუდგენელი იდეა დასტურდება თვითმხილველების მონათხრობითაც. აკადემიკოსი გურამ თევზაძე იგონებს, რომ კონკრეტული ადრესატი არ ყოფილა, თუმცა სურვილი, ხმა მიწევდინათ საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც, იყო). იდეის ინიციატორები მალევე დააკავეს და როდესაც ეს მომიტინგეებმა გაიგეს, ნაწილი რუსთაველის პროსპექტისკენ დაიძრა მათ მხარდასაჭერად.

„…პირველი ტაშისცემის მსგავსი ხმები რომ გაისმა, თავიდან ვერ მივხვდით, რომ ისროდნენ. ალექსანდრეს ბაღის ღობესთან ვიდექი, კავშირგაბმულობის სახლიდან 50 მეტრში. ვიღაცამ დაიძახა, ნუ გეშინიათ, ფუჭ ტყვიებს ისვრიანო, მაგრამ უეცრად დავინახეთ, რომ პროსპექტის სავალ ნაწილზე ერთი ადამიანი დაეცა, მერე მეორე და გაისმა ყვირილი: „დაწექით, თორემ ყველას ამოგვხოცავენ!” სროლა 8-10 წუთს გაგრძელდა. გაისმა კვნესა, დაჭრილები დახმარებას ითხოვდნენ. საიდანღაც სატვირთო მანქანები გაჩნდა. ამ მანქანებში ჩაყარეს მოკლულები და დაჭრილები”, – იხსენებს მარტის მოვლენების თვითმხილველი და მონაწილე ოთარ ურუშაძე.

ამასვე ადასტურებს მიტინგის კიდევ ერთი მონაწილის, ნურბეი გულიას მოგონება: „საინიციატივო ჯგუფში გაჩნდა სურვილი, დეპეშა გაეგზავნათ მოლოტოვისთვის. შეკრებილთ ოთხი ახალგაზრდა გამოეყო – ორი გოგონა და ორი ბიჭი. ისინი კავშირგაბმულობის სახლის დაცვასთან მივიდნენ. ჯარისკაცებმა მათ ხელები გადაუგრიხეს და შენობაში შეიყვანეს. ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ბრბო შენობისკენ დაიძრა. კავშირგაბმულობის შენობის ფანჯრებიდან ტყვიამფრქვევებით დაიწყეს ბრბოს მისამართით სროლა. ჩემს ირგვლივ ხალხი მოცელილივით ეცემოდა. ჩუმად ეცემოდნენ, ტყვიამფრქვევების ხმის გარდა არაფერი ისმოდა. უცბად ერთი ტყვიამფრქვევი ქუჩაზე მდგარ ხეს მიუშვირეს. იქ სკოლის მოსწავლეები იყვნენ აცოცებულები. ბავშვები ხეებიდან ცვიოდნენ. ხალხი უკუიქცა, გარბოდნენ, მაგრამ ტყვიები ეწეოდათ. ჩემ გვერდით ჩვენი სკოლის დირექტორის შვილი, ჩემივე თანატოლი დაეცა უსულოდ. იქვე ძეგლი შევნიშნე და მას ამოვეფარე. ეს ძეგლი ქართველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილისა აღმოჩნდა. დაველოდე, სანამ ტყვიამფრქვევმა მიმართულება არ შეიცვალა და იქაურობა დავტოვე”.

„ჯარისკაცები ამას სრულიად აუღელვებლად აკეთებდნენ. ის კი არა, ერთმანეთში საუბრობდნენ და დამცინავად გადმოჰყურებდნენ ბრბოს. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთ საათს. შემდეგ შენობაში და მის ირგვლივ მდგარმა ჯარისკაცებმა, ხან ხალხის მიმართულებით, ხანაც ჰაერში სროლით, ქვემოთ ჩამოწევა და ხალხის მასის დაფანტვის ოპერაცია დაიწყეს. გამოჩნდნენ ტანკებიც, რომლებიც ცალ მუხლუხოზე ტრიალით ცდილობდნენ შეჯგუფებული ხალხის დაფანტვას. თუმცა ამან ახალგაზრდები ვერ შეაშინა. ისინი ტანკებს ზედ ახტებოდნენ, ცდილობდნენ, ლუკები გაეღოთ, დროშებს არჭობდნენ ზედ (ბედის ირონიაა, რომ ეს დროშები საბჭოთა იყო). ერთმა ლულაზე საფურთხებელი ურნაც კი ჩამოაცვა. ასე გაიყვანეს ხალხი ლენინის მოედნისკენ, იქ კი ხიშტებწამოცმული ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა პუშკინის ქუჩით ხალხის სანაპიროსკენ გარეკვა დაიწყეს. ეს გაგრძელდა ღამის სამ საათამდე. დაფანტულმა ხალხმა კვლავ ძეგლთან დაიწყო შეგროვება, იქნებოდა ასე 1000-1500 კაცი. როდესაც მიმოფანტული ხალხი შეგროვდა და მიტინგი განახლდა, ჯარისკაცებმა ძეგლის კვარცხლბეკიდან ადამიანების ჩამოყრა დაიწყეს. მათ დაუნდობლად აგებდნენ ხიშტებზე. საშინელი მოთქმა და გოდება იდგა. ბოლოს ხიშტიანმა ჯარისკაცებმა სამკუთხედი შეკრეს და ხალხს მიაწვნენ. ხალხი სანაპიროზე და მის მიმდებარე ქუჩებსა და ჩიხებში გაიფანტა. ზოგიერთი თავის გადასარჩენად მტკვარშიც ცვიოდა. მათ აღმოსაჩენად მეავტომატეების ჯგუფები დადიოდნენ და დაუნდობლად ცხრილავდნენ”, – იხსენებს ნოდარ ნათაძე.

 

დარბევის შემდეგ

იმდროინდელ ოფიციალურ წყაროებში მომხდარი შეფასებულია როგორც „ანტიბოლშევიკური და ნაციონალისტური ხასიათის მასობრივი გამოსვლები”, „მასობრივი არეულობა”. უკვე 10 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში გრიფით „სრულიად საიდუმლოდ” გაწერილია ყველა ის ღონისძიება, რაც იმ და მომდევნო დღეებში უნდა გატარებულიყო წესრიგის აღსადგენად და არეულობის შედეგების გასანეიტრალებლად. ადრესატები სხვებთან ერთად არიან მ. გიორგაძე, ა. ინაური, მ. ლელაშვილი, ვ. მჟავანაძე, დ. მჭედლიშვილი. უპირველეს ყოვლისა, დაიგეგმა ხელმძღვანელი პირების გადანაწილება ქუთაისში, ბათუმსა და გორში. მათ უნდა უზრუნველეყოთ ამ ქალაქებსა და თბილისში საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში 5-9 მარტის მოვლენების პოლიტიკურად „გამართულად” შეფასება, თეზისები უნდა შემუშავებულიყო ამხანაგ დ. მჭედლიშვილის მიერ.

10 მარტის დილის 7 საათიდან სამუშაოს დაწყებამდე კრება უნდა გამართულიყო ყველა დაწესებულებაში. უმთავრესი ამოცანა იყო მომხდარის პოლიტიკური შეფასება და პროვოკატორების, ანტისაბჭოთა ელემენტებისა და „ხულიგნების” დაგმობა. თბილისში, თითოეულ რაიონში მობილიზებული უნდა ყოფილიყო 2000-მდე კომუნისტი საჭიროების შემთხვევაში წესრიგის დასამყარებლად. განათლების მინისტრს, ამხანაგ ჯიბლაძეს, და უმაღლესი სასწავლებლების დირექტორებს გადაეგზავნათ დირექტივა იმ სტუდენტების დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ, რომლებიც საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენდნენ მეცადინეობებს.

დღეს უკვე გასაჯაროებულ საიდუმლო დოკუმენტებში არის მონაცემები ტყვიით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანების შესახებ.

საინტერესოა, რომ, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21-ია (?!), თვითმხილველთა და მონაწილეთა ჩვენებით კი მიტინგის დარბევას, სულ მცირე, 80 ადამიანი შეეწირა. ზუსტი რაოდენობის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. სახელდება რიცხვი 1000-ის ჩათვლითაც კი („იმის მიხედვით, რაც მე საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი აზრით, დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 500 მაინც იქნებოდა. როგორც ამბობდნენ, ყველაზე პატარა დაღუპული 12 წლის ბავშვი იყო. ისინი ჩუმად, ყოველგვარი რიტუალის გარეშე დაკრძალეს. დასაფლავებები უშიშროების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული”, – ნოდარ ნათაძე).

საინტერესოა, რა შეფასებას აძლევენ მომხდარს იმდროინდელი გაზეთები.

ყოველდღიური გაზეთი „კომუნისტი”, საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს მთავარი ბეჭდვითი ორგანო, არც 9, არც 10, არც 11 მარტს და არც მომდევნო დღეებში არ გამოხმაურებია მომხდარს. 11 მარტის ნომერი იწყება სტატიით, რომელსაც ცინიკური სათაური აქვს: „დიდი ზრუნვა ხალხის კეთილღეობისთვის”. სტატიაში საუბარია 8-საათიანი სამუშაო დღის შემოკლებაზე, მშრომელთა საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე, მოსახლეობის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროებებისადმი ყურადღების გაძლიერებაზე…

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდის ქართულ საბჭოთა პერიოდიკაში საერთოდ არ არის ასახული საქართველოში 5-9 მარტს განვითარებული მოვლენები.

დარბევის კვალი ქალაქში ოპერატიულად წაშალეს: ასფალტი მოირეცხა, კიბე ძეგლთან, რომელიც სისხლით იყო შეღებილი, გამოიცვალა.

 


მოჰყვა თუ არა დარბევას რეპრესიები?

დღემდე უცნობია ქართული და საბჭოთა მმართველი ელიტის დამოკიდებულება და შინაპარტიული დებატები აღნიშნულ მოვლენებზე. უცნობია ისიც, ვისი ინიციატივით გაიცა იარაღის გამოყენებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტის ბრძანება.

საარქივო დოკუმენტებიდან ჩვენთვის ხელმისაწვდომ ნიმუშებში ამის შესახებ ბევრი არაფერი წერია.

რაც შეეხება დარბევის შემდგომ რეპრესიებს – ცნობილია, რომ მომდევნო დღეებში პერმანენტულად აკავებდნენ ხალხს მცირე ხნით – დაკითხვისთვის (შემონახულია შესაბამისი ოქმები), თუმცა ამ მიზეზით გასამართლებულთა ან დიდი ხნით დაპატიმრებულთა შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

სადამსჯელო ღონისძიებად ძირითადად პარტიიდან გარიცხვასა და საყვედურებს იყენებდნენ, თუმცა შიში მოსახლეობაში საკმაოდ დიდი იყო.

ნურბეი გულიას მოგონებით, საავადმყოფოები ცხრაში, ღამითვე დაიცალა პაციენტებისგან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მკურნალობდნენ სხეულის დაზიანებებს და ჭრილობებს. მათ ეშინოდათ, მიტინგში მონაწილეობა არ დასდებოდათ ბრალად („პლეხანოვზე, საავადმყოფოსთან ჩავიარე და უცნაური სურათის მოწმე გავხდი: ხეები მოფენილი იყო დასისხლიანებული ბინტებით და სახვევებით. მეხანძრეები გინებითა და ფურთხებით ხსნიდნენ მათ. აღმოჩნდა, რომ ხალხმა სასწრაფოდ შემოიხია გასისხლიანებული სახვევები, საავადმყოფოს ფანჯრებიდან მოისროლა და გაიქცა…” – ნურბეი გულია, „ქართული ამარკორდი”).

მომდევნო დღეებში განსაკუთრებით გაძლიერდა პროპაგანდა და აგიტაცია. მოხდა მიტინგის მონაწილეების სტიგმატიზება „ანტიბოლშევიკურ ელემენტებად” და „ხულიგნებად”, თავდამსხმელებად, მასობრივი არეულობისთვის, სახელმწიფო ქონების დაზიანებისა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მათ წინააღდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, თუმცა „დამნაშავეების” უმეტესობას პირობითი სასჯელი აკმარეს.

ჩემი წილი აფხაზეთი

0

როგორია ცუდი წინათგრძნობა? დედაჩემი ამბობს თავის ლექსში, წოიო ჩიტი გაავდრებას იტყობინებაო. თითქოს ჩიტებს ცუდი ამბები უნდა მოჰქონდეთ, უსიამო წინათგრძნობებს დაატარებდნენ ფრთებით, საავდრო ამინდს ქმნიდნენ… სახლის წინ გრძელ სკამზე ჩამომჯდარი ბებიაც განსაკუთრებულად მოჭიკჭიკე ჩიტს, თავს რომ დაგვტრიალებდა, ჩურჩულით ეტყოდა: „შენს პირს შაქარი, ჩიტო, შენს პირს შაქარიო”. ბავშვობიდან მეშინოდა ჩიტების, თითქოს მათ მოჰქონდათ კონვერტებით გულის გასაგლეჯი ამბები – ვინ აღარ იყო ცოცხალი და ვინ როგორ ვერ გადარჩა. ჩიტების ჭიკჭიკი დღესაც მზაფრავს, ყოველთვის ვხურავ კარს ან ფანჯარას, თუ რომელიმე ჩიტი თავს არ მანებებს.

1993 წლის ივლისი. პაპანაქება ზაფხული. ჩვენს თავზე ჩამოწოლილი ბლანტი სიცხე. უსიამოდ გატრუნული ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე.
7 წლის ვიყავი. მახსოვს, სტუმრები მოვიდნენ. მერე ოთახში შეიკეტნენ უფროსები, მახსოვს შეკივლება. მახსოვს თავზარდამცემი ამბავი. მახსოვს, რომ ჩიტების ჭიკჭიკი საერთოდ არ ისმოდა. არ ვიცი, ვის როგორი წინათგრძნობა ჰქონდა იმ დღეს.
1993 წლის 5 ივლისს კი ბაბუა განმარტოებით იჯდა თავის ოთახში, გაზეთებსა და წიგნებში ჩაფლული, და რადიოს უსმენდა. რადიოში ცუდ ამბებს გადმოსცემდნენ. გაგანია ომი იყო. აფხაზეთის ომი… კარგი ამბები აღარ ხდებოდა, ან ვეღარ ვამჩნევდით. უსმენდა ბაბუა რადიოს და ალბათ შვილზე – პაატაზე ფიქრობდა, რომელიც იმ დროს აფხაზეთის ერთ პატარა სოფელში, კამანში, ეკლესიის წინამძღვარი იყო. ნეტავი რას უგრძნობდა გული? სანამ ცოცხალი იყო, ამ ამბებზე არაფერი მიკითხავს. რადიომ კი გადმოსცა, რომ კამანის აღების დროს სეპარატისტებმა დახვრიტეს ქართველი მღვდელმონაზონი, მამა ანდრია ყურაშვილი. ასე შეიტყო ბაბუამ შვილის გარდაცვალება.
დეტალები შემდეგ გავიგეთ: როგორ არ მიატოვა მამა ანდრიამ მრევლი და რა გმირულად შეხვდა მტრის ტყვიას. მანამდე ეკლესიაში შეკრებილები აზიარა და გაამხნევა, თუმცაღა მოახლოებულ განსაცდელს გრძნობდა. როგორც გადარჩენილები ჰყვებიან, მამა ანდრია სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, ყველას დახმარებოდა, ყველა გაემხნევებინა. ტყვიების წვიმაში ინვალიდთა სახლში დარჩენილი უმწეო მოხუცების დასახმარებლად და გასამხნევებლად მირბოდა. დილის ხუთის ნახევარზე ეკლესიაც ალყაში მოექცა და ბრძოლა უკვე ეკლესიის ეზოში გაგრძელდა. მისი კურთხევით ეკლესიის აღმდგენმა იური (გიორგი) ანუამ მტერს კარი გაუღო. იგი კონდახების ცემით გაიყვანეს გარეთ… მერე მამა ანდრიაც გაიყვანეს. იგი მუხლებზე დაეცა და ლოცვა დაიწყო. ეგონათ, ტაძარში მალავდა ჯარისკაცებს. ეკითხებოდნენ, ვისი მიწაა აფხაზეთიო, მამა ანდრია კი მშვიდად პასუხობდა, ღვთისაო. მას ზურგიდან ესროლეს.
უცნაური რამ მოხდა: მეორე დღეს მოსკოვიდან მოვიდა ცნობა, რომ არ შეხებოდნენ არც იოანე ნათლისმცემლის ტაძარს, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ძეგლს და არც ტაძრის მსახურთათვის ეხლოთ ხელი. ეკლესიას სასწრაფოდ მიუჩინეს დაცვა…
მე თითქმის არ მახსოვს ბიძაჩემი. მხოლოდ ერთ კადრს ვიხსენებ, იმასაც ბუნდოვნად: ბაცი ფერის ჯინსი და ქურთუკი აცვია და სადღაც მიდის. მას შემდეგ აღარ მინახავს… ამ ამბების შემდეგ კი ბაღდათში, ჩვენს ხალხმრავალ სახლში, გაჩნდა მამა ანდრიას ოთახი, სადაც მისი სამღვდლო შესამოსელი და ხატები ჩამოვკიდეთ. ის გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი ჩვენს სახლში.
მისი საფლავის მონახულება, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერც ბებიამ და ვერც ოჯახის სხვა წევრებმა ვერ შეძლეს. ვიცით, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან მას იქაურები. სოფელი კამანი კი, რომელიც მამა ანდრიას სამარადისო ნავსაყუდელად იქცა, თურმე ძალიან ჰგავს მშობლიურ ბაღდათს, სადაც მან ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა.
„პაატას უყვარდა გოდერძი ჩოხელი. მისი ერთი მოთხრობის პერსონაჟებს, ჯღუნას და ბერის, ვასახიერებდით კიდეც… ფეხშიშველა ჩოხელი ცივ ქვაზე შედგაო, – დაიძახებდა ბერი. ბერო, ჩამოდი დაბლაო, – ეტყოდნენ. ის უარობდა. ბერიც გახდა და ქვიდანაც არ ჩამოსულა…” – იხსენებს ჩემი მეორე ბიძა.
ამ დღეებში, როდესაც აფხაზეთის ომის თემაზე გადაღებულ ფილმს ვგულშემატკივრობდით „ოსკარის” ცერემონიალზე, გამახსენდა, რომ ჩემი წილი აფხაზეთის ისტორია მეც მაქვს. ისტორია, სადაც 27 წლის მამაკაცი შეგნებულად და უშიშრად წირავს თავს. მისი მსხვერპლშეწირვა კი გარდამტეხი ხდება მისი ოჯახისა და მრავალი სხვისთვის. მამა ანდრიას მოწამეობრივ ღვაწლთან გადაჯაჭვულია აფხაზი იური ანუას ტრაგიკული აღსასრულის ამბავიც. ამ ტრაგიკულ ქარგაზე იქსოვება ორი ადამიანის, აფხაზისა და ქართველის, მეგობრობაც, რომლებიც ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ ეპუებიან მტერს და თავიანთი გამბედაობით უმტკიცებენ სამყაროს, რომ მიწა, რომელზეც ვდგავართ, მიწა, რომელიც ჩვენი საკუთრება გვგონია, არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად არ ღირს.

წერის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი

0
ერნსტ კასირერი თავის ნაშრომში ,,რა არის ადამიანი?” აღნიშნავს, რომ „ენობრივი ცნობიერების გაღვიძება ეს არის გონითი რევოლუცია ბავშვის ცხოვრებაში. ამ დღიდან იწყება ბავშვის პირადი ცხოვრების მთლიანი გარდაქმნა”. მოზარდის  ენობრივი ცნობიერების გაღვიძებასა და გაღრმავებაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. უპირველესად ისინი ქმნიან ბავშვისთვის ენობრივ გარემოს. რაც უფრო მდიდარია იგი, მით უფრო უადვილდება მოზარდს მშობლიური ენის დაუფლება. თუმცა ბავშვი მზამზარეულად მიწვდილს არ უნდა დასჯერდეს. თავად უნდა გაიმდიდროს მეტყველება და ისწავლოს წერა-კითხვა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც, საგნობრივი სტანდარტის მიხედვით სწორედ ამ მიმართულებით  ( ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა) მუშაობენ. სამივეში შედეგის მიღება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ განსაკუთრებით რთული წერაა, რომელიც პირველი ორი კომპონენტის კარგად ფლობასაც გულისხმობს.

მოგეხსენებათ, ტექსტი ბევრნაირი არსებობს. შესაბამისად იგი სხვადასხვანაირად იწერება. ვიდრე მოსწავლე დასაწერი ტექსტის სპეციფიკას გაარკვევს, ეცოდინება, როგორ დაწეროს ესე, რეფერატი, პუბლიცისტური წერილი და ა. შ. უნდა ჩამოვუყალიბოთ მას ნაფიქრის ფურცელზე გადმოტანის ჩვევა.

წერის სწავლების მეთოდი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ახალი არ არის. მინდა მოგიყვეთ იმაზე, როგორ ვიყენებ მას  ძირითადად სწავლების საბაზო საფეხურზე. წერის სწავლების სტრატეგიას პირობითად  „სიტყვებით თამაში” დავარქვით. მოსწავლეებს ვთავაზობთ სამ სიტყვას (ვცდილობთ ეს სიტყვები იყოს პოზიტიური განწყობის გამომწვევი, რადგან ჩვენს ბავშვებს ისედაც სტრესულ გარემოში უხდებათ ცხოვრება) და ვეუბნებით მათ, რომ მოცემული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შექმნან მოთხრობა, ჩანახატი, ზღაპარი, ლექსი…   ,,კანდინსკი მიუთითებს, რომ ჩვეული ყოველდღიური საგნები ადამიანზე „ზედაპირულად”,  პერიფერიულად ზემოქმედებენ, ხოლო ბავშვისთვის სამყარო მისი „სიახლისა” და „უჩვეულობის” გამო დიდი შთაბეჭდილების მომტანია.’’ (რ. მირცხულავა, ,,ხელოვნების ფსიქოლოგია”, გვ. 119).  სამყაროს  ,,სიახლისა” და ,,უჩვეულობის”  გადმოცემის ერთ-ერთი საშუალება სიტყვაა.  ბავშვები იწყებენ ფიქრს, როგორ ააგონ ტექსტი. სიტყვები გარკვეულ ასოციაციას იწვევს მათში. ისინი თითქოს არიადნას გორგლის როლს ასრულებენ. მოზარდები შემოქმედებით პროცესში ერთვებიან. მათ სიტყვასთან ჭიდილში მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება უჩნდებათ. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეთა ნაწერებში მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შეცნობაც შეიძლება, რაც მასწავლებლისთვის, ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის.

წარმოგიდგენთ მოსწავლეთა რამდენიმე ნაწერს, რომლებიც  ზემოთ აღწერილი წერის სწავლების მეთოდის გამოყენებით შეიქმნა.

გამოსაყენებელი სიტყვები: მზე, მთა, ზღვა. ავტორი ნიკა ყურუა (VI კლასი):

„მზე დილით გაიზმორა, ივარჯიშა და გზას გაუდგა. მიწის შვილებს (მცენარეებს) სტუმრობს. ყველას ახალისებს. გზად მიმავალი მტირალ მთას აწყდება. თურმე სხვა მზეებს მისი კალთები გადაუწვავთ.

მზე სხვა მზეებთან მიდის. საყვედურობს. შეწუხდნენ მზეები: ჩვენ მხოლოდ თამაში გვინდოდაო. ორმოსთან დასხდნენ და დაიწყეს ტირილი. ორმო ზღვად იქცა. მზეებმა შიგ თავი ჩაიხრჩვეს. ის ერთი მზე კი ყოველ ღამე ჩადის ზღვაში და გარდაცვლილ მზეთა საფლავებს მოინახულებს’’.

გამოსაყენებელი სიტყვები: ლოცვა, მე, შენ. ავტორი ლადო ბერიშვილი. ამონარიდი მისი ნაწერიდან  (VII კლასი): 
,,ღმერთო, მე შენ მიყვარხარ. შენი შვილიც მიყვარს. დამეხმარე, რომ კარგი შვილი ვიყო!”
გამოსაყენებელი სიტყვები: ქალაქი, ქაღალდი, ქვა.  ავტორი  ხატია ლემონჯავა (IX  კლასი):

ქაღალდის ქალაქი

,,ქაღალდის ქალაქში მცხოვრებთა ბაგეები ოქროს მფრქვევი  ვულკანებია. მათ მხოლოდ კეთილი სიტყვები  იციან და თბილი გულები აქვთ.

ქაღალდის ქალაქიდან ქვის ქალაქის შემზარავი კონტურები იკვეთება. იქ მხოლოდ ბოროტება  მეფობს. მე ვრჩები ქაღალდის ქალაქში და ველოდები მსახვრალი ბედის გამოჩენას”.

გამოსაყენებელი სიტყვები: წვიმა ღრუბელი, მზე. ავტორი  ხატია ლემონჯავა (IX  კლასი):

მტირალა ღრუბელი

„ღრუბელი დარდისაგან გალურჯდა, მერე გაშავდა და მთელ ცას მოედო. უნდოდა გათავისუფლებულიყო. ადგა იტირა, იტირა და მიწაზე ჩამოიღვარა. ღრუბელი დარდისგან გათავისუფლდა და მზემაც გამოანათა”.

უსასრულოდ შემიძლია დავიმოწმო მოსწავლეთა ნაწერები, მაგრამ წერის სწავლების ზემოთ აღწერილი სტრატეგიის პრაქტიკაში დანერგვის წარმოსაჩენად, ვფიქრობ, ესეც საკმარისია.

აქვე მინდა დავძინო, რომ მასწავლებლობა მხოლოდ სწავლებას არ ნიშნავს. ბავშვებისაგან ჩვენც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ჩემი მოსწავლეების ნაწერები ჩემთან ერთად ცხოვრობენ და განსაკუთრებით მაშინ მომეძალება მათზე ფიქრი, როცა ცხოვრება მეპირქუშება.
                                                           

საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრების სწავლება დაწყებით საფეხურზე

0
დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის, როგორც მკითხველის ჩამოყალიბებაში.

ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს – სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტს.        

   წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ, რომელიც საქართველოში ორჯერ ჩატარდა, აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივია ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის გაგება. რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებას და ა.შ. ამ მხრივ პრობლემები გამოიკვეთა.  

  საჭიროა თავად მასწავლებელმა გააცნობიეროს ინფორმაციული ტექსტის ძირითადი მახასიათებლები და მის გააზრებასთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები. ამით ის შეძლებს დაეხმაროს მოსწავლეებს ასეთი ტიპის ტექსტებთან მუშაობისას ბარიერების გადალახვაში.

წაკითხულის გააზრების პრობლემები მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

§მწირი ლექსიკური მარაგი;
§გამართულად კითხვის დეფიციტი;
§მკითხველისთვის უცნობი საკითხავი თემა;
§ტექსტის სირთულე;
§კითხვის ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება;
§სუსტი ვერბალური მსჯელობა;
§ინფორმაციის გადამუშავების პრობლემები;
§წაკითხვის შემდეგ ინფორმაციის აღდგენის პრობლემა.

კითხვაში დახმარების მეთოდების მეტაანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ წაკითხულის გააზრების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არის შესაძლებელი, თუ მოსწავლეებს მიზანმიმართულად ვასწავლით:

·გაგების მონიტორინგს;
·პარაგრაფში ძირითადი აზრის პოვნას;
·კითხვის სამივე ეტაპზე შეკითხვების დასმას;
·დასკვნების გამოტანასა და ტექსტის ნაწილების დაკავშირებას;
·ძირითადი ინფორმაციის თხრობას;
·ტექსტის ძირითადი პუნქტების შჯამებას (Sencibaugh, 2007).

შემოგთავაზებთ  მოსწავლეთა საინფორმაციო ტექსტთან მუშაობის უნარების განსავითარებლად ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილს:

გაკვეთილის თემა:  ჩაძირული ქალაქები – ორი წყალქვეშა საოცრება

მიზანი :       

·საინფორმაციო ტექსტის გაგება-სწავლებისათვის ეფექტური მეთოდების, კითხვის სტრატეგიებისა და საჭირო რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში;

·ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ორიენტირებული მეთოდებისა და კონკრეტული აქტივობების გამოყენება;

·კითხვის დიფერენცირებული სწავლება;

·საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
შედეგად:

·მოსწავლეები შეძლებენ  კითხვის სტრატეგიების გამოყენებას;
·საინფორმაციო ტექსტის წაკითხვასა და გაგებას; 

·ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;

·განუვითარდებათ საკუთარი აზრის გადმოცემის,  მსჯელობის უნარ-ჩვევები.

 წაკითხვამდე : 

  ამ ფაზაში ჩემი მიზანი იყო, განხორციელებული აქტივობებით დავხმარებოდი მოსწავლეებს გაკვეთილის ნაცნობი დეტალების გააზრებაში, მათი გამოცდილების ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში, ყურადღების კონცენტრირებაში, არსებული ცოდნის შეფასებაში.

        ცნობილია, რომ მოსწავლის აქტიურობა სწავლებაში განსაზღვრავს სამ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ელემენტს: მიზანს, რომლის მიღწევაც გვსურს, მასალას, რომელიც მოცემული გვაქვს დაგეგმილი მიზნების განსახორციელებლად და მუშაობის მეთოდს, რომელსაც ვირჩევთ პირველ ორ ელემენტთან მიმართებაში. 

       გამოვიყენე კითხვის დიფერენცირებული სწავლება და  კლასი დავყავი 5 ჯგუფად: 1 ჯგუფი შექმნეს მოსწავლეებმა, რომელთაც უჭირდათ საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა–გაგება; ორი ჯგუფი – საშუალო დონის  მკითხველებისგან, ორიც ჯგუფი – აქტიური მკითხველებისაგან შედგებოდა. 

       მოტივაციის შესაქმნელად  და გაკვეთილის თემის გაცნობის მიზნით მოსწავლეებს  კლასის მართვის პროგრამის -learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკებში  ვუჩვენე ნაწყვეტი მულტფილმიდან ,,არიელი’’ და დავუსვი შეკითხვები, რომელთა საშუალებითაც გამოთქვეს ვარაუდები წასაკითხი ტექსტის მიზნის, თემის და შინაარსის შესახებ.

    ვარაუდების გამოთქმის შემდეგ გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, რადგან   გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს ყურადღება მიემართათ მნიშვნელოვანი საკითხებისკენ, გაძლიერებოდათ სწავლისადმი ინტერესი და განვითარებოდათ საკუთარი ცოდნის დონის შემოწმების უნარი.  

   მივაწოდე ინფორმაცია კითხვის იმ სტრატეგიის შესახებ, რომლითაც მოუწევდათ ტექსტთან მუშაობა გაკვეთილის განმავლობაში.  

     როგორც აღვნიშნე, წაკითხული  ტექსტის  გააზრება-გაგებას ხელს უშლის არასაკმარისი ლექსიკური  მარაგი –   უცხო სიტყვების არცოდნა. სწორედ ამიტომ, ტექსტის წაკითხვამდე, გამოვიყენე აქტივობა ,,სიტყვების გამომძიებელი”, რითაც შევამოწმე, თუ რამდენად ესმოდათ ბავშვებს ტექსტში მოცემული საკვანძო, უცხო სიტყვების მნიშვნელობა. ცხრილის პირველ სვეტში ბავშვებმა ჩაწერეს საკუთარი ვარაუდები მოცემული სიტყვების შესახებ.
 

       კითხვის განმავლობაში:

          ამ ფაზის  მიზანი იყო ახალი  ცოდნის კონსტრუირება, მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრება, იმ ახალი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც დაეხმარებოდა მოსწავლეებს გაკვეთილის მესამე ფაზის წარმატებით დაძლევაში.

      აქტივობის „სიტყვების გამომძიებლის” ცხრილის I სვეტის შევსების შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი საკითხავი მასალა. ტექსტი განსხვავებული ფორმატით, საგაზეთო სტატიით შევთავაზე მოსწავლეებს (საბავშვო გაზეთი ,,კითხვის დრო” N2, მაისი, 2014).   

              შესავალი ნაწილი საჩვენებელი კითხვის მეთოდით წავიკითხე, რადგან მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ვერბალური ინტერაქცია მნიშვნელოვანია, კითხვისა და მოსმენის პროცესი ინტერაქტიული და მიზანმიმართული ხდება. კლასის გააქტიურების მიზნით, შეკითხვებითა და ჩემი კომენტარებით დავაზუსტე, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა წაკითხულის შინაარსი.

 

         კითხვის დასრულების შემდეგ დავუბრუნდი ცხრილს და ხმამაღალი ფიქრის მეთოდით ავუხსენი მეორე სვეტის შევსების წესი, გავუზიარე ჩემი გამოცდილება. შემდეგ ვთხოვე, ყურადღებით წაეკითხათ ტექსტი, დაკვირვებოდნენ  და კითხვისას რომელი სიტყვაც შეხვდებოდათ ,,სიტყვების გამომძიებლიდან”, მოენიშნათ მარკირებით. ამ სიტყვის განმარტება  კონტექსტიდან გამომდინარე, ჩაეწერათ მეორე სვეტში „ტექსტის მიხედვით”. ამ სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლეებს ვასწავლით საკუთარი კითხვის პროცესის კონტროლს, ისინი შეძლებენ კითხვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორებას (რიგ შემთხვევაში უბრუნდებოდნენ და ხელახლა კითხულობდნენ მათთვის რთულ სიტყვებს).

         ჯგუფები  ტექსტის შესაბამის მონაკვეთებს კითხულობდნენ მოზაიკის მეთოდით, დიფერენცირებულად, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიით: პრობლემურ მკითხველთა ჯგუფი ტექსტზე ჯგუფურად მუშაობდა, საშუალო დონის მკითხველები წყვილებში, აქტიური მკითხველები ინდივიდუალურად. 

           წაკითხვის შემდეგ

მესამე ფაზა საშუალებას გვაძლევს, ახალი ცოდნა გამოვიყენოთ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისათვის. წაკითხვის შემდგომი აქტივობებით მოსწავლე თავდაჯერებული ხდება, მიიჩნევს, რომ შედეგი ღირებული და თვალსაჩინოა. 

       როდესაც მოსწავლეებმა დაასრულეს ტექსტზე მუშაობა, დავუბრუნდით ცხრილის მეორე გრაფას, ,,ტექსტის მიხედვით”  და  დაფაზე შევაჯამეთ.

       მოსწავლეებს დავურიგე წინასწარ გამზადებული საკვანძო სიტყვების განმარტებები ლექსიკონიდან და იმ სიტყვების განმარტებები, რომელიც ვარაუდებს არ დაემთხვა, 
დავამატეთ  გამომძიებლის მესამე სვეტში, ,,ლექსიკონი ამბობს”:
   ამის შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს ტექსტის საკუთარი ნაწილების პრეზენტაცია, გავაერთიანეთ ტექსტი. თითოეულ ჯგუფს განმტკიცების მიზნით დავუსვი დამხმარე შეკითხვები.

   

      ტექსტის გამთლიანების შემდეგ, მოსწავლეებს  learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკებში ვუჩვენე ჩემ მიერ პროგრამით – ,,movie maker”  – გაკეთებული  ფილმი ტექსტში მოცემული ჩაძირული ქალაქების შესახებ, რათა ვიზუალურადაც აღექვათ  ტექსტში მოცემული ინფორმაცია.

      ფილმის ჩვენების შემდეგ ჯგუფებს დავურიგე კითხვის აქტივობის ბარათები, ჯგუფების დონის შესაბამისი კითხვებით, რაც მათ შესაბამისი წაკითხული ტექსტის სრულყოფილად გააზრებაში დაეხმარა.    

    

      გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების ბარათები, თუ როგორ მოეწონათ გაკვეთილი, რომელი აქტივობა მოეწონათ, იყვნენ თუ არა აქტიურები, გამართლდა თუ არა მათი მოლოდინი, რომელი თემის გაცნობა-შესწავლას ისურვებდნენ მომავალში.

  მე კი მოსწავლეები შევაფასე შეფასების რუბრიკით.
 
              ბუნებრივია, მოსწავლეებს არ შეუძლიათ ყველა იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რაც სასწავლო ოთახში გაიგეს, ან სახელმძღვანელოში  წაიკითხეს. აქ მასწავლებლის ჩარევაა საჭირო, მან უნდა აუხსნას მათ, სწავლისას რაზე გაამახვილონ ყურადღება, მაგრამ უკეთესი სტრატეგია იქნება, თუ მოსწავლეებს პირდაპირ კი არ მივანიშნებთ რა ისწავლონ, არამედ გავაცნობთ გაკვეთილის მიზნებს, მთავარი ცნებების ურთიერთკავშირს, ვაპოვნინებთ საერთოს განვლილ მასალასთან და სხვა. 

         ეროვნული სასწავლო გეგმიდან, თანამედროვე სწავლების პრინციპებიდან გამომდინარე, ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე. გაკვეთილი სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო, აქტიურად გამოვიყენე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კერძოდ კლასის მართვის პროგრამის -learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკების გამოყენებით ვუჩვენე ნაწყვეტი ანიმაციური ფილმიდან ,,არიელი”, ჩემ მიერ პროგრამით ,,movie maker”- გაკეთებული  ფილმი ტექსტში მოცემული ჩაძირული ქალაქების შესახებ.  მათი გამოყენებით გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. 

    გამოყენებული აქტივობებით ,,სიტყვების გამომძიებელი”, „კითხვის აქტივობის ბარათები”, მეთოდით ,,კითხვის დიფერენცირებული სწავლება”  მოსწავლეებმა შეძლეს  ინფორმაციის დამოუკიდებლად წაკითხვა-გააზრება; კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; ლექსიკონის გამოყენება, ტექსტის დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის  დამუშავება, ანალიზი და დასკვნების გამოტანა. აქტიურად ჩაერთნენ სწავლის პროცესში და დაეუფლნენ მაღალ სააზროვნო უნარებსა და ცოდნას.   

  ამრიგად, გაკვეთილზე სწორად შერჩეული აქტივობები, მკაფიოდ გამოკვეთილი მიზნები, სწავლის მეთოდები და წაკითხულის გააზრების ეფექტიანი სტრატეგიები  დაეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ჩამოუყალიბოს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, საფუძვლები იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების დასაუფლებლად, რომლებიც მას სწავლის შემდგომ საფეხურზე გამოადგება.

   ჩემი მიზანიც, სწორედ ეს იყო – ეროვნული სასწავლო გეგმის  მიხედვით თითოეულ მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო შედეგისათვის თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შეძლებოდათ საინფორმაციო ტექსტის გაგება-სწავლებისათვის ეფექტური მეთოდების, კითხვის სტრატეგიებისა და საჭირო რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ეროვნული სასწავლო გეგმა
2. ,,წიგნიერება” – ირინა სამსონია, 2013წ.
3. ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (G-pried)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის პროგრამა, 2013 წ. 
4. ,,ვსწავლობთ  ტექსტის გააზრებას” – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2005წ.
5. ,,როგორ ვასწავლოთ კითხვა” – ია კუტალაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2010

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...