ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიები
2:3
სასწაულმა შეჩვევა იცის. ეგრე გგონია, რომ სულ მოხდება, თუ ერთხელ ნახე. მანჩესტერი დიდი მაცდურია ამ მხრივ, ხანდახან იმეორებს არნახულ შემოტრიალებებს და შენ კიდევ ყოველთვის ელი, რომ ბოლო წუთას ორ გოლს გაიტანს და რომ ვერ – ასჯერ უფრო გიმძიმს.
იმ დღეს რატომღაც ჩამეძინა, ან ჯადოქრებმა იძალეს, ან ორმა ჭიქა იზაბელამ და იქ გამეღვიძა, სადაც ფერგი ხელით ანიშნებდა დაცვას მეტოქის კარისკენ. 89 წუთი იდგა. კამპ ნოუს სასწაულიდან ერთი წელი. მშვიდად მეგონა – გაიმეორებდნენ. რომ დამთავრდა, არ ვიჯერებდი და მერე სიზმარი მეგონა. მაგრამ ის დღე რაულის იყო, და რედონდოს ფინტის, ბერგის გაცურების და დელ ბოსკეს დაბადების. ამ უცნაური, დიდი ულვაშასი, რომელმაც მერე ყველა ტიტული მოიგო.
მაშინ აბა სად იყო გადახვევები. ჩვენ დროში ვნახე კომპიუტერში ეს დრამატული საგა. საქმე შემაშინებლად სიმბოლურად გამოიყურება: მანჩესტერის კაპიტანსა და ყოჩს, პატრიკ ვიერას დუშმანს და ირლანდიული ბალადების მოყვარულ კაცს, შირერზე ხელის აღმმართავ როი კინს ფეხი საკუთარი კარისკენ გაურბის და ანგარიში გაიხსნება. მერე ის რედონდოს სასწაული და რაულის დუბლი. მერე ბექჰემის საფირმო გოლი (არაჯარიმით) და პოლის თერთმეტმეტრიანი, მთელი საღამოს ჯავრი რომ ჩადო. მეორე დღეს, როცა მარცხი გავაცნობიერე მივხვდი – ამ გუნდს სამარეშიც ჩავყვებოდი, თუნდაც მაისურები გადაეღებათ და სათამაშოდ როხო, მატა და ფალკაო მოეწვიათ. მივხვდი, რომ მარცხი, შეიძლება გამარჯვების ძმა არ არის, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, სწორედ მარცხი ქმნის სიყვარულს. აკვიატებულ, მოურჩენელ სიყვარულს. სიყვარულს აქაც, აგერ, წერისას ტავტოლოგიად ქცეულ, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს. გაუგებარს, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს.
კრიტიკული პედაგოგიკა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების საფეხურზე
ბრაზი და კომპრომისი
ამერიკელი მწერალი ლაფაიეტ რონ ჰაბარდი თავის წიგნში „საბავშვო დიანეტიკა” წერს: „თუკი ბავშვი ძალიან ბრაზობს, მიეცით საშუალება. თუნდაც, ეს ის შემთხვევა იყოს, როდესაც თქვენ მსხვერპლი ხართ. მიეცით ბავშვს ბრაზის გამოხატვის საშუალება და ის მალევე დამშვიდდება. ბრაზი გაქრება. თუ მის დათრგუნვას ეცდებით, ბრაზი უფრო გაძლიერდება და დროში გახანგრძლივდება. ბავშვს უნდა ჰქონდეს რეაქცია. ბრაზის ენერგია აუცილებლად უნდა დაიწვას. არასოდეს უთხრათ სიბრაზის მომენტში – „შეწყვიტე! შენი თავი გააკონტროლე”.
რთულია, როდესაც ბავშვი ბრაზობს, კაპრიზობს, ისტერიკაში ფეხებს აბაკუნებს, ურჩი მოზარდი კი ხმამაღლა აბრახუნებს სახლის კარს და გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდება. ასეთი სიტუაციის მომსწრე თითქმის ყველა მშობელია. ამ დროს დედ-მამამ არ იციან რა მოიმოქმედონ. უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგები გვირჩევენ ჩავეძიოთ ბავშვის გაბრაზების მიზეზს. გავარკვიოთ, რის გამოა უკმაყოფილო და რას აპროტესტებს. თითოეული ბავშვი სხვადასხვაგვარად რეაგირებს გარე გამღიზიანებლებზე. ზოგი ამას ტირილით გამოხატავს, ზოგი კაპრიზობს, ზოგი უშვერ სიტყვებზე გადადის და ზოგიც ჩუმდება.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უმჯობესია ბავშვმა გამოხატოს ემოცია. უფროსმა თაობამ კი ამ ემოციის გამოხატვის ფორმას მიაქციოს ყურადღება. როდესაც მცირე ასაკის ბავშვი ან გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი წუხს, ეს ნორმალურია. წუხილი და ბრაზი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.
მას შემდეგ, რაც მშობელი ბავშვის გაღიზიანების მიზეზს დაადგენს, მკვეთრად უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან ბრაზი და აგრესია. ბრაზი დროებითი მოვლენაა, აგრესიას კი ფიზიკური და მორალური მსხვერპლი მოჰყვება. მშობლების უმრავლესობა გაბრაზებულ და აგრესიულ ბავშვს სჯის. დასჯილი ბავშვი უფრო ღიზიანდება და ბრაზის გამოხატვის რადიკალურ ფორმებს მიმართავს.
თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი სასარგებლო საქმით დაკავდა, აუცილებლად შეაქეთ და გააქეზეთ. დააფიქსირეთ ის, რომ მისი ქცევა თქვენთვის მისაღებია, მნიშვნელოვანი. ასეთი გზით მას მიახვედრებთ, რა არის „კარგი” და რა – „ცუდი”. აგრესიულ/ბრაზიან ბავშვებთან ურთიერთობის დროს იშვიათად მიუთითეთ იმაზე, რა არ მოგწონთ. ამით ბავშვს დააზღვევთ ცრუ შეგრძნებისგან, თითქოსდა ის თქვენს მოსაწონს ვერაფერს აკეთებს.
ბავშვის ბრაზის მიზეზი შეიძლება მოზღვავებული ენერგია იყოს. მშობლები ცდილობენ ენერგიული ბავშვი „მოთოკონ”. სინამდვილეში კი, უმჯობესია ბავშვმა ენერგია დახარჯოს და ბრაზის ენერგიაც თან გააყოლოს.
ყველაზე მთავარი და უნივერსალური რჩევა კი ასეთია: ყოველთვის აგრძნობინეთ შვილს, რომ გიყვართ. ბევრი ესაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, ეხუმრეთ, იყავით თვითირონიული, მოიპოვეთ ბავშვის ნდობა, გახდით მისი მესაიდუმლე, უახლოესი მეგობარი.
მსოფლიოში არ არსებობს კვლევა, რომელზე დაყრდნობით დაზუსტებით ვიტყვით – ბრაზიანი ბავშვი ნერვიულ, ფსიქოპატ ადამიანად ყალიბდება. ბევრი რამ მშობელზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ დედა შვილს არ უშლის, რომ მან უყვიროს, ფეხები უბაკუნოს, სცემოს და შეურაცხყოს, ბავშვი ამას ნორმად მიიჩნევს, ამ მიმართულებით უფრო განავითარებს ნეგატიურ ემოციას და სიბრაზის ჟამს ყოველთვის მოიხმობს მას.
უფროსს შეუძლია ბავშვში ნეგატიური ემოცია ერთჯერადად ჩაახშოს, მაგრამ სიმშვიდის გარანტია არასდროს ექნება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის სწორედ ჩვილობიდან აღზრდა. კარგად აღზრდილ ბავშვს არ ჭირდება „ჩახშობა”. მისი ბრაზიც იოლად მართვადია, ხოლო თუ ის შენიშვნას იმსახურებს, ადეკვატურად აფასებს. რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვი, ცუდად თუ კარგად აღზრდილი, ბრაზდება. გაბრაზებული თავის ოთახს მიაშურებს და ემოციას იქ გამოუშვებს, გარკვეული დროის მერე კი მზად იქნება მშობლებთან სალაპარაკოდ. ბავშვს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი, ინტერესი, რომელსაც ემოციებით თუ უემოციოდ დაიცავს.
ცნობილი ავსტრიელი მეცნიერი ლორენცი – რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ცხოველთა და ადამიანთა აგრესიული ქცევების შესწავლაში – მიიჩნევდა, რომ აგრესიას ბიოლოგიური საფუძველი აქვს, მეტიც, ხშირად ის გენეტიკურია. აგრესიის მიზანი არა ნგრევა, არამედ ამ ფორმით გარემოსთან ადაპტაციაა. მეცნიერთა უმრავლესობა კი ამტკიცებდა, რომ აგრესია პირდაპირ კავშირშია ბრაზთან, მიზნის მიღწევის დაუოკებელ სურვილთან.
ნამდვილი ბრაზის ნიშნებს ბავშვი ერთი წლის ასაკიდან წარმოაჩენს. უმეტესად ამ ასაკის პატარები უსულო საგნებზე ბრაზობენ: სკამზე, რომელსაც ფეხი წამოკრეს, კარზე, რომელშიც თითი მოყვათ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ხანმოკლეა სიბრაზის ფაზა. ბავშვის დამშვიდებაც უფრო ადვილია.
ორი წლის ასაკიდან ბავშვებში პროტესტის გრძნობა იღვიძებს. ისინი ბრაზობენ მშობლებზე, რომლებიც სათამაშოს არ ყიდულობენ. ბრაზობენ, როცა ჭამას აძალებენ, მულტფილმებს უთიშავენ. ბავშვების „საპროტესტო აქციები” შოკში აგდებს მშობლებს. ბავშვს შეუძლია საჯარო სივრცეში წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყოს. დარცხვენილი დედ-მამა იძულებულია შეასრულოს ბავშვის კაპრიზი ან რამენაირად დასაჯოს ის. ორივე მიდგომა არამართებულია.
ბევრი ბავშვებისთვის „სპექტაკლის დადგმა” პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის ბრძოლა იმ ხელისუფლებისა და გავლენისთვის, რომელიც ჯერჯერობით მშობლის ხელშია.
ბავშვის დასჯას შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ბავშვის დანაშაულს მომენტალურად მოჰყვება. სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს. არ შეიძლება ბავშვის დასჯა ისე, რომ მან თავი დამცირებულად იგრძნოს.
ზოგჯერ მშობლებისთვის დამაბნეველია ბავშვის ქცევა – ის ყვირის, იკბინება, ნივთებს ყრის, იჩენს ფიზიკურ აგრესიას უფროსების მიმართ, ჩუმ-ჩუმად ჩაგრავს უმცროს და-ძმას. ასეთი ქცევა სამი წლის ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. ამ გზით ისინი ავტორიტარულ აღზრდას აპროტესტებენ. მათ კრიზისი მაშინ ეწყებათ, როდესაც მათ მშობლები ვერ ამჩნევენ – ბავშვებს დამოუკიდებლობა სურთ, აღარ საჭიროებენ მშობლების ზემზრუნველობას. ამ პერიოდში მშობლებმა ბავშვების მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეცვალონ.
ბავშვის აგრესიულ ქცევაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ოჯახური ურთიერთობები. თუ მშობლები ხშირად ჩხუბობენ, ბავშვიც ფეთქებადი და გაღიზიანებულია. მცირეწლოვანი ბავშვი მშობლის სარკეა. თუ დედ-მამა ბრაზიანია, ბავშვიც სწავლობს გაბრაზებას, დედ-მამა კეთილია და ბავშვიც სიკეთით ივსება.
ბავშვების ბრაზის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ეჭვიანობაა. ბავშვისთვის სულაც არ არის აუცილებელი ჰყავდეს ეჭვიანობის კონკრეტული ობიექტი. ბავშვი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს. ეჩვენება, რომ მშობლებს მის გარდა ყველა უყვარს. ეჭვიან ბავშვს შეუძლია დაჩხაპნოს ახალგაკრული შპალერი, დაჭეჭყოს მაცივრის კარი ან ტელევიზორის პულტი. ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებს, რომ მშობლები აფრთხილებდნენ – ასე არ მოქცეულიყო. მათ ხომ საოჯახო ტექნიკაში ძალიან დიდი ფული გადაიხადეს. დიახ, ბავშვი შპალერზე, ტელევიზორზე და პულტზე ეჭვიანობს. მშობლები ამ ნივთებზე გაცილებით მეტს საუბრობენ, ვიდრე პლასტელინის ძაღლსა და ფისოზე, რომელიც ბავშვმა საკუთარი ხელით გამოძერწა…
მშობლები ყოველთვის უნდა დაფიქრდნენ: ხომ არ არის ბავშვის ბრაზი საპასუხო რეაქცია რამეზე? იქნებ ბავშვი სხვაზე ბრაზობს, მაგრამ ჯავრს მშობლებზე იყრის? მსგავსი რამ ბავშვებს ხშირად მოსდით. მათ ჩაგრავენ. ამის აღიარება მშობლებთან არ სურთ, მაგრამ აგრესიის ადრესატები სწორედ მშობლები ხდებიან. მოზარდულ ასაკში მშობლებს არ ესმით, რატომ გაუხეშდა მათი შვილი, გახდა უპასუხისმგებლო, თავხედურად ეპასუხება და სხვ. მშობლების საპასუხო რეაქციაც არ აყოვნებს – ისინიც ბრაზობენ და კონფლიქტში შედიან.
კონფლიქტები ღრმავდება. მოზარდთა აზრით, „მშობლები ცხვირს ყოფენ მათ საქმეებში”. ამ შემთხვევაში სიტუაცია მშობლებმა უნდა გამოასწორონ და კომპრომისზე წავიდნენ. კონფლიქტი ცხელ გულზე არ უნდა გადაიჭრას. ახსნა-განმარტებებსაც თავისი დრო აქვს. თხუთმეტი წლის მოზარდი ვალდებული არ არის ყოველსაათობრივად ჩააყენოს საქმის კურსში დედ-მამა სად და ვისთან არის, მაგრამ თუ მოზარდს ვთხოვთ, უბრალოდ შეგვატყობინოს რომელ საათზე დაბრუნდება შინ, არა მგონია წინააღმდეგობა გაგვიწიოს. მას უნდა განუმარტოთ, რომ ცნობისმოყვარეობა კი არა, სიფრთხილე გვამოძრავებს. უნდა დააჯეროთ მოზარდი იმაში, რომ ვენდობით და პატივს ვცემთ. ბოლოსდაბოლოს, ბრაზში კატასტროფული არაფერია, მაგრამ თუ ბავშვი/მოზარდი მუდმივად ამ მდგომარეობაშია, მაშინ ფსიქოლოგის დახმარება არ გვაწყენდა.
1956 წლის მარტის მოვლენები – თვითმხილველთა მოგონებები, საარქივო დოკუმენტები, პერიოდიკა, ანალიზი
ეპიგრაფი
ძალიან მიყვარდა სტალინი. ძალიან, ძალიან მიყვარდა სტალინი. მერე სტალინი თბილისში ჩამოვიდა, მერე სტალინი მოკვდა, მერე კი თბილისის სასაფლაოებზე გაჩნდა საფლავები გარდაცვალების ერთი და იმავე თარიღით – 9 მარტი, 1956 წელი. იმ დღიდან მიყვარს ერთი ქართველი მწერალი, ეგნატე ნინოშვილი, თუმცა… არასდროს წამიკითხავს მისი წიგნები.
ნურბეი გულია, 1956 წლის მარტის მოვლენების მონაწილე
არსებობს ისტორიული თარიღები, რომელთა გახსენება, შეფასება და ანალიზი ყოველ დროში აქტუალური და მნიშვნელოვანია. ასეთია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღეც – 1956 წლის 9 მარტი. მასალაში თავმოყრილია თვითმხილველთა მოგონებები, იმდროინდელი პერიოდიკის მიმოხილვა, საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მარტის მოვლენების გახსენებისა და შეფასებისთვის გამოადგებათ პედაგოგებს.
როგორ იგონებენ მარტის ტრაგიკულ მოვლენებს თვითმხილველები? რამდენი ადამიანი შეეწირა რეალურად მიტინგის დარბევას? რა რიცხვია მოყვანილი ოფიციალურ დოკუმენტებსა და ოქმებში? რამ გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება? რა გამოხმაურება მოჰყვა იმდროინდელ პერიოდიკაში მიტინგის დახვრეტას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას პირველწყაროების, პერიოდიკის, მოგონებებისა და დღეს უკვე გასაჯაროებული დოკუმენტების მეშვეობით შევეცდებით. მასალა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული 4D ინტერდისციპლინური კვლევების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში.
პრეისტორია
ჯერ კიდევ 1954 წლის მარტში, სტალინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 3-იდან 9 მარტის ჩათვლით თბილისში, სანაპიროზე, მშრალ ხიდთან მდებარე სკვერში, სტალინის ძეგლთან იკრიბებოდნენ ადამიანები, ყვავილებით ამკობდნენ ძეგლს და იგონებდნენ „ხალხის მამას”. 1955 წელს კი იქ იმდენი ხალხი შეიკრიბა, შეკრება არასანქცირებულ მიტინგს დაემსგავსა. 1956 წელს ხრუშჩოვის მიერ პარტიის მე-20 ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობამ ბელადის კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაააქტიურა. უკვე სამი მარტიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საბჭოთა რეალობისთვის გაუგონარი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 4, 5 და 6 მარტს გამოსვლების მასშტაბი თანდათან გაიზარდა, 7 მარტს კი სტალინის ძეგლთან, ლენინის (ახლანდელ თავისუფლების) მოედანზე გამართულ მიტინგებზე, იმდროინდელი მოვლენების თვითმხილველის, ნოდარ ნათაძის მოგონებით, 70-80 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი (ამას სხვა თვითმხილველებიც ადასტურებენ). თბილისელ თანატოლებთან ერთად იდგნენ რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტებიც. ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა სტალინის „უბიწო” სახელის შებღალვის გამო…
პერიოდიკა
აღსანიშნავია, რომ ამ დღეების განმავლობაში პერიოდიკაში არ გამოჩენილა სტალინის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი. მხოლოდ 9 მარტით დათარიღებულ გაზეთ „კომუნისტსა” და „ლიტერატურულ საქართველოში” ვაწყდებით ი. ბ. სტალინის გახსენებას. საინტერესო და უჩვეულო კი ისაა, რომ სტალინი ამ წერილში ხაზგასმით წარმოჩენილია როგორც კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს გენიალური დამაარსებლის, ვ. ი. ლენინის, გამოჩენილი მოწაფე.
პათოსი წინა წლის გამოცემებთან შედარებით თავშეკავებულია და მეტწილად საუბარია ლენინური იდეებისა და კომუნისტური პარტიის წინსვლის შესახებ. მიმოხილულია მეცხრამეტე და მეოცე ყრილობები, ოღონდ მოხსენება „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ” განხილული არ არის. სახასიათო აბზაცი: „პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნ. ს. ხრუშჩოვის მოხსენებამ ასახა ის გრძნობა, შემოქმედებითი ძიებისა და ინიციატივის ის სულისკვეთება, ნაკლოვანებებისადმი ის შეურიგებლობა, რაც ახასიათებს პარტიული ხელმძღვანელობის ლენინურ სტილს და ჩვენი პარტიის მთელ საქმიანობას”. განწყობა რადიკალურად შეცვლილია, სტალინი ლენინის ჩრდილქვეშ მოიხსენიება, არსადაა ობლობის, გენიალური ბელადის გარდაცვალების ტრაგიკულობის განცდა, რომლითაც გაჯერებულია წინა წლის იმავე პერიოდის გამოცემები.
აქ კი უცბად და მკვეთრად აქცენტი მთლიანად გადატანილია მეექვსე ხუთწლედის წარმატებებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიტერატურული საქართველოსა” და „კომუნისტის” სტატიები აბსოლუტურად იდენტურია. ტექსტში სტალინი არსადაა მოხსენიებული იმ აღმატებული ზედწოდებებით, რომლებითაც მანამდე ამკობდნენ (იშვიათი გამონაკლისების გარდა, წინა წლების პერიოდულ გამოცემებში სტალინის სახელს თითქმის ყოველთვის ახლავს ეპითეტები: „ხალხის მამა”, „დიდი მასწავლებელი”, „ყველა დროის გენიოსი”, „ბედნიერი ცხოვრების შემოქმედი”, „ჩვენი გამარჯვების დროშა”, „დიდი სტალინი”, „ყველა ჩვენი გამარჯვების შემოქმედი” (მაგალითად, 1953 წლის „კომუნისტის” მარტის ერთ-ერთ ნომერში სტალინი ამ ზედწოდებათა გარეშე 8-ზე ნაკლებ შემთხვევაში მოიხსენება). რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პუბლიკაციაში მოხსენიებული ი. ბ. სტალინი სხვა პიროვნებაა, არა ის, ვისაც მანამდე გვაცნობდნენ იგივე გამოცემები.
რა ხდებოდა საკუთრივ მიტინგზე?
ამის შესახებ წარმოდგენას მიტინგის მონაწილეთა მოგონებების მიხედვით შევიქმნით.
პირველ დღეებში გამოსვლებს ხელისუფლების მხრივ სრული იგნორი მოჰყვა. „ქუჩებში მილიციელები არ ჩანდნენ, ხალხი, თითქოს, თავის ნებაზე იყო მიშვებული…” (ნოდარ ნათაძე)
9 მარტს, დილით, ვასილ მჟავანაძე გამოჩნდა მიტინგზე, შეკრებილებს მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა. როგორც თვითმხილველები იგონებენ, სიტყვა მან რუსულად დაიწყო, შემდეგ კი მომიტინგეების მოთხოვნით ქართულად გააგრძელა. ხალხის დასაშოშმინებლად მან თქვა: „ჭორია, მოგონილია, თითქოს სტალინზე ცუდი ითქვა…”
იმავე დღეს მიტინგზე გამოჩნდა ჩინეთის სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ჩუ დე. მოწოდებას არავინ დაუჯერა. სტუდენტებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მიტინგზე იყვნენ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ისმოდა მოწოდებები, სტალინის სადიდებელი ლექსები, სიმღერები. ლოზუნგების მთავარი გზავნილი იყო „სტალინი ჩვენი დროშაა”, „გაუმარჯოს პარტიას, ლენინს და სტალინს”, თუმცა მოგვიანებით აქა-იქ გაისმა პოლიტიკური ხასიათის მოწოდებებიც, მაგალითად, ცეკას პოლიტბიუროს გადადგომის მოთხოვნა (არ დასტურდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ან რაიმე პატრიოტული განწყობის გამომხატველი მოწოდებები).
როგორც წინა წლებში, ახლაც სატვირთო მანქანით დადიოდნენ ლენინისა და სტალინის გრიმიანი მსახიობები. ხალხი ყიჟინით ხვდებოდა მათ. ბელადების პორტრეტებს ხელით დაატარებდნენ. 8 მარტისთვის დაირხა ხმა, რომ იგეგმებოდა მიტინგის დარბევა, მაგრამ ამას მომიტინგეთა რაოდენობის შემცირება არ მოჰყოლია.
დემონსტრაციები დაიწყო გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავშიც.
9 მარტსვე, საღამოს, მიტინგზე წამოაყენეს წინადადება, ცენტრალურ ტელეგრაფში (მაშინ „კავშირგაბმულობის სახლს” რომ ეძახდნენ) რამდენიმე ადამიანი გაეგზავნათ, რათა მოსკოვში პროტესტისა და სტალინის მეგობრის, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვის დაბადების დღის მისალოცი ტელეგრამები გაეგზავნათ. სურვილი იყო, ხმა მიეწვდინათ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც კი (ეს უჩვეულო, მოულოდნელი და იმ დროისთვის წარმოუდგენელი იდეა დასტურდება თვითმხილველების მონათხრობითაც. აკადემიკოსი გურამ თევზაძე იგონებს, რომ კონკრეტული ადრესატი არ ყოფილა, თუმცა სურვილი, ხმა მიწევდინათ საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც, იყო). იდეის ინიციატორები მალევე დააკავეს და როდესაც ეს მომიტინგეებმა გაიგეს, ნაწილი რუსთაველის პროსპექტისკენ დაიძრა მათ მხარდასაჭერად.
„…პირველი ტაშისცემის მსგავსი ხმები რომ გაისმა, თავიდან ვერ მივხვდით, რომ ისროდნენ. ალექსანდრეს ბაღის ღობესთან ვიდექი, კავშირგაბმულობის სახლიდან 50 მეტრში. ვიღაცამ დაიძახა, ნუ გეშინიათ, ფუჭ ტყვიებს ისვრიანო, მაგრამ უეცრად დავინახეთ, რომ პროსპექტის სავალ ნაწილზე ერთი ადამიანი დაეცა, მერე მეორე და გაისმა ყვირილი: „დაწექით, თორემ ყველას ამოგვხოცავენ!” სროლა 8-10 წუთს გაგრძელდა. გაისმა კვნესა, დაჭრილები დახმარებას ითხოვდნენ. საიდანღაც სატვირთო მანქანები გაჩნდა. ამ მანქანებში ჩაყარეს მოკლულები და დაჭრილები”, – იხსენებს მარტის მოვლენების თვითმხილველი და მონაწილე ოთარ ურუშაძე.
ამასვე ადასტურებს მიტინგის კიდევ ერთი მონაწილის, ნურბეი გულიას მოგონება: „საინიციატივო ჯგუფში გაჩნდა სურვილი, დეპეშა გაეგზავნათ მოლოტოვისთვის. შეკრებილთ ოთხი ახალგაზრდა გამოეყო – ორი გოგონა და ორი ბიჭი. ისინი კავშირგაბმულობის სახლის დაცვასთან მივიდნენ. ჯარისკაცებმა მათ ხელები გადაუგრიხეს და შენობაში შეიყვანეს. ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ბრბო შენობისკენ დაიძრა. კავშირგაბმულობის შენობის ფანჯრებიდან ტყვიამფრქვევებით დაიწყეს ბრბოს მისამართით სროლა. ჩემს ირგვლივ ხალხი მოცელილივით ეცემოდა. ჩუმად ეცემოდნენ, ტყვიამფრქვევების ხმის გარდა არაფერი ისმოდა. უცბად ერთი ტყვიამფრქვევი ქუჩაზე მდგარ ხეს მიუშვირეს. იქ სკოლის მოსწავლეები იყვნენ აცოცებულები. ბავშვები ხეებიდან ცვიოდნენ. ხალხი უკუიქცა, გარბოდნენ, მაგრამ ტყვიები ეწეოდათ. ჩემ გვერდით ჩვენი სკოლის დირექტორის შვილი, ჩემივე თანატოლი დაეცა უსულოდ. იქვე ძეგლი შევნიშნე და მას ამოვეფარე. ეს ძეგლი ქართველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილისა აღმოჩნდა. დაველოდე, სანამ ტყვიამფრქვევმა მიმართულება არ შეიცვალა და იქაურობა დავტოვე”.
„ჯარისკაცები ამას სრულიად აუღელვებლად აკეთებდნენ. ის კი არა, ერთმანეთში საუბრობდნენ და დამცინავად გადმოჰყურებდნენ ბრბოს. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთ საათს. შემდეგ შენობაში და მის ირგვლივ მდგარმა ჯარისკაცებმა, ხან ხალხის მიმართულებით, ხანაც ჰაერში სროლით, ქვემოთ ჩამოწევა და ხალხის მასის დაფანტვის ოპერაცია დაიწყეს. გამოჩნდნენ ტანკებიც, რომლებიც ცალ მუხლუხოზე ტრიალით ცდილობდნენ შეჯგუფებული ხალხის დაფანტვას. თუმცა ამან ახალგაზრდები ვერ შეაშინა. ისინი ტანკებს ზედ ახტებოდნენ, ცდილობდნენ, ლუკები გაეღოთ, დროშებს არჭობდნენ ზედ (ბედის ირონიაა, რომ ეს დროშები საბჭოთა იყო). ერთმა ლულაზე საფურთხებელი ურნაც კი ჩამოაცვა. ასე გაიყვანეს ხალხი ლენინის მოედნისკენ, იქ კი ხიშტებწამოცმული ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა პუშკინის ქუჩით ხალხის სანაპიროსკენ გარეკვა დაიწყეს. ეს გაგრძელდა ღამის სამ საათამდე. დაფანტულმა ხალხმა კვლავ ძეგლთან დაიწყო შეგროვება, იქნებოდა ასე 1000-1500 კაცი. როდესაც მიმოფანტული ხალხი შეგროვდა და მიტინგი განახლდა, ჯარისკაცებმა ძეგლის კვარცხლბეკიდან ადამიანების ჩამოყრა დაიწყეს. მათ დაუნდობლად აგებდნენ ხიშტებზე. საშინელი მოთქმა და გოდება იდგა. ბოლოს ხიშტიანმა ჯარისკაცებმა სამკუთხედი შეკრეს და ხალხს მიაწვნენ. ხალხი სანაპიროზე და მის მიმდებარე ქუჩებსა და ჩიხებში გაიფანტა. ზოგიერთი თავის გადასარჩენად მტკვარშიც ცვიოდა. მათ აღმოსაჩენად მეავტომატეების ჯგუფები დადიოდნენ და დაუნდობლად ცხრილავდნენ”, – იხსენებს ნოდარ ნათაძე.
დარბევის შემდეგ
იმდროინდელ ოფიციალურ წყაროებში მომხდარი შეფასებულია როგორც „ანტიბოლშევიკური და ნაციონალისტური ხასიათის მასობრივი გამოსვლები”, „მასობრივი არეულობა”. უკვე 10 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში გრიფით „სრულიად საიდუმლოდ” გაწერილია ყველა ის ღონისძიება, რაც იმ და მომდევნო დღეებში უნდა გატარებულიყო წესრიგის აღსადგენად და არეულობის შედეგების გასანეიტრალებლად. ადრესატები სხვებთან ერთად არიან მ. გიორგაძე, ა. ინაური, მ. ლელაშვილი, ვ. მჟავანაძე, დ. მჭედლიშვილი. უპირველეს ყოვლისა, დაიგეგმა ხელმძღვანელი პირების გადანაწილება ქუთაისში, ბათუმსა და გორში. მათ უნდა უზრუნველეყოთ ამ ქალაქებსა და თბილისში საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში 5-9 მარტის მოვლენების პოლიტიკურად „გამართულად” შეფასება, თეზისები უნდა შემუშავებულიყო ამხანაგ დ. მჭედლიშვილის მიერ.
10 მარტის დილის 7 საათიდან სამუშაოს დაწყებამდე კრება უნდა გამართულიყო ყველა დაწესებულებაში. უმთავრესი ამოცანა იყო მომხდარის პოლიტიკური შეფასება და პროვოკატორების, ანტისაბჭოთა ელემენტებისა და „ხულიგნების” დაგმობა. თბილისში, თითოეულ რაიონში მობილიზებული უნდა ყოფილიყო 2000-მდე კომუნისტი საჭიროების შემთხვევაში წესრიგის დასამყარებლად. განათლების მინისტრს, ამხანაგ ჯიბლაძეს, და უმაღლესი სასწავლებლების დირექტორებს გადაეგზავნათ დირექტივა იმ სტუდენტების დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ, რომლებიც საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენდნენ მეცადინეობებს.
დღეს უკვე გასაჯაროებულ საიდუმლო დოკუმენტებში არის მონაცემები ტყვიით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანების შესახებ.
საინტერესოა, რომ, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21-ია (?!), თვითმხილველთა და მონაწილეთა ჩვენებით კი მიტინგის დარბევას, სულ მცირე, 80 ადამიანი შეეწირა. ზუსტი რაოდენობის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. სახელდება რიცხვი 1000-ის ჩათვლითაც კი („იმის მიხედვით, რაც მე საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი აზრით, დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 500 მაინც იქნებოდა. როგორც ამბობდნენ, ყველაზე პატარა დაღუპული 12 წლის ბავშვი იყო. ისინი ჩუმად, ყოველგვარი რიტუალის გარეშე დაკრძალეს. დასაფლავებები უშიშროების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული”, – ნოდარ ნათაძე).
საინტერესოა, რა შეფასებას აძლევენ მომხდარს იმდროინდელი გაზეთები.
ყოველდღიური გაზეთი „კომუნისტი”, საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს მთავარი ბეჭდვითი ორგანო, არც 9, არც 10, არც 11 მარტს და არც მომდევნო დღეებში არ გამოხმაურებია მომხდარს. 11 მარტის ნომერი იწყება სტატიით, რომელსაც ცინიკური სათაური აქვს: „დიდი ზრუნვა ხალხის კეთილღეობისთვის”. სტატიაში საუბარია 8-საათიანი სამუშაო დღის შემოკლებაზე, მშრომელთა საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე, მოსახლეობის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროებებისადმი ყურადღების გაძლიერებაზე…
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდის ქართულ საბჭოთა პერიოდიკაში საერთოდ არ არის ასახული საქართველოში 5-9 მარტს განვითარებული მოვლენები.
დარბევის კვალი ქალაქში ოპერატიულად წაშალეს: ასფალტი მოირეცხა, კიბე ძეგლთან, რომელიც სისხლით იყო შეღებილი, გამოიცვალა.
მოჰყვა თუ არა დარბევას რეპრესიები?
დღემდე უცნობია ქართული და საბჭოთა მმართველი ელიტის დამოკიდებულება და შინაპარტიული დებატები აღნიშნულ მოვლენებზე. უცნობია ისიც, ვისი ინიციატივით გაიცა იარაღის გამოყენებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტის ბრძანება.
საარქივო დოკუმენტებიდან ჩვენთვის ხელმისაწვდომ ნიმუშებში ამის შესახებ ბევრი არაფერი წერია.
რაც შეეხება დარბევის შემდგომ რეპრესიებს – ცნობილია, რომ მომდევნო დღეებში პერმანენტულად აკავებდნენ ხალხს მცირე ხნით – დაკითხვისთვის (შემონახულია შესაბამისი ოქმები), თუმცა ამ მიზეზით გასამართლებულთა ან დიდი ხნით დაპატიმრებულთა შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
სადამსჯელო ღონისძიებად ძირითადად პარტიიდან გარიცხვასა და საყვედურებს იყენებდნენ, თუმცა შიში მოსახლეობაში საკმაოდ დიდი იყო.
ნურბეი გულიას მოგონებით, საავადმყოფოები ცხრაში, ღამითვე დაიცალა პაციენტებისგან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მკურნალობდნენ სხეულის დაზიანებებს და ჭრილობებს. მათ ეშინოდათ, მიტინგში მონაწილეობა არ დასდებოდათ ბრალად („პლეხანოვზე, საავადმყოფოსთან ჩავიარე და უცნაური სურათის მოწმე გავხდი: ხეები მოფენილი იყო დასისხლიანებული ბინტებით და სახვევებით. მეხანძრეები გინებითა და ფურთხებით ხსნიდნენ მათ. აღმოჩნდა, რომ ხალხმა სასწრაფოდ შემოიხია გასისხლიანებული სახვევები, საავადმყოფოს ფანჯრებიდან მოისროლა და გაიქცა…” – ნურბეი გულია, „ქართული ამარკორდი”).
მომდევნო დღეებში განსაკუთრებით გაძლიერდა პროპაგანდა და აგიტაცია. მოხდა მიტინგის მონაწილეების სტიგმატიზება „ანტიბოლშევიკურ ელემენტებად” და „ხულიგნებად”, თავდამსხმელებად, მასობრივი არეულობისთვის, სახელმწიფო ქონების დაზიანებისა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მათ წინააღდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, თუმცა „დამნაშავეების” უმეტესობას პირობითი სასჯელი აკმარეს.
ჩემი წილი აფხაზეთი
როგორია ცუდი წინათგრძნობა? დედაჩემი ამბობს თავის ლექსში, წოიო ჩიტი გაავდრებას იტყობინებაო. თითქოს ჩიტებს ცუდი ამბები უნდა მოჰქონდეთ, უსიამო წინათგრძნობებს დაატარებდნენ ფრთებით, საავდრო ამინდს ქმნიდნენ… სახლის წინ გრძელ სკამზე ჩამომჯდარი ბებიაც განსაკუთრებულად მოჭიკჭიკე ჩიტს, თავს რომ დაგვტრიალებდა, ჩურჩულით ეტყოდა: „შენს პირს შაქარი, ჩიტო, შენს პირს შაქარიო”. ბავშვობიდან მეშინოდა ჩიტების, თითქოს მათ მოჰქონდათ კონვერტებით გულის გასაგლეჯი ამბები – ვინ აღარ იყო ცოცხალი და ვინ როგორ ვერ გადარჩა. ჩიტების ჭიკჭიკი დღესაც მზაფრავს, ყოველთვის ვხურავ კარს ან ფანჯარას, თუ რომელიმე ჩიტი თავს არ მანებებს.
წერის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი
საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრების სწავლება დაწყებით საფეხურზე


ბავშვები მონობაში
რამდენიმე დღის წინ ინდოეთში სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის მსხვერპლი 120 ბავშვი იპოვეს და არაადამიანური პირობებისგან და იძულებითი შრომის ვალდებულებისგან გაანთავისუფლეს. 120 ბავშვი ინდოეთში მონად ქცეული ბავშვების საერთო რაოდენობასთან შედარებით ზღვაში წვეთია. აქ საათში დაახლოებით 11 ბავშვი იკარგება, მათ ნაწილს მშობლები ნებით რამდენიმე ათეულ დოლარად ყიდიან, ნაწილი კი სამსახურის ან სკოლაში მოწყობის დაპირებით მოტყუებით მიჰყავთ დიდ ქალაქებში, სადაც, როგორც წესი, შინამოსამსახურეები ან ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებიან. ქვეყანაში, სადაც 15 მილიონამდე მონა ცხოვრობს, შინამოსამსახურედ დაახლოებით 4 მილიონ ბავშვს უწევს მუშაობა. უცნობია ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა, თუმცა ცნობილია ის, რომ ბავშვებს დღე-ღამეში დაახლოებით 16-საათიან სამუშაო გრაფიკში უწევთ მუშაობა ისეთ მძიმე საქმეებზე, როგორიც არის სამშენებლო სამუშაოები, ქარხნები, საბადოები, ტვირთის გადაზიდვა და სხვ.
ასევე ორი დღის წინ ქართული მედიასაშუალებები 13 წლის ორსული გოგონას შესახებ ალაპარაკდნენ, რომელიც 18 წლის ქმარმა “ქორწინებიდან” რამდენიმე თვეში მიატოვა. “ოჯახის დანგრევის” მიზეზად პირველ ცოლთან დაბრუნება დასახელდა, რომელიც მეორე ცოლზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია, 14 წლისაა. საუბარია იმაზეც, რომ 13 წლის გოგონა ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. სატელევიზიო სიუჟეტებსა და სტატიებში, ცხადია, სტერეოტიპული ფრაზების კასკადია:
„ერთმანეთთან უკვე ნამყოფები იყვნენ და სახლში უკან რომ წამოგვეყვანა რა აზრი ჰქონდა”, – ამბობს, დედა; მეზობელმა „თანახმა იყო ეს გოგოც და მივიღეთ როგორც უბნის პატარძალიო”. სკოლის დირექტორმა “ჩვენ გვქონდა გოგონასთან საუბარი და ის ბედნიერად გრძნობდა თავსო”. ალბათ მავანი უყურებს და ფიქრობს, რომ ეს მისი პრობლემა არ არის, ისევე როგორც ინდოეთში მონად გაყიდული ან ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები, რომ ეს სხვისი შვილია, რომელიც თავისი ნებით გათხოვდა, რომელზეც პასუხისმგებლები მისი მშობლები არიან.
სინამდვილეში ეს ამბავი ჩვენი, ყველას პრობლემაა, თანაც ძალიან დიდი. 13 წლის გოგონა ერთადერთი არ არის, რომელსაც დედა მოძალადესთან დასარჩენად იმეტებს, მეზობელი უბნის პატარძლად იღებს და სკოლის დირექტორი თავის ვალს მასთან გასაუბრების შემდეგ მოხდილად თვლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2011–2012 წლებში საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის (7–9 კლასები) დასრულებამდე განათლების მიღება შეწყვიტა 7367-მა გოგონამ. უმეტესობისთვის სწავლის შეწყვეტის მიზეზი სწორედ ნაადრევი ქორწინება გახდა. 7 ათასზე მეტი გოგონას მშობლები, ოჯახის წევრები, მასწავლებლები და მეზობლები იცით რამდენია? თითქმის ნახევარი ქვეყანა. და როცა თითქმის ნახევარი ქვეყანა თვლის, რომ 13 წლის გოგონას შეუძლია ოჯახის შექმნა და ბავშვის გაჩენა, 13 წლის გოგონა, რომელსაც ქმარ-შვილი ყავს და სკოლაში დადის, შეიძლება ბედნიერი იყოს, 13 წლის გოგონამ ჯობია თავის მომავალზე თქვას უარი, ვიდრე მოძალადესთან ოჯახის შექმნაზე, მთელი ქვეყანა განწირულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამიტომ ამბავი ყველას გვეხება, განსაკუთრებით ჩვენ, ვინც ვიცით, რომ 13 წლის გოგონები უნდა თამაშობდნენ, კითხულობდნენ, ოცნებობდნენ, სკოლაში დადიოდნენ, მომავლის ამბიციურ და დაუჯერებელ გეგმებს სახავდნენ, იპრანჭებოდნენ, უყვარდეთ მაგრამ არამც და არამც არ უნდა ქმნიდნენ ოჯახებს. ვისაც 13 წლის გოგონებთან და მათ მშობლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საშუალება გვაქვს. ნუ დატოვებთ მათ მომავლის გარეშე, გამოიყენეთ სასკოლო სივრცე შესაბამისად და ნუ ჩათვლით, რომ თუ ძალადობის მსხვერპლმა მოსწავლემ თავი ბედნიერად მოგაჩვენათ, ის მართლაც ბედნიერია.