შაბათი, მაისი 2, 2026
2 მაისი, შაბათი, 2026

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება ბიოლოგიის სწავლებისას

0

გთავაზობთ კიდევ ერთ ექსპერიმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მეცნიერული კვლევის, კერძოდ, მოდელის შექმნისა და გამოყენების, უნარ-ჩვევების განვითარებას.

ექსპერიმენტი: სისხლის ჯგუფების თავსებადობის/ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელი

თემა: სისხლის ჯგუფები. იმუნიტეტი

წინარე ცოდნა:

მოსწავლეებმა იციან: იმუნიტეტის არსი; სისხლის ჯგუფები; ცნებები: ანტიგენი, ანტისხეული, დონორი, რეციპიენტი. იციან, რომ სისხლის ჯგუფის სახეობა დამოკიდებულია ერითროციტის მემბრანაში არსებული ანტიგენის სახეობაზე და პლაზმაში ანტისხეულის გვარობა­ზე (იხ. ცხრილი1). სისხლის გადასხმის დროს ითვალისწინებენ დონორის (ვინც სისხლს გასცემს) ერითროციტებში ანტიგენის სახეობას და რეციპიენტის (ვინც იღებს სისხლს) სისხლის პლაზმაში ანტისხეულის სახეობას. სისხლის ჯგუფების შეუთავსებლობის შემთხვევაში რეციპიენტის სისხლში წარმოიქმნება შესაბამისი ანტისხეულები, რომლებიც დონორის ერითროციტებს აწებებს, ეს კი სიცოცხლისთვის საშიშია.

kjhgfdsfghjkl

კავშირი სტანდარტთან:

კვლ. X. 2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, იღებს სარწმუნო მონაცემებს;

კვლ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
  • აანალიზებს მონაცემებს (მაგ., საშუალო არითმეტიკული სიდიდის და საშუალოდან გადახრების დადგენა), საჭიროების შემთხვევაში, საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით, გამოიტანს დასკვნებს.

ბიოლ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ქმნის ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელს და მსჯელობს ამ ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე.

სასწავლო მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ:

  • დაგეგმილი ცდის ჩატარებას;
  • მონაცემების აღრიცხვას;
  • მონაცემთა ცხრილის საშუალებით მონაცემების წარმოდგენას;
  • მონაცემების ანალიზს და ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანას;
  • ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელის შექმნასა და გამოყენებას;
  • მსჯელობას ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მნიშვნელობის შესახებ.

ექსპერიმენტის მიზანი: ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელის შექმნა და გამოყენება სისხლის ჯგუფების თავსებადობის განსაზღვრის მიზნით.

მასალა:

  • საკვები საღებავებით შეფერილი წყალი: წითელი, ლურჯი, მეწამული;
  • სუფთა წყალი;
  • სინჯარები;
  • სინჯარების სადგამი.

პროცედურა:

  1. მასწავლებელმა მოგამარაგათ წითელი წყლით, ლურჯი წყლით, მეწამული წყლით (წითელს + ლურჯი = მეწამულს) და სუფთა წყლით.

წითელი ფერის წყალი “A ჯგუფის სისხლია”, ლურჯი – “B ჯგუფისა”, მეწამული – “AB ჯგუფისა”, სუფთა – “O ჯგუფისა”.

  1. ოთხივე სინჯარა მოათავსეთ სადგამში და დანომრეთ 1-დან 4-მდე.
  2. პირველ სინჯარაში ჩაასხით 1სმ3 “A ჯგუფის სისხლი”; მეორეში – 1 სმ3 “B ჯგუფის სისხლი”; მესამეში – 1სმ3 “AB ჯგუფის სისხლი”; მეოთხეში – 1სმ3 “O ჯგუფის სისხლი”. თითოეული სინჯარა ასახავს სისხლის რეციპიენტს (მიმღებს).
  3. თითოეულ სინჯარას დაამატეთ 1სმ3 A ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი). მონაცემთა ცხრილში ჩაწერეთ სინჯარებში – “რეციპიენტის სისხლში” – მომხდარი ფერის ყველა ცვლილება.
  4. თუ წყალმა ფერი იცვალა, ეს ნიშნავს, რომ მოხდა “აგლუტინაცია-შეწებება” და ეს ჯგუფები არათავსებადია. თუ ფერი იგივე დარჩა – სისხლის ეს ჯგუფები თავსებადია. შედეგები ჩაიწერეთ გრაფაში მოცემული ნიმუშის მიხედვით.
  5. გაიმეორეთ მე-3-4 ნაბიჯი, შემდეგ დაამატეთ თითოეულ სინჯარას “B ჯგუფის სისხლი”. მონაცემები ჩაიწერეთ.
  6. გაიმეორეთ მე-3-4 ნაბიჯი, შემდეგ დაამატეთ თითოეულ სინჯარას “AB ჯგუფის სისხლი”. მონაცემები ჩაიწერეთ.
  7. გაიმეორეთ მე-3-4 ნაბიჯი, შემდეგ დაამატეთ თითოეულ სინჯარას “O ჯგუფის სისხლი”. მონაცემები ჩაიწერეთ.

ანალიზი და დასკვნა

  1. სისხლის რომელი ჯგუფების კომბინაციის შედეგად მოხდა “აგლუტინაცია”? ახსენით, რატომ.
  2. სისხლის რომელი ჯგუფები აღმოჩნდა თავსებადი? ახსენით, რატომ.
  3. რომელი ჯგუფის სისხლს შეუძლია გახდეს დონორი ყველა ჯგუფის სისხლისთვის? რატომ?
  4. რომელი ჯგუფის სისხლს შეუძლია იყოს რეციპიენტი ყველა ჯგუფის სისხლისთვის? რატომ?
მონაცემთა ცხრილი 2: ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციების სიმულირება
რეციპიენტის სისხლის ჯგუფები დონორის სისხლის ჯგუფები
A

(წითელი წყალი)

B

(ლურჯი წყალი)

AB

(მეწამული წყალი)

O

(სუფთა წყალი)

A

(წითელი წყალი)

B

(ლურჯი წყალი)

AB

(მეწამული წყალი)

0

(სუფთა წყალი)

რეკომენდაცია მასწავლებლებისთვის: დაკვირვება ხდება “რეციპიენტის სისხლის” ფერის ცვლილებაზე! მაგალითად, როდესაც “AB ჯგუფის რეციპიენტის სისხლს” (სინჯარაში მეწამული წყალია) ემატება “დონორის B ჯგუფის სისხლი” (ლურჯი წყალი), სინჯარაში ხსნარის შეფერილობა არ იცვლება, რადგან მეწამული წყალი შეიცავს წითელ საღებავს და ლურჯთან შერევით მიიღება ისევ მეწამული ფერი. ამრიგად, AB ჯგუფის რეციპიენტისთვის B ჯგუფის სისხლი თავსებადია. როდესაც, პირიქით, B ჯგუფის სისხლია რეციპიენტი (სინჯარაში ლურჯი წყალია), ხოლო დონორის სისხლი AB ჯგუფისაა (მეწამული ხსნარი), “რეციპიენტის სისხლის შეფერილობა” შეიცვლება: სინჯარაში ლურჯი წყალი მეწამული გახდება (“დონორის სისხლი” – მეწამული წყალი – შეიცავს წითელ საღებავს და ლურჯთან შერევით მიიღება მეწამული ფერი). ამრიგად, B ჯგუფის რეციპიენტისთვის AB ჯგუფის სისხლი შეუთავსებელია.

რასაკვირველია, ექსპერიმენტის შედეგების შეჯამებისას სისხლის ჯგუფების შეთავსება-შეუთავსებლობა უნდა აიხსნას ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედების საფუძველზე. მაგალითად, AB ჯგუფის სისხლი არის უმაღლესი ხარისხის რეციპიენტი (იღებს ყველა ჯგუფის სისხლს), რადგან ამ ჯგუფის სისხლის პლაზმაში არც ერთი ანტიგენის (A და B) საწინააღმდეგო ანტისხეულის წარმოქმნა არ ხდება, ხოლო O ჯგუფის სისხლი უმაღლესი ხარისხის დონორია (გადაესხმება ყველა ჯგუფის სისხლს), რადგან ამ ჯგუფის სისხლის ერითროციტებში არ არის ანტიგენი. O ჯგუფის სისხლი მხოლოდ O ჯგუფის სისხლს იღებს, რადგან ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლის გადასხმისას ერითროციტების მემბრანებში არსებულ ანტიგენებს აღიქვამს როგორც უცხოს და მათ (A და B ანტიგენების) საწინააღმდეგოდ წარმოქმნის ანტისხეულებს, რაც ერითროციტების შეწებებას იწვევს.

სტუმართმასპინძლობანა

0
სტუმარმასპინძლობა რომ უძველესი ქართული ტრადიციაა, უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვისაა ცნობილი. მაგრამ დროთა განმავლობაში, ადამიანის ყოველდღიური ყოფის გათვალისწინებით, სანაქებო ტრადიციებიც კი უფერულდებიან: ყურძენი საწნახელში აღარ იწურება, რთველიც ვეღარ იკრიფება სიმღერ-სიმღერით… მოსწრებაზეა.  მეგობრებიც  უმეტესად  ,,ნეიტრალურ ტერიტორიაზე” იკრიბებიან და ისიც იშვიათად. აი სახლში მოსული სტუმარი კი სულ სხვაა – მას ღირსეული გამასპინძლება სჭირდება, გამასპინძლებას კი  გარკვეული თანხა და დრო ეწირება.

სტუმრად ყველაზე იშვიათად პატარები დადიან. მათ სახლში თითქმის აღარავინ უმართავს წვეულებებს. ამიტომაც, სტუმარმასპინძლობის  ტრადიციაზე  მომავალ  თაობას  ბუნდოვანი  წარმოდგენა აქვს. 
ხანდახან ვცდილობ, ჩემს  მოსწავლეებს ამბად მაინც გავაგონო სასურველი წეს-ჩვეულების ისტორია. ტრადიციების ამსახველი ტექსტების გაცნობას ასე თუ ისე ვახერხებ (ძველ ქართულ ყოფასთან დაკავშირებული თემატიკის გაშლის საშუალებას ხალხური ზეპირსიტყვიერებაც იძლევა), მაგრამ  მგონია,  ვისაც ერთხელ მაინც არ მოურგია მასპინძლის ,,წინსაფარი” და ხელები არ ,,დაუკაპიწებია”,  ვერც სტუმარმასპინძლობის შენარჩუნების აუცილებლობას გაიაზრებს. არადა, რა სჯობს  ,,მასპინძელოს” დაძახილზე გამოგებებულ ,,მობრძანდი”-ს , ნაცნობ-უცნობის უანგაროდ და უყოყმანოდ შემფარებელ ადამიანს.

ტრადიციების  სადარაჯოზე

სტუმარს ხევსურეთში დღემდე ძველი ადათის მიხედვით იღებენ. მას ჯერ ,,საფიხვნოში” (თავშეყრის ადგილი, სადაც მხოლოდ მამაკაცები იკრიბებიან.  შატილელები აქ  უქმე დღეს მოდიან, თან საქმობენ და თან საუბრობენ, სასოფლო და რჯულის საქმეებიც აქ ირჩევა.)  დასვამენ, საუბრით შეიქცევენ, მერე კი  მასპინძელი ოჯახში მიიწვევს.
ხევსურეთში სტუმარი ოჯახში ხელცარიელი ვერ მივა, არაყი ან ლუდი უნდა მიიტანოს. პატივისცემის ნიშნად, მასპინძელი ფეხზე წამოდგება და მოსულს კარგადაც უმასპინძლებს,  საპატიო სტუმარს კი ზოგჯერ ცალ მუხლზე დაჩოქილი ემსახურება. თავისი ან სხვისი სტუმრის შეურაცხყოფისთვის შეიძლება თემმა ნებისმიერი თანასოფლელი მოიკვეთოს.

ოჯახში  შემოსულ  სტუმარს  მასპინძელი  ასე  ესალმება:  – მაგვიხვე მშვიდობით! სტუმარი კი ლოცავს: –  მშვიდობით დამხვდით, აშენდით, სულ მუდამ ლხინზე, მშვიდობაზე შევიყაროთო.

ენგურს გადაღმა გაშლილი ტაბლა

სტუმარს იღბლის შვიდი ნატეხი მოაქვსო,  –  ასე სჯეროდათ აფხაზებს ძველად.  ალბათ ამიტომა, რომ უცნობსაც და ნაცნობსაც ერთნაირად  გულუხვად  უმასპინძლდებოდნენ. ენგურს გადაღმა  გულწრფელი ღიმილით (პირმარილიანი) და  ბარაქიანი  პურ-მარილით ხვდებოდნენ მოსულს. სუფრის გაშლა და გამასპინძლება ქალს ევალებოდა. აღსანიშნავია, რომ  მასპინძლისთვის  ტკბილმოუბარობა და მჭევრმეტყველება სავალდებულო და დასაფასებელი ხელოვნება გახლდათ.

ხევსურეთის მსგავსად,  სტუმარი  აფხაზეთშიც ხელშეუხებელი იყო. როგორც კი ზღურბლს გადმოაბიჯებდა, მასზე ხელის აღმართვის უფლება არავის ჰქონდა, რადგან  სტუმრის შეურაცხყოფა  მასპინძლის ოჯახის აბუჩად აგდებას ნიშნავდა (,,დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა”).
აფხაზისთვის სტუმრის მიღება ერთგვარი რიტუალია: ზღურბლთან ეგებება და ყურადღებას არ აკლებს, საუბრით ართობს. ბოლოს კი სახლში  შეუძღვება და გაწყობილ ტაბლასთან მიიწვევს… მამაკაცების შინ არყოფნის შემთხვევაში სტუმარს ოჯახის უფროსი ქალი ეგებება და მასპინძლობს. 
სტუმარმასპინძლობის ტრადიციები ხევში

ხევში „სტუმარშინშაუყვანელი” კაცი ხალხის თვალში დამცირებული იყო.
სტუმრის კარგად დახვედრად ითვლებოდა: საუკეთესო საჭმელ-სასმელის მირთმევა, გართობა, დაძინება, იარაღის საიდუმლოდ შენახვა და ცხენის კვება. სტუმრის დასაქმება ყოვლად დაუშვებელი იყო, მნიშვნელობა არ ჰქონდა მისი ყოფნის ხანგრძლივობას  და ვინაობას. 

ხევში დღემდე შენარჩუნებული ჩვეულების მიხედვით, მომსვლელმა ოჯახის წევრი მამაკაცის სახელი უნდა დაიძახოს, უმამაკაცოდ დარჩენილ ოჯახშიც კი. რადგან სტუმრების მიღება ოდითგანვე ოჯახის უფროსის ფუნქციას შეადგენდა.

სამყოფოში  (სახლის მთავარ განყოფილებაში) დიასახლისის კერა იყო მოწყობილი, სადაც სასტუმრო სუფრა მზადდებოდა. მხოლოდ ოჯახის უფროსი რძალი სარგებლობდა მისალმება-მოკითხვების უფლებით.
მოსულს  ჯერ ხონჩასთან (მცირე ზომის სამფეხა მაგიდა) იწვევდნენ. სტუმრის მიღება და დაცვა აქაც მასპინძლის უწმინდეს საზოგადოებრივ მოვალეობად ითვლებოდა.  მოხევეებს მხოლოდ თემიდან მოკვეთილი ადამიანის შეფარება ეკრძალებოდათ.
ყველაზე  მშვიდობიანი  „ინჯრა”

გაგიგონიათ ალბათ, მშვიდობა და შვიდი ინჯრა დღეშიო.  ისე ღმერთი როგორ გაგიწყრებათ, ერთ-ერთი მაინც სტუმრობით არ დააგვირგვინოთ… გურულ ზღურბლს სტუმარი ჯერ კიდევ ხშირად ანებივრებს, საღამო ისე არ ჩაივლის, ვინმემ სერიალის სანახავად მაინც არ ,,შემეიაროს” (ეს ტელევიზორები ნამეტანი ხშირად ფუჭდება). თუ შემოდგომაა და მოსავალი ლაგდება, ნადი არ ილევა.  მოკლედ, მოსვლის მიზეზს რა გამოლევს:  „ისე გადმევიარე” ,   „მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო”,  „რას აკეთებ ამფერს, ჩევიდა შენი ლობიეს სუნი მელექედურში”… როგორც ხედავთ,  გურულები „შვიდი ინჯრიდან”  ერთს მაინც სტუმართან ერთად მიირთმევენ. 

როგორც გურიაში, ასევე იმერეთში სტუმრის დახვედრას დღემდე „სასინდისო საქმედ” მიიჩნევენ (გავიხსენოთ კლდიაშვილის იმერლები,  მათი უსაშველო სტუმრობა-გამასპინძლებები და ამ დალოცვილი ტრადიციის წყალობით ხანდახან დანაყრებული კუდაბზიკა თავად-აზნაურები). გურული და იმერელი ყველაფერს მოიკლებს, ოღონდ სტუმარს ასიამოვნოს. თან რაც არ უნდა კარგად მიიღოს სტუმარი, ბოლოს მაინც მოუბოდიშებს: – მაპატიე, შენი ჭირიმე, საკადრისად ვერ დაგხვდიო. 

მოგონებების პირად არქივში ერთი უცნაური სტუმარ-მასპინძლობის შემთხვევა მეგულება და თქვენც გაგიზიარებთ: სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე გურიაში გამხიზნეს, მატარებელმა რომელიღაც ელექტროსადგურის მორიგი ავარიის წყალობით დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და უახლოესი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაჩერდა. თავიდან მგზავრები ერთმანეთს კუპეებში ეპატიჟებოდნენ საგზაოდ წამოღებულ ხემსზე.  მესამე დღეს, როცა სარჩო და იმედი ერთნაირად გამოგველია, სოფელმა მოგვაგნო და რამდენჯერმე ჩვენი ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით დაპურებაც მოასწრო… ხანდახან წარმოვიდგენ, როგორ მოდიან  სოფლის ნობათით  ხელდამშვენებულები, მატარებელს რომ თვალს ვერ მოკრავენ,  ხელს ჩაიქნევენ, მერე ერთმანეთს ეშმაკურად გადახედავდნენ, ამდენ საჭმელს სახლში ხო არ წავიღებთო, – ჩაიბუტბუტებენ და გაიშლება სუფრა… ლამარიესთან, ან გულნარიესთან.
სტუმარი სკოლაში
სკოლა რომ გარესამყაროს მეტისმეტად არ გაემიჯნოს, სასურველია მისი რუტინული ყოველდღიურობა მრავალფეროვანი გავხადოთ გასვლითი ღონისძიებებითა თუ საინტერესო სტუმრების მოწვევით.
თეატრსა და მუზეუმში სტუმრობას თავისი ხიბლი აქვს, ბავშვი ირგებს სტუმრის როლს და ეჩვევა განსხვავებულ გარემოში  იქაური წესების დაცვით ორიენტირებას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პატარებისთვის ჩვეული ცნობისმოყვარეობის გამო იგი სტუმრის ამპლუაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე პირიქით – მასპინძლის როლში. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტ სტუმარს მოვიწვევთ სკოლაში, მით უფრო გაუადვილდებათ ბავშვებს  ტრადიციის შესაბამისი წეს-ჩვეულებების გათავისება. მოსწავლეებს ყველა პროფესიის ადამიანის გაცნობა  აინტერესებთ, იქნება ეს ექიმი, მეხანძრე, პოლიციელი, მხატვარი, მომღერალი თუ მწერალი. 

ამას წინათ, ჩვენი სკოლის ყველაზე პატარებს მწერალი ლელა ცუცქირიძე ესტუმრა. შეხვედრა აი ასე დაიწყო:
 
ნელ-ნელა უხერხულობის ბურუსი გაიფანტა და…

   
როცა ამ ფოტოს ვუყურებ, ვხვდები, რომ  სტუმარმასპინძლობა შედგა,  მოლოდინის მარცვალიც გაღვივდა  – ნეტავ კიდევ ვინ შემოაღებს ჩვენი სკოლის კარსო?!  ვნახოთ, ვნახოთ…  სტუმარი ხომ ღვთისაა. 

ატრიბუცია კლასში და მოსწავლეთა მოტივაცია

0
მოტივაციის ერთ-ერთი კარგად ცნობილი ახსნა იწყება სიტყვებით, რომ ჩვენ საკუთარი და სხვისი ქცევის გაგებას ამ ქცევის ახსნითა და მისი მიზეზების წვდომით ვცდილობთ. იმისთვის, რომ ჩავწვდეთ ჩვენი წარმატებისა თუ მარცხის არსს, განსაკუთრებით კი – მოულოდნელი წარმატებისა თუ მარცხისა, ვსვამთ კითხვას „რატომ?” მოსწავლეები საკუთარ თავს ეკითხებიან: „რატომ ჩავიჭერი?” ან „რატომ გამომდის ასე კარგად ყველაფერი?” თავიანთი წარმატება თუ მარცხი მოსწავლეებმა შესაძლოა მიაწერონ უნარს, ძალისხმევას, განწყობას, ცოდნას, იღბალს, დახმარებას, ინტერესს, სხვის მიერ ხელის შეშლას, უსამართლობას და ა.შ. სხვისი წარმატების ან მარცხის მიზეზის გასაგებად ატრიბუციასაც მივმართავთ. ვამბობთ, რომ სხვები არიან ჭკვიანები, იღბლიანები, ბევრი იშრომეს და ა.შ. მოტივაციის შესახებ ატრიბუციის თეორიები აღწერს, რა გავლენას ახდენს მოტივაციაზე ინდივიდის ახსნა-განმარტებები და მსჯელობა საკუთარი თავისა და სხვათა შესახებ.

ბერნარდ ვაინერი განათლების ერთ-ერთი ის გავლენიანი ფსიქოლოგია, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა ატრიბუციის თეორია და სკოლაში სწავლა. ვაინერის მიხედვით, წარმატებისა და მარცხისთვის მიწერილი მიზეზების უმეტესობა შეიძლება სამი სიდიდის მიხედვით დავახასიათოთ. ესენია:

1. ლოკუსი (მიზეზის ადგილმდებარეობა – პიროვნების შიგნით ან მის გარეთ);
2. სტაბილურობა (იგივე დარჩება თუ არა მიზეზი უახლოესი მომავლის განმავლობაში);
3. კონტროლირებადობა (შეუძლია თუ არა პიროვნებას მიზეზის კონტროლი).

ამ სიდიდეების მიხედვით წარმატებისა და მარცხის ყოველი მიზეზის კატეგორიზებაა შესაძლებელი. მაგალითად, იღბალი არის ექსტერნალური (ლოკუსი), არასტაბილური (სტაბილურობა) და არაკონტროლირებადი. 

ვაინერს სწამს, რომ ამ სამ სიდიდეს დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციისთვის, რამდენადაც ისინი გავლენას ახდენენ მოლოდინსა და ღირებულებაზე. მაგალითად, სტაბილურობა, როგორც ჩანს, ახლო კავშირშია მომავალთან დაკავშირებულ მოლოდინთან. თუ მოსწავლეები თავიანთი მარცხის მიზეზს მიაწერენ სტაბილურ ფაქტორებს, მაგალითად, საგნის სირთულეს, მათ მომავალშიც მარცხის მოლოდინი ექნებათ. მაგრამ თუ ისინი ამ შედეგს მიაწერენ არასტაბილურ ფაქტორებს, ვთქვათ, განწყობას ან იღბალს, მათ ექნებათ მომავალში უკეთესი შედეგის მიღწევის იმედი. ლოკუსის ინტერნალურობა/ ექსტერნალურობა, როგორც ჩანს, ახლო კავშირშია თვითშეფასებასთან. თუ მარცხისა და წარმატების მიზეზი მიეწერება შინაგან ფაქტორებს, წარმატება ჩვენში გამოიწვევს სიამაყის განცდას და გაზრდის მოტივაციას, მაშინ როდესაც მარცხი თვითშეფასებას შეამცირებს.

კონტროლირებადობა დაკავშირებულია ისეთ ემოციებთან, როგორიცაა ბრაზი, სიბრალული, მადლიერება, სირცხვილი. თუ ჩვენს მარცხზე პასუხისმგებლობას ვიკისრებთ, დანაშაულის შეგრძნება შეგვაწუხებს, ხოლო წარმატებაზე პასუხისმგებლობა სიამაყეს მოგვგვრის. მარცხი იმ ამოცანის შესრულებისას, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, იწვევს სირცხვილსა და ბრაზს. ასევე, განცდა იმისა, რომ თავად აკონტროლებთ თქვენს სასწავლო პროცესს, დაკავშირებულია უფრო რთული ამოცანების არჩევასთან, საქმისთვის მეტი ძალისხმევის გაღებასთან, უკეთესი სტრატეგიების გამოყენებასთან, სასკოლო საქმიანობაში მეტ შეუპოვრობასთან. 

ატრიბუციები კლასში. როდესაც მარცხს განიცდის ის მოსწავლე, რომელიც, ჩვეულებრივ წარმატებას აღწევს ხოლმე, ის მოახდენს ინტერნალურ, კონტროლირებად ატრიბუციას. მაგალითად, ვერ გაიგო მითითება, დააკლდა ცოდნა ან, უბრალოდ, კარგად არ მოემზადა. შედეგად, სამომავლოდ წარმატების მისაღწევად ის ფოკუსირებას მოახდენს სტრატეგიებზე. ასეთ რეაქციას ხშირად მივყავართ მიღწევამდე, სიამაყის, მაღალი კონტროლის შესაძლებლობის განცდამდე.

მთავარი პრობლემა მოტივაციასთან დაკავშირებით მაშინ წარმოიშობა, როცა მოსწავლეები მარცხს სტაბილურ, არაკონტროლირებად მიზეზებს მიაწერენ. ასეთი მოსწავლეები თითქოს ეგუებიან მარცხს, დეპრესიას ეძლევიან და თავს უმწეოდ გრძნობენ. ისინი არამოტივირებულები არიან. მარცხზე ამ მოსწავლეების რეაქციაა უფრო მეტი ფოკუსირება საკუთარ არაადეკვატურობაზე. სასკოლო საქმიანობისადმი მათი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაუარესებულია. აპათია ლოგიკური რეაქციაა წარუმატებლობაზე, თუ მოსწავლეს სჯერა, რომ მიზეზი სტაბილურია, ცვლილებებსა და კონტროლს არ ექვემდებარება. გარდა ამისა, მოსწავლეები, რომლებიც ამგვარად აფასებენ საკუთარ წარუმატებლობას, არ ცდილობენ, იპოვონ დამხმარე, მათ სჯერათ, რომ მათი დახმარება შეუძლებელია.

მასწავლებლის საქმიანობა და მოსწავლეთა ატრიბუციები. როგორ საზღვრავენ მოსწავლეები წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს? ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანი სხვისი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზთა ატრიბუციასაც ახდენს. როდესაც მასწავლებელს მიაჩნია, რომ მოსწავლის წარუმატებლობის მიზეზი მოსწავლის კონტროლს არ ექვემდებარება, ის კეთილგანწყობილია მის მიმართ და არ სჯის. თუ წარუმატებლობა მიეწერება კონტროლირებად ფაქტორს, როგორიცაა, მაგალითად, არასათანადო ძალისხმევა, მასწავლებელი ღიზიანდება და ბრაზდება, მოსალოდნელია, უსაყვედუროს კიდეც მოსწავლეს. ეს ტენდენციები, როგორც ჩანს, ყველა დროსა და კულტურაში მდგრადია.

როგორ აღიქვამენ მოსწავლეები მასწავლებლის ამ რეაქციებს? სანდრა გრეჰემი ამ კითხვაზე რამდენიმე საკვირველ პასუხს იძლევა. ნათელია, რომ თუ მასწავლებელს ეცოდება მოსწავლე, რომელსაც შეცდომა მოსდის, შეაქებს მას „მონდომებისთვის”, დაეხმარება და იზრუნებს მასზე. როცა მოსწავლე მისგან ამას არ ითხოვს, თავის წარუმატებლობას, სავარაუდოდ, არაკონტროლირებად მიზეზს მიაწერს. ჩვეულებრივ, ეს მიზეზი მისთვის უნარის ნაკლებობაა. მაგალითად, გრეჰემმა და ბარკერმა სთხოვეს სხვადასხვა ასაკის ცდისპირებს, შეეფასებინათ იმ ორი ბიჭის უნარები და ძალისხმევა, რომლებსაც მათ ეკრანზე აჩვენებდნენ. კადრები ასეთი იყო: მასწავლებელი დადიოდა კლასში, ვიდრე მოსწავლეები მუშაობდნენ. ის ჩერდებოდა ორ ბიჭთან, აკვირდებოდა მათ მუშაობას. პირველს არაფერს ეუბნებოდა, მეორეს კი სთავაზობდა: „მოდი მიგანიშნებ – არ დაგავიწყდეს ათიანის გადატანა”. ამ ბიჭს მისთვის დახმარება არ უთხოვია და არც ეტყობოდა, რომ დავალების შესრულება უჭირდა. ყოველი ასაკობრივი ჯგუფის ცდისპირებმა, ყველაზე პატარებმაც კი, ისე აღიქვეს ეს სიტუაცია, თითქოს ამ ბიჭს ნაკლები შეეძლო. მასწავლებლის ქცევაში მათ შემდეგი მესიჯი ამოკითხეს: „საწყალო ბავშვო, შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება, მოდი, დაგეხმარები”.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მასწავლებელი მუდამ კრიტიკული უნდა იყოს და არ დაეხმაროს მოსწავლეებს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ეს მოწმობს, რომ „ქება როგორც ნუგეში” მარცხის გამო ან ზედმეტი მზრუნველობა სხვაგვარად შეიძლება იქნეს აღქმული. გრეჰემი ვარაუდობს, რომ მოსწავლეები შესაძლოა მასწავლებელთა სიბრალულის მსხვერპლად იქცნენ. იმ რეალური პრობლემების შემყურე მასწავლებელმა, რომლებსაც მოსწავლეები აწყდებიან, შესაძლოა „შეამსუბუქოს” მოთხოვნები, რომ მოსწავლეებმა „წარმატებას მიაღწიონ”, მაგრამ ამ სიბრალულს, ქებას, დახმარებას შესაძლოა ასეთი ქვეტექსტი ჰქონდეს: „შენ არ შეგწევს უნარი, თავი გაართვა ამ სირთულეს, ასე რომ, მე გადავხედავ შენს შედეგებს”. გრეჰემი ამბობს: „ყველაზე მართებული იქნება, ვკითხოთ მოსწავლეებს, ხომ არ ხდებიან წარუმატებლობის შემთხვევაში მასწავლებელთა კეთილგანწყობილი უკუკავშირის სამიზნე და, ამდენად, მცირე შესაძლებლობებზე გადაკრული სიტყვების ადრესატები”. ასეთი მოწყალე უკუკავშირი, თუნდაც კეთილი განზრახვით ნათქვამი, შესაძლოა დიდ ხიფათს შეიცავდეს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ მოსწავლეს არ სჭირდება დახმარება და არ ითხოვს ამას, ზედმეტი მზრუნველობა შემთხვევაში შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. არათუ სხვების აღქმაში, მის ფსიქიკაშიც შემდეგი შინაარსის ჯაჭვი ყალიბდება: „მგონია, რომ შემიძლია ამის გაკეთება – დახმარებას არ ვითხოვ, მაგრამ მასწავლებელი მოდის და მეხმარება. გამოდის, რომ არ შემძლებია”. დიდია ალბათობა, ამგვარმა აზრებმა მოსწავლის თვითშეფასებასა და თვითაღქმაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ისინი, ვინც თამაშის წესებს ცვლიან. ნაწილი მესამე

0
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ინტერვიუს იმ ცხრა ვიზიონერთან, რომლებიც თანამედროვე სამყაროში მსოფლიო განათლების რევოლუციონერებად გვევლინებიან. ისინი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, ზოგი მათგანი სწავლების ციფრულ მომავალს ქმნის, ზოგი კი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სკოლაში სიარულის ხელმისაწვდომობას ემსახურება, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა მათგანი ერთ მიზანს ემსახურება: მსოფლიოს ყველა ბავშვს 21-ე საუკუნეში განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეს.
5) ტვიზიჯი ჯეკსონ კაგური
,,ნიაკას შიდსის ობლების” პროექტის სულისჩამდგმელი, უგანდა;
– განათლება ერთადერთი გზაა სიღატაკისა და უიმედობის უწყვეტი წრიდან თავის დასაღწევად, – ამბობს ტვიზიჯი ჯეკსონ კაგური, რომელიც სწორედ იმიტომ დაბრუნდა მშობლიურ უგანდაში, რომ თავისი ეს სიტყვები საქმედ ექცია და უგანდელ „შიდსის ობლებს” დახმარებოდა.

კაგურიმ, რომელიც ოჯახის ხუთ შვილს შორის ნაბოლარაა, ყველაფერი იღონა, რომ მამას სკოლაში შეეყვანა:
–  ოთხი წლის რომ ვიყავი, ჩემი და-ძმები უკვე სკოლაში სწავლობდნენ, – იგონებს ის, – მახსოვს როგორ დავსუნსულებდი სახლის გარშემო ყოველ დილით, რომ მათი კვალი მეპოვა და უკან გავყოლოდი. ასე გრძელდებოდა ერთი თვე, მაგრამ ყოველდღიურად, მამაჩემი დამიჭერდა და მეუბნებოდა: „არა, ვერ წახვალ, შენთვის ჯერ ძალიან ადრეა სკოლაში შესვლა”.

ბოლოს ის გატყდა:

„ხვალვე წავალ სკოლაში და გადავიხდი შენი სწავლის საფასურს, თუ შემპირდები, რომ არასოდეს არცერთ გამოცდაში არ ჩაიჭრები”.

ამ სიტყვებმა შემართებით ამავსო. სკოლაში ტყავიდან ვძვრებოდი, რომ კარგად მესწავლა, რადგან ვიცოდი, რომ თუ ასე არ მოვიქცეოდი, მამა იქ აღარ გამიშვებდა.

– ძალიან ბევრი ოჯახისათვის, მთელი საზოგადოებისათვის, განათლება ადამიანური რესურსის დიდ ინვესტიციად იქცა მშობლების სიბერის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. მშობლები მთელ თავიანთ ქონებას შვილების განათლებაში დებენ, ოცნებობენ და ნატრობენ, რომ, როდესაც მათი შვილები უნივერსიტეტებს დაამთავრებენ, სოფელში დაბრუნდებიან და უფროს თაობაზე იზრუნებენ.

საუბედუროდ, კაგურის და და ძმა შიდსის ინფექციამ იმსხვერპლა. მათ ოთხი ბავშვი დარჩათ, რომლებიც მზრუნველობას საჭიროებდნენ. კაგური, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში კოლუმბიის უნივერსიტეტში მოწვეულ მკვლევრად მუშაობდა და ამიტომ ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ამ ბავშვების ერთადერთ იმედად იქცა: „რომ არ ვყოფილიყავი მე, ბიძა, რომელიც ცოცხალი გადარჩა და თანაც მუშაობდა, მათ არასოდეს ექნებოდათ განათლების მიღების შანსი”.

ამ ფაქტმა შთააგონა ის 2001 წელს, რომ  ,,ნიაკას შიდსის ობლების” პროექტი შეექმნა, რომელიც მიზნად ისახავს, განათლებისაკენ მიმავალი გზა გაუკაფოს შიდსის ვირუსის გავრცელების შედეგად დაობლებულ ბავშვებს; უზრუნველყოს მათი სრულფასოვანი კვება, ჯანმრთელობის დაცვა და აღმოუჩინოს ფინანსური დახმარება. 

– მამაჩემს ერთი ფანქარი ჰქონდა და ხუთად გადაამტვრია, რომ მე და ჩემს და-ძმებს თითო ნატეხი შეგვხვედროდა. ამის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს თავისი ფანქარი ჰქონდა, ანუ საკუთარ განათლებაზე თავად უნდა ეზრუნა, – ამბობს კაგური, – ჩემს სოფელში ბავშვები ჯერაც ანებებენ თავს სწავლას იმის გამო, რომ ფანქრის მეხუთედიც კი არ გააჩნიათ.

პროექტი მოსწავლეებს უზრუნველყოფს უნიფორმით, სასკოლო ნივთებით, სამედიცინო მომსახურებით, კარგი კვებით, სუფთა სასმელი წყლით და მჭიდროდ თანამშრომლობს ბავშვების გადარჩენილ ნათესავებთან:

„ბებიები, რომლებიც მივლიდნენ, როდესაც ავად ვხდებოდი და ბებიები, რომლებმაც სამ-ნახევარი მილი მათრიეს უახლოეს საავადმყოფომდე, როდესაც ცხრა წლისა ხიდან გადმოვვარდი, ძალიან ჰგვანან იმ ბებიებს, რომლებიც თავიანთ დაობლებულ შვილიშვილებთან ერთად მოდიან ჩემთან, ყველაფერი საუკეთესო ემეტებათ მათთვის, ყველაფერი საუკეთესო, რომელთა მიცემაც არ შეუძლიათ”.

პროექტი დაახლოებით 7000-ს ,,მუკააკას”, ანუ ობოლი მოსწავლეების პატრონ ბებიას დაეხმარა. 2012 წელს მათ გამოუყვეს მიკროსესხები, აგროკულტურული იარაღები და გრანტები სახლისა და ოჯახის მოსაწესრიგებლად. შარშან მოსწავლეთა რაოდენობა კიდევ ექვსასამდე ბავშვით გაიზარდა; მათ 95 პროცენტს მშობლები ცოცხალი აღარ ჰყავს.

კიგური ოცნებობს, რომ მისმა პროექტმა დანარჩენი უგანდა და მთელი აფრიკა მოიცვას. მისი უახლოესი გეგმებია შექმნას პროფესიული სასწავლებლები, პანსიონის ტიპის სკოლა და ააშენოს მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიის ცენტრი.

– ღმერთმა იმდენი რამ მომცა და სხვებისათვის იმდენი რამის გაზიარება მარგუნა წილად, რომ ამაზე მეტ კმაყოფილებას ამქვეყნად ვერაფერი მომგვრიდა, – ამბობს კაგური.
– მინდა, რომ ყველა ჩემი მოსწავლე ერთ დღეს მინიჯეკსონი გახდეს – მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს, წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ არასოდეს დაივიწყოს, საიდან არის წარმოშობით.
6) სუგატა მიტრა 

ავტორი პროქტისა ,,ხვრელები კედელში” და 2013 წლის ტედი პრიზის მფლობელი სასწავლებელ „სკოლა ღრუბლებში” დაარსებისათვის, ინდოეთი;
– ტრადიციული საგაკვეთილო პროცესი სისხლიან ქირურგიულ პროცესს ჰგავს, – ორაზროვნად ამბობს ხოლმე სუგატა მიტრა, რომელმაც სახელი მოსწავლის მიერ წარმართული სასწავლო პროცესის კვლევით გაითქვა.
– ამგვარ გაკვეთილებზე, – გვარწმუნებს იგი, – მეტაფორულად რომ ვთქვათ, თავს ვხდით ბავშვებს და ცოდნას და იდეებს პირდაპირ შიგ ვუდებთ. 

მიტრა დიდ ქომაგია იმ იშვიათი მოვლენისა, რომელსაც თავად „უსისხლო განათლებას” უწოდებს და რომელიც რადიკალურად განსხვავებული მიდგომის ქონას გულისხმობს:
„ამ მოძღვრების მიხედვით, ადამიანის ტვინს ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია, თუკი მას ჭეშმარიტად საინტერესო პრობლემას შესთავაზებენ. თუკი მოზარდი ფიქრობს, რომ ამოცანა მართლაც მიმზიდველია, იგი აუცილებლად მოისურვებს მისი პასუხის პოვნას”.

სიტრას კვლევა განათლების უმასწავლებლოდ მიღების შესახებ, 1999 წელს დაიწყო, როგორც კი პირველ პროექტს ,,ხვრელი კედელში” საფუძველი ჩაეყარა. ნიუ დელის ერთ-ერთი ჯურღმულის ერთ-ერთ კედელში ხვრელი გამოთხარეს და იქ კომპიუტერი ჩაამონტაჟეს. ბავშვებისთვის არავის უსწავლებია კომპიუტერის გამოყენება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მალე შეისწავლეს კომპიუტერიც და ინტერნეტის მოხმარებაც. ამ პროექტმა უკვე ინდოეთისა და კამბოჯის 23 სოფელი მოიცვა. 

– ბავშვები ერთმანეთს ასწავლიდნენ მაუსის გამოყენებასა და ინტერნეტში შესვლას, – ამბობს ის, – უნდა არსებობდეს ბავშვების, მასწავლებლების, ხელმძღვანელებისა და ოჯახის ერთობლივი ძალისხმევა სამყაროს შესაცნობად.
მიტრას სჯერა, რომ განათლებაში უკვე დაგვიანებულიც კია ძირეული ცვლილებების გატარება:

– სისტემა ერთიანად გადასახედია. უნდა ამოვიღოთ მოძველებული მეთოდები და ისინი ჩავანაცვლოთ ახლით, რომლებიც ჩვენს ეპოქას შეესაბამება. ეს არ არის დანგრეული სისტემა – პირიქით, ძალიან წარმატებულია და მისი მეთოდოლოგიის სისწორე პრაქტიკულადაა დამტკიცებული, მაგრამ მას თანამედროვეობისათვის მორგება სჭირდება. ჩვენც უპირატესობა უახლეს მეთოდებს უნდა მივანიჭოთ. 

ჩნდება კითხვა: რით უნდა დაიწყონ მასწავლებლებმა რევოლუცია? „ნუ ებრძვით სისტემას, შეცვალეთ მოვლენები ჩუმად, – ამბობს ის, – თუკი ამას ბევრი ადამიანი გააკეთებს, სისტემაც შეიცვლება”.

კვლევის უნარების განვითარების ხელშეწყობა მარტივი ცდების მეშვეობით

0

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, მოსწავლეებს მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები განუვითაროს. საამისოდ ყველაზე ეფექტური ხერხია ცდა/ექსპერიმენტი (იხილეთ სტატია ჟურნალ „მასწავლებელში” – https://www. mastsavlebeli. ge/?action=page&p_id=7&npid=1&id=237). ამჯერადაც გთავაზობთ მარტივ ექსპერიმენტებს, რომლებიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ აღჭურვილობას და დიდ ფინანსურ დანახარჯს და ყველასათვის ხელმისაწვდომია. აღწერილი ექსპერიმენტები შეიძლება ჩატარდეს საბუნებისმეტყველო გაკვეთილებზე (1-6 კლასებში). შეიძლება აგრეთვე ცდის მოდიფიცირება გაკვეთილის თემის, მიზნის, მოსწავლეთა ასაკისა და ცოდნის დონის შესაბამისად.

#1. როგორ სუნთქავენ თევზები?

ცდის მიზანი: წყალში თევზების სუნთქვის შესაძლებლობის დადგენა; განმტკიცება ცოდნისა, რომ ჰაერი ყველგან არის

საჭირო აღჭურვილობა:აკვარიუმი, ლუპა, ხის პატარა ჩხირი, კოქტეილის ჩხირი.

ცდის მსვლელობა: მოსწავლეები აკვირდებიან აკვარიუმში მცურავ თევზებს და არკვევენ, სუნთქავენ თუ არა ისინი (აკვირდებიან ლაყუჩების მოძრაობას, წყლის ბუშტუკებს). შემდეგ კოქტეილის ჩხირით ჩაბერავენ ჰაერს აკვარიუმში და აკვირდებიან ბუშტუკების წარმოქმნას, ადგენენ, არის თუ არა ჰაერი წყალში. ხის ჩხირით გადააადგილებენ წყალმცენარეებს – წარმოიქმნება ბუშტუკები. აკვირდებიან, როგორ გროვდებიან თევზები წყალმცენარეებთან ან წყლის ზედაპირთან (კომპრესორთან) და იტაცებენ წყლის ბუშტუკებს (სუნთქავენ). მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს თევზების სუნთქვის თავისებურებას.

#2. ვის როგორი ნისკარტი აქვს ?

ცდის მიზანი: კვების ტიპსა და ცხოველების გარეგნულ თავისებურებას შორის კავშირის დადგენა

საჭირო აღჭურვილობა:პლასტილინის ან თიხის გუნდა, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ნისკარტის მულაჟები, წყლიანი ჭურჭელი, წვრილი კენჭები, ხის ქერქი. მარცვლები (ხორბლისა ან ნებისმიერი სხვა), პურის ნამცეცები.

ცდის მსვლელობა: მოსწავლე-„ჩიტები” ირჩევენ „საკვებს”, შესაფერისი ზომის, ფორმისა და სიმტკიცის ნისკარტებს (ქაღალდისას, მუყაოსას, ხისას, პლასტმასისას, ლითონისას) და ნისკარტით იღებენ საკვებს. შემდეგ ხსნიან, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ასეთი ნისკარტი და საკვები. მაგალითად, წეროს გრძელი ნისკარტი სჭირდება, რომ საკვები ადვილად ამოიღოს წყლიდან; მძიმე, მოკაუჭებული – მტაცებლებს; თხელი – მწერიჭამია ფრინველებს და ა. შ

#3. ვინ ცურავს ადვილად

ცდის მიზანი: ფრინველების აგებულებასა და ცხოვრების ნირს შორის კავშირის დადგენა

საჭირო აღჭურვილობა: წყლისა და ხმელეთის ფრინველების ფეხის მაკეტები (შეიძლება, თვითონვე დაამზადონ მოსწავლეებმა), წყლიანი ჭურჭელი, მექანიკური სათამაშო (იხვი, პინგვინი), მავთული

ცდის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, გამოთქვან ვარაუდი, რომელ ფრინველს როგორი ფეხები უნდა ჰქონდეს და ის ცდით დაასაბუთონ. მოსწავლეები ათვალიერებენ მექანიკურ სათამაშოებს, ყურადღებას აქცევენ მათ მოძრავ ნაწილებს. ზოგიერთ სათამაშოს უცვლიან ფეხის ნაწილს, მაგალითად, ერთს ამაგრებენ მხოლოდ მავთულს, მეორეს უკეთებენ მარაოსებრ ფეხს, შემდეგ აკვირდებიან, რომელი უფრო სწრაფად ცურავს და დასკვნები გამოაქვთ.

#4. რაზეა დამოკიდებული წყლის (წყალში მოცურავე) ფრინველების ნისკარტის ფორმა?

ცდის მიზანი: ფრინველების აგებულებასა და ცხოვრების ნირს შორის კავშირის დადგენა

საჭირო აღჭურვილობა: მარცვლები, იხვის ნისკარტის მოდელი, წყლიანი ჭურჭელი, ფრინველთა ილუსტრაციები

ცდის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეებს სხვადასხვა ფრინველის ილუსტრაციებს აჩვენებს და სთხოვს, დააჯგუფონ ისინი ნისკარტის ფორმის მიხედვით და გამოთქვან მოსაზრებები იმის თაობაზე, რატომ აქვთ მათ ასეთი ფორმა. მოსწავლეები ვარაუდობენ, რომ წეროს, ყანჩას, ყარყატს გრძელი ნისკარტი აქვთ, რათა ადვილად ამიოღონ წყლიდან საკვები, იხვს, ბატს, გედს – ბრტყელი და ფართო, რათა საკვები მოიპოვონ ნისკარტში წყლის გაფილტვრით. შემდეგ მოსწავლეები ირჩევენ სხვადასხვა მაკეტს და ვარაუდს ცდით ამოწმებენ.

# 5. ვინ ჭამს წყალმცენარეებს

ცდის მიზანი: ტბის ეკოსისტემაში ურთიერთკავშირების გამოვლენა

საჭირო აღჭურვილობა: ორი გამჭვირვალე წყლიანი ჭურჭელი (ან აკვარიუმი): ერთი – წყალმცენარეებითა და მოლუსკებით, მეორე – წყალმცენარეებით, მოლუსკებითა და თევზებით; ლუპა

ცდის მსვლელობა: მოსწავლეები აკვირდებიან აკვარიუმში წყალმცენარეეებს, ლუპით პოულობენ მათ ცალკეულ ნაწილებს, არკვევენ, ვინ შეიძლება ჭამდეს მათ. მასწავლებელი აკვარიუმიდან გააცალკევებს და ერთ ჭურჭელში ათავსებს თევზებსა და წყალმცენარეებს, ხოლო მეორეში – მოლუსკებსა და წყალმცენარეებს. მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში აწარმოებენ დაკვირვებას. (მეორე ქილაში წყალმცენარეები ზიანდება, მათზე ჩნდება მოლუსკების კვერცხები).

#6. ვინ ასუფთავებს აკვარიუმს

ცდის მიზანი: ეკოსისტემაში ურთიერთკავშირების გამოვლენა

საჭირო აღჭურვილობა: აკვარიუმი „ძველი” წყლით, მოლუსკები, ლუპა, თეთრი ქსოვილის ნაჭერი

ცდის მსვლელობა: მოსწავლეები ათვალიერებენ „ძველი” წყლით სავსე აკვარიუმს, შემდეგ მასში ათავსებენ მოლუსკებს და არკვევენ, ვინ ტოვებს კვალს აკვარიუმის კედელზე. ამის გასაგებად აკვარიუმის ერთ კედელს შიგნიდან ფარავენ თეთრი ქსოვილის ნაჭრით და აკვირდებიან მოლუსკების ქცევას (ისინი გადაადგილდებიან იმ მხარეს, სადაც კედელზე დარჩენილია ნადები. მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნები და ხსნიან, უშლიან თუ არა ხელს აკვარიუმში მოლუსკები თევზებს.

#7. როგორი აგებულება აქვს ფრინველის ბუმბულს

ცდის მიზანი: აგებულებასა და ცხოვრების ნირს შორის კავშირის დადგენა

საჭირო აღჭურვილობა: სხვადასხვა ფრინველის (ქათმის, იხვის, ინდაურის) ბუმბული, ლუპა, სანთელი, თმა, პინცეტი, ელვაშესაკრავი

ცდის მსვლელობა: მოსწავლეები არკვევენ, რატომ ეცემა ბუმბული მიწაზე ნელა (ლივლივით). ლუპით ათვალიერებენ ბუმბულებს და არკვევენ, რომ ყველა ერთნაირი არ არის; აღმოაჩენენ, რომ ბუმბულის წვრილი ღეროები ერთმანეთს ერთგვარი კაუჭებით უკავშირდება. შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მათ ელვაშესაკრავს და უხსნის, რა მნიშვნელობა აქვს კაუჭებს. მოსწავლეები ათვალიერებენ „უხეშ” და „რბილ” ბუმბულებს, ადარებენ მათ ერთმანეთს და ადგენენ, რა მნიშვნელობა აქვთ მათ (უხეში მფარავია, რბილი (ღინღლი) ინარჩუნებს სითბოს). შემდეგ სანთლის ალზე წვავენ ბუმბულს და ადამიანის თმის ღერს და ადარებენ წარმოქმნილ სუნს, გამოაქვთ დასკვნა, რომ ბუმბულს და ადამიანის თმას წვის დროს თითქმის ერთნაირი სუნი აქვს, ე. ი. მათი შემადგენლობა მსგავსია.

#8. რატომ „არ სველდება” იხვი

ცდის მიზანი: ფრინველების აგებულებასა და ცხოვრების ნირს შორის კავშირის დადგენა

საჭირო აღჭურვილობა: ქათმისა და იხვის ბუმბული, წყლიანი ჭურჭელი, ზეთი, პიპეტკა, ცხიმი (კარაქი/მარგარინი). „ფხვიერი” ქაღალდი (ფორებიანი ხელსახოცი), ფუნჯი

ცდის მსვლელობა: მოსწავლები ათვალიერებენ ქათმისა და იხვის ბუმბულებს, ასველებენ წყლით და აკვირდებიან – რომ იხვის ბუმბულიდან წყალი ჩამოედინება, ხოლო ქათმისა იჟღინთება. არკვევენ, რატომ მოხდა ეს. ქაღალდზე ფუნჯით უსვამენ ზეთს, ქაღალდს ასველებენ წყლით და აღმოაჩენენ, რომ ქაღალდმა წყალი არ შეიშრო. არკვევენ, რომ წყალში მოცურავე ფრინველებს აქვთ სპეციალური ცხიმოვანი ჯირკვლები, რომელთა გამონაყოფით ფრინველები ბუმბულს იპოხავენ.

#9. მისაწოვრები

ცდის მიზანი: ზღვის უმარტივესი და პარაზიტი ორგანიზმების ცხოვრების ნირის თავისებურებათა შესწავლა

საჭირო აღჭურვილობა: ქვა, კაფელზე ან სხვა მასალაზე მისამაგრებელი კონტეინერი (მაგ., სასაპნე), მოლუსკებისა და აქტინიების ილუსტრაციები

ცდის მსვლელობა: მოსწავლეები ათვალიერებენ ზღვის ცხოველების ილუსტრაციებს და არკვევენ, როგორი ცხოვრების ნირი აქვთ ამ ცხოველებს, როგორ გადაადგილდებიან. არკვევენ, როგორ ახერხებს ზოგიერთი ორგანიზმი ქვებზე დარჩენას წყლის მექანიკური ზემოქმედების დროს. მასწავლებელი აჩვენებს ცხოველთა მისაწოვრებს. მოსწავლეები ცდილობენ, მშრალ ადგილას მიამაგრონ მისაწოვარი (არ მაგრდება), შემდეგ ზედაპირს ასველებენ და ცდას იმეორებენ. დასასრულ, გამოაქვთ დასკვნები.

#10. დაობებულიპური

ცდის მიზანი: დადგენა იმისა, რომ მცირე ზომის ორგანიზმების (სოკოების) ზრდისთვის საჭიროა განსაზღვრული პირობები

საჭირო აღჭურვილობა: პოლიეთილენის პარკი, პურის ნაჭრები, პიპეტი (საწვეთური), ლუპა

ცდის მსვლელობა: მოსწავლეებმა იციან, რომ პური „ფუჭდება” – მასზე იზრდება მცირე ზომის ორგანიზმები (ობის სოკო). ისინი ადგენენ ცდის ალგორითმს, ათავსებენ პურს სხვადასხვა პირობებში: 1) პოლიეთილენის პარკით სითბოში; 2) მაცივარში ან სხვა ცივ ადგილას; 3) მშრალ და თბილ ადგილას პოლიეთილენის პარკის გარეშე. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ლუპით აწარმოებენ დაკვირვებას, აღწერენ, იწერენ და ჩაიხატავენ ცვლილებებს. გამოაქვთ დასკვნები. დასასრულ, აკეთებენ პრეზენტაციას.

#11.მზარდი „პატარები”

ცდის მიზანი: დადგენა იმისა, რომ საკვებში არის უმცირესი ცოცხალი ორგანიზმები

საჭირო აღჭურვილობა: ორი თავდახურული ქილა, რძე

ცდის მსვლელობა: მოსწავლეები ვარაუდობენ, რომ საკვებში შეიძლება იყოს მცირე ზომის ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც სითბოში მრავლდებიან და საკვებს აფუჭებენ. ცდის ალგორითმის მიხედვით, მოსწავლეები ირჩევენ ორ ადგილს – თბილსა და გრილს, სადაც თავდახურული ჭურჭლით დგამენ რძეს, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში აკვირდებიან და იწერენ ცვლილებებს, დასასრულ, გამოაქვთ დასკვნები. საუბრობენ იმის შესახებ, სად ინახავს პროდუქტს მოსახლეობა.

#12. რაზეა დამოკიდებული ცხოველთა შეფერილობა

ცდის მიზანი: შეფერილობასა ცხოვრების ნირს შორის კავშირის დადგენა

საჭირო აღჭურვილობა: ღია და მუქი ფერის ნაჭრები (შეიძლება შავი და ღია ფერის სამუშაო ხელთათმანების გამოყენებაც); ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ურთიერთკავშირის მოდელი; ელექტრონათურა (ფარანი)

ცდის მსვლელობა: მოსწავლეები ადგენენ უდაბნოში არსებული ტემპერატურის თავისებურებას ტყის ზონასთან შედარებით. მასწავლებელი თავაზობს მათ, ცალ ერთ ხელზე შემოიხვიონ მუქი ნაჭერი/ ჩაიცვან მუქი ხელთათმანი, მეორეზე – ღია ფერისა და ხელები ელექტრონათურას/ფარანს მიუშვირონ. ცოტა ხნის (3-5 წუთის) შემდეგ სთხოვს აღწერონ, რომელ ხელში რა შეგრძნება აქვთ – მუქნაჭერშემოხვეული / მუქხელთათმანიანი ხელი უფრო თბილია. რატომ? რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან? როგორი ფერის ტანსაცმელი უნდა ეცვას ადამიანს სიცხეში და როგორი – სიცივეში? შესაბამისად, როგორი უნდა იყოს ცხოველთა ბეწვის შეფერილობა ცხელ და ზომიერ სარტყლებში?

#13. ნოტიო სუნთქვა

ცდის მიზანი: გარემო ფაქტორებსა და ცხოველის აგებულებას შორის ურთიერთკავშირის/ურთიერთდამოკიდებულების გაგება და ახსნა

საჭირო აღჭურვილობა: სარკე

ცდის მსვლელობა: მოსწავლეები არკვევენ, რა გზას გაივლის ჰაერი ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს. შემდეგ ამოისუნთქავენ სარკის ზედაპირზე და აკვირდებიან, რა მოხდა (აღნიშნავენ, რომ სარკის ზედაპირი დაიორთქლა). მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, უპასუხონ კითხვებს: საიდან გაჩნდა წყლის წვეთები სარკეზე; რა მოხდებოდა, უდაბნოში მცხოვრებ ცხოველებს ყოველი ამოსუნთქვისას რომ დაეკარგათ მცირე რაოდენობის სითხე; როგორ იცილებენ ისინი თავიდან ამ საფრთხეს. მასწავლებელი უამბობს მოსწავლეებს უდაბნოს ცხოველების, მაგალითად, აქლემის სასუნთქი ორგანოს აგებულების შესახებ, რომელიც მას ტენის შენარჩუნებაში ეხმარება (აქლემს გრძელი და შიგნით დახვეული ნესტოები აქვს; ამოსუნთქვისას ჰაერში მოხვედრილი ორთქლი კედლებზე კონდენსირდება და ტენი ნარჩუნდება).

#14. აქვს თუ არა სუნთქვის ორგანო ჭიაყელას

ცდის მიზანი: ჩვენება იმისა, რომ ცოცხალ ორგანიზმებს შესწევთ გარემო პირობებთან შეგუების უნარი.

საჭირო აღჭურვილობა: ჭიაყელა, ქაღალდის ხელსაწმენდი, ბამბის ბურთულები, ნიშადურის სპირტი, ლუპა.

ცდის მსვლელობა: მოსწავლეები ლუპით აკვირდებიან ჭიაყელას, აღწერენ მისი აგებულების თავისებურებებს (მოქნილი დანაწევრებული სხეული, გარსი, წანაზარდები, რომელთა საშუალებითაც ის გადაადგილდება), არკვევენ, აქვს თუ არა მას ყნოსვა. ამისთვის ნიშადურში ასველებენ ბამბას და მიაქვთ ჭიაყელას სხეულის სხვადასხვა ნაწილთან, აკვირდებიან და ჩაიხატავენ მის რეაქციას. ასკვნიან, რომ ჭიაყელა გრძნობს სუნს სხეულის მთელი ზედაპირით.

“სამოქალაქო თავდაცვის” გაკვეთილების ნოსტალგიური სარგებლის შესახებ

0

თანამედროვე მასწავლებელს ნეტავი თუ სმენია რამე სამოქალაქო თავდაცვის შესახებ? რასაკვირველია, სმენია და მერე როგორ! თუმცა, რომ კითხო, მაინც რა არის, რას ითვალისწინებს, ან რას ასწავლიდნენ ამ გაკვეთილებზე-მეთქი, შესაძლოა ცოტა ნაწყენი, დაბნეული სახითა და ხმით მომიგოს – მაგას დაკონკრეტება რაში სჭირდება – “სამოქალაქო თავდაცვა” სამოქალაქო თავდაცვააო.

არც გაგემტყუნება! თქვენს თაობას, დანამდვილებით ვიცი, რომ ხსენებული გაკვეთილები ერთი მარტივი მიზეზის გამო არ უტარდებოდა – კომუნისტრური გადმონაშთიაო, დაასკვნეს დისიდენტურად განწყობილმა, იმდროინდელმა ქართული განათლების სამინისტროს “მეტრებმა” და მორჩა და გათავდა!

არავინ დამწამოს, საკუთარ ბავშვობას მისტირის და ნოსტალგიის მაგვარი რამ გრძნობა გასჩენიაო. არადა, კვირაში ორჯერ, ბოლო 45-წუთიან გაკვეთილად “სამოქალაქო თავდაცვა” გვიტარდებოდა. წიგნიც მახსოვს, სრულიად უწყინარი, თეთრი ყდით მოღიმარი საბჭოთაფარაჯიანი ჯარისკაცითა და უკანა პლანზე კიდევ შეუმჩნევლად იარაღის მთელი არსენალი.

ამ მასალის ავტორი სკოლაში გასული საუკუნის 80-იან წლებში დადიოდა და, თავისდა სამწუხაროდ, განუხრელად სჯეროდა და 100 პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ “თავისუფალ ერთა ძმურ მძლე კავშირს” ყველა სხვა მეზობელი სახელმწიფო ღრენით ესაუბრებოდა და იარაღს უჟღარუნებდა. დროის ამ მოცემულ პერიოდში საბჭოთა კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სკოლაში აუცილებელ საგნად ითვლებოდა “სამოქალაქო თავდაცვა”.

ეს სოციალისტური ეპოქის “ძველი დიდების ნაშთი”, ნურავინ იტყვის, რომ ბავშვისათვის სრულებით უსარგებლო რამ იყო. გასაგებია, რომ სოციალისტური გადმონაშთები დასაგმობი და დღევანდელობისათვის სრულიად უსარგებლოა, მაგრამ “მედლის ორი მხარიდან” გამომდინარე, ვერ გამიგია, სასარგებლოსა და საინტერესოს რატომ უნდა ვაქციო ზურგი.

სტატიას ვბეჭდავ და საკუთარ დასახიჩრებულ თითებს დავყურებ მარცხენა ხელზე. მეხუთე კლასელები პიონერთა ხელმძღვანელის დავალებით ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯართს ვაგროვებდით და ხელზე გვარიანი რკინის ნაჭერი დამეცა. სიმწრისაგან ისეთი ღრიალი მოვრთე, დაზაფრული მაიმუნები გაოცებით მომაცქერდნენ, ჩაფიქრებულმა სპილომ კი რამდენჯერმე აიქნია ხორთუმი. აბა იქ ექიმს ვინ გამიჩენდა?

ჯართის შესაგროვებლად სამი ბიჭი და ხუთი გოგონა ვიყავით. კლასელებმა სასწრაფოდ მომაცილეს ხელიდან რკინის ნაჭერი, ერთმა ქამარი შემოიძრო, სისხლის შესაჩერებლად მაჯაზე გადამიჭირა. გოგონებმა კი არც აცივეს და არც აცხელეს – ხუთივეს ჰქონდა მხარიღლივ გადაკიდებული ქათქათა ნაჭრისაგან საკუთარი ხელით შეკერილი საექიმო ჩანთა. ჯერ წყალბადის ზეჟანგი გააძრეს და ხუთივემ ერთად მომაქივლა, მერე უშველებელი ბამბის ქულით გამიწმინდეს და ბოლოს, აბა, რა გითხრათ, ერთმანეთს ასწრებდნენ თუ რა იყო… იოდის ხსნარი, ალბათ იმის მერე შემძულდა. პოლიკლინიკაში რომ მიმიყვანეს, მორიგე ექიმმა სათუთად შეხვეული ბანდი შემომხსნა, ჭრილობა დაათვალიერა და “ამ ჭრილობას მეტი არაფერი უნდა, აქ რად მოგიყვანიათო?”

გულის ამაჩუყებელია, ხომ? ამ ყველაფერს ჩემი თაობა “სამოქალაქო თავდაცვის” გაკვეთილებზე, კვირაში ორჯერ რომ გვიტარდებოდა, იქ სწავლობდა.

სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილებს ბიჭებს გადამდგარი პოლკოვნიკი, ……”პაველ ბელკინ, დლია დრუზეი პროსტა პაშა” გვიტარებდა, გოგონებს კი, “წოწზოია” (დეიდა ზოია); ასევე კვირაში ერთხელ, თითოეულ კლასს გვიტარდებოდა საჩვენებელი სასწავლო გამოცდა. პოლკოვნიკი “პაშა” და “წოწზოია” თვითნაკეთ განგაშს ტეხდნენ და მთელი კლასი ვალდებული ვიყავით ზუსტად სამ წუთში სკოლის სარდაფში აღმოჩენილიყავით. რას ემსახურებოდა ეს რეგულაცია?

პირველ რიგში იმას, რომ გოგონებს დაშავებულისათვის პირველი დახმარების გაწევა პანიკისა და ზედმეტი ემოციების გარეშე შესძლებოდათ. ოდნავ ზემოთ ვახსენე და გავიმეორებ, რომ ბავშვები საკუთარი ხელით კერავდნენ “სამედიცინო ჩანთებს” და მასში მუდმივად ჰქონდათ აუცილებელი პრეპარატები (იოდი, წყალბადის ზეჟანგი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, ბინდი და ა.შ.) იმის თქმა დამავიწყდა, რომ ყველა კლასის გოგონებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული მცოცავი გრაფიკით და ყოველდღე კლასს მინიმუმ ერთი მედდა “გვემსახურებოდა”, რაც შერჩეული მოსწავლისათვის ერთობ დიდ პატივს წარმოადგენდა.

მეორე სარგებელი კიდევ ის გახლდათ, რომ უკვე უნივერსიტეტის სტუდენტმა სამხედრო კათედრაზე ჯერ უშუალო პედაგოგს დავაღებინე გაოცებისაგან პირი, შემდეგ კათედრის გამგე, პოლკოვნიკ კურკუმულთან მიმიყვანეს და იქაც 2 წუთსა და 55 წამში რომ შევძელი აკ-47 (კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური იარაღია) დაშლა-აწყობა, პოლკოვნიკმა ჩაიბურდღუნა, ამ პატივცემულს ტერორისტების სკოლა ხომ არ აქვს გავლილიო.

ამ გაკვეთილების მესამე დადებითი მხარე – წელი აღარ მახსოვს, სსრკ დაშლილი არ იყო ჯერ და მიწისძვრამ სკოლაში მოგვისწრო. ნგრევისა და უბედურებისაგან უფალმა ღმერთმა დაგვიცვას და, მე არ მახსოვს, მაგრამ სკოლის დირექტორიცა და მასწავლებლებიც დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ მთელი სკოლა სულ რაღაც 3 წუთის განმავლობაში სარდაფში, უსაფრთხო ალაგას იყო მობილიზებული ყოველგვარი პანიკისა და არეულ-დარეულობის გარეშე.

დღეისათვის “სამოქალაქო თავდაცვის” გაკვეთილების ფუნქციას სკოლაში მანდატურის სამსახური უნდა ითავსებდეს. სასწრაფოს მოსვლამდე მანდატურმა უნდა აღმოუჩინოს დახმარება დაშავებულ მოსწავლეს, მანვე უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ სკოლაში შეჭრილი სავარაუდო მოძალადისა თუ დამნაშავის გაუვნებელყოფა და ბოლოს, ხანძრისა თუ სხვა სტიქიური უბედურების შემთხვევაში მანდატურმა სკოლის პერსონალთან ერთად ბავშვების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

ჩემი უახლოესი მეგობრის მეუღლე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობს მანდატურად. ამათი შვილი ნათლულია ჩემი და დაბადების დღეზე გახლდით მიწვეული. მონატრებული ნათლიის დანახვას ანდრია ინდიელის მაგვარი ყიჟინით შეხვდა, ჩემკენ გამოქანდა და… ფეხი აუცდა და ხელში ბროწეულის წვენით (ერთობ სასარგებლო რამ არის) სავსე ჭიქასთან ერთად იატაკზე გაიშხლართა. ჭიქა ნამსხვრევებად იქცა, იატაკი და ჩემი ნათლული კიდევ წითლად შეიღებნენ. წამი უნდოდა იმის მიხვედრას, რომ ბავშვს არაფერი დაუშავდა. სიცილით ვტაცე ხელი და წვენის ჩამოსაბანად სააბაზანოსაკენ გავაქანე. უკან მობრუნებულს კი გაოცებისაგან პირკატა მეცა – ჩემი მეგობარი გულწასულ, მანდატურ მეუღლეს იმ ნიშადურის სპირტით აბრუნებდა, რომელიც ალბათ ჩვენივე თანაკლასელ გოგონებს მუდმივად თან დაჰქონდათ ჩანთით.
 

სისუსტის უზენაესი უფლება

0

ჩემი მეგობარი 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

მინდოდა, ამ პოსტის წერა სხვანაირად დამეწყო, შემოვლით, შორიდან, სხვისი ისტორიით, წიგნის პერსონაჟის ცხოვრებით, გამოგონილი ამბით, მაგრამ მივხვდი, რომ ყოველი სიტყვა, წამოსული ჩემი გონებიდან და ჩემივე თითების გავლით, ვირტუალურ ქაღალდზე გადატანილი, ყალბი იქნებოდა. ყველაფერი იქნებოდა უსაშველოდ ყალბი, გარდა ერთი წინადადებისა _ ჩემი მეგობარი 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

ალბათ მისი ავადმყოფობა, გადარჩენისთვის ბრძოლა, ბოლო დღეების მეხსიერებისა და მოგონებების გარეშე გატარებაზე უარის თქმა და ევთანაზიით სიცოცხლის დასრულება არაფრით იქნებოდა გამორჩეული მსგავსი ისტორიებისგან, რომ არა ერთი პატარა, ჩემთვის კი უმნიშვნელოვანესი დეტალი _ ის ჩემი მეგობარი იყო.

7 ნოემბერს, შაბათ დილით, გორში მქონდა შეხვედრა დანიშნული. გაჭირვებით, მაგრამ მაინც ავდექი და წავედი. გადადებაზე არც მიფიქრია. რას იფიქრებდნენ ადამიანები, რომელთაც უნდა შევხვედროდი? რას იფიქრებდნენ ჩემი თანამშრომლები? ალბათ იტყოდნენ, რომ არ შემიძლია, ემოციებს მოვერიო, პირადი ცხოვრება და საქმე გავმიჯნო. არა, ამას ვერ დავუშვებდი.

მომდევნო დღეები უზარმაზარი საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადებას მოვანდომეთ. არც მე მიფიქრია, რომ საკუთარი თავისთვის ორი თავისუფალი დღე მიმეცა, არც სხვებს. დავდიოდი შეხვედრიდან შეხვედრაზე და ვფიქრობდი, რომ სადაც იყო, მიწა გამისკდებოდა, ან ცა დამემხობოდა თავზე, მაგრამ არც ერთი მოხდა და არც მეორე და როცა კონფერენცია დასრულდა, მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე, საკუთარ თავს სახლში ჯდომისა და ტირილის უფლება რომ არ მივეცი, რადგან ყველაფერი უჩემოდაც კარგად იქნებოდა.

არ გადამიდია არცერთი შეხვედრა, არ შემიჩერებია რემონტი, არ გამომირთავს ტელეფონი, ვპასუხობდი ყველა საქმიან წერილს და ვხვდებოდი, რომ ძალიან, ძალიან ცუდად ვექცეოდი საკუთარ თავს.

მინდოდა, ვყოფილიყავი სახლში, საწოლში ღრმად ჩაწოლილს მეყურებინა ჭერისთვის და წარმომედგინა, როგორი იყო ის დღე შვეიცარიაში, როგორც თვითონ მითხრა, მშვენიერი დღე, როგორ იღიმებოდა, როცა კლინიკაში შეიყვანეს, როგორი თვალები ჰქონდა, როცა ბოლოჯერ დაინახა პალატის სითეთრე.

მინდოდა, გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა _ დღეები, ქალაქები, ემოციები, გზები, წერილები, საჩუქრები, მაგრამ საკუთარ თავს ვაიძულებდი, სულ სხვა რამეებზე მეფიქრა _ ღონისძიების სტუმრების სიაზე, მოსაწვევებზე გამოფენაზე, სატელევიზიო სტუდიაში სკამების განლაგებაზე, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, დაუსრულებლად.

მინდოდა, ერთ საღამოს შევხვედროდი ვინმეს, ვის მხარზეც ვიტირებდი, ვიტირებდი ბევრს, იმდენს, რომ იმ ვინმეს მხარი დასველებოდა, მაგრამ ჩემთან არავინ მოდიოდა და არც მე მივდიოდი ვინმესთან, რადგან მეგონა, რომ ვერავინ, საერთოდ ვერავინ, ყველაზე ახლობელი ადამიანების ჩათვლით, ვერ გაიგო, რა ცუდი იყო ჩემი დღეები და ღამეები _ კიდევ უარესი.

იმ დღეებსა და ღამეებში მე საკუთარ თავს სისუსტის უფლება წავართვი, რადგან ვერაფრით დავძლიე შიში, არ ვყოფილიყავი საცოდავი, არ ვყოფილიყავი უბედური და ჩემი ძლიერება ეჭვქვეშ არ დამდგარიყო.

ახლა ამ პოსტს სხვებისთვის ვწერ, მათთვის, ვისაც უკვე გამოუტირებია თავისი მძიმე დღეები, ან მათთვის, ვისაც ოდესმე მოუწევს დილემის წინაშე ყოფნა _ შეანელოს, ან შეაჩეროს ცხოვრება ცოტა ხნით თუ რკინის ჯავშანი ჩაიცვას და გარესამყაროს თავი მოაჩვენოს, რომ ყველაფერი რიგზეა. ამ პოსტს ვწერ მათთვის, ვინც თანაგრძნობას საჭიროდ არ თვლის, მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ბევრი საქმის გამო, თავისუფლად შეუძლია, ადგეს და დეპრესიაში ჩავარდეს, მათთვის, ვინც თითოეულ მზიან, ან წვიმიან დღეს ვერ აფასებს. ამ პოსტს ვწერ ჩემთვის _ ალბათ ოდესმე ისევ მომიწევს, გავიხსენო, რომ თავს ზემოთ ძალის ძებნა, თუნდაც მის პოვნას მუდმივად ახერხებდე, ყოველთვის არ არის საუკეთესო გამოსავალი.

ჩვენ, ყველას, გვაქვს უფლება, ზოგჯერ შევისვენოთ, თვალები დავხუჭოთ, პასუხისმგებლობები დავივიწყოთ, ვიტიროთ, ვიტიროთ ბევრი და ეს ყველაფერი საკუთარ თავს სისუსტედ არ ჩავუთვალოთ.

ჩვენ გვაქვს უფლება, ჩამოვსხდეთ შუა ქუჩაში და მხრები დავუშვათ, ისე, თითქოს, მკლავები ჩამოვიხსენით და სადღაც, ოთახის შორეულ კუთხეში მივაწყვეთ, თითქოს დაღლილ სხეულს ვეღარ ვგრძნობთ, თითქოს უწონობა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა.

ჩვენ ყველას გვაქვს სევდის უზენაესი უფლება, სისუსტის უზენაესი უფლება, ტირილის უზენაესი უფლება, რადგან ადამიანები ვართ და არაფერი არ გვიმარტივებს ცხოვრებას ისე, როგორც ადამიანურ, ზოგჯერ დავიწყებულ საწყისებთან დაბრუნება.

ჩვენ, ყველას, გვაქვს უფლება, დავრჩეთ ადამიანებად მაშინაც კი, როცა ჩვენგან ზეადამიანობას მოითხოვენ.

დღეს თბილისში მზიანი და თან, სუსხიანი დღეა.

ქუჩა ყვითელია.

მე კი ფანჯარასთან ვზივარ და ვფიქრობ, ნეტავ როგორი იყო ბერნში ის დღე, 6 ნოემბერი…

მასწავლებელი -მოსწავლე – მასწავლებელი- უწყვეტი ჯაჭვი

0
მასწავლებლის ხსენებაზე ყველას ჩვენ-ჩვენი, გამორჩეული პედაგოგი გვახსენდება. რაც არ უნდა ცუდ სკოლაში გვესწავლა, ალბათ ყველას შეგვხვედრია ერთი მასწავლებელი მაინც, სკოლაში თუ მის გარეთ, რომელმაც ჩვენს ცხოვრებას, აღზრდას, სწავლას განსაკუთრებული კვალი დააჩნია.

ზოგადად კი ქართველ კაცს მასწავლებლის ხსენებაზე ალბათ უპირველესად იაკობ გოგებაშვილი უნდა გაახსენდეს. იაკობი დგას ქართული პედაგოგიკის სათავეში და ქართული განათლებაც მისი „აი იათი” იწყება. იაკობია ის სახალხო მასწავლებელი, რომელმაც ქართულ პედაგოგიკას განსაკუთრებული კვალი დაატყო.

თავად იაკობს ალბათ თვალის გადავლებაც კი არ დასჭირდებოდა, ისე დაასახელებდა თავისი ცხოვრების მთავარ მასწავლებელს, გერასიმე ქიქოძეს, მოგვიანებით იმერეთის ეპისკოპოსს, გაბრიელს. 

იაკობის დროინდელ სემინარიაში მეფის რუსეთისათვის დამახასიათებელი ატმოსფერო სუფევდა, ზეპირობა და ძალადობა ნორმა იყო. ასეთ სივრცეში რამხელა სიხარული იქნებოდა გაბრიელისნაირი მოძღვარი, რომელმაც თავიდანვე ამოიცნო იაკობში უზარმაზარი პოტენციალი და 5 წლის განმავლობაში ძალისხმევა არ დაუკლია მისი განვითარებისთვის. კიევში სასწავლებლად მიმავალ იაკობსაც მან დაულოცა გზა. მართალია, ექიმები ტუბერკულიოზის გამო იაკობს უკრძალავდნენ მკაცრ კლიმატურ პირობებში გამგზავრებას, მაგრამ მთავარი მოძღვრის კურთხევა იყო.

გაბრიელ ეპისკოპოსს ქართული საზოგადოება სასულიერო წოდების გამო ძირითადად ქართული ეკლესიისთვის გაწეული ღვაწლით იცნობს. მისი შრომა ქართული ეკლესიის ისტორიის, ეკლესიის ავტოკეფალიის, დანგრეული საყდრების აღდგენის საქმეში მართლაც ფასდაუდებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გაბრიელის სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობა. მისი ნაშრომი: „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები” სემინარიებში დიდ ხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. 1959 წელს ჟურნალ „სოვრიმენნიკში” ნიკოლოზ დობროლიუბოვმა ამ ნაშრომს სპეციალური რეცენზიაც კი მიუძღვნა. რუსეთში ყოფნისას იაკობი, როგორც მისი მოწაფე,  უნივერსიტეტში გაბრიელის პიროვნებაზე სასაუბროდ და ზემოხსენებული ნაშრომის განსახილველად მიუწვევიათ.

ამას გარდა, გაბრიელ ქიქოძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების ერთ-ერთი დამაარსებელი და საპატიო წევრი. მისი სახსრებით გაიხსნა არაერთი სამრევლო სკოლა. იყო მოთავე ქუთასში ქალთა ეპარქიული სასწავლებლისა და სასულიერო სემინარიის გახსნის. მის დაქვემდებარებაში მყოფ სასწავლო დაწესებულებებში აკრძალული იყო ცემა-ტყეპა. თავად ზრუნავდა მოსწავლეთა საერთო საცხოვრებლებში პირობების გაუმჯობესებაზე.

არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ მას თავს ავაზაკი დაესხა. გაბრიელმა უთხრა, ვინც იყო. ყაჩაღს გაეგონა მისი სახელი და შეცბა, ვეღარ გაუბედა გაძარცვა, მაგრამ გაბრიელი ამას არ დასჯერდა, დაარწმუნა ავაზაკი გაჰყოლოდა მას, გამოზარდა, სწორ გზაზე დააყენა და საბოლოოდ მასწავლებლად გაუშვა ერთ-ერთ სკოლაში.

რაღა თქმა უნდა, მეფის რუსეთისა და მის სამსახურში ჩამდგარი ქართველების მიზნებს გაბრიელი დიდად უშლიდა ხელს და ამიტომ ხშირად ხდებოდა ლანძღვის, მუქარის, ცილისწამების ობიექტი. 

ლანძღვა და ცილისწამება არც მის მოსწავლეს, იაკობს მოჰკლებია.1874 წელს იაკობი სემინარიიდან მოხსნეს, რამდენიმე ბავშვის საშუალებით  მოახერხეს მოსწავლეთა გაფიცვა და გოგებაშვილს თანხების გაფლანგვა დასდეს ბრალად. იაკობმა ეს ცილისწამება იმდენად მძიმედ აღიქვა, მტკვარში გადახტა. ერთი თვე მკურნალობდა მიხეილის საავადმყოფოს ნერვულ განყოფილებაში. არსებობს ნიკო ლომოურის მოგონება, როგორ ინახულა დასუსტებული ძვირფასი მასწავლებელი და როგორ გაიარა სულით ავადმყოფებით სავსე დერეფანი, სანამ იაკობამდე მიაღწევდა.
მიხაილის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ იაკობი სახელწიფო სამსახურში აღარ შესულა, დაწვა ყველა საბუთი, რათა უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონოდა. თუმცა მთელი შემდგომი ცხოვრება მაინც პედაგოგიკას მიუძღვნა და სტატუსის გარეშეც ახერხებდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი მასწავლებელი.

მართალია, იაკობი თავისი მოძღვრისგან განსხვავებით, საერო პირი იყო, მაგრამ მისი ცხოვრების წესი ძალიან ჰგავდა ბერისას. მეცხრამეტე საუკუნეში ფილტვების ამ დაავადებით 72 წლამდე სიცოცხლე ადამიანისგან საოცარ დისციპლინას, ყოველდღიურ რეჟიმს მოითხოვდა, რაც ქართველი კაცის დარდიმანდული ბუნებიდან გამომდინარე ძნელი დასაცველია. იაკობ გოგებაშვილმა გადაწყვიტა ეცოცხლა და  ეს სიცოცხლე ქართული პედაგოგიკის, ქართული აზრის განვითარებისათვის მიეძღვნა. ის იმდენად ფრთხილი იყო თავის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, სტამბაში არ ჩადიოდა, ტყვიის მტვერი რომ არ ესუნთქა. ასოთამწყობებს კორექტურა ზევით ამოჰქონდათ. ქალაქელი მუქთახორები ხუმრობდნენ, იაკობი მოდის და დავემალოთ, რძეზე არ დაგვპატიჟოსო. მხოლოდ ორჯერ დააყენა საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ. ერთხელ, როდესაც სასწავლებლად კიევში გაემგზავრა და მეორედ, „დედაენის” წერისას, როცა ფოლკლორული მასალის შესაკრებად ექვსი თვით ვარიანში წავიდა. ვარიანი მისი ავადობის სათავე იყო, სამხრეთით შხამიანი ჭაობი ერტყა, რომელიც მოსახლეობას ფილტვებს უწამლავდა.

მანამდე მისი მოსწავლეობის სიხარული ეკატერინე გაბაშვილს ერგო. ეკატერინე თავად უკვე 17 წლის მასწავლებლობდა. გორში საკუთარ სახლში გახსნა ქალთა სკოლა, სადაც ხელსაქმესთან ერთად 5 წლის განმავლობაში, გოგონები ზოგად განათლებასაც იღებდნენ. ის იყო მოთავე სოფლებში სკოლების გახსნისა. იბრძოდა ქალთა განათლებისთვის. „განა ვერ ხედავთ, რომ ყველაფერში გჯობნით განათლებული ხალხი, როგორც გონიერებაში, ასევე ცხოვრებაში, თუ ჭამით, თუ სმითა და ჩაცმით? აქედან ჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, დღიური ლუკმა განა მხოლოდ ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს კარგი ცხოვრება ვერ უპოვია და ვერც თქვენ იპოვით, იმიტომ რომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა”, – წერდა სწავლის მნიშვნელობაზე „დროებაში” ეკატერინე გაბაშვილი.
მისი შემოქმედებაც მკვეთრად დიდაქტიკურია. ის სასოწარკვეთილ ადამიანებს ასწავლის, როგორ შეიძლება გამარჯვება. მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ქალთა მოძრაობა და აქტიურობა მხოლოდ ფეხს იდგამდა, როდესაც სირცხვილად ითვლებოდა ქალს, ოჯახის დედას, ეწერა ან სცენაზე ეთამაშა, ეკატერინემ, თერთმეტი შვილის დედამ, შეძლო გამხდარიყო ფუძემდებელი ქართულ ლიტერატურაში ისეთი ჟანრებისა, როგორებიცაა: ნოველა, მცირე მოთხრობა, სურათი. მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი „მაგდანას ლურჯა” პირველი საბჭოთა სურათი იყო, რომელმაც კანის საერთაშორისო პრემია მოიპოვა. თუმცა რუსულმა ცენზურამ ფილმის ფინალი გადააკეთებინა და ტრაგიკული გახადა, მაშინ, როცა ნაწარმოებში მარტოხელა დედა ახერხებს გაიმარჯვოს უსამართლობაზე და საკუთარი და შვილების ცხოვრება უკეთესი გახადოს.

ეკატერინეს გარდა, იაკობ გოგებაშვილს საკუთარ მასწავლებლად ნიკო ლომოურიც მიიჩნევდა. ნიკო ლომოურის შემოქმედება გოგებაშვილის ხაზის გაგრძელებაა. საგანმანათლებლო ფუნქცია მის მოთხრობებს სწორედ დროის შესაფერისი აქვს. ნიკო ლომოური ბედავდა დაპირისპირებოდა ყოველგვარ სიბნელეს და წინ აღდგომოდა იმ დროისთვის აქტუალურ რელიგიურ ცრურწმენებს, მაშინაც, როცა ისინი ეკლესიის წიაღიდან იყო წამოსული. როგორც რეალიზმის წარმომადგენელს ეკადრება, ნიკო არ ყოფილა სწორხაზოვანი, ზოგჯერ ეს ცრურწმენები კომიკურ ხასიათს ატარებდა და თავის გაფუჭებულს თავადვე შველოდა („ქაჯანა” ), ზოგჯერ ტრაგედია გარდაუვალი იყო („ალი”), ზოგჯერ კი საყოველთაოდ გამეფებულ სიბნელეს პატარა გოგონა ამარცხებდა, რომელსაც ჰქონდა დიდი სიყვარული მეგობრისადმი და ცოდნა, რომ ქალაქში იყო ექიმი, რომელიც სიბრმავეს კურნავდა („პაწია მეგობრები”).

 სამწუხაროდ, ბევრი რამ ნიკო ლომოურის შემოქმედებიდან დღესაც აქტუალურია.  მასაც, გარდა საკუთარი შემოქმედებისა, საფუძვლიანი გავლენა ჰქონია სხვათა ცხოვრებაზე. თედო რაზიკაშვილი თავის ავტობიოგრაფიაში წერს: „თუმცა არ ვფიქრობდი მწერლობას, მაგრამ ისე მწამდა მწერლობის ღვაწლი სამშობლოს წინაშე, რომ ოჯახის გავლენას დაემატა მეტად სიმპატიური გავლენა ჩვენი ქართული ენის მასწავლებლის ნ. ლომოურისა. ამაზე მეტი სასიკეთო გავლენა არა მგონია კაცმან კაცზედ იქონიოს. ჩემი ველური ბუნება ამისმა ღვთიურმა მოქცევამ დაალბო და გააპატიოსნა. სურვილი სამშობლო ლიტერატურის სამსახურისა იმან გამიორკეცა. დღეს უკვე ვაჟკაცი და ჭაღარაშერეული იმავე მოწიწებას ვგრძნობ ამ ჩემთვის წმინდა კაცის მიმართ”.

ისტორია რომ კარგად იკვლიო, ეს ჯაჭვი ალბათ არც გაწყდება, რადგან რაც არ უნდა დიდი იყოს თვითგანათლების ადგილი ადამიანის სწავლა-აღზრდაში, თითქმის ყველა დიდ ადამიანს ჰყავს თავისი მასწავლებელი და ამისი ნათელი მაგალითები ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან იწყება.

აღმოჩენის აუტანელი სიმსუბუქე და გამოგონების მოკრძალებული ხიბლი… ანუ როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები

0
იყო დრო, როდესაც ჩემთვის წიგნებს დედაჩემი ყიდულობდა. კიდევ კარგი, ჩვენი გემოვნება თითქმის ემთხვეოდა და დედაჩემიც ჩემსავით მხატვრულ ლიტერატურას ანიჭებდა უპირატესობას. თორემ მის ნაყიდ წიგნებსაც იგივე დღე ეწეოდა, რაც ბაბუაჩემის წიგნებს დავმართე. სტუდენტობისას, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი წიგნებისთვის ოჯახში ადგილი აღარ იყო, ბაბუაჩემის შეძენილი ყველა წიგნი, რომელიც მხოლოდ ქიმიკოსებს დააინტერესებდა, ყუთში ჩავაწყვე, გარედან ნაჭერი გადავაკარი და ცოტათი მოუხერხებელი, მაგრამ მაინც მშვენიერი დასაჯდომი გავაკეთე. სამაგიეროდ თაროები გამოვაცარიელე და უკვე ჩემი ინტერესების შესაბამისი წიგნებით გამოვტენე. მაშინვე ვიცოდი, რომ ჩემი შთამომავლებიც რაღაც დროის გასვლის შემდეგ ჩემი ინტერესების შესაბამისად შევსებულ თაროებს დაუკითხავად გამოაცარიელებდნენ…

       იყო დრო, როდესაც ჩემი შემოსავლის დიდ ნაწილს დაუნანებლად სამეცნიერო (ჰუმანიტარული) ლიტერატურის შესყიდვისას ვტოვებდი ჯერ ზემელზე ბუკინისტებში ან იქვე ახლოს, კულტურის სამინისტროს შენობასთან განთავსებულ მაღაზიაში: საბჭოთა პერიოდში მხოლოდ იქ იყიდებოდა ტოიბნერის რედაქციით გამოცემული ბერძნულ-ლათინური ტექსტები. გავიდა ხანი და შემოსავლის დიდი ნაწილი ისევ დაუნანებლად და ისევ წიგნებში მეხარჯებოდა, თუმცა ახლა უკვე ჩემი შვილების ცხოვრების გალამაზება მინდოდა ფერადი ილუსტრაციებით და სახალისო ამბებით (დენის მოსვლის მოლოდინში ბავშვების ცხოვრების გალამაზების სხვა საშუალებას მე არც ვიცნობდი და არც ვცნობდი). რუსთაველზე ოპერის მოპირდაპირე მხარეს საკმაოდ ძვირ ფასად (ჩემი მწირი ხელფასის გამო ასე მიმაჩნდა) საბავშვო წიგნები იყიდებოდა, მაგრამ ვიცოდი, აქ რომ შევდიოდით, მეც, ლიზიც და სანდროც ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდებოდით და სახლში წამოვიღებდით ამ სამყაროს ნაწილს. მას შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა, ჩემი ახლანდელი შემოსავალი რამდენიმე ათეულჯერ მეტია მაშინდელზე, მაგრამ ძველებურად დაუნანებლად ვეღარ ვყიდულობ წიგნებს. ლიზი და სანდრო უცხოეთში სწავლობენ და არანაირი თანხა აღარ მრჩება ჩემი სიამოვნებისთვის – ახალი წიგნების საყიდლად. თავს ინტერნეტით და ელექტრონული ლიტერატურით ვინუგეშებ, თუმცა ლიტერატურული „შიმშილის” დასაკმაყოფილებლად სკოლის ბიბლიოთეკაც მეხმარება, რომელიც ქართული გამომცემლობების ხარისხიან მუშაობაზეა მინდობილი. 

       ამხელა შესავალი წერილისთვის ორი მიზეზით დამჭირდა. მეორე მიზეზს მოგვიანებით აგიხსნით, ხოლო პირველი მიზეზი ისაა, რომ მინდოდა, თქვენთვის ამეხსნა, როგორ შევედი რამდენიმე დღის წინ სკოლის ბიბლიოთეკაში და როგორ მოხვდა ჩემს ხელში გიორგობის დღეებში წასაკითხად ნობელის პრემიის მფლობელის მალალა იუსაფზაის წიგნი „მე ვარ მალალა”. სხვა ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად, რომელზედაც აქ არ შევჩერდები, აი რა ამოვიკითხე ამ წიგნში: „მიყვარს ფიზიკა, რადგან ჭეშმარიტებაზეა, სამყაროზე, რომელიც პრინციპებითა და კანონებით განისაზღვრება, პოლიტიკასავით მახინჯი და მიკიბულ-მოკიბული არ არის, მით უმეტეს, პაკისტანის პოლიტიკასავით”. დიახ, წარმოუდგენელია, ადამიანს ფიზიკა არ გიყვარდეს, ის ხომ ჭეშმარიტებებზეა, ამ ჭეშმარიტებებს კი… მხოლოდ ხელის გაწვდენა და აღება ანუ აღმოჩენა უნდა. სხვაგვარადაა საქმე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, იქ ადამიანის შექმნილი კანონები მოქმედებს და მათი დამსხვრევა იოლია, ასევეა ხელოვნებაც და ლიტერატურაც. სწორედ ამ საკითხების გარკვევას შეგვიძლია მივუძღვნათ ერთი ინტეგრირებული გაკვეთილი, შევეცადოთ მოსწავლეებს დავანახოთ, რას გულისხმობს სადავო საკითხი „აღმოჩენილი თუ გამოგონილი”. 

       ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსები სვამდნენ შეკითხვას, აღმოჩენილი იყო მათემატიკა თუ გამოგონილი. პლატონისტებისთვის (და რეალიზმის მიმდევრებისთვისაც) მათემატიკა  სადღაც იქ არსებობს და მას მხოლოდ მიგნება, აღმოჩენა სჭირდება. თუმცა რეალიზმის ოპონენტები, მათ შორის ფორმალისტები, მიიჩნევდნენ, რომ მათემატიკა გამოგონილი, შექმნილი სისტემაა და, შესაბამისად, ჭეშმარიტია მხოლოდ ამ სისტემის ფარგლებში. ამ დებულების სამაგალითოდ ევკლიდური გეომეტრია მოჰყავთ. თუკი მათემატიკა აღმოჩენილია, მაშინ ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მსგავსია და მის ჭეშმარიტებას წყალი არ გაუვა. თუმცა, თუკი მათემატიკა გამოგონილია, მაშინ იგი ხელოვნებას და ლიტერატურას უნდა ჰგავდეს, მაგრამ, ამ ბოლო ორისგან განსხვავებით, მის ჭეშმარიტებას მაინც წყალი არ გაუვა. ხელოვნებასა და ლიტერატურაში კი საქმე სხვაგვარადაა, მათში თითქმის არასოდეს არ არსებობს ერთი დადგენილი ჭეშმარიტება, რომელიც ახლაც და მომავალშიც უცვლელი იქნება. ბერძნული მითოლოგია ხელოვნების დარგების მფარველ მუზებს აღიარებდა, ჰესიოდე მუზების მთავარ უნარად მიიჩნევდა იმას, რომ მუზებს ტყუილის სიმართლედ გასაღება შეეძლოთ, ე.ი. ხელოვნება და ლიტერატურა ტყუილს სიმართლედ წარმოგვიდგენს, ლიტერატურა და ხელოვნება გამოგონილ ჭეშმარიტებას ქადაგებსო. თუმცა არც ამ შემთხვევაშია შეთანხმება მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა აღიარებს ხელოვნებისა და ლიტერატურის ფანტაზიის, გამოგონების ნაწილად მიჩნევას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთისთვის ეს საკითხი დღემდე სადავოა და ეს ორი დარგი აღმოჩენად მიაჩნიათ. მაგალითისთვის ვლადიმერ ნაბოკოვი და მიქელანჯელოც კმარა. ნაბოკოვი ამბობდა: „ფურცლები ჯერ კიდევ ცარიელია, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა, რომ სიტყვები იქ არიან, უჩინარი მელნით დაწერილნი და ელოდებიან, როდის გამჟღავნდებიან”. მიქელანჯელოს ტუსაღები კი მარმარილოში დატყვევებულნი თითქოს პატიმრობიდან მოქანდაკის მიერ გათავისუფლებას ელოდებიან, ქანდაკება ქვაშია, მოქანდაკე კი მხოლოდ ზედმეტ ნაწილს აცლის ქვის ტყვეობაში მყოფ ფიგურებს და მონობიდან იხსნის მათ (იხ. https://www.accademia.org/explore-museum/artworks/michelangelos-prisoners-slaves/ ). 

თუკი ინტეგრირებულ გაკვეთილს თემაზე “აღმოჩენილი თუ გამოგონილი” ჩაატარებთ, მაშინ გაკვეთილზე ერთი ასეთი სიტუაციის წარმოდგენაც დაგეხმარებათ: რაღაცა მიზეზით ყველა ბიბლიოთეკა ერთდროულად განადგურდა, თქვენ კი საშუალება გაქვთ, გადაარჩინოთ ან დარვინის ან შექსპირის წიგნი. გაითვალისწინეთ, რომ, თუ თქვენ არ გადაარჩენთ, სამყარო მათ დაკარგავს. დასვით შეკითხვა, რომელ წიგნს გადაარჩენდნენ თქვენი მოსწავლეები. ალბათ ყველა შექსპირის წიგნს გადაარჩენდა იმის იმედად, რომ ადრე თუ გვიან ახალი „დარვინი” თავიდან აღმოაჩენდა აღმოსაჩენს, შექსპირივით კი სხვა ვერავინ დაწერდა (აი, ესეც მეორე მიზეზი, რატომ დავიწყე ეს წერილი იმის ახსნით, რომ ბიბლიოთეკების განახლებისას ყველაზე ადვილია, შეელიო სამეცნიერო ლიტერატურას). მაგრამ, თუკი ამგვარ სიტუაციას წარმოვიდგენთ, არც უსასრულო მაიმუნების თეორემა უნდა დაგვავიწყდეს: უსასრულო დროში უსასრულო რაოდენობის მაიმუნი რომ მივუშვათ კლავიატურასთან, რაღაც მომენტში ხელების კლავიატურაზე ბარტყუნი შედეგს გამოიღებს და რომელიმე მაიმუნი შემთხვევით შექსპირის სონეტს დაბეჭდავს. მაგრამ ამ თეორიის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ აჯობებს, მაინც შექსპირი გადავარჩინოთ და მაიმუნების იმედად არ დავრჩეთ.

გაკვეთილის მსვლელობისას შემდეგი შეკითხვები გამოგვადგება (შეკითხვების შედგენისას გამოვიყენე რიჩარდ ვან დე ლაგემაატის სახელმძღვანელო ცოდნის თეორიაში): 

1.რა განსხვავებაა, როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც აღმოჩენილია და რაღაც – გამოგონილი? რაზე ვამბობთ, რომ აღმოჩენილია და რაზე ვამბობთ, რომ გამოგონილია? ამ კითხავზე პასუხის გაცემის დროს მოსწავლემ სასურველია, რომ გაიხსენოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. არქიმედე პირველი იყო, ვისაც ლეგენდა მიაწერს ამ სიტყვის (ევრიკა!) გამოყენებას სამეცნიერო აღმოჩენებთან. თუმცა აღმოჩენები ახასიათებს სოციალურ მეცნიერებებსაც. არ შეიძლება სიტყვა აღმოჩენასთან ერთად არქეოლოგიაც არ გაგვახსენდეს. რამდენიც არ უნდა ვიმტვრიოთ თავი, გამოვთქვათ ვარაუდები, რა და როგორ იყო უხსოვარ დროში, არქეოლოგია ჩვენს მოსაზრებებს ერთი ხელის მოსმით ან უკუაგდებს ან დაასაბუთებს. აღმოჩენები ხდება სხვა სოციალურ მეცნიერებებშიც. მაგ. ხშირად ვამბობთ, რომ ამერიკა აღმოაჩინა კოლუმბმა. აქ ერთი ასეთი შეკითხვაც შეიძლება დაისვას:

2.რამდენად განაპირობებს აღმოჩენა არსებობას? შეგვილია ვთქვათ, რომ ის, რაც არ აღმოგვიჩენია, არც არსებობს?
3.თუმცა რომეო და ჯულიეტა გამოგონილი პერსონაჟები არიან, რამდენად მართებულია იმის თქმა, რომ რომეოს ჯულიეტა უყვარდა და გაუმართლებელი იმის თქმა, რომ რომეოს ჯულიეტა სძულდა. რა მსგავსებაა გამოგონილ მხატვრულ პერსონაჟებსა და გამოგონილ მათემატიკურ ერთეულებს შორის და რა განსხვავებაა მათ შორის? აქვე შეგვიძლია იმაზეც ვისაუბროთ, რომ მათემატიკა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის გამოგონილია, ყოველთვის ერთ სწორ პასუხს იძლევა. აღარაფერს ვამბობთ იმ შემთხვევაზე, თუკი ის აღმოჩენილია და მასაც, როგორც ყველა აღმოჩენას, უტყუარობის ნიშანი ადევს. მისგან განსხვავებით ლიტერატურასა და ხელოვნებაში ხშირად სხვადასხვა ახსნა და მოსაზრება გაისმის ერთსა და იმავე პერსონაჟზე და მათ ქმედებაზე. მაგალითად, რომეოს სიყვარული ჯულიეტას მიმართ ზოგისთვის ასაკის და ჰორმონების ბრალია, ანა კარენინას სიყვარულს ვრონსკის მიმართ ზოგი ვნებას უწოდებს, ტარიელის ტირილი ერთისთვის ყველაზე წმინდა სიყვარულის გამოვლინებაა, ხოლო სხვისთვის – გაუმართლებელი საქციელი. პოსტმოდერნისტი მკვლევარი თავის წიგნში ცარიელ ფურცელს დატოვებდა მკითხველის პასუხისთვის, რადგან არც ხელოვნებაში და არც ლიტერატურაში ერთი საბოლოო პასუხი არ არსებობს. მათემატიკაში კი ასეთი რამ წარმოუდგენელია: პასუხი ყოველთვის ერთია და ისიც ჭეშმარიტი, თუმცა ამ პასუხამდე მისვლის გზები შეიძლება განსხვავებული იყოს. 

       და ბოლოს წარმოგიდგენთ ინტეგრირებული გაკვეთილის „აღმოჩენილი თუ გამოგონილი” შესაძლო გეგმას, აქვე შევთანხმდეთ, რომ გეგმაში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანა შეგიძლიათ, საგანთა კომბინაციაც მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე და არჩეული საგნის მასწავლებელთან თანამშრომლობის სურვილზეა დამოკიდებული:

საგანი

ძირითადი
შეკითხვა

ლიტერატურა

თუკი
ლიტერატურა გამოგონილია და მას არ აქვს საბოლოო პასუხები, რამდენად მიზანშეწონილია
მისი შესწავლა?

ისტორია

რამდენად
გამართლებულია რამის მტკიცება ისტორიაში, თუკი ის არქეოლოგიური აღმოჩენით არ დასტურდება?

მათემატიკა

უნდა
აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო მათემატიკურ კვლევებს, თუკი ის გამოგონილია? რატომ
უნდა ჩადოს სახელმწიფომ ფინანსები თეორიულ კვლევებში, როცა გარშემო ამდენი რეალური
პრობლემა არსებობს?

სანუნებისმეტყველო
მეცნიერებები ან გეოგრაფია

რამდენად
ანიჭებს აღმოჩენილს აღმოჩენის მომენტი არსებობას?

საინფორმაციო
ტექნოლოგია

როგორ
იქცევა პრაქტიკულად „გამოგონილ” მათემატიკაზე დაფუძნებული საგნები?

მულტიკულტურული განათლების ასპექტები

0

 სტატიაში განხილულია მულტიკულტურული განათლების პრობლემები. აღნიშნულ პროცესს უამრავი სირთულე ახლავს, რადგან პიროვნების მსოფლმხედველობას, სამყაროსა და ცხოვრებისადმი არსებით დამოკიდებულებებს ეხება.

      სწავლა-სწავლებისას უმნიშვნელოვანესია პიროვნული და ეთნიკური კულტურული ღირებულებების აღიარება/პატივისცემა. ავტორს მიაჩნია, რომ ქართველი ერის ისტორიული ცხოვრება კულტურათაშორისი დიალოგისა და მშვიდობიანი თანაარსებობის უტყუარი მთხრობელია. წარსულისა და აწმყოს ავთენტური მაგალითების მოხმობით, განხილვა-მსჯელობითა და შეფასებით შესაძლებელია, მოსწავლეს ისეთი უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ, რომლებიც ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

საკვანძო სიტყვები: მულტიკულტურა, კულტურათაშორისი, ტრადიცია, პიროვნება, პრობლემა.

                               

იმ პრობლემათა შორის, რომლებიც საგანმანათლებლო საკითხებთანაა დაკავშირებული, გამოვკვეთდი კულტურათაშორისი ურთიერთობების სწავლებას. ამ მიმართულებით არსებული ყველა იდეის საფუძველი არის კულტურა. კულტურა განიხილება, როგორც სისტემა, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. კულტურაში იგულისხმება საერთო ფასეულობები, ნორმები და ღირებულებები, რომლებიც ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს გააჩნია. 

     არსებობს თუ არა „ინდივიდუალური კულტურა”?

      წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ფანჯრიდან რამდენიმე ადამიანი იყურება და აკვირდება გარემოს. ყოველი მათგანი სხვადასხვა საგანს დაინახავს. და თითოეულისათვის განსხვავებული რამ იქნება ყურადსაღები. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ საერთო ხედვაც დასაშვებია. ეს სიტუაცია მარტივად  გვცემს პასუხს დასმულ შეკითხვაზე. 

   დღეს მიიჩნევენ, რომ კულტურათაშორის სწავლებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს ინტერკულტურული განათლების დამოუკიდებელ დისციპლინად  არარსებობა წარმოადგენს. ის პრიორიტეტები კი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით,  ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა  და ხელოვნების მასწავლებელთა სასწავლო მიზნების  გამჭოლი თემებია. 

         თავდაჯერებულობა და პატივისცემა

     თავდაჯერებულობის ამაღლება კულტურათაშორისი სწავლების არსებითი ნაწილია და სწავლების პროცესში ორმხრივ ღიაობას განაპირობებს. სასწავლო გარემო ყველა მონაწილეს უნდა აძლევდეს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას, უნდა უზრუნველყოფდეს ყველანაირი ნიჭის, გამოცდილების, მოსაზრების, საჭიროებების და მოლოდინების დაფასებას. როდესაც ადამიანები საკუთარ ფასეულობებზე, კულტურულ ნორმებსა და შეხედულებებზე საუბრობენ, ისინი, პირველ რიგში, მსმენელის კეთილგანწყობაში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი. ორმხრივი ნდობა ორმხრივ პატივისცემასა  და გულწრფელობას განაპირობებს.

          საქართველო ოდითგან მრავალეროვანი ქვეყანა იყო. ქართული კულტურისათვის არ არის უცხო ტოლერანტობა და სხვისი ღირებულებების პატივისცემა. რეალური ფაქტები წარსულიდან და თანამედროვეობიდან  გვეხმარება მოზარდმა გაიაზროს მათი მნიშვნელობა მშვიდობიანი თანაარსებობისა და ქვეყნის განვითარებისათვის. კლასიკური მაგალითი ასეთი ურთიერთობისა გახლავთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება სხვა აღმსარებლობის მიმდევართა და მათი სიწმინდეების მიმართ.  მას შეეძლო ერთნაირი მოწიწებით შესულიყო მეჩეთსა და  ეკლესიაში…   

         ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია მოვიტანო არაერთი შემთხვევა, როდესაც კლასში განსხვავებული რელიგიური მრწამსის  მოსწავლეები მყოლია.  თავდაპირველად გაუცხოებასა და  გაურკვეველ ეჭვს ვგრძნობ ორივე მხრიდან — ასეთ ბავშვებს უჭირთ ჩართვა კლასგარეშე აქტივობებში.   საკმარისია, აგრძნობინო, რომ მისი განსხვავებულობა შენთვის და მოსწავლეებისათვის ჩვეულებრივია, რომ ისინი ნდობასა და თანაგანცდას გამოხატავენ. მე, როგორც ლიტერატურის მასწავლებელი, ვასწავლი ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას. ეს კი შეუძლებელია ბიბლიის ძირითადი დოგმებისა  და ქრისტიანული მსოფლმხედველობის, კულტურის გააზრების გარეშე.  განსხვავებული კულტურულ გარემოში გაზრდილი (ამ შემთხვევაში  აღმსარებლობის) მოსწავლის გულთან მისასვლელ გზას მიკვალავს  აქცენტების გაკეთება იმაზე, რომ უფალი ერთია და მასთან მისასვლელი გზა სხვადასხვა. მთავარია, რომ ყველა კულტურა და რელიგია კეთილ საწყისს აღიარებს. 2 წლის წინ  მაჰმადიანი, იეღოველი, იუდეველი  მოსწავლეები მყავდა ერთ კლასში. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა პროექტი ,,ეთნიკური თანხმობა სურამში”.    პროექტზე მუშაობის პერიოდში ბავშვები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. შევისწავლეთ  ერთმანეთის სამზარეულო, კულტურა, ტრადიციები. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი ნდობა მოიპოვეს, რომ სურამის სინაგოგაში დაცული უძველესი  ,,თორის”  გადაღებისა და დათვალიერების ნებაც კი დაგვრთეს.    და  ეს ყველაფერი შეგვაძლებინა კულტურათაშორისმა ურთიერთობებმა. ისიც აღმოაჩინეს, რომ ,,თორა” მოსე წინასწარმეტყველის ხუთწიგნეულია და იგი ქრისტიანთათვისაც წმინდა წიგნია. ანუ  გარკვეულწილად  შეხედულებათა იდენტობაც გამოიკვეთა. 

        დიალოგი სხვასთან

       კულტურათაშორის სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვანია აღიარო „სხვა”. „სხვისი” აღიარება დიალოგით იწყება. დიალოგის დაწყება პირველი წინ წადგმული ნაბიჯია. საკმაოდ რთულია აღიქვა საკუთარი თავი და შემდეგ სხვა, შენგან განსხვავებული; მით უფრო ძნელია აღიქვა ის,  რომ სხვა ადმიანის განსხვავებული შტრიხები განსაზღვრავს შენს ვინაობას. ადამიანებს შორის არსებული სხვაობები ერთმანეთს ავსებს და შესაბამისად, საკუთარი თავის აღმოსაჩენად აუცილებელია სხვისი შეცნობა. კულტურათაშორისი გამოცდილება ბევრი სირთულის წინაშე გვაყენებს, სიახლეები შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი მხრიდან შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. კულტურათაშორისი სწავლება საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ სხვა ადამიანის შეხედულებებს და შევინარჩუნოთ საკუთარი „მე”.

     ამ პრობლემის სწორად გასააზრებლად სახელმძღვანელოდ მივიჩნევ გენიალური ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტურ წერილს – ,,პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი”. ერთი მეორეს არ უქმნის საფრთხეს, თუ ადამიანმა გონივრული გააზრება და დამოკიდებულება  შეძლო. 

აი, სამი ძირითადი გზავნილი ამ წერილიდან: 

1. ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.

2.  კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს მათი ბედნიერება, ნუ შეუშლი ხელს მათ მისწრაფებას. 

3. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება მთელი კაცობრიობის განვითარების აუცილებელი პირობაა.

       ჯანსაღი კოსმოპოლიტიზმი უპირველესად, განსხვავებული კულტურისა და ეთნოსის პატივისცემასა და აღიარებას გულისხმობს.  ავადმყოფური კი თითქოს ყველას აღიარებს და თვითონ არცერთს არ ეკუთვნის, არ აქვს ფესვები, არ უყვარს საკუთარი,  არ აქვს სამშობლო და ეროვნული ფასეულობანი.  ,,ეროვნებათა განვითარებაო …”  ამბობს  ვაჟა -ფშაველა. ეროვნული განვითარება კი ვერ მოხდება მულტიკულტურული განათლებისა და  კულტურათაშორისი დიალოგის გარეშე.  

   ტრადიცია, როგორც კულტურული ღირებულება… გაგრძელება თუ უარყოფა 

   ადამიანის კულტურულ სახისმეტყველებას წარმოადგენს ტრადიციები,  რომლებიც ცალსახად დადებით, პოზიტიურ ფენომენად ვერ აღიქმება. გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას პოემა. მარჯვენის მოჭრაც ადათია.  არაფერს ვამბობ, სისხლის აღების ველურ წესზე, რომელიც სვანეთში დღემდეა შემორჩენილი. დიახ, ესეც კულტურულ ტონად ითვლებოდა და მისი დაცვა, ღირსების დაცვასა და ვაჟკაცობასთან იყო გათანაბრებული. 

ანუ  მიუღებელია ის კულტურული ქცევა, წესი, ადათი, რომელიც ადამიანის უფლებას ლახავს და კაცთმოძულეობა ასაზრდოებს …  

  ისიც კარგად ვიცით, რა  ბედი ეწევა იმ ადამიანს, რომელიც წინ აღუდგება  სისხლსა და ხორცში ბრმად გამჯდარ ფანატიზმს ( ფსევდოკულტურას).

ალუდა ქეთელაურის განაცხადს: —  ,,წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა”, ვაი, ეგეთის სამართალს, მონათლულს ცოდვა -ბრალითა”.  უპირისპირდება მთელი საზოგადოება. მოვლენები კიდევ უფრო იძაბება და  ალუდას ოჯახის თემიდან მოკვეთით სრულდება. 

   ამ  არგუმენტის განზოგადება სხვა სიტუაციებშიც შესაძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანისა  და საზოგადოების კულტურულ ღირებულების (თუნდაც ის უკეთური იყოს)   კრიტიკა მსხვერპლს მოითხოვს. 

       14 წლის პაკისტანელმა გოგონამ —  მალალა იუსაფზაიმ ღიად გაილაშქრა თალიბების უმკაცრესი წესების წინააღმდეგ, ხმა აღიმაღლა ქალთა განათლების უფლებების დასაცავად. სკოლიდან შინისაკენ მიმავალ გზაზე მალალას შეიარაღებული თალიბი დაესხა თავს და რამდენჯერმე ესროლა. მძიმედ დაჭრილ გოგონას სოლიდარობა მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა. 

    ,,ორი შესაძლებლობა მქონდა: ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ, ან მეთქვა სათქმელი და ისე მოვმკვდარიყავი. მე მეორე ვარიანტი ამოვირჩიე – გადავწყვიტე, მელაპარაკა”, –   თქვა გოგონამ , ფაქტია, რომ მსგავსი გაბედულება მხოლოდ ერთეულებს თუ გააჩნიათ . 

    ასეთი ანალოგიები  და მათზე მსჯელობა, დისკუსიები საუკეთესო გზაა კულტურათაშორისი ურთიერთობების შესასწავლად და იმის გამოსაკვეთად,  რომ გააჩნია რა და როგორ, რატომ და რისთვის არის გამიზნული. მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის შემდეგ არის ხელშეუხებელი სხვისი ღირებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კულტურულის  ნაცვლად შეიძლება დანაშაულთანაც კი გვქონდეს საქმე, როგორც ეს აღწერილ შემთხვევებში მოხდა…  

ფარდის მიღმა, ანუ აისბერგის მოდელი  

   კულტურათაშორისი სწავლების პროცესი შინაგანი „მეს”  უხილავ ძალებს და ელემენტებს უკავშირდება. ფსიქოლოგები და ამ საკითხით დაინტერესებული მეცნიერები  ამას აისბერგის მოდელს უწოდებენ, რომლის მიხედვით, კულტურის ძირითადი ელემენტები წყალქვეშაა მოქცეული და მათი მკაფიოდ გამოხატვა შეუძლებელია. ამ უხილავი ნაწილის აღმოჩენა, შესაბამისად, გარკვეულ რისკებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული. ცხადია, ამ პროცესის გაძღოლა ადვილი საქმე არ არის. ერთი მხრივ, ჩვენ მეტი სიმამაცე გვჭირდება, რომ წინ წავიწიოთ და რისკებს გავუმკლავდეთ. მეორე მხრივ, ამ პროცესში მონაწილე ადამიანების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ამავე დროს პატივი ვცეთ მათ. ამ ორი მთავარი პრინციპის გათვალისწინება კი ყოველთვის მარტივი არ არის. 

 

               რუსთაველი — მარად თანამედროვე 

ინტერკულტურული პრინციპები მოითხოვს კულტურული სხვაობების აღიარებას, მათ პატივისცემას, ტოლერანტობას, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას. სხვადასხვა კულტურულ იდენტობებს შორის კომუნიკაცია შესაძლოა პარადოქსული აღმოჩნდეს, რადგან კულტურათაშორისი ურთიერთობა გულისხმობს იმის აღიარებას, რომ სხვადასხვა კულტურის (ეროვნების, სარწმუნოების)  წარმომადგენლები გვანან ერთმანეთს და განსხვავდებიან კიდეც ერთმანეთისგან. 

         დღეს, 21-ე საუკუნეში, ხმამაღლა და ხაზგასმით საუბრობენ აღნიშნულ საკითხზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ხშირად ამ საუკუნის მონაპოვრადაც კი მიაჩნიათ ამ მიმართულებით აქცენტების გაკეთება. არადა, მე-12 საუკუნეში რუსთაველის ძირითადი გზავნილი სწორედ ის არის, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია და განსხვავებული რელიგია და ეთნოსი არ არის არსებითი. პოემის გმირები სხვადასხვა ეროვნებისა და ქვეყნის წარმომადგენლები არიან. მათ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ადამიანური დამოკიდებულებები და მარადიული ფასეულობანი. აი, რა არის მთავარი … 

       რა თქმა უნდა, რომ რუსთაველი შეგნებულად არ ასახელებს კონკრეტულ ღმერთს, რადგან … 

,,ჰე, ღმერთო, ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა…”

პოემის  გმირები განსხვავებული კულტურისა და მრწამსის ადამიანები არიან.  სწორედ ეს არის უნიკალური.  მიუხედავად ამისა, ,,მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირთ ერთმანეთის მონება”. ეს განსხვავებულობა სულაც არ უშლის ხელს მათი სულების მეგობრობასა და თანაგანცდას. 

           დიახ, ასე გადაჭრა ეს რთულად  მოსაგვარებელი საკითხი რუსთაველმა. პერსონაჟთა შორის მოციქულობს სიყვარული და განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანისადმი დახმარების უანგარო ნიჭი.    

      ,, ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა… ‘’  პროლოგშივე განაცხადა სულგანათლებულმა ქართველმა… 

   თუ კარგად დავაკვირდებით, ,,უთვალავი ფერი” მრავალი ასპექტით შეიძლება გავიაზროთ, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მრავალმხრივი განსხვავებულობა  და ამავდროულად მსგავსება – ერთი სამყაროს შვილად ყოფნა.

სკოლა –  ათვლის წერტილი,  საიდანაც იწყება კულტურათაშორისი ინტერაქცია

            სკოლებს  ორმაგი ფუნქცია აქვთ – საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი.  ყოველი მოსწავლე  უზრუნველყოფილი უნდა იყოს განვითარების თანაბარი შესაძლებლობებით და, ამასთანავე, ყოველი მოსწავლის კულტურული შტრიხები ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. მასწავლებელი, როგორც ცვლილებების მთავარი ინიციატორი, ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს ღია სასწავლო გარემოთი და ხელი შეუწყოს ყველა კულტურის მონაწილეობას დემოკრატიული პრინციპების დაცვით. მაშასადამე, მულტიკულტურული განათლება ყველა სკოლის მიზანს უნდა წარმოადგენდეს დღევანდელ საზოგადოებაში. თუკი ამ მიმართულებას არ ავირჩევთ, მაშინ  სერიოზული კონფლიქტების წინაშე  აღმოვჩნდებით.    

         ინტერკულტურული სწავლების ამოსავალი წერტილია „სხვა”. ეს პროცესი მუდმივად ეჭვის ქვეშ აყენებს სტერეოტიპებს და ხელს უწყობს სიახლის, უცხოსა და შეუცნობლის მიმართ ღია დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში მუდმივად ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, ურთიერთობის პროცესში ხდება ადამიანის პიროვნული, სოციალური და გლობალური თვითრეალიზება.    

 გამოყენებული ლიტერატურა: 

    კულტურათა დიალოგი და სამოქალაქო ცნობიერება 

       

ნინო მასურაშვილი

 სურამის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...