ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
1 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ღელე დამეწყრილზე

0

ჩემი ბავშვობიდან მახსენდება, ერთ მოხუცზე ამბობდნენ, ყმაწვილქალობისას ჭკუიდან შეცდა და იმის მერე უფრთხიან მასთან პირისპირ შეხვდომასო. დაბეჯითებით არავინ გეტყოდა, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებდი, მისი ასაკის ხალხისგან შეიძლებოდა შეგეტყო ამ ამბის ნამდვილი მიზეზიცა და სათავეც.

 


დიდი მეწყერი რომ ჩამოწვა და კაცი და საქონელი ქვეშ მოიყოლა, ნ. ჩვიდმეტი წლისა იყო. სტიქია, სიკვდილივით, ღამეულად, ბნელში მოდის ხოლმე, ალბათ იმიტომ, კაცმა რომ ვერ ჰკიდოს თვალი მის მდინარებას, და მხოლოდ დამანგრეველი შედეგები იანგარიშოს. მაშინაც ასე მოხდა და ნ. მხოლოდ დილაუთენია, გაღვიძებულზე მიხვდა, რომ სოფელი სოფელს აღარ ჰგავდა.


სკოლასთან ხალხი ირეოდა, შეწუხებული, ნამტირალევი და ცნობისწადილისგან აცქმუტებული ადამიანები თითქოს თვალებით ითვლიდნენ ერთმანეთს, ხომ ყველა ვართ, ვინმე ჩვენიანი ხომ არ ჩაყოლია სოფლის გადაღმა მეწყერსო. ვიღაცას თავი გამოედო და სიაც შეედგინა, ემანდ არ შეგვცდეს რამე, წუთი-წუთზე ქალაქიდან ჩამოაღწევენ და რომ დაგვეკითხონ, უპასუხოდ ხომ ვერ დავტოვებთო. ესეც იცის სტიქიამ: მწუხარებას უმალ ციფრებში გადაიყვანს ხოლმე და ქაღალდზე ცარიელი ელდის ნაცვლად ქვეშმოწერები ჩნდება.


ნ. დიდხანს ცდილობდა შეღამებულზე საქონლის საძებრად წასული მამის პოვნას ხალხში – ხან ვის ახედა, ხან ვის აეკიდა, ხან ვის დაეკითხა, მაგრამ სოფელს მხოლოდ მოთქმის, შეცხადებისა და თანაგრძნობის პასუხი ჰქონდა, განსაცდელში ჩავარდნილს მეტი არც მოეთხოვებოდა. სტიქია მთიდან მოვარდნილი ნადირი არ იყო, კვალს მიყოლოდი და ბუნაგიდან გამოგეტყუებინა, საქონლის დაღუპვა რომ გეზღვევინებინა მისთვის. შიში და სიკვდილი რომ მოჰქონდა – ეს ცალკე, მაგრამ სწორედაც შიშს და სიკვდილს ჰგავდა, გამოჩენისთანავე ჭკუის დამრიგებლებს და მოენე-მოლაპარაკეებს რომ შემოიკრებს ხოლმე.


სანამ ყველა „შემთხვევის ადგილისკენ” გაემართებოდა, ნ. მეზობლის ბიჭს დაეკითხა, – ხომ არ იცი, როდის მოხდა და დილამდე რატომ არავინ იცოდა ეს ამბავიო. იმან კიდე, – შუაღამისას, სამის მერე, ოთხისკენ ჩამოიშალა მთა და ისე უჩუმრად გადაწვა მდინარეზე, მგონი პირუტყვმაც ვერაფერი გაიგოო.


კი, მეც მეძინა მაგ დროს, დაღლილი რომ ვიყავი, ეტყობა ძილმა ჩამიქრო თვალები, თორემ სანამ მამაჩემი გარეთ იყო, ლოგინში როგორ შევწვებოდი, – ფიქრობდა ნ. და მხრები უცახცახებდა, – შუაღამე იყოო! ათასჯერ გავსულვართ პირუტყვის საძებნელად ყურუმ სიბნელეში, ხელიხელჩაკიდებულები, არაფრის გვეშინოდა. ერთი ხელით ერთმანეთს ვეჭიდებოდით, მეორეში ჯოხი გვეჭირა და უმთვარო ღამეშიც ისე დაგვივლია ტყე და მინდორი, შიში არ ვიცოდით, რა იყო. ერთი კი შემომძახა მამაჩემმა, კამეჩი დარჩენილა და ჭალაში იქნება, შორს ვერ წავიდოდაო, მაგრამ მის სიტყვებს ვერ მივაყოლე ფიქრი, ისე ადვილად და უბრალოდ თქვა, ეტყობა აღარ უნდა ჩემი წამოკიდება, მალევე, როგორც იცოდა ხოლმე, ჩქარი ნაბიჯით ჩაასწრებს დაბნეულ და გზასამცდარ პირუტყვს სახლისკენ ამოდენის-მეთქი. მერე კი დამეძინა და ეს იყო სულ…


ბიჭებმა რომ ცხედარი მოასვენეს, ნ.-ს თვალებში შუქი აღარ ედგა უკვე. ორი გუგა დაყინვოდა ერთ ადგილას და მომსვლელ-წამსვლელს კი არ აყოლებდა თვალს, თავისი სიჩუმითა და უძრაობით თითქოს მათგან თავის დაცვას ცდილობდა. „რცხვენია რაღაცის და არ ამბობს” – თქვა მეზობლის ქალმა, რომელიც მისთვის ჰყავდათ მიჩენილი, ამ გაჭირვებაში თავს რამე არ აუტეხოს და სოფელი ქვეყნის სალაპარაკო არ გაგვხადოსო. „სამი ღამეა არ უძინია, სახლიდან ჭიშკრამდე დაზომავს მანძილს, წინ და უკან, წინ და უკან, არ იღლება, მიდი-მოდის, მიდი-მოდის, ვეღარ გაუძლებ, სათვალავი აგერევა კაცს”.


სოფელში ხმა გავარდა, ნ.-ს წამოსცდენია, მე რომ პირში სული მიდგას, ხომ მისითაა, დედით დაობლებული მამაჩემმა დამზარდა და მასწავლაო. და იმ ღამესაც გადამარჩინა, მარტო წავიდა, სადაც ორივე უნდა წავსულიყავით. მამაჩემი ჩაეტანა საჩემო მიწასაც, გადამეფარა, ადრე დასამიწებლად არ გამიმეტაო.


ახლობლებში ეთქვა თურმე, სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს თავს უნდა ვაზღვევინო იმ გულგრილობისა და უგულობისთვისო. მამაჩემი რომ კვდებოდა, მე ტკბილ ძილს ვიყავი მიცემული, ის ცივდებოდა, მე კი, თბილ საბანში გახვეული, სიზმრებში ვერიე. ღამემ წაიღო მამაჩემი, ღამე-ბნელში მოწყვეტილმა მიწამ ჩაიტანა და ღამე მე რა დამაძინებს, ცოცხალს ვერ ვუდარაჯე და მკვდარს მაინც უნდა ვუთიო ღამეო.


ის დღე იყო და, ნ.-ს ღამე არ დაუძინია. თუ ეზოში, დაცვარულ მინდორში არ დააბიჯებდა, ერთთავად აივანზე იჯდა, აკაშკაშებული ნათურა ზედ დანათოდა და საკუთარ თავთან ჩურჩულსა და ხელსაქმეში გართულს შარაგზიდან მოთვალთვალე ბიჭების ხმაურობა რას მისწვდებოდა.


– მართლა არ იძინებს?


– ჰო, ღამე არ იძინებსო, ამბობენ.


– და დღისით?


– აბა მე რა ვიცი, ხალხში ეგ არავის უნახავს და, ტყეში კი გადამეყარა ერთხელ, მაგრამ ისე უჩუმრად ჩამიარა, ღელე რომ ჩადის ხოლმე სოფლის გადაღმა, დამეწყრილზე.


ლიტერატურიდან Twitterატურამდე ანუ Fiction-იდან Twiction-ამდე

0
რა არის ტვიტერატურა? 

სხარტად, ლაკონურად გადმოცემული აზრი უკვე ჩვენი ეპოქის მოთხოვნაა… ადამიანი სულ „გადარბენაზეა”, ამიტომ ბევრის კითხვის დრო სულ უფრო ნაკლებად აქვს. სოციალური ქსელი Twitter-ი პოსტების გამოქვეყნების თავის სტანდარტს გვთავაზობს: მოკლედ, თუ გინდათ, რაიმე ამცნოთ მსოფლიოს, მაშინ ნება იბოძეთ და 140 სიმბოლოში ჩაეტიეთო. როგორ ფიქრობთ, ადვილია მოკლედ წერა? რა თქმა უნდა, არა… ეს არის გაცილებით გააზრებულად და გაცნობიერებულად წერა… მეტი პასუხისმგებლობა, მეტი ფიქრი… შესაბამისად, ნაკლებად არაფრისმთქმელი სიტყვები… 

უკვე მკვიდრდება აზრის გამოთქმა ტვიტერის ფორმატში. ეს არც ახალია და არც ერთადერთი… არც „ლიტერატურის დევალვაციაა” და არც „ხელოვნების დესტრუქცია”, როგორც ზოგიერთი კრიტიკოსი წერს… უბრალოდ, ასეთი ფორმატია და ამ ფორმატს ჰყავს თავისი მოყვარულები. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტვიტერის მომხმარებლებმა ერთგვარი თამაში წამოიწყეს: დაიწყეს მსოფლიო ლიტერატურის ტექსტების ტვიტებად გარდაქმნა: ვინ უფრო ლაკონურად და საინტერესოდ შექმნიდა ამა თუ იმ ნაწარმოების ტვიტერ-ვერსიას. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა უკვე გამოსცა წიგნი: Alexander Aciman, Emmett Rensin «Twitterature: The World’s Greatest Books Revised and Updated for Twitter». სტუდენტები იუწყებოდნენ, რომ მათ დაიწყეს თავიანთ საცხოვრებელში ახალი კულტურული რევოლუცია. ეს იყო ერთგვარი იუმორისტული განწყობა კლასიკური ტექსტების მიმართ და როგორც წერენ, მათ ეს მოწყენილობის დასაძლევად გააკეთეს.

ამ ტიპის თამაშები ბოლოს აბსურდამდე მიდის და საბოლოოდ, უბრუნდები ტექსტის ვრცელ ვერსიას. მაგრამ ტვიტერ-ფორმატი ასეთი ნაწარმოებების ერთგვარი რეკლამაცაა (მთავარია, რომ ნიჭიერად იყოს დაწერილი), თან განსხვავებულ ასპექტებს წარმოადგენს ამ შემთხვევაში ტექსტის ყველა გარდამქმნელი… ჩემი აზრით, ეს არის საინტერესო, სახალისო და სასარგებლო თამაში: მოკლედ, სხარტად, ლაკონურად გადმოსცე ვრცელი ტექსტი და კარგად ავარჯიშებს გონებასაც. 

მცირე ფორმატის გამო ხშირად ტვიტერატურას „ზარმაცების ლიტერატურასაც” უწოდებენ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ფორმატის გამო, რადგან ლაკონურ ლიტერატურას თავისი ხიბლი აქვს.

მაგალითად, „ომი და მშვიდობა” ერთმა მომხმარებელმა ასე გარდაქმნა ტვიტად: „ომი, მეჯლისი, მეჯლისი, მეჯლისი…. ომი, ანდრეი, ნატაშა, მეჯლისი, ომი.” ამ ნაწარმოების ამერიკული ტვიტერ-ვერსია ასე იკითხება: «Napoleon & Co invade Russia but that's the least of the problems for five posh Russian families. Love and cannonballs. Much war, little peace».

ტოლკიენის „ბეჭდების მბრძანებელი”: „ბიძამ აჩუქა ბეჭედი. ჰობიტები წავიდნენ, იარეს, იარეს, იარეს, იარეს, იარეს… კიდევ იარეს, იარეს, იარეს, ბევრი იარეს… გადააგდეს ბეჭედი ვულკანში”.
ჰემინგუეის კვალდაკვალ…

მინიმალისტური ლიტერატურა ახალი არ არის… ყველას გახსოვთ ჰემინგუეის 6 სიტყვიანი, ამაღელვებელი მოთხრობა: “For sale: baby shoes, never worn”.  

აზრის ლაკონური გამოთქმა ნიჭია. ძალიან ბევრს ფიქრობ იმისათვის, რომ ძალიან მოკლედ გამოთქვა… ეს არის ერთგვარი სარეკლამო ენა. არცერთი ზედმეტი ბგერა. ეკონომიურობა იწვევს იმგვარ შევიწროებას, რომ აზრი კრისტალდება სიტყვებში და ისე, რომ მკითხველმა უნდა გაიგოს სიტყვებს შორის რა იგულისხმება… ეს შეიძლება იყოს მოქმედებათა მთელი წყება.

ტვიტერატურა დაიწყო თამაშებით, მაგრამ უკვე გამოჩნდნენ მწერლები, რომლებმაც ამ ფორმატში დაიწყეს წერა და ძალიან პოპულარულებიც გახდნენ. მაგალითად, ტვიტერატურის პოპულარული გერმანელი ავტორი ალმერი (Tillmann Allmer) https://twitter.com/tristessedeluxe). იგი წერს: „ტვიტერი –  ეს განსაკუთრებული ადგილია, რომელიც გახსნილია ბევრი რამის მიმართ. აქ საქმე მხოლოდ ლიტერატურაში არ არის, არამედ იმაში, რომ ადამიანები უფრო გაცნობიერებულად წერენ. მოგვიწევს ეს გავაკეთოთ: მოკლე ფორმები გვკარნახობენ გამოთქმის განსხვავებულ სტილს, ვიდრე 300 გვერდიანი რომანი ან რამდენიმე გვერდიანი წერილი”.

ტვიტერს გამოუჩნდნენ თავისი რომანსტები, ავსტრიელი ქრისტიან ანკოვიჩი (Christian Ankowitsch), რომელმაც რომანის წერა ტვიტერში დაიწყო და აქვეყნებს ტვიტების სახით, როგორც სერიალებს…  https://twitter.com/ankowitsch რომანის სახელწოდებაა: “Fliege oder Der Triumph der 140″.

ერთხელ ჟურნალისტის კითხვაზე, დაგიწერიათ თუ არა ლექსი ან მოთხრობა, კახა ბენდუქიძემ უპასუხა: „კი, ერთხელ დავწერე მოთხრობა რუსულად, ასეთი იყო: 
она его не любила, он её не любил тоже, они тщательно скрывали это друг от друга, жили долго и счастливо и умерли в один день. 
ეს არის ჩემი ერთადერთი მხატვრული ნაწარმოები”.

მე ვფიქრობ, რომ ეს მოთხრობა მინიმალისტური ლიტერატურის (ანუ: ტვიტერატურის)  მშვენიერი ნიმუშია.
პასუხი კითხვაზე: რას ფიქრობ…?

კიდევ რა შეიძლება ჩაითვალოს ტვიტერატურად? 140 ნიშანში ჩატეული: პოეზია, მინი-ბლოგი, აფორიზმი, ლაკონური გამონათქვამი… 

მინიმალისტური პოეზია ქართველი მკითხველისათვის კარგად ცნობილი ფორმაა. ბევრი თანამედროვე ავტორი წერს ეგრეთ წოდებულ მინიმალებს. მინიმალურ პოეზიას მიეკუთვნება იაპონური სალექსო ფორმები – ტანკა და ჰაიკუ. თუმცა მისი კლასიკური გაგებისაგან თანამედროვე ტანკა-ჰაიკუები სრულიად დაცლილია. ტვიტერმა შექმნა ტანკა-ჰაიკუს ახალი ფორმატი, მთავარია, 140 ნიშან-სიმბოლოში ჩაეტიო. ეს მოცემულობაა. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც 140 ნიშნით გამოითქმის, არ შეიძლება იყოს არც ლიტერატურა და არც ტვიტერატურა… მთავარია, როგორ გამოთქვამ.

ტვიტერატურული სავარჯიშოები სწავლის პროცესსაც უფრო საინტერესოს გახდის. მაგალითად, დიდი ინტერესით წავიკითხავდი „ვეფხისტყაოსნის” ტვიტერ-ვერსიებს და არა ერთი ავტორისგან  დაწერილს.  საინტერესო თამაშია და თან ყველა თავისებურად მოჰყვებოდა შინააარს, მისთვის საინტერესო დეტალებზე გააკეთებდა აქცენტს…
ფეისბუკი ვრცელი ტექსტების გამოქვეყნების შესძლებლობას იძლევა, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოკლე ტექსტები უკეთ იკითხება, რომ თუ დავინახეთ მინიშნება: იხილე მეტი….  იშვიათად ვხსნით… მოკლე და მახვილგონოვრული სტატუსების მკითხველი ვარ და ხშირად მიფიქრია, რომ ნეტავ ეს რომელი ჟანრია… აი, მხატვრული სტატუსები…? ახლა ვფიქრობ, რომ ეს ტვიტერატურაა… ტვიტერატურა ფეისბუკზე… მალე ეს ტერმინი გახდება აზრის ლაკონურად გამოხატვის მეტაფორა და აღნიშნავს მოკლედ და მხატვრულად გამოხატულ აზრს.
ესეც ჩემი მეგობრების ტვიტერატურა ფეისბუკზე:

გიორგიკეკელიძე: 
-თვითმკველობის მიზეზთა გამო-
მარილი აკლია ყველაფერს-
ვთქვი მე და მარილზე გავედი
Anastasia Inasaridze: ლექსსაშიშია
Lia Liqokeli 
სამი ჭიანჭველა გადავარჩინე დახრჩობას. 
სამგზის რწყილი ვარ.
………………………
მოკლედ, ტვიტერატურას ვეუბნებით: Welcome

სტიქიური ფრაგმენტები

0
ხევსურეთი, გაზაფხული, დაახლოებით სამი წლის ვარ. სოფელში, სადაც ბებია-ბაბუა ცხოვრობს, საშინელი მიწისძვრა მოხდა, სახლები დაანგრია, კომუნიკაციები მოშალა. ჩვენ ვირი გვყვავდა, მეზობელს ჯორი. ორივე ნანგრევებში მოყვა, ვირი გადარჩა, ჯორი ვერ. მას შემდეგ სულ, როცა ამ ამბებს ვკითხულობდით, ვყვებოდით ან ვიგონებდით, ორივე ცხოველს  ვიხსენებდით და არასოდეს გვიფიქრია, ცხოველზე საუბარი ზედმეტია იქ, სადაც ადამიანურ ტრაგედიებზეა საუბარიო. ალბათ მთაში, სადაც ადამიანი მარტოა ბუნებასთან, თანდაყოლილია ცოდნა იმისა, რომ ეს სამყარო მხოლოდ მისი არ არის, მარტო კაცის კეთილდღეობა შეუძლებელია, თუ გარშემო ტყე არ იქნება, ცხოველები არ იარსებებენ, მზე არ გამოანათებს, მიწა მოსავალს არ მოგვცემს და ა.შ.
იმერეთი, ზაფხული, 9-10 წლის ვარ, მეორე ბაბუას სოფელში ვისვენებ და თავს მოსაწყენი ამბებით ვირთობ. მაგალითად, დეიდაჩემს მივყვები მეზობელ თამროსთან, რომელიც დიდი თავქარიანი ვინმეა. ასეთ ქალებს დასავლეთში მრავლად შეხვდები, ყველა სოფელშია რამდენიმე თამრო. თამრო მხიარულია, ენერგიული, სულ ფუსფუსებს, მისი ლექსიკა ჭარბად შეიცავს უცენზურო სიტყვებს, თუმცა, როგორც ამბობენ, უხდება. იმასაც ამბობენ  რომ სამართლიანია, ერთგული, როცა არ უნდა ესტუმრო, ცხელ ხაჭაპურს და ცივ ღვინოს სულ შემოგთავაზებს და ა.შ. დეიდაჩემს, დედაჩემისგან განსხვავებით უყვარს მეზობლებში სიარული, თუმცა თამრო დედაჩემსაც უყვარს. ახლაც, დედა სახლშია, თამროსთან მარტო მე და დეიდა წამოვედით. ვსხედვართ. ისინი ლაპარაკობენ, მე სასხვათაშორისოდ ჩართულ ტელევიზორს ვუყურებ. ნელ-ნელა ღამდება, ქალები ადესას სვამენ, შესაბამისად საუბარი უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება. წვიმამ დაიწყო და ისე, თითქოს ამას ელოდნენ, სიმღერა წამოიწყეს ჟუჟუნა წვიმასა და დანაზე, რომელსაც იმის გული უნდა გაეპო, ვინც მათზე ცუდს იტყოდა, თან მეზობელი ციცოს სახლისკენ იყურებოდნენ და გულიანად ხარხარებდნენ. მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია  და დღემდე ვერ ვხვდები, რა უნდა თქვას ვინმემ ჩემზე ისეთი, გულის გასაპოპად გავიმეტო.
თბილისი, 2014 წელი, ასევე ზაფხული. ჩემმა უფროსმა შვილმა იუთუბზე ინგლისური საბავშვო სიმღერების არხების გამოწერა ისწავლა და უკვე თვითონ შეუძლია იმის ნახვა, რაც უყვარს. ფავორიტებში ერთ-ერთი სიმღერა წვიმაზეა, რომელიც ბავშვებს ხელს თამაშში უშლის. ეს სიმღერა მაროსთვის დღემდე ტოპ ათეულშია, მე კი ყოველთვის, როცა მესმის, ვფიქრობ რა იქნება, სანამ მარო დიდი გოგო გაიზრდება, თავისი საკუთარი გოგო ან ბიჭი ეყოლება, ცხოვრება აქაც ისეთი გახდეს, წვიმა მხოლოდ ბავშვებს უშლიდეს ხელს თამაშში და ბავშვებიც თამაშ-თამაშით იზრდებოდნენ და არა ასე, ომებში, დევნილობაში, სიღარიბესა და ძალადობრივ გარემოში.
13-ის მერე ამ ფიქრებმა განსაკუთრებით დაჟინებული სახე მიიღეს.
სურამი, ზამთარი, მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლე ვარ; ერთ ჩვეულებრივ სასწავლო დილას ამბავი დამხვდა, სკოლა იწვისო. ალბათ ეგ იყო პირველი გააზრებული სევდა ჩემს ცხოვრებაში.  ვიდექით მასწავლებლები, მშობლები, ბავშვები, მეზობლად მცხოვრებლები და ვუყურებდი  როგორ ნადგურდებოდა კლასები, დერეფნები, სამალავები, წიგნები, მერხები, ჩვენი ყოველდღიურობა. გვეგონა რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამთავრდა, აღარაფერი აღარ იქნება ისე, როგორც იყო, ერთად აღარ ვიქნებით და ათასი რამ, რაც გონია ადამიანს ტრაგედიისას.
თბილისი, 2015 წელი, ისევ ზაფხული. რაც მოხდა, ყველამ იცით. ძნელია ტრაგედიის შემდეგ ცხოვრება. გინდა შენი თავი (და სხვები) დაარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ცხოვრება გრძელდება, აღმოვაჩინეთ, რომ უკეთესი თაობა მოდის, სამოქალაქო საზოგადოება იზრდება და ა.შ.

ფოტო ანდრო ერაძის

 

გამონაკლისი არ ვარ,  ბოლო დღეების განმავლობაში მეც გულაჩუყებული ვუყურებდი მოსახლისეების ფუსფუსს საკუთარი ქალაქის მოსავლელად, მათ მონდომებას, ერთიანობას  და ვფიქრობდი, აი ხალხი, რომელმაც შეძლო საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, არ დაჭირდა ლოდინი ვინმე სხვის, ვინც მის ნაცვლად იმოქმედებდა, არ დაბნეულა და არ შეშინებია, არ გაბრაზებულა როცა მათზე რამე ცუდს ამბობდნენ და უნატრია, გული გაუპოს დანამაო, პირველივე შესაძლებლობაზე აჩვენა რომ სულ ტყუილად არ აქვთ მათი იმედი, სულ ტყუილად არ ითვალისწინებენ მათ, როგორც მთავარ მამოძრავებელ ძალად,  არც ის გონიათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დამთავრდა, პირიქით, სათავეს უდებენ ახალ მოძრაობას. გადასარევი ხალხია!
მერე ვეფხვმა კაცი მოკლა და მივხვდი, რომ კარგ და ძლიერ საზოგადოებამდე კიდევ ბევრი გვიკლია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღება, არამედ სხვებსაც მოვთხოვოთ კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი საქმე, ვინაიდან ამ სამყაროში მარტოები არ ვართ და თუ ყველა რგოლი გამართულად არ მუშაობს, ის მოხდება, რაც მოხდა. სათუთად გაზრდილი შვილები დაეხოცათ მშობლებს, კარგი შვილები. ზოოპარკის ცალკეული თანამშრომლების წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელი, თავდაუზოგავი შრომა ერთ ღამეში განადგურდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვისაც ევალებოდა განსაკუთრებულ მდგომარეობებში საგანგებო ქცევა, მზად არ აღმოჩნდა, ვისაც ევალებოდა გარემოს დაცვა, უმნიშვნელო საქმედ მიიჩნია, ვისაც ევალებოდა საშიში ადგილებიდან ხალხის განსახლება, ეს არ გააკეთა და ასე დაუსრულებლად.

ცოდნის საზოგადოება

0
ცოდნის საზოგადოება (community of knowledge) ადამიანთა ჯგუფია, რომელიც ერთად მუშაობს ამა თუ იმ საკითხზე ცოდნის ასამაღლებლად სწავლისა და ცოდნის გაზიარების საშუალებით.

ცოდნის საზოგადოების თეორიული ასპექტები ემყარება ტექნოლოგიის მენეჯმენტს და ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ცოდნას ეფექტური მართვის მიზნით. ცოდნის გაზიარება უფრო მეტად დამოკიდებულია ინფორმაციის მაძიებლებზე, რომლებსაც კონკრეტული სახის ცოდნა სჭირდებათ. თეორიულად ცოდნის ეფექტური გაზიარება შესაძლებელია ცოდნის მაძიებელთა და ცოდნის წყაროთა შორის. ეს ასპექტი ეხმარება ცოდნის მაძიებელსაც და რესურსსაც საკუთარი საჭიროებებისა და რესურსების გაცნობიერებაში. 

ცოდნის საზოგადოების კონცეფციას საფუძველი ჩაუყარა “პრაქტიკის საზოგადოების” (community of practice – CoP) ცნებამ, რომელიც 1991 წელს პირველად გამოიყენეს ჯინ ლეივმა და ეტიენ ვენგერმა. ისინი აცხადებდნენ, რომ საზოგადოება გამოცდილებას იძენს ყველგან (სამსახურში, სკოლაში, შინ და დასვენების დროსაც კი) და, საზოგადოდ, ადამიანები ჩართული არიან ამ პროცესში. ზოგჯერ წამყვან როლს ვასრულებთ, ზოგჯერ კი მეორეხარისხოვანს.

პრაქტიკის საზოგადოებასა და ცოდნის საზოგადოებას შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ პრაქტიკის საზოგადოებაში წევრთა მონაწილეობას მკაფიოდ განსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობა (მაგ., ფერმერთა საზოგადოება), ხოლო ცოდნის საზოგადოების წევრობა ძალზე ფართოა და ზოგ შემთხვევაში მსხვილი ორგანიზაციის ყველა მუშაკს მოიცავს.

ცოდნის საზოგადოება პირველად ფაქტობრივად კომპანია “ქსეროქსმა” დაინერგა გლობალურ IT ინფრასტრუქტურაზე გადასვლის პროექტის განხორციელებისას. უმაღლესმა მენეჯერებმა გადაწყვიტეს, წამოეწყოთ “Transition Alliance”-ად წოდებული ცოდნის გაზიარების ინიციატივა. ალიანსი შედგებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიების 50 პროფესიონალისგან, რომლებიც პასუხს აგებდნენ 70 ათას მუშასადგურზე, დაახლოებით 1200 სერვერსა და ხუთი კონტინენტის მასშტაბით ქსელის აპარატურაზე. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალურ დონეზე სწავლისა და განვითარების მოტივაცია გაიზარდა. ეს ორგანიზაციის წევრთა საქმიანობის მნიშვნელოვანი გრძელვადიანი შედეგი იყო. მას შემდეგ მსხვილი კომპანიები წარმატებით იყენებენ ცოდნის საზოგადოების სიკეთეს.
ცოდნის საზოგადოების სტრატეგიები

ცოდნის საზოგადოება ეფუძნება იდეას, რომ ცოდნა და ალღო იქმნება, როცა ადამიანები ურთიერთქმედებენ ერთმანეთსა და გარემოსთან. შესაბამისად, ცოდნის საზოგადოების სტრატეგია ხაზს უსვამს სხვადასხვა სოციალური ინტერაქციის საჭიროებას. მაგალითად, პირისპირ საუბრისას, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტრუმენტებისას, დისკუსიისას, კვლევითი პროექტებისას, პრეზენტაციებისას და სხვ.

ქვემოთ მოყვანილია წარმატებული ორგანიზაციული სწავლის 6 პრინციპი, რომლებიც კორპორაციულ გარემოში შეიძლება გამოიყენოს ცოდნის საზოგადოებამ:

● ურთიერთქმედებათა ისეთი ფორმატის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ღიაობას;
● ზოგადი ორგანიზაციული კულტურის შექმნა;
● საერთო ინტერესების შენარჩუნება;
● ისეთი ორგანიზაციული კულტურის ხელშეწყობა, რომელიც პატივს სცემს ერთობლივ სწავლას;
● ცოდნის გაზიარების პრაქტიკის დანერგვა ჯგუფური მუშაობის პროცესში;
● ცოდნის გაზიარების გარემოს შექმნა, რომელიც ეფუძნება საზოგადოების მიერ განსაზღვრულ პროცესებსა და კულტურულ ნორმებს.
გარდა ტექნოლოგიისა და კონტექსტის კარგი მენეჯმენტისა, მნიშვნელოვანია სწავლისა და ცოდნის გაზიარების ეფექტური ხელშეწყობაც.
ცოდნის საზოგადოების ინსტრუმენტები

ცოდნის საზოგადოება იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ელექტრონული ფოსტა, ჯგუფური მუშაობის პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონული სწავლება, ტელესაკონფერენციო სისტემები და სხვ. თუმცა არსებობს წინააღმდეგობები ამ ტექნოლოგიათა გამოყენებისას. ზოგჯერ პირისპირ ურთიერთობა შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი იყოს გუნდის წევრთა შორის ურთიერთობის დამყარებისა და განმტკიცების თვალსაზრისით. ცოდნის საზოგადოებაში, წესისამებრ, ცოდნის მენეჯმენტის არქიტექტურა აგებულია ცოდნის პორტალზე, კომპონენტებსა და მონაცემთა ბაზაზე. ამგვარი არქიტექტურა ინსტრუმენტის როლს ასრულებს ცოდნის ორგანიზებასა და კლასიფიკაციაში. პორტალი ცოდნის ძირითადი წყაროა, საიდანაც საზოგადოების წევრები ცოდნის მენეჯმენტის სხვადასხვა მეთოდის დახმარებით იღებენ საჭირო ცოდნას.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტრუმენტები უზრუნველყოფს სწავლის ხელშემწყობ საბაზისო ინფრასტრუქტურასა და გარემოს, თუმცა მხოლოდ ეს ინსტრუმენტები ვერ წაახალისებს ცოდნის საზოგადოებაში ეფექტურ სწავლას. ტექნოლოგიას მხოლოდ მაშინ შეუძლია შეასრულოს მედია- და სწავლის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის როლი, თუ მოტივაცია და სწავლის კონტექსტი უკვე არსებობს.

ცოდნის საზოგადოებაში ერთგვარი ციკლურობით მიმდინარეობს შემდეგი პროცესები: 

1. ცოდნის მონაცემთა ბაზის შექმნა და განვითარება. ეს საინფორმაციო მონაცემთა ბაზის განვითარების საკვანძო პროცესია და აუცილებელია მისი ეფექტურად განხორციელება, რათა სხვა პროცესებში შესაძლებელი იყოს მისი მოქნილად გამოყენება. 

2. ცოდნის შენახვა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი ათვისება და გამოყენება. ეს პროცესი მოიცავს ინფორმაციის აღდგენასაც მონაცემთა დაკარგვის შემთხვევაში. 

3. შემდეგი პროცესი უკავშირდება ცოდნის ტრანსფერს ერთი კატეგორიიდან მეორეში. არსებობს ტრანსფერის რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდი და შესაძლებელია მათი საჭიროებისამებრ შერჩევა. ტრანსფერის პროცესი სხვადასხვა მომხმარებლისთვის სხვადასხვანაირია და სხვადასხვა დონეზე ხორციელდება.

4. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესია ცოდნის გამოყენება ცოდნის საზოგადოების მიერ. ცოდნის ბაზა მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როცა შეუძლია მომხმარებლებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება.

5. დაბოლოს, სწავლის პროცესი, რომელიც სასარგებლოა ორგანიზაციული ცოდნის ბაზისთვის. ეს პროცესი დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა „რატომ და როგორ ვისწავლოთ”.
ცოდნის საზოგადოება მჭიდროდ უკავშირდება ცოდნის მართვას. ცოდნის მართვა არის ორგანიზაციის ცალკეული მუშაკებისა და ჯგუფების ცოდნისა და გამოცდილების თავმოყრა, მართვა და შენახვა ისე, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს სხვებისთვისაც. ცოდნის საზოგადოება ძალზე ეფექტური ინსტრუმენტია ცოდნის მენეჯმენტისთვის.
სისტემური ცოდნის საზოგადოების მაგალითი

კორპორაციულ დონეზე ცოდნის საზოგადოების გამოყენების კარგი მაგალითია Hewlett Packard-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების რესურსცენტრი (ITRC), რომელიც აერთიანებს ინჟინრებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების მუშაკებსა და მომხმარებლებს. შიდა და გარე კორპორაციული ქსელის გამოყენება ორიენტირებულია კონკრეტულ პროდუქტზე ან საკითხზე. საზოგადოების წევრები სვამენ კითხვებს და უმოკლეს დროში იღებენ პასუხებს. როცა სისტემურ ადმინისტრატორს რაიმე პრობლემა აქვს, წევრებს შეუძლიათ, კითხვა გარე კორპორაციული ქსელის საშუალებით გააგზავნონ და სწრაფად მიიღონ დახმარება. საზოგადოების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, მისი წევრები ერთმანეთს ენდობოდნენ. Hewlett Packard-ი უნდობლობას მომხმარებლის პროფილისა და “ნდობის კრედიტის” შეფასების 10-ბალიანი სისტემით ებრძვის. 

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯგუფებში გაერთიანებული საერთო ინტერესების მქონე ადამიანები უფრო სწრაფად უმკლავდებიან სირთულეებს. ინდივიდებს შორის ინტერაქცია ცოდნის ბაზის შესაქმნელად ძალზე მნიშვნელოვანია. 
ცოდნის საზოგადოების განვითარებას ხელს უშლის ერთი „მაგრამ”.

ცოდნის მენეჯმენტში ყველაზე რთულია, ადამიანი ცოდნის გაზიარების სიკეთეში დაარწმუნო: რატომ უნდა დათმოს ძნელად მოპოვებული ცოდნა, როცა ის მისი პიროვნული უპირატესობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა? ზოგიერთ ორგანიზაციაში გაზიარება ბუნებრივი პროცესია, ზოგან კი კვლავ ბატონობს მოსაზრება “ცოდნა ძალაა”. განვიხილოთ ცოდნის გაზიარების ზოგიერთი ბარიერი და მათი დაძლევის გზები.

რატომ არ სურთ ადამიანებს ცოდნის გაზიარება?

ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ცვეიგი და მისი კოლეგები ცოდნის გაუზიარებლობის მიზეზებს იკვლევდნენ. მათ დაადგინეს, რომ მნიშვნელოვანი ცოდნის მქონე ადამიანები ხშირად ისე იცავენ ცოდნას, თითქოს ის მათი საკუთრება იყოს და უმალავენ სხვებს. ცვეიგმა დაასკვნა, რომ თუ ორგანიზაციას სურს ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა (რაც ნამდვილად ორგანიზაციის ინტერესებშია), მან ხელი უნდა შეუწყოს შესაბამისი სამუშაო კლიმატის შექმნას და ცოდნის გაზიარება და თანამშრომლობა ნორმად აქციოს. 
ცვეიგი ცოდნის დამალვის ოთხ მიზეზს ასახელებს: 

1. მუშაკებს მიაჩიათ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და არ ენდობიან მენეჯმენტს. 
2. მუშაკები უფრთხიან საქმიანობის უარყოფით შეფასებას.
3. დამალვა (არგაზიარებისა და გასაიდუმლოების კულტურა) ორგანიზაციული კულტურის წყლულია.
4. მუშაკებს მიაჩნიათ, რომ სამუშაო ცოდნის ფლობა მათ ძალასა და მნიშვნელოვნებას ანიჭებს, რადგან მათ აქვთ სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც არ გააჩნიათ სხვებს.
აი, ზოგიერთი გავრცელებული მოსაზრებაც:

● “ცოდნა ძალაა” – რამდენად მართებულია ეს გამოთქმა? შესაძლოა, ეს იმ მენეჯერების მოსაზრება იყოს, რომლებიც ადეკვატურად ვერ იყენებენ ადამიანურ რესურსებს ან მოტივაციურ ასპექტებს. დღევანდელ საწარმოში ბევრი რამ დამოკიდებულია გუნდურ მუშაობასა და კოლექტიურ ცოდნაზე, შესაძლოა, მხოლოდ მცირე კომპანიის მფლობელ-მენეჯერს არ სურდეს ვაჭრობის საიდუმლოთა დაკარგვა; შესაძლოა, კონკრეტულ სპეციალისტს, რომელიც მრავალი წელია მუშაობს ორგანიზაციაში, წარმატების მიღწევის საკუთარი, გამორჩეული მეთოდი ჰქონდეს იმპლიციტური ცოდნის საფუძველზე. ცოდნა ძალაა, მაგრამ ეს ცოდნის გაუზიარებლობის მიზეზად არ უნდა იქცეს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს კონკრეტული ცოდნა სხვებისთვის. ინდივიდმა შესაძლოა ერთ სიტუაციაში გამოიყენოს ცოდნა, მაგრამ არ იცოდეს, რომ ის შესაძლოა სხვებსაც გამოადგეთ სხვა დროს და სხვა სიტუაციაში. გარდა ამისა, ერთი საჭიროებისთვის მოპოვებული ცოდნა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს სრულიად განსხვავებულ კონტექსტში ან ინოვაციის სტიმულად იქცეს – მრავალი ინოვაცია ხომ სხვადასხვა დისციპლინასა და ორგანიზაციას შორის ცოდნის კავშირების შედეგია.

● უნდობლობა – ინდივიდის მიერ გაზიარებული ცოდნა სხვამ შესაძლოა კონტექსტის გარეთ, არასწორად გამოიყენოს (თან მისი მფლობელი დაადანაშაულოს!) ან საკუთარ ცოდნად გაასაღოს ისე, რომ წყარო არ მიუთითოს. 
● დროის სიმცირე, ალბათ, მრავალ ორგანიზაციაში ცოდნის გაუზიარებლობის უმთავრესი მიზეზია. არსებობს მწარმოებლობის, ვადის წნეხი და, საზოგადოდ, რაც უფრო მცოდნეა მუშაკი, მით უფრო მეტ ადამიანს სურს მისი ჩართვა ამა თუ იმ სამუშაოში. როგორ გამონახავს ის დროს საკუთარი ცოდნით ცოდნის მონაცემთა ბაზის შესავსებად ან კოლეგებისთვის ცოდნის გასაზიარებლად?

სხვა ბარიერებად ექსპერტები მიიჩნევენ ინდივიდუალიზმს, ცოდნის მოპოვების მწირ ინსტრუმენტებს, არაადეკვატურ ტექნოლოგიებს, შიდა კონკურენციას და გადაწყვეტილების მიღების დაღმავალ სისტემას. საზოგადოდ, სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ბარიერები ადამიანური – სოციალური, ქცევითი და ფსიქოლოგიური – ფაქტორებით მწვავდება. 

როგორ შეიძლება ამგვარი ბარიერების გადალახვა? ამისთვის განვიხილოთ კონკურენტთა თანამშრომლობა (თანამშრომლობისა და კონკურენციის ერთგვარი ნაზავი – კონკურენტების ერთობლივი ქმედება საერთო ინტერესების სფეროებში) და ვალდებულება. 
ორგანიზაციული კულტურის ცვლილება

კულტურის ცვლილება რთული და დროტევადი ამოცანაა. თუმცა კულტურის შეცვლა შესაძლებელია. ორგანიზაციულ კულტურას მრავალნაირად განსაზღვრავენ: “საერთო შეხედულებები, დამოკიდებულება და ღირებულებები” (“პიროვნული განვითარების ინსტიტუტი”), “გონების კოლექტიური პროგრამირება, რაც ერთ ჯგუფს მეორისაგან განასხვავებს” (გირტ ჰოფსტედი), სამუშაო გარემოში დამკვიდრებული რიტუალები, არტიფაქტები და ა.შ. მისი ყველაზე მარტივი განმარტება, ალბათ, ასეთია: “საქმიანობის წესი”. ადამიანთა ქმედების შესაცვლელად საჭიროა იმ დამოკიდებულებებისა და ღირებულებების შეცვლა, რომლებიც ამ ქმედებებს უდევს საფუძვლად.

ქვემოთ მოცემულია ცვლილების დასაგეგმავად და განსახორციელებლად საჭირო რამდენიმე რჩევა: 

● კულტურის აუდიტი – ორგანიზაციაში გამოკითხვის, ინტერვიუსა და გუნდური შეხვედრების ჩატარება. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა არსებულ და სასურველ კულტურას შორის განსხვავების დასადგენად. ასევე სასურველია იმ ქვეკულტურების განსაზღვრაც, რომლებიც საერთო მიზნებს ეწინააღმდეგება. შეგვიძლია თუ არა იმ ღირებულებებისა და ქცევის განსაზღვრა, რომლებიც ეწინააღმდეგება ცოდნის გაზიარებას და რომლის შეცვლაც მიზნად უნდა დავისახოთ?

● არასწორი ქცევის შეცვლა – თუ შევამჩნიეთ, რომ მუშაკები უსარგებლოდ იმარაგებენ ცოდნას, ვცადოთ ბრძოლა ისე, რომ ცოდნის წყურვილი არ დავუკარგოთ.

● ჩართულობა – ცოდნის გაზიარების საუკეთესო კულტურის მქონე ორგანიზაციაში მუშაკებმა (მათ შორის – ახალბედებმაც) იციან, რომ მათ ცოდნას პატივს სცემენ, აფასებენ და იყენებენ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. 

● როლის მოდელის გამოყენება – იმ ადამიანების გამორჩევა, ვისი ქცევაც სამაგალითოა სხვებისთვის. მათი საჯაროდ დაფასება და სხვადასხვა ჯგუფში ჩართვა.

● გუნდის შექმნა/შეხვედრები ორგანიზაციის განვითარების მიზნით – რეგულარულ გუნდურ შეხვედრებზე დრო უნდა დაეთმოს შიდა პროცესების გაგებასა და სრულყოფას; მრავალი შეხვედრა ეძღვნება ამოცანებსა და შედეგებს, თუმცა უყურადღებოდ რჩება წარმატებული შედეგების მიღწევის საშუალებები.

● ხელსაყრელი ქცევის მხარდასაჭერად საჭიროა დაჯილდოებისა და აღიარების სისტემა, რადგან მრავალი სქემა ეფუძნება ინდივიდუალურ ექსპერტიზას და არა გუნდის ეფექტურობას. 

● ადამიანების შეცვლა – სასურველია ფსიქოლოგებისა და ქცევის ექსპერტების დაქირავება, რადგან სწორედ ხარისხიანი ხელმძღვანელობა გახდის შესაძლებელს კულტურის ცვლილებას.

დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კულტურის ცვლილება მჭიდრო კავშირშია სტრუქტურასთან (როლებსა და პასუხისმგებლობებთან). ორგანიზაციის ნებისმიერ დონეზე უნდა იყოს შეთანხმება მიზნებს, სტრუქტურას, პროცესებს, ადამიანებსა და ინფრასტრუქტურას შორის. ცოდნის მენეჯმენტის პროგრამის საფუძველზე კულტურის ცვლილების კარგი მაგალითია კომპანია “სიმენსი”. 
კონკურენტთა თანამშრომლობა

ადამიანები ერთდროულად თანამშრომლობენ და ეჯიბრებიან კიდეც ერთმანეთს. ყველას სურს, რაღაც სხვებზე უკეთ გააკეთოს, ვიღაცას აჯობოს. იმავდროულად, თანამედროვე რთულ სამყაროში მიზნების მისაღწევად ერთმანეთთან თანამშრომლობაც გვჭირდება. თუ ორგანიზაციაში კონკურენცია არ არის ინდივიდებისა და გუნდის დონეზე, თვითკმაყოფილება ისადგურებს. მაგრამ ჯანსაღი კონკურენციისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი ასპექტები:

● პროდუქტის შემუშავების ადრეულ ეტაპზე იოლად არ უნდა მოვიწონოთ მხოლოდ ერთი მიდგომა. უნდა არსებობდეს რამდენიმე “კონკურენტი” პროექტი და ხდებოდეს ცოდნის გაცვლა, გაზიარება, თანაგუნდელების მიერ განხილვა და სხვ. 

● განუწყვეტლივ უნდა ვიზრუნოთ, რომ შიდა პროცესები და ფუნქციები პასუხობდეს სხვა ორგანიზაციებისა და პოტენციური მომწოდებლების მოთხოვნებს. სრულყოფა უნდა წავახალისოთ ერთმანეთისგან სწავლის საშუალებით. 

● დავნერგოთ ისეთი შეჯიბრებები, როგორებიცაა “წლის ცოდნის ჩემპიონი”, “ინოვაციური გუნდი”, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალზე ყველა მუშაკი მოვიწვიოთ.

● შეჯიბრება ორგანიზაციაში სხვა თანამშრომლების ან გუნდების წინააღმდეგ კი არა, გარე კონკურენტების წინააღმდეგ უნდა იყოს.
ვალდებულება

ცოდნის გაზიარების გზაზე ბარიერების დაძლევის ერთ-ერთი გზაა ვალდებულება კულტურის, ცვლილების, გამოწვევის, კონკურენციისა და თანამშრომლობის მიმართ. თუ, როგორც ხდება ხოლმე, დროის სიმცირის გამო ცოდნის გაზიარება ვერ ხერხდება, ბიუჯეტში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული რესურსი – დრო – ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. ცოდნის გაზიარების ვალდებულება ორგანიზაციის საქმიანობის ყოველ დონეზე თვალსაჩინო უნდა იყოს. ეს ვალდებულება ჩანს ორგანიზაციის ლიდერთა სიტყვებსა და საქმიანობაში, ორგანიზაციულ პროცესებში, დაჯილდოების სისტემაში, განვითარების პროგრამებში და ა.შ. დაბოლოს, ცოდნის გაზიარების ვალდებულება უნდა ჩანდეს ორგანიზაციის ფარგლებში ინდივიდების დონეზეც იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მათი ყოველდღიური საქმიანობის ფორმალური ნაწილი არ არის. 
ცოდნის გაზიარების 7 სტიმული

მცოდნე მუშაკებს, ჩვეულებრივ, უყვართ გამოცდილების გაზიარება. ამ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ხშირად, როგორც ჩანს, სამუშაო გარემო უშლის ხელს. ცოდნის გაზიარების ბარიერებისა და ინდივიდუალური მოტივების გაგება სამუშაო გარემოს ცვლილების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. ერთი რამ ცხადია: შესაძლებელია ორგანიზაციული კულტურისა და ინდივიდუალური ქცევის ისე შეცვლა, რომ ცოდნის დამალვის ნაცვლად მისი გაზიარება იქცეს ნორმად. ამისათვის საკმარისია, “სიმენსის” მაგალითი გავიხსენოთ. ლარი სტივენსი ცოდნის გაზიარების ასეთ სტიმულებს გვთავაზობს: 

● სამუშაოზე უნდა ავიყვანოთ ისეთი ხალხი, ვინც სხვებს ცოდნას გაუზიარებს (მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიაში კანდიდატთა რეკრუტირება 5-დღიანი ინტენსიური ინტერაქტიული ინტერვიუებით იწყება);

● ნდობის გაღვივება – მაგ., ეთიკის კოდექსის საშუალებით;

● მოტივაციის ვარირება – მაგ., კომპანია სტიმულებს სამ სხვადასხვა დონეზე იყენებს: ხელმძღვანელების, დეპარტამენტებისა და თანამშრომლებისთვის;

● საჯარო აღიარება – საპატიო დაფა ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით გამორჩეულთათვის;

● საზოგადოებათა შექმნა – მსოფლიო ბანკი იყენებს ელექტრონულ ბიულეტენს რელევანტური საკითხების გასაშუქებლად;

● ლიდერთა განვითარება – ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით გამორჩეული მუშაკების ჯგუფის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას და ტრენინგებს.

 
სქემა. ცოდნის გაზიარების გამარტივებული მოდელი

კითხვის სიყვარულისთვის

0
გასულ წელს ჩვენი ინტერნეტგაზეთისათვის სტატია დავწერე, რომელსაც „წიგნის თასი” ერქვა. სტატია მოზარდების წიგნის  კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა.  სათაური სტატიაში აღწერილი ერთი აქტივობის  მიხედვით იყო შერჩეული. აქტივობის მთავარი არსი ბავშვების რამდენიმეწევრიანი ჯგუფებისათვის (3-5) წიგნების შერჩევასა და შემდეგ ამ წიგნების მიხედვით შედგენილ კითხვებზე პასუხების გაცემაში გამოიხატებოდა, რომელსაც შეჯიბრების ფორმა უნდა ჰქონოდა. ეს აქტივობა პროექტად ვაქციეთ და გასულ წელს ჯერ 3 სკოლის, ხოლო წელს კიდევ უფრო გამრავალფეროვნებული უკვე 5 სკოლის ბაზაზე განვახორციელეთ. პროექტმა ნამდვილად გაამართლა, შარშანდელი მონაწილეები მოუთმენლად ელოდნენ წლევანდელ შეჯიბრებას. დარწმუნებულები ვართ, ახალბედები უკვე ელოდებიან მომდევნო ,,წიგნის თასს”. პროექტის მიმდინარეობისას ბავშვებმა წაიკითხეს მათთვის წინასწარ შერჩეული  წიგნები, დაწერეს ესეები, მოამზადეს პრეზენტაციები, ბოლოს ერთმანეთსაც გაეჯიბრნენ და გამარჯვება-დამარცხების მიუხედავად ყველანი ნასიამოვნები დარჩნენ. ვფიქრობთ, რომ პროექტისგან მიღებულმა გამოცდილებამ სავსებით გაამართლა ჩვენი ერთი ადრინდელი ვარაუდი – რადგანაც წიგნების კითხვა  მოსწავლეებმა მათთვის უფრო მიმზიდველი საქმიანობით ჩაანაცვლეს, თუ მოვახერხებთ კითხვაც მიმზიდველი გავხადოთ, ისინი სიამოვნებით წაიკითხავენ წიგნებს. დამეთანხმებით, რომ ეს იოლი ამოცანა სულაც არ არის, პირიქით, ძალიან რთულია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. როგორც მიხვდით, ამ სტატიის თემაც ისევ ჩვენი ციფრული ეპოქის დიდი პრობლემა – ბავშვების კითხვის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გახლავთ. 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებმა საგრძნობლად შეავიწროვეს უფროსი თაობის ადამიანების ბავშვობის  ერთგული „მეგობარი”.  არადა, დამეთანხმებით,  წიგნები ბავშვების მართლაც საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი   შესანიშნავ კომპანიას უწევენ მოზარდებს. მშობლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, მათ შვილებს თანატოლებისაგან განსხვავებით  არასოდეს ,,მოუვათ” წიგნებთან  კონფლიქტი, რომლებიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან ,,ემეგობრონ” ბავშვებს და ამოგზაურონ  თავიანთ ჯადოსნურ სამყაროში. თუმცა ამის სანაცვლოდ ჩვენ სხვა სურათს ვხედავთ, მოზარდები ისე ატარებენ კვირებს და თვეებს, რომ შესაძლოა ერთხელაც არ გაიხედონ წიგნისაკენ. რა მოვუხერხოთ ამ რეალობას? შევეგუოთ და დაველოდოთ, თავისით როდის დაუბრუნდება წიგნებს პატარა მკითხველები? იქნებ წიგნების მიმართ გაუცხოება არც ისე ცუდია და სანერვიულოდაც არ გვაქვს საქმე? შესაძლოა 21-ე საუკუნის მოქალაქეს სხვა უნარ-ჩვევები უფრო მეტად სჭირდება და ბუნება თავად ზრუნავს, რომ ზედმეტი წიგნიერება მათთვის მოუხერხებელ ბარგად არ იქცეს? ამ კითხვებზე ჩემი პასუხი ასეთია: არ შევეგუოთ, არ დაველოდოთ, ეჭვიც არ შეგვეპაროს,   რომ წიგნიერება არასოდეს გახდება ზედმეტი ბარგი. 

არადა, დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ძალზე რთულია დაარწმუნო  საკუთარ გაჯეტზე მაგიურად მიჯაჭვული მოზარდი, რომ არსებობს  უკეთესი ნივთი, რომელსაც შეუძლია მისი სულ სხვა სამყაროში გადასროლა, მისთვის უამრავი ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული ადამიანის გაცნობა, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის ისეთი განვითარება, რომელსაც ვერცერთი კომპიუტერული თამაში ვერ მოახერხებს. თანაც ეს ყოველივე ისე უნდა მოვახერხოთ, რომ არც ტექნოლოგიების მნიშვნელობის დამცირება-დამცრობა მოვინდომოთ, რაც არამარტო უიმედოდ  განწირული მცდელობა იქნება, არამედ  პრობლემის მიმართ არასწორი მიდგომაც.   როგორც იტყვიან, „კეისარს კეისრისა”. 

სტატიას სხვადასხვა კვლევებით დადასტურებული ფაქტებით განვაგრძობ. ეს უკვე ცნობილი ფაქტებია,  შესაბამისად  სადაოც არ გახლავთ.  ამჯერად მათ  სოლიდური საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ მეცნიერული მეთოდოლოგიით წარმოებული კვლევების ჭრილში განვიხილავთ, სადაც წიგნების კითხვის ყველა სიკეთე ციფრებსა და პროცენტებშია ასახული.  ამ მონაცემებს თქვენის ნებართვით გვერდით გადავდებთ და მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს მოგაწვდით ჩვენეული კომენტარებით იმის საილუსტრაციოდ, თუ რატომ ღირს ,,ბრძოლის” გაგრძელება. დავიწყოთ ჩვენთვის (მასწავლებლებსა  და მშობლებს ვგულისხმობ) ყველაზე მნიშვნელოვანით. კვლევები აჩვენებს, რომ მაღალი კლასის ის მოსწავლეები, რომლებიც კითხულობენ, გაცილებით უკეთეს აკადემიურ  შედეგებს აღწევენ იმათთან შედარებით, რომლებსაც კითხვა არ უყვართ. ამასთან კითხვის მოყვარული ბავშვები ბევრად გონებამახვილები არიან. ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ კითხვის პროცესს შეუძლია მოზარდებისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის სტრესის წარმატებით შემცირება-განეიტრალება.  ეს გასაკვირი სულაც არ არის. კითხვის დროს მოზარდი დროებით სხვა სამყაროში გადადის. „უკან დაბრუნებულს” ან საერთოდ  ავიწყდება თავისი წუხილი, ან ბევრად შეუმსუბუქდება იგი. ცნობილია, არაფერი ისე არ ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, როგორც კითხვა, ხოლო მდიდარი ლექსიკური მარაგი ის რესურსია, რომლის   გამოყენება მთელი ცხოვრების მანძილზე წარმატების გარანტი გახლავთ. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს კითხვის სიყვარული ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ. საბავშვო ლიტერატურის ყველა კარგ ნაწარმოებს თავისი ასაკობრივი ზღვარი აქვს, რომელშიც ის ყველაზე ემოციურ დადებით გავლენას ახდენს  ბავშვის წარმოსახვაზე. ამ ასაკობრივი ეტაპის გასვლის შემდეგ ესა თუ ის კონკრეტული ნაწარმოები თანდათანობით პირვანდელ ეფექტს კარგავს, ხოლო დაგვიანებით მათი წაკითხვა უსარგებლოდ თუ არა, ცოტათი სასაცილო და ექსცენტრიკულ საქციელად მოჩანს. საბავშვო ლიტერატურა (მაგ; ცნობილი ზღაპრები) ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და რესურსია ბავშვებში მორალური ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად. ბავშვები დიდი მონდომებით ცდილობენ  საყვარელი ზღაპრის გმირების საუკეთესო თვისებების თავიანთ ცხოვრებაში დამკვიდრებას. ბავშვებს წიგნების სიყვარული ცხოვრებისათვის მომზადებაშიც დაეხმარება. საბავშვო მოთხრობებში და ზღაპრებში მათთვის გასაგები, მარტივი ენით არის აღწერილი ცხოვრებისეული კონფლიქტები  და ამ პრობლემებისგან თავის დაღწევის გზებიც არის გადმოცემული. ჩვენ, რასაკვირველია, არ ვამტკიცებთ, რომ კითხვის მოყვარული ბავშვები სამომავლოდ ყველა პრობლემას წარმატებით გადაჭრიან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისინი გაცილებით ინფორმირებულები იქნებიან როგორც მოსალოდნელ პრობლემებზე, ასევე მათთან გამკლავების ხერხების თაობაზე. ლიტერატურის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ ერთმანეთის დახმარებას, კარგი და ცუდი საქციელის გარჩევას, სიმართლის თქმის მნიშვნელობას,  ცხოველებისა და ბუნების სიყვარულს და ა.შ.  ეს თვისებები დაეხმარება ბავშვს, გახდეს კარგი ადამიანი ცხოვრებაში. საუკეთესო საბავშვო ლიტერატურა მშვენივრად ახერხებს ერთნაირად დააინტერესოს ბიჭები და გოგონები, მიუხედავად იმისა, თუ  ვინ არის ნაწარმოების მთავარი გმირი. 

     საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხშირად ლიტერატურა ხდება ბავშვებში ცნობისმოყვარეობის აღძვრის და ახალი ცოდნის შეძენის  სტიმულატორი. ეს  მაშინ ხდება, როცა ნაწარმოებში ნახსენებია კონკრეტული ქვეყნები და ადგილები, ცხოველები და ფრინველები, ბავშვებისათვის მანამდე უცნობი ნივთები და ა.შ.  ბავშვები აუცილებლად შეეცდებიან, მათ შესახებ უფრო მეტი გაიგონ, რაც მათ ცოდნას გააფართოებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ინტერესის რომელიმე ობიექტი   მოგონილი და სინამდვილეში არარსებული აღმოჩნდება, მათი მცდელობა უსარგებლო მაინც არ იქნება.
     ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების მიერ დამოუკიდებლად კითხვის საწყისი ეტაპი. მნიშვნელოვანია, რომ მათში გავაღვივოთ წარმატების მიღწევის პერმანენტული განცდა, როცა ისინი ამა თუ იმ მცირე ნაწარმოებს (შესაძლოა, სულაც ერთ გვერდს) წაიკითხავენ. კითხვის არაპოპულარულობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს დამკვიდრებული აზრი, რომ იგი რთული პროცესია. ამ სტერეოტიპის დამსხვრევა  და ბავშვის კითხვის მოყვარულ პიროვნებად ჩამოყალიბება დიდწილად  დაწყებით კლასში, სკოლის მერხთან წყდება. რაც უფრო იოლად შეძლებს მოსწავლე კითხვის სწავლას, მით უფრო კარგი მკითხველი იქნება იგი მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის კითხვა თავიდანვე წარუმატებლობასა და მოსაბეზრებელ, რთულ საქმიანობასთან არ ასოცირდეს.  უმნიშვნელოვანესია, ბავშვებმა გამართული კითხვა ისწავლონ სწავლების პირველსავე წელს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლაში შესვლამდე ყოველგვარი ფორმალური განათლების გარეშე ბავშვები ახერხებენ უამრავი სიტყვის სწავლას, სწორი მეთოდოლოგიის მეშვეობით ზემოთ დასახელებული ამოცანა მათთვის დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს.  

        დაბოლოს, კითხვა შესაძლოა გახდეს სრულიად ახალი კრეატიული იდეების წარმოშობის წყაროც. მაგალითად, დიდია იმის ალბათობა, რომ ყოველი წაკითხული წიგნი მხატვრული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ფანტაზიას განსაკუთრებულ სტიმულს მისცემს ახალი,  უკეთესი ნახატების შესასრულებლად. ამგვარად წიგნების მეშვეობით ნიჭიერი ბავშვები არამარტო შემოქმედებით უნარებს იუმჯობესებენ, არამედ უძლიერდებათ ლტოლვა ხელოვნების ამა თუ იმ დარგის მიმართ.  

თანამედროვე მედია: ბავშვები და ვიდეოთამაშები

0
კომპიუტერული თამაშები შესაძლოა განათლების სისტემის განვითარების ძირითად ფაქტორად იქცეს.
წინამდებარე სტატია და მასში აღწერილი ისტორია საგანგებოდ შევარჩიე – ის ერთი საინტერესო გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს აშშ-დან და ინდოეთიდან. საუბარია ამერიკელი და ინდოელი მკვლევრების მიერ დაარსებულ ბიზნესსა და ციფრულ აპლიკაციაზე, რომელიც სკოლამდელი და წინასასკოლო ასაკის ბავშვების განათლებისთვის გამოიყენება და საინტერესო მიდგომას გვთავაზობს ბავშვების განათლებასა და განვითარებაში კომპიუტერული თამაშების როლის მიმართ.

 


მეცნიერების ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ყველაზე ნიჭიერ, გამოცდილ, ავტორიტეტიან და შრომისმოყვარე მეცნიერს კვლევაში ახალგაზრდა, გამოუცდელი ახალბედები სჯობნიან. ეს არც კანონია და არც კანონზომიერება, ეს ხშირად ადამიანური თვისებებისა და შემთხვევითობის ან გარემოებათა უნიკალური თანხვედრის შედეგია.

XX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელი ქიმიკოსი ლაინუს პოლინგი (Linus Pauling) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი გახლდათ. მის მიერ დადგენილმა ჰემოგლობინის სტრუქტურამ, გამოკვლევებმა C ვიტამინზე და, საზოგადოდ, მისმა წვლილმა არაორგანულ და ორგანულ ქიმიაში, კვანტურ მექანიკასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში ადამიანს სამყაროს მრავალი ახალი სფეროს კვლევის შესაძლებლობა და ახალი, მნიშვნელოვანი ცოდნა მისცა. მისი სახელი შესულია მსოფლიოს 20 უდიდესი მეცნიერის სიაში. და როდესაც პროფესორმა პოლინგმა თავისი გამორჩეული ნიჭი დნმ-ს სტრუქტურის კვლევისკენ მიმართა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ პოლინგმა ეს ვერ შეძლო.

დნმ-ს კვლევასთან დაკავშირებული ისტორია და ამბის პერიპეტიები კი ასე განვითარდა: ორი, შედარებით უცნობი მკვლევარი, ჯეიმს უოტსონი და ფრენსის კრიკი, გახდნენ კაცობრიობისა და მეცნიერების ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევის, დნმ-ს მოლეკულის ორმაგი სპირალის სტრუქტურის აღმომჩენები. ამ ამბავში ყველაზე საინტერესოა გზა, რომელიც მეცნიერებმა გაიარეს აღმოჩენამდე.

მაშინ როდესაც სხვა ბიოლოგები და ქიმიკოსები მთელ დროს ლაბორატორიებში ატარებდნენ, უოტსონი და კრიკი დნმ-ს მოლეკულის შესაძლო მოდელებით თამაშობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ წარმოდგენებს დნმ-ს შესაძლო სტრუქტურასა და ფორმაზე.

რეალობაში კი ეს წარმოსახვითი ბავშვური თამაშები, როგორც ამას აკადემიური წრეები განიხილავდნენ, ყველაზე სწორი გზა აღმოჩნდა შესაძლებლობების წარმოსახვისთვის, იდეაში წარმოდგენისთვის და განსხვავებული და ხშირად უცნაური ემპირიული მინიშნებების სწორად ასარეკლად.

დღეს უფრო და უფრო მეტი მეცნიერი და მკვლევარი თანხმდება იმაზე, რომ თამაშმა შესაძლოა ასეთივე ეფექტი მოახდინოს სწავლისა და ათვისების პროცესზე. ამ მოსაზრებას ამტკიცებს კომპანია „ქიდეფთივი” (Kidaptive), რომელიც პატარებისთვის კომპიუტერულ სათამაშო-სასწავლო აპლიკაციებს ქმნის.

ყველამ იცის, რომ ფორმალური განათლების პროცესი, ანუ სკოლაში სწავლა, რუტინული სამუშაოა – მოსწავლეები მერხებს უსხედან, ისმენენ გაკვეთილს და შემდეგ გამოცდებს აბარებენ, რათა აჩვენონ მასწავლებელს, აითვისეს თუ არა აუცილებელი, გაკვეთილებზე მათთვის გადაცემული მასალა.

როგორც კი მასწავლებელი პროგრამას გადაუხვევს, ბავშვები მყისიერად კითხულობენ: „იქნება ეს ტესტებში?” სწავლა უკვე მიზნის მიღწევის საშუალებას უფრო წარმოადგენს, ვიდრე თვით მიზანს.

ამავე დროს, კვლევებით დასტურდება, რომ ამერიკელი ბავშვების 3/4-ს აქვს ვიდეოთამაშების კონსოლი, ხოლო 40% ამ თამაშებით ყოველდღე ერთობა.

ვიდეოთამაშების უმეტესობა იმდენად რთულია, რომ მოთამაშეებისგან მოითხოვს დიდი მოცულობის ინფორმაციის აღქმასა და მასში გარკვევას. ხშირად ეს შეუძლებელიც კია სხვა მოთამაშეებთან კონსულტაციებისა და მათი დახმარების გარეშე.

ფსიქო- და სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი, არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს პოლ ჯი, მხარს უჭერს სწავლების პროცესის არაფორმალურ გარემოში გადატანას. იგი თამაშებს განიხილავს თანამოაზრეთა მგზნებარე სივრცედ, რომელიც თავისი შინარსითა და ფუნქციით გულშემატკივართა ჯგუფების მსგავსია.

ვიდეოთამაშებში, ტრადიციული თამაშებისგან განსხვავებით, აქცენტი დაისმის არა კონკურენციაზე, არამედ თამაშში დახელოვნებასა და ოსტატობაზე. როგორც ბევრგან უკვე თქმულა, დღევანდელი ციფრული სამყაროს თამაშები შესაძლოა ძალზე ეფექტური აღმოჩნდეს რეალური სამყაროსთვის საჭირო უნარების ასათვისებლად. მაგალითად, აშშ-ის ჯარში ვიდეოთამაშებს ჯარისკაცების სავარჯიშოდ იყენებენ. სხვა თამაშები, რომლებიც გულისხმობს მოცემული დავალებების/მისიების შესრულებას, – ვთქვათ, World of Warcraft, – მოთამაშეებს თანამშრომლობისა და პრობლემების ერთად გადაჭრისკენ უბიძგებს.

ასეთი უნარების (თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება, ფუნქციების განაწილება) სწავლება ძალიან ძნელია სასკოლო გარემოში და იდეალურად ერგება თამაშების გარემოს. შესაბამისად, გამოდის, რომ გართობა ხელს უწყობს განათლებას.

გთავაზობთ ერთი სტუდენტის ისტორიას უახლოესი წარსულიდან, რომელიც თანამედროვე განათლებისა და დღევანდელობის შესაბამისობის შესახებ მოგვითხრობს.

სტენფორდისა და კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტების წარჩინებულ კურსდამთავრებულს პ. ჯ. გუნსაგარს მიაჩნდა, რომ მიღებული განათლება მისთვის გამოუსადეგარი იყო; რომ განათლების სიტემამ (აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში) კარგად ვერ „აუხსნა”,რა სახის ცოდნითა და უნარებით აღჭურვა იგი.

დიპლომებისა და ხარისხების მიღების შემდეგ პ. ჯ. გუნსაგარმა რამდენიმე სამსახური გამოიცვალა საკმაოდ პრესტიჟულ კომპანიებში, თუმცა კვლავ მიიჩნევდა, რომ მისი ცხოვრება და შრომა არ იყო დამაკმაყოფილებელი. მოგვიანებით, „ინტელის” დედაქალაქში, მუმბაიში მუშაობისას, გუნსაგარი შემთხვევით შეხვდა ერთ კომპანიას, რომელიც ანიმაციით იყო დაკავებული და მაშინვე მიხვდა, რა იქნებოდა მისი მომავალი საქმე.

ანიმაციის სამყაროში შესვლიდან ერთ წელიწადში პ. ჯ. გუნსაგარი კომპანია „პრანა სტუდიოსის” თანადამფუძნებელი ხდება. კომპანია მალევე იმკვიდრებს თავს ანიმაციის ბაზარზე – მონაწილეობს მსოფლიო ანიმაციის გიგანტების, „დისნეისა” და „პიქსარის”, ცნობილი საბავშვო ჰიტების – „Tinkerbell“-ისა („წკრიალა”) და „Planes“-ის („თვითმფრინავები”) წარმოებაში. როდესაც გუნსაგარს შვილები შეეძინა, ის დაფიქრდა, რა შეეძლო გაეკეთებინა „პრანა სტუდიოსის” ბავშვებისთვის, გარდა გართობისა და მიხვდა, რომ უნდა ეცადა მათი ანიმაციური ფილმებივით მდიდარი და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მიმართულებისა და დანიშნულების ანიმაციური პროდუქტის შექმნა. თუ გამოუვიდოდა, ეს უდიდეს გავლენას მოახდენდა საბავშვო მედიასა და განათლების თანამედროვე მიმართულებებზე თანამედროვე მედიის საშუალებების გამოყენებით. ამ იდეით პ. ჯ. გუნსაგარი სტენფორდის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე შეხვდა ახალგაზრდა მკვლევარს დილან არენას, რომელიც თამაშების, განათლებისა და შეფასების პრობლემებზე მუშაობდა.

გუნსაგარმა და არენამ კარგად გაუგეს ერთმანეთს და გადაწყდა ახალი ტიპის თამაშების კომპანიის დაარსება, რომლის თამაშები არა მარტო სახალისო გამოცდილებად გადააქცევდა განათლების პროცესს, არამედ თავად ამ პროცესის წარმართვაში დაეხმარებოდა მასწავლებლებსა და მშობლებს. ასე დაიბადა კომპანია „ქიდეფთივი” (Kidaptive, ვებგვერდი: https://kidaptive.com/) – სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული სასწავლო პლატფორმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.

„ქიდეფთივის” სასწავლო-სათამაშო პლატფორმა „მოსწავლის მოზაიკა” (Learner’s Mosaic) იმითაა საინტერესო, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია სკოლამდელი ასაკის თითოეული ბავშვის განვითარების თავისებურებათა დადგენა შემდეგი მიმართულებებით: ცოდნა (სხვადასხვა მიმართულებისა), შემოქმედებითი უნარები, ფიზიკური უნარები, ხასიათის ნიშნები, აზროვნების უნარები და სოციალურ-ემოციური უნარები.

„მოსწავლის მოზაიკა”, გუნსაგარის საუნივერსიტეტო ცოდნისა და ანიმაციური გამოცდილების წყალობით, ფორმითა და ვიზუალიზაციით უფრო „დისნეისა” და „პიქსარის” სტუდიების მულტფილმებს ჰგავს, ვიდრე სმარტფონის სათამაშო აპლიკაციას. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი „ლეოს წიგნაკი” (Leo’s Pad) ძალიან ლამაზი, ფერადი და მრავალფეროვანი ანიმაციური ფილმი-თამაშია, რომელშიც მთავარ გმირს ლეოს (ბიჭუნა) და მის შინაურ ცხოველს, მინიატურულ დრაკონ სინდერს, უამრავი თავგადასავალი გადახდებათ მეგობრებთან ერთად. ისინი ერთად წყვეტენ პრობლემებს, ამოცანებს და ასე გადიან თავიანთ გზას. ვიდეოდემონსტრაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: 

ამ ლამაზი ანიმაციური სამყაროს მიღმა ძლიერი ანალიტიკური პლატფორმა დგას – როდესაც ბავშვი ლეოსა და სიდერის დახმარებისას დამოუკიდებლად არჩევს ისტორიის განვითარების გეზს ან სთავაზობს გმირებს ამოცანების გადაჭრის სხვადასხვა გზას, პლატფორმა აანალიზებს მის უნარებს ექვსი ზემოხსენებული კატეგორიის მიხედვით.

ტრადიციულად, ბავშვებს დაახლოებით ასე ვაფასებთ: „ვანოს უჭირს მათემატიკა, მაგრამ უყვარს სოციალური მეცნიერებები”. სიმართლე კი ისაა, რომ ვანო შესაძლოა ძნელად აღიქვამდეს აბსტრაქტულ სიმბოლოებს, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობდეს მათემატიკურ ლოგიკას (რითაც ალბათ აიხსნება ვანოს ინტერესი სოციალური მეცნიერებებისადმი).

როგორც ჩანს, სათამაშო პლატფორმა „მოსწავლის მოზაიკა” სწორედ ასეთი პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა. „ქიდაპტივის” თამაშები „მოსწავლის მოზაიკას” ბავშვის გამოცდილების წარმართვისთვის გამოიყენებს თამაშის მიმდინარეობისას. მაგალითად, „ლეოს წიგნაკის” პირველ თავში ბავშვი ლეოს დრაკონ სიდერის პოვნაში უნდა დაეხმაროს. სიდერი კი თამაშში სხვადასხვა ფერის, ფორმისა და საგნის უკან იმალება.

ბავშვი თამაშის დროს დასმულ ამოცანებს ხსნის, სისტემა კი პარალელურად აფასებს მის უნარებს და თამაშიც (ამოცანები, თავსატეხები თუ კითხვები) შესაბამისად გადახალისდება და ახლებურად ვითარდება. კომპანიას ამისთვის მეცნიერების დოქტორთა მთელი გუნდი ჰყავს, რომელიც განუწყვეტლივ აანალიზებს მონაცემებს საგანმანათლებლო გამოცდილების დასახვეწად. ბავშვების მოქმედებების შეფასებასთან ერთად ხდება მონაცემების კომბინირება, რათა გაირკვეს, როგორ შევუსაბამოთ ამოცანები უნარებს, როგორი თანმიმდევრობით დალაგდეს პრობლემები და როგორ განვითარდეს სისტემა სამომავლოდ.

ირონიულია, მაგრამ, მიუხედავად თამასიშადმი აშკარა ვნებისა და საბოლოო პროდუქციის ხარისხში დაბანდებული ინვესტიციებისა, ეს მხოლოდ საქმის ან წარმოების კულისებია – ნაწილი, რომელსაც ბავშვები ვერ ხედავენ და რომელიც ბაზარზე გასვლისას შესაძლოა კომპანიის წარმატების მთავარ ფაქტორად იქცეს.

სასწავლო ეკოსისტემა, რომელიც ბატონი გუნსაგარისათვის ანიმაციასთან შემთხვევითი შეხებით დაიწყო, გადაიქცა მისიად, რომლის მიზანია, შეცვალოს სწავლის პროცესი ბავშვებისთვის და ხელი შეუწყოს მათი უნარებისა თუ სისუსტეების სწორ შეფასებას, რომელიც ხშირად, უბრალოდ, არ არსებობს.

გუნსაგარს სჯერა, რომ „მოსწავლის მოზაიკას” შეუძლია გადოს მტკიცე ხიდი არაფორმალურ და ფორმალურ სწავლებას შორის. „ქიდაპტივმა” ცოტა ხნის წინ გამოუშვა „მოსწავლის მოზაიკის” სპეციალური აპლიკაცია მშობლებისთვის, რომელიც მათ თამაშთან ერთად სთავაზობს სასარგებლო აქტივობებსაც სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში შვილების მხარდასაჭერად.

კომპანიამ ასევე შექმნა პროგრამული კომპლექტი სხვა პროგრამისტებისთვის, რომელთაც შეეძლებათ, „ქიდაპტივის” პროგრამის დახმარებით თავად დაიწყონ მძლავრი სასწავლო ეკოსისტემის ინტეგრირება და განვითარება. რამდენიმე მათგანი უკვე სატესტო რეჟიმშია.

არენა და გუნსაგარი ვარაუდობენ, რომ მათი ანალიტიკური პლატფორმა საბოლოოდ საკლასო ოთახამდეც მიაღწევს, ეს კი მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, ასწავლონ და შეაფასონ ბავშვები სხვადასხვა საგანმანათლებლო მეთოდით და არა მხოლოდ იმ გამოცდილებით, რომელიც გაკვეთილზე ან საშინაო დავალების შესრულება-წარდგენისას წარმოიშობა.

„ლეოს წიგნაკმა” უკვე მიიზიდა მილიონზე მეტი მომხმარებელი და კომპანიის დამფუძნებლებს იმედი აქვთ, რომ 2016 წლის ბოლოს მოგებასაც მიიღებენ.


ნახევარი საუკუნის წინ უოტსონმა და კრიკმა დაამტკიცეს, რომ ფორმალური აზროვნება ყოველთვის არ არის მეცნიერული აღმოჩენებისკენ მიმავალი საუკეთესო გზა. ალბათ საჭიროა, ჩვენც გავიზიაროთ მათი მიდგომა და ჯერ გავიაზროთ, მერე კი აღმოვაჩინოთ ჩვენი შვილების ფარული პოტენციალი.

წყარო: https://www.creativitypost.com/education/why_games_might_be_the_next_big_thing_in_education

ათას წვრილმანზე…

0
ეკრანზე  911 აინთო, ეს ნიშნავს, რომ ჩემი რიგია. სადაზღვევო კომპანიაში ვარ, სამოგზაურო დაზღვევას ვაფორმებ. 911-ე კი ვარ, მაგრამ მოცდა სულ ათიოდე წუთი მიწევს. შემდეგ, რაღაც მიხვეულ-მოხვეულ დერეფანს გავივლი და სადაზღვევო აგენტის წინ აღმოვჩნდები. ოდესაში მივდივარ ვორკშოპზე, თემა კვლავ ბუნებრივი გამწმენდი სისტემებია. ეს ვორკშოპი უკვე ორჯერ გადაიდო და ორივეჯერ ტყუილად. ოდესაში სიმშვიდეა. 

– როდემდე გსურთ დაზღვევა?

– 20-ის ჩათვლით… თუმცა, არა, მოდი  23-ის ჩათვლით იყოს, თუ სიტუაცია აირევა და ჩავრჩები,  ერთი-ორი დღეც მექნება.

სადაზღვევო აგენტი სათვალეს იხსნის და ისე მიყურებს. ეტყობა, პირველად ხედავს მგზავრს, რომელიც შესაძლო მომავალ არეულობაში მოხვედრაზე აბსოლუტურად გულგრილად საუბრობს. 

თვითმფრინავის სალონში გვერდით ვიღაც ბატონი ჯდება და მაშინვე ეტყობა, რომ ზედმეტ კილოგრამებს გვარიანად შეუწუხებიათ. ვერაფრით ეწყობა, უსაფრთხოების ქამარი უჭერს და მის გაფართოებას დიდი სიბეჯითით ცდილობს.  იმის გამო, რომ ფრენა სულ ორსაათ-ნახევარია და ავიაკომპანიას ჩვენი კვების ვალდებულება აქვს აღებული, როგორც კი შესაბამის სიმაღლეზე ავდივართ, მაშინვე გამასპინძლების  თადარიგს იჭერენ. 

– რას დალევთ? – ბორტგამცილებელი გოგონას შეკითხვაზე, ჩემს გვერდით მჯდომი ბატონი დაუფიქრებლად პასუხობს – ვაშლის  წვენსო. აბა, გაზიან სასმელს ხომ არ დავლევო, ჩუმად ქირქილებს.

– თქვენ რას ინებებთ? ახლა უკვე მე მეკითხებიან.

– წყალს.

– წვენი აიღეთ, მირჩევს მეზობელი, ყუათს მოგცემთ. მეც ვუღიმი, ოღონდ წყალს ვირჩევ, წვენი მალევე მომაშივებს.
 მაშ ასე, საშუალო ასაკის კაცმა, რომელიც ზომიერად ფერ-ხორციანი გახლდათ და ეტყობოდა არც სპორტულ დარბაზებში სიარულით იწუხებდა თავს, საუზმეზე მისაყოლებლად ვაშლის წვენი აირჩია და არა გაზიანი სასმელი. თუმცა შეეძლო დასალევად წყალი აეღო და ვაშლი ბუნებრივი სახით მიეყოლებინა. 

თვითმფრინავში ვაშლის წვენი ჰქონდათ, თორემ, რასაც ქვემოთ დავწერ, ნებისმიერი ხილის წვენზე შეიძლება გავრცელდეს. თითქმის ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ ახალ გამოწურული ხილის წვენი სასარგებლოა, მრავალ ვიტამინს შეიცავს (და ეს სრული სიმართლეა) და ხშირად მას წყლის ნაცვლადაც კი მიირთმევენ.  გაზიანი  სასმელები  კი სასარგებლო არ არის (და ესეც სრული სიმართლეა). 

სხვათა შორის, პირველი გაზიანი სასმელი პრისტლიმ გამოიგონა. ჯერ იყო და გაზებით დაინტერესდა და ჟანგბადი აღმოაჩინა, შემდეგ ადგა და ნახშირორჟანგის შეგროვება ვერცხლის წყლით სავსე ჭურჭლის თავზე დაიწყო, ასე ნაკლები დანაკარგი იქნებაო. შემდეგ კიდევ, ეს მოგროვებული ნახშირორჟანგი სასმელში გაატარა და მას შემდეგ ხალხი ფერად ლიმონათებს სვამს და სვამს… თუმცა…

თუმცა, მოდით ვცადოთ და ეს ორი სასმელი (ხილის წვენი და გაზიანი) ერთმანეთს შევადაროთ. ორ ჭიქაში ავიღოთ 250 მლ ოდენობით წვენი და გაზიანი სასმელი, 126 კკალორია  წვენშია, გაზიანში კიდევ  140 კკალორიაა.  დამეთანხმეთ, 14 კკალორია დიდი  არაფერი სხვაობაა. სიტყვამ მოიტანა და ეს ავად სახსენებელი კალორიები რის ხარჯზე წარმოქმნება? ნახშირწყლების ხარჯზე. ამ სასმელებში მარტივი შაქარი გლუკოზაა.   გლუკოზა გრამებით რომ გადავთვალოთ, რამდენი იქნება ერთ ჭიქა (250მლ) ახლადგამოწურულ წვენში? 47 გრამი, ანუ დაახლოებით 5 ჩაის კოვზი. გაზიანი სასმელის იმავე რაოდენობაში კი 47, 4 გრამია. ჰმ, არც ამ მხრივ არის დიდი სხვაობა.

ახლა, უმრავლესობისთვის ნაცნობი სახალისო ექსპერიმენტი „სპილოს კბილის პასტა” წარმოიდგინეთ. ხომ გახსოვთ? მრავალი თქვენგანი ამ ცდას ხშირად აკეთებს, იოლი და სახალისოა.  წყალბადის პეროქსიდს ვამატებთ კალიუმის იოდიდის ხსნარს, რომელიც ამ შემთხვევაში პეროქსიდის დაშლის კატალიზატორს წარმოადგენს. კოლბიდან, სადაც პეროქსიდი ასხია, უზარმაზარი ქაფი ამოვარდება. 

სწორედ ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სისხლში გლუკოზის ამოფრქვევა ერთი ჭიქა წვენის დალევის შემდეგ. ანუ, სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მოიმატებს. მოიმატებს ინსულინის რაოდენობაც, რომელმაც გლუკოზის უტილიზაცია  უნდა მოახდინოს.  თუმცა, ცოტა ხანში კვლავ მოგშივდებათ და იძულებული იქნებით კვლავ რაიმე მიირთვათ… ან ისევ წვენი ან… ნოყიერი საჭმელი და შედეგი წონის მატება იქნება.

ასე რომ,  ფრენის განმავლობაში ჩემს მეზობელ ბატონს ჩემსავით  უბრალო წყალი უნდა აერჩია, ან მწვანე ჩაი (უშაქრო), ან ბოლოს და ბოლოს ვაშლის წვენი ვაშლით ჩაენაცვლებინა. თუ მკითხავთ რატომო, პასუხი მარტივია. ვაშლის ჭამისას მივირთმევთ იმ უჯრედისს, რომელიც წვენის გამოწურვის დროს უბრალოდ გადავაგდეთ. უჯრედისი გლუკოზის მყისიერ შეწოვას ხელს შეუშლის. შესაბამისად, სისხლში არ იქნება გლუკოზის ის „შადრევანი”, რაც წეღან ქიმიური ექსპერიმენტის მეშვეობით შევეცადე მეჩვენებინა. ასე რომ,  მალეც აღარ მოგშივდებათ.  წვენზე თუ უარს ვერ ამბობთ, მაშინ უბრალოდ ახლადგამოწურული წვენი წყლით განაზავეთ. ასე, ვიტამინებსაც შეუნარჩუნებთ და შაქრიანობის და კალორიულობის დონეს დაბლა დასწევთ.

ოდესაში სიმშვიდეა. ქალაქი ჩვეულებრივ ცხოვრობს. ოპერის თეატრში, რომელიც არქიტექტურის და აკუსტიკის მიხედვით მსოფლიო თეატრების ხუთეულში შედის „ტრავიატა” გადის. ამ თეატრში უკვე მეორედ ვარ, ადრე ბავშვობაში ვიყავი, მაშინ „ლაკმე” გადიოდა. ოდესელები ხუმრობენ, ოდესაში არ ხარ ნამყოფი, თუ ოპერაში არ ყოფილხარო.  ოპერაში კიდევ ნამყოფი არ ხარ, თუ დარბაზის მოხატული ჭერი და ჭაღი კარგად არ დაგითვალიერებიაო (შესვენებების დროს, ბუნებრივია). თურქი კოლეგები ოპერაში პირველად არიან. შთაბეჭდილებებით ადუღებულები ხელებს არ ინანებენ, რომ ტაში რაც შეიძლება ხმამაღლა დასცხონ და სოლისტებს აღტაცება აჩვენონ. იეტერს ცრემლებიც კი აქვს მომდგარი. ეს ჩვენებური „ეთერის”  თურქული ვარიანტი არ გეგონოთ. ეს „იეტერია” და ნიშნავს „კმარას”. სწორედ, ასე უბრძანებია მის ბაბუას, როცა ოჯახში მერვე ნომრად კვლავ გოგო დაბადებულა და ასეც დაურქმევიათ -„იეტერ”, ანუ საკმარისიაო ამდენი გოგო. თუმცა, ცხოვრებაში ოცნებები ზოგჯერ ახდება ხოლმე და ნომერი ცხრა  უკვე ვაჟი ყოლიათ. სახელის კითხვა დამავიწყდა, ალბათ „დიდხანს გელოდით” თუ დაარქმევდნენ.

სპექტაკლის შემდეგ კაფეში შევდივართ. თერთმეტია დაწყებული. არადა, რამეს კი შეჭამდა კაცი.  ღამე ჭამაზე ზოგჯერ სული ყველას წაგვძლევს ხოლმე. 

ჩვეულებრივი ფიზიოლოგიაა, სისხლში ინსულინი გლუკოზას აითვისებს და როგორც კი სისხლში შაქრის კონცენტრაცია  მცირდება, ტვინი ახალ დოზას თხოულობს, ჩვენ კიდევ გვშია. აქ საუკეთესო გამოსავალი წყლის დალევაა. კუჭი ივსება და ტყუვდება. ან ჩაიც შეგიძლიათ დალიოთ.

ჰოდა, კაფეში შესვლისას  მე მწვანე ჩაი მინდა, იეტერს ზედმეტი კალორიების ეშინია, ჩაიზე ყოყმანობს. არადა, შია  და მოწყენილი მეკითხება, იქნებ რაიმე  გაზიანი ტკბილი სასმელი დავლიოო?… საბოლოოდ, ყველანი ჩაიზე ვთანხმდებით, თან ვსაუბრობთ. როგორც ქიმიკოსს, შეკითხვას მისვამენ, თუ ჩაის დიდხანს დავაყოვნებთ, შეიმღვრევა და რატომო. მეცინება, თუ ჩაის დააყენებ, დალიე ბარემ, რაღა ამღვრევას უცდი, მაგრამ კითხვა მიღებულია და უნდა უპასუხო. 

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩაი ფაქტობრივად ერთი დიდი ქიმიური საწყობია. მის შემადგენლობაშია ცილები, ამინმჟავები, ეთერზეთები, ვიტამინები (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით PP ვიტამინია). თუმცა, ჩაის ფოთლის სული და გული ტანინია. სწორედ ეს ნივთიერება აძლევს მას განსაკუთრებულ, დამახასიათებელ გემოს. ტანინები ფენოლის ჯგუფს მიეკუთვნებიან და დიდი რაოდენობით OH ჯგუფებს შეიცავენ. ტანინები ჩაის გარდა, მუხის, აკაციის, ბროწეულის, ხურმის ქერქში, ფოთოლსა და ნაყოფში  გვხვდება. ხომ გაგისინჯავთ დასამწიფებელი ხურმა. პირი ისე გვემწკლარტება, თითქოს ანესთეზია გაგვიკეთესო. ჰოდა, სწორედ ანესთეზიას გვიკეთებენ ტანინები. სწორედ ისინი ადედებენ ჩვენს ნერწყვში არსებულ ცილას, რომელიც წარმოქმნის აპკს და ნერვულ დაბოლოებებს ზედ ეფინება, რომ გაღიზიანებისგან დაიცვას.  შედეგად, მგრძნობელობის ხანმოკლე დაკარგვაა, რომელიც აპკის დაშლისთანავე აღდგება.  ჰოდა, სწორედ ტანინების გამო შეიმღვრევა ჩაი, თუ დიდხანს დავაყოვნებთ. მაღალ ტემპერატურაზე ტანინები წყალში კარგად იხსნებიან. როცა წყალი ცივდება, ისინი გამოილექებიან. ასეთ ჩაის თუ წყლიან აბაზანაზე  გავაცხელებთ, სითხე კვლავ გამჭირვალე ფერის გახდება, რადგან ტანინები ისევ გაიხსნებიან. სწორედ ტანინების გამო, ჩაის დაყენება მეტალურ ჭურჭელში არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება რკინის მაღალი შემცველობის მქონე წყლის გამოყენება ჩაის დასაყენებლად. როდესაც მეტალურ ჭურჭელს ვახსენებ, სწორედ რკინის შემცველს ვგულისხმობ, თორემ ალუმინის ნაკეთობაში ლაშქრობისას, დააყენეთ შიგ ჩაი რამდენიც გენებოთ. ალბათ, იკითხავთ, რას გადაეკიდა ამ რკინასო. 

სინჯარაში ჩაასხით ჩაის ნაყენი და დაამატეთ რკინის (III) ქლორიდის ხსნარი.  ხსნარი მომენტალურად შეიცვლის ფერს და შავში გადავა. ესეც ფაქტი, რომ ჩაის გაკარება რკინასთან არ შეიძლება.  ამ რეაქციის წყალობით  ძველად, ჩაის როგორ უხილავ მელანს იყენებდნენ. ანუ, ჩაის მეშვეობით საიდუმლო წერილს დაწერდნენ და რკინის რომელიმე მარილის ხსნარით გაამჟღავნებდნენ.

ოპერის თეატრი ჩვენი სასტუმროს გვერდითაა. კაფე ოპერის გვერდით. გამოდის, რომ ერთი ჩარბენა გვინდა სახლამდე.  სახლში  წყალს გავიყოლებ. რა ვიცი, ღამე რომ მომშივდეს?…

ვერეს თაობის ზარი

0

წესით, ალბათ პირიქით ასოციაციას უნდა იწვევდეს, მაგრამ ჩემთვის არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე სტიქიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა, მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი.  ეგრე ხდება, როცა ვინმე გიკვდება. ან ძალიან ავად ხარ დამერე შეაღევ ფანაჯარას. 13 ივნისის მერეც ასე იყო.

  მაგრამ  ცუდი რომ მოხდება, თუნდაც ძალიან ცუდი: მერე რაღაც კარგის ძებნა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ჰოდა, კარგი ის იყო, რომ ამდენი სოლიდალური ადამიანი აღმოჩნდა, ისიც, რომ აღმოვაჩინეთ: თურმე საკუთარი საქმისთვის და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი არსებობს, რომელიც მზადაა შეეწიროს საკუთარ სამსახურს. ქალბატონი გულიკო პირველად ჩემმა მეგობარმა ხატია ბასილაშვილმა გამაცნო. დღეს არც შუმბაა, არც გულიკო და ათობით ადამიანი. და ცხოველები. ასეთი ადამიანები ახლაც მუშაობენ, სხვადასხვაგან. შეიძლება სრულიად შეუმჩნევლადაც. ეს ნიშნავს რომ ქვეყანა მთლად წყალწაღებული არაა. ეს მითებიდან ნაწყვეტი არაა, აგერ გუშინ მოხდა.  ახლა, მთავარი ისაა, ეს აღმოჩენები შევინარნუჩოთ და ცოტა სხვანაირად შევხედოთ ცხოვრებას.

    მორალისტობა ყველაზე ცუდად გამომდის და ისიც შესანიშნავად ვიცი, რომ ადამიანი, სამწუხაროდ ყველაფრის მკადრებელია სიტუაციის შესაბამისად, მაგრამ ამასწინ თავი ვერ შევიკავე და დავწერე: დღეს მოხალისე სტუდენტებს ცოტათი ვეხმარებოდი, პუნქტებზე გადამყავდა. რომ მოსაღამოვდა, მანქანა ბიბლიოთეკასთან გავაჩერე და სახლში ტაქსით წამოსვლა დავაპირე. ზოგადად, ამ პროფესიის ადამიანებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ დღეს რაც ხდებოდა, საზღვარს იქითაა – 5 ლარის გზაში 20-25 ლარს ითხოვდნენ, არგუმენტით – ,,რა ვქნა ჯიგარო, ხო ხედავ ქალაქში რა ხდება, პრობკებია, ნელა დავდივარ, მაგრა მიწვავს და ორი ქუჩით იქით უნდა შემოვუარო”. ერთი და ორი კი არა, ვინც გავაჩერე, ყველა. მეგობრებმაც იგივე მითხრეს. არ შეიძლება ასე. ძალიან არ ვარგა. მერე გავიგე, რომ არაერთი ტაქსის მძღოლი უფასოდ ემსახურობოდა მგზავრებს და დავმშვიდდი.

   იყო ნიჰილზმი და ტინგიციც კი. ეს ,,უი, ნიანგი სადარბაზოსთან” და ,,უი, დათვი კიბეზე” და ,,გულების” და ხარხარის სმაილების წერა. მაშინაც გავცხარდი და ვთქვი: ,,თუ ცხოველები არ გეცოდებათ, ზოოპარკის თანამშრომლების მდგომაროება მაინც გაითვალისწინეთ. სრულიად არაშესაბამისი შედარებაა, მაგრამ ბიბლიოთეკის წიგნები რომ იყოს წყალში და ხალხი ღადაობდეს, ამაზე რას ვიზამდი ის არ ვიცი და თქვენ კიდევ, ერთმანეთს ნიშნავთ წარწერით,,ის პონი თუ იქნება, ხო იცი მე უნდა მომიყვანო” და სხვა უმსგავსობებს წერთ. არაფერს ვამბობ ადამიანების ტრაგედიაზე’’ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ ასეთი ხალიხ უკიდურეს უმცირესობაში მოექცა და დავმშვიდდი.

  ახალს ვერაფერს ვიტყვი. ტოტალური ტრაგედია, რომელიც ყოველგვარი გამოვლინება შეეწირა: ადამიანი, ცხოველი, ბუნება, ინფრასტრუქტურა. ტრაგედია, რომელსაც ვერც ის ცისარტყელა უშველის და გადაწონის – სხვა, ახალი თაობა რომ ქვია. მაგრამ უნდა ვაღიარო: მე და ჩემ მეგობრებს რაღაც სხვა ინერცია გვაფერხებდა. სხვანაირები ვიყავით. იმას, რასაც დღეს, გუშინ და გუშინწინ ჩემი სტუდენტები აკეთებდნენ, ჩვენ არ შეგვეძლო. სულ ამ საზიზღარი ფრაზის: ,,რა თაობა მოდის” წინააღმდეგი ვიყავი და უბედური კონტექსტიდან, კარგი რამე თუ გამოდნება: ერთი, ეს მოიშლება იმედია. ამ თაობის პირველი ზარი ამას მოასწავებს.

აქ შეიძლება ღმერთს შეხვდე _ ეთერ თათარაიძის კავკასიური რვეულები

0

მათ შორის, ვისაც შეუძლია გალაკტიონივით მოუსმინოს ყაზბეგს, როგორც „ხევის ბეთჰოვენს”_ არამიწიერ ღვთაებრივ ჰანგებთან დააკავშიროს დარიალის ხეობის მჩქეფარე, დაუდგრომელი მდინარეები, დევებივით აღმართული მთები და სიკვდილის შიშის დამმარცხებელი ადამიანები, რომლებიც კავკასიონის სივრცეებს ისუნთქავენ და ბედს დაუმორჩილებლად ეჭიდებიან, ჩვენი დროის პოეტი ეთერ თათარაიძეა:

„გან ტყუილადა გქვიან/ დარიალის ხეობაი
სადარივლო არეო,/ მტრისად კარის ჩამკეტო,
მოყვრისად ყუნწამდ მდეო,/გახსნილ არე-კარეო.
უფლიზდ მშვედ სამყოფლოო,/ მყინვარო ქათქათაო,

საუკუნედ მდგარეო”.

ეთერ თათარაიძის ამ პატარა ლექსის დაუსაზღვრავ პოეტურ დროსივრცეში მკითხველმა შეიძლება დაინახოს მარადისობასთან წილნაყარი „სადარივლო არის” ამამაღლებელ-განმწმენდი მშვენიერება. ლექსის ყოველი სტრიქონი ქართველისთვის იოლად გასაშიფრი კოდია. ისტორიის ფურცლები სავსეა დარიალის კარის გაღება-ჩაკეტვასთან დაკავშირებული ტრაგიკული სურათებით. „როცა საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების საკითხი იხილებოდა, დავით ჩერქეზიშვილს უკითხავს მეფისათვის – „ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისსა?” – გიორგის უპასუხია – „დახშვა კარისა ამის იქნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა; ამისათვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქნება თვით მცველად კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ” (აკაკი ბაქრაძე, „მეცხრამეტე საუკუნე”).

ალექსანდრე ყაზბეგი „ელგუჯასა” და სხვა მოთხრობებში შთამბეჭდავად აღწერს, როგორ ეწინააღმდეგებიან დარიალის ხეობაში რუსთა ჯარის შემოსვლას მოხევენი, მთიულები და ფშავ-ხევსურები. ამ ხეობის ყოველი გოჯი მათი თავგანწირული ბრძოლის დამმოწმებელი სისხლით არის გაჟღენთილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ „დახშვეს” კარი ქართველებმა, რადგან დაკარგული ჰქონდათ მთავარი_ ერის ერთიანობის განცდა.

ყაზბეგის სანახების მშვენება _ მყინვარწვერი, „მაღალ ზრახვათა მეფე” (გალაკტიონი), უპირველესად, უფლის სამყოფია. ქართველის ცნობიერებაში, ერთი მხრივ, ლეგენდების, მითების, ზღაპრების გზით, მეორე მხრივ, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებით შემოჭრილი და შთაგონებული. „ქართველთა ჰომეროსი”, როგორც გრიგოლ ორბელიანმა შეაფასა ყაზბეგი, ქართულ ლიტერატურაში ამკვიდრებდა მითებისა და ლეგენდების ტრადიციას, რომ გმირი ღმერთს უტოლდებოდა და თვითონვე ქმნიდა საკუთარ თავსა და ბედთან შეჭიდებულ დაუმორჩილებელ, ტიტანური სულისკვეთების ადამიანებს. მის მოთხრობებში ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები….. ერთმანეთს ჰგვანან სტუმართმოყვარეობით, ერთგულებით, გამტანობით, დიდი სიყვარულით, ვაჟკაცობით, ისინი ყველანი მთის შვილები არიან და ღვთის წინაშე თანასწორნი.

კავკასიის ხალხთა ერთიანობის სულისკვეთება სისხლში აქვს ეთერ თათარაიძეს, ამიტომაც ქმნის ისეთი ენერგიით დამუხტულ ციკლებს, როგორებიცაა: დაღესტნური, ჩეჩნურ-ინგუშური რვეულები. ასე ეხმიანება ის ყაზბეგის შემოქმედებას.

მისი „დარიალის ხეობის” ციკლის ლექსებში თუშური კილოს განუმეორებელი ფერადოვნებით, ხმოვანებითა და სურნელით იხატება შთამბეჭდავი სანახები. ამ არემარეში ჯერ კიდევ შეიგრძნობა კავშირი უზენაესთან, არ გაუდაბურებულა იმ ადგილებივით, სადაც ცივილიზაციამ ტექნიკის ახალი კერპები შეუქმნა ადამიანებს სათაყვანებლად.

ამ ლექსებით პოეტი თანამედროვე მკითხველს, დროის უკმარისობით შეჭირვებულს, თითქოს ახალ პოეტურ დროს აღმოუჩენს. ამ ლექსებში ისევ ხელუხლებელია ცა და მიწა, აქ ისევ შეიძლება შეხვდე ყაზბეგის გმირებს და მათთან ერთად დატკბე სიცოცხლით.

„შევახვეწებ სამებას/ აიმ სამზეოს შველას,

ქუდბედიან ღამეებს,/ ანაჟრიალ თევას”.

ისეთი გადამდებია ამგვარად ლოცვის წყურვილი, რომ მკითხველი უნებურად ექცევა უეცრად შემოჭრილი უცხო და თან ნაცნობი სიტყვების ტყვეობაში და პოეტთან ერთად მონაწილეობს მისტერიაში, რომელიც ადამიანს ღვთაებრივ სამყაროსთან აკავშირებს, უხილავი მთელის ნაწილად შეაგრძნობინებს თავს.

ამ ლექსების კითხვისას მკითხველის თვალწინ გადაიშლება ფერადოვანი ნახატი, მზითა და ჰაერით გაჯერებული, თვალს, გულსა და სულს რომ ელამუნება :

„აბოლებულ ნისლები,/ ანაცრიატ დილაი,
ანაცხროალ ფოთლები,/ ჰაერ გაცრილ, მინაი.
თერგ თავქვისაკ მიმჩქეფარ,/ მოხმაღლოდ მკივან,
კლდეებ ნალეს-ნასიპებ/ მოსალტულიდ კინაი…

აცრიატულ დილაი,/ჰაერ გაცრილ, მინაი”.

ამ ლექსებში ტრადიციული ტროპის ყველა სახეს შეხვდებით, უცხო ელფერითა და სურნელით, მთის ჯანსაღი და გამჭვირვალე ჰაერით გაჟღენთილს. აქ ყოველი სიტყვა მეტაფორაა, სიმბოლოა, თავისი უცხო ხმოვანებით რომ მიგანიშნებს რაღაც უფრო დიდ საიდუმლოზე. ამ პოეზიაში ყოველივე ცინცხალი და ხასხასაა:

„მყინვარმ ჯერ ბაგე იმზევმ/ უცბად შავ ჯანღ მიიფინ,
ყუროს ყაჯრებ ახვიავ,/ ნანაღვლარ მზემ მიიძინ,

ცა გულს ირევს, ფუხფუხებს/ ღამე გულზე მიიწვინ”.

ეს საოცარი პეიზაჟები, ამ ლექსებში დახატული, კიდევ ერთხელ აღმოაჩენინებენ მკითხველს, ერთი შეხედვით, ნაცნობსა და ჩვეულს. თვითონ პოეტისთვის არის ყოველი თვალის გახელისას დანახული სამყარო სასწაული და ახერხებს მკითხველსაც ეს განცდა გაუჩინოს:

„მზის ბურჯღუმის ტანს შეშლაი/ ბეთლემის ბერ კარიზედ,

შენდ ყველაფერ ნაცნობი,/ ჩემდ სასწაულ არის”.

ცოცხლდება მეხსიერებაში ძველი სურათი: დარიალის ხეობაში მიმავალი გრიგოლ ორბელიანი, უცნაურად აღგზნებული და თავბრდახვეული შემოგარენის მაგიური ზემოქმედებით, თითქოს ექსტაზით შეპყრობილი, ისე ნათლად შეიგრძნობს „ყოვლადშემძლებლობას შემოქმედისას”, „ამ მთებზე აღბეჭდილს”, რომ ეტლიდან გადმოდის, თვალებს ზეცას მიაპყრობს, ხელებს გაშლის, უნებლიეთ მუხლს იდრეკს და ლოცულობს. მის დღიურში ვკითხულობთ: „არასოდეს მილოცნია ესრედ გულსმოდგინედ და ესრედ მხურვალებით”.

ეთერ თათარაიძის დარიალის ციკლის ლექსებშიც მკითხველს ისეთი მძაფრი აქვს შეგრძნება სიწმინდისა, თითქოს უფალს ხვდება.

„აჩხოტის მინდორს ნათელ/ ხვიავ, რაგვერც საუფლოს,
ვიც, იაქ მიწევს დავეთხოვ/ არწადინში საწუთროს.
ჩემ სულ შევხფივ სიბუქად/ იამ კლდე-ლოდნართ საფურცლოს,

სტეფანწმინდა ევედრებ/ სამებას მადლს საპურწყლოს…”

მის ჩეჩნურ-ინგუშურ რვეულს ეპიგრაფად ანა კალანდაძის ცნობილი ლექსიდან სტრიქონები უძღვის: „რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს”. იმ ლექსში კი ვკითხულობთ;

„რაისთვის აქებ ქისტებს, ბერდედავ,/ მათ ვაჟკაცობას, ძალას და სიმხნეს:
მიწა უვსიათ ხევსურთა ძვლებით..!/ _ რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს!
ამღას გაწყვიტეს ბრგე ვაჟკაცები,/ ახიელაშიც… უზომო ხოცეს!

_ რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს!/ _ რა ვიცი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!”

 

ეთერ თათრაიძისთვისაც, კავკასიონის სხვადასხვა ტომისა და რწმენის ადამიანები მისი „ლამაზი და-ძმანი” არიან, ამიტომაც ლექსებში შემოჰყავს ისინი, როგორც „მსგავსებანი და ხატებანი ღვთისა” თავიანთი სიყვარულით, ერთგულებით, ვაჟკაცობით. ეს უსათაურო ლექსები ერთმანეთს ავსებენ, როგორც მოზაიკის ცალკეული ნაწილი. ამ ციკლში ბუნების ენითაუწერელი სანახები ადამიანების ფონზეა წარმოჩენილი.

თუ დარიალის ციკლის მთავარი პერსონაჟები თერგი, ნისლები, მყინვარი, გერგეტის სამება, ბეთლემის მონასტერი და ლირიკული მე იყვნენ, ამ ციკლში წინა რიგში ადამიანები მოჩანან, ქისტები, ჩეჩნები, ინგუშები მკითხველის თვალწინ ჩვეულ, ყოფით სიტუაციებში იხატებიან. აქ უკვე მათი ყოფის დეტალები მოჩანს, ძუაბიბინა ჯორით სადღაც მიიჩქარის მოლა, ყელაღერილ ჯეილებს ტალავარზე ყაწიმები მოუჩანთ, ფერდობებზე პირმოთხუნული, თმახეშეში, ფეხშიშველა ყმაწვილები დარბიან, „ლეგ-ლუგა ქისტურა ცხვრები” წყნარად ძოვენ ბალახს. ლექსიდან ლექსში პოეტი გვამოგზაურებს სხვადასხვა სოფელში, ოჯახებსაც გვასტუმრებს, სადაც შემოგვეგებებიან „ვიწრი ქისტურა ქუდით სტუმრის წინათ თავხრილ ქისტები”, შეიძლება, ჯოყოლა ალხასტაიძის ღირსეული შთამომავალნი. პოეტი თუშ ოსე პაპას აამბობინებს მათ ამბავს:

„თახტა-თახტად ჩადისავ/ გზაივ ქისტეთისაკევ,-ოსე პაპამ იცოდის,

იქაურა კაცურა სიტყვების ამოთქმაი-დ/ წამღერება იცოდის…”.

ამ ლექსებში მკითხველი შეხვდება პირნათელ კაცებსა და ქალებს, „თუშეთიდან დანახულ კავკასიას”, როგორც საბა სულხანიშვილი აღნიშნავს: „თითქოს მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველის” მხატვრულ გარემოში ვიმყოფებოდეთ, ჯადოქრის მერ ბავშვებისათვის სულიერი თვალის ახელის შემდეგ ყოფითი საგნები ზღაპრული იერით რომ შეიმოსნენ და პერსონაჟებადაც მოგვევლინენ. ასეთ პერსონაჟებად გარდაიქმნება ხოლმე მისი ლირიკული გმირი, რამდენიმესახოვანი, მისი ყველა წახნაგი ერთნაირად რომ შეძრავს მკითხველის ფანტაზიას”.

„ჰო, ჩეჩნებზე გიამბობდ,/ რაგვერ თამაშობენ,
მხრებ ქორებულ წაღებულნ/ მოდგმით ამაყობენ”.

ამ ლექსებიდან მკითხველს გამორჩეულად დაამახსოვრდება ერთი მშენებელი, ხელოსანი ქისტი, ლებაისკრის ციხეს რომ აგებს. იგი „ქვის სულ-გულის მცნობარია”, ამიტომაც თითქოს ქვა კარნახობს, სად და როგორ უნდა ჩაეშენოს. ის შემოქმედია თავისი ბუნებით, ქვის ყოველი შეხება რომ აკრთობს და ოცნებას აუშლის. მისთვის შენების პროცესი ერთგვარი ტკბობაა:

„დღეს სამ ქვა დავამატევ,/ ციხე სამ ქვით მეტ იქნავ,/ ლარ-ლარს ანაწყობარივ”.

როგორც გურამ რჩეულიშვილი წერს: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”, სწორედ ამგვარი განცდა გაუჩინა მას ალავერდის ტაძრის ხილვამ და მისით აღძრულმა ფიქრებმა. ამგვარი ვნებით ნეტარებს ეს უსახელო ქისტიც და მკითხველის შთაბეჭდილებაში რჩება.

ასეთი ჯადოსნური ფერადებით გვიხატავს ეთერ თათარაიძე კავკასიას, მის შვილებს, თავისუფლებით გაჟღენთილ პოეტურ სივრცეებს, რომელთა მოხილვა მკითხველს უჩენს უფალთან შეხვედრის მოლოდინს, რადგან ყოველივეს ღვთაებრივის ხელი ატყვია და ყოველივეს სიყვარული ამოძრავებს.

აზარიანცის სახლი

0

აზარიანცის სახლი მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა თავისი არქიტექტურული იერსახით, ადგილმდებარეობით (რუსთაველის გამზირი) და ისტორიითაც. იმიტომ რომ ამ სახლის აშენება მთელი ვერის (ზედა და ქვედა) და შემდეგი ტერიტორიების განვითარების მიზეზად იქცა. ხევი გადაიხურა, რუსთაველის გამზირი დასრულდა და დაიწყო სხვა ქუჩა.

 
მელიქ აზარიანცი (და არა კაზარიანცი, როგორც დღეს ამბობენ) იყო მსხვილი მოვაჭრე, წარმოშობით თბილისელი, მე-3, მე-4 თაობის ქალაქელი. სიტყვა “მელიქი” ნიშნავს მმართველს გვიანი შუა საუკუნეებიდან. რუსეთის იმპერიის დროს, როცა თბილისში კავკასიის მთავარმმართებელი იჯდა, რუსები თბილისელ სომხებს ნიშნავდნენ ქალაქის მმართებლებად. მელიქ აზარიანცის წინაპარიც ქალაქის თავი იყო (მაშინდელი მერი) და ეს სახელი შთამომავლობით გადადიოდა.
ზემელზე, სადაც ახლა ცნობილი მელიქ აზარიანცის სახლია, უზარმაზარი ნაგავსაყრელი იყო. მელიქ აზარიანცი ქალაქის მაშინდელ მერთან, ალექსანდრე ხატისოვთან მივიდა – ადგილი მომეცი, სახლი უნდა ავაშენოო. ხატისოვმა სწორედ ამ სანაგვეზე მიუთითა – აქ ააშენეო. გაგიჟდა აზარიანცი – მე ფულიანი ვარ, უტვინო კი არა, ნაგავში სახლი რად მინდაო! ან მანდ ააშენებ, ან საერთოდ ვერ ააშენებო, – გაჯიუტდა ხატისოვი. დიდი ყოყმანის შემდეგ აზარიანცი შეთავაზებას დათანხმდა და ასეულობით ტონა მიწაც მიიტანა იმ ნაგავსაყრელის ამოსავსებად. მერე ნაგავსაყრელისკენ ზურგით მდგარ საწვრილმანო ჯიხურებს მიადგა შესასყიდად, რომ ადგილი დაეცალათ. საქმე თითქოს ადვილად მოაგვარა – ჯიხურები ჩალის ფასი ღირდა. მაგრამ მათგან ერთი ვერაფრით აიღო – გაჯიუტდა მისი პატრონი, – აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. აზარიანცმა მეტი შეაძლია. ჯიხურის მეპატრონეს ყურიც არ შეუბერტყავს. აზარიანცმა ისევ დაუმატა ფული. ჯიხური მაინც იქ იდგა… ბოლოს აზარიანცმა ცნობილი ადამიანები მიუგზავნა. იმათ – ხომ არ გაგიჟებულხარ, კაცი შენს წონა ოქროს გაძლევსო… წაიღეთ ეგ ოქრო და მაგ თქვენს აზარიანცს ცხვირ-პირში მიაყარეთ, ჩემთვის სულ სხვა რამ არის მთავარი – დილას რომ კაცი ჩამოივლის, ქუდს მოიხდის და გამარჯობას მეტყვის, მერე მე მოვიხდი ქუდს და ვუპასუხებ, გაგიმარჯოსო… მოკლედ, კაცი გამარჯობისთვის ცხოვრობდა და სანამ იმ კაცს გამარჯობას ეუბნებოდნენ, ანუ სანამ ცოცხალი იყო, ის ჯიხური იმ ადგილზე იდგა.
(სხვათა შორის, მელიქ აზარიანცმა, ამის გარდა, სხვა სახლებიც ააშენა, რომლებსაც ასევე აქირავებდა. ერთ-ერთი ზანდუკელის ქუჩის ჩიხშია, რომელიც დავით სარაჯიშვილმა შეისყიდა და გაკოტრებულ ბაგრატიონებს გადასცა).
დაიწყო სახლის მშენებლობა. იქვე ახლოს ჩამომავალი ღელე კალაპოტში ჩასვეს, ადგილი დაატერასეს და მრავალფუნქციური სახლის მშენებლობა დაგეგმეს. მშენებლობა დაიწყო 1911 წელს და დასრულდა 1915 წელს. პროექტის ავტორი იყო რუსი არქიტექტორი ნაკალაი ობოლოვსკი.

 
შენობა განეკუთვნება 19-საუკუნის დასასრულის და 20- საუკუნის დასაწყისის მოდერნის სტილს. იმდროინდელ გოლოვინის პროსპექტს ეს ნაგებობა ასრულებდა. ის ამ ქუჩაზე მდებარე სხვა შენობებისაგან ბევრად განსხვავდება. მაგ: რუსთაველის თეატრი არის შერეული სტილის: რენესანსი, კლასიციზმი და მოდერნი, მის გვერდითაა გერმანული კლასიციზმის, მის გვერდით კი ფსევდო-მავრიტანული სტილის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ყოფილი კადეტების სახლი ისევ კლასიციზმია. საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა (ყოფილი იმელის) კი საბჭოთა ამპირია. ქაშუეთის გვერდით “ცისფერი გალერეა” ფსევდო კლასიციზმის სტილია.
რაც შეეხება აზარიანცის სახლის გარე ფასადს, შესანიშნავია. აგებულია ძალიან მყარად, ე.წ. რუსული აგურით, რომელიც კარგადაა გამომწვარი (ძალიან ჰგავს ევროპულს). რუსთაველის ქუჩის მხრიდან, ცოკოლის ნაწილი გრანიტის გაუპრიალებელი ბლოკებითაა გაკეთებული. აგურების წყობა ძალიან დახვეწილი და რაციონალურია. ხვეული ყვავილების დეკორი ცემენტითაა გაკეთებული და ჩართულია ფერადი ან რუხი ქვები. ფასადზე გამოძერწილია ადამიანის მასკირებული გამოსახულებები და რამდენიმე კერამიკული, გამომწვარი დეკორიც კი აქვს ჩართული. სახურავი ქერცლისებურადაა გადახურული. ადრე თუთიით იყო გადახურული. სამი წლის წინ შეაკეთეს და ალუმინით გადახურეს. შენობა ყველაზე კარგად მთაწმინდიდან ჩანს და აღიქმება. რესპუბლიკის მოედნის მხრიდან სახლი ძალიან იყო დაზიანებული და შეაკეთეს. არც არაფერი მოუმატებიათ და არც დაუნგრევიათ, რამხელაც ადრე იყო ახლაც ზუსტად იმხელაა.
სახლის შენება ბოლოსკენ იყო მისული და ამ დროს მელიქ აზარიანცს ერთადერთი ქალიშვილი დაეღუპა, ამიტომ მშენებლებმა სახლის ფასადზე (სახურავთან) გლოვის და პატივისცემის ნიშნად თაიგულები გამოსახეს. ეს თაიგულები დღემდე შემორჩენილია.

რაც შეეხება შენობის შიდა ნაწილს, ამჟამად იქ როგორც კომუნალური, ასევე კერძო ბინებია. კერძო ბინებში, სადაც ახალი რემონტია, მხოლოდ ჭერზე არშიები და, ე.წ. კარნიზებია შემორჩენილი. კომუნალური ბინების დერეფანში კი ალაგ-ალაგ ახლაც შევამჩნევთ მარმარილოს ფილებს. სააბაზანოებს მოპირკეთების დიზაინიც კი შემორჩათ.
სახლი აშენებისთანავე კეთილმოაწყო ავეჯით, ჭურჭლით. შიგნით კორიდორული სისტემა იყო და კლასიკური გასაქირავებელი სახლის დატვირთვას ატარებდა. პირველ სართულზე იყო ღარიბთა სასადილო, მოზარდ მაყურებელთა თეატრი და სავაჭრო ცენტრი. გადმოცემით, აზარიანცი არ იყო მეძვირე გამქირავებელი და ამ სახლში ხშირად ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენლები ქირაობდნენ ბინას.
 
ეს შესანიშნავი ნაგებობა რევოლუციის შემდეგ, როგორც ყველა კერძო საკუთრება, სახელმწიფოსი გახდა. კომუნისტების დროს აზარიანცის სახლს ბევრი მტერი გამოუჩნდა და მისი დანგრევაც კი უნდოდათ. ამბობდნენ, რომ ქალაქს მშენებლობის თვალსაზრისით ხელს უშლიდა. მერე იმასაც ამბობდნენ, სომხის აშენებულია და რად გვინდაო. ეს ტენდენცია მანამ გაგრძელდა, სანამ მთელი საქართველოს მასშტაბით ძეგლების პასპორტიზაცია არ დაიწყო. ამაში ძალიან დიდი წვლილი პროფესორ ირაკლი ციციშვილსა და აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს მიუძღვით. ყოფილი სსრკ-ს დედაქალაქებიდან პირველად აქ დაიწყო ძეგლებზე ზრუნვა. სხვათა შორის, არა მარტო საკულტო, არამედ სამოქალაქო ძეგლებზეც.
 
აზარიანცის სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ძეგლად იქცა, თავად ამ სახლის ამშენებელმა მელიქ აზარიანცმა კი საბჭოთა კავშირის დროს სიცოცხლის ბოლო წლები საშინელ სიღარიბეში გაატარა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...