ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
1 მაისი, ხუთშაბათი, 2025

დრო, რომელიც არ გვაქვს

0
– დრო არ მაქვს! – ვამბობ წუხილით, მხრებს ვიჩეჩ და თავს ვაქნევ.
– დრო არ მაქვს! – ამბობს ვიღაც ჩემ გვერდით, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი და ისევ ვერ ვიკრიბებით.
– დრო არ მაქვს! – ამბობს კოლეგა, საათზე იყურება და სადღაც გარბის.
ზოგჯერ მეჩვენება, რომ თანამედროვე ადამიანებს არც ისე ბევრი საერთო გაგვაჩნია, თუმცა არის რამდენიმე წერტილი, სადაც ვიკვეთებით და ერთ-ერთი სწორედ ესაა – არავის გვაქვს დრო. ნიჭიერებსა და ზარმაცებს, ნაკლებად ნიჭიერებსა და მეტად მონდომებულებს, წარმატებულებს და წარუმატებლებს, დასაქმებულებს და უბნის ბირჟაზე ჩამომდგარებს, დაოჯახებულებს, დასაოჯახებლებსა და დაუოჯახებლებს, ყველას, ერთიანად, დრო არ გვყოფნის. თანაც, რაღაცნაირად, სიამაყითა და საკუთარი ღირსების სრული შეგნებით ვამბობთ, რომ ვმუშაობთ, დავრბივართ, ვცდილობთ და არ ვაღიარებთ, რომ ცხოვრება უკან გვრჩება. დღის განრიგში, რომელიც ზოგს ტელეფონში გვაქვს, ზოგს კი ჯერ კიდევ ბლოკნოტში, ერთმანეთის მიყოლებით წერია შეხვედრები, მოსაგვარებელი საქმეები, გადასაჭრელი პრობლემები. მაგალითად, ჩემს ბლოკნოტში, იმ ადგილებში, ველებს რომ ვეძახით, ასეთ მინაწერებსაც ნახავთ: „სალომე, არ დაგავიწყდეს ნათურის ყიდვა!” (კი, ზოგჯერ საკუთარ თავსაც ველაპარაკები), „დაზღვევის ამბავი მოაგვარე!” „ინტერნეტის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეს!” და ა.შ.
ადრე არც დავფიქრებულვარ, რომ განრიგში არსად მიწერია: „გაიღიმე, სალომე!” „ბედნიერი იყავი!” „მეგობრები მოიკითხე!” „მას, ვინც გიყვარს, უთხარი, რომ გიყვარს!” და დღეებიც გადის, შეხვედრიდან შეხვედრაზე სირბილით, საქმიანი სადილ-ვახშმებით, საცობებში დგომითა და ნერვების მოშლით, დაღლილი ფეხების სახლამდე გაჭირვებით მითრევით, სატელეფონო საუბრებით და ტრადიციულად, დაძაბულად ნათქვამი ფრაზით: „დრო არ მაქვს, რა ვქნა, რა გავაკეთო!”
სინამდვილეში, ვერც ვხვდებით, რომ წინადადება, რომელსაც ხშირად ვამბობთ, სულ სხვა დატვირთვის მატარებელია. დრო მართლაც არ გვაქვს. ერთ დღეს შეიძლება, მივხვდეთ, რომ საკუთარი ცხოვრება ხელიდან გაგვირბის და ვერ ვეწევით.
1 ივნისს ძალიან მინდოდა მზიურში მისვლა მზის ფესტივალზე, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ სამუშაო დღე იყო და დრო არ მქონდა. ძნელია, მსგავსი მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლება. სერიოზულად არავინ შემოგხედავს. არადა, რა უნდა არსებობდეს ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნებაზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერა, არ გამოდის.
2015 წლის ივნისში მე მაინც მივედი მზიურში, მივედი და გამახსენდა, რომ ათი წელია, არ ვყოფილვარ. მივედი მაშინ, როცა მოვარდნილმა წყალმა იქაურობა წალეკა და დასახმარებლად ვიღაც ერთმა კი არ დაგვიძახა, არამედ ყველამ, ნაცნობებმა და უცნობებმა, ერთმანეთს დავუძახეთ. ყველაფერი გადავდეთ, სამსახურის საქმეებიც, დანიშნული შეხვედრებიც, ბოტები ამოვიცვით, ნიჩბები დავიჭირეთ და მივედით. დრო გამოიძებნა. არ გვიწუწუნია, საყვედური არ დაგვცდენია. ვიმუშავეთ, ვისაც როგორ შეგვეძლო და წამოვედით. მანამდე ბევრი მადლობა ვთქვით მათი მისამართით, ვინც გვერდით გვედგა, ბევრი ბოდიში მოვუხადეთ მათ, ვისაც უნებურად ხელი შევუშალეთ მუშაობაში ან დავსვარეთ.
ჩვენ მოვიცალეთ. ავწიეთ თავები კომპიუტერის კლავიატურებიდან, სმარტფონებიდან, პლანშეტებიდან, ოფისები გამოვკეტეთ, მანქანებიდან გადმოვედით და ერთმანეთი დავინახეთ, დავინახეთ და მივხვდით, რომ სულაც არ ვყოფილვართ ისეთი ცუდები, როგორიც გვეგონა. ეკრანს იქიდან სხვანაირები ვჩანდით, უფრო სწორად, სხვადასხვანაირები და წარმოდგენაც არ გვინდოდა, რომ ოდესმე მხარდამხარ მოგვიწევდა დადგომა. სინამდვილეში, ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა.
მე აქამდე არასოდეს მქონდა დრო, რომელიმე აქციაზე გავსულიყავი და ხეების მოჭრა გამეპროტესტებინა. არც იმის დრო მქონდა, საღამოობით პარკში ჩამოვმჯდარიყავი და მშვიდად მესუნთქა სუფთა ჰაერი. ვიცი, რომ მოცლა მომავალშიც გამიჭირდება, მაგრამ ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ როცა მზიურს გაწმენდენ, ერთ დღესაც მოვახერხებ, მივალ და მიწაზე დავწვები ზუსტად იმ ადგილას, რომლის გაწმენდასაც მე და ჩემი თანამშრომლები უამრავ სხვა ადამიანთან ერთად ვცდილობდით, ხეებს თვალს ავაყოლებ, ცას ავხედავ და მოვუსმენ, რას იტყვის მდინარე, რომელმაც გაგვაგებინა, რას ნიშნავს სინამდვილეში „წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა”.
პ.ს. ჩემი გეგმის მიხედვით (საერთოდ, გეგმები და მათი შესრულება ძალიან მიყვარს), ივნისის თვის მეორე პოსტი წიგნებზე უნდა ყოფილიყო ან რომელიმე კონკრეტულ წიგნზე, რომელმაც ბოლო დროს აღმაფრთოვანა, მაგალითად, საპკოვსკის „მხედვარზე” (მართლა ჯადოსნური წიგნია, თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ, მე თქვენი მშურს), მაგრამ 13 ივნისის ამბების შემდეგ გეგმების შესრულების უნარი წამერთვა (იმედია, დროებით), ყველაფერი გადავავადე და ავრიე. შეიძლება, ჩემს ბლოკნოტში ხვალ დილისთვის ახალი ჩანაწერიც გაჩნდეს: „გაიღიმე, სალომე! ჯერ კიდევ გაქვს დრო!”

მომავლის ეკრანები

0
ჩვენ გამუდმებით ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია სკოლამ, როგორც ერთ-ერთმა  სოციალურმა ინსტიტუტმა შეძლოს მისი მთავარი როლის სრულყოფილად შესრულება. შეძლოს მოსწავლეებისთვის, არა მხოლოდ გარკვეული ცოდნის გადაცემა, არამედ მოახერხოს მოსწავლისთვის მოქალაქეობრივი შეგრძნებების განვითარება და მისი, როგორც მომავალი  მოქალაქის, ფორმირების პროცესზეც იზრუნოს. 
განვლილმა  დღეებმა ნათლად გვაჩვენა, რომ თემა, რომელიც მუდმივად გვაღელვებს და ხშირად ჩვენი საზოგადოების შესაძლებლობა ამ კუთხით ეჭვქვეშ დაგვიყენებია, გვისაყვედურია მათთვის, რომ ვერ ვყოფილვართ ისე ეფექტური და კარგი მოქალაქეები, როგორიც საჭიროა, ყველა ეს საყვედური და დაეჭვება  ამ ტრაგიკული მოვლენის თანხმლებმა პროცესებმა   საფუძვლიანად გაფანტა. თურმე შეგვძლებია, როცა საჭიროა ყველანაირი ფიზიკური რესურსის მობილიზება, შეგვძლებია ერთად დგომა და ერთი საერთო მიზნისკენ სიარული, თურმე შეგვძლებია ყველა ვიყოთ არა მარტო კარგი ადამიანები ცალ-ცალკე, არა მარტო წარმატებული ადამიანები ჩვენ-ჩვენს ვიწრო კომფორტულ სამყაროებში, არამედ ამასთან ერთად ვიყოთ კარგი მოქალაქეებიც, რომელიც გასაჭირის დროს არც სხვაზე ზრუნვას ივიწყებს.
მიუხედავად, ბევრი პრეტენზიისა და საყვედურისა, რომ რიგ შემთხვევებში სათანადოდ ვერ ვახერხებდით ჩვენი მოქალაქეობრივი ვალის შესრულებას, რომ არ არსებობს მოქალაქეების ხმა, რომელსაც მოუსმენენ და მათ შეხედულებებს გაითვალისწინებენ, როცა არ ვდგებით ყველა ერთად, როდესაც თუნდაც ხუთ ჯანმრთელ ხეს გვიჭრიან, როდესაც გვართმევენ სკვერებს და პარკებს და ამაზე სათანადოდ არ ვრეაგირებთ, როდესაც ჩვენს საზოგადოებაში განსხვავებული ფიზიკური ნიშნის მქონე ადამიანებს ჩაგრავენ და უმეტესწილად არ გამოგვდის საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლა – ასე მგონია, რახან ამ ტრაგედიამ შეძლო ჩვენი გაერთიანება, ალბათ მომავალშიც შესაძლებელი იქნება ერთად ყოფნა ორი ჯანმრთელი ხის თუ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. 
ძლიერ საზოგადოებას ბევრი განსხვავებული ადამიანი სჭირდება, რომელიც არც შეხედულებებით, არც გარეგნობით, არც ჩაცმის სტილით, არც რელიგიური მრწამსით  არ გვანან ერთმანეთს, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, ღირებულებათა ფოკუსი მუდმივად ექნებათ მიმართული სწორი სამიზნეებისკენ, როგორც ეს ამ დღეებში გამოჩნდა. როდესაც,  ყველა ერთად  მუხლჩაუხრელად და თავგანწირვით შრომობდა  სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ბევრმა და განსხვავებულმა ადამიანებმა ამ დღეებში დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი საზოგადოება, რომელსაც ვერავინ მოახვევს საკუთარ აზრს.
თუკი ვინმეს მოეთხოვება პასუხისმგებლობა თავის მიერ წარმოთქმულ და დაწერილ სიტყვებზე, ეს ჩვენ ვართ – ჟურნალისტები, პედაგოგები, ლექტორები და მწერლები, რომლებსაც მუდმივი შეხება გვაქვს სიტყვებთან და სავარაუდოდ, მისი ძალისაც გვწამს. ჩვენ გვაქვს ალბათ ყველაზე მეტი ვალდებულება, რომ თითოეულ  სიტყვას, რომელსაც საზოგადოებისკენ მივმართავთ, კარგად დავაკვირდეთ და დიდხანს ვიფიქროთ, ხომ არ გამოგვაქვს ზედმეტად მკაცრი განაჩენი ახალგაზრდა თაობისთვის, როდესაც მათ არც თუ საფუძვლიან საყვედურებს ვეუბნებით.
არ ვიცი რამდენად საჭიროა მე მიწევდეს იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც თავად იბრძოდნენ სხვების დასახმარებლად, ჩუმად და ზედმეტი ემოციების გარეშე თავად ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას, ნაგვის და ღორღის გატანას, მაგრამ მათი მისამართით გამოთქმული შეფასება – “სულ უფრო დაჩლუნგებული თაობა მოდის” – იყო ყველაზე არასამართლიანი და მწარე სიტყვები, რომელსაც ისინი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ იმსახურებდნენ. და ალბათ ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენს ყველა სიტყვას დიდი პასუხისმგებლობით მივუდგეთ.
რადგან ამ ტალახიანი კეტებით და ბოტებით მოსიარულე ადამიანებმა,  ჩვენ თვალწინ შეკრეს  სამოქალაქო სოლიდარობის უწყვეტი ჯაჭვი.
ეს დღეებია  დანიელ პენაკის, ფრანგი მწერლის და მხცოვანი მასწავლებლის წიგნს  “სკოლის სევდას” ვკითხულობ, სადაც პენაკი გვიყვება იმ ამბებზე, თუ რამხელა ცოდვაა საკუთარ თავში დავაეჭვოთ ახალგაზრდა ადამიანი, შევაშინოთ და შემდეგ მან დიდხანს იაროს ამ ტკივილით, გულში კი იმეორებდეს საძულველ ფრაზებს და არასოდეს გვაპატიოს დაუფიქრებელი წინადადებები.
 ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, პასუხისმგებლობების სწორი გააზრება არის  ადამიანის ყველაზე ღირსეული თვისება და რაც არ უნდა გვიჭირდეს ემოციებთან გამკლავება, ალბათ ერთმანეთისგან სწორედ ასეთ, გააზრებულ  პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ  ქმედებას მოველით.
ეს მხცოვანი მასწავლებელი კი ყველა ღონეს იყენებს, რომ გადაარჩინოს მოზარდები საკუთარი თავის არასრულფასოვანი აღქმისგან, დაიცვას ისინი უიმედობისგან და ჩაუნერგოს მათ  მომავლის იმედის ნაპერწკალი.
არსებობს მომავლის ეკრანები, სადაც პროექცირებულია აწმყო, აღბეჭდილია შიშები, ეჭვები და  უიმედო აწმყოს სცენები – ამაზე  პენაკი წერს თავის წიგნში. ჩვენ, როცა ამ დღეებში საკუთარ ეკრანებს გულაჩუყებული შევცქეროდით, ვდარდობდით იმ ყველაზე დიდ ზარალზე, რასაც ადამიანთა სიცოცხლე ჰქვია,  თან გული სიხარულით გვევსებოდა, როდესაც ვხედავდით, როგორ იკვრებოდა  დიდი წრედი, ყველაზე კაცთმოყვარული იდეის გარშემო. ამ მომავლის ეკრანზე ჩანდა ყველაფერი ის, რამაც ახალი გამოცდილება და უნარები შეგვძინა და სრულიად მოულოდნელი რწმენით აგვავსო, რომ ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია. 

სინექტიკა და იდეების გენერაციის კრეატიული მეთოდების გამოყენება გაკვეთილზე

0
თანამედროვე ცხოვრებაში ბევრი ისეთი დავალება გვხვდება, რომელთა გადაწყვეტისთვის საჭიროა ფანტაზია და  კრეატიული აზროვნება. ძირითადად ამ პრობლემას  აწყდებიან ის ადამიანები, რომლებიც რაიმეს ქმნიან და ხშირად უწევთ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა კრეატიული გადაწყვეტილებების  ძიება მნიშვნელოვნად გამარტივდება ზოგიერთი მეთოდების გამოყენების შემთხვევაში. ისინი არამარტო გვეხმარებიან  შემოქმედებით სტაგნაციიდან თავის დაღწევაში,  არამედ საშუალებას გვაძლევენ გამოვიდეთ ტრადიციული და ჩვეულებრივი აზროვნებიდან და „გვერდიდან” შევხედოთ მოვლენებს. ასეთი მეთოდების გამოყენება ააქტიურებს კრეატიულ აზროვნებას და იგი თანდათან ჩვენი ცხოვრების თანამდევი წესი გახდება (მათ დავეყრდნობით პრაქტიკულ ცხოვრებაშიც, მაგალითად, საჩუქრების არჩევაში).

კრეატიული  მეთოდების უმეტესობა გათვლილია ჯგუფურ მუშაობაზე. მართალია, ზოგიერთი მათგანი შეიძლება ინდივიდუალურადაც იყოს გამოყენებული, მაგრამ მეტი ეფექტურობისათვის ხშირად იწვევენ „გარეშე პირს”, რათა დავალებას სხვა რაკურსით შეხედონ და აზროვნებისთვის საჭირო  პაწაწა გასაღები  იპოვონ. ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა, რადგან პრობლემის განხილვა, გასაჯაროება ყოველთვის უფრო შედეგიანია, ვიდრე მიჩქმალვა, ამიტომ როდესაც ხმამაღლა ვლაპარაკობთ ამოცანის მიზანზე და შედეგზე, უნდა გვახსოვდეს, რომ მიზნისა და პრობლემის არსის განსაზღვრით ჩვენ ვქმნით იმ ჯგუფს, რომელიც მზადაა კომფორტული გარემოს შესაქმნელად და გადაწყვეტილების მოსაძიებლად.  
მსგავსი ტიპის პრობლემის გადაწყვეტას ემსახურება სინექტიკური მეთოდი, ანუ სინექტიკა. სინექტიკა [(ინგლ. Synecticsრი) – „ჰეტეროგენული (სხვადასხვაგვარი)   ელემენტების კომბინაცია] კვლევის მეთოდია, რომლის სოციალურ-ფსიქოლოგიური  მოტივაცია  დაფუძნებულია კოლექტიურ ინტელექტუალურ მოღვაწეობაზე. იგი გარკვეულწილად გონებრივი იერიშის განვითარებულ და სრულყოფილ ფორმას წარმოადგენს და  ევრისტიულ მეთოდს მიეკუთვნება,  ამიტომ სინექტიკის მეთოდის უპირატესობად ითვლება პრაქტიკულად ყველა თვისება, რაც  ევრისტიულ მეთოდებს გააჩნია.  
სინექტიკის მეთოდი 1952 წელს ამერიკელმა მეცნიერმა უ. გორდონმა შექმნა. მისი საფუძველია მრავალფეროვანი ანალოგიის არსებობა, რომელსაც იყენებენ იმისათვის, რათა „გადააქციონ ჩვეულებრივი არაჩვეულებრივად”. ასეთი დამოკიდებულება მნიშნვნელოვნად ზრდის აზრობრივი რეკონსტრუქციის ხარისხს და საჭირო ხდება პრობლემის გადაწყვეტისთვის ახალი გზების მოძიება (ანალოგიების გამოყენებით პრობლემა  და მისი  არსი  უფრო  ფართოდ განიხილება).  

 სინექტიკა, უხსნის რა გზას ალტერნატიული იდეების გენერირებას, ეყრდნობა არა მათ რაოდენობას, არამედ  მხოლოდ საჭირო, თუნდაც ერთადერთი ალეტრნატიული     იდეის გენერირებას, რომელიც გამოდგება პრობლემის  გადასაჭრელად. სინექტიკურ  მეთოდზე დაყრდნობით უარს ვამბობთ არსებულ შეხედულებაზე და გვიყალიბდება ახალი ორიგინალური მიდგომები,  რომელიც  გვეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში ჩავრთოთ არაცნობიერი,  ანუ  გრძნობა, ასოციაცია და წარმოსახვა.
სინექტიკური მეთოდი შემდეგნაირად გამოიყენება: ვიღებთ საწყის სიტყვას, ცნებას (ასეთი შესაძლოა იყოს რამდენიმე, დამოუკიდებლად დასახული მიზნისა), მაგალითად, საწერკალამი და შემდეგ ამ სიტყვას ვუძებნით ანალოგიას. სასურველია  ამ ანალოგიების ცხრილის სახით წარმოდგენა, სადაც პირველ რიგში ჩამოთვლილი იქნება საწყისი სიტყვა (სიტყვა-გასაღები), შემდეგ კი, შესაბამისი ანალოგიები (წინა სიტყვიდან გამომდინარე).
ანალოგიის სახეებია:

1)პირდაპირი ანალოგია –  ანუ იმ ობიექტების მოძიება, დასახელება, რომელიც ასრულებს ანალოგიურ ფუნქციებს ან აქვს მსგავსი აგებულება, როგორც სიტყვა – გასაღებს. პირდაპირ ანალოგიებში მოიაზრებენ ასევე მსგავს  პრობლემებს და ობიექტებს სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებიც საბოლოო ჯამში ადაპტირდებიან  (მაგალითად, სიტყვა „კალამს” შეიძლება  მოეძებნოს შემდეგნაირი ანალოგიები: ფრთა (მაგ. ბატის), დიქტოფონი (ახორციელებს ინფორმაციის ჩაწერას) და ა.შ. შეიძლება მათი „გაერთიანებაც”, მაგალითად,  კალამის  და დიქტოფონის, ან  შეგვიძლია მივცეთ კალამს ფრთის ფორმა და ა.შ.);
2)პირადი ანალოგია/ემპათია – საკუთარი თავის წარმოდგენა ობიექტის ადგილზე და საკუთარი შესაძლებლობების გადახედვა. ამ დროს უნდა დავეყრდნოთ არა ლოგიკას, არამედ მაქსიმალურად უნდა მოვუსმინოთ შეგრძნებებს. შეიძლება ასეთი შეკითხვაც დავუსვათ ჩვენს თავს: „მე რომ ვიყო საწერკალამი, როგორ საწერკალამად ყოფნა მომინდებოდა?” „რაში შეიძლება გამოვდგომოდი ხალხს?” „რას გავაკეთებდი, საწერაკალამი რომ ვყოფილიყავი?” და ა.შ. თუმცა არც ისაა აუცილებელი, უშუალოდ ობიექტად წარმოვიდგინოთ თავი. საკმარისია მის ნაწილად წარმოვიდგინოთ თავი, ადამიანად, რომელიც იყენებს ამ ობიექტს, ანდა დაკავშირებულია მასთან რაიმე  კუთხით. ეს დაეხმარება მას გააფართოოს ანალოგიების წრე; 
3)სიმბოლური ანალოგია – ესაა  ობიექტის თვისებების მთლიანად გადატანა აბსტრაქტულ ცნებებში. ის გვეხმარება პრობლემის არსის გაგებაში და მისი გადაწყვეტის გზების ფორმულირებაში. ამ დროს უნდა გამოვიდეთ არა ობიექტის კონსტრუქციიდან, არამედ მისი დანიშნულებიდან და მისი ძირითადი აზრიდან  (მაგალითად, სიტყვა „კალამს”   შეიძლება შევურჩიოთ შემდეგი სიმბოლოები: „ინფორმაციის შემქმნელი”, „დაუწერელი წიგნების საცავი”  და ა.შ); 
4)ფანტასტიკური ანალოგიები – მათი არსი მდგომარეობს ფანტასტიკური არსებების ან საგნების „შემოყვანაში”, რომელიც შესაძლოა დაგვეხმაროს დავალების გადაწყვეტასა და დამოუკიდებელი ობიექტების გამოგონებაში. ამავე დროს ასეთი ანალოგიები გვეხმარება დავინახოთ ჩვენი მსჯელობების სუსტი მხარეები  (მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ გვახურავს უჩინ-მაჩინის ქუდი, რომელიც მალავს ტექსტს და ასეთ დროს შეგვიძლია შევქმნათ კალამი, რომელიც უხილავი მელნით წერს).
სინექტიკაში  გამოყენებული  ანალოგიის ამ  ოთხი ტიპის  ფუნდამტენტურობა   დაფუძნებულია ადამიანების პრაქტიკულ გამოცდილებაზე და ანალოგიების  ტრადიციული კლასიფიკაციაზე:
პირდაპირი – რეალური
ფანტასტიკური – არარეალური
სუბიექტური –  ემპატიური
სიმბოლური –  აბსტრაქტული

გონებრივი  შტურმისგან   განსხვავებით  სინექტიკური  აზროვნება   მოითხოვს სპეციალურ და ხანგრძლივ მომზადებას. მისი არსი მდგომარეობს 5-7-კაციანი ჯგუფების ფორმირებაში, რომლებიც გამოირჩევიან მოქნილი აზროვნებით, პრაქტიკული გამოცდილებით (უპირატესობა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ადვილად იცვლიან  პროფესიას და სპეციალობას),  ფსიქოლოგიური  თავსებადობით, კომუნიკაბელობით  და მობილობით.  

სინექტიკა ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარების განვითარებას. დავალების შესრულებისას ზოგადად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის ლიდერს, მის ოსტატობას, ტაქტს და უნარს მოახდინოს ჯგუფის  წევრების  სტიმულირება. მას უნდა შეეძლოს შეკითხვების დასმა, მინიშნებების გაკეთება, რეპლიკების წამოსროლა, რომელიც გააღვიძებს ჯგუფის წევრთა ფანტაზიას და  წარმოსახვას. შესაბამისი უნდა იყოს  ჯგუფის წევრების რეაქციაც.  თუმცა არსებობს ჯგუფის მუშაობის ზოგადი  წესებიც:
·აკრძალულია ჯგუფის წევრების ღირსებასა და ნაკლოვანებებზე საუბარი;
·ყველას აქვს უფლება მცირეოდენი სურვილის შემთხვევაშიც კი შეწყვიტოს მუშაობა რაიმე განსაკუთრებული ახსნა-განმარტების გარეშე;
·ჯგუფის  მეთაურები რიგრიგობით იცვლებიან;
·სინექტიკური შტურმისას მიღებულია  კრიტიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს  განვავითაროთ  გამოთქმული იდეები;
·ჯგუფის  წევრები თანდათან ეჩვევიან ერთობლივ მუშაობას, აღარ ეშინიათ კრიტიკის, არ ღიზიანდებიან, როდესაც მხარს არ უჭერენ მათ წინადადებას;
·  ჯგუფის წევრებს მუშაობაში  ეხმარებიან  გამოცდილი „სინექტორები”.
·გამოიმუშავებენ რა ერთობლივი მუშაობის უნარებს, ჯგუფი სისტემატურად მუშაობს საუბრისას წამოჭრილი ანალოგიების განხილვაზე, მათ შორის  სუფთა ფანტასტიკურ ანალოგიებზეც. 
მუშაობისას, პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის დასახელება, მეორეც, საჭიროა  დისკუსია, რომელიც გამოკვეთავს პრობლემის გადაჭრის გზებს და ანალოგიების მოძიება, ანუ ჩვეულებრივის გადაქცევა არაჩვეულებრივად, რომელიც საშუალებას გვაძლევს პრობლემა გამოვსახოთ ტერმინებით. ამავე დროს ესაა მცდელობა, რომ შევიჭრათ პრობლემის არსში, რაც ხანდახან მოითხოვს ფიზიკური კანონების იგნორირებასაც  კი (მაგალითად, შეიძლება იდეების გენერირებისას ასეთ ფრაზასაც წავაწყდეთ: „თქვენ გინდათ თქვათ, რომ გჭირდებათ ანტიგრავიტაციული მანქანა?”).   
სინექტიკური პროცესების ბლოკსქემა  ზოგადად  ასე გამოიყურება:
1.პრობლემის გამოკვეთა;
2.პრობლემის გააზრება, თუ „როგორაა პრობმლემა დასმული” და „როგორ შეიძლება გავიგოთ ის”;
3.მაპროვოცირებელი შეკითხვა, რომელიც გამოიწვევს ანალოგიას, რომელიც  სხვადასხვა პროცესს მოიცავს: 
·ანალოგიაზე მუშაობა; 
·ანალოგიის გამოყენება
·პირდაპირი ანალოგია (მისი საფუძველია ობიექტის ბუნება ანდა ტექნიკა, მაგალითად, ავეჯის  მორთულობაში  გასათვალისწინებელია როგორაა შეღებილი მინერალები, ყვავილები, ფრინველები და ა.შ., ან როგორ ღებავენ ქაღალდს, კინოლენტას და ა.შ.);
· სიმბოლური ანალოგია (ორიოდე  სიტყვით გამოსახონ მოვლენის, პრობლემის არსი);
·სუბიექტური ანალოგია (ემპათია)  საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ თავი იმ საგნად ან საგნის ნაწილად, რომელზედაც საუბარი იყო დავალებაში  (ავეჯის შეღებვის მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თეთრი ყვავი, რომელსაც სურს „შეღებვა”); 
·ფანტასტიკური ანალოგია, ამ დროს უნდა წარმოვიდგინოთ ფანტასტიკური გარემო ან პერსონაჟები, რომლებიც შეესაბამებიან და პასუხობენ ამოცანის პირობას (მაგალითად, გზა იყოს იქ, სადაც მის ზედაპირს ავტომობილის საბურავები შეეხებიან); 
·შესაძლო ანალოგიების მოძიება არსებული ამოცანების გადასაჭრელად.

რას  გვაძლევს  ასეთი  გარდაქმნები? ის ამცირებს აზროვნების ინერციას და საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ პრობლემა ახლებურად. ამიტომაა რომ სინექტიკის მეთოდი საუკეთესოდ  ააქტიურებს ინტუიციურ აზროვნებას და შესაბამისად შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების  განვითარება/ აქტივაციისთვის  ძალიან  მნიშვნელოვანია.  ამიტომაა, რომ მას გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესშიც – იგი საგაკვეთილო დავალების წარმატებით  რეალიზებისთვის ყველაზე უფრო მოსახერხებელიც შეიძლება  გახდეს.
მაგალითად, 
ეყრდნობა რა ანალოგიებს (ანუ   ისტორიულ  მოვლენებსა და ობიექტებს შორის  ანალოგიების  წამოყენებას)  მოსწავლეები  გაცილებით ღრმად შეისწავლიან ისტორიულ  პროცესებს, ამიტომ სინექტიკის საფუძველზე აგებულ დავალებებს შორის შეიძლება შეგხვდეს ასეთიც: 
ა) შეადარეთ კულტურა დედამიწის აგებულებასთან, განსაზღვრეთ, კულტურის  რომელ პლასტს შეესაბამება ესა თუ ის ელემენტი;  
ბ)  გამოსახეთ შუასაუკუნეების ან ძველ  აღმოსავლეთის ადამიანები მცენარეების სახით, შეადარეთ ეს მცენარეები, შეეცადეთ ახსნათ თქვენი მაგალითი.

თუმცა სინექტიკის მეთოდი  არამარტო ერთი საგნის ჩარჩოში, არამედ სხვადასხვა  საგნობრივი თემების გაერთიანების შემთხვევაშიც გამოიყენება. ასეთი ინტეგრაციისას იზრდება კრეატიულობა, სწავლის პროცესის ხარისხი,  ფართოვდება თეორიული და ინტუიციური აზროვნება, მოსწავლეთა წარმოსახვა. 
მაგალითად, რა  შეიძლება საერთო ჰქონდეს  ისტორიასა და ქიმიას?
I  ეტაპზე შეიძლება შემუშავდეს სამოქმედო სქემა 
ისტორია და ქიმია
1. ისტორიისა და ქიმიის სწავლებისას   დაახლოებით ერთნაირი მიდგომები გამოიყენება.
2. რეაქციის ხასიათი  მოსწავლეებს დაანახებს მოვლენათა მთელ სიღრმეს და გაზრდის მათ პოლიტიკურ კულტურას.
3. ისტორიის სწავლებას შეიძლება მივცეთ ქიმიური რეაქციის ხასიათი.
4. ქიმიის სწავლებისას  რეაქციების როლი უმთავრესია.
II ეტაპი:
გაკვეთილზე  შესავალი საუბრისას, ქიმიის მასწავლებელი  მოსწავლეებს გაახსენებს, რის შესწავლაზეა მიმართული ზოგადად ქიმიის საგნის კურსი და მოიყვანს შესაბამის მაგალითებს. მასწავლებელი ყურადღებას გაამახვილებს ცნებაზე „ქიმიური რეაქცია” –  მოსწავლეები  გაიხსენებენ ცნების განსაზღვრებას, ქიმიური რეაქციის ტიპებს (დაშლის, შეერთების, ჩანაცვლების, მიმოცვლის), მათ  დახასიათებას, ქიმიურ ნაერთებს და სხვ. საუბრის დროს მასწავლებელი ხშირად იყენებს ცნებებს „ელემენტი” (ნაწილი), რომლის შემდეგი ცნებაა „ქიმიური ელემენტი” და  თანდათან შეივსება ცნების შინაარსი, რაც საბოლოოდ დამთავრდება  მენდელეევის ტაბულაზე  ქიმიური ელემენტების განლაგების აღწერით. პერიოდიზაციის  ცხრილზე მუშაობით მოსწავლეები გაიხსენებენ მრავალგვაროვან ქიმიურ ნივთიერებებს, მათი სისტემატიზაციის და აგებულების პრინციპებს. მაგრამ ცხრილის შევსებას მოსწავლეები  გააგრძელებენ  ისტორიის გაკვეთილზე.  
განვიხილოთ  კონკრეტული  მაგალითი – „საქართველო XX საუკუნის დამდეგს”
ისტორიის მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გაიხსენონ XX ს-ის  დამდეგის  ესა თუ ის მოვლენა ამა თუ იმ ქიმიური რეაქციის სახით და მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტები. 
ვიზუალურად   „ისტორიული მოვლენების რეაქციას”  შეიძლება  ასეთი სახე ჰქონდეს:  
 

                 1 —–2——3——4—–5—–
1.საქართველო და რუსეთის იმპერიის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დამდეგს; 2. პოლიტიკური პარტიების შექმნა და ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ; 3. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციები და იმპერიის მომავალი და ა.შ. მოსწავლეები გააგრძელებენ ფაქტების ჩამოთვლას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობასთან.  

ასეთი  მეთოდით  შეიძლება  გაცილებით  დაწვრილებით  წარმოვიდგინოთ  ყველა ის ფაქტი, რაც   რუსეთის   იმპერიის   დასასრულს   ეხება და საბოლოოდ  აღმოჩნდება, რომ ისტორიის  სწავლებაში სინექტიკის  მეთოდის  საფუძველზე   „ქიმიური ხერხების” გამოყენებამ   შესაძლებელი  გახადა ფაქტების სიღრმისეულად წარმოდგენა  და  ისეთი საკითხების შედარება, რომელიც  აქამდე  შეუძლებლად  გვეჩვენებოდა.
ამით გამოიკვეთება  ისტორიული მოვლენების ერთიანობის პრინციპი, მოვლენის შემადგენელი ნაწილების (ფაქტების და ელემენტების) ხასიათი,  სისტემატიზაციისკენ სწრაფვა, აგებულება და ა.შ; კონკრეტული ისტორიული  მოვლენის (ელემენტების) წონა და ზომა მსოფლიო ისტორიული  მოვლენების პროცესში, მისი შესაძლო განვითარების შედეგები და სხვ. ამავე  დროს მოსწავლეებს  შეიძლება შევთავაზოთ მათი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების კლასიფიკაციაც (დროის, ადგილის და  ხასიათის მიხედვით).  
ასეთი გაკვეთილის  ბოლოს  აუცილებლად მივიღებთ ერთგვარ ჯაჭვს:

                                ისტორიული მოვლენა – ფაქტი – ფაქტი

   
ამით გამოვლინდება არამხოლოდ კონკრეტული ცნების, „ისტორიული ფაქტის”, მნიშვნელობა ზოგადისტორიული პროცესებისთვის, არამედ მოცემული გაკვეთილის მნიშვნელობაც,  რომელიც  შეიძლება გახდეს  თავად  ფაქტი, რომელმაც განსაზღვრა კონკრეტული მოსწავლის მომავალი საქმიანობის სფერო და გახდა გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა მოსწავლის (ქვეყნის, მშობლიური ქალაქის) ცხოვრებაში

.

III ეტაპზე  – ისტორიის მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ააგოს ისტორია ისეთი ფაქტის საფუძველზე, როგორიცაა  „დამოუკიდებლობა”. ამ ცნების დედააზრია  ხალხის, სოციალური ჯგუფების ქმედების მოტივაცია და ა.შ. გაკვეთილის მსვლელობის დროს გრძელდება  ქიმიის გაკვეთილზე დაწყებული ცხრილის შევსება და ამით გამტკიცდება მოსწავლეთა ცოდნაც კონკრეტული საკითხის შესახებ.
მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითები ქიმიის და ისტორიის გაკვეთილიდან:
ა)  ქიმია: ქიმიური ნაერთი  ეწოდება ორი ან მეტი ნივთიერების ქიმიური ურთიერთქმედებით მიღებულ თვისებრივად ახალ ერთობლიობას, რომელშიც ყოველ შემადგენელ ნაწილს დაკარგული აქვს თავისი ძველი თვისებები.
ისტორია: ამის ანალოგიად შეიძლება მოვიყვანოთ, მაგალითად, მეფის ხელისუფლების  დაცემის შემდეგ  დროებითი მთავრობის  შექმნის პერიოდი.  
ბ) ქიმია: დაშლის რეაქციებისათვის დამახასიათებელია ის, რომ ერთი ნივთიერების გარდაქმნით ორი ან რამდენიმე ახალი ნივთიერება მიიღება.
ისტორია:  ეს მოგვაგონებს   დროებითი  მთავრობის შემდეგ ორხელისუფლებიანობის დამყარებას  რუსეთის  იმპერიაში.   
გ) ქიმია:  ჩანაცვლების  რეაქციის  ანალოგიად  შეგვიძლია  დავასახელოთ  ისტორიაში ამიერკავკასიის სეიმის შექმნა და ა.შ. 
IV  ეტაპი – ასეთი დავალებების დროს გასათვალისწინებელია სინექტიკური მეთოდის ძირითადი მოთხოვნები: ისტორიულ ფაქტების ანალიზმა ხელი უნდა შეუწყოს ცოდნის გამტკიცებას ქიმიაში და პირიქით.  

მაგალითად, ისტორიული მოვლენების კალეიდოსკოპურ ცვლილებებს XX საუკუნის დამდეგს მოსწავლეებმა უნდა შეუფარდონ ქიმიური რეაქციების ტიპები,   გამოკვეთონ  გათანაბრების  რეაქციები და უპასუხონ შეკითხვას: რეაქციის  რომელი ნიშნები დააფიქსირეს?.. 

მიღებული სავარაუდო პასუხები ასეთი შეიძლება იყოს: ფერის ცვლილება; ინერტული გაზების გამოყოფა; სინათლე და სითბო.
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შეუდარონ ეს ნიშნები  XX საუკუნის დამდეგს რუსეთის  იმპერიაში მომხდარ პოლიტიკურ  მოვლენებს.  ცხადია, ამ ტიპის შედარებების გაკეთებისას გამოიკვეთება ინტუიციური აზროვნების უპირატესობა, მაგრამ იდეის დამტკიცებისას აქტიურდება არგუმენტაციის უნარიც.
V ეტაპი – შეფასება: როგორი შეიძლება იყოს ასეთი გაკვეთილის შედეგი? მოსწავლეები აქცენტირდებიან ღირებულებებზე, ადამიანის უფლება-მოვალეობებზე და მისწრაფებაზე – წარსული გამოცდილების საფუძველზე გაიაზრონ თანამედროვე რეალობა და გაიუმჯობესონ მომავალი. 

სინექტიკის მეთოდი წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში და  არამარტო  ისტორიის და ქიმიის,  არამედ ნებისმიერი  სასწავლო  დისციპლინის   შესწავლისას და  თან სწავლების  ყველა საფეხურზე.    სინექტიკა  იმპროვიზაციის  დიდ   შესაძლებლობას   აძლევს მასწავლებელს და ამ მეთოდის გამოყენებით  სწავლა/სწავლების  პროცესი  საინტერესო და სახალისოა,   მოსწავლეთა შედეგები კი გაცილებით მაღალი. 
 

,,ქვეყნის წახდენის მიზეზით…

0
ენას რომ ბევრი რამის თქმა შეუძლია ერის ხასიათის თავისებურებების შესახებ, ეს თქვენც მოგეხსენებათ.
ალბათ, ისიც ბევრჯერ შეუხსენებიათ თქვენთვის, ნოდარ დუმბაძე რას წერდა ,,მარადისობის კანონში” ზმნისწინ ,,შემო”-სა და ქართული ხასიათის ჯაჭვური კავშირის შესახებ. 

მე სხვა გამოთქმაზე მინდა გესაუბროთ, ასევე ქართული ხასიათის სრულყოფილად გამომხატველ ფრაზეოლოგიზმზე, რომელიც ხშირად გსმენიათ: ,,ქვეყანა არ დაიქცევა”.

იქნებ  პირველად ეს ფრაზა მაშინ გავიგონეთ, სკოლაში წასვლა რომ არ გვინდოდა, თავს რომ ვიავადმყოფებდით, რომ მიგვიხვდნენ და ბებია რომ გამოგვესარჩლა: ,,ქვეყანა არ დაიქცევა, თუ ერთ დღეს გააცდენსო.” ცოტა კი გვეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გავაცდინეთ და მართლა არაფერი მომხდარა განსაკუთრებული და ასე მივხვდით, რომ ეგებ თუ სიცივეში ნაყინს შევჭამდით, მაშინაც არ დაქცეულიყო ქვეყანა, ის კი არა, არც გავციებულიყავით…

მცირედი უსიამოვნებები ბევრი იყო, მაგრამ ქვეყანა მაინც არასოდეს იქცეოდა: არც მაშინ, როცა საკონტროლოებს ,,შპარგალკებიდან” ვიწერდით, არც მაშინ, როცა გამოცდაზე მოუმზადებლები მივდიოდით, არც მაშინ, როცა საკუთარ პროფესიაზე არცთუ სრულყოფილი წარმოდგენა გვქონდა, არც მაშინ, როცა ქვეყანაში გამეფებული ნეპოტიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაღიზიანებდა, თუ მის გამო ვიჩაგრებოდით, ხოლო თუკი ჩვენ ,,წაგვიკრავდნენ ხელს”, არა უშავდა…

ისინი მით უმეტეს ასე ფიქრობდნენ, სათავეში მყოფები, მათ უფრო უკეთ იცოდნენ, რომ ქვეყანა ბევრ რამეს უძლებს, საოცრად ბევრს: უძლებს ახირებებს, ხუშტურებს, კორუფციას, უსამართლობას, არაპროფესიონალიზმს, გულგრილობას.

მაგრამ ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, ქვეყანა დაიქცა. ქვეყნის დაქცევა რომ მოულოდნელი იყო, ესეც იმისი ბრალია, ვიღაცამ თავის დროზე რომ გაიფიქრა, ,,არა უშავს, ქვეყანა არ დაიქცევაო”.
ადიდებული ვერე ძალიან ჰგავდა დავითს, რომელმაც გოლიათი დაამარცხა, ანდა ზღაპრების უმცროს ძმას, ანდა უბრალოდ, ქაჩალს, რომელმაც თავი ჯერ არ მოიფხანა და მერე მოიძრო.

და თუმცა არ ვარ ფატალისტი, ჩემთვის ადიდებული ვერე ძალიან ჰგავდა ბედისწერას.

მერე რაც მოხდა, ყველაზე მეტად სატელევიზიო შოუებს დაეტყო. იქ, სადაც ადრე მხოლოდ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური შოუმენები საუბრობდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჟურნალისტებთან, რომლებიც ქვეყანა არ დაიქცეოდა, თუ ჟურნალისტები არ იქნებოდნენ, ახლა პროფესიონალები გამოჩნდნენ. ჟურნალისტები მათ კითხვებს უსვამდნენ და როგორც კი პროფესიონალები სალამ-ქალამს მორჩებოდნენ და მნიშვნელოვანი საკითხებისათვის ნათელის მოფენას იწყებდნენ, სიტყვას ართმევდნენ, დრო აღარ გვაქვსო. 

პროფესიონალები გამოჩნდნენ სამთავრობო შეხვედრებზეც, რა ხდება დახურულ კარს მიღმა, არ ვიცი. თუ გამოცდილებას ვენდობით, პროფესიონალებს მოუსმენენ, მერე მათ რჩევებს საკუთარ ინტერესებთან ვერ შეათანხმებენ და ყველაფერს თავის ჭკუაზე გააკეთებენ, თან ისე შეფუთავენ, რომ სიმართლე  ქვეყნის მომავალ დაქცევამდე აღარ გამომზეურდეს.

ანდა შეიძლება პირიქითაც მოხდეს, ადიდებული ვერეს შემდეგ გასაკვირი რაღაა.
ერთხელ ჩემს მოსწავლეს, რომელიც იმ წელს სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებდა და მომავალში ნეიროქირურგობას აპირებდა (ის, მგონი, უკვე მუშაობს რომელიღაც საავადმყოფოში), ვუთხარი, რომ ექიმობას არასოდეს ვისურვებდი, რადგან თუკი ოდესმე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩემს ხელთ აღმოჩნდებოდა, შეშინებული უკანმოუხედავად მოვკურცხლავდი.

მან კი ნიშნისმოგებით მიპასუხა, რომ ექიმთან მისული ადამიანის გადარჩენა ღმერთის ხელში იყო, მასწავლებლებს კი საღ-სალამათი ბავშვების მომავალი გვებარა.

გაუნათლებლობა, მისგან გამომდინარე არაპროფესიონალიზმი და ნეპოტიზმი ის უბედურებებია, რომლებიც უკვე ყველა ნაბიჯზე გვაფერხებს, რომელიც უფროსი თაობის დიდ ნაწილს ისე გასჯდომია ძვალსა და რბილში, რომ ავს ავსა და კარგს კარგს დიდი ხანია შეგნებულად აღარ არქმევენ. 

ესეც ქართული გამოთქმაა, ფრიად საკამათო, ამ შემთხვევაში კი განსაკუთრებით _ ,,ზოგი ჭირი მარგებელიაო”. თუ შეიძლება ამ ტრაგედიას დადებითი მხარე ვუპოვოთ, ჩვენ ამას შევძლებთ:
პირველი – ამ დღეებში ქართველი ახალგაზრდობა ბევრჯერ შეაქეს, მათმა რაციონალიზმმა, ჯანსაღმა პრაგმატიზმმა და პასუხისმგებლობის გრძნობამ მათი მშობლები სასიამოვნოდ გააოცა. ეს თაობა ნამდვილად უფრო ახლოსაა ევროპასთან, სადაც პასუხისმგებლობისაგან თავის ყოველი არიდება ,,ქვეყნის დაქცევაა”.
მეორეც –  ევროპეიზაციის სურვილი გარდაუვალად წარმოშობს კიდევ უფრო პროგრესულ თაობას, რომლისთვისაც პროფესიონალიზმი უმაღლესი ღირებულება იქნება. ამ თაობაში პურს მეპურე გამოაცხობს. 

ამ ღირებულებების დამკვიდრებას კი ისიც დააჩქარებს, რასაც მე ,,ვერეს სინდრომს” ვუწოდებდი: როცა ერთ დღესაც პატარა მდინარე უცებ ნიაღვრად მოასკდა ნაპირებს და ქვეყანამ თავის პროფესიონალებს კარდაკარ დაუწყო ძებნა.

სიყვარულის უპირატესობანი

0

– “ტომ!”– პასუხი არ არის. ტომი დეპრესიაშია.

მე არ გიამბობთ, როგორ ადიდდა პატარა მდინარე და როგორ დახოცა ცხოველები და ადამიანები, როგორ დაანგრია მათი სახლები და თან გაიყოლა ამდენი სხვადასხვანაირი ცხოვრება. ჩვენ ამის შესახებ, სამწუხაროდ, ყველაფერი უკვე კარგად ვიცით. ჩემს ძმისშვილზე უნდა გიამბოთ, ტომიზე, რომელიც, მგონი, მართლა დეპრესიაშია. დიდივით.
ტომის ოცნებაა ნატურალისტი გამოვიდეს. მე მიხარია, რომ ტომის ოცნებაა, ნატურალისტი გამოვიდეს. კიდევ ის მიხარია, რომ მაშინ, როცა ჯერალდ დარელის “ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები” წაიკითხა, სათაური სულაც არ მოეჩვენა უცნაურად, არც– შეურაცხმყოფელად. გაიღიმა და გამანდო, მგონი, დარელი მინდა, გამოვიდეო. მე სულ სხვა რამეზე გამეღიმა: ტომი გაიზრდება და ჯერი გამოვა– მეთქი. ნეტა, მაშო რო გაიზრდება, მარგოსნაირად დააყრის სახეზეო?– დაინტერესდა. რა ვიცი– მეთქი, ტომი, ეგ ინდივიდუალური რამეა, მოზარდობისას ზოგს აყრის, ზოგს– არა, მერე უფრო მეტად იზრდებიან და ის წითელი წერტილები, საბოლოოდ, მაინც უქრებათ– მეთქი, – უფროსულად ვუპასუხე. რა მოსაწყენი ხარ, წამო, ქვიშაზე ხვლიკებს დავაკვირდეთო.
კახეთში, ჩვენს ეზოში, საუკუნეა ქვიშის ერთი ბორცვია. მე გავიზარდე, ის დაპატარავდა. მაგის გარეშე ჩვენი ეზო ვერ წარმომიდგენია, თან, ზაფხულობით საინტერესო ამბები სულ მანდ ხდებოდა. წითლად მოხატული ჭიების სამფლობელოები, მათ გვერდით შავი, პრიალა, მწერები პლასტმასივით სხეულებით და რაც მთავარია, ხვლიკები: ვითომ რო სძინავთ, მიუახლოვდები და გაგირბიან. კახეთის ზაფხულები ახლა ტომისია, წამოვწვებით ქვიშასთან და ათას ამბავს ვთხზავთ. ახლა კი აღარც ხვლიკები აინტერესებს და ის ბორცვიც მიატოვა. ტომი ზოოპარკსა და იქაურ ცხოველებზე დარდობს. ეჭვი ეპარება საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში: ნუთუ, ღირს ნატურალისტობა? იყო ნატურალისტი, ნიშნავს კიდევ ბევრჯერ ნახო მკვდარი ცხოველი არა მხოლოდ გალიაში, მის გარეთაც.
ნეტა, გარისკავს?
ტომ, რადგან მეც კი აღარ მელაპარაკები, როგორც შენი ოცნების თანამონაწილეს და შესაბამისად, სახიფათო მამიდას, მას, ვისაც შენთვის ყოველ კვირას უამრავი წიგნი მოაქვს ფლორა– ფაუნის შესახებ და დარელს შენთან ერთად დღემდე კითხულობს, აქ გეტყვი იმას, რაც მხოლოდ იმიტომ ვერ გითხარი, რომ გამირბიხარ. ვიცი, წაიკითხავ, სულ ჩემს ფეისბუქ კედლეს ამოწმებ, რამდენჯერ გამოგიჭირე:
ნებისმიერი პროფესია, ყველა, სულ ყველა ძალიან რთულია. ჩვეულებრივი ამბავია, როგორც წესი, ის რაც გვინდა, რთულია ხოლმე. ის რაც უკვე გაქვს,– შენი სახლი, ოჯახი, სათამაშოები, წიგნები, სკოლა, რომელშიც შეგიყვანეს, ეს ყველაფერი იყო და ამაში რთული არაფერია, შენ არ მოგიპოვებია. მაგრამ, გაიხსენე შენი მეგობრები: შენი ურთიერთობები ოჯახის გარეთ, ეს ხომ გაცილებით რთული იყო, დამოუკიდებლობა ხომ არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან ტკბილი რამეა?! ტომი, წარმოიდგინე ექიმები, რომლებიც ისეთ ოპერაციებზე შედიან, სადაც უშეცდომოები უნდა იყვნენ, ყველაფერი მიკროსკოპული სიზუსტით უნდა გააკეთონ და მაინც არ იყვნენ დარწმუნებულები პოზიტიურ შედეგში. მაგრამ ვინმე ხო უნდა იყოს ექიმი, სხვანაირად ხო ვერ გადავრჩებოდით, სულ ცუდად ვიქნებოდით, ცხოვრებაც დაპატარავდებოდა და ის კი, უმჯობესია, იყოს ხანგრძლივი.
მე იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. რომ გაიზრდები, კიდევ უკეთესად გამიცნობ. რამდენი ამბავი მაქვს მოსაყოლი: ხან რეზინის  ტყვიებს მიშენდნენ რომელიმე მიტინგზე, ხან “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” ბრალს მდებდნენ მოვლენების არასწორად გაშუქებაში, ხან მკითხველს არ სჯეროდა ჩემი, ხან მე არ მჯეროდა არავისი. მეჭირა დიქტაფონი და საერთოდაც არ ვთრთოდი “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. იმიტომ რომ ლერწამი კი არა, ადამიანი ვარ მძიმე, მყარი ნაბიჯით და “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” მხოლოდ ჩვენ გამო, ადამიანების გამო არიან “ძლიერნი”. შენი პროფესია შენი ცხოვრებაა. და მე მჯერა, ის უნდა გიყვარდეს. სხვანაირად არ გამოვა. სიყვარულის გარეშე ის ფუნთუშებიც არ ცხვება, რომელსაც ყოველდღე სკოლის ბუფეტში მიირთმევ. იმ ფუნთუშების ყიდვა ხომ არ მოგინდებოდა ქიშმიში საერთოდ რომ არ ჰქონდეს?! მაგრამ მცხობელმა სპეციალურად შენთვის ბევრი ქიშმიშით გამოაცხო.
მსხვერპლი კი გარდაუვალი რამეა. ნუ გგონია, რომ მხოლოდ სიკვდილს მოსდევს მსხვერპლი. შენც, გადარჩენილი ახლა მსხვერპლი ხარ. როცა გგონია, რომ ცხოვრება და ოცნებები თავზე გენგრევა, მსხვერპლი ხარ. წყალდიდობის, უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლი ხარ. ცოცხალი მსხვერპლი. ეს ასეა. მაგრამ, აბა, მითხარი, ვის ჩაუქნევია ხელი საკუთარ ოცნებებზე?! მე, შენხელა რომ ვიყავი, კუ მყავდა, აქილევსი. პატარა იყო, პატარა. ბაკანიც ფაქიზი ჰქონდა. ვევლებოდი თავზე აქილევსს, ვცხოვრობდით ერთად ბედნიერები. მაგრამ აქილევსი მოკვდა. შენს საყვარელ ჯერისაც უკვდებოდნენ ცხოველები, სხვათაშორის. მერე, როცა სახლში ამჯერად უკვე კატა ფეფო მოვიყვანე, დავაფიცე, რომ არ მოკვდებოდა. არასდროს. თან ავად იყო, ჯერ უნდა გადამერჩინა, ფიცი მერე უნდა გამომეძალა. რა თქმა უნდა, გადარჩა. და მეც დავიჯერე, რომ მისი “მიაუ” მტკიცე პირობა იყო, კატური ფიცი. ფეფომ დიდხანს იცოცხლა და შთამომავლობაც უხვი ჰყავდა.
ჯერი რომ გამოხვალ და მსოფლიოს მოივლი, ადამიანების, ცხოველების, ამ შესანიშნავი მსოფლიოს შესანიშნავი ამბების შუაგულში მოხვდები, გაიხსენე ეს წერილი. ჩვენ ხანდახან, რა თქმა უნდა, ვცდებით. მაგრამ იშვიათად– ასეთ საკითხებში. დამიჯერე, რა.

„სურამიადა“

0
ცნობილია, რომ ხშირად რეალობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში შემოქმედის მიერ იმდენად ვირტუოზულად (თუმცა ხშირია უნიჭო მოდელირების შემთხვევებიც) მოდელირდება, რომ რაღაც დროის გასვლის შემდეგ მათ შორის ზღვარი იშლება და მოდელირებული რეალობაც სინამდვილე გვგონია ხოლმე. ამის გამო ლიტერატურაც და ხელოვნებაც პროპაგანდის ნაწილად რომ იქცევა ხოლმე, ესეც კარგადაა ცნობილი. ყველასათვის ცნობილი ეს ჭეშმარიტება ერთმა ამბავმა გამახსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ წიგნშია მოთხრობილი და ჩემს მოსწავლეს ვურჩიე, კვლევის დროს გამოეყენებინა (აქვე აღვნიშნავ, რომ ამ წიგნში ბევრი საყურადღებო ცნობაა ისტორიულ მოვლენებსა და ისტორიულ მოღვაწეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი დღიური გამოირჩევა მიკერძოებულობით და ამ ჟანრის „ნაწარმოებებში” ამბების სელექცია-ფილტრაცია ავტორის მიერ ხშირ შემთხვევაში გასაგები მიზეზების გამო ემოციურ ფონზე ხდება, ის მაინც ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს კვლევის პროცესში) ეს წიგნი, მოქალაქე-მღვდლის ნიკიტა თალაქვაძის დღიური, რომელიც ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა. „მოქალაქე-მღვდელი” – ეს უცნაური ტერმინი თავად ავტორს, ნიკიტა თალაქვაძეს, ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის დღიურის დასათაურებებიც, რომლებიც უცვლელადაა წიგნში გადმოტანილი. ერთ-ერთი თავის სათაურია „სურამიადა” და მას ავტორი რამდენიმეჯერ უბრუნდება, შესაბამისად, ამბავს რამდენიმე ათეული გვერდი ეთმობა. როგორც ირკვევა, 1922 წელს კინოთეატრ „აპოლოში” დანიელ ჭონქაძის ნაწარმოების „სურამის ციხის” მიხედვით გადაღებული ფილმის (რეჟისორი პერესტიანი) ჩვენება გამართულა. ფილმის დასაწყისში გამოჩნდა ფილიპე მახარაძის ფოტო, რადგან 1902 წელს მან დაწერა დანიელ ჭონქაძის ქება-დიდებით გაჯერებული ნაშრომი „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო” (წიგნი გამოიცა ჯერ 1904, მერე კი – 1929 წელს), რომელშიც „მკვლევარმა” მწერალი პირველ რეალისტად მიიჩნია. ამით მახარაძემ სხვა მწერლებზე წინ წამოსწია ჭონქაძის ღვაწლი ლიტერატურაში. უცნაურია, მაგრამ ფაქტი, რომ ფილიპე მახარაძემ თვალი დახუჭა, როდესაც მასთან დაახლოებულმა სასულიერო პირმა, ვინმე თოთიბაძემ, ვერის სასაფლაოზე ყველასაგან მივიწყებულ საფლავზე საგანგებო პარაკლისიც კი სპეციალურად მიწვეულ კათალიკოს ამბროსი ხელაიას გადაახდევინა, რათა ყველას გაეცნო ეს დიდებული მწერალი. მწერალი მალევე გაიცნო საზოგადოებამ და სწორედაც ფილიპე მახარაძის მცდელობით დამკვიდრებული კუთხით. ამას ხელი შეუწყო ტექსტის ფილმად ეკრანიზაციამაც. ნაწარმოების ეკრანიზაციამ ხალხზე საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და ჩვენების დასრულების შემდეგ დიდხანს არ წყდებოდა მაყურებლის ყიჟინა: „ძირს სამღვდელოება!” გადამღებმა ჯგუფმა და ჩვენების ორგანიზატორებმაც იმდენად კარგად წარმოაჩინეს ძველი და ახალი დროის განმასხვავებელი ნიშნები, რომ პატარა ბავშვიც კი ადვილად მიხვდებოდა სათქმელს. ფილმი სრულდებოდა წარწერით : „ეს იყო ძველი საქართველო”, ამის შემდეგ კი ეკრანი დაეთმო ახალ მოღვაწეთა სურათების თანმიმდევრულ ჩვენებას. ეს ახალი მოღვაწეები იყვნენ ის დიდი კომუნისტები, რომელთაც მშვიდობა მოუტანეს ქართველ ხალხს. ფილმის ნახვის შემდეგ სამღვდელოება საყოველთაო უკმაყოფილებამ მოიცვა. დაბნეული სასულიერო პირები ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ „სურამიადაში” ჩართულობა. საჭირო გახდა, შეწუხებული საზოგადოების დასამშვიდებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო. ამ მიზნით კათალიკოსმა საქმის გამოძიება დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძეს მიანდო და 6 დეკემბერს წმინდა მარინეს ტაძარში მოიწვიეს კრება, რომელზედაც მოხსენება წაიკითხა „გამომძიებელმა”. ამ კრებაზე „სურამიადაში” მონაწილე პირები თავის გამართლებას შეეცადნენ, აღნიშნავდნენ, რომ სამარცხვინო იყო მათი გამოყენება სარწმუნოების შესაბღალად. მაგრამ მათ გულისწყვეტას უფრო ის ფაქტი იწვევდა, რომ გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ფილმში მათი მონაწილეობა შემდეგი წარწერით იყო აღნიშნული: „Суеверие, мрак, невежество”, ხოლო თავიანთ რეალურ დანაშაულს ვერ ან არ იაზრებდნენ. როგორც ნიკიტას დღიურში ვკითხულობთ, ყველაფერი ასე დაწყებულა: 1922 წელს გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა სხვადასხვა ამბებიდან და მოთხრობებიდან ამოღებული სურათების სრულიად სხვა მოვლენებისთვის დაკავშირება. ამგვარი რამ კი სრულიად გაუმართლებელია, რადგან ამბის ანალიზი აუცილებლად კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს და მისი კონტექსტიდან ამოგლეჯას აბსურდამდეც მივყავართ. სწორედ ფსევდოხელოვანთა ამ ჯგუფმა განიზრახა დანიელ ჭონქაძის მოთხრობის ეკრანიზაციაც. ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, კერძოდ, ჩამოსანგრევად განწირული სურამის ციხის ასაშენებელი კედლის  საკურთხევლად, რომელშიც დედისერთა ზურაბი უნდა ჩაეკირათ, მათ დასჭირდათ სამღვდელოების გამოყენება. მოთხრობის მიხედვით, მღვდელს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა ზურაბის ბედის გადაწყვეტაში. ფილმის მიხედვით კი, ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ეკლესია გამოდიოდა. ნიკიტას აზრით, მიზანი ერთადერთი იყო: მაყურებლის ინდოქტრინიზაცია – თითქოს მჩაგვრელ ბატონებს უღირს და ბინძურ საქმეებში მთელი სამღვდელოება უჭერდა მხარს. ამ გეგმის განსახორციელებლად გადამღები ჯგუფი დეკანოზ ცინცაძეს დაუკავშირდა. მათ ამ საქმისთვის დიდძალი თანხა გაიღეს. დეკანოზმა, როგორც ჩანს, იცრუა, რომ საქმე კათალიკოს ამბროსისთან მოაგვარა. გადაწყდა, რომ პირველ აგვისტოს ბოტანიკურ ბაღში აღესრულებინათ წყალკურთხევის რიტუალი. საქმის ინიციატორებმა (გრუპელებმა, როგორც ავტორი მათ ეძახის) ფილმში გადასაღებად ისეთი სასულიერო პირები შეარჩიეს, რომლებიც გარეგნობით „ძველი დროის სამღვდელო პირებს ჰგავდნენ” და მათ სათავეში ჩაუყენეს სოხუმიდან ახლა გადმოყვანილი ეპისკოპოსი იოანე, რომელიც კათალიკოსის ნებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. გადაღების პროცესში ეპისკოპოს იოანეს დეკანოზი ცინცაძე კარნახობდა, რა წაეკითხა ლოცვისას და რა არა. ამ ფაქტმა იოანე აღაშფოთა, იგი მიხვდა, რომ რაღაც დაკვეთის მსხვერპლი გახდა, მაგრამ საქმე უკვე გაკეთებული, უფრო სწორად, გაფუჭებული იყო. თავად ნიკიტა თალაქვაძე მხოლოდ იმიტომ არ მიიწვიეს ფილმში სათამაშოდ, რომ იგი არ ჰგავდა ძველი დროის მღვდლებს. ნიკიტა აღნიშნავს, რომ გადაღებაში მონაწილე მამებმა ქართულ სამღვდელოებას ნამუსი ახადეს და ამ ქმედებით მთელ ქვეყანაზე მოეჭრათ თავი. მას კათალიკოსის მხარდაჭერაც უკვირს, რადგან, თუკი ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციის მიმართვით სოციალ-კომუნისტების წინააღმდეგ გაილაშქრა, ახლა მან სოციალ-კომუნისტთა საეჭვო იდეას შესწირა სამღვდელოების პრესტიჟი. წმინდა მარინეს ტაძარში წარმოთქმულ სიტყვაში ავტორი სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ფილმის გადამღებ ჯგუფს სრულებით არ აინტერესებდა ისტორიული სინამდვილე, მათთვის მხოლოდ აგიტაციური მხარე იყო მთავარი. თორემ რა უნდოდა სტატისტების პოვნას და ფილმში მათ დასაქმებას?! ნიკიტასთვის მთელი ფილმი სიყალბეზე იყო აგებული, სურამის ციხის ნაცვლად თბილისის ციხის გამოყენებაც და მთელი რიტუალიც, ისევე როგორც, მისი აზრით, ამ მზაკვრული გეგმის განხორციელების გზაზე ჭონქაძის საფლავზე პარაკლისის გადახდაც პირველი ნაბიჯი იყო.  

     რამდენად ობიექტურია თავის შეფასებებში ნიკიტა თალაქვაძე, ეს  ცალკე კვლევის საგანია. ჩემთვის კი საინტერესო სხვა რამეა. არქაულ რიტუალს, რომელიც ოდითგან არსებობდა უამრავ კულტურაში და კედლებსა და ხიდებში მსხვერპლის ჩატანებას გულისხმობდა, შინაარსი გამოეცალა და ხალხის მეხსიერებაში ინტერპრეტირებული სახით დარჩა.  შემდეგ ეს ინტერპრეტირებული რიტუალი, რომელიც ლეგენდებად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მწერლისთვის სიუჟეტად გადაიქცა და სრულიად განსხვავებული ახსნა გამოეძებნა ძველ წესს. ბოლოს კი ახალი დამატებებით ადგილი დაიმკვიდრა ეკრანზე (აქ აღარ ვისაუბრებ ფარაჯანოვის ფილმზე). შემოქმედს, მით უმეტეს, თუ ნიჭიერია ის, ყველანაირი ექსპერიმენტი „ეპატიება”; პოლიტიკოსთა პროპაგანული მიზნებისთვის კი ხელოვნების გამოყენება, ჩემი აზით, ძნელად საპატიებელია. თუმცა რას ვიზამთ? სამწუხაროდ, ყოველთვის ყველა ეპოქასა და ყველა ქვეყანაში გამოიძებნებიან ისეთი შემოქმედები, რომლებიც გაიყიდებიან და ნიჭს ხელოვნებისთვის კი არა, რეჟიმის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის დახარჯავენ.        

ტაოს ყვითელი ყაყაჩოები – დაკარგულისა და დასაკარგის შესახებ

0

ამას წინათ, ტაო-კლარჯეთში ვიმოგზაურეთ. ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე, ავიღეთ დიდი რუკა, ცოტაოდენი საგზალი, საწვავის მარაგიც შევივსეთ და წავედით.

ჩვენი სასტუმრო, უფრო სწორად, პანსიონი ქალაქ იუსუფელთან ახლოს, მდინარე ჭოროხის ხეობაშია – ქართველი დიასახლისი გვყავს, მაჭახელას ხეობიდან გათხოვილი, ღიმილიანი, ლამაზი და საქმიანი მერალი, მეუღლე თურქი ჰყავს – სელიმი ჰქვია, სტუმართმოყვარე და ბედნიერი ოჯახია.

რა თქმა უნდა, ბედისწერა სხვაგან სად წამიყვანს, თუ არა მასწავლებლის ოჯახში – მერალი მაგიდის ჩოგბურთის პედაგოგად მუშაობს სკოლაში, სადაც მისი გოგონებიც სწავლობენ. ხშირად დადიან ბათუმში, შავი ზღვის ქვეყნების ჩემპიონატზე, თბილისის ნახვა ძალიან უნდა, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა. სოფელი, სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობს, იუსუფელს საკმაოდ რთული, მთიანი გზით უკავშირდება, მეწყერიც ხშირადაა, მაგრამ გზას ყოველთვის დროულად წმენდენ. გოგოები სკოლაში დადიან, მშობლები – ოჯახობას უძღვებიან – საქმეს რა გამოლევს, ნათესები, ნარგავები, საქონელი, სტუმრების მიღება და გამასპინძლება.

საოცრად ლამაზია ტაო-კლარჯეთი, გზად ბევრი ქართველი გვხვდება, როდესაც გზის სწავლებას ვთხოვთ და იგებენ, რომ საქართველოდან ვართ – გურჯი, გურჯი -იძახიან და ცდილობენ მიგვახვედრონ, რომ თვითონაც გურჯები არიან.

დიალექტურ კორპუსში თუ მოძებნით, იქაური ქართველების ნაუბარსაც მიაგნებთ, მაგალითად, ასეთს:

“გურჯიჯა ლაპარაკი აქუან ბევრ სოფელსა. ესენია: ქობაქი // ქუაბაი // ქუაბაგი, ხევეგი, ბალხი, იეთი, ელიასჴევი, ქორიეთი, დევთისა, ჭილათი, მახათეთი, კუპრეთი, ბოწმინდა, ბინათი, გუდასჴევი, კუპრეთი. ხევეგი ახლა ცოტაია.

იუსუფელის სოფლებში მოდის: დიკა, ქერი, ცერცვი, ლობიო, მარქვალი , ფათათესი, ძირი, ჯახური, ლაზუთი, ვაშლი, შინდი, კიტრი, თომათესი, აყირო. ყურძენი ბევრი სოჲ იქნება: ჯინეში, კაროლ, ხათხულ, ცხენიძუძუ. არი კაკალი, თხილი.

ვიცით ჯორი, ცხენი, ვირი, ჴარი, ფური, დეკეული, მოზუერი, ბუზაღი-ჴობო, ჴობოლარი, ჴობოები.ჭადი, კეცი გიგვიგონია ანადან. ანაი სოფელშია, ჩევრელში. იმა დეელაპარაკეთ და გაგაგნებიებს….” ( ქართული დიალექტური კორპუსის მასალები)

მივდივართ, გზად უამრავი აყვავებული ბროწეული, ფერად-ფერადი ბლის ხეები, ყვითელი ყაყაჩოები, კაკლის ხეივნები – ფერთა მთელი გამა.

ქალები – ძირითადად ჭრელა-ჭრულა თავშლებში გამოხვეულები შრომობენ, იშვიათად – ჯინსის შარვლები და მაისურებიც მოსავთ, კაცები – ცხელ მზეს ეფიცხებიან და მაგარ, თურქულ ჩაის სვამენ.

ალბათ, ბანალურად მოგეჩვენებათ, თუ ვიტყვი, რომ ყველა ძალიან მეცნობა, მეახლობლება – ეს სახეები, თვალწარბი და როგორც წესი, მართალიც გამოვდივარ – იშვიათად ქართულიც იციან, ხსოვნით კი ყველას ახსოვს – რომ გურჯია.

პირველი პარხალია, მერე ოთხთას ვნახულობთ, მერე ოშკი, იშხანი, ხანძთა… – დავდივართ და ქვებს ვეფერებით. იმდენი რამე მიკვირს, სად წავიდა ეს მასშტაბური აზროვნება, წვრილმანებამდე სადა და გენიალური არქიტექტურა, გემოვნება, სივრცეების ფლობის სურვილი, დამოკიდებულება, რომ აუცილებელი არაა, სახლის წინ სამსახური გქონდეს და ორ ნაბიჯში კიდევ – სალოცავი, არამედ ახალი, რთული ადგილები აღმოაჩინო, უდაბნოები ქალაქად აქციო…

დავდივართ და გული ყელში გვებჯინება, ნახევრადდანგრეული და მაინც ბრწყინვალე ტაძრები და ციხეები, ზოგიერთი ეკლესია ხარაჩოებშიც გვხვდება, პატარა იმედი გვიჩნდება, იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება, რომ ეს დახავსებული კედლები, საოცარი თაღები და ჩუქურთმები ჩვენმა შვილებმაც ნახონ.

თურქ გიდს გერმანელი ტურისტების ჯგუფი ჰყავს, ჩვენს საუბარზე ხვდება, რომ ქართველები ვართ და დამწუხრებული სახით ჩამონგრეულ ჩუქურთმაზე გვითითებს, ჩემი მწირი გერმანულით ვიგებ, რომ ჯერ კიდევ შარშან ეს ჩუქურთმა მთლიანი იყო, მერე ვიღაც მოსულა და ჩამონგრევა უცდია.

დავდივარ და გულში ჩემს საყვარელ ისტორიულ გმირებს თუ პერსონაჟებს ველაპარაკები, მახსენდება ყველა ეპიზოდი თუ კადრი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან, როგორ ეზიდებოდნენ საშენ მასალას, როგორ გეგმავდნენ ახალი, კულტურული გარემოს მშენებლობის კონცეფციას, როგორ ლოცულობდნენ, “ფრიადითა შრომითა და ქვითკირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრეთ შეჰრაცხეს შემზადებაჲ ადგილისაჲ მის”.

სამანქანო გზა თითქმის ყველგან მიდის და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ გზა პოლიტიკაა, საშუალებაა, მთიანი სოფლები შეინარჩუნო. გზა, სკოლა და სამედიცინო პუნქტი, ხმამაღლა ვოცნებობ და წარმოვიდგენ, ჩვენს მთიან სოფლებში როგორ შენდება უმაღლესი სასწავლებლები, ბიბლიოთეკები, სკოლები…

ჩვენ ძალიან ხშირად გვახასიათებს ნაღველი იმაზე, რაც დავკარგეთ და ეს ბუნებრივია. თურქეთში მოგზაურობა, ამ მხრივ ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია – ტაო-კლარჯეთ-ლაზეთი – ოდესღაც დიდ საქართველოს მახსენებს, წმინდა სოფიას ტაძარი – ქრისტიანობის ძველ დედაქალაქს-კონსტანტინეპოლს და ქალაქ სმირნას დარბევის დროს დაღუპულ ჩემს წინაპრებს, ოღონდ, მიუხედავად ამისა, მგონია, რომ წარსულზე ნაღველს ბევრი არაფერი მოაქვს. დაკარგულზე უფრო მეტად, დასაკარგზე დარდი უნდა ვისწავლოთ, მაგალითად, ფოთის კოლხურ მუზეუმში სრულიად შეუფერებელ პირობებში მყოფ უძველეს არტეფაქტებზე, ჯავახეთის ეკლესიებზე, ჩვენს დედაქალაქზე-რომელიც ყოველდღიურად კარგავს ისტორიას.

რატომ სჭირდებათ ჩვენს მოსწავლეებს ქართულში მომზადება

0
ახლოვდება ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტებში დაძაბულობა მატულობს. მათი უმრავლესობა ახლა რეპეტიტორიდან რეპეტიტორთან დარბის. ზოგიერთი ცდილობს წლების განმავლობაში მიღებულ ცოდნას რაღაც მიუმატოს, დახვეწოს და თავი მოუყაროს. ზოგიერთს, რაც 12 წლის განმავლობაში არ უსწავლია, ახლა უნდა ისწავლოს, რომ როგორმე მისაღებ გამოცდებზე ზღვარი მაინც გადალახოს. ზღვრის გადალახვა კი უმრავლეს შემთხვევაში, იმის საწინდარია, რომ სტუდენტი გახდები. იმ ვრცელი ჩამონათვალიდან, რომლის საშუალებასაც საგამოცდო სისტემა იძლევა, სადმე მაინც გეყოფა ქულები.

ასეა თუ ისე ყველა კერძო მასწავლებელთან დაიარება და ის შედეგი, რომელსაც მისაღებ გამოცდებზე ვიღებთ, დიდ წილად სწორედ მშობლების ფინანსური შესაძლებლობებითაა განსაზღვრული, რადგან ძალიან ძნელია იყო წარმატებული რეპეტიტორის გარეშე.

თავისთავად ცხადია, თუ ცუდი მოსწავლე იყავი, თუ ბოლო წელიწადს გაგახსენდა, რომ უმაღლესი განათლება გინდა, ან არც გაგახსენდა, მაგრამ საზოგადოებამ და ოჯახმა გიკარნახა, რომ ჩაბარება აუცილებელია, რეპეტიტორი აუცილებლად დაგჭირდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ კერძო მასწავლებელი იმათაც სჭირდებათ, ვისაც სკოლის პერიოდში შრომა არ დაუკლიათ, კარგი პედაგოგებიც ჰყავდათ და თვითონაც მშვენიერი მონაცემებიც აქვთ.

სხვა საგნებისას ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის სპეციალისტიც ვარ, კერძოდ მომზადება თითქმის გარდაუვალია.

ამის მიზეზები მრავლადაა. შევეცდები ზოგიერთ მათგანს შევეხო.

ვთქვათ, მეათეკლასელმა „ხარისხიანად” ისწავლა „ვეფხისტყაოსანი”.  „ხარისხიანად” რაღა თქმა უნდა, ძალზედ პირობითი სიტყვაა და გულისხმობს ასაკთან შასაბამისობას. მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც მას მოეთხოვება „ვეფხისტყაოსნის” ცოდნა და თუკი მაღალი ქულები უნდა, მოეთხოვება როგორც მეთორმეტე კლასელს. სამი წელია გასული და მოსწავლის შესაძლებლობებიც და მოთხოვნებიც მის მიმართ, რაღა თქმა უნდა, გაზრდილია. მეთორმეტე კლასელს გაცილებით მეტის გაგება და გააზრება შეუძლია. ჩემთვის იცვლება ამ ტექსტში ყოველწლიურად რაღაც და მით უფრო – მათთვის, მაგრამ მარტო, დამხმარეს გარეშე „ვეფხისტყაოსანთან „ მუშაობა მათ ასაკში მაინც ძნელია. შეიძლება მომედავოთ, რომ  ეროვნული გამოცდა ტექსტების ცოდნას არ ამოწმებს, მაგრამ აბიტურიენტების ნაწერებში მშვენივრად ჩანს (და უნდა ჩანდეს კიდევ), როგორ იციან ქართული ლიტერატურა. ამ ცოდნის საფუძველი კი ძველ ქართულ მწერლობაშია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ  მეათე კლასში ნასწავლი, როგორც არ უნდა ისწავლებოდეს, საკმარისია მეთორმეტე კლასელისთვის, ძალიან ცდება.

ვთქვათ, ლიტერატურას როგორმე გაართვა თავი. ინტერნეტ სივრცეში ბევრი საინტერესო რესურსია და თუკი აბიტურიენტი ძალიან მონდომებულია, რაღაცას შეძლებს. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ლიტერატურის თეორიასა და ენაში. დავიწყებ ლიტერატურის თეორიით.

მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის აბიტურიენტს მოეთხოვება იცნობდეს ლიტ. მცოდნეობის ტერმინებს: 

დრამა, ეპოსი, ლირიკა; პოეზია, პროზა; ანდაზა, აფორიზმი, ბიოგრაფია, ელეგია, თქმულება, იგავ-არაკი, კომედია, ლეგენდა, ლექსი, მემუარი, მითი, მოთხრობა, მუხამბაზი, ნოველა, პოემა, პუბლიცისტიკა, რომანი, სონეტი, ტრაგედია; ტრიოლეტი, შაირი; აბზაცი, ეპიგრაფი, ეპილოგი, თემა, იდეა, კომპოზიცია, პროლოგი, რითმა, რიტმი, სიუჟეტი, სტროფი, ტაეპი, ფაბულა, ფინალი; დიალოგი, მონოლოგი, პერიფრაზი, ციტატა; ლირიკული გმირი, პეიზაჟი, პერსონაჟი, პორტრეტი; ალეგორია, გაპიროვნება, გროტესკი, ეპითეტი, ირონია, იუმორი, მეტაფორა, მოტივი, სარკაზმი, სატირა,  ტროპი, შედარება, ხატოვანი თქმა, ჰიპერბოლა; მხატვრული ენა, მხატვრული სახე.

ლიტერატურული პროცესის ძირითად ეტაპებს: სასულიერო მწერლობა, კლასიკური ხანის მწერლობა, აღორძინების ხანის მწერლობა, რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი.

ამ ტერმინთა და მიმდინარეობათა შესახებ ცნობები, თეორიული და პრაქტიკული მასალა მეოთხე-მეხუთე კლასის წიგნებიდან მეთორმეტეს ჩათვლითაა მიმობნეული. ეს ასეც უნდა იყოს. სირთულის მიხედვით ნელ-ნელა ეუფლება ბავშვი, მაგრამ როცა ბოლოს ერთად თავმოყრა უნდა, ან ლექსიკონი უნდა შეიძინოს, რომელშიც განმარტებები ხშირად უფრო რთულადაა, ვიდრე მას მოეთხოვება, ან 7 კლასის სახელმძღვანელოებში ეძებოს, რაც წარმოუდგენელია. გაცილებით მოსახერხებელია, კერძო მასწავლებელი, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაინც ენაშია. თუ გინდა ეროვნული გამოცდები წარმატებულად დაძლიო, ენა კარგად უნდა იცოდე და წერის მაღალი კულტურა გქონდეს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ენაზე ქულათა საკმაო რაოდენობა მოდის. მხატვრული ტექსტის ანალიზისას, რომელიც 25 ქულით ფასდება, 6 ქულა ენობრივ უნარებსა აქვს დათმობილი. 

ლექსიკა და სტილი 2 ქულა

სინტაქსი 2 ქულა

მორფოლოგია, ორთოგრაფია, პუნქტუაცია 2 ქულა.

რაც შეეხება არგუმენტირებულ ესეს, აქ ქულათა მეტი რაოდენობაა განსაზღვრული:

მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი 4 ქულა

ლექსიკა და სტილი 3 ქულა

პუნქტუაცია 2 ქულა.

საერთო ჯამში ნაწერებისთვის განკუთვნილი 45 ქულიდან 14 ქულა ენის ცოდნაზე მოდის.

ენას კი, ყოველ შემთხვევაში მის თეორიულ ნაწილს, ბოლო სამი წელი პრაქტიკულად არ ვასწავლით.

თავისთავად ცხადია, სწორად და კულტურულად წერა ადამიანმა გრამატიკის ცოდნის გარეშეც შეიძლება ისწავლოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას დასჭირდება უწყვეტი პრაქტიკა და გამუდმებული უკუკავშირი პედაგოგთან, რომელიც მის ნაწერებს გაასწორებს. ასევე საჭიროა გარკვეული ინტელექტი, რომელიც, სამწუხაროდ, ან აქვს თანამედროვე მოსწავლეს და ან არა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თეორიული ცოდნის გარეშე გამუდმებული ვარჯიშით წერის კულტურის გამომუშავება როგორღაც კიდევ შესაძლებელია. სამაგიეროდ, თითქმის წარმოუდგენელია ტექსტის რედაქტირება, რომელშიც ჩვენი აბიტურიენტები საერთო 80 ქულიდან 20-ს იღებენ.

მაგალითად, როგორ უნდა შეამჩნიოს სპეციალური მომზადების გარეშე აბიტურიენტმა ამ წინადადებებში დაშვებული შეცდომები.

ჯვაროსნები კედლებისაგან მარმარილოს ფილებს გლიჯავდნენ ქანდაკებებს ამსხვრევდნენ.
ან: ბოლოს ის იყიდა ერთმა მდიდარმა ვაჭარმა რომელმაც დაშლილი ქანდაკების გატანა მოახდინა 900 აქლემით.
ამ შეცდომების გასწორებისთვის მას სჭირდება:

იცოდეს „დან” და „გან” თანდებულების სწორი ხმარება. მორფოლოგიიდან ახსოვდეს, რომ ერთი მასალას გამოხატავს, მეორე – ადგილს.

იცოდეს სინტაქსი, რთული წინადადების სტრუქტურა და მასთან დაკავშირებული პუნქტუაციის წესები.
მორფოლოგიიდან ახსოვდეს, რომ არსებობს ე. წ. ფუძედრეკადი ზმნები, რომლებთანაც „ავ” თემის ნიშნის ხმარება დაუშვებელია. ამ უკანასკნელი შეცდომის გასწორება მთლიანად თეორიულ ცოდნაზეა დაფუძნებული, რადგან საინფორმაციო სივრცესა და ზეპირ მეტყველებაში  ძირითადად არასწორი ფორმები ისმის.

ასევე მიჩვეულია მათი ყური ისეთი ტიპის სტილისტურ ხარვეზებს,  როგორიც მეორე წინადადებაშია მოცემული.
სამწუხაროდ, სკოლა, ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები – ვერ ახერხებს დაეხმაროს აბიტურიენტს წლების განმავლობაში მიღებული ცოდნის თავმოყრასა და გაღრმავებაში. ამიტომ ჩვენი მეთორმეტეკლასელები სკოლებში სანახევროდ დადიან, მათ სხვა საქმე აქვთ, რეპეტიტორებთან ემზადებიან. 

ვფიქრობ, ამ საკითხზე რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ და როგორმე მოვძებნოთ  გამოსავალი.
 
 

მიზიდულობა

0
„მხოლოდ ადამიანი ეწინააღმდეგება გრავიტაციის მიმართულებას: ის გამუდმებით ცდილობს, დაეცეს ზევით”.
ფრიდრიხ ნიცშე
სამყაროში გრავიტაციის საიდუმლო ბუნება მეცნიერებს ბოლომდე ჯერ არ შეუსწავლიათ. მზის სისტემაში პლანეტებს ორბიტებზე გრავიტაცია აკავებს. მიზიდულობის ძალა რომ არა, პლანეტები სივრცეში ბილიარდის ბურთებივით მიმოიფანტებოდნენ. მზის მიზიდულობის ძალა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ შეაკავოს 9 პლანეტა, ათეულობით მათი თანამგზავრი, ათასობით ასტეროიდი და კომეტა. მთელი ეს კომპანია მზის გარშემო ისე ბრუნავს, როგორც განათებულ აივანზე – ფარვანები. მიზიდულობის ძალის გარეშე პლანეტები, თანამგზავრები და კომეტები სწორხაზოვნად გაფრინდებოდნენ თავისი გზით. ისინი საკუთარ ორბიტებზე მზის გარშემო იმიტომ ბრუნავენ, რომ მზე თავისი მიზიდულობის ძალით მათ სწორხაზოვან ტრაექტორიას მუდმივად ამრუდებს და თავისკენ იზიდავს. 

ვაშლს ბედისგან არცთუ მცირე მისია ერგო. მისი როლი აისახა რელიგიაში, მითოლოგიაში, ხელოვნებაში… გადმოცემის თანახმად, როდესაც ნიუტონი თავის ბაღში ვაშლის ხის ძირას „მოძრაობის კანონებზე” ფიქრობდა, ტოტიდან ნაყოფი ჩამოვარდა და მის ახლოს დაეცა. ფიზიკოსი მაშინვე მიხვდა, რომ ვაშლი მიწის გრავიტაციული ველის მოქმედების შედეგად დაეცა ძირს და მან დაამტკიცა, რომ ქვის მიწაზე დაცემას, დედამიწის გარშემო მთვარის მოძრაობას და მზის გარშემო პლანეტების მოძრაობას ერთი და იგივე რამ იწვევს. როგორც ვიცით, მიზიდულობის ძალას ექვემდებარება ასევე ბუნების ერთ-ერთი გრანდიოზული მოვლენა – ზღვებისა და ოკეანეების მიქცევა და მოქცევა. და ზოგჯერ მდინარეც კი, შესართავთან, მცირე ხნით აღმა იწყებს სვლას.

სწორედ ამან დაუდო სათავე მოსაზრებას, რომ არა მარტო დედამიწასა და ვაშლს, არამედ სამყაროში არსებულ ყველა სხეულს შორის არსებობს მიზიდულობა. ამ მოვლენას ნიუტონმა მსოფლიო მიზიდულობის კანონი უწოდა, რაც კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობის აღმოჩენად იქცა.

ლეგენდარულმა ვაშლის ხემ კი ამ უდიდეს ფიზიკოსზე, მათემატიკოსსა და ასტრონომზე 100 წლით მეტხანს იცოცხლა – 1820 წელს ავდარში, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს, დაიღუპა.

როგორც არ უნდა იყოს, ნიუტონის ვაშლი მშვენიერ იგავად და იმ მეტაფორად რჩება, რომელიც აღწერს ადამიანის მიერ ბუნების მოულოდნელი და შემოქმედებითი შემეცნების საიდუმლოს.

სიტყვებში „მიზიდულობის ცენტრი” არის რაღაც კოსმიური, მაგიური, მომაჯადოებელი. ერთბაშად  წარმოგვიდგება თვალწინ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მუდმივი კითხვებით, რომლებზეც პასუხს რატომღაც ჩვენი პლანეტის საზღვრებს გარეთ ვეძებთ. მიზიდულობა ნიშნავს მაგნიტურ ძალას, რომლის წყალობითაც ერთი სხეული მეორისკენ მიისწრაფვის და რომელიც ცოცხალ არსებებს ერთმანეთისკენ მიზიდვას აიძულებს.

ყოველ ადამიანს აქვს მიზიდულობის საკუთარი ცენტრი. ვისთვის ეს ფულია ან ძალაუფლება, ვისთვის კი – საყვარელი საქმე, ოჯახი, შვილები, სახლი. მაგრამ არსებობს ცენტრი, რომელიც თაობიდან თაობამდე ყველას გვაერთიანებს. ეს არის სკოლა.

„მუსიკის პირველი ბგერა სამყაროსთან ერთად დაიბადა” 

საინტერესოა, როგორ ახერხებს ჩვენი სმენა მელოდიაში „საყრდენი ბგერის” პოვნას და რომელი მუსიკალური ტერმინების გამოყენებით შეგვიძლია ამ შეგრძნების ახსნა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ელემენტარული თეორიის მოშველიება მოგვიწევს.

მუსიკის გამომსახველობისთვის აუცილებელია რამდენიმე ბგერის ისეთ სისტემაში გაერთიანება, რომელიც განსაზღვრულ სიმაღლეთა შეფარდებასა და მათ ურთიერთკავშირზეა დამყარებული. ამიტომაა, რომ ერთი ბგერის ან აკორდის იზოლირებული ხმოვანება ცალკე ვერ გამოხატავს რაიმე მუსიკალურ აზრს. სოლფეჯიოში მყარი საფეხურების (ბგერების) შემომღერება მასწავლებელს ალბათ არაერთხელ დაუვალებია თითოეული ჩვენგანისთვის. ბგერათა სიმყარე მაშინ გამოვლინდება, როდესაც მყარ ბგერებს მერყევს დავუპირისპირებთ. კარგი იქნება გავარკვიოთ, რომელი საფეხურებია გამაში მყარი და მერყევი. 

მელოდიაში ყოველთვის არსებობს საყრდენი ბგერა, საითკენაც მერყევი ბგერა მიიზიდება და რომელზეც ის მთავრდება. თუ მელოდიას შევწყვეტთ და ბოლო ბგერას არ დავუკრავთ, დაუმთავრებლობის შეგრძნება დაგვრჩება. სწორედ ეს შეგრძნებაა ბგერათა მიზიდულობა.

კილოს მყარი საფეხურებია პირველი, მესამე და მეხუთე (I, III, V). ყველა დანარჩენი – მეორე, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე (II, IV, VI და VII) – მერყევია.

საფეხურები კილოს ბგერებია. კილოს საფეხურების მიზიდულობა მათი ურთიერთკავშირია, სადაც ტონიკა (I საფეხური) „მიზიდულობის ცენტრს” წარმოადგენს. ის კილოს ყველაზე მყარი საფეხურია, მთელი მუსიკალური ნაწარმოების საყრდენი.

მერყევი საფეხურები ყოველთვის დაძაბულად ჟღერს და უახლოესი მეზობელი მყარი საფეხურებისკენ მიისწრაფვის (მერყევი საფეხურების მყარში გადასვლის მომენტს გადაწყვეტა ეწოდება), მყარი კი დაუძაბავად, მშვიდად. მერყევის მყარისკენ მიზიდულობის სისტემა ასე გამოიყურება: IßII,
III
ßIV, VßVI,
VII
àI
 

ე.ი. II და VII საფეხურები (ტონიკის გარემოცვა), როგორც შემავალი საფეხურები, „მაგნიტისკენ” – I საფეხურისკენ მიიზიდება. ვინაიდან ტონიკა ყველაზე მყარია, მისკენ ერთდროულად მიიზიდება ორი საფეხური –  VIIàIßII. 

 

თუ გახსოვთ, ერთ-ერთ წერილში თვალი გადავავლეთ უძველეს კილოებსა და დღევანდელ კლასიკურ კილოებს შორის განსხვავებას, ვისაუბრეთ ორ ურთიერთსაპირისპირო საწყისზე, სადაც სიხარული (სინათლე) და მწუხარება (ჩრდილი) კილოებით – მაჟორითა და მინორით გამოიხატება. ამჯერად, მსურს, მაჟორსა და მინორს შორის განსხვავება ბგერათა რიგის საფეხურთა ურთიერთდამოკიდებულებით ავხსნა. ეს საფეხურები მთელი ან ნახევარი ტონით (მანძილით) ჩამორჩება ერთმანეთს. მაგალითად, საფეხურთა შორის დამოკიდებულება ასე გამოისახება: 
მაჟორში: ტონი-ტონი-ნახევარი ტონი-ტონი-ტონი-ტონი-ნახევარი ტონი. 
მინორში: ტონი-ნახევარი ტონი-ტონი-ტონი-ნახევარი ტონი-ტონი-ტონი. 
 
 
 
ამრიგად, მაჟორულ კილოში I-დან III საფეხურამდე მანძილი ინტერვალურ-ტონური სტრუქტურით ასეთი იქნება: 1 ტონს + 1 ტონი = 2 ტონს, – ხოლო მინორულ კილოში: 1 ტონს + 0,5 ტონი = 1,5 ტონს, ანუ მინორში III საფეხური დადაბლდება. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ კიბეზე მოძრაობისას (მაჟორული და მინორული კილოს აგების დროს) წესრიგი უნდა დავიცვათ და მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ მე-3 საფეხურს, ვინაიდან კილოს განსაზღვრა სწორედ ამ საფეხურზეა დამოკიდებული.

დასასრულ, იმასაც შეგახსენებთ, რომ პითაგორა, პლატონი, არისტოტელე და სხვა მოაზროვნეები მათემატიკასა და მუსიკას შორის ნათესაურ კავშირს პოულობდნენ. მათი აზრით, სამყაროსა და ადამიანის სხეულში მათემატიკა და მუსიკა უდიდეს წესრიგს ქმნის. 

ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ…

0

ალბათ უკვე თქვენც შეიტყვეთ ჩვენს საზოგადოებრივ დისკუსიებში დამკვიდრებული ახალი ტერმინებისა და ცნებების შესახებ. უკანასკნელ ხანს მეცნიერები და აქტივისტები ხშირად საუბრობენ „ჰიბრიდულ ომებსა” და „რბილ ძალაზე”, ამ კატეგორიათა შინაარსი კი მრავალი მოქალაქისთვის კვლავ უცნობი რჩება.

სახელმწიფოები ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ იარაღით არ იბრძვიან, მძიმე ტექნიკასთან ერთად მათ მრავალი სხვა საშუალებაც აქვთ. მაგალითად, იმპერიალისტური მიზნებით აღძრული სახელმწიფოები მეზობელ ქვეყნებში ბუნებრივი რესურსებისა და ძირითადი საწარმოების პრივატიზებას ცდილობენ, რათა გადამწყვეტი გავლენა მოიპოვონ დასამორჩილებელი საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებასა და ფინანსურ საქმიანობაზე. აპრობირებული მეთოდია მოსაზღვრე სახელმწიფოში მეტროპოლიის ინტერესების დამცველი პარტიების, ინტერესთა ჯგუფებისა და მედიის საშუალებების დაფუძნება, დაფინანსება და წახალისება. ხშირად მტრულად განწყობილი ქვეყანა ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების პროვოცირებასა და კონფლიქტების გაღვივებას ესწრაფვის. მსგავსი შემთხვევების დროს, როდესაც ერთი პოლიტიკური სისტემა მეორეზე გავლენის მოპოვებას არაძალადობრივი სტრატეგიების გამოყენებით ცდილობს, საქმე გვაქვს „რბილ ძალასთან”.

დავაკვირდეთ ჩვენს დღევანდელ ყოფას. საქართველოს ეკონომიკური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი გასხვისებულია. ქვეყნის სიმდიდრეს ან გაურკვეველი წარმოშობის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები აკონტროლებენ, ან მათი განკარგვის უფლება რუსულ სახელმწიფო და კერძო საწარმოებს აქვთ მოპოვებული.

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვაწყდებით უცნაური შინაარსის სტატიებს, რომლებიც „ზნედაცემული” და „გარყვნილი” ევროპის არსებობას გვაუწყებენ. ძალას იკრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის მანკიერებებზე ამახვილებენ ყურადღებას და თავიანთი მრავალფეროვანი, კარგად დაფინანსებული ღონისძიებებით ალტერნატივად ერთმორწმუნე რუსეთთან თანამშრომლობასა თუ კეთილმეზობლურ ურთიერთობას გვთავაზობენ.

ამას წინათ ჩემს ტელეფონზე უცნაური ზარი გაისმა. ქართულად შესანიშნავად მოლაპარაკე უცნობს ჩემი როგორც პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრანტის აზრი აინტერესებდა დამოუკიდებელი ჯავახეთის სომხური რესპუბლიკის თაობაზე, რომლის უსაფრთხოების გარანტი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შეიძლება ყოფილიყო. დაბნეულმა სასწრაფოდ დავკიდე ყურმილი და რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ნომრიდან გამოგზავნილ შეტყობინებებს აღარც კი ვუპასუხე. ეს მაგალითი არაფერია კონფლიქტებისა და დაძაბულობის იმ მრავალწლიან გამოცდილებასთან შედარებით, რომელიც საქართველომ ბოლო ხანს ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის დროს დააგროვა.

ფაქტები მიგვანიშნებს, რომ მეზობელი იმპერია საქართველოში საკუთარი ინტერესების ლობირებას არაძალისმიერი მეთოდებითაც ცდილობს ანუ ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს „ჰიბრიდულ ომს” და ჩვენს დასამორჩილებლად არც „რბილი ძალის” გამოყენებას ერიდება. საუბედუროდ, მხოლოდ ერთი აქტორი არ ცდილობს აღნიშნული სტრატეგიებით ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებას.

როგორ მოვიქცეთ იმპერიალისტური პოლიტიკის შესაჩერებლად?

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ აუცილებელია საქართველოში „რბილი ძალის” გამოყენების ხელშემწყობი ორგანიზაციების აკრძალვა. იდეის მომხრეები მალევე მიხვდნენ, რომ ამ გზით სვლა წარმოუდგენელია. სიტყვის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება ადამიანის უნივერსალური უფლებაა. რაიმე მიზეზით მისი შეზღუდვა, მოქალაქის მიერ განსხვავებული ნების გამოვლენის აკრძალვა ქმნის საშინელ პრეცედენტს, რომელიც შესაძლოა ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების წინაპირობად იქცეს.

მეორე ჯგუფის მოთხოვნა გაცილებით ლოგიკური და ადეკვატურია. ისინი იმპერიალისტური პოლიტიკის შესაჩერებლად მეტ გამჭვირვალობასა და რეგულაციას უჭერენ მხარს და ამბობენ: „აუცილებელია არა განსხვავებული, თუნდაც პრორუსული, აზრის გამოხატვის აკრძალვა, არამედ თავად რუსეთის სახელმწიფო და კერძო კაპიტალის აქტივობის შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე”. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: მსოფლიოს მრავალი სხვა წერტილიდან მომავალი კაპიტალიც შესაძლოა საზიანო იყოს საქართველოსთვის. მათი აქტივობაც შევზღუდოთ?

„რბილი ძალის” შესაჩერებლად მუშაობა გაჩაღდა კიდევ ერთი მიმართულებით. მკვლევართა ნაწილმა გადაწყვიტა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მათ განახორციელეს პროექტი „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე” და აღწერეს ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ინტერესთა არაერთი ჯგუფის კავშირი მეზობელ სახელმწიფოსთან. კვლევასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა გაჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა დარწმუნდა დასაბუთებული და ზედმიწევნით კარგად სტრუქტურირებული ინფორმაციის ფლობის სარგებლიანობაში.

მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი არჩევანისა, მე მაინც განსხვავებული გზით სვლას გირჩევდით. ვფიქრობ, ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ პატრიოტიზმი პროფესიონალიზმის გარეშე წარმოუდგენელია. მთელი ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იმგვარი ალტერნატივების შექმნისკენ, რომლებიც სამუდამო ჩრდილში მოაქცევს ჩრდილოეთიდან თუ სხვა მხრიდან წამოსულ ანტისახელმწიფოებრივ იდეებს. ამრიგად, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ქვეყანაში „რბილი ძალის” გამოყენებაზე ორიენტირებული მეხუთე კოლონა არსებობს; მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე მეხუთე კოლონის გავლენის დასაბალანსებლად.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...