ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
1 მაისი, ხუთშაბათი, 2025

აქციეთ მოსწავლეები საკუთარი პრობლემების ექსპერტებად

0
ჭადრაკის ოსტატთა ცოდნის კვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოსტატმა იცის ჭადრაკის ფიგურების დაფაზე განლაგების დაახლოებით 50 ათასი ვარიანტი. მას შეუძლია, რამდენიმე წამში დაიმახსოვროს თითოეული მათგანის ადგილმდებარეობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი “ლექსიკური მარაგი” 50 ათასი ნიმუშისგან/მაგალითისგან შედგება. დიახ, ფიგურათა კომბინაციები ჭადრაკის ოსტატისთვის ერთგვარ პროფესიულ ლექსიკას წარმოადგენს. თუ წამით დახედავთ ნაცნობ სიტყვას, შეძლებთ მის დამარცვლას, რადგან გეცოდინებათ, რომელ ასოს რა მოსდევს, მაგრამ თუ სიტყვაში ასოები არეულია, ერთი შეხედვით მათი თანმიმდევრობის დამახსოვრება გაგჭირდებათ. ასევეა ჭადრაკშიც. როდესაც ფიგურები ყოველგვარი წესის დარღვევითაა განლაგებული დაფაზე, ჭადრაკის ოსტატი ჩვეულებრივი მოთამაშისგან არაფრით განსხვავდება. ოსტატის მეხსიერება შედგება იმ მოდელებისგან, რომლებსაც ლოგიკური მნიშვნელობა აქვს და რომლებიც თამაშის დროს შეიძლება შეხვდეს მოთამაშეს.

ასეთივე ფენომენთან გვაქვს საქმე სხვა პროფესიების შემთხვევაშიც. მიხვედრა, როგორ გადავჭრათ ესა თუ ის პრობლემა, ემყარება წარსულის გამოცდილებას/ნიმუშს. გამოცდილი ფიზიკოსები, ახალბედებისგან განსხვავებით, თავიანთ ცოდნას განალაგებენ ცენტრალური პრინციპების გარშემო, მაშინ როდესაც ახალბედები პრობლემის სპეციფიკურ, უმნიშვნელო დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, რომელიმე ფიზიკური ამოცანის ამოხსნისას თავჩენილი პრობლემების კლასიფიკაციის დროს ახალბედა ფიზიკოსები გარე, ეგრეთ წოდებული მეორეხარისხოვანი მახასიათებლების შესწავლას იწყებენ (მაგალითად, რა ტექნიკური დეტალი, აპარატია გამოსაყენებელი), მაშინ როდესაც ექსპერტები პრობლემებს აჯგუფებენ ფიზიკის პრინციპების (როგორიცაა, მაგალითად, ნიუტონის კანონი) მიხედვით, რაც აუცილებელია ამ ამოცანის ამოსახსნელად.

ექსპერტებს შეუძლიათ პრობლემის სწრაფი პრეზენტაცია და მომდევნო ეტაპების სწრაფი დაგეგმვა. მათ მეხსიერებაში აკუმულირებული ნიმუშები/სქემები ეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემის აღქმისა და მისი გადაჭრის სტრატეგიის დადგენა სინქრონულად, ავტომატურად მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერტს უნდა ჰქონდეს დიდი რაოდენობის მოდელი/ნიმუში/სქემა. ექსპერტის დონის ცოდნა მოითხოვს კონკრეტულ სფეროში საჭირო ცოდნის შეძენას/აკუმულირებას. ამისთვის საჭიროა კონკრეტულ სფეროში არსებული პრობლემებისა და დაგროვილი გამოცდილების გაცნობა. ექსპერტად გახდომისთვის ადამიანს თავადაც მრავალი პრობლემის გადაჭრის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ექსპერტად რომ ჩაითვალოს, სპეციალისტს დაახლოებით ათწლიანი კვლევის ათი ათასი საათი სჭირდება.

ექსპერტების ცოდნის მდიდარი მარაგი გამყარებულია თეორიულად და პრაქტიკაშიც დანერგილია. აქედან გამომდინარე, ადვილია გრძელვადიან მეხსიერებაში არსებული ცოდნის საჭიროების შემთხვევაში აღდგენა და გამოყენება. ექსპერტებს შეუძლიათ, თავიანთი ექსტენსიური ცოდნა გამოიყენონ ინფორმაციის უფრო ადვილად შესწავლისა და აღდგენისთვის. მაგალითად, შევადაროთ მე-4 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ცუდად იცნობენ ფეხბურთის წესებს, მათსავე თანატოლებს, რომლებსაც ამ სფეროში ექსპერტის დონის ცოდნა აქვთ. ეს უკანასკნელნი უფრო ადვილად იმახსოვრებენ ფეხბურთთან დაკავშირებულ ახალ ცნებებს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის მოსწავლეებს სხვა სფეროში ინფორმაციისა და ცნებების შესწავლისა და დამახსოვრების ერთნაირი უნარი აქვთ. ფეხბურთის ექსპერტები ფეხბურთის სფეროსთან დაკავშირებული ცნებების კლასიფიკაციას ახდენენ და მათთვის ადვილია მეხსიერებიდან ერთხელ ნასწავლი ტერმინის გამოყენება. მცირე ასაკის ბავშვებიც კი, რომლებსაც კონკრეტულ სფეროში ექსპერტის დონის ცოდნა აქვთ, თავიანთი ცოდნის ორგანიზებისას სტრატეგიებს იყენებენ. 

ცოდნის ორგანიზებული ფორმით ჩამოყალიბებასთან ერთად ვითარდება დაგეგმვისა და მონიტორირების უნარიც. ექსპერტები ბევრ დროს უთმობენ პრობლემის ანალიზს, დიაგრამების შედგენას, კომპლექსური პრობლემების მცირე საკითხებად/ნაწილებად დაშლასა და გეგმის შედგენას, მაშინ როდესაც ახალბედები იწყებენ ფორმულის ამოხსნით, რასაც მალევე მოსდევს ნაშრომის პირველი პარაგრაფიც. ექსპერტი გეგმავს, ხშირად ამარტივებს საკითხებს მუშაობის პროცესში და აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს – ამრიგად, დრო ფუჭად არ იკარგება – დასაწყისშიც და მერეც მთელი პროცესის განმავლობაში ხდება სუსტი იდეებისა და არასწორი მიდგომების უკუგდება.

ჩიმ, გლასერმა და ფარიმ ჩამოაყალიბეს ექსპერტთა ზეუნარების ნუსხა, რომელიც ასე გამოიყურება:
ექსპერტები

1) ახდენენ კონკრეტულ ინფორმაციაში დიდი, მთავარი მნიშვნელობის ნიმუშების იდენტიფიკაციას;
2) ამოცანას ასრულებენ სწრაფად და თითქმის უშეცდომოდ;
3) პრობლემებს განიხილავენ სიღრმისეულად;
4) ახდენენ ინფორმაციის აკუმულირებას მუშა და გრძელვადიან მეხსიერებაში;
5) ბევრ დროს უთმობენ პრობლემის ანალიზს;
6) უფრო ეფექტურად ახდენენ თავიანთი აქტივობების მონიტორინგს.

მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება პრობლემის გადაჭრის სფერო, ისეთი, როგორიცაა, ვთქვათ, ჭადრაკი, ფიზიკა ან კომპიუტერული პროგრამირება, ექსპერტების ზემოაღნიშნული უნარ-ჩვევები თანამიმდევრულად ამოქმედდება. მაგრამ თუ პრობლემის გადაჭრის სფერო ზუსტად არ არის გამოკვეთილი და არც მთავარი პრინციპებია დადგენილი, განსაკუთრებით – ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, მაგალითად, ეკონომიკა და ფსიქოლოგია, განსხვავება ექსპერტებსა და დამწყებ სპეციალისტებს შორის არც ისე დიდია.

მეცნიერები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში ექსპერტსა და ახალბედა სპეციალისტს შორის განსხვავებას იკვლევდნენ, საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს ფიზიკის სფეროდან. ახალბედა სპეციალისტთა უმრავლესობა ფიზიკის სფეროს მცდარი ინფორმაციით განიხილავს. ასე უმეტესად იმიტომ ხდება, რომ ინტუიციური იდეები ფიზიკური სამყაროს შესახებ არასწორია. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამა თუ იმ საგნის დასანახად ის ადგილი უნდა გავანათოთ, სადაც საგანია მოთავსებული. ე.ი., მათი აზრით, სინათლე საგნის დანახვაში გვეხმარება. მოსწავლეები ვერ ხვდებიან, რომ საგანი აირეკლავს სინათლეს და ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ვხედავთ მას. ეს ცნება არ შეესაბამება მათ ყოველდღიურ გამოცდილებას, როცა ვანთებთ შუქს ბნელი სივრცის „გასანათებლად”.

საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის ალბათ ფრიად მნიშვნელოვანია იმის გაგება, რა ინტუიციური მოდელები აქვთ მათ მოსწავლეებს ძირითადი ცნებების შესახებ. თუ მოსწავლის ინტუიციური მოდელი ბევრ მცდარ და არაზუსტ შეხედულებას შეიცავს, მას პრობლემაზე არაადეკვატური და მცდარი წარმოდგენა შეექმნება. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მკვლევარი არ იყენებს ტერმინს „მცდარი წარმოდგენა”. ისინი ამა თუ იმ სფეროში მოსწავლის საწყის ცოდნას გულუბრყვილო ან ინტუიციურ შეხედულებას უწოდებენ. ახალი ინფორმაციის გასაგებად და პრობლემების გადასაჭრელად ხშირად საჭიროა, მოსწავლეებმა დაივიწყონ მიღებული იდეები. რა თქმა უნდა, ცნებების შესახებ ინტუიციური შეხედულებების შესაცვლელად საჭიროა მოტივაცია. იმისთვის, რომ ადმიანებმა შეცვალონ ძირითადი ცნებები, საჭიროა ოთხი ძირითადი პირობა: 

1) მოსწავლეებმა უნდა შეიცვალონ დამოკიდებულება არსებული ცნების მიმართ; ეს ცნება განხილულ უნდა იქნეს როგორც არაზუსტი, დაუსრულებელი ან გამოუსადეგარი; 

2) მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ ახალი ცნება;
3) ახალი ცნება უნდა იყოს დამაჯერებელი, ის უნდა მოერგოს მოსწავლეთა ცოდნის ჩარჩოებს;
4) ახალი ცნება უნდა იყოს სასარგებლო – ის წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი და კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოსადეგი.
რეკომენდაციები

ჰკითხეთ მოსწავლეებს, დარწმუნებულნი არიან თუ არა, რომ კარგად ესმით პრობლემის არსი:
* შეუძლიათ თუ არა, გამოყონ ინფორმაციის რელევანტური და არარელევანტური ნაწილები?
* კარგად აქვთ თუ არა გააზრებული თავიანთი გადაწყვეტილებების ლოგიკა?
* დაეხმარეთ, მოახდინონ პრობლემის ვიზუალიზაცია დიაგრამებისა თუ ნახაზების საშუალებით.
* სთხოვეთ, მოახდინონ პრობლემის პრეზენტაცია სხვების წინაშე. როგორი იქნება კარგი გადაწყვეტილება?
* ურჩიეთ, სხვადასხვა კუთხით განიხილონ და შეაფასონ პრობლემა. 
* დაასახელეთ რამდენიმე შესაძლებლობა და სთხოვეთ მოსწავლეებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.
* ავარჯიშეთ მოსწავლეები თავიანთი მოსაზრებების გამოთქმასა და დაცვაში.
* მოსწავლეებმა უნდა იფიქრონ. ნუ მიაწვდით მათ მზა პასუხებს.
* შესთავაზეთ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური პრობლემები, რათა თითოეულ მოსწავლეს მიეცეს მუშაობის შანსი.
* ლმობიერად მოექეცით მოსწავლეებს, თუ ისინი ასაბუთებენ პრობლემის გადაჭრის „მცდარ” გზას.
* არ მისცეთ ჩიხში შესულ მოსწავლეებს დანებების საშუალება. აცადეთ ფიქრი. არ დაინანოთ მინიშნებები.
* დაეხმარეთ ალტერნატივების ანალიზის უნარის ჩამოყალიბებაში.
* პრობლემის გადაჭრისას იფიქრეთ ხმამაღლა.
* ჰკითხეთ: „რა მოხდება, თუ?..”
* ჩამოწერეთ მოსაზრებები.

შეხუმრება კლასიკასთან

0

ერთ-ერთ ლიტერატურულ თავყრილობაზე ერთმა ახალგაზრდა ავტორმა რენე კალანდია შენიშნა, მივიდა და მოიკითხა.

– შენი ძმაკაცი რომ დგას იქით, პაატა შამუგია, არ ეკადრება ჩემი ხნის პოეტთან მოსვლა? – ჰკითხა რენემ უმცროს კოლეგას.
– უნდა, როგორ არა, ბატონო რენე, მაგრამ ერიდება.
– მაგი, ბიჭო, რუსთაველს არ მორიდებია და ჩემი რა უნდა მოერიდოს?!. – გაიღიმა რენემ.
ვინც რენე კალანდიას იცნობდა, დამეთანხმება, რომ იშვიათია პოეტი, რომელსაც ასე სრულყოფილად სცოდნოდა კლასიკური მემკვიდრეობაც და თანამედროვე მწერლობაც – თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემას კითხულობდა, არ გამორჩებოდა არც ერთი საინტერესო სტრიქონი. და, ბუნებრივია, რომ კლასიკასაც და გასული/ახლანდელი საუკუნის ყველა -იზმს ერთ კუთხიდან უყურებდა – ნამდვილი ლიტერატურის სამზერიდან.
ალბათ შეგნებულადაც ხდება და წინასწარ გაუცნობიერებლადაც, როცა ნიჭიერი მწერალი კლასიკასთან შეხუმრებას გადაწყვეტს. მაგრამ ეს მხოლოდ იმას გამოსდის ხოლმე, ვინც კარგად იცის კლასიკოსები – ძვირფასი ხალხი, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ანთოლოგიების ბინადრები რომ არიან, მაგრამ ალბათ ისევე მოუთმენლად ელიან ნამდვილ მკითხველს, როგორც თუნდაც დებიუტანტი ავტორები. ოღონდ, დამწყებებისგან განსხვავებით, მათ საუკუნეების გამოცდილება აქვთ და წესით რა უნდა გაუკვირდეთ, რა ეპითეტი უნდა ეუცხოვოთ. ალბათ შეფასებებისა და ინტერპრეტაციების უწყვეტი ხმები ჩაესმით საფლავში და ისეთი რა უნდა მოხდეს, მათი გამოწვევა, „მეფური ძილიდან” გამოღვიძება რომ შეძლოს?!
კლასიკოსად აღიარებულ ავტორთან შეთამამება მწერლობის ზედაპირულად მცოდნისათვის დიდი ხაფანგია, სადაც პირველივე ცდაზე თავფეხიანად გაებმება, მაგრამ ვისთვისაც ლიტერატურა მხოლოდ საგანი ან დარგობრივი მეცნიერება არაა, კაიძალ სიამოვნებასაც შეიძლება გამორჩეს ამ დამღლელ და ერთფეროვან ცხოვრებას.
არ გჯერათ? ან როგორც ერთი სუპერპოპულარული ვიდეოს პერსონაჟი ამბობს: „ჩემი გჯერათ?” თუ – არა, მაშინ ერთ ღრმად პატივსაცემ კაცს დავიყენებ გვერდში, რომელიც თავბრუდამხვევი ლიტერატურული თამაშებისა და ინტელექტუალური იუმორის ნამდვილი მეტრია.
ცოტა ხანში ქართულ ენაზე ვუდი ალენის მოთხრობების კრებული „ჩემი აპოლოგია” (მთარგმნელი თამარ სუბელიანი) გამოვა. ავტორს რეალური და გამოგონილი პერსონაჟების მთელი გალერეა ჰყავს, რომელსაც კაცმა არ იცის, რა საქმისთვის დაისაჭიროვებს. ვთქვათ ასე: „ადრეულად მომწიფდა ვაინშტაინი. ინტელიგენტი ბავშვი იყო. ერთხელ ვიღაც ტყიურები შეიჭრნენ ბიბლიოთეკაში და ტ. ს. ელიოტის ლექსები ფრანგულად გადათარგმნეს, თორმეტი წლის ვაინშტაინმა კი ისევ ინგლისურად გადათარგმნა ის ლექსები”. ან ეს: „რელიგიამაც იმედები გაგვიცრუა, რაც უნდა სამწუხარო იყოს. მიგელ დე უნამუნო კი უდარდელად წერს თავის ნაშრომში „მარადიული ამტანობა ცნობიერისა”, მაგრამ იოლი ხვედრი ნამდვილად არ გვერგო. განსაკუთრებით იმათ, ვინც იძულებულნი გავხდით თეკერეის ნაწარმოებები წაგვეკითხა”.

არც შექსპირია გამოტოვებული ამ დიდებული ანსამბლიდან, უფრო სწორად, ხშირ შემთხვევაში ვუდი ალენის შთაგონების წყარო სწორედ ის არის: „ერთ წიგნში ირწმუნებიან, შექსპირის ნაწარმოებების ავტორი კრისტოფერ მარლო იყოო. წიგნში იმდენად დამაჯერებელი ამბავია მოთხრობილი, რომ კითხვის დროს იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, შექსპირი იყო მარლო თუ მარლო იყო შექსპირი… ზემოთხსენებულ თეორიას რომ ჩავუღრმავდეთ, პირველ შეკითხვას დავსვამ – თუ მარლომ დაწერა შექსპირის ნაწარმოებები, მარლოსი ვინღა დაწერა?” შექსპირის ნაწარმოებებს, ანუ როგორც თვითონ ამბობს – „იმ პიესებსა და სონეტებს, დღეს რომ ყველამ ვიცით და მათ წაკითხვას თავს ვარიდებთ” – შემდეგაც უბრუნდება ავტორი: „ღმერთი არ არსებობს, ცხოვრებას აზრი არ აქვს, ყველაფერი სრულდება. დიდი აფეთქება რომ მოხდება, შექსპირის დიდებული ნაწარმოებებიც კი განადგურდება, მართალია, „ტიტუს ანდრონიკუსზე” გული არავის დასწყდება, მაგრამ სხვა ნაწარმოებებსაც რომ განადგურება უწერიათ?”.
ამ ყველაფერს და კიდევ ჩემი მოსწავლეობისდროინდელ საყვარელ მოთხრობას – „კუგელმასის ეპიზოდური როლი” რომ თავი დავანებოთ, ერთი საოცარი ტექსტიცაა წიგნში – „ზეინტელექტუალი მეძავი”. ერთი ტიპის, უორდ ბაბკოკის ამბავია, სწრაფი ინტელექტუალური თავგადასავალი რომ სჭირდება და როცა ამის სურვილი აიტანს, შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში ხარისხდაცულ მადამ ფლოსის ურეკავს ხოლმე. ის, თავის მხრივ, ერთ ახალგაზრდა გოგოს გზავნის, თვრამეტი წლისას, რომელსაც უხდი და რასაც გინდა, განიხილავს შენთან ერთად – პრუსტი გინდა, იეიტსი თუ ანთროპოლოგია. არა, განა ცოლი არ უყვარს ბაბკოკს, მაგრამ ის ხომ პაუნდზე არაფრის დიდებით არ დაელაპარაკება. არც ელიოტზე. არადა, ხანმოკლეა ეს ცხოვრება.
ამ დროს მადამ ფლოსიც არაა გულხელდაკრეფილი და როგორც ჩანს, შემოსავლის წყაროსთან ერთად, შანტაჟისთვისაც იყენებს თავის ბიზნესს. თუ არა, აგერ ბაბკოკს მოუსმინეთ: „სასტუმროს ოთახში კამერები დაუყენებიათ. ჩანაწერი აქვთ, სადაც „უნაყოფო მიწას” განვიხილავთ მე და ის გოგონა, და მართლა ზედმეტი მოგვდის. ათი ათასს მთხოვენ…”
ერთი სიტყვით, სანამ კერძო დეტექტივი ბოლომდე მიჰყვება საქმეს, ვუდი ალენი შიგადაშიგ ისეთ წონიან კლასიკოსებს შემოიყვანს, უკეთესს ძნელად გაიხსენებ – „შედარებითი ანალიზი გინდა მელვილისა და ჰოთორნისა? მაგის მოწყობა ორმოცდაათად შემიძლია”.
დანარჩენს, ეჭვი არ მაქვს, წაიკითხავთ. დანარჩენი – კლასიკაა. ისევე როგორც ვუდი ალენი, კლასიკოსებთან შეხუმრებული მაგარი მწერალი.
 
 
 
 

გელა ლომიაშვილი – კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტაცია

0
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მან უნდა აარჩიოს საქმიანობის სფერო. რა ფაქტორები განაპირობებს პროფესიულ ორიენტაციას ზოგადად? რა ვითარებაა ჩვენში? როგორ განიმარტება პროფესიული ორიენტაცია? რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების გათვლა პროფესიის არჩევისას და როგორ შეიძლება ამის განსაზღვრა? ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მათთვის იქნება, ვინც ახლა დგას არჩევნის წინაშე, რადგან პროფესიული სფეროს, პროფესიის ან უნივერსიტეტში მთავარი კურსის არჩევა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მომავალი წარმატებისთვის. კითხვებზე კომპეტენტური პასუხების მისაღებად შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგს, ადამიანური რესურსის მართვის ცენტრის, PMC-ის წარმომადგენელს, გელა ლომიაშვილს მივმართეთ. ის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე მუშაობს და საკუთარ გამოცდილებას ინტერვიუში გვიზიარებს:

რას ნიშნავს პროფესიული ორიენტაცია?

პროფესიული ორიენტაცია ფართო ცნებაა და ის არ მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიის სწორად არჩევას. სწორედ ამიტომ მოძველებული ტერმინი „პროფორიენტაცია” (რომელიც რიგ ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში და ა.შ. ჯერ კიდევ გამოიყენება) იცვლება თანამედროვე ტერმინით პროფესიული კონსულტაცია და კარიერის დაგეგმვა, რომელიც ბევრად კომპლექსურია, თუნდაც ტერმინიდან გამომდინარე, ვიდრე პროფესიული ორიენტაცია. 

რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული კონსულტაცია და კარიერის დაგეგმვა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის?

ზოგადად, პროფკონსულტაციას და კარიერის დაგეგმვას სწორედ ამ პერიოდში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კარიერული და პროფესიული კონსულტაცია შეიძლება დასჭირდეს ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. უნდა ითქვას ისიც, რომ პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ის იწყება სკოლამდელი განათლების საფეხურიდან. კონსულტანტები ბავშვებს ეხმარებიან განივითარონ ისეთი საბაზო უნარები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებენ და მარტივი გზით აცნობენ სხვადასხვა პროფესიას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონსულტანტი უბიძგებს ბავშვებს ჩარჩოებში მოექცნენ და რომელიმე კონკრეტულ პროფესიაზე კონცენტრირდნენ. რადგანაც ის ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ შეიცვლის ინტერესს. ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობების შესახებ განათლების ამ საფეხურზე მხოლოდ და მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეიძლება იყოს და უნდა გრძელდებოდეს სასკოლო განათლების სხვა საფეხურებზეც. მაგალითად, საშუალო განათლების საფეხურზე, რომლის დასრულების დროსაც მოსწავლეებს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, უწევთ პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება. კონსულტაცია ამ ეტაპზე მეტად აქტუალური ხდება. 

კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს პროფკონსულტაციის პროცესი? 

სასკოლო განათლების საფეხურზე პროფკონსულტაცია უნდა მოიცავდეს საკუთარი უნარების, ინტერესების, ღირებულებების და პიროვნული მახასიათებლების შეფასებას, დაინტერესებულ პირს უნდა მიეწოდებოდეს დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის, საგანმანათლებლო თუ დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. უმნიშვნელოვანესია კვლევების და ინფორმაციის გაცნობა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა შრომის ბაზარზე და რა მოთხოვნაა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებზე. თუმცა აუცილებლად უნდა დავამატო ისიც, რომ პროფკონსულტაცია არ მთავრდება ფორმალური განათლების საფეხურებზე. ის ეხმარება სამუშაოს მაძიებლებსაც სამუშაოს მოძიებაში და ამზადებს მათ, რათა განივითარონ შესაბამისი უნარები, მიიღონ ცოდნა, შეესაბამებოდნენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და წარმატებით შეძლონ შრომის ბაზარზე დაბრუნება. ის ასევე ეხმარება დასაქმებულებსაც  კარიერის სწორად დაგეგმვაში.

თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორები განაპირობებს ჩვენში პროფესიულ არჩევანს? რას ანიჭებენ უპირატესობას ქართველი ახალგაზრდები?

მიღებული თვალსაზრისით, საქართველოში პროფესიას ძირითადად ირჩევენ ოჯახის წევრების, ახლობელების რჩევით ან პროფესიის მოდურობიდან გამომდინარე, მოტივით, რომ ეს პროფესია „რომანტიკული” ან  „ინტელექტუალურია”. ეს ტენდენცია ჯერჯერობით შენარჩუნებულია და კონკრეტულ რისკებთანაცაა დაკავშირებული, რადგან ასეთ დროს ახალგაზრდები არ ან ვერ აცნობიერებენ, რომ ასე არჩეულ პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის მათ მოუწევთ რუტინული, სრულიად „არარომანტიკული”  და „არაინტელექტუალური” სამუშაოების შესრულება. ამასთანავე, არსებობს იმის რისკიც, რომ გარკვეული დროის შემდეგ ესა თუ ის პროფესია აღარ იქნება „მოდური” ან „პრესტიჟული” ან თუნდაც, „მოდური” და „პრესტიჟული” პროფესია სულაც არ შეესატყვისება კონკრეტული ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს.

რა შესაძლებლობები არსებობს ვითარების შესაცვლელად და რას სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ორგანიზაციები?

საქართველოში კარიერული კონსულტაცია ახლა იდგამს ფეხს. შექმნილია პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარების ეროვნული კონცეფცია, რომლის განვითარებასაც სამი სამინისტრო (განათლების და მეცნიერების, შრომის და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა) ახორციელებს. უფრო დეტალურად შემიძლია ვისაუბრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტზე, რადგანაც მე და ჩვენი ორგანიზაცია სწორედ მათთან ვთანამშრომლობთ. სამინისტროს ინიციატივით გასულ წელს შეიქმნა პროფკონსულტაციის ონლაინმომსახურების ვებგვერდი www.myprofession.ge, რომელიც მომხმარებლებს უფასო ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. ვებზე განთავსებულია აპრობირებული ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი უნარების, ინტერესების შეფასების საფუძველზე ნახონ – რომელი პროფესია შეესაბამება ყველაზე მეტად. ამავდროულად ვებზე განთავსებულია პროექტის ფარგლებში შექმნილი პროფორიენტაციის პირველი სახელმძღვანელო საქართველოში  „აირჩიე პროფესია”, ასევე ვიდეოები პროფესიების შესახებ, საკითხავი მასალა, რეკომენდაციები, სავარჯიშოები და სხვა მრავალი რესურსი, რაც ახალგაზრდებს პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.

თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. რა გამოწვევების წინაშე დგას ადამიანი ამ არჩევნის წინაშე დღესდღეობით?

გეთანხმებით, ეს იყო და არის კიდეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს ცხოვრებაში, თუმცა იმასაც დავამატებ, რომ პროფესიის არჩევა არ არის ერთჯერადი აქტი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში შეიძლება განახორციელო და მთელი ცხოვრება მიჰყვე. ეს არის პროცესი, რომელიც ხშირად წლებსაც მოიცავს. პროფესიის არჩევისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, სანამ შევჩერდებით იმ ერთ პროფესიაზე, რაც ყველაზე მეტად შეგვესაბამება და სადაც კარიერული წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსები გვაქვს. კვლევების მიხედვით 21-ე საუკუნეში ადამიანები საშუალოდ 3-ჯერ მაინც იცვლიან პროფესიას. ეს, ერთი მხრივ, ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანებისთვის, რომლებიც ცვალებად, განვითარებად სამყაროში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ და, მეორე მხრივ, პროფესიის ხელახლა არჩევა, თუკი წინა პროფესია არასწორად აირჩიეთ, ნამდვილად დროის და ენერგიის ხარჯვაა.

უფრო კონკრეტულად – რისი ცოდნაა აუცილებელი არჩევნის გაკეთებამდე?

მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით გამოყოფენ კარგი გადაწყვეტილების მიღების ოთხ მთავარ საფეხურს.
Øარსებული ალტერნატივების განხილვა – როდესაც მნიშვნელოვანი პროფესიული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, განიხილეთ ყველა შესაძლო ვარიანტი –  ყველა ის პროფესია, რომელიც გაინტერესებთ ან თქვენთვის შესაბამისი გგონიათ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, მაგალითად: „პრობლემის გადასაჭრელად ხომ არ არსებობს სხვა გზები?” „ხომ არ არსებობს გზები, რომლებზეც აქამდე არ მიფიქრია?”

Øშედეგების განხილვა: როდესაც არჩევანს რამდენიმე ალტერნარტივაზე (პროფესიაზე) გააკეთებთ, განიხილეთ თითოეული მათგანის უარყოფითი და დადებითი მხარეები.

Øინფორმაციის მოპოვება: მოიძიეთ საფუძვლიანი ინფორმაცია თითოეული შესაძლო ალტერნატივის (პროფესიის) შესახებ.

Øდაგეგმვა: როდესაც განხილული ალტერნატივებიდან (პროფესიებიდან) შეარჩევთ მხოლოდ ერთს, დაგეგმეთ ა) როგორ განახორციელებთ მიღებულ გადაწყვეტილებას და ბ) რას მოიმოქმედებთ, თუ განხორციელების პროცესში ნეგატიური შედეგები გამოვლინდება, რომლებიც თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენენ?

რა ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება გამოიყოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე? რამ შეიძლება განაპირობოს ის რისკი, რაზეც ზევით საუბრობდით – დროისა და ენერგიის დანაკარგს ვგულისხმობ…

არასწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ: 1. ახლობლების რჩევა  – ახალგაზრდები ხშირად პროფესიას ახლობლების რჩევით იღებენ. ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ ხშირად საერთოდ მშობლები წყვეტენ, რა პროფესიის უნდა გამოვიდეს შვილი. 2. მოდური პროფესიები – აბიტურიენტები ინტენსიურად აბარებენ რომელიმე ფაკულტეტზე, რომელიც მოდურად ითვლება მათ თაობაში, რეალურად კი შრომის ბაზარს არ სჭირდება ამდენი პროფესიონალი იმ მიმართულებით. 3. საინტერესო პროფესია – ხშირად პროფესიას მხოლოდ იმიტომ ირჩევენ, რომ მათთვის საინტერესოა. შეიძლება ინტერესი მართლაც მნიშვნელოვანი რამ იყოს, თუმცა მხოლოდ მასზე დაფუძნებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. ის, რომ მოგწონს რაიმე საქმე, არ ნიშნავს რომ მის შესრულებას შეძლებ. 4. პროფესიების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა – მეტწილად ადამიანები კარგად არ იცნობენ იმ პროფესიებს, სადაც აბარებენ ან არ აქვთ ინფორმაცია სხვა ბევრი პროფესიის შესახებ, რომლებიც შეიძლება სწორედ რომ მათი შესაბამისი იყოს. 

როგორაა შესაძლებელი ამ რისკების შემცირება?

მოკლედ შევეცდები ამომწურავი პასუხის გაცემას. დავიწყოთ ინტერესებით – შესაძლებელია, რომელიმე პროფესია გვაინტერესებდეს და ამ მოტივით მივიღოთ გადაწყვეტილება. აქ აუცილებლად გასაანალიზებელია, რამდენად კარგად გვაქვს განვითარებული ამ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები და შესაძლებლობები. მაგალითად, შეიძლება მოგვწონდეს არქიტექტურა, თუმცა არ გვქონდეს კარგად განვითარებული სივრცითი უნარები, რაც გადამწყვეტია ამ პროფესიისთვის. შესაბამისად, უნდა შევარჩიოთ ის სფერო, რომელიც საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების შესაფერისია. ამიტომაა მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევისას, პირველ რიგში, საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ანალიზი და შეფასება. 

პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ – რა არის ჩვენთვის ღირებული, ანუ შევაფასოთ საკუთარი შრომითი ღირებულებები. ზოგიერთი ადამიანისთვის ღირებულია მატერიალური ანაზღაურება, ზოგისთვის საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა და ა.შ. უნდა განვსაზღვროთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, ყველაზე ღირებული და შემდეგ უნდა მოვძებნოთ ის პროფესია, სადაც საკუთარი ღირებულებების დაკმაყოფილებას ყველაზე უკეთ შევძლებთ. მაგალითად თუ ჩვენთვის ღირებულია ადამიანების მართვა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობა, აუცილებელი არ არის შევარჩიოთ შემოქმედებითი სფეროს რომელიმე პროფესია, რომელიც ძირითადად დამოუკიდებელ მუშაობას მოითხოვს, თუკი მატერიალური ინტერესი გვამოძრავებს, აუცილებელი არ არის ჩავაბაროთ მაგალითად, ფილოლოგიაზე, რომელიც საქართველოში სულაც არ არის შემოსავლიანი.

პროფესიის არჩევამდე აუცილებლად უნდა შევისწავლოთ სხვადასხვა პროფესია, რათა ზუსტად ვიცოდეთ  – თუ ამ პროფესიას ავირჩევთ, რა სამუშაოების შესრულება მოგვიწევს, როგორ გარემოში მოგვიწევს მუშაობა, როგორ სოციალურ წრეში ვიტრიალებთ და ა.შ. საქართველოში ეს ძალიან ხშირად ხდება პრობლემური პოსტფაქტუმ, რადგან ადამიანები ირჩევენ პროფესიას და სწავლის ან მუშაობის დაწყების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ამ პროფესიაზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ. შედეგად ვიღებთ არაპროდუქტულობას, კარიერულ წარუმატებულობას, მოტივაციის და შრომითი კმაყოფილების კლებას და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი მიატოვებს ამ პროფესიას და სხვაგან შეეცდება რეალიზებას.

უმნიშვნელოვანესია ასევე შრომის ბაზრის შესწავლა. პროფესიული არჩევნის წინაშე მდგომი კარგად უნდა იცნობდეს შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს: იცოდეს როგორ ვითარდება ესა თუ ის პროფესია, დასაქმების რა შესაძლებლობები აქვს, იზრდება თუ მცირდება კონკრეტული პროფესიით დასაქმებულთა რაოდენობა, როგორია ამ პროფესიით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება… მსგავს ინფორმაციას ადამიანებს უნდა აწვდიდეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა და მინიმუმ, ჩატარებული უნდა იყოს შრომის ბაზრის კვლევა, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არცერთი მიმართულებით არ არის ჩატარებული შესაბამისი სამუშაოები, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია. 

სწორედ ეს გახლავთ პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორების არასრული ჩამონათვალი. 

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იღებს გადაწყვეტილებას და ირჩევს პროფესიას ან ინტერესის სფეროს?

გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი რესურსი იმის გასაცნობიერებლად, თუ რას გთავაზობთ გარემო. აუცილებლად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად, გამოიყენეთ სპეციალისტების დახმარება, გაესაუბრეთ თქვენთვის საინტერესო სფეროებში მოღვაწე ადამიანებს. გაიგეთ მეტი თქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ და მიიღეთ გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილება.

სიფრთხილემ თავის ტკივილი არ იცის

0
სწავლება  ტრაგედიის რისკის შესამცირებლად საქართველოში  განათლების სისტემის პრიორიტეტული პროგრამა თუ არ არის, ვფიქრობ, რომ უნდა გახდეს.

 საქართველო ბუნებრივი კატასტროფების მხრივ მაღალი რისკის ქვეყანაა, სტატისტიკაში  ფაქტად წერია. ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიის ოთხმოცი პროცენტი მეწყერსაშიში ზონაა,  თუმცა მხოლოდ მე არ მრჩება შთაბეჭდილება,  რომ თითქოს სახელმწიფომ ამის შესახებ ბევრი არაფერი იცის, მათ შორის დღევანდელმა, გუშინდელმა თუ გუშინწინდელმა მთავრობებმა.  ეს ცამეტი ივნისის წყალდიდობამ დაადასტურა. რა თქმა უნდა, ნათქვამის დასტურად ტრაგედიის ანალიზს არ შევუდგებით, თემას მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო კუთხით განვიხილავთ. 

 დღეს თბილისში შექმნილ კრიზისს შესაძლოა, უფრო ღრმა, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო სერიოზული შედეგების მომტანი  მორალური კრიზისი  მოჰყვეს. ვაითუ, გარდაუვალი გახდეს  ხელისუფლებისადმი საზოგადოების სრული ნიჰილიზმი, რაც საქართველოს საზოგადოებისგან, ნაწილობრივ  მაინც მივიწყებული მეგონა.  გრძნობა, რომ სახელმწიფო იტყუება, რომ ხელისუფლება ცალკე სუბკულტურაა, რომ არჩევნები ბლეფია და საერთოდ, „საწყალი კაცისთვის   არავინაა”, სახელმწიფოსთვის კატასტროფაა, რადგან მოქალაქის უნდობლობა ხელისუფლებისადმი, შლის სახელმწიფოს. სახელმწიფოსთვის რისკის ხარისხით ამას ვერც  ეკონომიკური კრიზისი, ვერც გარე და შიდა პოლიტიკური ვითარება და, სათქმელად როგორი ძნელიც არ უნდა იყოს,  ვერც ადამიანების ტრაგედია შეედრება. 

 სახელმწიფოს რომ ვენდობოდით, სწორედ ამიტომ დავიჯერეთ, რომ ქალაქში მტაცებლები არ დაძრწიანო და შვილები  უშიშრად გავუშვით გარეთ. ყველა დირექტორი, თავის მხრივ, ენდობა თავის ხელმძღვანელობას. ხელმძღვანელობა კი – თავის ხელმძღვანელობას. ნდობის შედეგი სავალალო გამოდგა: არც – ბავშვმა, არც-მოწყვლადმა ადამიანმა (!) და არც-„ფეისმა”, „მხოლოდ” ერთმა რიგითმა მოქალაქემ საკუთარი მოვალეობის შესრულების  პასუხად მიიღო  უპასუხისმგებლობისა და  არაპროფესიონალიზმის ტრაგიკული მაგალითი.  ოთარ ცუხიშვილი  სამუშაო ადგილიდან გამოვარდნილმა ვეფხვმა დაგლიჯა.   

გასაკვირი არ იქნება, რომ ამის შემდეგ მშობლები მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს დაეყრდნობიან, შვილებს გარეთ არ გამოუშვებენ, რომ დირექტორები სასურველ წესრიგს ვერ მოითხოვენ. სამწუხაროდ, საკვირველი არც ის იქნება თუ მშობლები სახელმწიფოს აღარ ენდობიან. სახელმწიფოში საზოგადოების თითოეულ უჯრედს, ყველა სეგმენტს  ხომ თავისი პასუხისმგებელი ჰყავს ან უნდა ჰყავდეს?! 

ჩემი შენიშვნა საქართველოს განათლების სისტემაში ადამიანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ეხება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების  განმტკიცებას დაწყებული შენობებიდან, დამთავრებული ცეცხლსაქრობებითა თუ ფეხსაცმლით.  

  კომუნისტური საქართველოს სკოლებში ისწავლებოდა საგანი  „სამოქალაქო თავდაცვა”, რომელსაც, ე.წ. „ვაენრუკები” ხელმძღვანელობდნენ. სხვა საკითხია, რომ ეს საგანი უფრო  სამხედრო საფრთხის რისკების შემცირებას ითვალისწინებდა, რომ სახელმწიფო იმდროინდელ საზოგადოებას მილიტარისტული საფრთხის მოლოდინში აცხოვრებდა  და ამით  თავის პოლიტიკას „იმტკიცებდა”… მაგრამ ხომ იყო?!  და როგორც პირველად სამედიცინო დახმარებას, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასაც ითვალისწინებდა. დაწყებული იმითი, სად დავმდგარიყავით მიწისძვრის დროს, როგორ მოვქცეულიყავით გველის ნაკბენის შემთხვევაში, აირწინაღის გაკეთებასაც გვასწავლიდნენ და განსაკუთრებული შემთხვევებისას ჰიგიენური ნორმების დაცვასაც.  ასე იყო თუ ისე, მომწონდა თუ არა, იმ დროს სახელმწიფო თავის მოქალაქეს აჩვენებდა მასზე მზრუნველობის მაგალითსაც. ქოლერის ეპიდემიის საშიშროების დროს გამოცხადებული  საგანგებო პირობებიც მახსოვს, ქალაქში შემოსვლა რომ აიკრძალა. სასწავლო წლის დაწყება არ ჩაშლილა და პირველი სექტემბერი ყველა მოსწავლემ იმ ადგილობრივ სკოლაში დაიწყო, სადაც იმ დროს იყო, წიგნებიც იქ დაურიგდათ. ყველა სკოლას მონიშნული  ჰქონდა თავისი თავშესაფარი ბუნკერი და პერიოდულად მოსწავლეები „ექსკურსიაზე” დადიოდნენ, მოდელირებული ევაკუაციებიც „ეწყობოდა”. პირადი შთაბეჭდილებით, სანახაობა შემზარავი იყო, მიწისქვეშეთის ფერი და  ტალანები ფანტაზიას საშინელებების ფილმად გარდაქმნიდა, მაგრამ თან გარწმუნებდა, რომ თუ „ამერიკა საბჭოთა კავშირს დაარტყამდა”, სახელმწიფო არ მიგატოვებდა. დაწესებული ნორმის შესაბამისად სახელმწიფოს  განსაკუთრებული შემთხვევების მარაგიც სისტემატურად ახლდებოდა და თავშესაფრებში წყლის გამწმენდი მოწყობილობის გამართულობასაც ამოწმებდნენ. პირადი გამოცდილებით, ოჯახიდან ისიც მახსოვს, რომ საწარმოს ხელმძღვანელებს პასუხი უნდა ეგოთ მოსამსახურეების უსაფრთხოებაზე, კომბინატის ბაღში წყლის სოკოს გაუმართაობისთვის დირექტორი მკაცრად გაუფრთხილებიათ მუშის უფლებების შელახვის გამო. მომწონდა თუ არ მომწონდა, საზოგადოება თავისუფალი იყო თუ არა,  ასეთი იყო სახელმწიფო სტრატეგია და  ტაქტიკა კონტროლდებოდა.   

ბოლო ხანებში კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რომ  უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრება ინდივიდუალურადაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო ადრე დაიწყება სწავლება, მით უფრო შედეგიანი იქნება. პროფესიონალების ამბობენ,  რაც უფრო პატარებს გააცნობენ ამ კულტურას, მით უფრო ეფექტური იქნებაო –  ბაგის ბავშვებისთვისაც კი არსებობს შესაბამისი  სასწავლო ვიზუალური მასალა. ქვეყნების უმეტესობაში უსაფრთხოების ნორმებისა და თავდაცვის სწავლა საგანმანათლებლო პროგრამითაა გათვალისწინებული. უმეტესად, როგორც ცალკე საგანი არ ისწავლება, მაგრამ სემინარის ტიპის მეცადინეობები სისტემატურად უტარდებათ. მაგალითად, როგორ უნდა წავიდნენ სკოლაში მარტო და იცოდნენ ქუჩაში მოძრაობის წესები, რა არის საშიშროება და ადეკვატური ქცევა, თავის გადარჩენა და უნარდაქვეითებული ადამიანების დახმარება და ა.შ…. გერმანიის სკოლებში მოსწავლეებს ბუნების სიყვარული და უსაფრთხოების კულტურა  სისხლში აქვთ გამჯდარიო, ამბობენ. ეს ხუმრობა  აბსოლუტურად რეალური სურათის ამსახველია. 

საქართველოში გერმანიის მიერ უსაფრთხოების კულტურის სწავლების კურსს 2012 წლიდან მუშა სამარიტელთა კავშირი ახორციელებს. კარგია, რომ სწავლების კურსი თბილისს გასცდა,  უკვე აჭარაში, სამეგრელოსა  და სამცხე-ჯავახეთშიც გრძელდება. ასევე, უსაფრთხოების თემა ბაღის პროგრამაშია შეტანილი. პროექტში ჩართული არიან განათლების სამინისტრო, მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუმცა ჯერ მხოლოდ საპილოტე მდგომარეობაშია. სკოლებში  მეოთხე, მერვე და რაღაც დოზით ბიოლოგიის კურსშიც შეტანილია უსაფრთხოების სწავლება. 

ერთი შეხედვით, თითქოს, არც ისე მიშვებული ყოფილა სასკოლო განათლებაში  მოსწავლე ადამიანის „უსაფრთხოება”, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულადაა. დიდი კვლევა არ დასჭირდება  იმის დადგენას, რომ საქართველოში ახალგაზრდა ადამიანი მოკლებულია პრაქტიკულ ცოდნას: ამის გასარკვევად სამი-ოთხი შეკითხვა საკმარისი იქნება. პირადი აღმოჩენაა, რომ  ნიუ-იორკის სკოლაში სამი წლის სწავლის შემდეგ თბილისში ჩამოსული ათი წლის ბიჭის ცოდნა სწორედ გარემოსთან ურთიერთობას ეფუძნებოდა. თუ მან  ჯერ არაფერი იცოდა ელექტრონულ გამტარობასა და ომის კანონზე, ის  მშვენივრად ხსნიდა ელვის დროს მოსალოდნელ საშიშროებას და ამ დროს  უსაფრთხოების დაცვის საშუალებებს. მის ცოდნაში ვერ აღმოვაჩინე განყენებული, რაღაც თეორიული და „ირეალური”. მისგან ისიც გავიგე, რომ რამდენჯერმე უტარდებოდათ ან მოდელირებული საფრთხის შემცველი გაკვეთილები, ან პრაქტიკული ტესტირებები, როგორ აარიდონ თავი საფრთხეს. აბა, ნამდვილ გრიზლის ხომ არ მოიყვანდნენ. გრიზლის კოსტუმში მასწავლებელი გამოეწყოო, მხიარულად იხსენებდა ერთ შემთხვევას. 

 თემის აქტუალობიდან გამომდინარე 2005 წელს იაპონიაში, ჰიოგოში გამართული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ მსოფლიო კონფერენციაზე მიიღეს 2005-2015 წლების  სამოქმედო ჩარჩო პროგრამა სხვადასხვა ქვეყანასა თუ თემში კატასტროფების მიმართ გამძლეობისა და მდგრადობის დამკვიდრებაზე. 

ამ პროგრამას საქართველოც შეუერთდა და, შესაბამისად, აიღო ვალდებულება შეასრულოს პრიორიტეტული მიმართულებები. კერძოდ:

რომ კატასტროფის რისკის შემცირება მყარი ინსტიტუციური ბაზის პირობებში ეროვნულ და ადგილობრივ პრიორიტეტს წარმოადგენს;

 რომ გააუმჯობესებს კატასტროფების იდენტიფიცირების, შეფასებისა  და მონიტორინგის ადრეული შეტყობინების სისტემას; 

რომ გამოცდილებას, ნოვატორულ გადაწყვეტილებასა და განათლებას გამოიყენებს ყველა დონეზე უსაფრთხო პირობებისა და გამძლეობის პოტენციალის შესაქმნელად;

 რომ ეფექტური რეაგირების მიზნით კატასტროფის მიმართ მზაობას ყველა დონეზე გაზრდის; 
რომ რისკის ფაქტორების საფუძველს შეამცირებს.  
 
… ერთი შემთხვევა გამახსენდა. უკრაინაში ომი იყო. თბილისიდან ჟენევაში კიევის გავლით  მიმავალ ადამიანებს ვკითხე, დივერსიის არ გეშინიათ-მეთქი, პასუხად მივიღე – შვეიცარია თავის მოქალაქეებს დაიცავსო.  
არადა, შვეიცარიაც ბუნებრივი კატაკლიზმების მაღალი რისკის ქვეყნების სიაშია და 
საქართველოს მოქალაქეებსაც უნდათ, რომ საქართველომ დაიცვას.

ლაზარეს წყალობის მოლოდინში

0
შეუძლებელია, რამე სხვაზე წერო, როცა კარს მიღმა ჯერ ისევ ცამეტი ივნისის ღამეა. ეს ამბავი სიზმარს მაგონებს – თითქოს ფეხები შეკრული გაქვს და ადგილიდან ვერ იძვრი.

წინ მიდევს დასამუშავებელი თემების ნუსხა, მე კი ისევ იმ კვირა დილაზე ვფიქრობ, წინასწარ დაგეგმილ ექსკურსიაზე რომ მომიხდა წასვლა იმ განმარტების საფუძველზე, რომ ქალაქში ახლა უფრო საშიშია ყოფნა, ვიდრე ქალაქგარეთ. თუმცა იმ დილით ვერავის წარმოედგინა, რამხელა ტრაგედია დატრიალდა. ბევრს ტელევიზორიც არ ჩაურთავს და გადმოცემით იცოდა, რომ წყალდიდობამ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

არ ვიცი, რომელმა სამინისტრომ უნდა არეგულიროს ასეთ დროს სამსახურში გასვლა-გაუსვლელობის საკითხი (მხოლოდ რჩევა სახლში დარჩენის თაობაზე საკმარისი არ აღმოჩნდა). მე და ჩემმა კოლეგებმა, ისევე როგორც, ალბათ, შრომითი ხელშეკრულების ბორკილებით შეკრულმა ყველა თბილისელმა, გლოვის დღეები სამსახურში, ჩვეულ საქმიანობაში ჩართულებმა გავატარეთ. 

სკოლაში ყველაზე დაძაბული პერიოდი დგას, – მთელ წელს რომ აჯამებ და ახარისხებ, გლოვისთვის სად გცალია?! მერე ანგარიშს აბარებ კათედრას. იმასაც წერ, რა პროექტები განახორციელე შენს საგანში და ერთ-ერთ პროექტად გიწერია „ეკოლოგია”. შენც იხსენებ, როგორ აჩვენე ბავშვებს მეწყრისა და წყალდიდობის უახლესი კადრები (მეწყერი დარიალის ხეობაში) და აუხსენი, რომ ბუნება აუცილებლად დაიბრუნებს იმას, რაც ეკუთვნის. 

სამწუხაროდ, მხოლოდ სტიქიის შემდეგ გაგვახსენდა, რომ ისტორიის გაკვეთილები მნიშვნელოვანია. თურმე მდინარე ვერე 1960 წელსაც ადიდებულა და ზოოპარკისა და გმირთა მოედნის ტერიტორია დაუტბორავს. მაშინაც გლოვის დღეები იდგა საქართველოს დედაქალაქში, მაგრამ დრო ხომ ყველაფრის მკურნალია. თუმცა მეხსიერებას დავიწყების აბებით არ უნდა მკურნალობდნენ. აი, რას გვამცნობს მდინარე ვერეზე ვიკიპედია:

„ვერე (სკვირეთი, სკორეთი) –  მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, დიდგორის მთის მიდამოებში. მდინარე მტკვარს ერთვის ქალაქ თბილისში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა”.
მთელი კვირაა საუბრობენ მეწყრისა და წყალდიდობის მიზეზებზე. ისევ იგივე შეცდომა, მომხდარის ერთმანეთისთვის გადაბრალება… სინოპტიკოსები მოსალოდნელი ჭარბნალექიანი ზაფხულის პროგნოზს გვახსენებენ, გეოლოგები ვერეს ხეობის არასწორ დაგეგმარებაზე მიგვითითებენ. ჩემი აზრით კი ეს საუბრები უკვე წყლის ნაყვაა. მთავარია, რას ვისწავლით ბუნების ამ მწარე გაკვეთილიდან. 
„წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა” – ეს უბრალო დალოცვაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ძველი ხალხი რიდითა და პატივისცემით ექცეოდა სიცოცხლისთვის აუცილებელ ამ სტიქიას. წყალი დაუდეგარი და მოუშინაურებელია, მიწიდან ხშირად გარბის და ატმოსფეროში მოგზაურობს, მაგრამ ვერც ცაში ძლებს დიდხანს და სახლს უბრუნდება. თუმცა ამ პროცესში ხშირად ამინდის ფიცხი მეუფე ერთვება და დედამიწას კუთვნილს წყევლასავით უბრუნებს უკან.

ქართულ ფოლკლორში ამინდს ელია განაგებს – „იმ ღვთაების მოადგილე, რომელიც ღრუბლების სამფლობელოს – წვიმა-სეტყვის, ელვა-მეხის ბატონი იყო” (იგულისხმება ტაროსი, რომლის ქართული შესატყვისია ლაზარე). დიდი წვიმის დროს ახლაც ჩამესმის ბებიას შეშფოთებანარევი ბუტბუტი:
„ლაზარე მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა,
ცხავი აცხავებულა,
წვიმა გაჩქარებულა.
ღმერთო, მოგვე მზის თვალი,
აღარ გვინდა ცის ნამი,
ღმერთო- მოგვე გორახი,
აღარ გვინდა ტალახი”.
გვალვაში ,,ცის ნამი” ხდებოდა სანატრელი და ბებიაჩემიც სარჩულივით ამოატრიალებდა ხოლმე ამ შელოცვას. ლაზარე კი ხან გვწყალობდა, ხან – არა.

ელიაობა, ამინდის ღვთაების სახელობის დღესასწაული, ძველი სტილით 20 ივლისს იმართებოდა. მესხეთსა და იმერეთში ელიას ხსენების დღეს საყდარში ზეიმობდნენ, კაცები ორსართულიან ფერხულში ებმებოდნენ, ქალები კი წრეს კრავდნენ და „ოკრიალეს” შემოსძახებდნენ. კახეთში ელიაობა ღვთაების სახელობის მთაზე იმართებოდა. ღრუბელთბატონის შესაწირი თხა იყო, რომელიც დაკვლის შემდეგ ხელუკუღმა უნდა გადმოეგდოთ მთიდან. სამეგრელოში წირვიდან მობრუნებულ ოჯახის უფროსს მარანში საჭმელ-სასმელით დატვირთული ტაბლა შეჰქონდა და ამინდის ღვთაებას წყალობას შესთხოვდა. ელიას თაყვანისცემა ხშირად ემთხვევოდა ლაზარობის – გვალვისა და დელგმის რიტუალებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ იმართებოდა, როცა ზედმეტი ნალექი ან სიცხე შეაწუხებდა ხალხს.

ქართულ მითოლოგიაში წყალს უმეტესად ქალღმერთები განაგებენ: ალი (ალქაჯი), ძიძლანი, წყარიშდიდა (წყარიშმაფა). წყლის ქალღმერთებს ქაოსის ნიშნები ახასიათებთ, რაც მათი ველური ხასიათითა და თავაშვებულობით გამოიხატება.

ალი (ალქაჯი) ბოროტი სულია, რომელიც უმეტესად ქალის სახით გვევლინება, თუმცა მითოლოგიაში გვხვდებიან მამრობითი სქესის წყლის ავსულებიც. ალი ვნებს გზააბნეულ ადამიანებს. შებრუნებული კოჭები და ამაზრზენი შესახედაობა ამ მითური არსების ეშმაკთან სიახლოვეზე მეტყველებს. გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ჭაობებში, მორევებში, ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში. მათ უყვართ ჯირითი, ბევრი ცხენი მოუპარავთ თავლიდან და ქანცის გაწყვეტამდე უჭენებიათ, მერე მისი ფაფარი ისე ჩაუწნავთ, რომ იშვიათად მოიძებნება ამ ნაწნავის დამშლელი. ზოგჯერ მსხვერპლს ახლობლის სახით ეცხადებიან, ანუ მაქციებიც არიან. იმასაც ამბობენ, თუ ალს თმა შეაჭერი და დაუმალე, შენი ერთგული მსახური გახდებაო, თუმცა თმის დაბრუნების შემთხვევაში ალის დამჭერს სასტიკი შურისძიება ელოდება (წყლის კალაპოტში დატყვევების ამბავს ჰგავს – თუ ჭარბი ნალექი მიეშველა, არ გვაპატიებს შევიწროებას, მანამდე კი ერთგულად გვემსახურება). 

აფხაზურ ფოლკლორში ალის მსგავსი ღვთაებაა ძიძლანი, რომელსაც თავდაპირველად, ლაზარეს დარად, წვიმის მოსვლას შესთხოვდნენ, მერე კი ისიც მაცდურ და საშიშ ქალ-ღვთაებად გარდაიქმნა. 

არც წყლის დედა ყოფილა ლმობიერი. ამბობდნენ, წყარიშდიდას ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვსო. სწამდათ, რომ იგი მართავდა წყლის დინებას და მფარველობდა თევზებს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, წყარიშმაფას მგლები მისდევენ, ის კი მორევში იმალება, ხოლო სხვა წყაროს თანახმად, დალივით აჯადოებს გზააბნეულ მგზავრებს და საკუთარ თავს სთავაზობს.

წყალმა შეტყუება იცისო, გაგიგონიათ ალბათ. წყლის ქალღმერთების მთავარი დამახასიათებელი ნიშანიც მიმზიდველობაა.

ძველ ქართულ რწმენა-წარმოდგენებში მოგზაურობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ წყლისა ყოველთვის ეშინოდათ. არა მარტო ქართული მითების სამყაროში – მსოფლიოს წარმართული რწმენა-წარმოდგენების სათავეშიც, ოლიმპოს მწვერვალზე, სწორედ ღრუბელთბატონი გამეფებულა. ისეთი გარდაუვალი და ამოუცნობი მოვლენა, როგორიცაა ამინდი, ნამდვილად იმსახურებდა ოლიმპიური შიშების იერარქიის პირველ საფეხურზე ყოფნას.
მუდამ მიკვირდა, რატომ ეღრუბლებოდა ბებიას წვიმის დროს სახე. მე წყალი ბავშვობიდან მიყვარდა და ერთ-ერთი ფობია, რომლის მოშინაურებაც არ დამჭირვებია, აკვაფობია იყო. ჩემს დედულეთში სწორედ იმ ღამესავით თავსხმა წვიმები იცის, თითქოს ცა იქცევაო. წვიმისა არასდროს შემშინებია, არც იმ ღამეს მიეჭვია საფრთხე, სანამ წვიმის წყალი მდინარედ არ წამოვიდა ჩემი ფანჯრების წინ (საბედნიეროდ, აღმართი წყალს ვერ იჭერს და ნიაღვარმაც გვერდით ჩაგვიარა).

ბებია ამბობდა, ამინდის ცნობა მარტო სინოპტიკოსის საქმე არ არის, რადგან ბუნება სწორედ ამინდის ენით გველაპარაკებაო. ადამიანებს დაგვავიწყდა ეს ენა, ცხოველებს კი ჯერ კარგად ახსოვთ. ვინ იცის, მოსალოდნელი სტიქიის შეგრძნებამაც გამოიწვია ის მოულოდნელი თავდასხმა, ზოოპარკის ბინადართა დედობილს ასე რომ აკვირვებდა.

გამიგონია, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო. ამის მაგალითი მზიურისა და გმირთა მოედნის ტერიტორიაზე უკვე ვნახეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. რადგან მარტო „ჭირსა შიგან გამაგრება” არ კმარა. მთავარი მაინც იმის გააზრება მგონია, რომ სხვისი ჭირი არასდროს არის „ღობეს ჩხირი”. სამწუხაროდ, მე დღეს თავს დაცულად ვერ ვგრძნობ ჩემს ქვეყანაში, ამიტომ ყოველ დილით შიშით შევყურებ ცას და ღრუბელთბატონს ვევედრები:

„ღმერთო, მოგვე გორახი,
აღარ გვინდა ტალახი”.

ტრაგედია გმირებით

0
„მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა”.
ლუკა 10:25-37
ნინია, ქეთი და მე რეისზე ვაგვიანებთ. ყველაფერი წამი-წამ გვაქვს გაწერილი. ქართველთა უმრავლესობაში ჩამონტაჟებულმა წარმოსახვითმა საათმა ბუდაპეშტში არ იმუშავა, ამიტომ სირბილი და ოფლის მოდენა გვიწევს. ტაქსი ძვირია, ჩვენ კი, როგორც ფრუნზიკ მკრტიჩიანის გმირი ამბობს, погуляли, туда-сюда და შემოვღარიბდითსავით, ჰოდა, ქამრების შემოჭერა მოგვიხდა.

ბუდაპეშტის მეტროში ბილეთები მხოლოდ სპეციალურ აპარატებში იყიდება, ეს პატრიოტი აპარატები კი ევროს არამც და არამც არ დააგემოვნებენ, მხოლოდ ფორინტებით იკვებებიან. ფორინტები კიდენა სადღა გვაქვს, გაზულუქებულ მესუვენირეებს დავუტოვეთ. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიც არსად ჩანს. არადა, შავ დღეში ვართ, კაცო, გვაგვიანდება. თან არც ერთ უნგრელ კანონიერ ქურდს არ ვიცნობთ, რეისი რომ შევაყოვნებინოთ. გლეხი კაცისთვის ხომ არავინ არ არი…

ჰოდა, ხსნა ხომ ეგეთი რამაა – იქ იმალება, სადაც ყველაზე ნაკლებად დაუწყებ ძებნას. აპარატიდან შვიდი-რვა ნაბიჯის მოშორებით ერთი გაბურძგნილი კაცი წევს, წინ რკინის ფულით სავსე ჯამი უდევს და დიდ სენდვიჩს ატკბარუნებს. ამ სიტყვის გამოყენება არ მიყვარს, მაგრამ, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, მათხოვარია. მაცადეთ-მეთქი, გოგონებს ვუთხარი და ეს შვიდი-რვა ნაბიჯი ბორძიკ-ბორძიკით გადავდგი. მივესალმე და შევეცადე, ეს აბსურდული სიტუაცია გასაგები ენით ამეხსნა:
– თვითმფრინავზე ვაგვიანებთ, ფორინტები გვაკლდება, აპარატი კი ევროს არ იღებს. ხომ ვერ გადაგვიხურდავებთ?
წვერიანი კაცი თვალებში მიყურებს და მოკბეჩილ ლუკმას სწრაფად ღეჭავს. ეს კარგის ნიშანია – უარის თქმას რომ აპირებდეს, თავს გააქნევდა; რაღაცის თქმას ცდილობს, ესე იგი შანსი გვაქვს.

– მომეცით ფული, – ამბობს ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ და ხელი ჯიბისკენ მიაქვს.

ფულს ვაწვდი და ვუხსნი, რომ ზედმეტი რაც იქნება, თავისთვის დაიტოვოს გაწეული დახმარების სანაცვლოდ, კაცი კი ცდილობს, დამტვრეული ინგლისურით გამაგებინოს, რომ მე დახმარების სურვილი არ მქონია, ამიტომ არ აპირებს, ამ გარიგებიდან მოგება ნახოს. ევრო ფორინტზე დადგენილი კურსით გადამიხურდავა, მშვიდობიანი მგზავრობა მისურვა და სენდვიჩის ჭამა განაგრძო.

აეროპორტამდე ყბაჩამოვარდნილმა ვიარე. გონებიდან ვერ ამოვიგდე ბუდაპეშტელი, რომელიც სენდვიჩის ფულს მათხოვრობით შოულობს და მე, გადამთიელს, დამსახურებული ჰონორარი არ გამომართვა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დახმარება ჩემი თავდაპირველი სურვილი არ ყოფილა, ძალადობა კი არ უნდოდა; არ მომატყუა, რადგან გადაწყვიტა, რომ ეს ფული მას არ ეკუთვნოდა.

რამ გამახსენა ბუდაპეშტელი სამარიტელი? ამაზე – ცოტა მოგვიანებით. 

მანამდე იმ ახალგაზრდებზე ვიტყვი, რომლებმაც თავიანთი ძალ-ღონე, ჭკუა და ძვირფასი დრო მდინარე ვერეს მძვინვარებას, ბეთანიაში ჩამოწოლილ მეწყერს, დაღუპულ ხალხს, დანგრეულ სახლებს, დამხრჩვალ ცხოველებს, შლამში ჩაძირულ მზიურის პარკს, გმირთამოედნელ ბეჰემოთს და მთლიანად ამ ქალაქს შეალიეს.

მზიურის პარკში მე შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც, ბუდაპეშტელი სამარიტელის მსგავსად, უანგაროდ აკეთებდნენ სიკეთეს. იქ გაგონილი თანადგომის ხმები არა აწმყოსი, არამედ მომავლის ხმები იყო. მაშინ მომეჩვენა და ახლაც მგონია, რომ შეუძლებელია, ეს ენერგია ფიზიკის კანონების წინააღმდეგ წავიდეს და დაიკარგოს. პირიქით, სასიკეთო ამბავზე ამოხეთქვა უწერია.

ამ ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და შემართებას მალევე გამოუჩდნენ ოპონენტები. ბევრი სკეპტიკოსის მოსაზრება კრიტიკას ვერ უძლებდა და მხოლოდ „უფრო და უფრო ჩლუნგი თაობა მოდის”-ის მსგავსი წიაღსვლებით შემოიფარგლებოდა.

იყვნენ ისეთებიც, ვინც სათქმელს არგუმენტებით ამაგრებდა და ამბობდა, რომ ეს სასიამოვნო ეიფორია დროებითია და მალე ჩაივლის, ჩაწყნარდება. იქნებ ასეც მოხდეს, რადგან 13 ივნისის მიერ დატოვებული მეტასტაზებისგან ადრე თუ გვიან გაიწმინდება ქალაქი. მაგრამ მთავარი ხომ არა ჩაწყნარება, არამედ გაგრძელებაა. მე, გამოუსწორებელ ოპტიმისტს, მგონია, რომ ამ ახალგაზრდების ენერგია, თანადგომისა და გაერთიანების სურვილი მხოლოდ ფხიზელი ძილით დაიძინებს და როცა საჭირო იქნება (ღმერთმა ნუ ქნას, რომ გასაჭირში), ეს ხალხი მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს. რას – ჯერ არ ვიცი.

თუმცა ბოლო დღეების დუღილი იმის მანიშნებელიც იყო, რომ ზედაპირზე ნაგავიც ამოვიდოდა. ამის სიმპტომები უკვე დავინახე. ერთი-ორ საეჭვო ადგილას შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც ვითომდა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულთათვის აგროვებდნენ ფულს. ყუთები, ხელში რომ ეჭირათ, იმათი ზუსტი ასლი იყო, რომლებზეც სულ ერთი კვირის წინ სხვა წარწერა ვნახე. თავს ვერ დავდებ, რომ ტყუოდნენ, მაგრამ ძალიან კი ჰგავდნენ მუხანათურად ფულის კეთებაში გამობრძმედილებს. ხალხს, რომელიც ცდილობს მიითვისოს ფული, რომელიც მას არ ეკუთვნის, არ დაუმსახურებია. 

აი, ვინ გამახსენა ბუდაპეშტელი სამარიტელი.

ასეთები ხომ ბევრი გვინახავს – ჰუმანიტარული დახმარების მიმთვისებლები, რძის ფხვნილების გამტაცებლები.
ჩვენ ვიყოთ კარგად, თორემ ასეთებს რა დალევს. გინდ – თბილისში, გინდ – ბუდაპეშტში.

შეფასება საკლასო და სასკოლო დონეზე

0
ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის ჩამოყალიბება მნიშნელოვანია როგორც საკლასო, ასევე სასკოლო დონეზე. კვლევები ცხადყოფენ, რომ მოსწავლეთა /პერსონალის დემოტივაციის, კლასში/ორგანიზაციაში კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნისა და დაბალი შედეგების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი შეფასების სისტემის გაუმართაობაა. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მოსწავლეთათვის იყოს შეფასების კრიტერიუმები ნათელი და გასაგები, არამედ მასწავლებელმაც ზუსტად იცოდეს, რა მექანიზმებით ხდება შეფასება და როგორ გამოიყენოს მისი შედეგები. ასევე მნიშნელოვანია, მასწავლებელმა შეფასების საკითხი განიხილოს ფართო ჭრილში და გაიაზროს, რა ძირეულ პრობლემებს შეიძლება გადააწყდეს პრაქტიკული მუშაობის დროს. სტატიის პირველ ნაწილში შევეხებით შეფასების ძირითად ასპექტებს საკლასო დონეზე. 

აღნიშნულ საკითხს ფართოდ განიხილავს რობერტ ჯ. მარზანო თავის წიგნში „Transforming Classroom Grading”. იგი აღნიშნავს, შეფასების მთავარ მიზანს უკუკავშირი უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო პროცესში. იმისათვის, რომ უკუკავშირი ეფექტური გამოდგეს, ის უნდა იყოს კონკრეტული. შეფასების ნათელი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავება ერთი შეხედვით მარტივი პროცესი ჩანს, მაგრამ კვლევები ცხადყოფს, რომ მასწავლებლები შეფასების სისტემის შემუშავებისას მრავალ სხვადასხვაგვარ ფაქტორს ითვალისწინებენ. ფაქტობრივად, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ძირეულ პრობლემას. მასწავლებლები შეფასების სისტემის აგებისას ითვალისწინებენ 4 ფაქტორს, რომელთანაც პრიორიტეტი მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას ენიჭება.

როგორც ავტორი აღნიშნავს, აკადემიური მოსწრება წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ფაქტორს, რომელიც შეფასების სისტემაში შედის. იგი სკოლებისთვის ყველაზე ღირებულ შედეგს წარმოადგენს – თუ მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ, სკოლების მუშაობა ეფექტიანად ჩაითვლება. შეფასებები უნდა ასახავდეს მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონეს სათანადო მასალის ათვისებაში. როდესაც მასწავლებლები შეფასების კრიტერიუმად აკადემიურ მოსწრებას იყენებენ, ისინი შეფასებებს მოსწავლეთა მიერ შესწავლილი მასალის მოცულობის პროპორციულად იძლევიან. ამრიგად, თუ მოსწავლეები დიდი რაოდენობის მასალას სწავლობენ, მაღალ შეფასებას იმსახურებენ, ხოლო მცირე მასალის შესწავლის შემთხვევაში დაბალ შეფასებას მიიღებენ.

ას გულისხმობს აკადემიური მოსწრება?

თითქოს არსებობს ერთადერთი პასუხი შეკითხვაზე, თუ ზუსტად რას გულისხმობს აკადემიური მოსწრება, მაგრამ პედაგოგები მნიშვნელოვნად განსხვავებულ პასუხებს იძლევიან. ზოგადად, თავიანთ პასუხებში ისინი ითვალისწინებენ ინფორმაციის სამ კატეგორიასა და უნარებს: (1) კონკრეტული საგნის მოცულობა, (2) ფიქრისა და გააზრების უნარები, (3) საერთო კომუნიკაციის უნარები.

საგნის კონკრეტული შინაარსი

როგორც დასახელებიდან ჩანს, კონკრეტული საგნის შინაარსი მოიცავს კონკრეტული დისციპლინისათვის დამახასიათებელ ინფორმაციასა და უნარ-ჩვევებს. საერთოდ ითვლება, რომ მასწავლებლები, რომლებიც ერთსა და იმავე სახელმძღვანელოს იყენებენ, მოსწავლეებს ასწავლიან ამა თუ იმ კონკრეტული საგნის ერთსა და იმავე მოცულობას. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ცალკეული მასწავლებლები გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებას იყენებენ და საგნის ფაქტობრივ მოცულობასთან დაკავშირებით იმდენ გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ძნელია დაბეჯითებით იმის თქმა, თუ რის წინაშე აღმოჩნდებიან მოსწავლეები. უმაღლეს დონეზე შედგენილი პროგრამული სახელმძღვანელოების შემთხვევაშიც კი მასწავლებლები იღებენ დამოუკიდებელ და უჩვეულო გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რა უნდა დაემატოს ან გამოაკლდეს პროგრამას. შინაარსის თანამიმდევრობაში ეს დიდ შუალედებს წარმოქმნის. ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებად შეგვიძლია განვიხილოთ სტანდარტები. კონკრეტული საგნობრივი სტანდარტები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტები მასწავლებელს დახმარებას გაუწევს, შეფასება დააფუძნოს საგნის კონკრეტულ შინაარსს.

აზროვნებისა და დასაბუთების უნარ-ჩვევები

მეორე ფაქტორს, რომელსაც აკადემიური მოსწრება ხშირად მოიცავს, აზროვნებისა და დასაბუთების უნარ-ჩვევები წარმოადგენს. მასწავლებლები საგნის კონკრეტული შინაარსის მრავალმხრივად გააზრების უნარს საგნის შინაარსის დაუფლების აუცილებელ პირობად მიიჩნევენ. აკადემიურ მოსწრებასა და აზროვნებისა და დასაბუთების უნარ-ჩვევებს შორის კავშირს კი არამხოლოდ სკოლის მასწავლებლები მოითხოვენ. ზოგი ფსიქოლოგი თვლის, რომ აზროვნებასა და დასაბუთებაზე შინაარსისაგან იზოლირებულად ლაპარაკი არალოგიკურია. ისინი ასაბუთებენ, რომ აზროვნებისა და დასაბუთების ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავება ვერ იქნება ორიენტირებული ერთ საგანზე – ისინი დისციპლინათშორისი უნდა იყოს. ქართულ რეალობაში მსგავს უნარებად ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული და გამჭოლი კომპეტენციები დასახელება შეგვიძლია.

კომუნიკაციის (გადმოცემის) ზოგადი უნარ-ჩვევები

ზოგადი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები წარმოადგენს საგნის მასალის ბოლო კატეგორიას, რომელიც განიხილება როგორც აკადემიური მოსწრების კომპონენტი. კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანია შემდეგი უნარ-ჩვევები, რაც კომუნიკაციის ყველა ფორმაზე ვრცელდება:

1. აზრის მკაფიოდ გადმოცემა;
2. კომუნიკაციის ხერხების შეცვლა აუდიტორიის შესაბამისად;
3. კომუნიკაციის ხერხების შეცვლა მიზნების შესაბამისად.
საგნის სფეროები სამ მთავარ უნარ-ჩვევას გამოყოფს:

1. აზრის წერილობით გადმოცემის უნარი;

2. აზრის ზეპირად გადმოცემის უნარი;

3. წერილობითი და ზეპირი ფორმისაგან განსხვავებული, ერთი ან მეტი სხვა საშუალებით გადმოცემის უნარი.

დასასრულ ავტორი აზუსტებს, რომ აკადემიური მოსწრება განისაზღვრება, როგორც კომპეტენცია შემდეგ სამ სფეროში: (1) კონკრეტული საგნის შინაარსის ათვისება, (2) აზროვნებისა და დასაბუთების უნარ-ჩვევები და (3) კომუნიკაციის ზოგადი უნარ-ჩვევები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძირითადი ფაქტორებია, რომლებსაც ემყარება შეფასებები, უკუკავშირის მიწოდება მიზნობრივად დამოკიდებულია მოსწავლეების მოტივაციაზე, ყოფაქცევასა და დასწრებაზე. ავტორი ასევე დასძენს, რომ მასწავლებელს იდეალურ შემთხვევაში, ეს უკუკავშირი აკადემიურ მოსწრებაზე მიწოდებული უკუკავშირისაგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს. შეფასების პროცესის არსებითი ხელისშემშლელი ფაქტორების გარკვევა კი პედაგოგს საკუთარი პრაქტიკის სრულყოფაში დაეხმარება.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

0

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა წარმოადგენს შფოთვით აშლილობას და აღმოცენდება ადამიანის ფსიქიკაზე განსაკუთრებით ძლიერი მატრავმირებელი ფაქტორის ზემოქმედების, მაგალითად, ომის, ბუნებრივი კატაკლიზმის, კატასტროფის, ტერორისტული აქტის, ძალადობის, წამების, ოჯახში სასტიკი მოპყრობის შედეგად. ამ დროს ადამიანი ხელახლა განიცდის ამ მოვლენას სიზმრებსა და მოგონებებში, გაურბის იმ ხალხსა და გარემოსთან ურთიერთობას, რომელსაც ტრავმასთან აკავშირებს და შფოთვის მაღალი დონის გამო ვერ ახერხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვას.

პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე შემდეგი ნიშნები მიუთითებს:

▪ ინდივიდი მოწმეა ან უშუალო მონაწილეა ისეთი მოვლენებისა, რომლებიც დაკავშირებულია რეალურ დაზიანებასთან, სიკვდილთან ან დაზიანებისა და სიკვდილის საფრთხესთან, თავად მის ან მის გარშემო მყოფ სხვა პირთა ფიზიკური განადგურების საშიშროებასთან; ინდივიდის პასუხი მატრავმირებელ მოვლენაზე მოიცავს შიშს, უსუსურობის განცდას, ძრწოლას; ბავშვებთან ეს შესაძლოა გამოვლინდეს აჟიტირებული და დეზორგანიზებული ქცევით;

▪ მატრავმირებელი მოვლენის ინტენსიური მოგონება ხატების, აზრების, კოშმარების სახით, ფლეშბეკები – გადატანილი უბედურების დეტალური გახსენება. ბავშვებთან ხშირია განმეორებითი თამაში ამ მოვლენასთან დაკავშირებულ თემებზე;

▪ მატრავმირებელ მოვლენასთან დაკავშირებული მოქმედებებისთვის, ადამიანებისთვის, აზრებისა და საუბრებისთვის თავის არიდება;

▪ გულგრილი დამოკიდებულება და სხვებისგან გაუცხოება, იმ საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, რომელიც ადრე სიხარულს ჰგვრიდა; ემოციის დიაპაზონის შეზღუდვა – სიხარულის, სიყვარულის, სექსუალობის განცდის დაკარგვა; მომავლის დაგეგმვის სურვილის უქონლობა. ზოგ შემთხვევაში ინდივიდს აქვს დისოციაციის სიმპტომები, უჭირს საკუთარი თავის აღქმა;

▪ შიში და დანაშაულის განცდა. მოსალოდნელი საფრთხის გამო შფოთვის დონე იმდენად მაღალია, რომ უბრალო შეხებაზეც კი შესაძლოა პანიკის შეტევა დაეწყოს. უჭირს ძილი და ყურადღების კონცენტრაცია. ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ, სხვებისგან განსხვავებით, გადარჩა ან აწუხებს დანაშაულის განცდა იმ საქციელის გამო, რომლის ჩადენა მოუხდა თავის გადასარჩენად.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაწყებისა და მიმდინარეობის მიხედვით რამდენიმე სახეობად იყოფა.

▪ მწვავე სტრესული აშლილობა გულისხმობს სტრესორზე შფოთვითი და დისოციაციური სიმპტომების გამოვლენას 1 თვის განმავლობაში;

▪ ქრონიკული სტრესული აშლილობისას სიმპტომები ვლინდება 3 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში;

▪ გადავადებული სტრესული აშლილობის დროს სიმპტომები იწყება ტრავმული მოვლენიდან 6 თვის შემდეგ.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ადამიანს შესაძლოა დაემართოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობის ჩათვლით.
რატომ ემართებათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს და არა მატრავმირებელი ამბის ყველა მონაწილეს? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკვლევრებმა შეისწავლეს ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები, გადარჩენილთა პიროვნული თვისებები, მათი ბავშვობის გამოცდილებები, სოციალური სისტემების მხარდაჭერა და ტრავმის სიმძიმის ხარისხი. ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სასტიკ მოპყრობას, შეადგენენ მოწყვლად ჯგუფს. ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ინდივიდები მატრავმირებელი მოვლენის დროს განსაკუთრებით დაუცველები ხდებიან.

ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში მომხდარ ნეგატიურ მოვლენებზე პასუხისმგებლობას გარეგან ფაქტორებს აკისრებენ, უფრო მეტად მწვავე სიმპტომები აქვთ, ვიდრე ინტერნალებს, რომლებსაც სჯერათ, რომ თავად მართავენ საკუთარ ცხოვრებას.

სოციალური მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში დადებითად მოქმედებს. მატრავმირებელი მოვლენის მსხვერპლი, რომელიც მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერას გრძნობს, უფრო მეტად ცდილობს, დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას.

ხშირად რაც უფრო მძიმეა ტრავმა, მით უფრო მეტია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამოვლენის საფრთხეც. განსაკუთრებით მაღალია რისკი მძიმე ფიზიკური ტრავმების დროს.

დღესდღეობით მკვლევრები მუშაობენ გენების როლის დადგენაზე შიშის შესახებ მოგონებების შექმნაში. მაგალითად, გასტრინის გამომყოფი პეპტიდი გადასცემს სიგნალებს ტვინს და მას შიშთან გამკლავებაში ეხმარება. როგორც კვლევებმა აჩვენა, თაგვებს, რომლებსაც ეს პეპტიდი არ გააჩნიათ, შიშის შესახებ მოგონებები უფრო მეტხანს უგრძელდებათ. გენი 5-HTTLPR, რომელსაც “ბედნიერების გენს” უწოდებენ, პასუხობს ჰორმონ სეროტონინის გავრცელებას ნერვულ უჯრედებში და კავშირი აქვს შიშის საპასუხო რეაქციასთან.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ იყენებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას. კოგნიტურ-ქცევითი თერაპია რამდენიმე ნაწილს მოიცავს. წარმოსახვითი ექსპოზიცია თერაპიის ნაწილია, რომელიც ადამიანებს ეხმარება თავიანთი შიშის გაგებასა და მართვაში, ითვალისწინებს განცდილი მატრავმირებელი ამბის ზეპირ წარმოსახვას ან მის შესახებ წერას, შემთხვევის ადგილის სტუმრობას მანამდე, სანამ შფოთვის დონე არ დაიკლებს და ის არ განიცდება როგორც წარსული და არა მოვლენა, რომელიც ისევ და ისევ ხდება. სტრესის მართვის ტრეინინგის დროს ადამიანს ასწავლიან შფოთვასთან გამკლავებას, რაც პტსა-ს სიმპტომებს ამცირებს.

მასობრივი კატასტროფის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი ზარალდება, მნიშვნელოვანია, მათ აღმოუჩინონ ძირითადი დახმარება: გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილას, საჭიროების შემთხვევაში შეახვედრონ ექიმს, მიაწოდონ წყალი და საჭმელი, უზრუნველყონ მათი კონტაქტი მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებთან და შეისწავლონ, რა შეიძლება გაკეთდეს მათ დასახმარებლად.

დრო, რომელიც არ გვაქვს

0
– დრო არ მაქვს! – ვამბობ წუხილით, მხრებს ვიჩეჩ და თავს ვაქნევ.
– დრო არ მაქვს! – ამბობს ვიღაც ჩემ გვერდით, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი და ისევ ვერ ვიკრიბებით.
– დრო არ მაქვს! – ამბობს კოლეგა, საათზე იყურება და სადღაც გარბის.
ზოგჯერ მეჩვენება, რომ თანამედროვე ადამიანებს არც ისე ბევრი საერთო გაგვაჩნია, თუმცა არის რამდენიმე წერტილი, სადაც ვიკვეთებით და ერთ-ერთი სწორედ ესაა – არავის გვაქვს დრო. ნიჭიერებსა და ზარმაცებს, ნაკლებად ნიჭიერებსა და მეტად მონდომებულებს, წარმატებულებს და წარუმატებლებს, დასაქმებულებს და უბნის ბირჟაზე ჩამომდგარებს, დაოჯახებულებს, დასაოჯახებლებსა და დაუოჯახებლებს, ყველას, ერთიანად, დრო არ გვყოფნის. თანაც, რაღაცნაირად, სიამაყითა და საკუთარი ღირსების სრული შეგნებით ვამბობთ, რომ ვმუშაობთ, დავრბივართ, ვცდილობთ და არ ვაღიარებთ, რომ ცხოვრება უკან გვრჩება. დღის განრიგში, რომელიც ზოგს ტელეფონში გვაქვს, ზოგს კი ჯერ კიდევ ბლოკნოტში, ერთმანეთის მიყოლებით წერია შეხვედრები, მოსაგვარებელი საქმეები, გადასაჭრელი პრობლემები. მაგალითად, ჩემს ბლოკნოტში, იმ ადგილებში, ველებს რომ ვეძახით, ასეთ მინაწერებსაც ნახავთ: „სალომე, არ დაგავიწყდეს ნათურის ყიდვა!” (კი, ზოგჯერ საკუთარ თავსაც ველაპარაკები), „დაზღვევის ამბავი მოაგვარე!” „ინტერნეტის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეს!” და ა.შ.
ადრე არც დავფიქრებულვარ, რომ განრიგში არსად მიწერია: „გაიღიმე, სალომე!” „ბედნიერი იყავი!” „მეგობრები მოიკითხე!” „მას, ვინც გიყვარს, უთხარი, რომ გიყვარს!” და დღეებიც გადის, შეხვედრიდან შეხვედრაზე სირბილით, საქმიანი სადილ-ვახშმებით, საცობებში დგომითა და ნერვების მოშლით, დაღლილი ფეხების სახლამდე გაჭირვებით მითრევით, სატელეფონო საუბრებით და ტრადიციულად, დაძაბულად ნათქვამი ფრაზით: „დრო არ მაქვს, რა ვქნა, რა გავაკეთო!”
სინამდვილეში, ვერც ვხვდებით, რომ წინადადება, რომელსაც ხშირად ვამბობთ, სულ სხვა დატვირთვის მატარებელია. დრო მართლაც არ გვაქვს. ერთ დღეს შეიძლება, მივხვდეთ, რომ საკუთარი ცხოვრება ხელიდან გაგვირბის და ვერ ვეწევით.
1 ივნისს ძალიან მინდოდა მზიურში მისვლა მზის ფესტივალზე, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ სამუშაო დღე იყო და დრო არ მქონდა. ძნელია, მსგავსი მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლება. სერიოზულად არავინ შემოგხედავს. არადა, რა უნდა არსებობდეს ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნებაზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერა, არ გამოდის.
2015 წლის ივნისში მე მაინც მივედი მზიურში, მივედი და გამახსენდა, რომ ათი წელია, არ ვყოფილვარ. მივედი მაშინ, როცა მოვარდნილმა წყალმა იქაურობა წალეკა და დასახმარებლად ვიღაც ერთმა კი არ დაგვიძახა, არამედ ყველამ, ნაცნობებმა და უცნობებმა, ერთმანეთს დავუძახეთ. ყველაფერი გადავდეთ, სამსახურის საქმეებიც, დანიშნული შეხვედრებიც, ბოტები ამოვიცვით, ნიჩბები დავიჭირეთ და მივედით. დრო გამოიძებნა. არ გვიწუწუნია, საყვედური არ დაგვცდენია. ვიმუშავეთ, ვისაც როგორ შეგვეძლო და წამოვედით. მანამდე ბევრი მადლობა ვთქვით მათი მისამართით, ვინც გვერდით გვედგა, ბევრი ბოდიში მოვუხადეთ მათ, ვისაც უნებურად ხელი შევუშალეთ მუშაობაში ან დავსვარეთ.
ჩვენ მოვიცალეთ. ავწიეთ თავები კომპიუტერის კლავიატურებიდან, სმარტფონებიდან, პლანშეტებიდან, ოფისები გამოვკეტეთ, მანქანებიდან გადმოვედით და ერთმანეთი დავინახეთ, დავინახეთ და მივხვდით, რომ სულაც არ ვყოფილვართ ისეთი ცუდები, როგორიც გვეგონა. ეკრანს იქიდან სხვანაირები ვჩანდით, უფრო სწორად, სხვადასხვანაირები და წარმოდგენაც არ გვინდოდა, რომ ოდესმე მხარდამხარ მოგვიწევდა დადგომა. სინამდვილეში, ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა.
მე აქამდე არასოდეს მქონდა დრო, რომელიმე აქციაზე გავსულიყავი და ხეების მოჭრა გამეპროტესტებინა. არც იმის დრო მქონდა, საღამოობით პარკში ჩამოვმჯდარიყავი და მშვიდად მესუნთქა სუფთა ჰაერი. ვიცი, რომ მოცლა მომავალშიც გამიჭირდება, მაგრამ ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ როცა მზიურს გაწმენდენ, ერთ დღესაც მოვახერხებ, მივალ და მიწაზე დავწვები ზუსტად იმ ადგილას, რომლის გაწმენდასაც მე და ჩემი თანამშრომლები უამრავ სხვა ადამიანთან ერთად ვცდილობდით, ხეებს თვალს ავაყოლებ, ცას ავხედავ და მოვუსმენ, რას იტყვის მდინარე, რომელმაც გაგვაგებინა, რას ნიშნავს სინამდვილეში „წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა”.
პ.ს. ჩემი გეგმის მიხედვით (საერთოდ, გეგმები და მათი შესრულება ძალიან მიყვარს), ივნისის თვის მეორე პოსტი წიგნებზე უნდა ყოფილიყო ან რომელიმე კონკრეტულ წიგნზე, რომელმაც ბოლო დროს აღმაფრთოვანა, მაგალითად, საპკოვსკის „მხედვარზე” (მართლა ჯადოსნური წიგნია, თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ, მე თქვენი მშურს), მაგრამ 13 ივნისის ამბების შემდეგ გეგმების შესრულების უნარი წამერთვა (იმედია, დროებით), ყველაფერი გადავავადე და ავრიე. შეიძლება, ჩემს ბლოკნოტში ხვალ დილისთვის ახალი ჩანაწერიც გაჩნდეს: „გაიღიმე, სალომე! ჯერ კიდევ გაქვს დრო!”

მომავლის ეკრანები

0
ჩვენ გამუდმებით ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია სკოლამ, როგორც ერთ-ერთმა  სოციალურმა ინსტიტუტმა შეძლოს მისი მთავარი როლის სრულყოფილად შესრულება. შეძლოს მოსწავლეებისთვის, არა მხოლოდ გარკვეული ცოდნის გადაცემა, არამედ მოახერხოს მოსწავლისთვის მოქალაქეობრივი შეგრძნებების განვითარება და მისი, როგორც მომავალი  მოქალაქის, ფორმირების პროცესზეც იზრუნოს. 
განვლილმა  დღეებმა ნათლად გვაჩვენა, რომ თემა, რომელიც მუდმივად გვაღელვებს და ხშირად ჩვენი საზოგადოების შესაძლებლობა ამ კუთხით ეჭვქვეშ დაგვიყენებია, გვისაყვედურია მათთვის, რომ ვერ ვყოფილვართ ისე ეფექტური და კარგი მოქალაქეები, როგორიც საჭიროა, ყველა ეს საყვედური და დაეჭვება  ამ ტრაგიკული მოვლენის თანხმლებმა პროცესებმა   საფუძვლიანად გაფანტა. თურმე შეგვძლებია, როცა საჭიროა ყველანაირი ფიზიკური რესურსის მობილიზება, შეგვძლებია ერთად დგომა და ერთი საერთო მიზნისკენ სიარული, თურმე შეგვძლებია ყველა ვიყოთ არა მარტო კარგი ადამიანები ცალ-ცალკე, არა მარტო წარმატებული ადამიანები ჩვენ-ჩვენს ვიწრო კომფორტულ სამყაროებში, არამედ ამასთან ერთად ვიყოთ კარგი მოქალაქეებიც, რომელიც გასაჭირის დროს არც სხვაზე ზრუნვას ივიწყებს.
მიუხედავად, ბევრი პრეტენზიისა და საყვედურისა, რომ რიგ შემთხვევებში სათანადოდ ვერ ვახერხებდით ჩვენი მოქალაქეობრივი ვალის შესრულებას, რომ არ არსებობს მოქალაქეების ხმა, რომელსაც მოუსმენენ და მათ შეხედულებებს გაითვალისწინებენ, როცა არ ვდგებით ყველა ერთად, როდესაც თუნდაც ხუთ ჯანმრთელ ხეს გვიჭრიან, როდესაც გვართმევენ სკვერებს და პარკებს და ამაზე სათანადოდ არ ვრეაგირებთ, როდესაც ჩვენს საზოგადოებაში განსხვავებული ფიზიკური ნიშნის მქონე ადამიანებს ჩაგრავენ და უმეტესწილად არ გამოგვდის საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლა – ასე მგონია, რახან ამ ტრაგედიამ შეძლო ჩვენი გაერთიანება, ალბათ მომავალშიც შესაძლებელი იქნება ერთად ყოფნა ორი ჯანმრთელი ხის თუ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. 
ძლიერ საზოგადოებას ბევრი განსხვავებული ადამიანი სჭირდება, რომელიც არც შეხედულებებით, არც გარეგნობით, არც ჩაცმის სტილით, არც რელიგიური მრწამსით  არ გვანან ერთმანეთს, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, ღირებულებათა ფოკუსი მუდმივად ექნებათ მიმართული სწორი სამიზნეებისკენ, როგორც ეს ამ დღეებში გამოჩნდა. როდესაც,  ყველა ერთად  მუხლჩაუხრელად და თავგანწირვით შრომობდა  სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ბევრმა და განსხვავებულმა ადამიანებმა ამ დღეებში დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი საზოგადოება, რომელსაც ვერავინ მოახვევს საკუთარ აზრს.
თუკი ვინმეს მოეთხოვება პასუხისმგებლობა თავის მიერ წარმოთქმულ და დაწერილ სიტყვებზე, ეს ჩვენ ვართ – ჟურნალისტები, პედაგოგები, ლექტორები და მწერლები, რომლებსაც მუდმივი შეხება გვაქვს სიტყვებთან და სავარაუდოდ, მისი ძალისაც გვწამს. ჩვენ გვაქვს ალბათ ყველაზე მეტი ვალდებულება, რომ თითოეულ  სიტყვას, რომელსაც საზოგადოებისკენ მივმართავთ, კარგად დავაკვირდეთ და დიდხანს ვიფიქროთ, ხომ არ გამოგვაქვს ზედმეტად მკაცრი განაჩენი ახალგაზრდა თაობისთვის, როდესაც მათ არც თუ საფუძვლიან საყვედურებს ვეუბნებით.
არ ვიცი რამდენად საჭიროა მე მიწევდეს იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც თავად იბრძოდნენ სხვების დასახმარებლად, ჩუმად და ზედმეტი ემოციების გარეშე თავად ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას, ნაგვის და ღორღის გატანას, მაგრამ მათი მისამართით გამოთქმული შეფასება – “სულ უფრო დაჩლუნგებული თაობა მოდის” – იყო ყველაზე არასამართლიანი და მწარე სიტყვები, რომელსაც ისინი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ იმსახურებდნენ. და ალბათ ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენს ყველა სიტყვას დიდი პასუხისმგებლობით მივუდგეთ.
რადგან ამ ტალახიანი კეტებით და ბოტებით მოსიარულე ადამიანებმა,  ჩვენ თვალწინ შეკრეს  სამოქალაქო სოლიდარობის უწყვეტი ჯაჭვი.
ეს დღეებია  დანიელ პენაკის, ფრანგი მწერლის და მხცოვანი მასწავლებლის წიგნს  “სკოლის სევდას” ვკითხულობ, სადაც პენაკი გვიყვება იმ ამბებზე, თუ რამხელა ცოდვაა საკუთარ თავში დავაეჭვოთ ახალგაზრდა ადამიანი, შევაშინოთ და შემდეგ მან დიდხანს იაროს ამ ტკივილით, გულში კი იმეორებდეს საძულველ ფრაზებს და არასოდეს გვაპატიოს დაუფიქრებელი წინადადებები.
 ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, პასუხისმგებლობების სწორი გააზრება არის  ადამიანის ყველაზე ღირსეული თვისება და რაც არ უნდა გვიჭირდეს ემოციებთან გამკლავება, ალბათ ერთმანეთისგან სწორედ ასეთ, გააზრებულ  პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ  ქმედებას მოველით.
ეს მხცოვანი მასწავლებელი კი ყველა ღონეს იყენებს, რომ გადაარჩინოს მოზარდები საკუთარი თავის არასრულფასოვანი აღქმისგან, დაიცვას ისინი უიმედობისგან და ჩაუნერგოს მათ  მომავლის იმედის ნაპერწკალი.
არსებობს მომავლის ეკრანები, სადაც პროექცირებულია აწმყო, აღბეჭდილია შიშები, ეჭვები და  უიმედო აწმყოს სცენები – ამაზე  პენაკი წერს თავის წიგნში. ჩვენ, როცა ამ დღეებში საკუთარ ეკრანებს გულაჩუყებული შევცქეროდით, ვდარდობდით იმ ყველაზე დიდ ზარალზე, რასაც ადამიანთა სიცოცხლე ჰქვია,  თან გული სიხარულით გვევსებოდა, როდესაც ვხედავდით, როგორ იკვრებოდა  დიდი წრედი, ყველაზე კაცთმოყვარული იდეის გარშემო. ამ მომავლის ეკრანზე ჩანდა ყველაფერი ის, რამაც ახალი გამოცდილება და უნარები შეგვძინა და სრულიად მოულოდნელი რწმენით აგვავსო, რომ ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია. 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...