ორშაბათი, მაისი 5, 2025
5 მაისი, ორშაბათი, 2025

წერითი მეტყველების განვითარების გზები დაწყებით კლასებში

0

წინა წერილში ჩვენ შევეხეთ მოსწავლეთა წერითი მეტყველების დაბალი დონის გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის ერთ-ერთ და უმნიშვნელოვანესს – პუნქტუაციას. აღვნიშნეთ, რომ პუნქტუაციური ნიშნები არ არის წერილობით გადმოცემული აზრის მხოლოდ გრაფიკული გაფორმების საშუალება; ისინი დატვირთული არიან შინაარსობრივი ფუნქციით და განვიხილავთ, როგორც დისტანციურად დაშორებულ მკითხველამდე აზრის ზუსტ, სრულყოფილად და გამომსახველად მიტანის აუცილებელ პირობას. ვისაუბრეთ აგრეთვე იმ განსხვავებულ მეთოდიკურ ხერხებსა და საშუალებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ამის მიღწევა.
შევეცდებით გაჩვენოთ, როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში.

ვრცლად

წერითი მეტყველების განვითარების გზები დაწყებით კლასებში

0
მოსწავლეთა მეტყველების დაბალი კულტურა მრავალგზის დადასტურებული ფაქტია და გადაულახავ სირთულედ არის ქცეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სწავლების სისტემაში ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიზეზი ბევრია: ლექსიკის სიღარიბე, ფრაზების გაუმართაობა, გრამატიკული ნორმების არცოდნა, აზრის სრულყოფილად გადმოცემისთვის საჭირო საშუალებებისადმი ზერელე დამოკიდებულება ან მათი სრული იგნორირება და სხვ.
ჩვენ არ შევჩერდებით მშობლიური ენის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს როლზე სასწავლო პროცესში; შევეხებით მხოლოდ მისი სწავლების ძირითად საკითხებს დაწყებით საფეხურზე და წარმოგიდგენთ წერითი მეტყველების განვითარებაზე მუშაობის ეფექტურ გზებს.
კვლევა ავითარებს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორიის იდეებს. ეყრდნობა პროფ. ბ. ხაჭაპურიძის, აკად. შ. ამონაშვილის, პროფ. თ. გელაშვილის თეორიულ გამოკვლევებს და წლების განმავლობაში მიმდინარე ექსპერიმენტული მუშაობის შედეგებს.
აღნიშნული მიმართულებით წარმართული საქმიანობის ეფექტი წერითი მეტყველების პროცესის საფუძვლიანმა ანალიზმა განაპირობა.
წერითი მეტყველების განვითარების შინაარსი მოიცავს წერის ჩვევების ფორმირების პროცესსა და წერითი მეტყველების შესაძლებლობათა განვითარებას. გრაფიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ითხოვს სპეციალურ სისტემას. უმთავრესი ის არის, წერის ჩვევა თავიდანვე იბადებოდეს ბავშვში როგორც წერითი მეტყველების აქტის შემადგენელი ნაწილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გრაფიკული ჩვევების ჩამოყალიბების პროცესს თან ახლავს სპეციფიკური სირთულეები: ხელის სწორი მოძრაობა, ასოთა პროპორციის შენარჩუნება, სარკისებური წერის ჩვევის დაძლევა და ა. შ. თუ მთელი ყურადღება წერითი მეტყველების განვითარების შინაარსზე გადავიტანეთ, შესაძლოა, ამან წერის ჩვევების დამახინჯება გამოიწვიოს, ამიტომ ორივე მიმართულებით მუშაობაა საჭირო: ერთი მხრივ – წერითი მეტყველების შინაარსის გამდიდრება; მეორე მხრივ – კალიგრაფიული წერის ჩვევების დაუფლება.
ჩვენ შევეხებით წერითი მეტყველების განვითარების შინაარსს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეტყველების დანიშნულება აზრის სხვისთვის შეტყობინებაა. ეს საკომუნიკაციო ფუნქცია საერთოა როგორც ზეპირი, ისე წერითი მეტყველებისთვის, მაგრამ მეტყველების ამ ორ სახეობაში აზრის შეტყობინების პროცესი სხვადასხვაგვარად ხორციელდება: ზეპირად წარმოთქმულ ნებისმიერ სიტყვას, ფრაზას, წინადადებას თან ახლავს ე. წ. გამაწინადადებებელი საშუალებები (ინტონაცია, პაუზა, მახვილი, ხმის ტონი, ჟესტ-მიმიკა), რომლებსაც მსმენელი სიტყვასთან ერთად, დაუნაწევრებლად, მთლიანობაში აღიქვამს. ეს საშუალებები ხშირად დამოუკიდებლადაც „მეტყველებენ~, მაგ., სათანადო ადგილზე გაკეთებულმა პაუზამ შესაძლოა სიტყვაზე მეტი თქვას; უსიტყვოდ გამოცემულმა სპეციფიკურმა ხმებმა ტკივილი, განრისხება, სიამოვნება გამოხატოს; ასევე უამრავი სათქმელი შეიძლება გადმოიცეს ჟესტ-მიმიკითაც (მოხმობა, დამშვიდობება, მუქარა, სინანული, სიჩუმისკენ მოწოდება და ა. შ.), მაგრამ კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაზე ზეპირმეტყველების ორიენტირებულობის გამო უაღრესად ლაკონიურად გადმოცემული აზრიც კი სავსებით გასაგებია.
წერითი მეტყველება განსხვავებულად, საკუთარი კანონებით იმართება. ის არის შემოქმედების, დისტანციური ურთიერთობისა და ინფორმაციის შენახვის პირობა. მას მეტყველების ალგებრასაც უწოდებენ, რადგან მოკლებულია სიტუაციურობას, ჟღერადობას, ექსპრესიულობას. იგი ზეპირ მეტყველებაზე დასრულებული და სრულყოფილია. აქ ყველაფერი დანაწევრებულად უნდა შესრულდეს: ჯერ დაიწეროს წინადადების სინტაქსური კონსტრუქცია და შემდეგ, ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის შესაბამისად, სპეციფიკური საშუალებების (პუნქტუაციური ნიშნები, შინაარსის გამაძლიერებელი სიტყვები, ავტორისეული კომენტარი) დახმარებით გამოვლინდეს სუბიექტის მიზანდასახულობა და დამოკიდებულება გადმოსაცემი შინაარსისადმი, აქცენტი დაისვას იმ ნაწილზე, რომელზეც სურს მას მკითხველის ყურადღების გამახვილება და ა. შ. სქემატურად ეს ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

როგორც ვხედავთ, მეტყველების ძირითადი საშენი მასალა, სიტყვა ზეპირ მეტყველებაში – გამომსახველობითი საშუალებებით (ამ შემთხვევაში – ჟესტ-მიმიკით), წერაში კი სასვენი ნიშნების დახმარებით იძენს შინარსს. ცალკე აღებული სიტყვა მისი გრაფიკული გამოსახულებაა მხოლოდ და ემოციური შინაარსისგან მთლიანად დაცლილია, თუ იგი, სამეტყველო კონტექსტის შესაბამისად, ექსპრესიული გარსით არ `შეიმოსა~.
წერითი მეტყველების ერთ-ერთი მთავარი სირთულე სწორედ ესაა. `შესამოსელს~ ანუ პუნქტუაციურ ნიშნებს მოსწავლეები დღემდე წერითი მეტყველების მეორეხარისხოვან ელემენტად აღიქვამენ და უმეტესად ან მცდარად იყენებენ, ან სრულიად უგულებელყოფენ. პრაქტიკოსებმა კარგად იციან, რომ ზოგიერთი მოსწავლე თხზულების დასრულების შემდეგ იწყებს სასვენი ნიშნების დასმას.
აღნიშნულ ფაქტს, თავის მხრივ, სხვა მიზეზი განაპირობებს. ეს არის სასვენი ნიშნების გზადაგზა სწავლება. ვინაიდან დაწყებით საფეხურზე ბავშვები, მაღალ საფეხურთან შედარებით, მცირე მოცულობის დავალებებს ასრულებენ, სასწავლო პროგრამა რამდენიმე ნიშნის სწავლებით შემოიფარგლება და ისიც – მარტივი მაგალითებით. წინადადებათა რთული კონსტრუქციების გამოყენებამდე კი, რასაც მაღალ საფეხურზე ნაწერთა მოცულობის ზრდა და დავალებათა შინაარსი განაპირობებს, მოსწავლეებს უყალიბდებათ უსასვენნიშნებოდ ან შეცდომებით წერის ჩვევა. ფსიქოლოგიაში კი ცნობილია, რომ მცდარი ჩვევის დაძლევა გაცილებით ძნელია, ვიდრე რაიმეს თავიდან სწავლება.
კიდევ ერთი რამ: პუნქტუაციის სწავლება დაფუძნებულია თეორიულ ცოდნაზე, სავარჯიშოები კი მათ დასაუფლებლად მექანიკურ მოქმედებებზე იგება. თითქმის ყველა მოსწავლემ ზეპირად იცის წესი, რომ თხრობითი წინადადების ბოლოს წერტილი დაისმის, კითხვითის ბოლოს _ კითხვის ნიშანი. სავარჯიშოებსაც უშეცდომოდ ასრულებენ: თხრობითი წინადადების ბოლოს სვამენ წერტილს, კითხვითადაც გადააკეთებენ, – მაგრამ საკუთრივ წერითი მეტყველების სიტუაციაში, თხზულების წერის დროს, შესაძლოა არც ერთი ნიშანი გამოიყენონ და არც მეორე. მიზეზი ცხადია: სასვენი ნიშნები მათთვის ნაწერის მხოლოდ გრაფიკული გაფორმების საშუალებაა და არა შინაარსის მატარებელი აუცილებელი ელემენტი.
თხრობითი, კითხვითი თუ სხვა სახის წინადადება, თავისთავად, როგორც მოცემულობა, არ არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინადადება ამა თუ იმ შინაარსს მეტყველების აქტში იძენს სუბიექტის შინაგანი დამოკიდებულების საფუძველზე.
თუ მოსწავლე ამას აცნობიერებს, მას აღარ სჭირდება იმაზე ფიქრი, რა სახის წინადადება დაწერა და რა ნიშანი უნდა დასვას მის შემდეგ.
თქმულიდან გამომდინარე, წერითი მეტყველების განვითარებაზე მუშაობის საფუძველი ზეპირ მეტყველებაში უნდა ვეძებოთ, ხოლო ზეპირი მეტყველება განვიხილოთ როგორც წერითი მეტყველების აუცილებელი პირობა და მისი დასაყრდენი. ამიტომ აუცილებელია, წერითი მეტყველების მოქმედიანობიდან გამოიყოს ის შემადგენელი ნაწილები, რომლებზეც მუშაობა ჯერ კიდევ წინასაანბანო პერიოდში ზეპირ პლანში დაიწყება. ბავშვებს ისეთი დავალებები უნდა მიეცეთ, რომელთა შესრულებაც შემდგომ წერითი მეტყველების განვითარებას უზრუნველყოფს.
აქედან გამომდინარე, I ეტაპზე მუშაობის მიზანია:

• მეტყველების საკომუნიკაციო დანიშნულების წვდომა;
• სიტყვისა და სამეტყველო ერთეულების ობიექტივაცია;
• ზეპირმეტყველების გამომსახველობითი საშუალებებისა და მათი დანიშნულების გაცნობიერება;
• ინტონაციურად განსხვავებულ ნათქვამებში აზრის ცვლილების შემჩნევა;
• გადატანითი მნიშვნელობით მარტივი აზრის გაგება;
• სამეტყველო სიტუაციების მოფიქრება და კონტექსტის შესაბამისად წინადადებათა სათანადო ინტონაციით წარმოთქმა;
• განსხვავებული ემოციების გამომხატველი მატერიალიზებული ხერხების გამოყენება;
• ისეთი კითხვითი წინადადებების წარმოთქმა, რომლებშიც არის კითხვითი სიტყვა და რომლებშიც არ არის კითხვითი სიტყვა.

სწავლება ენობრივ თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით და ობიექტივაციის პრინციპის გამოყენებით ხორციელდება. ბავშვი ყოველ სამეტყველო მოვლენას ობიექტივაციის პლანში განიხილავს და ანალიზის საგნად აქცევს. სწავლისადმი ინტეგრირებული მიდგომის საფუძველზე მუშაობაში ფართოდ გამოიყენება მასალის მოდელირების პრინციპი. ბავშვებს მოდელის სახით ეძლევათ განზოგადებული სქემა, ხოლო მისი გაცნობიერება-ათვისება მრავალფეროვან სავარჯიშოებში რეალიზდება. სპეციფიკურად ორგანიზებული სასწავლო მასალისა და მეთოდიკური ხერხების მეშვეობით მოსწავლეები თვითონვე ხდებიან მშობლიური ენის `მკვლევარები~, ენობრივ კანონზომიერებათა `აღმომჩენები~.
მუშაობაში ფართოდ გამოიყენება აგრეთვე მატერიალიზაციის ხერხი, რაც საგნის ან მოვლენისთვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნის თვალსაჩინოდ, მატერიალიზებულად ჩვენებას გულისხმობს. ამგვარად ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაცნობიერებულად იმოქმედონ და ჩასწვდნენ ამა თუ იმ ენობრივ კანონზომიერებას.
ვიმედოვნებთ, ჩვენ მიერ წარმოდგენილი მასალა გარკვეულ ორიენტაციას შეუქმნის მასწავლებლებს ამ მიმართულებით მუშაობის ორგანიზებულ თავისებურებებზე, რამაც დასახულ მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს.

მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეების დიაგნოსტიკა დაწყებითი კლასების მათემატიკაში

0
მასწავლებლის ეფექტიანი საკორექციო მუშაობისთვის ხშირად საჭიროა მოსწავლის წინარე ცოდნისა და უნარ-ჩვევების საფუძვლიანი ანალიზი – მისი ყურადღებისა და აზროვნების თავისებურებებით განპირობებული სპეციფიკური კანონზომიერებების შესწავლა დაშვებულ შეცდომებში იმისთვის, რომ გაირკვეს ამ შეცდომათა მიზეზებიც.

მაგალითად, მიმოხილვითი ანუ სკრინინგული ტესტის შედეგების აღრიცხვის შევსებული ფორმების საშუალებით მასწავლებელს შეუძლია მოიძიოს შემდეგი დამატებითი ინფორმაცია: რა ტიპის ამოცანებს (არჩევითპასუხიანს, მოკლეპასუხიანს, პასუხის აგებით) ხსნის მოსწავლე და რა ტიპისას – ვერა; რა კოგნიტიურ დონეს ძლევს მოსწავლე და რას – ვერა. „პასუხის აგებით” ტიპის სატესტო დავალებებში მოსწავლის ახსნა-განმარტებებისა და ამოხსნის მსვლელობის ანალიზი მასწავლებელს აწვდის დამატებით ინფორმაციას მოსწავლის აზროვნების თავისებურებათა შესახებ.

ვრცლად

გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე

0
მიზნები

▪ მიდგომებისა და საჭიროებების გაზიარება კითხვის სწავლების კუთხით;

▪ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობის დაგეგმვა და გამოყენება სასწავლო პროცესში;

▪ კითხვის დიფერენცირებული სწავლება დიაგნოსტიკური და სხვა ტიპის შეფასების გამოყენებით;

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.

განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ ქართულის გაკვეთილზე, დავაუფლოთ მოზარდი კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება.

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი – რა უნდა იცოდეს და რა შეეძლოს. სწორედ მიზანზეა დამოკიდებული გაკვეთილის მსვლელობა და სწავლების მეთოდებიც.

მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:

დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში;

შეესაბამება თუ არა მეთოდი აქტივობას;

შეესაბამება თუ არა მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;

ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები, გვეყოფა თუ არა დრო, შესაძლებელია თუ არა ამდენ მოსწავლესთან მეთოდის ეფექტიანად გამოყენება).

მიზნის დასახვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას სწავლების ადეკვატურად შერჩეული მეთოდები დაეხმარება.

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეთა საჭიროებას, შესაძლებლობებს, ინტერესებს, სწავლის სტილს. მიზნის მისაღწევად კი მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს, მათ შორის – ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. ოღონდ გვახსოვდეს: გამოყენებული ტექნოლოგიები ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.

ვინაიდან ქვემოთ წარმოგიდგენთ გაკვეთილს, მიმართულს ტექსტის გააზრებისკენ, მანამდე ორიოდე სიტყვით შევეხები უშუალოდ კითხვის მნიშვნელობას.

კითხვის მიზანია:

▪ ლიტერატურული გამოცდილების მიღება

▪ ინფორმაციის მიღება და გამოყენება

▪ სიამოვნების განცდა.

წაკითხულის გააზრება გულისხმობს:

▪ უშუალო დასკვნების გამოტანას;

▪ ძირითადი საკითხის მიგნებას;

▪ აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე;

▪ ტექსტის ენის შეფასებას და მხატვრული ხერხების გააზრებას.

განასხვავებენ კითხვის სამ ფაზას:

წაკითხვამდელს (გამოწვევა);

▪ კითხვას (ცოდნის კონსტრუირება, შინაარსის რეალიზება);

▪ წაკითხვის შემდგომს (გამთლიანება/რეფლექსია).

ახლა კი გთავაზობთ კონსტრუქტივისტულ და ინტერაქტიულ მიდგომაზე დაფუძნებულ გაკვეთილს, რომელიც კითხვისა და წერის სხვადასხვა უნარის განვითარებას ისახავს მიზნად. გაკვეთილზე გამოყენებულია სწავლების რამდენიმე ეფექტური მეთოდი:

▪ დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე;

▪ ცნების რუკა;

▪ ტექსტის წაკითხვა მონიშვნებით (შნსკა);

▪ ვენის დიაგრამა.

გაკვეთილის თემაა საინფორმაციო ტექსტი ფუტკარზე მეექვსე კლასის როდონაიას სახელმძღვანელოდან.

გაკვეთილს სამფაზიანი სტრუქტურა აქვს: წაკითხვამდელი, კითხვისა, წაკითხვის შემდგომი. მასწავლებელი და მოსწავლეები მთელი გაკვეთილის განმავლობაში აქტიურად არიან ჩართული ფიქრის, ვარაუდების გამოთქმის, კითხვის, მსჯელობისა და ერთობლივი შემოქმედების პროცესში. ამ სამფაზიანი სტრუქტურის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ მას თითქმის ყველა მოსწავლე მიჰყავს წარმატებამდე, განურჩევლად მისი უნარებისა თუ კითხვის მოტივაციისა.

1-ელი ფაზა: წაკითხვამდე (აქტივობა 7-ის ჩათვლით)

დაგროვილი გამოცდილების გააქტიურება;

შესასწავლი საკითხის/თემის პრობლემის წარდგენა;

კითხვის მოტივაციიის სტიმულირება;

არსებული ცოდნის შეფასება;

კითხვის სტრატეგიების მოდელირება;

მოსწავლის წინარე ცოდნა-გამოცდილებასთან დაკავშირება.

ამ ფაზაში განხორციელებული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება გაკვეთილის იმ დეტალების უკეთ გააზრებაში, რომლებიც მათთვის უკვე ნაცნობია. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ტექსტი. ეს ფაზა მასწავლებელს ეხმარება მოსწავლის ყურადღების კონცენტრირებაში, გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბებაში. წინა გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ მხატვრულ ტექსტს ფუტკარზე, იმსჯელეს მხატვრულ ხერხებსა და საშუალებებზე. მოსწავლეთა მიერ მათი წინარე ცოდნის დემონსტრირების შემდეგ მასწავლებელი აფასებს, საკმარისად კარგად ესმით თუ არა მოსწავლეებს განსახილველი საკითხის არსი. ეს ფაზა გულისხმობს აქტივობაში ყველა მოსწავლის ჩართვას. ცნების რუკა კარგი მეთოდია ინფორმაციის დასამახსოვრებლად, გასააზრებლად და დასახარისხებლად. კერძოდ, ყველაფერს, რაც აქამდე იცოდნენ ფუტკრის შესახებ, მოსწავლეები ცნების რუკაზე უყრიან თავს და გარკვეულ კატეგორიებად აჯგუფებენ.

გარეგნობა საარსებო გარემო კვება

მე-2 ფაზა: კითხვის დროს (აქტივობა მე-8, მე-10, მე-11)

ახალი ცოდნის მისაღებად მართული პროცესის წარმართვა საკლასო გარემოში;

მოსწავლეთა მიერ ახალი ცოდნის დაუფლების შეფასება;

ბუნდოვანი შინაარსის ახსნა-განმარტება.

მეორე ფაზის მიზანია ახალი ცოდნის კონსტრუირება და მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრება. ამავე ფაზაში მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს დამოუკიდებელი კითხვის სტრატეგიებს და დააფიქრებს იმაზე, რომ ეს სტრატეგიები ერთგვარი მზა პროცედურებია, რომელთა გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტექსტის კითხვისას. მოსწავლეებიც, სავარაუდოდ, საკუთრივ კითხვის პროცესში უკეთ ხვდებიან, რომელი სტრატეგია როდის და რისთვის გამოიყენონ. კითხვის სწავლების პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ სასურველია, მასწავლებელმა თვალსაჩინოდ აღწეროს და განმარტოს კითხვის პროცესში გამოყენებული სტრატეგიები. ჩემ მიერ მოყვანილი მეთოდი შნსკა(მონიშვნებით კითხვა შემდეგი ინსტრუქციით: წაიკითხეთ ტექსტი დამოუკიდებლად და გამოიყენეთ კითხვის პროცესში ეკრანზე ნაჩვენები ფიგურები; v-თ აღნიშნეთ ყველა ის წინადადება თუ აბზაცი, რომელშიც უკვე ნაცნობი ინფორმაციაა გადმოცემული; +-ით – ახალი, განსხვავებული ინფორმაცია; ?-ით – ბუნდოვანი ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებასა და ახსნას მოითხოვს) კარგია ტექსტის დასახარისხებლად, გასააზრებლად. აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ მოსწავლეები ტექსტთან, წავაკითხოთ მონიშნული ადგილები, დავახარისხებინოთ ნაცნობი, უცნობი, განსხვავებუ;ლი, ბუნდოვანი ინფორმაცია, დავაზუსტოთ უცხო სიტყვების მნიშვნელობა. მეორე ფაზა წინა პირობაა, მზადებაა მესამე ფაზის წარმატებით დასაძლევად, ვინაიდან მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებს მოუწევთ უკვე ნასწავლი მასალის გამოყენება ძირითად საკითხებთან მიმართებით, მსჯელობის შეჯამება, კითხვებზე პასუხის გაცემა თუ საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა. თუ ტექსტი არასწორად გაიგეს, მესამე ფაზა განუხორციელებელი დარჩება, ამიტომ საჭიროა კარგად მორგებული მეთოდის გამოყენება. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მონიშვნის შესაბამისად არკვევენ მათთვის ნაცნობ, უცნობ და ბუნდოვან ინფორმაციას და ცდილობენ, უკვე შესწავლილი ინფორმაციით განაახლონ მანამდე შექმნილი ცნების რუკა, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას (იხ. წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ტექსტი).

მე-3 ფაზა: წაკითხვის შემდეგ (აქტივობა მე-12, მე-13)

▪ ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება;

ახალი ცოდნის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში;

სწავლის პროცესისა და შედეგების შეფასება.

მესამე ფაზა საშუალებას გვაძლევს, ახალი ცოდნა გამოვიყენოთ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისვის. წაკითხვის შემდგომი აქტივობები მოსწავლეს მატებს თავდაჯერებასა და ენთუზიაზმს, იგი მიიჩნევს, რომ შედეგი ღირებულია და თვალსაჩინო. ასე ჩნდება სწავლისადმი შინაგანი, დადებითი მოტივაცია. ამ ფაზაში აქტივობები საშუალებას იძლევა, ხელახლა წავიკითხოთ ან ხელახლა დავწეროთ. რაც უფრო მეტხანს წერს ან კითხულობს ადამიანი, მით უფრო დიდია გააზრების სიღრმე. ჩუმად კითხვა ინდივიდუალური პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს კითხვის პროცესში უკლებლივ ყველა მოსწავლის ჩართვას. ასეთი დავალება მოსწავლეთა შერჩევას გამორიცხავს ხუთსტრიქონიანი ლექსი კარგია გრამატიკული ნაწილის გასამეორებლად, თუმცა ამ გაკვეთილის მიზანი გრამატიკულ ნაწილს არ ეხება. მოსწავლეები იხსენებენ არსებით და ზედსართავ სახელებს, ზმნას და სინონიმებს.

მოცემულ გაკვეთილზე მნიშვნელოვანია ისტ ტექნოლოგიების სწორი და ეფექტური გამოყენება. მოტივაციის ასამაღლებლად და ინტერესის გასაზრდელად გამოყენებულია სლაიდი და ფილმი ფუტკარზე. მოსწავლისთვის ძნელი წარმოსადგენია ფუტკრის ცეკვა, ასევე ისიც, როგორ ასწავლის ერთი ფუტკარი მეორეს გზას ყვავილებისკენ. ვიზუალურმა ჩანართებმა კი ეს ყველაფერი ნათელი, სასიამოვნო და სახალისო გახადა. მოზარდებმა აღმოაჩინეს საინფორმაციო ტექსტის თავისებურებები და ვენის დიაგრამისსაშუალებით მხატვრული და საინფორმაციო ტექსტები ერთმანეთს შეადარეს. ეს მეთოდი, ვფიქრობ, მისაღები და ზუსტია შედარება-შეპირისპირებისას. დაფაზე შევსებული სქემა უფრო მკაფიოდ დაანახვებს მოსწავლეებს, რა აქვსსაერთო და რა -განმასხვავებელი ერთი დაიმავეშინაარსის ორ ტექსტს, კერძოდ, საინფორმაციოსა და მხატვრულს. საერთო – ის, რომ ორივე ფუტკარზეა, ორივე პროზაულია, ორივეში ზუსტად არის აღწერილი ყოველი დეტალი, განმასხვავებელი კი ის, რომ საინფორმაციოში ვხვდებით მხოლოდ ინფორმაციას, დაცულია სტილი, გამოყენებულია საინფორმაციო ლექსიკა, მხატვრულში კი ეს ყველაფერი მხატვრული ხერხებით გადმოცემული.

ამრიგად, წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება პროცესად უნდა აღვიქვათ და არა ერთჯერად ღონისძიებად. ვერ ვიტყვით: „დღეს ერთ კარგ გაკვეთილს ჩავატარებ და ჩემს მოსწავლეებს კითხვას ვასწავლი”. ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინა პირობა სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა. მე, მოქმედ მასწავლებელს, ზემოთ დასახელებული მეთოდები და აქტივობები შესაფერისად მიმაჩნია გააზრებული კითხვის სწავლებისას.

ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდები თუ აქტივობები ავითარებს ბლუმის ტაქსონომიის თითქმის ყველა საფეხურს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ინტერაქტიული გაკვეთილის ელემენტები, ნაწ. I-II, 2006 .

2. ეროვნული სასწავლო გეგმა

3. სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2005 წ.

4. ია კუტალაძე (რედ.), ეფექტიანი სწავლება. გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის ლაბორატორია, 2010

გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა

საგანი – ქართული

კლასი – VI

სახელი და გვარი ნანა ლომიძე
1. თემის სახელწოდება ფუტკარი. საინფორმაციო ტექსტი
გაკვეთილის სასწავლო მიზნები მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ü წაუკითხოს მსმენელს ტექსტიდან სათანადო ადგილი;

ü ერთმანეთისგან განასხვაოს საინფორმაციო და მხატვრული ტექსტები;

ü დააკვირდეს სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებს;

ü კონტექსტიდან გამომდინარე, განმარტოს უცნობი სიტყვები;

ü დამოუკიდებლად წაიკითხოს და დაამუშაოს უცნობი ტექსტი;

ü გააანალიზოს მედიატექსტები.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის დახარისხება, კითხვის დასმა, თანამშრომლობა.

სწავლის შედეგები ქართ. VI.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების წაკითხვა, გაგება-გაანალიზება;

ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება, მსჯელობა;

ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება

მიმდინარეობა

(აქტივობა და დრო)

მოსწავლეები 4 ჯგუფად იყოფიან (0,5 წთ)

აქტივობა 1. ეკრანზე ვაჩვენებ გამოცანას და ვთხოვ, წაიკითხონ, მოიფიქრონ და გამოიცნონ (0,5 წთ)

აქტივობა 2. დავუსვამ კითხვას: ვის შეუძლია გაიხსენოს, როგორია ფუტკარი,რა იციან მის შესახებ (1 წთ)

აქტივობა 3. მეტის გასახსენებლად ვაჩვენებ ეკრანზე ფოტოსა და ვიდეოს (#1)(1 წთ)

აქტივობა 4. ვაცნობ გაკვეთილის თემას და ვთხოვ, ინდივიდუალურად დაწერონ 3 რამ, რაც ფუტკარზე იციან. მაგ., როგორ გამოიყურება, სად ბინადრობს, რით იკვებება (1 წთ)

აქტივობა 5. გაუზიარონ მეწყვილეს და შეაჯერონ ჯგუფში (1 წთ)

აქტივობა 6. გაუზიარონ კლასს ნააზრევი (იწერება დაფაზე) (1წთ)

დაფაზე მივიღებთ ასეთ სქემას

იწერება ყველა მოსაზრება.

აქტივობა 7. ვუხსნი, რომ უნდა შევქმნათ ცნების რუკა, რომელიც ინფორმაციის თვალსაჩინოდ ორგანიზებასა და წარმოდგენაში, მის დამახსოვრებასა და გააზრებაში დაგვეხმარება.

დასახელებული მახასიათებლები უნდა დავაჯგუფოთ რამდენიმე ძირითად კატეგორიად დაფაზე მოცემულ ცხრილში(2 წთ). მოსწავლეებმა თითოეულ ჯგუფს უნდა მოუძებნონ დასახელება.

გარეგნობა საარსებო გარემო კვება

აქტივობა 8. (რიგდება წინასწარ შერჩეული საინფორმაციო ტექსტი) ვაძლევ ინსტრუქციას: „წაიკითხეთ ტექსტი დამოუკიდებლად და გამოიყენეთ ეკრანზე ნაჩვენები ფიგურები კითხვის პროცესში (მეთოდი შნსკ). v-ით აღნიშნეთ ყველა ის წინადადება თუ აბზაცი, რომელშიც უკვე ნაცნობი ინფორმაციაა გადმოცემული; +–ით – ახალი, განსხვავებული ინფორმაცია. ?–ით – ბუნდოვანი ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებასა და ახსნას მოითხოვს (15 წთ)

აქტივობა 9. ვაჩვენებ ვიდეორგოლს ფუტკარზე (#2) (9 წთ)

აქტივობა 10. წაკითხვის შემდეგ ვაჯამებ წაკითხულს, ნანახს და ვაზუსტებ, რა იყო ახალი, რა – ნაცნობი, რა – ბუნდოვანი. ვთხოვ მოსწავლეებს, დაუბრუნდნენ ტექსტს, სურვილისამებრ, წამიკითხონ შესაბამისი ადგილები.(9 წთ)

აქტივობა 11. ახალი ინფორმაციით ცნების რუკის შევსება (2 წთ)

აქტივობა 12. თვითშეფასების რუბრიკის შევსება (2 წთ)

შეფასება მოსწავლეებს ვაფასებ მიმდინარეგანმავითარებელი შეფასებით,ინდივიდუალურად და ჯგუფურად სავარჯიშოს შესრულების დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევკითხვისა და კითხვის შემდგომ ეტაპებს(იხ. შეფასების რუბრიკა)
რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, ფურცლები, მარკერები.
ინფორმაციის წყარო: ნაბეჭდი მასალა, სლაიდი, ფილმი

ადრეული განათლების მნიშვნელობა მომავალი წარმატებისთვის

0

დრეულ ასაკში ბავშვზე, მის განათლებაზე თითქმის ყველა საზოგადოებაში, ტრადიციულად, ოჯახი ზრუნავდა. მე-19 საუკუნის ევროპაში, ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, რომელმაც ხელი შეუწყო ურბანიზაციასა და ქალთა დასაქმების ზრდას, წარმოიშვა საჭიროება, ადრეულ ასაკში ბავშვსა და მის განათლებაზე ზრუნვა ოჯახს სხვა ინსტიტუტთან გაეზიარებინა. ასეთი დაწესებულებები მე-19 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა შოტლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და ნელ-ნელა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დღეს უკვე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ოჯახის გარეთ, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ატარებს, ამიტომ მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული განათლება

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განხორციელებული კვლევები ცხადყოფს, რომ ადრეული განათლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას როგორც ბავშვის მომავალი აკადემიური, პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის, ისე საზოგადოების განვითარებისთვისაც. კვლევები სრულიად განსხვავებული დისციპლინების, მათ შორის _ ნეირომეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის ფარგლებში ხორციელდება. ნეირომეცნიერებაში განხორციელებულ კვლევათა შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის ტვინი ყველაზე ინტენსიურად სწორედ სკოლამდელ ასაკში ვითარდება. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვი მასტიმულირებელ და უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს, საშუალება მიეცემა, განივითაროს სხვადასხვა უნარი და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. კვლევის შედეგები ცხადყოფს იმასაც, რომ ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა და განათლება განუყოფელია ერთმანეთისგან: “ერთი მხრივ, ბავშვების სიყვარული და, მეორე მხრივ, მათი სწავლება თავისთავად, ცალ-ცალკე, არ არის საკმარისი ბავშვის ოპტიმალური განვითარებისთვის”

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბავშვის ფსიქიკა ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია და მუდმივად მოითხოვს ზრდასრულის მზრუნველობასა და თანადგომას.

ადრეული განათლების ეკონომიკურ მნიშვნელობასთან დაკავშირებულ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნობელის პრემიის ლაურეატის ჯეიმს ჰეკმანის კვლევებს, რომლებიც აანალიზებს სკოლამდელ განათლებაში დაბანდებული ინვესტიციების შედეგებს სხვადასხვა კონტექსტში. მეცნიერს მიაჩნია, რომ განათლების სხვა საფეხურებთან შედარებით სწორედ სკოლამდელ განათლებაში ჩადებულ თანხას მოაქვს ყველაზე დიდი “მოგება” წლების შემდეგ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ყოველ 1 დოლარზე 8 დოლარს უდრის. ჰეკმანი ხაზს უსვამს ადრეულ ასაკში ინვესტირების მნიშვნელობას სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის:

“ინვესტირება არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის იშვიათი საჯარო პოლიტიკის ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს სამართლიანობასა და სოციალურ თანასწორობას და იმავდროულად ზრდის პროდუქტიულობას ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოებაში. არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის გამიზნულ ადრეულ ინტერვენციას გაცილებით მეტი შედეგი მოაქვს, ვიდრე გვიანს, ისეთს, როგორიცაა სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლეების დაბალი თანაფარდობა, სამსახურისთვის გადამზადება, მსჯავრდადებულთა სარეაბილიტაციო პროგრამები, სწავლის სუბსიდიები, ან პოლიციის ხარჯები”

კვლევები განვითარების ფსიქოლოგიასა და განათლების მეცნიერებაში ცხადყოფს, რომ სკოლამდელი ასაკი კოგნიტური, ემოციური, მეტყველებისა და სოციალური განვითარებისთვის კრიტიკული პერიოდია. სწორად დაგეგმილი ადრეული განათლება ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივი უნარების განვითარებას, სკოლისთვის მის მომზადებას და წარმატებას მომავალ ცხოვრებაში. განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი:

საფრანგეთი

კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლამდელი ასაკის 20 000-ზე მეტმა ბავშვმა, დაადგინა, რომ რაც უფრო მეტხანს დადიოდა ბავშვი სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში, მით უფრო მაღალი ნიშნები ჰქონდა დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში. პოზიტიური გავლენის შედეგი ხანგრძლივი აღმოჩნდა, ამასთან, მე-5 კლასში _ უკეთესი, ვიდრე პირველში. ყველაზე საგულისხმო შედეგები კი არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებმა ბავშვებმა აჩვენეს.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 2003 წლის ანგარიშის მიხედვით, სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას, განსაკუთრებით კი არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის. შედეგები უკეთესია, როდესაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში სხვადასხვა წარმომავლობისა და სტატუსის მქონე ბავშვები ერთად სწავლობენ. რაც უფრო ხარისხიანია საგანმანათლებლო პროგრამა და მაღალია მასწავლებლის კვალიფიკაცია, მით უფრო დადებითია შედეგები ზემოაღნიშნული უნარების განვითარების გამოკვლევისას.

აშშ

კალიფორნიის შტატში ჩატარებული კვლევის 2005 წლის ანგარიშის მიხედვით, თუ ბავშვი დადიოდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, მეტი იყო ალბათობა, დაემთავრებინა საშუალო სკოლა, ზრდასრულ ასაკში ჰქონოდა უფრო მაღალი ხელფასი და ნაკლები _ ჩართულიყო რაიმე სახის კრიმინალში. ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ თუ კალიფორნიელი ბავშვების 25% მაინც ისარგებლებს სკოლამდელი განათლების სერვისებით, შტატს ეს ყოველ ინვესტირებულ დოლარზე ორმაგ მოგებას მოუტანს (2005 წლისთვის კალიფორნიაში ამ სერვისებით 3 წლის ბავშვების მხოლოდ 5% და 4 წლის ბავშვების 11% სარგებლობდა).

ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ 12 წლის ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში, უკეთესად ასრულებენ მათემატიკურ და კითხვის დავალებებს. განსხვავება მაშინაც კი თვალსაჩინოა, როდესაც სტატისტიკური ანალიზის დროს ითვალისწინებენ ოჯახის შემოსავალს და მშობლების განათლებას.

ასეთი კვლევები, რომლებიც ამტკიცებს ადრეული განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვთა სასკოლო, სოციალური და პროფესიული წარმატებისთვის, მრავლად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად მრავალი ქვეყანა, აცნობიერებს რა ამ ასაკში განათლების კრიტიკულ მნიშვნელობას, დგას გამოწვევის წინაშე, შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროგრამების მიწოდებას სკოლამდელი ასაკის თითოეული ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც არახელსაყრელ პირობებში იზრდება (სიღარიბე, უმუშევრობა, მშობლების განათლების დაბალი დონე, სახელმწიფო ენის არცოდნა და ა.შ.).

ადრეული განათლების სისტემების თანამედროვე გამოწვევები

უკანასკნელ ხანს საერთაშორისო ორგანიზაციები _ გაეროს ბავშვთა ფონდი ((UNICEF),), გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და სხვ. _ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადრეული განათლების პოლიტიკის ანალიზსა და სისტემების გასაუმჯობესებლად კვლევაზე დაფუძნებული გზების ძიებას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება ქვეყნების მიერ სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის სტატუსის ინდიკატორადაა მიჩნეული.

მინიმალური სტანდარტები 10 ძირითად პუნქტს მოიცავს:

  1. ერთ წლამდე დეკრეტული შვებულება ხელფასის 50%-იანი ანაზღაურებით;
  2. ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაკუთებულ ყურადღებას უთმობს არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს;
  3. სუბსიდირებული და რეგულირებადი ბავშვზე ზრუნვის სერვისები 3 წლამდე ასაკის ბავშვების 25%-ისთვის;
  4. სუბსიდირებული და აკრედიტებული ადრეული განათლების სერვისები 4 წლის ბავშვების 80%-ისთვის;
  5. ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების თანამშრომელთა 80%-ის სათანადო პროფესიული მომზადება;
  6. ადრეული განათლების აკრედიტებულ დაწესებულებებში თანამშრომელთა 50% უმაღლესი განათლებით შესაბამის სფეროში;
  7. ადრეული განათლების დაწესებულებებში თანამშრომლებისა და ბავშვების მინიმალური თანაფარდობა 1:15;
  8. მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ის გაღება ადრეულ ასაკში ბავშვთა სერვისების უზრუნველსაყოფად;
  9. ბავშვთა სიღარიბე არა უმეტეს 10%-ისა;
  10. თითქმის ყველა ბავშვის უზრუნველყოფა ძირითადი ჯანდაცვის სერვისებით.

ამ სტანდარტების ათივე პუნქტს მხოლოდ ერთი ქვეყანა _ შვედეთი აკმაყოფილებს, 9 პუნქტს _ ისლანდია, 8-ს _ დანია, ფინეთი, საფრანგეთი და ნორვეგია. გასათვალისწინებელია, რომ სტანდარტები მოითხოვს სახელმწიფოს მნიშვნელოვან ჩართულობას ბავშვის ადრეულ განათლებასა და განვითარებაში, რაც ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, ტრადიციულად, ოჯახისა და კერძო სექტორის ვალდებულებად მოიაზრება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის, მაგალითად, ირლანდია, აშშ, ავსტრალია, ესპანეთი და კანადა, მხოლოდ სამ ან ნაკლებ პუნქტს აკმყოფილებს. ამასთანავე, რთულია მხოლოდ ამ სტანდარტების საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სისტემების შედარება. მაგალითისთვის, განვიხილოთ ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი _ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების თანამშრომელთა 80%-ის სათანადო პროფესიული მომზადება. სხვადასხვა ქვეყანაში “სათანადო პროფესიული მომზადების” ცნება შესაძლოა სრულიად სხვადასხვანაირად ესმოდეთ; ერთ შემთხვევაში იგულისხმებოდეს ერთთვიანი მომზადება, მეორეში კი ორწლიანი განათლება უმაღლესი განათლების საფეხურზე. მიუხედავად ამისა, მინიმალური სტანდარტები წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გაიღონ სახელმწიფო რესურსები, რათა ბავშვებს ხარისხიან ადრეულ განათლებაზე მიუწვდებოდეთ ხელი. ეს ზოგადი სტანდარტები, რომლებიც მშობლობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, ბავშვთა ზოგად მდგომარეობას (ჯანმრთელობა, სიღარიბე), ადრეული განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას უკავშირდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. სტანდარტების ადგილობრივ კონტექსტთან და განათლებაში არსებულ ტრადიციებთან შეჯერებით შესაძლებელია ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ყველაზე უკეთ დაიცავს ბავშვთა ინტერესებსა და უფლებებს.

დღეს, როდესაც მრავალი სამეცნიერო კვლევა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს სკოლამდელი განათლების პოზიტიურ გავლენას სკოლაში ბავშვის წარმატებაზე, მომავალში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე, ვფიქრობთ, დროული იქნება ქვეყნების ძალისხმევა ამ სფეროში ინვესტირების გასაზრდელად.

აღწერითი სტატისტიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე

0

ტატისტიკა ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება. მაგალითად, განათლების სფეროს მმართველი ორგანოები დაინტერესებულნი არიან მოსწავლეთა მიღწევებით, მასწავლებელთა ასაკობრივი განაწილების სურათით, სწავლების ინოვაციური მეთოდების ზეგავლენით სწავლის ხარისხზე; პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს აინტერესებთ საკუთარი პოპულარობა არჩევნების წინ, რათა ივარაუდონ, გამარჯვების რა შანსი აქვთ; მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია მათი პროდუქციის მომხმარებელთა რიცხვი, სქესი, ასაკი; კალათბურთში აღირიცხება მოთამაშეთა ზუსტი ტყორცნები, მოედანზე ყოფნის ხანგრძლივობა, მიღებული ჯარიმების რაოდენობა, ფარიდან მოხსნილი ბურთების რაოდენობა.

სტატისტიკის შესწავლის აუცილებლობა მრავალი მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის იმითაც, რომ:

– ადამიანებს პროფესიული საქმიანობისას სჭირდებათ სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის გასაგებადაც უნდა დაეუფლონ ტერმინებს, სიმბოლოებს, ცნებებს და სტატისტიკურ მეთოდებს. მათ ასევე უნდა შეძლონ სხვებისთვის სტატისტიკური ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით გაზიარება ან მოცემული მასალის ინტერპრეტაცია;

– მათ, შესაძლოა, თვითონ მოუწიოთ სტატისტიკური კვლევის ჩატარება, რადგან ეს, საზოგადოდ, კვლევა-ძიების ერთ-ერთი ძირითადი ხერხია;

– სტატისტიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანები უკეთესი მოქალაქეები და მომხმარებლები იყვნენ, გააკეთონ სწორი არჩევანი, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება.

სტატისტიკა არის მეცნიერება, სადაც კვლევა მიმდინარეობს მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების, შეჯამების, ანალიზისა და დასკვნების გამოტანის გზით.

სასკოლო განათლების დაწყებით საფეხურზე მონაცემთა ანალიზის, ალბათობისა და სტატისტიკის მიმართულების სწავლების მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს – თვისებრივ და დისკრეტულ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების, წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.

მოსწავლეთათვის განკუთვნილი სასწავლო მასალების ანალიზიდან ჩანს, რომ არსებობს პრობლემები მონაცემთა შეგროვების საშუალებების სწავლებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ მეთოდიკურ მასალას ამ საკითხის სწავლების გასაუმჯობესებლად.

მოსწავლეთა მოტივაცია

მიზანშეწონილია მოსწავლეებისთვის საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მიწოდება. მათ შეიძლება შევთავაზოთ, მაგალითად, ამოცანები:

  1. გაეცანით ჩინეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემებს.
წლები მოსახლეობის რაოდენობა
2 58 მილიონი
1776 268 მილიონი
1945 453 მილიონი
1980 908 მილიონი

ჩინეთის მოსახლეობა 1980 წელს გაორმაგდა 1945 წელთან შედარებით. თუ მოსახლეობის ზრდა ამავე ტემპით მოხდება, რომელ წელს გაორმაგდება ჩინეთის მოსახლეობა 1980 წელთან შედარებით?

  1. ლათინური ანბანის ასოების გამოყენების სიხშირე ინგლისურენოვან ტექსტებში ასეთია:
ასოები E T A

O

N I

R

S

H

D L CUM სხვა
გამოყენების სიხშირე, % 13 9 8 7 6,5 6 4 3,5 3 2 ან ნაკლები

მოიძიეთ ინფორმაცია და შეადგინეთ ანალოგიური ცხრილი ქართული ანბანის ასოებისთვის.

მოსწავლეებისთვის მონაცემთა შეგროვების საშუალებების გაცნობა

შესთავაზეთ მოსწავლეებს მოსამზადებელი სავარჯიშოები:

  1. გაარკვიეთ, თვისებრივია თუ რაოდენობრივი შემდეგი მონაცემები: ავტოსადგომზე განთავსებული ავტომობილების ფერები; საკლასო ოთახებში მერხების რიცხვი; სამარშრუტო ტაქსების ნომრები; მოქალაქეთა დაბადების ადგილები; სახელმძღვანელოთა ფასები; გასაყიდი საქონლის ზიპ-კოდები; მტკვარში დაჭერილი თევზების წონები; პროდუქტების დამამზადებელი ფირმების დასახელებანი.
  2. რა მონაცემები აღირიცხება საფეხბურთო სტატისტიკაში? მედიცინაში? მოსახლეობის აღწერისას? რა მიზნით? თქვენთვის ცნობილი რომელი საშუალებების გამოყენებით?

ამის შემდეგ მიზანშეწონილია, მასწავლებელი ესაუბროს მოსწავლეებს მონაცემების შეგროვების საშუალებებზე. მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მას შეუძლია მოსწავლეებს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

“გაზომვა და დაკვირვება ხშირად გამოიყენება სამეცნიერო (საბუნებისმეტყველო თუ სტატისტიკური) ექსპერიმენტების დროს. მეცნიერები ერთსა და იმავე პირობებში მრავალჯერ იმეორებენ ცდას, რათა რამდენჯერმე დადასტურებული, სანდო მონაცემების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა გამოსაკვლევი ობიექტის თვისებების შესახებ.

ექპერიმენტსა და დაკვირვებას შორის განსხვავება ისაა, რომ დაკვირვებისას მკვლევარი არ ერევა მოვლენათა მსვლელობაში, ხოლო ექსპერიმეტის ჩატარებისას ის თვითონ ქმნის ან ცვლის ექსპერიმენტის პირობებს, რათა უკეთ შეისწავლოს საკვლევი ობიექტი იმ კუთხით, რომელიც მას აინტერესებს.

სტატისტიკური ექსპერიმენტი კი იმით განსხვავდება საბუნებისმეტყველოსგან, რომ ცდის ჩატარებამდე შეუძლებელია მისი შედეგის ერთმნიშვნელოვნად პროგნოზირება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ყველა შესაძლო შედეგის ჩამოთვლა. სტატისტიკური ექსპერიმენტების მაგალითები ხშირად გვხვდება საბავშვო თამაშებშიც. ესაა კამათლის გაგორება მომდევნო მოთამაშის ბიჯების რაოდენობის გასარკვევად, მონეტის აგდება მოთამაშეთა ჯერის გასარკვევად, ალალბედზე ლოტოს ბურთულის ამოღება გამარჯვებულის გამოსარკვევად და სხვა.

მონაცემების შეგროვების კიდევ ერთი საშუალებაა გამოკითხვა. მაგალითად, მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელებს სჭირდებათ ინფორმაცია საკუთარ ფირმაში დასაქმებული მუშაკების საჭიროებების შესახებ, რათა გააუმჯობესონ კომფორტი და გაზარდონ შრომის ნაყოფიერება. ბუნებრივია, საჭირო მონაცემებს ისინი ვერ მოიძიებენ ვერცერთ კატალოგში, ხოლო მუშაკთა ქცევაზე დაკვირვება უხერხულობას შექმნის. ამიტომ მიზანშეწონილია, კომპანიის სოციალურ მუშაკთა გუნდმა შექმნას სპეციალური კითხვარი, რომლის შევსებაც სწრაფად მოხდება და იოლად გამოიკვეთება, თუ პირობების როგორ გაუმჯობესებას ანიჭებენ უპირატესობას დასაქმებულები.

გამოკითხვით მონაცემთა შეგროვების ხერხებია: სატელეფონო გამოკითხვა, კითხვარის დაგზავნა ფოსტის ან ინტერნეტის საშუალებით, ინდივიდუალური ინტერვიუ. გამოკითხვითMმონაცემების შემგროვებელს ინტერვიუერი ეწოდება, ხოლო მათ, ვისაც გამოკითხავენ – რესპონდენტები. ინტერვიუერი რესპონდენტებს კვლევის მიზნის შესაბამისად ირჩევს. მაგალითად, თუ მას აინტერესებს რომელიმე პოლიტიკური მოღვაწის პოპულარობა (რეიტინგი) არჩევნების წინ, მაშინ იგი კითხვარებს შეავსებინებს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლებს და არა მოზარდებს, რადგან მათ ჯერ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთანავე, ინტერვიუერი უნდა იყოს ობიექტური, მან უნდა გამოიჩინოს მიუკერძოებლობა და გამოკითხოს მოქალაქეთა, რაც შეიძლება, მეტი ჯგუფის წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანი მონაცემების შესაგროვებლად საჭიროა საკვლევი პრობლემის რაობაში გარკვევა და გადაწყვეტილების მიღება, რომელ მონაცემებს ვაგროვებთ და რა საშუალებებით. კვლევის მიზნებს შორის შესაძლებელია იყოს: მოვლენათა განვითარების წინასწარმეტყველება, პრიორიტეტების გარკვევა, მონაცემებში კანონზომიერების გამოვლენა, მონაცემთა ორ ერთობლიობას შორის დამოკიდებულების გარკვევა და სხვა.

შესაბამისად შეირჩევა ანკეტები და კითხვარები: თუ ორ ან რამდენიმე მოსაზრებას შორის უფრო პოპულარული უნდა გაირკვეს, მაშინ კითხვარში შემოთავაზებული პასუხის ვარიანტებიდან რესპონდენტებმა ერთი სასურველი უნდა მონიშნონ. თუ ინტერვიუერს აინტერესებს რესპონდენტთა მოსაზრებები მოცემული საკითხის თაობაზე, მაშინ კითხვარი ღიაა (არ მოიცავს მზა პასუხებს)”.

სავარჯიშოები საკლასო სამუშაოსთვის

  1. მონაცემთა შეგროვების რომელ საშუალებას იყენებთ, თუ თქვენ: იწერთ ყოველთვიურად წაკითხული წიგნების რაოდენობას; ეცნობით უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა სიას; ყოველდღიურად იწერთ ამოსული ჯეჯილის სიმაღლეს; რეკავთ ცნობათა ბიუროში კინოსეანსის დროის გასაგებად; მეზობლებს ავსებინებთ ანკეტას ოჯახში წევრების რაოდენობის შესახებ.
  2. ტერმინებს შორის _ გამოკითხვა, ინტერვიუ, დაკვირვება, ექსპერიმენტი, მონაცემთა ამოკრება მონაცემთა წყაროებიდან _ შეარჩიეთ საჭირო და ჩასვით შესაფერის წინადადებაში:

ა) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც დამკვირვებელი იწერს, რასაც ის ხედავს ან აკეთებს.

ბ) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც გამოკითხვის ჩამტარებელი პირი ერთსა და იმავე კითხვებს უსვამს ყველას და ინიშნავს მათ მიერ გაცემულ პასუხებს.

გ) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც პირისპირ შეხვედრისას კითხვებს უსვამთ იმ ადამიანებს, ვინც წინასწარ დაგთანხმდათ პასუხების გაცემაზე.

დ) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც ახალი მონაცემების შეგროვების ნაცვლად ხდება ცნობილი ფაქტების მოძიება უკვე არსებულ ინფორმაციაში.

ე) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით წინასწარ განსაზღვრულ საცდელ პირობებში ხდება შედეგების აღრიცხვა.

  1. შეავსეთ რომელიმე მზა კითხვარი.
  2. შეარჩიეთ ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან თქვენთვის საინტერესო საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც გაინტერესებთ მონაცემთა შეგროვება: მოდა, ბავშვთა დაავადებები, კომპიუტერები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პროფესიები, უსაფრთხოება გზებზე, გასართობი დაწესებულებები. შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოაყალიბეთ პრობლემა და ამ პრობლემის შესწავლის მიზნით ჩამოწერეთ კითხვები, რომლებზეც საჭიროა პასუხის მიღება მონაცემების შეგროვების და ანალიზის გზით.

სავარჯიშოები ჯგუფური ან დამოუკიდებელი სამუშაოსთვის

I ვარიანტი

გაარკვიეთ, თვისებრივია თუ რაოდენობრივია შემდეგი მონაცემები: სახელმძღვანელოებში გვერდების რიცხვი; ახალშობილთა სქესი სამშობიაროში; ვიტამინების აბის სისქეები; მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები; თანაკლასელთა გვარები; ოჯახის წევრების ფეხსაცმლის ზომები; საკლასო ოთახების ფართობები. მონაცემთა შეგროვების რომელ საშუალებას გამოიყენებთ თითოეულ შემთხვევაში?

II ვარიანტი

გაარკვიეთ, თვისებრივია თუ რაოდენობრივი შემდეგი მონაცემები: მოსწავლეთა სიმაღლე; მოსწავლეთა თვალის ფერი; მოსწავლეთა მგზავრობის საშუალებები; შინაურ ცხოველთა სახეობები; მოსწავლეთა წონა; მოსწავლეთა საყვარელი დღესასწაულები; მოსწავლეთა მიერ ტელევიზორთან გატარებული დრო. მონაცემთა შეგროვების რომელ საშუალებას გამოიყენებთ თითოეულ შემთხვევაში?

სავარჯიშოები საშინაო დავალებისთვის

  1. რა საშუალებების გამოყენებით აგროვებენ დემოგრაფიულ მონაცემებს? დაასახელეთ შესაგროვებელი მონაცემების სახეობები, დასვით კითხვები, რომელთა საშუალებითაც მოიპოვება ესა თუ ის მონაცემი და მიუთითეთ რესპონდენტები.
  2. მოიფიქრეთ, მონაცემთა შეგროვების რომელი საშუალების გამოყენებაა მიზანშეწონილი თითოეულ ქვემოთ მოყვანილ შემთხვევაში:
  • რამდენ საათს უყურებს ტელევიზორს ტიპური მეექვსეკლასელი?
  • თითოეული ფერის რამდენი შოკოლადის მარცვალია კანფეტ “M ანდ M”-ისპაკეტში?
  • რა განსხვავებაა წლიურ ნალექიანობაში თქვენს ქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის?
  • ვის აირჩევენ თქვენი კლასიდან სკოლის მოსწავლეთა საბჭოში?
  • რა მაქსიმალურ სიმაღლეს შესწვდებიან თქვენი კლასელები ახტომის გარეშე?
  • როგორ იცვლებოდა მოსახლეობის რაოდენობა ათწლეულების მიხედვით თქვენს დასახლებაში XX საუკუნის განმავლობაში?
  1. შეარჩიეთ მონაცემთა შეგროვების შესაფერისი საშუალება და ჩასვით წინადადებებში გამოტოვებული სიტყვები:

ა) იმისთვის, რომ გამოვთქვათ მომავალი საკალათბურთო მატჩის პროგნოზი, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მონაცემები მოწინააღმდეგე გუნდების მოთამაშეთა ტყორცნების შედეგიანობის შესახებ. ამგვარი მონაცემების შესაგროვებლად სპეციალისტები სპორტსმენებზე აწარმოებენ …

ბ) … საშუალებით მონაცემების შეგროვების მაგალითია პოპულაციების შესწავლა ეკოლოგების მიერ. ისინი სწავლობენ გარემოს დაბინძურების ზეგავლენას შერჩეულ პოპულაციაზე და ამისათვის დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღრიცხავენ რაოდენობრივ ცვლილებებს ამ პოპულაციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით.

გ) ახალი ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებლად ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს სჭირდებათ მონაცემები ტურისტების ნაკადის შესახებ ამა თუ იმ რეგიონში და წლის ამა თუ იმ პერიოდში. ამგვარი მონაცემების მოძიება შესაძლებელია …

  1. წაიკითხეთ ამონარიდი საგაზეთო სტატიიდან, რომელიც მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას და უპასუხეთ კითხვებს: რა მონაცემებია გამოყენებული სტატიაში? მონაცემთა შეგროვების რომელი საშუალებები იყო გამოყენებული? მონაცემთა წარმოდგენის თქვენთვის ცნობილი რომელი საშუალებებია გამოყენებული? გამოკვლეულია თუ არა მონაცემთა ერთობლიობის თვისებრივი ნიშნები? რომელი? ეთანხმებით თუ არა სტატიაში გაკეთებულ დასკვნებს? რატომ?
  2. ვთქვათ, თქვენ უნდა შეისწავლოთ რომელიმე პრობლემა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან: ქალაქში მობინადრე ჩიტების სახეობათა მრავალფეროვნება; ჰაერის დაბინძურება წლის სხვადასხვა დროს; თქვენი თანატოლები და სპორტი; მწეველთა და არამწეველთა ოჯახებში მცხოვრები თქვენი თანაკლასელების სიჯანსაღე; სწრაფი მეტყველების უნარი თანატოლებს შორის.

თითოეულ პრობლემასთან დაკავშირებით განსაზღვრეთ კვლევის მიზანი, შეარჩიეთ თემა, მონაცემების შეგროვების საშუალება და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი.

დაიხმარეთ ნიმუში: საინტერესო საკითხი – წიგნიერება;

თემა – მოსწავლეთა საყვარელი წიგნები; მიზანი – გაირკვეს მოსწავლეთა პრიორიტეტები და მოსაზრებები შეგროვებული მონაცემებიდან; საშუალება – მოსწავლეთა გამოკითხვა მზა კითხვარით, სადაც მითითებული იქნება არჩევანი (სათავგადასავალო ლიტერატურა, სამეცნიერო ფანტასტიკა, ისტორიული პირების ცხოვრება და მოღვაწეობა, მოთხრობები ცხოველების შესახებ, სხვა).

ბავშვი დაწყებით სკოლაში და არაადეკვატურობის აფექტი

0
სწავლების პირველ საფეხურზე, დაწყებით სკოლაში, მრავალი მოსწავლის პრობლემას იმედგაცრუება წარმოადგენს, რასაც მიღწევების მიმართ მაღალი მოლოდინი იწვევს. იმის გამო, რომ ბავშვების მოლოდინები და აკადემიური მიღწევები განსხვავებულია, ისინი არაადეკვატურობის აფექტში ვარდებიან და გაუცხოებას განიცდიან სკოლის, სასწავლო პროცესის და შეფასების მიმართ. რა თქმა უნდა, ამ ემოციებს, პირველ რიგში, საკუთარი წარმატებისადმი არასწორი დამოკიდებულება იწვევს.
მოსწავლე და მშობელი, დაწყებით კლასებში, გადაჭარბებულ ყურად­ღებას აქცევენ შეფასებას (ქულა, ნიშანი, რეიტინგი და ა.შ.). ბავშვი არც კი დაუშვებს, რომ წარუმატებ­ლობის მიზეზი საკუთარ თავში ეძებოს. ის ყოველთვის სხვას ან ზოგად გარემოებებს დაადანა­შა­უ­ლებს: სწავლა ხომ პირველი სიძნე­­ლეა მის ცხოვრებისეულ გამოც­დი­ლებაში. ამგვარი განცდებისა და ემოციების ზემოქმედებით უყალიბ­დებათ ბავშვებს ისეთი პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა სიჯიუტე, უნდობლობა, აგრესია, სიბრაზე და გულჩათხრობილობა.
ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ თვითშეფასების უნარი ბავშვებს, ყოველგვარი გარემო ფაქტორების და უფროსების ჩარევის გარეშე, მხოლოდ მოზარდობის პერიოდში უჩნდებათ. ადრეულ ასაკში მათ თვითშეფასება უფროსების უშუალო ზემოქმედებით უყალიბდებათ. ამ უნარის განვითარებას ყველაზე მეტად ნორმალური ოჯახური გარემო და აღზრდა უწყობს ხელს. თუმცა მშობლები ხშირად მხოლოდ შვილის პიროვნულ მახასიათებ­ლებელს აფასებენ, ამართლებენ მის საქციელს, აქებენ და ხოტბას ასხამენ მცირე დამსახურების გამოც კი. სკოლაში ბავშვი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მისი შეფასება სულაც არ ემთხვევა იმას, რასაც ოჯახში მიეჩვია.
თავდაპირველად ამ მტკივნეულ პროცესს მხოლოდ ის აიოლებს, რომ, პირველ ეტაპზე, მოსწავლეს უჭირს იმის აღქმა, თუ საერთოდ რატომ აფასებენ. იგი მზად არის, უხაროდეს ყველა ნიშანი, ქულა, თუ რაიმე სხვა შედეგი.
დაწყებითი კლასის მოსწავლე მთელ სასკოლო ემოციურ განწყობას მშობლებს უკავშირებს, რომლებიც, ძირითადად, მხოლოდ შეფასებით ინტერესდებიან. ისინი ამას დაუფარავად გამოხატავენ. ბავშვი კი, როგორც წესი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშობლების დამოკიდებულებას: უსიამოვნო განცდებს ის სრულ ინდიფერენტულობამდე მიჰყავს.
ასეთ სიტუაციებში მშობლებს უჭირთ, მშვიდად გაანალიზონ და დაადგინონ ბავშვის სასკოლო წარუმატებლობის ნამდვილი მიზეზი. ისინი ძირითადად მოსწავლეს ან იმ მასწავლებელს ადანაშაულებენ, რომელიც სათანა­დოდ ვერ ასწავლის. გამოთქმული შენიშვნები და პრეტენზიები პედაგოგის ავტორიტეტის დაკარ­გვას უწყობს ხელს და ბავშვიც ყველა წარუმატებლობას “ცუდ” მასწავლებელს აბრალებს. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გაჩენილი ასეთი ბზარის ამოვსება ძალიან ძნელია. მაგალითად, მოსწავლის თვალში ავტორიტეტდაკარგული მასწავ­ლებლის არათუ შეფასება, პატარა შენიშვნაც კი უსამართლოდ და საწყენად აღიქმება. ამას მოსდევს ის, რომ ბავშვი თავის თავში იკეტება და მარტო რჩება საკუთარ სიძნელეებთან. ამ დროს მას მშობლები ვერ ეხმარებიან, მასწავლებლის დახმარებას კი თავად ის უარყოფს.
ასეთ სიტუაციას სხვაგვარი პრობლემებიც მოჰყვება. შეიძლება მოსწავლის მდგომარეობა ოჯახური კონფლიქტის საბაბადაც იქცეს: ზოგჯერ უფროსები საქმის გამოსწორებას ბავშვის დასჯით ცდილობენ, ასეთი მიდგომით კი პრობლემა უფრო ღრმავდება. ამ დროს კონფლიქტის შენიღბვა ბავშვებთან ურთიერთობაში ერთგვარი ჩიხია.
სიმკაცრე და დასჯა ხელს არ უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. ამით მას ვერც იმას ვასწავლით, თუ როგორ უნდა შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები კრიტიკულად და ვერც პრობ­­ლემების გადალახვის გამოცდილებას ვაძლევთ.
ზოგადად, წარუმატებლობით გამოწვეული განცდების გადაფარვა შედეგების გაუმჯობესებით შეიძლება, თუმცა ბავშვი ყოველ­თ­ვის იოლ გზას ირჩევს და დროთა განმავლობაში თავის მიღწევებს ეგუება.
მოსწავლეები ყველა წარუმატებ­ლო­ბას საკუთარ განმარტებას უძებნიან. მაგალითად, ისინი ცუდად შესრულებულ დავალებას კალამის გაუმართაობას აბრალებენ, არასწორად ამოხსნილ ამოცანას – პირობის გაუგებრად შედგენას, ცუდად ნასწავლ ლექსს – ლექსის სიდიდესა და ა.შ.
მასწავლებლისა და მშობლების თანამშრომლობაზე საუბარი არ ნიშნავს, რომ ბავშვს საერთოდ ავარიდოთ პასუხისმგებლობა. ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ის ეჩვევა და ეგუება სასკოლო ცხოვრებას, შეიძლება არასწორი მიდგომით ხელი შევუშალოთ თვითშეფასების უნარის ჩამოყალიბებას და სწავლისადმი მოტივაციის განვითარებას.
საყურადღებოა, რომ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლის ავტორიტეტი დიდია და ამის დადებითად გამოყენება შეიძლება. ამ დროს პედაგოგის ყურადღება და სწორი ჩარევა კარგ შედეგს იძლევა. ეფექტური საშუალებაა მოსწავლისთვის იმის ახსნა, თუ რითი არის გამოწვეული მისი ასეთი მდგომარეობა და რა ხერხები არსებობს სწავლაში წარმატების მისაღწევად. ასეთ ურთიერთობას სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან შედეგს ერთჯერადი ჩარევით ვერ მივაღწევთ.
სუსტი აკადემიური მოსწრება დანაშაული არ არის, მაგრამ ეს ის პრობლემაა, რომელიც ღონისძიებების სწრაფად და თანმიმდევრულად გატარებას ითხოვს. თუ დროულად არ ჩავერევით და მხოლოდ შენიშვნებით შემოვიფარგლებით, ამით მოსწავლეს ვუბიძგებთ, დაადანაშაულოს შემთხვევითი გარემოებები, სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, კალამი და ა.შ. უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვი თავის წარუმატებლობას შეზღუდული შესაძლებლობებით ამართლებს ხოლმე, მაგალითად, ცუდი მეხსიერებით (“დამავიწყდა”), ყურადღების გაფანტულობით (“ვერ მოგისმინეთ”, ან “სხვა რამეს ვუყურებდი”), ჯანმრთელობით (“თავი მტკიოდა”) და ა.შ.
მსგავს შემთხვევებში, მასწავლებელი ასკვნის, რომ მოსწავლე ზარმაცია, მატყუარაა, უუნაროა… ასეთი დასკვნები, უმეტესწილად, არათუ არასწორი და არაადეკვატურია, არამედ უსამართლოც. როგორც ჩანს, მასწავლებელსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც მოსწავლეს: ის წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ მოლოდინებთან და შედეგებთან. კვლევების თანახმად, ეს იმ ტიპის მასწავლებლებს ახასიათებთ, რომლებიც მთელს იმედს ნიშნებსა და შეფასებაზე ამყარებენ.
და მაინც, რატომ უჭირთ მოსწავლეებს საკუთარი წარმატების სწორად შეფასება? რადგან ბავშვები წარუმატებლობის მიზეზებს გარემო ფაქტორებსა თუ სხვა ადამიანებში ხედავენ, ისინი ამას მარცხად არ აღიქვამენ, ფიქრობენ: “მე არაფერ შუაში ვარ” და არც ზედმეტი ძალისხმევის გაღების საჭიროებას გრძნობენ. ამ ასაკში მშობლები ხომ მათ არა შრომასა თუ მონდომებას, არამედ პიროვნულ მონაცემებს უქებენ. ისინიც წინა პლანზე პიროვნულობას წამოსწევენ, კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით. მათ მხოლოდ რაღაც გარემოებები და მასწავლებელი უშლით ხელს ამ იდილიაში. უმრავლესობას ერთგვარი “ვარდისფერი სათვალის” სინდრომი უყალიბდება, რისი მეშვეობითაც მშვიდად უყურებს სასკოლო ცხოვრებას.
როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ანალოგიური მექანიზმები გვხვდება მასწავლებელთა საქმიანობაშიც. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათ წინა პლანზე მოსწავლის წარუმატებლობები გამოაქვთ: “კანდელაკი ხანდახან კი ცდილობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას არ შეუძლია წარმატების მიღწევა”.
რა სახისაც უნდა იყოს კონფლიქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ის აუცილებლად აისახება მთელ კლასზე. ამიტომ პედაგოგმა არასოდეს უნდა მისცეს მოსწავლეს შენიშვნა თანაკლასელთა თანდასწრებით. მოსწავლეები, უმთავრესად, ისეთივე დამოკიდებულებას ამჟღავნებენ თანაკლასელის მიმართ, როგორსაც მასწავლებლისგან გრძნობენ. ასეთ სიტუაციაში კლასში ბავშვის მდგომარეობა უარესდება და ის იზოლაციაში ექცევა. ხშირად იგი დაცინვის ობიექტი ხდება.
საერთო ჯამში, ასეთი სიტუაციების გამო მოსწავლეს ყველასთან უფუჭდება ურთიერთობა: მასწავლებლებთან, მშობლებთან და თანაკლასელებთან. ეს ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
არაადეკვატურობის ეფექტი, პირველ რიგში, მასწავლებლის არასწორი პედაგოგიური პრაქტიკის შედეგია. იმისათვის, რომ მოსწავლეს არ შეუქმნას ფსიქოლოგიური თუ აკადემიური პრობლემები, აუცილებელია, მასწავლებელმა გადახედოს საკუთარ ამბიციებს, შესაძლებ­ლო­ბებსა და დამოკიდებულებებს.

სასკოლო მზაობა

0

“ძვირფასო ადელ, მე 4 წლის ვარ და შემიძლია წავიკითხო ნებისმიერი ინგლისური წიგნი. შემიძლია ლათინურად წარმოვთქვა ყველა არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, დამოუკიდებელი ზმნა და 52 სტრიქონი ლათინური პოეზიიდან”.

ფრენსის გალტონი (წერილი დისადმი, 1827)
“ხალხს არ ესმის, რა დროისა და ტანჯვის ფასად ხდება კითხვის სწავლა. ოთხმოცი წელია, ამას ვცდილობ და ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი, რომ წარმატებას მივაღწიე”.

გოეთე

რას ნიშნავს სასკოლო მზაობა?
განვითარების ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმა კარგად იციან, რომ სკოლაში სწავლის დაწყება ბავშვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. პირველი კლასიდანვე ჩნდება ახალი ვალდებულებები და წესები, რომლებსაც ისინი უნდა დაემორჩილონ: გაატარონ უფრო მეტი დრო მერხთან, ვიდრე ამის სურვილი აქვთ; ყურადღებით უსმი­­-­ნონ მასწავლებელს და დაემორჩი­ლონ მის ინსტრუქციებს; ისწავლონ რიგითობის დაცვა მასწავლებლის­თ­ვის პასუხის გაცემის დროს და ა.შ. მრავალი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სასკოლო მზაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლაში ბავშვის მომავალი წარმატებისთვის როგორც აკადემიურ, ისე სოცია­ლურ-ემოციურ სფეროში. სასკოლო მზაო­­ბაზე მსჯელობისას, თანამედროვე მკვლევარები და პრაქტიკოსები ხაზს უსვამენ მის კომპლექსურ ხასიათს და ბავშვის სასკოლო მზაობას განიხილავენ იმ გარემოსთან კავშირში, რომელშიც ბავშვი ვითარდება. ბავშვის წარამატების­თ­ვის მნიშვნელოვანია როგორც მისი მზაობა (სკოლისთვის საჭირო უნარების ფლობა), ასევე, სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების მზაობა, შეუქმნას მას განვითარებისა და სწავლისთვის სათანადო პირობები.
ბავშვის სასკოლო მზაობა

ბავშვის განვითარებისა და ადრე­უ­ლი განათლების სფეროში განხორცი­ელებული კვლევების საფუძველზე, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბავშვის სასკოლო მზაობა სხვადას­ხვა უნარებს გულისხმობს. აღნიშ­ნული უნარები შეგვიძლია, პირო­ბი­თად, რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:

ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება: გულისხმობს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზრდას, შეზღუდულ შესაძლებლობებს; მსხვილ და წვრილ მოტორულ უნარებს;

სოციალური და ემოციური განვითარება: გულისხმობს სხვებთან ურთიერთობის უნარს; ისეთ სოციალურ უნარებს, როგორიცაა რიგითობის დაცვა და თანამშრომლობა; საკუთარი თავის აღქმა; სხვა ადამიანთა გრძნობების გაგება და საკუთარი გრძნობების გააზრე­ბა-გამოხატვა;

სწავლისადმი მიდგომა: გულის­­ხმობს მოტივაციას, ცნობისმოყ­ვარეობას, ყურადღების კონცენ­­-ტრაციას, შემოქმედებითობას;

ენობრივი განვითარება: გულის­-ხმობს ვერბალური და წიგნი­ე­რე­ბის საწყისი უნარების განვითა­რებას; ვერბალური უნარები მოი­­ცავს მოსმენას, ზეპირ მეტყველებასა და ლექსიკას; წიგნიერე­ბის საწყისი უნარები გულისხ­მობს ნაბეჭდი მასალის მიმართ ინტე­­რესს, მოთხრობის პრინციპის აღქმასა და წერის საწყის უნარებს (მაგ. იდეების ხატვით ან ასოების მსგავსი ფორმებით გამოხატვა);

შემეცნება და ზოგადი ცოდნა: გულისხმობს შემოქმედების აღქმას და გაგებას, შემოქმე­დე­ბით თვითგამოხატვას; ოჯახური, საზოგადოებრივი და კულტუ­რუ­ლი ნორმების ცოდნას, რაოდე­ნობრივი წარმოდგენების განვი­­-თარებას, საგნებსა და მოვლე­ნებს შორის მიმართების წვდომას.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობა ერთი და იმავე ასაკისაა, ბავშვთა მზაობა განსხვავებულია ინდივი­დუ­ალური გამოცდილების, ცოდნის, უნარებისა და გენეტიკური მემკვიდ­რეობის გამო. კვლევები ადასტუ­რებს, რომ სწავლის პირველ წლებში წარ­­მატება, ხშირ შემთხვევაში, უფროს კლასებში წარმატების განმსაზღ­ვ­რელია. სწორედ ამიტომ, დაწყებით კლასებში ნაკლები მზაობის მქონე მოსწავლეების ხელშეწყობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

რა ასაკშია ბავშვი მზად სკოლის­თ­ვის? ამ კითხვაზე არაერთგვა­რო­ვა­ნი პასუხები არსებობს, რაც სხვა­დასხ­­ვა ქვეყანაში სკოლაში შემსვლელთა მინიმალურ ასაკზე აისახება. გასათ­­ვალისწინებელია, რომ ბავშვის სკოლისათვის მზაობა უნდა შეფასდეს სასკოლო პროგრამის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ცხადია, სასკოლო პროგრამა ქმე­­დითი და მართებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის შეესა­ბა­მება მოცემულ ეტაპზე ბავშვის განვითარების ასაკობრივ თავისე­ბუ­რებებს.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სავალდე­ბუ­ლო დაწყებით განათლებას ბავშვები სხვადასხვა ასაკში, განსხვავებული სასწავლო პროგრამით იწყებენ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიის ზოგიერთ შტატში სწავლის დაწყების ასაკი 5 წელია; სინგაპურში, ნორვეგიასა და საფ­­რანგეთში – 6; შვედეთში -7 წელი; აშშ-ს სხვადასხვა შტატში კი სწავ­­ლის დაწყების ასაკი 5-იდან 8 წლამ­­დე მერყეობს. ზოგიერთ სახელმ­წი­ფოში/შტატში სავალდებულო განათლების ასაკი მკაცრად არ არის განსაზღვრული და მშობლებს ეძლევათ არჩევანის უფლება, ერთი წლით ადრე ან ერთი წლით გვიან შეიყვანონ ბავშვი სკოლაში (მაგ. შვედეთში 6 წლის ასაკში 7-ის ნაც­­-ვლად). ასეთ შემთხვევაში, მშობ­ლები თავად წყვეტენ, არის თუ არა მათი შვილი მზად სკოლისათვის, მიუხედავად სასკოლო ასაკისა. სამწუხაროდ, ხშირად მშობელთა მიერ ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასება ხდება შემეცნებითი და წიგნიერების საწყისი უნარების საფუძველზე, ხოლო არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიზიკური და სოციალურ-ემოციური მზაობა ყურადღების მიღმა რჩება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა მინისტრის ბრძანების თანახმად, 2010 წლის სექტემბ­რი­დან სავალდებულო დაწყებით განათლე­­ბას შეუდგებიან ბავშვები, რომ­ლებ­­საც 6 წელი შეუსრულდებათ შესა­­ბამისი სასწავლო წლის დასრულე­ბამდე. იმისათვის, რომ 5 წლის ბავშვებმა წარმატებულად შეძლონ სწავლის დაწყება, მნიშვნელოვანია სასწავლო გეგ­­მისა და სასწავლო გარემოს ადაპტირება ასაკის შესაბამისად.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვები სწრაფად ვითარდებიან და იცვლებიან. არ არსებობს სკოლაში სწავლის დაწყე­­ბისთვის ისეთი იდეალური ასაკი, რომელიც უსათუოდ წარმატების მომტანი იქნებოდა ყველა ბავშვის­თვის. არის მოსაზრება, რომ სკოლაში შედარებით უფროს ასაკში შესული ბავშვები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მათი უმცროსი თანაკლასელები, თუმცა უმცრო­სე­ბი უფრო ინტენსიურ პროგრესს ავლე­­ნენ პირველი წლის განმავლობაში. მეორე მხრივ, არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ სკოლაში სწავლის დაწყებისთვის უმცროსი ასაკი იმთავითვე არახელსაყრელი ფაქტორია.

კვლევების ურთიერთსაწინააღმ­დე­გო შედეგები, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ასაკი არ წარმო­ად­გენს სკოლაში წარმატების განმ­საზ­ღვრელ ერთადერთ ფაქტორს. სხვა ფაქტორები, როგორიცაა ოჯახი, სკოლა, თემი და სკოლის ფარგლებში ბავშვის ინდივიდუა­ლური გამოცდილება, არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.

სკოლაში შესვლის მომენტისთვის ბავშვის მზაობის შეფასება ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა მრავალ ქვეყანაში (მაგ. ავსტრალია, აშშ.). აშშ-ს ზოგიერთ შტატში ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასება სავალ­­დებულოა. შეფასების ინსტრუ­მენ­ტები (კითხვარები) განსხვავებუ­ლია და, რიგ შემთხვევებში, მათი შემუ­­-შავება სკოლას ან მასწავლებელს ევალება. ზოგჯერ არამართებუ­ლა­დაც ხდება სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტის საფუძ­ველ­ზე მიღებული შედეგების გამოყენება. თანამედროვე მკვლე­ვა­რებს მიაჩნიათ, რომ სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენ­ტე­ბის გამოყენების მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ბავშვებისათვის სკოლაში მიღებაზე უარის თქმა, არამედ თითოეული ბავშვის საჭიროებების განსაზღვრა სკოლის ცხოვრებაში დაუბრკოლებლად გა­­-დასვლისთვის და შესაძლებლო­ბე­ბის მაქსიმალური რეალიზებისთვის.
2010 წლის სექტემბერში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, პირველად განხორცი­ელდება პირველკლასელ მოსწავლეთა სასკოლო მზაობის შეფასება. ბავშვთა მზაობის შეფასება მოხ­დე­ბა ზემოაღნიშნული ხუთი უმთავრესი ასპექტის მიხედვით. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, დაკვირვება განხორციელდება 1500 პირველ­კლა­სელზე. შედეგების გაანალიზება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფაქტორის ჭრილში. მაგალითად, შეფასდება, არის თუ არა კავშირი სასკოლო მზაობასა და სკოლამდელ განათლებას შორის, განსხვავდება თუ არა სასკოლო მზაობა ბავშვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით და ა.შ.

სკოლის მზაობა
ვინაიდან, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ბავშვები ერთნაირად “მომ­ზადებულნი” არ მიდიან სკოლაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სკოლის შესაძლებლობას, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის განვითარებისა და სწავლისთვის ხელსაყრელი პირობები. კვლევების საფუძველზე, განათლების სპეცი­ალისტები, აკერმანი და ბარნეტი გვთავაზობენ სკოლის მზაობის სამ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს:
ბავშვისთვის აუცილებელი მხარდაჭერის უზრუნველ­ყო­ფის შესაძლებლობა. აღნიშნული, შესაძლოა, გულისხმობდეს ერთგვარ გარდამავალ პროგრა­მებს, ყველა ბავშვის მიმართ თანაბრად მაღალ მოლოდინებს, მოტივირებულ მასწავლებლებს, რომლებიც მზად არიან, შეიმუშაონ თითოეული ბავშვის შესაფერისი პროგრამა.
სწავლებისა და სწავლის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. ყურადღება გამახვილებულია, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სწავლების მეთოდების მოდიფიკაციის მნიშვნელობასა და მშობლის ჩართულობის ხელშეწყობაზე.
სკოლის ადაპტირების უნარი, რაც გულისხმობს სკოლის ძლიერ მმართველობას, რომელიც ხელს უწყობს, ბავშვთა საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების გათვალის­წინებით, გარემოსა და პროგრა­მების ადაპტირების პროცესს, აგრეთვე, სკოლასა და ოჯახს შორის, სკოლასა და თემს შორის თანამშრომლობას.
ის, რაც სკოლაში ხდება, მნიშვნე­ლოვნად განსაზღვრავს ბავშვისა და მისი ოჯახის დამოკიდებულებას სკოლისადმი, მათ ჩართულობას როგორც სკოლაში შესვლის დროს, ისე მომდევნო წლებში. დიდია ალბათობა, რომ სკოლები, რომლე­ბიც ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშ­­ნულ ფაქტორებს, მზად არიან არა ზოგიერთი, არამედ ყველა ბავშვის მისაღებად. სკოლის ცხოვრებაში ბავშვის წარმატებული ჩართვა ითხოვს ოჯახსა და სკოლას შორის აქტიურ თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას.
სკოლის მზაობისთვის უმნიშვნე­ლო­ვანეს როლს თამაშობს სათანა­დოდ მომზადებული მასწავლე­ბე­ლი, რომელსაც ხელი მიუწვდება პროფე­სიული განვითარების პროგრა­მებ­ზე. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვთა უნარების განვითარებას, თითოეული ბავშვის მიმართ მაღა­­­ლი მოლოდინების შენარჩუნებას, ბავშვის განვითარების ხელშემ­წ­ყო­ბი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ურთიერთპატივისცემით გაჯერე­ბული პოზიტიური ურთიერთობები და ძლიერი მენეჯმენტი სკოლის მზაობის ერთ-ერთი საფუძველია.

ოჯახისა და თემის მხარდაჭერა
ბავშვისა და სკოლის მზაობასთან ერთად, მნიშვნელოვანია უფრო ფართო კონტექსტი, რომელშიც ისინი ფუნქციონირებენ. ამ შემთ­ხ­ვევაში, მზაობა გულისხმობს სოცი­­ალურ, პოლიტიკურ, ორგანიზაცი­ულ, საგანმანათლებლო და პიროვნულ რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის წარმატებას სკოლა­­ში შესვლის მომენტისთვის. ოჯა­ხი­სა და თემის მხარდაჭერა რამდენიმე ძირითად ელემენტს მოიცავს:
განვითარების ეტაპის შესაბა­მი­სი, ხარისხიანი სკოლამდელი საგანმანათლებლო პროგრა­მე­ბის ხელმისაწვდომობა, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის სკოლი­სათვის მომზადებას. კვლევები ადასტურებს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის სოციალური და აკადემიური კომპეტენციების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლამდელი განათლება. აშშ-სა და ევროპაში ჩატარებული კვლევები ცხად­ყოფს, რომ სკოლამდელი განათლება განსაკუთრებით პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე, დაბალი სოციალურ-ეკონო­მი­კუ­რი მდგომარეობის მქონე ოჯახებიდან. მზაობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია ოჯახში არსებული მდგომა­რე­ო­ბა, აღზრდის მეთოდები, მშობელთა განათლება, ოჯახის სოცია­ლურ-ეკონომიკური სტატუსი.
ბავშვის უზრუნველყოფა ადეკ­­-ვატური კვებითა და ფიზიკური განვითარებისთვის საჭირო პირობებით; ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ხელმისაწვდო­მო­ბა.
ინფრასტრუქტურისა და სოცია­ლუ­რი კავშირების განვითარების გზით, საზოგადოება ქმნის სოციალურ კაპიტალს. რაც უფრო მაღალია სოციალური კაპიტალის დონე, მით მეტი რესურსი აქვს თემს ადრეულ ასაკში ბავშვების მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და ჯანდაცვითი სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. სასკოლო მზაობისადმი არსებობს ისეთი მიდგომაც, რომელიც ხაზს უსვამს არა თითოეული ბავშვის სასკოლო მზაობის ხელშეწყობას, არამედ თემის ფარგლებში ისეთი მიზნობრივი ღონისძიებების გატა­­რებას, რომლებიც ხელს შეუწყობს თემში ბავშვთა მზაობის საშუალო მაჩვენებლის გაუმჯობესებას.
ერთი მხრივ, სკოლაში ბავშვის წარმატება მნიშვნელოვნად დამოკი­­-დებულია სასწავლო გეგმის დაძლე­­ვისა და ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბე­ბის­თვის საჭირო უნარების ფლობაზე. მეორე მხრივ, აუცილებელია სკოლა ბავშვს სთავაზობდეს მისი ასაკის­თვის ადეკვატურ სასწავლო პროგ­­რამასა და სასწავლო გარემოს.

სწავლის მოტივაციის ხელშეწყობა უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში

0

სკოლაში მისვლასთან ერთად ბავშვის ცხოვრების მთავარი შინაარსი სწავლა ხდება. ბავშვები სწავლაში წარმატებასა თუ მარცხს მძაფრად განიცდიან, უფროსების ბავშვისადმი დამოკიდებულებაც ხშირად იმით განისაზღვრება, როგორ სწავლობს იგი. სწავლა მხოლოდ ცოდნის შეძენისა და ინტელექტუალური განვითარების საფუძველი კი არა, პიროვნების ჩამოყალიბების პირობაც არის.

მაგრამ გამოცდილ პედაგოგებს შეუმჩნევიათ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს პირველი კლასის მეორე სემესტრიდან უნელდება სწავლისადმი სწრაფვა და ერთგვარი გულგრილობა ეუფლება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს: სკოლის გარეგანი ატრიბუტებისადმი შეჩვევა, სკოლის რუტინა, რთული დავალებები, გადაღლა…
სწავლისას წამოჭრილ სირთულეებს დიმიტრი უზნაძემ აღზრდის ტრაგედია უწოდა, “როდესაც აღმზრდელი როგორც სოციალური მიზნების მატარებელი მომავალზეა ორიენტირებული, აღსაზრდელი კი აწმყოს სუბიექტია, რომელსაც ახლა სურს რაღაც და მასზე უარის თქმა უჭირს”, პრობლემის გადაჭრის გზა კი ასე დასახა: ,,სწავლების ორგანიზაციამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ თავიდან ბავშვის სწავლა მის უშუალო მისწრაფებებსა და ინტერესებს დაუქვემდებაროს – წარმატების მიღწევის მოთხოვნილებას, ცნობისმოყვარეობას, ფუნქციობის მოთხოვნილებას. ამავე დროს, იზრუნოს პიროვნების როგორც ნებისმიერი ქცევის განმახორციელებელი სუბიექტის განვითარებაზე – ისწავლოს გაცნობიერებულად, შეგნებულად, მიზანდასახულად. რაც, რასაკვირველია, სრულიადაც არ გამორიცხავს მოსწავლის ინტერესების უგულებელყოფას!”
მაინც რა მოთხოვნილებები განსაზღვრავს ადამიანის აქტივობას?
როგორც ცნობილია, პიროვნებას აქტივობისკენ მოთხოვნილებები უბიძგებს. მოთხოვნილებები კი, შ. ჩხარტიშვილის მიხედვით, სამ ჯგუფად იყოფა: ბიოგენურად, ფსიქოგენურად და სოციოგენურად.
ბიოგენური მოთხოვნილებები უშუალოდ არის დაკავშირებული სიცოცხლის შენარჩუნებასთან;
ფსიქოგენური მოთხოვნილებები ადამინის ფსიქიკაში მომხდარ ცვლილებებს უკავშირდება და იმავე სტრუქტურაში მოითხოვს დაკმაყოფილებას. ესენია ინტელექტუალური, ესთეტიკური, თავისუფლების, წესრიგის მოთხოვნილებები.
სოციოგენური მოთხოვნილებები კი სოციალურ ურთიერთობებში აღმოცენდება და სოციალური ურთიერთობების გზითვე კმაყოფილდება. ესენია თანამშრომლობის, თანაარსებობის, პრესტიჟის (აღიარების), მეგობრობის, ძალაუფლების მოთხოვნილებები.
დაწყებით სასკოლო ასაკში სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფსიქოგენურ და სოციოგენურ მოთხოვნილებებს.
უმცროს სასკოლო ასაკში ფსიქოგენური მოთხოვნილებებიდან გამოკვეთილია ახალი შთაბეჭდილებების მიღების, ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილებები, საიდანაც აღმოცენდება ინტელექტუალური აქტივობის მოთხოვნილება.
სოციოგენური მოთხოვნილებებიდან დაწყებით სკოლაში მნიშვნელოვანია სიყვარულის, აღიარების, ურთიერთობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებები.
სიყვარულის მოთხოვნილება: სკოლაში შესვლასთან ერთად ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიყვარულიც. მნიშვნელოვანია, როგორ გამოხატავენ მისდამი სიყვარულს: ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებელს უყვარს, როდესაც იგი მას სახელით მიმართავს, ყურადღებიანია მის მიმართ, სწავლების პროცესში ითვალისწინებს მის საჭიროებებს.
აღიარების მოთხოვნილება: უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვს უჩნდება მოთხოვნილება, დიდებმა ცნონ იგი, ყურადღება მიაქციონ მას როგორც კარგს; ცდილობს შეესატყვისებოდეს უფროსების მოთხოვნებს, დაიმსახუროს მათი ყურადღება და ქება.
ურთიერთობის მოთხოვნილება: 5-6 წლიდან ბავშვები ,,მარტო მეზობლურიდან” თამაშიდან ერთად თამაშზე გადადიან; უჩნდებათ მოთხოვნილება, ერთმანეთს მოუყვნენ რაღაცას, აჩვენონ რამე, ერთად შეასრულონ უფროსების დავალება. ერთობლივი მოქმედება სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება, რითაც საფუძველი ეყრება მეგობრობის განცდის განვითარებას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ბავშვები შევაჩვიოთ ერთად თამაშს, სხვადასხვა საქმიანობის ერთად შესრულებას.
დამოუკიდებლობის მოთხოვნილება: სკოლამდელ ასაკში იწყებს განვითარებას მე-ს ცნობიერება. ბავშვი გამოაცალკევებს თავს უფროსებისგან და ცდილობს, განსაზღვრული აქტივობა დამოუკიდებლად შეასრულოს. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს დამოუკიდებლად უკვე ბევრი რამის კეთება შეუძლიათ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მასწავლებელმა დაიცვას ბალანსი უკვე ნასწავლ მასალასა და სიახლეს შორის, რათა მოსწავლეებმა მოახდინონ მიღებული ცოდნისა და განვითარებული უნარების დემონსტრირება.
მოტივაციის გავლენა სწავლაზე
მოტივი – ეს არის პიროვნების შინაგანი მიდრეკილება ამა თუ იმ აქტივობის განსახორციელებლად, რომელიც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას უკავშირდება.
წამყვანი მოტივი მოსწავლის წამყვან ქცევასთან არის დაკავშირებული. 5-6 წლის ასაკში ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, ხოლო 6-7 წლიდან წამყვანი ქცევა სწავლა ხდება.
წამყვანი მოტივი – თამაში
ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის სახეც. ადრეული ასაკის ბავშვებს თამაშის დროს არ აქვთ მიზანი, არ ემორჩილებიან ამა თუ იმ წესს, 5-6 წლიდან კი ბავშვები ისახავენ მიზანს, ადგენენ თამაშის წესებს, ეხმარებიან ერთმანეთს. ლ. ვიგოტსკის თანახმად, თამაშში მცირდება წარმოსახული სიტუაციის როლი და იზრდება წესების მნიშვნელობა. თუ ბავშვმა თამაშის ყველა ფორმა არ გაიარა, სწავლის მოტივიც დაიგვიანებს.
რატომ უთმობს ძალიან სასიამოვნო პროცესი, თამაში, დროთა განმავლობაში ადგილს სწავლას? ამ კითხვაზე პასუხი თვითონ თამაშის ქცევის განვითარებაში უნდა ვეძიოთ. სკოლამდელ ასაკში თამაშის წარმმართველი თვითონ პროცესია – მანიპულაციური, საგნობრივი და სიუჟეტურ-როლური თამაშის დროს ბავშვი სიამოვნებას თვითონ თამაშისგან იღებს, წესებიან თამაშში კი მნიშვნელოვანია შედეგი, ანუ გამარჯვება, ხოლო გამარჯვებისთვის განსაზღვრული უნარების განვითარება – სწავლაა საჭირო.
თამაშით ბავშვი ფსიქოგენურ და სოციოგენურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს.
თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები. თამაში გავლენას ახდენს ნებისმიერი ფსიქიკური პროცესის ფორმირებაზე. მაგალითად, თამაშში განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება, რაც სკოლაში სწავლისთვის საჭირო მნიშვნელოვანი უნარებია. თამაში ბავშვის აზროვნების განვითარებაზეც ახდენს გავლენას. თამაშის პროცესში ბავშვი სწავლობს აზროვნებას საგნების შესახებ და მათ გონებრივ ჭრილში გამოყენებას. ამრიგად, თამაშით ბავშვის თანადათანობით გადადის წარმოდგენათა ჭრილში აზროვნებაზე. სიუჟეტურ-როლური თამაში საფუძვლად ედება აზროვნების განსაკუთრებული თვისებების ფორმირებას, რომლებიც საშუალებას აძლევს ბავშვს, თავი სხვის ადგილას დააყენოს, გაითვალისწინოს მისი მომავალი ქცევა და ამის საფუძველზე ააგოს საკუთარი.
როლური თამაში ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებასაც. თამაშში ბავშვი სწავლობს ერთი საგნის მეორით ჩანაცვლებას, ასრულებს სხვადასხვა სოციალურ როლს.
თამაში გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების განვითარებაზე. იგი ეცნობა მოზრდილთა ქცევასა და ურთიერთობებს, რომლებიც მისი ქცევის ნიმუში ხდება. ბავშვი იძენს ურთიერთობის ძირითად ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია თანატოლებსა და მოზრდილებთან ურთიერთობის დასამყარებლად.
თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედება, რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვან ფორმად იქცევა. სწავლა მოზრდილს შემოაქვს, ის უშუალოდ არ აღმოცენდება თამაშიდან. 5 წლის ბავშვი სწავლას თამაშით იწყებს. იგი მას ისე ეკიდება, როგორც განსაზღვრული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს და ამ წესების შესრულებისას შეუმჩნევლად ეუფლება ელემენტარულ საწავლო მოქმედებას, უყალიბდება სწავლის უნარი და სურვილი.
წამყვანი მოტივი – სწავლა
სწავლის მოტივები მოტივთა ორ ჯგუფს აერთიანებს.
პირველ ჯგუფს მიეკუთვნება სასწავლო საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული მოტივები – ბავშვის შემეცნებითი ინტერესები, ინტელექტუალური აქტივობის მოთხოვნილება.
მეორე ჯგუფს ქმნის სწავლის ფართო სოციალური მოტივები, ანუ მოტივები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, მათგან შექებისა და აღიარების მიღების მოთხოვნილებასთან; ასევე – ბავშვის სურვილი, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი სოციალური ურთიერთობის სფეროში.
ამრიგად, დაწყებითი კლაისის მოსწავლეებთან სწავლის მოტივებს ფსიქოგენური და სოციოგენური მოთხოვნილებები განსაზღვრავს.
რა ეხმარება მასწავლებელს სწავლის მოტივაციის ფორმირებაში?
სწავლის მოტივაციისა და ნებელობის განსავითარებლად შეიძლება გამოვიყენოთ სიტუაცია, რომელშიც ხდება ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ასეთი სიტუაციის შესაქმნელად შეგვიძლია გამოცანის ეფექტი გამოვიყენოთ. ყველა ბავშვს უყვარს გამოცანები, რებუსები, კროსვორდები. მსგავსი აქტივობები საგრძნობლად აცოცხლებს სასწავლო პროცესს.
მოსწავლეებში სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივების შესახებ ლ. ვიგოტსკი წერდა: ,,მოვლენამ ჩვენში ინტერესი რომ გამოიწვიოს, ის რაღაცნაირად ჩვენს გამოცდილებას უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ თავის თავში რაღაც სრულიად ახალსაც მოაზრებდეს… ბავშვის არსებული ინტერესიდან ახალი ინტერესისკენ – ასეთია ინტერესის განვითარების გზა”.
მოტივაციის განვითარებას დიდად უწყობს ხელს, როდესაც მოსწავლე გრძნობს, რომ მას ენდობიან და მისი წარმატებისა სჯერათ.
მაგრამ არსებობს ფაქტორთა წყება, რომლებიც მოტივაციაზე უარყოფითად აისახება. მაგალითად, კვლევებით დადგენილია, რომ მოტივაციას აქრობს გადაღლა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაწყებით კლასებში მოძრავი პაუზების გამოყენება.
მოტივაციის ფორმირებას ხელს უშლის სტრესიც. ის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ახალი გარემოს ან ინფორმაციის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტრესის ოპტიმალური დონე. კვლევებით დადგენილია, რომ სტრესის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს კლასის საჭიროებათა გაცნობა, სწავლების ორგანიზების ფორმათა ცვლილება, სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, შეფასების კრიტერიუმების წინასწარი გაცნობა, მოსწავლეებისადმი მასწავლებლის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, საუბრის მშვიდი და გაწონასწორებული კილო.
მოგეხსენებათ, კარგი მასწავლებელი ყოველთვის ქმნის მოტივაციას. ამისთვის მასწავლებლები შემდეგ გზებს მიმართავენ: 1) ყველა მოსწავლეს ერთნაირად პოზიტიურად ეპყრობიან, არ გამოარჩევენ ფავორიტებს; 2) ამხნევებენ მოსწავლეებს სირთულეების დროს; 3) აძლევენ უკუკავშირს; 4) მოსწავლის მიღწევებს ადარებენ მხოლოდ მისსავე შედეგებს და არა სხვა მოსწავლეებისას; 4) მოსწავლეებისა და კლასის საჭიროებათა გათვალისწინებით, ზრუნავენ მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებაზე; 5) ხელს უწყობენ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური სტრატეგიების გამოყენებაში (მიზნის დასახვა, სწავლების პროცესის თვითკონტროლი).

როგორ დავეხმაროთ პირველკლასელებს სკოლაში სწავლისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში. კონკრეტული რეკომენდაციები და დავალებები, თანამშრომლობა

0

იმისთვის, რომბავშვისკოლაში თავს კომფორტულად გრძნობდეს,მნიშვნელოვანია, ის სკოლისთვის მზად იყოს სოციალურ-პიროვნული თვალსაზრისითაც.სოციალური სფეროს მომწიფება სასკოლო მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია.

მეცნიერები სოციალური მზაობის ცნებაში შემდეგ უნარებს მოიაზრებენ:

  1. ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას და უნარს,დაუქვემდებაროს საკუთარი ქცევა ბავშვების ჯგუფის წესებს;
  2. მოსწავლის როლის შესრულების უნარს (გაიგოს უფროსის მოთხოვნა და შეასრულოს, რასაცმისგან მოითხოვენ);
  3. ქცევის სიტუაციის შესაბამისად მართვის უნარს.

კვლევებით დადგენილია, რომ სოციალური კომპეტენტურობით გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და ხშირად აკადემიური მოსწრებაც უკეთესი აქვთ.

ოჯახიდან ან ბაღის ჩვეული გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, “ახალ ოჯახში” თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, უსაფრთხოების შეგრძნებას კი პირველ რიგში ახალი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა განაპირობებს. რაც უფრო მეტად იღებენ ადამიანს ჯგუფში, რაც უფრო მეტი სიყვარულით ეპყრობიან და აღიარებენ, მით უფრო მეტად უვითარდება მას საკუთარი თავის პატივისცემა, რაც ეხმარება კიდეც თვითრეალიზაციაში.

ურთიერთობის მოთხოვნილება უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა. 5-6 წლიდან ბავშვები “მარტო მეზობლური” თამაშიდან ერთად თამაშზე გადადიან; უჩნდებათ მოთხოვნილება, რაღაცას მოუყვნენ ერთმანეთს, აჩვენონ რამე, ერთად შეასრულონ უფროსების დავალება. ერთობლივი მოქმედება სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება, რითაც საფუძველი ეყრება მეგობრობის გაცდის განვითარებას.

მაგრამ, როგორც ვიცით, ყველა ბავშვი უნიკალურია, თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებაც, პიროვნული თვისებებიდან, ტემპერამენტიდან, ოჯახური გარემოდან თუ სკოლამდელ დაწესებულებაში სიარულის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ყველას სხვადასხვანაირი ჰქონდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ სკოლაში, პირველი კლასიდანვე ვიზრუნოთ თანამშრომლობის უნარის განვითარებაზე, შევაჩვიოთ პატარა მოსწავლეები ერთად თამაშს, სხვადასხვა საქმიანობის ერთად შესრულებას.

გთავაზობთ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს თანატოლებთან ურთიერთობის უნარებს განუვითარებს.

აქტივობა 1. “გაცნობა”

მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ერთმანეთის სახელების გაგება, დახსომება

მასალა: ბურთი

მიმდინარეობა: თამაშს მასწავლებელი იწყებს. ამბობს თავის სახელს, შემდეგ ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს, რომელიც ასევე ამბობს თავის სახელს და ა.შ.

აქტივობა 2. “ნაცნობობის განმტკიცება”

მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ერთმანეთის სახელების გაგება, დახსომება

მასალა: ბურთი

მიმდინარეობა: წამყვანი ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს და ეკითხება სხვა ბავშვებს: რა ჰქვია ამ ბიჭს (გოგოს)? ბავშვები ერთად იმეორებენ ამ ბავშვის სახელს.

აქტივობა3. “შეცდომების ამოცნობა”

მიზანი: ყურადღების განვითარება, ჯგუფის წევრების სახელებისა და გვარების დახსომება.

მიმდინარეობა: მასწავლებელი კითხულობს სიას, ოღონდ შეცდომით ასახელებს ზოგიერთი მოსწავლის სახელს ან გვარს. ბავშვები ფეხზე უნდა ადგნენ მხოლოდ მაშინ, თუ მასწავლებელი სახელსა და გვარს სწორად ამოიკითხავს.

აქტივობა 4. “მომწონს, რომ შენ…”

მიზანი: პოზიტიური თვითშეფასების ფორმირება, თანამშრომლობითი უნარების განვითარება

მიმდინარეობა: მოსწავლები სხედან წრეში. აქტივობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერმა ბავშვმა. მან თითოეულ თანაკლასელზე უნდა თქვას მხოლოდ ერთი რამ, რაც მოსწონს მასში: “მე მომწონს, რომ შენ…” ეს ბავშვებს ასწავლის ერთმანეთის პოზიტიური თვისებების დანახვას და ამაღლებს მათ თვითშეფასებას, ვინაიდან ესმით, რამდენი რამ არის მათში მოსაწონი, დადებითი.

რეკომენდაცია: როდესაც წერას ისწავლიან, შეიძლება ეს აქტივობა წყვილებში ჩატარდეს. ბავშვებმა უნდა ჩამოწერონ 5 რამ, რაც მოსწონთ თავის მეწყვილეში და შემდეგ გაუზიარონ.

აქტივობა 5.“გადაეცი ნახატი”

მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება, სომორცხვის დაძლევა

მიმდინარეობა: თამაშში მონაწილეობს ყველა ბავშვი. პირველ ბავშვს ხელისგულზე თითით უნდა დავახატოთ რაიმე ნიშანი, ფიგურა (კვადრატი, წრე, სამკუთხედი, კლაკნილი ხაზი). ბავშვი იმავე ფიგურას მეორე ბავშვის ხელისგულზე დახატავს და ა. შ. თამაშის ბოლო მონაწილე ასახელებს მის ხელზე დახატულ ფიგურას. დასახელებულ ფიგურას ვადარებთ იმას, რაც გამოსახა მასწავლებელმა პირველი ბავშვის ხელისგულზე.

აქტივობა 6. “კონსპირატორი”

მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება, სომორცხვის დაძლევა

მიმდინარეობა:ბავშვები დგებიან წრეში. ერთ-ერთი მათგანი თვალახვეული დგება წრის შუაგულში. ბავშვები წრეზე გადადგილდებიან. რამდენიმე წამის შედეგ მასწავლებელი ამბობს: “გაჩერდით”. წრეში მდგომმა ბავშვმა ხელის შეხებით უნდა გამოიცნოს ყველა ბავშვი (ბავშვები ჩუმად არიან). ამოცნობილი ბავშვი გადის წრიდან. გამარჯვებულია ის ბავშვი, რომელიც ყველაზე ბოლოს ამოიცნეს.

აქტივობა 7. პოსტერი “ყველაფერი ჩემს შესახებ”

მიზანი:ჯგუფის წევრების გაცნობა, მონაწილეებისთვის ემოციური განწყობის გამოხატვის შესაძლებლობის მინიჭება,ურთიერთპატივისცემის გაღვივება

მასალა: ქაღალდი, ფერადი ფანქრები

მიმდინარეობა: თითოეულ ბავშვს აქვს ქაღალდის მოზრდილი ფურცელი, რომელზეც უნდა დახატოს თავისი თავი, დაწეროს (თუ წერა უკვე იციას) ან დახატოს საყვარელი ხილი, საჭმელი, საყვარელი შინაური ცხოველი, რა მოსწონს ან არ მოსწონს სკოლაში და სხვ. შემდეგ ამ პოსტერის მეშვეობით თავს გააცნობენ კლასს.

აქტივობა 8.“STOP”

მიზანი: თანამშრომლობის, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება

მასალა: ქაღალდის დიდი ფურცელი, ფლომასტერები

მიმდინარეობა: მასწავლებელი მწებავი ლენტით დაფაზეამაგრებს ფურცელს, იძახებს რომელიმე მოსწავლეს, რომელიც 40-60 წამის განმავლობაში ხატავს რაიმეს ქაღალდზე.დროის ამოწურვისას მასწავლებელი ამბობს:”STOP!”. შემდეგ გამოდის სხვა მონაწილე და ახლა ის აგრძელებს ხატვას ასევე 60 წამის განმავლობაში. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ეს რომელიმე მოსწავლის კი არა, მთელი კლასის ნამუშევარია. დეტალების დასრულების შემდეგ ფურცელიკლასში გამოიკვრება.

აქტივობა 9. “დეტექტივი”

მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის განვითარება, ჯგუფის შეკვრა

მიმდინარეობა: მასწავლებელი ჯგუფიდან ირჩევს ერთ მოსწავლეს (უმჯობესია ძლიერი მოსწავლის არჩევა).ჯგუფის დანარჩენი წევრები კრავენწრეს. წრეში ირჩევენ ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელსაც ევალება განსაზღვრულმოძრაობათა შესრულება.ჯგუფმა ზუსტად უნდა გაიმეოროს მისი მოძრაობები. ამ დროს”დეტექტივი”ჯგუფისკენ ზურგშექცევით დგას. მერე შემობრუნდება დაეცდება ამოიცნოს,ვის მოძრაობას ასრულებს მთელი ჯგუფი. ამის შემდეგ ინიშნება ახალი “დეტექტივი”და ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი.

აქტივობა10. “მიჩვენე ხელები”

მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება

მასალა:ფლომასტერიან კალამი

მიმდინარეობა: მონაწილეები მჭიდრო წრეს კრავენ. ერთ-ერთი მონაწილე წრის შუაში დგებადა ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს.მასწავლებელი ჯგუფის წევრებს აწვდის ფანქარს, რომელიც ზურგს უკან უნდა გადასცენ ისე, რომ წრეში მდგომმა მოსწავლემ ვერ შენიშნოს.

წრეში მდგომი მოსწავლე თვალებსახელს. მასუფლებააქვს, ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს ხელების ჩვენება. მანაც ორივე ხელი უნდა უჩვენოს.თუ ფანქარი მას უჭირავს, ზურგს უკანუნდა გადააწოდოს გვერდით მდგომ მონაწილეს.ვინც ფანქრის გადაწოდებასვერ მოასწრებს,წრის შუაშიახლა ის დგება.

აქტივობა11. “ხელთათმანები”

მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება.

მასალა: ფურცლები ხელთათმანების გრაფიკული გამოსახულებით და ფერადი ფანქრები

მიმდინარეობა:მონაწილეები წყვილ-წყვილადსხედან მერხთან.მათ ურიგდებათ ფურცლები ხელთათმანების გამოსახულებითდა ფერადი ფანქრების ყუთი.

მოსწავლეებსეძლევათ ინსტრუქცია:თქვენი ხელთათმანები უნდა ორნამენტებითუნდა მორთოთ, გააფერადოთ. ოღონდ ეცადეთ, წყვილებს ერთნაირი ხელთათმანები გქონდეთ,ვინაიდან ამ თამაშში ის წყვილი გაიმარჯვებს, ვისი ხელთათმანებიც ყველაზე მსგავსი იქნება.

თამაშის დასრულების შემდეგ წყვილების ნამუშევრები კედელზე გამოიკვრება და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა იმსჯელონ, ვისი ნამუშევარია ყველაზე მსგავსი.

აქტივობა 12. “თვალდახუჭული ხატვა”

მიზანი: თანამშრომლობის უნარის, წარმოსახვის განვითარება

მასალა: A3ფორმატის ფურცლები

მიმდინარეობა: დავალება სრულდება წყვილებში.ორ მონაწილეს ეძლევა თითო ფურცელი. მასწავლებელი მათ სთხოვს, შეთანხმდნენ და ფურცლის შუაში წერტილიდასვან.ამის შემდეგსთხოვს,მოამზადონ ფლომასტერები მოცემულ წერტილზე,დახუჭონ თვალები და სანამ მასწავლებელიათამდე დაითვლის, თვალდახუჭულებმახატონ.ნიშანზე მოსწავლეები ახელენ თვალებს. მათ ფურცელზე გამოსახული ფიგურა რაიმეს უნდა მიამსგავსონ და დაასრულონ კომპოზიცია. ამასთან, მას სახელიც უნდა შეარქვან.

კავშირი სტანდარტთან – შედეგი:ქართ. I.4; ს.გ.I.7.

აქტივობა13. “მარტო და ერთად”

მიზანი: თანამშრომლობის, შემოქმედების უნარის განვითარება

მასალა:A3ფორმატის ქაღალდის ფურცელი, რომელიც 3 ნაწილად არის დაყოფილი

მიმდინარეობა: ფურცლები ურიგდებათ მოსწავლეებს. ორ მოსწავლეს შუაში უდევს ერთი ფურცელი.ფურცლის მარცხენა და მარჯვენა ნაწილზე მოთამაშეებიხატავენ მათთვის სასურველ კომპოზიციას, ხოლო შუაში რას დახატავენ, უნდა შეთანხმდნენ.მეწყვილის თანხმობის გარეშე ვერავინ დაიწყებს ხატვას.წყვილებმა უნდა მოიფიქრონ სახელი და მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგინონ ნამუშევარი. მასწავლებელი მათ ეკითხება,რა უფრო მოეწონათ – მუშაობა მათთვის განკუთვნილ ადგილზე თუ საერთო ტერიტორიაზე, იოლად შეთანხმდნენ,რას დახატავდნენ თუ არა.

აქტივობა 14. “ფუტკრობანა”

მიზანი: ყურადღების, მეხსიერების, თანამშრომლობის უნარის განვითარება.

მასალა: რაიმე პატარა ნივთი (პირობითად, თაფლი)

მიმდინარეობა: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფუტკრები ხართ. ერთ-ერთი თქვენგანი ფუტკრების”ხელმწიფე”იქნება.მე მას თაფლს დავუმალავ, თქვენ კი, რადგან მისი გუნდი ხართ, პოვნაშიუნდა დაეხმაროთ. მაგრამ თქვენ პირდაპირ ვერ ეტყვით, სად არის თაფლი, ვერც ხელით მიანიშნებთ.მხოლოდ “ბზუილი” (ბგერების”ბზზზ”გამოცემა) შეგიძლიათ – თქვენ ხომ ფუტკრები ხართ. როცა ხელმწიფე მიუახლოვდება თაფლისსამალავს, ხმას აუწევთ, როცა დასცილდება – დაუწევთ ან საერთოდ გაჩუმდებით.

მიმდინარეობა: მასწავლებელი ირჩევს “ხელმწიფეს”, რომელიც კლასისგანზურგშექცევით დგას. მასწავლებელი და ერთ-ერთი მოსწავლე თაფლსმალავენ.ამის შემდეგ “ხელმწიფე” თაფლის ძებნას იწყებს. კლასი ეხმარება.თამაშის დასრულების შემდეგ ხდება შემდეგი საკითხების განხილვა:

.სასიამოვნო იყო “ხელმწიფის”როლში ყოფნა?

.სასიამოვნოა ფუტკრების გუნდის წევრის როლში ყოფნა? რატომ?

.ეხმარებოდა თუ არა გუნდი “ხელმწიფეს”თაფლის ძებნაში?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...