სამშაბათი, მაისი 6, 2025
6 მაისი, სამშაბათი, 2025

ბაღის სევდა

0
რას აკეთებთ, როდესაც თქვენი სამი წლის შვილები დაბეჯითებით გიხსნიან, რატომ არ უნდათ ბაღში წასვლა და არანაირი საპასუხო მოსაზრებების მოსმენა არ სურთ? მათი პასუხი კატეგორიული და მტკიცეა – იქ არ ხარ შენ!
 
მთელი სამსაათიანი საუბრები, დარწმუნება და მათი მიზეზების გაბათილება სხვა არაფერია თუ არა უქმმეტყველება და ფუჭი გარჯა. რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებში შეთანხმების მიღწევაც შესაძლებელია, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც საკუთარ  აზრზე რჩებიან და შემდეგ მშვიდად აგრძელებენ თამაშს.
 
იქნებ ცოტა ხანი კიდევ უნდა დაველოდოთ, როცა დადგება “უფრო” შესაფერისი დრო, როცა ის ასე ძალიან აღარ იქნება სახლის შინაურ გარემოს ჩაბღაუჭებული, როცა ექნება ფსიქოლოგიური მზაობა ახალ გარემოში დასამკვიდრებლად, სადაც შეძლებს საკუთარი უნარებისა და ხასიათის გამოვლენას, მშობლების გარეშე დღის მხიარულად გატარებას, ისე რომ არ დათრგუნოს უცხო გარემომ და უცნობმა ადამიანებმა, არ გაუღრმაოს შიშები, რომელზეც ხშირად არ ვესაუბრებით და ზოგჯერ არც კი ვაცდით თავიანთი აზრების გამხელას…
 
ბაღთან დაკავშირებული პირადი გამოცდილება ყოველთვის თავს მახსენებს, როდესაც ეს თემა ისევ აქტუალური ხდება და საბოლოო ვერდიქტი კი – გამოსატანი. ჩემს შვილს ამ ამბებს თუ მოვუყვები, ვერ შევძლებ მის მოტყუებას – რომ, ბაღში საერთოდ არ მოიწყენს, რომ აუცილებლად მოეწონება ყველა საუზმე და სამხარი, რომ იქ დროს მხიარულად და ბედნიერად ვატარებდი, რომ არასდროს დავაგვიანებ და სახლშიც ადრე წამოვიყვან, რომ მაშინ სხვანაირი ბაღები იყო და დღეს უფრო კარგი ბაღები არსებობს, სადაც, სადაც, სადაც…
 
თუმცა წლების გასვლის შემდეგ, ეს მძაფრი ტონებით შესრულებული სურათი ნელ-ნელა ფერმკრთალდება და ღიმილით ვიხსენებთ იმ წლებს.
 
“ასეთი სუნი ჰქონდა ბაღის წვნიანებს”, – ვიტყვით, როდესაც ფართოდ გამოღებული ფანჯრიდან ცხელი წვნიანის არომატები იღვრება და თვალწინ ცოცხლდება კადრები – შემოდის ძიძა, ცალ ხელში მოყვითალო, დიდი ქვაბი უჭირავს წვნიანით სავსე, ცალ ხელში პურის ნაჭრებით სავსე ლანგარი. ხმაურით იწყება ჯამ-ჭურჭლის გაწყობა ჩვენს პატარა მაგიდებზე. ზოგიერთი ბავშვი  სულმოუთქმელად ელოდება წინსაფარაფარებული, ზოგიც წინასწარ დარდობს, როგორ მოერევა ამდენ წვნიანს. ნეტა, რატომ არ ვამბობდით ხმამაღლა და გაბედულად – “არ მინდა”. დასანანია, რომ ასეთი სიტყვები ჩვენს ლექსიკურ არსენალში არ გვქონია. საჯაროდ არას თქმა, ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვდა , რისი გამოცდილებაც არ გვქონია.
 
ბოლოს როდის მოამზადეთ  ბურღულის ფაფა პირადი სიამოვნებისთვის ალბათ აღარც კი გახსოვთ, რომლის ჭამის დროსაც მუდმივად პირღებინებაზე ფიქრობდით და ღმერთს ევედრებოდით გადარჩენას. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ უკვე გვითხრეს ასე – ეს ბოლომდე უნდა დაასრულოთო და ყელში გაჩხერილი ბურღულის გაუქნელი ბურთულებით მდუმარედ ვაგრძელებდით ტანჯვას. ჩემი შვილი უბრალოდ  იტყვის, რომ ფაფა გემრიელი არ არის  და პირს არ დააკარებს. ჩვენ კი მოჩვენებითი ზრდილობიანობის გამო ვერ ვახერხებდით უარის თქმას და ჩუმად ვიტანჯებოდით.
 
დღეს უკვე სასაცილოდაც აღარ გვყოფნის მაშინდელი ფეხების კანკალი ზეიმებზე, როდესაც დაძაბული, ყალბი მანერულობით ვცდილობდით კარგად გამოგვეთქვა პატრიოტული ხასიათის ლექსები, რომლის შინაარსი საერთოდ არ გვესმოდა.
 
ერთ-ერთი ასეთი ზეიმის ფოტოზე, სადაც დედის  ხელით სახელდახელოდ ბაღის ზეიმისთვის შეკერილი ვარდისფერმაქმანებიანი კაბა მაცვია და ვდგავარ სხვა ბავშვების გვერდით, ერთი პატარა დეტალია, რომელსაც მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შენიშნავს. ახალი ყავისფერი ტყავის ფეხსაცმელი, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის მაცვია, ძალიან მიჭერს და მარჯვენა ფეხი ნახევრად მაქვს ამოყოფილი ფეხსაცმლიდან. რამდენჯერაც ფოტოს დავხედავდი  სირცხვილისგან ვწითლდებოდი, ეს როგორ მომივიდა-მეთქი. ვერაფრით  ვპატიობდი საკუთარ თავს ფეხის ასე ულაზათოდ გამოჩენას. დღეს ეს ამბები ძალიან სასაცილოდ და ღიმილისმომგვრელად მეჩვენება, მაგრამ ფაქტია იმდროინდელი  განცდები ზრდასრულობაშიც მოგვყვება.
 
წლების გასვლის შემდეგ კი აღმოვაჩინე, ოთახი რომელსაც ექიმი აიბოლიტის კაბინეტი  ერქვა, თეთრი კარით და მასზე გამოსახული სხვადასხვა ცხოველებით, თურმე სულაც არ ყოფილა ისეთი საშიში, როგორც მაშინ გვეჩვენებოდა, როცა იმ კარის სიახლოვეს დაზაფრულები ჩავირბენდით. მაშინ, ჩვენთვის არავის უთქვამს რომ ეს თეთრწვერა კაცი იყო  ყველაზე კეთილი ექიმი და იმ ზღაპარში, რომელიც წლების გასვლის შემდეგ საკუთარი თვალით წავიკითხე. არაფერი ეწერა ისეთ ექიმზე, რომელიც ბავშვებს ძალდატანებით ნემსებს არჭობს. პირიქით, ამ სახალისო ზღაპარში აღწერილია ექიმი აიბოლიტის ხიფათით აღსავსე მოგზაურობა, როდესაც ის თავის მეგობარ ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად შორეულ აფრიკაში  ავადმყოფი მაიმუნების სამკურნალოდ მიემგზავრება.
 
და თუ მაინც გადავწყვეტთ მათ დარწმუნებას, რომ დილის ძილის გატეხვა ნამდვილად ღირს ბაღში წასასვლელად, ალბათ აჯობებს არ შევუქმნათ ილუზია, რომ იქ ყველაფერი ძალიან მოეწონებათ და ყველაფერი აუცილებლად იდეალურად გაგრძელდება. თუმცა, კარგი იქნება ისიც ვუთხრათ, რომ ბაღში არწასვლით ბევრ საინტერესო ამბავს გამოტოვებს.
 
რაც შეგვეხება ჩვენ, კიდევ ერთხელ უნდა ვისაუბროთ ამ ამბებზე და მისი აზრებიც  უნდა მოვისმინოთ, იქნებ ექვსი  თვის შემდეგ აზრი შეიცვალა და იქნებ სულაც აღარ ფიქრობს ძველებურად. ადრე  ის ამბობდა, რომ ბაღში არ არის ისეთი კარადა, როგორიც სახლშია; ისეთი ჭაღი, როგორიც შინ გვაქვს; არც ჩვენი სახლის მსგავსი კედლებია; არც ისეთი სათამაშოები როგორითაც სახლში თამაშობს; რომ ნიკუშამ ერთხელ უკვე დაარტყა(?) მასწავლებელმაც  დაარტყა(?) და რომ ცემა ძალიან ცუდია, რომ ბაღიდან ვირუსებს მოიტანს, რომ იქ მე არ ვიქნები.
 
 
 

რა მოუვიდა მამაკაცს?

0

ფიქრები იმის შესახებ, როგორ დავეხმაროთ მამაკაცებს, გახდნენ საოჯახო გემის კაპიტნები

მამაკაცებს მართლა დაემართათ რაღაც. რა, ამაზე ყოველ ქალს თავისი პასუხი აქვს. ოდესღაც მამონტებზე მონადირემ ფემინიზაცია განიცადა (ლათ. Femine – ქალი, მდედრი, მამაკაცში ქალის თვისებების განვითარება; პირდაპირი მნიშვნელობით – მამრობით ორგანიზმში მეორეული მდედრობითი სასქესო ნიშნების განვითარება), ლიდერობა დათმო, აღარ არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი.

შესაძლოა, ეს სუბიექტური მონაცემები იყოს. არსებობს სავსებით ობიექტური ფაქტიც, რომელიც მოწმობს, რომ მამაკაცების თავს რაღაც უბედურებაა: მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, როგორც დემოგრაფები ადასტურებენ, თითქმის 10 წლით ნაკლებია, ვიდრე ქალების.

რა არის ამ საგანგაშო მოვლენის მიზეზი? მედიკოსებს თავიანთი მტკიცე შეხედულება აქვთ: თანამედროვე მამაკაცის შედარებით ხანმოკლე სიცოცხლე ქალის ცხოვრებაზე იოლი ცხოვრების საფასურია. რიცხვები, რომლებიც აღწერს ქალისა და მამაკაცის შრომით კვირას, საოჯახო შრომის ჩათვლით, ლამის ახალი ბრძოლებისაკენ მოგვიწოდებს, მაგრამ უკვე ემანსიპაციის (ემანსიპაცია – ვინმეზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, უფლებრივად გათანასწორება) წინააღმდეგ – კაცი საშუალოდ 50 საათს შრომობს, ქალი კი თითქმის ორჯერ მეტს – 80 საათს. მიიჩნევა, რომ დიდი დატვირთვა ერთგვარად წვრთნის ქალის ორგანიზმს, ამაღლებს სიცოცხლისუნარიანობას.

მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით ამ პრობლემის ახსნა გულუბრყვილობა იქნებოდა. ქალების პრობლემებს რომ ეხებოდეს საქმე, პასუხის გაცემა გაცილებით გამიადვილდებოდა. თანამედროვე ქალის თავს დამტყდარ ცვლილებებს, მის სოციალურ სტატუსს, განვითარების დონეს, ფსიქოლოგიას მეტ–ნაკლებად აქტიურად იკვლევენ ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები, სოციოლოგები და დემოგრაფები, ჟურნალისტები. თანამედროვე მამაკაცის პრობლემები კი თითქმის შეუსწავლელია. თვით ეს შესიტყვებაც კი უცხოა ჩვენი სმენისათვის. ჩვენ ვიყენებთ გამოთქმებს „თანამედროვე ქალი”, „თანამედროვე ახალგაზრდობა”, თანამედროვე მამაკაცი კი, როგორც სპეციფიკური მოვლენა, საზოგადოებრივ ცნობიერებაში თითქმის არ არსებობს. მეცნიერები ახლაღა იწყებენ ამ პრობლემის შესწავლას. ფსიქოლოგებთან, ოჯახის სპეციალისტებთან, სოციოლოგებთან შეხვედრების საფუძველზე შეიძლება ვცადოთ, პასუხი გავცეთ კითხვას „რა დაემართა მამაკაცს”?

დავიწყოთ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებით: ქალებმა შეავიწროვეს მამაკაცები საქმიანობის მრავალ ტრადიციულად მამაკაცურ სფეროში. ბევრს წინააღმდეგობრივი გრძნობები გაუჩნდა, როცა გაიგეს, რომ უმაღლესი განათლების სფეროში „აქტივების საკონტროლო პაკეტი” ქალების ხელში გადავიდა, დიპლომატთა შორის 51% ქალია და 49% – მამაკაცი.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა საოჯახო ურთიერთობებში. აქაც დაკარგა ძლიერმა სქესმა ლიდერობა.

რას აკეთებს კაცი მაშინ, როცა მისი ცოლი საოჯახო გემზე კაპიტნის ადგილას დგას და გამჭრიახი მზერით გასცქერის შორეთს? ის დაღლილი ზის სავარძელში და ტელევიზორს უყურებს. ეს იმ ქალური აღსარებების აუცილებელია კომპონენტია, რომლებსაც საოჯახო კონსულტაციაში დახმარებისთვის მოსულთაგან ვისმენთ: მე ვშრომობ, წელებზე ფეხს ვიდგამ, ის კი მშვიდად წევს, სრულიად მშვიდად.

მართლა მშვიდად წევს? ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამაკაცი ოჯახში ადვილად უთმობს მთელ ძალაუფლებას ქალს და ამჯობინებს, დატკბეს დაქვემდებარებულის უპირატესობით – უზრუნველობითა და უპასუხისმგებლობით. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ასე არ არის. დივანზე წამოწოლილი უსაშველო ეგოიტიც კი განიცდის დისკომფორტს, როცა მისი ცოლი სამზარეულოში ტრიალებს. თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს ცოლი უხსნის, რასაც ფიქრობს მასზე და თანაც მამაკაცური თავმოყვარეობისთვის არცთუ სასიამოვნო ფორმით.

მამაკაცმა დაკარგა ოჯახში ლიდერობა და, როგორც ჩანს, ეს მისი საბედისწერო შეცდომა იყო, რადგან ეს არაბუნებრივია, თვით ბუნების საწინააღმდეგოა. ტელევიზორს (ახლა უკვე კომპიუტერს – მთარგმნ. შენიშვნ.) მიჩერებული თანამედროვე ადამი იტანჯება და ხშირად ვერც კი ხვდება საკუთარი ტანჯვის მიზეზს. სწორედ ეს დისკომფორტი და არაბუნებრიობის მტანჯველი განცდა უმოკლებს დღეს, იწვევს ლოთობას, ადრეულ ინფარქტს და სხვა ავადმყოფობებს. ამჟამად აქტიურად ვითარდება მეცნიერების ახალი დარგი – ანდროლოგია. ის „წმინდა მამაკაცურ ჩივილებს” სწავლობს. უნდა ითქვას, რომ ანდროლოგია გვერდს ვერ აუვლის სოციალურ მეცნიერებათა დახმარებას, რამდენადაც მამაკაცის ჯანმრთელობის ეს მხარე განსაკუთრებითაა დამოკიდებული მის საზოგადოებრივ და ოჯახურ მდგომარეობაზე. თანამედროვე მამაკაცის გრძნობები ხშირად არის შეფერილი დათრგუნულობითა და შიშით სახლის მეუფის წინაშე. გთავაზობთ მოსაზრებებს ანონიმური ანკეტებიდან – მამაკაცები პასუხობენ, რა გახდა მათთვის მტანჯველი პრობლემების მიზეზი:

„ჩემი ცოლი ტიპური „საქმიანი ქალია” – ძალაუფლების მოყვარული, ცივი, ემოციებდაკარგული. გარშემო ყველა ცუდი ეჩვენება – შვილებიც, ქმარიც”.

„ვჩხუბობთ იმის გამო, რომ ვსვამ. სმა კი ცოლის გამო დავიწყე. ის მუდამ ბუზღუნებს. ყოველდღე, შინ დაბრუნებისას, ვცდილობდი წარმომედგინა, დღეს რა მიზეზით იქნებოდა ჩხუბი. მრცხვენია თქმა, მაგრამ ზოგჯერ მეშინოდა სახლში მისვლის. როგორღაც დავლიე სიმტკიცისთვის. როცა დავთვერი, კიდევ უფრო შემეშინდა და მეგობრებთან ერთად ქეიფს მივყავი ხელი”.

წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია საზოგადოებაში ქალის საგანგაშო მდგომარეობაზე ფიქრი და ზრუნვა და უკვე უნდა ვიზრუნოთ მამაკაცის მდგომარეობის გამოსწორებაზე, – მამაკაცისა, რომელსაც ბევრი დაბეჩავებულად მიიჩნევს. თანასწორუფლებიანობისთვის ქალების ბრძოლა როგორღაც შეუმჩნევლად გადაიზარდა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენ მეტისმეტად გავერთეთ და ზედმეტი „დავითრიეთ”. საჭიროა, სასწრაფოდ გავთავისუფლდეთ ამ ზედმეტისგან.

საოჯახო კონსულტაციების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, სექსოლოგები, გინეკოლოგები ამტკიცებენ, რომ ოჯახში ლიდერობისგან გათავისუფლება აუცილებელია.

გამოგიტყდებით, როცა პირველად მოვისმინე რეკომენდაცია, გადავცეთ ოჯახში ძალაუფლება მამაკაცს, ცოტა დავიბენი და გავბრაზდი კიდეც. ვის უნდა დავუთმოთ – დატვირთვას გადაჩვეულ განაზებულებს? აჯობებს, ქალმა ისევ მარტომ ათრიოს ეს მისთვის შეუფერებელი ტვირთი, ვიდრე ეჭვქვეშ დააყენოს ოჯახის კეთილდღეობა. ან თავად ქალი, ასე ძლიერი, როგორ ეტყვის ქმარს, რომელიც გროშად არ უღირს: მოდი და იმეფეო?!

სპეციალისტები თავისას ამტკიცებენ: დიახ, უნდა დავუთმოთ, დიახ, სწორედ მას, რადგან სხვაგვარად ვერასოდეს გახდება კარგი ქმარი.

დროებით გადავდოთ მამაკაცზე საუბარი და ქალს დავუბრუნდეთ. დავუშვათ, ის მომავალშიც ოჯახის კაპიტნად, უფროსად დარჩა. როლი, რომელიც თანამედროვეებს ასე მოსწონთ, შეუფერებელ ძალისხმევას მოითხოვს, ამის საფასური კი სასტიკია – ქალურობის, ნამდვილი სიყვარულის იმედის დაკარგვა და წლიდან წლამდე წვეთწვეთობით დაგროვილი სიძულვილი ყოფილი ძლიერი სქესის მიმართ, რომლის წარმომადგენლები მთელი ცხოვრება ბავშვებთან ერთად უნდა „ათრიო”.

ორივე მხარე იტანჯება. გამარჯვებული არავინაა. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს დღევანდელმა მდგომარეობამ? დასასრული აქ ერთია – ურთიერთსიძულვილი, სქესთა ფსიქოლოგიური ბრძოლა, რომლის მაგალითი დღეს საკმარისზე მეტია.

ყურადღებით დავაკვირდეთ, სადამდე მიგვიყვანა მატრიარქატის გამოვლინებებმა. ქალი, როგორც უკვე ითქვა, მამაკაცზე ხშირად განსაზღვრავს თანამედროვე ოჯახის ტიპს. ესე იგი, ის თითქოს საკუთარ თავზე იღებს მის არსებობაზე, მის, ასე ვთქვათ, ხარისხზე პასუხისმგებლობას. შედეგი? განქორწინებათა რიცხვი შემაშფოთებელი სიჩქარით იზრდება. 1940 წელთან შედარებით ის 4,5–ჯერ გაიზარდა, ხოლო 1970 წელთან შედარებით – 45%–ით. ასეთია მდგომარეობა დღეს და არც იმის ნიშნები ჩანს, რომ უახლოეს მომავალში არსებითად შეიცვლება. პირიქით, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებაში ყალიბდება განქორწინებისადმი როგორც ნორმისადმი ახლებური მიდგომა. ახალგაზრდების უმრავლესობისთვის განქორწინება ჩვეულებრივ, ლამის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

ბევრს ოჯახური ცხოვრება ისე „სწვავს პირს”, რომ მეორედ ქორწინებაზე უარს ამბობს. დღეს საქორწინო ასაკის ყოველი მეექვსე პირი მარტოხელაა. ეს, ალბათ, მარტოობის ფენომენისადმი ტრადიციული მიდგომის გადახედვას მოითხოვს. ორის მარტოობა უფრო დიდი უბედურებაა, ვიდრე პარტნიორის არარსებობა.

გავაგრძელოთ! როგორი მიღწევები აქვთ დედებს, რომლებიც მთავარი აღმზრდელები არიან ოჯახში? თუ გულზე ხელს დავიდებთ, საამაყო არც აქ გვაქვს რამე: ცუდი მოსწავლეების 70% ისეთი ოჯახებიდანაა, სადაც პესტალოცისა და მაკარენკოს ფუნქციები დედამ იტვირთა.

ქალის უფროსობამ ოჯახი ჩიხში შეიყვანა. სამწუხარო კონსტატაცია შეიძლება შემოგთავაზოთ: ტვირთი, რომლის ქვეშაც მოექცა დაღლილი, მუდამ დატვირთული, ოჯახზე, ბავშვებზე პასუხისმგებლობის გრძნობით გაწამებული ქალი, მის ძალ–ღონეს აღემატება. რა ჩვეულიც უნდა გვეჩვენებოდეს ეს ტვირთი, როგორც უნდა გვითბობდეს ქალურ თავმოყვარეობას ფიქრი „მე ყველაფერი შემიძლია! ყველაფერი ბუნების საწინააღმდეგოდ!” – ამ ტვირთისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

ვის გადავცეთ ძალაუფლება, როცა ასე სუსტია ხელები, რომლებმაც ის უნდა მიიღოს? ან როგორ, როცა როლები უკვე დიდი ხანია განაწილდა?

ოჯახური ურთიერთობის სპეციალისტები ამბობენ, რომ მხოლოდ სიყვარულით მივაღწევთ გასაოცარ ცვლილებებს. ეს ყველაზე რთულია, რაც ქალმა უნდა გააკეთოს.

ჩვენს დროში ამ გრძნობას მოულოდნელი ცვლილებები ახასიათებს. სიყვარული სადღაც ქრება. მოვლენები ისეთი თავბრუდამხვევი ტემპით ენაცვლება ერთმანეთს, რომ ადამიანში მოქმედებას იწყებს თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც ემოციებს ახშობს. სამუშაოც უფრო და უფრო მეტად ითხოვს არა გრძნობებს, არამედ სიზუსტეს. იზრდება ინტელექტის პრესტიჟი, სიყვარულისა კი, ფართო გაგებით, იკარგება.

ცხოვრება ცივი, პრაგმატული ხდება და ლიტერატურული კრიტიკოსებიც გაოცებით წერენ არნახულ მოვლენაზე: პოეზიიდან სიყვარული ქრება! იქმნება შთაბეჭდილება, რომ უბრალო გატაცებაც, მხურვალე ინტერესიც კი რაღაცის მიმართ თანამედროვე ადამიანისათვის დაუშვებელი ფუფუნებაა. ცოტა ხნის წინ ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია: „როგორ დავუბრუნოთ ფეხბურთს სიყვარული?” ასეთი, არაფრისდამკისრებელი გატაცებისთვისაც კი აღარ გვრჩება ძალა. რაღა უნდა ვთქვათ ოჯახის, ბავშვების სიყვარულზე, რომელიც მძიმე შრომაა? პედაგოგები შეშფოთებით წერენ „ჰოსპიტალურ აღზრდაზე”, როცა ბავშვს ოჯახში ყველაფერი აქვს, რაც კი სიცოცხლისთვის არის საჭირო – საჭმელი, ტანსაცმელი, სათამაშოები, მაგრამ აკლია მშობლების სითბო. ქორწინების საკითხების მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დანგრევის პირას მისული ოჯახის გადარჩენისას მათ ხშირად უწევთ, ასწავლონ ქალს მამაკაცთან მეგობრობა, მამას – შვილის სიყვარული. ეს გრძნობები, როგორც ჩანს, სადღაც ჩვენში თვლემს, მაგრამ ვერ ვამჟღავნებთ.

ყველაფრის გამათბობელი სიყვარულის გაცემა მხოლოდ ქალს შეუძლია. მაგრამ რატომ ისევ ქალს და რატომ „უნდა”? დიახ, ქალს, რადგან მამაკაცს ეს არ შეუძლია, ცოლი და დედა თვით ბუნებამ შექმნა მოთმინების, გაგების, სითბოს, სიყვარულის მატარებლებად.

როგორ ავიტანოთ, გავუგოთ მას, ვინც უნებისყოფოა, სუსტია და უკვე დიდი ხანია აღარ ჰგავს მამაკაცს? ოჯახური ურთიერთობების ექსპერტები ასეთ დავალებას გვთავაზობენ: ქალმა უნდა აიღოს ფურცელი და ვერტიკალური ხაზით ორად გაყოს; მარჯვნივ ჩამოწეროს ქმრის ყველა ნაკლი, მარცხნივ – ღირსება. შემდეგ დგება ოპერაციის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი – მარჯვენა მხარე უნდა მოვახიოთ და დავწვათ, მარცხენა კი ვიკითხოთ ყოველდღე ძილის წინ. მაშინაც კი, თუ ქმართან ურთიერთობაში ყველაზე მძლავრი მიკროსკოპითაც შეუძლებელია კარგის დანახვა, უნდა გავიხსენოთ, როგორი იყო, როცა პირველად შევხვდით. ნუთუ ასეთივე უხეში და უყურადღებო? ნუთუ მაშინაც სვამდა? რატომ შეიცვალა ასე მკვეთრად? დანაშაული არშემდგარი ბედნიერების გამო ყოველთვის ორს ეკისრება და აქ მაინც უნდა იყოს სრული თანასწორობა.

ხომ არ ნიშნავს მარჯვენა მხარის დაწვა ყველაფრის პატიებას და კაპიტულაციას? არა, რადგან მხოლოდ სითბოსა და ურთიერთგაგების გარემოში შეიძლება, ის სხვანაირი გახდეს. თუ მისი ხასიათის რომელიმე თვისებას ვერ გავუმკლავდით, ვიღას ეყვარება ისეთი, როგორიც არის? სიყვარული იმისაა, რომ მიიღო ადამიანი ყველა ღირსებითა და ნაკლით. პასტერნაკმა ნამდვილი სიყვარულის ამ თვისებას „გულის უპრინციპობა” უწოდა, რომელიც „დიადია იმით, რომ ცოტას აკეთებს”. აი, ეს დიდი სიმცირე უნდა შეძლოს ქალმა. მოდი, მოვსინჯოთ მაინც. დავიწყოთ იმით, რომ ფურცელი გავყოთ ვერტიკალური ხაზით… თორემ საშინელებაა: ვიბრძვით თანასწორობისთვის და ვართმევთ ძალაუფლებას, ვიღებთ ძალაუფლებას და ვართმევთ სიცოცხლის წლებს. ვის სჭირდება პირველობა ასეთ ფასად?

ანთროპოლოგი შაპოშნიკოვა 7 წელი ცხოვრობდა ინდოეთის ჯუნგლებში და თანამედროვე პირველყოფილ ტომებს სწავლობდა. ამ ტომებს ცივლიზაცია არ შეხებია, ისინი, შორეული წინაპრების მსგავსად, მატრიარქატში ცხოვრობენ. საინტერესოა, რომ ამ „ველურებში” არის სქესთა უაღრესი ურთიერთპატივისცემა, ნაზი, მზრუნველი და ყურადღებიანი ურთიერთობები.

ქალის ოჯახური ტვირთი მძიმეა. ძველინდურ „დრაჰმაში” ნათქვამია: „კარგი ცოლი შრომობს შენთვის, როგორც მსახური; გაძლევს რჩევებს, როგორც მრჩეველი; მშვენიერია, როგორც სილამაზის ქალღმერთი; მშვიდია და ამტანი, როგორც მიწა; გაჭმევს, როგორც დედა და გატკბობს, როგორც ჰეტერა (ძველ საბერძნეთში – განათლებული, გაუთხოვარი ქალი, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა). კარგი ცოლი – ექვსი სახეა ერთში”.

დაახლოებით 1400 წლის წინ საეკლესიო კრება ოფიციალურად განიხილავდა პრობლემას, აქვს თუ არა ქალს სული. სასულიერო პირთა თითქმის ნახევარმა კითხვას უარყოფითად უპასუხა. ქრისტიანული ეკლესიის კრებამ მხოლოდ ერთი ხმის უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ ქალს, ამ მდაბალ არსებას, რაღაც სულის მაგვარი აქვს.
არისტოტელეს მიაჩნდა, რომ „ბუნება ყოველთვის ესწრაფვის მამაკაცის შექმნას, ქალს კი მხოლოდ სისუსტისა თუ შემთხვევის წყალობით ქმნის”.

ჯორდანო ბრუნო ქალს „პასიურ მატერიად” მიიჩნევდა, მამაკაცს კი „აქტიურ შემოქმედ ფორმად”.

თანამედროვე პირობებში საქმიანობა ქალისგან ისეთი თვისებების განვითარებას მოითხოვს, რომლებიც მამაკაცსაც სჭირდება წარმატების მისაღწევად: გერგილიანობას, გადაწყვეტილების მიღების უნარს, შეუპოვრობას… ყველაფერი ეს ქალურობის საზიანოდ ხდება. ქალს არ შეუძლია გაორება: სამსახურში სხვა და სახლში სხვა ვერ იქნება. ამას არავინ ასწავლის. ამასთან ერთად, ქალურობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე შინაც და სამსახურშიც მამაკაცია პასუხისმგებელი. ქალი იმ ზომით არის ქალური, რა ზომითაც მამაკაცურია და კეთილშობილი მამაკაცი.
ყოველთვის, როცა მარად მებრძოლის პოზას ვიჭერთ (ვის ვებრძვით? ჩვენს რჩეულს?), უნდა გვახსოვდეს, რომ ქალის ძალა სისუსტეშია და ეს სისუსტეა… მოთმინება და პატიება.
ლ. ტარხოვა, 17 აგვისტო, 1986 წელი, „კომსომოლსკაია პრავდა”
თარგმნა ნინო ჭიაბრიშვილმა

ისტ–ის გამოყენებით შექმნილი რესურსები და თამაშებით მათემატიკის სწავლება

0
სასკოლო განათლების მიზნები საგრძნობლად შეიცვალა. თუ რამდენიმე წლის წინ სწავლება ფაქტების, ფორმულებისა თუ აქსიომების დამახსოვრებაზე იყო ორიენტირებული, ახლა გაცილებით რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მოქმედ მასწავლებლებს მიზნად დაუსახა მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების დონის ამაღლება. ელექტრონული სისტემების განვითარება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მასწავლებელს მასალის მარტივად, გასაგებად და თვალსაჩინოდ ახსნაში, მეორე მხრივ კი ჩვენი ამოცანაა მოსწავლეების სწორი ორიენტირება. ჩვენი მიზანია, მოვწყვიტოთ ბავშვები არასასურველ საიტებსა თუ აპლიკაციებს და მათი უნარები სასწავლო მიზნების გაუმჯობესებისკენ მივმართოთ. უნდა აღინიშნოს, რომ დაბალ საფეხურზე ბუკებით სწავლების შემოღებამ ამ მიზნის მიღწევა გააადვილა. სხვა საქმეა საბაზო და საშუალო საფეხურები, სადაც შესამჩნევია მოსწავლეების ლტოლვა ელექტრონული თამაშების მიმართ. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ეცდება, თამაშების შექმნით მოზარდებს ეს სურვილი დაუკმაყოფილოს. სასწავლო თამაშების შექმნის შესაძლებლობას უკვე მრავალი საიტი თუ აპლიკაცია იძლევა.

მე-6 კლასის ეროვნული სასწავლო გეგმა მიზნად გვისახავს, მოსწავლეებს ვასწავლოთ არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების შედარება:

მათ.VI.1.მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

·კითხულობს სასრულ ათწილადის ჩანაწერს; უთითებს თანრიგებს და ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით; იყენებს ამ ცოდნას ათწილადების შედარებისა და დალაგებისას (მათ შორის – რიცხვით სხივზე);

გარდა ამისა, გამჭოლი კომპეტენციის ფარგლებში ისტ–ის სარეკომენდაციო სასწავლო რესურსებში მითითებულია თამაშით სწავლების უპირატესობა:

სარეკომენდაციო შინაარსი (სასწავლო რესურსები)

● თამაშის ტიპის კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ ახალი შინაარსის ათვისება ან/და შესაბამისი უნარების განვითარება სათამაშო გარემოში (მაგალითად: ახალი სიტყვების შესწავლა; არითმეტიკული ოპერაციების შესწავლა ვირტუალურ მაღაზიაში; გეომე­ტრიული ფიგურების გააზრება, სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში მოგზაურობა, რომლის დროსაც შესაძლებელია რამდენიმე სასწავლო დისციპლინის ინტეგრირება).

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში მოსწავლეებს ჯერ კიდევ თამაში ურჩევნიათ, ამიტომ მათთვის სასწავლო ელექტრონული თამაშების შექმნა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მხრივ კარგი რესურსია საიტი https://learningapps.org/. აქ მრავალი შაბლონია, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია თამაშების შექმნა. მასწავლებელს ფართო არჩევანი აქვს, მოარგოს შაბლონს მისთვის საჭირო თემა და საინტერესო გახადოს სასწავლო პროცესი. ამ მიზნის მისაღწევად მე შევქმენი თამაში, რომელიც რიცხვების კლასიფიკაციის საშუალებას იძლევა:
https://learningapps.org/display?v=p3zpqeb3301 

ცალ მხარეს ჩამოწერილია რიცხვები 1 და 10, ხოლო მეორე მხარეს მოცემულია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვები 1-დან 10-მდე. მათ შორის არის როგორც მეათედები, ისე მეასედებიც. მოსწავლეებმა ათწილადები უნდა დაელაგონ ზრდადობის, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ – კლებადობის მიხედვით.

 
მოცემულ შემთხვევაში მარჯვნივ მონიშნულია ათწილადი 3,6, ხოლო მარცხნივ – რიცხვები 1, 10 და საორიენტაციო ათწილადი 2,05. მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომელ ლურჯ ისარს დააწკაპოს მარცხენა მხარეს, რათა ათწილადი თავის ადგილას ჩასვას, ანუ სადაა მისი ადგილი – 1-დან 2,05-მდე თუ 2,05-დან 10-მდე. თუ ათწილადს სწორად შეურჩევს ადგილს, ზემოთა ზოლში მდებარე „მოთამაშის” ფანჯრის ქვეშ ქულა დაეწერება. ამის შემდეგ კომპიუტერი ჩასვამს ათწილადს და მასაც მიემატება ქულა. ასე უნდა დაალაგოს მოსწავლემ ყველა ათწილადი თავის ადგილას. რაც მეტ ათწილადს ჩასვამს მარცხნივ, მით მეტი ლურჯი ისარი გაჩნდება ეკრანზე და მოსწავლეს მეტი ფიქრი მოუწევს.

 
მოცემულ სურათზე ჩასასმელად (ცისფრად) მონიშნულია ათწილადი 4,8 და მოსწავლეს 7 სავარაუდო ადგილიდან (მარცხნივ 7 ლურჯი ისარია) უწევს შესაფერისის შერჩევა, ამისთვის კი შერჩეული ათწილადი ყველა წილადს უნდა შეადაროს. სასურველია, თამაშში რამდენიმე მოსწავლე მონაწილეობდეს. ამ შემთხვევაში ისინი ქულების დაგროვებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და მოტივაციაც ერთიორად იზრდება. ბავშვებს ეს თამაში ძალიან ახალისებთ. ერთმანეთს უხსნიან, რატომაა ამა თუ იმ რიცხვის ადგილი სწორედ იქ და ასე თამაშ-თამაშით სწავლობენ ათწილადების არსს, რაობასა და შედარებას.

მასწავლებელს არც ერთი მოსწავლის არავითარი უნარი არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და სასურველია, ის მოარგოს სასწავლო მიზნებს. მთავარი ხომ ისაა, მოსწავლემ სწორად გაიგოს ახსნილი საკითხი და მისი პრაქტიკაში გადატანა შეძლოს. ასე ის იოლად, თანაც ძალდაუტანებლად და ხალისით ისწავლის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის სხვადასხვა სივრცეში გამოყენებას.

მიჩნეულია, რომ მათემატიკა რთული საგანია და ბავშვებიც ასევე არიან განწყობილნი. ძალიან მინდა, ეს სტერეოტიპი დაიმსხვრეს. მათემატიკა ლოგიკური მეცნიერებაა. აქ ყველა საკითხი ერთმანეთთანაა კავშირში და თუ ამ კავშირებს სწორად დავანახებთ მოსწავლეებს, მათ არასოდეს გაუჭირდებათ მათემატიკის სწავლა.
ნონა ჩუბინიძე
ქ. ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელი

გაფრინდა ქეთოს მერცხალი…

0
მჟავები ორ-სამ მეცადინეობაზე თუღა მეყოფა. მარაგის შევსებაა საჭირო. ხვალვე წავალ… ჰოდა, „ხვალ” ქიმიური რეაქტივების მაღაზიიდან დატვირთული გამოვედი. ხელჩანთა ხომ თავისთავად მქონდა და თანაც ორივე ხელში არაორგანული მჟავებით სავსე ბოთლებით გაძეძგილი პაკეტები მეჭირა. იქვე მზეს მიფიცხებული ტაქსის მძღოლი დავინახე და დაუფიქრებლად გავეშურე მისი მანქანისკენ. ამ თაკარა მზეში მზეს რატომ ეფიცხებოდა, არ ვიცი. ის კი შევატყვე, რომ უგუნებოდ იყო და სარკეში რატომღაც მიბღვერდა. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემი პაკეტები წინა სავარძელზე დავალაგე, ოღონდ ისე, რომ უკანა სავარძლიდან ხელით მჭეროდა, და თავადაც მოვკალათდი.

ხომ გრძნობთ, როცა გიმზერენ? ჰოდა, მეც ისევ ვიგრძენი სარკიდან დაჟინებული მზერა, ოღონდ დაბღვერილი, მოღუშული. უცებ მძღოლის კისერზე ჩამოკიდებული რამდენიმე მსხვილი ძეწკვი მომხვდა თვალში… გასაგებია. მზის გულზე რომ გამოვცხვე და თანაც ამ სიცხეში ამსისქე ჯაჭვი მეკიდოს კისერზე, შესაძლოა, მეც ბღვერით შევხედო ხალხს.

ვაჟა-ფშაველა მომაგონდა. თურმე სოფლის მამასახლისი უბღვერდა. რა ჰქონდა ვაჟას მამასახლისის საბღვერი, მაგრამ კაცია და გუნება. იმ მამასახლისსაც, ეტყობა, ჯაჭვი ეკიდა კისერზე – ალბათ, მეტი თავდაჯერებისთვის. ჰოდა, ვაჟასაც უთმენია, უთმენია და ერთხელაც უთქვამს:
რას მიბღვერ, მამასახლისო,
ჯაჭვებ რომ გკიდიანო?
ჯაჭვებ მეცა მაქვს სახლში და…
ძაღლები მიბიანო…
აი, ასე! ოღონდ ვაჟას და მამასახლისის ამბის მოყოლის ნაცვლად ტაქსის მძღოლს წყნარად ვურჩევ, გზას უყუროს.
ამის თქმაა და ისე ამუხრუჭებს, რომ პაკეტები ხელიდან მისხლტება და ჩემი მჟავები ლამის ძირს ცვივა.

აქ კი მოთმინების ფიალა მევსება და უკვე გაგულისებული ვსაყვედურობ, გზას მიხედეთ, ბატონო, თორემ ამ ბოთლებიდან რამე რომ დაიღვაროს, მერე ნახავთ თქვენს და ჩემს სეირს-მეთქი.

ჰმ, და რა გაქვთ ბოთლებშიო? – მეკითხება,

კონცენტრირებული არაორგანული მჟავები–მეთქი.

ისე გულიანად იცინის, ჯაჭვების რამდენიმე ფენაც კი უხტის კისერზე.

აგაშენათ ღმერთმაო, ღამითაც ვიმუშავე, მეძინება, მცხელა და საძაგელ გუნებაზე ვარ, თქვენ გაიხარეთ, რა კარგად გამახალისეთო. ჯანსაღი ხუმრობა მიყვარსო.

ჰო, ეგონოს, რომ ვხუმრობ. მე ჩემი ვუთხარი და თავისი საქმისა თვითონ იცის.

და თქვენ, თქვენ თუ იცით, რა არის მჟავა?…

ან კითხვას სხვანაირად დავსვამ: იცით, რომ მჟავებით ხართ გარშემორტყმული? ოღონდ უფრო ორგანულით.
თუნდაც სამზარეულოში შევიხედოთ, ნებისმიერში… აუცილებლად ვიპოვით სითხეს, რომელზეც ავიცენა წერდა: „ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და მადაზე მოჰყავხართ. თუ ვარდის ან ზეითუნის ზეთს შევურევთ, კარგად ავთქვეფთ, შიგ შალის ნაჭერს დავასველებთ და თავზე დავიდებთ, თავის ტკივილი უმალ გაგვივლის”.
ავიცენა ძმარს გულისხმობდა.

ძმარი პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნით დათარიღებულ წყაროში იხსენიება. ძველი ბერძენი სწავლული თეოფრასტე წერდა, რომ ლითონზე მისი დასხმით საღებავს იღებდნენ. ძველ რომში ხომ უსაზღვრო იყო ძმრის სიყვარული. ყოველგვარ სასმელს სწორედ მას ამჯობინებდნენ, ოღონდ ტყვიის ჭურჭელში ნადგამს. ასეთ ძმარს მოტკბო გემო ჰქონდა, რადგან ტყვიის აცეტატს შეიცავდა. ტყვიის ჭურჭელში ნადგამი ძმრის სმა კი რასაც დამართებდათ, მე და თქვენ შესანიშნავად ვიცით…

მოკლედ, რა არის და რისგან შედგება ძმარი? მისი მთავარი კომპონენტი ძმარმჟავაა, ხოლო მიღება ქიმიური და მიკრობიოლოგიური გზითაა შესაძლებელი. ეს უკანასკნელი ძმრის მომზადების უძველესი მეთოდია: დატოვეთ ხილის წვენი ჰაერზე ღია ჭურჭლით, რომელშიც ყოველთვისაა სხვადასხვა ბაქტერიის სპორები; დუღილი დაიწყება და დროთა განმავლობაში წვენი ძმრად იქცევა.

ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ფერმენტების მეშვეობით წვენში შემავალი გლუკოზა ეთილის სპირტს წარმოქმნის. ჰაერისა და ფერმენტების თანაობისას სპირტი ძმარმჟავად გარდაიქმნება. ამ გზით იღებენ ყველა ნატურალურ ძმარს – ვაშლისას, ყურძნისას, ბრინჯისას… თითოეულ მათგანში ძმარმჟავას შემცველობა 4-5%–ია. გარდა ამ ნივთიერებისა, ძმარი ესთერებს, ალდეჰიდებს და სხვა ორგანულ ნაერთებსაც შეიცავს. სწორედ მათი წყალობითაა, ბუნებრივ ძმრებს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ფერი და არომატი რომ აქვთ. 

თუ მაღაზიაში ძმრის ბოთლებს თვალს შეავლებთ, დაინახავთ, რომ ბალზამირებულ ძმარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს განსაკუთრებულობა ფასითაც გამოიხატება. არც თვისებები აქვს ჩვეულებრივი. გაკეთებაც საწვალებელია: წურავენ ყურძენს და წვენს იმდენ ხანს ადუღებენ, სანამ სქელ, მუქ სიროფად არ იქცევა. მერე ამ სიროფს ცოტაოდენ ღვინის ძმარს ამატებენ და ყველაზე საინტერესო ამბავიც ამის შემდეგ იწყება: მორიგეობით ასხამენ სამ სხვადასხვა ტიპის კასრში და აყოვნებენ. პირველი კასრი მუხისა და იფნისაა, მომდევნო – წაბლისა და ალუბლისა, ბოლო კი თუთისა. ძმრის დასამწიფებლად, სულ ცოტა, სამი წელია საჭირო. ზოგიერთ სახეობას ნახევარი საუკუნეც კი სჭირდება. სახელწოდებაც განსაკუთრებული აქვს. ამ ძმარს თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო მიზნით იყენებდნენ, რადგან ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. შავი ჭირის დროს მას წვეთობით არიგებდნენ, როგორც ნამდვილ სასწაულს. ახლა ის აფთიაქიდან სუპერმარკეტსა და სამზარეულოში გადმობარგდა. 

რა არის ძმრის ესენცია?

ეს ძმარმჟავას 70%-იანი წყალხსნარია. მერვე საუკუნეში დაამზადა ჯაბირმა – კაცმა, რომელმაც პირველად გამოხადა ბუნებრივი ძმარი.

მახსოვს, სოფელში ბავშვებმა რაღაც მონეტა მომიტანეს – ვიპოვეთ, ძველია, მაგრამ ვერ გაგვიწმენდიაო. არც ქიმიის სწავლა ეხალისებათ და არც იმას აღიარებენ, რომ მის იქითაც არ აქვთ გზა… მონეტა, სავარაუდოდ, სპილენძისა უნდა ყოფილიყო. თავად სპილენძი მჟავებთან რეაქციაში არ შედის (გამონაკლისებია აზოტმჟავა და გოგირდმჟავა), სპილენძის ნაერთები კი – ოქსიდი, მარილები – მჟავებში იხსნება. ის მონეტაც სწორედ ამ ნაერთების ფენის გამო იყო ჩაშავებულ–ჩაყვითლებული. ოდნავ შევათბეთ და ლიმონით გავწმინდეთ – ლიმონი ხომ ლიმონმჟავას შეიცავს. ფულს ჩვენ თვალწინ დაუბრუნდა სპილენძისფერი.

სხვათა შორის, მისი გაწმენდა ფანტათიც შეიძლებოდა, რადგან ისიც შეიცავს მჟავებს, ოღონდ მონეტა შიგნით 24 საათი უნდა გაგვეჩერებინა.

ახლაც სოფელში ვარ. აქ რაღაცნაირი სიმშვიდეა და მყუდროება. არა, სიჩუმე სულაც არ დგას – ყველა ჩიტი ერთად ჟივჟივებს და სწორედ მათი ჟივჟივი მგვრის სიმშვიდისა და მყუდროების განცდას. დერეფანში მერცხლის ბუდეა და ისე არიან მიჩვეულები, რომ სახლში არავინ ცხოვრობს, ჩემს გამოჩენაზე აღშფოთებას ვერ მალავენ. ცხადია, მშობლები, თორემ პატარებს ცნობისმოყვარეობა კლავთ. ბარტყობიდან უკვე გამოდიან, ფრენითაც კარგად ფრენენ, მაგრამ ნისკარტი ჯერ ისევ ყვითელი  აქვთ და სასაცილოდ თვალებდაჭყეტილები მიქცერენ. ბავშვი ბავშვია. აი, დედა ხომ ეუბნება, არ შეხედოო, ამას კიდევ ვაინტერესებ და მიყურებს.

წეღან შუქი ჩაქრა. ვეღარ მოიშალეს ჩვენს ქვეყანაში დენის გათიშვა… სანთელს ავანთებ და ცოტა ხანს კიდევ დავრჩები ეზოში.

რისგან ამზადებენ სანთელს? ცვილისგან, სტეარინისგან, პარაფინისგან.

სტეარინი მოთეთრო, ცვილის მსგავსი ნივთიერებაა… აი, ისევ მჟავებთან მივედით. ცხიმოვან მჟავებთან. მათ ჰომოლოგიურ რიგში პირველი ერბომჟავაა. პირველად სწორედ ერბოში აღმოაჩინეს. სტეარინის მჟავაც მათ რიგს ეკუთვნის, კარბოქსილის ჯგუფს შეიცავს და ჩამოცილებული წყალბადის ხარჯზე მჟავა თვისებებს ამჟღავნებს. სტეარინის შესახებ მეცხრამეტე საუკუნეში შეიტყვეს. ერთმა ლაბორატორიამ შეკვეთა მიიღო, დაედგინა საპნის შემადგენლობა, რომელსაც იმხანად ნაჭრების შესაღებავად იყენებდნენ. შეკვეთაზე მუშაობა მიშელ შევრელმა დაიწყო. საპონი მოიწონა თუ დაიწუნა, ამაზე ისტორია დუმს. სამაგიეროდ, უცნობი ნივთიერება გამოყო და მარგარინის ცხიმოვანი მჟავა უწოდა. სტეარინის მიღება ჩვენც შეგვიძლია. არა, მუსიე შევრელს არ ვადარებთ თავს, უბრალოდ, მის გზას ვიმეორებთ. ავიღოთ სარეცხის საპონი, ისე ჩამოვთალოთ, რომ ბურბუშელას მსგავსი ნათალი მივიღოთ, ჩავყაროთ ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ პატარ ჭურჭელში და ცოტაოდენი წყალი დავასხათ, უკეთ რომ გაიხსნას, ოდნავ შევათბოთ და მოვურიოთ. მიღებულ მღვრიე ხსნარს დავუმატებთ ძმარს (დიახ, დიახ, ძმარს). წარმოიქმნება თეთრი ნალექი. თუ ამ ნალექს გავფილტრავთ და გავაშრობთ, სტეარინს მივიღებთ. თუმცა დღეს სტეარინისგან სანთლებს იშვიათად აკეთებენ, უფრო პარაფინს იყენებენ. პარაფინი მინერალური ნედლეულისგან – ნავთობისგან მიიღება.

შუქი მოვიდა… მიხარია… XXI საუკუნეში ადამიანების გახარების ძველ მეთოდებს იყენებენ. არადა, მუშაობს, ხომ იცით…

დილით მერცხლები ბუდეში აღარ მხვდებიან. 

ჩემი ბავშვობის ლექსი მახსენდება: „გაფრინდა ქეთოს მერცხალი…”

ბატონი ამაირო

0
ქალაქ კურიტიბასთან ახლოს, ბრაზილიის ერთ პატარა სოფელში, არაფრით გამორჩეულ ციცქნა სახლში ცხოვრობს კაცი, რომელსაც ფეხბურთში რევოლუციის მოხდენა აქვს განზრახული.

“რევოლუცია” მხოლოდ ხმამაღალი სიტყვა როდია. ჟორჟე ამაირო ფიქრობს, რომ თანამედროვე ფეხბურთის “გაკეთილშობილების” მისია განგებამ სწორედ მას დააკისრა და ისიც ჭაპანწყვეტით, მაგრამ მაინც ეზიდება ამ “მძიმე ტვირთს”.

ეს ამბავი დაახლოებით 10 წლის წინ, “კურიტიბა”-“კოლო-კოლოს” შორის ლიბერტადორესის თასზე ბრაზილიაში გამართული მატჩით დაიწყო. მატჩი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა, მაგრამ კონკრეტულად თამაშზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, “კურიტიბას” გულშემატკივართა ტრიბუნიდან ოცდაათიოდე კაცი პოლიციელებს გაუსხლტა, საფეხბურთო მოედანზე გავარდა და მათგან ერთ-ერთმა, ანუ ჟორჟე ამაირომ დიდი მეგაფონის დახმარებით ხმამაღლა გამოაცხადა, რომ “დღეს პლანეტაზე ფეხბურთი მაფიის ხელშია, ფეხბურთელები და მწვრთნელები მატჩების ბედს ვეღარ წყვეტენ და მთელი კაცობრიობა უნდა დაირაზმოს ფეხბურთის მმართველი ბოსების წინააღმდეგ, რომლებმაც ფეხბურთი კაზინოდ აქციეს”.

ამის თქმა კი მოასწრო და საპოლიციო სპეცრაზმმა დიდი მუჯლუგუნებითა და ცემა-ტყეპით გამოათრია სტადიონიდან. თუმცა ის მატჩი ჟორჟე ამაიროს მიერ წამოწყებული მოძრაობის დასაწყისი აღმოჩნდა და მთელ ბრაზილიაში უკვე საკმაოდ ბევრმა იცის ამ უცნაური ადამიანის არსებობის შესახებ.

ჟორჟე ამაიროსთან ჟურნალისტები და ტელერეპორტიორები პრაქტიკულად არ დადიან. ამას პირადად ჟორჟე საფეხბურთო მაფიის მიერ მასზე დაწესებული აკრძალვებით ხსნის. ეს კი არა და, ჟორჟე ამაირო იმდენად გაანაწყენეს ჩვენმა ბრაზილიელმა კოლეგებმა, რომ სასამართლოს ძალით მოითხოვა, მისი ფოტოსურათები არ გავრცელებულიყო და არსად დაბეჭდილიყო. სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ იმ მოძრაობას, რომელსაც ეს ახირებული, მაგრამ უზომოდ პატიოსანი კაცი უდგას სათავეში, სწორედ ასეთმა მიდგომებმა გაუჩინეს მრავალი პრობლემა.

მოძრაობას კონკრეტული დასახელება არ გააჩნია. საკუთრივ სიტყვა “მოძრაობაც” შესაძლებელია ვერ გამოხატავდეს ყველაფერს. უბრალოდ, არსებობს ადამიანთა საკმაოდ დიდი გუნდი, რომელიც ჟორჟე ამაიროს თაოსნობით პერიოდულად იკრიბება, მსჯელობს და თანამედროვე ფეხბურთი არსებული პრობლემების გამო საფეხბურთო მმართველი ორგანიზაციების მისამართით მეტად მძაფრ პროტესტს გამოთქვამს.

როგორც ირკვევა, სულ ცოტა ხნის წინ, ჟორჟემ და მისმა მეგობრებმა ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში უზარმაზარი ტრანსპარანტები გამოფინეს, სადაც ბრაზილიელი საფეხბურთო ჩინოვნიკების გვარ-სახელების გასწვრივ მათ მიერ ფეხბურთში ნაშოვნი მილიონების რაოდენობაც ეწერა. თუ ეს ხალხი ამ ყელაფერს დეტალურად მოძიებული ინფორმაცის შესაბამისად ამბობდა, საქმე მართლაც საგანგაშოდ ყოფილა, რადგან ბრაზილიის საფეხბურთო ელიტის სულ პატარა ჩინოსანის გვარ-სახელის გასწვრივაც კი ტრანსპარანტზე რამდენიმე მილიონი დოლარი ეწერა.

ამაიროსა და მის ხალხს უმეტესობა გიჟად თვლის და სოლიდური ბეჭდური გამოცემები მასზე თითქმის არასოდეს წერენ. ტელევიზიით თუ რამე გადაიცემა, უმეტესად ისეთ გადაცემაში, რომელსაც “გასართობი გადაცემა” ჰქვია და ამ გადაცემების ჭკუამხიარული მაყურებლისთვის ამაიროს მიერ გამოთქმულ პროტესტსა და ორ ფეხზე მოცეკვავე გაწვრთნილ ძროხას ერთი ფასი და დანიშნულება აქვს. საფეხბურთო გადაცემები კი ამაიროს ბიჭების აქტივობებს თუ აჩვენებენ მუდამ ისეთი კონტექსტის თანხლებით, რომ ზედმეტად კრეატიული უნდა იყო, მათთან გაერთიანება რომ მოგინდეს.

მაგრამ ეს ადამიანები მაინც ჯიუტად ცდილობენ საზოგადოებისათვის თავის შეხსენებას და მათი მოძრაობის მთავარი ძალა, სულის ჩამდგმელი და კოზირი სწორედაც რომ უცნაური, მაგრამ უპატიოსნესი კაცი – ჟორჟე ამაიროა.

როგორც ამბობენ, მავანმა ფულიანმა და საეჭვო ღირსების “ბიძებმა” ჟორჟეს რამდენჯერმე შესთავაზეს ფული გაჩუმებისა და ამ საქმიანობისათვის თავის დანებების სანაცვლოდ, მაგრამ ამაირო ჯიუტად არ ჩერდება, ცხოვრობს პატარა სოფელში, თავის მოცუცქნულ სახლში, ბელადივით წინ მიუძღვება მასსავით უცნაურ, მაგრამ გულანთებულ ბიჭებს და ბოლომდე სჯერა, რომ ახალი საფეხბურთო რევოლუცია სწორედ მისით და მისი მეგობრების გამოისობით დაიწყება.

მასწავლებლის დღიური

0

მე დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ვარ!

ბევრს ჰგონია, ყველაზე ადვილი დაწყებითი კლასების მასწავლებლობაა. განა რა არის იმაში ძნელი, ანბანი და წერა–კითხვა ასწავლო?! ჩემი აზრით კი სკოლის პირველ მერცხლებთან მუშაობა საძირკვლის გაჭრას ჰგავს. თუ საფუძველი სათანადოდ არ გაამაგრე, სახლს სუსტი ქარიც კი ჩამოანგრევს.

დავიწყებ თავიდან…

პირველკლასელთა მშობლები ყველაზე რთული საზოგადოებაა მათ შორის, ვისაც შევხვედრივარ. ეჩქარებათ შედეგის დანახვა, ერთი სული აქვთ, სანამ მათი შვილი სქელტანიან წიგნებს სხაპასხუპით წაიკითხავს და მაღაზიაში ხურდას ელვის სისწრაფით დაითვლის. შვილის წარუმატებლობას ხშირად მასწავლებელს აბრალებენ, გამუდმებით ცდილობენ პასუხისმგებლობის ჩამოცილებას და კლასის დამრიგებლისთვის გადაბარებას, განსაკუთრებით კერძო სკოლებში – მიაჩნიათ, რომ რაკი ბავშვი ანაზღაურებად სასწავლო დაწესებულებას მიაბარეს, მათ არც თავიანთი შვილების პირადი ნივთების მოწესრიგება ევალებათ და არც საშინაო დავალების შესრულების პროცესში ჩართვა. გაკვირვებული უყურებენ მასწავლებელს, რომელიც მათ სახელმძღვანელოებისთვის დამცავი ყდის შემოკვრას ან დამატებითი სასწავლო ნივთების შეძენას სთხოვს (საჭირო ნივთებს სკოლა არ დაგვახვედრებს? დამრიგებელი ჩანთას არ აწესრიგებს?). გამოდის, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამ ჯერ მშობელი უნდა ,,მოამზადოს” მოსწავლეობისთვის, აუხსნას ორმხრივი ვალდებულებები და წინასწარ განსაზღვროს სკოლის/მასწავლებლის ფუნქციებში ჩარევის დოზა.

მშობლები ხშირად აპროტესტებენ სკოლის შინაგანაწესის სხვადასხვა პუნქტს: ბავშვის საგაკვეთილო პროცესიდან საპატიო მიზეზის გარეშე გაყვანას, სკოლის მენიუს, გარემოსა და სანიტარიულ ნორმებს, მერხსა და დაფას შორის მანძილს, ყველაზე ხშირად კი – სასკოლო ფორმას, რომელშიც უმეტესად თეთრი მაისური ფიგურირებს. გამოგიტყდებით, როგორც მშობელს, მეც ხშირად გამიპროტესტებია ეს საკითხი, რადგან ძნელია, თეთრი ტანსაცმლისა და ბავშვის შეუთავსებლობას დიდხანს გაუძლო. არადა, სასკოლო ფორმა ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს, რომ ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ”. ასეთი მესიჯები მოსწავლეს საგრძნობლად უადვილებს ადაპტირებას. გარდა ამისა, ვის არ ახსოვს, როგორი ამრეზით შესცქეროდნენ შეძლებული ოჯახების გამოპრანჭული შვილები ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელსა და გაცრეცილ ქურთუკში ჩამალულ თანატოლებს?! ასეა თუ ისე, სასკოლო ფორმა დღემდე აქტუალურია მთელ მსოფლიოში.

ბევრს ავიწყდება, რომ სკოლა არა მარტო საგნობრივი ცოდნით, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებითაც ამარაგებს ადამიანს. დედისა და მამის „ყველაზე ნიჭიერი” ნებიერები პირველად სკოლაში ხვდებიან, რომ ყველა გზა მათკენ არ მიდის და ძალიანაც უჭირთ ამასთან შეგუება. სკოლა კი მათ ჯანსაღი კონკურენციისა და თანამშრომლობის უნარების გამომუშავებაში უნდა დაეხმაროს.

მარტო ბავშვებს კი არა, ხშირად მშობლებსაც ეჩვენებათ, რომ მათ შვილებს უსამართლოდ ექცევიან (ნიშანს/ყურადღებას აკლებენ) და ნამდვილ „უფროს ძმებად” გვევლინებიან, იწუნებენ ყველაფერს: სასწავლო მასალას, სწავლების მეთოდს, მასწავლებლის ფიზიკურ თუ გონებრივ შესაძლებლობებს… სწორედ ასეთი მშობლები ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს, რომელთა განეიტრალებაც უმეტესად მასწავლებლებს უწევთ.
მოუსმინე, უთანაგრძნე და განმუხტე!

მასწავლებლის მთავარი იარაღი აქტიური მოსმენაა (თომას გორდონი აქტიური მოსმენის მეთოდს „კარის გაღებას” უწოდებს). მას უნდა შეეძლოს დაშიფრული სათქმელის ამოცნობა, თავად კი ყოველთვის ცხადად და გარკვევით ილაპარაკოს, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ მის მიერ დაშიფრულ ინფორმაციას სწორად „თარგმნიან”.

მაგალითად, თუ მშობელი გეუბნებათ, რომ მის შვილს ჯერ კიდევ უჭირს კითხვა, ამით მიგანიშნებთ, რომ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბავშვს ან თქვენს პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს. ასეთ დროს თქვენი ინფორმაცია მოსწავლის განსხვავებული სასწავლო უნარების შესახებ კონტრარგუმენტად არ გამოდგება, რადგან მშობლების უმრავლესობა შვილის წარუმატებლობას სკოლას აბრალებს.

პირადი გამოცდილების საფუძველზე გეტყვით: თუ მასწავლებლობას აპირებთ, კამათის ხელოვნებასაც უნდა დაეუფლოთ. ყველაზე დაძაბულ სიტუაციაშიც კი სიმშვიდე მთავარ იარაღად გამოიყენეთ. რაც უნდა აბსურდული მოგეჩვენოთ მშობლის პრეტენზია, შეეცადეთ, ბოლომდე მოუსმინოთ – დაე, უარყოფითი ენერგიისგან დაიცალოს. პასუხი დაიწყეთ ჯადოსნური სიტყვებით: „მესმის თქვენი” (თანაგრძნობა), – მერე აუცილებლად გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება საკითხის შესახებ (დაასაბუთეთ ფაქტებით) და ბოლოს ისევ ჯადოსნური სიტყვები მოიშველიეთ: „აუცილებლად გავითვალისწინებთ/განვიხილავთ თქვენს შენიშვნას” (განმუხტვა). მრავლობით რიცხვში ნათქვამი წინადადებები მშობელს ტაქტიანად შეახსენებს, რომ თქვენ სკოლის ერთი პატარა ნაწილი ხართ და მის შვილზე ერთი ადამიანი კი არა, პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, როგორი განწყობით ამზადებთ სათქმელს. საუბრისას აუცილებლად გაგცემთ სიტუაციისადმი თქვენი ნამდვილი დამოკიდებულება, რომელიც მზერიდან, ჟესტებიდან, დგომის მანერიდან დაუკითხავად ჟონავს და კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტის უფსკრულს. ნათქვამია, რომ „თუ ვერ ცვლი გარემოს, უნდა შეიცვალო დამოკიდებულება მის მიმართ”. ურთიერთობის წარმართვისას განწყობას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საკუთარ თავზე მუშაობა კი არა მარტო სკოლაში, არამედ ყოველგვარ გარემოში ადამიანის პიროვნული ზრდის უმთავრესი კომპონენტია.
მასწავლებელი მოსწავლეები

მასწავლებლის მთავარ აუდიტორიას ბავშვები წარმოადგენენ. მათი ყურადღების მობილიზება გაუხედნავი ცხენის მორჯულებასავით ძნელია. ბევრს ჰგონია, რომ მოსწავლეთა მუდმივი კონტროლის ფონზე კლასი მართული ხდება. სინამდვილეში საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში აღვირის მოჭერა–მოშვება ერთმანეთს ისე უნდა ენაცვლებოდეს, როგორც ამას გაწაფული მხედარი აკეთებს. გამიგონია, ცხენზე ჯდომისას მის ნაწილად უნდა იქცე, თუ გსურს, შენგან კარგი მოჯირითე დადგესო. სკოლაშიც ასეა, მასწავლებელი კლასის გულისცემას უნდა გრძნობდეს – ისინი ხომ ერთად უნდა მივიდნენ ფინიშამდე.

მეორე მხრივ, კლასის მართვა არც კი დაგჭირდება, თუ გაკვეთილის დაწყების წინ სწორად განსაზღვრავ მოტივაციას. მასწავლებელი, რომელიც სათანადოდ აფასებს მოსწავლეთა მოტივირების მნიშვნელობას, გაკვეთილის ბოლოს ყოველთვის სასურველ შედეგს იღებს.

ჩაგიტარებიათ გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით? გიკითხავთ ბავშვებისთვის, რისი შესწავლა სურთ თავად? გიფიქრიათ, რას ნიშნავს ბავშვისთვის „სწავლის პროცესი” ან სად გადის ზღვარი სავალდებულოსა და საინტერესოს შორის? ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველა მასწავლებელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, რადგან სწავლა თითოეული ბავშვისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. საგაკვეთილო პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება, თუ მოსწავლე მასში თავის წვლილს შეიტანს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მასწავლებლის როლის მორგება, ამ დროს ერთდროულად სწავლობენ და ასწავლიან. მოზარდები ხომ საუკეთესო მაძიებლები არიან – თუ სკოლა მუდმივად დაუკმაყოფილებს ძიების წყურვილს, სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა სტაბილური იქნება.

ზემოაღნიშნული საკითხები განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სწავლების დაწყებით საფეხურზე, რადგან თვითგამოხატვა და პროცესის თანამონაწილეობა პატარებს და მათ მშობლებს სკოლადმი ნდობას უნერგავს და თანამშრომლობისთვის განაწყობს. სამწუხაროდ, სკოლის ძირითადი რესურსი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე იხარჯება, არადა დაწყებით კლასებში თითოეული ინდივიდის შესწავლას, მისი განსხვავებული უნარებისა და ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ვარ და წელს ისევ თავიდან ვიწყებ ყოველი ახალი კარის გასაღების მოსაპოვებლად ბრძოლას. წარმატება მისურვეთ!

სასკოლო ლაბორატორიული ცდები ფიზიკაში

0
ამ წერილში მკითხველს ვთავაზობთ ლაბორატორიული ცდის ოქმის კიდევ ერთ ნიმუშს. ცდისა, რომლის ჩატარებაც ძნელი არ არის. საუბარია მუდმივი დენის წყაროს შიგა წინაღობისა და ემძ-ის გაზომვაზე. ეს არის ცდა, რომლის დროსაც ფიზიკური სიდიდე იზომება არაპირდაპირ, ანუ ჩვენთვის საინტერესო ფიზიკური სიდიდე გამოითვლება გამზომი ხელსაწყოებით პირდაპირ გაზომილი სხვა ფიზიკური სიდიდეებისა და ცნობილი თანაფარდობის მეშვეობით.

რეკლამაო, ჩემო , ძველო

0
რეკლამაა რაცაა, ჩემსავით იცით. ეგებ უკეთაც. ერთმა ფრანგმა მწერალმა მას მეოცე საუკუნის მეტასტაზი უწოდა, ოღონდაც კეთილ თუ ავთვისებიანი ელჩი – ვისთვის როგორ. თუმცა სარეკლამო ან თითქმის სარეკლამო ტექსტები გაცილებით ძველი ამბავი გახლავთ, მეტასტაზი კი შეუჩერებელია – ის ოცდამეერთსაც გადმოედო და ინტერნეტი შთანთქა. მსოფლიო მსოფლიოდ და ერთობ ქართული რამ გამოდგა ეს რეკლამა – ეჭვიც არ მეპარება, ცხადად უნდა გახსოვდეთ მისი პირველი ტელეჩანასახები – სხვათა ვიდეორგოლების თარგმანები – იუპი და ბარფი და არიელი და ძმანი და დანი მისნი. მერე ესენი გამრავლდნენ და მთლად გაქართველდნენ. თუმცა რეალურად ესეც ძველი ამბავი გახლავთ. აი, როგორ დაიწყო:

 

პირველი ქართული რეკლამა, რომელიც სამამულო პერიოდიკის პულსზე ისინჯება. 1861 წელს გამოდიოდა ამგვარი სასოფლო-სამეურნეო გაზეთი „გუთნის დედა”. გუთნის დედის, ახალმეტყველებით რომ ვთქვათ „ქავერ-ფოტო” კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმპორტული საქონელი იყო – დღეში ცხრა თუნგის მომწველი ფლამანდრული ძროხა. მანდ ეტყობა ხალხის დაინტერესების გზებიც კარგად იცოდნენ, მართალია საკმაოდ ბუნდოვანი ხერხით, მაგრამ მაინც – დაწვრილებით აღწერას „თავის დროზე” გვთავაზობდნენ.

მეცხრამეტე საუკუნემ ამ თვალსაზრისით ჩვენსას დიდი ვერაფერი სიტყვა თქვა. აი, მეოცის დასაწყისში კი რეგიონულ პრესასაც შეეპარა სარეკლამო გვერდები. გაზეთ „იმერეთის” 1913 წლის 30 ივლისის ნომერში აბანოში განსაბანად გვეპატიჟებიან და იქვე გვთავაზობენ სხვადასხვა სახის „მაშინებს” – საკერავს თუ საწერს, ოღონდ ეშმაკისას არა – ეშმაკის მანქანის – ავტომობილის ქალაქი ქუთაისი მოგვიანებით გახდა. ამ საოცარმა ქალაქმა ოსტატურად აითვისა სარეკლამო ხელოვნება. თითქმის ყოველ ნომერში გვხვდება ფეხსაცმლის თუ აბრეშუმეობის რეკლამა, მინაწერებით – „ფასები სხვებთან შედარებით დაკლებულია” ანაც „ფასები შეუვაჭრებლათ” („განსაკუთრებით ქალების კასტიუმებისთვის”).

ეს სლავური სექსუალობისკენ სწრაფვა დეკლარირებულად ჩვენსას მეოცის დასაწყისში დაწყებულა. ხუმრობაგაშვებით ვამბობ. აბა, რა დავარქვათ ერთ შეფარულ, მაცდურ სარეკლამო განცხადებას – „სლავიანსკი ნომრები” – ყოველის მხრით მორთული, სუფთა, წმინდა (? – გ.კ.) და გაწყობილია, როგორც ოჯახისთვის, აგრეთვე უცოლ-შვილოთათვის”. თავი მომჭერით თუ ეგ „ოჯახებისთვის” სულ ტყუილად მოგონილი ფანდი არ იყოს და მანდ სულისთვის მავნებელი ამბები ტრიალდება. მით უფრო, იქვე მოფარფატე კუპიდონი მიუხატია „პატივისმცემელ დიმიტრი ხუნდაძეს”.

ასე განსაჯეთ, ყველაზე ბევრ რეკლამას გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში დაძებნით. ანგელოზებთან მოჩურჩულე და არაჩვენებურ სიზმრებს მიყურადებული კაცი, მართლაც რომ მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდი გენიოსი, მიუხედავად გარეგნული დაბნეულობისა, კარგად ფლობდა პიარისა და, როგორც აქედან ჩანს, მარკეტინგის ილეთებსაც. აი, იხილეთ, თუ რა სახის რეკლამები იბეჭდებოდა მის ჟურნალში – სარძეო მაღაზიის, აუზის, ცენტრალური სავაჭრო სამმართველოს და სხვათა და სხვათა. მოკლედ, ბიზნესი და დესაკრალიზაცია თუ გნებავთ, ეს იყო.

ლევან გიგინეიშვილი – მასწავლებლობა მუდმივი ძიების პროცესია

0

ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი, რომლის ლექციების უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება, რომლებსაც განმანათლებლებად მოიხსენიებენ: პლატონს, ჟან ჟაკ რუსოს, ჯონ ლოკს, ილია ჭავჭავაძეს და სხვებს.

– ბატონო ლევან, თუ შეიძლება, განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რატომ არის ამ ხალხის მოღვაწეობა აქტუალური 21-ე საუკუნეშიც და რატომ უნდა ისწავლებოდეს მათი შემოქმედება სასკოლო ასაკიდანვე.

– არსებობს ასეთი ცნება – philosophia perennis, ანუ მარადიული ფილოსოფია. იგი გულისხმობს, რომ ცივილიზაციის ისტორიაში შესრულდა აზროვნების აქტები, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი კაცობრიობისთვის, რომლებიც არასოდეს დაძველდება და დაკარგავს ქმედითობას. ეს აქტები შეასრულეს პიროვნებებმა, რომლებმაც გაბედეს, ბოლომდე ეფიქრათ ფიქრი და საკუთარი, სრულიად განსაკუთრებული ხედვები ეშვათ, ყველასთვის ახალი კუთხით დაენახვებინათ რეალობა. ამ ხედვებმა შეცვალა – და შეუქცევადად შეცვალა – ცივილიზაცია. მეოცე საუკუნის ესპანელი ფილოსოფოსი სანტაიანა ამბობს: „ვინც არ იცის ფილოსოფიის ისტორია, განწირულია, გაიმეოროს იგი”. ეს იმას ნიშნავს, რომ ფილოსოფიის ისტორიაში არის რაღაც აუცილებელი და ობიექტური, ის, რასაც შინაგანი ლოგიკა და საზრისი ახლავს. აზროვნების ისტორია იმით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ყოველთვის ტოვებს კამათის ადგილს. ეს არის აზრთა შეხლა-შემოხლის დიადი სივრცე, ხოლო იმის განცდა, რომ ამავე საკითხებზე დაფიქრებით ამ სივრცეს უერთდები, დიდი ბედნიერებაა. სწორედ ეს არის, ჩვენი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ხელშეუხებელი „უხილავი საუნჯე”. ტყუილად როდი ამბობდა თომა აკვინელი, რომ ფილოსოფია ადამიანის „ყველაზე სახალისო საქმიანობაა”; როდესაც მასწავლებელი აკითხებს ბავშვებს ამ გენიალურ მოაზროვნეთა ნაწარმოებებს, აცნობს მათ ხედვებს, მნიშვნელოვანია, ამას არ ჰქონდეს დაზუთხვის ან „თავში ჩაჭედების” ფორმა, – ის უნდა იძლეოდეს საზრდოს მათივე თავისუფალი აზროვნებისთვის, ნიადაგს კითხვების დასმისთვის, კამათისთვის. დიდი ფილოსოფიური საკითხები ეგზისტენციალურად, ცხოვრებისეულად უნდა განიცადონ მასწავლებელმაც და მოსწავლეებმაც. მხოლოდ მაშინ იქნება ფილოსოფიის სწავლის პროცესი სახალისოც და ნაყოფიერიც.

ფილოსოფოსები, ისევე როგორც პოეტები, დიდი ბავშვები არიან, იმ გაგებით, რომ მათ აქვთ ბავშვური განცვიფრების გაუცვეთელი უნარი. ამ უნარის გაცვეთასთან ერთად ფილოსოფოსიც კვდება – არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წიგნი დაუწერია მანამდე. ამიტომ, ვფიქრობ, სასკოლო ასაკი სწორედ რომ სათანადოა ფილოსოფიური ფიქრებისა და სამყაროს საიდუმლოებით გაკვირვებისთვის, მათზე მსჯელობისთვის. მეტიც – თუ ამ ასაკში არ დაიწყე, მერე უფრო და უფრო გაგიჭირდება მსგავსი ძიებების კულტივირება საკუთარ თავში. გადატვირთვაც არ შეიძლება, ცხადია, ამიტომ ფილოსოფოსთა ნააზრევის დოზა და სირთულე მასწავლებელმა ძალიან ფრთხილად და ფაქიზად უნდა შეარჩიოს, რათა არ დათრგუნოს მოსწავლეები ჭარბი ან მეტისმეტად რთული ინფორმაციით, რაც მხოლოდ მკვდარ ტვირთად ექცევა მათ. სწავლების პროცესში ფილოსოფიური ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივებაა მთავარი და არა ინფორმაციის გადაცემა. მასწავლებელმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს თავისი ეპოქისა და საზოგადოების მაჯისცემაც, რათა შეძლოს, თარგმნოს ძველი იდეები ახალი რეალობისთვის, თავისი მსმენელებისთვის ახალი სიცოცხლე შთაბეროს ძველ მოაზროვნეთა ფიქრებს.

– ილია ჭავჭავაძის შესახებ ლექციების კურსში თქვენ აღნიშნავთ, რომ ილიას ახალი ტიპის ქართველის აღზარდა სურდა. ეს მისი ეპოქის შემდეგაც აქტუალურ პრობლემად დარჩა. „მომავალ ქართველებს” გარკვეულწილად ზრდის თითოეული მასწავლებელი. თქვენი აზრით, უწინარესად რა ევალება მასწავლებელს, რა როლი აკისრია მას მომავალი თაობის აღზრდაში?

– ზევით უკვე ვთქვი, რომ მასწავლებელს, განურჩევლად საგნისა, ევალება, ბავშვებს შემეცნებისადმი ინტერესი გაუღვივოს. რამდენიმე წლის წინ ისეთი კარგი ლექცია მოვისმინე დედამიწის ქანებზე, ვიფიქრე: მოწაფეობის დროს რომ მომესმინა მსგავსი ლექცია, იქნებ გეოლოგიურზე ჩამებარებინა-მეთქი… მასწავლებელს, პირველ რიგში, თვითონვე უნდა ჰქონდეს ცოცხალი ინტერესი თავისი საგნისადმი, ერთგვარი უხილავი ცეცხლი. სხვაგვარად შეუძლებელია, დააინტერესო მოსწავლე და კურსიც მოსაწყენი ხდება. ამიტომ მასწავლებელი მუდმივი ზრდის, კითხვისა და ძიების პროცესში უნდა იყოს, წლიდან წლამდე კომპაქტდისკივით კი არ ატრიალებდეს ერთსა და იმავეს (ცხადია, არ ვგულისხმობ ამა თუ იმ დისციპლინის ფუნდამენტურ ასპექტებს, რომელთა გამეორებაც გადაუვალია). მასწავლებელმა თუ მოახერხა, თავისი საგნის სიყვარული, მისდამი ინტერესი მოსწავლეებსაც გადასცეს და ამით მათ დაკვირვებული, კონცენტრირებული კითხვის უნარის განვითარებაში დაეხმაროს, ძალიან დიდ სამოქალაქო როლს შეასრულებს. ილიას „ახალი ქართველი” უნდა ყოფილიყო დამოუკიდებლად მოაზროვნე, ზნეობრივი პრინციპების თავის თავში აღმომჩენი ადამიანი, რომელიც ბრმად და განუხილველად კი არ დაემორჩილებოდა ვისიმე აზრს, არამედ ილიასავე ერთი მოთხრობის გმირივით იტყოდა: „მე ისეთი მორჩილების მწამს, სადაც ჩემივე სინდისი, ჩემივე გონებაა ბატონი”.

– ვიკიპედიის განმარტებით, ფილოლოგია სწავლობს კაცობრიობის სულიერ კულტურას ამა თუ იმ ხალხის ენისა და ლიტერატურის მეშვეობით. ამის კვალობაზე, ფილოლოგიც განსაკუთრებული სულიერებით უნდა გამოირჩეოდეს. თქვენი აზრით, რა განასხვავებს ფილოლოგს სხვა პროფესიის ადამიანებისგან?
– ფილოლოგია, როგორც ყველა მეცნიერება, ეძებს კანონზომიერებებს მეტყველების, სხვადასხვა ჟანრის ტექსტების, სხვადასხვა ენის, მათი სტრუქტურისა და ურთიერთკავშირის სფეროში. როგორც ყველა მეცნიერებას, ფილოლოგიასაც აქვს უსასრულო საკვლევი სივრცე. ენა და მეტყველება ადამიანისთვის არის რეალობის შეცნობის ინსტრუმენტი და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კიდეც რეალობის სურათს; ენას, ამდენად, მსოფლმხედველობრივი დატვირთვაც აქვს. ფილოლოგს, რომელიც სიღრმისეულად სწავლობს სხვადასხვა ენას, აქვს საშუალება, დაინახოს სამყაროს უფრო მრავალფეროვანი, ნიუანსებით უფრო მდიდარი სურათი. მაგალითად, ქართველისთვის ქველმოქმედება ეტიმოლოგიურად მწყურვალისთვის მიცემულ წყალს უკავშირდება – „მოწყალება”; ბერძნისთვის, შესაძლოა, ჭრილობაზე დადებულ ზეთს – „ელეოს”… ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. სკოლის პერიოდიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გართობა ვებსტერის ლექსიკონში სიტყვების ეტიმოლოგიის ძიება იყო… თუნდაც სხვადასხვა ენის ფონეტიკის შესწავლა – განა საოცრად საინტერესო არ არის?! მახსოვს, უნგრეთში სწავლისას რა პირდაღებულები ვუსმენდით ერთი ჩვენი სამხრეთაფრიკელი მეგობრის ლაპარაკს [ნ]კოსაზე, და ვერა და ვერ ვახერხებდით მის მიერ გამოთქმული კონსონანტების გამეორებას. გარდა ამისა, ფილოლოგია სწავლობს დიდ ლიტერატურულ ტექსტებს, რომლებმაც ჩვენამდე საუკუნეების სიღრმეებიდან მოაღწია, ისევე როგორც თანამედროვე, უახლეს ლიტერატურას. ამდენად, ამ დისციპლინას უშუალო კავშირი აქვს ფასეულობით სამყაროებთან, რომლებსაც მთელი ეს მრავალფეროვანი ლიტერატურა გადმოსცემს. თავისი ყოველდღიური სამეცნიერო საქმიანობით ფილოლოგი კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან სულიერ გამოცდილებას ეზიარება. ფილოლოგიის ფაკულტეტზეც ამისთვის ჩავაბარე – გამეცნო კაცობრიობის სულიერი გამოცდილება ანტიკური ხანიდან, მენახა, რა ფასეულობები იყო მნიშვნელოვანი ამა თუ იმ ეპოქაში, რა არის მარადიული ამ ფასეულობებში, ამით სული გამემდიდრებინა და ჩემი ცხოვრებაც უფრო საინტერესო გამეხადა. მარტო იმის იმედიც კი, რომ ჰომეროსს დედანში წავიკითხავდი, მეყო, რათა ენთუზიაზმით შევსულიყავი კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა კი „ილიადასა” და „ოდისეას” მარტო იდეური სამყარო კი არ გაგვაცნო, არამედ ისეთი ნიუანსებიც, როგორიც, მაგალითად, თითოეული პერსონაჟის, დავუშვათ, ოდისევსის ან ნესტორის სიტყვაში სრულიად განსაკუთრებული, ინდივიდუალური სტრუქტურის არსებობაა.
ფილოლოგია ძალიან ღრმა და მრავალწახნაგოვანი დარგია; გემოვნებისა და ინტერესებისამებრ, სულ სხვადასხვა მიმართულება შეიძლება აირჩიო: ზოგადი ლინგვისტიკა, ფონეტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა…

– რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის ფილოლოგიის კურსის სკოლიდანვე სრულფასოვანი შესწავლა?

– ფილოლოგიის კურსისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა და გაკვეთილებზე მათი საინტერესო, თავისუფალი და შემოქმედებითი განხილვა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც, საერთოდ, რამე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სკოლაში. ასევე მნიშვნელოვანია აკადემიური წერის, არგუმენტირებული მსჯელობისა და გრამატიკის საფუძვლების შესწავლა. ოღონდ ამ ყველაფერს უფრო პრაქტიკული სახე უნდა მიეცეს, მაგალითად, თემების გასწორებისას და შეფასებისას მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს მისივე ნაწერის კონკრეტულ მაგალითებზე უნდა აუხსნას, რა შეცდომა მოუვიდა, როგორი სინტაქსური თუ მორფოლოგიური კონსტრუქციაა მართებული, რა ნაკლი აქვს თემის სტრუქტურას და ა. შ. უცხო ენების სწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე საუბარი ღია კარის მტვრევა გამოვა…

– ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული განათლების სისტემაზე. თქვენი შეფასებით, როგორია საქართველოს განათლების სისტემა დღეს და რაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი?

– ვფიქრობ, ბევრი პრობლემაა განათლების სისტემაში და ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე: სკოლა ცოცხალ ინტერესს უნდა უღვივებდეს მოსწავლეს ამა თუ იმ საგნისადმი და, ამ ინტერესიდან გამომდინარე, უვითარებდეს მას კონცენტრირებული კითხვის, დისციპლინირებული სწავლის უნარებს. დისციპლინა არ არის წვრთნა, ანუ არ არის დაკავშირებული გარე იძულებასთან ან ძალადობასთან; დისციპლინა არის საკუთარი თავისთვის წესრიგის ნებაყოფლობითი დაწესება, რათა სწავლის ძალისხმევა უფრო ნაყოფიერი გახადო და ახლის შემეცნებისგან მოგვრილ სიხარულს ეზიარო. თავად „მოსწავლის” ლათინური შესატყვისია discipulus… მოსწავლე ვერ შეძლებს დისციპლინის კულტივირებას, თუ მასწავლებლები არ მოხიბლავენ, არ დამუხტავენ საგნისადმი ინტერესით. მაგრამ დიდ კლასებში, სადაც 30-ზე მეტი მოსწავლეა, ძნელია ამგვარი ინტერესის გაღვივება, ამიტომ სწავლაც ხშირად ტვირთად და კატორღად იქცევა, სხვათა შორის – მასწავლებლებისთვისაც. აქ არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მასწავლებლის ხელფასიც გაცილებით მაღალი უნდა იყოს – ეს ცალკე მსჯელობის თემაა.

– თქვენი ლექციის ერთ-ერთი კურსი პავლე მოციქულს ეძღვნება. თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს რელიგია ადამიანის განათლებაში და უნდა ისწავლებოდეს თუ არა იგი სკოლაში, ან რა ფორმით?

– ვფიქრობ, თუ სკოლაში რელიგიის ისტორიას ასწავლიან, ამაში ცუდი არაფერია: თანამედროვე განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ძირითადი რელიგიები და კონფესიები არსებობს მსოფლიოში, რა მახასიათებლები აქვთ მათ, რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან… არ იქნება მართებული რომელიმე ერთი რელიგიის ან კონფესიის პერსპექტივიდან, მიკერძოებულად სწავლება, რადგან ამ დროს ადვილად იშლება ობიექტური ხედვის კუთხე და გაკვეთილი მეცნიერულ-აკადემიურიდან სხვა სივრცეში გადადის (ასეთი რამ, ალბათ, შესაწყნარებელია, მაგალითად, საკვირაო საეკლესიო სკოლაში ან მუსლიმანურ რელიგიურ მადრასეში, და ამ დროსაც საკმაო სიფრთხილეა საჭირო). რელიგიის ისტორიის მასწავლებელი, განურჩევლად პირადი რწმენისა და შეხედულებებისა, მოსწავლეებს ფართო სივრცეს უნდა უტოვებდეს თავისუფალი მსჯელობისთვის, დამოუკიდებელი კვლევისთვის. კლასში მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს ტოლერანტულ გარემოში და მოსწავლეებს ძვალ-რბილში უნდა გაუჯდეთ პატივისცემა ნებისმიერი პიროვნებისადმი, რომელიც რელიგიის შესახებ თუნდაც მათთვის მიუღებელ შეხედულებას გამოთქვამს. ამგვარი ტოლერანტობის ტრადიცია ყველა დიდ რელიგიას (ქრისტიანობას, იუდაიზმს, ისლამს) აქვს და სკოლის კონტექსტში აქცენტი უფრო ამაზე უნდა გაკეთდეს.
ვინაიდან პავლე მოციქული ახსენეთ, ნახეთ, როგორი პატივისცემით მიმართავს იგი წარმართ ათენელებს და უქებს კიდეც მათ ღვთისმოსაობას, აქებს და ციტირებს წარმართ ელინ პოეტებს, რომლებსაც, მისი აზრით, სწორი რელიგიური ინტუცია ჰქონდათ და ბიბლიურ წინასწარმეტყველებს ეხმიანებოდნენ, პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს თვით ქრისტეს არმიმღები თანამოძმე ებრაელების მიმართ და აღიარებს, რომ მათ აქვთ ღვთიური მოშურნეობა. ვგონებ, რელიგიის ისტორიის მასწავლებელი თავად უნდა იყოს რელიგიური, მორწმუნე, ანუ განვითარებული ჰქონდეს მეტაფიზიკურის, საკრალურის განცდა, თორემ მისი გაკვეთილები მშრალი, უინტერესო და გულისგამაწყალებელი გამოვა. თუმცაღა, მან კი არ უნდა იძალადოს, როგორც უკვე ვთქვი, თავს კი არ უნდა მოახვიოს თავისი შეხედულებები ბავშვებს, არამედ ინფორმაციის რაც შეიძლება ობიექტურად, დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გადაცემას შეუწყოს ხელი, კრიტიკულ აზროვნებას ფართო გასაქანი მისცეს.

ჩემი აზრით, რელიგიების ისტორია სკოლებში მაინც არ უნდა იყოს სავალდებულო საგანი, რადგან შეუძლებელია, სკოლების უმეტესობა მოამარაგო ისეთი მასწავლებლებით, რომლებიც ამ ძალიან ფაქიზი და რთული საკითხების სათანადოდ გადაცემას შეძლებენ. ალბათ, ცალკეულმა სკოლებმა, თუ გადაწყვეტენ თავიანთ კურიკულუმებში რელიგიის ისტორიის არჩევით საგნად შეტანას, სათანადოდ მომზადებული და საკმაო გამოცდილების მქონე პედაგოგები უნდა მოიწვიონ. ვფიქრობ, კერძო სკოლებისთვის ეს გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე სახელმწიფოსთვის.

გარდა პედაგოგისა, დგას სახელმძღვანელოს პრობლემაც. ცხადია, ძნელია, ასეთ რთულ, ნიუანსურ და ემოციურად დატვირთულ საგანზე დაბალანსებული სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა. დღეს არსებულ ქართულენოვან სახელმძღვანელოებს, ვშიშობ, ღირსებათა მიუხედავად, ბევრი მნიშვნელოვანი ხარვეზიც აქვთ.

– სხვა ქართველი მეცნიერებისგან განსხვავებით, თქვენი ლექციების ვიდეოკურსები მრავლად მოიძებნება ინტერნეტსივრცეში. ეს სწავლების ერთ-ერთი თანამედროვე ფორმაა, თუმცა საქართველოსთვის ის ჯერ კიდევ ახალია. ხომ არ გიფიქრიათ, სწავლების რაიმე ახალი ფორმა სკოლებშიც დაგენერგათ?

– მაინცდამაინც არ მიყვარს ვიდეოლექციები. ჩემთვის ლექციის საუკეთესო ფორმაა ლექტორის უშუალო ურთიერთობა სტუდენტებთან, როცა სტუდენტს შეუძლია, შუა ლექციაზე ხელი ასწიოს და ლექტორს კითხვა დაუსვას, ან ლექციის მსვლელობისას თავად ლექტორმა გამოიწვიოს სტუდენტები კითხვებით; ერთი სიტყვით, ლექციის დროს ინტერაქცია ძალიან ნაყოფიერი რამ არის. სწორედ ეს მნიშვნელოვანი რამ აკლია ვიდეოლექციას.
სკოლაში, სადაც მე ვასწავლი, – ეს გახლავთ გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია თბილისში, – გაკვეთილები ტარდება ოვალური მაგიდის გარშემო, მაქსიმუმ 15 მოსწავლესთან, აქვს დიალოგური ხასიათი, ანუ მოსწავლეები თავად ქმნიან გაკვეთილს ერთმანეთთან შინ წაკითხულ თუ კლასში განხილულ საკითხებზე მსჯელობით. მასწავლებელი უმთავრესად დისკუსიის მოდერატორის როლს სჯერდება (ცხადია, იტოვებს დროს ახალი მასალის ასახსნელადაც). უკვე მეცხრე წელია, ჩვენს სკოლაში სწავლება ამ მეთოდით მიმდინარეობს და, ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგებიც გვაქვს. ოღონდ სწავლების ეს ფორმა ჩემი მოგონილი არ არის – ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე კერძო სკოლაში, ფილიპსის ექსეტერის აკადემიაში დამკვიდრებული მეთოდი გახლავთ, რომელიც ჩვენს სკოლაშიც დავნერგეთ.

როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები (წერილი 1)

0

სიკვდილმისჯილი სოკრატე, მკვლელი კონან დოილი, გარყვნილი ნაბოკოვი… ანუ როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები (წერილი 1)

ამ ზაფხულს რამდენიმე საინტერესო პოსტს გადავაწყდი ფეისბუქზე. ამ პოსტების ნაწილი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომაც აიტაცა და დროებითი აჟიოტაჟიც გამოიწვია. მაშინ, როდესაც ფეისბუქის ერთი აქტიური მომხმარებელი ნოდარ დუმბაძეს ქართველი ერის წინაშე ჩადენილ ცოდვებს უთვლიდა, მეორე – ამ მწერლის შემოქმედებას იწუნებდა. როგორც ხდება ხოლმე, სოციალური ქსელების ინტენსიურმა მომხმარებლებმა თემა აიტაცეს, განავრცეს და მხოლოდ ერთი ქართველი მწერლის განქიქებას არ დასჯერდნენ: თუკი ე.წ. ცნობადი (მძულს ეს სიტყვა) სახე იყავი, რაღაცნაირად „უხერხულიც” კი გახდა, ქართული მწერლობა არ შეგეფასებინა და ნოდარ დუმბაძის წყალი არ გადაგესხა კიდევ რამდენიმე ქართველი მწერლისათვის. ასე უსამართლოდ გაილანძღა ბევრი ღირსეული ავტორი – დაწყებული ილიათი და ჭაბუა ამირეჯიბით დამთავრებული, აღარაფერს ვამბობ ამ ტიპის ადამიანების, ანუ ცნობადი სახეების მიერ „წვრილფეხობად” მიჩნეულ ავტორებზე. თითქოს თავის მოწონების ერთგვარ საშუალებადაც იქცა და, რაც უფრო ცნობადი იყავი, მით უფრო სახელიანი მწერლის შემოქმედებას უნდა შეხებოდი, თორემ შენს ცნობადობას ჩრდილი მიადგებოდა… შესაძლოა, არც მე მომწონდეს ზოგიერთი ქართველი მწერლის შემოქმედება, შესაძლოა, არც ზოგიერთი მათგანის ბიოგრაფიული დეტალი მხიბლავდეს დიდად, მაგრამ ახლა არც ნოდარ დუმბაძის და არც ოთარ ჭილაძის, არც გრიგოლ რობაქიძის და არც ოთარ ჩხეიძის, არც ჭაბუა ამირეჯიბის და, მით უმეტეს, არც ილიას მწერლური ღირსების აღდგენას ვცდილობ, რადგან, ერთი წამითაც არ მიმაჩნია, რომ ამ ავტორებს მსგავსი ფეისბუქპოსტები ოდნავ მაინც აკნინებდეს ან ამგვარი ხანმოკლე აჟიოტაჟის შემდეგ ქართველი ხალხი თავის ლიტერატურულ გემოვნებას ეჭვქვეშ დააყენებდეს; ასე მგონია, პირიქით მოხდება და ერის ის ნაწილი, რომელიც ფეისბუქით სარგებლობს და მსგავს პოსტებს ეცნობა, ამ ცნობადი ადამიანების ლიტერატურულ გემოვნებას უფრო დაიწუნებს და საფუძვლიან ეჭვს გაუჩენს – საერთოდაც ესმით კი მათ, რა არის ლიტერატურა, როგორ შეიძლება ნაწარმოების პერსონაჟსა და ავტორს შორის ტოლობის ნიშანი დასვა და, თუნდაც ავტორი პირველ პირში წერდეს, მისი ცხოვრებისეული ღირებულებები გააიგივო გამოგონილი პერსონაჟის ღირებულებებთან, თუნდაც ამ გამოგონილ პერსონაჟს ხანდახან პროტოტიპიც ჰყავდეს? მწერალი ლიტერატურული ოსტატობით, მწერლური ტექნიკით, ენის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით და სხვა მრავალი კრიტერიუმით ფასდება. წარმოუდგენელია, ერთ წერილში ყველა ეს კრიტერიუმი გავარჩიოთ, ეს ყველაფერი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. თუმცა ესეც არაა საკმარისი და მხატვრული ტექსტის შეფასებას გემოვნებაც სჭირდება. აი აქ კი მარტო სკოლის ლიტერატურის გაკვეთილები არაა საკმარისი, გემოვნების ჩამოყალიბებას სხვა ბევრი რამ განაპირობებს…

საგანი, რომელსაც სკოლაში ვასწავლი მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, სავალდებულოა და მას ცოდნის თეორია ჰქვია. ვინც იცის, იმას ახსნა არ სჭირდება რა საგანია ეს, ვინც არ იცის, იმისთვის ნამდვილად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი გამოცდილების გაზიარება. მარტივად რომ ვთქვა, ცოდნის თეორიის გაკვეთილებზე სხვადასხვა აკადემიურ საგნებში დაგროვილი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება. მოკლედ, ჩემი ჩატარებული თითქმის ყველა გაკვეთილი რაღაც თვალსაზრისით ინტეგრირებულია.

წელს ჩვენს სკოლაში საგნის მასწავლებლებს ახალი ვალდებულება დაეკისრათ, მათ მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით ყველა კლასში სემესტრში თითო ინტერდიციპლინარული გაკვეთილი უნდა ჩაატარონ. ეს კი მასწავლებელთა აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს. სანამ სასწავლო პროცესი დაიწყებოდა, სამუშაო შეხვედრებიც ჩავატარეთ. ამ შეხვედრების შემდეგ კი სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა შეიმუშავეს გეგმა, რა ტიპის ინტეგრირება განეხორციელებინათ და როგორ გასულიყვნენ მიზანზე. უნებლიეთ რამდენიმე საუბრის შემსწრეც გავხდი: ისტორიისა და ფიზიკის მასწავლებელი გეგმავდნენ ერთობლივი გაკვეთილის ჩატარებას ატომური ბომბის ისტორიაზე; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად პოსტმოდერნიზმის უკეთ ასახსნელად ერთად ჩასატარებელ გაკვეთილს მიმოიხილავდნენ; ყველაზე პოპულარული მაინც ტექნოლოგიების მასწავლებელი იყო, რადგან ბევრმა გადაწყვიტა თავისი გაკვეთილის შეწყვილება ამ საგანთან. რა თქმა უნდა, ყველა მცდელობა გარკვეული სახის შედეგს მოიტანს მომავალში, გაკვეთილებიც საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება და მოსწავლეებიც შეძლებენ საგნებს შორის კავშირების მოძებნას. თუმცა სწორედ ამ საუბრებმა გადამაწყვეტინა, რამდენიმე რჩევა მიმეცა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მზად არიან ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარონ და თავიანთ მოსწავლეებს ოდნავ განსხვავებული რაკურსით დაანახონ საგანი. ასეთი გაკვეთილების ჩასატარებლად კი, ჩემი აზრით, კარგი იქნება, ისეთი კონცეპტი ავარჩიოთ, რომელიც საზიარო იქნება რამდენიმე აკადემიური დისციპლინისათვის. რაც მთავარია, ეს არ იქნება მხოლოდ თეორიული ტიპის ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, არამედ ხშირად ცხოვრებისეული მაგალითები შეიძლება გახდეს ამგვარი გაკვეთილების ბიძგი. ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად დავეყრდნობოდი და გავაფართოვებდი ჩემი საგნის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს – პრეზენტაციას. ცოდნის თეორიაში საბოლოო შეფასების მისაღებად ყველა მოსწავლემ ერთი პრეზენტაცია მაინც უნდა გააკეთოს. ეს პრეზენტაცია ცალკეც და ჯგუფურადაც კეთდება (გათვალისწინებულია 10 წუთი თითოეულ მონაწილეზე). პრეზენტაციის ერთი მესამედი რეალური ცხოვრებისეული სიტუაციის აღწერას ხმარდება. ამის შემდეგ მოსწავლე დასვამს ე.წ. ცოდნის შეკითხვას და დანარჩენ დროს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მოახმარს ისე, რომ აუცილებლად დაეყრდნობა სხვადასხვა საგნობრივ ცოდნას. თუკი ჩემი რომელიმე მოსწავლე წერილის დასაწყისში მოთხრობილ ამბავს გამოიყენებდა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციად, მაშინ ამ სიტუაციაზე დაყრდნობით შემდეგ შეკითხვას დასვამდა: რამდენად სანდოა წარმოსახვით მიღებული ცოდნა სხვადასხვა აკადემიური დისციპლინებისათვის? პრეზენტაციის დარჩენილ ნაწილში კი მოსწავლე ისაუბრებდა წარმოსახვის როლზე ნებისმიერ ორ საგანში. ბოლოს მოსწავლე მიღებულ დასკვნებს მიუსადაგებდა თავდაპირველ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გვიჩვენებდა, როგორ შეიძლებოდა ამ დასკვნის მისადაგება სხვა მსგავს სიტუაციებზეც.

სწორედ ამ ტიპის პრეზენტაციას განვავრცობდი და ჩემ მიერ ზემოთ აღწერილ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე (real-life situation) დაფუძნებით ინტეგრირებული გაკვეთილის თემად ავირჩევდი წარმოსახვას. ასეთი გაკვეთილის ჩატარება ერთ მასწავლებელსაც შეუძლია, თუმცა ორი ან სამი (გააჩნია, წარმოსახვის როლს რამდენ და რომელ საგანში განვიხილავდით) მასწავლებლის კოოპერაციაც მისასალმებელია. ამ გაკვეთილზე შევეცდებოდი, მოსწავლეებისთვის არა მარტო ის ამეხსნა, თუ რა როლი ეკისრება წარმოსახვას ცოდნის სხვადასხვა სფეროში, არამედ თავად მოსწავლეებს მივცემდი საშუალებას დაფიქრებულიყვნენ და მიმხვდარიყვნენ წარმოსახვის როლზე. წარმოსახვა რომ უმნიშვნელოვანესი იარაღია ცოდნის მიღების პროცესში, ამაზე აღარავინ არ დაობს. სამწუხაროდ, ბევრი მიიჩნევს, რომ წარმოსახვა მხოლოდ ხელოვნებისა და ლიტერატურის საკუთრებაა. არადა, აინშტაინიც ამბობდა, რომ წარმოსახვა ცოდნაზე მთავარია. ამ გამონათქვამის გასაგებად მოსწავლეებს საშუალებას მივცემდი, საბუნებისმეტყველო საგნებში წარმოსახვის აუცილებლობაზე დაფიქრებულიყვნენ, შევახსენებდი ისეთ მაგალითებს, საიდანაც ნათლად ჩანს, როგორ ივარაუდეს მეცნიერებმა ესა თუ ის მოვლენა იქამდე, სანამ ტექნოლოგია ამ მოსაზრებას საბოლოოდ დაამტკიცებდა (ატომების თეორია და მიკროსკოპი, ჰელიოცენტრიზმი და ტელესკოპი და სხვ.). როდესაც მოსწავლეები დარწმუნდებოდნენ, რომ წარმოსახვის გარეშე თითქმის შეუძლებელია სამეცნიერო ჰიპოთეზის გამოთქმა საბუნებისმეტყველო დარგებში, შემდეგ ისტორიაზე გადავიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაც სხვა დარგების მსგავსად ფაქტებს ეფუძნება, ფაქტებს ახსნა სჭირდება. ხშირად სწორედ ფაქტების ახსნისათვის სჭირდებათ ისტორიკოსებს წარმოსახვა. და ბოლოს გაკვეთილს ლიტერატურით (თუ დრო დამრჩებოდა, ხელოვნების დარგებსაც შევეხებოდი) დავასრულებდი. წარმოსახვის გარეშე წარმოუდგენელია მწერალი. იმისათვის რომ შეთხზას, მას ულევი ფანტაზია სჭირდება, თანაც, თუკი უნდა, რომ კარგად შეთხზას, მას წარმოსახვაც ძალიან კარგი უნდა ჰქონდეს. აბა, დაფიქრდით, არტურ კონან დოილისთვის რომ ესაყვედურათ კარგი წარმოსახვის უნარის გამო და იმ პერიოდში ინგლისში ჩადენილი ნებისმიერი მკვლელობა მისთვის დაებრალებინათ. თუმცა ლიტერატურის ისტორიამ არაერთი ასეთი მაგალითი იცის, ზოგიერთი მათგანი ავტორისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა: სოკრატეს სასამართლო პროცესზე არისტოფანეს კომედიის პერსონაჟს დასდეს ბრალი და ფილოსოფოსი სოკრატე მისი, ამ ლიტერატურული პერსონაჟის ცოდვებისთვის გაასამართლეს. ამ საბედისწერო გაუგებრობის გამო არისტოფანეს მკვლევარებს დღემდე უწევთ კომედიოგრაფის დაცვა; ნაბოკოვის „ლოლიტა’ არაერთ ქვეყანაში აიკრძალა, ხოლო მწერალს ბევრმა უბირმა მკითხველმა პედოფილობაც დააბრალა, ეძებდა რა დამთხვევებს რომანის ეპიზოდებსა და მწერლის ცხოვრებას შორის. ფეისბუქის ქართველ მომხმარებელთა ნაწილის ლოგიკითაც, მწერლის კარგი წარმოსახვის უნარი უპირატესობა კი არაა, არამედ მწერალი პერსონაჟებისთვის გამოგონილი ნააზრევისა და ქმედებების გამო ერის წინაშე სცოდავს. რას ვიზამთ, ამავე ლოგიკას თუ მივყვებით, აინშტაინი ყველაზე დიდი ცოდვილი იყო, როდესაც ცოდნაზე მაღლა სწორედ წარმოსახვის უნარს აყენებდა…

და ბოლოს, თუკი ერთ ინტეგრირებულ გაკვეთილს ჩაატარებთ წარმოსახვაზე, შეეცადეთ, თქვენც მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი წარმოსახვა და გაკვეთილი დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ მოსწავლეებისათვის! ჩემი შემდეგი წერილი კი სწორედ მოგონებაზე იქნება…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...