ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
11 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

მეათე კლასში შესასწავლი პროგრამული მასალის შესახებ

0

დაკვირვების ობიექტი – ჰაგიოგრაფიული ტექსტები

საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესი ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და ემსახურება კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც გაწერილია ზოგადი განათლების სისტემისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტში „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ”. სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს იმას, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა, შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. ეროვნული სასწავლო გეგმის ვრცელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას. ამ კონცეფციის აღმავლობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ხელი შეუწყო 70-იანი წლებიდან სხვადასხვა სამეცნიერო დარგში (კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, ნეირო მეცნიერებებში, განათლების მეცნიერებებში, ფსიქოლინგვისტიკაში, ენების დიდაქტიკაში და სხვ.) მიმდინარე ინტენსიურმა კვლევებმა, რომლებმაც მეცნიერულად დაასაბუთეს მისი უპირატესობა მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებისათვის, შესაბამისად, ისეთი მოქალაქის აღზრდისათვის, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს.

პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.

სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით”.

ეროვნული მიზნების მისაღწევი გარემოს და რესურსების შექმნაში უამრავ სხვა ფაქტორს შორის მოიაზრება საათობრივი ბადის განსაზღვრა, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული დატვირთვის ოდენობას კლასებისა და საგნების მიხედვით და აგრეთვე სახელმძღვანელოები, რომლებსაც სპეციალური წესების დაცვით არჩევს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულება და ანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს – „გრიფს”. გრიფის მინიჭებით სახელმძღვანელო უპირატესობას იძენს ყველა დანარჩენ სასწავლო რესურსთან შედარებით, რაც უკავშირდება სწავლებისას მის ძირითად და სავალდებულო მასალად გამოყენებას.

რას და როგორ სწავლობენ მოზარდები ჩვენთან? რამდენად შეესაბამება პროგრამული მასალა ზემოთაღწერილ მიზნებს? უშუალოდ რომელი ტექსტების გამოყენებით მიიღწევა ის კონკრეტული კომპეტენციები, რაც სტანდარტშია თავმოყრილი? რა პრინციპითაა შედგენილი გრიფირებული სახელმძღვანელოები? რამდენად და როგორ ესმით მოსწავლეებს ის, რასაც კითხულობენ, შეიმეცნებენ და სწავლობენ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით? რა უწყობს ხელს და, პირიქით, რა აფერხებს სწავლისა და სწავლების პროცესს? რა განწყობით უდგებიან ისინი შესასწავლ მასალას?

ამ არცთუ მარტივ კითხვებზე პასუხების გაცემა ერთი ბლოგის ფარგლებში, ცხადია, შეუძლებელია, წერილს ამის პრეტენზია ვერ ექნება. შევეცდებით, მხოლოდ რამდენიმე დაკვირვება და მოსაზრება გაგიზიაროთ, თუმცა საკითხის დასმა, მასზე მსჯელობა და პრაქტიკოსი მასწავლებლების მოსაზრებების მოსმენა, რაც, სასურველი შედეგი იქნებოდა, უკვე ძალზედ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

საკითხი რომ საკმაოდ ვრცელი და მრავლისმომცველია, ესეც ცხადზე ცხადია. ამიტომ, შევეცდებით, ერთ კონკრეტულ პრობლემაზე ვკონცეტრირდეთ. დაკვირვების ობიექტად სწავლების საშუალო საფეხური შევარჩიეთ.

საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა.

კლასი – მეათე.

შესასწავლი საპროგრამო ტექსტები ძველი ქართული მწერლობის ნიმუშებია. მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება”, იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება” და გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”.

ამავე კლასში ისწავლება შოთა რუსთაველის პოემა, სულხან საბა ორბელიანის იგავები წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა” და ნაწყვეტები დავით გურამიშვილის „დავითიანიდან”.

პროგრამა, როგორც ხედავთ, საკმაოდ მოცულობითია. წერილში შევჩერდებით მხოლოდ ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლის თანმდევ სირთულეებზე.

შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ შესასწავლი ტექსტების შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ( რა შედეგების მიღწევაა ნავარაუდები) და რამდენადაა შესაძლებელი მოცემული საათობრივი გადანაწილების პირობებში ამ შედეგებზე გასვლა. ასევე, ყურადღებას შევაჩერებთ მოსწავლეთა დამოკიდებულებაზე შესასწავლი მასალის მიმართ, რადგან, ვფიქრობთ, მნიშნელოვანია, რა განწყობით, რა დამოკიდებულებით უდგება სწავლების ობიექტი ( მოსწავლე) შესასწავლ მასალას.

საათობრივი ბადის თანახმად, მეათე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურას ეთმობა 5 საათი.

გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან დაკვირვებისთვის ავიღეთ გამომცემლობა „მერიდიანის” მიერ გამოცემული სახელმძღვანელო მანანა გიგინეიშვილის, ლაურა გრიგოლაშვილის და ვახტანგ როდონაიას ავტორობით. მეთოდური სახელმძღვანელოს მიხედვით, იაკობ ცურტაველის და გიორგი მერჩულის ნაწარმოებების შესწავლას ეთმობა 15-15 აკადემიური საათი, იოანე საბანისძის „აბოს წამებას” კი 12.

თითოეული ტექსტის შესწავლის პარალელურად, მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწიებულ კონკრეტულ კომპეტენციებს უნდა დაეუფლონ. მეთოდური მითითებების თანახმად, განაწილება ასეთია:

ცხრილიდან ჩანს, რომ ესგ-ს შესაბამისი შედეგები სამივე ჰაგიოგრაფიული ტექსტის შესწავლის პარალელურად ერთმანეთს ფარავს. (სამივე ტექსტი ერთი და იმავე შედეგების მიღწევას ემსახურება მცირედი განსხვავებით. განსხვავებებიც პირობითია, რადგან ერთი ტექსტის ფარგლებში მონიშნული ნებისმიერი შედეგის მიღწევა სავსებით შესაძლებელია).

რაც შეეხება ტექსტის კითხვის სტრატეგიას – „შუშანიკის წამების” კითხვისას მოსწავლემ ეპოქის მსოფლხედველობის გათვალისწინება უნდა შეძლოს, „აბოს წამების” კითხვისას – ტექსტის დაკავშირებაა მნიშვნელოვანი ისტორიულ კონტექსტთან, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” შემთხვევაში კი კითხვის სტრატეგიად პერიფრაზირება მოიაზრება. განსხვავებულია მხატვრული ანალიზის ელემენტების და ტექსტის ენის შესწავლის მიზნები. ენის შემთხვევაში მოსწავლე, ძირითადად, ძველი ქართული ენის გრამატიკის თავისებურებებს შეისწავლის, მხატვრული ანალიზის შემთხვევაში კი ისეთ ცნებებს, როგორიცაა კომპოზიცია, სიმბოლო, ავტორი-მთხრობელი-პერსონაჟი, გმირი და ანტიგმირი.

კითხვები, რომლებიც პრაქტიკოს მასწავლებელს ამ კონტექსტში შეიძლება გაუჩნდეს ასეთია: თუ შესაძლებელია ესგ-ს შედეგებზე გასვლა ერთი კონკრეტული ტექსტის ფარგლებში, მიზანშეწონილია თუ არა ამ რაოდენობით ძველი ტექსტების დამუშავება?

რამდენად ხერხდება მოცემული სააობრივი განაწილების პირობებში ამ შედეგების სრულყოფილად დაფარვა? ამ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ტექსტების შესწავლის დროს მასწავლებელიც და მოსწავლეც „იძულებულია” საკმაოდ დიდი დრო დაუთმოს ტექსტის „თარგმნას” ანუ პერიფრაზირებას. საკუთარი სიტყვებით გადმოცემას, შინაარსის გაგების გარეშე ხომ წარმოუდგენელია უფრო მაღალი სააზროვნო დონის სამუშაოს შესრულება. პერიფრაზირება კი მხოლოდ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” შესწავლის დროს არ ხდება. პედაგოგები დამეთანხმებიან, რომ თითოეული ტექსტის შესწავლისას მოსწავლეებს უხდებათ ლამის მთელი ნაწარმოების პერიფრაზირება.

მოსწავლეთა დამოკიდებულება, მათი განწყობა ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლის დროს დამაფიქრებელია. რამდენად მიზანშეწონილია მათთვის იმ შრომის ხარჯზე მისაღწევი შედეგების მიღწევა(ან ვერმიღწევა…), რასაც ესგ-ს თანახმად უნდა მიაღწიონ?რა მოსაზრებები აქვთ მათ ჰაგიოგრაფიული ტექსტების ამ რაოდენობით შესწავლის დროს?

ამ და ზევით მოცემულ სხვა კითხვებზე სწორედ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა ვიმსჯელოთ, რადგან ერთია უდიდესი ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ღირებულებების მქონე ტექსტების სასკოლო პროგრამის ფარგლებში შესწავლის სურვილი და მეორეა ის რეალური ვითარება, რაც კლასებშია.

დავაზუსტებ – ტექსტების მნიშნელობასა და ღირებულებებზე არავინ დავობს, ეს ერთმნიშვნელოვანია. კითხვებს ოდენ სწავლების მიზნები, ამ მიზნების მიღწევის გზები და ის პირობები ბადებს, რაც სწავლების პროცესში იკვეთება.

ამჯერად წერილში არ ვსაუბრობთ არანაკლები მნიშნელობის მქონე ერთ საკითხზე, რადგან ეს ცალკე კვლევის და შესწავლის საგანია – ჰაგიოგრაფიული ტექსტები, თავისი დანიშნულებით, ჟანრობრივი სპეციფიკით, რელიგიური ტექსტებია და მათი შესწავლის დროს მასწავლებელი საკმაოდ ღრმად უნდა იყოს გათვითცნობიერებული რელიგიურ საკითხებში, პროცესში მას არაერთხელ უხდება რელიგიურ სიმბოლიკაზე, ბიბლიურ და სახარებისეულ პარალელებზე, რელიგიურ დღესასწაულებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება. შედეგად, არის საშიშროება, რომ ტექსტი, განიხილებოდეს არა როგორც მხატვრული ლიტერატურის ნიმუში, არამედ როგორც საკრალურ-რელიგიური დანიშნულების მქონე ტექსტი.

ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანა – შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას, რამდენად ხორციელდება ამ რაოდენობით ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლის ხარჯზე, რადგან მოსწავლეებმა საკმაოდ მოცულობითი შინაარსობრივი დეტალები უნდა დაიხსომონ, რათა შესძლონ „ფუნქციური ცოდნის” დონის შესაბამისი სააზროვნო უნარების განვითარება.

და ბოლოს, საატესტატო გამოცდების კითხვები, რომლებიც ორიენტირებულია, მეტწილად, იმის შემოწმებაზე, თუ რა ახსოვს მოსწავლეს, განაპირობებს იმგვარ დამოკიდებულებას, რომ შემაჯამებელ სამუშაოებსა თუ ტესტებში მასწავლებლები სწორედ ინფორმაციის ათვისების ხარისხზე ამახვილებენ ყურადღებას.

სულ სხვანაირი საქართველო

0
იყო დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ტურისტები პირველ რიგში საქართველოს პროვინციებით ინტერესდებოდნენ, ანუ თბილისის აურზაურსა და მტვრის ყლაპვას პატარა პროვინციულ ქალაქებში დაბინავება ერჩიათ და მთელი ის ღირებულება, რაც კი ჩვენს ქვეყანას გააჩნია, სწორედაც რომ პროვინციებიდან შეეგრძნოთ და დაენახათ.
მაშინ დროც ისეთი იყო, როცა საქართველოს პატარ-პატარა დაბაქალაქებს პატრონიც ჰყავდა, მომვლელიც და მცხოვრებლებიც. დღეს კი რაიონულ ცენტრებში ჩასულებს ისეთი საშინელი სურათი დაგხვდებათ, რომ შეუძლებელია რამე ან თუნდაც კარგი პერსპექტივის იმედი დაგრჩეს ადამიანს.
საქართველოს მთელი მისი ისტორიის მანძილზე მუდამ პროვინციებით ედგა სული. თუკი რაიმე ღირებული, ფასეული და ეროვნული იქმნებოდა, ესეც რეგიონებში იყო. არ ვიცი, რომელი ერთი სფერო გამოვყოთ, რითაც საქართველოს პროვინციების გარეშე ერთსაუკუნოვანი სიცოცხლე ვერ შეუნარჩუნდებოდა. ესეც არ იყოს, დღეს უზარმაზარ თავკომბალას დამსგავსებულ ჩვენს დედაქალაქს, ბევრ რამეში, ლიტერატურიდან დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული, კრიზისები რომ დახვევია, განა ესეც იმის დასტური არაა, რომ ქართული რეგიონები დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს?
ყველანი თბილისში ვართ. მთელი საქართველო უზარმაზარ კორპუსებში გამომწყვდეულა და საკუთარ პრობლემებს რის ვაი-ვაგლახით აგვარებენ. პროვინციები კი ხალხისგან იცლება. ბოლო წლებში, ვინც კი თუნდაც რამდენიმე საათით საქართველოს ნებისმიერ პატარა ქალაქში მოხვედრილხართ, უმალ იგრძნობდით, რომ მხოლოდ ძველი სიცოცხლის ნაშთებზე აღმოჩნდით. ყველაფერი, საგნებიც კი, სიცოცხლისგან დაცლილია. ავტომობილის ფანჯრებიდან დანახული თითო-ოროლა ადამიანის არსებობა გარწმუნებთ, რომ ამ ქალაქში წესით და რიგით სულიერი არსებები უნდა ცხოვრობდნენ.
ათიოდე დღის წინ ერთბაშად რამდენიმე ასეთი პატარა დაბა-ქალაქის მონახულება მომიხდა. აქედან სამი აღმოსავლეთ საქართველოში, ორი კი – დასავლეთით მოვინახულე. ყველა ეს ქალაქი თავის დროზე ერთმანეთისგან ძირეულად იყო განსხვავებული, როგორც მცხოვრებთა ჩვევებით, ისე ცხოვრების წესითაც. ამჟამად კი ძალიან ძნელია მათში რაიმე განსხვავების პოვნა – დღევანდელობამ ეს ქალაქები ერთმანეთს სრულიად დაამსგავსა. ძალიან უნდა მოინდომოს ადამიანმა, რომ ასეთ ქალაქებში ახალგაზრდებს მიაგნოს. ძირითადად მოხუცები არიან შემორჩენილნი, მშვიდი, პროვინციული ცხოვრებით.
ასეთ ქალაქებში ასევე ნახავთ თითო-ოროლა კაფესა და მეტ-ნაკლებად ნორმალურ რესტორანსაც, რომლებშიც ისევ და ისევ დედაქალაქიდან ჩამოსული ამ ქალაქის მკვიდრები დადიან. თეატრები და კლუბები თითქმის ყველგან დახურულია. ეს შენობები ერთ დროს სახელოვნებო დატვირთვას რომ ატარებდნენ, ამას მხოლოდ ოდესღაც გაკრული აფიშების ნაფლეთები შეიძლება მეტყველებდეს. ხანდახან ძველ აფიშებზე ასეთ რამესაც ამოიკითხავთ: „21 მარტი, სპექტაკლი „მომავლის იმედი”, ფასი 1 მანეთი და 20 კაპიკი”. ღმერთმანი, ნიშანდობლივი რამაა..
პროვინციებში ბოლო დროს თუ რაიმემ ფუნქციონირება დაიწყო, ეს ეკლესიებია. ეკლესიები, სადაც შაბათ-კვირას შვილიშვილებზე ხელჩაკიდებული ბებია-ბაბუები დადიან.
ესეც რომ არ ჰქონდეთ, ალბათ მთლად გაუსაძლისი იქნებოდა ამ ადამიანების ყოფა. პატარა ქალაქებში ვისაც შედარებით ხალხმრავლობის ნახვა გსურთ, სამ ადგილს – ბაზარს, რკინიგზის სადგურს და ავტოსადგურს უნდა ეწვიოთ. სადგურებშიც წამსვლელი ადამიანების რიცხვი მომსვლელებზე მეტია. რკინიგზის სადგურზე მატარებლის ბაქანზე ჩამოდგომის შემდეგ თითქოს ცოტა ხნით ცოცხლდება იქაურობა. ხალხის ფუსფუსი დროებით ილუზიას ქმნის, რომ არც მთლად ყველაფერი ჩამკვდარა, მაგრამ მატარებლის სადგურიდან გასვლის შემდეგ გრძნობ საშინელ პროვინციულ მოწყენილობას. მე ამ მოწყენილობას დარჩენილი ადამიანის მწუხარებას დავარქმევდი.
ასეთია 21-ე საუკუნის პატარა პროვინციული ქართული ქალაქები! ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ასე ჩანს. ალბათ ძალიან კარგი იქნება, თუ ყველანი ჩვენს გულებში და ერთ დროს მშობლიურ პატარა ქალაქებში ჩავიხედავთ. ჩავიხედოთ და იქნებ მათ გადარჩენაზეც ვიფიქროთ ხანდახან.

რამ დამაბერა…

0

გასული საუკუნის 60-იან წლებში წითლად შეღებილი მსოფლიოს მეექვსედის ლიდერი ხელქვეითებს დაჰპირდა, ორ ათეულ წელიწადში დედამიწაზე სამოთხეს აგიშენებთო… გავიდა ის ოცი წელიც, მაგრამ სოციალიზმიდან გამოსულმა მატარებელმა კომუნიზმის აღთქმულ სადგურს ვერ მიაღწია, 80-იან წლებში კი სულაც გადავიდა რელსებიდან. თუმცა გამოსავალი მოიძებნა – იქვე ახალი სადგური ააშენეს და „განვითარებული სოციალიზმი” დაარქვეს.

ჩემმა სიჭაბუკემ სწორედ ამ სადგურის ბაქანზე გაიარა. ცხადად მახსოვს ცივი, მინებჩამსხვრეული მოსაცდელი, რომელსაც ნიკოლოზის დროინდელი ჩამქრალი ბუხარი ამშვენებდა – მისი გამოცივებული და გაჭვარტლული კედლები უფრო მეტად აცივებდა ატმოსფეროს. იქვე პატარა წიგნის მაღაზიაც იყო – თითქმის მუდამ ცარიელი თაროებით… გზაარეული თუ შეივლიდი დროის მოსაკლავად ან უცაბედად წამოსული წვიმისგან თავის შესაფარებლად… ხმები დადიოდა, ამ მაღაზიაში კარგი წიგნებიც იყიდება, მაგრამ ორმაგ ფასად, დახლს ქვემოდან და სანდო ხალხზეო. მე არც ფული მქონდა საკმარისი და არც სათანადო ნდობის მოპოვება შემეძლო… თუმცა ერთხელ გურამ თიკანაძის ფოტოალბომის თაროზე შემორჩენილ ერთადერთ ეგზემპლარს წავაწყდი. პირველად ვნახე ასე ლამაზად გაფორმებული წიგნი. დღესაც არ ვიცი, რამ გადაარჩინა დახლის ქვეშიდან ვიღაცის მისაღებ ოთახში, გამოსაჩენ ადგილას გადანაცვლებას. ალბათ იმან, რომ გარეკანი შელანძღული ჰქონდა… დიახ, იყო ასეთი დროც, როცა წიგნი ყდით ფასობდა და არა შიგთავსით… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემოძენძილი ყდის წყალობით ალბომი მე მხვდა წილად. ეს კი ის ფოტოა, რომელიც გადაშლისთანავე შემომეგება…

ბერიკაცი, ოდნავ დამორცხვებული, გარუჯული და ხელებდაკოჟრილი… ოფლს ისე დაუღარავს მისი სახე, როგორც ღვარცოფებს – მთის ფერდობი. ალბათ ამიტომაც ჰქვია მის მოწეულ მოსავალს ჭირნახული…

და რატომ ვბერდებით? ან რა არის სიბერის ნიშანი? აქვს სიცოცხლეს საზღვარი? თუ ბერდება ზღვა, ქვა, მთა, რკინა, განცდა, იმედი, ოცნება? რა თქმა უნდა. ბერდება ყველა და ყველაფერი… ცოცხალი და არაცოცხალი, მატერიალური და არამატერიალური… უბრალოდ, ყველას სიცოცხლეს თავისი ზღვარი აქვს… ზოგი ადრე გალევს სიცოცხლის ბილიკს, ზოგი – გვიან… ზოგი სწრაფად გარბის თავისი ცხოვრების ჰორიზონტისკენ, ზოგი კი ზლაზვნით მიუყვება ნარეკლიან გზას… ერთი კია – ყველას სხვადასხვა გზაა აქვს გასავლელი…

ჟამთა ცვლა ცვეთს ყველაფერს – ქვასა და ხეს, მთასა და ზღვას, მანქანასა და რკინას, განცდასა და იმედს… უჯრედსაც…

დაბერების ფენომენს დიდი ხანია სწავლობენ ქიმიკოსები, ბიოლოგები და ორივე დარგის მეცნიერები ერთად. უამრავი თეორია თუ მოსაზრება წამოაყენეს, თუმცა ბოლომდე სანდო – ვერც ერთი.

თანამედროვე მეცნიერება ორი ძირითადი თეორიით ხსნის ნაოჭების გაჩენას: გენეტიკური პროგრამირების და ე.წ. გადაგვარების (ან შეცდომების) თეორიებით.

პირველი ტიპის თეორიების თანახმად, სიბერე ისევეა დაპროგრამებული ჩვენს გენეტიკაში, როგორც ბიოლოგიური ციკლის სხვა რგოლები: დაბადება, ზრდა, განვითარება… კვლევები აქ სამ მიმართულებად იყოფა:

1. პროგრამირებული ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის თეორია, რომლის თანახმადაც, სიბერე განპირობებულია განსაზღვრული გენების თანმიმდევრობითი ჩართვა-გამორთვით. განსაზღვრული ხნის შემდეგ ეს გენეტიკური „გადამრთველი” მწყობრიდან გამოდის, იწყება ასაკობრივი დეფიციტი და ჩვენი ორგანიზმის მანქანაც ნელ-ნელა ძაბუნდება.

2. ენდოკრინული თეორია: ჰორმონები ჩვენი ბიოლოგიური საათის მოჭიმულ ზამბარას წარმოადგენს. დოქტორმა ვან ჰეემსტმა დაადგინა, რომ ინსულინ/IGF-1 სიგნალირების (IIS) გზა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თმის შევერცხლაში. დროთა განმავლობაში ამ ჰორმონების გამომუშავება მცირდება და ჩვენი საათიც ჯერ ჩამორჩენას იწყებს, მერე კი საერთოდ ჩერდება.

3. იმუნოლოგიური თეორია: იმუნური სისტემა, ჩვენი ორგანიზმის ჟანდარმი, დაპროგრამებულია დროის ფუნქციით. დროთა განმავლობაში ის ფუნქციობას წყვეტს, რასაც გულისცემის შენელება და შეწყვეტაც მოსდევს. დაუცველ ორგანიზმში ერთი პატარა უცხოტომელის მოხვედრა ლეტალურ შედეგს იწვევს.

მეორე ტიპის მიდგომების მიხედვით კი სიბერე გამოწვეულია გარეგანი ზემოქმედებით, რომლის შედეგადაც უჯრედები დროთა განმავლობაში ისევე ცვდება და გამოდის მწყობრიდან, როგორც ორთქლმავლის ან სხვა აგრეგატის მოძრავი თუ უძრავი ნაწილები.

გადაგვარების თეორია, თავის მხრივ, შემდეგ მიმართულებებად იყოფა:

● თეორია „ატარე-გაცვითე”. ეს ერთ-ერთი უძველესი თეორიაა (1882 წელს წამოაყენა გერმანელმა ბიოლოგმა ავგუტს ვეიმანმა) და, ერთი შეხედვით, ყველაზე მარტივად ხსნის სიბერეს, რადგან მრავალ ყოფით, თვალნათელ მოვლენასთან შეიძლება პარალელის გავლება, მაგრამ ბიოლოგიური პროცესების მექანიზმი გაცილებით რთულია, ვიდრე ავტომანქანის საკისრების ცვეთისა.

● სიცოცხლის სიჩქარის თეორია. დაბადებიდან სიკვდილამდე მანძილს მით უფრო სწრაფად გავდივართ, რაც უფრო ჭარბადაა ჩართული ჟანგბადი სასიცოცხლო პროცესებში. მეტია ჟანგბადის კონცენტრაცია? – უფრო სწრაფად მიმდინარეობს ჟანგვა და ორგანიზმიც უფრო მალე იფიტება. მაგრამ ამ თეორიით ვერ ხერხდება ახსნა, მთაში, სუფთა ჰაერზე დაბადებულ-გაზრდილები რატომ ცოცხლობენ უფრო მეტს, ვიდრე გაჭვარტლული ქალაქის მკვიდრნი.

● ჯვარედინი კავშირების თეორია, რომელიც 1942 წელს წამოაყენა იოჰან ბიორკსტენმა. ამ თეორიის თანახმად, ცილებს შორის ჯვარედინი კავშირების წარმოქმნა აავადებს უჯრედებსა და ქსოვილებს, რასაც დაბერებამდე მივყავართ.

● თავისუფალი რადიკალების თეორია. ის პირველად 1954 წელს გაახმოვანა გერშმანმა, თუმცა მოგვიანებით დენჰამ ჰარმანმა კიდევ უფრო საფუძვლიანად შეისწავლა. ამ მოძღვრების თანახმად, ორგანიზმში წარმოიქმნება თავისუფალი სუპეროქსიდები და სხვა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უჯრედის მაკრომოლეკულური სისტემების დესტრუქციას და, შესაბამისად, სიბერეს იწვევს.

როგორც ხედავთ, თეორია ბევრია, დამაჯერებელი ახსნა კი ჯერ არ ჩანს. თითოეულ მათგანს უამრავი გამონაკლისი ან აუხსნელი მომენტი აქვს, უფრო მეტიც – ზოგი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც მოდის. ყოველივე ამის მიზეზი კი სისტემის ცოცხალი ორგანიზმის „საამქროს” რთული მოწყობაა… გაივლის დრო და ალბათ კიდევ არაერთი თეორია გაჩნდება… და ასე იქნება, სანამ ადამიანი პასუხს არ გასცემს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით კითხვას – „რატომ ვბერდებით”.

თუ ჩემი მცდელობა, დაბერების ბიოქიმიური საწყისები ამეხსნა, ამაო აღმოჩნდა, ივანე წიკლაურს მოუსმინეთ – ის უფრო მარტივი ენით ხსნით ამას: (https://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=4382)

ან მოუსმინეთ:

როზენტალის ეფექტის თანახმად

0

ამის წინ ჩვენი ინტერნეტგაზეთისთვის სტატია დავწერე, ,,სოფლის მასწავლებელი” ერქვა. მერე გავიფიქრე, რომ იოლია ადამიანების გულამდე მიიტანო სოფლის მასწავლებლის პორტრეტი, ვინაიდან მათი ცხოვრების რომანტიკულ საბურველში გახვევისა და მხატვრულ ხასიათებად ქცევის ტრადიცია ათწლეულებია არსებობს _ ეს გაკვალული გზაა, მაგრამ დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბნების პრესტიჟულ სკოლებშიც ასწავლიან პედაგოგები, რომლებიც არანაკლებად ჰგვანან ლიტერატურულ პერსონაჟებს.

ქალბატონი ნინო მგალობლიშვილი, 53-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ჩემ წინ ზის და მაფრთხილებს:

_ ჩემზე ან ძალიან კარგს გეტყვიან, ან ძალიან ცუდს. იცოდე, ორივე გადაჭარბებულია _ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვარ.

თუმცა ფაქტია, ჩვეულებრივი მასწავლებლები იშვიათად ახერხებენ თავიანთი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იტოვებდნენ ყოფილ მოსწავლეებს _ მათ სამუდამო მეგობრებად რჩებოდნენ.

_ პირველ ხანებში ძალიან მკაცრი ვიყავი, თუმცა გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ სიმკაცრის გამოჩენა აღარ მჭირდება, _ ამბობს ქალბატონი ნინო.

,,პირველი ხანები” იყო მაშინ, როდესაც 20 წლისა პირველად შეუშვეს სრულიად გადარეულ მეექვსეკლასელებთან, როცა მის გაკვეთილებზე ერთი აურზაური და ბასტი-ბუბუ იყო, როცა გადაწყვიტა, რომ მასწავლებლობა მისი საქმე არ იყო, მაგრამ ასე დამარცხებულსაც არ უნდოდა წასვლა სკოლიდან. ჰოდა, მეათე კლასელებთან გადაიყვანეს და წლის ბოლოს წავიდა… გამარჯვებული.

ქალბატონ ნინოს ხელში ჩაის ფინჯანი უჭირავს და საუბარს აგრძელებს, მე კი ვფიქრობ იმაზე, რომ დღემდე ვერ მიპოვია საკუთარ თავში ძალა, ვილაპარაკო ახალბედა მასწავლებლობისას განცდილ ფიასკოთა შესახებ. ალბათ, ამ ამბების ასე უმტკივნეულოდ გახსენება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საბოლოოდ დარწმუნდება საკუთარ ძალებში…
მას შემდეგ, რაც სრულიად ახალგაზრდა მსოფლიოს ყველაზე სტრესული პროფესიის მარწუხებს დააღწევ თავს, ალბათ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ყველასთვის საყვარელი ფაცია პაიჭაძის გვერდით მუშაობა და დისერტაციის წერა ნამდვილი შვება უნდა იყოს, მაგრამ ერთ დღესაც მან ხელმეორედ სცადა ბედი.

_ იმიტომ, რომ ვერავისთან ვიმუშავებ, ბავშვების გარდა, მიჭირს ჩემი და მომდევნო თაობების ადამიანებთან ურთიერთობა, _ შესაშური გულწრფელობით მიმხელს ქალბატონი ნინო და მეც ვხვდები, რომ ამგვარი გულწრფელობა მხოლოდ ბავშვებს არ აცბუნებთ.

მისი პირველი სადამრიგებლო კლასი 53-ე სკოლაში ყველაზე რთულად ითვლებოდა: ,,რთულებთან მიყვარს ურთიერთობა, საინტერესო ხალხია”, _ ამბობს ნინო მასწავლებელი, რთულების გამოზრდა და გამოწვრთნა, მათი გულის მოგება ყველაზე აზარტული საქმიანობაა. ამ კლასის მასწავლებელი და დამრიგებელი იყო ცხრა წელი და რა გასაკვირია, რომ ერთმანეთისთვის დაუვიწყარნი აღმოჩნდნენ: ამ კლასის მოსწავლეები ურეკავენ დღემდე მიწისძვრის შემდეგ, როცა ჭაღები ჯერ კიდევ ქანაობს; ამ კლასის მოსწავლეები ეჩხუბებიან დედებსა და ცოლებს, თუკი მათ სახლის დალაგებისას უპატიებელი შეცდომა ჩაიდინეს და ნინო მასწავლებლის მიერ კარგი ყოფაქცევისათვის გაცემული ორდენები გადაყარეს; ამ კლასის მოწაფეები ულოცავენ პირველები ყოველ დღესასწაულს…

კარგა ხანია ის მკაცრი აღარ არის და რომც იყოს, ძნელი მოსაფიქრებელია, თუ რით შეიძლება შეაშინო თანამედროვე ბავშვები, მაგრამ მის გაკვეთილებზე მაინც ისმის ის, რასაც ყველა მასწავლებელი მოითხოვდა ჩვენგან _ ბუზის გაფრენის ხმა.

ეს იმიტომ, რომ იგი ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე, როგორც მისტერ კიტინგი ,,მკვდარი პოეტების საზოგადოებიდან”: მის გაკვეთილზე არასოდეს ისმის _ ,,გადაშალეთ იმ გვერდზე, რომელზეც წინა გაკვეთილზე გავჩერდით”, სამაგიეროდ, ისმის ლექსები, რომლებიც არ არის სასწავლო პროგრამაში, რეზო ინანიშვილის მოთხრობები, ნაწყვეტები ,,სახარებიდან”. და ამ ყველაფერს მოსწავლეები გასუსული ისმენენ, რადგან უკვე იციან ლიტერატურის ფასი. შეიძლება ერთ დღესაც ადგნენ და გაკვეთილიდან გამოფენაზე წავიდნენ მოსწავლემასწავლებლიანად, მეორე დღისთვის კი საშინაო დავალებად ირაკლი ფარჯიანის ნახატებზე რეცენზიის დაწერა ჰქონდეთ. და მერე რა? ბავშვები არა მხოლოდ შესანიშნავად ხატავენ, თურმე შესანიშნავად წერენ რეცენზიებსაც გამოფენების შესახებ.

ახლა კი ყველა მასწავლებლის მთავარი დილემა, როგორ მოვიშინაუროთ პატარა მელაკუდები:

_ ყველაზე ქმედითი ე.წ. ,,როზენტალის ეფექტია”, _ ამბობს ქალბატონი ნინო, _ უთხარი მოსწავლეს, რომ ისეთია, როგორიც გინდა, რომ იყოს და მალე ეს სიმართლედ იქცევა. გაუმხილე, რომ გიყვარს და შენს სიყვარულს გაუფრთხილდება.

სიყვარულისა და მზრუნველობის დეფიციტი, ნინო მასწავლებლის აზრით, ახალი თაობის ყველაზე დიდი პრობლემაა: ბავშვები აღარ იზრდებიან დიდ ოჯახებში, სადაც გარდა მშობლებისა, ბებია-ბაბუებიც ევლებოდნენ თავს; მათ დიდ ნაწილს დედა ან მამა (ანდა ორივე მშობელი) საზღვარგარეთ ჰყავს, ვისაც გვერდით ეგულება, მასაც მხოლოდ საღამოობით, დამღლელი დღის შემდეგ სამსახურიდან დაბრუნებული. მშობლებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ შვილებისათვის.

ამიტომ მასწავლებლებმა კიდევ მეტად უნდა შეიყვარონ ბავშვები. მაგრამ მასწავლებლებს, როგორც ყველა სხვას, ,,საკუთარი დროც” სჭირდებათ, ნინო მასწავლებელს კი _ განსაკუთრებით. საღამოობით სპარსულ და გერმანულ წიგნებს კითხულობს, ამ ენებზე შექმნილ პოეზიას თარგმნის. დროდადრო გერმანიაში მოხსენებებსაც კითხულობს ქართული ლიტერატურის შესახებ და უკვე ძალიან ბევრი გერმანელისაგან სმენია, რომ ისწავლიან ქართულს, რათა ვაჟა-ფშაველა წაიკითხონ.

სპარსული ენა კი ისე სრულიად თავისთავად და მოულოდნელად შემოესწავლა, რომ საბოლოოდ დარწმუნდა, სულით, გულითა და მთელი არსებით აზიელია. ,,სპარსთა ენის სიტკბომან მასურვა მუსიკობანი,” _ იმეორებს იგი მეფე თეიმურაზის სიტყვებს და თან გული ეთანაღრება იმის გამო, რომ ქართულს ასეთი კონკურენტი გამოუჩინა.
იგი მასწავლებელია და ამიტომაც თვლის, რომ ვიღაცისთვის ძალიან კარგია, ხოლო ვიღაცისთვის _ ძალიან ცუდი.
მაგრამ დამერწმუნეთ, ნინო მასწავლებელი არამც და არამც არ არის საშუალო.

მაია ფირჩხაძე-სიტუაციური ამოცანების გამოყენება დისკუსიისას და პრობლემათა ანალიზი

0
დისკუსია, რომლის უამრავი ფორმაც არსებობს, გაკვეთილის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო ნაწილია. დისკუსიური მუშაობის ძირითადი ფორმები, როგორიცაა გონებრივი იერიში, დებატები, მრგვალი მაგიდა, სიტუაციური ამოცანები, ფორუმი, სასამართლო სხდომა, აკვარიუმი, კეისტექნოლოგია და სხვ. ხელს უწყობს ინდივიდუალურ და თანამშრომლობით მოღვაწეობას, ზეპირი და წერილობითი მეტყველების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური ოპერაციების, სემიოტიკური კომპეტენციებისა და ზოგადად შემეცნებითი და კომუნიკაციური ხასიათის თვისებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას.

პრობლემური საკითხების გაანალიზებისთვის ძალიან ეფექტურია საგაკვეთილო დისკუსია, რომლის დროსაც სასურველია, მოსწავლეს ისეთი ამოცანები შევთავაზოთ, რითაც ის სიტუაციას სხვადასხვა კუთხით წარმოიდგენს. მსგავსი ამოცანები მასწავლებელმა გაკვეთილის მიზნის შესაბამისად უნდა შეარჩიოს და შეადგინოს. მაგალითად: როდესაც მასწავლებლის მიზანია, პრობლემური საკითხის გაანალიზება და მიიჩნევს, რომ ამისთვის მოსწავლეს სჭირდება, ცხადად წარმოიდგინოს ეპოქის სულისკვეთება; ეფექტურია დისკუსია-დიალოგის ფორმატი და ისტორიული პერიოდის მოდელირება სიტუაციური ამოცანის შეთავაზებით, რომლითაც მასწავლებელი ყველაზე სასურველ გარემოს შექმნის პრობლემის მთლიანობაში აღსაქმელად.

განვიხილოთ მსგავსი ამოცანები:

1) ამოცანა დაფუძნებულია მოვლენათა თანამედროვის, ისტორიული სუბიექტის პოზიციაზე:

მაგალითად, შუა საუკუნეების ევროპის რელიგიური ვითარების ანალიზისთვის მოცემულია სიტუაცია:
ერთმანეთს ხვდებიან მარტინ ლუთერი, თომას მიუნცერი და ინგლისის მეფე ჰაინრიხ VIII. ამოცანა: წარმოიდგინეთ მათ შორის შემდგარი შესაძლო დიალოგი, საუბარი, რომელშიც თითოეული შეეცდებოდა თავისი ეკლესიის უპირატესობის დამტკიცებას (ლუთერანულის, კალვინისტურის, ანგლიკანურის) და მოიფიქრეთ, რა საკითხებზე არ იკამათებდნენ ისინი, რა არ გახდებოდა მათ შორის საკამათო?!

2) ამოცანა, რომელიც ეყრდნობა უბრალოდ თანამედროვის პოზიციას:

მაგალითად, სიტუაცია: შენ, როგორც XXI საუკუნის ადამიანი, აღმოჩნდი 1095 წელს პაპ ურბან II-ის მიერ კლერმონში გამართულ კრებაზე, სადაც მან წმინდა მიწის გასათავისუფლებლად ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება გამოაცხადა. ამოცანა: შენ უკვე იცი ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგები. დაუჭერდი თუ არა მხარს პაპის მოწოდებას, თუ შეეცდებოდი, დაგერწმუნებინა ის, უარი ეთქვა ლაშქრობებზე?! რომელ არგუმენტებს მოიტანდი შენი მიზნის მისაღწევად?!

3) ამოცანები, რომელიც დაფუძნებულია მხატვრული ტილოს ანალიზზე:

მაგალითად, აღწერე სიტუაცია და გააკეთე ჩანაწერი „სასახლის კარის დღიურში” იმ მოვლენის მიხედვით, რასაც ხედავ სურათზე „რუქნ-ად-დინის წერილი” (სურ.1); შეეცადე გადმოსცე თამარ მეფის დარბაზის წევრთა გრძნობები რუმის სულთნის ელჩის მიერ წაკითხულ წერილთან დაკავშირებით; მოიფიქრე, გაამართლებდა თუ არა თავის ქმედებას ზაქარია მხარგრძელი და რით ახსნიდა ამას?!

4) ამოცანები, რომლებიც დაფუძნებულია ისტორიული წყაროს – დოკუმენტების ანალიზზე

5) სიტუაციის მოდელირება: რა მოხდებოდა, თუ… მაგალითად, რუსეთი ვერ შეიერთებდა კავკასიას?! და ა.შ.

პასუხებისთვის მოსწავლეს შეუძლია ასეთი „ფორმულა” გამოიყენოს:

ა) დააფიქსირე პოზიცია (ანუ – „რას ემყარება შენი მოსაზრება?”) – მე ვთვლი, რომ…
ბ) ახსნა-განმარტება (აუ – „როგორ დაამტკიცებ შენს პოზიციას, რა შედეგებით?”) – იმიტომ, რომ..
გ) მაგალითი (ანუ – „დაასახელე ფაქტები შენი მოსაზრების ილუსტრირებისათვის”) – მაგალითად…
დ) გამომდინარე აქედან, ამიტომ, ამის შესაბამისად (ანუ – „დასკვნა: რა უნდა გაკეთდეს?!” „ანდა ეს შეიძლება იყოს მოწოდება, შენი პოზიციის აღიარებისკენ”) – ასე, რომ..
ნებისმიერ სიტუაციაში, არ უნდა დაგვავიწყდეს: ჯგუფების წინასწარი ორგანიზება; დებატების მონაწილეთა შერჩევა; ჯგუფების დაყოფა ორ ნაწილად: მტკიცებითი და უარყოფითი; მოსამართლის დასახელება, რომელიც გადაწყვეტს, რომელმა ჯგუფმა უკეთესად დაიცვა თავისი პოზიცია და სკიპერის არჩევა, რომელიც თვალყურს ადევნებს რეგლამენტის და თამაშის წესებს.

და, რაც მთავარია, აუცილებელია დებატების პრინციპის დაცვა:

·სხვისი აზრის მიმართ პატივისცემა;
·მკაფიო არგუმენტები;
·წაგებული არავინაა.
პრობლემური საკითხების ანალიზისთვის დისკუსიური მუშაობის ფორმები და ამ მიზნით სიტუაციური ამოცანების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლის ფუნქციური, დინამიკური და ტრანსფერული ცოდნის განვითარებას და სრულყოფას, ამიტომ მისი გამოყენება გაკვეთილზე სასურველი და ეფექტურია.

ბიბლიური ქალაქები

0

ვიცი, ახლა რასაც დავწერ საკამათო იქნება, როგორც მორწმუნეების, ისე ათეისტებისგან და უფლებათა დამცველების რისხვასაც დავიმსახურებ. მაგრამ მე ბავშვობაში მუდამ მაინტერესებდა, სად იშვა მაცხოვარი, სად აცვეს ჯვარს, როგორი იყო რეალობაში იმ დროს ადამიანების ყოფა. ეს თემები მაშინ ტაბუდადებული იყო და ბევრ საკითხზე ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა. ფაქტობრივად ახლაც ასეა. მშობლების კომენტარებიც წამიკითხავს: გვაცადეთ, თავად გადავწყვეტთ საკუთარი შვილების აღზრდასო. არადა, თაობები იზრდებიან უღმერთოდ და მრავალ შეკითხვაზე პასუხგაუცემელი. თავად მე, მართალი გითხრათ, რელიგიაზე გაკვეთილზე არ ვსაუბრობ. ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, როდესაც მოსწავლესაც და მასწავლებელსაც (ასეც ხდება ხოლმე) კონტროლი დაგვეკარგა, გამოვიყენე ჩემი რელიგიური ცოდნა და რამდენიმე არაკი მოვუყევი. უნდა გენახათ მათი სახეები, სამარისებული სიჩუმე იყო და ყოველი არაკის დასრულების შემდეგ მთხოვდნენ, კიდევ მოგვიყევიო.

– მასწ, ასეთი საუბრები გვჭირდება ხოლმე, – დაასკვნა ყველაზე ჭკვიანმა. ვიცი შემეკამათებით, მაგრამ მე იმ დღეს რელიგიაზე არ მისაუბრია, მე მხოლოდ არაკები მოვუყევი. არავისი უფლება არ დამირღვევია. მხოლოდ საოცარი ამბები მოვუყევი. არჩევანი თქვენზეა, საითაც გინდათ იქით წახვალთ, მაგრამ რომელ გზაზეც არ უნდა იაროთ, მთავარია ადამიანებად დარჩეთ-მეთქი – დავასრულე ჩემი გამოსვლა. იმ დღის შემდეგ ვერ გეტყვით ყველა, მაგრამ ბევრი შეიცვალა, ცდილობდა მაინც.

მოკლედ არ ვიცი, მე და ჩემს მოსწავლეს დაგვეთანხმებით თუ არა, მაგრამ მაინც მინდა ისტორიასთან ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა შემოგთავაზოთ: ბიბლიური ადგილები ან ბიბლიური ქალაქები. მეთოდებს არ გთავაზობთ, ამჟამად თქვენთვის მომინდია. მე მხოლოდ ისტორიულ-გეოგრაფიულ მასალას გთავაზობთ ბიბლიური ქალაქებისა და იმდროინდელი ისტორიული მოვლენების შესახებ. მხოლოდ მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ, დანარჩენის მოიძიება თავადაც შეგიძლიათ მითითებულ ინტერნეტსაიტებზე. მე მხოლოდ მინდა, რომ ამ თემებზე ისე ვისაუბროთ, რომ არც მოსწავლეების რწმენას შევეხოთ და არც ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, თუმცა ეს ხომ ისედაც მასწავლებლის მოვალეობაა, რომ თავს არ მოვახვიოთ ჩვენი აზრი და თავად ფიქრისა და მსჯელობის საშუალება მივცეთ. ამავე დროს ეს მასალა შეგვიძლია ინტერკულტურული განათლებისთვისაც გამოვიყენოთ. საქართველო ხომ ოდითგან გამორჩეულია ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით.

ერთ-ერთი უძველესი საქალაქო დასახლება სწორედ ბიბლიური ქალაქი იერიქონია, რომელიც ამჟამად პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი იერიქონის პროვინციის დედაქალაქია. იერიქონი მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით მდებარეობს. ქალაქიდან ზღვამდე მანძილი 12 კილომეტრია, მდინარე იორდანემდე კი – 7 კილომეტრი. იერიქონი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. დადგენილია, რომ იგი წარმოიშვა ძვ.წ.-ის XIX ს-ში. ბიბლიაში მას არაერთხელ მოიხსენებენ, როგორც „პალმების ქალაქს”. იერიქონი მოხსენიებულია „წიგნი იესო ნავეს ძის” წიგნის პირველ თავში, რომელიც ისრაელთა ქანაანში შესვლასა და მათ დაპყრობებზე მოგვითხრობს.

იერიქონი დროთა განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. ამ მიდამოებს ჯერ ასურეთი, ხოლო შემდეგ სპარსეთის იმპერია აკონტროლებდა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, იერიქონი მაკედონიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. აქ გავრცელდა ელინიზმი. რომაელი იმპერატორის კონსტანტინე I დიდის ბატონობის პერიოდში იერიქონში ქრისტიანული ეკლესია მოქმედებდა.

ქალაქი იერიქონი

ბიბლიური ქალაქი იერუსალიმი – ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, იყოფა ორ ნაწილად, ძველ და ახალ (ძველზე უფრო დიდ) ქალაქად. ძველი ქალაქი სამ ნაწილად არის გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ისრაელი მდებარეობს იუდეის მთების გულში, ხმელთაშუა და მკვდარი ზღვების წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. ეს ქალაქი სამი რელიგიის აკვნადაა მიჩნეული. ის თანაბარ სიწმინდეს წარმოადგენს იუდეველების, ქრისტიანების და მაჰმადიანებისთვის.

პირველად იერუსალიმი მოხსენიებულია ძვ.წ.-ის XIX-XVIII სს.-ის ძველეგვიპტურ წყაროში, რომელიც “მტრულ ქალაქთა წყევლის” სახელითაა ცნობილი და მას აქ “რუშალინუმი” ეწოდება. ძვ.წ.XIV ს.-ის თელ-ამარნას ნუსხა ქალაქს “ურუსალიმის” სახელწოდებით მოიხსენებს. ფარაონ სანქერიბის (ან სენაქერიბის,ძვ.წ.VIII ს.) წარწერაში კი სახელწოდება “ურუსალიმ(მ)უ” გვხვდება. იერუსალიმი ნახსენებია ძვ.წ VIII საუკუნის ასურულ ანალებშიც. ძველი ბერძნები იერუსალიმს იეროსალიმს უწოდებდნენ, როგორც წმინდა ქალაქს (იეროს _ წმინდა). ქალაქის ნამდვილი სახელი, როგორც მას თვითონ იერუსალიმელები ეძახდნენ ირუშალემი იყო. სხვადასხვა წყაროების თანახმად სახელწოდება იერუსალიმი მომდინარეობს მნიშვნელობიდან „დაარსებული (დაფუძნებული) შალიმის” მიერ. ბრინჯაოს ხანაში შალიმი იყო ქალაქის მფარველი ღვთაება. ქანაანელთა რელიგიაში შალიმი წყვდიადის ღმერთი იყო. ამ სახელის ფუძეში იგივე ფესვია C-L-M, რომლისგანაც წარმოსდგება სიტყვა მშვიდობა ივრითზე ან სალამ – თანამედროვე არაბულ ენაზე. ამრიგად ეს სახელი გახდა ისეთი დასახელების წარმოშობის საფუძველი, როგორიც არის „მშვიდობის ქალაქი”.

ადრეული იერუსალიმის შესახებ ცნობებს ბიბლიაც იძლევა, სადაც აღწერილია, რომ იერუსალიმი ებრაელებმა იებუსეველებს წაართვეს და გაანადგურეს, ქანაანის ტერიტორიის ტომებს შორის გაყოფის დროს კი ამ დანგრეული ქალაქის ტერიტორია ბენიამინის ტომს შეხვდა. მიუხედავად ამისა, იებუსეველებმა შეძლეს ქალაქის კვლავ აღდგენა. მათი საბოლოოდ დამარცხება და იერუსალიმის დაპყრობა დაახლ. ძვ.წ.-ის 1002 წელს გაერთიანებული ისრაელის მეფემ, დავითმა შეძლო. მეფემ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. აქ გადმოიტანეს ებრაელებმა აღთქმის კიდობანი და უფლის ტაძარი კირიათ-იეყარიმიდან. ამით მეფე დავითმა იერუსალიმი ისრაელის რელიგიურ ცენტრადაც აქცია. იერუსალიმს ძლიერი გალავანი იცავდა და ქალაქში ძლიერი გარნიზონიც იყო განლაგებული.

ქალაქი იერუსალიმი

ბეთლემი (ებრაულად – ბეით-ლაჰმი; „პურის სახლი”) პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ბეთლემის პროვინციის დედაქალაქია. იგი ქალაქ იერუსალიმიდან სამხრეთით მდებარეობს. თავდაპირველად ქანაანელთა, მოგვიანებით კი იუდეველთა ქალაქი იყო სამხრეთ პალესტინაში. დაარსებულია დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებში. ქრისტიანთათვის წმინდა ადგილია, რადგან სწორედ ამ ქალაქში დაიბადა იესო ქრისტე. ბეით-ლაჰმში უძველესი ქრისტიანული თემი ცხოვრობს, თუმცა ბოლო წლებში მათი რაოდენობა მიგრაციის შედეგად საგრძნობლად შემცირდა. ბიბლიაში ბეით-ლაჰმს მოიხსენებენ როგორც „დავითის სახლს, რადგან იგი მეფე დავითის სამშობლოა. თანამედროვე ქალაქის მახლობლად ბიბლიაში მოხსენიებული, ე. წ. „დავითის ჭა” არის შემორჩენილი, რომელიც მთაში ნაკვეთი ქვაბულია (ლაკვანი) წვიმის წყლის შესაგროვებლად.

ქალაქი ბეთლემი

ბიბლიური ქალაქი ნაზარეთი თავისი მნიშვნელობით ისრაელისა და ბეთლემის შემდეგ მესამეა. ბიბლიის თანახმად ამ ქალაქში გაატარა იესო ქრისტემ ბავშვობა და ყრმობა. ნაზარეთი მდებარეობს გალილეაში, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში. აღსანიშნავია, რომ, ბიბლიის გარდა, იგი სხვა ისტორიულ წყაროებში არ გვხვდება. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსიც (37 – 100 წწ) კი, რომელიც აღწერს იუდეველთა ომსა და გალილეას ქალაქებსა და სოფლებს, ქალაქ ნაზარეთს არ მოიხსენიებს. არც ძველი აღთქმის ავტორები, არც ბერძენი და ლათინელი ავტორები არ ახსენებენ ნაზარეთს. არქეოლოგიური კვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ საკულტო ცენტრი, რომელიც ნაზარეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ნეოლითის ხანას ეკუთვნის. ამჟამად ნაზარეთი გაყოფილია ორ არაბულ და ებრაულ ნაწილებად.

ქალაქი ნაზარეთი

ამ და კიდევ სხვა ბიბლიური ქალაქის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ინტერნეტსაიტებზე: https://en.wikipedia.org/wiki/Bethlehem; https://ucnauri.com/; https://qristiani.ge/q/?p=1383;

გასეირნება ისპაჰანში

0
თეირანში, იმამ ჰომეინის სახელობის აეროპორტის მოსაცდელში, თუნუქის სკამზე ვწევარ. თავქვეშ ხელბარგი და ქურთუკი მაქვს ამოდებული, ცალი თვალით სამგზავრო ჩანთას ვყარაულობ, ცალი ხელით – პასპორტსა და ფულს. ცალი თვალით მძინავს. მერვე საათია, ასე ვარ. კიდევ ოთხ საათს ვიყურყუტებ აქ. მერე ბაქოში ჩავფრინდები და ექვს საათს მომიწევს თბილისის რეისისთვის მოცდა. მანამდე, ხუთი საათი, ისპაჰანიდან თეირანამდე მგზავრობაში გავატარე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თუნუქის სკამზე წოლის გამო ნეკნები უარს აცხადებენ ჩემს სხეულში მშვიდობიან არსებობაზე. წელი მტკივა. ყოველ გამოღვიძებაზე უფრო და უფრო იმატებს ყელის ტკივილიც. სასუნთქი მილები ჩაკეტილია. ხელებზე დახედვა შიშს მგვრის, რადგან თითებზე ჯერ კიდევ მაჩნია იმ მელნის კვალი, რომლითაც ორი დღის წინ ისპაჰანში თითის ანაბეჭდები ამიღეს. თავი ფეიქრების ქუჩის მანქანის ნაწილების ბაზრობის ძაღლი მგონია. დროდადრო ამას ჩემი თანამგზავრი გიგაც მიდასტურებს.

 

ხანდახან მოსაწევად გავდივარ. საამისოდ სამლოცველო ოთახებისა და სწრაფი კვების ობიექტის გავლა მიწევს, რომელზეც ბურგერების არცთუ მადის აღმძვრელი პოსტერებია გამოკრული. ყოველთვის, როცა მოსაწევად გასულს სახეზე ცივი ნიავი მხვდება, საკუთარ თავს ვეკითხები, რა იყო ამ გაუგებრობაში ჩემი მოხვედრის მიზეზი და თავში ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მომდის: გიგა შუბითიძე.

გიგა შუბითიძემ, ჩემმა მეგობარმა და თანამშრომელმა, ერთ დილით ირანში გაყოლა მთხოვა. იმავე საღამოს გავფრინდით. ასე სწრაფად მაღაზიაში წასვლაც კი არასოდეს გადამიწყვეტია, არათუ იმ ქვეყანაში, რომელიც ურანს ამდიდრებს, Facebook-სა და Youtube-ს კრძალავს და საერთოდ, იმდენი მტერი ჰყავს, რამდენიც ავი კაცის გულს გაუხარდება. ამ გადაწყვეტილების მიღება გაცილებით რთულდება, როცა Homeland-ის მესამე სეზონი ნანახი გაქვს. გიგამ ვიზიტის მიზანი ძალიან ბუნდოვნად ამიხსნა: „რაღაც ბიზნესფორუმი ტარდება ისპაჰანში. თან ირანს დავათვალიერებთ”, – მითხრა მან. „რატომაც არა”, – გავიფიქრე და ბილეთი ვიყიდე: თბილისი – ბაქო – თეირანი; თეირანი – ბაქო – თბილისი.

ხუთდღიანი მოგზაურობის დეტალებს თვითმფრინავში ვარკვევდით. ამაში ჩემ გვერდით მჯდომი ირანელი ტიპი, ვინმე მაჰმუდი დაგვეხმარა, რომელიც ბეიჯინგის რომელიღაც უნივერსიტეტის დოქტორანტი აღმოჩნდა. პირველი წარმოდგენა ირანელ ხალხზე ძალაუნებურად მაჰმუდის მიხედვით შემექმნა. იმამ ჰომეინის აეროპორტში რომ დავეშვით, ფულიც საუკეთესო კურსით გადაგვახურდავებინა (მაქსიმუმ 200$-ის გადაცვლა შეიძლება) და ტაქსიც სანაქებო ფასად გვაშოვნინა. კონტაქტების გაცვლაზე რომ მიდგა საქმე და გაკვრით Facebook-ი ვუხსენეთ, თვალები დაუსევდიანდა და საბოლოოდ Viber-ს დავყაბულდით. უბრალო ირანელი ხალხის კეთილშობილება კიდევ რამდენჯერმე გამაკვირვებს. მათ შორის – ისპაჰანის სადგურში, სადაც თეირანიდან ავტობუსით ჩალასლასებულებს დედის მოსანახულებლად ჩამოსული ღვთისმშობლის სეხნია ქალბატონი სრულ ერთ საათს დაგვახარჯავს, ყველა წვრილმანში გაგვარკვევს, უკანა გზის ბილეთებს გვაყიდვინებს და თეირანშიც დაგვპატიჟებს, რათა მან და მისმა ქმარმა იქაურობა დაგვათვალიერებინონ.

– რომელ სასტუმროში ჩერდებით? – გვკითხა მაჰმუდმა.
– Abbasi Hotel-ში.
მაჰმუდი ეჭვით გვიყურებს და თვალებში აწერია: „თქვენ? აბასში? გაა…ით! ვის ატყუებთ?!”
– ოოო, ეს ნომერ პირველი სასტუმროა ირანში. ძალიან ძვირია, – სიტყვები თვალებზე თავაზიანი აღმოაჩნდა ჩვენს ახალგაცნობილ ირანელ მეგობარს.
– ხარჯს ფორუმის ორგანიზატორები ფარავენ.

ირანელთა კერპის, აიათოლა ჰომეინის სახელობის აეროპორტის ჩამომსვლელთა დარბაზი უღიმღამო და დამთრგუნველი აღმოჩნდა. ერთი საეჭვო შესახედაობის კაფე – სრულიად ცარიელი. ირგვლივ – ბეტონის დაუმთავრებელი კონსტრუქციები, რომლებიც მათი მშენებლების დისციპლინასა და პუნქტუალურობაზე ღაღადებენ. თითქოს ვინანე კიდეც ირანში წამოსვლა. არ გამართლდა ჩემი მეგობრის, ვაჟა გვარამიას გაფრთხილება, რომ საზღვარზე, სანამ ქვეყანაში შემიშვებდნენ, 3-4 კითხვაზე მომიწევდა პასუხის გაცემა – წვერგაუპარსავმა მესაზღვრემ, რომელსაც თვალებში ძილის კვალი ჩარჩენოდა, ზედაც არ შემოუხედავს, ისე ჩასცხო ბეჭედი ჩემს პასპორტში და სამშობლოში უხმოდ შემიპატიჟა. აეროპორტზე გაცილებით უღიმღამო აღმოჩნდა თეირანიდან ისპაჰანისკენ მიმავალი გზა – ერთფეროვნად ხრიოკი, ხშირად ქვიანი მიწები ავტობუსის მარცხენა და მარჯვენა ფანჯრებში. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ კინოს გმირი ვიყავი და პავილიონში ვიღებდით ავტობუსის ეპიზოდს, ფანჯრების ნაცვლად კი ეკრანები იყო დამონტაჟებული, რომლებზეც კადრები მეორდებოდა.

Abbasi Hotel-მა სახელი გაამართლა. ის აზიური კულტურის ელემენტებით შემკული შენობა აღმოჩნდა. მუთაქებიანი სავარძლებით, ჭერსა და კედლებზე მდიდრული ვარაყითა და მუსლიმური ორნამენტებით, აბრეშუმის ხასხასა ხალიჩებით, რეჟიმისთვის დამახასიათებელი Wi-Fi-ის ხარისხით, დამტვრეული ინგლისურით მოლაპარაკე მიმღების თანამშრომლებითა და ცოტა არ იყოს, მოძველებული, არა ევრო რემონტით.

ფორუმის ორგანიზატორებს მოლოდინი ოდნავ გავუცრუეთ. ისინი თურმე კავკასიელ მილიონერებს ან მილიონერთა მარჯვენა ხელებს ელოდნენ, რომლებიც ისპაჰანის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მრავალ მილიონ მწვანე დოლარს ჩადებდნენ, მათ ნაცვლად კი ჩვენ შევრჩით ხელში. თუმცა იძულებულნი გავხდით, დღე-ნახევრის განმავლობაში ფულის ტომრების როლი მოგვერგო, რადგან ფორუმი ჩვენც სხვაგვარი წარმოგვედგინა. „რაღაც ფორუმი, ანუ ირანის დათვალიერების კარგი და იაფი შანსი” სინამდვილეში ბობოლა ბიზნესმენებისა და დონორი ორგანიზაციების შეკრება აღმოჩნდა, რომლის გახსნის ცერემონიალმაც, რა დასამალია. ძალიან შემაშინა:
მე და გიგა, კოსტიუმ-ჰალსტუხებში გამოწყობილები, მოჩუქურთმებული დარბაზის შუა რიგში დავსხედით და შორიდან ვუყურებდით, როგორ შემოდიოდნენ დაცვის ბიჭებითა და თავშლიანი გოგონებით გარშემორტმული თანამედროვე ირანული მითოლოგიის წვერმოშვებული ღმერთკაცები, რომელთა დანახვაზეც ადგილობრივებს ელეთმელეთი მოსდიოდათ და ლამის მუხლებზე მთხვეოდნენ. ეს იყო ყველაზე დამთრგუნველი და გემოვნებას მოკლებული ცერემონიალი, რაც კი ოდესმე მინახავს. ღონისძიება, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკურ კულტურასა და რელიგიურ დოგმებზე უსიტყვოდ მეტყველებდა. უცებ დაიგრუხუნა და მთელ კედელზე გამოჩნდა ირანის რევოლუციის შემოქმედის, მათი ყოფილი (თუმცა მათ ცნობიერებაში მარად ცოცხალი) აიათოლა ჰომეინის გამოსახულება – შავი წარბებით, შეუწყნარებელი გამოხედვითა და გაშლილი ხელით, რომელიც დარბაზისკენ მოიწევდა. აიათოლა ჰომეინის გამოსახულება იმამის ნახევარსაათიანმა ლოცვამ შეცვალა, რომელსაც პერიოდულად დარბაზიც უბამდა მხარს. მე და გიგა კი ვემსგავსებოდით რობერტ დე ნიროსა და შონ პენის პერსონაჟებს ფილმიდან „ჩვენ ანგელოზები არ ვართ”.

– ეს ხალხი ამდიდრებს ურანს? – გადმომიჩურჩულა გიგამ. ჩურჩულის არავითარი საჭიროება არ იყო – ჩვენი არავის ესმოდა, მაგრამ ორივეს გვეჩვენებოდა, რომ ამ დარბაზიდან ჟანგბადი მთლიანად გამოტუმბეს. კედლები თითქოს ერთმანეთისკენ მიიწევდა და სადაცაა გაგვჭყლეტდა.

– ამათ ურანის გაღარიბება უფრო გამოუვათ, ვიდრე გამდიდრება, – მეც ჩურჩულით ვუპასუხე.

ყველას გამოსვლა, მათიც, ვისაც ტექნიკურ დეტალებზე უნდა ელაპარაკა, ღმერთისთვის ისტერიული მადლობის გადახდით იწყებოდა. მადლობას უხდიდნენ ყველაფრისთვის – იმისთვის, რომ ეს კონფერენცია გაიმართა, იმისთვის, რომ მათ ამ დილაადრიან კონფერენციაზე მოსვლის ძალა მისცა, იმისთვის, რომ ისპაჰანი მსოფლიოს ინტელექტუალური და ტექნოლოგიური (ქუჩაში მხოლოდ (!) ირანული წარმოების მანქანად წოდებული ურიკები დადიან) დასაბამი და ცენტრია. ეს არ ჰგავდა გადამეტებულ რელიგიურობას, რომელსაც საქართველოშიც ხშირად ვაწყდებით. არ ჰგავდა არც ღვთისმოშიშობას ან ალაჰის სიყვარულს. ეს ჰგავდა ისტერიკას.

უეცრად დაუძლეველი შიში დამეუფლა. შეუძლებელია, გარემოში, სადაც დამთრგუნველი წესები მოქმედებს, ამ წესებმა თავის ტალღაზე არ მოგმართოს, გონებაში არ შემოგიძვრეს. გამახსენდა, რომ ფირდოუსის ქუჩაზე, ჩვეულებრივი ირანული SIM ბარათის აღებისას, ჩემი ბიოგრაფია ჩაიწერეს, პასპორტის ყველა კუთხე-კუნჭული დაასკანერეს და ბოლოს თითის ანაბეჭდები ამიღეს. გამახსენდა ფილმი „არგო”. გამახსენდა, რომ იმამმა ჰომეინიმ სალმან რუშდის მოკვლის ბრძანება გასცა.

მეორე მხრივ, გამახსენდა უბრალო, საოცრად კეთილი ირანელი ხალხი, რომელთანაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ამ კეთილი ადამიანების ნახვა და გაცნობა თავისუფლების პირობებში, თუნდაც მათი კედლების თვალიერება Facebook-ზე.

მისი აღმატებულება ისპაჰანის მერი და მისი აღმატებულება პრეზიდენტის წარმომადგენელი (სწორედ ასე მიმართავდნენ ისინი ერთმანეთს) ხმამაღალი მადლიერებით იმეორებდნენ, რომ აშშ-მა სანქციები მოხსნა და სახელგანთქმული ქალაქის ისტორიაში ახალი, ოქროს ხანა იწყებოდა.

სინამდვილში, რა თქმა უნდა, არავითარი საფრთხე არ გვემუქრებოდა. ამას მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგღა მივხვდი, როცა გავაანალიზე, რომ პატიოსანი ტურისტისთვის თითის ანაბეჭდების აღებაც და აეროპორტში ჩემი ხელბარგის სამჯერ ამოქექვაც უხილავი ხელბორკილების შეგრძნების შესაქმნელადაა, რათა შემდეგ საკუთარ თავს თვითონვე დაუწესო საზღვრები.

ისპაჰანის ტურისტული ნაწილი კოხტა და საინტერესო, თუმცა ოდნავ ერთფეროვანია. საიტებზე მუზეუმების მისამართების მოძებნა არამხოლოდ ინტერნეტის ცუდი ხარისხის გამოა რთული. ერთ ადგილობრივ ვებგვერდზე სტატია ქალაქის ღირსშესანიშნაობათა შესახებ ასე, ქართულ-სომხური ტიპის ტრაბახა წინადადებით იწყებოდა: „ისპაჰანი თავადაა მუზეუმი”.

ხიდები, მეჩეთები და სასახლეები ულამაზესი კედლებით, ჭერებითა და სიძველის შეგრძნებით ერთდროულად გხიბლავს კიდეც და მოწყენილობასაც მალევე გგვრის. სხვათა შორის, რუკაზე დატანილ ერთ–ერთ სასახლესთან მისულებს, იქ რუსეთის ფედერაციის საკონსულო დაგვხვდა, სტენდზე გამოკრული სრულიად გაუგებარი და სულელური ფოტოებით, რომლებიც, ვითომდა, რუსეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას ემსახურება.

თუ აზიური ხელნაკეთი ნივთები, ჭადრაკი ან ნარდი გიყვართ, ქალაქის სავაჭრო ნაწილში ყბის ადგილზე დაფიქსირება და თვალის დახამხამება გაგიჭირდებათ. მაღაზიების დახლებზე აზიზად შელაგებული ნაკეთობები აუცილებლად დაგაფიქრებენ მათ შეძენაზე. აქლემის ძვლისგან დამზადებული, აზიური ორნამენტებით გაწყობილი ზარდახშები; ულამაზესი, პრიალა ჭადრაკის დაფები, რომლებზეც ჯვაროსნები და სელჩუკები ერთმანეთს უპირისპირდებიან; ნარდი ირანული პოეზიის ეპიზოდებით მოხატული დაფით და აქლემის ძვლისგანვე დამზადებული ქვა-კამათლებით.

ერთ ასეთ მაღაზიაში, ზარდახშის საყიდლად შესულებს, პარიზში გადახვეწილი გიორგი ზაქარეიშვილის ამბავი გაგვიცოცხლდა. როცა ჩვენი საუბარი მოისმინა, თავსაფარწამოფარებულმა გოგონამ გვითხრა: „მეც ქართველი ვარ. ჩვენ ფერეიდნელი ხალხი”. გაგვეხარდა, ვიმუსაიფეთ, ოჯახზე მოგვიყვა და ზარდახშაც 20%-იანი ფასდაკლებით მოგვყიდა. ამ გოგოსადმი მადლიერების გრძნობა კიდევ დიდხანს გაგვყვა, სანამ მოედნის ბოლო მაღაზიამდე არ მივედით, სადაც ზუსტად იგივე ზარდახშა 30 დოლარით უფრო იაფად იყიდებოდა.

საბოლოოდ, მე და გიგა იძულებული გავხდით, ისპაჰანში მართლაც ჩაგვედო მრავალი მილიონი. ოღონდ არა დოლარი, არამედ ირანული რეალი (100$ დაახლოებით 4 მილიონი რეალია). ყველა ეს მილიონი ადგილობრივ სამზარეულოში, უფრო ზუსტად კი ქაბაბებში დავაბანდეთ – ხან ცხვრისაში, ხან ქათმისაში. ქაბაბი კი მართლაც სანაქებო აქვთ. ზომიერად წვნიანი. მის გემოს კიდევ უფრო ამდიდრებს შემწვარი პომიდორი და სხვა ბოსტნეული, რომელიც გვერდს უმშვენებს ოქროს სქელი სამკაულივით მოჩუქურთმებულ ხორცს. გემოს შეგრძნებათა პალიტრას კი პირველი თოვლივით თეთრი და ფაფუკი ბრინჯი კრავს.

წამოსვლის წინ იმამ ჰომეინის აეროპორტში სამჯერ გამახსნევინეს ჩანთა და როცა დარწმუნდნენ, რომ ტკბილეულის, ლეპტოპის (რომელიც ვერაფერში გამოვიყენე), სათადარიგო სათვალისა და კამათლების გარდა არაფერი ეწყო, ღიმილითა და ბოდიშით გამომიშვეს. გაფრენის წინ თვალში მოგვხვდა იქაური სასულიერო მაღალიერარქი ძვირფასი ტანისამოსითა და iPhone 6s-ით ხელში, გამალებით რომ დაძვრებოდა მაღაზიებში და ქალის ჩანთის ყიდვას ლამობდა.

– ხედავ? ჩვენთან „პრადოა” მოდაში და აქ ბოლო აიფოუნი ყოფილა – ვუთხარი გიგას.

– ნუ მკრეხელობ, ალბათ მრევლმა უყიდა, – მიპასუხა მან. ამაზე ვიცინეთ.

ირანში შესვლისთანავე აკვიატებული შიში, რომ ხიფათი მელოდა, მინელდა, მაგრამ გამოფრენამდე არ გამქრალა. რაში სჭირდებოდათ ჩემი თითების ანაბეჭდები? – ვეკითხებოდი დროდადრო საკუთარ თავს. ამ კითხვამ აზრი მხოლოდ მაშინ დაკარგა, როცა თვითმფრინავი აფრინდა. ამ დროს კიდევ ერთხელ გამახსენდა ფილმი „არგო” და ჩამესმა შინაგანი ხმა: ქალბატონებო და ბატონებო! მოხარულები ვართ მოგახსენოთ, რომ შეგიძლიათ მიირთვათ ალკოჰოლური სასმელები, რადგან ჩვენ გადავკვეთეთ ირანის საჰაერო საზღვარი.

გალაქტიკის ქიმიური ევოლუცია

0

7 ფაქტი გალაქტიკაში ქიმიური ელემენტების ატომთა დაგროვების ისტორიიდან

სიტყვა „ქიმიურს”, ჩვეულებრივ, იყენებენ მოლეკულებთან, ქიმიურ რეაქციებთან ანუ რაიმე იმდაგვართან მიმართებით, რაც „ნივთიერებათა გარდაქმნად” იწოდება. გალაქტიკის ქიმიური ევოლუციის კონტექსტში ქიმია გულისხმობს სწორედ ატომების, ელემენტების და არა მოლეკულათა წარმოქმნას, რომლებიც სწორედ ამ ატომებისგან შედგება.

 

გალაქტიკის ქიმიური ევოლუცია – ეს ისტორიაა ყველა იმ ქიმიური ელემენტის ატომთა გალაქტიკაში დაგროვებისა, რომლებიც ამა თუ იმ პროცესის შედეგად ჩნდება. ეს საკითხი უშუალოდაა დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან, რადგან საუბარია სწორედ იმ ქიმიურ ელემენტებზე, რომელთაგანაც ჩვენ თავად შევდგებით, შედგება პლანეტა, რომელზეც ვცხოვრობთ და ჩვენი გარემომცველი საგნებიც.

ჩვენს გალაქტიკაში ქიმიური ელემენტების ევოლუციის შესახებ თანამედროვე წარმოდგენებს 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი.

1957 წელს გამოჩნდა ფაულერის და ჰოლის ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც მას შემდეგ ასე იწოდება: „B2FH”. მასში აღწერილია ატომბირთვების სინთეზის ძირითადი მექანიზმები. ერთ-ერთმა მექანიზმმა – დიდი აფეთქების ნუკლეოსინთეზმა – საწყისი პირობები შექმნა ჩვენი სამყაროს ქიმიური ევოლუციისთვის. შემდეგია ნუკლეოსინთეზი ვარსკვლავებში, რომელიც ნორმალურ ვარსკვლავურ ევოლუციას უკავშირდება. არის ფეთქებადი ნუკლეოსინთეზი – ეს ბირთვებია, რომლებიც ვარსკვლავებზე სხვადასხვა ტიპის აფეთქების შედეგად წარმოიშობა და კიდევ ერთი მექანიზმი – სკალირების რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობს კოსმოსურ სხივებში. სკალირების რეაქციები როგორც ქიმიური ელემენტების სინთეზის მექანიზმი არცთუ ეფექტურია, მაგრამ პრაქტიკულად ერთადერთი საშუალებაა ზოგი მათგანის, კერძოდ, ბერილიუმისა და ბორის, სინთეზირებისთვის. ყველა დანარჩენი ელემენტი ვარსკვლავებში წარმოიშობა. ამრიგად, გალაქტიკის ქიმიური ევოლუცია – ეს მის შემადგენელ ვარსკვლავთა ევოლუციაა.

ბუნებრივია ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში გალაქტიკაში დაგროვდება სულ მეტი ატომი იმ ქიმიური ელემენტებისა, რომლებიც დიდი აფეთქების პროცესში არ წარმოშობილა, ანუ მოსალოდნელია, რომ გალაქტიკის ასაკსა და მის ქიმიურ შემადგენლობას შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გახდეს შესამჩნევი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულადაა. გალაქტიკა არ წარმოადგენს ქიმიური ელემენტების წარმომქმნელ მანქანას. მასში მიმდინარეობს ურიცხვი პროცესი, რომლებიც კავშირშია როგორც ნივთიერებათა შემოდენასთან, ისე გალაქტიკათაშორის სივრცეში მათ გატყორცნასთანაც, ამიტომ გალაქტიკის ასაკსა და მის ქიმიურ შემადგენლობას შორის მკაფიო ურთიერთდამოკიდებულება არ შეიმჩნევა.

კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ ჩვენ გალაქტიკის ევოლუციას ვერ ვხედავთ.

ქიმიური შემადგენლობა გალაქტიკის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ასაკის ვარსკვლავებშია დაკონსერვებული, მაგალითად, ქიმიური შემადგენლობა, რომელიც ჩვენს გალაქტიკას 4,5 მილიარდი წლის წინ ჰქონდა, დაკონსერვებულია მზეში. თუ რომელიმე უფრო ძველ ვარსკვლავს განვიხილავთ, დავინახავთ გალაქტიკის ქიმიურ შემადგენლობას ევოლუციის უფრო ადრეულ ეტაპებზე. თუ თვალს გავადევნებთ გალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ანუ მისი არსებობის მთელ 13 მილიარდ წელს, დავინახავთ, რომ დროთა განმავლობაში მასში უფრო და უფრო მეტი მძიმე – წყალბადისა და ჰელიუმისგან განსხვავებული ელემენტი გროვდებოდა.

ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც ამჟამად დგას ასტროფიზიკოსების წინაშე, ესაა მძიმე ელემენტების სულ უფრო ნაკლები შემცველობის ვარსკვლავთა კვლევა. სავარაუდოდ, ისინი ძალიან ძველები არიან და ვერ მოასწრეს ვარსკვლა­ვური ევოლუციის პროდუქტებით გაჯერება.

გალაქტიკაში არის დისკო, რომელშიც ჩვენი მზეც მდებარეობს. მის­ი ქიმიური შემადგენლობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც მზისა. გალაქტიკის დისკოს გარემომცველი სფერული ქვესისტემა დასახლებულია უფრო ძველი ვარსკვლავებით. ამ ქვესისტემას ეწოდება „გალო”. მათში მძიმე ელემენტები დაახლოებით 100-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მზეზე. „გალოს” შემადგენლობაში შედის მძიმე მეტალების მინიმალური შემცვლობის მქონე ვარსკვლავებიც.
ამჟამად ცნობილია ისეთი ვარსკვლავები, რომლებშიც რკინის შემცველობა 100 000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მზეში. ლოგიკურად სავარაუდოა, რომ სწორედ ისინი არიან უძველესნი გალაქტიკაში გადარჩენილ ვარსკვლავთა შორის, თუმცა მათ ვერ მივიჩნევთ გალაქტიკის პირველ ვარსკვლავებად, რადგან ეს უკანასკნელნი საერთოდ არ უნდა შეიცავდნენ მძიმე ელემენტებს – უნდა შედგებოდნენ მხოლოდ იმ ელემენტებისგან, რომლებიც სინთეზირდა დიდი აფეთქების შედეგად. მძიმე ელემენტების ნულოვანი შემცველობის მქონე ამ ვარსკვლავების აღმოსაჩენად დიდი ძალისხმევა იხარჯება. მათი არარსებობის ასახსნელად სხვადასხვა თეორია განიხილება, მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ პირველი ვარსკვლავები ძალზე მასიური იყო და არცთუ დიდხანს ცოცხლობდა. შესაძლოა, ისინი გალაქტიკის წარმოქმნამდე არსებობდნენ, შესაძლოა, ისინი იყვნენ ჩვენი გალაქტიკის პირველი მოსახლენი. ასეა თუ ისე, ისინი წარმოიქმნენ, იცოცხლეს განკუთვნილი ხნის განმავლობაში – რამდენიმე მილიონი წელი, აფეთქდნენ, დააბინძურეს გალაქტიკამდელი (ანუ პროგალაქტიკური) სუბსტანცია მძიმე მეტალებით, შემდეგ ამ მცირედ დაბინძურებული სუბსტანციიდან წარმოიქმნა ის ვარსკვლავები, რომელთა ნარჩენებსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით. ამის შემდეგ თერმობირთვული სინთეზი უფრო ნელა მიმდინარეობდა, თანდათანობით გროვდებოდა მძიმე ელემენტები, ვარსკვლავები სულ უფრო მდიდრდებოდა ამ ელემენტებით და საბოლოოდ წარმოიქმნა ის, რაც გარს გვახვევია.

საჭიროა მცირედი დაზუსტება. ასტრონომიაში ხშირად მეტალებს უწოდებენ ყველა იმ ელემენტს, რომელიც ბორზე მძიმეა, რასაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს არასპეციალისტები. განსაკუთრებით აფრთხობს ეს გარემოება ბიოლოგებს, როცა მათი თანდასწრებით ნახშირბადს მეტალს უწოდებენ. ეს ტრადიცია ისტორიულ მიზეზთა გამო წარმოიშვა. მეტალთა შემადგენლობა გაცილებით მარტივად განისაზღვრება ვარსკვლავურ სპექტრებში, ამიტომაც გაჩნდა ასეთი განზოგადებული დასახელება. როცა ასტრონომი ლაპარაკობს ვარსკვლავში მეტალის შეცველობაზე, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ რკინაზე, მაგნიუმზე ან ალუმინზე ლაპარაკობს – სავსებით შესაძლებელია, გულისხმობდეს ჟანგბადს ან აზოტს. სწორედ ამ ელემენტებს უკავშირდება კვლევები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, გალაქტიკის ქიმიური ევოლუციის შესწავლის მოწინავე ამოცანაა – ეს გახლავთ ნახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადის დაგროვების მიზეზთა კვლევა. ბოლო ხანს მნიშვნელოვანი წინსვლაა არა მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის, არამედ სხვა ვარსკვლავთა სისტემის გამოკვლევის მხრივ. გაჩნდა მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებიც მაღალხარისხოვან სპექტრს იძლევა. ესაა როგორც დედამიწაზე დამინტაჟებული, ისე კოსმოსური ჰაბლის სახელობის ტელესკოპები.

გალაქტიკა მრავალი ნაწილისგან შედგება. ყოველი მათ­­­­გა­ნი დამოუკიდებლად გადის ევოლუციას, მაგრამ მათ შორის ხდება განსაზღვრული ურთიერთქმედებაც.

გალაქტიკის ქიმიური ევოლუცია მრავალი პროცესის ერთობლიობაა, რომელთა შესწავლაც ჩვენს გალაქტიკაში რთულია, მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ აქ, სიღრმეში ვართ და ბევრ რამეს ვერ ვხედავთ, რადგან ჩვენთან გალაქტიკის ერთი ობიექტი გადაფარავს დანარჩენს. მაგრამ ახალი ტელესკოპების წყალობით შესაძლებლობა მოგვეცა, დეტალურად გამოვიკვლიოთ გალაქ­ტიკებში სხვა მასების, სხვა სტრუქტურების ქიმიური შემადგენლობა. რაც უფრო შორს გავყურებთ სამყაროს, მით ღრმად ვწვდებით წარსულს, რაც ასევე ევოლუციის შესწავლის საშუალებაა. უფრო მეტს შევიტყობთ იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობდა ნუკლეოსინთეზი სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპზე. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს კვლევები კიდევ დიდხანს იქნება ასტროფიზიკის დარგში მოწინავე.

შეიძლება იმის თქმაც, რომ ამჟამად დაკვირვებები უსწრებს თეორიას. სხვა გალაქტიკებზე დაკვირვებამ საშუალება მოგვცა, ზღვა ინფორმაცია დაგვეგროვებინა ქიმიური ელემენტების შემადგენლობასა და იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან, შედის თუ არა ეს ელემენტები ვარსკვლავთაშორისი აირებისა და კოსმოსური მტვრის შემადგენლობაში და რა სახის კოსმოსური მტვრისა.

ინფრაწითელმა ტელესკოპებმა საშუალება მოგვცა, ჩაგვეხედა სპექტრულ სფეროებში, რაც წინათ შეუძლებელი იყო. სპიტცერისა და ჰერშელის ტელესკოპების მეშვეობით უამრავი ახალი მონაცემი მივიღეთ, გასაშვებად ემზადება ახალი ტელესკოპები. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ არა მარტო მძიმე მეტალების სინთეზის, არამედ ფაზებს შორის გადასვლის პროცესებიც, მაგალითად, მყარი ფაზიდან (მტვრის ნაწილაკების) აირად ფაზაში (ვარსკვლავები და ვარსკვლავთშორისი ნივთიერება) გადასვლა. ახლა სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს მრავალი სამეცნიერო კვლევა.
დიმიტრი ვიბე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასტრონომიის ინსტიტუტის ვარსკვლავთა ევოლუციისა და ფიზიკის განყოფილების უფროსი
წყარო : https://postnauka.ru/faq/12321

აუტანელი ურბანული ყოფის სიმსუბუქე და სხვა ამბები

0
გამარჯობა. მე ორი ბავშვის დედა და ორადგილიანი საბავშვო ეტლის პატრონი ვარ. როდესაც ამ ორადგილიანი ეტლით სასეირნოდ მივეშურებით, მანქანების ბარიკადებთან გმირული გამკლავება მიწევს და იმასაც ვხვდები, როგორ არ გვადარდებს და არ გვაინტერესებს ერთმანეთი. შენ შეიძლება ჩემი მეზობელიც იყო ან საერთოდ არც იყო მეზობელი და ჩემს ქუჩაზე, ჩემს სახლთან ახლოს, მეგობრებს სტუმრობ, ან კაფეში ხვდები ნაცნობს, ან საქმიან პარტნიორს, ან რამდენიმე წუთით მაღაზიაში გადაირბინე და მანქანა პირდაპირ, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დატოვე, ან უბრალოდ დაგეზარა შესაბამისი ადგილის მოძებნა, რომელიც ამ ტროტუარისგან არც ისე შორსაა და რატომღაც, ყოველთვის თავისუფალია იქ ადგილი.
ეს პრობლემა მარტო ჩემი არაა და მე არ გამომიგონია. ამაზე ბევრი წუწუნებს, ოხრავს, ღიზიანდება, მერე საკუთარ ქვეყანას აძაგებს, რომ “ამ ქვეყანამ” ვერ მოახერხა, მოეგვარებინა ეს ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა. პრობლემა, რომელიც არამარტო ფეხით მოსიარულეებს უქმნის დისკომფორტს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც ეტლით სარგებლობს და გადაადგილდება, უფრო სწორედ გადაადგილებას ცდილობს.
ტროტუარი ჩაკეტილია. ვცდილობ, გავძვრე ეტლთან ერთად, მაგრამ არ გამოდის. იძულებული ვარ, სამანქანო გზაზე გადავიდეთ და როდესაც ჩვენი გზა იქნება თავისუფალი, შემდეგ იქ გავაგრძელოთ სიარული. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში არ ვფიქრობ იმაზე, რომ გადაადგილების უფლება ჩემი ფუნდამენტური უფლებაა. მე ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ არ ვცემთ ადამიანები ერთმანეთს პატივს და არ ვითვალისწინებთ მათ შესაძლებლობებს. როგორ ვუქმნით მათ სიცოცხლეს საფრთხეს, როდესაც სამანქანო გზაზე სიარულს ვაიძულებთ, სადაც მთელი სისწრაფით გამორბიან მანქანები, ცხელ და ჭვარტლიან კვამლს ტოვებენ და ჩვენც ვიბუღებით ამ მომწამვლელი გამონაბოლქვით. ეს სხვა სერიოზული და არანაკლებ მძიმე საკითხია.
ზებრაზე მარტო გადავდივარ, ბავშვებთან ერთად ვერ ვბედავ, არც ეტლით გადასვლას ვრისკავ. შუქნიშნით რეგულირებულ გადასასვლელზეც კი მანქანები თავიანთ პოზიციებს არ თმობენ. მოკლედ, მეშინია.
აი, ამ შიშებითა და ყოველდღიური გაღიზიანებებით გართულს მახსენდება, რომ ხალხი აღარ იცინის, რომ ქუჩაში შემხვედრი ადამიანები პირქუშები და მოწყენილები დადიან, ჩაფლული თავიანთ საზრუნავსა და საფიქრალში. მასევდიანებს ეს ამბავი, ეს მასიური გაუღიმებლობა და მგონია, რომ ამისთვის სერიოზული საფუძველი არსებობს. არავის სიამოვნებს იყოს მუდმივად მჭმუნვარე.
მე არამწეველი ვარ და ვერიდები ისეთ ადგილებს, სადაც არამწეველთათვის გამოყოფილი სივრცე არ არის. ასეთი სივრცეები კი ჩემს ქალაქში ძალიან ცოტაა, სადაც არ უნდა გვინდოდეს შესვლა, ყველგან გვეტყვიან: “სამწუხაროდ, აქ ყველგან ეწევიან”. შემდეგ, იძულებული ვხდებით უკან გამოვბრუნდეთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი, სადაც მუდმივად უჰაერობაა და იმაზე მეტი ადამიანი მგზავრობს, ვიდრე უნდა მგზავრობდეს, მძღოლი თავაზიანი და ხვეწნაგარეული თხოვნის შემდეგაც კი ისევ მეორე ღერ სიგარეტს უკიდებს და, ალბათ, ძალიან გაუკვირდება თუკი ვეტყვი, რომ არა მარტო ბავშვების, არამედ ჩემს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვა. მაგრამ, ამას არ ვეუბნები, არ გაითვალისწინებს და მეც სასაცილოდ გამოვჩნდები. ერთხელ ძალიან არ მოეწონათ, არც მძღოლს და არც მგზავრებს ჩემი მსუბუქი შენიშვნა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ მესროლეს ისეთი მრისხანე მზერა იმ მგზავრებმა, რომელთა უფლებებსაც ვიცავდი და, წესით, ისინიც კმაყოფილი უნდა დარჩენილიყვნენ მიღწეული მცირე შედეგით.
ჩემი სახლთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელ ხეებს ჭრიან, მაგრამ ამას არავინ აპროტესტებს, სამწუხაროდ არც მე. ყველა ერთად ჩაფლული ვართ ჩვენს ყოველდღიურ საზრუნავში და არ გვაინტერესებს, როგორ ვიწროვდება რეკრეაციული სივრცე ჩვენ გარშემო. როგორ აღარ რჩება ჩვენს შვილებს და ჩვენ სუნთქვისთვის სამყოფი ჰაერი. მართალია, გვაწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ვერაფერს ვშველით. შორიდან ვღელავთ მხოლოდ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს აზრს ისედაც არავინ გაითვალისწინებს.
თბილისის ქუჩებში გაჩენილ სტენსილებს, თუ როგორ იფარებს გოგონა სახეზე ხელს, გარდა ვიზუალური მხარისა, სოციალური დატვირთვაც გააჩნია და გზავნილია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ უფრო მეტად დაფიქრდნენ პრობლემებზე, რომელიც ყველას ერთნაირად გვეხება. და თუ ამ პრობლემებზე საუბარს ყველა დავიწყებთ და მათ შემჩნევას ვისწავლით, მგონია, რომ უფრო მალე აღმოვაჩენთ მოგვარების გზებსა და საშუალებებს.

სიყვარული, როგორც სიტყვა

0

ვინც დაბლა იყო, იმან თქვა, სიყვარული აღგვამაღლებსო? ეგებ იმან, ვინც ისედაც ყველაზე მაღლა იდგა. ვინ იცის.

საინტერესო შესაქცევარია: სიყვარულს შეუძლია უსიტყვოდ, სიტყვას უსიყვარულოდ – თითქმის ვერ. ამადაც, მთელი მხატვრული ლიტერატურა სიყვარულს ებღაუჭება – ცდილობს ამოხსნას, გაგვანდოს, დაგვიმალოს კიდეც. ეს ზმნები ალბათ ბრჭყალებით უნდა შემემოსა. დიახ, დიახ, ლიტერატურა სიყვარულით ვაჭრობს. და დიდი წარმატებითაც. ყველაზე უთავმოყვარეო გრაფომანის ნაბოდვარი მთვარიან ღამეზე, სატრფოს ათრთოლებულ თითებსა და უიღბლობისგან თვალს მომდგარ ცრემლზე უფრო ადვილად აღწევს მკითხველის თუნდაც ქვა-გულამდე, ვიდრე, მაგალითად, ტროპებით დახუნძლული ფილოსოფიური ამბავი. მოკლედ, ასე…

არა, რა თქმა უნდა, გულწრფელი შემთხვევებიც არსებობს, იმდენად გულწრფელი, რომ მხატვრულ ტექსტად სულაც უნებლიედ იქცა. მე რომ სიყვარულზე დაწერილი ლექსების ანთოლოგიას ვადგენდე, უმთავრეს ჰიმნად ერთ, არალექსად ჩაფიქრებულ მინაწერს გამოვიტანდი.

ვარძიის კედელზე ოდესღაც ვიღაცას ამოუკაწრავს:

„თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის…

რა ლამაზი იყავი, ბიჭო…”

ამაზე ძლიერი სიტყვისა და სიყვარულის ქორწინება მე არ მეგულება.

ვაჭრობა რომ ვახსენე, ცუდი სიტყვა ნუ გეგონებათ – ჩვეულებრივი ინსტრუმენტია და რიგ შემთხვევებში ეს საქმე უკიდურესად ხარისხიანიც შეიძლება გამოდგეს. მაგრამ იქვე გამოჩნდებიან მისი „გადამყიდველებიც” და ერთი ხელის მოსმით აფუჭებენ საქმეს. რუსთაველი მოვიგონოთ – პოემა უმაღლესი პილოტაჟით და მერე ჩვენი სასკოლო რუტინა: „სიყვარული ვეფსიტყაოსანში” – შაბლონური, მოსაწყენი თემების წერა… ტექსტსაც შეგაძულებს, წერასაც და, რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს ეს სიტყვათშეთანხმება, სიყვარულსაც.

სიყვარულის შეძულება კი ცოტა რთული ამბავია, გეთანხმებით.

ეს მარტო ქართული საქმე როდია – იგივე სჭირთ საკუთარ ქვეყნებში შექსპირს, ჰიუგოს, პეტრარკას და ჰაინეს. და სხვებსაც… თუ მთლად სამუელ ბეკეტის გზას არ ადგანან და თავგზას არ გიბნევენ.

ისე, თავგზის აბნევა, გნებავთ, დაკარგვინება სიყვარულის ერთ-ერთი ექსკლუზიური უფლებაა – ეგვიპტური საგლობლებიდან მოყოლებული, რაინდული რომანებით გაგრძელებული და ფორუყ ფაროხზადის ფანტასმაგორიული ნაწარმოებებით დამთავრებული – ყველა ტექსტი ამ საქმეს ემსახურება. ასე იქნება ყოველთვის. მაშინაც კი, როცა ადამიანებს ვრცელი წიგნების კითხვა დაეზარებათ და მთელი ლიტერატურა იაპონური ტანკების ზომაზე დავა. ის ტექსტი, ზემოთ რომ დაააგემოვნეთ, მაშინ კიდევ უფრო დაიფასებს თავს. საერთოდაც, სიყვარულს ხომ გრძელი და ჭარბი სიტყვა არ უხდება, მეტიც – არც მისთვის სათქმელის სახეში მიხლაა მომხიბლავი. ჯობს, შორიდან ელაპარაკო, ისე, როგორც ამას ბუსონი აკეთებდა:

„ბინდში
ანთებულ ლამპის შუქზე
ფერი დაკარგეს
ახლახან ყვითლად მოხასხასე ქრიზანთემებმა”.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...