ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
29 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

Rodis Moxvalt

0

 

– ჩუმაბარ გავეთილ!

ეს სიტყვები შიშის ზარს გვცემდა ბავშვობიდანვე, გვეგონა, რომ მამა, რომელიც იშვიათად გვამეცადინებდა და ათასში ერთხელ ინტერესდებოდა ჩვენი სასწავლო პროგრამით, სწორედ იმ ჯერზე ეცდებოდა ჩვენს ბოლომდე გაწურვას და მხოლოდ საყვედურს არ გვაკმარებდა. იმ რომელიღაც გაკვეთილის ჩაბარება მხოლოდ საბაბი იყო მისთვის, სიმკაცრის გაკვეთილი რომ ჩაეტარებინა, წესრიგი დაემყარებინა, ნაადრევად შეხუმრებული შვილები აელაგმა.

– თენგა, ვაგოკო ასე! – ფრთხილად ვეცდებოდი სიტუაციის განმუხტვას და მხარზე ხელს მოვუთათუნებდი.

– თენგა არა, ბატონო მამა! – შემისწორებდა მკაცრი სახით და დამიბღვერდა. არ მახსენდება შემთხვევა, შვილებისგან სახელით მიმართვა არ გაეპროტესტებინოს და მაგალითად ყოველთვის თავისი ძველი მეგობარი ადა ჩიქოვანი მოჰყავდა, – „ბატონო მამა“, ასე ეძახდა მამამისს ის ცხონებული, თქვენ კიდე თენგა, ლენგა, გუზია… არ გამოვა არაფერი! აღზრდაში დაშვებულია შეცდომები!

აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე მითითება მამაჩემს ყოველთვის სიამოვნებდა, თითქოს გამოსავლადაც მიაჩნდა იმ რთული მდგომარეობიდან, როცა შვილების სიყვარული გკარნახობს, მათ კაპრიზებსა და გამოხდომებს ანგარიში გაუწიო. მით უმეტეს, თუ გადაწყვეტილი გაქვს, გიჟი მამა იყო.

მამაჩემმა ეს იმ დღიდან გადაწყვიტა, როცა უკრაინაში ლუკმა-პურის საშოვარიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ოჯახის მისახედად ოჯახში ყოფნაა საჭირო. პირველი, რაც გააკეთა, სიგარეტის გადაგდება სცადა და მეორე – სამამულო ბიზნესის აწყობა. პირველი წარმატებით გამოუვიდა, მეორეში იღბალი ღალატობს დღემდე.

შვილების „დევნა“ თავიდანვე მისი ჰობი იყო, და რადგან სამსახური ვერ იშოვნა, მის მთავარ საქმიანობადაც ეგ იქცა. ოჯახში ხისტ, უხასიათო კაცს ჩვენ გამო შეეძლო შუბლით გაეტანა ნებისმიერი დაბრკოლება, ყველაფერზე წასულიყო, მთელ ქვეყანას გადადგომოდა და ყველა გადაემტერებინა, თუკი ოდნავ მაინც ირწმუნებდა, რომ მართალი ვიყავით და დაგვჩაგრეს. ძმების დაჩაგვრა იოლი არ არის, თუ ძალიან ძლიერს ან ასაკით უფროსს არ გადაეყრებიან, ამიტომაც მამაჩემს ერთი-ორჯერ ჩვენი თავგასული მასწავლებლების ჯანდაბაში გასტუმრებაც მოუწია, რომელსაც არაფრით არ იზამდა, ჩვენს სიმართლეში ეჭვი რომ შეჰპარვოდა.

წნევა, რაც თავი მახსოვს, სულ აწუხებდა და ჩვენი თანაგუნდელების მშობლებმა რომ მეტსახელად წნევა შეარქვეს, არ გაუპროტესტებია. უცნაურად თბილი იყო ის ათასი გაჭირვებით აწეწილი 90-იანები: მშობლებს შვილებისთვის უფრო ეცალათ, უფრო უსმენდნენ და ქომაგობდნენ შვილებს. მაშინ, როცა მთელი გუნდი სამარშრუტოთი მურატ ნასიროვის ცნობილი ჰიტის („მალჩიკ ხოჩეტ ვ ტამბოვ“) თანხლებით თამაშზე მივდიოდით, ერთი სამარშრუტოთი მშობლები უკან მოგვყვებოდნენ. იშვიათად, მამაჩემს ვარჯიში ან თამაში გაეცდინოს.

კამათი და ვნებათაღელვა (განსაკუთრებით პოლიტიკურ თემებზე) მისი საუკეთესო თავშესაქცევია. წლების განმავლობაში დაუსაქმებელს პარტიებში შესვლის, მათთან მიკედლების საშუალება ხშირად ჰქონდა, მაგრამ იფრთხილა, თავი დაიზოგა, ზედმეტად არ დაუახლოვდა, სამაგიეროდ არც იმათ გამოიდეს თავი: ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მამაჩემი არავის გახსენებია. დიდად არც მამაჩემს დაწყდა გული – კაცი, რომელიც დილას უზმოზე სიგარეტის მოწევით იწყებს, მეზობლის ბავშვებთან თამაშითა და ტყუპისცალ ძმასთან წინასამატჩო ფსონების განსჯით აგრძელებს და კრიტიკულ მომენტებში ორმოცი წლის წინ გარდაცვლილ ბებიას იფიცებს („ბებ ქობწანსდა!“), ვერაფრით წარმომიდგენია, პარტიულ ვალდებულებებს შეგუებოდა.

მცირედითაც კმაყოფილია. ეს თვისება შველის და ასუსტებს კიდეც. ბევრს არ მოითხოვს ცხოვრებისგან: სიმდიდრეს, პატივს, წყალობებს არაა გამოკიდებული, მაგრამ დიდად არც ყოფითი წვრილმანების მოწესრიგება აინტერესებს.

„შეისიატ ლეტ! ნი შუტკა!“ – ასაკს ხშირად აფიქსირებს, არა იმდენად უფროსობისა და ჭარმაგობის აღსანიშნავად, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ ასეთ სოლიდურ წლოვანებაშიც კი თითზე ჩამოსათვლელი ჭაღარა და ახალგაზრდული გარეგნობა შერჩა.

იშვიათად მირეკავს. და ყოველ დარეკვაზე, როცა ჩემი ტელეფონის ეკრანს „Rodis Moxvalt“ დაეწერება, იმ დროს ვიხსენებ – ძველ, მოუწყობელ, მაგრამ სხვის სახლში ნანახი სიზმარივით ტკბილად გასახსენებელ წლებს, როცა მამაჩემის მთავარი საქმე შვილების „დევნა“ და მათი „სწორ გზაზე დაყენება“ იყო. ერთადერთი სწორი გზა, მისი აზრით, ჯანსაღ ცხოვრების წესზე, კონკრეტულად კი ფეხბურთზე გადიოდა და მამაჩემის მთავარი კითხვებიც („სო მეურთ?“, „მუჟამ მოურთ?“ – „სად მიდიხართ?“, „როდის მოხვალთ?“) მხოლოდ იმას უკავშირდებოდა, რომ სახლიდან არასაფეხბურთო მიზნით გასულებს სხვა, უფრო „მცდარი“ გზა არ აგვერჩია. მაგრამ იმ დღიდან, რაც ჩვენი ფეხბურთელობის იმედი გადაეწურა, სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე მოუხშირა საუბარს. „ჩუმაბარ გავეთილ“-ის თქმა უკვე უხერხული ჩანდა, მერვე კლასში ვიყავით, ამიტომ ერთადერთი, რითაც ჩვენგან ყოველი იმედგაცრუების შემდეგ მამაჩემი გულს იოხებდა, მისი საფირმო ფრაზა იყო:

– მუთუნ ვეგშურს! არ გამოვა არაფერი! აღზრდაში დაშვებულია შეცდომები!

სსსმ მოსწავლეთა პედაგოგების გამოცდილებიდან

0

სსსმ მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი სწავლება საგანგებო განათლებას, ნიჭსა და გამოცდილებას მოითხოვს. სულ ათიოდე წელია, რაც ინკლუზიამ საქართველოს სკოლებში ფეხი მოიკიდა, ამიტომ, ვფიქრობ, მასწავლებლებისთვის საინტერესო უნდა იყოს მათი ქართველი და უცხოელი კოლეგების გამოცდილება.

ამ ამბებს სხვადასხვა საგნის მასწავლებლები და ფსიქოლოგები მოგვითხრობენ:

ABA თერაპევტი, საქართველო:

– დათას ქცევა ძნელი სამართავია. ბაღში ბავშვებთან ურთიერთობას გაურბოდა. არც ისინი ამჟღავნებდნენ მასთან მეგობრობის სურვილს. ყველას ეგონა, დათამ არც ლაპარაკი იცოდა და არც რაიმე აინტერესებდა.

როდესაც ბაღში შევყევი, ჯგუფს ის–ის იყო დაეწყო რიცხვების მოხაზვა და მარტივი არითმეტიკის შესწავლა. ვიცნობდი დათას უნარებსა და ინტერესებს, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე: გავიყვანე დაფასთან და ორნიშნა რიცხვების დაწერა ვთხოვე, მერე კი ზეპირად გამოვკითხე, რამდენი იყო, მაგალითად, 5+2, 7-3. ისიც, ჩემთან ურთიერთობას ჩვეული, სწორად მპასუხობდა. ბავშვები გაოცებას ვერ მალავდნენ. მის შესახებ წარმოდგენა რადიკალურად შეეცვალათ და პატივისცემითაც განეწყვნენ, რადგან აღმოაჩინეს, რომ დათამ რაღაც მათზე უკეთ იცოდა.

ასეა, ყველა ბავშვი მათი დადებითი მხარეებით უნდა წარმოვაჩინოთ თანატოლების თვალში და თანაკლასელებთან დამეგობრებაში დავეხმაროთ.

ფსიქოლოგი, აშშ:

– გაგიკვირდებათ და ბევრ არამეტყველ ბავშვს შეუძლია კითხვა. მიმუშავია ბავშვებთან, რომლებიც საერთოდ არ ლაპარაკობენ ან მწირი ლექსიკონი აქვთ და მინახავს, როგორ კითხულობენ. ისინი აწყვილებენ სიტყვებსა და ნახატებს, ხან კი ტექსტს თითს აყოლებენ. წერა-კითხვის უნარებს კარგად ავითარებს ხმოვანი პროგრამები. გამაფრთხილებელი, ამკრძალავი თუ საგზაო ნიშნების, აბრების, ბილბორდების უფროსებთან ერთად კითხვა სახალისოცაა და ეფექტიანიც.

მათემატიკის მასწავლებელი, საქართველო:

სანდროს მეხუთე კლასში ვასწავლიდი. თვალებში არასდროს მიყურებდა და, ერთი შეხედვით, არც საგაკვეთილო აქტივობებში ერთვებოდა. უმეტესად ფურცლებს ხევით და გორაკებად დაწყობით იყო გართული. კოლეგებს აწუხებდათ მისი ასეთი ქცევა, მე კი ვუხსნიდი, რომ ეს მას თავის სამართავად და სიმშვიდის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მისმენდა! მოულოდნელად და საკმაოდ შორიდან გავძახებდი ხოლმე: „სანდრიკ, როგორ ამოვხსნათ ეს ამოცანა?“ – და ისიც ყოველთვის სწორად მპასუხობდა. არასოდეს დამიძალებია ურთიერთობა, თვითონვე შემოუერთდებოდა ხოლმე მცირე ჯგუფს, როდესაც რაიმე საინტერესოს განვიხილავდით.

ბევრ მოსწავლეს უჭირს გაკვეთილზე ერთ ადგილას გაჩერება. ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, თუ მათ სიარულის უფლებას მივცემთ.

სსსმ მოსწავლეთა მართვა ადვილად ხერხდება მცირერიცხოვან კლასებში, მეტადრე მაშინ, როდესაც მასწავლებელი სათანადო ფსიქოლოგიური ცოდნითაა აღჭურვილი.

მეცნიერების საგნის მასწავლებელი, კანადა:

– სანამ გაკვეთილების სრულყოფილად ჩატარებას მოვახერხებდი, გრძელი გზა გავიარე, რადგან ვითარებას თურმე სათანადოდ ვერ ვაფასებდი. მეგონა, სსსმ მოსწავლეები შეძლებდნენ იმის გადაწერას, რასაც დაფაზე დავუწერდი; ექნებოდათ მოწესრიგებული რვეულები, სადაც სწორად ჩაიწერდნენ დავალებებს; მათთვის კომფორტული იქნებოდა ნებისმიერ ცარიელ მერხთან ჯდომა. პირველმა გაკვეთილებმა თვალი ამიხილა. ახლა, ცოტა არ იყოს, მრცხვენია კიდეც – თურმე როგორ უგულებელვყოფდი ბევრი მოსწავლის საჭიროებებს… დღეს უკვე ვცდილობ, ჩემი გაკვეთილები ყველას მოვარგო.

სხვადასხვანაირი შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობას ჩვეული გახლდით – ყოველთვის მყავდა როგორც ნიჭიერი, ისე საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, მაგრამ არ ვითვალისწინებდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეებს, რომლებსაც, მაგალითად, დაფიდან სიტყვების გადაწერა უჭირდათ.

ყველაფრის კარგად მოსაფიქრებლად საკმაო დრო დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ სასწავლო გეგმის მათთვის მორგება სულაც არ აღმოჩნდა ძნელი. წინასწარ ჩამოვწერე ყველა ის ტერმინი შესაბამისი განსაზღვრებითურთ, რომლებიც იმ დღეს ახსნილ მასალაში შეხვდებოდათ და ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს მივეცი, მაგრამ მოხდა საოცრება – რამდენიმე სხვა მოსწავლემაც მთხოვა, ასეთი ლექსიკონი მათთვისაც შემედგინა. რატომაც არა?! აი, ასე მივაგენი საგნის სწავლების ახალ მეთოდს.

კარტოგრაფიული სემიოტიკა –  რუკის პირობითი ნიშნები, მათი სახეები და ფუნქციები

0

პირობითი ნიშნების გამოყენება  ის ძირითადი თვისებაა, რითაც რუკა სხვა მრავალი ისეთი გეოგრაფიული მოდელისგან განსხვავდება, როგორიცაა აერო და კოსმოსური სურათები, პანორამები და სხვ.  ნიშნები რუკაზე  მხედველობითი  აღქმის ელემენტებია, რომლებიც  გარემომცველ სამყაროში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს, მათ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, რაოდენობრივ და თვისობრივ დახასიათებას, სტრუქტურას, დინამიკასა და სხვ. პირობითად  წარმოგვიდგენენ.

სემიოტიკა  ლინგვისტური მეცნიერებაა, რომელიც ნიშნებს და ნიშანთა სისტემების  თავისებურებებს შეისწავლის.  კარტოგრაფიისა და სემიოტიკის მიჯნაზე შეიქმნა განსაკუთრებული მიმართულება – კარტოგრაფიული სემიოტიკა (კარტოსემიოტიკა),  რომლის ფარგლებშიც დამუშავებულია თეორია კარტოგრაფიული ნიშნების სისტემის, როგორც რუკის ენის  შესახებ.  იგი  იმ პრობლემების  საკმაოდ ფართო  სფეროს შეისწავლის, რომლებიც კარტოგრაფიული ნიშნებისა და  კარტოგრაფიული გამოსახვის ხერხების წარმოშობას, კლასიფიკაციას, თვისებებსა და ფუნქციებს ეხება.

კარტოგრაფიული  სემიოტიკა სამ ძირითად ნაწილს მოიცავს:  ა) სინტაქტიკა –   სწავლობს  ნიშანთა სისტემის აგებისა და გამოყენების წესებს, მათ სტრუქტურულ  თვისებებს, რუკის ენის გრამატიკას;  ბ) სემანტიკა – იკვლევს  პირობითი ნიშნების  დამოკიდებულებას გამოსახულ ობიექტებსა და მოვლენებთან მიმართებაში;  გ) პრაგმატიკა –  სწავლობს ნიშნების, როგორც კომუნიკაციის ინფორმაციულ ღირებულებას და რუკის მკითხველების მიერ მათი აღქმის თავისებურებებს. ზოგჯერ ასევე  გამოყოფენ კარტოგრაფიული სტილისტიკასაც, რომელიც იმ სტილსა და ფაქტორებს შეისწავლის, რომელთა კარტოგრაფიული ნაწარმოებების დანიშნულებასთან  და ფუნქციებთან მიმართებაში გამომსახველობითი საშუალებების არჩევანს  განსაზღვრავენ.

რუკის ენა კარტოგრაფიაში გამოყენებულ ნიშანთა სისტემაა, რომელიც  რუკების შექმნისა  და გამოყენებისათვის  აუცილებელ პირობით ნიშნებს, გამოსახვის საშუალებებს, მათი აგების, გამოყენებისა და კითხვის  წესებს აერთიანებს. რუკის ენა კაცობრიობის მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისი განვითარება ყველა ეტაპზე დაკავშირებული იყო  სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესთან, კულტურისა და  ხელოვნების მდგომარეობასთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან, ანუ ყველაფერთან, რაც ისტორიულ-საზოგადოებრივ პროცესს აყალიბებს.  ამ დროის განმავლობაში რუკის ენა არა მარტო უზრუნველყოფდა ინფორმაციის შენახვასა და გადაცემას, არამედ   ასრულებდა საერთო ენის როლს დედამიწის  შემსწავლელი  და მათთან დაკავშირებული მეცნიერებებისთვის. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად რუკის ენის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. კარტოსემიოტიკური პოზიციიდან რუკის ენის კატეგორიები და ელემენტები, მათი გრამატიკა და სტრუქტურა, ფუნქციონირების მექანიზმები, ნიშნების გამოყენების წესები  შეისწავლება.

ამ კვლევებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული  სემიოტიკასთან, სამანქანო გრაფიკასთან, სამხატვრო დიზაინთან და აღქმის ფსიქოლოგიასთან, ნათელი პრაქტიკული ორიენტაცია აქვს – ისინი მიმართულია ელექტრონული რუკების ხარისხის ამაღლებისკენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  რუკის ენაში  შეიძლება განვასხვავოთ სულ მცირე ორი  შრე (ქვეენა): ერთი მათგანი ასახავს  ობიექტების მდებარეობას, მათ სივრცობრივ ფორმას, ორიენტაციას,  ურთიერთგანლაგებას, ხოლო მეორე – ამ მოვლენების შინაარსობრივ მნიშვნელობას, მათ შინაგან სტრუქტურას, ხარისხობრივ და რაოდენობრივ დახასიათებას. ორივე ქვეენის გრამატიკა კი სწორედ კარტოგრაფიული სემიოტიკის წესებით აიხსენება. რუკის ენა კარტოგრაფიის ობიექტების ენაა. მისი მთავარი ფუნქციებია (როგორც მთლიანად კარტოგრაფიის) – კომუნიკაციური, ანუ   გარკვეული რაოდენობის ინფორმაციის გადაცემა რუკის შემქმნელისგან მის მკითხველამდე და შემეცნებითი  –  კარტოგრაფიული ობიექტის შესახებ ახლი ცოდნის, ინფორმაციის მიღება.

კარტოგრაფიული გამოსახულებები განიხილება, როგორც განსაკუთრებული ტექსტი ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუკა გამოსახულებაა, რომელიც რუკის ენითაა შექმნილი. კარტოგრაფიული პირობითი ნიშნები გრაფიკული სიმბოლოებია, რომელთა დახმარებით   რუკაზე  აღნიშნავენ, აჩვენებენ ობიექტის სახეს, მის ადგილმდებარეობას, ფორმას, ზომებს, ხარისხობრივ და რაოდენობრივ  მახასიათებლებს.  პირობითი ნიშნები ისტორიულად  ამა თუ იმ ადგილის ობიექტების ნახატებიდან წარმოიშვნენ. წინა საუკუნეების კარტოგრაფები ასეთი ნახატებით ცდილობდნენ ამა თუ იმ ობიექტის ინდივიდუალური თავისებურებების გადმოცემას, მაგ;  ქალაქში ეკლესიის შიდა სახე, ხეების ჯიშები და სხვ.

ბლ1

ძველი რუკებისთვის დამახასიათებელი იყო ადგილმდებარეობის ნახატის სახით გადმოცემა, რომელსაც ლეგენდაც კი არ  სჭირდებოდა. მარტინ ჰელვიგის რუკის ნაწილი, 1561 წ. 

თანდათან ნახატებმა დაკარგეს თავიანთი ინდივიდუალობა და ყველა ქალაქი ერთი ნიშნით, ხოლო ყველა სოფელი მეორე ნიშნით გამოსახეს. მნიშვნელოვანი გზების გამოსახატავად ერთი ტიპის ხაზი აირჩიეს, ხოლო მეორეხარისხოვანი გზებისთვის – სხვა ტიპის.  ხშირად რუკაზე ზოგიერთმა აღნიშვნამ საერთოდაც დაკარგა  მსგავსება გამომსახველ ობიექტთან, მაგალითად, ქალაქები წრით – პუნსონით აღნიშნეს.  ნიშნებმა უფრო მეტი პირობითობა და აბსტრაქტულობა შეიძინეს.

პირობითი ნიშნების გამოყენება საშუალებას გვაძლევს:

  • ვაჩვენოთ რეალური და აბსტრაქტული ობიექტები, მაგ; თოვლის საფარის სიმაღლე, მიმართულება, კონტინენტური კლიმატის ინდექსი);
  • გამოვსახოთ ის ობიექტები, რომლებსაც ადამიანი ვერ ხედავს და რომელსაც  მისი გრძობათა ორგანოებიც კი ვერ აღიქვამს. (ძველი კონტინენტების პალეორელიეფი, გრავიტაციული და მაგნიტური ველები);
  • გადმოვცეთ ობიექტების შინაგანი მახასიათებლები, მათი სტრუქტურა (მაგ; სამრეწველო პროდუქციის მოცულობა და სტრუქტურა,  მოსახლეობის შედგენილობა);
  • ავსახოთ ობიექტების  ურთიერთმიმართება:  რიგითობა და იერარქია, განსხვავება,  მსგავსება (გეოგრაფიული სტრატიგრაფია);
  • ვაჩვენოთ მოვლენებისა და პროცესების დინამიკა (წყლის ხარჯის ცვლილება მდინარის აუზში თვეების მიხედვით);
  • მნიშვნელოვნად შევამციროთ გამოსახულება (წვრილმასშტაბიან რუკაზე ცალკეული სახლებისა და კვარტლების ნაცვლად შესაძლებელია წრის სახით გამოვსახოთ მთელი დასახლებული პუნქტი);
  • რუკებზე გამოყენებული პირობითი ნიშნები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:  მასშტაბგარეშე,  ანუ წერტილოვანი, რომლებიც პუნქტებში ლოკალიზებული ობიექტების აღსანიშნავად გამოიყენება, მაგ; ნავთობის საბადო ან ქალაქები წვრილმასშტაბიან რუკებზე.  მათი მასშტაბგარეშეობა იმაში ვლინდება, რომ მათი ზომები (თუ მათ რუკის მასშტაბში გამოვსახავთ) ყოველთვის გაცილებით მეტია რეალურ ზომებთან შედარებით;

ბლ2

მასშტაბგარეშე ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ა) ფორმით; ბ) სიდიდით; გ) ორიენტირებით; დ) ფერით;  ე) შიდა სტრუქტურით.

ხაზობრივი ნიშნები ხაზობრივი ობიექტების – მდინარე, გზა, საზღვარი, ტექტონიკური ნაპრალები და სხვ.  გამოსასახავად გამოიყენება. ისინი მასშტაბურია სიგრძით, მაგრამ მასშტაბგარეშეა სიგანის მიხედვით.

ბლ3

ხაზობრივი ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ა) სიგანით; ბ) ნახატით (სტრუქტურით); გ) ფერით

ფართობლივი ნიშნებით იმ ობიექტებს გამოსახავენ, რომლებმაც რუკაზე შეინარჩუნეს თავისი ზომები და მოხაზულობა; მაგ; ტყის მასივი, ტბა, ნიადაგის გავრცელების არეალი და სხვ.  ასეთი ნიშნები, როგორც წესი, კონტურისგან და მისი შიგთავსისგან შედგება.  ისინი ყოველთვის მასშტაბურია და საშუალებას  გვაძლევს ზუსტად  დავადგინოთ ობიექტის ფართობი.

ბლ4

ფართობლივი ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან:  ა) ფერით; ბ) სტრუქუტურით; გ) ნახატის  შემავსებელი აღნიშვნებით; დ)  მაორიენტებელი   დაშტრიხვით.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის  წინ ყველა ნიშანი  სტატიკური იყო, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად  დინამიკური ნიშნებიც  გაჩნდნენ. ეს მოძრავი, ცვალებადი ნიშნები  კომპიუტერულ კარტოგრაფიულ ანიმაციებში გამოიყენება. ისინიც ასევე შესაძლებელია იყვნენ წერტილოვანი, ხაზობრივი და ფართობლივი. ნიშნების როლი  არ შემოფარგლება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით, ისინი ამავე დროს  წარმოადგენენ  ფიქსაციის, ფორმალიზაციისა და სისტემატიზაციის საშუალებებსაც. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ნიშნების შემეცნებითი  (გნოსეოლოგიური) ფუნქციაც. მათი საშუალებით შესაძლებელის მოქმედების ჩატარება, მათი გარდაქმნა ერთი ფრომიდან სხვა ფორმაში, გაზომვების ჩატარება.

ნიშნები, თავის მხრივ, სამეცნიერო ცნებების ფორმირების, ვიზუალიზაციის, თეორიული დასკვნების და სხვ. საშუალებებს წარმოადგენს. ფილოსოფოსი და მათემატიკოსი გ. ლეიბნიცი, რომელმაც დიფერენციალური და ინტეგრალური გამოთვლები შექმნა და შესაბამისი სიმბოლიკაც შეიმუშავა, ამბობდა: „უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აღნიშვნები იყოს მოხერხებული”. ეს მოსაზრება განსაკუთრებით  სამართლიანად ეხება კარტოგრაფიულ პირობით ნიშნებსაც. როგორც მელოდია იქმნება შვიდი ძირითადი ნოტისგან, ისე იქმნება რუკაც პირობითი ნიშნებით, ხოლო პირობითი ნიშნები გრაფიკული ცვლადებისგან. გრაფიკული ცვლადები ელემენტარული გრაფიკული საშუალებებია, რომელთა გამოყენებითაც ხდება კარტოგრაფიული ნიშნების და ნიშანთა სისტემის შექმნა. ესაა ფორმა, ზომა, ორიენტირება, ფერი, ფერის სიმკვეთრე და ნიშნის  შიდა  სტრუქტურა. კარტოგრაფიული სემიოტიკის კანონები და რუკის ავტორის  გემოვნება საშუალებას აძლევს მას შეარჩიოს ნიშნების ყველაზე მრავალფეროვანი სტილი და თანწყობა, მოახერხოს მკვეთრი, კარგად გამოსახული და დასამახსოვრებელი ნიშნების კონსტრუირება.  თუმცა ამავე დროს არჩევნის თავისუფლება ართულებს პირობითი ნიშნების უნიფიკაციასა და სტარდატიზაციას, რაც  მეტად სერიოზული პრობლემაა კარტოგრაფიაში. მაგ; დასახლებული პუნქტები შეიძლება აღნიშნული იყოს  სხვადასხვა ფერისა და ზომის წრით, კვადრატით, ვარსკვლავით, სახლების სტილიზებული ნახატებით ან სხვა რაიმე ნიშნით. თუ მათემატიკური და ქიმიური სიმბოლოები სპეციალისტებისთვის გასაგებია ახსნა-განმარტების გარეშე,  ნებისმიერ რუკას თან აუცილებლად უნდა ახლდეს ლეგენდა, რომელიც ყველა ნიშანს განმარტავს.  დღესდღეობით სტანდარტული პირობითი ნიშნები მიღებულია და ოფიციალურად დამკვიდრებულია მხოლოდ ტოპოგრაფიული, საზღვაო და აერონავიგაციურ რუკებზე.  თემატურ კარტოგრაფიაში  ფერებისა და ინდექსების უნიფიცირებულ სისტემას მხოლოდ გეოლოგიურ და ნაწილობრივ ნიადაგების რუკებზე იყენებენ. ასევე არის მცდელობა, მოხდეს  გეომორფოლოგიური რუკების ლეგენდის უნიფიცირებაც.

სექტემბრის ნათელი

0

სკოლაზე თუ დავფიქრდები და ვეცდები, ჩემი თავი და ერთმანეთი გავიხსენო, ჯერ შესასვლელში ჩარიგებულ ნაძვებს შორის გავლა მიწევს. და შემოდგომის.

დავხუჭავ თავლებს და სექტემბრის ნათელ შუადღეს გავიხსენებ, დამეგობრებას. დედები ალბათ არ გვეთმობოდნენ, ალბათ, ვიტირეთ კიდეც, ეს ალბათ სევდიანი იქნებოდა, ამიტომაც დილა არ მახსოვს. სკოლის გახსენება ერთმანეთით, უდედებოდ და ნაძვებით იწყება.

თუ დავფიქრდები, სკოლაში რა ვისწავლე და ვერცერთ მარტივ ქიმიურ რეაქციას ან ისტორიულ თარიღს ვერ გავიხსენებ, ვიტყვი, რომ სკოლაში თანადგომა და მეგობრობა ვისწავლე. და სიყვარული. და თანალმობა.

ბევრი გვსმენია ბულინგზე და ბევრი ჩვენგანიც მისი მსხვერპლი ყოფილა, მაგრამ ეს რანაირი კლასი იყო, ეს რანაირი ბავშვები ვიყავით, ერთმანეთი ბავშვური დაუნდობლობით არასდროს გაგვიკიცხავს, ერთმანეთის ღარიბული, გაცვეთილი შარვლები თუ ჩანთები არც შეგვიმჩნევია, ისე გულწრფელად დავმეგობრდით, ერთმანეთი ისე შევიყვარეთ რომ ღმერთო ჩემო, რამდენი წელი გავიდა და მას შემდეგ ასე ნამდვილად, ასე მართლა, ასე მარტივად აღარავისთან დავმეგობრებულვარ.

ერთი ეგ არის, ერთმანეთს უმოწყალოდ ვატყუებდით. მე სახლში ორი ფუმფულა ბოცვერი მყავდა, თეკლეს პატარა მაიმუნი და იმ პერიოდში მისი გაწვრთნით გახლდათ დაკავებული, თეოს აუზი ჰქონდა და იქ ოქროს თევზებთან ერთად ცურავდა, გიო კი დისნეი ლენდში აპირებდა დღე- დღეზე წასვლას. ვცრუობდით ასე და ღამ- ღამობით, ძილში ჩაფლულებს სასიამოვნო ჟრუალტელი წამიერად დაგვივლიდა, ჩვენი ოცნებები გარეალურდებოდა, ისხამდა ხორცს, ფარფლებს, ბოცვრების თბილ ქურქს და გვჯეროდა, რომ კი, რომ მართლა ამხელა რამის მფლობელები ვიყავით. სინდისი ერთი წამითაც არ გვქენჯნიდა, რადგან კეთილი ამბების გამოგონება დანაშაული სულაც არ არის, დიდი ამბავი თუ ის ბოცვერი მე ათი წლის შემდეგ ვიყიდე, გიო კი დისნეი ლენდში ჯერაც ვერ წავიდა.

ექვსი წლის სალომე ექვსი წლის დათოს გახუნებულ, დამოკლებულ მაისურს ვერ შეამჩნევს, თხუთმეტი წლის შემდეგ კი რონიზე იტირებს, ჰარისთან რომ მიდის ღამით ფეხაკრეფით, ძილის წინ თავის საუკეთესო მეგობართან შერიგებას ცდილობს, სხვანაირად მშვიდად ვერ დაიძინებს. ჯოან როულინგი კი უცებ შენიშნავს, როგორი მოკლე, გახუნებული პიჟამა აცვია რონის, ალბათ რომელიმე ტყუპი ძმის ნაქონი. ძველი. ასე სირიუს ბლექის სიკვდილზე არ მიტირია. მერე ვფიქრობდი, რა დამემართა. ალბათ შემეცოდა- მეთქი, რა სირცხვილია, ამის გამო ადამიანები ალბათ არ უნდა მეცოდებოდნენ- მეთქი, ეს როგორ შეიძლება, რანაირად ხდება რომ გაცრეცილი ტანსაცმლის გამო გულთან რაღაც ჩაგწყდეს- მეთქი, დიდი ამბავი, ძონძებია- მეთქი.

მაშინ კი, სექტემბრის იმ ნათელი დილიდან თუ შუადღიდან მოყოლებული, ბავშვობის რამდენიმე  წლის განმავლობაში ასეთი წვრილმანები არ შეგვიმჩნევია.

მე სკოლა ასეთი დავიმახსოვრე:

ნაძვებს გაივლი, დილაა. ნამძინარევს შენი ფეხის ხმა უცხოდ ჩაგესმის, თითქოს ფეხის ხმა ცალკე პიროვნება იყოს, ისეა, როგორც ძველ ქართულ ფილმებში: ბაკ- ბუკ, ბაკ- ბუკ. ყოფნაა, ფეხის ხმის ყოფნა. ასე ადიხარ მეორე სართულზე, გესმის სხვების ფეხის ხმაც და თანდათან იღვიძებ, სკოლა ცოცხლობს და გესმის, რომ სცოცხლე ხმაური და მოძრაობაა. კმაყოფილი იღიმი. დერეფნების ნავთის სუნს გაივლი, იატაკი ჭრიალებს და წითელი საღებავი ალაგ- ალაგ აცლილია, საკლასო კარს შეაღებ, მისალმება.

ძალიან რომ ვეცადო, ვერ გავიხსენებ, როგორ ვაწყენინეთ ერთმანეთს, ვხდვებოდით, ერთმანეთის ყოლა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, არ უნდა გვეწყენინებინა. რადგან ძალიან უცნაური ამბავი გადაგვხადა თავს, თერთმეტწლიანი ერთად ყოფნა. მერე კი როცა წავიდ- წამოვედით, ზოგი სხვა ქვეყანაში და ისეც მოხდა, რომ ზოგიც კიდევ უფრო შორს, იმ შორსწასულების გასაცილებლად მისულებმა ვთქვით, რომ რაც გადაგვხდა, მშვენიერი იყო. რომ ახლა თურმე ისე გავზრდილვართ, წასვლა დავიწყეთ. და ტირილიც. არ დაიჯეროთ ღიმილით გაცილების შესახებ. გაცილებისას ტირიან.

ის ნაძვები რომ გაიარო, ჯერ მხრებით უნდა მისწი- მოსწიო, შემჭიდროვებულან, ან მე ვარ დიდი და აღარც ძალიან მაღლები მეჩვენებიან. ხელის ერთი აწევა, კენწეროს სწვდები. გაივლი ნაძვებს, შემოდგომის მზეს, დერეფნებსაც და მაიდგები კარს, რომლის იქითაც ქიმიური რეაქციები და ისტორიული თარიღები კი არა, ბავშვობაა.

პოლიციიდან დამირეკეს

0

გუშინ პოლიციიდან დამირეკეს:

– დავით ზურაბის ძე გორგილაძე ხართ? – იკითხა მამაკაცის დაღლილმა, სევდანარევმა ხმამ.
– ვცდილობ ვიყო – ვუპასუხე მე, რადგან ჯერაც მეგონა, რომ ასე მხოლოდ გაშაყირების მსურველი მეგობარი თუ წამოიწყებდა სატელეფონო ზარს.
ხაზზე მყოფი კაცი უკბილო ხუმრობას ვერ მიმიხვდა და მას სამარისებური დუმილით უპასუხა.
– კი, მე ვარ – დავსერიოზულდი.
– პოლიციიდან გირეკავთ – თითქოს უფრო დაუსევდიანდა ისედაც ნაღველით დამძიმებული ხმა.
სწრაფად ვიანგარიშე, ბოლო დროს რომელ ცოდვათა გუბეებში მქონდა ჩადმული ფეხი: „ირმა ინაშვილზე ვიღლიცინე, მაგრამ, განა ეს დანაშაულია? ჯერ ქალი პარლამენტში არ შესულა, დეპუტატის მანდატიც კი არ მიუღია და უკვე ბრბო მომისია? არა, კი დაიმუქრა, ყველას მოგხედავთ, ვინც მე მაგინეთო. არადა, ღმერთი, რჯული, არ მიგინებია… ისე, Facebook-ზე კი ვაშაყირე რაც ძალა და ღონე მქონდა. რაც მართალია- მართალია, ზოგიერთი ხუმრობა ძალიან კარგი გამომივიდა. ერთი სულაც ისეთი იყო, რკინის შურისმაძიებელი ქალის რისხვად რო ღირს. კიდევ? კიდევ რა ჩავიდინე? შენა და… გზა რო გადავკვეთე უადგილო ადგილზე? კი, მაგრამ ეგ ხო გასწი-გამოსწი 10 ლარიანი ჯარიმაა? – მეტი არა. თან, თუ რამე, ადგილზე დამაჯარიმებდნენ. აქ რაღაც სხვა ამბავია. მოიცა, მოიცა! ბავშვობაში ვიკას მამის მიტოვებულ „ჟიგულიში“ რო შევძვერით და ვუუუ, ვუუუ-ს რო ვიძახდით, ის ხო არ ამოგვიქექეს მე და კვესელავას? მორჩი ახლა, პარანოია ნუ დაგეწყო. ებიჯო, კითხე და გეტყვის ეს კაცი“.
– დავაშავე რამე? – ვკითხე.
– არ იცით, სამშობლო რო გეძახით?
უცებ ყველაფერი ნათელი გახდა – საქართველო რიგით ჯარისკაცად, უფრო სწორად, რიგით დარაჯად მიხმობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ სამხედრო კომისარიატმა უკვე მითხრა, რომ ჩემი მხედველობის პატრონს რაიმე ობიექტი კი არა, ორი მოხარშული კვერცხიც კი არ უნდა ჩააბარო.
– ეტყობა ხმაური იყო და ვერ გავიგე.
– რა თქვით?
– არაფერი, არაფერი.
– სამხედრო კომისარიატში უნდა მიხვიდეთ ხვალვე.
როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, კომისარიატში 09:30-ზე გამოვცხადდი. რადგანაც თბილისი გვიან იღვიძებს, დილით ვერ გაიგებ ადამიანები გამიზნულად მიდიან არჩეული ტრაექტორიით თუ სიზმრის ნაკვალებზე მიბარბაცებენ. კომისარიატი სულ ორიოდე წუთის გახსნილი დამხვდა. ერთი ღია კარის ჩარჩოზე დავაკაკუნე და როგორც კი ფურცლებში თავჩარგულმა კომისარმა ამომხედა, მიპატიჟებასაც არ დაველოდე – ისე შევედი ოთახში. უცებ აღმოვაჩინე, ჩემ წინ იჯდა კაცი, რომელმაც 10 წლის წინ, ვარკეთილის გადასაკარგავში, დანგრეულ, გაყინულ, პარკეტაყრილ, კედლებჩამოფხავებულ შენობაში, 172-ე სკოლის ბიჭები წვევამდელებად გვაქცია, მოწმობები დაგვირიგა და საქაღალდეები გაგვიხსნა. 10 წლის წინ… ცივი ზამთრის ერთ მოღუშულ, ნესტიან დღეს…
– სალამი. პოლიციიდან დამირეკეს…
– დიახ, დაბრძანდით.
– იცით? მე შეზღუდულად ჩამთვალეს 3 წლის წინ, თუმცა მას შემდეგ ჩემს თვალებს არაფერი ეშვ…
– გასაგებია, ბატონო. უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება – მითხრა თავაზიანად.
„ეჰ, ჩემო ძველო მეგობარო – ვიფიქრე ჩემთვის – „განა პირველად ვხედავთ ერთმანეთს? სულ ასე ხდება: შენ გვეძახი და ჩვენ მოვდივართ, ექიმები გვსინჯავენ და ისევ შინ ვბრუნდებით. მერე ისევ გვეძახით შენ და სამშობლო. ჩვენ კი – იმავეს გავაკეთებთ, რასაც წინა, მრავალ ჯერზე ვაკეთებდით. ჩვენ, ბადურადაზიანებული, თვალებდაავადებული ახლომხედველები“. – გავივლე გულში.
კაცმა ტელეფონის ყურმილი აიღო და შიგ ჩემი ვინაობა ჩასძახა. მალე ერთმა ახალგაზრდამ წითელი საქაღალდე ამოიტანა, რომელსაც ზედ ჩემი სახელი და გვარი ეწერა. „ღმერთო ჩემო! აი ისიც, ალიოშა დევდარიანის არქივი“ – გავიფიქრე და გამეღიმა. კაცმა საქაღალდე გადაშალა. თითქმის გაშავებული, თხელი ფურცლებიდან ჩემმა წარსულმა დაუბერა. უცებ ჩემმა ძველისძველმა ფოტომ კადრივით გადაირბინა.
– ეს მე ვარ? – ვკითხე რიტორიკულად.
კომისარმა უკან გადმოფურცლა და ფოტოს დააკვირდა. იქიდან 15 წლის, თმაქოჩრიანი, 35 კილოგრამით ნაკლები დათო გორგილაძე იყურებოდა. მერე ამომხედა, ტუჩი ოდნავ გადმოაბრუნა, თავი დააქნია და მითხრა:
– თქვენ უნდა იყოთ.
კაცმა უწყების გამოწერა დაიწყო. მე კი იმ ფოტოს გადაღების მომენტმა არ მომასვენა: ჩემი ძმის გამონაცვალი, ვირთხისფერი სვიტერი მაცვია, რომელიც მას ნათელა დონაძემ აჩუქა დაბადების დღეზე. სვიტერის საყელოდან ის პერანგი ამოწვერილა, რომელიც მელორ იაშვილმა მამაჩემს მიართვა საჩუქრად, მამაჩემმა კი – მე დამითმო. ობიექტივისკენ ვიყურები, ვცდილობ სერიოზული სახე მივიღო და ჯერ კიდევ მჯერა, რომ შეუძლებელია დადგეს დრო, როცა Guns and Roses-ს აღარ მოვუსმენ; 27-ე კორპუსელ მაკაზე ლამაზ ქალს ვერასოდეს შევხვდები; GTA-ის კოდები სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება; მე და ისაკა კი – სიბერემდე ვითამაშებთ Counter Strike-ს.

არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი მასწავლებელი

0

დიახ, მასწავლებლის პროფესიას პოპულარულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მაინც ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი მეგულება, რომელიც თავის საქმეს გულდადებით და სიყვარულით ასრულებს. რაც მთავარია, იცის, რომ კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს პროფესიონალიზმამდე მისასვლელად. ობიექტურნი თუ ვიქნებით, არც მათ გაუვლიათ იოლი და მოკირწყლული გზა: დამყაყებული საბჭოთა სიმშვიდიდან მათი ბავშვობა შიდა და გარე ომებში გადავისროლეთ,  ყმაწვილობა _შიმშილსა და სიბნელეში, სტუდენტობა _ ძნელად შესარჩევი უნივერსიტეტების უღრანში… მათ მაინც გამოაღწიეს და სკოლას მიაშურეს, მოსწავლე შეიყვარეს, სკოლა გაუთბეს და სწავლისადმი ინტერესი გაუღვივეს მოსწავლეებს.

არდადეგების ბოლოს ერთი მათგანი წერდა:

,,მიწურული შვებულების ბოლო დღეა, ხვალ ისევ საათს ცალთვალმიბჯენილი დილის ძილი მექნება, ორ წუთში რომ უნდა ავდგე, ე…ერთ წუთში.. .ნახევარ წწუთ… სიჩქარეში გადაყლაპული ყავა, უამრავ სასკოლო წიგნსა და დაქსეროქსებულ თაბახის ფურცლებში თავჩარგულობა რომ მახსენდება, გაშმაგებული ვებღაუჭები მოგონებებს თვალუწვდენელ მთებში სიარულზე, დაბლა ხევიდან დანახულ კესელოს საოცარ კოშკებსა თუ აღარ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მართლა, სიპი ქვით აშენებულ, კლდეებს შეკიდულ საოცარ სახლებზე გიამბეთ?! თითქოს ნემსით და ძაფით მიუკერებიათო, აბა, სხვა რა უნდა იფიქრო, ამ ძნელად მისასვლელი კლდის ქიმზე შეფენილი კოშკებისა თუ სახლების ხილვაზე…

…შევხვდები ჩემს მარგალიტებს და მაშინვე დამავიწყდება ჩემი შვებულება“.

ეს ინგა ქენქაძის პოსტებია. ინგა დევნილთა სკოლის (მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლა) დევნილი მასწავლებელია. ჩვენ პირველად ტრენინგზე შევხვდით. ის კოლეგებთან ერთად  შორი გზიდან მოვიდა, თანაც ფეხით, მაგრამ სხვებზე ადრე…  ტრენინგებზე თვითშეფასებას ახალგაზრდა მონაწილეთა განწყობაზე თვალმიდევნებით ვიწყებ. იმჯერად ინგას დავადგი თვალი. გამომცდელად მიყურებდა, ირონიული მზერაც შევნიშნე…  საპირისპირო აზრის გამოთქმა  არ მორიდებია, არც სხვისი პოზიციის გაზიარებაზე უთქვამს უარი, როცა არგუმენტები მოისმინა… ეს კარგად მენიშნა, ინტერაქცია შედგა.

_ ჩვენი სოფელი, ქენქაანი ახალგორის მუნიციპალიტეტშია, ოკუპირებულ ზონაში. ჩემი გვარიც აქედან მოდის, უფრო ზუსტად, გვარიდან მოდის სოფლის სახელი. იქაური მთა-გორები ბავშვობის უტკბილეს მოგონებებს უკავშირდება.  ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში რომ მოვედით პირველად და ამ ერთნაირ სახლებს  გადავხედე, გული  დამიმძიმდა, ასეთი ადგილი არც მენახა. მაგრამ ათი წელი  ცოტა არ არის, თითქოს შევეჩვიეთ დასახლებას, ერთმანეთს ვამაგრებთ. უკვე აქ დაბადებული თაობა მოვიდა სკოლაში, სხვებს აღარც ახსოვს იქაურობა, პატარები წამოვიდნენ. ბავშვებიდან ერთეულები ახერხებენ იქით გადასვლას და მერე ამბებს გვიყვებიან, ჩემს სოფელში ვიყავიო, ამბობენ. ვინც ვერ შედის მათთვის ჯერჯერობით ,,ჩემი სოფელი“ ფრეზეთია. მეც საბუთი არ მაქვს და ორი წელია, ვერ გადავდივარ. ქენქაანში ორ-სამ ოჯახშიღა არიან დარჩენილი მოხუცები, _მიამბობს ინგა.

ფეისბუქზე მისი პოსტები და ალბომები ყურადღებას იქცევს.  ფოტოების პერსონაჟები ხშირად მისივე მოსწავლეები არიან: გაოცებული, აღფრთოვანებული, ჩაფიქრებული, მოფუსფუსე ბავშვები…

_ პროფესია ჩემი მასწავლებლების მიბაძვით და ბავშვების სიყვარულის გამო ავირჩიე, ძალიან მაინტერესებდა მათთან ურთიერთობა. ახალი სასწავლო წელი ანა კალანდაძის ,,საქართველოო ლამაზოთი“ დავიწყეთ. ყველამ თავისი საქართველო დაგვანახა. ჩემი გადაღებული  პეიზაჟები, ყაყაჩოებით მოფენილი მინდვრები ვაჩვენე და ვთხოვე თავიანთი სიტყვებით გადმოეცათ ფოტოებზე დანახული… მათი წარმოსახვა უსაზღვროა, სრულიად განსხვავებული არიან შეხედულებებით, უნარებით, მაგრამ ერთნაირად სანდოები და გულითადები. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან უსამართლობა და პირობის გატეხვა, რომელიც ხშირად გვხვდება ცხოვრებაში, ჩემთვის ძნელად შესაგუებელია. ეს თვისებები, ეტყობა დიდობაში ეძალებათ ადამიანებს. ზოგადად, როცა უსამართლობას ვაწყდები, ვერ ვიტყვი, რომ გული არ მიცრუვდება, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ვწყვეტ ბრძოლას, უფრო პირიქით შეიძლება ითქვას. იქნებ სწორედ ამაშია ამ წინააღმდეგობების ხიბლი. ბავშვებთან სხვა სამყაროა. კლასში შემუშავებული გვაქვს წესები, რომელიც გვიიოლებს დისციპლინისა და წესრიგის დაცვას, სიმკაცრე უადგილოდ მიმაჩნია, ბავშვს არც უნდა ეშინოდეს და არც უნდა უმძიმდეს კლასში ყოფნა. თავადაც იციან, როგორ დაემორჩილონ წესებს, სანქციებიც იციან და თუ რამე შეეშალათ, კომპენსირებისთვის პირნათლად ალაგებენ კარადას ან აწესრიგებენ ოთახს.

ინგას  ,,მარგალიტები და ფუსფუსელები“ ამჟამად მეოთხეკლასელები და პირველკლასელები არიან. ხშირად სტუმრობენ სკოლის ბიბლიოთეკას და მერე წაკითხული წიგნების პერსონაჟებს ხატავენ, დგამენ სპექტაკლებს, ამზადებენ აფიშებს და დასახლებაში მართავენ წარმოდგენებს. 

_ მეოთხე კლასის დამრიგებელი ვარ. სასწავლო წლის დაწყებამდე მოვამზადე სახელმძღვანელოები, გავაახლე საკლასო გარემო, შევხვდი მშობლებს, გავაცანი საჭირო ნივთების ჩამონათვალი, გავუზიარე ჩვენი საერთო მიზნები და თანამშრომლობა ვთხოვე. მრავალრიცხოვანი კლასები არ გვაქვს და ვასწრებ, ყურადღება ყველა ბავშვს გავუნაწილო. ამიტომ თითქმის ყოველდღიურად ვიგებ, ვინ როგორ მოემზადა, ვინ რა გაიგო და რა _ ვერა.

_ სკოლის მიღმა ცხოვრება? 

_ ძალიან მიყვარს მოგზაურობა და რის საშუალებასაც საფულე მაძლევს, დავდივარ კიდეც. წელს თუშეთი და ხევსურეთი მოვიარე.  მერე ფოტოებზე ვინახავ ნანახს. ძალიან მომწონს ფოტოების გადაღება,  პეიზაჟები, ყვავილები, პორტრეტები… კიდევ, მშობლებს ვეხმარები საოჯახო მეურნეობაში. საინტერესოს ყველაფერში ნახავ, კარტოფილის ამოღებისას  გულის ფორმის კარტოფილს გადავაწყდი და მაშინვე გადავიღე, ,,გულკარტოფილა“ შევარქვი.

_ სამომავლოდ?

ჩემი უახლოესი გეგმები პროფესიულ განვითარებას უკავშირდება. კიდევ ბევრი რამის სწავლა მინდა. კოლეგებში ჩემი ყოფილი მასწავლებლებიც მყავს და თუ დამჭირდა, მიზიარებენ გამოცდილებას. სოციალურ ქსელებშიც ვეძებ და ვკითხულობ სიახლეებს. მაგალითად, ჯიპრაიდის პროგრამაში ჩვენ ჩართული არ ვართ, მაგრამ მათი რესურსი სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია. მომწონს და ვიყენებ. მე ჩემი მასწავლებლები მყავდნენ მისაბაძად, ჩემს მოსწავლეებშიც მინდა აღვძრა იგივე სურვილი და მათ ჩვენი პროფესიის დადებითი მხარეები დავანახო. მინდა, რომ თითოეულს სკოლაში მოსვლა უხაროდეს, სწავლა აინტერესებდეს. ამიტომაც ვცდილობ, გაკვეთილი მრავალფეროვანი იყოს და პროცესი კი სახალისო.

მეტი არც არაფერი. რიგით მასწავლებელზე გიამბეთ, თქვენც რომ ბევრს იცნობთ, ისეთზე. თან ჩვეულებრივზე და თან არაჩვეულებრივზე. ასეთები ათბობენ სკოლას.

ღვინის გზა ანუ ენოტურიზმი

0

ახლა უკვე ყველამ ვიცით, რომ საქართველოს გზებზე არსებულ ნიშნულებს „ღვინის გზა“ მარნისკენ მივყავართ. ასეთ ნიშნულებს ღვინის კულტურის მქონე ყველა ქვეყანაში შეხვდებით. საქართველოს „ღვინის გზის“ პროექტი 2011 წელს ამოქმედდა. ის სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-მა დაგეგმეს. ნიშნულზე ვაზისა და ყურძნის სიმბოლიკა ქართულია, ფერი კი – საფერავის.

ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „ენოლოგია“. ეს არის მეცნიერება ღვინის – მისი დაყენებისა და მოვლა-შენახვის შესახებ.

რაში გვჭირდება გეოგრაფებს მეცნიერება ღვინის შესახებ?

ტურიზმის თეორიტიკოსები 2020 წლისთვის ტურიზმის მამოძრავებელ ძალად თემატურ ტურიზმს მოიაზრებენ. ტურიზმის ამ მიმართულებას მიეკუთვნება ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში განხორციელებული ტურისტული პროგრამები. ენოტურიზმის მაგალითია ცნობილი ტური „ფრანგული ღვინის გზებით“. სამწუხაროდ, ეს ტურისტული პროდუქტი სათანადოდ არ არის წარმოდგენილი საქართველოში, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ამ მიმართულების განსავითარებლად საჭიროა, გავიზიაროთ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც დიდი ხანია ჩართულნი არიან ამ სფეროში. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, კვიპროსი, საბერძნეთი და ავსტრია. ეს მოვლენა შეგვიძლია შემდეგი გარემოებით ავხსნათ: გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ევროპას მოწინავე ადგილი უკავია ჩასული ტურისტების რიცხვით; აქ ბევრი კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. აღსანიშნავია მომსახურების მაღალი დონეც. მეორე მხრივ, ისტორიულად ის ისეთ გეოგრაფიულ ზონაში მდებარეობს, სადაც კლიმატური და ეკოლოგიური პირობები ხელს უწყობს ღვინის წარმოების განვითარებას და პროდუქტის იმპორტის მაღალ კულტურას. ტურისტებს იზიდავს არა მარტო ისტორიული ძეგლები, არამედ ევროპული სამზარეულოც, ასევე – ღვინის დეგუსტაციის დღესასწაულები, მოსავლის აღებასა და ღვინის დაწურვაში მონაწილეობა. ტურიზმს საკმაო წვლილი მიუძღვის ამ რეგიონების ბიუჯეტის შევსებაში.

ღვინის გზაზე მონიშნული მარნების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით უკანასკნელ წლებში შესამჩნევად გაიზარდა. ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში არაერთი ოჯახური მარანიც ამოქმედდა.

2013 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა ქვევრის მეთოდს, სამი წლის შემდეგ კი გაერთიანებული ერების კიდევ ერთი ორგანიზაციის, UNWTO–ს, ინიციატივით, ღვინის ტურიზმის შესახებ პირველი გლობალური კონფერენცია საქართველოში გაიმართა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს იმიჯის დამკვიდრების კუთხით. კონფერენციას 42 ქვეყნის 250 დელეგატი და 150 ორგანიზაცია დაესწრო.

ღვინო უძველესი დროიდანვე მიიჩნეოდა ღმერთების საჩუქრად. ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მითოლოგიაში აღწერილია, როგორ იყენებდნენ ექიმები „ღმერთების საჩუქარს“ სამკურნალოდ, ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ძალ–ღონის აღსადგენად. თანამედროვე მედიცინაც ცნობს ღვინის სამკურნალო თვისებებს.

გადმოცემით, წმინდა ნინომ საქართველო ვაზის ჯვრით მოაქცია, რაც ცხადყოფს, რომ ვაზი საქართველოში წმინდა მცენარედ მიიჩნეოდა. ცხადია, ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ქართველების პატივისცემა ვაზისა და ღვინის მიმართ. ქართული ეკლესიების კარები ხშირად ვაზის ფიცრებისგან მზადდებოდა, ვაზის მოტივებს იყენებდნენ ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში. ვაზისგამოსახულებიანი ჩუქურთმები და ორნამენტები არაერთ ქართულ ტაძარს ამშვენებს.

h

სამთავისი, XI საუკუნე

ლეგენდის თანახმად, ღვინის წარმოება ევროპის ტერიტორიაზე, კუნძულ კვიპროსზე დაიწყო. ჯერ კიდევ სოლომონმა გაუთქვა სახელი „ქებათა ქებით“ კვიპროსულ ყურძენს, ხოლო სტრაბონი წერდა, რომ კვიპროსული ღვინო საუკეთესო იყო მსოფლიოში. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ზღვის ქაფიდან ამოსულმა აფროდიტემ სწორედ კვიპროსზე დარგო პირველი ვაზი და პირველი სიყვარულიც ვაზის მომვლელ მეზვრესთან განიცადა. კიდევ ერთი ლეგენდა ჰყვება, რომ თეზევსმა მინოტავრის დამარცხების შემდეგ არიადნა მინოსის სამეფოდან წამოიყვანა და კვიპროსზე, ქალაქ ატამუსში დასახლდა. სწორედ მის ოჯახს დაუწყია ვაზის გაშენება და დაუწურავს პირველი ღვინო. კვიპროსულ ვაზის ჯიშს სტაფილოსი ტეზევსის უფროსი ვაჟის სახელის გამო ეწოდა. ღვინის იმდროინდელი სახეობები დღესაც არსებობენ და უმთავრესად საექსპორტო მასალას წარმოადგენს. მათთან ერთად მსოფლიოში კარგადაა ცნობილი ღვინის ისეთი მარკები, როგორებიცაა შარდონე, სავინიონი ბლანკი, სემილიონი, რისლინგი, გრენაში, კარინიანი ნაური და სხვა.

კვიპროსში ყოველი წლის სექტემბერში იმართება ღვინის ფესტივალი, რომელიც 10 დღეს გრძელდება. ღონისძიებას მართავს ქალაქ ლიმასოლის მუნიციპალიტეტი, ტურისტებისთვის შედგენილია სამი ძირითადი თემატური მარშრუტი. ეწყობა ტური ქალაქ პათოსში. 2001 წლიდან მოქმედებს ღვინის მუზეუმი ქალაქ ერიმში, სადაც იმართება გრანდიოზული დღესასწაული დეგუსტაციით და ნაირ-ნაირი ღვინის გამოფენა–გაყიდვა.

საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობას 8 ათასი წლის ისტორია აქვს, რასაც მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური გათხრა ადასტურებს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ენაში არსებულ ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს ქართული წარმომავლობა აქვს და ღვინის სამშობლოდ სწორედ საქართველოს აღიარებს.

გათხრების დროს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის წიპწები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6-5 ათასი წლის წინანდელი ეპოქით თარიღდება. აღმოჩენილია აგრეთვე ძველისძველი მარანი, თიხის უზარმაზარი ქვევრი, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ. წ. აღ. I ათასწლეული). მცხეთის მახლობლად, ბაგინეთში, ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, რომელსაც ძვ. წ. აღ. IV-III ათასწლეულებს მიაკუთვნებენ. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი 100-მდე ქვევრი, რომელთაგან ერთ-ერთი ორმაგკედლიანია, თერმოსის მსგავსი. ქართლში არქეოლოგებმა მიაკვლიეს ყურძნის წიპწებს, რომლებიც ძვ. წ. აღ. მე–7-6 ათასწლეულებს მიეკუთვნება. დაახლოებით იმავე ასაკისაა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები. ამრიგად, ირკვევა, რომ ენეოლითურ პერიოდში ანუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 5000 წლის წინათ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას. ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარიც – გარეული ვაზი კრიკინა (უსურვაზი), რომელიც დღეს საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი. ყოველივე ეს საქართველოს ტერიტორიაზე მევენახეობა-მეღვინეობის ხანგრძლივ და მდიდარ ტრადიციაზე მეტყველებს.

შორეულ წარსულში ქართველმა ტომებმა გამოიყვანეს ვაზის მაღალხარისხიანი და უხვმოსავლიანი ჯიშები, შეიმუშავეს მისი მოვლა-გაშენების განსაზღვრული ტრადიცია და ღვინოების დაყენების ორიგინალური წესები.

მევენახეობა-მეღვინეობის შემოსავლიანობა რომ ოდითგანვე დიდი იყო, ამას მოწმობს არა ერთი და ორი ცნობა ღვინის ექსპორტის შესახებ უკვე გვიან ფეოდალურ ხანაში: ირანის მბრძანებელი შაჰ-სეფი (1627-1641 წ.წ.) საქართველოს კათოლიკოსს საგანგებო ფირმანით ატყობინებდა, რომ „სამყაროს თავშესაფრის სასახლეში” საქართველოდან მიიღეს რამდენიმე საპალნე „ედემის ღვინო“, რაც სპარსეთისადმი საქართველოს „გულწრფელი და ურყევი ერთგულების“ ნიშნად იქნა მიჩნეული. სხვა ცნობების მიხედვით, საქართველოდან ღვინო გაჰქონდათ როგორც სომხეთსა და მიდიაში, ისე ირანშიც (ისპაჰანში შაჰის სასახლე ქართული ღვინოებით მარაგდებოდა).

შარდენისა და სხვა უცხოელი მწერლების ცნობებზე დაყრდნობით, მეცნიერები წერენ: „თუ ასეთი ვითარება იყო შაჰ-აბასისგან განადგურებულსა და გაღატაკებულ საქართველოში, ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენი მნიშვნელობა ექნებოდა ღვინის ექსპორტს საქართველოში იმ დროს, როდესაც იგი პოლიტიკურადაც ძლიერი იყო და კულტურულადაც“. ეს საქართველოს მეზობელმა და მეტოქე სახელმწიფოებმაც იცოდნენ… ამიტომ იყო, რომ თემურ-ლენგმა XIV საუკუნის დამლევს და შემდეგ შაჰ-აბასმა XVII საუკუნის დამდეგს საქართველოს ეკონომიკურად დასასუსტებლად თავის ლაშქარს ვენახის გაკაფვა-ამოძირკვა უბრძანა.

მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, როგორ აყენებდნენ ღვინოებს, რომლებიც იმდროინდელი ტრანსპორტით – ურმით, ცხენითა და აქლემით – სპარსეთამდე მოგზაურობას კარგად იტანდა. თუმცა თვით ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საექსპორტო ღვინო სათანადოდ მოვლილი და საკმაოდ ალკოჰოლიანი უნდა ყოფილიყო. სხვაგვარად შორ გზაზე მისი ხარისხი დაეცემოდა და ღვინო თავის საუკეთესო თვისებებს დაკარგავდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის ველური ჯიშები დღესაცაა გავრცელებული. გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართული ტყის ვაზი წითელ წიგნში შეიტანეს და მას სახელმწიფო იცავს. საქართველოში აღნუსხულია 500–მდე სახეობის ვაზი, რომელთაგან 430 სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო საკოლექციო ვენახებშია დაცული. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქართული ქვევრის ღვინო კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

აი, რატომ არის საინტერესო ენოლოგია და ენოტურიზმი. ამ თემის განხილვისას კარგი იქნება გაკვეთილში ისტორიისა და მხატვრული ლიტერატურის ჩართვა. ალკოჰოლური დუღილის დროს მიმდინარე ქიმიური გარდაქმნების არსის დასადგენად შეიძლება გაკვეთილის ქიმიასთან ინტეგრირებაც.

შესაძლებელია ტოპოგრაფიული რუკების შედგენაც. შესთავაზეთ მოსწავლეებს, მოიძიონ „ღვინის გზის“ არსებული მარშრუტები და ტოპოგრაფიული ნიშნების გამოყენებით გზამკვლევი შეადგინონ. ამ თემის შესწავლა ხელს შეუწყობს რამდენიმე კომპეტენციის: წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, ეკოლოგიური და სემიოტიკური კომპეტენციების, სოციალური და სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების – განვითარებას.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://vinoge.com

https://sputnik-georgia.com

https://gnta.ge

https://www.24saati.ge

„რიგითი“ ხის გადასარჩენად

0

ერთი მოარული გამონათქვამით, უფრო  კი, რიტორიკული კითხვით დავიწყებ – წარმოიდგინეთ, რას იზამდნენ ადამიანები, ხეები რომ უსადენო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გადამცემები ყოფილიყვნენ. პასუხი ადვილი სავარაუდოა. მორალი – ადვილი მისახვედრი. ადამიანთა უმრავლესობა მომხმარებელი არსებაა, კომერციული მოგება კი უზენაეს მიზნად და მიღწევად დაგვისახავს.

ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა ხშირად მაფიქრებს. უფრო სწორად, მაშფოთებს, მაშინებს, მზაფრავს. სუფთა ჰაერზე გასეირნება – ანაქრონისტული ფრაზა გახდა. დედაქალაქში სუფთა ჰაერი, უბრალოდ, არ დარჩა. ხშირად მეპარება ( სულ უფრო და უფრო ახლოს) აზრი, რომ აქედან „გადაცხოვრებაა“ საჭირო. იქ, სადაც დილა სისხამია, ჰაერი -გამჭვირვალე, ხეების შრიალი ისმის და ბავშვების გარეთ გაშვება არ გეშინია(გამურული ცხვირით და უამრავი მავნე ნივთიერებით დამძიმებული ფილტვებით რომ არ დაბრუნდებიან შინ).

ამ ბოლო დროს, რაც თემა აქტუალური და ასე თუ ისე გახმაურებლი გახდა, საკუთარ თავს ვეკითხები – რა გაგიკეთებია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? პასუხი ძალიან არ მომწონს.

პასუხი სამარცხვინოა.

არაფერი!

რამდენიმე აქციაზე მისვლა, ამით პოზიციის გამოხატვა და სოციალურ ქსელებში „აქტიურობა“ არ ითვლება. მე არ დამირგავს ხეები, არ მომივლია არც ერთი მცენარისთვის, არ შევწინააღმდეგებივარ საკუთარი  დროისა და კომფორტის ხარჯზე ხეთა მმუსვრელებს, არც ბულდოზერს გადავდგომივარ და არც არაფერი.

 სუფთა ჰაერი კი, უკაცრავად, ძალიან მინდა.

მეტიც, იმათი გამკვირვებია, ვინც ამ ხეებს ძირფესვიანად გლეჯს და ანადგურებს. გულწრფელად მიკვირს, ისინიც ამ ქალაქში არ ცხოვრობენ? ისინიც ამ ჰაერს არ სუნთქავენ? აქ არ ზრდიან შვილებს? ახლა რომ ვწერ და თან ვაანალიზებ, ეს ამათი მიუხვედრელობა დიდად არაფრით განსხვავდება ჩემი გაკვირვებისა და აღშფოთებისაგან და სინამდვილეში, მეც და ისინიც ერთსა და იმავეს ვაკეთებთ. ისინი თხრიან, მე კი საკუთარი უმექმედობით თანამოაზრე თუ არა, თანამონაწილე მაინც ვარ.

ცოტა ხნის წინ სკოლაში, სადაც ვმუშაობ, სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობდით და ბიოლოგიის მასწავლებელმა, ქალბატონმა ელენემ, ახსენა გოგონა, რომელიც ერთი „რიგითი“ ხის გადასარჩენად ორი წელი იჯდა ამ ხეზე! გამახსენდა, რომ ამ მოტივზე შექმნილი ძალიან კარგი მხატვრული ფილმი(“Flipped”) არაერთხელ მინახავს ჩემს გოგონასთან ერთად. აღვფრთოვანებულვართ მთავარი მოქმედი გმირის სითამამით, პირდაპირობითა და უშუალობით, იმით, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ჯულია სირთულეებს არ უშინდება და თანატოლებთან ურთიერთობისას გაჩენილ პრობლემებსაც გონივრულად, გულწრფელად და გაბოროტების გარეშე წყვეტს. ფილმი მართლაც ძალიან ბევრი სამსჯელო თემის წამომჭრელია და მოსწავლეებისთვის მისი ჩვენება ნამდვილად ღირს. კინოჩვენებას მსჯელობა და საუბარიც შეიძლება მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ბევრი კითხვაც გაუჩნდებათ და ბევრ პასუხსაც დაძებნიან ამ პროცესში.

ყველაზე საინტერესო კი მთელ ამ ისტორიაში ისაა, რომ ერთი ადამიანისთვის, ერთი მოზარდისთვის, ერთი ხე რიგითი, უბრალო ხე კი არაა, რომლის მოჭრითაც ბევრიც არაფერი დააკლდება ქალაქს თუ გარემოს, არამედ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ცოცხალი არსებაა, რომელიც არავის არაფერს არ უშავებს. დგას თავისთვის, ამდიდრებს ჰაერს ჟანგბადით, ატკბობს თვალს მშვენიერებით და არაფერს, სრულიად არაფერს არ ითხოვს სანაცვლოდ.

ფილმის გმირის პროტოტიპი, ჯულია ჰილი

ფილმის ეს მონაკვეთი რეალური ისტორიაა ამერიკელ მოზარდზე, ჯულია ჰილზე, რომელმაც 738(!) დღე გაატარა ხეზე, საქვოიაზე, რომელსაც სიყვარულით ლუნა დაარქვა და რომელსაც კომპანია Pacific Lumber-ი მოჭრას უპირებდა.

 გოგონას საპროტესტო აქცია არ შეუწყვეტია არც ძლიერი წვიმების, არც ქარიშხალ ელ-ნინიოს თავდასხმის და არც სამხედრო შტურმის მცდელობის დროს. ის მედგრად იტანდა ასევე ადგილობრივი ხისმჭრელების სიტყვიერ შეურაცხყოფას და მორალურ ძალადობას. საბოლოოდ, კონსენსუსი შედგა და 1999 წელს კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა უარი ხის მოჭრაზე. მეტიც, მან ლუნასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადგილობრივ ხეს შეუნარჩუნა სიცოცხლე.

ამ ეპიზოდმა სრულიად შეცვალა გოგონას ცხოვრება და მას შემდეგ ჯულია გარემოს დაცვის საკითხებით სერიოზულადაა დაკავებული. არის არაერთი წიგნის ავტორი, მართავს შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ( წელიწადში დაახლოებით 250 შეხვედრა ბუნების დამცველ აქტივისტებთან), დააარსა და მართავს რამდენიმე ფონდს, შემოსული თანხები სრულად ხმარდება ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესელ აქტივობებს

პ.ს.

სტატია რიტორიკული კითხვით დავიწყე, რიტორიკული მიმართვით კი – მინდა დავასრულო.

 როგორც რიტორიკული მიმართვის წესი და რიგია, გამოხმაურებას არც რომელიღაც ინდიელი ბელადის ეს მიმართვა საჭიროებს. დაფიქრებას, არსებული ვითარების გაანალიზებას და ქმედებას კი – აუცილებლად. მეტიც, სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ საკითხებზე დაფიქრებას შესაბამისი და შესაფერისი ქმედება მოჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ყლუპი სუფთა ჰაერი ისევე სანატრელი გაგვიხდება, როგორც ერთი ყლუპი წყალი ცნობილი ზღაპარ-ფილმიდან ცისკარასა და ბაყბაყ-დევის შესახებ.

თეთრო ადამიანო! უკანასკნელ ხეს რომ მოჭრი, უკანასკნელ მდინარეს რომ დაწამლავ, უკანასკნელ ჩიტსაც რომ დაიჭერ, მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ ფული არ იჭმევა.

სხვადასხვა კონტექსტების ტყვე და შემოქმედი

0

მგონია, რომ საინტერესო იქნება გაკვეთილის ასე დაწყება:

 

 ცჯ

 

ეს „მე“–ა – თითოეული ჩვენგანი თავისი ფიქრებით, გრძნობებით, მთელი ჩვენი ავლადიდებით. ყოველ მე–ს უხილავი გარსი აკრავს, რომელიც როგორც ფარი არახელსაყრელი გავლენებისგან გვიცავს, ხელსაყრელისათვის კი, ღიაა. ეს გარსი კარნახობს მე–ს გარშემომყოფებს, რამდენად შეუძლიათ მასთან მიახლოება, სად უნდა შეჩერდნენ. „მე“–სა და „გარსს“ შორის მუდმივი ურთიერთქმედებაა – ისინი ერთმანეთს მუდმივად ქმნიან, ასწავლიან, სჯიან, უსწორებენ…

საუკეთესო შემთხვევაში, ეს გარსი „მე“–ს საიმედო თავშესაფარია.

შემდეგი უხილავი გარსი „ოჯახია“ – ის მყისიერი გარემო, რომელშიც ვიბადებით, ვიზრდებით, ვცხოვრობთ, ვსწავლობთ, გვეშლება, გვტკივა, ვტკენთ… „მე“–სა და „ოჯახს“ შორის ასევე მუდმივი ურთიერთქმედებაა – ისინი ერთმანეთს მუდმივად ქმნიან, ასწავლიან, სჯიან, უსწორებენ…

საუკეთესო შემთხვევაში, ოჯახის გარსი „მე“–ების საიმედო თავშესაფარია.

შემდეგი უხილავი გარსი „საზოგადოებაა“ (მთელი თავისი მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი ინსტიტუტებით – საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, სამსახური, სამეგობრო, სამეზობლო და სხვ.)  – ის ადგილი, სადაც ოჯახი და მე იბადებიან, იზრდებიან, ცხოვრობენ, სწავლობენ, ეშლებათ, სტკივათ, სტკენენ… „მე“–ს, „ოჯახსა“ და „საზოგადოებას“ შორისაც მუდმივი ურთიერთქმედებაა – ისინი ერთმანეთს მუდმივად ქმნიან, ასწავლიან, სჯიან, უსწორებენ…

საუკეთესო შემთხვევაში, ეს გარსი სხვადასხვა ინსტიტუტებში გაერთიანებული ადამიანების საიმედო თავშესაფარია.

შემდეგი უხილავი გარსი „ქვეყანაა“ ასევე მრავალრიცხოვანი ინსტიტუტებით, რომელიც განსაზღვრავს „ვისი გორისაა“ „მე“, როგორია „ოჯახი“, როგორია „საზოგადოება“. რამ განაპირობა მათი ამგვარობა – საიდან მოვიდნენ, სად არიან ან საით მიდიან. ამ გარსში იბადებიან, იზრდებიან, ცხოვრობენ, სწავლობენ, ეშლებათ, სტკივათ, სტკენენ „მე“–ს, „ოჯახსა“ და „საზოგადოებას“… „მე“–ს, „ოჯახს“, „საზოგადოებასა“ და „ქვეყანას“ შორისაც მუდმივი ურთიერთქმედებაა – ისინი ერთმანეთს მუდმივად ქმნიან, ასწავლიან, სჯიან, უსწორებენ…

საუკეთესო შემთხვევაში, ეს გარსი სხვადასხვა საზოგადოებების საიმედო თავშესაფარია.

შემდეგი უხილავი გარსი „სამყაროა“ მთელი თავისი არაჩვეულებრივი მრავალფეროვნებითა და მომხიბლაობით, რომელიც განსაზღვრავს „მე“–ს, „ოჯახის“, „საზოგადოების“, „ქვეყნის“ რაგვარობას. ამ გარსში იბადებიან, იზრდებიან, ცხოვრობენ, სწავლობენ, ეშლებათ, სტკივათ, სტკენენ „მე“–ს, „ოჯახს“, „საზოგადოებას“, „ქვეყანას“… „მე“–ს, „ოჯახს“, „საზოგადოებას“, „ქვეყანასა“ და „სამყაროს“ შორისაც მუდმივი ურთიერთქმედებაა – ისინი ერთმანეთს მუდმივად ქმნიან, ასწავლიან, სჯიან, უსწორებენ…

საუკეთესო შემთხვევაში, ეს გარსი ყველასა და ყველაფრის საიმედო თავშესაფარია.

ამგვარი „მე“–„სამყაროების“ სიუხვე, მათ შორის მუდმივი ურთიერთქმედება, ურთიერთგანპირობებულობა ნებისმიერი „მე“–სთვის ერთდროულად შიშის საფუძველიც არის და სიხარულ–სიამაყისაც: როგორი მცირე წერტილი ვარ, განა რა შემიძლია!… მაგრამ, მეორე მხრივ, ხომ ვარ, თუნდაც წერტილი, რომელსაც ბევრი შეუძლია…

რატომ დაგღალეთ?

იმიტომ, რომ მგონია, ადამიანებმა მადლიერების განცდა დავკარგეთ. გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვნები ვართ და, ჰო, რა თქმა უნდა, ყველაფერი გვეკუთვნის, ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე ვინმეს ჰყოლია/ჰქონია ან ეყოლება/ექნება… მედიდურები გავხდით, საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად მოგვაქვს და გვავიწყდება, რომ „სამყაროს ჭიპობის“ სინდრომს (ეგოცენტრულობას) ადამიანები დაწყებითი სკოლის საფეხურზე აღწევენ თავს. „ეგოცენტრულობა ნამდვილი პიროვნულობის სიკვდილია. თითოეული ადამიანი ნამდვილი პიროვნება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როდესაც ურთიერთობს სხვა პიროვნებებთან, ცხოვრობს მათთვის და მათში“ (ეპისკოპოსი კალისტე უეარი).

II ნაწილი

საგანი: ჩვენი საქართველო

კლასი: მე–4–6

მიზანი:  მოსწავლეები

  • გაიგებენ, რატომ არის შეუძლებელი გვქონდეს ყველა სასურველი ნივთი;
  • გააცნობიერებენ, რომ შეზღუდულობასა (არასაკმარისობას) და არჩევანს შორის არის კავშირი;
  • გაიგებენ, რომ ნებისმიერ არჩევანს აქვს ალტერნატიული (შედარებითი) ღირებულება და მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება;
  • ისწავლიან სწორი არჩევანის გაკეთების ერთ-ერთ გზას;
  • შეძლებენ სწორი არჩევანის დაგეგმვასა და განხორციელებას.

თემა: რას, რატომ და როგორ ვირჩევთ?

მისაღწევი შედეგი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით: საზ. მეც.V-VI.13. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.

სასწავლო აქტივობები: სიტუაციის განხილვა; გონებრივი რუკა; ანიმაციის ანალიზი; ჯგუფური მუშაობა;

შეფასების ფორმები: ურთიერთშეფასება

რესურსები:    სამუშაო ფურცელი „ვამზადებთ კერძს“;

სამუშაო ფურცელი: „აქტივობის შეჯამება“

სამუშაო ფურცელი: „გადაწყვეტილების მიღების ცხრილი“;

სტივ ქატსის ანიმაცია „ადამიანი“ https://www.youtube.com/watch?v=WfGMYdalClU

გონებრივი რუკა https://mastsavlebeli.ge/?p=2442

გაკვეთილის მსვლელობა:

  1. მოსწავლეებს ვურიგებთ ფურცლებს. ვთხოვთ, ფურცლის ცენტრში დახატონ საკუთარი თავი, ხოლო ირგვლივ სხივებზე ჩამოწერონ 10 ნივთი, რომელიც სურთ ჰქონდეთ. (მასწავლებელი იყენებს წრისებრი გონებრივი რუკის სახეცვლილ ვარიანტს – მზეს სხივებით.) დავალებისთვის ეძლევათ 10 წუთი.
  2. დავალების დასრულების შემდეგ ვეკითხებით:

– თქვენი აზრით, რატომ არ გაქვთ ეს ნივთები? (სავარაუდოდ, უმრავლესობის პასუხი იქნება არასაკმარისი თანხა)

– დავუშვათ, ათივე ნივთის შესაძენი ფული გაგიჩნდათ, როგორ იგრძნობთ თავს, აღწერეთ თქვენი ემოციები.

– ეს ათი ნივთი თქვენს ყველა სურვილს აასრულებს და ბედნიერს გაგხდით, თუ სხვა სურვილებიც გაგიჩნდებათ? (სავარაუდოდ, უმრავლესობას სხვა ნივთებიც ენდომება.)

– დაამატეთ სხივები და ჩამოწერეთ დამატებითი 10 ნივთი, რომელიც გსურთ რომ გქონდეთ.

– წარმოიდგინეთ, რომ ეს 10 ნივთიც გაქვთ. იქნება თუ არა საკმარისი 20 ნივთი თქვენი ყველა სურვილის დასაკმაყოფილებლად?

  1. (ორმაგი ბუშტისებრი რუკის გამოყენებით მასწავლებელი თვალსაჩინოდ აჩვენებს მოსწავლეებს მათთვის სასურველ საერთო და განსხვავებულ საგნებს და კიდევ ერთხელ ახსენებს ადამიანთა მსგავსებასა და განსხვავებულობას.)
  2. მასწავლებელი: რეალურ ცხოვრებაში ჩვენი სურვილები (მოთხოვნილებები) ყოველთვის მეტია მათ დასაკმაყოფილებლად საჭირო შესაძლებლობებზე, ამიტომ შეზღუდულობა, ანუ რაღაცის არასაკმარისი რაოდენობა ნებისმიერი ადამიანის, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის, მსოფლიოს პრობლემაა. შეზღუდულია დრო გაკვეთილზე, წყალი უდაბნოში და არამარტო იქ, ჰაერი კოსმოსში და არამარტო იქ, ფული სახელმწიფოში და არამარტო იქ და ა.შ.
  3. მოდით, ვნახოთ როგორ იქცევიან ადამიანები შეზღუდული რესურსების პირობებში!
  4. მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ხუთკაციან ჯგუფებად. სთხოვს წარმოიდგინონ, რომ არიან ერთი ოჯახის წარმომადგენლები, აქვთ 7 ლარი, რომლითაც უნდა იყიდონ სასურველი და საჭირო პროდუქტები და მოამზადონ სადილი ოჯახისათვის. ურიგებს სამუშაო ფურცლებს „ვამზადებთ კერძს“ და სთხოვს მოიფიქრონ, რა სადილის გაკეთებას გადაწყვეტენ, რა პროდუქტები დასჭირდებათ და რა რაოდენობით. დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ 15 წუთი. ამ დროის შემდეგ ყოველი ჯგუფი სასურველი ფორმით წარმოადგენს შესრულებულ დავალებას.
  5. მასწავლებელი სვამს შემდეგ საორიენტაციო კითხვებს:

– ყველა „ოჯახმა“ შეძლო სასურველი კერძის მომზადება თუ არა?

– რომელიმე ჯგუფს ხომ არ მოუწია სასურველ კერძზე უარის თქმა არასაკმარისი თანხის გამო?

– ხომ არ ისურვებდით, ორმაგი თანხა გქონოდათ და სასურველი კერძი მოგემზადებინათ?

– ხომ არ მოგიხდათ დავალების შესრულებისას გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება?

– რომელმა ჯგუფმა რა არჩევანი გააკეთა? როგორ? რა დათმეთ? რა მიიღეთ სანაცვლოდ?

  1. მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს „აქტივობის შეჯამება“ და სთხოვს შევსებას. ამასობაში დაფაზე ამზადებს ცხრილს, რომელსაც ჯგუფების წარმომადგენლები ავსებენ.
  2. მასწავლებელი: რეალურ ცხოვრებაშიც ისევე ხდება, რაც ამ აქტივობისას მოხდა – არც ერთ ადამიანს, ოჯახს, ქვეყანას არ აქვს ყველაფერი, რაც სურს რომ ჰქონდეს. რაკი არ შეიძლება გქონდეს ყველაფერი სასურველი ერთად, აუცილებელია ვისწავლოთ არჩევანის გაკეთება. შეზღუდულობა გვაიძულებს გავაკეთოთ არჩევანი ვარიანტებს, შესაძლებლობებს, ანუ როგორც ეკონომისტები ამბობენ, ალტერნატივებს შორის. არჩევანს აკეთებენ როგორც ცალკეული ადამიანები (ინდივიდები), ისე ოჯახები, ქვეყნები და მსოფლიოც კი.

ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

მოთხოვნილებები > შესაძლებლობებზე/რესურსებზე

 

შეზღუდულობის პრობლემა

 

არჩევანი

არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, დროსა და ფიქრს მოითხოვს. ყოველთვის, როცა რაღაცას ვირჩევთ, ჩვენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებას ვიღებთ. ჩვენთვის ორი საუკეთესო ვარიანტიდან უარს ვამბობთ ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტზე – ალტერნატივაზე. თითოეულ ჩვენს არჩევანს, ეკონომიკურ გადაწყვეტილებას აქვს თავისი ფასი, ანუ ალტერნატიული ღირებულება. ადამიანს შესაძლოა ორზე მეტი ალტერნატივა ჰქონდეს, მაგრამ ალტერნატიული ღირებულება მისთვის მხოლოდ ერთ საუკეთესო ვარიანტს აქვს. გადაწყვეტილების მიღებისას მრავალი ვარიანტიდან მხოლოდ ორ საუკეთესო ალტერნატივას ვიტოვებთ და მათ შორის ვაკეთებთ არჩევანს. ნებისმიერი არჩევანის ღირებულება განისაზღვრება იმ არჩევანით, რომელზეც უარი ვთქვით. ალტერნატიული ღირებულება არის ორი საუკეთესოდან გამოუყენებელი, უარნათქვამი („გადაგდებული“) საუკეთესო არჩევანის ღირებულება.

  1. როგორ უნდა გავაკეთოთ საუკეთესო არჩევანი? გავეცნოთ გადაწყვეტილების მიღების 5-საფეხურიან პროცესს, რომელიც მომავალშიც გამოგადგებათ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას.

I საფეხური: უნდა განვსაზღვროთ რა მიზანი გვაქვს, რა გვინდა – გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი.

  • მაგალითად: გვინდა მეგობართან წასვლა, მაგრამ საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი.

II საფეხური: უნდა ჩამოვთვალოთ ალტერნატივები, ანუ ის ვარიანტები, რომელიც ჩვენს  ხელთაა, რომელთა შორისაც არჩევანი უნდა გაკეთდეს.

  • ჩვენი მაგალითის მიხედვით: (1) მეგობართან დროის გატარება და (2) საშინაო დავალების შესრულება.

III საფეხური: უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმები – კრიტერიუმები არის შეფასების ის საზომები, რომელიც გეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ის საზომია, რომლითაც ვაფასებთ არჩევანს.

  • ჩვენს შემთხვევაში, მეგობართან სტუმრობის „საზომები“ ასეთი შეიძლება იყოს: მონატრება, დროის საინტერესოდ გატარება, სიახლის გაგება, დარდის/სიხარულის გაზიარება და სხვა. საშინაო დავალების შესრულების კრიტერიუმები შეიძლება იყოს: ახალს გავიგებ, საკუთარ შესაძლებლობებში დავრწმუნდები, აზროვნებას ვისწავლი, მეგობრებთან თავს მოვიწონებ, კარგ შეფასებას დავიმსახურებ და სხვა.

IV საფეხური: უნდა შევაფასოთ ალტერნატივები – გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად უნდა შევაფასოთ ალტერნატივები ჩვენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით. ვიფიქროთ და განვსაზღვროთ, რომელი ალტერნატივა რა ნიშნის მიხედვით არის ჩვენთვის სასარგებლო, საინტერესო, მნიშვნელოვანი. დავუშვათ, მნიშვნელოვანია ის, რომ მეგობრისთვის გასაზიარებელი გაქვს სადარდებელი.

V საფეხური: უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება – მას შემდეგ, რაც ალტერნატივებს შევაფასებთ კრიტერიუმების მიხედვით, ვირჩევთ იმ ალტერნატივას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კრიტერიუმების უმრავლესობას. დავუშვათ, რომ მეგობართან სტუმრობა ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს კრიტერიუმებს.

გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის გაკეთების პროცესს ძალიან ამარტივებს ცხრილის შევსება.

  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ინდივიდუალურად იმუშაონ. ურიგებს სამუშაო ფურცელს „გადაწყვეტილების მიღების ცხრილი“ და სთხოვს გაკვეთილის დასაწყისში შექმნილი 20 სასურველი საგნის სიიდან აირჩიონ 2 ყველაზე სასურველი საგანი. ერთ–ერთი მათგანი ჩაწერონ „I ალტერნატივის“ ქვეშ გრაფაში, ხოლო მეორე – „II ალტერნატივის“ ქვეშ.

კრიტერიუმების უჯრებში განსაზღვრონ, რითია მათთვის მნიშვნელოვანი თითოეული ალტერნატივა. მას შემდეგ, რაც ალტერნატივებსა და შესაბამის კრიტერიუმებს ჩაწერენ შესატყვის გრაფებში, + და – ნიშნებით უნდა შეაფასონ ალტერნატივების შესაბამისობა კრიტერიუმებთან. თუ რომელიმე კრიტერიუმი ძალზე მნიშვნელოვანია, შეუძლიათ 2 ან მეტი + ნიშანი დაუწერონ და პირიქით, უმნიშვნელო – რამდენიმე მინუსით შეაფასონ. ცხრილის შევსების შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად მოსწავლეები ითვლიან + და – ნიშნების რაოდენობას თითოეული ალტერნატივისთვის და გადაწყვეტილებას იღებენ, ანუ არჩევანს აკეთებენ იმ ალტერნატივის სასარგებლოდ, რომელსაც მეტი + ნიშანი ექნება.

  1. მასწავლებელი: არჩევანის მნიშვნელობის არცოდნას ან არაგონივრულ არჩევანს თავისი მძიმე შედეგები მოაქვს. ეს კარგად ჩანს ანიმაციაში, რომელსაც იხილავთ.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სტივ ქატსის ანიმაციას „ადამიანი“.

  1. მულტისტრუქტურული რუკის დახმარებით მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ანიმაციაში მომხდარ მოვლენებზე საუბარს. მოსწავლეები ასახელებენ მოვლენის მიზეზებს (ადამიანის სიხარბე, არაჯანსაღი მოთხოვნილებები) და შედეგებს (გარემოს დაბინძურება, ცხოველების მოსპობა).

დასკვნითი ნაწილი. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს იფიქრონ იმ სურვილების (მოთხოვნილებების) შესახებ, რომლებიც მათ სასკოლო ცხოვრებას ეხება (ახალი სათამაშო ან სპორტული მოედანი, კედლების გადაღებვა, დასასვენებელი კუთხის მოწყობა და ა.შ.) სთხოვს, ახსნან, რატომ არ შეიძლება ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სკოლისათვის სურთ. კიდევ ერთხელ უმეორებს, რომ ადამიანების მოთხოვნილებები ბევრად აჭარბებს მათ დასაკმაყოფილებლად საჭირო რესურსებს და ამის გამო ჩნდება შეზღუდულობა.

საშინაო დავალება: გთავაზობთ რამდენიმე დავალებას, რომელიც მასწავლებელმა თავისი შეხედულების მიხედვით შეიძლება შესთავაზოს კლასს გაკვეთილის ამ ნაწილში ან საშინაო დავალებად.

  1. რა შეიძლება იყოს შეზღუდული მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანისთვის?
  2. გაიხსენე და აღწერე შემთხვევა, როცა კლასში რაღაც იყო შეზღუდული.
  3. წარმოიდგინეთ, რომ კლასში სკამების რაოდენობა შეზღუდულია. გადაწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა ლატარეის საშუალებით მოგეგვარებინათ. დაასაბუთეთ ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
  4. შეაფასეთ თქვენი რომელიმე ბოლოდროინდელი არჩევანი და დაასრულეთ შემდეგი წინადადებები:

სამწუხაროდ,—————-–——————————————————————–.

საბედნიეროდ,————————————————————————————.

  1. მოიფიქრეთ, რა შეიძლება იყოს სკოლაში სწავლის ალტერნატიული ღირებულება. ღირს თუ არა, „ჩიტი ბდღვნად“ – ანუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სკოლაში სწავლას. რას გააკეთებდით სწავლის ნაცვლად?
  2. რას ნიშნავს, თქვენი აზრით, ვაჟა-ფშაველას ნათქვამი: „თუ გონების მოთხოვნილება გაიყინა ერთ ადგილას, მაშინ ხომ ცხოვრებაც იყინება“. რას ნიშნავს გონების მოთხოვნილების „გაყინვა“? რა ემუქრება ადამიანს, რომელსაც „გონების მოთხოვნილება გაეყინება“? რა კავშირშია „გონების მოთხოვნილების გაყინვა“ „ცხოვრების გაყინვასთან“?

განვრცობა/დაკავშირება.  მოიწვიეთ კლასში რამდენიმე მშობელი, ბებია და პაპა, რათა მათ ისაუბრონ იმ არჩევანის შესახებ, როგორ აირჩიეს ბავშვობაში სასურველი საგანი. სთხოვეთ მოსწავლეებს, შეადარონ სამი თაობის არჩევანი – მათი საკუთარი, მათი მშობლებისა და ბებია-პაპასი.

ასევე შესაძლებელია საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან მაღაზიაში შესული მშობლისა და შვილის სურვილები; ან როგორ ხდება,  როცა სასურველ ნივთს ვიღებთ, ვერ ვგრძნობთ ისეთ კმაყოფილებას, როგორსაც ველოდით.

 

სამუშაო ფურცელი: ვამზადებთ კერძს                                   ჯგუფი______________________

კერძის სახელწოდება_______________________________

# პროდუქტი რაოდენობა ფასი
 

 

 

 

 

სამუშაო ფურცელი: „აქტივობის შეჯამება“                          ჯგუფი______________________

ჯგუფი რა გვსურდა? რატომ ვერ ვიყიდეთ? რა დავთმეთ? რა შევიძინეთ სანაცვლოდ?
 

 

 

 

 

სამუშაო ფურცელი: გადაწყვეტილების მიღების ცხრილი

კრიტერიუმი

 

 

ალტერნატივა

I კრიტერიუმი

 

II კრიტერიუმი

 

III კრიტერიუმი

 

IV კრიტერიუმი

 

V კრიტერიუმი

 

I ალტერნატივა

 

II ალტერნატივა

 

 

 

აპლიკაციები ბავშვებისთვის

0

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი რესურსი ჩნდება ინტერნეტში ისეთი, რაც წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ თანამედროვე ბავშვების გართობისთვის, განვითარებისთვის ან მათი მოტივაციის ასამაღლებლად.

მართალია, ბავშვები ძირითადად ინტერნეტს ვიდეოების საყურებლად ან სათამაშოდ იყენებენ, მაგრამ თუ ცოტას დავეხმარებით, ერთად აღმოვაჩენთ, რომ ათასი სხვა რამ შეიძლება ვაკეთოთ და, რაც მთავარია, აქ ყველანაირი ინტერესების მქონე ადამიანს შეუძლია თავისთვის სასურველი და საინტერესო პროდუქტის პოვნა.

მაშ ასე. 5 აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ თქვენს შვილებს ან მოსწავლეებს ურჩიოთ და ისინი რამდენიმე დღეში აღფრთოვანებულები დაგიბრუნდებიან მადლობის სათქმელად.

  1. Happy Kids Timer – მობილური ტელეფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი ეს აპლიკაცია ბავშვებს მოტივაციას გაუჩენს, სიხარულით აკეთონ ისეთი რუტინული რამეები, როგორიცაა კბილების გახეხვა, ტანსაცმლის დაკეცვა, მიყრილი სათამაშოების დალაგება და ა.შ. ამ აპლიკაციაში შეგიძლიათ შეიყვანოთ დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეები და ყველა შესრულებული დავალების შემდეგ ბავშვი შექების ნიშნად ვარსკვლავს მიიღებს. რაც მეტი ვარსკვლავი გროვდება, ბავშვი უფრო ბედნიერია. გზადაგზა რუტინა ჩვევაში გადადის და ყველა ბედნიერია.

აპლიკაციის ბმული – https://apple.co/2cEpsZ9

  1. Write about this free – “თავისუფალი თემები” გახსოვთ ხო? ვინც მაგას კარგად წერდა, ითვლებოდა, რომ ჭკვიანი იყო, კარგად აზროვნებდა. ათას რამეზე თავისუფლად წერაა შესაძლებელი ამ აპლიკაციის საშუალებით. ერთი ეგაა, თანამედროვე ბავშვებს ის უფრო მისაღებ ფორმას სთავაზობს, ვიდრე მასწავლებლის ნათქვამი რაიმე ზოგადი სიტყვა, მაგალითად, “თავისუფლება”. აპლიკაციაში იღებ რაიმე ვიზუალს ან ფოტოს და მის შესახებ ჰყვები ნებისმიერ ამბავს. ამბავს შეგიძლია დაურთო აუდიო- ან ვიდეომასალაც. გონების სავარჯიშოს მთავარი სიკეთე ის გახლავთ, რომ ბავშვი ვარჯიშობს სხვადასხვა თემებზე ტექსტების შექმნაში, უფროსებმა კი წლის ბოლოს შეიძლება ადრეული ნაწერები ბოლოს დაწერილებს შეადარონ და მიხვდნენ, როგორ გაუმჯობესდა ბავშვის წერითი უნარები და გაფართოვდა ინტერესების სფერო.

აპლიკაციის ბმული – https://apple.co/2cQl8Ub

  1. Book Creator – წერითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის ბავშვებს შეგვიძლია საკუთარი წიგნების შექმნაც ვასწავლოთ. ეს აპლიკაცია სწორედ ამისთვისაა. ვიზუალური გამოსახულებების და აუდიო-ვიდეო მასალის თან დართვა აქაც შესაძლებელია. წერ ამბებს, აბამ ერთმანეთს, ირგებ წიგნის სტრუქტურას და ერთობი. რა შეიძლება იყოს ამაზე მშვენიერი.

აპლიკაციის ბმული – https://apple.co/1g41WBA

  1. Epic! – Unlimited Books for Kids – თუ ბავშვმა ინგლისური კარგად იცის და კითხვა უყვარს, ამაზე უკეთესს ვერაფერს შესთავაზებთ. აპლიკაციაში თავმოყრილია 12000-მდე წიგნი სხვადასხვა თემატიკაზე.

აპლიკაციის ბმული – https://apple.co/2d7YMTF

  1. Artkive – თუ გინდათ, რომ თქვენი მოსწავლეების ან შვილების ნახატები არ დაგეკარგოთ, არ დაგიზიანდეთ და ერთად გქონდეთ თავმოყრილი, მაშინ ეს აპლიკაცია თქვენთვის არის. ნებისმიერ მათ ნამუშევარს უღებთ ფოტოს, აწერთ თარიღს და ავტორს და ინახავთ. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნებისმიერ დროს.

გარდა იმისა, რომ ერთგვარ არქივს ქმნით, განვითარებისთვის თვალის დევნებაც შეგიძლიათ.

აპლიკაციის ბმული – https://apple.co/1dTY0TO

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...