შაბათი, ივნისი 7, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

აქტიური მოსმენა – სიჩუმის ხმა

0

აქტიურ მოსმენასთან და „ხმაურიან“ სიჩუმესთან დაკავშირებით ჩემი ცხოვრების სამი მნიშვნელოვანი მამაკაცი და სამი ამბავი მახსენდება:

  • გარდატეხის ასაკის გამო თავდაკარგული ჩემს ოთახში ვიჯექი და თავს დავტიროდი. მამაჩემი შემოვიდა. რა იყო, მამიო. აღარ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო-მეთქი. გვერდზე დამიჯდა და უსიტყვოდ ჩამეხუტა;
  • მომავალი ქმრის საპასუხო წერილ-SMS-ს ნერვიულობისგან ლამის გონდაკარგული ველოდებოდი. „შენი ლევანიო“ გამომიგზავნა. სხვა არაფერი…
  • დედიკო, ელემენტები მიჯდება (ანუ ძალა ეცლება), მოდი რა, ჩამეხუტე! ამას ჩემი დაღლილი, მშიერი, განერვიულებული რვა წლის ბიჭი მეუბნება ხოლმე. ჰოდა, ვეხუტებით უსიტყვოდ!

ცხადია, ისედაც იცით, მხოლოდ გაგახსენებთ განმარტებას: მოსმენა  არის ვერბალური და არავერბალური შეტყობინებების გულისყურით მიღების, მნიშვნელობის გაგებისა და პასუხის პროცესი. აქედან გამომდინარე, მოსმენა ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა და დამოკიდებულია საუბარსა და მოსმენაზე, ანუ მოსაუბრესა და მსმენელზე.

თვით სიტყვა „გულისყური“ კარგად გამოხატავს მოსმენის აქტის მნიშვნელობას – ეს არის აქტიური (და არა პასიური) დასწავლილი ფიზიკური და გონებრივი პროცესი, რთული უნარი. ადამიანი ირჩევს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა მოსმენის პროცესში.

გთავაზობთ ფაქტებს:

საშუალოდ

  • ადამიანს წუთში 125-250 სიტყვის მოსმენა და 1000-3000 სიტყვის გაფიქრება შეუძლია;
  • მოსმენის დროის 75%-ის განმავლობაში ყურადღება გვეფანტება და გვავიწყდება;
  • დროის მონაკვეთის 20%-ის განმავლობაში გვახსოვს მოსმენილი;
  • საქმიანი ადამიანების 35% მიიჩნევს, რომ მოსმენა წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია;
  • ადამიანთა 2%-ზე ნაკლებს ფორმალური განათლება აქვს მიღებული მოსმენის უნარებში.

ეს კიდევ კომუნიკაციის ფორმის, ფორმალური სწავლების დროისა და კომუნიკაციის კონკრეტული ფორმისთვის გამოყენებული დროის ცხრილია.

კომუნიკაციის ფორმა ფორმალური სწავლების წლები გამოყენებული დროის წილი
წერა 12 9%
კითხვა 6-8 16%
საუბარი 1-2 30%
მოსმენა 0-რამდენიმე საათი 45%

ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, რომ კომუნიკაციის იმ უნარის განვითარება, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მეტი დრო ეთმობა, ფორმალური გზით თითქმის არ ხდება. სავარაუდოდ, ეს თვითდინებაზე მიშვებული პროცესია და კონკრეტული ადამიანის თავისებურებები განაპირობებს მოსმენის უნარის განვითარებას ან განუვითარებლობას.

მივუბრუნდეთ „გულისყურს“! ის თანაზიარობის (ე.წ. ემპათიის) უნარსაც გულისხმობს. ადამიანმა უნდა შეძლოს ცოტა ხნით სხვის ტყავში ცხოვრება, სხვისი თვალებით ყურება და სხვისი გაგება. გული უნდა მოიხმოს მოსასმენად. სხვაგვარად გულის ყურით ვერ მოისმენს და ვერც მოსაუბრეს შეუმსუბუქებს სატარებელ ტვირთს თუ სიხარულს.

კომუნიკაციის ექსპერტების თანახმად, სიტყვები ინფორმაციის მხოლოდ 10%-ს გადმოსცემენ; 30% გადაიცემა ინტონაციის მეშვეობით და 60% – მიმიკებისა და ჟესტების ენით. ამიტომ უნდა უსმინო ყურებით, თვალებით და გულით. სწორედ ეს არის ემპათიური მოსმენა. ხოლო როდესაც ნამდვილად უსმენ, ხდები ზეგავლენის უნარის მატარებელი, რაც, თავის მხრივ, გაძლევს საშუალებას, ადამიანებზე მოახდინო ზემოქმედება.  (https://sites.google.com/site/izagigauri/articles/habits)

რატომ უნდა ვიყოთ გულისყურიანი მსმენელი?

  • რომ გვცნობდნენ და ვახსოვდეთ;
  • თავს დაფასებულად ვგრძნობდეთ;
  • პატივისცემას ვგრძნობდეთ;
  • ვგრძნობდეთ, რომ ჩვენი ესმით;
  • თავს ვგრძნობდეთ კომფორტულად.

მოსმენა აღიარების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატვაა, მოსაუბრეს თითქოს ვუდასტურებთ, რომ ის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოსმენას შეუძლია ურთიერთობების გამყარება, ქმნის თანამშრომლობის სურვილს, რადგან ადამიანები გრძნობენ აღიარებას და დაფასებას. მოსმენა იმის პირობაა, რომ თქვენც მოგისმენენ. ”თავიდან ეცადეთ, რომ გაიგოთ, ხოლო შემდეგ ეცადეთ გაგიგონ”, წერს სტივენ კოვი თავის წიგნში „ძალიან ეფექტური ადამიანების 7 თვისება“.

მოსმენა ხელს უწყობს აღიარებისა და დადებითი გარემოს შექმნას – მოსაუბრეს თითქოს ვეუბნებით – “არ ვაპირებ შენს განსჯას”. დადებითი გარემო კი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და სწავლას, თავიდან გვაცილებს დაბნეულობას და გაუგებრობას, რითაც სპობს სტრესისა და დაძაბულობის მიზეზებს.

ძირითადად, კონფლიქტი მაშინ ჩნდება, როცა ერთმანეთს არ ვუსმენთ. კონფლიქტის წარმატებული გადაჭრა ხშირად დამოკიდებულია მშვიდ გულისყურიან მოსმენაზე.

საინტერესოა, რომ აქტიური (გულისყურიანი) მოსმენა, როგორც მეთოდი, გამოიყენება ფსიქოთერაპიაში და უკავშირდება ამერიკელი ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კარლ როჯერსის (1902-1987) სახელს. კონსტრუქციული დიალოგისთვის აქტიურად მოსმენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზუსტი და გასაგები საუბარი. ასეთი მოსმენა საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ გვესმის სიტყვები და გვესმის სიტყვების მიღმა ტექსტიც – ემოციები, დამოკიდებულება.

აქტიური მოსმენისთვის საჭიროა მოსმენის განწყობა, მოსაუბრეზე კონცენტრაცია, ვერბალური და არავერბალური სტიმულები და უკუკავშირი სიზუსტის შესამოწმებლად.

ესეც გულისყურიანი და უგულისყურო მოსმენის შედარებისთვის:

არაეფექტური   ეფექტური
  არავერბალური ქცევა  
მსმენელი მოწყენილია, არ გამოხატავს დაინტერესებას ან კრიტიკულია; თავს არიდებს თვალებით კონტაქტს; ავლენს ყურადღების გამფანტავ მანერებს (თამაშობს ფანქრით, ქაღალდის სამაგრით და სხვა).   მსმენელი ინარჩუნებს დადებით პოზას; თავს არიდებს ყურადღების გამფანტავ მანერებს; უსმენს მოსაუბრეს; ინარჩუნებს თვალებით კონტაქტს; შესატყვის დროს თანხმობის ნიშნად ხრის თავს და იღიმის.
  ყურადღების ცენტრი  
მსმენელს ყურადღება გადააქვს საკუთარ თავზე: „როცა რაღაც ამის მსგავსი ჩემს თავს ხდება, მე…“   მსმენელს ყურადღება გადააქვს მოსაუბრისადმი მიმართულ საკუთარ კომენტარებზე: „როცა ეს მოხდა, როგორ მოიქეცით?“
  მიღება/აღიარება  
მსმენელს უჭირს მოსაუბრის იდეებისა და გრძნობების მიღება/აღიარება: „ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, თუ…“   მსმენელისთვის მისაღებია მოსაუბრის იდეები და გრძნობები: „საინტერესო მოსაზრებაა; შეგიძლიათ უფრო ვრცლად ისაუბროთ ამაზე?“
  თანაზიარობა  
მსმენელი ვერ გამოხატავს ემპათიას: „ვერ ვხვდები, რატომ იგრძენით თავი ასე…“   მსმენელი თანაზიარია: „ცხადია, როცა ეს მოხდა, გაბრაზდით“.
  ზონდირება  
მსმენელს უჭირს იდეის ან გრძნობის ზონდირება.   მსმენელს შეუძლია სასარგებლო ზონდირება (თუმცა, არ ცდილობს გადამოწმებას): „შეგიძლიათ უფრო ვრცლად ისაუბროთ ამაზე? რატომ გაგიჩნდათ ასეთი გრძნობა?“ და აზრის მიყოლა: „რამდენიმე წუთის წინ ბრძანეთ, რომ…“
  პერიფრაზი  
მსმენელს არ შეუძლია კომუნიკაციის სიზუსტის შემოწმება მოსაუბრის მიერ ნათქვამი მნიშვნელოვანი დებულებების საკუთარი სიტყვებით გამოხატვით.   მსმენელს შეუძლია პერიფრაზირება, რითაც მოსაუბრეს არწმუნებს, რომ სწორად გაიგო ნათქვამი.
  შეჯამება  
მსმენელს არ შეუძლია შეჯამება.   მსმენელი დროდადრო აჯამებს საუბრის განვითარებას.
  რჩევა  
მსმენელი მოქმედების/იდეის ერთი „სწორი“ მიმართულების შეთავაზებით ავიწროებს ალტერნატივების დიაპაზონს.   მსმენელი რამდენიმე ალტერნატივის შეთავაზებით (ან მოსაუბრისთვის კითხვების დასმით) აფართოებს მოქმედებათა/იდეათა დიაპაზონს.

რაც შეეხება სიჩუმის ხმას! ჰო, სიჩუმესაც აქვს ხმა და ზოგჯერ სიჩუმე უფრო გულისყურიანი მოსმენის მაჩვენებელი შეიძლება იყოს. შეიძლება სიჩუმით დასაჯო ადამიანი. სიჩუმით გიყვარდეს. სიჩუმისთვის გიყვარდეს…

ადამიანები მაშინ ყვირიან, როცა მათი გულები შორდებიან და ერთმანეთის აღარ ესმითო. იქნება ამიტომ გვიდგას ქვეყანაში კაკაფონიის ათწლეულები…

sic1

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ, ჩემი აზრით, სიჩუმე სასარგებლო ინსტრუმენტია აღზრდისთვის და მას შესაბამისად არ ვიყენებთ.

ბოლოს ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას გიზიარებთ სიჩუმის ხმის შესახებ:

მეტყველება და მისი როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

0

ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ინტელექტუალური განვითარებით გამოირჩეოდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება პირდაპირ უკავშირდება მეტყველების განვითარებას და ამ უკანასკნელის შეფერხება ინტელექტუალურ განვითარებასაც ასვამს დაღს, ადვილი მისახვედრი იქნება, რაოდენ მნიშვნელოვანია, აღმზრდელი კარგად იცნობდეს მეტყველების განვითარების თავისებურებებს, მის ხელშემწყობ და ხელის შემშლელ ფაქტორებს.

როდესაც მეტყველების განვითარების დარღვევა უკავშირდება სმენის დარღვევას ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, სამედიცინო ჩარევის გარეშე მას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ასეთი დარღვევა ხშირად გვხვდება სავსებით ჯანმრთელ ბავშვებთანაც, რომლებსაც არავითარი ორგანული დაზიანება არ უდასტურდებათ.

ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი ცნება: მეტყველების განუვითარებლობა ან ჩამორჩენა და მეტყველების დარღვევა. მეტყველების განუვითარებლობა, ჩამორჩენა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია აღზრდასა და ბავშვის ცხოვრების პირობებთან, მაშინ როდესაც მეტყველების დარღვევა წარმოადგენს სერიოზულ, თუმცაღა გამოსწორებად დეფექტს, რომელიც ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებითაა გამოწვეული. ამჯერად შევეხებით მეტყველების განუვითარებლობის, ჩამორჩენის საკითხს, მის მიზეზებსა და დაძლევის გზებს.

მაინც როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა მეტყველება და რა გზას გაივლის ეს პროცესი?

ადრეული ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარებაში რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ.

* ღუღუნი – ის იწყება დაახლოებით მეორე თვიდან და 6-7 თვემდე გრძელდება.

* ტიტინი – მე-7 თვიდან ბავშვი იწყებს ბგერების წარმოთქმას და ამ ბგერებისგან არარსებული სიტყვების „შედგენას“. ამ ასაკიდან ბავშვი ცდილობს უფროსების მიბაძვას და სურს, მათსავით ლაპარაკობდეს. მეტყველების განვითარება ყველაზე აქტიურად სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს.

* პირველი სიტყვები – ბავშვების უმრავლესობა ერთი წლისთვის, წესისამებრ, უკვე წარმოთქვამს რამდენიმე მარტივ სიტყვას, რომელთა მნიშვნელობაც ესმის. გვხვდება გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ბავშვი პირველ სიტყვებს წლინახევრის ან ორი წლის ასაკში წარმოთქვამს, მაგრამ ეს არ შეიძლება სერიოზულ ჩამორჩენად ჩაითვალოს.

* პირველი წინადადებები – ორი წლისთვის ბავშვს ლექსიკონში უკვე აქვს 100–200 სიტყვა და 2-3–სიტყვიან წინადადებებსაც ადგენს. სამი წლის ბავშვს შეუძლია, გრამატიკულად სწორად ააგოს მარტივი წინადადება, ჩაერთოს დიალოგში და მოჰყვეს იმას, რაც ნახა ან მოისმინა.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ეტაპებს შორის საზღვრები მკაცრი არ არის. შეიძლება შევხვდეთ შემთხვევას, როცა ორწლინახევრის ბავშვი, რომელიც ფსიქიკურად ნორმალურადაა განვითარებული, დუმს, მაგრამ მალე ერთბაშად ისე გამართულად იწყებს ლაპარაკს, რომ არაფრით ჩამოუვარდება თანატოლს, რომელმაც პირველი სიტყვები ერთი წლის ასაკში წარმოთქვა. მეტყველების დაუფლების ვადა და ტემპი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე და იმაზე, რა გზით მიდის მისი მეტყველების განვითარება. ცნობილია, რომ მეტყველების განვითარებას ორი ძირითადი მიმართულება აქვს: სიტყვის პასიური დაუფლება (მეტყველების გაგება) და სიტყვის აქტიური დაუფლება (ლაპარაკი). პასიური მეტყველება, ჩვეულებრივ, უსწრებს აქტიურს. 10-12 თვის ბავშვებს უკვე კარგად ესმით ცალკეული საგნებისა და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსი. ხშირად მშობლებს აოცებთ, აღიზიანებთ და აშფოთებთ კიდეც ბავშვის საქციელი: „ყველაფერი ესმის, თქმით კი არაფერს ამბობს!“ გარკვეულ დრომდე იმ სიტყვების რაოდენობა, რომლებიც ბავშვმა იცის, საგრძნობლად ჭარბობს წარმოთქმული სიტყვების რაოდენობას. ზოგ ბავშვს „დუმილის“ პერიოდი საკმაოდ დიდხანს უგრძელდება. ზოგი, როგორც აღვნიშნეთ, ორ წლამდეც არ იღებს ხმას, თუმცა ყველა ის სიტყვა, რომელსაც კი უფროსები მასთან ურთიერთობისას იყენებენ, კარგად ესმის. ასეთ დროს ის ან დუმს, ან უმარტივესი ბგერებით რეაგირებს უფროსების ნათქვამზე. მიუხედავად ამისა, თუ ასეთი ბავშვი ნორმალურ პირობებში ცხოვრობს, მეტყველება მაინც უვითარდება და აქტიურ მეტყველებაზე, წესისამებრ, მკვეთრად და მოულოდნელად გადადის. ასეთი ბავშვები ხშირად სამი წლის ასაკში ეწევიან და უსწრებენ კიდეც განვითარებით მათ, ვინც 10 თვის ასაკში ამოიდგა ენა. თუ ბავშვს ესმის მისკენ მიმართული მეტყველება, თუ უფროსები ყველა პირობას უქმნიან ნორმალური განვითარებისთვის, ადრე თუ გვიან ის დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ როდის დადგება ეს მომენტი, ბევრადაა დამოკიდებული მშობლებზე.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამეტყველებაში?

ადრეული ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარება რთული ფსიქოლოგიური პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებთან, მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასა და მრავალ სხვა ფაქტორთან, ამიტომ მშობლების მთავარი შეცდომაა საკუთარი შვილის წარმატებების შედარება სხვა ბავშვების წარმატებებთან. ყველაზე მკაცრი მშობლებიც კი ვერ შეძლებენ, ბავშვი ძალდატანებით აალაპარაკონ, დახმარება კი ნამდვილად შეუძლიათ.

 

რეკომენდაციები მშობლებისთვის ბავშვის ამეტყველების ხელშესაწყობად

 

  • ბავშვის მეტყველების განვითარების უპირველეს პირობას მეტყველებითი ურთიერთობა წარმოადგენს. ამასთან, სასურველია, ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდშივე დაიწყოს. დადგენილია, რომ, ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან მოყოლებული, ბავშვს ესმის ყველაფერი, რასაც დედა ეუბნება. თუ ამ დროს დედა სწორად იმოქმედებს და პატარასთან კონტაქტის დამყარებას შეძლებს, ეს სასიკეთო გავლენას მოახდენს ადრეულ ასაკში ბავშვის მეტყველების განვითარებაზე, რაც, თავის მხრივ, მის ფსიქიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

აუცილებელია, განვითარების ადრეულ ეტაპზე რაც შეიძლება ხშირად ვესაუბროთ ბავშვს, ვუკითხოთ წიგნები, შევაქოთ, თუ შევამჩნიეთ, რომ სიტყვების გამეორებას ცდილობს.

  • აუცილებელია, ბავშვთან მეტყველებითი ურთიერთობისას საგნები თავისი სახელებით მოვიხსენოთ. მაგალითად, მანქანა და არა „პიპია“, პური და არა „ბაბა“, კანფეტი და არა „კაკა“, ძაღლი და არა „აუა“ და ა.შ.
  • ვესაუბროთ ბავშვს მოკლე წინადადებებით და წინადადებებს შორის შევისვენოთ. ნუ ვილაპარაკებთ სხაპასხუპით.
  • საგნების დასახელებისას აუცილებელია ვუჩვენოთ ისინი, სურათზე მაინც.
  • ნუ ვასწავლით ბავშვს იმ სიტყვის წარმოთქმას, რომლის მნიშვნელობაც არ ესმის და ვერც გაიგებს, სანამ ამ სიტყვით აღნიშნულ საგანს არ დაინახავს.
  • მნიშვნელოვანია, ერთი და იგივე სიტყვა მრავალჯერ გავიმეოროთ, სანამ პატარა არ დაიმახსოვრებს და არ წარმოთქვამს მას.
  • არ ველაპარაკოთ ბავშვს, თუ თავად არ სურს ან დაიღალა.
  • ვერიდოთ ბავშვის კითხვების იგნორირებას, ვუპასუხოთ სრულად, მშვიდად და გასაგებად, ისე, რომ თითოეული სიტყვის მნიშვნელობას ჩასწვდეს.
  • თუ ბავშვი შეცდომით წარმოთქვამს სიტყვებს, შევუსწოროთ ფრთხილად, უკმაყოფილების გამოხატვის გარეშე, რათა არ დაკარგოს ლაპარაკის სურვილი, არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში, არ შეწყვიტოს ახალი სიტყვების სწავლა. შეცდომების გამო კრიტიკამ და უფროსების უკმაყოფილებამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ნევროზულ რეაქციებს. გავითვალისწინოთ, რომ პატარები ვერ იტანენ მარცხს. მშობლების რეაქცია ბავშვის მეტყველებაზე უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული, გარემო – თბილი, კეთილგანწყობილი.
  • ნუ ვეცდებით, უსიტყვოდ ამოვიცნოთ ბავშვის სურვილები და მივცეთ ყველაფერი, რაზეც კი ხმის ამოუღებლად მიუთითებს. მეტყველების განვითარება შესაძლოა შეფერხდეს, თუ ბავშვი არ დგას ამეტყველების აუცილებლობის წინაშე, თუ მისი უსიტყვოდაც ესმით და მის ყველა სურვილს ხვდებიან.
  • ვერიდოთ ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარს – მას უფროსებისგან სწორად წარმოთქმული სიტყვები უნდა ესმოდეს. ნუ მივბაძავთ ბავშვს სიტყვების არასწორად წარმოთქმაში.
  • ბავშვთან ურთიერთობისას ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები უშუალოდ ბავშვისკენ უნდა იყოს მიმართული და შესაბამისი ემოციებიც ახლდეს თან.
  • მეტყველების განვითარების პროცესში ტელევიზორისა და კომპიუტერის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად სასურველია, ბავშვი მაქსიმალურად მოვარიდოთ მათ. ტელეეეკრანიდან გაგონილი სიტყვები ბავშვზე სათანადო გავლენას ვერ ახდენს და მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს მეტყველების განვითარებაში. ადრეული ასაკის პატარები ტელეეკრანიდან გაგონილს არ აღიქვამენ როგორც პირადად მათკენ მიმართულს და ეს სიტყვები ვერ ერთვება მათ პრაქტიკულ აქტივობაში, რჩება მხოლოდ ეკრანზე მოციმციმე მხედველობითი სტიმულების ფონად, ამიტომ განსაკუთრებით გულსატკენია, რომ დღეს ბავშვების უმრავლესობა ტელევიზორისა და კომპიუტერთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე მშობლებთან საუბარში. პატარები ვერ აღიქვამენ საეკრანო მეტყველებას, ვერ გამოყოფენ ცალკეულ სიტყვებს, არ ესმით დიალოგი. საუკეთესო ტელეგადაცემებიც კი ვერ შეცვლის მშობლებთან ურთიერთობას. ბავშვის მეტყველების განვითარებას მხოლოდ ცოცხალი, უშუალო, ხარისხიანი მეტყველებთი ურთიერთობა უზრუნველყოფს.

* ცნობილია, რომ მეტყველების განვითარება უშუალო კავშირშია ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებასთან. ხშირად უფროსები სიჩქარის ან მოუცლელობის მომიზეზებით თვითონვე ალაგებენ მიმოფანტულ სათამაშოებს, აჭმევენ, აცმევენ ბავშვს, უკრავენ ღილებს, თასმებს. არ ჰყოფნით მოთმინება, პატარას მიანდონ ეს ყველაფერი. კარგი იქნება, თუ ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნებთ წვრილი მოტორიკის განვითარებაზეც, გამოვუმუშავებთ ბავშვს თვითმომსახურების ჩვევებს, რათა დამოუკიდებლად ჩაიცვას, შეიკრას ღილები, თასმები. ხელის წვრილი მოტორიკის განვითარება დადებითად აისახება მეტყველების განვითარების პროცესზე, რაც, თავის მხრივ, ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნუ დავივიწყებთ, რომ მეტყველება ბავშვის ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია – მასზე აისახება ბავშვის ყველა მიღწევა და სირთულე. მეტყველების განვითარებაზე ზრუნვა მომავალში მრავალი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და წარმატების საწინდარია.

სწავლებისა და შემოქმედების შერწყმა თეატრალიზებულ პრესკონფერენციაში

0

თეატრალიზებული გაკვეთილი მეტად აახლოებს მოსწავლესა და მასწავლებელს და არა მხოლოდ სწავლის მოტივაციის ამაღლებას, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებას, მოზარდთა სოციალიზაციას, არამედ სწავლების პროცესის მოდერნიზებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც უწყობს ხელს.

 

 

თეატრალიზებული პრესკონფერენცია „ადამიანი და გარემო“

(მეორე ნაწილი)

 

ქიმიკოსი: CO ნახშირბად(II)-ის ოქსიდია.

ეკოლოგი: დიდი ქალაქების მცხოვრებლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ქუჩაში, სადაც აქტიური საავტომობილო მოძრაობაა, მათ ელით „ეკოლოგიური მახე“ – ჰაერში CO-ს 0,05გ/ლ–ზე მაღალი კონცენტრაცია.

ქიმიკოსი: ეს განპირობებულია ნახშირბად(II)-ის ოქსიდის ფიზიკური თვისებებით – ეს არის უფერო, უსუნო აირი; ჰაერის მიმართ მისი სიმკვრივე დაახლოებით ერთის ტოლია.

ბიოლოგი: ნახშირბად(II)-ის ოქსიდი სპეციფიკურად უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და წარმოქმნის კარბოქსილჰემოგლობინის მყარ კომპლექსს, რის შედეგადაც ჰემოგლობინი კარგავს თავის ძვირფას თვისებას, შეკრიბოს და გადაიტანოს ჟანგბადი. ჰემოგლობინის შემადგენლობაში არსებული ორვალენტიანი რკინის მსგავსება ნახშირბად(II)-ის ოქსიდთან რამდენიმე ასეულით აღემატება ჟანგბადთან მის მსგავსებას.

ქიმიკოსი: ქიმიური თვალსაზრისით, ჰემოგლობინი პროტეიდია, რომელიც შედგება ცილოვანი და არაცილოვანი ნაწილებისგან – გლობინისა და ჰემისგან. ჰემში რკინა ორი კოვალენტური და ორი კოორდინაციული ბმით უკავშირდება აზოტის ატომების პიროლურ რგოლებს. ორი გამოუყენებელი ბმიდან ერთი ცილისთვის იხარჯება, მეორე – O2 მოლეკულისთვის ან CO-ისთვის (სქემა 4).

რეაქციაში Hb*O2+CO=Hb*CO+O2 წონასწორობის კონსტანტა უდრის 210–ს.

sq1

სქემა 4

 

ეკოლოგი: ჩასუნთქულ ჰაერში CO–ს მცირე, 0,1%-მდე, შემცველობაც კი ორგანიზმში 60%-ით ბლოკავს ჰემოგლობინს, რაც იწვევს თავის ტკივილს, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრირების დარღვევას, გულის უკმარისობას, ზოგჯერ – გონების დაკარგვასაც. თუ დაზარალებული დროულად არ გამოვიყვანეთ „ეკოლოგიური მახიდან“, შესაძლოა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა შეუქცევადად დაერღვეს.

ტოქსიკოლოგი: ასეთ დროს დაზარალებულს ჟანგბადს ასუნთქებენ (შეიძლება ამიაკიანი ნარევიც) სისხლძარღვების გასაფართოებლად.

ეკოლოგი: ასევე სახიფათოა ეკოლოგიური საწამლავები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში წყალთან, ჰაერთან, საკვებთან ერთად ხვდება. ესენი მძიმე მეტალების იონებია: Hg2+, Cu2+, Zn2+, Mn2+, რომლებსაც გოგირდთან დიდი მსგავსება აქვთ (იხ. სქემა 1).

ბიოლოგი: SH ჯგუფები ცოცხალი ორგანიზმისთვის ჰიდროქსილჯგუფებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მძიმე მეტალები ბლოკავენ მათ და ფერმენტები ძალას კარგავენ, თუმცა მათი აქტიური ცენტრი თავისუფალია.

წამყვანი: მესმის, რომ ეს საწამლავის ორგანიზმზე ზემოქმედების ერთ-ერთი მექანიზმია: პირველი – ბიოქიმიური სტრუქტურის აქტიური ცენტრის ბლოკირება, მეორე – SH ჯგუფის შებოჭვა.

ოფიცერი: არსებობს საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს სწორედ SH ჯგუფების ბლოკირების გზით აზიანებს. ასეთია, მაგალითად, ლუიზიტი.

ტოქსიკოლოგი: ბლოკატორების მოქმედების შესაჩერებლად გამოიყენება ნივთიერებები SH ჯგუფების დიდი შემცველობით, მაგალითად, უნიტოლი.

ისტორიკოსი: 1933 წელს სტრიჟევსკიმ სახალხოდ, ლექციაზე მიიღო 0,2 გრამი სულემა. საწამლავს თავისივე სახელობის ანტიდოტი დააყოლა და გადარჩა!

ქიმიკოსი: ეს კალიუმისა და ნატრიუმის სტაბილიზირებული ხსნარია.

ოფიცერი: მოგეხსენებათ, სულემა ძლიერ მომწამლავია. ის ვერცხლისწყალ(II)-ის ქლორიდია. მეცნიერმა ყველა სკეპტიკოსს დაუმტკიცა ანტიქიმიური თავდაცვის აუცილებლობა და შესაძლებლობა!

ბიოლოგი: მომწამვლელი ნივთიერებების მომდევნო ჯგუფიც ამავე მექანიზმით მოქმედებს, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით: გოგირდწყალბადი და გოგირდნახშირბადი ბლოკავენ ადრენორეცეპტორების მეტალოპროტეიდულ ცენტრებს, რომლებიც ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსზე აგებენ პასუხს.

ფარმაცევტი: რა პარადოქსულიც უნდა იყოს, მომწამვლელ ნივთიერებათა მოქმედების მექანიზმის ცოდნა ფართოდ გამოიყენება მედიკამენტების შექმნისას. ბიოქიმიური სტრუქტურების აქტიური ცენტრის ბლოკირების პრინციპით მოქმედებს ატროპინი – მუსკარინის ანტიდოტი. ამ უკანასკნელს შხამასოკოს შხამი შეიცავს. გულის გლიკოზიდები, რომლებსაც შეიცავს შავბალახას, კუნელისა და შროშანის ექსტრაქტები, ამცირებს ფერმენტ ადენოზინტრიფოსფატაზის აქტივობას SH-ჯგუფების შებოჭვის გზით, რაც გულის მუშაობის სტიმულაციას იწვევს. ანტიდეპრესანტები ბლოკავენ ფერმენტ მონოამინოოქსიდაზის სულფიდრილურ ჯგუფებს, რაც ნერვულ დაბოლოებებში სეროტონინის შემცველობას ზრდის და ამით ანტიდეპრესიულ ეფექტს ახდენს.

ქიმიკოსი: უნდა ითქვას, რომ სეროტონინს აგებულებით წააგავს შოკოლადის კომპონენტები. ამიტომაა, რომ შოკოლადი განწყობილების ამაღლებაში გვეხმარება.

ეკოლოგი: ესაა ადამიანის ორგანიზმზე ნივთიერებათა ზემოქმედების მესამე მექანიზმის ნიმუში (სქემა 1.3). მსგავსი აგებულების მქონე ქიმიური სტრუქტურები ჩაანაცვლებენ, გამოდევნიან, ცვლიან ორგანიზმის მონათესავე ბიოგენურ სტრუქტურებს. ეს მექანიზმი ხშირად არც ისე უვნებელია, როგორც შოკოლადის შემთხვევაში. მაგალითად, თუ სასმელ წყალში Mn2+ იონების შემცველობა აღემატება დასაშვებ ზღვრულ კონცენტრაციას, ისინი ძვლოვანი ქსოვილიდან გამოდევნიან Ca2+ იონებს, ანუ ამ იონების აქტივობა ხსნარში დაახლოებით ერთნაირია. ძვლები მყიფე ხდება. ამის შედეგია მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმების მაღალი ალბათობა ახალშობილებთან.

ფარმაცევტი: სხვათა შორის, კარიესის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება ფლუორისტატი სწორედ ჩანაცვლების მექანიზმით მოქმედებს.

ქიმიკოსი: ამავე მექანიზმით ხდება ადამიანის ორგანიზმზე ნარკოტიკების ზემოქმედებაც. ნარკოტიკები ქიმიური აღნაგობით პირიმიდინის წარმოებულებია, ანუ ჰგავს აზოტოვანსაფუძვლიანებს, კერძოდ, თიმინს, ციტოზინს, ურაცილს, რომლებიც აუცილებელია ნუკლეინმჟავების ბიოსინთეზისთვის.

ტოქსიკოლოგი: დიახ, ნარკოტიკები ჰგვანან ბიოგენურ ამინებს. ისინი იოლად ერთვებიან მიმოცვლით პროცესებში და თავის შესაბამისად გადააწყობენ. ამის შედეგად ორგანიზმის ენერგია ნარკოტიკული ნივთიერებების გადასამუშავებლად იხარჯება, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესები კი ზარალდება. ამასთან, ნარკოტიკული ნივთიერების აღმქმელი ეგრეთ წოდებული ოპიატური რეცეპტორები განთავსებულია ნერვულ წნულებში, რომლებიც ტკივილის იმპულსს ატარებენ. ამიტომაც წარმოიშობა ნარკოტიკული უკმარისობით გამოწვეული ტკივილები, სახსრების ტეხა, აღგზნებადობა და სხვა.

წამყვანი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანის ყველა ავადმყოფობა ქიმიიდან მომდინარეობს.

ექიმი: არა მარტო ქიმიიდან – ავადმყოფობის გამომწვევია მიკრობებიც, მათთან ბრძოლაში კი სწორედ ქიმია გვეხმარება.

ბიოლოგი: მიკრობები ცოცხალი ორგანიზმებია, შესაბამისად, ცილოვანი აგებულება აქვთ.

ქიმიკოსი: ცილები ფერად რეაქციას იძლევიან. მაგალითად, მოწითალო-მოიისფრო შეფერილობა გამოწვეულია Cu(OH)2–ით. ისინი ჰიდროლიზდებიან (ასე შეისწავლიან მათი მაკრომოლეკულის შემადგენლობას), განიცდინ დენატურაციას, ანუ მაკროსტრუქტურები ირღვევა მაღალი ტემპერატურის, რადიაციის, მექანიკური ზემოქმედებით, ქიმიური რეაგენტების ზემოქმედებით.

ექიმი: ამ მიზეზით ანტიბიოტიკების პირველი ჯგუფი, შეიძლება თქვას, დენატურაციული მოქმედებისაა, მაგალითად, ფენოლი, ფორმალდეჰიდი ორგანიზმში კომპლექსებად არიან  შეკავშირებულნი და იხსნებიან იქ, სადაც თავიანთი ანტიმიკრობული მოქმედება უნდა გამოამჟღავნონ. მაგალითად, ფენოლი ნაწლავებში წარმოიქმნება სალოლის ჰიდროლიზის შედეგად.

 

sq5

ქიმიკოსი: სალოლი სალიცილმჟავას ფენილის ეთერია.

ფარმაცევტი: ხოლო უროტროპინი ფორმალდეჰიდის წარმოქმნით ჰიდროლიზდება.

ქიმიკოსი: უროტროპინის ქიმიური დასახელებაა ჰექსილმეთილენტეტრამინი. აი მისი ჰიდროლიზის რეაქცია:

(CH2)6N4 + 6H2O = 6HCOH + 4NH3

ფარმაცევტი: ბუნებრივია, ნივთიერებებს, რომლებიც ცილების დენატურაციას იწვევს, გარსით ფარავენ, რათა მაშინვე კი არ იმოქმედონ, არამედ სადაც საჭიროა, იქ გაიხსნან.

ისტორიკოსი: ფარმაკოლოგიის ფუძემდებელი პარაცელსი სამკურნალო საშუალებების შერჩევისას ასე მსჯელობდა: სიფილისი ავადმყოფობა, რომელიც სიყვარულის შედეგად წარმოიშობა; სიყვარულის ასტროლოგიური სიმბოლოა ვენერა; ვენერას ანტაგონისტია მერკური, მისი ალქიმიური მნიშვნელობა კი – ვერცხლისწყალი, – ამიტომ სიფილისით დაავადებულებს ვერცხლისწყლის ორთქლით მკურნალობდნენ, რაც რატომღაც ეფექტური აღმოჩნდა.

ექიმი: სიფილისს თეთრი სპიროქეტა იწვევს, რომლის ცილოვან სტრუქტურაშიც მრავლადაა SH-ჯგუფები. ვერცხლისწყალი, მძიმე მეტალი, ამ ჯგუფების ბლოკირებას ახდენს და მიკრობები იხოცებიან.

 

sq3

ფარმაცევტი: ანტიბიოტიკების მეორე ჯგუფი ქიმიოთერაპიულია, ანუ ბაქტერიული უჯრედის მიმოცვლაში ერევა.

ბიოლოგი: მიკრობები ცოცხალი ორგანიზმები არიან და კვება სჭირდებათ.

ფარმაცევტი: ქიმიოთერაპიული პრეპარატები კი მეტაბოლიზმისთვის საჭირო ნივთიერებების ნაცვლად სხვა, მაგრამ იდენტური აღნაგობის ნივთიერებებს აწვდიან მათ და მიკრობებიც „შიმშილით“ იხოცებიან. ასეთებია, მაგალითად, სულფანილამიდური პრეპარატები სულფაზოლი, სულფადინი, სულფაზინი – თეთრი სტრეპტოციდის წარმოებულები. სტრეპტოციდის ფორმულის წარმოებულებს წყალბადის ერთი ამინოჯგუფის ატომი ჩანაცვლებული აქვთ და იწვევენ ჰემოლიზს, ანუ ჰემოგლობინი ერითროციტებიდან სისხლის პლაზმაში გამოდის და კარგავს ჟანგბადის გადატანის უნარს. თეთრი სტრეპტოციდის წარმოებულები ნაკლებტოქსიკურია, მათი ანტიმიკრობული მოქმედება კი – გაცილებით ეფექტური.

ექიმი: სულფანილამიდური პრეპარატები არღვევენ მიკრობებისთვის საჭირო ფაქტორებს: ფოლიუმისა და დეჰიდროფოლიუმის მჟავებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის პარაამინობენზოინმჟავა. სულფანილამიდები აღნაგობით ახლოს დგანან მასთან, ამიტომ მიკრობული უჯრედი მას შთანთქავს, რაც ცვლის პროცესების რღვევას იწვევს.

 

sq2

სქემა 5

 

ფარმაცევტი: ალბათ გინახავთ მალამო ზოვირაქსის რეკლამა: „გაციების პირველივე სიმპტომებისას გამოიყენეთ მალამო ზოვირაქსი, ის თავიდან აგაცილებთ ჰერპესს!“

წამყვანი: რეკლამაში კი ყველაფერი კარგადაა წარმოჩენილი, მაგრამ ეს მალამო საკმაოდ ძვირია.

ფარმაცევტი: ზოვირაქსი მართლაც ძვირად ღირებული პრეპარატია, რომელიც გენური ინჟინერიის საფუძველზე შეიქმნა. პროპილენგლიკოლში გახსნილია ნივთიერება აციკლოვირი, რომელიც ჰერპესვირუსის დნმ-ს „არასწორი“ ელემენტია. ვირუსი აციკლოვირს უჯრედების საშენ მასალად იყენებს, ეს უჯრედები კი დეფექტური გამოდიან და გამრავლების უნარი არ გააჩნიათ. აცილკოვირი დავირუსებულ უჯრედებში იჭრება, ჯანმრთელს არ ეხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აციკლოვირის შემქმნელი მეცნიერები ნობელის პრემიის ლაურეატები არიან.

ექიმი: ანტიმიკრობული პრეპარატების მესამე ჯგუფი გახლავთ ანტიბიოტიკები. ისინი წარმოადგენენ მიკროორგანიზმებისა და სოკოების ცოცხალ პროდუქტებს, რომლებიც განსაზღვრული მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო მაღალეფექტური საშუალებებია. მაგალითად, პენიცილინი, რომელიც აქტიურია მრგვლოვანი ბაქტერიების, იმავე კოკების წინააღმდეგ.

ფარმაცევტი: ანტიბიოტიკები საგრძნობლად ანელებენ ბაქტერიული უჯრედის კედლის ბიოსინთეზს ანუ აინჰიბირებენ მას. შედეგად მიკრობები ვეღარ მრავლდებიან და ორგანიზმი მათ იოლად ერევა.

ისტორიკოსი: ანტიბიოტიკების გამოყენება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყეს. წერილობითი წყაროები მოწმობს, რომ მკურნალები იყენებდნენ მარცვლეულის ობს. არქეოლოგებმა 1400 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ნაშთებში ბუნებრივი ანტიბიოტიკის კვალი აღმოაჩინეს. ობის სოკოების უნარზე, შეაფერხონ ბაქტერიების გამრავლება, ა. ფლემინგამდე პეტერბურგის სამხედრო- სამედიცინო აკადემიის პროფესორები პოლიტებნიოვი და მონასეინი წერდნენ. თავად ფლემინგმა კი პენიცილინი შემთხვევით აღმოაჩინა: პეტრის ერთ-ერთ ჭიქაში, სადაც სტაფილოკოკების კოლონია იყო, გაჩნდა მწვანე ობი; ყურადღებიანმა მეცნიერმა შეამჩნია, რომ იქ, სადაც ობი იყო მოკიდებული, მიკრობები არ გამრავლდნენ, დაიწყო ამ მოვლენის კვლევა და 1940 წელს კრისტალური პენიცილინი გამოყო. 1942 წელს პროფესორმა ზ. ვ. ერმოლოვამ რუსეთში მიიღო პენიცილინი, რამაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათიათასობით სიცოცხლე იხსნა.

ქიმიკოსი: არსებობს ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკებიც, რომლებიც ეფექტურია განსხვავებული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ – ამპიცილინი, ოქსაცილინი და სხვა.

ფარმაცევტი: ანტიბიოტიკების ნაკლი ის არის, რომ ნაწლავურ მიკროფლორას თრგუნავს.

ექიმი: ამიტომ მათი მიღება, მხოლოდ ექიმის მითითებით და მკაცრად განსაზღვრული დოზით უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიკრობები „მიეჩვევიან“ ანტიბიოტიკს და მკურნალობა უეფექტო იქნება.

წამყვანი: ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით გარემოს რადიაქტიურ დაბინძურებას .

ბიოლოგი: რადიაქტიური იზოტოპები, მათ შორის – ყველაზე გავრცელებული ცეზიუმ-137 და სტრონციუმ-90, ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ცილოვანი სტრუქტურებისა და დნმ-ს რღვევას.

ქიმიკოსი: ეს ეგრეთ წოდებული პირდაპირი დასნებოვნებაა. გამოყოფენ ქიმიურ და შემხებ ავადმყოფობას: რადიაცია იწვევს დიდი რაოდენობით (02-*) ტიპის იონ-რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც სისხლის მიმწოდებელ სისტემაში „დახეტიალობენ“ და წარმოქმნიან ახალ იონ-რადიკალებს. ყოველ მათგანს შეუძლია გამოიწვიოს დენატურაცია და ცილების ჟანგვა, უჯრედის კიბოთი დასნებოვნება, მუტაცია და სხვა.

წამყვანი: ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 20% ავადაა, 15% პრაქტიკულად ჯანმრთელია, 65% კი, ასე ვთქვათ, მესამე მდგომარეობაშია – ფუნქციური დარღვევები არ უდასტურდება, თუმცა თავს ჯანმრთელად ვერ გრძნობს. ამის მიზეზი კი ორგანიზმში ზოგიერთი ნივთიერებების ჭარბი კონცენტრაციაა. ასე რომ, ქიმიურ ნივთიერებათა რეგულაციისთვის აუცილებელია ქიმიური ნივთიერებების წარმოებისა და გამოყენების საკითხების ბალანსირება, რათა მათ მხოლოდ სარგებლობა მოუტანონ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესს და არ დაგვაზიანონ.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. პ. მაიერი, პარაცელსი – ექიმი და წინასწარმეტყველი, თარგმ. ე. ბ. მურზინის, 2003
  2. ა. გ. იასკევიჩი, ვ. პ. დინმუხამედოვი, სამხედრო ტოქსიკოლოგია, 2000
  3. გ. ი. ოქსენჰენდლერი, შხამები და შხამსაწინააღმდეგო საშუალებები, 1982
  4. https://www.booksmed.com/toksikologiya/336-yady-i-protivoyadiya-oksengendler-g-i.html
  5. სამხედრო ტოქსიკოლოგია, რადიობიოლოგია და სამედიცინო თავდაცვა, ს. ა. კუცენკოვის რედაქციით, 2004
  6. ი. ფ. კრილოვი, ფარმაკოლოგია, 2012
  7. ორგანული სინთეზი, ნ. ღონღაძე, ე. ელიზბარაშვილი, ზ. გელიაშვილი, ნ. დარეჯანაშვილი, მ. ხითარიშვილი, გ. ჭირაქაძე, წელი III, 2005
  8. ზ. ბაკი, ნერვული იმპულსის გადაცემის ქიმიზმი. სამედიცინო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია და იმუნოლოგია, 1977
  9. სამედიცინო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია და იმუნოლოგია, ვ. ვ. ზვერევის, მ. ნ. ბოიჩენკოს რედაქციით, ტ. I, 2010
  10. ანტიბიოტიკები. უნივერსალური, სამეცნიერო-ტექნოლოგიური ონლაინენციკლოპედია – https://www.krugosvet.ru/enc/nauka_i_tehnika/biologiya/ANTIBIOTIKI.html
  11. Health systems financing: the path to universal coverage – https://www.who.int/whr/2010/en/

პალესტინელ ჰანა ალ ჰროუბს წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადაეცა

0

პალესტინელმა დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, რომელიც ლტოლვილთა თავშესაფარში გაიზარდა და ამჯერად მოსწავლეებს ტოლერანტობასა და არა-ძალადობას ასწავლის, წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მოიპოვა და შესაბამისად, 1,000,000 აშშ დოლარი მოიგო. მან 8,000 კონკურენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გასულ კვირას, 13 მარტს სძლია.

ჰანა ალ ჰროუბს, რომელიც დასავლეთ ალ-ბირეჰში ასწავლის, Global Teacher Prize (გლობალური პრიზი მასწავლებლებისათვის) დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა.

მას შემდეგ, რაც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები პატარების განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომის პაპმა ფრანცისკემ გამარჯვებულად სწორედ ჰანას სახელი გამოაცხადა. პალესტინელ  მასწავლებელს ჯილდო დუბაის მმართველმა შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ მაქტუმმა გადასცა.

  • თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ პაპმა ჩემი სახელი წარმოთქვა. ის რომ დღეს პალესტინელმა მასწავლებელმა მსოფლიოს ხმა მიაწვდინა და სწავლების უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, სხვა დანარჩენი წარმომავლობის მასწავლებლებისთვის შესაძლოა კარგი მაგალითი იყოს – ამბობს გამარჯვებული ჰანა ალ ჰროუბი. ის აღნიშნავს, რომ მოპოვებულ თანხას სკოლასა და მოსწავლეებს მოახმარს, კონკრეტულად, ჰანა გეგმავს მოსწავლეებს სტიპენდიები გადასცეს, რათა მათი სწავლის მოტივაცია გაუმჯობესდეს და მომავალ პროფესიად მათაც მასწავლებლობა აირჩიონ.

ჰანას გამარჯვება ისრაელისა და პალესტინას შორის კონფლიქტის პიკს დაემთხვა. უკანასკნელი ხუთი თვის მანძილზე პალესტინელების სროლებსა და სატრანსპორტო თავდასხმებს ისრაელის 28 მოქალაქე და ორი ამერიკელი ემსხვერპლა. საპასუხოდ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, თავდასხმებში მონაწილეობის ბრალდებით, პალესტინას  სულ მცირე 179 მოქალაქე დაუხოცა.

მიმდინარე მოვლენებში ისრაელის ოფიციალური პირები ბრალს პალესტინის ლიდერებს სდებენ და სოციალურ მედიას ძალადობისა და აგრესიის გაღვივებაში ადანაშაულებენ. პალესტინის ლიდერები კი აცხადებენ, რომ სავალალო მდგომარეობა ნახევარსაუკუნოვანი ოკუპაციის მიერ გამოწვეული სასოწარკვეთისა და იმედგაცრუების შედეგია.

ჰანას გამარჯვებით გახარებულმა, ცერემონიაზე მყოფმა თანამემამულეებმა, პალესტინის დროშები ააფრიალეს და ხმამაღლა ამბობდნენ – „ჩვენი სულებით, ჩვენი სისხლით, სიცოცხლეს დავთმობთ შენთვის, პალესტინა“.

თავის გამოსასვლელ სიტყვაში ჰანამ კიდევ ერთხელ ისაუბრა არაძალადობრივი ნაბიჯების საჭიროებებზე და ქვეყნებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე:

  • ვინაიდან მე, პალესტინელ მასწავლებელს საშუალება მომეცა მსოფლიოს მივმართო, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თუ ერთმანეთს ხელს გავუწოდებთ, შევძლებთ გავავრცელოთ მშვიდობა, თანასწორობა და განათლება.

ჰანა ალ ჰროუბის გარდა, ცერემონიაზე მიწვეული იყო ცხრა ფინალისტი მასწავლებელი ავსტრალიიდან, ფინეთიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, კენიიდან, პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, ჰანამ ყველა ფინალისტი სცენაზე მიიწვია და მადლობა გადაუხადა.

მასწავლებელთა გლობალური პრიზი ორი წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია ყოველწლიურად მსოფლიოში ერთი მასწავლებელი აღმოაჩინოს, რომელიც განსაკუთრებული პროფესიონალიზმით, მოტივაციით გამოირჩევა და მოწადინებულია საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ინოვაციური მიდგომებით იხელმძღვანელოს. ასევე, მოტივაციას აძლევს სხვებსაც, რომ ასწავლონ, ან აირჩიონ მასწავლებლის პროფესია.

ალ ჰროუბი პალესტინაში, ლტოლვილთა ბანაკში გაიზარდა, სადაც ძალადობრივი ფაქტები ძალიან ხშირი იყო. მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ მასწავლებლობა იმ ფაქტის შემდეგ დაიწყო, რაც მის შვილებს სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. ინცინდენტის შემდეგ ჰანა ბავშვებს სკოლაში თავად დაჰყვებოდა და გაიზარა, თუ როგორი მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში არსებული გარემო ტრამვირებული პატარების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გახდა, ჰანამ გამოსცა წიგნი სახელად „ჩვენ ვთამაშობთ და ვსწავლობთ“. ავტორი ამბობს, რომ სახელმძღვანელოში წარმოჩენილია თამაშის, ნდობის, პატივისცემის, პატიოსნებისა და განათლების მნიშვნელობა.

აზროვნება და წერის დონეები

0

დღესდღეობით სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, თუმცა უნდა ითქვას, რომ აზროვნების სწავლება საკმაოდ ძველი იდეაა. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში ახალგაზრდები აზროვნების გავარჯიშების მიზნთ ეუფლებოდნენ არაერთ დისციპლინას, რაც იმთავითვე წერით აქტივობასთან იყო დაკავშირებული. ბოლო დროს დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო ბევრს საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების _ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების და რეფლექსიური აზროვნების სწავლებაზე. ჯერ კიდევ ჯონ დიუიმ (1859-1952), იმის გამო, რომ რაციონალისტები თუ ემპირისტები მკაცრად მიჯნავენ ერთმანეთისაგან „გონებას“ და „სამყაროს“, დაიწყო ახალი ეპისტემოლოგიური მოდელის კონსტრუირება, რომელსაც განათლების თეორიაში პრაგმატულ ეპისტემოლოგიას უწოდებენ. წინა ეპისტემოლოგიებისაგან განსხვავებით, რომელთათვისაც აზრი განიხილებოდა, როგორც გონების მარტივი გამოვლენა, დიუის გენეტიკური ეპისტემოლოგიის მიხედვით, აზროვნება ორგანიზმსა და გარემოს შორის ურთიერთობის შედეგს წარმოადგენდა. გონება მისთვის კოლექტიური აქტივობის შედეგი იყო, სიმბოლოების, განსაკუთრებით კი ენის შუამავლობით. „სწავლა არის აზროვნების სწავლა და შედგება აზროვნების ვრცელი, ფრთხილი, დეტალურად გააზრებული ჩვევებისაგან“, – აცხადებდა ჯონ დიუი და აფასებდა იმგვარ განათლებას, რომელშიც აზროვნება მიჩნეულია ხელოვნებად და „აზროვნების პროცესზე სისტემატურ ზრუნვად“ იმისათვის, რომ „აზროვნების პროცესი ჭეშმარიტად რეფლექსური გახდეს“ [1933, გვ. 85].

წერითი აზროვნების პროცესი სამ უმთავრეს კომპონენტს მოიაზრებს. ესენია:

az

 როდესაც ვსაუბრობთ მოწაფეზე, როგორც ავტორზე, უნდა  გავითვალისწინოთ და მასაც გავააზრებინოთ კონტექსტი, რომელიც ყოველთვის მოიცავს  გრძნობებს, წრმენა-წარმოდგენებს, წარსულ გამოცდილებას, მიზნებს, საჭიროებებსა და ფიზიკურ გარემოს. გარდა ამისა, წერითი კომუნიკაციისას ასევე ითვალისწინებენ გზავნილს, კონტაქტსა და კოდს. რომან იაკობსონის აზრით, სწორედ ეს ფაქტორები ქმნის მოტივსა და სხვა სუბიექტურ ფაქტორებს, რომელთა  წარმატებული ამოქმედებისთვის გადამწყვეტია გარემო.

ორგანიზებული და წარმატებული წერის პროცესის სწავლებისას უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლესა თუ სტუდენტს გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და გამოიყენოს სწავლის მისთვის ყველაზე მოსახერხებელი და დასაძლევი აქტივობები. თანამედროვე თავისუფალ და ინტერაქციულ სასწავლო გარემოში მასწავლებელი კარგავს მაკონტროლებლის ფუნქციას და იძენს ფასილიტატორის როლს.  ჯერ კიდევ 1933 წელს ჯონ დიუი მიიჩნევდა, რომ მასწავლებელს მწყემსის, ფასილიტატორის როლი უნდა ჰქონდეს და არა ავტორიტეტული ფიგურის ან ექსპერტის. იგი რუკის მეტაფორას იყენებდა და ამბობდა: „რუკა, შინაარსი, წინა გამოცდილების წესრიგში მოყვანა და სწორად გააზრება შემდგომი გამოცდილების გზამკვლევს წარმოადგენს. ის აჩვენებს მიმართულებას და ეხმარება კონტროლის განხორციელებაში ამაო  მცდელობების შემცირების ხარჯზე“, მაგრამ „რუკა ვერასდროს დაიკავებს მოგზაურის ადგილს“ (1902, 199).  მისი აზრით, სკოლები შეფასებაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე ცოდნის გადაცემაზე. ისინი ხშირად რეპრესიულ სასწავლო დაწესებულებებს წარმოადგენენ, რომლებიც არ აღვივებენ და არ იძლევიან ზრდის საშუალებას. სწორედ ამიტოტომაც დიუის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ლაბორატორიული სკოლის დაარსება, სადაც დაცული იყო მასწავლებლების უფლებები და აკადემიური თავისუფლება.

დღესდღეობით მასწავლებლის როლი შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული სასწავლო ამოცანების მიხედვით წარმატებული გაკვეთილის/ლექციის ჩატარების მიზნით. თანამედროვე კვლევებში გამოიყოფა მასწავლებლის რვა შესაძლო მთავარი როლი საგაკვეთილო  თუ სალექციო პროცესში:

  • მაკონტროლებელი
  • ორგანიზატორი
  • მონაწილე
  • ტუტორი
  • დამკვირვებელი
  • ექსპერტი
  • მოკარნახე (ჰარმერი, 2001, 57-62)

ასევე:

  • მედიატორი
  • მხარდამჭერი (ჰეჯი, 2000, 28-29).

 აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ამა თუ იმ აქტივობისათვის საჭირო როლის მიხედვით აუცილებლად ითვალისწინებს და ცვლის სწავლის სტრატეგიებს. სასწავლო პროცესში სწავლის აქტივობები პირდაპირ უკავშირდება აზროვნების ფორმასა და მექანიზმებს, რომლებიც, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს სწავლის სტრატეგიებს. სტრატეგიული კომპეტენციების განვითარების მიზნით ამ დონეზე სრულდება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო მარტივი და რთული წინადადებების ფარგლებში. მოწაფეს უნდა შეეძლოს როგორც წინადადებაში არასწორი ფორმების ამოცნობა და გასწორება, ისე, კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შინაარსისა და მოდალობის წინადადების შედგენა.  საწყის დონეზე წერითი პროცესის ეფექტურად წარმართვაში დაგვეხმარება შემდეგი აქტივობები:

  • სიტყვების ჩასმა;
  • მოცემული სიტყვების მიხედვით წინადადებების შედგენა;
  • წინადადების დასრულება;
  • წინადადების გამართვა;
  • კითხვებზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა;
  • კითხვების შედგენა;
  • მარტივი დიალოგის შედგენა;
  • წინადადების შეცვლა ზმნის პირის, დროისა და რიცხვის მიხედვით;
  • მოცემულ თემაზე წინადადებების შედგენა.

ენის ფლობის დაბალ საფეხურზე მყოფი მოწაფეებისთვის ნელ-ნელა აქტიურდება აბზაცის დონეც. ცოდნის გადმოცემის მოდელის პარალელურად,  მათ აქ ეტაპობრივად მიეწოდებათ რამდენიმე კოგნიტური და მეტაკოგნიტური სტრატეგია. ლინგვისტური კომპეტენციის მიხედვით გამართული წინადადებების საფუძველზე ეუფლებიან ერთ კონკრეტულ საკითხთან, მოვლენასთან, ფაქტსა თუ ნივთთან დაკავშირებული აბზაცის (მოკლე მარტივი ტექსტის) შექმნის უნარებს. მათ  შეიძლება შევთავაზოთ საკუთარი მოდალური წინადადებების განვრცობა კონკრეტული მაგალითებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ ეტაპზე უნდა გავითვალისწინოთ, არის უნარი, მოწაფემ შეძლოს მის ან თანაჯგუფელის მიერ შექმნილი აბზაცის გადაკითხვა, გადამოწმება, გააზრება.  სწორედ აბზაცის დონეზე უნდა გავააქტიუროთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოგნიტური სტრატეგია: ნაწერის შემოწმება. იმისათვის, რომ წერის პროცესში მოწაფემ ლოგიკურად შეძლოს აბზაცის გამართვა, მისი ყურადღება უნდა გავამახვილოთ წინადადებების გადაბმის მიზნით წევრ-კავშირების გამოყენებაზე და ამ თვალსაზრისით საგანგებოდ შექმნილი სავარჯიშოები შევთავაზოთ მას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სწორედ აბზაცის დონეს უნდა დავუკავშიროთ მოწაფის სოციოკულტურული კომპეტენციის ამაღლება. ამდენად, ამ შემთხვევაში საკლასო გარემოში უნდა შევიტანოთ სპეციალური ადაპტირებული ტექსტები, რომელთა გააზრების საფუძველზეც, ერთი მხრივ, შეასრულებენ წერით დავალებებს, ხოლო, მეორე მხრივ, გაეცნობიან მათთვის საინტერესო სოციუმის კულტურულ სპეციფიკას. წერილობითი ტექსტის შესაქმნელად მათ შეიძლება ვთხოვოთ:

  • მოვლენის / ფაქტის / ნივთის აღწერა რამდენიმე წინადადებით;
  • კავშირებისა და წინადადებების გადაბმის საშუალებების გამოყენება;
  • ასოციაციურ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • კითხვაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა;
  • საკვანძო წინადადების შექმნა;
  • საკვანძო წინადადების განვრცობა კონკრეტული მაგალითებით / არგუმენტებით;
  • საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
  • წინადადებების ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგება;
  • აბზაცში შინაარსობრივად შეუსაბამო წინადადებების პოვნა და ამოღება;
  • კონკრეტული მიზნის შესაბამისად ლოგიკურად გამართული აბზაცის შექმნა;
  • შემოწმება.

ტექსტის დონე

წერითი კომპონენტის სწავლების დროს ერთ-ერთი რთული ამოცანაა ახალი იდეების ფორმულირება, პირობითი ცოდნის შექმნა კოგნიტური და მეტაკოგნიტური სტრატეგიების გამოყენებით, ტექსტის ტიპებისა და მათი შექმნის სპეციფიკის გათვალისწინება, ტექსტის სტრუქტურული ორგანიზება, ნაწერის შემოწმება. ლოგიკურად გამართული არგუმენტირებული / ანალიტიკური ტექსტის შექმნისას მოწაფე თუ სტუდენტი ახორციელებს რამდენიმე თანამდევ პროცესს. ესენია: ინფორმაციის კონსტრუირება, ინფორმაციის ტრანსფორმაცია და მისი ორგანიზებულად გავრცობა (მელი, ჩამოტი, 1990, 42). ამავე დროს, ტექსტის შემოქმედმა უნდა გაითვალისწინოს სოციალური და სოციოკულტურული ასპექტების სპეციფიკა, ადეკვატურად გაიაზროს მწვრთნელის მიერ მიწოდებული მასალა ან სხვადასხვა წყაროდან მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. ბუნებრივია, რომ ამ დონეზე ტექსტის შექმნა შედარებით მაღალ ლინგვისტურ კომპეტენციას მოითხოვს, მიუხედავად ამისა, ენობრივი შეცდომების ანალიზი და აქტივობები მოწაფეს ამ შემთხვევაშიც უნდა მივაწოდოთ. ენობრივი ტრანსფერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოგნიტური ფაქტორია, რომელიც ენობრივი შეცდომების დაშვების სიხშირეს უკავშირდება (მაილესი, 2002), თუმცა, მისი გამოყენება დასაშვებია ტექსტის შექმნის პროცესში.  ტექსტის დონეზე წამოჭრილი სირთულეებისა და ამოცანების დასაძლევად აუცილებელია საკლასო გარემოში შემდეგი ტიპის აქტივობების განხორციელება:

  • იდეების გენერაცია, ზეპირი მსჯელობა;
  • ადაპტირებული/ავთენტური ტექსტის კრიტიკული წაკითხვა, გააზრება, დამუშავება, ანალიზი;
  • კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე ტექსტიდან არსებითი ინფორმაციის ამოღება და მის საფუძველზე საკუთარი მოსაზრებებისა და დამოკიდებულების წერილობით გადმოცემა სათანადო არგუმენტებით, ციტირებისა და პერიფრაზის ხერხების მეშვეობით;
  • მოკლე შინაარსის შექმნა;
  • ტექსტის სტრუქტურის გაცნობა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა);
  • ტექსტის ცალკეული ნაწილების შექმნა;

სხვადასხვა ტიპის ტექსტის (არგუმენტირებული, ფუნქციური) შექმნის წინ შეიძლება დაფაზე დავწეროთ საკითხი, რომელზეც უნდა შეიქმნას წერილობითი ტექსტი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს „ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივი გამოყენება“. ასეთ დროს აუცილებელი აქტივობაა მიზნის განსაზღვრა. სანამ წერას შევუდგებოდნენ, მოსწავლეები საკუთარ თავს ეკითხებიან, თუ რა არის ამ ნამუშევრების მიზანი.  ეს შეიძლება იყოს:

  • საკუთარი გრძნობებისა და შთაბეჭდილებების გამოხატვა;
  • წარმოდგენა-წამოსახვა (მაგალითად, „რა იქნება თუ…?);
  • თხრობა;
  • აღწერა;
  • ინფორმირება ანდა ახსნა-განმარტება
  • წმუნება და დათანხმება;
  • თხოვნა / მოთხოვნა;
  • აზრების შესწავლა და კვლევა;
  • მოსაზრებებების ჩამოყალებება და სხვ.

საკლასო გარემოში მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს რამდენიმე სტრატეგია ერთდროულად ან თანმიმდევრულად, რათა მოწაფეებს ჰქონდეთ მაღალი მოტივაცია და გამოუმუშავდეთ კომუნიკაციური კომპეტენციები. ამაში მათ ხელს შეუწყობს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის სტრატეგიები.

ზოგადად, გამოყოფილია სწავლის აქტივობების სამი ძირითადი ფორმა: კოგნიტური, აფექტური, მეტაკოგნიტური/რეგულატიური (შორტი, ვაისბერგი-ბენჩელი, 1989; ვერმუნტი, 1989). კოგნიტური აქტივობების დროს შემსწავლელი ააქტიურებს შინაარსის/მოცემულობის ათვისების პროცესს. ისინი მიმართულია სწავლის პროცესის შედეგების მისაღებად, გასააზრებლად, სწავლის უნარების გამოსამუშავებლად. მაგალითად, ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა, პრობლემის შემადგენელ ნაწილებს შორის კავშირების მოძებნა და გამოყოფა, შესაბამისი მაგალითების მოძებნა. აფექტური აქტივობები უშუალოდ უკავშირდება მოწაფის ემოციურ მდგომარეობას, ნეგატიურ, ნეიტრალურ ან პოზიტიურ დამოკიდებულებას სწავლისა და ამა თუ იმ ფაქტისა, პრობლემისა თუ მოცემულობისადმი. ეს გამოიხატება სწავლის პროცესში მასალის ათვისებისა და პროდუცირების მოტივირებაში, ემოციების კონტროლში, სწავლის შედეგებისა და ცხოვრებისეული ფაქტების დაკავშირებაში. მეტაკოგნიტური/რეგულატიური აქტივობები არეგულირებს კოგნიტურ და აფექტურ პროცესებს და, აქედან გამომდინარე, აკონტროლებს სწავლის შედეგების მიღების პროცესს. მაგალითად: სწავლის მიზანსა და ამოცანაზე ორიენტირება, მონიტორინგი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი წინასწარ დასახული გეგმის მიხედით, სირთულეებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკა და, საჭიროების შემთხვევაში, სწავლის პროცესის დარეგულირება (ვერმუნტი, 1996).

 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მასწავლებლის მიერ კარგად უნდა განისაზღვროს სწავლის ტიპი და კატეგორიები, ცნებები და მოვლენები ერთმანეთს კოგნიტურად დაუკავშირდეს, მოხდეს სტრუქტურირება, გაანალიზდეს და დაკონკრეტდეს მოცემულობები, შერჩევისა და აფექტური მოტივაციის   საფუძველზე  ტექსტს დაერთოს სხვადასხვა ინფორმაცია, წარიმართოს მეტაკოგნიტური, რეგულაციური ორიენტირება, დაგეგმვა, ტესტირება, დიაგნოსტიკა, მოწესრიგება-რეგულირება. ადგილი უნდა ჰქონდეს მცდელობასა და, შესაბამისად, მოლოდინს. ყველაზე მიშვნელოვანი კი არის ისეთი შეფასება, რომელიც განავითარებს მოსწავლის სააზროვნო უნარებს,  აამაღლებს მოტივაციას უკეთ წერისათვის და შთააგონებს მათ მეტ შემოქმედებითობას.

 გამოყენებული ლიტერტურა:

  1. დიუი, 1933 –Dewey John, (1933) How We Think: A Restatement of the Relation of Reflective Thinking of the Educative Process. Boston: D. C Heath.
  2. ვერმუნტი, 1996 – D. Vermunt, Metacognitive, cognitive and affective aspects of learning styles and strategies: A phenomenographic analysis, Higher Education 31: pp.25-50, 1996. Kluwer , Academic Publishers. Printed in Netherlands.
  3. ო’მელი, ჩამოტი, 1987 – Chamot, A.U. & O’Malley, J.M. A cognitive academic language learning approach: A bridge to the mainstream. TESOL Quarterly, 21, 227-249.
  4. შაბაშვილი, 2012 – შაბაშვილი, გ. მეორე ენა, წერა, მიდგომები, სტრატეგიები, თბილისი, 2012.
  5. შორტი, ვაისბერგი-ბენჩელი, 1989 – Short, E.J. WeisbergBenchell, J. A. The triple alliance for learning: cognition, metacognition and motivation. In C.B. McCormick, G.E. Miller &M. Pressley, Cognitive strategy research: from basic research to educational applications (pp.33-63). New York: Springer
  6. ჰეჯი, 2000 – Hedge, T. Teaching and learning in the language classroom, Oxford University Press.
  7. ჰილანდი, 2003 – Ken Hyland , Second Language Writing, City University of Hong Kong, Cambridge University Press

      რამდენიმე რჩევა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მასწავლებელს

0

შენ მასწავლებელი ხარ და იგებ, რომ შენს კლასში ახალი მოსწავლე გადმოდის, მას, პირობითად, თომა ჰქვია, აუტისტური სპექტრის აშლილობა და ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს. პირველი რეაქცია შიშია, პრობლემის არცოდნით თუ პრაქტიკის არქონით გამოწვეული შიში. სხვადასხვა ტრენინგსა თუ სემინარზე ინკლუზიური განათლების შესახებ ბევრი გსმენია და წაგიკითხავს, მაგრამ ათასგვარი თეორია სხვაა და მისი პრაქტიკული განხორციელება – სხვა. მესმის, ოდნავ დაბნეული და შეშინებული ხარ, გინდა არაფერი გააფუჭო, არც ბავშვს და არც სასწავლო პროცესს არაფერი დაუშავო.

            პირველი, რითაც უნდა დაიწყო, სწორედ ამ შიშისგან გათავისუფლებაა. პასუხისმგებლობის გრძნობით გამოწვეული შეცბუნება თავისთავად ცუდი არ არის, ოღონდ მაინც საჭიროა მისი მოშორება. იცოდე, შენ გაქვს იარაღი, რომელიც სხვადასხვა მიდგომასა და  აქტივობასთან ერთად, შესანიშნავ შედეგს მოგიტანს. ეს იარაღი – სიყვარულია.

მეკი, ჩემი მხრიდან, შემიძლია, რამდენიმე რჩევა გაგიზიარო, როგორც დედამ და როგორც მასწავლებელმა.

  1. ნუ ეცდები, ყველაფერი ერთ დღეში მოგვარდეს. ერთ დღეში შემოგხედოს თვალებში, თქვას შენი სახელი, შეასრულოს შენი მითითებები. იცოდე, რომ ყველა ბავშვს და განსაკუთრებით თომას უჭირს უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან ადაპტირება. ამიტომ მიეცი უფლება, ცოტა ხანს თავისთვის იყოს, მერხის ქვეშ დაიმალოს ან სულაც, ფანჯრის რაფასთან მიიტანოს სახატავი ფურცელი და იქ დაიწყოს ხატვა. აცალე და დაელოდე!
  2. გაკვეთილის ახსნისას მაქსიმალურად გამოიყენე ვიზუალური მასალა. სასურველია, მასალა გულდასმით შეარჩიო. მარტივი სურათები და გამოსახულებები ძალიან დაეხმარება, გაიგოს ის, რის ახსნასაც ცდილობ;
  3. ნუ გამოიყენებ იდიომებს, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ სიტყვებს, მეტაფორებს – თომას ამ ყველაფრის გაგება გაუჭირდება;
  4. დავალების ინსტრუქცია დაყავი რამდენიმე მარტივ მითითებად და ისე მიეცი, აკონტროლე მითითებათა მიმდევრობა, რადგან რომელიმეს ამოვარდნისას მოსწავლე შეიძლება დაიბნეს;
  5. ილაპარაკე რაც შეიძლება გასაგები წინადადებებით;
  6. არ დაარღვიო გაკვეთილის სტრუქტურა, თომას სისტემა და რუტინა უყვარს. უხარია, როცა იცის, რას უნდა ელოდეს შენი გაკვეთილისგან;
  7. არ გამოიყენო სარკაზმი, ხუმრობითაც კი. მაგალითად, თუ ცუდად შესრულებული დავალებისთვის ეტყვი – ყოჩაღ, როგორ მოახერხე? ის ამას პირდაპირ გაიგებს და გაუკვირდება, რატომ აქებ, თუ მისი დავალება ცუდია;
  8. თუ შეამჩნიე, რომ სკამზე ვეღარ ზის, ცქმუტავს, მოძრაობს, დაასაქმე – დაფის გაწმენდა, რვეულების აკრეფა ან რამე ასეთი, მარტივი საქმე დაავალე;
  9. ჩართე ტექნოლოგიები – თომას ძალიან უყვარს ახალი ტექნოლოგიები, გამოიყენე სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამა თუ თამაში წერა-კითხვის ან მათემატიკის სწავლებისას;
  10. ეცადე, საკლასო ოთახის კედლები არ გადატვირთო ფერად-ფერადი ფოტოებითა და აპლიკაციებით. მესმის, რომ მოსწავლეების შემოქმედება ყველას გინდა ანახო, მაგრამ მგონია, რომ ყურადღება მხოლოდ თომას არ გაეფანტება;
  11. დაიხმარე კლასი, მაგალითად, როდესაც რაიმე საკითხს ხსნი და ხვდები, რომ თომამ ვერ გაიგო, იმავეს ახსნა შენს რომელიმე მოსწავლეს სთხოვე და ასე იქამდე, სანამ მარტივად გასაგებ დეფინიციას არ მიიღებ;
  12. გამეორება და კიდევ ერთხელ, გამეორება – არ დაიზარო, გაიმეორო ახალი თემა თუ ძველი საკითხები;
  13. თუ თომას რაღაც ჰკითხე და მან ყურადღება არ მოგაქცია, ფრთხილად შეეხე მხარზე და ისე მოახედე, ოღონდ ფრთხილად და სიყვარულით;
  14. ეცადე ყოველთვის ჩართო ჯგუფურ აქტივობებში, გაუხსენი მას კარი სხვა მოსწავლეების გულებისკენ;
  15. არასდროს აღნიშნო ხმამაღლა, რომ ის სხვანაირია, რამეს ვერ აკეთებს და, მით უმეტეს, არასდროს თქვა, რომ ის „ცოდოა’“;
  16. აუცილებლად დაეკონტაქტე თომას მშობელსა და პირად ფსიქოლოგს. ისინი გასწავლიან, როგორ მართო სიტუაცია კრიზისის დროს, რა ამშვიდებს თომას, როგორ მიაღწიო იმას, რომ მოგისმინოს და დაგიჯეროს. თუ თქვენს სკოლაში არის ფსიქოლოგი, მისი რჩევაც წაგადგებოდათ.;
  17. შეძლებისდაგვარად სხვადასხვაგვარი, მრავალფეროვანი რესურსები გამოიყენე.
  18. ყველაზე მთავარი – დამშვიდდი, იყავი ბუნებრივი და შეიყვარე! შედეგით აუცილებლად იამაყებ.

ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი ამ თუ სხვა დიაგნოზით, რომლებიც ახლა წარმატებული, რეალიზებული ადამიანები არიან. ეს კი პირველ რიგში, იმის დამსახურებაა, რომ დაწყებით კლასებში მათ შენნაირი მასწავლებლები შეხვდნენ.

მოლოი  მასწავლებელი

0

მე ზუსტად ისევე ვზივარ გამოკეტილი რაღაც ოთახში, როგორც ის. მეცნობა ნივთებიც, საგნებიც, ჩრდილები და ხმები, მაგრამ მაინც უცხოდ და ფრთხილად ვარ. ეს ჩემი სახლია, სადაც სამი წელი არ ვცხოვრობდი. თუ ზუსტად მახსოვს, მაშინ დავიწყე მასწავლებლად მუშაობა.

დღეს არაფრის გახსენება მინდა არც აწმყოდან, არც მომავლიდან. უბრალოდ ვიფიქრე, რომ მასწავლებლები, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვისაც მე ვიცნობ და ვიცნობდი, ძალიან ვგავართ მოლოის. ჩვენ მივდივართ წრეზე. ბეკეტის ამ წიგნის მკითხველთა განმარტებები მუდამ 2+2=4-ის გამეორებებია, რომ ეს კაცი მარადიულად მიიწევს დედისკენ და ვერ მიდის მასთან. საინტერესოა ის, რომ საერთოდ არსებობს თუ არა ის დედა და უფრო მეტად მოფიქრალები იმასაც ამბობენ, იქნებ დედა საწყისის სიმბოლოა ამ შემთხვევაში და მოლოი საკუთარი თუ საკაცობრიო ათვლის წერტილისკენ მიდისო. მოკლედ, მართალს თხზავენ და ისიც სიმართლე მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი წრეა, მოჯადოებული, წყეული წრე, რომელზეც მიბობღავს კიდურებდაუძლურებული ჩვენი გმირი. რაღაცით მოლოის ამ ამბავმა შეუძლებელია სიზიფე არ გაგახსენოს.

მოლოის აქვს ველოსიპედი, რომელსაც კარგად იყენებს, რადგან ფეხი აწუხებს. აქვს კენჭები ჯიბეებში, საწუწნად. ჩაიყრის ხოლმე პირში პატარა ქვებს და აგემოვნებს. ეს რაღაც საკუთარი თავის მონელებაა, საკუთარი ნერწყვით დაკმაყოფილება, შიგნით წრე, საკუთარ თავში.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ მოლოი, როგორც მდგომარეობა და რაღაც ათვლის თუ დასასრულის წერტილი წინააღმდეგობაშია ადამიანთა დაჯგუფეფების და რაღაც უმიზნო, გაუაზრებელი ერთობების, საერთო ჯამში კი ზუსტად მათი გამომხატველია. მე ვერაფერი ისეთი დამკვირვებელი ვარ, მაგრამ ძალიან ჰგავს ეს კაცი მასწავლებელს.

ორი ათწლეულია უკვე საქართველოში მასწავლებლის პროფესია ყველაზე ნაკლებად მიმზიდველ და საინტერესო საქმედ ითვლება. ამის მიზეზები სახელმწიფოს ხშირ შემთხვევებში არასწორი, ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა, დაბალი ანაზღაურება და პროფესიის, შეიძლება ასეც ვთქვა, ნაკლებპრესტიჟულობაა.

ჩვენ, ზუსტად ისე, როგორც პრატაგონისტები, დავდივართ სკოლაში წლების მანძილზე, რაღაცას ვაკეთებთ, ვცდილობთ ვაკეთოთ, მაგრამ ვერ ვაღწევთ სადღაცამდე, სადაც მისვლა გვინდა. მე ვიცი ბევრი მასწავლებელი, რომლებიც ენტუზიასტები არიან, აინტერესებთ ეს პროფესია, უყვართ სასკოლო გარემო და მოსწავლეებთან მუშაობა, თუმცა ძალიან უჭირთ საკუთარი პროფესიის ყოველდღიურობა.

აუცილებლად მინდა, დავწერო ორი ბლოგი ბეკეტის წიგნის მიხედვით, ისევე ორნაწილიანი, იმ განსხვავებით, რომ ორივე მთავარი გმირი პროფესიით მასწავლებელი იქნება. ამიტომ გამიზნულად აქ აღარ ვისაუბრებ ჟაკ მორანზე, დეტექტივზე, რომელიც მოლოის საძებნელად მიდის და დავალებას ასრულებს. ესეც თითქოს სხვისი კი არა, საკუთარი თავის ძებნაა და იქნებ ვინმე ჟაკ მორანი მოლოი არის და საკუთარი თავის ძებნაა ყველაფერი. საკუთარი ნაწილების, უფრო სწორი იქნება ასე ვთქვა, იმიტომ, რომ არც ტექსტის გმირები არიან სრული და არც ჩვენ – მასწავლებლები. ჩვენი სისრულე ჩვენი დანაწევრებისა და ფრაგმენტულობის სურათშია.

      ბავშვობის სამოთხე ნაირა გელაშვილის „სარკის ნატეხებში“

0

ველასკესი თავის ცნობილ ნახატზე, „მენინები“ რომ ჰქვია, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფერადოვნებით წარმოაჩენს ადამიანური ყოფის ერთ ეპიზოდს: ტილოს ცენტრში ინფანტა მარგარიტაა, ყვავილივით ნაზი და სიფრიფანა, მარგალიტებიანი ძვირფასი კაბით შემოსილი, გარშემო მენინები ჰყავს, ერთგული პირისფარეშები, მისი ყოველი სურვილის წამიერად ამსრულებელნი. შიდა სივრცეში თვითონ ველასკესი დგას  ფუნჯით ხელში და ხატავს, კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში კი ინფანტას მშობლები მოჩანან, ერთი სიტყვით, მნახველს შთაბეჭდილება ექმნება, რომ ამ გოგონას უღრუბლო ბავშვობას არაფერი ემუქრება, მაგრამ ამ ჰარმონიას არღვევს ჯუჯა სეფექალის მახინჯი სახე და იქვე მოთამაშე ჯამბაზი. გაივლის დრო და ამ ქაფივით ნაზი და მსუბუქი მაქმანების, მოშარიშურე აბრეშუმის მოლივლივე ჩარჩოებიდან გოგონა ცხოვრებაში შეაბიჯებს.

ველასკესის ეს შედევრი ნაირა გელაშვილის რომანმა _ „სარკის ნატეხებმა“_ გაგვახსენა, რომელშიც ფერწერული ოსტატობითაა წარმოჩენილი ადამიანური ყოფის მისტერიები და მათ შორის ყველაზე დიდი საიდუმლო _ ბავშვობა, საიდანაც გზები მრავალმხრივ განიტოტებიან.

რომანის მიხედვით, ყოველი საიდუმლოს ლაბირინთში შეღწევა შემეცნების ახალ საფეხურზე ასვლას გულისხმობს, ოღონდაც ეს სვლა ვერტიკალური კი არ არის, ქვემოდან ზევით ან პირიქით, არამედ წრიული, სადაც ყოველი წერტილი შეიძლება დასასრულიც იყოს და დასაწყისიც. ადამიანი შემოივლის ამ წრეს და ისევ იმ წერტილს უბრუნდება, საიდანაც დაიწყო ყველაფერი — სამყაროსთან ურთიერთობა. დასაწყისში ის იყო მთელი და სრული, შობისას კი თითქოს იმსხვრევა მისი სიმრთელე _ ეს ჯოჯოხეთთან პირველი შეხვედრაა. ზრდა თანდათან უფრო მცირე ნაწილებად დატეხას გულისხმობს, მაგრამ თანვე მეხსიერება ინახავს მთელის ხატს და მისი აღდგენის,  ე.ი. სამოთხისაკენ მიბრუნებისაკენ მიისწრაფვის.

მწერალი ჩვეულებრივ სიტყვებს  უჩვეულო ენერგიით მუხტავს, რათა გააცოცხლოს ბავშვობის შთაბეჭდილებები და, მეტაფორულად, ახლა უკვე ცნობიერად შეაღწიოს იმ ფუღუროში, სადაც ბავშვობაში იოლად ეტეოდა.

მწერალი ფიქრობს  და მკითხველსაც თან გაიყოლებს იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, რომელიც სულიერ  ზრდას, მეტამორფოზას, პიროვნებად ჩამოყალიბებას გულისხმობს. რა აპირობებს ყოველი კონკრეტული ადამიანის ფენომენს, მის თვისებებსა და დამოკიდებულებას სამყაროსა თუ საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან?  ამ ურთულეს კითხვებზე პასუხის მოსაძებნად მწერალს მკითხველი ბავშვური შეგრძნებების თავბრუდამხვევ ჯადოსნურ სამყაროში მიჰყავს, იქ, სადაც სიკეთესა და ბოროტებას, ანგელოზებსა და დემონებს ჯერ განმასხვავებელი  ფერი,  ხმა და სურნელი არა აქვთ, სადაც  ყველაფერი წმინდა, გულწრფელი და აუმღვრეველია.  ბავშვობის ფერადოვანი წიგნის ფურცლებზეა საძიებელი ყოველი ადამიანის გულის გასაღები.  ის შთაბეჭდილებები სარკის ნატეხებია, რომლებშიც დამსხვრეული „მე“ ირეკლება. ამ ნატეხებით ძნელია იმ მთელი სარკის დანახვა, რომლის ნაწილიც რომანის გმირია. ეს დიდი სარკე ღმერთია. ერთ ეპიზოდში დახატულია, როგორ ელოდება აღდგომის დილას ბოსტანში მიწაზე განრთხმული ბავშვი ცის გახსნასა და ქრისტესთან შეხვედრას. ეს ღვთის წყურვილის მშვენიერი მეტაფორაა.

„დიდ სარკეს სურს ჩაიხედოს პატარა სარკეებში: თავის ნაწილებსა და ნატეხებში, იქ დაინახოს თავისი ანარეკლი, მაგრამ ესენი მხოლოდ მეტ-ნაკლებად ბუნდოვნად ირეკლავენ მას და ერთმანეთს და ყველაფერს,“ _ ვკითხულობთ რომანში. ეს არეკვლა უფრო გამჭვირვალე ბავშვობაში იყო, როდესაც მისი გული ჯერ არ დაელაქა ბოროტების და სიძულვილის ნაცრისფერ აბლაბუდებს. ეს გახსნილი, გულწრფელი, ლაღი და უჩრდილო ურთიერთობა ხალას, პირველქმნილ, სამოთხისეულ სამყაროსთან რომანში ულამაზესი ეპიზოდებითაა წარმოდგენილი.

მწერალი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „გულის ხეივნებითა“ და „ხსოვნის გვირაბებით“ მიდის წარსულში, რომელიც მხოლოდ პირობითადაა წარსული. ის, იმავდროულად, აწმყოცაა და მომავალიც, ოღონდ უკვე გასაიდუმლოებული. იქ, როგორც თესლში, კოდირებულია ადამიანური ყოფის ყველა შესაძლო ვერსია და მოდელი. იქ  ერთადაა სიკვდილიცა და სიცოცხლეც.

პავლე მოციქული უქადაგებდა მრევლს: „ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ, ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი“ (I კორინთ. 13.12). „მაშინ კი“ _ ეს ორ დროს გულისხმობს _ ბავშვობასა და სიკვდილს. ბავშვობას _ „მე“-ს, ინდივიდუალობის, ბუნებისაგან განცალკევებულობის შეგრძნებამდე და სიკვდილს _ იმავე „მე“-სგან გათავისუფლებას. სარკის ნატეხების სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნება შეიძლება ამასაც გულისხმობდეს. „ფუღუროში, თავის ბნელ გულში ჩანაწვიმარ წყალს, თეთრ კვერცხებს, ანდა რაღაც ბრჭყვიალათვალება სულდგმულს რომ ინახავდა, სწორედ იმას ვეძებდი, ვიზედაც მოციქულები ქადაგებდნენ“. მწერალი ბავშვობაში იმ ფუღუროთი „პირდაპირ სასუფეველში“ შედიოდა, ხვდებოდა შემოქმედს და უსახელოდ, გამოუთქმელად აღიქვამდა „მზიან ღამეს“,  მაგრამ თანდათან ყველაფერი ეს გაქრა და დიდობაში ადამიანს „გინდა ის ფუღურო დაუნახავს და გინდა სააღრიცხვო ბარათი“. მაგრამ რჩება ხსოვნა და რწმენა, რომ: „ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია, იმიტომ, რომ იგი არსებობს“. ბავშვობა სწორედ ამ არსებობის დამადასტურებელი „საბუთებითაა“ სავსე.

რომანში დახატულ შთამბეჭდავ ამბავთა შორის გამორჩეულია ერთი, რომელშიც მოთხრობილია, როგორ გადაეფარა ბიჭი სასიკვდილოდ გამეტებულ მტრედს და  სიცოცხლე შესწირა: „ასე შემთხვევით გავიგე, რომ ჩემს სოფელს თავისი წმინდანი ჰყავდა, რაც სოფელმა, ცხადია, არ იცოდა. მან არ იცოდა, რომ ამქვეყნად საერთოდ იმ ბიჭის გულისთვის იყო გაჩენილი: რათა ის ბიჭი გაეჩინა. რაც კი ამ სოფელს სიკეთისა და სიწმინდის უნარი დაჰყოლოდა, სულ იმ ბიჭში შეკრებილიყო. და თუ ჩემი სოფელი… წარწყმედას გადარჩებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ბიჭის წყალობით, ხოლო ერთ სოფელს წარსაწყმედად მარტო  ის სისასტიკეც ეყოფოდა, რასაც უფლის უენო ქმნილებებს ატეხდა თავს გაჩენის დღიდან, და რაც მერე ერთს, ერთადერთს უნდა გამოესყიდა _ ყველაზე წმინდას“.

მწერალი ხატავს თანდათან როგორ იქცევა ბავშვი   პიროვნებად, რომელიც იზრდება,  „თავისუფლდება“ სამოთხისაგან და იბორკება ჯოჯოხეთით. „სასუფეველი ღვთისა  გულთა შინა თქვენთა არს“ (სახარება). ბავშვებისთვის ასე ნაცნობი გზა გულისაკენ შემდეგ სადღაც იკარგება და უჩინარდება.  ეს „ზრდა“ უამრავი მსხვერპლის ფასად ხორციელდება: „მათ უსისხლო თუ სისხლიან მსხვერპლზე გადიოდა გზა ადამიანად ქცევისა. მათი მკვდარი თუ ნაწამები სხეულები ეყარა სამსხვერპლო ქვასთან“.

მწერალს სჯერა, რომ „ბავშვად ხელახლა ქცევას შეიძლება მოჰყოლოდა თვითშეწყალება“. და, მართლაც, რომანის თითქმის მთელი I ნაწილი „ეს ბავშვად ხელახლა ქცევაა“ და თანვე აუხდენელი სურვილი დიდად აღარ გაზრდისა. ერთგან წერს კიდევაც, რომ სამოთხე არის ადამიანის ისეთი შინაგანი მდგომარეობა, როცა „ვეღარაფერი გადის შენი სიყვარულის წრიდან, როცა შენი გული მზეა: სიყვარულის სიხარულის გამომცემი და გადამდები, რომელიც დაფრინავს, ეხვევა, მღერის და ბავშვივით თამაშობს… და როცა გული მზეა, როცა ერთდროულად ბავშვი და დედაა, ანუ ბავშვი დედა, მაშინ ეყოლება ხოლმე უცბათ მთელი სამყარო (პაწია სულდგმულებიდან დიად ვარსკვლავებამდე და იმათ მიღმა, ყველაფერი, რაც სურდა ჰყოლოდა) და ჰყავს იგი, როგორც შვილი“.

მწერალი ერთგან იხსენებს, თეთრ კაბასა და ფეხსაცმელებში საზეიმოდ გამოწყობილს ძმა როგორ უფენდა ტალახში ქაღალდებს, რომ არ გასვრილიყო. სწორედ ასეთ ფურცლებად ეფინება მკითხველს ამ რომანის თითოეული ეპიზოდი. ესენი ისეთი სილამაზეებია, რომელთაც სულის ხსნა შეუძლიათ. მკითხველიც კითხვისას განიცდის კათარზისს და მატერიალურ დრო-სივრცესთან მიჯაჭვულობისაგან გათავისუფლების იმგვარ შეგრძნებას, მხოლოდ ნაწვიმარ დილას რომ ჯანსაღი და უმტვერო ჰაერის ჩასუნთქვას მოაქვს. მწერალი და მასთან ერთად მკითხველი შეგრძნობს, რომ ეს ხსნა სიცოცხლის უნივერსალური კანონია, რომ „ჯოჯოხეთს სურს, სამოთხედ იქცეს“. რომანიც სწორედ ამის ცდაა, „გამყარება-გამუდმივება“ სამოთხისა, რომელშიც „ჯოჯოხეთი თავს ვეღარ გაიხსენებს, როგორც ხსენი  _ რძეში“.

ქიმიის  ტყვეობაში

0

ნეტავ რა არის თავისუფლება? ყველა ხომ მისკენ ილტვის, თავისუფლება უნდა. გალაკტიონი წერდა, დახვრიტესო თავისუფლება:

”…თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება“.

ჰო, ბევრჯერ დაუხვრეტიათ… ბევრჯერ ფერფლიდანაც  წამომდგარა.

თავისუფლება ლექსის წერაა… მოვარდნილი მეწყერივით რომ შემოგიტევს…

„ მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს …“ (ტიციან ტაბიძე, მეწყერი).

თავისუფლებაა, როცა არავისზე და არაფერზე ხარ დამოკიდებული. თავისუფლებაა, როცა ”შენი თავი შენადვე გეყუდვნის”. თავისუფლებაა, როცა, რასაც საჭიროდ და სწორად თვლი, აკეთებ  და  დეიდა მინადორას  აზრი  არ გაინტერესებს.

თუმცა, ასე იოლადაც არ არის საქმე. მთლიანად თავისუფალი არავინაა. არა, მეშლება… მყინვარია თავისუფალი, თერგი, არაგვი და დარიალი…

”…თავისუფალი იყო და არი

წინათ და ახლა თვითონ მყინვარი,

თავისუფალი იყო და არი

თერგი, არაგვი და დარიალი…“ (ტიციან ტაბიძე)

ტიციანი იქვე აგრძელებს, ვისაც აკლდა თავისუფლება, ეს  ხალხი იყოო…

”…თავისუფლება მხოლოდ ხალხს აკლდა-

ედო მონობის მძიმე უღელი…“

მოდით, ახლა თავისუფლებისა და მონობის თემიდან ოდნავ ხუმრობისკენ გადავუხვევ და დავწერ, რომ ჩვენ ქიმიის  მონობაში ვართ. არა, ალბათ უფრო ტყვეობაში. მოკლედ, გარშემო სულ ის მასალებია, რომელთა შექმნაში ქიმიის ხელი ურევია.

სად?

სად აღარ…

ლინოლეუმში პოლივინილქლორიდს შეხვდებით;

ერთჯერად პაკეტებში პოლიეთილენია;

საღებავების ნაწილი აკრილის ბაზაზეა.

ასეთი მასალები ყოველ ნაბიჯზეა, თუმცა ერთმა პოლიმერმა მგონი ყველგან შეაღწია. პოლიეთილენტერეფტალატზე ვწერ.  წინა საუკუნის ორმოციან წლებში ორმა ბრიტანელმა ქიმიკოსმა ჯონ უინფილდმა და ჯეიმს დიკსონმა  გამოიგონეს და დააპატენტეს ახალი მასალა არაჩვეულებრივი თვისებებით. ტერილენი უწოდეს. მოგვიანებით სხვა, ყოფაში უფრო გავრცელებული  სახელწოდებაც გამოუჩნდა – ლავსანი.  პირველ რიგში, ამ მასალის უპირატესობა ფოტოგრაფირებასა  და კინემატოგრაფში დაინახეს. ლავსანისგან კინო-ფოტო ფირების წარმოება დაიწყეს. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ჯონ ისტმენტმა ცელულოიდური ფირი დააპატენტა. ლავსანამდე ფირებს მისგან ამზადებდნენ. თუმცა, ის ძალიან იოლად ალდებოდა, ამიტომ ლავსანის გამოყენებაზე სიხარულით გადავიდნენ.  ლავსანს ცეცხლი შეგვიძლია მოვუკიდოთ, მაგრამ ალი მაშინვე ქრება, არ იწვის.

ლავსანი გამოყენებული იყო ასევე კომპიუტერულ დისკეტებში. დიახ, იყო ასეთი დრო, ინფორმაციის მატარებლად კვადრატული  ფორმის დისკეტებს იყენებდნენ,  ლენტი კი ლავსანის იყო. ვიდეო- და აუდიოკასეტების ლენტებიც ლავსანის გახლდათ. საახალწლო წვიმებსაც  ლავსანისგან ამზადებენ.

ცისფერი მთები ხომ გახსოვთ, მთავარი გმირი მუდამ წუწუნებდა, რა საჭიროა ეს ორი სათაურიო. ლავსანს  ორზე მეტი სახელი აქვს: ინგლისში – ტერილენი, ამერიკაში – დაკრონი, საფრანგეთში – ტერგალი, ესპანეთში – ტრევირა, ტეტარონი, მაილარი… თუმცა, ყველაზე გავრცელებული სახელი პოლიესთერია.

ზემოთ დაწერილი ლავსანის გამოყენების ზღვარს არ წარმოადგენს. მისი ბოჭკოსგან ხელოვნურ ბეწვს,  ხელოვნურ ტყავს, ხელოვნურ ზამშს, ხელოვნურ ქსოვილებს ამზადებენ.  ლავსანისგანაა ერთჯერადი ბოთლებიც. ასევე შეხვდებით ლავსანის ძაფებს. ლავსანის თოკი დიდ დატვირთვას უძლებს. საერთოდ, იქ სადაც სიმტკიცე აუცილებელია,  ლავსანს იყენებენ.  მისგან ამზადებენ თევზსაჭერ ბადეებს, იალქნებს, ტენისის ჩოგნების ბადეს. ლავსანის ძაფებს ქირურგიული ოპერაციების დროს იყენებენ, ის, ორგანიზმის მიერ უცხო სხეულად არ აღიქმება და გართულების გარეშე შეიძლება გამოყენება.

ლავსანის ლენტი საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს. ორი ლენტი, ერთი პოლიეთილენის და მეორე ლავსანის ჩავდოთ ადუღებულ წყალში, პოლიეთილენი დაიჭმუჭნება, ლავსანს კი  არაფერი შეეტყობა. ლავსანის ლღობის ტემპერატურა 260 გრადუსია.

გახსოვთ? ზემოთ დავწერე, რომ ლავსანამდე  ცელულოიდური ფოტო- და ვიდეოფირები არსებობდა, რომელიც   მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ჯონ  ისტმენტმა დააპატენტა.

რამე გსმენიათ ცელულოიდის შესახებ?

მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში სპილოს ძვლის სხვადასხვა ნაკეთობის დამზადება გაჭირდა. მასალა შემოაკლდათ. გამოსავალი არსებობდა – ან მეტი სპილო უნდა დაეხოცათ, ან შემცვლელი მასალა შეექმნათ. ამისთვის კონკურსიც გამოცხადდა და 10 000 დოლარი პრიზიც დაწესდა. ერთ-ერთი სტამბის ასოთამწყობმა ჯონ ჰაიატმა გადაწყვიტა, ბედი ეცადა. მჭრელ შვერილებზე მუშაობით თითების ბოლოებზე კანი ძვრებოდა და დაზიანებულ ადგილებს კოლოდიუმით (ნიტროცელულოზას ხსნარია სპირტისა და ეთერის ნარევში) იფარავდა. ერთხელ ჰაიატმა დაინახა, რომ გადაბრუნებული კოლოდიუმიანი ჭურჭლის გვერდით მაგიდაზე იდო ადრე ელასტიკური, ახლა გამხმარი აფსკის ნაჭერი. ამ აფსკმა იდეა ჩაუსახა: სპილოს ძვლის ნარჩენებისგან მომზადებული ბურთები, რომლებიც ჰაიატმა კოლოდიუმით დაფარა, სწრაფად იმტვრეოდა. მაშინ, საჭირო გამძლე მასალის მისაღებად ნიტროცელულოზა გახსნა ქაფურისა და აბუსალათინის ნარევში. მარცხი განიცადა, აბუსალათინის ზეთი ჰაერის ჟანგბადით იჟანგებოდა და აფუჭებდა მას.

მაშინ აბუსალათინის ზეთი ღვინის სპირტით შეცვალა. ქაფური კარგად იხსნებოდა ღვინის სპირტში, სპირტ-ქაფურის ნარევში კი თავისუფლად დნებოდა ნიტროცელულოზა. მიიღებოდა ბლანტი, ჟელეს მსგავსი მასა; სპირტი თანდათან ორთქლდებოდა, ლაბა შრებოდა. ჰაიატი ნიტროცელულოზოვან ლაბას თეთრ საღებავს უმატებდა, კარგად აშრობდა და ასე ღებულობდა გამძლე, რქისმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ძალიან ჰგავდა სპილოს ძვალს.

ამ პლასტიკურმა მასალამ მიიღო ცელულოიდის სახელწოდება, რაც ცელულოზის მსგავსს, მონათესავეს ნიშნავს.

როდისმე იმედი გაგცრუებიათ? რა იგრძენით? კარგს არაფერს იგრძნობდით, უბრალოდ სიცარიელეს. აი, სწორედ ეს იგრძნეს მეწარმეებმაც, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ცელულოიდისგან დამზადებული ბილიარდის ბურთები იმსხვრეოდა. ბოლო იმედს ჩაეჭიდნენ და მისგან სათამაშოების დამზადება დაიწყეს, მაგრამ… აქაც აღფრთოვანება გულის გატეხვით შეეცვალათ… მზეზე დატოვებული სათამაშოები ინთებოდა და იწვოდა.

ამიტომ, ჰაიატმა და მისმა მიმდევრებმა დაიწყეს ბრძოლა ცელულოიდის წვადობის წინააღმდეგ.

სპირტ-ქაფურის ნარევში ნიტროცელულოზის გახსნისას ქაფურის მოლეკულები განლაგდებიან ნიტროცელულოზის მოლეკულებს შორის და ფანტავენ მათ.  ნიტროცელულოზის ყოველ მოლეკულაზე ქაფურის ათასამდე მოლეკულა მოდის. ნიტროცელულოზის მოლეკულებს შორის შეჭიდულობის ძალა ქაფურის მოლეკულების დაჯახებით სწრაფად მცირდება. სპირტი თანდათანობით ორთქლდება და ბოლოს რჩება ორი მყარი ნივთიერების ნარევი. თუმცა, ის უბრალო მექანიკური ნარევი კი არა, ერთგვარი შენადნობია, რომელსაც მყარ ხსნარს უწოდებენ. ამ შემთხვევაში გამხსნელს ქაფური წარმოადგენს. მისი მცირე ზომის მოლეკულები ავსებენ ადგილებს ნიტროცელულოზის ძაფისმაგვარ მოლეკულებს შორის. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე მყარი ხსნარის  მოლეკულები უძრავია. გახურებისას პატარა და მსუბუქი მოლეკულები მოძრაობას გაცილებით სწრაფად იწყებენ, ვიდრე ნიტროცელულოზის დიდი მოლეკულები. ისინი ეჯახებიან  ნიტროცელულოზის მძიმე მოლეკულებს და მოძრაობასა და გაფანტვას აიძულებენ. ცელულოიდი რბილდება და პლასტიკური ხდება.

რაც შეეხება ცელულოიდის წვადობას, ის ნიტროცელულოზის წვადობით იყო განპირობებული. ცელულოზის აზოტმჟავით  დამუშავებისას მიღებულ ნიტროცელულოზაში აზოტის ატომები უშუალოდ ჟანგბადის ატომებთან არიან დაკავშირებული. აზოტის შენაერთი ჟანგბადთან არამტკიცეა. გაცხელებისას ნიტროცელულოზის მოლეკულები იშლებიან და აზოტის ატომები გამოყოფენ ჟანგბადის ნაწილს. გამოყოფილი ატომური ჟანგბადი მონაწილეობს ქიმიურ რეაქციაში ნახშირბადსა და წყალბადთან, რომლებიც შედიან ცელულოზის მოლეკულებში. ამ დროს დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა. რეაქციაში ჰაერის ჟანგბადიც მონაწილეობს. ცელულოიდი იწვის და ჩნდება ხანძარი.

ცელულოიდის წვის საწინააღმდეგოდ ქიმიკოსებმა პირველ რიგში მის მასაში არაწვადი ნივთიერებები შეიტანეს: ცარცი, თაბაშირი და კაოლინი. ფიქრობდნენ, რომ ამ ნივთიერებათა მოლეკულები ხელს შეუშლიდნენ ნიტროცელულოზის ცალკეული მოლეკულებიდან ხანძრის  მთელ ნივთიერებაზე გავრცელებას. თუმცა ცელულოიდი მხოლოდ ნაკლებად წვადი გახდა. მაშინ გამონახეს ქაფურის სათანადო შემცვლელები და დაამზადეს ახალი პლასტიკური მასები-ეტროლები.

ლავსანის გამოგონებამდე, სწორედ ასე იყო საქმე. შემდეგ ცელულოიდის შემცველი ფირები ლავსანით ჩაანაცვლეს.

მაგრამ, სტატია სულ სხვა თემით დავიწყე…

თავისუფლებაზე ვწერდი…

რა ბრძანეთ? თავისუფლება არ არსებობს და მხოლოდ ილუზიაა?

შეიძლება, ოღონდ ყველა მისკენ მიილტვის…

„სალოცავ ხატად ორი რამ მინდა,

თავისუფლება და ტრფობა წმინდა…“

მაგრამო… იქვე ამატებს პოეტი…

„…მაგრამ თუ მომთხოვს თავისუფლება,

მას სიყვარულსაც შევწირავ მსხვერპლად“ (შანდორ პეტეფი)

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...