სამშაბათი, აპრილი 28, 2026
28 აპრილი, სამშაბათი, 2026

სახელის მოხვეჭა სირცხვილი არ არის – (მეორე)

0

ხშირად, ჩემს მეგობარს, აკა სინჯიკაშვილს აკრიტიკებენ, სიკეთეს ღიად რატომ აკეთებო. აკა ეკვილიბრიუმის წვერია. ამასწინ, ისიც კი გავიგე, კეკელიძე ეკვილიბრიუმით სახელს იხვეჭსო. სასიამოვნო ბრალდებად მოჩანს.

სახელზე და ეკვილიბრიუმზეც მოგიყვებით.

დიახ, მე ვარ სახელის ადამიანი და ეს მოსახვეჭელი მირჩევნია დანარჩენს, – ცოტათი ალუზია რომ გავაკეთოთ ცნობილი აფორიზმის.  „ეკვილიბრიუმიც“ არის სამოქალაქო მოძრაობა და არ არის რეგისტრირებული, როგორც სახელმწიფო ტიპის რაიმე ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ის მოცემულობა, რომელიც საქართველოში თავის დროზე ძალიან კარგი პრეცენდენტის – „წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების“ სახით შეიქმნა, რაღაც ფორმით უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს ისევ სამოქალაქო სექტორიდან. ბუნებრივია, ეროვნული ბიბლიოთეკა არის სახელმწიფო ორგანიზაცია, მაგრამ ის არ არის პოლიტიკურად დატვირთული ორგანიზაცია და მას შეუძლია კარგად თანამშრომლობა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე, ჩემს მთავარ როლს მე ამ მიმართულებით ვხედავ. რაც შეიძლება მეტი, კარგი გაგებით აგრესიული, საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი ტიპის ქვეყნების დღის წესრიგის განმსაზღვრელი, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია.

მე ვიცი, როგორ შეიძლება გავაკეთოთ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა, რომელიც არ იქნება მხოლოდ ბიბლიოთეკა, იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენს მეხსიერებას ეს შემორჩა ან სტერეოტიპად არის დამკვიდრებული. რეალურად ბიბლიოთეკა უნდა იყოს ერთგვარი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც ტიპურ საბიბლიოთეკო ცხოვრებას, ამავდროულად იქ აუცილებლად უნდა იყოს კომპიუტერიც, უნდა იყოს ინტერნეტი, საინფორმაციო ბიურო, სადისკუსიო კლუბი, ღონისძიებისთვის განკუთვნილი სივრცეები და ამავდროულად უნდა შეეძლოს სოფლის ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების თვითორგანიზების მიმართულებით რაღაც ნაბიჯების პროვოცირება. ეს არის ძალიან რთული სამუშაო, ამ მოძრაობას სჭირდება ძალიან ბევრი მოხალისე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი ნელ-ნელა გამოჩნდება სოფლებში.

ამ ეტაპზე ბევრი ადამიანის ძალისხმევაა მიმართული ამ საქმეზე, გვყავს ძალიან ბევრი შემომწირველი, თითქმის ყოველდღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემოდის თანამედროვე წიგნები, რომლებსაც ოჯახებიდან წირავენ ადამიანები, კონკრეტული სოფლების ან კონკრეტული ბიბლიოთეკებისთვის. ახლა ვაკეთებთ ირაკლის ბიბლიოთეკას , რომელიც თბილისში გარდაიცვალა ტრაგიკულად და ვცდილობთ, მისი სახელი შემორჩეს, იქაურ ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასთან. ძალიან ბევრი მოხალისეა ამაში ჩართული, აქ თბილისიდანაც, ჭიათურის რაიონიდანაც… ამის უკვე არსებული და კარგი პრეცენდენტი არის ივლიტას ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე ამ მოძრაობის, კერძოდ ჩემი იდეა იყო. ივლიტა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაიცვალა. ის ჩოხატაურელი გოგონა იყო და დღეს თუ ჩოხატაურში გაივლით, ნახავთ ძალიან თანამედროვე ბიბლიოთეკას, რომელიც სწორედ მთლიანად, თავიდან ბოლომდე, მოხალისეების მიერ აგურ-აგურ გაღებული შემოწირულობებით გაკეთდა. გარდა ამ ტიპის კერძო თანამედროვე ბიბლიოთეკისა, 600-ზე მეტი ბიბლიოთეკა აღვადგინეთ ან განვაახლეთ სოფლებში.

პოლიტიკოსის სიტყვასავით გამომივდა. ამ საქმეს არ ვაპირებ. შეგნებულად დავწერე ეს ორი ნაკვესი ასე, რომ მეთქვა: სახელის მოხვეჭა და საკუთარი საქმის ჩვენება არ არის სამარცხვინო საქმე.  გადამდებია. მეც სხვას ვბაძავ ამით. სხვამაც შეიძლება მოგვბაძოს.

თუ თქვენი შვილი მეოცნებეა

0

თქვენი შვილი წარმოსახვით მეგობრებს ელაპარაკება? ხშირად ჰყვება ისტორიებს, რომლებსაც არაფერი აკავშირებს სინამდვილესთან? თავისი ტყუილის თვითონვე სჯერა? მაშ, ბავშვი მეოცნებეა და განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ის შეიძლება გახდეს ცნობილი მხატვარი, მწერალი, გამომგონებელი, დიზაინერი, მსახიობი, მუსიკოსი, მეცნიერი… მაგრამ ხომ არ ვნებს თავისივე ფანტაზია? აუცილებელია თუ არა ბავშვის მიწიერთან დაბრუნება?

როგორც არ უნდა ჩანდეს შორიდან, ბავშვის ფანტაზიორობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მეოცნებეს მდიდარი წარმოსახვა ახასიათებს, მისი გონება გამუდმებით მუშაობს, მისი ფანტაზია უშრეტია და შემოქმედებისთვის მსუყე ნიადაგს ქმნის. ასეთი ბავშვები კრეატიულ ადამიანებად იზრდებიან, მერე კი სწორედ ასეთი ადამიანები ხდებიან გამომგონებლები, ანგრევენ სტერეოტიპებს, ცვლიან სამყაროს…

მაგრამ მშობლებს აწუხებთ მეოცნებე ბავშვის მდიდარი ფანტაზია. ისინი შიშობენ, რომ მათი შვილი, ზრდასრულიც კი, თავის სამყაროში დარჩება, ცხოვრების მკაცრ მოთხოვნებს ვერ მოერგება.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ თუ ბავშვი მეტისმეტად მოსწყდა რეალობას, ესე იგი მან ან ტრავმა გადაიტანა, ან მშობლების ყურადღება დააკლდა, ან მორიდებულია და დაბალი თვითშეფასება აქვს.

მეოცნებეს ყურადღება სჭირდება. ჯერ ერთი, მას შეუძლია დაიჯეროს, რომ ფრენას მოახერხებს და მაღლიდან გადახტეს; ოცნებით გატაცებული, დაუდევრად გადავიდეს ქუჩაზე; შეუძლია, კლასში წარმოსახვით მეგობარს დაელაპარაკოს და თანაკლასელების დასაცინი გახდეს. მეორე – მეოცნებეს უჭირს თანატოლებთან კომუნიკაცია, უჩვეულო ბავშვს იოლად ამჩნევენ და იჩემებენ. მესამე – რეალობისგან გამოთიშვის ყველაზე მძიმე მხარე ის არის, რომ ბავშვის მიერ შექმნილი სამყარო საინტერესოა, რეალობა კი მის ფონზე ფერმკრთალი და ერთფეროვანი ჩანს. დროთა განმავლობაში ეს ბავშვს დეპრესიაში აგდებს და ფსიქოლოგის ჩარევის გარდა ვეღარაფერი შველის.

სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღებით მოვეპყროთ ბავშვებს. შესაძლოა მათ ჩვენი თანადომა, გამხნევება და სითბო აკლდეთ. შესაძლოა, თავიანთ წარმოდგენაში ჯადოქრები და გმირები იყვნენ, რადგან ხშირად ეუბნებით, არაფრის მაქნისი ხარო.

მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის მდიდარი წარმოსახვა შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიმართონ. პირველი ნაბიჯის გადასადგმელად ჰკითხეთ ბავშვს, როგორია მისი სამყარო, ვინ ცხოვრობს იქ, ზღაპრულია ეს სამყარო თუ ნამდვილს ჰგავს. სთხოვეთ მისი დახატვა, მასზე მოთხრობის დაწერა. შეუქეთ თავისი სამყარო. წარმოსახვითი მეგობრებიც შეუქეთ – შესაძლოა, ისინი თქვენი მოკავშირენი გახდნენ. იქნებ ერთ-ერთმა მათგანმა შეახსენოს ხოლმე თქვენს შვილს, რომ ძილის წინ კბილების გახეხვა აუცილებელია J

მთავარია, ბავშვის ფანტაზიაში თქვენც არ ჩაყვინთოთ. ხშირად უთხარით: „წარმოიდგინე, რომ…“ ან „ვითომ ჩვენ…“ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რეალობა სხვაა და ის, რაზეც ოცნებობს – სხვა.

მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვს რეალური სამყარო უნდა შეაყვარონ. უნდა აჩვენონ, რომ აქ უამრავი რამაა საინტერესო. წაიყვანეთ ბავშვი პიკნიკზე. აუხსენით, რომ შეუძლია წარმოიდგინოს ზღაპრული ტყე, მაგრამ არც ნამდვილი ტყე ჩამოუვარდება ზღაპრულს. ის გაცილებით იდუმალია. ბევრი დრო გაატარეთ შვილთან ერთად: ეთამაშეთ, ეცეკვეთ, მასთან ერთად მოიგონეთ მუსიკა, მიეხმარეთ სხვა ბავშვებთან კომუნიკაციაში – ბავშვს რეალური მეგობრებიც უნდა ჰყავდეს.

ყოველ ასაკს განსაზღვრული ფსიქოლოგიური თავისებურებები ახასიათებს. ეს თავისებურებები განაპირობებს ბავშვის ქცევას, მის  წარმატებას, სოციალური მოთხოვნებისადმი შესაბამისობას და სხვა. ბავშვის ქცევის ხასიათზეა დამოკიდებული, როგორი რეაქცია ექნებათ მასზე გარშემო მყოფებს (მშობლებს, მასწავლებლებს, სხვა ბავშვებს). ფსიქიკური განვითარებიდან გადახვევა მაშინ ხდება, როდესაც გარშემო მყოფები ამძაფრებენ ბავშვის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ბავშვთან ურთიერთობის დროს უფროსები თავიანთი ქცევით გაუცნობიერებლად ართულებენ მის მდგომარეობას, ამიტომ ბავშვის სწორ თუ არასწორ განვითარებაში უფროსების დდი წვლილია.

რეალობიდან ძლიერი ამოვარდნა შინაგან სამყაროში, ფანტაზიაში გადასახლებას ნიშნავს. ბავშვი თითქოს „სადღაც დაფრინავს“, არ ესმის გაკვეთილზე მასწავლებლის ხმა, არ რეაგირებს მშობლების მითითებებზე. ის თავის წარმოსახვაში ცხოვრობს და თამაშობს. ხან მონადირის როლს ირგებს, ხან მოგზაურისა და კინოვარსკვლავისას. წარმოსახვითვე იკმაყოფილებს თამაშის მოთხოვნილებას. შეუძლია, მოიაროს აფრიკა და აზია, გაეხვიოს თავგადასავლებში, იქცეს ყველასათვის სათაყვანებელ სუპერგმირად… ხშირად ბავშვს სინამდვილე და გამონაგონი ერთმანეთში ერევა. ის ისეთ ისტორიებს ყვება, რომ მშობლებიც კი ძნელად არჩევენ ტყუილსა და მართალს.

სასკოლო ასაკში რეალობიდან ამოვარდნა სკოლამდელი ცხოვრების, თამაშის გაგრძელებაა. დავალებებს ბავშვი საკუთარი აქტივობების ნაწილად აღიქვამს და მათ ზედმიწევნით შესრულებაზე არ არის ორიენტირებული. ინსტრუქცია ირღვევა, მაგრამ ბავშვი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

მეოცნებეს განვითარების პროგნოზი დროული კორექციის შემთხვევაში არაჩვეულებრივია: ბავშვი კარგად სწავლობს და ძალიან კრეატიულია. მას ეადვილება ფიქრი, გონებრივი სამუშაოს შესრულება. შესაძლოა, სისტემური საქმიანობა ოდნავ უჭირდეს, მაგრამ მალევე აინაზღაურებს დანაკლისს.

მეოცნებე ბავშვისთვის დამახასიათებელია შფოთვის მაღალი დონე. შფოთვა ბარიერია, რომელიც ბავშვს გულღია ქცევაში ხელს უშლის, რადგან გარშემო მყოფთა ნეგატიური რეაქცია აშინებს. კონფლიქტი რეალური ყურადღების მიპყრობის სურვილსა და ამავე ყურადღების უქონლობას შორის დაუკმაყოფილებლობას, შფოთვას იწვევს. ეს მიზეზშედეგობრივი მანკიერი წრეა: ყურადღების მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა იწვევს შფოთვას, რომელიც, თავის მხრივ, ბლოკავს ქცევის იმ ფორმებს, რომლებითაც ბავშვი საკუთარი პიროვნებისადმი ყურადღების მიპყრობას მოახერხებდა.

მოზარდ ასაკში ქცევითი აქცენტები არცთუ იშვიათად იცვლება. თუ ადრე ბავშვი მხოლოდ სწავლაში იყო პასიური, ახლა თანატოლებთან ურთიერთობის დროსაც პასიურობს. რეალობიდან გაქცევის ტენდენცია მას მარტოსულობს, კარჩაკეტილს ხდის. მოზარდი ნელ-ნელა უუცხოვდება თანატოლებს, მისი ინტერესები სხვებისას არ ემთხვევა. სხვა მოზარდები „ვერ უგებენ“ მას და მის ფანტაზიებს არ იზიარებენ.

რეალობიდან გაქცევის ტიპური შფოთვის „განკურნება“ მოზარდის თეატრალურ სტუდიაში მიბარებით შეუძლებელია. თუ მოზარდი თავის შესაძლებლობებში არ არის დარწმუნებული, სცენაზეც შებოჭილი იქნება და ვერაფერს მიაღწევს. „განკურნებისთვის“ კი მას სწორედ წარმატება, ყურადღება, ემოციური მხარდაჭერა სჭირდება. ასეთ დროს გაცილებით ეფექტიანია სხვაგვარი შემოქმედებითი საქმიანობა, მაგალითად, ხატვის წრეზე ან ლიტერატურულ სტუდიაში სიარული. თუ მოზარდს მხატვრული ნიჭი არ აღმოაჩნდა, შეუძლია, აბსტრაქტულ მხატვრობას მოჰკიდოს ხელი. რეპროდუქციების ნახვა, საგამოფენო სივრცეში ნამდვილი ტილოების თვალიერება დაარწმუნებს მოზარდს, რომ აბსტრაქტული ხელოვნება არსებობს და საზოგადოების ინტერესს იწვევს.

მოიმარაგეთ ქაღალდი, გუაში, ფუნჯები და შესთავაზეთ მოზარდს, დახატოს აბსტრაქცია. ფერადი დეკორატიული ნახატები მეოცნებე ბავშვებს კარგად გამოსდით. ამ ნამუშევრების შინ გამოფენაც შეიძლება. მოზარდი უნდა დარწმუნდეს, რომ ამაყობთ მისით. ეს საუკეთესო თერაპიაა.

წრის გახსნა (II ნაწილი)

0

 

კვარტა-კვინტური წრე ანუ „ტონალობათა თერმომეტრი“ საგასაღებო ნიშნებში სწრაფად ორიენტირებისთვის ეფექტური გზამკვლევია. ამ წრის არსი ის არის, რომ სკალაზე ყოველ ტონალობას საკუთარი აღნიშვნა აქვს საგასაღებო ნიშნების რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, სოლ მაჟორში ერთი დიეზია, რე მაჟორში – ორი, ლა მაჟორში – სამი, მი მაჟორში – ოთხი და ა.შ. რაც მეტი დიეზია ტონალობაში, მით „ცხელია“ ტონალობა და, ბუნებრივია, სკალაზეც მაღალ პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება ბემოლიან ტონალობებს, მათ „მინუსიან ტემპერატურას“ მიაკუთვნებენ, ამიტომ რაც მეტია ნიშნების რაოდენობა ტონალობაში, მით „ცივია“ ტონალობა და, შესაბამისად, სკალაზეც დაბლა მდებარეობს.

1 go

ავიღოთ უნიშნო ტონალობა დო მაჟორი. თუ „დო“-დან ზევით წმინდა კვინტას ავაგებთ ანუ ხუთ კლავიშს გადავითვლით, მივიღებთ „სოლ“ ნოტს. ანუ თუ დო მაჟორში ავიღებთ დომინანტას (კილოს V საფეხური) და მას ტონიკად მივიჩნევთ, მივიღებთ ახალ ტონალობა – სოლ მაჟორს ერთი ფა დიეზ ნიშნით. როდესაც სოლ მაჟორის გამას დავუკრავთ, უკვე გვეცოდინება, რომ „ფა“ ნოტი უნდა ავამაღლოთ და თეთრი კლავიშის ნაცვლად შავ კლავიშზე დავუკრათ.

ახლა წმინდა კვინტა „სოლ“ ნოტიდან ზევით ავაგოთ (ჩვენ ხომ სოლ მაჟორ ტონალობაზე შევჩერდით). მივიღებთ ნოტ „რე“–ს. რე მაჟორის მისაღებად ფა დიეზთან ერთად დო დიეზის შემოტანაც დაგვჭირდება.

„რე“-დან კიდევ ერთი კვინტის აგებით „ლა“-ს ანუ სამნიშნა ტონალობას – ლა მაჟორს მივიღებთ ფა, დო და სოლ დიეზებით.

თუ ხუთ ასეთ სვლას 4-ჯერ გავიმეორებთ, ბოლო შვიდნიშნა ტონალობამდე – დო დიეზ მაჟორამდე მივალთ. ამგვარად, შეიქმნება ერთმანეთისგან წმინდა კვინტებით დაშორებული დიეზიანი ტონალობების ჯგუფი.

რაც შეეხება ბემოლიან ტონალობებს, ის დიეზიან ტონალობათა სისტემის საწინააღმდეგოდ აიგება, ანუ გადათვლას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, წმინდა კვინტებით ქვევით ვიწყებთ. ყოველი გადათვლილი წმინდა კვინტა ტონალობას თითო ბემოლს შემატებს.

ნეიტრალური „დო“ ნოტიდან წმინდა კვინტით ქვევით გადათვლის შემთხვევაში ვიღებთ ნოტ „ფა“–ს, ტონალობა ფა მაჟორში კი ერთი ნიშანია – სი ბემოლი. ასე იწყება ბემოლიანი ჯგუფის ტონალობები.

მომდევნო ბემოლიანი ტონალობის მისაღებად „ფა“-დან ქვევით კიდევ ერთ კვინტას ავაგებთ, საიდანაც სი ბემოლს მივიღებთ. სი ბემოლ მაჟორში კი უკვე ორი ბემოლია – სი და მი. თუ ხუთ ასეთ სვლას კიდევ 5-ჯერ გავიმეორებთ, ბოლო შვიდნიშნა ტონალობა დო ბემოლ მაჟორს მივიღებთ. ასე ჩამოყალიბდება ერთმანეთისგან წმინდა კვინტებით დაშორებული ბემოლიანი ტონალობების ჯგუფი.

საინტერესოა, რომ ბემოლიანი ტონალობების აგება შესაძლებელია საათის ისრის მიმართულებითაც წმინდა კვარტებით ზევით.

2 go

როგორც სქემიდან ჩანს, ტონალობებში ყველაზე მეტი საგასაღებო ნიშანი (7 დიეზით) დო დიეზ მაჟორსა და მის პარალელურ ლა დიეზ მინორს (7 ბემოლით) და დო ბემოლ მაჟორსა და მის პარალელურ ლა ბემოლ მინორს აქვს. „თერმომეტრის სკალაზე“ მათ უკიდურესი პოზიციები უკავიათ: დო დიეზ მაჟორს – ყველაზე „ცხელი“, ხოლო დო ბემოლ მაჟორს – ყველაზე „ცივი“.

ერთხელაც შეგახსენებთ, რომ ტონალობები, რომლებსაც საგასაღებო ნიშნები არ გააჩნია, დო მაჟორი და ლა მინორია და ისინი „თერმომეტრის“ სკალის ნულოვან მაჩვენებელთან ასოცირდება. მათში ნული დიეზი და ნული ბემოლია. ისინი მხოლოდ თეთრ კლავიშებზე იკვრება, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მოხერხებულია.

ყოველ მაჟორულ ტონალობას, დიეზიანსა თუ ბემოლიანს, თავისი პარალელური მინორი აქვს. იოლი მისახვედრია, რომ მინორული ტონალობების მწკრივი მაჟორულ ტონალობათა პარალელურად არის განლაგებული.

პარალელური ტონალობები ეწოდება მაჟორული და მინორული ტონალობების წყვილს ერთნაირი საგასაღებო ნიშნებით, რაც ტონალობებში ერთნაირ ბგერით შემადგენლობას გულისხმობს. მაგალითად, ტონალობა ლა მინორის აგების გასაადვილებლად გავიხსენოთ მინორული კილოს სტრუქტურა (ტონი, ნახევარტონი, ტონი, ტონი, ნახევარტონი, ტონი, ტონი). როგორც ვხედავთ, ტონალობაში არ არის გასაღების ნიშნები და ყველა ბგერა თეთრ კლავიშს ემთხვევა. ასეთივე სურათია დო მაჟორში, ვინაიდან ლა მინორი ზუსტად დო მაჟორის ბგერებისგან შედგება. სწორედ ასეთ ტონალობებს უწოდებენ პარალელურს.

დავიმახსოვროთ შემდეგი წესი: პარალელური ტონალობები ძირითად ბგერათა რიგის მეექვსე საფეხურზე აიგება. ისინი ერთმანეთს პატარა ტერციით (1,5 ტონი) არიან დაშორებული; ქვევით მინორულია, ზევით – მაჟორული. ამრიგად, მინორული ტონალობის დასადგენად აუცილებელია მოცემული მაჟორული ტონალობის ტონიკიდან დაღმავალი მიმართულებით ავაგოთ ინტერვალი პატარა ტერცია (1,5 ტონი) ანუ სამი საფეხურით ქვევით გადავთვალოთ. მაჟორული ტონალობის დასადგენად კი პატარა ტერცია ავაგოთ მინორული ტონალობიდან ზევით. მაგალითად, მი მაჟორის პარალელური მინორული ტონალობა დო დიეზ მინორი იქნება. ორივე ტონალობაში 4 საგასაღებო ნიშანი – დიეზი შეგვხვდება.

კვარტა-კვინტური წრის ყველა ტონალობაში აქვთ დაწერილი შოპენსა და შოსტაკოვიჩს თავიანთი 24 პრელუდიისგან შემდგარი ციკლები. რაც შეეხება იოჰან სებასტიან ბახს, მან „კარგად ტემპერირებულ კლავირში“ ყველა ტონალობის თანასწორობა უნაკლოდ აჩვენა.

ტონალობათა კვარტა-კვინტური წრე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მრავალსახოვანი ბგერები და კილოები მკაფიოდ აწყობილი მექანიზმია. დღესავით ნათელია, რომ ჰარმონიის კანონების ცოდნა მუსიკის გაგებას ძალზე აადვილებს.

        სწავლების ოსტატობის საიდუმლო

0

სწავლება რთული პროცესია და მასწავლებელს, ცოდნა-გამოცდილებასთან ერთად, მოთმინება და გამძლეობა სჭირდება, რომ მცირე თუ დიდ დაბრკოლებებს გაუმკლავდეს  და გადალახოს.  ყოველი პედაგოგი თანდათან ყალიბდება, თავის მოსწავლეებთან ერთად იზრდება, იცვლება და ცოდნის გადაცემის გარკვეულ სტილსა და მანერას იძენს. მაგრამ არაფერია მუდმივი და გაქვავებული. თანამედროვე ციფრულ სამყაროში მასწავლებელს სჭირდება დროისა და ვითარების შესაბამისი სასწავლო სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის უკეთესად დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება. თუ მასწავლებელი ჩამორჩა დროს – ვგულისხმობთ  იმ ცვლილებების გააზრება-გაცნობიერებას, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ხდება – მაშინ მას გაუჭირდება ურთიერთობა მოსწავლეებთან, რომლებიც დროის შვილები არიან და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისას ზუსტად აღიქვამენ იმას, რაც  აქტუალური და მნიშვნელოვანია ცხოვრებისთვის. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საგაკვეთილო პროცესში პედაგოგმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს კომპიუტერული ტექნიკა. დღეს ამის თაობაზე განსხვავებულ აზრსაც გამოთქვამენ მეცნიერები. მათი აზრით, კომპიუტერები ახშობენ როგორც შემოქმედებით უნარებს, ასევე ზღუდავენ ადამიანურ ურთიერთობებს, ეს კი ინტელექტის განვითარებას აბრკოლებს.  მაგალითად, პროფესორი პოლ ტომასი ფიქრობს, რომ განათლება, უპირველესად, ადამიანურ განცდებსა და გამოცდილებასთან არის დაკავშირებული, ტექნოლოგია კი ყურადღებას უფანტავს ადამიანს და კრიტიკულ აზროვნებას განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამიტომაც, ყოველგვარ საქმეში ზომიერებაა საჭირო.

სწავლების სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებულია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება. თუ დაწყებით საფეხურზე პედაგოგი ერთადერთი ავტორიტეტია, შემდგომ მისი გავლენის მასშტაბი, ამ თვალსაზრისით, იცვლება. მოსწავლე იძენს ახალ-ახალ გამოცდილებებს და ინფორმაციას იღებს არა მხოლოდ სკოლიდან, არამედ ათასგვარი საინფორმაციო წყაროდან. შესაბამისად, მასწავლებელს სჭირდება როგორც საკუთარი, ასევე მოსწავლეების გამოცდილებების გათვალისწინება.

„რო­დესაც რაიმეს კეთებას ვსწავლობთ, ჩვენს გონებაში კომპიუტერუ­ლი კოდის მსგავს ინსტრუქციას ვწერთ. როდესაც ეს კოდი დაიწე­რება, შესაძლებელია გონებაში მისი ჩატვირთვა იმგვარად, რომ მან უხელმძღვანელოს შესაბამისი ამოცანის შესრულებას. ცხადია, მცირეოდენი დაფიქრებაც საჭიროა“, – წერს  ჯეიმს პოტერი. ეს კოდი გულისხმობს იმ სასწავლო უნარ-ჩვევებს, რომლებიც სწორედ სკოლაში უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს, უპირველესად, პედაგოგის დახმარებით. ამგვარი „ინსტრუქცია“, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს შემოქმედებითობას, რომელიც ყველა მოსწავლის ინდივიდუალურობას განაპირობებს. მასწავლებელმა, ამ კოდების „ჩატვირთვასთან“ ერთად, უნდა იზრუნოს სწორედ შემოქმედებითობის განვითარებაზე, რომელიც თითოეულ მოსწავლეს განსხვავებული აქვს.

ხანდახან მასწავლებელს შეიძლება სიახლის შიში გაუჩნდეს, შეჩვეულის შეცვლა გაუჭირდეს, მაგრამ ეს შიში უნდა გადალახოს. მარცხი ხომ ყოველი წარმატებული საქმის თანამდევია. ამ შემთხვევაში, სხვების გამოცდილების გაზიარება კეთილისმყოფელ ზემოქმედებას ახდენს. ინტერნეტში კი უამრავი წყაროა, რომელთა გაცნობა მასწავლებელს სწორი გეზის  აღებაში დაეხმარება. მაგალითად, ე. ჯ.  ჯულიანი თავის სტატიაში „ჩემი, როგორც მასწავლებლის, უდიდესი შიში“ გულწრფელად  საუბრობს შიშის მიზეზებსა და წყაროებზე. მისი აზრით, პედაგოგი კი არ უნდა გაექცეს ამ შიშს, არამედ უნდა ჩაუღრმავდეს, გაჩხრიკოს, ყოველმხრივ გააანალიზოს და დასკვნები გააკეთოს, შემდეგ მისი გადალახვის გზები დაგეგმოს. მნიშვნელოვანია, რომ მან ეს შიში რაღაც მონსტრად არ წარმოიდგინოს, რომელთან შებრძოლებაც სახიფათო და მარცხისთვის განწირულია. ამის ნაცვლად, ბრძოლის ტაქტიკა, სტრატეგია, მეთოდები უნდა მოიფიქროს.

პედაგოგმა, პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროს, რომ შიში კი არ უნგრევს მომავალს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს პროგრესსა და განვითარებაში.  მარცხი რომ არა, უამრავი საქმე არ გაკეთდებოდა ბიზნესში, პოლიტიკასა თუ ხელოვნებაში. ამის არაერთი მაგალითია ცნობილ ადამიანთა ცხოვრებაში. ჯოან როულინგმა თავისი ხელნაწერი თორმეტ გამომცემელს გაუგზავნა და უარი მიიღო. მხოლოდ მეცამეტემ მისცა შესაძლებლობა სრულიად უცნობ ავტორს, თავისი რომანი მკითხველამდე მიეტანა.

„წარმატება საზიზღარი მასწავლებელია. ის აცდუნებს ჭკვიან ადამიანებს, იფიქრონ, რომ მარცხი არ ემუქრებათ“, – წერს ბილ გეიტსი. მარცხი ემუქრება ყველას, ვინც მიღწეულით არ კმაყოფილდება – მცირე დამარცხებების ბარიერების გადალახვით პროფესიულადაც და სულიერადაც ვითარდება. განვითარებას კი ზღვარი არ აქვს ისევე, როგორც ადამიანურ შესაძლებლობებს. რისკს უნდა მიეჩვიონ მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც. შეცდომების დაშვების, დამარცხების არ უნდა ეშინოდეთ. მარკ ცუკერბერგმა, ფეისბუქის დამაარსებელმა, ახალგაზრდა მილიარდერმა, ერთ  ინტერვიუში აღნიშნა: „უდიდესი რისკია, საერთოდ არ წახვიდე რაიმე რისკზე“. ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული აზრი კი ასე ახსნა: „თანამედროვე სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება. ერთადერთი სტრატეგია, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ არ დამარცხდები, არის ის, რომ არ გარისკო“.

„ცხოვრება იმად არ ღირს, რომ შიშს მონად გაუხდე“, – წერს ჯემალ ქარჩხაძე. ეს ფილოსოფიური სენტენცია ყოველდღიურობაში, ნებისმიერ საქმიანობაში მართლდება. უილიამ ფოლკნერი კი თავის საუკეთესო რომანებს მარცხად მიიჩნევდა, რათა სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ შეეწყვიტა. ცოდნის გადაცემისა და შეძენის პროცესში გარკვეული პროცესები ავტომატურ რეჟიმში იწყებენ  მოქმედებას. ეს „ავტომატიზმი“, ერთი მხრივ, აიოლებს  ამოცანებს, რადგან ერთი და იმავე ტიპის დავალებების შესასრულებლად აღარ არის საჭირო ფიქრი ცალკეულ ნაბიჯებზე, თუმცა, ამავდროულად, ეს ადამიანის განვითარებასაც აბრკოლებს. ამიტომ გამუდმებით საჭიროა სასწავლო მეთოდების, ცოდნის შეძენის გზების შეცვლა, გამრავალფეროვნება, სტერეოტიპების უარყოფა და შაბლონების განახლება, პრაქტიკული გამოცდა ყველა იმ თეორიული გამოცდილებისა, რომელსაც სხვადასხვა წყაროდან იღებს პედაგოგი. „უნარები კუნთებს ჰგავს; რაც უფრო მეტად ვავარჯიშებთ, მით უფრო ძლიერდება, პრაქტიკის გარეშე კი სუსტდება“, – წერს  ჯეიმს პოტერი.

აი, ერთი საინტერესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს მასწავლებელი ცოდნის გადაცემის ახალი გზების მოძიებას.  სწავლების პროცესზე, როგორც ცნობილია, უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანური ურთიერთობები, განსაკუთრებით – მოსწავლეთა შორის. ერთმა პედაგოგმა, იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ეჩვენებინა, რა ცუდ გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე დაცინვა, აბუჩად აგდება, ასეთი მაგალითი მოიფიქრა: ორი ერთნაირი, წითელი, ლამაზი ვაშლი მიიტანა კლასში; ერთი რამდენჯერმე დააგდო იატაკზე, მეორე კი ხელში აიღო.  დაიწყო პირველი ვაშლის ძაგება, თითქოს მისი შეჭმა არ შეიძლებოდა, რადგან ჭუჭყიანი იყო, გაფუჭებული, ულამაზო… იგი ისე შევიდა ამ ვაშლის ძაგების ეშხში, რომ, ცოტა არ იყოს, შეეცოდა კიდეც. ბავშვები გაოცებულნი შესცქეროდნენ „გაგიჟებულ“ მასწავლებელს. შემდეგ მეორე ვაშლი აიღო პედაგოგმა და ახლა მას დაუწყო ქება ისეთივე მგზნებარებით, როგორც პირველს – ძაგება. ორივე ვაშლი გარეგნულად ერთმანეთს ჰგავდა, ვერც განასხვავებდით.  შემდეგ მან ვაშლები შუაზე გაჭრა და ბავშვებს აჩვენა. ერთს ჯანსაღი გული ჰქონდა, მეორეს კი – დაბეჟილი და გაყავისფრებული. მასწავლებელმა ბავშვებს უთხრა, რომ ადამიანზეც ასე მოქმედებს შეურაცხყოფა და დამცირება – შეიძლება გარეგნულად არ შეეტყოს, მაგრამ სული უზიანდება ტანჯვითა და ტკივილით.  სიტყვას, მართლაც,  ხანდახან მუშტზე მეტი ძალა აქვს[1]. რა თქმა უნდა, ქართველმა ბავშვებმა ეს კარგად იციან მხატვრული ლიტერატურიდან, კერძოდ, სულხან-საბას ცნობილი იგავიდან „ენით დაკოდილი“, მაგრამ ამ თვალსაჩინო მაგალითს მაინც განსაკუთრებული ძალა ექნება.

პედაგოგებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ პროფესიონალისთვის არანაირი ჩარჩო და პირობითობა არ არსებობს. ცნობილია ფინური საგანმანათლებლო სისტემის წარმატების შესახებ. ფინურ სკოლებში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ იმგვარ ცოდნას, რომელიც მოსწავლეებს ცხოვრებაში გამოადგებათ. პრაქტიკულობა მთავარი მახასიათებელია. ფინელები ამბობენ, რომ პედაგოგებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, თუ რა მიზანი აქვს სწავლებას: „მოსწავლეებს ან ცხოვრებისთვის ვამზადებთ, ან გამოცდებისთვის“. ფინელები პირველს ირჩევენ. კარგი იქნება, ეს კითხვა ქართველმა პედაგოგმაც (მთელმა საგანმანათლებლო სისტემამ) დაუსვას საკუთარ თავს. სწორედ ამიტომაც არ ატარებენ ფინეთის სკოლებში სავალდებულო გამოცდებს. მასწავლებლის ნებაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ტესტირებას მოიფიქრებს ცოდნის შესამოწმებლად.

სწავლების ოსტატობის საიდუმლო საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობასა და შემოქმედებით ძიებაშია. სწორედ ეს განსაზღვრავს პედაგოგის ინტელექტსა და იმ უნარებს, რომლებიც მას სწავლების პროცესში სჭირდება.

[1] წყარო:Relax Kids Tamworth.

გლობალურ პრობლემათა ურთიერთკავშირი და მდგრადი განვითარების მიზნები

0

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გზამკვლევის სპეციალური გამოშვება. ვფიქრობ, გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის საინტერესო რესურსია. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ გულისხმობს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეთა ჩართულობასაც.

გთავაზობთ რესურსებს, რომლებიც გეოგრაფიის გაკვეთილზე გამოგვადგება.

გაკვეთილის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. კარგი იქნება, თუ გაკვეთილის დასაწყისში თანასწორუფლებიანობაზე გავამახვილებთ ყურადღებას. დავურიგოთ ჯგუფებს ფერადი ფურცლები და სტიკერები. ვეცადოთ, განაწილება იყოს არათანაბარი: ზოგს მეტი მივცეთ, ზოგს – ნაკლები. ვაცადოთ და დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევიან. მერე ვკითხოთ:

  1. რას გრძნობენ?
  2. მოახდენს თუ არა მათი განწყობა გავლენას მუშაობის პროცესზე?
  3. როგორ გადაჭრიან პრობლემას?

მათი პასუხები დაფაზე ჩამოვწეროთ.

მერე დავავალოთ, განიხილონ მოცემული მაგალითები და უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

  1. რა ურთიერთკავშირია მდგრადი განვითარების მიზნებს შორის?
  2. კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე, რომელი ფაქტორები განაპირობებს ცხოვრების დონის განსხვავებას?
  3. რატომ არის დამახასიათებელი გარემოს დაბინძურების პრობლემა როგორც ღარიბი, ისე მდიდარი ქვეყნებისთვის?
  4. როგორ წარმოგიდგენიათ სამოქალაქო საზოგადოების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში?
  5. დასახეთ პრობლემის გადაჭრის გზები.

მაგალითი N1: გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელება აქტიურ მოქმედებას მოითხოვს. ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) არის უნიკალური შესაძლებლობა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის. ხელისუფლების ღიაობისა და ეფექტიანობისთვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს 66 სახელმწიფოში თანამშრომლობენ.

2015 წლის დეკემბერში ნიუ იორკში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის წევრებმა გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს ღია მმართველობის ერთობლივი დეკლარაცია 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.

OGP როგორც საერთაშორისო თანამშრომლობა მოიცავს ეროვნული პოლიტიკის პლატფორმას (ეროვნული სამოქმედო გეგმების სახით) და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს (ღია მმართველობის პარტნიორობის დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმის სახით) და წარმოადგენს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტიან საშუალებას.

OGP-ის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიერ SDG-სთან დაკავშირებული კონკრეტული ვალდებულებების აღებისა და განხორციელების თვალსაზრისით. სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას OGP-ის დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმი უზრუნველყოფს.

ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული აქვთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გამოწვევები და, აღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, ცდილობენ ხელი შეუწყონ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების ჩართულობის, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ასევე, ღია მმართველობის გზამკვლევის სპეციალური გამოშვება ხაზს უსვამს OGP-ის სამოქმედო გეგმებში შესატან სარეკომენდაციო ვალდებულებებს.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ მოუწოდებს მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებებს, წარმოადგინონ რეკომენდაციები SDG-ის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. აუცილებელია, მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოებებმა ითანამშრომლონ სახელმწიფო ორგანიზაციებში გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ღია მმართველობის პარტნიორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაკავშირებისა და სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური დიალოგის წარმართვისთვის მნიშვნელოვანია OGP-ის გლობალური სამიტი მექსიკაში.

მაგალითი N2: სიღარიბეა იქ, სადაც ადამიანი ვერ იკმაყოფილებს ძირითად – საკვების, წყლის, თავშესაფრის, ჯანმრთელობისა და განათლების – მოთხოვნილებებს. სიღარიბე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მსოფლიოს მოსახლეობის ის ნახევარი, რომელიც ცდილობს იცხოვროს დღეში ორ დოლარზე ნაკლები თანხით, საკვების, წყლისა და საკვების მოსამზადებლად და გასათბობად აუცილებელი საწვავის მოსაპოვებლად იბრძვის. თავის გადასარჩენად ამ ადამიანების ნაწილი გადაჭარბებულად მოიხმარს ტყეს, საძოვრებს, თევზის რესურსებს და ველურ ცხოველებს, რაც გარემოს დეგრადირებას იწვევს. მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ იფიქრონ გარემოს ხარისხზე გრძელვადიან პერსპექტივაში ან მდგრადობაზე. სიღარიბე გავლენას ახდენს მოსახლეობის ზრდაზე. ღარიბების დიდი ნაწილისთვის გადარჩენის საშუალება ბევრი შვილის ყოლაა. შვილები მათ ეხმარებიან გათბობის საშუალებების (შეშის, ცხოველის ნაკელის) შეგროვებაში, ასევე სასმელი წყლის მოპოვებაში, მარცვლეული კულტურების მოყვანაში, შინაური საქონლის მოვლაში. შვილები ზრუნავენ მათზე, როდესაც ისინი ხანდაზმულ ასაკს (ღარიბ ქვეყნებში – საშუალოდ 40-50 წელს) აღწევენ, რადგან ისინი არ არიან სოციალურად დაცულნი, არ არიან უზრუნველყოფილნი ჯანმრთელობის დაცვითა და პენსიით. როგორც სიღარიბე იწვევს გარემოს დეგრადაციას, ისე გარემოს დეგრადაციაც ზრდის სიღარიბეს. ამის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ღარიბი ადამიანები ადრეულ ასაკში იხოცებიან ისეთი დაავადებების გამო, რომელთა პრევენცია შესაძლებელია.

მაგალითი N3: სიღარიბე დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, თუმცა არაერთ განვითარებულ და სწრაფად განვითარებად ქვეყანაში, მაგალითად, ისეთში, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, მდიდრები დიდი რაოდენობით იყენებენ რესურსებს და წარმოქმნიან დიდი რაოდენობის ნარჩენს. ასეთი სიმდიდრე დამყარებულია მასობრივი საშუალებებით რეკლამირებულ მოსაზრებაზე, თითქოს ადამიანის ბედნიერებისთვის საჭირო იყოს უფრო და უფრო მეტი ნივთის ყიდვა. ასეთ სიმდიდრეს გარემოზე მეტად უარყოფითი გავლენა აქვს. გამოთვლილია, რომ ერთი წლის განმავლობაში ერთი ამერიკელი მოქალაქის გამოსაკვებად და ცხოვრების პირობების დასაკმაყოფილებლად საჭიროა 27 ტრაილერი ტვირთის ოდენობის რესურსი, მთლიანად აშშ–ის მოსახლეობისათვის კი – 7,9 მილიარდი წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოსახლეობა ინდოეთისაზე ნაკლებია, ის მოიხმარს 30-ჯერ მეტ რესურსს, ვიდრე ინდოეთის მოსახლეობა და 100-ჯერ მეტს, ვიდრე ღარიბი ქვეყნებისა. შედეგად აშშ-ს ერთი მოქალაქის გარემოზე ზეგავლენა და მის მიერ დატოვებული ეკოლოგიური კვალი გაცილებით დიდია, ვიდრე განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებისა. სიმდიდრესა და გარემოს ხარისხს შორის არსებობს სხვაგვარი კავშირიც: სიმდიდრე იძლევა საშუალებას, ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდნენ გარემოს ხარისხით; იძლევა ახალი ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობას გარემოში დამაბინძურებლების გაფრქვევის, გარემოს დეგრადაციისა და რესურსების უყაირათო გამოყენების შესამცირებლად. აშშ-სა და ბევრ სხვა მდიდარ ქვეყნაში ჰაერი, წყალი, მდინარეებისა და ტბების უმრავლესობა დღეს უფრო სუფთაა, ვიდრე 1970-იან წლებში იყო. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში საკვების ნაკლებობა, ისევე როგორც საკვების უსაფრთხოება, ნაკლებად პრობლემურია. საგრძნობლადაა შემცირებული სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექციური დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა, გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა და გადარჩენილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველისა და ფრინველის არაერთი სახეობა. ამრიგად, სიმდიდრე იძლევა შესაძლებლობას, დაფინანსდეს გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები, რომლებსაც საფუძველს უმყარებს მეცნიერული კვლევები და ტექნოლოგიური მიღწევები. განათლების სფეროში მიღწეულმა პროგრესმა განაპირობა ის, რომ მოქალაქეები ბიზნესისა და არჩეული თანამდებობის პირებისგან მოითხოვენ ღონისძიებების გატარებას გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მაგალითი N4: მალავიში, ისევე როგორც სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში (ზამბიისა და ზიმბაბვეს ჩათვლით), განსაკუთრებით მწვავედ დგას შიმშილობისა და ავადობის პრობლემა. შიმშილობის ფართო გავრცელების გამო 2002 წელს იქ გამოცხადებულ იქნა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობა. ითქვა, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი შიმშილობის ზღვარზე იმყოფებოდა. ბევრი მალაველი ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება, რადგან იძულებულია, გაყიდოს თავისი ისედაც უმნიშვნელო ქონება, ზოგი კი შვილებსაც ყიდის, რათა მათი გამოკვების პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. 2002 წელს ეწოდა ჩინკუკუზი (chinkukuzi), რაც ადგილობრივ ჩიჩევას (chichewa) ენაზე ნიშნავს „წელს, როდესაც ვერავინ გადარჩება“. ერთი წლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ 2002 წლის სურსათის კრიზისმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. შიმშილობას არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის – კონფლიქტები, გვალვა და კორუმპირებული ხელისუფლება. მალავიში შიმშილობის ხელშემწყობი ფაქტორები მოიცავს ძლიერ წყალდიდობებს, რომლებმაც დაანგრია ხიდები და რკინიგზა, ხელისუფლების არასწორ მენეჯმენტს და დასავლეთიდან დახმარების შემცირებას ქვეყანაში კორუფციისა და დაუსაბუთებლად მაღალი ხარჯების გამო. მდგომარეობას ის უფრო მეტად ართულებს, რომ, პრინციპში, ეს ყოველწლიური მოვლენაა. სურსათის ნაკლებობა ჩვეული რამაა „მშიერი თვეების“ – დეკემბერ–მარტის – განმავლობაში. ეს თვეები საკვები კულტურების ზრდის პერიოდია, წინა წლის მოსავალი კი მთელი 12 თვის განმავლობაში, მომდევნო მოსავლის მიღებამდე, იშვიათად ჰყოფნით. შიმშილობა მალავიში ვერ დაბრალდება მხოლოდ სასტიკ დიქტატორს, დამანგრეველ სამოქალაქო ომს ან საშინელ ამინდს. ის აქ ენდემური მოვლენაა. სამწუხაროდ, საკვების ქრონიკული ნაკლებობა არ არის მალავის ერთადერთი პრობლემა. აქ აივ/შიდსის მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში, მალავის კი ჯერაც არ გააჩნია მისი პრევენციის (თავიდან აცილების) ეფექტური პოლიტიკა და ჯანდაცვის მინიმალური საშუალებები, სქესობრივი ცხოვრების საკითხები კი მნიშვნელოვანწილად ტაბუდადებულია.

მაგალითი N5: ვინაიდან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრები ვერთგულობთ: ღია მმართველობის დეკლარაციაში გაცხადებულ პრინციპებს, ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, გაეროს ანტიკორუფციულ კონვენციას და ინკლუზიური ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტებს, ჩვენ:

◦ ვაცნობიერებთ, რომ გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის პრინციპების დაცვა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელების გადამწყვეტ მექანიზმს წარმოადგენს.

◦ ვაღიარებთ, რომ ეს არის ამბიციური გლობალური სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა დაბალანსებული და ინტეგრირებული მიდგომის გამოყენებით ინკლუზიური მდგრადი განვითარების მიღწევა ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებებით, რათა მთელ მსოფლიოში აღმოიფხვრას სიღარიბე და უთანასწორობა.

◦ მივესალმებით გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კეთილსინდისიერებისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებში. ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, საჯარო ინფორმაციაზე წვდომისთვის, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების განვითარებისთვის.

◦ მივესალმებით გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიერ იმის აღიარებას, რომ მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებები მდგრადი განვითარების არსებითი კომპონენტია.

◦ ვაფასებთ და მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობას 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელებაში.

◦ მხარს ვუჭერთ ღია მმართველობის პარტნიორობას როგორც ნებაყოფლობითი თანამშრომლობისა და ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლის პლატფორმას. მონაწილე მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება ხელს შეუწყობს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულ, მონაწილეობით და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ განხორციელებას.

 

 

გამოყენებული რესურსები:

  1. გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ (ღია მმართველობის პარტნიორობის გზამკვლევის სპეციალური გამოშვება).
  2. https://worldslargestlesson.globalgoals.org/

გამჭვირვალე წიგნები

0

წიგნი სარკეა. ასე ჯიუტი და რიტორიკული ფრაზით ვიწყებ ჩემი ბლოგის წერას და მინდა, რომ დაგაჯეროთ ან შეგახსენოთ ეს სიმართლე. რისთვის ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას? ზოგი იმისთვის, რომ შემდგომ თქვას, ესა და ეს წაკითხული აქვს და იცის პერსონაჟები, სიუჟეტი და განათლებული, ნაკითხი ადამიანია; ზოგი ესთეტიკურ სიამოვნებას იღებს მხოლოდ; ზოგი რაიმე ფილოსოფიურ აზრებს, იდეებს, შეკითხვებსა და პასუხებს ეძებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეცნობიერად თუ ცნობიერად წიგნებში ვეძებთ იმ სახეებს, მოვლენებს, რაც გვინდოდა ვყოფილიყავით და როგორც გვინდოდა ჩვენი ცხოვრება მოწყობილიყო.

დაწყებითი კლასის მასწავლებლები დავაკვირდეთ, როგორ ისმენენ პატარები იმ ზღაპრებსა და მოთხრობებს, რომელსაც ვუკითხავთ, როგორ შედიან როლებში და კამათობენ. ჩემთან მოდიან ხოლმე ჩემი მეორე კლასის მოსწავლეები და აგრძელებენ ამბებს ზღაპრებიდან თავიანთი წარმოსახვით, ფანტაზიით, რეალობაში გადმოაქვთ და, უფრო მეტიც, იმთავითვე, კითხვის პროცესშივე რეალობად აღიქვამენ ამ ტექსტებს. ეს არაა თავის მოტყუება, ეს გამოცდილებების გათავისებაა, ისეთივე, როგორც მეგობრისგან რჩევის მიღება, – ზუსტად ასე, – წიგნში მცხოვრები პერსონაჟები რაღაც მნიშვნელოვანს გვასწავლიან ხოლმე.

მწერლები, ლიტერატურის ისტორიის განვითარების მოთხოვნილებათა მიხედვით, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, გამომხატველობითი რეალობის გავლენით სხვადასხვა ჟანრის, ტიპის, სათქმელის ტექსტებს წერდნენ, თუმცა კარგი მკითხველი მათში ყოველთვის ეძებდა თავის თავს.

ოთხი საუკუნის წინ გაჩენილი დონ კიხოტი და სანჩო პანსა განა ორი სარკე არ არის?!. და ზოგჯერ, როცა ამაზე დავფიქრდები, მიკვირს ხოლმე, როგორ ხდება, რომ დღეს, აბსოლუტურად სხვა სამყაროს ადამიანი მათში საკუთარ თავს ვხედავ და განა მარტო საკუთარ თავს, საკუთარი მეგობრის, მასწავლებლის, მოსწავლის და შენსასაც, ამის მკითხველო.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ჩატარებულ ცდებს. რას მატებს მოსწავლის მიერ ჩატარებული ცდა მის ცოდნას? ჯერ ერთი, კომპეტენციას, რომ მას შეუძლია მიღებული ცოდნა გამოიყენოს, შემდეგ კი ამის მთავარი აზრი ისაა, რომ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ნასწავლი უკეთესად დამახსოვრებადი, გასაგები და ახლობელია მოსწავლისთვის.

მხატვრული ტექსტების სწავლებისასაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა ტექსტისაგან მოსწავლის დაშორება. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ რაღაც სხვადასხვა მავნე გავლენებისაგან განზე გამდგარმა და დისტანცირებულმა ბავშვმა განიხილოს, გაარჩიოს მხატვრული ტექსტი, თუმცა ემოციურ დონეზე მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი სიახლოვე ნაწარმოებებთან. სხვა შემთხვევაში, მხატვრული ტექსტი მისთვის იქნება მხოლოდ რიგითი ვალდებულება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ტანჯვა. პირადი გამოცდილებები კი ყოველთვის საინტერესოა, მას ყველაზე ნაკლებმოტივირებული ბავშვიც ვერ აუვლის გვერდს და აუცილებლად ჩაერთვება საგაკვეთილო პროცესში.

როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის მიერ, ერთი მხრივ, სხვადასხვა ჭრილიდან, განყენებული პოზიციიდან ნაწარმოების თავისებურებების დანახვა და ამასთანავე ტექსტთან ემოციური სიახლოვის შენარჩუნება? ეს არის უმთავრესი დილემა და თუ მასწავლებელმა ამის გადაჭრა მოახერხა, წარმატება და მიზნის მიღწევა გარანტირებული აქვს. მთავარია, რომ, პირველ რიგში, ბავშვს დავანახოთ საჭიროება იმისა, თუ რატომ უნდა წაიკითხოს, გააანალიზოს ეს ტექსტი. შემდგომ მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს მხატვრული ნაწარმოების ან მისი ავტორის თავისი შეფასებებისაგან, მანამდე მაინც, ვიდრე ამას მოსწავლეები არ გააკეთებენ. მასწავლებლის პოზიცია ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეზე და ნაწილობრივ თრგუნავს ბავშვის იდეებსა და აზრებს. ამიტომ, აცადეთ ბავშვებს გამოთქვან თავიანთი აზრები ტექსტის, პერსონაჟების, ავტორის პოზიციის შესახებ და შემდგომ ჩაერთეთ პოლემიკაში, კამათსა და საუბარში.

წიგნი სარკეა და ჩვენ – ადამიანებს, ძალიან ბევრგან ძალიან ბევრი სარკე გვჭიდება, რომ შეგვხსენდეს საკუთარი თავი და მისი თავისებურებები, თან ისე, რომ ამ სარკეებს ვენდობოდეთ და ვიცოდეთ, რომ ისინი სწორად არიან ჩვენ წინ და არა გამრუდებულები, რომ ჩვენ კარგად გავიგეთ, გავიაზრეთ ტექსტები.

ერთხელ ჩემი მეორე კლასის მოსწავლე, საღამოს, გაკვეთილების ბოლოს, დიდხანს მარტო და დაფიქრებული ჯდომის მერე, წამოდგა, მოვიდა და მითხრა:

– თორნიკე, „კალის  ჯარისკაცი“ რო წავიკითხეთ, მოვიწყინე.
– ეს ჰო ზღაპარია. შემდეგში მხიარულ რამეს ავარჩევ.
– მერე რა რო ზღაპარია. შემეცოდა, რო დადნა და მოკვდა.
– არაუშავს, ის ჰო კალის იყო. დადნა, მარა შეიძლება მერე აიღეს და იმ კალით ისევ გააკეთეს ისეთად, როგორიც იყო.
– არააა.
– რატომ?
– იმიტო, რო ორჯერ არავინ იბადება.

გია მასწავლებლის ვარსკვლავი

0

ზრრრრ…ისმის ზარის ხმა. მე, როგორც წესი,დიდ ოთახში ვზივარ და ტელევიზორს ვუყურებ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მაგრამ ეს ზარი ამ წესს არღვევს. მამაჩემი ტელევიზორს თიშავს და დედაჩემთან ერთად გადის სხვა ოთახში ან სამზარეულოში. მე შუქს ვანთებ, რომ ადვილად წავიკითხო და დავწერო. რაიმე უშნოდ მიგდებული თუა, ისიც აუცილებელია თავის ადგილას მოთავსდეს. ეს ყველაფერი  იმისთვის ხდება, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შემექმნას ცოდნის მისაღებად. მივდივარ კარის გასაღებად. გია მოვიდა. ჯერ კარი არ გამიღია, მაგრამ ვიცი, რომ გია მოვიდა, რადგან ექვსი საათია. და ყოველ სამშაბათს და შაბათს 6-ზე და 12-ზე ვიცი, რომ გია მოდის. გია მათემატიკის მასწავლებელია. პირველად როდის მოვიდა ჩემს ოჯახში ან საიდან,  არ მახსოვს. აივანზე მოსაწევად ჩუმად გაპარულ სანდროს, ანუ მე, ხშირად შემიმჩნევია დროზე ადრე მოსული გია, ისიც ჩემსავით სიგარეტს ეწეოდა, სანამ ზუსტად 6 ან 12 არ გახდებოდა. ოღონდ, ჩემგან განსხვავებით, მანქანაში იჯდა და არავის არ უმალავდა სიგარეტის მოწევას. მერე ამოვიდოდა და დაიწყებოდა მათემატიკის გაკვეთილი. ბევრი გაკვეთილისგან განსხვავებით, ეს გაკვეთილი ტანჯვა ნამდვილად არ იყო. პირიქით, ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. მათემატიკის გარდა ჩვენ ვსაუბრობდით ბევრ სხვა თემაზე. გია გამოცდილი კაცი იყო, თავისი სფეროს გარდა მუშაობდა ბევრგან, ნაცნობ თუ უცნობ ადგილას. გია ძალიან კარგი კაცი იყო და ჩემგან  პატივისცემას ნამდვილად იმსახურებდა. ის ყოველთვის მეხმარებოდა, გამოცდების წინ და ბევრ მსგავს გამოუვალ მდგომარეობებში. იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი პეტრე მისი მეგობარი იყო, მე რომ სხვა სკოლაში მესწავლა, სადაც პლაგიატისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ომი ჯერ არ გამოუცხადებიათ, ალბათ, შუა ტესტიდან საპირფარეშოში გასული, გიას დავურეკავდი ვაიბერით და ისიც ამომიხსნიდა ამოცანას ან  შეიძლება  მეშლება და გიაც პლაგიატთან მებრძოლთა რიგებში იდგა და სულაც არ ეთქვა ამოცანის პასუხი, თუმცა გია ძალიან ჭკვიანი იყო და ამოცანის პირობის გაცნობისთანავე იცოდა პასუხი.  ჩემ მიერ სკოლის წარჩინებულად დამთავრებაში დიდი წვლილი გიას მიუძღოდა. მაგრამ არა მხოლოდ გიას, ასევე პეტრეს, თამრიკოს, ქეთის,შორენას, მანანას, ლექსოს, ალეკოს,მაკას, ნათიას, დედაჩემს, რომელიც ჩემს სკოლაში ასწავლიდა, დეიდაჩემს, რომელიც დედაჩემისნაირ მოცემულობაში იყო და კიდევ ბევრ უკარგეს მასწავლებელს.

     ამასობაში გადის ერთი საათი. დავამთავრე ამოცანების ამოხსნა. გია ამაყია, რადგან კარგი მასწავლებელია. მეც ამაყი ვარ, როგორც – კარგი მოსწავლე. მე შევძელი და დავამარცხე ურთულესი ამოცანა, რაც მაძლევს იმის საშუალებას, ვკითხო გიას ჩემთვის საინტერესო დეტალებზე. გავარკვიე, რომ, ბევრ სხვა სამუშაოსთან ერთად, იგი მუშაობს ტოტალიზატორში კოეფიციენტების შედგენაზე. მე არ მიყვარს ფულზე თამაში, მაგრამ, ასაკის გამო, მაინც მაინტერესებს რაღაცები. ამიტომ  ბევრ შეკითხვას ვუსვამ და გიაც მიხსნის ჩემთვის გასაგებ ენაზე, როგორ იზღვევს თავს ტოტალიზატორი ფულის წაგებისგან. ეს ინფორმაცია ჩემთვის ძალიან საინტერესოა. აღფრთოვანებული ვარ და შემიძლია, ჩემს მეგობრებს ვუამბო იმ ფორმულების შესახებ, რომელიც ჩემი რვეულის ბოლო ფურცელზე წერია და ახლაც რომელიღაც უჯრაში დალუქულია, ან, შესაძლოა, საერთოდაც აღარ არის, დედაჩემს ვერავინ დაასწრებს  ჩემი უჯრების დალაგებას…. და უეცრად ოთახში შემოდის დედაჩემი. მას ამ მომენტში არავინ ელის, მაგრამ  ფაქტია, სამზარეულოდან გამოდის და  გიას ჩემს შესახებ ეკითხება. გია მაქებს და მე მიხარია. შემდეგ მამაჩემის ხმაც მესმის.იგი ოთახში შემოსვლისთანავე იწყებს თავის გაკეთებულ კონიაკზე ლაპარაკს. ოჯახის წევრები ვამაყობთ ამ კონიაკით, რომელიც ყველას მოსწონს. მამაჩემს საკუჭნაოდან გამოაქვს ორლიტრიანი ბოთლი, მუხისქერქისფერი კონიაკით სავსე და ჩუქნის გიას. გიას უხარია, რადგან, მათემატიკასთან ერთად, უყვარს დალევაც. ის ფეხზე დგება, მე ვაცილებ და ვემშვიდობები, თან ვფიქრობ იმ ბოლო ინფორმაციაზე,რომელიც მან მომაწოდა და ვცდილობ, კარგად ჩავიბეჭდო ტვინში. ასე გადის “მათემატიკის ერთი საათი”.

     მახსენდება რამდენიმე თვის წინანდელი ამბავი: საღამოს დედაჩემი მოდის სახლში, ითქვამს სულს, სვამს ყავას, მეკითხება, თუ რას ვაპირებ დღეს (რადგან ჩემი დღე საღამოს იწყება ხოლმე),  შემდეგ ახსენდება პეტრეს ნათქვამი და ამბობს : უი, გია გარდაიცვალა. დედაჩემი გულდაწყვეტილია. გია არ იყო ახალგაზრდა, მაგრამ არც მოხუცი იყო – ასე ორმოცდაათი წლის ან ოდნავ მეტის. მე სევდით ვივსები. ჩემ თავზე ძალიან გაბრაზებული ვარ. გია ერთი წელი არ მყავდა ნანახი და, როცა ესტონეთიდან საქართველოში დავბრუნდი, არათუ არ დამირეკავს, არამედ ერთხელაც არ გამხსენებია. შეიძლება გამახსენდა კიდეც, მაგრამ არ მეცალა დასარეკად.  რამდენი თავისუფალი დრო გვაქვს ადამიანებს და მაინც რამდენი რაღაცის გაკეთებას ვერ ვასწრებთ…არადა, მე ყურადღებიანი ვარ ხოლმე. თურმე არც ისეთი. ახალჩამოსული საკმაოდ “დაკავებული” ვიყავი. ძალიან ვნანობ, რომ თუნდაც ჩემი ერთი ზარით სიხარული ვერ შევმატე გიას, ვნანობ, რომ ვერ მოვუყევი, როგორ წარმატებით დავამთავრე ის რთული მათემატიკა, რომელსაც უნივერსიტეტში მასწავლიდნენ და ვერ ვაგრძნობინე მას, რომ ამაში ძალიან დიდი იყო მისი დამსახურება. ვნანობ, მაგრამ გვიანია. ზოგადად სინანული ყოველთვის გვიანია. ადამიანი მაშინ ნანობს, როცა უკვე გვიანია. სინანულიც სწორედ ამას ნიშნავს. მახსოვს,  პატარა ვიყავი, რვა წლის, როცა ბაბუაჩემმა დამირეკა და მითხრა, მოდი, მომინახულეო. მე მთაწმინდიდან ვერაზე გასვლა დამეზარა. იმ დღეს  ბაბუაჩემი გარდაიცვალა. და მთელი ცხოვრებაა ვნანობ, რომ არ წავედი. მაგრამ, როგორც ყოველთვის, გვიანია.

მეორე დღეს გიას პანაშვიდია. მე შემიძლია წავიდე, მაგრამ არ მივდივარ. რატომ არ მივდივარ, არ ვიცი, მაგრამ არც ის ვიცი,  რატომ უნდა წავიდე.

სინანულისგან დასაცლელად ჩემს მეგობარს ვუამბე გიას გარდაცვალების ამბავი. ის იცნობდა გიას,  ჩვენს გაკვეთილს არაერთხელ დასწრებია ჩემი მალე გათავისუფლების მოლოდინით. მან კი უხერხულად მითხრა: „ხოო? ცუდია ძალიან“ და სალაპარაკო თემა შეცვალა. ვერ გავამტყუნებ მას. აბა რა უნდა ეთქვა?!  ჩემი მეგობრებისთვის გია მხოლოდ მათემატიკის მასწავლებელი იყო,  ჩემთვის – უფროსი მეგობარი. და დღესაც, ალბათ, ვერავის წარმოუდგენია, რომ მე გიას გარდაცვალებაზე გული ასე დამწყდა. მინდოდა, ვინმესთვის გამეზიარებინა, მაგრამ ვინ გამიგებდა? ალბათ, ვერავინ.  ყველასთვის უცნაური გასაგები იქნებოდა, ასე ძალიან რატომ უნდა მწყენოდა მათემატიკის მასწავლებლის გარდაცვალება.  ბევრისგან განსხვავებით, თითქმის ყველა მასწავლებელი მიყვარს, პატივს ვცემ მაინც, თუმცა არ ვიცი, რამდენად ვახერხებ ამის გამომჟღავნებას.

  ღამეა, ასე ორი საათი. მე და ჩუკი, ჩემი დეიდაშვილი, მოსაწევად ვართ აივანზე გასულები. გია ჩუკისაც ამეცადინებდა მათემატიკაში. ქვეყანა: ესტონეთი; ქალაქი: ტალინი; მისამართი: უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. რამდენიმე დღეში მათემატიკაში ტესტი მაქვს. მე, სიზარმაცით შეპყრობილ ადამიანს,  სამი დღე მაქვს ორი თვის მასალის სასწავლად. ვცადე მასწავლებლის მოძებნა, რომელიც სკაიპით დამეხმარებოდა სამ დღეში დამემარცხებინება უნივერსიტეტის კიდევ ერთი რთული მათემატიკა, მაგრამ – ამაოდ. და მახსენდება გია. ჩუკის ვეუბნები:

– ეჰ, ახლა  გია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ხომ ამიხსნიდა სკაიპით ყველაფერს მათემატიკაში…

– მოიცა, რას ამბობ? – ჩუკი გაკვირვებულია და  ვხვდები, რომ მან არ იცის გიას შესახებ.

– გარდაიცვალა…

– მართლა?! როდის?!

– რამდენიმე თვის წინ…

– რატომ არ მითხარი? – და დაღვრემილ სახეს იღებს.  ჩუკისაც ეწყინა, ჩემსავით ეწყინა ან ოდნავ ნაკლებად.

– არ ვიცი… – ვპასუხობ გულწრფელად.

– არადა, თბილისში რომ ვიყავი, დამირეკა, მომიკითხა, რას შვები, როგორ მიდის სწავლა უნივერსიტეტშიო…

– მაგარი კაცი იყო…

– კი,  ძალიან…

     ერთი ვარსკვლავი,ძალიან კაშკაშა, წითლად ანათებს. არ ვაზვიადებ და მხატვრული სილამაზისთვის არ ვამბობ. მართლა უცნაურად წითელია. ზოგადად ვარსკვლავები ყვითლად ანათებენ. არც იმის მჯერა, რომ ეს ნიშანია ან დამთხვევა და არც იმის, რომ ეს ვარსკვლავი გიაა. უბრალოდ უცნაურია.

მივემართებით ოთახისკენ და თან გვახლავს იმ წითელი ვარსკვლავივით უცნაური სიჩუმე.

ეძღვნება გიას ხსოვნას…

კინო, ცნობიერების ამაღლებისთვის

0

ესა თუ ის თემა ჩვენთვის ახლობელი რომ გახდეს, პირდაპირ ან ირიბად უნდა გვეხებოდეს ან ინფორმაცია ბუნებრივად უნდა აღწევდეს ჩვენამდე. თანაგრძნობა მიიღწევა როგორც პირადი გამოცდილებითა და ურთიერთობით, ისე ხელოვნების დახმარებით. კინოსა და მხატვრულ ლიტერატურას ცნობიერების ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, რადგან ადვილად ახერხებს მკითხველსა და მაყურებელზე ზემოქმედებას, შთაბეჭდილების მოხდენას. გავიხსენოთ რამდენიმე კინოფილმი, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ ამა თუ იმ მდგომარეობის შესახებ მეტი შევიტყვეთ.

Temple Grandin

ხშირ შემთხვევაში, ამ ტიპის ფილმების გმირებს რეალური პროტოტიპებიც ჰყავთ. ფილმი „თემპლ გრანდინი“ მთლიანად ეფუძნება აუტიზმის მქონე ქალის  – თემპლ გრანდინის ბიოგრაფიას. ფილმი მოგვითხრობს მის ცხოვრებაზე – ბავშვობაზე, სწავლის სირთულეებზე, ურთიერთობის პრობლემებსა და დედაზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა შვილის საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. თემპლ გრანდინმა გადატრიალება მოახდინა მესაქონლეობის სფეროში, შეიმუშავა სპეციალური სისტემა და ცხოველების მიმართ მოპყრობა უფრო ჰუმანური გახადა. იგი კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და არაერთი წიგნის ავტორია, კითხულობს ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აუტიზმისა და ცხოველთა მიმართ მოპყრობის შესახებ.

“I Am Sam”

„მე სემი ვარ“ ჯესი ნელსონის ფილმია, რომელიც განვითარების დარღვევის მქონე მამისა და მისი პატარა ქალიშვილის საოცარ ამბავს გვიამბობს. მთავარ როლებში შეუდარებელ შონ პენს, დაკოტა ფენინგსა და მიშელ პფაიფერს იხილავთ.

სცენარის ავტორები კარგად გაეცნენ იმ პრობლემებს, რასაც ინტელექტუალურ შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე პირები აწყდებიან. საბოლოოდ კი, ორი შშმ პირი – ბრედ სილვერმანი და ჯო როზენბერგი ფილმში საკვანძო როლებშიც ათამაშეს.

Rain Man

„წვიმის კაცი“ აუტიზმის თემაზე ყველაზე პოპულარული ფილმია. მან დიდი წვლილი შეიტანა ამ მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში. დასტინ ჰოფმანის მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული პერსონაჟის პროტოტიპი კიმ პიკია, რომელსაც განსაკუთრებული უნარები ჰქონდა. მას შეეძლო პარალელურად წიგნის ორი გვერდი ეკითხა, ერთი მარცხენა თვალით, მეორე კი – მარჯვენათი, ჰქონდა უნიკალური მეხსიერება და კალკულაციის უნარი. სამსახურში, სანამ კომპიუტერით ჩაანაცვლებდნენ, ათი წლის განმავლობაში, რამდენიმე საათში, კალკულატორის გარეშე, ანგარიშობდა 160 თანამშრომლის ხელფასს. „წვიმის კაცის“ რეიმონდ ბებიტისაგან განსხვავებით მას FG სინდრომი ჰქონდა. დადგინდა, რომ პიკის თავის ტვინი ჩვეულებრივისაგან ძლიერ განსხვავდებოდა. სწორედ ამით ხსნიდნენ მეცნიერები მის უნარებსაც და შეზღუდულ შესაძლებლობებსაც, რომელიც ძირითადად ვლინდებოდა მოტორიკასა და სოციალურ სფეროში.

Television Programme' The Real Rain Man Extraordinary' People. showing Kim Peek Reading Licensed by CHANNEL 5 BROADCASTING. Five Stills: 0207 550 5509. Free for editorial press and listings use in connection with the current broadcast of Channel 5 programmes only. This Image may only be reproduced with the prior written consent of Channel 5. Not for any form of advertising, internet use or in connection with the sale of any product.

“Being Different, It’s Normal“

ცნობილი, პრემირებული ფილმების გვერდით, ჩემი აზრით, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მოკლემეტრაჟიან ფილმებს ან ინფორმაციულ კლიპებს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას პირდაპირ ემსახურება.

„ნუცას სკოლა“

ქართული კინოს ისტორიიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ მერაბ კოკოჩაშვილის შესანიშნავი ფილმი – „ნუცას სკოლა“ მახსენდება, სადაც მეოცე საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე წარმოჩენილია პატარა, შშმ ბინადრებით სავსე სახლი. სკოლა სიკეთის კუნძულად მოჩანს ბოროტების დიდ მორევში.

თუ  არ გინახავთ, მოკალათდით ეკრანებთან – ამ ფილმების ნახვას ნამდვილად გირჩევთ!

სკოლა მუზეუმით

0

კასპის რაიონის ხსენების დროს ბევრს ცემენტის ქარხანა ახსენდება. ჩემს მშობლებსაც სამშენებლო საწარმო და იქ დასაქმებული მუშები მოაგონდათ, როდესაც მათ ქალაქგარეთ გამგზავრების შესახებ შევატყობინე. არადა, შიდა ქართლის ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტი უამრავი კულტურული ცენტრითა თუ ძეგლით არის გამორჩეული. კასპთან ახლოს მდებარეობს სამთავისის მონასტერი, რკონის კომპლექსი, ქვათახევი, მეტეხის ეკლესია, ნოსტე. კასპის რაიონს ეკუთვნის ივანე ჯავახიშვილისა და გენერალ მაზნიაშვილის მშობლიური სოფლები. ორივე სოფელში, ხოვლეშიც და სასირეთშიც გახსნილია შესაბამისი სახლ-მუზეუმები. ჩამოთვლილი ადგილების უმრავლესობა ფეხით მაქვს შემოვლილი. აქედან გამომდინარე, გამეღიმა და ძალიან გამიკვირდა, როდესაც პროფესორმა კახა ურიადმყოფელმა და ცნობილმა ანტისტალინელმა არინა თავაქარაშვილმა კასპში დამპატიჟეს და განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობის მონახულება შემომთავაზეს. არ გავჯიუტებულვარ და ინტერესით დავყაბულდი უფროსი მეგობრების წინადადებას.

კახამ და არინამ GAU-ს სტუდენტებთან ერთად ქალაქ კასპის ცენტრში მდებარე მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიაში ჩამიყვანეს. სკოლა-გიმნაზია უცნაურ შენობაშია განთავსებული. რამდენიმე წლის წინ სასწავლებლის ხელმძღვანელებს მილიციის ყოფილი შენობა შეუძენიათ. სკოლად გადაკეთებულ მილიციაში სამოქალაქო განათლებისა და ფრანგული ენის მასწავლებელი ნინო ნიპარიშვილი დაგვხვდა და შესანიშნავი ისტორია გვიამბო.

სკოლის სარდაფის მოწესრიგების დროს კასპელებმა „ენკავედეს“ საიდუმლო ოთახები, საკნები და ჩეკისტთა სათათბირო დარბაზი აღმოაჩინეს. ცხადია, იზოლატორებში საკლასო ოთახების მოწყობის გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა, მაგრამ არც სივრცის აუთვისებლად დატოვება სურდათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. სასკოლო საზოგადოებამ შესანიშნავი გამოსავალი მოძებნა. სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და მისმა მსმენელებმა სპეციალური პროექტი შეიმუშავეს. პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს, დაახარისხეს საარქივო დოკუმენტები და ყოფილი მილიციის განყოფილების სარდაფში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი მოაწყვეს. პრეზიდენტის ფონდის დახმარებით მუზეუმი ტექნიკურადაც შესანიშნავად არის აღჭურვილი.

თბილისის ოკუპაციის მუზეუმი ძალიან არ მომწონს და საშინლად არ მიყვარს, რადგან ამ სივრცეში ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლ უამრავ ღირსეულ ადამიანს  კუთვნილი ადგილი რატომღაც იდეოლოგიური ნიშნით  ჩამოართვეს. კასპის მუზეუმის კონცეფცია კი სამართლიანი და მიუკერძოებელია.

სკოლის ნულოვან სართულზე გახსნილი დაწესებულება, კასპელი მოქალაქეების მაგალითზე, შესანიშნავად აღწერს იმას, თუ ვის და რატომ ებრძოდნენ ბოლშევიკები გასული საუკუნის პირველ ნახევარში. გიმნაზიის მუზეუმი ამომწურავ პასუხს სცემს კითხვას: რომელი ჯგუფების განადგურება სცადა საქართველოს საოკუპაციო მთავრობამ?

მუზეუმის კედელზე შეგიძლიათ იხილოთ მიხეილ ლაშქარაშვილის ფოტო. ლაშქარაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მაღალჩინოსანი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. გასაბჭოების შემდეგ კი ანტიკომუნისტურ პარტიზანულ რაზმს ხელმძღვანელობდა. მისი რაზმი მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. დამარცხების შემდეგ ლაშქარაშვილი ქვეყნიდან გაიქცა და ემიგრაციაში აღესრულა. კასპელ მოსწავლეებს, კასპელი ჯარისკაცის მაგალითზე, ხშირად უყვებიან, როგორ ცდილობდა „ენკავედე“ არაბოლშევიკური  პარტიების მიუმხრობელ წარმომადგენელთა სრულად განადგურებას.

ლაშქარაშვილის ბანერის სიახლოვეს შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პოსტერი, რომელსაც გრიგოლ სიდამონიძის სახელი აწერია. კასპელი სიდამონიძე 27 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა და მალევე მოიპოვა  ადგილი საქართველოს ეკლესიის იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იგი საქართველოს პატრიარქი ეფრემ მეორე გახდა. თუმცა, პატრიარქად აღსაყდრებამდე მან უმძიმესი გზა გამოიარა. სხვა უამრავი სასულიერო პირის მსგავსად, თბილისის ტროიკის გადაწყვეტილებით, ეფრემ მეორესაც მოუწია რვა უმძიმესი წლის (1937-1944) ციმბირში გატარება. რა თქმა უნდა, ბოლშევიკები ოპოზიციური პარტიების გარდა გავლენიანი სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლების განადგურებასაც ცდილობდნენ.

სკოლის მოსწავლეები მოგიყვებიან გიორგი მაზნიაშვილისა და მისი ვაჟის ისტორიასაც. გენერალი მაზნიაშვილი პირველ მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტსაც იცავდა და როცა საჭირო გახდა, დამარცხებულ არმიასთან ერთად აჭარაც გაათავისუფლა ქემალისტური შეიარაღებული ფორმირებებისგან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პროფესიონალ სამხედროს საბჭოთა ხელისუფლება საიმედო პირად ვერ აღიქვამდა. პირველივე შესაძლებლობისთანავე, შინსახკომის წარმომადგენლებმა შესანიშნავ გენერალსა და მის ვაჟს, სხვა უამრავი გამოცდილი სამხედროს მსგავსად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ბოლშევიკები არ ინდობდნენ პროფესიონალებს, განსაკუთრებით კი სამხედრო საქმის უბადლო მცოდნეებს.

ჩემთვის სრულიად შემზარავი იყო ორსული ქალის ბარბარე კევლიშვილის ამბის მოსმენა. ბარბარე კევლიშვილი კასპის რაიკომის მდივანი და პარტიული ლიდერი გახლდათ. რაიონი დღემდე სარგებლობს მეურნე ქალის მონდომების წყალობით გაყვანილი წყლის სისტემით. წყლის სისტემა აშენებისთანავე არ ამუშავდა, წყალი პირველივე დღეს ვერ ამოიტუმბა გრუნტიდან. „ამხანაგებმა“ ვარო დივერსიაში დაადანაშაულეს და ხუთი თვის ფეხმძიმეს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე საათში ქალაქში წყალი წამოვიდა. ბოლშევიკები რკინის დისციპლინის დამყარების მიზნით თავისიანებსაც კი არ ინდობდნენ.

დღემდე მოქმედი საოკუპაციო ხაზიდან 3-4 კილომეტრში გახსნილ მუზეუმში მრავალი სხვა ისტორიის ამსახველი დოკუმენტიცაა გამოფენილი. ამ დოკუმენტებიდან შეიტყობთ  ნაკლები შაქრის ჭარხლის მოყვანისთვის, შვიდ რიგად სიმინდის ყანის გაშენებისა და ტრაქტორის შეკეთებისთვის დასჯილი ადამიანების ტრაგედიის შესახებ.

ვოცნებობ სკოლებზე, რომლებსაც თავიანთი თეატრალური დასები, ლაბორატორიები, ორკესტრები, მუსიკალური თუ სპორტული გუნდები, მუზეუმები და მრავალფუნქციური დარბაზები ექნებათ. მოსწავლეები საკლასო ოთახის გარეთაც უნდა ახერხებდნენ მათთვის მნიშვნელოვანი სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტაზე ზრუნვას. კასპის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს ცოდნის გამდიდრების სურვილის დასაკმაყოფილებლად კიდევ ერთი დამატებითი სივრცე- მუზეუმი უკვე აქვთ. იმედია, ოდესმე ყველა ქართული სკოლა იქნება მდიდარი ამგვარი მნიშვნელობის დაწესებულებებით.

ეს რომ არ არსებობდეს ჩემს სამყაროში, რობოტად ვიგრძნობდი თავს…“

0

ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი – „ჩემი საყვარელი საქმე ესაა, ეს კლუბი

მე მტკიცედ მწამს, რომ ერთ ადამიანს, ერთ იდეას და ამ იდეის განხორციელების სურვილს დაბრკოლებების მიუხედავად, სირთულეების მიუხედავად, ყველაფრის მიუხედავად – ყოველთვის აქვს შედეგი. იმისიც მწამს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა გახადოს სამყარო იმაზე ოდნავ უკეთესი, ვიდრე ის არის.

ასე ფიქრის და ამის რწმენის საფუძველს ის ადამიანები მაძლევენ, ვისაც საკუთარი ძალისხმევით გაუკეთებია რაღაც, რაც სხვების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.

ასეთი ადამიანი, საბედნიეროდ, ბევრია. დღეს ერთ-ერთ მათგან გაგაცნობთ.

a65c1fb66ac91660678839c4c7888c05

მასზე სრულიად შემთხვევით შევიტყვე მეგობრისგან.

მეგობარს სოციალურ ქსელში ჰქონდა გაზიარებული თხოვნა ხმის მიცემის შესახებ.

 ხმა კი უნდა მიგვეცა პროექტისთვის, რომელსაც თუ დააფინანსებდნენ, ნიქოზში მეკლდეურთა კლუბს ცოცვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად საჭირო თანხა გადაეცემოდა. საუბარი იყო 2000 ლარზე.

საუბარი იყო იმაზე, რომ ნიქოზში, კონფლიქტურ ზონაში, (!) ბავშვებისთვის, რომლებიც მოკლებულები არიან ასაკისთვის შესაფერისი განვითარებისთვის საჭირო უამრავ რამეს, არის გაკეთებული საცოცი კედელი ( უკვე), ოღონდ არ არის საკმარისი რაოდენობის უსაფრთხოების ლეიბები და აღჭურვილობა. 2000 ლარი კი საშუალებას მისცემდა კლუბს, რომ ბავშვებს ოდნავ ( !) გაუმჯობესებოდათ პირობები.

(ამ ეტაპზე 2000 ლარი ამ კონკრეტული საჭიროებებისთვის ფონდმა „ორბელიანი საქართველოს“ გაიღო).

42423b5f1984b18aa587db09f7fcc7e5

ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი უკვე მესამე წელია არსებობს და სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება და ავარჯიშებს ნიქოზის თემში მცხოვრებ ბავშვებს. ამ კლუბის დამაარსებელი ლაზარე კომახიძეა. ჰყავს მეუღლე, მარიამი და სამი შვილი – მართა, იოანა და ნიკოლოზი.

„ორ ადგილას ვმუშაობ, მაგრამ ჩემი საყვარელი საქმე ესაა, ეს კლუბი. ეს რომ არ არსებობდეს ჩემს სამყაროში, რობოტად ვიგრძნობდი თავს. ერთია საქმე, რომელიც გევალება, რომ გააკეთო, რათა ოჯახი არჩინო და მეორეა იმის კეთება, რაც გულით გინდა აკეთო. სხვა სიხარულით მავსებს აქ ყოფნა. რომ მქონდეს შესაძლებლობა, მხოლოდ ეს ვაკეთო და არ ვიფიქრო ოჯახისთვის საჭირო ფინანსურ შემოსავალზე, მთელ დროს დავუთმობდი ამ ბავშვებს, შედეგებიც ბევრად უკეთესი გვექნებოდა. სამწუხაროდ, დროში ძალიან შეზღუდული ვარ. მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის, რომელსაც ესმის რასაც ვაკეთებ და გვერდით მიდგას. მისი მხარდაჭერის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის განხორციელება…“

როგორ გაჩნდა იდეა…

მე თვითონ მეკლდეური ვარ. გარკვეული პერიოდი ძეგვის ბავშვთა სახლში მომიწია ცხოვრება, დედა იქ მუშაობდა. ძეგვის ბავშვთა სახლი ერთი დიდი ოჯახივით იყო, მაგრამ ბავშვების განვითარებისთვის ბევრი ვერაფერი ხდებოდა.  იქ იყვნენ ჩამოსულები გიორგი კომახიძე და მისი მეგობრები. გიორგი მაშინ 18 წლის იყო. დააარსეს კლუბი, სადაც ჩამესახა მეკლდეურობის სიყვარული. 10 წლის ვიყავი, საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი ამ სახეობაში. ამ კლუბის დაარსება ახალი სიცოცხლესავით იყო. მერე ისე მოხდა, რომ სპორტს ჩამოვშორდი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რაღაც პერიოდი მონასტერშიც გავატარე. მოგვიანებით ნიქოზში მომიწია ცხოვრება რამდენიმე წლის განმავლობაში. იქაურ ბავშვებს დავუახლოვდი და სწორედ მაშინ დამებადა იდეა, რომ მათთვის რაღაც სასარგებლო და საინტერესო გამეკეთებინა. ჩემი ბავშვური გატაცება გავიხსენე და მეკლდეურთა კლუბის გახსნა გადავწყვიტე. სპორტის სამინისტროში ახალგაზრდობის განვითარების ფონდში შევიტანეთ პროექტი და დაგვიფინანსეს. პირველი ნაბიჯები ასე ავიდგით და ნელ-ნელა მივდივართ წინ…

იდეა ბევრს უჩნდება, იდეის განხორციელების გზაზე კი სირთულეც ბევრია და დაბრკოლებებიც მრავლადაა. რა დაგეხმარათ წამოწყების ბოლომდე მიყვანაში?

ვფიქრობ, მთავარია, მოგინდეს კარგი რაღაცის გაკეთება და მერე რაღაცნაირად, ყველა და ყველაფერი მობილიზდება, რომ გამოგივიდეს, რომ მიზანს მიაღწიო. ადამიანი თუ მოტივირებულია, თუ იმას აკეთებს, რისიც სწამს, ყველაფერი გამოდის. უფრო უკეთ, ვიდრე ვიღაცის დავალებით რაიმეს გაკეთების შემთხვევაში. მე შემთხვევით გავიგე ამ ფონდის არსებობის შესახებ. მეგობარი დამეხმარა პროექტის დაწერაში, მეუღლემ ფინანსური საკითხები და ბიუჯეტის შედგენა აიღო საკუთარ თავზე. არც ველოდით, მაგრამ დაგვიფინანსდა პროექტი. ძალიან დიდია მეუფე ისაიას წვლილიც. მიწა გადმოგვცა, ფინანსურადაც დაგვეხმარა. თავადაც ძალიან ბევრს აკეთებს აქაური ბავშვებისთვის. ახლა ახალგორშია და ვერ გამოდის იქიდან. რომ წამოვიდეს, აღარ შეუშვებენ, ბიბლიოთეკის გახსნა უნდა იქ. მისი საკვირაო სკოლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ბევრმა მშობელმა გადაიფიქრა ბავშვების გამორიდება იქიდან და ქალაქში გადაყვანა. ეს არის ადამიანი, რომელიც თავად, საკუთარი ხელებით აკეთებს და აშენებს საქვეყნო საქმეს.

c21e8ace69465682819baf350e82f417

ახლა რა სირთულეების წინაშე ხართ? რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებს პირობები გაუუმჯობესდეთ?

ჩვენთან 9-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები ვარჯიშობენ. უფრო მეტი მოზარდის მიღებას შევძლებდით,  ვიდრე გვყავს, ლეიბები და საჭირო აღჭურვილობა რომ გვქონდეს. საცოცი კედელი კარგი გვაქვს, ოღონდ ლეიბები მთელ გაყოლებაზე არ გვყოფნის, ამიტომ ბავშვებს ლოდინი უწევთ. უსაფრთხოება ძალიან მნიშნელოვანია. ლეიბების არქონის გამო კი დროს ვკარგავთ. ლეიბები რომ მქონდეს, 50 ბავშვამდეც გავზრდიდით რაოდენობას. ერთდროულადაც მეტი ივარჯიშებდა…

მომავალი ზამთრისთვის კარავიც მინდა გავაკეთო, ნებისმიერ ამინდში რომ შევძლოთ ვარჯიში, წვიმამ და ქარმა არ შეგვაწუხოს და მყუდროდ ვიყოთ. გორის გამგეობასთან არაერთხელ მქონია საუბარი. კარგი იქნება, თუ მცირედი ხელფასი მაინც დაენიშნება ჩემს მეგობარს, რომელიც გვერდით მიდგას და მე როცა ვერ ჩავდივარ, ბავშვებს ავარჯიშებს. დიდი ხნის განმავლობაში ენთუზიაზმით მუშობდა, ახლა საკუთარ ხელფასს ვუყოფ, რაც სამინისტროსგან მაქვს დანიშნული. ნახევარს მას ვაძლევ.

ძალიან მინდა, ამ ბავშვებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ. ნიჭიერები და მონდომებულები არიან. დღესასწაულივით ელოდებიან ვარჯიშებს. გაზაფხულზე საქართველოს პირველობაზე ვიყავით, ჩემპიონატში მივიღეთ მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავეს. ეს საუკეთესო შედეგია, რადგან ბავშვებს მაღალ კედელზე მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ნავარჯიშევი. ჩვენი კედელი დაბალია, მაღალს კი თავისი სირთულეები აქვს. ამათ მხოლოდ ერთხელ ივარჯიშეს მაღალ კედელზე და მაინც კარგი შედეგი დადეს.

კარგი იქნებოდა, ფეხსაცმელები და კარაბინები გვქონოდა. შეჯიბრებისთვის ფეხსაცმელი გვჭირდებოდა, მეგობრის დახმარებით შევიძინეთ  ერთი წყვილი, ეს საკმარისი, ცხადია, არ არის…

რამდენი ბავშვი ვარჯიშობს მუდმივად?

თავიდან 10 გვყავდა, ახლა 25-30 მოზარდი ესწრება სისტემატურად ვარჯიშებს. სოფელში მეტი არაფერი ხდება, ეს და მეუფის დაარსებული ხელოვნების საკვირაო სკოლაა ერთადერთი საშუალება, ბავშვები განვითარდნენ. ძალიან მინდა გასვლითი ღონისძიებების ორგანიზებაც. მნიშნელოვანია ბავშვები ეცნობოდნენ თავიანთ თანატოლებს სხვა რეგიონებიდან. ამის საშუალება არ გვაქვს. თბილისშიც დამყავს ხოლმე, როცა შეგვიძლია, მაგრამ ტრანსპორტირება ძალიან რთულია. საცოც კედელზე კი უფასოდ გვიშვებენ ჩვენი ის მეგობრები და გულშემატკივრები, მაგრამ აქამდე ჩამოყვანაა პრობლემური. პირველ რიგში, ფინანსურად. არადა ბავშვებისთვის როგორი მნიშნელოვანია ასეთი გასვლები. ამათთვის მთელი თავგადასავლაია ხოლმე, თუ სადმე ვახერხებთ გამგზავრებას.

რითია განსაკუთრებით მიმზიდველი სპორტის ეს სახეობა, მეკლდეურობა?

ზოგადად, ყველა ბავშვს უყვარს ხეზე ასვლა, ცოცვა, სირთულეების დაძლევა…კედელზე ცოცვა ძალიან აზარტული და ამავდროულად, სასარგებლო რამაა. ბრძოლისუნარიანობას, ამტანობას, ბევრ სხვა საჭირო უნარს ავითარებს. ბავშვობაში არ ვეშვებოდი, როცა რომელიმე მარშრუტს ვერ გავივლიდი. იქამდე ვამუშვებდი ტრასას, სანამ არ დავძლევდი. ახლა მსგავს შემართებას ბევრ ბავშვს ვატყობ. არ გამოსდით ერთხელ, აკეთებენ ათჯერ და მანამ, სანამ ბოლოს არ გამოუვათ. ბევრ პროფესიულ უნარსაც ავითარებს, მაგალითად, მეძანძრეები, სამაშველო სამსახურები სპეციალურ წვრთნებს გადიან ხელოვნურ კედელზე ცოცვაში,  რომ ფიზიკურად მზად იყვნენ სირთულეებისთვის.

სამომავლოდ რამე გეგმები თუ გაქვთ?

ძალიან მინდა სხვა რეგიონებშიც მეკლეურთა კლუბის დაარსება. გარდა ამისა, 2019 წლისთვის სპორტის ეს სახეობა ოფიციალურადაა შეყვანილი სპორტის ოლიმპიურ სახეობად. კარგი იქნება, თუ ახლავე დაინტერესდებიან და  მეტ ყურადღებას მიაქცევენ ჩვენშიც. მაშინ 2019 წლამდე საფუძვლიანად მომზადებასაც შევძლებთ.

მიგიმართავთ თუ არა ოფიციალური უწყებებისთვის? რა გამოხმაურება გაქვთ, თუნდაც, გორის გამგეობიდან?

ყოველთვის ყურადღებით გვისმენენ ეცნობიან საჭიროებებს და იზიარებენ ჩვენს წუხილს. კარგი იქნება, პრაქტიკულადაც მეტად თუ დაგვეხმარებიან. 2008 წლამდე სოფელში იყო ფეხბურთის სტადიონი კარგი ხელოვნური საფარით და განათებით, ღამეც ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ ბავშვები. 2008 წლის ომის დროს რუსებმა დაახვიეს ეს საფარი, ხალიჩა და თან წაიღეს. იმის შემდეგ ასეა. გვქონდა საუბარი გამგეობაშიც და ფედერაციაშიც. იმედია, გამონახავენ რესურსს და აღადგენენ. კარგი იქნება, მინიმალური ხელფასი მაინც თუ დაენიშნება იმ ადამიანს, ვინც ჩადის და ნიქოზელ ბავშვებს ავარჯიშებს. ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები, მეკლდეურთა კლუბი უკვე არის, მუშაობს და სულ ცოტა მხარდაჭერა გვჭრდება უფრო უკეთ მუშაობისთვის. მომავალს იმედით ვუყურებ. ყველაზე რთული უკვე უკანაა მოტოვებული, ახლა მჯერა, რომ ჩვენი მცდელობა კიდევ უფრო მეტ ნაყოფს გამოიღებს. ეს ბავშვები ამას ნამდვილად იმსახურებენ…

ინტერვიუს ჩაწერის დროს ლაზარე და მისი მეუღლე, მარიამი, პატარას ელოდებოდნენ. ახლა მათ უკვე შეეძინათ მესამე შვილი, ნიკოლოზი.  გულით ვულოცავ ოჯახს პატარა ნიკოლოზის დაბადებას. ბედნიერი იყოს მისი მობრძანება ჩვენს სამყაროში. მშვიდობიან, უზრუნველ და ჯანსაღ გარემოს ვუსურვებ მას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...