სამშაბათი, აპრილი 28, 2026
28 აპრილი, სამშაბათი, 2026

 „გრამატიკის რევიზია იუმორის საშუალებით“

0

დღევანდელი წერილის სათაური კასელის ვალდორფის სკოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პედადოგიურ სემინარის ერთ-ერთი კურსის სახელდებიდან ვისესხე. სამუშაოს დაწყებამდე ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალეკ ტემპლტონმა, მოკლედ გაგვაცნო  კურსის მიზნები და შემდეგ რამდენიმე კითხვა დაგვისვა. კითხვებიდან ზოგიერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ალეკს აინტერესებდა – როდის ვიცინეთ კლასში მოსწავლეებთან ერთად ბოლოს და რაზე (თუ საიდუმლო არააო, დაამატა), რა მეტსახელით მოგიხსენებენ მოსწავლეები თქვენ ზურგსუკან და თქვენს რომელ თვისებას გამოაჯავრებენ ისინი, თქვენი პაროდია რომ გააკეთონო.

კითხვებიც საინტერესო იყო, პასუხებიც და სამუშაო ჯგუფში ატმოსფეროც მხიარული, უშუალო და, ამავდროულად, საქმიანი შეიქმნა. ვფიქრობ, ამ ღიმილისმომგვრელი კითხვებითა და კიდევ უფრო მეტად ღიმილისმომგვრელი პასუხებით სწორედ იმას მივაღწიეთ, რაც საკლასო ოთახებშიც უნდა განვახორციელოთ.  განსაკუთრებით კი ისეთი მოსაწყენი გაკვეთილის ჩატარებისას, როგორიც გრამატიკის გაკვეთილი შეიძლება იყოს, რადგან თითოეულ გრამატიკულ თემაზე დასასწავლ ათობით წესსა და ენობრივ კანონს ამდენივე გამონაკლისი ახლავს, მოსწავლეებისთვის კი ეს ყველაფერი სახალისო და საინტერესო ნაკლებად არის ხოლმე.

ზოგადად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გრამატიკული წესების გააზრება, დამახსოვრება, ცოდნა ეხმარება  მოსწავლეებს მართლწერისა და მართლმეტყველების ჩვევების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში.  ცხადია, აქ არ იგულისხმება წესების გაუაზრებლად დაზეპირება, შემდეგ კი შეცდომის გარეშე, უცვლელად მასწავლებლისთვის „ჩარაკრაკება“ ან დახურულ კითხვებიანი ტიპის ტესტებში ყველა სწორი პასუხის შემოხაზვა. საბედნიეროდ, დღეს  ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე  გრამატიკის სისტემური სწავლება უარყოფილია და უპირატესობა ლიტერატურასთან ინტეგრირებულ სწავლებას ენიჭება, თუმცა, არის საკითხები, რომლებიც გარკვეული თეორიული კომპეტენციების დაუფლებასაც მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსაშვები გამოცდების დროს მოსწავლეებს ხშირად უწევთ ენის თეორიიდან კონკრეტულ გრამატიკულ კითხვებზე პასუხების გაცემა. შესაბამისად, რამდენიმე წესისა და გამონაკლისის ცოდნა მათთვის სავალდებულოცაა.

როგორ გავახალისოთ და გავამარტივოთ გრამატიკული წესების ან გამონაკლისების დამახსოვრების პროცესი? წერილში საგაკვეთილო პროცესში გამოცდილ, აპრობირებულ და მოსწავლეთა მიერ „ დადებითად შეფასებულ“ რამდენიმე სავარჯიშოს გთავაზობთ.

 

გამონაკლისების დამახსოვრების სავარჯიშო

სავარჯიშო გამომიყენებია ირიბი ობიექტის ნიშნების შესწავლის დროს. როგორც ცნობილია, ირიბი ობიექტის ნიშნებს დაირთავს ზმნა, რომელიც შეიწყობს ირიბ ობიექტს, თუმცა წესიდან რამდენიმე გამონაკლისიც არსებობს. ეს ის ზმნებია, რომლებსაც ირიბი ობიექტი არ შეეწყობა, მაგრამ ს- და ჰ- პრეფიქსის დართვა მაინც სავალდებულოა.

ეს ზმნებია: გასტანს, გამოსცემს, გასცემს, გასწევს, ასწევს, სჩადის, დასძენს, დაჰყო ( დრო).

გამონაკლისი ზმნების გაცნობის და წესების გააზრების შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, მოიფიქრონ პატარა ამბავი, რომელშიც გამოყენებული იქნება ყველა დასახელებული ზმნა. ისინი შეზღუდულები არ არიან არც ჟანრში, არც თემატიკაში, არც მოცულობაში. ერთადერთი პირობაა, ისეთი ამბის ( სიუჟეტის) მოფიქრება, სადაც ყველა ზმნა „იმონაწილევებს“. შედეგად, საჭირო დროს მოსწავლეებს აუცილებლად გაახსენდებათ თავისივე მოფიქრებული მოთხრობა, ისინი ადვილად აღიდგენენ სიუჟეტის მეშვეობით ზმნებს და უშეცდომოდ გამოიყენებენ დასახელებულ სიტყვებს. უნდა აღვნიშნო, რომ არაერთი საინტერესო, მოულოდნელი და მხატვრულად ღირებული ტექსტი წამიკითხავს ამ ზმნების გამოყენებით.

იგივე სავარჯიშო გამოვიყენე კუმშვად-კვეცადი სახელების დამახსოვრების მიზნითაც. ტექსტები აქაც მრავალფეროვანი იყო, ჟანრობრივი განშლა კი აბსოლუტურად მოულოდნელი, მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დაწერილი მინიმოთხრობა ჰორორისა და იუმორის ელემენტებით ყოველ გახსენებაზე მზაფრავს და ამავდროულად, მაცინებს. ვფიქრობ, ეს ტექსტი არც მე და არ მას არასდროს დაგვავიწყდება.

სავარჯიშო პირობითი სათაურით „კაცი სკვერში“

აპრობირებულია მეტყველების ნაწილების, თანდებულების, მსაზღვრელ-საზღვრულისა და ზედსართავი სახელის შესწავლის პროცესში. საწყის ეტაპზე დაფის შუაში იწერება ორად ორი სიტყვა, ვთქვათ, კაცი მიდის. მოსწავლეები რიგრიგობით იწყებენ კითხვების მოფიქრებას და დასმას. კითხვები კითხვითი სიტყვებისგან უნდა იყოს ნაწარმოები და კითხვითი სიტყვითვე უნდა იწყებოდეს ( სად? როგორ? როგორი? ვინ? როდინდელი? რა? );

არსებული კითხვებისა და პასუხების მიხედვით დაფა ივსება დამატებითი ცნობებით. მაგალითისთვის:

როგორი კაცია? ( მაღალი)

სად მიდის კაცი? ( სკვერში)

რა უჭირავს ხელში კაცს? ( საჭე)

როგორი აგებულებისაა კაცი? ( მოსქო)

ვინ ელოდება სკვერში? ( ხელოსანი)

რა ფერისაა საჭე? ( მომწვანო)

როგორია სკვერი? ( მრგვალი)

და ა.შ.

ამ სახალისო სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი გამოყოფს მოცემული გაკვეთილის თემას ( ვთქვათ, ზედსართავი სახელი და მისი ჯგუფები) და მასალის ახსნის შემდეგ ( მეტყველების რა ნაწილია ზედსართავი? რამდენი ჯგუფი არსებობს? ზედსართავის ხარისხები…) ხაზს უსვამს შესაბამის სიტყვებს. მოსწავლეები კი ავსებენ წინადადებას და ინიშნავენ სამუშაო რვეულებში. ამ შემთხვევაში, მივიღებთ წინადადებას:

მაღალი, მოსქო კაცი მრგვალ სკვერში მიდის. მას  ხელში  მომწვანო საჭე აქვს.

ამოცანის გასართულებლად მოსწავლეებს შეგვიძლია ვთხოვოთ, მთელი ამბის ერთი წინადადებით გადმოცემა:

მაღალი, მოსქო კაცი, ხელში  მომწვანო საჭით, მრგვალ სკვერში მიდის.

რაც უფრო დიდი, მოულოდნელი და სასაცილოა ამბავი, მით უფრო სახალისოა პროცესი.

სავარჯიშო კარგია ასევე სინტაქსური კონსტრუქციების დაუფლების მიზნითაც. შესაძლებელია რთული წინადადებების მარტივად გადაკეთება და პირიქით.

ფაზლი

ფაზლის გამოყენება კარგია ისეთ თემებზე სამუშაოდ, როგორიცაა ფრაზეოლოგიზმები, მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება, სათაურების მართლწერა, ბრუნვის ნიშნები…სამუშაო ჯგუფურადაც შეიძლება შესრულდეს და ინდივიდუალურადაც.

მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათებს. ბარათები ორ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი. თუ გაკვეთილის თემაა, მაგალითად, ფრაზეოლოგიზმები, ბარათის ერთ ნაწილზე იწერება შესიტყვების ერთი შემადგენელი, მეორეზე კი – მეორე. მოსწავლეებმა სწორად უნდა შეაერთონ ნაწილები და მიიღონ შესაბამისი ფრაზეოლოგიზმები, შემდეგ კი მათი გამოყენებით მოიფიქრონ და ჩაინიშნონ წინადადებები.

მაგალითად, ბარათის ერთ ნაწილზე იწერება:

ცამდე;ნამუსი;ურწმუნო;ნავსი;ფეხი;განხეთქილების;იობის;იუდას;აქილევსის;

მეორე ნაწილზე კი:

აიყვანა; შეუნახა; თომა; გატყდა;აითრია;ვაშლი;მოთმინება;ამბორი;ქუსლი;

სავარჯიშო საკმაოდ ხალისიანი და ეფექტიანია. ჯგუფურად შესრულების შემთხვევაში მუშაობს ურთიერთსწავლების ფაქტორიც.

ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის დასახვეწად ძალიან კარგია მცირე, ერთაბზაციანი საწერი დავალებების მიცემა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ახსნის რომელიმე სასვენი ნიშნის დანიშნულებას, მოსწავლეებს მიეცემათ დრო რაიმე თემაზე ერთი აბზაცის დასაწერად(თემის არჩევა მათვე შეგვიძლია მივანდოთ). წერის დასრულების შემდეგ პირველ რიგში თავად არედაქტირებენ ნამუშევარს, შემდეგ კი რვეულებს უცვლიან ერთმანეთს და უსწორებენ პუნქტუაციურ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს. მასწავლებლის მიერ აწითლებული და გამოყოფილი შეცდომები ერთია, თანაკლასელის მიერ აღმოჩენილი და შესწორებული კი – სულ სხვა. ამ სავარჯიშოს პირობითად „შეცდომებზე ნადირობა“ შეიძლება დავარქვათ.

თამაშებისა და მსგავსი სავარჯიშოების გამოყენება გაკვეთილებზე ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ინტერესს შესასრულებელი დავალების მიმართ და აუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს. თამაშები და სავარჯიშოები ადვილი შესასრულებელი და სახალისო უნდა იყოს.

სტალინის ნაძვები

0

1995 წლის დეკემბრის ცივი, ქარიანი დღე იყო. გორში, სტალინის ძეგლის სიახლოვეს ალაგ-ალაგ საღებავგადაცლილი, ძველისძველი, გულმიუსვლელი მანქანა იდგა. მანქანაში ვისხედით: მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა და მისი რვა თვის ორსული ცოლი – ერთმანეთს ხელებს ვუთბობდით და გასამხნევებლად თუ, უბრალოდ, დროის გასაყვანად ისეთ ამბებს ვყვებოდით, სხვა გარემოებებში სახალისოდ რომ გამოჩნდებოდა. არ მახსოვს, ვის ან რას ველოდებოდით. სტალინის ძეგლთან – სწორედ ჩვენ წინ – პატარა ბაზრობა იყო მოწყობილი. გაშავებულ სამხედრო ქურთუკებში გამოწყობილი, სახეაწითლებული კაცები მანდარინსა და ფორთოხალს ყიდდნენ მანქანების საბარგულებიდან. თაფლად სახელდებული ბლანტი სითხეც იყიდებოდა – ძალიან იაფად. კიდევ წითელ, ყვითელ და მწვანე ქაღალდებში გახვეული უგემური თურქული კანფეტები, ორცხობილები…

მყიდველები უფრო მანდარინსა და ფორთოხალს ეტანებოდნენ – თითო-თითო კილო მიჰქონდათ სახლში.

იქვე ბუნებრივ ნაძვებსაც ყიდდნენ – სხვადასხვა სიმაღლის ნორჩ ხეებს, რომლებიც – ეჭვი არ იყო – ყოველგვარი წესის დარღვევით უნდა მოეჭრათ საკუთარი ნებით დაბრმავებულ ადამიანებს. ისინიც ძალიან იაფი გახლდათ, წარმოუდგენლად იაფი. თვალი დაგვრჩა მე და ჩემი ძმის ცოლს, ავფორიაქდით, ჯიბეები მოვიჩხრიკეთ დროის გასაყვანად მანქანიდან გადასულებმა. ხელოვნური ნაძვისხე, რომელიც ახალ წლამდე უნდა დაგვედგა და საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ათწლეულიდან შემორჩენილი შუშის სათამაშოებით – ბურთებით, გირჩებით, ვარსკვლავებით, ციყვებითა და სხვა ცხოველებით მოგვერთო, უბადრუკი, წიწვებგაცვენილი და, არც მეტი, არც ნაკლები, სუნდაკრული იყო. ცუდ პირობებში შენახვისა თუ, უბრალოდ, სიძველის გამო ქიმიური ნაერთების უსიამოვნო სუნი ასდიოდა, რომელსაც მაშინვე იგრძნობდით, როგორც კი მიუახლოვდებოდით.

სტალინის ძეგლთან გამოფენილი სრულყოფილი ნაძვები გვიხმობდნენ და გვახსენებდნენ, რომ ბედნიერების მოხელთება სულ რამდენიმე გროშად შეგვეძლო.

რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ახალი წლის წინა დღეებში მათი მოჭრა და გაყიდვა დანაშაული იყო, ყიდვა კი – დამნაშავის წახალისება, ასევე დიდი უსინდისობა. თუმცა, მეორე მხრივ, ჩასადენი უკვე ჩადენილი იყო, ქვეყანაში კი არათუ ხის, ადამიანის სიცოცხლესაც ჩალის ფასი ედო, ყველა და ყველაფერი უსწრაფესად ნადგურდებოდა, ხოლო დიდი დანაკარგის განცდა ყველა შესაძლო დანაკარგს მეტ-ნაკლებად ასატანს ხდიდა…

ეს ამბავი ახლახან ერგნეთის სკოლის მოსწავლეებს მოვუყევი მწერალთა სახლში შეხვედრისას. ლიტერატურაზე საუბრის დაწყებამდე მინდოდა მეჩვენებინა, რომ კარგად ვიცნობ გორს, გორის უახლოეს წარსულს, შიდა ქართლის სოფლებს, იმ სირთულეებს, რომლებსაც ამ სოფლების მკვიდრნი ყოველდღიურად აწყდებიან. მინდოდა, ერწმუნათ, რომ მეც მათიანი ვარ – გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემი და მათი მშობლების ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა. ყველა ცდილობდა თავის გადარჩენას – ისე, როგორც შეეძლო. ვეძებდით თუნდაც სულ პაწაწინა სიხარულს – რაღაცას, რაც სიბნელეში მცირე ხნით მაინც აციმციმდებოდა.

არ დამიმალავს, თავიდან როგორ თქვეს უარი მანქანაში დარჩენილებმა ახალი ნაძვისხის ყიდვაზე – რა დაშავდება, ისევ ის ძველი რომ დავდგათო, რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ კი ჯიბეების მოჩხრეკა დაიწყეს. სასაცილოდ მცირე თანხა მოგროვდა, მაგრამ ჩემი ძმა მაინც წელში გამართული გადავიდა მანქანიდან და ნაძვების დათვალიერებას შეუდგა. არ გვესმოდა, რას ეუბნებოდა გამყიდველს, თუმცა იმ წუთებში ყველას გვწამდა, რომ სასწაული მოხდებოდა.

სასწაული მოხდა. ჩვენს ძველ, შეუხედავ, კარგა ხნის წინ გადასაგდებ მანქანაზე უმშვენიერესი ნაძვი ისე მიამაგრეს, როგორც ამერიკულ საშობაო ფილმებშია ხოლმე.

შეხვედრისას უფროსკლასელებმა შეკითხვები სტალინის შესახებაც დამისვეს – სწორად მიმაჩნდა თუ არა მისი ძეგლის აღება, ვთვლიდი თუ არა მას დიდ პოლიტიკოსად და ასე შემდეგ. ჩემი პასუხები არც მოულოდნელობით გამოირჩეოდა და არც მახვილგონივრულობით: შევეცადე, ამეხსნა, რატომ არის ცუდი აბსოლუტური ძალაუფლება ერთი ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის ხელში და რატომ ვერ უძლებენ ცდუნებას, გამოიყენონ ამგვარი ძალაუფლება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. არ მახსოვს, კიდევ რა ვთქვი. საქმე ისაა, რომ სტალინი, რომლის სახელსაც, სხვათა შორის, გასული საუკუნის 30-იან წლებში ახალი წლის ზეიმით აღნიშვნისა და ნაძვისხის მორთვის ტრადიციის აღდგენაც უკავშირდება, წარმოსახვას არასდროს მიფორიაქებდა – ბავშვობაში უბრალოდ მეშინოდა მისი პორტრეტების, მოზარდობისას კი მის შესახებ საუბრები ზედაპირულად და არაფრისმთქმელად მიმაჩნდა.

იმ ადგილას ძეგლი აღარ დგას, სტალინის აჩრდილი დამარცხებულია, მე კი დღემდე მახსოვს ის ცივი, ქარიანი დღე, როცა დანაშაულის თანამონაწილეობაზე უარი ვერ ვთქვი და ჩემი წილი გროში გავიღე ახალი წლის დღეების გასანათებლად.

შემეცნებითი უნარების განვითარება – ნეგატიური დემონსტრატიულობა, ვერბალიზმი

0

(ნაწილი მესამე)

პირობითად ანტონი ნიჭიერი ბავშვია, დიდ ოჯახში ცხოვრობს, თუმცა მისთვის მხოლოდ მამიდა იცლის. თავისუფალ დროს ასწავლის ლექსებს, ზღაპრებს,  4 წლიდან  ერთად კითხულობენ. მამიდა პროფესიით ინჟინერია. უხარია, რომ მისი უმცროსი ძმის შვილი ახლად წაკითხულ ლექსს, ზღაპარსა თუ მოთხრობას იოლად ითვისებს და ნოდარ დუმბაძის ყველა საბავშვო ლექსი ზეპირად იცის. სკოლაში ანტონი სწრაფად ანგარიშობს, გაწაფულად კითხულობს და სხვებისგანაც იმავეს ითხოვს. აღიზიანებს თანაკლასელთა შენელებული კითხვის ტემპი და ნელი აზროვნება. ურჩევნია, მუდამ დაასწროს სხვას, არ დააცადოს, ჩაერიოს და თუ ვინმე შენიშვნას მისცემს, ხამამღლა და ზოგჯერ უხეშადაც გააპროტესტოს.  7 წლის ანტონი ეზოში თამაშისას ხმამაღლა ჰყვება ლექსებს, უფროსი მეზობლის თხოვნის მიუხედავად, არ ჩუმდება. პატარა ლუკას ძილი მას სულაც არ ანაღვლებს.

ბევრი მშობელი და პედაგოგი თვლის, რომ მეტყველება ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამიტომ მიმართავენ დიდ ძალისხმევას მეტყველების, აბსტარქტული თუ პრაქტიკული აზროვნების განვითარებისათვის. ასწავლიან ლექსებს, ზღაპრებს, გამოცანებს, ანგარიშს… „მოსხმარტალე“, „მოჭიკჭიკე“ მოზარდი ხშირად ოჯახის სიამაყეა. სკოლაში მისვლისთანავე მასწავლებელიც ინფორმირებულია, რომ მან „თითქმის ყველაფერი ზეპირად იცის და ძალიან ნიჭიერია“. ალბათ, ბევრ ჩვენგანს ჰქონია ურთიერთობა ამგვარ მოსწავლეებთან. მათ აქვს ყურადღების მაღალი მოთხოვნილება და  არა ცუდი სწავლის, არამედ ცუდი ქცევის გამო სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ისინი არღვევენ დისციპლინას საკლასო ოთახსა  თუ შესვენებაზე და გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობას ნებისმიერი ფორმით ცდილობენ.

 ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება ასეთ ბავშვებს მშობლების მხრიდან  სიყვარული, მოფერება, გაგება ან მიღება აკლდეთ. თუმცა მათთან ურთიერთობისას ნებისმიერი ემოციური გამოვლინება – როგორც დადებითი (შექება, თბილი სიტყვა), ასევე უარყოფითი (ყვირილი, შენიშვნა) – ნეგატიური დემონსტრაციული ქცევის განმამტკიცებლად ფასდება და სჯობს, რომ მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ბავშვებს ახასიათებთ მეტყველების განვითარების მაღალი დონე, თუმცა აზროვნების განვითარება შეფერხებული აქვთ.

ნეგატიური დემონსტრატიულობის მქონე ბავშვებთან მუშაობისას ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია ბოდოკია კლასს გამოკითხვამდე მათ საგანგებო დავალებას ურჩევს. კერძოდ, ტექსტებს ცალკეულ ეპიზოდებად ჰყოფს და ასათაურებინებს, მათზე კითხვების მოაფიქრებინებს ან ტესტს შეადგენინებს-ხოლმე. ეს, მისი თქმით, ამართლებს და ყოველთვის სასურველი შედეგის მომტანია. ამგვარი ბავშვები დაფასთან ან რვეულში მითითებულ დავალებას ასრულებენ, შემეცნებით უნარებსაც ივითარებენ და, ამავდროულად, მასწავლებელს საგაკვეთილო აქტივობებში ხელს აღარ უშლიან.

დაწყებითი კლასების გამოცდილი პედაგოგები ხშირად მიმართავენ მხატვრული ტექსტების კითხვის მეთოდს. ისინი ისეთ მოთხრობებს არჩევენ, სადაც პერსონაჟები მსგავსი ქცევის ბავშვები არიან და პრობლემის გასაღებს თავადვე აღმოაჩენინებენ-ხოლმე. ამ მეთოდის გარდა, ერთ-ერთმა გამოცდილმა პედაგოგმა, რუსუდან ცაგარეიშვილმა მსგავს ბავშვებთან ურთიერთობის შემდეგი პედაგოგიური ხერხი შემოგვთავაზა: მისი თქმით, ოდესღაც ყველა ბავშვი უშვებს შეცდომას. იგი ჯგუფური დავალების შერჩევისას მოსწავლეთა სუსტ და ძლიერ მხარეებს ითვალისწინებს. მასწავლებელი – მეწყვილე ან თანაგუნდელი, ნეგატიური დემონსტრაციული ქცევის ბავშვში მოსალოდნელ სისუსტეს აღმოაჩენს, მას მშვიდად გაააზრებინებს შეცდომას, აღნიშნავს, რომ ეს არაფერია, რომ შეცდომებზე ვსწავლობთ. მაგრამ თუკი მსგავსი ხერხის გამოყენებას გადავწყვეტთ, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი ძალიან ფრთხილ და ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. ნეგატიური დემონსტრატიულობის ბავშვები ხომ ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან და დამარცხებას იოლად ვერ ეგუებიან. აჯობებს, გარკვეული წერითი მითითებების გათვალისწინებით მათ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული ნახატის, მოთხრობის ან კომიქსის მოფიქრება შევთავაზოთ.

ვერბალიზმი

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ნიჭი ყოველთვის არ არის ერთი შეხედვით შესამჩნევი და ნიჭიერები არ არიან მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარი ტალანტის მკვეთრად გამოხატვა შეუძლიათ. ოდესღაც „ვუნდერკინდებად“ მონათლულ ბავშვებს დიდ მომავალს ამაოდ უწინასწარმეტყველებდნენ-ხოლმე. დიდი ადამიანების ბიოგრაფიები მოწმობს, რომ  ბავშვობაში ვუნდერკინდი ხშირად ჩვეულებრივ ადამიანად ყალიბდება. „ვუნდერკინდებად“ კი არცთუ იშვიათად თვლიან ვერბალისტებს – ადამიანებს, რომელთა შემთხვევაში იშვიათი გონებრივი გამოვლინებისა და ინტელექტუალური ნიჭის ნაცვლად განვითარების დარღვევასა და ჩამორჩენასთნ გვაქვს საქმე.

ვერბალიზმი ძირითადად, განისაზღვრება ტენდენციად, რომლის დროსაც გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობა და აზრი  უცნობია მოსაუბრისთვის. მხედველობის არმქონე ბავშვების შემთხვევაში დემონსტრატიულ ვერბალიზმად განიხილება მათ მიერ მხედველობის ტერმინების – ფერთა სახელწოდებების, მიმართულების ზმნიზედებისა და  ხედვის ზედსართავების გამოყენება [Rosel, Caballer, Jara, Oliver 2005]. სმენითი თუ მხედველობის დარღვევის არმქონე ბავშვებში კი ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვი ბევრს და სწრაფად ლაპარაკობს, მაგრამ პირამიდასაც ვერ ააგებს. ვერბალიზმი ყალიბდება სკოლამდელ ასაკში და განპირობებულია შემეცნებითი პროცესების განვითარების თავისებურებებით. დიდებივით სერიოზულად საუბარი, გამართული მეტყველება, უფროსების შეკითხვაზე გამოკვეთილი პასუხები, ბავშვის მაღალი თვითშეფასება – ზრდასრულთა მხრიდან არ უნდა შეფასდეს, როგორც განვითარების მაღალი მაჩვენებელი, რადგან სკოლაში სწავლის დროს აღმოჩნდება, რომ ბავშვს უჭირს ამოცანის ამოხსნა, დავალებები, რომლებიც საჭიროებენ ხატოვან აზროვნებას, იწვევს სირთულეებს, არ ესმის პრობლემის ნამდვილი მიზეზი. მშობლები ადანაშაულებენ პედაგოგს ან ბავშვს აიძულებენ, მეტი იმეცადინოს. ეს კი იწვევს ბავშვებში შფოთვის მომატებას, დაურწმუნებლობას საკუთარ ძალებში, არასრულფასოვნების გრძნობას და ა. შ.

როგორ დავეხმაროთ?

საკლასო კაბინეტებსა თუ რესურსოთახებში მეტი ყურადღება მივაქციოთ ხატოვანი და ცნებით-ლოგიკური აზროვნების განვითარებას. შევთავაზოთ, ერთიანი აკუსტიკური ან ვიზუალური ხატის ცნებებად დანაწევრება და გააზრება, ცნებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა. მაგ., ლექსებში ყურადღება გავამახვილოთ არა ტექსტის დასწავლაზე, არამედ მასში არსებული ცნებების მნიშვნელობებისა და პრობლემის არსის გააზრებაზე. რას მოგაგონებთ ერთი ცნება? რით განსხვავდება მეორისაგან? როგორია იგი? რისთვის ვიყენებთ? როგორ დავხატოთ? როგორ ავაგოთ? როგორ გავითამაშოთ?.. რატომ ჩნდება პრობლემა? რას და როგორ ვაკეთებთ მის გადასჭრელად?..

ამგვარი შეკითხვების მოფიქრება პედაგოგებს ნებისმიერ საგანსა თუ სწავლების ნებისმიერ საფეხურზე თავადაც ხელეწიფებათ. მთავარია, აქცენტები ცნებით-ლოგიკურ აზროვნებაზე გაკეთდეს და არა მხოლოდ დასწავლა-დაზეპირებაზე, რაც კლასში ნამდვილად შეგვიმცირებს დემოსტრატიული ვერბალისტების რიცხვს და მათ სხვა, აზროვნების სივრცეში გადაყვანაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. ეს კი სავსებით შესაძლებელია. თუკი არ დავიზარებთ, ამგვარ მოსწავლეს აზროვნების დაბალი სააზროვნო უნარების (ცოდნა, გაგება, გამოყენება) განვითარებაშიც დავეხმარებით და  ანალიზის, სინთეზის, შეფასებისა და შექმნის უფრო მაღალ სააზროვნო საფეხურზე ასვლასაც შევაძლებინებთ.

თუ ბავშვს ენციკლოპედიების კითხვა ზღაპრების ან მოთხრობების კითხვაზე მეტად უყვარს, იგი „ერუდიტის“ უნარ-ჩვევებს ფლობს, ფიქრი კი ნაკლებად იცის, აუცილებლად უნდა ვიკითხოთ მასთან ერთად ზღაპრები და ყურადღება ცნებების მნიშვნელობებზე, ეთნოსურ თუ სხვა ტიპის სიმბოლოებზე გავამახვილოთ. ჩვენ ხომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ მოწაფეებში „მძინარე ვარსკვლავები“ გამოვაღვიძოთ და მათი ნიჭი საჭიროების მიხედვით წარვმართოთ. რაკი მიჩნეულია, რომ „უნიჭობა – თითქმის ყოველთვის – აღზრდის უიღბლობაა“ და ნებისმიერი ადამიანის თანდაყოლილი უნარების განვითარება საშუალოზე მაღალ დონემდე ყოველთვის შეიძლება,  ამიტომ არ უნდა მოვეშვათ და ყოველნაირად შევეცადოთ ბავშვებში ბუნებრივი ნიჭის განვითარებას. ყოველ ჯერზე ოდნავ უფრო რთული ამოცანის – არა ძალიან ძნელის ან მოსაწყენის – შეთავაზებით შევქმნათ მდიდარი და მრავალფეროვანი გარემო, სადაც აქტიურ, ცნობისმოყვარე, მჩხრეკელი ბუნების ადამიანებს განვავითარებთ და შევქმნით.

ვერბალისტებთან მუშაობა ფსიქო-ფიზიკური ინფანტილიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობაზე ბევრად მარტივია, რადგან ეს უკანასკნელი ისეთი ფსიქიკური განვითარების შეფერხებაა, რომ სკოლის მოსწავლისათვის დამახასიათებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინტერესები და მოთხოვნილებები. მისთვის არ არის ღირებული სკოლის მოთხოვნები. სწავლაში მათი წარმატებები აღელვებთ მხოლოდ მათ პედაგოგებსა და მშობლებს, თავად კი  ჩამოყალიბებული არ აქვთ სწავლის მოტივაცია. ამიტომ მათთან, სიზარმაცის, დაქვეითებული შემეცნებითი ინტერესების („არ გავაკეთებ იმიტომ, რომ მაინც არ გამომივა“, „მე არ შემიძლია“), შენელებული ტემპერამენტის კეთილსინდისიერ, მაგრამ დინჯ, ასევე დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებთან ურთიერთობისას შფოთვის და ქცევის დეზორგანიზაციის,  საკუთარ ცოდნაში დაურწმუნებლობის, სასწავლო საქმიანობის თავის არიდებისგან თავდასაცავად, ასევე სხვა ტიპის სირთულეების დასაძლევად საჭიროა საგნისა თუ სპეცპედაგოგების, მშობლებისა და ფსიქოლოგის მჭიდრო თანამშრომლობა.

სტატიის დასაწყისში ანტონის შესახებ ვყვებოდი. იგი 9 წლისა იყო, როცა მამიდა სოფელში გათხოვდა. ანტონი ახლა 20 წლისაა და ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში   ჯგუფური დანაშაულისთვის იხდის სასჯელს – ერთიოდე წლის წინ მეგობრებთან ერთად ღამით მაღაზიაში შეიჭრა, შოკოლადები, მზესუმზირა, სიგარეტები და ერთი ბოთლი სასმელი გაიტაცა. არადა, ბავშვობაში სულ სხვა მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მან ხომ ზეპირად უამრავი რამ იცოდა.

სასარგებლო რესურსები:

  1. Jesús Rosel, Antonio Caballer, Pilar Jara, and Juan Carlos Oliver, – Verbalism in the Narrative Language of Children Who Are Blind and Sighted. Language, 99, Numb. 7. July 2005.
  2. მანანა მელიქიშვილი, ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, თბ., 2013.
  3. https://www.ipress.ge/new/50344-jejelava-dazepireba-tvins-avitarebso-amis-avtors-etyoba-tvini-monolituri-raghac-hgonia
  4. https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ692448.pdf
  5. https://www.cyberspaces.net/6traits/sense.html
  6. https://lady.mcvane.ge/main/rchevebi/rchevebi-dedebistvis/19280-bbbbb-bbbbbbyebbb-bbbbebbb-bbbb.html

გზა პოეტური სამყაროს შესამეცნებლად _ ნიკო სამადაშვილის პოეზია

0

სასკოლო სახელმძღვანელოებში  არ არის შეტანილი ნიკო სამადაშვილის პოეზია. იმედია, მომავალში მის რომელიმე ლექსს აუცილებლად გაითვალისწინებენ პროგრამებში, რადგან მისი პოეზია სრულიად გამორჩეულია და მკითხველს აზიარებს ისეთ მხატვრული სამყაროს, რომელიც მკითხველს პოეტური აღქმის უნარს განუვითარებს და დაუხვეწს.

ნიკო სამადაშვილის პოეტური აზროვნების დროსივრცული არეალი სამყაროს პირველსაწყისებს სწვდება და წარმოაჩენს, როგორ იბადება ქაოსიდან კოსმოსი, როგორც მხატვრულ სახეთა სისტემა: „სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს, წუთისოფლის კარგა გაღმით,/ ქაოსები გზებს კენკავენ, ასე ხდება ყოველ ღამით“. მას აქვს კოსმიური  სმენა და ყნოსვა, ამიტომაც შეიგრძნობს პლანეტარულ მუსიკას, რომელიც უშორესი სივრცეებიდან მოესმის და სიცოცხლისა და სიკვდილის, სიყვარულისა და სიძულვილის, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის ქარიშხლიან და სასტიკ ბრძოლას სწორედ ამ ეგზისტენციალური საკითხების ჭრილში ხატავს:

„ზეცა სივრცეებს აზანზარებდა/ და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან“.

მისი ლექსების სტრიქონებიდან, უცნაური და იდუმალი ენერგიით დამუხტული, თავბრუდამხვევი მხატვრული სახეებიდან,  წარმოსახვის უხილავი განზომილებიდან სამყარო თითქოს ახლიდან იბადება, გამოარღვევს უსახელობისა და უარსობის სიბნელეს და სინათლით ივსება:

 „წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,/ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,

ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები/ ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს“.

„სამადაშვილის ყოველი ლექსი მისი სულიერი აპოკალიფსია, _ საკუთარ თავთან ჭიდილსა და მის მეურვე უარყოფილი ქვეყნების წინაშე პირისპირ დგომის დოკუმენტი. პირქუშ ხილვებთან ერთად მასში აღნუსხულია მისი შინაგანი ცხოვრების ბევრი ნათელი წამი“,_ წერს ზურაბ კიკნაძე. ნიკო სამადაშვილის მეტაფორების თვალისმომჭრელ სინათლეში მკითხველი შეიგრძნობს ღვთის მზერასაც და წუთისოფლის ამაოება, ყოველდღიური წვრილმანებით გათანგული ადამიანური ყოფა, თანამედროვე ცივილიზაციის სულიერი კრიზისი, უმიზნობის, უიმედობისა ჯოჯოხეთური ქაოსი პოეზიით დაიძლევა:

„მზე გადიოდა ცას ბორანივით,/ ტყეში შიშველი ქარი კიოდა,

ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი,/ ქრისტე მოჩანდა საიქიოდან“.

რევაზ სირაძე ერთ წერილში, ნიკო სამადაშვილს რომ ეძღვნება, სვამს კითხვას: „არის კი საერთოდ ღირსი პოეზიისა ადამიანი?“ და ასე უპასუხებს: „თუ ყოვლისმომცველია ის დასკვნა, რომ _ „ამ დასაქცევ დედამიწაზე ბედნიერებაც დასაგმობია“ („აქერცლილი მინიატურები“), და თუ მაინც მიესწრაფვის პიროვნება პოეზიას, ეს იმიტომ, რომ პოეზია არჩევანი კი არ არის, პოეზია ბედისწერაა. აქ მაინც არის რაღაც წესრიგი, თუნდაც ეფემერული, მაგრამ ამასაც აფერმკრთალებს ქაოსი… როცა ვერაფრით ვერ დაიძლევა ქაოსი, ის შეიძლება პოეზიამ დაძლიოს“.

ნიკო სამადაშვილის უჩვეულო და უცნაური მხატვრული სახეები იწვევენ მკითხველის სულიერ შეძვრას. როგორც ზურაბ კიკნაძე წერს: „იგი თითქოს სხეულის ფორებიდან დენიდა გარეთ სათქმელს, აუცილებელს და ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში, სულის დაამება, გულზე მომშვები კათარზისი… ამ ეზოტერულ საიდუმლოებას შემოქმედებისას თავად ამხელს იგი საკუთარი თავისადმი მიმართულ ლექსში (“ნიკო სამადაშვილს”):

„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,/ ლექსები, ტანზე გამონაყარი“.

ამას კარგად გრძნობდნენ მისი პოეზიის დამფასებლები: ერეკლე ტატიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. სწორედ მათი შეფასებები იყო მძლავრი სტიმული იმისა, რომ ეწერა, თუნდაც ვერასოდეს დაბეჭდილიყო. საბჭოთა ეპოქაში მისი ლექსები ვერც გამოიცემოდა,  რადგან აშკარა იქნებოდა ავტორის პროტესტი და იმ მხატვრული ენის მიუღებლობა, რომელსაც იდეოლოგია არა მხოლოდ კარნახობდა, არამედ უბრძანებდა, რომ გამოეყენებინა. თამაზ ჩხენკელის აზრით, „მის მიმართ დე-კუინსის სიტყვები იქნებოდა ზედგამოჭრილი: “ამრიგად, მან იხილა საგნები, რომელთა ხილვა არა ხამს. მან იხილა გულისამრევი, ამაზრზენი სანახაობა და ენით უთქმელი საიდუმლოება. მან წაიკითხა უძველესი ჭეშმარიტებები, დამაღონებელი ჭეშმარიტებები, დიადი და შემზარავი ჭეშმარიტებები”.

ნიკო სამადაშვილი თითქოს ახლიდან არქმევს სახელებს საგნებსა და მოვლენებს, რომლებსაც წყვდიადს გამოსტაცებს, განწმენდს და განსხვავებული მნიშვნელობებით ავსებს: „დედამიწა უკუნეთის ქარაფების წინ ინჯღრეოდა. ხუფაყრილი ვულკანები ყვიროდნენ. უსაზღვროების გაუვალ ხრიოკებში ელდანაცემი პლანეტები ბღაოდნენ“.  ის თითქოს ათავისუფლებს სხვადასხვა ჩარჩოსა და საზღვარში მოქცეულსა და დატყვევებულ ადამიანის სულს და ღვთაებრივ კანონებს აზიარებს. ამიტომაც წერს რევაზ სირაძე: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნიკო სამადაშვილის პოეტური სახელდებანი საგნებისა და ხდომილებისა, სიტყვათა „მეორადი მოდელირება“ კი არაა, არამედ მათი პირველყოფილი, „ადამური“ განცდაა. სიტყვები კარგავენ მეტაფორულობას და მისტიკურ სახელდებად იქცევიან“.  მის პოეზიაში მოდელირებული სამყარო გასცდება რაციონალური აღქმის საზღვრებს და მისტიკური შეგრძნებებით იტვირთება. მკითხველი გრძნობს, როგორ შემოიჭრება წარმოსახვაში სიზმრისა და ხილვის დარად უცნაური, უცხო სანახები და ლოგოსის ძალით  ლაზარესავით აღდგება სიტყვის დაფარული შინაარსები. პოეტი ვარსკვლავთა კიაფში ხედავს მიღმა სამყაროსკენ გამავალ გზებს:

„და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები _ მარადისობის ჭუჭრუტანები“.

მისი პოეზიის ნიცშეანური მოტივები, რომლებიც, ერთი მხრივ,  აბსურდული ყოფის ამაოებას, ადამიანის ღვთისგან მიტოვებულობას გამოხატავენ, („ქუჩებში მარტო და გაცრეცილი,/ გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა“, „ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი, ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა, დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი!“), მეორე მხრივ, სადღაც, ქაოსის მიღმა არსებული კოსმოსის პოვნის იმედსაც აღძრავენ. მის პოეზიაში იხატება წარმართული, მითებისა და ლეგენდების უცნობი სამყარო, საიდანაც გამოიკვეთება ქრისტეს ნათელი სახე, როგორც ხსნის გზა: „მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა ამოისროლა ტაძრის გუმბათი“, „საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ, საუკუნეებს _ დასაბამი რომ მოაძოვა“. მისთვისაც, როგორც ნიცშესთვის, „სამყაროს არსებობა გამართლებულია მხოლოდ როგორც ესთეტიკური ფენომენისა“.. თამაზ ჩხენკელი წერს: “მისი პოეზიის ფორმისმიერი მასალა ან გარეხედი ფესვეულად ეროვნულია (ეთნიკურიც კი) უმცირეს დეტალებამდე და იგი სათავეს ხალხური აზროვნების წიაღიდან იღებს, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულებისა და ზნე-ჩვეულებების პათეტიკური სილამაზე, ხოლო შინაარსი უნივერსალური, ამავე დროს, უაღრესად თანადროულია და ზოგად ხაზებში დასავლეთის ახალ პოეზიას ენათესავება“.

„პოეზია სიმინდის ქოჩოჩი როდია. ის გულამოსკვნილი სიმღერა არის, ის ხელოვნების ცისკრის ციმციმზე და მარადისობის ატეხილ ზარების ჰანგებზე როკავს, პოეტი ქარივით ამოვარდება, რომ სამყაროს ნისლმოდებული კალთები შეაშრიალოს; თუ გინდა დაუსაბამობის კიდეებამდე გაუბი ყორე, ის თავის სწრაფვას როდი შეიცვლის, ის ქნარის სიმებს აგიწკრიალებს, თუ გაქვავია“,  _ წერს ნიკო სამადაშვილი ნოველაში „ქარაგმა“. ამგვარად, პოეზია ათავისუფლებს ადამიანს სხეულებრივი, მატერიალური სამყაროს ტყვეობიდან, ჩარჩოებს ამსხვრევს და სულს უკიდეგანო სივრცეებში ამოგზაურებს. მკითხველს პოეზია ავითარებს უნარს, პოეტთან ერთად შეიგრძნოს არსებობის იდუმალი საზრისი და ასტრალურ განზომილებაში შეღწევის განცდა. ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ერთმანეთს ერწყმის  დიონისური და აპოლონური საწყისები და უჩვეულო ემოციით იმუხტება სტრიქონები. დიონისურია ცხოვრება, რომელიც შემთხვევითობათა დაუსრულებელ თამაშზე, ერთგვარ კარნავალურ სტრუქტურაზეა აგებული. მისთვისაც, როგორც გალაკტიონისთვის, მახლობელია განცდა, „იგი ტრიალებს ვით თვალი ქორის, ეს საუკუნე _ მეფისტოფელი“. მისთვისაც დრო დემონიზებულია, როგორც გალაკტიონსა და ბოდლერთან, დრო ანადგურებს ყოველივე ძვირფასსა და სანუკვარს. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ როგორც ეგზისტენციალურ დროს („ალბათ ავდრებიც თან წაიღებენ /საუკუნეთა ხშირ კენწეროებს“), რომელიც გულგრილად მიედინება, ასევე პოეტის საკუთარ დროს, რომელიც ამ საერთო მდინარებას ერთვის, მაგრამ პოეტი წარმოსახვითი სამყაროს შექმნით ცდილობს, თავისი დრო პოეზიით გააუკვდავოს: „შეაღებ კარებს, დაგავიწყდები /და ჟრუანტელი ბოლოს მომიღებს“ („აგარაკი“).

„ნიკო სამადაშვილის ლექსების კითხვისას ჩნდება ასეთი ფიქრი: მიწა კარგავს ნათელ-მირონს და ცამდე აღწევს ურწმუნოება. ამიტომ ჰაერი უნდა აღივსოს ანგელოზებით, როგორც ეს „სიქსტის მადონას“ ჰაეროვან ფონშია და სული უნდა აღივსოს წარმოდგენებით, რომლებიც განიმსჭვალება სულიერი საქართველოს სახეებით, როგორიცაა, თუნდაც, მცხეთის-ჯვრის კარიბჭის ბარელიეფი, სადაც ფრთოსან ანგელოსებს ზეცად მიაქვთ ტოლფერდა ჯვარი, ჩასმული მარადისობის წრეში. ვფიქრობთ, ასეთი წარმოდგენები ხდებოდა წყარო ნიკო სამადაშვილის სახისმეტყველებისა: „ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა“ („ქედი სივრცეში“), წერს რევაზ სირაძე.

მის პოეზიაში დროის წინააღმდეგ ამბოხი გულისხმობს არა მხოლოდ უკვდავების წყურვილს, არამედ იმ კონკრეტული ეპოქის გადალახვასაც, რომელიც ტოტალიტარიზმის ნიშნით იყო აღბეჭდილი. დიქტატურა ჰარმონიის მესაფლავეა, ის არის დემონური, ქაოტური ძალა, რომელსაც ნიკო სამადაშვილი ქრისტიანული რელიგიის  რწმენით უპირისპირდებოდა, ქრისტე, ღვთისმშობელი თუ ანგელოზები მის პოეტურ ხილვაში იმგვარად განიცდებიან, თითქოს მათ შორის ცხოვრობდეს. ეს მკითხველსა ამგვარსავე განცდას უჩენს:

„ვით უკვდავება, წყარო ანკარა,/აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.

ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა/და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“ („ატენის სიონი“).

„შოპენჰაუერის აზრით, მუსიკა საგნების სულის მხილებაა და მათი უშუალო ექსპრესია“ (ერეკლე ტატიშვილი).  ამ ექსპრესიას შეიგრძნობს ნიკო სადაშვილი და უჩვეულო მხატვრული სახეებით გადმოსცემს. ის აღმერთებდა თავის მოძღვარს, ერეკლე ტატიშვილს, რომელთანაც გრძნობდა სულიერ ნათესაობას. ლექსში მისი პორტრეტის ხატვისას თავისსავე შინაგან სამყაროსაც გამოკვეთს: „ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,/წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული“. „ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი,/ ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა“. ნიკო სამადაშვილისთვის ერეკლე ტატიშვილი  მოუხელთებელი და სიზმარეული არსებასავით იყო: „აგეკვიატე, ნეტა რა ჭირად?/შენ რას აგწერდა რემბრანტის ფუნჯი./ ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს,/და თვალებიდან მოსჩანს ფასკუნჯი“ („სიზმრების ნაღვერდალი“). ერეკლე ტატიშვილი მისთვის იყო უძველეს ხეთელთა თანამედროვეობაში შემოხეტებული აჩრდილი:

„როცა გვხვდებოდი, ჩემს საგონებელს,/ ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს.

შენ რომ წახვედი, ასე მგონია,/მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე“ („ერეკლეს“).

როგორც ვერგილიუსი მიუძღოდა დანტეს ჯოჯოხეთის სანახების მოსახილველად, ასეთ მეგზურად იქცა იგი ნიკო სამადაშვილისთვის ცხოვრების ჯოჯოხეთში. მის მიერ ნათრგმნმა ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრამ“ დიდი სულიერი საზრდო მისცა პოეტს, ამიტომაცაა, რომ ამ წიგნის გამოძახილი შეიგრძნობა მის პოეზიაში. როცა  10 წლის მთაში განდეგილობის შემდეგ ბარში დაშვებული ზარატუსტრა მოხუც განდეგილს ნახავს და გაესაუბრება, მასთან განშორების შემდეგ იტყვის: „ამ მოხუც წმინდანს ღმერთის სიკვდილი ჯერ არ სმენია“. ნიკო სამადაშვილის პოეზის ლირიკულ გმირს კი სმენია ღმერთის გარდაცვალების ამბავი და ამის გამო გლოვას შესდგომია. მას თვალი მიუპყრია   სამყაროსთვის და იქ სხვა ღმერთების ძებნას შესდგომია ამ განცდის ამსახველია სტრიქონები: „უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს/ უკანასკნელი ქრისტიანები“.

ზარატუსტრა ქალაქის მოედანზე შეყრილ ხალხს ეუბნება: „გასწავლით ზეკაცს. ადამიანი რაობაა, რომლის ძლევა ჰხამს“.  „ამჯობინებთ კვლავ ცხოველებად უკუიქცეოდეთ, ვიდრე სძლევდეთ ადამიანსა?“ „განვლეთ გზა მატლით ადამიანამდე და ბევრი რამ არის თქვენში მატლური“ (// „მატლ ვარ და არა კაც“ (ფსალმუნი“). ოდესღაც მაიმუნები იყავით და ახლაც ადამიანი უფრო მაიმუნია, ვიდრე თვით მაიმუნი“. „ოდესღაც ღვთის გმობა უდიდესი გინება იყო, ხოლო ღმერთი მოკვდა და მასთან ერთად მისი მაგინებელნიც“.  „ადამიანი თოკია ცხოველსა და ზეკაცს შორის – თოკი უფსკრულს ზედა“, ნიცშეს აზრით, ადამიანი გარდამავლობაა.  ქაოსის განცდა ორგვარი შეიძლება იყოს. გარეგანი სამყაროს უსამართლობით,  ბოროტებით, სიმახინჯით, ამაოებითა და ათასგვარი უბედურებით აღძრული და  შინაგანი _ უმიზნობით, გაურკვევლობით,  ურწმუნოებით, არჩევნის შეუძლებლობით, ყოყმანით, გონებრივი უძლურებისა და უსიყვარულობით წარმოშობილი. ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლირიკული გმირი ორივეს მძაფრად განიცდის. მას ერდროულად უყვარს და სძაგს კიდევაც მიწა, მატერიალური, ხრწნადი. ქრისტეს რწმენას დროდადრო მოაქვს შინაგანი სიმშვიდის განცდა, რომელიც გარესამყაროსაც აწესრიგებს, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ფიქრთა ნაკადები ქარიშხლებად იქცევიან და ჰარმონიას კვლავ ქაოსად აქცევენ. მაშინ იბადება სწორედ ასეთი სახეები:

„მათხოვარი ზის როგორც ობობა,/ მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,

არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,/ ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“.…

ამ სტრიქონებზე თამაზ ჩხენკელი წერს: „მარტო პირველი სტრიქონი იკმარებდა მათხოვრის ნიშანდობლივი სურათის დასახატავად, მათხოვრისა, რომელიც გატვრინული და უსახურია და ნაწყალობევს ხარბად აცხრება. მეორე სტრიქონი პირველის ფსიქოვიზუალურ სურათს ყნოსვისმიერ შეგრძნებასაც უმატებს, ამავე დროს ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო აღრმავებს ამ სურათს. ჯოჯოხეთი თავისთავად საშინელი და შიშის მომგვრელია. სიმყრალე ამძაფრებს და ზიზღის ნიუანსს უმატებს ამ ნიშანს. მოხდილი პკე დაღვლარჭნილობის, საძაგელი სისველის განცდას იწვევს, პკე – ღვინის ობი – ავადმყოფობაა და იგი, როგორც უვარგისი, არასასურველი რამ, მოსაშორებელი და გადასაგდებია. მესამე სტრიქონში მათხოვარი საკვირველად არის წარმოსახული. იგი არ არის მკვეთრად გარკვეული რამ, არც ცხადლივია, არც სიზმარეული, არც ნამდვილი, არც მოჩვენებითი. იგი თითქოს წაშლილი და ბოლომდე შეუცნობელია. მეოთხე სტრიქონი ფანტასტიკურია. ეს ადამიანთათვის უვარგისი, საზიზღარი არსება გადაგდებულია და მას ჩიტები კენკავენ, როგორც დამპალ ნაყოფს ან ცხოველთა სკორეს. ეს ასოციაცია აუცილებლობით იბადება, თუმცა ეს არ არის თქმული. მეოთხე სტრიქონი ფაქტიურად მესამეს ხსნის. მათხოვარი იმდენად უსახო, გაურკვეველი რამ არის, რომ ჩიტების აკენკილ რასმე ჰგავს. ეს სტროფი ამომწურავად, უჩვეულოდ თვალსაჩინო და ხელშესახებ, ფსიქოლოგიურად ღრმა და მართალ სურათს იძლევა. მაგრამ მთავარი ეს არ არის. იგი ჩვენში იწვევს რაღაც საშიშროების თუ საზარლობის განცდას და მკითხველში ავტორის ჩანაფიქრისათვის სასურველ განწყობილებას ჰქმნის“. თამაზ ჩხენკელს სამადაშვილის ერთგვარი გაორებული, ქაოტური ყოფა (თან რევიზორ-ბუღალტერი, თან პოტი) ფრანსუა ვიიონის ცხოვრებას აგონებდა. მისი მხატვრული სახეები ელიოტს ანათესავებდა (ფუტურო ადამიანები). ზოგიერთ სტრიქონს  ქუინსს, იაპონურ ტანკებს. ამგგვარად ხაზს უსვამდა მისი პოეტური მსოფლმხედვეობის მასშტაბებს, იმ დიდ ენერგიას, რომლითაც ის თავისი ლექსების სახით ახალ პოეტურ განზომილებებს, ახალ პოეტურ სამყაროებს ქმნიდა. მისი აზრით, „არის რაღაც ხასიათისმიერი ანგრეულობა, რაღაც შინაგანი მოუწესრიგებლობა მის ლექსებში, რაც უცნაურ სიცოცხლისუნარიანობად თუ იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება. მისი ბევრი ლექსი მე მაგონებს გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომელშიც შეურყვნელი, მაგარი ძელგი ღვინოა ჩასხმული“.

ქაოსსაც აქვს უჩვეულო და უცხო სილამაზე, რომელსაც დიდი პოეტები შეიგრძნობენ და უჩეულო მხატვრული სახეებით წარმოაჩენენ. თავის დროზე ეს ბოდლერმა `ბოროტების~ ყვავილებში შესანიშნავად გამოხატა. ჰუგო ფრიდრიხი წერდა: `უბადრუკს, ლპობადს, ბოროტს, ღამეულს, ხელოვნურს თავისი ხიბლი აქვს, რომელიც პოეტურ აღქმას იმსახურებს. ისინი შეიცავენ იდუმალებას, რომელსაც პოეზია ახალ გზებზე გაჰყავს. ბოდლერი დიდი ქალაქის ნაგავში მისტერიას გრძნობს. მისი ლირიკა ამ მისტერიას გამოხატავს ფოსფორისებურ ნათებად~.

მიუხედავად განსხვავებულობისა, ნიკო სამადაშვილს აქვს თავისი კავშირი ტრადიციასთან და ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ვაჟა -ფშაველას შემოქმედებასთან ნათესაობით მჟღავნდება. არჩილ სულაკაური იგონებს რა მასთან ნათქვამ ნიკო სამადაშვილის სიტყვებს: „ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი…“ _ დასძენს:  „მაგრამ გავიდა და ამ გაღწევას ადასტურებენ მისი ლექსები“.

ბედნიერება

0

ნეტავი რა აბედნიერებს ადამიანს? რისგან შედგება ბედნიერება და გვიან რატომ ვხვდებით, რომ ოდესღაც ბედნიერები ვყოფილვართ? რატომ არის, რომ ყოველთვის უფრო მეტი გვინდა?

აი, იქ ვიღაც დგას… მზეს შესცქერის და უხარია. მგონი, ბედნიერიც უნდა იყოს. ეს ავსტრალოპითეკი ლუსია. მის განამარხებულ ნაშთს 1974 წელს ეთიოპიაში აღმოაჩენენ, თუმცა ახლა, ამწუთას, მზე აბედნიერებს.

დროის მიღმა, აი, იმ ფერდობზე „მარჯვე ადამიანები“ შეკრებილან. აზრადაც არ მოსდით, რომ ასე ჰქვიათ. 1964 წელს ლუის ლიკი და მისი კოლეგები ტანზანიაში მათ განამარხებულ ნაშთებს იპოვიან და სახელსაც დაარქმევენ. მანამდე კი… „მარჯვე ადამიანები“ ქვას აღმოაჩენენ. ქვით ქვის გატეხვა შეიძლება… უჰ, ხელის გაჭრაც… და ხელს თუ ჭრის, ტახსაც ხომ გაუფატრავს მუცელს? ხორცი ექნებათ… განა არ არის ბედნიერების საბაბი?

იქით, იმ ველზე, „მშრომელ ადამიანებს“ მოუყრიათ თავი. გამართულად დადიან, ცეცხლითა და იარაღებით აღჭურვილან, უმცროს თაობას რაღაცებს ასწავლიან კიდეც, გამოცდილებას გადასცემენ და მათი წარმატება ახარებთ, მალაყებზე გადადიან… ბედნიერები არიან.

კიდევ უფრო იქით, დათოვლილი მთის ძირას, გამოქვაბულში, ნეანდერტალელები მონადირებული ცხოველების ტყავებს იზომებენ. ამიერიდან სიცივე ისე აღარ შეაწუხებთ… ისინიც ბედნიერები არიან.

ჰომო საპიენსები კი ყველაფრით უკმაყოფილოები ვართ. ვერც კი ვამჩნევთ, რომ ორი ფეხი გვაქვს და სირბილი შეგვიძლია, ორი ხელი, რომლებითაც ყველაფერს ვაკეთებთ, ორი ყური, რომლებითაც გვესმის, ორი თვალი, მზე რომ დავინახოთ, ენა, საჭმლის გემოთი რომ ვისიამოვნოთ და ცხვირი, იის სურნელი რომ ვიგრძნოთ. ტვინიც გვაქვს, ოღონდ ხან ვიყენებთ, ხან – არა.

მოკლედ, ჯანმრთელები ვართ და ეს უკვე ბედნიერებაა.

ბედნიერებას განწყობა ქმნის. განწყობას პატარ-პატარა დეტალები აყალიბებს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონი სეროტონინი გამომუშავდება და აგვაფორიაქებს ხოლმე. ან, უბრალოდ, კარგად გვაგრძნობინებს თავს.

ვწერ, თან შავ შოკოლადს გეახლებით და მისი გემოთი ვტკბები. შოკოლადი ერთბაშად ამაღლებს განწყობას. ალბათ ამიტომ იყო, მეთვრამეტე საუკუნის ევროპაში აფთიაქებში რომ იყიდებოდა წამალივით და ძალიან ძვირი ღირდა. სხვათა შორის, ლუდოვიკო მეთხუთმეტის ფავორიტს, მადამ დე პომპადურს, ძალიან ჰყვარებია ცხელი შოკოლადი. ის კი არა, ნაპოლეონიც ყოველ დილით გეახლებოდათ. ამბობდა, მამხნევებს და ძალას მმატებსო. ასე რომ, ნაპოლეონის გამარჯვებებში შოკოლადსაც მიუძღვის წვლილი.

კაკაოს მარცვლები ცხოველურ ცხიმს – ტრიგლიცერიდ ტრისტეარინს შეიცავს. ზოგიერთი თანამედროვე მწარმოებელი ამ ცხიმს მცენარეული ზეთით (უმეტესად – პალმის ზეთით) ცვლის. ასეთ შოკოლადს ნამდვილთან საერთო არაფერი აქვს.

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი?

ა) შოკოლადის ფილა სახეხზე გავხეხოთ. თუ შოკოლადში მცენარეული ზეთი ურევია, მას პლასტილინივით დავსრესთ, ნამდვილი შოკოლადის ნაფხვენის დასრესა კი არ გამოვა.

ბ) შოკოლადის ფილა ორი წუთით მოვათავსოთ მიკროტალღოვან ღუმელში. ნამდვილი შოკოლადი დარბილდება, მაგრამ არ დადნება.

გ) შოკოლადის ნატეხი რძიან ჭიქაში ჩავაგდოთ. ნამდვილი ჩაიძირება, მცენარეული ზეთის შემცველი კი ზედაპირზე იტივტივებს.

დ) შოკოლადის ფილა 30 წუთით შევდოთ საყინულეში. ნამდვილი შოკოლადი კაკაოს ცხიმის პატარა წვეთებით დაიფარება.

ეკვადორისა და ვიეტნამის ტერიტორიაზე მოყვანილი კაკაოსგან დამზადებული შოკოლადი განსაკუთრებით გემრიელი ყოფილა. ეკვადორში, ქალაქ კიტასთან, მდებარეობს ნახევრად მთვლემარე ვულკანი კატაპაკი. ნიადაგიც მისგან ამოსროლილი კვამლითა და ფერფლით არის გაჟღენთილი. სწორედ ეს მიაჩნიათ მიზეზად, რომ აქაური კაკაო განსაკუთრებით ნოყიერია. თუმცა ეკვადორული კაკაოსგან დამზადებული შოკოლადიც კი ვერ იქნება სასარგებლო, თუ გულსართით უხვადაა ამოვსებული. რაც უფრო მეტია ნაწარმში გულსართ, მით უფრო ნაკლებია შოკოლადი.

მოდით, გავახუროთ თეთრი, რძიანი და შავი შოკოლადი. რომელი უფრო ადრე გალღვება? კაკაოს ცხიმი 36 გრადუსზე ლღვება, ამიტომ პირველი სწორედ შავი შოკოლადი დაიწყებს ლღობას, მერე – რძიანი, თეთრი კი ყურსაც არ შეიბერტყავს. მასში კაკაოს პროდუქტის შემცველობა სულ 20%-ია. სტანდარტის მიხედვით, შოკოლადი 35% კაკაოს პროდუქტს მაინც უნდა შეიცავდეს. თუ ის 40%-ს აღწევს, მაშინ ეს შავი შოკოლადია, თუ 55%-ს – მწარე. რძიან და გულსართიან შოკოლადში კი კაკაოს პროდუქტი 25%-ს არ აღემატება.

კაკაოს მარცვლები კიდევ ერთ საინტერესო ნივთიერებას – ალკალოიდ თიობრომინს შეიცავს. თვისებებით ის კოფეინს ჰგავს, ოდნავ მომწარო გემო აქვს და დიდი რაოდენობით მომწამლავია. ქიმიური ბუნებით სუსტი ფუძეა. რეაქციაში შედის როგორც მჟავებთან, ისე ფუძეებთანაც.

„თიობრომინი“ ლათინურად ღმერთების საკვებს ნიშნავს. ზომიერი მიღებისას წნევას მაღლა არ სწევს, სამაგიეროდ, ტვინს ასტიმულირებს, ანტიდეპრესანტი და ანტიოქსიდანტია.

ეს ალკალოიდი შოკოლადის სისუფთავის ერთგვარი ინდიკატორიც არის: რაც უფრო მეტი კაკაოს მარცვალია გამოყენებული წარმოებისას, მით უფრო მეტ თიობრომინს შეიცავს შოკოლადი. ყველაზე მეტი შავ შოკოლაშია, თეთრში კი თითქმის არ არის. რძიან და გულსართიან შოკოლადს შუალედური ადგილი უკავია. თუ შოკოლადი შავია, მაგრამ თიობრომინს არ შეიცავს, გაუყალბებიათ და ეგ არის…

კაკაოს მარცვლებში ცოტაოდენი ეპიკატექინიც მოიპოვება. ეს პოლიფენოლების ჯგუფის ნივთიერებაა და კუნთებს ასტიმულირებს. მიტოქონდრიებზე ზემოქმედებს და მათ რეპარაციას, ფუნქციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ექიმები ირწმუნებიან, შოკოლადი ალპინისტებისთვისაც კარგიაო. კაკაოს პოლიფენოლები მაღლა სწევს სისხლში აზოტის ოქსიდის კონცენტრაციას, სისხლძარღვებს ადუნებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამის შედეგად ძლიერი დატვირთვის დროს ჟანგბადის შიმშილობაა არ შეინიშნება.

შოკოლადის გამოყენება ქიმიის გაკვეთილზეც შეიძლება. მიხვდით ალბათ – გემრიელი ცდების ჩასატარებლად.

 

ცდა #1

ჩაყარეთ სინჯარაში გახეხილი შოკოლადი (ასე, 1 სმ-დე სიმაღლეზე), დაასხით 2 მლ გამოხდილი წყალი, კარგად შეანჯღრიეთ და გაფილტრეთ. ფილტრატს 1მლ ნატრიუმის ტუტის ხსნარი და 10%-იანი სპილენძის სულფატის 2-3 წვეთი დაამატეთ. კვლავ შეანჯღრიეთ. წარმოიქმნება კაშკაშა ლურჯი ფერი. ეს საქაროზას აღმომჩენი რეაქციაა.

 

ცდა #2

შოკოლადი დაფხვენით და კოლბაში ჩაყარეთ. დაამატეთ 15 მლ 965-იანი ეთილის სპირტი. შეანჯღრიეთ და 15-20 წუთით შედგით სპირტქურაზე, ოღონდ არ აადუღოთ. მერე გააცივეთ და გაფილტრეთ. ფილტრატი სხვა კოლბაში გადაიტანეთ, დაამატეთ 5 მლ 1M გოგორდმჟავას ხსნარი და ადუღებამდე გააცხელეთ 15 წუთის განმავლობაში. კვლავ გააცივეთ და გაფილტრეთ. მოვარდისფრო-ყავისფერ ხსნარს მიიღებთ. გაცივების შემდეგ 1 მლ ფილტრატის დაამატეთ 1 მლ მოლიბდენის რეაქტივი (7,5გ ამონიუმის მოლიბდატი (NH4)6Mo7O24 ხსნიან 100მლ 32%-იან აზოტმჟავაში) და ნარევი წყლის აბაზანაში გააცხელეთ. წარმოიქმნება ყვითელი წვრილკრისტალური ნალექი. თუ შოკოლადი რძიანია, ეს რძის ფოსფოპროტეინების დამსახურება იქნება, თუ სუფთა – ლეციტინში შემავალი ფოსფატიონებისა, რომლებიც ამონიუმის მოლიბდატთან რეაგირებენ.

 

ცდა #3

ჩაყარეთ სინჯარაში გახეხილი შოკოლადი (1 სმ-დე სიმაღლეზე), დაასხით 2-3 მლ გამოხდილი წყალი, კარგად შეანჯღრიეთ და გაფილტრეთ. 1 მლ ფილტრატს დაამატეთ 0,5 მლ კონცენტრირებული აზოტმჟავა. ნარევი გააცხელეთ. წარმოიქმნება ყვითელი მასა. თუ 25%-იან ამიაკს დაამატებთ, ნარინჯისფერში გადავა. ეს სინჯი რძიან შოკოლადში შემავალი ცილის ამინმჟავებზეა გათვლილი.

და მაინც – სად არის ბედნიერება?

აბრაამ ლინკოლნს უთქვამს: „თუ გინდა, ბედნიერი იყო, აქციე ბედნიერება შენი ცხოვრების მთავარ მიზნად“.

თუ მთლად ასე არ გამოდის, ცოტა შოკოლადიც მიაშველეთ…

დინასტიები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

0

როკფელერები

ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიზნესდინასტიის დამფუძნებელი ჯონ როკფელერი იმდენად ფულის უსაზღვრო სიყვარულით  არ გამოირჩეოდა, რამდენადაც სიძუნწითა და წუწურაქობით. ეს თვისებები „კოლორადოელი ტურას“ ზოგიერთ შთამომავალსაც გამოჰყვა. ამის მიზეზი გახლდათ როკფელერისეული აღზრდა, რომელიც უმცროსი ძმების მიერ უფროსების ტანსაცმლის გაცვეთამდე ტარებითა და ოჯახში მუშაობით ჯიბის ფულის შოვნით გამოიხატებოდა. მაგალითად, ყოველი მოკლული ბუზის სანაცვლოდ მამა შვილებს ორ ცენტს უხდიდა.

ერთადერთი, რაც ჯონს არ ენანებოდა, საკუთარი დრო იყო. ის მუშაობის მანიაკი გახლდათ. ჩვეულებრივ კლერკად მუშაობისას თავს არც დალევის, არც მოწევის და არც ქალებთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევდა. მუშაობდა გათენებიდან მზის ჩასვლამდე და იშვიათ თავისუფალ წუთებშიც კი თავისი პირველი საბანკო ჩეკის თვალიერებით ტკბებოდა.

როკფელერის მეორე ვნება ნავთობი იყო. მისი წარმატება სწორედ თავაუღებელმა მუშაობამ და პერსპექტიულმა იდეამ განაპირობა. ყოველ შემთხვევაში, მე–19 საუკუნეში წარმატებული სტარტის სწორედ ეს რეცეპტი მუშაობდა. როკფელერები ამერიკის ყველაზე მდიდარ დინასტიად იქცნენ და დღესაც ასეთივედ რჩებიან. ჯონის მიერ 130 წლის წინ დაარსებული „Standart Oil–ი“ კი კვლავ სანავთობო მონსტრია.

დღეს მსოფლიოში როკფელერის ორასამდე შთამომავალი ცხოვრობს. მართალია ყველა მათგანი წარმატებული ბიზნესმენი არ გამხდარა, მაგრამ ზოგმა საკმაოდ დიდ სიმაღლეს მიაღწია, თუმცა ჯონ უფროსის დაჩრდილვა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.

 

ლაკოსტები

ხანდახან ბიზნესი არა პერსპექტიული იდეიდან, არამედ ჰობიდან იწყება. ეს ვარიანტი უფრო იშვიათია, მაგრამ რენე ლაკოსტს ბედმა გაუღიმა. ჯერ კიდევ კოლეჯში ის ჭკუას კარგავდა ჩოგბურთზე. ყმაწვილის გატაცებას მისი მშობლები სერიოზულად არ ეკიდებოდნენ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში რენე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა.

1927 წელს, დევისის თასის მატჩის წინ, ლაკოსტმა ერთ-ერთ სპორტსმენს სანაძლეო დაუდო, რომ მოიგებდა. ფსონი… ნიანგის ტყავის ჩემოდანი იყო. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს ეს ამბავი არ გამოჰპარვიათ და რენეს ნიანგი შეარქვეს.

ლაკოსტს მეტსახელი ძალიან მოეწონა და როდესაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ქსოვილების ფაბრიკა გახსნა, პატარა ნიანგი მისი ნაწარმის ემბლემად იქცა.

ბიზნესის იდეა ასეთი იყო: სპორტი შეძლებული ადამიანების ცხოვრების ნაწილია, რომელიც ელეგანტურ და მოხერხებულ ტანსაცმელში უნდა გაატარონ. ამ პოლიტიკის შედეგი მთელ მსოფლიოში გახსნილი 2000-ზე მეტი საფირმო მაღაზიაა.

უოლტონები

სუპერმარკეტი ამერიკული ცხოვრების ისეთივე სიმბოლოა, როგორიც ჰამბურგერი, მაგრამ ბევრმა ამერიკელმა არ იცის, რომ პირველი სუპერმარკეტი ფარდულში გაიხსნა. სამაგიეროდ, თავად იდეას, რომელიც სემ უოლტონს დაებადა, ოქროს ფასი ჰქონდა. მოგვიანებით უოლტონმა სუპერმარკეტების ქსელი „უოლ მარტი“ შექმნა. სწორედ მისი იდეა იყო ქალაქის გარეუბანში უზარმაზარი მაღაზიების აშენება, რომლებსაც უფასო ავტოსადგომები ერტყა გარს, მყიდველების დაინტერესება ხელმისაწვდომი ფასებითა და… ჭორებით. მყიდველებთან მომსახურე პერსონალის საუბარი სხვადასხვა თემაზე მუშტრის მოზიდვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად მიიჩნეოდა.

უოლტონები ტიპური ამერიკული ბიზნესდინასტიაა, სადაც შვილები ბავშვობიდანვე მონაწილეობენ მამის საქმიანობაში და შემდგომ საოჯახო საქმის გამგრძელებლები ხდებიან. ნაყინის ფულს პერსონალთან ერთად მუშაობით შოულობენ, მონაწილეობენ სარემონტო სამუშაოებში, ემსახურებიან კლიენტებს, დაატარებენ საქონელს.

დღეს უოლტონის უფროსი ვაჟი რობსონი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ფირმის სათავეში აღმოჩნდა, პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი პირადი ქონება 20 მილიარდ დოლარს აღემატება.

ოპენეიმერები

ალბათ გგონიათ, რომ ბრილიანტებს ყოველთვის ცეცხლის ფასი ედო, მაგრამ ასე არ არის. გასული საუკუნის 20-იან წლებში ალმასის ფასი მკვეთრად დაეცა. ძვირფასი ქვების სპეციალისტი ოპენჰეიმერ-უფროსი არ დაბნეულა – მან ჩალის ფასად შეიძინა ერთ დროს ყოვლისშემძლე ფირმა „დე ბირსის“ აქციები და ამით საფუძველი ჩაუყარა საოჯახო ბიზნესს. მას მხარი აუბა შვილმაც, რომელიც ველური ორქიდეებისა და წმინდა სისხლის ცხენების მოყვარული იყო და მთელ მსოფლიოს ჩაუნერგა აზრი, რომ ბრილიანტი მარადიული ფასეულობაა. სინამდვილეში მას მიაჩნდა, რომ ეს ქვები ბევრს არაფერს წარმოადგენდა და ფულის შოვნის ერთადერთი შანსი მათ ირგვლივ ერთგვარი მითის შექმნა იყო. სწორედ მისი იდეისა და სწორი სარეკლამო სტრატეგიის დამსახურებაა, რომ დასავლელ საქმროებს ბრილიანტის ბეჭდის გარეშე ქალისთვის ხელი ვერ უთხოვიათ, რადგან დღეს ეს ქვა მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. ამასთან, არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად, ბეჭდის ფასი სასიძოს ორი თვის ხელფასს მაინც უნდა უდრიდეს.

გასაკვირი არ არის, რომ „დე ბირსი“ საკმაოდ სწრაფად წამოდგა ფეხზე, ალმასების ფასმა კი 60%-ით მოიმატა. დღეს კომპანია ალმასის მსოფლიო ბაზრის 75%-ს აკონტროლებს, ამ უზარმაზარი ქონების მფლობელი კი ჰარი ოპენჰეიმერის შვილიშვილი ჯონათანია.

 

ფრიტცკერები

სასტუმროების უზარმაზარი ქსელის მფლობელი ნიკოლას ფრიტცკერი რუსეთიდან ფულის, საქმიანი კავშირებისა და ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე ჩავიდა ამერიკაში. ეს ამბავი 200 წლის წინ მოხდა. ტურისტის დიპლომის მიღების შემდეგ მან თავისი სპეციალობით მუშაობა დაიწყო, ჰონორარებს კი უძრავ ქონებაში აბანდებდა. მისმა შვილიშვილებმა საოჯახო ბიზნესი გააფართოეს და სასტუმროების ქსელი „ჰაიატი“ შექმნეს. დღეს ის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში მდებარე 200-ზე მეტ სასტუმრო და საკურორტო კომპლექსს მოიცავს.

გარდა ამისა, ფრიტცკერების ოჯახი არქიტექტურაზე გიჟდება და ამ პროფესიის წარმომადგენელთათვის ყოველწლიურად გასცემს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს. ფრიტცკერის პრემიის მიღება არქიტექტორისთვის იგივეა, რაც მსახიობისთვის – „ოსკარისა“. მით უმეტეს, რომ ამ პრემიას მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. არქიტექტორებს რატომღაც ნობელიც კი არ სწყალობდა…

კვლევა პლაგიატის შესახებ და როგორ აღიქვამს ქართული საზოგადოება აკადემიურ პატიოსნებას

0

ტექნოლოგიურმა პროგრესმა და გლობალიზაციამ აკადემიურ სივრცეს საზღვრები გაუხსნა და ერთ მთლიანობად აქცია. ამ ცვლილებას  შესაძლებლობათა გაფართოებასთან ერთად თანამდევი გამოწვევებიც ახლავს. ასეთ გამოწვევას წარმოადგენს პლაგიატის შესაძლებლობების ზრდა. საქართველოში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილში, ამ მიმართებით თავისებური ტენდენციები იკვეთება. ეს დაადასტურა ახლახან განათლების ექსპერტების ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ,,პლაგიატის პრობლემა და მისი აღქმა საქართველოში“.

კვლევისა და მისი შედეგების შესახებ გვესაუბრება Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი.

44969_450338793680_6546151_n

  • კვლევის ანგარიში, რომელიც დაინტერესებულ საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების 1500-მდე წარმომადგენლის გამოკითხვას ეყრდნობა. ის პლაგიატთან დაკავშირებულ ოფიციალურ პოლიტიკას, პრაქტიკასა და პლაგიატის მიმართ დამოკიდებულებებს ასახავს. მადლიერება გვინდა გამოვთქვათ კვლევის მონაწილეთა მიმართ თანამშრომლობისა და გულახდილობისთვის. კვლევაში ორი კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ, ერთი მხრივ, პლაგიატის შესახებ დაინტერესებული მხარეების აზრისა და დამოკიდებულებების კვლევა და, მეორე მხრივ, პლაგიატის საწინააღმდეგო პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და დოკუმენტების ხილვადობისა და შინაარსის შეფასება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებგვერდების ანალიზის საშუალებით.
  • რა არის პლაგიატი, რა ითვლება პლაგიატად, არსებობს თუ არა ამის ერთგაროვანი აღქმა?
  • როგორც აღვნიშნეთ, ჩვენმა კვლევამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოიცვა. მათ ნორმატიულ დოკუმენტებში ეს საკითხი არათანაბრადაა წარმოდგენილი, პლაგიატი განმარტებულია, როგორც წყაროს მითითების გარეშე სხვისი ნაშრომის ან გამონათქვამის ტექსტში ჩართვა. რესპონდენტები ინტერვიუებში ახსენებენ ,,უნებლიე პლაგიატს,“ ,,ციტატების კოლაჟს“… კვლევა ადასტურებს, რომ არსებული წესები და გავრცელებული პრაქტიკა ხშირად სცდება ერთმანეთს. როგორც პლაგიატის ცნების აღქმის, ისე აღმოჩენის მექანიზმისა და სანქციების შემთხვევაში აკადემიური პერსონალი ძირითადად საკუთარი შეხედულებით მოქმედებს.
  • შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ აკადემიური საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას და არ ცოდნა არ ცოდვაას “ პრინციპით პასუხისმგებლობაც ნაკლებ აწუხებს. რა პერსპექტივა იკვეთება პლაგიატის პრევენციის მიმართულებით?
  • გაირკვა, რომ ზოგადად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკა მიმართულია უფრო დასჯაზე, ვიდრე პრევენციაზე. სტუდენტებთან ინტერვიუებში მჟღავნდება, რომ არსებობს ინფორმირებულობის დეფიციტი, ამასთან ერთად ფორმალურ და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს აკადემიური წერის კურსი, რომელიც ამ საგნის ზედაპირულ სწავლებასთან ერთად სრულდება, ანუ აკადემიური წერის პრინციპების დამკვიდრებაზე ზრუნვა სისტემურ მიდგომას არ წარმოადგენს.
  • თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკა უფრო დასჯაზეა მიმართული. რა ხდება რეალობაში, რა მექანიზმები მოქმედებს პლაგიატის გამოსავლენად?
  • ოფიციალური სანქციები ხშირად უმოქმედოდ რჩება, რადგან პლაგიატის აღმოჩენის ეფექტური მექანიზმები უნივერსიტეტებში არ არის დანერგილი. პლაგიატის აღმოჩენის ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს პროფესორის მიერ სტუდენტთა ნაშრომების შემოწმება წარმოადგენს. მონიტორინგი ნაკლებად ეხება აკადემიური პერსონალის ნაშრომებს. პლაგიატის გამოსავლენად იშვიათად გამოიყენება ელექტრონული რესურსები, რაც ამცირებს ამ პროცესის შესაძლებლობებს. შესაბამისად, პლაგიატზე რეაგირებაც არის შერჩევითი და არათანაბარი. საქართველო ამ მიმართებითაც იზიარებს პოსტსაბჭოთა სივრცის თავისებურებებს. ინტერვიუებში მსჯელობისას იკვეთებოდა ასეთი ფრაზები: ,,ყველამ იცის, რომ არ ჩაუტარებია ასეთი კვლევა, მაგრამ რას ვიზამთ“ და გასამართლებლად სახელდება კვლევებისათვის  რესურსებისა და მოტივაციის სიმცირე. ამგვარი ,,ხალტურა“ ახასიათებს პოსტსაბჭოთა სივრცეს.
  • კვლევის დასკვნები თუ გვაძლევს საშუალებას, აღვნიშნოთ, რომ ჩვენი აკადემიური საზოგადოება მზად არის ღიად იმსჯელოს ამ საკითხებზე და რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის?
  • კვლევის შედეგები გვიტოვებს იმედს, რომ პროცესი ნელა, მაგრამ სწორი ვექტორით მიდის. აკადემიურ წრეებში პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების ერთ-ერთ შემაფერხებელ გარემოებად საქართველოში აკადემიური ნაშრომების ერთიანი ელექტრონული ბაზების არარსებობა სახელდება. დამოკიდებულების კუთხით, აკადემიურ საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს პლაგიატის რაობა, და მისი გავრცელების პრობლემურობა. სტუდენტებიცა და პროფესორებიც პლაგიატზე, ძირითადად , როგორც ქართული აკადემიური კულტურის ნაწილზე მსჯელობენ, რომელიც ყველა დონეზეა გავრცელებული. გამოკითხულთაგან თითქმის ყველა აღიარებს პლაგიატთან ბრძოლის გამკაცრების აუცილებლობას და ამ თემაზე დისკუსიებში მონაწილეობისთვის მზაობას. ეს გვიტოვებს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება მზადაა ამ პრობლემაზე კონსტრუქციული დისკუსიების დასაწყებად.
  • რა რეკომენდაციები შემუშავდა სახელმწიფოსთვის, უმაღლესი სასწავლებლებისთვის?
  • აკადემიური პატიოსნებისა და, კერძოდ, პლაგიატის პრობლემების შემცირებისთვის სახელმწიფომ სისტემური აქტივობები უნდა დაგეგმოს და განახორციელოს. კვლევის რეკომენდაციებში ეს დეტალურადაა მოცემული. მკითხველს არ გადავტვირთავთ, მაგრამ რამდენიმეს დავასახელებთ: აკადემიური ნაშრომების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და საჯაროობას, პლაგიატის შესახებ ცოდნის ასამაღლებლად სახელმძღვანელოების გამოცემა, ონლაინკურსების, ვიდეოგაკვეთილების შექმნა; პლაგიატის მართვის ელექტრონული სისტემების განვითარება, აკადემიური კულტურის დასამკვიდრებლად წამახალისებელი აქტივობების გამოყენება; ძალიან დიდი როლი ენიჭება მედიას, ეს თემები სხვადასხვა რაკურსით სისტემატურად უნდა შუქდებოდეს. კონკურსების გამოცხადება რეფერირებადი ჟურნალების დასაარსებლად და ასე შემდეგ. კვლევის რეკომენდაციებით, თავის წილად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც უნდა გააქტიურდნენ.

ავღანელი გოგონები სკოლაში

0

მსოფლიოში 62 მილიონი გოგონა არ დადის სკოლაში. მათი უმრავლესობა კონფლიქტურ და არასტაბილურ ქვეყნებში ცხოვრობს, მაგალითად ისეთში, როგორიც ავღანეთია. ამ ქვეყანაში კი მშვიდობიანი პერიოდი ოცდაათ წელზე მეტია ვერა და ვერ დადგა. ომი, ცხადია, პირდაპირ აისახება სწავლის პროცესზე.

1

გაკვეთილების შემდეგ ავღანელი სკოლის მოსწავლეები სახლში ბრუნდებიან და დაფაც თან მიაქვთ. ჯალალაბადის გარეუბანი. © Noorullah Shirzada, Getty Images

ავღანეთი ქალების განათლების მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს. ეს მონაცემები დიდწილად „თალიბანის“ ხუთწლიანმა, 1996-2001 წლების მმართველობამაც განაპირობა. ხალიდ ჰოსეინის რომანში „ათასი მოელვარე მზე“ მრავლად გვხვდება ფრაგმენტები უახლესი ისტორიიდან, რაც საშუალებას იძლევა ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად:

„ამიერიდან ჩვენს ვათანს ავღანეთის ისლამური ემირატები ეწოდება. ძალაში შედის შემდეგი კანონები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია.

ქალების საყურადღებოდ:

დარჩით სახლებში. ქალებისთვის შეუფერებელია უმიზნოდ ქუჩებში ხეტიალი. თუ გარეთ გახვალთ, თან აუცილებლად მაჰრამი, მამრობითი სქესის ნათესავი უნდა გახლდეთ. თუკი ქუჩაში მარტო მყოფს დაგიჭერენ, გამათრახების შემდეგ შინ გაგისტუმრებენ.

დაუშვებელია სახის გამოჩენა. გარეთ გასვლისას უნდა ჩაიცვათ ბურკა. ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, რამდენჯერმე გამათრახდება.

იკრძალება გოგონების სკოლაში სიარული. ქალთა სკოლები დაუყოვნებლივ დაიხურება.

იკრძალება ქალების მუშაობა.

მრუშობა ჩაქოლვით ისჯება.

მოისმინეთ! მოისმინეთ ყურადღებით და დაემორჩილეთ კანონებს! ალაჰუ აქბარ!“ (ინგლისურიდან თარგმნა სოფიო ჯობავამ, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016 წ.)

თალიბების განდევნისას ავღანეთში ერთი მილიონი მოსწავლე დადიოდა სკოლაში. უმეტესობა ბიჭი იყო. თუკი ადრე გოგონების მხოლოდ 3% იღებდა განათლებას, ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ახლა ეს მაჩვენებელი 36%-მდეა გაზრდილი. ქვეყანას ამჟამად ორივე სქესის დაახლოებით 8 მილიონი მოსწავლე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ავღანეთის საგანმანათლებლო სისტემის გასამართად რვაას მილიონამდე დოლარი აქვს დახარჯული. ყველაფრის მიუხედავად, სკოლაში მოსიარულე ბიჭების რაოდენობა მაინც სამჯერ აღემატება გოგონებისას. მეექვსე კლასის შემდეგ სწავლას 20 გოგონადან მხოლოდ ერთი აგრძელებს. დაახლოებით მილიონ-ნახევარი სასკოლო ასაკის ავღანელი გოგონა სკოლის გარეთაა დარჩენილი.

2

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ გაცილებით უსაფრთხოა. მეჰთარლამი. © AFP

ამ გარემოებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ზოგიერთი ოჯახი შვილს ნებას რთავს ახლომდებარე და მხოლოდ გოგონებისთვის განკუთვნილ სკოლაში იაროს, სადაც მამაკაცი მასწავლებელი არ ეყოლება. თუმცა ასეთი სკოლა ძალიან ცოტაა. მრავალი გოგონაა სკოლაში თუ სკოლის გზაზე დაშავებული. ქალთა სკოლები დანგრეულია, ასობით მასწავლებელი კი – დაშინებული ან მოკლული. სიღარიბე, ომი, დაუცველობის შეგრძნება, მოტაცებისა და გაუპატიურების რისკი ბევრ ოჯახს უბიძგებს, რომ ქალიშვილი ადრეულ ასაკში გაათხოვოს. ავღანელი გოგონების 50%-ზე მეტი 12 წლის ასაკში ინიშნება ან თხოვდება. 16 წლისათვის 60% უკვე დაქორწინებულია. უფლებადმცველების განცხადებით, გოგონებს უმეტესწილად იძულებით ან გარიგებით ათხოვებენ სამოც წელს გადაცილებულ მამაკაცებზე, რომელთაც ისინი პირველად საკუთარ ქორწილში ხვდებიან.

3

ავღანელი გოგონა ნაღლუს კაშხალთან ახლომდებარე სოფლიდან სკოლაში მიდის.  © Jeff Pachoud, AFP, Getty Images

რადგან „თალიბანის“ რეჟიმამადე მასწავლებელთა უმრავლესობა ქალი იყო, ქალთა დასაქმების აკრძალვამ მრავალი სირთულე წარმოშვა როგორც გოგონების, ისე ბიჭების განათლების მხრივ. რამდენიმეწლიანმა წყვეტამ კრიზისი გამოიწვია და ახლა ქვეყანას უდგას საჭიროება, რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი ქალი გაზარდოს.

4

სკოლის მასწავლებელი ჰერათში. © UNICEF Video

ავღანელი ქვრივი ქალების საშუალო ასაკი 35 წელია. ასეთი კი ამ ქვეყანაში მილიონ-ნახევარი ცხოვრობს. 94%-ს განათლება არ აქვს მიღებული, არადა, სულ ცოტა 4 შვილის რჩენა უწევს. ქმრები ზოგს შეიარაღებული კონფლიქტისას დაეღუპა, ზოგიერთი ქალი კი უბრალოდ მასზე გაცილებით უფროს მეუღლეზე მეტ ხანს ცხოვრობს.

5

ავღანელი გოგონები მათემატიკის გაკვეთილზე. © Wally Skalij, Getty Images

„ვიცი, ჯერ კიდევ პატარა ხარ. მაგრამ მინდა, რომ ეს უკვე გაიაზრო და ისწავლო, – უთხრა ბაბიმ, – გათხოვება მოიცდის, განათლება კივერა. შენ ძალიან გონებაგახსნილი გოგონა ხარ. ნამდვილად ასეა! ყველაფერი გამოგივა, ლაილა! ზუსტად ვიცი. ისიც ვიცი, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ავღანეთს შენ ისევე დასჭირდები, როგორც მამაკაცები. შეიძლება, უფრო მეტადაც კი, რადგან იმ საზოგადოებას, რომელსაც გაუნათლებელი ქალები ჰყავს, წარმატების შანსი არ გააჩნია, ჩემო გოგონავ“, – ქალიშვილისადმი მამის ეს მიმართვაც ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის რომანიდანაა. მწერალი გრძნობს იმ საჭიროებებს, რაც მისი ქვეყნის წინაშე დგას და ავღანეთის პრობლემებს მსოფლიო საზოგადოებას  მხატვრული ლიტერატურის მეშვეობით აცნობს.

6

სოფელ ქამარქალაღის მეჩეთში მოწყობილი სკოლის დაფაზე ავღანელი გოგონა მშობლიურ ენაზე წერს. © Getty Images

„ათას მოელვარე მზეში“ რამდენჯერმე გვხვდება ფრაზა: „ავღანეთში ახლა შესაფერისი დროა ქალად ყოფნისთვის“. რომანს ძლიერი, ერთნაირ ბურკებში გამოწყობილი განსხვავებული ქალი პერსონაჟები ჰყავს, რომლებიც მტრის ჩამოგდებულ ჭურვებში ყვავილებს ახარებენ – მომაკვდინებელ საგნებში ახალ სიცოცხლეს თესავენ. ნიშანდობლივია, რომ ლაილა, რომელიც უკვე ვახსენეთ, ბოლოს ისევ სამშობლოში, დანგრეულ ავღანეთში ბრუნდება, ანახლებს სკოლას და მასწავლებლობას იწყებს!..

მსოფლიოს უკეთესობისაკენ შესაცვლელად მილიონობით ქალის პოტენციალი უსათუოდ გამოსაყენებელია!

მიაწერეთ სკოლის კედლებს, რომ ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია

0

 

მოსწავლეები სასწავლო დროის უმეტეს ნაწილს საკლასო ოთახში ატარებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლამ იზრუნოს საკლასო ოთახში ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს და რომელშიც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა. საკლასო გარემო პოზიტიური უნდა იყოს და წაახალისებდეს სწავლებისა და სწავლის პროცესს. ადამიანის უფლებებს მორგებული საკლასო გარემო თანასწორობას, ინკლუზიასა და ურთიერთპატივისცემას გულისხმობს. ასეთი გარემო მოსწავლეს შესაძლებლობათა სრულყოფილად გამოვლენის საშუალებას აძლევს.

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

◦ არის თუ არა საკლასო ოთახში საკმარისი რაოდენობის სკამი და მერხი, რომლებიც მორგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებებს? ინვენტარი მოსწავლისა თუ მასწავლებლისთვის კომფორტული უნდა იყოს.

◦ ეკითხებით თუ არა მოსწავლეებს, როგორი საკლასო ოთახი მოეწონებოდათ? როგორ დააწყობდნენ სკამებსა და მერხებს?

◦ არის თუ არა საკლასო ოთახში ისეთი პლაკატები ან ფოტოები, რომლებიც წაახალისებს თანასწორობას და გმობს დისკრიმინაციას?

მაგალითად, ისრაელში, Leo Baeck Education Center-ში, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა რამდენიმე საკლასო ოთახში ადამიანის უფლებების მხარდამჭერი გარემო შექმნეს. ერთი ოთახი ისე მოეწყო, რომ აქცენტი თანასწორობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე დაისვა, მეორე კი თანამედროვე მონობის თემატიკაზე იყო ორიენტირებული. ოთახებში გამოაკრეს შესაბამისი შინაარსის პოსტერები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამონათქვამები.

დანიაში, KonTiki–ს სკოლებში, მოსწავლეთა მაგიდები U–სებურად ან cabaret სტილშია განლაგებული. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, არ იყოს დისკუსიის ცენტრში, ქმნის უფრო მშვიდ, არაიერარქიულ გარემოს და წაახალისებს peer-to-peer დიალოგს. საზოგადოდ, რაც უფრო არაიერარქიულია გარემო, მით უფრო აქტიურად მონაწილეობენ მოსწავლეები დისკუსიასა და სასწავლო პროცესში.

სკოლას შეუძლია, ადამიანის უფლებების მხადამჭერი გარემო მთელ ტერიტორიაზე შექმნას. მაგალითად, სათანადოდ მოაწყოს სათამაშო მოედანი, კაფეტერია, სპორტული დარბაზი, საკლასო ოთახები, დერეფნები და ბიბლიოთეკა. თუმცა ყველა სკოლას არ შეუძლია ისეთი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება, როგორებიცაა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სკოლის მთელ ტერიტორიაზე, ყველა სართულზე, ყველა საკლასო ოთახში. ეს მოითხოვს ფინანსებს, რომლებიც სკოლას არ გააჩნია. მთავარია, სასკოლო საზოგადოებამ გააცნობიეროს ეს პრობლემები, სცადოს სახსრების მოძიება მათი ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვეტის მიზნით.

თუმცა ნაკლები ხარჯი სჭირდება, მაგალითად, საკლასო ოთახებში ადამიანის უფლებებათა საყოველთაო დეკლარაციიდან ამონარიდების გაკვრას ან სკოლის კედლებზე იმის მიწერას, რომ:

◦ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით;

◦ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე;

◦ ყველას აქვს უფლება, დაცული იყოს თანაბრად, დისკრიმინაციის გარეშე კანონის მიერ;

◦ ყველას შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს უფლებების დაცვა;

◦ არ შეიძლება ვისიმე თვითნებური დაკავება, დაპატიმრება და გაძევება;

◦ ყველას აქვს განათლების უფლება…

წარმოიდგინეთ, რა სახალისო იქნება, თუ ამ ფრაზებს თავად მოსწავლეები და მასწავლებლები მიაწერენ სკოლის კედლებს. ყველაფერთან ერთად, ეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევასაც შეუწყობს ხელს.

“ევროპული” იმერული ღვინო

0

ციცქა ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი საღვინე ჯიშია. იგი იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ციცქა გვიან მწიფდება. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში, უმთავრესად იმერეთში.

ციცქას  ფოთლები საშუალო ზომისაა, სამ ან ხუთნაკვთიანი. ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული ან წვრილბურთულებიანია,  მუქი მწვანე ფერის. ფოთლის ქვედა მხარე ბუსუსიანია -მოკლე ჯაგრისებრი ბუბუსითა და სქელი აბლაბუდისებრი  ბეწვით, რომლებიც ერთად საკმაოდ სქელ ქეჩისებრ შებუსუსებას ქმნიან.

ისევე როგორც ფოთლები, ციცქას მტევანიც საშუალო ზომისაა, მისი ძირითადი ფორმა კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრია, იშვიათად ცილინდრული ფორმისაც გვხვდება. მტევნები ძალიან მკვრივი ან მკვრივია. მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური ფორმის.  ფერი მომწვანო-ყვითელია. კანი  დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული. გემო ჰარმონიული.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯიში  შედარებით მაღალი გამძლეობით ხასიათდება ფილოქსერასა და ჭრაქის მიმართ. ხოლო სუსტი გამძლეობით  – ნაცრის მიმართ. ზამთრის ყინვების მიმართ უფრო გამძლეა, ვიდრე მეორე ცნობილი იმერული ჯიში – ცოლიკაური. კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის  მეორე ნახევარში. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე დაახლოებით 6-10 ტონას აღწევს.

ციცქას ბოთლში დღეს როგორც შედარებით მცირე მარნები, ასევე დიდი კომპანიებიც აწარმოებენ. ამ ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო წარმატებით იყიდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც.

ციცქა მაღალმჟავიანი საშუალო შაქრიანობის განსხვავებული არომატების ყურძენს იძლევა. ციცქა ცოლიკაურთან და კრახუნასთან ერთად საუკეთესოდ კუპაჟდება. მტევანი შეკრულია საშუალოზე პატარა მჭიდრო მარცვლებით. კანი თხელი აქვს. წვენის გამოსავლიანობა ცოლიკაურზე 10%-ით მეტია. თვითონ ვაზი საკმაოდ მგრძნობიარეა ჭარბტენიანი ნიადაგის მიმართ, ამიტომ უფრო მზიან დახრილ ფერდობზე ვარგობს. ცოლიკაურთან და სხვა ჯიშებთან შედარებით სუსტია ნაცრისა და ჭრაქის წინაშე.

მეღვინეების დაკვირვებით, ციცქა  იძლევა საუკეთესო ღირსების ევროპული და იმერული ტიპის  ღვინოებს და ხარისხოვან მასალას ცქრიალა ღვინისათვის. ციცქას სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, იგი ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით.

ციცქა როგორც უკვე აღვნიშნეთ ძირითადად დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, აფხაზეთი, გურიისა და აჭარის რეგიონებში ხარობს. დასავლეთ საქართველოში ციცქას ხშირ შემთხვევაში ცოლიკაურთან საკუპაჟედ იყენებენ, თუმცა მეღვინეები ამბობენ, რომ ცალკე დაყენებული ციცქასგანაც შესანიშნავი ღვინო დგება.

იმერულ ღვინოს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ციცქასაც, მრავალი პრობლემა აქვს. იმერეთში, მიუხედავად ჯიშების მრავალფეროვნებისა, ღვინოს ყურძნის მოსავლის სიმცირის გამო მხოლოდ რამდენიმე ჯიშისგან ამზადებენ. ამიტომ ოჯახში დამზადებული ღვინო ნატურალური არ არის, გათვლილია მხოლოდ ერთი წლის მარაგის დამზადებაზე. ერთ წელიწადში კი ღვინო თავისი ღირსებების გამოვლენას ვერ ასწრებს.

იმერული ყურძნის ჯიშები საბჭოთა პერიოდში განადგურდა, რადგან კოლმეურნეობებს ყურადღება გამახვილებული ჰქონდათ რაოდენობაზე და არა ხარისხზე. მოჰყავდათ ისეთი ჯიშები, რომელთა მოვლაც გაცილებით იოლი იყო. იმერეთში გლეხებმა უკვე დაიწყეს იშვიათი ჯიშების მოშენება, თუმცა ეს მაინც იშვიათად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ციცქა იშვიათ ჯიშებს ალბათ ნაკლებად განეკუთვნება, მისი ფართობები დღეს იმერეთშიც კი ძალიან მცირეა და ეს ჯიში განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაფასებას საჭიროებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...