ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025
17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

წიგნიერების გაკვეთილები

0

ამ ბოლო დროს ტელევიზორის ეკრანებსა თუ გაზეთების ფურცლებზე ხშირად მოჰკრავთ თვალს ინფორმაციას წიგნიერების დონის ამაღლებისა და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით გამართული სხვადასხვა ღონისძიების შესახებ. ალბათ ბევრს უკვირს, რა საჭიროა ამხელა ხმაურის ატეხა ისეთი ჩვეულებრივი მოვლენის გარშემო, როგორიცაა წიგნის კითხვა. როგორც წესი, ცოტამ თუ იცის, რომ წიგნიერება თავის თავში მოიცავს მრავალმხრივი უნარების განვითარებას, ესენია:  კრიტიკული აზროვნება, წაკითხულის განხილვა, ანალიზი, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, არგუმენტირებული მსჯელობა, დისკუსია და სხვა.

განმარტებით ლექსიკონს თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ ,,წიგნიერება ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში“.  თუ დავაკონკრეტებთ, წიგნიერება გააზრებულ კითხვასთან ერთად მოიცავს აქტიური მოსმენის, ზეპირმეტყველებისა და  წერითი აზროვნების უნარებს და მაქსიმალურად განავითარებს ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული გზით მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებით, ქართველ მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. განსაკუთრებით თვალშისაცემია დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებასა და გადმოცემასთან დაკავშირებული სირთულეები.

ამავე კვლევის თანახმად, მოსწავლის წიგნიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ფაქტორი.  თუ მშობლები სოციალურად და ეკონომიკურად წელში გამართულები არიან, მათი შვილები უმეტესად მაღალ აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ, ხოლო თუ ოჯახს ფინანსურად უჭირს, მასში მცხოვრები მოზარდების წიგნიერების დონე დაბალია. ამიტომაც სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა. კომპიუტერსაც ამიტომ მივეჯაჭვეთ, ვირტუალური საინფორმაციო სივრცე ხომ ყველა შესაძლებლობის ადამიანისთვის ღიაა. ციფრული კედელი ყველა ჩვენს კომპლექსსა თუ არასრულფასოვნების შეგრძნებას საიდუმლოდ ინახავს. სოციალურ ქსელში თავი ლამის ყოვლისშემძლე სუპერგმირებად მოგვაქვს. სულ რაღაცას ვამტკიცებთ, მაშინაც კი, როცა არავინ გვეკამათება, პროვოკაციული თემების დახმარებით ვიპყრობთ ვირტუალურ სცენას და  ვიწყებთ მოპოვებული ინფორმაციით ,,პოზირებას“. თუმცა ამ მოვლენასაც გააჩნია დადებითი მხარე – სოციუმში ინტეგრირებისა და ცალკეული პროცესების მართვის სურვილი, რაც, თავის მხრივ, წიგნიერების განვითარებასაც უწყობს ხელს.

გამოცდილი უფროსები თავიანთ შვილებთან/მოსწავლეებთან დასაახლოვებლად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბილიკებს იყენებენ. წიგნიერების გავრცელების ეფექტურ გზად მედიაწიგნიერება მიიჩნევა, რადგან ის იყენებს სწორედ იმ რესურსებს, რომლებიც მოიპოვება ვირტუალურ გარემოში.

მედიაწიგნიერება მოიცავს ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლის დახმარებითაც საზოგადოება აანალიზებს სხვადასხვა ტიპის მედიაგზავნილებს, ამასთან ახერხებს გარკვეული ტიპის ინფორმაციის  აუდიტორიაზე ზეგავლენისა და  შედეგების კრიტიკულ შეფასებას და მასობრივი ინფორმაციის სივრცეში არსებული ყველა ჟანრის/ფორმატის მედიაპროდუქციის შექმნას.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაზე ყველა საგნობრივმა ჯგუფმა უნდა იზრუნოს. მოსწავლეს უნდა შეეძლოს გარკვეული ინფორმაციის მულტიმედიური საშუალებებით მიღება, გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება თუ შექმნა, რადგან სწორედ ინფორმაციის ოკეანეში ორიენტირების უნარი, სწორი არჩევნის გაკეთება, მასალის დახარისხება და შესრულებული სამუშაოს კრიტიკულად შეფასება განსაზღვრავს განათლების მთავარ პრინციპს – ასწავლე, როგორ ისწავლოს!

მედიაწიგნიერება პასუხობს ციფრული საუკუნის გამოწვევებს და გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. მედიაწიგნიერების მაღალი დონე პიროვნების დამოუკიდებლობის ხარისხსაც განაპირობებს. ის არასდროს ექცევა არასასურველი ინფორმაციის წნეხში, რადგან შეუძლია  მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება. არ ხდება ,,მედიადამოკიდებული“, რადგან მკაცრად იცავს ციფრულ და რეალურ სამყაროს შორის არსებულ საზღვრებს და არ უტოვებს მედიას მის ცხოვრებაზე, დღის წესრიგზე, ინტერესებსა თუ დამოკიდებულებებზე გაბატონების უფლებას.

პირველ რიგში, ინფორმაციული წიგნიერება ნიშნავს იმის ცოდნას, თუ რატომ გვჭირდება კონკრეტული ინფორმაცია და სად/როგორ მოვიპოვოთ და გამოვიყენოთ იგი. ამისათვის უნდა შეგვეძლოს:

  • საძიებო კითხვის სწორად ჩამოყალიბება;
  • მოძიებული მასალების საჭირო და მეორეხარისხოვან რესურსებად დახარისხება;
  • მოპოვებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება (მისი სანდოობისა და სიზუსტის შემოწმება);
  • ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (მივუთითოთ წყარო, რათა სხვამაც შეძლოს მისი გამოყენება);
  • ინფორმაციის დანიშნულებისამებრ, კორექტულად გამოყენება.

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეუძლია ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელება, მის თვალწინ ინფორმაცია მდინარესავით მიედინება და მეხსიერებაში ყოველგვარი გაანალიზება-გადამოწმების გარეშე ილექება.  შედეგად ადამიანს უყალიბდება არათანმიმდევრული, მცდარი შეხედულებები, რომელთაც ასევე დამახინჯებული სახით ავრცელებს.

წიგნიერების დონის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის შესაბამისი რესურსებით აღჭურვილი სივრცის შეთავაზებაც. თუ გარემოს არ შეუძლია მოზარდთა ინტერესების სრულად დაკმაყოფილება, ინტერესთა სფერო არათუ ფართოვდება, პირიქით, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლებს.

გარდა იმისა, რომ გარემო უნდა იძლეოდეს მოაზროვნე მკითხველად ჩამოყალიბების საფუძველს, უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში დღემდე არსებული მცდარი მოსაზრება წიგნიერების როლზე, თითქოს ის მხოლოდ კითხვის უნარს და წაკითხული წიგნების სიმრავლეს ნიშნავს (რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავ, უფრო წიგნიერი გახდები). არავინ ფიქრობს იმაზე, რატომ უნდა გაეცნოს ამა თუ იმ ლიტერატურას, რაში გამოიყენოს მისგან მიღებული ცოდნა და საერთოდ, სჭირდება თუ არა მას ამ ტიპის ინფორმაცის მიღება.

თუ გსურთ, მოზარდს კითხვის/ინფორმაციის მიღების სურვილი გაუღვივოთ, გარემო ხარისხიანი და მისი ინტერესების შესაბამისი ტექსტებით უნდა გაამდიდროთ. ტექსტებით მდიდარ გარემოში იგულისხმება, როგორც პერიოდული გამოცემებისთვის (ჟურნალ–გაზეთები) სისტემატურად თვალის მიდევნების ტრადიცია, ასევე მდიდარი საოჯახო ბიბლიოთეკა.  უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის კომფორტის უზრუნველყოფას მხოლოდ წიგნიერი მშობლები ახერხებენ.

ჩნდება კითხვა: რა ქნას მოზარდმა, რომლის ოჯახსაც არ შეუძლია მსგავსი გარემოს შექმნა? შეგახსენებთ, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვის ვალდებულება მშობლებთან ერთად სახელმწიფოსაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ.

სამწუხაროდ, სასკოლო ბიბლიოთეკების უმეტესობას არ შეუძლია მოზარდებისთვის კომფორტული სამკითხველო გარემოს შეთავაზება, რადგან სკოლის წიგნთსაცავების უმეტესი ნაწილი მეორად სახელმძღვანელოებს უჭირავს, მხატვრული ლიტერატურითა და სხვა კლასგარეშე საკითხავი წიგნებით კი სკოლები იშვიათად მარაგდებიან. ჩემი აზრით, სანამ სკოლებში არ არსებობს სამკითხველო დარბაზი, სადაც შესაძლებელია გაკვეთილების შემდეგ ჩასვლა, სასურველი წიგნის არჩევა და წაკითხვა, მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებაზე საუბარიც ზედმეტია.

ბავშვებს იშვიათად უშვებენ წიგნის თაროებთან, როგორც წესი, მათ საკითხავ მასალას უფროსები ურჩევენ. არადა, რა მოხდება, თუ მათაც მივცემთ არჩევის უფლებას?! მივიდეს, წიგნი თაროდან გადმოიღოს, ფურცლოს, წინასიტყვაობას ან ილუსტრაციებს გადაავლოს თვალი, რადგან თავდაჯერებულ მკითხველად ჩამოყალიბებას  მოზარდისთვის გასაგებ და საინტერესო ტექსტებთან ურთიერთობა და უფროსების მხრიდან მისი არჩევნის  სწორად შეფასება განაპირობებს.

რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, მოზარდებს უნდა ვასწავლოთ ციფრულ ბიბლიოთეკაში ორიენტირების წესებიც. მათ უნდა შეეძლოთ სასურველი ლიტერატურის მოძიება და წაკითხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

კითხვის უნარის დახვეწა გარკვეულწილად დამოკიდებულია კითხვის სწავლების მეთოდებზეც. მრავალფეროვანი და ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებული სასწავლო მასალების გამოყენება არ კმარა. თუ მასწავლებელი შესასწავლ თემას დამატებითი ტექსტებით, აუდიო-ვიდეო თუ ფოტომასალებით გაამდიდრებს, მოსწავლეს საშუალება ეძლევა, ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა მიმართულებით შეაფასოს, დაახარისხოს და შეაჯამოს მიღებული ინფორმაცია,  დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება.

მოტივაციის ასამაღლებლად საკმაოდ პოპულარული მეთოდია მოსწავლეთა ჩართვა გაკვეთილის, პროექტისა თუ ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. მოზარდები შესაშური ენთუზიაზმით აგვარებენ საორგანიზაციო საკითხებს: ადგენენ სამუშაო გეგმას, იძიებენ საჭირო რესურსს, ამზადებენ თემატურ თვალსაჩინოებას (პლაკატს, აფიშას, მოსაწვევს), ავრცელებენ ინფორმაციას და სხვ. როგორც წესი, ისინი ირჩევენ შესასრულებელი სამუშაოს იმ სფეროს, რომელშიც თვლიან, რომ ძლიერები არიან. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები სასწავლო პროდუქტის თანაავტორები ხდებიან.

მოტივაციის ამაღლების კიდევ ერთ ეფექტურ ხერხს წარმოადგენს შთაბეჭდილების გაზიარება. სასურველია, შეხვედრები სისტემატური ხასიათის იყოს და მოიცავდეს, როგორც წაკითხული წიგნების შესახებ საუბარს, ასევე ფილმების/სპექტაკლების განხილვასაც.

წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ზოგიერთი სკოლა მკითხველთა კლუბს ხსნის ან წიგნიერების გაკვეთილს სავალდებულო საგნის სტატუსს ანიჭებს. რადგან ეს საგანი ტიპურ აკადემიურ დისციპლინებს არ მიეკუთვნება, მასწავლებლებს თავად უწევთ თემატური გეგმისთვის სასწავლო  და დამხმარე მასალების შერჩევა და ადაპტირება. შემდეგ წერილში სწორედ წიგნიერების გაკვეთილისთვის შესაფერის თემებზე ვისაუბრებ.

წერილი დედას

0

გახსოვს? – შენი კომოდის ზედა უჯრაში, ტყავშემოკრული, ფრანგული კინოს ვარსკვლავების ფოტოებით გამოჭედილი ორი ალბომი იდო – ერთი შინდისფერი, ოდნავ შელახული, ამოცვენილი გვერდებით, მეორე – მოვერცხლისფრო, რომელშიც მხოლოდ ნარჩევი ფოტოები გქონდა ჩაკრული. იშვიათად ფერად, მეტწილად კი შავ-თეთრ ფურცლებზე დატყვევებულნი იყვნენ მაგარზე მაგარი ტიპები – ჟან გაბენი, რობერ ოსეინი, მილენ დემონჟო, ჟან მარე, ჟან-პოლ ბელმონდო, მიშელ მერსიე. ნეტავ იცოდე, როგორი რომანი მქონდა ბრიჯიტ ბარდოსთან. სწორედ იმ ბრიჯიტთან, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მზისგან გავარვარებულ ფილებზე რომ იწვა და ჩემკენ იყურებოდა. როგორ მჯეროდა, რომ სწორედ მე მიყურებდა იმ მომენტში. მხოლოდ მე და არავის სხვას…

მაგრამ, ყველა ამ ვარსკვლავის ფოტოს ჩრდილავდა ერთი ვარსკვლავის კოლექცია. ვარსკვლავის, რომლისადმი შენი სიყვარულიც იმდენად მკაფიოდ ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ როგორც კი გავიგე ალენ დელონი თბილისში ჩამოდის და კონცერტს გაუძღვებაო, სამსახურიდან ელვის სისწრაფით გავიქეცი, რათა შენთვის ყველაზე კარგი ბილეთების ყიდვა მომესწრო. „დაბერებულა“ – მითხარი შინ დაბრუნებულმა. ღმერთო, რამდენი სევდა იყო ამ ნათქვამში. სად არის ახლა ის ალბომები? დიდი ხანია აღარ მომიკრავს თვალი. არც კი ვიცი, მინდა თუ არა მათი გადაშლა. რაც წლები მემატება, მით უფრო გულჩვილი ვხდები ასეთი ამბების მიმართ. არადა, განა რა, სულ ოცდამეექვსეში ვარ გადამდგარი. ღირს კი ბრიჯიტთან შეხვედრა?

ძალიან დიდი ხნის წინ, მგონი მაშინ, როცა მომიყევი, თუ როგორ ოცნებობდი საფრანგეთში მოგზაურობაზე,  საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ პარიზს შენ გარეშე არ ვნახავდი. სამწუხაროდ, ადამიანებს პირობების დარღვევა სჩვევიათ, მათ შორის ყველაზე ხშირად კი – საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობებს ვარღვევთ. გვავიწყდება ათასგვარი ფიცი, მაგალითად იმის შესახებ, რომ 18:00-ის შემდეგ აღარ შევჭამთ ან ორშაბათიდან სიგარეტს თავს დავანებებთ. ეს ფიცი არც კი გამხსენებია, როდესაც ტელეფონით გახარე, რომ პარიზის საგზური მოვიგე და ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩს დავესწრებოდი. ასე, დილით დაწყებული დიეტასავით შემომერღვა შენთვის, უფრო სწორად კი საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა. მგონი ბედიც მიძალიანდებოდა. ალბათ ამის ნიშანი იყო, რომ ჯერ გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ავიაკატასტროფა და საკუთარი სიკვდილი მესიზმრა, მერე კი ფრენას ძლივს მივუსწარი. ვიღაც გაუჩერებლად იმეორებდა ჩემს სახელს: „დავით გორგილაძეს ვთხოვთ გამოცხადდეს” და ასე უსასრულოდ. მე კი, რკინის ჩიტისკენ მიმავალს, ვერ გადამეწყვიტა, ეს აეროპორტის რომელიღაც პატარა ჯიხურში მჯდომი გოგონას ხმა იყო, რომელიც მექანიკურად ამბობდა ამას, თუ ჩემი მფარველი ანგელოზის, რომელსაც ნიშნის მოცემა სურდა.

დადებული პირობა მხოლოდ ბორტზე ასულს გამახსენდა, როცა პირობის შესრულება უკვე შეუძლებელი იყო, სინანული კი – დაგვიანებული. პირობასთან ერთად, გამახსენდა ჩემი ლექტორისა და მეგობრის, დათო პაიჭაძის ნათქვამი: “როდესაც რეპორტაჟს აკეთებ, წარმოიდგინე, რომ შენს თანამგზავრს თვალები აქვს დახუჭული, შენ კი ხელი მასზე ჩაკიდებული და ცდილობ აუხსნა, სად ხართ, რა ხდება ირგვლივ”. ცხადია, ციტატის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ წამოდგენით კი წარმოვიდგინე, რომ ჩემ გვერდით, ის თვალდახუჭული თანამგზავრი სწორედ შენ იყავი, მაგრამ არაფრის მოყოლა არ იყო საჭირო, ჩემი თვალებიდან შენც ხედავდი – რასაც დავინახავ მე, დაინახავ შენც – ასე გადავწყვიტე.

როცა პარიზის თავზე აღმოვჩნდი, ილუმინატორიდან ეიფელის კოშკის ძებნა დავიწყე, მაგრამ, შეიძლება ერთი მხრივ ჩემი ასტიგმატიზმის, მეორეს მხრივ კი ცაზე ჩამოკიდებული, ბამბის ნაკუწების მსგავსი ღრუბლების გამო, ვერ ამოვიღე მიზანში. ვერც შარლ დე გოლის აეროპორტიდან ამსტერდამის ქუჩაზე მიმავალმა დავლანდე სადმე მისი მსგავსი. განგებას ჩემთან ბრძოლა არც საფრანგეთის მიწაზე შეუწყვეტია: სასტუმროს ნომერში, ქუჩებში სახეტიალოდ რომ ვემზადებოდი, სარკის წინ მდგომს, სრულიად მოულოდნელად სათვალე ორად გამიტყდა. რეპორტაჟი მოულოდნელად შეწყდა, რადგანაც იმისთვის, რომ ვინმეს რამე აღუწერო, თავად უნდა ხედავდე მას. მე კი, იმ მომენტში ვხედავდი მხოლოდ ლანდებს, რომლებიც პარიზის ქუჩებში დააბიჯებდნენ. მაღაზია ხელის ცეცებით ვიპოვე. ფრანგულენოვან კონსულტანტს დიდხანს ვუხსნიდი რა მჭირდებოდა. ვამბობდი ყველა იმ ინგლისურ სიტყვას, რაც შეწებებასთან, შეერთებასთან არის კავშირში. თამაში “ფურცლობანა” დამეხმარა იმაში, რომ ხელით ამეხსნა მისთვის, თუ რა მჭირდებოდა.

  • აააა, სკოჩ? – მკითხა კონსულტანტმა.
  • აგაშენა ღმერთმა – აღმომხდა ქართულად.

თვალები დავიბრუნე თუ არა, დაწებებული სათვალით ეიფელის კოშკის საძებნელად წავედი. დილა იყო. მეეზოვეები ქუჩის კიდეებს ასუფთავებდნენ, დახლიდარები შუშის ვიტრაჟებზე კრუასანებისა და სენდვიჩების პირველ პარტიებს ალაგებდნენ, მეშაურმეები ხორცის შებრაწვას იწყებდნენ, სამსახურისკენ მიმავალი ქალები გზად ყავას ყიდულობდნენ და თავიანთ კოხტა Peugeot-ში ფრთხილად სხდებოდნენ. აქეთ-იქიდან ისმოდა: „სავა, სავა“. ვცდილობდი, ის ადგილები, რომლებსაც გვერდით ჩავუვლიდი, მიმემსგავსებინა იმ ადგილებისთვის, რომლებიც შენს ალბომში მქონდა ნანახი. პერიოდულად გამვლელებს ვეკითხებოდი გზას. თავდაპირველად სათვალის გამო მრცხვენოდა, მერე აღმოვაჩინე, რომ ვისაც დაველაპარაკე, არცერთს არ მიუქცევია ყურადღება სკოჩგადახვეული სათვალისთვის. ვიფიქრე, ნეტავ თბილისში რამდენი შემომხედავდა და იფიქრებდა: „საწყალი, ეტყობა ახალი სათვალის ფული არ აქვს“, ან „ამას უყურე ერთი, რანაირი სათვალით დადის, ნეტა არ რცხვენია?“ არ მრცხვენოდა და იცი რატომ? მივხვდი, რომ სათვალე მე მიკეთია, შესაბამისად, გარშემო კაციშვილს არ ეხება, დამტვრეული იქნება ის, მთელი, შავი, წითელი თუ ყვითელი.

ეიფელის კოშკს არა და არ სურდა თვალში მომხვედროდა. ზუსტად ისე, როგორც მეგ რაიანის გმირს ემალება ფილმში „ფრანგული კოცნა“. პარიზელები გზას მასწავლიდნენ, აქეთ ჩაუხვიე, იმ შენობასთან მარჯვნივ, დაღმართს ჩაუყევი, ხიდზე გადადი… მივდიოდი და მემალებოდა, მივდიოდი და მემალებოდა, თუმცა თითქოს კეფასთან ვგრძნობდი მის ჟანგიან სუნთქვას, თითქოს გნომების ოქროში დავაბიჯებდი და ახლომახლო სმაუგს ეძინა. ერთ კოხტა კაფეს გავცდი, ზებრაზე გადავედი და ვაიმე, ეს რა იყო… იმის მიუხედავად, რომ მდინარის მეორე ნაპირზე იდგა, თითქოს გვერდით იყო, დიდი და ზვიადი, თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა: „აი, სულ ეს ვარ, რაც ვარ“. ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა სწრაფად მივსულიყავი და skype-ის დახმარებით ახლოდან მეჩვენებინა შენთვის რკინის გიგანტი, რომლის ნახვაც მთელი ცხოვრებაა ასე გინდა, მაგრამ უიღბლობამ, რომელიც თბილისში, შარვალზე მოხვედრილი ტალახივით ამეკრო, ტელეფონი 0%-ზე დამახვედრა.

დიდხანს ვიჯექი იქ, სადაც შენთან ერთად, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავჯდები. დაღლილი ვიყავი, სათვალეზე გადახვეული სკოჩი ცხვირს მიფხაჭნიდა, ძალიან მცხელოდა, მშიოდა და ამავდროულად ვიყავი ბედნიერი. ბედნიერი იმით, რაც ხდებოდა ჩემ გარშემო და ბედნიერი იმით, რაც მოხდებოდა მომავალში. მეტს არაფერს  მოგიყვები. დანარჩენს შენ თვითონ ნახავ, რადგანაც ოცნება ოხერი რამაა, მას ახდენა შეუძლია.

ტექსტში ცხოვრება

0

წიგნები, გმირები, რომლებსაც ჩვენ წლების თუ რაღაც დროის შემდეგ ვუბრუნდებით, მუდმივად სახეცვლილი გვხვდებიან. ეს, რა თქმა უნდა, მეტაფორულად რომ ვთქვათ, თორემ ვიცვლებით ჩვენ. შეხედულებები, აზრები, იდეები, სურვილები გვეცვლება.

ნებისმიერ სასკოლო ასაკში ძალიან დიდი სისწრაფით ხდება მოსწავლეების შეხედულებების ცვალებადობა, ვიდრე ეს შემდგომ ასაკობრივ პერიოდებში. ტექსტები, რომლებსაც მათთან განვიხილავთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სულ სხვაგვარად იქნება აღქმული რამდენიმე წლის შემდეგ. თუმცა არის ერთი საკითხი. აღქმული იქნება, თეორიულად თუ ვიტყვით, თორემ რეალურ ცხოვრებაში უბრუნდებიან კი მოსწავლეები ტექსტებს?

რა უნდა გააკეთოს ამისთვის მასწავლებელმა? პირველ რიგში ალბათ საჭიროა, რომ ლიტერატურა დაანახოს მოსწავლეს არა როგორც ცალკეული ტექსტების გროვა, არამედ როგორც ერთი უწყვეტი პროცესი თავისი ლოგიკურობით, თუ ალოგიკურობის ლოგიკით. ამ შემთხვევაში აუცილებელიც კი გახდება, რომ მან გაიხსენოს, ისევ გადაშალოს, წაიკითხოს წარსულში ნასწავლი ტექსტები, რათა რომელიმე ახალთან გაავლოს პარალელები და სხვადასხვა მხრივ განიხილოს.

მეორე მოტივატორი შესაძლოა იყოს დღიურის წარმოება, სადაც მოსწავლე ჩაიწერს განვლილი ტექსტებიდან მისთვის საინტერესო ფრაზებს, მოქმედ პირებს, რაც მთავარია, საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს კონკრეტულ ნაწარმოებზე. ასე მას უფრო გაუადვილდება, სწრაფად მოიძიოს განვლილ მასალაში საჭირო ინფორმაცია და აკონტროლოს საკუთარი შეხედულებები. საკუთარ ნაწერს – დღიურს ადმიანი უფრო ხშირად უბრუნდება გადასახედად, ვიდრე დიდ ტომებს, წიგნებს, სადაც ყველაფერი ვრცლად წერია და ჭირს მოკლე დროში გადახედვა. დღიურის წარმოება მას ასევე განუვითარებს სხვა უნარებსაც – თხრობის, მსჯელობის, ლოგიკური თანმიმდევრულობის, დამოუკიდებლობის და ა.შ.

მესამე ვარიანტად შეგვიძლია გამოვიყენოთ საზაფხულო თუ ზამთრის არდადეგებზე კლასგარეშე კითხვა. ვთხოვოთ მათ, რომ გადახედონ, წაიკითხონ ის ნაწარმოებები, რაც გასულ წლებში ისწავლეს და სკოლაში დაბრუნებულებმა ზეპირსიტყვიერად ან წერილობით წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები; რაზე შეეცვალათ აზრი, პერსონაჟზე, მოვლენაზე, ავტორზე.

გმირები, რომლებიც ტექსტებში არიან ჩვენით მანიპულირებენ, ჩვენ არ ვცვლით მათ. ისინი გვცვლიან ჩვენ. დაახლოებით ისეა, რომ ერთ კონკრეტულ ნივთს შუქის დაცემის და ჩრდილის მიხედვით უყურო. ნივთი მუდმივად იგივე იქნება, შენ კი შეიძლება სხვადასხვა საგნად აღიქვა. ალბათ ასე ვითარდება ხედვა, აზროვნება.

ახალი ტექსტის აღქმის დროს მოსწავლეს გაუჭირდება იმის ანალიზი, თუ რა შეიცვალა მის ხედვებში, რადგან პირველად ეცნობა კონკრეტულ ნაწარმოებს.თუმცა როდესაც უკვე განვლილს და გააზრებულს თავიდან წაიკითხავს, აუცილებლად აღმოაჩენს ცვლილებებს საკუთარ თავში და ნახავს, რომ თითქოს სტატიკური გმირები, იმით, რომ ტექსტი არ იცვლება და მუდმივად რჩება იმ ნარატივად, რაც არის, გვცვლიან ჩვენ, თვითონ კი მუდმივად ისინი არიან, რაც იყვნენ – ჩვენი ახალ-ახალი „მეს“ ამრეკლი სარკეები.

მუსიკალური სმენა: ხმა

0

ოდესმე თუ უთქვამთ თქვენთვის, რომ არასასიამოვნო ხმა გაქვთ და უმჯობესი იქნებოდა, არ გემღერათ, დაივიწყეთ! ეს მოსაზრება მცდარია. ადამიანისთვის სიმღერა სავსებით ბუნებრივი მდგომარეობაა.

პირველი, რასაც ჩვილი დაბადებისთანავე ცდილობს, „ხმის მოსინჯვაა“. დამეთანხმებით, დაუჯერებლად ძლიერი და წკრიალა ხმაა ერთი ციდა არსებისთვის.

ადამიანები არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტს ვიცნობთ, რომელთა უმრავლესობა ჩვენვე შევქმენით. ერთ–ერთი მრავალფუნქციური ინსტრუმენტი კი თავად ადამიანია. უფრო სწორად, მისი სახმო სიმები. ხმა (Voice) ჩვენი სხეულისა და ცნობიერების ნაწილია. ის იმდენად სრულყოფილია, რომ ძალუძს მოხიბლოს, უბრძანოს, დაარწმუნოს, სთხოვოს, აცდუნოს. სინაზე, მრისხანება, ვნება, ეჭვი, საყვედური, მზრუნველობა თუ აღფრთოვანება – ყოველი ეს გრძნობა და ემოცია შეიძლება მხოლოდ ხმით გამოიხატოს. ამასთან ერთად, ყოველი ხმა, ისევე როგორც  სული, უნიკალურია. ხმა ჩვენი სულის ანარეკლია.

ხმის ფლობა საკუთარი თავისა და სიტუაციის ფლობასაც ნიშნავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ხმის მართვის – სიმღერის ნიჭი სპეციფიკური უნარია. ზოგს ეს უნარი ბუნებრივად აქვს, ზოგი კი მის გამომუშავებას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს. ხმის მართვის სწავლა ისევეა საჭირო, როგორც ხატვისა, ცეკვისა ან ცურვისა.

ხმა ცოცხალ არსებებს შორის ურთიერთობას ემსახურება. ადამიანებს შორის ეს მეტყველებისა და სიმღერის საშუალებით ხორციელდება.

სახმო აპარატი სამი განყოფილებისგან შედგება:

  1. ზედა სასუნთი ორგანოებისგან, რომლებიც ჰაერს აწვდის სახმო ნაპრალს;
  2. ხორხისგან, სადაც მოთავსებულია სახმო ნაკეცები (სახმო სიმები ანუ ხმის იოგები);
  3. საარტიკულაციო აპარატისგან, რომელიც აღჭურვილია რეზონატორების ღრუების სისტემით და ხმოვანი და თანხმოვანი ბგერების წარმოქმნას ემსახურება.

მეტყველებისა და სიმღერის პროცესში სახმო აპარატის ყველა ეს განყოფილება ურთიერთკავშირში მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის სახმო აპარატი სასულე ტიპის მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება. მასში ბგერა ჰაერის მოძრაობით წარმოიქმნება. ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ნაკადი დრეკად აპკებს არხევს, ხოლო აპკები, თავის მხრივ, ბგერით ტალღებს წარმოშობს. ადამიანის ორგანიზმში ასეთ აპკებს ვიბრატორები – ხორხში განლაგებული სახმო სიმები წარმოადგენს.

ხმის სიმაღლე სახმო იოგების კუნთოვანი დაჭიმულობის ხარისხით განისაზღვრება – რაც უფრო მეტად არის დაჭიმული სახმო სიმები, მით უფრო მაღალია ბგერა, ხოლო ხმის სიძლიერე სახმო იოგების სიმკვრივესა და ფილტვებში ჰაერის წნევაზეა დამოკიდებული.

ჩვენი ყურისთვის აღსაქმელ ხმას სახმო სიმები იძენს რეზონატორების დახმარებით – ფილტვების, ცხვირის ღრუს, პირის ღრუსა და სხვა ორგანოების გავლის შემდეგ. რეზონატორები ხმას აძლიერებს და მას თითოეული ადამიანისთვის დამახასიათებელ ელფერს სძენს. ხმის ტემბრი, მისი სიძლიერე რეზონატორის ფორმებსა და ზომებზეა დამოკიდებული. ამიტომ განსხვავდება ერთმანეთისგან მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ხმები, ამიტომ არის ყველა ხმა ინდივიდუალური.

სახმო ნაკეცების სიგრძე, ჩვეულებრივ, ხმის ტიპზეა დამოკიდებული. ყველაზე გრძელი ნაკეცები – 24-25 მმ – ბანს აქვს, ბარიტონის სახმო ნაკეცების სიგრძეა 22-24 მმ, ტენორისა – 18-21 მმ, მეცოსოპრანოსი – 18-21 მმ, ხოლო სოპრანოსი – 14-19 მმ.

ხმას ენერგიას აწვდის სუნთქვა (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მომავალში გესაუბრებით). ხმის სიძლიერე დამოკიდებულია ჰაერის ნაკადის ენერგიაზე, რომელიც სახმო ნაპრალს გაარღვევს, ანუ ჰაერის ნაწილაკების რხევის ამპლიტუდაზე. ხმის სიძლიერეზე დიდ გავლენას ახდენს პირისა და ხახის ღრუების ფორმა და პირის გაღების ხარისხი. რაც უფრო მეტად გაიღება პირი, მით უკეთესად გაიფრქვევა ხმა გარე სივრცეში.

აქ სახმო სიმებიც არ არის მთავარი. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, ყელის კუნთებზეა დამოკიდებული, რომელთა ძალა ყელის ღრუს შეკუმშვა-გაფართოებას ემსახურება. დიაფრაგმის პოზიციის სწორი ცვლა კი ბგერის სიძლიერესა და სიმაღლეს უზრუნველყოფს.

ხმის სიძლიერე დაკავშირებულია არა მხოლოდ ბგერის ძალასთან, არამედ ტემბრთანაც. ტემბრი კი, თავის მხრივ, ხმის ბგერის ობერტონულ შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

ტემბრი მომღერლის ხმის ხარისხის განმსაზღვრელია. კარგი სასიმღერო ხმის ტემბრს ახასიათებს სიმკვეთრე, უნარი, იქროლოს დარბაზში და „ხორცშესხმული“ ჟღერადობით გარს შემოეხვიოს მსმენელს. სასიმღერო ხმა მაშინ არის სასიამოვნო, როდესაც მისი პულსაციის სიხშირე წამში 5-6 რხევას უდრის ანუ იქმნება ეგრეთ წოდებული ვიბრატო. ვიბრატო ხმას „მფრინავ“ ხასიათს ანიჭებს და ტემბრის შემადგენელ ნაწილად აღიქმება.

როგორც ვიცით, ხმას ახასიათებს მოცულობა (დიაპაზონი), სიმაღლე (დამოკიდებულია რხევათა სიხშირეზე), სიძლიერე (რხევათა ამპლიტუდის მიხედვით) და შეფერილობა (განუმეორებელი ტემბრი).

სასიამოვნო ხმა იმგვარი ხმაა, რომლის ტემბრში ჩადებულია ყველა სიხშირე (დაბალი სიხშირიდან მაღალ სიხშირემდე). ხმის ტემბრსა და მის სილამაზეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ სახმო იოგები და სუნთქვა, არამედ ადამიანის ფიზიკური მონაცემებიც. ტემბრი დამოკიდებულია სხეულის აღნაგობაზე, ფილტვების მოცულობასა და თავის ქალას ძვლების წყობაზე, მეტიც – დაღლილობის ხარისხსა და მეტყველების სიჩქარეზეც კი (რაც უფრო ნელია მეტყველება, მით დაბალია და მდიდარია ხმა). კარგი (გამართული) აღნაგობა – სწორი სუნთქვის, ხოლო სწორი სუნთქვა კარგი ხმის საწინდარია.

ტემბრმა შესაძლოა საგრძნობი ცვლილებები განიცადოს, თუ შევძლებთ ბგერის გატარებას სხეულის სხვადასხვა რეზონირებულ ნაწილში: გულმკერდში, მუცელში, კბილებში, შუბლში, კეფაში. პაროდისტები სხვის ხმების მიბაძვას სწორედ რეზონატორების მართვის საშუალებით ახერხებენ.

სპეციალისტების აზრით, შესაძლებელია „ლაპარაკი პირით“, „ლაპარაკი ყელით“, „ლაპარაკი მკერდით“ და „ლაპარაკი მუცლით“. რასთან გვაქვს საქმე? ადამიანის სხეულის მონაწილეობასთან ხმის გამოცემის პროცესში. ბუნებრივად, ხმის გამოცემისას ადამიანის მთელი სხეული ჟღერს (რეზონირებს). შინაგანი დაძაბულობის შედეგად ხმის ვიბრაციები წყვეტს სხეულში გამჭოლ მოძრაობას და მხოლოდ ყელის დონეზე რჩება („ლაპარაკი ყელით“). ეს ტემბრს მეტისმეტად აღარიბებს. „ლაპარაკი მკერდით“ ნიშნავს ხმის საშუალებით მკერდის ავსებას ვიბრაციებით, ხოლო „ლაპარაკი მუცლით“ – მუცლის ვიბრაციებით ავსებას.

თუ ხმა არასაკმარისადაა გავარჯიშებული, ვხვდებით მის შემდეგ ნაკლოვანებებს: დახშულ, ხრინწიან და არაგამომსახველ ხმას, შეზღუდულ დიაპაზონს, დაჭიმულ, ყელისმიერ ხმას… მიზეზი მრავალია. უპირველეს ყოვლისა, არასწორი რეჟიმი (თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, უძილობა, გაციების დროს და მის შემდეგ ხმის ძლიერი დატვირთვა, ხმამაღლა სიმღერა, ყვირილი და ა.შ.).

რაც შეეხება სუსტ, არც ისე ლამაზი ტემბრის ხმას, რეგულარული ვარჯიშის მეშვეობით შეიძლება გავაძლიეროთ ბგერა, გავაფართოოთ დიაპაზონი, ავამოქმედოთ რეზონატორები და ამით გავაუმჯობესოთ ტემბრი. მაგრამ თუ დიდი ხანია, საკუთარი ხმა მთელი სისავსით არ გამოგიყენებიათ, უნდა აღადგინოთ სახმო მუსკულატურა და თანდათან განავითაროთ ხმის მოქნილობა. ხმა ხომ მუდმივ გასუფთავებას, აწყობასა და გამოყენების შესწავლას მოითხოვს.

იმისთვის, რომ საკუთარი ხმა სიამოვნებას განიჭებდეთ, ხმის ეკოლოგიაზე მუდმივ ზრუნვას ნუ დაივიწყებთ.

უმუშევრობა ადამიანის პიროვნულ მახასიათებლების შეცვლას იწვევს

0

ზოგს დღესაც მიაჩნია, რომ პიროვნული მახასიათებლები თანშობილი თვისებებია. დიდი ბრიტანეთის ქალაქ სტირლინგის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ უმუშევრობამ ეს მახასიათებლები შეიძლება დრამატულად შეცვალოს. მაგალითად, თუ მანამდე ადამიანი იყო კეთილსინდისიერი, სასიამოვნო და ღია, ის სრულიად საპირისპირო თვისებებს გამოავლენს. ასე რომ, ისეთ გარეგან ფაქტორს, როგორიც უმუშევრობაა, უფრო დიდი ფსიქოლოგიური ზეგავლენა აქვს ადამიანებზე, ვიდრე აქამდე ეგონათ.

ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოკვლევაში 6769 გერმანელი მოქალაქე მონაწილეობდა: 3733 კაცი და 3036 ქალი. აქედან 210 ადამიანი კვლევის მიმდინარეობისას ერთი ან რამდენიმე წელი  უმუშევარი იყო. მათ გარდა, სხვა 251 ადამიანი ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში არ მუშაობდა.

გამოკვლევის ინტერესი „დიდი ხუთეული“ იყო: ღიაობა, პატიოსნება, ექსტრავერსია, თანხმობისათვის მზაობა და ნეიროტიციზმი.

ორი წლის განმავლობაში უმუშევარ მამაკაცებში დასაქმებულ მამაკაცებთან შედარებით თანხმობისადმი მზაობა იზრდებოდა. ორი წლის შემდეგ კი უმუშევრებში ეს თვისება იკლებდა და იმაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე დასაქმებულ მამაკაცებში იყო.

ქალებში სამსახურის დაკარგვისთანავე შეიმჩნეოდა თანხმობისადმი მზაობის დაქვეითება და უმუშევრობის მომდევნო ეტაპებზე კიდევ უფრო დაბლა იწევდა მისი მაჩვენებელი. მოგვიანებით ისინი ოჯახურ საქმიანობებში ეფლობოდნენ და იქ ახდენენ თვითრეალიზაციას.

უმუშევრობის საწყის სტადიაზე მამაკაცები თანხმობისადმი მზაობასა და სხვების მიმართ კეთილგანწყობას ავლენენ, რათა ამ გზით დაუდასტურონ სხვებს, რომ ისინი დასაქმებას იმსახურებენ. მაგრამ, რაც დრო გადის, მათ მით უფრო უქვეითდებათ ამ დამოკიდებულების შენარჩუნება.

ახლა რაც შეეხება კეთილსინდისიერებას. რაც უფრო დიდხანსაა ადამიანი უმუშევარი, მით მეტად უქვეითდება ეს პიროვნული მახასიათებელი. მკვლევრების აზრით, კეთილსინდისიერება დაკავშირებულია შემოსავალით მიღებულ სიამოვნებასთან. ქალებში ეს მახასიათებელი დიდი ხნის უმუშევრობის შემდეგ ქვეითდება და მერე ისევ იზრდება. შესაძლოა, ქალები კეთილსინდისიერების გრძნობას დიდხანს იმიტომ ინარჩუნებენ და დაქვეითების შემთხვევაში მალევე აღიდგენენ, რომ ისინი ოჯახურ საქმეებში, სხვების დახმარებაში პოულობენ კომპენსაციას და თავს მაინც დასაქმებულად თვლიან.

ღიაობა – უმუშევრობის პირველი წლების განმავლობაში მამაკაცების ღიაობა არ იცვლება, მაგრამ მოგვიანო პერიოდში დროის მსვლელობის პარალელურად ეს მახასიათებელი ილახება. ამ მახასიათებლის ხარისხი ქალებში უფრო ადრე იწყებს კლებას, მაგრამ მოგვიანო პერიოდში ის ისევ იზრდება.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ  უმუშევრობას მამაკაცებისთვის უფრო ტრაგიკული ცვლილებები მოაქვს, ვიდრე ქალებისთვის. მამაკაცებში სულ უფრო იკლებს თანხმობისადმი მზაობა, ღიაობა და კეთილსინდისიერება. ამ პიროვნული თვისებების დაკარგვის შემდეგ კი შეუძლებელია დასაქმების მოძებნა.

როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის უმუშევრობას მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა არ აქვს. უმუშევარი ადამიანების მიმართ არსებობს სტიგმა და მათ ცუდი თვალით უყურებენ. ბიოგრაფიაში დაფიქსირებული უმუშევრობა ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას ამცირებს. თუ დასაქმება დაგვიანდა, კაცების პიროვნული მახასიათებლები ისე შეიცვლება, რომ სამუშაო ბაზარზე მათი ადგილი აღარ მოიძებნება.

ბოისი ურჩევს კანონმდებლებს, რომ იზრუნონ შრომის ბაზარზე და დასაქმების პროგრამებზე, რათა არ მოხდეს საზოგადოებაში პიროვნული თვისებების დრამატული ცვლილებები.  უმუშევრობის შემცირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ეკონომიკის არამედ ინდივიდების პიროვნული ზრდის კუთხითაც.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Basic personality changes linked to unemployment, study finds; Kim I Mills; American Psychological Association, 2015
  • Personality change following unemployment, Christopher J Boyce et al., Journal of Applied Psychology, 2015

ინკლუზიური  მე

0

მას ხშირად ვხედავდი სკოლის ეზოში, დერეფანში, ქუჩაში… მოჰყავდა დედას, მამას, ძმას, ბებიას… მისი მოახლოებისას ყველა, ვინც სკოლის შესასვლელთან  ვიდექით,  ერთდროულად ვიხრებოდით  და ფართოდ ვაღებდით ორივე კარს. ვუყურებდი ამ ცქრიალა, მოღიმარ, სიცოცხლით სავსე პატარა გოგონას და ვცდილობდი, სხეულში დავლილი ჟრუანტელისთვის რომელიმე გრძნობის სახელი დამერქმია – სიყვარული, სიბრალული,  სინანული, წყენა, უსამართლობა, აღტაცება… ვერ ვყალიბდებოდი. მალე ყუჩდებოდა ეს ეიფორია, რადგან თავით ვეშვებოდი იმ ბობოქარ ზღვაში, სკოლა რომ ჰქვია.

 15 სექტემბერი იყო. მე-5 კლასში დამრიგებლად წარმადგინეს. ბიჭებიც და გოგონებიც მოფუსფუსე, მოშრიალე და დაუდგრომელნი იყვნენ. როცა მთელი კლასი გატრუნული იყო, მაშინაც კი ისმოდა ,,ფუსფუსფუს..” ,,შრრშრრშრრრ”. ,,ახლა კი დამერხა” – გავიფიქრე და მუდმივად მათზე მეფიქრებოდა, ვის როგორ მივდგომოდი, ვისთვის როგორი ,,გასაღები”მომეძებნა და ა. შ. ყველაფერი თავისით დალაგდა. როგორც ყოველთვის,  წამალი სიყვარული, ნდობა  და გულწრფელობა აღმოჩნდა. სამი წლის წინანდელ ამბავს გიყვებით და დღემდე არსებობს საიდუმლოები, რომლებსაც ჩვენი კლასის კედლებს გარეთ არ გაუღწევია…

ერთ დღეს კლასში შევედი და იქ მარიამი დამხვდა. ეს ის ცქრიალა გოგონა იყო, ხშირად რომ ვხედავდი და გასაცნობად ახლოს მისვლა ვერასდროს გამებედა. ისიც ჩემს სადამრიგებლო კლასში ყოფილა. არ მახსოვს პირველად ვინ ახლდა. მხოლოდ ჩვენი შეხვედრა და მისი სიკეთითა და სიყვარულით ანთებული თვალები მახსოვს. ისევ აფორიაქდნენ ჩემში  გრძნობები. ვერაფრით გავარკვიე, რას განვიცდიდი, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემ წინ მარიამი იჯდა. ლამაზად გამოწყობილი, დავარცხნილი თმითა და მოდური ჩანთით (როგორც ყოველთვის). ჩემი სკოლაში მოღვაწეობის 7-წლიანი გამოცდილება, მასწავლებლის სერტიფიკატი, მრავალი ტრენინგი და დაგროვილი ცოდნა თუ კომპეტენცია ერთ დღეში განულდა. მე უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი ამ საოცარი გოგონას წინაშე ისე, რომ არც ყურადღება დამეკლო და არც ზედმეტი თანაგრძნობა გამომეჩინა. ჩვენ ორიდან,  ერთადერთი ,,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე”  მე ვიყავი. ვიდექი და გაოცებული ვუსმენდი მის მსჯელობებს, დასკვნებს, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრებს. მარიამი თავად მასწავლიდა მასთან ურთიერთობისთვის საჭირო ანა-ბანას…

იმ შრიალ-ფუსფუსებს აღარ იკითხავთ? ტაციაობა ჰქონდათ, ვინ დაჯდებოდა მარიამთან, ვინ გაასეირნებდა დასვენებაზე, ვინ უყიდდა ბუფეტში ლობიანს, ვინ დარჩებოდა მასთან სპორტის გაკვეთილზე… ეხუმრებოდნენ, ეკამათებოდნენ, ეფერებოდნენ ისე, როგორც ყველა ერთმანეთს და ,,ინკლუზიური მე” – მრავალტრენინგგამოვლილი და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით  ლიტერატურა წაკითხული, ვიდექი და 10-11 წლის ბავშვებისგან ვსწავლობდი…

 პ.ს. ამ კლასის დამრიგებელი აღარ ვარ, მაგრამ ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. მარიამი ხშირად მწერს. როდესაც ვუთხარი, რომ ცოტა რთულია მუშაობა და მაგისტრატურაზე სწავლა ერთდროულად, მან გამამხნევა და მიპასუხა, რომ მე ძლიერი ვარ და ყველაფერი გამომივა. ჩვენ აუცილებლად წავალთ კინოში, მერე პარკში და  მარიამის სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ.

საზაფხულო არდადეგები და სასკოლო დავალებები

0

ძნელად იპოვით ბავშვს, მოუთმენლად რომ არ ელოდეს საზაფხულო არდადეგების დაწყებას. რა გასაკვირია – ამ პერიოდს ხომ მათი უმრავლესობა საინტერესო და მიმზიდველ ადგილებში: მთაში, ზღვაზე, სოფლად, მონატრებულ ბებია-ბაბუასა და ბიძაშვილ–მამიდაშვილებთან, – ატარებს, იძენს ახალ მეგობრებს, ცხოვრობს თავგადასავლებით აღსავსე სამყაროში… ყველაფერი ეს საზაფხულო არდადეგებს განსაკუთრებულ მიმზიდველობას, ზღაპრულ ელფერს ანიჭებს და ის ყველა ბავშვისთვის ოცნებების ასრულების პერიოდად იქცეოდა, რომ არა ერთი გარემოება – იმ დავალებების რაოდენობა, რომლებსაც ისინი სასწავლო წლის დასრულებისას იღებენ.

თანატოლებსა და მასწავლებლებთან დამშვიდობების შემდეგ მეოთხეკლასელმა გიომ სინანულით შენიშნა, რომ ზაფხულში დასვენებას ვეღარ მოასწრებდა, რადგან მასწავლებლებმა არდადეგებისთვის უამრავი დავალება მისცეს. აღშფოთებას ვერც მეექვსეკლასელი ნინი მალავდა: „ჩვენს მასწავლებლებს ჰგონიათ, რომ მათი საგნის მეტს არაფერს ვსწავლობთ! იმდენი დავალება მოგვცეს, მთელი არდადეგები მხოლოდ ერთი საგნის დავალებების შესასრულებლად არ მეყოფა!“

ზაფხულის პერიოდში ბავშვებისთვის მიცემული სასკოლო დავალებების ჩამონათვალი ხშირად მართლაც გამაოგნებელია: ამოცანები და მაგალითები, ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა და თხზულებების წერა… ცალკეული პედაგოგები ბავშვებს ავალებენ, არდადეგებზე გაიმეორონ ყველაფერი, რაც მთელი წლის განმავლობაში ისწავლეს ამა თუ იმ საგანში. თუ ბავშვი დავალებებს კეთილსინდისიერად შეასრულებს, მისი ცხოვრების რიტმი დიდად განსხვავებული არ იქნება იმისგან, რაც სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდა, თანაც ახლა ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად, მასწავლებლის დაუხმარებლად მოუწევს. ეს გარემოება, ცხადია, ხიბლს უკარგავს არდადეგებს, რომელსაც ის მთელი წელი ელოდა.

მაინც რა აიძულებს პედაგოგს, ბავშვი დავალებებით დატვირთული გაუშვას საზაფხულო არდადეგებზე?

მასწავლებელთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ამას თავად მშობლები მოითხოვენ. ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებული არ არის, ვინაიდან მშობლები პედაგოგის პროფესიონალიზმს ხშირად იმით აფასებენ, რა მოცულობის დავალებას აძლევს ის ბავშვს, მისი სიმცირის შემთხვევაში კი უკმაყოფილებას გამოხატავენ და საყვედურებს არ იშურებენ.

მეორე ნაწილი საზაფხულო არდადეგების პერიოდში მოსწავლეთათვის დავალებების მიცემის საჭიროებას იმით ხსნის, რომ უამისოდ ბავშვს შესაძლოა დაავიწყდეს ყველაფერი, რაც წლის განმავლობაში ისწავლა.

რასაკვირველია, სააზროვნო დავალებების შესრულება არდადეგების პერიოდში არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია. ჩვენ გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ ბავშვის აზროვნების, მეხსიერების, აღქმის, ყურადღების, ფანტაზიის განვითარებაზე. მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს ისე, რომ ბავშვს არც სწავლის მიმართ გაუჩნდეს უარყოფითი დამოკიდებულება და არდადეგებიც ხალისიანად, შინაარსიანად და საინტერესოდ გაატაროს? რასაკვირველია, აქ უმთავრესად დაწყებითი სასკოლო საფეხურის მოსწავლეებს ვგულისხმობთ – მოზარდები, სწორი აღზრდისა და ურთიერთობის პირობებში, თავად უნდა წყვეტდნენ, რა უფრო სასარგებლო და მიზანშეწონილი იქნება მათთვის არდადეგების პერიოდში. ვერც ერთ უფროსკლასელს ვერ ვაიძულებთ რამის კეთებას მათივე შინაგანი თანხმობის გარეშე.

რეკომენდაციები მშობლებისთვის არდადეგების პერიოდში ბავშვის საქმიანობის სწორად დასაგეგმავად

  • პირველი აუცილებელი პირობა, რომლის შესრულებაზეც უნდა იზრუნოს მშობელმა, ის არის, რომ არდადეგების პერიოდში ბავშვის ცხოვრების რიტმი სრულიად განსხვავებული იყოს იმისგან, რაც მას სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდა – მივცეთ საშუალება, კარგად გამოიძინოს, ისეირნოს, ირბინოს, ითამაშოს თანატოლებთან, აკეთოს ყველაფერი ის, რასაც სასწავლო წლის განმავლობაში ვერ ასწრებს ან ვერ ახერხებს.
  • საზაფხულო არდადეგები საუკეთესო პერიოდია მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად. ხშირად ამით სარგებლობენ როგორც პედაგოგები, ისე მშობლებიც და წიგნების საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს უმზადებენ ბავშვს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანია არა წაკითხული წიგნების რაოდენობა, არამედ ის, რამდენად ახერხებს ბავშვი წაკითხულის გააზრებას. ერთხელ არდადეგებიდან დაბრუნებული მესამეკლასელი ნიკა თანატოლებთან იმით იწონებდა თავს, რომ ზაფხულში ათი წიგნის წაკითხვა მოასწრო და, ფაქტობრივად, კლასის „რეკორდი მოხსნა“, მისი თანაკლასელი მიშო კი, რომელსაც მხოლოდ ერთი წიგნი – „ტომ სოიერის თავგადასავალი“ – წაეკითხა, დარცხვენილი იდგა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ათი წიგნიდან ნიკას არც ერთის არც ავტორი და არც სათაური არ ახსოვდა, შინაარსიდან კი მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს იხსენებდა, მაშინ როდესაც პატარა მიშო გატაცებით საუბრობდა წაკითხულის შესახებ, აანალიზებდა და აფასებდა თითოეული პერსონაჟის ქცევას. საკამათო არ უნდა იყოს, რომ ჯობს, ბავშვმა ერთი წიგნი წაიკითხოს და მისი გააზრება შეძლოს, ვიდრე ათი და უშედეგოდ.
  • თუ ბავშვს უჭირს კითხვა და წაკითხულის გააზრება, სასურველია, ტექსტის გარკვეული ნაწილი თავად მშობელმა წაუკითხოს. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდხანს კითხვა არ იქნება ეფექტიანი, რადგან უმცროსკლასელებს ყურადღების დიდი ხნით კონცენტრაცია უჭირთ. კარგი იქნება, მშობელმა შვილთან ერთად გააანალიზოს წაკითხული, ჰკითხოს, რას ეხება წიგნი, ვინ არის მთავარი გმირი, რა მოეწონა და რა არა მის საქციელში. შეიძლება, ბავშვს შევთავაზოთ, დახატოს ის, რაც მოისმინა ან მოიფიქროს ამბის გაგრძელება.
  • თუ ბავშვი დამოუკიდებლად კითხულობს, გარკვეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ვთხოვოთ, ორი-სამი წინადადებით დაწეროს, რაზე იყო საუბარი ტექსტში, ვესაუბროთ წაკითხულის შესახებ. მშობლებთან ასეთი საუბრები ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, საჭიროც კი.
  • კარგი იქნება ბავშვთან ერთად ამა თუ იმ სიუჟეტის მოფიქრებაც. ეს ავითარებს ფანტაზიას, მეტყველებას, მეხსიერებას, აღქმას, ლოგიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს ბავშვის ზოგად განვითარებას.
  • ნუ შევაწყვეტინებთ ბავშვს საყვარელ საქმიანობას იმის მომიზეზებით, რომ სამეცადინო აქვს – ამით სერიოზულ ზიანს მივაყენებთ მის სასწავლო მოტივაციას და შფოთვის დონის აწევასაც შევუწყობთ ხელს. მთელი საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სასკოლო დავალებების შესრულებით დაღლილი ბავშვი სექტემბერში ნამდვილად არ მიუჯდება ხალისით სასკოლო მერხს და მონდომებით და ინტერესით არ ჩაერთვება სასწავლო პროცესში.
  • კარგი იქნება, თუ არდადეგების პერიოდში ბავშვთან საგანმანათლებლო და განმავითარებელ მუშაობას მეცადინეობის ხასიათს არ მივცემთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბავშვმა სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება შეძლოს. ამისთვის საჭიროა მასთან მუდმივი ურთიერთობა, მით უმეტეს, რომ სასწავლო პერიოდში ის ასეთ ურთიერთობას, როგორც წესი, მონატრებულია. საზოგადოდ, კარგი იქნება, თუ მშობლები მაქსიმალურად გამოიყენებენ ზაფხულს შვილთან ურთიერთობისთვის. რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ ერთად, მით უკეთეს ნაყოფს გამოიღებს ეს ორივესთვის.
  • სასურველია, არდადეგების პერიოდში მშობლებმა ორგანიზება გაუწიონ ბავშვის შეხვედრას თანატოლებთან, მათთან ურთიერთობას, თამაშს. ამით ისინი დიდად შეუწყობენ ხელს შვილის სოციალურ განვითარებას, რაც მას მომავალში ბევრ სირთულეს ააცილებს თავიდან.

ამრიგად, რაც უფრო ლაღი იქნება არდადეგების პერიოდში ბავშვის ცხოვრების რიტმი, რაც უფრო საინტერესოდ და შინაარსიანად დაისვენებს, რაც უფრო მეტად მოიკრებს ძალას, მით უფრო მონდომებით ჩაერთვება ის ახალ სასწავლო წელს სასკოლო ცხოვრებაში, რაც, თავის მხრივ, მისი წარმატებების წინაპირობად იქცევა.

შავსა ძაღლსა გადავკიდე…

0

ფეხის გულში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. მექანიკურად ავწიე ფეხი… იატაკზე გაჭყლეტილი კელა დამხვდა. არა, ისე ჩემი ბრალი იყო. რით ვეღარ ვისწავლე, რომ ფეხშველამ არ უნდა ვიარო და ყველაფერს ფეხი არ დავადგა. თუმცა რა გამემტყუნება, სულ შვიდი თუ რვა წლის ვარ. გავიღვიძე თუ არა, საძინებლიდან შუშაბანდში ფეხშიშველა გავტყაპუნდი (დიახ, სწორედ შუშაბანადს ეძახდა ბებია სახლის იმ ადგილს, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა ყოფნა).

მიხვდით ალბათ, ძველ ამბავს ვიხსენებ. ფანჯრიდან ეზოში მინდოდა გადახედვა და გზად ეტყობა დაბლა მჯდარ კელას დავადგი ფეხი. იმან კიდევ სიკვდილის წინ ადგა და მიკბინა. ეს ამბავი გავახმოვანე… აბა, ეზოში მყოფი ბებიის ყურადღება ხომ უნდა მიმექცია. ბებიასთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ჯიქიძიანთ ქალი ყოფილა. სინამდვილეში თამარი ერქვა, მაგრამ ეს მგონი თავადაც აღარ ახსოვდა. მკაცრი ხმით ბრძანება გასცა, ცივი დანა მოიტანეთო. მეგონა, ნაკბენი ფეხი უნდა მოეჭრა და ბებოს ჩავებღაუჭე, არ დაანებო-მეთქი. საქმე უფრო მარტივად იყო, ცივი დანა უბრალოდ ნაკბენზე უნდა დაედო. ბებიას ისიც შესთავაზა, რომ იქვე, ზედა უბანში ექიმბაშ ქალთან გადავსულიყავით, ვინც ყველანაირ დაავადებას შელოცვით არჩენდა. ბებიას შელოცვების არ სწამდა, მაგრამ ეტყობა გასართობად დათანხმდა და ასე აღმოვჩნდი შემლოცველთან მიმავალ გზაზე. ნახეთ, ასე იცის, როცა წინ არ დახედავ და ათას უბედურებას  დაადგამ ფეხს.

ეზოში გრილოდა, იქვე ცივი წყალი მოდიოდა, სადაც ეზოს ქათმები გასაგრილებლად რიგში ჩამდგარიყვნენ.

ექიმბაშს პაციენტი ჰყავდა. ჩვენ ხელით იქვე სკამისკენ მიგვითითა, მანდ დამელოდეთო. მართა ბაბო (ესე ეძახდნენ) ცხვირის მიდამოებში პაციენტს ხელებს უსვამდა და ბუტბუტებდა:

სურდო შევკარ, გადვიკიდე,

შავსა ძაღლსა გადავკიდე,

შავი ძაღლი გამეპარა,

სურდო წყალში გადმეყარა.

თურმე პაციენტს ჰაიმორიტი აწუხებდა და ასეთი შელოცვის შემდეგ ნამდვილად განიკურნებოდა, რადგან მის გაციებას, სურდოს და ყველანაირ ცუდ საქმეს შავი ძაღლი წაიღებდა თან.  შავი ძაღლი ეზოში ვერსად ვნახე, მაგრამ ჩავთვალე, რომ არ ეცალა, სულ საქმეში იყო. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ამდენი პაციენტის ჩივილის სადღაც წაღება.

კელას ნაკბენით მიყენებული ტკივილიც, ბუნებრივია, შავ ძაღლს გადავაბარეთ და სახლში გახალისებულები დავბრუნდით: ბებია იმიტომ, რომ კეთილად გაერთო, თავს რომ ოდნავი სიცელქის ნება მისცა; მე იმიტომ, რომ თითქოს ფეხი ისე აღარ მეწვოდა (ფსიქოლოგიური ამბავი იყო); ჯიქიძიანთ ქალი კიდევ იმიტომ, რომ ხუმრობა საქმე ხომ არაა, კეთილი საქმე გააკეთა, ფეხი გადამირჩინა.

ეს  ამბავი ახლაც გასახალისებლად გავიხსენე. წერით კი კვლავ ჯანსაღ კვებაზე მინდა  დავწერო.

ძველი აცტეკები მას ტყის კარაქს ეძახდნენ. ევროპაში მეჩვიდმეტე საუკუნეში გაიცნეს. ყველაზე კალორიული და ცხიმიანი ხილია, რის გამოც 1998 წელს გინესის წიგნში შეიტანეს. 100 გრამი 20 გრამ ცხიმს შეიცავს და 160 კ/კალორიაა. ძირითადად ომეგა-9 მჟავებია, ოლეინ  მჟავა. ეს მჟავა ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას უშლის ხელს. მათი წარმოქმნის რისკს ამცირებს.

რაზე ვწერ? ავოკადოზე.

კალორიულობის მიხედვით, ერთმანეთს შევადაროთ ავოკადო, კარტოფილი და ბანანი. პირველ ადგილზე ავოკადოა (100 გრამი – 160 კ/კალორია), მეორეზე ბანანი (100 გრამი -95კ/კალორია) და მესამეზე კარტოფილი (100 გრამი -80კ/კალორია).

სად არის ყველაზე მეტი ნახშირწყალი. საქმე ის გახლავთ, რომ თავად ცხიმის წარმოქმნა ინსულინის მიერ პროვოცირდება. გლუკოზა იწვევს ინსულინის გამოთავისუფლებას. ინსულინი კი თითქმის ყველაფერს ცხიმად გარდაქმნის.

გლიკემიური ინდექსით (გლიკემიურ ინდექსზე ადრე ბევრჯერ დამიწერია) ბანანი  პირველ ადგილზეა (100 გრამში 23გრ. ნახშირწყალი), კარტოფილი – მეორეზე (100 გრამში 18 გრ ნახშირწყალი), ავოკადო კი – მესამეზე (100 გრამში 9გრ. ნახშირწყალი).

მოკლედ, ავოკადო  სასარგებლო ცხიმს  შეიცავს, თუმცა გლიკემიური ინდექსი მაღალი აქვს და კალორიულია. შეიცავს ბევრ კალიუმს. კალიუმი ნატრიუმის ანტაგონისტია. ნატრიუმი ორგანიზმში წყალს აკავებს, თუ ორგანიზმს ნატრიუმის ანტაგონისტ კალიუმსაც არ მივაწვდით, მაშინ  წყალი შეკავდება, რაც არტერიული წნევის მომატებას გამოიწვევს. ამით იმის თქმა მსურს, რომ ავოკადო და კალიუმის შემცველი სხვა ხილი თუ ბოსტნეული, იმ მარილის ზემოქმედებას ამცირებს, რომელსაც ჩვენ ასე ჭარბად მოვიხმართ. კალიუმის გარეშე ასევე შეუძლებელია  ნერვების და კუნთების ფუნქციონირება. აუცილებლად უმად უნდა მიირთვათ. მექსიკელები მას წიწაკა ჩილის უმატებენ და სხვადასხვა სალათებთან ერთად გეახლებიან. ხშირად ჩიფსებთან ერთადაც. არა, ჩვენ გულში არც კი გავივლოთ ჩიფსის ჭამა.

სალათში ავოკადო უეჭველად კიტრს შეხვდება.

წარმოშობით ინდოეთიდანაა და გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის.  თუმცა ახლა უკვე მათი მრავალნაირი ჯიშია გამოყვანილი. წყალს შეიცავს, მაგრამ ეს წყალი უბრალო არ არის, მინერალებით გახლავთ გაჯერებული. ბოჭკოებით მდიდარია. ამ ბოჭკოების მონელება არ ხდება, თუმცა აუცილებელია ნაწლავების პერისტალტიკისთვის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, მცირე რაოდენობით სილიციუმს. აქვე არის ვიტამინი k. თუთიის და იოდის შემცველობაც დაბალანსებულია, რაც ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლების კარგი მუშაობის გარანტიაა. სპილენძის იონები, რომელსაც კიტრი შეიცავს, ნერვულ სისტემაზე კარგად მოქმედებენ. ასევე საყრდენ – მამოძრავებელ აპარატზე.

რომელ პროდუქტში მეტი რაოდენობითაა წყალი? შევადაროთ: პომიდორი, ბადრიჯანი და კიტრი.

პირველ ადგილზე კიტრია, მეორეზე – პომიდორი, მესამეზე – ბადრიჯანი.

შემდეგი, ვისაც ავოკადო სალათში შეხვდება პომიდორია. პომიდორს ცხიმი საერთოდ არ აქვს და ძალიან სასარგებლოა. იმასაც შეგახსენებთ, რომ პიგმენტ ლიკოპინს შეიცავს და სიმსივნურ უჯრედებს ებრძვის. ერთ-ერთი პროდუქტია, რომლის  თერმული დამუშავებაც  ლიკოპინს  კიდევ უფრო ააქტიურებს. ასე რომ, შემწვარი პომიდორი უმს სჯობს.

ლიკოპინის ფორმულაა C40H56. ბეტა კაროტინის არაციკლური იზომერი გახლავთ, ამიტომ მისი სტრუქტურა სწორხაზოვანია. თავისუფალი სახით პირველად 1910 წელს გამოყვეს, 1931 წელს კი სტრუქტურა დაადგინეს. ლიკოპენი ტეტრატერპენია, რომელიც რვა იზოპრენული ნაშთისგან შედგება. თერთმეტი ორმაგი ბმის არსებობა მისი დაჟანგვის უნარს აძლიერებს. წყალში არ იხსნება. იხსნება ზოგიერთ ორგანულ გამხსნელში. პომიდვრის გარდა, დიდი რაოდენობით გრეიტფურტში, გუავასა და საზამთროშია.

ავოკადო და პომიდორი ერთად დიდი ძალაა. გავიხსენოთ, რომ პომიდორი ლიკოპინს შეიცავს, ავოკადო ომეგა 9 მჟავას. თერმულად დამუშავების შემდეგ კი პომიდვრის ლიკოპინი უფრო აქტიურდება.

უფრო დავაკონკრეტოთ… ჩვეულებრივი, უმი პომიდვრის ლიკოპინი ხაზოვანი სტრუქტურისაა, ამიტომ ორგანიზმში ცუდად შეიწოვება და მოქმედებაც უჭირს. თერმულად დამუშავებისას, მისი სტერეოქიმიური მოდელი იცვლება (ცის-იზომერს წარმოქმნის). ამ ფორმით კი მისი შეთვისებაც და მეტაბოლიზმში მონაწილეობაც იოლდება.  თუ უმ პომიდორს და ავოკადოს ერთად მივირთმევთ, ლინოლენის მჟავა ლიკოპინს სწორედ იოლად შესათვისებელ ფორმაში გადაიყვანს. ანუ მის შეწოვას და შეთვისებას გააიოლებს.

მოკლედ, არჩევანი ჩვენზეა. ისეთ აგრესიულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რომ თავი სწორი კვებით მაინც უნდა დავიცვათ. აგრესიულ გარემოს ყველაფერი ქმნის. ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ და რომელიც რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც სუფთა არ არის. წყალი, რომელიც უნდა დავლიოთ და არავინ უწყის, რა სისუფთავისაა. დაბოლოს… სტრესი, რომელიც ყოველი მხრიდან გვიტევს. ვიცით, რომ არ უნდა ვინერვიულოთ, მაგრამ…

სტრესზე გამახსენდა. სადღაც თვალი მოვკარი ასეთ ხუმრობას, ისრებით იყო დახაზული, „პრობლემა გაქვთო?“ სავარაუდო პასუხები გახლდათ: „დიახ“, „არა“. თუ პასუხად „არას“ აირჩევდით, ე.ი. პრობლემა არ გქონიათ და არ უნდა გენერვიულათ. თუმცა ხომ შეიძლებოდა, პასუხი „დიახ“ ყოფილიყო? მაშინ სხვა შეკითხვა გამოჩნდებოდა – „პრობლემა მოგვარებადია?“ და კვლავ პასუხის ორი ვარიანტი: „დიახ“, „არა“. თუ „დიახ“, მოგვარებადი ყოფილა და  მაშინ რაღას ნერვიულობთ?  თუ არ არის მოგვარებადი, მით უმეტეს, რატომ ნერვიულობთ, მაინც არ მოგვარდება და ეგ არის.

მოკლედ, მორალი ერთი იყო: არ ინერვიულოთო.

და მაინც… თუ ემოციური ხართ (ჩემი არ იყოს) და მღელვარება  გჩვევიათ, წყალთან დადექით  და გაიმეორეთ:

დარდი  შევკარ, გადვიკიდე,

შავსა ძაღლსა გადავკიდე,

შავი ძაღლი გამეპარა,

დარდი წყალში გადმეყარა.

რიჩარდ ფეინმანი ხუმრობს

0

რიჩარდ ფეინმანი ამერიკელი ფიზიკოსი იყო, რომელიც ცნობილია, როგორც ავტორი  ტრაექტორიებით ინტეგრალის, რომელიც მან კვანტურ მექანიკაში შემოიღო და რომლის მეშვეობით წარმატებით განავითარა ველის კვანტური თეორია. მან შესამჩნევი წვლილი შეიტანა ზედენადობის  და გადაცივებული ჰელიუმის შესწავლის საქმეში, აგრეთვე ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში.  კვანტური ელექტროდინამიკის შესწავლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის 1965 წელს ჯულიან შვინგერთან და სინ-იტირო ტომონაგასთან ერთად ნობელის პრემია მასაც მიენიჭა.

ჟურნალ Physics World-ის გამოკითხვის თანახმად, რ. ფეინმანი დასახელებულ იქნა ყველა დროის საუკეთესო ფიზიკოსების ათეულში. იგი მეცნიერების  პოპულარიზაციასაც ეწეოდა. საყოველთაოდ ცნობილია მისი კრებული „ფეინმანის ლექციები ფიზიკაში“ და სხვა წიგნები. ის აღიარეს კვანტური კომპიუტერული გამოთვლებისა და ნანოტექნოლოგიების პიონერად. მას იცნობდნენ როგორც ცნობისმოყვარე და იუმორის გრძნობის მქონე ადამიანს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მისი ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნი „რა თქმა უნდა, თქვენ ხუმრობთ, ბატონო ფეინმან“, რომელიც ფეინმანის მონათხრობის საფუძველზე მისმა მეგობარმა (ამავე დროს მეწყვილემ დასარტყამ ინსტრუმენტებზე, რაც ფეინმანის ჰობი გახლდათ) რალფ ლეიტონმა გამოსცა. წინამდებარე წერილში გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.

      „მე ჩემი ერთი დოლარი მინდა“

როდესაც მე კორნელის უნივერსიტეტში ვიყავი, ხშირად ვსტუმრობდი ჩემს მშობლიურ ქალაქს ფარ როკუეის. ერთ ასეთ მშვენიერ დღეს ტელეფონის ზარი გაისმა: ეს იყო ზარი შორი მანძილიდან – ზარი კალიფორნიიდან. ასეთ დღეებში ზარი ასეთი შორი მანძილიდან, განსაკუთრებით  ასეთი საოცარი ადგილიდან ნიშნავდა, რომ  რაღაც განსაკუთრებული  და მნიშვნელოვანი ხდებოდა,

მამაკაცი მეორე ბოლოდან მეუბნება: „ეს პროფესორი ფეინმანია კორნელის უნივერსიტეტიდან?“ „დიახ!“ „მე ვარ მისტერ ესა და ეს ამა და ამ საავიაციო კომპანიიდან“.

 ეს იყო კალიფორნიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, თუმცა არ მახსოვს რომელი. მამაკაცი აგრძელებს: „ჩვენ ვაპირებთ ბირთვულძრავიანი თვითმფრინავების ლაბორატორიის გახსნას. მისი ბიუჯეტი იქნება ამდენი და ამდენი მილიონი დოლარი“. დიდი თანხა დაასახელა.

მე ვუთხარი: „ერთი წამით, სერ, მე არ მესმის, რატომ მიამბობთ ამ ყველაფერს“.

„ნება მომეცით, მე ვილაპარაკო“, – მითხრა მან. – „უბრალოდ ნება მომეცით ყველაფერი აგიხსნათ“. ასე რომ, ის აგრძელებს, რამდენი ადამიანი იქნება მთლიანად დაკავებული ამ ლაბორატორიაში, რამდენი ამა და ამ დონის ადამიანი, რამდენი ამა და ამ დონის დოქტორი…

„მაპატიეთ სერ“, – მე ვეუბნები, – „ვგონებ, თქვენ შეცდომით დარეკეთ“.

„მე რიჩარდ ფეინმანს ველაპარაკები? რიჩარდ პ. ფეინმანს?“

„დიახ, ეს მე ვარ, მაგრამ თქვენ….“

„ნება მიბოძეთ გითხრათ ჩემი სათქმელი, სერ, და შემდეგ ვიმსჯელოთ“.

„კარგი“, მე ვჯდები, ვხუჭავ თვალებს, რათა მოვისმინო ყველაფერი. ამ პროექტის ყველა დეტალი, და ოდნავადაც ვერ ვხვდები, რატომ მიამბობენ ამ ყველაფერს მე. ბოლოს, როდესაც მან დაასრულა,  მეუბნება: „ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ ჩვენ გვაინტერესებს – ხომ არ იქნებოდით ამ ლაბორატორიის დირექტორი?“

„დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად არ რეკავთ შეცდომით?“ – ვეუბნები. – „მე ვარ თეორიული ფიზიკის პროფესორი. მე არ ვარ რაკეტების ან თვითმფრინავების ინჟინერი, ან რაიმე მსგავსი“.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მას ველაპარაკებით, ვინც გვჭირდება“.

„საიდან გაიგეთ ჩემი სახელი? რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩემთვის დაგერეკათ?“

„სერ, თქვენი სახელი ბირთვულძრავიანი თვითმფრინავის პატენტზეა“.

„ოჰ“, – ვთქვი, რადგან მივხვდი, რატომ იყო ჩემი სახელი ამ პატენტზე. – „მე გიამბობთ, როგორ მოხდა ეს“. და დავამატე: „ვწუხვარ, მაგრამ მინდა  გავაგრძელო მოღვაწეობა, როგორც   კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა“.

აი, როგორ მოხდა ეს. ომის დროს ლოს ალამოსში იყო ერთი სასიამოვნო კაცი, რომელიც პატენტების სამთავრობო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სახელად კაპიტან სმიტი. სმიტი ირგვლივ ყველას ატყობინებდა შემდეგს: „ჩვენ საპატენტო განყოფილებაში გვსურს, დავაპატენტოთ ნებისმიერი იდეა, რომელიც თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის გაქვთ. ნებისმიერი იდეა ბირთვული ენერგიის ან მისი გამოყენების შესახებ, რომელიც გგონიათ, რომ ვინმემ იცის, ან არ იცის, მობრძანდით  ჩემს ოთახში და მომაწოდეთ“.

ერთხელაც სმიტი მხვდება სადილზე. სადილის მერე უკან დაბრუნებისას ვეუბნები მას: „სიგიჟეა ნებისმიერი იდეისთვის თქვენთან მოსვლა“. ჩვენ ვიმსჯელეთ ამის შესახებ. ამასობაში მის ოთახში  ვართ და ვეუბნები: „იმდენად ბევრია ბირთვულ ენერგიაში სავსებით ცხადი, თვალსაჩინო, რომ მე მთელი დღე შემიძლია აქ ვიყო და ვილაპარაკო“.

„მაინც რაზე?“

„მაგალითად, ბირთვული რეაქტორი… წყლის ქვეშ… წყალი მასში შედის, ორთქლი მისგან მეორე მხარეს გამოდის.   ფშშშშშშთ… – ეს უკვე წყალქვეშა ნავია. ან ბირთვული რეაქტორი… ჰაერი სწრაფად შედის წინა მხრიდან… ცხელდება ბირთვული რეაქტორით… უკანა მხრიდან გამოდის… ბუუმ! ჰაერით, ეს უკვე თვითმფრინავია. ან ბირთვული რეაქტორი… მხოლოდ ჩვეულებრივი ურანის ნაცვლად თქვენ იყენებთ ბერილიუმის ოქსიდით გამდიდრებულ ურანს მეტი ეფექტურობისთვის… ეს უკვე ელექტროსადგურია. მილიონი იდეა არსებობს“, –  ვუთხარი, როდესაც გამოვდიოდი.

სამიოდე თვის შემდეგ სმიტი მირეკავს და მეუბნება: „ფეინმან, წყალქვეშა ნავი უკვე არსებობს, მაგრამ დანარჩენი სამი თქვენია“. როდესაც კალიფორნიის საავიაციო კომპანიაში ლაბორატორიის შექმნას აპირებენ და ამ დარგის ექსპერტს ეძებენ, არაფერია ამაზე ადვილი: ისინი იგებენ, ვის აქვს პატენტი ამ დარგში!

ყოველ შემთხვევაში სმიტმა მთხოვა ხელი მომეწერა რაღაც ქაღალდებზე იმ სამი იდეის შესახებ, რომელიც მე მას სამთავრობო პატენტების ოთახში მივაწოდე. ახლა ეს უკვე სამართლებრივი რამ იყო, თუმცა, როდესაც შენ პატენტს აძლევ მთავრობას, დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერ, არ არის სამართლებრივი, თუ ის რამეში არ იცვლება. ასე რომ, დოკუმენტი, რომელსაც ხელს ვაწერ ამბობს: „ერთი დოლარის ფასად, მე რიჩარდ ფეინმანი, ამ იდეას გადავცემ მთავრობას…“ მე ხელს ვაწერ დოკუმენტს.

„სად არის ჩემი ერთი დოლარი?“

„ეს უბრალოდ ფორმალობაა“, – მეუბნება ის. – „ჩვენ არ გვაქვს არანაირი ფონდი, საიდანაც ერთი დოლარი უნდა მოგცეთ“.

„მე ხელს ვაწერ ერთ დოლარად“, – მე ვეუბნები. – „მე მინდა ჩემი ერთი დოლარი!“

„ეს სისულელეა“, – აპროტესტებს სმიტი.

„არა, ეს არ არის სისულელე“, – ვეუბნები მე, – „ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი. თქვენ ხელი მომაწერინეთ მასზე. მე პატიოსანი ადამიანი ვარ.

„კარგი, კარგი!“ – გაღიზიანებით ამბობს ის. „ჩემი ჯიბიდან მოგცემთ ერთ დოლარს“.

„კარგი“.

მე ვიღებ ჩემს ერთ დოლარს და ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მივდივარ სასურსათო მაღაზიაში, ვყიდულობ დაახლოებით ერთი დოლარის ორცხობილას, ტკბილეულს (რაც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა), შოკოლადს ზეფირის შიგთავსით, მოკლედ ბევრ რაღაცას.

ვბრუნდები თეორიულ ლაბორატორიაში და ბიჭებს ვეუბნები: ჯილდო მივიღე! მაქვს ორცხობილა! მივიღე ჯილდო! ერთი დოლარი ჩემი პატენტისთვის! მე მივიღე ერთი დოლარი ჩემი პატენტისთვის!“

ვისაც ერთი მსგავსი პატენტი მაინც ჰქონდა (ამისთანა ბევრი იყო), ყველა წავიდა კაპიტან სმიტთან: ისინი თავიანთი ერთ დოლარს ითხოვდნენ.

სმიტი იწყებს თავისი ჯიბიდან მათ „დაბომბვას“, მაგრამ მალე ხვდება, რომ სადაცაა სისხლი ჩაექცევა!

ის გადაირია იმ ფონდის მოძიების მცდელობაში, საიდანაც ერთ დოლარს აიღებდა, რომელსაც ასე დაჟინებით ითხოვდნენ ეს ადამიანები. არ ვიცი, როგორ მოაგვარა მან ეს.

     სიტყვის ემოციური კონტექსტის დადგენისათვის

0

 

სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებისა თუ რესურსების დიდი ნაწილი მიმართულია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებისკენ. ეს სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია და მისკენ არაერთ გზასა თუ საშუალებას  მივყავართ. ერთი მათგანია მოსწავლეთა გათვითცნობიერება სიტყვის ემოციური კონტექსტის დადგენის არცთუ მარტივ საკითხებში. ერთია სიტყვის მნიშვნელობა, სემანტიკური არეალი თუ ეტიმოლოგია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ემოციები, განცდები, მგრძნობელობითი გავლენა, რომელიც თითოეულ სიტყვაშია დაუნჯებული. სწორედ ეს განსაზღვრავს  სიტყვის სწორად გამოყენებას, მათ „ჩასმას“ შესაფერისი ფრაზისა თუ წინადადების წიაღში.

კარგ, სასიხარულო ამბავს ვყვებით? კმაყოფილების  გამომხატველი რამ გვაქვს სათქმელი? ამისთვის ქართულ ენას შესაბამისი ემოციური კონტექსტის სიტყვები მრავლად აქვს. წუხილს ვუზიარებთ სხვებს? მრისხანების, ბრაზის გამოხატვას ვცდილობთ? საამისო ლექსიკური მარაგიც უხვია ჩვენს ენაში. ჩვენი მეცადინეობით, მათი მიკვლევა და გამოყენება არ უნდა უჭირდეთ მოსწავლეებს. ვფიქრობთ, არ არის საჭირო რთული, დამაბნეველი დავალებების მიცემა  ან ჩახლართული აქტივობების გამოყენება. პირიქით, ჩვენი მეთოდი რაც უფრო მარტივი,  სახალისო იქნება, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას მათი კომპეტენციის  ფარგლებში, მით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ. ასეთად გვესახება ჩვენი ერთი ჩვეულებრივი „მუშა“ გაკვეთილი.

    გაკვეთილის თემა – „რასაც ვამბობ, იმას ვმღერი; რასაც ვმღერი, იმას ვამბობ…“

    გაკვეთილის მიზანი – მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ნაწარმოების ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, სიტყვის ემოციური კონტექსტის დადგენის უნარ-ჩვევის გაუმჯობესება.

სასურველი თემისკენ მოსწავლეთა აზრისა და ფიქრის მისამართავად, შეგვიძლია კლასს დავუსვათ მარტივი შეკითხვები:

– თქვენი აზრით, ყოველთვის ვახერხებთ, ჩვენი ფიქრი, განცდა ზუსტად გამოვხატოთ?

– გაიხსენეთ, რა საშუალებები გვაქვს მათი გამოხატვისთვის?

მოსწავლეები გულწრფელად ისაუბრებენ იმის შესახებ, რომ ხშირად ვერ პოულობენ შესაფერის სიტყვებს, უჭირთ იმის გადმოცემა, რასაც განიცდიან… ამავე დროს, მათ არ გაუძნელდებათ იმაზე საუბარი, რომ გრძნობისა და ემოციების გამოხატვა შეგვიძლია სიტყვით (მაგალითად, ლექსით), ფერით (ფერწერული ნამუშევრით), მელოდიით, ფოტოხელოვნებით და ასე შემდეგ.

შესაძლოა, საგანგებოდ მომზადებული 2-3-წუთიანი ვიდეომასალაც ვუჩვენოთ, მაგალითად, მუსიკის ფონზე წაკითხული ლექსი ან რომელიმე ცნობილი ტილოს დეტალური ჩვენება… ან სხვა შესაფერისი რამ, რომელიც მათ განწყობებსა თუ ემოციებზე დააფიქრებდა.

ვფიქრობთ, სასურველი განწყობის შექმნისა და უკვე არსებული ცოდნის გამოწვევა-გააქტიურებისთვის გაკვეთილის დასაწყისი ათიოდე წუთი საკმარისი იქნება.

კლასი დაყოფილია 5 ჯგუფად:

1-ლი ჯგუფი იმ მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მუსიკალური სკოლის ამა თუ იმ კურსს ეუფლებიან (ვიოლინო, ფორტეპიანო, გიტარა, სალამური, ვოკალი, ფოლკლორი…);

მე-2 შემოქმედებითი ჯგუფია, რომლის წევრებიც ორიგინალურ ტექსტებს შექმნიან.

მე-3 და მე-4 ჯგუფებს ეძლევა ერთნაირი დავალება. ესენი ერთგვარი „მუშა“ ჯგუფებია, რომელთაც სახელწოდებებს შევურჩევთ.

მე-5 – შეფასების ჯგუფია.

„მუსიკალური“ ჯგუფი  ასრულებს მის მიერ  წინასწარ შერჩეულ მელოდიას ან სიმღერას. სრული შთაბეჭდილებისთვის შეიძლება თან ახლდეს ვიდეოჩვენება  ან მცირე ქორეოგრაფიული ნომერი… თუმცა ამ „დანამატს“ უარყოფითი მხარეც აქვს – შესაძლოა მოსწავლეთა ყურადღება მელოდიიდან სხვა მიმართულებითაც  წავიდეს. ამის გადაწყვეტა უმჯობესი იქნება კონკრეტულ კლასში.
„მუშა“ ჯგუფებს დავალებებს მელოდიის მოსმენამდე ვურიგებთ. ეს დავალებები, პირობითად, ასეთი იქნება:

ყურადღებით მოუსმინეთ შესრულებულ მელოდიას. ჩამოწერეთ ის სიტყვები, რომლებიც, თქვენი აზრით, იმავე გრძნობებსა და ემოციებს გამოხატავს, რაც ჩაქსოვილი იყო მუსიკაში. შეადგინეთ წინადადებები, გამოიყენეთ თქვენ მიერ შერჩეული სიტყვები.

განსხვავებული დავალება ეძლევა შემოქმედებით ჯგუფს: მოსმენილი მელოდიის შთაბეჭდილებით, დაწერეთ 25-30-სიტყვიანი ამბავი. შეეცადეთ თქვენს ტექსტში ისეთივე განწყობა თუ ემოცია იყოს გამოხატული, როგორსაც მელოდიაში შეიცნობთ.

შეფასების ჯგუფი, პედაგოგთან ერთად შემუშავებული სქემით, ქულებით შეაფასებს ცალკეული ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

ჯგუფებს სამუშაოდ მიეცემათ 10 წუთი, ხოლო პრეზენტაციებს დაეთმობა 15 წუთი. ეს შეადგენს გაკვეთილის  II  ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მიიღწევა ძირითადი მიზნები. დაგვრჩება უაღრესად  მნიშვნელოვანი  ბოლო 10 წუთი, რომელმაც უნდა გვიჩვენოს, მივაღწიეთ გაკვეთილზე დასახულ მიზანს თუ – არა. ფაქიზად უნდა შევარჩიოთ შეკითხვები და დავალებები, რომელთაც ამ დროს გამოვიყენებთ.

მაგალითად, შევთავაზებთ, ახსნან გაკვეთილის „სახელწოდება“ – „რასაც ვამბობ, იმას ვმღერი; რასაც ვმღერი, იმას ვამბობ…“. თუკი მათეულ ახსნაში გამოჩნდება გაკვეთილზე ნაფიქრ-ნაღვაწი და მოსწავლეთა მიერ  გამოყვანილი დასკვნები იქნება სწორი, მაშასადამე, მიზანიც მიღწეულია – მოსწავლეები სიტყვების წარმოთქმისა  თუ დაწერის დროს, მათი მნიშვნელობის გარდა, ემოციურ კონტექსტზეც დაფიქრდებიან.

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს გაკვეთილის ზოგადი შეფასების  საშუალებასაც მივცემთ. რასაკვირველია, უნდა შევარჩიოთ საინტერესო საშინაო დავალება, რომელიც უკუგებად, ერთგვარ რეფლექსიად გამოგვადგება ჩატარებული გაკვეთილისათვის.

ეს, ერთი შეხედვით,  „პროზაული“ გაკვეთილი შესაძლოა, დიდ დღესასწაულად ვაქციოთ. მუსიკა თავისთავად ქმნის ესთეტიკური აღქმისთვის შესაფერის გარემოს. თუ ჩვენ შევძლებთ, მოსწავლეებს ამ აღქმის სიტყვიერ გამოხატვაში დავეხმაროთ, ან უფრო ზუსტად, ამ ქმედებისთვის შევაგულიანოთ, შედეგად, მათ გონებაში „ჩაიწერება“ კონკრეტული დადებითი ან უარყოფითი ემოციის გამომხატველი სიტყვები, რომელთაც ისინი მომავალში სწორად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ჩართულობით, ჯგუფური მუშაობით, თითოეულის ლექსიკურ მარაგს შეემატება 2-3 ათეული სიტყვა. ამ ლექსიკური სიმწირის ჟამს ესეც მნიშვნელოვანი რამაა, სწავლის პროცესისთვის სასიკეთო და სასარგებლო.

            ნინო ბილოხოძე

ქ. ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...