პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

ნაციონალური ლიტერატურის სწავლების პარადიგმები

0

სხვადასხვა ქვეყანაში ნაცი­ონალური ლიტერატურის სწავლების საკითხი სხვადასხვაგვარადაა მოწესრიგებული. რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს სასკოლო პროგრამაში, უნდა იყოს თუ არა სრულად წარმოდგენილი მაღალი მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, კულტურული ღირე­ბულებისა და ეროვნული მნიშვნელობის ლიტერატურა სასწავლო კურიკულუმში, რომელი საგანმანათლებლო პარადიგმის კონტექსტში  შეიძ­ლება ნაციონალური ლიტერატურული ძეგლების შესწავლა, რა დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მოსწავლეები და მასწავლებლები ნაციონალური ლიტერატურის სწავლებისას, რა მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესი ნაყოფიერი, ხარისხიანი და ეფექტიანი იყოს – ეს ის საკითხებია, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ მნიშნელოვანი და აქტუალურია.

ბლოგში გთავაზობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის ჯგუფის მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის რამდენიმე საინტერესო დაკვირვებას. უშუალოდ კვლევის შედეგებს სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდგომ შემოგთავაზებთ.

ვფიქრობ, უმაღლესი სასწავლებლის კვლევითი სამუშაოების წარმოების პრაქტიკა საკმაოდ ნაყოფიერია არამარტო სტუდენტებისთვის, რომლებსაც სწავლის პროცესშივე აქვთ პედაგოგიური პრაქტიკული კვლევების ჩატარების საშუალება, არამედ სკოლებისთვისაც, რადგან საკვლევი თემატიკის შერჩევა სწორედ საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით და მათი უშუალო ჩართულობით ხორცილედება.

2016 წელს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე წარდგენილი სამაგისტრო ნაშრომები, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში გამოკვეთილი არაერთი პრობლემის კვლევას მიეძღვნა, საინტერესო და აქტუალური იქნება მასწავლებლებისთვის.

ერთ-ერთ მათგანია მაგისტრანტების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც სწორედ ნაციონალური ლიტერატურის სწავლების თავისებურებებს ეხება. სამაგისტრო ნაშრომის ერთ-ერთ თავში მიმოხილულია განათლების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მკვლევრის ნაშრომები მშობლიური ლიტერატურის სწავლების პარადიგმების შესახებ.

მაგისტრანტები: ილონა აკობია, მარიამ დვალი, ლია ნარიმანიძე( ხელმძღვანელი – ნინო ლომიძე).

საინტერესო იქნება ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების გამოხმაურება – რომელ პარადიგმას მოიაზრებენ ისინი საკუთარი პრაქტიკის შესაბამისად? კარგი იქნება, თუ კომენტარებში მოგვწერთ თქვენს შეხედულებებს, რადგან ამგვარი კვლევა საქართველოს მასშტაბით არ ჩატარებულა.

 

მშობლიური ენის შესწავლის ოთხი პარადიგმა

ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე განათლების მეცნიერების მკვლევარი, პროფესორი, ლიტერატურის მასწავლებელი პიტ ვან დე ვენი ლიტერატურულ განათლებას მშობლიური ენის სწავლების ნაწილად მიიჩ­ნევს. მან  მშობ­ლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების აღსაწერად ჩაატარა ისტორიულ-შედარებითი კვლევა და გა­­მოყო ოთხი პარადიგმა. სწორედ ამ პარადიგმებში აერთიანებს მკვლევარი სხვადასხვაგვარ მიდგომას და მეთოდს, სწავლა-სწავლების პროცესში გამოკვეთილ სისტემებს.

ეს პარადიგმებია:

ლიტერატურულ-გრამატიკული პარადიგმა (1900-იან წლებამდე): გულისხმობს, რომ ენა არის წერის საშუალება. ლიტერატურის ისტორია  ძალიან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. საშუალო განათლების საფეხურზე მშობლიური ენის სწავლება გაჯერებულია აკა­­დე­მიური იდეებით, რომლებიც ხაზს უსვამენ ლიტერატურის ისტორიის სწავ­ლების მნიშვნელობას. მოსწავლეები ვარჯიშობენ სხვადასხვა დარგებში, რო­გო­რიცაა გრამატიკა და წერა, ამასთან,  გამოიყენება დედუქციური ხედვა თითო­ეული დარგის მიმართ დამოუკიდებელი სავარჯიშოებით. გაკვეთილებზე მოს­წავ­ლეები ირგებენ მასწავლებლის როლს (მასწავლებლის იმიტაცია) და იხსენებენ ენი­სა და ლიტერატურის შესახებ ფაქტებს. ვან დე ვენის  მიხედვით, ლი­ტე­რატურული განათლება, ამ შემთხვევაში,  ემსახურება ეროვნულ-კულ­ტუ­რუ­­ლი მემკვიდრეობის ტრანსფორმაციას  და მიზნად ისახავს მორალურ სრულ­ყო­ფას. ეს ნიშნავს, რომ  სახეზეა დახურული სას­წავლო პროგრამა. ავტორი ამჟამად ამ პარადიგმას განიხილავს, რო­გორც აკადემიურ პარადიგმას.

განვითარების პარადიგმა (მე-20 საუკუნის პირველი ნახევრამდე) უზრუნ­ველ­ყოფს მოსწავლეებში იმგვარი უნარების ჩამოყალიბებას, რომლებსაც შემდეგ საზო­გა­დოებრივ ცხოვრებაში გამოიყენებენ. მოსწავლეები უნდა განვითარდნენ ენის შეს­წავლის გზით, ხოლო ლიტერატურის კითხვა უნდა იყოს  ესთეტიკური გა­მოც­დი­ლება მათთვის. აქ აღარ გვხვდება ლიტერატურული ხერხების კრებული (მაგა­ლითად, როგორიც იყოს წინა პარადიგმისას – იმიტაცია), არამედ ლიტერატურა ინდივიდუალური გამოხატვის საშუალებად გვევლინება. კულტურული მემკ­ვიდრეობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური პარადიგმისას, მაგრამ მოსწავლის ინდივიდუალურობაზე გაკეთებული აქცენტი აყალიბებს მშობლიური ენის სწავლების მერიტოკრატიულ ხედვას.

კომუნიკაციური პარადიგმის მიხედვით (მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრამდე), ენა და შესაბამისად, კომუნიკაცია, მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ საზო­გადოების წევრები. ლიტერატურამ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოს პრაგ­მატულ ტექსტებს, ეს ხელსაყრელია პიროვნული განვითარებისა და სამყაროს შე­მე­ც­ნებისათვის. სასწავლო პროგრამა არის ძალიან ღია, თავისუფალი.  მასწავ­ლე­ბე­ლი არ არის ვალდებული, გამოიყენოს სახელმძღვანელო.

უტილიტარული პარადიგმა განვითარდა კომუნიკაციური პარადიგმისგან და მე­ტი მნიშვნელობა შეიძინა უნარებმა, რომლებიც მოსწავლეებს უნდა „ეხმარებიან“, გახ­დნენ საზოგადოებრივი ცხოვრების სრულუფლებიანი წევრები. საყუ­რად­ღებოა, რომ ეროვნული ლიტერატურის სწავლებას ამ შემთხვევაში განსაკ­უთ­რე­ბუ­ლი მნიშვნელობა ენიჭება. სასკოლო პროგრამა ითვალისწინებს ლიტე­რა­ტუ­რულ კანონს, მაგრამ ტექსტი გააზრებულია, როგორც საშუალება, რომელიც ახალი ცოდ­ნისა და უნარების მიღებაში ეხმარება მოსწავლეებს.

პიტ ვან დე ვენის დასკვნით, საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა დროს აგებული იყო სწორედ აღნიშნული პარადიგმების გათვალისწინებით, თუმ­ცა ყველა მიმართულება შეიძლება ფიქსირდებოდეს დროის ნებისმიერ პერ­ი­ოდში (Sawyer, W. & Van de Ven, P.H. (2007). Starting points: paradigms in mother tongue education).

ნაციონალური ლიტერატურის სწავლების პარადიგმები სხვა ავტორების მიხედვით

ამსტერდამის უნივერსიტეტის მკვლევარი ტანია ჯენსენი დააკვირდა უშუალოდ ლიტერატურის გაკ­ვე­თილებს  შემდეგი მიზნით: აღეწერა ლიტერა­ტუ­­რული განათლების მიზნები, მიდგომები და ეფექტურობა. დაკვირვებისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი კითხვარების საფუძველზე მან გამოყო ლი­ტე­რატურული განათლების ოთხი მიდგომა. ესენია:

 

 

კულტურული წიგნიერება

მასწავლებლებისთვის, რომლებიც ამ მიმარ­თუ­ლე­ბას ანიჭებდნენ უპირატესობას, მთავარი იყო, მოსწავლეები გასცნობოდნენ ლიტე­რა­ტურის ისტორიასა და ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობას, კლასიკას.

ესთეტიკური ცნობიერება

 ამ მიდგომას იყენებდნენ მასწავლებლები, რომელ­თათვისაც გაკვეთილის მთავარი მიზანი მოსწავლისთვის გარკვეული  ცოდნისა და უნარების შეძენა იყო, მასწავლებლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ტექსტის ანალიზს და ინტერპრეტაციას, საუბრობდნენ სტი­­­ლურ და ჟანრობრივ თავისებურებებზე, ტექსტის ესთეტიკური ღი­რე­ბულებას კი განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა.

სოციალური ცნობიერება

ამ მიდგომას ის მასწავლებლები ანიჭებენ უპი­რა­ტე­სო­ბას, რომლებიც ცდილობენ, მოსწავლეებმა შესწავლილი ლიტერატურული ტექ­სტი განიხილონ სოციალურ კონტექსტში. ამ შემთხვევაში ტექსტის ესთეტიკურ ღირე­ბულებაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რამდენად ასახვას ის ისტორიულ ან თანა­მედროვე საზოგადოებას, ყოფა-ცხოვრებას. მაშასადამე, არსებითი მიზანია, გაიგონ, აღიქვან სოციალური საკითხები. მასწავლებელი მათგან მოითხოვს ამავე საკით­ხების ინტერპრეტაციას, გაანალიზებას, ტექსტისადმი კრიტიკულ მიდ­გომას.

როგორც ჯენსენი აღნიშნავს, პედაგოგები, რომლებიც ბოლო მიდგომას მიმარ­თა­ვენ, წარმატებას აღწევენ თვით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავ­ლე­ებ­თან მუშაობის დროსაც, რადგან ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მეტ მოტი­ვა­ცი­ასა და ინტერესს საგაკვეთილო პროცესში, მეტად იძლევა საშუალებას, მოს­წავ­ლეს შესთავაზო მისი ასაკისთვის საინტერესო თემატიკა. მეტიც, მიზნის შესა­ბა­მი­სად შეარჩიო სასწავლო ტექსტი.

თავისი კვლევის დასკვნით ნაწილში ჯენსენი ხაზს უსვამს, რომ ხშირად მასწავ­ლებ­ლები გაკვეთილის მსვლელობისას ზემოთჩამოთვლილი მიდგო­მებიდან რამ­დე­ნიმეს ერთდროულად იყენებენ(Janssen, T. & Rijlaarsdam, G. (2006). Describing the Dutch literature curriculum: A theoretical and empirical approach).

 

 

კულტურაზე ორიენტირებული და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა

იმავე საკითხის კვლევისას როტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ ვერბორდმა ჯენსენის მიდგომები შეამცირა ორამდე: კულ­ტურაზე ორიენტირებული და მოსწავლეზე ორიენტირებული. პირველი მო­იცავს ჯენსენის კულტურულ წიგნიერებასა და ესთეტიკურ ცნობიერებას და ყუ­რად­ღებას ამახვილებს ე.წ ,,უმაღლეს“ ლიტერატურაზე,  მეორე – სოციალურ ცნო­ბიერებას, რომელიც მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და საზოგადოებრივ წინ­სვლას უწყობს ხელს. ვერბორდის აზრით, ორივე მიდგომა დასტურდება გაკვე­თილზე დაკვირვებისას და ცხადი ხდება, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისას მასწავლებელი ითვალისწინებს მის წინარე ცოდნას და ინტერესს, შესაბამისად, მაღალია ჩართულობის ხარისხი პირველ მიდგომასთან შე­და­რე­ბით(Verboord, M. (2003). Moet de meester dalen of de leerling klimmen?).

აღნიშნული თეორიების შეჯამების შედეგად ასეთი დასკვნის გაკეთება შეგ­ვიძლია: საბოლოოდ ვღებულობთ ლიტერატურული განათლების ორ მიდგომას: აკა­დე­მიურსა და უტილიტარულს. არსებითი მსგავსება მათ შორის ის არის, რომ ორი­ვე აღიარებს ნაციონალური ლიტერატურის როლს სასწავლო კურიკულუმში, გან­სხვავება იმაშია, რომ პირველისთვის ლიტერატურული ტექსტი არის მიზანი, მე­­ორისთვის – საშუალება, რომელსაც იყენებს მოსწავლის უნარების გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, რათა მან ტექსტი დაუკავშიროს გარემო სამყაროს.

საუკეთესო მამების  სამყაროში

0

საქართველოს ისტორიაში დეკრეტული შვებულებით რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცმა უკვე ისარგებლა, შვეციასა და ისლანდიაში კი ამ „საგმირო ამბით“ ვერავის  გააკვირვებ. დეკრეტული შვებულების პერიოდში მამას ხელფასიც უნარჩუნდება და სამსახურიც. შვეციაში მამაკაცს დეკრეტში გასვლა ორი თვით შეუძლია, ისლანდიაში – სამი თვით, ესპანელი მამები კი ახალშობილებთან მხოლოდ 10 დღეს ატარებენ. პორტუგალიელ მამებს ჩვილის გვერდით ყოფნას კანონი ხუთი დღით ავალდებულებს. თუ ამ ვალდებულებას თავს აარიდებ, დიდი ჯარიმა გელის. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობენ ჩინელი, ბრიტანელი, ფინელი, ავსტრიელი, ბელგიელი და ფრანგი მამები. ევროპული ქვეყნებში ასეთი შვებულება 16-დან 36 კვირამდე გრძელდება. აქედან 12-14 კვირას ფინანსურად სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ცნობილი უკრაინელი ფოტოგრაფი მაქს ლევინი სამი ბიჭის მამაა. მას ბავშვების აღზრდა და სამსახურის შეთავსება უწევს. მაქსი მამობის პრინციპებზე საუბრობს და პირად გამოცდილებას სხვებს უზიარებს:

„ბევრ მშობელს ბავშვის ყოლა მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ „ასეა საჭირო“. ასეთ ოჯახებში ბავშვების აღზრდით  ცოლია დაკავებული, მამა კი თავისუფალ დროს მეგობრების კამპანიაში და ლუდის სმაში ატარებს. სინამდვილეში, მამობა ძალიან გატაცებადი საქმეა. უბრალოდ, საინტერესო საქმე უნდა მოიფიქრო. მაგალითად, მთელი ოჯახი ველოსიპედებზე დასვა და სასეირნოდ წაიყვანო. იმ დღეს ჩემს შვილებს პატარა ფარნები ვუყიდე, თავიანთ პატარა ველოსიპედებზე მივუმაგრე და ბავშვებმაც გაიხარეს. თავი დიდები ეგონათ. მეც ბედნიერი ვიყავი.

ამ ბოლო პერიოდში ზაფხულობით ოჯახთან ერთად დასვენება არ გამომდის. ბევრი საქმე მაქვს და გადარბენაზე ვარ. ბავშვებმა ერთი კვირა რომ ვერ მნახონ, ნერვიულობას იწყებენ და რეკვით მიკლებენ, მეკითხებიან, როდის დავბრუნდები. ასეთ ზარებზე  გული მეკუმშება. შვილებისთვის ძნელი ასახსნელია, რომ ცხელ წერტილში გიწევს მუშაობა, თუმცა ისინი ამას თვითონაც გრძნობენ და განიცდიან. იხვეწებიან, რომ შინ მალე დავბრუნდე.

ვფიქრობ, ბავშვები კარგად გრძნობენ ომს. ერთად რომ ვართ, ომზე ვუყვები. ვუხსნი, რომ იქ ისვრიან, ადამიანებს კლავენ. ბავშვები მისმენენ და ესმით, რაზეც ვლაპარაკობ.

ახლა დეკრეტში ვარ. ეს სწორია და ნორმალური. ბავშვებს ისევე სჭირდებათ მამა, როგორც დედა და არა მხოლოდ საღამოობით, გასართობად. რაც შეეხება დეკრეტს, მე და ჩემი ცოლი იმთავითვე შევთანხმდით – ის უკვე გავიდა სამსახურში, ჯერ ისევ  სოციალიზაციის პერიოდს გადის. მე დეკრეტული შვებულება ავიღე, რათა მეტი დრო გავატარო ჩემს შვილებთან და ცოლს ამოსუნთქვისა და რეალიზაციის საშუალება მივცე.

max-levin-5

რამდენჯერმე ბავშვების წაყვანაც ვცადე სამსახურში, მაგალითად, აუტისტი ბავშვის გადაღების დროს. სამუშაო გრაფიკი ისეთი მქონდა, რომ თავისუფალი წუთები გამომიჩნდა და შვილებთან ერთად სადილობაც კი შევძელი. თუ Facebook-ში იჯდები და ტელევიზორს მიეწებები, ბავშვებისთვის კი არა, არაფრისთვის არ დაგრჩება დრო. ჩემი ცოლი ჟურნალისტია. ბავშვებს შუადღეზე რომ დააძინებდა, კომენტარებს ტელეფონით „ააგროვებდა“ და სტატიას ისე წერდა.  ყველაფერს შესანიშნავად ასწრებდა – სახლის საქმეს, დედაჩემის დახმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ დეკრეტულ შვებულებაში მეც მობილიზებული ვიქნები და თავსაც ყველაფერს გავართმევ.

პირველი შვილი რომ გვეყოლა, ჩემს ოჯახში სამი წესი შემუშავდა: 1. საზოგადოდ, არ უნდა იცრუო და ურთიერთობა ჯანსაღი იქნება; 2. ბავშვის დაბადებამდე მშობლები უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ გაზრდიან შვილებს; 3. ბავშვის თანდასწრებით მშობლებმა კონფლიქტს თავი უნდა აარიდონ და საქმეები არ უნდა გაარჩიონ. მნიშვნელოვანია ის, როდესაც ერთი მშობელი ბავშვისგან რაღაცას ითხოვს, მეორე მშობელი კი მას მხარს უჭერს. აუცილებელია მშობლების ერთსულოვნება.

ყველაზე მთავარი  – ბავშვების მოტყუება არაფრის დიდებით არ შეიძლება. ბავშვმა ძალიან კარგად იცის, როდის ატყუებენ. მომავალში ისიც ეცდება თქვენს მოტყუებას და თქვენი ნდობა გაუქრება. ყველაფრის საფუძველი ნდობაა. თუ ბავშვს ნემს უკეთებთ, მან უნდა იცოდეს, რას და სად ჩხვლეტენ, უნდა იცოდეს, რომ ეტკინება, მაგრამ უნდა ხედავდეს დედ-მამის თანგრძნობას.

მთელი ცხოვრება დიდ ოჯახზე და ბევრ შვილებზე ვოცნებობდი. ჩემი ცოლი კი სხვანაირად ფიქრობდა. პირველი ბავშვის შესახებ რომ გავიგეთ, მეუღლე უნივერსიტეტს ამთავრებდა. საერთო საცხოვრებლის ტიპის სახლში ვცხოვრობდით. მას ძალიან შეეშინდა. „ახლა რა გვეშველება? მე სხვანაირ ცხოვრებას ვგეგმავდი“, – დაღვრემილმა მითხრა, მაგრამ ყველა შიში ჩაცხრა. ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა, რომ სამსახური და დედობა ერთმანეთს შეუთავსა.

ყველაზე რთული პირველი ბავშვის გაზრდა იყო. სამშობიაროდან მოგყავს და გეჩვენება, რომ მარათონში ერთვები. შენ მას წუთითაც ვერ ტოვებ, 24-საათიანი ყურადღება სჭირდება. პანიკა! მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდად არის. დგება სიმშვიდის პერიოდებიც, განსაკუთრებით როდესაც ძინავს და თუ ძილი გაუგრძელდა, მისი სიფხიზლე გენატრება. უჩვეულოა.

სამი შვილის გაზრდა უფრო მარტივია, ვიდრე ერთის. ბავშვები ერთმანეთში თამაშობენ, ერთობიან, უფრო სწრაფად ვითარდებიან.

პირველი შვილი რომ გვეყოლა, საზოგადობაში გავრცელებული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მოვექეცით, ბავშვს სამ საათში ერთხელ ვაჭმევდით. თავდაპირველად ყველას რჩევებს ვითვალისწინებდით, მაგრამ მერე ძუძუთი კვებაზე წავიკითხეთ და ჩვენი მიდგომა შევცვალეთ. ჩვილობის ასაკში ბავშვს ბევრი არაფერი სჭირდება, მხოლოდ ჭამა, ძილი, ყურადღება.

ბავშვებს მათი დაბადებიდანვე უფროსებივით ვექცევით. შედეგად, 2 წლის ასაკში, უკვე ბევრი რამ ესმით. ჩვენ მათ საინტერესო ამბებს ვუყვებით. ორესტი 5 წლის ასაკში ძალიან ლოგიკურად აზროვნებს, ბებია-ბაბუები მას ფილოსოფოსს ეძახიან.

მშობლები თავად ირთულებენ ცხოვრებას, როდესაც ფიქრობენ, რომ ბავშვის გაჩენა და გაზრდა „ძვირი სიამოვნებაა“. პამპერსებს მხოლოდ ქუჩაში ვიყენებთ. ერთ ეტლში მესამე ბავშვი იზრდება. ჭოჭინები, ძვირადღირებული ბავშვთა ხალიჩები, სუპერსათამაშოები – ეს ყველაფერი არ გვჭირდება. სახლში ბევრი სივრცე გვაქვს. ბავშვები დარბიან, თავის გასართობსაც მშვენივრად პოულობენ, ეს შეიძლება ქვაბიც კი იყოს, რომელსაც მთელი დღე უბრახუნებენ. მერე რა, ასატანია. ბავშვობიდანვე ცოტა სათამაშო გვაქვს, უმეტესად ხის, ნაჭრის, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვკერავთ. ეს სახალისოა.

ჩემს უფროსს შვილს ძალიან მოსწონს თევზები. არ ვიცი, ეს რას უკავშირდება. ჩვენ არ გვაქვს ტელევიზორი, მულტფილმებსაც ბავშვებს წლამდე არ ვაყურებინებდით. ერთადერთი დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ხშირად ვნახულობდით, ბავშვებსა და ოკეანეზე იყო. ალბათ ამის მერე მოეწონა თევზები. ჩვენი ოცნება ნორვეგიაში ჩასვლა და ვეშაპებზე დაკვირვებაა. ორესტი მთხოვს, სამსახური ისეთ ადგილას ვიპოვო, ოკეანე რომ იქნება ახლოს. ის ითევზავებს, მე ამ თევზს ფოტოებს გადავუღებ, ჩემი ცოლი კი ბადეს მოწნავს.

ჩვენ, როგორც მშობლებს, ბავშვის ბუნებრივი აღზრდა მოგვწონს. ჩემს შვილებს ბევრი რამის უფლებას ვაძლევ, მაგრამ ისინი ზრდილები და თავაზიანები იზრდებიან. ნებას ვრთავ იქ იძრომიალონ, სადაც ცოტა სახიფათოა და თუ გადმოვარდნენ, თვითონვე ისწავლიან, სად შეიძლება ძრომიალი და სად – არა. გახდებიან უფრო ფრთხილები. ჩვენ არ ვართ ვალდორფის აღზრდის სისტემის ფანები, მაგრამ ის ძალიან მოგვწონს. ბავშვებს ყველაფრით არ ვტვირთავთ. მშობლებს ჩვევიათ შვილების  დატვირთვა ცურვა-ინგლისური-ფეხბურთი-ხატვა-სიმღერით. ბავშვისთვის ეს ძალიან რთულია.

მაგარი მომენტია, როდესაც ბავშვს ჯერ მსჯელობა არ შეუძლია, მაგრამ ცდილობს, იხუმროს. ერთხელ ორესტი კარატედან დაბრუნდა და ვეკითხები, რა ხდებოდა საინტერესო: „დრაკონები იყვნენ? იქნებ მეთევზეები იყვნენ?“ მიყურებს, მიყურებს და სერიოზული სახით მეუბნება „ხუმრობ ხო?“

ერთადერთი წიგნი, რომელიც ბავშვთა აღზრდის შესახებ წავიკითხეთ, ფაბელ ადელის „როგორ ვილაპარაკოთ ისე, რომ ბავშვებმა გვისმინონ და როგორ ვისმინოთ, რომ ბავშვებმა ილაპაკონ“ იყო. ავტორი ამბობს, რომ ბავშვის გრძნობები უნდა გავიზიაროთ, მივიღოთ. თუ წაიქცა კი არ გავუწყრეთ, არამედ მოვეხმაროთ საკუთარი გრძნობების გადმოცემაში. სკოლაში თუ ვინმემ აწყენინა, ვეცადოთ, იმის ადგილას წარმოიდგინოს თავი, ვინც აწყენინა.

ოჯახში ბავშვი ჩნდება და ყველა წვრილმანი უმნიშვნელო ხდება. ბავშვების გაჩენამდე მე და ცოლი ხშირად ვკამათობდით, მაგრამ მერე ყველანაირი ცრუფუსფუსი გაფერმკრთალდა. ახლა მოთმინებას ვსწავლობ. მე ძალიან ემოციური ვარ. ახლა უბრალო რამეც კი მახარებს. ბავშვი ადამიანია, რომელიც შენ შობე და შენვე უნდა აღზარდო. ბავშვისთვის ფულზე მეტად მნიშვნელოვანი ყურადღებაა. გული მწყდება, რომ ბავშვთა გასართობ მოედნებზე იშვიათად ვხედავ მამებს, რომლებიც შვილებს ასეირნებენ.

ტერმინების ტყვეობაში:  ინკლუზიური საზოგადოება

0

ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ბავშვობა, რომელში მონაწილეობის აუცილებლობაც გვაკისრია. მეტიც, ჩვენ რომ არა, ეს ისტორია არც კი დაიწერებოდა.

ერთი ბავშვობის ამბავი მეც დავწერე. ჩემი შვილი უკვე თოთხმეტი წლისაა, შეიძლება ითქვას, მისი ბავშვობის ხანა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჯერ მაინც არ ეთმობა „ვარდისფერი სათვალე“ და ჯიუტად ცდილობს აირიდოს გაზრდის ყოველი მცდელობა, გარესამყარო ასე უტიფრად რომ სთავაზობს. არადა, მისი ცხოვრების მემატიანე სასოწარკვეთით, გაუთავებელი ბრძოლით, უძილო ღამეებითა და წყალწყალა იმედებით სავსე ამბების მიღმა ძნელად თუ გაარჩევს წინ გადადგმული ნაბიჯების მკრთალ კვალს, რომელიც ჩემს ბიჭს საკუთარ, გამოტოვებულ ბავშვობაში ამოგზაურებს.

პირადი გამოცდილების გაზიარებაზე არასდროს მითქვამს უარი, რადგან დღემდე მწარედ მახსოვს ინფორმაციულ ვაკუუმში გამეფებული შიშის გემო. სწორედ ამ მიზეზით მოვხვდი, ერთი შეხედვით, „გადარჩენილი“ მშობელი  „მშობელთა საინფორმაციო ცენტრის (PIC)“ ვებგვერდზე, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლები ერთმანეთს პირად ისტორიებს უყვებოდნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ორგანიზაციების არსებობა, საზოგადოების სწორად ინფორმირება,  მშობლების კავშირი/გამოცდილების გაცვლა, რათა ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მშობელმა არ მოითხოვოს მისი შვილის თანაკლასელის ერთით მეტი ქრომოსომის გამო კლასიდან გადაყვანა. რაიონებში საქმე ბევრად რთულადაა. იქ შეზღუდული შესაძლებლობები ნიშნავს სირცხვილს და სახლში გამოკეტვას, რადგან ოჯახს, რომელსაც სპეციალური საჭიროების მქონე პირი ჰყავს, სიკვდილზე მეტად საზოგადოების ზიზღნარევი სიბრალულის ეშინია. თან ჯიუტად სჯერა, რომ განსხვავებულობას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ საჭირო სპეციალისტისთვის ვერ მიუგნია.

დღემდე დისკუსიის თემად რჩება ტერმინები, რომლითაც საზოგადოება განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირების დეფინიციას ცდილობს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის დეკლარაციაში  გამოყენებულია ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობის (უნარების) მქონე პირი“ შემდეგი განმარტებით:
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი მთლიანად ან ნაწილობრივ უზრუნველყოს თავისი თავი ჩვეულებრივი (ნორმალური) ადამიანური ან სოციალური ცხოვრების საჭიროებებით, გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების თანდაყოლილი ან არათანდაყოლილი დეფექტის შედეგად“.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2007 წლის კონვენციის მიხედვით,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში იგულისხმებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური ან სენსორული დაზიანება.

„ბავშვთა უფლებების კონვენციაში“ (1989 წ.) გამოყენებულია ტერმინები: „გონებრივად და ფიზიკურად არასრულყოფილი ბავშვი“ და „არასრულფასოვანი ბავშვი“, მაგრამ არ არის მოცემული ზემოაღნიშნულ ტერმინთა განმარტება.

1995  წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“, რომელსაც 2001 წელს დაემატა საკანონმდებლო აქტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“. აგრეთვე ძველი კანონის მთელ ტექსტში ტერმინი „ინვალიდი“ შეიცვალა ფრაზით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერმინი „ინკლუზია“ დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა კი ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს ინკლუზიურ საზოგადოებად ქცევის გზაზე. ჯანსაღი სოციუმი უნდა უზრუნველყოფდეს განათლებას შეუზღუდავ გარემოში, იმის რწმენას, რომ შეზღუდული უნარების მქონე ინდივიდები თანატოლებთან ერთად ისწავლიან. სასწავლო სტანდარტი განსხვავებულ შესაძლებლობას უნდა ესადაგებოდეს, მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვი კი არ უნდა ერგებოდეს სისტემას, პირიქით, სისტემა უნდა მოერგოს თითოეული მოზარდის შესაძლებლობასა და საჭიროებებს.  შევეცადოთ, პატარებს ადრეული ასაკიდან განვუვითაროთ სწავლის უნარი, რადგან ინკლუზიის მთავარი მიზანი თითოეული მოსწავლის პოტენციალის გააქტიურებაა.

ინკლუზია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც თავის თავში უამრავ რამეს გულისხმობს. ის ადრეულ ასაკში, ბავშვის განვითარების შეფერხების გამოვლენისთანავე იწყება. განვითარების ადრეულ საფეხურზე უფრო ადვილია ინდივიდის სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარ-ჩვევების განვითარება. ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის ადრეული ინტეგრაცია. გამოკვლევების მიხედვით, უნარშეზღუდულ ბავშვთა სწავლება ყველაზე წარმატებულად ინკლუზიურ სკოლებში მიმდინარეობს და არა დღის ცენტრებში, სადაც პატარებს მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებთან უწევთ ურთიერთობა.

ინტეგრირებული განათლება ნაწილობრივ შეზღუდულ გარემოს გულისხმობს, მაგალითად: თუ ბავშვი ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით სწავლობს  და რამდენიმე გაკვეთილს კლასთან ერთად ესწრება, მისი სწავლების ტიპი ინკლუზიურია. მხოლოდ დღის ცენტრში, სპეციალურ ჯგუფში, ინდივიდუალური მიდგომებით სწავლება კი შშმ ბავშვისთვის შეზღუდულ გარემოში განათლების მიცემას ნიშნავს.

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დღემდე რთულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა (განათლების მიღება, დასაქმება…), რადგან მისი შესაძლებლობები და საჭიროებები არ მიესადაგება უმრავლესობის მიერ დაწესებულ სტანდარტებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების არასასურველ რეაქციას ხშირად სსსმ პირის ქმედებაც იწვევს. მათი დაბალი თვითშეფასება ორმაგი სტანდარტებით აგებული გარემოსთვის ხელსაყრელ სამანიპულაციო ბერკეტს წარმოადგენს. ფაქტია, როცა საზოგადოებისგან მოწყალებას ითხოვ, დიდხანს გიწევს ჩაკეტილ კართან დგომა, იმ კართან, რომლის გაღებაც თავად შეგიძლია. მთავარია დაიჯერო, რომ შენც ისეთივე უფლებები გაქვს, რაც – საერთო სტანდარტული უნარების მქონე თანამოქალაქეებს.

განვითარებული საზოგადოება, პირველ რიგში,  განსხვავებული ადამიანების ჯანსაღ ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენმა საზოგადოებამ დღემდე ვერ გაითავისა, რომ განსხვავებულობა არის ნორმა და ერის ერთიანობის ცნება, პირველ რიგში, ინდივიდის აღიარებასა და მიმღებლობას ნიშნავს. ინკლუზიურ საზოგადოებაში არ არსებობენ ბოლომდე სხვაზე დამოკიდებული ადამიანები. განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირებს მარტო პური კი არ უნდა მიაწოდო, არამედ მისი დამოუკიდებლად მოპოვებაც უნდა ასწავლო.

დღესაც ბევრი მშობელი გაურბის შვილის მდგომარეობის სახელდებას. შეიძლება შორიდან ადამიანის სტატუსის ჩარჩოებში მოქცევა არ მოგვეჩვენოს მართებულად, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინდივიდის მდგომარეობის ზუსტად განსაზღვრა მის საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებული სპეციალური სამედიცინო, სოციალური თუ საგანმანათლებლო სერვისის შექმნის აუცილებელი წინაპირობაა.

სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდთან მუშაობის დაწყებისას ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა სახის ფიზიკური თუ საგანმანათლებლო საჭიროება აქვს მას. შემდეგ შევისწავლოთ გარემო, რომელშიც აღნიშნულ პირს მოუწევს სწავლა, მოვამზადოთ მისი საჭიროების შესაბამისი ფიზიკური სივრცე და მასალები. სასურველია ობიექტის ჩართვა ჩასატარებელი აქტივობების დაგეგმვის პროცესშიც. აქტივობა, რომელშიც შშმ პირი მონაწილეობს, ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შესაძლებელი გახდეს პროცესში მისი აქტიურად ჩართვა. აუცილებელია სასწავლო პროცესზე ხშირი მონიტორინგის განხორციელება, რათა თვალსაჩინო გახდეს წინსვლის თითოეული ნაბიჯი და ამასთან, მოსწავლესაც მიეწოდოს სათანადო უკუკავშირი. ინკლუზიის ძირითადი მიზანი ხომ ისაა, რომ ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს სასწავლო პროცესში თანაბარი თანამონაწილეობა და განიცადოს პროგრესი.

იმედია, ინდივიდზე ცენტრირებული სასწავლო პროგრამები იდეის შესაბამისად განხორციელდება და დროთა განმავლობაში ზემოთ ხსენებულ ტერმინებს სრულიად გააუქმებს.

ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები – მედროვეობა

0

სამწუხაროა, რომ მედროვეობის საკითხი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ეს გასულ საუკუნეში იყო. მმართველი ძალის შიშიც და მათი მაამებლობის სურვილი ისევ ისეთი მოდებული სენია. ამიტომაც წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავლის ანი მაზანაშვილის დაკვირვებებს იმ ორ ნაწარმოებზე („კვაჭი კვაჭანტირაძე“ და „ყვარყვარე თუთაბერი“), რომელთა კვლევაც დღეს კიდევ უფრო აუცილებელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ავტორთან დასახელებულ ტექსტებში მედროვეობის თემა არის დომინანტური და მთავარი გმირებიც მედროვეთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, მკითხველს ერთგვარი თანაგრძნობა და სიმპატიაც აქვს კვაჭის მიმართ, ხოლო ისეთივე მედროვე ყვარყვარე თითქმის არცერთ მკითხველს არ მოსწონს. ორივე სახელი ქართველი კაცის ლექსიკონში დამკვიდრდა: კვაჭი, როგორც მარიფათიანი ადამიანის შესატყვისი ეპითეტი, შესაბამისად, ირონიული კონოტაციით, შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ პოზიტიური შეფერვითაც და ყვარყვარე, როგორც ყველა სიტუაციას მორგებული  ადამიანის ეპითეტი, შესაბამისად, ნეგატიური კონოტაციით. ჩემთვის  მნიშვნელოვანია ამ სიმპატია/ანტიპატიის მიზეზების ძიება. საინტერესოა, როგორ თვლის მკითხველი, მედროვეობა ადამიანის ბუნებიდან მომდინარეობს თუ იგი შეძენილი ფაქტორია, რომელსაც გარემო პირობები განსაზღვრავს? თუკი ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვი, მაშინ, მგონია, რომ პასუხი გაეცემა წინა შეკითხვასაც რა იწვევს მკითხველის სიმპატია/ანტიპატიას. საქმე ისაა, რომ მედროვეებს არა მარტო მკითხველები თანაუგრძნობენ, არამედ მედროვეებს მხარდაჭერა საზოგადოებაშიც ჰქონდათ. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ არც ამდენი მედროვე იარსებებდა. ალბათ სწორედ ამიტომაც დაიწერა ეს ორივე ნაწარმოები, მიხეილ ჯავახიშვილსაც და პოლიკარპე კაკაბაძესაც მედროვის გაჩენის მიზეზები აინტერესებდათ. ისინიც პასუხს ეძებდნენ მარადიულ შეკითხვაზე, შეძენილია თუ თანდაყოლილი მედროვეობა, ბუნება განაპირობებს მას თუ გარემო ფაქტორები.

ორი ნაწარმოების კვლევამ წარმოაჩინა ის არგუმენტები, რომელთა დახმარებითაც შევეცადე, პასუხი გამეცა საკვლევი შეკითხვისთვის. მანამდე კი დავადგინე, რომ მიხეილ ჯავახიშვილიც (რომანით „კვაჭი კვაჭანტირაძე“) და პოლიკარპე კაკაბაძეც (პიესით „ყვარყვარე თუთაბერი“) პასუხს ეძიებდნენ შეკითხვაზე, თუ რა განაპირობებდა მედროვეობის ფენომენს: ადამიანის თანდაყოლილი ბუნება თუ გარემო ფაქტორები. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიკარპე კაკაბაძე არ მოგვითხრობს ყვარყვარეს ბავშვობაზე და მისი მშობლების როლზე პერსონაჟის აღზრდის საკითხში, ვერაფერს ვიტყვით, რამდენად არის გმირის მედროვე ხასიათი ამგარემო ფაქტორების (აღზრდის) ბრალი. მისგან განსხვავებით, მიხეილ ჯავახიშვილი დაწვრილებით გვიამბობს მამის როლზე პერსონაჟის ხასიათის ჩამოყალიბებაში კვაჭის გაჩენის დღიდან. შესაბამისად, გასაგებია, რომ მწერალს სურს, მედროვის ხასიათის ფორმირებაში გარემო ფაქტორი – აღზრდა – გავითვალისწინოთ. ამდენად, ერთი შეხედვით, ყვარყვარე თუთაბერი პირველი კატეგორიის მედროვეს ტიპია, ანუ გარემო ფაქტორებით განპირობებული მედროვეა ასევეა კვაჭი კვაჭანტირაძეც, ოღონდ მის მედროვე ხასიათზე მამის ფაქტორმაც არანაკლები როლი შეასრულა. მაგრამ დეტალურმა ანალიზმა წარმოაჩინა, რომ ყვარყვარე დროის შეცვლამდეც ამჟღავნებდა ხასიათის ისეთ თვისებებს, რომლებიც მომავალში მას მედროვედ ჩამოაყალიბებდა, ანუ ყვარყვარეს, შესაძლოა, ბუნებითი მედროვეც ვუწოდოთ. მისნაირი ადამიანები პიესაში ბევრნი არიან. ოღონდ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა ამ ადამიანების, ყვარყვარეს მსგავსად, მედროვეებად ჩამოყალიბება. საბედნიეროდ, მათ ყვარყვარესავით არ მიეცათ საშუალება, სამოქმედო ასპარეზზე ისევე აქტიურად გამოსულიყვნენ. ყვარყვარე, მათგან განსხვავებით, თავისი ბუნებისთვის სასურველ დროს სასურველ გარემოში აღმოჩნდა. რაც შეეხება კვაჭის, კვაჭი თავიდანვე ასეთი შეიყვარეს: „რა ვუყოთ, ასეთია“, ასეთად აღზარდა მამამ, ასეთად ჩამოაყალიბა დრომ, ამიტომაც მკითხველი, ნაწარმოების მოქმედ პირებთან ერთად, ადვილად ეგუება მის მედროვე ხასიათს. შეეგუენ ასეთ კვაჭის და აღარც არავის უფიქრია შემდგომში მისი გამოსწორება. ორივე შემთხვევაში მედროვეობას თვითგადარჩენის საფუძველი უდევს. ყვარყვარეს შემთხვევაში ეს ცხოველური და პრიმიტიული ინსტინქტია, რომელიც ვითარებამ და გარემომ მოითხოვა, და ყოველგვარი აწონვის, გადაფასების და ანალიზის გარეშე დაემონა ამ ინსტინქტს, ხოლო კვაჭისთვის ჯავახიშვილისმიერ ნახსენები შერჩევის კანონით ერთადერთი გადარჩენის ხერხია, რომელიც კარგად ჩაებეჭდა ტვინში დარიგებების, გამოცდილების და ცხოვრებისეული მაგალითების სახით.

ამიტომაც, თუ კვაჭი ირონიული, მაგრამ პოზიტიური მეტსახელია, ყვარყვარეს წოდება შეურაცხმყოფელია. არადა, კვაჭიც ისეთივე მედროვეა, ნეგატიური და სახიფათო, როგორი ნეგატიური და სახიფათო მედროვეც ყვარყვარეა. მაგრამ რა არის ის, რაც მკითხველებს მოსწონთ კვაჭიში და აღიზიანებთ ყვარყვარეში? ნუთუ ის, რომ კვაჭის მედროვეობა, ერთი შეხედვით, მისი აღზრდიდან გამომდინარეობს? სამწუხაროდ, ეს ზედაპირული პასუხი ბევრი ადამიანისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ის, რომ ამოიცნონ მიხეილ ჯავახიშვილის განზრახვა, გარკვევით დაგვანახოს: რომ არა კვაჭის ბუნება, მას ვერც აღზრდა და ვერც გარემო ვერასდიდებით ვერ შეცვლიდა. კვაჭი კარგი მთქმელის კარგი გამგონე აღმოჩნდა, გაამართლა მამის მოლოდინები, ადვილად შეითვისა მლიქვნელობა, ფლიდობა – ყოველივე ის, რასაც, წესით და რიგით, მამა შვილს არ უნდა ასწავლიდეს. შემდეგ გარემო პირობების შესაფერისად იქცეოდა: იყო ავკარგიანიც, იყო სათნოებით გამორჩეულიც, ხან – ვნებიანი საყვარელი, ხანაც – გულგრილი, ხან – კეთილშობილი რაინდი, ხანაც – გაქნილი არამზადა, ხან – ყოვლისმცოდნე სწავლული, ხანაც – უბირი. მერე რა, რომ მისი ისტორიები, ყვარყვარესგან განსხვავებით, მხოლოდ პოლიტიკურ მედროვეობას არ აღწერს?! როგორც ჩანს, მკითხველს იმიტომ არ უნდა კვაჭის ბუნებითი მედროვეობის დანახვა, რომ მას ამით თავისი თავის გამართლებაც სწადია. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ საბჭოთა ადამიანზე, როგორ „კვაჭობის“ ადვოკატზე არ ვლაპარაკობ. მე ვსაუბრობ ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც ხედავს, რომ ავტორიტეტი ცდება, მაგრამ თავს უხრის, რადგან ეშინია ავტორიტეტთან დაპირისპირების. ამიტომაც ბევრად უფრო ადვილია მოგწონდეს კვაჭი, ვერ ან არ გაიგო, მიხეილ ჯავახიშვილის გზავნილი და გარემო პირობებს გადააბრალო ჯერ კვაჭის, მერე კი შენი უპრინციპობა, გარემო პირობებით ახსნა, რატომ მიდიოდი კომპრომისებზე; ვითომ გარემო პირობების გამო უღალატო და დათმო, არ უერთგულო მრწამსს, დაივიწყო მორალური ღირებულებები და ზნეობა.

ამდენად, კვლევამ ნათლად წარმოაჩინა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძისა“ და პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ პერსონაჟები, კვაჭიც და ყვარყვარეც, გარემოს მსხვერპლნი კი არა, დაბადებიდან ანუ ბუნებითი მედროვეები არიან. ხოლო, ყვარყვარესგან განსხვავებით, კვაჭისადმი კეთილგანწყობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მკითხველის მიერ საკუთარი მედროვეობის გამართლების სურვილმა. მედროვეობა მარადიული სენია, იგი ეპიდემიასავით მარტო ერთ ეპოქას კი არ მოედება, არამედ მედროვეთა ხილვა ნებისმიერ ეპოქასა და დროში შეიძლება. ამიტომაც არის, რომ კვაჭის მიმართ სიმპატია კი საბჭოთა პერიოდში ჩაისახა, მაგრამ გაგრძელდა სსრკ დანგრევის შემდეგაც. ჩემი აზრით, მკითხველი ჯავახიშვილის გენიას იმით კი არ აფასებს, რომ მან მედროვეობის ფენომენი ამხილა, არამედ მოეწონა ყოჩაღი კვიმატი კვაჭის პერსონაჟი და ნაკლებად ამტყუნებს მის მედროვეობას, პირიქით, ეცდება გაამართლოს კიდეც და „კვაჭობა“ გადააბრალოს ხან აღზრდას, ხანაც სხვა გარემო ფაქტორებს. პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარეს“ შემთხვევაში კი ყველაფერი იმდენად პირდაპირაა ნათქვამი, რომ მკითხველი, იმის შიშით, მეც მედროვე არ გამოვჩნდეო, ყვარყვარეს სხვების დასანახად უწყებს გმობას. გმობისდა მიუხედავად მუდმივად ცდილობს, დაივიწყოს ეს ნაწარმოები და მასში აღძრულ პრობლემაზე გულახდილად კი არ იმსჯელოს, არამედ მიჩქმალოს პრობლემა და „ყვარყვარობაზე“ ისე ისაუბროს, ვითომ იმ სხვათა სენია, ვინც საბჭოთა კავშირის აისს მოესწრო.

შეჯამების სახით ვიტყვი, რომ კვაჭი კვაჭანტირაძისადმი მკითხველის კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მაშინ, როდესაც ისიც ისეთივე მედროვეა, როგორც ყვარყვარე თუთაბერი, განაპირობა ჩვეულებრივმა ადამიანურმა ფაქტორმა, რომელსაც თავის მართლების სურვილი ჰქვია.

ამ წერილით ვასრულებ წერილების ციკლს „ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები“. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულის მასწავლებლებს სურვილი გაუჩნდებათ, წაახალისონ თავიანთი მოსწავლეები და აუმაღლონ მოტივაცია, საფუძვლიანად გამოიკვლიონ მათთვის საინტერესო საკითხები, რომლებიც უხვად მოიძებნება ქართულ ლიტერატურაში. მე კი ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი IB-ის ქართული ენისა და ლიტერატურის გამსწორებელს მაია ზალდასტანიშვილს, რომელმაც უმაღლესი შეფასებები არ დაიშურა ჩემი მოსწავლეებისთვის და ასე დააფასა მათი მონდომება, პირველი ნაბიჯები გადაედგათ მეცნიერული კვლევის რთულ, მაგრამ საინტერესო გზაზე (ვრცელი ესეები შესრულდა სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომლის შესახებაც მოთხრობილია წერილში https://mastsavlebeli.ge/index1.php?action=page&p_id=19&id=353).

Facebook-ის კლიშეეებში

0

ნელ-ნელა წარმოუდგენელი ხდება ჩვენი ცხოვრება Facebook-ის გარეშე. დღე გვეწყება თუ არა, სოციალური ქსელის ფანჯარას ვხსნით და მის ლაბირინთებში ვიწყებთ ხეტიალს. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ „ვაკონტროლოთ“ გასაჯაროებული ამბები, მოვიწონოთ ფოტოები, რომლებიც, თურმე ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ყოველთვის კარგად არ აისახება.

საქმე ისაა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობა ხშირად სწორედ ისეთ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ბედნიერად და ხალისიანად გამოიყურება. ასეთი, ერთი შეხედვით პოზიტიური ფოტონაკადის დათვალიერების შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებელს ცრუ შეგრძნება ეუფლება – მას ეჩვენება, რომ ვიღაც პრობლემების გარეშე, არხეინად და კეთილად ცხოვრობს. ამ ბედნიერი ადამიანების ფონზე კი ის, ყოველდღიური რუტინაში გაბმული, ცხოვრებისგან დაჩაგრულია. თითქოს არსებობს სხვა, პარალელური სამყარო, სადაც მისი ადგილი არსად არის.

ანდრეა ბონიორი კლინიკური ფსიქოლოგი, მწერალი და პოპულარული ბლოგერია. ის რამდენიმე მარტივ ხერხს გვთავაზობს იმისათვის, რომ თავი „დაჩაგრულად“ არ ვიგრძნოთ. მისი თქმით, ჩვენი თვითშეფასების ხარისხს სწორედ ჩვენივე ნაცნობ-მეგობრების პოზიტიური „სელფები“ ამცირებს. „არ მისცეთ გასაქანი „ფრენდლისტს“, რომ მან თქვენი განწყობა მართოს!“ – ასეთია ანდრეა ბონიორის მოწოდება.

სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული კვლევების თანახმად, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ადამიანი თავისი ცხოვრების შედარებას სხვის ცხოვრებასთან იწყებს და ამ პროცესს ზედმეტად უღრმავდება, ზოგჯერ კი იმდენად, რომ დეპრესიაც ემართება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს რაღაც მომენტში ესმის, რომ თავისი „ფრენდების“ ბედნიერი იმიჯი რეალობას ნაკლებად შეესაბამება,  ეს ფოტოები მაინც აფიქრებს და საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრს აწყებინებს. „გირჩევთ, შეწყვიტოთ სხვისი ფოტოების უაზრო თვალიერება“, – ასეთია ანდრეა ბონიორის პირველი რჩევა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი ყოველ წამს ვიყოთ Facebook-ში.

„ეს არის თვითგვემა, მაზოხისტური ჩვევა. მოიფიქრეთ, როგორ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა ამ ყველაფერს. შექმენით რთული პაროლი, რომლის შეყვანის დროს მეტად განეწყობით ინფორმაციის დასამუშავებლად. შესაბამისად, უფრო კრიტიკული გახდებით. ბევრი სოციალურ ქსელში ბედნიერ ფოტოპორტრეტს საკუთარი თავის დასამკვიდრებლად აქვეყნებს, თქვენ კი მათ ანკესზე ეგებით“, – ამბობს ფსიქოლოგი.

პერიოდულად გადააფასეთ თქვენი მეგობრების ჩამონათვალი სოციალურ ქსელში. იქ აუცილებლად აღმოაჩენთ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო თავს ცუდად ან დისკომფორტში გაგრძნობინებენ. დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მათ მიერ გამოქვეყნებული „პოსტების“ კითხვა, მათი ფოტოების თვალიერება? დაფიქრდით, რატომ გძლევთ უხასიათობა მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის ადამიანთა შესახებ სულ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას იღებთ? მათთან „განმეგობრება“  აუცილებელი არ არის. თუკი  ვიღაცის ფოტოები და პოსტები გაღიაზიანებთ და თავდაჯერებას გაკარგვინებთ, „გადაახტით“, ამისათვის არავინ გაგინაწყენდებათ.

ანდრეა ბონიორი ამბობს, რომ ცუდი არ არის, თუ ვიღაცის ფოტომ, სადაც ის სამუშაო გარემოში საკმაოდ წარმატებულად გამოიყურება, საკუთარ სამსახურზე დაგაფიქრათ: „რატომ უნდა დადარდიანდეთ? დაჯექით და გეგმა დაწერეთ: რისი შეცვლა შეგიძლიათ დღეს ან ხვალ იმისათვის, რომ თქვენც არა მხოლოდ წარმატებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეთ, არამედ ასეთი იყოთ. ამ გეგმამ შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება გადაასხვაფეროს და ახალი სამსახურის ძებნაც კი გაიძულოთ. იქნებ, დადგა დრო, როდესაც თქვენს ხელმძღვანელობას კარიერის პერსპექტივაზე უნდა გაესაუბროთ? გააცნობიერეთ, რომ სიტუაცია მართვადია და მას თქვენ მართავთ, არ მიჰყვებით დინებას. ასეთი განწყობით სხვის გამარჯვებას უფრო იოლად გაიზიარებთ“.

თუ თქვენი „მეგობრის“ ცხოვრების ვირტუალურ მახეში გაებით და ის ბედნიერებით სავსე მოგეჩვენათ, ე.ი. ის დიდი ხანის უნახავი გყავთ. აი, ფინჯან ყავაზე მისი დაპატიჟების მიზეზიც! პირადი შეხვედრის დროს თქვენ დარწმუნდებით, რომ თქვენი თანამოსაუბრე ცოცხალი ადამიანია და არა უნაკლო ფოტოსურათი. არც მისი ცხოვრებაა იდეალური. ბონიორი წერს, რომ თუ „მეგობარი“ მართლაც წარმატებული და ბედნიერი გამოდგა, ეს ძალიან კარგია, რადგან თავის გამოცდილებას გაგიზიარებთ.

ცხოვრებით აღფრთოვანებული „პოსტების“ გარდა, სოციალურ ქსელში ხშირად ვაწყდებით  ცუდ ამბებს. გვერდს ნუ ჩაუვლით. ვისაც უჭირს, თანაუგრძნეთ. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად დახმარება გაუწიოთ. მადლიერების მედიტაციის მსგავსად, ადამიანზე მზრუნველობა თავს ბედნიერად და წარმატებულად გაგრძნობინებთ. სხვისი უბედურება თითქოს ირიბად მიგანიშნებთ კიდეც, რომ არსებობენ ისეთებიც, ვისაც გაცილებით მძიმე მდგომარეობის ატანა უწევს. ჩვენ კი მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ წვრილ-წვრილი პრობლემები გვაწუხებს.

თავდაჯერების დასაბრუნებლად ისწავლეთ საკუთარი თავის სწორად გადაღება, იპოვეთ სათქვენო ფოტორაკურსი. ასეთი ნამდვილად არსებობს. სოციალური ქსელი მხოლოდ ამბების გაზიარება როდია. როგორც თქვენ აკვირდებით ვიღაცის ფოტოებს, ისე თქვენც გაკვირდებიან. სოციალური ქსელი თვითპრეზენტაციის საუკეთესო ინსტრუმენტია. მანილში (ფილიპინები) უკვე გაიხსნა სელფის მუზეუმი. ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი სერჟ ტისერონი შეგვახსენებს, რომ „არაფერია უცხო და არაადამიანური საკუთარი თავის დემონსტრირების სურვილში“. შარშან ქსელში 1,8 მილიარდი ფოტო დაიდო, რაც 2012 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტი იყო.

რომელი ფოტო უნდა გავხადოთ საჯარო? რომელია საუკეთესო? ის, სადაც ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვგავართ? „არა, – პასუხობს ფიქოანალატიკოსი ფაბიენ კრემერი. – ის „მე“, რომელსაც ჩვენ ფოტოს ვუღებთ და თვითონვე მოგვწონს, სხვაა. ჩვენ გვინდა ასეთად გვხედავდნენ“. ამიტომ, ვიდრე სოციალურ ქსელში ფოტოს ავტვირთავთ, ზედმიწევნით ვარჩევთ, ვამუშავებთ, ვფილტრავთ. გვინდა, იმაზე უკეთესად გამოვიყურებოდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ საკუთარი თავი მეტად შევიყვაროთ, თავდაჯერება მოგვემატოს.

ქსელში წარმოდგენილი ფოტო „მოწონებებითა“ და კომენტარებით ფასდება. „მაგრამ დამუშავებული ციფრული სილამაზე ერთგვარი სიცრუეა. სოცქსელი სამყაროა, სადაც ახალ ცხოვრებას ვიგონებთ, რათა გავექცეთ ბანალურ ყოველდღიურობას. ვცდილობთ, მეგობრებსა და ნაცნობებს ის ფოტოები ვაჩვენოთ, რომელიც მათზე რაიმე შთაბეჭდილებას მოახდენს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ფოტოებს მუყაოს ფოტოალბომებისთვის ვიღებდით“, – აღნიშნავს სერჟ ტისერონი.

„სოციალურ ქსელებში თამაში რაღაცით ჩამოჰგავს გარდერობთან ურთიერთობას. ეს იგივეა, რომ გვინდოდეს გვეცვას კაბა, რომელიც ყველას მოეწონება. ჩვენ საკუთარი თავებს „ლაიქებით“ „ვტესტავთ“. ჩვენი იერსახე ჩვენივე საკუთრება აღარ არის, რადგან გვინდა გარკვეულ ჯგუფებს მოვაწონოთ თავი.ისე გამოვიყურებოდეთ, როგორც მათ მოსწონთ“, – ამტკიცებს ფსიქოლოგი იან ლერუ.

ფოტოებითა და „სმაილებით“ შეზავებული პუბლიკაციები და ვიდეოები ვირტუალური ურთიერთობის  ენაა. „მიყვარს კვირის დაწყება კარგი „სელფით“. მე ეს მოტივაციას მმატებს, პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს“, – ასეთი ფრაზა ხშირად გვსმენია. გარდა ემოციის გაზიარებისა და თვითტკბობისა, „სელფი“ ჩვენი ხილულობის უტყუარი საბუთია.

მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები: რეზონანსი ანუ იპოვე შენი ხმა

0

იდეები განსხვავდებიან იმის მიხედვით, როგორ წარვადგენთ მათ, ამიტომ თანამედროვე კომუნიკაციის ექსპერტები გვირჩევენ, წარდგენამდე კარგად დავფიქრდეთ. ზოგჯერ ბრწყინვალე იდეები მხოლოდ იმიტომ ვერ იქცევენ სათანადო ყურადღებას, რომ უინტერესოდ წარადგინეს.

რას ნიშნავს „ბრწყინვალე იდეა“? მე რომ მკითხოთ, ზოგ შემთხვევაში წარდგენას (წარმდგენს) იდეისგან არც კი გამოვყოფდი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე იდეას სრულიად სხვადასხვანაირად წარადგენს და, საბოლოო ჯამში, ეს არ იქნება ერთი და იგივე იდეა. ვფიქრობ, რომ, საერთო შინაარსის მიუხედავად, იდეებიც განსხვავდებიან იმის მიხედვით, რამდენი იფიქრეთ, რამდენად ღრმად გსურთ, რამდენი ენერგია დაახარჯეთ.

ადამიანებს სხვადასხვანაირი აქვთ „სიტყვის ძალა“ და, შესაბამისად, იდეების ძალაც… ენთუზიაზმით, დამაჯერებლად, პოზიტიურად გამოხატული აზრი სულ სხვა სურათს ქმნის, ვიდრე მოსაწყენად, სერიოზულად, წარბშეკვრით გამოთქმული. სრულიად სხვადასხვანაირ ენერგიას ასხივებენ იდეები…

მეტყველებაში (პრეზენტაციაში) რეზონანსის კანონის მოქმედებას ეძღვნება Nancy Duarte-ს ძალიან საინტერესო წიგნი „Resonate“.

რეზონანსი ყველას გაუგონია. გაგონილი გექნებათ ასეთი ფრაზებიც: „გამომსვლელმა მსმენელებში რეზონანსი გამოიწვია“, „რაღაც მოვლენას საზოგადოებაში რეზონანსი მოჰყვა“… მართალია, ამგვარ ფრაზეოლოგიზმებში „რეზონანსი“ მეტაფორულად გამოიყენება, მაგრამ ეს ისეთი მეტაფორაა, რომელშიც მეტაფორის მეორე წევრი ასიმილირებულია. რაც მთავარია, რეზონანსის კანონი აქაც ისევე მოქმედებს, როგორც ფიზიკაში.

როდის წარმოიქმნება რეზონანსი? როდესაც ობიექტის ვიბრაციის ბუნებრივი სიხშირე გარეგანი სტიმულის ანალოგიურ სიხშირეს შეესაბამება.

შესაძლოა, დაჰკვირვებიხართ აკუსტიკურ რეზონანსს კამერტონების მაგალითზე: როცა ორ კამერტონს ერთმანეთის ახლოს ათავსებენ და ერთ-ერთ მათგანს ააჟღერებენ, ჟღერას მეორეც იწყებს. პირველი კამერტონიდან მომავალი ბგერითი ტალღა მეორე კამერტონზე მოქმედ პერიოდულ ძალას წარმოქმნის. მაგრამ თუ ავიღებთ განსხვავებული საკუთარი სიხშირის კამერტონებს, მათ შორის რეზონანსი არ დამყარდება.

რეს

პრეზენტაციის შემთხვევაში რეზონატორ-კამერტონად შეგვიძლია განვიხილოთ პრეზენტატორი, მომხსენებელი, ხოლო აუდიტორია – მეორე მიმღებ-კამერტონად, რომელიც რეზონანსში უნდა მოვიდეს პირველთან. მაგრამ, როგორც ზემოთაც დაინახეთ, ამისთვის ჯერ პირობები უნდა შეიქმნას. სწორედ ამ პირობებს ქმნის გამომსვლელი. თუ აუდიტორია ვერ მოიმართა საიმისოდ, რომ მიიღოს პირველი კამერტონის რხევები, არავითარი კონტაქტი არ შედგება და პრეზენტაციაც მოსაწყენი და უინტერესო იქნება, შეთავაზებული იდეა ვერავითარ რეზონანსს ვერ გამოიწვევს.

როგორ მოვიქცეთ, რომ გამომსვლელისა და აუდიტორიის სიხშირეები ერთმანეთს დაემთხვეს?

როგორც ზემოხსენებული წიგნის ავტორი ამბობს, მხოლოდ ფაქტებით, არგუმენტებით და ლოგიკით აქ ფონს ვერ გახვალთ. ეს პარამეტრები მეტისმეტად სუსტია საიმისოდ, რომ ვინმეზე ძლიერი ემოციური გავლენა მოახდინოთ და შუცვალოთ განწყობა, ენერგია, სიხშირე. საჭიროა ემოციებით ზემოქმედება, ვიზუალური ისტორიები, მეტაფორები…

იმისთვის, რომ აუდიტორიასთან რეზონანსი (კონტაქტი) დაამყაროთ, ჯერ თავად უნდა მოხვიდეთ მასთან რეზონანსში. ამის შემდეგ შეგიძლიათ, სიხშირეთა ცვლით გაიყოლოთ მსმენელიც, ცვალოთ აუდიტორიის სიხშირეც და ასე შეინარჩუნოთ რეზონანსი. შემდგომ აუდიტორია თავად გამოავლენს თვითორგანიზაციის უნარს.

პრეზენტატორსა და აუდიტორიას შორის ძლიერი ენერგეტიკული კავშირის შემდეგ აუდიტორია იმუხტება იმ ენერგიით, რომელსაც გადასცემთ და ასევე განეწყობა სამოქმედოდ. ცვლილებების გამოწვევა რეზონანსის კანონის მთავარი შედეგია, ხოლო ამ ცვლილებებს პრეზენტატორი იწვევს და პასუხსაც აგებს მათზე.

არსებობს ორგვარი დამოკიდებულება აუდიტორიის მიმართ: როდესაც გმირი შენ (მომხსნებელი) ხარ და როდესაც გმირი აუდიტორიაა. ეს ორი დამოკიდებულება სრულიად სხვადასხვა სიუჟეტს ქმნის და, Nancy Duarte-ს მტკიცებით, ეგოისტ პრეზენტატორს დიდხანს არავინ გაჰყვება… მთელი ძალისხმევა იქით უნდა მიმართოთ, რომ აუდიტორია აქციოთ გმირად, თქვენ კი დარჩეთ „უბრალო ხმად, რომელიც აუდიტორიას სამოგზაუროდ გზავნის“. კარგ პრეზენტაციას შეუძლია შეცვალოს ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი, სამყარო…

სამყარო სავსეა რიტმით, ჰარმონიით, დისჰარმონიით… მთავარია, ჩვენი ხმა ვიპოვოთ.

შუმანის ექსპერიმენტის დროს მაგნიტურ დაფაზე სიხშირეთა ცვლილება ფორმათა ცვლილებას იწვევს… ქვიშა იღებს განსხვავებულ ფორმებს… რაც უფრო მაღალია სიხშირე, მით უფრო მრავალფეროვანი ფორმები მიიღება. რეზონანსი მყარდება აკუსტიკასა და ფორმას შორისაც…

რეზ1

ეს კანონი უნივერსალურიც არის და მეტაფორულიც. საყოველთაოდ ცნობილია რიტმის, მუსიკის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. მედიცინაში მუსიკით თერაპიაც არსებობს. ცნობილია, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის მუსიკა ადამიანზე, როგორ ცვლის უჯრედულ დონეზე მის განწყობას.

იგივე ითქმის მეტყველებაზეც. ნებისმიერ მეტყველებას აქვს თავისი რიტმი, რითმა, ენერგია, სიხშირე… გავლენის ძალა იმის მიხედვით იზომება, რა ძალისაა ეს მოცემულობები. წარმოიდგინეთ, რომ მეტყველება მუსიკაა და თქვენ არჩევთ ამ მუსიკისთვის ჟანრს, ემოციას, ენერგიას…

გახსოვთ „იავნანამ რა ჰქმნა“?.. მუსიკის დროს ინფორმაციის ემოციური დამახსოვრება ხდება. მეტყველების შემთხვევაში ეს მუსიკა თითქოს არ ისმის, მაგრამ ყოველთვის არსებობს, რადგან ისეთ სიხშირეზეა, რომელსაც ყური ვერ აღიქვამს, მაგრამ აუცილებლად შეიგრძნობა და ზემოქმედების ძალაც აქვს, რადგან ადამიანის ორგანიზმი უჯრედების ელექტრომაგნიტური და აკუსტიკური ტალღების მიმოცვლის შედეგადაც ფუნქციონირებს. ამერიკელი მეცნიერი გორდონ შოუ ადამიანზე მუსიკის გავლენას ბგერების ვიბრაციის ზემოქმედებით ხსნის. ბგერები ქმნიან ენერგეტიკულ ველებს, რომლებსაც რეზონანსში მოჰყავს ჩვენი ორგანიზმის ყოველი უჯრედი.

იდეა, აზრი, სიტყვები ქმნიან ეგერგეტიკულ ველებს, მათაც აქვთ თავიანთი ვიბრაცია, აკუსტიკა, სიხშირე… მეტყველებასაც აქვს თავისი ფიზიკა, ამიტომ რეზონანსის კანონის გაცნობიერებით ჩვენ შევდივართ მეტყველების სიღრმეებში, საიდანაც ყველაფერი სხვაგვარად მოჩანს.

ტიციან ტაბიძის „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე“_ სწავლებისთვის

0

ტიციან ტაბიძის ამ ლექსში წარმოჩენილია ხელოვანის ტრაგიკული ხვედრი  ტოტალიტარულ, დიქტატორულ სახელმწიფოში. სათაურიდანვე მკითხველი განეწყობა უარყოფითის მოლოდინით, რადგან ნახსენებია მკვლელობა. ლექსი გამოირჩევა ტიციან ტაბიძისთვის დამახასიათებელი ელვარე, შთამბეჭდავი მეტაფორებით, გამოთქმის ექსპრესიულობით. ლექსი 1926 წელს დაიწერა. ეს იყო დრო, როდესაც პოეტს გამოთხოვება მოუხდა ესთეტიკურ იდეალებთან, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ხელოვნება ხელოვნებისთვის“, რომელსაც ერთგულებდნენ ცისფერყანწლები _ „სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმული“ პოეტები, როგორც ნიკოლო მიწიშვილი წერდა, წარსულს ჩაბარდა,   ახალი სახელმწიფო პოეტთაგან ითხოვდა კომუნისტური იდეოლოგიის სამსახურში ჩადგომას.

1926 წელს ჩატარდა მწერალთა ყრილობა, სადაც მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მწერლობა  რევოლუციის ნიადაგზე უნდა იდგესო. სხვათა შორის, აქ გამოვიდა კონსტანტინე გამსახურდია და თამამად განაცხადა: „ჩვენ გვეკითხებიან, მოგწონთ თუ არა წითელყაბალახიანი საქართველოვო. საქართველო რა ფერისაც უნდა იყოს, ჩვენ გვიყვარს. მას ვერ გავექცევით…“ ჯერ კიდევ მოუშუშებელი იყო 1924 წელს სისხლში ჩახშობილი აჯანყების ტკივილები, ბოლო გაბრძოლება ერისა. ქვეყანა იყო დაბეჩავებული, ბედს შეგუებული.

ამ ლექსში არის წინათგრძნობა დიდი ტრაგედიისა, რომელიც პოეტებს, და საერთოდ, ქართველ ხალხს თავს დაატყდებოდა 1937 წელს, სასტიკი რეპრესიების სახით.

ამ ლექსიდან საოცარი ენერგია მოიფრქვევა. მართლაც, „მოვარდნილი მეწყერივით“ მოდიან სტრიქონები:

„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“ („ლექსი მეწყერი“).

ამ ლექსშიც  ნიაღვარივით მოდის გრძნობები:

„ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,

ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,

დამშრალი თერგი ერთი წვეთია,

მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს“.

პოეტს სურს პოეზიის საშუალებით მკითხველს აგრძნობინოს რაღაც ძალიან ღრმა და სათუთი, რაც თვითონ მას აფორიაქებს, სულს უშფოთებს. რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა მონატრებული მშობლიური სანახების ხილვით მოგვრილი აღტაცება, ნაცნობი გადარეული თერგის ხმაურიანი მუსიკის მოსმენა თუ საყვარელ ქალთან შეხვედრის მოლოდინი.  თერგი დამშრალია რუსეთის ტერიტორიაზე, „მიმხრჩვალ, დამარცხებულ და ნათრევ ლომს არის მიმსგავსებული“, როგორც ილია იტყოდა. საქართველოში კი თითქოს იღვიძებს, ხმაურობს და ღელავს. თუმცა „ის ერთი წვეთიც“ თერგისა მშობლიურია და ამიტომაც გულს შეუძრავს. ამას კი ამ ამ შედარებით გამოხატავს: „მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს“. გადიარს _ დიალექტური ფორმაა და მას იმიტომ იყენებს პოეტი, რომ მშობლიურის მონატრება გამოხატოს.

თერგი და დარიალი თავისუფლების სიმბოლოებია. დარიალის ხეობაში თავისუფალი, მონობასვერშეგუებული ხალხი ცხოვრობს. ეს მოხევეების  მხარეა, დარიალია ყაზბეგის მშობელი, ყაზბეგისა, რომელიც წერდა: „მე ვარ მთიელი, შობილი იქ, სადაც ყმა და მონება ძველთაგანვე სამარცხვინოდ ყოფილა ხალხში“. ყველაზე ცნობილი მოხევე კი ლელთ ღუნიაა, რომელმაც ეპოქის ტკივილი ასე გამოთქვა: „ჩვენ თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკეთ“. წინათ თავისუფლები ვიყავით, იმიტომ იყო ძველი დრო უკეთესიო.

თერგის სახე, როგორც თავისუფლებისა, პირველად  გრიგოლ ორბელიანთან წარმოჩნდა: „თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“, ილიამ კი „მგზავრის წერილებში“ თერგი მოძრაობის,  თავისუფლებისთვის მებრძოლის სიმბოლოდ აქცია: „ნეტავი შენ, თერგო, იმით ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა, პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.

ამიტომაც არის, რომ სიხარულს ვეღარ იტევს პოეტი. მისი აღტაცება თითქოს მთელ კოსმოსს გადაედება და აღარაფერი აღარ შეიძლება იყოს მის გარშემო მშვიდი და მყუდრო. პირიქით, უნდა ამოძრავდეს და აიშალოს ყოველივე, რომ შეეფარდოს პოეტის აბორგებულ გულს.

სამშობლო პოეტში ტკბილ-მწარე განცდებს აღძრავს. ილია რომ წერდა: „მაგრამ რაც უფრო მშვენიერი ხარ, იმდენად უფრო მიკვდება გულიო“, ან კიდევ ტიციან ტაბიძე სხვა ლექსში: „სჯობს რომ არ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი“. ეს სილამაზე და მშვენიერება თითქოს უფრო გამოკვეთდა მის ტრაგედიას, თავისუფლების დაკარგვას.  ამიტომაც ამგვარი მეტაფორებით გამოხატავს შინაგან მღელვარებას პოეტი:

„წამექცა თავზე ცა გარღვეული

და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,

და დარიალით გადარეული

თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს“.

მყინვარი სიწმინდისა და რწმენის სიმბოლოა პოეტისთვის. ერის უკვდავი სული, ილიას პოემა „აჩრდილში“ ამგვარად რომ ამჟღავნებს თავს: „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული“  _  სწორედ მყინვარზეა გადმომდგარი და იქიდან ესაუბრება ლირიკულ გმირს.

დარიალით გადარეული _ ალიტერაციაა, რომელიც საოცარ მუსიკალურ განცდას ქმნის. ხოლო მეტაფორა „თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს“ არაჩვეულებრივად წარმოაჩენს პოეტის მღელვარე სულიერ მდგომარეობას. ეს სიხარულისა და ტკივილის ცრემლებია ერთდროულად.

ამგვარი გულისშემძვრელი განცდებია შემოქმედების მასაზრდოებელი. ადამიანი ამგვარი აღტაცების წამებში თითქოს საკუთარ თავზე მაღლდება და მთლიანად მიეცემა სიცოცხლის სიხარულს. ამიტომაცაა, რომ პოეტი ასეთი სითამამით წერს:

„და გადავყურებ ალმას უფსკრულებს“.

ალმასი უფსკრულები აქ რეალური პეიზაჟებია საქართველოსი, აქ დაბადებული ადამიანი არ შეიძლება იყოს მონა. „თუ ხარ მონა, აქ არავინ გენდობა, მონურ ღიმილს მე ვინ გადამაბრალებსო“, _ წერდა გიორგი ლეონიძე.

და ამ დროს ჩნდება, ერთი შეხედვით, მოულოდნელი სახე დემონისა:

„კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს“.

დემონის სახეს ხშირად მიმართავდნენ შემოქმედნი. ტიციანის პოეზიაშიც არაერთხელ გაიელვებს დემონის შესაზარი სახება. გავიხსენოთ მისი სხვა ლექსიდანაც სტრიქონები:

„ისე ნაზია ეს მოგონება,

როგორც დემონის ფრთების შეხება“ („ანანურთან“).

დემონის შეხება სიკვდილს იწვევს. იგი სატანური, ბნელი, ბოროტი ძალაა, მაგრამ შემოქმედებაში იგი ხშირად წარმოდგენილია, როგორც იდუმალი, ამოუხსნელი, მისტიკური ფენომენი, რომელიც აღვიძებს ადამიანში თავისუფლებისკენ სწრაფვას.

ტიციან ტაბიძის საყვარელ რუს ფერმწერს, ვრუბელს, ჰქონდა დემონის ციკლი დახატული, რომელსაც კარგად იცნობდა პოეტი და მოსწონდა. დემონს სხვა პოეტებიც ხშირად მიმართავდნენ, განსაკუთრებით, ცისფერყანწელები, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი. გავიხსენოთ ტერენტი გრანელის სტრიქონები:

„გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოსია“.

ტიციანის ამ ლექსის „დემონში“, უპირველესად, დაუმორჩილებელი, მეამბოხე, ჩარჩოს ვერ შეგუებელი სული იგულისხმება. აქ იგი  სასტიკი ბედისწერაცაა,  ბარათაშვილი რომ წერდა: „უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“, ამავე დროს, ეპოქის სიმბოლოა. მის სიმკაცრესა და ულმობელობასთან არის გაიგივებული.

გალაკტიონსაც „სდევნიდა“ დემონი:

„სასტიკი იყო ჩემი დემონი, არ ითვისებდა ჩვეულ გალობას,

ანგელოსები უედემონი ტიროდნენ გზათა მიუვალობას“.

ძალიან ძნელია გადაურჩე ასეთ სისხლიან ეპოქას.  ეს არის დრო ღვთის მკვლელობისა, ანგელოზთა განდევნისა: „იგი ტრიალებს, ვით თვალი ქორის, ეს საუკუნე _ მეფისტოფელი“ (გალაკტიონი). მეფისტოფელი იგივე ეშმაკია. მართლაც, იდგა „დემონების კორიანტელი“ და „სისხლიანი ანგელოზები“ მოჩანდნენ ციდან.

ტიციანის ამ ლექსში, დემონი, როგორც აღვნიშნეთ,  ბარათაშვილის „თვალბედითი, შავი ყორანივით“ მოსვენებას უკარგავს პოეტს, კვალდაკვალ მისდევს და შეპყრობით ემუქრება. ამ დემონს სახიერებისთვის ასეთი შემზარავი ფორმით წარმოაჩენს პოეტი:

„ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს

და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს“.

ეს მეტაფორა, რკინის ბაწარი, გიგანტს პოეტის ყელზე მოსაჭერად რომ აქვს გამზადებული, შესანიშნავად წარმოაჩენს ეპოქას.  როგორც აღვნიშნეთ,  ეს ლექსი 1926 წელს დაიწერა. ამ დროს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობდა შემოქმედთა იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევას, რეჟიმისათვის შესაფერისი ნაწარმოებების შეკვეთას. იკრძალებოდა ყველაფერი, რაშიც მჟღავნდებოდა თავისუფალი სული.

ეს ყოველივე შესანიშნავად აისახა გრიგოლ რობაქიძის რომანში „ჩაკლული სული“. გრიგოლ რობაქიძე სწორედ ამ ეპოქამ აქცია ემიგრანტად. მან მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გერმანულ ენაზე დაწერა და გერმანიაშივე გამოაქვეყნა ეს რომანი, რომელშიც წარმოაჩინა ბოლშევიკური რეჟიმის სისხლიანი სახე.  „ჩაკლული სული“ საბჭოთა ხელოვანის ბედის ასახვაა. აქ „ციცერონმა მარქსისტულად უნდა ილაპარაკოს, კოპერნიკმა მატერიალისტურად ჭვრიტოს სამყარო, ხოლო შექსპირმა პროლეტარულად თხზას“. გრიგოლ რობაქიძე წერდა: „რატომ დავტოვე საქართველო, ჩვენი მამული და დედული ეგზომ მშვენიერი და ტკბილი? მოგითხრობთ. ბოლშევიკები გაჰყვირიან: „ხალხურ დემოკრატიას“ ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიც ჩანს: „დემო“ ნიშნავს ბერძნულად ხალხს, მაშასადამე, ხალხური დემოკრატია ასე უნდა იკითხებოდეს: „ხალხური ხალხოკრატია“. უფრო მართალი იქნებოდა, ეთქვათ „ვამყარებთ დემონოკრატიასო“. ადამიანისათვის უკანასკნელი საყრდენი უზენაესია _ ღმერთი. საბჭოეთში ყოველი რწმენა ჩახშულია… ხალხს, როგორც ცოცხალ კრებულს, ბასრი დანით სახსრებს უხსნიან, ხალხის ალაგას მასაა გამეფებული, რომელშიც პიროვნება, ეს უღვთიერესი მოვლენა, სრლიად ითქვიფება. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავისუფალია. თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში“.  არადა, ამ ეპოქაში მწერალს შემოქმედებაში უნდა დაეცვა მთავარი ხაზი, მომსახურებოდა ბოლშევიკურ რეჟიმს: „მთავარი ხაზის მიყოლის მზადყოფნა დროდადრო ფანტასტიკურ ზომებს აღწევდა. ერთმა ფიზიკოსმა განუცხადა კოლეგას: „მას შემდეგ, რაც ამხანაგ სტალინის ბოლო თეზისები მივუყენე ფიზიკას, ჩემთვის ბევრი რამ საოცრად ნათელი შეიქმნა“. კოლეგამ გაოგნებულმა შეხედა, მაგრამ თვითონაც დაფიქრდა, მართლაც ნაყოფიერი ხომ არ იქნებოდა ამ თეზისების გამოყენება და მხოლოდ გაურკვეველი „ჰმ“ ჩაიბურდღუნა. საკვირველი ეს იყო: ფიზიკოსს, მართლაც, სჯეროდა თავისი სიტყვებისა. შეკითხვაზე, თუ რომელ წიგნებს კითხულობდა უპირატესად, ერთმა პოეტმა დამცინავად მიუგო: „წიგნებს? წიგნებს საერთოდ არ ვკითხულობ, განა უკეთესი საკითხავი არ მოიპოვება?! ცენტრალური კომიტეტის ნებისმიერი სხდომის სტენოგრამასავით წარმტაც და საინტერესო რასმე ვერც შეჰერაზადას ზღაპრებში პოვებთ, ვერც რობინზონის დღიურებში“… ხსენებულ სხდომებზე მართლაც შეუდარებელი ფანტასტიკა მეფობდა. ერთმა მკვლევარმა „ფეოდალური ჟღერადობები“ აღმოაჩინა ბახისა და ბეთჰოვენის მუსიკაში. მეორემ „ბურჟუაზიულ პასაჟებს“ მიაგნო ვაგნერის ოპერებში. მესამემ საკითხი დასვა, გოგენის ფერებში საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკა ხომ არ ცნაურდებაო. მეოთხე, თავის მხრივ, მძიმე ინდუსტრიის ეპოქას ჭვრეტდა სეზანის ტილოებში. მეხუთე პროლეტარულ მეტაფორებს აგროვებდა. ხუთივე ბეჯითად იწვალებდა თავს უზარმაზარი დიაგრამების ხატვით და იაჰვეს სიტყვებს ადასტურებდა: „ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი“.

ხელოვნება ნელ-ნელა გაწვრთნილ-გახედნილ, მორჩილ მონასავით ჩააყენეს ხელისუფლების სამსახურში, მაგრამ ადამიანის თავისუფალ სულს თვით ისეთმა ჯალათებმაც ვერაფერი დააკლეს, როგორებიც საბჭოთა საიდუმლო სამსახურის აგენტები იყვნენ. მწერლობის მაშინდელი მდგომარეობა შესანიშნავად წარმოაჩინა აკაკი ბაქრაძემ წიგნში: „მწერლობის მოთვინიერება“, რომელშიც წერს: „კომპარტიამ ბეჯითად და მტკიცედ დაამკვიდრა ინტელექტუალური ექსპლუატაცია, როცა ადამიანს აიძულებენ ის ილაპარაკოს და წეროს, რაც მას არ სწამს და არ სჯერა“ .

ამ ეპოქის სულისკვეთება კარგად ჩანს პაოლო იაშვილის ლექსში „მეღორის ლოცვა“:

„უფალო! უსმინე შავარდენს,

მის ხელით გიგზავნი ბარათს,

მიშველე ღორებში ჩავარდნილს,

ღორებში დარჩენილს მარად…..

უფალო! მომეცი სამხარი

ძაღლივით ამოსულს ცაზე,

და შენი პერანგი ნახმარი

ჩამაცვი ცოდვიან ტანზე“.

ქრისტეს ნახმარი პერანგის ჩაცმის წყურვილი _ ნიშნავს ჯვარცმის, სიკვდილის წყურვილს. აკაკი ბაქრაძე საბჭოთა მწერლის ბედის წარმოსაჩენად ასეთ შედარებას მიმართავდა: წარმოიდგინეთ კაცი, პური რომ მიაქვს დამშეული ოჯახისთვის, მაგრამ იძულებულია, გზაში ადევნებულ ავ ძაღლებს პური მოუტეხოს და გადაუგდოს, რათა გადარჩესო. ეს ნიშნავდა იმ დათმობებს, რომლებიც ღირსეულ მწერლებს შინაგანი გაორებისა და ტანჯვის ფასად უჯდებოდათ.

ტიციან ტაბიძეც ხომ კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა. პოეტს ბრალი დასდეს ანტისაბჭოთა საქმიანობაში და 1937 წელს დახვრიტეს. ამიტომაც ლექსის ეს სტრიქონები წინასწარმეტყველურად გაისმოდა:

„ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,

და ისიც ვიცი, ჩემზე ახია,

ძვირფასო, არ ვარ, იცოდე ყბედი,

ან თავის მოკვლა რა ტრაბახია?“

თვითმკვლელობა გაქცევის ტოლფასია. ცხოვრება ხშირად ისეთ საშინელ მარწუხებში აქცევდა პოეტს, სიკვდილს მოანატრებდა, მაინც არ გაურბოდა შემოქმედი განსაცდელს, პირიქით, მიისწრაფოდა უფსკრულისკენ, რადგან სწორედ ამგვარი დაბრკოლებები აწრთობდნენ მას, როგორც ადამიანს, პიროვნებას, ვაჟკაცს: „ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი…“. ტიციან ტაბიძეს უკვე ჰქონდა ერთი საზარელი მკვლელობის მაგალითი _ წიწამურის ტრაგედია_ ილიას მკვლელობა.  პოეტი იტანჯებოდა, სუნთქვა უჭირდა:

„გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი

და ახეული მაქვს ლაყუჩები,

შემართულია ფეხზე ჩახმახი

და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩებიო“ („ანანურთან“).

ისიც იცოდა, თვითმკვლელობა ხშირად ერთადერთ გამოსავლად რჩებოდა, ამიტომ წერდა: „ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი და თვითმკვლელობის იავნანურიო“. ამ ლექსში კი ვკითხულობთ:

„მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით

ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,

ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით,

ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი“.

ლექსის რიტმი აჩქარებულია და დაძაბული. შეიძლება ვთქვათ, სიმივით ისე დაჭიმული, რომ გეშინია, არ გაწყდეს. ერთბაშად მოზღვავებული დიდი სიყვარული პოეტს თითქოს განწმენდს და აამაღლებს, სამამაცო და საგმირო საქმეებს მოასურვებს:

„მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,

საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,

ვარ ავსებული შენით გულამდე

და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა“.

გულადი მწირი მიხეილ ლერმონტოვის პოემა „მწირის“ პერსონაჟია, რომელმაც ვერ გაუძლო მშობლიურ კუთხეს მოწყვეტას და გაიქცა, გზაში კი ვეფხვს გადაეყარა და შეებრძოლა. „ვეფხვის დაბდღვნა“ _ რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელსაც გაგვახსენებს, სიყვარულისთვის ვეფხვებთან მებრძოლს.

ისეთი დიდი ენერგია ახლავს ტიციანის ამ ლექსის სტრიქონებს, გგონია, სტროფს ჩაათავებ, ამოისუნთქავ და სიცოცხლესაც თან ამოაყოლებ: „ვარ ავსებული შენით ყელამდე / და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა“.

პოეტს სურს, მკითხველი პოეზიით აზიაროს იმგვარ თავისუფლებას, რომელიც ადამიანს სიკვდილის შიშს დააძლევინებს და სრულყოფილად განაცდევინებს სიცოცხლის მშვენიერებას:

„მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,

 მინდა გავიხსნა გული ალალი,

 მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,

შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი“.

ახლა უკვე ცხადია, ვინ იგულისხმება ამ ყაჩაღებში. რა თქმა უნდა ისინი, რომლებმაც ძალადობრივად გაასაბჭოეს  ქვეყანა, თავისუფლება წაართვეს, ღირსება აყარეს. ასე იწინასწარმეტყველა პოეტმა თავისი და მთელი თაობის ბედი. პაოლომ 1937 წელს არსებული ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად მწერალთა სასახლეში მოიკლა თავი. ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი და სხვა მრავალი 1937 წელს დახვრიტეს… მაგრამ დარჩა მათი შემოქმედება, რომელიც მკითხველს თავისუფლების სულს უღვიძებს და არწმუნებს ნებისმიერ წინააღმდეგობასთან ბრძოლის აუცილებლობაში.

შესაძლებლობები მოხალისეებისთვის

0

 

თუ არდადეგებზე ვერსად მიდიხარ, არ იცი, ამდენი თავისუფალი დრო რაში დახარჯო ან გინდა, სასარგებლო საქმეს მოჰკიდო ხელი, გახდი მოხალისე.

რა არის მოხალისეობა?

მოხალისეობა საკუთარი სურვილით, მატერიალური დაინტერესების გარეშე განხორციელებული საქმიანობაა, რომელიც მიმართულია საზოგადოების სასიკეთოდ და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. მოხალისეობაა, მაგალითად, დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება, ზოოპარკში ცხოველთა მოვლაში დახმარება, სასწავლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ საქმეებში დახმარება და სხვა.

ევროპასა და ამერიკაში დასაქმების დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აპლიკანტის მოხალისეობრივ გამოცდილებას. აქ უამრავი ადამიანის რეზიუმეში ნახავთ ცალკე გრაფას საგანგებოდ მოხალისეობრივი საქმიანობისთვის.

რითია მოხალისეობა კარგი?

მოხალისეობრივი საქმიანობა მიმართულია არა თავად მოხალისის, არამედ სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან საზოგადოების სასარგებლოდ. ეს გახლავთ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება და აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრის მექანიზმი.

მოხალისეობრივი საქმიანობა შრომითი ურთიერთობა არ არის. მოხალისეობა სამოქალაქო აქტივობის ფორმაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოების განვითარების პროცესში.

მოხალისეობა თქვენი კეთილი ნების გამოვლენაა. ის შეიძლება განხორციელედეს მხოლოდ ნებაყოფლობით და არა იძულებით. მოხალისეობრივი საქმიანობა არ გულისხმობს სამართლებრივ ვალდებულებას და მისი განუხორციელებლობა იურიდიულ პასუხისმგებლობას არ იწვევს.

მოხალისეობა ადამიანის პირადი პოზიციის გამოხატულებაა, რომელიც განპირობებულია ჰუმანური და მოხალისეობრივი იდეალების გათვიცნობიერებით.

მოხალისეობის ცნების ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი ის გახლავთ, რომ მისი განხორციელებისთვის მოხალისე არ იღებს ფულად ან სხვა სახის ანაზღაურებას.

რა სარგებლობა მოაქვს თავად მოხალისისთვის მოხალისეობრივ საქმიანობას?

მოხალისის მოტივაციის ასამაღლებლად საკმარისია სამუშაოსგან მიღებული შემდეგი სარგებლობა: თავისუფალი დროს სასარგებლოდ გამოყენება, ინტერესთა ახალი სფეროს გაჩენა, ცოდნის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, საკუთარი ინიციატივების განხორციელება, სოციალური სარგებლიანობის შეგრძნება, ახალი ადამიანების გაცნობა, პროფესიული გამოცდილების შეძენა.

ბოლო დროს საზღვარგარეთ მოხალისეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თანაც მოხალისეს კონკრეტული ორგანიზაცია საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯს უნაზღაურებს.

იმისთვის, რომ ევროპის რომელიმე ორგანიზაციამ მოხალისედ აგიყვანოთ და ზემოხსენებული ხარჯების დაფარვა შემოგთავაზოთ, დაგჭირდებათ უკვე არსებული მოხალისეობრივი გამოცდილება და სამოტივაციო წერილი, რატომ გსურთ ამ ორგანიზაციაში კონკრეტული საქმის კეთება.

სად ვიპოვოთ ორგანიზაცია, სადაც მოხალისედ ვიმუშავებთ?

თუ მოხალისეობრივი საქმიანობა საქართველოში გსურთ, შეგიძლიათ, საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩოთ კომპანია/ორგანიზაცია და თავად მიმართოთ მოხალისედ მიღების თაობაზე. ჩვეულებრივ, საქართველოში მოხალისეთა ვაკანსიებს იშვიათად აცხადებენ.

თუ საზღვარგარეთ გსურთ მოხალისეობა, ამ ბმულზე ბევრ წინადადებას იპოვით:

https://www.responsibletravel.com/holidays/volunteer-travel?gclid=CjwKEAjwqpK8BRD7ua-U0orrgkESJADlN3YBbjaNECCG4I2G71RuXknYTswvp6A5ADjgRyD43zIhKRoC6Lbw_wcB

წარმატებას გისურვებთ!

მათ უყვართ ფეხბურთი

0

ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი გაცისკროვნებით უყურებს ფეხბურთს. ფეხბურთის მოყვარულები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ხალხია და თუკი მათ ბუნებასა და ინტერესებს ჩავწვდებით, ერთობ ეკლექტური სურათი წარმოგვიდგება თვალწინ.

ფეხბურთის მოყვარულთა ყველაზე დიდ ნაწილს ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც სპორტის ამ სახეობას გართობის საშუალებად მიიჩნევენ. მათ შორის ბლომად შეგხვდებათ ისეთები, რომლებიც გულწრფელად იტყვიან, რომ თუკი ტელევიზორში არცთუ სანახაობრივი მატჩი მიდის, ხშირად გადაურთავთ სხვა არხზე, სადაც მაგალითად კარგ ფილმს აჩვენებენ. ბევრს რა თქმა უნდა, ესირცხვილება ამის აღიარება და შეიძლება ფიცი-მტკიციც დაიწყოს – სხვა არხზე გადართვით “ფეხბურთის სიწმინდე” არასოდეს შემილახავსო, მაგრამ ორი სიმართლე რომ არ არსებობს, ეს ყველამ კარგად ვიცით.

ცალკე კატეგორიად უნდა გამოვყოთ ის ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს მერკანტილური მიზნებით უყურებენ და გულში მხოლოდ ტოტალიზატორში დადებული ბილეთის დარდი უტრიალებთ. გამოგიტყდებით და ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებთან მიჭირს ფეხბურთის ცქერა, რადგან, როდესაც ფეხბურთში სხვა მუღამებს და ამბებს ეძებ, ის ჯიგარი დამდგარა და მატჩის დროს დაფიქსირებულ ჯარიმებს ითვლის. თან ეს ხდება ჩვენს დროში, როდესაც ტელეფონის ღილაკებზე ხელების ძალუმად ათამაშებით არამხოლოდ კონკრეტულ მატჩში დანიშნული ჯარიმების რაოდენობას, თვით ბარაკ ობამას ფეხის ზომასაც კი გაიგებთ. თუკი, რა თქმა უნდა, გაინტერესებთ ასეთი ამბები.

ფეხბურთის მაყურებელთა არცთუ მცირე ნაწილს მიმბაძველი ფსევდოქომაგები წარმოადგენენ. ამ ადამიანებს ფეხბურთის ცქერას ზოგჯერ სიკვდილი უჯობთ, მაგრამ ხან მეგობრების ხათრითა და მიბაძვით, ხან კი იმის შიშით, რომ ზოგიერთებმა სასაცილოდ არ აიგდონ – კაცს რომ ფეხბურთი არ უყვარს, იმას რა უნდა ელაპარაკოო – ტანჯული სახით შესცქერიან ტელეეკრანებს. მე მინახავს ასეთი ბედკრული ხალხი და მათზე მხოლოდ თანაგრძნობით შემიძლია გელაპარაკოთ.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატეგორიაა ის ადამიანები, რომლებიც ადრე თვითონაც თამაშობდნენ ფეხბურთს. მათთან ერთად ფეხბურთის ცქერა, კაცმა რომ თქვას, სახალისოა, რადგან მათთვის ფეხბურთი შინაური რამაა და საფეხბურთო იდეალებიც ნაკლებად ჰყავთ ცაში აყვანილი. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნულ კატეგორიაში ხშირად ისეთი ადამიანებიც შედიან, რომლებსაც თავი ფეხბურთის ექსპერტებად მოაქვთ და მათი “მრავლისმეტყველი დასკნები” ზოგჯერ დამღლელი და ნერვების მომშლელია. არ ვიცი, უცხოელი ყოფილი ფეხბურთელები როგორი ქომაგები არიან, მაგრამ ქართველს თუკი სამი დღე  მაინც უვლია ფეხბურთზე, უკვე აქვს იმის ამბიცია, რომ სახეობაში ღრმად ჩახედული კაცია. რას ვიზამთ, ალბათ ასეთი ხალხი ვართ…

ფეხბურთის მოყვარულთა მცირე, თუმცა ასევე საინტერესო ნაწილს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებისა და კლუბების თამაშებს უყურებენ და რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფეხბურთი (ისევე როგორც სპორტის სხვა ნებისმიერი სახეობა) ქართველებმა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის უნდა გამოვიყენოთ. ამ ხალხს ფეხბურთის შიდა ამბების ბევრი არაფერი გაეგებათ, მაგრამ ქომაგობა კი იცოცხლეთ, მაგარი იციან. ასეთი ხალხი ხშირად ჩვენი ნაკრების 5 ფეხბურთელსაც კი ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ჩვენი ნაკრების უკანასკნელ წლებში ნათამაშებ ლამის ყველა შეხვედრის ანგარიშს გეტყვიან.

დაბოლოს, ფეხბურთის მოყვარული ბავშვებიც (უმეტესად ბიჭები) უნდა ვახსენოთ, რომლებიც წარმატებული პერიოდების შესაბამისად ირჩევენ საგულშემატკივრო კლუბებსა თუ ნაკრებებს.  ახლა მათი უმეტესობა ”რეალს”, “ბარსელონას”, “ჩელსისა” და “ბაიერნს” გულშემატკივრობენ. მათ უფროსი თაობის არამკითხენი ხშირად ამუნათებენ – ფეხბურთის მოყვარულები ეგრე არ ლაპარაკობენო. მაგრამ რა ვქნა, ძალიან მიყვარს ამ ბალღების ლაყაფის მოსმენა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ბავშვობას მახსენებენ…

სკოლის აჩრდილი

0

ღამდება. მშობლიური სახლის აივანზე შავი კალამი და სუფთა ფურცლები გამოვიტანე – არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყებული მონსტრის გახსენებას ვცდილობ. მონსტრი მემალება. ალბათ წყვდიადის ჩამოწოლას ელოდება. მისნაირები მაშინ იღვიძებენ, როცა ირგვლივ ვეღარაფერს არჩევ, როცა შუაღამის გული იწყებს ფეთქვას. წამოიშლებიან და შორიახლო ხმაურობენ.

სიტყვების გარჩევა ყოველთვის შეიძლება. ამ სიტყვებმა იციან, რა უნდა თქვან.

სკოლა ჩემი სახლიდან ხუთი წუთის სავალზეა. სამსართულიანი შენობა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ინტერიერით. ცხრის ნახევარზე ვიღვიძებ, ან ცხრას რომ ოცი წუთი აკლია, და ყოველთვის მაგვიანდება. ხან თმადაუვარცხნელი მივდივარ, ხან – ნახევრად ჩაცმული, ხან – საერთოდ მძინარე. დერეფნებში მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტებია. ბრძნული გამონათქვამები. დასურათებული ანბანი. აი თოხი. აი თხა. თხამ ვენახი შეჭამა.

არ ვიცი, რა არის დღეს იმ ადგილას, სადაც ადრე პიონერთა ოთახი იყო, ყველა სავალდებულო ნივთით და ნიშნით. ალბათ ერთ დღეს გაქრა წითელი დროშები, დაფდაფები და ვეება საყვირი, რამდენიმეგვერდიანი ბროშურები და სქელ-სქელი ტომები, ყელსახვევები, ნაპერწკლიდან ალის ანთების მოლოდინი, პიონერთახელმძღვანელის სკამი და მაგიდა, ოთხფურცლიანი გაზეთი პიონერთახელმძღვანელის ხელში, იდაყვში მოხრილი ხელი, გვერდზე ოდნავ გადაწეული თავი…

ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. სკოლა 1990 წელს დავამთავრე და ბოლო ზარზე მხოლოდ გადაღლას ვგრძნობდი – სიცარიელეს, არაფერს, მთელი თავისი სრულყოფილებით. მოწვეული ფოტოგრაფი სურათებს გვიღებდა, პირველკლასელების მერხებთან ვისხედით და კლასის დამრიგებელს ვუსმენდით. ვუსმენდით მასწავლებლებს, რომლებისაც ხან გვესმოდა, ხან – არა, რომლებიც ხან გვიყვარდა, ხან – არა. ვგრძნობდით, რომ ისევ არასწორ ადგილას მოვხვდით – ფეხებს ვერ ვშლიდით, მოხრილები ვისხედით, ისევ მორჩილად სმენა გვევალებოდა და სხვა არაფერი. ვიღაც-ვიღაცებს გული უჩუყდებოდათ – ცრემლებსაც ვხედავდი. მე მხოლოდ გადაღლას ვგრძნობდი.

სკოლის დამლაგებლებთან – თინასა და ტერეზასთან სურათები გადავიღეთ. არ უნდოდათ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა არ სჩვეოდათ. უსიტყვოდ დაგვიდგნენ გვერდით.

მომდევნო წლებში ხშირად მესიზმრებოდა, რომ ისევ მოსწავლე ვიყავი. სიზმრის დრო იდგა – ავის მომასწავებელი ბინდბუნდი. სკოლის ეზოში ბავშვებს ველაპარაკებოდი, ვიცინოდი. ცალი თვალით ვიღაცას ვუყურებდი – მისი სახის გამომეტყველება, მოულოდნელად, მეტად მნიშვნელოვანი გამხდარიყო. სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. ერთი სიტყვაც აღარ მესმოდა. მერე ქვემოთ ვიხედებოდი და ვხედავდი, რომ ფეხშიშველი ვიდექი გადამხმარ ბალახზე; ან დიდი ხნის წინ დაპატარავებული ტანსაცმელი მეცვა, ან ძველი, უშნოდ დალაქავებული პლედი მქონდა შემოხვეული.

სკოლის კიბე. სამი სართულის კიბეები. ვიწრო საფეხურები და გარდაუვალი შეჯახებები, მოსალოდნელი შედეგებით. ავრბივარ. ჩამოვრბივარ. გრძელი კაბის ბოლოს ვაფრიალებ. ისევ ფეხშიშველი ვდგავარ. ისევ ავის მომასწავებელი ბინდბუნდია.

აი თხა. აი თასი.

გამო, შეითამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს!

უზარმაზარი საკონფერენციო დარბაზი, სადაც მოხსენებას ვკითხულობ სრულიად უცნობ თემაზე, უცებ იქცევა საკლასო ოთახად. დაფასთან ვდგავარ და შეკითხვებს ვპასუხობ. შეკითხვები არ მთავრდება. დაღლილი ვიღვიძებ.

ისინი, ვისთანაც ამაზე მისაუბრია, აღიარებენ, რომ მსგავსი სიზმრები არაერთხელ უნახავთ. გამოუცდიათ სამარცხვინო სიშიშვლე, უსასრულო სიცილის შიში, უცაბედი მარცხის სიმწარე. სკოლაში სწავლის წლები მართლაც დაუვიწყარია. სკოლის აჩრდილი სიკვდილის წუთამდე თან გვდევს.

კარგის გახსენებაც შეიძლება, არა? მე მყავდა მასწავლებელი, რომელსაც მშვიდად შეეძლო ეთქვა: „არ ვიცი“ და თანამოსაუბრესთან ერთად დაეწყო ფიქრი, გამოსავლის ძებნა; სხვა მასწავლებელი, რომელმაც რუსული ლიტერატურის კითხვა დამაწყებინა და ტურგენევის რომანები სასკოლო ასაკში წამაკითხა; კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელიც მარწმუნებდა, რომ, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებისგან განსხვავებით, ისტორიასა და ლიტერატურას მუდმივად ემუქრებოდა თავდაყირა ამობრუნების საფრთხე – ნებისმიერ წუთს შეეძლოთ ეღალატათ, საკუთარი თავი რაღაც სხვად გაესაღებინათ და შრომაში გატარებული წლები წყალში ჩაეყარათ.

ღალატი და თვალთმაქცობა აჩრდილებმაც იციან. მონსტრი ხანდახან ისეთ უწყინარ სახეს იღებს, რომ ვეღარც კი ვცნობ. თითქოს არასდროს დაუშავებია რამე, არც შევუშინებივარ და არც შუახნის ცხოვრებამობეზრებული, შემზარავი მაკიაჟით მოსიარულე, ბავშვების დასჯით უზომოდ ნასიამოვნები, უმიზეზოდ აკივლებული ქალის სახით გამომცხადებია.

მე მას ვიცნობდი. სკოლის დერეფანში მისი გამოჩენა ყოველთვის თავზარს მცემდა.

გარდაცვლილზე მეტს აღარაფერს ვიტყვი.

დაღამდა. ყველა მწერი აივნის ნათურას შემოხვევია. ვცდილობ, უსიამოვნო მოგონებები კუთხეში მივიმწყვდიო და გულისმომკვლელ სიტყვებად ქცევის საშუალება არ მივცე. ხვალ, დღის შუქზე, ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდება.

ჩემი სახლიდან სკოლამდე ისევ ხუთი წუთის გზაა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...