ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

  სასწავლო პროექტი ქართულ ლიტერატურაში

0

პროექტით სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომელიც ბოლო წლების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში დაინერგა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მისი მაზანი მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მოძიებაა და უფრო სერიოზული სასწავლო შედეგები არ მიიღწევა. ბავშვები ინტერნეტში რაღაცას პოულობენ, ბეჭდავენ, დიდ ფუეცლებზე აკრავენ და სულ ესაა.

პროექტი რომ მოსწავლეთა მიერ არამხოლოდ ინფორმაციის მოძიების, არამედ ამ ინფორმაციის გადამუშავების, საკითხის ერთიანობაში გააზრების, პარალელების გავლების, მსჯელობის უნარების განვითარებას ემსახურობოდეს, საჭიროა, პედაგოგს ნათლად ჰქონდეს წარმოდგენილი  პროექტის მიზნები და ის შედეგები, რომლებსაც პროექტის განხორციელების შემდეგ მიიღებს.

პროექტი და პროექტით სწავლება გარდა კონკრეტული აკადემიური მიზნებისა, გათვლილია ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი სოციალური უნარების განვითარებაზეც. მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ თანატოლებთან მუშაობის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები, როგორც კონკრეტულად იმ ჯგუფში, რომელშიც პროექტის ესა თუ ის ნაწილი კეთდება, ასევე ჯგუფს გარეთაც, როდესაც მათი თანაკლასელები წარადგენენ საკუთარ ნამუშევარს.

ჯგუფში ინტერესი და ურთიერთანამშრომლობა შედარებით ადვილად მისაღწევია. როგორც წესი, მოსწავლეებს აინტერესებთ, როგორ სახეს მიიღებს საბოლოოდ მათი პრეზენტაცია და ამიტომ მეგობრების ნამუშევრებითაც ინტერესდებიან. შედარებით რთულია  ინტერესის გამოწვევა სხვა ჯგუფის ნამუშევრების მიმართ. გაკვეთილზე, რომელზეც პროექტის ფარგლებში შესრულებულ თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ, ნაკლებია ჯგუფებს შორის ინტერაქცია და ინტერესი იმ ნამუშევრის მიმართ, რომელიც მათ არ შეუქმნიათ. გამოდის, რომ ხშირად პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან მხოლოდ იმ პრობლემასა და ინფორმაციას, რომელიც კონკრეტულად მათ ჯგუფს დაევალა. დანარჩენი ძალიან ზედაპირულად ეხებათ და საკითხის შესახებ კლასში მოპოვებული ცოდნა ვერ მთლიანდება, ვერ ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ამიტომ, ვფიქრობ, პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მასწავლებელმა თავიდანვე ნათლად დაგეგმოს პროექტის მიზანი და სასურველი იქნება, თუ სხვადასხვა ჯგუფებში შექმნილი ინტელექტუალური პროდუქტით კლასი შეეცდება საერთო, შემაჯამებელი დასკვნების გამოტანას. კიდევ უფო გაზრდის ინტერაქციას და პროექტის შედეგს, თუკი ან წერილობით, ან დისკუსიისას სხვადასხვა ჯგუფებს დაევალებათ საბოლოო დასკვნების გამოტანა არა თავიანთი, არამედ სხვა ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით. ეს აიძულებს მათ, რაც შეიძლება ყურადღებით მოისმინონ თანატოლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ამასთანავე გაუფართოვებთ წარმოდგენას  საკუთარი სოციალური კუთვნილების შესახებ. ნათლად დაინახავენ, რომ რამდენიმეკაციანი ჯგუფის კი არა, მთელი კლასის წევრები არიან.

ქვემოთ, როგორც ერთ-ერთ შესაძლო მაგალითს, შემოგთავაზებთ პროექტს _ „რწმენა და მისი გამოხატულება ქართულ ლიტერატურაში“

პროექტი სასურველია, ჩატარდეს მეთორმეტე კლასში, თუკი სკოლა და მასწავლებელი ახერხებენ მეთორმეტე კლასში, მაშინ როცა ყველა კერძოდ მომზადებითაა დაკავებული, შეინარჩუნონ ცოცხალი სასწავლო პროცესი, თუკი ტიპობრივი სიტუაციაა (მოსწავლეები სკოლაში ფრაგმენტულად დადიან და მაშინაც კერძო მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას ასრულებენ), შესაძლებელია მეთერთმეტე კლასში ჩატარებაც.

პროექტი დაეხმარებათ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გამოცდებისთვის მზადებაშიც, რადგან მის ფარგლებში მოუწევთ ქართული ლიტერატურის ბევრი ძეგლის გადაკითხვა, გამეორება, რაც თავისთავად დაეხმარებათ როგორც საატესტატო გამოცდისას, ასევე ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.

თავისთავად ცხადია, საკითხი იმდენად ფართოა, მასწავლებელს საშუალება ექნება, საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩიოს საკვლევი თემები, მაგრამ შევეცდებით რამდენიმე ვარიანტი შემოგთავაზოთ.

სასულიერო მწერლობასთან დაკავშირებით შეიძლება მოსწავლეებს დაევალოთ შემდეგი საკითხების დამუშავება:

სახარება, როგორც ტროპული მეტყველების საფუძველი ქართულ მწერლობაში

რწმენა ძალმომრეობის წინააღმდეგ

ეროვნული და ქრისტიანული ინტერესების თანხვედრა

სულიერი მოძღვრისა და შვილის ურთიერთობა

ქრისტიანი გმირი და მისი ბრძოლის ასპარეზი

„ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებითაც თემების არჩევანი საკმაოდ დიდია, მაგალითისთვის რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

ღმერთი და წუთისოფელი „ვეფხისტყაოსანში“

ქრისტიანობის რენესანსული ხედვა

სამყაროს პირველქმნილი მოდელის აღდგენა „ვეფხისტყაოსანში“

დავით გურამიშვილის „დავითიანში“:

ღვთისმშობლის სახე „დავითიანში“

პოეტის ქრისტიანული ხედვა

„მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“ _ ემოციის გულწრფელობის საიდუმლო

ნიკოლოზ ბარათაშვილი _ დაკარგული ტაძრის ძიებაში

თერგდალეულები  _ ქრისტიანობა ეროვნული მიზნების სამსახურში

„განდეგილი“ _ დამარცხების მიზეზები

გალაკტიონ ტაბიძე „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“

ბესიკ ხარანაული „სირცხვილის შემდეგ“

ვგონებ, შეუძლებელია და არცაა საჭირო ყველა შესაძლო ვარიანტის ჩამოთვლა.

ასევე შესაძ;ლებელია პროექტის საწყისს ეტაპზე მოსწავლეებს დაევალოთ ქართული ლიტერატურის რომელიმე ძეგლისა თუ პერიოდის გადაკითხვა და საკუთარი საკვლევი თემის თავად მოფიქრება.

ეს სტრატეგია გაზრდის ახალგაზრდებში მოტივაციას და მათი შემოქმედებითი უნარის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს.

როდესაც საკვლევ თემებზე შეთანხმდებიან, მოსწავლეებში საკუთარი მნიშვნელობის აღქმისა და მოსწავლესა და მასწავლებელთან თანამშრომლობითი ურთიერთობის განვითარების მიზნით, სასურველი იქნება, თუკი თავად დაადგენენ პროექტის მომზადებისთვის განსაზღვრულ ვადებს. სასკოლო ცხოვრებაში არის შედარებით მსუბუქი თუ დატვირთული პერიოდები, როდესაც უფრო ნაკლები შრომა უწევთ ან პირიქით, როდესაც ყველა საკონტროლოსთვის ერთბაშად უნდა მოემზადონ. მსგავს პროექტში მონაწილეობა საკმაო დროსა და ძალისხმავას მოითხოვს. ამიტომ, სასურველია თავად განსაზღვრონ დრო და ვადები.

როდესაც თითოეული ჯგუფი მზად იქნება პრეზენტაციისათვის, შესაძლებელია, ჯგუფებს დაევალოთ, ერთმანეთში გაცვალონ თემები თუ ინფორმაცია და მისცენ თანაკლასელებს შენიშვნები თუ მითითებები, რათა პრეზენტაციის მსვლელობისას პირველად არ ისმენდნენ მეგობართა მოსაზრებებს და მეტად იყვნენ ჩართულნი. მოსწავლე უფრო იჩენს ყურადღებას ნაცნობის მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებული ლიტერატურა მათთვის უცხო არაა, მაინც უკეთესი იქნება მეტი მონაწილეობისათვის.

პროექტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგად გამოკვეთილი საერთო მიზანი და მას მხოლოდ სათაური არ უნდა აერთიანებს.

ამ შემთხვევაში, პროექტის მიზანი იქნება ქრისტიანული ხედვისთვის თვალის გადევნება საუკუნეების განმავლობაში და საერთო სურათის შექმნა-წარმოდგენა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებმა განივითარონ ლიტერატურაში აზროვნების, პარალელების გავლების, ურთიერთ შეპირისპირების უნარები.

ამიტომ პრეზენტაციის მსვლელობისას კლასს უნდა დაევალოს საერთო, შემაჯამებელი დასკვნების გამოტანა საკითხთან დაკავშირებით. ჯგუფებს შორის ინტერესის გაზრდისთვის სასურველია, საბოლოო დასკვნები ამა თუ იმ ეპოქასთან თუ მწერალთან დაკავშირებით სხვა ჯგუფის წევრებმა წარმოადგინონ. თუნდაც ჩაინიშნონ მეგობრების პრეზენტაციისას ან მათთან ერთად დისკუსიის რეჟიმში შეთანხმდნენ საბოლოო დებულებებზე.

სასკოლო სივრცეში მთავარი მოტივატორი ნიშანია. ის არის მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანი ახლო მიზანი, რომლისკენ სწრაფვაც, ასაკიდან გამომდინარე, უფრო უადვილდებათ, ვიდრე ზოგადი, შორსმიმავალი გეგმებისკენ. ამიტომ პრეზენტაცია და მასში მონაწილეობა აუცილებლად უნდა შეფასდეს. სასურველია, თუკი პედაგოგს წინასწარ ექნება გაწერილი იმ ათი ქულიდან, რომელიც მაქსიმალური შეფასებაა საჯარო სკოლებში, სხვადასხვა კომპონენტები. მაგ. ინდივიდუალური მუშაობა, მუშაობა ჯგუფში, ინტერაქცია ჯგუფებს შორის, პრეზენტაციის უნარი, თანამონაწილეობა საბოლოო დასკვნებისათვის და ა. შ. თუკი მოსწავლეებს ნათლად ექნებათ წარმოდგენილი რომელ აქტივობაში რამდენ ქულას მიიღებენ და შეფასების რა კრიტერიუმები აქვს მასწავლებელს, ვფიქრობ, მათი შრომისუნარიანობაცა და მოტივაციაც საგრძნობლად მოიმატებს.

ბოლოს შეიძლება მოვთხოვოთ თავად ჩადგნენ მსაჯულების როლში და მთლიან პრეზენტაციას დაუწერონ ქულა. შეაფასონ იმავე სისტემით, რა სისტემითაც მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. ეს აქტივობა საშუალებას მისცემთ, უკეთ გაუგონ პედაგოგს და განუვითარებთ კრიტიკული აზროვნების უნარს.

მამის დღე  და ევრობურთი

0

მამების დღე იყო 19 ივნისს

   გამარჯობა, მამა. შენ ყველაზე მორცხვი და მშრომელი კაცი იყავი, ვისაც კი ვიცნობდი ან მსმენია. მარტო ყოფნა გერჩივნა. ამიტომაც, ვიცი, მანდ წოლა გიჭირს. მანდ ბევრი ხალხია. შენი ადგილი მანდ არ არის. ზაფხული დადგა, სათხილეში ბალახი გაკვირვებულია, უკვე სოფელში უნდა ასულიყავი.  ფიქრს გავურბივარ, როგორ შეძელი, ასე ავადყოფმა ამდენი თხილის მარტომ მოგროვება, ჩამოტანა და  ის თხილი ისევ არ გაყიდულა, რომც გავყიდო, არ ვიცი რა ვუყო იმსიმძიმე ფულს, ყველაზე დიდი და მძიმე ფულს მსოფლიოში. ალბათ გახსოვს, საღამოობით, ძილის ამბებს რომ მიყვებოდი, იმ ამბებით გაგყავდი შენი ვერახდენილი ოცნებების სასაფლაოზე. შენ მსოფლიო გინდოდა გენახა, მაგრამ ორი ავტობუსის გზა აღმოჩდნა დაბედებული საზღვარი. ამიტომაც, დღეიდან, სადაც წავალ, ყველგან წავიღებ შენს პატარა ფოტოს, ამ სურათით შეგახედებ სხვა სოფლებს და ქალაქებს. განა მე არ ვიცი ზეპირად ის ფრაზები, სხვები რომ იტყვიან: ,,რა აზრი თავის მოტყუებას, ის მაინც ვერაფერს დაინახავს, ვერაფერს იგრძნობს, რომ ყველაფერი რასაც ფორმა აქვს, დაიშლება და გაქრება ადრე თუ გვიან’’. ვიცი, მაგრამ ცხოვრება ცოდნაზე უფრო განცდა მგონია. და რადგან სამყარო ჩვენ წარმოდგენაა მასზე, ყველაფერი ისე იქნება, როგორადაც გამოვიგონებთ. ამიტომაც, შენ ცოცხალი ხარ, ადექი და  გამომყევი ახალ გზებზე, მამა.

ახლა გამახსენდა: საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე ასე კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა, ევროპის ჩემპიონატს ახალ, დიდი ტელევიზორში ვნახავთო. თქვენ იცით რა არის ახალი, დიდი ტელევიზორი? მოგიყვებით: მე და მამაჩემმა ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის თამაშებს ვუყურეთ ერთად . პირველად ისეთ ტელევიზორში, თავში რომ უნდა ჩაგერტყა და ციმციმი ათი წუთით ჩერდებოდა. სახელად ,,ჰორიზონტი’’ ერქვა. სიმბოლური კი იყო ეს სახელი. კარგად აჩვენებდა იმდროინდელი ჰორიზონტის ახლო საზღვარს, თუმცა მაშინ ასეთი დასაზღვრულობაც მიხაროდა. ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ. სადაც ხვდები, რომ საზღვარი არ არსებობს, ყველა სიხარული გეცოტავება და ახალს ითხოვ. ამიტომაც ყველა სხვა ასაკში უბედურების განცდა ჭარბობს. ეს იქით იყოს და მეორე ტელევიზორი უკვე ფერადი გახლდათ, ოღონდ ხშირად დასაბომბი ეკრანით. ფერები ადვილად ბაცდებოდა და ამ საკითხის ოზურგეთელი ოსტატი, რაღაც ხელსაწყოს ადებდა და გეფიცებით, ამუქებდა. დაბომბვა ერქვა ამ ალქიმიას. მგონი ,,ტაურასი’’ ერქვა. მგონი არა, ნაღდად. შუა ჩემპიონატისას, ერთ-ერთ ასეთ დაბომბვას ემსხვერპლა. მერე ჩემი ზაფხულები ოზურგეთს აცდა. წელს კიდევ ახალ, დიდი ტელევიზორში უნდა გვეყურებინა. მაგრამ უკვე ხომ გითხარით – ბავშვობა დამთავრდა. ბავშობის მერე ძნელია ასეთი ამბების მოხერხება.

შენი სიტყვებით თქვი, შენი სიტყვებით დაწერე

0

როცა ვსაუბრობთ, ვიყენებთ სიტყვებს ჩვენი შეხედულებებისა და თვალსაზრისის გამოსახატავად. ვცდილობთ, სიტყვებით აღვწეროთ რეალობა და ფაქტები, გავიხსენოთ მოვლენები და ჩვენი ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში დაგვიგროვდა, პირად თუ საჯარო საუბრებში გამოვიყენოთ.

ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვები ჩვენს საკუთარ თავსაც წარმოაჩენს, რადგან მშრალი ფაქტების გარდა, ის ჩვენს ღირებულებებსა და აზრებს, ჩვენს განცდებს გადმოსცემს.  ეს სიტყვები ხშირად ემოციურად დატვირთულია. სწორედ ემოციური დატვირთულობის გამო  მარტივი არ არის, ამ ყველაფრის ისე გადმოცემა და გამოხატვა, რომ შესაბამისად წარმოვაჩინოთ ჩვენი სათქმელი, სწორედ ის ვთქვათ, რისი თქმაც გვინდოდა, რასაც ვფიქრობდით, რასაც ვგრძნობდით და რამაც უსწრაფესად გაიელვა ჩვენი გონების ყველაზე მიუწვდომელ კუნჭულებში.

ყველა ადამიანს  სურს, შეეძლოს აზრის სხარტად და დახვეწილად გამოთქმა, რომელიც საზოგადოებისთვის  მკაფიო და გასაგები იქნება. ამ ყველაფრის მისაღწევად კი საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო და ეს შრომა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როდესაც ბავშვი ლაპარაკს იწყებს. ნელ-ნელა აგროვებს საჭირო სიტყვებს, რომელიც მას ეხმარება გამოხატოს საკუთარი თავი და მისი პიროვნება გააცნოს გარშემომყოფებს. ბავშვის  ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან ერთად, მისი მეტყველებაც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი ხდება. მათთან ურთიერთობისას ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს თავიდან გავიცანით ისინი, რადგან ბავშვები განსაკუთრებით კარგად ახერხებენ საკუთარი თავის გამოხატვას და სითამამეც ჰყოფნით ყველაზე ორიგინალური იდეებიც გაგვიმხილონ და არ ინაღვლონ იმაზე, თუ რას ვიფიქრებთ უფროსები.

მხატვრული ლიტერატურის კითხვა სწორედ ის დაუშრეტელი წყაროა, რომელიც გვეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, ჩვენი აზრებისა და საუბრის დახვეწაში. მკითხველი ადამიანი, რომელიც  წიგნთან ურთიერთობას არ წყვეტს, განსაკუთრებით  გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან. ის უფრო კარგად აყალიბებს საკუთარ აზრებს და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, საკუთარი ცოდნა გადაიტანოს საუბრის ცოცხალ პროცესში. თუ ბავშვებს ადრიდანვე მივაჩვევთ, რომ მათი აზრები ღირებულია და ყურადღებით მოვუსმენთ, მათ შემდეგ აღარ შეეშინდებათ საკუთარი სათქმელის ხმამაღლა გამოთქმა. არც საკუთარი შეკითხვები მოეჩვენებათ ისე ნაივურად, რომ ხმამაღლა გაჟღერება ვერ გაბედონ. მხატვრული ლიტერატურის კითხვა კი ამ პროცესს უფრო გაუიოლებთ და საშუალებას მისცემს მათ, იყვნენ ორიგინალურნი, თვითმყოფადმი და მრავალფეროვანი თემების შესახებ მრავალფეროვანი ლექსიკით ისაუბრონ.

“მეშინია, ინტერვიუ არ ჩაგიშალოთ”; “მართალია, წერა კარგად გამომდის, მაგრამ კამერასთან ცოტა არ იყოს ვღელავ, ალბათ ყველაფერი  დამავიწყდება, რისი თქმაც მინდა”; „ვითომ რამე გამოვა. ძალიან ვნერვიულობდი. ყველაფერი დამავიწყდა, რაზეც უნდა მესაუბრა”, – ეს იმ წინადადებების ჩამონათვალია, რომელსაც რესპონდენტები ინტერვიუმდე ან ინტერვიუს შემდეგ მეუბნებიან. რა დასამალია და მეც მითქვამს მსგავსი სიტყვები, როდესაც არც ისე კმაყოფილი  დავრჩენილვარ საკუთარი თავით. ეს რეაქციები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რადგან მათ  აერთიანებთ შიში და უკმაყოფილება, თუ რამდენად სწორად და მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი სათქმელი, ზოგჯერ კი პირიქით კმაყოფილები ვრჩებით საკუთარი საუბრით და ვამბობთ: ”მგონი, არც ისე ცუდი გამოვიდა”.

ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, რომელთაც მშვიდად შეეძლოთ საკუთარი ხმის მოსმენა. ჩვენი ხმა, რომელიც გვესმის სხვადასხვა ხმის თუ ვიდეოჩამწერი მოწყობილობიდან, ცოტა არ იყოს გვაღიზიანებს და დისკომფორტს გვიქმნის. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს მოსმენა ან საერთოდ ვწყვეტთ მას. ეჭვიც კი გვეპარება საერთოდ სერიოზულად ვლაპარაკობდით თუ არა ჩანაწერში. ის თავდაჯერება, რომელიც ამ შიშებს გაფანტავს და აქარწყლებს, მხოლოდ სიტყვებს შეუძლია. სიტყვებს, რომლებიც გაბედულად და თავდაჯერებულად წარმოითქმება. რომელიც, ჩვენი  ყოველდღიური მეტყველებისგან დიდად არ განსხვავდება და არ არის ყალბი. მრავალფეროვან სიტყვებსა და ემოციებს შეუძლიათ გამოაცოცხლონ საუბრის პროცესი, გახადონ ის უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი და საკუთარი ხმის მოსმენასაც შეგვაჩვიონ.

საჯაროდ საუბარი და საკუთარი შესაძლებლობების რეპრეზენტაცია სკოლის ასაკიდან იწყება, როდესაც მოსწავლე თავის აუდიტორიას ელაპარაკება, რომელიც მასწავლებლისგან და თანკლასელებისგან შედგება. ალბათ, ყველას გამოგვიცდია, როგორია საკუთარი ხმის გაგონების შიში, ხმა ოდნავ გიწყდება, ხრინწი ერევა, იმ წერტილს ვერ პოულობ, რომელიც საუბრისას კონცენტრაციის მოპოვებაში დაგვეხმარება და თუ ამ წერტილს იპოვი, მერე უკვე ჩვენი სათქმელიც პოულობს თავის გზას, ძალდაუტანებლად.

დაფასთან გამოძახება და გაკვეთილის მოყოლაც არანაკლებ აფრთხობთ მოსწავლეებს. ისეთი განცდა აქვთ თითქოს მათი სამსჯავრო იწყება და ესეც, არანაკლებ ამუხრუჭებთ, თქვან ის, რაზეც  ხშირად უფიქრიათ. წერის დროსაც, ხომ ასე ხდება, ვცდილობთ გავითვალისწინოთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია, ვისაც ველაპარაკებით და მარტივად მივაწოდოთ ჩვენი აზრები. ამ შფოთს და ,,სამსჯავროს” ტანჯვას ამარტივებს ერთი გარემოება, ვუბიძგოთ მოსწავლეს იმისკენ, რომ გაამარტივოს საკუთარი მეტყველება, ისაუბროს თავისი სიტყვებით და ბოლომდე, შინაურული ლექსიკით გამოთქვას თავისი თვალსაზრისი. წერის დროსაც, ასე მოიქცეს და ამ ბარიერის გადალახვის შემდეგ, მას უფრო მეტად გაუჩნდება სურვილი, წარმოაჩინოს საკუთარი ცოდნა. ამიტომ მიეცით მათ თავისუფლება და შეუქმენით ისეთი გარემო, რომ გესაუბრონ და წერონ საკუთარი სიტყვებით.

მოსწავლეთა თვითმენეჯმენტი

0

თუ განათლების მიზანია, აღზარდოს თვითგანათლების უნარის მქონე ხალხი, მაშინ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ საკუთარი ცხოვრების მართვა, მიზნების დასახვა და თავიანთი განმამტკიცებლების მიღება. ზრდასრულ ასაკში ჯილდო ხშირად გაურკვეველია და მიზნის მიღწევასაც ბევრი დრო სჭირდება. დაფიქრდით, რამდენი პატარა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო განათლების მისაღებად და პირველი სამსახურის საშოვნელად. ცხოვრება აღსავსეა ისეთი ამოცანებით, რომლებიც ამ სახის თვითმენეჯმენტს მოითხოვს.

მოსწავლეები შეიძლება ჩართული იყვნენ საბაზისო ქცევის ცვლილების პროგრამის ყოველი ნაბიჯის განხორციელებაში. ისინი შეიძლება დაგვეხმარონ მიზნების დასახვაში, სამუშაოზე დაკვირვებაში, მათი მუშაობის, მათი მოქმედების შეფასებაში. დაბოლოს, მათ შეიძლება შეარჩიონ და მიიღონ განმამტკიცებლები.

მიზნის დასახვა. მიზნის დასახვის ფაზა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი კვლევის თანახმად, სპეციფიკური მიზნის დასახვა და მათი ყველასთვის გაცნობა შესაძლოს თვითმენეჯმენტის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ელემენტები იყოს. მაგალითად, ჰაიესმა და მისმა კოლეგებმა ამოარჩიეს სწავლაში სერიოზული პრობლემების მქონე კოლეჯის სტუდენტები და მათ სპეციფიკური მიზნების დასახვა ასწავლეს. იმ სტუდენტებმა, რომელთაც დაისახეს მიზნები და ექსპერიმენტის ავტორებს აცნობეს მათ შესახებ, უკეთესი შედეგი აჩვენეს ტესტირებისას, ვიდრე მათ, რომლებიც მიზნებს თავისთვის ისახავდნენ და არავის უმხელდნენ.

მაღალი სტანდარტები, როგორც წესი, უკეთეს შესრულებას იწვევს. სამწუხაროდ, მოსწავლეთა მიზნებს აქვს უფრო და უფრო ნაკლები მოლოდინის ასახვის ტენდენცია. მასწავლებელს შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეებს მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაში მათი მიზნების მონიტორინგისა და მაღალი სტანდარტების განმტკიცების გზით.

წარმატების შეფასება და მონიტორინგი. მოსწავლეებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ქცევის შეცვლის პროგრამის შეფასებასა და მონიტორინგში. თვითმონიტორინგისთვის შესაფერისი ქცევის რამდენიმე მაგალითია: შესრულებულ დავალებათა რაოდენობა, რაიმე უნარის ათვისებისას დახარჯული დრო, წაკითხული წიგნებისა და გამოსწორებული პრობლემების რაოდენობა ან თუნდაც ერთი კილომეტრის გარბენისას დახარჯული დრო. მასწავლებლის ზედამხედველობის გარეშე შესასრულებელი დავალებები, მაგალითად, საშინაო დავალება და დამოუკიდებელი სამუშაო, ასევე კარგი საშუალებებია თვითმონიტორინგისთვის. მოსწავლეები აწარმოებენ ცხრილს ან დღიურს, სადაც ჩაინიშნავენ კითხვის ნიშნით აღნიშნული ქმედების სიხშირესა და ხანგრძლივობას. წარმატების ჩასანიშნი ბარათი ეხმარება უფროსკლასელებს დავალებების მცირე ნაწილებად, ნაბიჯებად დაყოფაში, მათი თანმიმდევრობის განსაზღვრასა და ყოველდღიური მიზნების დასახვის საშუალებით ყოველდღიური პროგრესისთვის თვალის მიდევნებაში. ეს ბარათები ასევე ასრულებს მინიშნებების ფუნქციას, რომლებიც შეიძლება ისევე თავისუფლად გაქრეს, როგორც გაჩნდა.

თვითშეფასება რამდენადმე უფრო რთული რამაა, ვიდრე უბრალო თვითაღრიცხვა, რადგან ხარისხის შეფასებას გულისხმობს. მოსწავლეებს შეუძლიათ, გონივრული სიზუსტით შეაფასონ თავიანთი ქცევა. განსაკუთრებით მაშინ, თუ აითვისებენ კარგი შესრულებისა და ნაწარმის შეფასების სტანდარტებს. მაგალითად, სვინიმ, სალვამ, კუპერმა და ტალბერტ-ჯონსონმა ასწავლეს მოსწავლეებს, როგორ შეეფასებინათ საკუთარი კალიგრაფია ასოების ზომის, დახრილობისა და დაშორების მიხედვით. სწორი თვითშეფასების ერთი-ერთი საშუალებაა მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა შეფასებების პერიოდული შემოწმება და სწორი განსჯისთვის განმტკიცების მიცემა. უფროსკლასელები თვითშეფასების სასწავლად უფრო მეტად არიან მზად, ვიდრე უმცროსკლასელები. შესაძლებელია აგრეთვე ბონუს-ქულების დაწერა, როცა მასწავლებლისა და მოსწავლის შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა. თვითშეფასებას შეიძლება თან სდევდეს თვითშესწორებაც. მოსწავლეები ჯერ აფასებენ, მერე ცვლიან და აუმჯობესებენ თავიანთ ნამუშევრებს. დაბოლოს, კიდევ ერთხელ ადარებენ გაუმჯობესებულ ვარიანტს სტანდარტს.

თვითგანმტკიცება. თვითმენეჯმენტის უკანასკნელი საფეხური თვითგანმტკიცებაა. თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, საჭიროა ეს ეტაპი თუ არა. ზოგი ფსიქოლოგის აზრით, მიზნის დასახვა და პროგრესის მონიტორინგიც საკმარისია და ამ პროცესში თვითგაძლიერება არავითარ დამატებით ეფექტს არ წარმოშობს. სხვები მიიჩნევენ, რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის საკუთარი თავის დაჯილდოებას შესრულების უფრო მაღალ დონემდე მივყავართ, ვიდრე მხოლოდ მიზნის დასახვასა და პროგრესისთვის თვალის დევნებას. თუ შეუპოვრად სწავლობ და მიზნის მიღწევამდე უარს ამბობ იმაზე, რაც მთელი გულით გინდა, ჯილდოს მიღების პერსპექტივა შეიძლება შენი სამუშაოსთვის დამატებით სტიმულად იქცეს.

ზოგჯერ შეიძლება ოჯახებიც ჩაერთონ შვილების თვითმენეჯმენტის გამომუშავებაში. ერთობლივი მუშაობით მასწავლებელს და მშობლებს შეუძლიათ, ყურადღება ახალ მიზნებზე გაამახვილონ და ამავე დროს ხელი შეუწყონ მოსწავლის დამოუკიდებლობის ზრდას.

ზოგჯერ მოსწავლეთათვის თვითმენეჯმენტის სწავლება აგვარებს მასწავლებელთა პრობლემებს და დამატებით სარგებელს გვაძლევს. მაგალითად, შეჯიბრებებში მონაწილე 9-16 წლის მოცურავეთა გუნდის მწვრთნელები სირთულეებს აწყდებიან ბავშვების მიერ ინტენსიური მუშაობის მაჩვენებლების შენარჩუნებაში, ამიტომ მწვრთნელებმა შეიმუშავეს საწვრთნელი პროგრამა და ის ოთხი გრაფიკის სახით წარმოადგინეს. ამ გრაფიკებს ყველა გუნდის ყველა წევრი უნდა მიჰყოლოდა. ეს ცხრილები აუზთან გამოიკრა. მოცურავეებს თავად უნდა აღენიშნათ ამ ცხრილებზე ტურნირების რაოდენობა და მათ მიერ თითოეული საწვრთნელი ეტაპის დასრულება. ვინაიდან ეს აღნიშვნები ღიად კეთდებოდა, მოცურავეები ხედავდნენ თავიანთ და სხვათა მიღწევებს და თვალყურს ადევნებდნენ სამუშაოს ეტაპების დასრულებას. სამუშაოს ხარისხმა და ინტენსივობამ 27%-ით მოიმატა. მწვრთნელებს ეს სისტემა იმიტომაც მოსწონდათ, რომ მოცურავეებს მუშაობის დაწყება დაუყოვნებლივ, მწვრთნელის ნებართვის გარეშე შეეძლოთ.

რეკომენდაციები: მოსწავლის თვითმენეჯმენტი

  1. სისტემა დადებითი კუთხით გააცანით მშობლებსა და მოსწავლეებს.
  2. მოიწვიეთ მოსწავლის ოჯახი და ხაზი გაუსვით, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ოჯახის ყველა წევრისთვის.
  3. შეიმუშავეთ პროგრამა მხოლოდ მოხალისეებისთვის.
  4. აღწერეთ, თავად როგორ იყენებთ თვითმენეჯმენტის პროგრამას.
  5. დაეხმარეთ ოჯახებს და მოსწავლეებს, დაისახონ რეალური მიზნები.
  6. მოუყვანეთ მოსწავლეებს თვითმენეჯმენტის მიზნების ისეთი მაგალითები, როგორებიცაა საშინაო დავალების ადრე დაწყება, უკვე წაკითხული წიგნების აღრიცხვა და ა.შ.
  7. აჩვენეთ ოჯახებს, როგორ უნდა დაისახონ მიზანი და აღრიცხონ წარმატებები.
  8. ასწავლეთ მშობლებს შვილების წარმატებათა ჩაწერა და შეფასება.
  9. დაყავით სამუშაო ადვილად შესასრულებელ ეტაპებად.
  10. წარმოადგინეთ კარგი ნამუშევრების ისეთი ნიმუშები, სადაც განსჯა უფრო რთულია, მაგალითად, შემოქმედებითი წერა, ნაწერი თავისუფალ თემაზე და ა.შ.
  11. მიაწოდეთ მშობლებს სარეგისტრაციო ფორმა ან საკონტროლო კითხვარი, რომ თვალყური ადევნონ თავიანთი შვილების პროგრესს.
  12. წაახალისეთ ოჯახები, დროდადრო შეამოწმონ მოსწავლის ჩანაწერების სიზუსტე და დაეხმარონ შვილებს თვითგანმტკიცების ფორმების განვითარებაში.
  13. პირველ ეტაპზე ხშირად შეამოწმეთ მოსწავლეები, მომდევნო ეტაპებზე – უფრო და უფრო იშვიათად.
  14. შეამოწმებინეთ და-ძმას ერთმანეთის ნამუშევრები.
  15. შეამოწმეთ ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები შინ უნდა ითვისებდნენ და დააჯილდოეთ ის მოსწავლეები, რომელთა თვითშეფასებაც ემთხვევა მათი ტესტების შედეგებს.
  16. ნება მიეცით მოსწავლეებს, მშობლებთან გამოთქვან მოსაზრება კარგად შესრულებული სამუშაოსთვის დაჯილდოების შესახებ.

მაჩხაანის მარშრუტი

0

სკოლაში ორიათასიან წლებში ვსწავლობდი. ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეული ისეთივე ტრაგიკული და მძიმე არ ყოფილა, როგორიც დამოუკიდებლობის საწყისი წლები გახლდათ. მიუხედავად შედარებითი სტაბილურობისა და რიგი სფეროების მოდერნიზაციის მცდელობისა, საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის კვალი ნამდვილად არ გვეტყობოდა. კლასის სოციალური მდგომარეობა ექსკურსიების მარშრუტთა შერჩევაზეც ახდენდა გავლენას. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფი შორს და დიდი ხნით იშვიათად მიდიოდა ხოლმე. პედაგოგებს რამდენიმე ადგილი ჰქონდათ ამოჩემებული, რომელთაც დროდადრო ვსტუმრობდით. ყოველთვის გვქონდა სურვილი რაღაც ახალი, განსაკუთრებული გვენახა. ყოველთვის ვცდილობდით გვერდი აგვევლო დიდი ხნის წინ მობეზრებული ღირსშესანიშნაობებისთვის. ჩვენი მცდელობები  თითქმის ყოველთვის წარუმატებლად სრულდებოდა.

ძველი სურვილების განხორციელებისთვის ბრძოლა სტუდენტობის პერიოდში განვაახლე. ამჯერად, ვფიქრობ, რომ რაღაც მაინც გამომივიდა. მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ქიზიყში ვიმოგზაურე. სოფელ მაჩხაანის მოსანახულებლად ჩვენმა ძველმა მეგობარმა და თანაბარი რეგიონალური განვითარებისთვის მებრძოლმა ცნობილმა სამოქალაქო აქტივისტმა ნანა ბაგალიშვილმა დაგვპატიჟა. სოფელში ძალიან მალე ჩავედით. გზად იმაზე ვიმტვრევდი თავს, ნეტავ რითი შეიძლება იყოს გამორჩეული ეს დასახლება-მეთქი. რამდენიმე ნანგრევისა და თვალწარმტაცი ბუნების ნახვას მოველოდი. ერთ სოფელში მოგზაურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნანამ დაგვიმტკიცა, რომ ორგანიზებისა და დასახლებაზე ზრუნვის წყალობით ყველაზე პატარა სივრცის ღია მუზეუმად ქცევაც კი შესაძლებელია.

სოფელში ჩასვლისთანავე ჩვენმა მასპინძელმა რუკები დაგვირიგა. შესანიშნავად გაფორმებული მასალა ყველა საინტერესო ადგილის მდებარეობასა და ისტორიას გვამცნობდა. თურმე მეცხრამეტე საუკუნეში მაჩხაანზე სავაჭრო გზა გადიოდა. ამ გზაზე აღმოსავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ქარავნები გადაადგილდებოდნენ. სოფლის მთავარ ქუჩას დღემდე ამშვენებენ უძველესი ნაგებობები. მაჩხაანის ცენტრში თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ შესანიშნავი თაღებითა და ჩუქურთმებიანი აივნებით დამშვენებული ძველი დუქნები, სახელოსნოები და პატარა ქარვასლები. ალბათ, ნებისმიერ უცხო ადამიანზე მოახდენს შთაბეჭდილებას მინდორ-ველებს, ბაღ-ვენახებსა და მთებს შორის  მოულოდნელად აღმოჩენილი ეს სანახაობა. მთავარი ქუჩის ყველა შენობას თავისი უნიკალური ისტორია აქვს.

თუ ცენტრალური გზიდან ოდნავ გადაუხვევთ მაჩხაანის კიდევ ერთ თვალსაჩინოებასაც აღმოაჩენთ. პატარა ქოხში ანტიფაშისტი პარტიზანის, იტალიაში გმირულად დაღუპული ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმია გახსნილი, რომელიც უამრავ ექსპონატს, დოკუმენტს, უაღრესად საინტერესო პირად წერილებსა და ფოტოებს აერთიანებს. აქვე ნახავთ მეორე მსოფლიოს ომის დროინდელ საბრძოლო უნიფორმასაც. ამ უნიფორმაში გამოწყობილი პარტიზანი ათობით თანამებრძოლის ნაცვლად საკუთარ თავს სწირავდა.

მაჩხაანი მხოლოდ ცნობილი პარტიზანისა და მეცხრამეტე საუკუნეში დაწინაურებული ხელოსნების სოფელი არ გახლავთ. თავის დროზე დასახლებაში ვაჭრობასთან ერთად სამოქალაქო პასუხისმგებლობით განპირობებული საზოგადოებრივი საქმიანობაც ძალიან მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული.

ჯერ კიდევ 1880-იან წლებში მოახერხეს მაჩხაანელებმა სოფლის ბიბლიოთეკის დაარსება. ბიბლიოთეკა ერთ კონკრეტულ ადამიანს არ შეუქმნია. იგი კოლექტიური ძალისხმევის შედეგი გახლდათ. ზოგიერთმა მოქალაქემ წიგნთსაცავის დასახმარებლად თეატრალური წარმოდგენა გამართა, ზოგიერთმა ვაჭარმა რამდენიმე დღის ნავაჭრი თანხა შესწირა საერთო საქმის წარმატებით დასრულებას. ადგილობრივმა მუშებმა და დურგლებმა კი შენობისა და თაროების მოწყობა ითავეს უსასყიდლოდ. ბიბლიოთეკა გახლდათ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. სოფელში გაჩაღებულმა განმანათლებლურმა მოძრაობამ საბოლოოდ იმას მიაღწია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში მაჩხაანში უკვე ორი სკოლა და ერთი სახელოსნო სასწავლებელი მოქმედებდა.

„სათემო განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცემულ კრებულში ვკითხულობთ: „სავაჭრო სახელოსნოების სიმრავლის გამო, ქვემო მაჩხაანში ეწყობოდა ხელოსანთა, მევენახეთა, მეცხვარეთა ერთობლივი კრებები, რომელთა ფარგლებშიც ერთიანი ძალებით აარსებდნენ მაღაზიებსა და საამქროებს, არა მარტო სოფელში, არამედ სხვა ქალაქებშიც. სწორედ ადგილობრივთა ასეთი გაერთიანება გახდა იმის საფუძველი, რომ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, 1895 წელს, სოფელში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი სავაჭრო-სახელოსნო დეპო-ბანკი“. მაშასადამე, მაჩხაანელებმა ასოცი წლის წინ მოახერხეს ის, რაც ბევრისთვის დღემდე საოცნებოა. ისინი გაერთიანდნენ, დაჯგუფდნენ, რათა ერთად და ორგანიზებულად ეშრომათ, მიღებული შემოსავალი სამართლიანად გადაენაწილებინათ კოოპერატივის მრავალრიცხოვან წევრებს შორის და თან საერთო საზოგადოებრივი საქმეც გაეკეთებინათ. მაჩხაანის ბანკი იყო დაწესებულება, რომელიც ერთი მძარცველის ნაცვლად ყველა ადგილობრივ მშრომელს ეკუთვნოდა. დეპოს არსებობის წყალობით კიდევ უფრო გაძლიერდნენ სასოფლო სკოლები, ბიბლიოთეკა. რაც მთავარია, ადგილობრივებმა შეძლეს „ქსენონის“ დაარსებაც, რომელიც თანამედროვე აფთიაქისა და ამბულატორიის კომბინაციას წარმოადგენდა.

ნანას მიერ ნაჩუქარ რუკაზე ყველა დასახელებული პუნქტი აღნიშნული გახლდათ. ჩვენ ყველაფერი მოვიარეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ჯერ კიდევ არ გვქონდა დათვალიერებული. მაჩხაანის მარშრუტი თეატრის შენობით სრულდება. სოფლის  მშვიდ დაგამწვანებულ  ადგილას ორსართულიანი, ულამაზესი სახლია წამოჭიმული. დიდი სახლის პირველსავე სართულზე კი შესანიშნავი დარბაზია განთავსებული, ძველისძველი სკამებით, წინა საუკუნეში მოქარგული ფარდით, ჭაღითა და აივნებით. დარბაზში ორასამდე ადამიანი ეტევა. წარსულში მაჩხაანის სცენაზე საქართველოში ყველაზე პოპულარული წარმოდგენებიც იდგმებოდა. აქ რევოლუციონერებიც მართავდნენ საიდუმლო პოლიტიკურ თათბირებს რუსეთის მეფის დასამხობად.

იმედია, რამდენიმე მასწავლებელი მაინც დამიჭერს მხარს და შემოდგომის საექსკურსიო მარშრუტში მაჩხაანის შეტანას გადაწყვეტს.

რვა წესი, რომელიც პატარებს ციფრული ტექნიკის სწორად გამოყენებისთვის უნდა ვასწავლოთ

0

თანამედროვე ტექნოლოგიები საზოგადოებაზე დღითიდღე უფრო დიდ, ძლიერ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას ახდენს. ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე და ძალა გეომეტრიულად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 90% 10 წელიწადში ინტერნეტზე დამოკიდებული იქნება. მათი მოსაზრების თანახმად, ონლაინ და რეალური სამყაროები ძალიან მალე შეერწყმება ერთმანეთს. საქმე ისაა, რომ პატარები ამ დინამიკური ცვლილების ეპიცენტრში იმყოფებიან.

ბავშვები ციფრული ტექნიკის გამოყენებას უფრო მცირე ასაკში იწყებენ და უფრო მეტ დროს ატარებენ მასთან. ყოველდღიურად ისინი შვიდ საათზე მეტს იმყოფებიან ციფრულ ეკრანებთან – ტელევიზორებსა და კომპიუტერებთან, მობილურებსა და პლანშეტებთან. ეს უფრო მეტია, ვიდრე მშობლებთან და თანატოლებთან გატარებული დრო. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, დიდ გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და მომავალ განვითარებაზე.

ციფრული სამყარო უკიდურესად მდიდარია შემეცნებითი და გასართობი ინფორმაციით. ამასთანავე, მისი გამოყენებისას, ბავშვები არაერთ რისკზე მიდიან. მაგალითად, ხდებიან ტექნიკაზე დამოკიდებულნი, მაღალია კიბერბულინგის რისკი, ძალადობის შემცველი კონტენტის ნახვა. არაერთი ქვეყანა ცდილობს ბავშვები მსგავსი ფაქტებისაგან დაიცვას და პრობლემასთან საბრძოლველად მშობლებს სპეციალური განათლება მისცეს.

უფროსებსა და პატარებს შორის დიდი ციფრული უფსკრულია. ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდები პატარებსა და უფროსებში მკვეთრად განსხვავებულია. შესაბამისად, ხშირად უფროსები ვერ აანალიზებენ რისკებსა და საფრთხეებს, რასაც ბავშვები ონლაინ ეჩეხებიან. შედეგად, უფროსებს არ შეუძლიათ, ბავშვებს სასარგებლო რჩევები მისცენ, თუ როგორ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები უსაფრთხოდ.

როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მშობლებს, როგორც მასწავლებლებსა და ლიდერებს მოვამზადოთ ჩვენი პატარები ციფრული ეპოქისთვის? ეჭვგარეშეა, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია ციფრული ინტელექტით კარგად შეიარაღება. აუცილებელია მათთვის შემდეგი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება:

ციფრული ვინაობა: უნარი – შექმნას და მართოს ონლაინ პიროვნება. შეუქმნას რეპუტაცია, დაიცვას მისი უფლებები და მართოს მისი ხანმოკლე და ხანგრძლივი გავლენა საზოგადოებაზე.

ციფრული ტექნიკის გამოყენება: უნარი – რომ დაიცვას ბალანსი ტექნოლოგიებით, ინტერნეტ სამყაროში ცხოვრებასა და რეალურად, ჯანსაღი წესით ცხოვრებას შორის.

ციფრული უსაფრთხოება: ონლაინ რისკების მართვის უნარი – კიბერბულინგთან გამკლავება, ძალადობის ამსახველი კადრების თავიდან არიდება.

ციფრული დაცვა: უნარი იმისა, რომ წინასწარ შეიგრძნოს კიბერსაფრთხეები – ჰაკინგი, სპამი, ვირუსი. იცოდეს თავდაცვის საუკეთესო პროგრამების შესახებ.

ციფრული ემოციური ინტელექტი: ონლაინმეგობრებთან კეთილმეგობრული, მშვიდი და ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი.

ციფრული კომუნიკაცია: სწორი კომუნიკაციის დამყარებისა და სხვა ადამიანებთან ონლაინთანამშრომლობის უნარი.

ციფრული წიგნიერება: უნარი იმისა, რომ იპოვონ, შეაფასონ, გააანალიზონ და გაიზიარონ, შექმნან კონტენტი.

ციფრული უფლებები: უნარი იმისა, რომ გაიგონ, გააანალიზონ და დაიცვან ინტერნეტის სხვა მომხმარებლების პერსონალური უფლებები, ინტელექტუალური საკუთრება, სიტყვის თავისუფლება. მოერიდონ სიძულვილის ენის გამოყენებას.

ყველა ამ უნარ-ჩვევის ჩამოყალიბების შემდეგ, თქვენი პატარები აბსოლუტურად მზად იქნებიან  ინტერნეტის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენებისათვის.

ღვინო ლიხს იქით

0

იმერული ღვინო საუკუნეების მანძილზე ვრცელდებოდა როგორც იმერეთის მოსაზღვრე ქართულ რეგიონებში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ცნობილია, რომ ბიზანტიის იმპერიაში ვაჭრებს იმერული ღვინო თხის ტიკებით მიჰქონდათ გასაყიდად და როგორც ერთ-ერთ ძველ წყაროში ვკითხულობთ: ერთი 32-ლიტრიანი ტიკი, ბიზანტიის კეისრისეული 4 მონეტა ღირდა..

იმერული ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და ამ სახით გაყიდვა მეფის რუსეთის მმართველობის დროს, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, როდესაც ქუთაისელმა სირაჯებმა (ღვინით მოვაჭრეებმა) გადაწყვიტეს რუსეთში ღვინო ევროპული შეფუთვით, ანუ ბოთლით გაეტანათ. ბოთლში წარმოებული პირველი იმერული ღვინოები იყო: “კუტაისსკი”, “ცოლიკოური”, “გელათი” და სხვა… იმის გამო, რომ იმერული ღვინო განსაკუთრებულად აქტიური ბუნებრივი ცქრიალით გამოირჩევა, მე-19 საუკუნეშივე ღვინის ტექნოლოგებმა იმერული ყურძნის ჯიშებისაგან ცქრიალა ღვინის (ე.წ. შამპანურის) წარმოება დაიწყეს. იმერული ღვინის ჯიშები ასევე საინტერესოა ევროპული ტიპისა და კლასიკური ქართული (ქვევრის) ღვინოების დასაყენებლადაც და ბოლო პერიოდში ამას არაერთი უცხოელი ღვინის სპეციალისტი აღიარებს.

როდესაც იმერულ ღვინოზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა, იმერეთის რეგიონი არ უნდა წამოვიდგინოთ ერთგვაროვან ტერიტორიად, სადაც ყველგან იდენტური  ხარისხის ყურძნის მოსავალი მოდის. იმერეთში მევენახეობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონები. ასევე კარგი ხარისხის ყურძენი მოდის ქუთაისის მიმდებარე მდებარე სოფლებში. ჭიათურის, საჩხერის, ხონის, სამტრედიისა და ხარაგაულის რაიონებში კი (თუმცა აქაც არის გამონაკლისი სოფლები) მოწეული ყურძნის ხარისხი ხშირ შემთხვევაში არასასურველია.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1946 წლის საერთო აღწერის მონაცემებით, იმერეთში ვენახები დაახლოებით 2 ათას ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ამ ვენახების უმეტესობა საბჭოთა კოლმეურნეობებს ეკუთვნოდა, მოწეული მოსავლისაგან დაყენებული ღვინო კი ძირითადად რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში იყიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმერული ღვინის უდიდესი უმრავლესობა ბუნებრივი სასიამოვნო სიმჟავით გამოირჩევა, საბჭოთა კავშირში, სადაც დიდი მოთხოვნა იყო ტკბილ და ნახევრადტკბილ ღვინოზე და სლავი მომხმარებელი სწორედ ასეთ ღვინოს ეტანებოდა, იმერელი მევენახე-მეღვინეები აიძულეს, რომ ტკბილი ღვინის წარმოებაზე გადასულიყვნენ. თუკი, მაგალითად, მეგრული ოჯალეში ან რაჭული ტვიში და მუჯურეთული ბუნებრივად იძლევა ტკბილი ღვინის დაყენების საშუალებას, იმერულ ღვინოში ხელოვნურმა ჩარევებმა ღვინის ხარისხს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

მაგალითად, ადგილწარმოშობის დასახელების იმერული ღვინო “სვირი”, წლების მანძილზე რუსეთში გადიოდა როგორც თეთრი ტკბილი ღვინო (“სვირი” ციცქას და ცოლიკოურის შერევით მზადდებოდა) და მეღვინეებს ღვინოში ათასგვარი არასასურველი ჩარევა უწევდათ, რათა საბჭოთა ხელისუფლებისათვის და რუსი მოხმარებლებისთვის მოსაწონი ღვინო მიეღოთ.

იმერეთში ვენახების განსაკუთრებით ფართოდ გაშენება გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. თუმცა შემდგომ წლებში აღმასვლას კვლად დაღმასვლა მოჰყვა და დღევანდელი მონაცემებით ამჟამად მთელ იმერეთში ვენახები სულ რამდენიმე ასეულ ჰექტარს მოითვლის.

იმერული ყურძნის აბორიგენული ჯიშებიდან გამორჩეული და უპირველესი, რა თქმა უნდა, ციცქა და ცოლიკოურია. ამ ჯიშებისგან შესაძლებელია დამზადდეს როგორც თეთრი მშრალი, ასევე ცქრიალა ღვინოები. ცოლიკოური იმითაცაა გამორჩეული, რომ რქაწითელისა და საფერავის შემდეგ რაოდენობის მხრივ ქართული ვაზის ჯიშებში მესამე ადგილზეა. ცოლიკოური, იმერეთის გარდა, ასევე გავრცელებულია: სამეგრელოში, რაჭაში, გურიაში ლეჩხუმსა და აჭარაში. ცოლიკოურს იმერეთში ხშირ შემთხვევაში ციცქასთან, გამონაკლის შემთხვევებში კი კრახუნასთან აკუპაჟებენ. როგორც იმერეთში ითვლება, სამი იმერული ჯიშისგან: ციცქა-ცოლიკოური-კრახუნასგან ერთად დაწურული ღვინო ისტორიულად იმერული ღვინის ერთგვარ ნიმუშსა და სახეს წარმოადგენდა.

კრახუნა იმერულ ვაზის ჯიშებს შორის ერთ-ერთი მცირემოსავლიანი ჯიშია. თუმცა ჯიშის ხარისხობრივი გამორჩეულობა იმდენად თვალშისაცემია, რომ კრახუნაზე პრაქტიკულად ყველა ქართველი თუ უცხოელი ღვინის ექსპერტი მხოლოდ დადებით მონაცემებს აქვეყნებს. კრახუნასგან მზადდება თეთრი მშრალი სურნელოვანი ღვინო, ყვავილების ტონებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

იმერული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებს შორის ოცხანური საფერე ნამდვილი მარგალიტია. როგორც ამპელოგრაფი მაქსიმე რამიშვილი წერს: “ოცხანური საფერე ხარისხით მრავალ ცნობილ ევროპულ ყურძნის ჯიშს არ ჩამოუვარდება” და ოცხანური საფერესგან მშრალად დაყენებული ღვინო გამორჩეულად სასიამოვნო და მრავალფეროვანი გემოებით ხასიათდება. ოცხანური საფერესაგან თავისუფლად მზადება როგორც ქვევრის ტრადიციული ქართული, ასევე ევროპული ტიპის ღვინოები. საბჭოთა კავშირის დროს, საერთოდ მიიჩნევდნენ, რომ ოცხანურმა საფერემ თავისი განსაკუთრებულობა სწორედ ევროპულ მუხის კასრში გამოამჟღავნა. თუმცა ეს შეხედულება საკამათოა და სათანადო კვლევას საჭიროებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმერული ვაზის ჯიშები ცქრიალა ღვინისათვის საჭირო განსაკუთრებულ პოტენციალს ავლენენ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ავჭალაში მდებარე შამპანურის ქარხანა ციცქა-ცოლიკოურის კუპაჟისაგან, ე.წ. საბჭოთა შამპანურს ამზადებდა და მთელი, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყიდდა. შემდეგ სოციალისტური ბანაკიც დაინგრა და საკუთრივ საბჭოთა კავშირიც, რასაც ქართული ცქრიალა ღვინის წარმოების შეჩერებაც მოჰყვა. ამას დაემატა ისიც, რომ ფრანგმა შამპანურის მწარმოებლებმა მოითხოვეს, რომ ტერმინი “შამპანური” მხოლოდ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში მოწეული ყურძნისგან დამზადებულ ცქრიალა ღვინოებისათვის ეწოდებინათ. ფრანგების ეს მოთხოვნები ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც შეასრულა და უკვე 15 წელზე მეტია, ტერმინი “შამპანური” ქართული ღვინის ეტიმოლოგიიდან ამოვარდა.

რით განსხვავდებიან და რა აქვთ საერთო მსოფლიოს მასწავლებლებს

0

მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში, რადგან არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, სადაც სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების განათლებაზე არ ზრუნავდეს. განსხვავებულია ამ ქვეყნებში არსებული საგანმანათლებლო სისტემები, ასევე, რიგითი მასწავლებლების ცხოვრებაც. მაგალითად, ყველაზე დატვირთული ბრაზილიელი მასწავლებლები არიან. აქ ერთ პედაგოგზე 32 მოსწავლე მოდის. ამ მხრივ ყველაზე უკეთ თავს პორტუგალიელი მასწავლებლები გრძნობენ, სადაც ერთ პედაგოგზე მხოლოდ 7 ბავშვი მოდის.

განსხვავებულია მასწავლებლების ავტორიტეტიც: ყველაზე დიდ პატივისცემას მასწავლებელი ჩინეთში იმსახურებს. ისრაელში მას არცთუ მოკრძალებულად ექცევიან. იტალიაში ყველაზე გამოცდილი პედაგოგები ცხოვრობენ – მათი საშუალო ასაკი 49 წელია, ყველაზე ახალგაზრდები კი სინგაპურელები არიან – 36 წლის.

გერმანია: გერმანიაში სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 3,5 ათასი ევროა, უმაღლეს სასწავლებლებში უფრო მეტი – 4-4,5 ათასი ევრო. თუმცა, თუ მასწავლებელი რომელიმე კერძო კომპანიაში მუშაობს, ხელფასი მეტი აქვს, ვიდრე უნივერსიტეტში. აქ მასწავლებლები არ არიან ძალიან დატვირთული. ისინი დიდ დროს სამეცნიერო მუშაობას – სტატიების, წიგნების წერას, პროექტების რეალიზაციას – უთმობენ. თუ დოქტორის ხარისხი გაქვს, ეს მნიშვნელოვანია.

ნებისმიერი უნივერსიტეტი წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს. მასწავლებლებს არ უწევთ მოსწავლეთა დაშოშმინება, რადგან მას პატივისცემით და ფამილიარობის გარეშე ეპყრობიან. უმაღლეს სასწავლებელში და სკოლაში არ არსებობს კორუფცია, მოსწავლეების მშობლებს აზრადაც არ მოსდით მასწავლებლისთვის ყვავილების თაიგულის ჩუქება. კომუნიკაციის დროს მიმართვის ფორმად არ იყენებენ – „ფრაუ შმიდტს“, არამედ ასე მიმართავენ -„ფრაუ დოქტორ შმიდტ“.

ისრაელი: ისრაელში მასწავლებლის ხელფასი მაღალი არ არის – თვეში 6,5-10 ათასი შეკელი, რაც ევროპელი კოლეგების ხელფასზე 37%-ით ნაკლებია. ხელფასის მატება შესაძლებელია სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯზე. საშუალოდ ისრაელელი მასწავლებელი კვირაში 25 საათს მუშაობს. ახალგაზრდა მასწავლებლები, რომლებიც იძულებული არიან მეტი იმუშაონ, დამატებით საათებს იღებენ და კვირაში 40 საათი მაინც უწევთ მუშაობა. აქაურ პედაგოგებს სასიამოვნო ბონუსიც აქვთ  – ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ მათ სახელმწიფოს ხარჯზე უფლება აქვთ ერთი წელი დაისვენონ.

ისრაელის სკოლის მასწავლებლებს პრაქტიკულად არ აკონტროლებენ. სკოლის პედაგოგი ვალდებული არ არის ყოველდღიური გეგმა შეასრულოს. შესრულებული სამუშაოს ხარისხი განათლების სამინისტროს სპეციალური საკონტროლო სისტემით მხოლოდ წლის ბოლოს ჯამდება.

მასწავლებლის ავტორიტეტი აქ საკმაოდ შელახულია. არაკომერციული ფონდის The Varkey Foundation-ის ბოლო შეფასებით, განვითარებულ სახელმწიფოებს შორის ისრაელი არის ქვეყანა, სადაც მასწავლებელს ნაკლებად სცემენ პატივს. მოსწავლეები მასწავლებელს ეუხეშებიან, გაკვეთილებზე სძინავთ, საკლასო ოთახებს ანაგვიანებენ, იგნორირებას უკეთებენ პედაგოგის შენიშვნებს. აქ ნორმად მიიჩნევა მოსწავლის „პირდაპირობა“, როდესაც ის მასწავლებელს ყველაფერს ეუბნება, რასაც მასზე ფიქრობს. სკოლის სისტემა აქ იმითაც განსხვავებულია, რომ მასწავლებელს კლასში შეიძლება ჰყავდეს დამხმარე. მის როლს ასრულებენ რელიგიური ოჯახის წევრი გოგონები – ეს მათთვის ჯარში მსახურების ალტერნატივაა.

აშშ-ში: აშშ-ში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4-5 ათასი დოლარია. ასეთივე ხელფასი აქვს პოლიციელს. აქ არ მიიჩნევა, რომ სახელფასო ბონუსები დადებითად აისახება მასწავლებლის მუშაობის ხარისხზე.

აშშ სასამართლო პროცესების ქვეყნაა. ამიტომ მასწავლებელთა პროფკავშირი თავის წევრებს ერთი მილიონი დოლარით აზღვევს. ამერიკელი მასწავლებლისთვის იოლია დამნაშავის სკამზე მოხვედრა. საკმარისია მოსწავლეებს თვალში არ მოუვიდეს, განსაკუთრებით აფროამერიკულ სკოლებში, რომ სასამართლოში უჩივიან ან „მახეს უგებენ“, რათა კანონსაწინააღმდეგო ქმედება – სექსუალური ძალადობა ან რასიზმი დასწამონ.

ამერიკელ მასწავლებელს ევალება არა მხოლოდ საშინაო დავალების შემოწმება, არამედ მშობლებთან ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის  მეშვეობით. ამავდროულად მასწავლებელი კვირის განმავლობაში 40 საათით იტვირთება. ამერიკელი მასწავლებლები ზაფხულობით ორ თვეს ისვენებენ, სასწავლო წელი კი სექტემბრიდან ივნისამდე გრძელდება.

ამერიკაში რომ მასწავლებელი იყო, მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრება არ კმარა: აუცილებელია მასწავლებლის ლიცენზიის მოპოვება. თუ მასწავლებელმა სხვა შტატში გადაწყვიტა სამუშაოდ გადასვლა, თავიდან უწევს ლიცენზიის გაფორმება.

იაპონია: იაპონიაში მასწავლებლად მუშაობა პრესტიჟულია. ამიტომ აქ პედაგოგობა ადვილი არ არის. გარდა პროფესიული განათლებისა, აუცილებელია გამოცდის ჩაბარება, რომელიც დაადგენს,  შეეფერება თუ არა ადამიანი პროფესიას. ლიცენზიის მიღების შემდეგ, მასწავლებელი საბუთებს პრეფექტურაში აბარებს. იაპონურ სკოლებში ერთ ადგილზე მოსახვედრად 20-30 ადამიანი გადის კონკურსს.

გარდა ხელფასისა, იაპონელი მასწავლებლები ბევრ ბონუსს იღებენ,  როცა პედაგოგს ოჯახი და შვილები ჰყავს ან თუ კლასში მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. თუ მასწავლებელი მუშაობს ცხოვრების მაღალი დონის მქონე რაიონში, უფლება აქვს, მოითხოვოს ბონუსი. თუ პედაგოგს არ აქვს საკუთარი სახლი, მას თვიური შემოსავლის კიდევ 10%-ს უხდიან საცხოვრისის დასაქირავებლად.

იაპონელები ძალიან მშრომელები არიან. მასწავლებლის დატვირთვაც აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია – კვირაში 54 საათი. იაპონელი მასწავლებლის სამუშაო საათები დღეში 8:00-დან 16:00-მდეა. მაგრამ, როგორც წესი, ისინი სამსახურში 18:00 საათამდე რჩებიან. იაპონიაში განათლების სისტემა სამ საშუალო სკოლად იყოფა: უმცროსი, საშუალო და უფროსი. უმცროს სკოლაში მასწავლებლების დაახლოებით 40% მამაკაცია, საშუალოში – 60%, უფროსში კი – 80%.

ფინეთი: ფინეთში სკოლის პედაგოგის ხელფასი 2,5-5 ათასი ევროა. იმისთვის, რომ მასწავლებელმა ასეთი თანხა მიიღოს, მას პედაგოგიკაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი. ხელფასის ძირითადი ნაწილი (ბონუსების გარეშე) იცვლება მასწავლებლის წოდების მიხედვით: უმცროსი კლასების პედაგოგი, უფროსის, საგნის პედაგოგი… ხელფასის ძირითად ნაწილს ემატება ხელფასის პერსონალური ნაწილი, რომელიც მასწავლებლის გამოცდილებასა და განათლებაზეა დამოკიდებული. სამუშაო საათების გადაჭარბების შემთხვევაში არის ბონუსებიც.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგს სკოლაში ყოველწლიურ კონტრაქტს უფორმებენ. მისი დასრულების შემდეგ ყველა მასწავლებელი კონკურსის გავლის შედეგად თავიდან საქმდება. ერთ ადგილზე 12 დასაქმების მსურველი მოდის. 60 წლის ასაკს მიღწეული მასწავლებლები მუშაობას თავს ანებებენ, უპირატესობა ახალგაზრდა მასწავლებლებს ენიჭებათ.  ცნება „საყვარელი მასწავლებელი“ ფინეთის სკოლებში არ არსებობს. აქ პედაგოგი მომსახურების სფეროს წარმომადგენელია. ასევე, თუ სკოლის ადმინისტრაციამ შეამჩნია, რომ მასწავლებელი ერთ რომელიმე მოსწავლეს სხვებს ამჯობინებს, შეიძლება სამსახურიდანაც კი დაითხოვონ.

სამუშაო დღე სკოლების უმრავლესობაში 8:00-დან 15:00-მდეა და მასწავლებლის საშუალო დატვირთვა 32 საათია კვირაში. დარჩენილი დრო მასწავლებლები მოსწავლეებთან კონსულტაციას გადიან, ემზადებიან სამეცადინოდ და ბავშვებთან ერთად შემოქმედებით პროექტებს გეგმავენ. დიდი ყურადღება ექცევა მასწავლებლების პროფესიონალიზმის ამაღლებას, მაგრამ პედაგოგები ამას დამოუკიდებლად უნდა აკეთებდნენ, თვითგანათლების გზით. ამას გარდა, ფინურ სკოლებში არსებობს მასწავლებლის თანამდებობა, რომელიც მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება: მის მოვალეობაში შედის ბავშვის ინტერესების გამოაშკარავება და სკოლის დამთავრების შემდეგ მისთვის შესაფერისი სასწავლო დაწესებულების დადგენა.

ესპანეთი: ესპანელი მასწავლებლის ხელფასი დღეს 2-2,5 ათასი ევროა, დატვირთვა – 40 საათი კვირაში. მასწავლებლის სამუშაო საათებია 9:00-16:00-მდე. მაშინაც კი, როცა მასწავლებელს მთელი დღე სწავლებით არ აქვს დაკავებული, ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი – გაკვეთილების შემოწმება და მომზადება,  მოსწრების გაკონტროლება, მშობლებთან ურთიერთობა.

ესპანეთში პოპულარულია საერთაშორისო სკოლები. ასეთ სკოლაში მუშაობა პრესტიჟულია. იქ მასწავლებელს არავინ ეხუმრება, ამის მცდელობაც კი ისჯება. სკოლაში მთავარია სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა. ასევე, არცერთი მასწავლებელი თავს უფლებას არ მისცემს, რომ მოსწავლეს შეეხოს, რაც სხვა ესპანურ სკოლებში საკმაოდ ხშირია. ამისთვის სამსახურიდან ითხოვენ, რის შემდეგაც ახალი სამსახურის პოვნა ნამდვილი პრობლემაა.

პრეზენტაცია, როგორც ფილმი

0

Storytelling – ის მეთოდი
(მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები)

ადამიანებს დაავიწყდათ, როგორ მოყვნენ ამბები. ამბავს არა აქვს დასასრული, არსებობს მხოლოდ დასაწყისი, რომელიც არასდროს სრულდება.

სტივენ სპილბერგი

ჩვენ შეგვიძლია, ვუყუროთ ფილმებს საათობით, სერიალებს – თვეობით და წლობითაც კი… მაგრამ ბევრ ლექციაზე, გაკვეთილზე, კონფერენციაზე შეიძლება რამდენიმე წუთის შემდეგ ყურადღებაც მოგვიდუნდეს და ძილიც მოგვერიოს…
რატომ…?

რას შეუძლია, რომ ჩვენი ყურადღება „დაიჭიროს“ აქტიურ ფაზაში…? – რა თქმა უნდა, კარგად მოყოლილ ამბავს, ისტორიას…. ამას კი მხოლოდ ლოგიკური და თანმიმდევრული გადმოცემით ვერ შევძლებთ, აუცილებელია, რომ ამბავი ემოციურადაც შეგვეხოს; რაც მთავარია, თავიდანვე უნდა დავინახოთ იმის საჭიროება, რომ ეს ისტორია სწორედ ჩვენთვისაა.

თანამედროვე სამყარომ ჩვენი აღქმა გახადა მეტწილად ვიზუალური. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, ჩვენზე მოქმედებს ის, რასაც ვხედავთ. ამიტომ პრეზენტაციისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიზუალური ამბების შექმნას. ამბავი – ეს არის ის, რაც ყველას აინტერესებს, თუ შესაბამისადაა მოთხრობილი და ეხება მსმენელის (მაყურებლის) ინტერესებს, ემოციებს, აზრებს, განცდებს…

მარტინ საიკსის ძალიან საინტერესო წიგნი პრეზენტაციის თანამედროვე სემიოტიკურ უნარებზე (Martin Sykes, A. Nicklas Malik, Mark D. West „Stories that Move Mountains: Storytelling and Visual Design for Persuasive Presentations“) ასე იწყება: „პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ჩვენ ხშირად ვხდებით მცდარი წარმოდგენების ტყვეები. ერთხელ გათავისებულ მცდარ ჭეშმარიტებებს მხოლოდ ჩვენ კი არ ვიჯერებთ, გვინდა, სხვებსაც გადავცეთ. ნებისმიერი ახალი ცოდნა წარმოიქმნება უკვე დადგენილი წაროდგენებისგან. თუ ახალი ინფორმაცია ეწინააღმდეგება ამ წარმოდგენებს, ჩვენ უკვუვაგდებთ მას, რათა ჩვენი რწმენა არ შეირყეს… მყარი სტერეოტიპები ადვილად არ ნებდებიან… იმისათვის, რომ შევცვალოთ გული, გონება და ქცევები, აუცილებელია, სწორად აგებული კომუნიკაცია…“

წიგნის ავტორების აზრით, საჭიროა, გონების გათავისუფლება იმისათვის, რომ აზრი ახლებურად გამოითქვას. არავითარი მოსაწყენი ჩანაწერები და თეზისები! ეს არ მუშაობს! საჭირო გახდა სრულიად განსხვავებული მიდგომა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მიაჩვია ადამიანი ვიზუალურ ამბებს და, შესაბამისად, ეფექტური კომუნიკაციაც ამ ენაზე უნდა აიგოს. ე.წ. Storytelling – ის მეთოდი (ინფორმაციის გადაცემა ამბების მოყოლით) აქტუალური გახდა.

ეს წიგნი გახლავთ ეფექტურ კომუნიკაციაზე, რომელიც ადამიანს უბრალოდ მოსმენისკენ კი არ უბიძგებს, არამედ უბიძგებს ქმედებისკენ… ინფორმაციას უბრალოდ კი არ ვაგროვებთ, არამედ გარდავქმნით კეთებაში, ქმედებაში, მოქმედებაში… ამაზე შოთა რუსთაველი მიუთითებდა: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისაო“.

ეფექტური კომუნიკაცია იქმნება ვიზუალური ამბების შექმნით… ამბავს კი აუცილებლად სჭირდება სიუჟეტი…

აი, მივედით მთავარ საკითხამდე: როგორ შევქმნათ საინტერესო სიუჟეტის ვიზუალური ამბები? აქ კი უნდა გაიღვიძოს თქვენში კრეატიულობამ და შემოქმედებითობამ, თორემ ძალიან კარგი იდეა შეიძლება ისე უფერულად გადმოსცეთ, რომ ყურადღება არავინ მიაქციოს… ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე ძვირად სწორედ თავისთავად ამბავი, თხრობა, ისტორია… „იყიდება“. ასე რომ არ იყოს, რეკლამებიც საჭირო არ იქნებოდა. იდეის გამოხატვა და გადაცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თანამედროვეობამ კი გამოხატვის სრულიად ახალი პარამეტრები მოიტანა.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ რეჟისორები და თქვენი პრეზენტაციით თქვენ ქმნით ფილმს, თავისი სიუჟეტით და ყველა აუცილებელი კომპონენტით. იწვევთ დაძაბულობას, ემოციას, ეძებთ გამოსავალს და პოულობთ…

როგორ ავირჩიოთ სიუჟეტი?

საყოვეთაოდ ცნობილია, რომ რომ არსებობს სულ რამდენიმე სიუჟეტი, რომელსაც ეფუძნება ყველა ამბავი. 70-იან წლებში 30-წლიანი კვლევის შედეგად ამერიკელმა მწერალმა და ჟურნალისტმა კრისტოფერ ბუკერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებობს 7 არქეტიპული სიუჟეტი, რომლიდანაც შეიძლება ნებისმიერი ამბავი განავითარო.

ეს სიუჟეტებია:

სიუჟეტი I – ურჩხულზე გამარჯვება

(პერსევსი და მედუზა გორგონა, თეზევსი და მინოტავრი, ჰარი პოტერი…

სიუჟეტი I I – ტრანსფორმაცია

კონკიას ამბავი, ფილმი „ლამაზმანი“, ჯეინ ეარი

სიუჟეტი I I I – თავგადასავალი

ჰომეროსის „ოდისეა“, არგონავტების მითი, ლეგენდები მეფე არტურზე, „მობი დიკი“

სიუჟეტი IV – იქეთ და უკან (გასვლა და უკადაბრუნება)

„დროის მანქანა“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში…“, „ნარნიას ქრონიკები“, რობინზონ კრუზო…

სიუჟეტი V – კომედია

„ფიგაროს ქორწინება“, მოლიერის პიესები, ჯეინ ოსტინის რომანები, „ომი და მშვიდობა“…

სიუჟეტი VI – ტრაგედია

ლეგენდა ფაუსტზე, მაკბეტი, „რომეო და ჯულიეტა“, „ლოლიტა“…

სიუჟეტი VII – აღდგომა (აღორძინეა)

მძინარე მზეთუნახავი, ფიფქია და 7 ჯუჯა, მზეთუნახავი და ურჩხული, ყინულის დედოფალი…

ამ სიუჟეტებიდან თქვენი პრეზენტაციისათვის შეგიძლიათ შეარჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება თქვენს სათქმელს….
იფიქრეთ იმაზე, რისი თქმა გსურთ და რომელია თქვენი სიუჟეტი?

გვარი ფორმებზე

0

სპორტულ მაისურზე დატანილი ნომერი და სპორტსმენის გვარი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო რამაა და ბევრი ადამიანი მსგავსი საკითხებით თითქმის არ ინტერესდება. ერთი შეხედვით, რა მნიშვნელობა აქვს, რა ნომერს ატარებს სპორტსმენი და მის ზურგზე აღბეჭდილი გვარი როგორ იქნება გადმოცემული. საქართველო რომ ჩინეთი იყოს, დამეთანხმებით, გვარის საკითხი მართლაც დაკარგავდა აზრს, რამეთუ უზარმაზარ ჩინეთში მილიარდამდე ადამიანის გვარი – ლი გახლავთ და ისე როგორ მოხდება, რომ 25-კაციან გუნდში 10-ლი მაინც არ იყოს. თუმცა, ჩინელებმაც გამონახეს გამოსავალი და გვართან ერთად მეტსახელებს, საკუთარ სახელებს ან თუნდაც მამის სახელებს ურთავენ და ევროპელი სპორტის მოყვარულები ავად თუ კარგად ახერხებენ ჩინელი სპორტსმენების იდენტიფიკაციას.

ნომრების აღრევა ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ტრადიციად იქცა. მხოლოდ დიდ სანაკრებო მუნდიალებზე ამასთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნებია და ფეხბურთელების ნომრებით ჯერ კიდევ შეიძლება მათი სათამაშო პოზიციის მიახლოებითი დადგენა. საკლუბო ტურნირებზე კი ძალიან მონდომებული კაციც კი ვერ მოახერხებს ფეხბურთელის ნომერის მიხედვით მისი პოზიციის განსაზღვრას. რობერტო მანჩინის ფორმაციის „ინტერი“ ბევრი რამით იყო უნიკალური გუნდი. მათ შორის “ინტერის” უნიკალურობა იმითაც იყო განპირობებული, რომ მილანურმა კლუბმა ერთ-ერთ მატჩში (თუ არ ვცდები “უდინეზესთან”) გამოიყვანა ფეხბურთელები, რომელთა ნომრებიც 11-ის ზემოთ იყო. (იმ პერიოდში “ინტერის” ლეგენდარული 4 ნომერი – ხავიერ ძანეტი დამტვრეული გახლდათ). ეს ფაქტი უკვე სიმბოლურადაც კი გამოხატავს იმ ტენდენციებს, რაც საკლუბო ფეხბურთში არსებობს.

არ მინდა ისე გამიგოთ, რომ რაიმენაირად ვილაშქრებდე იმის წინააღმდეგ, რომელი კლუბის როგორ გადაწყვეტს თავისი ფეხბურთელების დანომვრას. ეს საკუთრივ კლუბების საქმეა. “ციფრულ ფანტაზიაში” ნუ შევზღუდავთ ნურავის თავისუფლებას. თუმცა თუკი ეს საკითხი უმნიშვნელოა, მაშ რატომ ითხოვენ დიდი სანაკრებო მუნდიალების ორგანიზატორები ფეხბურთელების ნუმერაციის მკაცრ დაცვას? ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ერთგვარი ძველი საფეხბურთო ტრადიციების დაცვასთან ერთად, აუცილებელია ახალგაზრდა გულშემატკივრებმა, რომლებიც ფეხბურთში ჯერ ახლა ერკვევიან, უფრო მარტივად გაიგონ ფეხბურთის საინტერესო მხარეები და ფეხბურთელების სათამაშო პოზიციის გამოცნობაც უფრო ადვილად შეძლონ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია თუნდაც იმიტომ, რომ მცირედი გაურკვევლობებიც კი გამოირიცხოს და სპორტი კიდევ უფრო სახალხო ფენომენი გახდეს.

ნომრების საკითზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი მაინც სპორტსმენების გვარებს უკავშირდება. გრძელი და უცხოელთათვის ძნელად გამოსათქმელი ქართული გვარების ამბავი ყველამ ვიცით და გვესმის იმ ქართველი სპორტსმენებისა, რომლებიც უცხოეთში გადაბარგების შემდეგ მაისურებზე საკუთარი გვარების ნაცვლად გვარის შემოკლებულ ვარიანტს, თიკუნს, ანდა სულაც საკუთარ სახელს აწერენ. უცხოელ ქომაგებში ცნობადობის მოსაპოვებლად მსგავსი ხერხები ხშირ შემთხვევაში გამართლებულია, რადგან გვარი რაც უფრო მარტივად გამოითქმის, მავანი ევროპელი თუ ამერიკელი კომენტატორი უფრო ნაკლებად დაიზარებს მის თქმას. გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი დამოკიდებულება ისეთი ეგზოტიკური გვარის მქონე სპორტსმენებისადმი, როგორიც ვთქვათ – კიმ ბიონგ ჯი, ანდა ალიბადე ბაბალადე არიან. როგორც წესი, ასეთი გვარების დამახსოვრება რთულია და მარტივი გამოსავალი მათი ნაკლებად ხსენებაა.

რამდენადაც გასაგებია ის, რომ უცხოეთში წასული ქართველი სპორტსმენები გვარების “გადასავლურებას” ცდილობენ, იმდენად გაუგებარია ის, თუ ჩვენს შიდა ეროვნულ პირველობებზე სპორტსმენებს გვარები რატომ არ აწერიათ ქართულ ენაზე. რასაც ვამბობ, ეს არც ბრმა პატრიოტიზმია და არც თვითმყოფადობის დაცვაზე უსაგნო მოთქმა. უბრალოდ, გადახედეთ სხვა ქვეყნებს და დამერწმუნებით, რომ თუკი არც ჩეხს, არც პოლონელს და არც რუსს და კიდევ სხვებს არ “ესირცხვილებათ” მაისურზე გვარის მშობლიურ ენაზე დაწერა, ჩვენ ვითომ რატომ უნდა გვეწეროს ლათინური ასოებით? საერთაშორისო ტურნირებზე ბუნებრივია და აუცილებელიცაა ამ მიზნით ლათინური ასოების გამოყენება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შიდა ჩემპიონატებზე ვსაუბრობთ, რომელთაც, როგორც წესი, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ადევნებენ თვალს და განა სამართლიანია სახელმწიფო ენის ასეთი უგულვებელყოფა? თუ ვცდები ბოდიში მომითხოვია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სიმართლეს ვამბობ. ისე კი, პატრიოტიზმი მხოლოდ ცაფირუზზურმუხტხმელეთოვანი სამშობლოს ჯიხვის ყანწით დალოცვა ნამდვილად არ არის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...