კვირა, აპრილი 26, 2026
26 აპრილი, კვირა, 2026

     სახალისო  „იმპროვიზაციები“

0

მეცნიერების საფუძვლებს ისე აზიარო მოსწავლე, რომ არ მოეწყინოს, მეტიც, არ შეიძულოს და არ განუდგეს საკმაოდ რთულია. ადვილი არ არის, გაკვეთილების მთავარ გმირებად იგრძნონ თავი მოსწავლეებმა, ხოლო მასწავლებელი ყოველთვის დარჩეს მათ ერთგულ თანაშემწედ, მეგზურად,გამოცდილ მეგობრად. ამისთვის უამრავი მეთოდი თუ აქტივობა მოუფიქრებიათ პედაგოგებს ჩვენშიც,დასავლეთშიც,უძველეს აღმოსავლურ სკოლებშიც კი.
ბოლო წლების ჩვენი ერთი-ერთი ნაცადი და საყვარელი ხერხია,ჩვეულებრივი საგაკვეთილო მომენტები ვაქციოთ სახალისო აქტივობებად,წინდაწინ დაუგეგმავად. რამდენიმე ასეთი „აკადემიური ცელქობის“ შესახებ გიამბობთ.
ერთ-ერთ ასეთ მომენტს, პირობითად, „ფრაზებზე ნადირობა“ შეგვიძლია ვუწოდოთ.
წერითი დავალების პრეზენტაციას როგორმე უნდა მივანიჭოთ მეტი მნიშვნელობა,რომ მის ავტორს მოტივაცია შევმატოთ,წავახალისოთ,ხოლო ვიდრე მოსწავლე ნაშრომის წაკითხვას დაიწყებს,კლასს ვაძლევთ დავალებას: პრეზენტატორს უსმინეთ ყურადღებით; შეეცადეთ „დაიჭიროთ“ და ჩაინიშნოთ ფრაზა ან წინადადება,რომელიც თქვენთვის საკამათო აზრს შეიცავს,შეიძლება ვაქციოთ საკლასო დისკუსიის თემად ან არგუმენტირებული ესეს თეზისად.თუ ერთსა და იმავა მოსაზრებას რამდენიმე მოსწავლე  ჩაინიშნავს,სწორედ მას შევარჩევთ.შესაძლოა შერჩეული წინადადებები დაფაზეც ჩამოვწეროთ,როგორც საყურადღებო და მნიშვნელოვანი.
ასეთ წუთებში წარმოუდგენლად  დიდია იმ  მოსწავლის მოტივაცია,სიხარული,რომელიც თავის დავალებას წარუდგენს კლასს.დანარჩენი მოსწავლეებიც,აუდიტორიის წევრები,მონაწილენი არიან აკადემიური პროცესისა-ყურს უგდებენ,გაიაზრებემ, არჩევენ. მათი აზრიც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
ერთ-ერთი ასეთი „იმპროვიზებული“ მომენტია შემოქმედებითი სამუშაოს შერჩევის დროს,ზოგადი მიმართულების განსაზღვრის შემდეგ,კონკრეტული დავალებების (საკითხების,სათაურების) მოფიქრება მოსწავლეთა მიერ.ყველა მსურველი,რომელსაც უკვე მოფიქრებული აქვს დავალების  სათაური,გამოდის დაფასთან და წერს.ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ბავშვი გამოდის და ისინი გვერდიგვერდ მუშაობენ.ჩამოწერა როცა დასრულდება,მთლიანად კლასი  ერთვება სახალისო აქტივობაში,რომელსაც, პირობითად,შეგვიძლია ასე ვუწოდოთ: „უყარეთ კენჭი!“ ჩვენ თითოეულ დავალებას „ვუყრით კენჭს“ და მიღებულ ხმათა რაოდენობას დაფაზე მივუწერთ.საბოლოოდ,კლასი იმუშავებს იმ დავალებაზე,რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს(თუ პედაგოგი ამ დავალებას ნაკლებად კომპეტენტურად

მიიჩნევს, შეუძლია, მოსწავლეებთან შეთანხმებით, კორექტივები შეიტანოს მასში.ამ დავალების ინიციატორი ძალიან ბედნიერია,რაც მთავარია,პროცესში ყველა ჩართულია და სამომავლოდაც მოტივაცია თითოეულს შეემატება.
ასეთიც შეიძლება გავიხსენოთ:
ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების  შესწავლას ყოველთვის უძღვის წინ მისი ბიოგრაფიის გაცნობა.ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ,არ შემოვიფარგლოთ სახელმძღვანელოში ჩაწერილი მოკლე ბიოგრაფიული მონაცემებით,ამიტომ კლასს ვავალებთ,მოიძიოს დამატებითი მასალები მწერლის განვლილი გზის შესახებ.მოსწავლეები უმეტესად,ინტერნეტით სარგებლობენ,თუმცა ზოგიერთს,მშობლის ჩართულობითა და ჩვენი რჩევით,წიგნები,ჟურნალ-გაზეთების სტატიებიც  მოუძიებია.შეუძლებელია ყველას მივცეთ საშუალება,თავიდან ბოლომდე წარმოადგინოს მოძიებული ინფორმაცია.ამიტომ,ვისაც დავალების კლასის წინაშე  წარდგენის სურვილი აქვს,მოვუწოდებთ: – შექმენით ჯგუფი და ითანამშრომლეთ!
ისინი გამოდიან აუდიტორიის  წინაშე და წინასწარ დაფაზე ჩამოწერილი ბიოგრაფიული ეტაპების მიხედვით წარმოადგენენ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მრაფალფეროვან  ინფორმაციას.თითოეული კითხულობს ან გვიყვება მისი ბავშვობის,სწავლის,საზოგადო მოღვაწეობისა და სხვა მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ,ცდილობენ შეავსონ სხვების წაკითხული თუ მონათხრობი.
კლასს ვთხოვთ,კითხვები დაუსვან სახელდახელოდ შექმნილი მაძიებელთა ჯგუფის წევრებს.ბოლო ეტაპზე თვითონ ჯგუფის წევრები უსვამენ კლასს კითხვებს: რა დაამახსოვრდათ?რას მიაქციეს ყურადღრება?
ასეთი „იმპროვიზაციები“ უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.გულწრფელად ვიტყვით,ამგვარი წუთები ალამაზებს გაკვეთილს,ხალისსა და მოტივაციას მატებს მოსწავლეებს,უბიძგენს მათ აკადემოურ პროცესში მეტი ჩართულობისაკენ…და,რაც მთავარია,სწორედ ასეთი მომენტებით იქმნება თავისუფალი გარემო გაკვეთილზე,ასპარები თავისუფალი ურთიერთობებისა  მოსწავლეებს შორის,მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

ნინო ბილოხოძე
ქ.ოზურგეთის ნოდარ  დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

როგორ მოვამზადოთ და წარვმართოთ კინოსეანსი სკოლაში

0

ვინაიდან სკოლის მოსწავლეები სტუდენტები არ არიან და, ამასთან, მოზარდებს ხშირად მძიმე ხასიათი აქვთ, საკლასო ოთახში ფილმის ჩვენებისთვის მომზადებისას და თავად ჩვენების პროცესშიც რამდენიმე მითითება უნდა გავითვალისწინოთ.

 

  1. მოამზადეთ საშინაო დავალება

სანამ კლასს აჩვენებთ, თავად უყურეთ ფილმს. ჩაინიშნეთ, სად გააკეთოთ პაუზა მსჯელობისთვის. ჩაიწერეთ კითხვები, რომელთა დასმაც გსურთ, მოინიშნეთ ის ადგილები, რომლებიც, თქვენი აზრით, განმარტებას მოითხოვს.

  1. მოამზადეთ საბაზისო ინფორმაცია

მოსწავლეებისთვის საბაზისო ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია, რათა ფილმის დაწყებამდე იმის გარკვევაში არ დაკარგონ დრო, „სად არიან“. ეს უნდა იყოს ინფორმაცია იმ დროისა და გარემოს შესახებ, რომელშიც ფილმი მიმდინარეობს, იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც ფილმი ეხება, და, საზოგადოდ, კულტურული კონტექსტის შესახებ.

  1. დაუკავშირეთ ფილმი თქვენი მოსწავლეების ცხოვრებას

ფილმის დაწყებამდე ჩაატარეთ „ემპათიის გამომწვევი“ და „კავშირის დამამყარებელი“ აქტივობები, რომლებიც თქვენს მოსწავლეებს ფილმში დასმულ საკითხებსა და საკუთარ ცხოვრებასთან მათ კავშირზე ფიქრისკენ უბიძგებს.

  1. 4. ასწავლეთ ფილმის ენა

კინოს თეორიას ვერ შეასწავლით, მაგრამ უნდა აუხსნათ ძირითადი ცნებები, როგორიცაა, მაგალითად, მონტაჟი, ფოკუსი, ჩარჩო, ახლო და შორი ხედი. ეს მათ ნანახის უკეთ აღქმასა და ნააზრევის უფრო მკაფიოდ გამოხატვაში დაეხმარება.

  1. მოაქციეთ ფილმი განსაზღვრულ ჩარჩოში

მოამზადეთ კითხვები და პატარ–პატარა აქტივობები, რომლებიც ხაზს გაუსვამს იმას, რისთვისაც გსურთ მოსწავლეთა ყურადღების მიქცევა ფილმის ყურებისას. მაგალითად, დაიწყეთ გაკვეთილი შესავალი განხილვით და დაასრულეთ რეფლექსიით – სთხოვეთ მოსწავლეებს, წერილობით გადმოსცენ, რატომ უყურებენ ამა თუ იმ ფილმს. ეს მათ იმის გაგებაში დაეხმარება, რას უნდა დააკვირდნენ ყურების დროს.

  1. დარწმუნდით, რომ კონცენტრირებულები არიან ფილმზე

მოამარაგეთ მოსწავლეები შენიშვნების ჩასაწერი ფურცლებით – ცხრილით, გრაფიკული ორგანიზატორით ან შეკითხვების კომპლექტით. ძალიან მოხერხებულია სპეციალურად დამზადებული „მაყურებლის სქემა“, რომელშიც მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაინიშონ ცალკეული სცენები და მიუთითონ, როგორ უკავშირდება ისინი კონკრეტულ საკითხებს. ეს მათ ფილმის შინაარსისა და სათქმელის უკეთ გააზრების საშუალებას მისცემს.

  1. დააკისრეთ ბავშვებს პასუხისმგებლობა

ეს ერთჯერადი გამოკითხვა კი არ უნდა იყოს, არამედ ყოველდღიური დისკუსია, საშინაო დავალებები, ჟურნალის ჩანაწერები, რომლებიც შექმნის ერთგვარ პორტფელს თვითშეფასებისა და მომავალი რეკომენდაციისთვის.

  1. მიეცით ფილმი საშინაო დავალებად

შესაძლოა, მთელი კვირა ვერ დაუთმოთ ფილმს. საბედნიეროდ, დღეს სავსებით შესაძლებელია, მოსწავლეებმა მისი ყურება შინ დაასრულონ. ინტერესის აღსაძრავად აყურებინეთ 30 წუთი საკლასო ოთახში, ხოლო დანარჩენი საშინაო დავალებად მიეცით.

  1. 9. იზრუნეთ ტექნიკის გამართულობაზე

შეამოწმეთ პროექტორი გაკვეთილის დაწყებამდე და წინასწარ მოამზადეთ ფილმი ჩასართავად. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მზად გქონდეთ სტატიის ასლები ან ფილმთან დაკავშირებული პატარა ჯგუფური აქტივობები.

  1. არ ჩააქროთ შუქი

ბევრი ამტკიცებს, რომ სიბნელეში ფილმის ყურება ყველაზე სასიამოვნოა, მაგრამ სინათლეში მოსწავლეთა ქცევის კონტროლი უფრო ადვილია.

 

ახლა უკვე გაქვთ თეორიული ცოდნა სასიამოვნო სეანსების დასაწყებად. სულ მალე რჩევებით დაგიბრუნდებით, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეებისთვის საინტერესო ფილმები შეარჩიოთ.

სიტუაციის ანალიზი – ახალი გამოცდილება პედაგოგისთვის

0

პრობლემაზე ორიენტირებულ მეთოდებს განეკუთვნება ქეისებით სწავლება, ანუ შემთხვევის ანალიზი. რომელიც რეალურიც ცხოვრებიდან, პრაქტიკული საქმიანობიდან აღებული სიტუაციებისგან ხილვისა და ანალიზის საფუძველზე ახალი გამოცდილების მიღებას გულისხმობს.

პედაგოგის მიერ ამ მეთოდის გამოყენებას ეფექტური შედეგი აქვს არამარტო საკლასო სივრცეში, არამედ საკუთარი პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებისთვისაც. პედაგოგიური პროცესი ხომ ურთიერთდაკავშირებული, ერთმანეთისგან გამომდინარე პედაგოგიური სიტუაციების უწყვეტი ჯაჭვია. ზოგჯერ ეს სიტუაციები გამორჩეულია, ხშირად კი მეორდება, ჰგავს ერთმანეთს. მათი ანალიზი ეფექტურ ინსტრუმენტად არის მიჩნეული პედაგოგიური განათლების მიღების ან განვითარების დროს.

პედაგოგიური სიტუაციების სტრუქტურა, ერთი შეხედვით, მარტივად გამოიყურება. მას ქმნის მოსწავლე და მასწავლებელი და მათი ემოციურ-ინტელექტუალური ურთიერთქმედება. მაგრამ ამგვარმა აღქმამ ადვილად შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და გამოგვრჩეს ორი რთული შინაგანი სამყაროს (პედაგოგისა და მოსწავლის/მოსწავლეების) ერთობლივ მოქმედებაში გადასალახი საფრთხეები.

პედაგოგიური პრობლემები შეიძლება შეიქმნას მიზანმიმართულად ან წარმოიშვას სტიქიურად. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი უნდა გადაწყდეს ფრთხილად, გონივრულად,  წინასწარ დაგეგმილი თანმიმდევრობით.

ნებისმიერი პედაგოგიური პრობლემა, გამოკვეთილი პედაგოგიურ თეორიასა თუ პრაქტიკაში, უკავშირდება სწავლა-აღზრდის პროცესს. ეს პრობლემები ითხოვს გადაწყვეტას, რისთვისაც  პრობლემის ანალიზისთვის შემოთავაზებულია შემდეგი ნაბიჯები:

  • პრობლემური სიტუაციის წინასწარი აღწერა;
  • პრობლემური სიტუაციიდან კონკრეტული ამოცანის გამოყოფა;
  • კონკრეტული ამოცანის აბსტრაქტული მოდელის აგება, წინააღმდეგობების ფორმულირება;
  • ამოცანის გადაწყვეტის აბსტრაქტული მოდელის აგება, სასურველი შედეგის წარდგენა;
  • რესურსების გამოვლენა და კონკრეტულ შედეგზე გასვლა;
  • ქვეამოცანების ჩამოყალიბება, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია შემოთავაზებული გადაწყვეტილების რეალიზაციისათვის;
  • თითოეული ქვეამოცანის გადასაწყვეტად მოქმედებათა ჯაჭვის გამეორება;
  • რეფლექსია.

გთავაზობთ ფსიქოლოგების განხილულ რამდენიმე გავრცელებულ სიტუაციას:

 

სიტუაცია 1

კოლეგის ავადმყოფობის გამო მასწავლებელს მოუწია ახალ კლასში შესვლა. მოსწავლეები ცუდად იქცევიან: ხმაურობენ, ისვრიან ქაღალდის თვითმფრინავებს. განსაკუთრებით გამოირჩევა ერთი ბიჭი.

მასწავლებლის მოქმედება

მასწავლებელი ცდილობს, არ მიაქციოს ყურადღება, გაკვეთილს აგრძელებს, შიგადაშიგ იმუქრება  ცუდი ნიშნებით, დირექტორით, მშობლებით… შემდეგ ყველაზე ხმაურიან მოსწავლეს სთხოვს გაკვეთილის მოყოლას. ის უარობს, მაგრამ როცა მასწავლებელი უარყოფითი ნიშნის დაწერით ემუქრება, მაშინვე ცვლის გადაწყვეტილებას და გამოთქვამს პასუხის სურვილს. მასწავლებელი ამ შესაძლებლობას აღარ აძლევს. კამათი რამდენიმე წუთს გრძელდება, საბოლოოდ პედაგოგი უარყოფით შეფასებას წერს. მოსწავლე უხეში გამოთქმებით გაიჯახუნებს კლასის კარს. მასწავლებელი უკომენტაროდ აგრძელებს გაკვეთილს.

მოსალოდნელი შედეგი

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნეგატიური განწყობა უფრო გაძლიერდება. ასეთი სიტუაციები შემდგომშიც განმეორდება. პედაგოგის მიმართ პატივისცემა არ ექნება არც კონკრეტულ მოსწავლეს და არც – კლასს. ბიჭი კლასს ტოვებს დამცირების, უსამართლობის განცდით, საკუთარი უძლურებით გაბრაზებული. ის გულის სიღრმეში ვერ იტანს მასწავლებელს.

რა გაკვეთილი მიიღო კლასმა? შურისძიება მისაღებია და ამისთვის ყველა საშუალების გამოყენება შეიძლება.

სასურველი მიდგომა

მოცემულ სიტუაციაში მასწავლებელმა დაუფარავად გაამჟღავნა თავისი ბრაზი. მისი ქცევის უსამართლობა იმაში გამოიხატება, რომ მან ქცევაში უარყოფითი შეფასების (რაც სწორი იქნებოდა) ნაცვლად,  ეს შეფასება ცოდნაში დაწერა, თან ისე, რომ მოსწავლეს პასუხის საშუალება არ მისცა.

სასჯელი სამართლიანია მხოლოდ მაშინ, როცა რეალურ დანაშაულს შეესაბამება. მასწავლებელმა  მოსწავლეს და მთელ კლასს დაანახა, რომ თუ მას რაღაცის ძალა არ ჰყოფნის, მის ხელთ არსებული ბერკეტის უსამართლოდ გამოყენება შეუძლია. მას მოსწავლისათვის უნდა მიეცა მოყოლის საშუალება. ნებისმიერ სიტუაციაშიც, გაკვეთილის „ამრევის“  დასამშვიდებლად მისთვის საპასუხისმგებლო  დავალების მიცემა და შედეგის შეფასებაა მიჩნეული.
სიტუაცია 2

გაკვეთილზე, მოსწავლეები ბოლო რიგიდან  წერილს აწვდიან ერთმანეთს. ბავშვები  კითხულობენ, ჭერში იყურებიან და ხითხითებენ, მერე სხვას აწვდიან წერილს, თან მაინცდამაინც არ ცდილობენ, ეს მასწავლებლის შეუმჩნევლად გააკეთონ.

მასწავლებლის მიდგომა

მასწავლებელი ართმევს წერილს, გახსნის, კითხულობს „აიხედე ჭერში“, იხედება მაღლა … კლასი ხარხარებს. მასწავლებელი თავს ვეღარ აკონტროლებს. ცდილობს გაარკვიოს, ვინ იყო ამ ამბის წამომწყები, იმუქრება ცუდი ნიშნებით, მშობლების დაბარებით.

მოსალოდნელი შედეგი

ამ სიტუაციაში მოსწავლეები ცდილობენ ტესტირება ჩაუტარონ მასწავლებელს, როგორი იქნება მისი ემოციები, რას მოიმოქმედებს. თუ მასწავლებელი ჩავარდება პანიკაში, იყვირებს, დირექტორით დაემუქრება, ეს გამოიწვევს პროტესტს და უარყოფით განწყობას მოსწავლეთა მხრიდან. მასწავლებელი დაკარგავს ნდობას და პატივისცემას მოსწავლეებისაგან, რადგანაც ის წამოეგო პროვოკაციას და ბავშვები გაუცნობიერებლად იგრძნობენ, რომ ადვილია მისი პროვოცირება და ასეც გააგრძელებენ.

სასურველი მიდგომა

მასწავლებელს შეეძლო ეს ყველაფერი იუმორით მიეღო, გაეღიმა და გამოეხატა თავისი დამოკიდებულება სიტუაციისადმი, შეჩერებულიყო დადებით და უარყოფით მომენტებზე. დასაშვები ფრაზები: „ამ სიტუაციამ დამანახა, რომ თქვენ, როგორც კლასი ხართ შეკრული, საერთო იდეების ერთგული, გაქვთ გამახვილებული იუმორის გრძნობა“;  ან: „არ გკითხავთ, არ დავიწყებ ძიებას, ვინ მოიგონა ეს. რაც მოხდა, მოხდა. მოდით ამ ყველაფრიდან გამოვიტანოთ სასარგებლო დასკვნები – შევეცადოთ არ ავყვეთ „ბრბოს თვისებებს“, არამედ ყველამ თავი ვაკონტროლოთ“.

ან კიდევ (თუ გაკვეთილის სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა) შეიძლება განვიხილოთ სიტუაციის ამგვარი გაგრძელება: მასწავლებელმა საპასუხოდ შეიძლება უმტკივნეულოდ იხუმროს მოსწავლეებზე და გაიცინოს მათთან ერთად. ეს განამტკიცებს მათ ურთიერთობებს.

სიტუაცია 3

ინგლისურის მასწავლებელი შედის მე-9 კლასში და ხედავს, რომ მოსწავლე გოგონებს  გრამატიკული წესების ამსახველი სქემის ყველა პლაკატი თავდაყირა დაუკიდიათ. მათ ეშმაკობა გადაწყვიტეს იმ მიზნით, რომ მასწავლებელს გაკვეთილის რამდენიმე წუთი პლაკატების ამობრუნებაზე დააკარგვინონ.

მასწავლებლის მოქმედება

მასწავლებელი ეჩხუბა მოსწავლეებს, დაადანაშაულა საკუთარ უპატივცემულობაში, აიძულა ისინი ამოებრუნებინათ პლაკატები. შედეგად გოგონებმა ჩანაფიქრი აისრულეს – დრო დაიკარგა.

მოსალოდნელი შედეგი

ჩხუბითა და მუქარით მასწავლებელი ვერ მოიპოვებს გოგონების პატივისცემას. ის მხოლოდ ავტორიტეტს დაკარგავს. რადგანაც, როცა ბავშვები ასე იქცევიან, მასწავლებლისაგან სწორედ ამგვარ რეაქციას ელიან. ასეთი მოქმედება მხოლოდ წააქეზებს მათ, შემდგომშიც გააგრძელონ ეშმაკობები. საბოლოოდ,  მასწავლებელს ემუქრება ნერვული აფეთქება, თუ ის ამ ხერხებით გააგრძელებს რეაგირებას.

სასურველი მიდგომა

გაკვეთილის ჩატარების ვარიანტი: თითქოს არაფერი შეუნიშნავს, მასწავლებელი იწყებს გაკვეთილს და გადადის ახალი მასალის ახსნაზე. წესები საკმაოდ რთულია, წიგნში ისინი არ წერია, ჩაწერა მოუხერხებელია. ბევრი მოსწავლე ვერ ასწრებს რვეულში წესების ჩაწერას. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აძლევს ათწუთიან შესამოწმებელ სამუშაოს ახლად შესწავლილი თემის განსამტკიცებლად. თან ხსნის სქემის ტაბულებს. პედაგოგის რეაქცია არის მოულოდნელი, თუმცა ამავდროულად საფუძვლიანი და ლოგიკური. პირველ რიგში, გოგონებმა თავად შექმნეს დაძაბულობა, რის გამოც დაიძაბნენ გაკვეთილის ახსნის და ჩაწერის დროს, ასევე ვერ შეძლეს ტაბულების გამოყენება დავალების შესრულებისას. მეორეც, მასწავლებელმა ძალიან ცივილურად მოახდინა იმის დემონსტრირება, ვინ არის გაკვეთილზე მთავარი და ვისი სცენარით იცვლება მოქმედება სასწავლო პროცესში. მას არ დაუწყია ყვირილი, ჩხუბი, არამედ უსიტყვოდ შეარცხვინა გოგონები და საკუთარი საქციელი გონიერი და მშვიდი ადამიანის თვალით დაანახა.

საინტერესოა თქვენი მოსაზრებები ამ სიტუაციებთან დაკავშირებით.

 

 

 

ფიზიკის გადამდგარი გენერალი

0

ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში სიარულისას ვამბობდი, რომ როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორეს სხეულისგან, იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით. ვამბობდი გაუცნობიერებლად. აქვე  ვყვებოდი ამბავს როსტევანზე, არაბეთის მეფეზე, ტარიელსა და ნესტან-დარეჯანზე.  ფიზიკა და „ვეფხისტყაოსანი“ ბებიაჩემისთვის, მისი ზემოქმედებით კი ჩემთვისაც, იყო ყველა ღმერთი ერთად აღებული დედამიწაზე.

ბებიაჩემი, ჩემი გამზრდელი, გოგუცა კვატაია, იგივე მინერვა მაკ-გონაგელი, ჩემთვის ერთგვარად მკაცრი ცენზორიც იყო და თავისუფლების მომნიჭებელიც.

მეგობრები ეჭვის თვალით მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ მისი აკრძალვის გამო, ბავშვობაში არასოდეს მქონია მეგობრობის დღიური, არასოდეს გავუშვივარ ეზოში, არასოდეს მითამაშია ბანქო და თითქმის არასოდეს დამიღეჭავს საღეჭი რეზინი.

დღემდე მაფიქრებს მისი სპარტანული აღზრდის მეთოდები და მერე მოულოდნელი ფერიცვალება. მერვე კლასამდე მაიძულებდა დილით პირი ცივი წყლით დამებანა, დამელია ნაღებიანი რძე, მეჭამა კარაქიანი პური, რაც ყველაზე მეტად მძულდა დედამიწაზე (ერთხელ სკამზე ქამრით დაბმულიც გეახლებოდით); სკოლიდან აუცილებლად უნდა მოვსულიყავი პირდაპირ შინ და გაკვეთილების მეცადინეობის შემდეგ უნდა წამეკითხა მხატვრული ლიტერატურა. არავითარი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები.

 

დღემდე ვერ ვპოულობ ახსნას, რატომ მატარა იძულებით მუსიკალურ სკოლაში 7 წლის მანძილზე, სადაც უდიდეს ფსიქოლოგიურ ტრავმას განვიცდიდი. და სამაგიეროდ, რატომ გამომიყვანა იძულებით ცეკვის წრიდან, სადაც 13 წელი სიხარულით დავდიოდი. მიუხედავად,  ჩემი წარმატებისა, გამომიცხადა, რომ ცეკვა ჩემი საქმე არ იყო. მეშვიდე კლასში გაოცებისგან პირდაღებული ვუყურებდი ჩემს ხუთიანებს ყველა საგანში, ფიზიკაში კი –  ოთხიანს. ღმერთმანი, ყველაზე კარგად ფიზიკას ვსწავლობდი! რვაჯერ იძულებით წამიყვანა ტელეგადაცემაში „ეტალონი”, რომელიც მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გოგუცა კვატაია თავისას არ იშლიდა – მაჯიბრებდა ჩემზე სამი-ოთხი წლით უფროს მოსწავლეებს, მასწავლიდა მაღალი კლასების სასწავლო პროგრამას. საბოლოოდ, გადაცემაში მანამდე მატარა, სანამ არ გავიმარჯვე.

გამარჯვებისას, ვკითხე, როგორი გოგო ვარ-მეთქი, არა გიშავსო. მეგონა გაუხარდებოდა, მეგონა მისი უდიდესი ოცნება ავასრულე. არც კი გამიღიმა. არასოდეს დაურთავს ნება, გამეცდინა თუნდაც ერთი გაკვეთილი, მაღალი სიცხის, ბატონების გამო. როცა მეხუთე კლასში, შატალოზე პირველად გავიპარე, ანუ სკოლიდან 1 გაკვეთილით ადრე წამოვედი, მთელი თვე არ მაჭამა ვარდის მურაბა – ჩემი ბავშვობის საყვარელი ტკბილი გემო.

 

მეოთხე კლასში რომ ვიყავი, სახალხოდ, მთელი კლასის თანდასწრებით სახეში სილა გამაწნა. ამბავი ის იყო, რომ გაუცნობიერებლად ავყევი ჩემს კლასელებს ერთ-ერთი კლასელის დამცირებაში. ეს ბავშვი იეჰოვას აღმსარებელი იყო და ამის გამო, მის მიმართ დამცინავი რეპლიკები, სამწუხაროდ, ხშირად ისმოდა. ახლა კი ვხვდები, რომ ამისთანა სამარცხვინო რამ ცხოვრებაში ძალიან ცოტა გამიკეთებია, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი, მარტო მე რატომ გამწირა. რატომ მომაყენა შეურაცხყოფა სახალხოდ. მე – საკუთარ შვილიშვილს.

 

მე გეგმებს ვაწყობდი – ვფიქრობდი, როგორ გადავხტებოდი ფანჯრიდან, თუ ასე გააგრძელებდა; როგორ დავხევდი სადამრიგებლო კლასის ჟურნალს, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა; როგორ დავწვავდი ჩემს დიპლომებს, ჭრელებს, სხვადასხვა ოლიმპიადებიდან და შეჯიბრებებიდან მოტანილს, რომლებსაც კედელზე ჩამოკიდებულს, ყოველ საღამოს გადახედავდა და ამაყი მზერით აცლიდა მტვერს.

 

მეცხრე კლასში, გაცვლითი პროგრამით ლონდონში ჩემი სასწავლებლად წასვლის საკითხი რომ დადგა, თავგანწირული ბრძოლისთვის მოვემზადე, იმისთვის რომ წასვლის ნება მოეცა და ჰოი, საოცრებავ! ბებიაჩემი ოდნავადაც არ შემწინააღმდეგებია. პირიქით, მოსამზადებელი პროცედურები საკუთარ თავზე აიღო, თავად ჩამილაგა ბარგი, დამემშვიდობა და მითხრა – აბა შენ იცი, სხვებს არ ჩამორჩეო. ეს იყო ყველაზე დიდი და უცნაური გაოცების გრძნობა დღემდე, რაც კი გამომიცდია. უკან დაბრუნების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სრულიად საპირისპიროდ შეიცვალა. მე და ბებია დავმეგობრდით.

 

მაშინ, როცა ჩემს თანატოლებს წნეხში ატარებდნენ და პროფესიებს თავად ურჩევდნენ, ბებიაჩემმა ეშმაკურად ჩამიკრა თვალი, რომ ვუთხარი, ჟურნალისტი უნდა გავხდე-მეთქი. აღარც გაკვეთილების გაცდენას მიშლიდა, იმის ხარჯზე, რომ შინ მომემზადებინა საგამოცდო მასალა. არც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, ჩემს ცხოვრებაში თითქმის აღარ ერეოდა და ჩემს ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა. მიბიძგებდა, რომ ყველგან წავსულიყავი, ყველაფერი მენახა, ყველაფერი გამეგო. მეკეთებინა ის, რაც მომწონდა და ვყოფილიყავი მასთან, ვისთან ყოფნაც მინდოდა.

დღემდე ბოლომდე ვერ ვხვდები, რა ჩანაფიქრი ჰქონდა. ამგვარად, რატომ იქცეოდა.

დღეს ბებიაჩემი – ფენიქსის ორდენის კავალერი, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ყველაზე სანდო და ერთგული. დღემდე მაკვირვებს მისი აზრები, შეხედულებები უმცირესობებზე, ქალთა უფლებებზე, თანასწორობის საკითხებზე, რელიგიურ მოტივებზე – ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ის,  დაცლილია სექსიზმისგან, ჰომოფობიის თუ რასიზმისგან. არადა, ჩვენ შორის რომ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, სწორედ ეს მაკვირვებს.

ფაქტი კი ერთია – მე და ჩემს ფიზიკის გადამდგარ გენერალს არ მოგვბეზრდება ერთმანეთს ზეპირად მოვუყვეთ „ვეფხისტყაოსნის” სტრიქონები და არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ვაკუუმში ორი უძრავი წერტილოვანი მუხტი ურთიერთქმედებს ძალით, რომლის მოდული პირდაპირპროპორციულია მუხტთა მოდულების ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის.

 

 

 

 

 

ჯანყი ბათუმში

0

რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველო ერთმა მოულოდნელმა მოვლენამ შეაშფოთა. ბათუმის ქუჩებში უბედურება დატრიალდა. გაბრაზებული ადამიანები პოლიციის წარმომადგენლებსა და საქალაქო ინფრასტრუქტურას დაერივნენ. კომპიუტერებთან მოკალათებული გაკვირვებული მოქალაქეების ნაწილი ეგზალტირებული მასის გამოსვლის აღკვეთას და დემონსტრანტთა სამაგალითო დასჯას მოითხოვდა. მათი მოთხოვნები დღემდე ძალაში რჩება. სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად ვფიქრობთ მიმდინარე პროცესების შინაარსზე და ვერასდროს ვპოულობთ გაუგებრობის გამომწვევ უპირველეს მიზეზებს. ჩვენთვის მთავარია ზედაპირული ანალიზი, განტევების ვაცის სასწრაფოდ აღმოჩენა და მასზე სასტიკი შურისძიება, რათა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ოსტატურად ავირიდოთ და წესრიგად წოდებულ სისტემას ბზარიც კი არ გაუჩნდეს.

ბათუმის არეულობა უნიკალური მოვლენა არ გახლდათ. ასეთი ამბები მსოფლიოს უამრავ კუთხეში ყოველწლიურად ხდება. განვითარებული ქვეყნებიც კი ვერ გაურბიან ამგვარ დავიდარაბას. აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს მთავარი ქალაქი, ლოს-ანჯელესი არაერთხელ გამხდარა საყოველთაო-სახალხო აგრესიის მსხვერპლი. გასულ წელს დიდმა აჯანყებამ მიწასთან გაასწორა ბალტიმორი. სპონტანურად შეკრებილი ჯგუფები ხშირად არბევენ ლონდონისა თუ პარიზის გარეუბნებს. როგორც წესი, ძალადობრივი სამოქალაქო გამოსვლების ტალღა იმ დასახლებებს გადაუვლის, სადაც მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ავტომობილები ისეთ ქალაქებში იწვის, სადაც ადამიანებს სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი თუ სხვა ნიშნით ჩაგრავენ. პოლიციის წინააღმდეგ ისეთ უბნებში ილაშქრებენ, სადაც ახალგაზრდები გარიყულად და არარეალიზებულად გრძნობენ თავს.

უკანასკნელი წლებია თითქმის ყოველ წელს დავდივარ აჭარაში. ჩემი მოგზაურობების მიზანი მხოლოდ დასვენება და გართობა არ გახლავთ. ხშირად ვსტუმრობ მაღალმთიან რეგიონებსა და საგარეუბნო დასახლებებს. რამდენიმე საპილოტე კვლევაშიც მაქვს მიღებული მონაწილეობა. ვამაყობ, რომ ახლოს ვიცნობ აჭარის არცთუ ისე ცნობილ, მაგრამ გულმოდგინედ მშრომელ სამოქალაქო აქტივისტებს. ვყოფილვარ მუყაოს ნაგლეჯებით შეკოწიწებულ „ოცნების ქალაქშიც“ და გიგანტური მშენებლობების შედეგად დაცარიელებულ სოფლებშიც. მოკლედ, აჭარაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ყოფის შესახებ ცოტა რამ მეც ვიცი. მინდა, რომ მათი პრობლემების შესახებ მოგიყვეთ. შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, რა მიზეზებმა განაპირობეს არეულობა ბათუმში.

ბათუმსა და აჭარაში ადგილობრივი ბიზნესი სულს ღაფავს. ყველაზე მაღალშემოსავლიანი ობიექტები ხელთ უპყრიათ გაურკვეველი სტატუსის მქონე კომპანიებს. ტურისტული სეზონის დროს გამომუშავებული მოგების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მსხვილ საწარმოებს მიაქვთ სახლში. ადგილობრივი ახალგაზრდების უმრავლესობა უმუშევარია. ელემენტარული შემოსავლის მოპოვების მიზნით, ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები იძულებულნი არიან უმძიმესი სეზონური სამუშაო შეასრულონ. ისინი მინიმალური, არაადეკვატური ანაზღაურების ფასად დღეს და ღამეს ასწორებენ ბუნგალოებში, სანაპირო ბარებში, სასტუმროებსა და მშენებლობებზე. არავინ იცავს მათ შრომით უფლებებს, მათი შრომის უსაფრთხოებას. კოლოსალური სამუშაოსთვის მიღებული გროშები სწავლის ქირის გადახდისა და ტრანსპორტის ხარჯის დაფარვისთვისაც კი არ არის საკმარისი. არსებობისთვის აუცილებელი რესურსების მოსაპოვებლად შრომისუნარიანი ადამიანები მეზობელ თურქეთში გადადიან ხოლმე. თურქეთში ისინი „შავ სამუშაოს“ ასრულებენ, ჩაის ბუჩქის გამარგვლის დროს ჩამუხლვის საშუალებაც არ აქვთ, მცირედი გადაცდომისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ხდებიან. ხშირია სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც.

ტრანსნაციონალური კორპორაციები და საერთაშორისო ბანკები აჭარის მაღალმთიანეთში აქტიურად აშენებენ გიგანტურ ჰიდროელექტროსადგურებს. აჭარის მაღალმთიანეთი ისედაც მცირემიწიანი რეგიონია. მასშტაბური მშენებლობები კიდევ უფრო მეტად ამცირებენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობას. მიწისქვეშ გაყვანილმა გვირაბებმა არაერთ დასახლებაში დააჩქარეს ისედაც მწვავე მეწყრული პროცესები. კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ. სოფლებში თანამედროვე სკოლების დეფიციტია. სოციალური და ეკოლოგიური პრობლემებით გაწამებულ მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია გამონათქვამი – „დაბაში ჩავიდეთ“. ისინი დაბად ბათუმს მოიხსენიებენ. შესაბამისად, ბათუმი მთიანი აჭარის უსახლკაროდ დარჩენილი პოპულაციის თავშესაფარიცაა. მთიდან ბარში ჩამოსულები უკეთეს რეალობას ნამდვილად არ აწყდებიან, ისინი ორმაგად იმედგაცრუებულნი არიან და გაცილებით უფრო დიდი აგრესიით აკვირდებიან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

უმძიმეს სოციალურ ყოფას, გარიყულობისა და დაჩაგრულობის შეგრძნებას ზოგიერთი ბოროტმოქმედის ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაც ემატება. ვიღაცები აჭარელ მუსლიმებს „თათრებად“ მოიხსენებენ. ვიღაცებს ვერ აუტანიათ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი განსხვავებული აღმსარებლობისაა.

ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ სოციალური ჩაგვრისა და რელიგიური დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრები ადამიანების ყოფა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამგვარი ჩაგვრის შემთხვევაში ნებისმიერი ჩვენგანის მანიპულირება ძალიან ადვილი იქნებოდა. ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ გაბრაზებული, გამწარებული, უიმედო და მომავლის რწმენის არმქონე საზოგადოების ბრბოდ გარდაქმნა უნიჭო პროვოკატორსაც კი შეუძლია.

რა ხდება დღეს?

არავინ ფიქრობს კონფლიქტის სოციალურ შინაარსზე. 17 წლის მოზარდი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია, უკვე დასაჯეს. კიდევ რამდენიმე ადამიანს დასჯიან. ნამდვილი პროვოკატორები და მჩაგვრელები კი მშვიდად და ბედნიერად განაგრძობენ საქმიანობას.

ვითარება არასდროს შეიცვლება, სანამ არ გავიგებთ, რომ ძალადობა მხოლოდ სისხლისღვრისა და ხელდახელ ანგარიშსწორების თავიდან არიდება არ არის. მშვიდობის მეცნიერების ფუძემდებელი, იოჰან გალტუნგი ძალადობას განმარტავს მდგომარეობად, როდესაც ადამიანები სხვადასხვაგვარი ზეწოლის ქვეშ არიან და მათი რეალური სომატური თუ გონებრივი რეალიზაციის მაჩვენებელი მათი პოტენციური რეალიზაციის მაჩვენებელზე დაბალია. ძალადობის ამგვარი ფორმების აღმოფხვრაზე თუ არ ვიფიქრებთ, საშინელი არეულობების საფრთხე მუდმივად იარსებებს.

 

 

ინფორმაციის სანდოობის შემოწმება „პოსტსიმართლის“ ეპოქაში

0

ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონის შერჩევით, 2016 წლის სიტყვად გამოცხადდა „პოსტსიმართლე“: ეს ტერმინი გამოიყენება ისეთი ვითარების აღსანიშნავად, როცა ობიექტური ფაქტები ნაკლებ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ვიდრე ემოციები და პირადი წარმოდგენები. მაგალითად: „ამჟამად, პოსტსიმართლის პოლიტიკის ეპოქაში, იოლია ინფორმაციის იმგვარად შერჩევა, რომ ნებისმიერი სასურველი დასკვნა მივიღოთ“. ყალბი ინფორმაციის როლი დიდი აღმოჩნდა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში. სხვადასხვა მიზნით გამოგონილი ყალბი სიახლეები დღეს ძალიან სწრაფად და ფართოდ ვრცელდება, ხოლო პოლიტიკოსები ხშირად „ყალბ ინფორმაციად“ ნათლავენ ისეთი მაღალხარისხიანი, ტრადიციული ჟურნალ-გაზეთების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს, როგორიცაა „ტაიმსი“, თუ სტატიაში მოყვანილი ფაქტები მათი მოსაზრებების საწინააღმდეგოა.

სტატიაში „რაც უფრო ვრცელდება ტყუილი მედიით, მით უფრო მეტ მკითხველს აშინებს სიმართლე“ საბრინა ტავერნისე წერს, რომ ეს დიდ პრობლემებს იწვევს: „გადამოწმებული ინფორმაციის ნაცვლად ყალბი სიახლეებისა და დაუსაბუთებელი მოსაზრებების გავრცელება აბნევს მკითხველს და ქმნის ბზარებს სიმართლის ზედაპირზე, რის შედეგადაც მკითხველს ეჭვი შეაქვს ყველაფერში და ობიექტურ ფაქტებსაც აღარ ენდობა“.

 

პრობლემის იდენტიფიცირება: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

თავდაპირველად აჩვენეთ სტუდენტებს ეს სურათი და ჰკითხეთ: „ამტკიცებს თუ არა ეს სურათი, რომ ფუკუშიმას ატომური სადგურის ირგვლივ გარემო დაბინძურებულია რადიაციით?“

 

პასუხების მოსმენის შემდეგ მოუყევით, რომ, სტენფორდის ისტორიული განათლების ჯგუფის უახლესი კვლევის თანახმად, აშშ-ს მოსწავლეთა და სტუდენტთა უმეტესობას არ შესწევს უნარი, გაარჩიოს მედიის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან და ამ კვლევაში შემავალი ერთ-ერთი კითხვა სწორედ ეს იყო.

ამ კვლევის მიხედვით, უფროსკლასელთა 40%-ს სურათის სათაურის საფუძველზე დაყრდნობით სჯერა, რომ დეფორმირებული გვირილების სურათი ფუკუშიმას ატომური სადგურის ირგვლივ ტოქსიკური გარემოს არსებობის მტკიცე საბუთია, მიუხედავად იმისა, რომ სურათი გამოქვეყნებულია რიგით ვებგვერდზე და არ არის ცნობილი, ვინ ან სად გადაიღო.

შემდეგ დააჯგუფეთ სტუდენტები და სთხოვეთ, ერთმანეთს დაუსვან შემდეგი კითხვები:

  • რას ნიშნავს „ყალბი ინფორმაცია“?
  • მოტყუებულხართ თუ არა თქვენ ან თქვენი რომელიმე ნაცნობი ბოლო დროს ყალბი სიახლით? თავადაც ხომ არ გაგივრცელებიათ შემთხვევით, როგორც სანდო?
  • რამდენად ცუდი შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ ნამდვილ ამბავს ყალბისგან ვერ გავარჩევთ?

 

სხვადასხვა ტიპის არასანდო ინფორმაციის განსაზღვრა

 

ვიწრო განმარტებით, „ყალბი სიახლე“ ნიშნავს სტატიას, რომელიც გამოგონილია მკითხველის მოტყუების მიზნით, ხშირად – იმისთვის, რომ მეტი წაკითხვა და გაზიარება მოუტანოს მის გამავრცელებელ ვებსაიტს. თუმცა ბოლო წლებში ის პოლიტიკური იარაღი გახდა.

დაეხმარეთ სტუდენტებს, განსაზღვრონ, რა მიზნით იქმნება „ყალბი ინფორმაცია“. მაგალითად, რა განსხვავებაა შემდეგ სიახლეებს შორის:

  • Onion ტიპის მედიის სატირული ინფორმაცია;
  • ყოველდღიური ბმულ-სატყუარა ჩვენი სოციალური მედიის სიახლეთა ზოლში;
  • სიახლე, რომელშიც მკაფიოდ ვლინდება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ ტენდენციურობა;
  • აშკარად გამოგონილი ინფორმაცია, მაგალითად პირდაპირ არჩევნების წინ გაშვებული სიახლე, რომ რომის პაპი მხარს უჭერს ტრამპს.

დასვით შემდეგი კითხვები:

  • არის თუ არა ამ ყალბ სიახლეთა რომელიმე ფორმა სხვებზე საშიში? რომელი და რატომ?
  • რა ხდება, როცა ტრადიციული და სანდო მედიის სიახლეებს ყალბს უწოდებს პოლიტიკოსი, რომელსაც ეს კონკრეტული მედია განსაზღვრული პოლიტიკური გეგმების განხორციელებაში უშლის ხელს?
  • რა ხდება, როცა თავად პრეზიდენტი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას? მაგალითად, ტრამპის სიტყვები მისსავე ტვიტერზე: „ამომრჩეველთა კოლეგიის მიხედვით მიღებული აშკარა უპირატესობის გარდა, მე პირდაპირ ამომრჩეველთა ხმებითაც მოვიგე, თუ იმ მილიონობით ადამიანს არ ჩავთვლით, ვინც არალეგალურად მისცა ხმა“.

იმისთვის, რომ დეზინფორმაციის საფრთხეებს მოვერიოთ, უნდა ვიცოდეთ, როდის ხდება მისი ფორმირება და რა უწყობს ხელს მის სწრაფ გავრცელებას.

სცადეთ სავარჯიშო „კვალის პოვნა“, რომელიც ჟურნალისტმა ენდრიუ რევკინმა შექმნა ონლაინ კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამისთვის პეისის უნივერსიტეტში: კვირაში ერთხელ შეარჩიეთ ერთი სიახლე და დაადგინეთ, როგორ მოაღწია თქვენამდე ამ ინფორმაციამ. მაგალითად, თუ ეს ლტოლვილი ბავშვის შემაძრწუნებელი ფოტოა, თქვენამდე მან ფეისბუკით მოაღწია თუ ტვიტერით? ერთმა ფრენდმა მეორისგან გააზიარა? ვინ გადაიღო ეს ფოტო და ვინ გამოაქვეყნა პირველად? ანუ თვალი მიადევნეთ ინფორმაციის მიერ გავლილ გზას.

რევკინის აზრით, ამ სავარჯიშოს გამოყენებით სტუდენტები სწავლობენ, როგორ მოძრაობს ინფორმაცია სოციალური ქსელის გავლით და რა იოლად იმალება ამ გზაზე მისი პირველწყარო.

 

ინფორმაციის გადამოწმება

სთხოვეთ სტუდენტებს, დაასახელონ ერთი დეზინფორმაცია, რომელიც უკანასკნელი არჩევნების დროს გავრცელდა.

შემდეგ დაყავით სტუდენტები მცირე ჯგუფებად და დაურიგეთ ერთი და იგივე ფართოდ გავრცელებული საინფორმაციო გაზეთი, რომლიდანაც მათ უნდა ამოარჩიონ სტატია ან სურათი, რომელიც ვერ გამოქვეყნდებოდა ქვეყანაში, სადაც კანონით არ არის უზრუნველყოფილი პრესის თავისუფლება.

ჰკითხეთ სტუდენტებს:

  • როდესაც რამე სიახლეს კითხულობთ ინტერნეტში, საიდან იცით, რომ ეს სიმართლეა?
  • სანამ გაზიარების ღილაკს დააჭერთ, რა კითხვები უნდა დასვათ?

მერე კი შეახსენეთ ინფორმაციის გადამოწმების 6 ძირითადი კრიტერიუმი:

  • ვინ შექმნა ეს ინფორმაცია?
  • როგორ შეიქმნა ეს ინფორმაცია?
  • რატომ შეიქმნა ეს ინფორმაცია?
  • როდის შეიქმნა ეს ინფორმაცია?
  • რა არის გამოტოვებული ამ ინფორმაციაში?
  • რა დასკვნა გამომდინარეობს ამ ინფორმაციიდან?

სავარჯიშო მეორე:

დაავალეთ სტუდენტებს, ჩამოწერონ ის სიახლეები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში წაიკითხეს და გააზიარეს. სთხოვეთ, დაადგინონ თითოეული მათგანის წყარო, მერე კი ვიზუალურად წარმოადგინონ თითოეული ინფორმაციის მოძრაობა პირველწყაროდან ბოლო ეტაპამდე. დასასრულ, გააანალიზონ თითოულის სანდოობა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით, ჩამოაყალიბონ, საიდან იღებენ ინფორმაციის დიდ ნაწილს და როგორ ირჩევენ სანდო მედიაწყაროს.

მსგავსი სავარჯიშოებისა და კითხვების მეშვეობით სტუდენტებს უვითარდებათ ყალბი სიახლეების უკეთ გამოვლენის უნარი და შემდგომ მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ამოწმებენ იმ ინფორმაციის სანდოობას, რომელსაც თავად აზიარებენ. ამჟამად, „პოსტსიმართლის“ დროში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც სტენფორდის ისტორიული განათლების ჯგუფის ზემოთ განხილული კვლევის ერთ-ერთი დასკვნა გვარწმუნებს, „დემოკრატიას საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მნიშვნელობის მოვლენების შესახებ დეზინფორმაციის იოლი და სწრაფი გავრცელების შესაძლებლობა“.

 

კატერინა შულტენი, ამანდა ქრისტი ბრაუნი

ლექსიკური ყულაბის გასამდიდრებლად

0

ამას წინათ, მეექვსე კლასში გურამ დოჩანაშვილის ,,ყველაზე კარგი პაპა’’  ავხსენი, ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ეპიზოდმა, განრისხებულ ხელმწიფეს ვეზირისთვის საყვედურის თქმა რომ უნდოდა და  რადგან სხვა სიტყვა არ იცოდა ,მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა: ,,შე ცუდო, შენაო!’’. ბავშვებთან ერთად ვიმსჯელეთ, როგორი ღარიბი ლექსიკა აქვს მეფეს, როგორ არ ახსენდება სხვა სალანძღავი სიტყვა,  როგორ ვერ ხვდება, აქებენ თუ აგინებენ, როცა  ,,გერგილიანსა’’ თუ ,,ქველმოქმედს’’ ეძახიან, ან ,, თავში მტრედები უფრენენო’’, -ამბობენ მასზე. როგორც ამბობენ,მწირი და ღარიბი ლექსიკა ასეთივე მწირი და ღარიბი გონების ნიშანია, ჩვენი მოსწავლეების სამეტყველო ლექსიკა კი, სამწუხაროდ, სწორედ ასეთია. ბავშვები სულ თითებზე ჩამოსათვლელ ლექსიკურ ერთეულს სჯერდებიან წერისა თუ მეტყველებისას,  ვერ ახერხებენ, შეარჩიონ ყველაზე შესაფერისი რამდენიმე ზედსართავი სახელი ერთი და იმავე საგნის დასახასიათებლად და ამით თავიანთი მეტყველება უფრო ხატოვანი და ემოციური გახადონ.სიტყვიერების ყველა მასწავლებელი წასწყდომია, ალბათ, შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გმირის, ამბის, მოვლენის დასახასიათებლად მოსწავლეები  მხოლოდ შემდეგ ზედსართავებს იხსენებენ: კარგი, ცუდი, კეთილი, ბოროტი…  თუ ამ პრობლემას დროზე არ მივხედეთ ,მერე გვიანღა აღმოჩნდება  ,,თითზე კბენანი’’ და ლეონიძისა არ იყოს, ,,მუხლადი, ბედაური’’ ქართული სიტყვაც უკვალოდ გაქრება ბავშვების მეტყველებიდან. ზედსართავი სახელის ახსნისას კი  მასწავლებელს ბევრი საშუალება აქვს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად. ეს პროცესი შეიძლება ძალიან საინტერესოც აღმოჩნდეს მათთვის.

.შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტივობას, რომლებშიც ახალი და განსაკუთრებული ,ალბათ, არაფერია, მაგრამ გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ აპრობირებულია მეექვსე კლასში ზედსართავი სახელის ახსნისას და მოსწავლეებისაგან საინტერესოდაცაა მიჩნეული.

მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ, წარმოიდგინონ სწორი მოასფალტებული გზა და გაზაფხულის ყვავილებით მოფენილი მინდორი.  იმაშიც ადვილად მეთანხმებიან, როგორი მომაბეზრებელი და დამღლელია,დიდხანს უყურონ პირველი მათგანის უსახურ ერთფეროვნებას და როგორ ახარებს თვალს მეორე-სხვადასხვა ფორმის,ზომისა  და შეფერილობის ყვავილებით მოქარგული ველი.სწორედ ამ დროს მივაქცევინებ ყურადღებას, რომ ამ მრავალფეროვნებას ზედსართავი სახელის საშუალებით გამოვხატავთ, სწორედ იგი ანიჭებს ჩვენს მეტყველებას ხატოვანებასა და ფერადოვნებას (თუმცა,აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ,რომ აქაც დასაცავია ოქროს შუალედი,რათა ისე არ გაგვიტაცოს ზედსართავი სახელებით წინადადების ,,შემკობამ’’, რომ უფრო დავამძიმოთ თხრობა და გადავტვირთოთ იგი გარეგნული ,,სამკაულებით’’).  თავდაპირველად მოსწავლეებს ვთავაზობ რამდენიმე გამოცანას  ზედსართავების გარეშე. ფრჩხილებში ჩასმული ზედსართავები არ წამიკითხავს მათთვის:

1)დედა-(ტურფა) ,მამა-(ჯღანკი) ,შვილი-(გადარეული).

2) (ლურჯი)აბრეშუმი სარკმლისკენ მიიწევს.

3) მოვიდა (თეთრი) მოზვერი,გააგდო  (შავი)  მოზვერი.

4) ფრინველია (გრძელკუდა, ჭარტალა, ქურდბაცაცა).

5) (წითელი) ხარის ნაძოვში ბალახნ არ ამოდიანო.

რა თქმა უნდა, გაუჭირდათ  ზედსართავების გარეშე , მწირი დახასიათებით ამოეცნოთ ღვინო, ბოლი, დღე და ღამე, კაჭკაჭი, ცეცხლი. ამის შემდეგ, პირიქით,შევთავაზე მხოლოდ ზედსართავების მოშველიებით დახასიათებული საგანი, ამბავი თუ გმირი ამოეცნოთ, ამისათვის მათივე შესწავლილი ნაწარმოებებიც გამოვიყენე:

1)ამ გმირის ამბავი ძალიან სევდიანია,ტკივილიანი,ცრემლისმომგვრელი,გულსაკლავი (შვლის ნუკრი).

2) იგი შეიძლება იყოს  ჭრელიც, უსამართლოც, მშვენიერიც,საყვარელიც,დიდიც ,პატარაც…(ქვეყანა-მისანიშნებლად კმაროდა სიტყვა ,,ჭრელი’’, რომლითაც გ.დოჩანაშვილი ახასიათებს ქვეყანას თავის ზღაპარში)

3)იგი შეიძლება იყოს უტკბესიც და უმწარესიც,გრძელიც,წაგდებულიც და ჩაგდებულიც.(ენა).

4)იგი შეიძლება იყოს მანუგეშებელიც, გულისმომკვლელიც,ამშენებელიც, დამანგრეველიც, გამაბედნიერებელიც და გამაუბედურებელიც (სიტყვა) .

5)იგი შეიძლება იყოს ნორჩიც, ხასხასაც, დაკბილულიც, მწვანეც, აცახცახებულიც და უკანასკნელიც (ფოთოლი).

6) იგი შეიძლება იყოს საინტერესოც, უინტერესოც, სურათებიანიც, სქელიც, თხელიც, ყდიანიც, უყდოც (წიგნი).

ამ აქტივობის შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა დასკვნაც თავადვე გამოიტანეს ,რომ ზედსართავი სახელის დახმარებით შეიძლება საგნის ამოცნობა მის დაუსახელებლადაც კი,მისი გამოტოვებით კი ლაზათი აკლდება ტექსტს და ჭირს იმის მიხვედრაც,რის შესახებაა საუბარი.   მეტყველების განვითარებისათვის შესანიშნავი საშუალებაა სურათის აღწერა ზედსართავი სახელების გამოყენებით, რაც, გარდა იმისა,რომ მოსწავლეებს აჩვევს სურათზე ასახული კონკრეტული საგნებისათვის შესაფერისი ზედსართავი სახელების შერჩევას,მშვენიერების დანახვისა და მისით ტკბობის უნარსაც გამოუმუშავებს მათ. სწორედ ამისთვის ვაჩვენე ელენე ახვლედიანის  ცნობილი ნახატის- ,,ზამთრის’’- რეპროდუქცია. მოსწავლეებს უნდა შეერჩიათ ზედსართავი სახელები სოფლის, ეზოების, სახლების, ღობეების, ხეებისათვის, უნდა აღეწერათ უკანა პლანზე გამოსახული მთები,სურათზე ნანახი ბავშვები,მათი განწყობა,არ უნდა გამორჩენოდათ სურათის კუთხეში მდგომი მოხუცი ქალები,აივნიდან მაცქერალი მოხუცი,სადღაც კუთხეში გამოსახული ხურჯინაკიდებული გლეხი ,არ უნდა გამოჰპარვოდათ სურათის მარცხენა მხარეს ჩამავალი მზის სხივებით აელვარებული თოვლის უფრო ნათელი ფერი…  არაერთი სურათის გამოყენება შეიძლება ამ ფუნქციით, მაგრამ ვიყენებ არა მხოლოდ ისეთ სურათებს,რომელთა აღწერისას უამრავი ზედსართავი სახელის მოხმობა შეიძლება,არამედ ისეთსაც,სადაც ზედაპირზე როდი ჩანს დასახასიათებელი საგანი, სხვაგვარი ხედვა სჭირდება მათ დანახვასა  და გრძნობას.

ამიტომაც მივიტანე ერთხელ შავ-თეთრი სურათი ღარიბული ქოხისა. სურათის აღწერისას რამდენიმე მოსწავლემ შეძლო დაენახა გამოკეტილი ქოხის სევდაც, გაუსაძლისი ერთფეროვნების მომაბეზრებლობაც, ნაცრისფერი ყოფაც, უნუგეშო ცხოვრებაც, შემგლისფერებული ცაც.

 საინტერესო აღმოჩნდა შემდეგი აქტივობა ბავშვები ირჩევდნენ თანაკლასელს და თითოეული ახასიათებდა მას ერთი ზედსართავი სახელით, რომლითაც გამოხატავდა თანაკლასელის გარეგნულ მახასიათებლებსაც და მის ამა თუ  იმ თვისებასაც. ასე დაიხატა რამდენიმე ბავშვის სიტყვიერი პორტრეტი-თმახუჭუჭა თუ გრძელთმიანი, ცისფერთვალება თუ შავთვალა, მაღალი თუ დაბალი,დინჯი თუ ონავარი, მშვიდი თუ დაუდგრომელი,ბეჯითი თუ ზარმაცი,გულისხმიერი თუ უდარდელი…, -ათასგვარი ეპითეტით შეამკეს მოსწავლეებმა ერთმანეთი. (რა თქმა უნდა, კორექტულობის ფარგლებში).

ვიყენებ კიდევ ერთ აქტივობას-შესწავლილი ნაწარმოების გმირთა დახასიათება  ზედსართავ სახელთა მოშველიებით.   მუშაობენ წყვილები და ახასიათებენ ხელმწიფეს (გ.დოჩანაშვილის ,,ყველაზე კარგი პაპა’’),  უცხო მოყმეს (შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’) ,წვიმის მოყვარულ კაცს (გ.პეტრიაშვილის ,,წვიმის მოყვარული კაცი’’) , სიტყვის პაპას,  (გ. დოჩანაშვილის  დასახელებული ზღაპარი) ,ვარსკვლავბიჭუნას (ოსკარ უაილდის ,,ვარსკვლავბიჭუნა’’) ,ეინარ მიხალაინენს (ს.კლდიაშვილის ,,შორეული’’) , იოსებას (რ.ინანიშვილის ,,უშიშარი ბიჭი იოსება’’) და ა.შ.

   მოსწავლეთა ლექსიკის გამდიდრებისათვის არაჩვეულებრივი საშუალებაა სინონიმურ და ანტონიმურ ზედსართავებზე მუშაობა, ამისათვის ვაძლევ მათ ამა თუ იმ ზედსართავს და ვავალებ,გაიხსენონ მისი სინონიმები და ანტონიმები, უნდა შეეცადონ,რომ თითოეულ ფორმას უპოვონ მაქსიმალური რაოდენობის სინონიმი და ანტონიმი (მაგალითად, შემდეგ ზედსართავებს: ენატკბილი, ხელგაშლილი, ძუნწი, ამაყი, ღარიბი, უშნო, ხარბი, გულკეთილი, ოტროველა, ორგული, ცრუ, მოხუცი, ჭკვიანი, ღონიერი, უმეცარი, ბეჯითი, მარდი, გერგილიანი, ფართო, ავსიტყვა…).  ამ აქტივობზე მუშაობისას, ვცდილობ,აუცილებლად დავუთმოო გარკვეული დრო იმაზე საუბარსაც ,რომ სინონიმები ყოველთვის თავისუფლად ვერ ჩაენაცვლებიან ერთმანეთს, მაგალითად, გამოთქმებში ,,ჭკუას ასწავლის’’, ,,ჭკუა ვერ ისწავლა’’,  ჭკუას მისი სინონიმით-გონებით ვერ შევცვლით. ვერც წმინდასა და სუფთას შევუნაცვლებთ ერთმანეთს და  მკვეთრად  უნდა გავმიჯნოთ ამ ორი სინონიმის გამოყენების არეალი, თუ წმინდა შეიძლება ვთქვათ გრძნობის, გულის, გონების, ტაძრის, ფიცის, სიყვარულის, სანთლის… დ.ა.შ. დასახასიათებლად, სუფთა შეიძლება იყოს ზეწარი, ფეხსაცმელი, ქაღალდი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ეზო დ. ა.შ.

ერთ-ერთ აქტივობას წარმოქმნილ ზედსართავ სახელებზე მუშაობისას ვიყენებ-ვაძლევ არსებით სახელებს  და ვავალებ  მათგან  ზედსართავი სახელების მიღებას. შეიძლება ამას კონკურსის სახეც მიეცეს-გარკვეული დროის განმავლობაში ვინ მეტ ზედსართავ სახელს აწარმოებს შემდეგი არსებითი სახელებისაგან:ენა, ხელი, გული, თვალი, სული, ქუდი, პირი, მკლავი, თავი, შუბლი. როცა სიტყვა ,,გულიდან’’ ზედსართავ სახელებს აწარმოებენ, როგორც წესი, რამდენიმე ახსენდებათ ხოლმე , სწორედ ამ დროს ვუკითხავ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან ასამდე ზედსართავს, ამ სიტყვიდან წარმოებულს  და თავადვე რწმუნდებიან, რა მდიდარი ენა გვაქვს. კიდევ უამრავი აქტივობის ჩამოთვლა შეიძლება, ვამუშავებ ზედსართავი სახელების გამოყენებით წინადადებების შედგენაზე, საბოლოოდ კი კლასშივე ვაძლევ შემდეგ დამოუკიდებელი სამუშაოს-ძირეული და წარმოქმნილი ზედსართავი სახელების გამოყენებით აღწერონ თავიანთი საკლასო ოთახი ან სკოლა…     ამ დავალებასაც არანაკლები ხალისითა და ინტერესით ასრულებენ და სწორედ ამიტომ მიჩნდება იმედი, რომ თითოეული ეს აქტივობა საბოლოოდ მათი ლექსიკის გამდიდრება-დახვეწას შეუწყობს ხელს.

 

 

მოსწავლის ავტოგრაფი

0

***

ამბავი კი აღწევს ჩვენამდე, მაგრამ წასვლას „ვერ ვახერხებთ, „ვერ ვიცლით“; მერე, როცა „ფაქტის წინაშე“ ვდგებით – „გულწრფელად ვწუხვართ“; უფრო მერე – „სინდისი გვქენჯნის“; ბოლოს კი თავს იმით ვინუგეშებთ, რომ  არც პირველები ვართ და არც უკანასკნელები და ცხოვრებას  ვაგრძელებთ.

სულ სადღაც მიგვეჩქარება, დავქრით –  მანქანებით, მტარებლებლებით, თვითმფრინავებით – უკვე ცაში უფრო ხშირად ვართ, ვიდრე მიწაზე; მიწაზე ყოფნა კიდევ, ვიცით რასაც ნიშნავს ჩვენს საუკუნეში – ოფისებსა და კაბინეტებში გამოკეტვას, კომპიუტერში თავის ჩარგვას და რეალური სამყაროსგან და ადამიანებისგან მოწყვეტას. აქ ვსახლდებით: აქ  ვწერთ და ვკითხულობთ, აქ გვიყვარდება და გვძულდება, აქ ვყიდულობთ და ვყიდით, ექიმის დანიშნულებასაც აქ ვიღებთ და გადასახადებსაც აქედან ვიხდით, აქ ვლოცულობთ და აღსარებებს ვაბარებთ,  აქ ვულოცავთ  დღესასწაულებს ახლობლებს, აქ ვუსამძიმრებთ ვირტუალური ცრემლებით და…  რაღა დარჩა? – არც არაფერი, გარდა სინანულისა, რომელსაც სიმორცხვის გრძნობასავით ოდესმე აუცილებლად დავკარგავთ.

***

 „…ნათესავის მოსანახულებლად  ხომ მისულხარ საავადმყოფოში?“

სამჯერ, ოთხჯერ გადაგიდია იქ  წასვლა.

ბოლოს, „უკანასკნელ დღეშიაო და

გამოგინახავს დრო ვალის მოსახდელად.

შესულხარ, მოუხერხებლად  ჩამომჯდარხარ საწოლის კიდეზე:

როგორ გიკითხოო? ნუ გეშინიაო! “ (შადიმან შამანაძე)

პოეტის მიერ ზუსტად და შეულამაზებლად აღწერილ ამ სიტუაციაში ყოველი ჩვენგანი არაერთხელ, ან ერთხელ მაინც აღმოჩნდება (ან უკვე აღმოჩნდა) ცხოვრების მანძილზე. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ლექსში აღწერილზე  კიდევ უფრო მტკივნეული შემთხვევებიც არსებობს, როდესაც  მხოლოდ „ვალის მოსახდელად “ კი არა, მართლა გულით გინდა  „უკანასკნელ დღეში“ მყოფი ახლობელი ადამიანის მონახულება, მაგრამ მოუცლელობის გამო ვერ ახერხებ. და ერთ საღამოს,  ძილის წინ, როცა უკვე მტკიცედ გადაწყვეტ, რომ ხვალ უსათუოდ წახვალ –  საავადმყოფო იქნება ეს თუ სახლი – სწორედ იმ დილით, უფრო ნაშუადღევისკენ, რადგან ასეთ ამბებს უთენია არ აუწყებენ ხოლმე – ვინმე საერთო ახლობელი დაგირეკავს და: „ცუდი ამბავი უნდა გითხრა, წუხელ საწყალი…“

***

შარშან, სექტემბერში, ჩემს ტელეფონზე ორჯერ გაისმა ასეთი ამბის მაუწყებელი ზარი – უცნაური დამთხვევაა, რომ ქართულში ამ სიტყვას აქვს ომონიმი, რომელიც  დატირებას, გლოვასაც ნიშნავს – მაგრამ ორივემ ერთი და იმავე ადამიანის – ჩემი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისა და მეგობრის – გარდაცვალება მამცნო.

ლეილაერქვა, რაც არაბულად ღამეს, შავს ნიშნავს, მაგრამ სიშავეს და სიბნელეს არაფერი ჰქონდა მასთან საერთო,  მით უფრო, რომ კარგი მასწავლებელი ისედაც სინათლე და დღეა და მაშინაც გინათებს ცხოვრებას, როცა გგონია, რომ დამოუკიდებლადაც მოიპოვებ ყველანაირ „შუქს“.

არ ვიცი, რამდენი რამეა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც პირველად სწორედ ლეილა მასწავლებელმა „მითხრა“, „დამანახა“ და „წამაკითხა“;  რასაც პირველად ლეილა მასწავლებელმა „შემახო“, მაზიარა“ და „მიმაახლა“; ვინც პირველად ლეილა მასწავლებელმა „გამაცნო“, „შემაყვარა“ და „აღმომაჩენინა“. მართლია, მერე და მერე მეც აღმოვაჩინე, რომ მისი კარგი მასწავლებლობა რაიმე განსაკუთრებულ  წიგნიერებას და  ერუდიციას კი არა, უფრო მის ლიტერატურულ გემოვნებასა და ალღოს, კეთილსინდისიერებას, მოსწავლეებთან  ჯანსაღ ურთიერთობებს და  პროფესიისა და სიცოცხლის სიყვარულს ეფუძნებოდა, მაგრამ ამით მის ღირსებას არაფერი დაჰკლებია. ის არასოდეს ყოფილა ჩარჩოებში მოქცეული „საბჭოთა მასწავლებელი“,  თავისუფლება უყვარდა და ჩვენც ნელ-ნელა, მიმღებლობის მიხედვით, ერთად თუ ინდივიდუალურად, გვაზიარებდა თავისუფლების გემოს. მასში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ საფუძვლიანად იცნობდა თავისი ყველა მოსწავლის  განცდებსა თუ მისწრაფებებს, იცოდა ყველას პრობლემა და ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად.

ლეილა მასწავლებელი იყო პირველი, ვისაც ვუზიარებდი წაკითხული წიგნისა თუ ნანახი ფილმის შთაბეჭდილებებს, ვისთანაც, ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს,  მეგობრის სტატუსით მივდიოდი სტუმრად და მის მყუდრო სახლში თანასწორებივით ვსაუბრობდით  მაშინ ჯერ კიდევ უამრავ ტაბუდადებულ თემაზე. ახლაღა ვხვდები, რა ახალგაზრდა ყოფილა, როდესაც ჩვენს კლასში პირველად შემოვიდა. გუდიაშვილის ქალებს ჰგავდა,  მათსავით მიმზიდველი და ხორცსავსე იყო, მოცინარი თვალებითა და  ოქროსფრად შეღებილი თმით, რომელსაც შუბლზე  გვერდულად ჩამოიყრიდა ხოლმე, უკან კი გოგოსავით ჩაიწნავდა.

***

ხშირად დავდიოდით ექსკურსიებზე. თითქმის  არ დარჩენილა  საქართველოში კუთხე და  ადგილი, მასთან ერთად რომ არ მოგვევლო. ტყესა და მთასაც ხშირად ვსტუმრობდით. გაზაფხულის დადგომისთანავე, მოვიკიდებდით ზურგჩანთებს და ავუყვებოდით კავკასიონისკენ მიმავალ ბილიკებს. ფიქრობდა, რომ ასე უფრო გავიცნობდით ცხოვრებასაც და ერთმანეთსაც;  მისი წყალობით ვიყავი პირველად  მარჯანიშვილის თეატრში, სადაც, შეიძლება მაშინ ასაკისთვის შეუფერებელი, მაგრამ, სამაგიეროდ, ლეგენდად ქცეული „ურიელ აკოსტა“ ვნახე კოტე მახარაძისა და სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით; მისი იდეა იყო თემურ ჩხეიძისა და მედეა ჩახავას მოწვევა ჩვენი სოფლის სკოლაშიც, რაზეც, როგორც ვიცი,  ხვეწნა არ დასჭირვებიათ;  რომ არა ეს ფაქტი, ახლა არ მექნებოდა ძვირფასი ფოტოები, სადაც ბიჭურად  თმაშეკრეჭილი მოწიფული შავტუხა გოგო, ასევე შავგრემან მედეა ჩახავასა და თემურ ჩხეიძის შუაში ვდგავარ გაბადრული, და როგორც მაშინ  ქალბატონმა მედეამ იხუმრა,  მართლა  ვგავარ ორივეს;  მისი სახსოვარია ჩემი უსაყვარლესი ხალხური პოეზიის წითელყდიანი კრებული, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვკითხულობდი ჩუქების შემდეგ და ამიტომაც ბევრად ადრე „შემომესწავლა“  ფოლკლორის გამოცდაზე ზურაბ კიკნაძისთვის ჩასაბარებელი „შიოლა და მთრეხელი“, „ხოგაის მინდი“, „ჯარჯი“, „ხმით ნატირლები“ და კიდევ ბევრი სხვა ლექსი. და კიდევ ერთი,  უმნიშვნელოვანესი რამ: მან პირველმა მირჩია ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და უბედნიერესი იყო, როდესაც გაიგო, რომ მისი რჩევა გავითვალისწინე.

***

დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია. ღირსეულად გადაიტანა ახალგაზრდა, ავარიით გარდაცვლილი ვაჟის სიკვდილი. სოფლიდან ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ სკოლაში აღარ უმუშავია. უბედურებამ კიდევ უფრო კეთილშობილი  და თავმდაბალი გახადა. მირეკავდა ხოლმე, როცა რომელიმე ჟურნალსა თუ  გაზეთში დაბეჭდილ ჩემს მოთხრობას ნახავდა. მილოცავდა, ტელეფონიდან მეფერებოდა  თავისი უკვე ასაკშეპარული, თბილი ხმით, რომელსაც   ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ხანდახან უცნაურად მჟღერი, გაუკონტროლებელი ბგერები ამოჰყვებოდა ხოლმე. როგორ მიყვარდა მისი ხმის ეს ჟღერადობა!..

2010 წელს ჩემი პირველი კრებული,  „ინო“ დაიბეჭდა. ეს ამბავი მაშინვე ვახარე და პრეზენტაციაზეც დავპატიჟე. აუცილებლად მოვალო, მითხრა, მაგრამ  როცა ორი კვირის შემდეგ წინა დღით კიდევ შევახსენე, უზომოდ შეწუხებულმა მითხრა – მაპატიე,  ფეხი მოვიტეხე, სახლიდან ვერ გავდივარ და იქნებ შენ მოახერხო და მოხვიდე ჩემთანო. რა თქმა უნდა, დავპირდი და სიცილით დავაყოლე, თან წიგნსაც გაჩუქებთ მოსწავლის ავტოგრაფით-მეთქი. სამახსოვრო წარწერა უკვე გაკეთებული მქონდა, მაგრამ… ვეღარ მივედი, როგორც ხდება ხოლმე. მხოლოდ ერთხელ, სოფელში ყოფნისას მივაკითხე.  არავინ გამაგონა ჩაჟანგებული რკინის კარს იქიდან.  ამ დროს უკვე ავად ყოფილა.

მისი კუთვნილი წიგნი ახლაც მიდევს თაროზე ხალხური პოეზიის კრებულთან ერთად.  კრებულში კი  შუაზე გაკეცილი ცალხაზიანი  რვეულის ორი ფურცელი მაქვს ჩადებული, რომელზეც მეცხრე კლასში  – ალბათ ერთ-ერთი მორიგი ლაშქრობის შემდეგ – თავისუფალი თემა – „მთას ვიყავ“  დამიწერია. არ მახსოვდა. სახლში ინახავდა თურმე და სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მომცა, ახლა ჯობია შენ გქონდესო. თემის ბოლოს წითელი პასტით დიდი ხუთიანია მოხაზული, მის გასწვრივ კი წერია: „ლეილა მასწავლებელს შენი სჯერა!“

***

გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, არ ვიცი, სინდის ქენჯნისა თუ მასზე ფიქრის გამო, სიზმარში ვნახე. სამასწავლებლოდან  გრძელი დერეფნით ჩემი კლასისკენ მოდიოდა. როგორც ყოველთვის, საშუალო ქუსლიანი, ტანგეტკა ფეხსაცმელები  ეცვა, ტანზე მომდგარი  ორნაჭრიანი ლურჯი ლავსანის ბოლოკაბა და თეთრი პულოვერი. მოდიოდა ახალგაზრდა, ლამაზი. დერეფნის ღია ფანჯრებიდან შემოსული მზის შუქი ზოლებად გადასდიოდა ოქროსფერ თმაზე.  ორივე ხელში კი რაღაცნაირად, მოუხერხებლად  ეჭირა საკლასო ჟურნალი, რომელზეც ზევიდან ჩემი იასამნისფერყდიანი წიგნი იდო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებლობა მუდმივად ფორმაში ყოფნაა

0

ნანა სვანიძე 35   წელია ფიზიკას ასწავლის. ჩვენთან ინტერვიუში ის იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამო ჩვენს საგანმანათლებლო ცხოვრებაში ფიზიკის საგნისადმი ინტერესი დაბალია და, მეტიც, ის არაპოპულარულ საგნად ითვლება.

 

რატომ გადაწყვიტეთ ფიზიკის მასწავლებლობა? ხომ არ მოუხდენია სკოლის წლებს რაიმე გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?

– ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, მასწავლებლობაზე ვოცნებობდი-მეთქი. 15 წლიდან იურისტობა მინდოდა, ოჯახმა კი გადაწყვიტა, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. ისე მოხდა, რომ ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ეს 70-იანი წლებია, როცა ფიზიკას და ფიზიკოსობას დიდი „წონა” აქვს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კოლხეთის ინსტიტუტში უნდა დამეწყო მუშაობა, როდესაც ჩემს ყოფილ მათემატიკის მასწავლებელს შევხვდი და სწორედ მან გადამაწყვეტინა მასწავლებლობა. ასე დავიწყე მუშაობა სკოლაში და 35 წელია ვმუშაობ. აქედან, 28 წელი ქუთაისის № 14 საჯარო სკოლაში და უკვე ორი წელია, რაც პარალელურად ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №41 საჯარო სკოლაში ვასწავლი.

 

მასწავლებლისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეს უყვარდეს მისი საგანი. თქვენს მოსწავლეებს თუ უყვართ ფიზიკის გაკვეთილი?

– ფიზიკა ერთ-ერთი საინტერესო დისციპლინაა იმ საგნებიდან , რაც სკოლაში ისწავლება, მაგრამ მოსწავლეების დიდი დაინტერესება არ ჩანს. ისე კი ყოველთვის მოიძებნება კლასში 2-3 მოსწავლე, რომელიც დაინტერესებულია ამ საგნით და შემდეგ უკვე დანარჩენების აყოლიებას ვცდილობ.

რამდენად აკმაყოფილებს სკოლის ლაბორატორიების მდგომარეობა განათლების თანამედროვე გამოწვევებს? საგნისადმი დაბალი ინტერესი მითაც ხომ არ არის განპირობებული?

– სკოლებში ლაბორატორიების მდგომარეობა მართლაც არადამაკმაყოფილებელია. ე.წ აინშტაინის ლაბორატორია არ არის ქმედითი და ხელსაწყოებიც მოუხერხებელი და გამოუყენებელია. მოსწავლე ფიზიკის ყველა ნაწილში უნდა აკეთებდეს ცდებს და პრაქტიკაში ცდილობდეს ცოდნის გამოყენებას, ლაბორატორიებში კი მხოლოდ მენზურები, კოლბები და სინჯარები ვარგა. დანარჩენი ხელსაწყოების გამოყენებისას კი არის დიდი ცდომილებები. ფიქრობ ესეც ახდენს გავლენას იმაზე,  რომ მოსწავლე სრულად არ არის ჩართული ცოცხალ პროცესში.

რა მეთოდები გაქვთ მოსწავლის დასაინტერესებლად?

– მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როცა გაკვეთილი მათზე ორიენტირებულია და როცა ის თავად ხდება ცენტრალური ფიგურა და მასწავლებელი მასთან ერთად ცდილობს გაკვეთილის თუ აქტივობის მიზნის შემუშავებას. განსაკუთრებით მოსწონთ ჯგუფური მუშაობა და პროექტების განხორციელება, ასეთ გაკვეთილებზე არც დაღლილობა იგრძნობა და თითქმის ყველა ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. გარდა ამისა, დამატებით გაკვეთილებსაც ვატარებ, როცა ვხედავ რომ, რომელიმე მოსწავლეს ძალიან აინტერესებს თემა და ჩემი დახმარება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა პრობლემებს აწყდებიან ფიზიკის მასწავლებლები მუშაობის პროცესში?

– ესგ სტანდარტის მისაღწევად ყველა გზა კარგია, მაგრამ ფიზიკის და მათემატიკის პროგრამები ერთმანეთთან უნისონში არ მოდის. მაგალითად, ვექტორები ფიზიკის მასწავლებლებს საგნის დაწყებისთანავე სჭირდება, მათემატიკაში კი ჯერ კიდევ არაა ნასწავლი, ისევე როგორც კვადრატული განტოლება, ტრიგონომეტრიის ფორმულები და სხვადასხვა ფუნქციის გრაფიკები. ჩემი აზრით, ეს საგაკვეთილო პროცესის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.

თქვენ ქალი ფიზიკის მასწავლებელი ხართ. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ საგანმანთლებლო ცხოვრებაშიც გავრცელებულია ისეთი გენდერული სტერეოტიპი, როცა გოგოზე ამბობენ, რომ ბიჭის ტვინი” აქვს, თუ ის კარგად სწავლობს მათემატიკას, ფიზიკას და ა.შ. თქვენი გამოცდილება ამ მხრივ როგორია, რას იტყვით ამ მოსაზრებაზე?

– მასწავლებლობა, სამწუხაროდ, არ არის პრესტიჟული პროფესია, ამიტომ მასწავლებელთა უმეტესობა ქალია, მაგრამ ეს მხოლოდ გენდერული სტერეოტიპია. ფიზიკას და მათემატიკას ერთნაირად კარგად სწავლობს გოგოც და ბიჭიც, როცა არსებობს  სწავლისადმი ინტერესი. ხშირად გვესმის, რა ქალის საქმეა ფიზიკოსობა და ა.შ. მაგრამ, ეს ყველაფერი გენდერული უთანასწორობის გამოვლენაა. ჩემს კლასში ფიზიკას, მათემატიკას და სხვა საგნებსაც ბიჭებზე უკეთესად ვსწავლობდი, ასევე იყო ჩემი კლასელი გოგონებიც. თუმცა, იმ პერიოდში ბიჭებიც კარგად სწავლობდნენ ამ საგანს, რადგან თითქმის ყველა სპეციალობაზე ფიზიკა იყო ჩასაბარებელი. ახლა კი მდგომარეობა მასწავლებელთა ტრენინგების შედეგად გამოსწორდა და უკეთესი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პედაგოგი უკეთეს გაკვეთილს ჩაატარებს. ფიზიკის არაპოპულარობა კი დასაქმების თემას უკავშირდება. საქართველოში დასაქმების კუთხით მოთხოვნადი სპეციალობები სამართალმცოდნეობა და ბიზნესადმინისტრირებაა, ამიტომ ახალგაზრდები მხოლოდ ისეთ საგნებს ირჩევენ, რომლის ჩაბარებაც ამ სპეციალობებზე უხდებათ. ფიზიკის გაკვეთილზე კი შესაძლებელია პატარა კვლევის ჩატარება, პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, რაც გაკვეთილს საინტერესოს გახდიდა. ამისათვის კი ლაბორატორიაა საჭირო, მაგიდებთან მიყვანილი ელექტროდენით, როგორც მუდმივი, ასევე ცვლადი. კომპიუტერები, საპროექციო აპარატი და ა.შ ყველაზე კარგი იქნებოდა ე.წ. სმარტბორდები, მაგრამ ეს უკვე ოცნებებში გადავარდნაა, თუმცა ასეთ ლაბორატორიაში მუშაობა არცერთი მოსწავლისთვის არ იქნებოდა უინტერესო და ფიზიკის გაკვეთილიც ერთ-ერთი საყვარელი საგანი იქნებოდა მოსწავლის საგაკვეთილო ცხრილში.

მასწავლებლობის 35წლიანი გამოცდილება გაქვთ. რას გვეტყვით ამ პროფესიის სირთულეებსა  და  დადებით მხარეებზე?

– მოსწავლეებთან მუშაობა ჩემთვის მუდმივად ფორმაში ყოფნას ნიშნავს, ამიტომაც ის ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად გიბიძგებს იმისკენ რომ განვითარდე, თანამედროვე ცოდნით აღიჭურვო და  თვითგანვითარების სხვადასხვა გზები მოძებნო, რომ ყოველ გაკვეთილზე იყო საინტერესო. და რადგან, ყოველდღიურად ვხვდები ახალგაზრდა ადამიანებს, ვწვდები მათ საფიქრალს, ვსაუბრობთ, ვარკვევ, რა მოსწონთ და რა არა, ვისმენ მათ კითხვებს და მუდმივად მზადყოფნაში ვარ მათთვის პასუხების გასაცემად, ეს კი მუდმივ განათლებას მოითხოვს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მე არ მაქვს რაღაც მზა პასუხი მათ შეკითხვაზე და ამიტომ ვეუბნები – ვნახავ, წავიკითხავ, მოვიფიქრებ და გიპასუხებთ-მეთქი. მოსწავლემ ტყუილში არ უნდა გამოიჭიროს მასწავლებელი. უმჯობესია, პასუხი 2-3 დღის მერე უთხრა, ვიდრე დაუსაბუთებელი და არასწორი პასუხი გასცე.

 

 

 

განათლების  რეიტინგის გამოწვევები

0

წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნების მსოფლიო რეიტინგი წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იცვლება: როგორც წესი, მოწინავე პოზიციებს აზიის სახელმწიფოები იკავებენ. დღეს ვეცდებით ვუპასოხოთ კითხვას, რა განაპირობებს ამ ქვეყნებში განათლების სისტემის გამართვას და რა გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ აღმოსავლელ გამნათლების მესვეურთ ჩვენთვის?

 

უპირველეს ყოვლოსა განათლების საერთაშორისო ექსპერტები განათლების მინისტრებს აღმოსავლურ სამყაროში საქმიანი მივლინებების დაგეგმვას ურჩევენ.  წარმატებული ქვეყნების რეიტინგს თუ დავაკვირდებით, ერთგვარ გეოგრაფიულ კანონზომიერებას შევამჩნევთ: პირველ ადგილებს ხშირად იკავებენ სინგაპური, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, იაპონია. 2016 წელს განათლებული მოსწავლეების რაოდენობით თავი ჩინეთის პროვინციებმაც იჩინეს.

 

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს პოზიტიურ გამოცდილებას გაუზიაირებენ ტაივანის, მაკაოს და ვიეტნამის კოლეგები. ეს ქვეყნებიც ხშირად მოხვედრილან საუკეთესოთა ჩამონათვალში. სხვათა შორის, ჩვენს მიერ დასახელებულ ქვეყნებში კანონი ნამდვილად კანონობს, მაშასადამე, მოქალაქეებს, მოსწავლე-მასწავლებლებიანად კანონმორჩილება, კონფორმიზმი, გენეტიკური მიზანდასახულობა და კოლექტივიზმისკენ სწრაფვა ახასიათებთ. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მაღალი განათლების ხარისხით განთქმული ფინეთი, სადაც უპირატესობა უფრო სხვა – ლიბერალურ ღირებულებებს მიენიჭება.

 

წარმატებული განათლების სისიტემის მოხსენიებისას სპეციალისტები ხშირად აჟღერებენ ფენომენს სახელწოდებით „რესურსების წყევლა“. ფენომენის კანონზომიერების არსი შემდეგია: შემჩნეულია, რომ ბუნებრივი რესურსებით, ვთქვათ, ნავთობის უზარმაზარი მარაგით მდიდარ ქვეყნებში, განათლების დონე არცთუ მაღალია, რასაც მარტივი ახსნა აქვს: რთულია დაარწმუნოთ ადამიანი განათლების აუცილებლობაში მაშინ, თუ ის ისედაც იქნება უზრუნველყოფილი უზრუნველი მომავლით მაღალი სადიპლომო ქულების გარეშე.

 

თუმცა, „რესურსების წყელვას“ მეორე მხარე აქვს. ბუნებრივი რესურსებით ღატაკი ქვეყნების მოსახლეობას პირიქით, ინტელექტუალური წყურვილი ახასიათებს და ის  სწრაფად ვითარდება. ასეთია სამხრეთ კორეა, სადაც ექვსიოდე წლის წინ დაბალი წიგნიერების დონეზე საუბრობდნენ, დღეს კი მსოფლიო ბაზრის წარმოდგენა კორეული ტექნოლოგიების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

განათლების სპეციალისტები გამართული განათლების სისტემების ერთ-ერთ მთავარ ღერძად მასწავლებლებს ასახელებენ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ინდუსტრიის გურუმ, ანდრეას შლეიჰერმა ერთხელ აღნიშნა, რომ „არცერთ განათლების სისტემას არ შეუძლია იყოს უკეთესი მასში მომუშავე მასწავლებლებზე“. იგივე დაადასტურა გასული წლის ნოემბრის TIMSS რეიტინგმა: ამა თუ იმ ქვეყნების წარმატება პირდაპირ უკავშირდება სწავლების ხარისხს. ამდენად, რა მიზანიც არ უნდა დაისახონ განათლების მინისტრებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გარეშე ვერცერთი მიზანი ვერ მიიღწევა.

 

შესაძლოა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა იყო, მაგრამ განათლებული ქვეყნების  რეიტინგში მაინც ვერ მოხვდე. შემნეული ტენდენციის თანახმად, პირველ პწკარში უმეტესად ხვდებიან ისინი, ვინც არცთუ შორეულ წარსულში ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ. მაგალითად, ფინეთი. ამ ქვეყანამ სულ ახლახან აღნიშნა სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავი. მოწინავე სინგაპურშიც თანამედროვე პოლიტიკურ წყობა მხოლოდ XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ვიეტნამმა სწრაფი განვითარება მხოლოდ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო და სხვ. ჩნდება ეჭვი, რომ ნორჩი სახელმწიფოები უფრო იოლად ადაპტირდებიან და ექვემდებარებიან ცვლილებებს განათლების სისტემაში.

 

ასევე, განათლების სისტემაში რეფორმებს სწრაფად და ხარისხიანად ატარებენ მძლავრ მეზობლებთან შეჭიდებული ქვეყნები. ფინეთმა, პოლონეთმა და ესტონეთმა შეძლო საბჭოთა ბლოკის შემოტევების დაგავლენების უარყოფა. სამხრეთ კორეამ და ჰონკონგმა ჩინეთის გავლენისგან იხსნა თავი, პაწაწუნა სახელმწიფო სინგაპური კი ყოველთვის დიდი სახელმწიფოების ალყაში იყო მოქცეული.

 

განათლების სხვადასხვა რეიტინგში ესა თუ ის პოზიცია დგინდება იმ ახალგაზრდების რაოდენობრივი პროცენტიდან გამომდინარე, რომლებმაც ცოდნის გარკვეულ დონეს მიაღწიეს. რეიტინგში წინაურდებიან სწორედ ქვეყნები, სადაც წარმატებისთვის მოსწავლეთა უმრავლესობა იღვწის, შეძლებული წრეებიდანაც და ა სოციალურად დაუცველებიც. სწორედ ამით გამოარჩევიან აზიის ქვეყნები ევროპისგან – აქ მასწავლებლები იძულებულები და ვალდებულები არიან ყველაზე სუსტი მოსწავლეები ამეცადინონ, რათა მათ განათლების გარკვეულ ზღვარს მაინც მიაღწიონ.

 

განათლების სისტემის აღქმა პოლიტიკური და კულტურული გარემოს გათვალისწინების გარეშე რთულია. ძალიანაც რომ გვიყვარდეს ინოვაციებზე მსჯელობა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ სისტემაში, მათ შორის განათლების,  ცვლილებების შეტანა ბევრად მტკივნეულია და მზად უნდა ვიყო კრიტიკულად განწყობილი მოწინააღმდეგეთა მთელი არმიისთვის. სინამდვილეში, ქვეყნები მხოლოდ დროული ცვლილებების ხარჯზე აღწევენ მაღალ შედეგებს განათლებაში.

 

სპეციალისტები ურჩევენ განათლების სისტემაში მომუშავე ჩინოვნიკებს ყურადღება მიაქციონ სხვა ქვეყნების მიერ დანერგილ წარმატებულ იდეებს და გამოცდილებას. ყოველთვის არ არის აუცილებელი დროის დაკარგვა ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე და ექსპერიმენტებზე. იმისათვის, რომ განათლების სისტემა სრულად შეიცვალოს, ზოგჯერ ათი წელიც არ კმარა. დიდი დრო ამცირებს მოტივაციას, მით უფრო, რომ განათლების სფეროში საკმაოდ ხშირად იცვლებიან მინისტრები და ეს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემაა. მაგალითად, იყო შემტხვევა, როდესაც არგენტინაში 19 დღის განმავლობაში სამი განათლების მინისტრი გამოიცვალა. მინისტრების ხშირი ცვლა საზიანოა განათლების სისტემის რეფორმისათვის. განათლება გიგანტური სისტემაა. მისი კორექცია და „ადგილიდან დაძრა“ რთულია. მის შედეგებს კი თაობები იმკიან.

 

რაც შეეხება გასული წლის რეიტინგს, რომელიც შვეიცარიის არაკომერციულმა ორგანიზაციამ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური ანგარიშის (Global Competitiveness Report) ფარგლებში გამოაქვეყნა, გახლავთ 138 ქვეყნის ანალიზი.  2016 წლის ლიდერი განათლების სფეროში კვლავ სინგაპურია, მეორე ადგილს ფინეთი იკავებს, მესამეს – ნიდერლანდენი, რომლის მოსახლეობის მესამედს 25-დან 64 წლამდე უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შვეიცარია და ბელგიაა (შრომის ბაზარზე ბელგიელებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა ევროპაში). მათ მოყვება დანია, ნორვეგია, აშშ-ში, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ისლანდია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...