ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025
4 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

ამოუხსნელი ოლიმპიური საიდუმლო

0

ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელის ვინაობას ეძღვნება. ავტორს სურს, გაიგოს, ვინ არის ცნობილ ფოტოზე გამოსახული ყველაზე პატარა ოლიმპიელი.

ფოტო 1900 წელსაა გადაღებული და მასზე ორ გამარჯვებულ ნიჩბოსან სპორტსმენთან ერთად პატარა ბიჭია გამოსახული. სტატიაში მისი ასაკისა და წარმომავლობის შესახებ რამდენიმე ვერსიაა განხილული, თუმცა სამი ათეული წლის უშედეგო ძიების შემდეგ ცოტა ხნის წინ ახალი გაჩნდა ჰიპოთეზა: შესაძლოა, ეს ბიჭი ქართველი იყოს.

„ეს არის ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე დიდი საიდუმლო“, – ამბობს ოლიმპიადის ისტორიკოსების საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი, დევიდ უოლეჩინსკი.

უოლეჩინსკი წლების მანძილზე აქტიურად ავრცელებდა ფოტოს იმ იმედით, რომ ვინმე მას ამოიცნობდა. „30 წელია ამას ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ“, – აცხადებდა ის.

როგორც სტატიის ავტორი, ჯოშუა რობინსონი წერს, ოლიმპიადის ისტორიკოსების საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო წერილი, რომელმაც ვნებათაღელვა გამოიწვია. წერილის ავტორი ქართველი ისტორიკოსი და ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილია.

26-გვერდიან წერილში ნაცვლიშვილი ამტკიცებს, რომ უცნობი ბიჭუნა არა ფრანგი, არამედ წარმოშობით ქართველი გიორგი ნიკოლაძეა. ბიჭი გამოჩენილი ოჯახიდან იყო და იმ დროისთვის საფრანგეთში იმყოფებოდა. საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნით ის არა მხოლოდ დაეხმარა ნიდერლანდელებს პირველი ადგილის მოპოვებაში, არამედ თავადაც ექსტრაორდინალურ ცხოვრებას ეწეოდა.

ნაცვლიშვილის ანგარიში ეფუძნება 1980 წელს ნიკოლაძის დასთან ინტერვიუს, რომელიც იხსენებს, როგორ მოიგო მისმა ძმამ „ნავების შეჯიბრი საფრანგეთში“. ამის შემდეგ ნაცვლიშვილი წერს, რომ გიორგი შემდეგში გახდა „მათემატიკოსი, მეტალურგი, სახელმწიფო პირი, საზოგადო მოღვაწე, გამორჩეული ათლეტი და სპორტული ორგანიზატორი; თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის პროფესორი; რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში რამდენიმე სპორტული საზოგადოების დამაარსებელი; ქართულ ენაზე ტექნიკური და სპორტული ტერმინების ავტორი“.

ოლიმპიადის ისტორიკოსების საერთაშორისო საზოგადოების წევრები მასალებს გაეცნენ, თუმცა მათი ინფორმაციის სისწორეში დარწმუნებული ჯერ კიდევ არ არიან. მათი თქმით, ბევრი მტკიცებულება არაპირდაპირია; გიორგი ნიკოლაძისა და ფოტოზე გამოსახული ბავშვის მსგავსებაც აფიქრებთ. აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის ისტორიკოსის, ბილ მოლონის თქმით, „ის მცირედ წააგავს მას“.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა მცირეწლოვანი ბავშვი ოლიმპიადაზე, სტატიის ავტორი წერს, რომ საფრანგეთში ჩატარებული 1900 წლის ოლიმპიადა ნამდვილი ფიასკო იყო. ზოგიერთმა სპორტსმენმა ისიც კი არ იცოდა, რაში იღებდა მონაწილეობას. იმ დროს ნიჩბოსნები მესაჭეებად ხშირად პატარა ბიჭებს იყენებდნენ. ეს უცნობი ბიჭი კი ოლიმპიადაზე ნიჩბოსანთა ჰოლანდიელ წყვილს ეხმარებოდა.

უოლეჩინსკის განცხადებით, „ბავშვი ხალხის მასაში გაუჩინარდა და მას შემდეგ მის შესახებ აღარაფერი სმენიათ“.

საბოლოოდ კი ჰოლანდიელმა ისტორიკოსმა, ანტონი ბიჟრეკმა, რომელმაც ფოტო 1960 წელს აღმოაჩინა, განაცხადა, რომ „საიდულმო ისევ საიდუმლოდ რჩება“.

მეგობრობის მნიშვნელობა სკოლამდელ ასაკში -მეორე ნაწილი

0

მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება ადამიანის ცხოვრების პირველივე დღეებში იწყება. შეიძლება ითქვას, დაბადებამდეც კი, რადგან ნაყოფს  დედის მუცელში ესმის ხმები და რეაგირებს მათზე. ახალშობილის მხედველობა მხოლოდ იმ ადამიანებს სწვდება, რომლებსაც ის ხელში უჭირავთ, რადგან მხოლოდ 20-25 სმ-ის მანძილზე ხედავენ. სამი კვირის ბავშვი განარჩევს ადამიანის სახეს სხვა ობიექტებისგან და უპირატესობას ანიჭებს მას. ორი თვის ასაკში ის ამყარებს პირველ სოციალურ კონტაქტს – ღიმილს ღიმილით პასუხობს. მშობლების სიყვარული და მზრუნველობა ბავშვს დაცულობის განცდას უქმნის და სხვა ადამიანებისადმი ნდობით განაწყობს. 6 თვის ჩვილები უკვე შეხებით ეცნობიან ერთმანეთს და ტიკტიკებენ.

მშობლებს შეუძლიათ ჩვილობის ასაკიდან დაეხმარონ შვილებს მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად  აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებაში. ამისათვის საჭიროა,  მათ თავიდანვე გააცნობიერონ და აღიარონ, რომ ბავშვს განცდები და მოთხოვნილებები აქვს. გამოიცნონ მისი ქცევის მიზეზები, საჭიროებები და სწრაფად უპასუხონ მათ, მოექცნენ თბილად, ესაუბრონ, უმღერონ, იცეკვონ მასთან ერთად, ეთამაშონ,  ჩაეხუტონ, ხელში აიყვანონ, როცა ბავშვს ეს სჭირდება. დროთა განმავლობაში, ასეთი ურთიერთობისას, ისინი ზუსტად მიხვდებიან, როდის სჭირდება მათ შვილს ესა თუ ის აქტივობა და როდის იღლება მისგან და შესაბამისად შეუქმნიან დატვირთულ ან მშვიდ გარემოს. ასევე, მნიშვნელოვანია, თამაშის დროს აცალონ მას პასუხის გაცემა. მაგალითად, შეისვენონ ლაპარაკის დროს, შეხედონ თვალებში და დაელოდონ, სანამ ბგერებით გასცემს პასუხს ან გაიღიმებს. ბავშვები მშობლებისგან სწავლობენ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი გამოცდილება ექნებათ მათთან, ვისაც ცხოვრების პირველ თვეებში ყველაზე ხშირად ხვდებიან.

თუ 6 თვემდე  ჩვილები უპირატესობას უცნობ სახეებს ანიჭებენ, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ უმრავლესობას უცხო ადამიანების შიში უჩნდება. ამ დროს საჭიროა მშობლებმა იპოვონ „ოქროს შუალედი“, განაგრძონ ბავშვის საზოგადოებასთან ადაპტაცია ისე, რომ ეს ნაკლებად სტრესული იყოს მისთვის. ამისთვის, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მთავარია, უპირველესად ბავშვი გრძნობდეს თავს კომფორტულად და მხოლოდ ამის შემდგომ, მისთვის უცნობი ადამიანი. მშვიდი ინტონაციით, ხალისიანად გააცნონ ბავშვს უცხო. დარჩნენ მხედველობის არეში და დაანახონ, რომ კეთილგანწყობილნი არიან უცხოს მიმართ. აგრეთვე, გააფრთხილონ სტუმარი იმის შესახებ, რომ ბავშვს შეიძლება შეეშინდეს და დრო დასჭირდეს მასთან შესაგუებლად. თუ ბავშვი შეწუხდა, ყურადღება მისთვის ნაცნობ ნივთებზე გაამახვილონ.

1-2 წლის ბავშვები უკვე სიტყვებით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ისინი ბაძავენ და ჰყვებიან უფროსებს თამაშში, თუმცა თანატოლებთან თამაშს ჯერ მარტო თამაში ურჩევნიათ. ხშირად თამაშობენ ერთ სივრცეში, მაგრამ ცალ-ცალკე, რადგან ვერ იყოფენ სათამაშოებს.  3 წლიდან  უკვე იწყებენ სათამაშოების გაზიარებას და ერთად თამაშს. ასოციალური აქტივობა ასაკთან ერთად მცირდება, თუმცა ჯერ კიდევ იკავებს იმ 3-4 წლის ბავშვების თავისუფალი დროის დიდ ნაწილს, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დადიან.  4-6 წლის ბავშვების თამაში უფრო თანამშრომლური ხდება, ირგებენ და ინაწილებენ მშობლების, პროფესიების როლებს, რაც ეხმარებათ სხვისი განცდების გაგებასა და საკუთარის დარეგულირებაში. ისინი სწავლობენ კონფლიქტების მოგვარებას მოლაპარაკებისა და კომპრომისის გზით და იძენენ „კარგი მეგობრისთვის“ საჭირო უნარ-ჩვევებს.

მშობლებთან თბილი ურთიერთობის მქონე ბავშვები უფრო ადვილად ამყარებენ მეგობრულ კავშირებს. ისინი აკვირდებიან, როგორ ურთიერთობენ უფროსები ერთმანეთთან და ბაძავენ მათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მათ მეგობრობის პოზიტიური მაგალითი მისცენ. ასევე, შესაძლებელია, თოჯინების გამოყენება ამ მიზნისთვის – პატარა სპექტაკლი, რომელშიც მისი საყვარელი სათამაშოები ერთმანეთთან საუბრობენ. ის სკოლამდელი ასაკის ბავშები, რომელთა ოჯახები ხშირად აწყობენ შეხვედრებს და ერთვებიან ორგანიზებულ საქმიანობაში, სოციალურად უფრო კომპეტენტურნი არიან. მშობლების მაგალითზე ისინი სწავლობენ, როგორ უნდა გახდნენ მეგობრობის ინიციატორები და  კარგი მასპინძლები.

ბავშვები თამაშის დროს ხანდახან აგრესიას გამოხატავენ. სკოლამდელი ასაკისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია ინსტრუმენტული აგრესია – ბრძოლა კონკრეტული სათამაშოს მოსაპოვებლად. საჭიროა, მშობლებმა და სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებმა ასწავლონ მათ აგრესიის მისაღები ფორმებით გამოხატვა და კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარების გზები. ემპათიის განცდის ჩამოყალიბებისთვის, კარგი იქნება, თუ მშობლები დაეხმარებიან საკუთარი და სხვების ემოციების გარკვევაში („ნაწყენი ხარ, რომ გიორგი არ გეთამაშა?“), წააქეზებენ მათი ქცევის მიზეზების გამოცნობისკენ („როგორ ფიქრობ, რატომ მოიქცა ასე“) და გამოსავლის ძიებისკენ („შენი აზრით, შეძლებთ ისევ ერთად თამაშს? როგორ უნდა მოიქცეთ ამისთვის“). ამავდროულად, გამოხატავენ საკუთარ განცდებს – „როცა შენ მიყვირი, მე მწყინს. გთხოვ, შეწყვიტე ყვირილი“.

სკოლამდელ ასაკში ბავშვები მეგობრებად ირჩევენ ისეთ თანატოლებს, რომლებიც მათ გვერდით არიან, ვისთანაც დიდ დროს ატარებენ, ვისაც სათამაშოებს უზიარებენ და მათთვის მეგობრობა ხანგრძლივ ურთიერთობასთან არ არის დაკავშირებული. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ორჯერ უფრო მეტად გამოხატავენ სიხარულს მისალმებისას ან არიან უფრო დამთმობები იმ ბავშვებთან ურთიერთობისას, რომლებსაც მეგობრებად მიიჩნევენ. ამავე დროს, შეუძლიათ კლასის ყველა მოსწავლე მეგობრად დაგისახელონ. ამ ასაკში გვხვდება სქესის მიხედვით დამეგობრება და შესაბამისი კომენტარები: „გოგონები არ დაიშვებიან!“, „ბიჭებისთვის თამაშში მონაწილეობა აკრძალულია!“.
ადრეულ ბავშვობაში არ ირჩევენ მეგობრებს კანის ფერისა და ეთნიკურობის მიხედვით. თუ მათ ჩამოუყალიბდებათ კომფორტული, ხანგრძლივი ურთიერთობა ეთნიკურად განსხვავებულ მეგობრებთან, ისინი მათ განიხილავენ არა სტერეოტიპულად, არამედ როგორც ინდივიდებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი მეგობრობის წახალისება.

 

 

უდაბნოს ვარდი…

0

წვიმაზე ვოცნებობ… უდაბნოში გაშენებულ წარმტაც ბაღზე… ცეცხლი მინდა… ცეცხლის მოთამაშე ენას შევყურებ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის განკუთვნილი დრო უდაბნოს ქვიშასავით თითებს შორის მისრიალებს. ჰოდა… ტკივილისგან მეღვიძება…

ფიქრობთ, ჩემს ემოციებზე ვწერ? ჰო, საშინელი სიცხეები დგას და წვიმაზე მეც რომ ვიოცნებო, ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს. მეც კი-მეთქი, ვწერ, რადგან მე წვიმა არ მიყვარს. ბაღებზეც, რომ ვიოცნებო, ურიგო სულაც არ იქნება. ბაღში, წესით, უნდა გრილოდეს. სიცხეში ცეცხლი რატომ უნდა მინდოდეს, არ ვიცი. შესაძლოა, შინაგანი ცეცხლი მინდა? ჩემი დროც, ისევე როგორც თქვენი, ქვიშასავით სადღაც მიცოცავს… და თავში ამდენი აურზაური, რომ მექნება, დასიცხულს, უეჭველი ტკივილისგან გამეღვიძება.

თუმცა, ვინც ამ სიტყვებს მღერის, იმას, კიდევ ვიღაც ასული ეზმანება და ამ დასიცხულ, წვიმას დანატრებულ უდაბნოში, უდაბნოს ვარდს მისტირის.

რაზე  ვწერ? სტინგის სიმღერას ვიხსენებ უდაბნოს ვარდზე…

თუმცა ახლა სხვა სურათი წარმოიდგინეთ. უდაბნოა… ცხელა… რა წვიმა, რა ბაღი… ჰო, უდაბნოს ლერწამივით ტანის  ასულიც არსად ჩანს. სამაგიეროდ,  ახალგაზრდა კაცი დანადგარს მიაგორებს. ადგილს შეარჩევს, აპარატს გამართავს და მზის ენერგიის გამოყენებით უდაბნოს ქვიშის ლღობას დაიწყებს. შემდეგ ლაზერით ჭრის სპეციალურ ფორმას და შედეგად მინისგან დამზადებულ ჭურჭელს მიიღებს.

https://www.youtube.com/watch?v=ptUj8JRAYu8

ეს მარკუს კაიზერია. მანვე  შექმნა დანადგარი, რომელიც  ქვიშას ალღობს.

თავად დანადგარის ავტორი ინჟინერ-დიზაინერია და მოდელების, მაკეტების, მასალების შექმნის ტექნოლოგიებზე მუშაობს, მათ შორის, ქიმიური და ბიოლოგიური მოდელებისთვისაც. პროექტს „მზის პანელი“ დაარქვა, თუმცა ყველაფერი პატარა დანადგარით დაიწყო, რომელიც ადრე გააკეთა.  მაშინ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა. ის პირველი დანადგარიც  მზის ენერგიას იყენებდა. მასალად ეგვიპტური ბაზალტი ჰქონდა. დანადგარს „მზის მჭრელი“ ერქვა. მზის სხივების ენერგიას სპეციალური შუშის სფეროდან იღებდა. ენერგიის მეშვეობით ლაზერი 2D ელემენტებს ამზადებდა. ეს ელემენტები ხისგან იჭრებოდა და ძირითადად ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა. ამავე დროს, ე.წ. ჰიბრიდსაც წარმოადგენდა, ქარხნულსა და ხელნაკეთს შორის. სხვათა შორის, ნაკეთობის ხარისხზე ისიც მოქმედებდა, რამდენად მძლავრი იყო მზის ენერგია.

უდაბნოში უხვად ორი ელემენტია – მზე და ქვიშა. პირველი მათგანი დიდ ენერგიას გვაძლევს, მეორე – კვარცის სახით, სილიკატების უზარმაზარ მარაგს. სწორედ უდაბნოში, პირველი დანადგარით მუშაობისას მოვიდა იდეა, ეს ორი მასალა (მზე და ქვიშა) გაეერთიანებინათ. ქვიშას ალღობდა და აციებდა  მინის მაგვარი მასალის წარმოქმნამდე.

ფხვიერი მასალის მყარი ფორმის მასალად გარდაქმნის პროცესი თერმული შეცხობის სახელითაა ცნობილია. ბოლო პერიოდში ის 3D ბეჭდვის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. 3D პრინტერები უზუსტესი 3D ობიექტების დასამზადებლად ლაზერულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ამას აკეთებენ სხვადასხვა ფხვნილის მაგვარი პლასტმასების, ცვილისა და მეტალისგან. „მზის პანელი“  სხივებს ლაზერის ნაცვლად, ქვიშას კი ცვილის ნაცვლად იყენებს. დანადგარის საშუალებით ნიმის ნივთები მზადდება.

პირველი დანადგარი მაროკოს უდაბნოში გამოიცადა. შედეგები ისეთი იმედის მომცემი გამოდგა, რომ ახალ პროექტზე – „მზის პანელზე“ დაიწყო მუშაობა. ახალი დანადგარი  საჰარის უდაბნოში  აამუშავა.

მარკუს კაიზერთან ინტერვიუ ერთ-ერთ  ქიმიური ჟურნალში „Periódico Tchê Química“  მოვისმინე. დიახ, მოვისმინე და არა წავიკითხე, რადგან ამ გამოცემაში აუდიო ფაილებიც იყო ჩამაგრებული. ინტერვიუს რედაქტორი უძღვებოდა და მოსმენისას ჩნდებოდა განცდა, რომ შეკითხვები არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე პასუხები. აქ მხოლოდ ნაწილს დავწერ. ბუნებრივია, რედაქტორისგანაც მაქვს ნებართვა აღებული.

– უდაბნოში ყოფნისას, როდესაც ქვიშას ალღობდით, რაიმე დამხმარე ქიმიური მასალა ხომ არ გამოიყენეთ იმისთვის, რომ საჭირო ტემპერატურა მიგეღოთ? ნატრიუმს ან კალციუმის ოქსიდს ვგულისხმობ.

– არაფერი გამომიყენებია, მხოლოდ მზის სუფთა ენერგია. ტემპერატურის დასარეგულირებლად ქიმიური ნაერთების გამოყენება პროექტის შემდეგი, უფრო მაღალი საფეხური იქნება.

– ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აპარატმა 1500 °C-ზე მაღალ ტემპერატურას გაუძლო?

– გამოცდის ამ ეტაპზე  ლღობის პროცესში ტემპერატურა არ გაგვიზომია. თუმცა, ფაქტია, რომ ქვიშა ლღვება, მისი ლღობის ტემპერატურა კი 1500 °C-ზე მეტია.

– მზე ყველგან არის. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ „მზის პანელის“ დანადგარის გამოყენება სხვადასხვა ადგილას შეიძლება და მისი მეშვეობით განსხვავებული მასალა გალღვება? შესაძლებელია თუ არა გაკეთდეს იაფად დიდი ზომის გამძლე  სტრუქტურა?

– მომავალში შეიძლება ამაზე დაფიქრება. ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დანადგარი კარგად მუშაობს ქვიშაზე, ანუ სილიკატებზე. მსგავსი თვისებების მასალაც შესაძლოა გამოიცადოს, მაგრამ ამ დანადგარზე ჯერ არ გვიცდია. გამოცდაც ჯერ უდაბნოში დავიწყეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ მანქანისთვის საჭირო ენერგიას სწორედ აქ მივიღებდით.

– რაღაც პერიოდი ბაზალტის ქვას ვიკვლევდი. მათ ზომისა და ფორმის მიხედვით სხვადასხვგვარი გამოყენება აქვთ. თუმცა, ბაზალტის ფხვნილს უფრო კარგი გამოყენებაც შეიძლება ჰქონდეს. როდესაც „მზის პანელი“ ვნახე, სწორედ ბაზალტის ფხვნილი მომაგონდა. ხომ შეიძლება ბაზალტის სტრუქტურების „ბეჭდვა“ იაფად? რას ფიქრობთ ბაზალტზე?

– ბაზალტის ლღობის ტემპერატურა ახლოს არის ქვიშის ლღობის ტემპერატურასთან. აბრაზიულია, შესაძლოა ეს მასალაც გამოდგეს. სხვათა შორის, წინა დანადგარში სწორედ ბაზალტს ვიყენებდით. მის შემადგენლობაში სილიციუმის ოქსიდი 42-53%-მდე მერყეობს. ტუტე მეტალების ოქსიდები 5%-მდე. დანარჩენი ოქსიდები შემდეგნაირად გადანაწილდება: TiO2 -1,8-2,3%; Al2O3-14,5-17,9%; Fe2O3-2,8-5,1%; FeO-7,3-8,1%; MnO-0,1-0,2%; CaO-9,1-10,1%; P2O5-0,2-0,5%.

იმ ქვეყნებში, სადაც ბაზალტის მარაგია (მათ შორის ბრაზილიაშიც, სადაც ჟურნალი გამოდის),  მისი გალღობა უფრო აქტუალური იქნება. ისიც შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ამ მეთოდით წყლის მილები იქნეს „დაბეჭდილი“  და უწყლო ადგილებში წყლის მისაყვანად გამოიყენონ.

– თუ გიფიქრიათ, რომ ერთ დღეს სადმე ასობით თქვენი „პანელი“ ერთმანეთის გვერდით განლაგდეს  და უკეთესი  მსოფლიო „დაბეჭდოს“?

– ეს ყველაზე კარგი სანახავი იქნება. ამაზე ვმუშაობთ და ვცდილობთ პროექტის დახვეწას. ამ პროექტის დანერგვით სამუშაო ადგილებიც შეიქმნება და წარმოებაც გაიაფდება.

– როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა შესაძლებელი ამ დანადგარის მარილის წარმოებაში გამოყენება. იმ ქვეყნებში, სადაც ზღვაა, ანუ მარილიანი წყალი, მზე და სივრცე წყლის აორთქლებისთვის, მარილი აორთქლების ნარჩენ პროდუქტად დარჩება. აქვე შესაძლო იქნებოდა მეტალური ნატრიუმისა და ქლორის  მიღება. უბრალოდ,  საჭირო გახდებოდა ამ მანქანის ოდნავ შეცვლა და ელექტროლიზის ჩასატარებელი ნაწილის დამატება. ასევე, საჭირო იქნებოდა რაღაც გარკვეული ელექტროენერგია, ოღონდ მცირე რაოდენობით, რადგან ნატრიუმის ქლორიდი მზის ენერგიის მეშვეობით გალღვება.

ელექტროლიზის განყოფილების რეაქციები ასე წარიმართებოდა:

ანოდი: 2Cl→ Cl2+ 2e(1)

კათოდი: 2Na++ 2e→ 2Na(2)

 

2Na++ 2Cl→ 2Na + Cl2(3)

– თქვენ, როგორც ქიმიკოსი, მაინც ქიმიურ შეკითხვებს მისვამთ (იცინის). მთავარ საქმეს მაინც მზის ენერგია გააკეთებს. ასე რომ, ძალიან მცირე რაოდენობით გახდება საჭირო ელექტროენერგიის მოხმარება.

– დიახ, ცოტა ქიმიურ კითხვებს დაგისვამთ (რედაქტორიც იცინის). ახლა, რადგან შევთანხმდით, რომ „მზის პანელით“, თეორიულად ნატრიუმის ქლორიდის მიღება შესაძლებელია. ხომ არ შეგვიძლია სხვა რამეზეც დავფიქრდეთ. მაგალითად, წარმოებული მარილისგან რომ  წყალბადი ვაწარმოოთ? რეაქციები შემდეგნაირი იქნება:

2NaCl → 2Na + Cl2(4)

2Na(s) + 2H2O(l) → 2NaOH(aq) + H2(g)(5)

3NaOH(aq) + 6Cl2(g) → 5 NaCl(aq) + NaClO3(aq) + 3 H2O(l)(6)

3 Cl2(g) + 6 NaOH(aq) → 5 NaCl(aq) + NaClO3(aq) + 3 H2O(l)(7)

2H2 + O2 →2H2O(8)

– დანადგარის უპირატესობა, ჩემი აზრით, ის გახლავთ, რომ გამოყენება სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი. მათ შორის, ქიმიურ სფეროშიც. და კიდევ ისიც უნდა ითქვას, რომ მზე ყველა ქვეყანაში ანათებს და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს, იაფი ტექნოლოგია  ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

 

აი, ასეა საქმე.  უდაბნოა… ცხელა… რა წვიმა, რა ბაღი… არც  უდაბნოს ლერწამივით ტანის ასული  ჩანს არსად. სამაგიეროდ,  ახალგაზრდა კაცი დანადგარს მიაგორებს… გამართავს და… იცით, ერთ დღესაც შეიძლება ამ აპარატით უკეთესი მსოფლიო „დაიბეჭდოს“…!

საინტერესო გეოგრაფიული ობიექტები

0

ჩვენს პლანეტაზე არსებობს გეოგრაფიული ობიექტები,  რომლებიც თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევიან, თუმცა  მათ შესახებ შეიძლება ბევრმა ჩვენგანმა არაფერი იცის. არადა ისინი ნამდვილად იმსახურებენ აღიარებას და ცნობადობას.  გავეცნოთ  ზოგიერთ მათგანს.

ხმელეთიდან ყველაზე დაშორებული კუნძული

კუნძული ტრისტან და კუნია ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და დედამიწაზე ხმელეთიდან ყველაზე დაშორებული დასახლებული კუნძულია. აფრიკის ნაპირებიდან ის დაახლოებით 288 კმ-თაა დაშორებული, ხოლო სამხრეთ ამერიკის სანაპიროდან – 3360 კმ -ით. აი  წმინდა ელენეს კუნძული კი, სადაც  უახლოესი დასახლებული პუნქტია,  სულ რაღაც 2160 კმ-შია. ტრისტან და კუნიას სახელი მისი აღმომჩენის პორტუგალიელი ზღვაოსნის პატივსაცემად ეწოდა. კუნძულის ფართობი 100 კვ. კმ-ია.

კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. ტერიტორიიის უდიდესი ნაწილი მოქმედ  ვულკანს დედოფალ  მარიას უკავია, ამიტომაც ადამიანები მხოლოდ კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე  ცხოვრობენ.   ადამიანები პირველად კუნძულზე მე-19 საუკუნეში გამოჩნდნენ. ამერიკელი „რომანტიკოსების“ ჯგუფი შეეცადა აქ თავისი კომუნა დაეარსებინა. მაგრამ მალევე კუნძული დიდი ბრიტანეთის საკუთრება გახდა და 1817 წელს ინგლისელებმა აქ ფორტი მალკოლმე ააშენეს, სადაც სამხედრო ქვედანაყოფი განთავსდა. ამჟამად კუნძულზე მუდმივად დაახლოებით 300 კაცი ცხოვრობს. მოსახლეობა საკმაოდ მრავალეროვანია – ამერიკელთა შთამომავალნი, ინგლისელელები, ჰოლანდიელები და იტალიელები.

12

 

დღესდღეობით ტრისტან და კუნიას   10 კაციანი საბჭო მართავს. მათ შემადგენლობას კუნძულ წმინდა ელენეს გუბერნატორი ამტკიცებს. მოსახლეობა ორჯერ –  1906 და 1962 წლებში – იძულებული გახდა კუნძული დაეტოვებინა და ორჯერვე ეს ვულკანის ამოფრქვევის გამო მოხდა. მათ რამდენიმე წლით მოუწიათ ევაკუაცია , მაგრამ ორჯერვე უკან დაბრუნდნენ.

კუნძულზე მოსახლეობა ძირითადად თევზჭერითაა დაკავებული. ასევე მისდევენ მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას.  მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რამდენიმე ათასი კმ-თაა დაშორებული ცივილიზებული სამყაროდან, აქ ყველაფერია ნორმალური ცხოვრებისთვის: სკოლა, საავადმყოფო, ეკლესია, რადიოსადგური. უცნაური სახელწოდების პატარა ქალაქი  – შვიდი ზღვის ედინბურგი ტრისტან და კუნიას დედაქალაქი და ერთადერთი დასახლებული პუნქტი კუნძულზე.  კუნძულზე არაა აეროპორტი, ამიტომ საზღვაო ტრანსპორტი ერთადერთი საშუალებაა ამ ეგზოტიკურ კუნძულზე მოსახვედრად ან ადგილობრივების გარესამყაროსთან დასაკავშირებლად.

   უნაპირო  ზღვა

თუ მსოფლიოს ფიზიკურ რუკას დააკვირდებით,  შენიშნავთ, რომ ატლანტის ოკეანეში ჩრდლოეთი ამერიკის კონტინენტთან, 20-40 გრადუსიან განედებს შორის, ღია მწვანე ფერის დიდი ოვალური ფორმის სივრცეა. ეს  ბუნების  ნამდვილი საოცრება – სარგასის ზღვაა.

სარგასის ზღვა ატლანტის ოკეანეში მდებარეობს და რამდენიმე   ფართო ოკეანური დინებებითაა შემოფარგლული. იგი დასავლეთიდან გოლფსტრიმის, ჩრდილოეთიდან  ჩრდილო-ატლანტიკური, აღმოსავლეთიდან კანარის,  სამხრეთიდან  კი პასატური დინებებითაა შემოსაზღვრული და ერთადერთი ზღვაა დედამიწაზე, რომელსაც სანაპირო არა აქვს. დინებების ეს სისტემა საათის ისრის მიმართულებით წრიულად მოძრაობს და ჩრდილო-ატლანტიკურ სუბტროპიკულ სპირალს ქმნის. დინებები როგორც კაშხლები ან წყალგამყოფები ისე მოქმედებენ და სარგასის ზღვის წყალს არ აძლევენ საშუალებას ჩრდილოეთ ატლანტიკის ცივ წყალს შეერიოს. ზღვის პირობითი საზღვრები წლის განმავლობაში იცვლება ანუ „ მოგზაურობს“, რის გამოც ზღვის ფართობი შეიძლება 8-დან 4 მლნ კვ.კმ-მდე შეიცვალოს.

3

სარგასის ზღვა იმითაცაა გამორჩეული და განსხვავებული, რომ მასში ძალიან დიდი რაოდენობით  წყალმცენარეებია. წყლის 1 კვ. კმ. ზედაპირზე დაახლოებით 2 ტონა წყალმცენარეა.  ზღვა 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა და სახელიც  უწოდა – „წყალმცენარეებიანი ქილა“.  საინტერესოა ის ფაქტიც, რომ  აქ არსებული ყველა წყალმცენარე ერთი ფერისაა.  ამიტომ პორტუგალიელმა მეზღვაურებმა მას „სარგასო“  უწოდეს, რადგან ჰაერის ბუშტუკები, რომლებიც წყლის ზედაპირზე წარმოიქმნება და გადაადგილდება, პორტუგალიაში  გავრცელებული ამ სახელწოდების ყურძნის ჯიშს წააგავს.

დიდი  ხნის განმავლობაში ოკეანოგრაფები ვერ  ადგენდნენ, თუ როგორ გაჩნდნენ  აქ ეს წყალმცენარეები. ერთი ვერსიის  მიხედვით ისინი კუბიდან, ბაჰამისა და ანტილიის კუნძულებიდან, ასევე მექსიკის ყურის წყლებიდან შემოდიოდა. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ისინი ამ ზღვაში იბადებიან, იზრდებიან და კვდებიან კიდეც. როცა წყალმცენარეები კვდებიან, ის ბუშტუკები, რომლებზეც ისინი  არიან დამაგრებულები სკდებიან და მცენარეები ოკეანის ფსკერზე იძირებიან.

ზღვის ზედაპირულ წყლებში  ფაუნისა და ფლორის დაახლოებით 69 სახეობას ითვლიან. ზღვის წყალი უფრო მარილიანია მის გარემომცველ ოკეანურ წყალთან შედარებით. ის მკვეთრი ლურჯი ფერისაა და ჩვენს პლანეტაზე ყველაზე გამჭვირვალე წყალია.  წყლის ტემპერატურა ყოველთვის  მაღალია და  იანვარში 20-23 გრადუსიდან ივლისში 21-27 გრადუსამდე  ვარირებს. ასეთი ტემპერატურის პირობებში კი წყალმცენარეები და სხვა მიკროორგანიზმები  სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან.

სარგასის ზღვის სიღრმე 4-7 კმ-ია. დამახასიათებელი ამინდია შტილი, რადგან ზღვა მაღალი ატმოსფერული წნევის  ზონაში მდებარეობს. ადრე ამ ადგილებში ხშირად იძირებოდნენ გემები იმ ცხოველებთან ერთად, რომლებიც გადაყავდათ, ამიტომ ზღვის ფსკერი  ადამიანებისა და ცხოველების მრავალრიცხოვან ჩონჩხებს ინახავს.

სარგასის ზღვის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ იგი მტკნარი წყლის თევზების  აკვანია. ისინი აქ ზაფხულში ამერიკისა და ევროპის მდინარეებიდან  მოცურავენ და  ქვირითის დაყრის შემდეგ კვდებიან. მათი შვილები კი  საკუთარი ინსტიქტებითა და ორიენტირებით, უზარმაზარ სივრცეებს გადაცურავენ ხოლმე და ზუსტად იმ ადგილებში ბრუნდებიან, სადაც მათი მშობლები ცხოვრობდნენ.  8-9 წლის შემდეგ კი ისინი უკან ბრუნდებიან სარგასის ზღვაში, ქვირითს ყრიან და თავად კვდებიან.

სარგასის ზღვას „ქალურ“ ზღვასაც უწოდებენ წყნარი ამინდისა და შტილის  გამო. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. და ბოლოს, ზღვა უდიდეს გავლენას ახდენს   ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კლიმატზე.

   5  პანტანალი

პანტანალი – ასე ჰქვია მსოფლიოში ყველაზე დიდ ჭაობს, რომელიც ბრაზილიის სამხრეთ-დასავლეთით და  ნაწილობრივ  ბოლივიასა და პარაგვაიში მდებარეობს. მისი ზომები მართლაც გამაოგნებელია: მდინარე პარაგვაის აუზში მისი ფართობი 195 ათასი კვ. კმ-ია. მიუხედავად მისი არცთუ სახარბიელო და მიმზიდველი სტატუსისა პანტანალი თავისი განუმეორებელი მცენარეული საფარით და ცხოველთა სამყაროთი ნამდვილი აღმოჩენა და სამოთხეა  მეცნიერებისა და ტურისტებისთვის.

       6        ტბა ტანგანიკა

ზამბიის, ტანზანიის, ბურუნდისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან დედამიწაზე   ყველაზე გრძელი ტბა  –  ტანგანიკა მდებარეობს. ტბა 1858 წელს აღმოაჩინეს ინგლისელმა მკვლევრებმა ჯონ სპიკმა და რიჩარდ ბერტონმა. ტბა მარტო თავისი სიგრძის (673 კმ) გამო არაა საინტერესო,  იგი სიღრმით და წყლის მოცულობით მეორე ტბაა მსოფლიოში (1470 მ ). და კიდევ, ტანგანიკა გამოირჩევა თავისი საინტერესო,  მრავალფეროვანი  და უცნაური ფაუნით.

      7     უშუაია

უშუაია (არგენტინა)  დედამიწაზე ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქია. იგი ცეცხლოვანი მიწის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. მისი მოსახლეობა 45 ათასი კაცია.

ჩანაწერები – წარმატებული სწავლების აუცილებლობა

0

წინა თავებში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მოსწავლეები სხვადასხვა ჩანაწერებს წარმატებული სწავლების ერთ-ერთ პირობად მიიჩნევენ. ეს, ჩვეულებრივ, სასწავლო მასალის მოკლე ჩანაწერებია, მათი წყარო კი სახელმძღვანელო, ინტერნეტგვერდები ან მიცემული კონსპექტებია. პედაგოგმა კლასს შეიძლება უკარნახოს, დაფაზე დაუწეროს ან ეკრანზე პროექციით მიაწოდოს აუცილებელი რეზიუმე. ჩანაწერები, ანუ იგივე შენიშვნები, აუცილებელია მასალის ნათლად გაგებისთვის. ისინი გვეხმარებიან ნასწავლი მასალის მიმოხილვაშიც.

როდესაც ადამიანები ითვისებენ პრაქტიკულ ცოდნას, მაგალითად: ვიოლონჩელოზე დაკვრას, ჩანაწერები შეიძლება არც დასჭირდეთ. თუმცა ასეთ დროსაც პედაგოგები ამჯობინებენ მოსწავლეს მისცენ რაიმე სახის წერილობით მითითება, რათა მათ აიცილონ შეცდომები, მოსწავლის დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობისას.

როდისმე გიცდიათ, ერთდროულად თან გესმინათ და თანაც გეწერათ? სამწუხაროდ, ბევრი პედაგოგი (განსაკუთრებით უმაღლესი სასწავლებლის) დღემდე აიძულებს მოსწავლეებს ლექციის მსვლელობისას ჩანაწერების გაკეთებას. შედეგად უნივერსტიტეტები სავსეა სტუდენტებით, რომლებიც ვერ ახდენენ სასწავლო მასალაზე კონცენტრირებას, რადგან დაკავებულნი არიან კონსპექტირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია. ამგვარი მეთოდის არაფორმალური ახსნაა: “ასე ვსწავლობდი მე, ასევე შეუძლიათ ისწავლონ მათაც!“ ამ პრინციპის უფრო მასშტაბური გამოყენებით „ქვის ხანაში“ დავრჩებოდით.

საეჭვო პრაქტიკაა, მოსწავლეს მივცეთ დამოუკიდებლად მასალის დაკონსპექტების საშუალება, თუ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები არ გვყავს ან მასალა ძალიან მარტივია. ეს აზრი თუ საეჭვოდ მიგაჩნიათ, მაშინ შეეცადეთ შეამოწმოთ სუსტი მოსწავლის კონსპექტი. გარწმუნებთ გაოგნებული დარჩებით. თუ გსურთ, რომ დაეხმაროთ მოსწავლეებს, კონსპექტირების უნარის განვითარებაში, მაშინ ამისთვის სპეციალურად გამოყავით დრო, მაგალითად, თემის ახსნისას ყოველ 15 წუთში ორი წუთი. ეს მასალაზე კონცენტრირებას და მის გააზრებას აუმჯობესებს და ჩანაწერიც ხარისხიანი ხდება.

პედაგოგთა უმრავლესობა, მოსწავლეებს მზა ჩანაწერებით ამარაგებს. განვიხილოთ, როგორ ხდება ეს.

 

სახელმძღვანელოდან გაკეთებული ჩანაწერები

თუ სახელმძღვანელო, რომელიც კარგადაა დაწერილი და ხელმისაწვდომია, თქვენი სასწავლო კურსის ყველა ასპექტს მოიცავს და მოსწავლეს უზრუნველყოფს აუცილებელი  ინფორმაციით, თქვენ ძალიან გაგიმართლათ! როცა სახელმძღვანელო საკმაოდ ინფორმაციულია, შეგიძლიათ მიუთითოთ, რომელი თავები გამოტოვონ ან უმჯობესია მოსწავლეებთან ერთად მონიშნოთ ის თავები, რომლებიც კავშირშია  მასალასთან, რომელსაც იმ მომენტში გადიხართ. თუკი მსგავსი სახელმძღვანელოს გამოყენება გიწევთ, თხოვეთ მოსწავლეებს თან იქონიონ ის და პერიოდულად იხელმძღვანელეთ.

მასწავლებელთა უმრავლესობას არ აქვს ფუფუნება, ჰქონდეს ის სახელმძღვანელოები, რომლებიც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამიტომ მოსწავლეები დამოუკიდებლად აკონსპექტებენ ნასწავლ მასალას.

 

მოსწავლეთათვის ჩანაწერების მომზადება.

წინასწარ მომზადებული ჩანაწერები, მართალია, დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ბევრი უპირატესობა აქვს. ჩანაწერების გაკეთების ნებისმიერი ფორმისას, იქნება ეს დაფაზე დაწერილი, ეკრანზე გამოტანილი, ნაკარნახევი თუ ჩამოსარიგებელი, ჩანაწერი საჭიროა იყოს:

  • მოკლე. რეზიუმე სჯობს დაწვრილებით ინფორმაციას შეიცავდეს. აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითეთ შესაბამისი თავები სახელმძღვანელოდან. ხაზი გაუსვით საკვანძო საკითხებს.
  • მარტივი. ნუ შეეცდებით მოსწავლეებზე შთაბეჭდილების მოხდენას. გამოიყენეთ მარტივი სიტყვები და განმარტეთ ტექნიკური ტერმინები. ერიდეთ, ოცსიტყვიანზე ვრცელ წინადადებებს.
  • საინტერესო. იზრუნეთ გაფორმებაზე. სადაც შესაძლებელია მარტივი და გასაგები დიაგრამების გამოყენება. ნუ გადატვირთავთ ჩანაწერს მონაცემებით – ასეთ მასალას ისინი უბრალოდ არ კითხულობენ.
როგორ გავხადოთ ჩანაწერი გასაგები.

ერიდეთ ნაცვალსახელებს, მაგალითად, “ესენი“, „ისინი“, „ეს“, „ის“. ერიდეთ აზრის გაბნევას, რაც შეიძლება ნაცვალსახელების ხმარებით იყოს გამოწვეული. შეცვალეთ ისინი მონათესავე სიტყვებით. მაგალითად:

„ხის წვა, ისევე როგორც ნახშირის, იწვევს ჰაერის დაბინძურებას, თუმცა ეს განახლებადი რესურსია“.

აქ მოსწავლე იფიქრებს, რომ ნახშირზეა საუბარი.

ამ წინადადების ნაცვლად გამოიყენეთ:

“ხის წვა, ისევე როგორც ნახშირისა, იწვევს ჰაერის დაბინძურებას, თუმცა ხე განახლებადი რესურსია“.

ერიდეთ წინადადებაში რთული კონსტრუქციების გამოყენებას.

ერიდეთ უარყოფით ფორმულირებებს, დადებითი უფრო გასაგებია. მაგალითად:

„მექანიზმი ხშირად არ ზიანდება, თუ ლილვი დაზეთილია“.

ამ ფორმულირების ნაცვლად, უმჯობესია წინადადება ასე ჩამოვაყალიბოთ: “დაზეთეთ ლილვი, რომ თავიდან აიცილოთ მექანიზმის დაზიანება“.

 

ჩანაწერების მომზადება ჩამოსარიგებელი სახით

ჩანაწერების ჩამოსარიგებლად მომზადება საგაკვეთილო დროის ეკონომიაა და ზუსტად შეესაბამება დასახულ ამოცანებს. ასეთი მასალის მომზადება დროს მოითხოვს. მოსწავლეები გულდასმით აგროვებენ დარიგებულ მასალას, მაგრამ არ მიმართავენ მას, თუ გაკვეთილზე ეს მასალა არ იყო განხილული.

მასწავლებლები ხშირად, გაკვეთილზე არიგებენ მასალას. შემდეგ კი ისე ხდება, რომ მოსწავლეები, ნაცვლად იმისა, რომ პედაგოგს მოუსმინონ, მიცემულ ჩანაწერებს ეცნობიან. ამიტომ ჯერ თემა ახსენით, მოსწავლეებთან ერთად მიმოიხილეთ და შემდეგ დაურიგეთ მათ მზა ჩანაწერები.

მეორე ვარიანტი – სწავლებისას, პერიოდულად მიმართეთ დარიგებულ მასალას, მაგრამ ამ შემთხვევაში დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გისმენენ.

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დარწმუნდით, რომ დარიგებული მასალა გამოიყენეს. ზოგი მასწავლებელი არიგებს არასრულყოფილ მასალას, სადაც დიაგრამები მოცემული არაა, ქვეთავები დაუსრულებელია, კითხვებზე პასუხი არაა და ა. შ. ამ შემთხვევაში მასალის შევსება, სასარგებლო დავალების სახეს იღებს, რომელიც ახდენს მასალის „პერსონიფიცირებას“ მოსწავლესთან. მოსწავლეებს მიეცით რეკომენდაცია, გააკეთონ მასალაში დამატებითი ჩანაწერები.

ბევრი სპეციალისტი თავს იტვირთავს დიდი რაოდენობით დასარიგებელი მასალის შექმნით. ნუ შეეცდებით სახელმძღვანელოს შექმნას – ამის ნაცვლად გააკეთეთ საჭირო ლიტერატურის ჩამონათვალი. არ მისცეთ მოსწავლეს საათში ერთ ფურცელზე (A4 ფორმატი) მეტი, რადგან შეიძლება მათი გაღიზიანება გამოიწვიოთ. გააკეთეთ ორმხრივი კოპირება. ახლა ავტომატურად ფურცლის თითო გვერდზე აკეთებენ კოპირებას, რომ ვაკეთებდეთ ორმხრივად, მაშინ ჩვენ წელიწადში მინიმუმ ტყის ერთ მასივს გადავარჩენდით.

 

პროექტორის ან დაფის გამოყენება

კონსპექტის წარმოება პასიური სამუშაო პროცესი არ უნდა იყოს. თავდაპირველად ახსენით თემა, შემდეგ კი სთხოვეთ კლასს, რვეულებში გააკეთონ ნასწავლის რეზიუმე. მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ფიზიკის მასწავლებელი, რომელმაც ეს-ესაა ახსნა „სიმძლავრის“ განმარტება და ემზადება დაფაზე შემდეგი ჩანაწერების გასაკეთებლად:

 

სიმძლავრე

სიმძლავრე წარმოადგენს ენერგიის მოხმარების სიჩქარეს და იზომება ვატებში. ერთი ვატი უდრის ერთ ჯოულს წამში. მაგალითად, თუ ელექტრომოტორი 3 წამის განმავლობაში მოიხმარს 18 ვატ ენერგიას, მისი სიმძლავრე იქნება წამში 6 ჯოული  ან 6 ვატი.

სიმძლავრე = გარდაქმნილი ენერგია/დახარჯული დრო.

 

ზემოთ აღნიშნულის მაშინვე დაფაზე  დაწერის ნაცვლად, მასწავლებელს შეუძლია დაწეროს სათაური და შემდეგი შეკითხვით მიმართოს კლასს – რა არის სიმძლავრის განსაზღვრება და მისი ერთეული? დამაკმაყოფილებელი პასუხი იქნება პირველი წინადადება, რომელსაც მასწავლებელი წაიკითხავს და კლასი ჩაიწერს. შემდეგ მასწავლებელი იკითხავს: „რას უდრის ერთი ვატი?“ ეს შეკითხვა განაპირობებს, ჩანაწერის მეორე წინადადების ფორმულირებას. შემდეგ ჩაიწერება მესამე წინადადება, ფრაზამდე “მისი სიმძლავრე იქნება….“. მასწავლებელი რომელიმე მოსწავლეს სთხოვს ფრაზის დასრულებას. ბოლოს მასწავლებელი სვამს შეკითხვას: “როგორ გამოისახება სიმძლავრის ფორმულა?“ – და დაფაზე სწორ პასუხს წერს. მოსწავლეებს მოსწონთ, ჩანაწერის შედგენაში მონაწილეობის მიღება, რაც მათ საკუთარი წარმატებულობის განცდას უმყარებს. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, დაფაზე წერისას გამოიყენოთ მოსწავლისეული ფორმულირება.

პროექტორის გამოყენებისას ტექსტი თანდათანობით უნდა ჩნდებოდეს, მოსწავლეების პასუხებისა ან მათ მიერ წინადადების დასრულების მიხედვით. ტექსტი შესაძლოა უშუალოდ სამუშაო პროცესისას შედგეს. ეს მოსწავლეების პროცესში ჩართულობას იწვევს.

 

კარნახით შესრულებული ჩანაწერები.

კარნახი – ყველასთვის ნაცადი მუშაობის მეთოდია, თუმცა მოსწავლეები ამ მეთოდს, უფრო მოსახერხებლად მიიჩნევენ, ვიდრე ჩანაწერის კოპირებას. ამავე დროს კარნახი ძალიან უძნელდებათ მათ, ვინც ნელა წერს, ან ეს-ესაა კალამი დაკარგა! პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუ კარნახის პარალელურად ჩანაწერს დაფაზეც გავაკეთებთ.

კარნახისას, ისაუბრეთ ნელა და გასაგებად, შეახსენეთ სასვენი ნიშნები. თავის ჩანაწერს მოსწავლე დაფის ჩანაწერს შეადარებს და ასე შეამოწმებს მის სისწორეს.

 

 სამეცადინო კონსპექტით მუშაობა როგორც სწავლების მეთოდი

სცადეთ და დაურიგეთ კლასს გაკვეთილის მოკლე კონსპექტი გამოტოვებული სათაურებით, რომელთა ქვეშაც ადგილია გამოტოვებული, და სთხოვეთ მოსწავლეებს ჩაწერონ შესაბამისი სათაურები, სრული წინადადებებით. ეს მათ მასალის წაკითხვისა და მისი ათვისებისკენ უბიძგებს. შედეგად იქმნება ისეთი სათაურები, როგორიცაა, მაგალითად: „გული, როგორც სისხლის ნასოსი“, ან „გულისცემის სიხშირე იზრდება, კუნთების სისხლზე მოთხოვნილების შესაბამისად“. კონსპექტების სამუშაო პროცესში გამოყენების სხვა ხერხები, შეგიძლიათ მოიძიოთ დოკუმენტში „უსიტყვოდ სწავლება“ („Teaching without talking“), www.geoffpetty.com საიტზე.

 

რისთვისაა საჭირო კონსპექტები?

არ დაარიგოთ ისეთი ჩანაწერები, რომლებსაც მოსწავლეები არასდროს გამოიყენებენ. მიეცით ჩანაწერები გვერდების მიხედვით და შეამოწმეთ რამდენად აითვისეს მათ იქ მოცემული ინფორმაცია.

ნუ დახარჯავთ ზედმეტად ბევრ დროს ჩანაწერებზე. თუ შეამჩნევთ, რომ ყოველ საათში ხუთ წუთზე მეტს ხარჯავთ ჩანაწერებზე, ან თქვენ მიერ დასარიგებლად გამზადებული მასალა სულ უფრო ვრცელი ხდება, მაშინ უმჯობესია, მისცეთ საჭირო ლიტერატურის ჩამონათვალი. ჩანაწერები უნდა შეიცავდეს მხოლოდ რეზიუმეს.

 

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p. 235-239.

 

 

 

მკვდარი პოეტების საზოგადოება

0

ჩემო უძვირფასესო მოსწავლეებო,

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ არცერთხელ არ მიგრძვნია სკამზე გულაღმა დადებული ჭიკარტი. ხო ვითომ არაფერი, მაგრამ სინამდვილეში, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

საბედნიეროდ, თქვენ არ იცით, თუ რას ნიშნავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის სრულად წაშლილი სუბორდინაციის ზღვარი – დაუშოშმინებელი ღრიანცელის გამო კლასიდან გასული, დამცირებული მასწავლებელი, გაკვეთილის მსვლელობისას საკლასო ოთახში შემოგდებული აგური, ბრტყელტუჩათი შემოვარდნილი მოსწავლე და კიდევ ათასი სხვა რამ. გილოცავთ! თქვენ ასეთი რამ არ გინახავთ,  მე ნანახი მაქვს.

როცა ვფიქრობ, თუ რამ გამაბედინა 24 წლის ასაკში მასწავლებელი გავმხდარიყავი, ყოველთვის „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ მახსენდება. უფრო ზუსტად კი ის ეპიზოდი, როდესაც ალბუს დამბლდორი ცდილობს ჰორაციუს სლაგჰორნი ჰოგვარტსში დაბრუნებაზე დაიყოლიოს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს დირექტორს, ალბუსის მსგავსად, ჩემი დახმარებით რომელიმე ნიუტონელი ვოლდემორის შავ-ბნელი საქმეების გაშიფვრა სურდა. არა. უბრალოდ, ისე აეწყო, რომ გიორგი მელაძე ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ეტაპების მაპროვოცირებელი აღმოჩნდა და მასწავლებლობაც ასე, თვალსა და ხელს შუა შემომაპარა. თუკი დამბლდორის სატყუარა იყო სახელგანთქმული ბიჭი, რომელიც სასიკვდილო შელოცვის მერე გადარჩა, მელაძის სატყუარა იყავით თქვენ – ბიჭები და გოგონები, რომლებსაც წერა და ინტელექტუალური თამაშები გაინტერესებდათ და მან იცოდა, რომ ერთიც და მეორეც ჩემი სუსტი წერტილები გახლდათ.

ამ შემოთავაზების დროს „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ გამახსენდა – ენერგიითა და ოცნებებით თავგამოტენილი ახალგაზრდები და მათი უცნაური მასწავლებელი – მისტერ კიტინგი (ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო), მისი სწავლების არატრადიციული მეთოდები, სახელმძღვანელოდან ამოხეული გვერდები, სტროფები, რომლებიც თაფლისავით წვეთავდა ამ კლასში გაერთიანებული ადამიანების ენებიდან, ძველი ინდიელების გამოქვაბული… ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო ჩანდა, რომ შეუძლებელი იყო უარი მეთქვა მასზე და შედეგად ერთი დაუვიწყარი წელი გავატარე თქვენთან ერთად. ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ, ბევრი ვიკამათეთ, ბევრჯერ არ დავეთანხმეთ ერთმანეთს, ბევრჯერ ვაპატიეთ, ბევრჯერ ვაწყინეთ, ბევრჯერ ვაამეთ, მაგრამ არცერთხელ არ დაგვირღვევია ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ზღვარი – ის, რომელზეც წეღან ვამბობდი.

მისტერ კიტინგის და მკვდარი პოეტების საზოგადოების წევრების არ იყოს, ამ სასიამოვნო თავგადასავალსაც ჰქონია თავისი დასასრული, თანაც უცაბედი. არადა, რამდენი დამრჩა თქვენთვის სათქმელი.

ნუცა, შენთვის მინდოდა მეთქვა, რომ უსინდისობაა იყო ასეთი მგრძნობიარე, შეგეძლოს ასეთი სიყვარული, ასე განიცდიდე ყველას ყველას მწუხარებას, ასე გახარებდეს ყველას წარმატება და არ წერო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამის წერის სურვილი გტანჯავს. მაშინ შევცდი, როცა გითხარი არ შეიძლება „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ არ მოგწონდეს – მეთქი. დანიელ პენაკი სვამს შეკითხვას: „განა შეიძლება „ანა კარენინა“ არ მოგწონდეს?“ – და თავადვე პასუხობს – „შეიძლება“. გარსია მარკესს უნდოდა, რომ ის უკლებლივ ყველას ჰყვარებოდა თავისი შემოქმედების გამო. ყველა არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ თუკი წერას განაგრძნობ, ისინი აუცილებლად შეგიყვარებენ, ვინც შენ გინდა, რომ შეგიყვარონ – იმ მუსიკალური ბენდის სოლისტს ვგულისხმობ, სახელი რომ ვერა და ვერ დავიმახსოვრე.

ლიზა… სიმართლე გითხრა, როცა მითხარი ნოდარ დუმბაძე ჩემი დიდი ბაბუა იყოო, ცოტა შემრცხვა, წერის გაკვეთილები რა ნამუსით ჩავუტარო – მეთქი. გახსოვს? ჰემინგუეს მოკლე მოთხრობები წავიკითხეთ და ვცადეთ გაგვემეორებინა. შენ მაშინაც ცდილობდი იოლი გზები გეპოვნა, ფიქრი გეზარებოდა. არადა, რა ამბავი დაწერე ოთახში გადმოღვრილ ხუჭუჭა ბავშვის თმაზე?! მთელი დღე თავიდან არ ამომდიოდა. ნუ დაიზარებ, დაიწყე იმ დიდი ამბის მოყოლა, რომელზეც მაშინ მითხარი. შეცდომების დაშვების ნუ შეგეშინდება. ამ დალოცვილ კლავიატურას ერთი საოცარი ღილაკი აქვს Delete აწერია. შეგეშლება? ადგები და წაშლი.

მარიამ, Facebook-ზე შენს მოთხრობას წავაწყდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ცხონებული კაცი რომელიმე თქვენგანს მაინც მისცემდა შთაგონებას და არც შევმცდარვარ. ხომ გახსოვს? თუ კარგად დააკვირდები, მშვენიერი მძინარე ქალის თვითმფრინავშიც აღმოჩნდები.

ივა, ჯორბენ, გიორგი, ლუკა – მეტი რა გითხრათ, მუშკეტერები ხართ და ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწორი საქმისთვის იბრძოლებთ.

გიორგაძე, გულის სიღრმეში შენს ხუმრობებზე მეცინებოდა.

ნიკუშ – შენსაზეც.

ლაშა, მაპატიე, რომ ჯორბენას გუნდში გსვამდი ხოლმე.

ლუკა, მოპარსული ულვაში გიხდება.

სექტემბერში, თქვენი დირექტორი ახალ მასწავლებელს მოგიყვანთ. არ შემარცხვინოთ, ნენა. ცრემლი არ დამანახოთ, კარგად მოიქეცით, ყველაფერი ჩაიწერეთ და ბევრი შეკითხვა დაუსვით.

…და, თუკი ყველაფერზე ვერ გიპასუხათ, არაუშავრს. ბოლო-ბოლო, ყველა ჩემნაირი ხომ ვერ იქნება.

ემოციებს აყოლილი უმეცრები    

0

ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს წუთები დადგებოდა – დავწერდი მასზე, ვინც სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მასწავლა, რომ ყველაფერი უმეცრების აღიარებით იწყება. სულ ყველაფერი. ცხოვრების ყველა გზა. იმხანად თავი ყოვლისმცოდნე მეგონა და ამ რწმენას წყალს ვერაფერი შეუყენებდა – ვერც ყველაზე უხეში შეცდომები, ვერც პასუხგაუცემელი კითხვები, ვერც ძნელად ასახსნელი ყოველდღიურობა. ცხადია, მე და ჩემმა კლასელებმა არ ვიცოდით, რომ არ ვიცოდით.

გამბედაობის მაგალითი მოგვცა: პირველივე დღეებიდან უკიდურესად გულწრფელი იყო. ამბობდა, დარწმუნებული არა ვარ, რომ მართლაც ასეა, შეიძლება სხვა სიმართლეც არსებობდესო; ვერაფრის მტკიცებას ვერ მოვყვები, ვიფიქრებ და ჩემს მოსაზრებას შემდეგ გაკვეთილზე გაგიზიარებთო; შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ინტერპრეტაცია უფრო ანგარიშგასაწევი მგონიაო… გასული საუკუნის 80-იან წლებში ასეთი ფრაზები მეტად იშვიათად ისმოდა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ არსებობდა ყველასთვის მისაღები ერთადერთი ჭეშმარიტება,  ერთადერთი შესაძლო პასუხი.

სხვა მხრივაც განსხვავდებოდა დანარჩენებისგან. თუ აღმოაჩენდა, რომ რაღაც საკითხის შესახებ მოსწავლემ მასზე მეტი იცოდა, თვალები უბრწყინდებოდა. გულისყურით გვისმენდა და ცნობისმოყვარეობას ვერ მალავდა. მეტის შეტყობა უნდოდა – შეეძლო ყველასგან რაღაც ესწავლა. ბევრს კითხულობდა. ახლად გამოსული წიგნებიდან არაფერი გამორჩებოდა ხოლმე. იქნებ ამიტომაც იყო, რომ სკოლის სანახევროდ შეღებილ კედლებში მოქცეული სამყაროს ამოტრიალება დიდ ცოდვად არ მიაჩნდა: ბოლო მერხს მიუჯდებოდა და ყველაზე მონდომებულ მოსწავლეებს გაკვეთილის ჩატარების უფლებას აძლევდა.

მიყვარდა მისი საგანი, რომელსაც ახლა არ დავასახელებ. არც გამორჩეულად საყვარელი მასწავლებლის სახელს და გვარს დავწერ.

როცა მის ადგილას ვიდექი და გაკვეთილს ვხსნიდი, სულ მცირე დაძაბულობასაც კი არ ვგრძნობდი. არც სხვები გრძნობდნენ. შეცდომებისთვის, არასწორი ინტერპრეტაციებისთვის, არასაკმარისი მომზადებისთვის, ჩახლართული წინადადებებისთვის, უადგილოდ ნახმარი ტერმინებისთვის, აშკარა სისულელეებისთვისაც კი სასჯელს არ ველოდით. ერთმანეთს ვუსმენდით და დროდადრო საუბარს ვაწყვეტინებდით, ზოგჯერ უხეშადაც. ზოგჯერ რაღაცის უაზროდ მტკიცებასაც მოვყვებოდით ხოლმე. მშვიდად გვიგდებდა ყურს და ბოლოს შეკითხვებს გვისვამდა. მოვალეობის გამო – არა. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ პასუხების პოვნა მართლა უნდოდა, ჩვენი მოსაზრებები კი ძალიან აინტერესებდა.

მეგობარი იყო. არაერთხელ გამოცდილი და საიმედო.

„ჩვენ ემოციებს აყოლილი უმეცრები ვართ, – ამბობს დიდი შვედი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი, – და არა მხოლოდ მე და შენ – ფაქტობრივად, ყველა. ეს კი მართლაც ძალიან დამთრგუნველია. ჩვენ ყველაფერი გვასწავლეს ადამიანის სხეულის, მადაგასკარის სოფლის მეურნეობის, პი-სა თუ რაღაც ოხრობის ფესვის შესახებ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ სულზე. კატასტროფულად უმეცრები ვართ – არც საკუთარ თავს ვიცნობთ და არც სხვებს. დღეს გაუთავებლად ყბედობენ, ბავშვები ისე უნდა აღიზარდონ, რომ კარგად იცოდნენ, რა არის მეგობრობა, ურთიერთგაგება, თანაარსებობა, თანასწორობა და სხვა ყველაფერიო. მეტისმეტად მოდურია ასეთი საუბრები. აზრად კი არავის მოსდის, რომ ჯერ ცოტა რამ მაინც უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისა და საკუთარი გრძნობების შესახებ; ჩვენივე შიშის, სიმარტოვისა და გულში ჩაბუდებული რისხვის შესახებ. ასე მიგვატოვეს – სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში, უმეცარნი და სინანულით გატანჯულნი ჩვენივე ამბიციების ნანგრევებში… როგორ უნდა გაუგო სხვებს, თუ არაფერი იცი საკუთარ თავზე?“

ბერგმანის ეს სიტყვებიც სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ მათ გამახსენეს ის, ვინც მუდმივად ცდილობდა, მეტი შეგვეტყო საკუთარ თავზე, ერთმანეთზე, ერთმანეთის სუსტ და ძლიერ მხარეებზე, თუნდაც ყველაზე სტანდარტულ სივრცეში სამყაროს ამობრუნების შესაძლებლობაზე. ამისთვის იყენებდა თავის საგანს, სახელმძღვანელოს თემებს, გაკვეთილზე გაჩენილ კითხვებს, ნებისმიერი საკითხის ირგვლივ გამართულ კამათს, პირად საუბრებს. მიუხედავად ამისა, როგორც უნდა დავძაბო გონება, ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ბრძნულ ფრაზას, შეგონებას, საბოლოოდ ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტებას, რომელიც მისი პირიდან გავიგონე იმ შორეულ 80-იან წლებში. როგორც ჩანს, თავს არიდებდა ისეთი სიტყვებით საუბარს, რომლების სიკაშკაშეც დაგვაბრმავებდა, ხარბად წავეტანებოდით და განუსჯელად მივისაკუთრებდით.

მის სახელს და გვარს იმიტომ არ ვამხელ, რომ რაც დავწერე, ერთი გამორჩეული მასწავლებლისთვის ხოტბის შესასახმელად არ დამიწერია. თუმცა, შესაძლოა, მაინც ის გამომივიდა, რასაც თავს ვარიდებდი. მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არ ვიცი და მისი მადლიერი ვარ, ვინც საკუთარ სისუსტეებზე დაფიქრების, საკუთარი უმეცრების გაცნობიერების აუცილებლობა დამანახა და მაგალითიც მომცა.

  ჯავახიშვილი VS გოეთე

0
vintage books and a cup of coffee

ბერნარდ შოუ ჩვეული მახვილგონივრულობით შენიშნავდა: „მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია _ იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის“. ისტორია მოწმობს, რომ „ყოვლისმცოდნეობის“ მანია ემართება თითქმის ყველა ბელადს, დიქტატორს, დამპყრობელს, დიდი თუ მცირე ძალაუფლების პატრონს. საკმარისია მართვის სადავეების მოხელთება ნებისმიერ დრო-სივრცულ არეალში, რომ განსხვავებულ სავარძელსა თუ ტატხზე მჯდომს უჩნდება განცდა, თითქოს მოულოდნელად გონება უნათდება, გასხივოსნდება და ყველასა და ყველაფრის გაგება, აღქმა, გაანალიზება, გამოცნობა, ამოხსნა შეუძლია. ამიტომაც რთულია მათთან ურთიერთობა. ეს ადამიანისაგან დიდ ჭკუას, მოქნილობასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ყველა ვერ იქნება დიოგენესავით თამამი. როდესაც მაკედონელი სახელგანთქმულ, მაგრამ უპოვარ ფილოსოფოსს ამალით ესტუმრა, ის მზეს ეფიცხებოდა და ყურადღება არც მიუქცევია. არისტოტელეს გაზრდილმა ხელისუფალმა იცოდა მოაზროვნის ფასი, ამიტომაც გამოელაპარაკა და გულმოწყალედ უთხრა, მთხოვე, რაც გინდაო, რაზეც  დიოგენემ უპასუხა, გაიწიე, მზეს ნუ მიჩრდილავო. ამგვარი პასუხით აღფრთოვანებულ  მაკედონელს უთქვამს, მაკედონელი რომ არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვეობდიო.  ხელისუფალთან პირდაპირსა თუ ირიბ შეწინააღმდეგებას არაერთი მწერლის მოცელილი თავიც მოჰყოლია, თუმცა იყვნენ  დაუმორჩილებელი, თავმოყვარე, მოუდრეკელი ხელოვანნიც.

ამჯერად ორ ეპიზოდს გავიხსენებთ მიხეილ ჯავახიშვილისა და გოეთეს ცხოვრებიდან. მათში მწერლისა და ხელისუფლის ურთიერთობის ფსიქოლოგიური ნიუანსები კარგად წარმოჩნდება. ზოგადად, გოეთე, ილია ჭავჭავაძეს „მრისხანე და მიუკარებელ მყინვარწვერს“ რომ აგონებდა, ის მწერალი იყო, რომელიც სახელისუფლებო ელიტაში ტრიალებდა. ვაიმარის სასახლის მინისტრს სიმდიდრემ და კეთილდღეობამ ხელი არ შეუშალა შემოქმედებით საქმიანობაში. 80 წელს იყო გადაცილებული, როდესაც „ფაუსტის“ მეორე ნაწილი დაწერა, სიკვდილსაც თავის სარეცელზე შეხვდა, მშვიდად და უმტკივნეულოდ. მისი უკანასკნელი სიტყვებიც კი „სინათლე, მეტი სინათლე“ _ დარჩა კაცობრიობას.

ჯავახიშვილი იცნობდა სახელისუფლო ელიტას, მაგრამ მათთან არ თანამშრომლობდა, რადგან საბჭოთა იდეოლოგია მისთვის მიუღებელი იყო. მართალია, ჰქონდა პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება, მაგრამ მას შემდეგ, რაც დახვრეტას გადაურჩა, წინააღმდეგობის ფორმად მხოლოდ მხატვრული სიტყვა აირჩია. ამ წინააღმდეგობას შეეწირა იგი. 1937 წელს დახვრეტილი მწერლის არც ბოლო სიტყვები და არც საფლავი არ იცის საქართველომ.

მიხეილ ჯავახიშვილის შვილი ქეთევან ჯავახიშვილი თავის მოგონებებში იხსენებს ერთ ეპიზოდს, როდესაც  ჯავახიშვილი სტალინს, საბჭოთა კავშირის ერთპიროვნულ მმართველს, შეეწინაღმდეგა: „ოცდათექვსმეტ წელს მამა წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. კრიტიკული ისრებისაგან, უფრო სწორედ, კეტებისგან უწყალოდ ნაგვემი მწერლისთვის მთავრობის ამგვარი ყურადღება წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი გახლდათ. ორდენი მამას კრემლში გადასცეს ქართული დეკადის დღეებში. ჯილდოს მიღებისას მას მოკლე სამადლობელი სიტყვა უთქვამს და აღუნიშნავს, რომ მალე გამოქვეყნდება მისი რომანი ცხრასს ხუთი წლის რევოლუციაზე და ამ მოძრაობაში მონაწილე ქართველი ქალის ტრაგიკულ ბედზე. ხელის ჩამორთმევისას სტალინს უკითხავს, რომანს რა უწოდეთო. „ქალის ტვირთი“, _ უპასუხია მამას.  „ქალის ტვირთი, ტვირთი“, _ გაუმეორებია სტალინს და მოულოდნელად _ „ქალის ხვედრი“ ხომ არ აჯობებდაო. „არა მგონია… რომანში ორი ქალი მყავს გამოყვანილი, ერთმა შეძლო რევოლუციონერის მძიმე ჯვრის ტარება, მეორე ამ ტვირთმა გასრისა“, „ო, მაშინ სხვა საქმეა“,_ უთქვამს სტალინს“. თვითონ ქეთევან ჯავახიშვილი მამის საქციელს ასე აფასებს: „აქ ჩანს მიხეილ ჯავახიშვილის ხასიათი. როგორი გასაბედია. სტალინი გირჩევდეს და შენ მაინც შენსაზე იდგე. ალბათ, ბევრი ვერ გაუძლებდა ცდუნებას, თანხმობით ესიამოვნებინა სტალინისათვის“.  მართლაც, არერთი მაგალითია იმისა, რომ ბევრი ვერ უძლებდა ამ „ცდუნებას“.

ამ ეპიზოდში, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კარგად წარმოჩნდება, მიხეილ ჯავახიშვილის მრწამსი, ზნეობა, სიმამაცე, მეორე მხრივ, პოლიტიკოსის, სტალინის, თავდაჯერებულობა, ყოვლისმცოდნეობის ილუზია, რომელიც მას უფლებას აძლევს, შენიშვნა მისცეს პროფესიონალ, აღიარებულ მწერალს. თუმცა ეს არ არის გასაკვირი. ისტორიამ სტალინის ხელოვნების საქმეებში ჩარევის კიდევ არაერთი მაგალითი იცის.

ამ შეხვედრამ გაგვახსენა გოეთეს  ცხოვრების ერთი ეპიზოდი, რომელსაც  ეკერმანი, მისი უახლესი მეგობარი და მდივანი თავის შესანიშნავ ჩანაწერებში, გვაცნობს. ამ ეპიზოდში მისი და ნაპოლეონის შეხვედრა და საუბარია აღწერილი. ნაპოლეონი ამ დროს დამპყრობელი იყო, გოეთე _ დაპყრობილი ქვეყნის წარმომადგენელი. ეს მათ არ უშლიდა ხელს, ერთმანეთის მიმართ პატივისცემაში. ერთ შეხვედრაზე ნაპოლეონს გოეთესთვის უთქვამს: „თქვენ ხართ კაცი“. ნაპოლეონი კარგად იცნობდა გოეთეს შემოქმედებას, განსაკუთრებით მოსწონდა „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, რომელიც თურმე შვიდჯერ წაეკითხა და ეგვიპტეში ლაშქრობისასაც თან ჰქონდა. მან გოეთე საპატიო ლეგიონის ორდენითაც დააჯილდოვა. გოეთე, მართლაც, მწვერვალივით ზემოდან დაჰყურებდა მიწაზე მიმდინარე ქარიშხლიან პოლიტიკურ მოვლენებს და მის მაღალ შუბლს ერთი ნაოჭიც არ ათრთოლებდა. გოეთეც აღტაცებული იყო ნაპოლეონით, რომელიც, მისი აზრით,  ბედისწერას ეთამაშებოდა. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და მათი საუბარს თემა ყოველთვის ხელოვნება იყო.

გოეთე თავისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით გამოარჩევდა რომანს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, რომლის შესახებაც აბობდა: „ეს ქმნილება ვარხვივით საკუთარი გულის სისხლით გამოვკვებე. მასში იმდენი რამეა ჩემი ჩადებული, იმდენი სული და გულია ჩემი საკუთარი, იმდენი გრძნობა-გონება, რომ ათიოდე ასეთი პატარა ტომისაგან შედგენილი რომანი გამოვიდოდა. ამის მიუხედავად, მისი გამოსვლიდან მხოლოდ ერთხელ მაქვს წაკითხული. როგორც უკვე მითქვამს, და მეორედ ამას ვერიდები. ეს წიგნი ხმაურიანი ასაფეთქებელი რაკეტებითაა დამუხტული! დავხედავ და ცუდად ვხვდები, მეშინია, ისევ იმ პათოლოგიურ  მდგომარეობაში არ ჩავვარდე, საიდანაც  ის შეიქმნა“. როგორც ცნობილია, ვერთერის სახის შექმნით გოეთე თვითონ გათავისუფლდა თვითმკვლელობის სურვილისაგან, თუმცა ამ წიგნმა ისეთი დიდი გავლენა მოახდინა მკითხველზე, რომ თვითმკვლელობათა მთელი სერია გამოიწვია, ფსიქოლოგიაში კი გაჩნდა ტერმინი „ვერთერიზმი“, რომელიც უარყოფილი სიყვარულის გამო სუიციდს გულისხმობს.

და ერთი შეხვედრისას სწორედ ამ წიგნზე ჩამოუგდო ნაპოლეონმა გოეთეს საუბარი. ეკერმანი იგონებს: „ნაპოლეონმა, _ ვუთხარი გოეთეს,_ თქვენ მიგითითათ „ვერთერში“ ერთ ადგილზე, რომელიც, მისი აზრით, ყველა დანარჩენებთან შედარებით დაბალ დონეზე დგას. ძალიან მინდა გავიგო, რომელ ადგილს გულისხმობდა.

_აბა, თვითონ გამოიცანით, _ იდუმალი ღიმილით მითხრა გოეთემ.

_ ვფიქრობ, ეს ის ადგილია, სადაც ლოტე ვერთერს დამბაჩებს უგზავნის, ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს ალბერტისათვის, არ გაუზიარებია მისთვის თავისი ეჭვი და შიში. თქვენ, ცხადია, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მისი დუმილი გაგემართლებინათ, მაგრამ ის მაინც ვერაა საკმაოდ დასაბუთებული სიკვდილის საფრთხის წინაშე, რაც მის მეგობარს ემუქრება.

_ შენიშვნა საკმაოდ მახვილგონივრულია, _ მიპასუხა გოეთემ.  თუმცა ნაპოლეონს ეს ადგილი ჰქონდა მხედველობაში თუ სხვა, ამაზე დუმილს ვამჯობინებ, არც გავამხელ. მაგრამ მისი მოსაზრებაც რომ თქვენსავით  მართებულია, ეს ცხადია“ (გოეთეს საუბრები ეკერმენთან). გოეთე ამ შეხვედრას რიმერთან, თავისი ვაჟის მასწავლებელთან, საუბრისასაც იხსენებს და ადასტურებს, რომ ნაპოლეონის შენიშვნას, „პატივმოყვარეობისა და ვნების ერთმანეთში აღრევას“ დაეთანხმა.

აღმოჩენის გზით სწავლება – პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე

0

ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად საგანმანათლებლო პრინციპებად აღიარებულია, რომ  სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას, ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას, უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (ესგ, მუხლი 9.). ამ პრინციპების განხორციელება საქართველოში მასწავლებლებს ავალდებულებს გამოიყენონ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, შესაბამისი აქტივობების საშუალებით განუვითარონ მოსწავლეებს ამ მიდგომით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბონ სწავლის მიმართ დადებითი განწყობა-დამოკიდებულება.

ყველასათვის ცნობილია, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის თეორიული საყრდენი კონსტრუქტივიზმია. კონსტრუქტივიზმი აღიარებს მოსწავლის არსებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მნიშვნელობას ახალი ცოდნის შექმნის პროცესში, მასწავლებელი კი, ადგენს რა მოსწავლის საჭიროებებს, ინდივიდუალურ თავისებურებებს, მონიტორინგს უწევს ამ პროცესს და ხელს უწყობს მოსწავლეთა არა მარტო შემეცნებით, არამედ პიროვნულ განვითარებას.

კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი ჯეიმს ბრუნერია, რომლის შესახებაც არაერთხელ დაიწერა თუნდაც ჩვენს ელექტრონულ ჟურნალში (მაგალითად, იხ. მარინე ჯაფარიძე, ჯერომ ბრუნერი. აქტიური პრაქტიკული გამოცდილების როლი სწავლის პროცესში, ჟურნალი maswavlebeli.ge, 3 ნოემბერი, 2014).

„შეიძლება თუ არა, ასე მოვიქცეთ და იქნება თუ არა მართებული, ბავშვებს თავდაპირველად მივაწოდოთ მინიმალური ინფორმაცია და აღვუძრათ მათ ისეთი ცნობისმოყვარეობა, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვითონვე გამოიტანონ დასკვნების მაქსიმუმი?“ – სვამს ბრუნერი კითხვას და თავადვე გვაძლევს პასუხს. მისი აზრით, ნებისმიერი საგნის დაუფლება მოიცავს სამ ეტაპს, რომლებიც თითქმის ერთდროულად მიმდინარეობს: ეს არის 1. ახალი ინფორმაციის მიღება, რომელიც უპირისპირდება ან აზუსტებს (ავსებს) იმ ცოდნას, რომელიც მოსწავლეს მანამდე ჰქონდა;  2. ცოდნის ტრანსფორმაცია, როდესაც მოსწავლე ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გარდაქმნის არსებულ ცოდნას და იყენებს მას ახალი ამოცანების გადასაჭრელად და 3. შემოწმების პროცესი, როცა მოსწავლე ამოწმებს გამოტანილ დასკვნებს, უსვამს საკუთარ თავს კითხვებს ახალმიღებული ცოდნის გასააზრებლად. ასეთ პროცესში მასწავლებლის დანიშნულება, ერთი მხრივ, სწავლისთვის ისეთი პირობების შექმნაა, რომლებიც ხელს შეუწყობს აღმოჩენას, მეორე მხრივ კი, აღმოჩენის პროცესის გონივრული მართვაა.

სტატიაში შევეცდებით, გაგიზიაროთ პრაქტიკული გამოცდილება, როგორ შეიძლება მარტივად და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ვაქციოთ სწავლა აღმოჩენად და დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი.

ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური პრაქტიკიდან ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი, ერთ-ერთი ის მეხუთე კლასია, რომელშიც პირველად მომიწია შესვლა (დიდი ხანი მხოლო საბაზო და საშულო საფეხურის მოსწავლეებთან მიწევდა ურთიერთობა). ახლაც მახსოვს მეხუთეკლასელების გაკვირვებული მზერა, როცა კლასში დიდი ფორმატის ფურცელი შევიტანე წარწერით – „ჩვენი აღმოჩენები“ და ვუთხარი, ჩვენ ყოველ გაკვეთილზე რაღაცას აღმოვაჩეთ და ასეთი ბევრი ფურცელი დაგვჭირდება-მეთქი.

მაშ ასე, აღმოჩენა პირველი. სწორედ იმ დღეს ხალხურ ლექსს „მუმლი მუხასაო“ უნდა გასცნობოდნენ. ლექსის წაკითხვის შემდეგ ვკითხე, იცოდნენ თუ არა, რა არის მუმლი? მოსწავლეებმა ადვილად გასცეს პასუხი (ამოიკითხეს ლექსიკონიდან), ქინქლაო. შემდეგი კითხვის დრო დადგა:

  • თუ მუმლი და ქინქლა ერთი და იგივეა, რატომ გამოიყენა ქართველმა კაცმა ლექსში მუმლი და არა ქინქლა?

მცირეხნიანი საერთო სიჩუმის შემდეგ ერთი-ორმა წამოიძახა:

  • იმიტომ, რომ ასე უფრო ლამაზია. უფრო მუსიკალურია.

 ახლა შემდეგი შეკითხვის დროც დადგა:

  • რატომ არის უფრო ლამაზი და მუსიკალური?
  • იმიტომ, რომ ბევრი „მ“ გროვდება.
  • ესეც თქვენი პირველი აღმოჩენა, რომელიც შეგვიძლია ფურცელზე დავწეროთ. შევეცადოთ, წესად ჩამოვაყალიბოთ.

რამდენიმე ვერსიის განხილვის შემდეგ „ჩვენი აღმოჩენების“ ქვეშ ასეთი წესი გაჩნდა: ერთი და იმავე ბგერების გამეორება ლექსს უფრო ლამაზსა და მუსიკალურს ხდის. ამის დასტურად რამდენიმე მაგალითი მივაწოდე მხოლოდ (მეხუთეკლასელებისათვის ალიტერაციის განმარტება ჯერ ნაადრევად მივიჩნიე, მაგრამ ამისათვის ისინი უკვე მომზადებულები იქნებიან შემდეგ კლასებში).. მთავარი ის დადებითი მუხტი იყო, ის კმაყოფილების განცდა, რომელიც აღმოჩენით მოგვრილმა სიხარულმა და სიამაყემ ერთდროულად აღძრა მოსწავლეებში. აი, რატომ აღვნიშნეთ ზემოთ, რომ შემეცნებითთან ერთად აღმოჩენის გზით სწავლება პიროვნულ განვითარებასაც უწყობს ხელსო. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, მოლოდინი იმისა, რომ ნებისმიერს შეუძლია არსებული ცოდნისა და გამოცდილების, ინტუიციის საფუძველზე რაღაც ახალი აღმოაჩინოს, ზრდის მოტივაციას, ამაღლებს თვითშეფასებას.

ამის შემდეგ ჩემი მეხუთეკლასელები ინტერესითა და ხალისით ელოდნენ ყოველ გაკვეთილს, რათა რაღაც ახალი (თუნდაც უკვე მრავალგზის აღმოჩენილი) აღმოეჩინათ. მალე შეივსო ფორმატის ფურცელი, ერთი, მეორე…

ერთსაც გავიხსენებ. ახლა ხშირად გვესმის საყვედური: გრამატიკის სწავლება გაქრა ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდანო. მე თუ მკითხავთ, გრამატიკული წესების დასწავლასა და მოსაწყენად ერთფეროვან სავარჯიშოებზე დიახაც უნდა გვეთქვა უარი, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზების ძიებას მასზე საერთოდ უარის თქმა სჯობს, ასე უფრო ადვილია. იმის ნაცვლად, რომ ფუნქციური გრამატიკის სწავლების გზები და საშუალებები მოგვეძებნა, მოსწავლეთა მშობლიური ენის ფლობის არსებული დონე გამოგვეყენებინა გრამატიკული წესებისა და კანონების აღმოსაჩენად, ქართული ენის ბუნებისა და შესაძლებლობების გასააზრებლად, მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითადი ნორმების დასაუფლებლად, გრამატიკა საერთოდ გავაქრეთ სასწავლო პროგრამიდან.

მახსოვს, ერთხელ გაკვეთილზე ტესტური დავალებები შევიტანე კუმშვისა და კვეცის მართებულად გამოყენების წესების აღმოსაჩენად. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა ჩასვეს გამოტოვებული სიტყვები სწორი ფორმით, ვთხოვე, წყვილებს ერთმანეთის ნამუშევრები შეესწორებინათ და სადავო საკითხები ერთობლივად განგვეხილა (შესადარებლად და საკუთარი შეცდომების დასადგენად თავად შევთავაზე სწორი პასუხები). ამის შემდეგ ვთხოვე, სწორი პასუხები გადაეტანათ ცხრილში. საბოლოოდ ცხრილმა ასეთი სახე მიიღო:

ა-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც იკვეცება ა-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც არ იკვეცება ე-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც იკვეცება ე-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც არ იკვეცება
ძმა

ცა

ჭალა

ჩალა

კაბა

დედამიწა

ფაფა

ჩიტუნია

დედოფალა

ცანცარა

უქნარა

უქნარა

მძინარა

ხე

კიბე

ტყე

რძე

ვაკე

ღელე

ჟელე

ატელიე

კუპე

კაშნე

კანაპე

 

ცხრილში მოქცეულ მაგალითებზე დაკვირვებით მოსწავლეებს თავად უნდა აღმოეჩინათ წესი და პირველი „აღმოჩენაც“ ადვილად გაკეთდა:

  • მასწავლებელო, ე-ზე დამთვრებული უკვეცელი სახელებიდან ყველა უცხოურია.
  • მოდით, ახლა ეს წესად ჩამოვაყალიბოთ.

რამდენიმე ვერსიის შემდეგ ფურცელზე ახალი „აღმოჩენა“ გაჩნდა: უცხო ენიდან შემოსული ე-ზე დამთავრებული სახელები არ იკვეცება.

შედარებით დიდხანს იფიქრეს  (მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მახასიათებელია: მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს ღია შეკითხვებს და აძლევს დროს პასუხის გასაცემად), მაგრამ მაინც მიაგნეს:

  • მასწავლებელო, ყველა ეს სიტყვა მოფერებით ან დაცინვით არის ნათქვამი (სტილი დაცულია).

ახალი ტერმინის შემოტანის დროც დადგა: კნინობით-ალერსობითი სახელები. ამის შემდეგ წესის ჩამოყალიბებაც არ გასჭირვებიათ წინა წესის ანალოგიით. კიდევ უფრო საინტერესო პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ: არის თუ არა კნინობით-ალერსობითი სახელები ტოროლა, ენძელა, ბიცოლა და ა.შ.? ესენიც ხომ უკვეცელია. გამოითქვა ბევრი საინტერესო ჰიპოთეზა, მაგალითად, „ალბათ, ტოროლა იგივეა, რაც ტრიალა, ის ხომ ტრიალ-ტრიალით მიდის ცაში“, „ენძელა, მასწავლებელო, ძილთან ხომ არ არის დაკავშირებული, როგორც მძინარა?“ და ყველაზე უცნაური ახსნაც: „ბიცოლა ალბათ ნაკლებად უყვარდა ამ სიტყვის მომგონს და დააკნინა“…

ცხადია, ამის შემდეგ „მყისიერი“ სწავლებით[1] მასწავლებელი უნდა ჩაერიოს და მეცნიერულად მართებული ვერსია შესთავაზოს, მაგრამ შესთავაზოს მარტივად, გასაგებად.

მავანი იტყვის, ამდენი დროის დაკარგვას განა არ სჯობდა, პირდაპირ მიგვეწოდებინა წესები და შემდეგ სავარჯიშოებით განგვემტკიცებინაო. მაგრამ შეიქმნებოდა ასეთ შემთხვევაში  გარემო, რომელშიც დაკმაყოფილდებოდა მოსწავლის სურვილი, გამოეცადა საკუთარი ძალები, ეგრძნო რთული სამუშაოთი გამოწვეული კმაყოფილება? მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ხომ ის არის, რომ არასოდეს გავაკეთოთ მასწავლებლებმა ის, რის გაკეთებასაც მოსწავლე თავად შეძლებს. შეძლებით კი მათ ბევრი რამ შეუძლიათ. მთავარია, მივცეთ ამის შესაძლებლობა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი:  ბრუნერი გამოყოფს აზროვნების ორ სახეს: ინტუიციურს და ანალიზურს. ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ორივე ფორმა იყო გამოყენებული. ისინი ავსებენ ერთმანეთს. მხოლოდ ანალიზურ აზროვნებაზე ორიენტაცია და ინტუიტიურ აზროვნებაზე უარის თქმა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი სწავლებისათვისაა დამახასიათებელი, ვერ ჩამოაყალიბებს გამბედავ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ და წარმატებაზე ორიენტირებულ თაობას (ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევები კი სწორედ ასეთ ადამიანებს ითხოვს).

მაია ინასარიძე

[1] „მყისიერი“ სწავლება – ეს არის სწავლების ისეთი სტრატეგია, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას (ლექციის, ახსნა-განმარტებისა თუ საკითხავი მასალის სახით) მათ მიერ დამოუკიდებლად განხილულ საკითხზე იმისათვის, რომ  შეამოწმონ საკუთარი ვარაუდები, მსჯელობები, ის, რაც იკვლიეს. მასწავლებელი ამით „იცავს“ მოსწავლეებს მცდარი დასკვნებისგან. „მყისიერი“ სწავლება შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად, მცირე ჯგუფებში ან მთელ კლასთან იქიდან გამომდინარე, რა საჭიროება დგას საკითხის შესწავლისას.

  ყველა – ყველასათვის

0

ვიდრე სხვები იფიქრებენ, საკუთარ ვარაუდს გაგიზიარებთ… დიახ, დიუმას ცნობილი ფრაზით – „ერთი – ყველასათვის, ყველა-ერთისათვის „ -არის  შთაგონებული ჩვენი მეთოდის პირობითი სახელწოდება. რატომ გადავწყვიტეთ საყოველთაოდ აღიარებული ნათქვამის პერიფრაზირება? ჩვენი წერილი, ვფიქრობთ, ნათლად გაგვცემს ამ კითხვაზე პასუხს.

პრაქტიკოსი მასწავლებლები დაგვეთანხმებიან, რაოდენ რთულია მთელი კლასის ჩართვა გაკვეთილის ყველა ეტაპზე. როგორც წესი, აქტიური, წარმატებული მოსწალეები არიან აქტივობების „გმირები“, დანარჩენები ან პასიურად ერთვებიან, ან სულაც პროცესისგან თავის არიდებას ამჯობინებენ. ამას გაკვეთილის შეფასებისას უფრო ვხვდებით. ძალიან მწარე და შემარცხვენელია იმაზე ფიქრი, რომ მოსწავლემ მოახერხა, გამოეტოვებინა მთელი გაკვეთილი. ამის თავიდან ასარიდებლად დიდი ოსტატობა, მეთოდების მრავალფეროვნება , სხვადასხვა სახის აქტოვობების მოფიქრება, განსხვავებული სირთულის დავალებების შერჩევა გვიხდება.

გაკვეთილის მიზანი-მთელი კლასის ჩართულობა სასწავლო მიზნის მისაღწევად.

გაკვეთილის მეორე ეტაპზე კლასს ვაძლევთ  დავალებას წყვილებში მუშაობისთვის.ვირჩევთ მთლიანად შესწავლილი ნაწარმოების ან რომელიმე  ეპიზოდის გმირს,ან სულაც ბუნების სურათს ან გმირის სახლ-კარს დასახასიათებლად.შევარჩევთ პირველ წყვილს, მაგალითად, მარჯვენა რიგის 1-ლი მერხიდან. წყვილის ერთი-ერთი წევვრი ასახელებს  გმირის თვისებას, მე-2 წევრი კი,ტექსტის გამოყენებით, ასაბუთებს ამ თვისებას.მეწყვილეს უფლება აქვს, დასაბუთება შეავსოს სხვა დეტალებით, რომ იყოს უფრო შთამბეჭდავი და დამაჯერებელი. ყველა წყვილი ცდილობს, რომ აღმოუჩინოს გმირს საინტერესო თვისება და დაასაბუთოს ის. გმირის სხვა თვისებებს, ამავე მეთოდით, აგრძელებენ სხვა წყვილები, ვიდრე არ ამოიწურება მისი თვისებრივი მახასიათებლები. შეიძლება მოსწავლეები დავაწყვილოთ საკლასო ჟურნალის სიის მიხედვით, მაგრამ უმჯობესია გვერდიგვერდ მსხდომნი დავაწყვილოთ და ჩართულობა უზრუნველვყოთ თანმიმდევრობით, მიმდევრობით მდგარი მერხების მიხედვით.

ყველა მომდევნო წყვილს აქვს უფლება,ტექსტის დეტალებით ან საკუთარი მსჯელობით შეავსოს წინა წყვილის პასუხი.ამისთვის მას დამატებითი 1 ქულა ენიჭება.

წყვილის სამუშაო ფასდება 3 ქულით. 1 ქულა ენიჭება გმირის თვისების სწორად გამოკვეთაში, ხოლო 2 ქულა-მის დასაბუთებაში.
10 ქულას იმსახურებენ იმ წყვილის წევრები, რომლებიც მოიპოვებენ 3+1 შეფასებას, საკუთარი დავალების გარდა, აზუსტებენ ან ავსებენ წინა წყვილის პასუხებსაც.

ასევე, 10 ქულას იმსახურებენ იმ წყვილის წევრები, რომლებიც, პედაგოგის დაკვირვებით,დასახასიათებელი გმირის სწორად გამოკვეთილ თვისებას ამომწურავად დაასაბუთებენ.

მეთოდი „გამოვცადეთ“ VIII კლასში. დავასრულეთ აკაკი წერეთლის ისტორიული პოემის, „თორნიკე ერისთავის“, ტექსტის შესწავლა. ვიდრე მოსწავლებს საშინაო დავალებად მივცემდით მთავარი გმირის, თორნიკეს, დახასიათებას, ჩვენი მეთოდის წყალობით, მთელი კლასის ჩართულობით,ზეპირად დავახასიათეთ გმირი. კლასი გაკვეთილზევე მოემზადა საშინაო წერითი დავალების შესასრულებლად. ეს დადასტურდა მომდევნო დღის გაკვეთილზე-საშინაო დავალებები იყო უაღრესად საინტერესო, ინფორმაციული, ტექსტობრივი დეტალებითა და არგუმენტებით გაჯერებული.

ეს მეთოდი, მცირედი მოდიფიკაციით (ინდივიდუალური მუშაობით), გამოვიყენეთ VII  კლასში, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის“  I თავის შინაარსი დეტალურად გადმოვეცით მთელი კლასის ჩართულობით.

დავალება ასეთია:  1-ლი მოსწავლე იწყებს  შინაარსის თხრობას ეპიზოდის პირველი ფაქტით ან მოვლენით. დანარჩენები აგრძლებენ, ვიდრე არ გასრულდა მოცემული ტექსტის შინაარსი. ყოველი მომდევნო მოსწავლის მიზანია, გაიხსენოს და გადმოსცეს წინამორბედის მიერ ნაამბობის მომდევნო ამბავი.გარდა ამისა, მას შეუძლია წინა ეპიზოდი შეავსოს დეტალებით და მოიპოვოს დამატებითი 1 ქულა.
10 ქულას იმსახურებს ის მოსწავლე, რომელიც თავის 1 ქულასთან ერთად, დამატებით ქულასაც მოიპოვებს. ასევე, 10 ქულას იმსახურებს ის მოსწავლე, რომლის მიერ  ნაამბობი ეპიზოდი სრული, დეტალური და ამომწურავია.

გაკვეთილის ეს ეტაპი გამოდგა ძალიან საინტერესო,სახალისო. რაც მთავარია, კლასი მზად  იყო საშინაო წერითი დავალების შესასრულებლად:დაყავით ტექსტი ეპიზოდებად; გამოკვეთეთ ერთ-ერთი  ეპიზოდის მთავარი პრობლემა და დაურთეთ თქვენეული კომენტარი. დავალება კლასმა ხარისხიანად და საინტერესოდ შეასრულა. არც ერთი მოსწავლე არ მოსულა დავალების გარეშე. ნამუშევრის წაკითხვის დროს ისინი განმარტავდნენ, მათ მიერ შერჩეული ეპიზოდი წინა გაკვეთილზე რომელმა მოსწავლემ გაიხსენა. ეს იყო ნამდვილი უკუგება,გამოხმაურება, შედეგი.

მაშ, ასე- რატომ დავარქვით ჩვენს მეთოდს „ყველა-ყველასათვის“?

პირველ რიგში, ეს სახელწოდება უკლებლივ ყველა მოსწავლის ჩართულობას გულისხმობს, რაც, ვფიქრობთ, გაკვეთილის მთავარი ღირსებაა, დადებითი მხარეა.

გარდა ამისა, მოსწავლეები (წყვილები) ერთმანეთს „ეხმარებიან“ ქულების მოპოვებაში (ყოველი მომდევნო ყურადღებით უსმენს წინას,ცდილობს უპოვოს ხარვეზი, რათა ის თავად გამოასწოროს და მოიპოვოს დამატებითი ქულა). ეს,მართალია, ერთგვარი გარეგანი მოტივაციაა, მაგრამ შინაგანი განწყობისა და სწრაფვის მატებასაც უწყობს ხელს მეტი წარმატების მოსაპოვებლად, გამოცდილების დასაგროვებლად.

დიახ, მთელი კლასის ჩართულობა არის პედაგოგის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. ჩვენ სულ ახალ-ახალი გზები თუ საშუალებები უნდა მოვიძიოთ, რათა საგაკვეთილო პროცესის მონაწილე იყოს არა ნაწილი,არამედ ყველა.

ნინო ბილიხოძე
ქ.ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...