კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

მწერლები სკოლებში (ნაწილი მეორე)

0

 

სკოლებისა და მოქმედი მწერლების ურთიერთობის ისტორიას ამერიკისა და კანადის, კერძოდ, ორეგონის შტატისა და ონტარიოს პროვინციის გამოცდილებით განვაგრძობთ. საინტერესოა როგორც მწერლებისა და სკოლების თანამშრომლობის სქემა, ისე უშუალო მონაწილეთა (მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების) გამოცდილება და შთაბეჭდილებები, რომლებიც აშკარად გვიჩვენებს ასეთი თანამშროლობის დადებით მხარეებს.

ონტარიოს პროვინციის პროგრამა Writers-in-the-Schools (ინგლ. „მწერლები სკოლებში“), მოქმედებს და ფინანსდება ონტარიოს ხელოვნების საბჭოს მიერ და უზრუნველყოფს დაწყებითი და მეორე საფეხურის სკოლების მოსწავლეებისა და მოქმედი ავტორების შეხვედრას სკოლებში, მწერალთა სახლებში, ბიბლიოთეკებში თუ სხვა საჯარო სივრცეში. Writers-in-the-Schools პროგრამას ნაწილობრივ აფინანსებს კანადის მწერალთა კავშირი, რომელიც მწერლებს გარკვეულ გასამრჯელოს უხდის ონტარიოს სკოლებში სტუმრობისთვის.

ჩვეულებრივ, მწერლები და მასწავლებლები საკლასო ოთახში ატარებენ გაკვეთილს ან სემინარს. ხშირად ეს გაკვეთილი/სემინარი მორგებულია გარკვეულ თემას, არსებულ სასწავლო გეგმას და მიზნად ისახავს, გაუღვივოს მოსწავლეებს ინტერესი თანამედროვე ლიტერატურისა და მწერლობისადმი.

ამ ტიპის პროგრამა მოსწავლეებს უბიძგებს, წერონ, რედაქტირება გაუკეთონ საკუთარ ნაწერებს, იმუშაონ ნაწარმოებების გამოცემის პროექტებზე და, საზოგადოდ, აქტიურად ჩაერთონ შემოქმედებით წერაში.

„მწერლები სკოლაში“ ტიპის პროგრამები ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვისა და წერისადმი ინტერესის აღძვრას, განურჩევლად მათი ინტერესებისა და თუ სამომავლო პროფესიული კარიერისა. პროგრამები შეესატყვისება ადგილობრივ თუ ეროვნულ სასწავლო სტანდარტებს ლიტერატურისა თუ, საზოგადოდ, ხელოვნების მიმართულებით.

მაგალითად, კანადის ერთ-ერთი პროვინციის „ახალგაზრდული ლიტერატურული პროგრამის“ ფარგლებში 2015/2016 წლებში 4 000-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო სკოლებსა თუ სხვა საჯარო ადგილებში კანადელ მწერლებთან შეხვედრას. ამ შეხვედრებმა მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოცდის საშუალება მისცა. პროგრამა მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:

◦ „მწერლები სკოლაში“ – ერთსემესტრიანი წერითი სემინარი მეორე საფეხურის სკოლის კლასში;

◦ წიგნები კლასისა და სკოლის ბიბლიოთეკისთვის;

◦ მოსწავლეების საჯარო კითხვა წიგნების მაღაზიებსა და ლიტერატურულ კაფეებში;

◦ მოსწავლეთა ნაწარმოებების გამოქვეყნება ყოველწლიურ ნაბეჭდ გამოცემაში და მოსწავლეთა ციფრულ ლიტერატურულ ანთოლოგიაში;

◦ ცნობილი ავტორების ერთდღიანი ვიზიტები სკოლებში;

◦ მოსწავლეთა დასწრება პროვინციის დედაქალაქში გამართულ სპეციალურ ლიტერატურულ ღონისძიებებსა და სემინარებზე;

◦ მოსწავლეთა პოეტურ და ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობა.

 

ქვემოთ გთავაზობთ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების კომენტარებს პროგრამის შესახებ:

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორს პირადად მოვუსმინე. ის თავის ცხოვრებასა და წიგნებზე საუბრობდა. ამ შეხვედრამ სურვილი გამიჩინა, მეფიქრა, კიდევ რისი გაკეთება მინდა ცხოვრებაში. ეს საოცარი გამოცდილება იყო“ /ფრანკლინის ჰაი-სქულის მოსწავლე.

„მწერლობა მინდა, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი გახლდათ ისეთი ადამიანის ნახვა, რომელიც უკვე წარმატებული მწერალია. ეს შთამაგონებელი შეხვედრა იყო“ /რეინოლდსის ჰაი-სქულის მოსწავლე.

„ამ შეხვედრამ დამანახა, რომ ყველას შეუძლია გახდეს მწერალი, განურჩევლად მისი წარსულისა“ /ალიანს ჰაი-სქულის მოსწავლე.

„მოსწავლეები მწერლისგან იგებენ ახალ სიტყვებს, სწავლობენ წინადადების დაწყობის წესებს და მაგალითების გამოყენების სტრატეგიებს ახალი იდეების გენერირებისთვის“ /ემი ამბროზიო, რუზველტის ჰაი-სქულის მასწავლებელი/.

„ყველა მოსწავლეს უნდა მიეცეს შანსი, საჯაროდ მოჰყვეს თავის ისტორიას“ /ლინკოლნის ჰაი-სქულის მოსწავლე/.

„პატარა ნაბიჯები შეიძლება დიდი შედეგით დასრულდეს. პრაქტიკისა და მოთმინების წყალობით დროთა განმავლობაში შენი სამწერლო უნარები შესამჩნევლად გაუმჯობესდება“ /კლივლენდის ჰაი-სქულის მოსწავლე/.

„მხატვრული წერა სასარგებლოა. თუ ეს პროცესი მოგწონს, ხშირად უნდა წერო. თუნდაც ხშირად არ წერო, ეს მაინც გეხმარება საკუთარ თავში რაღაც ახლის აღმოჩენაში“ /მედისონის ჰაი-სქულის მოსწავლე/.

„კარგი რაღაცეების წერა შემიძლია, თუ მოვინდომე. თავის იძულება ძალიან ძნელი, მაგრამ უამრავი რამ ვისწავლე და გავიზარდე კიდეც, როგორც მწერალი“ /მედისონის სკოლის მოსწავლე/.

„მე ჩემი სათქმელი მაქვს და შემიძლია, ჩემი გრძნობები და განცდები მოთხრობის მეშვეობით გამოვხატო“ /მედისონის სკოლის მოსწავლე/.

„მწერალმა ფანტასტიკური ლექცია ჩაატარა და მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ“ // კლივლენდის ჰაი-სქულის მოსწავლე/.

„[ამ გაკვეთილზე] ვისწავლე, როგორ უნდა დავწერო უკეთესი ლექსი და საერთოდ, როგორ დავიწყო. ახლა პოეზიას უფრო მეტად ვაფასებ“ /უილსონის ჰაი-სქულის მოსწავლე/.

„არ მეგონა, რომ რამის სწავლას შევძლებდი. მან მასწავლა, რომ ისიც კი, ვისაც არ სურს რამის დაწერა, შეიძლება კარგი მწერალი გახდეს“ /გრანტის ჰაი-სქულის მოსწავლე/.

მოსწავლეთა კომენტარები ესეის წერის ხელოვნების პროექტის შესახებ:

„მენტორთან ერთად მუშაობამ სრულიად ახალი თვალით დამანახა ჩემი ესეი და დამეხმარა იმის გაგებაში, როგორ უნდა ვწერო უკეთესად“ /ფრანკლინის სკოლის მოსწავლე/.

 „ამ გაკვეთილებმა ჩემს ნაწერზე დამაფიქრა და უცხო თვალით დამანახა ის. [მენტორმა] მიმითითა ისეთ საკითხებზე, რომლებიც მკითხველს დაეხმარება, უკეთ გამიგოს“ /რუზველტის ჰაი-სქულის მოსწავლე/.

 „ძალიან სასიამოვნოდ მეჩვენა ჩემი ნაწერის ნაწილ-ნაწილ განხილვის პროცესი. კარგი საუბარი გვქონდა ესსეში განხილულ საკიტხებზე. ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ დამეხმარნენ უკეთ დაწერაში“ / რუზველტის ჰაი-სქულის მოსწავლე.

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვნახე წიგნის ავტორი, რომელიც თავის ცხოვრებასა და წიგნებზე გვესაუბრა. ეს დამეხმარა, უკეთ გამეგო, რა მინდა ჩემი ცხოვრებისგან. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო“ /ფრანკლინის ჰაი-სქულის მოსწავლე/.

მასწავლებლების შთაბეჭდილებები „მწერლები სკოლაში“ პროგრამის შესახებ:

„ძალზე შთამბეჭდავი იყო იმის ნახვა, როგორ ასწორებს საკუთარ ტექსტს მწერალი. იუმორისტული ნაწერის რედაქტირებაც ისეთივე ყოფილა, როგორიც სხვა ჟანრისა: გადაკეთება, ხელახლა გადაკეთება, შეცვლა და ასე უსასრულოდ…“ / დანა ვინგერი/

„მოსწავლეებმა, რომლებსაც, ჩვეულებრივ, წერის მოყვარულებს ვერ დაარქმევ, ბოლომდე მიიყვანეს დავალებები იმ ხნის განმავლობაში, რაც მწერალი ჩვენს კლასში მუშაობდა“ /ივენ პრაისი/.

„მწერალმა მოსწავლეებს ისე დაანახა პოეზია და ლექსი, როგორც ვერასდროს წარმოედგინათ“ /როდნი მააკი/

„მოსწავლეებს მწერალთან შეხვედრა ძალიან მოეწონათ. მათთვის განსაკუთრებით მოულოდნელი ის იყო, რომ ავტორები ხალისიანი და საინტერესო ხალხი აღმოჩნდნენ და არა ვიღაც მოსაწყენი დიდები“ /ტერესა ბრანდტი/.

მშობლების შთაბეჭდილებები:

„ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან დაეხმარა ჩემს შვილს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობლებისა და მეგობრებისთვის იმის ჩვენება, რაც ეამაყება. მგონია, რომ ეს მისი ზრდის დასაწყისი გახდება… მადლობელი ვარ, რომ სკოლამ ჩვენს შვილებს ამის საშუალება მისცა!“ /კელი გრიფიტი/

„ჩემი გოგონა დიდად არ მონაწილეობდა სკოლის ცხოვრებაში და ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, როცა შინ გამოგვიცხადა, რომ საკუთარ ნაწარმოებს საჯაროდ წაიკითხავდა „როუდვეის წიგნების“ ღონისძიებაზე“ /ანონიმი მშობელი/.

„საკუთარი თვალით ვნახე, როგორი ენთუზიაზმით მუშაობდა ჩემი შვილი თავის ნაწერზე პროფესიონალ მწერალთან ერთად. ადრე, როდესაც დავალებებს წერდა, ეს ენერგია არასოდეს შემიმჩნევია მისთვის. აშკარა იყო, რომ შინ შთაგონებული დაბრუნდა“ /ქეთრინ დრინანი/.

როგორც ხედავთ, მწერლების ვიზიტები და მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები მხოლოდ დადებით შთაბეჭდილებას ახდენს. ამ ინციატივის კიდევ ერთი თავისებურებაა ისიც, რომ არც მასწავლებელმა, არც მოსწავლეებმა და არც თავად მწერალმა ზუსტად არ იციან, როგორ განვითარდება გაკვეთილი თუ სემინარი. მწერლის ფანტაზია, ბავშვების რეაქციები და ის ახალი, უცნობი სამყარო, რომელიც „მოაქვს“ მწერალს საკლასო ოთახში, ქმნიან იმ მოულოდნელ და საინტერესო შედეგს, რომელიც ხელოვანის ბავშვებთან საუბარს მოჰყვება ხოლმე.

ქვემოთ მოკლედ აღვწერთ, დაახლოებით როგორ გამოიყურება პროგრამა პრაქტიკაში:

◦ ერთი ადგილობრივი მწერალი მთელი სემესტრის განმავლობაში ასწავლის მოსწავლეებს ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრს: პოეზიას, ბელეტრისტიკას (სხვაგვარად – სიტყვაკაზმულ მწერლობას), კრეატიულ წერას და დოკუმეტურ პროზას. საბაზო რეზიდენტურა მოიცავს დაახლოებით 80-84 სასკოლო საათს; შეიძლება სხვა მწერლის ვიზიტისა და საათების დამატებაც.

◦ იმართება ერთი შეხვედრა სახელგანთქმულ ავტორთან.

◦ მოიზიდავენ ფონდებს მოსწავლეთა ნაწერების გამსოაცემად, ჩასაწერად, საზოგადოდ, „სამწერლო“ პროექტებისათვის.

◦ გამოიცემა ანთოლოგია, რომელიც აერთიანებს სკოლის მოსწავლეთა საუკეთესო ნაწარმოებებს.

◦ იმართება მოსწავლეთა შემოქმედების საჯარო კითხვა, რომელზეც კითხულობენ ანთოლოგიისთვის შერჩეულ მოთხრობებს/ლექსებს, ხოლო წლის ბოლოს იმართება დასკვნითი შეკრება, რომელზეც ავტორები თავიანთ ნაწარმოებებს კითხულობენ.

◦ ხდება წიგნების გადაცემა/ჩუქება სკოლის ბიბლიოთეკისთვის, იქმნება სასწავლო რესურსები და საკლასო კოლექციები.

◦ წესდება მცირე სტიპენდიები მოსწავლეებისთვის პროფესიული განვითარების საზაფხულო სემინარებზე დასასწრებად.

◦ წესდება მცირე სტიპენდიები მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სემინარებზე დასასწრებად.

◦ გაიცემა სპეციალური სასაჩუქრე ბილეთები დიდ ლიტერატურულ ღონისძიებებზე (ხელოვნებისა და ლიტერატურის საღამოებზე, დიდი ლიტერატურული კონკურსების დასკვნით ცერემონიებზე და სხვ.) დასასწრებად.

დაბოლოს, ალბათ საინტერესო იქნება იმის გახსენებაც, რომ ბევრი ცნობილი საბავშვო მწერალი მწერლობამდე სკოლის მასწავლებელი იყო

◦ მეგაპოპულარული „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯ. ქ. როულინგი ინგლისურის მასწავლებელი იყო პორტუგალიაში, ხოლო მოგვიანებით, ქმართან გაყრის შემდეგ, შოტლანდიაში ფრანგულს ასწავლიდა;

◦ სერ უილიამ გოლდინგს, „ბუზთა მბრძანებლის“ ავტორს, როგორც ამბობენ, მასწავლებლობის დროს გაუჩნდა იდეა, დაეწერა ნაწარმოები ბავშვებისთვის „სრული თავისუფლების“ მინიჭების შესახებ, რამაც ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად აქცია;

◦ სტივენ კინგი (ავტორი წიგნებისა „ქერი“, „გაქცევა შოუშენკიდან“, „ციალი“, “მკვდარი ზონა“) ინგლისურის მასწავლებელი გახლდათ მენის შტატში;

◦ „და ვინჩის კოდის“ ავტორი დენ ბრაუნიც სკოლის მასწავლებელი გახლდათ ჯერ კალიფორნიაში, მერე – ნიუ-ჰემფშირში. სწორედ სკოლაში მუშაობისას დაიწყო მან თავის პირველ რომანზე, „ციფრულ ციხესიმაგრეზე“, მუშაობა.

◦ მაიკლ მორპურგო, ბრიტანელი მწერალი, ავტორი ცნობილი საბავშვო მოთხრობისა „საბრძოლო ცხენი“, დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო კენტის საგრაფოში, როდესაც საბავშვო მოთხრობების წერა გადაწყვიტა. მოგვიანებით მორპურგო საქვეყნოდ ცნობილი მწერალი გახდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაანება თავი მასწავლებლობას.

მოამზადა ლევან ალფაიძემ

წყაროები: https://www.literary-arts.org/what-we-do/wits-home/students-teachers-parents-say/

https://deblund.com/debs-services/author-visits/benefits-of-author-visits/

https://www.theguardian.com/education/gallery/2009/apr/29/teacher-turned-author

https://www.writersunion.ca/writers-schools-northern-ontario-program

როგორ გავუმკლავდეთ რთულ მოსწავლეებს

0

მასწავლებლობა არც ისე იოლი ყოფილა, როგორც მეგონა, სანამ პრაქტიკულ გამოცდილებას მივიღებდი. თანდათან მივხვდი, რომ მასწავლებელი უნდა იყოს არა მარტო საგნის კარგი სპეციალისტი, არამედ კარგი კომუნიკატორიც. მას უნდა შეეძლოს პრობლემის სწრაფი მოგვარება, იყოს მუდმივი ინოვატორი, სოციალური ორგანიზატორი. ეს ყველაფერი მოითხოვს ბევრ ენერგიას, მოთმინებას და დროს. მასწავლებლის პროფესიას კიდევ უფრო ართულებენ მოსწავლეები, რომლებსაც „რთულ მოსწავლეებს“ ვუწოდებთ.

არ მეგულება მასწავლებელი, რომელსაც 2 ან 3 ასეთი მოსწავლე მაინც არ ჰყავდეს. ისინი ჩვენს სასწავლო პროცესს ძნელად სამართავს ხდიან, მაშინ როდესაც სწავლა საკმაოდ სახალისო პროცესია, თუ ის სწორად მიმდინარეობს.

აი, ორი ყველზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება მოუვიდეს მასწავლებელს რთულ მოსწავლეებთან ურთიერთობისას:

  1. ყვირილი, ჩხუბი, არასასიამოვნო ფრაზების გამოყენება, მუქარა – ეს გააუარესებს მდგომარეობას და შედეგად შესაძლოა მივიღოთ მოსწავლის უპატივცემულობა ჩვენდამი და არასასიამოვნო გარემო;
  2. გადაჭარბებული ქება – ნუ შევაქებთ დავალების შესრულებისას სხვაზე მეტად; ნუ მივცემთ მათ ქებას დემონსტრაციულ სახეს. ჩვენი მიზანია ასეთი მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა და არა მათი გამორჩევა სხვა მოსწავლეებისგან. ასეთმა ქცევამ შესაძლოა გააღიზიანოს სხვა მოსწავლეები და უსამართლობის განცდა გაუჩინოს.

მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე მიდგომა, რომლებიც წარმატებით გამოვიყენე რთულ მოსწავლეებთან ურთიერთობისას:

  1. 1. ვიკონტაქტოთ მშობელთან ხშირად და დროულად

თუ მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი ერთად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებას. მშობელთან თანამშრომლობა საგრძნობლად შეამცირებს დისციპლინის დარღვევებს და დადებითად იმოქმედებს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. აუცილებელია, მშობელს რეგულარულად მივაწოდოთ ინფორმაცია – როგორც დადებითი, ისე უარყოფითიც. დადებითი ინფორმაციის მიწოდება წაახალისებს მოსწავლეს. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში აუცილებელია მშობლის დროული ჩართვა მდგომარეობის გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

სასწავლო პროცესში მშობლის ჩართვა ზრდის მოსწავლის პასუხისმგებლობას. აუცილებელია, მშობელს გავაცნოთ სასწავლო მიზნები, მათი როლი სასკოლო ცხოვრებაში, ქცევის წესები, საკლასო ღონისძიებები და საშინაო დავალებების შესრულების ხარისხი.

სამწუხაროა, მაგრამ გვხვდებიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ყველა მეთოდური საშუალება უნდა გამოიყენოს დადებითი ურთიერთობის დასამყარებლად.

მშობლები შეიძლება დავყოთ 4 კატეგორიად:

1

ჩართულია სკოლის ცხოვრებაში

 

ჩართულია საშინაო დავალებების შესრულებაში

2

არ არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში

 

ჩართულია საშინაო დავალებების შესრულებაში

3

ჩართულია სკოლის ცხოვრებაში

 

არ არის ჩართული საშინაო დავალებების შესრულებაში

4

არ არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში

 

არ არის ჩართული საშინაო დავალებების შესრულებაში

ყველა მასწავლებელს ჰყავს მეოთხე კატეგორიის ერთი მშობელი მაინც. სასწავლო პროცესში მათ ჩასართავად აუცილებელია, ისინი დავიბაროთ სკოლაში, შევხვდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე მშობელთა კრებებზე, ერთად ვიმსჯელოთ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. მშობელთან საუბარი აუცილებლად დადებით და იმედის მომცემ ნოტზე უნდა დასრულდეს.

  1. შევაგროვოთ ინფორმაცია

მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლეს. ამისთვის სასურველია შეგროვდეს საჭირო ინფორმაცია დამრიგებლის, ფსიქოლოგისა და სხვა იმ მასწავლებლებისგან, რომლებსაც შეხება აქვთ ამ მოსწავლესთან, ხოლო მშობლისგან მივიღოთ ინფორმაცია სოციალური კუთხით და გავაცნობიეროთ არსებული დისციპლინური პრობლემები მოსწავლის სწორი შეფასების უზრუნველსაყოფად.

2

სასურველია შევქმნათ კითხვარი, რომელსაც შევავსებინებთ მოსწავლეს. კითხვარს სახალისო ფორმა უნდა ჰქონდეს და არ ქმნიდეს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს მოსწავლე დაკითხვაზეა.

გთავაზობთ კითხვარის ნიმუშს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის ყველა მოსწავლეზე მორგებული – მისი მოდიფიცირება შეიძლება მოსწავლის ასაკის და სხვა ინდივიდუალური პრობლემების გათვალისწინებით.

2222

  1. დავუწესოთ ქცევის წესების დარღვევის ლიმიტი

მასწავლებელმა სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა იზრუნოს დადებითი სასწავლო გარემოს შექმნაზე. ასეთი გარემო მას დაეხმარება, სწორად წარმართოს სასწავლო პროცესი. ქცევის წესების შემუშავება და დარღვევის ლიმიტის დაწესება უფრო მაშინაა ეფექტური, როდესაც მის შექმნაში მონაწილეობენ მოსწავლეებიც. ამ დროს იზრდება მათი პასუხისმგებლობა. ისინი მეტად ზრუნავენ ამ წესების დაცვაზე. ქცევის წესების საყოველთაო ფორმა არ არსებობს, მათი შემუშავება ხდება კლასში არსებული პრობლემების, მოსწავლეთა ასაკისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

წესი არ უნდა იყოს ბევრი (საშუალოდ 4-6 საკმარისია). ისინი მკაფიოდ უნდა განიმარტოს და თვალსაჩინო ადგილას გაიკრას. აუცილებელია მათი მონიტორინგიც. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ ამ წესების დაცვა მნიშვნელოვანია, რომ ეს მათ კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. სასურველია, განვუმარტოთ ის სასჯელიც, რაც წესების დარღვევას მოჰყვება და დარღვევის ლიმიტიც.

 

ქცევის წესები ასეთი შეიძლება იყოს:

  1. 1. მოვეპყროთ სხვებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა მოგვეპყრონ.
  2. პატივი ვცეთ საკუთარ და სხვის საკუთრებას.
  3. გავუცინოთ ყველას და არავის დავცინოთ.
  4. პასუხი ვაგოთ საკუთარ საქციელზე.
  5. როცა სხვები საუბრობენ, მოვუსმინოთ.
  6. ვიმუშაოთ ჩუმად, ხელი არ შევუშალოთ სხვებს.
  7. ყოველთვის ავიწიოთ ხელი, როცა რამის თქმა გვსურს.
  8. ვითხოვოთ ნებართვა, სანამ რამეს გავაკეთებთ.
  9. სწორად ვმართოთ დრო, დროულად მივიდეთ სკოლაში და გაკვეთილებზე.
  10. ვეცადოთ, ვიყოთ საუკეთესოები.

ქცევის წესები ასეც შეიძლება გამოვსახოთ:

 222

22

  1. 4. ხშირად შევახსენოთ მოვალეობები

ვაკონტროლოთ საშინაო და საკლასო სამუშაო, ხშირად მივცეთ განმავითარებელი შეფასება, მივაწოდოთ ინფორმაცია აკადემიური მოსწრების შესახებ, რათა ჩამორჩენას არ მოჰყვეს სირთულეები – კლასში დარჩენა, გარიცხვა და სხვა.

 

  1. 5. შევარჩიოთ ხელსაყრელი დრო მათთან სასაუბროდ

თავი ვარიდოთ კლასში, სხვების თანდასწრებით, შენიშვნის მიცემას, შევხვდეთ ინდივიდუალურად.

 

  1. განუვითაროთ კომუნიკაციის უნარჩვევები

ძნელად სამართავ მოსწავლეებს უჭირთ თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. ხშირად ეს სოციალური უნარების უქონლობითაა გამოწვეული. ამ დროს მათ მაწავლებელი უნდა დაეხმაროს და სოციალური უნარ-ჩვევები განუვითაროს, რათა მოსწავლე მთლიანად ჩაერთოს სასწავლო პროცესში და გაკვეთილზე თავი სტუმრად არ იგრძნოს.

საკლასო ოთახი იდეალური ადგილია სოციალური უნარ -ჩვევების განსავითარებლად.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში?

  1. ხშირად დავგეგმოთ საკლასო ჯგუფური სამუშაოები.
  2. დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასკოლო პროექტები ამ თემასთან დაკავშირებით.
  3. ვურჩიოთ მშობელს, მიიყვანოს ბავშვი სპორტულ ან სხვა საგანმანათლებლო კლუბში.

მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეს, რა საჭიროა ამ უნარის ფლობა და რაში გამოადგება ის, მერე კი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრუნოს მის განვითარებაზე.

  1. არასდროს უარყოთ

ყოველთვის ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ მოსწავლის დადებით მხარეებზე, შესთავაზეთ ინდივიდუალური სავარჯიშოები.

სრულფასოვანი ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი მოსწავლესთან ურთიერთობისას მისი წამყვანი რეპრეზენტატიული სისტემის გათვალისწინებით აგებს

ცხადია, ეს პრაქტიკული რეკომენდაციები არ არის იდეალური. მათი მოდიფიცირება შესაძლებელია. იმედს ვიტოვებ, ისინი, ასე თუ ისე, მაინც დაგეხმარებათ რთულ მოსწავლეებთან ურთიერთობის მოგვარებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www. shttps://www. teachhub. com/10-ways-deal-difficult-student 2. smartclassroommanagement. com/2011/04/23/7-rules-of-handling-difficult-students/
  2. https://www. theguardian. com/teacher-network/teacher-blog/2013/may/21/classroom-disruption- top-tips
  3. https://www. scholastic. com/teachers/article/25-sure-fire-strategies-handling-difficult-students

დაბადება

0

დაბადება ალბათ ყველაზე მაგიური სიტყვაა ჩვენს მრავალრიცხოვან ლექსიკონში. მაგიურია როგორც თვით პროცესი, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს, ისე ამ პროცესის შედეგიც. ძველი აღთქმაც ამ სიტყვით იწყება. ის რაღაც ახლის, მანამდე არარსებულის შექმნას ნიშნავს. და კიდევ – მოკვდავის მარადიულ ოცნებასთან, უკვდავებასთან, თითქმის მიახლებას. თუმცა სამყაროში ბალანსის დარღვევა არ შეიძლება – რამდენიც დაიბადება, იმდენივე სიკვდილის მომსწრე გახდება სამყაროს განმგებელი.

მარადიული არაფერია ამქვეყნად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც დღეს არის, ოდესმე აღარ იქნება, მაგრამ მის ადგილს სხვა დაიკავებს და სამყაროს ამით არაფერი დააკლდება.

ოდესღაც დაბადებულა ყველაფერი, რასაც ჩვენი თვალი ხედავს თუ ცნობიერება სწვდება. და რაკი ვიცით, რომ ეს ყველაფერი წარმავალია, ძალ–ღონეს არ ვზოგავთ ახლის შექმნისთვის, დაბადებისთვის. თუმცა ასე ნანატრი დაბადება ტანჯვის გარეშე არასოდეს ეძლევა სამყაროს. ესეც საყოველთაო კანონია. ჩვენს დაბადებას დედის ტანჯვა უძღვის წინ. თუ უფრო შორეული წარსულისკენ გავიხედავთ, ადვილად წარმოვიდგენთ, როგორ ტკივილებს განიცდიდა დედა-დედამიწა მთების დაბადებისას, რაოდენი ძალისხმევა, გრგვინვა და კვნესა დასჭირდებოდა, რომ მისი წიაღიდან ეს ბუმბერაზები ამოზრდილიყვნენ, რომ მათ მწვერვალებს ეხილათ მზის სინათლე. ზღვები და ოკეანეებიც ტანჯვითა და ვაებით იშვნენ – მყინვართა მრავალსაუკუნოვანი ცრემლთა დენით მოევლინნენ ამა სოფელს. ყოველ მცენარეს, გიგანტური ბაობაბი იქნება, თუ ერთი ციცქნა ია, სანამ დღის სინათლეს იხილავდეს, უდიდესი ძალისხმევა სჭირდება ნიადაგის ამოსამტვრევად და მიწიდან თავის ამოსაყოფად.

ტანჯვით დაბადებულან სოფლები, ქალაქები და ქვეყნებიც. უამრავი ოფლი და სისხლია დაღვრილი მათი გაჩენისას. დაბადებულა არაერთი ლექსი, რომანი, სიმღერა თუ ტილო… თუ ისტორიის მიერ მიყრილი ფერფლის სქელ ფენას გადავფხეკთ, დავინახავთ, რაოდენი სევდა და ნაღველია თითოეულ მათგანში. სევდა და ნაღველი, რომელსაც მათი ავტორი დაატარებდა და ბოლოს ისევე ამოტყორცნა სამზეოზე, როგორც დედამიწა ისვრის ხოლმე ვულკანურ მაგმას…

იბადებიან ქიმიური მოლეკულებიც. იბადებიან კოსმოსში, პლანეტების წიაღში, სულიერ თუ უსულო არსებებში, კოლბებსა და სინჯარებში.

დროგამოშვებით იბადებიან ქიმიური ელემენტებიც. ელემენტები, რომელთა დაბადებასაც აღარ ველოდით. სულ ახლახან პერიოდულობის სისტემას კიდევ ოთხი ელემენტი შეემატა.

ყოველ დაბადებას ნათლობა მოსდევს. ელემენტისთვის სახელის დარქმევის უფლება აღმომჩენს აქვს, თუმცა „დაბადების მოწმობაში“ მის ჩაწერამდე რამდენიმეთვიანი პროცედურაა გასავლელი და საერთო შეთანხმება მისაღები.

ახალაღმოჩენილ ელემენტს, ტრადიციისამებრ, სახელს ანიჭებენ: მითოლოგიური კონცეფციის ან ხასიათის (ასტრონომიული ობიექტების ჩათვლით), მინერალების ან მსგავსი მასალების, ადგილისა და გეოგრაფიული რეგიონის, ელემენტის თვისების ან მეცნიერის სახელის მიხედვით.

ახალი ელემენტების დაბოლოებაც საზოგადოდ დადგენილი წესით განისაზღვრება: „-ium“ სუფიქსით ბოლოვდება 1-16 ჯგუფის ელემენტები, მე-17 ჯგუფისთვის განკუთვნილია „-ine“, ხოლო მე-18–სთვის – „-on“ დაბოლოება. ელემენტების სახელდება ინგლისურად ხდება და სხვა ენებში შესაბამისად გადადის.

ახალი ელემენტების აღმომჩენთა მიერ შემოთავაზებული სიმბოლოები და სახელწოდებები IUPAC-ის არაორგანული ქიმიის განყოფილებამ მიიღო და საჯარო განხილვაზე გამოიტანა, 2016 წლის 8 ნოემბერს კი მათ უკვე ოფიციალურად ეწოდა ეს სახელები.

113-ე ელემენტს, რომელიც აღმოჩენილი იქნა იაპონიაში, RIKEN ნიშინას ცენტრში, ეწოდა ნიჰონიუმი (nihonium). მისი ქიმიური სიმბოლოა Nh. „ნიჰონი“ იაპონიის ერთ-ერთი იაპონური დასახელებაა, რომელიც სიტყვასიტყვით „ამომავალი მზის ქვეყანას (მიწას)“ ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ნიჰონიუმი პირველი სინთეზური ელემენტია, რომელიც აზიის კონტინეტზე იქნა მიღებული.

115-ე ელემენტს დაერქვა მოსკოვიუმი (სიმბოლო – Mc), ხოლო 117-ეს – ტენესინი (სიმბოლო – Ts). ორივე ელემენტი სინთეზირებულ იქნა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების (Nuclear Research, Dubna (Russia), Oak Ridge National Laboratory (USA), Vanderbilt University (USA) and Lawrence Livermore National Laboratory (USA)) ერთობლივი კვლევითი ინსტიტუტის მიერ.

118-ე ელემენტს სახელი ეწოდა დარგის ერთ–ერთი პიონერის, პროფესორ ოლეგ ოგანესიანის პატივსაცემად, რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვნის სუპერმძიმე ელემენტების აღმოჩენაში.

ყოველ დაბადებას დიდი შვება და სიხარული მოაქვს, რადგან დაბადება ტანჯვის დასასრულსაც ნიშნავს. ამ უკიდეგანო სამყაროში უამრავი რამ დაბადებულა. მომავალშიც ბევრი დაიბადება. მაგრამ ყველაზე დიდი და მშვენიერი, თუკი რამ გაუჩენია არსთა გამრიგეს, იმედია. ყოველ ახალდაბადებულ მოლეკულასა თუ ელემენტს ისეთივე იმედის თვალით შევცქერით, როგორითაც ახალშობილ ჩვილს – ვინ იცის, ვინ გაიზრდება, რა დადგება მისგან…

როგორ შევქმნათ შემაჯამებელი დავალება და შესაბამისი ანალიტიკური რუბრიკა

0

კარგი შემაჯამებელი დავალებისა და შესაბამისი ანალიტიკური რუბრიკის შექმნა ადვილი საქმე არ არის. ეს იტერაციული პროცესია, როდესაც ძირითად, საყრდენ კომპონენტებს – ამოცანას ან აქტივობას, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის სტანდარტებსა და ინდიკატორებს, შეფასების კრიტერიუმებსა და მიღწევის დონეებს – რამდენჯერმე ვუბრუნდებით და გადავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ჩვენ შევეცდებით გამარტივებული, სქემატური სახით აღვწეროთ და წარმოვადგინოთ საბოლოო პროდუქტის – შემაჯამებელი დავალებისა და რუბრიკის შექმნისთვის საჭირო სამუშაოები.

შემაჯამებელი დავალების შექმნა შესაძლებელია ორგვარად დაიწყოს: თუ კარგი ამოცანის ან აქტივობის ჩანასახი, ნიმუში ან იდეა გვაქვს, მაშინ სტანდარტების კრებულიდან უნდა შევარჩიოთ ის ინდიკატორები, რომლებთანაც ეს ამოცანა ან აქტივობა შესაბამისობაშია. მეორე გზა პირიქით, იწყება ინდიკატორების გარკვეული, შეზღუდული პაკეტიდან, როგორც ამოსავალი წერტილიდან, და შესაბამისი ამოცანისა თუ აქტივობის ჩამოყალიბებისკენ მიდის.

პირველ შემთხვევაში საჭიროა გულდასმით გამოვიკვლიოთ, მართლა სრულად და რეალურად ამოწმებს მოცემული აქტივობა სტანდარტებისა თუ ინდიკატორების მონიშნულ კრებულს, თუ არა. ამისთვის ინდიკატორების მონიშნული კრებულიდან დაუნდობლად უნდა მოვაცილოთ ყველა ის ინდიკატორი, რომლებიც დავალებაში მოთხოვნილი მოქმედებებისგან მცირედ მაინც განსხვავებულ კომპონენტებს შეიცავს და მხოლოდ ის ინდიკატორები უნდა დავტოვოთ, რომელთა მიღწევასაც აქტივობაში ნაგულისხმები მოქმედება ადასტურებს. თავის მხრივ, თვით ამოცანა ან აქტივობაც ისე უნდა გადავამუშაოთ, რომ იგი აუცილებლად ამოწმებდეს გადარჩეული სტანდარტებისა და ინდიკატორების  მიღწევას და არ მოიცავდეს სხვა, არასაჭირო მონაცემებს, პირობებსა თუ შეკითხვებს. ასე იქნება მიღწეული შემაჯამებელი დავალების ეფექტურობა – იგი მოიცავს მხოლოდ იმ აუცილებელ კომპონენტებს, რომლებიც სტანდარტების შესაბამისად მოითხოვება.

მეორე შემთხვევაში, როდესაც თვით სტანდარტები ან ინდიკატორებია შემაჯამებელი დავალების შექმნისთვის ამოსავალი წერტილი, უნდა დავეყრდნოთ ინდიკატორებში მოტანილ ზმნებს, ცნებებსა და სხვა ობიექტებს. დავალებაში ყველა იმ მოქმედებების შესრულება უნდა მოვითხოვოთ ყველა იმ ცნებებთან და ობიექტებთან მიმართებაში, რომლებიც ინდიკატორებშია დაფიქსირებული. ეს პროცესი კიდევ უფრო იტერაციულია, ვიდრე პირველ შემთხვევაში, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერი, რადგან შედეგი ეფექტურია – მიღებული დავალება მორგებულია უშუალოდ იმ სტანდარტებსა თუ ინდიკატორებს, რომლებისგანაც იგი „ამოიზარდა“.

ცხადია, რომელიმე ამ გზით მიღებული შემაჯამებელი დავალება ჯერ კიდევ დასახვეწია. ახლა უკვე იმის დრო მოვიდა, რომ თვალი გადავავლოთ ნამუშევარს, „ზემოდან დავხედოთ“ თითქოს „გაუცხოებულ“ ჩვენს მიერვე შექმნილ პროდუქტს და ერთიანობაში შევაფასოთ იგი. ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ჩვენ თვითონ შევასრულოთ ჩვენ მიერვე შექმნილი დავალება და ჩამოვწეროთ ყველა ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შევაფასებდით – შეასრულა თუ არა მოსწავლემ დავალება და რამდენად სრულყოფილად შეძლო მან ეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ –  როგორ შეიძლებოდა ემოქმედა მოსწავლეს დავალების შესრულებისთვის, რა სახით წარმოადგენდა იგი ნამუშევარს და რა ფაქტები უნდა მოგვეძიებინა მის ნამუშევარში, რომლებიც დაადასტურებდა მოსწავლის არსებულ კომპეტენციებსა და მათი განვითარების დონეს. კარგი იქნება, თუ დაწვრილებით წარმოვიდგენთ დავალების შესრულების განსხვავებულ გზებსა და გამოვლენილი ოსტატობის სხვადასხვა მახასიათებლებს.

გარწმუნებთ, რომ ამგვარი შრომა „წყალში გადაყრილი“ ნამდვილად არ არის: როგორც წესი, ზემოთ აღნიშნულ პროცედურას შედეგად მოსდევს დავალების კორექცია ან იმ ინდიკატორების კრებულის ოპტიმიზაცია, რომელსაც მოცემული დავალება შეესაბამება. გარდა ამისა, რუბრიკის შექმნისთვის შესრულებულია აუცილებელი „შავი სამუშაოები“, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მოსწავლის ოსტატობის დონეზე მიუთითებს.

შემაჯამებელი დავალების შექმნა თითქმის დასრულებულია. დარჩა მნიშვნელოვანი ბოლო სამუშაო – იმის გააზრება და დაფიქსირება ინსტრუქციების სახით, თუ რა მასალები ან დამატებითი ინფორმაციაა საჭირო დავალების შესრულებისთვის, რა დრო დასჭირდება დავალების შესრულებას ან სხვა რა სპეციფიკური პირობებია საჭირო დავალების შესრულებისთვის, რომელიც დავალების თავისებურებებიდან გამომდინარეობს და ხელს შეუწყობს მოსწავლეს დავალების შესრულებაში, ხოლო მასწავლებელს – შესრულების შემოწმება-შეფასებაში.

ახლა გადავიდეთ რუბრიკის დამზადების აღწერაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ხელთ უკვე არის შემაჯამებელ დავალებასთან დაკავშირებული სტანდარტები თუ ინდიკატორები, ანუ შემაჯამებელი დავალების ძირითადი ობიექტები და მოქმედებები ამ ობიექტებთან მიმართებაში, მოსწავლეთა მიღწევების შეფასებისთვის აუცილებელი (შესამოწმებელი კომპეტენციების ფლობისა და მათში გაწაფულობის) მტკიცებულებები მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრებში. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ მასალების საფუძველზე შექმნილი რუბრიკა?

  1. მიუხედავად იმისა, რუბრიკა განმავითარებელი შეფასებისთვის გამოიყენება თუ განმსაზღვრელისთვის, იგი ნებისმიერ შემთხვევაში აგებული უნდა იყოს ისე, რომ მოსწავლემ ამ რუბრიკით იხელმძღვანელოს და გაარკვიოს, რას მოითხოვენ მისგან და რას ნიშნავს დავალების შესრულება ამა თუ იმ დონეზე.
  2. ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების შესაბამისად, რუბრიკა შემაჯამებელი დავალების შესრულების დაწყებამდე მოსწავლეს წინასწარ უნდა წარედგინოს. ეს დამატებით პირობას ადებს რუბრიკის იმ ვერსიას, რომელიც მოსწავლეს უნდა წარედგინოს – რუბრიკა არ უნდა კარნახობდეს მოსწავლეს დავალების შესრულების გზებს თუ სავარაუდო პასუხებს. მაგალითად, რუბრიკა ან დავალების შეფასების სქემა, რომელშიც მოსწავლის მიერ ამოცანის ამოხსნისთვის შესრულებული ნაბიჯების მიხედვით ქულების მინიჭების ნორმებია განსაზღვრული, არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას.
  3. რუბრიკა აგებული უნდა იყოს ისე, რომ მასწავლებელმა იხელმძღვანელოს და გაარკვიოს, როგორია მოსწავლის მიღწევები შესაფასებელ სტანდარტებთან მიმართებაში; გამოიყენოს იგი უკუკავშირის ფორმულირებისთვის, ხოლო განმსაზღვრელი შეფასების შემთხვევაში – ნიშნის დაწერისთვისაც. ამისათვის შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილების დონეების მკაფიოდ გამიჯვნისთვის ზედმიწევნით დეტალიზებული ფორმულირებებია საჭირო.

მაშასადამე, შესაძლებელია საჭირო გახდეს რუბრიკის ორი ვერსიის დამზადება: ერთი იქნება მასწავლებლის სამუშაო ვერსია, სადაც დეტალურად გაიწერება მოსწავლის ნამუშევარში რომელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ოსტატობის (და შესაბამისად, ქულების) რა დონე მიენიჭება მოსწავლეს. რუბრიკის ეს ვერსია არ იქნება საჯარო. ხოლო მეორე,  მოსწავლეებისთვის წარსადგენი ვერსია იქნება შესაფერისად შეკვეცილი სახით, თუმცა მოსწავლეთა დასაკვალიანებლად მათი კომპეტენციებისადმი წაყენებული მოთხოვნების თვალსაზრისით – საკმაოდ ინფორმაციული.

ზემოთქმულის გათვალისწინებით შევუდგეთ რუბრიკის დამზადების პროცედურების აღწერას. უპირველეს ყოვლისა, სტანდარტებისა თუ ინდიკატორების შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს შეფასების კრიტერიუმები – არაა სავალდებულო კრიტერიუმები სრულიად ემთხვეოდეს ინდიკატორებს. საკმარისია, მათ საფუძველზე ჩამოყალიბდეს მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებშიც დავალების თავისებურებებია გათვალისწინებული. კერძოდ,  ინდიკატორებში მითითებული ობიექტების და მოქმედებების არე შეკვეცილი და შეზღუდულია კონკრეტული დავალების პირობებით.

დარჩა მხოლოდ მოსწავლის მიღწევის დონეების გამოყოფა და გამიჯვნა თითოეული კრიტერიუმისთვის და კონკრეტული ანალიზური რუბრიკაც მზად იქნება. მიზანშეწონილია სამი ან ოთხი დონის გამოყოფა. ეს დონეები შესაძლებელია, მაგალითად, ასე დასათაურდეს: ჯერ ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს (ოსტატობის დონე არადამაკმაყოფილებელია); აკმაყოფილებს სტანდარტებს მცირე ხარვეზებით (ოსტატობის დონე დამაკმაყოფილებელია); სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს (ოსტატობის დონე შესანიშნავია).

თუ მოსწავლეებისთვის ქულების მინიჭებას ვაპირებთ, უმჯობესია ქულები ყოველი კრიტერიუმის თითოეულ დონეს ცალ-ცალკე მივუწეროთ – ეს გამორიცხავს ყოველგვარ  გაუგებრობას  ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით. შესაძლებელია, აგრეთვე, სხვადასხვა კრიტერიუმს სხვადასხვა წონაც მივანიჭოთ – ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ კრიტერიუმის მნიშვნელობაზე შესასრულებელ დავალებასთან მიმართებით.

მიღწევის დონეების გამიჯვნისთვის გადამწყვეტი როლი ენიჭება მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარში იყოს დაფიქსირებული. სამუშაოების დასრულებისთვის საჭიროა მტკიცებულებათა დაჯგუფება დადგენილი დონეების შესაბამისად და მოქნილი, განმაზოგადებელი ან გამაერთიანებელი ფორმულირების მოძებნა, რადგან მოსწავლეებისთვის წარსადგენ ვერსიაში დეტალური და კონკრეტული მტკიცებულებები არ უნდა ფიგურირებდეს ზემო აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მტკიცებულებათა ენაზე ჩამოყალიბებული მიღწევის დონეებში მითითებულია არა მოსწავლის მიერ ჩადენილი ან ჩაუდენელი მოქმედებები, არამედ მხოლოდ ფაქტები, რომლებიც მოსწავლის ნამუშევარში დაფიქსირდა და ნამუშევრის კომპონენტებსა და მახასიათებლებს აღწერს. ამიტომ ეს ფორმულირებები ნეიტრალურია მოსწავლის ქცევის მიმართ და სრულიად თავისუფალია მასწავლებლის მოსწავლისადმი სუბიექტურ დამოკიდებულებათა გამოხატულებებისგან.

ასეთი რუბრიკები განმავითარებელი შეფასებისთვისაც გამოდგება და განმსაზღვრელისთვისაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შემაჯამებელი დავალებების შესრულებაში მიღებული ჯამური ქულა ნიშნად უნდა გადავაქციოთ, რისთვისაც ორი გზა არსებობს: 1) შევქმნათ მოსწავლის მიერ დაგროვებულ ჯამურ ქულათა ინტერვალების ნიშნებად კონვერტირების ცხრილი (ნიმუში იხ. ქვემოთ),  ან 2) მოსწავლის მიერ დაგროვებული ჯამური ქულა გავამრავლოთ ათზე, გავყოთ შესაძლო ქულათა მაქსიმუმების ჯამზე და დავამრგვალოთ მოსწავლეებისთვის ცნობილი წესით.

კონვერტაციის ცხრილის მაგალითი 60-ქულიანი შემაჯამებელი დავალებისთვის

ქულათა ინტერვალები პროცენტული ინტერვალები ნიშნები ათბალიან სისტემაში
0-8 0-14 1
9-15 15-25 2
16-21 26-35 3
22-29 36-49 4
30-38 50-64 5
39-44 65-74 6
45-50 75-84 7
51-53 85-89 8
54-57 90-95 9
58-60 96-100 10

იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ შექმნილი რუბრიკის ვარგისიანობაში, საჭიროა მისი გამოყენება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, თუმცა მანამდეც შესაძლებელია მისი გაუმჯობესება, თუკი გულწრფელად და საქმის ცოდნით ვუპასუხებთ შეკითხვებს:

  1. რამდენად ზუსტად და სრულად აფასებს რუბრიკა დავალების შესრულების შედეგად მოსწავლეთა მიერ გამოვლენილ კომპეტენციებს?
  2. შესაძლებელია თუ არა მოცემული რუბრიკის საშუალებით მოსწავლეებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება?
  3. არის თუ არა შესაძლებელი რუბრიკის საფუძველზე საკორექციო ან კომპეტენციების გასაუმჯობესებელი აქტივობების შეთავაზება მოსწავლეებისთვის?
  4. არის თუ არა რუბრიკა ადვილი გამოსაყენებელი?
  5. არის თუ არა რუბრიკა მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადია?
  6. არის თუ არა რუბრიკა საკმარისად ლაკონური, ცხადი და მოსწავლეებისთვის ასაკობრივად შესაფერისი?
  7. გვეხმარება თუ არა რუბრიკა დასახული მიზნების მიღწევაში?

რუბრიკის დახვეწისთვის შესაძლებელია, აგრეთვე, მისი გამოყენება წინა თაობის მოსწავლეთა ნამუშევრებისთვის, რომლებიც უკვე შეფასებულია ან კოლეგებთან მისი წინასწარ განხილვა. მსგავსი აქტივობები დაგვაზღვევს შესაძლო უხერხული თუ ბუნდოვანების მომცველი ვითარების შექმნისგან მოსწავლეებისთვის შემაჯამებელი დავალებების მიცემისა და მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების დროს.

 „გრამატიკის რევიზია იუმორის საშუალებით“

0

დღევანდელი წერილის სათაური კასელის ვალდორფის სკოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პედადოგიურ სემინარის ერთ-ერთი კურსის სახელდებიდან ვისესხე. სამუშაოს დაწყებამდე ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალეკ ტემპლტონმა, მოკლედ გაგვაცნო  კურსის მიზნები და შემდეგ რამდენიმე კითხვა დაგვისვა. კითხვებიდან ზოგიერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ალეკს აინტერესებდა – როდის ვიცინეთ კლასში მოსწავლეებთან ერთად ბოლოს და რაზე (თუ საიდუმლო არააო, დაამატა), რა მეტსახელით მოგიხსენებენ მოსწავლეები თქვენ ზურგსუკან და თქვენს რომელ თვისებას გამოაჯავრებენ ისინი, თქვენი პაროდია რომ გააკეთონო.

კითხვებიც საინტერესო იყო, პასუხებიც და სამუშაო ჯგუფში ატმოსფეროც მხიარული, უშუალო და, ამავდროულად, საქმიანი შეიქმნა. ვფიქრობ, ამ ღიმილისმომგვრელი კითხვებითა და კიდევ უფრო მეტად ღიმილისმომგვრელი პასუხებით სწორედ იმას მივაღწიეთ, რაც საკლასო ოთახებშიც უნდა განვახორციელოთ.  განსაკუთრებით კი ისეთი მოსაწყენი გაკვეთილის ჩატარებისას, როგორიც გრამატიკის გაკვეთილი შეიძლება იყოს, რადგან თითოეულ გრამატიკულ თემაზე დასასწავლ ათობით წესსა და ენობრივ კანონს ამდენივე გამონაკლისი ახლავს, მოსწავლეებისთვის კი ეს ყველაფერი სახალისო და საინტერესო ნაკლებად არის ხოლმე.

ზოგადად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გრამატიკული წესების გააზრება, დამახსოვრება, ცოდნა ეხმარება  მოსწავლეებს მართლწერისა და მართლმეტყველების ჩვევების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში.  ცხადია, აქ არ იგულისხმება წესების გაუაზრებლად დაზეპირება, შემდეგ კი შეცდომის გარეშე, უცვლელად მასწავლებლისთვის „ჩარაკრაკება“ ან დახურულ კითხვებიანი ტიპის ტესტებში ყველა სწორი პასუხის შემოხაზვა. საბედნიეროდ, დღეს  ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე  გრამატიკის სისტემური სწავლება უარყოფილია და უპირატესობა ლიტერატურასთან ინტეგრირებულ სწავლებას ენიჭება, თუმცა, არის საკითხები, რომლებიც გარკვეული თეორიული კომპეტენციების დაუფლებასაც მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსაშვები გამოცდების დროს მოსწავლეებს ხშირად უწევთ ენის თეორიიდან კონკრეტულ გრამატიკულ კითხვებზე პასუხების გაცემა. შესაბამისად, რამდენიმე წესისა და გამონაკლისის ცოდნა მათთვის სავალდებულოცაა.

როგორ გავახალისოთ და გავამარტივოთ გრამატიკული წესების ან გამონაკლისების დამახსოვრების პროცესი? წერილში საგაკვეთილო პროცესში გამოცდილ, აპრობირებულ და მოსწავლეთა მიერ „ დადებითად შეფასებულ“ რამდენიმე სავარჯიშოს გთავაზობთ.

 

გამონაკლისების დამახსოვრების სავარჯიშო

სავარჯიშო გამომიყენებია ირიბი ობიექტის ნიშნების შესწავლის დროს. როგორც ცნობილია, ირიბი ობიექტის ნიშნებს დაირთავს ზმნა, რომელიც შეიწყობს ირიბ ობიექტს, თუმცა წესიდან რამდენიმე გამონაკლისიც არსებობს. ეს ის ზმნებია, რომლებსაც ირიბი ობიექტი არ შეეწყობა, მაგრამ ს- და ჰ- პრეფიქსის დართვა მაინც სავალდებულოა.

ეს ზმნებია: გასტანს, გამოსცემს, გასცემს, გასწევს, ასწევს, სჩადის, დასძენს, დაჰყო ( დრო).

გამონაკლისი ზმნების გაცნობის და წესების გააზრების შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, მოიფიქრონ პატარა ამბავი, რომელშიც გამოყენებული იქნება ყველა დასახელებული ზმნა. ისინი შეზღუდულები არ არიან არც ჟანრში, არც თემატიკაში, არც მოცულობაში. ერთადერთი პირობაა, ისეთი ამბის ( სიუჟეტის) მოფიქრება, სადაც ყველა ზმნა „იმონაწილევებს“. შედეგად, საჭირო დროს მოსწავლეებს აუცილებლად გაახსენდებათ თავისივე მოფიქრებული მოთხრობა, ისინი ადვილად აღიდგენენ სიუჟეტის მეშვეობით ზმნებს და უშეცდომოდ გამოიყენებენ დასახელებულ სიტყვებს. უნდა აღვნიშნო, რომ არაერთი საინტერესო, მოულოდნელი და მხატვრულად ღირებული ტექსტი წამიკითხავს ამ ზმნების გამოყენებით.

იგივე სავარჯიშო გამოვიყენე კუმშვად-კვეცადი სახელების დამახსოვრების მიზნითაც. ტექსტები აქაც მრავალფეროვანი იყო, ჟანრობრივი განშლა კი აბსოლუტურად მოულოდნელი, მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დაწერილი მინიმოთხრობა ჰორორისა და იუმორის ელემენტებით ყოველ გახსენებაზე მზაფრავს და ამავდროულად, მაცინებს. ვფიქრობ, ეს ტექსტი არც მე და არ მას არასდროს დაგვავიწყდება.

სავარჯიშო პირობითი სათაურით „კაცი სკვერში“

აპრობირებულია მეტყველების ნაწილების, თანდებულების, მსაზღვრელ-საზღვრულისა და ზედსართავი სახელის შესწავლის პროცესში. საწყის ეტაპზე დაფის შუაში იწერება ორად ორი სიტყვა, ვთქვათ, კაცი მიდის. მოსწავლეები რიგრიგობით იწყებენ კითხვების მოფიქრებას და დასმას. კითხვები კითხვითი სიტყვებისგან უნდა იყოს ნაწარმოები და კითხვითი სიტყვითვე უნდა იწყებოდეს ( სად? როგორ? როგორი? ვინ? როდინდელი? რა? );

არსებული კითხვებისა და პასუხების მიხედვით დაფა ივსება დამატებითი ცნობებით. მაგალითისთვის:

როგორი კაცია? ( მაღალი)

სად მიდის კაცი? ( სკვერში)

რა უჭირავს ხელში კაცს? ( საჭე)

როგორი აგებულებისაა კაცი? ( მოსქო)

ვინ ელოდება სკვერში? ( ხელოსანი)

რა ფერისაა საჭე? ( მომწვანო)

როგორია სკვერი? ( მრგვალი)

და ა.შ.

ამ სახალისო სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი გამოყოფს მოცემული გაკვეთილის თემას ( ვთქვათ, ზედსართავი სახელი და მისი ჯგუფები) და მასალის ახსნის შემდეგ ( მეტყველების რა ნაწილია ზედსართავი? რამდენი ჯგუფი არსებობს? ზედსართავის ხარისხები…) ხაზს უსვამს შესაბამის სიტყვებს. მოსწავლეები კი ავსებენ წინადადებას და ინიშნავენ სამუშაო რვეულებში. ამ შემთხვევაში, მივიღებთ წინადადებას:

მაღალი, მოსქო კაცი მრგვალ სკვერში მიდის. მას  ხელში  მომწვანო საჭე აქვს.

ამოცანის გასართულებლად მოსწავლეებს შეგვიძლია ვთხოვოთ, მთელი ამბის ერთი წინადადებით გადმოცემა:

მაღალი, მოსქო კაცი, ხელში  მომწვანო საჭით, მრგვალ სკვერში მიდის.

რაც უფრო დიდი, მოულოდნელი და სასაცილოა ამბავი, მით უფრო სახალისოა პროცესი.

სავარჯიშო კარგია ასევე სინტაქსური კონსტრუქციების დაუფლების მიზნითაც. შესაძლებელია რთული წინადადებების მარტივად გადაკეთება და პირიქით.

ფაზლი

ფაზლის გამოყენება კარგია ისეთ თემებზე სამუშაოდ, როგორიცაა ფრაზეოლოგიზმები, მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება, სათაურების მართლწერა, ბრუნვის ნიშნები…სამუშაო ჯგუფურადაც შეიძლება შესრულდეს და ინდივიდუალურადაც.

მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათებს. ბარათები ორ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი. თუ გაკვეთილის თემაა, მაგალითად, ფრაზეოლოგიზმები, ბარათის ერთ ნაწილზე იწერება შესიტყვების ერთი შემადგენელი, მეორეზე კი – მეორე. მოსწავლეებმა სწორად უნდა შეაერთონ ნაწილები და მიიღონ შესაბამისი ფრაზეოლოგიზმები, შემდეგ კი მათი გამოყენებით მოიფიქრონ და ჩაინიშნონ წინადადებები.

მაგალითად, ბარათის ერთ ნაწილზე იწერება:

ცამდე;ნამუსი;ურწმუნო;ნავსი;ფეხი;განხეთქილების;იობის;იუდას;აქილევსის;

მეორე ნაწილზე კი:

აიყვანა; შეუნახა; თომა; გატყდა;აითრია;ვაშლი;მოთმინება;ამბორი;ქუსლი;

სავარჯიშო საკმაოდ ხალისიანი და ეფექტიანია. ჯგუფურად შესრულების შემთხვევაში მუშაობს ურთიერთსწავლების ფაქტორიც.

ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის დასახვეწად ძალიან კარგია მცირე, ერთაბზაციანი საწერი დავალებების მიცემა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ახსნის რომელიმე სასვენი ნიშნის დანიშნულებას, მოსწავლეებს მიეცემათ დრო რაიმე თემაზე ერთი აბზაცის დასაწერად(თემის არჩევა მათვე შეგვიძლია მივანდოთ). წერის დასრულების შემდეგ პირველ რიგში თავად არედაქტირებენ ნამუშევარს, შემდეგ კი რვეულებს უცვლიან ერთმანეთს და უსწორებენ პუნქტუაციურ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს. მასწავლებლის მიერ აწითლებული და გამოყოფილი შეცდომები ერთია, თანაკლასელის მიერ აღმოჩენილი და შესწორებული კი – სულ სხვა. ამ სავარჯიშოს პირობითად „შეცდომებზე ნადირობა“ შეიძლება დავარქვათ.

თამაშებისა და მსგავსი სავარჯიშოების გამოყენება გაკვეთილებზე ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ინტერესს შესასრულებელი დავალების მიმართ და აუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს. თამაშები და სავარჯიშოები ადვილი შესასრულებელი და სახალისო უნდა იყოს.

სტალინის ნაძვები

0

1995 წლის დეკემბრის ცივი, ქარიანი დღე იყო. გორში, სტალინის ძეგლის სიახლოვეს ალაგ-ალაგ საღებავგადაცლილი, ძველისძველი, გულმიუსვლელი მანქანა იდგა. მანქანაში ვისხედით: მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა და მისი რვა თვის ორსული ცოლი – ერთმანეთს ხელებს ვუთბობდით და გასამხნევებლად თუ, უბრალოდ, დროის გასაყვანად ისეთ ამბებს ვყვებოდით, სხვა გარემოებებში სახალისოდ რომ გამოჩნდებოდა. არ მახსოვს, ვის ან რას ველოდებოდით. სტალინის ძეგლთან – სწორედ ჩვენ წინ – პატარა ბაზრობა იყო მოწყობილი. გაშავებულ სამხედრო ქურთუკებში გამოწყობილი, სახეაწითლებული კაცები მანდარინსა და ფორთოხალს ყიდდნენ მანქანების საბარგულებიდან. თაფლად სახელდებული ბლანტი სითხეც იყიდებოდა – ძალიან იაფად. კიდევ წითელ, ყვითელ და მწვანე ქაღალდებში გახვეული უგემური თურქული კანფეტები, ორცხობილები…

მყიდველები უფრო მანდარინსა და ფორთოხალს ეტანებოდნენ – თითო-თითო კილო მიჰქონდათ სახლში.

იქვე ბუნებრივ ნაძვებსაც ყიდდნენ – სხვადასხვა სიმაღლის ნორჩ ხეებს, რომლებიც – ეჭვი არ იყო – ყოველგვარი წესის დარღვევით უნდა მოეჭრათ საკუთარი ნებით დაბრმავებულ ადამიანებს. ისინიც ძალიან იაფი გახლდათ, წარმოუდგენლად იაფი. თვალი დაგვრჩა მე და ჩემი ძმის ცოლს, ავფორიაქდით, ჯიბეები მოვიჩხრიკეთ დროის გასაყვანად მანქანიდან გადასულებმა. ხელოვნური ნაძვისხე, რომელიც ახალ წლამდე უნდა დაგვედგა და საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ათწლეულიდან შემორჩენილი შუშის სათამაშოებით – ბურთებით, გირჩებით, ვარსკვლავებით, ციყვებითა და სხვა ცხოველებით მოგვერთო, უბადრუკი, წიწვებგაცვენილი და, არც მეტი, არც ნაკლები, სუნდაკრული იყო. ცუდ პირობებში შენახვისა თუ, უბრალოდ, სიძველის გამო ქიმიური ნაერთების უსიამოვნო სუნი ასდიოდა, რომელსაც მაშინვე იგრძნობდით, როგორც კი მიუახლოვდებოდით.

სტალინის ძეგლთან გამოფენილი სრულყოფილი ნაძვები გვიხმობდნენ და გვახსენებდნენ, რომ ბედნიერების მოხელთება სულ რამდენიმე გროშად შეგვეძლო.

რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ახალი წლის წინა დღეებში მათი მოჭრა და გაყიდვა დანაშაული იყო, ყიდვა კი – დამნაშავის წახალისება, ასევე დიდი უსინდისობა. თუმცა, მეორე მხრივ, ჩასადენი უკვე ჩადენილი იყო, ქვეყანაში კი არათუ ხის, ადამიანის სიცოცხლესაც ჩალის ფასი ედო, ყველა და ყველაფერი უსწრაფესად ნადგურდებოდა, ხოლო დიდი დანაკარგის განცდა ყველა შესაძლო დანაკარგს მეტ-ნაკლებად ასატანს ხდიდა…

ეს ამბავი ახლახან ერგნეთის სკოლის მოსწავლეებს მოვუყევი მწერალთა სახლში შეხვედრისას. ლიტერატურაზე საუბრის დაწყებამდე მინდოდა მეჩვენებინა, რომ კარგად ვიცნობ გორს, გორის უახლოეს წარსულს, შიდა ქართლის სოფლებს, იმ სირთულეებს, რომლებსაც ამ სოფლების მკვიდრნი ყოველდღიურად აწყდებიან. მინდოდა, ერწმუნათ, რომ მეც მათიანი ვარ – გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემი და მათი მშობლების ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა. ყველა ცდილობდა თავის გადარჩენას – ისე, როგორც შეეძლო. ვეძებდით თუნდაც სულ პაწაწინა სიხარულს – რაღაცას, რაც სიბნელეში მცირე ხნით მაინც აციმციმდებოდა.

არ დამიმალავს, თავიდან როგორ თქვეს უარი მანქანაში დარჩენილებმა ახალი ნაძვისხის ყიდვაზე – რა დაშავდება, ისევ ის ძველი რომ დავდგათო, რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ კი ჯიბეების მოჩხრეკა დაიწყეს. სასაცილოდ მცირე თანხა მოგროვდა, მაგრამ ჩემი ძმა მაინც წელში გამართული გადავიდა მანქანიდან და ნაძვების დათვალიერებას შეუდგა. არ გვესმოდა, რას ეუბნებოდა გამყიდველს, თუმცა იმ წუთებში ყველას გვწამდა, რომ სასწაული მოხდებოდა.

სასწაული მოხდა. ჩვენს ძველ, შეუხედავ, კარგა ხნის წინ გადასაგდებ მანქანაზე უმშვენიერესი ნაძვი ისე მიამაგრეს, როგორც ამერიკულ საშობაო ფილმებშია ხოლმე.

შეხვედრისას უფროსკლასელებმა შეკითხვები სტალინის შესახებაც დამისვეს – სწორად მიმაჩნდა თუ არა მისი ძეგლის აღება, ვთვლიდი თუ არა მას დიდ პოლიტიკოსად და ასე შემდეგ. ჩემი პასუხები არც მოულოდნელობით გამოირჩეოდა და არც მახვილგონივრულობით: შევეცადე, ამეხსნა, რატომ არის ცუდი აბსოლუტური ძალაუფლება ერთი ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის ხელში და რატომ ვერ უძლებენ ცდუნებას, გამოიყენონ ამგვარი ძალაუფლება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. არ მახსოვს, კიდევ რა ვთქვი. საქმე ისაა, რომ სტალინი, რომლის სახელსაც, სხვათა შორის, გასული საუკუნის 30-იან წლებში ახალი წლის ზეიმით აღნიშვნისა და ნაძვისხის მორთვის ტრადიციის აღდგენაც უკავშირდება, წარმოსახვას არასდროს მიფორიაქებდა – ბავშვობაში უბრალოდ მეშინოდა მისი პორტრეტების, მოზარდობისას კი მის შესახებ საუბრები ზედაპირულად და არაფრისმთქმელად მიმაჩნდა.

იმ ადგილას ძეგლი აღარ დგას, სტალინის აჩრდილი დამარცხებულია, მე კი დღემდე მახსოვს ის ცივი, ქარიანი დღე, როცა დანაშაულის თანამონაწილეობაზე უარი ვერ ვთქვი და ჩემი წილი გროში გავიღე ახალი წლის დღეების გასანათებლად.

შემეცნებითი უნარების განვითარება – ნეგატიური დემონსტრატიულობა, ვერბალიზმი

0

(ნაწილი მესამე)

პირობითად ანტონი ნიჭიერი ბავშვია, დიდ ოჯახში ცხოვრობს, თუმცა მისთვის მხოლოდ მამიდა იცლის. თავისუფალ დროს ასწავლის ლექსებს, ზღაპრებს,  4 წლიდან  ერთად კითხულობენ. მამიდა პროფესიით ინჟინერია. უხარია, რომ მისი უმცროსი ძმის შვილი ახლად წაკითხულ ლექსს, ზღაპარსა თუ მოთხრობას იოლად ითვისებს და ნოდარ დუმბაძის ყველა საბავშვო ლექსი ზეპირად იცის. სკოლაში ანტონი სწრაფად ანგარიშობს, გაწაფულად კითხულობს და სხვებისგანაც იმავეს ითხოვს. აღიზიანებს თანაკლასელთა შენელებული კითხვის ტემპი და ნელი აზროვნება. ურჩევნია, მუდამ დაასწროს სხვას, არ დააცადოს, ჩაერიოს და თუ ვინმე შენიშვნას მისცემს, ხამამღლა და ზოგჯერ უხეშადაც გააპროტესტოს.  7 წლის ანტონი ეზოში თამაშისას ხმამაღლა ჰყვება ლექსებს, უფროსი მეზობლის თხოვნის მიუხედავად, არ ჩუმდება. პატარა ლუკას ძილი მას სულაც არ ანაღვლებს.

ბევრი მშობელი და პედაგოგი თვლის, რომ მეტყველება ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამიტომ მიმართავენ დიდ ძალისხმევას მეტყველების, აბსტარქტული თუ პრაქტიკული აზროვნების განვითარებისათვის. ასწავლიან ლექსებს, ზღაპრებს, გამოცანებს, ანგარიშს… „მოსხმარტალე“, „მოჭიკჭიკე“ მოზარდი ხშირად ოჯახის სიამაყეა. სკოლაში მისვლისთანავე მასწავლებელიც ინფორმირებულია, რომ მან „თითქმის ყველაფერი ზეპირად იცის და ძალიან ნიჭიერია“. ალბათ, ბევრ ჩვენგანს ჰქონია ურთიერთობა ამგვარ მოსწავლეებთან. მათ აქვს ყურადღების მაღალი მოთხოვნილება და  არა ცუდი სწავლის, არამედ ცუდი ქცევის გამო სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ისინი არღვევენ დისციპლინას საკლასო ოთახსა  თუ შესვენებაზე და გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობას ნებისმიერი ფორმით ცდილობენ.

 ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება ასეთ ბავშვებს მშობლების მხრიდან  სიყვარული, მოფერება, გაგება ან მიღება აკლდეთ. თუმცა მათთან ურთიერთობისას ნებისმიერი ემოციური გამოვლინება – როგორც დადებითი (შექება, თბილი სიტყვა), ასევე უარყოფითი (ყვირილი, შენიშვნა) – ნეგატიური დემონსტრაციული ქცევის განმამტკიცებლად ფასდება და სჯობს, რომ მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ბავშვებს ახასიათებთ მეტყველების განვითარების მაღალი დონე, თუმცა აზროვნების განვითარება შეფერხებული აქვთ.

ნეგატიური დემონსტრატიულობის მქონე ბავშვებთან მუშაობისას ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია ბოდოკია კლასს გამოკითხვამდე მათ საგანგებო დავალებას ურჩევს. კერძოდ, ტექსტებს ცალკეულ ეპიზოდებად ჰყოფს და ასათაურებინებს, მათზე კითხვების მოაფიქრებინებს ან ტესტს შეადგენინებს-ხოლმე. ეს, მისი თქმით, ამართლებს და ყოველთვის სასურველი შედეგის მომტანია. ამგვარი ბავშვები დაფასთან ან რვეულში მითითებულ დავალებას ასრულებენ, შემეცნებით უნარებსაც ივითარებენ და, ამავდროულად, მასწავლებელს საგაკვეთილო აქტივობებში ხელს აღარ უშლიან.

დაწყებითი კლასების გამოცდილი პედაგოგები ხშირად მიმართავენ მხატვრული ტექსტების კითხვის მეთოდს. ისინი ისეთ მოთხრობებს არჩევენ, სადაც პერსონაჟები მსგავსი ქცევის ბავშვები არიან და პრობლემის გასაღებს თავადვე აღმოაჩენინებენ-ხოლმე. ამ მეთოდის გარდა, ერთ-ერთმა გამოცდილმა პედაგოგმა, რუსუდან ცაგარეიშვილმა მსგავს ბავშვებთან ურთიერთობის შემდეგი პედაგოგიური ხერხი შემოგვთავაზა: მისი თქმით, ოდესღაც ყველა ბავშვი უშვებს შეცდომას. იგი ჯგუფური დავალების შერჩევისას მოსწავლეთა სუსტ და ძლიერ მხარეებს ითვალისწინებს. მასწავლებელი – მეწყვილე ან თანაგუნდელი, ნეგატიური დემონსტრაციული ქცევის ბავშვში მოსალოდნელ სისუსტეს აღმოაჩენს, მას მშვიდად გაააზრებინებს შეცდომას, აღნიშნავს, რომ ეს არაფერია, რომ შეცდომებზე ვსწავლობთ. მაგრამ თუკი მსგავსი ხერხის გამოყენებას გადავწყვეტთ, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი ძალიან ფრთხილ და ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. ნეგატიური დემონსტრატიულობის ბავშვები ხომ ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან და დამარცხებას იოლად ვერ ეგუებიან. აჯობებს, გარკვეული წერითი მითითებების გათვალისწინებით მათ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული ნახატის, მოთხრობის ან კომიქსის მოფიქრება შევთავაზოთ.

ვერბალიზმი

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ნიჭი ყოველთვის არ არის ერთი შეხედვით შესამჩნევი და ნიჭიერები არ არიან მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარი ტალანტის მკვეთრად გამოხატვა შეუძლიათ. ოდესღაც „ვუნდერკინდებად“ მონათლულ ბავშვებს დიდ მომავალს ამაოდ უწინასწარმეტყველებდნენ-ხოლმე. დიდი ადამიანების ბიოგრაფიები მოწმობს, რომ  ბავშვობაში ვუნდერკინდი ხშირად ჩვეულებრივ ადამიანად ყალიბდება. „ვუნდერკინდებად“ კი არცთუ იშვიათად თვლიან ვერბალისტებს – ადამიანებს, რომელთა შემთხვევაში იშვიათი გონებრივი გამოვლინებისა და ინტელექტუალური ნიჭის ნაცვლად განვითარების დარღვევასა და ჩამორჩენასთნ გვაქვს საქმე.

ვერბალიზმი ძირითადად, განისაზღვრება ტენდენციად, რომლის დროსაც გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობა და აზრი  უცნობია მოსაუბრისთვის. მხედველობის არმქონე ბავშვების შემთხვევაში დემონსტრატიულ ვერბალიზმად განიხილება მათ მიერ მხედველობის ტერმინების – ფერთა სახელწოდებების, მიმართულების ზმნიზედებისა და  ხედვის ზედსართავების გამოყენება [Rosel, Caballer, Jara, Oliver 2005]. სმენითი თუ მხედველობის დარღვევის არმქონე ბავშვებში კი ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვი ბევრს და სწრაფად ლაპარაკობს, მაგრამ პირამიდასაც ვერ ააგებს. ვერბალიზმი ყალიბდება სკოლამდელ ასაკში და განპირობებულია შემეცნებითი პროცესების განვითარების თავისებურებებით. დიდებივით სერიოზულად საუბარი, გამართული მეტყველება, უფროსების შეკითხვაზე გამოკვეთილი პასუხები, ბავშვის მაღალი თვითშეფასება – ზრდასრულთა მხრიდან არ უნდა შეფასდეს, როგორც განვითარების მაღალი მაჩვენებელი, რადგან სკოლაში სწავლის დროს აღმოჩნდება, რომ ბავშვს უჭირს ამოცანის ამოხსნა, დავალებები, რომლებიც საჭიროებენ ხატოვან აზროვნებას, იწვევს სირთულეებს, არ ესმის პრობლემის ნამდვილი მიზეზი. მშობლები ადანაშაულებენ პედაგოგს ან ბავშვს აიძულებენ, მეტი იმეცადინოს. ეს კი იწვევს ბავშვებში შფოთვის მომატებას, დაურწმუნებლობას საკუთარ ძალებში, არასრულფასოვნების გრძნობას და ა. შ.

როგორ დავეხმაროთ?

საკლასო კაბინეტებსა თუ რესურსოთახებში მეტი ყურადღება მივაქციოთ ხატოვანი და ცნებით-ლოგიკური აზროვნების განვითარებას. შევთავაზოთ, ერთიანი აკუსტიკური ან ვიზუალური ხატის ცნებებად დანაწევრება და გააზრება, ცნებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა. მაგ., ლექსებში ყურადღება გავამახვილოთ არა ტექსტის დასწავლაზე, არამედ მასში არსებული ცნებების მნიშვნელობებისა და პრობლემის არსის გააზრებაზე. რას მოგაგონებთ ერთი ცნება? რით განსხვავდება მეორისაგან? როგორია იგი? რისთვის ვიყენებთ? როგორ დავხატოთ? როგორ ავაგოთ? როგორ გავითამაშოთ?.. რატომ ჩნდება პრობლემა? რას და როგორ ვაკეთებთ მის გადასჭრელად?..

ამგვარი შეკითხვების მოფიქრება პედაგოგებს ნებისმიერ საგანსა თუ სწავლების ნებისმიერ საფეხურზე თავადაც ხელეწიფებათ. მთავარია, აქცენტები ცნებით-ლოგიკურ აზროვნებაზე გაკეთდეს და არა მხოლოდ დასწავლა-დაზეპირებაზე, რაც კლასში ნამდვილად შეგვიმცირებს დემოსტრატიული ვერბალისტების რიცხვს და მათ სხვა, აზროვნების სივრცეში გადაყვანაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. ეს კი სავსებით შესაძლებელია. თუკი არ დავიზარებთ, ამგვარ მოსწავლეს აზროვნების დაბალი სააზროვნო უნარების (ცოდნა, გაგება, გამოყენება) განვითარებაშიც დავეხმარებით და  ანალიზის, სინთეზის, შეფასებისა და შექმნის უფრო მაღალ სააზროვნო საფეხურზე ასვლასაც შევაძლებინებთ.

თუ ბავშვს ენციკლოპედიების კითხვა ზღაპრების ან მოთხრობების კითხვაზე მეტად უყვარს, იგი „ერუდიტის“ უნარ-ჩვევებს ფლობს, ფიქრი კი ნაკლებად იცის, აუცილებლად უნდა ვიკითხოთ მასთან ერთად ზღაპრები და ყურადღება ცნებების მნიშვნელობებზე, ეთნოსურ თუ სხვა ტიპის სიმბოლოებზე გავამახვილოთ. ჩვენ ხომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ მოწაფეებში „მძინარე ვარსკვლავები“ გამოვაღვიძოთ და მათი ნიჭი საჭიროების მიხედვით წარვმართოთ. რაკი მიჩნეულია, რომ „უნიჭობა – თითქმის ყოველთვის – აღზრდის უიღბლობაა“ და ნებისმიერი ადამიანის თანდაყოლილი უნარების განვითარება საშუალოზე მაღალ დონემდე ყოველთვის შეიძლება,  ამიტომ არ უნდა მოვეშვათ და ყოველნაირად შევეცადოთ ბავშვებში ბუნებრივი ნიჭის განვითარებას. ყოველ ჯერზე ოდნავ უფრო რთული ამოცანის – არა ძალიან ძნელის ან მოსაწყენის – შეთავაზებით შევქმნათ მდიდარი და მრავალფეროვანი გარემო, სადაც აქტიურ, ცნობისმოყვარე, მჩხრეკელი ბუნების ადამიანებს განვავითარებთ და შევქმნით.

ვერბალისტებთან მუშაობა ფსიქო-ფიზიკური ინფანტილიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობაზე ბევრად მარტივია, რადგან ეს უკანასკნელი ისეთი ფსიქიკური განვითარების შეფერხებაა, რომ სკოლის მოსწავლისათვის დამახასიათებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინტერესები და მოთხოვნილებები. მისთვის არ არის ღირებული სკოლის მოთხოვნები. სწავლაში მათი წარმატებები აღელვებთ მხოლოდ მათ პედაგოგებსა და მშობლებს, თავად კი  ჩამოყალიბებული არ აქვთ სწავლის მოტივაცია. ამიტომ მათთან, სიზარმაცის, დაქვეითებული შემეცნებითი ინტერესების („არ გავაკეთებ იმიტომ, რომ მაინც არ გამომივა“, „მე არ შემიძლია“), შენელებული ტემპერამენტის კეთილსინდისიერ, მაგრამ დინჯ, ასევე დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებთან ურთიერთობისას შფოთვის და ქცევის დეზორგანიზაციის,  საკუთარ ცოდნაში დაურწმუნებლობის, სასწავლო საქმიანობის თავის არიდებისგან თავდასაცავად, ასევე სხვა ტიპის სირთულეების დასაძლევად საჭიროა საგნისა თუ სპეცპედაგოგების, მშობლებისა და ფსიქოლოგის მჭიდრო თანამშრომლობა.

სტატიის დასაწყისში ანტონის შესახებ ვყვებოდი. იგი 9 წლისა იყო, როცა მამიდა სოფელში გათხოვდა. ანტონი ახლა 20 წლისაა და ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში   ჯგუფური დანაშაულისთვის იხდის სასჯელს – ერთიოდე წლის წინ მეგობრებთან ერთად ღამით მაღაზიაში შეიჭრა, შოკოლადები, მზესუმზირა, სიგარეტები და ერთი ბოთლი სასმელი გაიტაცა. არადა, ბავშვობაში სულ სხვა მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მან ხომ ზეპირად უამრავი რამ იცოდა.

სასარგებლო რესურსები:

  1. Jesús Rosel, Antonio Caballer, Pilar Jara, and Juan Carlos Oliver, – Verbalism in the Narrative Language of Children Who Are Blind and Sighted. Language, 99, Numb. 7. July 2005.
  2. მანანა მელიქიშვილი, ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, თბ., 2013.
  3. https://www.ipress.ge/new/50344-jejelava-dazepireba-tvins-avitarebso-amis-avtors-etyoba-tvini-monolituri-raghac-hgonia
  4. https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ692448.pdf
  5. https://www.cyberspaces.net/6traits/sense.html
  6. https://lady.mcvane.ge/main/rchevebi/rchevebi-dedebistvis/19280-bbbbb-bbbbbbyebbb-bbbbebbb-bbbb.html

გზა პოეტური სამყაროს შესამეცნებლად _ ნიკო სამადაშვილის პოეზია

0

სასკოლო სახელმძღვანელოებში  არ არის შეტანილი ნიკო სამადაშვილის პოეზია. იმედია, მომავალში მის რომელიმე ლექსს აუცილებლად გაითვალისწინებენ პროგრამებში, რადგან მისი პოეზია სრულიად გამორჩეულია და მკითხველს აზიარებს ისეთ მხატვრული სამყაროს, რომელიც მკითხველს პოეტური აღქმის უნარს განუვითარებს და დაუხვეწს.

ნიკო სამადაშვილის პოეტური აზროვნების დროსივრცული არეალი სამყაროს პირველსაწყისებს სწვდება და წარმოაჩენს, როგორ იბადება ქაოსიდან კოსმოსი, როგორც მხატვრულ სახეთა სისტემა: „სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს, წუთისოფლის კარგა გაღმით,/ ქაოსები გზებს კენკავენ, ასე ხდება ყოველ ღამით“. მას აქვს კოსმიური  სმენა და ყნოსვა, ამიტომაც შეიგრძნობს პლანეტარულ მუსიკას, რომელიც უშორესი სივრცეებიდან მოესმის და სიცოცხლისა და სიკვდილის, სიყვარულისა და სიძულვილის, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის ქარიშხლიან და სასტიკ ბრძოლას სწორედ ამ ეგზისტენციალური საკითხების ჭრილში ხატავს:

„ზეცა სივრცეებს აზანზარებდა/ და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან“.

მისი ლექსების სტრიქონებიდან, უცნაური და იდუმალი ენერგიით დამუხტული, თავბრუდამხვევი მხატვრული სახეებიდან,  წარმოსახვის უხილავი განზომილებიდან სამყარო თითქოს ახლიდან იბადება, გამოარღვევს უსახელობისა და უარსობის სიბნელეს და სინათლით ივსება:

 „წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,/ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,

ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები/ ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს“.

„სამადაშვილის ყოველი ლექსი მისი სულიერი აპოკალიფსია, _ საკუთარ თავთან ჭიდილსა და მის მეურვე უარყოფილი ქვეყნების წინაშე პირისპირ დგომის დოკუმენტი. პირქუშ ხილვებთან ერთად მასში აღნუსხულია მისი შინაგანი ცხოვრების ბევრი ნათელი წამი“,_ წერს ზურაბ კიკნაძე. ნიკო სამადაშვილის მეტაფორების თვალისმომჭრელ სინათლეში მკითხველი შეიგრძნობს ღვთის მზერასაც და წუთისოფლის ამაოება, ყოველდღიური წვრილმანებით გათანგული ადამიანური ყოფა, თანამედროვე ცივილიზაციის სულიერი კრიზისი, უმიზნობის, უიმედობისა ჯოჯოხეთური ქაოსი პოეზიით დაიძლევა:

„მზე გადიოდა ცას ბორანივით,/ ტყეში შიშველი ქარი კიოდა,

ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი,/ ქრისტე მოჩანდა საიქიოდან“.

რევაზ სირაძე ერთ წერილში, ნიკო სამადაშვილს რომ ეძღვნება, სვამს კითხვას: „არის კი საერთოდ ღირსი პოეზიისა ადამიანი?“ და ასე უპასუხებს: „თუ ყოვლისმომცველია ის დასკვნა, რომ _ „ამ დასაქცევ დედამიწაზე ბედნიერებაც დასაგმობია“ („აქერცლილი მინიატურები“), და თუ მაინც მიესწრაფვის პიროვნება პოეზიას, ეს იმიტომ, რომ პოეზია არჩევანი კი არ არის, პოეზია ბედისწერაა. აქ მაინც არის რაღაც წესრიგი, თუნდაც ეფემერული, მაგრამ ამასაც აფერმკრთალებს ქაოსი… როცა ვერაფრით ვერ დაიძლევა ქაოსი, ის შეიძლება პოეზიამ დაძლიოს“.

ნიკო სამადაშვილის უჩვეულო და უცნაური მხატვრული სახეები იწვევენ მკითხველის სულიერ შეძვრას. როგორც ზურაბ კიკნაძე წერს: „იგი თითქოს სხეულის ფორებიდან დენიდა გარეთ სათქმელს, აუცილებელს და ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში, სულის დაამება, გულზე მომშვები კათარზისი… ამ ეზოტერულ საიდუმლოებას შემოქმედებისას თავად ამხელს იგი საკუთარი თავისადმი მიმართულ ლექსში (“ნიკო სამადაშვილს”):

„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,/ ლექსები, ტანზე გამონაყარი“.

ამას კარგად გრძნობდნენ მისი პოეზიის დამფასებლები: ერეკლე ტატიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. სწორედ მათი შეფასებები იყო მძლავრი სტიმული იმისა, რომ ეწერა, თუნდაც ვერასოდეს დაბეჭდილიყო. საბჭოთა ეპოქაში მისი ლექსები ვერც გამოიცემოდა,  რადგან აშკარა იქნებოდა ავტორის პროტესტი და იმ მხატვრული ენის მიუღებლობა, რომელსაც იდეოლოგია არა მხოლოდ კარნახობდა, არამედ უბრძანებდა, რომ გამოეყენებინა. თამაზ ჩხენკელის აზრით, „მის მიმართ დე-კუინსის სიტყვები იქნებოდა ზედგამოჭრილი: “ამრიგად, მან იხილა საგნები, რომელთა ხილვა არა ხამს. მან იხილა გულისამრევი, ამაზრზენი სანახაობა და ენით უთქმელი საიდუმლოება. მან წაიკითხა უძველესი ჭეშმარიტებები, დამაღონებელი ჭეშმარიტებები, დიადი და შემზარავი ჭეშმარიტებები”.

ნიკო სამადაშვილი თითქოს ახლიდან არქმევს სახელებს საგნებსა და მოვლენებს, რომლებსაც წყვდიადს გამოსტაცებს, განწმენდს და განსხვავებული მნიშვნელობებით ავსებს: „დედამიწა უკუნეთის ქარაფების წინ ინჯღრეოდა. ხუფაყრილი ვულკანები ყვიროდნენ. უსაზღვროების გაუვალ ხრიოკებში ელდანაცემი პლანეტები ბღაოდნენ“.  ის თითქოს ათავისუფლებს სხვადასხვა ჩარჩოსა და საზღვარში მოქცეულსა და დატყვევებულ ადამიანის სულს და ღვთაებრივ კანონებს აზიარებს. ამიტომაც წერს რევაზ სირაძე: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნიკო სამადაშვილის პოეტური სახელდებანი საგნებისა და ხდომილებისა, სიტყვათა „მეორადი მოდელირება“ კი არაა, არამედ მათი პირველყოფილი, „ადამური“ განცდაა. სიტყვები კარგავენ მეტაფორულობას და მისტიკურ სახელდებად იქცევიან“.  მის პოეზიაში მოდელირებული სამყარო გასცდება რაციონალური აღქმის საზღვრებს და მისტიკური შეგრძნებებით იტვირთება. მკითხველი გრძნობს, როგორ შემოიჭრება წარმოსახვაში სიზმრისა და ხილვის დარად უცნაური, უცხო სანახები და ლოგოსის ძალით  ლაზარესავით აღდგება სიტყვის დაფარული შინაარსები. პოეტი ვარსკვლავთა კიაფში ხედავს მიღმა სამყაროსკენ გამავალ გზებს:

„და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები _ მარადისობის ჭუჭრუტანები“.

მისი პოეზიის ნიცშეანური მოტივები, რომლებიც, ერთი მხრივ,  აბსურდული ყოფის ამაოებას, ადამიანის ღვთისგან მიტოვებულობას გამოხატავენ, („ქუჩებში მარტო და გაცრეცილი,/ გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა“, „ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი, ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა, დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი!“), მეორე მხრივ, სადღაც, ქაოსის მიღმა არსებული კოსმოსის პოვნის იმედსაც აღძრავენ. მის პოეზიაში იხატება წარმართული, მითებისა და ლეგენდების უცნობი სამყარო, საიდანაც გამოიკვეთება ქრისტეს ნათელი სახე, როგორც ხსნის გზა: „მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა ამოისროლა ტაძრის გუმბათი“, „საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ, საუკუნეებს _ დასაბამი რომ მოაძოვა“. მისთვისაც, როგორც ნიცშესთვის, „სამყაროს არსებობა გამართლებულია მხოლოდ როგორც ესთეტიკური ფენომენისა“.. თამაზ ჩხენკელი წერს: “მისი პოეზიის ფორმისმიერი მასალა ან გარეხედი ფესვეულად ეროვნულია (ეთნიკურიც კი) უმცირეს დეტალებამდე და იგი სათავეს ხალხური აზროვნების წიაღიდან იღებს, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულებისა და ზნე-ჩვეულებების პათეტიკური სილამაზე, ხოლო შინაარსი უნივერსალური, ამავე დროს, უაღრესად თანადროულია და ზოგად ხაზებში დასავლეთის ახალ პოეზიას ენათესავება“.

„პოეზია სიმინდის ქოჩოჩი როდია. ის გულამოსკვნილი სიმღერა არის, ის ხელოვნების ცისკრის ციმციმზე და მარადისობის ატეხილ ზარების ჰანგებზე როკავს, პოეტი ქარივით ამოვარდება, რომ სამყაროს ნისლმოდებული კალთები შეაშრიალოს; თუ გინდა დაუსაბამობის კიდეებამდე გაუბი ყორე, ის თავის სწრაფვას როდი შეიცვლის, ის ქნარის სიმებს აგიწკრიალებს, თუ გაქვავია“,  _ წერს ნიკო სამადაშვილი ნოველაში „ქარაგმა“. ამგვარად, პოეზია ათავისუფლებს ადამიანს სხეულებრივი, მატერიალური სამყაროს ტყვეობიდან, ჩარჩოებს ამსხვრევს და სულს უკიდეგანო სივრცეებში ამოგზაურებს. მკითხველს პოეზია ავითარებს უნარს, პოეტთან ერთად შეიგრძნოს არსებობის იდუმალი საზრისი და ასტრალურ განზომილებაში შეღწევის განცდა. ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ერთმანეთს ერწყმის  დიონისური და აპოლონური საწყისები და უჩვეულო ემოციით იმუხტება სტრიქონები. დიონისურია ცხოვრება, რომელიც შემთხვევითობათა დაუსრულებელ თამაშზე, ერთგვარ კარნავალურ სტრუქტურაზეა აგებული. მისთვისაც, როგორც გალაკტიონისთვის, მახლობელია განცდა, „იგი ტრიალებს ვით თვალი ქორის, ეს საუკუნე _ მეფისტოფელი“. მისთვისაც დრო დემონიზებულია, როგორც გალაკტიონსა და ბოდლერთან, დრო ანადგურებს ყოველივე ძვირფასსა და სანუკვარს. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ როგორც ეგზისტენციალურ დროს („ალბათ ავდრებიც თან წაიღებენ /საუკუნეთა ხშირ კენწეროებს“), რომელიც გულგრილად მიედინება, ასევე პოეტის საკუთარ დროს, რომელიც ამ საერთო მდინარებას ერთვის, მაგრამ პოეტი წარმოსახვითი სამყაროს შექმნით ცდილობს, თავისი დრო პოეზიით გააუკვდავოს: „შეაღებ კარებს, დაგავიწყდები /და ჟრუანტელი ბოლოს მომიღებს“ („აგარაკი“).

„ნიკო სამადაშვილის ლექსების კითხვისას ჩნდება ასეთი ფიქრი: მიწა კარგავს ნათელ-მირონს და ცამდე აღწევს ურწმუნოება. ამიტომ ჰაერი უნდა აღივსოს ანგელოზებით, როგორც ეს „სიქსტის მადონას“ ჰაეროვან ფონშია და სული უნდა აღივსოს წარმოდგენებით, რომლებიც განიმსჭვალება სულიერი საქართველოს სახეებით, როგორიცაა, თუნდაც, მცხეთის-ჯვრის კარიბჭის ბარელიეფი, სადაც ფრთოსან ანგელოსებს ზეცად მიაქვთ ტოლფერდა ჯვარი, ჩასმული მარადისობის წრეში. ვფიქრობთ, ასეთი წარმოდგენები ხდებოდა წყარო ნიკო სამადაშვილის სახისმეტყველებისა: „ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა“ („ქედი სივრცეში“), წერს რევაზ სირაძე.

მის პოეზიაში დროის წინააღმდეგ ამბოხი გულისხმობს არა მხოლოდ უკვდავების წყურვილს, არამედ იმ კონკრეტული ეპოქის გადალახვასაც, რომელიც ტოტალიტარიზმის ნიშნით იყო აღბეჭდილი. დიქტატურა ჰარმონიის მესაფლავეა, ის არის დემონური, ქაოტური ძალა, რომელსაც ნიკო სამადაშვილი ქრისტიანული რელიგიის  რწმენით უპირისპირდებოდა, ქრისტე, ღვთისმშობელი თუ ანგელოზები მის პოეტურ ხილვაში იმგვარად განიცდებიან, თითქოს მათ შორის ცხოვრობდეს. ეს მკითხველსა ამგვარსავე განცდას უჩენს:

„ვით უკვდავება, წყარო ანკარა,/აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.

ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა/და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“ („ატენის სიონი“).

„შოპენჰაუერის აზრით, მუსიკა საგნების სულის მხილებაა და მათი უშუალო ექსპრესია“ (ერეკლე ტატიშვილი).  ამ ექსპრესიას შეიგრძნობს ნიკო სადაშვილი და უჩვეულო მხატვრული სახეებით გადმოსცემს. ის აღმერთებდა თავის მოძღვარს, ერეკლე ტატიშვილს, რომელთანაც გრძნობდა სულიერ ნათესაობას. ლექსში მისი პორტრეტის ხატვისას თავისსავე შინაგან სამყაროსაც გამოკვეთს: „ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,/წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული“. „ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი,/ ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა“. ნიკო სამადაშვილისთვის ერეკლე ტატიშვილი  მოუხელთებელი და სიზმარეული არსებასავით იყო: „აგეკვიატე, ნეტა რა ჭირად?/შენ რას აგწერდა რემბრანტის ფუნჯი./ ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს,/და თვალებიდან მოსჩანს ფასკუნჯი“ („სიზმრების ნაღვერდალი“). ერეკლე ტატიშვილი მისთვის იყო უძველეს ხეთელთა თანამედროვეობაში შემოხეტებული აჩრდილი:

„როცა გვხვდებოდი, ჩემს საგონებელს,/ ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს.

შენ რომ წახვედი, ასე მგონია,/მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე“ („ერეკლეს“).

როგორც ვერგილიუსი მიუძღოდა დანტეს ჯოჯოხეთის სანახების მოსახილველად, ასეთ მეგზურად იქცა იგი ნიკო სამადაშვილისთვის ცხოვრების ჯოჯოხეთში. მის მიერ ნათრგმნმა ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრამ“ დიდი სულიერი საზრდო მისცა პოეტს, ამიტომაცაა, რომ ამ წიგნის გამოძახილი შეიგრძნობა მის პოეზიაში. როცა  10 წლის მთაში განდეგილობის შემდეგ ბარში დაშვებული ზარატუსტრა მოხუც განდეგილს ნახავს და გაესაუბრება, მასთან განშორების შემდეგ იტყვის: „ამ მოხუც წმინდანს ღმერთის სიკვდილი ჯერ არ სმენია“. ნიკო სამადაშვილის პოეზის ლირიკულ გმირს კი სმენია ღმერთის გარდაცვალების ამბავი და ამის გამო გლოვას შესდგომია. მას თვალი მიუპყრია   სამყაროსთვის და იქ სხვა ღმერთების ძებნას შესდგომია ამ განცდის ამსახველია სტრიქონები: „უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს/ უკანასკნელი ქრისტიანები“.

ზარატუსტრა ქალაქის მოედანზე შეყრილ ხალხს ეუბნება: „გასწავლით ზეკაცს. ადამიანი რაობაა, რომლის ძლევა ჰხამს“.  „ამჯობინებთ კვლავ ცხოველებად უკუიქცეოდეთ, ვიდრე სძლევდეთ ადამიანსა?“ „განვლეთ გზა მატლით ადამიანამდე და ბევრი რამ არის თქვენში მატლური“ (// „მატლ ვარ და არა კაც“ (ფსალმუნი“). ოდესღაც მაიმუნები იყავით და ახლაც ადამიანი უფრო მაიმუნია, ვიდრე თვით მაიმუნი“. „ოდესღაც ღვთის გმობა უდიდესი გინება იყო, ხოლო ღმერთი მოკვდა და მასთან ერთად მისი მაგინებელნიც“.  „ადამიანი თოკია ცხოველსა და ზეკაცს შორის – თოკი უფსკრულს ზედა“, ნიცშეს აზრით, ადამიანი გარდამავლობაა.  ქაოსის განცდა ორგვარი შეიძლება იყოს. გარეგანი სამყაროს უსამართლობით,  ბოროტებით, სიმახინჯით, ამაოებითა და ათასგვარი უბედურებით აღძრული და  შინაგანი _ უმიზნობით, გაურკვევლობით,  ურწმუნოებით, არჩევნის შეუძლებლობით, ყოყმანით, გონებრივი უძლურებისა და უსიყვარულობით წარმოშობილი. ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლირიკული გმირი ორივეს მძაფრად განიცდის. მას ერდროულად უყვარს და სძაგს კიდევაც მიწა, მატერიალური, ხრწნადი. ქრისტეს რწმენას დროდადრო მოაქვს შინაგანი სიმშვიდის განცდა, რომელიც გარესამყაროსაც აწესრიგებს, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ფიქრთა ნაკადები ქარიშხლებად იქცევიან და ჰარმონიას კვლავ ქაოსად აქცევენ. მაშინ იბადება სწორედ ასეთი სახეები:

„მათხოვარი ზის როგორც ობობა,/ მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,

არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,/ ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“.…

ამ სტრიქონებზე თამაზ ჩხენკელი წერს: „მარტო პირველი სტრიქონი იკმარებდა მათხოვრის ნიშანდობლივი სურათის დასახატავად, მათხოვრისა, რომელიც გატვრინული და უსახურია და ნაწყალობევს ხარბად აცხრება. მეორე სტრიქონი პირველის ფსიქოვიზუალურ სურათს ყნოსვისმიერ შეგრძნებასაც უმატებს, ამავე დროს ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო აღრმავებს ამ სურათს. ჯოჯოხეთი თავისთავად საშინელი და შიშის მომგვრელია. სიმყრალე ამძაფრებს და ზიზღის ნიუანსს უმატებს ამ ნიშანს. მოხდილი პკე დაღვლარჭნილობის, საძაგელი სისველის განცდას იწვევს, პკე – ღვინის ობი – ავადმყოფობაა და იგი, როგორც უვარგისი, არასასურველი რამ, მოსაშორებელი და გადასაგდებია. მესამე სტრიქონში მათხოვარი საკვირველად არის წარმოსახული. იგი არ არის მკვეთრად გარკვეული რამ, არც ცხადლივია, არც სიზმარეული, არც ნამდვილი, არც მოჩვენებითი. იგი თითქოს წაშლილი და ბოლომდე შეუცნობელია. მეოთხე სტრიქონი ფანტასტიკურია. ეს ადამიანთათვის უვარგისი, საზიზღარი არსება გადაგდებულია და მას ჩიტები კენკავენ, როგორც დამპალ ნაყოფს ან ცხოველთა სკორეს. ეს ასოციაცია აუცილებლობით იბადება, თუმცა ეს არ არის თქმული. მეოთხე სტრიქონი ფაქტიურად მესამეს ხსნის. მათხოვარი იმდენად უსახო, გაურკვეველი რამ არის, რომ ჩიტების აკენკილ რასმე ჰგავს. ეს სტროფი ამომწურავად, უჩვეულოდ თვალსაჩინო და ხელშესახებ, ფსიქოლოგიურად ღრმა და მართალ სურათს იძლევა. მაგრამ მთავარი ეს არ არის. იგი ჩვენში იწვევს რაღაც საშიშროების თუ საზარლობის განცდას და მკითხველში ავტორის ჩანაფიქრისათვის სასურველ განწყობილებას ჰქმნის“. თამაზ ჩხენკელს სამადაშვილის ერთგვარი გაორებული, ქაოტური ყოფა (თან რევიზორ-ბუღალტერი, თან პოტი) ფრანსუა ვიიონის ცხოვრებას აგონებდა. მისი მხატვრული სახეები ელიოტს ანათესავებდა (ფუტურო ადამიანები). ზოგიერთ სტრიქონს  ქუინსს, იაპონურ ტანკებს. ამგგვარად ხაზს უსვამდა მისი პოეტური მსოფლმხედვეობის მასშტაბებს, იმ დიდ ენერგიას, რომლითაც ის თავისი ლექსების სახით ახალ პოეტურ განზომილებებს, ახალ პოეტურ სამყაროებს ქმნიდა. მისი აზრით, „არის რაღაც ხასიათისმიერი ანგრეულობა, რაღაც შინაგანი მოუწესრიგებლობა მის ლექსებში, რაც უცნაურ სიცოცხლისუნარიანობად თუ იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება. მისი ბევრი ლექსი მე მაგონებს გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომელშიც შეურყვნელი, მაგარი ძელგი ღვინოა ჩასხმული“.

ქაოსსაც აქვს უჩვეულო და უცხო სილამაზე, რომელსაც დიდი პოეტები შეიგრძნობენ და უჩეულო მხატვრული სახეებით წარმოაჩენენ. თავის დროზე ეს ბოდლერმა `ბოროტების~ ყვავილებში შესანიშნავად გამოხატა. ჰუგო ფრიდრიხი წერდა: `უბადრუკს, ლპობადს, ბოროტს, ღამეულს, ხელოვნურს თავისი ხიბლი აქვს, რომელიც პოეტურ აღქმას იმსახურებს. ისინი შეიცავენ იდუმალებას, რომელსაც პოეზია ახალ გზებზე გაჰყავს. ბოდლერი დიდი ქალაქის ნაგავში მისტერიას გრძნობს. მისი ლირიკა ამ მისტერიას გამოხატავს ფოსფორისებურ ნათებად~.

მიუხედავად განსხვავებულობისა, ნიკო სამადაშვილს აქვს თავისი კავშირი ტრადიციასთან და ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ვაჟა -ფშაველას შემოქმედებასთან ნათესაობით მჟღავნდება. არჩილ სულაკაური იგონებს რა მასთან ნათქვამ ნიკო სამადაშვილის სიტყვებს: „ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი…“ _ დასძენს:  „მაგრამ გავიდა და ამ გაღწევას ადასტურებენ მისი ლექსები“.

ბედნიერება

0

ნეტავი რა აბედნიერებს ადამიანს? რისგან შედგება ბედნიერება და გვიან რატომ ვხვდებით, რომ ოდესღაც ბედნიერები ვყოფილვართ? რატომ არის, რომ ყოველთვის უფრო მეტი გვინდა?

აი, იქ ვიღაც დგას… მზეს შესცქერის და უხარია. მგონი, ბედნიერიც უნდა იყოს. ეს ავსტრალოპითეკი ლუსია. მის განამარხებულ ნაშთს 1974 წელს ეთიოპიაში აღმოაჩენენ, თუმცა ახლა, ამწუთას, მზე აბედნიერებს.

დროის მიღმა, აი, იმ ფერდობზე „მარჯვე ადამიანები“ შეკრებილან. აზრადაც არ მოსდით, რომ ასე ჰქვიათ. 1964 წელს ლუის ლიკი და მისი კოლეგები ტანზანიაში მათ განამარხებულ ნაშთებს იპოვიან და სახელსაც დაარქმევენ. მანამდე კი… „მარჯვე ადამიანები“ ქვას აღმოაჩენენ. ქვით ქვის გატეხვა შეიძლება… უჰ, ხელის გაჭრაც… და ხელს თუ ჭრის, ტახსაც ხომ გაუფატრავს მუცელს? ხორცი ექნებათ… განა არ არის ბედნიერების საბაბი?

იქით, იმ ველზე, „მშრომელ ადამიანებს“ მოუყრიათ თავი. გამართულად დადიან, ცეცხლითა და იარაღებით აღჭურვილან, უმცროს თაობას რაღაცებს ასწავლიან კიდეც, გამოცდილებას გადასცემენ და მათი წარმატება ახარებთ, მალაყებზე გადადიან… ბედნიერები არიან.

კიდევ უფრო იქით, დათოვლილი მთის ძირას, გამოქვაბულში, ნეანდერტალელები მონადირებული ცხოველების ტყავებს იზომებენ. ამიერიდან სიცივე ისე აღარ შეაწუხებთ… ისინიც ბედნიერები არიან.

ჰომო საპიენსები კი ყველაფრით უკმაყოფილოები ვართ. ვერც კი ვამჩნევთ, რომ ორი ფეხი გვაქვს და სირბილი შეგვიძლია, ორი ხელი, რომლებითაც ყველაფერს ვაკეთებთ, ორი ყური, რომლებითაც გვესმის, ორი თვალი, მზე რომ დავინახოთ, ენა, საჭმლის გემოთი რომ ვისიამოვნოთ და ცხვირი, იის სურნელი რომ ვიგრძნოთ. ტვინიც გვაქვს, ოღონდ ხან ვიყენებთ, ხან – არა.

მოკლედ, ჯანმრთელები ვართ და ეს უკვე ბედნიერებაა.

ბედნიერებას განწყობა ქმნის. განწყობას პატარ-პატარა დეტალები აყალიბებს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონი სეროტონინი გამომუშავდება და აგვაფორიაქებს ხოლმე. ან, უბრალოდ, კარგად გვაგრძნობინებს თავს.

ვწერ, თან შავ შოკოლადს გეახლებით და მისი გემოთი ვტკბები. შოკოლადი ერთბაშად ამაღლებს განწყობას. ალბათ ამიტომ იყო, მეთვრამეტე საუკუნის ევროპაში აფთიაქებში რომ იყიდებოდა წამალივით და ძალიან ძვირი ღირდა. სხვათა შორის, ლუდოვიკო მეთხუთმეტის ფავორიტს, მადამ დე პომპადურს, ძალიან ჰყვარებია ცხელი შოკოლადი. ის კი არა, ნაპოლეონიც ყოველ დილით გეახლებოდათ. ამბობდა, მამხნევებს და ძალას მმატებსო. ასე რომ, ნაპოლეონის გამარჯვებებში შოკოლადსაც მიუძღვის წვლილი.

კაკაოს მარცვლები ცხოველურ ცხიმს – ტრიგლიცერიდ ტრისტეარინს შეიცავს. ზოგიერთი თანამედროვე მწარმოებელი ამ ცხიმს მცენარეული ზეთით (უმეტესად – პალმის ზეთით) ცვლის. ასეთ შოკოლადს ნამდვილთან საერთო არაფერი აქვს.

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი?

ა) შოკოლადის ფილა სახეხზე გავხეხოთ. თუ შოკოლადში მცენარეული ზეთი ურევია, მას პლასტილინივით დავსრესთ, ნამდვილი შოკოლადის ნაფხვენის დასრესა კი არ გამოვა.

ბ) შოკოლადის ფილა ორი წუთით მოვათავსოთ მიკროტალღოვან ღუმელში. ნამდვილი შოკოლადი დარბილდება, მაგრამ არ დადნება.

გ) შოკოლადის ნატეხი რძიან ჭიქაში ჩავაგდოთ. ნამდვილი ჩაიძირება, მცენარეული ზეთის შემცველი კი ზედაპირზე იტივტივებს.

დ) შოკოლადის ფილა 30 წუთით შევდოთ საყინულეში. ნამდვილი შოკოლადი კაკაოს ცხიმის პატარა წვეთებით დაიფარება.

ეკვადორისა და ვიეტნამის ტერიტორიაზე მოყვანილი კაკაოსგან დამზადებული შოკოლადი განსაკუთრებით გემრიელი ყოფილა. ეკვადორში, ქალაქ კიტასთან, მდებარეობს ნახევრად მთვლემარე ვულკანი კატაპაკი. ნიადაგიც მისგან ამოსროლილი კვამლითა და ფერფლით არის გაჟღენთილი. სწორედ ეს მიაჩნიათ მიზეზად, რომ აქაური კაკაო განსაკუთრებით ნოყიერია. თუმცა ეკვადორული კაკაოსგან დამზადებული შოკოლადიც კი ვერ იქნება სასარგებლო, თუ გულსართით უხვადაა ამოვსებული. რაც უფრო მეტია ნაწარმში გულსართ, მით უფრო ნაკლებია შოკოლადი.

მოდით, გავახუროთ თეთრი, რძიანი და შავი შოკოლადი. რომელი უფრო ადრე გალღვება? კაკაოს ცხიმი 36 გრადუსზე ლღვება, ამიტომ პირველი სწორედ შავი შოკოლადი დაიწყებს ლღობას, მერე – რძიანი, თეთრი კი ყურსაც არ შეიბერტყავს. მასში კაკაოს პროდუქტის შემცველობა სულ 20%-ია. სტანდარტის მიხედვით, შოკოლადი 35% კაკაოს პროდუქტს მაინც უნდა შეიცავდეს. თუ ის 40%-ს აღწევს, მაშინ ეს შავი შოკოლადია, თუ 55%-ს – მწარე. რძიან და გულსართიან შოკოლადში კი კაკაოს პროდუქტი 25%-ს არ აღემატება.

კაკაოს მარცვლები კიდევ ერთ საინტერესო ნივთიერებას – ალკალოიდ თიობრომინს შეიცავს. თვისებებით ის კოფეინს ჰგავს, ოდნავ მომწარო გემო აქვს და დიდი რაოდენობით მომწამლავია. ქიმიური ბუნებით სუსტი ფუძეა. რეაქციაში შედის როგორც მჟავებთან, ისე ფუძეებთანაც.

„თიობრომინი“ ლათინურად ღმერთების საკვებს ნიშნავს. ზომიერი მიღებისას წნევას მაღლა არ სწევს, სამაგიეროდ, ტვინს ასტიმულირებს, ანტიდეპრესანტი და ანტიოქსიდანტია.

ეს ალკალოიდი შოკოლადის სისუფთავის ერთგვარი ინდიკატორიც არის: რაც უფრო მეტი კაკაოს მარცვალია გამოყენებული წარმოებისას, მით უფრო მეტ თიობრომინს შეიცავს შოკოლადი. ყველაზე მეტი შავ შოკოლაშია, თეთრში კი თითქმის არ არის. რძიან და გულსართიან შოკოლადს შუალედური ადგილი უკავია. თუ შოკოლადი შავია, მაგრამ თიობრომინს არ შეიცავს, გაუყალბებიათ და ეგ არის…

კაკაოს მარცვლებში ცოტაოდენი ეპიკატექინიც მოიპოვება. ეს პოლიფენოლების ჯგუფის ნივთიერებაა და კუნთებს ასტიმულირებს. მიტოქონდრიებზე ზემოქმედებს და მათ რეპარაციას, ფუნქციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ექიმები ირწმუნებიან, შოკოლადი ალპინისტებისთვისაც კარგიაო. კაკაოს პოლიფენოლები მაღლა სწევს სისხლში აზოტის ოქსიდის კონცენტრაციას, სისხლძარღვებს ადუნებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამის შედეგად ძლიერი დატვირთვის დროს ჟანგბადის შიმშილობაა არ შეინიშნება.

შოკოლადის გამოყენება ქიმიის გაკვეთილზეც შეიძლება. მიხვდით ალბათ – გემრიელი ცდების ჩასატარებლად.

 

ცდა #1

ჩაყარეთ სინჯარაში გახეხილი შოკოლადი (ასე, 1 სმ-დე სიმაღლეზე), დაასხით 2 მლ გამოხდილი წყალი, კარგად შეანჯღრიეთ და გაფილტრეთ. ფილტრატს 1მლ ნატრიუმის ტუტის ხსნარი და 10%-იანი სპილენძის სულფატის 2-3 წვეთი დაამატეთ. კვლავ შეანჯღრიეთ. წარმოიქმნება კაშკაშა ლურჯი ფერი. ეს საქაროზას აღმომჩენი რეაქციაა.

 

ცდა #2

შოკოლადი დაფხვენით და კოლბაში ჩაყარეთ. დაამატეთ 15 მლ 965-იანი ეთილის სპირტი. შეანჯღრიეთ და 15-20 წუთით შედგით სპირტქურაზე, ოღონდ არ აადუღოთ. მერე გააცივეთ და გაფილტრეთ. ფილტრატი სხვა კოლბაში გადაიტანეთ, დაამატეთ 5 მლ 1M გოგორდმჟავას ხსნარი და ადუღებამდე გააცხელეთ 15 წუთის განმავლობაში. კვლავ გააცივეთ და გაფილტრეთ. მოვარდისფრო-ყავისფერ ხსნარს მიიღებთ. გაცივების შემდეგ 1 მლ ფილტრატის დაამატეთ 1 მლ მოლიბდენის რეაქტივი (7,5გ ამონიუმის მოლიბდატი (NH4)6Mo7O24 ხსნიან 100მლ 32%-იან აზოტმჟავაში) და ნარევი წყლის აბაზანაში გააცხელეთ. წარმოიქმნება ყვითელი წვრილკრისტალური ნალექი. თუ შოკოლადი რძიანია, ეს რძის ფოსფოპროტეინების დამსახურება იქნება, თუ სუფთა – ლეციტინში შემავალი ფოსფატიონებისა, რომლებიც ამონიუმის მოლიბდატთან რეაგირებენ.

 

ცდა #3

ჩაყარეთ სინჯარაში გახეხილი შოკოლადი (1 სმ-დე სიმაღლეზე), დაასხით 2-3 მლ გამოხდილი წყალი, კარგად შეანჯღრიეთ და გაფილტრეთ. 1 მლ ფილტრატს დაამატეთ 0,5 მლ კონცენტრირებული აზოტმჟავა. ნარევი გააცხელეთ. წარმოიქმნება ყვითელი მასა. თუ 25%-იან ამიაკს დაამატებთ, ნარინჯისფერში გადავა. ეს სინჯი რძიან შოკოლადში შემავალი ცილის ამინმჟავებზეა გათვლილი.

და მაინც – სად არის ბედნიერება?

აბრაამ ლინკოლნს უთქვამს: „თუ გინდა, ბედნიერი იყო, აქციე ბედნიერება შენი ცხოვრების მთავარ მიზნად“.

თუ მთლად ასე არ გამოდის, ცოტა შოკოლადიც მიაშველეთ…

დინასტიები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

0

როკფელერები

ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიზნესდინასტიის დამფუძნებელი ჯონ როკფელერი იმდენად ფულის უსაზღვრო სიყვარულით  არ გამოირჩეოდა, რამდენადაც სიძუნწითა და წუწურაქობით. ეს თვისებები „კოლორადოელი ტურას“ ზოგიერთ შთამომავალსაც გამოჰყვა. ამის მიზეზი გახლდათ როკფელერისეული აღზრდა, რომელიც უმცროსი ძმების მიერ უფროსების ტანსაცმლის გაცვეთამდე ტარებითა და ოჯახში მუშაობით ჯიბის ფულის შოვნით გამოიხატებოდა. მაგალითად, ყოველი მოკლული ბუზის სანაცვლოდ მამა შვილებს ორ ცენტს უხდიდა.

ერთადერთი, რაც ჯონს არ ენანებოდა, საკუთარი დრო იყო. ის მუშაობის მანიაკი გახლდათ. ჩვეულებრივ კლერკად მუშაობისას თავს არც დალევის, არც მოწევის და არც ქალებთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევდა. მუშაობდა გათენებიდან მზის ჩასვლამდე და იშვიათ თავისუფალ წუთებშიც კი თავისი პირველი საბანკო ჩეკის თვალიერებით ტკბებოდა.

როკფელერის მეორე ვნება ნავთობი იყო. მისი წარმატება სწორედ თავაუღებელმა მუშაობამ და პერსპექტიულმა იდეამ განაპირობა. ყოველ შემთხვევაში, მე–19 საუკუნეში წარმატებული სტარტის სწორედ ეს რეცეპტი მუშაობდა. როკფელერები ამერიკის ყველაზე მდიდარ დინასტიად იქცნენ და დღესაც ასეთივედ რჩებიან. ჯონის მიერ 130 წლის წინ დაარსებული „Standart Oil–ი“ კი კვლავ სანავთობო მონსტრია.

დღეს მსოფლიოში როკფელერის ორასამდე შთამომავალი ცხოვრობს. მართალია ყველა მათგანი წარმატებული ბიზნესმენი არ გამხდარა, მაგრამ ზოგმა საკმაოდ დიდ სიმაღლეს მიაღწია, თუმცა ჯონ უფროსის დაჩრდილვა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.

 

ლაკოსტები

ხანდახან ბიზნესი არა პერსპექტიული იდეიდან, არამედ ჰობიდან იწყება. ეს ვარიანტი უფრო იშვიათია, მაგრამ რენე ლაკოსტს ბედმა გაუღიმა. ჯერ კიდევ კოლეჯში ის ჭკუას კარგავდა ჩოგბურთზე. ყმაწვილის გატაცებას მისი მშობლები სერიოზულად არ ეკიდებოდნენ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში რენე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა.

1927 წელს, დევისის თასის მატჩის წინ, ლაკოსტმა ერთ-ერთ სპორტსმენს სანაძლეო დაუდო, რომ მოიგებდა. ფსონი… ნიანგის ტყავის ჩემოდანი იყო. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს ეს ამბავი არ გამოჰპარვიათ და რენეს ნიანგი შეარქვეს.

ლაკოსტს მეტსახელი ძალიან მოეწონა და როდესაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ქსოვილების ფაბრიკა გახსნა, პატარა ნიანგი მისი ნაწარმის ემბლემად იქცა.

ბიზნესის იდეა ასეთი იყო: სპორტი შეძლებული ადამიანების ცხოვრების ნაწილია, რომელიც ელეგანტურ და მოხერხებულ ტანსაცმელში უნდა გაატარონ. ამ პოლიტიკის შედეგი მთელ მსოფლიოში გახსნილი 2000-ზე მეტი საფირმო მაღაზიაა.

უოლტონები

სუპერმარკეტი ამერიკული ცხოვრების ისეთივე სიმბოლოა, როგორიც ჰამბურგერი, მაგრამ ბევრმა ამერიკელმა არ იცის, რომ პირველი სუპერმარკეტი ფარდულში გაიხსნა. სამაგიეროდ, თავად იდეას, რომელიც სემ უოლტონს დაებადა, ოქროს ფასი ჰქონდა. მოგვიანებით უოლტონმა სუპერმარკეტების ქსელი „უოლ მარტი“ შექმნა. სწორედ მისი იდეა იყო ქალაქის გარეუბანში უზარმაზარი მაღაზიების აშენება, რომლებსაც უფასო ავტოსადგომები ერტყა გარს, მყიდველების დაინტერესება ხელმისაწვდომი ფასებითა და… ჭორებით. მყიდველებთან მომსახურე პერსონალის საუბარი სხვადასხვა თემაზე მუშტრის მოზიდვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად მიიჩნეოდა.

უოლტონები ტიპური ამერიკული ბიზნესდინასტიაა, სადაც შვილები ბავშვობიდანვე მონაწილეობენ მამის საქმიანობაში და შემდგომ საოჯახო საქმის გამგრძელებლები ხდებიან. ნაყინის ფულს პერსონალთან ერთად მუშაობით შოულობენ, მონაწილეობენ სარემონტო სამუშაოებში, ემსახურებიან კლიენტებს, დაატარებენ საქონელს.

დღეს უოლტონის უფროსი ვაჟი რობსონი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ფირმის სათავეში აღმოჩნდა, პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი პირადი ქონება 20 მილიარდ დოლარს აღემატება.

ოპენეიმერები

ალბათ გგონიათ, რომ ბრილიანტებს ყოველთვის ცეცხლის ფასი ედო, მაგრამ ასე არ არის. გასული საუკუნის 20-იან წლებში ალმასის ფასი მკვეთრად დაეცა. ძვირფასი ქვების სპეციალისტი ოპენჰეიმერ-უფროსი არ დაბნეულა – მან ჩალის ფასად შეიძინა ერთ დროს ყოვლისშემძლე ფირმა „დე ბირსის“ აქციები და ამით საფუძველი ჩაუყარა საოჯახო ბიზნესს. მას მხარი აუბა შვილმაც, რომელიც ველური ორქიდეებისა და წმინდა სისხლის ცხენების მოყვარული იყო და მთელ მსოფლიოს ჩაუნერგა აზრი, რომ ბრილიანტი მარადიული ფასეულობაა. სინამდვილეში მას მიაჩნდა, რომ ეს ქვები ბევრს არაფერს წარმოადგენდა და ფულის შოვნის ერთადერთი შანსი მათ ირგვლივ ერთგვარი მითის შექმნა იყო. სწორედ მისი იდეისა და სწორი სარეკლამო სტრატეგიის დამსახურებაა, რომ დასავლელ საქმროებს ბრილიანტის ბეჭდის გარეშე ქალისთვის ხელი ვერ უთხოვიათ, რადგან დღეს ეს ქვა მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. ამასთან, არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად, ბეჭდის ფასი სასიძოს ორი თვის ხელფასს მაინც უნდა უდრიდეს.

გასაკვირი არ არის, რომ „დე ბირსი“ საკმაოდ სწრაფად წამოდგა ფეხზე, ალმასების ფასმა კი 60%-ით მოიმატა. დღეს კომპანია ალმასის მსოფლიო ბაზრის 75%-ს აკონტროლებს, ამ უზარმაზარი ქონების მფლობელი კი ჰარი ოპენჰეიმერის შვილიშვილი ჯონათანია.

 

ფრიტცკერები

სასტუმროების უზარმაზარი ქსელის მფლობელი ნიკოლას ფრიტცკერი რუსეთიდან ფულის, საქმიანი კავშირებისა და ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე ჩავიდა ამერიკაში. ეს ამბავი 200 წლის წინ მოხდა. ტურისტის დიპლომის მიღების შემდეგ მან თავისი სპეციალობით მუშაობა დაიწყო, ჰონორარებს კი უძრავ ქონებაში აბანდებდა. მისმა შვილიშვილებმა საოჯახო ბიზნესი გააფართოეს და სასტუმროების ქსელი „ჰაიატი“ შექმნეს. დღეს ის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში მდებარე 200-ზე მეტ სასტუმრო და საკურორტო კომპლექსს მოიცავს.

გარდა ამისა, ფრიტცკერების ოჯახი არქიტექტურაზე გიჟდება და ამ პროფესიის წარმომადგენელთათვის ყოველწლიურად გასცემს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს. ფრიტცკერის პრემიის მიღება არქიტექტორისთვის იგივეა, რაც მსახიობისთვის – „ოსკარისა“. მით უმეტეს, რომ ამ პრემიას მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. არქიტექტორებს რატომღაც ნობელიც კი არ სწყალობდა…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...