კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

რატომ არ უნდა შევადაროთ ბავშვები ერთმანეთს

0

 რამდენიმე კვირის წინ სრულიად მოულოდნელად საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის მოწმე აღმოვჩნდი. ორი პატარა ბავშვით ავტობუსში ამოსულ ქალბატონს ახალგაზრდა მამაკაცმა ადგილი დაუთმო. ქალბატონი სკამზე დაჯდა და 3 წლის გოგონა კალთაში ჩაისვა.  4 წლის ბიჭუნა კი  დედის წინ ფანჯარასთან დადგა და ქუჩაში ყურება დაიწყო. ქალბატონის გვერდით მჯდომმა მგზავრმა წამოდგომა სცადა, რათა პატარა ბიჭუნა დედის გვერდით დაესვა. დედამ უკმაყოფილო სახით შვილს გახედა და მის გვერდით მჯდომ მგზავრს სთხოვა, არ ამდგარიყო: „ნუ შეწუხდებით, ის მაინც არ დაჯდება, ისეთი ჯიუტი და ურჩია, ვერაფერს გააგებინებ“; „აი, ეს კი“, – მიუთითა კალთაში მჯდომ მეორე შვილზე – „ძალიან დამჯერი და ჭკვიანი ბავშვია“. ბიჭუნამ განაწყენებული  სახით შეხედა დედას და მთელი გზა ხმა არ ამოუღია. დედის სიტყვებმა მასში აშკარად აგრესია და სიბრაზე გამოიწვია, რადგანაც დროდადრო ხან დედას გახედავდა უკმაყოფილო სახით და ხან დედის კალთაში მოკალათებულ საკუთარ დაიკოს უყურებდა შურის თვალით. მგზავრებს შეებრალათ „დაჩაგრული“ ბიჭუნა და სიყვარულით სავსე სახეებით უყურებდნენ მას. რამდენიმემ გამოლაპარაკება და მოფერებაც სცადა. თუმცა უცხო ადამიანების ასეთმა  „თანაგრძნობამ“  ბიჭუნას გუნება-განწყობა ვერ შეუცვალა – ის ხომ მისმა უსაყვარლესმა და უახლოესმა ადამიანმა სრულიად უცხო გარემოში ყველას წინაშე  „დაამცირა“.

ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი მაშინაც, როცა ერთ-ერთი მშობელი საკუთარ შვილებს მაცნობდა – „ეს ისეთი კარგი მყავს“, – მიმითითა მის გვერდით ამაყად და თავმომწონედ მდგომ 7 წლის გოგონაზე – „ამას ენაცვალოს დედა, ჩემი სიამაყეა“; „აი, ეს კი“, – მიმანიშნა დედისგან ოდნავ მოცილებით მდგომ 6 წლის ნინიზე, – „ვერ წარმოიდგენთ რა აუტანელია, მომკლა, გამაჭაღარავა, ნამდვილად ბოლოს მომიღებს“. როგორც შემდეგ გავიგე, პატარა ნინი უცნაურ ხერხს მიმართავდა, რომ დედიკოს თვალში თავის დაზე უკეთესი გამოჩენილიყო და მისგან შექება დაემსახურებინა – დილით ადრიანად დგებოდა, დაიკოს ტანსაცმელს უმალავდა, რომ ის დროულად ვერ მომზადებულიყო სკოლაში წასასვლელად,  თვითონ კი სასწრაფოდ სკოლის ფორმაში გამოეწყობოდა და ჩანთით ხელში, კმაყოფილი სახით კართან დგებოდა იმის ნიშნად, რომ დაიკოზე უფრო ყოჩაღია და დროულად მოემზადა სკოლაში წასასვლელად. თუმცა დედა კარგად ხვდებოდა მის ნამოქმედარს და შექების ნაცვლად კვლავ სჯიდა დაიკოს დაჩაგვრის გამო.

     აღნიშნული სიტუაციები კარგად მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბავშვის საკუთარ დასთან ან  ძმასთან შედარებამ. ადვილი შესაძლებელია ასეთი შედარებების საფუძველზე მათ შორის აღმოცენებულმა შუღლმა და მტრობამ მოგვიანებით, დიდობაშიც იჩინოს თავი, რაც მშობლებს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს.

     ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომელსაც არასოდეს შეუდარებია საკუთარი შვილი სხვისთვის. ხშირად ის არ შემოიფარგლება და-ძმების ერთმანეთთან შედარებით და საკუთარ შვილს ადარებს თანაკლასელს, მეზობლის ბავშვს – „შეხედე, გიო როგორი აქტიურია! ღონისძიება არ ჩატარდება, რომ სცენაზე არ იდგეს, შენ კი ერთი ლექსიც არ გითქვამს ჯერ“; „რა კარგად ლაპარაკობს ნინი ინგლისურად. შენ კი მთელი წელია გამეცადინებ და ორ წინადადებას ვერ ამბობ უშეცდომოდ“. ბავშვები არცთუ ისე იშვიათად ისმენენ ასეთ საყვედურებს მშობლებისგან, რომელთაც სურთ, რომ ყველაზე უკეთესი და წარმატებული შვილი ჰყავდეთ. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ასეთი შედარებებით ბავშვს გაუღვიძებენ სურვილს, მეტს მიაღწიოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შედეგი არცთუ ისე სასურველი და მისასალმებელია. საინტერესოა, რა ემოციები დაეუფლებოდა დედას, საკუთარ შვილს რომ ის მეგობრის დედისთვის შეედარებინა და ეთქვა – „გიოს დედა ბევრად უფრო კეთილი და გაგებულია, ვიდრე დედაჩემი“. ვფიქრობ, ნებისმიერი დედისთვის შვილისგან ასეთი სიტყვების მოსმენა დამთრგუნველი, საწყენი  და გამანადგურებელი იქნებოდა.  მაშინ რატომ უნდა შეხვდეს ბავშვი თანაკლასელთან, ძმასთან ან მეზობლის ბავშვთან მის შედარებას მშვიდად და უმტკივნეულოდ, მით უმეტეს,  როცა ამას მისთვის უსაყვარლესი და უახლოესი ადამიანი, დედა აკეთებს.

     მშობლების მსგავსად, ხშირად პედაგოგებიც იყენებენ მსგავს შედარებებს. მაგალითად, თუ კლასში რომელიმე ბავშვი ბეჯითი, აქტიური  და მონდომებულია, პედაგოგი ცდილობს, ყველა ბავშვს გაუღვიძოს სურვილი, რომ მას მიბაძონ – „როგორ ვამაყობ, რომ ნიკა ჩემს კლასშია, როგორ მინდა, რომ ჩემი ყველა მოსწავლე ასეთი იყოს“. ერთი შეხედვით, პედაგოგის მიზანი ძალიან კეთილშობილურია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში უარყოფით შედეგს ვიღებთ და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ მას მიბაძოს, შეიძლება მასაც დაუქვეითდეს მოტივაცია და სწავლის სურვილი, ვინაიდან ზედმეტი ქების გამო, მასწავლებლის „ფავორიტი“ მოსწავლე თანატოლთა ჯგუფიდან გარიყული აღმოჩნდება ხოლმე.

     ამდენად, ალბათ ღირს დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ბავშვების ერთმანეთთან შედარება, მაშინაც კი, როცა ჩვენი მიზანი ძალიან კეთილშობილურია და ბავშვის „სასიკეთოდ“ არის მიმართული. როგორც წესი, თანატოლებთან მუდმივი შედარებების საფუძველზე ბავშვში შეიმჩნევა შფოთიანობის დონის მომატება, უქვეითდება თვითშეფასება, უჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, იკეტება საკუთარ თავში; ეშინია, რომ არაფერი გამოუვა ისე, როგორც სხვებს; წინასწარ განაწყობს საკუთარ თავს მარცხისა და წარუმატებლობისთვის. არსებობს საფრთხე, რომ დაირღვეს მშობელთან სულიერი კავშირი და ბავშვს დაეკარგოს მის მიმართ ნდობა. ამასთან ერთად, ბავშვს უჩნდება შიში იმისა, რომ ის აღარ ეყვარებათ, თუ არ გახდება ისეთი, როგორიც მის მშობლებს მოსწონთ. ეს კიდევ ერთი დარტყმაა მის თავმოყვარეობასა და თვითშეფასებაზე.

     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ბავშვს მივიღებთ ისეთს, როგორიც არის; არ ვეცდებით დავამსგავსოთ სხვას; გვეყვარება და ვიამაყებთ მისით, განურჩევლად იმისა, მარცხს განიცდის, თუ წარმატებას. გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების საკუთარი, ინდივიდუალური გზა და ვერასოდეს დაემსგავსება სხვას. ამდენად, არ არის საჭირო შევადაროთ სხვას და მოვითხოვოთ მისგან, რომ ის სანიმუშო და მისაბაძ თანატოლს დაემსგავსოს. ეს მხოლოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდება, როგორც ბავშვისთვის, ასევე მასთან ჩვენი ურთიერთობისთვისაც. ნუ დავივიწყებთ, რომ აღზრდის საფუძველთა საფუძველი ბავშვის სიყვარულია, რომელსაც ის აუცილებლად უნდა იღებდეს ჩვენგან.

მესამე წერილი სანტა კლაუსს

0

რა გაძლებს კიდევ ერთ საათს?

თორმეტს არა, თერთმეტის ნახევარს ველოდები – შუქი მოვა. ცენტრალური.

სხვა მხრივ – ადგილობრივი ჰიდროელსადგურის მცირევოლტიანი დესპანი შემომივლიდა ხოლმე, იმდენად სუსტი – ნათურა გადამწიფებულ კარალიოკს უფრო ჰგავდა, ვიდრე მანათობელს. ეს იქით იყოს და იმ წელს DENDY-ს კომპიუტერი მაჩუქეს. ვის აინტერესებს შენი საგანგებოდ დაკლული ინდაური და გოზინაყი. სტუმრები ღვინის ოცლიტრიან ბოცას თვალებით ჭამენ. ისინიც ცენტრალურს ელიან:

„მოსკოვს მაინც მაგარი ესტრადა აქვს, ОРТ-ზე გადავრთოთ როცა მოვა, ჩვენების ბლუყუნს სჯობს”.

როგორც წესი და რიგია, სამზადისი და ბაზარს მიწყდომა წინა დღეს დაიწყო. ეს ტრადიცია ძველთაგან მოგვდევს და ახლაც ნავარდობს. ქალაქს საცობი გუდავს, სოფლის ორღობეებს ტალახი ახრჩობს. მერე თითქოს სული ამოხდაო – 1 იანვარს ქუჩაში გაგივლიათ? მეორე დღეს ახალი წელი ნანადირევივით აგდია და არ ინძრევა. ღამით იმდენი ესროლეს, რა გადაარჩენდა. და ქართველებს ხომ ყველაზე უფრო აღუვსებელი საწყაული გვაქვს – ერთი ახალი წელი  სად გვყოფნის. ჰოდა, მივრბივართ მერე, ხელოვნურ სუნთქვას ვუკეთებთ და თოთხმეტ დღეში ვაცოცხლებთ.

  არის, იყო და იქნება: ნაძვის ხე და ჩიჩილაკი (ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის მოდაში შემოსული მეცხვარის ქუდივითაა და ვატყობ, მალე მიავიწყდებათ) ერთად აღიმართება, ეკრანი ისევ „ბედის ირონიით” გვაამებს, სამი-ოთხი მარად ცნობადი სახე და რომელიმე ქათმის ბარკლის მწარმოებელი კომპანია მოგვილოცავს, ხოლო  სამამულო ესტრადა რესტორნებს განეფინება და კონცერტმოშიებულ ხმას და ჯიბეს აბალახებს. ცუდი ალბათ ამაში არც არაფერია, მაგრამ მაინც…

  ჩემი ახალი წელი, სხვა, უცნაურ ასოციაციებს უფრო აღძრავს: მეზობელი, რომელიც ოთხმოცს გადასცდენოდა, 31 დეკემბერს აივანზე გამოდიოდა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ათასგვარი მაშხალის ელვა-ქუხილს. წარმოიდგინეთ ადამიანის უკიდურესი ნეტარების გამოხატულება. ვთქვათ ამ მასშტაბის – რომელიმე ჩრდილოურ ტელე-შოუში ალექსანდრ მალინინი პორუჩიკ გალიცინს  უგალობს და კამერა შუა ხნის ქალბატონს უახლოვდება. აი, ამგვარი სახე ჰქონდა ამ კაცს და ჩემი ახალი წელიც ამგვარია – გაუცნობიერებელი ნეტარების და იმედის ტალღა (ბოლო სიტყვათშეთანხმებამ თუ ცუდი რამე მოგაგონათ, ჩემი ბრალი არაა).

ჰოდა, რა გაძლებს  საათსა და 20 წუთს? ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. მითხრეს, რომ არავითარი მარიო არ იქნებოდა – სტუმრებს ტელევიზორის ყურება უნდოდათ. მეც, პროტესტის ნიშნად, ავდექი და დავწექი. სიზმრად ვნახე, განათებულ დარბაზში ვიდექი. საოცარი ფეიერვერკი იყო ცაზე. პრინცესა დავინახე – მივხვდი, რომ ბოლო ტური დავხურე. ეს გოგო ხომ მაშინ ჩნდებოდა. ძალიან, ძალიან მიხაროდა. აივანზე ჩემი ოთხმოცი წლის მეზობელი იდგა და მიცინოდა.

ჰოდა, სანტა-კლაუს. ჩემი მესამე სურვილი ასეთია. მინდა დენდი მქონდეს მარიოთი. ამას რამენაირად შევძლებ. უბრალოდ ბოლო ტურში გავიდე მინდა. დრაკონი მოვკლა. და ის გოგო წამოვიყვანო.

მეთორმეტეკლასელი მასწავლებელი – კარლო ხუციშვილი

0

გამომგონებელ კარლო ხუციშვილს უკვე იცნობენ საქართველოში და მის მიღმაც. ახალციხელი მოსწავლის წარმატებებმა საზოგადოების და სპეციალისტთა ყურადღება ერთბაშად მიიქცია. კარლო სასწავლებლად ჯერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გადმოვიდა, ახლა კი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მეთორმეტეკლასელია. კოლეჯი თავად აფინანსებს მის განათლებას. პარალელურად კარლო კომაროვის სკოლაში რობოტექნიკას ასწავლის. ინტერვიუ უკვე მზად იყო, როცა კარლოს 18 წელი შეუსრულდა და 25 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ,,წლის საუკეთესო“, ნომინაციაში – “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში” გამარჯვება მოიპოვა.

მოსწავლე მასწავლებელი კარლო ხუციშვილი

_როგორ გახდით გამომგონებელი?

 _ერთ-ერთი სქემის დაშლა-აწყობის დროს გამიჩნდა სურვილი კარგად შემესწავლა მისი ყველა კომპონენტი.   შემდეგ შევიძინე ნაწილები,  ზოგი ძველ ტექნიკას ამოვაცალე და ასე ავაწყვე პირველი მარტივი სქემა. ძალიან დავინტერესდი.   ვატარებდი ექსპერიმენტებს, გამიჩნდა ამბიცია შევჭიდებოდი უფრო რთულ სქემებს. ინტერნეტმა მომცა საშუალება, ბევრი რამ ვიდეომასალით გამეგო, წამეკითხა უცხოური წიგნები ჩემთვის საინტერესო საკითხებზე; თანდათან დამიგროვდა  ცოდნაც და გამოცდილებაც. გამოგონებებზე ფიქრი არ მასვენებდა. შევიტყვე გამომგონებელთა კონკურსის შესახებ, გავეცანი პირობებს. უნდა შემექმნა  პროექტი, რომელიც საგაკვეთილო პროცესს აღწერდა. ავაწყე  ,,იაკობის კიბე“ – რომლის საშუალებითაც  მასწავლებელს შეეძლო აეხსნა  სხვადასხვა ფიზიკური მოვლენები: იონიზაცია,  ნაპერწკლური განმუხტვა.  კონკურსზე მოპოვებულმა პრიზმა ჩემი მოტივაცია გაზარდა. ამას მოჰყვა სხვა გამოგონებები, კონკურსები, წარმატებები.

კარლოს პორტფოლიო უკვე უამრავი დიდ-პატარა შედეგითაა ,,გაბერილი“, მათ შორის, გამორჩეული მიღწევებიც  დაგროვდა: ლეონარდო და ვინჩის კონკურსში წარდგენილი და გამარჯვებული მულტიკლიმატიზატორი, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მოიპოვონ ინფორმაცია მიწის ტენიანობის, ტემპერატურის, მცენარისათვის აუცილებელი ნივთიერებების შესახებ, მიიღონ ინფორმაცია მოსალოდნელ ამინდზე, სეტყვაზე… ამ გამოგონებამ საერთაშორისო ოლიმპიადაზეც (აშშ) მოწონება დაიმსახურა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვება და NACA-ს   კენედის ცენტრში მოგზაურობა ისევ მულტიკლიმატიზატორს და ,,დრონს“ მოაქვს. უპილოტო გამნაღმველი სისტემა, რომელიც აიპადით იღებს კოორდინატებს და  უპილოტო ,,დრონის“ საშუალებით   დაფრინავს.  ,,დრონი“ მიდის მითითებულ ადგილზე და  ჰაერიდან ახდენს ნაღმის გაუვნებელყოფას. მას გადაადგილების მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს: ტანკისებრი მუხლუხები, ბორბლები, პროპელერები, ასევე  გადაადგილდება წყალში და იქაც აღმოაჩენს ნაღმებს.  ამ გამოგონებას საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ იპოს  ოლიმპიადაზე  მე-2 ადგილი,  ხოლო საერთაშორისო ოლიმპიადაზე _პირველი ადგილი და  ოქროს მედალი მოაქვს.

_ახლა რაზე მუშაობთ?

_შშმ პირების საჭიროებათა გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი მუშაობს  ,, Non_stop“-ზე, რომელიც  არის ინოვაციური ეტლი. ეს სიახლე შშმ პირებს გადაადგილების უსაფრთხო და კომფორტულ  შესაძლებლობებს გაუზრდის. ეტლი სხვისი დახმარების გარეშე, სწრაფად და მარტივად იმოძრავებს, იოლად გადალახავს დაბრკოლებებს, უსაფრთხოებისთვის ექნება ღვედი, ციმციმა და დამცავი კამერა(აირბაგი), ექნება ქოლგა უამინდობისთვის, გათვალისწინებული იქნება ხელის მტევნის პრობლემის მქონეთა საჭიროება, ექნება გააქტიურებული GPS სისტემა და სპეციალური აპლიკაცია პარკირებისთვის. მეორე გამოგონება პარკირების პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული სიახლეა, რომელიც გულისხმობს პარკირების ადგილას ისეთი დაბრკოლების შექმნას, რომლის გადალახვაც მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირს შეეძლება სპეციალური ბარათის საშუალებით.

ეს ორი პროექტი წარვადგინეთ  ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში,  სადაც 85 გუნდი მონაწილეობდა და საუკეთესო ხუთეულში  მოვხვდით, მოვიპოვეთ დაფინანსება მოდელის სრულყოფისათვის. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც თავად ეტლით მოსარგებლენი არიან, მნიშვნელოვანია ფინალში გასვლა, რადგან ფინალისტი NACA-ს  კენედის ცენტრში გაემგზავრება და ამჯერად,  რაკეტით გაფრენის შესაძლებლობა ექნება.

ახლა ვმონაწილეობ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ,,წლის საუკეთესო“ . ამ კონკურსში 2015 წელს მოვიპოვე ,,წლის საუკეთესოს“ წოდება მეცნიერებასა და ინოვაციაში.

 _მასწავლებლობას როგორ შეუდექით?

როგორც გითხარით, უკვე საკმაო ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, მაგრამ დიდი დრო და ენერგია დამჭირდა, რადგან  არ მყავდა შესაბამისი მიმართულების მასწავლებელი, არ მქონდა ლიტერატურა. ძალიან მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გადამეცა ჩემი თანატოლებისთვის, უმცროსებისათვის და ეს გზა გამეიოლებინა. ახალციხეშიც ვუზიარებდი ჩემს ცოდნას თანატოლებს, ჩემს დას, მაგრამ როცა ,,კომაროვში“ გადმოვედი 2014 წელს, იქ ჩემს ოთახში პატარა ,,ლაბორატორია“ მოვაწყვე.  ბევრს აინტერესებდა ჩემი საქმიანობა. თავისუფალ დროს შემყავდა ბავშვები და ვუხსნიდი სხვადასხვა საკითხებს. თანდათან გაიზარდა მსურველთა რიცხვი და ოთახი ძლივსღა იტევდა მსმენელებს. გასუსულები მიგდებდნენ ყურს.  ამ პროცესმა სისტემატური სახე მიიღო. ერთ დღეს დირექტორმა შემოგვიღო კარი. ეს ფორმატი ეწინააღმდეგებოდა სკოლის შიდაგანაწესს და  ამის თაობაზე გაგვაფრთხილა. ბავშვებმა გადაწყვიტეს  მიემართათ თხოვნით, რომ რობოტექნიკის გაკვეთილები მე  ჩამეტარებინა. დირექტორმა გაითვალისწინა მათი ინტერესი და მეც მოხალისეობრივად შევუდექი მასწავლებლობას.

რობოტექნიკის გაკვეთილზე

 რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს?

არანაირი სირთულე არ მქონია,  ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს ცოდნას სხვებს ვუზიარებ, ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრები. მე მათი უფროსი მეგობარი ვარ. რა შეიძლება იყოს რთული? ისინი იძულებით არავის მოუყვანია, საკუთარი სურვილით მოვიდნენ. ძალიან აინტერესებთ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ. მერე პრაქტიკულ სამუშაოს ასრულებენ, თავადაც ქმნიან სქემებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს, ჩვენი გვერდიც გვაქვს. ყველაზე მეტად დროის პრობლემა მაქვს, არ მყოფნის.

 რას ნიშნავს სკოლა თქვენთვის, როგორც მოსწავლისთვის?  როგორც მასწავლებლისთვის?

სკოლა ის ადგილია, სადაც ვისწავლე  ბევრი რამ,  მივიღე   ცხოვრებისეული გამოცდილება,  როგორც სწავლაში,  ასევე კლასგარეშე აქტივობებში ….   როგორც მასწავლებლისთვის ის ადგილია, სადაც თავს  ვგრძნობ ძალიან ბედნიერად. ვხედავ, რომ ჩემი მოსწავლეები  უსაზღვროდ ნიჭიერები და მონდომებულები არიან.

როგორი უნდა იყოს დღევანდელი მასწავლებელი?

მოსწავლეზე ორიენტებული, მასწავლებელი უნდა ცდილობდეს სხვადასხვა საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეს,  თვითგანვითარებაზე იზრუნოს. თანაც მასწავლებელს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. ერთ ცნობილ და ნაამაგარ მასწავლებელს ვკითხე, რატომ არ არის საქართველოში განათლების მაღალი დონე მეთქი, მან მიპასუხა, როცა შენ ყველაფერს აკეთებ, რომ კარგად ასწავლო, მაგრამ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებ და იძულებული ხარ, შვილს სთხოვო დახმარება, დროთა განმავლობაში ხალისი გეკარგებაო. ვფიქრობ, ეს ადამიანი მართალია. სკოლას კარგი მასწავლებელი უნდა ჰყავდეს და მას კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

კარლო, როგორი იქნებოდა შენი სკოლა?

რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც დღესაა. ყველანაირად მორგებული იქნებოდა მომხმარებელზე, ანუ მოსწავლეზე. სკოლაში იქნებოდა წესები, რომელსაც თანაბრად დაემორჩილებოდა ყველა. შეიქმნებოდა ისეთი გარემო, რომელშიც  ყველა ბავშვს გაუხარდებოდა ყოფნა, სწავლა  იქნებოდა სასურველი და არაიძულებითი. სწავლის პროცესი იქნებოდა ღია და გამჭვირვალე პირდაპირი გაგებით: მშობელს და ნებისმიერ პირს შეეძლებოდა ,,ლაივში“ ენახა, რა ხდება საკლასო ოთახში. აუცილებლად შევცვლიდი კლასის მოწყობას: ოთახი  აღჭურვილი იქნებოდა სენსორებით. რაც მთავარია, ხშირად შეიცვლებოდა საკლასო გარემო, რომ მოსაწყენი არ ყოფილიყო.  შევიმუშავებდი პროგრამებს, რომ მასწავლებელს ნახევარი გაკვეთილი  არ დაეკარგა  ცხრილების შევსებაზე,  ნიშნების დაწერას და გამოყვანას თავად პროგრამა შეასრულებდა.  მასწავლებლის როლი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა და პროცესის მართვა იქნებოდა. სკოლაში ჩატარდებოდა   გასართობი გაკვეთილებიც, რომელიც მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმებოდა. მათი სურვილით შეირჩეოდა შაბათ-კვირის აქტივობებიც.  სკოლაში გვექნებოდა გაკვეთილები სხვადასხვა პროფესიების არსსა და მნიშვნელობაზე, რათა მოსწავლეს თავისი ინტერესებისთვის მიეგნო.  სკოლაში აუცილებლად იქნებოდა რობოტექნიკის ლაბორატორია და სხვა საგნების ლაბორატორიები, რომლებიც  ექსპერიმენტების, აღმოჩენების სასწავლო მიზნით გამოყენებას შეუწყობდა ხელს.

რა თვისებებით გამოირჩევა თქვენი თაობა?

ნიჭიერი თაობაა.  ვფიქრობ, თუ სახელმწიფოსგან, ქველმოქმედებისგან  ხელშეწყობა გვექნება, დიდ წარმატებებს მივაღწევთ. წინსვლა პირდაპირ კავშირშია რესურსებთან. გამომგონებელს მასალებზე ფიქრი და მოპოვება უწევს, ამას ფული ესაჭიროება და დროს და ენერგიას მოითხოვს. ხარისხიან სწავლას რესურსი სჭირდება, რობოტექნიკა მასალებს საჭიროებს. აქ გვჭირდება დახმარება. ჩვენ, წინა თაობებისგან განსხვავებით, ციფრული ტექნოლოგიების თაობა ვართ, ტელეფონებზე, ინტერნეტზე, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული თაობა, თუმცა მონდომების და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიების საშუალებით ფართო შესაძლებლობა გვეძლევა, შევიძინოთ ცოდნა და ეს ცოდნა საჭირო მიმართულებით  გამოვიყენოთ.

ჩვენი საუბარი სხვა საკითხებსაც შეეხო, კარლოს სპორტული შედეგებიც აქვს, კარატეში შავი ქამრის მფლობელია, თუმცა ცხოვრებაში ეს  არასდროს გამოუყენებია, კარლოს გამოგონებების თანაავტორი ხშირად მისი და ანა ხუციშვილია. მოსწავლე მასწავლებელს უყვარს კონკურსები და უყვარს გამარჯვებები, ახალ ძალას მატებს აღიარება. პროფესიული არჩევანი ელექტროინჟინერიას უკავშირდება. არ უყვარს უსამართლობა. ოცნებობს ახალ გამოგონებებზე, ოჯახის კეთილდღეობაზე, სიყვარულის ამბავი არ გაგვიმხილა, ის კი გვითხრა, რომ მისი რჩეული განათლებული და ორიგინალური ადამიანი იქნება.

ყიყლიყოოო…

0

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. მოკლედ, ერთი ვირი იყო, მეწისქვილესთან ცხოვრობდა და თავს მძიმე შრომით ირჩენდა. ბედი გინდა ყველაფერში, შეიძლება ვირად დაიბადო და სულ ბაფთებსა და ბუმბულებში გაცხოვრონ. არ გჯერათ? თავად მაქვს ნანახი სოციალური ქსელში ჰამაკში მოკალათებული ვირუკა, რომელსაც არწევდნენ და ზედ დაჰხაროდნენ. იმასაც ისეთი შეფერებული ჰქონდა, სახეზე ეწერა, ვიმსახურებ ასეთ ნებივრობასო. ჩვენი საბრალო ვირი კი წისქვილში ტომრებს ეზიდებოდა. ერთ დღესაც სახლიდან გააგდეს… დაბერდიო, უთხრეს… ვირი ოპტიმისტი იყო და ქალაქ ბრემენში გადაწყვიტა წასვლა. ყური ჰქონდა მოკრული, ბრემენში ქუჩის მუსიკოსებს კარგ ფულს უხდიანო. ყროყინი შეეძლო და გზას გაუდგა.

დიდხანს იარა თუ ცოტა, გზად ძაღლი შემოხვდა, ისიც პატრონს გამოეგდო სიბერის გამო. მთელი ახალგაზრდობა უნადირია, პატრონისთვის ერთგულად უმსახურია, ახლა კი ცრემლად იღვრებოდა, აღარავის ვჭირდებიო. ვირმა დაარწმუნა, რომ ისიც ბრემენში უნდა წასულიყო. გზა ერთად განაგრძეს.

მცირე ხნის შემდეგ, კატა დაინახეს. ისიც სახლიდან იყო გამოგდებული, ვირს და ძაღლს სიამოვნებით შეუერთდა, ბრემენისკენ აიღო გეზი.

აქ მცირე ხნით თხრობას შევწყვეტ და ვიტყვი, რომ ჩემს სადარბაზოს ორი კატა შემოეკედლა. უფრო სწორედ, ისე გამოვიდა, მე ამომიჩემეს. მუდმივად მითვალთვალებენ და საჭმელს მთხოვენ. დედა-შვილი არიან. დედას „კატუშა“         დავარქვი, შვილს „ფინტიკოზ დარდიმანდიანცი“, უხდება რაღაც ეს სახელი. უკანა ფეხებზე დგომა და რამდენიმე წამით გაჩერებაც ვასწავლე. ბრჭყვიალა თვალები და რაღაცნაირი ფლიდი სახე აქვს. თითქოს ულვაშებში იღიმება კიდეც, შენ პირი ჩამიტკბარუნე და ჰა, ვიდგები უკანა თათებზეო. სიტყვა „ჩხაკის“ ეშინიათ. მეც მათ შიშს ვიყენებ და როცა ძალიან თავხედობენ, შევეკითხები ხოლმე: „მოვიდნენ ახლა „ჩხაკები?“. მაშინვე იმალებიან.

კვლავ, ბრემენისკენ მიმავალთ დავუბრუნდეთ. გზად დაკვლას სასწაულებრივად გადარჩენილი მამალი ნახეს. ისიც მათი ჯგუფის წევრი გახდა.

დაღამდა უკვე. ბრემენის მისადგომებიც გამოჩნდა. ხედავენ, სადღაც იქვე სახლი დგას, შუქი გამოდის. მისვლა და შეხედვა გადაწყვიტეს, ამასობაში  ყველას მოშივდა, დასვენებაზეც უარს არ იტყოდნენ.  ფანჯარაში შეიხედეს, რას ხედავენ. სუფრა ხორაგით არის სავსე, დამსხდარან ყაჩაღები და ღრეობენ. რა ვქნათ, ეს ყაჩაღები როგორ შევაშინოთო და მოიფიქრეს: ვირმა წინა ფეხები ფანჯარაზე  შეაწყო, ზურგზე ძაღლი შეახტა, ძაღლზე კატა აცოცდა, კატას კი მამალი მოექცა თავზე.

ერთი, ორი და სამიი… ყველამ თავისებური შემოსძახა. ვირი აყროყინდა, ძაღლი აყეფდა, კატამ კნავილი მორთო, მამალმა კიდევ… ყიყლიყოოო… დაიყივლა. ისეთი მონდომებით ყვიროდნენ, რომ უცებ ფანჯარა გაიღო და ყველანი ოთახში შეცვივდნენ. ყაჩაღებს შეეშინდათ და ტყეში გაიქცნენ. ამათ კიდევ, გული იჯერეს სმა-ჭამით. ბოლოს დაღლილები მიწვნენ და მიეძინათ.

ყაჩაღები ტყეში კი გაიქცნენ, მაგრამ შორს კი არ წასულან. სახლს ტყიდან აკონტროლებდნენ. ხედავენ, შუქი ჩაქრა. ერთი ყველაზე ყოჩაღი ყაჩაღი გაგზავნეს, გაიგე, რა ხდებაო. ფეხაკრეფით მიიპარა და სახლში შევიდა. სამზარეულოში ორი ნაკვერჩხალი ღუოდა. მივალ ახლა და ცეცხლს ავანთებო, იფიქრა. სინამდვილეში, ეს კატის თვალები ღუოდა ნაკვერჩხალივით, მივარდა ყაჩაღს და დაჩხაპნა. ისიც თავის საშველად გულგახეთქილი კარისკენ გაიქცა. კარებთან ძაღლი იწვა.  მიწვდა და ფეხზე უკბინა. ეზოში გამოქცეულ ყაჩაღს, ახლა ვირმა უთავაზა წიხლი. მამალმა კი თავზე დასძახა:  ყიყლიყოოო…

კოჭლობით დაბრუნდა ტყეში ყაჩაღი, ცუდი ამბავი მაქვს ძმებო, ჩვენს სახლში დევები დასახლებულან, ძლივს გამოვასწარი ცოცხალმაო. აქ აღარ დაგვედგომება, ისევ მეზობელ ტყეს უნდა შევაფაროთ თავიო.

ყაჩაღების სახლში მეგობრები დასახლდნენ და ღრმა სიბერემდე ბედნიერად იცხოვრეს.

ჰმ… ძმებ გრიმებს მშვენიერი ზღაპარი დაუწერიათ. რაღაცნაირად გულუბრყვილო და კეთილი. თან არც ყაჩაღები გეცოდება… ყაჩაღები არიან და იმიტომ.

ზღაპარი სპეციალურად  გიამბეთ. ახალი წელი მოდის…მამლის წელია…

ქიმიის გაკვეთილიც საახალწლო ჩავატაროთ.

ცდა #1-„ზამთარი ჭიქაში“… უკაცრავად, უბრალო ჭიქაში კი არა, ქიმიურ ჭიქაში.

სუბლიმაციას ეფუძნება. გვჭირდება ნაძვის ხის პატარა ტოტი და ბენზოის მჟავა (თეთრი ფერის ფხვნილია).  ქიმიურ ჭიქაში 30-40 გრამი ბენზოის მჟავას ფხვნილი ჩავყაროთ, იქვე ჩავდოთ ნაძვის ტოტი და ჭიქას ფაიფურის პატარა ჯამი დავაფაროთ. ჭიქა სპირტქურაზე დავდგათ და დაველოდოთ, რა მოხდება.  ცოტა ხანში ბენზოის მჟავა სუბლიმაციას დაიწყებს. ანუ მყარი მდგომარეობიდან აირადში გადავა (თხევადი ფაზის გამოტოვებით). ჭიქა ბენზოის მჟავას აირით გაივსება. ჭიქა გადმოვდგათ სპირტქურიდან და გაციებას დაველოდოთ.  გაციებისას მჟავას აირები ნაძვის ტოტზე დაილექება. ჭიქაში კი დათოვლილი ზამთრის იმიტაცია გვექნება.

სხვათა შორის, ბენზოის მჟავას საკვები პროდუქტების წარწერებზე E210 აღნიშვნით შეხვდებით. სამრეწველო მასშტაბით ბენზოის მჟავას ტოლუოლის დაჟანგვით  ღებულობენ. ამავე დროს, ბუნებრივ ნაერთადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სხვადასხვა კენკროვნების შემადგენლობაშიც შედის. რძის ისეთ პროდუქტებშიც წარმოიქმნება, როგორიცაა იოგურტი, კეფირი და ა.შ.  რა თქმა უნდა, კონსერვირებულ პროდუქტებში ის გაცილებით მეტია, თუმცა, თუ ამ კონსერვებს მინიმალური რაოდენობით მივიღებთ, ძალიანაც არაფერს დაგვიშავებს. სტანდარტი 1 კგ პროდუქტზე 5მგ ბენზოის მჟავაა.

მაინც, რა ტიპის პროდუქტებში შეიძლება შეგვხვდეს? ხილის წვენებსა (არა ნატურალურში), მურაბებსა და ჯემებში, ბოსტნეულის კონსერვში (მწნილეულშიც), ნაყინში, ლუდში, კანფეტებში, რომლებიც შაქრის შემცვლელს შეიცავენ. შებოლილ თევზეულში, მარგარინში და საღეჭ რეზინაში.

სხვათა შორის, ზოგიერთ ანტისეპტიკურ მალამოებშიც შედის, რადგან კარგად უმკლავდება ბაქტერიებსა და სოკოს.

როდესაც ბენზოის მჟავა ადამიანის ორგანიზმში ხვდება, ცილის მოლეკულებთან შედის რეაქციაში და ჰიპურმჟავად (N-ბენზოილგლიცინი) გარდაიქმნება. მხოლოდ ამის შემდეგ შარდთან ერთად გამოიდევნება ორგანიზმიდან. თირკმელებისთვის ეს დამატებითი დატვირთვაა.

თუმცა ამ მჟავას შემცველი პროდუქტების გამოყენების საფრთხე სხვაა. მაღალ ტემპერატურაზე ბენზოის მჟავადან შეიძლება სუფთა ბენზოლი წარმოიქმნას. ეს კი ორგანიზმისთვის კარცეროგენია, რომელიც კიბოს განვითარების საფრთხეს ქმნის. უფრო კონკრეტულად რომ დავწეროთ, კონსერვები (ბოსტნეულის), რომლებიც ამ მჟავას შეიცავენ არ უნდა გაცხელდეს, ცივად უნდა იქნეს მირთმეული. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ E210 და  E300 (ასკორბინის მჟავა) შორის ასევე შეიძლება რეაქცია წარიმართოს და ბენზოლი წარმოიქმნას, თუმცა ამ საქმესაც მაღალი ტემპერატურა, ანუ კონსერვის გაცხელება სჭირდება.

ცდა #2-„ნიტროცელულოზის ნაძვის ხე“.

შეგახსენებთ, რომ ცდები მხოლოდ მასწავლებელთან ერთად კეთდება. დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება მარცხი მოგივიდეთ და …

ჯერ ნიტროცელულოზა უნდა დავამზადოთ.

 ავიღოთ ორი წილი კონცენტრირებული გოგირდმჟავა და ერთი წილი კონცენტრირებული აზოტმჟავა. ამ ორი მჟავას შერევით მიღებულ ნარევს მანიტრირებელი ნარევი ეწოდება. ვურევთ ქიმიურ ჭიქაში. ჭიქა ყინულებიან ჯამში უნდა იდგეს. საქმე ის გახლავთ, რომ მჟავების შერევისას დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა და აუცილებელია გაციება.

მიღებულ ნარევში  100%-იან ცელულოზას, ანუ ბამბას ვათავსებთ. ვტოვებთ ათი-თხუთმეტი წუთით, რომ მთლიანი ცელულოზა გაიჟღინთოს. ცელულოზა გლუკოზას ნაშთებისგან შედგება, რომელიც, თავის მხრივ, ჰიდროქსილის ჯგუფებს შეიცავს. ჰიდროქსილის  ჯგუფები ნიტროჯგუფებით ჩანაცვლდება. ეს კი მისი წვის უნარს ზრდის. კონცენტრირებული გოგირდმჟავა კი, რეაქციის დროს გამოყოფილი წყლის შთანთქმისთვის არის საჭირო.  ცელულოზის გაჟღენთვის შემდეგ, ჭიქის შიგთავსს დიდი რაოდენობის ცივი გამდინარე წყლით ჩავრეცხავთ. ცოტა სოდაც ჩავამატოთ, დარჩენილი მჟავების გასანეიტრალებლად. როდესაც ბამბა (უკვე ნიტროცელულოზად გარდაქმნილი) კარგად გაირეცხება, შეგვიძლია ხელით ავიღოთ, გავწუროთ და თოკივით დავახვიოთ.  სწორედ ასეთი თოკებისგან უნდა ავაწყოთ ნაძვის ხე. ქაღალდზე ჯერ ნაძვის ხის ფორმა დავხაზოთ, შემდეგ ფორმაზე ნიტროცელულოზის თოკივით დაგრეხილი  ბამბა გავფინოთ და… ცეცხლი მოვუკიდოთ. ნიტროცელულოზა ძალიან სწრაფად იწვის, ამასთან კვამლი არ გამოიყოფა. სიბნელეში განსაკუთრებით ლამაზი სანახავი იქნება.

ბრემენში რამდენიმე წლის წინ მეც გახლდით. ქალაქის მოედანზე ბრემენელი მუსიკოსების ძეგლია. ვირზე ძაღლი შესკუპებულა, ძაღლზე – კატა, კატაზე – მამალი. ასეთი ცრურწმენა არსებობს, ვირუკას თუ ფეხებზე ხელს მოკიდებ ან მამალს შეეხები, ჩანაფიქრი აგიხდებაო. გაგეღიმებათ და მსურველების რიგი იდგა. მეც ჩავდექი… ვირუკასაც ხელი მოვუთათუნე, მამალსაც მივწვდი, ჩაფიქრებისას  თვალებიც დავხუჭე და ჰაერიც ღრმად ჩავისუნთქე…

არაფერიც არ ამიხდა…

თუმცა… შეიძლება მამალი თავის წელს ელოდება. გახსოვთ ხომ, ყაჩაღის დაფრთხობისას საბოლოო სიტყვა სწორედ მამლის იყო.

გესმით? შორიდან ყივილი ისმის… ყიყლიყოოო…

ყველას ბედნიერი ახალი წელიო…

   ჰომეროსიდან გალაკტიონამდე

0

ამბობენ, მაიაკოვსკი ტრაბახობდა, პუშკინთან დიდი სიახლოვე მაქვს, რუსულ ანბანშიც ასო მ და პ, ის ასოები, რომლებზეც ჩვენი გვარები იწყება, ერთმანეთთან ახლოს დგანანო. ამაზე ესენინს გასცინებია და ენამოსწრებულად შეუნიშნავს, კი, ეს ორი ასო ერთმანეთთან ახლოს დგას, მხოლოდ მათ შორის ორი ასოა, ნ და ო-ო. რუსულ ენაზე კი სიტყვა, რომელიც ამ ორი ასოს ერთმანეთთან შეერთებით გამოდის, „თუმცა“ არის.

ეს ამბავი ჩემმა ერთმა დაინტერესებამ გამახსენა. როდესაც გალაკტიონის წიგნს გადაშლი, ლექსები „მესაფლავე“, „გმართებს ტირილი“, „ჰამლეტის ქნარი“ და „ლურჯა ცხენები“ ერთმანეთთან ახლოს დგას, რადგან ისინი 1912-დან 1915 წლებშია შექმნილი. თუმცა ოთხი წელი არცთუ ისე ცოტა დროა და ლექსების სიახლოვე წიგნში უფრო კარგად ჩანს, ვიდრე – ერთი წაკითხვით, მე მაინც მგონია, რომ მათ ერთი რამ აერთინებთ და ეს შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტია“. იმისათვის რომ უკეთ განვმარტო, რას ვგულისხმობ, ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. ერთხელ ერთ ლექციაზე ივა ბრანმა, ჩემმა უსაყვარლესმა მკვლევარმა და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა პროფესორმა, ასეთი შეკითხვა დამისვა, შენი აზრით, რომელი სტრიქონია საკვანძო „ოდისეაშიო“. მე არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივუგე: „დედა მარწმუნებს, რომ შვილი ვარ მე მამაჩემის, მე კი არ ვიცი, არვის ძალუძს ამის გაგება“. ამ ფრაზას პოემის დასაწყისშივე ეუბნება ოდისევსის შვილი, ტელემაქე, ქალღმერთ ათენას. ეს პასუხი მთელი ტრაგიზმით ასახავს ტელემაქეს მდგომარეობას: თუკი დედამისი, პენელოპე გათხოვებას გადაწყვეტს და გადათქვამს, რომ ტელემაქე ოდისევსის ვაჟია, ტელემაქე იმავე წამს დაკარგავს ყველანაირ უფლებას მემკვიდერობაზე. მით უმეტეს, მაშინ არც დნმ ანალიზის გაკეთება შეიძლებოდა და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დარწმუნებით შეეძლო, შვილის მამა დაესახელებინა, დედა იყო. ამის შემდეგ პოემაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ათენაც, ტელემაქეს გულშემატკივარნიც და ოდისევსის ტროას ომში ცოცხლად გადარჩენილი თანამებრძოლნიც არწმუნებენ ტელემაქეს, რომ ის საოცრად ჰგავს მამამისს, გარეგნობით, სიტყვითაც და პასუხითაც. ის ეჭვი კი, რომელიც ოდისევსის ძეს დედის მიმართ გაუჩნდა, პენელოპეს საქციელმა კი არა, ტროას ომის ყველაზე უფრო გამორჩეული გმირის, აგამემნონის თავს დატრიალებულმა ამბავმა გამოიწვია. შინ დაბრუნებული აგამემნონი ყველაზე უფრო სამარცხვინო, არაგმირული სიკვდილით დაიღუპა, ის დაუცველი და შიშველი მოკლეს აბანოში ცოლმა და მისმა საყვარელმა. გავიდა ხანი და აგამემნონის შვილმა ორსეტემ შური იძია ამ მკვლელობის გამო და ორივე მკვლელი სიკვდილით დასაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ორესტემ დედაზე აღმართა ხელი, მას ვერავინ გაამტყუნებდა, რადგან მან სამართალი აღადგინა. ახლა ჯერი ტელემაქეზეა. ოღონდ, ორესტეს სიტუაციისგან განსხვავებით, ტელემაქეს დედაც ჯერ არ გათხოვილა და ტროას ათწლიანი ომის დამტავრების შემეგ ათი წლის თავზე არც მამამისი დაბრუნებულა შინ. ამიტომ, თუკი პენელოპე გათხოვდება, ტელემაქე ორესტესავით ვერ მოიქცევა და სიკვდილით ვერ დასჯის ვერავის, რადგან ეს უკვე სამართლიანი არ იქნება. სამართლის აღსრულება მხოლოდ ცოცხლად დაბრუნებულ ოდისევსს შეუძლია, მხოლოდ მას აქვს კანონიერი უფლება, დასაჯოს თავხედი სასიძოები. ხოლო, თუკი ოდისევსი არ დაბრუნდება და პენელოპე გათხოვებას გადაწყვეტს, ეს მისი არჩევანი იქნება და ტელემაქეს ნებისმიერი საქციელი უკვე კანონსაწინააღმდეგო იქნება. ტელემაქე, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო გონივრულ სამოქმედო გეგმას ადგენს და იდეალურად აღასრულებს კიდეც ამ გეგმას. რომ არა ის სიტყვები, რომლებსაც ის დასაწყისში ეუბნება ათენას, მაშინ პოემა სხვაგვარად წაკითხვის საშუალებას მოგვცემდა, დაკვირვებული მკითხველი კი სრულიად სხვაგვარად შეხედავს პოემასაც და მის პერსონაჟებსაც.

გავიდა საუკუნეები და შექსპირმა „ჰამლეტში“ იგივე პრობლემა შემოგვთავაზა: ჰამლეტის დედა გერტრუდა, რომელიც იმავდროულად დედოფალიცაა, გათხოვების შემდეგ აღარანაირ შანსს არ უტოვებს შვილს. მისი შვილი კი, ტელემაქესგან რადიკალურად განსხვავდება. იმის ნაცვლად, რომ მეტი იფიქროს და, მოჭადრაკის მსგავსად, ყველა ნაბიჯი გათვალოს, სულ სხვა საკითხებითაა გატაცებული. ჰამლეტს ფილოსოფია აინტერესებს, ამიტომაც მესაფლავის მცირე „ლექციის“ შემდეგ იმის შესახებ, რამდენი დრო სჭირდება გვამის გახრწნას და გარდაცვლილი იორიკის თავის ქალის ხილვის მერე ჰამლეტს სრულიად სხვა ფიქრები აღეძრება. მისთვის ცხოვრებაც და სიკვდილიც ერთ პლანში განიხილება, რადგანაც სიკვდილის შემდეგ აღარაფერი აღარ რჩება, რაღა აზრი აქვს სიცოცხლეს, რაღა აზრი აქვს ყველა იმ ქმედებას, შურისძიებას, ღირსებას, სიყვარულს და ამგვარ დროებით კატეგორიებს, თუკი მაინც ყველაფერი ამაო, ყველაფერი დროში გაქრება, მატერიალური გაიხრწნება და ჩვენგან მხოლოდ თავის ქალა დარჩება? სიცოცხლე ამაოა და სიკვდილი ჩონჩხის ნაწილს დატოვებს, დანარჩენს უმოწყალოდ გაანადგურებს. სასოწარკვეთილი ჰამლეტი უარს ამბობს სიყვარულზე, მისთვის ყოფნა კარგავს აზრს და მას არყოფნის სიბრტყეზე ათავსებს; აზრს კარგავს დედის და მისი საყვარლის საქციელი – დედის გათხოვება, რომელიც შვილზე უარის თქმასაც ნიშნავს, რადგან ამ ქმედებით შვილს უკარგავს შანსს, მამის სრულფასოვანი მემკვიდრე გახდეს შურისძიების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ჰამლეტი მცირე ხნით ემსგავსება ტელემაქეს და დედისა და მამაინაცვლის  გამოსაცდელად გონზაგოს მკვლელობას გაათამაშებინებს მსახიობებს, მისთვის ისედაც ცხადია, რომ ქალის ნდობა არ შეიძლება, თუნდაც ეს ქალი დედა იყოს, რომ ნებისმიერ უღირს საქციელს სიმძფრეს უკარგავს სიკვდილის სიახლოვის შეცნობა. მისთვის დანიაც ისევე ყარს, როგორც მანამდე ყარდა არგოსი, აგამემნონისა და ორესტეს სამშობლო ანდა ითაკა, ოდისევსისა და ტელემაქეს სამშობლო. ეს სიმყრალე არგოსში კასანდრამ იგრძნო, დანიის სამეფოში კი მარცელუსმა: „დალპა რაღაც დანიის სამეფოში“. ორესტესგან და ტელემაქესგან განსხვავებით, ჰამლეტის სამოქმედო გეგმა არ ამართლებს, რადგან ამ გეგმის უკან ჰამლეტის სიცოცხლის მიმართ დამოკიდებულებაა, თუმცა მას მაინც სწადია, შთამომავლობამ მისი ამბავი შეიტყოს და ჰორაციოს უბარებს, დარჩეს ამ სასტიკ სამყაროში და შთამომავლობას უამბოს მისი ტრაგიკული ამბავი, ალბათ ისევე, როგორც ორესტესა და ტელემაქეს ამბავს უყვებოდნენ აედები და სხვა ამბებთან ერთად კუნძულიდან კუნძულზე გადაჰქონდათ ამბავი ქალების მოღალატე ბუნების შესახებ.

გავიდა საუკუნეები და უკვე გალაკტიონმა აირჩია ქალის ღალატისა და სიყვარულის მსწრაფლმავლობის მოტივი თავისი ლექსისთვის „მესაფლავე“. უხილავი მესაფლავისა და ლირიკული გმირის დიალოგი შექსპირის „ჰამლეტის“ გამოძახილია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლექსში ქალი არ არის დედა, ის არც დედოფალია და მას არც შვილი ჰყავს, რომლის წინაშეც თუნდაც იმის გამოა ვალდებული, რომ მემკვიდრეობა არ დაუკარგოს. თუკი ლირიკულ გმირს ლექსის დასაწყისში არ სჯერა მესაფლავის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, „ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება“, ლექსის ბოლოს ეს მწარე სიმართლე დასტურდება და მისი სისწორის შესახებ ყველანაირი ეჭვი ბათილდება. ცოცხალთა დავიწყების თემას გალაკტიონი სხვაგვარად აგრძელებს და სიცოცხლის ამაოებას მიღმიერი სამყაროს აღწერით ეხმიანება უკვე სხვა ლექსში. გავიხსენოთ „ლურჯა ცხენები“: „…არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცივ და მიუსაფარი სამუდამო მხარეში. სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა, ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. შეშლილი სახეები, ჩონჩხიანი ტყეები, უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან“… გასაგებია, რომ ამ ლექსით გალაკტიონი შექსპირის „ჰამლეტს“ არ განმარტავს, მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ ეს ლექსი, ისევე როგორც „მესაფლავე“, შექსპირის „ჰამლეტის“ ყველაზე პოპულარული პასაჟის გავლენითაა დაწერილი, რომელზეც, თავის მხრივ, ჰომეროსის „ოდისეამ“ და ორესტეს ამბავმა მოახდინა გავლენა. ამ ვარაუდის დასამტკიცებლად დავინტერესდი, რამდენად აზრს მოკლებული არ იყო ჩემი ვარაუდი და, რამდენად შესაძლებელი იყო გალაკტიონის ამ ორ კონკრეტულ ლექსზე ამის თქმა. გასაგებია, რომ შექსპირის პოემას გალაკტიონი კი არა, თითქმის ყველა მოკვდავი იცნობს შინაარსის დონეზე მაინც. მით უმეტეს, გალაკტიონი, რომელიც მარტო შექსპირის პოემით კი არ იყო გატაცებული, არამედ სიჭაბუკეში „ოდისეასაც“ თარგმნიდა. ამიტომაც მის შემთხვევაში ეს შინაარსის უბრალო ცოდნა კი არა, ესაა თემის ახლებური გადამუშავება და ამავე თემის კიდევ უფრო წინ წაწევა. როდესაც შევისწავლე გალაკტიონის „ჰამლეტით“ დაინტერესების საკითხი, აღმოვაჩინე, რომ სწორედ: „მესაფლავესა“ და „ლურჯა ცხენების“ დაწერის თარიღებს შორის და, შესაბამისად,  წიგნის ფურცლებზე მათ განთავსებას შორის დგას ორი ლექსი: „ჰამლეტის ქნარი“ და მონაზონ ოფელიასადმი მიძღვნილი ლექსი „გმართებს ტირილი“. ამ ბოლო ლექსის ადრესატი, ცხადია, ჰამლეტის პერსონაჟია (მონაზვნებს ხომ ქრისტიანი მოწამეების სახელები ჰქვიათ, ამიტომ არცერთი მონაზონი არ დაირქმევს შექსპირის პერსონაჟის სახელს, მით უმეტეს, ისეთი პერსონაჟის სახელს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა), რომელმაც პოემაში არ დაუჯერა ჰამლეტის თხოვნა-შეგონებას მონასტერში წასვლის თაობაზე და ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა. ოფელიამ უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა. ჰამლეტის შეგონება გალაკტიონის ლექსში „ჰამლეტის ქნარი“ არა თხოვნასავით, არამედ მოწოდებასავით გაისმის: „წადი, წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია“. სხვა ლექსში გალაკტიონი უკვე მონაზვნად აღკვეცილ შექსპირის პერსონაჟს მიმართავს, წარმოგვიდგენს იმ სიტყვების ადრესატად, რომლებშიც ტირილითა და ცრემლთა ფრქვევით უნდა მოხდეს ადამისა და ევას ცოდვების გამოსყიდვა, იმ ბიბლიური ადამისა და ევას, რომლებმაც, ბოროტი გველის შთაგონებით, კაცობრიობის ოცნება გაანადგურეს და ღმერთი მოთარეშე შურისმაძიებლად გადააქციეს.

რა თქმა უნდა, გალაკტიონის „მესაფლავეს“ სხვა შთაგონების წყაროც შეიძლებოდა ჰქონოდა. იმიტომ რომ გალაკტიონის ლექსში არ ჩანს, რომ ქვრივი იმავდროულად დედაცაა, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ მასში ვაჟა-ფშაველას ლექსის „მოგონება“ მოტივის გაგრძელებაა. „ნუ მიწყენთ, მომაგონდება ქალის ვაჟისთვის ნათქომი: „თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა, არც მე ვარ ცოცხლად დამრჩომი! ცოცხალი თან ჩამოგყვები, საფლავში დაგეტანები… სატრფო დასტირის ჭაბუკსა, ცრემლი სდიოდა ღვარადა, გულიც რომ უწუხდებოდა, წყალსაც ასხამდნენ კვალადა. გულდაბნედილსა დიაცსა, აბრუნებდიან ძალადა. … – რა უყავ ფიცი, გოგონავ, ჩაჰყევ, ვის მეელოდები? – სად გავყვე, ძმაო, რას ვარგებ, მკვდარს რა ვუშველო ამითა?“

მიუხედავად გალაკტიონისა და ვაჟას ამ ორი ლექსის მსგავსებისა, მე, ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გამო, მივიჩნევ, რომ გალაკტიონი სწორედ „ჰამლეტში“ დასმული პრობლემით იყო დაინტერესებული და მან საკითხი სხვადასხვანაირი დამუშავებით შემოგვთავაზა და იმ დისკურსის მონაწილე აღმოჩნდა, რომელიც ძველ საბერძნეთში დაიწყო და ორიგინალური გადამუშავებით წინ წასწია შექსპირმა. გასული საუკუნის ათიან წლებში კი გალაკტიონის „ჰამლეტით“ გატაცების დასტურია მისი ოთხი ლექსი, რომლებშიც სხვადასხვა სახით აისახა ეს გატაცება.

და ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ „ლურჯა ცხენებში“ ცენტრალური თემა მხოლოდ მიღმიერი სამყაროს აღწერა არ არის. ლურჯა ცხენები, როგორც ორი სამყაროს შემაკავშირებელი საშუალება, გალაკტიონს არა მხოლოდ საიქიოში გადასასვლელად, არამედ კონკრეტული „ადამიანების“ იქიდან გადმოყვანისთვისაც სჭირდება. რადგან იმ სამყაროში არაფერია სანახავი, იქ აზრი არა აქვს არც ასპარეზობის გამართვას და არც სხვა ამქვეყნიური მოლოდინების განხორციელების იმედად დარჩენას. ამიტომაც უკვე სხვა ლექსში, კერძოდ, 1922 წელს დაწერილ „ეფემერაში“ პოეტმა უკვე სრულიად ახლებურად გააგრძელა საკითხი და მიღმიერი სამყაროს მკვიდრ პოეტთა შეჯიბრი, სადაც უკვე ყველაფერი ამაოა და აზრი ეკარგება მსგავს საქმიანობებს, ამ სამყაროში გადმოიტანა…

როდის ცდება ხალხი?

0

„ვინ არის ნაპოლეონზე, ვოლტერზე, აქამდე მოქმედ და მომავალში დასანიშნ მინისტრებზე უფრო გამჭრიახი? ყველაზე დიდი სიბრძნის აღმოჩენა საზოგადოებრივ აზრში, ხალხის დამოკიდებულებაშია შესაძლებელი“. ხალხი ყველა სწავლულზე უფრო შორსმჭვრეტელად ტალეირანს, ისტორიაში ყველაზე ცბიერ ავანტიურისტს მიაჩნდა. იგი ფიქრობდა, რომ საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ჭეშმარიტებისკენ არის მიდრეკილი. ტალეირანის აღნიშნული თეზისის მეც მწამს. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნად უამრავი გამონაკლისიც არსებობს. თეზისი ყველა სიტუაციაში, ყველა შემთხვევაში არ დასტურდება.

2016 წელს ნობელის მშვიდობის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მოიპოვა. პრეზიდენტ სანტოსს კოლუმბიის ჯუნგლებში გახიზნულ მარქსისტ პარტიზანებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება დაუფასდა. უკანასკნელი 52 წლის განმავლობაში „ფარკის“ წარმომადგენლები კოლუმბიის მთავრობასთან ომს აწარმოებდნენ. ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ სახელისუფლებო ორგანოებს, არ აღიარებდნენ ქვეყანაში დადგენილ კანონებს, უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე. „ფარკის“ წევრები ძალადობრივი რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში მოსვლას თავიანთ უპირველეს და უმთავრეს ამოცანად მიიჩნევდნენ. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთავრობასა და აჯანყებულ პარტიზანებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას 270 000-მდე კოლუმბიელის სიცოცხლე შეეწირა, ექვს მილიონამდე ადამიანი კი დაზარალდა. დაზარალებულთა ნაწილი სამუდამოდ დაავადდა, ნაწილმა მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა, ბევრი მათგანი დევნილად იქცა. მრავალწლიანი წინააღმდეგობის განმავლობაში „ფარკის“ წევრებმა არალეგალური შემოსავლების მოპოვების არაერთი წყაროს გამოძებნაც მოახერხეს. ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღის ბიზნესი, ტრეფიკინგი კონფლიქტის ზონაში დამატებითი რესურსების მობილიზების მთავარ გზად იქცა. აჯანყებულებსა და ოფიციალურ ხელისუფლებას შორის მიმდინარე ბრძოლებმა ქვეყანა არასტაბილურობის მუდმივ კერად ჩამოაყალიბა. ტერორისტული თავდასხმები და ადამიანთა გატაცებები კოლუმბიის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ძალაუფლების მოპოვების პრეტენზიის მქონე ნებისმიერი პარტია იძულებული იყო, რომ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში აგრესიული მილიტარისტული პუნქტი ჩაედო. თუ პარტია ხალხს პარტიზანების წინააღმდეგ ომის გაგრძელებას არ დაჰპირდებოდა, ის საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსსაც კი დაკარგავდა. 2010 წელს ხუან მანუელ სანტოსმაც ომის რიტორიკით მოახერხა ამომრჩეველთა უმრავლესობის გულის მოგება. პოლიტიკოსის პრეზიდენტად არჩევა მისმა წარსულმა საქმიანობამაც განაპირობა. საუკუნის დასაწყისში სანტოსი ჯერ ვაჭრობის მინისტრი გახლდათ, მოგვიანებით კი თავდაცვის უწყება ჩაიბარა. ეკონომიკურ სფეროში საქმიანობის დროს მომავალი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა აჯანყებულთა სამეურნეო ბლოკადაში მოქცევისათვის, „ფარკი“ ხშირად პირველადი მოხმარების რესურსების დეფიციტსაც კი განიცდიდა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი სანტოსმა ყველაზე დაუნდობელი და შეურიგებელი საჯარო ფიგურის სახელი დაიმკვიდრა. იგი არაერთხელ ხელმძღვანელობდა პარტიზანების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლიან ოპერაციებს.

მიუხედავად წარსულის გამოცდილებისა, ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიების დაუოკებელი სურვილისა სანტოსმა მშვიდობისკენ მაინც გადადგა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მან უარი თქვა კონფლიქტის ომით დარეგულირების შესაძლებლობაზე და მოსისხლე მტრებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდა. მრავალწლიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დაგვირგვინდა – „ფარკმა“ უარი თქვა სისხლისზღვრაზე და არჩევნებში მონაწილეობაც კი გადაწყვიტა. ორმოცდათორმეტი წლის განმავლობაში პირველად კოლუმბიაში გაჩნდა იმის შანსი, რომ ომში მონაწილეობის გამოცდილების არმქონე თაობა დაიბადოს.

როგორ შეხვდა ხალხი სანტოსის მიღწევას?

„ფარკთან“ დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება სახალხო გამოკითხვის, პლებისციტის საშუალებით შეფასდა. მოქალაქეებმა საარჩევნო ურნებთან მისვლით მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტის ინიციატივას. დევნილებმა, ომის ვეტერანებმა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ხმა შურისძიების ბოლომდე მიყვანას, „ფარკის“ მიწასთან გასწორებას დაუჭირეს. პრეზიდენტი სანტოსი დადგა საფრთხის წინაშე, მას შეიძლებოდა მშვიდობისთვის საკუთარი ბრძოლის განახლების მოტივაცია დაეკარგა. ის კინაღამ შეეწირა თავის სამშვიდობო ინიციატივებს. მას მოტივაცია ნობელის კომიტეტმა შეუნარჩუნა. კომიტეტის წევრებმა ასე იციან, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიმღებ მშვიდობის მაძიებლებს მთელ მსოფლიოს აცნობენ ხოლმე და ხალხებს რიგი მოქალაქეების დაფასებისკენ მოუწოდებენ. სამშვიდობო პროცესი პლებისციტმა ჩააგდო, ნობელის პრემიამ კი სანტოსს ნახევარსაუკუნოვანი ტერორის დასრულების (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე) ლეგიტიმაცია შესძინა.

როდის ცდება ხალხი?

საყოველთაო გადაწყვეტილებები ხშირად მაშინ არის ხოლმე მცდარი, როდესაც ადამიანებს პატიება არ შეუძლიათ და შურისძიების სურვილი ამოძრავებთ. ალბათ, საინტერესო იქნება სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე კოლუმბიელი ხალხის უმრავლესობასა და ნობელის კომიტეტს შორის არსებული კონფლიქტის განხილვა.

მუსიკა… რამდენი რამ ჟღერს ამ ხმაში

0

ველით თუ არა, იმედითა და სიკეთით სავსე ახალი წელი მაინც მოდის, თანაც უკითხავად. ეს არის დრო, როცა შეგვიძლია, საქმეს ცოტა ხნით თავი მივანებოთ და დავისვენოთ. გამონათქვამი „საქმე არ იცდის“ ახალი წლის დღეებში აზრს კარგავს. ამ დღეებში თვით საქმეც ისვენებს.

და რაც არ უნდა მოხდეს, მუდამ არსებობს ზამთრის არდადეგების საინტერესოდ გატარების მოკრძალებული გზა – წიგნის კითხვა. საახალწლო საჩუქრადაც წიგნია საუკეთესო. ტკბილეული თუ შემოგვეჭმევა, ყველაზე ფასეული რამ, წიგნისგან მოგვრილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, სამუდამოდ დაგვრჩება. კითხვა ისედაც დღესასწაულია, ახალი წლის უქმეებზე კი ეს შეგრძნება ორმაგდება. რა მაგარია!

ზღაპრული სიუჟეტები დიდსა თუ პატარას იზიდავს. პატარებს დაუჯერებელი ამბებიც სჯერათ. ალბათ შეგვიმჩნევია, რომ ახალი წლის დღეებში ბავშვობა ჩვენშიც იღვიძებს და მცირე ხნით ზღაპარში გადაგვისვრის.

მზე ყინულის წინააღმდეგ

ვიხსენებ ბავშვობის მულტიპლიკაციურ ფილმებს და მათ შორის ყველაზე საყვარელს – ანდერსენის ზღაპრის მიხედვით გადაღებულ „თოვლის დედოფალს“. ყოველი ზღაპარი ბავშვებს სიბრძნესთან ერთად ერთ ციცქნა სიკეთეს მაინც უწილადებს. ამ ზღაპარში კაი და გერდა მზის სხივებით ტკბებიან, მღერიან, ვარდებს ჰკოცნიან და ესაუბრებიან… ეჩვენებათ, რომ სურნელოვანი ყვავილები მუდამ იხარებენ. გავა რამდენიმე დღე და უშიშარი გოგონა გერდა გატაცებული მეგობრის დასაბრუნებლად წარმოუდგენელ თავგადასავლებში ეხვევა. ახლაც კი მაფრთხობს იმის გაფიქრება, რა მოხდებოდა, ყინულის ნამსხვრევი კაის სამუდამოდ რომ ჩარჩენოდა გულში…

რა კარგია, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება. ამ უკვდავ ზღაპარშიც გერდას სიყვარული, სიკეთე და თავგანწირვა იმარჯვებს.

გაკვეთილი

ლექსი, რომელსაც „გაკვეთილი მეორე“ ჰქვია, ეკა ქევანიშვილისაა. გაკვეთილი უწინარესად შვილისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მკითხველებისთვისაც, ვინაიდან პოეტური კრებული ყველა იმ ადამიანის საკუთრებაა, ვინც მას გადაშლის და წაიკითხავს. ეკას „ყინულის ლექსიდან“, რომლის „ბექგრაუნდი“ ცეცხლია, მხოლოდ ამ შვიდ სტრიქონს გთავაზობთ – სანახაობრივია და ზამთრის ამინდს უხდება.

„ზაფხულიდან თუ გამომხედავ,

ბოლო სართულის აივანზე შემდგარი

ეს თორმეტი ქანდაკება, ყინულის

– მე ვარ.

ზუსტად ამდენჯერ დავაპირე დაშვება და წამში გამყინა.

არ მიშვებს სუსხი. რამდენჯერაც ამოვისუნთქე,

ფილტვების ეს ხმა გამჭვირვალე ეშვივით შემრჩა…“

რა მოხდებოდა, რომ…

მუსიკალურ ბილიკს, რომელსაც ერთ კეთილ და თბილ საშობაო ფილმამდე მივყავართ, სასიამოვნო კადრების ფონზე მელოდიური სიმღერის გამო გთავაზობთ. უქმე დღეებში ფილმის ყურებაში დროის გატარება, წესით, დიდი დანაშაული არ უნდა იყოს, თუმცა თავად გადაწყვიტეთ, ჩემ მიერ, ორი სიტყვით, მოთხრობილი ამბის ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ თუ არა.

ალბათ, ერთხელ მაინც გაგივლიათ გულში: რა მოხდებოდა, რომ…

ალბათ, თქვენც დაიბნეოდით, მოულოდნელად ახალ რეალობაში რომ გაგღვიძებოდათ.

შობის ღამეს მთავარ პერსონაჟს შანსი ეძლევა, ოდესღაც დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, ის ცხოვრება გამოსცადოს, რომელზეც თავის დროზე უარი თქვა. არჩევანის გაკეთება ყოველთვის ძნელია, რადგან ამ დროს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დათმობა გვიწევს. ყოველი გადაწყვეტილებით ჩვენში ათობით ალტერნატივას ვკლავთ და ვეღარასოდეს გავიგებთ, რომელი იყო მათ შორის უკეთესი, თუმცა საბოლოოდ იმ გზას ვირჩევთ, რომლისკენაც ყველაზე მეტად მიგვიწევს გული.

ამბობენ, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, უკეთესის საწინდარიაო. არავინ იცის, რამდენად ამართლებს ეს გამოთქმა. და მაინც, ამ შობა-ახალი წლიდან უკეთესობის იმედი ვიქონიოთ.

მუსიკის ანგელოზი

ფრანგი მწერლის გასტონ ლერუს იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნილი მიუზიკლი „ოპერის აჩრდილი“ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბრიტანული მუსიკალური თეატრის ერთ-ერთ მიღწევად  მიიჩნევა. ლონდონსა და ნიუ–იორკში მთელი მსოფლიოდან ჩასული ათასობით ტურისტისთვის ეს სპექტაკლი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სანახაობაა.

პარიზის ოპერის მიწისქვეშეთში მობინადრე იდუმალი არსების ბნელით მოცული და რომანტიკული ისტორია არაერთხელ ყოფილა ეკრანიზებული. მიუხედავად ამისა, ის მაინც ენდრიუ ლოიდ უებერის შესანიშნავ მიუზიკლთან ასოცირდება.

ლეგენდა 1984 წელს დაიბადა, როდესაც მიუზიკლების „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“, „ევიტა“, „კატები“ ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ უებერი, ახალგაზრდა მომღერალსა და მსახიობ სარა ბრაიტმანზე დაქორწინდა. სარას მაღალი და წკრიალა სოპრანოსთვის უებერმა „რეკვიემი“ შექმნა, თუმცა მას სურდა, მეუღლის ტალანტი უფრო მასშტაბურად წარმოეჩინა და შექმნა კიდეც მიუზიკლი „ოპერის აჩრდილი“, რომელშიც ბრაიტმანმა იდეალურად შეასრულა მთავარი გმირის კრისტინ დაეს როლი. მას ღირსეულ პარტნიორობას უწევდა აჩრდილის როლის შემსრულებელი მაიკლ კროუფორდი.

რომანტიკულმა ისტორიამ, სევდიანი ფინალის მიუხედავად, ელვის სისწრაფით დაიპყრო მსოფლიო. „ოპერის აჩრდილი“ აუდიტორიის ერთ-ერთ უსაყვარლეს ნაწარმოებად იქცა. მას მიღებული აქვს ლოურენს ოლივიეს სახელობის ჯილდო ნომინაციაში „ყველაზე პოპულარული მიუზიკლი“ და პრემია „ტონი“.

უესტ-ენდსა და ბროდვეიზე სპექტაკლი 10.000-ჯერ მაინც დაიდგა, ამერიკის საზღვრებს გარეთ კი წარმოდგენილ იქნა 25 ქვეყნის 149 ქალაქში, სადაც ის 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მიუზიკლი დღესაც ავსებს დარბაზებს.

სცენაზე აჩრდილის იდუმალი, პირქუში სამყარო ადამიანების მოუსვენარ რეალობას უპირისპირდება. „ოპერის აჩრდილი“ მოგვითხრობს ნიჭიერი ახალბედა მომღერლის ქრისტინ დაეს შესახებ, რომელმაც მარტოობას შეჩვეულ ოპერის აჩრდილს მოსვენება დაუკარგა.

აჩრდილის ნიღაბქვეშ რთული პიროვნება იმალება. გენიალური ილუზიონისტი, ინჟინერი, არქიტექტორი, კომპოზიტორი და მომღერალი, თანდაყოლილი სიმახინჯის გამო იძულებულია, სამუდამოდ გაერიყოს საზოგადოებას. ერიკი ოპერის მიწისქვეშეთში სახლდება და მას საკუთარ იმპერიად აქცევს. ის თავს თეატრის ბატონ–პატრონად მიიჩნევს.

ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, ერიკს გრძნობების მიმიკით გამოხატვა არ შეუძლია, ვინაიდან იძულებულია, მუდამ ნიღაბი ეკეთოს. სამაგიეროდ, მას აქვს ხმა – მომაჯადოებელი, ჭეშმარიტად მომნუსხველი. ხმა აჩრდილის ემოციების მთელ სპექტრს გადმოსცემს.

ერიკის ხმა მისი სულია.

ლეგენდის თანახმად, მუსიკის ანგელოზი უმანკო ბავშვებს ევლინება, ხოლო ბიწიერ ადამიანებს სიახლოვესაც არ ეკარება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: სიკვდილის წინ ქრისტინეს მამა დაჰპირდა, რომ აუცილებლად მოუვლენდა „მუსიკის ანგელოზს“.

გავიდა დრო. ობოლი კრისტინი ოპერის თეატრის მომღერალი გახდა. მუსიკალური ცხოვრება კი სულაც არ ჰგავს ლამაზ ზღაპარს. აქაური რეალობა მკაცრია და არსებობისთვის, მთავარი როლებისა და მდიდარი მფარველების მოსაპოვებლად მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ნიჭიერ, მაგრამ უცნობ კრისტინს არავინ მისცემს მთავარ როლს. სწორედ ამ დროს მოევლინება მას „მამის დაპირებული“ „მუსიკის ანგელოზი“ ერიკი – შემწედ, მფარველად და მასწავლებლად.

ერიკის სიცოცხლე კრისტინის ხელშია. აჩრდილი, რომელიც ძრწოლას ჰგვრის პარიზს, მხოლოდ კრისტინის წინაშეა უძლური.

მაგრამ აჩრდილის კეთილშობილურ ნაბიჯს მოგვიანებით  არასასიამოვნო მოვლენების მთელი ჯაჭვი მოჰყვება.

ფინალი ერიკისთვის ტრაგიკულია: უპასუხო სიყვარულმა ის თავგანწირვამდე მიიყვანა.

მიუზიკლის სიუჟეტი მაყურებელს ჭეშმარიტი სიყვარულის ძალას აჩვენებს- სიყვარულს შეუძლია, ფიზიკური ნაკლის გამო გულქვად ჩამოყალიბებული ადამიანი კეთილშობილ პიროვნებად აქციოს.

გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებითა და შესანიშნავი ქართული საშობაო სიმღერით.

ბედნიერად.

ველური ბუნება – სტაბილიზაციის ცენტრები

0

ბუნებრივი ეკოსისტემები უფრო დიდი სიმდიდრეა, ვიდრე ალმასის საბადოები ან ბანკის სეიფებში შენახული ოქროს ზოდები. მაგრამ ეს სიმდიდრე ჯერ კიდევ ამოუცნობი და შეუფასებელია. ქვყნები, სადაც ველური ბუნება ჯერ კიდევ შემონახულია, ამ შეუფასებელი და საყოველთაო განძის დამცველებად უნდა ჩაითვალონ. იმავდროულად, ქვეყნები, რომლებიც მოკლებულნი ან თითქმის მოკლებულნი არიან ბუნებრივ ეკოსისტემებს, იდეურად წარმოადგენენ ბიოსფეროს „ეკოლოგიურ მევალეებს“. ასეა იქ, სადაც ბუნებრივი გარემო დაზარალდა, განსაკუთრებით – თანამედროვე მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.

ეკოსისტემების რღვევის შესაფასებლად მიღებულია შემდეგი კრიტერიუმები:

  1. ხელუხლებელი ტერიტორიები – ბუნებრივი მცენარეული საფარის (ბუნებრივი ეკოსისტემების) არსებობა და მოსახლეობის ძალიან დაბალი სიმჭიდროვე – 10 ადამიანზე ნაკლები 1 კვ. კმ–ზე, უდაბნოში – ერთ ადამიანზე ნაკლები 1 კვ. კმ–ზე;
  2. ნაწილობრივ დარღვეული ტერიტორიები – მუდმივი ან ჩანაცვლებადი სასოფლო– სამეურნეო მიწებისა და მეორადი, მაგრამ ბუნებრივად განახლებადი მიწების არსებობა; პირუტყვის მაღალი სიმჭიდროვე, რომელიც აჭარბებს საძოვრების შესაძლებლობებს, ადამიანის მოღვაწეობის სხვა კვალი (მაგ., ტყის გაჩეხვა);
  3. დარღვეული ტერიტორიები – მუდმივი სასოფლო–სამეურნეო ტერიტორიებისა და ქალაქის ტიპის დასახლებების არსებობა, ბუნებრივი მცენარეულობის არარსებობა, გაუდაბურებისა და სხვა სახის დეგრადაციის გამოვლინებანი.

ამჟამად ხმელეთის დაურღვეველი ეკოსისტემების მქონე ტერიტორია შეადგენს ხმელეთის მთლიანი ბიოლოგიური პროდუქტიულობის დაახლოებით 51,9%–ს ანუ 81,5 მილიონ კვ. კმ–ს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ეკოლოგიურად ნაკლებად პროდუქტიული ყინულოვანი, კლდოვანი და გაშიშვლებული ზედაპირების – ანტარქტიდის, გრენლანდიის, ჰიმალაის და სხვ. წილად. თუ ამ ტერიტორიებს გამოვაკლებთ, დაგვრჩება 57 მლნ კვ. კმ – ხმელეთის მთლიანი ბიოლოგიური პროდუქტიულობის 37%. აქედან გამომდინარე, მათ გავრცელებას დედამიწის ზედაპირზე უკიდურესად არათანაბარი ხასიათი აქვს.

დღეისათვის კუნძულების სახით შემორჩენილი ველური ბუნების მცირე ფართობების გარდა (1 მლნ კვ. კმ) შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე დიდი მასივი, რომლებიც მოიცავს რამდენიმე მილიონ კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ე.წ. გარემო პირობების სტაბილიზაციის ცენტრები, რომლებითაც ბიოსფერო მეტ-ნაკლებად უპირისპირდება წლიდან წლამდე მზარდ ანთროპოგენური პროცესების წნეხს.

სტაბილიზაციის ორი ყველაზე დიდი ცენტრი ჩრდ. ნახევარსფეროში მდებარეობს:

  • ჩრდილოეთ ევროპის (11 მლნ კვ. კმ) სტაბილიზაციის ცენტრი, რომელშიც შედის: ჩდილოეთი სკანდინავია, რუსეთის ევროპული ნაწილი, ციმბირის დიდი ნაწილი და შორეული აღმოსავლეთის უდიდესი ნაწილი;
  • ჩრდილოეთ ამერიკის (9 მლნ კვ. კმ) სტაბილიზაციის ცენტრი, რომელშიც შედის ალასკა და კანადის ნაწილი.

სტაბილიზაციის მეორე ორი ცენტრი მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროში:

  • სამხრეთამერიკული სტაბილიზაციის ცენტრი, რომშელიც შედის: ამაზონი მიმდებარე მთებითურთ (10 მლნ კვ. კმ).
  • ავსტრალიური სტაბილიზაციის ცენტრი, რომლის ნახევარი უკავია უდაბნოს. გარემო პირობების სტაბილიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ოკეანეც.

ხმელეთზე პირობების მასტაბილიზებელ ფუნქციას უმთავრესად ტროპიკული ტყეები, წყლისა და ჭაობის სავარგულები ასრულებს. ხელუხლებელი ტყეები დღეს დედამიწის დაახლობით 13,5 მლნ. კვ. კმ–ს ფარავს. ამასთან, ამ პლანეტარული სიმდიდრის 68% თავმოყრილია მხოლოდ 3 ქვეყანაში: რუსეთში (3,5 მლნ კვ. კმ), კანადაში (3,4 მლნ კვ. კმ) და ბრაზილიაში (2,3 მლნ კვ. კმ).

 მარ1

ნორვეგიის ფიორდები

მან2

რუსეთის ევროპული ნაწილი

მან3

ალასკა

ერთი მხრივ, დღეს არსებული ხელუხლებელი ეკოსისტემები, მათ შორის – უდიდესი კონტინენტური მასივები, დიდ როლს ასრულებს CO2–ის შთანთქმაში, ბიომასის გლობალურ წრებრუნვასა და გარემო პირობების სტაბილიზაციაში. სწორედ ამიტომ არის, რომ ატმოსფეროში არ იმატებს CO2–ის კონცენტრაცია. მეორე მხრივ, ათვისებული ტერიტორიის (ის ხმელეთის 67%–ს შეადგენს) ნახევარი ადამიანს დარღვეული ეკოსისტემების აღდგენისთვის რომ გამოეთავისუფლებინა, ეს საშუალებას მოგვცემდა, ამჟამად გამოყენებადი ორგანული საწვავის წვის დროსაც კი მომხდარიყო ატმოსფეროში CO2-ის დაგროვების პროცესის სტაბილიზაცია.

მსოფლიოს ქვეყნები თავიანთი სოციობუნებრივი პარამეტრების მიხედვით შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

  • ქვეყნები, რომლებშიც ეკოსისტემების 60% არ არის დარღვეული – ასეთია 8 ქვეყანა;
  • ქვეყნები დაბალი სასტარტო ეკოლოგიური პირობებით (დაცული ბუნებრი ეკოსისტემები 10%-ზე ნაკლებია) – ასეთია 91 ქვეყანა;
  • ქვყნები, სადაც ბუნებრივი ტერიტორიები 10-დან 60%-მდეა – ასეთია 67 ქვეყანა.

კონკურენციის გარეშეა ჩრდ. ნახევარსფეროში მდებარე ორი უდიდესი ქვეყანა – რუსეთი და კანადა, რომელთა წილადაც მოდის ხმელეთის პირველადი ეკოსისტემების 35%. რუსეთში ხელუხლებელი ტყეების ფართობი მსოფლიო რესურსების მესამედს შეადგენს, ამიტომ ეს ორი ქვეყანა განსაკუთრებულ როლს ასრულებს პლანეტარული ბიოსფეროს შენარჩუნებაში. იმავე შედარებით წარმატებულ ჯგუფში შემავალი დანარჩენი ქვეყნებია: ალჟირი, მავრიტანია, ბოტსვანა, ლესოტო, გაიანა და სურინამი, – მაგრამ მცირე ფართობისა და იმის გამო, რომ ორ შედარებით დიდ ფართობზე (ალჟირსა და მავრიტანიაში) ხელუხლებელი ეკოსისტემები უმთავრესად წარმოდგენილია უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების სახით, გლობალურ ეკოდინამიკაში მათი როლი შედარებით მოკრძალებულია.

დაბალი სასტარტო-ეკოლოგიური დონის ქვეყნების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მათი უმრავლესობა თავმოყრილია გარემო პირობების დესტაბილიზაციის სამ ძირითად ცენტრში:

  • ევროპული – მოიცავს ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (ნორვეგიისა და ისლანდიის გარდა), ასევე – ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილს. აქ შემონახული ბუნებრივი ეკოსისტემების საერთო ფართობი 8 მლნ კვ. კმ–ია, ბუნებრივი ეკოსისტემების 8%;
  • ჩრდილოეთამერიკული – აშშ (ალასკის გამოკლებით), სამხრეთი და ცენტრალური კანადა, მექსიკის ჩრდ. ნაწილი – 9 მლნ კვ. კმ, სადაც თავმოყრილია ბუნებრივი ეკოსისტემების 10%;
  • სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიური – ინდოსტანი, მალაიზია, ბირმა, ინდონეზია (კუნძულ სუმატრის გამოკლებით), ჩინეთი (ტიბეტის გამოკლებით), იაპონია, კორეის ნახევარკუნძული, ფილიპინები – 7 მლნ კვ. კმ, სადაც ბუნებრივი ეკოსისტემები 5%-ზე ნაკლებია.

ადვილი შესამჩნევია, რომ ზემოთ დასახელებულ სამივე კონტინეტზე ერთ „პოლუსზე“ მდებარეობს ევროპისა და ჩრდ. ამერიკის ქვეყნების ბლოკი, სადაც მრეწველობა კარგად არის განვითარებული, ხოლო მეორეზე – განვითარებადი ქვეყნები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია, ხოლო ცხოვრების დონე – დაბალი.

ამერიკის აღმოჩენამ და შემდგომ სამრეწველო რევოლუციამ ბუნებრივ ეკოსისტემებში მკვეთრად გაააქტიურა რღვევის პროცესები. ბუნებრივი გარემო ბოლო 400 წლის განმავლობაში მძლავრ ანთროპოგენურ ზემოქმედებას განიცდიდა. განვითარებული მრეწველობის ქვეყნებში არახელსაყრელი ეკოლოგიური სიტუაცია, როგორც წესი, შეხამებულია მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვესთან. ამის გამო ეკოლოგიური საჭიროებისთვის გეოგრაფიული სივრცის გამოთავისუფლება სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

განვითარებული ქვეყნების, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოო პროდუქციის მსოფლიო ექსპორტის 80%-ს, მეორე მნიშვნელოვანი თავისებურებაა უცხო ეკოლოგიური გარემოს, პირველ რიგში „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნების გამოყენება, საიდანაც მოედინება ნედლეულის მძლავრი ნაკადი ქიმიური საწარმოებისთვის, ამიტომ განვითარებული ქვეყნები თავიანთ ტერიტორიებზე წარმოქმნიან მსოფლიო ნარჩენების 2/3-ს.

შედარებით უარესი სასტარტო ეკოლოგიური პირობები აქვს საპირისპირო პოლუსის ქვეყნებს, რომლებიც შედის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გარემო პირობების დესტაბილიზაციის ცენტრში. ესენი არიან მეტწილად განვითარებადი ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს სერიოზული ნახტომი ინდუსტრიალიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების მოხმარების სფეროში. აქ მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია, თითქმის არ გვხვდება დაურღვეველი ეკოსისტემები.

ამ მხრივ განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბანგლადეში, სადაც ტერიტორიები ბუნებრივი ეკოსისტემებით საერთოდ აღარ დარჩა, ასევე – ინდოეთი, სადაც ტერიტორიები ბუნებრივი ეკოსისტემებით შემორჩენილია მხოლოდ 1%–ით. სწორედ ამას შეესატყვისება ინდირა განდის ადრინდელი რიტორიკული შეკითხვა: სწორედ სიღარიბე ხომ არ წარმოადგენს ყველაზე დიდ გამჭუჭყიანებელს?

ქვეყნები, რომელთა ტერიტორია და მოსახლეობის სიმჭიდროვე იძლევა მისი ბუნებრივი გაფართოების საშუალებას ქვეყნის მოსახლეობის დაუზარალებლად, ეკოლოგიური სივრცის დონორებად მიიჩნევა. ასეთებია რუსეთი, კანადა და ნაწილობრივ აშშ., ასევე – სკანდინავიის ნახევარკუნძულის ქვეყნები და სამხრეთ ამერიკის განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი. მათი ტერიტორია მომავალში შესაძლოა ბიოსფეროს სტაბილიზაციის პლაცდარმი გახდეს. მაგრამ, რამდენადაც მათ მიღწევებს გამოიყენებს მთელი მსოფლიო, ქვეყნები, რომლებიც ამ ჯგუფში არ შედიან, შეიძლება განვიხილოთ ეკოლოგიურ მომხმარებლებად ანუ რეციპიენტებად. ამასთან, არსებობს ქვეყნები, რომლებიც არც ერთ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, ანუ შუალედური მდგომარეობა უკავიათ, მაგალითად, პაკისტანი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

ზოველივე ზემოთქმული პოზიციის მხოლოდ ერთი მხარეა. საქმე ის არის, რომ მსოფლიოს ძირითადი ფინანსურ–ეკონომიკური პოტენციალი, როგორც წესი, მიმართულია იქით, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ველური ბუნების კუნძულები, ოაზისები. აქედან გამომდინარე, ქვეყანა–რეციპიენტები, თავის მხრივ, შეიძლება გამოვიდნენ დონორების როლში, მაგრამ უკვე ფინანსური დონორებისა, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი ეკოსისტემების ხარჯების სუბსიდირებას მსოფლიოს სხვა ადგილებში.

ეს უკანასკნელი ეხება ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს, გარემოს მთავარ გამჭუჭყიანებლებს და სათბური აირების ემისიის ძირითად წყაროს. ეს ქვეყნები ძირითადად არსებობენ სხვისი ეკოლოგიური სივრცის მოხმარების ხარჯზე – იმ სივრცისა, სადაც ბუნებრივი ეკოსისტემები შენარჩუნებულია.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები და ლიტერატურა:

  1. ნანი გვარიშვილი, „ხმელეთის ეკოსისტემები“
  2. https://greenalt.org

საჭირო გაკვეთილები ინტერნეტიდან

0

როდესაც საქმე ინტერნეტის ავკარგიანობაზე მიდგება ხოლმე და იწყება მსჯელობა იმის შესახებ, რამდენი დრო შეიძლება გაატაროს ბავშვმა სხვადასხვა ასაკში მოციმციმე ეკრანთან, ან  რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის ცხოვრებაზე ამ დროს, სულ მახსენდება ის პერიოდი, როდესაც პირველად აღმოვჩნდი ინტერნეტთან და ის აღფრთოვანება, რაც უზომო და საოცრად ჭრელ ინფორმაციაში საათობით ძრომიალისას მეუფლებოდა. ინტერნეტის გარეშე ჩემი და ალბათ მილიონი სხვა ჩემნაირი ადამიანის ცხოვრება სრულიად სხვანაირი და უფრო მოსაწყენი იქნებოდა. ამიტომაც მე იმ ადამიანების რიცხვში ვარ, რომელიც ბავშვისა და ტექნოლოგიების დამეგობრებას პატარა ასაკიდანვე მიესალმება და გატარებულ დროზე მეტად იმ ინფორმაციის ხარისხზე აკეთებს აქცენტს, რომელთანაც ბავშვს აქვს წვდომა. იმ დროიდან დღემდე, როდესაც მე პირველად აღმოვჩნდი ინტერნეტთან, თავად ინტერნეტში ბევრი რამ შეიცვალა.  განსაკუთრებით  მიხარია, რომ ახლა უკვე არის ქართულენოვანი სასწავლო რესურსები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანების თუ დაწესებულებების ინიციატივით იქმნება ხოლმე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბავშვს სასწავლო მასალებზე მეტად გასართობი სივრცეები აინტერესებს, მაგრამ მაინც შემიძლია რამდენიმე ისეთი პროექტის შესახებ მოგიყვეთ, რომლებიც თქვენს შვილებსა და მოსწავლეებს დიდი ალბათობით, დააინტერესებს და თქვენც მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგცემთ ის ფაქტი, რომ ინტერნეტიდან ისინი სასარგებლო ინფორმაციას იღებენ.

  1. ონლაინ ილიაუნი (https://online.iliauni.edu.ge/ka/home/all/date/) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პორტალია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოისმინოს ლექციები მისთვის საინტერესო თემაზე. თემების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, ვიდეოების ხარისხი მშვენიერი, პორტალიც განახლებადია და ადვილად შესაძლებელია, სანამ არსებულ ლექციებს ნახავთ, მათ ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ჩანაწერები დაემატოს.

ილია

ქუჩის აკადემია – არტარეას მიერ შექმნილი ლექციების ციკლია, სადაც ნაკლებად აკადემიურ გარემოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავიანთ საქმიანობაზე, გატაცებებზე, სურვილებსა და ინტერესებზე საუბრობენ. თემატიკა ფართოა და ყველაფერი შეიძლება ნახოთ: კოსმოლოგია, ციფრული ტექნოლოგიები, ბრეიქდანსი, არქიტექტურა, თანამედროვე ხელოვნების საკითხები, ურბანისტიკა, ეკონომიკა, ელექტრონული და კლასიკური მუსიკა და ა.შ.

აკად

პოდკასტები ევროკავშირის შესახებ (https://soundcloud.com/user-790717466 ) – ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაციის პროექტია, რომელიც ყოველკვირეულ პოდკასტებს აერთიანებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან, სასწავლო, სამუშაო და კულტურულ პროგრამებთან დაკავშირებით.

 

ასტროფოტოგრაფია და ვიზუალური ასტრონომია საქართველოში – კოსმოსის, ფოტოგრაფიისა და თავგადასავლების მოყვარულებისთვის არაჩვეულებრივი რესურსია. ხელსაწყოები, რომლებიც გეხმარება უკეთ დააკვირდე ცას; ადგილები, საიდანაც კარგად ჩანს ესა თუ ის პლანეტა ან თანავარსკვლავედი; პერიოდები, როდესაც უკეთესად შეიძლება დააკვირდე სამყაროს – ათასი საინტერესო რამ შეიძლება აღმოაჩინო ამ გვერდზე.

 დავიცვათ ტოლერანტობის ტრადიცია – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვიდეოების სერიაა, რომელიც ნათლად აჩვენებს, როგორი ბუნებრივია ქართული კულტურისთვის ტოლერანტობისა და მიმღებლობის უნარი და ამის საილუსტრაციოდ ქართველი მეფეების, წმინდანების, მწერლებისა და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ფრაზები და მოქმედებები აქვთ მოტანილი.

როგორ შევაფასოთ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის სკოლაში?

0

ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაზომვის მექანიზმი შეიმუშავა Amnesty International-მა ერთ-ერთი პროექტის „Becoming a Human Rights Friendly School (A Guide For Schools Around The World)“ ფარგლებში.

უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს. შემოხაზეთ პასუხი. მიღებული ქულები კი დააჯამეთ.

შეფასების შკალა:

1 = არა (ან არასდროს);

2 = იშვიათად;

3 = ხანდახან;

4 = ხშირად;

5 = დიახ (ან ყოველთვის).

  1. ჩემი სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები არიან დაცულნი და თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 3, 5).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში არავინ განიცდის დისკრიმინაციას რელიგიის, ჩაცმულობის, მათი მეგობრების მრწამსის ან რაიმე სხვა ნიშნით. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 1, 2, 16).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემი სკოლა ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს თანაბარ წვდომას რესურსებზე. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 2, 7).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში ყველას თანაბრად მიეწოდება ინფორმაცია აკადემიური, ექსტრაკურიკულარული და კარიერული შესაძლებლობების შესახებ და ყველა თანაბრად არის წახალისებული.(ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი: 2).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში შემიძლია, თავისუფლად გამოვხატო ჩემი შეხედულებები (კულტურული, პოლიტიკური ან სხვა სახის შეხედულებები) და იდეები. შეხედულებების გამოხატვის დროს არ მიჩნდება შიში, რომ შეიძლება დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდე.(ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 18, 19).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში ადამიანები თავისუფლად იღებენ მოსწავლეებს, მათ ოჯახებს, მასწავლებლებს, ასევე სკოლის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი არიან და განსხვავებული წარმომავლობა აქვთ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 2, 6, 13, 14, 15)

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემი სკოლის მართვა დემოკრატიულია. ჩემს სკოლაში ყველას (მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სხვა დასაქმებულ პირებს და მშობლებს) აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში, კერძოდ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ სასკოლო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას (სკოლაში არსებული წესები, სკოლის პოლიტიკა, მიზნები, სტრატეგია). (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 20, 21, 23).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. როდესაც სკოლაში ვინმე დისციპლინურ წესებს დაარღვევს ან რაიმე ინციდენტი მოხდება, მონაწილეთა მიმართ საქმის გარემოებების გამოკვლევა სამართლიანი პროცედურებით მიმდინარეობს. სანქციის შეფარდებაც სამართლიანია. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 6, 7, 8, 9, 10).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. როდესაც ჩემს სკოლაში ვინმე ისეთ საქციელს ჩაიდენს, რომელიც ნეგატიურ გავლენას შეიძლება ახდენდეს სხვის უფლებაზე, მათ ეხმარებიან, რომ მომავალში შეცვალონ ქცევა და აღარ შელახონ სხვისი უფლებები. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 6, 7, 8, 9 და 10).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. როდესაც სკოლაში კონფლიქტი წარმოიშობა (უთანხმოება, ჩხუბი), პრობლემას ვაგვარებთ არაძალადობრივი და თანამშრომლობის გზით. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 3, 5 და 28)

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. როდესაც ჩემს სკოლაში ვინმეს ბრალდება დარღვევის ჩადენა ან რაიმე გადაცდომა, ის ითვლება „უდანაშაულოდ”, სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურდება. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი: 11)

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში არავის ექცევიან ან აკისრებენ ისეთ სანქციას, რომელიც არის ღირსების შემლახველი და რომელიც მას თავს არ აგრძნობინებს როგორც ადამიანს. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 4, 5).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. თუ სკოლაში ვინმემ შემოიტანა საჩივარი დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, სკოლაში არსებობს საჩივრის განხილვის შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურა. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 3, 6, 7).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში შესაძლებელია ჟურნალ-გაზეთების ან სხვა სახის პუბლიკაციების შექმნა და გავრცელება ცენზურის ან დასჯის შიშის გარეშე. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 19, 27).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში ერთმანეთს ახალისებენ, რომ შეისწავლონ სამართალთან და სამართლიანობასთან, გარემო პირობებთან, სიღარიბესთან და მშვიდობასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 26, 29).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში გვაქვს შესაძლებლობა, მოვისმინოთ, წავიკითხოთ და გავიგოთ სხვა ადამიანების მიდგომებისა და იდეების შესახებ. ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებების გაცნობას ხელს უწყობს კურიკულუმი, სასწავლო სახელმძღვანელოები, ბიბლიოთეკა. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 2, 19, 27).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ადამიანები, რომლებიც ჩემს სკოლაში მუშაობენ, იღებენ სათანადო ანაზღაურებას, რაც საჭიროა ცხოვრების ადეკვატური სტანდარტისთვის, მათთვის და მათი ოჯახებისთვის. ისინი ანაზღაურებას იღებენ დასვენების დღეებშიც. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 4, 22, 24, 25).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში ყველა პატივისცემით ეპყრობა სხვა ადამიანის პირად სივრცესა და ნივთებს. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 12, 17).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში მე ერთ-ერთი ვარ, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ სხვა ადამიანები არ შექმნიან დისკრიმინაციულ გარემოს, ზიანს არ მიაყენებენ სასკოლო საზოგადოებას. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 1, 29).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ შემიზღუდავს ჩემს უფლებებსა და თავისუფლებებს. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 30).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

დააჯამეთ შეფასება: ———-

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...