ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

Brain Ring – შემეცნებითი თამაში -(მეორე ნაწილი)

0
შემეცნებითი თამაში „Brain Ring“ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს:
  • წიგნიერების კუთხით – კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველებისა და წერის, ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული ტექსტის გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • სოციალური და სამოქალაქო ცოდნის კუთხით – საკუთარი თავის ადეკვატურად შეფასების, რეალიზებისა და ემოციების მართვის, კომუნიკაციისა და ჯგუფებში მუშაობის უნარის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის განვითარებას;
  • შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების კუთხით – ტექსტის ლოგიკური ანალიზის, მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარების, ჰიპოთეზების წამოჭრის, ინფორმაციის ანალიზის, ფიქრისა და განსჯის, პროგნოზირებისა და დაგეგმვის უნარების განვითარებას.

გთავაზობთ კითხვებს უფროსკლასელთათვის.

 

მალტა

კითხვა: რატომ ხატია მალტელი მეზღვაურების ნავის კიჩოზე ღმერთ ოსირისის თვალი?

პასუხი: მალტელი მეზღვაურები ოსირისს მფარველად მიიჩნევენ და სწამთ, რომ ის მათ თევზჭერაში ეხმარება, ნისლისა და შტორმის დროს კი ნაპირისკენ მიმავალ გზას აპოვნინებს.

კითხვა: მალტელებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ქვის წყალობით ჩამოყალიბდა მათი ცივილიზაცია. რომელია ეს ქვა?

პასუხი: ეს არის ეგრეთ წოდებული ყვითელი ქვა (ნამარხი მარჯნებისგან წარმოქმნილი კირქვა), რომელიც ჭარბობს მალტის არქიტექტურაში. მალტამ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 6000 წლის წინ დაიწყო. დღეს ის ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ. ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების რაოდენობით მხოლოდ რომს თუ ჩამოუვარდება. მალტაზე ნახავთ ქვის ნაგებობებს, მეგალითურ ტაძრებს, რომლებიც ეგვიპტის ცნობილ პირამიდებზე 1000 წლით ადრე აიგო.

s1

დიდი ბრიტანეთი

კითხვა: რითია განთქმული მაღალმთიან შოტლანდიაში არსებული სარკინიგზო ხაზი West Highland Line?

პასუხი: სარკინიგზო ხაზი West Highland Line შოტლანდიის ულამაზეს ადგილებში გაივლის, თუმცა ის ცნობილი გახდა ჰარი პოტერის შესახებ ფილმების წყალობით. ჰარიმ და რონმა სწორედ West Highland Line-ს გადაუფრინეს.

 

ბელგია

კითხვა: წელიწადში ორჯერ აგვისტოში ბრიუსელის ცენტრალური მოედანი იფარება ხალიჩით, რომელიც მილიონობით მნახველს იზიდავს, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ 3-5 დღით. რისგან არის იგი დამზადებული?

პასუხი: 700 ათასი ბეგონიისგან. ბელგიური ტრადიიცით, ასე მთავრდება „ყვავილების ფესტივალი“.

 

პოლონეთი

კითხვა: ქარვას არაერთი მოხდენილი სახელი აქვს: „წმინდა ქვა“, „ბალტიის ოქრო“, „ცეცხლოვანი ქვა“. მისი ფერი მოთეთრო–მოყვითალოდან წითლამდე, თითქმის შავამდეც კი მერყეობს. ამ მინერალის შესახებ ცნობებს ვხვდებით არისტოტელესთან, პლატონთან, ჰომეროსთან. პლინიუს უფროსი ახსენებს ქარვის იმიტაციას, რომლის დასამზადებლადაც ხვლიკს იყენებდნენ. ხვლიკს კანიფოლში (წიწვოვანი ხეების გადამდნარ ფისში) ახვევდნენ. ჩინელი ოსტატები ქარვას ისე ამზადებდნენ, რომ ბუნებრივისგან ვერ გაარჩევდით. როგორ გავარჩიოთ ბუნებრივი ქარვა ყალბისგან?

პასუხი: ხელოვნურ ქარვას პლასტმასისგან ამზადებენ, რომელიც წყალში იძირება, ბუნებრივი კი – არა. ხელოვნური ქვა წვის დროს თავისებურ სუნს გამოსცემს, ბუნებრივს კი საკმევლის სასიმოვნო სუნი სდის, ამიტომაც მას ტაძრებში მსახურების დროს იყენებენ.

 

ნორვეგია

კითხვა: ნორვეგიაში უკიდურესად ცვალებადი ამინდია: ნისლი, მზე, წვიმა, ძლიერი ქარი და ისევ ნისლი. ამინდი ისე სწრაფად იცვლება, რომ ნორვეგიელებმა ანდაზაც კი გამოიგონეს: „არ მოგწონთ ამინდი? დაელოდეთ…“

როგორ მთავრდება ანდაზა?

პასუხი: „15 წუთი“.

კითხვა: ნორვეგიაში გზების გასწვრივ ქვის პატარა პირამიდები შეგხვდებათ. მათ „TOG“-ს უწოდებენ და არავინ ეხება. რა დანიშნულება აქვთ მათ?

პასუხი: წინათ „TOG“-ებს იმისთვის აგებდნენ, რომ ნისლში ან ძლიერ თოვაში გზას არ აცდენოდნენ.

 

პორტუგალია

კითხვა: ლისაბონი მთაგორიანი ქალაქია. ფეხით სიარული ძალიან დამღლელია. ლისაბონელების საყვარელ ტრანსპორტს Amareloს ეძახიან, რაც „ყვითელს“ ნიშნავს. ტრანსპორტის რომელი სახეობაა ეს?

პასუხი: ეს არის ტრამვაი. ყვითელი ტრამვაის გარეშე ლისაბონი წარმოუდგენელია.

 

ხორვატია

კითხვა: ქალაქ ზაგრებში, წმინდა მარკოზის მოედანზე, ძველ ვილაში, არის საინტერესო მუზეუმი “Broken Hearts” („გატეხილი გულები). რას ეძღვნება იგი?

პასუხი: მუზეუმი ეძღვნება გაწყვეტილ ურთიერთობებს.

 

ბულგარეთი

კითხვა: სოფია ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და აქ თრაკიული თუ რომაული კულტურის არაერთი ძეგლია მოყოლილი მიწის ქვეშ. თავდაპირველად ამ ადგილას თრაკიული დასახლება სერდიკა მდებარეობდა. IV საუკუნეში აქ ცხოვრობდა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომელმაც ბრძანა: „სერდიკა – ეს ჩემი რომია“. გასულ საუკუნეში სოფიის ცენტრში, ცენტრალური მოედნის ახლოს, მშენებლებმა ანტიკური ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს. რას აშენებდნენ ისინი?

პასუხი: მეტროპოლიტენს

s2

სადგური „Serdica“

 

შვეიცარია

კითხვა: შვეიცარიაში სადღესასწაულოდ ირთვებიან არა მარტო ადამიანები, არამედ პირუტყვებიც. „ძროხების სადღესასწაულო აღლუმის“ დღეებში – ალპური საძოვრებიდან დაბრუნებისას, ბაზრობაზე წასვლისას – ძროხები მორთულები უნდა იყვნენ. რითი რთავენ პირუტყვს შვეიცარიაში?

პასუხი: შვეიცარიაში ძროხებს ლამაზი ზარებით შემკული ძვირფასი საყელოებით რთავენ. სხვადასხვა კანტონში ძროხებს სხვადასხვანაირი საყელოები უკეთიათ, რომლებიც შეიძლება რამდენიმე ათასი შვეიცარიული ფრანკი ღირდეს.

 

ნიდერლანდი

კითხვა: ნიდერლანდის სამეფოს მოსახლეობა ხუმრობს, რომ „ღმერთმა დედამიწა შექმნა, ჰოლანდია კი …“

ვინ შექმნა ჰოლანდია?

პასუხი: ჰოლანდიელებმა. ეს გამონათქვამი სავსებით სამართლიანია, რადგან ხმელეთის დაახლოებით 40% მოსახლეობამ შრომისმოყვარეობისა და გონიერების წყალობით ზღვას გამოსტაცა.

კითხვა: ამბობენ, რომ ადამიანის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება ფეხსაცმლით. ჰოლანდიელების ფეხსაცმელებზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ხელმომჭირნეები, შემოქმედებითები და ამტანები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოლანდიელები ვერ გამოიგონებდნენ… რას?

პასუხი: კლომპენებს – ხის ფეხსაცმელებს.

s3

კლომპენები

 

იტალია

კითხვა: რომაელები ხუმრობენ: „ქალაქის ნანგრევები დღემდე ასაზრდოებს რომს“. როგორ?

პასუხი: ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად რომში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ისინი მილიონობით დოლარს ხარჯავენ სუვენირებსა და გართობაზე.

კითხვა: ვენეციელებს ყოველთვის მიაჩნდათ, რომ ნავი ყველაზე მოხერხებული სატრანსპორტო საშუალებაა. დღეს ყოველგვარი მომსახურება გონდოლებით ხდება: რესტორნების – პროდუქტით, სასტუმროების – თეთრეულით, ოფისების – ქაღალდით მომარაგება. კიდევ რა ფუნქცია აქვთ გონდოლებს?

პასუხი: ქალაქიდან ნაგვის გატანა. ნაგავი სპეციალურად აგებული ნავებით გააქვთ.

 

შვედეთი

კითხვა: ამ ადამიანმა შვედეთს სახელი გაუთქვა. ის 1833 წელს სტოკჰოლმში დაიბადა, ბავშვობა ქალაქ პეტერბურგში გაატარა, გარდაიცვალა იტალიის ქალაქ სან-რემოში. სტოკჰოლმში არის მისი სახელობის მუზეუმი, სადაც ინახება ცნობილი ფხვნილით სავსე პატარა პაკეტი. ვინ არის ეს ადამიანი?

პასუხი: ალფრედ ნობელი – შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი.

 

ირლანდია

კითხვა: 800-ზე მეტი წლის განმავლობაში მოხეტიალე მომღერლები, ბარდები, მხოლოდ არტისტები კი არ იყვნენ, არამედ რადიოს, გაზეთისა და ტელევიზიის როლსაც ასრულებდნენ. ისინი დაეხეტებოდნენ ციხესიმაგრიდან ციხესიმაგრეში, ქალაქიდან ქალაქში და ავრცელებდნენ ზღაპრებს, ლეგენდებს და ახალ ამბებს. რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტს იყენებდნენ ბარდები?

პასუხი: არფას. ეს ინსტრუმენტი ოფიციალურად გახდა ირლანდიის სიმბოლო. XVII საუკუნიდან ის ირლანდიის მეფის გერბზე იყო გამოსახული, ევროზონაში დიდი ბრიტანეთის შესვლამდე კი მისი გამოსახულება ირლანდიურ ფულსაც ამშვენებდა.

 

უნგრეთი

კითხვა: ამჟამად პარლამენტის შენობაში მოწევა აკრძალურია, თუმცა ძველად უნგრელი პარლამენტარები სიგარას აღმერთებდნენ. საფერფლის მიხედვით, რომელიც სხდომათა დარბაზის შესასვლელში იდგა, შეიძლებოდა იმის განსაზღვრა, რამდენად საინტერესო კანონპროექტს განიხილავდა პარმანეტი. როგორ?

პასუხი: შესვლისას დეპუტატები სიგარებს საფერფლეში ტოვებდნენ და თუ მათ ასაღებად არ დაბრუნდებოდნენ, ესე იგი დარბაზში საინტერესო განხილვა იყო. რაც უფრო მეტი იყო საფერფლეში მბჟუტავი სიგარა, მით უფრო საინტერესო დისკუსია მიმდინარეობდა.

 

საბერძნეთი

კითხვა: ბერძნული არმიის ელიტურ ასეულს ევზონებს – „ქამარშემორტყმულებს“ უწოდებენ. მათ უნიფორმაში ყოველ ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს: წითელი წინაპართა სისხლია, შავი – გლოვის სიმბოლო, ოქროსფერი – გამარჯვების, თეთრი – სიწმინდის. რას აღნიშნავს ლურჯი ფერი?

პასუხი: ლურჯი საბერძნეთის ზღვისა და ცის სიმბოლოა.

 

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://festival.1september.ru

https://paranormal-news.ru

https://alioni.info/history

 

,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

0

 მთავრობის მიერ განხილული ვერსია  ძალაში შევა საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ!

საქართველოს მთავრობის

დადგენილება

,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.10.003.018453) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“:

  1. II თავით გათვალისწინებული ტერმინთა განმარტების:

ა) ,,დ“-,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში უფროს მასწავლებლად ან მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ე) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში წამყვან მასწავლებლად ან მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

ვ) მენტორი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით მიენიჭება მენტორის სტატუსი;“;

ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა  – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება  გაკვეთილის  შეფასების  გაზომვად  და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა;“

გ) ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) გარე დაკვირვება – მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება  გაკვეთილის შეფასების  რუბრიკის გამოყენებით;

პ) სამოდელო გაკვეთილი – უფროსი მასწავლებლის, წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის მიერ ჩატარებული  საჩვენებელი გაკვეთილი;“

დ) ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ)  საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;“

ე) ,,რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ1“ ქვეპუნქტი:

,,რ1) პროფესიული კომპეტენციის დადასტურებამასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;“

ვ) ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებთან და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასთან და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებულ მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადებს;“

ზ) ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ) გარე შეფასება – მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებასა და გარე დაკვირვებას;“

თ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები:

ყ) შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი – სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების უნიფიცირებული საშუალება;

შ) დამატებითი საქმიანობა/აქტივობები – არჩევითი საქმიანობა/აქტივობები, რომელიც ეხმარება მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსის მინიჭებისა და უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელი რაოდენობის კრედიტქულების დაგროვებაში;“

  1. III თავი (მასწავლებლის მომზადებისა და საქმიანობის დაწყების წესი, მასწავლებლის განათლება და მასწავლებლობის უფლების მოპოვება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი III. მასწავლებლის მომზადებისა და საქმიანობის დაწყების წესი, მასწავლებლის განათლება და მასწავლებლობის უფლების მოპოვება

მასწავლებლის მომზადების ახალი აკადემიური პროგრამების მიზანია მასწავლებლის პროფესიაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო კადრების მოზიდვა და სისტემაში არსებული კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით რეგიონებში.

ამ მიზნის მიღწევამ უნდა უზრუნველყოს განათლების სისტემის სტრატეგიული მიმართულების-ხარისხიან ზოგად განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის – თვისობრივი განვითარება.

მასწავლებლის მომზადების  რეგულირებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები იქნება დივერსიფიცირებული. სახელმწიფო აღნიშნული პროგრამების ხარისხის სამართავად იყენებს მაღალ სტანდარტებს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მიღებული კვალიფიკაციის სანდოობა და ვალიდობა.

მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება 2018-2019 სასწავლო წლიდან განხორციელდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტს.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები შესაბამისობაში მოვა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ, სულ მცირე, უფროსი მასწავლებლის კომპეტენციებთან.

 

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს (არანაკლებ 300 კრედიტი):

ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის საგნობრივ და მეთოდურ მოდულს – არანაკლებ 180 კრედიტი;

ბ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს – არაუმეტეს 60 კრედიტი;

გ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს – არანაკლებ 60 კრედიტი.

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს მიენიჭება დაწყებითი განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს – არანაკლებ 120 კრედიტი;

ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს – არანაკლებ 60 კრედიტი;

გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს – არაუმეტეს 60 კრედიტი;

დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს – არანაკლებ 60 კრედიტი.

საგნის/საგნობრივი ჯგუფის  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის უფლების მოპოვება:

  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი ადასტურებს საგნობრივ, მეთოდურ, კვლევით და პრაქტიკულ კომპეტენციებს, რის შედეგადაც კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი, რომელიც მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულების პირველი გამოშვება იქნება 2022-2023 წელს. ამის გამო საჭიროა კვალიფიციური მასწავლებლების რიგების შევსება ალტერნატიული გზით – მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაკუთრებულად იზრუნებს მის მიერ გამოვლენილი დეფიციტური მიმართულებების შევსებაზე.

მასწავლებლობის უფლების მოპოვება ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის

  1. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან, წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობად, გარდა საკვალიფიკაციო მოთხოვნისა, განისაზღვრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნის გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება;
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კვოტების შესაბამისად;
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, პირზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რითაც მას ეძლევა მასწავლებლობის უფლება;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი.
  1. მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც დიპლომის მიხედვით აქვს მასწავლებლობის უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად:
  • აბარებს საგნის გამოცდას;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი.
  1. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად და მასწავლებლობის მსურველისთვის, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, განსაზღვრული საგნის გამოცდის ჩატარების წესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მასწავლებლობის უფლების მოპოვება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებენ:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყებისას, მას ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
  • წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, საკმარისია გარე დაკვირვების გავლა.

მასწავლებლობის უფლების მოპოვება პირისთვის, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი

პირს, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი, მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ეთვლება დაკმაყოფილებულად და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დაწყებისას მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ერთვება სქემაში.“

  1. V თავი (მასწავლებლის პროფესიული განვითარება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი V. მასწავლებლის პროფესიული განვითარება

მასწავლებლის პროფესიული განვითარების წინაპირობას წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული სტან­დარტი.

სქემით განსაზღვრული სტატუსები

სქემა განსაზღვრავს მასწავლებლების ოთხ სტატუსს:

  • პრაქტიკოსი მასწავლებელი – ვრცელდება მხოლოდ სქემაში განაწილებულ მოქმედ მასწავლებლებზე;
  • უფროსი მასწავლებელი;
  • წამყვანი მასწავლებელი;
  • მენტორი.

სქემით განსაზღვრული სტატუსები უფუძნება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება, ან შენარჩუნება, ან შეწყვეტა დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე.

მასწავლებელს მიენიჭება ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსები, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს.

მასწავლებელი ინარჩუნებს უფროსი მასწავლებლის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსს, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის შენარჩუნებისათვის განსაზღვრულ კრედიტ­ქულებს.

მასწავლებელი, თუ ვერ დააკმაყოფილებს სტატუსის შენარჩუნე­ბისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორსა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი გზები და          საშუალებები

ყოველი მომდევნო სტატუსის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გაიაროს პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა. თითოეული სტატუსის შენარჩუნება/მინიჭებისთვის საჭირო კრედიტქულებს მასწავლებელი აგროვებს მომდევნო სტატუსის მინიჭებამდე.

 

პრაქტიკოსი მასწავლებელი:

  • ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;
  • თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
  • ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას და მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში  განათავსებს მის  მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება

პრაქტიკოსი მასწავლებელი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებამდე.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა:

 

I გზა:

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების  დადასტურებას.

პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები დაადასტუროს.

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას სრულად ვერ დააგროვებს 15 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კრედიტქულები შეივსოს  პროპორციულად შესაბამისი მიმართულების აქტივობებით  – N2 ცხრილიდან.

პრაქტიკოსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ წინა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების პრინციპი მოცემულია N1 ცხრილში:

ცხრილი N1

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის  მაქსიმალური ქულის  % კრედიტქულა
61 – ს ზემოთ 10
51-დან    61-მდე 7
41-დან  51-მდე 4
31-დან 41-მდე 1

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, მოცემულია N2 ცხრილში:

ცხრილი N2

პრაქტიკოსი მასწავლებლის დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება

საგნობრივი მიმართულება კრედიტქულები პროფესიული მიმართულება კრედიტქულები
საგნისა და საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგების გავლა 1

(25 საათი)

პროფესიული უნარების ტრენინგების გავლა 1

(25 საათი)

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა  

0,5[1]

წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმართვა 1
კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის (მ. შ. სპორტული და სახელოვნებო)  მოსწავლის/ მოსწავლეების მომზადება 0,5 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში 1-2
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა 0,5 სოციალური პროექტები 0,5
სემესტრის განმავლობაში ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში

 

0,5

 

ფასილიტატორობა 3

სასწავლო წლის განმავლობაში

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა ფასილიტატორისა) 1

სასწავლო წლის განმავლობაში

სახელმწიფო ენის კურსის გავლა დადასტურებული ენის ფლობის დონის სერტიფიკატით 2 (ერთი დონე)

რეკომენდებულია მასწავლებელმა კრედიტქულები დააგროვოს მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით. საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით განხორციელებული დამატებითი აქტივობებიდან/საქმიანობებიდან  პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება წლის განმავლობაში მაქსიმუმ 5 კრედიტქულა.  კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს.

მასწავლებლის შეფასების  ჯგუფი აფასებს პრაქტიკოსი  მასწავლებლის მიერ განხორციელებულ  აქტივობებს და მასწავლებლის  პროფესიულ  საქაღალდეში  არსებული  დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას  პრაქტიკოსი  მასწავლებლისათვის  უფროსი  მასწავლებლის  სტატუსის მინიჭების  შესახებ  წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

II გზა:

პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას, თითოეულ მათგანში დააგროვებს 10 კრედიტქულას.

III გზა:

პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ სქემის ძალაში შესვლის შემდგომ:

ა) მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის/სერტიფიკატის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას  პრაქტიკოსი  მასწავლებლისათვის  უფროსი  მასწავლებლის  სტატუსის მინიჭების  შესახებ  წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

უფროსი მასწავლებელი:

  • ახორციელებს თვითშეფასებას თვით­შეფასების კითხვარის გამოყენებით;
  • თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
  • ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას;
  • მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში  განათავსებს მის  მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

 

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება

უფროსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებულია ყოველი სამი წლის განმავლობაში დააგროვოს 13 კრედიტქულა.

უფროსი მასწავლებელი ვალდებულია 4 კრედიტქულა დააგროვოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ უფროსი მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილის შეფასებით (თითოეული საგაკვეთილო დაკვირვება – 2 კრედიტქულა), დანარჩენი კრედიტქულები კი უნდა დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით (იხ.ცხრილი N3) და/ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით.

იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი ზემოღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ დააგროვებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებს, მასწავლებლის შეფასების ჯგუფთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას და ვადა ერთი წლით უხანგრძლივდება. ინდივიდუალური გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყდება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის ხელახლა მოსაპოვებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა  დაგროვებულ უნდა იქნეს დამატებითი საქმიანობების/აქტივობების (იხ.ცხრილი N3) განხორციელებით.

 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსმა მასწავლებელმა შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა:

 

I გზა:

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი:

ა) ახორციელებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებს კოლეგებს (2 კრედიტქულა);

ბ)  გადის გარე დაკვირვებას  (4 კრედიტქულა);

გ) ატარებს 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);

დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (იხ.ცხრილი N3) (11 კრედიტქულა). წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.

II გზა:

უფროს მასწავლებელს, რომელიც სქემის ძალაში შესვლის შემდგომ, განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას  უფროსი  მასწავლებლისათვის  წამყვანი  მასწავლებლის  სტატუსის მინიჭების  შესახებ  წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

 

III გზა:

გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება:

ა) უფროს მასწავლებელს, რომელსაც სქემაში განაწილების დროისთვის მინიჭებული ჰქონდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

წამყვანი მასწავლებელი:

  • ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;
  • თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
  • ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას;
  • მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს პროფესიული განვითარებისთვის მის მიერ განხორციელებული აქტივობების  დამადასტურებელ დოკუმენტებს.

 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება

წამყვანი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებულია ყოველი ოთხი წლის განმავლობაში დააგროვოს 17 კრედიტქულა.   წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია კრედიტქულები დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით (იხ.ცხრილი N3) და/ან მენტორის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით.

იმ შემთხვევაში, თუ წამყვანი მასწავლებელი ზემოღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ დააგროვებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებს, შეუწყდება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

 

მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია  დააგროვოს 25 კრედიტქულა. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:

ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);

ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);

გ) ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა);

დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (იხ.ცხრილი N3)  (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.

 

მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე და მას სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.

 

ცხრილი N3

უფროსი და წამყვანი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების/აქტივბების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება

უფროსი და წამყვანი მასწავლებელი დამატებით კრედიტქულებს აგროვებენ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც გამომდინარეობს როგორც მოსწავლეთა, ასევე საკუთარი, კოლეგების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებიდან.

  აქტივობის დასახელება კრედიტქულები
პროფესიული განვითარება კონფერენციებში მომხსენებლად მონაწილეობა 1
სტაჟირება 1
სასწავლო რესურსის შექმნა 1
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგ-მოდულის ავტორობა (25 საათი) 1

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის აკრედიტებული ტრენინგ-მოდულის ტრენერობა 0,5
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგის გავლა 1

(25 საათი)

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული  ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული/რეგისტრირებული პროფესიული განვითარების პროგრამის გავლა განისაზღვრება ინდივიდუალურად
სახელმწიფო ენის კურსის გავლა დადასტურებული ენის ფლობის დონის სერტიფიკატით. ერთი დონე – 2
მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით
სასწავლო პროცესის გაუმჯობესება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში 1 – 2
სასწავლო პროექტები

 

0.5
დისტანციური სწავლება

 

0.5
კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის (მათ შორის სპორტული და სახელოვნებო)  მოსწავლის/მოსწავლეების მომზადება 0,5
მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით

 

კლასგარეშე და სოციალური საქმიანობა

 

 

წლის განმავლობაში საკლუბო   მუშაობის წარმართვა

 

1
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის (მათ შორის სპორტული და სახელოვნებო) წარმართვა

 

0,5
საზაფხულო სკოლის მოწყობა

 

1
თავისუფალი გაკვეთილები

 

0.5
სოციალური პროექტები (მათ შორის მშობლებთან და თემთან მუშაობა)

 

0.5
მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით

 

პროფესიული თანამშრომლობა სამოდელო გაკვეთილების ჩატარება 1
რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა – სტატია 1
მეთოდური ლიტერატურა 2
გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა 4
სტუდენტის/სტუდენტების კონსულტირება 1
ზოგადი განათლების სფეროში შინაარსობრივ-კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობა ) 1
საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობა 1
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა 0,5-1
ფასილიტატორობა წელიწადში 3
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა ფასილიტატორისა) წელიწადში 1
მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით

კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს.

მასწავლებელი ცხრილ N3-ით გათვალისწინებული მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობის განსახორციელებლად მიმართავს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით შეიმუშავებს: შესაბამისი დამატებითი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, შეფასების კრიტერიუმებს და განსაზღვრავს მისანიჭებელი კრედიტქულების რაოდენობას.

 

სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.

 

მასწავლებლის შეფასება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ზოგადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, შეფასების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის დანერგვის გარეშე წარმოუდგენელია. კარგად მომზადებული და ორგანიზებული შეფასება, საფუძვლიანი თვითშეფასებისა და შიდა შეფასების გზით, ემსახურება სასკოლო გარემოსა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, თითოეული მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. ეს ყველაფერი კი არის მნიშვნელოვანი საფუძველი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების სისტემის შექმნისათვის, რაც, თავის მხრივ, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების საწინდარი.

მასწავლებლის შეფასების წესი

მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სკოლაზე და მის მასწავლებლებზე. იგი შეიძლება გავრცელდეს კერძო სკოლასა და მის მასწავლებლებზე, კერძო სკოლის მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ კერძო სკოლა არ გამოავლენს ზემოაღნიშნულ ნებას, ვალდებულია, მის მიერ დასაქმებული მასწავლებლები შეაფასოს შეფასების იმ სისტემით, რომელიც დაეფუძნება ამ თავით გათვალისწინებული შეფასების ძირითად პრინციპებს.

კერძო სკოლის მიერ განსაზღვრული,  მასწავლებლების ალტერნატიული შეფასების სისტემის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან თავსებადობას ადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

 

მასწავლებლის შეფასების  მიზანი და პრინციპები

მასწავლებლის შეფასების  მიზანია:

ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა;

ბ) მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა  და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის  გაძლიერების ხელშეწყობა.

მასწავლებლის შეფასება  ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

 

მასწავლებლის შეფასების მიმართულებები

მასწავლებელი ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული  სამი მიმართულებით:

ა) მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა;

ბ) პროფესიული განვითარება;

გ) კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა.

მასწავლებლის შეფასების ტიპები

მასწავლებლის შეფასების ტიპებია:

ა) გარე შეფასება, რომელიც მოიცავს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებასა და გარე დაკვირვებას;

ბ) შიდა შეფასება, რომელიც მოიცავს მასწავლებლის თვითშეფასებასა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას.

მასწავლებლის შეფასების ფორმები

მასწავლებლის შეფასება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) მასწავლებლის თვითშეფასება;

ბ) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება;

გ) პროფესიული კომპეტენციის დადასტურება;

დ) გარე დაკვირვება;

ე) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასება.

მასწავლებლის თვითშეფასება

ა) მასწავლებელი, საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით, ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით. მასწავლებელი ვალდებულია, შეავსოს თვითშეფასების კითხვარი.

ბ) თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით მასწავლებელი:

ბ.ა) აფასებს საკუთარ საქმიანობას;

ბ.ბ) აანალიზებს საკუთარ პროფესიულ საჭიროებებს;

ბ.გ) მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწევებისა და თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, პროფესიულ საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, ადგენს ინდივიდუალურ  სამოქმედო გეგმას;

ბ.დ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს აანალიზებს სასწავლო წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებულ პროფესიულ საქმიანობას;

ბ.ე) ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას.

გ) მასწავლებლის მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსების და ასევე, მასწავლებლის მიერ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენის ვადები განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება

ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია იმ საგანში/საგნობრივ ჯგუფში, რომელსაც ასწავლის.

ბ) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ წინა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

გ) საგნობრივი კომპეტენციის შეფასებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით შეფასებას ახორციელებს წლის განმავლობაში ერთხელ, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღებში.

ე) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

ვ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.

პროფესიული კომპეტენციის დადასტურება

ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს პროფესიული კომპეტენცია.

ბ) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ წინა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

გ) პროფესიული კომპეტენციის შეფასებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მიზნით შეფასებას ახორციელებს წლის განმავლობაში ერთხელ, პროფესიული კომპეტენციის დადასტურების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღებში.

ე) პროფესიული კომპეტენციის დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

ვ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.

გარე  დაკვირვება

ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვის შემოწმების მიზნით, უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ექვემდებარება გარე დაკვირვებას.

ბ) გარე დაკვირვების წესი მტკიცდება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების შედეგებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი უფროსი მასწავლებლისათვის.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი

ა) მასწავლებელს აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, რომელიც საჯარო სკოლაში  შედგება საჯარო სკოლის დირექტორის,  დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისაგან. კერძო სკოლაში მასწავლებლის შეფასების ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს კერძო სკოლა.

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ბრძანებით ქმნის მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს.

გ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს ხელმძღვანელობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.

დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელის შეფასების ჯგუფი ახორციელებს მის შეფასებას.

ე) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მასწავლებელის შეფასების ჯგუფის ფორმირება ან აღმოჩნდება, რომ მასწავლებელის შეფასების ჯგუფი ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებული, ან სხვა მიზეზის გამო არ არის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, დაადგინოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის  ფორმირების განსხვავებული წესი.

ვ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი:

ვ.ა) მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე და ანიჭებს მას  კრედიტქულებს;

ვ.ბ) აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებს კრედიტქულებს;

ვ.გ) მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძ­ველზე, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნების შესახებ და  ასახავს ელექტრონულ სისტემაში;

ვ.დ) უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ სტატუსის შენარჩუნე­ბისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინადადებას მასწავლებლისათვის უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ვ.ე) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინადადებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ.

ზ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი უფლებამოსილია, განახორციელოს ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებები, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხდომას ესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სამისა.

თ)  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მასწავლებელის შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმები

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმებია:

ა) გაკვეთილზე დაკვირვება და მასწავლებლისათვის განმავითარებელი შეფასების მიცემა (პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლისთვის);

ბ) სამოდელო გაკვეთილის შეფასება (უფროსი და წამყვანი მასწავლებლისათვის);

გ) მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება (პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლისათვის).

გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება

ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.

ბ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი პრაქტიკოს/უფროს მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ  შეფასებას წერილობითი ფორმით და ანიჭებს მას  კრედიტქულებს.

სამოდელო გაკვეთილის შეფასება

ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.

ბ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე ანიჭებს მას  კრედიტქულებს.

მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების  შეფასება

ა) მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების/აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ბ) მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების განთავსების ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მასწავლებლის შეფასების შედეგების განთავსება ელექტრონულ სისტემაში

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის:

ა.ა) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში;

ა.ბ) უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში.

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნებისა და შეწყვეტის (პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში) შესახებ გადაწყვეტილების ასახვა ელექტრონულ სისტემაში.

იმ მასწავლებლის შეფასება, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში

ა) ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე საგანს, ამ თავით დადგენილი წესით შიდა შეფასებას გადის ელექტრონულ სისტემაში მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ბ) ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საგანს, ამ თავით დადგენილი წესით, შიდა შეფასებას გადის შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც მიეთითება ელექტრონულ სისტემაში.

მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ წინადადების გასაჩივრება

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა

ა) მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასთან და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი.

ბ) საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

გ)  საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები.

საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

ა) საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.

ბ) საპრეტენზიო კომისიას საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

გ) საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

ა) საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა.ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ა.ბ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

ა.გ) საპრეტენზიო განაცხადის სრულად დაკმაყოფილების შესახებ;

ა.დ) მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასთან და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გაუქმების/ნაწილობრივ გაუქმების შესახებ. ამ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია მასწავლებლის შეფასების ჯგუფს ავალებს მასწავლებლის განმეორებით შეფასებასა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან ან უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წინადადების მიღების შემთხვევაში მის განმეორებით წარდგენას.

ბ)  საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში წარედგინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს.

მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და  უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის  შესახებ გადაწყვეტილება

ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი  მასწავლებლისთვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის  წარდგენის შესახებ.

ბ) მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი წინადადების ან/და საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის  მინიჭების შესახებ.

გ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი  მასწავლებლისთვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნების შესახებ და გადაწყვეტილებას ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი  უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ სტატუსის შენარჩუნე­ბისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინადადებას მასწავლებლისათვის უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ე) მასწავლებლისათვის უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი წინადადების ან/და საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ვ) მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დადასტურება

ა) მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის  მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადასცემს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი.

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო –  საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გაცემას.

მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი.

ბ) მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის წესს განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე,  უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულება და შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისა და გარე დაკვირვების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის შემუშავება და დამტკიცება

ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებს.

ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გარე დაკვირვებისთვის მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასების რუბრიკას.

შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შემუშავება და დამტკიცება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შიდა შეფასებისათვის შეიმუშავებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებს.

ფასილიტატორის ფუნქციები

ფასილიტატორი   ეხმარება  მასწავლებლებს  ინდივიდუალურ  საჭიროებათა  დადგენაში, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში, მიღწეული შედეგების შეფასებაში. ფასილიტატორი მონაწილეობას იღებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში და გარე დაკვირვების პროცესში.

ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.“

  1. V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

,,თავი V1. სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერება/აღდგენა

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეჩერება/შეწყვეტა.

მასწავლებელი სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების განცხადებით მიმართავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მასწავლებელი სქემით განსაზღვრული სტატუსის აღდგენის მიზნით მიმართვას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

სქემით განსაზღვრული სტატუსი ჩერდება და აღდგება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ განათავსოს ელექტრონულ სისტემაში.

მასწავლებელი უფლებამოსილია, მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების/შეწყვეტის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ექვემდებარება შეფასებას.“

  1. VI თავი (მასწავლებელთა კარიერული წინსვლა, მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„VI თავი. მასწავლებელთა კარიერული წინსვა, მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება

მასწავლებლების პირველადი განაწილება სქემაში განხორციელდება 2015 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საჭიროების შემთთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს მასწავლევლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადა. ის მასწავლებლები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ შრომითი ურთიერთობა, სქემაში განაწილდებიან შრომითი ურთიერთობის აღდგენის შემდგომ, რისთვისაც წერილობითი ფორმით მიმართავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. სქემაში ჩართვა სავალდებულოა საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისთვის, ხოლო სკოლებს ექნებათ არჩევანი, ჩაერთონ სქემაში ან აამოქმედონ მასწავლებლის შეფასების სქემასთან თავსებადი სისტემა, რითაც მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ უფლება, განახორციელონ სკოლიდან სკოლაში მობილობა.

მოქმედი მასწავლებლები სქემაში განაწილდებიან შემდეგი წესით:

ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც არ არის სერტიფიცირებული მასწავლებელი და მასწავლებელს, რომელიც არ აკმაყოფილებს „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ბ.ა) ამ დადგენილების ამოქმედების დროისათვის, არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

ბ.ბ) 2014 წლის ბოლომდე, წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, 2015 წლის ზაფხულის ჩათვლით, წარმატებით ჩააბარებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთი საგნის გამოცდას და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

ბ.გ) აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში;

გ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

დ) მოქმედ მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიენიჭება  მხოლოდ სქემით დადგენილი წესით.

მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები

ა) მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი მასწავლებლების შესახებ ელექტრონულ სისტემაში  განთავსდება შემდეგი მონაცემები:

ა.ა) მოქმედი მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ა.ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ;

ა.გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;

ა.დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ.

ბ) მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში.

გ) ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი.

დ) ელექტრონულ სისტემაში  ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

ე) ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების განთავსებისა და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ვ) ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები არის მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილების საფუძველი.

ზ) მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილებისა და მისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოიცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თ) მოქმედი მასწავლებლების სქემაში  განაწილება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით.“

  1. VII თავის (ელექტრონული სისტემის წარმოების წესი) ელექტრონულ სისტემაში შესატანი ინფორმაცია და ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირების:

ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე, საგნის გამოცდის ჩაბარების ან საგნობრივი/პროფესიული კომპეტენციების დადასტურების შესახებ;“

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონულ სისტემაში უნდა განთავსდეს:

ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისას მიღებული შეფასება, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის;

ბ) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებული შეფასება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის.“

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. გარე დაკვირვების შედეგები უნდა განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის, მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის.“

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლისათვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, განათავსოს მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭებასთან და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.“

  1. IX თავი (გარდამავალი დებულებანი) ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,IX გარდამავალი დებულებანი

,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის 90/ ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლების შეფასების წესი

ა) ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის №90/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა) 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლები შეფასდებიან მათ პორტფოლიოში არსებული დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე.

ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლების შეფასების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, ქმნის კომისიებს და ამტკიცებს მათ დებულებებს.

გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

გ.ა) განსაზღვრავს ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუშაობისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს;

გ.ბ) ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკას/რუბრიკებს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლის შეფასების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალსა და განცხადების ფორმას;

გ.გ) განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლის მიერ განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს;

გ.დ) განსაზღვრავს ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ ,,გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და დოკუმენტაციის განხილვისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლისათვის კრედიტქულების მინიჭების ვადებს.

დ) ამ თავით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართულ  მასწავლებელს კრედიტქულებად უღიარდება  სქემის ამოქმედებამდე დაგროვებული კრედიტები.

ე) მიუხედავად ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლისათვის აღიარებული კრედიტქულებისა,  მასწავლებელი ვალდებულია, განახორციელოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობები.

ვ) ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრედიტების აღიარების შემდგომ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებელი, მასწავლებლის  სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნების, ან სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭების მიზნით, კრედიტქულებს დააგროვებს სქემით დადგენილი წესით.

სერტიფიცირებული მასწავლებლის შეფასების წესი, რომელსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავიაზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთერთი მასწავლებლის თანამდებობა და რომელიც არ ყოფილა ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვთარების სქემაში  

ა) სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა და რომელიც არ ყოფილა ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვთარების სქემაში კრედიტქულებად უღიარდება მის მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული შემდეგი დამატებითი საქმიანობები:

ა.ა) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ საგანში (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელსაც ასწავლის მოქმედი მასწავლებელი (2 კრედიტქულა). მასწავლებელს, რომელიც არ ასწავლის იმ საგანს (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელშიც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, კრედიტქულებად უღიარდება მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებს შესაბამისი საგნის სწავლებას;
ა.ბ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარება (1 კრედიტქულა).

ბ) მოქმედი მასწავლებლის მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული დამატებითი საქმიანობების კრედიტქულებად აღიარების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

ბ.ა) ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით ქმნის კომისიებს და ამტკიცებს მათ დებულებებს;

ბ.ბ) ამტკიცებს აღნიშნული კომისიების მუშაობისა და კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს;

ბ.გ) ამტკიცებს ამტკიცებს მოქმედი მასწავლებლის მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული დამატებითი საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკას/რუბრიკებს, მოქმედი მასწავლებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალსა და განცხადების ფორმას;

ბ.დ) განსაზღვრავს მოქმედი მასწავლებლის მიერ განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს;

ბ.ე) განსაზღვრავს კომისიების მიერ „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალსიწინებული განცხადებებისა და დოკუმენტაციის განხილვისა და მოქმედი მასწავლისთვის კრედიტქულების მინიჭების ვადებს.

გ) მიუხედავად ამ თავით დადგენილი წესით მოქმედი მასწავლებლისთვის აღიარებული კრედიტქულებისა, მასწავლებელი ვალდებულია, განახორციელოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობები.

დ) აღიარების შემდგომ, მოქმედი მასწავლებელი, მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების ან მომდევნო სტატუსის მინიჭების მიზნით, კრედიქტულებს დააგროვებს სქემით დადგენილი წესით.

მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი

პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი, თავისუფლდება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისაგან და საგნობრივი მიმართულებით უღიარდება 10 კრედიტქულა.

მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი

პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, თავისუფლდება პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისაგან და პროფესიული მიმართულებით უღიარდება 10 კრედიტქულა.

სქემაში განაწილებული უფროსი მასწავლებლებისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

უფროსი მასწავლებელი, რომელსაც სქემაში პირველადი განაწილების დროისთვის მოპოვებული ჰქონდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2014 წლის ბოლომდე წარმატებით ჰქონდა დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი და   ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით შეფასების განხორციელებას უზრუნველყოფს 2018 წლიდან.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ სქემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ სქემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების საგნობრივი და პროფესიული მიმართულებებით განაწილება განხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

 მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირება

2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად.

მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების განმავლობაში მასწავლებლის შეფასების შედეგები ექვემდებარება კრედიტქულებად აღიარებას.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                 გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ომონიმები

0

მიიწურა დეკემბერი და მასთან ერთად – 2016 წელიც. კიდევ ერთი წელიწადი მიითვალა ისტორიამ. ახალმა წელმა ახალი იმედები მოიყოლა. პირველ იანვარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გვგონია (ან, უფრო სწორად, ძალიან გვწადია), გასული წლის აუგიან დღეებს კალენდრიდან ჩამოხეულ ფურცლებს გავატანთ და ამიერიდან ჩვენი ცხოვრების წისქვილი სხვანაირად დაიწყებს ბრუნვას. კოსმოსისთვის კი ეს ისეთივე დღეა, როგორიც ყველა დანარჩენი და 1 იანვარი ისევე განსხვავდება 31 დეკემბრისგან, როგორც 1 აგვისტო – 31 ივლისისაგან ან 16 სექტემბერი – იმავე თვის 15–სგან. უკეთესი მომავალი, ბედნიერი ხვალინდელი დღე და წელიწადი აწმყოზე აღმოცენდება და რანიც დღეს ვართ, იგივენი ვიქნებით მომდევნო დღეებშიც, მით უფრო – ერთი-ორი დღის შემდეგ.

ეს ყველას გვესმის, მაგრამ მაინც იმედით ველოდებით ახალი წლის დადგომას… და აი, უკვე 2017–ია. ვისთვის – მამლის, ვისთვის კი ახალი წარმატებების, გამდიდრების, გამოჯანმრთელების და 2016-ში განცდილი დანაკლისის შევსება-გამოსწორების წელი… ჩემთვის კი ის განათლების წელია. ასე დაგვპირდნენ ჩვენი ქვეყნის მესაჭენი.

დიახ, 2017 განათლების წელია საქართველოში. მაგრამ მაინც რას უნდა ველოდოთ? ოქროს წვიმასა და ფიანდაზდაგებულ ბილიკებს განათლების მუშაკებისთვის? დიდ ინვესტიციას მეცნიერებაში, ხელფასების ასე ნანატრ ზრდასა და შეღავათებს? თუ ძირეულ რეფორმებს, ნარ-ეკლიან გზასა და უამრავ თავსატეხს? გულახდილად გეტყვით – ამ უკანასკნელის მოლოდინი უფრო  მაქვს. დღეს რეფორმა განათლებას, როგორც იტყვიან, ჰაერივით სჭირდება, თანაც ძირეული, როგორც საკანონმდებლო თუ მატერიალურ-ტექნიკური, ისე მენტალური. ეს უკანასკნელი კი ჩვენზე, ამ დარგში მოფუსფუსე ხალხზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე კანონებსა და დადგენილებზე. მით უფრო – მაშინ, როცა ბევრ რამეს ადათ-წესებით მიხედვით ვაკეთებთ და კანონისკენ ხშირად არც კი ვიხედებით.

რას ვგულისხმობ? სამწუხაროდ, არაერთი ფაქტი მაძლევს საფუძველს, ასე მეგონოს. მინდა, რამდენიმე მათგანზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.

2004 წლის განათლების რეფორმის შესაბამისად, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში გაჩნდა ახალი ტერმინები: ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ–პროფესორი. „პროფესორს“ მანამდეც ვიცნობდით. ერთი შეხედვით უწყინარმა ტერმინებმა დიდი თავსატეხი გააჩინა. გაიხარეს ყოფილმა დოცენტებმა – ამიერიდან ისინიც პროფესორებად იწოდებოდნენ. მერე რა, რომ მათ წოდებას სიტყვა „ასოცირებული“ ერია – მთავარი იყო, რომ ისინიც, მართალია, რაღაცნაირი, მაგრამ მაინც „პროფესორები“ იყვნენ. კიდევ უფრო დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა „ასისტენტ–პროფესორს“, რომელიც, კანონის თანახმად, ახალგაზრდა კადრების გამოზრდისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ ვინაიდან მათ სტატუსსაც სიტყვა „პროფესორი“ ერია, ბევრმა ახალგაზრდებისთვის ვერ გაიმეტა და არაერთ უნივერსიტეტში ნახავდით ჩამოასისტენტებულ ყოფილ პროფესორსა თუ დოცენტს. რეფორმას არც ძველი პროფესორები დაუტოვებია გულგრილი. მათ, თავის მხრივ, იუცხოეს, რომ ყველა „პროფესორი“ გახდა. უკმაყოფილება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ პროფესორების დასამშვიდებლად მათი წოდებისთვის სიტყვა „სრულის“ დამატება გახდა საჭირო და ეს ყველაფერი განათლების კანონშიც კი აისახა.

მეორე დიდი გაუგებრობა სიტყვა „დოქტორმა“ გამოიწვია. წინა ცხოვრებაში მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხს ხანგრძლივი დაძაბული სამეცნიერო მუშაობით მოიპოვებდნენ (ცხადია, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), ახალ რეალობაში კი დოქტორის ხარისხის მოპოვება დოქტორანტურის სამწლიანი კურსის შემდეგ ხდებოდა ხელმისაწვდომი. დიდი გაუგებრობის ტალღამ ყოფილ მეცნიერებათა კანდიდატებსაც აუჩქროლა გული. მათზე კანონში პირდაპირ არაფერი იყო ნათქვამი. შემდეგ ხმა დაირხა, განათლების სამინისტრო ამ სამეცნიერო ხარისხის „აღიარებას“ ახდენსო და სამინისტროში რიგი დადგა. იგზავნებოდა სპეციალური წერილები, რომლებსაც იურიდიული სამსახური ლაკონიურად პასუხობდა: „თქვენი სამეცნიერო ხარისხი, კანონის ამა და ამ მუხლის თანახმად, გათანაბრებულია ახალ დოქტორის ხარისხთანო“. ეს პასუხი სხვა არაფერი იყო, თუ არა დელიკატური მინიშნება, განათლების კანონში კარგად ჩაიხედეთო, მაგრამ, ჩვენი განათლების ადათ-წესების თანახმად, ფურცელი მაინც საჭირო გახლდათ, რომ ვინმე ურწმუნო თომასთვის თვალებზე აგვეფარებინა. მეცნიერებათა კანდიდატებმა პრობლემა „მოიგვარეს“, მაგრამ „ВАК-დალეულ“ და ახალგამოჩეკილ დოქტორებს შორის ხიდი ვერაფრით გაიდო, ამიტომ წოდების გასწვრივ დღესაც ბევრგან შეხვდებით ჩანაწერს „აკადემიური დოქტორი“.

„მეცნიერებათა დოქტორი“, „მეცნიერებათა კანდიდატი“ და უბრალოდ „დოქტორი“ სხვადასხვა ცნებებია და ერთმანეთისგან განსხვავებულ კომპეტენციებს (სიღრმეს) აღნიშნავს. წინსართი „აკადემიური“ ზედმეტია.

ამდენად, მიმაჩნია, რომ ძველი და ახალი „პროფესორი“, მით უფრო – „დოქტორი“ ომონიმებია და მეტი არაფერი. ღიმილის მომგვრელი იქნება, ყოველი „და“-ს წინ ხან „დედმამიშვილი“ ვწეროთ და ხან „კავშირი“. ამ სიტყვას ყოველგვარი დამატებითი განსაზღვრების გარეშე ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში – არც ერთ ჩვენგანს არ უჩნდება კითხვა, როდის ვგულისხმობთ დედმამიშვილს და როდის უბრალოდ ერთმანეთს ვაბამთ სიტყვებს ან წინადადებებს. რატომ? იმიტომ, რომ შეგნებულად გვესმის მისი მნიშვნელობა და ვიცით, რომ სინონიმებთან ერთად ომონიმებიც არსებობს.

ახსნის ხელოვნება

0

მოსწავლეები ზოგჯერ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მასწავლებლის მიმართ, თუმცა ის შესაძლოა თავისი საგნის კარგი სპეციალისტი იყოს: „ეჭვი არ გვეპარება, კარგად იცის საგანი, მაგრამ ეტყობა, ტვინი ენასთან ცუდად აქვს შეერთებული!“

წყენასა და გაღიზიანებას საფუძვლად უდევს ორი მომენტი, რომლებიც თითქმის ყველა პედაგოგისთვის ნაცნობია: უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეები ახსნის უნარს მასწავლებლის აუცილებელ თვისებად განიხილავენ; მეორე – საგნის კარგი ცოდნა არ ნიშნავს, რომ კარგი მასწავლებელი ხართ. ამრიგად, როდესაც თქვენი მოსწავლეები ჩივიან, რომ არ ესმით ახსნილი მასალა, ყველაფერს მათ „სიჩლუნგეს“ ნუ დააბრალებთ – იქნებ თვითონვე გჭირდებათ ახსნის უნარის განვითარება?

ლომ1

როგორ ვისწავლოთ ახსნა? მოდი, განვიხილოთ ახსნის რამდენიმე მაგალითი და გავარკვიოთ, რატომაა ისინი ეფექტური ან უეფექტო.

ავიღოთ მაგალითები, სადაც ახსნილია, როგორ მოვხვდეთ ჩარლზ-სტრიტზე:

  1. „პირდაპირ წრიულზე; მოუხვიეთ მესამე დაღმართთან, ისრით დრიუმეზე. ნახევარი მილის შემდეგ ჩაუხვიეთ მარჯვნივ, სადაც გზა იტოტება. ეს იქნება პირველივე შესახვევი მარცხნივ. მაშასადამე, მარჯვნივ წრიულთან, მარჯვნივ დატოტვილთან და მერე პირველივე შესახვევი მარცხნივ“.
  2. 2. „ჩარლზ-სტრიტი, გადის კემბერტონ-სტრიტიდან. თუ ცენტრისკენ იმოძრავებთ, ის მარცხნივ იქნება. გაივლით კარინგტონს, იქ ახლა ბაზრობაა, წარმოგიდგენიათ, კოსტიუმ-სამეულები 500 გირვანქაზე იაფად იყიდება! მერე გაივლით რკინიგზის სადგურთან, რა თქმა უნდა, ვაგზალთან კი არა, არამედ ფარინგტონ-სტრიტთან – ხომ იცით, იუსტონის განშტოებაა. გაუყევით იმავე ქუჩას, სანამ ბულ-რინგს არ მიადგებით. თითქმის მილია, არმისული ცენტრამდე. მოუხვიეთ მარჯვნივ. მარჯვენა მხარეს დაინახავთ ისარს, რომელიც ფეხბურთის მოედნისკენ მიუთითებს – მას სტადიონს უწოდებენ, თუმცა გაუგებარია, რატომ… ამის შემდეგ აღმოჩნდებით კამბერტონ-სტრიტზე, ხოლო იქიდან როგორ უნდა მოხვდეთ ჩარლზ-სტრიტზე, უკვე აგიხსენით“.

რა ღირსება და ნაკლი აქვს ამ ორ მაგალითს?

მეორე ახსნა შეიცავს უსარგებლო ინფორმაციას, რომელიც აჭიანურებს და ბუნდოვანს ხდის ახსნას. ამასთან, გულისხმობს, რომ ადამიანს უკვე აქვს გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ, შეუძლია იცნოს ბულ-რინგი. ეს ახსნა ლოგიკურად არ არის ჩამოყალიბებული, მისი ბოლო ნაწილი თავშია მოცემული.

პირველი ახსნა ვცელია, ლოგიკურადაა აწყობილი, შეიცავს რეზიუმეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტები ინტონაციურად არის ხაზგასმული.

კარგი ახსნა:

  • უნდა იძლეოდეს საკმარის ინფორმაციას ასახსნელი ცნების არგუმენტირებული და ლოგიკურად გამართული აღწერისთვის;
  • ორიენტირებას ახდენდეს მხოლოდ იმ ცოდნაზე, რომელიც მოსწავლეებს უკვე აქვთ;
  • ადაპტირებული იყოს კონკრეტულ აუდიტორიაზე, მაშინაც კი, თუ ეს მოითხოვს შინაარსის რომელიმე ელემენტის გამოტოვებას, რომელიც სპეციალისტს (ამ შემთხვევაში – მასწავლებელს) მნიშვნელოვნად მიაჩნია;
  • წარმოთქმული იყოს მოთმინებით და დამაჯერებლად.

ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ფაქტის უბრალო მიწოდება, მაგალითად: „მოძრაობის დაწყებისას მუხრუჭიდან ფეხი ნელ-ნელა უნდა ავიღოთ“, – არ ნიშნავს ახსნას. ახსნა ითვალისწინებს, რომ მოსწავლეები გაიგებენ ყველაფერს – „რატომ?“ „რა?“და „რისთვის?“

ახსნა უნარია, რომელიც უნდა განვივითაროთ –  როგორც დამოუკიდებლად, ისე კლასთან ერთად.

გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ ისწავლოთ. ამოვდივარ იმ დაშვებიდან, რომ მასწავლებელი ცდილობს რაღაც ისეთის ახსნას, რაც მოსწავლეების ძირითადი ნაწილისთვის ძნელი გასაგებია.

დაეყრდენით მოსწავლეების ცოდნასა და გამოცდილებას.

ეს ადვილი არ არის და მოითხოვს საგნის ფართოდ ცოდნას, ასევე – სწორ წარმოდგენას კლასის ცოდნასა და გამოცდილებაზე. აუცილებელია დაწვრილებითი დაგეგმვაც.

ქვემოთ მოყვანილია სქემა იმის საილუსტრაციოდ, რომ ახალი ცოდნის მიღებას საფუძვლად უდევს უკვე არსებული. გვახსოვდეს, რომ დიაგრამაზე გამოსახული პროცესი მოსწავლის გონებაში მიმდინარეობს. განმარტებები, რომლებიც არ უკავშირდება ჩვენს საბაზისო ცოდნას, არათუ არაადეკვატურია, არამედ უაზროც.

ცხ

გაამარტივეთ

ახსნის პროცესში მასწავლებლის მთავარი მტერია ხანმოკლე მეხსიერების შეზღუდული მოცულობა. ნუ ეცდებით ყველაფრის მოყოლას, რაც საკითხის შესახებ იცით. გამოიყენეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, ურომლისოდაც საკითხის ახსნა შეუძლებელია.

ნუ შეგეშინდებათ გამარტივების, თუნდაც ჭეშმარიტებას ოდნავ ასცდეთ. როცა იდეის არსს ყველა გაიგებს, მერეც შეძლებთ მათთვის თავისებურებებისა და გამონაკლისების გაცნობას.

უკიდურეს გამარტივებას ხშირად მიმართავენ საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის მასწავლებლები, რათა მოსწავლეებს საერთო პრინციპი გააგებინონ. აი, მაგალითად, მასწავლებელი ხსნის ტოლობას:

მანძილი = სიჩქარე X დრო

მასწავლებელი: წარმოიდგინე, რომ მოძრაობ საათში 20 მეტრი სიჩქარით. რამდენს გაივლი ერთ საათში?

მოსწავლე: ოც მეტრს.

მასწავლებელი: ორ საათში?

მოსწავლე: ორმოც მეტრს.

მასწავლებელი: და ხუთ საათში?

მოსწავლე: ას მეტრს.

მასწავლებელი: შესანიშნავია, როგორ გამოთვალე?

მოსწავლე: სიჩქარე გავამრავლე დროზე.

მასწავლებელი: ძალიან კარგი, მაშასადამე, მანძილი უდრის სიჩქარისა და დროის ნამრავლს.

ახალი ცნებების ახსნა ძალიან ადვილია. დაეხმარეთ მოსწავლეებს, აუხსნან მასალა ერთმანეთს და საკუთარ თავს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუღრმავდით დეტალებს.

გაფრთხილება:

გამარტივება საკმაოდ რთული პედაგოგიური უნარია და განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს.

ლომ2

აირჩიეთ სირთულის ხარისხი

გამარტივების პრინციპი მოითხოვს, თავი ავარიდოთ უსარგებლო გართულებებს. გამარტივების ერთ-ერთი ხერხია „შავი ყუთის“ წარმოდგენა. ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, რა შედის ყუთში და რა გამოდის იქიდან, ისე, რომ არ ანაღვლებდეს, რა ხდება შიგნით. მაგალითად, ბავშვს, ზრდასრულ ადამიანს, რომელიც არ იცნობს ავტომობილის მექანიკას, მოყვარულ მექანიკოსს და პროფესიონალს მანქანის მუშაობა სირთულის სხვადასხვა დონეზე ესმით. ამავე დროს, არც ერთ მათგანს არ გააჩნია ამ საკითხის სიღრმისეული და ფართო ცოდნა. საწვავის წვის თერმოდინამიკის სპეციალისტს შესაძლოა არ ესმოდეს სავარძლის მოწყობილობის ერგონომიკა. ადამიანთა უმრავლესობა ობიექტთა დიდ ნაწილს „შავ ყუთად“ აღიქვამს, ამიტომ ნუ ეცდებით, ასახსნელი მასალის შესახებ ყველა წვრილმანი გააცნოთ. აირჩიეთ სირთულის მინიმალური დონე, რომელიც იმავდროულად დაწვრილებითიცაა, მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფისთვის.

ეფექტური გამარტივება მიიღწევა გაკვეთილების გააზრებისა და დაგეგმვის გზით.

მასალის აქცენტირება

როდესაც გაუგებარია, რაზე ლაპარაკობს გამომსვლელი, ვკითხულობთ: „მაინც რას ეხება მისი გამოსვლა?“ ცალ–ცალკე ყველა წინადადება გვესმის, მაგრამ ერთიანი აზრი – არა. ყველაზე ხანმოკლე ახსნაც კი ათ წუთს გრძელდება, რომელთა განმავლობაშიც 2000-მდე სიტყვას წარმოვთქვამთ. არის კი ყველა მათგანი ერთნაირად მნიშვნელოვანი? მოსწავლეს, რომლისთვისაც ძნელი გასაგებია ახალი მასალა, უჭირს მთავარის გამოყოფა. ჭკვიან და მოტივირებულ მოსწავლესაც კი დაუხმარებლად შესაძლოა გაუჭირდეს, მეორეხარისხოვანი დეტალებისგან დედააზრის გარჩევა.

მასალის ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დასვათ აქცენტი საკვანძო ფრაზაზე, ჩამონათვალზე ან არგუმენტების ჯაჭვზე.

საკვანძო ფრაზა

შეგიძლიათ, მთელი ასახსნელი მასალის კონცენტრირება მოახდინოთ ერთ ფრაზაზე ან ფორმულირებაზე, რომელიც საკითხის დედააზრს გამოხატავს.

ნუ შეგეშინდებათ, თუ ის მეტისმეტად მარტივი გამოჩნდა – სიმარტივე, პირიქით, თავდაჯერებას შემატებს მოსწავლეებს და დაანახებს, რომ მოცემული მასალა შეიძლება მარტივადაც გადმოიცეს. ძალზე მნიშვნელოვანია, წინასწარ ჩამოაყალიბოთ საკვანძო ფრაზა და რამდენჯერმე გაიმეოროთ ახსნისას.

საკვანძო ფრაზების ნიმუში:

„დენის ძაბვა – ეს არის ელექტრონებზე ზეწოლა“.

„თუ არ ამოვთხრით სანგრებს, საფლავების ამოთხრა მოგვიწევს“.

საკვანძო ფრაზაზე ყურადღების გასამახვილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • ინტონაცია;
  • ჟესტი;
  • გამეორება;
  • პაუზა საკვანძო ფრაზის წარმოთქმამდე და მის შემდეგ.

შეგიძლიათ, დედააზრი დაფაზე დაწეროთ ან ეკრანზე მოახდინოთ მისი პროეცირება, რათა ის მთელი გაკვეთილის განმავლობაში თვალწინ ედგეს კლასს. სასურველია საკვანძო აზრის ჩართვა დასარიგებელ მასალაში. სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩაიწერონ ის. უთხარით: „ყურადღებით მომისმინეთ, ეს მნიშვნელოვანი ფრაზაა…“

დასვით კითხვები, რათა გაარკვიოთ, გაიგო თუ არა კლასმა თემის დედააზრი.

ჩამონათვალი

ზოგიერთი თემის ახსნა უმჯობესია ჩამონათვალის სახით შევაჯამოთ.

 

კოდოსკოპი (ფირის პროექტორი)

მისი უპირატესობა დაფასთან:

  • ფირები შეიძლება წინასწარ მომზადდეს;
  • შესაძლებელია ფირების განახლება და შენახვა შემდგომი გამოყენებისთვის;
  • იძლევა ზუსტი სქემებისა და სურათების (ნახატების) სწრაფი დემონსტრირების საშუალებას;
  • საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ხერხები „გადაფარვა“ და „ახალი ელემენტის გაჩენა“.

ლოგიკური ჯაჭვი

როცა ახსნილი საკითხის არსის ერთ ფრაზაში მოქცევა ვერ ხერხდება, უმჯობესია, ეს ლოგიკური ჯაჭვის მეშვეობით გავაკეთოთ. მაგალითად, როდესაც ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ხსნის, რატომ ადის თბილი ჰაერი ზემოთ, მას შეუძლია დაეყრდნოს მსჯელობათა შემდეგ ჯაჭვს:

აირი გაცხელებისას ფართოვდება;

გაფართოება ამცირებს აირის სიმკვრივეს;

ნაკლებად მკვრივი მასალა ამოტივტივდება უფრო მკვრივში (როგორც კორპი წყალში);

ამიტომ თბილი ჰაერი „ატივტივდება“ ცივში.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თბილი ჰაერი ადის ზემოთ“.

ოთხივე მოყვანილი მტკიცებულება მოითხოვს დამატებით განმარტებას. იმისთვის, რომ გასაგები იყოს, რატომ ადის თბილი ჰაერი მაღლა, გასაგები უნდა იყოს მსჯელობის საერთო მსვლელობაც.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებთან ერთად გაიხსენებთ ან აუხსნით მათ ყოველ მტკიცებულებას, რამდენჯერმე მოკლედ უნდა გაიმეოროთ მსჯელობა. ყოველი მტკიცებულება ცალ–ცალკე უნდა იქნეს გააზრებული, მაგრამ შემდეგ მათ თავი უნდა მოიყარონ ხანმოკლე მეხსიერებაში, რათა მოსწავლეებმა დააკავშირონ ჯაჭვის ყველა ელემენტი და გაიგონ მისი აზრი.

რა ფორმითაც არ უნდა მოახდინოთ ახსნილის რეზიუმირება – საკვანძო ფრაზით, ჩამონათვალით თუ ლოგიკური ჯაჭვით, მნიშვნელოვანია, როგორმე გამოყოთ თქვენი რეზიუმე.

ლომ3

წყარო:

Geoff Petty. Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher. Oxford University Press, 2009, p. 195-201

განათლების მომავალი – მასწავლებელთა აზრით

0

ოგორია განათლების მომავალი? რამდენად განსხვავებულად ისწავლიან მოსწავლეები ათეული წლების შემდეგ? როგორი იქნება მომავლის სკოლა? ტედ-ის ინოვაციური განათლების ჯგუფის წევრებს  ამ საკითხების შესახებ თავიანთი იდეების გაზიარება ვთხოვეთ. მათი პასუხები განსხვავებულია, საინტერესო და დამაფიქრებელი. გიწვევთ განათლების მომავალში, სადაც „ყველა თვითონ აირჩევს საკუთარ თავგადასავალს“.

განათლებაში მეტი დრო დაეთმობა შემოქმედებით უნარებს.

„რადგან სწორედ ეს იქნება მნიშვნელოვანი მომავლის სპეციალობებში. განათლება აღარ იქნება მხოლოდ ცოდნის მიღებისა და გაზიარების პროცესი, არამედ იმის სწავლება, თუ როგორ გამოიყენო ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში“ – ჟოზეფინო რივერა, მასწავლებელი, ბუენოს აირესი, არგენტინა.

საკლასო ოთახი ერთი დიდი შემოქმედებითი სივრცე იქნება.

„Evernote, Google და Siri-ს მსგავსი ტექნოლოგიები განათლების სისტემის არსებითი ნაწილი გახდება და შეცვლის სწავლებისა და შეფასების ფორმებს. მაგალითად, თუკი შეკითხვაზე Siri-ს შეუძლია პასუხის გაცემა, მაშინ ასეთი შეკითხვა ვერ გახდება მოსწავლის შეფასების ნაწილი. ამის ნაცვლად, სწავლება დაეფუძნება პროექტებს. შეფასდება არა მოსწავლის ცოდნა, არამედ მისი კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. ლიტერატურისა და მათემატიკის სწავლება ისევ გაგრძელდება, მაგრამ განსხვავებული ფორმით. მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანი იქნება პრობლემების გადაჭრისა და ლოგიკური ამოცანების ამოხსნის უნარების განვითარება. ლიტერატურის სწავლებისას მთავარი შეკითხვა იქნება, თუ რას ნიშნავს კონკრეტული ნაწარმოები მოსწავლისთვის. ტესტების ჩაბარების ნაცვლად, მოსწავლეები სწავლის შედეგს შემოქმედებითი პროექტებით აჩვენებენ. მასწავლებლის დანიშნულება იქნება, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მოსწავლეს, ინოვაციური პროექტის მიმართულების პოვნაში. როგორ გავხადოთ ბავშვები ინოვატორები? უბრალოდ მივცეთ ამის შესაძლებლობა და თავის ნებაზე მივუშვათ“ – ნიკოლას პროვენზანო, მასწავლებელი, მიჩიგანი, აშშ.

სკოლის შენობა არ იარსებებს.

„ამის ნაცვლად, მოსწავლეები მოძრავ საკლასო ოთახებში ისწავლიან. რეალური სამყარო მათი სკოლა იქნება. მოსწავლეები გამოიყენებენ საჯარო ბიბლიოთეკებსა და საჯარო ლაბორატორიებს პროექტების შესასრულებლად. განათლების მიღება არ შეიზღუდება სკოლის შენობით. უკვე არსებობს ამის მოდელი: მინერვას სკოლები“ – ჰიუკ ჯენგი, მასწავლებელი, ბუსანი, სამხრეთ კორეა.

მოსწავლეები ისწავლიან, რომ არაფერია შეუძლებელი.

„განათლება გაავრცელებს იდეას, რომ ყველაფერი, რაც ამჟამად შეუძლებელია, მომავალში აუცილებლად გახდება შესაძლებელი. ეს უნდა გავხადოთ განათლების ნაწილი“ – კრისტინე სარქსიანი, მასწავლებელი, ერევანი, სომხეთი.

მომავლის განათლება სრულიად განსხვავებული იქნება ამჟამინდელისგან.

სკოლები იქნება მულტიდისციპლინარული, სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული. საკლასო ოთახის შეცვლისთვის რეალური სამყაროს შეცვლაა საჭირო, ხოლო ამჟამად განსხვავება ღარიბ და მდიდარ რაიონებს შორის უზარმაზარია“ – ედუარდო გოდოი, მასწავლებელი, სან პაულო, ბრაზილია

იარსებებენ კი სკოლები 2050 წელს?

„მასწავლებლობა მომაკვდავი პროფესიაა? თუ ეს ასე არ არის, მაშინ საკლასო ოთახი არსებითად შეიცვლება. არა მგონია, რომ ამავე ფორმატით, მერხებისა და სკამების სტრუქტურით იარსებოს სკოლამ მომავალში. ამის ნაცვლად, განათლების არსებითი ნაწილი გახდება ვირტუალური რეალობა და მრავალი თვალთახედვის გააზრება. მოსწავლეები ისწავლიან, როგორ შეთანხმდნენ პრობლემურ საკითხებზე და გაცვალონ იდეები“ – შერონ ჰადარი, მასწავლებელი, რაანანი, ისრაელი.

სანამ სამსახური თანამედროვე სახით არსებობს, იარსებებს სკოლაც.

„ზოგადსაგანმათლებლო სკოლები მოსწავლეებს სოციალური ინფრასტრუქტურის გამოცდილებასაც აძლევს, რომელიც ამზადებს მათ სამსახურეობრივი სივრცისთვის. 2050 წლის „სამსახურებს“ დღევანდელთან ცოტა რამ ექნება საერთო. იმედი ვიქონიოთ, რომ სკოლებიც შესაბამისად შეიცვლება. თუკი ჩვენ დავეხმარებით ბავშვებს, გაიაზრონ საკუთარი ძალა, ინტერესები და ღირებულებები, თუკი სკოლაში ვასწავლით, როგორ გაიძლიერონ მისწრაფებები და აღმოაჩინონ საკუთარი ადგილი ამ სამყაროში – მაშინ ჩვენ სწორი მიმართულებით ვიმუშავებთ, იმის მიუხედავად, სწავლების რა ახალი ტექნოლოგიები იქნება განვითარებული და ხელმისაწვდომი“, – დევიდ მიყასირო, კაჯონ ველის გაერთიანებული სკოლების რაიონის ხელმძღვანელი, კალიფორნია, აშშ.

სკოლის დიზაინი უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული

„სკოლებში უფრო უსაფრთხო ოთახები შეიქმნება. კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებს, რომელთა გამო სწავლის პროცესი ხშირად შეწყდება, ამიტომ სკოლა გახდება მუდმივმოქმედი ცენტრი, ადგილი, სადაც მოსწავლეები დროდადრო, საჭიროების შემთხვევაში  მივლენ“, – შენონ ბრეიკი, მასწავლებელი, კანზასი, აშშ.

 TED-Ed Innovative Educators, ლორა მაკლური

 

 

ვიზუალური წყაროს ანალიზი

0

ეს სტრატეგია  ვიზუალური წყაროს ანალიზისთვის და მოსწავლეებში დაკვირვების, ინტერპრეტაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გასავითარებლად გამოიყენება.

პროცედურა:

პირველი ეტაპი:

დაკვირვებით დაათვალიერეთ სურათი და ყურადღებით დააკვირდით ამ სურათზე მოცემულ ფორმებს, ფერებს, სურათის სტრუქტურას, ადამიანებისა და ობიექტების განლაგებას და სხვა.

მეორე ეტაპი:

აღწერეთ და ჩაიწერეთ, თუ რას ხედავთ სურათზე (რა არის გამოსახული სურათზე), ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციის გარეშე.

ჩანაწერი შეიძლება ასე დაიწყოს:

მე ვხედავ ……

მესამე ეტაპი:

სანამ დაიწყებდეთ   სურათზე მსჯელობას ,რა შეკითხვები დაგიგროვდათ და რომელ მათგანზე პასუხის გაცემას თვლით აუცილებლად?

ჩანაწერი შეიძლება ასე დაიწყოს:

მინდა ვიცოდე …..

ვინ?

რა?

როგორ?

სად?

როდის?

რატომ?

მეოთხე ეტაპი:

იმსჯელეთ  ორ თანაკლასელთან ერთად, რათა პასუხი გასცეთ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს

მეხუთე ეტაპი:

ისტორიული კონტექსტისა და კონკრეტული ვიზუალური წყაროს მიხედვით, განსაზღვრეთ, თუ რა უნდოდა  ეთქვა ავტორს და ვისზე იყო გათვლილი ეს წყარო (ვის მოიაზრებდა ავტორი წყაროს აუდიტორიად)

შეიძლება ასე დაიწყოთ:

ჩემი აზრით, ავტორს უნდოდა ეთქვა ………

მე ვფიქრობ, რომ ამ წყაროს აუდიტორია იყო ……….

ეს სტრატეგია შეიძლება გამოვიყენოთ:

ფერწერული ტილოს, ფოტოს, პოლიტიკური კარიკატურის, სააგიტაციო პლაკატის, ვიდეოკლიპის და სხვა ვიზუალური წყაროს ანალიზისას

ანბანური გონებრივი იერიში

გონებრივი იერიში ერთ-ერთი საინტერესო სასწავლო სტრატეგიაა, რომელიც გამოიყენება სწავლების პროცესში. ამ სტრატეგიის დანიშნულებაა დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი იდეები გადაიტანოს ფურცელზე. ამავე დროს, გონებრივი იერიში იდეების გენერირებისკენაა მიმართული. ეს იდეები ანბანის ნებისმიერი ასო-ბგერისგან შეიძლება იწყებოდეს. ამიტომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული „ანბანური გონებრივი იერიში“ გულისხმობს იდეების დალაგებას ანბანის მიხედვით. ამ სტრატეგიის განხორციელება შეიძლება როგორც ინდივიდუალურად, წყვილებში, მცირე და დიდ ჯგუფებში,  ასევე მთელ კლასთან.

პირველი ეტაპი:

შეარჩიეთ ტექსტი ან თემა, რომლის მიხედვითაც გინდათ მოსწავლეებმა გონებრივი იერიში განახორციელონ. უმჯობესია ისეთი თემების შერჩევა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საზოგადოების განვითარებაში ან ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდს მოიცავენ. მაგ., მეორე მსოფლიო ომი, აღორძინება, რეფორმაცია, ინდუსტრიალიზაცია, საქართველოს გაერთიანება, საქართველოს გაქრისტიანება და სხვა. გონებრივი იერიში შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ რომელიმე ფილმის, წიგნის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ანალიზისას.

მეორე ეტაპი:

ანბანური გონებივი იერიში შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სასწავლო ამოცანის გადასაწყვეტად:

მასწავლებელი ამ სტრატეგიას მიმართავს მაშინ, როდესაც სურს:

  • წინასწარ დაადგინოს, თუ რა იცის აუდიტორიამ განსახილველი თემის შესახებ. ამ შემთხვევაში ანბანური გონებრივი იერიში გავარჯიშებისა და მოთელვის ხასიათს ატარებს.
  • მოსწავლეებმა ხელახლა განიხილონ უკვე შესწავლილი ტექსტი ან თემა. განსაკუთრებით, ტესტირების ან თხზულების დაწერის წინ. ამ შემთხვევაში აქტივობა გამოიყენება განვლილი თემის გამეორებისას.
  • მოსწავლეებში ნანახი ფილმის ან წაკითხული ტექსტის ირგვლივ დისკუსიის სტიმულირება.
  • გაიგოს, თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინეს მოსწავლეებმა შესწავლილი თემიდან.

მესამე ეტაპი:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოწერონ ანბანი ფურცლის მარცხენა ქვედა კუთხეში.

მეოთხე ეტაპი:

ანბანური გონებრივი იერიშის განხორციელება –  თითოეული აზრი ჩამოწერონ  ანბანის რიგის მიხედვით.

ანბანური გონებრივი იერიში სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზანს ისახავს მასწავლებელი. ამიტომ საჭიროა გავითვალისწინოთ ზოგიერთი რამ:

  • ორგანიზება – მუშაობენ მოსწავლეები ინდივიდუალურად, წყვილებში, მცირე და დიდ ჯგუფებში თუ მთელი კლასი?
  • დრო – ეს სტრატეგია კარგად მუშაობს მაშინ, თუ მოსწავლეებს დავალების შესრულებისთვის ფიქსირებულ დროს გამოვუყოფთ. მთელ კლასთან ან ჯგუფურად მუშაობისას საკმარისია 4-5 წუთი, ხოლო ინდივიდუალური მუშაობისთვის დრო მეტი უნდა იყოს. (დროის ლიმიტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მომზადებულნი არიან მოსწავლეები და რა სირთულის თემას ან ტექსტს განიხილავენ ისინი).
  • ანბანური გონებრივი იერიშის მომზადებისას საჭიროა მოსწავლეებმა დაიცვან სიჩუმე და მხოლოდ განხილვის დროს გამართონ დისკუსია.
  • დაკვირვება – მოსწავლეთა შეფასებისას მასწავლებელი უნდა დააკვირდეს: ვინ რამდენი აზრის ჩამოყალიბება მოახერხა და რამდენად შემოქმედებითი და ადეკვატური იყო ეს აზრები.

მეხუთე ეტაპი:

ანბანური გონებრივი იერიშის შედეგები შესანიშნავ მასალას იძლევა როგორც მოსწავლეთა სადისკუსიოდ (თუ მათთან ერთად განვიხილავთ ამ სტრატეგიის შედეგებს), ასევე მათი შესაძლებლობების გასაანალიზებლად. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მასწავლებელმა შემდეგი კითხვები დასვას: რომელი საკითხები ჩაინიშნეს მოსწავლეებმა? რა დასკვნები გამოიტანეს? რა გამორჩათ?

სხვა ვარიანტები:

  • შეჯიბრება – მასწავლებელს შეუძლია მოაწყოს შეჯიბრება ჯგუფებს შორის, თუ ვინ უფრო მეტ ფრაზას (ანბანის მიხედვით) ჩამოწერს გარკვეული დროის განმავლობაში.
  • ანბანის მხოლოდ ნაწილი – მასწავლებელს შეუძლია ანბანის მხოლოდ ნაწილის მიხედვით ჩამოაწერინოს მოსწავლეებს ფრაზები. მას შეუძლია ანბანი სამ ან ოთხ ნაწილად დაყოს და თითოეულ ჯგუფს დაუნაწილოს.
  • ზეპირი გონებრივი იერიში – მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ანბანური რიგის მიხედვით მოსთხოვოს შესაბამისი ფრაზების დასახელება. პირველმა მოსწავლემ ასო- ბგერა „ა“ – თი უნდა დაიწყოს წინადადება, მეორე მოსწავლემ – „ბ“-თი და ა.შ.

 

„დიდი ფურცელი“

ეს სადისკუსიო სტარტეგია ეხმარება მოსწავლეებს ღრმად შეისწავლონ ისტორიული თემა ან მოვლენა. „დიდი ფურცელი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ნაკლებად მონაწილეობს სიტყვიერ დისკუსიებში და გაკვეთილებზე ნაკლებად აქტიურობს.

წერისა და სიჩუმის გამოყენებით, ეს სტრატეგია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მშვიდად და ღრმად ჩაწვდნენ განსახილველ მოვლენას.  წერილობითი „საუბრის“ მეშვეობით, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ყურადღებით გაეცნონ  თანაკლასელთა მოსაზრებებს. ამრიგად, ეს მეთოდი ქმნის ვიზუალურ დოკუმენტს მოსწავლეთა აზრებისა და  შეკითხვებისა, რომლებიც შესაძლებელია მომავალშიც იქნას გამოყენებული. სტატეგიას „დიდი ფურცელი“ შეუძლია ჩართოს სასწავლო პროცესში ის მოსწავლეები, რომლებიც სავარაუდოდ არ მიიღებენ მონაწილეობას ვერბალურ დისკუსიაში. ამ მეთოდის რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ, მოსწავლეთა თვითდაჯერებულობა, სწავლის მოტივაცია და სასწავლო უნარები აშკარად პროგრესს განიცდის.

პირველი ეტაპი:

მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს იმგვარი განსახილველი მასალა, რომელიც მოსწავლეთათვის საინტერესო იქნება. ამ მასალაში იგულისხმება შეკითხვები, ციტატები, ისტორიული დოკუმენტები, ამონარიდები რომანებიდან, ლექსები ან სხვადასხვა სახის მატერიალური ძეგლები (ფერწერული ტილოები, ფოტოები, ქანდაკებები, ბარელიეფები, არქიტექტურის ნიმუშები და სხვა). მოსწავლეთა ჯგუფებს სადისკუსიოდ ერთი და იგივე მასალას ვუნაწილებთ, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, შესაძლებელია განსხვავებული მასალა დავურიგოთ, რომლებიც ერთ ისტორიულ თემას განეკუთვნებიან.  სტრატეგია ყველაზე კარგად მუშაობს მაშინ, თუ მოსწავლეები წყვილებში ან ტრიადებში არიან განაწილებულნი. მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა მოსწავლეს აქვს კალმისტარი ან მარკერი, რაც დაკვირვებასა და წერილობით კომუნიკაციას ბევრად აადვილებს. ამასთანავე, ყოველ ჯგუფს უნდა ჰქონდეს საკუთარი დიდი ფურცელი (უმჯობესია ფლიფჩარტის ფურცელი), რომელზეც დაეტევა როგორც წერილობითი „საუბარი“, ასევე სხვადასხვა სახის კომენტარები. ფურცლის შუაში იწერება განსახილველი მასალა (თუ ამონაბეჭდია, შესაძლებელია უბრალოდ დავაწებოთ ან მოვათავსოთ), რომლის ირგვლივაც უნდა გაიმართოს წერილობითი დისკუსია.

მეორე ეტაპი:

მასწავლებელმა  წინასწარ უნდა გააფრთხილოს კლასი, რომ ეს აქტივობა წარიმართება  სიჩუმეში, კომუნიკაცია მოსწავლეებს შორის წარიმართება წერილობითი ფორმით. მათ შეუძლიათ აქტივობის დამთავრების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში (მასწავლებლის მიერ მითითებულ დროში)  ისაუბრონ.  სამუშაო პროცესის დაწყების წინ, მასწავლებელმა კიდევ ერთხელ უნდა გაუმეორეს მოსწავლეებს ინსტრუქციები და დაუსვას შეკითხვა: „ხომ არ აქვს ვინმეს დამატებითი კითხვა?“,  რათა აქტივობის განხორცილებისას აღარ გაჩნდეს შეკითხვები და არ დაირღვეს სიჩუმე.

მესამე ეტაპი:

ყოველ ჯგუფს ურიგდება ერთი დიდი ფურცელი, ხოლო თითოეულ მოსწავლეს კალამი ან მარკერი. ჯგუფები კითხულობენ ტექსტს (ან უყურებენ გამოსახულებას) ჩუმად. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტს, ისინი სვამენ შეკითხვებს და ურთავენ კომენტარებს განსახილველ ტექსტს (ტექსტის ირგვლივ), რომლებსაც დიდ ფურცელზე ათავსებენ.  წერილობითი „საუბარი“ უნდა დაიწყოს ტექსტის ირგვლივ, თუმცა, თუ ჩათვლიან საჭიროდ,  შესაძლებელია მოსწავლეებმა დროებით გადაუხვიონ  თემას. თუ ჯგუფის ერთი მოსწავლე წერს შეკითხვას, მეორე წევრს შეუძლია პასუხი გასცეს ამ შეკითხვას. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ ჯგუფის რომელიმე წევრის შეკითხვას ხაზებით დაუკავშირონ მათი კომენტარები. დიდ ფურცელზე გააკეთონ სხვადასხვა სახის ჩანაწერები, რომელიც თემას ეხება და სხვა. ეს აქტივობა 15 წუთზე ნაკლები არ უნდა გაგრძელდეს.

მეოთხე ეტაპი:

საკუთარ დიდ ფურცელზე მუშაობის შემდეგ, მოსწავლე ტოვებს თავის ჯგუფს და გადადის სხვა ჯგუფში. ის აკვირდება მათ ნამუშევარს და ტოვებს შეკითხვებს, კომენტარებს და ჩანაწერებს ამ ჯგუფის დიდ ფურცელზე. ამით მოსწავლე ეხმარება მეორე  ჯგუფს პრობლემის უკეთ დანახვაში. ასე შეუძლიათ მოსწავლეებს „მოიარონ“ სხვადასხვა ჯგუფები. ამ შემთხვევაშიც მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეოთხე ეტაპის ხანგრძლივობა, თემის სირთულისა და მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

მეხუთე ეტაპი:  

სიჩუმე ირღვევა. მოსწავლეები უბრუნდებიან საკუთარ დიდ ფურცლებს და  ყურადღებით ეცნობიან სხვა ჯგუფის წევრთა კომენტარებს, შეკითხვებსა და ჩანაწერებს. იწყება დისკუსია. ახლა ისინი არიან თავისუფლები და შეუძლიათ ხმამაღლა გამოთქვან მოსაზრებები როგორც საკუთარი ტექსტის (გამოსახულების) , ასევე სხვა ჯგუფების ნამუშევრების, მათ მიერ მიცემული კომენტარებისა და სხვების მიერ დიდ ფურცელზე გაკეთებული  ჩანაწერების თაობაზე.  ამის შემდეგ, მასწავლებელს შეუძლია გამოარჩიოს ის შეკითხვები და კომენტარები, რომლებიც მისი აზრით ორიგინალური და საინტერესოა და დაუსვას მათ ავტორებს შეკითხვები.

მეექვსე ეტაპი:

დასასრულ,  შემაჯამებელი საუბარი იწყება მთელ კლასთან. ეს საუბარი შეიძლება დაიწყოს მარტივი შეკითხვით: რა ისწავლეთ მუშაობის პროცესში? ამგვარი გასაუბრება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს უფრო ღრმად ჩაწვდნენ განსახილველი წყაროს იდეებსა და არსს, კარგად გაიაზრონ დიდ ფურცლებზე გამოთქმული მოსაზრებები.  შესაძლებელია საუბარი შეეხოს ამ სტრატეგიის დადებით და უარყოფით მხარეებსაც, კერძოდ, რამდენად რთულია ან კომფორტულია ჩუმი (წერილობითი) დიალოგი.

სხვა ვარიანტები:

  • შესაძლებელია ამგვარი სტრატეგია თაბახის ფურცელზეც განვახორციელოთ. ამისთვის საჭიროა ფურცლის ცენტრში განსახილველი ფრაზის, შეკითხვის ან ციტატის დაწერა. ხშირად მასწავლებლები ამგვარ 4 ან 5 ფრაზას წერენ თითოეულ ფურცელზე (ეს ფრაზები ერთ თემას ან მოვლენას უნდა გამოხტავდნენ) და ამ ფურცლებს ჯგუფებს ურიგებენ. ჯგუფში ერთი მოსწავლე იწყებს ამ ფრაზის კომენტირებას, შემდეგ გადააწვდის მარცხნივ ან მარჯვნივ ჯგუფის სხვა წევრს. ასე გრძელდება მანამ, სანამ  ფურცელი არ შემოივლის მთელ ჯგუფს.
  • შესაძლებელია თითოულ ფუცელზე რამდენიმე ფრაზა ჩამოიწეროს და ყველა ჯგუფს ერთი და იგივე შინაარსის ფრაზა, შეკითხვა ან ციტატა დაურიგდეთ. ამგვარი აქტივობის შემთხვევაში, სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები უცვლიან ერთმანეთს საკუთარ ნამუშევრებს. ასე ტრიალებს ფურცლები ჯგუფებს შორის იქამდე, სანამ ყველა ჯგუფი არ გაეცნობა სხვათა ნამუშევრებს. ამის შემდეგ იმართება დისკუსია.

რას ვუყუროთ საახალწლოდ

0

უკაცრავად. ამ წერილს უნდა ერქვას, რას ვუყუროთ ნაახალწლევს.

ჩვენთან ახალი წლის აღნიშვნა თითქმის ერთ თვეს გრძელდება. გონებას თუ დავძაბავ, გავიხსენებ ხუთ-ექვს შემთხვევას, როცა თებერვალშიც კი მომილოცეს ახალი წელი. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს საახალწლო სუფრიდან თავი ჯერაც არ აუწევია; იქნებ თქვენი ქვაბების ძირზე ჯერაც შემორჩა საცივის წვენი და ინდაურის ფრთა. ამიტომაც, სასხვათაშორისოდ გეტყვით, რომ 2017 დადგა, სადაცაა პირველი თვეც მიილევა და რია-რიამ, რომლის მოწყობაშიც ბღუჯა ფული დახარჯეთ – ჩაიარა. სამწუხაროდ, 31 დეკემბერს შაბათი დღე მოუწია და საახალწლო ეიფორიიდან სწრაფად მოგვიწია გამოსვლა. სამშაბათს უკვე სამსახურებში ვიყავით და ვცდილობდით სამუშაო განწყობა დაგვებრუნებინა. უფრო სწორად, კი არ დაგვებრუნებინა, ქეჩოში ჩაგვევლო და წინა წლიდან გადმოგვეთრია.

დღესასწაულების აღსასრულის აღიარება ძალიან გვიჭირს ხოლმე. ეს  იქიდანაც ჩანს, რომ ხანდახან, ამ დღესასწაულის ტყუპისცალს ვიგონებთ. მაგალითად, ორჯერ აღვნიშნავთ ახალ წელს ან ერთ წმინდანს წელიწადში ორჯერ მოვიხსენიებთ – ერთხელ გაზაფხულზე, მეორედ ზამთარში. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ძლივძლივობით შექმნილი განწყობის დათმობა გვენანება. ცხადია, ძლივს, ხელოვნურად შექმნილ კარგ განწყობაზე მობღაუჭებაში ცუდი არაფერია, მითუმეტეს, თუკი ეს განწობა შენს ყოველდღიურ საქმეს წაადგება.

რას ვაკეთებ ხოლმე, როცა საახალწლო განწობა მიდის, მე კი მინდა, რომ ერთხანსაც მიერთგულოს? – ვრთავ ფილმს „Love Actually“.

გო1

მეტყვით, რაღა დროს ეგ ფილმია, აგერ, თუ სიყვარული გინდა, „La La Land“-ი გამოვიდა, უყურე, შეიყვარე, იტირე, იმღერე, ჩაეხუტე, იცეკვე და იცინე, შენი საახალწლო განწყობაც ეგ იქნება და სააღდგომოცო. შეიძლება მართლები ხართ, მაგრამ არსებობს ფილმები, რომლებიც წნევის ან გულის წამლების ფუნქციას ასრულებენ – კონკრეტულ მომენტებში სწორედ ის უნდა მიიღო, რადგანაც შენი ორგანიზმი სწორედ მის კეთილთვისებიანობასაა ნაჩვევი. ასეა ჩემთვის „Love Actually“.

თუკი მარინა ბერიძესთან გვერდით, სუფრაზე თფილისი იჯდა, ამ ფილმში, ზის ბრიტანეთი მთელი თავისი სიკეთეებით – ეშხიანად ყურისმომჭრელი აქცენტით, სულმნათი ალან რიკმანის დაუვიწყარი ხმის ტემბრით, ზომიერად უნიჭო ჰიუ გრანტის ტრადიციული დაბნეულობით, ლიამ ნისონის მამობრივი ზრუნვით, კოლინ ფერტის გმირებისთვის დამახასიათებელი გამაღიზიანებელი სიტყვაძუნწობით, ბილ ნაის ამაძიგძიგებელი Christmas is all around-ით, იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მარტინ ფრიმანის მოუხელთებლობით.

გო2

ეს ფილმი ზარდახშაა, რომელშიც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მოიძებნება სამკაული. აქ პატარ-პატარა ან დიდ-დიდი სიყვარულის ამბებია, რომლებიც თხელი, შეუმჩნეველი ძაფითაა ერთად აკინძული. მე ამ ფილმში ვხედავ საკუთარ თავს, ვხედავ ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, ნათესავებს, მეზობლებს, გხედავთ თქვენ. მთავარია, რომ ეს, ხან ჯადოსნური, ხან კი ჩვეულებრივი სიყვარულის ამბები, ხდება ახალ წელს, როცა საკუთარ თავს ვაიძულებ ახალი მიზნები დავისახო და მათი განხორციელებისთვის ძალა ვიპოვო.

იპოვეთ თავში ძალა, რომ სამსახურიდან შინ მიბრუნებულს არ დაგეზაროთ, საძიებო ველში ლათინური ასოებით ჩაწეროთ Love Actually და წახვიდეთ ბრიტანეტში. სამწუხაროდ, სულ რაღაც 136 წუთით.

ალბომი ახალგაზრდობისთვის

0

მეოცნებე კომპოზიტორს რობერტ შუმანს ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრს წერდა მათთვის. „დიდებისა“ და „ბავშვებისთვის“ განკუთვნილ მუსიკას შორის ის მკაფიო ზღვარს არ ავლებდა და ერთნაირად აქსოვდა მათში მუსიკალურად მდიდარ შინაარსს.

საბავშვო საფორტეპიანო ლიტერატურას, კერძოდ, კრებულებს „საბავშვო სცენები“, „12 პიესა პატარა და დიდი ბავშვებისთვის“, „საბავშვო მეჯლისი“ და „ალბომი ახალგაზრდობისთვის“, წამყვანი როლი ენიჭება შუმანის შემოქმედებაში, თავად ამ უკანასკნელს კი საბავშვო რეპერტუარში დამსახურებულად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი.

ალბომში შემავალი პიესები ზედმიწევნით ითვალისწინებს პატარა მუსიკოს-შემსრულებელთა შესაძლებლობებს. შუმანი მათში ბავშვების მხიარულ და გასაოცარ, ზღაპრულ სამყაროს გადმოსცემს.

შუმანის საბავშვო მუსიკა და ნაწილობრივ – „ალბომი ახალგაზრდობისთვის“ საკმაოდ განსხვავდებოდა იმ დროის საბავშვო მუსიკალური ლიტერატურისგან უჩვეულო სირთულით, გულწრფელობით, აღმაფრენით, სიფაქიზითა და პროგრამულობით. „პიესები, რომელებსაც ბავშვები უნდა სწავლობდნენ, ძალიან უხარისხოა“, – წერდა კომპოზიტორი ერთ-ერთ ჩანაწერში. მას მოაფიქრდა, შეექმნა და გამოეცა კრებული ბავშვებისთვის. კრებულის შექმნის ისტორიას მჭიდრო კავშირი აქვს კომპოზიტორის მამობრივ მუსიკალურ-აღმზრდელობით ცდასთან. ეს ის დროა, როდესაც მისი შვილები მუსიკის შესწავლას იწყებენ. პირველი საფორტეპიანო პიესები შუმანმა უფროსი ქალიშვილის მარიას დაბადების დღის (1848 წლის 1 სექტემბერი) აღსანიშნავად დაწერა. სწორედ ეს ნამუშევრები დაედო საფუძვლად კრებულს „ალბომი ახალგაზრდობისთვის“.

ეს „მოწიფული“ საბავშვო კრებული, რომელსაც ატყვია შუმანის სტილისთვის დამახასიათებელი სიღრმე და ორიგინალობა, სავსებით მისაწვდომია ბავშვებისთვის. ალბომი, მასში წარმოდგენილი ფართო ინტონაციური სამყაროთი, სამართლიანად მიიჩნევა კომპოზიტორის ყველაზე უნივერსალურ ნაწარმოებად. უბრალოებითა და გამჭვირვალობით გამორჩეული კრებული აგებულია სერიოზულობისა და თამაშის კონტრასტზე. „ალბომი ახალგაზრდობისთვის“ მოიცავს 2 რვეულს 43 პროგრამული პიესით. პირველი რვეული პატარებისთვის არის განკუთვნილი. რვეულში შემავალ პიესებს საერთო ტონალობა – დო მაჟორი აერთიანებს. მეორე რვეული კი, რომელიც სამი უსათაურო ლირიკული პიესისგან შედგება, მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი. ალბომში თავმოყრილ „მუსიკალურ ნოველებს“ იმ მრავალფეროვან სამყაროში შევყავართ, რომლითაც გარემოცულია ბავშვი. ეს არის სახლი, საბავშვო ოთახი, ბუნების სურათები, სოფლის სცენები და ა.შ.

გაკვეთილზე მეცადინეობის ნიმუში:

ყოველი შეცნობა აღქმით იწყება, ამიტომ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ბავშვებს მუსიკის მოსმენა ვასწავლოთ. თანდათან შევაჩვიოთ მუსიკალური ნაწარმოების ხასიათის, ჟანრული განსაკუთრებულობის, ფორმის წარმოქმნის მომენტების განსაზღვრას, მუსიკალური ენის გაგებას.

სოლფეჯიოს პროგრამა მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზს ითვალისწინებს. განიხილება ნაწარმოების ხასიათი, ფრაზების რაოდენობა, კილო, აღმავალი და დაღმავალი საფეხურებრივი სვლები, მყარი და მერყევი საფეხურების მოძრაობა, ზომა, ტემპი, რიტმი, მაჟორული და მინორული სამხმოვანების განსაზღვრა, ტონიკური სამხმოვანების, ინტერვალებისა და დინამიკური შეფერილობების ამოცნობა და ა.შ

დღეისთვის შევარჩიე რობერტ შუმანის მეტ-ნაკლებად ადვილად ამოსაცნობი პიესა „მამაცი მხედარი“. სასწავლო-მეთოდური მიზნით ის უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.

უპირველეს ყოვლისა, მოვისმინოთ და გამოვიცნოთ, როგორი ხასიათია გადმოცემული მუსიკით და რას მოგვითხრობს ეს პიესა. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მუსიკას საკუთარი ენა აქვს და ის ბგერებით „ჰყვება“.

ბავშვებს მარტივად ავუხსნათ, რომ პიესა „მამაცი მხედარი“ სწრაფია, ენერგიული, მხიარული, ლაღი, გაბედული; მამაცი მხედარი დაბრკოლებათა გადალახვით უშიშრად მიაქროლებს ცხენს. ამის შემდეგ პიესა კიდევ ერთხელ მოვასმენინოთ. ყურადღება მივაქციოთ რიტმსა და ტემპს.

საინტერესო მოსასმენი იქნება ბავშვების პასუხი კითხვაზე, რატომ ჰქვია პიესას „მამაცი მხედარი“. მოსმენით მიღებული შთაბეჭდილება ბავშვების წარმოდგენაში აუცილებლად დაუკავშირდება ცხენის სწრაფი ქროლას და ჩლიქების თქარუნს. მათ ასევე უნდა დაადგინონ, იცვლება თუ არა პიესაში მუსიკის ხასიათი და რამდენ ნაწილად შეიძლება დაიყოს ის. თუ სწორი პასუხი ვერ მივიღეთ, ავუხსნათ, რომ პიესის დასაწყისში და დასასრულს მუსიკა ერთნაირია – ენერგიული, გამბედავი, ხოლო შუაში ჟღერადობის შეფერილობა იცვლება; ის მღელვარე და მოუსვენარია, ვინაიდან მხედარს საფრთხეებთან გამკლავება უწევს. შესაბამისად, პიესა 3 ნაწილისგან შედგება.

ახლა გადავხედოთ მუსიკალურ გამომსახველობით ხერხებს. ერთმანეთისგან განვასხვაოთ წყვეტილი ჟღერადობა, მახვილები, ტემპი, რეგისტრი, დინამიკა.

მასწავლებლებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ, შუმანისავე პიესების „მელოდიისა“ და „მარშისგან“ განსხვავებით, „მამაც მხედარში“ პატარა მუსიკოსის საშემსრულებლო ამოცანა რიტმის (ტრიოლური) თვალსაზრისით უფრო რთულია. აქ, ერთი მხრივ, აკორდებში ხელების სწრაფი კოორდინაცია და დინამიკური ბალანსი მოითხოვება, მეორე მხრივ კი – დომინირებულ სტაკატოებთან ერთად აქა-იქ გადაბმით დაკვრა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მელოდიასა და აკომპანემენტს შორის ჟღერადობის ბალანსის მიღწევა.

პიესას მარტივი სამნაწილიანი ფორმა აქვს ზუსტი რეპრიზით. შუა ნაწილში მელოდია და აკომპანემენტი „სივრცის“ შეგრძნებას ბადებს. მინიატურის მთავარი სახე მხედრის „პორტრეტია“ – გმირის აღფრთოვანება საკუთარი თავგანწირვით, სიმამაცითა და მოხერხებულობით. მხედრის სახისა და ემოციური ატმოსფეროს შესაქმნელად კომპოზიტორი ძალზე ზუსტად არჩევს გამომსახველობით ხერხებს.

დაწერილია 6/8 ზომაში, მინორულ ტონალობაში. მოტივები ერთმანეთზეა „გადაჯაჭვული“ და შეუჩერებელი რიტმული პულსაციით მიქრის. სწრაფი, მოუსვენარი ტემპით აკომპანემენტის წყვეტილი აკორდები გადმოსცემს ნახტომისებურ რიტმს. მელოდია ზევით, კულმინაციისკენ მიისწრაფვის. მელოდიური ხაზის საფუძველში ჩადებული აღმავალი კვარტებით სვლა დამახასიათებელია შუმანის მუსიკისთვის.

მეოთხედებზე მითითებულ sforzando-ს მოკლე ლიგებთან შეხამებით უთანაბრობისა და ბიძგების შეგრძნება შეაქვს საერთო მოძრაობაში. ასეთი აქტიური და ოპტიმისტური განწყობა მცირეწლოვან მუსიკოსზე ძალზე დადებით გავლენას ახდენს.

განვიხილოთ მეორე პიესაც – „ჯარისკაცის მარში“. ის დაწერილია მარტივი სამნაწილიანი ფორმით ყველა ნაწილის გამეორებით. პიესა ნათელი, მხნე, ენერგიული და შეუპოვარი ხასიათისაა. სათაურის არცოდნის შემთხვევაშიც კი ნაწარმოების ჟანრის (მარში) ამოცნობა ადვილია – მასზე მიუთითებს ზომა 2/4, პუნქტირული რიტმი და მწყობრი ნაბიჯის ტემპი. ამავე დროს, გვაოცებს მარშისთვის ნაკლებად დამახასიათებელი მსუბუქი, სკერცოზული, თითქმის საცეკვაო ხასიათი.

სისადავითა და ბუნებრიობით გამორჩეულ მელოდიას არ ახასიათებს ნახტომები, ჭარბობს საფეხურებრივი მოძრაობა აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით, რაც მელოდიური ტალღების ასოციაციას იწვევს. ქვედა ხმაში მელოდიის დუბლირება ინტერვალ დეციმაში მიმდინარეობს. ნაწარმოებზე მუშაობისას უნდა ვეცადოთ, დანაწევრებისკენ მიდრეკილმა პაუზებმა ხელი არ შეგვიშალოს ფრაზის გამთლიანებაში.

პიესის უცვლელი, თანაბარი ხასიათის გამო ნაგებობაში მელოდიური კულმინაცია არ გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ორ – მეორე ოქტავის მი (e 2) და სოლ (g 2) – მწვერვალს. მთლიანობაში პიესა არ შეიცავს კონტრასტულ სახეებსა და თემებს.

ამ პიესის ანალიზის შემდეგ პარალელების გასავლებად სასურველია ამავე ჟანრის სხვა პიესებიც განვიხილოთ.

***

შუმანის 1848 წელს გამოცემული „ალბომი ახალგაზრდობისათვის“ დღემდე მიიჩნევა პედაგოგიური რეპერტუარის უბადლო ნიმუშად და მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საბავშვო ენციკლოპედია“.

უნდა ითქვას, რომ ჩაიკოვსკიმ არა მხოლოდ მაღალი შეფასება მისცა ამ კრებულს, არამედ თავადაც შექმნა შესანიშნავი „საბავშვო ალბომი“. კომპოზიტორი წერდა: „მსურს, შევქმნა პატარა, მსუბუქი პიესების წყება მიმზიდველი სათაურებით, როგორებიც აქვს შუმანს“.

იმედი დავიტოვოთ, რომ პედაგოგების მზერა მუდამ იქნება მიმართული რობერტ შუმანის აღმზრდელობითი დანიშნულების მდიდარი შემოქმედებისკენ.

პინგ-პონგი

0

ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში, ერთი ოთხსართულიანი შენობა იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავატარე იქ და სოფლის სასაფლაოთი დაწყებული, თითოეული ოჯახით დამთავრებული, გარშემო ყველაფერი მოვლილი მქონდა, იმ შენობაში არასდროს შევსულვარ. სკოლის გვერდით იდგა, სულ რაღაც ასიოდე მეტრის დაშორებით. სკოლა ერთსართულიანია, შორიდან გეგონება, მიწითაა აშენებული; ახლოს მისული, ხვდები, რომ უცნაური ფერის ბლოკითაა ნაგები, მეტალოპლასტმასის ფანჯრები აქვს და იფიქრებ, შიგნითაც იქნება რამე სასწავლო სიკეთეებიო, მაგრამ შესვლისთანავე ამოჩრილ ფიცარს წამოსდებ ფეხს და სამასწავლებლოში შევარდები.

იქ ორი-სამი ახალი კარადა დგას, ერვანდ ვარდერესიანმა, სერგო აპინიანმა და მე რომ ავაწყვეთ და ადგილი მივუჩინეთ. ოთახი, სადაც ინფორმატიკის გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს, ჩაკეტილია. იქ ღუმლის დადგმა შეუძლებელია და მუდმივად ყინავს.

სკოლის გვერდით მდგარ დიდ შენობაზე ვსაუბრობდი… არ მახსოვს, რა იყო იქ საბჭოთა პერიოდში, რისთვის ააშენეს, მაშინ კი, როცა იმ სოფელში ვმუშაობდი, მეორე სართულზე მხოლოდ ბილიარდისა და პინგ-პონგის თითო მაგიდა იდგა და თბილ დღეებში თამაშობდნენ სოფლის ახალგაზრდები.

იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი, ის დიდი შენობა რამდენჯერმე გარემონტდა. ჯერ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს, მერე, შიგნითაც მოაწყვესო, ამბობდნენ, თუმცა დანიშნულება არაფერი ჰქონდა, გარდა იმ ერთი ოთახისა, სადაც სათამაშოდ იკრიბებოდნენ.

მერე ვიღაცები იძახდნენ, ასე ფული კეთდება – წერენ ხარჯებს, რომ მთლიანად რემონტდება, ცოტას გააკეთებენ, დანარჩენს კი ჯიბეში იდებენო. მე ეს ამბები არ ვიცი და არც შეთქმულების თეორიებს ვიჯერებ ადვილად, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუნდაც მთელი მუნიციპალური ხარჯი უკანასკნელ თეთრამდე მოხმარებოდა პროექტით გაწერილ სამუშაოებს, ასე დახარჯული ფული მაინც წყალშია გადაყრილი.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვა რეგიონებში, სოფლებსა და დაბებშიც უაზროდ, უმიზნოდ იხარჯება თანხები, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა შეიძლება საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის გადაანაწილონ. იქ, კარწახში, ჩემი მოსწავლეები ისე ამთავრებდნენ სკოლას, რომ ზოგიერთი მათგანი არათუ ქვეყნის დედაქალაქში, ახალქალაქშიც კი არ ყოფილა და როდესაც მცირე თანადაფინანსება მოვითხოვეთ თბილისში მოსწავლეთა ექსკურსიისთვის, შვიდი სკოლის მოსწავლეებისთვის მხოლოდ ერთი ტრანსპორტის გამოყოფა მოახერხეს.

ჩვენ ვაშენებთ ტაძრებს, მაღაზიებს, სახლებს, ვაკეთებთ გზებს, ვხარჯავთ ამისთვის ადმინისტრაციულ რესურსს, მაგრამ გვავიწყდება მთავარი – ადამიანების, მოსწავლეების სიკეთეებზე ზრუნვა. თანხებისა და სხვა რესურსების დაბანდება განათლებაში, ყოველდღიურობაში.

ოთხი წელია, კარწახში აღარ ვყოფილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის შენობა ისევე ისე დგას – მეტალოპლასტმასის ფანჯრებით და ბათქაშჩამოცვენილი ჭერით, სველი კედლებით. ორი-სამი მოცლილი ახალგაზრდა თამაშობს პინგ-პონგს და საუბრობს. კარგია ასეთი სივრცე, თუმცა იქვე, სულ რაღაც ასიოდე მეტრზე, სკოლაა, რომლის მოსწავლეებსაც არათუ ლეპტოპი, პროექტორი ან ფლიპჩარტი არ გააჩნიათ, აზრადაც არ მოსდით, რომ ყოველი დღე სკოლაში შეიძლება უფრო საინტერესო, მიმზიდველი და ხალისიანი იყოს და რომ მათ ამის უფლებაც აქვთ.

ჩემი სკოლის დირექტორის ძმა

0

***

წვრილი, ხორხოშელა თოვლით დაიწყო ზამთარი სოფელში. ფანჯარასთან მიდგმულ ტახტზე ძაღლივით მუხლებზე ვარ  დაყუნცული და შუბლით მინას ვებჯინები. დედაჩემის ხელით გულისმომკვლელად თანაბარი გვირისტით აკინძული სახიანი, გახამებული თეთრი ნახევარფარდა, რომელიც, მგონი, მარტო ჩვენღა გვიკიდია, თავზე მაქვს გადაფარებული და ვუყურებ, როგორ იფიფქება დეკემბერში ჯერ კიდევ გაშლილი ვარდები. ჩემ გვერდით კი, რაფაზე, დეკემბერა იგიჟებს თავს, ლამის შუშა ჩაამსხვრიოს ყვავილებით  და თოვაში გააბიჯოს. ფიფქები სწრაფად  იკიდებენ ფეხს მშრალ მიწაზე. სულ მალე ერთი შავი წერტილიც კი აღარსად მოჩანს.

***

წელს შეშის თადარიგი დროულად ვერ დავიჭირეთ.  აქამდე ძველი მოგვყვა  და სწორედ დღეს ველოდებით, ორთვალათი უნდა მოგვიტანონ. აქ ასეა, „ორთვალობით“ ან „კოლხოზნიკობით“ იზომება შეშა. თუ იმდენი ფული არ გაქვს, რომ სამხიდიანი მანქანით თავიდანვე ერთ გზად მოიტანო, მერე მთელი ზამთარი ასე უნდა იწუნწურო: თვეში ერთხელ შეიპირო ვინმე და ხან შედარებით მშრალ, ხან პირდაპირ იმ დღეს მოჭრილ ჭონჭოხ ხის  კოტრებს 50-60 ლარად მოგიტანენ სახლში. თუ ცუდი ამინდები წაეწყო, როცა ტყეში შესვლა ჭირს, უფრო მეტიც ღირს. სოფლის ოჯახების უმეტესობას, ჩვენსავით, მარტო ამ მეორეზე მიუწვდება ხელი.

Image6187

***

გარედან  ამოიღლიავებული, წინა წლიდან შემორჩენილი ხმელი შეშა შემოაქვს დედაჩემს და ქოშინით ამბობს:

– შეშას კი მოგვიტანენ, მაგრამ, ვის დავაჭრევინოთ?- უფრო თავის თავს ეკითხება. იცის, მე ამ საქმეში  ვერ დავეხმარები, სკოლის დამთავრების შემდეგ სულ წასული ვარ და თითქმის აღარავის ვიცნობ სოფელში. – ავდგები და იმ ბიჭს ვეტყვი ისევ, ჩემს ძველ მეზობელს, შარშანაც იმას დავაჭრევინე. დღიურ მუშად დადის, პატიოსანი ბიჭია, ლევანასავით არ გაგვიჯანჯლებს.

– ვინ ბიჭს, ლევანას გარდა ახალგაზრდა ვინ  მოგივა აქ შეშის დასაჭრელად? მაგასაც ისე აქვს კუდი ყავარზე გადებული, რომ არ შიოდეს, ფეხს არ მოადგამდა. მთელი დღე  ბრიოლინით გადაგლესილი ქოჩრის სწორებას  და მობილურზე ლაპარაკს უნდება. ნეტა ის მაინც გამაგებინა, ვინ ურეკავს! – დედაჩემი სინანულით მიქნევს თავს. –  ლევანას, თუ გამოჩნდა, ისე მივცეთ რამე. ის ბიჭი ვინ არის, ვისზეც თქვი, ვეტყვიო?

– ჩემი ტოლი ბიჭია. –  მეღიმება, ბიჭს რომ ამბობს, მაგრამ არ მიკვირს. მეც გოგოებად და ბიჭებად ვიხსენიებ ჩემს ორმოცს გადაცილებულ მეგობრებს და ვიცი, ასე იქნება ყოველთვის. მაგრამ დედაჩემის ნათქვამ „ბიჭზე“ რაღაც მწყდება გულში. ალბათ იმიტომ, რომ ამ „ბიჭის“ უკან, რომლის სახელიც ჯერ არ ვიცი, ბავშვი და ყმაწვილი ქალი დედაჩემი დგას, რომელიც თავისი ბავშვობის ზამთრებში ამ „ბიჭთან“ ერთად სკოლაშიც წასულა ნაქსოვი ბადით ჩანთაზე ჩამოკიდებული სამელნის კონწიალით, გზად მიმავალს მასთან ერთად უგუნდავია კიდეც და გალიპულ „საცურაოზეც“ არაერთხელ უსრიალია; და ალბათ, კიდევ იმიტომ, რომ  სწორედ ეს „ბიჭი“ და მისი ნაცნობი სხვა „გოგო-ბიჭებიღა“ დაატარებენ მოგონებებს ერთმანეთის ახალგაზრდობის წლებზე.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ***

ლამბერსექსუალი – შეუძლებელია არაფერი გსმენოდათ  2015 წლის მამაკაცური მოდის ამ ახალ  ტენდენციაზე. ლამბერსექსუალ მამაკაცს ოდნავ უხეში გარეგნობა, მოვლილი, გრძელი წვერი ჰქონდა და ფლანელის უჯრულა პერანგი ეცვა, სახელი კი ინგლისური სიტყვიდან – “lumberjack” – “შეშის მჭრელი”- მომდინარეობს. თუ მოხდა ისე, რომ ეს მოვლენა თქვენი ყურადღების მიღმა დარჩა, მაშინ იმას მაინც აუცილებლად შეამჩნევდით, ბოლო დროს ჩვენში ლამის სანთლით საძებარი რომ გახდა წვერგაპარსული ახალგაზრდა კაცი. ეს ამბავი კი იმან გამახსენა, რომ შეშის მოტანიდან რამდენიმე დღეში ჩვენს ეზოში შეიძლება ყველაზე არამოდურმა, მაგრამ, ალბათ, მაინც  ყველაზე ნამდვილმა “lumberjack”-მა შემოანათა თავისი პრიალა ნაჯახით.

***

მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი იყო. ფართოშუბლიანი. მორიდებით შემოვიდა, თვალი სწრაფად მოავლო ეზოს და  სიტყვის უთქმელად გაემართა დახვავებული კოტრებისკენ. ერთი კოხტა, საშუალო ზომის კოტრი ამოარჩია, ნაჯახის წვერით თავისკენ გადმოითრია და პირველი მოზრდილი ნაჭერი მსუბუქად, მოკლე ჩახანით ჩამოათალა. მერე მეორე მიაყოლა, მერე მესამე. ბახ, ჭახ, ჩახ… ერთმანეთს ენაცვლებოდა დაგუდული და მჭახე ხმები. დაპობილი შეშა სწრაფად მატულობდა და უსაშველოდ დიდი ზომის ყელგადაკეცილი სამხედრო  ჩექმები ნელ-ნელა წიფლისა და რცხილის თეთრ-წითელი ნაჭრების გროვაში იმალებოდა. დრო და დრო ორი-სამი წუთით შეისვენებდა, სიგარეტს მოუკიდებდა და მორზე შემოდგმულ ძლიერ მუხლზე იდაყვით დაყრდნობილი, რომაელივით გახედავდა ხოლმე ჩვენს ბებერ ლეღვს, როგორც სიწმინდეს.

***

– რა ჰქვია? –  ვეკითხები ღუმელს მიფიცხებულ დედაჩემს ჩვენს შეშის მჭრელზე და თავს  ეზოსკენ ვაბრუნებ.

– არავის გაგონებს სკოლიდან? – კითხვას მიბრუნებს დედაჩემი.

– არა, ვის უნდა მაგონებდეს?

– ირაკლი ჰქვია, შენი სკოლის დირექტორის, თემოს, ძმაა.

–  სიმაღლით კი ჰგავს.  ოღონდ თემოს უფრო რბილი ნაკვთები და ღაჟღაჟა სახე  ჰქონდა, არა?

– რა ვიცი, ფერი რაღა მახსოვს, რამდენი წელია აღარ არის, საწყალი!

– სთხოვე, იქნებ ცოტა ხნით შემოვიდეს, ან არაყი დალიოს გასათბობად, ან ერთი-ორი ლუკმა შეჭამოს.

– არ შემოვა, – თავდაჯერებით მპასუხობს, მაგრამ მაინც მიდის. ვიცი, თვითონაც უნდოდა ამის გაკეთება.

– ხომ გითხარი – სანამ შებინდდება და ყინვა მოუჭერს, დავჭრი, იქნებ დღეს მოვრჩეო, – უარით და შეფაკლული სახით ბრუნდება უკან დედაჩემი.

***

სკოლის დამთავრების შემდეგ არასოდეს გამხსენებია ჩემი სკოლის დირექტორი. უფრო სწორად, ალბათ გამხსენებია, მაგრამ რაიმე შემთხვევითობის გამო – ან მასზე ლაპარაკს მოვკარი ყური, ან მის შესახებ მკითხა ვინმემ რამე, ან მისი გვარი ამოვიკითხე სადმე… ჩემდა სამარცხვინოდ, მისი გარდაცვალების ამბავიც კი არ ვიცოდი დიდხანს.

იმას ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მახსოვდა მასზე, რომ დამავიწყდა მისი „მარადიული“ ნაცრისფერი პიჯაკი, მისი სახასიათო მანერები, სპეციფიკური მეტყველება,  ფართო შუბლი და გამორჩეული სიმაღლე, რბილი ბუნება, და, ზოგჯერ, სკოლის დერეფნებში უმიზეზოდ აწეული ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწავლეებს, და, ეჭვი მაქვს, მასწავლებლებსაც, ცოტაოდენი შიში ან მორიდება მაინც ჰქონოდათ; მისი დირექტორობის დროინდელი რამდენიმე ამბის გახსენებაც შემიძლია, თუნდაც, ჩემი კლასის გახმაურებული „დიდი გასეირნებისა“, შატალოსი, მეზობელი ლეკების სოფელში, კინაღამ ყველანი რომ გაგვრიცხეს სკოლიდან… და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ჩემი სკოლის დირექტორი  მაინც არასოდეს გამხსენებია…

***

…ჩვენ რომ სკოლაში, ვინ მოთვლის, რამდენჯერ, ერთ გზაზე მიმავლებს ერთხელ მაინც გვერდიგვერდ „თანასწორი“ ადამიანებივით გვევლო და არა ქუჩის სხვადასხვა მხარეს, როგორც უცხოებს, როგორც უფროსსა და უმცროსს, ჩვენ რომ ერთხელ მაინც, ერთად გაგვეკვალა დილით ჩვენს ქუჩაზე ფეხდაუკარებელი თოვლი, ან ის რომ წინ წასულიყო, თავისი დიდი ფეხსაცმელებით, მე კი მის ნაკვალევში ჩავმდგარიყავი, და  ამ სიარულში ჩვენს შორის ასეთი „არაფრის მომცემი“ დიალოგი გაბმულიყო:

– მე: რამხელა თოვლი მოვიდა, არა, მას!

– დირექტორი: აბა!.. მიყვარს დიდი თოვლი. ჩემს ბავშვობაში ამაზე დიდიც მოდიოდა, მაგრამ  თოვლი მაშინ უფრო კარგია, თუ შეშა დამარაგებული გაქვს სახლშიც და სკოლაშიც.

– მე: სკოლაში ხომ გვაქვს  შეშა, მას.

– დირექტორი: სკოლაში ხო, სახლში ვერ მოვასწარი წელს მოტანა.

– მე: თქვენ ციგით სრიალებდით ხოლმე, მას, ბავშვობაში?

– დირექტორი: როგორ არა, ჩემი ხელით გაკეთებული ციგა მქონდა, სამი-ოთხი ბავშვი ვეტეოდით ზედ.

– მე: ძნელია, დირექტორობა, მას?

– დირექტორი (თვალს მიკრავს): ადვილი არ არის, სცადე თუ გინდა, დიდი რომ გახდები…

მერე, შენობაში შესვლის წინ, ერთი რბილი გუნდა რომ ესროლა ჩემთვის, თოვლიანი ფეხები ერთად რომ დაგვეფერთხა დერეფანში და მეორე სართულზე, იმას თავისი კაბინეტისკენ გაეხვია ღიმილით, მე კი ჩემი კლასისკენ კმაყოფილს გამეგრძელებინა გზა…

გამახსენდებოდა, აუცილებლად გამახსენდებოდა!..

***

ირაკლის დაჭრილი შეშა გადახურულში  დავაწყვეთ მე და დედაჩემმა, ქვიტკირის კედელს  მეორე, შეშის კედელიც ავაყოლეთ. მერე მე ფოტოც გადავიღე ამ კედლის ფონზე და ფეისბუკში დავდე. წინასწარ ვიცი, ბევრი მოწონება ექნება, ჩემ გამო არა, სიგრძე-სიგანეზე მართლა კოხტად დაწყობილი შეშის გამო.

მეც მიყვარს შეშის დაჭრა. სოფელში ისე არ ჩავალ, გასართობად, ანუ „ხილად“, როგორც დედაჩემი ამბობს, ჩემი დაჭრილი ერთ-ორი ნაჭერი არ შევუკეთო ღუმელში. შეიძლება თქვენც შეგიყვარდეთ, თუ ერთხელ მაინც უყურეთ, როგორ ოსტატურად ჭრიან ირაკლისნაირი ნამდვილი “lumberjack”-ები შეშას. მთავარია, უკოჟრო, საშუალო ზომის კოტრი  აირჩიოთ, მიწაზე მოხერხებულად დადოთ, დასარტყმელი ადგილი თვალით  წინასწარ მოინიშნოთ და მაღლა აწეული ნაჯახი შეძლებისდაგვარად ძლიერად და მყარად დაუშვათ ზევიდან. ვინ იცის, იქნებ მერე ამ ამბავმა თქვენც გაგახსენოთ რაიმე ძველი ისტორია, ან ვინმე დიდი ხნის დავიწყებული ადამიანი. სულაც არ არის აუცილებელი, ის თქვენი სკოლის დირექტორი იყოს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...