სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

მუსიკა, როგორც სასწავლო რესურსი

0

ადამიანის ცხოვრებაში მუსიკას რომ საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, ამაზე აღარავინ კამათობს. ადრე მუზიცირებით თავის მოწონება ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარების საკმაოდ გავრცელებული ხერხი გახლდათ (ამინდზე საუბარს ნამდვილად სჯობდა მომღერალი თუ აკომპანიატორი ქალბატონების მოსმენა). დღეს კი მუსიკა სმენის დამატკბობელ საშუალებაზე ბევრად მეტია ადამიანებისთვის.

სასწავლო რესურსად მუსიკის გამოყენება საკმაოდ ხშირად მიწევს, რასაც პროგრამული მასალის თემატიკა განაპირობებს. მაგალითად ავიღოთ იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“. როგორ დავარწმუნოთ მსმენელი იავნანას ჯადოსნურ ძალაში, თუ არ მოვასმენინებთ მას?! სახელმძღვანელოებში ხშირად გვხვდება ფოლკლორული ტექსტები, რომლებიც ბევრჯერ დაუმღერებიათ ფანდურსა თუ სალამურზე და მათ მუსიკალურ ვერსიასაც სიამოვნებით გაეცნობოდნენ მოსწავლეები.

თავის მხრივ, მუსიკა  საკმაოდ მიმზიდველ მოტივატორს წარმოადგენს. აკაკისა და ილიას, გალაკტიონისა თუ ანა კალანდაძის ამღერებული პოეტური ნიმუშები უფრო ადვილად აღწევს პატარა მკითხველების გულამდე. მეტიც, სიმღერით ლექსის დასწავლა საკმაოდ ეფექტური და სახალისო მეთოდია, თუმცა უცხო ენების გაკვეთილზე მას უფრო ხშირად იყენებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს ლექსის გააზრება. ერთ-ერთ მიზეზს ისიც წარმოადგენს, რომ დრო გადის და პოეზიის ენა თანამედროვე მოზარდისთვის უფრო რთული გასაგები ხდება. მუსიკა კი ამ მიმართულებითაც ეფექტურ დამხმარე რესურსს წარმოადგენს. მაგალითად მოვიტან ერთ-ერთ გაკვეთილს, რომელიც ლექსის მუსიკას, ე.წ. ამღერებულ პოეზიას დაეთმო.

გაკვეთილის თემად „ამინდის მუსიკა“ ავირჩიე. ლექსის სტრუქტურული მახასიათებლების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ მთავარ სათქმელსაც მივადექით:

„ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ,
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ…“

ჯერ ლექსი წავიკითხე. როგორც ყოველთვის, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ქარივით პირდაპირი, დამანგრეველი მონატრების ფონზე აჟღერებულმა სამსამმარცვლედი სუნთქვის მუსიკამ. შემდეგ გია ყანჩელის შესანიშნავი კომპოზიციის მოსმენის დრო დადგა:

კლასში ლექსისა და მისი მუსიკალური ვერსიის გარშემო პატარა დისკუსიაც გაიმართა. მოსწავლეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ შორის ყველაზე დიდი განსხვავება განწყობაშია. ლექსს „მინორი“ ბოლომდე მიჰყვება, ბატონი გია კი ლექსში გამომწყვდეულ უიმედობის ქარს გეზს უცვლის, შეიძლება ითქვას, სასოწარკვეთას სევდამდე ამსუბუქებს.

„წვიმის მუსიკა“ პოეტების საყვარელი  თემაა. მას ძალიან უხდება „სტოკატოებით“ შესრულება. აქაც გალაკტიონი მოვიშველიე:

„მოსვლას აპირებს წვიმა,

იგრძნო ღრუბლების გემმა,

გაიწკრიალა სიმმა

 შენი სახელი – ემმა“.

არც იმის აღნიშვნა დამვიწყებია, რომ წვიმაზე დაწერილი ლექსების უმეტესობა ავტორის შინაგანი სამყაროს, მისი სულიერი მდგომარეობის ანარეკლი უფროა, ვიდრე უბრალოდ „ამინდის სიმღერა“. ამ მოსაზრების დამადასტურებელი ლექსიც მზად მქონდა:

„გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.

მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,

მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები

აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.

მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს

ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,

არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს

შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს

საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….

შენ ხარ – აქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“.

(ო.ჭილაძე)

წვიმის ხმა იმ ბუნებრივ მადანს ჰგავს, რომლის პირველსახეც ისეთივე  ძვირფასია, როგორც ხელოვანის მიერ მისგან გამოძერწილი ნიმუშები. ამიტომაც წვიმიანი ლექსების მუსიკალურ გაფორმებად თავად წვიმა ავირჩიე:

ზამთარი თოვლის გარეშე ისევე არ არსებობს, როგორც – პოეზია. ამ ბოლო დროს თოვლის დანახვაზე სულ სხვა ლექსი მახსენდება („თოვლი, თოვლი. ცხოვრება მშვენიერია“ ზ.რატიანი), მაგრამ აუდიტორიის ასაკიდან და გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე არჩევანი იისფერი ბარდნაზე შევაჩერე. ამას წინათ გალაკტიონის „თოვლის“  მუსიკალური ვერსია აღმოვაჩინე. ჩემი აზრით, კომპოზიცია ლექსის ემოციურ „ამინდთან“ არც თუ ისე ახლოს დგას, თუმცა ტექსტის  საინტერესო ვარიაციას ნამდვილად წარმოადგენს:

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის მოკლე დღეებს მზე იშვიათად სტუმრობს, გაკვეთილის დასასრულად სწორედ მზიანი ამინდი ავირჩიე. მნათობი თავის მაცოცხლებელ, იმედით გაჟღენთილ სხივებს ლექსებშიაც ისევე ბარაქიანად ღვრის, როგორც რეალურ სამყაროში. თუმცა მზის სიმბოლოს სიღრმისეული კვლევა შორს წაგვიყვანდა და მზის სახლში შემოპატიჟების ამბიდან ყურადღება მხოლოდ ლექსის მუსიკაზე გავამახვილე:

„მზე შინა და მზე გარეთა,

მზევ, შინ შემოდიო.

უკივლია მამალსაო,

მზევ, შინ შემოდიო.

გათენდი, თუ გათენდები,

მზევ, შინ შემოდიო.

მზე დაწვა და მთვარე შობა,

მზევ, შინ შემოდიო…“

ეს ლექსი დიდი ხანია სხვადასხვა ხალხური ანსამბლის რეპერტუარს ალამაზებს. ამჯერად დამხმარე რესურსად ლიზა ბაგრატიონის მიერ შესრულებული კომპოზიცია ავირჩიე:

გაკვეთილის ბოლოს ერთგვარი ექსპერიმენტიც ჩავატარეთ – თავადაც  ვცადეთ ამინდის გალექსვა, ანუ მისგან გამოწვეული განწყობის ფურცელზე გადატანა. დამხმარე რესურსად  საკვანძო სიტყვები (ზამთარი, სოფელი, ტყე, სერი, თოვლი, კერია, ძაღლი, პაპა, ზღაპარი, შეშა) და ანტონიო ვივალდის „ზამთარი“ გამოვიყენეთ.  არ გეგონოთ, რომ მოსწავლეებისთვის ლექსის წერის სწავლება მინდოდა (პირადი გამოცდილება მკარნახობს, რომ გარკვეული ნიჭის გარეშე ზოგიერთი რამ არ ისწავლება). ამ აქტივობის დახმარებით მხოლოდ იმას შევეცადე, რომ თანამედროვე მოზარდებისთვის პოეზიის ენა ბევრად უფრო გასაგები და ახლობელი გამხდარიყო. წერილსაც ზემოხსენებული ექსპერიმენტის შედეგით დავასრულებ:

***

ვიხსენებ ზამთრის ნისლიან დილას,

სოფლის ეზოებს, თოვლიან სერებს,

კერიის პირას მურიას სძინავს,

პაპა კი ცეცხლთან ითბობს ცივ ხელებს.

რა სჯობს ზამთარში სოფელში ყოფნას,

პაპას მოყოლილ ჯადოსნურ ზღაპრებს?!

ტკაცუნით იწვის ფიჭვის შეშა და

ირგვლივ საოცარ ტყის სურნელს აფრქვევს.

 

აღმოჩენები  არაორდინალურ გარემოებებში

0

ჩვეულებრივ მეცნიერებასა ან ტექნიკაში აღმოჩენილი სიახლე ტექნიკური საკითხის კვლევის შედეგადაა მიღწეული. ამიტომ ისინი თითქმის ყოველთვის ავტორის საკვლევ სფეროში იქმნება. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთმა გამოჩენილმა გამომგონებელმა ნ. ტესლამ (1856-1943) მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა კვლევებს ელექტროობის სფეროში და მისი ასამდე   გამოგონება   სწორედ ამ სფეროს განეკუთვნება. ხშირად გამოგონებები ან აღმოჩენები არაორდინარულ სიტუაციებშიც ხდება. ეს ის გამოგონებები ან აღმოჩენებია,  როდესაც რომელიმე გამომგონებელს იდეა ებადება, მაგალითად, სეირნობის ან დასვენების დროს, ე.ი. იმ დროს, როდესაც იგი ყველაზე ნაკლებად ფიქრობს მათზე. ზოგჯერ გამოგონება ან აღმოჩენა საერთოდ არ განეკუთვნება მის საკვლევ სფეროს. მაგალითად, 1625 წელს პარიზელმა ფ. რუსსომ „ლუქი“ მას შემდეგ გამოიგონა, რაც მას დუქანი დაეწვა. მაგრამ ისეც ხდება, რომ მრავალ სასარგებლო გამოგონებას ან აღმოჩენას ცხოველებს ან მცენარეებს უნდა ვუმადლოდეთ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ძალზედ მარტივად.

XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში ცხოვრობდა იმ მომენტისათვის ნაკლებად ცნობილი ქიმიკოსი ბ. კურტუა. მას ჰყავდა კატა, რომელიც ძალზედ უყვარდა, და რომელიც ხშირად იჯდა პატრონის მხარზე. 1811 წლის ერთ დღეს, როდესაც ბ. კურტუა ჩვეულებრივ თავის ლაბორატორიაში მუშაობდა, მის მაგიდაზე ორი ჭურჭელი იდგა – რომელთაგან ერთში ესხა სპირტი, ხოლო მეორეში კი – გოგირდმჟავა. კატა კი, ჩვეულებრივ, მას მხარზე ეჯდა. უცბად კატა გადმოხტა მაგიდაზე, ორივე ჭურჭელს დაეჯახა და გადაატრიალა. სითხეები, რომლებიც ამ ჭურჭლებში ესხა, გადმოიღვარა და ერთმანეთში აირია, რის შედეგადაც წარმოიშვა მოლურჯო-იისფერი ღრუბელი. ასე იქნა აღმოჩენილი ახალი ქიმიური ელემენტი – იოდი. ამ აღმოჩენისათვის საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიამ ბ. კურტუას 6000 ფრანკი გადასცა. ამ ფაქტმა ის  ცნობილი ქიმიკოსი გახადა.

კატას უკავშირდება კიდევ ერთი, არანაკლებ ცნობილი გამოგონების შექმნაც. მართალია, ეს  სხვა კატა იყო, მაგრამ ფაქტი ისევ საფრანგეთში მოხდა. 1903 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა ბენედიქტუსმა არამსხვრევადი  მინა გამოიგონა.  მისი შექმნის იდეამდე მეცნიერი მიიყვანა შიდა მხრიდან კოლოიდის თხელი ფენით დაფარულმა კოლბამ, რომელიც იატაკზე დაეცა. ის დავარდნის დროს წვრილ ნაწილებად კი არ დაიმსხვრა, არამედ წვრილი ბზარების ბადით დაიფარა. ბენედიქტუსმა ჩაატარა აღნიშნული ფაქტის ანალოგიური ექსპერიმენტი. აიღო ჩვეულებრივი ბრტყელი მინა. ცალი მხრიდან ის მთლიანად კოლოიდით დაფარა, იმავე გვერდს  მოარგო ასეთივე მეორე მინა და ერთმანეთს შეაწება. ამის შემდეგ ნაკეთობა იატაკზე დააგდო, რასაც შედეგად იგივე უცნაურობა მოჰყვა: კი არ დაიმსხვრა წვრილ ნამტვრევებად  და გაიფანტა მთელ ოთახში, არამედ მისი მთელი ზედაპირი ბზარების ბადით დაიფარა. ასეთი სახის მინებისგან, რომელსაც „ტრიპლექსი“ ეწოდება დღეისათვის ავტომობილის საქარე მინები მზადდება. ბენედიქტუსის თანამედროვეები ამტკიცებენ, რომ კოლბა მას კი არა, მის კატას გადმოუვარდა.

   გვინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი არაორდინალური აღმოჩენა, რომელიც ძაღლს უკავშირდება – წყალმომარაგების  ყველა ნაგებობა, როგორც წესი, შემოღობილია სპეციალური გისოსებით, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა, არ გაატაროს და, შესაბამისად, დაიცვას ტურბინების მუშა თვალი უცხო სხეულებისა და მოცურავე ყინულისგან. მაგრამ ზამთარში ეს გისოსი ხშირად იფარება ყინულის სქელი ფენით, რაც შემდგომში მკვეთრად ზღუდავს მისი გავლით წყლის გატარებას. იმისათვის, რომ გისოსი ყინულებისაგან გაეთავისუფლებინათ, ჩვეულებრივ, მას ახურებდნენ, რაც, რაღა თქმა უნდა, ძვირი ჯდებოდა, რადგან ბევრი ენერგიის ხარჯვას საჭიროებდა. ამასთან, ის ყოველთვის ნაკლებეფექტიანი იყო. როდესაც საბჭოთა გამომგონებლებმა – ი. ლევინმა და გ. ვანიკმა –  დაინახეს, როგორ იბერტყავს ძაღლი სხეულიდან წყალს, გადაწყვიტეს, რომ გისოსიც უნდა „დაიბერტყოს“. რის შემდეგადაც მათ დაამზადეს საკმაოდ მარტივი სამარჯვი, რომელშიც პერიოდულად ატარებდნენ ელექტრო დენს, რისი წყალობითაც გისოსი ირხეოდა. ეს ხდება ძალზედ იშვიათად.

            1793 წლიდან მოყოლებული 29 ივნისს მეზღვაურები მეზღვაურის დღეს აღნიშნავენ. ჩეხი გამომგონებელი, იოზიფ რესელი, რომელმაც სატყეო აკადემია დაამთავრა, იმპერატორის ტყეებში მეტყევედ მუშაობდა. ტყის შემოვლისას იგი ხშირად ადევნებდა თვალს მდინარეში მოცურავე თევზებს. იმ დროისათვის მდინარეებში ბევრი თევზი ბინადრობდა. წყალი კი საკმაოდ სუფთა იყო, ამიტომ შესაძლებელი იყო მათი დანახვა. ერთხელ, როდესაც ის თვალს ადევნებდა კალმახის გადაადგილებას, მას აზრად გემებისათვის ახალი ტიპის ძრავების, კერძოდ, ახალი სანიჩბავი ხრახნის შექმნა მოუვიდა, რომელიც უნდა გემის უკანა ნაწილში დამაგრებულიყო. ეს მოხდა 1825 წელს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ კი შეიქმნა პირველი გემი ახალი  სანიჩბავი ხრახნით „ცივეტტა“. ბევრ გამოგონებას არ ჰქონია გავრცელების ასეთი ფართო არეალი, როგორც გენიალური ჩეხი გამომგონებლის გამოგონებას.

                     

 

რამდენი ქუსლი აქვს აქილევსს?

0

მიხვედრილმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სიტყვა განათლების სისუსტეებზე ჩამოგვივარდა; კერძოდ,  იმ ხარვეზებზე, რომლებიც უკვე დეკადებია, ტვირთად აწევს ჩვენს საზოგადოებას და რომელთა მოუგვარებლობით შვილების, შვილიშვილების თაობებს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს არცთუ სახალისო და სასიამოვნო ყოფაზე. ამიტომ მათ შესახებ, რაც შეიძლება ხშირად, ყველამ უნდა ვისაუბროთ თუ  ვწეროთ, და ჩვენი თვალსაზრისების შესაბამისადაც ვიმოქმედოთ.

სიმართლე გითხრათ, ამ წერილის დაწერის სურვილი მოსწავლეთა შეფასების, კერძოდ, ნიშნების წერის ხარვეზების გამო გამიჩნდა. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ძალიან ხშირად დაუმსახურებელი ნიშნის მიღების სურვილი უჩნდებათ. მაგრამ დავფიქრდი და საფუძვლების ძიებამ უკვე აქამდე ბევრჯერ ნაფიქრ საკითხამდე მიმიყვანა. ეს კი ჩვენში არსებულ თუ არარსებულ სამოქალაქო ცნობიერებას შეეხება. მოდით, ეს ცნობიერება ამჯერად სკოლას დავუკავშიროთ. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, სკოლის უპირველესი დანიშნულება საზოგადოების სრულფასოვანი წევრის აღზრდა გახლავთ. ეს კი ის ადამიანია, რომელიც სრულფასოვნად ინტეგრირებულია საზოგადოებაში და ცდილობს, სარგებლობა მოუტანოს მას. ვფიქრობ, ისეთი ადამიანი, რომელიც დაუმსახურებელი ნიშნებით ცდილობს ფონს გასვლას, საზოგადოებისთვის ნაკლებად იქნება სარგებლობის მომტანი. პირიქით, ამგვარი არაკვალიფიციური, ხშირად ძალიან ამბიციური კადრი „ბუნებითი მდგომარეობიდან“  „სამოქალაქო მდგომარეობაში“ ჯერ კიდევ ვერ გადასულა და, ამდენად, ერს, ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.

არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოში დავობდნენ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჩვენს სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“. საგნის დანერგვა მე-3 მე-4 კლასებში ზოგმა შეგნებულად, ბევრმა კი გაუაზრებლად, პროგრამების გაცნობის გარეშე გააპროტესტა. არადა, მსგავს საგნებს, ევროპისა და ამერიკის სკოლებში სხვადასხვა სახელწოდებით – „პასუხისმგებლობა“, „ეთიკა“, „ტოლერანტობა“, „სახლის ეკონომიკა“, „ეკოლოგია“, „რელიგია“… – ბავშვები სკოლაში სწავლის პირველივე წლებიდან  ეუფლებიან და გასაკვირიც აღარაა, რომ სხვაგვარად უფრთხილდებიან რესურსებსა და გარემოს, ადამიანებსა და მათ შეხედულებებს, შესაბამისად, ქმნიან კიდეც ისეთ სახელმწიფოს, როგორშიც ცხოვრებას, სწავლას თუ თუნდაც მომვლელის პოზიციაზე მუშაობას ბევრი ჩვენი უმაღლესდამთავრებული ესწრაფვის. „ეთიკისა“ თუ „პასუხისმგებლობის“ გაკვეთილებზე ბავშვები სწავლობენ თავიანთ მოვალეობებს, პასუხისმგებლობებს საკუთარი თავისა და სხვების, სამშობლოსა და, ზოგადად, სამყაროს წინაშე. სხვადასხვა საგნებთან ინტეგრირებით კი ეს ცოდნა უმტკიცდებათ და ადრეული წლებიდანვე ბევრად უკეთეს მოქალაქეებად ყალიბდებიან. მაგ., იციან, რომ სხვისი საგნის, თუნდაც აზრის მისაკუთრება ქურდობაა და დაუშვებელია; იციან, რომ დაუმსახურებელი ნიშანი არაფერში სჭირდებათ და რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით უნდა მიაღწიონ შედეგს, უნდა შექმნან სხვებისთვის სასარგებლო პროდუქტი.

მაშასადამე, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის პირველ და ყველაზე დიდ ნაკლოვანებად სამოქალაქო განათლების საგანთა მწირი სწავლება მიგვაჩნია. ძალიან კარგია, რომ ამ მხრივ პროგრესია, მაგრამ ჩვენი საზოგადოების საჭიროება, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპულ ორიენტაციაზე, ამ ხარვეზის დასაძლევად ნაკლებ დროს, ბევრად მეტ მონდომებასა და შრომას ითხოვს. დღეს მათ ქალაქებსა და სოფლებს შევნატრით, ათასწლეულთა წინ კი ევროპელები აღწერდნენ გაკვირვებით კოლხთა თუ იბერიელთა მოკირწყლულსა თუ მოშორენკეცებულ ქუჩებსა და ქალაქებს. დღეს ისინი ჩვენი დაბინძურებული ქალაქების, სოფლებისა თუ მდინარეების ფოტოებს ამზეურებენ, ჩვენ კი მათ მშვენიერ და სუფთა ტერიტორიებზე გადაღებული ფოტოებით ვიწონებთ თავს.

სამოქალაქო განათლების სწავლების საკითხებზე საუბარი უსასრულოდ არის შესაძლებელი, თუმცა ამჯერად აუცილებლად დასაძლევი ხარვეზები არსებობს:

ჩვენში სამოქალაქო განათლება, ძირითადად, მე-9-მე-10 კლასებში ისწავლება, უმთავრესად ბოლო გაკვეთილები უჭირავს და ხშირად ცდება. იშვიათად ან საერთოდაც არ ტარდება გასვლითი გაკვეთილები, თემის კვლევა, თითქმის არ ხორციელდება ისეთი პროექტები, რომლებიც თემში ამა თუ იმ პრობლემის (სატრანსპორტო, ეკოლოგიური, სოციალური…) მოგვარებას შეუწყობდა ხელს. შესაბამისად, ბავშვებისთვის სამოქალაქო განათლება მოსაწყენ და რუტინულ საგნად რჩება და მასზე დასწრებას გარეთ უსაგნოდ ყოფნა ან ხეტიალი ურჩევნიათ. აუცილებელია, დაწყებით კლასებშივე დაინერგოს სამოქალაქო განათლების სხვადასხვა საგნის სწავლება. მაგ., Ι-ΙΙ კლასებში – „პასუხისმგებლობა“, „ეთიკა“; ΙΙΙ-ΙV კლასებში – „მე და საზოგადოება“; IV-V კლასებში – „ტოლერანტობა“, IV კლასიდან IX კლასის ჩათვლით – „სახლის ეკონომიკა“. ამ ტიპის გაკვეთილებზე ბავშვები პროდუქციის შექმნას, მათ დანიშნულებასა და გამოყენებას შეისწავლიან, მათემატიკასა თუ სხვა საგნებში მიღებული ცოდნის გადატანასა და განმტკიცებას შეძლებენ, მიეჩვევიან შრომას, სხვისი შრომის დაფასებას და საკუთარი თავის რეალიზაციას შეძლებენ. ეს კი მომავალში აუცილებლად გახდება მათი სწორი ცხოვრების საწინდარი.

ამ საგნის სწავლებისთვის სპეციალურად აღჭურვილი ოთახების არარსებობა ერთ-ერთი დიდი ხარვეზთაგანია. არადა, ჩემი თაობისა და უფროს ადამიანებს ახსოვთ „შრომის გაკვეთილები“, რომლებზეც გოგონები ჭრა-კერვას, ქსოვას, კერძების მომზადებას, ვაჟები კი ხესა თუ ლითონზე მუშაობას ეუფლებოდნენ. დასაწყისისთვის მოსწავლეებს ინტერესი მათ ხელთ არსებული რესურსებით (ძველი, გამოუყენებელი ქსოვილები, ქაღალდები, ხისა თუ სხვ. პლასტიკის მასალით, კვების პროდუქტებით…) შეიძლება გავუჩინოთ, მოვაწყობინოთ საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები და ა. შ., შემდეგ კი სკოლებში ოთახებიც აღვჭურვოთ სათანადოდ. მაგ., ასე:

სურ.1

გო1

სურ.2

გო2

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები სლოვენიის ერთ-ერთ სკოლაში იქაური კოლეგის, დუშიცა დობერსეკის მიერაა გადაღებული. სურ. 4-ზე კი მოსწავლეების მიერ დამზადებული საახალწლო ბაზრობაზე გასაყიდი სათამაშოა წარმოდგენილი.

სურ.3

გო3

სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთ სასწავლო ბადეში სამოქალაქო განათლების საგანთა მრავალფეროვნებაა. მაგალითად, საბერძნეთში 16-18 წლის მოსწავლეები სწავლობენ შემდეგ საგნებს: 1. ფსიქოლოგიას; 2. სამოქალაქო სამართალსა და პოლიტიკას ძველ საბერძნეთში; 3. სოციალური მეცნიერებების ისტორიას; 4. ევროპული ცივილიზაციის ფესვებს; 5. ფილოსოფიურ პრობლემებს. ამ საგნებს კვირაში ორი საათი ეთმობა, შეფასების ფორმაა – წერითი გამოცდა წლის ბოლოს.

როგორც წესი, სამოქალაქო განთლების ერთ-ერთ საგნად განიხილება სპორტიც. თუმცა სპორტის გაკვეთილების ჩატარებაც ჩვენში გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. არ არსებობს კეთილმოწყობილი გასახდელები, და სპორტდარბაზები, რომლებითაც მოსწავლეები ისარგებლებდნენ. ამდენად, ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც გაკვეთილი ცდება ან მის ნაცვლად სხვა გაკვეთილი (მაგ., მათემატიკა) ტარდება როგორც დაწყებით, ასევე ზედა კლასებში. ბევრს უთქვამს, როგორ განიცდიან ბავშვები სპორტის გაკვეთილის არ- თუ ვერჩატარებას. არის შემთხვევები, როდესაც 7-8 წლის ასაკში ბავშვებს ძილში მაღალი შფოვა და ტირილი ახასიათებთ, მიზეზად კი სპორტის არჩატარება სახელდება ხოლმე.

ცეკვა. ეს საგანი არტია და სახელოვნებო საგნების ჩამონათვალშია, მაგრამ სასწავლო პროცესში მოსწავლის ფიზიკურ აქტივობასაც მოიაზრებს და  ჩვენს სკოლებში ახალდანერგილია. ჩვენდა გასაკვირად, მე-3 თუ მე-4 კლასის მოსწავლეებს ცეკვის გაკვეთილებზე რვეულები და კალმები უჭირავთ და მარჯვედ იწერენ ცეკვის ისტორიასა თუ ილეთებს. სამწუხაროდ, ამ გაკვეთილზე ბავშვები ძირითადად სხედან, წერენ ან ჰყვებიან.  არადა, როგორ მოგვიწოდებს  სერ კენ რობინსონი, სკოლებში ხელი შევუწყოთ შემოქმედებითობას და არ მოვკლათ იგი. ჰოდა თუ ვკლავთ, „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“?!

ბავშვთა კვება – სასკოლო ბუფეტებში ლობიანი, „ხაჭაპური“ (ბრჭყალებს შემთხვევით როდი ვწერ), „პიცა“, უხარისხო და მომწამვლელი კანფეტები, გაზიანი სასმელები, საღეჭი რეზინები…  –  ჩვენი შვილების  აღზრდის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ყოველივე ნებადართული და დაშვებულია, ამიტომ 7-8 წლის ბავშვს დიდი ლობიანი ღვეზელის ჭამა ნორმა  ჰგონია და აქ უკვე მშობლის ჩარევა ძალიან ხშირად უშედეგოა.  არასწორი კვება, კვების რეჟიმის დარღვევა ხომ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების მთავარ გამომწვევად სახელდება. არცთუ იშვიათ შემთხვევებში ექიმები ორგანიზმში ჰელიკობაქტერიის არსებობის მიზეზად სკოლაში კვებას ასახელებენ, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას და მნიშვნელოვნად აქვეითებს მის შესაძლებლობებს სწავლაში.

ჰიგიენური ნორმების დაცვა ტუალეტებში – ესეც აღზრდის ნაწილია, ისევე, როგორც კვება. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს საჯარო და, სხვათა შორის, ბევრ კერძო სკოლაშიც, საპონი ბავშვთა ტუალეტებში დიდი იშვიათობა ან სულაც არარსებული რამაა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სავალალოდ, ბევრგან ხშირად წყალიც კი არ არის. ჩანს, ამითაც ვკლავთ, რადგან უამრავი სახეობის ბაქტერიისა და ჭიის კვერცხის გავრცელება შეიძლება აღნიშნული გზით.

ჩამოთვლილის გარდა, ჩვენს სკოლებში უამრავი პრობლემა და მოსაგვარებელი საკითხი არსებობს.  როგორ ისწავლება სახელოვნებო საგნები, მუსიკა ისეთ საკლასო ოთახებში, სადაც ერთი ინსტრუმენტიც კი არ დგას. არადა, ჩემი მშობლიური სკოლის, ქუთაისის ქართული გიმნაზიის ისტორიიდან ვიცი, რომ  მისმა დამაარსებელმა, იოსებ ოცხელმა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ხარკოვის მუსიკალური საკრავების ქარხანას ყველა სახის ინსტრუმენტი შეუკვეთა მუსიკის კაბინეტის აღსაჭურვად.  ეს ტრადიცია დღეს საკმაოდ წარმატებულად გრძელდება განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში. ჩვენ კი ერთი ან ორი ინსტრუმენტით აღჭურვილი მუსიკის ოთახის ნახვა საოცნებოდ გვქცევია. ჩვენი ბავშვები ხომ საოცრად მუსიკალური არიან და მუსიკის გაკვეთილებზე მხოლოდ და მხოლოდ ტექსტების ახსნით ან მოყოლით, მერე კი ნიშნების მინიჭებით, მათში ამ ნიჭსაც ვახშობთ და ვკლავთ. სხვა პრობლემაა ის, რომ ამ საგნებს ბევრგან არასპეციალისტი ასწავლის. მაგრამ ალბათ ზემოთ ნახსენები ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან შედარებით ეს ბევრს არაფრად მოეჩვენება.

ინკლუზიური განათლების ნაკლები ფინანსური და მორალური ხელშეწყობა, სსსმ ადამიანებისა და სპეციალისტების არდაფასება და დისკრიმინაცია – ამაზე უკვე გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხის არაფრად ჩაგდება, ჩვეულებრივ პედაგოგებთან არგატოლება, სქემაში  ჩაუსმელობა, მათთვის სერტიფიცირების შანსის არმიცემა დანაშაულია, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას და  სასიკეთოდ გასწორდეს.

ჩვენს სისტემაში სხვაც არაერთი ნაკლოვანება შეიძლება დაიძებნოს, მაგ., შეფასება, პედაგოგთა გამოცდებისა და გადამზადების საკითხები, სასკოლო სახელმძღვანელოები, სკოლამდელი განათლება, განათლება სახელოვნებო სკოლებში, რომლებიც, რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ კულტურის სამინისტროს ექვემდებარება, და რომლებში სწავლაც მიზეზთა გამო მოსწავლეთა უმრავლესობას, წარმატებების მიუხედავად, არც კი  უხარიათ, უფრო მეტიც, სძულთ კიდეც…

ასე რომ, ღვთაებრივსა და ფეხმარდ აქილევსს ნამდვილად გააკვირვებდა ყველა ამ სისუსტის, ნაკლისა თუ ხარვეზის მასთან დაკავშირება. მართლაც, იშვიათად თუ გავიხსენებთ მის უძლეველობას ან იმას, როგორ მოეპყრო ჰექტორის წასაყვანად მისულ პრიამოსს. მავანი ჩვენშიც იტყვის, რაღა მაინცდამაინც სისუსტეებზე ამახვილებთ ყურადღებას, კარგიც ხომ ხდება ჩვენს სისტემაში, მაგ., ისეთი სასიხარულო და ბევრისთვის მისალოცი ამბავი, როგორიც პედაგოგთა ხელფასების ზრდააო. რა თქმა უნდა, ხდება! ეს კი დასაფასებელი და  მისასალმებელიცაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ცუდი ყოველთვის ფარავს კარგს, თანაც  ამდენი ცუდი – ასე მცირედ კარგს.

სასარგებლო რესურსი:

https://www.google.ge/search?q=home+economics+classes+in+public+schools&biw=1242&bih=602&site=webhp&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiCp6LQ-NXRAhWKEiwKHWTPBW4Q_AUIBigB&dpr=1.1#tbm=isch&q=home+economics+classes+for+boys

ვინ მოუსმენს ახალგაზრდებს?

0

“ძალიან ბევრი მშობელი ვიცი, რომელიც საერთოდ არ ასწავლის შვილს დამოუკიდებლობას, უნდათ, რომ ყველანაირად მათზე იყონ დამოკიდებული. უნდათ, გააკონტროლონ და კონტროლი ბევრ შემთხვევაში ძალიან ცუდად გამოსდით. ბოლოს ისე გამოდის, ბავშვი სრულიად დამოკიდებული ხდება მშობლებზე და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.”

“არ ვიცი, დროის ბრალია, მშობლების ბრალია თუ რისი ბრალია, რომ თავისუფლება ნაკლებად გვაქვს ანუ მშობლები თვლიან, 18 წლისაც რომ გავხდით, მაინც არ ვართ თავისუფლები და თავისუფლება აღიქმება 25 წლის ზემოთ. თავისუფლება რომ გვქონდეს და მიჩვეულები ვიყოთ თავისუფლებას, ყველაფერი სხვა კუთხით წავა. “

“უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით წინ  ვერ წახვალ იმიტომ, რომ ძირითადად თეორიაზეა გადატანილი ყურადღება.”

“ძირითადად  არის მშობლებისგან ზეწოლა, რომ უნდა გქონდეს დიპლომი.”

ეს  ფრაზები ახალგაზრდობის კვლევის შედეგად მომზადებული პუბლიკაციიდანაა. კვლევა  ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით 2016 წელს ჩატარდა. კვლევის საგანი იყო ახალგაზრდების დამოკიდებულება ისეთ საკითხებთან, როგორიცაა: დასაქმება, განათლება, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკა, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა, იდენტობა, რელიგია, ცხოვრების სტილი და სხვა საკითხები. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა.

კვლევა საყურადღებოა და ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. აქ მოყვანილი ციტატებითაც კი ცხადია, რომ ახალგაზრდებს აქვთ სურვილი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტლება, მიიღონ კარგი განათლება, იყვნენ კონკურენტულები შრომით ბაზარზე და თვითონვე აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, თუმცა სურვილების ასრულების გზაზე არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან, იქნება ეს ოჯახი, მათ გარემოცვაში გაბატონებული დამოკიდებულებები თუ ის რეალობა, რომელიც არც ისე ხარისხიან განათლებას და ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს აძლევს. გამოსავალს ახალგაზრდების 21 % ემიგრაციაში ხედავს. ისინი ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყანაში უკეთეს პირობებში შეძლებენ ცხოვრებას და უფრო დამოუკიდებლები იქნებიან. ახალგაზრდებს ყველაზე მეტად უმუშევრობა და სიღარიბის ზრდა აწუხებთ და დისკრიმინაციის შემთხვევებიდანაც ყველაზე ხშირად ეკონომიკური მდგომარეობის გამო განცდილ უსიამოვნო შემთხვევებს გამოყოფენ.

natural-causes_wide-a96959f61e6aa45d719c11c38a04450c9c4786e5

ვინ უსმენს ახალგაზრდებს, რომლებიც თვლიან, რომ პოლიტიკოსები მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არაფერს აკეთებენ, სამოქალაქო აქტივიზმს აზრი არ აქვს და ყველაზე დიდ ნდობას მართლმადიდებლურ ეკლესიას უცხადებენ? რას სთავაზობს სახელმწიფო ახალგაზრდების 52%-ს, რომლებიც ღიად საუბრობენ განათლების არადამაკმაყოფილებელ დონეზე და მათი ნაწილი სასწავლო დაწესებულებებს სტრესულად მიიჩნევს? იცით, რომ მასწავლებლებისა და ლექტორებისადმი ნდობის დონე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ნათესავებისა და რელიგიური ლიდერების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრების მხრიდან მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას არც ისე დადებითად აფასებენ, ყველაზე მეტად მაინც ოჯახის წევრების და მეგობრების იმედი აქვთ. დიახ,  14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები, ანუ ძალიან ბანალურად რომ ვთქვათ, “ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე”, თვლის, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ახლობელს თუ დაეყრდნობი, სისტემა მათ სასარგებლოდ არ მუშაობს, გადაწყვეტილების მიმღები პირები მათ პრობლემებს არ იცნობენ, სჯობს საკუთარ თავს თავად მიხედონ.

არავინ იცის, რა სჯობს ამ ახალგაზრდებისთვის, ის, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ ძალებზე იყვნენ დამოკიდებულები თუ ის,  რომ სისტემა მეტად იყოს ორიენტირებული მათი პრობლემების მოგვარებაზე. ახალგაზრდებს იშვიათად უსმენენ, მათ ცოტა სივრცე აქვთ, სადაც ერთმანეთს ან უფროსებს საკუთარ ყოველდღიურობაზე, მომავლის განვითარების სასურველ გზებზე, არსებულ ბარიერებზე და მათი გადალახვის გზებზე დაელაპარაკებიან, ოჯახსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვებს  მოცემულობებს და მათზე მორგებას ასწავლიან და სურვილი, იყვნენ დამოუკიდებლები, გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, ისწავლონ საკუთარი გამოცდილებით და მიუახლოვდნენ სასურველ რეალობას, ხშირად სურვილად რჩება.

იქნებ სწორედ ეს არის განათლების სისტემის ყველაზე რთული რგოლი, რომ მის ცენტრალურ ფიგურად ვერა და ვერ იქცა ბავშვი და მისი ინტერესები, იქნებ ჩვენს საზოგადოებას ღია დიალოგი სჭირდება პრობლემურ თემებზე მეტი თავისუფლებისთვის, იქნებ ასე, ერთმანეთის გაგებით და გულისხმიერებით მიიღწევა უფრო მეგობრული გარემო ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, იქნებ შესაძლებელია საკუთარ თავში მოძიება ძალისა, რომელიც მათ მოსმენას შეგვაძლებინებს.

მე და შენ კი არა, ის, რაც ჩვენ შორისაა (დიალოგურობა)

0

ცხოვრება – დიალოგია, სწავლება – დიალოგია, შეცნობა – მხოლოდ დიალოგის მეშვეობით ხდება შესაძლებელი. ჩვენ განსხვავებული ელემენტები ვართ და მხოლოდ დიალოგი გვაძლევს საშუალებას, რომ ურთიერთქმედებაში შევიდეთ სხვა ელემენტთან და მხოლოდ ასე შევძლებთ განვიცადოთ, შევიგრძნოთ, გავიგოთ და შევიცვალოთ… დიალოგი მუდმივი მოძრაობაა, თამაშიც დიალოგი და პოზიტიური მოძრაობაა… და თუ ცხოვრება თამაშია, ეს ყველაზე სახალისო და საინტერესო თამაში გამოდის.

ჩვენ ისედაც დიალოგში ვართ სამყაროსთან, გარემომცველ საგნებთან, ფაქტებთან, მოვლენებთან, უბრალოდ, ვირჩევთ, ვის ვესაუბროთ და ვის  ან რას ავუაროთ გვერდი. თუმცა, ეს დიალოგი შეიძლება ზედაპირული და ფორმალურიც იყოს და შეიძლება – ღრმა და შინაგანიც.

მაგალითად, გათენდა… პირველი, რასაც ვაკეთებთ, ფანჯარაში ვიხედებით: როგორი ამინდია…? წვიმს, თოვს, ნისლი ან მზეა… ჩვენს განწყობაზე უკვე გავლენას ახდენს ის, თუ როგორი ამინდია ქალაქში, რომელშიც ვცხოვრობთ. როგორ გავლენას ახდენს…? აი, ეს სწორედ ის საკითხია, სადაც ვერც მე და ვერც სხვა ვერ გიკარნახებთ, თქვენ რა უნდა განიცადოთ ან რას განიცდით მაშინ, როცა ქალაქში ნისლია ან მზე… დიახ, თქვენი განწყობილება აუცილებლად რაღაცით იცვლება: ან უფრო პოზიტიური ხდება, ან – განწყობას გიფუჭებთ, ან – უბრალოდ, ნეიტრალური რჩებით… ან კიდევ იტყვით, რომ – „ბუნებას არ აქვს ცუდი ამინდი“ – და თავად მართავთ განწყობას.

და დილის ჩაის ან ყავას როგორ მიირთმევთ…? შეიგრძნობთ სასიამოვნო სითხის არომატს, აგემოვნებთ მასთან ერთად სამყაროს თუ ჩქარა-ჩქარა, წყალივით  და ავტომატურ რეჟიმში დაცლით და გარბიხართ…

იქნებ მთელი დღე ისე გადის, რომ არც არასდროს ფიქრობთ იმ საგნებზე, რომლებსაც ეხებით (ჰოო, ეგღა გაკლიათ კიდევ, საგნებს ელაპარაკოთ…). სწორედ მაგას ვამბობ, რომ თანამედროვე ადამიანმა დაკარგა გარესამყაროსთან დიალოგის ჯერ სურვილი და შემდეგ უნარიც, ის ჩაიკეტა თავის სამყაროში და მექანიკურ და ავტომატურ არსებობაში, თუ რამე შერჩა, ცნებითი აზროვნებაა; დიალოგი კი უბრალოდ ინფორმაციათა გაცვლა-გამოცვლად აქცია.

ადამიანური ყოფა და არსებობა კი ასე მარტივი სულაც არ არის, ეს მხოლოდ ზედაპირია, ფორმალური ურთიერთობები, ან ფორმათა ურთიერთობები… ნამდვილი დიალოგი კი ისაა, როდესაც ემპათია გაქვს მეორე ადამიანის, ცოცხალი ან არაცოცხალი სამყაროს მიმართ. რას გრძნობთ, როცა ყვავილებს უყურებთ? შეგიძლიათ, რომ აღწეროთ და მეტი არაფერი? და თუ შეიგრძნობთ, მაშინ ვერც აღწერთ, რადგან ყვავილებთან „დიალოგით“ იქნებით დაკავებული… ზღვაზე როცა ხართ, ტალღებთან გისაუბრიათ…? სიტყვებით არა… სიტყვები დიალოგის საშუალებებს შორის ყველაზე სუსტი ფორმაა… თუ გისაუბრიათ, მაშინ ისედაც იცით ამის შესახებ, რა ხდება და როგორ… გავლენაც ხომ გიგრძვნიათ…? სივრცეები თქვენს სულში… თითქოს ზღვა თავად ხართ. აი, ეს შეგრძნებაა ურთიერთგავლენა და ურთიერთქმედება.

თუ უფრო განვავრცობთ თემას, უფრო შორსაც წავალთ. დიალოგი შესაძლებელია არა მხოლოდ ნივთებთან და ბუნების მოვლენებთან… არამედ, ნებისმიერ მოვლენასთან, რაც კი ჩვენ გარშემო და ჩვენში ხდება, მაგრამ უმეტესად ჩვენ ყველაფერს „ვემიჯნებით“ და გვგონია, რომ ამით თავს „ვიცავთ“ და საბოლოოდ გამოდის, რომ ვიკეტებით…  ვიკეტებით და, სინამდვილეში, ვავიწროვებთ იმ სივრცეს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელშიც შემდეგ სული გვეხუთება.

ცხოვრება შედგება ადამიანებისგან, ფატქებისგან (მოვლენებისგან), ჩვენი დამოკიდებულებისგან ამ ადამიანების, ფაქტებისა და მოვლენების მიმართ (დიალოგისგან) და…

ბუნებრივია, შედგება კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ნებელობითი აქტისგან, ეს არის – არჩევანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვირჩევთ… ყველა შემთხვევაში და ყოველთვის ვირჩევთ: მარცხნივ თუ მარჯვნივ, ეს თუ ის, ასე თუ ისე… მაგრამ რასაც (ვისაც) ვირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ მასთან დიალოგი გვაქვს (მეტაფორაა ზოგ შემთხვევაში), დიალოგი – ურთიერთქმედება და გავლენაა, რომლის შედეგადაც რაღაც სხვა მიიღება, თვისობრივად ახალი. დიახ, ღრმა დიალოგი სინერგიაა.

დიალოგის ამ ფორმებს საინტერესოდ განიხილავს ფილოსოფოსი მარტინ ბუბერი ნაშრომში – „მე და შენ“. ბუბერის ფილოსოფიის მიხედვით, ადამიანურ ურთიერთობებში „მე“ არ არის თავდაპირველი. მნიშვნელოვანია არა „მე“ ან „შენ“, არამედ დამოკიდებულება მე-სა და შენ-ს შორის.  დიახ, მთავარია დამოკიდებულება ანუ ურთიერთქმედება, ურთიერთგავლენა, მიმოქცევა მე-სა და შენ-ს შორის…

ეს ძალიან ჰგავს მეტაფორულად ორ ნაპირს შორის ზღვის მიმოქცევას, სადაც მთავარი ნაპირები კი არ არის, არამედ ის, რაც „შუაში“ ხდება. რადგან ბუბერის მიხედვით, ადამიანი საკუთარ მე-ს განიცდის და აყალიბებს მხოლოდ მეორესთან, შენ-თან ურთიერთობისას და ეს მუდმივი მიმოქცევაა და დაუსრულებელი ქმნადობა.

ბუბერი დამოკიდებულებებს განიხილავს სამ სფეროში:

პირველი სფერო – ბუნებასთან ცხოვრება

მეორე სფერო – ადამიანებთან ცხოვრება

მესამე სფერო – სულიერ არსებებთან ცხოვრება

პირველ შემთხვევაში დამოკიდებულება ენობრივ გამოხატვამდე არ მიდის, მეორე შემთხვევაში დამოკიდებულება გამოიხატება ენობრივად და მესამე შემთხვევში დამოკიდებულება „ბადებს ენას“. სწორედ მესამე შემთხვევაზე შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დროს „იბადება“ მეტაფორებიც.

საგნები შეიძლება  აღვიქვათ, უბრალოდ, როგორც საგნები, რომლებსაც ვიყენებთ; ასევე შეიძლება შევხედოთ ცხოველებს და ადამიანებსაც. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ხედვა იქნება  და ასეთი მიმართება სამყაროს მთლიანობას ვერ შეგვაცნობინებს. შეიძლება მე აღვწერო ადამიანი, დავახასიათო  გარეგნობის მიხედვით: რომ მას აქვს ხშირი თმა, თაფლისფერი თვალები, გრძელი თითები, სასიამოვნო ხმის ტემბრი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის დამალული იქნება მთავარი – თავად ის ადამიანი. ბუბერი ამგვარ ზედაპირულ დამოკიდებულებას გამოხატავს ნაცვალსახელებით: მე-ის. ხოლო ღრმა ურთიერთდამოკიდებულებას აღნიშნავს მე-შენ ნაცვალსახელებით. სიღრმისეულ დამოკიდებულებაში მხოლოდ ადამიანი არ იგულისხმება, შენ – შეიძლება იყოს ნებისმიერი სულიერი ან უსულო საგანი, აქ მთავარი დამოკიდებულებაა… სწორედ ამის შესახებ ვწერდით ზემოთ. შეუძლებელია, ადამიანმა იცხოვროს მხოლოდ სიღრმისეული დამოკიდებულებით, მაგრამ მხოლოდ ზედაპირული დამოკიდებულებებით ადამიანი კარგავს მთავარს, სულს და იქცევა მექანიკურ არსებად.

როგორი დამოკიდებულება გაქვთ გაკვეთილზე მოსწავლეებთან? ლექციაზე – სტუდენტებთან? ზოგადად – ადამიანებთან, საგნებთან, ბუნებასთან…? 

         თეიმურაზ ხევისთავის დასაცავად

0

მიხეილ ჯავახიშვილი წერს `ჯაყოს ხიზნებში~: `ქართული კალამი ორეულია  გოლგოთის ჯვრისა,  ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს~. ეს მწერლის დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა,  ამიტომაც არის `ჯაყოს ხიზნები~ მწერლის  თვითგვემა, თვითმხილება. მიხეილ ჯავახიშვილი ჯვარს აცვა საბჭოურმა რეჟიმმა. `ჯაყოს ხიზნებს~ 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. `ჯაყო~ გმინვაა ჩემი სულის~, _ ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილმა თავის უბის წიგნაკში ჩაწერა. ძნელია ამაზე უკეთესად `ჯაყოს ხიზნების~ შეფასება. ეს რომანი, მართლაც, გმინვაა, ოღონდ არა მხოლოდ მწერლის, არამედ ერის სულისა. 1924 წელს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისათვის და სისხლის ნიაღვარში ჩაიხრჩო. ამ სისხლმა გაუყუჩებელი ტკივილი დაუტოვა მწერალს.

1923 წ. ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის წევრები დააპატიმრეს, მათ შორის,  მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ორთაჭალის ციხეში 6 თვე იჯდა. დაპატიმრებულთაგან ბევრი დახვრიტეს. მიხეილ ჯავახიშვილსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ პავლე ინგოროყვას, ნიკოლოზ ყიფშიძესა და კიდევ რამდენიმეს სერგო ორჯონიკიძისათვის უთხოვიათ, რომ მწერალი არ დაესაჯათ. მართლაც 1923 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ჯავახიშვილი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იგი აქტიურად შეუდგა წერას და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა სიტყვით, მხატვრული შემოქმედებით, ნელი მოქმედების, მაგრამ ყველაზე მძლავრი იარაღით.

მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობებითა და რომანებით ამხელდა საბჭოთა რეჟიმს. ქართულ მწერლობაში ასეთი გამბედაობა მხოლოდ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა. მართლაც, ბევრი რამ ანათესავებს ამ ორ მწერალს: ერის ბედისა თუ მხატვრული სიტყვისადმი დამოკიდებულება _ მხილების პათოსი, გროტესკი, ძარღვიანი ქართული.

მიხეილ ჯავახიშვილი იგონებს, როგორ შეხვდა ყმაწვილობაში, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის მოსწავლე, ილიას მისსავე დღეობაზე. იქ მას რუსული აქცენტით წაუკითხავს ბარათაშვილის ლექსი. ილიას შეუქია. ვიღაცას უთქვამს, მწერლობას აპირებსო. `მაშინ მწერლობა აზრადაც არ მქონია~, _ იგონებს მიხეილ ჯავახიშვილი. 1907 წელს კი ილიას სისხლით მოსვრილ ბალიშზეც ედო თავი. სწორედ მაშინ მიიღო ალბათ მისტიკური ნათლობა _ ტანჯვით გზის გავლისა და ჯვარცმისათვის. მის საარქივო ჩანაწერებში ერთი ასეთი სამომავლო თემაა მონიშნული: `ბნელ ღამეს მამადავითის სასაფლაოზე ავედი. ლანდი მომეჩვენა, ილია ჭავჭავაძე გაცოცხლებულიყო. წამომყვა. საქართველო დავატარე. ყველაფერი ნახა. მესაუბრა~.

უცხო კალთას შეფარებული, უპატრონოდ მიგდებული, გაუქმებული ტაძარივით მივიწყებული, გაპარტახებული მამულის ბედი იყო მწერლის მთავარი საფიქრალი. უბის წიგნაკში ჩაუწერია: `ჩვენი ეპოქა _ რევოლუცია ჩემთვის საშინელი ტრაგედიაა… სჯობდა, სჯობდა უფრო ადრე გავჩენილიყავი ან უფრო გვიან~.

`ჯაყოს ხიზნებში~ – ერთგვარი თვითგამოტირებაც იყო _ თვითდასჯა იმის გამო, რომ ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და ერი მგელს, საბჭოურ რეჟიმს, შეატოვა ხელში. `ჯაყოს ხიზნებმა~ გამოქვეყნებისთანავე (დაიბეჭდა ჟურნალ `მნათობში~ 1924 წელს) ყურადღება მიიქცია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჭარბობდა იმგვარი კრიტიკული წერილები, რომლებშიც მწერალს ბრალს სდებდნენ ინტელიგენციის შეურაცხყოფასა და არაობიექტურობაში. მწერალზე თავდასხმებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ იდეოლოგიზებული პროლეტარი მწერლები.

1925 წ. 17 მაისს რუსთაველის თეატრში `ჯაყოს ხიზნების~ გმირების გასამართლებაც კი მოეწყო. ამის თაობაზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა წერილი (ანონიმი ავტორი სერგო კლდიაშვილი იყო). ნიკა აგიაშვილი იგონებს: `დისპუტს დავესწარი. საზოგადოება აღშფოთებული იყო რომანით. ერთმა უთხრა მიხეილს: რაღა ოსი დაგვასვი თავზეო. მიხეილი ადგა და უპასუხა: `ჯაყოს ხიზნები~ საბჭოთა სინამდვილემ დამაწერინაო. მაშინ ყველა გაჩუმდა~.

მიხეილ ჯავახიშვილის არქივში შემონახულია ამ დროს  გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილი ჩანაწერებით. ვ. ხუროძის (1924 წ. #5,6.  `მნათობი~) ვრცელი წერილის იმ ადგილას, სადაც წერია, რომ ჯაყოს მსგავსი ტიპი შემთხვევითიაო, მიხეილ ჯავახიშვილს მოუნიშნავს: `კომუნისტური გაზეთებიც კი სავსეა ჯაყოსებური ტიპებით და ამბებით~. ხოლო სადაც ეწერა, რომ მწერალი აღტაცებულია ჯაყოთი, მინაწერია: `ეგრე რამ გაგასულელა?~

ასეთი გასულელება კი, სამწუხაროდ, დიდხანს გაგრძელდა. ყველასათვის ცნობილია 1979 წ. გამართული სატელევიზიო დისკუსია თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული `ჯაყოს ხიზნების~ სატელევიზიო სპექტაკლის გამო. საზოგადოების ერთი ნაწილი ისევ აღშფოთდა, ისევ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. შიშველი მხილება და დაუნდობელი თვითკრიტიკა (სახარებისეული დირეს დანახვას რომ გულისხმობს საკუთარ თვალში) კვლავ მიუღებელი აღმოჩნდა.

ი. გომართელის წერილის (1925 წ. ჟურნალი `ახალი გზა~; #17) იმ ადგილას, სადაც წერია: `ფსიქოლოგიის გაშუქებაში მიხეილ ჯავახიშვილი დიდი ხელოვანი და იშვიათი ოსტატია. ასეთი ანალიზი ჩვენი ინტელიგენციის ერთი ნაწილის სულიერი ავადმყოფობისა ჯერ არავის მოუცია ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში~ _ მწერალი შენიშნავს: `ავტორის გლოვა თეიმურაზის ბედისა არ გესმის?~

თეიმურაზ ხევისთავი კერძო, კონკრეტული ადამიანის სახეცაა და, იმავდროულად, სიმბოლურიც. ხიზნობა კი უნებობაა, ტყვეობაა, საკუთარ უფლებებზე უარის თქმაა, თავისუფალი არჩევნის ღვთით მომადლებული ნიჭის დაკარგვაა, უსასოობაა, ეშმაკისკენ მიდრეკა და მასთან უნებური გარიგებაა, ღვთის გზიდან აცდენაა… ამიტომაც რომანი შეიძლება რამდენიმე ასპექტით გავიაზროთ და მთავარი გმირის სახეში სხვადასხვა სიღრმის სააზროვნო შრეები მოვინიშნოთ:

თეიმურაზის, როგორც კერძო კაცის ბედი კონკრეტულ საზოგადოებაში;

თეიმურაზის, როგორც ერის გარკვეული ისტორიულ-კულტურული რაგვარობის, არსებობის პრობლემა;

თეიმურაზის, როგორც საზოგადო, უნივერსალური ადამიანის, სულიერი სამყაროს კანონზომიერებანის გარკვევა და შემეცნება. ამ შემთხვევაში, `გარეთ~ დატრიალებული დრამა არქეტიპულ საწყისებს (სულიერი, მშვინვიერი, ხორციელი) შორის კონფლიქტად გავიაზროთ. ამგვარად, თეიმურაზიც, მარგოცა და ჯაყოც პერსონიფიცირებულ ვნებებად წარმოდგებიან, რომელთა საშუალებით მწერალი თვითშემეცნებას მიესწრაფვის, რათა ამ გზით სამყაროს ჭეშმარიტებას ეზიაროს.

რომანი თეიმურაზ ხევისთავის ჯაყოსთან შეხვედრით იწყება და ამას მოჰყვება დიდი გამოცდა _ ტანჯვა-წამებით აღსავსე. ეს თვითონ ცხოვრებაა _ წუთისოფელი _ თავისი ულმობელი კანონებით, ამიტომაც ჭარბობს რომანში ბნელი ფერები. რომანტიკული და ამაღლებული აქ თითქმის არ არის, რადგან არც უმწიკვლობა და უმანკოებაა, რომელმაც სინათლე უნდა დაბადოს. რომანში ადამიანის დაცემა, მისი გულიდან სასუფევლის განდევნა და ჯოჯოხეთის დამკვიდრება ნიუანსური სიზუსტითაა წარმოდგენილი. სწორედ ეს ნიუანსები ამხელს მიხეილ ჯავახიშვილის მწერლურ ოსტატობას, რომლის გზითაც მან მკითხველს ადამიანის სულის უჩინარი უფსკრულების მოხილვის საშუალება მისცა. რომანი ლოცვით მთავრდება _ მწყემსი უცილობლად იპოვის თავის დაკარგულ, გზააბნეულ ცხვარს, ოღონდაც ლოცვის ძალას ნუ დაკარგავს ბნელიდან სინათლის მხმობელი.

ცხოვრების ხიზნობა (სამოთხიდან გამოდევნა) გარდაუვალია, როგორც უფლის ნებით დაშვებული გამოცდა (ტანჯვის გზით სულის გამოსაწრთობად), მაგრამ მისგან თავდახსნა ადამიანის თავისუფალი ნების არჩევანია. მწერალს სურს, რომ მკითხველმა დაიჯეროს _ თეიმურაზი ამ არჩევანს გააკეთებს.

ზნეობრივი დაცემისა და არარაობად ქცევის პროცესში რწმენის დაკარგვის უდიდეს მნიშვნელობას კარგად იცნობს ქართული ლიტერატურული ტრადიცია. მიხეილ ჯავახიშვილი რომანში წარმოაჩენს, თუ როგორ შლის და ანგრევს ადამიანის მთლიანობას, სიმტკიცესა და ნებას ურწმუნოება. ძველი და ახალი აღთქმიდან მოყვანილი ციტატები (ლოცვები, იგავები, მცნებები) ადამიანის ღვთისკენ მისწრაფებას ამხელენ. მწერალი მიგვადევნინებს თვალს, თუ რა ცვლილებებს იწვევს რწმენა კაცში, როგორ განწმენდს და აამაღლებს. თეიმურაზისთვის რწმენის განახლება `ამოძრავების~ წყარო გახდა (თუმცა, მისი `საქმე~ წარმოსახვას არ გასცილდა, მაგრამ მოვლენების საღი შეფასების უნარი მიანიჭა). ბიბლიიდან მოყვანილი ყოველი იგავი თუ სტრიქონი გმირის გარკვეული სულიერი მდგომარეობის რაგვარობის გამომხატველია.

თეიმურაზის დადანაშაულება ნიშნავს, დაადანაშაულო თვითონ მიხეილ ჯავახიშვილი. თეიმურაზი ხომ მისი ალტერ-ეგოა. მწერალმა ამ რომანით კიდევაც დაიდანაშაულა თავი და თუ რამ ცოდვა ჰქონდა, თავისი მოწამეობრივი აღსასრულით  გამოისყიდა.

რა ვერ შეძლო და რა შეძლო თეიმურაზმა? ანუ როგორ დამარცხდა ხორციელად  და როგორ გაიმარჯვა სულიერად?

  1. მან ვერ შეძლო არსებულ ძალადობრივ რეჟიმთან შეგუება. სამოღვაწეო ასპარეზს გაეცალა. თავისი საქმე გააგრძელა, როგორც შეეძლო. ისევ ძველ-სიგელ-გუჯრებს დასტრიალებდა, კითხულობდა, ფიქრობდა. თავის ქვეყანაში ემიგრანტად იქცა. მისთვის ეს იყო დროებითი გაცლა ბრძოლის ველიდან, მოლოდინი. ჟამი ქვათა შეკრებისა. ძალების მოკრებისა. ნახუცარ ივანეს ეუბნება: `ბავშვებს იმას არ ვასწავლი, რისაც თვითონ არ მწამსო~. ეს კი დასტური იყო სიბრძნისა: `საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან~.
  2. მან ფიზიკური გადარჩენისთვის არაფერი დათმო, ნახუცარ  ივანესავით `წვერი არ გაიკრიჭა~ და დარჩა თავისი შეხედულებების ერთგული.
  3. მან გადაწყვიტა სულიერად გადარჩენილიყო და დალოდებოდა თავის დროს. ამგვარად, იგი აღასრულებს ქრისტიანულ მცნებებს _ ითმენს დამცირებასა და შეურაცხყოფას. მარჯვენაში რომ არტყამენ, მარცხენას მიუშვერს, სამოსს რომ ართმევენ, პერანგსაც აძლევს.
  4. მან ჯაყოს ძალადობას ძალადობით არ უპასუხა. ქრისტიანული მორალი დაიცვა, რადგან კარგად იცოდა სახარებისეული სწავლება, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე განიგმირება.
  5. იგი არ იქცა კაცის მკვლელად. მას შეეძლო ჯაყოს მოკვლა, როდესაც მოულოდნელად მძინარეს დაადგა თავზე. ამგვარად, შეასრულა ქრისტიანული მცნება `არა კაც-ჰკლა~.
  6. მან თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობის ცოდვა არ ჩაიდინა (ჰქონდა ამის მცდელობა). ღვთის შექმნილის ბედი ღმერთსვე მიანდო.
  7. მას საერთოდ არ შეუძლია სისხლის დაღვრა, ქათამსაც კი ვერ დაკლავს.
  8. იგი თავისი უმწეობით იქცა ვაჟა-ფშაველასეულ იდეალის გამოხატულებად: `ბალახი ვიყო სათიბი,/არა მწადიან ცელობა,/ ცხვრადვე მამყოფე ისევა,/ოღონდ ამშორდეს მგელობა~ `ჩემი ვედრება~). ეს ერთგვარი იდეალისტური მსოფლმხედველობა  მან პრაქტიკულად განახორციელა. ის დარჩა ბალახად და არ იქცა ცელად, დარჩა ცხვრად და არ იქცა მგლად. მსხვერპლად ყოფნა არჩია ჯალათობას.
  9. ის უარს ამბობს მგლური კანონებით ცხოვრებაზე. ერთ ეპიზოდში თეიმურაზი თითქოს მიხვდება ფეხზე წამოდგომის წუთისოფლისეულ პირობას, საკუთარ სულში ძალების მოკრებას მგლური კანონების აღსასრულებლად. ამიტომაც შეატრიალდა კიდევაც ქრისტიანული მცნებები და გადაწყვიტა, მიჰყოლოდა შეგონებებს, რომლებითაც ცხოვრება წვრთნიდა თავის `რჩეულებს~: 1. მგლებთან მგლობა და ცხვრებთანაც მგლობა; 2. ცხვარი ღმერთს მოსაწველად, გასაკრეჭად და შესაჭმელად გაუჩენია; 3. ვინც ღილი მოგწყვიტოს, ის თავით-ფეხებამდე გაატიტვლე, ხოლო ვინც არაფერი დაგიშავოს, ის გაატყავე; 4. ცხოვრების მდინარეში პირაღმა ცურაობა გიჟების საქმეა. წყალს გაჰყევი, სამშვიდობოს გაგიყვანს; 5. ვისაც ერთი ტყავი აქვს, ორი გააძრე, ვისაც ორი აქვს, ხუთი ააგლიჯე, ვისაც არაფერი არა აქვს, ათი წააძრე; 6. მადლს ნურავის უზამ, თორემ დამადლებულ მადლობას არ გაპატიებს და სამაგიეროს შხამით გადაგიხდის; 7. სიკეთეს ნუ დათესავ, თორემ ლენცოფა ამოვა.

ამ ამაზრზენ `კანონებს~ როცა ისმენს ნახუცარი ივანე, კი არ შეცბუნდება და შეშფოთდება, არამედ კვერს უკრავს თეიმურაზს და ემოწმება, რომ, მართლაც, ყველაფერი ასეა ცხოვრებაში. თვითონაც თავისი გამოცდილებით დარწმუნდა მათს ჭეშმარიტებაში. თეიმურაზმა, საბედნიეროდ, ვერ შეძლო ამ `კანონების~ მიყოლა, რადგან ასე ადამიანობას დაკარგავდა და ჯაყოს დაემსგავსებოდა.

მწერალი თითქოს ჩიხში ემწყვდევა. რა ქნას? მგელს მხოლოდ მგელი თუ დაამარცხებს, ამიტომ იქნებ სჯობდეს, რომ ცხვარი მგლად გადაიქცეს? მაგრამ არა, მიხეილ ჯავახიშვილს სჯერა, ღმერთი არ მიატოვებს თავის შექმნილს, ამიტომაც არის, რომ რომანი ლოცვითა და დიდი მოლოდინით მთავრდება. კოშკში დამწყვდეული მარგო თავის გამომხსნელს მოელის, თეიმურაზი ფეხზე უნდა წამოდგეს ჭირს დავდაღწეული რაინდივით და ღვთის სახელითა და შემწეობით მოიპოვოს დაკარგული საუნჯე.

  1. მან არ იძია შური ჯაყოზე, ეს საქმე ღმერთს მიანდო. `ჩემი არს შურისგება და მე მივაგო~ (პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, 10, 30).
  2. მან შეასრულა მცნებები: `არა იპარო~, „არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა“.
  3. მან იპოვა ძალა საკუთარ თავში და არ მისცა გვარი ჯაყოს შვილს _ არ თქვა თავის არსსა და მეობაზე  უარი. ერთგან ამბობს: `მე მომღუნეს, მაგრამ ვერასოდეს დამიმორჩილებენ~.
  4. მან აპატია მარგოს ღალატი, რადგან მიხვდა, რომ თვითონ დაარღვია სახარებისეული სწავლება: „ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ“. მართალია, მასში იფეთქა ადამიანისათვის ბუნებრივმა სხვისი განკითხვის სურვილმა, მაგრამ გაახსენდა სახარებისეული `არა განიკითხოთ~, ან `პირველმა იმან ესროლოს ქვა, ვინც თვითონ უცოდველია~, ან `რატომ ხედავ ბეწვს  სხვის თვალში, როდესაც შენს თვალში დირე ვერ შეგიმჩნევია~. მან თვითონაც სთხოვა პატიება მარგოს. ის დაემსგავსა ჯვარცმულ მაცხოვარს, რომელმაც ღმერთს შეავედრა ჯვარმცმელები: ღმერთო შეუნდე, რადგან არ იციან, რას იქმანო.
  5. მწერალმა ის დაყუდებულ შიო მღვიმელს შეადარა _ წმინდანს, რომელმაც 7 წელი ორმოში გაატარა. თეიმურაზისთვისაც ჯაყოსთან გატარებული დრო, ხიზნობაა, ორმოა, საიდანაც განწმენდილი ამოდის. ეს ის დროა, როდესაც ის კითხულობს სახარებებს, ფსალმუნებს, ბიბლიის სხვა წიგნებსაც და სულიერად ძლიერდება. ხვდება, რომ მთავარია, ადამიანი სულიერად გადარჩეს. მხოლოდ რწმენაა ნამდვილი იარაღი და ფარი ხილული თუ უხილავი მტრის წინააღმდეგ. მხოლოდ რწმენა შეაძლებინებს შიშველი ხელებით ბოროტების დამარცხებას, როგორც დავითმა შურდულით სძლია გოლიათს. რომანის ბოლოს, ის ზანდუკიდან იღებს ხატს და ლოცულობს. სინათლისა და სიკეთის რწმენით მთავრდება რომანი. ამ სინათლისა და სიკეთის მატარებელი კი თეიმურაზია. ის დარჩა გულით წმინდად და როგორც 9 ნეტარებაშია: `ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ~. რომანის ბოლო ეპიზოდი ამას ადასტურებს. ის დევნილია, შეურაცხყოფილი და დამდაბლებულია, მაგრამ არ ბოროტდება.
  6. თეიმურაზმა გააკეთა არჩევანი სიკეთის, სიყვარულის, რწმენის, მოთმინების, მიმტევებლობის სასარგებლოდ. ის ამ უმწეობამ, ტანჯვამ სულიერად გაზარდა და აამაღლა. ეს ჩანს ბოლო ეპიზოდში. თეიმურაზი: კიდობნიდან ამოღებულ ძველ `ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა. მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი: – წმიდაო ღმერთო! წმიდაო ძლიერო! წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. უფალო ძლიერო! ყოვლისა შემძლევ და სათნოიანო! მოგვეც ჩვენ, დავრდომილთა და უღირსთა ძეთა შენთა, მოთმინება ულეველი, მშვიდობა უსაზღვრო და რწმენა უძირო.

კვლავ გარეთ გაიხედავს ნუგეშისცემული თეიმურაზი. ისევ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი. იმ კოშკიდან კვლავ მოსჩანს იმედის სანთელი. ისევ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს: აღარსად სჩანან ძაღლის მძორები. აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს. ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებულ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი~.

 ეს იყო ჯავახიშვილის რწმენა, რომ საკუთარ თავში იპოვიდა ძალას და   წინააღმდეგობას გააგრძელებდა სულის ამოხდომამდე, რაც გააკეთა კიდევაც თავისი მხატვრული შემოქმედებით. ამ რომანის დაწერის, 1924 წლის შემდეგ კიდევ ბევრი იღვაწა, სანამ  ჯვარს აცვეს_ 1937 წელს მწერალი დახვრიტეს.

 მათემატიკა და პოეზია – ინტეგრირებული გაკვეთილი

0

როდესაც გაკვეთილების ინტეგრირებაზე ვსაუბრობთ, ალბათ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ძნელად თუ წარმოიდგენს, როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან დაშორებული დისციპლინების, მაგალითად, მათემატიკისა და პოეზიის გაერთიანებას. მაგრამ, თუკი შევთავაზებთ, აიღონ რომელიმე საინტერესო კონცეპტი და შეეცადონ, ამ კონცეპტის ირგვლივ ისაუბრონ ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე დისციპლინის ფარგლებში, აღმოაჩენენ, რომ ამ დისციპლინებს ბევრად მეტი რამ აქვთ საერთო, ვიდრე მანამდე ეგონათ. მე, როგორც ფილოლოგმა და პეტრემ, როგორც მატემატიკოსმა, გადავწყვიტეთ რამდენიმე ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება იმ პირობით, რომ ამ გაკვეთილებში ერთი საგანი აუცილებლად მათემატიკა იქნებოდა. ჩვენს მოსწავლეებს ასეთი გაკვეთილები ძალიან მოეწონათ, რადგან  პირველად შეხედეს საგნებს განსხვავებული კუთხიდან. გთავაზობთ გეგმას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი დაინტერესებული მასწავლებელი ჩაატარებს ინტეგრირებულ გაკვეთილს. რა თქმა უნდა, ამ წერილში წარმოდგენილი მაგალითები კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიისთვისაა (მეთერთმეტე კლასი) განკუთვნილი და მათი შეცვლა აუცილებელი იქნება, თუკი თქვენი მოსწავლეები სხვა ასაკობივ კატეგორიას განეკუთვნებიან.

გაკვეთილის დასაწყისში დავსვათ ასეთი შეკითხვები (სასურველია, შეკითხვები პროექტორის საშუალებით გავუშვათ და დისკუსია სხვა მიმართულებით არ წავიდეს. გაკვეთილის ამ ნაწილს დავუთმოთ 6 წუთი): არსებობს თუ არა სილამაზის უნივერსალური განმარტება? არსებობს თუ არა საერთო მახასიათებელი, რომელსაც ერთნაირად განვიცდით, როდესაც ვუცქერით ან ვუსმენთ იმას, რაც ყველას მიერაა აღიარებული როგორც ლამაზი? დაიძებნება თუ არა ისეთი ნიშანი, რის მიხედვითაც დახასიათდება ლამაზი? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად შევთავაზოთ მოსწავლეებს, ჩამოთვალონ, რა ან ვინ მიაჩნიათ ლამაზად, რომელი მუსიკა ან ლექსი ჰგონიათ ლამაზი. ჩამონათვალი დაადასტურებს, რომ ადამიანებს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ სილამაზეზე, მათ განსხვავებული მუსიკა, ლიტერატურა, სპექტაკლი მოსწონთ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილამაზე არის ის იარლიყი, რომელსაც ვაკრავთ აღსაწერ საგანს ან მოვლენას და ეფუძნება კულტურული და პირადი შეხედულებების კომბინაციას. ასეთ განმარტებას პირობითად სილამაზის სუბიეტური აღქმა ვუწოდოთ.

სილამაზის სუბიექტური აღქმა დამოკიდებულია იმ კულტურაზეც, რომელშიც ვტრიალებთ. მოსწავლეებს სანიმუშოდ შეგვიძლია რამდენიმე სლაიდიც ვუჩვენოთ. ჩვენ გამოვიყენეთ კარენი გოგონას ფოტო სამხრეთ ტაილანდიდან (ამ ტომში ქალების სილამაზე კისრის სიგრძეზეა დამოკიდებული, ამიტომაც გოგონებს ბავშვობიდან კისერზე (და ფეხებზეც) ჩამოაცმევენ რგოლებს, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება, სანამ კისერი სასურველ ზომას არ მიაღწევს), კარამოჯონგელი ქალის ფოტო (ამ ტომის ქალების სილამაზე ნაიარავ სახეშია, ამიტომაც ისინი სპეციალურად ისახიჩრებენ სახის კანს, რათა ნაჭდევმა სამუდამოდ „გაალამაზოს“ მათი სახე), მურსი ქალის ფოტო (ამ ტომის ქალები ქვედა ტუჩში სპეციალურად დამზადებულ თიხის ფირფიტას ითავსებენ. ფირფიტის დიამეტრის ზომა 10-დან 15 სანტიმეტრამდეა და მისი განსხვავებული ორნამენტებით მორთვა ქალის ღირსების საკითხია) და მამაკაცის ფოტო ბოროროს ტომიდან (ბოროროს ტომის მამაკაცები ნიგერსა და ნიგერიაში სახლობენ. ისინი თავიანთ თავს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მამაკაცებად მიიჩნევენ. ყოველწლიურად ატარებენ ვააკეს, სილამაზის კონკურსს, რომლისთვისაც განსაკუთრებულად იკაზმებიან და იღებავენ სახეს). ყველა ეს ფოტო ადვილი მოსაძებნია ინტერნეტში. გაკვეთილის ამ ნაწილს დაუთმეთ 2 წუთი.

თუმცა, ე.წ. სუბიექტური სილამაზის გარდა, არსებობს ობიექტური სილამაზეც. აღმოჩნდა, რომ ობიექტური სილამაზის უკან დგას მათემატიკა, კერძოდ, ოქროს კვეთა, იგივე ფი, იგივე, ოქროს პროპორცია. მიუხედავად იმისა, რომ იგი მუდმივად არსებობდა, მისი აღმოჩენა რამდენჯერმე მოხდა, ამიტომაც აქვს რამდენიმე სახელწოდება: ჯერ მე-16 საუკუნეში უწოდეს ღვთაებრივი პროპორცია, შემდეგ მე-18-ში –  ოქროს კვეთა, ბოლოს კი – მე-19 საუკუნეში ბერძნული ასო „ფი“-თი აღნიშნეს.  φ სიმბოლო, რომელიც ამ ცნებას გამოხატავს,  1.618 შეადგენს (აქ შეგიძლიათ დაფაზე დახატოთ წრფე, რომელსაც გაყოფთ ორ არატოლ ნაწილად და აღნიშნავთ ასოებით A, B, C, შემდეგ კი ახსნით, რომ AC შეფარდება AB-თან ისევეა 1.618, როგორც AB შეფარდება AC-თან). ოქროს კვეთა მოიძებნება მუსიკაში, პოეზიაში, არქიტექტურაში და არა მარტო ადამიანის მიერ შექმნილ დარგებში. თუკი დავაკვირდებით, ოქროს პროპორცია გვხვდება ადამიანის სხეულის აგებულებაში, დნმ-ში, ყველაზე მოულოდნელ ადგილებში მთელი სამყაროს მასშტაბით (აქ შეგიძლიათ აჩვენოთ სხვადასხვა სლაიდი, რომელზეც გამოსახული იქნება პართენონი, ჯოკონდა, გირჩი, ანანასი და სხვ. სულ ამ ნაწილს დაუთმეთ 5 წუთი და დაასრულეთ ფრაზით, რომ ხუმრობაშერეული შეკითხვა, ხომ არ არის ღმერთი მათემატიკოსი, საფუძველს მოკლებული არ არის).

როგორც აღმოჩნდა, სილამაზის უკან მათემატიკური ფორმულები დგას და სილამაზის აღწერა მათემატიკის ენითაა შესაძლებელი. ახლა საკითხს შებრუნებულად შევხედოთ. დგას თუ არა მათემატიკის უკანაც სილამაზე? თუ მათემატიკა მათემატიკაა და მისი შეფასება სილამაზე-სიუშნოვის კრიტერიუმებით დაუშვებელია?

მათემატიკოსები მიიჩნევენ, რომ ფორმულა ლამაზია, თუკი ის სადაა და მოკლე და, თუკი მას ახსნითი ძალა გააჩნია. ასევე ფიქრობენ საბუნებისმეტყველო დარგის წარმომადგენლებიც, რომლებიც თეორიის სილამაზესაც სისადავეში, ლაკონიურობასა და ახსნით უნარში ხედავენ. ახსნით ძალაში იგულისხმება ის, რომ ლამაზმა ფორმულამ ან თეორიამ უნდა დააკავშიროს, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი და დაშორებული კონცეპტები. 1+1=2 არ არის ლამაზი (თუმცა სადა და მოკლეა), რადგან ის არ აკავშირებს დაშორებულ კონცეპტებს. ლამაზია ეულერის, აინშტაინის, პითაგორას და სხვ. მიგნებები. თუმცა ახლა ყურადღებას ისეთ მაგალითებზე შევაჩერებთ, რომელთა ამოსახსნელად გრძელი და მოკლე გზები დაიძებნება. ორივე გზას სწორ პასუხამდე მივყავართ, მაგრამ ვნახოთ, რომელი გზა უფრო ლამაზია (მათემატიკის ნაწილს დაუთმეთ 20 წუთი და არ დაგავიწყდეთ, მაგალითების ამოხსნის პროცესში მოსწავლეები ჩართოთ). მოსწავლეებს დაუსვით შეკითხვა: ოდესმე თუ ამოგიხსნიათ რაიმე ამოცანა და შემდეგ თქვენი ამოხსნით ყოფილხართ კმაყოფილი?  ეს  კმაყოფილება მხოლოდ სწორი პასუხის მიღებამ გამოიწვია თუ ეს კმაყოფილება იმით იყო გამოწვეული, რომ ამოხსნა იყო ეფექტური, სტილისტური ან თუნდაც ლამაზი ?

ამის  შემდეგ მოსწავლეებს  შევთავაზოთ  ამოცანის ამოხსნის ორი გზა: (აქ შეიძლება თავად მოსწავლეებისაგან მოვისმინოთ ამოხსნები, ხოლო შემდეგ პროექტორით გავუშვათ ქვემოთ მოყვანილი ორი ამოხსნა).

გახსენით ფრჩხილები და გაამარტივეთ:

ამოხსნა1.

რა

ამოხსნა 2.

დავსვათ შეკითხვა: რომელი ამოხსნაა  უკეთესი ?

ორივე ამოხსნა გვაძლევს სწორ პასუხს და  მაინც მეორე ამოხსნა უკეთესად გამოიყურება. ის  უფრო ელეგანტური და ლაკონიურია,  ვიდრე – პირველი.  აქვე შეგვიძლია მოვიშველიოთ  დენვერის უნივერსიტეტის პროფესორის სტენ გადერის სიტყვები „მათემატიკის არსი ის კი არაა, რომ მარტივი გავართულოთ, არამედ ის, რომ რთული გავამარტივოთ – The  essence  of  mathematics  is  not  to  make simple things complicated, but  to  make  complicated things simple” . ამ სიტყვების შინაარსია სწორედ ის, რომ ყველაფერი  ლამაზი არის მარტივი. აქვე  შეგვიძლია, დასტურად მოვიშველიოთ ცნობილი განტოლებები, რომლებიც აღწერენ სამყაროს:

პ

არ არის გასაოცარი, რომ სამყარო აღიწერება მათემატიკური განტოლებებით?! ეს განტოლებებია, რომლებმაც შეაძლებინა ადამიანს, მიეღწია მთვარეზე, შეექმნა ინტერნეტი და  გაეგო ადამიანის სხეულის მუშაობა.

ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუსვამთ შეკითხვას: რომელი განტოლებაა თქვენი ფავორიტი და რატომ? თუ შევაჯამებთ, დავრწმუნდებით, რომ ყველა ეს განტოლება პირველ რიგში არის მარტივი და ლამაზი. ე.ი. მათემატიკა შეიძლება გამოვიყენოთ სილამაზის განსაზღვრისათვის და სილამაზე არის მათემატიკაშიც. აქ  შეიძლება  მოსწავლეებს ვთხოვოთ, მოიფიქრონ ლამაზი და ელეგანტური ამოხსნები  მათემატიკაში. ე. ი. მათემატიკა დგას სილამაზის უკან და სილამაზე  არის თავად მათემატიკაშიც.

სილამაზე დაიძებნება მთელ რიგ დარგებშიც, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ხელოვნებაზე, კერძოდ, პოეზიაზე, სილამაზეს ეძებენ კომპიუტერულ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო დარგებში. ხშირად ტერმინ „სილამაზეს“ ანაცვლებენ სიტყვით „მოხდენილობა, ელეგანტურობა“.

გაკვეთილის ბოლო 10 წუთი პოეზიას დაუთმეთ, ორი წუთი კი გაკვეთილის შესაჯამებლად მოიტოვეთ. პოეზია მოხდენილად, მარტივად გადმოგვცემს ურთულეს იდეებს. მაგ. სიბერის აღწერა ბევრნაირად შეიძლება. პოეტი კი ასე იტყვის: „მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია“. ამაზე მოხდენილად ვერავინ დაახასიათებს სიბერეს. ანდა ვინ დაახასიათებს პოეტებზე უკეთ სიყვარულს („ეკერებოდა გულმკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“), სიცოცხლის მსწრაფლმავლობას („ფიფქი მეცემა ცხელ ხელებზე და ფიფქი კვდება, რაა სიცოცხლე?“) და სხვა ურთულეს კატეგორიებს? თხოვეთ მოსწავლეებს სხვა მაგალითებიც გაიხსენონ, როდესაც, პოეზიის საშუალებით, სადად, მოხდენილად და მარტივად გადმოვცემთ სხვადასხვა რთულ კატეგორიას. ეჭვი არ მეპარება, თქვენს მოსწავლეებსაც, ჩემი და პეტრეს მოსწავლეების მსგავსად, უამრავი მაგალითი გაახსენდებათ პოეზიიდან სიკვდილზე, მეგობრობაზე, ვაჟკაცობაზე, წელიწადის დროებზეც კი.

მაგალითები გვარწმუნებს, რომ პოეზიაც, მათემატიკური ფორმულების მსგავსად, ახერხებს, ურთულესი და ერთმანეთისგან დაშორებული კონცეპტების შეკავშირებას. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სილამაზე და მოხდენილობა სწორედ სისადავესა და რთულის მარტივად ახსნის ძალაშია. ეგებ სილამაზე გრძნობებისა და გონების დაკმაყოფილების საიდუმლოც კი იყოს?

და ბოლოს, რატომ დავინტერესდით სილამაზის კონცეპტით? ეგებ სილამაზის აღმოჩენამ ჭეშმარიტებაც გვაპოვნინოს?! სილამაზე ხომ ჭეშმარიტებაა და ჭეშმარიტება სილამაზე?!

გაკვეთილი დაასრულეთ ინტრიგით: მოსწავლეებს უთხარით, რომ დღესაც არსებობს ისეთი მათემატიკური ამოცანები, რომლის ელეგანტური ამოხსნისთვისაც დიდი პრიზებია დაწესებული. მათი ამოხსნა კომპიუტერის დაუხმარებლად უნდა მოხდეს. თითქმის ყველა დიდი მათემატიკოსი აღმოჩენებს ადრეულ ასაკში აკეთებდა და ამიტომაც შესთავაზეთ, დაძებნონ ასეთი თავსატეხი ამოცანები და თავისუფალ დროს შეეცადონ, მათი ამოხსნის გზები ეძებონ. ამგვარი ინტელექტუალური დავალების შესრულება ხომ ორმხრივად დადებითია, რადგან სარგებლობაც მოაქვს და სიამოვნებასაც გვანიჭებს.

გაკვეთილის მომზადების პროცესში შემდეგი რესურსები გამოვიყენეთ:

http://www.toktalk.net/2009/12/15/of-science-math-and-beauty/

https://www.goldennumber.net/golden-ratio-history/

https://philosophy.about.com/od/Philosophical-Branches/a/Aesthetics.htm

https://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/vaja_pshavela/Poemebi/stumar-maspindzeli.pdf

https://courses.washington.edu/dtcg/texts/data/jr/drops.html

https://poetry.ge/poets/shota-rustaveli/poems/9761.vefxistkaosani-ambavi-rostevan-arabta-mefisa.htm

მუსიკოსთა გასაჭირი

0

ზოგჯერ კომპოზიტორებიც კი საუბრობენ განათლების სისტემის პრობლემების შესახებ. რამდენიმე მათგანისთვის გულდასმით მომისმენია კიდეც. მათი უმრავლესობა ერთ კონკრეტულ სირთულეზე ამახვილებს ყურადღებას. მუსიკოსებს აწუხებთ ის, რომ სკოლასა და კონსერვატორიას შორის დამაკავშირებელი რგოლი ფაქტობრივად არ არსებობს. საბჭოთა ეპოქაში დასახელებულ ორ ინსტიტუტს ერთმანეთთან სამუსიკო სასწავლებლები და მუსიკალური მრავალწლედები აკავშირებდნენ. ევროპული ქვეყნების მრავალ სკოლაში საორკესტრო და საგუნდო წრეების არსებობა და მათზე განსაკუთრებული ზრუნვა ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად, კონტინენტურ დასავლეთში მოზარდს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში მოსახვედრად არაორდინარული წინააღმდეგობების გადალახვა არ უწევს. დღევანდელ საქართველოში კი უამრავ მოსწავლეს ეღობება გრიბოედოვის ქუჩისკენ მიმავალი გზა.  მათ არ აქვთ შესაძლებლობა კონსერვატორიაში ჩარიცხვამდე საკუთარი მუსიკალური მონაცემების სრულყოფაზე თავისუფლად იმუშაონ. მუსიკალური მრავალწლედების რაოდენობა და დაფინანსება კატასტროფულად შემცირებულია. ხანდახან ბავშვებს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში უწევთ სიარული, რათა სასწავლო დარბაზამდე მიაღწიონ. მშობლებს საუკეთესო გამოსავლად კერძო პედაგოგების დაქირავება ესახებათ. მოკლედ, დღეს სკოლიდან კონსერვატორიაში მოხვედრას მხოლოდ განსაკუთრებული ტალანტები ან რეპეტიტორის მხარდაჭერის საშუალების მქონე პირები ახერხებენ. ჩვენ ირგვლივ კი მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვლადიმერ ჰოროვიცივით ვერ უკრავენ, მაგრამ აქვთ ნიჭი, არ ჰყავთ პერსონალური მასწავლებლები და კონსერვატორიასთან დამაკავშირებელი რგოლის არარსებობის გამო საშემსრულებლო ხელოვნების ნაცვლად ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის ან სისხლის სამართლის სწავლა უწევთ. ბუნებრივია, საყვარელ საქმიანობას მოწყვეტილი პირები მაინცდამაინც ბედნიერად ვერ გრძნობენ თავს და მთელი ცხოვრება აწუხებთ იძულებითი არჩევნის სიმძიმე.

 იშვიათად სასწაულებიც ხდება ხოლმე. როგორც წესი, სასწაული დიდხანს არ გრძელდება. გაელვების შემდეგ საოცარ მოვლენებს კვლავ ძველი წინააღმდეგობები ანაცვლებენ.

წლის დასაწყისში ვერის ბაღში ერთ შესანიშნავ ადამიანს გადავეყარე. მან ჩვენი თანამოქალაქის შესახებ მომიყვა. ბიჭი ჩვენს ქალაქში, მრავალშვილიან და ნაკლებად მდიდარ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. საკუთარი მუსიკალური ტალანტის გამოვლენაში ძირითადად ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ. დიდი დავიდარაბის შემდეგ, დამაკავშირებელი რგოლის გარეშე მოსწავლემ სკოლიდან კონსერვატორიაში მოხვედრაც მოახერხა. მისი შრომა და განსაკუთრებული მონაცემები დამკვირვებელთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მალე მან გრიბოედოვის ქუჩიდან „მუსიკალურ ჰარვარდად“ აღიარებულ ხელოვნების უნივერსიტეტშიც გადაინაცვლა. რეალური ზღაპარი აქ არ მთავრდება. საერთაშორისო სასწავლებლის მრავალეროვან ჯგუფში ქართველი სტუდენტი ერთ-ერთი მოწინავე მსმენელი გახლავთ და თანაკურსელებს არაფრით ჩამოუვარდება. ალბათ, ბევრი თქვენგანი იკითხავს, თუ სკოლის მერხიდან პრესტიჟულ კონსერვატორიაში ჩარიცხვა შეძლო და საკუთარი ნიჭის გამოვლენასაც ახერხებს, რაღა უნდა აწუხებდეს მას? რაღა უნდა უშლიდეს მას ხელს, რათა მშვიდად განიცადოს სრული ბედნიერება?

„მუსიკალურ ჰარვარდში“ მოხვედრილ თითქმის ყველა სტუდენტს ვიღაც მფარველობს. ზოგიერთი სტუდენტის ძვირადღირებული ინსტრუმენტით მომარაგებაზე სახელმწიფო ზრუნავს. ზოგიერთ ახალგაზრდა მუსიკოსს კი მეცენატები აძლევენ უფლებას, რათა მათი სახელით შეძენილი „სტრადივარიუსებით“ ისარგებლონ. მხოლოდ ჩვენს თანამემამულეს არ ჰყავს სერიოზული მხარდამჭერი. შესაბამისად, მის შესასრულებელ მთავარ პარტიებს სხვები ასრულებენ. შეიძლება ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ თუ ინსტრუმენტი არ გაქვს, შენს ადგილს სხვა დაიკავებს. თურმე, დარვინიზმის პრინციპებს მუსიკალურ სამყაროშიც ჰქონია თავისი სასტიკი გამოვლინებები.

            ამგვარ პრობლემებსა და მოვლენებზე დაკვირვება ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს. თანამედროვე საქართველოში აკადემიური მუსიკალური განათლება ცუდად დაფასებული სფეროა. იმედია, სასტიკი წინააღმდეგობების არსებობის მიუხედავად, ბევრი იდეალისტი მოსწავლე მაინც არ იტყვის უარს საყვარელ საქმიანობაზე.

ერთხელ მაინც შემომხედე თვალებში

0

ასეთი ჩვევა მაქვს: ვცდილობ, არც ერთი ახალი ქართული ფილმი არ გამომრჩეს. „ანას ცხოვრების“ თრეილერს რამდენჯერმე მოვკარი თვალი, მაგრამ როცა გავიგე, რომ დრამა მთავარი გმირის – ანასა და მისი მცირეწლოვანი აუტიზმის მქონე ვაჟის გარშემო ვითარდება, მაშინვე „სასწრაფოდ სანახავთა“ სიაში მოვინიშნე და ფილმის საქართველოს კინოთეატრებში გამოსვლის პირველივე დღეს გავეშურე მის საყურებლად.

ანა მარტოხელა დედაა და თავის სარჩენად უამრავ ადგილას უწევს მუშაობა. სკლეროზიან ბებიასაც მის გარდა არავინ ჰყავს. ანას ბიჭი – სანდრო ინტერნატში ცხოვრობს ძალიან გულისხმიერ, ასაკიან მასწავლებელთან ერთად. თუმცა დედა მიიჩნევს, რომ იქ მისი შვილი სათანადოდ ვერ განვითარდება და ბიჭის ფასიან სკოლაში გადაყვანაა საჭირო. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობისადმი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გულგრილნი არიან. მას ხომ ხელფასი აქვს, არადა ზოგს ქაღალდის ფული კარგა ხანია არ უნახავს, მხოლოდ რკინის ფულის არსებობის შესახებ თუ იცის. ანას კი ნორმალურად აცვია, არ შია, ხოლო მისი მიზანი საზოგადოების თანაგრძნობას არ იწვევს. აუტიზმის მქონე ვაჟის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ის ამერიკაში სამუშაოდ წასვლას გადაწყვეტს, ყიდის სახლს და თაღლითურ გარიგებაში ეხვევა.

როგორც რეჟისორმა ნინო ბასილიამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, თემა ერთნაირად აქტუალური აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში. რაც არ უნდა განვითარებული იყოს ქვეყანა, მარტოხელა დედებს გარკვეული პრობლემის მოსაგვარებლად ბრძოლა მაინც უწევთ. ფილმი სცდება საქართველოს სოციალურ ფონს, სასიყვარულო ხაზის შემოსვლა კი ნებისმიერი ეროვნების მაყურებელს დრამაში კიდევ უფრო ითრევს. ანას ცხოვრება სავსეა ახალ-ახალი სტრესით, ის რამდენჯერმე იღებს გაუაზრებელ გადაწყვეტილებასაც, დგამს გამოუსწორებელ ნაბიჯებს, თუმცა არასდროს მიდის მორალურ კომპრომისზე.

აღსანიშნავია მსახიობების ბრწყინვალე შესრულება, განსაკუთრებით კი ეკა დემეტრაძეს (ანა) და ბავშვებს გამოვყოფდი. დრამატული 108 წუთის განმავლობაში ჩემთვის ერთ-ერთი ძლიერი და ემოციური სცენა შვილთან მისული დედის მონოლოგი აღმოჩნდა. დედისა, რომელმაც ახალი ფეხსაცმელი მიიტანა ინტერნატში. „შემომხედე! ერთხელ მაინც შემომხედე თვალებში… დედა ვარ შენი! ფეხი როდის გაგეზარდა, შვილო?!..“ დიალოგი დედასა და შვილს შორის არც სულისშემძვრელი სიტყვების შემდეგ შედგება. აქ მაყურებელი ვერ ნახავს ისეთ შთამბეჭდავ სცენას, როგორიც ნანა ჯანელიძის ფილმ „იავნანაში“ უნახავს, ვერ გაიგონებს შვილის ნათქვამ „დედას“, ვერც რაიმე სიტყვას პასუხად… მაგრამ ცხადად დაინახავს გაუსაძლის ყოფას, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მშობლებს უწევთ ცხოვრება. ფილმის რეჟისორს უდავოდ მადლობა ეკუთვნის აუტიზმის თემის წამოწევისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე აჩვენებს რეალობას.

„ანას ცხოვრებაში“, რომელიც, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობასა და ისეთ გარემოს ხატავს, სადაც მარტოხელა დედას ყველა გზა აქვს მოჭრილი, სადაც ახალგაზრდა ქალი მუდმივად წინაღობას აწყდება, საბოლოოდ მაინც ხედავ სხივს – ახალ სიცოცხლეს. ჩემი აზრით, ამ ძლიერ ფილმს კარგი ფინალი, თუმცა სუსტი საფინალო კადრი აქვს. როდესაც კადრი შეშდება, მაყურებელს შთაბეჭდილება ექმნება, რომ ფირის წუნია. არადა ჯობდა ტიტრები შავი ფონის ნაცვლად პირდაპირ კადრებზე გადასულიყო.

ნიშანდობლივია, რომ ამ ფილმის პრემიერაზე დასწრება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემი ნათესავისა და მეგობრის ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ ეტლით მოსარგებლე გოგონა წლების განმავლობაში არ იყო კინოთეატრში ნამყოფი. კინოთეატრ „რუსთაველის“ სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ არ აქვს ადაპტირებული გარემო და უარით გამოგვისტუმრეს. დარბაზები მეორე-მესამე სართულებზეა განთავსებული, სადაც მხოლოდ კიბის საშუალებით თუ მოხვდები. არანაკლებ აღშფოთებული ვარ კინოთეატრ „ამირანზე“, სადაც ბილეთების რამდენიმე დღით ადრე შეძენისას დაგვამშვიდეს, რომ ეტლით მოსარგებლე უპრობლემოდ დაესწრებოდა სეანსს. ჩვენც ვენდეთ, რადგან დარბაზი პირველვე სართულზე მდებარეობდა. ჩვენებაზე მისულები კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით: დარბაზში შესასვლელად კიბის ორი საფეხურის ჩავლაა საჭირო და არც სკამებზე მოსათავსებლადაა რამენაირი ხელშეწყობა – იქაც გვერდებზე კიბე გხვდება. ეტლით მოსარგებლე დამოუკიდებლად ვერ მოხვდება დარბაზში, მეტიც, ზედა რიგებში დასაჯდომად ის აუცილებლად ხელში უნდა აიყვანო. რაც შეეხება პანდუსს, ის ჩემდა გასაოცრად ფოიედან გარდერობისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, ხოლო გარდერობი არ მუშაობდა. როგორც ჩანს, მოლარემ იგულისხმა მეორე დარბაზი, სადაც სკამების რიგებს კიბის ნაცვლად დაქანება მიუყვება, ბილეთი კი სულ სხვა, ეტლისათვის ყოვლად შეუსაბამო დარბაზისა მოგვყიდა.

პრობლემებს, რომელზეც ქართული მხატვრული ფილმების ყურებისას ცრემლს ვღვრით, რეალურად ვაწყდებით ყველგან, მათ შორის დედაქალაქის ცენტრში მდებარე პრესტიჟული კინოთეატრების შენობებშიც. შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს ადაპტირება ხომ მხოლოდ ერთი ტუალეტი და პატარა პანდუსი არაა?!. კარგი იქნება, თუ პერსონალიც სათანადოდ გადამზადდება.

ვითამაშოთ…  

0

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დიდი მადლობა, რომ ჩამოსვლა  არ გადაიფიქრეთ.

ასე, ათათურქის აეროპორტში პასპორტის კონტროლის ოფიცრები თითოეულ მგზავრს ესალმებიან. ხომ კარგად ვიცი,  პიარის ნაწილია, მაგრამ მაინც კეთილად მოქმედებს.

ეს ახლა ხდება… ერთი დღით ადრე კი, ამ დროს, სამზადისში ვარ. სადმე წასასვლელად მომზადება ბავშვობიდან მიყვარს, იმაზე ღელვაც, რამე არ დამრჩეს. ვალაგებ, თან ტელევიზორში ახალ ამბებს შევცქერი და ვხედავ, რომ იქ სადაც მივფრინავ, მორიგი აფეთქება მომხდარა. კადრში არეულობაა, აღელვებული სახეები, ვინ საით გარბის თვითონაც არ იცის, ამდენი გარდაცვლილია, იმდენი დაჭრილია…

ჰმ… და ამაღამ იქ მივფრინავ?…

თუმცა, მაშინვე არაკი მახსენდება, ვაჭარზე და სიკვდილზე. სიკვდილმა ვაჭარს შეუთვალა, ხვალ შინ დამხვდი, შენთან მოვდივარ და ვითამაშოთო. ვაჭარს სიკვდილთან თამაში არ უნდოდა, იფიქრა, ამას როგორ ვერ უნდა ვაჯობოო, ადგა და ბადახშანში (დღევანდელი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და ტაჯიკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი)  გაემგზავრა. იქ, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, სახლი არ ჰქონდა და იფიქრა სიკვდილი „შინ“ ვეღარ მომაკითხავსო. საღამოს სასტუმროში გულის არეში ტკივილი იგრძნო, დამძიმდა და სუნთქვა გაუჭირდა. გაიხედა და საწოლთან სიკვდილი არ ზის? ხომ შეგპირდი,  „შინ“ მოგაკითხავო, ჰოდა, ეს სასტუმრო ამ წუთას შენთვის „შინ“ არისო, მეც აქ ვარო. არაკი იმის თქმას ცდილობს, რომ რაც გიწერია, ის ყველგან მოგეწევა, თბილისშიც, სტამბულშიც და ბადახშანშიც.

ჰოდა, წყნარად გავაგრძელე ჩემოდნის ჩალაგება.

ახლა კი აქ ვარ და ჩემოდანს უკვე აეროპორტის გასასვლელისკენ მივაგორებ.

ქალაქში ისეთი სიმშვიდეა, თითქოს გუშინ არაფერიც არ მომხდარა. თვალში რაც მოგხვდება, ქუჩები  ხალხით არის სავსე და ყველა სამსახურისკენ გარბის. პოლიციელების რაოდენობაც გაზრდილია და მეტროს სადგურებშიც გჩხრეკენ, მაგრამ ამას ისე დელიკატურად აკეთებენ, მგონი კმაყოფილიც კი რჩები, რომ გაგჩხრიკეს და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, რომ იზრუნონ.

სასტუმროში ოდნავ ვისვენებ და სასეირნოდ გავდივარ. ფაქტიურად სასეირნოდ მგზავრობის დღეები მაქვს, დანარჩენი დრო უნივერსიტეტში უნდა ვიყო.

ამინდში არ მიმართლებს. წვიმა დამალობანას მეთამაშება. წამოიწყებს, გაჩერდება.. ისევ და ისევ… დაიწყებს თუ არა, სადმე ჩაიხანაში ვაფარებ თავს, გადაიღებს, გარეთ გავდივარ. ვთამაშობთ მე და წვიმა.

ჩაიხანაში ჩაი მოაქვთ, დროულია, ცივა ცოტა. ვსვამ და თან ინტერიერს ვათვალიერებ. უცებ ვგრძნობ, რომ გვერდით ვიღაც მიჯდება. ვიხედები და ვეფხვივით შეფერილი კატა მრჩება ხელში. გრძელი თეთრი წარბები და ულვაშები აქვს, ჭროღა თვალებით დაკვირვებით მიმზერს და კატური ენით მესაუბრება. მიმტანმა მაშინვე დამამშვიდა, ნუ გეშინიათ, ჩვენი კატაა და „ბუქალემუნი“ ქვიაო.

-„ბუქალემუნი“? ეს ხომ ქამელეონს ნიშნავს,-მიკვირს…

-ჰო,   თვალების ფერს იცვლის ხოლმე,-იცინის მიმტანი.

-„ბუქალემუნ“, მოდი ვითამაშოთ, ამასაც თითქოს ქართული ესმისო, თათს მიღერებს, რომ ხელი თათზე მივარტყათ.

წვიმამ გადაიღო, ქამელეონთან თამაში კარგია, მაგრამ, სანამ არ წვიმს, ისევ გარეთ უნდა გავიდე. ჩაიხანადან ოდნავ ქვემოთ დავეშვები, იქ გულჰანეს (ვარდების) ბაღი მეგულება, სწორედ კარგი სასეირნოა. ეს ბაღი ზუსტად თოპ ქაფის სასახლის ქვემოთაა, ადრე აქ სულთნის ცოლები სეირნობდნენ (ალბათ ზედამხედველების თანდასწრებით). ახლა კი, მხოლოდ პოლიციაა და კატები. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, კატები ყველგან არიან და რა პატივში არიან, ნეტა იცოდეთ. კიდევ მეც ვარ, მათ გარდა სხვა ვინმემაც ხომ უნდა ისეირნოს?

გულჰანეს ბაღში ისლამური მეცნიერების ისტორიის მუზეუმია, თან ღიაა, როგორ შეიძლება, აქ ვიყო და არ შევიდე? დამთვალიერებელი მხოლოდ მე ვარ, დანარჩენები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომლებიც მეცნიერების ისტორიის მიმართულებით სწავლობენ და ლექციების ნაწილი სწორედ მუზეუმში უტარდებათ.

ყურადღებას შესასვლელშივე იპყრობს პტოლემეუსის მიერ შედგენილი რუკების მიხედვით შექმნილი  გლობუსი. გლობუსი სამნაირია, ერთი -ხმელეთის და ზღვების, მეორე -ვარსკვლავების, მესამე  ფაქტიურად იგივეს იმეორებს, ოღონდ რომელიღაც სულთნის მიერ შექმნილი დიზაინით არის გაფორმებული. ესენი ასლებია, ორიგინალები სადღაც სხვაგან ინახება.

ბაღის ნაწილი სამკურნალო მცენარეებს აქვს დათმობილი. აქ ყველა ის მცენარეა, რომელიც იბნ სინას, იგივე ავიცენას თავის წიგნში „Canon of Medicine“ აქვს აღწერილი. მეთორმეტე საუკუნეში ეს წიგნი ლათინურად ითარგმნა და მაშინდელი ევროპული მედიცინის ფუნდამენტად იქცა.

ალქიმიკოსები მხოლოდ ალქიმიით არ იყვნენ დაკავებული. მათი ნაწილი ალქიმიკოს-ექიმი იყო, მეორე ნაწილი კი ალქიმიკოს-მინეროლოგი. ყველანი ელექსირს, ანუ ფილოსოფიურ ქვას ეძებდნენ, მაგრამ აქ მთავარი მიზანი იყო. ანუ, რა მიზნისთვის ეძებდნენ? ერთნი ფიქრობდნენ, რომ ელექსირით ოქროს ტრანსმუტაციას შეძლებდნენ, სხვებს  კი მისი გამოყენება მედიცინისთვის სურდათ. იბნ სინაც სწორედ მედიცინას ემსახურებოდა და შესაძლებელია სამედიცინო მიზნებისთვის მცენარეებს იყენებდა. მის წიგნში საკმაოდ ვრცლად არის აღწერილი მცენარე Nigella sativa L. რომლის თოთხმეტი ქვესახეობა არსებობს.

ქართულად სოინჯი ქვია. გურიაში შავკაკალას ეძახიან, აჭარაში ფიქრობენ, რომ სისამი, იგივე ცისამია;  სამეგრელოში-უჩა კაკალი; სულხან-საბა ორბელიანი და დავით ჩუბინაშვილი-იკვლივს უწოდებდნენ; რაფიელ ერისთავი-სურიჯას; ივანე ჯავახიშვილი კი -ჩიტისთვალას, სონიჯს ან სოლინჯს.

ფარულთესლოვნების კლასს, ორლებნიანებს  და ბაიასებრთა ოჯახს ეკუთვნის. ჩვენთან ისეთ მცენარეებს ენათესავება, როგორიცაა ფრინტა, კატაბარდა, ცხვირსატეხელა.

აქ  ეს მცენარე უფრო ფიტოქიმიური კუთხით გვაინტერესებს. გულჰანეს 2016 წლის კვლევებში მასზე საკმაოდ საინტერესო ჩანაწერებია. მცენარის თესლის ქიმიური იდენტიფიკაცია  ბოლომდე არც არის გამოკვლეული. თუმცა, თანამედროვე კვლევებში შემდეგი იკითხება: ეთერზეთები (0.5-1.6%), ცხიმი (35,6-41, 6%), ცილები (22.7%) და ამინო მჟავები, მათ შორის შეუცვლელიც. აქვეა  უხეში ბოჭკოები, რკინა, ნატრიუმი, სპილენძი, თუთია, კალიუმი, კალციუმი, ვიტამინები. შეიცავს პროვიტამინ კაროტინსაც, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად უპრობლემოდ გარდაიქმნება, რადგან თესლი საკმარისი რაოდენობის ცხიმსაც შეიცავს.  მათ შორის, ისეთ უჯერ ცხიმოვან მჟავებს, როგორიცაა ლინოლენის და ოლეინის მჟავები.

ავიცენა ამ მცენარისგან ზეთს ხდიდა, რომლის მთავარი მოქმედი ინგრედიენტი თიმოქინონი (TQ), დითიმოქინონი (DTQ), თიმოჰიდროქინონი (THQ) და თიმოლი (THY) იყო. ექსტრაქტი ცივი გამოწურვის წესით უნდა დამზადებულიყო და იყენებდნენ, როგორც ჩვეულებრივ ზეთს სალათებისთვის, ან წყალთან და თაფლთან ერთად მიირთმევდნენ.

ასეთი მდიდარი ქიმიური შემადგენლობით Nigella sativa L. რას აღარ განკურნავს?! მაგალითად, ანტი-ალერგიული ეფექტი აქვს და იმუნოპროტექტორია. ძალიან ეფექტური ყოფილა ბრონქიალური ასთმის პრევენციისთვის. მისგან გამოხდილი ზეთისთვის  ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც შეუმჩნევიათ. ავიცენა Nigella sativa L.-ს სპირტხსნარს ფსორიაზის სამკურნალოდაც იყენებდა. თუმცა, ძალიან შორს წასული პროცესი არ უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ და სილამაზისთვის (ანუ, კოსმეტიკისთვის) განკუთვნილ ნელსაცხებლებსაც უმატებდა, რადგან მისი აზრით, კანი სუფთავდებოდა და ახალგაზრდობას ინარჩუნებდა.

Nigella sativa L.-ს თესლის ექსტრაქტს სისხლში შაქრის დოზის შემცირებაც შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ დიაბეტის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება.

თირკმელებში კენჭების ჩამოყალიბება ახლაც აქტუალურია და მაშინაც ასე ყოფილა.  კენჭოვანი წარმონაქმნის 80%  კალციუმის ოქსალატი და ფოსფატი გახლავთ. Nigella sativa L.-ის ექსტრაქტის სპირტხსნარი კალციუმის ოქსალატის ნაშთებს ამცირებს.

ეს და სხვა მრავალი ინფორმაცია კვლევის შედეგადაა მიღებული და ამაზე სამეცნიერო სტატიების ის  რაოდენობა მოწმობს, რაც  Nigella sativa L.-ის თვისებების კვლევის შედეგებზეა გამოქვეყნებული.

თავად ავიცენა კი წიგნში აღნიშნავდა, რომ ეს მცენარე შესაძლებელია განხილული ყოფილიყო, როგორც ერთ-ერთი ელექსირთაგანი, რადგან ფილოსოფიური ქვის დანიშნულება, მისი აზრით, იყო-ჯანმრთელი ადამიანი.

მუზეუმიდან გამოსულს მხარზე წვიმა მიკაკუნებს…ვითამაშოთ… წვიმასთან თამაში არ მინდა, არ მიყვარს. წვიმას ძალიან ვუყვარვარ, ყველგან ცდილობს წამომეწიოს და ჩემთან ითამაშოს. თამაშის წესები ასეთია, მე გავრბივარ, წვიმა  დასასველებლად მომდევს. ახლაც გავიქეცი და რომელიღაც საოჯახო კაფეში შევასწარი. რაღაცნაირი ძველებური ხალხური დიზაინით მოეწყოთ, გვერდზე კუთხეში  თეთრებში გამოწყობილი ქალები დიდ მრგვალ ფიცრებზე ცომს ძალიან თხლად აბრტყელებდნენ. სანამ მათ ვუყურებდი, მიმტანი შემეგება, აქეთ მობრძანდითო, ნამდვილი ქაიზერული მანტის სახლში ხართ, ძალიან გაგიმართლათო.

მანტი ჩვენებური ხინკლის მსგავსია, ოღონდ ძალიან პატარებად არის მოხვეული და  თეფშზე ბევრი ეტევა, ზემოდან არაჟნის მსგავს მასას ასხამენ და ათასნაირ სუნელს აყრიან. მიმტანი მიწვევს, აქეთ შეგიძლიათ „ოტომანურ“ სტილში ფეხმორთხული დაჯდეთ და ისე მიირთვათო.

რატომაც არა, დავჯდები ფეხმორთხმით, მანტისაც შევექცევი და სტატიაში რა თემაზე დავწერო, გულჰანეს წლევანდელი კვლევების კრებულის წიგნიდან ავარჩევ.

აჰა, მშვენიერია…დეტლევ ქუინტერნი, დემეტ თაპშინარი, „Nigella sativa L.-ის იბნ-სინასეული ისტორიული მიმოხილვა და მასზე დაფუძნებული სამედიცინო ცოდნა…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...